вторник, 24 апреля 2018 г.

პელოპიდასი – თებეს ლეგენდარული სტრატეგოსი (ძვ.წ. 410-364)

ათენის მახლობლად მდებარეობდა ბეოტიის სახელმწიფო, რომლის მთავარი ქალაქი იყო თებე. ჰომეროსი  მას  „შვიდბჭე თებედ“ მოიხსენიებდა,  ამ ეპითეტით დარჩა იგი ისტორიის მეხსიერებაში. თებეს სახელს მრავალი ლეგენდარული  ამბავი უკავშირდება.  საკმარისია, გავიხსენოთ კადმოსის, ოიდიპოსისა თუ ანტიგონეს მრავალ შემოქმედთა შთამაგონებელი სახელები.
ძვ.წ. IV საუკუნისთვის თებე საბერძნეთის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცენტრად იქცა, რაც ისტორიოგრაფოსთა აზრით,  მისი მმართველების, პელოპიდასისა  და ეპამინონდასის  დამსახურება  იყო.  მათი  ცხოვრება  სიმამაცის,  უანგარობისა  და სამშობლოსადმი არნახული ერთგულების ნიმუშად შეირაცხა.  ისინი  იყვნენ  უბრწყინვალესი სახელმწიფო მოღვაწეები და ნიჭიერი მთავარსარდლები, რომლებმაც გასაოცარი გმირობებით გაუთქვეს  სახელი სამშობლოს.  პელოპიდასისა  და ეპამინონდასის გამარჯვებათა წყალობით  თებე მთელ საბერძნეთზე გაბატონდა, თუმცა მცირე ხნით. ორთავე გმირის უდროო სიკვდილი ბრძოლის ველზე თებელთათვის საბედისწერო აღმოჩნდა.
პელოპიდასი თავდაუზოგავმა სიმამაცემ იმსხვერპლა. მეგობართაგან ზოგი აღფრთოვანებით ასხამდა ხოტბას მის გასაოცარ შემართებასა და გამბედაობას, ზოგიც კიცხავდა  მას  ამის  გამო. ძველად ბერძენნი სამართლიანად მიიჩნევდნენ, რომ სიმამაცე  და თავგანწირვა ერთი  და  იგივე  არ  იყო.  მათი აზრით,  ის,  ვინც  არ უფრთხილდება თავის სიცოცხლეს, ყოველთვის როდია ჭეშმარიტად გულადი. ისტორიამ ამის მრავალი ნიმუში შემოგვინახა: ერთხელ ცნობილმა მხედართმთავარმა ყურადღება მიაპყრო სუსტსა და დაძაბუნებულ მეომარს, რომელიც მტერს ლომივით ერკინებოდა. როდესაც ბრძოლა დასრულდა, მეომრის ავადმყოფური გამომეტყველებით გაოცებულმა მხედართმთავარმა თანაგრძნობით იკითხა, თუ რა იყო  მისი სიფერმკრთალის მიზეზი. აღმოჩნდა, რომ მეომარს მძიმე სენი შეჰყროდა და გამოჯანმრთელების იმედი აღარ ჰქონდა. მხედართმთავრის ბრძანებით ექიმებმა ყოველი ღონე იხმარეს მის განსაკურნავად. მაგრამ მას შემდეგ, რაც იგი გამოჯანმრთელდა, საფრთხეში აღარ იგდებდა თავს. მხედართმთავრის საყვედურის პასუხად  მას  ასე უთქვამს: „შენი მიზეზითა ვარ მხდალი, რადგან განმკურნე  იმ სენისაგან, რომელიც მაიძულებდა, სიცოცხლე არად ჩამეგდო“. ასე რომ, სიმამაცე ვერ სდებს პატივს მას, ვინც სიცოცხლის წილ ეძიებს სიკვდილს. ჭეშმარიტად გულადი მხოლოდ  ის არის, ვისაც სიცოცხლე უყვარს და თავს მხოლოდ საერთო საქმისთვის სწირავს. 
ძველი მხედართმთავრები აღნიშნავდნენ, რომ ლაშქრის ხელები ქვეითნი არიან, ფეხები – ცხენოსნები, ხოლო თავი  კი მთავარსარდალია. მას სძულს საფრთხე, რამეთუ საკუთარი თავი  კი არ უნდა გაწიროს მხოლოდ, არამედ მასზე მინდობილი ხალხის სიცოცხლეც. მხედართმთავრის სიკვდილმა,  შესაძლოა,  მთელი  საქმე დაღუპოს. ამიტომ მან უბრალო მეომარივით როდი უნდა ჩაიგდოს თავი საფრთხეში.  ეს აზრი დაებადება ყოველს,  ვინც  კი წაიკითხავს პელოპიდასის ცხოვრების ამბავს.
პელოპიდასი, ჰიპოკლესის ძე, თებეს წარჩინებულთა მოდგმის ჩამომავალი იყო. მას არაფერი დაჰკლებია ბავშვობაში. ხოლო ჭაბუკმა მიიღო უზარმაზარი  მემკვიდრეობა, რომელიც კიდევ უფრო გაიზარდა იღბლიანი ქორწინების შემდეგ. და მაინც,  იგი როდი ამაყობდა თავისი სიმდიდრით, ცხოვრობდა უბრალოდ,  ჭამდა ზომიერად და კუთვნილ სახსრებს უქონელთა დასახმარებლად ხარჯავდა, მთელ დროს საზოგადოებრივ საქმიანობას უთმობდა. 
ერთხელ მეგობრებს უთქვამთ პელოპიდასისათვის:  „ნუთუ  ვერ  ხვდები, რომ ცხოვრებაში ფულია მთავარი“.  „დიახ, ფული აუცილებელია...  აი,  ამ კაცისთვის“, – მიუგია მას და ბრმა ხეიბარი დაუნახვებია მათთვის.
მისი უახლოესი მეგობარი იყო შემდგომში სახელმოხვეჭილი მხედართმთავარი ეპამინონდასი.  ისინი ერთნაირად  იყვნენ ბუნებისაგან მიმადლებული  ნიჭით  დაჯილდოებულნი. პელოპიდასს უფრო მოსწონდა სხეულის ვარჯიშები, ეპამინონდასს კი – გონებრივი. ერთი თავისუფალ დროს ატარებდა გიმნასიონში, დადიოდა სანადიროდ, ხოლო მეორე  – საუბრობდა ფილოსოფოსებთან. 
