დავით IV აღმაშენებლის (1089-1124) საოცრად ენერგიულმა სახელმწიფო და სამხედრო საქმიანობამ თავის მწვერვალს მისი ცხოვრების ბოლო პერიოდში მიაღწია. ამ გარემოებაზე ყურადღება გაამახვილა დავითის ისტორიკოსმა, რომელმაც ისტორიულ თხზულებაში `ცხოვრება¡ მეფეთ-მეფისი დავითისი~ საკმაოდ დიდი ადგილი დაუთმო აღნიშნული პერიოდის დეტალურ აღწერას და ტექსტის შესაბამის მონაკვეთს ერთგვარ შესავლად შემდეგი სიტყვებიც კი წაუმძღვარა: `განიცადენით-ღა ოთხთა ამათ წელთა ქმნილნი მისნი, რომელთა მრავლისაგან მცირედთა მეგულების თქმად~.
ქრონოლოგიური თვალსაზრისით დავითის ისტორიკოსთან ტექსტის ბოლო მონაკვეთში მოყვანილი თარიღები თითქოს სრულ ნდობას იმსახურებენ, ვინაიდან მოცემული პერიოდის ამბები ფაქტობრივად ორი წესით არის დათარიღებული. აქედან პირველი – წლების რიგობრივ ათვლას ითვალისწინებს, ხოლო მეორე – ქორონიკონური წლებით აღრიცხვას. მიუხედავად ამისა, როგორც ქვემოთ ვაჩვენებთ, ამ დათარიღებებში შეიმჩნევა გარკვეული შეუსაბამობები. ყოველივე ეს ტექსტში გაპარული გარკვეული შეცდომის შედეგი უნდა იყოს, რომელიც გამოვლენასა და შესწორებას მოითხოვს.
ცხოვრების ტექსტში ქორონიკონური დათარიღება რატომღაც მხოლოდ პირველი სამი წლის აღსანიშნავად არის მოყვანილი. ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, მიზანშეწონილია დავითის გარდაცვალების თარიღის განხილვაც, რომელიც უშუალოდ ტექსტის საანალიზო მონაკვეთში არ არის მოყვანილი, მაგრამ ფაქტობრივად განსახილველი პერიოდის ზედა ქრონოლოგიურ ზღვარს წარმოადგენს.
ქორონიკონური აღრიცხვის კონკრეტული მაგალითის განხილვისას წინასწარ დაზუსტებას მოითხოვს ტექსტში ყოველი ახალი წელიწადის დასაწყისი. ამგვარი დაზუსტების საჭიროებას განაპირობებს ის გარემოება, რომ აქამდე, კ. კეკელიძის მონაცემებზე დაყრდნობით, ასეთ დასაწყისად 1 მარტი იყო მიღებული. ბოლო დროის გამოკვლევების თანახმად, ქორონიკონური წლის დასაწყისი 1 მარტის ნაცვლად 1 იანვარი იქნა მიჩნეული. ეს ნათლად ჩანს თუნდაც ტექსტის საანალიზო მონაკვეთიდან, სადაც ყოველწლიური ამბების გადმოცემა უპირატესად ზამთრით, ე. ი. იანვრით იწყება. ასე მაგალითად, პირველი წლის ამბების თხრობისას საწყის მოვლენათა მსვლელობას ადგილი აქვს ზამთრის, კონკრეტულად კი იანვარსა და თებერვლის პირველ ნახევარში, ვინაიდან მომდევნო მოვლენების თარიღად ჯერ 14 თებერვალი და მხოლოდ ამის შემდეგ მარტი არის დასახელებული. ასევე გამოკვეთილად იანვრის საწყისობა მითითებულია მეორე წლის ამბების გადმოცემისასაც. პირველ წელთან დაკავშირებული შემაჯამებელი წინადადების `ესე ერთისა წლისა¡ს~ შემდეგ, მეორე წლის ამბების თხრობა იწყება სიტყვებით `მასვე ზამთარსა~, სადაც სიტყვა `მასვე~ იხმარება იმ გარემოების აღსანიშნავად, რომ მიმდინარე წლის იანვარი (თუ თებერვალი) იმავე სეზონს განეკუთვნება, რასაც წინა წლის დეკემბერი. ამ წლებისაგან განსხვავებით, ოთხწლეულის ბოლო წელს ამბების თხრობა მარტიდან იწყება დმანისის აღებით, რაც იმით არის განპირობებული, რომ იმ წელს აქტიური მოქმედებები დავითმა დასავლეთ საქართველოში გამოზამთრების შემდეგ, აღნიშნულ თვეში დაიწყო.
წლის საწყის თვედ იანვარზე მიუთითებს აგრეთვე დავითის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ქორონიკონური დათარიღებაც, რომლის თანახმადაც ეს მომხდარა 1125 წლის (780+345) 24 იანვარს, შაბათ დღეს. ქრონოლოგიურ-მათემატიკურმა გამოთვლებმა გვიჩვენეს, რომ დასახელებული კალენდარული და კვირის დღეების თანახვდენას მართლაც აქვს ადგილი, მხოლოდ იანვრის სტილის ქორონიკურ წელიწადი (მარტის შემთხვევაში იმავე ანგარიშით 1125 წელს 24 იანვარი კვირა დღეს თანხვდება).
