ჟ. ფ. გამბა დაიბადა 1763 წლის 26 დეკემბერს საფრანგეთის ქალაქ დიუკერკში, ვაჭრის ოჯახში. საშუალო განათლება ჟიუილის სამონასტრო კოლეგიუმში მიიღო, უმაღლესი კი – პარიზსა და ლაიფციგში. მამის გარდაცვალების შემდეგ სათავეში ჩაუდგა მის სავაჭრო ფირმას. ფირმა ხე-ტყეს აწვდიდა საფრანგეთის გემთმშენებლობას. გამბას ფირმას განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ვოგეზებში შპალერის წარმოების დაწინაურებაში. საფრანგეთის რევოლუციის წლებში გამბას ფირმა გაუქმდა. ამის შემდეგ გამბამ ჯერ ევროპაში იმოგზაურა, შემდეგ კი პარიზში დასახლდა და მთარგმნელობით საქმიანობას მიჰყო ხელი. ამასთან დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის ადგენდა ფინანსურ საბუთებს.
ბურბონთა რესტავრაციის დროს გამბამ შეადგინა და მთავრობას წარუდგინა ინდოეთთან ვაჭრობის გაუმჯობესების პროექტი. პროექტი ითვალისწინებდა კავკასიაზე გამავალი სატრანზიტო გზის გამოყენებას. ამ პროექტმა დააინტერესა მინისტრი რიშელიე, რომელიც მანამდე ოდესის გუბერნატორი იყო. რიშელიეს წინადადებით 1817–1818 წლებში გამბამ იმოგზაურა სამხრეთ რუსეთში, მოიარა ქალაქები – ოდესა, ნიკოლაევი, ხერსონი, ტაგანროგი, ნახჭევანი, ნოვოცერკასკი, აჰყვა დონს კალაჩამდე და შემდეგ ვოლგით ასტრახანამდე ჩავიდა. აქედან თერგის სანაპიროებით მივიდა მოზდოკს, შემდეგ კი ყუბანის გავლით ტამანს მიაღწია. ამ მოგზაურობის ბოლო ტაპი იყო ქერჩი, ფეოდოსია, სიმფეროპოლი და ოდესა. 1918 წელს გამბა პარიზში დაბრუნდა. მოგზაურობის დროს შესრულებული ჩანაწერების ნაწილი მან გამოაქვეყნა ჟურნალში Nouvelles annales de voyages.
რიშელიეს აზრით საფრანგეთის სავაჭრო ფირმებს ეტი ყურადღება უნდა მიექციათ საქართველოსთვის, რომელიც მისი აზრით შეიძლება გამხდარიყო ევროპა-აზიის ვაჭრობის მთავარი სატრანზიტო ღერძი. ამ თვალსაზრისის და ამიერკავკასიის სავაჭრო ინტერესებისთვის გამოყენების შესაძლებლობის შესასწავლად რიშელიემ მეორედ გაუშვა გამბა მოგზაურობაში 1819–24 წლებში. 1820 წელს გამბა კვლავ ოდესაში ჩავიდა, აქედან ნოვოჩერკასკაზე გავლით მოზდოკამდე მივიდა და შემდეგ საქართველოს სამხედრო გზით თბილისში ჩავიდა.
გამბა იყო კახეთსა და ქუთაისში. 1821 წლის 8 ოქტომბერს ამიერკავკასიაში გარკვეული ვადით დაწესდა შეღავათიანი ვაჭრობა და ტრანზიტი. გამბა იყო ამ კანონის კანონის მთავარი ინიციატორი. რუსეთის მთავრობამ აჯამეთთან მას გამოუყო 16 ათასი დესეტინა სახნავი მიწა და ტყე მეურნეობის მოსაწყობად. გამბა მიწას გასცემდა იჯარით და ხე-ტყითა და შეშით ამარაგებდა ადგილობრივ სამხედრო უწყებას. შეღავათიანი ვაჭრობის შემოღებისთანავე საფრანგეთის მთავრობამ გამბა დანიშნა კონსულად თბილისში. ის ეხმარებოდა ფრანგ ვაჭრებსა და მრეწველებს, რომლებიც ამიერკავკასიაში ცდიდნენ ბედს, მაგალითად კასტელს. ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის ის დააჯილდოეს საპატიო ლეგიონის ორდენით.
1824–1826 წლები გამბამ პარიზში გაატარა და იქ გამოსცა თავისი მოგზაურობის აღწერა ორ ტომად, რომლის სრული სათაური იყო „მოგზაურობა სამხრეთ რუსეთში, კერძოდ მაიერკავკასიაში, რომელიც განახორციელა 1820–24 წლებში შევალიე გამბამ, მეფის კონსულმა თბილისში. ოთხი გეოგრაფიული რუკით“. ნაშრომში გადმოცემული არის ეკონომიურ, ეთნოგრაფიული და ისტორიული ხასიათის ცნობები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოზე, ჩრდილოეთ კავკასიაზე. მოცემული აქვს აგრეთვე თბილისის, ქუთაისის, სოხუმის, რედუტკალეს (ყულევი), გელათის, სიღნაღის, თელავის, წინანდლისა და სხვა ადგილების აღწერა; აფხაზეთის, სამეგრელოს, იმერეთის რუკები; ეკლესიების და ციხეების ჩანახატები.
1831 წელს რუსეთის ფინანსთა მინისტრი გახდა კანკრინი, რომელმაც გააუქმა ეღავათიანი ვაჭრობის კანონი. 1833 წელს გამბა გარდაიცვალა ქუთაისში. მას დარჩა ქალიშვილი შარლოტ გამბა.
თავი I
პარიზიდან გამგზავრება. – მოზდოკში ჩასვლა. ამ ქალაქის აღწერა. გადასასვლელი თერგზე. ვლადიკავკაზი. ბალთა. ლარსი. დარიალის ხეობა. ამ ადგილის აღწერა. ყაზბეგი. კობში ჩასვლა.
1819 წლის 12 ოქტომბერს პარიზიდან გამოვემგზავრე. გავიარე ავსტრია, მორავია, გალიცია, პოდოლი და ვოლინი, ჩავედი ოდესაში და ზამთარი იქ გავატარე. 1820 წლის მაისში დავტოვე ეს ქალაქი და რამდენიმე დღით ტაგანროგში და დონის კაზაკების მთავარ ქალაქში - ნოვოჩერკასკში შევჩერდი. შემდეგ დიდი გაჭირვებით გადავლახე აქსაისთან დონი, რომელიც ამ დროისათვის თავისი ჩვეული კალაპოტიდან ერთ ლიეზე მეტით იყო გადმოსული. 1820 წლის 8(20) მაისს მოზდოკში ჩავედი.
მოზდოკი ერთი მოზრდილი სოფელია, რომელიც ჩრდილოეთის განედის 430 43’ 40-ზე და რკინის კუნძულის გრძედის 610 30’–ზე მდებარეობს. სახლები აქ ძირითადად ხისაგან ან წნულისაგანაა აგებული და ერთმანეთისაგან ბაღებითა შემოღობილი ადგილებითაა გამოყოფილი. მოზდოკი რუსებმა 1763 წელს გააშენეს – ორი წლის თავზე მას შემდეგ, რაც მცირე ყაბარდოს მთავარმა მურზა კორჩოკ კონჩოკინმა ეს ტერიტორია, ანუ მისივე სამფლობელოს ნაწილი, რუსებს დაუთმო.
ძველი მოზდოკის ნანგრევები ახალი ქალაქიდან შვიდი ვერსის დაშორებით მდებარე ტყეშია განლაგებული. ქალაქში აგებული ციხესიმაგრე ამ ადგილს მთიელთა თარეშისაგან ადვილად იცავდა, ევროპულ ჯარს კი წინააღმდეგობას ვერ უწევდა. ამის გამო, ამ ადგილის გამაგრების მიზნით, გადაწყვიტეს თერგის შემობრუნება და მისი გალავნის გარშემო გატარება. მაგრამ დაუდევრად შესრულებულ მშენებლობას სხვა შედეგი არ მოჰყოლია, გარდა იმისა, რომ ქალაქის გარეუბნებში გაჩნდა ჭაობები, რამაც მკვეთრად გააუარესა კლიმატური პირობები, ამის გამო კი აქ დროებით ჩამოსახლებულ უცხოელებში ციებცხელების დაავადება გავრცელდა. ქალაქი თერგის ზემოთ რამდენიმე ტუაზის სიმაღლეზეა გაშენებული. მას გარშემო აკრავს ვაკე, მიწა ნაყოფიერია; მოჰყავთ ხორბალი, ქერი, დიდი რაოდენობით ფეტვი და თამბაქო. აშენებენ ცხენებს და სხვა პირუტყვს.
მოზდოკის მოსახლეობა დაახლოებით ხუთი ათას სულს შეადგენს. აქ ცხოვრობენ ქართველები, სომხები და კავკასიის უძველესი მკვიდრნი; გარდა ამისა აქ საკმაოდ მრავალრიცხოვანი რუსული გარნიზონია ჩაყენებული. ქართველები და სომხები მიწათმოქმედებას და ვაჭრობას მისდევენ. მათი უმრავლესობა მოზდოკში მას შემდეგ დამკვიდრებულა, რაც 1795 წელს ულმობელი ევნუხი მაჰმად-აღა საქართველოში შემოიჭრა და თბილისი დაარბია. მოზდოკში მცხოვრები თითქმის ყველა ოსი, ყაბარდოელი და ლეკი აქ ჩამოსახლებულა მათ მიერ, ან მათი ახლობლის მიერ ჩადენილი მკვლელობის გამო, რადგანაც თავიანთ ქვეყანაში ისინი სიკვდილს ვერ აიცდენდნენ. ამ მთიელთა შორის, ისევე როგორც კორსიკასა და აზიის უმეტეს ნაწილში, სისხლის აღების წესია გავრცელებული. თუკი დამნაშავეს ვერ შეიპყრობენ, მის მაგივრად მისი ოჯახის წევრზე იძიებენ ხოლმე შურს. რუსეთის მმართველობამ ამ ბარბაროსებს მშვიდობიანი ცხოვრების წესი შეუქმნა და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მოსახლეობის, ალბათ, ერთი მეოთხედი მაინც მკვლელია, მკვლელობის შემთხვევები აქ ძალზე იშვიათია. ადგილობრივი სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა ადამიანის საარსებოდ საკმარის სარჩოს იძლევა. ხშირად ერთი „ჩეტვერტი“ ხორბალი მხოლოდ 7-8 ფრანკი ღირს; ერთი გირვანქა ხორცი – 2 სუზე ნაკლები; ვიკუნიას ფერის, აქლემის ბეწვის მაუდისაგან დამზადებული და წვრილი სირმით გაწყობილი ჩერქეზული ტანსაცმელი – 25 ფრანკი, ხოლო ერთი წყვილი წაღა – არა უმეტეს 4 ფრანკისა.
მოზდოკის მოსახლეობა ერთმანეთისაგან განსხვავდება რელიგიით, ზნეჩვეულებებითა და ენით. რუსები და ქართველები ბერძნულ წესს მისდევენ, მთიელთა უმრავლესობა კი შიიტი მუსლიმები არიან. თუმცა ყურანის მიერ დაკანონებულ წეს-ჩვეულებებში ბევრია ქრისტიანული ელემენტებიც. კათოლიკებს, რომელთა შორისაც საკმაოდ მრავლად არიან სომხები, მცირე რაოდენობით – ქართველები და აგრეთვე პოლონელი სამხედროები ან რუსეთის ჯარის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული პირები, აქვთ ერთი ეკლესია, რომელსაც ასევე ერთი იეზუიტი ემსახურება. ერთ-ერთი იეზუიტი იყო პატრი ვიაჩესლავ პოლოვი – ღვთისმოსაობითა და სათნოებით აღსავსე სამაგალითო პიროვნება. ხაზის1 მთელი მოსახლეობა, განურჩევლად აღმსარებლობისა, მას დიდი მოწიწებითა და პატივით ეპყრობა. იგი ბევრს მოგზაურობს იმ მიზნით, რომ სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში გაფანტულ პოლონელებს სულიერი დახმარება გაუწიოს; იცავს მარხვას, თრგუნავს საკუთარ სულს, რაც მის ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს. მეორე იეზუიტი, პატრი ანრი, დაბადებულია ნამიურში. მაიორმა ჯონსონმა, რომელმაც 1817 წელს ინდოეთიდან გზად მოზდოკი გაიარა, ჯეროვანი შეფასება მისცა ამ ბერის გმირულ მხნეობას: 1812 წლის ჟამიანობის დროს იგი არ შეუშინდა საფრთხეს და შავი ჭირით დაავადებულთ სარწმუნოებრივი და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. მაშინ, როცა შიშმა ყველას გაუქვავა გული და, აზიაში საყოველთაოდ გავრცელებული წესის თანახმად, სენშეყრილს ნათესავები და ახლობლები ბედის ანაბარა ტოვებდნენ, პატრი ანრი ერთადერთი იყო, ვინც დაავადებულებთან მიახლოებას არ ერიდებოდა და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მზრუნველობას არ აკლებდა მათ. ამასთანავე, ქვეყანაში სენის გავრცელების საშიშროებისაგან თავდასაცავად, უპატრონოდ მიტოვებულ მიცვალებულებს ან თვითონვე მარხავდა, ან თვალყურს ადევნებდა მათ დაკრძალვას.
ბ-მა კლაპროთმა, რომელმაც ამ მხარეში 1807–1808 წლებში იმოგზაურა, ნათლად დაგვანახა, თუ როგორი ნიჭიერება გამოუჩენია პატრ ანრის სომხური ენის შესწავლისას. მოზდოკში ყოფნის ცხრა თვის თავზე – გვიამბობს მოგზაური, – ამ ბერს, თურმე, უკვე შეეძლო სომხურ ენაზე ექადაგა. ამავე დროს, თავისი მიზანი რომ განეხორციელებინა – მოექცია კავკასიის ხალხები ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, – მას ყაბარდოული და ოსური ენები და კავკასიაში გავრცელებული ზოგიერთი ადგილობრივი კილოკავიც შეუსწავლია. მაგრამ ამ განზრახვის განსახორციელებლად მას დასაყრდენი ვერ უპოვნია, მთებში წასასვლელად ნებართვაც კი ვერ მიუღია და ამის გამო მეცადინეობაც შეუწყვეტია. საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ იგი ჩაიფერფლა, როგორც ფილოლოგებისათვის გამოუყენებელი ძვირფასი მასალა.
პატრმა ანრიმ იმდენად გააღვივა თავისი სამწყსოსა და თვით რუსი ოფიცრების გულმოდგინება და კეთილშობილება, რომ მოზდოკში გუმბათიანი ეკლესიის აგებაც კი მოახერხა. ამ მხარეში ეს საუკეთესო ნაგებობაა. ეკლესიის გალავნის შიგნით საკმაოდ დიდი შენობაც დგას, სადაც საქართველოში მიმავალი მოგზაურები ჩერდებიან. ჩვეულებრივ, ისინი პატრებთან ერთად ერთ ოჯახად ცხოვრობენ, გამგზავრებისას კი პატრები მათგან არავითარ გასამრჯელოს არ ითხოვენ, თუმცა უარს არ ამბობენ, თუკი მოგზაურები წყალობის სახით რაიმეს გაიღებენ.
მოზდოკში ჩემი ყოფნისას აქ ჩამოვიდა ორი ინგლისელი – მაიორი ლინდსეი და მაკინტოში. ისინი თავრიზიდან მოდიოდნენ და კავკასიაზე გზად გაიარეს. პირველ მათგანს, – უფლისწულ აბას-მირზას სამსახურში მყოფ არტილერიის ოფიცერს, თავრიზში გახსნილი ჰქონდა საარტილერიო სკოლა. უფლისწულს თავისი ჰარამხანიდან მისთვის საჩუქრად უბოძებია ერთი ქართველი ქალი, რომლისაგანაც ლინდსეის სამი შვილი შესძენია. მათგან ორი დედასთან დარჩენილა, ხოლო მესამე მაიორს თან ახლდა2. იგი ბრუნდებოდა ინგლისში, რათა ერთ-ერთი ბიძისაგან, ბეთუნის ცნობილი საგვარეულოს შთამომავლისაგან, მემკვიდრეობა და გვარი მიეღო.
მაიორი მაკინტოში ქვეითი ჯარის სახელგანთქმული ოფიცერი გახლდათ. ამბობდნენ, რომ როდესაც სერინგაპატამზე მას პირველს მიუტანია იერიში, მის გადამეტებულ გულმოდგინებას უფროსი ოფიცრის უკმაყოფილება გამოუწვევია. მათი დუელის შემდეგ მაკინტოში იძულებული გამხდარა ასეული დაეტოვებინა და აბას მირზას სამსახურში შესულიყო. უფლისწულს მისთვის სპარსეთის ქვეითი ჯარის ევროპულ ყაიდაზე გაწვრთნა დაუვალებია.
ბ-ნი ლინდსეი და ბ-ნი მაკინტოში თავაზიანი და გულღია ადამიანები იყვნენ. სამი დღე საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჩვენს შორის ახლო ურთიერთობა დამყარებულიყო. მაიორმა მაკინტოშმა, რომელიც შესანიშნავად ხატავდა, მაჩვენა მის მიერ შესრულებული კავკასიის ორი პეიზაჟი და ჩანახატები სხვადასხვა ხალხის ჩაცმულობისა, რომელთაც იგი თავისი მოგზაურობისას შეხვედრია. ამ ორ ინგლისელს ნანახი ჰქონდათ პერსეპოლისი და აღტაცებით საუბრობდნენ მისი დიდებული ნანგრევების შესახებ. მათ მომცეს ქვის ნამტვრევები, რომლითაც ეს ქალაქი იყო აგებული. ეს იყო ძალზე პრიალა ბაზალტის ქვები.
ინგლისელ მაიორებს თან ჰქონდათ სპარსეთის ჯარისკაცების სამხედრო ფორმის სხვადასხვა ნიმუში. ყველაფერი, რაც კი ამ ფორმისათვის იყო საჭირო, – ცისფერი მაუდი, კაშკაშა წითელი საღებავი მოსართავებისათვის, სარჩული თუ ღილები, – ინგლისის ფაბრიკებში მზადდებოდა, ხოლო შეკერილი ტანსაცმელი სპარსეთის ყურის ნაპირზე მდებარე პორტის – ბენდერ-ბუშირის გავლით ჩაჰქონდათ სპარსეთში.
მრეწველობაში დაწინაურებული ამ ერის ურთიერთობა გარე სამყაროსთან, მოგზაურობები, ადმინისტრაციული ღონისძიებები, ყველანაირი მოქმედება თუ გადაწყვეტილება, თვით ქველმოქმედებაც კი, სავაჭრო ინტერესებს ემსახურება, რაც მისი ძლევამოსილების ჭეშმარიტი წყაროა. მოზდოკში ჩავედი ეტლით, რომელიც კავკასიის ცუდი გზების კცალობაზე ძალიან მძიმე წონისა იყო. მაიორმა ლინდსეიმ მთხოვა, ეს ეტლი მისთვის დამეთმო, თანაც სწორი რჩევაც მომცა – მესარგებლა მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი ეტლებით. თბილისში გასამგზავრებლად ერთი „ბრიჩკისა“3 და ერთი „პოვოზკისათვის“ (დაბალთვლებიანი პატარა ურიკა) რვა ცხენი გვჭირდებოდა. მოზდოკიდან ოთხმოცდაათი ვერსით დაშორებულ ვლადიკავკაზამდე სამგზავროდ, კერძო გარიგებით, 76 მანეთი და 80 კაპიკი გადავიხადეთ. ბრიჩკაში“ მოვთავსდით ოდესელი ვაჭარი ბ-ნი მორო, რუსული ენის თარჯიმანი ბ-ნი გიბალი და მე. ჩემი ვაჟიშვილი და აღმოსავლური ენების თარჯიმანი – ახალგაზრდა ქართველი „პოვოზკაში“ ჩასხდნენ, აქვე მოვათავსეთ ჩვენი ბარგის ნაწილიც.
1820 წლის 15 (27) მაისს, შაბათს, ჩვენი გამგზავრებისათვის დანიშნულ დღეს, მოზდოკში ჩამოვიდა არტილერიის გენერალი მერლინი, რომელიც გეორგიევსკში ყოფნისას გავიცანი. იგი კობამდე განლაგებული საგუშაგოების დასათვალიერებლად მიემგზავრებოდა. ჩვენ დიდად დავალებულნი ვართ მისგან მოგზაურობის დროს ჩვენს მიმართ გაწეული დახმარების გამო.
ბადრაგა, როგორც წესი, ყოველ შაბათ დღეს, დილით გადის ხოლმე. ამ დღეს კი მან მხოლოდ საღამოს ხუთი საათისათვის მოახერხა გამგზავრება4. ღამის გათევას თერგს გაღმა, მოზდოკიდან ორი ვერსით დაშორებულ ციხესიმაგრეში ვაპირებდით. თერგი ძალზე სწრაფი მდინარეა. იგი კავკასიის უმაღლესი მწვერვალებიდან მოედინება. მისი წყალი, ჩვეულებრივ, მღვრიეა, მაგრამ სასმელად უვნებელია, თუკი მას ჭურჭელში ჩაასხამენ და რამდენიმე დღეს გააჩერებენ, რის შედეგადაც წყლის შემადგენელი კირისა და ლითონის ნაწილაკები ჭურჭლის ფსკერზე ილექება.
წლის ამ დროს თოვლის დნობის გამო ადიდებულმა თერგმა ორი ბორანიდან ერთ-ერთი წაიღო. მდინარეზე გადასვლა მეორე ბორნით მოგვიხდა. ბორნები მთავრობის საკუთრებაა, გადასვლა კი უფასოა5. აქ, ისევე როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, თვალში მეცა ის გარემოება, რომ რუსეთის ადმინისტრაცია, როგორც ჩანს, უფრო ნაკლებად ფისკალურია, ვიდრე სხვა რომელიმე ევროპული სახელმწიფოს ადმინისტრაცია.
მთელი დღის განმავლობაში ბორანს იყენებენ საქართველოში განლაგებული ჯარისათვის განკუთვნილი ფქვილით დატვირთული დაახლოებით ასი ურმის გადასაყვანად. გადაჰყავთ აგრეთვე თბილისისაკენ მიმავალი ეტლებიც, რომელთაც ბადრაგა მიაცილებს. თერგის ნაპირებს იმ დროს მივუახლოვდით, როცა საურმე ხარები მდინარეზე ცურვით გადადიოდნენ. ზოგიერთი მეხრე, ვინც მარჯვედ ცურავდა, ხარებს წყალში შერეკავდა, შემდეგ თვითონ გადაეშვებოდა მდინარეში, ყვირილით აქეზებდა მათ და უკან რომ არ გამობრუნებულიყვნენ, გრძელ სახრეს უტყლაშუნებდა. როგორც კი ხარები მდინარის შუამდე მიაღწევდნენ, მათ დინება ჩაითრევდა, თან გაიყოლებდა და მალე ისინი გაღმა მხარეს, საკმაოდ სწორ ნაპირზე აღმოჩნდებოდნენ. ამის შემდეგ ხარები თავთავიანთ ურემთან და პატრონთან მიდიოდნენ. გოლბერის ცნობით, სწორედ ამგვარი წესით გადადიან ხოლმე მავრები და ზანგები მდინარეებზე შიდა აფრიკაში თავიანთი ხარებით, ცხენებითა თუ აქლემებით.
შეიკრიბა თუ არა ბადრაგის ყველა მგზავრი, ქარავანი გზას გაუდგა. ავანგარდს ქმნიდა ათიოდე ცხენოსანი კაზაკი. ისინი წინ მიუძღოდნენ ორ საარტილერიო ქვემეხს. თითოეულ მათგანში ოთხ-ოთხი ცხენი იყო შებმული; მათ თან ახლდნენ მეზარბაზნეები და ორმოცდაათი ქვეითი ჯარისკაცი. შემდეგ მოდიოდნენ მოგზაურთა ეტლები, ორმოცდაათი ყაბარდოული ცხენი, რომელთაც ჩერქეზები მიერეკებოდნენ და ფქვილით დატვირთული ასი ურემი. მსვლელობა მთავრდებოდა ორმოცდაათი ქვეითი ჯარისკაცისა და რამდენიმე კაზაკისაგან შემდგარი რაზმით.
ამ დღეს მხოლოდ ორი ვერსი გავიარეთ და მივადექით სიმაგრეს, სადაც ღამე უნდა გაგვეთია. აქ მხოლოდ და მხოლოდ სამი შენობა იდგა. გენერალმა ერთი ოთახი გამოგვიყო. სამხრეთ რუსეთში, განსაკუთრებით კი აზიის პროვინციებში, მოგზაურებს ასეთი წესი აქვთ: მათ თან დააქვთ ლეიბები და საჭირო სურსათ-სანოვაგე. ჩვენც დავიჭირეთ თადარიგი და ამ წინდახედულობის წყალობით გზაში მაინცდამაინც არ გაგვჭირვებია.
ამ მხრივ დიდი სხვაობაა ორ ახლადწარმოქმნილ ქვეყანას – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სამხრეთ რუსეთს შორის: ამერიკაში, კოლონისტები მოიხილავენ და აითვისებენ თუ არა რომელიმე მხარეს, იქ მაშინვე ჩნდება სასტუმრო-ქულბაქები და საზოგადოებრივი დანიშნულების ეტლები. ამგვარად, მოგზაურს აღარ სჭირდება თან იქონიოს საკუთარი ეტლი თუ სხვა აღჭურვილობა, რაც თავისთავად დიდ ხარჯებთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული; რუსეთის ამ პროვინციებში კი, მიუხედავად იმისა, რომ იგი (რუსეთი) უკვე ოცი წელია აქ დამკვიდრდა, არ არსებობს არავითარი შეღავათი ან რაიმე ხელშემწყობი პირობა მსუბუქად და დაუღლელად მოგზაურობისათვის.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამ სხვაობის ძირითადი მიზეზი გახლავთ ის, რომ ამერიკელი კოლონისტები არიან იმ ქვეყნიდან, სადაც ცივილიზაცია უმაღლეს დონეზეა; ხოლო სამხრეთ რუსეთის კოლონისტებს შორის ერთნი თვით რუსეთიდან არიან წამოსულნი, სადაც ჯერ კიდევ მომთაბარული ჩვევები და მისწრაფებებია გაბატონებული, სხვები კი – გერმანიიდან არიან, საიდანაც, საკუთარი ბედუკუღმართობით შეწუხებულნი, გაჭირვებას გამოქცევიან. დანარჩენი კოლონისტები კი ვაჭრები და სოფლის მეურნეები გახლავან. ყველა მათგანის ერთადერთი მიზანია ამ კოლონიებში დროებით თავის შეფარება და ცხადია, ისინი ნაკლებად ზრუნავენ ისეთი პირობების შექმნაზე, რითაც თვითონ არ ისარგებლებენ.ზემოთქმულს შემიძლია დავუმატო, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რაც ყველაზე მეტად უშლის ხელს აქაური პირობების გაუმჯობესებას, კოლონიებისათვის ადგილობრივი მმართველობის მხარდაჭერის ნაკლებობა გახლავთ. მაშინ, როდესაც მმართველთა ძირითადი ბირთვი და ადმინისტრაციის წარმომადგენლობა თავიანთი სამართლიანობით, სამსახურისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით გამოირჩევიან, როცა ამ ვრცელი იმპერიის მონარქები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა არ დაუშვან ვინმეს მხრიდან უფლებების გადაჭარბება, ამ დროს მეცამეტე თუ მეთოთხმეტე რანგის მოხელენი ბოროტად სარგებლობენ მათთვის ნაბოძები ძალაუფლებით. ადამიანთა ეს უხილავი ჩაგვრა კი, სწორედ იმიტომ, რომ იგი შეუმჩნეველია, არის მუდმივი და ვერავითარი ზედამხედველობითა თუ მეთვალყურეობით ვერ აღიკვეთება.
გენერალ მერლინს განზრახული ჰქონდა კვირას ღამე მოზდოკიდან სამოცი ვერსით დაშორებულ სიმაგრეში – ელისაბედსკოეში გაგვეთია. რადგანაც ძირითადად ქვეითი ჯარისაგან შემდგარი ჩვენი ესკორტი საათში ოთხ ვერსს ძლივს გადიოდა, ამიტომ ჩვენ ღამის ორ საათზე გავუდექით გზას. მთვარის შუქი გვწყალობდა და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადავიარეთ თერგიდან სამ ვერსზე მდებარე მცირე სიმაღლის ქედი. შემდეგ გადავჭერით ნათესებით დაფარული სწორი და ნაყოფიერი მინდორი. გადავლახეთ მეორე ქედიც, რომელიც პირველთან შედარებით ოდნავ მაღალი, მაგრამ უფრო ძნელად სავალი იყო. მასზე რამდენიმე ადგილას გზა თითქმის შვეულად იყო შეკიდული. სასაუზმოდ ერთ მშვენიერ წყაროსთან შევჩერდით. შორს, ჩვენს თვალწინ ხეებით დაფარული ულამაზესი ხეობა იშლებოდა.
რუსეთის ქვეშევრდომმა ყაბარდოელმა თავადმა, რომელიც ცხენების რემას მიერეკებოდა, 14 დუკატად მოგვყიდა რვა წლის საკმაოდ კარგი ცხენი. ჩემმა ვაჟმა ამ ცხენით იმგზავრა თბილისამდე. ფასზე თარჯიმანმა მოგვარიგა და ყაბარდოელმაც, ნიშნად თანხმობისა, ხელი ჩამოართვა მას.
