ისტორიულ-ქრონოლოგიური საკითხები (2010 წ.)
XVI
საუკუნის ქართული ისტორიული საბუთების მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთარიღებელია. ამგვარი საბუთების დათარიღება, სხვა თანადროული ქართულენოვანი წყაროების სიმწირის პირობებში, მეტ მნიშვნელობას იძენს XVI საუკუნის საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ზოგიერთი ეპიზოდის უფრო სრულად აღდგენისათვის.
როგორც ცნობილია, 1509 წელს იმერთა მეფემ, ალექსანდრემ, ქართლში ილაშქრა და ქართლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი ლიახვამდე დაიჭირა. ამ ამბიდან სულ მალე, 1510 წელს, ოსმალები იმერეთში შემოიჭრნენ, გადაწვეს ქუთაისი და გელათი. ამ თავდასხმაში ოსმალებს მეგზურობას უწევდა სამცხის ათაბაგი მზეჭაბუკი, რომელმაც ამ საქციელით საკუთარი სამთავრო გადაარჩინა აოხრებას, მაგრამ იმერთა მეფე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაიკიდა. (ყაუხჩიშვილი 1973:711) ალექსანდრე იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო. მართალია, ქართლის მეფემ, დავით X-მ, დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიები (გუჩუა 1973:94), მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. გორიდან დასავლეთით მდე-ბარე მიწები, როგორც ჩანს, კარგა ხანს დარჩა იმერეთის მეფეთა მფლობელობაში, რაზედაც არაერთი მინიშნებაა წყაროებში. აქ ადგილობრივ თავადებს ყმა-მამულს იმერთა მეფე უმტკიცებს. მაგ., 1511 წლის ერთი საბუთით ბაგრატ იმერთა მეფემ ყმა-მამული უბოძა ზაქარია და თაყა ფანასკერტელ-ციციშვილებს (ხეც, Hდ-2118, ანოტირებული 1991:235).
„ქართლის ცხოვრების“ გაგრძელებაში სელიმის მიერ 1510 წელს ქუთაისის და გელათის აოხრების ამბავს მოსდევს იმავე წლით დათარიღებული ცნობა: „იქმნა ბრძოლა ძლიერი ქართლის მეფეს დავითსა და ბაგრატს შუა. ამისთვის, ბევრის რბევისა და ტყვევნისაგან, ძალი ქართლისა შემცირებულ იყო. აღეღო და დაეჭირა გორი ალექსანდრეს, მამასა ბაგრატისასა. ამას ზედა მიეხმარნენ ქართლის მეფეს დავითს კახეთის მეფე ვახტანგ და ათაბაგი მზეჭაბუკ. დავით მეფე ვეღარ მოესწრო, მოხისს შეება ბაგრატ ვახტანგსა და მზეჭაბუკს და გაემარჯუა თუესა ივნისსა გ“ (ყაუხჩიშვილი 1959:487).
ამ
ცნობაში ორი ეპიზოდია შეერთებული (1510 და 1512 წლებისა), რომელთაც ერთმანეთისაგან ორი წელი აშორებთ, მაგრამ პოლიტიკურ ძალთა დაჯგუფება არსებითად სწორადაა გადმოცემული: ერთ მხარეს არიან ქართლის მეფე დავითი (1505-1526), კახეთის მეფე ვახტანგი და ათაბაგი მზეჭაბუკი (1500-1515), მეორე მხარეს – იმერთა მეფე ბაგრატი (1510-1565). ამ ცნობაში გაუგებარია, ვინ არის ვახტანგი, რომელსაც „ქართლის ცხოვრების“ გამგრძელებელი კახეთის მეფეს უწოდებს. „ახალი ქართლის ცხოვრების“ ავტორებს, როგორც ჩანს, ეს ვახტანგი გიორგი VIII-ის ძე ჰგონიათ, რომელმაც, გერგეტის სულთა მატიანის მიხედვით, 1484 წელს მოახერხა არაგვის ხეობაში მცირე ხნით გამეფება (შარაშიძე 1954:232).
ვახტანგს მეფედ (მაგრამ არა კახეთისად) მოიხსენიებს „პარიზის ქრონიკაც“ იმავე ეპიზოდის თხრობის დროს: „ამასვე წელსა (1507 წელი) შეება ძე მისი (ალექსანდრესი) ბაგრატ მეფესა ვახტანგს და მზეჭაბუკს მოხისს და გაიმარჯვა თუესა ივნისსა გ (ალასანია1980:80)“1 აშკარაა, რომ მზეჭაბუკსა და ვახტანგს შორის რაღაც საერთო ინტერესები არსებობს, მაგრამ მთლად ნათელი არაა, რის საფუძველზე.
