суббота, 30 июня 2018 г.

ჟაკ ფრანსუა გამბას (1763-1833) „მოგზაურობა ამიერკავკასიაში ნაწ. II

საქართველოს თანამედროვე მოსახლეობა. ქართველების, სომხების, თათრების, სპარსელებისა და ქურთების დამახასიათებელი თვისებები. სომეხი პატრიარქის ჩასვლა რუსეთის ტერიტორიაზე. ეჩმიაძინის მონასტერში დაბრუნებაზე მას უარს უცხადებენ. ქართველთა თამაშობანი და ვარჯისობანი. ქართველთა ცეკვები სახლის ბანებზე.
საკუთრივ საქართველოს მოსახლეობას ანგარიშობენ სამოც ათას ოჯახს, რაც სამას სამოც ათას სულს შეადგენს – კვადრატულ მილზე დაახლოებით ას ოცი მცხოვრები. ეს არის გადარჩენილი ნაწილი იმ შემოსევების შედეგად განადგურებული საკმაოდ მრავალრიცხოვანი მოსახლეობისა, რომელთა სამსხვერპლოც იყო ეს მრავალტანჯული მხარე. როდესაც 1618 წელს შაჰ აბასმა საქართველო მიიტაცა თურქებისაგან, რომლებიც აქ დაახლოებით ოცი წლის განმავლობაში ბატონობდნენ, მან ოთხმოცი ათასი ოჯახი, ანუ – ხუთასი ათასი მცხოვრები აჰყარა და სპარსეთის უშორეს პროვინციებში მიმოფანტა. მნიშვნელოვნად შემცირდა ამ მხარის მოსახლეობა ნადირ შაჰის დროსაც, ხოლო აღა-მაჰმად-ხანმა 1795 წლის შემოსევისას, რომელიც არაერთხელ მოვიხსენიე, ოცი ათასი ქართველი წაასხა სპარსეთში, სადაც ისინი დღემდე ცხოვრობენ. თუ ამას დავუმატებთ იმ ფაქტსაც, რომ საქართველოს მეფეები და თავადები თავიანთ ქვეშევრდომებს გამუდმებით ჰყიდდნენ ხოლმე მუსლიმ მოვაჭრეებზე, ადვილი წარმოსადგენია ის მიზეზები, ამ მხარის თითქმის სრული გაუკაცრიელება რომ გამოიწვია. დღეს ეს მიზეზები აღარ არსებობენ და საქართველოს მოსახლეობის სწრაფ ზრდას წინ აღარაფერი ეღობება.
რუსეთის იმპერიაში შემავალი სპარსეთის ძველი პროვინციების მოსახლეობის მდგომარეობის აღწერას მოკლე მიმოხილვის სახითაც კი ვერ შევძლებ. მას შემდეგ, რაც რუსეთის მონარქი დაეუფლა ამ ტერიტორიებს, ბევრი მუსლიმი სპარსეთში გადაიხვეწა; მაგრამ დროთა განმავლობაში, რუსეთის უწყინარმა მმართველობამ ლტოლვილთა დიდი ნაწილი კვლავ მოიზიდა ამ მხარეში.
საქართველოს მოსახლეობას, მის ამჟამინდელ საზღვრებში, შეადგენენ ქართველები, სომხები, თათრები და სპარსელები.
ნება მომეცით ამ სხვადასხვა ხალხების პორტრეტი ისეთნაირად წარმოვსახო, როგორც თავად დავინახე და როგორც ეს აღმიწერეს ისეთმა ადამიანებმა, დიდი ხნის განმავლობაში რომ ცხოვრობდნენ აქ და საშუალება ჰქონდათ, კარგად გასცნობოდნენ მათ.
ქართველი კაცი მაღალი ტანისა და ძლიერი აღნაგობისაა. მისი სახის ნაკვთები, როგორც წესი, ლამაზი და მკვეთრად გამოკვეთილია. აქვს შავი, მშვენიერი ჭრილის თვალები, გრძელი, ხშირად არწივისებრი ცხვირი, უფრო ებრაელების ცხვირის მსგავსი, ვიდრე რომაელებისა, რის გამოც მას ხშირად ებრაელებთან აიგივებენ. სიარულის მანერა მედიდური აქვს, ზოგჯერ სხეულის ოდნავი რხევით, რაც მას ზვიად იერს აძლევს. რადგანაც ქართველი კაცი ისეთ ქვეყანაში ცხოვრობდა, რომელსაც მუდმივად ემუქრებოდა მტრის შემოსევის საფრთხე, იგი იძულებული იყო, ყოველთვის მზად ყოფილიყო თავდაცვისათვის: მას უნდა მოეგერიებინა ხან თურქები, რომლებიც ყარსიდან და ახალციხიდან შემოდიოდნენ, ხან სპარსელები, რომლებიც არაქსს გადმოლახავდნენ ხოლმე, ხან კი კავკასიონიდან გადმოსული თათრები და ლეკები. ამ მდგომარეობამ ქართველი კაცი მეომრად აქცია, მაგრამ რადგან იგი განეკუთვნებოდა მცირერიცხოვან ერს, რომელიც იძულებული იყო ურიცხვი მტრის წინააღმდეგ ებრძოლა, იგი პარტიზანულ ომებს უფრო იყო შეჩვეული, ვიდრე რეგულარულ ბრძოლებს. აზიელთა შორის ქართველ კაცზე უფრო მამაცი ჯარისკაცი და საუკეთესო მხედარი არ მოიძებნება. სპარსეთის ჯარებში ყოველთვის გამოირჩეოდნენ ქართველთა კორპუსები; სპარსეთის ხელმწიფეები მთელ იმედებს მათზე ამყარებდნენ და, როგორც წესი, გამარჯვებაც ყოველთვის მათი დამსახურება იყო. მამაცი, მაგრამ არცთუ იშვიათად – სასტიკი, სტუმართმოყვარე, მაგრამ – გულჩათხრობილი, ჭკვიანი, მაგრამ – ნაკლებად განათლებული, – აი ამ თვისებათა ერთობლიობის გამო ქართველ კაცს ერთდროულად გააჩნია ჯარისკაცისათვის დამახასიათებელი მანკიერებაცა და უმანკოებაც.
საკუთარი მეფეების დროს გამუდმებულ ომებს შეჩვეულ ქართველ თავადებს თანდათან ბეზრდებათ უმოქმედო და ერთფეროვანი ცხოვრება. თუკი შექმნილი ვითარება რუსეთს ოდესმე აიძულებს იმპერიის ცენტრში – აზიაში შეტევა აწარმოოს შიიტი და სუნიტი მუსლიმების წინააღმდეგ, მისთვის სულაც არ იქნება ძნელი საქართველოში სულ მცირე ხანში მრავალრიცხოვანი ჯარის შეკრება. თავისი მხნეობით გამორჩეული და ევროპულად გაწვრთნილი ეს ჯარი ტოლს არ დაუდებს იმპერიის საუკეთესო არმიას.
ხალხი, ჩვეულებრივ, მიწათმოქმედებასა და ხელოსნობას მისდევს, ვაჭრობას კი ნაკლებ ყურადღებას უთმობს. ქართველი კაცისათვის არ არის დამახასათებელი მებატონის ქედმაღლობა, მისი იერი და მანერები უფრო მეომრულ ხასიათზე მიუთითებენ.
ქართველი ქალები სავსებით ამართლებენ მათ სილამაზეზე შექმნილ მაღალ რეპუტაციას. ისინი გამოირჩევიან სახის სწორი ნაკვთებით, რომელთა მოდელიც მშვენიერმა ბერძნულმა ქანდაკებებმა შემოგვინახა, მოხდენილი ტანით, თეთრი, ქათქათა კანითა და ნაზი გამოხედვით. ბანაკურ ცხოვრებას შეჩვეულ მამაკაცებთან ურთიერთობის პირობებში, თავიანთი სულიერი სიფაქიზისა და მხიარული ხასიათის წყალობით, მანდილოსნებმა იოლად მოახერხეს მათზე გავლენის მოპოვება.
სომხებს, რომლებიც საქართველოში მრავლად არიან, თავიანთი ზნეჩვეულებებითა და ბუნებრივი მონაცემებით არავითარი მსგავსება არა აქვთ ქართველებთან. ამ უკანასკნელთა მებრძოლი სულისკვეთება სრულ კონტრასტს ქმნის სომხების მშვიდობიან ხასიათთან.
სომეხი კაცი ოდნავ უფრო დაბალი ტანისაა, მაგრამ უფრო ჩასუქებული, ვიდრე ქართველი. მასაც სახის სწორი ნაკვთები აქვს, ცხვირი სწორი, გამოხედვა სერიოზული, იერი ჩაფიქრებული და მორჩილი. იგი თითქოს აერთიანებს ორ ერთმანეთის საწინააღმდეგო თვისებას: უძველეს ზნე-ჩვეულებებსა და იმ მანკიერებებს, რაც დიდი ხნის განმავლობაში დამოუკიდებლობას მოკლებულ ქვეყანაში ცხოვრებასთან არის დაკავშირებული.
ისევე როგორც აბრაამისა და იაკობის დროს, პირველშობილი ძე მამის შემდეგ ოჯახის პატრონად, მის უფროსად და მემკვიდრედ ითვლება. უმცროსი ძმები მისი მორჩილნი არიან ხოლო დები – თითქმის მისი მსახურნი. ერთნიც და მეორენიც მამის მიმართ მოკრძალებით არიან აღვსილნი; იშვიათად დაუსხდებიან მას წინ და და არვ მაგიდასთან სხდებიან მასთან ერთად. შვილები მამის უერთგულესი მსახურნი არიან. ამ სტუმართმოყვარე ხალხში მამის სუფრასთან მსხდომ უცხოელებს უფროსი ვაჟიშვილი ემსახურება და მაშინაც კი, როცა სუფრასთან სტუმარი არ შემოესწრებათ, ეს უკანასკნელი მაინც ვალდებულია, მამას მოემსახუროს.
მე რეკომენდაცია მქონდა ერთ ნახჭევანელ სომეხ სოვდაგართან. მისვლისთანავე იგი ძველი ნაცნობივით მომეგება და გადამეხვია, შემიყვანა ჩემთვის განკუთვნილ ოთახში, მომიმზადა აბაზანა, ერთი ცხვარიც დააკვლევინა და ნადიმზე თავისი ორი მეგობარიც მოიწვია.
ამ აღწერას თუ დავუმატებთ სომხების სხვა თვისებებს უბრალოებას, ეკონომიას, იშვიათ მოწესრიგებულობას, დიდ საზრიანობას კომერციულ საქმიანობაში, მათ დადებით მხარეს დავინახავთ. სომეხი ხალხი რომ დამოუკიდებელი ერი ყოფილიყო, მუდმივად ეცხოვრა მშვიდი სიტუაციის პირობებში და დამორჩილებოდა მხოლოდ საკუთარ კანონებს, შესაძლებელია არც კი გასჩენოდა სხვა ერისაგან დიდად განსხვავებული თვისებები. მაგრამ სომხები, ებრაელების მსგავსად, ერთმანეთთან ისტორიული მოგონებებით იყვნენ დაკავშირებულნი და სამყაროს დასაბამიდან საუკუნეების მანძილზე მთელ აზიაში მიმოფანტულნი: ისინი მუდამ დესპოტურ ხელისუფალთ ემორჩილებოდნენ თურქეთში, ძველ სომხეთსა თუ სპარსეთში, დამოკიდებულნი იყვნენ სხვა სარწმუნოების მიმდევარ ბატონებზე, რომლებიც მხოლოდ თავიანთი მისწრაფებებით ხელმძღვანელობდნენ და მხოლოდ საკუთარ ნება-სურვილს ცნობდნენ კანონად.
სომხების ფუფუნებამ და მათ მიერ დაგროვილმა სიმდიდრემ მათზე გაბატონებულ ტირანთა ყურადღება მიიპყრო და ამის გამო ისინი ხელმომჭირნეებად და ძუნწებად იქცნენ. ერთ დაუფიქრებელ სიტყვას ან გადაჭარბებულ სითამამეს მათი დაღუპვა შეეძლო, ამიტომ ისინი უჩუმრად და შენიღბულად ცხოვრობდნენ: იმ შემთხვევაში, თუკი გამჟღავნდებოდა, რომ რომელიმე შერისხულის მიმართ თანაგრძნობა გამოიჩინეს, მათ დიდი განსაცდელი ემუქრებოდათ და ამის გამო იძულებულნი იყვნენ თვალი დაეხუჭათ სხვათა გაჭირვებაზე. რადგანაც მუსლიმურ ქვეყნებში მათ ვერც პატივი და ვერც თანამდებობა ვერ მოიპოვეს, მოგების ჟინი მთელი მათი საქმიანობის მამოძრავებელ ძალად იქცა.
თბილისსა და მთელ საქართველოში ვაჭრობა თითქმის მთლიანად სომხების ხელშია და შექმნილი მდგომარეობა გვაფიქრებინებს, რომ სულ მალე ისინი სრულად აინაზღაურებენ იმ ზარალს, რომელიც მათ თბილისის ძარცვისას განიცადეს.თათრები, რომლებიც რუსეთის კუთვნილ ამიერკავკასიის პროვინციებში მრავლად არიან, სანდო მტვირთავები გახლავან ვაჭრობისათვის; ამასთანავე, ისინი სიამოვნებით მიდიან დაქირავებულ მწყემსებად და ცხენების რემების მეთვალყურეებად. მათი უმრავლესობა თავისი ბუნებრივი მიდრეკილებით ნახევრად ბინადარ და ნახევრად მომთაბარე ცხოვრებას მისდევს: გაზაფხულის დადგომისთანავე თათრები ტოვებენ სახლებს, მიდიან მთებში სუფთა ჰაერზე და საკვებით უზრუნველყოფენ საქონლის ჯოგს; სექტემბრის ბოლოსათვის კი კვლავ თავიანთ საცხოვრებელს უბრუნდებიან. იკვებებიან მარტივად, ძირითადად რძის პროდუქტებითა და ფლავით, ჭაკის ადუღებული რძე კი მათთვის ჩვეულებრივი სასმელია. მათი ცოლები ცხვრის მატყლისაგან ართავენ ძაფს და ქსოვენ ხალიჩებს, რომლებიც გამოირჩევიან ფერთა სიმტკიცით, თუმც მათი საბაზრო ფასი საკმაოდ დაბალია.
თათრები, ჩვეულებრივ, უწყინარნი და რუსული მთავრობისადმი დიდად მორჩილნი არიან, რადგანაც ისინი დაუცველ ქვეყანაში ცხოვრობენ; სპარსელებს სულაც არ ინტერესებთ, რომ ისინი თავიანთ ქვეშევრდომებად გაიხადონ, თანაც, სხვათა შორის, სექტის სხვადასხვაობის გამო, თათრებს სპარსელების მიმართ მუდმივი მტრობა აქვთ.
გარდა ამ სამი ხალხისა, რომელთა შესახებაც ახლახანს ვისაუბრე, ნუხაში, განჯაში, ყარაბაღში, შირვანსა და თვით დაღესტანშიც კი დიდი რაოდენობით ვხვდებით სპარსელებს. ისინი ამ მხარეებში მას შემდეგ დამკვიდრდნენ, რაც რუსეთს დამორჩილდნენ. მათ შეინარჩუნეს თავიანთ თანამოძმეთა ზნე-ჩვეულებანი და თვისებები, რის გამოც დახასიათება, რომელსაც ამ ხალხის მიმართ ვიძლევი, ამ ვრცელი სამეფოს მცხოვრებთა დიდ ნაწილზეც შეიძლება გავრცელდეს.
სპარსელი მამაკაცი შავგვრემანია, საშუალოზე მაღალი და საკმაოდ კარგად მოყვანილი აღნაგობისაა; სახე წაგრძელებული აქვს, თვალები – ცოცხალი და ჭკვიანური; თითქმის ყოველთვის ატარებს გრძელსა და ხშირ წვერს. თურქისაგან განსხვავებით, იგი ბევრად უფრო ფეხმარდია და ნაკლებად დინჯი ქცევის მანერა აქვს. ამ ორი ხალხის შედარებისას მე ვიტყოდი, რომ თურქმა, ხალიფის მიმართ სრული მორჩილების პირობებში, შეინარჩუნა მთელი ის მხნეობა, რაც ფატალიზმის შედეგია: იგი ემორჩილება დესპოტს, მაგრამ არა – გადაგვარებულ დესპოტს; ცრურწმენამ და ძველი დროის გამარჯვებათა შესახებ მოგონებებმა მას მებრძოლი სული შეუნარჩუნა. იგი ზოგჯერ მკაცრი და დაუნდობელია, მაგრამ მადლიერებისა და უკეთილშობილესი გრძნობებისთვისაც ღია აქვს გული. ახლა კი თურქის საპირისპიროდ დავახასიათოთ სპარსელი ისე, როგორც ამას აღწერს ყველა მოგზაური, რომელსაც კი მათთან უცხოვრია: ერთ საუკუნეზე მეტია, რაც სპარსელი შეეგუა იმ გარემოებას, რომ მისი ქვეყანა დაპყრობილია, იგი ბრმად მორჩილებს თათრების, თურქმენებისა და ავღანელების ბელადებს და თვლის, რომ განგებამ მას წილად არგუნა მონობა და ტანჯვა-წამება. მისთვის სამარცხვინოა უახლოესი წარსულის ყველანაირი მოგონება, რადგან ფიქრობს, რომ არასოდეს შესწევდა ძალა წინააღმდეგობის გასაწევად: მას თვალწინ უნგრევდნენ და უძარცვავდნენ ქალაქებს, უხოცავდნენ თანამოძმეებს, ართმევდნენ ქონებას; უიმედო არსებობისათვის განწირული, სიცოცხლის შესანარჩუნებლად იგი უკიდურეს, ხშირად ძალზე სამარცხვინო ზომებსაც კი მიმართავდა. ასეთმა ვითარებამ ეს ხალხი სულიერად სავსებით დასცა, სპარსელის არც ერთი სიტყვა სინამდვილეს არ შეესაბამება, არავითარი ფიცი მისთვის არ არის წმინდა: დღეს თუ ერთზე დაიფიცებს, ხვალ შეუძლია იგივე ფიცით საწინააღმდეგო ამტკიცოს; ძლიერის წინაშე ქვემძრომია, სუსტის მიმართ კი – დიდგულა და სასტიკი. მერე რა, რომ იგი ბუნებრივი ნიჭითაა დაჯილდოებული, აქვს შეთვისების უნარი, შეუძლია წარმატებებს მიაღწიოს მექანიკის დარგში, მეცნიერებაში, ყველაფერ იმაში, რაც სწავლა-განათლების სფეროს მოიცავს?! ბუნების მიერ მომადლებული ეს ნიჭი უბედურებად იქცევა ხოლმე, თუკი მის მფლობელს არც პრინციპები და არც სათნოება არ გააჩნია.
სინანულის გრძნობა მეუფლება, როცა სპარსელებს ასეთ ცუდ ფერებში წარმოვსახავ, ამიტომ მინდა დაუყოვნებლივ დავძინო, რომ მათ შორის არის ბევრი ისეთიც, ვინც უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. ამგვარ გამონაკლისთა შორის, კაცობრიობის სასაიკეთოდ, შეგვიძლია დავასახელოთ ტახტის მემკვიდრე უფლისწული აბას-მირზა, რომლის კეთილშობილური მიზნები მიმართულია თავისი ხალხის ზნე-ჩვეულებებისა და ხვედრის გაუმჯობესებისაკენ, ხალხისა, რომლის მმართველიც იგი ერთ მშვენიერ დღეს გახდება.
მე მოგახსენეთ ქალაქში მცხოვრები სპარსელების შესახებ, ხოლო ისინი, ვინც მომთაბარე ცხოვრებას მისდევენ, მათგან გარკვეულწილად განსხვავდებიან.
თავიანთი ზნე-ჩვეულებით ქურთებიც არ ჰგვანან თათრებსა და თურქმენებს. სხვადასხვა ხალხებს, რომლებიც თავიანთ ნახირთან ერთად დაეხეტებიან სპარსეთში, საკუთარი თვითმყოფადობა ახასიათებთ: ძარცვისადმი მიდრეკილება და ამ მანკიერების საზღაურად სტუმართმოყვარეობის კანონებისადმი უდიდესი პატივისცემა, ზნეობრივი ქცევის წესები და ზოგჯერ – ამაღლებული გრძნობებიც კი.
მე უკვე ვისაუბრე იმის შესახებ, რომ ამიერკავკასიის რუსულ პროვინციებში თანდათანობით დიდი რაოდენობით სომხები ჩამოდიან; ამ ჩამოსახლებულთა შორის არის სომეხი პატრიარქი, რომლის აქ დამკვიდრებასაც შესამჩნევი და მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა: ეს უკანასკნელი 1822 წელს მთელ თავის სამღვდელოებასთან ერთად გამოიქცა ეჩმიაძინის მონასტრიდან, რომელიც სპარსეთში, ერევნის პროვინციაში, არარატის მთასთან ახლოს მდებარეობს. ეს უჩვეულო მოვლენა სწორად რომ ავხსნათ, უნდა გავიხსენოთ, რომ სპარსეთსა და თურქეთს შორის თითქმის სამი წლის მანძილზე წარმოებული ომის დროს ქურთები, რომლებიც ზედ საზღვარზე ცხოვრობდნენ, ბარბაროსებს შორის ურთიერთშეტაკებისას გამეფებულ არეულობაში არ ინდობდნენ არც მტერსა და არც მოყვარეს; მათ არაერთგზის შეურაცხყვეს სომეხთა მონასტერი, მოითხოვეს კონტრიბუცია და, როგორც ამბობენ, ორი ბერიც კი მოუკლავთ.
ეს მიზეზი სავსებით ამართლებს სომეხი პატრიარქის მოსვლას თავშესაფრის საძებნელად იმ ერთან, რომელსაც სათანადოდ შეეძლო მისი დაფასება; მაგრამ ვერც თურქეთი და ვერც სპარსეთი გულგრილად ვერ შეეგუებოდა იმ ფაქტს, რომ პატრიარქი, უფრო სწორად კი – სომეხი ხალხის სულიერი წინამძღვარი, ამიერიდან უნდა დამკვიდრებულიყო იმ ხალხთან, რომელიც ერთისათვის ულმობელი ზიზღის ობიექტი იყო და ორივესათვის – თავზარის დამცემი. ასე იყო თუ ისე, მთავარმართებელმა ბრძანება გასცა, რათა განსაკუთრებული პატივით მოპყრობოდნენ პატრიარქს, რომელმაც თავის ადგილსამყოფელად სანაინის მონასტერი აირჩია სომხეთში.
ამ დროიდან მოყოლებული, ერევნის ხანისა და თვით აბას მირზას დაჟინებული მოთხოვნითაც კი ვერაფრით ვერ დაითანხმეს გენერალი ერმოლოვი პატრიარქის ისევ ეჩმიაძინში დაბრუნების თაობაზე. ბოლოს მემკვიდრე უფლისწულის სახელით საგანგებო ელჩიც კი მოვიდა და კვლავ ითხოვა პატრიარქის უკან დაბრუნება, თანაც განაცხადა, რომ ამიერიდან მას პატივით მოეპყრობოდნენ და მისი სიცოცხლეც სავსებით გარანტირებული იქნებოდა. გენერალმა მკაცრად მიუგო, რომ იგი გაკვირვებულია, რატომ მოითხოვს უფლისწული ასე დაჟინებით პატრიარქის დაბრუნებას მონასტერში, სადაც მოსალოდნელია ქურთების მხრიდან თავდასხმა და ძარცვა, უფლისწული კი მათგან ბერების დაცვას ვერ ახერხებს.
მე ვისაუბრე საქართველოს გუბერნიაში მცხოვრები სხვადასხვა ხალხების შესახებ; ახლა კი ნება მომეცით, ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ თვით ქართველთა თამაშობებსა და ზნე-ჩვეულებებზე.
ბუნებრივია, რომ ერეკლეს დროიდან მოყოლებული, რუსების მიერ ამ ქვეყნის დაკავებამდე, ქართველთა გასართობი თამაშები, მათი ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე, საბრძოლო ხასიათს ატარებდნენ.
ცხენოსანი თავადები და კეთილშობილი ფენის სხვა წარმომადგენლები ასპარეზობდნენ ჯირითში, ისროდნენ მიზანში, ცხენზე ამხედრებულნი კვლავ ტენიდნენ თოფს და ახლა ზურგიდან ისროდნენ. ზოგჯერ, ისევე როგორც თურქები კონსტანტინოპოლში, ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ჯერიდში (ჯირითში?) ანუ შუბის ტყორცნაში; ხშირ შემთხვევაში ამ სასიკვდილო თამაშების შესახებ შეიძლება იგივე გვეთქვა, რაც ერთმა თურქმა თუ სპარსელმა ელჩმა თქვა, როცა ის ერთ-ერთ ასეთ შეჯიბრს დაესწრო: „ეს ყველაფერი გართობისათვის მეტისმეტია, ხოლო საბრძოლო შერკინებისათვის – ძალზე სუსტია“. გენერალმა ერმოლოვმა, რომელიც იმ უბედურ შემთხვევათა მოწმე იყო, შეჯიბრებებში მონაწილე ადამიანთა სიფიცხეს რომ მოჰყვებოდა ხოლმე, მოასპარეზეები დაითანხმა, რომ ჯოხის ნაცვლად წკეპლა ეხმარათ, თუმცა მიუხედავად ამ წინდახედული ღონისძიებისა, უბედური შემთხვევები ჯერ კიდევ ხშირია.