ხეობაში ხუთი საათი ვიარეთ და შევჩერდით კონსტანტინოვსკაიას სიმაგრეში. ეს არის შვიდი-რვა ფუტის სიმაღლის მიწაყრილითა და უბრალო მესერით გარშემოვლებული ადგილი. თერგის ხაზზე და ამიერკავკასიის ქვეყნებში თითქმის ყველა ციხე სწორედ ამგვარადაა აგებული. თუკი რუსები ამ მთებში ქვის ციხესიმაგრეებს ააგებენ, ისინი არა მხოლოდ ადგილობრივთა შემოტევებს, არამედ დროის დამანგრეველ ზემოქმედებასაც გაუძლებდნენ და, ალბათ, ჩერქეზებსაც უფრო მეტ მოწიწებას შთააგონებდნენ. სუსტად გამაგრებული სადგომის ხილვისას კი მათ ამ სიმაგრეების იოლად დალაშქვრის ჟინი უჩნდებათ.
კონსტანტინოვსკაიადან შვიდი ვერსის მანძილზე დაბურულ ტყეში ვიარეთ. აქ უმეტესად მუხა, კოპიტი, ალვის ხე, ნეკერჩხალი და ვერხვი გვხვდებოდა. შემდეგ კი ვლდიკავკაზამდე გაშლილი ვაკეა. ნიადაგი აქ ძალზე კარგია და დასანანია, რომ ეს ადგილი დაუმუშავებელი და დაუსახლებელია. დაბლობის სიგანე დაახლოებით სამოც ვერსამდეა, სიგრძე კი აშკარად უფრო მეტია.
ამ მხარეში მიმავალ ბადრაგს ტყეში ჩასაფრებულ შეიარაღებულ მთიელთა მხრიდან თავდასხმის მუდმივი საფრთხე ემუქრება. ამიტომ მიზანშეწონილი იქნება, თუ ერთი ვერსის მანძილზე გზის ორივე მხარეს ხეებს მოჭრიან. საფრანგეთში ასეთი ღონისძიება გატარდა მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში, როცა განუწყვეტელი ომებისა და ჯარის ნაწილის დაშლის შედეგად ორლეანისა და სენ-ლისის ტყეები ყაჩაღთა ბუნაგებად გადაიქცნენ.
ღამე ელისაბედსკოეში გავატარეთ, ორშაბათს კი დილის შვიდ საათზე გავედით აქედან და შუადღისათვის ვლადიკავკაზამდე ოცდაორი ვერსი გავიარეთ.
ვლადიკავკაზის ციხე მოზდოკსა და თბილისს შორის მდებარე ყველა ციხესიმაგრისაგან განსხვავდება. იგი მტკიცედ არის ნაგები და კავკასიონის დიდი ქედის ძირში, ულამაზეს დაბლობზეა აღმართული. ციხე გაშენებულია მოგრძო, ოთხკუთხა ფორმის მოედანზე. აქვს საკმაოდ ფართო მთავარი შესასვლელი, რომელსაც ულამაზესი კარიბჭე ამშვენებს და ბოლოვდება პატარა გორაკით, სადაც კომენდანტის სახლი დგას. იგი მთელ დაბლობს გადაჰყურებს. ჩვენ დიდად კმაყოფილნი დავრჩით იმ მიღებით, რომელიც კომენდანტის თანამდებობაზე მყოფმა ოფიცერმა მოგვიწყო. იგი ხუთი წელია, რაც ამ პოსტზეა და ძალზე თავაზიანად ხვდება უცხოელებს, რომლებიც ყოველ კვირას თბილისიდან მოზდოკამდე ან რუსეთიდან საქართველოში მოდიან ხოლმე.
მოზდოკიდან თბილისში ეტლები იშვიათად დადიან. ამ გზაზე კაზაკთა სადგურებში მხოლოდ ცხენების შოვნა შეიძლება სამგზავროდ. საბედნიეროდ ვლადიკავკაზში, იმისათვის რომ აქედან ას ოთხმოცი ვერსით დაშორებულ თბილისში ჩავსულიყავით, მოვახერხეთ რვა ცხენის დაქირავება, რაშიც გადავიხადეთ 400 მანეთი ასიგნაციით (400 ფრ.). შიდა რუსეთში მოგზაურობის დროს ამ თანხის ნახევარიც კი არ დაგვიხარჯავს; ცხენები საუცხოო გამოდგა, მეეტლე კი გამრჯე და გაბედული. ასე რომ ცსენების დასაქირავებლად გადახდილი თანხა სულაც არ დაგვნანებია.
ვლადიკავკაზი ძველი ციხის ადგილზეა გაშენებული. ციხის წინ გადაჭიმული უზარმაზარი დაბლობი ძველად ჰუნებით იყო დასახლებული. ისინი აქ საუკეთესო ჯიშის ცხენებს აშენებდნენ.
რუსეთის მთავრობა რომ განახორციელებდეს პროექტს, რომელსაც მას სთავაზობენ, სახელდობრ: დღეისათვის დაუმუშავებელ ამ ნაყოფიერ დაბლობზე ვეტერან ჯარისკაცთა კოლონიას დააფუძნებდეს, ადგილ-ადგილ ციხესიმაგრეებს ააგებდეს მთიელთა შესაკავებლად და მათი თარეშის აღსაკვეთად, მოზდოკის მოსახლეობა გადაასახლებდეს თერგის მარჯვენა ნაპირზე, – მაშინ საჭირო აღარ იქნება ორასი კაცისა და ორი საარტილერიო ქვემეხისაგან შემდგარი ბადრაგა, რომელიც დღეს ესოდენ აუცილებელია ამ მთიან ადგილებში უსაფრთხო მოგზაურობისათვის.
ვლადიკავკაზში ოცდაოთხი საათი დავყავით და 18 (30)-ში ნაშუადღევის ორ საათზე კვლავ გავუდექით გზას. ციხიდან გამოვედით თუ არა, თერგზე გადავედით და მის მარცხენა ნაპირს ავყევით. შვიდი ვერსის გავლის შემდეგ მთის მწვერვალზე მდებარე სოფელ ბალთას მივაღწიეთ. აქ ვნახეთ კვადრატული კოშკი, რომელიც უძველეს ნაგებობას წარმოადგენს. იგი აგურითაა ნაგები და საკმაოდ მყარია. ბ-ნი კლაპროთის მიერ ნახსენები ხის ხიდი დღეს აქ აღარ არსებობს. სოფელი ბალთა ეკუთვნის ერთ-ერთ თავადს დონდარის საგვარეულოდან. ამ თავადების მამა მთიელთა შორის ცნობილი ყოფილა ავაზაკობითა და სისასტიკით. მისი ვაჟები კი რუსეთის ქვეშევრდომები არიან და ზოგიერთ მათგანს ჯარში სამსახურისას სამხედრო წოდებებიც კი აქვთ მიღებული. დონდართა საგვარეულო საკმაოდ მრავალრიცხოვანია.
ბალთიდან ლარსამდე თხუთმეტ ვერსს ანგარიშობენ. რაც უფრო ვუახლოვდებოდით ამ სოფელს, ხეობა მით უფრო ვიწროვდებოდა. ტყით დაფარული მთების ნაცვლად მხოლოდ მოტიტვლებულ კლდეებსღა ვხვდებოდით. ლარსი გაშენებულია ამაღლებულ ადგილას, საიდანაც ხელისგულივით მოსჩანს გზა. სოფელი ეკუთვნის დონდარის საგვარეულოს ერთ-ერთ წარმომადგენელს, სახელად ჯანკოტს. რუსეთის ქვეშევრდომობის მიღების შემდეგ მას გვარი დონდაროვად გადაუკეთებია.
ლარსი დარიალიდან შვიდი ვერსითაა დაშორებული. ამ სოფლებს შორის არსებული ხეობა ორ შვეულ კლდეს შორისაა მოქცეული. კლდე კირქვისა ან ფიქალისაა; აქა-იქ ქვები ერთმანეთზე შრეებად არის განლაგებული და მეტნაკლები სისქის ფენებისაგან შედგება. მთელი ხეობა უჭირავს თერგს, რომელიც საზარელი ხმაურით მიედინება. წარსულში მდინარის მარჯვენა ნაპირზე ვიწრო გზა არსებობდა, მაგრამ 1817 წელს ზვავის შედეგად გამძვინვარებულ მდინარეს წაულეკავს, მიმოსვლის აღსადგენად მდინარის ნაპირზე, წყლის უმაღლესი დონიდან რამდენიმე ფუტის სიმაღლეზე, ციცაბო კლდეებში ათი-თორმეტი ფუტის სიგანის გზა გაჭრეს და ქვემოდან ნაპირი კედლით გაუმაგრეს. როცა ჩვენ ამ გზაზე გავიარეთ, იგი ზვავისაგან ჩამოყრილი ქვებით იყო დაფარული. იქ, სადაც ციცაბო კლდე წმინდა გრანიტისაა, გზა სწორად კი არ არის გაჭრილი, არამედ, ბევრგან მდინარისაკენ დახრილად ეშვება. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ მთის ქანების კვეთა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და აგრეთვე ისიც, რომ სამუშაოს დაუდევრად ეკიდებიან. ამ ადგილას იძულებულნი გამხდარან ფართო, ღია თაღი გამოეკვეთათ და გზა გაეყვანათ სამი ტუაზის სიგრძის მქონე გვირაბით, რომლის სიმაღლე ისეთია, რომ ჩვენმა ეტლმა თავისუფლად გაიარა. ეს გვირაბი წმინდა სამების სახელს ატარებს.
გზის ეს მონაკვეთი იმდენად ვიწროა, რომ მასზე ერთდროულად მხოლოდ ორი ცხენი თუ გაივლის. გზას გაკეთებული აქვს მოაჯირი. ერთ ადგილას იგი ჩვენმა „ბრიჩკამ“ გაანგრია. რვა ჯარისკაცს რომ არ ემარჯვა და „ბრიჩკა“ დროულად არ დაეჭირა, უთუოდ მდინარეში გადავეშვებოდით. ორი შემხვედრი ეტლი ამ გზაზე დიდი სირთულის წინაშე აღმოჩნდება, რადგან, დაუდევრობის გამო, კლდეში ალაგ-ალაგ არ არის გაკეთებული საგანგებო შეღრმავებები, რომელთაც ვხვდებით ბოჰემიაში, ოსიგიდან ლოვოსიცისაკენ მიმავალ გზაზე, სადაც ეტლი ჩერდება შეღრმავებულ ადგილას და ელოდება შემხვედრი ეტლის გავლას.
ძველად გზა თერგის მარცხენა ნაპირზე, მთასა და დარიალის ზედა ციხის ნანგრევებს შორის გადიოდა. დღეს კი აქ სამჯერ უნდა გადახვიდეთ მდინარეზე ხის ხიდით, შემდეგ კი ხეობას გაუყვებით და მიადგებით ციხესიმაგრეს, რომელშიც დაახლოებით სამასკაციანი ქვეითი ჯარისა და რამდენიმე კაზაკისაგან შედგენილი გარნიზონია განლაგებული. ციხეს ყოველი მხრიდან გარს აკრავს მაღალი და თითქმის მთლიანად გაშიშვლებული ციცაბო მთები და ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს იგი ჭაშია ჩაშვებული. მთები ისე ახლო-ახლოა ერთმანეთთან, რომ ზაფხულის ყველაზე ხანგრძლივ დღეებშიც კი აქ მზე მხოლოდ რამდენიმე საათით თუ გამოჩნდება. ფოსტის უფროსმა ძალიან კარგად მიგვიღო, საცხოვრებელიც მოხერხებული იყო და ჩვენთვის საჭირო სურსათიც ზომიერ ფასებში შევიძინეთ.
დარიალის ძველ ციხესა და ახლანდელ ციხესიმაგრეს თერგი ჰყოფს. აქვე შემორჩენილია ქვის კიბის ნაშთი. ამ კიბით ჩადიოდნენ მდინარის ნაპირზე და თანაც ისე, რომ მეორე ნაპირზე განლაგებული მტერი მეციხოვნეებს ისრებით ვერაფერს ავნებდა. ადგილობრივი გადმოცემის თანახმად, ციხე დედოფალ დარიას ეკუთვნოდა. იგი თურმე გამვლელებისაგან დიდ გადასახადს კრეფდა, თანაც მგზავრთაგან თუ ვინმე მოეწონებოდა, თავისთან იტოვებდა და სარეცელს სთავაზობდა, ხოლო თუ ვინმეს უკმაყოფილებას შეამჩნევდა, მას უმალ თერგში გადაუშვებდა. ამ გადმოცემას, ცხადია, არავითარი ღირებულება არ გააჩნია. აქ სხვა რამ გახლავთ მნიშვნელოვანი: საკმარისია თვალი შეავლოთ დარიალს, რომ მის ადგილმდებარეობაში უმალ შეიცნობთ კარიბჭეს, ანუ კავკასიის კარს. ხოლო ლარსიდან დარიალამდე თითქმის ორი ლიეს მანძილზე გადაჭიმული ხეობა ხომ, უდავოდ, ის ხეობაა, რომლის დაცვაც ჰუნების მეფეებს ევალებოდათ, რისთვისაც ისინი წლიურ ჯამაგირს იღებდნენ ბიზანტიელი მონარქებისაგან. ლეონ I-მა უარი თქვა ამ გადასახადის გადახდაზე; ოდნავ მოგვიანებით კი ეს მნიშვნელოვანი პუნქტი ძალზე ზომიერ საფასურად ანასტასს შესთავაზეს, მაგრამ ვიდრე იმპერატორი მოთხოვნილ თანხასა და შესაბამის მანძილს ანგარიშობდა, მოვაჭრე მხარეებს შორის უფრო ფხიზელი მეტოქე გამოჩნდა: სპარსეთის ხელმწიფე კავადმა (ჩაბადე) ძალით ჩაიგდო ხელში კავკასიის ეს გასასვლელი ხეობა, კავკასიის კარი და კედელი, რომელიც, როგორც ირწმუნებიან, კავადს კავკასიონის მთისწინეთის მთელ სიგრძეზე აღუმართავს, საიმედოდ იცავდა სპარსეთსა და რომის აზიურ პროვინციებს სკვითების შემოსევებისაგან6. ამის გამო იუსტინიანე და კავადი შეთანხმდნენ, რომ თანხას თანაბრად გადაიხდიდნენ. პროკოპი ამბობს, რომ პირველი მათგანი სპარსეთის ხელმწიფეს უზარმაზარ თანხას აძლევდა ოქროთი. ეს შეთანხმება ძალაში რჩებოდა ხოსრო I-ისა და მისი ძის დროსაც, რომელიც ანუშირვანის სახელითაა ცნობილი და დიდად დაფასებულია აღმოსავლეთის ხალხებში.
ვიდრე რუსები მოზდოკიდან თბილისამდე გზას გაიყვანდნენ, ამ გზის მიმდებარე ტერიტორიებს ნაკლებად იცნობდნენ და ეგონათ, რომ დარიალის ხეობა მდებარეობს არა თერგზე, არამედ არაგვზე. მაგრამ არაგვი საწინააღმდეგო მიმართულებით მიედინება, რადგან სულ სხვა ადგილას იღებს სათავეს, ვიდრე თერგი და მტკვარს უერთდება უძველეს ქალაქ მცხეთასთან7. დარიალის გასწვრივ აღმართულ მთებში ხშირად შეხვდებით კავკასიის ჯიხვს ანუ დურაღს, ხოლო ამ მხარის სალ კლდეებში უამრავი ლომ-არწივი და მოზრდილი ჯიშის ორბი ბუდობს. დარიალის მიდამოები მდიდარია გრაფიტით, მაგრამ ქვეყნის მდებარეობა მისი დამუშავების საშუალებას არ იძლევა.
ვლადიკავკაზიდან ბარონ ჰუნგარნ ლივონელთან ერთად ვიმგზავრეთ. იგი საგზაო უწყების მაიორი გახლდათ და ხუთი წლის განმავლობაში ვლადიკავკაზში ცხოვრობდა. მას ევალებოდა კობის გადაღმა მხარემდე გზების მშენებლობა-შეკეთება. კავკასიის ამ ნაწილის შესახებ ჩემ მიერ შეგროვილი ზოგიერთი ცნობა სწორედ მან მომაწოდა.
დარიალიდან ოთხშაბათს 19 (31) მაისს გავემგზავრეთ და ვიარეთ ხეობაში, რომელიც წინა დღეს გავლილ ხეობასთან შედარებით ოდნავ უფრო ჭრმა იყო. შემდეგ თერგი მარჯვნივ ჩამოვიტოვეთ და გზა განვაგრძეთ ნაყოფიერ მხარეში, მაგრამ რადგან იგი დაუმუშავებელი და ნაკლებად დასახლებული იყო, აქ მგზავრობა ძალზე სახიფათოა. პეიზაჟი და თვით მთების სახეობაც წამდაუწუმ იცვლებოდა. დარიალიდან ორი ვერსის დაშორებით, ხელმარჯვნივ, თერგის გაღმა მხარეს შევნიშნეთ ყინულის დიდი მასა, რომელიც 1817 წელს დაძრული საშინელი ზვავის დროს ჩამოწოლილა. ზვავს ორ მეტრზე მეტი სიმაღლის ფართობი დაუფარავს და თერგიც გადაუკეტია. მდინარის ნაპირები ისე წაულეკავს, რომ ორი წელი ამ გზაზე ეტლები ვეღარმიმოდიოდნენ. როგორც ჩანს, ეს კატასტროფა ყოველ შვიდ-რვა წელიწადში ერთხელ მეორდება. ამ დროის მანძილზე ყაზბეგზე თოვლისა და ყინულის უზარმაზარი მასა გროვდება და ეს მასა ამ მხარის უმეტეს ნაწილში ჩამოწვება ხოლმე.
ვიდრე ყაზბეგის ანუ სტეფანწმინდის სიმაგრეში ჩავიდოდით, იქვე ახლოს გენერალი მერლინი შემოგვხვდა. იგი ვლადიკავკაზში დაგვშორდა გზების დათვალიერების მიზნით. მან გამოიჩინა გულისხმიერება და კობში სათანადო ბრძანებები გასცა, რათა ჩვენთვის ბადრაგი დაეხვედრებინათ, თანაც გზა გაეწმინდათ, რათა ჩვენს ეტლებს დაუბრკოლებლად გავლა შესძლებოდათ.
დარიალიდან ექვს საათზე გავემგზავრეთ და ცხრა საათზე ყაზბეგში ჩავედით. აქ, ცხენები რომ შეგვესვენებინა, სამი საათი დავყავით. გენერალ ყაზბეგის ქვრივის სახლში გამოგვიყვეს ერთი კარგი ოთახი, სადაც მთელი ამ მგზავრობის მანძილზე პირველად ვიხილეთ ტახტები და მაგიდები.
გენერალმა ყაზბეგმა თავისი სახელი უწოდა მყინვარის სახელწოდებით ცნობილ სოფელსა და მთას. მან ღირსეულად იმსახურა რუსეთის არმიაში. წარმოშობით იგი ქართველი გახლდათ, ხოლო ცოლად ჰყავდა ჩერქეზი ქალი ყაბარდოდან. გენერალს სამი შვილი დარჩა, ორი ქალი და ერთი ვაჟი. ეს უკანასკნელი რუსეთის ჯარში გენერალ ერმოლოვთან მსახურობს. ქვრივი დიდი სიმდიდრის მფლობელია. ყაზბეგის ციხის გარეთ მან მშვენიერი ეკლესია ააგო, რომელიც გამოირჩევა თავისი სიმტკიცითა და საუკეთესო ხარისხის ქვით გადახურვით. ასეთი ქვა მრავლად მოიპოვება ყველგან, ახლომდებარე მთებში. იგი ბრტყელია, მონაცრისფრო და სისქით დაახლოებით ერთ გოჯამდე იქნება. ყაზბეგში არის აგრეთვე შესანიშნავი ფიქალი, რომლისგანაც ამზადებენ ერთი ტუაზი სიგრძისა და ორი წირი სისქის მშვენიერ ლურჯი ფერის მაგიდებს. ფიქალი ნაკლებად მტვრევადია. უთუოდ დადგება დრო, როცა რუსეთი კავკასიის მთებში არსებულ მინერალურ რესურსებს ჯეროვნად გამოიყენებს და სახლების გადასახურად უპირატესობას მიანიჭებს ფიქალს და არა ისლს, რომელიც ქალაქებსა თუ სოფლებს მუდმივად უქმნის ხანძრის საშიშროებას. ყაზბეგის მიდამოებში დიდი რაოდენობით მოიპოვება მთის ბროლი. ჩვეულებრივ, გლეხები მას შემოდგომაზე აგროვებენ, როცა თოვლი დამდნარია. ხშირად ბროლი დიდი ზომისაა და საცრად გამჭვირვალე ფერი აქვს. მე ვიშოვნე მთის ბროლის რამდენიმე ნატეხი და გადავიხადე 1 მანეთი (4 ფრანკი). მათი პრიზმები დაახლოებით ორ გოჯს აღწევდა თითოეულ ზედაპირზე. მომიტანეს აგრეთვე რკინის პირიტი, რომელიც ასევე მრავლად მოიპოვება ამ მთებში. გარდა ამისა, ჩვენ მიერ გზად გავლილ ხეობებში ხშირად ვხვდებოდით მინერალურ წყლებს, რაც ნათლად მეტყველებს აქ გოგირდის, რკინისა და სხვა მრავალი მინერალის არსებობაზეც.
გენერალ ყაზბეგის სახლის მოპირდაპირე მხარეს, მაღალ მთაზე, მოჩანს ეკლესია ორი საკმაოდ მაღალი სამრეკლოთი. ეს არის მშვენიერი ხუროთმოძღვრული ნაგებობა, რასაც ადასტურებს ნახატი, რომელიც საგზაო უწყების მოხელემ, დამსახურებულმა ოფიცერმა, ცნობილი მინერალოგის ძმისწულმა _ ბ-მა ჰოიმ მაჩვენა. ეკლესია წმ. სამების სახელზეა ნაკურთხი და მის აღმშენებლობას თამარ დედოფალს მიაწერენ. დღეს აქ ჯარისკაცები დგანან, რომელთაც ქვეყნის დაცვა ევალებათ. ეკლესია სოფლიდან ხუთი ვერსითაა დაშორებული. ციხესიმაგრის კომენდანტმა მისი დათვალიერება შემოგვთავაზა, მაგრამ დაღლილობის გამო უარი ვუთხარით. გენერლის სახლის პირდაპირ აღმართულია ყაზბეგი. ეს სწორედ ის მთაა, რომელზეც, გადმოცემის თანახმად, პრომეთე იყო მიჯაჭვული.
ვიდრე ყაზბეგიდან გამოვემგზავრებოდით, გენერლის ქვრივთან შეხვედრის ნებართვა ვითხოვეთ. იგი დივანზე აზიურად ფეხმორთხმული დაგვხვდა. მასთან იყო თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლის ულამაზესი ქალიშვილი. ქვრივს მადლობა გადავუხადეთ ჩვენს მიმართ გამოჩენილი სტუმართმოყვარეობისათვის და აგრეთვე იმ დიდი ყურადღებისათვის, რომელსაც იგი არ აკლებდა კავკასიაზე გამვლელ ყველა უცხოელს.
ყაზბეგიდან კობამდე თექვსმეტი ვერსია. ეს მანძილი ჩვენ ოთხსაათნახევარში დავფარეთ. გზა საკმაოდ კარგია და ღრმა ხეობაზე გადის. ეს ხეობა გაცილებით უფრო ღრმაა, ვიდრე ის ხეობები, რომლებიც ვლადიკავკაზიდან მომავალ გზაზე გავიარეთ. აქა-იქ კარგად დამუშავებული და მჭიდროდ დასახლებული ადგილებიც შეგვხვდა.
შენიშვნები
1. ამ მხარეში „ხაზს“ უწოდებენ თერგისა და ყუბანის გასწვრივ მდებარე ციხესიმაგრეებით დაცულ საზღვარს.
2. თბილისში ბინად ვიდექი სწორედ იმ სახლში, სადაც ეს ქართველი ქალი ცხოვრობდა. მას მშვენიერი გარეგნობა ჰქონდა და ძალიან უყვარდა მაიორი ლინდსეი. იმ დროს, როცა მას შევხვდი, იგი თავის საყვარელ ადამიანთან განშორებასა და დედის სიკვდილს დასტიროდა. 1795 წელს იგი სპარსელებს წაუყვანიათ და ფათჰ-ალი შაჰის ჰარამხანაში მოუთავსებიათ, შემდეგ კი ამ უკანასკნელის მემკვიდრის ჰარამხანაში გადაუყვანიათ. როდესაც იგი მაიორ ლინდსეისთან ერთად თბილისში დაბრუნებულა, გამოუკითხავს სად ცხოვრობდა დედამისი, რომელიც ჯერ კიდევ ხსომებია და გაუფრთხილებლად გამოცხადებია მას. როცა დედას დაუნახავს საყვარელი ქალიშვილი, რომლის დაკარგვასაც თურმე დიდი ხანია გლოვობდა, სიხარულის ელდისაგან სული განუტევებია.
3. ბრიჩკების წარმოებით ყველაზე მეტად ორი ქალაქია ცნობილი: მოსკოვი და პეტერბურგი. ამ ეტლების ღირებულება 800-დან 1000 მანეთამდე, ანუ 1000 ფრანკამდეა. მათში შეიძლება მოთავსდეს ყველაფერი, რაც ხანგრძლივი მოგზაურობისათვის არის საჭირო.
4. მთავარმართებელ ერმოლოვის მიერ ახლახან გამოცემული განკარგულების თანახმად, ნაცვლად იმისა, რომ ბადრაგა ყოველ შაბათს რეგულარულად გამგზავრებულიყო, ახლა იგი პეტერბურგიდან საქართველოს ფოსტის ჩამოსვლას ელოდება და ორი საათის შემდეგ გადის ხოლმე.
5. სამი წლის წინათ თერგზე, მოზდოკის დასავლეთით ექვსი ვერსის დაშორებით, ამ ქალაქსა და ეროხტას „სტანიცას“ * შორის გადადიოდნენ. ახლა თერგის გაღმა მხარეს, მაღლობზე, აგებულია ციხე ყაზარმებითა და ერთი ლაზარეთით, ხოლო კონსტანტინოვსკაიამდე ახალი გზაა გაჭრილი. ამ ახალი გზით მოგზაურს უკვე აღარ უწევს ძველ გზაზე მდებარე, მეტად სახიფათო ტყეების გავლა. მიუხედავად ასეთი ცვლილებებისა, ბადრაგა მაინც ყოველთვის ისეთივე მრავალრიცხოვანია, როგორც 1820 წელს ჩემი მოგზაურობის დროს იყო.
* „სტანიცას“ უწოდებენ კაზაკებით დასახლებულ სოფლებს.
6. იხილეთ გიბონი, ტომი 9, გვერდი 446.
7. ბ-ნი კლაპროთი ამბობს, რომ ზოგიერთ მთიან რაიონში არაგვს აგრთვე თერგსაც უწოდებენო.
თავი II
ცნობები ოსებისა და ინგუშების შესახებ. კობი. წმინდა ქრისტეფორეს მთა. კაიშაური. არაგვის ხეობა. ფასანაური. ანანური. კარანტინი. დუშეთი. ღართისკარი. მცხეთა. ამ ქალაქის აღწერა. ღირსშესანიშნავი ეკლესია. ტიფლისში ჩასვლა.
დარიალიდან მოყოლებული, ოსებისა და ინგუშების ქვეყნის იმ ნაწილში შევედით, რომელიც საქართველოს ემორჩილება. ინგუშები გზის ხელმარცხნივ ცხოვრობენ, ოსები კი – ხელმარჯვნივ. ამ უკანასკნელებს არც თუ ისე სასიამოვნო გარეგნობა აქვთ, თანაც მეტად ტანმორჩილნი არიან, შრომისმოყვარეობით არ გამოირჩევიან და დაბეჩავებული ხალხის შესახედაობა აქვთ. ბ-ნი კლაპროთი დარწმუნებულია, რომ ოსები იმავე წარმოშობისანი არიან, რაც მიდიელები და სპარსელები, ე.ი. ინდო-გერმანიკულ შტოს განეკუთვნებიან. ამის დამადასტურებელი საბუთები მან აღმოაჩინა მათ ისტორიაში, ტრადიციებსა და თვით ენაშიც კი. მიუხედავად იმისა, რომ ოსები დიდი განსწავლულობით არ გამოირჩევიან, ისინი მრეწველობის ორ ისეთ დარგში არიან გაწაფულნი, რომლის არსებობაც კი ძნელად წარმოსადგენია ამ მთებში: ისინი ამზადებენ ხალიჩებს, რომლებიც გამოირჩევიან ქსოვის ტექნიკითა და საღებავის სიმტკიცით; ხოლო თავიანთ მთებში ტყვედ აყვანილი რუსებისაგან მათ ლუდის დაყენება შეუსწავლიათ, რომელიც თბილისში ჩააქვთ და თანაბარი რაოდენობის ღვინოზე ცვლიან.
