კავკასიის მეფისნაცვალი ალექსანდრე ბარიატინსკი (1856/7-1862)
(სამკურნალო შემეცნებითი ტურიზმი)
ავტორის შესახებ: ფლორიან ჟილი (1801-1865) – რუსეთში მოღვაწე შვეიცარელი ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, მხატვარი. იმპერატორ ნიკოლოზ I-ის მემკვიდრეს – მომავალ იმპერატორ ალექსანდრე II-ს ფრანგულ ენასა და გეოგრაფიას, იმპერატორის ქალიშვილებს, დიდ მთავრებს მარიას, ოლგასა და ალექსანდრას – ისტორიას ასწავლიდა. ფლორიან ჟილი იყო საიმპერატორო ერმიტაჟის I განყოფილების გამგე, იმპერატორის კარის ბიბლიოთეკარი და ცარსკოე სელოს არსენალის გამგებელი. 20 წლის მანძილზე აქტიურად მონაწილეობდა ერმიტაჟის ბიბლიოთეკის განვითარების საქმეში და ნუმიზმატური კოლექციების შევსებაში; საფუძველი ჩაუყარა ორდენებისა და ორდენის ნიშნების შეგროვებას, ერმიტაჟის კოლექციების სისტემატიზაციას და შეადგინა „საიმპერატორო ერმიტაჟის მართვის ინსტრუქცია“.
მოგზაურობის მიზანი: თხზულების წინასიტყვაობაში ფლორიან ჟილი აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის აღსადგენად ექიმების რჩევით, კავკასიაში მოგზაურობა და „ასე ცნობილი მხარის“ დათვალიერება გადაწყვიტა. იგი 1858 წლის ივლისში გაემგზავრა სანკტ- პეტერბუტგიდან კავკასიაში.
სრული მარშრუტი: სანკტ-პეტერბუტგი, მოსკოვი, პიატიგორსკი, ვლადიკავკაზი, საქართველო, ერევანი, ეჩმიაძინი, საქართველო, ყირიმში, საბერძნთი, იტალია, ლუბეცი. მარშრუტი საქართველოში: დარიალის ხეობა – ყაზბეგი, ჯვრის უღელტეხილი, კაიშაური (გუდაური), ფასანაური, ანანური, დუშეთი, მცხეთა, თბილისი, ახალციხე, ახალქალაქი, ქუთაისი, ფოთი, სოხუმი.
მოგზაურობის შედეგი: თხზულებაში ავტორის მარშრუტის მიხედვით დაწვრილებით არის აღწერილი ბუნება – მისი თქმით, ევროპაში, სიცილიაშიც კი, არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდათ თუ რა ფერების ნახვა შეიძლებოდა ამიერკავკასიაში. მოცემულია ცნობები მთების გეოლოგიური შემადგენლობის, ფლორის, ფაუნის, მდინარეების, ხიდების, სავარგულების, სოფლის მეურნეობის, სასოფლო განსახლების, მოსახლეობის – ოსების, ხევსურების, ქართველების, სომხების, აფხაზების – საქმიანობის, ადათ-წესების, სამოსის, საკრავი ინსტრუნენტებისა და სხვ. შესახებ, წარმოდგენილია მოხელეების ცოცხალი სახეები. დახასიათებულია თბილისის, ახალციხის, ქუთაისის ბაზრები. მისი თხზულება მდიდარია ისტორიული ძეგლების – ანანურის, მცხეთის, თბილისის, ახალციხის, ხერთვისის, აწყურის, გელათის, ბორჯომის, სურამის, სოხუმის, ილორის და სხვ. – ეკლესიებისა და ციხესიმაგრეების აღწერის თვალსაზრისით.
მნიშვნელოვანია ფლორიან ჟილის ცნობები საქალაქო ცხოვრების შესახებ. საგანგებო ყურადღება ეთმობა თბილისის აღწერას, რომელიც ავტორის აზრით, ერთდოულად იყო აზიაც იყო და ევროპაც. ქალაქის აღმოსავლური იერსახის ძირითად ცენტრად დასახელებულია ბაზარი, მოცემულია ცნობები იქ მიმდინარე ცხოვრების, ფარდულების, ხელოსნების მუშაობის, გასაყიდი საქონლის შესახებ, ტიფლისს კი აღმოსავლეთის ნუმიზმატიკურ საბადოს უწოდებს, ეხება მეღვინეობის თემას. ავტორი გამოჰყოფს თბილისის რამდენიმე შენობას. იგი წერს: „ტიფლისში არის ისეთი დაწესებულებები, მიძღვნილი ისეთი ინსტიტუტებისათვის, რომელთა ხასიათი მხოლოდ ევროპის კუთვნილებაა, მაგრამ აღმოსავლეთის შთაგონებამ მათი ინტერიერის ორნამენტებში რაღაც აზიური შეიტანა. ასეთია თეატრი“. ჟილი XIX საუკუნეში საქართველოში ის პირველი ფრანკოფონი მოგზაურია, რომელიც იტალიური დასის სპექტაკლს დაესწრო, რადგან მანამდე თბილისში მყოფი ფარამონ ბლანშარის თხზულებაში თბილისის კულტურული ცხოვრების ეს მნიშვნელოვანი მხარე საერთოდ არ არის ნახსენები. მეორე შენობა, რომლის ექსტერიერი ევროპული იყო, ინტერიერი კი „ჭეშმარიტი აზია“, ეკუთვნოდა არშაკუნის. მესამე შენობა იყო ძველ თბილისში კიდევ დარჩენილი ძველი სახლების ნახევრად მიწური ოთახი, რომელსაც ჟილი დარბაზს უწოდებს და აგრეთვე დაწვრილებით აღწერს, მეოთხე – თბილისის აბანოა. თბილისის ინტელექტუარი მნიშვნელობის დაწესებულებებიდან აღნიშმულია სამხედრო ტოპოგრაფიულ საცავი, გეოგრაფიულ სექცია, პატარა მუზეუმი, მიხეილ ვორონცოვის მმართველობის დროს დაარსებული „კავკასიის გაზეთი“ და „კავკასიის კალენდარი“, კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი.
ფლორიან ჟილის თხზულებიდან გამოვყოფთ ცნობებს ბორჯომის შესახებ, რომელსაც იგი აღმოსავლეთის ბადენ-ბადენს უწოდებს და აღნიშნავს მისი მინერალური წყლების მნიშვნელობას; აღწერს გელეთის სამონასტრო კომპლექსისა და იქ დაცული სასულიერო თუ საერო ნივთებს; გვაძლევს ქუთაისისა და მისი მოსახლების, იმერული თიხის ჭურჭელისა და გიშრისგან დამზადებულ ნივთების დახასიათებას, იმჟამად პატარა ქალაქების – ახალციხისა და სოხუმ-ყალეს აღწერას.
ფლორიან ჟილის მოგზაურობა, გამომდინარე მისი საქმიანობიდან, ადგილზე შესწავლილი მასალის სამუზეუმო სტილით აღწერის ძალიან კარგი მაგალითია. მისი თხზულება არის კრებითი ნაშრომი, სადაც კავკასიის სიძველეების ფონზე ნაჩვენებია XIX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, ყირიმის 1853-1856 ომის შემდეგ, რუსეთის იმპერიის სამხრეთი გუბერნიების ცხოვრება.
წინასიტყვაობაში ავტორი აღნიშნავს: „ვფიქრობ, რომ ჩემი ესკიზები ჩემს ნაწერს სჯობია. ბლანშარი, ხელოვანი მეტრი, ცნობილი კავკასიაში თავისი მოგზაურობით, დამთანხმდა ჩემი ჩანახატების გამოცემაში დახმარებას, რომელებიც მისი თქმით, რეალობას ასახავდა“. მისი თხზულება ილუსტრირებულია თვისივე ნახატებით. საქართველოს თემას ასახევს შემდეგი ნამუშევრები: „ხევსური“, „დარიალი“, „სიონი თერგის ხეობაში“, „ანანური“, „ტიფლისი“, „ფაზისი-რიონი“, „სოხუმ’ყალე“.
***
ტიფლისი.
ტიფლისის შესასვლელთან გზა მოსახვევში საკმაოდ სწრაფად ეშვება და მის კუთხეში აღმართული ლამაზი რკინის ჯვრის დანახვაზე ტარანტასიდან ჩამოვედი მის ძირში გაკეთებული წარწერის წასაკითხად. მასში ნათქვამი იყო, რომ განგების ხელმა ამ ადგილას დაიცვა ნიკოლოზ I-ის სიცოცხლე, როდესაც ტიფლისიდან წასვლისას, გზის ამ საშიშ ადგილას მისი ეტლი ცხენებმა გაიტაცეს (1837 წლის 12 ოქტომბერი)1.
ის, რაც მაშინვე თვალში მოგხვდება, ქალაქის მდებარეობაა ორ პატარა მთას შორის, ძაბრის ფორმის სივრცეში, სადაც მტკვარი მიედინება. მდინარის მარცხენა ნაპირზე, რომელიც მეტად შევიწროვებულია ფიქლოვან კლდეებს შორის, ქალაქის უძველესი ნაწილი, ავლაბრის გარეუბანი და მეტეხის ცნობილი ეკლესია მდებარეობს. მარჯვენა ნაპირზე, რომელიც უფრო დანაწევრებულია და წმინდა დავითის მთის ციცაბო ძირამდე ცრცელდება, ქალაქის სხვა ნაწილი მდებარეობს. ამ ადგილის შერჩევა, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, გასაკიცხია. ამ ძაბრში ჰაერი იხუთება და ზაფხულის დიდი სიცხის დროს შეძლებული მაცხოვრებლები ქალაქიდან გადიან და თავს მეზობელი მთების სიგრილეს აფარებენ.
შენობების იერსახე და თვითონ ქალაქი ერთდოულად აზიაცაა და ევროპაც. ძველი ტიფლისი მუდამ აზიურია თავისი ძველი ეკლესიების კამარის მსგავი გუმბათებითა და ბაზრით, რომელმაც მთლიანად შეინარჩუნეს აღმოსავლური იერი. მაგრამ უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ახალმა ტიფლისმა ევროპული იერსახე შეიძინა თავისი გრძელი ბულვარით, ერთმანეთისაგან დაცილებული ელეგანტური სახლებითა და მდიდრული მაღაზიებით.
ქალაქის გალამაზება ნელ-ნელა მთავრდება. ამგვარად, მადათოვის ძველი მოედანი, ახლა კი ალექსანდრესი2, იმ იმპერატორის სახელობისა, რომელმაც მეფისნაცვალს ამ გალამაზებისაკენ უბიძგა, დიდ საჯარო ბაღად გარდაიქმნება და ახალი მშენებლობებით შეიცვლება. ეს მოედანი ახალი ტიფლისის მშვენება გახდება. მასთან მისვლა შესაძლებელია თავად ვორონცოვის მმართველობის დროს მტკვარზე გადებული შესანიშნავი ხიდით3. თავად ვორონცოვის შემცვლელი, თავადი ბარაიატინსკი, იქ მის ძეგლს დაადგმევინებს, რომელიც დაამშვენებს ხიდის გამზირს.
თავდაპირველად რამდენიმე სიტყვას ყველაზე უფრო გამორჩეული ორი ეკლესიის შესახებ ვიტყვი. სიონის ძველი საკათედრო ტაძარი, დღეს მართლმადიდებლური ღვთისმსახურების ტაძარი, ძველ ტიფლისში, ბაზრის უბანში მდებარეობს. ეს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესია ბიზანტიური ეკლესიის ნათელი გამოხატულებაა4, როდესაც მის შიდა თაღებს დაინახავ. ისინი ოდნავ მახსენებენ ვენეციის წმინდა მარკოზის5 თაღებს. მრავალჯერ შემუსრულსა და დანგრეულს, მას მუდამ ძველი გეგმის მიხედვით აღადგენდნენ. თავადმა გაგარინმა6 შეუძლებელი გააკეთა 1795 წელს განადგურებულ მის თაღებზე ძველი მხატვრობის აღსადგენად. ყველაზე ძვირფასი რელიკვია, რომელსაც ეთაყვანებიან, წმინდა ნინოს ჯვარია, რომლითაც მან ხალხი დალოცა. ეს ჯვარი ვაზის ორი ლერწმისაგანაა გაკეთებული და წმინდანის თმებითაა შეკრული.
წმინდა
დავითის ეკლესია, პატარა, სრულიად სადა და პატივცემული, იმ მთის კალთაზე მდებარეობს,
რომელიც ტიფლისს თავზე ადგას. ის იმავე ადგილზეა, სადაც IV საუკუნეში სირიიდან საქართველოში
ქრისტიანული რელიგიის საქადაგებლად ჩამოსული ერთ-ერთი მამის, ამ წმინდანის, სენაკი
იყო7. იგი დიდხანს ცხოვრობდა ამ სენაკში და გარდასაცვლელად ტიფლისისდან 50 ვერსზე8,
იმ ადგილას წავიდა, რომელსაც გარეჯინსკაია პუსტინიას (Gharedjinskaia Pousttnia, le
désert de Gharedja – გარეჯას უდაბნო) უწოდებენ და სადაც მისი ნეშტი განისვენებს. მე
ამ ეკლესიის ძირში ჩამოვჯექი ბრწყინვალე რუსი პოეტის, გრიბოედოვის საფლავთან, რომელიც
თავისი სუვერენის მინისტრი იყო სპარსეთში და მოსახლეობის ბუნტის დროს იქ 1829 წელს
გარდაიცვალა. მისმა ქვრივმა, ქალიშვილობაში ჭავჭავაძემ9 ძეგლი აღამართინა მის საფლავზე,
იმ ტერასის ქვევით, რომელზეც ეკლესია დგას. ქვევით, მამა იოსებთან, 1810 წლიდან ამ
ეკლესიის მღვდელთან ერთად, ჩავედი. გაოცებული ვიყავი ამ მღვდლის ლამაზი სახის სიმშვიდით.
ის, რაც ტიფლისში სრულიად აღმოსავლურია, ბაზარია; აზიაში
ხარ. უამრავი, ერთმანეთზე მიდგმულ სხვადასხვა ფარდულში გამოფენილია ყოველივე, რაც აღმოსავლური ხელოსნობისათვისაა დამახასიათებელი.
