воскресенье, 29 октября 2023 г.

გიორგი ბრწყინვალის დრო (მითების გარეშე)

    დემეტრე თავდადებულისა და ნათელა ჯაყელის ვაჟი გიორგი V ლიხთ ამერეთის ტახტზე მონღოლებმა ორჯერ დასვეს. პირველად იგი მცირეწლოვანი იყო და მის უფროს ძმას, დავით VIII-ს დაუპირისპირეს, რადგან ყაზან ყაენს ურჩობა გამოუცხადა. მეორედ ყაენის არაერთგზის ერთგულების გამო ძმისწულის სანაცვლოდ.
    გიორგი V-ს წყაროები ძალიან დიდ მეფეს წარმოადგენენ. ჟამთააღმწერელი უწოდებს მას „ბრწყინვალეს“, „უძლეველს“, „საკვირველსა და უმჯობესს ყოველთა კაცთას“, „დიდს“, „საჩინოს“. მისივე სიტყვით „ვერავინ მოახერხა თათართა ძლევა ვიდრე ჟამამდე ჩვენთა“, ანუ თათართა მძლევალად თვლის. სამცხრის ათაბაგი აღბუღა XIV საუკუნის მიწურულს გიორგის უწოდებს „დიდ და წარჩინებულ მეფეს“; მისი თანამედროვე ევროპული წყაროებიც იხსენიებენ მას „უძლიერესის“ ეპითეტით. XIV საუკუნის ხონის ეკლესიის წმ. გიორგის ხატის წარწერაც ამკობს მეფეს „უძლეველის“ ეპითეტით. მეფეს ამკობენ არაბი ისტორიკოსები ალ-აინი და ალ-კალკაშანდი, აღარაფერს ვამბობთ ვახუშტიზე, რომელიც გიორგის დავით აღმაშენებელს უთანასწორებს. იყო თუ არა ამისი საფუძველი?
    გიორგის მამის დემეტრე თავდადებულის მკვლელი არღუნ ყაენი 1291 წლის 10 მარტს გარდაიცვალა არანის დასახლება ბაგჩეში დამბლის დაცემით. არღუნ-ხანის სიკვდილის შემდეგ ილხანის ტახტზე მონღოლური არისტოკრატია განიხილავდა არღუნის ძმის ქეღათუს, არღუნის ძის ყაზანისა და არღუნის ბიძაშვილის ბაიდუს კანდიდატურებს. საბოლოო არჩევანი მცირე უპირატესობით შეჩერდა ქეღათუზე, რომელიც ილხანად გამოაცხადეს ქალაქ ხლათში 1291 წლის 23 ივლისს. ქეიღათუმ დაამტკიცა ლიხთ ამერეთის ტახტზე სწორედ დავით VIII 1293 წელს და უკანასკნელიც ერთგულად ემსახურებოდა ყაენს.
    1294 წლის ბოლოს ქეღაღუს აუჯანყდა მისი ბიძაშვილი ბაიდუ, რომლის მხარეს თანდათან სულ უფრო მეტი ნოინი გადადიოდა, მათ შორის იყო გავლენიანი ნოინი თუქალი, რომელთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა დავითს. 1295 წელს ქეღათუ ბაიდუმ ტახტიდან ჩამოაგდო და 24 მარტს სიკვდილით დასაჯა. აპრილში საილხანოს ყურულთაიმ ბაუდუ ყაენად აირჩია. ახალმა ყაენმა მფარველობა გამოუცხადა ქრისტიანებს, რითაც გაანაწყენა მუსლიმანური არისტოკრატია. ამ განწყობების გამოყენება სცადა ყაზან არღუნის ძემ, რომელმაც დაიწყო აჯანყება მისი ბიძის სისხლისთვის შურის საძიებლად. ბაიდუ თანამებრძოლების დიდმა ნაწილმა მიატოვა, რის შემდეგაც ყაზანის ბრძანებით შეიპყრეს და 1295 წლის 4 ოქტომბერს მოკლეს თავრიზში. ყაზანი დიდებით შევიდა ქალაქში და დაიწყო ქრისტიანული ტაძრების რბევა. თუქალმა, „როცა ცნა სიკვდილი ბაიდუ ყაენისა, ივლტოდა და მივიდა სამცხედ“. 17 ოქტომბერს ყაზანმა დატოვა თავრიზი და მუღანის ველზე დაბანაკდა. 3 ნოემბერს იგი მივიდა ყარაბაღში, სადაც მოხდა მისი კურთხევა მუსლიმური წესით. ახალ ყაენის მუსლიმური სახელი – მაჰმუდი და სულთნის ტიტული ებოძა.
    ამ ამბებიდან მალევე ყაენის ბრძანებით თუქალის მოკლეს და დავითის ურდოში დაიბარეს თუქალის შვილის შეფარებისთვის. „ჟამთააღმწერლის“ მიხედვით, დავითი, რომელსაც, „ქონდა შიში თათართა“, კახეთ-ჰერეთში მისულა და ადგილობრივ დიდებულებთან გაუმართავს თათბირი ყაენთან წასვლა-არწასვლის საკითხთან დაკავშირებით. თათბირზე დიდებულებს მეფის წასვლა დაუმტკიცებიათ, თუმცა დავითმა „არა ისმინა მათი და შეიქცა გარე, რამეთუ ქონდა შიში თათართა ყაენის ხილვისა. და მოვიდა მთიულეთს, უკუ-დგა ჟინოვანს. შეკრა სიბა და მცველნი დაუდგინა“.
    ეს უკვე აჯანყებას ნიშნავდა, ამიტომაც სასჯელი რომ აეცილებინა დავითმა მოკავშირედ ოქროს ნურდო აირჩია და მის ყაენთან თოხთასთან (1291-1312) უმცროსი ძმა ვახტანგი გაგზავნა. დავითმა თოხთას „უქადა გზა დარიელისა წარმოსვლა, დაჰპატიჯა ყაზან ყაენს ზედან“, თუმცა ოქროს ურდოს ყაენი არ იყო მზად ფართომასშტაბიანი ომის საწარმოებლად და ვახტანგი მხოლოდ საჩუქრებითა და მოსაკითხავებით გაისტუმრა უკან.
    ილხანთა ყაენმა დავითთან გამოგზავნა ყუთლუღშაჰი დიდძალი ჯარით. იგი მოვიდა ტფილისში და მეფეს მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა. ყაზანი ცდილობდა როგორმე მოეგო დავითის გული და მოლაპარაკების გზით დაეყოლებინა თავისთან ხლებაზე. ამისთვის იგი „აძლევდეს ზავსა და სთხოვდეს ერთგულობასა ... და არმიქცევასა მტერთა კერძო“.
    მეფემ შუამავლებად ყუთლუღშაჰთან გაგზავნა კათალიკოსი აბრაჰამი, ბურსელი ივანე (ბურთელ ორბელის ძე?) და თბილელი ყადი. დავითი ბოლომდე მანც არ ენდო ნოინს და პირადი უვნებლობის გარანტიისთვის მძევლები ითხოვა. ყუთლუღშაჰმაც მისცა მას მძევლად საკუთარი ვაჟი „სიბუჩი, ყურუმჩის ძმა – არფა და სხვათა ნოინთა შვილნი“. ამ კონკრეტულ ეპიზოდში კარგად იკვეთება თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა საყაენოსთვის დავითის აჯანყებას, რომ მას მძევლებად წარჩინებული ნოინების შვილები მისცეს. მეფეც კარგად ხვდებოდა, რომ მისი ბრალი მარტო თუქალ ნოინის მოკავშირეობით არ შემოიფარგლებოდა. მას უფრო დიდი დანაშაული მიუძღოდა საყაენოს წინაშე, რადგან ოქროს ურდოს აქეზებდა საილხნოს წინააღმდეგ და მოკავშირეობას სთავაზობდა. ამიტომაც დაუყვავა თავდაპირველად ყაენმა, რადგან შიში ჰქონდა მართლა არ აეტეხა ომი საქართველოს მეფეს ორ მონღოლურ იმპერიას შორის.
    შუამავლებმა მეფეს გადასცეს „ბეჭედი ყაენისა და სიმტკიცე უვნებლობისა“ და მხოლოდ ამის შემდეგ ეწვია იგი ყუღლუღშაჰს და აღუთქვა ყაენთან ხლება. ნოინის ქვეყნიდან გასვლისთანავე დავითმა მძევლები უკან გააბრუნა და დაიწყო სამზადისი მომავალი ომისათვის.
    ამასობაში ყაზან ყაენმა კონსპირატორების მეშვეობით შეიტყო დავითის მიერ თოხთა ყაენთან ურთიერთობების შესახებ და სასწრაფოდ გამოგზავნა ჯარი თბილისისკენ. მონღოლთა ჯარს სათავეში ედგა ნოინი ყურუმჩი ალინაყის ძე, და შანშე II მხარგრძელი. მათ მოუწოდეს ბექა სამცხის ათაბაგს, გამოეგზავნა გიორგი დემეტრეს ძე, „რომელი ეშვა ასულსა ბექასსა, და მას [ბექას] აღეზარდა“, რათა დავითის საპირისპიროდ თბილისში მეფედ დაესვათ. სამცხის ათაბაგმაც გამოგზავნა გიორგი და იგი ტფილისში ტახტზე დასვეს. ქვეყნის უდიდესი ნაწილი კვლავ დავითს ერთგულებდა გიორგის მეფობა ფორმალური იყო, ამიტომაც ეს უკანასკნელი „ტფილისის მეფედ“ იხსენიება. მოვლენათა მსვლელობით ეს ამბავი 1296 წლის ზაფხულში უნდა მომხდარიყო.
    ამის შემდეგ დაიწყო ერთის მხრივ მთიულეთს შეფარებული დავითის აჯანყება და მასთან სადამსჯელო ლაშქრობანი, მეორეს მხრივ კი დავითის დიპლომატია როგორც ოქროს ურდოსთან ისე ილხანთა ნოინებთან. დავითი ამ საქმეში ძმებს ვახტანგსა და ბაადურს და ივანე ბურსელს იყენებდა. ვახტანგის ურდოდან მოლაპარაკებაზე დაბრუნების შემდეგ დავითმა მასზე ეჭვი მიიტანა ტახტის წართმევას მიპირებსო და ჟინვალის ციხეში გამოკეტა. როგორც ჩანს ვახტანგმა მას საუფლისწულო მამული მოთხოვა და დავითმა ამის გამო მიიტანა ეჭვი მასზე, ან სულაც ვახტანგის მონღოლებთან კარგი ურთიერთობების დამყარების გამო. შესაძლოა მიზეზი შალვა ქსნის ერისთავის მონღოლთა მხარეს გადასვლაც იყო, რომელსაც „ძეგლი ერისთავთა“ ვახტანგის აღმზრდელად იხსენიებს.
    1297 წელს ვახტანგი გაიპარა და რადგან ძმისგან სათანადო შერიგება ვერ მიიღო, მონღოლებს შეუერთდა. დავითი ცრუდაპირებებით უწელავდა დროს მონღოლებს, რომ ყაენს ეწვეოდა და მოემსახურებოდა, ამიტომ მონღოლებს მოსწყინდათ და მასთან ჩასული ვახტანგი ყაზან ყაენმა მეფედ დაამტკიცა 1297-98 წლების მიჯნაზე. ამით გიორგის ფორმალური მეფობა დასრულდა. 
    ვახტანგი სიკვდილამდე (1308 წ.) ერთგულად ემსახურებოდა ილხანებს გიორგის ბაბუა ბექა ჯაყელთან ერთად. ამ პერიოდში ილხანებს სასტიკო ომები ჰქონდათ ეგვიპტის სასულთნოსთან სირია-პალესტინის დასაუფლებლად, რასაც მრავალი ქართველის სისხლი შეეწირა, ვახტანგმა კი არაერთი გმირობა ჩაიდინა.
    ყაზან ყაენი 1304 წლის 11 მაისს გარდაიცვალა და ილხანთა ყაენი მისი ძმა ოლჯაითუ (1304-1316) გახდა რომლის მუსლიმური სახელი – სულთანი მუჰამედ ხუდაბანდე იყო. არც ახალმა ყაენმა აიღო ხელი სირიის დაპყრობის გეგმაზე. ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირის ძებნის მიზნით ოლჯაითუ ყაენმა 1304 წელს საფრანგეთში ფილიპე IV ლამაზთან გაგზავნა ორი ელჩობა. მონღოლი ელჩები ეწვივნენ ინგლისის მეფეს ედუარდ II-სა და რომის პაპს კლემენტ V-ს. ორივე მეფე და პაპი სამხედრო დახმარების შესახებ უხვად იძლეოდნენ დაპირებებს, მაგრამ პრაქტიკულად არაფერს აკეთებდნენ. ამიტომ ყაენი იძულებული გახდა ეგვიპტესთან ახალ ომზე ხელი აეღო.
    გილანის ლაშქრობიდან (1307 წ.) მობრუნებული ვახტანგ მეფე ნახჭევანის მახლობლად დასნეულდა, „შეედვა სალმობა მუცლისა“ და აქედან მცირე ხანში გარდაიცვალა 1308 წელს. იგი დაკრძალეს დმანისში. ვახტანგს ორი ვაჟი დარჩა შაბურისძის ქალისგან: დემეტრე და გიორგი. ამათგან პირველს საუფლისწულოდ დმანისი, ხოლო მეორეს სამშვილდე ებოძა.
    1308 წლიდან ომები განახლდა ოქროს ურდოსა და ილხანებს შორის და აღმოსავლეთ საქართველოს უწევს მონაწილეობის მიღება ილხანთა ჯარებში. ომში ბექამ ილხანების დახმარება არ მოისურვა. ვახტანგ მეფის გარდაცვალებიდან მალევე ოლჯაითუმ საქართველოში წარმოგზავნა ემირი ჩობანი, რომელიც მივიდა სამცხეში ბექა ჯაყელთან და მოციქულები გაუგზავნა, „რათა ნახოს ყაენი ანუ ჩოფან“. სამცხის ათაბაგმა „არა თავს-იდვა“ ჩობანის ნახვა და თავის ნაცვლად უმცროსი ვაჟი შალვა წარგზავნა. ამის შემდეგ, ჟამთააღმწერლის ცნობით, ჩობანმა ჩავლო სომხითი და დარჩა ქვეყანა ბექასი მშვიდობით“. ურდოში მიმავალ ჩობანს ბექამ გააყოლა გიორგი დემეტრეს ძეც, რომელიც ხანმოკლე მეფობის (1296-1297) შემდეგ კვლავ სამცხეში დააბრუნა პაპამ და აქ იზრდებოდა. „წარავლინა ბექამან ჩოფანს თანა, და მან მიიყვანა ყაენს წინაშე. ხოლო მან პატივითა შეიწყალა და წინათვე დაუსახვიდა ნიშთა მეფობისათა“.
    ცოტა ხანში „ყაენმა წარმოუვლინა მოციქული დავითს და სთხოვა შვილი, რათა მეფე ყოს. მაშინ მცირე იყო გიორგი. იგიცა მოსცეს და წარმოგზავნეს ურდოს. და ყაენმან მოსცა მეფობა და ტფილისი და უჩინა საზღვრად და საქმის მოურავად დიდი გიორგი“. მეფე კი გიორგი VI მცირე იყო, მაგრამ ქვეყანას რეალურად მისი ბიძა, გიორგი V მართავდა. ამ დროიდანვე დაიწყო გიორგი V-ისა და ჩობანის ურთიერთობაც.
    1311 წელს დასნეულებული დავით VIII გარდაიცვალა და როგორც ჩანს მონღოლებმა ამჯერად ლიხთამერეთის მეფობა მის ძმისშვილს, დემეტრე ვახტანგის ძეს მისცეს. ამაზე ორი ფაქტი უნდა მიგვანიშნებდეს:
    1. პეტრიწონის მონასტრის ღვთისმშობლის ხატის წარწერა, რომელიც 1311 წლით თარიღდება გვამცნობს, რომ მოჭედილა „ქართლის მეფეების“ კონსტანტინესა და დიმიტრის დროს.
    2. 1314 წლის ამბების აღწერისას გვამცნობს ჟამთააღმწერელი: „ამან ოლჯათ სულტანმა (ოლჯაითუ ყაენი) წარმოავლინა მცირე გიორგი (VI) მეფედ, და ზაალ მელიქი, ვინმე სპარსი ხორასნელი, და ახრუჩი, მამისძმა ჩოფანისა, თანა წარმოიტანა, რათა ყოველი საქართველო ერთად შეკრიბონ მეფობასა შინა გიორგისსა. და აჩინეს ამათ შანშე მხარგრძელი და ზაქარია, ავაგის ასულის, ხუაშაქის, ნაშობი. მივიდნენ ჯავახეთს, კოხტასთავს და იწვევდნენ სარგისს და ყვარყვარეს გამოსლვად, და მათ არა ინებეს.
    1312 წლის ოქტომბრის დამდეგს ოჯლაითუ ხუდაბანდემ ახალი დედაქალაქიდან – სულთანიედან დაძრა ლაშქარი სირიისკენ. ეს გამოდგა უკანასკნელი ომი ილხანებსა და მამლუქებს შორის. ყაენს თან ახლდნენ რენეგატი სირიელი მამლუქები ყარა-სუნყური და აკუშ ალ-აფრამი, რომლებმაც ჩააგონეს ილხანს, რომ სალაშროდ მოსახერხებელი დრო იყო დამდგარი. იბნ ად-დავადარის თქმით ლაშქრობაში მონაწილეობდა ქართველთა დიდძალი ჯარი. ქართლის ცხოვრების ბროსესეულ თარგმანში ვკითხულობთ, რომ ოლჯაითუმ თან წაიყვანა მეფე გიორგი (იგულისხმება ბრწყინვალე). მონღოლებმა გაიარეს მოსული, კარკისიასთან გადალახეს ევფრატი და 23 დეკემბერს დადგნენ რაჰბ აშ-შამის წინ. ჟამთააღმწერლის ცნობით, „ინება ყაენმან ამხედრება ქვეყანასა ზედა შამისა, ციხესა, რომელსა ეწოდება რაბაშანი“. მათი იმედი, რომ არ-რაჰბა, რომელიც მნიშვნელოვანი საქარავნო სადგური იყო სირიასა და ერაყს შორის, ბრძოლის გარეშე დანებდებოდა, არ გამართლდა და ქალაქმა და მისმა ციტადელმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მონღოლებს. საბოლოოდ ეს ლაშქრობაც წარუმატებელი აღმოჩნდა. 26 იანვარს არ-რაჰბას ალყა მოხსნეს და უკუიქცნენ. ამ ლაშქრობით საბოლოოდ დასრულდა მონღოლებისა და მამლუქების სამხედრო დაპირისპირება. მშვიდობის დამყარებას ხელს უწყობდა ირანის მმართველი კლასის ისლამიზაცია. 1323 წელს სულთან ან-ნასირ მუჰამედთან ყაენმა აბუსაიდმა დადო სამშვიდობო შეთანხმება და საბოლოოდ დასრულდა 61 წლიანი კონფლიქტი.