მათი მეგობრობა პელოპონესოსის  ომის დროიდან  დაიწყო.  მაშინ თებელები არკადიელებისა და ათენელების წინააღმდეგ იბრძოდნენ. რაზმი, რომელშიც პელოპიდასი და ეპამინონდასი ჰოპლიტებად მსახურობდნენ, უკუიქცა, მხოლოდ ორი მეგობარი დარჩა ბრძოლის ველზე და მტერს გმირულად ეომებოდა.
მტერი კი მრავლად იყო. მძიმედ დაჭრილი პელოპიდასი დაეცა. ეპამინონდასს ეგონა, რომ იგი მოკლეს, მაგრამ გმირულად განაგრძობდა ბრძოლას მისი ცხედრისთვის.  თავად მკერდსა  და  მკლავში დაჭრილი  იგი მარტოდმარტო ებრძოდა ბევრს, რამეთუ თვლიდა, რომ უმჯობესი იყო მომკვდარიყო, ვიდრე უპატრონოდ მიეგდო სულამოხდილი მეგობარი.  და აღარც ჩანდა ხსნის იმედი, რომ მოულოდნელად გამოჩნდა სპარტელთა მეფე, რომელმაც გადაარჩინა მეგობრები. 
იმ დროიდან ისინი განუყრელად ერთად იყვნენ და ერთმანეთისადმი უანგარო ერთგულებით  განვლეს  ხანმოკლე,  მაგრამ მღელვარე  და ბობოქარი ცხოვრება. მათ არაერთგზის უბრძოლიათ ერთად,  არაერთგზის ყოფილან ერთად  მხედართმთავრები  და სახელმწიფოს განმგებლები.  მათ გულებში არასოდეს დაუბუდებია შურსა თუ შუღლს. ისტორიამ იცის, თუ როგორ მტრობდნენ ერთმანეთს არისტიდასი თუ თემისტოკლესი,  კიმონი თუ პერიკლესი,  ნიკიასი თუ ალკიბიადესი. მით უფრო საოცარია პელოპიდასისა და ეპამინონდასის მეგობრობა. მათი ურთიერთსიყვარულის მიზეზი ის იყო, რომ ისინი იბრძოდნენ არა პირადი დიდებისა და კეთილდღეობისათვის,  არამედ სამშობლოს  ძლიერებისათვის.  აი,  რატომ  მიიჩნევდნენ ისინი ერთმანეთის წარმატებას საკუთარ გამარჯვებად. 
იმხანად მდიდარმა არისტოკრატებმა არქიასმა, ლეონტიადესმა და ფილიპოსმა სპარტელთა დახმარებით თებეში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა  ჩაიფიქრეს. მათ მოლაპარაკება გამართეს სპარტელ მხედართმთავარ ფოიბიდასთან, რომელიც ძლევამოსილი რაზმით თებეს მახლობლად იყო დაბანაკებული. იგი დათანხმდა, დახმარებოდა არისტოკრატებს. 
ფოიბიდასმა განიზრახა, თავს დასხმოდა თებეს სიმაგრე კადმეას ღვთაება დემეტრესადმი მიძღვნილი ზეიმის დღეს.  ეს  სიმაგრე  ქალაქის განაპირას  იდგა  და იოლი იყო მასთან შეუმჩნევლად მიახლოება. 
თებელებს ფიქრადაც არ მოსვლიათ, რომ სპარტელი ფოიბიდასი განიზრახავდა მათზე თავდასხმას. შუა დღეს, როდესაც სიცხემ ხალხი აიძულა, დაეტოვებინა ქუჩები, მოღალატე ლეონტიადესმა შეუმჩნევლად მიიყვანა ფოიბიდასი კადმეასთან, სადაც იმხანად  იქ მხოლოდ ქალები იმყოფებოდნენ. 
როდესაც სპარტელმა მხედართმთავარმა ხელთ იგდო თებეს ციხე-სიმაგრე კადმეა, მთელი ქალაქი მის ძალას დაემორჩილა. დემოკრატების ბელადი სპარტის გზას გაუყენეს  და  იქ  დასაჯეს.  პელოპიდასმა  და  სხვებმა მოასწრეს  ათენში  გაქცევა. ეპამინონდასი ქალაქში დარჩა:  მას საფრთხე არ ემუქრებოდა, რადგანაც მშვიდობიან და საზოგადოებრივი ცხოვრებისგან განდგომილ კაცად ითვლებოდა. 
სპარტელებმა  ფოიბიდასს  მოჩვენებითი  სასჯელი  დაადეს  და  მხედართმთავრობა ჩამოართვეს. სინამდვილეში კი მეფეები და ეფოროსები სავსებით ამართლებდნენ თებეს დაპყრობას. მდიდარი არისტოკრატები არქიასისა და ლეონტიადესის მეთაურობით, სპარტის სამხედრო ძალაზე დაყრდნობით, თებეს სრულუფლებიანი მმართველები გახდნენ. 
არქიასისა  და  მის მომხრეთა ძალაუფლება შეუვალი  ჩანდა:  მათ  ხომ  ვერავინ დაამხობდა, ვიდრე სპარტა მიწისა და ზღვის მბრძანებელი იქნებოდა.  გაძევებული დემოკრატები ათენშიც  კი ვერ გრძნობდნენ თავს უსაფრთხოდ. იქაც გაგზავნეს არისტოკრატებმა დაქირავებული მკვლელები, რომლებმაც ერთ-ერთი მათგანი განგმირეს კიდეც. ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო, რომ ყოვლისშემძლე სპარტის შიშით ათენელები თავშესაფარს წაართმევდნენ გაძევებულებს. 