კაცისა და ქალის ყველანაირი სამოსის, შალავარების (chalvars – განიერი შარვლების), ახალუხებისა და ქართული
მკვეთრი ფერების ტუნიკების10 თერძები, ჩექმეთებისა (tchekmettes) და ბეშმეთების (béchemettes)11 მკერავები,
ოქროსა და ვერცხლის სირმების ოსტატები, მქარგავები, მეიარაღეები, ხილის გამყიდველები
და სხვ. ყოველივე ეს ასე ვთქვათ, სუფთა ჰაერზეა, ხალხის ბრბოში და იმ ვიწრო გასასვლელებში, სადაც ზოგჯერ წყლის დამტარებლებს
დაეჯახები, რომლებსაც თავიანთი სითხე უზარმაზარი ტიკებით დააქვთ; ვირზე ან ცხენზე გადაკიდებულ
გატყავებულ სველ პირუტყვს დაკრუნჩხული შესახედაობა აქვს. აქ ნახავ ჩრდილოეთისა თუ სამხრეთის, კავკასიის მცხოვრებთა
ყველა კოსტიუმს და მათი პატრონების ფიზიონომიების უამრავ თავისებურებას. ფარდულებში
არ არის ვიტრინები, აღმოსავლურად ფეხმორთხმული ხელოსნები თქვენ წინ მუშაობენ. საღამოს ეს ფარდულები
ხის დარაბებით იხურება და ხმაურიანი ბაზარი გაუდაბურებული და ჩუმი ხდება. ის ღამის დარაჯებისთვისაა მინდობილი, ისევე, როგორც
კონსტანტინოპოლში ან სადმე აღმოსავლეთში. მე მიყვარდა იქ სეირნობა. რამდენიმე კარგი იარაღიც შევიძინე,
განსაკუთრებით ყამა12 და შაშკა13, ყაბარდოული და ჩეჩნური პირებით. ყურადღებით უნდა იყო, რომ არ
შეცდე ჩეჩნური პირების გამო. ტიფლისში მათ მსგავსს ძველ დამღას ადებენ, ისევე, როგორც
ბევრ სხვა რამეს, რათა შეგაცდინონ და სინანულით უნდა ვთქვა, რომ ტიფლისი ყალბი არქეოლოგიური ნივთების
ფაბრიკაა. ამგვარად აკეთებენ პერსეპოლისურ ცილინდრებს14 ყველა ფიგურით და ლურსმული
წარწერითაც კი, რომელიც ამ ცილინდრებს აქვთ. ამას კოლექციონერების საყურადღებოდ ვამბობ. სამაგიაროდ, ვიჩქარი
ვთქვა, რომ ტიფლისი არის აზიის ის ერთ-ერთი ქალაქი, სადაც შესანიშნავ ძველ მონეტებს გადააწყდები.
მეიარაღე გიორგის, რომელიც ცნობილია ტიფლისში, სახელოსნოში
მივაკითხე და არა ბაზრში. იგი სანადირო დანის განსაკუთრებით კარგ პირებს ამზადებს და დახელოვნებულია რკინაზე სპარსული გემოვნების
ოქროს ორნამენტების კეთებაშიც. სპარსული ლამაზი ქსოვილები, ათასფერი ხალიჩები და სხვა საქონელი თეატრის
გარშემო განლაგებულ დიდ მაღაზიებში იყიდება, რაც ახალი ტიპის ბაზარს ქმნის. ყურადღებით უნდა იყო,
რომ წმინდა სპარსული საქონელი გაარჩიო შამახურისაგან, რომელიც ძლიერ ჰგავს სპარსულს,
რადგან ტრანსკავკასიის15 ამ ქალქში წარმოებული აბრეშუმის ქსოვილები თითქმის ისევე
ლამაზია. მიუხედავად ამის, არის განსხვავება.
სწორედ ამ ახალ ბაზარში შეიძლება ისწავლო ოთახის იატაკის
საკმაოდ დიდი, 1,500 ფრანკის ღირებულების სპარსული ხალიჩის განსხვავება იმავე ზომისა და თითქმის
მსგავსი ხალიჩისაგან, რომელიც 300 ფრანკი ღირს. მსგავსი ხალიჩა ერთი ან ორი წლის განმავლობაში იქსოვება მთელი ოჯახის
მიერ სპარსეთის ერთ-ერთ სოფელში, სადაც ქალებმა იციან ამ ათასფრად მოელვარე, მუდამ
ჰარმონიული ფერების შერევის საიდუმლო, რომლებიც ამ ლამაზ ხალიჩებზე ბრწყინავს. თუ ვივარაუდებთ, რომ
1,500 ფრანკში შედის ტრანსპორტი, ხოლო ვაჭრის მოგება ფასის მესამედი უნდა იყოს, 1000 ფრანკი მხოლოდ ნედლეულით მთელი ოჯახის მიერ შესრულებული
სამუშაოს ფასი უნდა იყოს. იგივეა ცნობილი ინდური შალებისთვისაც, რომელსაც ევროპელი ქალები ასეთ დიდ მნიშვნელობას
ანიჭებენ. რამდენი რამ შეიძლება განვითარდეს ამ ლამაზ მხარეში! სომხური ელემენტი, ჭკვიანი, აქტიური და შეუპოვარი
(ეს მათი დამახასიათებელი თვისებაა), აქ ძალიან საქმიანია. ეს თვალსაჩინო ერი თავის
გავლენის გაზრდას სიმდიდრის მეშვეობით ცდილობს. მაგრამ მათ მიმართ სიმპათიის მიუხედავად,
სასურველია, რომ ეს გავლენა არ იყოს ერთადერთი და ექსკლუზიური, ხოლო მათ დასაბალანსებლად და ქვეყნის სასარგებლოდ
რუსეთიდან და უცხოეთიდან მოიწვიონ კარგი ხალხი. საქართველოში უნდა მიიზიდონ კაპიტალი და წაახალისონ კონკრეტული
კომპანიები. ვფიქრობ, რომ დღევანდელი მიწის ფასი, რომელიც ჩემი აზრით 25 წელიწადში
გასამმაგდება, იმის ნიშანია, თუ რა ელის მომავალში ამ ქვეყანას კარგი მმართველობის პირობებში.
ტიფლისში არის ისეთი დაწესებულებები, რომლებიც მხოლოდ
ევროპაშია, მაგრამ აღმოსავლეთის შთაგონებამ მათი ინტერიერის ორნამენტებში რაღაც აზიური შეიტანა. ასეთია თეატრი16, სადაც
ოპერას წარმოადგენენ. – რაც შეეხება თვითონ ოპერას, ეს იტალიაა მთელი თავისი მუსიკის
მომხიბვლელობით. მე „ნორმას“ წარმოდგენას დავესწარი. შესანიშნავი ბანი ვერსინგი,
რომელიც მე პეტერბურგში მოვისმინე, მადამ შტოლცი17 (ნორმა), მეორე პრიმადონა, ვფიქრობ,
ვენეციელია. ძალიან კარგი ტენორი, შესანიშნავი ორკესტრი; მოკლედ, შესანიშნავი
ანსამბლი. ჩემი თავი ლა ფენიჩეში18, ვენეციაში, მეგონა. რაც შეეხება დარბაზს და განსაკუთრებით
კი დეკორს, ნამდვილად აზიაში ვიყავი. როდესაც წარმოვიდგენ ჭერის ფერს და ორნამენტების
სტილს, ერთ-ერთ იმ ტილოთაგანს, რომელზეც მხატვარმა აღმოსავლეთის შესახებ თავისი წარმოდგენა განასახიერა
და რომელსაც წამიერად მოჰკრავ თვალს ბენგალური ცეცხლით განათებული ოპერის ფინალურ სცენაში – აი ეს დავინახე მეფისნაცვლის19 ლოჟის
სიღრმიდან. ეს ასე ლამაზი და ორიგინალური ხასიათის დარბაზი, რომელიც სულთანსაც კი
დააკმაყოფილებდა, თავად გაგარინის ქმნილებაა. აზიური ელემენტების ბრწყინვალე მოწმობა ახალი ტიფლისის
შუაგულში და მის სრულიად ევროპულ ბულვარებზეც არის. ის იმდენად თვალსაჩინოა, რომ უნდა ვახსენო.
ეს ეხება ერთ სახლს, უფრო კი სასახლეს, რომელიც იქ ახლახანს ერთმა მდიდარმა სომეხმა ააშენა.
შენობის ექსტერიერი ნარევია – აზიურიცაა და ევროპულიც,
უფრო კი ევროპულია, მაგრამ ინტერიერის თურქული და სპარსული გემოვნების ორნამენტების სინდიდრის თვალსაზრისით ნამდვილი
აზიაა. ზამთრისა და ზაფხულის ბაღები, შადრევნები, ლამაზი მცენარეები, ფანჩატურები,
გალერეები, მისაღები და საკონცერტო დარბაზები და სხვა ოთახები, კაბინეტები,
აბაზანები, მოჩუქურთმებული ხე, სარკის ფასეტებით20 დაფარული კედლები და ჭერი, ასეთივე
ნიშები. და ყოველივე ამის შუაში, დეტალების მორთულობის ათასი კაშკაშა მოციმციმე
ფერი ინდოეთისა და სპარსეთის ხალიჩების, შალებისა და ქსოვილების ელვარე ფერებთანაა
შერწყმული. – აი რა ვნახე სასახლეში, სადაც ორმოცდაათამდე დიდი და პატარა ოთახია. არა ვარ დარწმუნებული,
რომ სპარსეთის მმართველ შაჰსაც21 კი ჰქონდეს ასეთი ლამაზი საცხოვრებელი. ევროპაში ასეთი სასახლე
უჭველად ძალიან ძვირი ეღირებოდა. ტიფლისში, სადაც ევროპული საქონელი უძვირესია, მაგრამ აზიური კვლავ იაფია,
ამ სასახლის პატრონმა, თითქმის ექსკლუზიურად, კარგად მოიფიქრა ტრანსკავკასიაში მყოფი უამრავი თურქი
და სპარსელი კვალიფიციური ხელოსნის შედარებით მინიმალური თანხად დაქირავება. ამასობაში, როგორც მითხრეს,
მილიონერის ეს ახირება 400 000 რუბლი დაჯდა (1,600,000 ფრანკი).
შორისმჭვრეტელმა მეპატრონემ ექსტერიერზეც იფიქრა. შენობა
რომ არ დაფარულიყო, მან წინასწარ იყიდა გარშემო მდებარე ადგილი. მიწა დაქანებულია. უკანა მხრიდან
სასახლეს დაჰყურებს წმინდა დავითის მთა, საიდანაც ივსება მისი რეზერვუარები და შადრევნები. შენობის ფასადი მდინარეს
გადაჰყურებს. ძირს, სადაც დიდი სივრცეა და ბაღის გაშენებაც შეიძლება, მაღაზიებია.
მდიდარ სომხებს იქ ახალი ბაზრის გამართვა შეუძლიათ. მაგრამ რა ელის სასახლეს, რომელშიც,
ჩემი აზრით, მხოლოდ სუვერენმა შეიძლება იცხოვროს? აი რას ვეკითხები ჩემს თავს.
ეს ალბათ მისი საიდუმლოა. თუკი ეს მხოლოდ ახირებაა, ეს დიდ ფუფუნება და კარგი გემოვნებაა.
ეს სომეხი, რომელსაც ჰყავს ცოლი, მაგრამ უშვილოა, გვარად
არშაკუნია22. ის ტიფლისელი ვაჭრების თავი (golova), წარჩინებული ბურჟუაა და ქონება სალიანის თევზჭერით იშოვნა23.
ამასობაში, ძველი ტიფლისი ნელ-ნელა ქრება და საძებნელი
ხდება ძველი სახლების ქვედა სართულის ნახევრად მიწური დარბაზები, რომლებიც ადრე მრავლად იყო და
სადაც ზაფხულის დიდი სიცხის დროს, ესპანური შიდა ეზოს მსგავსად, ხალხი სიგრილეს
აფარებდა თავს.
ბატონმა მელიქ-ბეგლიაროვმა24, ჩემმა თავაზიანმა მასპინძელმა,
ძველი სახლის ხეებიანი ეზოს სიღრმეში ერთ-ერთი ასეთი დარბაზი მაჩვენა. – აქ მხოლოდ ერთი
კარია მეტად სქელ კედელში, ოთახში სინათლე ორ რიგად გამოჭრილი თაღიანი ფანჯრებიდან შედის, იატაკის ნაცვლად
ქვის ლამაზი ფილებია; ფანჯრებზე დიდი ორიგინალურობით გაკეთებული ხის გისოსები
ოთახების მხარეს იხსნება; ნიშებზე ფარდებია ჩამოფარებული, ავეჯად გრძელი, ხის სვეტზე
მოოქროვილი ლურსმებით დაჭედებული, დიდი გემოვნებით მოჩუქურთნებული განიერი ტახტებია. – ეს ნამდვილი გალიაა
სახლის სიღრმეში, შიდა კარებით; სიგრილის გამო ის მიწის დონეზეა, მაგრამ იმგვარად, რომ ორი სართული დაიკავოს და იქ ბევრი
ჰაერი შენარჩუნდეს; ის მთელი ოჯახის შიდა თავშესაფარი, შეკრების ცენტრია. – აი რას უწოდებენ
ტიფლისში დარბაზს (darbazi). ამ ქვეყანაში სადაც ზაფხულში დიდი სიცხეები იცის,
ეს ერთერთი ის საუკეთესად მოწყობილი რამაა.