    1314 წელს საბერძნეთს განუდგნენ ოლჯათ სულტანსა ფარვანას შვილნი (რუმის სასულთნოს გამგებელი მაჰმუდ ფარვანე ყარამანიდი) და დაიკავეს ქალაქი დიდი კონიისა. მაშინ წარავლინა ყაენმან ჩოფანი სპითა მისითა საბერძნეთს და თანა წარატანა ქართველნიცა. და წაჰყვა გიორგი (V) ჩოფანს, ხოლო გიორგი (VI) მცირე, ზაალ მელიქ, შანშე და ზაქარია არა წაჰყვნენ თანა, წავიდნენ და აიყარნენ და ტფილისს შევიდნენ. და წაიყვანეს თანა მეფე გიორგი (V) საბერძნეთს, და ვერ წინა-აღუდგნენ ფარვანიანნი ლაშქართა მათ ერთი წელი. და ყოველნი მას შინა მყოფი ქართველნი მოსცა მეფესა გიორგის (V). იახლნენ ჯავახნი და თორელნი ჰყავდა მხოლოდ, და სადაც ილაშქრენ და შეიბნენ ციხესა, მხნედ მებრძოლად გამოჩნდა მეფე გიორგი და ყოველნი ქართველნი. ესეთ დაიმორჩილა ყოველნი განდგომილნი და ურჩნი, და მოქცევასა წელიწადისასა მივიდა შინა. და სთულისა ჟამსა, როცა მივიდა ჩოფან ყაენის წინაშე, და მცირედღა დაყო, თვეცა ერთი, მოკვდა ოლჯათ სულტანი და დატოვა ძე მცირე, შვიდისა წლისა, სახელით აბუსაიდ. ხოლო იგი მიასვენეს და დაფლეს ქალაქსა, რომელსაც ეწოდება ყორღოილანგი, რომელიც მან ააშენა და განავრცო უმეტეს თავრეჟისა და უწოდა სახელად სულთანია“.
    ჩობანი მივიდა ქარაბიუქში (ერზრუმსა და სივასს შორის) და საზამთროდ აქ დაიბანაკა. აქ მას ეწვივნენ და მორჩილება გამოუცხადეს ადგილობრივმა თურქმანმა ბეგებმა, რომელთა შორის იყვნენ ჰამიდოღლუ ფელექედდინ დიუნდარი ულუბორლუდან და ეშრეფოღლუ არარიმიდან. მოგვიანებით მას ეახლნენ ყარაჰისარის მფლობელი საჰიბ ფაჰრედდინი, ბეგები გერმიანიდან, ქუთაჰიადან და მიმდებარე ციხეებიდან, კასტამონუს მმართველი სულეიმან ფაშა კილიკიის სომეხთა მეფე... ჩობანი დაუზავდა ამ თურქმან ბეგებს და გაისტუმრა უკან. ყარამანიდებისთვის ცხადი შეიქნა, რომ ბრძოლის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. 1315 წლის გაზაფხულზე ჩობანი ალყად შემოადგა კონიას. ყარამანიდებმა მოლაპარაკებები გამართეს მონღოლ ნოინთან და სადაც მათ შესთავაზეს ჩობანს, რომ ქალაქს ღამით დატოვებდნენ. ჩობანმა მართალია დაადევნა ჯარები ფარვანეს თუმცა ხელში ჩაგდება არ უცდია.
    ჩობანის ანატოლიაში ყოფნის დროს მამლუქებმა დაარბიეს მალათია (1315 წ. აპრილი). მონღოლ ემირს არ შეეძლო რაიმეთი ეპასუხა მამლუქებისთვის სანამ ისინი არ გაბრუნდებოდნენ. 1316 წლის ოქტომბერში იგი კვლავ შემოვიდა ანატოლიაში, როგორც ჩანს მამლუქების წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ მოულოდნელად უკან დაბრუნება მოუწია, რადგან შეიტყო, ყაენის გარდაცვალების (16. XII. 1316) ამბავი.
    „ესმა გიორგი მეფესა სიკვდილი ყაენისა და მის წილ დადგინება აბუსაიდისა (1317 წლის აპრილ-მაისი) და წავიდა ურდოსა. შეიწყნარეს, და გაიხარა ჩოფან და შეიტკბო როგორც შვილი, და მოსცა ყოველი საქართველო და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი და შვილნი დავით მეფისანი და მესხნი, შვილნი ბექასნი“. ყაენის მცირეწლოვანების გამო მთელი ძალაუფლება ჩობან ნოინის ხელში აღმოჩნდა, ხოლო აღმ. საქართველოს ერთპიროვნული მეფე გიორგი V გახდა.
    გიორგი V-სა და ჩობან ნოინს შორის დიდი მეგობრობა ჩამოყალიბებულა, რასაც გვამცნობს არაბი ისტორიკოსი ალ უმარი (1301-1340) „ქართველთა ქვეყნის დედაქალაქია ტფილისი.... მას ჰყავს მეფე და მეფობა იქ მუდმივია. მასზე ბატონობს ირანის სამეფოს ჰულაგუიანთა სახლის სულტანი, რომლის ფირმანები მოდის (საქართველოში), მაგრამ მისი (სულტნის) ფირმანების ნიაღვარი ნაპირებს არ ლეკავს და არ დაძრწიან ამ ქვეყნის სანახებში მისი მხედრები გაჩაღებული ომის გამო. მას (სულტანს) იქ ჰყავს მხოლოდ ერთი დუმანი ლაშქარი, რომელსაც იყენებს ამ ქვეყნის საზღვრების დასაცავად და მის საქმეთა სამართავად. ქართველთა ლაშქარი... ჰულაგუიანთა ლაშქრის ძალას და სიმდიდრეს წარმოადგენენ, ხოლო (ჰულაგუიანები) ენდობიან მათ და ეყრდნობიან, განსაკუთრებით ჯუბანის შვილები, შვილთაშვილები და სხვა შთამომავალნი ქართველებისადმი ჯუბანის წარსული სიკეთისა და ქველი საქმეების გამო, რომელიც იყო მათი მეფის ბარტილმას გულწრფელი მეგობარი. იგი ნერგავდა მასთან სიკეთეს და მოუწოდებდა თვალყური ედევნებინა მინდობილი განძისათვის. იგი (ჯუბანი) იყო მისთვის ყველაზე საყვარელი რჩეულთა შორის და ყველაზე გულწრფელი გულწრფელ მეგობართა შორის. მოუხმობდა მეფე მას (ჯუბანს) მნიშვნელოვანი ამბის დროს და სთხოვდა დახმარებას გაჭირვების ჟამს. მიიჩნევდა მას თავისი ლაშქრის საყრდენად და უბედურების განმშორებლად“. რით იყო ჩობანის ასეთი დამოკიდებულება გიორგის მიმართ?
    მალევე (1318-19 წელს) ჩობან ნოინს დიდი პრობლემები შეექმნა. აჯანყდა საქართველოს ზედამხედველი ყურმიში ალინაყის ძე, განდგა ხორასნის ჩაღატაელი უფლისწული იასავური, რასაც დაემატა უზბეკ ყაენისა (1313-1341) და ეგვიპტის სულთნის შემოჭრა ილხანთა სამფლობელოებზე. ყურმიში და რამდენიმე ემირი შურით უცქერდნენ ჩობანის აღზევებას. ამას ემატებოდა შურისძიების სურვილი: ადრე ჩობანს ყურმიში აბუ საიდთან დაუსმენია, რასაც მისი საჯაროთ ჯოხით ცემით დასჯა მოჰყვა. ემირთა დიდი შეთქმულება ერთმა ჩობანს აცნობა, თუმცა საწყის ეტაპზე ამბოხებულებმა ქ. თავრიზამდე მიაღწიეს და სულთანიეზე შეტევას გეგმავდნენ. სპარსული წყაროებით ერთ-ერთი ბრძოლა საქართველოს სამეფოს ტერიტორიაზე გოგჩას ტბასთან გამართულა, რომელშიც ჩობანი დამარცხდა, თუმცა გადამწყვეტ ბრძოლაში ქ. ზენჯანთან ყურმიშის ჯარი განადგურდა.
    უზბეკ ყაენი ისევ შემოიჭრა კავკასიაში და მტკვრამდე მოაოხრა არანი, სადაც შემოხვდა საქართველოს გზით მოსული ჩობან ნოინი 20000 ლაშქრით. მაშინ უზბეკი უკან წავიდა. 1324-25 წლებში უზმები ისევ შემოვიდა აზერბაიჯანში. საპასუხოდ ჩობანმა საქართველოზე გავლით დარიალის გზით ილაშქრა უზბეკის სამფლობელოში და თერგის ხეობა ააოხრა.
    1321 წელს საილხანოში ისევ აირია. ყარაბაღში ჩობანს მოახსენეს საქართველოში მდგარი ემირები აჯანყდნენო. აჯანყებას სარდლობდნენ მომთაბარე ფეოდალი არყანაი და ვინმე ყაზან ოღლანი. ჰაფეზ აბრუს ცნობით მათ საქართველოში ციხესიმაგრეები გაუმაგრებიათ და ჯარი საბრძოლველად მოუმზადებიათ. ყაენის ჯარებსა და მეომბოხეებს შორის საქართველოს ერთ-ერთ ციხესიმაგრესთან მომხდარა. ყაენის 10000-იანმა ჯარმა პულად-ქაფის მეთაურობით აჯანყებულებს 3 დღიანი ბრძოლის შემდეგ სძლია. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ყაენს მოახენეს, რომ საქართველოში მონღოლთა გარნიზონი საკმარისი არ იყო და სასურველი იქნებოდა მისი გაზრდა. ეს საქმე სანამ მოგვარდებოდა, 1322 წელს რუმის მმართველმა, ჩობან ნოინის ვაჟმა თიმურ ტაშმა, თავი დამოუკიდებელ მბრძანებლად გამოაცხადა და დაიწყო საკუთარი მონეტის მოჭრა. მან სირიასა და ეგვიპტეში გაგზავნა წარმომადგენლები, რომლებიც იქაურთ მოუწოდებდნენ აბუ საიდ ყაენის წინააღმდეგ გამოლაშქრებას. ეს აჯანყებაც მალე სასტიკად ჩაახშო თვით ჩობან ნოინმა. აჯანყების მეთაურები თიმურ ტაშის გარდა სიკვდილით დასაჯეს. ყაენმა ჩობანის გავლენით მისი ვაჟი შეიწყალა და თანამდებობა შეუნარჩუნა.
    ყველა ამ მოვლენების დროს უნდა ვივარაუდოთ რომ გიორგი ჩობანის ერთგული მხარდამჭერად რჩება და რაც უმნიშვნელოვანესი იყო ჩობანისთვის მის მიმართ მუდმივი წინააღმდეგობებიდან გამომდინარე. ამის გათვალისწინებით კი ჩობანის მხარდაჭერა გიორგისადმი გასაგები ხდება. სწორედ ამ მოვლენების შემდეგ უნდა დაეწყო ჩობანს საქართველოში მონღოლთა ჯარის შემცირება და მათი მხოლოდ საზღვარზე (შირვანთან) განლაგება.
***
    მონღოლთაგან მოსვენებულმა გიორგიმ ქართლში ოსების თარეში აღკვეთა:
    ჟამთააღმწერლის ცნობით ოსები ქართლში დავით VIII-ის მეფობის დასაწყისში დამკვიდრდნენ, როცა მეფე ყაენის ლასქრობებში იყო წასული: „ხოლო იქ ყოფასა იწყეს ოვსთა ოხრებად, ხოცად და რბევად და ტყვენვად ქართლისა, და ქალაქი გორი წარტყვენეს და თვისად დაიჭირეს ოვსთა. მაშინ შეიკრიბენ ქართლის ერისთავისა ბეგას ძესა, ჰამადას, წინაშე ყოველნი ქართველნი და მოადგენ გორსა. და მრავალგზის შეებნენ ქალაქსა შინა, მრავალი კაცი მოკვდა, ოვსიცა და ქართველიცა, და დაწვეს გორი სრულიად. და როცა გაუჭირდათ ოვსთა, ციხედან გადმოუშვეს საბლითა კაცი და წარავლინეს მუხრანს მდგომთა თათართა თანა, რათა შეეწივნენ. როცა ესმა, ჩამოდგეს შუა, შველა ქმნეს და ზავი. და ამიერიდან შეიქმნა მტერობა შორის ქართველთა და ოვსთა, ვიდრემდე მეფეთა შორის ბრწყინვალემან, დიდმან სახელგანთქმულმან გიორგიმ, განასხნა და აღფხურნა“.
    ვახუშტი: „ხოლო მძლავრებდნენ ოვსნი ქართლს და დაეპყრათ ადგილ ადგილთა დაბნები და ციხენი, ამან მეფემან განასხა ძლიერებითა თვისითა და წაართვა ციხენი და დაბები. მერე შევიდა და შემუსრა კავკასიასა შინა მყოფნი, ურჩნი მოსრა და დაიმორჩილა და მოხარკე ჰყვნა ყოველნი იგინი და დაამშვიდა ქართლი ოვსთაგან, ვინაიდან გზანი ყოველნი თვით დაიპყრა“.
    ძეგლი ერისთავთა: „მაშინ მოადგა მეფე ოვსთა, გორს მყოფთა, და ებრძოდა სამ წელს.“
***
    ამასობაში სულ უფრო იძაბებოდა ურთიერთობა დაკაცებულ ყაენსა და დიდ ვეზირს შორის. ჩობანის ვაჟებიდან თიმურ ტაში რუმს მართავდა, მეორე – შეიხ მაჰმუდი – საქართველოს, ჰასანს ხორასანი ეკავა, ჰასანის ვაჟი თალიში ფარსისა და ქერმანის ემირი იყო, დიმიშქ ხოჯამ კი ადარბადაგანი და ორივე ერაყი (სპარსეთის და არაბეთის) თავის საკუთრებად აქცია. სპარსი ისტორიკოსის აბუ ბაქრს ალ აჰრის ცნობით აბუ საიდის ძალაუფლება იმდენად ფორმალური იყო, რომ საკუთარი სუფრის გაწყობის უფლებას კი არ ჰქონდა. სხვა ნოინებსაც არ მოსწონდათ ჩობანის ასეთი გაძლიერება და მუდმივას ასმენდნენ ყაენთან. ამას ჩობანიანებიც გრძნობდნენ. ჰასანი არწმუნებდა მამას საერთო აჯანყება მოეწყოთ ყაენის დასამხობად, მაგრამ ჩობანი თავს იკავებდა, ვიდრე მისმა ნათესავმა ჩობანიანების ზრახვები ყაენს არ აცნობა.
    ჰაფეზე აბრუ (გარდ. 1430/31 წ.) სპარსულ წყაროში გვამცნობს: ემირ ჩობანის და მისი ოჯახის წევრების მიმართ რეპრესიების ჩატარებამდე დაიძაბა ურთიერთობა აბუ საიდსა და ჩობანის გვარს შორის. ამასთან დაკავშირებით, შეიკრიბნენ ოჯახის წევრები და იმსჯელეს შექმნილი ვითარების შესახებ. მათ გამოთქვეს აზრი, რომ თავისუფლად შეეძლოთ აბუ საიდის დამარცხება, რის შემდეგაც ჩამოთვალეს მათ განკარგულებაში მყოფი ძალები, დაბოლოს აღნიშნეს: „როდესაც ჩვენი ძმები თიმურ-თაში და მაჰმუდი (ჩობანის შვილები) გაიგებენ ჩვენი აჯანყების შესახებ, ისინი გამოიყვანენ საქართველოს და რუმის ჯარებს, აჯანყდებიან ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ და ეს იქნება ბრწყინვალე საშუალება სამეფო არმიის შესაჩერებლად ყოველი მხრიდან“.
    აბუ საიდმა ჩობანის დასჯა გადაწყვიტა. ჩობანმა ამჯერად ჯარები შეკრიბა და რეიში ჩავიდა, რათა შებრძოლებოდა მომავალ სულთანს, მაგრამ ემირები 30000-იან არმიასთან ერთად განუდგნენ და აბუ საიდთან წავიდნენ. მაშინ ჩობანმა თავი ჰერათის მფლობელ ღიას ად-დინ კურტთან შეაფარა თავი, რომელმაც ყაენთან გარიგების შემდეგ მუხანათურად მოკლა 1327 წელს. დახოცეს მისი შვილებისა და მეგობრების უმეტესობა. საქართველოს მმართველი მაჰმუდი ოქროს ურდოს ყაენს შეეფარა, თუმცა იქ მოკლეს. თიმურ-ტაში მისი ოჯახის რეპრესიების დროს ჯერ რუმში დარჩა, ხოლო შემდეგ ეგვიპტეს შეაფარა თავი და მოკლულ იქნა მამლუქთა სულტნის მიერ 1328 წელს. მისი თავი გაგზავნეს უჯანში.
    ჩობანის მოშორებამ ყაენის ძალაუფლება არ გაამყარა და მას ნოინთა უმეტესობა ფაქტიურად არ ემორჩილებოდა. საილხანო ნელნელა ქაოსში ჩაეფლო. ბუნებრივია ეს სიტუაცია გიორგის საშუალებას მისცემდა ძალაუფლება განემყარებინა, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვებაზე საუბარი ნაადრევია. ის სიამოვნებით ეხმიანება ევროპიდან მოსულ წერილებს და მათთან კავშირით ოცნებობს ქვეყნის გათავისუფლებაზე.