დავითის გარდაცვალებასთან ერთად აღნიშნული თარიღი საშუალებას იძლევა დაზუსტდეს განსახილველი პერიოდის ზედა ქრონოლოგიური ზღვარი. კერძოდ, ვინაიდან 1125 წლის ამბების თხრობა 24 იანვარზე წყდება, ცხადია, რომ სათვალავში ის ვერ მოხვდება. აქედან ჩანს, რომ თუ მემატიანე დავითის ცხოვრების ოთხწლიანი პერიოდის ამბებს გადმოსცემს, მაშინ თხრობის ამ მონაკვეთს შემადგენელ 1121-1124 წლების ფარგლებში იგულისხმებდა. ტექსტში მოყვანილი ქორონიკონური დათარიღებით კი ტექსტის მოცემული პერიოდის პირველი და მეორე წელი შეესაბამება 340 და 341 ქორონიკონს, ანუ 1120 (=340+780) და 1121 (341+780) წელს. ამ უკანასკნელი წლის ბოლო მოვლენად 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლა არის დასახელებული, ხოლო მომდევნო წლების დათარიღება მხოლოდ ორი მონაცემით არის წარმოდგენილი: `ხოლო მეორესა წელსა აღიღო მეფემან ქალაქი ტფილისი, პირველსავე ომსა, ოთხას წელ ქონებული სპარსთა და დაუმკ¢დრა შვილთა თ¢ისთა საჭურჭლედ და სახლად თვისად საუკუნოდ. ქრონიკონი იყო სამას ორმოცდაორი და მეორესა წელსა მივიდა სულტანი შარვანს, შეიპყრა შარვანშა, აიღო შამახია...~. ე.ი. დიდგორის ბრძოლიდან `მეორესა წელსა, 342 ქორონიკონს ანუ 1122 წელს დავითმა აიღო თბილისი, ხოლო შემდგომ `მეორესა წელსა~, რომელიც 342 ქორონიკონიდან ათვლით 1123 წელს უნდა გულისხმობდეს, შირვანში შემოვიდა სულტანი. თუმცა მომდევნო მოვლენები აღარ არის დათარიღებული, მაგრამ ისედაც ცხადია, რომ ტექსტის თხრობა ეხება 1123 წლის დანარჩენი თვეების და 1124 სრული წლის შესაბამისი ამბების აღწერას.
ქორონიკონური დათარიღებით, როგორც ვხედავთ, დავითის მოღვაწეობის ბოლო პერიოდი 1120–1124 წლებს და, მაშასადამე, ხუთ წელს მოიცავს. ე.ი. კონკრეტულად ავტორის მიერ განცხადებული ოთხი წლისაგან ის ერთი წლით განსხვავებული აღმოჩნდა, რის თაობაზეც ზოგადად უკვე აღვნიშნეთ. ამგვარი შეუსაბამობის მიუხედავად, ტექსტის შესაბამისი მონაკვეთის ქრონოლოგია თანამედროვე ისტორიოგრაფიაშიც გაზიარებული იქნა – დღეისათვის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებში დავითის ცხოვრების ბოლო პერიოდის ანათვალი შესაბამისად ხუთი წლით არის წარმოდგენილი (ი. ჯავახიშვილი).
თხზულების ქრონოლოგიური მონაცემებისადმი ამგვარ დამოკიდებულებას, როგორც ეტყობა, ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ უცხოენოვან ისტორიულ წყაროებში დიდგორის ბრძოლის და თბილისის აღების თარიღები უპირატესად თანხვდება ან დიდად არ სცილდება ქორონიკონური დათარიღების მონაცემებს. მაგალითად, XII საუკუნის არაბი ისტორიკოსები ალ-აზიმი და იბნ კალანისი თბილისის აღებას ჰიჯრის 515 წლით ათარიღებენ. ვინაიდან ჩვენი წელთაღრიცხვით ეს თარიღი 1121 წლის 22 მარტს იწყება და 1122 წლის 11 მარტს მთავრდება, თბილისის აღებას ისინი 1121 წლის ბოლოს ან 1122 წლის დასაწყისში გულისხმობენ. ალ-ფარიკის (გარდ. 1181 წლის შემდგომ) თანახმად, დიდგორის ბრძოლას ადგილი ჰქონდა ჰიჯრის 515 წელს, ხოლო თბილისის აღებას იმავე წლის მიწურულს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი წელთაღრიცხვით დიდგორის ბრძოლა 1121 წლის აგვისტოში მოხდა, ხოლო თბილისი დავითმა 1122 წელს 10 მარტამდე აიღო.
ასევე ერთი წლით, მხოლოდ სომხური წელთაღრიცხვით, ათარიღებს ორივე მოვლენას XII საუკუნის I ნახევრის სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაელი. ვინაიდან მის მიერ დასახელებული 570 წელი 1121 წლის 19 თებერვალს იწყებოდა და 1122 წლის 18 თებერვალს მთავრდებოდა, ჩვენი დათარიღებით, დიდგორის ბრძოლას 1121 წლის აგვისტო შეესაბამება, ხოლო თბილისის აღებას 1122 წლის დასაწყისში, 18 თებერვლამდე ჰქონდა ადგილი. ქორონიკონური დათარიღების საიმედობის აღიარების მიუხედავად არ შეიძლება უყურადღებოდ იქნეს დატოვებული ისტორიოგრაფიაში გამოთქმული ის მოსაზრებები, რომლებიც ამ საიმედობას ერთვგვარი ეჭვის ქვეშ აყენებენ. ამ მოსაზრების თანახმად, `დავითის ცხოვრების~ ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთის ფრაგმენტის თარიღები ეკუთვნის არა თხზულების ავტორს, არამედ ადრეულ რედაქტორს, რომელმაც ეს თხზულება `ქართლის ცხოვრების~ კრებულში შეიტანა. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არ არის რომ დათარიღებებში გარკვეული შეცდომებიც იყოს დაშვებული. საანალიზო მონაკვეთის თარიღების სანდოობა შეიძლება შემოწმდეს ამ ტექსტშივე მოყვანილი ავტორისეული წლების რიგობრივი ანათვალით. თუმცა ყველა წელი იქ არ არის კონკრეტულად აღნიშნული, მაგრამ მათი წარმოჩენა ადვილად შეიძლება შესაბამისი თვეებით და სეზონების გათვალისწინებით, რომლებიც ტექსტში თარიღის ნაცვლადაა მოყვანილი.