მე ცნობილ თბილ აბანოებსაც ვესტუმრე. ისინი იმ გოგირდიანი
წყლებით იკვებება, რომლებსაც ქალაქი თავის სახელს უნდა უმადლოდეს. აბანოები ტიფლისის ძველ უბანში, ვიწრო ქუჩების ლაბირინთშია,
ძალიან ახლო მდინარე წავკისთან, რომელიც მტკვარში ჩაედინება. იქ გემსახურებიან სპარსელები, ამ უცნაური
მანიპულაციების ერთადერთი მცოდნენი. ამ აღმოსავლური სიამოვნების მოყვარულები მათ ემორჩილებიან და შეიძლება გეგონოს, რომ ბაღდადში
ან „ათას ერთი ღამის“ რომელიმე სხვა ქალაქში ხარ – თაღები, სადაც საღმოობით ლამპები გრილ
სინთლეს აფრქვევენ, რამდენიმე ოთახი, რომლებშიც სხვადასხვა ტემპერატურაა, ონკანები,
რომლებიდანაც გამუდმებით მოსჩქეფს მინერალური წყალი, ღუმელები – საიდუმლო
მოწყობილობები, მარჯვე, რბილი ხელები, რომლებიც გეხება, გაუთავებელი მოძრაობების
მთელი სერიით სიჩუმეში გიტარებენ ყოველგვარ შესაძლებელ მანიპულაციას და თითქოს
გეუბნებიან „ნება მომეცით“: ყოველივე ეს, როგორც ბევრი სხვა რამ, აღმოსავლეთისთვისაა
დამახასიათებელი. ერთი მოქმედება ისეთია, თითქოს ჯალათის ხელში ხვდები; როდესაც
მეაბანოე კაცს ყველანაირად დაზელს და აქეთ-იქით დაატრიალებს, შემდეგ მას ზურგზე დააჯდება
და პირველის თავი მეორეს კეფას ისე ეხება, როგორც უგოლინოს თავი არქიეპისკოპოსისას25. – შემდეგ ფეხის
ქუსლებს ზურგზე გაჭერს და მთელ სიგრძეზე დასრიალებს, ზურგს მომრგვალებული ხელისგულით ურტყამს, რაც ყრუ ხმას გამოსცემს. ეს წინას
ბოლო ოპერაციაა. ბოლო პროცედურა გრილი წყალის ჭავლია. ასე ხანგრძლივი და რთული
ბანაობის ფასი მინიმალურია; მაგრამ არის გასამრჯელო – ბახშიში, რომელსაც აღმოსავლური
წესის თანახმად, დიდი პატივისცემით იღებენ და შემდეგ ის იყოფა აბანოში მომუშავე ყველა
კაცს შორის, რომლებიც ჩემი აზრით, კორპორაციას ქმნიან. ტიფლისში საკმაოდ დიდი
ინტელექტუარი მოძრაობაა; აქ არის სამხედრო ტოპოგრაფიული საცავის სექცია, სადაც დაცულია შესანიშნავი
რუკები, რომლებიც მეფისნაცვლის ბრძანებით დიდ და საშუალო მასშტაბში გამოაქვეყნდა და კავკასიის
ყველა ქვეყანას მოიცავს.
ტიფლისში
არის გეოგრაფიული სექცია, რომლის შრომებიც ქვეყნდება. პატარა მუზეუმი ბ-ნ ბერჟესთან26
ერთად მოვინახულე. იქ კავკასიის სხვადასხვა ეთნოგრაფიული ნივთი ვნახე, მათ შორის მთიელების
– ხევსურების კოსტიუმები, რომლებზეც ჯვრია გამოსახული; კავკასიის მინერალებისა და მწერების
საკმაოდ ძვირფასი კოლექცია, რომელთა შორის არის უცნობილესი, თეფშივით დიდი მახინჯფალანგიანი
ობობა-მორიელი – მორიელის მტერი, რომელსაც ის სამკვდროდ ებრძვის და მუდამ იმარჯვებს.
ბ-ნმა ბერჟემ მაჩვენა ლამაზ შენობაში განთავსებული საჯარო ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს
ტიპოგრაფიას, სადაც ბეჭდავენ „კავკასიის გაზეთს“ (Gazette du Caucase) და „კავკასიის
კალენდარს“ (le Calendrier du Caucase) – (Kavkazskii Kalendar)27, მეტად საინტერესო
კრებულს, რომელიც უკვე 13 წელია გამოდის და რომელიც ბევრ საინტერესო ცნობას მოიცავს
კავკასიის ისტორიის, გეოგრაფიისა და ეთნოგრაფიის შესახებ, აგრეთვე ზოგიერთი მეცნიერისა
და კეთილსინდისიერი მწერლის, მათ შორის ბ-ნი ბერჟეს, – მოსკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის,
– ნაშრომებს. ბ-ნ ბერჟეს ღირსეული ადგილი უჭირავს ბიბლიოთეკის დირექციასა და მეფისნაცვლის
კანცელარიაშიც.
სასწავლო
დაწესებულებებიდან უნდა ავღნიშნო კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი, რომლის დათვალიერება
პეტერბურგშიც მირჩიეს. ის მარშალმა პასკევიჩმა28 დააარსა. მისი დირექტორი ქალბატონი
კნიპერია, რომელმაც ორჯერ მაჩვენა სახლის ინტერიერი. შენობა ქალაქის ზედა ნაწილში,
მეტად ჯანსაღ ადგილზე მდებარეობს. მას შესანიშნავი ბაღი აქვს და ის წმინდა დავითის
მონსტრიდან ჩანს. 3-15 ოქტომბერს აღსაზრდელებს ამ ბაღში ლამაზი მტევნებით დახუნძლული ვაზის ტალავერში სეირნობა შეუძლიათ. პირველად ვახშმის დროს მივედი და დავრწმუნდი,
რომ საკვებ პროდუქტებს ჰიგიენის სრული დაცვით უდგებოდნენ. ამ ინსტიტუტში საწოლი ოთახები ფართო და
კარგად განიავებულია, საკლასო ოთახები, მასწავლებლების შერჩევა და ყოველივე სხვა კარგადაა ერთმანეთთან შერწყმული; იქ ტრანსკავკასიის
150 კეთილშობილი ქალიშვილი სწავლობს და ის იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნას29
პატრონაჟის ქვეშაა.
რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვა ამ ქვეყნის სხვადასხვა
სიმდიდრეებზეც, რომლის განვითარდება ამჟამინდილი ხელისუფლების საქმეა. საქართველოში მოჰყავთ
მრავალგვარი შესანიშნავი ხილი: სხვადასხვა სახეობის ალუბალი, ლეღვი, ბროწეული,
გარგარი, ატამი, მსხალი, კაკალი, ნუში, კომში და სხვ. შესაძლებელია, რომ კულტივირებამხილის
ზოგიერთი სახეობა დიდად გააუმჯობესოს კიდეც. როდესაც სამდინარო და სხვა კომუნიკაციები გემრიელი
ხილის ექსპორტის საშუალებას მისცემენ, სავარაუდოდ, ხილის ზოგიერთ სახეობას კასპიის გზით პეტერბურგშიც შეიტანენ.
არც ღვინო უნდა დავივიწყოთ. საქართველოში მას დიდი რაოდენობით
აწარმოებენ, ძირითადად კახეთში (ის დიდ ვენახს შეიძლება შეადარო), რომლის ღვინო ნამდვილად
არის იმ უმაღლესი რეპუტაციის ღირსია, რაც ისედაც ცნობილია. ის, რაც დღემდე უშლიდა
ხელს, რომ ეს ღვინო რუსეთშიც გამხდარიყო ცნობილი, ძირითადად მისი ტრანსპორტირების სირთულეა. კავკასიის
ჩრდილოეთში მას არ სვამენ და ამასთან ის რაც ფისით დაფარული ტიკებით ჩააქვთ, აფუჭებს
ღვინის არომატს. მხოლოდ ტიფლისში აქვთ ის ღვინო, რომელსაც უზარმაზარი ჭურჭლიდან
იღებენ და რომლებშიც მას კახელები ინახავენ. ეს ჭურჭელი ცალკე ხსენებას იმსახურებს.
ლეგენდის თანახმად, ჰერაკლეს მხრებზე შემოგდებული ტახის
დანახვაზე შეშინებული ევრისთევსი ჭურჭელში დაიმალა. ძველი სტილის ამ ამფორაზე ეს სცენაა ასახული,
– მიკენის მეფე მასში ნახევრადაა ჩაფლული, საიდანაც მისი ხელები და ძლიერ შეშინებული
თავი ჩანს და შეიძლება იფიქრო კიდეც, რომ ეს სცენა გაზვიადებულია30. ასეთ ჭურჭელს საბერძნეთში კადოსი ეწოდება. ასე
რომ, კახური ქვევრი (kwéwri) ევრისთევსის თანამედროვე კადოსია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი,
რადგან მისი სიმაღლე დაახლოებით 9 ფუტი31, დიამეტრი კი 5 ფუტია და მას 10,000
ბოთლის დატევა შეუძლია. ამ ჭურჭელს მის ჩასაფლობად განსაზღვრულ ადგილზევე ამზადებენ, ის თიხის რამდენიმე
ნაწილისაგან შედგება, რომელსაც ერთმანეთს ადგამენ და ბათქაშით აკავშირებენ. მის გარშემო ღუმელს
აშენებენ და გამოწვავენ.
სწორედ ამ ქვევრებში ინახავენ წითელ და თეთრ ღვინოებს,
განკუთვნილს იქ მიმსვლელი ევროპელი ცნობილი ადამიანისათვის, საექსპორტოდ კი სხვა ხერხით ამზადებენ. წითელი ღვინო
ბურგუნდიულ ღვინოზე უკეთესიც მგონია. ის არ არის მათრობელა და მისი სმა სერიოზული შედეგის გარეშე შეიძლება.
დაბოლოს, ამბობენ, რომ ის პოდაგრისაგან გიცავს.
ჩემი აზრით, კახეთში დაწურული ღვინის რაოდენობა 50 მლნ.
ბოთლს აღემატება. საქართველოში ძალიან ბევრ ღვინოს სვამენ. სასმელი ჭურჭელი განსაკუთრებულია.
არის აზარფეშა32 დიდი ციცხვი, რომლითაც ნექტარს იღებენ. მდიდრებს ის ვერცხლისა
აქვთ, მორთული საინტერესო ორნამენტებით. შემდეგ არის კულა, აგრეთვე ვერცხლისა, დამშვენებული ჭედურობით,
რომელზეც ნადირობის სცენებია გამოსახული. მასში ერთი ბოთლიც კი ეტევა. მის
მუცელს მსხლის ფორმა აქვს, კუდი ჰაერშია, ყელი მოხრილია, სამმაგი სპირალით, საიდანაც სითხე
ბუყბუყით გადმოდის. ის ერთი ამოსუნთქვით უნდა დაილიოს, ტუჩებიდან ოდნავი დაშორებით
და მსმელების გასართობია ქართველების ბაკქანალიის დღესასწაულზე.
რამდენიმე სიტყვას ნაციონალური გარეგნობის, ადათ-წესებისა
და კოსტიუმების შესახებაც ვიტყვი. საქართველოში არის უამრავი მუსიკალური ინსტრუმენტი: თარი, გიტარის მსგავსი ოთხსიმიანი საკრავი,
ჩონგური აგრეთვე გიტარის სახეობა, მაგრამ მას მხოლოდ ერთი დეკა აქვს, ჭიანური – ვიოლინო,
რომელიც ვიოლონჩელოსავით იყენებენ, დუდუკი და სალამური რომლებიც ცვლიან ჰობოის
და ფლეიტას, დაირა და დიპლიპიტო – დაფდაფი ორი ძირით. ახლა შეაერთეთ ჰარმონიის
ეს ყველა ელემენტი; ერთ მშვენიერ საღამოს სახლის ბრტყელი სახურავები – მსგავსი ნეაპოლის მიწისზედა დარბაზებისა
– ოჯახის ყველა წევრისა და სუფთა ჰაერის სასუნთქად მისული მათი მეგობრების თავშეყრის ადგილია; – წარმოიდგინეთ ეს სცენა.
იქ არის მთელი ორკესტრი და იმპროვიზირებული ცეკვა – ლეზგინკა (lesghienne), რომელზეც სხვაგან ვისაუბრებ
და რომელსაც უწოდებენ ლეკურს. ახლა კოსტიუმები. კაცები, თითქმის მუდამ ვიწრო წელით, მდიდრული ხანჯლით ქამარზე, თავზე შავი,
თეთრი ან ნაცრისფერი კრაველის ფაფახით – კარგი ხარისხის ბეწვი ფუფუნების საგანია; ახალუხი
– ერთმანეთში გადახლართული ოქროსა და ვერცხლის სირმებით მოარშიებული, როგორსაც მხოლოდ კავკასიაში აკეთებენ
და სხვაგან ამაოდ ეცდებიან მის მიბაძვას; განიერი შალვარი (chalvar) ფეხსაცმლის წაწვეტებულ
წვერს სწვდება. ამას დაუმატეთ ლამაზი სახე და შავი თვალები, რაც მამაცობით სახელგანთქმული
ხალხის – ქართველის ხასიათის სიმტკიცეს გამოხატავს.
არანაკლებ აღსანიშნავია ქალების კოსტიუმი. აბრეშუმის
გულისპირი, რომელიც, როგორც ამას სახელი მიუთითებს, გულის ჭრილს ფარავს; ის მკვეთრი ფერისაა, მაგალითად ვარდისფერი შავ კაბაზე;
ქათიბი – ზემოდან მოსაცმელი მოკლე კაბაა, ბროწეულისფერი ხავერდის, გრძელი ჩამოკიდებული
სახელოებით, მსხვილი, მოჩუქრთმებული ვერცხლის ღილებით; შემდეგ ის, რაც ასე დამახასიათებელია – თავსაკრავი
– აბრეშუმის ქსოვილის ჭეშმარიტად დედოფლის საკადრისი გვირგვინის მსგავსი; უმაღლესი ელეგანტურობის ნიშანია არასოდეს არ
გაიკეთო ორჯერ ერთი და იგივე თავსაკრავი. ახალგაზრდა ქალების თავსაკრავი ხასხასა ფერის
ყვავილებით ნაქსოვი აბრეშუმისაა, უფრო ასაკოვანი ქალების თავსაკრავი თეთრი ხავერდისაა,
მასზე ამაგრებენ ალმასებიან ქინძისთავს ან ყვავილებით მომინანქრებულ ოქროს
ფირფიტას – ხელოვნების შედევრებს, რომელთა შექმნით განსაკუთრებით სპარსელი ხელოსნები გამოირჩევიან. თავსაკრავზე
დამაგრებულია მსუბუქი, თეთრი ფერის გამჭვირვალე ქსოვილის ვუალი – ლეჩაქი; დაბოლოს, სახლიდან გასვლისას აქვთ დიდი
ვუალი – ჩადრი, რომელსაც არასოდეს არ ატარებენ ქათიბთან ერთად. მასში მთლიანად ეხვევიან.
ის სრულიად უბრალოა როგორც მდიდრების, ისე ღარიბებისათვის და მხოლოდ ქსოვილის სინაზით განსხვავდება.
ქართველი ქალები თავიანთ კოსტიუმზე ზოგჯერ მოსევადებულ ვერცხლის ქამარს ატარებენ, რომელზეც
პატარა ელეგანტური ხანჯალი ან პისტოლეტი ჰკიდია.