    საფრანგეთის მეფე ფილიპე VI ვალუა (1328-1350). 1332 წელს ჯვაროსნული ლაშქრობის ორგანიზებას ცდილობდა ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ ვენეციასთან ერთად და ამ მიზნით ელჩი გაგზავნა სპარსეთის ფრანცისკანელთა მეთაურთან, რომელსაც თავის მხრივ ელჩები სპარსეთის იმპერატორთან (აბუ საიდთან) ერთად საქართველოს მეფე გიორგისთან. ფილიპე VI-ის წერილებიდან ვგებულობთ: „თავრიზში ფრანცისკანელთა პრიორმა (მეთაურმა) და მთავარმა ვაჭრებმა მოიწვიეს თათბირი, რათა საფრანგეთის მეფის სურვილები უფრო მოხერხებულად აღესრულებინათ. (მათ) გადაწყვიტეს, რომ არ იყო გონივრული ეს ყველაფერი შეეტყობინებინათ იმპერატორ აბუსაიდ ხანისთვის და მიეწვიათ იგი, რადგან მათ (ანუ მონღოლებმა) ამას წინათ კავშირი დადეს ეგვიპტის სულთანთან, იმიტომ რომ ერთიცა და მეორეც ალბათ საფრთხეში იყო მტრებისგან – თურქებისა და ეზბეკისაგან. პირიქით, გადაწყვიტეს, წერილი გაეგზავნათ საქართველოს ქრისტიან მეფესთან – გიორგი V-სთან, რომელსაც ბრწყინვალეს უწოდებენ. მისი რეზიდენცია ტფილისში იყო და იგი დამოუკიდებელი იყო სპარსეთის მონღოლებისაგან. იგი ძალიან კეთილგანწყობილი იყო საქართველოში მყოფი სპარსეთის ფრანცისკანელი და დომინიკანელი მისიონერების მიმართ. ამრიგად, თავრიზის თათბირმა აირჩია ორი ფრანცისკანელი – რიკარდო მერჩერი და ალექსანდრე ინგლისელი, რომელნიც გაგზავნა ფილიპე მეფის წერილის წარსადგენად საქართველოს სამეფო კარზე. გიორგი V-მ ისინი პატივით მიიღო ტფილისში ორი კვირის მანძილზე და ღრმა გულისხმიერებით მოეკიდა საფრანგეთის მეფის წერილის დასაწყის ნაწილს. მაგრამ კეთილგონივრულმა პასუხმა, რომელიც საქართველოს მეფემ გაატანა ლეგატებს, არასასურველი მიზეზების გამო, საფრანგეთის მეფის კარამდე ვერ მიაღწია“.
    გიორგი საპასუხო წერილში ფილიპეს წერდა: „საფრანგეთის ღვთაებრივი ხელმწიფენი ხშირად მოუწოდებენ აღმოსავლეთის მეფეებს სარკინოზთა წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ საქმე იმაშია, რომ შემდეგ ისინი აღარ მოდიან  და ტოვებენ მათ ამ მტანჯველ ომში მარტოდ. ამგვარად, გთხოვთ თქვენ დაადგინოთ, როგორ და როდის გადმოლახავთ ზღვას და მყისვე მეც იქ მიხილავთ, თქვენი კეთილი ნების შესაბამისად, 30 ათასი მეომრით“.
    ილხანების ქაოსით სარგებლობა გადაწყვიტა უზბეკ ყაენმა და საილხანოზე სალაშქროდ ემზადებოდა. აბუ საიდმა ეს შეიტყო და ცდილობდა დაესწრო, თუმცა მოულოდნელად გარდაიცვალა ყარაბაღში 1335 წლის 30 ნოემბერს. მაშინ ჰაფეზე აბრუს სიტყვით „ყაენის ტახტი მრავალრიცხოვან ნოინთა ხელში სათამაშოდ იქცა“.
    აბუ საიდი უმემკვიდროდ წავიდა, ამიტომ ტახტის მრავალრიცხოვანი კანდიდატების მფარველებს შორის დაპირისპირება დაიწყო. დიდი ბრძოლით რაშიდ ედ-დინის ვაჟის, ღიას ად-დინ მუჰამედის მოთავეობით ყაენად დასვეს 1336 წელს არფა ხანი; იგი ჩინგიზ ყაენის უმცროსი ძის შორეული ჩამომავალი იყო, მაგრამ ყაენის ტახტი ნომინალურად ეჭირა და ძალაუფლებას მოკლებული იყო. 
    არფა ხანის მმართველობა 6 თვეს გაგრძელდა. პირველ რიგში აბუ საიდის ყველა პატიმარი გაათავისუფლა. შემდეგ უზბეკთან შესაბრძოლებლად გაემართა. მდ მტკავრთან იგი შეხვდა მოწინააღმდეგს, თუმცა ოქროს ურდოს ყაენი ბრძოლას მოერიდა და უკან გაბრუნდა.
    არფას მალე აუჯანყდა აბუ საიდის ბიძა ალი ფადიშაჰი და ჩამოაგდო ტახტიდან. შემდეგშიც ტახტს საილხანოში მარიონეტები იჭერდნენ. მცირე ხანი ყაენობდა ბაიდუს შვილიშვილი მუსა; შემდეგ ჰულაგუს შორეული შთამომავალი მუჰამედი (1336-13338); შემდეგ ოლჯაითუს ქალიშვილი სათი-ბეგი (1338-1339); შემდეგ სულეიმანი (1339-13343) და ნუშირვანი (1343-1355).  უკანასკნელზე ისტორიკოსი აბუ ბაქრს ალ აჰრი დამცინავად ამბობდა: „მელიქ აშრაფ ჩობანიანი მას ისე ინახავდა, როგორ ჩიტს გალიაშიო.
***
    რა ხდებოდა აქამდელ პერიოდში დასავლეთ საქართველოში?
    ჟამთააღმწერელი გვამცნობს: დავით ნარინის სიკვდილის შემდეგ „დატოვა სამნი ძენი, პირმშო კოსტანტინე, და მეორე მიქელ და უმრწემესი ალექსანდრე, რომელიც უშვა დედოფალმან, დიდისა პალიალოღოსის ასულმან, კოსტანტინეპოლისა და საბერძნეთისა მპყრობელისამან. ხოლო მიიღო მეფობა კოსტანტინე პირმშოებისა ძალით, რომლისა მეფობასა წინა-აღუდგა ძმა მისი, მიქელ, და დაიპყრა ქვეყანა რაჭისა და არგვეთი. და დღეთა მათთა იშლებოდა სამეფო, რომელთა საქმენი არა მოხსენებულ არიან. და არა ყვეს მშვიდობა, ვიდრე არა მიიცვალეს, რამეთუ, რომელსა ჟამსა დაიზავებდნენ, მყის შეიშლებოდნენ“.
    როგორც ჩანს ძმებს პერიოდული შერიგებებიც ჰქონდათ, რასაც ადასტურებს სინას მთის მონასტრის ერთი აღაპი, რომელიც ძმებს ერთად დაუცავთ.
    ვახუშტი გვამცნობს: „მოკვდა დავით მეფე ქ{რისტე}სა ჩსჟგ, ქარ{თულსა} ფიგ [1293]. და შემდგომად ნარინ დავით მეფისა დაჯდა მეფედ ძე დავითისა უხუცესი კოსტანტინე, რომელმაც ლდ (34) წელი იმეფა. ამას კოსტანტინეს წინააღუდგა ძმა თვისი მიქელ და არა უტევებდა მეფობად და პყრობად იმერეთისა და მიქელ დაიპყრა რაჭა, ლეჩხუმი და არგვეთი და ქონდათ დღეთა მათთა მარადის ბრძოლა-შლილობა და შფოთი და ხდომა ურთიერთთა და იყო ოხრება ქვეყნისა. იყო აშლილობა ძმათა შორის მრავალთა წელთა და ამის მიერ განდიდნენ მთავარნი და განმკვიდრდნენ ერისთავნი მის ქვეყანისანი. ამისთვის შეიჭირვებდენ დიდებულნი ამის სამეფოსანი და ვერა რითა ყვეს ზავი მათ შორის. იხილა დადიანმა გიორგიმ ესევითარება მათ შორის, მაშინ მიიტაცა საერისთავო ცხომისაცა და დაიპყრა თვით სრულიად ოდიში ანაკოფიამდე. ეგრეთვე შარვაშიძემ აფხაზეთი და გურიელმან გურია და სვანთა ერისთავმა სვანეთი და განიმკვიდრეს თვისად და აღარა ეგდენსა მორჩილებასა შინა იყვნენ მეფეთასა. ამისა შემდგომად მოკვდა დადიანი გიორგი ქ{რისტე}სა ჩტკგ, ქარ{თულსა} ია [1323] და დაჯდა მის წილ ძე მისი მამია და ამან უმეტესად დაიპყრა ოდიში.
    შემდგომად ამ შფოთებასა შინა მოკვდა მეფე კოსტანტინეცა ქ{რისტე}სა ჩტკზ, ქარ{თულსა} იე [1327]. მან არა დაუტევა ძე, არც ასული და დაჯდა მის წილ მეფედ ძმა მისი მიქელ.
    ამან იღვაწა კვლავ შეერთებად და დამორჩილებად პირველისაებრ მათ ერისთავთა და ერისთავთა. მაგრამ წართმევითა და ცვალებითა ვერღარა შეუძლო. მხოლოდ დაიმორჩილა კვლავ ხარკის მოცემითა და მოლაშქრედ თვისად. და სხვასა ვერღარა რაისა ეწია, რამეთუ მოკვდა წელსა ქ{რისტე}სა ჩტკთ; ქარ{თულსა} იზ (1329).
    და ამას მეფესა მიქელს დარჩა ძე მხოლოდ ყრმა ბაგრატ, რომელსაც არა ძალედვა მეფობა ასაკით სიმცირითა და არცაღა შეუერთნენ ერისთავნი ისინი წინათქმულნი, არამედ იყო ქუთათისს და მიიტაცებდნენ მთავარნი ქვეყანათა და განირყვნებოდა ყოველნი წესნი იმერთანი. ხოლო განძლიერდა რა ბრწყინვალე გიორგი მეფე, ამან გიორგიმ განიხილნა ესევითარნი იმერთა საქმენი, ეზრახა იმერთა მეფობისა თვისისათვის. მაშინ იმერნი, ვინაითგან შევიწროებულ იყვნენ ხდომითა და ოხრებითა და არცა გიორგი იყო შორეული მემკვიდრე იმერეთისა, ამისთვის მისცეს პირი მტკიცე. შემოიკრიბა გიორგიმ სპანი თვისნი ძლიერნი, გარდავლო მთა ლიხისა სპითა და ამისი მხილველნი იმერნი ყოველნი შეუერთდნენ სიხარულითა. დაიპყრა იმერეთი მეფემან გიორგი სრულიად ქ{რისტე}სა ჩტლ, ქარ{თულსა} ჲჱ(1330). და იყო მის ქვეშე და შემდგომად მისთა იყო ერთ სამეფოდ ქართლისა თანა.
    ხოლო ბაგრატ ძე მიქელ მეფისა შეიყვანეს აღმზრდელთა და ერთგულთა მისთა ქუთათისს და გაამაგრეს ციხე. მცნობი გიორგი მეფე მოადგა ქუთათისს. მაშინ ბაგრატ ვეღარა წინააღმდგომი და შემჭირვებელი რამდენსამე ჟამსა ევედრა მეფესა გიორგის, რათა არა-რა ევნოს სიკვდილითა ან პატიმრობითა და სცეს სარჩო იმერეთსავე მეფემან, მივიდენ წინაშე მისსა და მისცეს ყოველნი ციხენიცა იმერეთისანი მეფესა, ვინაიდან მოგცა ღმერთმან ძლევა. ამისმან მსმენელმა მეფემან გაიხარა და აღუთქვა ყოველნივე აღსრულებად საწადელნი მისნი. მსმენელი პირისა ამის გამოვიდა ბაგრატ და მოვიდა წინაშე გიორგი მეფისა და მისცა ყოველნი ციხე-ქალაქნი და სიმაგრენი იმერეთისანი. ხოლო გიორგი მეფემან პატივ-სცა, როგორცა მონათესავესა თვისსა, და შეიწყნარა იგი ფრიად სიყვარულითა და აიღო ყოველნი ციხენი და ქალაქნი და სიმაგრენი იმერეთისანი ბრწყინვალემან მეფემან გიორგი ქრისტესა ჩტლ (1330), და დასხა ერისთავნი თავისი; ხოლო ბაგრატს მისცა საერისთაო შორაპნისა და ჰყო იქ ერისთავად. ამისნი მხილველნი დადიანი მამია და გურიელი და სუანთა ერისთავი და აფხაზეთისა შარვაშიძე შეუერთნენ ნიჭითა დიდითა და დაულოცეს მეფობა იმერეთისა და ყოვლისა საქართველოსა. მერე ჩავიდა ოდიშს, იქიდან აფხაზეთს, განაგნა იქაური საქმენი და დაიპყრა ციხენი თვისად და მისცა ცხუმის საერისთაო ბედიელს, რადგან პირველად ცხუმისა იყო, უკმობრუნდა, შემოვლო გურია, განაგნა იქაური და მოვიდა სამცხეს.
    შემდგომად მოკვდა დადიანი მამია ქ{რისტე}სა ჩტმე, ქარ{თულსა} ლგ (1345), დასვა მის წილ ბრწყინვალე მეფემან გიორგიმ ძე მამია დადიანისა გიორგი დადიანად“.
***
    სხვა ეპიზოდური წყაროებითაც დასტურდება დავით ნარინის ძეებს შორის არეულობა იყო, რამაც დაასუსტა ქვეყანა, თუმცა სხვა მასალებით ლიხთ-იმერეთის შემოერთების თარიღი იცვლება.
    სებასტოპოლის (ცხუმის) ეპისკოპოსის პეტრეს წერილი ინგლისის არქიეპისკოპოსს 1330 წელს (ამონარიდები): „...ამ ქვეყნის მბრძანებელი (ანუ მამია დადიანი), რომელიც მთელი საქართველოს ჯარის მხედართმთავარიც არის (ეტყობა ლიხთ იმერეთის სპასალარის თანამდებობა ჰქონდა, რას]ც გასაკვირი არ არის), მზადყოფნაშია მთელი თავისი ლაშქრით, დასავლეთის ქრისტიანებთან ერთად გასალაშქრებლად (იგულისხმება ახალი ჯვაროსნული ლაშრობა). იგი ასე იქცევა: რომაული ეკლესიისადმი მორჩილებასა, კათოლიკობის მიღებაზე და სარწმუნოების ერთიანობაზე თანახმაა; აქაურ კათოლიკეებს სასაფლაოც მისცა. მიუხედავად ქართველთა ორი სამეფოა ზოგიერთი ჩვეულებისა აქ გარდაცვლილ კათოლიკეს არ ანსხვავებენ სქიზმატიკოსისაგან, მაგრამ თვით კათოლიკენი ვერ შეეგუენ სქიზმატიკოსებს და მიცვალებულებს მათი სასაფლაოს გარეთ მარხავენ...
    დაწერილია ქალაქ სებასტოპოლისში, ქვემო საქართველოს სამეფოში, ინგლისის მეფის წმინდა ედუარდის სახელწოდების დღესასწაულზე. უფლის წელთაღრიცხვის 1330 წელს“.
    მარინო სანუტო უფროსის (დაახ. 1270–1343) 1330 წლის 10 აპრილს დაწერილი წერილი, მიძღვნილი ოსტისა და ველეტრის ეპისკოპოს ბერტრანს:
    „არის აგრეთვე ქართველთა ორი სამეფო, რომელთაც ივერები ჰქვიათ და საკუთარ თავდ დავითისგან მომდინარეებს უწოდებენ, რომელთაგანაც ერთი თათართა მორჩილია, ხოლო მეორე არა. ისინი არიან კარგი ადამიანები, უმამაცესი მეომრები და უშიშარნი; და არიან მრავალრიცხოვანნი, რომლებიც ღვთისმსახურებაში მისდევენ ბერძნულ წესს“.
    იგივეა თქმული იმავე ავტორის 1334 წლის 13 ოქტომბრის წერილში, რომელიც საფრანგეთის მეფე ფილიპ ვალუას მისწერა. აღსანიშნავია, რომ ფილიპ ვალუა თავად იყო ჩართული გიორგი ბრწყინვალესთან მოლაპარაკებებში რიკარდო მერჩერისა და ალექსანდრე ინგლისელის მეშვეობით, 1332-1333 წლებში.
    ქართული წყარო, აბრაჰამ სავანის მიერ 1336 წელს გადაწერილი „საკვირაოს“ (H-1328) ანდერძი: «კრებულნო ღმრთისანო, მამანო, ესე „საკვირაო“ მე, აბრაჰამ სავანმან, გარდამოვიწერე. კარგი დედო ამისი წიგნი ვნახე და მეკეთა. ვინცა შენდობა სთქვათ, თქვენცა შეგინდოს ღმერთმან, ამინ. დაიწერა ქრონიკონსა ოცდაოთხსა [1336 წ.], მეფობასა ღმრთივ გვირგვინოსნისა კოსტანტინესსა».
    ხელნაწერთა ცენტრის Hd-11628 სიგელი, რომელიც, მკვლევართა უმრავლესობის მტკიცებით მეფე გიორგი V მიეკუთვნება და მათივე დასკვნით 1338 წლით თარიღდება გაცემულია ივანე თორელ-ჯავახიშვილისადმი. სიგელი დაზიანებულია და თავნაკლული, თუმცა თავში შერჩენილია საქართველოს მეფის ტიტულატურის ბოლო ნაწილი, სადაც გამცემი მეფე საკუთარ თავს მოიაზრებს როგორც «ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თუით ფლობით ხელმწიფედ მპყრობელი».