ინგუშები რუსეთის მორჩილებაში მყოფ კავკასიის ხალხთა რიცხვს განეკუთვნებიან. ბ-მა კლაპროთმა მათთან რამდენიმე კვირა დაჰყო და ძალზე საინტერესო ცნობები დაგვიტოვა ამ ხალხის შესახებ. ინგუშები მუსლიმები არ არიან, მაგრამ აღარც ქრისტიანებად ჩაითვლებიან. დღეისათვის მათი რელიგია დუიზმია, რომელშიც ქრისტიანული სარწმუნოების წესებია შერეული. ქრისტიანობა მათ საქართველოს დედოფლის – სახელოვანი თამარის დროს მიუღიათ, რომელიც 1171–1198 წლებში მეფობდა. აქ კვირა შვიდ დღედ იყოფა და კვირა დღე დასვენების დღეა. აფხაზებისა და ჩერქეზების მსგავსად, ისინიც დიდად თაყვანსცემენ ჯვრებსა და ძველ ეკლესიებს, რომლებიც აქაურ მთებში მრავლად გვხვდება. ისინი აქ ხშირად მოდიან სალოცავად, სწირავენ ცხვრებს და სხვა ცხოველებს. მღვდლის მაგივრობას სწევს სპეტაკი ზნის უხუცესი, რომელსაც მუდამ ერთი და იგივე საგვარეულოდან ირჩევენ. მხოლოდ მას აქვს ლოცვის წარმოთქმისა და შესაწირავ ადგილებში მსხვერპლის შეწირვის უფლება. ინგუშები დიდი სიძულვილით არიან გამსჭვალულნი მუსლიმების მიმართ. იოლად შეიძლება ამ ხალხის შემობრუნება ქრისტიანობისაკენ, რომლის ამაღლებული მორალიც ცივილიზებული ხალხის მორალს წარმოადგენს. მათ გაქრისტიანებას ხელს შეუწყობდა თვით ამ ხალხის ხასიათი და, ამასთანავე, მათი ბატონებიც.
ინგუშები იყოფიან დიდ და მცირე ინგუშებად. პირველნი ბარში ბინადრობენ, მეორენი კი – მთებში. ორივენი შრომოსმოყვარეობითა და გამჭრიახი გონებით გამოირჩევიან. მთის ინგუშები კარგად ფლობენ საირიგაციო საქმეს; იციან როგორ უნდა გაამაგრონ მთის ფერდობზე მიწა მეტ-ნაკლებად ამაღლებული ჯებირებით. ხოლო მდინარეებზე, რომლებიც ამ მხარეში მოედინებიან, მათ მარტივი კონსტრუქციის წისქვილები უდგათ, რომელთა აღწერილობაც სიამოვნებით ამოვიწერე ბ-ნი კლაპროთის ნაშრომიდან, ვინაიდან ასეთივე წისქვილები ვნახე საქართველოშიც – მცხეთასა და გორს შორის.
„ამ წისქვილს – ამბობს ეს სწავლული მოგზაური, – აქვს ერთი დოლაბი. იგი მოძრაობაში მოჰყავს პატარა ჰორიზონტალური თვლის ღერძს, რომელზეცფუღუროვანი ხიდან ან პატარა ღარიდან გადმოსული წყალი ძალზე დახრილი კუთხით ეცემა. ძაბრისებრი ფორმის, ხის ქერქისაგან დამზადებული ბუნკერი ოთხ თოკზეა ჩამოკიდებული და მოძრაობს ხის ჯოხის საშუალებით, რომელსაც ზემოთ სწევს დოლაბი. ბორბალს საცობის მაგივრობას უწევს ერთი წაწვეტებული ქვა, რომელიც მეორე ქვის ღრუში გადის, ხოლო ორთითა ფორმის კოჭი სწევს და აჩერებს დოლაბს ქვემოთ მოთავსებული მეორე ქვის მეშვეობით. რკინა ამ მანქანაში არ შედის“.
როდესაც რომელიმე ოჯახი საცხოვრებელ ადგილს იცვლის, მას თან მიაქვს ხოლმე ასეთი წისქვილის ძირითადი ნაწილები სხვა მდინარეზე დასაყენებლად. ინგუშებმაც, ისევე როგორც ოსებმა, იციან ლუდის გამოხდის წესები. ბარის მცხოვრებლებს მოჰყავთ ფეტვი, ხორბალი და ქერი; ძირითადად აშენებენ ცხვრებს, ღორებსა და ვირებს, ცხენები და ხარები კი ცოტა ჰყავთ. ინგუში ქალები მეტად მუყაითნი არიან, იციან ზოგიერთი ქსოვილის, უფრო კი ხალიჩების ქსოვა. გარეგნულად ინგუშები არიან გამხდრები, ახოვანნი, მკვირცხლნი და დაუდგრომელნი. ამიერკავკასიის რუსულ პროვინციებში დასახლებული ევროპელები ტყეების გასაჩეხად და მიწების დასამუშავებლად შესანიშნავ მუშახელს იშოვნიან ინგუშების სახით. დამოუკიდებლობისადმი სიყვარულით გამსჭვალული ეს ხალხი ზოგჯერ გმირობის ტოლფას სიმამაცეს იჩენს.
კობი, სადაც ჩვენ ოთხშაბათიდან ხუთშაბათ ღამეს შევჩერდით, მთებს შორის მოქცეულ სიმაგრეს წარმოადგენს. აქ სამი თუ ოთხი სახლია, მიწისა და ხისაგან ნაგები, ისევე როგორც ყველა ის სახლი, რომელიც ვლადიკავკაზიდან მოყოლებული გვხვდებოდა. სახლი, რომელშიც დავბინავდით, ძალზე ნესტიანი იყო და მიუხედავად იმისა, რომ 1 ივნისი იყო, ღამე მაინც გვციოდა. ოფიცერმა, რომელიც ციხესიმაგრეს განაგებდა, გულისხმიერება გამოიჩინა და საკუთარი ბინა შემოგვთავაზა, მაგრამ ჩვენ უარი ვუთხაროთ. საღამოს უჩვეულოდ ჩაცმული, სახიფათო გარეგნობის მქონე ოსი მოვიდა და ათასგვარი წვრილმანი სამსახური შემოგვთავაზა, მაგრამ ჩვენ იმით დავკმაყოფილდით, რომ მისგან 2 მანეთად (2 ფრ.) პატარა ბატკანი ვიყიდეთ, რომელიც თვითონვე დაკლა და გაატყავა. კობის მიდამოებში უამრავი მინერალური წყალია. მჟავე წყლებს შორის იყო ერთი, რომელიც წითელ ღვინოსა და შაქართან შევურიეთ და ისე დავლიეთ. იგი ციმლიანსკის სახელით ცნობილ დონის შუშხუნა ღვინოს წააგავდა.
ვლადიკავკაზში გვითხრეს, კობსა და კაიშაურს შორის საშინელი გზა შეგხვდებათო და მართლაც, უნდა გითხრათ, ამ ნათქვამში არაფერი იყო გადაჭარბებული.
მთავარმართებელმა კეთილ ინება და ბრძანება გასცა, გზა გაეწმინდათ თოვლისა და ყინულისაგან, რომლითაც იგი რამდენიმე დღის წინ დაფარულიყო. გზა მართლაც გაწმენდილი დაგვხვდა, ხოლო ყველაზე ძნელად სავალ ადგილებზე დასახმარებლად ხუთი წყვილი ხარი, ოცდათოთხმეტი ოსი და ოცდაათი ქვეითი ჯარისკაცი გამოგვიყვეს; გარდა ამისა, ჩვენთან იყო ათი კაზაკი, ესკორტის სახით, და მათ საჭიროების შემთხვევაში ასევე შეეძლოთ დახმარებისგაწევა.ყოველგვარი გამაფრთხილებელი ზომების მიღების შემდეგ, ხუთშაბათს, 20 მაისს (1 ივნისს), დილის ექვს საათზე გზას გავუდექით. რაც უფრო ღრმად მივიწევდით მთებში, გზა მით უფრო ძნელად სავალი ხდებოდა. იძულებულნი გავხდით ფერდობს ჩავყოლოდით და ჩვენი „ბრიჩკა“ სულ გადახრილ მდგომარეობაში ყოფილიყო, და თუკი იგი უფსკრულში გადაჩეხვას გადაურჩა, ეს იმ ჯარისკაცებისა და ოსების დამსახურება იყო, რომელთაც „ბრიჩკა“ ხელით ეჭირათ. ჩვენი ცხენები განუწყვეტლივ თოვლსა და ყინულში ეფლობოდნენ და ამიტომაც იძულებულნი ვიყავით ხარებიც გამოგვეყენებინა. ოთხი ვერსი ვიარეთ ნელი, დამქანცველი სვლით და წმინდა ქრისტეფორეს მთის მწვერვალამდე მივაღწიეთ. ეს იყო უმაღლესი პუნქტი, სადაც უნდა ავსულიყავით. ხელმარჯვნივ ჩანდა პატარა ძეგლი ამაღლებული ჯვრით, რომელსაც ეს წმინდანი მფარველობს.
წმინდა ქრისტეფორეს მთაზე ოსები დავითხოვეთ. ისინი დიდად კმაყოფილნი დარჩნენ, როცა გაწეული სამუშაოს საკომპენსაციოდ თითოეულმა მათგანმა გასამრჯელოდ 25 კაპიკი მიიღო; მაგრამ გზის ყველა სიძნელე ჯერ კიდევ წინ გვედო: ადგილ-ადგილ გზა ჩახერგილი იყო, ხშირად კი მთლიანად იყო დაფარული ზვავისაგან ჩამონაყარი უზარმაზარი ლოდებით. გზის გასაწმენდად იძულებულნი ვიყავით ლოდები დაგვემსხვრია ან კიდევ გზის გადაღმა გადაგვეყარა. ასეთი მძიმე სამუშაო გახლდათ მიზეზი იმისა, რომ კაიშაურამდე ათი ვერსის გავლას ცხრა საათი მოვანდომეთ. კაიშაურში მხოლოდ ნაშუადღევის სამ საათზე ჩავედით.
ამ გზაზე შექმნილი დაბრკოლებების გამო წელიწადში ცხრა თვის მანძილზე ყოველგვარი სავაჭრო საქონელი ცხენებით გადააქვთ. თბილისში მხოლოდ აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში ჩამოდიან საქონლით დატვირთული რუსებისა და თათრების ურმები.
გზაზე, ვიდრე კაიშაურში ჩავიდოდით, ცხენებზე ამხედრებული ოსები შემოგვხვდნენ; ზოგი მათგანი შეიარაღებული იყო ხმლებით, თოფებითა და პისტოლეტებით. ოდნავ მოშორებით კი ქართველები მოჰყვებოდნენ ცხენოსან ბადრაგს. ისინი მაკარიევის ბაზრობაზე მიემგზავრებოდნენ და თითოცხენს ბამბით, აბრეშუმითა და სხვა სპარსული საქონლით დატვირთული ორ-ორი ტომარა მიჰქონდა.
კაიშაური ერთი პატარა ციხეა, რომელიც იმ ხეობის ბოლოშია, დილით რომ გავიარეთ. მეორე დღეს დილაადრიან გავუდექით გზას ფასანაურისაკენ, რომელიც კაიშაურიდან თვრამეტი ვერსითაა დაშორებული. პირველი რვა ვერსი სულ ვიწრო და ძნელად სავალი გზით ვიარეთ. ერთი მხრიდან გზას მაღალი მთა ებჯინებოდა, მეორე მხარეს კი ას ტუაზზე მეტი სიღრმის უფსკრული იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ცუდი გზის გამო მუდმივად საფრთხის ქვეშ ვიყავით, მაინც ვტკბებოდით ულამაზესი ხეობის ხედით. მას არაგვი ჰკვეთდა, რომელიც სათავეს წმინდა ქრისტეფორეს მთაზე, თერგის საწინააღმდეგო მიმართულებით იღებს, მაგრამ იგი თერგივით სწრაფი მაინც არ არის.
გადავწყვიტეთ, მთის ძირამდე მივსულიყავით. ვიდრე ეტლის მოლოდინში ვისვენებდით, რამდენიმე ყმის თანხლებით მომავალი ერთი ინგუში დავინახეთ. ყველანი ცხენებზე იყვნენ ამხედრებულნი, ხოლო ინგუშ დიდებულს ჯაჭვის პერანგი და რკინის ჯავშანი ემოსა, თავზე კი ბოლოში წაწვეტებული მუზარადი ეხურა და მარცხენა მხარზე დაახლოებით ერთი ფუტი დიამეტრის პატარა ტყავის ფარი ჰქონდა გადაკიდებული. მის აღჭურვილობას მხარზე ღვედით ჩამოკიდებული თოფი, პისტოლეტი და ხანჯალი ავსებდა. მსახურნიც ასევე თავიდან ფეხებამდე შეიარაღებულნი იყვნენ. მათ უზარმაზარი ჯიშის ექვსი მწევარი ძაღლი მოსდევდათ. რადგან ჩვენც საიმედო ესკორტი გვახლდა, ამგვარი ბრბოს შეხვედრას სულაც არ შვუშინებივართ, სხვა პირობებში კი ალბათ ეს ინციდენტი შეგვაშფოთებდა.ხელმარცხნივ ჩამოვიტოვეთ ულამაზესი სოფელი, სახელად მლეთა. იგი იმით იყო ღირსშესანიშნავი, რომ შუა ფერდობზე მდებარეობდა, ირგვლივ კი მშვენიერი საძოვრები იყო. შემდეგ შევჩერდით ძველ, ქვით ნაშენ მონასტერში. აქ დღეს ყაზარმაა მოწყობილი და იგი კაიშაურის ციხეს ექვემდებარება. იტალია, ტიროლი და შვეიცარია არაგვის ხეობაზე უფრო მომხიბლავსა და რომანტიკულს ვერაფერს შემოგვთავაზებენ. მონასტრიდან ოდნავ მოშორებით ხეობა გადავკვეთეთ ქვითა და ხით საკმაოდ მკვიდრად ნაგები ხიდით. ულამაზესი მცენარეებით შეფენილი ბორცვები და მდელოები ენაცვლებოდა ციცაბო კლდეებს, მუდმივად ჩამონგრევითა და დაღუპვით რომ ემუქრებოდა მოგზაურთ, და თოვლითა და ყინულით დაფარულ მთებს, რომელთა გავლასაც ორი დღე მოვანდომეთ. ერთ მხარეს თვალწინ იშლებოდა ჩვენ მიერ სულ ახლახან გავლილი მთები, რომლებსაც ზემოდან ორი ერთმანეთისაგან გამიჯნული, თოვლით დაფარული თხემი დაჰყურებდა; მეორე მხარეს კი პეიზაჟს აცოცხლებდა უამრავი სოფელი, ირგვლივ დიდი მზრუნველობით დამუშავებული მიწებით.
თვალში მოგვხვდა აგრეთვე ამ ორი მხარის მცხოვრებთა შორის სხვაობაც: არაგვის ხეობის მცხოვრებლებს სულ სხვა იერი ჰქონდათ, თანაც ისინი ტანმაღლები იყვნენ, რაც აშკარად იმაზე მიუთითებდა, რომ ჩვენ უკან ჩამოვიტოვეთ ოსების ქვეყანა და უკვე საქართველოში ვიმყოფებოდით. დროდადრო ხან სოფლებიდან მოშორებით, ხან კი მათ სიახლოვეს, გვხვდებოდა კვადრატული კოშკები, კედლებისა ციხეების ნანგრევები. თითქმის ყველა მათგანი ქვისა და აგურისაგან იყო ნაგები და ისევე, როგორც რაინის ნაპირებზე, ყველა მათგანი მთის მწვერვალებზეა აღმართული. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ მხარეს ხშირად ემუქრებოდა მეზობელთა მხრიდან შემოსევებისა და ძარცვის საშიშროება.
კაიშაურიდან ათი ვერსის დაშორებით არაგვის პირას შევჩერდით. ეს იყო მშვენიერი ადგილი ერთი კოხტა სოფლის მოპირდაპირე მხარეს, რომელსაც სამი კოჭით გამაგრებული, მოაჯირიანი ხიდით უკავშირდებოდნენ. დავინახეთ ერთი მწყემსი, რომელიც ხიდზე გადადიოდა. შუა ხიდზე იგი შეჩერდა და თავისი ფარიდან სათითაოდ გადაუშვა წყალში ცხვარი. ამ მხარეში მეცხვარეები ყოველდღე ასე იქცევიან და ამით ცხვრებს ცხიმოვანი გამონაჟონისაგან ასუფთავებენ, რის შედეგადაც მატყლი უფრო ფაფუკი ხდება. ამ მიდამოებში არაგვი იმდენად სწრაფია, რომ ხშირად ვიდრე ეს ცხოველები მეორე ნაპირზე გასვლას მოასწრებენ, წყალი მათ ასი-ასორმოცდაათი ნაბიჯით შორს გაიტაცებს ხოლმე, მაგრამ არასოდეს არც ერთი მათგანი არ დამხრჩვალა. აქაური ცხვრები ტანმორჩილნი არიან, მატყლი კი ხუჭუჭა და აბრეშუმივით ნაზი აქვთ. საერთოდ, კავკასიის მთიან რაიონებში ძროხებიცა და ხარებიც აგრეთვე პატარა ჯიშისაა.
ამ მხარეში სახედარიც საკმაოდ დიდი რაოდენობით გვხვდება, განსაკუთრებით – ოსებით დასახლებულ ადგილებში. ეს მეტად სასარგებლი ცხოველი კავკასიის ამ კუთხეში სავარაუდოდ რუსეთიდან უნდა იყოს შემოყვანილი. პირველად, როცა სახედარი დავინახეთ, სიცილიაში – კატანიის ველებზე დაბადებულმა ჩვენმა მსახურმა აღტაცებული შეძახილებით გამოხატა თავისი კმაყოფილება, ამ ცხოველის ხილვამ რომ მოჰგვარა. მკითხველს შევახსენებ, რა სიხარული გამოხატა ბ-ნ დე ბუგენვილის მიერ საფრანგეთში ჩამოყვანილმა ტაიტის ველურმა მხეცმა, როდესაც პარიზის სამეფო ბაღში დაინახა ხე, რომელიც მის მშობლიურ კუნძულზე ხარობდა. ამრიგად, დედამიწის რომელ კუთხეშიც არ უნდა იყოს ადამიანი, თვალი მას ყოველთვის სამშობლოსაკენ გაურბის.
ერთი საათის შესვენების შემდეგ კვლავ გავუდექით გზას, რომელიც შედარებით კეთილმოწყობილი იყო, მაგრამ არაგვის ერთ-ერთ შენაკადზე გადებული ხიდი დაზიანებულიყო და ამის გამო ძალიან ცუდი გზით მოგვიხდა შემოვლა. აქ ეტლი კინაღამ დაგვემსხვრა. ხიფათს თავი კი დავაღწიეთ, მაგრამ გაგვიტყდა ხელნა, რომელიც სახელდახელოდ დაამაგრეს თოკებით.
ფასანაურამდე ხეობა თანდათან ვიწროვდებოდა. იგი სამი ვერსის მანძილზე სპირალურად მიიკლაკნებოდა და მხოლოდ ციხესთან ფართოვდებოდა. ფასანაურში ვისადილეთ და საკმაოდ კარგი მეფორნეც ვიპოვეთ; ორ მანეთად მან ახალი ხელნა დაგვიდგა. ეს იყო პირველი მეფორნე, რომელიც ვლადიკავკაზიდან მოყოლებული ვნახეთ.
სადილის შემდეგ არაგვის ნაპირებზე გავისეირნეთ. ეს მდინარე თევზით მდიდარია. აქ ქართველები ანკესით თევზაობდნენ და წამდაუწუმ იჭერდნენ მშვენიერ კალმახებს. როცა თოვლის დნობის სეზონი გადის და მდინარის დინება სისწრაფეს კარგავს, მაშინ აქ ბადით თევზაობენ.
ვლადიკავკაზში ნაყიდი პური მთლიანად გაგვითავდა და იძულებულნი გავხდით ფასანაურში გვეყიდა შავი ჭვავის პური, რომელსაც ჯარისკაცებისათვის აცხობდნენ. სამაგიეროდ, საკმაოდ კარგი ქართული ღვინო ვიშოვეთ და თითო ბოთლში გადავიხადეთ 15 კაპიკი (15 სანტიმი) ასიგნაციით.
ფასანაურიდან ორ საათზე გამოვედით და ოცდასამი ვერსით დაშორებულ ანანურის კარანტინში ექვს საათზე ჩავედით.
ფასანაურიდან ანანურის კარანტინამდე თითქმის უწყვეტლივ ვიწრო ხეობა მიემართება. ამ მხარის ხეობებში, თუ მოგზაურები საკმაო რაოდენობით არ არიან და თანაც კარგი ესკორტი არ ახლავთ, მთიელების მხრიდან გატაცების საშიშროება ემუქრებათ. მთელ გზაზე, ხელმარცხნივ არაგვი მიედინება, ხელმარჯვნივ კი გრანიტისა და ფიქალის უზარმაზარი მთებია აღმართული. ხეობაში გავლისას დიდ სიძნელეებს გვიქმნიდა ნაშუადღევს ამოვარდნილი ქარიშხლის შედეგად წარმოქმნილი ჩანჩქერები, რომლებიც ყოველი მხრიდან მოედინებოდნენ. ქარიშხალს ღარტაფებზე გადებული ორი ხიდიც წაელეკა და ფონით მათი გადალახვა საკმაოდ გაგვიჭირდა. როგორც იქნა, თავიდან ავიცილეთ ყოველგვარი ხიფათი და ანანურის კარანტინში ჩავედით.
ეს ქალაქი გაშენებულია ჩვენ მიერ ახლახან გავლილი გზის გასწვრივ. მისი ამგვარი მდებარეობა რუსეთის მთავრობას საშუალებას აძლევს, გაატაროს საჭირო ზომები, რათა კავკასიიდან მომავალი მგზავრები კარანტინის გავლის გარეშე საქართველოში ვერ შემოვიდნენ. ხელმარცხნივ ყველა გასასვლელი ღრმა ხევითაა ჩაკეტილი, ხელმარჯვნივ კი ჯარისკაცები უთვალთვალებენ მთებს. ამგვარად, ბუნებრივად არსებულ დაბრკოლებებს ხელოვნურად შექმნილი სირთულეებიც ემატება, რომელთა გადალახვაც უხდება მოგზაურს. მაგრამ ეს მკაცრი ზომები, რომლებიც ტარდება ყველას მიმართ, ვინც კი საქართველოში ჯანმრთელობის მოწმობის გარეშე აპირებს შემოსვლას, იცავს ამ პროვინციას ჟამიანობის გავრცელების საშიშროებისაგან, რომელიც, ანაპელი თურქების წყალობით, ხშრად მძვინვარებს ხოლმე მთიან ადგილებში.
საკარანტინო პუნქტის გარეთ, შემოღობილ ადგილას შენობები დგას, სადაც დაბალი წოდების ადამიანებსა და დაავადებაზე ეჭვმიტანილებს ათავსებენ. ისინი სადარაჯოს უშუალო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან. საკარანტინო პუნქტის შიდა ნაწილი ხელმარჯვნივ ჩაკეტილია არყალათი, რომელიც არაგვს ერთვის, ხოლო ხელმარცხნივ და თავსა და ბოლოში – ხის ბარიერებია, სადაც ჯარისკაცები დგანან და გარეთ გამოსვლის საშუალებას არ იძლევიან. ამ შიდა ნაწილში ერთმანეთისაგან გამიჯნული შვიდი შენობა დგას და თითოეულ მათგანში ორი ან სამი ოთახია. აქვეა აგრეთვე ორი დიდი ფარდული ეტლებისათვის და მსახურთა საცხოვრებლები.
როდესაც მთაში ჟამიანობა მძვინვარებს, უსაფრთხოების ზომები უფრო მკაცრდება და მოგზაურებსაც უფრო მეტად აყოვნებენ; ხოლო თუ დაავადების საშიშროება ნაკლებად საგრძნობია, კარანტინში მათ მხოლოდ ოთხ დღეს აჩერებენ. აქ ყოფნისას ჩვენ ურთიერთობა გვქონდა მხოლოდ და მხოლოდ ამ დაწესებულების ზედამხედველთან და ექიმთან. ანტრეპრენიორი მგზავრებს ამარაგებს ყველა საჭირო პროდუქტით, თანაც ძალზე იაფად. სურსათი საკმაოდ კარგი ხარისხისა იყო, მხოლოდ პური იყო შავი და უხარისხო, ისევე როგორც ყველა პური, რომელიც კი ვლადიკავკაზიდან მოყოლებული გზად გვიყიდია.
საკარანტინო პუნქტის შუა ადგილას, ცალკე შენობაში ცხრა კვადრატული ფუტის ქვის სათავსო იყო მიშენებული, სადაც მოგზაურთათვის განკუთვნილი უამრავი ქურა იდგა. თუკი ანანურის შენობები მოხერხებულია ზაფხულში კარანტინის გასავლელად, იგივე არ ითქმის ზამთრის შესახებაც, რამდენადაც ფანჯრებს მინები არ გააჩნიათ, ხოლო ოთახებს იშვიათად აქვთ კარი. მაგრამ ეს შენობები მხოლოდ დროებით გამოიყენება საკარანტინო პუნქტად. მთავარმართებელს განზრახული აქვს აქ ახალი კარანტინის აგება, რომლის გეგმაც ძალზე კარგია და როგორც ამბობენ, ეს მშენებლობა 120000 მანეთამდე დაჯდება1.
ანანური ძველი ქალაქია. იგი შუა ფერდობზე, მაღალი მთის მოპირდაპირე მხარესაა გაშენებული. მართალია, იგი საქართველოს მთავარ ქალაქებს შორის ითვლება, მაგრამ აქ ციხის გარდა მხოლოდ ორმოციოდე სახლია, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა ორას სულს შეადგენს. თითქმის ყველა საცხოვრებელი მიწურისაა, როგორც ეს საქართველოსთვის არის დამახასიათებელი. აქვე არის დიდი სიმტკიცით ნაშენი ქვის კვადრატული კოშკი.
ანანურში ჰავა სავსებით ჯანსაღია. საკარანტინო პუნქტის ექიმი გვარწმუნებდა, რომ შვიდი წლის მანძილზე, მისი საექიმო პრაქტიკის განმავლობაში, ამ ქალაქში წლიური სიკვდილიანობის მაჩვენებელი არასოდეს ყოფილა სამ ადამიანზე მეტი, ხოლო ზოგიერთ წლებში მხოლოდ და მხოლოდ ორი კაცი უმსხვერპლია. ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არის ასეთი დაბალი შეფარდებითი სიკვდილიანობა. ციება და ფილტვების დაავადება კი ამ მხარეში სრულიად უცხოა.
კარანტინში ოთხი დღე დავყავით. ექვს სულზე ჩვენი დანახარჯი ზომიერ თანხას – 22 მანეთს ასიგნაციით არ ასცდენია. ეტლების ცხენები და, აგრეთვე, ჩემი ვაჟის ცხენი თვით საკარანტინო პუნქტის ეზოში და არყალას გაღმა ნაპირზე პოულობდნენ სარჩოს. საბედნიეროდ, მწვანე ალაფისათვის ხელსაყრელი სეზონი იდგა და რადგან ვერც თივა და ვერც ქერი ვერ ვიშოვეთ, ამითაც იოლად გავედით. გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე ერთმა მეთევზემ თითო აბაზად (80 სანტ.) მოგვიტანა დიდი რაოდენობით კალმახი და სხვა თევზები. მათ მოშავო და წინწკლებიანი კანი და ძალზე გემრიელი ხორცი ჰქონდათ.
საკარანტინო პუნქტი 24 მაისს (5 ივნისს), დილის ექვს საათზე დავტოვეთ. შემოვუარეთ ანანურის ციხეს, რომელიც ძველ და საკმაოდ მყარ ნაგებობას წარმოადგენს. შემდეგ არაგვის ნაპირები დავტოვეთ და გადავჭერით საკმაოდ ფართო და ხეებში ჩაფლული ხეობები.
დუშეთში, რომელიც ანანურიდან თვრამეტ ვერსზე მდებარეობს, არაფერია ღირსშესანიშნავი. ქალაქში, არსებითად, მხოლოდ ერთი გრძელი ქუჩაა, სადაც დუქნებია ჩამწკრივებული. მთელი მოსახლეობა აქ იყრის თავს. იმ დღეს, როცა ქალაქში გავიარეთ, აქ ბაზრობა იყო და უამრავი ხალხი ირეოდა. იყვნენ ქალებიც, რომელთა შორისაც ზოგიერთი მშვენიერი გარეგნობით გამოირჩეოდა და ამართლებდა იმ რეპუტაციას, რომლითაც ქართველი ქალები სარგებლობენ.
დუშეთის ციხე გზიდან ხელმარჯვნივაა. აქვეა კაზაკების საგუშაგოც, რომელიც მოგზაურებს ესკორტით უზრუნველყოფს. ქალაქიდან ერთი ვერსის დაშორებით მიწის განსაზღვრულ ნაწილზე ვენახებია გაშენებული. ვაზი აქ დაბალია და სარები არ უდგას. ბევრგან იყო ვაზის ტალავრებიც. ანანურიდან ოცდათოთხმეტი ვერსით დაშორებულ ღართისკარამდე მიმავალი გზა ხან არაგვის ნაპირს მიუყვება, ხანაც შორდება მას და ნაყოფიერ დაბლობებსა და ხეებში ჩაფლულ ხეობებს ჰკვეთს. ალაგ-ალაგ კი გზა დაქანებულ ფერდობებზე გადის.
ღართისკარი სოფელია, სადაც სახლები ცოტაა. ეს არის თბილისიდან იმერეთისაკენ მიმავალი გზის გასაყარი. აქედან ქუთაისი ორას ოცი ვერსით არის დაშორებული, მცხეთამდე კი ექვსი ვერსია, რომელიც ჩვენ ერთ საათში დავფარეთ. შუა გზაზე, ხელმარცხნივ, მთის წვერზე ძველი ციხის ნანგრევები ჩანს.