აღნიშნული ანათვალის პირველი ორი წლის საწყისი მოვლენები, როგორც ზემოთ აღინიშნა, ზამთრის სეზონს და, მაშასადამე, იანვარს შეესაბამება. ჩავლილი პირველი წლის დასასრულიც გამოკვეთილად შემოსაზღვრულია შემაჯამებელი ფრაზით `ესე ერთისა წლისა~. რაც შეეხება მეორე წლის ბოლო მოვლენას, მისი დაკონკრეტება, როგორც ირკვევა, `მეორე წელსას~ წაკითხვებზე არის დამოკიდებული. თუ დავუშვებთ, რომ თვითოეული მათგანი წინა წლიდან ათვლას და, მაშასადამე, თითო-თითო წლის დამატებას გულისხმობს, მაშინ გამოდის, რომ ტექსტში რიგით მესამე წელი თბილისის აღებას, ხოლო მეოთხე წელი შირვანში სულტნის შემოჭრას უკავშირდება. ვინაიდან შირვანის ქალაქ შემახიაში დავითის მიერ გარემოცულ სულტანს საკმაოდ დიდხანს მოუხდა ყოფნა, ხოლო იქიდან სამარცხვინოდ გაქცევა მან მხოლოდ ივნისის წინა თვეში, ე.ი. მაისში შეძლო, მის შემოსვლას ამ ქვეყანაში ადგილი უნდა ჰქონოდა გაზაფხულზე (ეს იქიდან ჩანს, რომ მის მიერ შირვანშას შეპყრობას, შემახიის აღებას, ლაშქრით ჯერ `ველთა¡თ~ დგომას და შემდეგ შემახიაში გამაგრებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდებოდა, მითუმეტეს, რომ სულტანმა შემახიაში `შეიწრებულმან შიმშილითა და შეწუხებულმან წყურილითა მრავალ დღე~ დაყო) რაც შეეხება მეოთხე წლის მიწურულს, მისი ბოლო მოვლენები ემთხვევა შემოდგომას, როდესაც დავითი `გარდავიდა გეგუთს, ინადირა, განისუენა, განაგო მანდაური ყოველი~.
ტექსტში საანალიზო პერიოდის ბოლო წლად გამოდის მეხუთე წელი. ამ წლის საწყისი პერიოდი დმანისის აღებით აღინიშნა, რომელიც დასავლეთ საქართველოში გამოზამთრების შემდეგ, მარტის თვეში განახორციელა დავითმა. რაც შეეხება ამ წლის ბოლო მოვლენას, რომელიც ქართლში ყივჩაღებისათვის ზამთრის სადგომის გამონახვას ითვალისწინებდა, ეს საქმე დავითს ჯერ კიდევ ზამთრის დაწყებამდე, ე.ი. შემოდგომაზე უნდა მოეგვარებინა.
ხუთი წლის საანალიზო პერიოდისათვის წლების სხვა რაოდენობა მიიღება, თუ პირველ `მეორესა წელსას~ წინა წელთან მიმართებაში არ ვიგულისხმებთ. არ არის გამორიცხული, რომ პერიოდის რიგით მეორე წელს ხუნანზე ლაშქრობის, ბარდავის დარბევის და დიდგორის ბრძოლის შემდგომ, დავითს თბილისიც აეღო, ხოლო მემატიანეს შესაბამისად ხაზი გაესვა იმ გარემოებისათვის, რომ ამ ბოლო მოვლენასაც იმავე `მეორესა წელსა~ ჰქონდა ადგილი. ამ შემთხვევაში მეორე `მეორესა წელსა~ უკვე წინა წლიდან, ანუ ტექსტის მეორე წლიდან უნდა იქნეს ათვლილი და ის პერიოდის რიგით მესამე წელს უნდა გულისხმობდეს, რომელიც სულტანის შირვანში შემოჭრისა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს მოიცავს. ბოლო წელი, რომელშიც მოვლენების აღწერა მარტის თვით იწყება, მეოთხე წელს წარმოადგენს და აღნიშნულ პერიოდში უკვე მემატიანის მიერ თავიდანვე განცხადებულ ოთხწლეულს გულისხმობს.
მოცემულ მონაკვეთში წლების რიგობრივი ათვლის აქ წარმოდგენილი ორი ვარიანტიდან მეორე ვარიანტი თითქოს უფრო ახლოს უნდა იყოს ჭეშმარიტებასთან შემდეგი მიზეზების გამო:
ა) პირველი ვარიანტით საეჭვოდ ჩანს, რომ მოცემული პერიოდის რიგით მესამე წლის განმავლობაში დავითის ენერგიული საქმიანობა მხოლოდ ერთი (თუნდაც ძალზე მნიშვნელოვანი) ღონისძიებით – თბილისის აღებით შემოფარგლულიყო, მაშინ, როდესაც ფრაგმენტის შესავალშივე მემატიანე აღნიშნავს, რომ `მრავლისაგან მცირედთა მეგულების თქმადო~;
ბ) მეორე ვარიანტით წლების რიგობრივი ათვლის შედეგად მიღებული ოთხწლიანი პერიოდი ზუსტად თანხვდება ავტორის წინასწარვე განცხადებულ წელთა რიცხვს, რაც ამ ათვლის მონაცემების სანდოობას კიდევ უფრო მეტად ზრდის.
ყოველივე ამის მიუხედავად, ერთმნიშვნელოვნად მეორე ვარიანტისადმი უპირატესობის მინიჭება მაინც არ იქნებოდა გამართლებული. მხედველობაში მისაღებია ის გარემოება, რომ პირველი ვარიანტის მონაცემები ზუსტად ემთხვევა ქორონიკონური აღრიცხვის თარიღებს, რაც უდაოდ ანგარიშგასაწევია, ეს თარიღები ავტორს კიდევაც რომ არ ეკუთვნოდეს.
ასეთ საორჭოფო ვითარებაში საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტისათვის უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს მიერ საანალიზო ფრაგმენტის ტექსტშივე გამოვლენილ ცნობას, რომელიც აქამდე მკვლევართათვის რატომღაც შეუმჩნეველი რჩებოდა. ავტორი ტექსტში საკმაოდ ხშირად კალენდარულ დღეებს მათი შესაბამისი საეკლესიო დღესასაწაულების სახელწოდებებით მოიხსენიებს: `დღე ივანობისა~, `ბზობა~, `აღვსება~ ან `ზატიკი~ და სხვ., რაც, ჩვენი აზრით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ დავითის ისტორიკოსი სასულიერო პირი უნდა ყოფილიყო. სწორედ ერთ-ერთი ასეთი დღის დასახელება ქვემოთ მოყვანილ ტექსტში, ზოგიერთ მონაცემთან ერთად, საშუალებას იძლევა დავადგინოთ შესაბამისი წლის თარიღი. კერძოდ, ოთხწლეულად განცხადებული პერიოდის პირველ, ხოლო ქორონიკონური აღრიცხვით 1120 წელს, დავითის დასავლეთ საქართველოდან ქართლში მოულოდნელად გადასვლას და თურქმანებზე თავდასხმას მისი ისტორიკოსი ასე აღწერს: `გარდამოიფრინვა თებერვალსა ათოთხმეტსა და უცნაურად დაესხა ზედა... აღიღეს ტყუე და ალაფი ურიცხვ, და მოვიდა ღანუ£ს და მასვე შ¢დეულსა პირმარხვასა დღესა აიღო შარვანს ქალაქი ყაბალა~1.