    ამდენად გიორგის ლიხთ-იმერეთის შემოსაერთებლად დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია. ეს ფაქტი კი 1338 წლისათვის უნდა იყოს მომხდარი და მიქელის დამოუკიდებელი მეფობა 1336-1338 წლებში უნდა ჩავატიოთ. ისე კი მიქელს მეფედ თავი გაცილებით ადრე უნდა ეკურთხებინა, რასაც ადასტურებს 1326 წლის მიქელაძეთა სასისხლო სიგელი, რომელიც სხვამხრივაც საინტერესოა და ამიტომ წარმოვადგენთ:
    ქ. სახელითა ღმრთისათა, მამისა, ძისათა, სულისა წმიდისათა, შავთ, შარვაშთა, კახთა, აფხაზთა, სომეხთა, კახთა, ქართველთა ყოვლისა მპყრობელმან მიქაელ მეფისა. ომში და მოხდა ეს საქმე: ჭარელიძესა აზნაური მიქელაძე შეაკვდა მანგასარ გოგოტაშვილსა გიორგის და დავითს მაზედა დიდი საქმე მოუვიდა.
    შემოვიდეს დარბაისელნი კახაბერიძე, მხეციძე, სხვანი დარბაისელნი. დასხნეს მოურავნი, ქათალიკოზი, სხვანი დარბაისელნი, ქნეს სიგლისა მოკითხული. თათართაგან წაღებული ქონდა. მოვიდა მისი მახსოვარი კაცი და დაიფიცა ონოფორზედა: ეწერაო სიგელსა მიქელაძისა სასისხლო ოთხმოცი ათასი ძველი კირმანეული თეთრი, ექვსი ათასი სანახშირე, ორი ათასი სახო, მეექვსე სისხლი, საკოჭიო დაღი ექვსი ათასი. ცოლი თუ ვინმე გაუპატიოს, ნახევარი გარდაუხადოს; ქალი თუ ვინმე დაუგდოს, სრული სისხლი გარდაუხადოს.
    გარდაუხადა სასისხლო გოგიტაშვილმან მიქელაძესა მანგასარს. მისცა რვა ტანი აბჯარი მისითა მოწყობილობითა, მისცა შვიდი გლეხი მას, ცხენი და ხარი უთვალავი. გარდაუწყვიდა სასისხლო გოგიტაშვილმან მიქელაძეს მანგასარს სასისხლო სიგელი ოთხმოცი ათასი ძველი თეთრი კირმანეული, ექვსი ათასი სანახშირე, ორი ათასი საიგო, დაღი ექვსი ათასი, მექვსე სისხლის ვომი.
    დაიწერა ქრონიკონსა ათოთხმეტსა (=1326 წ.). დამიწერია ქათალიკოზსა, მოწამეცა ვარ ამ განჩენლისა“.
    ამდენად, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამ პერიოდში დას. საქართველოც ილხანებს ექვემდებარება: მანგასარ მიქელაძეს სასისხლო სიგელი არ აღმოაჩნდა იმიტომ, რომ „თათართაგან წაღებული ქონდა“. ამასვე უნდა ამტკიცებდეს რაშიდ ად-დინის მიმოწერის ცნობებიც. სპარსელი მემატიანის ცნობით მას ზაფრანის მოზრდილი პლატაციები აღმოსავლეთ საქართველოსთან ერთად დასავლეთ საქართველოსიც ჰქონია. როდიდან მოხდა ეს ფაქტი გადამოწმება ამ დროისთვის ვერ ხერხდება. ერთი კი ფაქტია, 1317-21 წლებში კონსტანტინე ნარინის ძე ოქროს ურდოს მოკავშირეა და ერთობლივად უკავშირდებიან ეგვიპტის სულთანს ილხანების წინააღმდეგ. ყველაზე სარწმუნო ვერსია იქნება 1325 წელი, როდესაც უზბეკის აზერბაიჯანში შემოსევის საპასუხოდ ჩობან ნოინმა საქართველოს გავლით ილაშქრა ოქროს ურდოში და მის სიღრმეში შეიჭრა. უზბეკს ძალები აღარ ჰყოფნიდა და მოკავშირეობა ეგვიპტეს სთხოვა, თუმცა იგი 1323 წლიდან ზავში იყო ილხანებთან და უარით გაისტუმრა. უზბეკმა ილხანებთან ომის გაგრძელება მხოლოდ 1335 წელს გაბედა.
***
    ვახუშტის ცნობით გიორგიმ აღადგინა სამცხის სამთავროზე საქართველოს მეფის ძალაუფლება. ეს სხვადასხვა მცირე ცნობებითაც დასტურდება, თუმცა ცნობების სიმწირის გამო სამცხის დაქვემდებარების თარიღის სიზუსტის გადამოწმება ვერ ხერხდება.
    სამცხის ხასინჯუ 1260-იან წლებში ჩამოყალიბდა. 1279-1308 წლებში მისი მმართველი იყო გიორგი ბრწყინვალის დედის მამა ბექა ჯაყელი, რომლის დროსაც ხასინჯუს პრივილეგირებული სტატუსი დაიკარგა და იგი მონღოლთა დაქვემდებარებულ სამთავროდ იქცა ლიხთ ამერეთის მსგავსად. ამას გულისხმობდა ჟამთააღმწერელი, რომ ბექა ჯაყელი „ხარაჯასა მისცემდა ყაზანსა, და ლაშქართა შეეწეოდა“. ასეთი დამოკიდებულება თავშივე გამორიცხავს ხას-ინჯუს არსებობას. სამცხის ხას-ინჯუს გაუქმება სავარაუდებელია 1279 წლის მოვლენებთან დაკავშირებით. ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ „საქმისა რასათვისმე განუდგეს თათართა სარგის და ძე მისი ბექა“.
    ბექა ჯაყელის საგამგეო მოიცავდა საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას. „დაიპყრა ბექამან ქუეყანა ტაშისკარითგან კარნუქალაქამდის: სამცხე, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი და უმრავლესი ტაო (ტაოს ნაწილი ფანასკერტის საერისთავო არ შედიოდა ბექას დაქვემდებარებაში), ვაშლოვანი, ნიგალისხევი, არტანუჯი, ათორმეტნი უდაბნონი, კოლა, კარნიფოლა და ორნივე არტანნი, და მრავალნი სოფელნი ჯავახეთს (ჯავახეთის დიდი ნაწილი ალასტანელებს ეკუთვნოდა. ჯავახეთის გარკვეულ ტერიტორიაზე, სადაც საძოვრებით მდიდარი ადგილები იყო მონღოლი ნოინებს იალაღებად ჰქონდათ ქცეული.)“. 
    ჟამთააღმწერლის სიტყვით „ესმა გიორგი მეფესა სიკვდილი ყაენისა და მის წილ დადგინება აბუსაიდისა და წავიდა ურდოსა. შეიწყნარეს, და გაიხარა ჩოფან და შეიტკბო როგორც შვილი, და მოსცა ყოველი საქართველო და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი და შვილნი დავით მეფისანი და მესხნი, შვილნი ბექასნი“. ვახუშტი აგრძელებს: „და წარმოგზავნა ტფილისს. ესე გიორგი მოვიდა და შემოიკრიბნენ კათალიკოზი, ეპისკოპოსნი და დიდებულნი წარჩინებულნი და ძენი ბექასნი სამცხე-ტაო-კლარჯ-შავშეთითურთ და აკურთხეს ტფილისს მეფედ ქრისტესა ჩტიჱ (1318).
    ამან ბრწყინვალემან გიორგი დაიპყრა საქართველონი, სომხითი, ჰერ-კახნი, ქართლი, მესხნი, ტაო, შავშ-კლარჯნი და ვიდრე სპერამდე და ზღვამდე. თუმცა ძენი ბექასნი ფრიად განდიდებულნი იყვნენ და დაეპყრათ სრულიად სამცხე-კლარჯეთი, მაგრამ ვინაიდან მოეცა მეფესა გიორგისთვის ყაენისაგან, ამისთვის ვეღარა ურჩ-ექმნენ ძენი ბექასნი; თუმცა ბიძის ძენიცა მეფისანი იყვნენ ამისის გაძლიერებისა მცდელნი პირველითვე და სიხარულით შეუერთნენ და მორჩილებდნენ მონებრივითა მსახურებითა, რამეთუ ვინაიდან ურჩთა ჩოფან-ნოინის გამო, რომელიც მწედ ჰყავდა, მომრევი ექმნებოდა და სიბრძნე-გონიერებითა და ძლიერებითა თვისითა დაიმორჩილებდა“.
    ცივის მთაზე ურჩი ერისთავების დასჯის შემდეგ „მიუბოძა სარგის ჯაყელსა ათაბაგობა და ამირსპასალარობა“. სამფლობელოებში მოგზაურობის დროს „სამცხეს ყოფასა შინა მეფისასა მოკვდა ათაბაგი სარგის ქრისტესსა ჩტლდ (1334), ხოლო მეფემან მიუბოძა ძესავე მისსა ყვარყვარეს ათაბაგობა და დასხა ერისთავნი თვისნი კლარჯეთს, სპერს კალმახს, არტანუჯს და სამცხეს არტანისა და წუნდისა და ამ საერისთაოთაგან რომელიმე მიუბოძა ბიძათა და ბიძის ძეთა ყვარყვარე ათაბაგისათა და იყვნენ ესენი მორჩილებასა ათაბაგისასა. ხოლო განაგნა იქაურნი, როგორცა კეთილმა ხუროთმოძღვარმა, ყოველნივე და წამოვიდა და მოვიდა ტფილისს“.
***
    სპარსელი ისტორიკოსი აბუ ბაქრ ალ-კუტბი ალ-აჰარის (XIV ს-ის შუა ხანები) თხზულება „შეიხ უვეისის ისტორია“, „მოკლული ჩობანის მოკლული შვილის მუჰამადის ნაცვლად, მონღოლებმა საქართველოს გამგებლად ყუთლუღშაჰის შვილი, იკბალშაჰი დანიშნეს, ხოლო 1334 წელს ეს თანამდებობა მიეცა შეიხ ჰასან ჯელაირს, რომელიც ცნობილი იყო როგორც „დიდი“. 734/12.IX.1333-31.VIII.1334 წლის „ზამთარში სულტანი ბაღდადს გაემართა, გაუგზავნა იარლიყი ამირა შეიხ ჰასანს, რომ ის საქართველოში გამგზავრებულიყო. ამირა წავიდა იქ... კურაკი მალიქი (Kūrakī Malik – თემო ჯოჯუა მას გიორგიდ მიიჩნევს) ჩავიდა მის უდიდებულესობა ამირა თაჯ ად-დუნიია ვა-დ-დინ შეიხ ჰასანთან, ემსახურებოდა ერთგულად. კვლავ გამოვიდა ფადიშაჰის მითითება იმაზე, რომ მთელი რუმი ეკუთვნის თაჯ ად-დინ შეიხ ჰასანს, რის გამოც ის იქ უნდა გაემგზავროს“.
    1335 წელს აბუ საიდის სიკვდილისთანავე ილხანთა სახელმწიფოში სრული ძალაუფლება იგდო ხელთ 3 წლით ჰასან დიდი (ბოზორგი) ჯელაირმა და პირველი სამი ყაენი მანვე გააყაენა. ჰასან დიდი ჯელაირი ჰასანის ძე ჩინგის ხანის თანამებრძოლი მონღოლი სარდლების შთამომავალი იყო. ჩობან ნოინთან ახლობლობის გამო 1324 წელს დაქორწინდა მის ასულ ბაგდადზე, მაგრამ მოგვიანებით ცოლი წაართვა ყაენმა აბუ საიდმა, ხოლო ჰასანი დააპატიმრეს კემახში ჩობანთან ახლობლობის გამო. მოგვიანებით ყაენმა იგი გაათავისუფლა და 1332 წელს რუმის სასულთნოს ნაიბად (მეურვედ) დანიშნა.
    1336 წლის 25 ივლისს, ვანის ტბის სიახლოვეს, ალადაღის მთიანეთში ჰასანის დაჯგუფებამ, გაანადგურა მეორე ბანაკის ჯარი, რომელსაც ემირი ალი ფადიშაჰი სარდლობდა. ჰასან ჯალაირის ავტორიტეტი და გავლენა დიდად გაიზარდა. ამ ბრძოლაში აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველებიც ჰასან ჯალაირის მხარეს, ხოლო თავად ალი-ფადიშაჰი ქართული წყაროების ცნობით ქართველმა დიდებულმა – ბოცო წმედიძემ იგდო ტყვედ, რისთვისაც ჰასანს დიდძალი საჩუქრები გადაუცია, ხოლო ტაოში დაბრუნებულს, ერისთავ ამირღამბარ ფანასკერტელს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის დიდი პატივი უცია. (თემო ჯოჯუა – ეფრემ მცირის ჰომილეტიკური კრებულის (S-1276ა) 1370-1390-იანი წლების მინაწერის ცნობები) ჰასან ჯალაირის მხარეზე მებრძოლი ქართველები საქართველოს მეფის მიერ გაგზავნილი მეომრები არიან (იქვე). გამოდის ვითარებიდან გამომდინარე ამჯერად გიორგი ჩობანიანების ნაცვლად ჯალაიარებს ეხმარება.
    1336 წლიდან ასპარეზზე გამოვიდა ჩობანის შვილიშვილი ჰასან მცირე (1338-1343) თიმურ ტაშის ძე. მან გააერთიანა გადარჩენილი ჩობანიანები, შეკრიბა რაზმები და ადარბადაგანიდან თავდასხმები დაიწყო მოწინააღმდეგეებზე. 
    1338 წელს ჰასან მცირემ თავის ჯელაირიან მეტოქეს თავრიზი წაართვა და თავისი სამეფო განავრცო ჩრდილო-დასავლეთით აზერბაიჯანით და სპარსეთის ერაყით. ამიერიდან ილხან ყაენებს ჩობანიანები ნიშნავდნენ. მათვე დაქვემდებარა საქართველოც. ჰაფიზ-ი აბრუ გვამცნობს: „სპარსეთის ერაყის, აზერბაიჯანის, არანის, მარაღისა და საქართველოს მხარეების დაპყრობის შემდეგ, შეიხი ჰასან ჩობანი თიმურ თაშის ძე (ჩობანის შვილიშვილი)  ტრიუმფალურად შევიდა სულტანიეში და დარჩა იქ ზამთრის დასასრულამდე. ჰასანმა დარუბანდიდან რუმის დასასრულამდე და ხორასანის ჩათვლით გადასცა საკუთარ ხელქვეითებს. დიარბაქირი ჩააბარა ჰაჯი თაღაის, ართანა კი რუმში გამგებლობდა. ჰაჯი ბეკმა კი სამართავად შარური და დვინი მიიღო ნახჭევანამდე; ხოლო ყველა მიწა ყარაბაღის მისადგომებიდან საქართველოს შესასვლელამდე ემირ შურღანს ჩაბარდა. შირვანი და სასაზღვრო ზონის დუმანი დარუბანდის მიწებამდე შეიხ ჩუბან აყანჯის-ძეს გადაეცა. ასევე განაწილდა მუღანის, ხორასნის, რეის, ყაზვინის, ფარსის და შირაზის მიწები; მუბარაქის და ჰარბატანის დუმნები, ლურის და ბაღდადის მხარეები“. ლიხთ ამერეთის „საქართველო“ მოხსენიებულია დაპყრობილ მხარეებში, თუმცა აქ არავინ გაანაწილეს მმართველად, რადგან მას ჰყავს გიორგი მმართველად.
    ჰამდალლაჰ ყაზვინის გეოგრაფიული სახელმძღვანელო Nuzhat-Al-Qulūb, ანუ გულთა სიამე, რომელიც 1339-40 წლებში შესრულებული გვამცნობს: „1336 წელს საქართველოდან (გურჯისტანიდან) შემოდიოდა 120 თუმანი (1,202,000 დინარი ან 7,212,000 დირჰემი). იქ ხუთი ქალაქ-მხარეა – ალანი, ანისი, ტიფლისი, ყარსი, ხუნანი. ტიფლისი (Tiflīs) დედაქალაქია როგორც ქართლის მხარის (Gurjistān), (ანუ აღმოსავლეთ საქართველოს), ისე აფხაზის (Abkhāz), (ანუ დასავლეთის). კლიმატი ცივია. ის ესაზღვრება არანის, არმენიის და მცირე აზიის მიწებს; მათი მეფეების დროს შემოსავალი დაახლოებით ხუთ მილიონ დინარს აღწევდა ახლანდელი კურსით, ხოლო ჩვენ დროში ხელისუფლება იღებს მხოლოდ 1,202,999 დინარს, საქართველოს და აფხაზეთის რეგიონების დედაქალაქი თბილისია“.
    ეს ცნობა ადასტურებს ორ ფაქტს: საქართველო მონღოლების მოხარკედ რჩება, თუმცა უკვე გაერთიანებულია.
    ხარკის შესახებ ინფორმაციას შეიცავს აბდალაჰ იბნ მოჰამედ იბნ ქია ალ-მაზანდარანის თხზულება „რესალეი-ე ფალაქია“, რომლის ცნობები, როგორც ლიტერატურაშია ნავარაუდევი, ძირითადად 1333-63 წლებს განეკუთვნება, ყველაზე ადრეული 1333 წ., ხოლო ყველაზე გვიანი ინფორმაცია – 1430-66 წლებისაა. ამ თხზულების მიხედვით, 1350 წელს საქართველოს გადასახადია 40 თუმანი – 400,000 დინარი, არანის 82 თუმანი – 820,000 დინარი; არმენიისა 54 თუმანი – 540,000 დინარი. ამ მონაცემებით, მოკლე დროში 120 თუმანი 40 თუმნით შეიცვალა, ხოლო, თავის მხრივ, 120 თუმანი ყაზან-ხანის წლებთან შედარებით განახევრებულია, თუმცა გადასახადი მოხსნილი არ არის.
    საქართველოს მონღოლების სუსტ, მაგრამ მაინც უწყვეტ მორჩილებაზე უნდა მეტყველებდეს ილხანების სახელზე საქართველოში მოჭრილი მონეტები: არფა ხანის 736/1335-36, მუჰამედ ხანის 738 /1337-38), სათი ბეგ ხათუნის 739/1338-39, სულეიმან ხანის 740/1339-40, 741/1340-41, 743/1342-43), ანუშირვანის 745/ 1344-45, 748, 750-756/1349-55).