თავადაზნაურობაში გავრცელებული ეს სამხედრო თამაშობანი მდაბიო ხალხმაც გადაიღო და აითვისა, მაგრამ მათი ბრძოლის მანერა ნაკლებად კეთილშობილური იყო და სასიკვდილო შემთხვევებიც – უფრო ხშირი. კვირაობით და სხვადასხვა დღესასწაულებზე ქართველები ავლაბრის გარეუბნის მომიჯნავე მთის გადაღმა იკრიბებოდნენ და ორ გუნდად იყოფოდნენ. ბავშვები ერთმანეთს აქეზებდნენ და ჯოხებისა და შურდულის სროლით მოდიოდნენ, როცა ერთ-ერთი ჯგუფი დამარცხდებოდა, მათ ადგილს ახალგაზრდობა იკავებდა, შემდეგ კი ამ უკანასკნელთ უფროსები ჩაენაცვლებოდნენ.
ერთ დღესაც მთავარმართებელმა ამ ასპარეზობაზე დასწრება მოისურვა და მისმა იქ ყოფნამ ისე აღაგზნო ქართველები, რომ ასპარეზობა ბოლოს ნამდვილ გააფთრებულ ბრძოლაში გადაიზარდა და ვიდრე მის შეწყვეტას მოახერხებდნენ, ბევრი მონაწილე დაიჭრა, ხოლო სამი კაცი ადგილზევე დაიღუპა კიდეც. ამის შემდეგ ასეთი სახიფათო გასართობების განახლება სასტიკად აიკრძალა, მაგრამ იშვიათად ჩაივლის კვირა დღე ისე, რომ ეს ასპარეზობა არ წამოიწყონ და პოლიციის მოსვლამდე რამდენიმე კაცი დაიჭრება ხოლმე.
ამ სისხლიანი გასართობების საპირისპიროდ არსებობს უფრო მშვიდი გართობის სახეობაც: კარგ ამინდში, რომელიც ასე ხშირია თბილისში, ყოველ საღამოს ქართველებისა და სომხების სახლების ბანებზე ახალგაზრდა გოგონები, ქალები და ბავშვები იკრიბებიან; როგორც წესი, ერთდროულად მხოლოდ ერთი ან ორი ქალიშვილი ცეკვავს, დანარჩენები კი დაირაზე ხელების ზომიერად შემოკვრით მათ აკომპანირებას უწევენ. ცეკვა ძალზე ნელია: მოცეკვავენი ფეხზე არ დგებიან და იფარგლებიან თავის, მკლავებისა და სხეულის მოძრაობით. ასეთი გასართობები ხშირად იმართება და ქალაქ თბილისს მხიარულ იერს აძლევს ხოლმე; ეს არის სიმბოლო უზრუნველყოფისა და ბედნიერებისა, რითაც ეს ხალხი სარგებლობს მას შემდეგ, რაც ბარბაროსთა შემოსევებისაგან საიმედოდ არის დაცული.
თავი VIII
თბილისის ხელსაყრელი ადგილმდებარეობა ვაჭრობისათვის. ურთიერთობანი, რომლებიც ამ ქალაქს შეუძლია დაამყაროს შავი და კასპიის ზღვების საშუალებით; ამ ახალი ბაზრის გარანტია; ცნობები ჰორმუზის შესახებ; ქარავანთა მიმოსვლა სხვადასხვა ეპოქებში; მიზეზები, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე ხელს უშლიდნენ თბილისის ვაჭრობას; ცვლილებები მას შემდეგ, რაც საქართველო რუსეთის შემადგენლობაში შევიდა; სომხები ლაიფციგის ბაზრობაზე; ვაჭრობის სასარგებლოდ გატარებული ღონისძიებანი.
თბილისს, საქართველოს დედაქალაქს, ძალზე ხელსაყრელი ადგილმდებარეობა აქვს, რაც პირველი და აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ იგი აყვავებულ ქალაქად იქცეს და ამ უპირატესობის უგულებელყოფა შეუძლებელია.
შავი და კასპიის ზღვებიდან დაახლოებით ასი ლიეთი დაშორებულ თბილისს მთელი წლის მანძილზე შეუძლია იოლად და სწრაფად, ყოველგვარი საფრთხის გარეშე, და რაც მთავარია – მცირე დანახარჯებით, – კავშირი დაამყაროს ანატოლიის მთელ სანაპიროსთან, სამხრეთ რუსეთის ნავსადგურებთან და დუნაის შესართავთან; ხოლო როცა თბომავალი გემები დაინიშნება, რაც ხელს შეუწყობს სათანადო კომუნიკაციას, – რვა დღეც კი არ იქნება საჭირო, რომ ამ ზღვის უშორესი ნავსადგურები ფაზისისა და ხობის შესართავებს და აგრეთვე, კონსტანტინოპოლს დაუკავშირდეს. ეს ურთიერთობა ჩაკეტილი ზღვით წარმოებს და, შესაბამისად, არ არის იმის საშიშროება, რომ იგი შეწყდება, ზღვაზე გაბატონებული რომელიმე სახელმწიფოს მიმართ დაპირისპირების შედეგად. ამ ურთიერთობაში ჩაებმება დასავლეთ აზიისა და მთელი ევროპის კონტინენტის მოსახლეობა და რუსეთის 52 მილიონი მაცხოვრებელი.
როდესაც მსოფლიოს ამ ნაწილში ყველგან მშვიდობიანობა სუფევს, აზიისა და სამხრეთ რუსეთის პროდუქციით დატვირთულ, ფაზისის ნაპირებიდან გამოსულ ხომალდებს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეუძლიათ ამერიკის ყველა ნავსადგურში გაშალონ თავიანთი დროშები და მომგებიანად გაუწიონ იქ კონკურენცია იმ ხომალდებს, რომლებიც აქ სავაჭროდ იგზავნება ყველაზე ხელსაყრელი მდებარეობის მქონე ევროპის ნავსადგურებიდან.
კასპიის ზღვით, რომელიც რუსეთის სამფლობელოს წარმოადგენს, ყოველ შემთხვევაში – მის ნავიგაციაზე ამ უკანასკნელს მაინც განსაკუთრებული უფლება აქვს, – და რომელსაც ამ სახელმწიფოს „ჩაკეტილი ზღვა“ შეიძლება ეწოდოს, ევროპული მანუფაქტურული საქონლით დატვირთულ ხომალდებს შეუძლიათ 36 საათში ჩავიდნენ ბაქოდან გილანის, მაზანდარანისა და ასტრაბადის სანაპირომდე, ან კიდევ – ბალხანის ყურემდე; ხოლო ექვს დღეში ხომალდები ამ ნავსადგურიდან ასტრახანში ჩადიან. ამგვარად, თბილისში დაფუძნებულ სოვდაგრებს შეუძლიათ ფართო კომბინაციები გაშალონ მთელ ავღანეთში, ბუხარაში, ქაშმირსა და და ტიბეტში; აღადგინონ ძველი სავაჭრო გზა, რომელსაც ჩინეთის უკიდურესი დასავლეთი მხრიდან – შენსის პროვინციიდან ოთხმოც თუ ას დღეში ჩაჰქონდა საქონელი ოქსუსის ნაპირებამდე, ხოლო ორას დღეში – კასპიის ზღვის სანაპირომდე. ეს ინფორმაცია მკითხველმა რომ საფუძველს მოკლებულად არ მიიჩნიოს, მე შევახსენებდი, რომ ამ გზით, რომელიც დაახლოებით ორი ათას ლიეს შეადგენს, იგზავნება პრუსიული მაუდი სილეზიიდან ჩინეთის საზღვარზე კიახტაში. რუსეთში შემოტანისას მასზე იხდიან სატრანზიტო ბაჟს – 15 კაპიკს ვერცხლით არშინზე, 1 ფრანკს საფრანგეთის წყრთაზე, რაც დაახლოებით რვა პროცენტს შეესაბამება. ასეთ გადასახადს იმიტომ ახდევინებენ, რომ სატრანზიტო ხარჯები რუსეთსა და აზიის უმეტეს ნაწილში ძალზე დაბალია – აქ ცხოველებს საერთო საძოვრებზე გარეკავენ ხოლმე და არაფერს არ იხდიან სასტუმრო-ბაკებში. ამიტომაც ამ გზით მაუდის გადაზიდვა საკმაო მოგებას აძლევს ფაბრიკანტებს და 1818 წლიდან იგი შეუწყვეტლივ წარმოებს. ზოგჯერ წლის განმავლობაში გააქვთ 15 ათასი თოფი მაუდი, რომლის ღირებულებაც შეიძლება განისაზღვროს 4 მილიონ 500 ათას ფრანკამდე1.
რობერტსონი, რომელმაც ვრცელი გამოკვლევა უძღვნა აზიის კომერციას, სუეცზე და სპარსეთის ყურეზე გამავალ გზებზე საუბრისას ყველაზე ხელსაყრელად მიიჩნევს შავი და კასპიის ზღვებს შორის კომუნიკაციას. იგი ამბობს, რომ სირიის პირველი და უნიჭიერესი მეფე სელევკ ნიკატორი, ვიდრე მოკლავდნენ, დაინტერესებული ყოფილა ამ ახალი გზით; რობერტსონი დასძენს: „ვაჭრობის დარგი, რომელიც მან ამ ახალი გზით ხელთ იგდო, თავისი მოცულობითა და სარგებლობით იმდენად მნიშვნელოვანი ყოფილა, რომ ამ ახალ გზას დაუმსახურებია, რათა დიდ ხელმწიფეს ყველა საშუალება გამოეძებნა მასზე საკუთარი უფლებების განსამტკიცებლად“2.
ქარავნები თბილისიდან არზრუმში ორ კვირაში ჩადიან და უფრო მეტი დრო მათ არც თავრიზამდე სჭირდებათ. სამოცდაათ დღეში ისინი თბილისიდან სპარსეთის ყურეში ბენდერ-ბუშირში აღწევენ. ამ ნავსადგურიდან საქონლით დატვირთული ხომალდები, რომლებიც ხშირად დადიან ბომბეიში, ჩვეულებრივ, მხოლოდ თხუთმეტ-ოც დღეში ფარავენ ამ გზას. ამგვარად, თბილისი ინდოეთს უკავშირდება მოკლე, უსაფრთხო და იოლი გზით; მაგრამ თბილისის მომავალი წარმატება მხოლოდ მის ადგილმდებარეობაზე როდია დამოკიდებული.
როდესაც ბატონი ჯონ მალკოლმი თავის „სპარსეთის ისტორიაში“ ჰორმუზზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს ქალაქი გადაიქცა საწყობად, სადაც დედამიწის ყველა კუთხიდან უამრავი ვაჭარი იყრის თავს, რათა აზიური საქონელი ევროპულზე გაცვალოს, ამის მიზეზად იგი ასახელებს იმ ფაქტს, რომ „მათი ქონება და პიროვნება დაცული იყო უსამართლობისა და ძალადობისაგან და რომ ამ ქალაქიდან მათ შეეძლოთ უშიშრად ეწარმოებინათ ხელსაყრელი ვაჭრობა სპარსეთთან, არაბეთთან და თურქეთთან, რის გარანტიასაც მუდმივად იძლეოდა ამ ბარბაროსულ მხარეებში მყარად დამკვიდრებული რეზიდენტი“. ამ სიტყვებით ამ ნიჭიერმა ავტორმა გააკეთა ის, რისი გაკეთებაც მე ვერ შევძელი – მშვენივრად განმარტა, რომ თბილისს ნამდვილად აქვს ეს უპირატესობა: დღეს ხომ იგი ქრისტიანი და ცივილიზებული იმპერიის შემადგენლობაში შედის. სწორედ ეს უდიდესი უპირატესობა უზრუნველყოფს თბილისისათვის ჰორმუზის ტოლ წარმატებას; მისი მეშვეობით იგი ახალ პალმირად, ახალ ალექსანდრიად გადაიქცევა. მისი აუცილებლობის ძალა (უპირატესობა?) უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ის სიძნელეები, დაბრკოლებები თუ წინააღმდეგობები, რომლებმაც აქამდე თუკი ვერ შეაჩერეს, ყოველ შემთხვევაში – შეანელეს მაინც ის მოძრაობა, რომლის მიზანია ევროპასა და აზიას შორის ურთიერთობების ამ ახალი გზით წარმართვა.
„ჰორმუზის კუნძულზე არც მცენარეული საფარია და არც მტკნარი წყალი; მას ოცი ათასი წრეხაზიც კი არა აქვს; აქ მთები და დაბლობები ერთთავად მარილისაგანაა შექმნილი; ყველა ნაკადული მარილითაა გაჟღენთილი და თვით ზედაპირიც კი გაყინული თოვლის მსგავსად არის კონდენსირებული; ნიადაგი, ან უფრო სწორედ, მისი ერთიანი ზედაპირი, თავისი თვისებებით ზაფხულის სიცხეს უფრო აუტანელს ხდის, ვიდრე მცხუნვარე კუნძულებზე და მის შემოგარენ პროვინციებში; მას მხოლოდ და მხოლოდ ვარგისი ადგილმდებარეობა და კარგი ნავსადგური აქვს“3. თუკი ყოველივე ამის მიუხედავად, ეს კუნძული იყო ცენტრი უღრესად დიდმნიშვნელოვანი ვაჭრობისა, თუკი იგი იზიდავდა ქარავნებს, რის გამოც აქ დიდი რაოდენობით ოქრო შემოდიოდა და მსოფლიოს სხვა რომელიმე ბაზართან შედარებით აქ ვაჭრობა სულ უფრო ფართო ხასიათსა და მნიშვნელობას იძენდა, სავსებით დასაშვებია ვიფიქროთ, რომ მდინარის პირას მდებარე, ჩვეულებრივ, სამკურნალო და ნაყოფიერ მხარეში გაშენებული და საუცხოო კლიმატური პირობების მქონე თბილისიც ასეთივე მნიშვნელობას შეიძენს; თანაც ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ქალაქი დაახლოებით იგივე მანძილითაა დაშორებული, როგორც ჰორმუზი პენჯაბის მდიდარი პროვინციისაგან, რომელთანაც ამ უკანასკნელს ფართო ვაჭრობა აქვს გაჩაღებული.
ამაოა იმის მტკიცება, რომ აზიიდან ალეპოში, სმირნასა და კონსტანტინოპოლში მიმავალი ქარავნები თითქოს არ უღალატებენ თავიანთ მარშრუტს და ჩვეული გზიდან არასოდეს გადაუხვევენ: არსად ადამიანები ისე არ ეძებენ ხეირსა და გარანტიას, როგორც აზიაში.
იუსტინიანეს, ხოსროსა და მათ მემკვიდრეთა დროს საქონელი საქართველოსა და კოლხეთის გავლით გადაჰქონდათ; ზენობის დროს ხმელთაშუა ზღვისაკენ მიმავალი საქონელი გაივლიდა პალმირის ირგვლივ გადაჭიმულ უდაბნოს; ეგვიპტის სულთნების პერიოდში ინდოეთის საქონელი იტვირთებოდა სუეცში და აქედან ჩადიოდა ალექსანდრიაში; ვენეციელები მიჰყვებოდნენ ტანასა და აზოვის გზას, ხოლო გენუელებმა კოლხეთის გზა განაახლეს. ეს ცვლილებები, რომელთა მაგალითებიც კიდევ მრავლად შემიძლია მოვიყვანო, აშკარად ადასტურებს, რომ თუკი რომელიმე ქალაქის ადგილმდებარეობა დიდად უწყობს ხელს აქ ვაჭრობის მოზიდვას, გარანტია და მტკიცე მფარველობა ის ძირითადი პირობებია, რასაც ვაჭრობა უპირველეს ყოვლისა მოითხოვს.
ამგვარად, როცა ამიერკავკასიის რუსეთის პროვინციებს ხელსაყრელ ადგილმდებარეობასთან ერთად აგრეთვე ის უპირატესობაც აქვთ, რომ ნორმალურ ხელისუფლებას ექვემდებარებიან, არ შეიძლება ამ პროვინციებმა არ მოიზიდონ აქ ევროპასა და აზიას შორის წარმოებული ვაჭრობის უდიდესი ნაწილი.
შევადაროთ დღევანდელი თბილისის ბაზარი ალეპოს, სმირნასა და კონსტანტინოპოლის ბაზრებს, სადაც დიდი ხანია უცხოელებმა ხელიდან გამოგვაცალეს ჩვენ მიერ უწინდელ დროში წარმოებული ვაჭრობა: ერთის მხრივ, გვაქვს სრული სიმშვიდე, მუდმივი მფარველობა, ზომიერი ბაჟები, თავისუფლება ყოველგვარი გადასახადისაგან, სურსათის სიუხვე და მასზე არსებული დაბალი ფასები, მყარი ფული. მეორეს მხრივ – აღვირახსნილი დესპოტიზმი, შევიწროვება ფაშების მიერ, დაუსჯელი მკვლელობები, ძარცვის საფრთხე, ხანძარი, ჟამიანობა, არავითარი გარანტია პიროვნებისა თუ საქონლის დასაცავად; დაბოლოს, არამყარი ფული, რომლის რეალური ფასიც ყოველდღიურად ეცემა და საქონლის დროულად გაყიდვის არავითარ საშუალებას არ იძლევა.
როცა თბილისსა და ოტომანთა იმპერიის ნავსადგურებს შორის ასეთი კონტრასტები არსებობს, მაშ რაღა საჭიროა ანგარიში გავუწიოთ იმ განსხვავებას, რომელიც ამ ორი გზის ხარჯებს შორის შეიძლება არსებობდეს; დიდი მასშტაბის საგარეო სავაჭრო ოპერაციების მსვლელობისას ეს სულაც არ არის ანგარიშგასაწევი. როგორც უკვე ვთქვი, სოვდაგრებისათვის უპირველეს ყოვლისა ბაზრის გარანტიაა მნიშვნელოვანი, ეს გარანტია კი არსებობს თბილისში მას შემდეგ, რაც აქ რუსების მმართველობა დამკვიდრდა, ისევე როგორც არსებობდა ჰორმუზში პორტუგალიელთა მმართველობის ხანაში. ეს გარანტია აქ იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ბატონი ჯონ მალკოლმი აღნიშნავდა: როგორც კი ჰორმუზი ქრისტიანთა ხელიდან მუსლიმთა ხელში გადავიდა, ქარავნებმა მაშინვე შეწყვიტეს აქ ჩამოსვლა.
მას შემდეგ, რაც თბილისის სასარგებლოდ ყველა საბუთი წარმოვადგინე, რაც უდავოდ მოიზიდავს აქ აზიის ქარავანთა უდიდეს ნაწილს, ახლა საჭიროდ მიმაჩნია, რამდენიმე სიტყვა მოგახსენოთ მისი ვაჭრობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე, მიზეზებზე, რომლებმაც შეაფერხეს აქ ვაჭრობის განვითარება და იმ საშუალებებზე, რომლებიც დააჩქარებენ მის წინსვლას.
როდესაც 1802 წელს რუსები საქართველოს, თანდათანობით კი – ამიერკავკასიის სპარსულ პროვინციებს დაეუფლნენ, ღველფად ქცეული თბილისი ჯერ კიდევ ხრჩოლავდა. მოსახლეობის განადგურება, რაც შინაური ომების დროს დაიწყო და მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში საბოლოოდ დაასრულა სპარსეთის სამეფოში გაბატონებული ულმობელი ევნუხის ჯარებმა. ამასთანავე, განუწყვეტელი შემოსევების საფრთხის ქვეშ მყოფმა ღია და ევროპასთან კავშირს მოკლებულმა ქვეყანამ ვერ შეძლო გადაქცეულიყო სავაჭრო ქვეყნად.
ამგვარად, ვაჭრობა ამ მხარეებში სულ ახლახან გაჩნდა და თარიღდება მხოლოდ და მხოლოდ რუსების მოსვლით, უფრო ზუსტად კი იმ დროით, როცა გულისტანის ტრაქტატმა საქართველოს მშვიდობა მოუტანა.
პირველ ხანებში, იმ დრომდე, ვიდრე იმპერატორი ალექსანდრე ამიერკავკასიის რუსულ პროვინციებს შეღავათებს უბოძებდა, ერთადერთი სავაჭრო ოპერაცია, რასაც სომხები აწარმოებდნენ, ეს იყო საქართველოში დაბანაკებული რუსული ჯარისათვის პირველი მოთხოვნილების ზოგიერთი საქონლის მიწოდება. ამ საქონლის შესაძენად ისინი მიემგზავრებოდნენ მაკარიევის ბაზრობაზე, დღევანდელ ნიჟნი-ნოვგოროდში. ჩვეულებრივ, მათ იქ ჩაჰქონდათ სპარსული ქსოვილები, ხამი აბრეშუმი, ცამელნე გალი, მეტწილად კი – ქაშმირის შალი და მარგალიტები და მათ ცვლიდნენ მაუდზე, ერთფეროვან და მოჩითულ ტილოზე, თავ შაქარზე და სხვა საქონელზე, რომლებიც თბილისში ჩამოჰქონდათ. საკმაოდ ხშირად ისინი საქონელს ფულითაც ყიდულობდნენ, ხოლო რადგან ამ სომეხ ვაჭრებს ჯერ კიდევ საბოლოოდ ვერ დაეღწიათ თავი საკუთარი სიღარიბისაგან, მათ შორის ძალიან ცოტას თუ აძლევდნენ საქონელს კრედიტით. ამგვარად, მათი ვაჭრობა, მათივე ხელმოკლეობის გამო, მეტწილად წვრილმანი ხასიათისა იყო. ამასთანავე, იგი შეზღუდულიც იყო, რადგანაც სპარსეთის მოხმარებისათვის საჭირო ევროპული ფაბრიკების პროდუქცია, რომლის შესაძენადაც ეს სომეხი ვაჭრები მაკარიევში ჩადიოდნენ,ზედმეტად იყო დატვირთული ბაჟით (რასაც რუსეთში საქონლის შემოტანისას ახდევინებდნენ) და სხვა დამატებითი ხარჯებით. ამის გამო ეს საქონელი ვერ გაიყიდებოდა აზიაში იმ საქონლის კონკურენციის გამო, რომელსაც სპარსელები სმირნასა და კონსტანტინოპოლში იძენდნენ ადგილობრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ სულ მოკლე ხანში, თავიანთი ხელმომჭირნეობის წყალობით, ამ სომეხ ვაჭართაგან ზოგი გამდიდრდა და როცა 1821 წლის 8 (20) ოქტომბრის „უკაზი“ გამოქვეყნდა, რაც ამ მხარეებში სავაჭრო შეღავათებს ითვალისწინებდა, თბილისში უკვე რამდენიმე მდიდარი ვაჭარი ცხოვრობდა.
ამ „უკაზის“ შესახებ ცნობა საფრანგეთში ზუსტად იმ დროს მოვიდა, როცა განსვენებული ბ-ნი გრაფი დე რიშელიე, რომელსაც მშვენივრად ესმოდა მისი სარგებლიანობა, სამინისტროს ტოვებდა. მისი წასვლის შემდეგ საფრანგეთის ვაჭრობამ დაკარგა დასაყრდენი და მცოდნე დამკვალიანებელი, რომელსაც შეეძლო ვაჭრობისათვის მფარველობის გაწევა და მისი წარმართვა უცხო ქვეყნებში პირველადი ექსპორტის დროს. აქედან მოყოლებული, საგარეო მოვლენებმა – ხმელთაშუა ზღვის გარშემო შექმნილმა მღელვარებამ, სავაჭრო კრიზისმა, რომლის გავლენაც ჯერ კიდევ აგრე რიგად საგრძნობია, – ყოველივე ამან გამოიწვია ყურადღების გადატანა იმ რეგიონისაკენ, რომელიც პროდუქციის გასაღების უზარმაზარ საშუალებას აძლევდა ჩვენს ფაბრიკებს, და ამასთანავე, ფართო სარბიელს ქმნიდა დიდი კომერციული კომბინაციებისათვის.