მე უკვე ვთქვი, რომ ის, რაც გამოარჩევს ქართველი ქალების თავებს, არის ნატიფი ნაკვთები. განსაკუთრებით ლამაზი მათი არაჩვეულებრივი თვალებია, სქელი თმა კი ნაწნავებად ეშვება მხრებზე.
გადატანილი უბედურებები და ნგრევა დროს მოითხოვს, რათა საქართველოც და საერთოდ ტრანსკავკასიაც აღმოსავლეთის მარგალიტი გახდეს რუსეთის იმპერიის გვირგვინში; ამ მდგოამრეობას ამ შესანიშნავ მხარეს მისი ის შუალედური მდებარეობა მოუტანს, რომელიც ტრანსკავკასიას უძველესი დროიდან ჰქონდა და კმუნიკაციის თვალსაზრისით ბუნებრივადაც უნდა ჰქონდა როგორც აზიასა და ევროპას შორის სატრანზიტო ვაჭრობისა და გაცვლის რეგიონს და რაც რუსეთის მმართველობის პირობებში უფრო და უფრო ვითარდება.
ტიფლისი აღმოსავლეთის ნუმიზმატიკური საბადოა. საქართველოში და ზოგადად ამიერკავკასიაში ამდენი ხალხის მოძრაობამ და სავაჭრო ურთიერთობებმა დატოვა ნიშნები, რომლებიც მოვლენების უკუღმართობამ იქვე დაიმარხა. ამგვარად, მიწა ანტიკური, თითქმის ყველა აღმოსავლური დინასტიისა და შუა საუკუნეების ევროპული მონეტების საცავად იქცა. იქ ნახავ ვენეციური მეტაპანებ33, ვენეციური ცეხინებს, არაგონელი და კასტილიელი ფერდინანდისა და ისაბელას34 გამოსახულებებიან ოქროს მონეტებს.
ამ ჩამარხული მონეტების საცავს დროდადრო სამიწათმოქმედო სამუშაოებისა და საინჟინრო საქმიანობისას აწყდებიან. ხშირად შეხვდები ე. წ. პატარა მონეტას – „კოლხურს“, ოქროს ბიზანტიურ მონეტებს და ჰერაკლესა35 და მისი მემკვიდრეების ვერცხლის მონეტებს, რომლებიც ასე იშვიათია ევროპულ კოლექციებში; შემდეგ, მრავლადაა ხალიფებისა და კონიელი სელჯუკების36 დირჰამები37, აგრეთვე ზოგიერთი სპარსული ფელსი38, ჰულაგუიდების39, ჯალაირიდების40, ყარა-ყოიუნლუს41, აყ-ყოიუნლუსა42 და სპარსული მონეტები. ოსმალური მონეტები უფრო ნაკლებადაა, რაც გაფიქრებინებს თურქების ლაშქრობებზე აზიაში XVI, XVII და XVIII საუკუნეებში.
აქ ხშირად გვხვდება ისეთი ქართული მონეტები, როგორიცაა დემეტრე I-ის, გიორგი III-ს, დედოფალ თამარისა და მის ქალიშვილის, რუსუდანის, სპილენძისა და აგრეთვე ვერცხლის მონეტები და სხვ. საპირისპიროდ, ორი დავითის, დემეტრე II-ს და განსაკუთრებით კი ვახტანგ III-ს43 მონეტები უკიდურესად იშვიათია. ის რაც ძნელი ასახსნელია, ეს XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის დასაწყისის პოლონური ვერცხლის მონეტების სიუხვეა, რომელსაც იქ შეხვდები.
ერთერთმა ჩემმა მეგობარი, გენერალმა ბართოლომეი44, რომლის გვარიც კარგადაა ცნობილი აღმოსავლურ ნუმიზმატიკასთან, ძირითადად კი არშაკიანებისა45 და სასანიანების46 მონეტებთან დაკავშირებით, რა საქმეშიც იგი ავტორიტეტია, ტრანსკავკასიის სამხედრო სამსახურში ყოფნისას თავისუფალ დროს ძველ მონეტებს აგროვებდა. ორი წლის განმავლობაში (1857-1858) მან სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟის მუზეუმის აღმოსავლური განყოფილებისათვის სხვადასხვა ძველი და ყველა ეროვნების დაახლოებით 700 ამგვარი მონეტა მოაგროვა.
ამ მრავალ უკიდურესად იშვიათ მონეტებს შორის, რომლებიც მან დანიშნულებისამებრ გაგზავნა, შემოვიფარგლები ისეთი სრულიად უნიკალურის აღნიშვნით, როგორიცაა საქართველოს მეფის, ბაგრატ IV-ის47, ვერცხლის მონეტები. მე ძლიერ ბედნიერი ვიყავი, რომ ტრანსკავკასიაში მოგზაურობის დროს შევაგროვე ძველი და შუა საუკუნეების მონეტების საკმაოდ დიდი რაოდენობა, ზოგიერთი მათგანი მეტად იშვიათია, რომლებიც უკლებლივ გავგზავნე იმავე დანიშნულებით.
ახალციხე
ახალციხეში საღამოს ჩავედი. ვალდებულები იყვნენ, რომ ჩემი ჩასვლის შესახებ 10 ოქტომბერს ეცნობებინათ. ქალაქის მახლობლად მდებარე ფოსტის სადგურში გუბერნიის ოფიცერი დამხვდა. მან მაცნობა, რომ ჩემთვის უკვე მომზადებული იყო ბინა კავკასიის ხაზზე კაზაკთა პოლკის ყოფილი ოფიცრის, სომეხი ბატონის, მარტიროს მარქაროვის, სახლში. ქალაქში შერეული მოსახლეობაა, დაახლოებით 3,000 სული. იქ ცხოვრობენ სომხები, მათ იქ 216 სახლი აქვთ, თურქები და თათრები. ეს ქალაქი, რომელიც ოდესღაც მნიშვნელოვანი იყო, დღეს დაკნინებულია.
11 ოქტომბერი. – დილაადრიან ავდექი. რამდენიმე საათი მქონდა ქალაქისა და მისი საკმაოდ ღარიბი ბაზრის დასათვალიერებლად. 1828 წლის ივლისს გენერალი პასკევიჩის არმიამ ახალციხე მოულოდნელად, ბრწყინვალე იერიშით აიღო. როდესაც თურქებს მისი ჩაბარება მოსთხოვეს, მათ ძველი ანდაზით უპასუხეს: „ყარსის ერთი მაცხოვრებელი სამ ერევნად, ორი მაცხოვრებელი – ერთ ახალციხედ ღირს“ და დაუმატეს: „ჩვენ ახალციხის ხალხი ვართ“. ციხესიმაგრე48 ისევე დარჩა, როგორც 1828 წელს იყო. ჩემ წინ მისი თეთრი კედლები და კოშკები – თვალწარმტაცი სანახაობა იყო. ციხესიმაგრე რამდენიმე საათის განმავლობაში გახსნილი ცეცხლის შემდეგ აიღეს. თურქები გაქცევას თოკების მეშვეობით ცდილობდნენ კედლიდან; მრავალი მათგანი მდინარის კლდეებზე დაიღუპა. მე ჩავხატე ამ საინტერესო მიდამოს ესკიზი.
ახალციხის მთელ ზეგანზე თითქმის არ არის ხეები. 25 ვერსის გავლის შემდეგ ქვევით დავეშვი. მარცხნივ დავინახე არაჩვეულებრივი ხედი, რომელიც იძირება მტკვრის ხეობაში, მდინარე კი იასამნისფრად მიიკლაკნებოდა მთებსა და ზურმუხტისფერ ჭალებს შორის. ეს სურათი სრულებით არ არის გაზვიადებული. ევროპაში, სიცილიაშიც კი, არავითარი წარმოდგენა არა აქვთ თუ რა ფერების ნახვა შეიძლება ტრანსკავკასიაში. თვალწინ მაქვს სრულიად განსხვავებული ბუნება. მე იმ მთებისა და ხეობების ლაბირინთში ვიყავი, რომლებიც ახალციხის ზეგანს ახალციხისაგან 2,000 ფუტით უფრო ქვევით გამოჰყოფენ. შესანიშნავი დღე იდგა (11-23 ოქტომბერი); უღრუბლო ცა, კვლავ დაცხა, ეს ზაფხულის სიცხე იყო.
ხერთვისამდე 30 ვერსი უნდა გამევლო. გზა, რომელზეც ჩემი ტარანტასის მოძრაობა ადვილი არ იყო, ასე თუ ისე, მაინც სავალია; მაგრამ ყოველ წუთს დამუხრუჭება, ხშირად კი ბორბლების ორი მუხრუჭით დაჭერა იყო საჭირო.
ხერთვისში, ქართველი ათაბაგების მიერ აშენებული ციხესიმაგრეში მისვლის შემდეგ, – რომელიც ორ პირქუშ მთას შორის მდებარეობს, ერთი მოტიტვლებულია, მეორე კი ტყიანი, – 800 ფუტით დავეშვით და მეტად მდიდარი მცენარეულობა აღმოვაჩინეთ. თავი ინდოეთში მეგონა, მითუმეტეს, რომ გზად შემხვედრ ჩალმიან კაცებს, რომლებსას ურემი მიჰყავდათ, აღმოსავლური გარეგნობა ჰქონდათ.
ბოლოს და ბოლოს რეგიონის დაბლობს მივაღწიე. ჩემს მარჯვნივ დავინახე ძველი ციხესიმაგრე49 და დროც მქონდა მისი თვალწარმტაცი ნანგრევების ჩასახატად; შემდეგ ქვევით დავინახე ლამაზი ბაღი, რომლის ხეების ხასხასა შეფერილობამ და ტანწერწეტა ალვის ხეებმა ერევნის ბაღები გამახსენა. მე ასპინძის სადგურის საგუშაგოს წინ ვიყავი, სადაც ჭალებს შორის ვახუშტის რუკის მიხედვით ლამაზი მდინარე ასპინძის წყალი მიიკლაკნება და უფრო შორს, მტკვრის მარჯვენა ნაპირთან ჩაედინება. მე მის ნაპირამდე მივედი. რვანახევარი საათის განმავლობაში 45 ვერსი გავიარე, შესანიშნავ ამინდი იყო, მაგრამ აწყურამდე კვლავ 30 ვერსი მქონდა დასაძლევი.
აწყურში მისასვლელად, მარცხნივ მოვიტოვე მტკვარი, რომელიც მკვეთრად უხვევს დასავლეთით ახალციხისაკენ და გარს უვლის მთებს. 30 ვერსის გასავლელად 8 საათი მჭირდებოდა. იმ გზას გავუყევი, რომელიც მთებს, ხეობებსა და ტყეებს კვეთს. ამ გზას ცარსკაიას (სამეფო – Tzarskaia, impériale) უწოდებენ, ვფიქრობ, ის 1838 წელს გაიყვანეს50 ამ მხარეში იმპერატორ ნიკოლოზ I-ის მოგზაურობის სამახსოვროდ. აწყურის საგუშაგოს მხოლოდ ღამის ორ საათზე მივაღწიე. წყლის შხუილი მაუწყებდა, რომ დიდი მდინარის პირას ვიყავი.
12 ოქტომბერი. – დილის 6 საათზე, გარიჟრაჟზე ავდექი. მტკვრის ხმაურმა გამაღვიძა. მზე ჯერ არ იყო ამოსული. მდინარის მეორე ნაპირზე, ჩემ წინ, აწყურის ციხე იდგა (ის ზღვიდან 3,185 ფუტზე, თითქმის იმავე სიმაღლეზე მდებარე, როგორც ახალციხის ციხე-სიმაგრე – 3,124). დილის ბინდში მის დიდ უხეშ კედლებზე აღმართული კოშკები იკვეთებოდა, უზარმაზარი კლდეების შვერილებზე რომლებიც მის საფუძველს ქმნიდნენ, ხის ხიმინჯებზე ორივე ნაპირის დამაკავშირებელი შვიდთაღიანი ხიდი იდგა რაც თვალწარმტაცი სანახაობას ქმნიდა. მე მისი ესკიზი ჩავხატე51.
ამ ძველ ციხესიმაგრეში იყო უძველესი და ცნობილი ეკლესია, რომელიც თურქებმა დაანგრიეს. იქ ინახავდნენ აწყურის ღვთისმშობლის სასწაულებრივ გამოსახულებას, რომლის ფლობაც მრავალი ომის მიზეზი ყოფილა და რომელიც ქართველებმა XVI-ე საუკუნეში წაართვეს. ეს სახელგანთქმული ხატი დღეს გელათის მონასტერშია, სადაც მალე მივალ52. სტრატეგიული კავშირის თვალსაზრისით, აწყურს მნიშვნელოვანი პოზიცია აქვს. მე გავიარე ხიდზე და ძალიან კარგი გზით (საგუშაგოს გზა, რომელიც გორიდან ტიფლისში მიდის) ჩავედი მტკვრის მარცხენა ნაპირზე, რომლის ხეობა ყოველ წამს იცვლება. მდინარე მდიდრული ტყით დაფარულ მთებს შორის მიედინება. ქვედა ნაწილში მუხა იზრდება, მწვერვალებს კი ლამაზი ფიჭვნარი ფარავს. ზოგიერთ ადგილას ამ ფერდობების სწორ ხაზზე გაჭრილ მდინარემდე მისასვლელ კორიდორებზე, – ისე როგორც შვეიცარიის ალპებშია, – ლამაზი ტყეები დავინახე. ამ ხეებს ტივების გასაკეთებლად იყენებენ, რომლებითაც მტკვრით ტიფლისამდე მიცურავენ.
ბორჯომი
ბორჯომთან მიახლოებისას გზა გადის ტერასებზე, საიდანაც მდინარე ჩანს. შესანიშნავი ხედია. ბორჯომი ხეობაა, უფრო კი მრავალი ხეობის შესაყარია. ისე მგონია, თითქოს შვეიცარიის ხეობებს ვხედავ, მაგრამ აღმოსავლურ გარემოში. მტკვარზე კარგი ხიდიაგადებული. ფოსტის სადგური და რამდენიმე სახლი მდინარის მარცხენა ნაპირზეა, მაგრამ ბორჯომის მინერალური წყლები და ყველა ვილა, დასასვენებელი სახლი, სოფლის სახლი და კოტეჯი, რომლებიც აცოცხლებენ გარემოს, მდებარეობს მარჯვენა ნაპირზე მთავარ ხეობაში, რომელიც ირწყვება შავი წყლით53 დაახლოებით 20 ვერსის სიგრძეზე. ბორჯომის მინერალური წყლები უკვე საკმაოდაა ცნობილი. ის სხვადასხვა ჯგუფის წყაროებისაგან შედგება. იქ არის ევგენიას წყარო (რკინა და სოდა – fer et soude), რომელსაც ასე კავკასიის ადრინდელი გუბერნატორის, გენერალ გოლოვინის მეუღლის, საპატივცემულოდ ეწოდება54. არის სხვა წყაროც, ეკატერინესი55 (შეიცავს სოდას და გოგირდს).