***
    1339 წელს ჰასან ჩობანიანმა ისევ დაამარცხა ჰასან ჯალაირის ლაშქარი ჯალათუსთან სასტიკ ბრძოლაში, თუმცა ჰასან მცირეს მალევე განუდგა ჯარის მხედართმთავარი ფირ ჰუსეინი, რომელიც ჩობანიანმა მოტყუებით შეიპყრო და მოკლა. ცოტა ხანში ჰასანს აუჯანყდა ბიძამისი იაღი-ბასთი, რომელიც ჯალარიანებს შეეფარა. ამას მოჰყვა სეიფ ალ-მულუქის გამოსვლა, რომელმაც თავი ოლჯაითუს შთამომავლად გამოაცხადა. ამ ყველაფერმა საშუალება მისცა მძიმე მარცხის შემდეგ ჯალარიანებს პოზიციები აღედგინად. ჰასან ჯალარიანმა შეინარჩუნა დიარბაქრი, ხუზესტანი, ერაყი ბაღდადით და ამ ტერიტორიებზე 1340 წლიდან შეიქმნა ჯელაირთა სახელმწიფო. ჰასანი განაგრძობდა ბრძოლებს ჩობანიანებთან და შემოიერთა სპარსეთის ერაყის დიდ ნაწილი – ჰამადანით, ყაზვინით და სულტანიეთი.
    ჰაფეზე აბრუს ცნობითვე, 1342 წელს „ჰასან მცირეს სხვადასხვა ქვეშევრდომის აჯანყებასთან გამკლავება უხდება. სწორედ იმ დროს ჰასანის ძმამ მალიქ აშრაფმა გაიმარჯვა პირ-ჰუსეინზე, რომელიც სულტანიეში გაიქცა. ამ ამბის შემდეგ მალიქ აშრაფი, რომელსაც თავისი ძმის ეშინოდა, თავს აფარებს საქართველოს (გურჯისტანის) პროვინციას“.
    ალ კუტბი ალ აჰრი ავსებს ამ ცნობას: „(1342-1343) წელს აშრაფმა და იაღი-ბასთიმ თავი შეაფარეს აგრეთვე თავი ჰასან დიდი ჯალაირთან ბაღდადში“. როგორც ჩანს აშრაფი საქართველოში ცოტა ხანს დარჩა უფრო უსაფრთხოდ თავი მისი ძმის მთავარ მტერთან იგრძნო. აშრაფი აქ 1343 წლის 15 დეკემბრამდე დარჩა, ვიდრე მისი ძმა ჰასან მცირე მისსავე მეუღლემ არ გამოასალმა. ამის შემდეგ ალ კუტბის ცნობით აშრაფი დაბრუნდა ადარბადაგანში, შეუერთდა იქაურ ბრბოს და მათ იქ დაამყარეს ტირანია და ჩაგვრა. მელიქ აშრაფმა და მისმა ბიძამ იაღი ბასთი ჩობანის ძემ ერთად შემოარტყეს ალყა თავრიზს, რადგან ქალაქის მცხოვრებთ მათი შეშვევა არ სურდათ. ისინი ქალაქში შეიჭრნენ და სასტიკი ხოცვა-ჟლეტა მოაწყეს, შემდეგ კი ერთმანეთს დაერივნენ.
    ჰასან მცირეს სიკვდილის შემდეგ ჩობანიანთა მეთაური გახდა მისი ძმა მელიქ აშრაფი (1343-1357). ოფიციალურად ძმებმა თავის ყაენად გამოცხადება ვერ გაბედეს, თუმცა ნაპოვნია მონეტები „სამართლიანი სულტნის“ ტიტულით, სულტნის სახელის გარეშე, რომელთაც ე. პახომოვი ჩობანიან აშრაფს უკავშირებს. როგორც ც. ღვაბერიძე აღნიშნავს, ე. პახომოვის კოლექციაში აღმოჩენილია თბილისში მოჭრილი ამ ტიპის მონეტაც, რომელიც ამჟამად საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილების ქართულ ძირითად ფონდში ინახება. ამდენად, როგორც წერილობითი წყაროები, ასევე ნუმიზმატიკური მონაცემები ადასტურებს საქართველოს დამოკიდებულებას ჩობანიანებზე.
    ამ დამოკიდებულებას ადასტურებს ისტორიკოსი ალ-უმარი: ალ-‘უმარის თხზულებაში (დაიწერა 1340 წლის შემდეგ), საუბარია ქართველ მეომრებზე: „ისინი ჰულაგუიანთა ლაშქრის ძალასა და სიმდიდრეს წარმოადგენენ, ხოლო (ჰულაგუიანები) ენდობიან მათ და ეყრდნობიან, განსაკუთრებით ჯუბანის შვილები, შვილთაშვილები და სხვა შთამომავალნი ქართველებისადმი ჯუბანის წარსული სიკეთისა და ქველი საქმეების გამო, რომელიც იყო მათი მეფის ბარტილმას გულწრფელი მეგობარი, ნერგავდა მასთან სიკეთეს და მოუწოდებდა დაეცვა (მინდობილი) საგანძური“. „ქართველთა ქვეყნის დედაქალაქია თბილისი... მას ჰყავს მეფე და მეფობა იქ მუდმივია. მასზე ბატონობს ირანის სამეფოს ჰულაგუიანთა სახლის სულტანი, რომლის ფირმანები მოდის (საქართველოში), მაგრამ მისი ნიაღვარი ნაპირებს არ ლეკავს და არ დაძრწიან ამ ქვეყნის სანახებში მისი მხედრები გაჩაღებული ომის გამო. მას (სულტანს) იქ ჰყავს მხოლოდ ერთი დუმანი ლაშქარი, რომელსაც იყენებს ამ (ქვეყნის) საზღვრების დასაცავად და მის საქმეთა სამართავად“.
ჩობანიანთა საილხანოში შიდაომები მელიქ აშრაფის გალიდერების შემდეგაც გრძელდებოდა. ყოფილი მოკავშირეები მუდმივად ესხმოდნენ თავს ერთმანეთის ტერიტორიებს და აჩანაგებდნენ. ალ კუტბი ალ აჰრის ცნობით 1343 წლის 15 დეკემბერსა და 1344 წლის 15 მაისს შორის შეიკრიბნენ ჩობანიანები: ემირი სურღანი (ჩობანის გადარჩენილი ძე), მელიქ აშრაფი და ჩობანის მეორე ვაჟი იაღი-ბასთი. მათ წერილობითი შეთანხმება დადეს, რომ ერთმანეთის ტერიტორიებს აღარ დაარბევდნენ და თუ ვის რა ტერიტორია უნდა სჭეროდა მათი დაპყრობის შემდეგ. ემირს სურღანს დაემორჩილებოდა რასაც კი იგი დაიპყრობდა თავრიზის კარიბჭიდან სულთანიემდე; მეორე მხრივ, რა ტერიტორიის დაკავებასაც მელიქ აშრაფი შეძლებდა, მარანდიდან და ნახჭევნიდან რუმის მიმართულებით, ყველაფერი მას დაექვემდებარებოდა; ხოლო არანი, შირვანი და საქართველო უნდა მიკუთვნებოდა იაღი-ბასთის. შეთანხმება მშვიდად არ მიმდინარეობდა, ამიტომ 1344-45 წლებს შორის მელიქ აშრაფმა იაღი-ბასთი სიკვდილით დაასჯევინა.
    ჰაფეზე აბრუ გვამცნობს 1347 წლის მოვლენებში თხრობისას: „მალიქ აშრაფმა ბაღდადს ალყა შემოარტყა, მაგრამ უშედეგოდ. ბაღდადელთა ერთ-ერთი კონტრშეტევის შედეგად აშრაფმა ალყა მოხსნა და სამარცხვინოდ გაიქცა. „ბაღდადზე წარუმატებელი შეტევის შემდეგ დაბრუნდა თავრიზში და იქიდან მართავდა იმას, რაც მის მფლობელობაში იყო დარჩენილი – აზერბაიჯანის, ერაყი-აჯემის (სპარსეთის ერაყი), არანის, მუღანის, ქურთისტანის, და გურჯისტანის (საქართველო) ქვეყნების მმართველებად დანიშნა ის ემირები, ვინც მისი ერთგულნი იყვნენ“.
    ამდენად, ყველა წყაროს ანალიზით ირკვევა, რომ საქართველო მალიქ აშრაფის სიკვდილამდე (1357 წ.) რჩებოდა მონღოლთა გავლენის სფეროში, რაც პერიოდული ხარკსა და  მათ სახელზე მონეტების მოჭრაში გამოიხატებოდა. 1339 წლიდან მუდამ შინაომებში მყოფ ჩობანიანთა საილხანოს საქართველო საკმაოდ ნომინალურად ემორჩილება, რადგან მისი ჯარები არ ერევიან მოვლენებში და ზოგჯერ არ თავს ცოტახნით მაინც აფარებენ მთავარი ჩობიანიანის წინააღმდეგ აჯანყებულნი (ასეთი ფაქტი ჩანს მაგალითად 1342 და 1347/8 წლებში).
    ბოლოს ერთ განმარტებასაც დავამატებ: ჩემს მიერ მოტანილ სპარსული წყაროების ამონარიდებში 1338-1347 წლებში ჯალარიანებისა თუ ჩობანიანების მხრიდან „საქართველოს დაპყრობა“ არ გულისხმობს მათ საქართველოსი ლაშქრით შემოსვლას და ბრძოლით დაპყრობას. წყაროთა ანალიზით უცილობლად დგინდება, რომ ეს ნიშნავს საქართველოს მეფის მიერ მათი უზენაესობის აღიარებას, რაც სწორედ პერიოდულ ხარკსა და ფულზე გამოსახვაში გამოიხატებოდა და ილხან მონღოლთა მიერ საქართველოს აოხრებას 1320-იანი წლებიდან 1356 წლამდე არ უნდა ჰქონოდა ადგილი.
***
    მონღოლთა პერიოდული არეულებებითა და მოუცლელობით სარგებლობს გიორგი და პერიოდულად შიდა საქმეებს აგვარებს და გარე კავშირებსაც ქმნის, თუმცა რომელ წლებში ხდება ეს მოვლენები წყაროთა თვალგადევნებით სანდო თარიღები არ გვაქვს, ამიტომ მათ დათარიღების გარეშე მოვიტან, თუმცა კი ჩემი აზრით ეს ამბები 1335 წლის შემდეგ წლებზე უნდა მოდიოდეს, როდესაც შიდაომების გამო დაშლილი საილხანოს ბატონთა უღელი სულ უფრო სუსტდებოდა საქართველოზე.
    გიორგიმ თავისი მმართველობის უფლის საფლავის გასაღები და იერუსალიმში ქართველთათვის ძველი პრივილეგიები დაიბრუნა ეგვიპტის სულთნისგან. „ძეგლი ერისთავთა“: „კლიტენი იერუსალემისანი სპარსთა დაიპყრესო. და დიდად შეწუხდა მეფე გიორგი (V). მაშინ წარგზავნა ძე შალვა ერისთავისა, რომელსა ერქვა პიპა, გზასა ხმელეთასა მრავლითა ძღვენითა წინაშე ნისრელისა (ე.ი. ეგვიპტისა), და წაჰყვა თანა ბანდასძე დეკანოზი იოვანე და მივიდა პიპა წინაშე ნისრელისა, ხოლო მან სიხარულით შეიწყნარა ძღვენი იგი და მისცა კლიტენი იერუსალემისანი. მივიდა პიპა ზედა საფლავსა ქრისტესსა და შეემთხვია, ჟამი აწირვა, ეზიარა და დეკანოზი იოვანე აკურთხეს მოძღვართ-მოძღვრად. და მოუწერეს სამთავნელსა და ერისთავსა ვირშელსა და ყოველსა ერსა ცხრაზმისხევისასა, რომელ მოძღვართ-მოძღვრობა ნურავის ხელ-ეწიფების გარდა ამისსა, და შემდგომად ვინცა იყოს მონასტრის მოძღვართ-მოძღვარი ...
    ხოლო პიპამან მოილოცა წმიდანი ადგილნი, და შეკრიბა ნაწილნი წმიდათანი და ხატნი მშვენიერნი და წამოვიდა მასვე გზასა ხმელეთით და მოვიდა წინაშე მეფისა და მოიღო იერლაყი შეწყალებისა და აღსრულება ყოვლისა სათხოვლისა მისისა. ფრიად გაიხარა გიორგი მეფემან, რამეთუ მოეცეს კლიტენი ქართველთა“.
    ამ თემაზე ცნობას გვაწვდის ალ უმარიც: „მან დაიწყო მიმოწერა სულტნის მაღალ კართან ჯვრის მონასტრის გამო, რათა აეღოთ მასზე დამპყრობლური ხელი, რის შედეგადაც გამოიცა სულტნის ფირმანები ქართველებისათვის მისი დაბრუნების შესახებ. ადრე ეს მონასტერი წაართვეს (ქართველებს) და გადააკეთეს მეჩეთად. იგი მდებარეობს დიდებული იერუსალიმის ფარგლებს გარეთ. მონასტრის ქრისტიანებისათვის დაბრუნება ტყუილ-უბრალოდ არ მომხდარა“.
    რუდოლფ სუდჰეიმი რომელიც იერუსალიმში 1331-1341 წლებში ცხოვრობდა, ამბობს : „ქრისტეს საფლავის კლიტე-გასაღები ქართველებს აქვთ და ისინი ამ საფლავს ისე იცავენ, რომ იქითგან დიდძალი ოქროს საფასურადაც-კი ერთ მარცვალსაც არავის გაატანენო“.
    ქართველთა პრივილეგირებული მდგომარეობა აღწერილი აქვს ბართლომეო დე სალინკოს: „იერუსალიმში სალოცავად შესვლისას ქართველები საზეიმოდ მორთულ-მოკაზმულ აქლემებზე სხედან, აფრიალებული დროშებით შედიან ქალაქში და სხვებისგან განსხვავებით სულთანს დაწესებულ გადასახადს არ უხდიან“.
***
    ძალაუფლების გამტკიცებისათვის გიორგი სასტიკად დაუსჯია მოღალატე ან ურჩი ერისთავები, რაზეც ვახუშტი და „ახალი ქართლის ცხოვრება“ მოგვითხობენ.
    ვახუშტი: „მოიყვანა ყოველნი ამის ქვეყანს ერისთავნი და წარჩინებულნი, რეცა დარბაზობად ცივსა ზედა ჰერეთისასა და ამოსწყვიდა იქ ურჩნი თვისისა მეფობისანი და დაადგინა ყოველთა ადგილთა წარვლინებულნი ერისთავნი თვისნი მორჩილებისანი და დაიპყრა ამით უმეტეს ყოველნი“. ვახუშტი წერს რომ მეფემ „დიდებულნი და ერისთავნი ვერ სცვალნა ჟამამდინ რიდითა ყეენისათა“. ანუ ეს ამბავი მხოლოდ იმის შემდეგ მოხდა როდესაც ილხანების ძალაუფლება საქართველოზე შესუსტდა ანუ 1335 წლის შემდეგ.
    ახალი ქართლის ცხოვრების ჩანართი: „ამის გიორგი მეფის ცხოვრება რაც არ სწერია, ამის გარდა კიდე ვერ ვპოეთ; ესოდენ გვეუწყა: ამის გიორგი მეფის ჟამში ჩინგიზ ყეენთა მტერობა აღუჩნდათ და წახდენ, და იმერეთს ნარინ დავითის შვილნიც ერთმანეთზედ აღდგენ, და რა დრო დაიცა მეფე გიორგიმ, ჰერთა, კახთა და სომხითის ერისთავნი, რომელნიც ჩინგიზთ (ე.ი. მონღოლებს) მიუდგენენ, კახეთს ცივზედ მოაწვივა და ამოსწყვიტა, იმიერნი და ამიერნი გაიერთა და დაიპყრა ნებისაებრ ყოველი საქართველო“.
    1330-იან წლებში გიორგი მეფეს მოუგვარებია ქართლის მთიანეთის არეულობა და მათთვის სამართლის წიგნი „ძეგლის დება“ შეუდგენია (შედგენილ იქნა 1334-35 წლებში), რასაც ვახუშტიც გვამცნობს და ჩვენამდე მოღწეული თვით ეს დოკუმენტიც.
    ვახუშტი: „მერე კვლავ განიხილა მეფემან მთიულთა და კავკასთა საქმენი, რამეთუ მრავალნი უჯერონი (ანუ უჯანონო, უსამართლო) იქმნებოდნენ. რომლისათვისცა შემოიკრიბა სპანი, შევიდა და დაიმორჩილა ყოველნი, უმეტეს პირველისა კავკასსა შინა მყოფნი. ხოლო იქიდან ჩამოვლო ცხრაზმასა ზედა, მოვიდა მუხრანს და ჩამოიყვანა იქ რომელნიც კავკასიასა შინა ქრისტიანენი იყვნენ, თავნი მათნი და ხევისბერნი. შემოვიდა ტფილისს და შემოიტანა იგინიცა და გაუჩინა მათ სამართალი და წესნი მისცა წიგნით, რათა ჰყოფდნენ წაღმართ ეგრეთ“.
    ძეგლის დება: „ჩვენ მეფეთ მეფემან გიორგიმ, ძემან ყოველთა შორის წარჩინებულისა მეფეთ მეფის დიმიტრისამან, დავდევით ძეგლი ესე განაჩენი, მას ჟამსა ოდეს შევედით მთიულთა შიგან მოსავლელად ღვთის მოწყალებითა ყოვლგნით უცილებლად ქონებასა შინა სამეფოსა ჩვენისასა და უცილებლად პყრობად ტახტისა და სკიპტრისასა.
    წავედით ტახტით ჩვენით ქალაქით და შევედით სასახლესა ჩვენსა ჟინვანს და იქიდან მივედით ხადა ცხაოტს და მოვასხენით ყოველნი იქნებურნი ხევის ბერნი და ჰეროვანნი (=ერი, მოსახლეობა) და გავიგონეთ მათნი საქმენი. დავსხედით მათსა სასაქმოსა.
    და მივედით დარიელამდის და ვსცანით ესე, რომელ ღვთივ გვირგვინოსანთა და სანატრელთა ჩვენთა ჩამომავალთა მეფეთაგან ამად არ გასჩენოდა ძეგლითა გაჩენითა და დადებითა სისხლისა და სხვათა და მრავალთა უწესოთა მიმძლავრებულთა საქმეთა რომელნიმე საქმისა, რომლისათვის პრიანებოდათ აღრევით ყოფა ერთმანეთსა შიგან და რომელთამე სხვის ჟამისა შემოსულობისათვის უკვე ყოფა გაჩენა ვერ სწრებოდა-ღა და სრულად მთიულთა მოკლებასა და გაჩენასა.