სანამ ჩვენ ვმერყეობდით, საქართველოს სომხებმა ხელთ იგდეს ინიციატივა და საგანგებოდ აღნიშვნის ღირსია ის იმპულსი, რომელიც მათ სამი წლის განმავლობაში მისცეს ამ ვაჭრობას. თბილისელი სომეხი ვაჭარი სარაჯიევი პირველი იყო იმ ვაჭართა შორის, ვინც ოდესაში ჩამოვიდა და დაახლოებით 100 ათასი ფრანკის ღირებულების საქონელი შეიძინა. იგი თვითონვე გამოჰყვა ამ საქონელს რედუტ-კალემდე, აქედან კი – თბილისამდე და ყველაფერი დიდი მოგებით გაყიდა. შემდეგ წელს ლაიფციგის ბაზრობაზე პირველად გამოჩნდა ერთად გაერთიანებული ექვსი სომეხი; მათ შეისყიდეს 600 ათასი ფრანკის ღირებულების ევროპული წარმოების მანუფაქტურული საქონელი, გააგზავნეს იგი ტრანზიტით, გალიციისა და სამხრეთ რუსეთის გზით, ოდესაში, აქედან კი გადატვირთეს ხომალდზე და სარაჯიევის მიერ მითითებული გზით რედუტკალესაკენ გაემგზავრნენ. 1825 წელს ლაიფციგში მათ შეისყიდეს 1200000 ფრანკამდე ღირებულების საქონელი. უკანასკნელ, 20 ივნისის ფრანკფურტის წერილს თუ დაეჯერება, რომელიც ამავე თვის 24 რიცხვის „სავაჭრო გაზეთშია“ მოთავსებული, თბილისელ ვაჭრებს ლაიფციგის უკანასკნელ ბაზრობაზე შეუძენიათ 700 ათასი ტალერის (2800000 ფრანკის) ღირებულების საქონელი.
სომხების მაგალითს დაუყოვნებლივ უნდა მიბაძონ ევროპელებმა. უახლოეს მომავალში ისინი თბილისში დააარსებენ ყველანაირი სახის მანუფაცტურული საქონლის საჭყობს, რომელიც დააკმაყოფილებს აზიის ხალხების მოთხოვნილებებსა და აღმოსავლური ფუფუნების დონეს. ამის შემდეგ ქაშმირიდან, ბუხარადან და ავღანეთიდან თავრიზში, იეზდსა და ისფაჰანში მიმავალი ქარავნები თბილისამდე გააგრძელებენ გზას, სადაც უფრო მრავალფეროვან, თავიანთი გემოვნების შესაფერ საქონელს შეარჩევენ. ამავე დროს, აქვე იპოვნიან მდიდარ მყიდველებს, რომლებიც მათი ცხენებითა და აქლემებით ჩამოზიდულ საქონელს შეიძენენ.
რადგანაც ვაჭრობა ევროპულ სახელმწიფოთათვის ძლიერების უმაღლესი გამოხატულებაა, რადგან სწორედ მის ბაზაზეა დამყარებული მანუფაქტურული მრეწველობა და თვით ამ სახელმწიფოთა შინაგანი სიმშვიდეც, ამიტომაც, ვფიქრობ, მომიტევებენ, რომ ამ საკითხს რამდენადმე გავრცობილად განვიხილავ: საქმე ხომ აზიის ვაჭრობას და მის მოსაზლრობას შეეხება, რომელიც ოთხჯერ აღემატება სამხრეთ ამერიკის მოსახლეობას.
დასავლეთ აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობა მხოლოდ სპარსელი ვაჭრების შუამავლობით წარმოებს და, ამდენად, იგი აუცილებლად შეზღუდული ხასიათისა უნდა ყოფილიყო. ასეთ შორეულ მანძილზე მათ არ შეეძლოთ განესაზღვრათ, თუ რა სახის აზიური სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და ინდუსტრიული საქონელი იყო უფრო მეტად საჭირო ევროპისათვის. კიდევ უფრო ნაკლებად შეეძლოთ მათ გამოეცნოთ, ოცდაათი წლის მანძილზე გასაოცარი პროგრესის მქონე ინდუსტრიის მრავალფეროვან პროდუქციას შორის, რომელი იყო ის საქონელი, ფართო გასაღებას რომ იპოვნიდა სპარსეთში. ეს შენიშვნა სხვა მხრივაც არის მნიშვნელივანი, როცა საქმე ეხება არა მხოლოდ სპარსელებს, არამედ მულტანის, ლაჰორის, სამარყანდის, ქაშმირის, ტიბეტისა და ავღანეთის მცხოვრებლებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ევროპულ საქონელს მხოლოდ მესამე ან მეოთხე ხელიდან იღებდნენ, რუსეთისა და სპარსეთის ყურის გზით, ან კიდევ – თავრიზის, იეზდისა და ისფაჰანის ვაჭართაგან.
სავსებით ნათელია, რომ იმ დღეს, როდესაც თბილისი მნიშვნელოვან ბაზრად გადაიქცევა, სადაც ინდის ნაპირებიდან პენჯაბიდან მოყოლებული გუჯარათამდე მრავალი ქარავანი ჩამოვა, აქ შემუშავდება ახალი სავაჭრო კომბინაციები, დამყარდება ფართო ურთიერთკავშირი მანუფაქტურულ ევროპასა და აზიას შორის, რომელიც მდიდარია ჩვენი ფაბრიკა-ქარხნებისათვის აუცილებელი ყველანაირი ნედლეულით.
ეს ახალი გზა, ეს ბაზარი ცივილიზებული ხალხის სახელმწიფოში, ეს ახალი ჰორმუზი მნიშვნელოვანი მოვლენაა საფრანგეთისათვის და მას აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება; იგი ასევე მნიშვნელოვანია რუსეთისათვის, რომლის ერთ-ერთიპროვინციის ხვედრია ფართო მასშტაბის ვაჭრობის ცენტრად იქცეს; დაბოლოს, იგი მნიშვნელოვანია მთელი ევროპისათვის, რომელიც ყველგან გასაღების ბაზარს ეძიებს თავისი ინდუსტრიისათვის, რამდენადაც ამ ინდუსტრიას ნაკლებად აკმაყოფილებს თანამედროვე კომერციის ვიწრო წრე.
მაგრამ თუ სურთ, რომ ეს აღმავლობა, მიუხედავად ყველანაირი ხელისშემწყობი პირობებისა, არ შეჩერდეს, უნდა გაიხსენონ და გაითვალისჭინონ პორტუგალიელების მაგალითი: იმისათვის, რომ ჰორმუზში მიეზიდათ მდიდარი ქარავნები, რომლებიც იქ აზიის უშორესი პროვინციებიდან იყრიდნენ თავს, ისინი უცხოელებს არ აკლებდნენ ყურადღებას, მზრუნველობას, მრავალფეროვან აღმოსავლურ სიამოვნებასა და სიტკბოებას: „წელიწადის იმ მონაკვეთში, როდესაც უცხოელი ვაჭრები ჰორმუზში ჩადიოდნენ, ეს ქალაქი აღმოსავლეთის უბრწყინვალეს და საამურ ქალაქად იქცეოდა. აქ ხალხი დედამიწის თითქმის ყველა კუთხიდან მოდიოდა: აქ ცვლიდნენ საქონელს და აწარმოებდნენ საქმიან მოლაპარაკებებს დიდი მოკრძალებოთა და პატივისცემით, რაც ნაკლებად იყო დამახასიათებელი სხვა სავაჭრო ადგილებისათვის.
ამ ტონის მიმცემნი ნავსადგურის ვაჭრები იყვნენ, რომლებმაც ეს თავაზიანი მანერები უცხოელებსაც გადასცეს. ქალაქში დაცული სანიმუშო წესრიგი, კომფორტი, მოზღვავებული ყველანაირი სახის გასართობი, – ყოველივე ეს, ვაჭრობის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელს უწყობდა აქ სოვდაგრების თავშეყრას. ქუჩები იფარებოდა სუფთა ჭილოფით, ზოგან კი – ნოხებითაც. სახლებს ზემოდან გადმოშვერილი სახურავები ადამიანებს მცხუნვარე მზისაგან იცავდნენ; აქვე იყო ინდურ ყაიდაზე გაკეთებული საკუჭნაოები, რომლებსაც მოოქრული ლარნაკებითა და ნატიფი ფაიფურით რთავდნენ. ამ ლარნაკებში აყვავებული ბუჩქები ან არომატული მცენარეები იყო ჩარგული. მოედნებზე შეხვდებოდით წყლის მზიდავ აქლემებს. გულუხვად არიგებდნენ სპარსულ ღვინოებს, აგრეთვე – ნელსაცხებლებსა და უგემრიელეს საჭმელებს, ისმოდა მშვენიერი აღმოსავლური მუსიკა“4.
უცხოელ სოვდაგრებს ასეთი ზედმეტი დახვეწილობისადმი პრეტენზიები ნუ ექნებათ საქართველოში, მაგრამ შეუძლიათ ნამდვილად დარწმუნებულნი იყვნენ იმაში, რომ აქ არსებული გონიერი ხელისუფლების პირობებში ისინი ვაჭრობისას უზრუნველყოფილნი იქნებიან საჭირო შეღავათებით და გარდა ამისა, ისარგებლებენ თბილისში თავშეყრილი სხვადასხვა ხალხების ზნე-ჩვეულებებისა და ტრადიციებისათვის დამახასიათებელი პატივისცემით.
თუკი ნებას მომცემდნენ დამესახელებინა ახლადწარმოქმნილი ვაჭრობის განვითარებისათვის აუცილებელი თავდაპირველი ზომები, მე უპირველეს ყოვლისა, წამოვაყენებდი წინადადებას სავაჭრო ტრიბუნალის დაარსების თაობაზე; იგი სწრაფი და პირდაპირი მართლმსაჯულებით შეცვლიდა სამოქალაქო იურისდიქციას, რომლის ზოზინი და გაჭიანურებული აპელაციები ყოველგვარ გარიგებას აფერხებენ; სასურველია აგრეთვე, რომ რამდენიმე წლით განსაზღვრული შეღავათი შეიცვალოს ნახევარსაუკუნოვანი ვადით. ამით დიდ ასოციაციებს საკმაო დრო მიეცემათ ფართო ვაჭრობისათვის საჭირო მშენებლობებში გაღებული ხარჯების ასანაზღაურებლად.
თანამედროვე ოტომანთა იმპერიის პირობებში თბილისის ბაზარი მთელი ევროპისათვის საერთო ინტერესის სფეროდ იქცა. აქ დამკვიდრებული სოვდაგრები სრული გარანტიით ისარგებლებენ სპარსეთშიც, ამ გარანტიას უზრუნველყოფს გავლენიანი მთავრობა, რომელსაც ამიერკავკასიის პროვინციებში დაახლოებით 60 ათასკაციანი ჯარი ჰყავს. ამ განცხადების დასასაბუთებლად ერთ მაგალითს მოვიყვან: როდესაც 1821 წელს თეირანში თბილისელი სომხების ერთი ქარავანი გაძარცვეს, სპარსეთში რუსეთის რწმუნებულის, ბ-ნ პოლკოვნიკ მაზაროვიჩის უბრალო მოთხოვნაც კი საკმარისი აღმოჩნდა, რათა სომხებისათვის სასწრაფოდ აენაზღაურებინათ დანაკარგი, ხოლო თანხის დასადგენად მათივე უბრალო განცხადებით დაკმაყოფილდნენ.
შენიშვნები
1. მე საჭიროდ აღარ ჩავთვალე დამამტკიცებელ დოკუმენტებში დამერთო „უკაზის“ პირი, რომელშიც მოხსენიებულია პრუსიული მაუდი და მარშრუტი მოსკოვიდან ჩინეთის საზღვარზე კიახტამდე, სადაც პორტები სრულ წესრიგშია.
2. იხილეთ რობერტსონის “ნარკვევები ინდოეთის შესახებ”, გვ. 61.
3. იხილეთ მალკოლმის „სპარსეთის ისტორია“, ტ. II, გვ. 332.
4. „ევროპული კომერციის ფილოსოფიისა და პოლიტიკის ისტორია და სხვ. ორთავე ინდოეთში“, ტომი I, გვ. 163.
თავი IX
სოფლის მეურნეობის კულტურები კახეთში. ზვარ-ვენახები. შენიშვნები მათი პროდუქციის თაობაზე. სომხითი და ქართლი. მარცვლეულის მოსავლის აღება. საძოვრები. ცხვრები. მეაბრეშუმეობის წარმატებები ამ მხარეში. ნაყოფიერი მიწები არაგვის გასწვრივ. სელი. ბრინჯი. ბამბის, ინდიგოს კულტურები, შაქრის ლერწამი. ცხენსაშენი, რომელიც სამომავლოდ უნდა მოეწყოს. კალიები, ცნობები ამ უბედურების შესახებ.
თავისი ნაყოფიერი მიწებითა და ადგილობრივი პროდუქციით კახეთი ყველაზე მდიდარია საქართველოს შემადგენელ სამ პროვინციას შორის. მე უკვე აღვწერე სიღნაღის ულამაზესი ხეობა და აქაური სოფლები. ტყეებში, თითქმის ყველგან, ხეებზე ვაზია შემოხვეული და თუკი მისი შტამბის მიხედვით ვიმსჯელებთ, იგი კახეთისა და ძველი კოლხეთის ლიანად და პირველყოფილ ვაზად უნდა მივიჩნიოთ. ვაზის ყლორტები უმაღლესი ხეების კენწეროებამდეა ასული და ამის გამო მოსავლის აღება იმდენად გართულებულია, რომ ყურძნის სულ ცოტა, ნახევარი მაინც, ყუნწზევე ლპება. ბუნების მადლის, ამ ველური ვაზის გვერდით, რომელიც ადამიანისაგან არანაირ ზრუნვას არ მოითხოვს, კახელებს უზარმაზარი ვენახები აქვთ გაშენებული, რომელთა შორისაც ბევრი მართლაც რომ სანაქებოა; კარგად მოვლილი ვაზი დიდი რაოდენობით იძლევა ყურძენს, მისგან მიღებული ღვინოს კი საქართველოშივე მოიხმარენ. იმისათვის, რომ ყურძნის მოსავალი კიდევ უფრო გაიზარდოს, კახეთშიც, ასტრახანის გარეუბნების მსგავსად, მიღებულია ვაზის მორწყვა; ეს, უდავოდ, ხელს არ აძლევს ღვინოს: იგი დიდხანს არ ინახება და მალე ძმარდება.
საქართველოში, უფრო კი – თბილისში, ღვინო დიდი რაოდენობით, შეიძლება ითქვას, გადაჭარბებული რაოდენობითაც კი იხარჯება. ქართველი კაცისათვის, უბრალო ხელოსნიდან მოყოლებული კეთილშობილ თავადამდე, დღის ჩვეულებრივი რაციონია ერთი თუნგი (ხუთ-ნახევარი ბორდოს ბოთლი) ღვინო. მარტო კახეთიდან თბილისში მთელი ღვინის ოთხ მეხუთედზე მეტი შემოდის. გენერლებისა და წარჩინებულ პირთათვის განკუთვნილი ერთი თუნგი საუკეთესო ღვინო 1 აბაზიდან 1 და მეოთხედ აბაზამდე (20 სუ) ღირს, ერთი ბოთლი სუსტი და მდარე ხარისხის ღვინის ფასი კი ძლივს აღწევს ერთ სუს.
როცა ამ მხარეში სოფლის მეურნეობა განვითარდება, როცა როფები და კასრები ქვევრებსა და ტიკებს შეენაცვლებიან, როცა ბოცებისა და სარდაფების გამოყენება დაინერგება და როცა საქართველოში გაეცნობიან და აითვისებენ ღვინის დაყენების ევროპულ წესებს, ეს პროვინცია შეძლებს დიდი რაოდენობით ღვინის გატანას ბაქოში, საიდანაც იგი ასტრახანში გაიგზავნება, იქიდან კი ვოლგისა და მისი შენაკადების აყოლებით, ამ ღვინით მოამარაგებენ რუსეთისადა ციმბირის გარკვეულ ნაწილს. ამრიგად, იგი შეცვლის მოლდავურ და ბერძნულ ღვინოებს, რომელთა შემოტანაც რუსეთში საკმაოდ გართულებულია თანამედროვე პირობების გამო; გარდა ამისა, ამ ღვინოების შემოტანაზე დაწესებულია გადასახადი კასრში 320 მანეთი ასიგნაციით, ხოლო საქართველოდან, რომელიც რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილია, შემოტანილ ღვინოზე ამ გადასახადს არ გადაიხდიან.
კახეთში დაიწყეს ზაფრანისა და ენდროს მოშენება; თესლი ელიზავეტპოლიდან ანუ ძველი განჯიდან შემოიტანეს. ცნობილია, რომ ამ მხარის ენდრო საუკეთესოა, საფრანგეთში მოახერხეს მ ისგან ძალზე კარგი ჭიაფერის მიღება. კახეთი ასევე უხვად ამარაგებს მოსახლეობას საჭირო რაოდენობის მარცვლეულით.
ქართლსა და სომხითში ყველაზე მეტად გავრცელებულია მარცვლეულის კულტურა, ხოლო ვენახი აქ მეორეხარისხოვანია. ორივე ეს პროვინცია კახეთთან შედარებით უფრო გვალვიანია და ნაკლებად მოსავლიანი; ამიტომ სადაც კი შესაძლებელია სარწყავი სისტემის მოწყობა, მიწები ირწყვება. კარგი საძოვრები აქ ძალზე იშვიათია, რის გამოც რქოსან პირუტყვს არ აშენებენ, სამაგიეროდ ბევრი ცხვარი ჰყავთ, განსაკუთრებით – გორის ოლქში. მატყლი საკმაოდ უხეშია, მაგრამ მშვენივრად გამოიყენება ხალიჩების საქსოვად, რაც ამიერკავკასიის რუსულ პროვინციებში მრეწველობის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დარგია. 1822 წელს მთავარმართებელმა ამ მხარის მოსახლეობას მერინოსის ჯიშის ცხვრები დაურიგა, მაგრამ ისინი საერთო ფარაში შეურიეს და მათზე ზრუნვა უდარდელ მწყემსებს მიანდეს, რის გამოც, როგორც ჩანს, ადგილობრივი ცხვრის ჯიშის გასაუმჯობესებლად მათ ვერანაირი სარგებლობის მოტანა ვერ შეძლეს.
მიწებს საქართველოში ყველგან ხარებით ხნავენ. გუთანში შებმული ხარების რიცხვი ოლქებისა და მიწების ხარისხის მიხედვით ცვალებადია. გუთანი, რომელიც აქ გამოიყენება, ორხელია. სახნისი იმერეთში ხისაა, საქართველოში კი – რკინისა. ზემოთ მე აღვწერე, თუ რა პროცესებს მიმართავდნენ ღვინის დასაყენებლად, ვისაუბრე იმის თაობაზეც, თუ როგორ ტარდებოდა ძნის ლეწვა და ზოგიერთი სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაო. ისევე როგორც მრეწველობასა და კომერციას, საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებასაც ჰქონდა ხელშემშლელი პირობები, რაც ამ მხარის პოლიტიკურ ვითარებასთან იყო დაკავშირებული. მომხდარი ცვლილებები ალბათ სოფლის მეურნეობასაც დაეტყობა.
საქართველოს ზოგიერთ ოლქში ვხვდებით თუთის ხეების პლანტაციებს, განსაკუთრებით კი ეს ითქმის სპარსეთის იმ პროვინციებზე, რომლებიც დღეს რუსეთს ექვემდებარებიან.
განჯაში, ნუხასა და შირვანში დიდი რაოდენობით მოჰყავთ აბრეშუმი. მას ართავენ ძალზე დიდი დიამეტრის მქონე სართავ ჯარებზე, რის გამოც იგი მდარე ხარისხისაა და მისი ამოხვევა იმდენად ძნელია, რომ ლიონელმა ფაბრიკანტებმა მის გამოყენებაზე უარი თქვეს. ამ ქალაქში იგი სპარსული აბრეშუმის სახელით იყო ცნობილი, მისი ფასი შეესაბამებოდა მისივე მდარე ხარისხს, უფრო კი – მის ცუდ რეპუტაციას; მაგრამ 1740 წელს, კასპიის ზღვაზე ინგლისური სავაჭრო კანტორების უფროსმა ჰენვეიმ, რომელიც თავისი გონიერებისა და კეთილშობილური თვისებების გამო ფრიად დაფასებული კაცი გახლდათ, მიაღწია იმას, რომ გილანსა და შირვანში ვიწრო დიამეტრიანი სართავი ჯარები შემოიღო. ამის შედეგად ამ აბრეშუმმა, რომელსაც მანამდე ინგლისში სრულებით არ აფასებდნენ, აქაურ ფაბრიკებში ფართო აღიარება ჰპოვა. ინგლისელების გამოცდილებას მიბაძა ორმა ფრანგმა – ბ-ებმა ფერტე დიდლომ და კასტელამ. მათ ამ მხარეში ვივარესიდან ჩამოიყვანეს მუშები და მიღებულმა შედეგმაც სავსებით გაამართლა იმათი აზრი, ვისაც სწამდა, რომ სპარსეთის აბრეშუმი პიემონტის აბრეშუმის ტოლფარდი რომ გამხდარიყო ამისათვის მხოლოდ და მხოლოდ დახელოვნებული ოსტატების მიერ მისი დართვა იყო საჭირო.
ჯერჯერობით, ვიდრე საფრანგეთში თუთის ხეებს მოაშენებენ და ისეთი რაოდენობით მიიღებენ აბრეშუმს, რომ აღარ დასჭირდებათ უცხო ქვეყნებიდან მისი შემოტანა (ისე, როგორც ამჟამად, როცა აქ ყოველწლიურად უწევთ 2530 მილიონამდე ღირებულების იტალიური და ბელგიური აბრეშუმის შეძენა), ურიგო არ იქნება, თუკი საფრანგეთი მოიპოვებს ახალ ბაზარს, სადაც ამ ნედლეულს მანუფაქტურულ პროდუქციაზე გაცვლის მეშვეობით შეიძენს.
განჯაში (დღევანდელ ელისაბედპოლში), ყარაბაღში, განსაკუთრებით კი არაქსის მიმდებარე ტერიტორიებზე, მოჰყავთ ენდრო, ბრინჯი და სელი. ბრინჯი ძალზე კარგი ხარისხისაა და დიდი რაოდენობითაც მოიხმარება ამ მხარეში, სადაც იგი ძირითად საკვებს წარმოადგენს. ბრინჯის ფასი ზოგჯერ იმდენად დაბალია, რომ მისი მოყვანის ხარჯებსაც კი ვერ ფარავს. ევროპის მოუსავლიან წლებში ვაჭრობა სარგებელს ნახავს, თუკი ბრინჯს სწორედ ამ მხარეებიდან გამოზიდავენ და მას ხმელთაშუა ზღვის ნავსადგურებში გადააგზავნიან; აქედან კი, იმ შემთხვევაში თუკი ოტომანთა იმპერიასთან მოხდება შეთანხმება და ეს უკანასკნელი დუნაიზე, ულმიდან მის შესართავამდე, ვაჭრობის უფლებას გასცემს, ეს მარცვლეული შეუფერხებლად გადაეგზავნება ამ მდინარის გასწვრივ მდებარე ყველა სახელმწიფოს, რაც ვაჭრობისთვისაც მეტად მომგებიანი იქნება.
სელის მხოლოდ მარცვალს იყენებენ და მისგან ზეთს ზდიან, ღეროს კი, ჩვეულებრივ, წვავენ და თუკი აქამდე მას არავითარი გამოყენება არ ჰქონდა ამ ქვეყანაში, ამიერიდან იგი შესაძლოა ექსპორტის საგანიც გახდეს.
ყარაბაღი ცნობილია საუკეთესო ჯიშის ცხენებით, რომლებსაც სპარსულ ცხენებს შორის პირველი ადგილი უკავიათ. ძირითადი ცხენსაშენი ქარხანა ამ ძველი სახანოს მთებშია განლაგებული. აქაური ცხენების ერთადერთი ნაკლი გახლავთ ის, რომ სუსტი გამძლეობა აქვთ და დიდ მზრუნველობასა და მოვლას საჭიროებენ ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, რისთვისაც ისინი ძირითადად გამოიყენებიან. დაკეპილი ჩალისა და ქერის გარდა, ისინი ძნელად ეგუებიან სხვა საკვებს; ჩერქეზულ ცხენებთან შედარებით, რომლებიც არ უშინდებიან არც კლიმატს, არც დაღლას და ყოველგვარ საკვებსაც იოლად ეგუებიან, კავალერიის სამსახურისათვის ყარაბაღული ცხენები უფრო ნაკლებად გამოდგებიან.
ძალზე ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომელსაც ესოდენ ხელსაყრელი ადგილმდებარეობა ჰქონდეს ცხენსაშენი ქარხნის მოსაწყობად, როგორც ეს ამიერკავკასიის რუსულ პროვინციებს აქვთ. მე უკვე აღვნიშნე, რომ თბილისის ბაზარზე ყოველწლიურად დაახლოებით ოცი ათასამდე ჩერქეზული ცხენი ჩამოჰყავთ გასაყიდად; მათ შორის გამოირჩევიან ჭაკი ცხენები, რომელთა ფასი 30-დან 120 ფრანკამდეა. ასევე შესანიშნავი თურქმენული ულაყების შეძენა შეიძლება ბალხანის ყურის ნაპირზე, სპარსულისა – ყარაბაღსა და ხორასანში, ხოლო არაბული ულაყებისა – არზრუმში.