ეს თვალწარმტაცი ადგილი 1842 წლით თარიღდება56. წარწერა წაკვეთილ სვეტზე აბანოების დაარსების ამბავს იუწყება. ეს აწ გარდაცვლილი თავადის, ვორონცოვის ქმნილებაა, რომელსაც ყოველ წელს უყვარდა მარგებელი წყლის სმა57, განსაკუთრებით კი ომისა და ადმინისტრირებისგან დაღლილს, რამდენიმე კვირის განმავლობაში იქ დასვენება.
ამგვარმა პატრონაჟმა ბორჯომი შეიძლება რჩეულ ადგილადაც აქციოს, სადაც ტიფლისისა და ტრანსკავკასიის კარგი საზოგადოება ჩავა. ბორჯომის მიმართ ერთი, შეიძლება უცნაური, შენიშვნა მაქვს: – ეს არის ვილებისა და სახლების დიდი სიძვირე. მე ვიკითხე გამქირავლებისაგან ამ ლამაზი საცხოვრებლების ფასი. ის ძალიან მაღალია რამდენიმე თვიანი ერთი სეზონისათვის. ბორჯომი აღმოსავლეთის ბადენ-ბადენია. სწორედ ეკატერინეს წყაროს პირდაპირ მდებარეობს სამი ლამაზი ვილა, რომელიც თავად ვორონცოვსა და მისი ამალას ემსახურებოდა. თავადი ბარიატინსკი, მისი მემკვიდრე, რომელსაც ამ ლამაზი ადგილის მიმართ წინამორბედის დამოკიდებულება აქვს, ამ ვილებში თავის ამალასთან ერთად ცხოვრობს, როდესაც იქ რამდენიმე კვირას ატარებს ომისა და ადმინისტრირების დაღლილობისაგან. მე მეფისმაცვლის მიერ დაარსებულ ლამაზ პარკში გავისეირნე. შესანიშნავ ხეებს შორის უამრავი ბილიკი ჩამალულა, კლდეებს შორის პატარა ნაკადულები მორაკრაკებენ, კასკადებს ქმნიან და შავ წყლამდე (ბორჯომულა) ჩადიან. ყველგან საამო ჩრდილი და სიგრილეა, რაც განსაკუთრებულად სასიამოვნოს ხდის აღმოსავლეთის ცხელ ჰავას. ოქტომბერში ეს ადგილი კვლავ საამურია და ისეთივე ცხელოდა, როგორც ზაფხულში. თითქმის ყველა ხეს ჰქონდა შენარჩუნებული ფოთლები, რომლებსაც ოდნავ შეჰპარვოდათ შემოდგომის ფერები.
მე არ მქონდა დრო, რომ ამ დაბის მონასტრამდე მივსულიყავი, მაგრამ ცხენით წავედი შავი წყლის ხეობაში მდებარე ორ ძველი ქართული ეკლესიის სანახავად. პირველი, წმინდა გიორგის სახელობისა58, ბორჯომიდან რამდენიმე ვერსზე, ძველ სოფელ სადგერში მდებარეობს, სადაც ამჟამად მხოლოდ ექვსი სახლია და სადაც ცოტა ხნის წინ დამკვიდრებული მალოროსების59 დასახლებაც ვნახე.
მეორე, მაცხოვრის სახელობის ეკლესია60, თითქმის მსგავსი კონსტრუქციისაა, მაგრამ უფრო თვალწარმტაც ადგილას ტყეებს შორის, მთებში არსებულ მღვიმეში მდებარეობს და ის ყველაზე უფრო საოცარი მონუმენტია, რომელიც მინახავს.
ექსკურსია ხუთ საათს გაგრძელდა. მე ამ დეპარტამენტში გამოგზავნილი მეტყევე მახლდა. მას სანკტ-პეტერბურგის სატყეო ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული და ჩემთვის ძვირფასი იყო მისი საუბარიცა და ცოდნაც. იმ ტყეებში, რომელზეც გავიარეთ, მან მაპოვნინა Pinus Normania, ფიჭვის ახალი ჯიში, რომლითაც ექიმმა ნორდმანმა61 გაამდიდრა ბოტანიკის სფერო. ერთი ტოტი მოვტეხე და ექსკურსიის სამახსოვროდ შევინახე. უკან სხვა გზით, აღნიშნული პარკის ბილიკებით დავბრუნდით.
ბორჯომი ჩემი მოგზაურობის ყველაზე სასიამოვნო ადგილია. მაგრამ ვჩქარობდი, უნდა წავსულიყავი. საბედნიეროდ გზაც კარგი იყო და ამინდიც. ყველაფერი ჩემ სასარგებლოდ ეწყობოდა.
სურამი
სოფელ სურამთან დასრულდა დიდი გზა, რომელიც გორში და შემდეგ ტიფლისში მიდის. კარგი გზა მივატოვეთ და იმ გზის მსგავსს დავადექი, რომელიც იმერეთის მიმართულებით ახალციხიდან აწყურში ლიხის უღელტეხილზე გადის და მას საქართველოსაგან გამოჰყოფს.
ეს გზა მუდამ სავაჭრო უნდა ყოფილიყო და სავარაუდოა, რომ შავი ზღვის ბერძნულ კოლონიებში აღმოსავლეთის საქონელით დატვირთული ქარავნებიც მასზე გადიოდა. სურამის ძველი ციხე62 კლდეზეა აღმართული. მის მშენებლობასთან დაკავშირებულია ლეგენდა, სავარაუდოდ მეორე საუკუნით თარიღდება. მის თანახმად, ციხის კედელი გამუდმებით იმ დღემდე იშლებოდა, ვიდრე სიზმარში გამოცხადებას არ დაემორჩილებოდნენ და მის საძირკველში ადგილობრივი მოსახლის ერთადერთ ვაჟიშვილს არ ჩააყოლებდნენ. არჩევანი ერთი ღარიბი ქვრივის ვაჟზე შეაჩერეს. მას ზურაბი ერქვა. ამ საშინელი მოქმედების დროს მისი ხმა ისმოდა, იგი თავის დედას ეძახდა. მისი ბოლო სიტყვები გამომშვიდობებისა იყო. იგი ყვიროდა: „ვაიმე დედავ, გავთავდი“! „ვაჰმე, დედა, ვკვდები“. ეს ლეგენდა მოყვანილია გრაფი შტაკელბერგის63 მიერ Caucase pittoresque-ში ამ ძველი ციხის ხედის ტექსტად.
გზამ, რომელსაც მთებში მივუყვებოდი, რამდენჯერმე მათქმევინა: „აი მძიმე სამუშაო!“ (hic labor!) ეს ერთ-ერთი ისეთივე მეტად თვალწარმტაცი გზაა, როგორც აწყურისა, მაგრამ, უფრო მძიმე სავალია. უღელტეხილის გადავლის შემდეგ კვლავ მთებზე გადავედით და შემდეგ სწრაფად დავეშვით ხეობებით ქედებზე, რომლებიც შორაპანის ქედებს უერთდება. ჩემი საბრალო ტარანტასი მაინც კარგად მიდიოდა. ჩემმა მსახურმა, ნიკოლამ, რომელსაც გონიერება არ აკლდა, მითხრა, რომ ტარანტასი, როგორც მოხუცი ერთგული მსახური, პენსიას იმსახურებდა.
მცენარეულობის ეს მდიდრული შეფერილობა უკიდურესი სინოტივისა და ძლიერი სიცხის კომბინაციის შედეგია, როგორიც არის კიდეც იმერეთის ჰავა.
ქუთაისი-გელათი
14 ოქტომბერი. – ქუთაისის გუბერნატორთან, გენერალ ივანოვთან მივედი, რომელიც უკვე გაფრთხილებული იყო. მან ყველგვარი დახმარება გამიწია გელათში ექსკურსიაზე წასასვლელად, რისთვისაც მზად ვიყავი. დასაკარგი დრო არ მქონდა. ფოთში ყოველ წუთს ელოდნენ ორთქლის გემის ჩასვლას, რომელიც შავი ზღვის ნაპირს უნდა მისდგომოდა და რომელზეც უნდა ავსულიყავი.
გელათი, ტრანსკავკასიის ყველაზე ცნობილი მონასტერი, ქუთაისიდან აღმოსავლეთით 10 ვერსზე, მთიან და ტყიან მხარეში მდებარეობს; იქ ძნელსავალი, ლამის პირველყოფილი გზა მიდის, მაგრამ ჩვენი საზიდარი პირუტყვის მეშვეობით ეს მანძილი სწრაფად გავიარეთ. მე ქუთაისის გუბერნატორის მოხელე, მეტად მცოდნე კაცი, ბ-ნი მიზანდოროვი მახლდა. ამგვარი ექსკურსიის დროს სიძნელეებს უფრო მეტი ხიბლი აქვს, რკინიგზა კარგი გამოგონებაა ბებერი ევროპის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ მისი სისწრაფის გამო, საბოლოო ჯამში, ჩვენ არ ვმოგზაურობთ. შვეიცარიასა და იტალიაში სილამაზე უკვე დამახინჯებულია, ერთ დღეს მას აღმოსავლეთშიც გაანადგურებენ. წარმოიდგინეთ არარატთან ან თებეს64 მონუმენტებთან რკინიგზით მისვლა! მოგზაურობის ხიბლი არის მისტერია – უდაბნო, ქარავანი და ათასი ეპიზოდი ამ ადგილების პოეზიის წარუშლელ კვალს ტოვებს და მის გარეშე დაიკარგება; დარჩება მხოლოდ უფერული ძეგლები, საოცარი კოლოსები და კიდევ უფრო გაოცებული მოგზაური.
მეფე დავით II ბაგრატიონმა65 აღმდგენმა თუ აღმაშენებელმა, გელათი XI-ე საუკუნის ბოლოს დააარსა იუსტინიანეს66 დროინდელი პიცუნდის67 ცნობილი ეკლესიის გეგმის მიხედვით68. მონასტერი მდებარეობს მდინარე წყალწითელას მარცხენა ნაპირთან, რიონის შენაკადთან, არც თუ შორს მოწამეთას ეკლესიიდან (მეორე ნაპირზე), სადაც 749 წელს წამებული დავითისა და კონსტანტინეს69 საფლავებია. ის წმინდა ქალწულის დაბადების სახელობისაა. ის ალბათ საზაფხულო რეზიდენცია და პიცუნდის პატრიარქების თავშესაფარი იყო თურქების მიერ მათი მეტროპოლიის დანგრევის შემდეგ.
არქიმანდრიტი გაბრიელი იქ არ იყო და მე მამა დანიელმა, სასიამოვნო მცხოვანმა ბერმა მიმიღო, რომლის უბრალოებამ ჩემზე იმოქმედა. წმინდა განძის მცველ მოხუცს, წლების გამო წელში მოხრილ ბერს, სხვა ასკეტური შესახედაობის ბერები ახლდნენ. მონასტრის დიდ ეზოში სამი ეკლესიაა. შუაში აღმართულია წმინდა ქალწულის, აღმოსავლეთით და დასავლეთით უფრო პატარა, წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიებია, ეს უკანასკნელი განსაკუთრებით პატარაა70.
მე მხოლოდ ქალწულის ეკლესიის სიწმინდეების აღწერით შემოვიფარგლები. იქ შესვლისას, მზერა ძლიერ მიიზიდა გუმბათის თაღმა (la voûte du choeur) ოქროს ფონზე თავისი ლამაზი მოზაიკით, რომელზეც ქალწული და ყრმა იესო იყვნენ გამოსახული მთავარანგელოზ გაბრიელსა და მიხეილს შორის. ეს იმპერატორ ალექსი კომნენოსის71 საჩუქარი იყო დავით II-თვის. ამგვარი უნდა ყოფილიყო წმინდა სოფიოს მოზაიკა, რომელიც თურქულმა კირმა გადაფარა.
კედელი დამშვენებულია ფეხზე მდგომი დავით II-ეს, მისი წინაპრების, ბაგრატ IV-ის, მისი ცოლის – ელენეს, მისი ქალიშვილის რუსუდანის, მისი მამის – გიორგი II-ს, მისი შთამომავლის – გიორგი III-ის, თამარის მამისა და დავით II-ს შვილიშვილის ფრესკებით. თამარის ბრწყინვალე მეფობამ საქართველო სრულიად დამოუკიდებელი გახადა და მას ქართველები თამარ მეფეს უწოდებენ.
გაოცებული ვიყავი გამოსახულებების სილამაზით, ტრიფტიქის უდიდესი ნაწილი ბაჯაღლო ოქროთი იყო გამოჭედილი. დავასახელებ რამდენიმეს: პირველ რიგში აწყურის ღვთისმშობლისას, რომელიც მოოქროვილი ვერცხლისაა შუაში ბაჯაღლო ოქროსი, შემდეგ გელათის მფარველი ქალწულის დიდ გამოსახულებას; ქალწულის სხვა, ვერცხლით ჭედური გამოსახულებას, რომელიც ბაგრატ III-ის საჩუქარია თურქების მიერ გადამწვარი ქუთაისის ეკლესიისათვის, სხვა დიდი ტრიფტიქი, ბაჯაღლო ოქროთი ნაჭედი, წარმოადგენს ქალწულს ლოცვისას და ხახულის72 ცნობილ ღვთისმშობელს.