მრავალი დაეცა სულით, მაგრამ პელოპიდასი, თუმცა ასაკით ყველაზე უმცროსი იყო,  მათ ამხნევებდა და ერთობლივი მოქმედებისკენ მოუწოდებდა:  „სამარცხვინოა,  – ამბობდა იგი,  – დამონებულ სამშობლოს ჭვრეტდე! ნუთუ  ის უნდა  გვახარებდეს ჩვენი უბადრუკი სიცოცხლე რომ შევინარჩუნეთ? ჩვენ იძულებულნი ვართ ვეპირფეროთ და ქედი ვუხაროთ ყოველს, ვინც კი ათენის სახალხო კრებაზე რაღაც გავლენით სარგებლობს. უმჯობესია, ათენელ გაძევებულებს მივბაძოთ.  დამარცხების შემდეგაც კი შეძლეს ათენელებმა თავიანთ სამშობლოში დემოკრატიის აღდგენა. მიუხედავად სპარტის ძალმოსილებისა, მათ დაამხეს წარჩინებულთა ძალაუფლება. ჩვენც შევძლებთ, ბოლო მოვუღოთ არისტოკრატთა ბატონობას ჩვენს სამშობლოში“. 
პელოპიდასის სიტყვებმა ლტოლვილთა მიმქრალი სიმხნევე კვლავ აღაგზნეს. თებედან გაძევებულებმა თავიანთ მომხრეებს სამშობლოში ამცნეს, რომ ბრძოლა გრძელდება. 
თებეში დარჩენილი დემოკრატები ამ ამბავმა ფრიად გაახარა. ერთ-ერთმა მათგანმა, ქარონმა, რომელსაც ქალაქში საპატიო თანამდებობა ეკავა, თავისი სახლი შესთავაზა გაძევებულებს თავშესაფრად.  სხვამ – ფილოსმა  – შეძლო თებეს მმართველთა მომადლიერება და მათი ნდობით აღჭურვილი პირი გახდა. 
ეპამინონდასი უკვე დიდი  ხანია მოუწოდებდა ახალგაზრდებს უცხოელთა  ბატონობის დასამხობად.  გიმნასიონებში, როდესაც ახალგაზრდა თებელები  დაამარცხებდნენ ხოლმე სპარტელებს, ეპამინონდასი მათ არწმუნებდა, რომ მხოლოდ სიმხდალის გამო ემონებიან  ისინი  იმ სპარტელებს, რომელთაც ძალითაც  და  მოხერხებითაც ესოდენ აღემატებიან. 
ამასობაში გაძევებულებმა შეადგინეს შეთქმულების გეგმა და მისი აღსრულების დღეც დანიშნეს. შეთქმულთა დიდი ნაწილი დარჩა თებეს საზღვართან, მხოლოდ თორმეტმა კაცმა, პელოპიდასის მეთაურობით, გააგრძელა  გზა თებესაკენ. ისინი მოკლე მოსასხამებში იყვნენ გამოწყობილნი, მიდიოდნენ ძალლებითა და ბადეებით, რათა გამვლელებს მონადირეებად მიეჩნიათ. 
გზად პელოპიდასი  და  მისი მეგობრები დაიყვნენ  და გამთენიისას სხვადასხვა კარიბჭედან შეაბიჯეს ქალაქში. იწყებოდა მძლავრი ქარბუქი. სიცივისა და უამინდობის გამო ყველა სახლს შეფარებოდა, ქუჩებში არავინ  იყო. შეთქმულებმა  შეუმჩნევლად მიაღწიეს ქარონის სახლს, სადაც მათ უკვე ელოდნენ მეგობრები. სულ 48 კაცი შეიკრიბა. 
ფილისმა კი ამ დღეს თებეს არისტოკრატ-მმართველებს დიდი ნადიმი გაუმართა თავის სახლში.  იგი შეეცადა,  ისე გამოეთრო სტუმრები,  რომ დაუბრკოლებლად გადაეცა შეთქმულთა ხელში. 
სტუმრები თითქმის მთვრალები იყვნენ, როდესაც  ხმა დაირხა, გაძევებულები ქალაქში დაბრუნდნენო. ნაღვინევმა არქიასმა გადაწყვიტა ქარონის დაკითხვა, რამეთუ თვლიდა, რომ  ამ საყოველთაოდ პატივდებულ კაცს ყველაზე უკეთ ეცოდინებოდა,  რა ხდებოდა ქალაქში. 
იმ' დროს  ქარონის სახლში შეთქმულები თავდასხმისათვის ემზადებოდნენ,  საომრად იმოსებოდნენ. მოულოდნელად კარებზე დააბრახუნეს.  მოვიდა  მონა  და არქიასს ქარონის ბრძანება გადასცა. ყველას ეგონა, რომ შეთქმულება გამჟღავნდა და მთელი საქმე დაიღუპა. მაინც გადაწყვიტეს, რომ წასულიყო ქარონი,  იქნებ რაიმე ეღონა. 
ქარონი მამაცი კაცი იყო და არასოდეს ეცემოდა სულით.  მას მხოლოდ იმისი ეშინოდა, რომ მეგობრებს არ დაებრალებინათ მისთვის შეთქმულების გაცემა. 
ქალთა სამყოფელიდან  მან მოაყვანინა თავისი საყვარელი ვაჟი და მეგობრებს სთხოვა,  არ დაენდოთ იგი, თუკი  მას, ქარონს, შეთქმულთა გაცემა მოუხდებოდა. აზრი იმაზე, რომ მისი შვილი მძევლად დარჩა, ფიქრობდა იგი, შეთქმულთა გაცემას არ დაანებებდა, თუკი მტერი  მის წამებას განიზრახავდა. დაინახეს რა ქარონის კეთილშობილება,  გაძევებულებმა მოითხოვეს,  ბავშვი განერიდებინათ  საფრთხისგან. უმჯობესი იქნებოდა მისი გადამალვა, რომ უკვე შემდგომ, თუ ეს საჭირო გახდებოდა, მამისათვის ეძია შური და სამშობლოს თავისუფლებისათვის  ებრძოლა. „არა,  – თქვა ქარონმა,  – მე არ დავინდობ ჩემს შვილს. არაფერია მისთვის უფრო ძვირფასი, ვიდრე მამასთან და მეგობრებთან ერთად კეთილი საქმისათვის სიკვდილი“.  ამ სიტყვებით იგი გამოეთხოვა მეგობრებს, გადაკოცნა ყოველი მათგანი, სთხოვა, მხნედ ყოფილიყვნენ და წავიდა. არქიასის სახლთან მიახლოებულმა მთელი ძალა მოიკრიბა, რათა  ხმასა თუ  სახის გამომეტყველებაზე არაფერი დასტყობოდა.