ბამბა მოჰყავთ შირვანში, ძირითადად არაქსის ნაპირებზე. მთელ ამ მხარეში შეიძლება ბამბის დიდი პლანტაციების გაშენება, საჭიროა მხოლოდ მოკლებოჭკოვანი ბამბის გრძელბოჭკოვანით შეცვლა, რადგანაც მისი დამზადება უფრო ნაკლებ ხარჯებს მოითხოვს, სამაგიეროდ კი მიღებული პროდუქტი გაცილებით ძვირად ფასობს. სოფლის მეურნეობის ამგვარი აღმავლობა გაამდიდრებს მემამულეებსა და გლეხებს და დიდად სასიკეთო გავლენას მოახდენს კომერციაზე, რადგანაც ხმელთაშუა ზღვიდან სამეგრელოს სანაპიროზე ჩამოსული ხომალდები უკან დაბრუნებისას ამ საქონლით დაიტვირთებიან; ეს სიახლე ასევე სასარგებლო იქნება ევროპის კონტინენტის ყველა მანუფაქტურული ქვეყნისათვის, განსაკუთრებით – ქვემო და ზემო რაინზე მდებარე ქვეყნებისათვის: საზღვაო ომის შემთხვევაში მათ შესაძლებლობა მიეცემათ, გერმანიის გავლით, ტრანზიტით შემოიტანონ ეს ნედლეული, რაც გაცილებით იაფი დაუჯდებათ, ვიდრე მისი შემოტანა ჩვენი ნავსადგურებიდან, სადაც ომიანობის დროს, ფრახტისა და დაზღვევის სიძვირის გამო, როგორც წესი, ხარჯები ასი პროცენტით იზრდება.
ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე მდებარე ქვეყნები მოკლებულნი არიან იმ უპირატესობას, რომლითაც სარგებლობენ ის ქვეყნები, რომლებიც თავიანთ პროდუქციას შავი ზღვის ნავსადგურებიდან აგზავნიან; ასე მაგალითად, როცა ჩვენი ჯარები ეგვიპტეს იკავებდნენ, ერთი წლის მანძილზე ინგლისელებმა მოახერხეს ისეთნაირად ჩაეკეტათ ყველა გასასვლელი, რომ ჩვენმა გენერლებმა და ჯარისკაცებმა ვერანაირი ცნობა ვერ მიიღეს საფრანგეთიდან. სწორედ ამ უსიამოვნო გარემოებამ გაუჩინა ჯარისკაცებს სურვილი, დაეტოვებინათ ეს ქვეყანა, სადაც ისინი მთელი ევროპისაგან მოწყვეტილები აღმოჩნდნენ. ადვილი წარმოსადგენია, რა დაბრკოლება შეიძლება შეექმნას საფრანგეთის მრეწველობას იმ შემთხვევაში, თუკი ბამბის პროდუქტებით მომარაგების ძირითადი პუნქტი მისთვის ეგვიპტე იქნება: როგორც კი ინგლისი ომს გამოგვიცხადებს, საფრანგეთსა და ეგვიპტეს შორის კავშირი ხომ იმ დღესვე შეწყდება.
ეჭვი არ არის, რომ არაქსის ნაპირებისათვის დამახასიათებელი თბილი ჰავისა და ნაყოფიერი მიწების გამო, ამ მხარეში მშვენივრად იხარებს ინდიგო. აქ უკვე მოჰყავთ ბამბა და სხვა კულტურები, რომლებიც იგივე ტემპერატურას საჭიროებენ, რასაც ინდიგო. ეს უკანასკნელი იმითაც იქნება მომგებიანი, რომ მისგან მიღებული ნაწარმი კარგად გასაღდება სპარსეთსა და მთელ რუსეთში.
შაქრის ლერწამი მოჰყავთ მაზანდარანში, რომელიც ყარაბაღთან შედარებით მხოლოდ სამი გრადუსით სამხრეთით მდებარეობს. საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ეს მცენარე ყარაბაღის პროვინციის მინდვრებშიც გაიხარებს; მას ყინვას მოარიდებენ ისევე, როგორც ლუიზიანაში, სადაც დაინახეს, რომ შაქრის ლერწამმა მხოლოდ მას შემდეგ გაიხარა, რაც სანტა-დომინგოს კოლონისტებმა მის მოსაშენებლად, თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იგი ყოველ წელს ყინვების დადგომამდე მოეჭრათ.
შირვანსა და დაღესტანში მოჰყავთ შირბახტი. მისგან გამოხდილი ზეთი თავისი თვისებებით ზეითუნის ზეთს უახლოვდება. მე დავუმატებდი, რომ თითქმის ყველგან ამ პროვინციებში ადვილი იქნება კორპის, მუხის, სამელნე გალის, ზეთისხილისა და და ფისტის ხეების დაგვარება.
მას შემდეგ, რაც მკითხველს გარკვეული ცნობები მივაწოდე ადგილობრივი სოფლის მეურნეობის ამჟამინდელი მდგომარეობისა და მისი განვითარების პერსპექტივების შესახებ, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ამიერკავკასიის რუსულ პროვინციები, დაწყებული ქართლისა და იმერეთის გამყოფი მთებიდან კასპიის ზღვამდე, უკვე რამდენიმე წელია კალიებისაგან დიდად ზარალდებიან.
მე უკვე აღვნიშნე, რომ თუკი ეს მწერები არასოდეს შესევიან ძველი კოლხეთის ორ შემადგენელ სამეფოს – იმერეთსა და სამეგრელოს, ეს იმიტომ, რომ მათი შემოსევებისაგან ამ მხარეებს ჩრდილოეთით, აღმოსავლეთითა და სამხრეთით მაღალი მთები იცავს, დასავლეთით კი – ტყეები, რომლებიც თითქმის მთელ სამეგრელოს ფარავენ.
კალიები, რომლებიც საქართველოს გლეხებს აჩანაგებენ, ხშირად ისეთივე ზომის არიან, როგორც კუტ-კალიები და სხეულის ერთი ნაწილი ვარდისფერი აქვთ. თითქმი ყოველთვის ისინი სამხრეთის ქარს მოჰყვებიან ხოლმე, რომელიც ხან აზერბაიჯანიდან ხან კი ერევნის სახანოდან უბერავს. ეს კალიები ქმნიან უზარმაზარ ღრუბლებს და მათ მოახლოებას მოსახლეობა შიშით შეჰყურებს. ვაი იმ მინდორს, რომელსაც ისინი შეესევიან! რამდენიმე საათი საკმარისია, რათა ქერის, ხორბლისა თუ სიმინდის საუცხოო მოსავლიდან ნამცეციც აღარ დარჩეს. ასეთ დროს არც ვენახია დაცული განადგურებისაგან, თუმცა ეს მწერები მას ნაკლებად ეტანებიან.
როცა კალიები ერთ მინდორს გააჩანაგებენ, შემდეგ მეორეს შეესევიან, ხოლო თუკი დაუმუშავებელ ადგილზე მოხვდებიან, აფრინდებიან და მოშორებით სხვა ადგილს დააცხრებიან ხოლმე თავს. რამდენიმე წლის წინ კალიები საქართველოდან დაღესტანში გადასულან და კასპიის ზღვის გასწვრივ, ყიზლარისა და ასტრახანის მიმართულებით დონის ნაპირებამდე შესევიან მინდვრებს. 1820 წლიდან მოყოლებული, კალიების შემოსევას ისეთი გავლენა მოუხდენია ყირიმის მოსავალზეც კი (უდავოდ, აქამდე მისაღწევად მათ შავი ზღვა უნდა გადაელახათ), რომ იქ დამკვიდრებულ გენუელ გლეხებს გადაუწყვეტიათ, დაეტოვებინათ კალიებისაგან გავერანებული ეს მხარე; ახლა ისინი თურმე იმერეთში აპირებენ გადმოსახლებას მიწების დასამუშავებლად.
ჩვეულებრივ, კალიები მხოლოდ ივლისსა და აგვისტოში ჩნდებიან ხოლმე. 1822 და 1823 წლების ზამთარში, რომელიც საქართველოში საკმაოდ თბილი იყო, ამ გამანადგურებელ მწერთა ერთი ნაწილი აქვე დარჩენილა; გაზაფხულის დადგომისთანავე, როცა ისინი გამოცოცხლებულან, თუმცა ჯერ კიდევ საკმაოდ არ იყვნენ მოღონიერებულნი და არც მიწა არ იყო სათანადოდ დაფარული მცენარეულობით, გლეხებს მოუხერხებიათ ამ კალიების ერთ ადგილზე მოგროვება და მათი უდიდესი ნაწილის განადგურება.
მაგრამ მოკლე ხანში კალიების ახალი გუნდი გამოჩნდა და მათი ულმობელი კბილებისაგან მთლიანად იქნა განადგურებული ვეებერთელა დამუშავებული მინდვრები.
კალიების შემოსევების შესახებ ჩემ მიერ მოყვანილი ფაქტები ეთანხმება უკვე აღწერილ დაკვირვებებს იმ ქვეყანებში, რომელთაც ეს უბედურება წინათაც გადაუტანიათ და ახლაც იგივე საშიშროების წინაშე დგანან; მაგრამ დაახლოებით ხუთი წელია, რაც ამიერკავკასიის რუსულ პროვინციებში ისეთი რამ ხდება, რასაც ბუნებისმეტყველებმა ყურადღება უნდა მიაქციონ.
კალიებს კვალდაკვალ გუნდებად მოჰყვებიან ის ჩიტები, რომლებსაც ქართულად თარბს (თარბყ) უწოდებენ. ეს უნდა იყოს პარადისეა ტრისტის, ბურბონის კუნძულზე გავრცელებული ჩიტი, რომელიც განგებას თითქოს კალიების გასანადგურებლად მოუვლენია. იგი სიდიდით მგალობელი ჩიტის ზომისაა, მერცხალივით სწრაფად და შმაგად აფრინავს, ფრთები და ზურგი შავი ფერისა აქვს, მუცელი კი – მუქი ყვითელი.
როდესაც ამ ჩიტების გუნდები მოფრინავენ, მათი დანახვა ძალზე შორი მანძილიდანაც შეიძლება, თანაც ისმის ხმაც, რომელსაც ერთ ადგილზე შეყრილი მილიონობით ფრთის მოძრაობა გამოსცემს. როგორც წესი, თარბი იმ მინდორზე მიფრინავს, სადაც კალიებია; რამდენიმე საათს ჩიტები შეისვენებენ ხოლმე, შემდეგ კი მწერებს გუნდებად დაესხმებიან თავს. 1823 წლამდე ჩატარებული ყველა დაკვირვების შედეგად ადამიანები მივიდნენ ერთ დასკვნამდე: თარბები კალიებს კი არ ჭამენ, არამედ იფარგლებიან იმით, რომ სპობენ მათ. ამ შეხედულებამ ხელი შეუწყო ცრურწმენის გავრცელებას, რომლის შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ.
როცა ეს ფრინველები გააფთრებით იწყებენ კალიების განადგურებას, ეს უკანასკნელნი მათ ფრთებზე შეასხამენ ხოლმე ფლუიდს, რომელიც ფრინველის მთელ სხეულზე მიმოიქცევა. რამდენიმე ხანში ეს ფლუიდი შედედებას იწყებს და ჩიტებს ფრენის საშუალებას აღარ აძლევს, ამიტომ ისინი დროდადრო მიატოვებენ ხოლმე ბრძოლის ველს, ჩაყვინთავენ კირუსში ან სხვა რომელიმე იქვე ახლოს მდებარე მდინარეში, მოიშორებენ სხეულიდან ამ ნივთიერებას, ფრთებსაც გაიშრობენ და მხოლოდ ამის შემდეგ კვლავ განაახლებენ შეტევას კალიებზე.
ეგვიპტეში გველების გამანადგურებელმა ძენძერუკმა ტაძრებში დაიმკვიდრა ადგილი. ჩვენ დროში ჰოლანდიაში, გერმანიასა და თვით საფრანგეთის მრავალ ოლქშიც, ქვეწარმავალთა დაუძინებელი მტერი ყარყატი, შვილობრივი სიყვარულის სიმბოლო, ასევე თაყვანისცემის ობიექტად იქცა: ჰოლანდიაში ამ ფრინველს ვინმემ თოფი რომ ესროლოს, სახალხო რისხვას ვერ გადაურჩება. დაბოლოს, მერცხალი, რომელიც თავის ბარტყებს ობობებითა და მწერებით კვებავს, ბედნიერების მომტან ფრინველად არის მიჩნეული და ყველგან, მათ შორის ადამიანისათვის ხელმისაწვდომ ადგილებშიც, შეუძლია მშვიდად აიშენოს ბუდე, რადგანაც მას გარანტირებულად არავინ ერჩის.
გასაკვირი არ არის, რომ თარბი ასევე წმინდა ფრინველად არის მიჩნეული საქართველოში, სადაც მას ასეთი სარგებლობა მოაქვს. სომეხი და ბერძენი ქრისტიანები და თვით თათრებიც კი, დღეს დარწმუნებულნი არიან, რომ იმისათვის, რათა თარბი მიიზიდონ იმ ოლქში, სადაც იგი სჭირდებათ, აუცილებელია ეჩმიაძინის გვერდით არსებული ჭიდან კოკით წყლის მოტანა. 1822 წლამდე ეჩმიაძინი სომხეთის პატრიარქის რეზიდენცია იყო, ახლა კი აქ მხოლოდ რამდენიმე ბერია შემორჩენილი.
ეს წყალი ბერების მიერ არის ნაკურთხი; წყლის მომტანმა მთელი გზა ისე უნდა გამოიაროს, რომ კოკა მიწაზე არც ერთხელ არ დადგას, შესვენებისას იგი ხეზე ან კედელზე უნდა ჩამოკიდოს. დანიშნულების ადგილზე მიტანისას მღვდელი წყალს ხელახლა აკურთხებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოასხამენ მას მინდორზე, სადაც კალიებია შესეული. ადგილობრივი მკვიდრნი ირწმუნებიან, რომ წყლის მოსხურების შემდეგ საკმარისია ორი დღე-ღამე, რომ თარბები გამოჩნდნენ. 1823 წელს ჩვენ გავხდით მოწმენი იმისა, თუ როგორ მიიღო არქიეპისკოპოსმა ნერსესმა ეს სასწაულებრივი წყალი და თარბებმაც არ დააყოვნეს მოფრენა.
წინა წლებში თარბები მხოლოდ მოკლე დროით გამოჩნდებოდნენ ხოლმე, ამ წელს კი ისინი ივნისის თვეში მოფრინდნენ და თავდაპირველად საავადმყოფოს გვერდით, მაღლობზე მოკალათდნენ. აქედან კი განუწყვეტლივ თავს აცხრებოდნენ მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარე ქერისა და სიმინდის მინდვრებს, რომლებსაც კალიების გუნდი შესეოდა. ჩოტა ხანში შეამჩნიეს, რომ თარბები ხშირ-ხშირად დაფრინავდნენ ახალი ხიდის მშენებლობის შედეგად მიყრილმოყრილ ნანგრევებსა და ქვების გროვებს შორის და მიხვდნენ, რომ მათ აქ ბუდეების აშენება სურდათ. ადმინისტრაციამ შორსმჭვრეტელობა გამოიჩინა და ბრძანა, სასწრაფოდ შეეწყვიტად სამშენებლო სამუშაოები. მილიონობით თარბმა კირით შედუღაბებულ ქვებს შორის არსებულ ღრუებში კენჭებითა და თივის ღეროებით ბუდეები გააშენა და კვერცხებიც დადო. როგორც კი ბარტყები გამოიჩეკნენ, ფრინველებმა მათ გამოკვებაზე დაიწყეს ზრუნვა და ყველა ხედავდა, მთელი დღის მანძილზე როგორ ესხმოდნენ ისინი გუნდ-გუნდად კალიებით სავსე მინდვრებს; თითოეულ თარბს ნისკარტით მოჰქონდა ორი-სამი ცალი მწერი. ამით დადასტურდა სრული უსაფუძვლობა იმ აზრისა, თითქოს კალიების განადგურებაში თარბებს პირადი დაინტერესება არ ჰქონდათ.
მრავალი კვირის განმავლობაში თარბები ჩვენს თვალწინ დაფრინავდნენ, მათ მოახლოებას ფრთების შრიალი გვამცნობდა; 18 ივლისს კი არც ერთი თარბი არ გამოჩენილა და როგორც შევიტყვეთ, მათი უზარმაზარი გუნდები დილის ოთხი საათიდან ერთმანეთის მიყოლებით გაფრენილან სამხრეთის მიმართულებით.
მკითხველი მომიტევებს ამ გაჭიანურებულ თხრობას, მაგრამ აქ საქმე უბრალოდ საბუნებისმეტყველო საგანს კი არ შეეხება, არამედ ისეთ მოვლენას, რომელიც ალბათ ფრიად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის მუშაკებისათვის. თავის ნაშრომში – „მოგზაურობა ეგვიპტეში“ ვოლნეის დაახლოებით ისეთივე ფაქტები მოჰყავს კალიებზე და მათ გამანადგურებელ ფრინველებზე საუბრისას, როგორიც მე საქართველოში შევნიშნე.
თავი X
თბილისიდან გამგზავრება. სოღანლუღი. დემურჩესალი. სალაგლი. ასტაბეღლუ. გაზანსონი. თაუზი. ძეგამი. შამქორი. ელისაბედპოლი ანუ განჯა. ამ ქალაქისა და მისი მაზრის აღწერა.
1820 წლის 4 (16) სექტემბერს, შაბათს, ნაშუადღევის სამ საათზე თბილისიდან ბაქოში გავემგზავრეთ. ქალაქიდან გამოსვლისა და აბანოების ხიდის გავლის შემდეგ რამდენიმე ხანი მტკვრის, ანუ კირუსის მარჯვენა ნაპირს მივყვებოდით. მისი კალაპოტი გვალვებისაგან იმდენად იყო დავიწროვებული და დაპატარავებული, რომ ამ პერიოდში იგი ნაკლებად იმსახურებდა დიდი მდინარის სახელს, რომელიც მას უკვე ჰქონდა დამკვიდრებული. მისი ორივე ნაპირი, დაახლოებით ასი ტუაზის სიგანისა, ალვის ხეებისა და ტირიფების ხეივნებით იყო დაფარული; მცენარეული საფარი მიწის იმ მონაკვეთზე ვრცელდებოდა, რომელიც ნაპირიდან გადმოსული წყლით ხშირ-ხშირად ირწყვებოდა. ამავე ადგილას შეინიშნება წვრილი ქვიშიანი ნიადაგი, სადაც ღვიისა და ტუიის ერთერთი სახეობაც ხარობს.
მტკვრის მარცხენა ნაპირზე, თბილისიდან რვა ვერსის დაშორებით, საკმაოდ დიდი ზომის ნანგრევები მოჩანს – სქელი კედლები და მათ შორის აღმართული კოშკი; მდინარის მარჯვენა მახრეს კი მეორე კოშკი და გალავნის ნანგრევებია. ეს ნაგებობანი აქ ქალაქისა თუ ციხის არსებობაზე მიანიშნებენ; ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ ხიდით, რომლის ნანგრევებიც მდინარის ორივე ნაპირზეა შემორჩენილი. უფრო მოშორებით, სიღრმეში, საკმაოდ მტკიცედ ნაგები ოთხკუთხა შენობაა ზემოდან წაწვეტებული გუმბათით, რაც უტყუარად ადასტურებს აქ სპარსული თუ თათრული საფლავის არსებობას.
თორმეტი ვერსის გასავლელად ორსაათ-ნახევარი დაგვჭირდა: სწორედ ამ მანძილითაა დაშორებული თბილისი სოღანლუღიდან, სადაც ღამის გათევას ვაპირებდით. საგუშაგოზე ერთი პატარა, თიხით ნაგები და კირით შელესილი სახლი დგას; მისი ერთი ნაწილი კაზაკებს უჭირავთ, მეორე კი – უცხოელების დასაბინავებლად გამოიყენება. წნულით ნაგები თავლა ლერწმით არის გადახურული.
სოღანლუღი მტკვრიდან ასიოდე ნაბიჯზე, საკმაოდ ამაღლებულ და ჯანსაღ ადგილას მდებარეობს. აქედან დილის ექვს საათზე გავემგზავრეთ და გზა განვაგრძეთ მწირ დაბლობზე, რომელსაც სოღანლუღიდან ათი ვერსის მანძილზე გარს აკრავს არცთუ ისე მაღალი მთების ორი ქედი. სოღანლუღსა და დემურჩესალს შორის ოცდარვა ვერსს ანგარიშობენ. ამ მანძილის დაფარვას ხუთი საათი მოვანდომეთ; ვზოგავდით ჩვენს ცხენებს, რადგან ათი ვერსი უნდა გაგვევლო ისეთ ადგილებში, სადაც სრულებით არ იყო ალაფი.
დემურჩესალის საგუშაგოს შენობები სოღანლუღის შენობათა მოდელის მიხედვითაა ნაგები, ოღონდ უცხოელთათვის განკუთვნილი ბინის ნაწილი ბევრად უფრო მცირე ზომისაა და ნაკლებად კეთილმოწყობილი. აქ მხოლოდ რამდენიმე საათით შევისვენეთ და სალაგლში გავემგზავრეთ.
ეს მხარეც ასევე უნაყოფო და დაუმუშავებელი იყო. დემურჩესალიდან ათ ვერსზე მივადექით კრომის ანუ ხრამის ნაპირებს. იგი ოდნევ მოშორებით ერთვის მტკვარს. მდინარე გადავლახეთ აგურისაგან ნაგები, საკმაოდ მყარი ხიდით, რომელიც ყველაზე ამაღლებულ ადგილას იყო აშენებული; (მხოლოდ ფენილი და პარაპეტი იყო ოდნავ დაზიანებული). ამ მივარდნილ ადგილებში შემორჩენილი ეს ძეგლი, რომელიც, როგორც ჩანს, ძალზე ძველი უნდა იყოს, ნამდვილად იმსახურებს მოგზაურთა ყურადღებას. მისი ძირითადი თაღი ისრისებურია და საკმაოდ დახელოვნებული ოსტატის მიერაა შესრულებული. ხელმარჯვნივ, დასავლეთისაკენ, ხიდს სამი, ბევრად უფრო მცირე ზომის სხვა თაღი ამშვენებს, აღმოსავლეთით კი ეს თაღები ამოშენებულია და ისინი ფარავენ მიწისქვეშა კამარით გადახურულ, ოცდათხუთმეტი ნაბიჯი სიგრძისა და რვა ნაბიჯის სიგანის მქონე ადგილს. აქ ხიდი ბოლოში დატანებული კიბით ჩადიან. თუკი ყურადღებით დავაკვირდებით ამ თავისებურ კონსტრუქციას, ბევრგან შევამჩნევთ ჭვარტლის კვალს, რაც საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ ამ მშვენიერი ნაგებობის პატრონს ეს ნაწილი ქარვასლისათვის ჰქონდა განკუთვნილი. დიდი თაღის სვეტებში ძალზე მოხერხებულად იყო განლაგებული აგრეთვე ვაჭრების დასაბინავებელი ოთახები.
აღმოსავლეთისაკენ, დაახლოებით ოთხასი ტუაზის დაშორებით, მეორე ხიდის ნანგრევებია. კოშკები, მყარად ნაგები კედლების ნაშთები და სხვა ნანგრევები, რომლებიც ძირითადად მდინარის მარცხენა ნაპირზე გვხვდება, წარსულში ამ ადგილას საკმაოდ მნიშვნელოვანი ქალაქის არსებობაზე მიანიშნებენ; სავარაუდოდ, მისი მრავალრიცხოვანი, მშრომელი მოსახლეობა ფართო ვაჭრობაში უნდა ყოფილიყო ჩაბმული, რაზეც მიუთითებს ის ფაქტი, რომ მეფეს, რომელიც იმ პერიოდში განაგებდა ქვეყანას, ერთმანეთთან ასე ახლოს აუგია ორი ხიდი. ამ ნანგრევების სიახლოვეს, გამოქვაბულებში ზამთრობით თათრები ცხოვრობენ. მათ შეინარჩუნეს მომთაბარე ცხოვრების ზოგიერთი ტრადიცია: მაისის თვიდან ისინი თავიანთი ცოლ-შვილითა და ცხენების, ხარებისა და ცხვრის ფარების თანხლებით გაუდგებიან ხოლმე გზას მდინარის მარჯვენა მხარეს აღმართული მაღალი მთებისაკენ. აქ ისინი სექტემბრის ბოლომდე ცხოვრობენ კარვებში. ზოგიერთი მათგანი ჩვენი იქ ყოფნისას უკვე დაბრუნებული იყო. ზამთრობით ეს თათრები ქსოვენ ხალიჩებს, რომლებიც მაღალი დონის, სრულყოფილი ხელოვნების ნიმუშებად შეიძლება მივიჩნიოთ. მრეწველობის ეს დარგი მათთვის მომგებიანია იმდენად, რამდენადაც იგი არაფრით არ არის დამოკიდებული უცხოურ ნედლეულზე: ცხვარი იძლევა მატყლს, მათი ცოლები ართავენ ძაფს, ხოლო ადგილობრივი მცენარეულობისაგან უმტკიცეს და უბრწყინვალეს საღებავებს ამზადებენ.