აღნიშნულ დღეს ციტირებულ ტექსტში `პირმარხვის დღე~ შეესაბამება, რომელიც `შ¢დეულთან~ ერთად წინასწარ განმარტებას მოითხოვს. `პირმარხვა~ ძველქართულ ტექსტებში არც თუ ისე ხშირად იხმარება და ის დიდმარხვის პირს ანუ დიდმარხვის დასაწყისს აღნიშნავს. რაც შეეხება `შვიდეულს~ ის უპირატესად შვიდეულის, შვიდი დღის ანუ კვირის ცნებას გამოხატავს. ამასთან ერთად ის სრულიად განსხვავებულ მნიშვნელობით იხმარება ქრონოლოგიურმათემატიკურ ძეგლებში, რომლებშიც იმ კვირის დღეს აღნიშნავს, რომელიც მზის 28-წლიან ციკლში ნებისმიერი წლის დასაწყისის წინადღეზე მოდის.
`შვიდეულის~ პირველი მნიშვნელობისათვის, ციტირებული ტექსტი ისე უნდა გავიგოთ, რომ დავითს ქალაქი ყაბალა აუღია იმავე კვირაში (`მასვე შვიდეულსა~), რომელიც 14 თებერვალსაც შეიცავდა. ვინაიდან ამ შემთხვევაში კონკრეტული დღე `პირმარხვის დღე~ აღმოჩნდა, ის 14 თებერვალთან ერთად ერთი და იმავე კვირის ფარგლებში შემავალ დღეებად უნდა მივიჩნიოთ. თუ დავუშვებთ, რომ ტექსტში `შვიდეული~ სიტყვა `დღესას~ გარეშე არის წარმოდგენილი, როგორც ამას ადგილი აქვს ანა დედოფლისეულ (A) ნუსხაში, მაშინ ფრაზა `მასვე შვიდეულსა პირმარხვასა~ 14 თებერვალს პირმარხვის შვიდეულის შემადგენლობაში უნდა გულისხმობდეს. 14 თებერვალს მართლაც შეიძლება რაიმე კავშირი ჰქონდეს პირმარხვასთან, ვინაიდან ეს უკანასკნელი პირველი დღის გარდა თებერვლის ნებისმიერ დღეზე მოდის. მაგრამ სრულიად საწინააღმდეგო შედეგები გამოიღო 532 წლიანი პასქალური ცხრილით შემოწმებამ, რომელიც ჩვენ კონკრეტული თარიღის, კერძოდ კი 1120 წლის შესაბამისი პირმარხვის დღის დასადგენად გამოვიყენეთ. აღმოჩნდა, რომ ამ წელს ეს დღე 1 მარტზე მოდის, რომელიც 14 თებერვლთან არც ჩვეულებრივი კვირის და არც პირმარხვის კვირის ფარგლებში არ შეიძლება გავაერთიანოთ. იგივე შედეგები მივიღეთ 1121 წლის მონაცემის შემოწმებისას. ოთხწლეულის პირველ წლად სავარაუდებელი ამ წლის პირმარხვა 532-წლიანი ცხრილით 24 თებერვალს დაემთხვა, რომელიც ასევე არცერთი კვირის ფარგლებში 14 თებერვლთან არ ერთიანდება. ასე რომ, ციტირებულ ტექსტში `შვიდეულის~ შვიდი დღის ანუ კვირის მნიშვნელობით ხმარება ქრონოლოგიური–მათემატიკური მონაცემებით ერთმნიშვნელოვნად გამოირიცხა.
`შვიდეულის~ კვირის დღის ცნებასთან გაიგივებისას, ფრაზა `მასვე შვიდეულსა პირმარხვასა დღესა~ იმ აზრს უნდა გამოხატავდეს, რომ ყაბალა დავითს იმავე კვირის დღეს აუღია, რა კვირის დღეც 14 თებერვალზე მოდიოდა, ვინაიდან ამ შემთხვევაში კონკრეტული კალენდარული დღე, რომელსაც პირმარხვა დაემთხვა, ორშაბათის შესატყვისი დღე უნდა ყოფილიყო. ცხადია, რომ 14 თებერვალიც ორშაბათი დღე იქნებოდა. რაც შეეხება პირმარხვას, მისი თარიღი 14 თებერვლიდან შვიდი ან შვიდის ჯერადი დღის რიცხვით დაცილებულ თებერვალის დღეს უნდა შეადგენდეს. ასეთი დღე კი თებერვლის თვეში ერთ-ერთი უნდა იყოს, 21 ან 28 თებერვლიდან (14+7=21; 14+2×7=28). 1120 წლისათვის ამ თარიღებიდან არცერთი არ თანხვდება 1 მარტს, რომელიც, როგორც ზემოთ ვაჩვენეთ, ამ წლის პირმარხვის დღეს შეესაბამება. სამაგიეროდ სრული თანხვედრა მივიღეთ 1121 წლისათვის. მის შესაბამის პირმარხვის დღეს – 21 თებერვალს, კვირის დღით (კერძოდ კი ორშაბათის შესატყვისობით) ზუსტად დაემთხვა 14 თებერვალი, რაც მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის უფლებას გვაძლევს.
აღნიშნული თანხვედრა ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ იმ გარემოებაზე შეიძლება მიუთითებდეს, რომ მემატიანე განცხადებული ოთხწლეულის პირველ წლად არა 1120 წელს, არამედ 1121 წელს გულისხმობს. რაც შეეხება ამ ახალი თარიღის სანდოობას, ამ მხრივ ის არავითარი დაეჭვების საბაბს არ იძლევა. ჯერ ერთი, ასეთი სახის თარიღები სამ კალენდარულ-მათემატიკურ მახასიათებელს ეფუძნება და გამორიცხულია, რომ ნებისმიერი წლის ნებისმიერი დღისათვის მკაცრ კანონზომიერებაზე დამყარებული კალენდარული და კვირის დღეების მონაცემების თანხვდენის საფუძველზე მიღებული თარიღი შემთხვევითობის შედეგი იყოს. თარიღის სანდოობას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მისი შესაბამისი 1121 წელი ზუსტად თანხვდება ოთხწლეული პერიოდის რიგით პირველ წელს.