უფრო სწორი ჩანს ამ ამბის ვახუშტისეული ინტერპრეტაცია და დათარიღება (1512 წელი), მაგრამ იგი საერთოდ არ ახსენებს სამცხის მთავარს: „მოუხდა მეფე ბაგრატ იმერთა მოხისს ვახტანგს. სძლო ვახტანგს. არამედ დავით მეფემან ზავ ჰყო მათ შორის და წარიყვანა ბაგრატ ძმა თვისი და წარვიდა იმერეთს“ (ყაუხჩიშვილი 1973:393). ამრიგად, ვახუშტის მიხედვით, ვახტანგი ბაგრატ იმერთა მეფის ძმაა და არა კახეთის მეფე. კიდევ უფრო დაზუსტებით ჩანს ვახტანგის ვინაობა და მისი მოქმედების მოტივი ვახუშტისავე მონათხრობ-ში ბაგრატის შესახებ: „ამასვე წელსა (1512 წელი) წარვიდა ბაგრატ დასხმის გუარად სპითა ქართლს, რამეთუ ძმამან მისმან ვახტანგ იკლო რაიმე ბაგრატი-საგან და წარვიდა ქართლს. ამას ვახტანგს წაჰყვნენ მრავალნი წარჩინებული და აზნაურნი. მიუხდა ბაგრატ მეფე მოხისს მყოფს ვახტანგს. ეწყო და იყო ბრძოლა ძლიერი. მერმე იძლია ვახტანგ“ (ყაუხჩიშვილი 1973:810). ამ ცნობათა შეჯერების შედეგად შემდეგი სურათი იკვეთება: ვახტანგი, იმერთა ბატონიშ-ვილი, განუდგა თავის ძმას, ბაგრატს, შეუკავშირდა ბაგრატის მტერს, მზეჭაბუკ ათაბაგს და მისი დახმარებით შეეცადა იმერეთის ტახტის ხელში ჩაგდებას. თავისი გეგმების განსახორციელებლად ვახტანგს პლაცდარმად გამოუყენებია ქართლის ის ტერიტორია, რომელიც იმერთა მეფის განკარგულებაში რჩებოდა. სწორედ ამიტომ ჩანს იგი გამაგრებული სოფელ მოხისში (გორის დასავლეთით), სადაც გაიმართა კიდეც ბრძოლა. ქართლის მეფე დავითმა, რომელიც ამ დროს ავ-გიორგისთან ბრძოლით იყო დაკავებული, ძმები დააზავა და იმერეთში დააბრუნა. საქმის მშვიდობიან დასასრულზე გავლენა უნდა მოეხდინა იქ მზეჭაბუკ ათაბაგის ყოფნასაც, რადგან დავით მეფე მისი სიძე იყო (დავითს ცოლად ჰყავდა მზეჭაბუკის ძმის, ყვარყვარე II-ის ასული).
საინტერესოა ვახუშტის ცნობა, რომ ქართლში გადმოსულ იმერელ ბატონიშვილს, ვახტანგს, თან ახლდნენ „მრავალნი წარჩინებულნი და აზნაურნი“. არ არის გამორიცხული, რომ რაღაც ნაწილი ამ აზნაურთაგან, რომელიც პოლიტიკური ამინდის მიხედვით იცვლიდა პატრონს, დარჩა ქართლში. 1520-იანი წლების სიახლოვეს ქართლის მეფეს ამ რეგიონში თავისი პოზიციები უნდა გაემაგრებინა. აქ დამკვიდრებული იმერელი აზნაურები, როგორც ჩანს, ქართლის მეფის სამსახურში ჩამდგარან. ამ მოვლენას უნდა ასახავდეს დავით მეფის სახელით გაცემული სასისხლო სიგელები იმერელი აზნაურების კაკუ გუგუნავასა და ივანე მაღნარაძისადმი (ანოტირებული 1991:268).