არქიასი და ფილისი  მის შესახვედრად გამოვიდნენ.  „ქარონ,  – მიმართა არქიასმა,  –  მე  მამცნეს, რომ ქალაქში გაძევებულები იმალებიან  და ზოგიერთი მოქა- ლაქე  მათ თურმე  კიდეც თანაუგრძნობს“.  „სად იმალებიანო ლტოლვილები?“  – ჰკითხა ქარონმა და პასუხიდან მისთვის ცხადი გახდა, რომ შეთქმულება ჯერ კიდევ არ გამჟღავნებულიყო.  გახარებულმა  ასე  მიმართა ხელისუფალთ:  „ნუ აღელდებით! ყველაფერს გავარკვევ და მოგახსენებთ“. 
იქვე მდგომმა ფილისმა არქიასი  შინ შეიყვანა, თან შეახსენა, რომ მეგობრები ელიან. 
დაბრუნებულმა ქარონმა შეთქმულები უიმედო მდგომარეობაში  იხილა:  მათ ეგონათ, რომ ყველაფერი დაიღუპა და სასიკვდილოდ განწყობილიყვნენ. 
ერთმა საფრთხემ  ჩაიარა,  მაგრამ მოულოდნელად თავი  იჩინა  მეორემ,  ამჯერად უფრო სერიოზულმა. ათენიდან არქიასთან მოვიდა  მაცნე წერილით.  ამ  წერილში უკვე იყო არა ეჭვი, არამედ ზუსტი ცნობები შეთქმულებასა და მის მონაწილეებზე. 
მაცნე  არქიასს  მიჰგვარეს  მაშინ, როდესაც  იგი  ისე  იყო გამომთვრალი,  რომ ვეღარ აზროვნებდა. მაცნემ მიაწოდა არქიასს წერილი და უთხრა: „გთხოვენ დაუყოვნებლივ წაიკითხო, ეს მეტად მნიშვნელოვანია“. – „მნიშვნელოვანია? მაშინ ხვალამდე!“  – თქვა არქიასმა და გვერდზე გადასდო წერილი.  ამ სიტყვებმა იმსხვერპლეს იგი. 
დადგა მოქმედების დროც. შეთქმულები ორ ჯგუფად დაიყვნენ. ერთი ჯგუფი ქარონის მეთაურობით გაემართა არქიასის სახლისკენ, სადაც ნადიმი იყო გამართული. თორათა ზემოდან შეთქმულებს ქალთა სამოსი ეცვათ, ხოლო თავები, სახის დასაფარად, ფიჭვისა და ნაძვის რტოთა გვირგვინებით ჰქონდათ შემოსილი. დარბაზში შესულებს მთვრალი სტუმრები ტაშისკვრით შეეგებნენ, ასე ეგონათ, მათ გასართობად მოცეკვავე ქალები შემოიყვანეს. 
შეთქმულებმა მახვილები იშიშვლეს და მოქეიფე არისტოკრატებს მისცვივდნენ. ფილისმა სტუმრებს უბრძანა,  არ დაძრულიყვნენ ადგილებიდან,  ბევრი დამორჩილდა, დანარჩენებმა თავის დაცვა სცადეს, მაგრამ მცირე ხანში დამარცხდნენ. 
პელოპიდასსა  და  მის მეგობრებს უფრო  მძიმე დავალების ალსრულება  ხვდათ წილად.  მათ უნდა დაემორჩილებინათ ორი განმგებელი  – ლეონტიადესი  და  ჰიპატოსი, რომლებიც ნადიმს არ ესწრებოდნენ. როდესაც ისინი ლეონტიადესის სახლს მიუახლოვდნენ,  ყველას  ეძინა  და სახლის კარები ჩარაზული  იყო.  ისინი დიდხანს აბრახუნებდნენ. როგორც იქნა გამოჩნდა ნახევრად მძინარი მონა და კარს ურდული ახსნა. გამოაღო თუ არა კარი, შეთქმულები შეცვივდნენ სახლში,  მონა ხმლის დაკვრით ჩამოიცილეს  და საძინებელ ოთახს მიადგნენ.  ხმაურზე ლეონტიადესმა  საფრთხე შეიგრძნო, ლოგინიდან წამოვარდა და მახვილი იშიშვლა. მოულოდნელობისაგან სინათლის  ჩაქრობა  დაავიწყდა,  მისი საძინებელი ოთახი განათებული  იყო, რამაც დაღუპა კიდეც. მართალია, პირველი,  ვინც შეხვდა შეთქმულთაგან,  მან  განგმირა, მაგრამ პელოპიდასთან ორთაბრძოლა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. 
შემდეგ შეთქმულები ჰიპატოსის სასხლისკენ გაემართნენ. ჰიპატოსმა, როგორც კი ბრძოლის ხმა შეესმა, მეზობლის სახლისკენ გასწია, მაგრამ იგი გზად შეიპყრეს და განგმირეს. 
შეთქმულთა განზრახვა აღსრულებული იყო. პელოპიდასმა დაუხანებლივ გაგზავნა მაცნე ათენში დარჩენილ ლტოლვილებთან. შემდეგ შეთქმულებმა ხელთ იგდეს იარაღთა საწყობები. ამბოხებულებს შეუერთდა  ეპამინონდასი  და  ნაწილი ახალგაზრდებისა, რომელთაც იგი თავის ბელადად და მოძღვრად მიაჩნდათ. 
ქალაქი ღელავდა, ვერავინ ხვდებოდა, რა ხდებოდა: ქუჩებიდან საშინელი ხმაური მოისმოდა, ხალხი ჩირაღდნებით მიმორბოდა. ყველა სახლში ენთო შუქი, მაგრამ შეშინებული ადამიანები განთიადამდე არ გამოსულან გარეთ. ათას ხუთასი მეომარი იყო იმ სპარტულ გარნიზონში, კადმეა რომ ჰქონდა დაკავებული.  ამას გარდა, სპარტელებთან მრავალი არისტოკრატი გაიქცა. ასეთი ძალებით, რა თქმა უნდა, იოლად შეიძლებოდა შეთქმულთა მცირერიცხოვანი ჯგუ- ფის დამარცხება. მაგრამ ხმაურმა, ჩირაღდანთა სიმრავლემ, ხალხის ბრბომ,  რომელიც ყოველგან იკრიბებოდა, დააბნია სპარტელი მხედართმთავრები. ნაცვლად იმისა, რომ შეტევაზე გადასულიყვნენ, მათ სპარტაში წარგზავნეს ელჩები დამხმარე ძალების მოთხოვნით. 