მცხეთა ძველად საქართველოს დედაქალაქი და მეფეთა რეზიდენცია იყო. ადგილობრივი გადმოცემის თანახმად, იგი აუგია ქართლოსის ვაჟს – მცხეთოსს, რომელიც ნოეს რომელიღაც თაობის შთამომავალი იყო2. მისი ნანგრევები უზარმაზარ ტერიტორიას ფარავს და გადაჭიმულია მტკვრის მარცხენა ნაპირზე3, ამ მდინარისა და არაგვის შესართავთან. არაგვის ნაპირების გასწვრივ ჩვენი მოგზაურობის მანძილზე დიდხანს ვიარეთ. ნანგრევების ფართობი გვაფიქრებინებს, რომ ქალაქი დიდი უნდა ყოფილიყო. ციხე ცენტრში იდგა და მთელ არემარეს გადაჰყურებდა. იგი დღესაც საკმაოდ კარგად არის შემონახული. სწორედ ამ ადგილასაა აგებული ის ტაძარი, რომელშიც საქართველოს მეფეებისა და არქიეპისკოპოსების კურთხევა ხდებოდა. ამ ძეგლის ხუროთმოძღვრება დიდებულია. გარე კედლებზე ჩატანებულ უამრავ ქვაზე ქართული წარწერებია მოთავსებული. ქვები მომწვანო ფერის ტუფისაა, რომელიც ჰაერზე მაგრდება. გოტიკურ სტილში შესრულებული პორტალები, კაპიტელები და კარნიზები საკმაოდ ელეგანტური სკულპტურებითაა მორთული.
მღვდელმთავარმა, რომელიც ამ ციხის შიგნით ცხოვრობდა, გულისხმიერება გამოიჩინა და მასპინძლობა შემოგვთავაზა4. ვიდრე სადილის თადარიგში იყვნენ, მან გვირჩია დაგვეთვალიერებინა ციხის გარეთ, სამლოცველოს სიახლოვეს აგებული მშვენიერი ეკლესია. თავად სამლოცველოს აგებას წმინდა ნინოს სახელს უკავშირებენ, რომელიც მეოთხე საუკუნეში ქრისტიანული სარწმუნოების საქადაგებლად მოვიდა საქართველოში. ეს სამლოცველო, ან უფრო სწორედ – ეკვდერი, მართლაც ძალზე შორეული წარსულის ყველა დამახასიათებელი ნიშან-თვისების მატარებელია.
ეკლესია იმავე მოდელით არის ნაგები, რა მოდელითაც ციხეა. მცხეთის დაცემა დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს მეფეებმა 469 წელს თავიანთი სატახტო ქალაქი თბილისში გადაიტანეს. მომდევნო საუკუნეებში იგი სპარსელებმა ააოხრეს, ულმობელმა თემურ-ლენგმა (თამერლან) კი იგი საბოლოოდ გაანადგურა. ამ დამპყრობლის ზეობის ეპოქიდან, რომელიც, სამწუხაროდ, აზიურ ქრონიკებში სახელოვან ეპოქადაა მიჩნეული, საქართველოს მეფეები ამაოდ ცდილობდნენ ამ ქალაქის აღდგენას. მცხეთა საბოლოოდ დარჩა უმწეო და განადგურებულ მდგომარეობაში. მაგრამ იმის გამო, რომ მას ისეთივე ხელსაყრელი მდებარეობა ჰქონდა, როგორც თბილისს, მას თავისუფლად შეეძლო სამეფოს სატახტო ქალაქად და ვაჭრობის დიდ ცენტრად ქცეულიყო. თანაც, თბილისთან შედარებით, მას ის უპირატესობაც ჰქონდა, რომ მას გარს ერტყა ნაყოფიერი მიწები. დღეს აქ ორასი ოჯახი ცხოვრობს, რაც დაახლოებით ათას სულს შეადგენს.
მოსახლეობა გამრჯე და შრომისმოყვარეა; ისინი მისდევენ სოფლის მეურნეობას, ვაჭრობასა და მეთევზეობას. მათ ხელშია აგრეთვე მოზდოკის, ქუთაისისა და ბაქოსაკენ მიმავალი საქონლის ტრანსპორტირებაც. ქუთაისში ტვირთის გადასატანად თითო ცენტნერში მათ უხდიან 2 მანეთს (2 ფრ.) ვერცხლით.
მცხეთაში რამდენიმე საათით შევისვენეთ და გეზი თბილისისაკენ ავიღეთ. აქეთ ორი გზა მიემართებოდა: ერთი მტკვრის მარცხენა ნაპირს მიუყვებოდა, მეორე კი – მარჯვენას. ჩვენ ეს მეორე ავირჩიეთ, რადგან გვითხრეს, რომ ეტლებისათვის ის უფრო მოსახერხებელი იყო.
ციხიდან დაახლოებით ერთი ვერსი ძველი ქალაქის ნანგრევებს შორის ვიარეთ, სანამ იმ ხიდს მივაღწევდით, რომელიც შემოსევების შედეგად ნახევრად დანგრეული იყო. მის მშენებლობას პომპეუსს მიაწერენ. შემორჩენილია მხოლოდ რამდენიმე თაღი, რომელზეც გადებულია კოჭები და ძალზე ვიწრო ფიცარნაგი, მოაჯირის გარეშე5.
გადავლახეთ მტკვარი, შემდეგ ერთ ვერსზე მეტი უკან ვიარეთ და ძველი ციხის მოპირდაპირე მხარეს აღმოვჩნდით. ეჭვი არ არის, რომ უწინ ამ ადგილას მეორე ხიდიც უნდა ყოფილიყო, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებდა მცხეთასა და არმაზის მთას. ქართველი ერის მამამთავარს ქართლოსს თავისი რეზიდენცია არმაზში ჰქონდა. გზის ხელმარცხნივ, მტკვრისა და არაგვის შესართავთან, არმაზის მთა ნანგრევებითაა დაფარული6.
მიუხედავად იმისა, რომ 5 ივნისი იყო, ხეობები და დაბლობები, რომლებიც გავიარეთ, უკვე გადამხმარი იყო. ხეები აქ ბევრად ნაკლებია, ვიდრე იმ ადგილებში, მოზდოკიდან რომ გამოვიარეთ. ცუდი გზისათვის რომ თავი აერიდებინათ, მეეტლეებმა რამდენიმე ვერსის მანძილზე ბორცვის დაქანებაზე გვატარეს. ჩვენმა „ბრიჩკამ“ კი შეინარჩუნა წონასწორობა, მაგრამ „პოვოზკა“ მთის ძირში გადაგვიბრუნდა. ჩვენი ახალგაზრდა ქართველი თარჯიმანი ათი ნაბიჯის სიმაღლიდან გადავარდა, მაგრამ საბედნიეროდ არ დაშავებულა.
თბილისიდან ხუთი ვერსის დაშორებით, ქვის ხიდით გადავიარეთ ღარტაფი, რომელიც დიდი წვიმების დროს გრიალით ვარდება ხოლმე მტკვარში. ამის შემდაგ თბილისამდე განუწყვეტლივ ამ მდინარის გაყოლებაზე ვიარეთ. ხელმარცხნივ, ხეებში ჩაფლულ სოფელში გერმანელი ახალმოსახლეები ცხოვრობენ. მათ ოდესის შემოგარენში მიატოვეს ნაყოფიერი მიწები, რომელთაც ამუშავებდნენ და საქართველოში დამკვიდრდნენ. კოლონისტები მშვენივრად იყენებენ მტკვარს თავიანთი ბაღების სარწყავად.
თბილისის მისადგომებთან, საყარაულოს შენობაში წარვადგინეთ ჩვენი მოწმობები ანანურის საკარანტინო პუნქტიდან. ვიდრე ქალაქში შეგვიშვებდნენ, საჭიროდ ჩათვალეს, ეს მოწმობები კომენდანტისა და პოლიციისათვის გადაეცათ. ალბათ, დიდხანს მოგვიწევდა ლოდინი, მაგრამ სწორედ ამ დროს საგუშაგო რაზმში საქართველოს მმართველის მოადგილე, უფროსი ლეიტენენტი ველიამინოვი აღმოჩნდა. მე იგი 1818 წელს მოზდოკში ყოფნისას გავიცანი. მან კეთილი ნება გამოიჩინა და სასწრაფოდ გასცა ბრძანება, დაუყოვნებლივ გავეტარებინეთ. ეს დაბრკოლება გადავლახეთ, მაგრამ ახლა მეორე დაბრკოლებაც უნდა დაგვეძლია: საცხოვრებელი უნდა გვეშოვნა. ეს კი ძალზე ძნელი იყო ამ ქალაქში, სადაც ევროპელები სულ ახალი მოსულები იყვნენ მმართველებად და მათგან დახმარების მიღება გაჭირდებოდა.
ჩვენ შევჩერდით ერთ პროვანსალელთან, სახელად პოლთან. იგი საფრანგეთის ჯარის გრენადერი ყოფილა, 1812 წლის ლაშქრობის დროს ტყვედ ჩავარდნილა და საქართველოში ერთ რუს გენერალს ჩამოჰყოლია, როგორც მზარეული. ახლახან მას თბილისში გაუხსნია სასტუმრო – ჭეშმარიტი სიახლე აზიაში! იგი პატიოსნებით აღსავსე ღირსეული კაცია. რადგან მას ჩვენთვის თავისუფალი ოთახი არ აღმოაჩნდა, მივმართეთ პოლიციის უფროსს, რომელმაც, იცოდა რა ჩემდამი მთავარმართებლის კეთილგანწყობა, სასწრაფოდ მოგვათავსა მის განკარგულებაში არსებულ ერთადერთ ბინაში. იგი მდინარის ნაპირზე მდებარეობდა.
რამდენიმე დღის შემდეგ ჩემთან მოვიდა სომეხი იაკობ-ხანი, რომელიც საქართველოში ინდოეთიდან მომავალი, გზად გამვლელი ინგლისელების ბანკირი გახლდათ და მაიორმა ლინდსეიმ მასთან რეკომენდაცია გამიწია. მან თავის სახლში უფრო კეთილმოწყობილი ბინა შემომთავაზა, რაზეც თანხმობა განვუცხადე. თბილისში ყოფნისას ვერ მოვახერხე სათანადოდ გამომეხატა მადლიერება იმ ყურადღებისათვის, რასაც ჩვენი მასპინძელი ჩვენს მიმართ იჩენდა.
თბილისში ჩასვლის მეორე დღეს მის აღმატებულებასთან, მთავარმართებელ ერმოლოვთან წავედი. მან გულთბილად მიმიღო. მთავარმართებლისათვის ცნობილი იყო ჩემი მოგზაურობის მიზანი – მომევლო შავი და კასპიის ზღვის სანაპიროები, გულდასმით შემესწავლა საქართველოს ადგილმდებარეობა, მისი თანამედროვე ურთიერთობები შიდა აზიასთან და ის მომავალი კავშირები, რომელთა დამყარებაც აქ ადვილი იქნებოდა. გენერალი სიამოვნებით დამპირდა, რომ გამომიყოფდა ესკორტებს, არ მომაკლებდა საჭირო დახმარებასა და მხარდაჭერას და ჩემი მოგზაურობა სავსებით გარანტირებული იქნებოდა.
მსურდა, მოგზაურობა ძველი კოლხეთით დამეწყო, მაგრამ ორიოდე თვის წინ ამ პროვინციებში არეულობა დაიწყო და გზები ნაკლებსაიმედო იყო. გენერალმა დამიყოლია, ეს მოგზაურობა იმ დრომდე გადამედო, ვიდრე მისი განხორციელება უსაფრთხო არ იქნებოდა. თბილისში თხუთმეტიოდე დღე დავრჩი და შემდეგ გადავწყვიტე საქართველოს უმდიდრეს პროვინციას – კახეთს ვწვეოდი.
შენიშვნები
1. სამი წლის წინათ ამ საკარანტინო პუნქტის მშენებლობა დასრულდა და იგი მოგზაურთა კომფორტისა თუ ზედამხედველობის თვალსაზრისით წუნდაუდებელია.
2. იხილეთ სწავლულ ბ-ნ სენ-მარტენის “მემუარები სომხეთზე”, ტომი 2, გვერდი 59.
3. შარდენი ამბობს, რომ კურს ანუ კირუსს შაჰბაჰმანს უწოდებენ. ეს მდინარე ასეა მოხსენიებული სპარსულ ქრონიკებში.
4. ეს სასულიერო პირი სამი წლის წინ გარდაიცვალა, თბილისის არქიეპისკოპოს ფილარეტის გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ, რომლის სრული ნდობითაც სარგებლობდა და რომელთანაც გულწრფელი გრძნობებით იყო დაკავშირებული.
5. ჩემი 1820 წლის მოგზაურობის შემდეგ ამ ძველ თაღებზე მყარი ხიდი ააგეს.
6. „მემუარები სომხეთზე“, ტომი 2, გვერდი 177.
თავი III
თბილისიდან კახეთს გამგზავრება. გერმანელთა ახალმოსახლეობანი. საქართველოს გრენადერთა ბანაკი. გადასასვლელი იორზე//კამბისესზე. სიღნაღი. დრაგუნთა პოლკის ბანაკი. ვაქირი. წინანდალი. თავად ჭავჭავაძის მშვენიერი ადგილმამული. თელავი. თბილისში დაბრუნება. ცნობები ლეკთა შესახებ.
შაბათს, 8 (20) ივნისს, ნაშუადღევის ორ საათზე თბილისიდან კახეთს გავემგზავრეთ. ამ გზაზე ფოსტის ცხენები არ იყო და გერმანელებისაგან ჩვენი „ბრიჩკისათვის“ ოთხი ცხენი დავიქირავეთ ერთ დუკატად. ამ ცხენებით უნდა გაგვევლო ის ორმოცდაათი ვერსი, თბილისიდან ვიურტემბერგელ ახალმოსახლეობამდე რომ ანგარიშობენ. ჩემი ვაჟი და რუსული ენის თარჯიმანი ცხენებზე ისხდნენ. ესკორტად სამი კაზაკი გვახლდა, რომელთაც ლესგინების ანუ ლეკებისაგან ჩვენი დაცვა ევალებოდათ. ისინი ამ ცოტა ხნის წინათაც კი ჩამოდიოდნენ თვით თბილისამდე ქართველების მოსატაცებლად.
მტკვარზე გადავედით უძველესი ხიდით, რომელიც ქალაქს ავლაბრის გარეუბნისაგან გამოჰყოფს. შემდეგ ციცაბო გზას ავყევით, გადავიარეთ მთები, რომლებიც თბილისს სამი მხრიდან გარს აკრავს და ათი ვერსი ვაკეზე ვიარეთ; შემდეგ ალაგ-ალაგ მომაღლო მთებში მოგვიხდა ოქდაოთხი ვერსის გავლა და კვლავ ვაკეზე გამოვედით.
მთელი ეს მხარე სრულიად მოუსავლიანი იყო. ის ცოტაოდენი ხორბალი, რომელიც აქა-იქ ჩანდა, ისეთი მეჩხერი იყო, რომ თავთავები კი ისეთი უნაყოფო ჰქონდა, რომ იგი ძლივს თუ გადაფარავდა მოსავლის აღების დანახარჯებს. ადგილ-ადგილ კი მიწის ნაკვეთები კალიებისაგან იყო გაჩანაგებული. ეს უბედურება, რომელიც ამ წელს თავს დაატყდა საქართველოს პროვინციების დიდ ნაწილს, ხშირია ამ მხარეში.
ექვს ვერსზე იმ მთებიდან, ახლახან რომ გამოვიარეთ, გერმანელების ორი სოფელია; ისინი ერთმანეთისაგან თითო ვერსითაა დაშორებული და იორის – ძველად კამბისესის სახელწოდებით ცნობილი მდინარის – ნაპირებზეა გაშენებული. ამ სახელით მოიხსენიება იგი ძველ ავტორებთან, რომელთა ცნობით, იგი კიროსს უწოდებია მისთვის მამამისის პატივსაცემად. ამ სოფელთაგან ერთ-ერთს პეტერსდორფი ეწოდება. აქ მხოლოდ ოცდახუთი სახლია, მოსახლეობა კი – ოთხმოცდათერთმეტი სული. მეორე სოფელია მარიენფელდი და აქ ოცდათერთმეტი ოჯახია, რაც ერთიანად ას სამოცდაათ მცხოვრებს შეადგენს. ჩვენ ამ უკანასკნელ სოფელში შევჩერდით.
სახლები, რომლებშიც კოლონისტები ცხოვრობენ, აგებულია თეთრი, მეტეხი ქვითა და ხით, გარედან კი შელესილია თაბაშირით. მათ მოხერხებული განლაგება აქვთ და თითქმის ყველა მათგანი კოლონებიანი პერისტილითაა მირთული. აქვთ აგრეთვე საკმაოდ დიდი ეზოები და სადგომები. თითოეულ ოჯახს სრულ საკუთრებაში აქვს ოცდათხუთმეტი დესეტინა, ე.ი. დაახლოებით ორმოცდაათი არპანი მიწა. სახელმწიფო ხაზინას სახლების მშენებლობა მხოლოდ 125 მანეთი ვერცხლით, ანუ 500 ფრანკი დაუჯდა. ეს ავანსი, სარგებლის გარეშე, მოახალშენეებმა ათი წლის მანძილზე უნდა გადაიხადონ; ხოლო შემდეგ – დესეტინაზე ათი კაპიკით, ე.ი. კარ-მიდამოზე 7 მანეთით დაიბეგრებიან. ამ ათი წლის მანძილზე ისინი ყოველგვარი გადასახადისაგან განთავისუფლებულნი არიან.
ქალაქ თბილისთან სიახლოვის უპირატესობიდან გამომდინარე, ამ მოახალშენე გერმანელებს წარმატებისათვის უნდა მიეღწიათ, მაგრამ მათი დამკვიდრების პირველ წელს ძლიერი გვალვა დადგა და ისეთი მცირე მოსავალი მოიწიეს, რომ რუსეთის მთავრობა იძულებული გახდა მოახალშენეებისათვის დახმარება აღმოეჩინა.
ამ მხარეში, სადაც ეს ორი სოფელია გაშენებული, ჯანსაღი ჰაერია. ივრის წყალიც ძალიან კარგია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სოფელ მარიენფელდში მაინც მაღალი სიკვდილიანობა აღინიშნებოდა. მხოლოდ ერთი წლის მანძილზე აქ სამოცი მოსახლიდან თერთმეტი დაიხოცა. როცა ამ სიკვდილიანიბის მიზეზი გავიკითხე, აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ზოგიერთი ლოკალური პირობების გაუთვალისწინებლობის შედეგი იყო. ზაფხულობით ამ ოლქში დღის განმავლობაში ყველგან დიდი სიცხე იცის, ღამით კი საშინლად ცივა. თუკი სიცივის საწინააღმდეგოდ საგანგებო ზომებს არ მიიღებენ, ტემპერატურის ასეთი მკვეთრი ცვალებადობა ციებითა და პლევრიტით დაავადებას იწვევს. სიკვდილიანობის მეორე მიზეზი გახლავთ ივრის წყალი, რომელიც თოვლით დაფარული კავკასიის მთებიდან მოედინება. იგი ყინულივით ცივია და მისი დალევა ზაფხულშიც კი სახიფათოა. რომაელი ისტორიკოსები მოგვითხრობენ, რომ როცა პომპეუსი ალბანელთა ორისს დასდევნებია და კამბისეზე გადასულა, მის მებრძოლთაგან ზოგიერთს პაპანაქება სიცხის დროს ამ მდინარის წყალი დაულევია და თავისივე გაუფრთხილებლობის მსხვერპლი გამხდარა. პეტერსდორფში სიკვდილიანობა ოთხმოცდათერთმეტიდან სამ კაცზე მოდიოდა. უსაფრთხოების გარკვეული ზომების მიღების შედეგად ციება, რომლითაც აქაური მოსახლეობა ხშირად ავადდებოდა, თავიდან იქნა აცილებული.
ამ ორი სოფლის მოახალშენეთა შორის, რომლებიც ვიურტენბერგიდან არიან გადმოსახლებულნი, ოთხი უნგრული ოჯახია. მათ საკმაოდ დიდი რაოდენობით ჰყავთ ცხენები. აქაური ძროხები, ჩვეულებრივ, პატარა ჯიშისაა, „შამტუხად“ წოდებული აქაური ცხვარი კი თითქმის გადაგვარებულია და ჩვეულებრივზე ბევრად ნაკლები ზომისაა. თითქმის ყველა ეს მოახალშენე, ისევე, როგორც თბილისის გარეუბნებში მცხოვრები ახალმოსახლენი, ოდესიდან არიან მოსულნი. მათი გადმოსახლების ერთადერთი მიზეზი ცრურწმენა გახლავთ.
ლეკები გერმანელების მეზობლად ცხოვრობენ, რითაც სარგებლობენ და ხშირად სტაცებენ ხოლმე მათ პირუტყვს; მაგრამ მთავარმართებლის მიერ გატარებული ენერგიული ღონისძიებების წყალობით, ახლა უკვე გერმანელ კოლონისტებს ლეკების მხრიდან არანაირი საშიშროება აღარ ელით.
მარიენფელდში მასპინძლობა გაგვიწია ახალმოსახლეების უფროსმა, ლიტვიდან ჩამოსახლებულმა პოლონური წარმოშობის აზნაურმა.
ვიურტემბერგელებს იორზე ერთი წისქვილი ჰქონდათ და უნდოდათ, რომ ეს მდინარე ნაწილობრივ გამოეყენებინათ თავიანთი მიწების მოსარწყავად. მაგრამ ამისათვის სათანადო სამუშაოების ჩატარება იყო საჭირო, რისთვისაც რუსეთის მთავრობას კვლავ ახალი ავანსები უნდა გაეცა, ამით კი იგი სრულებითაც არ იყო დაინტერესებული: ამ მოახალშენეთათვის მთავრობას უკვე საკმარისად ჰქონდა მსხვერპლი გაღებული, მათგან კი ჯერჯერობით ძალზე მცირე სარგებელი მიიღო.
მარიენფელდში თორმეტი კაზაკისაგან შემდგარი საგუშაგოა. კაზაკებს ევალებათ ლეკთა თარეშისაგან მოსახლეობის დაცვა და, აგრეთვე, კოლონიის უფროსის დაცვა მოახალშენეთა უკმაყოფილებისაგან, რასაც ისინი თავიანთი დამკვიდრებისთანავე ამჟღავნებდნენ: ისინი უარს აცხადებდნენ მუშაობაზე და პრეტენზიას გამოთქვამდნენ იმის თაობაზე, რომ რუსეთმა მათ მიმართ აღებული ვალდებულებები არ შეასრულა. მაგრამ გამოხდა ხანი, მოახალშენენი აქტიურად ჩაებნენ მეურნეობის მოწყობაში და დღეისათვის პირველი წარმატებებიც სახეზეა.
მეორე დღეს, დაახლოებით ცხრა საათისათვის, მარიენფელდიდან მუხროვანს გავემგზავრეთ, სადაც განლაგებული იყო საქართველოს გრენადერთა პოლკის ბანაკი. მას მთავარმართებლის ნათესავი, პოლკოვნიკი ერმოლოვი განაგებდა. ვიდრე მუხროვანში ჩავიდოდით, გავიარეთ ქვა-ღორღიანი ხეობა, სადაც იორი მიედინებოდა.
საქართველოს გრენადერთა ბანაკი ერთ მშვენიერ დღეს, ალბათ, ქალაქად გადაიქცევა. იგი შუა ფერდობზე, ლეკებით დასახლებულ მთებთან ახლოს მდებარეობს. კლიმატი აქ ჯანსაღია. დაცვის თვალსაზრისით, უკეთესი ადგილის შერჩევა შეუძლებელია. ამასთანავე, იგი სულ რამდენიმე ვერსითაა დაშორებული თბილისიდან კახეთისაკენ მომავალი გზიდან. განზრახულია ამ გზის გაგრძელება ერთი მხრივ – დერბენდამდე, მეორე მხრივ კი – ბაქომდე. უკვე ჩატარდა დაზვერვითი სამუშაოები, ასე რომ, ერთ მშვენიერ დღეს მუხროვანი ჩაებმება დიდ სავაჭრო საქმიანობაში, რომელიც ორ ზღვასა და აქაურ მოსახლეობას შორის გაიმართება. ლეკებიც, თავის მხრივ, სამუშაოს იშოვიან – გადაზიდავენ ღვინოსა და სხვა სახის საქონელს, რომელიც კახეთიდან წამოვა, ან კიდევ – ამ პროვინციას გაივლის.
კმაყოფილებით აღვნიშნეთ, რომ საქართველოს გრენადერთა საცხოვრებელი კარვები და ბანაკები თანდათანობით სოლიდური შენობებით იცვლებოდა. მშენობლობებისათვის კალატოზებად, ხუროებად, ზეინკლებად და მღებავებად თვით აქაურ ჯარისკაცებს იყენებდნენ. ამ სამუშაოებში ისინი საკმაოდ კარგ გასამრჯელოს – დღეში 10 კაპიკს (2 სუ) იღებდნენ. ხეებს იქვე მეზობლად მდებარე ტყეებში ჭრიდნენ, ქვებსაც იქვე აგროვებდნენ, ხოლო რკინას პოლკოვნიკი საკუთარი ხარჯით იძლეოდა; ასე რომ, ამ ახალი ქალაქის მშენებლობისათვის ფულადი დანახარჯი უმნიშვნელოა.
პოლკში იყვნენ აგრეთვე სხვადასხვა ხელობის მცოდნე მუშები, რომელთა საქმიანობაც დიდი გაქანების აზროვნებას არ საჭიროებს, თუმცა, ამავე დროს აქვე ვნახეთ სრულყოფილი სახელოსნო კარეტებისათვის და, რაც მთავარია, ერთი კივერისა და სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტების საწარმო.
სავსებით ნათელია, რომ რუს ჯარისკაცთა დასაქმების ამგვარი წესი დიდად აადვილებს მათ გაბატონებას ამ ქვეყანაში, სადაც, მსგავსად აზიის სხვა ქვეყნებისა, აუცილებელია ახალი ქალაქების დაარსება, რათა დაეუფლო და შეინარჩუნო ახლად დამორჩილებული მრავალრიცხოვანი ხალხები. როგორც ჩანს, ასეთივე წესით მოქმედებდნენ ალექსანდრეს მეთაურობის ქვეშ გაერთიანებული ჯარებიც. გასაგებია, რატომ დააარსა ალექსანდრემ დაპყრობილ ტერიტორიებზე ორმოცამდე ახალი ქალაქი, რომელთაც თავისივე საკუთარი სახელი უწოდა. როგორც ჩანს, ალექსანდრეს მეომრებიც რუს ჯარისკაცთა მსგავსად ირჯებოდნენ.
ბ-მა პოლკოვნიკმა ერმოლოვმა წარმოუდგენლად თბილი შეხვედრა მოგვიწყო. ამიერკავკასიაში მომსახურე რუს პოლკოვნიკთა ჩვეულების თანახმად, ყველა ოფიცერი მასთან ერთად იჯდა სუფრასთან. რაც მთავარია, ეს კეთილშობილური სტუმართმოყვარეობა მაშინაც ძალაში რჩება, როცა პოლკოვნიკი შინ არ არის.
ამავე პოლკის პოდპოლკოვნიკი, ბ-ნი შვეცოვი, სამი წლის წინ ყიზილიურტთან, დერბენდიდან ყიზლარისაკენ მიმავალ გზაზე, დაღესტნელმა მთიელებმა მოიტაცეს. როცა ამ ოფიცრის ესკორტის ორი კაზაკი მოკლეს, იგი იძულებული გახდა, ამ მრავალრიცხოვან ავაზაკებს დამორჩილებოდა, მაგრამ მაინც მოახერხა ორი მათგანის მწყობრიდან გამოყვანა. პოდპოლკოვნიკის გამოსასყიდად მთიელებმა მოითხოვეს 30000 მანეთი ვერცხლით (12000 ფრ.). ვინაიდან მას საამისო სახსარი არ გააჩნდა, ერთ-ერთმა მისმა ამხანაგმა გაავრცელა ღია ბარათები, სადაც მისი დატყვევების ამბავი იყო აღწერილი. რამდენიმე თვეში გამოსასყიდი თანხის გადახდის მსურველთა უამრავი ხელმოწერა შეგროვდა, მოგვიანებით კი, მკაცრი რეპრესიების გატარების შედეგად, გაღებული თანხა ყველას უკან დაუბრუნდა, თანაც უფრო მეტი ოდენობით1.
მუხროვანში დაბანაკებული ოფიცრები ნადირობით არიან გატაცებულნი. ისინი ყოველნაირად ეხმარებიან პოლკოვნიკს სამხეცის შესაქმნელად, აქ უკვე ჰყავთ დათვები, შვლები, ჯეირნები, მელიები და ტურები.
ჩვენი იქ ყოფნისას მუხროვანში ერთ-ერთი პოლკის ორასკაციანი რაზმი ჩამოვიდა, რომელიც მანამდე ორი წლის განმავლობაში საფრანგეთში იმყოფებოდა. ეს ჯარისკაცები საქართველოს გრენადერთა პოლკში უნდა ჩარიცხულიყვნენ. ისინი გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც მათ მიერ ახლახან დატოვებული მობეჟის დასახლებული პუნქტებიდან ასეთ შორეულ მანძილზე ფრანგები გვიხილეს.