    და ჟამ გვცეს, მოწყალებითა ღვთისათა დარეალით მობრუნებულთა ვილოცეთ ლომისის მთავარ მოწამის წინაშე და ჩამოვიარეთ ცხრაზმის ხევი და მოვიკლევით იქაური სასაქმო.
    მოვედით მუხრანს საზამთროსა ჩვენსა და დავდეგით და შემოვედით ქალაქსა და შემოვიტანეთ თემისა და თემისა ერისთავნი და ხევის თავნი და ხევის ბერნი და ჰეროვანნი.
    დავსხედით და დავსვით წმიდა მეფე და ქართლისა კათალიკოზი ეფთვიმი და დავსხით ვაზირნი და ეპისკოპოსნი და მოურავნი და გავიგონეთ, რომელ დიდი უსამართლო და მძლავრებულობა ქმნილ იყო ერთმანეთსა ზედა და სისხლის მსუბუქობისათვის ადვილ ჩნდა ჩვენდა ერთმანეთის ღალატად დასმა და დაქცევა ციხეთა, სიკვდილი, ცოლის წაგვრა და უბრალოდ დაგდება და მრავალფერნი ულუსობა და ყოველნივე სამართალი აღარ იყო-ღა.
    და დღეისით წინათღა ერთმანეთის საყოფთა საქმეთა ამად აღარ შემოვიღეთ, ერთმანეთის ამოსვლა არ იქნებოდა, განაჩენ-დაუდებლობა ექმნათ. და აწ ყველა გავაჩინეთ, რა რიგად ვის რა ეყოს, ერთმანეთის ავი სისხლი სდგეს, ანუ სხვა სასაქმო რაგინდარა იყოს, – გარდახდეს. ჯვართა ყელს აქეთ, ხადა ცხაოტს, ზანდუკის ხევს კიბეთ ქვეშეთ და მენესოს ზემოთ ეს განაჩენი დავდევით.
სასჯულო საქმე და საეკლესიო რისაც გინდა სასაქმოსა. – კაცის მკვლელთა, ეკლესიის მკრეხველთა, ცოლის დამგდებელთა უბრალოსათა, ან წამგვრელთა სხვათაგან. სხვა რაც სასჯულო საკითხავი იყოს, იგი კათალიკოზმან და მათ განაჩენთა მათ ზედა ეპისკოპოსთა მათ ჰკითხონ. ჩვენ მსოფლიოსა ამის სისხლი, პატივი და სასაქმო გაგვიჩენია. დღეიდან წაღმა ესეთ იქმნას“.
***
    გიორგის დროს პაპს 1329 წლიდან სმირნის კათოლიკური საეპისკოპოსო თბილისში გადმოაქვს. პაპის ამბიცია იყო აღმოსავლეთში პოზიციების შენარჩუნება-განმტკიცება და ამ პერიოდში სოხუმშიც ამიტომ აარსებს კათოლიკურ საეპისკოპოსოს. სმირნა 1317 წლიდან ოსმალთა ხელთ იყო, რომლებიც მუდმივად ომს აწარმოებდნენ ქრისტიანების წინააღმდეგ და პაპის ამოცანებისათვის იგი გამოუსადეგარი იყო და უკეთეს ვარიანტს ეძებდა. მოვიტან პაპის ბულის ამონარიდს: „შემდგომ ბევრის რჩევისა და გამოძიებისა დავრწმუნდით ჩვენ და ჩვენი ძმები კარდინალები, რომ ტფილისი, ქართველთა სამეფოს შუაგული ადგილი, საუკეთესო, მეტად შესანიშნავი, ერით სავსე, მარჯვე და სიმდიდრით უხვი ქალაქია. გავლილ დროებში უფროსთა ნებით წასულმა დომინიკიანებმა, მოღვაწეობით და დაუცხრომილის შრომით, თუ ამ ქალაქისა და თუ მის გარეშე ადგილების მცხოვრებთა უმეტესი ნაწილი მოაქციეს კათოლიკე სარწმუნოებაზედ; აწ მათ სწამთ და აღიარებენ ყოველსავე იმას, რაცა სწამს, აღიარებს და ასწავლის რომის ეკლესია. ამიტომ ღვთის სახელის საქებ-სადიდებლად, სარწმუნოების პატივისათვის და გასავრცელებლად, ჩვენის ხსენებულის ძმების რჩევით და ჩვენის სრულის მოციქულებრივის ხელმწიფების ძალით სმირნის საეპისკოპოსო კათედრა გადაგვაქვს ხსენებულის ტფილისის ქალაქსა. რადგან, უკეთუ სამოციქულო საყდრის მოწყალებით ადგილს დაინიშნა ეპისკოპოსი, რომელმაც უნდა შეუდგინოს და მოუკლებლივ ასწავლოს კათოლიკე მოძღვრება ერსა, დარწმუნებული ვართ და მტკიცედ ვსასოებთ, როგორათაც ზემორე მოხსენებულიდგანაცა სჩანს, უფლის შემწეობით მორწმუნენი გამტკიცდენ სარწმუნოებაში და ბევრი ურწმუნოც ადვილად მოიქცეს ჭეშმარიტების ნათლისადმი, რომელიც არის ქრისტე. თუ ამისა და თუ სხვა დიდათ სასარგებლო მიზეზების გამო, ჩვენ გადავწყვიტეთ და ჩვენის ხსენებულის სრულის უფლებით ტფილისი გავხადეთ საეპისკოპოსო ქალაქად და გვნებავს შემდეგშიაც დარჩეს ესედ და ეწოდებოდეს მუდამ ტფილისის საეპისკოპოსო ქალაქი...“.
    ახლად დაარსებული თბილისის საეპისკოპოსო პაპმა დაუმორჩილა სულთანიეში (ილხანთა სატახტოში) 1318 წელს დაარსებულ საეპისკოპოსოს, როგორც ჩანს, სწორედ იმის გამოც, რომ პოლიტიკურადაც საქართველოს ილხანთა კონტროლის ქვეშ მიიჩნევდა.
***
    გიორგის მეფობა მძიმე ფაქტით დასრულდა, რაც საშინელი სენის მძინვარების დროს მოხდა. „შავი ჭირი“, პირველად 1338-1339 წლებში გაჩნდა შუა აზიაში. ამას მოწმობს ისიყ-ყულის ტბის მიდამოებში („შვიდ მდინარისპირეთში“) აღმოჩენილი ათასობით საფლავი. შემდეგში, 1346 წლისთვის, შავი ჭირი, ურგენჩიდან (ხორეზმი) სავაჭრო გზით გავრცელდა შავი ზღვის ყირიმის სანაპიროზე, შემდეგ კი მოედო ჩრდილო აფრიკას, ევროპას (ინგლისის ჩათვლით), მთელ კავკასიას, რუსეთის სამთავროთა ნაწილს. იგი ორ წელს მძინვარებდა და უამრავი ადამიანი შეიწირა. როგორც რამდენიმე შემორჩენილი პირველწყარო გვამცნობს სენი საქართველოსაც მოსდებია და დიდი სიკვდილიანობა გამოუწვევია. შესაძლოა მას შეეწირა თვით მეფეც. საქართველოს ტახტზე მისი ძე დავით IX (1346-1367) ავიდა.
***
ბოლოს მოვიტან ვახუშტის ცნობების იმ ნაწილს, რომლის გადამოწმებაც სხვა წყაროებით არ ხერხდება: „რომელმა ნოინთაგანმა დაიპყრა ადრაბაგანი, ამანვე იწყო დაპყრობად სომხითისა, რანისა და მოვაკანისა და მოვიდა განჯას, რათა დაიმორჩილოს გიორგი მეფეცა. ამისი მცნობელი მეფე მიეგება სპითა თვისითა, ეწყო და ბრძოლა ძლიერი; ძალითა ღვთისათა მოსრა მეფემან ბანაკნი მათნი და ივლტოდნენ და ამოწყვედდნენ სპანი მეფისანი მახვილითა და შემოიქცა გამარჯვებული ალაფითა დიდითა.
    კვლავ ეგრეთვე საბერძნეთის სულტანმან ორხანმა ინება, რათა დაიპყრას კლარჯეთი და მიმდგომნი მისნი. მცნობმან გიორგი მეფემან მიუვლინა მას ზავისა პირი, ხოლო მან არა ინება და შეკრებილი სპითა მეფე განეწყო წინაშე სულტანსა, მოსცა ღმერთმან ძლევა და მოსრა ურიცხვი თურქნი და ივლტოდნენ სულტნითურთ. ხოლო მეფე მხიარული ალაფითა მათითა სავსე შემოიქცა გამარჯვებული და მოვიდა კვლავ ტფილისს.
    ამისა შემდგომად უმეტესად დაიმორჩილა მან რანი და მოვაკანი და სომხითი და მარადის მოსცემდნენ ხარკსა და არცაღა იყვნენ თათარნი საბრძანებელსა მისსა. ხოლო ვინაიდან დაიმორჩილა და დაიმონა ყოველი საქართველო ნებასა შინა თვისსა და კავკასნიცა მორჩილებასა მისსა იყვნენ ნოკოფსიიდამ დარუბანდამდე; კვლავ რანი, მოვაკანი და შარვანში მოხარკედ ქონდა და არღარავინ იყო წინააღმდეგი და ურჩი მისი, შემოიკრიბა კათალიკოზნი და ეპისკოპოზნი ივერიისანი და განაახლეს წესნი და რიგნი საეკლესიონი და სამღვდელონი გამართეს, და დაადგინეს მოწესენი წესსა ზედა თვისსა და უწესურნი განკვეთეს.
    ხოლო ამისთვის ეწოდა მეფესა ამას გიორგი ბრწყინვალე, რამეთუ იყო ჰაეროვნებითა, მშვენიერებითა და ახოვნებითა უებრო, მოწყალე, უხვი, ობოლთა და ქვრივთა და დავრდომილთა შემწყნარებელი. მეორედ, ვინაიდან იყო საქართველო დაფანტული, სამთავროდ და სამეფოდ დაყოფილი, ამან სიბრძნე-გონიერებითა და ძლიერებითა თვისითა კვლავ შემოიკრიბა და იგონა, როგორცა აღმაშენებელმა, გაავსო და აღაშენა ქვეყანანი, რჯული და სამოქალაქო წესნი გააბრწყინვა, ეკლესიანი დარღვეულნი და მოოხრებულნი აღაშენა, განაახლა და გაანათლა; ხოლო რანი, შარვანში და მოვაკანი მოხარკედ ჰყვნა თავისად; სძლია ყოველთა, სადაც ჯერ იყო ბრძოლითა და ძლიერებითა და სადაც საჭირო იყო სიბრძნე-გონიერებითა და მეცნიერებითა თვისითა დაამშვიდა, და მეფობდა მეფობითა კეთილითა საქართველოსა ზედა კჱ (28) წელსა. შემდგომად გარდაიცვალა ყოვლითა კეთილითა და ღვთისმსახურებითა სავსე ტფილისს ქრისტესსა ჩტმვ (1346), ქართულსა ლდ (34)“.
    ერთადერთი წყარო სადაც ნახსენებია არან-შირვანში ლაშქრობა არის კირილე დონაურის „ანდერძი“ (დათარიღებულით): „ოდეს ბრწყინვალემან მეფემან გიორგი გაიმარჯვა აგარიანთა ზედა განძას და შირვანს, მას ჟამსა შინა ჩვენნი სამწყსონი შაქქურმუხისანი ჩინებულად იბრძოდეს ძლევად მტერთა და ამისთვის უძლეველმან გიორგი გვიწყალობნა სიგელ და დაგვიმტკიცნა ჩვენ ქიშელ-ქურმუხელს. ზღვარი ყვ... ლსა... განუხს. მამულნი ყაბალასა ძუარი ვარდთა შენს სავაჭრონი და ვაჭარნი შვიდნი და შირაქისა: საბალახენი და ქართველთა მთასა ზედა საბალახენი და ქართველთა მთასა ზედა საბალახენი და მტკვარსა თევზისა საბაჟენი ახტაშისანი ღმერთმან წარუმართნეს უძლეველსა მეფესა გიორგი ბრწყინვალესა, რომლისა მეოხებითა უმეტესად განძლიერდა ქრისტეანობა: მთეულთა შორის და კვლავ განმტკიცდა ერთობა საქართველოსა შინა ამინ აღიწერა: ესე ქ-სა კა: თვესა მარტსა: ე“(=1333 წლის 5 მარტი).
    გ. ალასანიას კომენტარი: „აქ ძნელია რომელ გამარჯვებაზეა საუბარი, რადგან უცხოური წყაროების მონაცემები ადასტურებს, რომ გიორგი მონღოლთა დაქვემდებარებაში რჩება. „დოკუმენტში მოტანილ ცნობაში არ ჩანს, როდის მოხდა ჩვენთვის საინტერესო ფაქტი. არ არის გამორიცხული, რომ იქ მოხსენიებული ბრძოლა ყოფილიყო ჯერ კიდევ ემირ ჩობანის დროს, ან თუნდაც ილხანებთან გიორგი ბრწყინვალის ურთიერთობების აღდგენის შემდეგ, უზბეკ ხანის წინააღმდეგ, ხოლო გიორგი ბრწყინვალე ამ შემთხვევაში ილხანების ინტერესების დამცველი ყოფილიყო ჩრდილოეთიდან შემოჭრილი ძალების წინააღმდეგ“.
    მართლაც სარწმუნო სპარსული წყაროებით არანაირად არ ჩანს გიორგის ბატონობა არან-შირვანში, ჩრდილო კავკასიასა და მითუმეტეს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. მიუხედავად ფილიპე ვალუას ცნობისა, რომ გიორგი ამ დროს დამოუკიდებელი მეფეა ილხანებისგან, სადაც ამ დროს არეულობაა, სპარსული წყაროები საპირისპიროს ადასტურებს და ასეთი აჯანყება და შეტევაზე გადასვლა, რომ ჰქონოდა გიორგის, ამას მოჰყვებოდა საპასუხო სადამსჯელო ლაშქრობა საქართველოზე. არადა გიორგი არ დასჯილა არც მისი მფარველის ჩობან ნოინის განადგურებისას აბუ საიდის მიერ და არც მისი მეორე მფარველ-მოკავშირის, ჰასან ჯალარიანის დამხობისას ჩობანიანების მიერ, რაც მის მოხერხებულობასა და დიპლომატიურ უნარებზე უნდა მეტყველებდეს სხვა ფაქტორებთან ერთად.
    გიორგისა და მისი ძის მეფობის დროს ჩრდ. ოსეთში ილხანთა მონეტები იბეჭდება, თუმცა ეს ილხანების საქართველოსა და ჩრდილო ოსეთზე გავლენის გავრცელებას უნდა ნიშნავდეს და არა გიორგის მიერ ჩრდილო ოსეთის და მითუმეტეს მთელი ჩრდილო კავკასიის დაპყრობაზე, რას მის სამეფოს ოქროს ურდოსთან ომში შეიყვანდა.
    ხელოვნურად არის შექმნილი ოსმალთა მეთაურ ორხანის (1324-1362) ლაშქრობა კლარჯეთზე. იგი კონცენტრირებული იყო ჩრდ-დას. მცირე აზიის დაპყრობებზე და აღმოსავლეთით მისი მაქსიმუმი სამფლობელო ანკარა იყო. ამდენად გამორიცხულია სხვების სამფლობელოების გავლით კლარჯეთზე მისი შემოსევა და ქვეყნის ასე შორს წამოვლით მიტოვება, იმ დროს, როდესაც მეტოქეებით იყო ოსმალეთი გარსშემორტყმული. ზოგადად ეს არ გამორიცხავს თურქების ამ დროს სემოსევას, როგორც ეს იყო ბექა ჯაყელის დროს და შესაძლოა რამე ასეთი ცნობა ჰქონოდა ვახუშტის, რომელშიც ზეპირსიტყვიერებით ორხანი იყო ჩასმული, ან თვითონ ჩასვა.
    ამდენად ვახუშტის მთელი ეს ტექსტი წესით ზეპირგადმოცემებსა და ნაწილობრივ საკუთარ ფანტაზიაზე უნდა იყოს დაყრდნობილი, რომლითაც ცდილობს ლამაზად შეაჯამოს ბრწყინვალედ წოდებული მეფის საქმიანობა და დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას დაამსგავსოს. არადა მეფეს ისედაც ურთულეს დროში მოუწია მეფობა და დავალებას თავი მართლაც საკმაოდ ღირსეულად გაართვა. აქედან გამომდინარე იმსახურებს მისი მოღვაწეობა მითების გარეშე იქნას შეფასებული.
    ასევე ქართველ მეცნიერთა მცდარი ინტერპრეტაციით მიეწერა გიორგის ორი მიღწევაც: ე.წ. „გიორგაული თეთრის“ მოჭრა (რომელიც როგორ ნუმიზმატებმა გაარკვიეს გიორგი VII-ის მიერ არის მოჭრილი) და ტრაპიზონის შიდა საქმეებში ჩარევა 1241-1242 წლებში.
    პანარეტოსი ტრაპიზონის ქრონიკაში მოგვითხრობს: „5 ივლისს, პარასკევს, მეცხრამეტე ინდიქტიონს 6849 (1341) წელს გარდაიცვალა ბიზანტიის ბასილევსი ბატონი ანდრონიკე პალელოგოსი (ანდრონიკე III 1328-1341). იმავე თვეს და იმავე დღეს დახოცეს თავადები ლიმნიაში. კვლავ იმავე წელს 4 ივლისს, ოთხშაბათს მივიდნენ ამიდელი თურქები. რომაელები (ირინე პალელოგოსის დაქირავებული ჯარი იგულისხმება) უომრად გამოიქცნენ და დაიხოცა ბევრი ქრისტიანი, დაიწვა მთელი ტრაპიზონი შიგნით და გარეთ; დაიწვა ბევრი ხალხი – ქალები და ბავშვები. ამ უბედურების დატეხის შემდგომ, დამწვარი პირურტყვებისა და ადამიანების ავი სუნისგან შავი ჭირი გაჩნდა, მაგრამ ამაზე ადრე (ე.ი. არაუგვიანეს ივნისის თვისა) დიდი კომნინოსის ბატონი ალექსის ასულმა, ქალბატონმა ანამ, სახელდებულმა ანახუტლუდ (ალექსი II-ის უფროსი ასული), სამონაზვნო სამოსი გაიძრო, წავიდა ლაზიაში (რიზე-ათინას მხარე უნდა იგულისხმებოდეს, რადგან საქართველოს პანარეტოსი ყველგან იბერიად მოიხსენიებს და აქ არსად არ აქვს ნახსენები იბერიელები) და იქ გამაგრდა. ხანძრისა და თავდასხმის შემდეგ ანახუტლუ მოვიდა ლაზური ჯარით და დაიპყრო მეფობა იმავე წლის 17 ივლისს, სამშაბათს. პალელოგოსის ასული კი გადადგა ტახტიდან – იმეფა სულ ერთი წელიწადი და 3 თვე.