გამთენიისას თებეს მოადგნენ შეიარაღებული ლტოლვილები, რომლებიც საზღვართან  იყვნენ  ჩასაფრებულნი.  სახალხო  კრებამ პელოპიდასი  და ქარონი  ბეოტარქოსებად (უმაღლესი თანამდებობის პირები თებეში) დანიშნა. 
პელოპიდასმა სასწრაფოდ შეკრიბა ჯარი და ალყა შემოარტყა კადმეას.  საჭირო იყო დამხმარე რაზმების მოსვლამდე განედევნათ იქედან სპარტელები. როდესაც თებელებმა იერიში მიიტანეს ციხე-სიმაგრეზე, სპარტელებმა ზავი მოითხოვეს და თებელებს ჯარების გაყვანის პირობა დაუდეს. 
კადმეას გარნიზონს კიდევ ერთი დღით რომ შეენარჩუნებინა სიმაგრე,  თებეს გათავისუფლება არ მოხერხდებოდა, რადგანაც ჯერ მეგარამდეც არ იყო უკანდახეული რაზმი მისული, რომ გზად შემოხვდა მის დასახმარებლად მომავალი სპარტელთა მძლავრი ლაშქარი მეფე კლეომბროტოსის მეთაურობით. მაგრამ უკვე გვიანი იყო. თებეში სპარტელთა მმართველობის აღდგენა აღარავის შეეძლო. 
უკანდახეული გარნიზონის ორი სპარტელი მეთაური სიკვდილით დასაჯეს. მესამეს დიდი ჯარიმა გადაახდევინეს. ათენის სახალხო კრებამ სპარტელთა შიშით უარი განაცხადა თებეს მოკავშირეობაზე. თებეს საქმეს თითქოს დაღუპვა ეწერა: მშველელი არ ჩანდა, თებე მძლავრი მტრის პირისპირ მარტო აღმოჩნდა. მაგრამ იმხანად ერთმა შემთხვევამ სპარტის წინააღმდეგ განაწყო ათენელები. 
სფოდრიოსმა, ბეოტიის ერთ-ერთ ქალაქში დაბანაკებული სპარტული გარნიზონის მხედართმთავარმა, სცადა ხელში ჩაეგდო ათენის ნავსადგომი პირეოსი, მაგრამ ამაოდ.  მან მიაღწია ელევსინს,  მაგრამ იძულებული გახდა სამარცხვინოდ  უკან დაეხია. ამბობენ, რომ სფოდრიოსი წააქეზაო პელოპიდასმა, რომელსაც სურდა, ათენსადა სპარტას შორის ჩამოეგდო განხეთქილება. მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ სპარტელმა მხედართმთავარმა მეფე აგესილაოსის  ბრძანება აღასრულა. 
სპარტელთა ვერაგობით ალშფოთებულმა ათენელებმა მათ ომი გამოუცხადეს და თებესთან დადეს კავშირი. ამ ბრძოლის მთელი სიმძიმე თებელებს ხვდათ  წილად. ისინი თავდაუზოგავად  იბრძოდნენ სამშობლოს თავისუფლებისათვის  და მრავალი ბრწყინვალე გამარჯვებაც მოიპოვეს სპარტელებზე, რომლებიც ხმელეთზე ჯერ არავის დაემარცხებინა. 
პელოპიდასი  და  მისი მეგობარი ეპამინონდასი დიდებული მთავარსარდლები იყვნენ. ამასთანავე ეპამინონდასი თებეში საყოველთაოდ აღიარებული სამხედრო რეფორმის შემოქმედიცაა. 
თებელებმა აღმოაჩინეს ტაქტიკის უმთავრესი წესი, რომელიც დღემდე გადამწყვეტად ითვლება ბრძოლათა წარმოების ჟამს: მნიშვნელოვან უბანს მთავარი დარტყმა რომ მიაყენო, ძალა მთელ ფრონტზე თანაბრად კი არ უნდა გაანაწილო, არამედ სწორედ  იმ უბანთან უნდა მოუყარო თავი ძალის უდიდეს ნაწილს. 
პირველად პელოპიდასმა ტეგირასთან გაანადგურა სპარტელები „პირდაპირი“ ბრძოლით. ეს გამარჯვება ეპამინონდასისთვის ღია კარივით იყო ლევკტრას აღებისას.
პელოპიდასმა გადაწყვიტა, თავს დასხმოდა ბეოტიის ქალაქ ორქომენოსს, რომელსაც მიუახლოვდა  „წმინდა  რაზმისა“ და მცირერიცხოვანი მხედრიონის თანხლებით. ქალაქის მახლობლად მან შენიშნა მოლაშქრე  სპარტელთა  ჯარი,  რის გამოც თავის რაზმს  უკან  დაახევინა.  მაგრამ  იქ წააწყდა სპარტელთა  სხვა ლაშქარს, რომელიც მოპირდაპირე მხრიდან ბრუნდებოდა.
როდესაც სპარტელები გამოჩნდნენ ხეობაში, ერთ-ერთი მეომარი მიიჭრა  პელოპიდასსთან და შესძახა:  „ჩვენ მტერს ჩავუვარდით ხელში!“  „იქნებ  ის  ჩვენ  ჩაგვივარდა ხელში?“ იკითხა პელოპისმა და ცხენოსანთა ჯარს უბრძანა, დაუყოვნებლივ იერიშზე გადასულიყო.  თავად  კი  მძიმედ შეიარაღებულ  ქვეითთა  „წმინდა რაზმს“ ჩაუდგა სათავეში და მტრის ერთ ფრთას ეძგერა. სპარტელები უკუიქცნენ, მათი მეთაურები ბრძოლის ველზე დაეცნენ. პელოპიდასი არ დადევნებია მათ,  მან ახლა საბრძოლო მზადყოფნაში მდგომ მეორე ფრთას შეუტია და ისინიც უკუაქცია. თებელებმა მრავალრიცხოვან მტერზე  ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. სპარტელებს ხომ არასოდეს უგემიათ დამარცხება მცირერიცხოვან მტერთან ბრძოლის ჟამს. ისინი ხომ საუკუნეთა განმავლობაში ამაყობდნენ დაუმარცხებელი  ძალით. სპარტელის სახელის გაგონებაც  კი მტერს შიშის ზარს ჰგვრიდა. 