1520 წელს, როცა დავით ქართლის მეფე კახეთის შემოერთებისათვის იბრძოდა, მამია გურიელმა ათაბაგის (ყვარყვარე III) შემწეობით „გადმოვლო მთა ღადო, რათა შემწე ეყოს ლევანსა დავით მეფესა ზედა, ზავით ანუ ბრძოლითა. ... მსმენელი დავით მეფე განრისხნა და წარვიდა მის ზედა სპითა, რავდენნი დაესწრნენ მუნ. ხოლო გურიელი, არა მგონე მეფისა, ეწყო მოხისს ძლიერად. იძლია დავით მეფე და მოვიდა ტფილის (ყაუხჩიშვილი 1973:396). ცხადია, მამია გურიელმა ასეთი შორეული ექსპედიცია მოაწყო თავისი სასიძოს, ლევან კახთა მეფის გადასარჩენად. დავითის გალაშქრება მოხისზე უნდა მიანიშნებდეს, რომ ქართლის ამ (დასავლეთ) ნაწილს იგი თავისად მიიჩნევს, მაგრამ გურიელთან განცდილი მარცხი კვლავ საეჭვოდ ხდის მის პოზიციებს ამ რეგიონში.
ბაგრატ იმერთა მეფის პრეტენზიები ქართლის დასავლეთ ნაწილზე კვლავ დიდი რომ იყო, ეს კარგად ჩანს შემდგომი წლების მოვლენებიდან. ამ პრეტენზიებს რეალური საფუძველი გააჩნდა სწორდ აქ ჩასახლებული იმერელი აზნ-აურობის წყალობით, რომლებსაც ბაგრატ მეფე საჭიროებისამებრ იყენებდა. ქართლის სამეფო კარმა არჩია მშვიდობიანად დაეთმო პოზიციები: „ქორონიკონსა სიდ (1526 წელი) მოსცეს ბაგრატს ქართლი არადეთის წყალს გამოღმა, ალი, სურამი და ახალდაბა... ამასვე წელსა იქორწინა ძემან მისმან ლუარსაბ (დავითის ძე) და შეირთო ცოლათ მეფის ბაგრატის ასული თამარ, მარტსა კე“ (ყაუხჩიშვილი 1973:493, ალასანია 1980:41). ალი და სურამი ამ დროს ქალაქური დასახლებები იყო, რომელთა ირგვლივ მდებარე „შესავალი“ სოფლებიც იმერთა მეფის ხელში „კანონიერად“ მოექცა. მათ შორის იყო ზემოთ არაერთხელ ხსენებული მოხისიც, რომელიც, როგორც ჩანს, ქართლის, იმერეთის და სამცხის გზასაყარზე მდებარეობდა და აღმოსავლეთის მხრიდან უშუალოდ ესაზღვრებოდა ამილახორთა მამულებს.
ჩვენს ხელთაა ლუარსაბ I-ის ერთ-ერთი უთარიღო ფიცის წიგნი (ხეც, Hდ-2120) ამილახორ ბარზი ზევდგინიძისადმი, რომელშიც ნათქვამია, რომ მეფე, „თუ მოხისს იშოვიდა“, ბარზის მისცემდა (ანოტირებული 1991:327). რადგან ფიცის წიგნები, ჩვეულებრივ, გარკვეული სამხედრო-პოლიტიკური ამოცანების გადაჭრის მიზნით იდებოდა, უნდა ვიფიქროთ, რომ ლუარსაბის უახლოეს გეგმებში შედიოდა „მოხისის შოვნა“. როდის უნდა გაეცა ლუარსაბს ეს საბუთი? ბარზი ამილახორი იყო შვილი თაყა ზევდგინიძისა, რომელიც ამილახორად ჩანს 1523-1543 წლებში (დოკუმენტები: Aდ-1299 ა, Hდ-1038. იხ. ანოტირებული 1991: 268, 327). ამ მონაცემების მიხედვით, ბარზი ამილახორობას, სულ ცოტა, 1543 წლის შემდეგ მიიღებდა, მაგრამ საბუთის დათარიღებისათვის არსებითია იმის გარკვევა, როდის შეეძლო ლუარსაბს განეზრახა მოხისის დაბრუნება, რომელიც მისი სიმამრის, ბაგრატ მეფის ხელთ იყო. საეჭვოა, რომ ლუარსაბ მეფეს, რომელიც ირანთან უთანაბრო ბრძოლაში იყო ჩაბმული და ბაგრატის მოკავშირედ გამოდიოდა ოსმალთა წინააღმდეგ (1545 წლის სოხოისტას ბრძოლა), მოენდომებინა მასთან დაპირისპირება. როდესაც შაჰ თამაზის მეოთხე შემოსევის დროს (1554 წელი) ყიზილბაშებმა შიდა ქართლის ციხეებიც დაიკავეს, ლუარსაბი ერთხანს ბაგრატ მეფეს შეეხიზნა. ამდენად, არც ამ დროს შეეძლო ლუარსაბს ბარზი ამილახორისათვის ებოძებინა ხსენებული ფიცის წიგნი.