    იმავე წლის ივლისის 30-ს, ორშაბათს, მოვიდა დიდი ქალაქიდან (კონსტანტინოპოლიდან) ალექსის ძმა ბატონი მიხეილ კომნინოსი 3 კატარღით და თან ახლდა სქოლარისი ბატონი ნიკიტა და ბატონი გრიგოლ მიზომატისი. საღამოს ჩავიდნენ თავადები ფიცით და მიტროპოლიტი ბატონი აკაკიოსი სახარებით და მიიღეს იგი როგორც თვითმპყრობელი. დილით კი, არ ვიცით როგორ, ხალხმა იგი შეიპყრო, ხოლო კატარღები გაძარცვეს ლაზებმა და ბევრი დახოცეს (მოსულები) ისრებით. 3 აგვისტოს, პარასკევს, იმავე 6849 (1341) წელს კვლავ მოვიდნენ ამიდელი თურქები, მაგრამ, ღვთის წყალობით, ვერ გვძლიეს ჩვენ, არამედ სირცხვილეულნი, ცარიელნი წავიდნენ. იმავე თვის 7-ს, იმავე წელს გაიგზავნა დატყვევებული ბატონი მიხეილ კომნინოსი ინეონს (დღევ. ქ. უნიე), შემდეგ კი ლიმნიას. იმავე თვის 10-ს, იმავე წელს, ქალბატონი ირინე პალელოგოსი ფრანგული კატარღით კონსტანტინეპოლს გაიგზავნა.
    10 სექტემბერს გაიქცნენ სქოლარისი ბატონი ნიკიტა და მიზომატისი ბატონი გრიგოლი, დორანიტისი ბატონი კონსტანტინე და ძე [მისი] იოანე და ძმა მიზომატისისა – მიქელი და სხვანი იმ პარტიისა და ვენეციელთა კატარღით მივიდნენ კონსტანტინეპოლს. მათ მოიცადეს იქ 17 აგვისტომდე და მერე წამოვიდნენ ბატონ იოანე კომნინოსთან, ბატონ მიხეილის ძესთან, ერთად; ორი კატარღა თავისი ჰყავდათ, სამი კი გენუელებისა და დაიპყრეს ტრაპიზონი 4 სექტემბერს, ოთხშაბათს, 6851 (1342) წელს, და იმავე თვის სექტემბრის 9-ს ქრისოკეფალოსის ტაძრის ამბიონში გვირგვინი დაიდგა. მის ჩამოსვლაზე მთელი ქვეყანა შეიკრიბა და მოხდა სასტიკი დევნანი და ბევრი ძარცვა-გლეჯა. მაშინ დახოცეს აგრეთვე თავადები ამიძანტარიოსები, გიორგის დედა სარგალე დაახრჩობინეს და მასთან ერთად დაახრჩობინეს ანა-ხუტლუც, რომელმაც იმეფა ერთ წელიწადს, ერთ თვეს და 8 დღეს“.
    სინამდვილეში ანა-ხუტლუმ იმეფა 1341 წლის 17 ივლისიდან 1343 წლის 4 სექტემბრის ახლო ხანამდე. ეს კი ბევრად მეტია 1 წელსა და 1 თვეზე.
    ამ ცნობას ავსებს ბიზანტიელი ავტორი ნიკიფორე გრიგორასი (1290-1360): „ირინეს მოწინააღმდეგეთა დასმა დაიყოლია იგი (ანა ხუტლუ) მოლოზნის კაბა გაეხადა და ლაზიკაში წასულიყო, სადაც იგი მეფედ იქნა გამოცხადებული. ლაზები, ჭანები და ყველა ადგილობრივნი თავის მშობლიურს, კომნენოსთა ოჯახიდან გამოსულს აძლევდნენ უპირატესობას, პალელოგოსთა ოჯახიდან გამოსულ ირინეს წინაშე“. წესით აქ ყველაფერი ნათელია და თუ ძალიათ არ გვინდა რომ დავინახოთ, ლაზიკაში საქართველოს ვერანაირად ვერ დავინახავთ, მითუმეტეს, რომ საქართველოს ამ დროს ლაზიკას აღარ ეძახიან.



четверг, 19 октября 2023 г.

აინჰარდი კარლოს დიდის ცხოვრება (ამონარიდები)

    აინჰარდი იყო VIII-IX სს.-ის (770-840 წლ.) ფრანკი ისტორიკოსი. მოღვაწეობდა კარლოს დიდის სამეფო კარზე, ხელმძღვანელობდა აკადემიას. ავტორია „კარლოს დიდის ცხოვრების“, რომელიც მეფის სიცოცხლეშივე დაწერა.
აინჰარდი კარლოს დიდის ცხოვრება (ამონარიდები)
    „შევუდექი რა ჩემი ხელისუფლისა და მფარველის, დამსახურებულად სახელგანთქმული მეფის კარლოსის ცხოვრების, ხასიათისა და გმირობების აღწერას, მიზნად ვისახავდი, ამბები მოკლედ გადმომეცა, მაგრამ, და თანაც, არცერთი ცნობა არ გამომრჩენოდა. მართალია, ეჭვი არ მეპარება, რომ ჩემ გარდა კიდევ გამოიძებნებიან განათლებული ადამიანები, რომლებიც თანამედროვე ისტორიას აღწერენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ვერცერთი მათგანი ისე ჭეშმარიტად ვერ აღწერს იმას, რაც მე შევიცანი და საკუთარი თვალით ვიხილე. მთავარია, დავიწყებას არ მიეცეს თავისი დროის უდიდესი მეფის განუმეორებელი და სახელოვანი საქმენი.
    იყო მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელმაც გარჯა გადამაწყვეტინა: ეს იყო კარლოსის ზრუნვა და მეგობრული დამოკიდებულება ჩემდამი, რომელსაც მუდმივად ვგრძნობდი სამეფო კარზე ყოფნისას. მეფემ თავისი კეთილგანწყობით სიცოცხლეშიც და სიცოცხლის შემდეგაც მის მოვალედ მაქცია. სამართლიანად დამადანაშაულებდნენ უმადურებაში, თუ დუმილით გვერდს ავუვლიდი მის ბრწყინვალე საქმეებს.
    კარლოსი იყო მხარბეჭიანი, მაღალი, მაგრამ არა მეტისმეტად. ჰქონდა მრგვალი თავი, თვალები დიდი და ცოცხალი, ზომაზე ოდნავ დიდი ცხვირი, ლამაზი ჭაღარა, მხიარული და მიმზიდველი სახე. უყვარდა ვარჯიში, ცხენოსნობა და ნადირობა. მას ყოველთვის ეცვა ფრანკული ტანსაცმელი – ტანზე სელის პერანგი, სელის ქსოვილის საცვლები, აბრეშუმით მოქარგული ტუნიკა და შარვალი. ზამთარში მხრებზე წამოსხმული ჰქონდა სიასმურის ბეწვიანი ტყავი. უცხოურ ტანსაცმელს, რაგინდ ლამაზიც უნდა ყოფილიყო, არ იცმევდა.  მხოლოდ ერთხელ, რომის პაპის ლეოს თხოვნით ჩაიცვა რომაულ წესზე.
    მეფე ჭამა-სმაში იყო ზომიერი, არ უყვარდა სიმთვრალე და მთვრალი ადამიანი, სადილობის დროს უსმენდა მუსიკას ან ტკბებოდა ნეტარი ავგუსტინეს თხზულებების კითხვით. ის არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ  მშობლიური ენის  ცოდნით, გულმოდგინედ სწავლობდა უცხოურ ენებსაც. შეისწავლა ლათინური, ბერძნული უფრო ესმოდა, ვიდრე ლაპარაკობდა. სწავლობდა ანგარიშს, მას ჩვეულებად ჰქონდა, საწოლქვეშ ჰქონოდა პატარა ფიცარი და ფურცელი, რათა თავისუფალ დროს ევარჯიშა წერაში,  მაგრამ ამ საქმეში მცირე წარმატება ჰქონდა, ვინაიდან ძალიან გვიან დაიწყო ეს საქმე.
    ძლევამოსილი მეფე 47 წლის განმავლობაში დიდი სიბრძნითა და წარმატებით წარმართავდა სამყაროს სხვადასხვა მხარეში ომებს. ამ ომების წყალობით მან საფუძვლიანად გააფართოვა მანამდე ისედაც გაზრდილი და ძლევამოსილი ფრანკების სამეფო, რომელიც მამისგან – პიპინისგან მიიღო... ადრე ხომ ფრანკთა მეფეებს გალიის მხოლოდ ის ნაწილი ემორჩილებოდა, რომელიც რაინს და ოკეანეს შორისაა ბალეარის ზღვამდე. კარლოსმა კი ზემოხსენებულ ომებში ჯერ აკვიტანია, ბასკონია და პირენეს მთელი მთიანეთი დაიმორჩილა მდინარე იბერამდე, შემდეგ მთელი იტალია შემოიერთა... სამხრეთ კალაბრიამდე... შემდეგ შემოიერთა საქსონია, რომელიც გერმანიის დიდ ნაწილად გვევლინება და ორჯერ მეტია, ვიდრე ფრანკებით დასახლებული ნაწილი... ბოლოს ისე დააწყნარა და მოათვინიერა ყველა ბარბაროსული და ველური ხალხი, რომლებიც გერმანიაში – რაინს, ოკეანეს და დანუბიას (დუნაის) შორის ცხოვრობენ (ხალხი, რომელიც ენით ძალზე ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ გარეგნობითა და ჩვეულებებით ძლიერ განსხვავდება), რომ თავის მოხარკეებად გაიხადა, ზოგი მფარველობაში მიიღო. ზოგიერთ მეფეს თან და ხალხთან მეგობრობით მისი მმართველობა კიდევ უფრო სახელოვანი გახდა...
    იმ დროს, როდესაც ხანგრძლივი და თითქმის განუწყვეტელი ბრძოლა მიმდინარეობდა საქსების წინააღმდეგ, კარლოსმა მათთან საზღვარზე, მოსახერხებელ ადგილას გარნიზონები განალაგა, თვითონ კი გაემართა ესპანეთში დიდძალი სამხედრო ძალით. პირენეის ხეობის გადალახვის შემდგომ მას დანებდა ყველა ქალაქი და ციხესიმაგრე, რომელსაც კი მიუახლოვდა. უკან მეფე მშვიდობიანად და უდანაკარგოდ დაბრუნდა. უკანა გზაზე, პირენეის უღელტეხილზე, მცირე ხნით ბასკების ვერაგობა იწვნია. როცა კარლოსის ჯარი გაწელილი მწყობრით მიდიოდა, მთის მწვერვალზე ჩასაფრებული ბასკები ზემოდან დაესხნენ თავს რაზმს, რომელიც ბარგსა და წინ მიმავალთ იცავდა. ბასკებმა ბრძოლაში ერთიანად ამოწყვიტეს ეს რაზმი, გაძარცვეს აღალი და დაბნელებისას სწრაფად გაუჩინარდნენ სხვადასხვა მხარეს. ამ წარმატებაში ბასკებს დაეხმარა იარაღის სიმსუბუქე და ადგილმდებარეობა, სადაც ბრძოლა მიმდინარეობდა. საპირისპიროდ ამისა, ფრანკებს ხელი შეუშალა მძიმე შეიარაღებამ და რთულმა ადგილმდებარეობამ. ამ ბრძოლაში, სხვა მრავალთან ერთად, დაიღუპა ბრეტანის მარკის პრეფექტი რუოდლანდი (როლანდი).
    ჰარუნ-ალ-რაშიდი (ბაღდადის ხალიფა 786-809 წწ.) სპარსელების მეფე, რომელსაც ინდოეთის გამოკლებით აღმოსავლეთში მცხოვრები თითქმის ყველა ხალხი უხდიდა ხარკს, ისე მეგობრულად იყო განწყობილი კარლოსის მიმართ, რომ მის კეთილნებას ყველა მეფის თუ უფლისწულის ნებაზე მაღლა აყენებდა და თვლიდა, რომ ერთადერთი პიროვნება იყო, რომელიც ნამდვილად იმსახურებდ ასაჩუქრებსდა კეთილგანწყობას. როდესაც კარლოსის წარგზავნილებმა შესაწირი ჩაიტანეს ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესოს, ჯვარცმის ადგილზე და ჰარუნს თავიანთი ბატონის სურვილი აუწყეს, მან არამხოლოდ შეუსრულა თხოვნა, არამედ აზრი გამოთქვა, ეს წმინდა მისია კარლოსის უშუალო იურისდიქციის ქვეშ გადასულიყო (იესოს საფლავსა და ჯვარცმის ადგილზე კარლოსმა ელჩი გაგზავნა, იერუსალიმიდან კი იერუსალიმის პატრიარქმა წმინდა ადგილის გასაღები გამოუგზავნა არა მორჩილების, არამედ პატივისცემის ნიშნად). როდესაც წარგზავნილების სამშობლოში დაბრუნების დრომ მოაწია, ჰარუნმა ძვირფას საჩუქრებთან ერთად თავისი ხალხი გამოაყოლა, რათა მათ წამოღებაში მიხმარებოდენ. რას არ ნახავდა კაცის თვალი საჩუქრებს შორის: ძვირფას მოსასხამებს, სანელებლებს და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების საოცრებებს (ჰარუნ-ალ-რაშიდის გამოგზავნილ საჩუქრებში იყო კიდევ წყლის საათი, შანდლები და კარავი, რომელთაც აინჰარდი არ ასახელებს). რამდენიმე წლით ადრე კი ჰარუნმა თავისი ერთადერთი სპილო გაუგზავნა კარლოსს, რადგან ფრანკთა მეფემ სთხოვა“.
ომი საქსებთან
    ფრანკი ხალხის მიერ გამართული ომებიდან არცერთი არ ყოფილა ისეთი ხანგრძლივი და მძინვარე, როგორიც საქსებთან, რადგან ისინი, ისევე, როგორც გერმანელთა ყველა ტომი, ბუნებით სასტიკები იყვნენ. თაყვანს სცემდნენ ეშმაკს და მტრულად იყვნენ განწყობილნი ჩვენი რელიგიის მიმართ. ისინი უპატივცემულობად არ მიიჩნევდნენ ღვთაებრივი და ადამიანური კანონების დარღვევას. გარდა ამისა, არსებობდა გარკვეული გარემოებები, რომლებიც ყოველდღიურად იწვევდა მშვიდობის დარღვევას. ჩვენ შორის არსებული საზღვარი, გარდა რამდენიმე ადგილისა, სადაც დიდი ტყეები და მთიანი ქედები იყო, ძირითადად, შიშველ მიწებზე გადიოდა, რაც განაპირობებდა დაუსრულებელ მკვლელობებს, ქურდობებსა და ხანძრებს ორივე მხარეს.
    ამის გამო ფრანკები იმდენად გაღიზიანდნენ, რომ გადაწყვიტეს, საქსებთან, ცალკეული დარბევების ნაცვლად, საომარი მოქმედებები დაეწყოთ (772 წ.). შესაბამისად, ომი დაიწყო. რომელიც დიდი მრისხანებით 33 წელი მიმდინარეობდა. ომი საქსებისათვის უფრო წარუმატებლად მიმდინარეობდა, ვიდრე ფრანკებისათვის. ეჭვგარეშეა, რომ ომი უფრო ადრე დასრულდებოდა, რომ არა საქსების ურწმუნოება. რთულია იმის დათვლა, თუ რამდენჯერ დაიპყრეს ისინი, თავადაც რამდენჯერ დამორჩილდეს მეფეს და პირობა დადეს, რომ იზამდნენ იმას, რასაც უბრძანებდნენ. უყოყმანოდ აბრუნებდნენ მძევლებს და იღებდნენ მეფისგან წარგზავნილ წარმომადგენლებს. ზოგჯერ იმდენად დასუსტებულნი და შემცირებულნი იყვნენ, რომ ეშმაკების თავყვანისცემაზე უარის თქმასა და ქრისტიანობის მიღებასაც კი ჰპირდებოდნენ, მაგრამ ყოველთვის მზად იყვნენ, დაერღვიათ ეს დაპირებები.
    ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა ისე, რომ მსგავსი რამ მათი მხრიდან არ მომხდარა... მეფეს არასდროს დაუტოვებია დაუსჯელი მათი ურწმუნო ქმედებები. იგი ხან თავად გადიოდა ბრძოლის ველზე, ხანაც თავის გრაფებს აგზავნიდა ჯართან ერთად, რათა შური ეძია და სამართლიანად დაესაჯა საქსები. მას შემდენ, რაც დაიპყრო და დაიმორჩილა ყველა, ვინც წინააღმდეგობას უწევდა, მდინარე ელბას სანაპიროზე გადმოასახლა 10000 კაცი თავიანთი ცოლებითა და შვილებით. დაასახლა ისინი გალიისა და გერმანიის ტერიტორიაზე (804 წლ).
    ომი, რომელიც ამდენ წელს გაგრძელდა, საბოლოოდ მეფის მიერ შეთავაზებული პირობების მირებით დასრულდა. მათ უარყვეს თავიანთი რელიგიური წეს-ჩვეულებები და ეშმაკების თაყვანისცემა, მიიღეს ქრისტიანული სარწმუნოება და მისი საიდუმლოებები, გაერთიანდნენ ფრანკებთან, რათა შეექმნათ ერთიანი ხალხი.
https://web.archive.org/web/20110524213553/http://www.vostlit.info/Texts/rus11/Einhard/frametext.htm


воскресенье, 15 октября 2023 г.