მდინარე ხრამზე გადავედით და გზაჯვარედინს მივადექით: სამხრეთით ერევნისაკენ მიმავალი გზა იყო, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი – ბაქოს გზა. ჩემს მიერ ზემოთ აღწერილი ნანგრევებიდან სალაგლის საგუშაგომდე მხოლოდ თხუთმეტ ვერსს ანგარიშობენ. ჩვენ ეს მანძილი საათ-ნახევარში გავიარეთ; გზა სავალად კარგი იყო, ნიადაგი კი – მწირი.
პირველ ორ საგუშაგოსთან შედარებით სალაგლს უკეთესი მდებარეობა აქვს: ხელმარჯვნივ მშვენიერი ტყეა, სადაც მეტწილად ტირიფის, ვერხვისა და სხვადასხვა ჯიშის ალვის ხეებს ვხვდებით. მოშორებით ჩანს იარუსებად აღმართული მთების მასა,
სხვადასხვა ფორმის ბორცვებით, რომლებიც თითქმის ერთ სწორ ხაზზე არიან განლაგებულნი და უამრავ ქედს ქმნიან. მწვერვალზე თოვლი არ იდო. სალაგლის საგუშაგოს ბინა საკმაოდ კარგად იყო მოწყობილი. ღამე აქ გავათიეთ და ორშაბათს, 6(18) სექტემბერს, დილის ექვს საათზე გავემგზავრეთ: გეზი ამ ადგილიდან თვრამეტი ვერსით დაშორებულ ასტაბეღლუსაკენ ავიღეთ. გზა ზოგან მთაგორიანი იყო, ზოგან კი – ტბორებით დასერილი.ეს მხარე თითქმის მთლიანად ქვიშიანია და, ჩვეულებრივ, უნაყოფო. მხოლოდ ალაგ-ალაგ შევნიშნეთ დამუშავებული ნაკვეთები, მაგრამ მოსავალი აქ იშვიათად თუ იძლევა მხვნელ-მთესველთა მიერ გაწეული შრომის ნაყოფს.
სალაგლის საგუშაგომდე გადავლახეთ საკმაოდ ფართო ხევის კალაპოტი, რომელიც ქვების სამი-ოთხი გოჯის სისქის მქონე ფენით იყო დაფარული. ამ დროისათვის ხევი დამშრალი იყო, ქარიშხლის დროს კი, როდესაც მთებიდან ელვის სისწრაფით მოემართებიან წყლის მასები, იგი მთლიანად ივსება და მაშინ აქ გავლა შეუძლებელი ხდება. მთელ ამ გზაზე მხოლოდ ერთი თათრული სოფელი შეგვხვდა.
გზის ამ მონაკვეთში, რომელიც ტრამალებისა და დაბლობების სიმრავლით გამოირჩეოდა, ხშირად ვხვდებოდით მრავალრიცხოვანი საქონლის ჯოგებსა და ცხენების რემებს; ვნახეთ რამდენიმე ცხენოსანი თათარიც, რომლებიც მთიდან ბარში მოერეკებოდნენ თავიანთი ნახირის ნაწილს. ისინი ძალზე თავაზიანად მოგვესალმნენ. ასტაბეღლუს საგუშაგოსაგან ოდნავ მოშორებით არის წყარო, რომლის წყალი, მიუხედავად ქვა-ღორღიანი კალაპოტისა, სასმელად მაინც უვარგისია.
ასტაბეღლუდან გაზანსონამდე თორმეტი ვერსია; ჩვენ ეს მანძილი ორ საათზე ნაკლებ დროში გავიარეთ: ზოგან გზა ოღროჩოღრო იყო და ამის გამო ბევრგან გაგვიჭირდა მაღლობზე ასვლა. ამ საგუშაგოდან ერთი ვერსის დაშორებით, სოფლის ახლოს, სასადილოდ შევჩერდით. სოფლის გარშემო მდებარე ვაკე ლერწმითა და უხარისხო ბალახით იყო დაფარული. ექვსი თათარი ბარგით დატვირთულ ოცამდე ხარს მოუძღოდა, ისინი ელისაბედპოლიდან ბრუნდებოდნენ.
ვიდრე საქართველო, განსაკუთრებით კი – იმერეთი და სამეგრელო არ იქნება უფრო მჭიდროდ დასახლებული და სოფლის მეურნეობა განვითარებული, საკიდარი ხარებით ბარგის ტრანსპორტირება ყველაზე ადვილი, მომგებიანი და მოსახერხებელი იქნება.
მართლაც, ეს პირუტყვი უფრო ადვილად იტანს საკვების ნაკლებობას, ვიდრე ცხენი; მის გამოსაკვებად ტყეებისა და ტრამალების ყველაზე უხარისხო ბალახიც კი საკმარისია, ამასთანავე, იგი ეზიდება თითქმის ისეთივე სიმძიმის ტვირთს, როგორც ცხენი, ანუ დაახლოებით 200-250 გირვანქას; მოითხოვს ბევრად ნაკლებ გამყოლს და წინასწარ ხარჯებს; დაბოლოს, თუკი რაიმე უბედური შემთხვევა მოხდება, თითქმის იმავე ფასშია შესაძლებელი ბაზარზე მისი გაყიდვა, რა ფასშიც იყო ნაყიდი.
ტრანსპორტირებისათვის შეიძლება აგრეთვე კამეჩების გამოყენებაც, მაგრამ ეს პირუტყვი დიდ მეთვალყურეობას მოითხოვს, როგორც კი გუბეებსა და ჭუჭყიან წყალს დაინახავენ, ტვირთიანად ჩაეფლობიან შიგ და თუკი გუბე საკმარისი სიღრმისა აღმოჩნდა, მანამ არ ამოვლენ, ვიდრე არ იპოვნიან და ძალით არ ამოათრევენ ამ წუმპიდან. მხოლოდ დროდადრო ნახევრად ამოჰყოფენ ხოლმე წყლიდან თავს ჰაერის ჩასასუნთქად. ამიტომ არის, რომ იმერლები, ჩვეულებრივ, კამეჩებს მხოლოდ თავიანთ „არბაში“ (არაბატ – თათრული ურემი) შესაბმელად იყენებენ.
აქაური კამეჩი, როგორც ეს სავსებით სამართლიანად აღნიშნა ოლეარიუსმა, გამოირჩევა იმით, რომ იძლევა დიდი რაოდენობით რძეს, რომელიც ამავე დროს ძალზე ნოყიერია და ძროხის რძეზე სამჯერ მეტ ნაღებს შეიცავს. თავისი ბუნებით ეს პირუტყვი დიდად განსხვავდება ნეაპოლის სამეფოს კამეჩისაგან: ეს უკანასკნელი ძნელად დასაოკებელია, ქართული კამეჩი კი გამოირჩევა თავისი გონიერებითა და ერთგულებით, რომელსაც იგი ამჟღავნებს მათ მიმართ, ვინც, ჩვეულებრივ, მას პატრონობს.
გაზანსონის საგუშაგოს დაახლოებით ასტაბეღლუს მსგავსი მდებარეობა აქვს. მის ახლოს რამდენიმე განმარტოებული ხე დგას. ნაშუადღევის სამ საათზე ეს საგუშაგო დავტოვეთ და გავემართეთ თაუზისაკენ, რომელიც აქედან მხოლოდ თექვსმეტი ვერსითაა დაშორებული.
გამოვედით თუ არა გაზანსონიდან, გადავლახეთ ხევი და ცოტა ხნის შემდეგ შევედით ერთ პატარა, საკმაოდ უსწორმასწორო ტყეში, სადაც ტირიფისა და ალვის ხეები ჭარბობდნენ. ტყე სიგრძით არა უმეტეს ერთ-ნახევარი ვერსია და ისეთი მეჩხერია, რომ ბევრგან თითქმის უერთდება იმ უზარმაზარ ხრიოკ დაბლობს, რომელიც მას გარს აკრავს და გზიდან ერთი თუ ორი ვერსის დაშორებით თვალუწვდენელ მანძილზეა გადაჭიმული. ოდნავ შემაღლებული მთების მწკრივი ამ გზას მარცხენა მხარეს ემიჯნება, მარჯვნივ კი, უფრო მოშორებით, ეს მთები თითქოს პარალელურ ხაზებად შეჯგუფულა ერთიმეორეზე. დაბლობები და ხეობები ძალზე გვალვიანია; ახლა აქ კიდევ უფრო ძლიერი გვალვა იყო, რადგან 1820 წელს მთელი საფხულის განმავლობაში სხვა წლებთან შედარებით ჩვეულებრივზე უფრო დიდი და ხანგრძლივი სიცხეები იდგა.
თავიანთ მიწის ნაკვეთებზე ძლიერი გვალვის ზემოქმედების შესამცირებლად თათრები მოხერხებულად იყენებდნენ დაგროვილ წყალს, მაგრამ მეორე მხრივ, ისინი სრულებით არ ითვალისწინებდნენ მგზავრების ინტერესებს: ხშირად მთავარი გზა სარწყავი არხებით იყო დასერილი, რაც ჩვენს „ბრიჩკას“ მუდმივად გადაბრუნების საფრთხეს უქმნიდა.
ამ უზარმაზარ დაბლობზე ხშირად შეგვხვედრია ერთად შეჯგუფული 1520 ჯეირანი, რომლებიც ჩვენი მიახლოებისთანავე სწრაფად გარბოდნენ. ჯეირანი ულამაზესი შველის ჯიშია, რომელიც ამ მხარეში განსაკუთრებულად არის გამორჩეული. იგი ტყეში არ ცხოვრობს.
ამ ველებზე თხუთმეტ-ნახევარი ვერსი გავიარეთ, რის შემდეგაც ქვა-ღორღით დაფარული ფართო ხევის კალაპოტისაკენ დავეშვით. ხევის გადალახვა საკმაოდ გაგვიძნელდა. მის ზემოთ მდებარე პლატოზე თაუზის კაზაკთა საგუშაგო იყო განლაგებული. სურსათ-სანოვაგე და ალაფი აქ ისე ჭირს, რომ ძლივს მოვახერხეთ მისი შოვნა სულ მცირე რაოდენობით და ისიც – მეტისმეტად მაღალ ფასებში.
სამშაბათს, 7 (19) სექტემბერს, დილის ექვს საათზე ძეგამის საგუშაგოსაკენ გავემართეთ. გზის ეს მონაკვეთი არაფრით გამოირჩეოდა: ეს იყო იმავე დაბლობის გაგრძელება, დროდადრო საკმაოდ ღრმა უფსკრულებით გადაკვეთილი და გამოთხრილი აბობოქრებული წყლების დინებისაგან, რომლებიც ქარიშხლიანი წვიმების შედეგად ჩამოედინებოდნენ ხელმარჯვნივ მდებარე მწვერვალებიდან.
ამ გზაზე შევნიშნეთ მთის ერთი ქედის განლაგება, რომელიც ყოველთვის ზუსტად არის მითითებული ჩვენს რუკებზე. იგი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ არის გადაჭიმული, ხოლო აღმოსავლეთისაკენ, თბილისიდან ელისაბედპოლამდე, ოდნავ დიაგონალურად მიემართება. მისი ერთი მხარე კავკასიონს უერთდება, მეორე კი ერთმანეთისაგან გამოჰყოფს განჯისა და ერევნის დაბლობებს. მისი სიგანე არათანაბარია – ერთიდან ექვსზე მეტ ვერსამდე. ტემპერატურა აქ ზომიერი და სასიამოვნოა, მიწა კი მარადმწვანე მცენარეულობით არის დაფარული; ამიტომაც არის, რომ თათრები აქ თავიანთ ნახირს მთელი ზაფხულის მანძილზე აძოვებენ.
ამ უკაცრიელ ველ-მინდორზე განუწყვეტლივ ვაწყდებოდით ჯეირნების უზარმაზარ ჯოგებს. ამ საოცრად უწყინარ ცხოველებზე ნადირობის წესი მეტად უცნაურია და მხოლოდ თითო-ოროლა მოუსვენარი სომეხი მონადირე თუ ახერხებს ამ წესით წარმატებულ ნადირობას: ხარის ტყავვებში გამოხვეული მონადირეები ოთხფეხა სიარულში ვარჯიშობენ და ასეთ მდგომარეობაში თოფის სასროლ მანძილზე უახლოვდებიან ჯოგს.
ძეგამის საგუშაგო (ისევე, როგორც დანარჩენი საგუშაგოები, სადაც ჩვენ მოგვიწია ყოფნა) ოდნავ შემაღლებულ პლატოზეა განლაგებული. აქვეაწყაროც, რომელიც ძლიერი წვიმის დროს ნამდვილ ხევად იქცევა ხოლმე. თაუზიდან ძეგამამდე 17 ვერსის გავლას ორსაათ-ნახევარი მოვანდომეთ, ხოლო შამქორში ჩასასვლელად, რომელიც აქედან ოცდარვა ვერსზეა, სამი საათი დაგვჭირდა.
როცა ძეგამიდან გამოვემგზავრეთ, საკმაოდ მეჩხერ ტყეში შევედით, სადაც მხოლოდ ხშირი ბუჩქნარი ჭარბობდა. დროდადრო დამუშავებული მინდვრებსაც ვხვდებოდით, რაზეც მათ მოსარწყავად თათრების მიერ ამოთხრილი ორმოები მიგვანიშნებდნენ.
ძეგამის საგუშაგოდან დაახლოებით 5 ვერსზე უკვე შამქორის კოლონა ჩანს. იგი ციხის გალავნის გარეთ დგას და ღირსშესანიშნავია იმით, რომ ოსტატურად არის ნაგები და თავისი სიმტკიცით გამოირჩევა. მისი შედარება შეიძლება ტრაიანეს კოლონასთან, რომელიც რომშია აღმართული. შამქორის კოლონა უაღრესად სწორი წყობისა და ერთმანეთთან პერპენდიკულარულად განლაგებული წითელი აგურებით არის ნაგები. საძირკველი კვადრატული ფორმისაა და მისი თითოეული გვერდის სიგანე თხუთმეტი ფუტია, სიმაღლე კი – თორმეტი. ამ საძირკველზე აღმართულია დაახლოებით თორმეტფუტიანი დიამეტრის მქონე კოლონა, რომლის სიმაღლე ას ოთხმოც ფუტამდე იქნება. იგი აღჭურვილია საკმაოდ ფართო, ორმაგი სპირალური კიბით, რომელზეც ერთდროულად ორ კაცს თავისუფლად შეუძლია გავლა, თუმცა დღეისათვის იგი იმდენად არის დაზიანებული, რომ აქ ასვლა ძალზე სახიფათოა. კიბე შედიოდა გალერეაში, რომელიც გარედან ირგვლივ მიუყვებოდა კოლონას და მისი ზედა ნაწილიდან ორმოცი ფუტის სიმაღლეზე იყო. სავარაუდოდ, ეს ძეგლი ძველად სათვალთვალო პუნქტად გამოიყენებოდა, შემდგომში კი მოლები აქედან მუსლიმებს უხმობდნენ სალოცავად.
კოლონა უძველეს ხანაშია აგებული და მას მაკედონიის მეფეს – ალექსანდრეს უკავშირებენ. მის ირგვლივ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ნანგრევებია, ხოლო დამშრალ ხევზე, რომელიც ციხიდან ელისაბედპოლისაკენ მიმავალ გზაზეა, ქვის მშვენიერი ხიდის ნანგრევებია შემორჩენილი. როგორც ჩანს, ოდესღაც ამ ადგილას მდიდარი, მშრომელი და ძლევამოსილი ხალხი ცხოვრობდა, დღეს კი იგი დაფარულია ნანგრევებით, სადაც მხოლოდ ზამთრობით თუ დაეხეტებიან მომთაბარე თათრები.
საგუშაგოზე არსებული ყველაზე საუკეთესო სადგომი უკვე დაეკავებინა ერთ სომეხს, რომელიც ჩამოსული იყო ექვსი მსახურით, ცხენებითა და საქონლით. მან თავაზიანად დაგვითმო თავისი ადგილი, მაგრამ ჩვენ ვიუარეთ და დავკმაყოფილდით ერთი პატარა ოთახით, სადაც ძლივს მოხერხდა ჩვენი ლეიბების გაშლა. ოთხსაბათს, 9-ში, დილის შვიდ საათზე დავტოვეთ ეს პუნქტი და გავემგზავრეთ ელისაბედპოლში, რომელიც აქედან 25 ვერსით არის დაშორებული.ამ მხარეში დაახლოებით შუა გზამდე ისეთივე ბუნება იყო და ნიადაგიც ისევე მწირი, როგორც იმ ადგილებში, სადაც რამდენიმე დრის განმავლობაში მოგვიწია მგზავრობა; მაგრამ როგორც კი მივუახლოვდით ელისაბედპოლს, მაშინვე მოვიხიბლეთ მშვენიერი ხეებით, რომლებიც ძველი განჯის ჯერ კიდევ შემორჩენილი ნანგრევების ირგვლივ ჩამწკრივებულიყვნენ. როდესაც ეს ქალაქი გენერალმა ციციანოვმა დაიმორჩილა, სახელი შეუცვალა და ალექსანდრეს თანამეცხედრე დედოფლის პატივსაცემად მას ელისაბედპოლი უწოდა. იმჟამად განჯის მბრძანებელი ბრწყინვალე ტიტულით ხანთა-ხანად (კან დეს კანს) იწოდებოდა, ალბათ, თავისი სუზერენის – სპარსეთის ხელმწიფის მიბაძვით, რომელიც შაჰინ-შაჰად მოიხსენიებოდა1.
1801 წელს, როდესაც რუსეთის იმპერატორმა საქართველო შეიერთა და წარმოშობით ქართველი ციციანოვი ამიერკავკასიის პროვინციების გენერალგუბერნატორად დანიშნა, ამ უკანასკნელმა მოინდომა ახლომდებარე სახანოებზე აღედგინა ძველი ქართველი მეფეების უფლებები. განჯის ხანმა უარი განაცხადა, ეცნო რუსეთის სუზერენობა, რის გამოც ციციანოვმა მის სატახტო ქალაქზე გაილაშქრა. განჯის ხანი, რომელიც მემკვიდრეობით ფლობდა სახანოს, ცდილობდა ყველანაირი საშუალებით შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა, ამიტომ მან შესთავაზა რუსეთის ხელისუფლებას, რომ ძალაუფლებას მხოლოდ ერთადერთი პირობით დათმობდა: შეენარჩუნებინათ მისთვის ციხე, რომელშიც იგი იყო შეხიზნული; მაგრამ მის ყველა მოთხოვნას უარით უპასუხეს. მაშინ მან ერთადერთი დარჩენილი გზა – თავდაცვა აირჩია. ამ მხრივ მას გარკვეული წარმატების იმედი ჰქონდა, რადგან თურქების მიერ დიდი სიმტკიცით ნაგები ციხე კარგადაც იყო შეიარაღებული. ხანი ერთი წუთითაც არ შორდებოდა ციხეს, მის ყოველ კუთხე-კუნჭულს აკონტროლებდა: ხან ხელოსნებს ავალებდა, შეეკეთებინათ გამონგრეული ადგილები, ხან თავისი ხელით ტენიდა ქვემეხს ორმოცდაორ გირვანქიანი ყუმბარით (ეს ქვემეხი დღესაც ამ ადგილას დგას) და რუსულ ბატალიონებს უმიზნებდა; მაგრამ ყველაფერი ამაო გამოდგა; საბოლოოდ იგი იძულებული გახდა, დამორჩილებოდა მრავალრიცხოვან რუსულ ჯარს. რუსებმა განჯის ციხე აიღეს, ხანი კი მოკლულ იქნა ზუსტად იმ ქვემეხზე, რომელსაც იგი მათ უმიზნებდა. ხმლის პირველი დარტყმა მან გენერალ ლაზანევიჩისაგან მიიღო, რომელიც მაშინ პოლკოვნიკის ჩინს ატარებდა: ბრძოლის ქარცეცხლში მან შეწყალებაზე უარი განუცხადა ხანს და მისი მიკვლა თავისივე თანმხლებ ჯარისკაცებს მიანდო.
განჯის ხანი ცნობილი იყო თავისი სიმამაცით, მაგრამ ამავე დროს, ხასიათის სიმტკიცითა და სისასტიკითაც გამოირჩეოდა: სრულიად უმნიშვნელო დანაშაულისათვის იგი ვინაობის განურჩევლად სჯიდა ბრალეულს, საკუთარ ვაჟიშვილებსაც კი არ ინდობდა და თუკი ისინი უკადრის საქციელს ჩაიდენდნენ, მამის სასჯელს ვერსად გაექცეოდნენ. თავის ციხეში ხანმა გამაგრებული ციტადელი ააგო, სადაც თავს აფარებდა ხოლმე, როცა მისი მმართველობით უკმაყოფილო ხალხი ამბოხებებს აწყობდა, ასეთი რამ კი ხშირად ხდებოდა; როგორც წესი, ხანი საკუთარ ქვეშევრდომებს მცირედი დანაშაულის გამოც კი უმოწყალოდ სჯიდა, თვითონ კი მუდამ უსამართლოდ იქცეოდა; უსაზღვრო სიხარბით შეპყრობილი, იგი ყველა შესაძლო გადასახადით ბეგრავდა საკუთარ ხალხს; უზარმაზარი გადასახადი იყო დაწესებული ღვინოზე, არაყზე, ყველანაირ სასმელზე, ხორცზე და სხვა სურსათზე, ერთი სიტყვით, – სოფლის მეურნეობისა თუ მრეწველობის ყველა პროდუქტზე. ერთ ფუთ აბრეშუმზე იხდიდნენ 2 მანეთს ვერცხლით, ანუ 10 აბაზს. ჯერ-ჯერობით რუსეთს ამ მხარეების მართვაგამგეობაში არაფერი შეუცვლია, რის გამოც ძველი სუზერენის დროს შევიწროვებული აქაური მოსახლეობა ახლაც გაცილებით უფრო მძიმედ არის დაბეგრილი, ვიდრე რუსები. განჯის ხანის ქვეშევრდომები, მათი ცოლები და ქალიშვილები ხანის საკუთრებად ითვლებოდნენ; თუკი რომელიმე ქალი მოეწონებოდა, ბრძანებას გასცემდა და დაუყოვნებლივ მოგვრიდნენ, უარის თქმა დაუშვებელი იყო. თავის ჰარამხანაში ხანს ოთხი კანონიერი ცოლი და ოცამდე ხასა ჰყავდა.
როცა რუსებმა ციხე აიღეს, აქ აურაცხელი სიმდიდრე აღმოაჩინეს, რომლის ერთი ნაწილი მიიტაცეს, მეორე, გაცილებით დიდი ნაწილით კი ჯარებისათვის დაგვიანებული ხელფასები გადაიხადეს. ადგილობრივი მცხოვრებნი ამბობდნენ, რომ ხანმა წინასწარვე იცოდა რუსების შეტევის შესახებ და თავისი განძის უდიდესი ნაწილი მიწაში ჩაფლა, რასაც შემდეგნაირად ასაბუთებდნენ: შეტევის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ხანს მუდმივად შეჰყავდა ციხეში მუშები, რომლებსაც მიწას ათხრევინებდა, ხოლო რადგანაც ეს მუშები ციხიდან გამოსული აღარავის უნახავს, სავსებით ნათელი იყო, რომ ისინი ხანის წინდახედულ ფუსფუსს შეეწირნენ. მისი ორი ვაჟი, რომლებიც მაშინ რუსებმა დაატყვევეს, დღეს სპარსეთში არიან გადახვეწილნი. მათ უდავოდ იციან ამ განძის საიდუმლო ადგილსამყოფელი, თუკი იგი მართლაც არსებობდა.
განჯის ხანს ქალაქში სხვა სასახლეებიც ჰქონდა; ციხიდან ერთი ვერსის დაშორებით კი, პატარა მდინარე განჯის გასწვრივ, საუცხოო პარკი და ბაღები ჰქონდა გაშენებული, სადაც იგი მთელ ზაფხულს თავის ცოლებთან ერთად ატარებდა.