ნაშუადღევს პოლკოვნიკთან ერთად წავედით კლდეში ნაკვეთი ძველი ეკლესიის ნანგრევების სანახავად. დღეს იგი თოფის წამლის საწყობად გამოიყენება. ეკლესია, ცხადია, ძალზე ძველი უნდა იყოს, ისევე როგორც სხვა, ნანგრევებად ქცეული ეკლესიები, რომლებსაც ლეკებით დასახლებულ მხარეში მრავლად ვხვდებით.
ორშაბათს, დილით ადრე გავემგზავრეთ მუხროვანიდან. პოლკოვნიკმა და პოდპოლკოვნიკმა სოფელ კაჩემამდე გამოგვაცილეს, რომელიც ივრის მარცხენა ნაპირზეა გაშენებული. იორი ერთვის ალაზანს იმ ადგილთან ახლოს, სადაც ალაზანი მტკვარს უერთდება. იორი პატარა მდინარეა; მას თან ჩამოაქვს უამრავი ქვა და რადგან ქარიშხლების გამო ამ მდინარის წყლის დინება ხშირად იცვლის მიმართულებას, მის მიერ ჩამოზიდული ქვები მთლიანად ფარავენ ხეობას.
სოფელი კაჩემი არაფრით არის მნიშვნელოვანი. მის გარშემო მიწები უვარგისია, მოუსავლიანობის მიზეზი კი ზაფხულობით დიდი გვალვიანობაა.
პოლკოვნიკმა კეთილი ნება გამოიჩინა და კახეთში სამოგზაუროდ ექვსი ცხენი მოგვცა. ამით მან დიდი სამსახური გაგვიწია, ვინაიდან ჩვენი მოგზაურობის დროს უმეტესად სოფლის შარაგზებზე უნდა გვევლო.
მუხროვანიდან საქართველოს გრენადერთა პოლკის საჯინიბომდე თერთმეტი ვერსის გავლას ოთხი საათი მოვანდომეთ. ეს მხარე ბევრად უკეთესი იყო და ალაფიც (სურსათი?) უფრო უხვად მოიპოვებოდა. დიდი გვალვების დროს აქ მოჰყავთ პოლკოვნიკის ცხენები და, აგრეთვე, პოლკის ცხენების ნაწილიც. ჩვენი ცხენებისათვის დასვენების საშუალება რომ მიგვეცა, ორი საათით შევჩერდით, თან აქვე ვისადილეთ. ღამის გასათევად კი აქედან ოცდაჩვიდმეტი ვერსით დაშორებულ დამპალას კაზაკთა საგუშაგოზე წავედით. ამ ორ პუნქტს შორის იყო კაზაკთა სხვა საგუშაგოც, სადაც ჩვენი ესკორტი შევცვალეთ.
დამპალას საგუშაგო, ისევე როგორც საქართველოსა და ამიერკავკასიის სხვა პროვინციებში არსებული კაზაკთა ყველა სხვა საგუშაგო, წარმოადგენს შემოკავებულ ადგილს, რომელიც მესერებითა და ორმოებით არის შემოსაზღვრული და მას ციხესიმაგრეს უწოდებენ. ჩვეულებრივ, აქ სამი ან ოთხი ბარაკია. მათგან ერთი ოფიცრის საცხოვრებელს წარმოადგენს, დანარჩენები კი უბრალო კაზაკებისა და მოგზაურთათვისაა განკუთვნილი. აქვეა, აგრეთვე, წნულით შემოღობილი საჯინიბოებიც.
ერთმა კაზაკმა 1 მანეთად და 50 კაპიკად ერთი დუჟინი ხოხობი მოგვყიდა (მწყერზე ოდნავ უფრო დიდი ზომისა). ეს ხოხბები კაზაკს ახლახან დაეჭირა, დაეხოცა და გაეპუტა. ხოხობი ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ დიდად დაგვენანა, რომ ამ შესანიშნავ ფრინველს ასე უსარგებლოდ სპობდნენ. საფრანგეთში ეს ფაქიზი ფრინველი ძალზე იშვიათია, საქართველოში და ყველა იმ მხარეში, რომელიც ფაზისს ესაზღვრება, იგი ფართოდ არის გავრცელებული. აქაური ხოხობი ორნაირი ჯიშისაა: ჩვეულებრივი და მოოქრული. ეს უკანასკნელი უფრო ხშირად კასპიის ზღვის სანაპიროზე გვხვდება.
ღამე დამპალაში გავათიეთ, დილაადრიან კი სიღნაღში გავემგზავრეთ. ამ ორ პუნქტს შორის ანგარიშობენ ორმოცამდე ვერსს, რომელიც ჩვენ ხუთ საათში დავფარეთ. აქ ყველგან ერთმანეთს ენაცვლებოდნენ დაბლობები, ხეობები და მთები. საკმაოდ ბევრი სოფელი გავიარეთ და მათ გარშემო თითქმის ყველგან საუცხოო ნარგავები გვხვდებოდა.
სიღნაღამდე ხუთი ვერსის დაშორებით, ერთი საათის განმავლობაში მთის მწვერვალზე ავდიოდით. აქედან ხელმარცხნივ ქალაქი ჩანდა. იგი საკმაოდ მაღალ ბორცვზე იყო გაშენებული, უკან კი უზარმაზარი ვაკე ეკრა, რომელიც კავკასიის უმაღლესი ქედით ბოლოვდებოდა.
სიღნაღი ქიზიყის მაზრისა და მთელი კახეთის მთავარი ქალაქია. აქ დაახლოებით ოთხასი სახლი და ორი ათასი მცხოვრებია. სიღნაღელები საქართველოში ყველაზე მამაც ხალხად ითვლებიან. ისეთ ქვეყანაში, სადაც ეს თვისება საყოველთაოა, ასეთი უპირატესობის მინიჭების საფუძველი, უდავოდ, დამყარებულია აქაურ კლიმატზე, მთების მაცოცხლებელ ჰაერზე, განსაკუთრებით კი – იმ აუცილებლობაზე, რომელიც აქაურებს მეზობელთა თავდასხმების მოსაგერიებლად მუდმივ მზადყოფნას აიძულებს.
ჰაერისა და თავდაცვის მხრივ სიღნაღს კარგი მდებარეობა აქვს, მაგრამ აქ წყლის ნაკლებობაა. ქალაქში ერთადერთი წყალსატევია და ისიც იმდენად მცირე რაოდენობის წყლით ამარაგებს მას, რომ მოსახლეობას რიგში დგომა უწევს, თანაც თითოეულ ადმიანს მხოლოდ ერთი ჭურჭლის ავსება შეუძლია.
ასეთი უხერხულობა ხშირად სისხლიან შეხლა-შემოხლას იწვევს ქალაქელებს შორის, რომლებიც ბუნებით გულფიცხნი არიან და თანაც მუდამ ხანჯლებით არიან შეიარაღებულნი. როდესაც წყალი წყდება, ისინი იძულებულნი ხდებიან წყლის ასაღებად ალაზანზე წავიდნენ; მაგრამ აქ, იმისათვის რომ ლეკებისაგან დაიცვან თავი, მუდამ ჯგუფ-ჯგუფად უნდა იარონ და თან კარგადაც უნდა იყვნენ შეიარაღებულნი. კავკასიაში მცხოვრებ ხალხებს შორის ლეკები ყველაზე მეტად მისდევენ ავაზაკობას და, მიუხედავად რუსეთის მიერ მათთვის ჩანერგილი შიშისა, თუკი ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემათ, ძალიან უჭირთ ამ ცდუნებისაგან თავის შეკავება.
სიღნაღში ჩვენს ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ათი ლეკი ბანაობდა ალაზანში, რომელიც საკმაოდ სწრაფი მდინარეა და მათ ქვეყანას კახეთისაგან გამოჰყოფს. იქვე ახლოს ოთხი სომეხი მოსავალს იღებდა. ლეკებს მათი მოტაცება განუზრახავთ და, ხანჯლებით შეიარაღებულნი, დედიშობილა მისცვივდნენ სომხებს. ორმა მათგანმა მოახერხა თავის დაღწევა, ლეკებს კი ორი გაუტაცებიათ, რომელთაგანაც ერთი მდინარის გადალახვისას დამხრჩვალა.
ამ შეიარაღებული თავდასხმის შესახებ მთავარმართებელს მოახსენეს და ალბათ იგი სასწრაფოდ მიიღებს ზომებს ლეკების დასასჯელად.
დავბინავდით მაიორთან, რომელიც სიღნაღის ციხეს განაგებდა. მან გულთბილად მიგვიღო. მისი სახლი სიღნაღსა და თელავს შორის მდებარე ულამაზეს მხარეს გადაჰყურებდა.
დაბლობთან კომუნიკაცია გაძნელებულია იმის გამო, რომ მისკენ დამრეცი ფერდობით მიემართება გრძელი გზა. ეჭვგარეშეა, ეს ხელს უშლის მოსახლეობის კეთილდღეობას, რომელსაც ამის გამო უჭირს ამ მხარის უხვი პროდუქციით ვაჭრობა. ისინი მისდევენ მიტკლის წარმოებას და მის შესაღებად იყენებენ ველურ ენდროს, რომელიც ამ ადგილებში უხვად მოიპოვება. მე მაჩვენეს ძალიან დიდი ზომისა და საუცხოო ხარისხის ენდრო, მაგრამ მისი ფასი მხოლოდ მისივე ამოთხრისათვის გაწეული შრომის ფასს არ აღემატება, ამიტომ მას აღარ ახმობენ და ისევე ყიდიან ფუთს 4 მანეთად ვერცხლით, ე.ი. – ფრანგულ ცენტნერს 48 ფრანკად. რუსეთის მთავრობა კარგს იზამს, თუ ხელს შეუწყობს ამ მცენარის განაშენიანებას კახეთში, რისთვისაც აქაური ნიადაგი ძალზე შესაფერისია.
1812 წელს სიღნაღსა და მის მაზრაში დაიწყო დიდი შეიარაღებული აჯანყება რუსეთის წინააღმდეგ. აჯანყების დროს სამასზე მეტი ჯარისკაცი ამოხოცეს. ქართველ თავადთა დიდი ნაწილი რუსეთის ერთგული დარჩა და ამის გამო მათაც შეეხო სახალხო მძვინვარება, რაც, ძირითადად, ჯარისკაცების თავშეუკავებელი ქმედებით იყო გამოწვეული. გავიხსენოთ, რომ ასეთი მანკიერება არც ფრანგი ჯარისკაცებისათვის არ არის უცხო და სწორედ ამის გამო დაუდგათ სიცილიელებს მწუხრის ჟამი. მონტესკიე, რომელმაც საფუძვლიანად გამოიკვლია ერების აღზევებისა და დაცემის მიზეზები, შეგვახსენებს, რომ ფრანგებმა რვაჯერ დაიპყრეს იტალია, მაგრამ თავიანთი თავშეუკავებლობისა და ზიზღის გამო, რომელსაც ისინი დაპყრობილთა მიმართ იჩენდნენ, რვაჯერვე განიდევნენ აქედან.
აჯანყებაში არავითარი მონაწილეობა არ მიუღიათ სომხებს, რომლებიც მხოლოდ ვაჭრობითა და სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი. აჯანყება მალევე ჩაახშეს და, აქედან მოყოლებული, მხოლოდ საქართველოს კეთილდღეობითა და ხალხთა ბედნიერებით დამაშვრალმა გონიერმა მმართველმა ნელ-ნელა გააქრო რუსების მიმართ ქართველების მტრობა. ამასთანავე, ქართველებმა ისიც იციან, რომ ამ სახელმწიფოს მმართველობის ქვეშ მათ არავითარი საშიშროება აღარ ელით ლეკების, სპარსელებისა და თურქების მხრიდან, რომლებიც რიგ-რიგობით ანადგურებდნენ მათ ქვეყანას და ტყვედ მიჰყავდათ მათი ცოლ-შვილი. ამიტომაც არის, რომ ქართველები ყოველდღიურად უდასტურებენ რუსეთს თავიანთ ერთგულებას.
სიღნაღიდან ორშაბათს გავემგზავრეთ. თავადაზნაურობის მარშალმა, თავის თარჯიმანთან ერთად, მოისურვა ჩვენს ესკორტს შემოერთებოდა. მას განზრახული ჰქონდა, მხოლოდ მას შემდეგ დაგვშორებოდა, როცა ქიზიყის მაზრას გავცდებოდით. ეს ქართველი თავადი სამოციოდე წლის კაცი გახლდათ. იგი განთქმული იყო თავისი შეუპოვრობით, ფიზიკური სიმარჯვითა და მნიშვნელოვანი სამხედრო საქმეებით. იგი დღესაც ჯერ კიდევ ჯან-ღონით აღსავსეა და შიშის ზარს სცემს ლეკებს, რადგანაც არაერთი ლეკი მოუკლავს საკუთარი ხელით.
სიღნაღიდან დაახლოებით სამი ვერსი კვლავ იმ გზაზე მივდიოდით, რომლითაც წინა დღეს სიღნაღამდე ვიარეთ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი ცხენები გვყავდა, მათ მაინც გაუჭირდათ ეტლის ათრევა პირველი მთის მწვერვალამდე. ამის შემდეგ ულამაზესი კაკლის ხეებით დამშვენებულ პლატოზე დავეშვით. მოგზაურებს ჩვევად აქვთ ამ ძირძველი ხეების ჩრდილქვეშ შესვენება, ისევე როგორც ეტნას მთაზე, „ჩენტო კავალად“ წოდებული მშვენიერი წაბლის ხეების ქვეშ. შემდეგ ხელმარჯვნივ გადავუხვიეთ და გადავიარეთ ბევრად უფრო ნაყოფიერი და მჭიდროდ დასახლებული მხარე, ვიდრე ის, რომელიც წინადღით მგზავრობისას ვნახეთ.
გვითხრეს, რომ სიღნაღიდან ცარსკი კოლოდეცამდე (მეფისწყარო), ნიჟეგოროდელ დრაგუნთა პოლკის საზაფხულო ბანაკამდე, მხოლოდ ოცდაშვიდი ვერსიაო. მაგრამ, ვინაიდან სიღნაღიდან ცხრა საათზე გამოვედით და დანიშნულების ადგილზე მხოლოდ ორ საათზე ჩავედით, ხოლო ჩვენი ცხენები საათში არანაკლებ შვიდ ვერსს გადიოდნენ, ამიტომ ეს მანძილი ოცდათხუთმეტ ვერსზე მეტი უნდა იყოს.
ნიჟეგოროდის პოლკის პოლკოვნიკი ჩვენი ჩასვლის მომენტში ბანაკში არ დაგვხვდა. მას მაიორი სალიკოვი ცვლიდა, რომელმაც, მთავარმართებელ ერმოლოვის მიერ მოცემული სარეკომენდაციო წერილების წყალობით, პოლკოვნიკის არყოფნა არ გვაგრძნობინა და ისე მიგვიღო, როგორც ამას პოლკოვნიკისაგან მოველოდით. ორი დღის მავძილზე, რომელიც მაიორისა და მისი ოფიცრების გარემოცვაში გავატარეთ, მათ ერთი წუთითაც თავი არ დაუზოგავთ, რათა ჩვენთვის კარგი მასპინძლობა გაეწიათ.
დრაგუნთა ლეიტენანტის ჩინი, რომელიც ჩემს ვაჟიშვილს ჰქონდა, მათთვის უდიდეს ტიტულად ითვლებოდა და ოცდაოთხი საათიც არ იყო გასული, რომ მან თავის თანასწორ ამხანაგებთან იგრძნო თავი.
მეფის წყაროს ბანაკს ძალზე კარგი მდებარეობა აქვს. ეს სახელწოდება ამ ადგილმა იმის გამო მიიღო, რომ თურმე მეფე ერეკლე ყოველთვის ამ წყაროდან სვამდა წყალს. იგი საქართველოში საუკეთესო წყაროდ ითვლება. ჰაერი აქ სუფთა და ჯანსაღია, მაგრამ ოდნავ ცივი. ამიტომ არის, რომ თიბვისა თუ სამხედრო მანევრების ჩატარების დროს აქაური კლიმატი ჯარისკაცებში ციებას ან ფილტვების დაავადებას იწვევს.
ზემო პლატოდან, რომელზედაც ეს ბანაკია განლაგებული, საუცხოო ხედი იშლება იმ დაბლობზე, რომლის ხილვითაც ჩვენ უკვე დავტკბით სიღნაღიდან. ბანაკიდან ოთხ ვერსზე თითქმის მთლიანად ნანგრევებად ქცეული უძველესი ციხე ვნახეთ. იგი ხეებშია ჩაფლული, შუაგულ ტყეში, ძალიან ამაღლებულ და თვალწარმტაც ადგილზე დგას და ადვილად დასაცავია. ზაფხულის პაპანაქება სიცხისას საქართველოს მეფეები აქ მოდიოდნენ, ტკბებოდნენ სუფთა და გრილი ჰაერით და თანაც აქედან ლეკების მოძრაობასაც თვალყურს ადევნებდნენ. 1812 წლის შეიარაღებული აჯანყების დროს ამ ციხეს ბევრი რუსი ჯარისკაციც აფარებდა თავს.
ჩვენი ჩასვლის მეორე დღეს მაიორმა სალიკოვმა ჩვენთვის დრაგუნთა ესკადრონის მანევრები მოაწყო. განცვიფრებაში მოგვიყვანა მათი მოძრაობის დახვეწილობამ. მხედრები ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსენი იყვნენ. მათ, როგორც წესი, ყაბარდოს მთებიდან ჩამოყვანილი შესანიშნავი ცხენები ჰყავდათ, რომლებიც წვრილი კანჭებითა და სიმკვირცხლით გამოირჩეოდნენ. პოლკოვნიკი ამ ცხენებში იხდიდა 200 მანეთს ასიგნაციით, – ამ თანხაშივე შედიოდა მათი ბანაკში ჩამოყვანაც, – მთავრობისაგან კი ამისათვის მხოლოდ 120 მანეთს იღებდა, დანარჩენს თვითონ ანაზღაურებდა. საფრანგეთში ასეთივე ცხენი არანაკლებ 1200–1500 ფრანკი ეღირებოდა. ასეთი ჯიშის ცხენები არიან მეტად ფხიზელნი, არ უწუხდებიან არც სიცხეს და არც სიცივეს, და ადვილად არ იღლებიან. ისეთ ქვეყანაში, სადაც ალაფი (პროვიანტი?) სრულებით არ არის, ამ ცხენებზე ამხედრებულ პოლკს შეუძლია დღეში ოთხმოც ვერსამდე გაიაროს.
ოფიცრებსაც ასევე ყაბარდოული ცხენები ჰყავთ, თანაც გაცილებით უკეთესი. ბევრ მათგანს ყარაბაღული ჯიშის სპრსული ცხენებიც ჰყავთ. ყარაბაღი სპარსეთის მოსაზღვრე პროვინციაა, რომელიც დღეს რუსეთის ქვეშევრდომობაშია. სამწუხაროდ, ამ უკანასკნელი ჯიშის ცხენები სიცივესა და ნესტს ვერ იტანენ, შესაბამისად, ევროპულ აკლიმატიზაციას რომ გაუძლონ, პირველ ხანებში დიდი მოფრთხილება სჭირდებათ.
პოლკში ყოფნისას ჩვენ პოლკოვნიკთან და ყველა მის ოფიცერთან ერთად მივირთმევდით საჭმელს. სადილობისას ორმოცი მუსიკოსი ასრულებდა სამხედრო მელოდიებს. ორი სიმღერის მიხედვით, რომლებიც მხიარული და მგზნებარე ჰანგებით გამოირჩეოდნენ, ჩვენ წარმოდგენა შეგვექმნა ლეკურ მუსიკაზე.
პარასკევს, 14 (26) ივნისს, ნასადილევს, სინანულით დავტოვეთ დრაგუნთა პოლკი, სადაც ასე სასიამოვნოდ გავატარეთ ათი დღე და სოფელ ვაქირში გავემგზავრეთ. აქ ვაპირებდით ღამის გათევას. ამ სოფლამდე დრაგუნთა საზამთრო ბანაკი უნდა გაგვევლო. ოფიცერთა უმრავლესობამ, მაიორის მეთაურობით, გადაწყვიტა ამ ადგილამდე გავეცილებინეთ, შემდეგ კი გზა დაელოცათ და გამოგვმშვიდობებოდნენ. ამჯერად ჩვენი ამალა ჩვეულებრივზე ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა. იგი შედგებოდა ოცდაათზე მეტი ცხენოსნისაგან, რომლებიც გართობის გუნებაზე იყვნენ და თავიანთ ცხენებს, ქართველებისა და სპარსელების მსგავსად, სხვადასხვა ილეთებს ასრულებინებდნენ, ცხენჭენებით ისროდნენ თოფსა და პისტოლეტს და კვლავ ტენიდნენ იარაღს ისე, რომ ცხენები სვლას არ აჩერებდნენ. ვარჯიშების სხარტად და უნაკლოდ შესრულებით თავადაზნაურთა მარშალი გამოირჩეოდა. ბანაკში ჩასვლისას სოლიდურად ნაშენი სახლების ხილვამ. ისინი ხის მასალით, ლერწმითა და მიწით იყვნენ გადახურულნი. სახლები ერთმანეთისაგან თითქმის თანაბარი მანძილის დაშორებით ლამაზად ჩამწკრივებულიყვნენ, ყველას ჰქონდა ბაღი და საკმაოდ ფართო ერთადერთი ქუჩა იქმნებოდა.
დრაგუნთა ბანაკი ყარაღაჯად იწოდება. იგი ვაქირიდან ოცდაათ ვერსზე მდებარეობს. ვიდრე გზას გავაგრძელებდით, ოფიცრებმა მოგვიმზადეს „ზაკუსკა“ _ მსუბუქი საუზმე, რომელიც სადილს უსწრებს და გულუხვად გვასვეს გამოსათხოვარი სადღეგრძელოები.
საერთო მხიარულების ჟამს, რომელიც თან ახლდა გამოსათხოვარ საუზმეს, ჩემს ვაჟიშვილს აზრად მოუვიდა, ცხენიდან ჩამოსულიყო და კამეჩზე დამჯდარიყო. ამ პირუტყვს სრულიადაც არ უჭირდა სვლა, მაგრამ როდესაც მხედარი მის აჩქარებას შეეცადა, იგი გაშმაგებული გავარდა და ისეთნაირად აფართხალდა, რომ ელვის სისწრაფით ძირს დასცა თავისი მხედარი, რომელიც ასეთი პირუტყვით ჯირითს არ იყო შეჩვეული.
ვაქირში ჩასვლას ოთხი საათი მოვანდომეთ. გადავიარეთ თელავის საუცხოო დაბლობი, ცნობილი თავისი ნიადაგის ნაყოფიერებითა და მრავალფეროვანი მცენარეულობით. გზა უკან ბრუნდებოდა უსწორმასწორო სიმაღლის მქონე მთების ქედის გასწვრივ, სადაც ქალაქი სიღნაღი იყო გაშენებული, რომელიც გზიდან ოთხ ვერსზე ჩამოვიტოვეთ. დაბლობზე ბევრი ლამაზი სოფელი შემოგვხვდა.
ვაქირი სიღნაღიდან მხოლოდ რვა ვერსითაა დაშორებული. სოფელში შიკრიკი გავგზავნეთ, ჩვენთვის ბინა რომ მოემზადებინათ. ვინაიდან აქ ჩვენთვის შესაფერისი, მოსახერხებელი სახლი არ აღმოჩნდა, სოფლის თავმა ღვინის დასაწურ და შესანახ ფარდულში მოგვათავსა. მას სამი მხრიდან ჰქონდა კედლები, ჩრდილოეთის მხარეს კი მთლიანად ღია იყო.
ფარდულს სახურავი ფიცრისა ჰქონდა, სიგრძით დაახლოებით ექვსასი ტუაზი იყო, სიგანით კი – ოთხი. შუაში იდგა ქვის ღარი, სადაც ყურძენს წურავდნენ; შემდეგ კი ღვინოს იქვე, ერთმანეთისაგან ოდნავ დაშორებით მიწაში ჩაფლულ დიდ ქვევრებში ასხამდნენ. აქ წლების მანძილზე ინახება ღვინო, მაგრამ შესაფერისი დუღილი არ მიმდინარეობს და ამის გამო, როცა ღვინო ქვევრებიდან ტიკებში გადასასხმელად ამოაქვთ ხოლმე, იგი მჟავდება.
ვაქირი შუა ფერდობზეა გაშენებული. იგი საუცხოო ხილნარის ბაღებშია ჩაფლული. მის გარშემო მეტად ნაყოფიერი მიწებია. აქ ხარობდა მშვენიერი ხორბალი, უფრო ხშირად კი ეს მიწები დიდი ზვრებით იყო დაფარული. აქვეა ძალიან ლამაზი ფორმის კაკლისა და ლეღვის ხეები. ლეღვის ხის ფოთლების სიგრძე ერთ ფუტზე მეტი იყო, სიგანე კი – ათი გოჯი. იგი წელიწადში ორჯერ იძლევა ნაყოფს – ივლისსა და ოქტომბერში, და მეორე მოსავალი უფრო კარგია.
მამასახლისი ჩვენს მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდა. ვახშმად წითელი ლობიო, კვერცხები და ქათმები მოგვართვა. პური, ისევე როგორც საქართველოს ყველა სხვა სოფელში, აქაც ძალზე ცუდი იყო. მას ჯერ კიდევ ისეთივე წესით აცხობენ, როგორც უხსოვარი დროიდან აცხობდნენ აზიაში.
თონეები აქ მიწაშია ჩაფლული. ეს არის ხუთი-ექვსი ფუტის დიამეტრისა და ხუთი ფუტის სიღრმის ჭა, ნაშენი ქვითა და კირით. ცეცხლს თონის შუაგულში ანთებენ და როცა იგი სასურველ დონემდე გახურდება, ნახშირსა და ნაცარს ამოიღებენ. პურის მცხობელს თონის გვერდით ფიცარი და ფქვილით სავსე ვარცლი უდგას. იგი იღებს სამ მუჭა ფქვილს, ასველებს ცოტაოდენ წყალში და ზელს მას ფიცარზე ისე, რომ ოდნავ მკვრივი ცომი მიიღოს. შემდეგ ამ უფორმო ცომს იგი თონის კედელზე აკრავს და გააბრტყელებს ისე, როგორც ჩვენი კალატოზები კედლებზე კირხსნარს უსვამენ ხოლმე. ხაბაზი ნელ-ნელა მთლიანად ამოავსებს თონის კედლებს ამ ცომით, ზემოდან კი ფიცრებს გადააფარებს. თხუთმეტი-ოცი წუთის შემდეგ იგი თონიდან ამოიღებს საძაგელ კვერებს, რომლებიც ერთდროულად თეფშებისა და პურის მაგივრობას სწევენ. საფუარი ამ მხარეში სრულებით არ იხმარება.
ფარდულში საკმაოდ კარგად გამოვიძინეთ, თუმცა სულ იმის შიშში ვიყავით, რომ ფალანგები არ დაგვსხმოდნენ თავს: ეს არის უზარმაზარი ობობის მსგავსი მწერი, რომელიც საკმაოდ მრავლადაა თბილისის ძველ შენობებში და საქართველოს პროვინციების ერთ ნაწილში.
გარეგნულად ფალანგა საზიზღარ შთაბეჭდილებას ახდენს, ერთი შეხედვით, შეიძლება ითქვას, იგი საზარელიც კია. ტანი ცერის სიმსხო აქვს და საკმაოდ მოკლე თათებს ეყრდნობა, ძალზე მოძრავია და წაგრძელებული კისერი აქვს; პირი შეიარაღებულია კბილებით, რომელთა მეშვეობითაც იგი აუწერელი გაშმაგებით ჩაეჭიდება ხოლმე თავის მსხვერპლს.
გასართობად მოგვიტანეს ცალ-ცალკე ჭურჭელში მოთავსებული ორი ფალანგა. ჩვენ ისინი ერთ ქილაში ჩავსვით: ფალანგები მაშინვე ერთმანეთს ეცნენ და პირით ჩაეჭიდნენ. ამ სიტუაციაში, როცა თითქოს საბედისწერო დასასრული არ იყო მოსალოდნელი, ერთმანეთზე გადაბმული ფალანგები გაყუჩდნენ, მაგრამ დროდადრო უფრო ძლიერი ფალანგა, რომელსაც არ სურდა ნადავლის ხელიდან გაშვება, მიათრევდა ხოლმე უფრო სუსტ თანამოძმეს. ბოლოს, ამ დამქანცველი ორთაბრძოლის შემდეგ, პატარა ფალანგა მოწინააღმდეგეს გაუსხლტა და საოცარი სისწრაფით ქილის სრიალა კედლის ზედაპირზე აცოცდა. ჩვენ ქილა შევანჯღრიეთ და ფალანგა ისევ ფსკერზე ჩამოვარდა. დიდი ფალანგა ელვის სისწრაფით ეცა მას და ამჯერად მოახერხა კისრის ქვეშ სწვდომოდა თავის მსხვერპლს და ამით განემტკიცებინა თავისი უპირატესობა. ამის შემდეგ მას ხუთი წუთიც კი არ დასჭირვებია, ისე წააგლიჯა თავი პატარა ფალანგას და საშინელ კრუნჩხვებში სული გააცხებინა, ბოლოს კი ეცა და საშინელი სიხარბით ერთ წუთში შესანსლა.