წარუმატებლობა თან სდევდა სპარტელებს ზღვაზეც: ისინი ორგზის დაამარცხეს ათენელებმა. მაშინ სპარტელებმა გადაწყვიტეს, ზავი დაედოთ ათენელებთან და თებეს გარდა ყველა ბერძნულ სახელმწიფოსთან. თებელებს ისინი მთავარ მტრად მიიჩნევდნენ და მათ განადგურებაზე ოცნებობდნენ. 
მეფე კლეომბროტოსი მძლავრი არმიით შეიჭრა ბეოტიაში.  მძიმე  განსაცდელის ჟამი ედგა თებეს: ულმობელი მტერი იმუქრებოდა, რომ ქალაქს მიწის პირისგან აღგვიდა, ხოლო მოსახლეობას მონებად გაჰყიდდა. თებელები შეძრწუნდნენ. 
პელოპიდასმა დაუხანებლივ გასწია ქალაქ ლევკტრასკენ, სადაც დაბანაკებული იყო თებეს ლაშქარი. გამომშვიდობებისას თვალცრემლიანი მეუღლე სთხოვდა,  თავს გაფრთხილებოდა.  „ასეთი  რამ,  ჩემო კარგო,  – მიუგია პელოპიდასს,  – უნდა უთხრან უბრალო მეომრებს: მთავარსარდალი თავს კი არა, სხვას უნდა უფრთხილდებოდესო!“ 
შეიკრიბა თებეს ლაშქრის სამხედრო საბჭო. ეჰამინონდასმა მხედართმთავრებს მოუწოდა,  მტერს შებმოდნენ დაუხანებლივ.  პელოპიდასმა  მას  მხარი  აუბა.  სხვა მხედართმთავრები მერყეობდნენ: ერთობ დიდი იყო შიში სპარტელთა წინაშე; მაგრამ მაინც გადაწყდა, დაუყოვნებლივ შეეტიათ მტრისთვის. 
თებეს არმიის მთავარსარდალი ეპამინონდასი იყო, პელოპიდასი  კი სათავეში ედგა რჩეულთა „წმინდა რაზმს“, რომელიც დიდ ძალას წარმოადგენდა და ცალკე იბრძოდა. 
ეპამინონდასმა შეადგინა მოქმედების გეგმა. ჩვეულებრივ, ბერძნები ძლიერ მებრძოლებს მარჯვენა ფრთაზე განალაგებდნენ ხოლმე, სუსტებს – მარცხენა ფრთაზე.  ასე რომ, იმარჯვებდა მარჯვენა ფრთა, ხოლო შემდეგ  კი მტერი ფალანგებიდან ესხმოდა თავს ერთმანეთს. ეპამინონდასი პირიქით მოიქცა:  მან მძიმედ შეიარაღებულ ქვეითთა დიდ  ძალას, რომლის სიღრმეც  50 რიგი  იყო,  თავი მოუყარა სპარტელთა ძლიერი (მარჯვენა) ფრთის წინ. თებელთა მოიერიშე ფალანგა შეიარაღებული იყო გრძელი შუბებითა და ირიბი სოლის შთაბეჭდილებას ტოვებდა. 
სპარტელებმა შენიშნეს მტრის ასეთი განლაგება და დაიწყეს თავისი რიგების გადაადგილებაც. მეფე კლეომბროტოსმა უფრო დააგრძელა მარჯვენა ფრთა და ეპამინონდასის ალყაში მომწყვდევა განიზრახა.
ამ დროს პელოპიდასიც გამოჩნდა თავისი „წმინდა რაზმითა“  და კლეომბროტოსს დაასწრო  იერიში.  მეფემ  ვერც ფრთის გაშლა მოასწრო  ალყის  შემოსარტყმელად  და ვერც  მისი შემჭიდროვება უწინდებურად.  „წმინდა რაზმის“ მძლავრმა  შეტევამ სპარტელთა შეთხელებული რიგები გაანადგურა.  მტერმა  ამოსუნთქვაც  ვერ მოასწრო,  რომ  მას მთელი ძალით დაესხა თავს ეპამინონდასი.  სპარტელთა მარჯვენა ფრთა ერთნაირად მოისრა. 
შემდეგ ეპამინონდასი ლაშქრის შუა გულში შეიჭრა და მტრის მარცხენა ფრთა თავისი აღმატებული ძალებითურთ  გააცამტვერა. ბრძოლის  ველზე  დარჩა  100 სპარტელი და  მისი მრავალი მოკავშირე.  მათ შორის იყო სიქველითა  და  სიმამაცით გამორჩეული მეფე კლეომბროტოსიც. პელოპიდასმა  და ეპამინონდასმა  თანაბრად გაინაწილეს გამარჯვების დიდება  (ძვ.წ.  371  წ.). 
ლევკტრასთან გამარჯვებით თებელებმა  არა მხოლოდ საკუთარი სამშობლო იხსნეს განადგურებისაგან,  არამედ  აღკვეთეს სპარტის მმართველობა მთელ  საბერძნეთში. პელოპონესელ მოკავშირეთა დიდი ნაწილი ჩამოშორდა სპარტას და თებეს მიემხრო. 
იდგა ზამთარი. ეპამინონდასისა და სხვა განმგებელთა თანამდებობაზე ყოფნის დრო იწურებოდა. თებეს კანონის თანახმად, განმგებელს (ბეოტარქოსს)  სიკვდილი ელოდა, თუკი იგი ვადის გასვლისთანავე არ დათმობდა თანამდებობას.  ბეოტარქოსები პასუხისმგებლობის შიშით ჯარების თანხლებით შინ დაბრუნდნენ. ეპამინონდასმა  კი, პელოპიდასის რჩევით, გადაწყვიტა, რომ ბეოტიაში დასაბრუნებლად დროის დაკარგვას აზრი არ ჰქონდა. იგი დიდძალი ლაშქრით პელოპიდასთან ერთად შეიჭრა სპარტის ლაკონიკეში, დაარბია და თავად სპარტასაც დაემუქრა. 