დღეს ხანის ყოფილ სასახლეში მოწყობილია საავადმყოფო, სადაც დაავადებულებს დიდი მზრუნველობით ეპყრობიან, რაც სრულიად საპირისპიროა იმ ბარაბაროსული ქმედებებისა, ასე ხშირად რომ ჰქონია ადგილი ამავე შენობაში. ამ ბარბაროსობაზე შეიძლება ქვემოთ მოყვანილი მაგალითით ვიმსჯელოთ: ჭადრების ულამაზესი ხეივნის ბოლოს აღმართულია საკმაოდ მოზრდილი მეჩეთი, რომლის დარაჯი იმავდროულად მოლასაც ეხმარებაღვთისმსახურებისას. იგი ცალი თვალით ბრმაა და ამ უბედურების მიზეზის შესახებ ჩვენმა თანმხლებმა გვიამბო: ეს დარაჯი უწინ ხანის სასახლის ერთერთი მსახური – მთავარი ზედამხედველი ყოფილა. აღმოსავლურ სასახლეებში დამკვიდრებული წესების თანახმად, ეზოებში გავლისას მსახური თავდახრილი და გულხელდაკრეფილი უნდა ყოფილიყო. ერთ დღესაც ამ უბედურს, თავისი დაუდევრობით, შენობისკენ აუხედავს და ხანი და მისი ერთ-ერთი ცოლი დაუნახავს. ხანს მსახური თავისთან უხმია და უკითხავს, რომელი თვალით შეხედე ჩემს ცოლსო; საბრალო თათარსაც უთქვამს – მარჯვენა თვალითო; ხანსაც დაუყოვნებლივ ამოუთხრია მისთვის ეს თვალი, თუმცა ამას სრულებითაც არ შეუშლია ხელი იმისთვის, რომ ამ თათარს კვლავაც ერთგულადგაეგრძელებინა ინტენდანტის მოვალეობის შესრულება სასახლეში. ხანის სიკვდილის შემდეგ, განჯის ალყის შედეგად ხანის სასახლეები განადგურდა, მსახურსაც თანამდებობა ჩამოართვეს, მაგრამ დღეს იგი ბედნიერია იმით, რომ როგორც მოლას დამხმარეს და მეჩეთის დარაჯს, ეძლევა საარსებო თანხა – დაახლოებით 200 მანეთი ვერცხლით (800 ფრ.).
გარდა ამისა, აზია მუდამ ისეთი რეგიონი იყო, სადაც ადამიანები უკიდურესი გაჭირვებიდან უსწრაფესად აღწევდნენ უმაღლეს კეთილდღეობას და პირიქით, – ამაღლებული მდგომარეობიდან უცაბედად უდიდეს გაჭირვებაში ვარდებოდნენ. აქ უფრო მეტია პრიამისა და ჰეკუბას ბედის გამზიარებელი, ვიდრე ევროპაში, სადაც უდავოდ ბევრმა გამოიარა დიდი ჭირ-ვარამი, მაგრამ ასეთი ხალხი იქ გაცილებით ნაკლებია, ვიდრე აზიაში, განსაკუთრებით კი სპარსეთში, სადაც ასე ხშირია მსგავსი შემთხვევები2. ამ მხარეში გაბატონებული საშინელი დესპოტიზმისაგან თავის დასაღწევად ა.წ. (1820 წ.) მაისის თვეში შვიდი ათასი სპარსული ოჯახი მუსტაფა-ალი-ხანის წინამძღოლობით ყარაბაღის საზღვრებს მოადგა და მთავარმართებელს თავშესაფარი და მიწები სთხოვა. თავდაპირველად განჯის პროვინციაში გადაწყვიტეს ამ ხალხის დასახლება, მაგრამ რადგან აქ მიწები არც საკმარისი რაოდენობით იყო და არც იმდენად ნაყოფიერი, რომ ეს მზარდი მოსახლეობა გამოეკვება, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ეს ხალხი ისევ ყარაბაღში დატოვეს.
განჯის ხედი საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე: ერთმანეთთან შერეული ნანგრევებითა და მყარად ნაგები შენობებით, რომელთაგანაც ზოგიერთს მდიდრული მორთულობა ამშვენებს. თითქმის ყველა სახლი ოთხკუთხა ქვის ფორმით აზელილი თიხით არის ნაგები. ეს არის ნამდვილი პიზე, მაგრამ არა ახალგამოგონილი, არამედ ძველი დროიდან შემორჩენილი, რომელიც საუკუნეებს უძლებს ისეთ კლიმატურ პირობებში, სადაც იშვიათად წვიმს. შენობებისა და ნანგრევების ირგვლივ ჩამწკრივებულ ხეებს შორის გიგანტური ზომის ჭადრები გამოირჩევიან. ვარაუდობენ, რომ განჯის სახლების ორ მესამედზე მეტი სპარსელთა მრავალრიცხოვანი შემოსევების შედეგად იქნა განადგურებული, ძველი დროიდან შემორჩენილი საუკეთესო ბაღები კი მთავრობის ხელში გადავიდა.
განჯის მაზრა მთლიანად ასი ვერსის სიგრძისაა, სიგანე კი ოთხმოც ვერსამდეა (ოცდახუთი ლიე ოცზე, ანუ ხუთასი კვადრატული ლიე). მოსახლეობის რაოდენობა ოცდახუთი ათასია, აქედან თორმეტი ათასი მარტო ელისაბედპოლში ცხოვრობს, საერთოდ კი კვადრატულ ლიეზე ორმოცდაათი მოსახლე მოდის. სოფლების რაოდენობაზე თუ გადავანაწილებთ, ეს რიცხვი ოცდარვას არ აღემატება.
ასეთ ნაყოფიერ მხარეში მოსახლეობის ამგვარი სიმწირე იმით აიხსნება, რომ იგი სპარსეთსა და საქართველოს შორის მდებარეობდა, რის გამოც მათ შორის წარმოებული ბრძოლების მუდმივ ასპარეზად და ძარცვის ობიექტად იყო ქცეული. გარდა ამისა, მოსახლეობის სიმცირის მიზეზი გახლდათ აზიის ხალხთა ჩვეულება – დაპყრობილი ქვეყნებიდან ტყვეების გაყვანა; დაბოლოს, – აღმოსავლური დესპოტიზმი თავისი სარწმუნოებრივი შეუწყნარებლობით და ფანატიზმით.
განჯის თითქმის ყველა საჯარო ნაგებობა დანგრეულია. ქვის ხიდი, რომელიც ახლანდელი ხიდის ოდნავ მოშორებით იყო და რომლის რამდენიმე თაღი ჯერ კიდევ შემორჩენილია, ხის უვარგისი ხიდით. განადგურებას გადაურჩა მხოლოდ ქარვასლა და ქვით ნაგები ბაზარი, სადაც უამრავი ვაჭარი იყრის თავს. როცა ჩვენ ამ ადგილებში გავიარეთ, ბაზრებში იყო ცოტა აბრეშუმის ნართი, შეღებილი აბრეშუმი და შიდა რუსეთის საქონელი.
ადგილობრივი ბუნებრივი პროდუქციის ნაწილით განჯის ოლქს თავისუფლად შეუძლია დიდ ვაჭრობაში ჩაებას. ძირითადი პროდუქტი აბრეშუმია, რომლის მოსავალიც წლიურად სულ ცოტა ათას ფუთს ანუ ორმოცი ათას რუსულ გირვანქას შეადგენს. აქაური აბრეშუმი სამი ხარისხისაა: პირველის ღირებულებაა 90 მანეთი ვერცხლით (360 ფრ. 1 ფუთი), მეორისა – 75 მანეთი, მესამისა კი 60.
როგორც წესი, სომეხი ვაჭრები უშუალოდ გლეხებისაგან ყიდულობენ მათ მიერვე მოყვანილ აბრეშუმს, უხდიან მათ ბეს და საქონელს იაფად იგდებენ ხელში; თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ამგვარი გარიგებით ვაჭრები ავანსის ტოლფას თანხასაც ვეღარ იღებენ.
იგივე ვაჭრები დიდი რაოდენობით აბრეშუმს შოულობენ აგრეთვე ნუხის სახანოში, რომელიც ყარაბაღსა და იმ მთებს შორის მდებარეობს, სადაც ლეკები ცხოვრობენ. ვწუხვარ, რომ ვერ შევძელი ჩასვლა ნუხის პროვინციაში, სადაც მიწა დიდი ნაყოფიერებით გამოირჩევა, ხოლო მოსახლეობა (თითქმის მთლიანად სომხური) მრეწველობაშია ჩაბმული. ნუხის ბოლო ხანი ამ ექვსი თვის წინ გარდაიცვალა და სახანო მემკვიდრეობით გადაეცა რუსეთს, რომელიც აქედან შემოსავლის სახით იღებს 800000 მანეთზე მეტს ასიგნაციით.
ერთი წლის წინ ახალი გზის გაყვანა დაიწყეს. იგი თბილისიდან გადაკვეთს კახეთს, გაივლის ნუხას, აქედან კი ორი განშტოებით გაემართება დერბენდისა და ბაქოსაკენ. ეს არის მნიშვნელოვანი კომუნიკაცია, რომელიც ერთ მესამედზე მეტით შეამცირებს ახლანდელ მანძილს და ამ მშვენიერ მხარეებსაც გამოაცოცხლებს.
განჯის ოლქის ბამბა ერევნის ბამბასთან შედარებით უფრო დაბალი ხარისხისაა, მაგრამ ბევრად უფრო ძვირი ღირს იმის გამო, რომ იგი ადგილობრივად მოიხმარება და მისგან ამზადებენ უხეშ ტილოს. აქ შეიძლება აგრეთვე ცვილის, თაფლის, ენდროსა და ხარ-კამეჩის ტყავის შოვნაც; მოჰყავთ სხვადასხვა ჯიშის მსხვილმარცვლიანი ყურძენი რომლისგანაც მშვენიერ ღვინოს აყენებენ და აქვე იაფად ყიდიან.
თბილისის სომეხმა არქიეპისკოპოსმა ნერსესმა რეკომენდაცია გამიწია განჯის არქიმანდრიტთან. ამ კეთილმა მღვდელმა შემოგვთავაზა მასპინძლობა და ჩვენც დავთანხმდით. მან გამოგვიყო ერთი დიდი ოთახი, რომლის სიგრძეც 25 ფუტი იყო, სიგანე კი – 12. დიდი ოსტატობით დამუშავებული ცაცხვის პანელი, რომელიც ამ მხარეში ფუფუნების საგანს წარმოადგენს, მთელ ჭერს ფარავდა; იგი კარგად იყო გაპრიალებული და ურთხელის ჩარჩოთი გარშემოვლებული; ისრისებური ფორმის ფანჯრები მხოლოდ დღის დარაბებით იხურებოდა.
ელისაბედპოლის მაზრის უფროსს, ბ-ნ პოლკოვნიკ პონომარიოვს, რომელთანაც სარეკომენდაციო წერილები გვქონდა, დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა ყუბაში; ამ ბოლო დროს კი იგი მცირე ხნით თან ახლდა ბ-ნ პოლკოვნიკ მურავიოვს ხივაში მოგზაურობისას. დასანანია, რომ ჩვენი ჩასვლის მეორე დღეს იგი ელისაბედპოლიდან გაემგზავრა, რის გამოც ვეღარ მოვისმინეთ მისი საინტერესო საუბარი ამ, ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი, მხარეების შესახებ. თუმცა ზოგი რამ განჯის ძველი სახანოს შესახებ ჩვენ მაინც მისი წყალობით შევიტყვეთ.
ელისაბედპოლიდან ოცდაათ ვერსზე კაშკარჩაის ნაპირზე არის მთა, სადაც რკინისა და მაგნიტის საბადოებია. ერთი ცენტნერი რკინის მინერალი 75-დან 80 გირვანქამდე თუჯს იძლევა.
ამავე ოლქში სოფელ *** -ის ახლოს კიდევ ერთი, საკმაოდ მდარე ხარისხის რკინის საბადოა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ამუშავებს. სოფლიდან ათ ვერსზე მაღალი მთაა, სადაც საუკეთესო შაბის საბადოა; აქ მოპოვებული შაბი ისეთივე კარგი ხარისხისაა, როგორც რომაული. სოფელ *** (ძაცლიქუე)-ს მახლობლად მდებარე ამ საბადოს მოიჯარადრეები ამუშავებენ და მთავრობას ყოვლწლიურად უხდიან 7500 მანეთს ვერცხლით (30000 ფრ.). მათ დაქირავებული ჰყავთ ორმოცდაათამდე ყმის ოჯახი, რომლებიც მაღაროში მხოლოდ შემოდგომობით მუშაობენ, წლის დანარჩენ დროს კი მიწას ამუშავებენ. მოჯარადრეებს უფლება არა აქვთ, ერთი ფუთი შაბი 4 მანეთზე (ვერცხლით, ანუ 15 ფრ.) უფრო ძვირად გაყიდონ, რაც შესაბამისად ერთ ცენტნერში 48 ფრანკის საფასურს უტოლდება.
თათრებთან მოლაპარაკების საფუძველზე, ელისაბედპოლიდან ბაქოში ერთი ცენტნერი შაბის გადაზიდვა მოიჯარადრეებს მხოლოდ 27 კაპიკი (ვერცხლით) უჯდებათ, ხოლო თბილისამდე (მიუხედავად იმისა, რომ იგი უფრო ახლოსაა) ისინი 25 კაპიკს (1 ფრ.), ანუ – 1 ცენტნერში 3 ფრანკს იხდიან.
ამ ცნობების მოტანა საჭიროდ ჩავთვალე, რადგან, ვფიქრობ, ვაჭრობასთან მიმართებაში ისინი გარკვეულ ინტერესს იმსახურებენ. ზემოთ ორიოდე სიტყვით მოგახსენეთ განჯის ძველი ხანების მიერ დაწესებული სხვადასხვა სახის გადასახადების შესახებ; მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანიაგადასახადი ყინულზე, რაც პირველადი მოთხოვნილების საგანია ამ მხარეში, სადაც პაპანაქება სიცხეები იცის. ეს გადასახადი, ისევე როგორც ყველა სხვა სახის გადასახადი, იჯარით იყო გაცემული.
ელისაბედპოლიდან 5 ვერსზე უზარმაზარი ნანგრევებია; ეს არის ცემენტით შედუღაბებული ქვისა და აგურის მასალის ნარჩენები. ამ ოლქში ვხვდებით ძველი ქალაქების ნანგრევებსაც, რომელთა მშენებლობას, როგორც წესი, ალექსანდრე დიდს მიაწერენ. ვინც არ უნდა იყოს მათი დამაარსებელი და როგორიც არ უნდა იყოს მათი წარმოშობა, ერთი რამ ცხადია: იმ დროს, როდესაც ეს ქალაქები და ძეგლები არსებობდნენ, ეს მხარე მჭიდროდ უნდა ყოფილიყო დასახლებული და სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და ვაჭრობა აქაური მოსახლეობის ძირითადი საარსებო წაყარო უნდა ყოფილიყო. დროდადრო ამ ნანგრევებში პოულობენ მიდიურ, პართულ, ბერძნულ, სპარსულ და რომაულ მონეტებს.
განჯაში, რომელიც ერთ დროს სპარსეთის ნაწილს შეადგენდა და ახლაც მჭიდროდ არის მასთან დაკავშირებული, ყველანაირი ზნე-ჩვეულება, საოჯახო ინვენტარი თუ საჭმელ-სასმელი ისეთივეა, როგორც შიდა აზიაში. აქაური ყოფა დიდად განსხვავდება საქართველოსაგან, რომელიც ჩვენ ახლახან დავტოვეთ და სადაც ევროპული და აღმოსავლური ტრადიციები ერთმანეთშია არეული.
ოთხი წლის წინ ელისაბედპოლის შემოგარენში ორი გერმანული კოლონია დაარსდა; ერთი შამქორიდან შვიდ ვერსზეა, მეორე კი – ელისაბედპოლიდან 5 ვერსზე. თითქმის ყველა ახალმოსახლე ვიურტემბერგელია. რამდენიმე წლის მანძილზე ისინი ჯერ ოდესის მიდამოებში ცხოვრობდნენ და შემდეგ გადმოსახლდნენ ამ მხარეში. პირველ ხანებში კოლონისტები დიდად შეაწუხა აქაურმა გვალვებმა, რის გამოც მუშაობა ძალზე უჭირდათ, თუმცა მოგვიანებით ნელ-ნელა შეეჩვივნენ ადგილობრივ კლიმატურ პირობებს და წარმატებებსაც მიაღწიეს.
ელისაბედპოლი სპარსეთთან აწარმოებს ვაჭრობას, რომელსაც გაცილებით ფართო ხასიათი ექნებოდა, მაგრამ ეს ბედკრული მხარე სპარსელთა შემოსევების შედეგად შინაური ომებითაა მოცული. ამ შემოსევებს ადგილი ჰქონდათ ნადირშაჰის მეფობისას, რომელიც უფრო თამაზ-ყული-ხანის სახელით არის ცნობილი. ამ შინაომებმა მოსპეს და გაანადგურეს როგორც ამ მხარის მთელი სიმდიდრე, ისე განათლების ყველანაირი კერა, ამიტომაც არის, რომ აქ სრული უვიცობა მეფობს.
ელისაბედპოლიდან თავრიზისაკენ მიმავალი გზა ყარაბაღზე გადის; ეს ერთერთი იმ პროვინციათაგანია, რომელიც სპარსელებმა რუსეთს დაუთმეს და რომელსაც ამჟამად რუსეთის მოხარკე ხანი განაგებს3. ყარაბაღს ჩრდილოეთით ელისაბედპოლის პროვინცია ესაზღვრება, აღმოსავლეთით – შირვანი, დასავლეთით – სომხეთი, ხოლო სამხრეთით – არაქსი და ალაგ-ალაგ დაუზუსტებელი საზღვარია, რომელიც მთებზე გაივლის. საზღვრის ეს დაუდგენელი მონაკვეთები ხშირად იწვევს უთანხმოებას რუსებსა და სპარსელებს შორის.
ყარაბაღის მიწები ცნობილია დიდი ნაყოფიერებით. არაქსის ნაპირებზე ისეთი უხვი მოსავალი მოდის, რომლის ბადალიც არსად მოიძებნება. ზემოთ მე აღვნიშნე, რომ ყარაბაღში შესაძლებელია შაქრის ლერწმის გახარება; უნდა დავძინო, რომ მთავარმართებელმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება მიწების დარიგების თაობაზე მეურნეობების მოსაწყობად, სადაც შაქრის ლერწმის პლანტაციებს მოაშენებენ.
ყარაბაღის პროვინციაში ვხვდებით როგორც დაბლობებს, ისე უამრავ მთაქედებსაც. წელიწადში სამი თვის განმავლობაში დაბლობებზე აუტანელი სიცხეებია; ამ დროს მთელი მოსახლეობა თავიანთი საქონლის ჯოგებთან ერთად მთებს მიაშურებს ხოლმე. თავადებსა და წარჩინებულებს აქ საცხოვრებლები აქვთ. ყარაბაღს აგრეთვე უწოდებენ შუშას, რაც მისი სატახტო ქალაქის სახელწოდებაა. აქ გადის უმოკლესი გზა თბილისიდან თავრიზისაკენ, მაგრამ მთებში სიარული დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული და ამავე დროს, დიდად სახიფათოა ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის დაუდგენელი საზღვრების გამო და იმის გამოც, რომ ამ საზღვრებზე მომთაბარეობენ თათრები, რომლებიც რეალურად არც სპარსეთს ემორჩილებიან და არც რუსეთს(4).
შენიშვნები
1. სპარსეთის თანამედროვე დაყოფა სახანოებად მოგვაგონებს ამ მონარქიის დანაწევრებას უძველეს ხანაში, როდესაც ჰეროდოტეს დროიდან აქ ოცი სატრაპია არსებობდა. ამ სხვადასხვა სატრაპიებიდან მიღებული შემოსავალი, ანუ გადასახადი, 14560 ეუბეს ტალანტამდე აღწევდა, რაც სწავლულ დოქტორ არბუტნოტის დაანგარიშებით, 2807417 გირვანქა სტერლინგს უტოლდება. რობერტსონი ამ თანხას მცირედად არ მიიჩნევდა, თუმცა არ იცოდა,რომ ეს სატრაპიები, ისევე როგორც ჩვენი დროის ხანები, სუზერენს თავიანთი შემოსავლის მხოლოდ უმცირეს ნაწილს აძლევდნენ.
2. ზემოთ მე ვისაუბრე, თუ როგორ დასაჯა განჯის ხანმა თათარი ინტენდანტი; ამგვარი სისასტიკე სულაც არ არის გასაკვირი ისეთ ქვეყანაში სადაც დაბრმავება ხშირად შეწყალებას ნიშნავს, რამდენადაც იგი სიკვდილით დასჯას ცვლის. როდესაც სპარსეთის პირველი შაჰი იმ საგვარეულოდან, რომელიც ამჟამადაც ზეობს, _ ევნუხი აღა-მაჰმად-ხანი მაზანდარანში შეიჭრა, ერთ-ერთმა მისმა მხედართმთავარმა იერიშით აიღო ქალაქი, რომელსაც უწინდელი დინასტიის ერთგული მომხრეები იცავდნენ. როდესაც შაჰს თავდაპირველმა მძვინვარებამ გადაუარა, მხედართმთავარი ქალაქის მეთაურებს დაპირდა, რომ შაჰისაგან მოსახლეობის შეწყნარებას ითხოვდა, მაგრამ მრისხანე შაჰმა მხოლოდ მას შემდეგ განაცხადატანხმობა, რაც ათი გირვანქა ადამიანის თვალი მიართვეს.
3. დაახლოებით სამი წლის წინ ყარაბაღის ხანმა, რომელიც შეთქმულებაში იღებდა მონაწილეობას, მიატოვა თავისი სახანო და დღეს მას რუსეთის ხელისუფლება განაგებს.
4. ბონაპარტის მამლუქი რუსტამი ყარაბაღში იყო დაბადებული. სპარსელთა უკანასკნელი შემოსევისას იგი გაუტაციათ და თურქებისათვის მიუყიდიათ, შემდეგ კი ეგვიპტეში გაუგზავნიათ. აქ იგი შეუერთდა მამლუქებს, რომელთა ჯარიც, ჩვეულებრივ, კავკასიისა და მოსაზღვრე პროვინციებიდან წამოყვანილი ტყვეებით კომპლექტდებოდა.
თავი XI
ელისაბედპოლიდან გამგზავრება. მინგეჩაური. გადასასვლელი მტკვარზე. ჩამაისი. ახალი შემახა. ძველი შემახა. მისი უწინდელი ვაჭრობა. ცნობები ძველი ციხის – ფიტაგის შესახებ. მარაზა . ნანგრევებად ქცეული ქალაქი. ქარვასლა. არბატი. ბაქოში ჩასვლა.
ელისაბედპოლში რამდენიმე დღე დავრჩით და პარასკევს, 10 (22) სექტემბერს, დილის 9 საათზე გავემგზავრეთ აქედან. არქიმანდრიტმა, მიუხედავად იმისა, რომ ღამით მაღალი სიცხე ჰქონდა, მაინც მოისურვა, გამოგვყოლოდა ცხენით რამდენიმე ვერსის მანძილზე. ჩვენი გაცილება ასევე ისურვა მოხუცმა სომეხმა მელიქმაც ანუ თავადმაც; ჩვიდმეტი წლის წინ იგი ერევნიდან ჩამოსულა და თან ჩამოუყვანია შვიდასი სომეხი ოჯახით: ისინი სპარსეთის დესპოტიზმს გამოექცნენ და ელისაბედპოლში დამკვიდრდნენ, რათა რუსეთის კანონებით ეცხოვრათ. ამ ახალშენს, რომლის უფროსიც სწორედ ეს მოხუცი მელიქი გახლდათ, როგორც ჩანს, წარმატებისათვის ვერ მიუღწევია.
ელისაბედპოლიდან ქურმუხჩაიმდე 46 ვერსს ანგარიშობენ. ამ მონაკვეთზე ორი სადგურია; თათარმა მეგზურმა, რომელიც განჯის ოლქის უფროსმა გამოგვაყოლა, დაგვარწმუნა, რომ მეორე საგუშაგომდე, სადაც ღამის გათევას ვვარაუდობდით, ჩვეულებრივ გზაზე ბევრად უფრო მოკლე იყო სოფლის შარაგზა. ჩხვენც იოლად დავეთანხმეთ მის რჩევას – გავყოლოდით ამ მოკლე გზას. ჩვენს თათარს არაფერი ჰქონდა საერთო აღმოსავლურ ფლეგმატიზმთან: იგი სიცოცხლით სავსე კაცი გახლდათ და თავისი საუბრით გადაგვღალა კიდეც. თუკი მის ნათქვამს დაეჯერება, იგი განჯის მმართველის მრჩეველი და ხიდებისა და გზების ზედამხედველიც ყოფილა და ყველაფერი, რაც კი ამ ოლქში სასარგებლო გაკეთებულა, თურმე მისი დამსახურება ყოფილა.
ორი საათის მგზავრობის შემდეგ ერთი ბებერი ჭადრის ქვეშ შევისვენეთ; ეს ერთადერთი გადარჩენილი ხე იყო ამ გავერანებულ ველზე. მოგზაურთა უმრავლესობის ჩვეულება – ცეცხლი გააჩაღონ ამ ხის ქვეშ, რომელიც ამ მხარეში მომხდარი ხშირი გადატრიალებების უტყვი მოწმეა, ნელ-ნელა ანდგურებს ამ ხეს და ალბათ რამდენიმე წელიწადში მოგზაური, რომელიც ამ მხარეში გაივლის, ვეღარ დატკბება მისი ჩრდილით, რაც ესოდენ აუცილებელია აქურ მცხუნვარე კლიმატურ პირობებში.
როგორც კი შევასვენეთ ჩვენი ცხენები, მაშინვე გავუდექით გზას. თავდაპირველად ოცდახუთი ვერსი ვიარეთ დაბლობზე, რომელიც მთლიანად ტრიალ მინდორს წარმოადგენდა და ცუდად იყო დამუშავებული. ხელმარჯვნივ, გზიდან ასიოდე ნაბიჯის დაშორებით, საკმაოდ მოზრდილი, ქვით ნაგები და განმარტოებულად აღმართული მეჩეთი შევნიშნეთ; ხელმარცხნივ კი, ოდნავ მოშორებით, მეორე მეჩეთი იყო.