ზოგჯერ, სეირის საყურებლად ერთმანეთთან აბრძოლებენ მორიელსა და ფალანგას. გაშმაგებულ ბრძოლაში თითქმის ყოველთვის ფალანგა იმარჯვებს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ხშირად ეს გამარჯვება ძვირად უჯდება, რადგან თუ ბრძოლის დროს მორიელმა მოასწრო და უკბინა ფალანგას, როგორც წესი, ეს უკანასკნელი ნახევარ საათში კვდება. ფალანგები საკმაოდ გავრცელებულია სპარსეთში. თუ იგი ადამიანს შეაღოღდება, საჭიროა დიდი ნებისყოფა, რომ მან (ადამიანმა) არანაირი მოძრაობა არ გააკეთოს, წინაარმდეგ შემთხვევაში გაბრაზებულმა მწერმა შესაძლოა უკბინოს. ფალანგის ნაკბენი მხოლოდ მაშინაა სახიფათო, თუკი სასწრაფოდ წამალს არ წაუსვამენ. წამლად იყენებენ ცხიმს, უმეტესად – ზეთს, რომელსაც მინის პატარა ფლაკონით ქართველები მუდამ თან დაატარებენ ხოლმე. ამ ცხიმით საკმაოდ დიდხანს, დაახლოებით ნახევარი საათის მანძილზე იზელენ ნაკბენ ადგილს, რის შემდეგაც ფალანგის ნაკბენი აღარავითარ საშიშროებას აღარ წარმოადგენს.
გარდა ფალანგებისა და მორიელებისა, საქართველოში გავრცელებულია მრავალფეხები, ტარანტულები და გველები, რომელთა ნაკბენიც მეტ-ნაკლებად შხამიანია.
თავადაზნაურთა მარშალი და მისი თარჯიმანი განაგრძობდნენ ჩვენთან ერთად მოგზაურობას. ამ კეთილშობილურად გაწეული სამსახურის გამო ჩვენმა მოგზაურობამ ისე იოლად და უზრუნველად ჩაიარა, რომ უკეთესს ვერაფერს ინატრებს კაცი.
ვაქირიდან დილის შვიდ საათზე გამოვედით და სადილობისას შუა ფერდობზე მდებარე ულამაზეს სოფელში ჩავედით, რომელიც მუკუზანიდან სამ ვერსზე იყო. ისევე, როგორც წინა დღეს, აქაც პერისტილში დაგვაბინავეს, სადაც ნოხები და ბალიშები დააგეს. მამასახლისმა, მისმა რამდენიმე წარჩინებულმა მეზობელმა და მარშალმა ჩვენთან ერთად ისადილეს, მაგრამ რადგანაც ჯერ კიდევ ბერძნული მარხვა იდგა, რომელიც წმინდა პეტრეს დღეს მთავრდებოდა, მათ უარი განაცხადეს ჩვენთვის დამზადებულ კერძებზე და დაკმაყოფილდნენ გამხმარი და დამარილებული თევზით, რომელსაც ბაქოში იჭერენ.
ქართული წესის შესაბამისად, ღვინო ვსვით მოვერცხლილი ჩამჩებით – აზარფეშებით, რომელთაც რიგრიგობით გადსცემენ ხოლმე თითოეულ სტუმარს. ღვინო კარგი იყო. მედოკის ღვინოების მსგავსად, რომელთანაც მას ბევრი საერთო აღმოაჩნდა, ეს ღვინოც არ იყო მათრობელა.
ამ სოფლიდან ნასადილევს გავემგზავრეთ და სულ მალე მუკუზანი გავიარეთ. რამდანიმე ვერსის გავლის შემდეგ კი დავემშვიდობეთ მარშალს და გზა ტყეში განვაგრძეთ: აქ ძირითადად მუხა გვხვდებოდა, მაგრამ იყო ასევე ულამაზესი ნეკერჩხალი, სიკომორი, ალვის ხე, ვერხვი, კაკალი, რცხილა და არაჩვეულებრივად ლამაზი კოპიტი.
რვა საათი ხდებოდა, როდესაც თავად ჭავჭავაძის სასახლეს მივადექით. ამ მდიდარ მემამულესთან მთავარმართებლის სარეკომენდაციო წერილები გვქონდა. მან მეტად გულთბილად მიგვიღო. თავადი სულ ახალგაზრდა იყო, როცა პეტერბურგში გაგზავნეს, სადაც მამამისი მძევლად იმყოფებოდა. აქ მან საუკეთესო განათლება მიიღო და საკუთარი მაგალითით ყოველნაირად უწყობდა ხელს საქართველოში ცივილიზაციის პროგრესულ განვითარებას. მისი სასახლე, რომლის მშენებლობაც ამ დროისათვის დამთავრების პროცესში იყო, ჭეშმარიტად სასწაულს წარმოადგენდა ამ ქვეყანაში, სადაც საცხოვრებლების უმრავლესობა თიხისაგან შენდებოდა და ხშირად მიწურის სახე ჰქონდა. ინტერიერი ისეთივე განლაგებით გამოირჩეოდა, როგორც ევროპულ სასახლეებშია მიღებული, ექსტერიერის ხუროთმოძღვრება კი აზიის კლიმატური პირობების შესაბამისი იყო. ქვეყანაში, სადაც წელიწადში სამი თვის მანძილზე თითქმის აუტანელი სიცხეები იცის, სწორედ რომ გონივრულია ქვედა და პირველი სართულების გასწვრივ ფართო, ზემოდან გადახურული გარე აივნების აშენება. ჩვეულებრივ, აქ ღამით წვებიან ხოლმე, რადგან ღამის სიგრილე ნორმალური ძილის საშუალებას იძლევა.
სასახლის ირგვლივ ფართო ეზოებია. ბაღს მშვენიერი მდებარეობა აქვს, ხოლო დაახლოებით ოცდაათი არპანის ფართობის ვაკე, რომელიც ოდნავ დაქანებულია გალავნის კედლისაკენ, მთის ძირამდე, თავადს საშუალებას მისცემს განახორციელოს ინგლისური ტიპის ბაღის გაშენების პროექტი, რომლის მოხაზულობაც შესანიშნავად ერწყმის ბუნებრივ ადგილმდებარეობას.
თავად ჭავჭავაძის დედა დიდად პატივსაცემი ქალბატონი გახლავთ. იგი თავად ანდრონიკაშვილების შთამომავალია, რომლებიც კონსტანტინოპოლიდან მოსულან და საქართველოში სამი საუკუნის წინ დამკვიდრებულან. ანდრონიკაშვილები დაბეჯითებით ირწმუნებიან, რომ ისინი ამ გვარის მატარებელ ბერძენ იმპერატორთაგან მომდინარეობენ. თავად ჭავჭავაძის მეუღლე, ახალგაზრდა ქალბატონი კი თავად ორბელიანების უძველესი გვარის შთამომავალია; ამ მხრივ ძნელად თუ შეეცილება მას რომელიმე საგვარეულო, თუკი სარწმუნოდ მივიჩნევთ ბ-ნ სენ-მარტენის „მემუარებს სომხეთზე“, საიდანაც ნათელია, რომ ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ჩინეთის მეფის შთამომავლები არიან და რომ მათი წინაპრები ალექსანდრე მაკედონელის მიერ საპარსეთის დაპყრობამდე ერთი საუკუნით ადრე მოსულან საქართველოში.
თავადი ჭავჭავაძე ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის რეზერვის პოლკოვნიკია. უწინ მას იგივე წოდება ჰქონდა რუსეთის გვარდიაში, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე სამშობლოს მოცილებულმა, საქართველოში დაბრუნება და საკუთარი ადგილ-მამულის მართვა მოინდომა და საამისო ნებართვა ითხოვა.
თავადი ჭავჭავაძე დიდი მამულების მფლობელია. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ორი – წინანდლისა (თსენედალი) და მუკუზანის მამულები, – ორივენი ცნობილნი არიან საუცხოო ღვინით და ამ მხრივ მათ საქართველოში პირველი ადგილი უჭირავთ. მომდევნო ადგილზეა კონდოლის (ჩონდოლ) ვენახი, რომელიც მთავრობას ეკუთვნის და თელავის მაზრის დაქვემდებარებაშია; ბოლო ადგილზე კი თავად ივანე აფხაზის ვენახებია.
თავადმა გაგვასინჯა თავისი სამწლიანი და რვაწლიანი ღვინოები. ეს იყო საკმაოდ კარგი ხარისხის სასმელი, რომელსაც, ქართული ღვინოების დიდი ნაწილისაგან განსხვავებით, სრულებით არ ჰქონდა მომჟავო გემო.
ამ ქვეყანაში ერთი თუნგი (თოუნგა – ექვს ბოთლნახევარი ბორდო) ღვინის ფასი, ჩვეულებრივ, ძლივს აღწევს 1 აბაზს (80 სანტ.). ამავე ფასად ყიდიან ღვინოს ვაჭრები თბილისსა და სხვა ქალაქებში, ოღონდ მას ტრანსპორტის ხარჯებსა და თავიანთ მოგებას უმატებენ.
საქართველოში ღვინისათვის არც კასრებს იყენებენ და არც ბოთლებს, იგი ტიკებით გადააქვთ. ამისათვის ხუთი სახის ტყავი გამოიყენება, სახელდობრ: კამეჩის, ხარის, ღორის, ვაცისა და თხის ტყავები. პირველი სამი უფრო კარგია და გემოც, რომელსაც ეს ტყავები აძლევენ ღვინოს, უფრო ნაკლებად უსიამოვნოა შედარებით იმასთან, რომელიც თხისა და ვაცის ტყავებისაგან რჩება. ამ უკანასკნელებს, ჩვეულებრივ, ესპანეთში, პორტუგალიასა და კალაბრიაში იყენებენ. მათ შიგნით, ბეწვიან მხარეს, ნავთი აქვთ წასმული და ეს ნივთიერება ცუდ გემოს აძლევს ღვინოს, მაგრამ როგორც ირწმუნებიან, იგი მის შენახვას უნდა უწყობდეს ხელს.
ამ მხარეში უკვე იცნობენ ბ-ნ გრაფ შაპტალის ნაშრომს მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ და ეჭვს გრეშეა, ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში ღვინის წარმოება გაუმჯობესდება. ეს სწავლული მიიჩნევს, რომ იბერია – დღევანდელი საქართველო, – არარატის მთის მოსაზღვრე მხარე, ის ქვეყანაა, სადაც ვენახი უხსოვარი დროიდან იყო გაშენებული. ამ დაკვირვების შემდეგ გასაოცარია, რაოდენ უმნიშვნელო წარმატებას მიაღწია მევენახეობის განვითარებამ ამ მხარეში.
თავადი ჭავჭავაძე დიდი გულმოდგინებით ეკიდება ყველაფერს, რაც კი მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებას ეხება. მისი შემოსავლის ძირითადი წყაროც სწორედ ეს არის. უხვი მოსავლიანობის წლებში, როგორიცაა ახლანდელი, 1820 წელი, მას შეუძლია სხვადასხვა ვენახებიდან ოცდაათ ათასამდე თუნგი ღვინო დაწუროს. მას პურის ყანებიც აქვს, ხოლო მეზობლად მცხოვრები ლეკების მსგავსად, მისმა გლეხებმაც, დაახლოებით ათას ხუთასი კაცის რაოდენობით, წარმატებით იწყეს თუთის ხეების განაშენიანება და აბრეშუმის ჭიის გამოყვანა.
თავადის დედა და მეუღლე თვალყურს ადევნებენ სოფელში აბრეშუმის მოსავლის აღებას. აბრეშუმის ამოხვევა მათ თვალწინ ხდება. გარეცხვის შედეგად უხეში ნედლეული წვრილ, რბილ და მბრწყინავ აბრეშუმად გარდაიქმნება. მისგან იღებენ ორგანსინებს, ღებავენ სხვადასხვა ფერებში და ქსოვენ ლამაზ ქსოვილებს.
პარიზიდან გამომგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე შინაგან საქმეთა მინისტრმა დამავალა, შემეკრიბა ცნობები აღმოსავლეთის ხალხებში წარმოებული აბრეშუმის სამღებრო საქმის ტექნოლოგიის შესახებ. დიდად მოხარული ვიყავი, რომ ამის თაობაზე ზოგიერთი ცნობა თვით თავად ჭავჭავაძის მეუღლისაგან მივიღე. ჩემ მიერ შეგროვილი მონაცემები საფრანგეთში გადავაგზავნე და, როგორც ჩანს, მათ ინტერესით მოეკიდნენ, რადგან დამევალა, ჩვენი ფაბრიკების ინტერესებიდან გამომდინარე, კვლავაც გამეგრძელებინა ამ მიმართულებით კვლევა-ძიება.
თავადის მიწებს მისივე გლეხები ამუშავებენ და ამავე დროს, მცირე რაოდენობით _ იმერელი გლეხებიც. პირველნი ვალდებულნი არიან კვირაში ერთი დღე თავიანთი ბატონისათვის იმუშაონ, დანარჩენ ხუთ დღეს კი ისინი თავიანთთვის მუშაობენ თავადისაგან იჯარით აღებულ მიწებზე. აქედან მიღებული მოსავლის მეშვიდედ ნაწილს თავადს უხდიან. გამოსაღების ეს ორი სახეობა ეკვივალენტურია რუს ყმა-გლეხთა (სერფს) გადასახადისა, რომლებიც კვირაში სამ დღეს თავიანთი ბატონისათვის მუშაობენ, მაგრამ შეუძლიათ თავისთვისაც იმდენი მიწა დაამუშაონ, რამდენიც სურთ, ყოველგვარი სარგოს გაცემის გარეშე.
როდესაც თავადი ერთი წლით იღებს თავის სამსახურში მოჯამაგირეებს, იგი მათ წელიწადში 30 მანეთს უხდის ვერცხლით და აძლევს სარჩოს. ხოლო იმერლებს, რაგინდ საუკეთესო მუშებიც არ უნდა იყვნენ, 20 მანეთზე მეტს ვერცხლით არ აძლევს. უწინ იმერლები ხშირად ჩამოდიოდნენ ხოლმე სამუშაოდ, მაგრამ სამეგრელოსა და იმერეთის მემამულეთა მიერ თავიანთი გლეხების გაქცევის გამო წარდგენილი საჩივრების შედეგად, მათ საქართველოში უკვე აღარ იღებენ. ამ ღონისძიების საფუძველი გახლავთ ის, რომ ისედაც მცირედ დასახლებულ ამ ორ პროვინციაში გაჩნდა მოსახლეობის მკვეთრად კლების საშიშროება.
წინანდალში მოსავლის აღების პერიოდს შევესწარით. მარცვლეულს საქართველოში ნამგლით იღებენ. ამ სამუშაოს შესრულებისას გლეხები ერთმანეთს შეძახილებით ამხნევებენ. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ ამ ტრადიციის შესახებ სამეგრელოსა და იმერეთში.
მარცვლეულის ლეწვის წესი საკმაოდ უცნაურია. ამ მიზნით იხმარება სამკუთხედის მსგავსი მოწყობილობა, რომელიც ექვსი-შვიდი ფუტის სიგრძისა და ორნახევარი ფუტის სიგანის სამი ფუცრისაგან არის გაკეთებული. ქვედა ნაწილში ბუდეში ჩასმული ქვებია მოთავსებული. ერთ-ერთ კუთხეში შეაბამენ ხარებს ან კამეჩებს, რომელთაც მარცვლეულის ძნებზე ატარებენ. სამკუთხედ ნაწილზე მამაკაცები და ბავშვები სხდებიან, რათა სიმძიმემ თავთავების გადაწვენა გააადვილოს.
განზრახული გვქონდა, წინანდლიდან თელავში წავსულიყავით, ხოლო აქედან კი, გომბორის მთის გავლით, თბილისში დავბრუნებულიყავით. მაგრამ რადგან თავადმა დაგვარწმუნა, რომ ამ გზაზე ჩვენი „ბრიჩკა“ ვერ ივლიდა, ჩვენც დავეთანხმეთ მის შემოთავაზებას, რომ სასახლიდან მხოლოდ შვიდი ვერსით დაშორებულ თელავამდე მასთან ერთად წავსულიყავით, ხოლო ღამის გასათევად კვლავ წინანდალში დავბრუნებულიყავით.
წინანდალს, თელავსა და ამავე სახელწოდების მთელ მაზრას შორის მდებარე მხარე უმშვენიერესი ბუნებითა და ნაყოფიერი მიწებით გამოირჩეოდა. ჩამოვედით შემაღლებული პლატოდან, სადაც სასახლე იყო აშენებული და შემდეგ გადავლახეთ პატარა მდინარე, რომელიც ამ პლატოს ძირში მოედინებოდა. მისი კალაპოტის სიგანე ას ტუაზზე მეტია და აქ ურიცხვი რაოდენობის ქვებია დაგროვილი, რომლებიც მდინარეებს ჩამოაქვთ ხოლმე მთებიდან. შემდეგ ულამაზეს ხეობაში შევედით, სადაც იყო მუხისა და კოპიტის ნარგავები, აგრეთვე ტყისთვის დამახასიათებელი სხვა ხეები, რომელთა უმრავლესობას ვაზი ჰქონდა შემოხვეული.
თელავი ალაზნიდან თხუთმეტ ვერსზე, მაღლობზეა გაშენებული. აქ ორასი თუ სამასი სახლია. გვხვდება კედლების, კოშკებისა და ეკლესიების ნანგრევები. ძველად იგი კახეთის მეორე ქალაქი იყო.
კომენდანტი თითქმის ნანგრევებად ქცეულ სასახლეში ცხოვრობს. აქ მთავარმართებელს ელოდნენ და მისთვის ის ოთახი მოემზადებინათ, სადაც მეფე ერეკლე გარდაიცვალა. იგი საქართველიოს უკანასკნელი მეფის წინ ზეობდა და ცნობილი იყო თავისი ხანგრძლივი მეფობით, აგრეთვე – მოვლენებით, რომლებმაც მას სახელი მოუხვეჭეს და იმ გმირული შემართებით, რომელსაც იგი ავლენდა თავისი მტრების, განსაკუთრებოთ კი – სპარსელების მიმართ, ასე ხშირად რომ ესხმოდნენ თავს მის ქვეყანას. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მისივე ვაჟიშვილებს შორის ქვეყნის გადანაწილებამ მის ძლიერებას ყოველგვარი საფუძველი გამოაცალა. თუკი იგი იძულებული იყო ჯერ ისევ ფერფლითა და ნანგრევებით დაფარულ თავის სატახტო ქალაქს გასცლოდა და მოშორებით, კახეთის სიღრმეში გახიზნულიყო, ორმოცდაათი წლის მანძილზე იგი ხომ მოხუცი მითრიდატეს მსგავსად, რომელსაც მას ზოგჯერ ადარებენ, მედგრად იცავდა მრისხანე მტრებით გარშემორტყმულ, არც თუ ისე ვრცელ და ციხესიმაგრეებს მოკლებულ თავის სამშობლოს. ერეკლეს არასოდეს შეუწყვეტია ბრძოლა სპარსელების წინააღმდეგ და ხშირად დიდ წარმატებებსაც აღწევდა თავისი ხალხის მხარდაჭერით, რომელიც ძლივს თუ აღწევდა ორმოცდაათიოდე ათას სულს. როვა ხანდაზმულ ქართველ თავადებს ვხვდებოდი, რომლებიც ამ მეფის დროინდელ ომებში იღებდნენ მონაწილეობას, ისინი აღტაცებით მესაუბრებოდნენ ერეკლეს მიერ ბრძოლებში გამოჩენილ ჭეშმარიტ გმირობაზე.
მაიორი პიეტერსი, რომელიც უკვე ექვსი თვეა, რაც თელავის მაზრას განაგებს, წარმოშობით ლივონელია. იგი დიდი ხნის მანძილზე მონაწილეობდა ბრძოლებში და ბევრი ჭრილობაც აქვს მიღებული. თელავის მაზრაში მას უამრავი საქმე აქვს – იძულებულია ხშირ-ხშირად დაიაროს ეს მხარე, სადაც ლეკები განუწყვეტლივ დათარეშობენ. მაიორი კარგი მონადირეა და, პოლკოვნიკ ერმოლოვის მსგავსად, მასაც პატარა სამხეცე აქვს მოწყობილი. ჩვენ დავათვალიერეთ ეს სამხეცე და ვნახეთ ორი პატარა მგელი: ისინი ეზოში იყვნენ დამწყვდეულნი და თავის დაღწევის მიზნით ამაოდ ცდილობდნენ კედლებზე გადაძრომას; მათ იმდენი ურბენიათ, რომ ერთი მათგანი თითქმის დასახიჩრებულიც კი იყო ამდენი წვალებისაგან. აქვე იყვნენ, აგრეთვე, ირემი, ფურ-ირემი, ძალიან პატარა ჯიშის თხა და ბოლოს – მელია და ტურა. ეს უკანასკნელი სიმკვირცხლითა და თავისი პატრონის მიმართ გამოვლენილი ალერსიანობით გამოირჩევა. ტურა დამწყვდეული არ იყო და თითქმის მთელ დროს თავის მეზობელ მელასთან ატარებდა, რომლის მიმართაც განსაკუთრებულ სიყვარულს ამჟღავნებდა. მელიაც ტურასავით ადვილად ვერ ეგუებოდა თავისუფლების დაკარგვას. ეს ორი ცხოველი დიდად ჰგვანან ერთმანეთს, განსხვავდებიან მხოლოდ თავისა და კუდის ფორმით. ორივეს მტაცებლური ბუნება აქვთ, მხოლოდ მელას უყვარს ახალი სისხლი და მაშინვე ჭამს თავის მსხვერპლს, ტურას კი ლეში ურჩევნია.
ტურა საქართველოში ძალზე გავრცელებულია. თბილისშიც კი ღამღამობით გვესმოდა ხოლმე ტურების გამგმირავი და გამაყრუებელი ყმუილი, რომელიც ბავშვის ყვირილს წააგავს. წაიკითხეთ ოლეარიუსთან, რას ამბობს იგი იმ დიდი შთაბეჭდილების შესახებ, რომელიც ამ ცხოველის კივილს მოუხდენია გრაფ ჰოლშტეინის საგანგებო ელჩის მდივანზე: დაღესტნის სანაპიროზე გემის დაღუპვის შემდეგ, მას გზა აბნევია ტყეში და იძულებული გამხდარა, ღამე ხეზე გაეთია. როცა დიდი ძებნის შემდეგ იგი უპოვიათ, თურმე სრულიად სერიოზულად ირწმუნებოდა, რომ ამ ცხოველების მთელი ხროვა უნახავს, რომელთაც გაბმული საუბარი ჰქონიათ იმ ხის ქვეშ, სადაც იგი ყოფილა თავშეფარებული. ვერანაირად ვერ დაარწმუნეს, რომ იგი ცდებოდა, ვერც მისი განკურნება მოხერხდა ამ ჰალუცინაციისაგან და იგი ჭკუიდან შეიშალა; თუმცა ოლეარიუსი დასძენს, რომ მანამდე დიდად განათლებული და გონებაგახსნილი კაცი იყოო.
აქაურ ტყეებში ვხვდებით, აგრეთვე, წითურ, პატარა ტანის დათვებსაც. მაიორი იმედოვნებდა, რომ მალე თავის სამხეცეს ამ დათვსაც შემატებდა.
მაიორს გამოვემშვიდობეთ, დავბრუნდით თავად ჭავჭავაძესთან და დღის დარჩენილი ნაწილიც მასთან გავატარეთ. მეორე დღეს კი, დილაადრიან, დიდი სინანულით დავტოვეთ ეს თავაზიანი მასპინძელი. სადილად თავადმა თავის სოფელ მუკუზანში მიგვიპატიჟა. აქ მისმა მოურავმა მიგვიღო. სახლის ქვედა სართული ღვინის დასაწურ ფარდულად იყო გამოყენებული, აქვე იყო ღვინის შესანახი ქვევრებიც. წინანდლის ღვინოსთან შედარებით, მუკუზანის ღვინო ბევრად უფრო უარესი გვეჩვენა.
სადილობისას ერთმა თათარმა მემუსიკემ რამდენიმე სიმღერა შეგვისრულა მანდოლინის მსგავსი ერთი უხეირო ინსტრუმენტის თანხლებით, რომელსაც ნაწლავის სიმების ნაცვლად კანაფის უბრალო ზონრები ჰქონდა გაბმული. იგი თურქულ ყაიდაზე, მუხლმორთხმული დაჯდა და უმალვე, რაღაც ენთუზიაზმით შეპყრობილმა, ძალზე ამაღლებული ტონითა და მეტისმეტად არეულად დაიწყო სიმღერა. მღეროდა სულ ერთი და იგივე ჰანგზე, როგორც ეს ესპანეთშია მიღებული, ტექსტი იმპროვიზირებული იყო და ეხებოდა ყველა იმ სიძნელეებსა და ფათერაკებს, რომლებიც, მისი აზრით, თან სდევდა ჩვენს მოგზაურობას.
ამ სოფელშიც და სოფელ ვაქირშიც რამდენიმე ქართველი მოვიდა ჩვენს სანახავად. ისინი, თურმე, მამლუქებთან ერთად იბრძოდნენ, როცა ჩვენ ეგვიპტეს ვიპყრობდით. შემდეგ ტყვედ ჩავარდნილან, მაგრამ ფრანგები მათ თურმე იმდენად კარგად ექცეოდნენ, რომ ამ უკანასკნელთ ისინი დღესაც ქებით მოიხსენიებდნენ. ქართველებმა კმაყოფილება გამოხატეს ჩვენი ნახვის გამო და ჩვენს ენაზე ორიოდე სიტყვაც გვითხრეს.
მუკუზანიდან ვაქირის გზას კი არ გავყევით, არამედ მარცხნივ შემოვბრუნდით; დიდი გაჭირვებით გავიარეთ ხეობები და ძალზე მაღალი, ულამაზესი ტყეებით შეფენილი მთები. დაახლოებით საღამოს შვიდი საათისათვის ჩავაღწიეთ სოფელ ჭარში. იგი თავად ჭავჭავაძის დედის ძმას – ხანდაზმულ თავად ანდრონიკაშვილს ეკუთვნის. თავადი სულ ორიოდე წლის წინ დაბრუნებულიყო რუსეთიდან, სადაც დიდი ხნის მანძილზე მძევლად ჰყოლიათ. კახეთის ამბოხების დროს მისი სახლიც გადაუწვავთ და იგი ჯერაც არ იყო აღდგენილი. ამიტომ მან თავისთან ვერ მიგვიღო და მოურავთან (რეგისსეურ) მიგვიჩინა ბინა, თანაც გულისხმიერება გამოიჩინა და საღამოს მშვენიერი წითელი და თეთრი ღვინო და შესაბამისი სანოვაგეც გამოგვიგზავნა.
თავად ანდრონიკაშვილის სოფლის მიმდებარე ტერიტორიები მეტად ნაყოფიერია. ათი ვერსის დაშორებით კახეთის ეს მხარე გაშლილ ვაკეში გადაიზრდება. აქ არ არის ხეები და დიდი რაოდენობით მოჰყავთ მარცვლეული. დიდი გვალვის გამო ამ წელს ყველგან ცუდი მოსავალი იყო მოსალოდნელი და აქაც გვალვას ისე დაეზიანებინა მარცვლეული, რომ ეს მხარე დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ტოვებდა.
დამპალაში სადილად გავჩერდით, დასაძინებლად კი იმ სადარაჯო პოსტში წავედით, საქართველოს გრენადერთა პოლკის საჯინიბოები რომ იყო განთავსებული. მეორე დღეს, დილაადრიან, უკვე მუხროვანის ბანაკში ვიყავით. ჩვენი ჩასვლის წინადღეს პოლკოვნიკ ერმოლოვის დღეობა აღუნიშნავთ და აქ რამდენიმე ჩვენი თბილისელი მეგობარი დაგვხვდა. ისინი რამდენიმე დღით, პოლკოვნიკთან დროის გასატარებლად ჩამოსულიყვნენ.
ნასადილევს პოლკოვნიკმა სანადიროდ წაგვიყვანა. თან გამოგვყვა საკმაოდ ბევრი ოფიცერიც. ისინი ტყესთან ჩამწკრივდნენ და დოლების ბრახუნით იწყეს ნადირის დაფრთხობა და მათი გარეკვა პატარა ხეობისაკენ, სადაც მონადირეები იყვნენ ჩასფრებულნი. ბოლოს მხოლოდ ერთი შველის მოკვლა მოახერხეს, რომელიც ვახშმად მოგვიმზადეს.
მეორე დღეს, ნასადილევს, გავუდექით გზას და 1820 წლის 2 (14) ივლისს დასაძინებლად უკვე თბილისში ვიყავით. რადგან იაკობხანთან ჩვენი ბინა უკვე დაეკავებინა კაპიტან ვილოკს – თეირანში ინგლისის საქმეთა რწმუნებულის ძმას, რომელიც მოზდოკიდან ავადმყოფი ბრუნდებოდა, ჩვენ ასეთივე მოხერხებული ბინა ვიშოვეთ სომეხ თავად თუმანოვთან (თოუმანოფფ), რომელსაც მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავდა. ჩვენ დიდად მადლიერი დავრჩით მისი.
ჩემი მოგზაურობის დროს მე ვისაუბრე ლეკების შესახებ. მკითხველი, ალბათ, მადლიერი იქნება, თუ ამ მეომარი ხალხის შესახებ ზოგიერთ ცნობას კიდევ მივაწვდი.
ქვეყანას, რომელიც ლეკებს უჭირავთ (რომელთაც ასევე, ჩვეულებრივ, „ლეზგინებს“ უწოდებენ ხოლმე), აღმოსავლეთით ესაზღვრება დაღესტანი, სამხრეთით – ნუხა, ჩრდილოეთით იგი კავკასიის მაღალი მთების მიმართულებითაა გადაჭიმული, ხოლო კახეთისაგან მას მდინარე ალაზანი ჰყოფს, რომელიც მინგეჩაურიდან ოდნავ ზემოთ ერთვის მტკვარს.