პატიოსანი თვლებით შემკული ოქროს სიწმინდეების გარდა, პატრიარტების ჯვრები, ქართველი მეფეების შენაწირები, დავით II-ს ცერის ბეჭედი, პატრიარქების ყვავილებითა და პატიოსანი თვლებით შემკული ძვირფასი ქსოვილების და აბრეშუმის სამოსი; სხვა, ოქრომკედით ხავერდზე მოქარგული ფიგურებიანი სამოსი, მორთული ზურმუხტებით; – მარგალიტებიანი აბრეშუმის ეპიტრაქილზე73 გამოსახული იყო მთავარანგელოზების ფიგურები რვა დიდი ფრთით, რამაც გამაოცა, რადგან სრულიად გავს კონსტანტინოპოლის წმ. სოფიოს ტაძრის თაღზე გამოსახულ ფიგურებს და რომლების თავები არქიტექტორმა ფოსატიმ74 თურქების მიერ შეთეთრებული ფენის ქვეშ აღმოაჩინა; – ამას გარდა, ბიზანტიური ხელოვნების შედევრი, იმერეთის მეფეების ქუდის ფორმის გვირგვინი, ოქროქსოვილი, მორთული მარგალიტის ფოჩებითა და პატიოსანი თვლებით შემკული ჯვრით, აბრეშუმზე მარგალიტითაა მოქარგული მთავარანგელოზების, წმინდა წიგნის დამწერი ოთხი მახარობლის ფიგურები; წინ ქალწულია, იესო რომელიც ფეხებს ბანს მოციქულებს და მაცხოვარი საიდულო სერობაზე, ამას ვიმეორებ, რათა წარმოვადგინო ბიზანტიური ხელოვნების უმაღლესი იდეა.
ჩემზე კიდევ უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა X საუკუნის ხელნაწერი სახარების დანახვამ, რომელიც საკურთხეველზე იდო. ოქროს ყდის შუა ნაწილში ტიხრული მინანქრით არის გამოსახული დამჯდარი ღვთისმშობელი ფეხზე მდგომ ორ ანგელოზს შორის. როდესაც დავრწმუნდი, რომ ჩემი აზრით თვალწინ ცნობილი ბიზანტიური ხელოვნების ულამაზესი ნიმუში მქონდა და როდესაც კეთილ მცველ მამაოს ვაჩვენე არაჩვეულებრივი ნამუშევარი ოქროს ტიხარში, ბრწყინვალე და ხელუხლებელი ალბათ მისი არსებობის ათასი წლის განმავლობაში და ვუთხარი, რომ გელათის მონასტერი ფლობდა ისეთ შედევრს, რომლის ბადალი ევროპაში არ მოიძებნებოდა, მისი თვალები წმინდა სიხარულმა გაანათა და ვფიქრობ, რომ ცაში ამაღლებისას მისი მოხრილი ტანი ერთბაშად გაიმართება. ვერცხლის რელიეფურ ყდაში ჩასმულ და პატიოსანი თვლებით დამშვენებულ სხვა სახარებაზე გამოსახულია მოციქულების ფიგურები. ის არაჩვეულებრივი ვინეტებითაა დამშვენებული. სხვა ხელოვნებით ნამუშევარ თუ ჭედურ საგნებს შორის შევამჩნიე მრგვალი ოქროს ფირფიტა, რომელზეც გამოსახული იყო წმინდა გერასიმე75.
გელათში დაცული წმინდა ნივთების სიმდიდრის მრავალფეროვნების, აგრეთვე მონასტრის მდებარეობის გამოც, გელათი ის თავშესაფარი იყო, სადაც ტრანსკავკასიის სხვადასხვა ეკლესიებს თავიანთი სიმდიდრის შენახვა შეეძლოთ; შეიძლება, ინახებოდეს იქ პიცუნდის საგანძურიც.
მე ვნახე სამლოცველო, სადაც 1125 წელს გარდაცვლილი დავით II აღმაშენებლის ნეშთია დაკრძალული. მითხრეს, რომ მისი საფლავიც ასევე სადაა და მას ადევს ფირფიტა ქართული წარწერით: „აქ არის ჩემი განსასვენებელი, მე ის მომწონს, მე იქ განვისვენებ“76. ამ სამლოცველოში ჩანს კედელთან,არის დავით II-ს ვაჟის, დემეტრე I-ის ნეშტი ერთ- ერთი რკინის კარიბჭესთან, რომელსაც დერბენდისას უწოდებენ. ეს არის 11 ფუტის სიმაღლის და 5,5 ფუტის სიგანის კარი თავის საკიდებზე. ის შვიდ ჰორიზონტულ ზონად იყოფა, რომელთაგან ორზე კუფური წარწერაა. ეს კარი (მეორე დაკარგულია) დავით II-ს ნადავლია; ბ-ნ ბროსეს მიხედვით, ის განჯის კარია, წამოღებული დემეტრე I-ის მიერ 1139 წელს77.
საინტერესო არქიტექტურული შენობის ნაშთია ბერების ქვის სატრაპეზოა. საუკუნეების განმავლობაში სწორედ ამ კედლებზე ცდილობა აცოცებას ათასი საცეცით მწვანე გობელენი, ყველაზე დიდი სურო, რომელიც კი არსებობს – ეს შეყვარებული მცენარის ფენომენია, რომლის საიდუმლოს გაგებას ამაოდ ვეცდებით.
მე ყურადღებით დავათვალიერე ეს არაჩვეულებრივი სურო, რომელიც ჩემი აზრით 10,0002 ფუტს78 მოიცავს თავისი საწყისის ძებნაში იმ ქვის კედლებში, რომლებიც მისმა ტოტებმა გაარღვია, უფრო შორს მიეკრა სხვა ქვებს და იქ ახალი ფესვები გაუშვა. ეს შესანიშნავია. ამის შესახებ ადრეც მითხრეს, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, იშვიათი სანახაობაა. მე მოვტეხე სუროს ერთი ფრაგმენტი და შევინახე – ხელოვანი აკვარელისტის მიერ ყველა დეტალით შექმნილი მისი სურათი მეტად საინტერესო ბოტანიკური ნიმუში იქნება.
კეთილმა მამებმა მონასტრის გალერეაში მიმაპინძლეს სასადილო ოთახში სუფთა ჰაერზე და ალბათ უნიკალურზე იმ ხედის გამო, რომლითაც ტკბები. თვალი სიმწვანის ოკეანეში ეფლობა, რომელიც ჰორიზონტისკენ ეშვება79 და როგორც მითხრეს, ნათელ დღეს იქ შავ ზღვასაც კი შეამჩნევ. სწორი ხაზით ეს მანძილი დაახლოებით 100 ვერსია. კეთილ მამებთან ტრაპეზის დროს მე ვნახე იმერული კულა, რომელიც განსხვავდება ქართული კულასაგან, ის დიდი ღუმელის მილს გავს. ამ კულით იქაური ღვინო დავლიე, რომელიც კარგია, მაგრამ კახურს ვერ შეედრება. მონასტრის ფურნეში აცხობენ მრგვალი ფორმის ქერის შესანიშნავ პურს, მას უწოდებენ გომიჯს80 ანუ „საფუარის გარეშე“.
ქუთაისში მხოლოდ რამდენიმე ათასი მაცხოვრებელია. მოსახლეობა შედგება ქართველების, ებრაელების, სომხების, რუსი მოხელეებისა და სამხედროებისაგან. იქ უხვადაა ყოველგვარი აუცილებელი საქონელი. ღვინო, წითელი და თეთრი, სამი ბოთლის მოცულობის მანერკა81 მხოლოდ 40 კაპეიკი (1 ფრანკი, 60 სანტიმი) ღირს. 1 ბათმანი (23 ლივრი82, დაახლოებით 10 კგ) ხორბალი – 40 კაპეიკი, ხოხბები – 30-დან 40 კაპეიკამდე. ამ მხარეში მოჰყავთ სიმინდი, თამბაქო, ყოველგვარი ბოსტნეული და კარგი ხილი: ვაშლი, ბროწეული, ლეღვი და სხვ. იქ შესანიშნავი ქვიშაქვაა სამშენებლოდ. ამაში დავრწმუნდი, როდესაც ვნახე ახალი მართლმადიდებლური ეკლესია – საკათედრო ტაძარი. ცოტა ხნის წინ იქ ესვენა ნეშტი ერთ-ერთი მამაცი გენერლის, თავად გაგარინისა83, რომელიც 1854 წელს ყარსის კედელთან დაიჭრა და რომელიც 1856 წელს გავიცანი პეტერბურგში, სადაც მას ახლდა ახალგაზრდა მეუღლე, საქართველოს უწარჩინებულესი ოჯახის შვილი. ქუთაისის სამხედრო გუბერნატორად დანიშნული, მთლიანად დაკავებული ქვეყნის კეთილდღეობით, იგი განგმირა სვანი მთავრის ხანჯალმა84, რომელმაც თავისი სულელური სიამაყე შელახულად ჩათვალა და დაისაჯა კიდეც ამ თავდასხმისათვის.
ბაზარი ადგილობრივი ნაწარმის ძებნაში მოვიარე. იმერულ ჭურჭელი თავისებურია. ზოგიერთი კლასიკურ ფორმის მსგავსია, მაგალითად დოქი-წყლის გრაფინი, რომლის მუცელი სრულიად გავს ამფორისას, მაგრამ მხოლოდ ერთი ყური აქვს; ჭინჭილა (tchintchili), ღვინის დასალევი პატარა ჭურჭელი. დანარჩენ ჭურჭელს სრულიად აღმოსავლური ფორმა აქვს, როგორც სურას, რომელსაც განიერი მუცელი აქვს და გრძელი სწორი ყელი, ეს ჭურჭელი თიხისაა; მდიდარ ხალხს ჭურჭელი ვერცხლისა აქვს; ის მოსკოველი ოქრომჭედლების ნამუშევარია, რომლითაც მათ ამარაგებენ.
მოვაგროვე რამდენიმე კარგი აღმოსავლური მონეტა და ზოგიერთი ლამაზი ანტიკური მედალიონი. იქ ხშირად ნახავ პატარა მონეტებს, რომლებსაც კოლხურს უწოდებენ. შევიძინე გიშრის რამდენიმე კრიალოსანი, რომელიც ასე მოსწონთ კავკასიელ ქალბატონებს. გიშერი წიაღისეულია, ლიგნიტის85 სახეობა, მკვრივი და შავი, მეტად მაგარი. ის კარგად პრიალდება და იმდენად ელსატიურია, რომ მისგან კრიალოსნისათვის პატარა ბურთულების გამოჭრაა შესაძლებელი. გიშრისგან ჯვრებს და პატარა სამკაულებს ამზადებენ. გიშერი დიდი რაოდენობითაა საჩხერეს ოლქში, ტყიბულის მეზობლად, ქუთაისის მახლობლად.
ბ-ნ ივანოვთან სახლში გავიცანი მეტად ნიჭიერი რუსი ხელოვანი, ბ-ნი ვასილიევი, სანკტ-პეტერბურგის ხელოვნების აკადემიიდან, ქუთაისის გუბერნიის არქიტექტორი. მან ორი ლამაზი ნახატი და საფარის ძველი მონასტრის არქიტექტონიკის დეტალები მაჩვენა, რაც ძველი ქართული სტილის მეტად ძვირფასი მოდელია და რომლის წყარო უეჭველად ბიზანტიური სტილი იყო, ისევე, როგორც სომხური ეკლესიებისა, მაგრამ ქართულმა ხელოვნებამ აქ თავისი შთაგონება შეურია და მას საგანგენო ხასიათი მიანიჭა. ამის მოდელია ქუთაისის მიტროპოლიის ძველი ეკლესია. დიუბუას ატლასში მოცემულა სერია, არქიტექტურა, სადაც ამ ეკლესიის ნანგრევების და მისი მისი ორნამენტების დეტალების მრავალი სურათია.
რამდენიმე საათის განმავლობაში გენერალ ივანოვის მასპინძლობითა და მისი სასიამოვნო სტუმრის კამპანიით ვტკბებოდი. ეს ქალბატონი თავად სვიატოპოლსკ-მირსკის მეუღლის86 და, თავადის ქალი ორბელიანია. ქუთაისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი ისევე, როგორც ტიფლისისა, წმინდა ნინოს სახელობისაა87.
სოხუმ-ყალე
სოხუმ-ყალე და მისი მიდამოები 17 ოქტომბერს დავათვალიერე. ეს პატარა ქალაქია საკმაოდ ღარიბი ფარდულებით. ყოველ ნაბიჯზე ვხვდებოდი აფხაზების ბოროტ მზერას, სწორ ნაკვთებს, მაგრამ ველურ ფიზიონომიებს. თავიანთი მთებიდან ისინი სავაჭროდ ჩამოდიან და თუკი შემთხვევა მიეცემათ, მუდამ მზად არიან საყაჩაღოდ. ამასობაში, ამ ღარიბ ფარდულებში აღმოვაჩინე რამდენიმე კარგი ანტიკური მედალი, რომლებსაც თითქმის მთელ კავკასიაში შეხვდები. ამ მედლების სიყვარული ყველას იპყრობს. სოხუმ-ყალეში გარნიზონის ოფიცრებზე მიმაგრებულ ერთ-ერთ დაგამწერთან კარგი რომაული მედლები ვნახე. ის მათ შესწავლას ცდილობდა და მე მას რამდენიმე რჩევა მივეცი.
მოვინახულე თურქული სიმაგრე88, ოთხკუთხედი ფორტი, ისეთი, როგორიც ფოთის ციხეა, საკმაოდ ლამაზი ჭიშკრებით; განსაკუთრებით ერთი მათგანი, რამდენიმე არკადიანი, ქონგურებითა და თურქული რელიეფური წარწერით.
ვისეირნე ბოტანიკურ ბაღში, რომელიც იმ თავად გაგარინის მზრუნველობითაა დაარსებულია, რომელიც ქუთაისზე საუბრისას ვახსენე. 20 გრადუსზე ჩრდილში ასკილი ძალიან ლამაზად ყვაოდა. ყველგან არაჩვეულებრივი მცენარეულობაა89, ყველგან ლამაზი ხეები და ყვავილებია, მაგრამ, ვაგლახ! ამ მცენარეულობასა და ყვავილებს შორის, ამ თითქმის უდაბნო სანაპიროს გასწვრივ სიკვდილია დამალული – აქ აფხაზური ციებ-ცხელების საშინელი მიკრობები ღვივის.
სანაპიროდან 200 ფუტით ზევით, სამხედრო ჰოსპიტალში ავედი. იქ ერთ საათზე მეტი გავატარე და ერთი ოთახიდან მეორეში გავდიოდი, სადაც უამრავი რუსი ჯარისკაცი ლოგინს იყო მიჯაჭვული. მათ არ აკლდათ ადმინისტრაციის შესანიშნავი სამედიცინო მომსახურება და ყურადღება.