ეპამინონდასის ამ ლაშქრობამ სპარტას დააკარგვინა არკადია და მესენია. სპარტას მხოლოდ უმნიშვნელო სახელმწიფოები დარჩა საბერძნეთში. 
ამ ბრწყინვალე ლაშქრობიდან დაბრუნებულ ეპამინონდასსა  და პელოპიდასს თებეს მოქალაქეთა დიდი ნაწილი ალფრთოვანებით შეეგება. მაგრამ აღმოჩნდნენ არაკეთილმოსურნე პირებიც, რომლებმაც ორთავე მთავარსარდლის სამსჯავროზე წარდგომა მოითხოვეს, რადგანაც  მათ განმგებლობის კანონიერი უფლებები ვადის გასვლიდან კიდევ ოთხი თვით შეინარჩუნეს. ხალხმა გმირები გაამართლა. ეპამინონდასი ბრალდებას მშვიდად შეხვდა, პელოპიდასი  კი, რამდენადაც უფრო ფიცხი იყო ბუნებით, აღაშფოთა თანამოქალაქეთა  ამ უგუნურებამ. 
ეპამინონდასი მალე  ისევ გაეშურა სალაშქროდ პელოპონესოსზე.  მაგრამ  კორინთოს კედლებთან ბრძოლაში ბეოტიელები დამარცხდნენ,  რადგანაც სპარტელებს დახმარება გაუწიეს ათენელებმა. ამ მარცხმა საბაბი მისცა მტრებს, გაეკიცხათ ეპამინონდასიცა და პელოპიდასიც. მოწინააღმდეგეებმა ისიც კი შეძლეს, რომ სამსჯავროზე გაეყვანათ ეპამინონდასი და დროებით გაეთავისუფლებინათ ბეოტარქოსის თანამდებობიდან.  და  მაინც,  მომდევნო  წელსვე ეპამინონდასი  კვლავ სათავეში ჩაუდგა ლაშქარს და პელოპონესოსისაკენ დაიძრა. 
იმხანად, საბერძნეთის ჩრდილოეთით მდებარე თესალიაში დაარსდა ახალი სახელმწიფო, რომელსაც განაგებდა თერას მმართველი ალექსანდრე. თესალიის ზოგმა სახელმწიფომ,  არ ისურვა  რა დამორჩილებოდა ტირანს, დასახმარებლად  მიმართა თებეს. მაშინ პელოპიდასმა ბრძოლა გამოუცხადა ალექსანდრეს, რომელიც ლამობდა მთელ საბერძნეთზე გაბატონებას. 
პელოპიდასმა ხელში ჩაიგდო თესალიის ქალაქი ლარისა და აიძულა ალექსანდრე მასთან მორჩილებით გამოცხადებულიყო. შემდეგ მან მაკედონიაში დააშოშმინა ტახტისთვის მებრძოლები და მძევლად აიყვანა მეფის უმცროსი ძმა ფილიპოსი (რომელმაც მოგვიანებით მთელი საბერძნეთი დაუმორჩილა მაკედონიას). 
მაკედონიიდან თებესკენ მიმავალ პელოპიდასს ალექსანდრე ვერაგულად  დაესხა თავს, დაატყვევა და თერაში ჩაიყვანა. პელოპიდასის  ტყვეობამ  თებე აღაშფოთა. მის დასახსნელად დაუყოვნებლივ გაგზავნეს ლაშქარი თესალიაში. 
პელოპიდასს ამაყად და შეუდრეკლად ეკავა თავი მტერთა შორისაც. იგი აშკარად გმობდა ტირანის საქციელს და აცხადებდა, რომ არ ითხოვდა შეწყალებას და დაუხანებლივ იძიებდა შურს, თუ მიიღებდა თავისუფლებას. 
„რატომ ესწრაფვის პელოპიდასი სიკვდილს?“  – იკითხა მეფემ, როდესაც  მას თებელი მთავარსარდლის სიტყვები  ამცნეს.  „იმიტომ,  რომ,  – მიუგეს ტირანს,  – შენც მალე მოგეღება ბოლო, თუკი დასჯი პელოპიდასს. თებელები შურს იძიებენ ამ მკვლელობისთვის“. 
ამასობაში თებეს ლაშქარმა მიაღწია თესალიას,  მაგრამ  ვერ შეძლო პელოპიდასის გათავისუფლება. მაშინ თებედან გაიგზავნა ახალი ლაშქარი ეპამინონდასის მეთაურობით. 
როდესაც ცნობილი გასდა, რომ მათკენ მოემართება სახელოვანი მთავარსარდალი, ალექსანდრეს მხედართმთავრები შეძრწუნდნენ. საკმარისი იყო ერთი  შეტევაც კი და ტირანის ძალმოსილებას ბოლო მოეღებოდა. მაგრამ ეპამინონდასმა უწინარეს ყოვლისა პელოპიდასის გათავისუფლება განიზრახა.  მას ეშინოდა, რომ სასოწარკვეთილი ტირანი მოკლავდა ტყვეს. ამიტომ რადაც არ უნდა დასჯდომოდა, უნდა დაეხსნა პელოპიდასი. 
ალექსანდრემ ეპამინონდასთან ელჩები წარგზავნა დასაზავებლად, მაგრამ მთავარსარდალმა მხოლოდ დატყვევებული მეგობრის გათავისუფლება მოითხოვა. ასე დაიხსნეს პელოპიდასი ტყვეობიდან და სამშობლოში დაბრუნებულს ისე შეხვდნენ, როგორც ქეშმარიტ გმირს ხვდებიან. 
მოგვიანებით თებელებმა შეიტყვეს, რომ სპარტელებმა და ათენელებმა ელჩები გაგზავნეს სპარსეთის მეფესთან თებეს წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების თხოვნით. მაშინ მათაც გაგზავნეს სპარსეთში თავისი წარმომადგენლები პელოპიდასის მეთაურობით. 