ეს მხარე ყურადღებას იქცევს მთების, ხეობებისა და დაბლობების ხელსაყრელი მონაცვლეობით, დიდრონი ხეებით, რომლებითაც მოფენილია იგი, მეტისმეტად ნაყოფიერი მიწებით, ხილის უხვი მოსავლით და უამრავი წყაროებით. აქაური ჰაერი ძალიან ჯანსაღია, მაგრამ, მიუხედავად ამ უპირატესობისა, ეს მხარე მაინც ღარიბია, რადგან აქ არც ვაჭრობა სწარმოებს და არც ადგილობრივი პროდუქციის გასაღების ბაზარი არსებობს.
გარეგნულად ლეკი უფრო დაბალი ტანისა და ნაკლებად ლამაზია, ვიდრე ქართველი, თუმცა სახე საკმაოდ სიმეტრიული აქვს, ცხვირი სწორი და წვეტიანი, თვალები შავი და გამოხედვა – მკაცრი. ბუნებით თავშეკავებული და ზარმაცი, იგი ყაჩაღობითა და მიწების დამუშავებით ცხოვრობს. თუ ლეკებს ევროპის რომელიმე ხალხს შევადარებთ, მსგავსებას კორსიკის, უფრო ზუსტად კი – სარდინიის მთიელებთან ვიპოვით.
მტკვრის მარცხნივ მდებარე მთელი ეს მხარე უწინ ლეკების სათარეშო ასპარეზი იყო, დღეს კი ამას იშვიათად აქვს ადგილი ნუხასა და კახეთში.
ლეკები უკვე ისე ხშირად აღარ იტაცებენ რუს სამხედროებს, რომლებიც თავის მხრივ, ერიდებიან დასახლებულ პუნქტებში დაბანაკებას, მაგრამ ეს იმდენად რუსების მიერ შთაგონებული შიშის გამო კი არ ხდება, რამდენადაც იმის გამო, რომ ლეკები მათგან ვერავითარ გამოსასყიდს ვერ იღებენ. ერთი ქართველის ან სომხის გამოსასყიდი, მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, მერყეობს 400-დან 1200 მანეთამდე ვერცხლით (1600-დან 2400 ფრანკამდე). ამრიგად, ეს ავაზაკობა, რომელიც ლეკებისათვის ღირსების საქმე და თანამოძმეთა შორის პატივისცემის დამსახურების საშუალებაა, ამავე დროს მეტად შემოსავლიანიც არის.
იმის ნათელსაყოფად, თუ რა განსხვავებაა კავკასიის ორ ხალხს – ჩერქეზებსა და ლეკებს – შორის, თანაბრად რომ არიან გატაცებულნი ავზაკობით, ვიტყვი, რომ თუ ჩერქეზს ტყვეების მოხელთების შემდეგ უკან დაედევნებიან და მათი წაყვანის საშუალებას არ მისცემენ, იგი ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე მიატოვებს თავის ნადავლს; ლეკი კი თავის ტყვეებს ისე არ შეელევა, თუ მარჯვენა ხელს არ მოჰკვეთს, რომელსაც თავის სოფელში წაიღებს და, როგორც ნადავლს, საკუთარი სახლის კარზე ჩამოკიდებს.
თუ ლეკს ბრძოლაში მოკლავს რუსი ან ქართველი და თუ მკვლელის ვინაობა გაირკვევა, მაშინ მოკლულის ნათესავი ან მეგობარი ფიცს დებს, რომ შურს იძიებს მკვლელზე. სისხლის მაძიებელი ლეკი ტოვებს ოჯახს, სოფელს და მტერს ჩაუსაფრდება იმ გზაზე, სადაც ამ უკანასკნელმა ადრე თუ გვიან უნდა გამოიაროს. ლეკს პატარა ჩანთით თან მიაქვს ფქვილი და „შამტუხა“ ცხვრის სამი-ოთხი დუმა. ამ სანოვაგითა და თავისი ნაბდით, რომელიც დასაწოლად სჭირდება, იგი თავის სამალავს არ ტოვებს, სანამ სურსათი არ შემოელევა. შემდეგ იგი სასწრაფოდ ბრუნდება სოფელში სურსათის მარაგის შესავსებად და კვლავ უბრუნდება თავის პოსტს იმ დრომდე, ვიდრე შურს არ იძიებს, ან ვიდრე არ დარწმუნდება, რომ მოწინააღმდეგე ქვეყნიდან გადაიხვეწა.
ლეკები სათარეშოდ ყოველთვის მხოლოდ რამდენიმე კაცის შემადგენლობით როდი მიდიოდნენ: ხშირად მთელი ბრბო ესხმოდა ხოლმე საქართველოსა თუ სპარსეთის ქალაქებს გასაძარცვად. გასულ საუკუნეში ამ მთიელებმა არაერთხელ ააოხრეს შემახა და არდებილი.
ლეკების ამგვარი ბუნების გამო მეზობლები ყოველთვის ცდილობდნენ, მათთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა ჰქონოდათ: ისინი სიამოვნებით მიდიან დაქირავებულ მებრძოლებად და სულაც არ აწუხებთ, ქრისტიანის სამსახურში იქნებიან თუ მუსლიმისა. სხვადასხვა დროს ლეკები შედიოდნენ თურქების, სპარსელებისა და ქართველების ჯარების შემადგენლობაში. ხანდაზმულ ერეკლეს თავისი მეფობის უკანასკნელ წლებში ყოველთვის ჰყავდა ლეკები თავის სამსახურში: რადგანაც მეფე ხშირად ვერ ახერხებდა მათთვის კუთვნილი გასამრჯელოს მიცემას, ხოლო თავადები უარს აცხადებდნენ მეფის მიერ ამ მიზნით დაწესებული გადასახადების გადახდაზე, მეფე მათთან აგზავნიდა გარკვეული რაოდენობის ლეკებს, რომლებიც ამ თავადებთან რჩებოდნენ მანამდე, ვიდრე ისინი ამ გადასახადს არ გადაიხდიდნენ. ეს საკმაოდ უცნაური ფაქტი გვიჩვენებს, რომ გადასახადის იძულებით ამოღების ეს ფორმა ახალი გამონაგონი როდია და რომ ყველა ქვეყნის მმართველობაში არსებობს გადასახადი აკრეფის ამგვარივე მეთოდები და შედეგებიც იგივეა.
ლეკების შესახებ ცნობების შესავსებად მიზანშეწონილად მიმაჩნია აქვე მოვიტანო ერთი სწავლულის სტატია, რომელიც კარგად იცნობდა ამ ხალხით დასახლებულ მხარეს2: „ალაზნის, თათრულად – ყანისუს მარცხენა ნაპირზე ჩამოვიტოვეთ კახეთი, ჩავყევით ამ მდინარეს და ბოლო ქართული სოფელი, რომელიც შემოგვხვდა, იყო გავაზი; აქედან მოყოლებული, დაახლოებით სამოცი ვერსის მანძილზე მიტოვებულ მხარეში მივდიოდით, სადაც ჯერ კიდევ ჩანდა ძველი ნასახლარები. მართლაც ეს ოდესღაც მშვენიერი მხარე ქართველებით ყოფილა დასახლებული. მაგრამ ლეკების თარეშის შედეგად განადგურებულა. დღეს დიდოეთისა და გონზუკურის ლეკებს აქ თავიანთი ფარა მოჰყავთ ზამთრობით, როცა მთები თოვლით იფარება. ზაფხულში კი ეს ავაზაკების თავშეყრის ადგილია, სადაც ისინი კახეთში, უფრო კი – ქიზიყში სათარეშოდ წასასვლელად იკრიბებიან“.
მთებისაკენ სხვადასხვა ბილიკი მიემართება. ლეკების პირველი სოფლის – ბელაქნის გზაზე ძველი ქართული ნასოფლარებია შემდეგი თანმიმდევრობით: პირველი – ყარსუბანი, თექვსმეტი ვერსი; მეორე – ლაგოდეხი, თორმეტი ვერსი; მესამე – ჭიაური, ათი ვერსი; მეოთხე – მეზემი, ანუ ფერიყალა, შვიდი ვერსი; დაბოლოს – ბელაქანი, თხუთმეტი ვერსი.
ბელაქნიდან მდინარე ყაფი-ჩაიმდე, რომელიც ელისუს სასულთნოს საზღვარია, კავკასიის მთებსა და მდინარე ალაზანს შორის მდებარე დაბლობი ლეკებს ეკუთვნის. მათი მთავარი სოფლებია: ბელაქანი, წაბლოვანი, კატეხი“ ყაფისდარა, ყარაჯალი, მაწეხი, გოგამი, ჭარი ზაქათალასთან ერთად, თალა, მუხახი, ჩარდახი, საპუნჩი, ალიასკარი, მამრეხი, ჯინიხიდა ა.შ.
ამ სოფლების ერთი ნაწილი მთების მიერ შექმნილ ხეობებშია განლაგებული, მეორე კი _ დაბლობზე. საკუთრივ ლეკები მთებში ცხოვრობენ, ხოლო ალაზანთან ახლოს თათრები ცხოვრობენ, რომლებიც გამუსლიმებული ქართველების მსგავსად, ლეკების ქვეშევრდომნი არიან. ამ ქართველებს ინგილოებს, ანუ ახლებს, ე.ი. – ცოტა ხნის წინათ რჯულშეცვლილთ უწოდებენ.
თათრები ბორჩალოს, ყარაბახისა და შამშადილის ხიზნები არიან, რომლებიც რუსებისადმი სიძულვილს თუ ჩადენილი დანაშაულისათვის მოსალოდნელ სასჯელს გამოექცნენ, ლეკებთან შეაფარეს თავი და მათ მონებად გაუხდნენ. დღეს მთავრობას მეტი ძლიერება აქვს, ასე რომ იგი ალბათ აუკრძალავს ლეკებს ხიზნების შეფარებას.
მმართველობის შესახებ
ლეკები ჭეშმარიტად თავისუფალნი არიან: მათ არ ჰყავთ არც ბეგები, არც მთავრები. მართალია, ისინი თავს რუსეთის ქვაშევრდომებად აღიარებენ, იხდიან მსუბუქ გადასახადს აბრეშუმითა და ფულით, მაგრამ მმართველობისათვის საკუთარ კანონებს იყენებენ. თითოეული სოფელი ღირსეულთა შორის ყველაზე ღირსეულ კაცს ირჩევს, ზოგჯერ კი, მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად, ერთზე მეტსაც ირჩევენ. მას ქევხას უწოდებენ და მის მოვალეობაში შედის მმართველობასა და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოგვარება. ეს მაგისტრები ყოველ წელს ინიშნებიან საერთო თავყრილობაზე, რომელსაც „ჯამაათი“ ეწოდება. თუკი ისინი თავიანთი უმწიკვლო საქმიანობით, უფრო ხშირად კი – ეშმაკობით, ხალხის სიყვარულს დაიმსახურებენ, მაშინ ამ თანამდებობაზე რჩებიან არა მარტო მთელი სიცოცხლის განმავლობაში, არამედ – მემკვიდრეობითაც ინარჩუნებენ მას თავიანთ საგვარეულოში. სიმდიდრეს, მრავარიცხოვან ოჯახს, კავშირებს, ხანდაზმულობასა და სიმამაცეს დიდი წონა აქვს ჯამაათში.
ზედმეტი არ იქნება იმის აღნიშვნა, რომ დღეისათვის რუსეთის მთავრობა ზემოქმედქბას ახდენს ამ არჩევანზე და იმ შემთხვევაში, თუ ხალხის რჩეული ნაკლებად ამჟღავნებს ერთგულებას რუსეთის ხელისუფლებისადმი, ეს უკანასკნელი აიძულებს ხალხს, შეცვალოს თავისი რჩეული და მიანიშნებს იმ პიროვნებაზე, ვინც მისი ადგილი უნდა დაიკავოს. ასე მაგალითად, გენერალმაიორმა, თავადმა ერისთავმა ბელაქნის ქევხი შეცვალა და ხალხის ნების გარეშე თავად დანიშნა ახალი. ქევხი და რამდენიმე საპატიო უხუცესი ყოველდღიურად იკრიბებიან მეჩეთთან ადგილობრივ მცხოვრებთა შორის არსებული სადავო საკითხების განსასჯელად, რუსებისაგან მიღებული დოკუმენტების გასაცნობად და ა.შ. მიღებული გადაწყვეტილებების ტექსტს ადგენს და ბეჭდით ამოწმებს მწერალი, რომელსაც „დიბირია“ ეწოდება. პატარა სოფლებში ამ მოვალეობას „მოლა“ ასრულებს. თუ საქმე დიდმნიშვნელოვანია, ელოდებიან პარასკევ დღეს და მთელი თემის წინაშე განიხილავენ მას. ხშირად პატარა სოფლები თავიანთ სადავო საკითხებს უფრო დიდი და მდიდარი სოფლების ჯამაათებს წარუდგენენ ხოლმე განსახილველად და მათ გადაწყვეტილებებს ემორჩილებიან: ასეთი პატივით ყველაზე მეტად ჭარი სარგებლობს.
როცა განსახილველი საკითხი ყველა თემს შეეხება, მაშინ ტარდება ყველა ქევხისა და სხვა რჩეულ პირთა საერთო შეკრება მუხახსა და ჩარდახს შორის მდებარე ადგილას, რომელსაც აღდამი ეწოდება. აქ იხილება ომის, მშვიდობისა და ფინანსების საკითხები. ამავე დროს, ზოგჯერ აქ იკრიბებიან იმისათვისაც, რომ მოაგვარონ თემებს შორის არსებული სადავო საკითხები, ან აღკვეთონ სოფლებს შორის წარმოქმნილი უთანხმოება.
ყაჩაღობასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი უნდა წარსდგეს თავისი სოფლის ჯამაათის წინაშე, სადაც მის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე ან გაამართლებენ, ან სასჯელს მიუსჯიან. ჩადენილი დანაშაულის შესაბამისად, სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმას ან სიკვდილით დასჯას. თუ მკვლელობაში მხილებული ლეკი ჯამაათის წინაშე არ წარსდგება და გაიქცევა, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, მაშინ მას დაუსწრებლად ასამართლებენ: სიკვდილს მიუსჯიან სახლს დაუნგრევენ ან ბაღებს გაუნადგურებენ.
შურისძიება მოვალეობაა, სისხლი სისხლი წილ უნდა იქნეს აღებული. ამ პრინციპის საფუძველზე, კაცი, რომელიც ნათესავის ან მეგობრის მოკვლის საპასუხოდ, სისხლის აღების მიზნით ჩაიდენს მკვლელობას, უდანაშაულოა. საზოგადოების მიერ ისჯება მხოლოდ ის მკვლელი, რომლის მიზანსაც არ წარმოადგენდა სისხლის აღება.
ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ასეთი დაუსჯელობიდან გამომდინარე, მკვლელობის შემთხვევები ხშირი უნდა ყოფილიყო; მაგრამ, საშუალოდ, იგი ისევე იშვიათია, როგორც ჩვენთან, ცივილიზებულ ქვეყნებში. შიში იმისა, რომ მტრად გადაიკიდებენ მოკლულის მთელ ნათესავებსა და მეგობრებს, ამასთანავე – რწმენაც, რომ ადრე თუ გვიან მაინც ვერ გაექცევიან მათ ხრიკებს (რადაგანაც სისხლის ასაღებად ყველანაირი საშუალება გამოიყენება), ისეთივე ლაგამის როლს ასრულებს, როგორც ჩვენი კანონმდებლობის სიმკაცრე.
ასეთივე სიმკაცრით ისჯება მრუშობაც. ქმარს, რომელიც ცოლს დანაშაულის ადგილზე წაასწრებს, უფლება აქვს, ადგილზევე მოკლას ცოლიც და მისი საყვარელიც. ხოლო თუკი ქმარი საჩივრით წარსდგება ჯამაათის წინაშე, მხილებულ ცოლს ქვებით ჩაქოლავენ, საყვარელს კი თოფით მოკლავენ.
უხუცესნი თუ ქევხები, რომლებიც ჯამაათში შედიან, საქმის გარჩევის დროს ფეხმორთხმით სხდებიან და ადგილის დაკავებისას მკაცრად იცავენ ეტიკეტს. ახალგაზრდები, რომელთაც აგრეთვე აქვთ აქ დასწრების უფლება, მათ უკან ფეხზე დგანან და ეყრდნობიან თავიანთ თოფებს ან კიდევ დიდ ხის ჯოხებს, რომლებიც მუდმივად ხელთ აქვთ, როცა შეიარაღებულნი არ არიან. უხუცესი, ანუ ის, ვისაც საკითხი განსახილველად გამოაქვს, ჯამაათს აცნობს საქმის ვითარებას. თუ სკითხი შეეხება რუსეთის მთავრობის რომელიმე მოთხოვნას, უხუცესი ჯამაათს აუწყებს ამის თაობაზე და თან დოკუმენტს წარუდგენს. უფროსობის რანგის მიხედვით, თითოეული სიტყვით გამოდის და თავის აზრს გამოთქვამს. გასაგებია, რომ ასეთ წესრიგს დიდხანს ვერ დაიცავენ: სულ მალე იწყება აყალმაყალი, ხმაური და ყვირილი თანდათან შემზარავი ხდება. ახალგაზრდები, რომლებიც მოჭარბებული აგზნებულობით გამოირჩევიან, ბრაზდებიან მოხუცთა მიერ გამოჩენილი სიფრთხილის გამო: ხშირად ტყდება ჩხუბი, ხან სისხლიც კი იღვრება. ის, ვინც თავს დამნაშავედ გრძნობს, განსაკუთრებით კი – ის, ვისაც რუსეთის მთავრობა ეჭვით უყურებს, ყველანაირი საშუალების გამოყენებით ცდილობს ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მომხრე გაიჩინოს ახალგაზრდებს შორის. საჭიროების შემთხვევაში ისინი მას ჯამაათის სამართლისაგან დაიცავენ. სწორედ ასეთი რამ მოხდა 1822 წელს, რასაც შედეგად მოჰყვა კატეხის, ყაფისდარასა და სხვათა განადგურება: რუსეთის მთავრობამ მოითხოვა დასასჯელად გადაეცათ გენერალ ერისთავის წარგზავნილთა შეურაცხმყოფელნი. შეკრებილმა ჯამაათმა გადაწყვიტა ამ ბრძანების შესრულება, მაგრამ ახალგაზრდობა არ დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას: „როგორ ჩავუგდოთ ხელში ურწმუნოებს კეთილი მუსლიმები? როგორ შევირცხვინოთ თავი ამ ზომამდე?“ – ცხარობდნენ ისინი. მათ გააუქმეს ჯამაათის გადაწყვეტილება და რუსები იძულებულნი გახდნენ, იარაღის ძალით შეეპყროთ დამნაშავენი.
ისინი კორესპონდენციას არაბულ ენაზე აწარმოებენ, ჯამაათთან სასაუბროდ კი იყენებენ თათრულ ენას, რომელსაც „თურქულს“ უწოდებენ, თუმცა სინამდვილეში ეს ამ ენის სხვადასხვა და თავისებური დიალექტების ნაზავია.
შემოსავალი, ვაჭრობა და ა.შ.
ქვეყანა ძალზე ნაყოფიერია. აქ უხვად მოდის ყველანაირი ჯიშის ხილი, რომელსაც ლეკები საზამთროდ ინახავენ. დიდი რაოდენობით მოჰყავთ ყურძენიც, მაგრამ ღვინოს არ აყენებენ, რამდენადაც ეს სასმელი მათთვის აკრძალულია. სამაგიეროდ, აკეთებენ „ბუზას“ (ბუზა – მოხარშული ღვინის სახეობა), რომელიც დასალევად მეტისმეტად მაგარია. ბუზასაგან იღებენ კარგ ძმარს.
აქ უხვად მოდის ყველანაირი ჯიშის მარცვლეული, ბრინჯი, ზოგიერთ ოლქში კი – ბამბაც. დიდ ყურადღებას აქცევენ თუთის ხის მოშენებას და კარგადაც უვლიან მას. ვინაიდან აბრეშუმის ჭია არ მოითხოვს ისეთ დიდ გარჯას, როგორც მარცვლეულის კულტურა და თანაც გაცილებით მეტ მოგებასაც იძლევა, ამიტომ ეს არის მათი სიზარმაცისა და, ამავე დროს – სიმდიდრის წყარო. აბრეშუმს, ძირითადად, სომხები ყიდულობენ, რომლებიც მის შესაძენად ადგილზევე მოდიან. მარცვლეული და ბრინჯი კი თავიანთი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მოჰყავთ, თუმცა მცირე რაოდენობით მაინც გააქვთ მთებში ლევორძელ და სხვა ლეკებთან, რომლებიც საქართველოში გლონკადორძის საერთო სახელწოდებით არიან ცნობილნი. თბილისში და საქართველოს სხვა მაზრებში დიდი რაოდენობით იგზავნება ხილი: ვაშლი, მსხალი, წაბლი, კაკალი და სხვ.
მოუსავლიანობისა და რუსეთის მთავრობის მიერ მარცვლეულის მოულოდნელად მოთხოვნის შემთხვევაში (როგორც ეს 1821 წელს მოხდა), ლეკები თავიანთ ქვეშევრდომ ინგილოებს მიმართავენ, რომელთა გაღატაკებაც მათ სრულებითაც არ ენაღვლებათ.
ლეკები მისდევენ აგრეთვე პირუტყვის მოშენებასაც. უპირატესობას ანიჭებენ ცხვრებს, შემდეგ კი – კამეჩებს. ხარები აქ თითქმის არ არის, ან ძალზე ცოტაა.
ყველაფერი, რაც ლეკებს ჩასაცმელად ესაჭიროებათ, ნუხადან ან საქართველოდან შემოაქვთ. ზოგჯერ ისინი თავად მიემგზავრებიან შესაძენად, უფრო ხშირად კი სომხებს ჩამოაქვთ. ისინი აწარმოებენ უხეშ მაუდს, რომელიც საქართველოში ლეკური მაუდის სახელით არის ცნობილი. მას ადგილობრივი ცხვრის მატყლისაგან ამზადებენ. ამ სამუშაოს ქალები ასრულებენ შემოდგომასა და ზამთარში; ისინი აგრეთვე ქსოვენ ხალიჩებს, რომლებსაც სახლის მოსართავადაც იყენებენ და ყიდიან კიდეც. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ მთებში მოქსოვილი ხალიჩები გამოირჩევიან ფერთა მბზინვარებითა და სიიაფით, სხვა მხრივ კი ისინი სავსებით მოკლებულნი არიან გემოვნებას.
მათი ცხოვრების წესის შესახებ
უქმად ყოფნა ლეკისათვის უდიდესი ბედნიერებაა. თუკი მას უშრომლად შეუძლია ცხოვრება, იგი ბედნიერი კაცია და სულ ამით მოაქვს თავი. მათი ცოლები კი პირიქით, მეტისმეტად შრომისმოყვარენი არიან და სახლშიც ყველაზე მძიმე სამუშაოს ასრულებენ. სპარსელი ქალებისაგან განსხვავებით, ისინი არც სახეს იფარავენ პირბადით და არც უცხოელებს ემალებიან.
როდესაც ქმარი მგზავრობიდან ბრუნდება, ცოლის მოვალეობაა, ჩამოართვას მას ცხენი, შეიყვანოს თავლაში, შემდეგ დაეხმაროს ქმარს ტანსაცმლის გახდაში: იგი მის მიმართ უფრო მსახურის მოვალეობას ასრულებს, ვიდრე ცოლისას.
თუ ლეკთან უცხო სტუმრები მოდიან, მათაც მისმა ცოლმა უნდა ჩამოართვას ცხენები და მოუაროს. ასევე ჩამოართმევს იგი იარაღსაც, რაც იმის ნიშანია, რომ უცხოელს ამ სახლში არავითარი საშიშროება არ ელის და რომ მას სტუმართმოყვარეობის ადათი იცავს. ამ დროიდან სახლის პატრონი და ყველა მისი ახლობელი მზად არის, საკუთარი სიცოცხლის ფასად, ვინმეს მხრიდან სტუმრის ოდნავ შეურაცხყოფაც კი არ დაუშვას. როცა სტუმარი წასვლას დააპირებს, სახლის პატრონი ან მისი ერთ-ერთი ნათესავი უახლოეს სოფლამდე მიაცილებს ხოლმე მას.
ლეკების სახლები ქვით არის ნაშენი, გადახურულია მაღალი ისლის სახურავით, სადაც აბრეშუმის ჭიები ჰყავთ დაბინავებული. ზოგიერთები ცხოვრობენ ძალზე მაღალ კოშკებში, სადაც მშვენივრად იცავენ თავს მტრებისაგან. იატაკზე აგებენ ხალიჩებს. კედლებში გაკეთებული ნიშები გამოტენილია ბალიშებით, ლეიბებითა და საბნებით. მდიდრების საცხოვრებელი ზოგჯერ ქაშანურისა და მინის ჭურჭლით არის მორთული, მაგრამ მათ არ გააჩნიათ არც სკამი და არც მაგიდა, საჭმელად სხდებიან იატაკზე.
ლეკებს ფანჯრებში არა აქვთ მინები, რის გამოც ცუდი ამინდის დროს, დღისით მათ დარაბების დახურვა და ცეცხლის დანთება უხდებათ. ამასთანავე, არც დარაბები და არც კარები კარგად არ იხურება. საჭმელი ძალზე უბრალოა, მაგრამ უხვად აქვთ, ჩანგლებსა და კოვზებს კი არ ხმარობენ, ჭამენ თითებით. მათი ჩვეულებრივი სადილია ფლავი, შემწვარი ხორცი, დაშაშხული ცხვრის ხორცი, წვნიანი, ერბო-კვერცხი და ძმარში დამწნილებული სხვადასხვა ბოსტნეული. ჭამას იწყებენ ხილით; წყალი და ბუზა (ანუ მოხარშული, გაღვივებული ღვინო) ერთადერთი სასმელია, რომელიც სუფრაზე გამოაქვთ.
ლეკები მუსლიმები არიან, სუნასა და ომარის სექტის მომდევრები. მათ მოლებს წყვილთა დაქორწინების უფლება აქვთ და ერთადერთს, რასაც მათგან მოითხოვენ, ეს არაბული ენის ცოდნა გახლავთ. მექაში მოგზაურობა, რაც ყველა მუსლიმის სურვილია, აქაც წესად აქვთ მოხუც ლეკებს. ბევრ მათგანს კიდეც მოუნახულებია ეს ქალაქი. ასეთ მოხუცებს განასხვავებენ ქუდზე შემოხვეული თეთრი სახვევით, მათ ჰაჯის ეძახიან და დიდი პატივით ეპყრობიან.
მოსახლეობის, სამხედრო ძალებისა და იმ გადასახადების შესახებ, რომელთაც ისინი რუსებს უხდიან
მოსახლეობის რაოდენობის ზუსტად განსაზღვრა ძნელია, ვინაიდან ეს ლეკებმა თავადაც არ იციან. ზემოთ დასახელებულ სოფლებში სახელდობრ ლეკურ ოჯახს ხუთი ათას ხუთასიდან ხუთი ათას ექვსასამდე ანგარიშობენ, რაც, ჩემი გამოთვლებით, ოცდაშვიდი ათას ხუთას ან ოცდარვა ათას სულს შეადგენს. საჭიროების შემთხვევაში საომრად გამოსვლა შეუძლია არა უმეტეს ექვსას ათას კაცს (გარდა ინგილოებისა, რადგან მათი ერთგულების იმედი არ აქვთ). ისინი კარგად არიან შეიარაღებულნი და დღემდე მამაცობის დიდი რეპუტაციით სარგებლობენ.
მთელი მათი გადასახადი ათ ბათმან აბრეშუმს შეადგენს (ბათმანი ეკვივალენტურია ექვსი ოყისა, რაც უდრის რუსეთის თვრამეტ გირვანქას). მაგრამ გენერალი ერისთავი, რომელსაც არ უნდოდა აბრეშუმის მბეგარის აღებით შეეწუხებინა თავი, თანაც რუსეთის სახელმწიფოსათვის სარგებლობა რომ მოეტანა, დღეს ლეკებს ამ გადასახადს ფულადი სახით ახდევინებს, რაც შეადგენს წელიწადში 8400 მანეთს ვერცხლით.
ინგილოების შესახებ
ინგილოები ის ბედკრული ქართველები არიან, რომელთაც არ მოისურვეს თავიანთი სახლ-კარის მიტოვება, როცა ამ ქვეყანას ლეკები დაეპატრონენ. ინგილოები ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ შემდგომში მათ იძულებით მიაღებინეს მაჰმადიანობა. ისინი დღესაც მუსლიმებად დარჩნენ და იმავე სექტას მიეკუთვნებიან, რომლის მიმდევრებიც მათი ბატონები არიან. მაგრამ ძველი წესჩვეულებები ასე ადვილად არ ქრება და, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთ საუკუნეზე მეტია, რაც ინგილოები ლეკების ქვეშევრდომნი არიან, ტრადიციამ მათ მაინც შეუნარჩუნა მეხსიერებაში ძველი სარწმუნოება, რომლის ზოგიერთ წესსაც ისინი საიდუმლოდ ასრულებენ. საუბრობენ ქართულად და როგორც მარწმუნებდნენ, დღესაც კი ბევრი მათგანი მალულად მიდის კახეთში ბავშვების მოსანათლად და საზიარებლად. ვაი იმას, ვინც ამგვარ ბოროტმოქმედებაში იქნება მხილებული! მთელი მისი ქონება და მრავალი წლის ნაოფლარ-ნაჯაფი არ ეყოფა ფანატიზმით შეპყრობილი ბარბაროსი ბატონის გაუმაძღრობას. ლეკებმა იციან, რომ ინგილოები ჯერ კიდევ მისდევენ ძველ წეს-ჩვეულებებს, ამიტომაც მუდმივად უდარაჯებენ მათ და სულ მცირეოდენი გადაცდომისათვის დიდი ჯარიმით სჯიან. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, თუ რაოდენ სავალალოა ინგილოების მდგომარეობა. საკმარისია იმის აღნიშვნა, რომ ისინი მორჩილებით იტანენ ამ ბარბაროსთა ჭირვეულობას.