როგორ მოვამზადოთ საჯარო სიტყვა

    საჯარო სიტყვაზე მომზადებისას წინასწარი მომზადება უნდა შეეხოს როგორც სასაუბრო თემას, ასევე გამოსვლის ტექნიკას. ტექსტი უნდა იყოს ადვილად აღსაქმელი, მოკლე ფორმულირებებით. მასში დაცული უნდა იყოს ლოგიკური და ფსიქოლოგიური აქცენტები, პაუზები.
გათვალისწინებული უნდა იქნას შესავლის, ძირითადი ნაწილისა და დასკვნის დანიშნულება და აგების პრინციპები.
I. შესავალი სამი ნაწილისაგან შედგება
1. შესავალი შენიშვნა. იგი არის „ანკესი“, რომლითაც ხდება მსმენელთა ყურადღების დაპყრობა.
2. გამოსვლის კონკრეტული მიზნის გადმოცემა
3. თემის მთავარი ნაწილების განხილვა.
ყურადღების დაპყრობის ხერხები (შესავალში):
I აპელაციის მეთოდი:
1. აპელაცია ავტორიტეტზე (კლასიკოსები, ლიტერატურული გმირები, ფოლკლორი, პოპულარული პიროვნებები)
2. აპელაცია საკუთარ გამოცდილებაზე
3. აპელაცია ცნობილ მოვლენაზე
4. სახელის გამოყენება (დოკუმენტები, წიგნები)
II. კონსტატაციის მეთოდი
1. დროის, ადგილის, სიტუაციის კონსტატაცია
2. წინა გამომსვლელზე მიბმა
3. უზოგადესი ფრაზა
4. დათმობა და შეტევა
III. სალაღობო მეთოდი
1. იუმორისტული შენიშვნა
2. ანეგდოტური შემთხვევა
3. აფორიზმები, ანდაზები
4. პარადოქსით დაწყება; კონტრასტი; კონფლიქტური სიტუაციით დაწყება.
IV. ცივი მეთოდი
1. პირდაპირ საქმის ძირითადი არსით დაწყება
2. შინაარსისა და მიზნების მოკლედ გადმოცემა
3. პრობლემური კითხვის დასმით დაწყება
რეკომენდაციები:
1. არ შეიძლება სიტყვის დაწყება ტრაფარეტული გამოთქმებითა და ფრაზებით. დასაწყისი მიმართული უნდა იყოს მოულოდნელობისა და სიახლისაკენ. გამოიყენება პარადოქსული სიტუაციის მეთოდი.
2. როცა აუდიტორია მობილიზებულია და მზადაა აღსაქმელად, ეფექტურია დასაწყისში სიტყვის შინაარსისა და მიზნების მოკლედ გადმოცემა
3. შეიძლება დაწყევა პრობლემური კითხვის დასმით, რათა აუდიტორია დაინტერესდეს.
4. თანაგანცდის ხერხი – უჩვეულო ფაქტის მოყოლით ყურადღების დაპყრობა
5. აპელაცია აუდიტორიის ინტერესებზე, ავტორიტეტზე, ინფორმაციის წყაროზე, შემთხვევაზე, დროზე, ადგილზე.
6. კონტრასტი – დაწყება კონფლიქტის სიტუაციის მოხმობით
7. იუმორისტული შენიშვნა
II. ძირითად ნაწილში მიღწეული უნდა იქნას, რომ პირველადი დაინტერესება გადაიზარდოს შეგნებულად მართვად ყურადღებაში. აუდიტორიის აზრის მართვა შესაძლებელია ლოგიკური თანმიმდევრობით, მსჯელობებს შორის ლოგიკური ხიდების გადებით. ასეთი გარდამავალი სიტყვებია – „ერთის მხრივ – მეორეს მხრივ“, „აქედან გამომდინარე“, „დამატებით საჭიროა ითქვას“ და ა.შ. მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა. ერთნაირი ფრაზების ხშირი გამოყენება იწვევს მონოტონურობას.
ყურადღების მიპყრობისა და შენარჩუნების ხერხები:
1. მოულოდნელობა – გამოიყენეთ მოულოდნელი და მსმენელისათვის უცნობი ინფორმაცია, გაზვიადებული ფორმულირებები
2. “პროვოკაცია” – ცოტა ხნით გამოიწვიეთ მსმენელში გადმოცემულ ინფორმაციასთან დაუთანხმებლობა
3. ჰიპერბოლა – არ მოერიდოთ გაზვიადებას. ეს ხელს უწყობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენას და ყურადღების გამძაფრებას საკითხისადმი. თქვენი პოზიცია გადმოეცით შემდეგ, გაზვიადების გარეშე.
4. პროგნოზირება – რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით გააკეთეთ პროგნოზები, რათა გამოკვეთილი იქნას კავშირი ინტერესებთან, მოთხოვნებთან, სურვილებთან.
5. „პრო -კონტრა“ – მსმენელებს გააცანით მხარდამჭერი და საწინააღმდეგო არგუმენტები და მათი შეპირისპირებით იპოვეთ პრობლემის მართებული გადაწყვეტა. გამოიყენეთ კონტრასტული არგუმენტაცია, “სინამდვილეში კი”.
6. გადაწყვეტილების მიღების დელეგირება – გამოიყენეთ პარტნიორთა მონაცემები გადაწყვეტილებისათვის, მათი კომპეტენტურობა. შესაბამისი კითხვების დასმით ჩართეთ პარტნიორები აზროვნების პროცესში. თავი შეიკავეთ საკუთარი არგუმენტების მოყვანისაგან.
7. ავტორიტეტზე აპელაცია – საკუთარი აზრების დასამტკიცებლად დაეყრდენით მსმენელისათვის აღიარებულ ავტორიტეტებს, აგრეთვე არსებულ გამოცდილებას (პოლიტიკურს, ისტორიულს, ცხოვრებისეულს, მეცნიერების ავტორიტეტს).
8. თანაგანცდა – გატაცებით აღწერეთ მოვლენები, რომლებიც მსმენელებთან გაკავშირებთ. არ გამოტოვოთ დეტალები, რომლებიც მნიშვნელოვანია აუდიტორიისა და თემისათვის. მსმენელი აიძულეთ თანაგანცდაზე.
9. არაფორმალური ელემენტები – საუბარში ჩართეთ მაგალითები თქვენი ბავშვობიდან, აუდიტორიას გააცანით თქვენი შეცდომები, ცრურწმენები და მათი შედეგები. აჩვენეთ, თუ როგორ დაძლიეთ იმ პრობლემისადმი ცალმხრივი მიდგომა, როგორ იპოვეთ ახლებური გადაწყვეტა. ამით დაძლევთ მსმენელთა თავშეკავებასა და შებოჭილობას. მათ აზრს შეცვლით თქვენს სასარგებლოდ (აჩვენებთ, რომ არ ხართ „უიმედო თეორეტიკოსი“, „სუფთა პრაქტიკოსი“, „ჩინოვნიკი“, „ძუძუმწოვარა“…)
10. დრამატიზაცია – თვალსაჩიოდ, გატაცებით და დრამატულად გამოხატეთ თემის გამამდირებელი შემთხვევბი, მოამზადეთ აუცილებელი აბსტრაქციები. ამით მსმენელებს მიეცემათ საშუალება, რომ საკუთარი თავი გააიგივონ მონაწილე პერსონაჟებთან, ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან.
11. პირდაპირი ჩართვა – თუ აუდიტორია მომზადებულია, უარი თქვით ვრცელ შესავალზე და დასკვნაზე, ილაპარაკეთ მთავარზე
12. იუმორი – არ გაერთოთ თქვენი სიტყვით. მოიყვანეთ სასაცილო, პარადოქსული მაგალითები, მხიარული ისტორიები. მიეცით მსმენელს დასვენებისა და დაფიქრების დრო.
13. ექსპრესია – არ უარყოთ გამომსახველობითი საშუალებები. შეგნებულად შეარჩიეთ ისეთი ფორმულირებები, რომლებიც განსხვავდება ჩვეულებრივი სტილისგან. (მოულოდნელი, სტილისტურად უჩვეულო, დასამახსოვრებელი, ყურადღების მისაქცევი ლექსიკური საშუალებები. მაგ. „ფინალურ სასტვენამდე 10 წთ დარჩა“, „ეს ჰგავს წყლის საცრით ტარებას“). ორატორები მიმართავენ ხოლმე ეფექტის თანდათანობით გაძლიერების ხერხს. ნეგატიურ მსჯელობებს ექსპრესიულ ფორმულირებებს აძლევენ.
III. დასკვნას აქვს მნიშვნელოვანი ლოგიკურ-ფსიქოლოგიური დატვირთვა.
დასკვნის ფუნქციებია:
1. ნათქვამის შეჯამება
2. წარმოთქმული სიტყვით შექმნილი შთაბეჭდილების განმტკიცება და გაძლიერება
3. აუდიტორიის წინაე გარკვეული ამოცანების დასახვა
4. გარკვეული ქმედებებისაკენ მოწოდება

სიტყვით გამოსვლის დასრულების რამდენიმე ტიპი არსებობს:
1. ძირითადი დებულებების და დასკვნების მოკლე გამეორება – ამ დროს გამოიყენება ხოლმე იგივე ფორმულირებები, რაც სიტყვით წარმოთქმისას, ან მათი მცირედი სახეცვლილება. გამოიყენება ხოლმე “წრიული” აგება – გამოსვლა მთავრდება იგივე თეზისით, რითად დაიწყო
2. სიტყვაში ნათქვამის განზოგადება, ამოცანების დაყენება – ასეთი დასასრული ხშირია მოხსენებასა და პოლიტიკურ სიტყვაში. განზოგადებებს შეიძლება ჰქონდეთ აფორიზმის, ფრთიანი გამონათქვამის, ადვილად დასამახსოვრებელი ციტატის ფორმა.
3. შედეგების შეჯამება – გამოიყენება ხოლმე მეცადინეობის დასასრულს, ძირითადი საკითხების წარმოჩენისათვის.
4. ამოცანების დასმა – ეს შეიძლება იყოს სურვილების გამოხატვის ფორმით. იგი ახდენს მსმენელზე ემოციურ ზეგავლენას.
5. პერსპექტივების გამოკვეთა
6. მოწოდება ან ლოზუნგი
    დასასრული ორგანულად უნდა უკავშირდებოდეს გამოსვლის ძირითად თემას. თუ საუბარი დასრულებულია და არ საჭიროებს დასკვნის გაკეთებას, უმჯობესია თქვათ „ნება მიბოძეთ ამით დავამთავრო“, ვიდრე რაიმე დასასრული ეძებოთ.
    ინფორმაციულ სიტყვაში დასკვნა მტკიცედ ამკვიდრებს ნათქვამის აზრს და მნიშვნელობას, კიდევ ერთხელ განმარტავს თემას, აფართოებს მსმენელის ინტერესს.

ცუდი დასკვნის მაგალითია
1. ისეთი ხუმრობით დამთავრებამ რომელიც არ ეხება საქმეს. იგი ქმნის შთაბეჭდილაბას, რომ თქვენ თვითონვე არასერიოზულად ეკიდებით თემას.
2. ცუდია მსმენელთან მობოდიშება: „მე მესმის, რომ ვერ შევძელი…“
3. სიტყვის დამთავრება პატარ-პატარა დამატებებით: „მე თქვენ დაგღალეთ…“ მსმენელის მეხსიერებაში რჩება ეს დამატებები, სიტყვა კი დაუმთავრებელს დაემსგავსება
4. ცუდია, როცა აცხადებთ, რომ ვერ ჩაეტიეთ რეგლამენტში და ამიტომ იძულებით ამთავრებთ სიტყვას. ამით თქვენ გამოხატავთ თქვენს უუნარობას, რადგან სიტყვა წინასწასწარ მომზადებული უნდა გქონდეთ,
5. არ დაამთავროთ სიტყვა ტრაფარეტული, მობეზრებული გამონათქვამით
6. ცუდია გამოსვლის დამთავრება ისეთი დასკვნით, რომელიც ტოვებს მძიმე განწყობილებას, უპერსპექტივობის განცდას. ადამიანები მაშინ თვითონ დაიწყებენ გამოსავლის ძიებას და მოიფიქრებენ საკუთარ დასკვნას.

საჯარო გამოსვლის ტექნიკა
    დიდი მნიშვნელობა აქვს გამომსვლელის ტექნიკას – ჟესტ-მიმიკას, ხმის ტემბრს, ემოციურობას, პოზას, მანერებს, გარეგნობას, ქცევებს და ა.შ. გარეგნობა აყალიბებს პირველ შთაბეჭდილებას და ამ პოზიციიდან აღიქმება წარმოთქმული სიტყვაც. უნდა ეცადოთ მსმენელები ისხდნენ წინა რიგებში, კომპაქტურად. კომპაქტური აუდიტორიის მართვა უფრო ადვილია, ვიდრე გაფანტულის.

1. გარეგნობა – გამომსვლელი ჩაცმული უნდა იყოს უბრალოდ და წესიერად. კოსტუმი არ უნდა იყოს მყვირალა ფერის ანდა ძლიერ მოდური, დეტალებით გადატვირთული. ეს დეტალები ყურადღებას უფანტავს მსმენელს. უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს დაჭმუჭნული ტანისამოსი. უნდა ერიდოთ ექსცენტრიულობას. ტანსაცმელი არ უნდა იწვევდეს აუდიტორიის გაკვირვებას, შურს.
2. პოზა – მიუღებელია მაგიდაზე გადაწოლა, კედელზე მიყუდება. ძნელია ყურადღების კონცენტაცია უმოძრაო პოზაზე. ასევე უარყოფითად აღიქმება ტანის რხევა, ადგილის ტკეპვა, უმიზნოდ სიარული, ერთიდაიგივე მოძრაობების გამეორება და ა.შ. გამომსვლეი უნდა იდგეს გამართული. სწორი პოზა საკუთარ თავში დარწმუნებულობას და მდგრადობას ბადებს. თავისუფალი, სწორი, მოსახერხებელი პოზა წინასწარ უნდა დამუშავდეს. პოზის შეცვლა მოსახერხებელია პაუზის დროს. სწორი მოძრაობები წინ უნდა უსწრებდეს აზრდა სვლას. ამით ხაზი ესმება სიტყვის გამომსახველობით მომენტებს. დაგვიანებული მოძრაობები კი ფანტავს ყურადღებას.
3. მანერები – სწორი მანერები გარეგნობაზე უფრო მნიშვნელოვანია. უშფოთველად მიდით არჩეულ ადგილამდე. გზაში არ გადააწყოთ ჩანაწერები. არ დაიწყოთ კოსტუმის შეკვრა და ჰალსტუხის გასწორება. არ დაიწყოთ საუბარი მოხერხებული პოზის მიღებამდე. არ მიმართოთ მზერა საკუთარი ფეხსაცმელებისაკენ ან ფანჯრისაკენ. შეხედეთ მსმენელებს. გამომეტყველება უნდა გქონდეთ დაუძაბავი და არა მოღუშული, თუმცა სერიოზული. მსმენელთან კონტაქტი იკარგება, თუ დროდადრო ფანჯარაში იყურებით. მიუღებელია მსმენელზე, როგორც ცარიელ ადგილზ ყურება. მიაპყარით მას აზრიანი მზერა. ეს მათთვის სასიამოვნოა, რადგან ქმნის პირადი ყურადღების შთაბეჭდილებას. შეცვალეთ მზერის მიმართულება აზრის ცვლილებასთან ერთად.
4. ჟესტები – ჟესტ-მიმიკა იძლევა ინფორმაციის 40%-ს. ჟესტები არის:
1. გამომსახველობითი – იგი ახლავს კულმინაციურ ადგილებს
2. აღწერითი – გამოხატავენ გადასვლას, მოძრაობას
3. მიმართებითი – ყველაზე მარტივი ჟესტებია
4. მიმბაძველობითი
ჟესტები უნდა იყოს ძალდაუტანებელი, მათ უნდა ვიყენებდეთ საჭიროების შემთხვევაში, არ უნდა ჩავახშოთ ჟესტები, თორემ იქმნება შებოჭილობის, არაგულწრფელობის შთაბეჭდილეა. ჟესტიკულაცია უნდა იყოს მრავალფეროვანი, დამუშავებული. იგი არ უნდა იყოს გამუდმებული.
5. ხმოვანება – დიდი მნიშვნელობა აქვს ხმის ინტენსივობას. ხმამაღალი საუბრისთვის საჭიროა საკუთარ თავში დარწმუნებულობა. ხმოვანება ეყრდნობა სწორ სუნთქვას (ღრმასა და კონტროლირებადს). ფრაზის ბოლოს არ უნდა გამოგელიოთ ჰაერი.
6. ტემპი – აქ შემოდის რამდენიმე ელემენტი:
1. მეტყველების სისწრაფე – ზედმეტ სისწრაფეს იწვევს სიმორცხვე, შფოთვა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ გამომსვლელს უნდა სწრაფად მოიშოროს ეს საქმე. უსიამოვნოა დუნე სიტყვაც. იგი იწვევს განცდას, რომ გამომსვლელისათვის, სულ ერთია მისი საუბრის შედეგი.
2. ცალკეული სიტყვის ხანგრძლივობა – იგი არ უნდა გაწელოთ და არც უნდა მოკვეცოთ. ხანგრძლივობა უნდა დაუკავშირდეს სიტყვის მნიშვნელობას.
3. პაუზები – მათი გაკეთება ადვილია და ისინი ეხმარება მეტყველებას, არეგულირებს სწორ სუნთქვას. პაუზით შეიძება ხაზი გავუსვათ სათქმელს, რომ მსმენელმა გაიაზროს იგი.
4. ბგერის სიმაღლე და მელოდიურობა – საშუალებას იძლევა გავარჩიოთ კითხვა და დასაბუთება, საბოლოო მტკიცება და განსახილველი საკითხი, დარწმუნებულობა და დაურწმუნებლობა. ხმის მოდულაცია გამოხატავს მოსაუბრის ემოციას. ინტონაციით კეთდება მახვილი ამა თუ იმ კითხვაზე
5. ტემბრი – ტემბრის ნაკლოვანებებია: ქოშინი, ხრიწინი, სიმკვეთრე, ხორხისმიერობა.