„ახალი ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ირანსა და ოსმალეთს შორის დადებული ამასიის ზავის (1555 წელი) შედეგად „დარჩა სულტანს იმერეთი, ოდიში, გურია, ზემო ქართლი საზღვრამდე ქართლისა...“ (ყაუხჩიშვილი 1959: 371). ამრიგად, ამასიის ზავმა იმერეთსა და ქართლს შორის გეოგრაფიული საზ-ღვარი კი არ გაავლო, არამედ პოლიტიკური – იმერეთის ფარგლებში მოაქცია დასავლეთ ქართლის ის მხარე, რომელიც საუკუნის დასაწყისში იმერთა მეფემ, ალექსამდრემ, დაიჭირა. სწორედ აქ იგულისხმება მოხისიც, რომლის მიცემას ლუარსაბ მეფე ბარზი ამილახორს ჰპირდებოდა. ფარსადან გორგიჯანიძის გადმოცემით, ოსმალეთ-ირანის ზავის პირობებს ლუარსაბ მეფე არ სცნობდა; „ამ გაყოფას სრულ საქართველოს ბატონები დასჯერდეს, მაგრამ ლუარსაბ მეფე არ სჯერიყო და კიდეც თაკილობდა, ამისთვის უფრო ურჩობდეს და აქეთ ერანის თემსა და იქით ურუმის ქვეყანას არბევდეს“ (გორგიჯანიძე 1925: 215). სწორედ ეს „ურუმის ქვეყანა“ იგულისხმება ლუარსაბ მეფის საბუთში ბარზი ზევდგინისძისადმი, როდესაც მეფე ამილახორს მოხისის მიცემას ჰპირდება. ცხადია, ლუარსაბი ამ გეგმის განხორციელებაში ისევ ამილახორის სამხედრო დახმარების მოიმედე იყო. ლუარსაბს მოხისი არ დაუბრუნებია, იგი 1556 წლის ზაფხულში გარისთან ბრძოლაში დაიღუპა. ამრიგად, როცა ლუარსაბი მოხისის დაბრუნებაზე ლაპარაკობდა, მას განზრახული უნდა ჰქონოდა მისი წართმევა ოსმალთათვის. ამიტომ ხსენებული ფიცის წიგნი შეიძლებოდა დაწერილიყო 1555/1556 წლებში.
რაც შეეხება მოხისს, იგი სვეტიცხოველს უბოძა თავად იმერთა მეფემ. ამ ფაქტის შესახებ იუწყება 1660 წელს გაცემული დომენტი კათალიკოსის წყალობის საბუთი ვაჭარ ხუდადა ხოჯაშვილისადმი. დომენტი კათალიკოსი თავის ადრესატს უახლებს ძველ წყალობის წიგნებს, რომლებიც მის წინაპარს ჰქონია მიღებული კათალიკოსთაგან. აქ, საბუთისათვის უჩვეულოდ ვრცელ ნარატივში, ნათქვამია, რომ მოხისი „იმერელი მეფისა იყო“ და სწორედ მას გადაუცია იგი კათალიკოსისათვის ერთი საუკეთესო ცხენის და 40 თუმანი თეთრის საფასურად (დოლიძე 1970: 529). ეს იმერთა მეფე თავად ბაგრატ III უნდა ყოფილიყო, რომელსაც მოხისი სვეტიცხოვლისათვის ნასყიდობით უნდა გადაეცა 1556-1559 წლებს შორის, რადგან 1559 წელს შედგენილ სვეტიცხოვლის მამულების ერთ-ერთ ნუსხაში უკვე იხსნიება „ულუმბის ძირს სოფელი მოხისი“ (დოკ. საე, 1449-1312, ანოტირებული 1991 :363). იქვე დასახელებულია ადრე ასევე იმერთა მეფის საკუთრებაში მყოფი ახალდაბაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს მხარე საეკლესიო ნასყიდობის ან შეწირულების გზით ქართლის სამეფოს ფარგლებში დაბრუნდა. რაც შეეხება სურამსა და მის შემოგარენს, ამასიის ზავის წინ იგი ყიზილბაშთა ხელში (ე. ი. ქართლის ფარგლებში) ყოფილა, თუმცა ბაგრატ იმერეთა მეფე თავის ძველ პრეტენზიას სურამზე იყენებდა ოსმალეთის წასაქეზებლად ირანის წინააღმდეგ. (კაციტაძე 1962:215)2 1578 წელს ირან-ოსმალეთის ომის განახლების შემდეგ ოსმალებმა ქართლის დიდი ნაწილი, მათ შორის სურამიც დაიკავეს. სვიმონ მეფის მიერ ოსმალთა წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის ტალღაზე გიორგი ბატონიშვილს შემოუერთებია სურამი. 1584 წელს გიორგი ბატონიშვილი სურამში მცხოვრებ ყმებს სწირავს ნიტრიის ეკლესიას. დოროთეოს კათალიკოსის მიერ ნიტრიის ეკლესიისათვის ბოძებული შეწირულების საბუთიც ადასტურებს, რომ გიორგი ბატონიშვილს, როცა იგი „სურამის პატრონი“ გამხდარა, ამ მოვლენის აღსანიშნად ნიტრიის ეკლესიისათვის შეუწირავს სურამში მცხოვრები ყმები (ანოტირებული 1991: 251).