განჯაში მცხოვრებმა თათრებმა მიამბეს, რომ ერთი სომეხი მათი სარწმუნოების უპირატესობაში დარწმუნებულა და ისლამი მიუღია, მაგრამ სომეხ თანამოძმეებს მისთვის სარწმუნოებიდან განდგომა არ უპატიებიათ და მოუკლავთ. ერთ-ერთი მეჩეთი ზუსტად მისი წამების ადგილას აუგიათ, მეორე კი – მის საფლავთან, მისივე ხსოვნის უკვდავსაყოფად.
ქურმუხჩაიმდე თხუთმეტ ვერსზე უღრანი ტყე გავიარეთ, რომელიც დაბრეცილი და სუსტი ხეებით დაგვამახსოვრდა. მათ შორის ბროწეულის ხეები სჭარბობდნენ, რომლებიც ამ დროს უკვე ნაყოფით დახუნძლულიყვნენ. დროდადრო ბამბის პლანტაციებსაც ვხვდებოდით; აქაური ბამბა მოკლებეწვიანი და ნაკლებად ფაფუკია.
კაზაკთა საგუშაგო მდებარეობს ქვიშოვანი მთების ქედთან ახლოს, რომელიც მტკვრის მარცხენა ნაპირს უწყვეტად გასდევს და ზოგნ მეტად? ზოგან კი – უფრო ნაკლებად შორდება ამ მდინარეს. საგუშაგო გაშენებულია ჭაობიან დაბლობზე, სადაც მავნე ჰაერია. უნტერ-ოფიცერი, რომელიც ამ საგუშაგოს განაგებდა, მშვენიერი გარეგნობის მამაკაცი გახლდათ; მისი იერი მეტყველებდა, რომ მის ძლიერ აგებულებაზე აქურ კლიმატს ნაკლებად უმოქმედია. მან დიდი ყურადღება გამოიჩინა ჩვენს მიმართ.
მეორე დღეს, შვიდი საათისათვის მინგეჩაურისაკენ გავემგზავრეთ. იგი ქურმუხჩაიდან, სადაც ჩვენ ღამე გავათიეთ, 22 ვერსითაა დაშორებული. ამ მანძილის გავლას ოთხი საათი მოვანდომეთ. ჩვენ მიერ გავლილი მხარე ისეთივე ვაკე იყო, როგორც წინა დღით გავლილი ადგილები, ხეები და ბუჩქნარი კი აქ უფრო ხშირად გვხვდებოდა. გზის ხელმარჯვნივ მიწას, რომელიც ოდნავ უფრო დაბლა იყო, ვიდრე შარაგზა, ქათქათა თეთრი ფერის მარილის თხელი ფენა ფარავდა, როგორც ეს ამ მხარის მიწების უმეტეს ნაწილში გვხვდება. იქვე მდებარე მთებში და მტკვრის სიახლივეს უხვად არის მარილის საბადოები: ზოგ მათგანში მთის ბროლივით ბრწყინვალე და გამჭვირვალე მარილია, ზოგში კი – გაუმჭვირვალე, მაგრამ ძალზე თეთრი და თანაც – უწმინდესი მარცვლების შემცველი. მსგავსი მარილი კატალონიაში მინახავს, იგი კარდონის მაღაროებიდან შემოაქვთ.
მინგეჩაურის საგუშაგო მტკვრის მარჯვენა ნაპირზეა გაშენებული. ეს მდინარე, რომელსაც იმდენად სწრაფი დინება აქვს გორში, რომ ჩვენ უდიდესი ხიფათის წინაშე ვიდექით მისი გადალახვისას (და რომელიც კიდევ უფრო სწრაფია თბილისში), აქ მეტისმეტად წყნარია და ისე მდორედ მიედინება, რომ მის გასწვრივ 250 ვერსის სიგრძის უზარმაზარ დაბლობზე რომ არ გვევლო, ამას, ალბათ, ვერც დავიჯერებდით.თითქმის მთელ ამ მონაკვეთზე მტკვარი მთების ორი ქედითაა შემოზღუდული: ერთი მათგანი, ხელმარცხნივ, სულ ახლოსაა მდინარესთან და არ არის მაღალი, მეორე კი – ხელმარჯვნივ, მდინარისაგან საკმაოდ მოშორებით არის აღმართული და ბევრად უფრო მაღალია. ამის გამო, ქარიშხლიანი წვიმების შემდეგ, მოგლეჯილი ხეებისაგან ადიდებული მტკვრის დინება მისთვის ჩვეულ სისწრაფეს იღებს და მაშინ, მდინარის მძვინვარების გამო ჩამორეცხილი ქვიშა ყველგან ქმნის ბრაგებს (წყალქვეშა კლდეებს – მ.მ.), რაც, ამ ადგილას რომ ეს მდინარე სანაოსნო ყოფილიყო, ნაოსნობას დიდად შეაფერხებდა.
მინგეჩაურში შექმნილია თევზსარეწი, რომელიც სახელმწიფოს იჯარით აქვს გაცემული. იჭერენ საკმაოდ ბევრ თევზს, განსაკუთრებით – თათრის ჯიშისას, რომელსაც „ასეტრინას“ უწოდებენ. ამ თევზის ზურგის ნაწილი ყველაზე გემრიელია: მალების გასწვრივ საკმაოდ სქლად ამოჭრიან ხოლმე ორი, ან ზოგჯერ – სამი ფუტის სიგრძის სუკს, რომელსაც ამარილებენ და შებოლავენ. 3 აბაზად (2 ფრ. და 40 სანტ.) შევიძინე იმავე დღეს დაჭერილი „ასეტრინას“ ექვსი ცალი სუკის ნაჭერი. ამ ადგილზე და კიდევ – ორგან შირვანის პროვინციაში, მტკვარზე გადასასვლელი იჯარით არის გაცემული წელიწადში 2150 დუკატად. ეს მდინარე საგულდაგულოდ ნაგები ბორნით გადავლახეთ და შემდეგ მუხისა და წიფლის უზარმაზარი და ულამაზესი ტყის გაყოლებაზე ვიარეთ. აქ მრავლად იყო აგრეთვე კაკლის, ლეღვისა და ბროწეულის ხეებიც, რომელთა უმეტესობას გარეული ვაზი ჰქონდა შემოხვეული. ხელმარჯვნივ გადახრუკული მიწა იყო, ხელმარჯვნივ კი – ამწვანებული ტყე. მშვენიერი გზა იყო და საათნახევარში ჩავედით ჩამაისში, რომელიც ჩვენ მიერ ახლახან დატოვებული საგუშაგოდან თხუთმეტი ვერსის მანძილზეა.
ჩამაისს ლამაზი მდებარეობა აქვს: იგი გაშენებულია ნაკადულის პირას და იმ ტყის ბოლოში, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ. ეს ნაკადული თითქოს სადემარკაციო ხაზია უნაყოფო, გადამხმარ მხარესა (სადაც ჩვენ რვა დღე ვიარეთ) და იმ ნაყოფიერ მხარეს შორის, სადაც ჩვენ აღმოვჩნდით და სადაც მწვანეში ჩაფლული არემარე ამგვარ სანახაობას უკვე გადაჩვეულ თვალს აგრე რიგად ახარებდა.
ჩამაისიდან, სადაც ჩვენ ღამე გავათიეთ, გურგანამდე ძველად მხოლოდ 21 ვერსს ანგარიშობდნენ, დღეს კი ეს გზა 35 ვერსით გაიზარდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ როდესაც დისტანციების დადგენის საკითხი წამოიჭრა, ინჟინერმა, რომელსაც ეს სამუშაო დაევალა, დაბლობზე, სადაც არავითარი დაბრკოლება არ აღინიშნებოდა, შეძლო გზა სწორი ხაზით განესაზღვრა; მაგრამ სახანოში, სადაც ყოველი მელიქი თუ თავადი ყოვლისშემძლე იყო, გზის მიმართულება ისე აჩვენეს, როგორც მემამულეებს სურდათ, ხოლო ამ შემოვლითმა გზებმა, რაც ინჟინერს გააკეთებინეს, საგრძნობლად გაზარდა მანძილი. ამ ხუთიოდე თვის წინ ნუხის ანუ შაქის ხანი, რომელიც მოთმინებით იტანდა მემამულეთა მხრიდან უფლებების ბოროტად გამოყენებას, უშვილოდ გარდაიცვალა და მისი სამფლობელო რუსეთს გადაეცა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მალე რუსეთის მმართველობა ბრძანებას გასცემს, რათა ჩამაისსა და გურგანს შორის ისე გაიყვანონ გზა, რომ მოგზაურებმა დრო დაზოგონ, უფრო კი – თავიდან აიცილონ ძნელად სავალი ადგილები.
ჩამაისიდან შვიდ თუ რვა ვერსზე თათრების ერთი სოფელია. სახლები აქაც, ისევე როგორც ყველგან ამ მხარეში, საუცხოო ხეხილის ბაღებსა და ველურ ხეებშია ჩაფლული. სოფელთან ახლოს ქვით ნაგები მეჩეთი მოსჩანს, ერთი ვერსის მოშორებით კი შევნიშნეთ საფლავი, რომლის გუმბათიც ერთი მხრიდან ღია თაღზე იდგა. იგი ძალიან წააგავდა იმ საფლავს, რომელიც ჩვენ ელისაბედპოლიდან გამოსვლისას ვნახეთ.
გურგანამდე ერთ ვერსზე პატარა მდინარე გურგგენი მოედინება. იგი სათავეს იღებს იმ მთებში, საიდანაც ერთი ქედი მტკვრის პარალელურად არის გადაჭიმული. ამ მდინარიდან ოდნავ მოშორებით, იმ საგუშაგოსთან, რომელიც აგრეთვე მდ. გურგენის სახელს ატარებს, იგი ძალზე სწრაფი დინების მქონე 5-6 ტოტად იყოფა; მათი კალაპოტები ისე ხშირად იცვლება, რომ ჩვენმა მეგზურმა კაზაკმა აღარ იცოდა, სად მოეძებნა ჩვენთვის შესაფერისი ფონი. მიუხედავად ჩვენი მეეტლეების დიდი მცდელობისა, ცხენები, რომლებმაც წინა დღით არ დალიეს უხარისხო წყალი და ამიტომაც მეორე დღეს ქანცგაწყვეტილები იყვნენ აუტანელ სიცხეში 25 ვერსის გავლის გამო, წყურვილის მოსაკლავად წამდაუწუმ ჩერდებოდნენ მდინარის ყველაზე რთულ და სახიფათო ადგილებში. ისინი ძლივს მიათრევდნენ ჩვენს ეტლს მდინარის დინების მიერ 200-ზე მეტი ნაბიჯის ფართობზე მოგროვილ ქვებში. მდინარეზე გადასვლისას ძლიერმა ნაკადმა კინაღამ გადააბრუნა ჩვენი თათრული „არბა“, ანუ ეტლი, რომელიც ყველაზე განიერ ტოტზე გადადიოდა.
ჩვენი ცხენების მდგომარეობის გამო გადავწყვიტეთ, ღამე გურგენში გაგვეთია. ეს საგუშაგო ერთ-ერთი ყველაზე უარესთაგანია ამ გზაზე, როგორც სრული უსურსათობის, ასევე ძნელად სავალი გზისა და მავნე კლიმატის გამო. ამიტომ ციებამ, რომელმაც კვლავ შეუტია ჩემს ვაჟიშვილს, აქ განსაკუთრებით იმძლავრა. ამ დაავადებას ვერც ჩემი სიცილიელი მსახური გადაურჩა.
ორშაბათს გურგენიდან გოგჩაისაკენ გავემგზავრეთ. რომელიც ამ ადგილიდან 23 ვერსითაა დაშორებული. როდესაც გურგანის საგუშაგოდან გამოვედით, არცთუ ისე მყარად ნაგები ხიდებით გადავლახეთ შვიდი თუ რვა არხი, რომლებიც მტკვრის გაყოლებაზე მდებარე ქვიშიანი მთებიდან ჩამოდენილი წყლებისაგან გაუკეთებიათ.მოშორებით, ნიადაგში შერეულია სამეთუნეო თიხა, რომელიც ამ დროს მზისაგან გაქვავებული და დამსკდარი იყო. აქ დაგროვილი წყლები ქმნიან ჭაობებს, რომლებიც სულ უფრო მეტ ფართობს იკავებენ. მათი ნაწილი მაღალი ლერწმით არის დაფარული. მთელი ეს მხარე მოსწორებულია და მის ერთფეროვნებას არღვევს მხოლოდ რამდენიმე არცთუ ისე ღრმა რარტაფი, საიდანაც ჩვენს ცხენბს ძალზე უჭირდათ ამოსვლა. შუა გზაზე თხუთმეტი-ოცი თათრისაგან შემდგარი კავალკადა შემოგვხვდა. ერთი თათარი ჯგუფს გამოეყო, მოგვესალმა, შემდეგ კი თავის თანამგზავრებს მოუხმო და წარმოგვიდგინა ტარკის შამხალის ერთ-ერთი ვაჟი, რომელიც თბილისს მიემგზავრებოდა: ეს იყო მშვენიერი გარეგნობის კაცი, რომელსაც უწყინარი გამომეტყველება ჰქონდა, თუმცა მის სახეზე სიმკვირცხლე და გონებრივი განვითარება ნაკლებად იყო გამოხატული. იგი გამოწყობილი იყო თათრულ ტანსაცმელში, რომელიც ოსტატურად იყო გაწყობილი იმ წვრილი სირმით, რომელსაც კავკასიის მთიან მახარეებში ამზადებენ და დიდი გამოყენება აქვს ჩერქეზეთშიც. როცა ახალგაზრდა მთავარმა შეიტყო, რომ ასტრახანში ჩასვლა ტარკის გავლით გვქონდა განზრახული, უმალვე გვთხოვა, მისი ამბავი შეგვეტყობინებინა მამამისისათვის, რომელთანაც გენერალმა ერმოლოვმა სარეკომენდაციო წერილები გამოგვატანა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ თბილისში მისი გამგზავრების მიზანი იყო შამხლის უდანაშაულობის დადასტურება, რომელიც დაღესტანში მომხდარი უკანასკნელი ამბოხების დროს ეჭვმიტანილი იქნა ღალატში.
გოგჩაის საგუშაგოზე ვერანაირი სურსათი ვერ ვიშოვნეთ; სამაგიეროდ აქედან ერთი ვერსით დაშორებულ თათრების სოფელში იოლად მოვიმარაგეთ ჩვენთვის საჭირო ყველანაირი სანოვაგე. რამდენიმე საათის შესვენების შემდეგგავემგზავრეთ 12 ვერსით დაშორებულ ერთ სადგურში, რომელიც ცოტა ხნის წინათ დაარსდა და ნოვო-უჩრეჟდიონი ეწოდა.
საგუშაგოდან ხელმარჯვნივ თვალუწვდენელი დაბლობი იშლება, სადაც ალაგ-ალაგ ხეების პლანტაციები მოსჩანს, რაც აქა-იქ გაფანტულ თათრული და სომხური სოფლების არსებობაზე მიანიშნემს. ხელმარცხნივ გვალვისაგან გადახრუკულ ქვიშოვან მთას მივუყვებოდით, სადაც ისეთი დიდი სიცხე იცის, რომ სექტემბრის ბოლოს, დილით, რეომიურის თერმომეტრი 8 გრადუსს ძლივს უჩვენებდა, შუადღისათვის კი იგი 30 გრადუსამდე ადიოდა. ამ მთებში ჰავა მარტო იმიტომ კი არ არის აუტენელი, რომ აქ საშინლად ცხელა, არამედ იგი ჯანმრთელობისთვისაც მეტად საზიანოა და მუდმივი და შენაცვლებითი ციებცხელების დაავადების გავრცელებას იწვევს, რაც ასე ხშირია აქაურ მოსახლეობაში.
ღამე ნოვო-უჩრეჟდიონის საგუშაგოზე გავატარეთ. გარედან შემოსული მავნე ჰაერისაგან თავდასაცავად „ბალაგანში“, სადაც ჩვენ დავბინავდით, საბნები დანაბდები (ბოურკა) ჩამოვკიდეთ. ეს ქოხი ორ ნაწილად იყო გაყოფილი: ერთში ჩვენ ვცხოვრობდით, მეორე კი გენერალ ვლასოვს, იმიერკავკასიის „ატამანს“ ეკავა. ეს ის ოფიცერი გახლავთ, რომელსაც იმერეთში, ყვირილას შაგუშაგოზე შევხვდით. მაშინ იგი უკვე დაავადებული იყო ციებით და არც ახლა იყო საბოლოოდ განკურნებული.
გენერალი ვლასოვი სახელგანთქმული ოფიცერია. იგი დაახლოებით 50 წლისაა; იბრძოდა საფრანგეთში და დიდად ამაყობდა ეპერნეში გატარებული დღეებით; აქებდა იქაურ საუცხოო ღვინოს. ჩვენ მისგან დიდად დავალებულნი ვართ არა მხოლოდ იმის გამო, რომ ბევრი სასარგებლო რჩევა მოგვცა გზის თაობაზე, არამედ იმითაც, რომ დერბენდამდე არსებული კაზაკთა ყველა საგუშაგოსათვის ერთი საერთო ბრძანება გაგვატანა, რომლის თანახმად საგუშაგოებს ჩვენი ცხენებისათვის საჭირო ალაფი უნდა მოეცათ, რომლის საფასურიც ჩვენ თვითონ უნდა განგვესაზღვრა. ამ ბრძანების გარეშე, რომელიც, შექმნილი პირობების გამო, გამონაკლისის სახით გაიცა, ჩვენ ვერ შევძლებდით გზის გაგრძელებას. მართლაც, სურსათ-სანოვაგის, განსაკუთრებით კი ალაფის ნაკლებობა, რის შესახებაც მე არაერთხელ მქონდა საუბარი, მხოლოდ 1820 წლის ზაფხულის გვალვით როდი იყო გამოწვეული; იგი სულ სხვა მიზეზებით იყო განპირობებული:
დაღესტანში მომხდარი ამბოხებების შემდეგ შირვანის ხანის მიმართ გაჩნდა ეჭვი, რომ ამ ამბებში იგიც მონაწილეობდა, შესაბამისად, მთავარმართებლისაგან გაიცა ბრძანება თბილისში მისი გამოცხადების თაობაზე; ხოლო რადგანაც ხანი ბრძანების შესრულებას აყოვნებდა, თანაც მისი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევასაც არ გამორიცხავდნენ, ამიტომ შირვანში განლაგებულ კაზაკთა ყველა საგუშაგოს ებრძანა, ჯარები, თავიანთი სურსათის მარაგით, საზღვარზე განელაგებინათ. ბრძანება შესრულდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა: წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად, შირვანის ხანმა სპარსეთში გაქცევა ამჯობინა და თავისი მშვენიერი პროვინცია, შემოსავალი, შესანიშნავი ცხენები და თითქმის მთელი მოძრავი ქონება რუსებს დაუტოვა. ეს ამბავი თბილისიდან ჩვენს გამომგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა, ამ დროისათვის კაზაკები უკვე დააბრუნეს თავიანთ საგუშაგოებზე, მაგრამ სურსათის მომარაგება ჯერ კიდევ ვერ მოესწროთ.
გამოვეთხოვეთ კაზაკთა გენერალს, რომლისგანაც დიდად დავალებულნი ვიყავით და 14 სექტემბერს, დილის 7 საათზე ინჩას საგუშაგოსკენ გავემართეთ. გზა, რომელიც ამ საგუშაგომდე გავიარეთ, ერთფეროვანი და სევდის მომგვრელი იყო: არსად იყო არც დამუშავებული მიწები და არც სოფლები; მხოლოდ ცხვრის ფარები გვხვდებოდა, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ ეს მხარე მომთაბარე თათრებს ეკავათ. ელისაბედპოლიდან გამომგზავრების შემდეგ აქ პირველად შეგვხვდა ხარების ხუთი თუ ექვსი ქარავანი; თითოეულ ხარს საქონლით სავსე ორი პატარა ტომარა ჰქონდა აკიდებული. ქარავანს რამდენიმე თათარი მოუძღოდა და იგი აქედან ბაქოში მიემართებოდა.
ინჩას საგუშაგო წინა საგუშაგოს მსგავსად არის მოწყობილი. სახლებისა და თიხის ქოხმახების ნაცვლად აქ მხოლოდ ლერწმისაგან ნაგები რამდენიმე ბარაკია, რაც სავსებით ბუნებრივად მოგვეჩვენა, რადგან ჩვენ მიერ გამოვლილი დაბლობის ერთი ნაწილი მთლიანად ამ მცენარით იყო დაფარული. დანარჩენების მსგავსად, ეს საგუშაგოც ქვიშოვანი მთის ძირში და საკმაოდ უვარგისი გემოს მქონე წყაროსთან ახლოს იყო აგებული. აქაც, აგრეთვე, ბევრი ავადმყოფი ჰყავდათ.
ინჩას საგუშაგოზე სამი საათი დავყავით და შემდეგ ახალ შემახაში გავემგზავრეთ. ითვლება, რომ იგი აქედან 18 ვერსითაა დაშორებული, სინამდვილეში კი ეს მანძილი 28 ვერსს აღწევს. მთელ ამ მხარეში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში მთიელები დათარეშობდნენ, წესად ჰქონდათ შემოღებული – საფოსტო მგზავრებს რამდენიმე ჯარისკაცს ესკორტად აყოლებდნენ. სახანოებში ჩვენ მუდამ თან გვახლდა 5-6 ჯარისკაცი, მაგრამ ამ ოლქში ყველა საგუშაგოზე იმდენი ავადმყოფი იყო, რომ ორი ჯარისკაცი ძლივს გამოგვაყოლეს, თუმცა ესეც საკმარისი იყო ყოველგვარი ხიფათისაგან თავდასაცავად.
ინჩადან ახალ შემახამდე გზა ირგვლივ უვლის მთებს. ადგილ-ადგილ ღარტაფებზე გადასვლა გვიხდებოდა; ქარიშხლიანი წვიმების შედეგად მათი ფსკერი წყლის დინებით ჩამოტანილი პატარა კენჭებითა თუ დიდი ქვებით იყო დაფარული. აქ სიარული დიდ სიძნელეებს უქმნიდა ჩვენს დაუძლურებულ ცხენებს, რის გამოც ამ ღარტაფებზე გადასვლა ძალზე გაგვიჭირდა.
ახალ შემახამდე 8 ვერსზე ოდნავ ამაღლებული მთებია, მანამდე კი საკმაოდ მაღალი მთების ქედია გადაჭიმული. აქ საქონლით დატვირთული აქლემების თორმეტი ქარავანი შემოგვხვდა. მათ დანახვაზე ჩვენი ერთ-ერთი ცხენიისე დაფრთხა, რომ შურდულივით გავარდა და დანარჩენი სამი ცხენიც თან გაიყოლა. საბედნიეროდ, ციცაბო მთებით გარემოცულ ხეობაში ვიყავით და თხუთმეტწუთიანი დაოთხებული ჭენების შემდეგ ჩვენი ცხენები ისე გაჩერდნენ, რომ არაფერი დაგვშავებია.
ახალი შემახა, სადაც ჩვენ მალევე ჩავედით, დიდი ხანი არ არის, რაც დაარსდა; მან ძველი შემახა შეცვალა, როცა ეს უკანასკნელი თითქმის მთლიანად აღიგავა მიწის პირისაგან; მაგრამ შემდგომში, როცა ეს მხარე მრავალრიცხოვანი შემოსევების ასპარეზად იქცა, ახალი შემახაც განადგურდა. ასე რომ, დღეს აქ მხოლოდ რამდენიმე ასეული მცხოვრებია შემორჩენილი, არის პატარა ბაზარი, სადაც თათრები ადგილობრივ პროდუქციას – ხამ აბრეშუმსა და სპარსელთა პირველადი მოთხოვნილების საკმაოდ იაფ საქონელს ყიდიან.
გენერალმა ვლასოვმა გვირჩია, მავნე კლიმატის გამო ახალ შემახაში ორ საათზე მეტ ხანს არ გავჩერებულიყავით, მაგრამ იქ ისე გვიან ჩავედით, რომ გზის გაგრძელება შეუძლებელი იყო; ამიტომ გადავწყვიტეთ, დაგვეძლია ციების შიში და ღამე გაგვეთია პატარა ოთახში, სადაც ისეთი უსუფთაობა სუფევდა და ამასთანავე, აქაურობა იმდენი სახეოხის მწერებით იყო სავსე, რომ საშინელი ზიზღის გრძნობამ შეგვიპყრო.
მეორე დღეს, დილაადრიანად გავემგზავრეთ ძველ შემახაში, რომელიც ახალი შემახიდან დაახლოებით 30 ვერსზეა, თუმცა მათ შორის მანძილს 23 ვერსით ანგარიშობენ.