ახალი თარიღის გამოვლენა საშუალებას გვაძლევს, რომ დავაზუსტოთ მთელი რიგი ქრონოლოგიური საკითხები. კერძოდ, სრული უფლება გვეძლევა, რომ დასახლებულ მონაკვეთში ფრაგმენტში მოხსენებულ პირველ წელთან ერთად, როგორც მისი უშუალო გაგრძელება, შემდეგი წელიც 1122 წლის ნაცვლად 1123 წლით გადავათარიღოთ. აქვე ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ, თუმცა ეს გადათარიღება მხოლოდ 2 წლით იფარგლება, მაგრამ მისი საშუალებით ზუსტდება ტექსტის მოცემულ ქრონოლოგიურ ფარგლებში მოთხრობილი გაცილებით მრავალრიცხოვანი მოვლენების მთელი სპექტრის ქრონოლოგია. კონკრეტულად, ოთხწლეულის პირველი წლით, ანუ 1121 წლით უნდა დათარიღდეს: ბოტორაში თურქმანთა განადგურება, შირვანის ქალაქ ყაბალას აღება, შირვანის დარბევა, აშორნიასა და სევგვმელეჯს თურქმანებზე თავდასხმა. ოთხწლეულის მეორე წლით, ანუ 1122 წლით უნდა დათარიღდეს: ხუნანზე თავდასხმა და თურქმანთა ამოწყვეტა `მთით მტკუარამდე და გაგთა¡თ ბერდუჯამდე~, ბარდავის დარბევა და, რაც მთავარია, დიდგორის დიდი ბრძოლა, რომელიც ზემოთხსენებულ მოვლენებთან ერთად აქამდე 1121 წლით თარიღდებოდა. რაც შეეხება თბილისის აღებას, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ მოვლენას სიტყვების `მეორესა წელსას~ წაკითხვის მიხედვით, ადგილი ჰქონდა ან დიდგორის ბრძოლის შესაბამის წელს, ე.ი. 1122 წელს, ან მომდევნო, ე. ი. 1123 წელს. ზუსტად ამ საკითხში გარკვევის საშუალებას იძლევა ერთი საინტერესო ისტორიული ჩანაწერი, რომელსაც ასევე აქამდე რატომღაც ყურადღება არ ექცეოდა. ეს ჩანაწერი, მ. თარხნიშვილის ცნობით მოყვანილია ვატიკანის ბიბლიოთეკის ბორჯას ფონდში დაცულ #4 ქართულ ხელნაწერში – `მამათა მოძღვრება~. ხელნაწერის 59ვ-60რ-ზე მოთავსებული `მოთხრობა¡ სულმცირე ვასილოღრაფიისაგან რიცხვისათვის დასაბამიდან გადასულთა წელთასა~ იწყება `ადამისიდან~ და თავდება აღნიშნული ჩანაწერით: `და ოდეს ესე დაიწერა, ქრონიკონი იყო სამას ორმოც და სამი. მას ჟამსა მოიწუა ტფილისი ქალაქი დავითის მიერ დიდისა მის ხელმწიფისა, რომლის სახსენებელი და კურთხევა¡ იყავნ აწ და უკუნისამდე~.
ჩანაწერის ამ ქრონოლოგიური მონაცემის გათვალისწინებით გასაგები ხდება, თუ რას გულისხმობდა ტექსტისეული `მეორესა წელსა~ თბილისის აღებასთან დაკავშირებით. ირკვევა, რომ მისი საშუალებით მემატიანე წინა, ე.ი. 1122 წლის მომდევნო წელზე მიუთითებდა და, მაშასადამე, ისიც თბილისის აღებას 1123 წლით ათარიღებდა. ორი აღწერილი მოვლენის ფაქტობრივად თანადროული მონაცემების თანხვდენა თავისთავად მათ საიმედობაზე მეტყველებს. ჩანაწერთან დაკავშირებით ამ საიმედობას ხაზს უსვამს მ. თარხნიშვილიც. მკვლევრის თანახმად, დავითს თბილისი მართლაც უნდა აეღო `1123 წ., ვინაიდან ქალაქის აღების წელსვეა შეწყობილი ჩვენი ხელნაწერი და ამისათვის მის ცნობაში ეჭვის შეტანა დაუშვებელია, იმის და მიუხედავად, რომ ქალაქის მოწვაზე ყველა სდუმს, როგორც ქართველი, ისე უცხოელი, თვინიერ ერთი არაბი ისტორიკოსისა – ელ-აინისა – მე-14 საუკუნიდან. ამიტომაც აქაც მართალი უნდა იყოს ჩვენი ხელნაწერი~.
მ. თარხნიშვილის ამ ცნობას ჩვენის მხრივ უნდა დავუმატოთ, რომ ელ-აინი მარტო არ არის ვინც თბილისის დაწვა აღნიშნა. აღნიშნულ მოვლენას ასევე ადასტურებს ისეთი სანდო ისტორიკოსი როგორიც იყო ალ-ფარიკი (გარდ. 1181წ. შემდგომ). ამ უკანასკნელის თანახმად, დიდგორის ბრძოლის შემდგომ დავითი თავის ლაშქრით `დაბანაკდა თბილისთან და ერთხანს ალყაში ჰყავდა, შემდეგ გაანგრია მისი კედელი დასავლეთის მხრიდან, შევიდა ქალაქში მახვილით, გადაწვა იგი და გაძარცვა~. ისტორიკოსის მიერ ისეთი სპეციფიკური დეტალის ცოდნა, როგორიცაა ქალაქის კედლის განგრევა დასავლეთის მხრიდან, იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ თბილისის აღებასთან დაკავშირებით ის რაღაც ზუსტ მონაცემებს ფლობდა. მეორე არაბულენოვანი თურქი ისტორიკოსი სიბტ იბნ ალ-ჯაუზის (XIII ს-ის I ნახ.) თანახმადაც დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ `დაეშვა დავითი თბილისს და დაიპყრო იგი მახვილით. მან გადაწვა და გაძარცვა იგი“.