ჩვენამდე მოაღწია ბარზი ამილახორისადმი ბოძებულმა კიდევ ორმა უთარიღო ფიცის წიგნმა, ამათგან ერთს ორი მეფე, დაუდ-ხანი და კახთა მეფე ალექსანდრე II ამტკიცებენ (Hდ-2116), მეორე კი გაცემულია იმერთა მეფის, გიორგი II-ის მიერ (Hდ-2174). (ანოტირებული 1991: 270,249). ამ საბუთების დათარიღება შეუძლებელია იმის გაურკვევლად, თუ რა პოლიტიკური მოტივები ამოძრავებდა სიმონ I-ის ერთგულ თანამებრძოლს, ბარძიმ ამილახორს3, როდესაც სვიმონ მეფის მოწინააღმდეეგეების ბანაკში გადავიდა. ვახუშტის მიხედვით, სვიმონის ძმა, გამაჰმადიანებული დაუთ-ხანი „ეძვინებოდა სვიმონ მეფესა და ყოველთა ქართველთა“. სვიმონის დატყვევების შემდეგ დაუთ-ხანს „ვიეთნიმე მთვარნი“ განუდგნენ და არა მორჩილებდნენ (ყაუხჩიშვილი 1959: 408-409). როგორც საბუთებიდან ჩანს, მას ერთგულობდა მხოლოდ მცირე ნაწილი ჯავახიშვილთა და ბარათაშვილთა სახლებიდან. თავდაპირველად ამილახორის სახლი არ იგულისხმებოდა დაუდ-ხანის ერთგულთა შორის, მაგრამ 1574 წელს, როდესაც კახეთის ტახტისათვის ნახევარძმებთან ბრძოლაში ალექსანდრემ გაიმარჯვა, ვითარება შეიცვალა. ალექსანდრეს ცოლად ჰყავდა ბარძიმ ამილახორის ასული. თავის მხრივ, ალექსანდრე დაუდ-ხანთანაც იყო დანათესავებული.4 ეს ნათესაური კავშირები უკვე იმას ნიშნავდა, რომ ბარძიმს შეეძლო აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაბრუნებოდა. იგი ურიგდება დაუდ-ხანს და იღებს მისგან ფიცის წიგნს. დაუდ-ხანი ჰპირდება ბარძიმ ამილახორს, რომ მისცემდა მამულებს ქართლში, სომხითსა და ქალაქში, დაუმტკიცებდა ღაზნელიძეთა მამულებს ისევე, როგორც ეს სვიმონ მეფისგან ჰქონდა ბოძებული და არ ჩამოართმევდა სახელოს (ხეც, Hდ-2116). დაუდ-ხანის ფიცის წიგნს ამილახვრისადმი ალექსანდრეც ამტკიცებს. ამრიგად, ამილახორს მფარველობს ორი მეფე, რომელთაგან ერთი ირანის ხელდასხმულია, მეორე – იმხანად ოსმალეთის „მეგობარი“. აქ უკვე კარგად ჩანს, რა საძირკველზე დგას ქართველი ფეოდალის პოლიტიკური ცნობიერება – ეს არის საგვარეულო მამულის ხელშეუვალობა და, ნათესაობა, როგორც ამ ხელშეუვალობის ინსტრუმენტი. როგორც ჩანს, სწორედ თავისი პატრონების მითითება შეასრულა ბარზი ამილახორმა, როდესაც ქსნის ერისთავთან ერთად დაარბია კავთისხევს მდგარი სვიმონ მეფის მეუღლე დედოფალი ნესტან-დარეჯანი და იავარჰყო მისი ქონება (ყაუხჩიშვილი 1959: 409). ეს უნდა მომხდარიყო აღნიშნული ფიცის წიგნის (Hდ-2116) გაცემის შემდეგ, ხოლო რადგან ვახუშტი ამ ამბავს ათავსებს 1576 წლის (ირანში სიმონის გათავისუფლების) წინ, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაუდ-ხანის ფიცის წიგნი ბარძიმ ამილახორისადმი დაიწერებოდა არაუგვიანეს 1574/1575 წლებისა.