პელოპიდასისა და მისი მეგობრის ეპამინონდასის დიდების ამბავი მთელ სპარსეთში იყო განთქმული. როდესაც პელოპიდასი სპარსეთის მეფის წინაშე წარდგა, სატრაპები უმზერდნენ მას და გაოგნებულნი ამბობდნენ:  „აი,  ის კაცი, რომელმაც საბერძნეთში მოსპო სპარტელთა განმგებლობა.  ეს  მან აქცია სპარტა პელოპონესოსის ერთ უბადრუკ სახელმწიფოდ, სპარტა, რომელიც სულ ახლახანს სპარსეთსაც  კი ემუქრებოდა“. 
პელოპიდასმა თავისი ელჩობა ბრწყინვალედ დააგვირგვინა: სპარსეთის მეფემ თებეს ელჩი დიდი პატივით მიიღო, უხვად დაასაჩუქრა და თებელთა ყველა სათხოვარის აღსრულების პირობა დაუდო. 
პელოპიდასმა არ მიიღო სამეფო ძღვენი, რამეთუ თავისუფალი კაცის ღირსების შელახვად თვლიდა  მეფის წყალობას. დაბრუნდა თუ არა თებეში, დიდძალი ლაშქრით გაემართა თესალიისკენ. 
პელოპიდასმა არ აპატია თერას ტირანს ვერაგობა და გადაწყვიტა, შური ეძია მიყენებული შეურაცხყოფისათვის.  ამას გარდა,  მას სურდა, დაემტკიცებინა ბერძენთათვის, რომ საბერძნეთში მხოლოდ თებელებს ძალუძთ ტირანთა  და მეფეთა წინააღმდეგ ბრძოლა. 
თესალიაში პელოპიდასს შეუერთდა მოკავშირეთა დიდი  ლაშქარი,  რომლის თანხლებითაც დაიძრა იგი ალექსანდრესკენ. დაიწყო საბედისწერო ბრძოლა. პელოპიდასმა გაანადგურა მტრის ცხენოსანთა ჯარი და ბოლომდე გასდია მას. მაგრამ ალექსანდრემ მოახერხა თებეს მოკავშირეთა შევიწროვება. პელოპიდასი, ჩვეულებისამებრ, თავს არ ზოგავდა. იგი ჩადგა თავის მებრძოლთა პირველ რიგებში და ისე აღაფრთოვანა, რომ მათ უპირატესობაც კი მოიპოვეს. შენიშნა რა მაღლობიდან, რომ ალექსანდრეც ასევე ამხნევებდა თავის დაქირავებულ მეომრებს, რომლებიც მზად  იყვნენ დაეყარათ ფარ-ხმალი, პელოპიდასი მოსცილდა  რაზმს  და ალექსანდრე ორთაბრძოლაში  იხმო,  მაგრამ ტირანი თავის მცველებში მიიმალა. პელოპიდასი მცირერიცხოვან მეომართა თანხლებით მედგრად ეკვეთა დაქირავებულთა ბრბოს. თავგანწირულად იბრძოდა მთავარსარდალი, პირველი რიგი ამოხოცა, მრავალი დაჭრა. მებრძოლები, რომელთაც ეშინოდათ მასთან მიახლოება, შორიდან ისროდნენ შუბებს. პელოპიდასი სასიკვდილოდ დაიჭრა. როდესაც მეკავშირე თესალიელები მოცვივდნენ  დასახმარებლად, უკვე გვიანი იყო,  იგი უსულოდ იწვა მიწაზე. 
თებეს მხედრიონმა იერიში მიიტანა მოწინააღმდეგის ქვეით ჯარზე, სძლია და დიდხანს მისდევდა გასანადგურებლად. მტერი დამარცხდა.  მან ამ ბრძოლაში სამი ათასი მეომარი დაკარგა. 
გაიგეს თუ არა მებრძოლებმა პელოპიდასის გარდაცვალების ამბავი, არ განიკაზმეს საბრძოლო აღსაჭურველი, ცხენებს არ ახსნეს ლაგამ-უნაგირები, არ შეიხვიეს იარები და დაუხანებლივ მოიყარეს თავი ცხედართან, თითქოს ბელადი  მათ ხედავდა, ესმოდა მათი... გლოვის ნიშნად, ადათისამებრ, მეომრებმა თმა მოიკვეცეს, ცხენებს ფაფარი შემოაჭრეს; ბანაკში კოცონს არ ანთებდნენ, არ ჭამდნენ საჭმელს. ირგვლივ ისეთი მდუმარება სუფევდა, თითქოს თებელებს ბრწყინვალე გამარჯვება კი არ მოეპოვებინათ, არამედ დამარცხებულებს  მონობის უღელქვეშ მოეხარათ ქედი. 
მთავარსარდლის სიკვდილმა ღრმად დაამწუხრა არა მხოლოდ თებელები, არამედ მათი მოკავშირენიც. ყველას მოჰქონდა სამაროვანთან ტროფეები, ოქროცურვილი აღსაჭურველი, გვირგვინები. თესალიელმა უხუცესებმა სთხოვეს თებელებს, მიცვალებულის დაკრძალვის პატივი მათთვის დაეთმოთ. აღმატებულად ღვაწლმოსილმა მათ შორის  ასე მიმართა დამწუხრებულებს: „კეთილშობილნო,  იმ წყალობას გთხოვთ,  ამ უმძიმეს წუთებში რომ ჩვენ გვანუგეშებს... გვერწმუნეთ, თესალიელთათვის  ეს უბედურება კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე თებელთათვის. თქვენ ეთხოვებით დიად მთავარსარდალს,  ჩვენ მასთან ერთად ვეთხოვებით თავისუფლებას! პელოპიდასს რომ ვერ გიბრუნებთ,  განა გავბედავთ ჩვენს მხსნელად თქვენგან მოვითხოვოთ  სხვა ბელადი?“  – და თებელებმაც მათ დაუთმეს. 
პელოპიდასის გარდაცვალების შემდეგ სულ მალე, მანტინეასთან ბრძოლის ჟამს დაიღუპა ეპამინონდასი, მისი დიდებული მეგობარი. ეპამინონდასის სიკვდილმა ისე შეძრა თებელები, რომ მათ ვერ შეირგეს მოპოვებული გამარჯვებით გამოწვეული სიხარული. ისინი ბელადთა გარეშე დარჩნენ. ხანმოკლე აღმოჩნდა მათი ბრწყინვალების ხანა. მალე მოუხდათ თებელებს პირველობის დათმობა საბერძნეთში.


Комментариев нет:

Отправить комментарий