ალ-ჯაუზი ყურადღებას იქცევს იმ მხრივაც, რომ მისი და მუჰამედ ალჰამავის (XIII ს-ის. I ნახ.) ცნობების საშუალებით შეიძლება თბილისის აღების თარიღი უფრო ვიწროდ, თვეების ინტერვალით შემოვსაზღვროთ. ამ ავტორების მიხედვით დიდგორის ბრძოლას და თბილისი აღებას ჰიჯრის ერთსადაიმავე 516 წელს ჰქონია ადგილი. ვინაიდან ჰიჯრის აღნიშნული წელი ჩვენი წელთაღრიცხვით 1122 წლის 12 მარტიდან იწყება და 1123 წლის 28 თებერვალს მთავრდება, ამ მონაცემების გათვალისწინებით დიდგორის ომის თარიღი 1122 წლის 12 აგვისტოს შეადგენს, ხოლო თბილისის აღება 1123 წლის იანვარ-თებერვლის ინტერვალით უნდა დათარიღდეს.
ჩვენ ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ არაბულენოვანი ისტორიკოსები ალ-ფარიკი, ალ-აზიმი (XII ს.), იბნ ალ-კალანისი (XII ს.), და სომეხი მემატიანე მათე ურჰაელი (XII ს-ის I ნახ.), დიდგორის ბრძოლას და თბილისის აღებას შესაბა მისად 1121 და 1122 წლებით ათარიღებენ. 1122-1123 წლებთან ამ თარიღების შეუთანხმებლობასთან დაკავშირებით უპირატესობა, ჩვენი აზრით, ისტორიული მოვლენების თანადროულ ქართულ პირველწყაროებს უნდა მიენიჭოს. თუმცა ასევე ადრეულ პირველწყაროს განეკუთვნება მათე ურჰაელის თხზულებაც, მაგრამ დავითთან დაკავშირებით ზოგიერთი მისი დათარიღება მთლად სანდო არ უნდა იყოს. კერძოდ, დიდგორის ბრძოლის თარიღად ის ასახელებს 13 აგვისტოს – `ღვთისმშობლის მარხვის ხუთშაბათს~, სომხური წელთაღრიცხვით 570 წელს (ე.ი. 18/II. 1125.-17/II 1126 წლებს შორის შუალედში) ჰქონია ადგილი. (ლ. დავლიანიძე, მათე ურჰაელის ცნობები დავით აღმაშენებლის შესახებ).
პირველ შემთხვევაში აშკარად მცდარია აქ მოცემული კვირის დღე, ვინაიდან 1121 წელს ხუთშაბათი არა 13 აგვისტოზე, არამედ 11 აგვისტოზე მოდიოდა. რაც შეეხება მეორე დათარიღებას, თუ გავითვალისწინებთ, რომ დავითი 26 იანვარს გარდაიცვალა, მაშინ ერთად ეს დღე და სომხური 574 წელი ჩვენი წელთაღრიცხვის 1126 წლის 24 იანვარს მოგვცემს, რაც ასევე აშკარად მცდარია. D
წლის დასაწყისშივე თბილისის აღება ერთგვარად თვალში საცემს ხდის შემდგომში ფაქტობრივად ერთწლიან დავითისეულ უმოქმედობას. მაგრამ თუ ტექსტისეულ მეორე `მეორე წელსას~ დაახლოებით `მეორესავე წელსას~ მნიშვნელობით წავიკითხავთ, მაშინ ის, როგორც იმავე წელზე მიმანიშნებელი გამოთქმა, რიგით სათვალავში წლის დამატებას არ ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში სულტანის შირვანში შემოსვლასთან დაკავშირებული და მისი მომდევნო მოვლენები 1123 წლით, თბილისის აღების შემდგომ დროით უნდა დათარიღდეს.
ასეთ შესაძლებლობას ზოგიერთი ისტორიული ცნობაც ადასტურებს. კერძოდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დავითის ისტორიკოსის მიხედვით სულტანის შირვანში შემოჭრას და შემახაში გამაგრებას გაზაფხულზე (ე.ი. იანვარ-თებერვლის შემდგომ) უნდა ჰქონოდა ადგილი. დავითისგან `მრავალ დღე~ ალყაში მოქცეული სულთანის სამარცხვინო გაპარვას ისტორიკოსი აშკარად მაისის თვეში გულისხმობს, ვინაიდან მომდევნო თვედ ის ტექსტში პირდაპირ ასახელებს ივნისის თვეს. ამ მონაცემებს სავსებით ეთანხმება არაბულენოვანი ისტორიკოსის იბნ ალ-ასირის (1160-1234) ცნობაც, რომლის თანახმადაც შირვანიდან წამოსულ სულთანს ჰამადანში ჰიჯრის 517 წლის ჯუმადა II თვეში, ანუ ჩვენი წელთაღრიცხვის 1123 წლის 27 ივლისისა და 24 აგვისტოს ინტერვალში მოუღწევია. მაისის თვეში დაძრული სულთანი კი ჰამადანში მართლაც ჯუმადა II-ში უნდა ჩასულიყო. ქართული წყაროს მონაცემის დამადასტურებელი თვის დასახლებასთან ერთად იბნ-ალასირის ცნობა იმითაც არის საინტერესო, რომ ის ზუსტად იმ 1123 წელს ასახელებს, რომელსაც არაპირდაპირი მონაცემებით `დავითის ცხოვრებაც~ გულისხმობს. ასე, რომ ამ 1123 წლის ოთხწლეულის მესამე წელთან შესაბამისობა, ისევე როგორც ამ წელს ჯერ თბილისის აღება, შემდეგ შირვანში სულტანის დამარცხება და ბოლო შირვანის `თავადი სახლის~ – გულისტანის აღება ეჭვს არ უნდა იწვევდეს.
ბოლო 1124 წელი, ისევე როგორც ამ დროს განვითარებული მოვლენები (დმანისის აღება, დარუბანდელის დამარცხება, შირვანის და სომხეთის ციხეების აღება, ტაო-კლარჯეთში თურქების განადგურება, ანისის აღება და შირვანის მთლიანად დაპყრობა), ტექსტში საკმაოდ მკაფიოდ არის წარმოჩენილი და, როგორც დავითის გარდაცვალების წინა წელი, თარიღის კორექტივს არ მოითხოვს. მხოლოდ ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ აქამდე თუ ეს წელი დავითის ცხოვრების ბოლო პერიოდის მეხუთე წლად ითვლებოდა, სინამდვილეში ის მეოთხე წელს წარმოადგენს.