ახლა უნდა გავარკვიოთ, რისთვის და როდის დასჭირდა ასეთი მაღალი მფარველების პატრონ ბარზი ამილახორს იმერთა მეფე გიორგი II-ისაგანაც ფიცის წიგნის მიღება? ქართული წყაროები ამ კითხვაზე პასუხს არ იძლევიან, მაგრამ საინტერსო მინიშნება ამის შესახებ არსებობს ოსმალურ წყაროებში. 1578 წელს საქართველოში შემოდის ლალა მუსტაფა ფაშა. თურქი ავტორი ალი, რომელიც ამ ლაშქრობის მონაწილე იყო, შემდეგს გადმოგვცემს: ლალა მუსტაფა ფაშამ, სანამ თბილისს აიღებდა, იმერეთის მეფეს გიორგის შეუთვალა: „სწრაფი მოსაზრებულობა გამოიჩინეთ, თქვენს თანამოღვაწეებთან, ხელქვეითებთან და თქვენს მომხრეებთან ერთად უნდა მოახერხოთ თბილისის ციხის აღება და დაპყრობა და იგი თქვენი შვილისათვის გვიბოძებია“ (სვანიძე 1971:115). ასეთი წინადადება მორიგი ფანდი აღმოჩნდა ოსმალთა მხრიდან, მაგრამ გიორგი მეფეს რომ სარწმუნოდ მიუჩნევია ასეთი პერსპექტივა, ჩანს სწორედ ბარზი ამილახორისადმი ბოძებული ფიცის წიგნიდან (ხეც, Hდ-2174). გიორგი მეფეს ქართლში გადმოსასვლელად ამილახორის მამულები უნდა გაევ-ლო და ამისათვის მშვიდობის გარანტიები უნდა მიეღო უპირველესად ბარზი ამილახორისაგან. გარდა ამისა, ქართლის გავლენიანი თავადის მიმხრობა მას სხვებთან ურთიერთობასაც გაუადვილებდა. ასეთი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით ფიცის წიგნი შეიძლება დათარიღდეს 1578 წლით, ლალა ფაშას შემოსვლამდე. როგორც ცნობილია, ლალა ფაშამ დანაპირები არ შეასრულა, დაუდ-ხანმა თბილისი გადაწვა და გაიქცა, ბარძიმ ამილახორი კი ბახტანგ მუხრანბატონთან და ელიზბარ ქსნის ერისთავთან ერთად ლალა ფაშას ეახლნენ და მორჩილება გამოუცხადეს. „და დაიხსნა ამან ქართლი და თემი მოწყუედისაგან. ხოლო ლალა ფაშამ ამათ თვისნი მამულნი მიანიჭნა და მეოთხესა დღესა განუტევა პატივითა“ (ყაუხჩიშვილი 1973:410).
ამავე წლის შემოდგომაზე სვიმონ მეფის დაბრუნებამ სრულიად დაარღვია ქართლში ამ ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებული პოლიტიკურ ძალთა ბალანსი.