დავტოვეთ ახალი შემახის ნანგრევები და დაახლოებით 8 ვერსის სიგრძის დაბლობი გავიარეთ. იგი გადაჭიმულია იმ მთის ქედის ძირამდე, რომლის შესახებაც მე უკვე ვისაუბრე. მის მწვერვალზე ასასვლელად ოთხი წყვილი კამეჩი მოვითხოვეთ; მანძილი ათ ვერსს შეადგენდა. თითო ვერსზე ერთი წყვილი კამეჩისა თუ ხარის ქირად სომხებს, ჩვეულრბრივ, 8 კაპიკს ანუ სანტიმს უხდიან. ჩვენ ამ თანხას მცირეოდენი გასამრჯელოც დავუმატეთ, რითაც სომხები დიდად კმაყოფილნი დარჩნენ. ისინი შირვანის ხანის ყმები იყვნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს სახანო რუსეთის სამფლობელოს შეუერთდა, ისინი სახაზინო გლეხები გახდნენ და თავიანთ ცხოვრებაში მომხდარი ამ ცვლილებით ძალზე კმაყოფილნიც იყვნენ. წარმოშობით ეს სომხები ყარაბაღიდან იყვნენ და შირვანის ხანს ისინი ამ მხარეში თავდასხმის დროს აუყვანია ტყვედ.
ჩვენს მიერ გადალახული მთები კავაკასიის მთების პარალელურია და ამ უკანასკნელს ქედის განტოტებებით უერთდებიან. ეს საკმაოდ მაღალი მთებია და თითქმის ყველა მათგანი ხრეშსა და ქვიშას შეიცავს; აქა-იქ გრანიტის ფენაც კი შევნიშნე. როდესაც მაღლა მთაზე ავედით, ქვემოთ, ჩვენს მიერ სულ ახლახან გამოვლილი უზარმაზარი დაბლობი და ახალი შემახის ნანგრევები გამოჩნდა. ჩრდილოეთის ქარებისაგან ეს დაბლობი ქვიშოვანი მთით არის დაცული, რომლის გასწვრივაც უწყვეტად მივდიოდით. ჰავა აქ ჯანმრთელობისათვის მავნეა, ნიადაგი ნაკლებად ირწყვება და ამიტომაც დღეისათვის აქ ერთი ხეც კი არ ხარობს; ალბათ, ამიტომაც გაგვიჭირდა წარმოგვედგინა, რომ ეს ის მხარეა, რომელიც ძველად თუთის ხეებითა და ზვრებით იყო დაფარული და რომელიც ესოდენ ხატოვან ფერებში აღწერა გიულდენშტედტმა: მან იგი ისეთ კუთხედ წარმოგვიდგინა, რომელსაც თავისუფლად შეეძლო მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადგილად ქცეულიყო.
ძველ შემახამდე 56 ვერსზე ქვით ნაშენი მშვენიერი შადრევანია. წყალი აქ მართლაც საუცხოოა. მოშორებით, ორივე მხარეს, – მარჯვნივ და მარცხნივ, უფრო კი – მთების თხემებზე, თათრებისა და სომხების სოფლები ჩანს. ამ უკანასკნელთათვის ასეთი მდებარეობა, უდავოდ, იმისთვის შეარჩიეს, რომ ჰავა აქ ჯანსაღია.
ბოლოს ჩვენ დავინახეთ ის, რასაც დღეს სამართლიანად უწოდებენ ძველი შემახის ნანგრევებს: ეს არის ქვით ნაგები ქარვასლების, ბაზრების, მეცეთების, საჯარო თუ კერძო შენობათა ვეებერთელა გროვა. ქალაქის შემოგარენში არსებული უზარმაზარი სასაფლაო, რომლის თვალუწვდენელი სივრცე მოფენილია გვერდი-გვერდ მიწყობილი საფლავის ქვებით, ისევე როგორც თვით ნანგრევები, გვაუწყებდა, რომ მრავალი საუკუნის მანძილზე ეს ქალაქი მჭიდროდ ყოფილა დასახლებული.
შემახა უძველეს დროში უნდა იყოს დაარსებული. თუკი ვოლტერს ვერწმუნებით, რომელიც, არ ვიცი რომელ ავტორიტეტზე დაყრდნობით, თავის „პეტრე დიდის ისტორიაში“ ამბობს, რომ ერთ დროს შემახა მიდიის დედაქალაქი და დიდი კირუსის რეზიდენცია ყოფილა. მისი მდებარეობისა და სახელწოდებიდან გამომდინარე, დ’ანვილს მიაჩნია, რომ ეს არისპტოლემაიოსის „მამაშია“. თავისი მოსახლეობით, ვაჭრობის ინტენსივობითა და სიმდიდრით იგი დიდი ხნის მანძილზე აყვავებული ქალაქი იყო. როდესაც 1645 წელს ოლეარიუსი ამ ქალაქს ოლშტინის ჰერცოგის ცნობილ ელჩთან ერთად ეწვია, იგი ჯერ კიდევ თავისი ბრწყინვალების ზენიტში იმყოფებოდა; ამ დროს რუსები აქ გაცხოველებულ ვაჭრობას ეწეოდნენ. უკანასკნელი საუკუნის დასაწყისში, როცა სპარსელებმა აქ რუსი ვაჭრები ამოჟლიტეს, ქვეშევრდომების სიკვდილზე შურისძიების მიზნით პეტრე დიდმა მრავალრიცხივანი არმიით გაილაშქრა შირვანზე და ააოხრა ძველი შემახა. ამის შემდეგ სპარსეთი შინაომებმა მოიცვა, რის გამოც ამ საცოდავ ქალაქს ათასნაირი უბედურება დაატყდა თავს, რაც თან ახლავს ხოლმე აღმოსავლეთში წარმოებულ დაპყრობით ომებს. ცეცხლმა, მახვილმა, ტყვეების წასხმამ – არარავითარი კვალი არ დატოვეს არც შემახის ძველი დიდებისაგან და არც მისი მოსახლეობისაგან. ეჭვი არ არის, რომ სწორედ ამგვარადვე აღიგავა აზიის ზედაპირიდან ბაბილონი, სუზა, ექტაბანი, პერსეპოლისი.
კაზაკთა საგუშაგო, სადაც ჩვენ შევჩერდით, განლაგებული იყო ძველ ქარვასლაში. აქ ყველა ნაგებობა საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო. მოგვათავსეს თაღიან ოთახში, სადაც ისეთი ნესტი იდგა, რომ ჩემმა თანამგზავრებმა სუფთა ჰაერზე დაწოლა ამჯობინეს. ამ ნანგრევებსა და უკაცრიელ ადგილზე მარაგის შესავსებად ვერანაირი სურსათი ვერ ვიშოვნეთ და იძულებულნი გავხდით ერთი სომეხი და ერთი კაზაკი 6 ვერსით დაშორებულ სოფელში გაგვეგზავნა სურსათისათვის. მათ მოგვიყვანეს ერთი ცხვარი, რომელშიც გადაიხადეს 1 მანეთი ვერცხლით (4 ფრ.) და მოაყოლეს ერთი ტიკი ახალი ღვინო. იმის გამო, რომ ღვინო ჯერ კიდევ არ იყო დადუღებულუ, ჩვენ ვერ შევძელით შეგვეფასებინა, მართლაც იყო თუ არა ამ ქალაქის გარეუბნების ღვინო ბორდოს საუკეთესო „კლარეტივით“ კარგი, როგორც ამას გიულდენშტედთი ამბობს. მეორე დღეს გავიარეთ ქალაქის ერთი ნაწილი და საგუშაგოდან ერთი ვერსის დაშორებითმდებარე ციხეში მივედით. როდესაც ვიხილეთ სწორად გაყვანილი ქუჩები, ჯერ კიდევ დაუნგრეველი ბაზრის კედლები, სახლები და ქარვასლები, რომელთა თაღები ზოგი ნაწილობრივ იყო დანგრეული, გავიფიქრეთ, რომ დამპყრობელს შენობების მიმართ უფრო გამოუჩენია ლმობიერება, ვიდრე მოსახლეობის მიმართ: ამ ერთიოდე საუკუნის წინ ამ ქალაქში მცხოვრები ასი ათასამდე სულიდან დღეს დღეს 25-30 მოსახლე შემორჩენილიყო; ისინი ქალაქის ბოლოში ცხოვრობდნენ. ციხე, რომელიც ძველად შირვანის ხანის საცხოვრებელი იყო, ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაშია და მის აღსადგენად სულ მცირე ხარჯებია საჭირო.
სასახლე, მისი მინაშენები და ბაღები შემაღლებულ და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ადგილზე იყო გაშენებული. აქ რამდენიმე წყაროა და სუფთა წყალი ქალაქის ყველა უბანში მიედინებოდა გამომწვარი თიხის მილებით, რომელთა ნაკვალევიც ყველგან შეიმჩნევა. ჩვენს ჩასვლამდე ერთი თვით ადრე შირვანის ხანი ჯერ კიდევ ფლობდა ძველი შემახიდან დაახლოებით 20 ვერსით დაშორებულ ფიტაგის ციხეს. როცა მან დაინახა, რომ მისი სატახტო ქალაქი მოწინააღმდეგეთა მუდმივი შემოსევებისაგან აოხრებული და განადგურებული იყო, მისი ქვეშევრდომები კი – ტგყვედ წაყვანილნი, იგი სასოწარკვეთილებამ მოიცვა და ორივე შემახისა და მიმდებარე დაბლობის გადარჩენილი მოსახლეობა წაიყვანა თავისთან, ფიტაგში, რომელიც სატახტო ქალაქად გამოაცხადა; აქ იგი საიმედოდ იყო დაცული თავდასხმებისაგან, რომელთა ასპარეზადაც იქცა მისი ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ ფიტაგის ციხეს არცთუ ისე ხელსაყრელი მდებარეობა ჰქონდა (იგი მაღლობზე იდგა), ვაჭრობას აქ ჯერ კიდევ ჰქონდა გასავალი, რადგან საბაჟო გადასახადები აბრეშუმზე, ხორცით ვაჭრობაზე და ზოგიერთ სხვა საქონელზე წლიურად 7000 დუკატად იყო იჯარით გაცემული.
არაპირდაპირი გადასახადები აზიაში უძველესი დროიდან ჩნდება, შეიძლება ითქვას – პასტორალური დროიდანაც კი. ეს გადასახადები უფრო იოლი ასაკრეფი და ნაკლებად საეჭვო იყო, ვიდრე საადგილმამულო გადასახადები, დაწესებული მიწებზე, რომელთა არც ფლობა და არც დამუშავება არასოდეს იძლეოდა სრულ გარანტიას. საგადასახადო სისტემა გულდასმით ეძიებდა ყოველგვარ საბაბს, მათ შორის ყოვლად აუცილებელი პირველადი მოხმარების საგნების ჩათვლითაც კი, რათა გადასახადით დაებეგრა; მაგალითად, როგორც შირვანში, ასევე განჯაშიც გადასახადი იყო დაწესებული ყინულზე, რომელიც ამ მცხუნვარე კლიმატურ პირობებში სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო.
შირვანის ხანის შემოსავალიძალზე მნიშვნელოვანი იყო. როგორც ამბობდნენ, იგი 2 მილიონ მანეთზე (2 მლნ. ფრანკი) მეტს აღწევდა. სასურსათო საქონელზე გამოსაღების გარდა, შირვანის ხანი სახელმწიფო მიწების უდიდესი ნაწილის მფლობელიც იყო. ეს მიწები, ჩვეულებრივ, თათარ და სომეხ გლეხებს ჰქონდათ იჯარით აღებული და მცირე ბეგარას იხდიდნენ. ამჟამად გაუდაბურებული ახალი და ძველი შემახის მშვენიერი და ვრცელი ველები უწინ ხანის ძირითად მამულებს, ხოლო აქედან მიღებული პროდუქცია კი – მისი შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდნენ.
შირვანის ხანის მამულებს შორის არ შეიძლება არ დავასახელოთ მუღანის ველი, რომელიც სალიანისაკენ მიმავალ პირდაპირ გზაზეა. ეს ის ველი გახლავთ, სადაც, რომაელ ისტორიკოსთა ცნობით, იმდენი გველი იყო, რომ პომპეუსის ჯარი აქ შედგა და ვეღარ გაბედა ამ მხარეში შემოჭრა. ეს არის ერთერთი იმ ისტორიულ ფაქტთაგანი, რომელიც უკანასკნელ საუკუნეში უარყვეს, როგორც მცდარი; მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ ამ ველის აწინდელ მდგომარეობას, ეს ფაქტი სინამდვილეს უნდა შეესაბამებოდეს1. ადგილობრივი ხალხის გადმოცემით, ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეებში მუღანის ტრამალზე ანუ ველზე იმდენი გველია, რომ ადამიანებისა და ცხენებისათვის აქ გავლა ძალზე სახიფათოა. წლის დანარჩენ დროს კი გველები მიწაში და ხვრელებში იმალებიან და სპარსელებსა თუ თათრებს მხოლოდ ამ პერიოდში შეუძლიათ, უსაფრთხოდ აძოვონ აქ თავიანთი ნახირი.
როცა გენერალი ძუბოვი სალიანის ალყაზე იდგა, მისი ჯარი 1800 წლის შემოდგომის ბოლოს მუღანის ველზე დაბანაკდა და ზამთარიც იქვე გაატარა. კარვების ჩასადგმელად მიწის თხრისას მისი ჯარლსკაცები წამდაუწუმ აწყდებოდნენ გველებს გაშეშებულ მდგომარეობაში. ეს გველები (და სხვა ცხოველებიც) ასეთ მდგომარეობაში ატარებენ მთელ ზამთარს და ამ ხნის მანძილზე ყოველგვარი საკვების მიღების გარეშე ცოცხლობენ.
სალიანის მეთევზეობა შირვანის ხანის შემოსავლის ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენდა. იგი იჯარით ჰქონდა აღებული მდიდარ ასტრახანელ სომეხს ივანოვს, რომელიც დაახლოებით 500000 მანეთს (ანუ ფრანკს, ასიგნაციით) იხდიდა.
ციხის ზემოდან მოჩანს ძველი შემახის ის მშვენიერი დაბლობიწინათ რომ ზვარ-ვენახებითა და თუთის ხეებით იყო მოფენილი. სამხრეთის მხრიდან, ქალაქიდან ნახევარ ლიეზე, ლამაზი ნაგებობებია, რომელთაგან ერთი მეჩეთი იყო, სხვები კი – ხანებისა და დიდი სენიორების საფლავები2.
ამ ქალაქში ერთი დღე-ღამე გავატარეთ და 16 (28) სექტემბერს, ნაშუადღევს გავემგზავრეთ. ღამის გათევას ქარვასლა-ჯამათში ანუ მარაზაში ვაპირებდით, რომელიც აქედან მხოლოდ 25 ვერსით არის დაშორებული. ამ მანძილის გასავლელად ექვსი საათი დაგვჭირდა. ჩვენი ორი მეგზურიდან ერთი კაზაკი იყო, რომელიც წინა დღეს ჩამოვიდა საგუშაგოშიდა გზები კარგად არ იცოდა; მეორე კი მეტისმეტად გაუბედავი თათარი იყო; მას იმდენად ეშინოდა, პასუხი არ მოგვეთხოვა იმ სიძნელების გამო, რომელსაც შესაძლოა გზაზე გადავყროდით, რომ სულ განზე იდგა და გზას არც კი გვითითებდა. ეს მხარე მთაგორიანი იყო; დამუშავებული მიწები ყველგან შემოღობილი იყო, ეტლების სავალი გზა კი ჯერ არ გაეყვანათ, ამის გამო გზა ხშირად გვეშლებოდა და მარაზაში გვიან ღამით ჩავედით.
ეს საგუშაგო ქალაქის ნანგრევებს შორისაა განლაგებული. ძველად ამ ქალაქს გარკვეული მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. ჯარისკაცები დაბანაკებულნი იყვნენ ძველ ციხეში, რომელსაც გვერდით კოშკები ჰქონდა. მისი ერთი ნაწილი ქარვასლად გამოიყენებოდა ინ დროს, როცა ძველ შემახაში უამრავი ვაჭარი მოდიოდა აბრეშუმისა და სხვა ძვირფასი საქონლის შესაძენად, რომელთა საწყობიც სწორედ ამ ქალაქში იყო.
მხარე, სადაც მარაზა მდებარეობს, მთლიანად დაუმუშავებელია; მთებიც კი მოშიშვლებულია: არც ერთი ხე და არავითარი მცენარეულობა. ვიწრო ხეობები, სადაც დიდი გზა გადის, ასევე მწირია მცენარეული საფარით. მოსახლეობა აქ ვაჭრობამ მოიზიდა და დაამკვიდრა, მაგრამ როგორც კი ვაჭრობა შეწყდა, ხალხიც მაშინვე აიყარა ამ გაუბედურებული ადგილიდან. ასე რომ, იმ დღეს, რა დღესაც ზენობიმ ქარავნებს მფარველობა შეუწყვიტა და ისინი ხმელთაშუა ზღვის ნაპირს პალმირის გზით გაუყვნენ, ეს მშვენიერი ქალაქი გაუკაცრიელდა, ისევე როგორც ის უდაბნოები, რომელთა შორისაც იგი იყო გაშენებული.
მარაზას გარეუბნებში გოგირდის აბანოებია. მთავრობის მიერ გამოგზავნილი ინჟინრის ცნობით, რომელმაც აქ დაზვერვითი სამუშაოები აწარმოვა, ეს მაღაროები ძალზე მდიდარი უნდა იყოს.
17 (29) სექტემბერს, დილის რვა საათზე მარაზადან გავემგზავრეთ გრუბოკსალკაში, რომელიც მისგან 25 ვერსითაა დაშორებული. მხარე, რომელიც ჩვენ გავიარეთ, მოუსავლიანი იყო. დროდადრო გვხვდებოდა ერთად ჩადგმული თხუთმეტი-ოცი სახლი და მათ სოფლებს უწოდებდნენ. აქ ცხოვრობდნენ სომხები, სპარსელები და თათრები. გრუბოკ-სალკამდე 8-10 ვერსზე, ხელმარცხნივ, ნავთობის შადრევნებია. ჩვენ შევჩერდით მათ დასათვალიერებლად. მათ დაახლოებით 50 ნაბიჯამდე კვადრატული ფართობი ეკავათ. ნავთობი განუწყვეტლივ თუხთუხებდა და წყლის ზედაპირზე ტივტივებდა. იგი დიდ მანძილზე აფრქვევდა ჰაერში უსიამოვნო სუნს.
ბიტუმს მთელ ამ მხარეში დიდი გამოყენება აქვს. მას ხმარობენ სახლების გასანათებლად, „პოვოზკების“, ურმებისა და ეტლების თვლების დასაზეთად, რომელთაც ხის ღერძები აქვთ და აგრეთვე – ტიკების შიგნიდან შემოსაგლესად. ამ ტიკებს ღვინის გადასაზიდად იყენებენ.
გრუბოკ-სალკაში რამდენიმე საათის შესვენების შემდეგ ქარვასლა-არბატში გავემგზავრეთ. აქ ჩვენს ჩვეულებრივ ესკორტს რამდენიმე კაზაკიც დაუმატეს, რათა გულმშვიდად გაგვევლო ეს მხარე, სადაც ერთი თვის წინ ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ გამოსვლებს და სადაც რაიმე ხიფათის შემთხვევაში, არავითარი იმედი არ გვქონდა იმისა, რომ სოფელს ან რაიმე დასახლებულ ადგილს ვიპოვიდით.
გზის უმეტესი ნაწილი საკმაოდ მთაგორიანი იყო, მაგრამ სამ საათში მაინც ჩავედით ქარვასლა-არბატის საგუშაგოში. იგი 25 ვერსითაა დაშორებული იმ საგუშაგოდან, რომელიც ჩვენ ახლახან დავტოვეთ. დაგვაბინავეს კარგად, ძველი ქარვასლის ერთ-ერთ პატარა ოთახში/ ეს ქარვასლა დღეს კაზაკთა საცხოვრებელს წარმოადგენს. იგი მტკიცედ არის ნაგები თლილი ქვებით. მის შიდა განლაგებას რაღაც საერთო აქვსესპანეთის ვენტასთან და გალიციის მშვენიერ ფუნდუკებთან. აქ არის თაღით გადახურული დიდი მოედანი, რომელიც იმდენად ვრცელია, რომ 40-50 ცხენი თავის ტვირთიანად თავისუფლად მოთავსდება. ხელმარჯვნივ და ხელმარცხნივ მოგზაურთათვის განკუთვნილი ოთახებია. თაღზე ფართო ბანია, სადაც აზიელები, თავიანთი ჩვეულების თანახმად, ღამეს ატარებენ ხოლმეზაფხულის პაპანაქება სიცხეში.
მეორე დღეს, 18 (30) სექტემბერს, დილის ექვს საათზე გავემგზავრეთ კაზაკების ცხენებით. ჩავედით ბაქოში, რომელიც ამ ადგილიდან 30 ვერსითაა დაშორებული. გზაზე მხოლოდ დაუსახლებელი ადგილები, შიგადაშიგ – მოუსავლიანი ველები და ბორცვები გვხვდებოდა. ამ ქალაქამდე ექვს ვერსზე საკმაოდ მაღალ მთაზე ავედით და როცა მის მწვერვალზე მოვექეცით, დავინახეთ კასპიის ზღვა და ყურის სიღრმეში მდებარე ბაქო.
შევჩერდით გარეუბანში მდებარე კაზაკთა საგუშაგოში. რამდენიმე საათით შესვენების შემდეგ ერთი ჯარისკაცი გამაყოლეს და წავედი ქალაქის კომენდანტთან, რომელთანაც მთავარმართებელმა ერმოლოვმა რეკომენდაცია გამიწია. თანმხლები ჯარისკაცი გზას გვიკაფავდა ბაზარში და ყველას, ვინც კი მისგან მარჯვნივ ან მარცხნივ გზაზე შეხვდებოდა, ხელს კრავდა. ასეთი საქციელი ვაჭრებს სულაც არ სწყინდათ, პირიქით – ისინი თითქოს კიდეც ერთობოდნენ ამით.
სომეხი პოლკოვნიკი მელიქოვი რომელსაც კიმენდანტის პოსტი ეკავა, მშვიდი და ამასთანავე, მტკიცე ხასიათის კაცი გახლდათ. მან საუცხოოდ მიმიღო, მაშინვე გაგზავნა ლაცი საგუშაგოში ჩვენი ეტლების წამოსაყვანად და თავისივე სახლი გვერდით ძალზე მოხერხებული ბინა მიგვიჩინა. მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც ბაქოში დავყავით, ჩვენ სულ მასთან ვიკვებებოდით, თუმცა ამას უკვე მივეჩვიეთ: ეს ჩწესი თითქმის საერთოა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც პრიმიტიული და მესაქონლე ხალხების ზნე-ჩვეულებათა შორის სტუმართმოყვარეობის უკეთილშობილეს ტრადიციას უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება.
შენიშვნები
1. ამ უკანასკნელი ბრძოლის შემდეგ, როცა პომპეუსი გზას დაადგა, რათა შეჭრილიყო ჰირკანიაში და კასპიის ზღვამდე გასულიყო, იგი იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო ურიცხვი შხამიანი და მომაკვდინებელი გველების შიშით, რომელნიც მან იქ ყოფნისას სამი დღის განმავლობაში იხილა. იგი მცირე არმენიაში გამობრუნდა, სადაც ელიმაისელთა და მიდიელთა მეფეებისაგან საჩუქრები მიიღო. პლუტარქე, პომპეუსის ცხოვრება, თარგმანი ამიოტისა.
2. როდესაც 1820 წელს შემახაში გახლდით, სამიოდე კვირით ადრე შირვანის ხანმა, რომელიც ღალატში იყო ეჭვმიტანილი, ნაცვლად იმისა, რომ გენერალ ერმოლოვის ბრძანება შეესრულებინა და თბილისში გამოცხადებულიყო, ამჯობინა მიეტოვებინა თავისი სახანო და სპარსეთში ეპოვა თავშესაფარი. მისი სამფლობელო რუსეთის იმპერიას შეუერთდა და გენერალმა ერმოლოვმა მიზანშეწონილად ჩათვალა, ფიტაგში დარჩენილი მოსახლეობა (30000 კაცი) ჩამოეყვანა შემახის ველზე და მათთვის ძველი საცხოვრებლები დაებრუნებინა. ეს კეთილშობილური პროექტი ოთხი წლის წინათ განხორციელდა. უკვე შეკეთდა ძველი შემახის კედლები, ქუჩები გამოცოცხლდა, ბაზრები და ქარვასლები საქონლით აივსო, დაბლობი დამშვენდა თუთის ხეებით, ქალაქის სიმდიდრის წყაროს რომ წარმოადგენენ. ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ ეს ანტიკური ქალაქი ახლად აღორძინდება და გაფართოვდება ვაჭრობაც, რამაც იგი თავის დროზე ერთ-ერთ ყველაზე აყვავებულ ქალაქად აქცია.
თარგმანი მოამზადეს ლელა მიქიაშვილმა და გიორგი სანიკიძემ