ქრონოლოგიური მონაცემების დაზუსტების შემდგომ არ შეიძლება საგანგებოდ არ შევეხოთ ტექსტში მოყვანილ ქორონიკონური დათარიღების წარმომავლობის საკითხს, რომელსაც ჩვენ გაკვრით უკვე შევეხეთ. ამ წარმომავლობის საკითხი ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ჯერ კიდევ XIX საუკუნის მიწურულს დააყენა თ. ჟორდანიამ. მკვლევარის აზრით, ქრონოლოგიური ცნობები `ქართლის ცხოვრებაში~ და მის შემადგენელ `დავითის ცხოვრებაში~ გვიან უნდა ყოფილიყო შეტანილი. ეს ეხებოდა დიდი თურქობის (1080 წ.), დავითის გამეფების (1089 წ.) და გარდაცვალების (1125 წ.) სამ თარიღს, რომელიც მოყვანილი იყო მარიამ დედოფლისეულ (M) ნუსხაში – იმ დროს ერთადერთ ცნობილ ნუსხაში ვახტანგის წინა რედაქციის ანუ `ძველი ჯგუფის~ ხელნაწერებიდან. მოგვიანებით აღმოჩენილ ძველი ჯგუფის კიდევ ერთ ხელნაწერში (ანა დედოფლისეულ (A) ნუსხაში) ქრონოლოგიური მონაცემების დაფიქსირებამ, ივ. ჯავახიშვილი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ `დავითის ცხოვრებაში~ თარიღები ვახტანგის ან მისი მეცნიერების მიერ არ უნდა ყოფილიყო შეტანილი. ამ სავსებით სწორი დასკვნის მიუხედავად მაინც უპასუხოდ დარჩა კითხვა იმის შესახებ, თუ ვის ეკუთვნოდა `ძველი ჯგუფის~ ნუსხებში შეტანილი ქრონოლოგიური ცნობები – ავტორს, თუ შემდგომ რედაქტორებს.
მზ. შანიძემ, რომელმაც მონოგრაფიულად შეისწავლა და გამოაქვეყნა `დავითის ცხოვრების~ ტექსტი, დაწვრილებით განიხილა თარიღების წარმომავლობის საკითხი `ძველი ჯგუფის~ უკვე ხუთი ნუსხის (A და M; მაჩაბლისეული (მ), ჭალაშვილისეული (ჩ) და 1697 წლის (Q) ნუსხების) გათვალისწინებით. ამ შესწავლის საფუძველზე მკვლევარი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ `ეს საკითხი შემდგომ შესწავლას მოითხოვს და მასზე დამარწმუნებელი პასუხის გაცემა ამჯერად ძნელია~. მიუხედავად ამისა იგი შესაძლებლად თვლის გამოთქვას ვარაუდი, რომელიც მთელი რიგი მონაცემების ანალიზს ეფუძნება. კერძოდ, თარიღების არაავტორისეულ წარმომავლობაზე, მზ. შანიძის აზრით, შემდეგი ფაქტები უნდა მიუთითებდნენ: ა) `ძველი ჯგუფის~ ნუსხები არ შეიცავენ თარი ღების ერთნაირ რაოდენობას და შესაბამისად მათი რიცხვი A-ში – 12-ს, ჩ-ში – 8-ს და Q, M, მ-ში კი 3-3-ს შეადგენს; ბ) ავტორის თხრობის მანერასა და აღზევებულ სტილს ძნელად ეხამება ტექსტში მოცემული თარიღები, რომლებიც ხელოვნურად ჩასმულის შთაბეჭდილებას ტოვებს; გ) თარიღები საკმაოდ უსისტემოდაა მოყვანილი; მთელ რიგ შემთხვევებში დათარიღებულია არა უფრო დიდი, არამედ ნაკლები მნიშვნელობის მოვლენები. ერთგვარი გამონაკლისია დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენების – დიდგორის ბრძოლის და თბილისის აღების დათარიღებები, თუმცა თარიღის გარეშე აღმოჩნდა მათთან შედარებით მოკრძალებული, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ისეთი მოვლენები, როგორიცაა რუის-ურბნისის კრება, ბაღვაშების განადგურება, გელათის მშენებლობა, ყივჩაღთა გადმოსახლება საქართველოში და სხვ. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით მზ. შანიძემ დაასკვნა: `ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თარიღების ერთი ნაწილი თხზულებაში შეტანილია ადრეული რედაქტორის მიერ, რომელმაც ნაწარმოებს რედაქცია გაუკეთა `ქართლის ცხოვრების~ კრებულში შესატანად~. `თარიღების ერთ ნაწილში~ აქ, როგორც ეტყობა, იგულისხმება ის კონკრეტული თარიღები, რომლებიც ყველა ნუსხაში არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, გამოცემაში ისინი ძირითადი ტექსტიდან სქოლიოში არიან გადატანილნი, ძირითად ტექსტში კი მხოლოდ ყველა ნუსხაში შესული სამი დათარიღება არის დატოვებული. თანაც ყოველი მათგანი ფრჩხილებშია ჩასმული სქოლიოში დართული შენიშვნით, რომლის თანახმადაც ისინი შესაძლოა ჩანართს წარმოადგენდნენ.
ზემოთგანხილული მონაცემების გათვალისწინებით, ოთხწლეულისათვის გამოვლენილი მცდარი ქორონიკონული დათარიღებები (1120-1124 წწ.) უფლებას გვაძლევს უფრო კატეგორიულად ვიმსჯელოთ მათ წარმომავლობაზე. ეჭვს გარეშეა, რომ ასეთ შეცდომებს დათარიღებული მოვლენების თანადროული მემატიანე არ დაუშვებდა და ამიტომაც შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ 340, 341 და 342 ქორონიკონით დათარიღება ადრეულ რედაქტორს ეკუთვნის. შესაბამისად საწყის ტექსტში ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიცაა ბოტორაზე თავდასხმა, ქ. ყაბალას აღება და შირვანის დარბევა, აშორნიის და ხუნანის ბრძოლები და ა.შ. თარიღების გარეშე არის წარმოდგენილი. კიდევ უფრო მეტი, არ არის დათარიღებული უმნიშვნელოვანესი მოვლენები – დიდგორის ბრძოლა და თბილისის აღება, რაც გარკვეული დასკვნის გამოტანის უფლებს იძლევა. ასეთი განსაკუთრებული მოვლენების დაუთარიღებლობა უკვე თავისთავად ნიშნავს, რომ ტექსტი არც თხზულების წინა ნაწილში მოყვანილ თარიღებს შეიცავდა. ასე რომ, დარწმუნებით შეიძლება განვაცხადოთ, რომ ზედაზნის, სამშვილდის და რუსთავის აღების, თურქთა ტაო-კლარჯეთში დამარცხების და სულტან მალიქის გარდაცვალების თარიღები დავითის ცხოვრების ტექსტის რედაქტორს ეკუთვნის. რაც შეეხება დიდი თურქობის, დავითის გამეფებისა და გარდაცვალების თარიღებს, მათ შესახებ საბოლოო დასკვნის გამოტანის საშუალებას პირველი თარიღისათვის დამახასიათებელი ერთი თავისებურება იძლევა. კერძოდ, დიდ თურქობასთან დაკავშირებით ფრაგმენტი იწყება სიტყვებით: `და დღესა ივანობისასა ასისფორი და კლარჯეთი აღივსო თურქითა~ და მხოლოდ ფრაგმენტის შუაში, დიდ თურქობაზე მითითების შემდეგ, მოყვანილია თარიღი: `და ესე იყო პირველი და დიდი თურქობა, რამეთუ ქორონიკონი იყო სამასი~.