„შეშინდნენ ამილახორი და ქსნის ერისთავი დედოფლის ურიგოს კადრებისათვის. ხოლო დაუწყეს ხვეწნა, და ქსნის ერისთავმან მოართვა საუპატიოდ მეჯუდისხევი და ახალგორი, და ამილახვარს გამოართვეს კასპი და კარბი“. (ყაუხჩიშვილი 1959:412). ამ სახით სვიმონმა შემოირიგა ამილახორი და ქსნის ერისთავი, ხოლო მოგვიანებით, 1582 წელს, „ალექსანდრე-ხანი იძულებული გახდა შაჰისადმი მორჩილება გამოეცხადებინა... მას ვაჟი გამოართვეს ირანელი უფლისწულისათვის, ფიცი დაადებინეს ოსმალთა მტრობაზე. მირზა სალმანმა და ყიზილბაშმა ამირებმა ალექსანდრე და სვიმონი შეარიგეს – ქრისტიქნული სარწმუნოების მიხედვით ჯვარზე და სახარებაზე დააფიცეს“ (მუნში 1969:36).
სვიმონისა და ალექსანდრეს ურთიერთობა, მართალია, თითქოს ირანისათვის სასარგებლო კალაპოტში ჩადგა, მაგრამ როგორც ჩანს, თვით მხარეები არ ენდობოდნენ ერთმანეთს, ამისათვის მათ ღრმა პირადი საფუძველი ჰქონდათ, ამასთანავე, ირან-ოსმალეთის საბრძოლო წარმატებების ცვალებადობაც ქართლისა და კახეთის პოლიტიკურ მესვეურებს ურთიერთისაგან განსხვავებულ ტაქტიკას კარნახობდა. ალექსანდრესადმი ამ უნდობლობის გამოხატულებაა სვიმონ მეფის კიდევ ერთი უთარიღო ფიცის წიგნი ბარძიმის ძის, თაყა ამილახორისადმი, რომელშიც ნათქვამია: თუ იგი და ალექსანდე ერთმანეთს დაემდურებოდნენ, ამილახორს, ერთგულების შემთხვევაში, წყალობას არ მოაკლებდა (საე 1448-8752, ანოტირებული 1991:365). პირობაში იგულისხმება, რომ სვიმონი ამილახორებს, მიუხედავად ალექსანდრეს ოჯახთან მჭიდრო ნათესაობისა, დაუბრუნებდა ჩამორთმეულ მამულებს. როდის შეიძლებოდა გაცემულიყო ეს საბუთი? ამის დასადგენად უნდა მოვიშველიოთ ისქანდერ მუნშის 1589/1590 წლით დათარიღებული ერთი ცნობა, რომლის მიხედვითაც შაჰ-აბასმა, რომელიც ოსმალებთან დაზავებას ცდილობდა, უბრძანა მოჰამედ-ხანს მოეხსნა განჯის ალყა. მოჰამედ-ხანი მართლაც გაეცალა განჯას, მაგრამ ვერ შეძლო ირანში დაბრუნება, „მდინარე მტკვარზე გადავიდა და ალექსანდრე-ხანის წინადადებით მასთან წავიდა. ხსენებულმა ალექსანდრე-ხანმა უსინდისობა ჩაიდინა, შეიპყრო ის და ოსმალებს გადასცა“ (მუნში 1969:40). ალექსანდრემ ამ საქციელით ირანელებს უღალატა და იმხანად ირანზე გამარჯვებული ოსმალების მხარდაჭერა გამოხატა. ამგვარად, ქართლისა და კახეთის პოლიტიკური ორიენტაცია ერთმანეთისაგან კვლავ განსხვავებული აღმოჩნდა. სვიმონ მეფე, ცხადია, იძულებული იყო კვლავ „დამდურებოდა“ ალექსანდრე კახთა მეფეს. ასეთი სიტუაციის კარნახით შეეძლო მიეცა სვიმონს ალექსანდრეს უახლოესი ნათესავისადმი, თაყა ამილახორისადმი, ფიცის წიგნი, რომელიც მას ამილახორის ერთგულების გარანტიას აძლევდა. ამრიგად, ეს დოკუმენტიც 1589/1590 წლით უნდა დათარიღდეს.