ჰოსპიტლებში ჯანსაღი გარემოს პირველი პირობა სისუფთავეა, შემდეგ სუფთა ჰაერი და სივრცე. სოხუმ-ყალეს ჰოსპიტალი ჭკვიანურად დაყვეს რამდენიმე იზოლირებულ შენობად და ასევე იზოლირებულ ოთახებად, შეათეთრეს, საწოლები კი საკმაოდ დიდი მანძილით დააშორეს ერთმანეთის. ერთი შენობიდან მეორეში გადასვლისას ავადმყოფების თავთან დამაგრებულ დაფაზე განუწყვეტლივ ვკითხულობდი ციებ-ცხელების საბედისწერო დასკვნას. კარგი შენობისა და სუფთა ჰაერის მიუხედავად, ერთადერთი ცნობილი გამოსავალი ციებ-ცხელების წინააღმდეგ ქინაქინაა. ის ბაზრის მრავალ ფარდულში, გულმოდგინედ დახურულ ფლაკონებში საფრანგეთის აფთიაქების ეტიკეტებით იყიდება. ჩემი აზრით, სოხუმ-ყალეს ჰოსპიტალს არაფერი არ აკლდა. ადმინისტრაციის შესანიშნავი გადაწყვეტილებით მისი ზედამხედველობა დავალებული აქვთ კავკასიის არმიის ყოფილ სერჟანტებს.
სოხუმ-ყალეს რეიდი კარგია, მაგრამ ნაკლებად სანდო. მითხრეს, რომ ფსკერი, რომელიც ძალიან დახრილია, ვერ იჭერს ღუზა და ხშირად იქიდან ქარიშხალი გემებს სდევნის. შავი ზღვა ამ ნაწილში ძალიან ღრმაა და ეს ძველ დროშიც იცოდნენ.
ამ სანაპიროების სამხრეთში და ჩრდილოეთში ორი ქრისტიანული ეკლესიაა, სამხრეთში, კოდორსა და ენგურს შორის – ილორის ეკლესიაა90, რომლის დეტალებიც ბ-ნმა ბროსემ მოგვცა; ჩრდილოეთში პიცუნდის, ვახუშტის მიხედვით გუმბათიანი და იმპერატორ იუსტინიანეს მიერ უხვად მორთული ეკლესიაა. თავიდან ეს საეპისკოპოსო იყო, შემდეგ აფხაზი მეფეების დროს ის კათოლიკოსის რეზიდენცია იყო, სადაც კათოლიკოსი თავის ფუნქციებს ასრულებდა. ამჟამად იქ მხოლოდ ერთი მღვდელია, რადგან აფხაზებმა არც რწმენა და არც რელიგია არ შეინარჩუნეს.
შენიშვნები
1. ავტორის მიერ აღწერილი შემთხვევის გამო, აღნიშნულ ადგილზე (გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მანქანების სამრეცხაო ბენზინგასამართი სადგურის უკან) 1846 წელს დიდი ჯვარი დადგეს, რომელიც ლავრენტი ბერიას ბრძანებით მოედნის რეკონსტრუქციის დროს აიღეს.
2. იგულისხმება ალექსანდრე II-ს (1855-1881) სახელობის ბაღი, რომელიც 1859 წელს არქიტექტორ ო. სიმენსონის პროექტით აშენდა. 1865 წელს ბაღმა საბოლოო სახე მიიღო. 2000 წლიდან იწოდება გიორგი ლეონიძის სახელობის ბაღად.
3. 1844-1854 წლებში ამიერკავკასიაში მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის, დავალებით იტალიელმა არქიტექტორმა ჯოვანი სკუდიერიმ შეადგინა ხიდის პროექტი, რომლის მშენებლობა დაიწყო 1848 წელს და დასრულდა 1853 წელს. ის ერთადერთი ხიდია მტკვარზე, რომელმაც ჩვენამდე პირვანდელი სახით მოაღწია.
4. თბილისის სიონის ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია.
5. წმ. მარკოზის ტაძარი XIV–XV საუკუნეების იტალიური გოთიკური არქიტექტურის მონუმენტი მდებარეობს ვენეციაში, წმ. მარკოზის მოედანზე, დოჟის სასახლის გვერდით.
6. გრიგოლ გაგარინი (1810-1893) – თავადი, რუსი მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე, რუსეთის იმპერიტორის კარის ობერგოფმეისტერი.
7. ასურელი მამები — საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფი, რომელიც საქართველოში VI საუკუნეში მოსულა სირიიდან. ასურელი მამების საქართველოში მოღვაწეობის მიზანი ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცება იყო. ერთ-ერთი ასურელი მამა იყო დავით გარეჯელი (ბაბილინა ლომინაძე, ქსე, I, თბილისი, 1975, 661-662).
8. ვერსი – სიგრძის საზომი ძველებური რუსული ერთეული. 1 ვერსი უდრის 1,06 კმ-ს.
9. ალექსანდრე გრიბოედოვი (1795-1829) – რუსი დიპლომატი და დრამატურგი, 1829 წლის 30 იანვარს თეირანში მოკლეს. თავისი მეუღლის საფლავზე ნინო ჭავჭავაძემ (1812-1857) ძეგლი აღმართვინა წარწერით: „საქმე და ჭკუა შენი უკვდავია რუსთა ხსოვნაში... მაგრამ რატომ ცოცხლობს შენზე დიდხანს ჩემი სიყვარული?“
10. იგულისხმება ჩოხა.
11. ჩექმეთი და ბეშმეთი – ჩრდილო კავკასიასა და შუა აზიაში გავრცელებული ახალუხი, მაგრამ უფრო მოკლე კაცის ზედა სამოსელი.
12. ყამა – ხანჯლის ტიპის ცივი იარაღი.
13. შაშკა – ხმლის ერთ-ერთი სახეობა.
14. იგულისხმება კიროსის ცილინდრი – აქემენიდი კიროს II დიდის (დ. დაახ. ძვ. წ. 590 ან 576 – გ. აგვისტო, ძვ. წ. 530) ცილინდრის ფორმის თიხის აქადურ (სემიტურ ენათა ჩრდილო-აღმოსავლურ შტო) ენაზე სოლისებრი დამწერლობით შესრულებული მანიფესტი და დეკლარაცია, რომელიც თარიღდება ძვ. წ. VI საუკუნით. აღმოაჩინეს 1879 წელს ბაბილონის ნანგრევებში. ინახება ბრიტანეთის მუზეუმში.
15. ტერმინი „ტრანსკავკასია“ (ამიერკავკასია) რუსული „ზაკავკაზიე“-დან მოდის და ნიშნავს კავკასიონის ქედს მიღმა არსებულს. დღეს ფართოდ გამოიყენება ტერმინი – სამხრეთ კავკასია. პოლიტიკურად იგი მოიცავს სამ დამოუკიდებელ სახელმწიფოს – სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს.
16. თბილისის პირველი თეატრის მშენებლობა 1844–1854 წლებში კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის, თაოსნობით 1847 წელს დაიწყო. შენობის პროექტი ჯოვანი სკუდიერის, გაფორმება კი გრიგორი გაგარინს, ეკუთვნოდა. თეატრის მშენებლობა 1851 წელს დასრულდა. შენობა 1874 წელს დაიწვა.
17. ტერეზა შტოლცი (1834–1902) – XIX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი დრამატული სოპრანო. მისი დებიუტი შედგა თბილისში 1857 წელს.
18. ლა ფენიჩე (la Fenice) – ოპერის თეატრი ვენეციაში, რომელიც 1792 წლის 16 მაისს.
19. ალექსანდრე ბარიატინსკი (1815–1879) – თავადი, რუსი ფელდმარშალი (1859), 1835 წლიდან კავკასიის ომების აქტიური მონაწილე. 1856 წლის 22 ივლისიდან 1863 წლამდე იყო კავკასიის მეფისნაცვალი და კავკასიის განსაკუთრებული კორპუსის მთავარსარდალი. მან გატეხა შამილის წინააღმდეგობა და იგი აულ ღუნიბში დაატყვევა 1859 წლის 25 აგვისტოს.
20. ფასეტი – ირიბად ჩამოხრილი, დაცერებული გვერდითი წახნაგი რისამე, მაგ. სარკის.
21. იგულისხმება ირანის შაჰი ფათჰ-ალი (1797–1834).
22. ვარდან არშაკუნის სასახლე XIX საუკუნის 50-იან წლების ბოლოს აშენდა არქიტექტორ გრიგორი ივანოვის პროექტით. 1869–1886 წლებში ამ სახლშო „საარტისტო წრე“ იყო, 1922 წლიდან, კი მასში სამხატვრო აკადემია ფუნქციონირებს. 1858–1860 წლებში ვარდან არშაკუნი ტიფლისის მერი იყო.
23. ავტორის შენიშვნა: „სალიანის მეთევზეობა, რომელიც ბოლო წლებში ძლიერ განვითარდა, მდებარეობს დელტის ზედა ნაწილში, რომელსაც მტკვრის ტოტები ქმნის შესართავში. იქ უხვადაა რამდენიმე ჯიშის თევზი. იქ იჭერენ თევზს დახვეწილი არომატით, ქაშაყის ზომისას, რომელსაც ნაკლებად ჰგავს. სპარსელები მას “თევზების შაჰს”, შამაიას, უწოდებენ. ის ასეა ცნობილი ტიფლისში, სადაც მას დამარილებულს ყიდიან“.
24. გენერალ ერმოლოვის მმართველობის დროს შამირ მელიქ-ბეგლიაროვმა სამსახური სპარსული ენის თარჯიმანი იყო. მონაწილეობდა რუსეთ-სპარსეთის 1826-1828 წლების ომში პორუჩიკის წოდებით, 1827 წელს კაპიტნის, ხოლო 1828-1829 წლებში რუსეთ-თურქეთის ომში გამოჩენილი მამაცობისთვის ვიცე-პლკოვნიკის, 1847 წელს კი კავალერიის პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. 1850 წელს გადადგა სამსახურიდან გენერალ-მაიორის წოდებით.
25. სამშობლოს ღალატისათვის არქიეპისკოპოლმა რუჯერიმ გრაფი უგოლინო (1220-1289) მასთან ერთად კი მისი შვილები და შვილიშვილებიც დაატყვევა, კოშკში გამოკეტა და შიმშილით ამოხადა სული. ეს ფაქტი დანტეს (1265-1321) მოხსენიებული აქვს „ღვთაებრივ კომედიაში“. გუსტავ დორეს (1832-1883) მინიატურა – დანტე და ვერგილიუსი ჯოჯოხეთშო შეხვდნენ გრაფ უგოლინოს და არქიეპისკოპოს რუჯის. გრაფი უგოლინო რუჯის თავზე კბენს. ფლორიან ჟილი სწორედ ამ ეპიზოდს გულისხმობს.
26. ადოლფ ბერჟე (1828-1886) – რუსი ისტორიკოსი-აღმოსავლეთმცოდნე, არქეოგრაფი, არქეოლოგი, კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის თავმჯდომარე 1864-1886 წლებში.
27. ორივე ბეჭვდითი ორგანო მიხეილ ვორონცოვის მმართველობის დროს დაარსდა.
28. ივანე პასკევიჩი (1782-1856) – რუსეთის იმპერიის სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ადიუტანტი (1825), გენერალ-ფელდმარშალი (1829). რუსეთ-სპარსეთის 1826-1828 და რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომების დროს კავკასიის ჯარების მთავარსარდალი, რუსეთ-სპარსეთის ომში გამარჯვებისათვის გრაფის წოდება მიენიჭა.
29. ალექსანდრა ფიოდოროვნა (1798-1860) – რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ I-ის მეუღლე. რუსეთის იმპერატრიცა 1825-1855 წლებში.
30. ფლორიან ჟილი აქ ჰერაკლეს მეოთხე გმირობას გულისხმობს. ევრისთევსის დავალებით, ჰერაკლეს ერიმანთოსის ტახი უნდა მოეკლა. ჰერაკლე დიდხანს დასდევდა ტახს, ბოლოს ცოცხლად დაიჭირა და მიკენში ჩაიყვანა. როდესაც ევრისთევსმა ეს საზარელი ცხოველი დაინახა, შიშით ბრინჯაოს დიდ ჭურჭელში დაიმალა.
31. 1 ფუტი უდრის 30,48 სმ-ს.
32. იგულისხმება აზარფეშა – ვერცხლის გრძელტარიანი სასმისი.
33. მეტაპანი (matapans) – ვენეციური გროში, პირველი იტალიური მონეტა, რომელიც მოჭრეს დაახლოებით 1202 წელს ვენეციის დოჟის, ენრიკო დანდოლოს მმართველობის დროს.
34. ისაბელ I კასტილიელი (1451-1504) – კასტილიის დედოფალი 1474 წლიდან, 1469 წელს ცოლად გაჰყვა ფერდინანდ II არაგონელს.
35. ჰერაკლე I (575-641), ბიზანტიის იმპერატორი 610-641 წლებში, ჰერაკლიდების დინასტიის დამაარსებელი.
36. რუმის, იგივე კონიის სასულთნო (1077-1307).
37. შუასაუკუნეებში გავრცელებული არაბული ვერცხლის ფული
38. ფელსი – არაბული სიტყვაა და ნიშნავს სპილენძის მონეტას.
39. ჰგულაიდები (ილხანები) – მონღოლური დინასტია. ჩინგის ხანის, შვილიშვილის, ხულაგუს შთამომავლები, რომელიც XIII-XIV საუკუნეებში მართავდა ახლო და შუა აღმოსავლეთში.
40. ჯალაირიდები – სულთნების დინასტია (340-1410 წწ.) წინა აზიაში, რომელიც წარმოსდგა ჯალაირის მონღოლური ტომიდან.
41. ყარა-ყოიუნლუ (თურქ. შავბატკნიანები), ოღუზი თურქების (თურქმანების) მომთაბარე ტომების გაერთიანება; სახელწოდება უკავშირდება მათ დროშაზე გამოსახულ შავ ცხვარს. ფეოდალური სახელმწიფო აზერბაიჯანსა და დასავლეთ ირანში (1410-1468).
42. აყ-ყოიუნლუ (თეთრბატკნიანები) – ოღუზი თურქების (თურქმანების) მომთაბარე ტომთა გაერთიანება მდინარე ტიგრის ზემოწელში (დიარბექირსა და სივასს შორის), XV საუკუნის დასაწყისიდან ფეოდალური სახელმწიფო XIV-XV საუკუნეებში (დედაქალაქი დიარბაქირი).