ფრაგმენტის დასაწყისშივე საეკლესიო დღის – `ივანობის~ დასახელება ფაქტობრივად კალენდარული თარიღის (ე.ი. დღის რიცხვისა და თვის, კონკრეტულად კი 24 ივნისის) დასახელების ტოლფასია და, როგორც წესით სრული თარიღი მოითხოვს, აქვე ქრონოგრაფიული თარიღიც (ე.ი. წელიწადიც) უნდა ყოფილიყო მოყვანილი. ამ უკანასკნელის განცალკევებით წარმოდგენა კი შეიძლება მხოლოდ იმას ნიშნავდეს რომ ის მოგვიანებით რედაქტორის მიერ არის ჩართული.
დიდი თურქობისაგან განსხვავებით, დავითის გარდაცვალების თარიღი სრულად არის მოყვანილი: `რამეთუ იყო მაშინ თვე იანვარი ოცდაოთხი და დღე შაბათი, ოდეს ქორონიკონი იყო სამას ორმოცდახუთი, ხოლო წელიწადნი მისნი შობითგანნი ორმოცდაცამეტნი~, მაგრამ ეს სრული თარიღი კალენდარული და ქრონოგრაფიული თარიღების ჩვეულებრივი ერთობლიობით არ არის წარმოდგენილი. ქორონიკონთან დაკავშირებული მონაცემი აშკარად ჩართული სიტყვების შთაბეჭდილებას ტოვებს. ასე რომ, ის თხზულების ავტორს ასევე არ უნდა ეკუთვნოდეს.
`ძველი ჯგუფის~ ნუსხებში მოყვანილი ორი თარიღის არაავტორისეული წარმომავლობის გამოვლენა უკვე თავისთავად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დარჩენილი ერთი ქრონოლოგიური მონაცემიც ასევე რედაქტორის მიერ უნდა იყოს ჩართული ტექსტში. საბოლოოდ შეიძლება დავასკვნათ, რომ `დავითის ცხოვრების~ ტექსტში ყველა თარიღი ძირითადად იმ რედაქტორის მიერ უნდა იყოს ჩართული, რომელმაც ეს თხზულება `ქართლის ცხოვრების~ კრებულში შეიტანა.
აღნიშნული თარიღების არაავტორისეული წარმომავლობის დადგენა, ცხადია, რომ გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის, როგორც `დავითის ცხოვრების~ თავდაპირველ ტექსტზე, ისე უცნობი რედაქტორის მიერ ჩატარებულ ქრონოლოგიური სახის რედაქციულ სამუშაოზე. ამ მხრივ რედაქტორს უდაოდ ძალზე მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს შესრულებული. თუმცა, რედაქტორის მხრივ შეინიშნება თარიღების უსისტემო მოყვანა და Oოთხწლეულის დათარიღებაც ერთი წლით განსხვავებულია ჭეშმარიტებისაგან, მაგრამ ეს ნაკლოვანებები მაინც ვერ აკნინებენ აღნიშნული სამუშაოს ღირებულებას. არ შეიძლება არ აღინიშნოს მისი მნიშვნელობა ძველი ქართული ქრონოლოგიის ისტორიის თვალსაზრისითაც. ვინაიდან აქ ფაქტობრივად საქმე გვაქვს ისტორიული თხზულების ქრონოლოგიურ ჩონჩხში ჩასმის მეტად საინტერესო რედაქტორულ ძალისხმევასთან.
ცხადია, რომ ის დიდად სცილდება ჩვეულებრივი რედაქციისთვის ჩასატარებელ სამუშაოს ფარგლებს, ვინაიდან საჭირო თარიღების მოსაპოვებლად და დასადგენად საკმაოდ მრავალრიცხოვანი ქრონოლოგიური წყაროების გადახედვა-შეჯერებას ითვალისწინებს. მის მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად ზრდის ის გარემოება, რომ აღნიშნული სამუშაო ძალზე ადრეულ პერიოდს განეკუთვნება და ის საგრძნობლად წინ უსწრებს ვახტანგისა და მისი კომისიის მიერ ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს.
ამრიგად, ჩატარებული გამოკვლევის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ მემატიანის მიერ ოთხწლეულად დასახელებული დავითის მოღვაწეობის ბოლო პერიოდი აქამდე მიღებული 1120-1124 წლების ნაცვლად სინამდვილეში 1121-1124 წლებს მოიცავს. აქედან გამომდინარე, დიდგორის ბრძოლისა და თბილისის აღების ტექსტისეული 1121 და 1122 წლები უნდა შეიცვალოს 1122 და 1123 წლებით. ამასთან – ერთად, აღნიშნული პერიოდის ამსახველი ფრაგმენტიდან და საერთოდ მთლიანად თხზულებიდან ამოღებული უნდა იქნეს ქორონიკონური თარიღები, ვინაიდან, როგორც გაირკვა, ისინი ეკუთვნიან არა ავტორს, არამედ `ქართლის ცხოვრების~ კრებულში `დავითის ცხოვრების~ ჩამრთველ ადრეულ რედაქტორს.

Комментариев нет:
Отправить комментарий