XVI საუკუნის დასაწყისში ქართულ სამეფოებს შორის არაერთხელ მოხდა სამხედრო დაპირისპირება. ამ დაპირისპირებებს, მართალია, საქართველოს ხელახალი გაერთიანების იდეა ასაზრდოებდა, მაგრამ იგი ამასთანავე აღვივებდა შუღლს სამეფო ოჯახებს შორის. პოლიტიკური ალიანსების სიმტკიცე, რასაც უნდა გადაეწყვიტა ქვეყნის ბედი, მხოლოდ შიდა დინასტიურ ქორწინებებზე იყო დამყარებული და ასეთი კავშირების შესუსტების უმალ ირღვეოდა. ირან-ოსმალეთის ომის ვითარებაში, რომელიც მთელი საუკუნის განმავლობაში საქართ-ველოს ტერიტორიაზე პერმანენტულად მიმდინარეობდა, ქართულ ფეოდალურ ელიტას, მიუხედავად მებრძოლი სულისკვეთებისა, დინასტიურ ქორწინებათა გარდა არ აღმოაჩნდა სხვა დიპლომატიური რესურსი, რომელსაც იგი შიდა ძალების დასარაზმავად გამოიყენებდა.
შენიშვნები
1. ეს ამბავი წყაროში მცდარად არის დათარირებული 1507 წლით. იგი მოსდევს 1509 წლის ამბავს, მაშინ როცა ქრონიკის ავტორი ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას ჩვეულებრივ იცავს.
2. ირანელი დიდებულების წერილში არზრუმის ფაშისადმი ლაპარაკია ქართლისა და იმერეთის მეფეების მეგობრული ურთიერთობის შესახებ ამასიის ზავის წინა პერიოდში. წერილის ავტორები არწმუნებენ ადრესატს, რომ ბაში აჩუკის პრეტენზია სურამის ოლქზე, რომელიც იმ დროს ყიზილბაშებს ეჭირათ, დაუსაბუთებელია, რადგან სურამის ციხე და ოლქი ყიზილბაშებს ემორჩილება.
3. ამილახორთა სახლი ჯერ თაყას, შემდგომ მისი შვილის, ბარძიმის მეთაურობით, საუკუნის დასაწყისიდან ვიდრე სვიმონის პირველ ტყვეობამდე ქართლის მეფეების უდიდესი ერთგულებით გამოირჩეოდა. დიდი იყო მათი ადამიანური მსხვერპლიც. მაგალითად, მხოლოდ 1561 წლის ბრძოლაში ყიზილბაშების წინააღმდეგ ამილახვართა სახლის ცხრა წევრი დაიღუპა (ყაუხჩიშვილი1959:407).
4. ბერი ეგნატაშვილის მიხედვით, „ალექსანდრე დავითის ცოლის ნათესავიც იყო“, ხოლო „ახალი ქართლის ცხობრების“ მესამე ტექსტის თანახმად, დაუდ-ხანის ვაჟს, ბაგრატს ცოლად ჰყავდა ალექსანდრეს ასული (ყაუხჩიშვილი 1959:372,522).
გამოყენებული ლიტერატურა
ალასანია 1980: ცხოვრება საქართველოისა (პარიზის ქრონიკა), ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გული ალასანიამ, თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“,.
ანოტირებული 1991: პირთა ანოტირებული ლექსიკონი, გამოსაცემად მოამზადეს დ. კლდიაშვილმა, მ. სურგულაძემ, ე. ცაგარეივილმა, გ. ჯანდიერმა ტ. I, თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“.
გორგიჯანიძე 1925: ფარსადან გორგიჯანიძე, ისტორია, ტექსტი გამოსცა ს. კაკაბაძემ, საისტორიო მოამბე, II, თფილისი.
გუჩუა 1973: ვ. გუჩუა, საქართველოს პოლიტიკური ვითარება XV-XVI სს. მიჯ ნაზე წიგნში: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV , თბილისი: გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“.
დოლიძე 1970: ქართული სამართლის ძეგლები, ტექსტები გამოსცა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო I . დოლიძემ, ტ. III , თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“.
კაციტაძე 1962: დ. კაციტაძე, XVI-XVII საუკუნეთა სპარსული დოკუმენტური წყაროები საქართველოს ისტორიისათვის, კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული, თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“.
სვანიძე 1971: მ. სვანიძე, საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან, XVI-XVII საუკუნეები, თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“.
ფუთურიძე 1969: ისკანდერ მუნშის ცნობები საქართველოს სესახებ, სპარსული ტექსტი ქართული თარგმანითა და შესავლითურთ გამოსცა ვლადიმერ ფუთური-ძემ, თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“.
ყაუხჩიშვილი 1959: ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II, გამომცემლობა თბილისი: „სახელგამი“.
ყაუხჩიშვილი 1973: ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“.
შარაშიძე 1954: ქ. შარაშიძე, საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVIII სს.).
Комментариев нет:
Отправить комментарий