43. დემეტრე I – საქართველოს მეფე 1125-1156 წწ.; გიორგი III საქართველოს მეფე 1156 წლიდან; თამარ მეფე საქართველოს მონარქი 1184 წლიდან; რუსუდანი – საქართველოს მეფე 1223-1245 წწ.; დავით VII ულუ საქართველოს მეფე 1247-1270 წწ.; დავით VI ნარინი – საქართველოს მეფე 1245 (1247)-1293 წწ.; დემეტრე (დიმიტრი) II, თავდადებული – საქართველოს მეფე 1270-1289 წწ.; ვახტანგ III – საქართველოს მეფე 1298 ან 1299 და 1302-1308 წწ..
44. ივანე ბართოლომეი (1813-1870) – რუსი არქეოლოგი და ნუმიზმატი, გენერალ-ლეიტენანტი, პეტერბურგის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1856). 1850 წლიდან მსახურობდა კავკასიაში. შეაგროვა ქართული, ბაქტრიული, პართული და სასანური მონეტების მდიდარი კოლექცია, რომელიც შემდგომ გადასცა ერმიტაჟს.
45. არშაკიდების დინასტია, არშაკიანები პართიული დინასტია ირანში ძვ. წ. 250 – ახ. წ. 228 წლებში.
46. სასანიანები – სამეფო დინასტია ირანში (224-651).
47. ბაგრატ IV – საქართველოს მეფე 1027-1072 წლებში.
48. ახალციხე წყაროებში XII საუკუნიდან იხსენიება, როცა სამცხის ათაბაგებმა, ჯაყელებმა, აღადგინეს და განაახლეს ციხესიმაგრე ლომისი და მას ეწოდა ახალციხე. XIII-XVII საუკუნეებში ციხე-ქალაქი სამცხის ათაბაგ ჯაყელს ეკუთვნოდა. 1578 წელს ოსმალებმა დაიპყრეს, ხოლო 1628 წლიდან ახალციხის საფაშოს ცენტრი გახდა.1829 წლის სექტემბერში ანდრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით თურქეთმა რუსეთს გადასცა ახალციხის საფაშოს ნაწილი. ახალციხეს ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1840 წელს.
49. ავტორის შენიშვნა: „ამ ციხის ჭეშმარიტი სახეწოდების გაგება ვერ მოვახერხე. ადგილობრივი მოსახლეობა მას „თურქულ ციხეს“ უწოდებს. ვახუშტის რუკაზე ის აღნიშნულია, მაგრამ როგორც ციხე, ტექსტში კი წერს, რომ ასპინძის (Aspindza) ჩრდილოეთით მდებარეობს დიდი და კარგი ციტადელი მგელ-ციხე* (Mgel-Tzikhé)“. *მგელ-ციხე – IX-X საუკუნეებში აგებული ციხესიმაგრე ისტორიულ ჯავახეთში, ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის პირას.
50. ავტორის შენიშვნა: „გული დამწყდა, რომ იძულებული ვიყავი უარი მეთქვა საფარას ცნობილი მონასტრის ნახვაზე, რომელიც რამდენიმე საათის სავალზე მდებარეობს ახალციხის მხარეს, მტკვრის მარცხენა ნაპირზე“.
51. ავტორის შენიშვნა: „Caucase pittoresque-ში* არის აწყურის ციხის ლამაზი ჩანახატი“. *ავტორი გულისხმობს გაგარინის ნახატების ალბომს – „Le Caucase pittoresque. Dessiné d'après nature par le Prince Grigori Grigorievitch Gagarine. Texte par le Comte Ernest Stackelberg. Paris: Imprime par Plon Freres, 1847“.
52. ავტორის შენიშვნა: „ბ-ნმა ბროსემ ინახულა აწყურის ეკლესია და თავის Voyage en Transcaucasie-ის ატლასში მოგვცა ამ ეკლესიის დასავლეთი კედლის ჩანახატი“.
53. იგულისხმება მდინარე ბორჯომულა.
54. ევგენი გოლოვინი (1782-1858) – საქართველოს მთავარმართებელი 1837-1842 წლებში. ავტორი უზუსტობას უშვებს, რადაგან გენერალ გოლოვინის მეუღლე იყო ელიზავეტა ფონვიზინა. ბორჯომის აღნიშნულ წყაროს კი გენერლის სახელი უწოდეს და არა მისი მეუღლის.
55. ბორჯომის წყლებით გენერალი გოლოვინის ქალიშვილი, ეკატერინე, მკურნალობდა.
56. ბორჯომის ადგილას XV-XVIII საუკუნეებში იყო რამდენიმე სოფელი, ოფიციალურ წყაროებში სახელი ბორჯომი XIX საუკუნეში იხსენიება. 1825 წელს რუსეთის იმპერიის ჯარისკაცებმა შემთხვევით აღმოაჩინეს ბორჯომის წყალი, რომელმაც მალე მთელს იმპერიაში გაითქვა სახელი.
57. ავტორის შენიშვნა: „ექიმმა ანდრეიევსკიმ, თავად ვორონცოვის ნდობით აღჭურვილმა ექიმმა, გამოაქვეყნა ამ მინერალური წყლების აღწერა“.
58. იგულისხმება სოფელ სადგერის მახლობლად შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – XV საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია.
59. მალოროსები (Малоро́ссы) – რუსულ-სლავური ხალხის სამხრეთი შტო. რელიგიის მიხედვით ძირითადად მართლმადიდებლები არიან, მაგრამ მათ შორის არიან კათოლიკეები და პროტესტანტები.
60. იგულისხმება ბორჯომიდან 13 კმ-ზე მდებარე ჭობისხევში მდებარე მაცხოვრის სახელობის ეკლესია.
61. ალექსანდრე ფონ ნორდმანი (1803-1866) – ბოტანიკოსი, ზოოლოგი და პალეონტოლოგი, რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომი.
62. სურამის ციხე – შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე სურამულის მარცხენა ნაპირზე, როგორც სტრატეგიული პუნქტი იხსენიება 1625 წლიდან, როდესაც ის გიორგი სააკაძემ გაამაგრა სპარსელთაგან თავის დასაცავად. უძველესი დროიდან სურამის ციხეზე არსებობს თქმულება, თითქოს მისი უძლეველობის მიზეზი მის კედლებში ცოცხლად ჩაკირული დედისერთა ვაჟი. მის საფუძველზე დაიწერა დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“.
63. ერნსტ ფონ შტიკელბერგი (1814-1870) – რუსეთის არმიის არტილერიის გენერალი, გრიგორი გაგარინის ნახატების ალბომს – – „Le Caucase pittoresque. Dessiné d'après nature par le Prince Grigori Grigorievitch Gagarine. Texte par le Comte Ernest Stackelberg. Paris: Imprime par Plon Freres, 1847“. – ერთვის მისი მეტად საინტერესო გამოკვლევა კავკასიის შესახებ.
64. თებე – ძველი ეგვიპტის დედაქალაქის (ძვ. წ. XX XX სს) ბერძნული სახელწოდება, მდებარეობდა ნილოსის აღმოსავლეთ სანაპიროზე, თანამედროვე ქალაქ ლუქსორის ადგილას.
65. ავტორი აქ და შემდეგაც უზუსტობას უშვებს, უნდა იყოს დავით IV საქართველოს მეფეს 1089-1125 წლებში.
66. იუსტინიანე I — ბიზანტიის იმპერატორი 527–565 წლებში.
67. ბიჭვინთა.
68. ბიჭვინთის საეპისკოპოსოს ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის (X ს.) გარეგნული იერსახე საქართველოს სხვა ძეგლებისაგან განსხვავებით, გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს ბიზანტიურ შენობებთან.
69. ავტორი გულისხმობს არგვეთის მთავრებს დავითსა და კონსტანტინეს, რომლებმაც არ უარყვეს ქრისტიანობა. 740 წლის 2 (15) ოქტომბერს ისინი მურვან-ყრუს ბრძანებით აწამეს.
70. ავტორის შენიშვნა: „ბ-ნი ბროსე Voyage archéologique ში გვაძლევს გენათის (Ghénathi) მთავარი ეკლესიის ჩანახატს და ყველა წარწერის ინტერპრეტაციას. თავის ატლასში დიუბუა დე მონპერემ წარმოადგინა მონასტრის სხვადასხვა დეტალები და ხედი. Caucase pittoresque-ში არის ლამაზი ნახატი, სადაც წარმოდგენილია წმ. ქალწულის ეკლესიის ფრესკები. ეჭვს იწვევს ამ გამოსახულებების წარწერებიდან შემორჩენილი ზოგიერთი წარწერის სიზუსტე. ჩანს, ფიგურები ნაწილობრივ უფრო გვიან უნდა გადაეღებათ. დავით II-ს ფიგურა, რომელსაც მარცხენა ხელში უჭირავს თავის მიერ აღდგენილი ეკლესიის მოდელი, მან ეჭვს არ იწვევს“.
71. ალექსი კომნენოსი (1056-1118) – ბიზანტიის იმპერატორი 1081-1118 წლებში.
72. ავტორის შენიშვნა: „ეს გამოსახულება, ძლიერ სათაყვანო გენათში, ადრე ქართლის ერთ-ერთ ეკლესიაში იყო. თავისი XI ანგარიშის მე-19-ე გვ-ზე ბ-ნი ბროსე გვაძლევს მის წარწერას. გადმოცემით, ის შემკული ყოფილა მუსლიმი სულთნისათვის ომის ველზე წართმეული პატიოსანი თვლებით. გენათის გამოსახულებების ჩამონათვალში, ბ-ნი ბროსე უმატებს ბიჭვინთის ღვთისმშობლისას“.
73. მღვდლის სამოსი.
74. იგულისხმება შვეიცარელ-იტალიელი არქიტექტორი გასპარ ფოსატი (1809-1883).
75. ღირსი მამა გერასიმე იორდანელი (V ს.) მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, წარმოშობით იორდანიის ლიკიიდან (მცირე აზია), ბერად აღიკვეცის შემდეგ თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) განმარტოვდა, გამოირჩეოდა განსაკუთრებული ასკეტიზმითა და უბრალოებით. უდაბნოში მყოფმა მამა გერასიმემ უმკურნალა ლომს, რომელსაც თათში ხიჭვი შერჭოდა, გამოკეთების შემდეგ ლომი წმინდა მამას აღარ მოშორებია.
76. დავით აღმაშენებლის საფლავის ქვაზე ამოკვეთილია ფსალმუნის სიტყვები: „ქრისტე, ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, რამეთუ მთნავს ესე, ამასა დავემკვიდრო მე“ (ბ. ლომინაძე. გელათი. თბილისი, „ცოდნა“, 1959, გვ. 7)
77. ჭიშკარზე აბმული იყო რკინის კარი, რომელიც მეფე დემეტრე პირველს, დავით აღმაშენებლის შვილს, 1138-1139 წელს განძის აღების შემდეგ ქალაქისთვის მოუხსნია და აქ მოუტანია როგორც ნადავლი (ბ. ლომინაძე - გელათი. თბილისი, გამომცემლობა "ცოდნა", 1959, გვ. 9)
78. 1 კვადრატული ფუტი უდრის 0.093 მ-ს. 10,000 კვადრატული ფუტი უდრის 930 მ2-ს.
79. ავტორის შენიშვნა: „მცენარეებს შორის გამოარჩევ დაფნას, ბზას, ბაძგს (ჩხერს), წიფელს, ცირცელს, ვაზს და სხვ., რომლებიც ლაბირინთს ქმნიან“.
80. გომიჯი – საფუარის გარეშე ნაღვერდალში გამომცხვარი უმარილო მრგვალი პური.
81. მანერკა (la manerka) – სალაშქტო მეტალის მათარა თავსახურით, წყლის ან ღვინის დასალევად.
82. 1 ლივრი დაახლოებით 0,5 კგ-ს ტოლია.
83. იგულისხმება რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი თავადი ალექსანდრე გაგარინი (1801-1857), მისი მეორე ცოლი იყო ანასტასია (1825-1907), ქართველი თავადის, დავით ორბელიანის ქალიშვილი.
84. კონსტანტინე დადიშქელიანმა (1826-1857), სვანეთის უკანასკნელი მთავარმა, 1857 წელს ცარიზმის მიერ სვანეთის სამთავროს გაუქმებასა და მთავრის საქართველოდან გასახლების განზრახვასთან დაკავშირებით მოკლა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი ალექსანდრე გაგარინი და მისი სამი მხასური. 1857 წლის შემოდგომაზე სამხედრო-საველე სასამართლოს გადაწყვეტილებით დადიშქელიანი ქუთაისში დახვრიტეს.
85. ლიგნიტი – დაბალი ხარისხის მურა ქვანახშირი.
86. კავკასიის, ყირიმისა რუსეთ-თურქეთის ომების მონაწილე რუსი გენერლის, თავად დიმიტრი სვიატოპოლსკ-მირსკის (1825-1899) მეუღლე იყო სოფიო იაკობის ასული ორბელიანი (1831–1879), რომელსაც ათი და ჰყავდა. ძნელი დასადგენია, რომელ მათგანს შეხვადა ფლორიან ჟილი.
87. ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზია დაარსდა 1847 წელს.
88. 1724 ოსმალებმა აქ არსებული ციხესიმაგრე კიდევ უფრო გაამაგრეს და სუხუმ-კალე (სოხუმის ციხე) უწოდეს. 1810 სოხუმი რუსეთის ჯარმა გაათავისუფლა. XIX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო სოხუმის აღორძინება. 1832 წელს გაიხსნა საბაჟო. 1846 ნავსადგურად გამოცხადდა. 1847 წლიდან ქალაქის სტატუსი მიიღო.
89. ავტორის შენიშვნა: „ამ მხარის მცენარეულობა გამორჩეულია. ევროპისა და აღმოსავლეთის ხეხილი იქ ველურად ხარობს: ვაშლი, ქლიავი, კაკალი, თხილი, ატამი, გარდარი, კომში, ლეღვი, ბროწეული. აყვავებულ ბუჩქებს შორის ხარობს დაფნა, ჟასმინი და სხვ. ტყეები შესანიშნავია, მთებში მუხა, წიფელი, იფანი, ნაძვი იზრდება, დაბალ რეგიონში – ფიჭვი; საუკეთესო ბზა, რომელიც სამეგრელოში ხარობს, ევროპასთან სავაჭრო საქონელია. აფხაზები სამ ფუთ ბზას ერთ ფუთ მარილში ცვლიან“.
Комментариев нет:
Отправить комментарий