ლეკები, რომლებიც თავიანთ თავს მიწების ერთადერთ მესკუთრედ მიიჩნევენ, ინგილოებისაგან მოსავლის მესამედს ითხოვენ. ბატონის ნებართვის გარეშე ინგილოს არ შეუძლია თავისი ვაჟის ან ასულის დაქორწინება. როცა ნებართვა მიღებულია, საცოლისა და საქმროს ოჯახები ვალდებულნი არიან თავიანთი ქონების შესაბამისი გადასახადი გადაიხადონ, რომელიც ზოგჯერ 50 დუკატსაც აღემატება. არსებობს, აგრეთვე, ასეთივე სახის სხვა მრავალი ვალდებულებაც, მაგრამ ყველაზე სამძიმო და საშინელია, როცა მათი ბატონი მრავალრიცხოვანი მეგობრებისა და მსახურთა თანხლებით მათთან მობრძანდება: ინგილოები ვალდებულნი არიან გამოკვებონ და მზამზარეულზე აცხოვრონ ბატონი და მისი თანმხლები პირები. ბატონი იმდენ ხანს რჩება, რამდენიც მოესურვება, წასვლისას კი სახლიდან მიაქვს ყველაფერი, რაც მოეწონება.
გადასახადები, განსაკუთრებით კი ხორბალი, რომელსაც რუსები ლეკებისაგან მოითხოვენ, ყოველთვის მძიმე ტვირთად აწვა ამ საცოდავებსაც და ლეკების ქვეშევრდომ თათრებსაც, რომელთა შესახებაც ზემოთ ვისაუბრე. ჯამაათებმა ეს გადასახადი გადაინაწილეს და მისი ნატურით ასაკრეფად ინგილოებთან იასაულებს აგზავნიან. ეს უკანასკნელნი კი მათ ყოველნაირად ავიწროვებენ. საცოდავი ინგილოები ვეღარ უძლებენ ამდენ ტანჯვას, ზოგჯერ ტოვებენ თავიანთ სახლ-კარს და თავს აფარებენ ელისუს სასულთნოს, თუმცა აქაც იგივე ხვედრი ელით.
თუკი ოდესმე რუსეთის მთავრობა მტკიცედ მოიკიდებს ფეხს ამ ადგილებში, ეჭვს გარეშეა, ლეკებს ჩამოართმევს ინგილოებზე ბატონობის უფლებას და მაშინ განთავისუფლებული ინგილოები სიხარულით დაუბრუნდებიან ქრისტიანობას.
ამის შედეგად ინგილოები გახდებიან ნაყოფიერი მიწების მფლობელნი, აღარ იქნებიან დაჩაგრულნი და ბევრად უფრო შრომისმოყვარენი გახდებიან, ვიდრე სხვა ქართველები. ისინი მდიდრულად თუ არა, ყოველ შემთხვევაში, უზრუნველყოფილად მაინც იცხოვრებენ. ყოველივე ამის შედეგად კი ამ მხარეში დაგროვდება დიდძალი რესურსი საქართველოში განლაგებული ჯარის გამოსაკვებად.
ინგილოების მთავარი სოფლებია: ალიაბადი, მოსული, ვერხვიანი, ჰენგიანი და თანალო. ამ სოფლების უდიდესი ნაწილი, თუ ყველა არა, ჭარს ეკუთვნის, მაგრამ ლეკებს ამ სოფლების ცალ-ცალკე გაყიდვის უფლება არა აქვთ. მათ შეუძლიათ ადამიანების გაყიდვა მხოლოდ იმ მიწასთან ერთად, რომელსაც ისინი ამუშავებენ, რადგან მათი ქვეშევრდომები არ არიან მიწის მესაკუთრენი, ხოლო ლეკებმა, დაპყრობის უფლებით, მხოლოდ მიწა მიისაკუთრეს“.
შენიშვნები
1. ბ-ნი შვეცოვი გამორჩეული და ყველასათვის საყვარელი ოფიცერი გახლდათ. 1821 წელს იგი ხაზის პოდპოლკოვნიკად დაინიშნა, მაგრამ მალევე გარდაიცვალა. იგი მხიარული ბუნების კაცი იყო, თანაც დიდი სიმამაცით გამოირჩეოდა.
2. სტატია გადავეცი ბ-ებს ეირსა და მალტ-ბრუნს, რომლებმაც იგი „ანალებში“ შეიტანეს.
თავი IV
თბილისიდან იმერეთში გამგზავრება. მუხრანი. გორი. სურამი. ნოვო-მალინსკი. ყვირილა. ქუთაისში ჩასვლა. თბილისში დაბრუნება. ჩემ თანამგზავრთა ავადმყოფობა. ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალება.
ვინაიდან იმერეთში დაწყებული ამბოხება უკვე მთლიანად ჩაწყნარებულიყო და ამ მხარეში ჩემ გამგზავრებას აღარაფერი აბრკოლებდა, 1820 წლის 30 ივლისს (11 აგვისტოს), კვირას, თბილისიდან ქუთაისისაკენ გავემგზავრეთ. იმავე დღეს ოცდაშვიდი ვერსით დაშორებულ ღართისკარში ჩავედით. გზის ეს მონაკვეთი მე უკვე აღვწერე ამ პუნქტამდე, რომელიც მოზდოკსა და იმერეთის გზების გასაყარზე მდებარეობს. გეზი დასავლეთის მიმართულებით ავიღეთ, რისთვისაც ხელმარჯვნივ ჩამოვიტოვეთ პირველი გზა და უსწორმასწორო ხეობაში შევედით. სამხრეთით ხეობას არცთუ ისე მაღალი მთები ესაზღვრებოდნენ, მის ჩრდილოეთით კი საკმაოდ მაღალი მთები იყო, რომელთაც ზემოდან დაჰყურებდნენ კავკასიონის მწვერვალები.
მთელ ამ მხარეში მინდვრები იშვიათი იყო და ნადირიც, შესაბამისად – მცირე რაოდენობით. მოჰყავთ ხორბალი, ჭვავი და ქერი. მიუხედავად იმისა, რომ აქ საკვები პროდუქტების გაჭირვებაა, ხორბლის მოსავალს ისე უყაირათოდ იღებენ, რომ ჩალის ღეროების თითქმის ნახევარი მიწაზე რჩება.
ხელმარჯვნივ, პატარა მთა-გორებით გარშემორტყმული ოთხკუთხა ადგილი ისე ჰგავდა ავესნის ახლოს მდებარე კეისრის ბანაკს, რომ ვიფიქრე, რომაული ბანაკია-მეთქი. ამ ფანტაზიას დამაჯერებლობას ანიჭებდა ის გარემოებაც, რომ ალბანეთისაკენ მიმავალმა პომპეუსმა სწორედ ეს ადგილები გაიარა.
ღართისკარიდან მუხრანამდე ცამეტ ვერსს ანგარიშობენ, მაგრამ ამ მანძილის გასავლელად თითქმის სამი საათი დაგვჭირდა და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს მანძილი დაახლოებით თვრამეტ ვერსს უნდა შეადგენდეს.
ამ სოფლამდე, სადაც საკმაოდ მტკიცედ ნაგები კოშკები და კედლები აქ ძველ დროში ქალაქის არსებობაზე მიუთითებენ, დაახლოებით ერთნახევარი ვერსის მანძილზე დაბალი და ნესტიანი ადგილია. ნაწვიმარზე აქ გავლა, ალბათ, დიდ სიძნელეებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ ამის მოზეზი არა იმდენად ლოკალური პირობებია, რამდენადაც ცუდად მოწყობილი სარწყავი სისტემა, რადგან გლეხებს თავიანთი საგუბრები და ორმოები ზედ გზის პირას აქვთ გაყვანილი.
მუხრანში ძალზე გაგვიჭირდა სურსათ-სანოვაგის შოვნა, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ თანხის გადახდაზე მზად ვიყავით. სოფელი მუხრანი თავად ერისთავის საკუთრებაა. იგი ერთი არცთუ ისე მდიდარი, მაგრამ მრავალრიცხოვანი საგვარეულოს უფროსი წარმომადგენელია. წარმოშობით ერისთავები ოსეთიდან არიან და, როგორც ამბობენ, მათ ამ მხარეში დიდი ხნის მანძილზე ხელთ ეპყრათ ძალაუფლება. თავის მამულში თავადს მინის ქარხნის დაარსება განუზრახავს და ამ მიზნით რუსეთიდან ამ დარგის სპეციალისტიც კი ჩამოუყვანია; მაგრამ ეს უკანასკნელი უფრო პატივმოყვარეობით ყოფილა შეპყრობილი, ვიდრე ტალანტით დაჯილდოებული და ამის გამო თავადის ეს წამოწყება ჩაშლილა, რასაც დიდი სინანულით შეხვედრია მთავარმართებელი, რომელიც ამ საქმეს, ისევე როგორც ქვეყნისთვის სასარგებლო ნებისმიერ საქმეს, განსაკუთრებით მფარველობდა. ამ წამოწყწბის წარმატებით დაგვირგვინებით დიდად დაინტერესებულნი იყვნენ აგრეთვე ვენახების მფლობელებიც, რომელთათვისაც ასეთი ქარხნის დაარსება მეტად ხელსაყრელი იყო1.
მუხრანის შემდეგ გავიარეთ უფრო ცუდად დამუშავებული მხარე შედარებით იმასთან, რომლის გავლაც დილით მოგვიხდა. ტერიტორიის დიდი ნაწილი ბუჩქნარით იყო დაფარული, აქა-იქ კი მუხის, ტირიფისა და ალვის ხეებიც ჩანდა.
ჭალაში ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე, გავიარეთ უკეთესად დამუშავებული მხარე: ხელმარცხნივ მივყვებოდით დაბლობს, სადაც, ჩემი აზრით, თანამედროვე ტიპის სოფელი იყო გაშენებული. მთების მწვერვალებზე, რომლებიც ხეობას ზემოდან დაჰყურებდნენ, საკმაოდ დიდი ნაგებობები ჩანდა, მათ შორის ერთი ძველი ეკლესია გამოირჩეოდა. კაზაკთა საგუშაგო ხელმარჯვნივ, ჩვენ მიერ ჩამოტოვებულ სოფელ ჭალიდან ოთხ ვერსზეა. უწინდელ ყაზარმებს თებერვლის თვეში ცეცხლი გასჩენოდათ და დამწვარან და რადგან ისინი ჯერ კიდევ არ აღედგინათ, იძულებულნი გავხდით, უბრალო ლერწმით შემოღობილ თავლაში გაგვეთია ღამე.
ჭალიდან ოთხშაბათს, 1 (13) აგვისტოს გამოვედით და გორამდე თექვსმეტი ვერსის გავლას მხოლოდ ორი საათი მოვანდომეთ. ქალაქის მდებარეობა ადასტურებს, რომ იგი სტრაბონის მიერ მოხსენიებული ძველი გორსენაა. იგი პატარა მდინარე ფშანზე მდებარეობს, რომელიც ოდნავ მოშორებით უერთდება ქალაქიდან მხოლოდ ერთი ვერსით დაშორებულ მტკვარს. ციხე დგას მთაზე, რომელსაც პარალელოგრამის ფორმა აქვს და ისე განმარტოებით აღმართულა ვრცელი დაბლობის შუაგულში, რომ ეს მთა კი არა, მონალექი მიწა გეგონებათ. აქ არის ეკლესია, რომლის მშენებლობასაც თამარ დედოფალს მიაწერენ.
მოსახლეობის რაოდენობისა და ვაჭრობის განვითარების მიხედვით გორი საქართველოში მეორე ქალაქია: აქ დაახლოებით ექვსასი სახლი და ოთხი ათასი მცხოვრებია, თუ არ ჩავთვლით საკამაოდ მრავალრიცხოვან გარნიზონს. ქალაქში რვა ეკლესიაა. კათოლიკური ეკლესიის მშენებლობა მხოლოდ ერთი წლის წინ დასრულდა, იგი აგურითაა ნაშენი და მისი მშენებლობის ხარჯები მდიდარ სომხებს გაუღიათ. ეკლესია დიდი მოცულობისაა, თუმცა მორწმუნეები, რომელთა რიცხვი ორასს არ აღემატება, სულაც არ საჭიროებენ ასეთ დიდ ეკლესიას. მას ემსახურებიან იტალიელი კაპუცინები, რომლებიც ამ ქალაქში 1615 წლიდან დამკვიდრებულან. შარდენი მათ დიდი ქებით მოიხსენიებს მის მიმართ გაწეული სამსახურის გამო. დღესაც, ისევე როგორც შარდენის დროს, კაპუცინები უფასო მკურნალობას ეწევიან. მათთვის დამახასიათებელი მოკრძალებული თვისებების გამო კაპუცინებს დიდ პატივს სცემენ როგორც ევროპელები, ისე ადგილობრივი მოსახლეობა.
გორის შემოგარენში საკმაოდ კარგი მიწებია. ქალაქთან ახლოს ერთი არპანი (რომელიც მიწის საზომ ერთეულად იხმარება), მიწის ფასი ას მანეთამდე აღწევს ვარცხლით. უფრო მოშორებით კი ხშირ შემთხვევაში მისი ფასი 2–3 მანეთს არ აღემატება. თითქმის მთელი მიწა, მეტ-ნაკლები ოდენობის იჯარით, დაურიგდათ გლეხთა ოჯახებს ფულადი ან ნატურით ანაზღაურების პირობით. ნატურით ანაზღაურება საყოველთაოდ მიღებული ფორმა უნდა ყოფილიყო ისეთ ქვეყანაში, სადაც გლეხი არასოდეს არ იყო დარწმუნებული მოსავლის შენარჩუნებაში. როდესაც ნატურით ანაზღაურება ფულადი გადასახადით შეიცვალა, დაბეგვრის თანხა საგრძნობლად უნდა შემცირებულიყო იმის გამო, რომ ქვეყანა მუდმივად შემოსევების საფრთხის წინაშე იდგა და ოთხი მოსავლიდან ერთის შენარჩუნებაც კი ხშირად სათუო იყო. აქედან გამომდინარე, კაცი, რომელიც ას არპან მიწას ამუშავებს, ხშირად თავის ბატონს მხოლოდ არენდის ძირითად საფასურს – 6–7 მანეთს ვერცხლით უხდის. მაგრამ ამ ძირითად გადასახადს ემატება ფეოდალური სამსახურის ვალდებულებაც: საქართველოში გლეხი ვალდებული იყო ბატონისათვის თავისი საკარმოდამოდან მიღებული პროდუქტები გაეყო. ვაჟის შეძენისას გლეხი ბატონს ძღვენს მიართმევდა, ხოლო ბატონის სიკვდილის შემდეგ იგი ამ ვალდებულებებს მისი მემკვიდრის მიმართ ასრულებდა. თუკი გლეხი უშვილოდ გადაეგებოდა, მის ძმებსა და ძმისწულებს მისი მიწის მიღება მხოლოდ მას მერე შეეძლოთ, რაც ისინი საიჯარო გადასახადის გაზრდაზე დათანხმდებოდნენ, ვინაიდან ამ პერიოდში მიწის მფლობელობაში მიღება კანონით კი არ იყო გათვალისწინებული, არამედ ეს იყო კეთილგანწყობის აქტი – ჭეშმარიტი წყალობა ოჯახისათვის. ყოველივე ამის შედეგად, ადვილი გასაგებია, რომ თუკი ბატონს უფლება აქვს გაყიდოს თავისი მამული და იჯარით გასცეს იგი, გლეხს პირიქით, თავისი საკუთრების არც გაყიდვის და არც გასხვისების უფლება არა აქვს. უფრო მეტიც: თუ გლეხი ვინმესგან ვალად აიღებს 5 მანეთზე მეტს ვერცხლით, გადაუხდელობის შემთხვევაში, ბატონის ნებართვის გარეშე მართლმსაჯულებას არ შეუძლია, რაიმე გავლენა იქონიოს მევალეზე, რადგან მამული გლეხს არ ეკუთვნის. თვით მისი პიროვნებაც კი ბატონზეა დამოკიდებული, რომელსაც ხვნა-თესვის, მოსავლის აღებისა თუ კალოობის დროს შეუძლია კვირაში ორი-სამი დღე უსასყიდლოდ ამუშაოს გლეხი.
ფეოდალიზმი ევროპაში ბარბაროსმა ერებმა შემოიტანეს, რომლებმაც იგი მეოთხე-მეხუთე საუკუნეებში დაიპყრეს. ეს ბარბაროსი ერები კი ნაწილობრივად კავკასიის მიდამოებიდან მომდინარეობდნენ. მაგრამ ასეც რომ არ ყოფილიყო, ადვილი მისახვედრია, რომ ისეთ ღია ქვეყანაში, როგორიცაა მეზობლების მხრიდან შემოსევების მუდმივ საფრთხეში მყოფი საქართველო, ფეოდალური ხელისუფლება ნაკარნახევი იყო სუსტი ადამიანების არსებობით, რომლებიც მამაც და ძლიერ ადამიანთა სახით დასაყრდენს საჭიროებდნენ: ისინი ამ მხარდაჭერის ფასად მორჩილების ვალდებულებს იღებდნენ, შემდგომში კი ეს მორჩილება მონობაში გადაიზარდა.
ქალაქ გორში ვაჭრობას არცთუ ისე ფართო ხასიათი აქვს. ძირითადად ვაჭრობენ აბრეშუმით, ტყავეულით, ცვილითა და თაფლით. კამეჩის ერთი ტყავი, რომელიც თავისი სისქითა და გამძლეობით გამოირჩევა, იწონის ორნახევარ ფუთს (ოთხმოცდასამ გირვანქას) და იყიდება 6–7 მანეთამდე ვერცხლით (24–28 ფრანკი).
სომეხს, რომელთანაც ჩვენ დაგვაბინავეს, რამდენჯერმე წაუღია საქონელი სავაჭროდ თავრიზში და იეზდამდეც კი ჩასულა. უკანასკნელი მოგზაურობის დროს სპარსეთში, სადაც მას ბამბა და აბრეშუმის ქსოვილები შეუძენია, შეუმჩნევია, რომ რუსების მიერ შთაგონებული შიშის გამო, სპარსელები მას ყველგან ყურადღებასა და მფარველობას არ აკლებდნენ.
ამ სამეფოდან გატანილი საქონელი მთელი გზის მანძილზე უამრავ ბაჟს ექვემდებარება. ვფიქრობ, რუსეთისათვის ძნელი არ უნდა იყოს, დაითანხმოს სპარსეთის შაჰი სრულ გამონაკლისზე თუ არა, ყოველ შემთხვევაში, იმ ბაჟის საგრძნობლად შემცირებაზე მაინც, რასაც ქალაქის მმართველები კრეფენ. ეს კი თანდათანობით უზრუნველყოფს იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოში გარკვეულწილად მოიზიდონ სპარსეთის სავაჭრო ინტერესები.
თბილისში მუდმივმა სიცხემ და გვალვამ ძალზე შეგვაწუხა. გორში ყოფნისას კი ოცდაოთხი საათი გადაბმულად წვიმდა და ჩვენი შიში, რომ წვიმა გზებს ისე დააზიანებდა, რომ ეტლს გავლა გაუჭირდებოდა, უსაფუძვლო არ გამოდგა. მიუხედავად ცუდი ამინდისა, გორიდან 3 (15) აგვისტოს, დილის რვა საათზე წამოვედით.
ქალაქიდან გამოსვლისთანავე დაახლოებით ერთი ვერსის მანძილზე, ხშირი ბუჩქნარითა და ეკლებით დაფარული ადგილია. უნდა გადაგვევლო ერთი მდინარისა თუ ხევის შვიდი-რვა ტოტი, რომელთაც ამ პერიოდში ძალზე სწრაფი დინება ჰქონდათ, ვინაიდან მთებიდან წამოსული მდინარეები ძლიერი წვიმებისაგან ადიდებულიყო. ჩვენ ცხენებს წყალი მკერდს ზემოთ წვდებოდათ, ქვეითად მოსიარულეთათვის კი რამდენიმე დღის განმავლობაში მაინც, აქ გავლა შეუძლებელი იქნებოდა.
გორიდან ოთხ ვერსზე, ხელმარჯვნივ, კავკასიის მთების უკანასკნელი განშტოებების ძირში, ერთ სოფელს მივადექით. იგი მცირედ დასახლებული იყო, მაგრამ აქა-იქ მიმოფანტული კვადრატული თუ მრგვალი კოშკების უამრავი ნანგრევებით თუკი ვიმსჯელებთ, უწინ იგი ძალზე მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი უნდა ყოფილიყო. ათი ვესის შემდეგ ულამაზეს დაბლობზე გავედით. იგი უკეთ დამუშავებული მეჩვენა ვიდრე ქართლის ის ნაწილი რომელიც უკვე გამოვიარეთ. გზად რამდენიმე სოფელი შემოგვხვდა, ხოლო მთის მწვერვალებზე ბევრგან ჩანდა გამაგრებული ფეოდალური კოშკების ნანგრევები. ამ სოფლებს შორის გამოირჩეოდა რუისი, მნიშვნელოვანი რაოდენობის მოსახლეობით. მის გარშემო მდებარე ნაყოფიერი მიწების დამუშავებას ხელს უწყობს ერთი პატარა მდინარე, რომელიც სარწყავად გამოიყენება. რუისის ეკლესია საკმაოდ ლამაზია. ჩემი აზრით, იგი შუა საუკუნეებში უნდა იყოს აგებული.
გორსა და სურამს შორის მდებარე კაზაკთა საგუშაგო განლაგებულია მთებით გარშემორტყმულ სიღრმეში, ჭაობთან ახლოს. ამის გამო თითქმის ყველა კაზაკი აქ ციებით იყო დაავადებული. საგუშაგოს გარგარები ეწოდება იმ სოფლის სახელწოდების მიხედვით, რომელიც მისგან მცირე მანძილითაა დაშორებული. საგუშაგოდან სურამამდე ოცდაორი ვერსია. პირველი ხუთი ვერსი ტყეში გადის, რომლის ნიადაგიც უნაყოფოა. ხეები აქ, ჩვეულებრივ, უსწორმასწორო და დაგრეხილია. მოშორებით საკმაოდ ნაყოფიერი და უკეთესად დამუშავებული მიწებია. ალაგ-ალაგ გვხვდებოდა სოფლები ზერელედ ნაშენი სახლებით: ზოგი მათგანი მიწისა იყო, სხვები კი წნულებისაგან შეკრული. ისინი მკვეთრად საპირისპირონი არიან იმ ძველი ქვის ციხეების, ეკლესიებისა თუ კოშკებისა, რომლებიც ისე მტკიცედ იყო ნაგები, რომ სპარსელებისა და ლეკთა განუწყვეტელი შემოსევების დროს საიმედოდ იცავდა მოსახლეობას.
სურამის შემოგარენი საკმაოდ ლამაზია. ციხიდან იშლება ხედი იმ ხეობებსა და ბორცვებზე, რომლებიც იმერეთამდე ჩასასვლელეად უნდა გადალახოთ, და გრძელდება მაღალი მთების თხემამდე, რომელიც კავკასიას ახალციხის საფაშოს მთებთან აკავშირებს. სურამიდან ერთი ვერსის დაშორებით, ხელმარცხნივ, ალვის ხააბის ხეივანში, ხის სახლებია ჩამწკრივებული. მოგზაურები, რომლებიც სურამიდან ოთხმოცდაექვსი ვერსით დაშორებული ახალციხიდან მოემართებიან აქ გადიან კარანტინს. ამ დროისათვის მოგზაურებიც და ვაჭრებიც მხოლოდ თოთხმეტი დღე რჩებოდნენ კარანტინის გასავლელად. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ახალციხესა და იმერეთს შორის ძალზე იშვიათია მიმოსვლა. სურამის საკარანტინო პუნქტში შემოსული ვაჭრები შემოტანილ საქონელზე უმნიშვნელო ბაჟს იხდიან.
დიდად გავიხარეთ, გორის მაზრის კომენდანტს, მაიორ ტიტოვს რომ ჩავუსწარით სურამში; ჩვენი ჩასვლისას, თურმე, იგი უკვე აპირებდა ქალაქიდან გასვლას. მასთან სარეკომენდაციო წერილები გვქონდა. მაიორის შუამდგომლობით მშვენიერი ბინა მიგვიჩინეს გარნიზონის ერთ-ერთ ოფიცერთან, რომელმაც ძალზე თავაზიანად მიგვიღო. სურამის ციხე გორის ციხის მსგავსად, მაღალ, განცალკევებულ მთაზეა აღმართული და მთელ ამ მხარეს ზემოდან გადმოჰყურებს. აშენებულია თამარ მეფის დროს, რომელსაც მიასერენ თითქმის ყველაფერს, რაც კი ოდნავ მაინც ღირსშესანიშნავია საქართველოში.
სურამის გარშემო სოფლებში მოსახლეობა საკმაოდ უზრუნველყოფილად ცხოვრობს. მოზრდილ ცხვარში გადავიხადეთ ხუთი მანეთი ასიგნაციით. საერთოდ, ყველანაირი სურსათი აქ, როგორც წესი, იაფია. სურამში ებრაელთა რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის ყმებიც არიან. ებრაელები ამ მხარეში უხსოვარი დროიდან ბინადრობენ.
4 (16) აგვისტოს, დილის ითხ საათზე სურამიდან გამოვედით. მართალია გურიასა და იმერეთში ამბოხებები უკვე ჩახშობილი იყო, მაგრამ უსაფრთხოებისათვის ჩვენ მაინც გაგვაყოლეს ესკორტი ოცდაათი ქვეითი ჯარისკაცისა და ოთხი კაზაკის შემადგენლობით. ცხენების შესანაცვლებლად ოთხი წყვილი ხარიც მოგვიყვანეს, რადგან ნოვო-მალინსკამდე ძალზე ცუდი გზა იყო და ფიქრობდნენ, რომ ჩვენი ცხენები „ბრიჩკის“ ზიდვას ვერ შეძლებდნენ. თითო ვერსის გასავლელად წყვილ ხარში 2 კაპიკი (8 სანტიმი) გადავიხადეთ.
ქალაქიდან გამოვედით თუ არა, ხელმარცხნივ ციხესიმაგრის ნანგრევები შევნიშნეთ და შევედით ხეობაში, რომელიც ერთი ვერსის გავლის შემდეგ ძალზე ვიწროვდებოდა. ხეობას გარს ერტყა ხშირი ტყეებით დაფარული მაღალი მთები. ოცდაათი ვერსის მანძილზე სურამიდან მალინსკის კაზაკთა საგუშაგომდე ეს ტყეები უწყვეტადაა გადაჭიმული. აქ იყო სხვადასხვა ჯიშის მუხის, წიფლის, იფნის, ნეკერჩხლის, ჭადრისა და ალვის ხეები. მრავლად იყო ხეხილიც. ამ ტყეებს სიძველე არ ეტყობათ და ამ დაკვირვებას აქაური ხალხიც ადასტურებს: ისინი ირწმუნებიან, რომ ხშირი ტყით დაფარული ეს ადგილი უწინ მჭიდროდ დასახლებული და დამუშავებული ყოფილა, მაგრამ შინაურ შფოთსა და უცხო მტრის შემოსევებს მოსახლეობა გაუფანტავს და გაუნადგურებია, მეურნეობა კი მოუსპია. ტყეების ერთი ნაწილი სახელმწიფოს კუთვნილებაა, მეორე კი _ ქართველებსა და იმერლებს ეკუთვნის, რომელნიც მისგან ვერანაირ სარგებელს ვერ იღებენ.
სურამიდან რამდენიმე ვერსის დაშორებით პოლკოვნიკ პუზირევსკის ქვრივი შემოგვხვდა. პოლკოვნიკი ამა წლის აპრილის თვეში მოკლეს, სწორედ იმ დროს, როცა გურიაში ამბოხება დაიწყო. ქვრივს ესკორტი გავუვცალეთ.
სურამიდან მოყოლებული, მთელ გზაზე მოგზაურთათვის არც სასტუმრობაკებია და არც რაიმე სახის თავშესაფარი. იმერლები, რომელთაც საქონელი რედუტ-კალედან თბილისში ხან ცხენით და ხარებით, ხანაც ურმებით გადააქვთ, ტყეებში დაიბანაკებენ ხოლმე. ისინი ეძებენ ისეთ ადგილს, სადაც საძოვრებია და თანაც ყოველთვის იქვე ახლოს უნდა იყოს წყაროც; ანთებენ დიდ კოცონს და ცეცხლის პირას, პირდაპირ მიწაზე წვებიან: ამგვარი წინდახედულობით ისინი თავს იცავენ ყოველგვარი საფრთხისაგან, რაც მათ ჯანმრთელობას ღია ცის ქვეშ ღამის გათევით შეიძლება დაემუქროს აქაურ ნესტიან ტყეებში, სადაც იშვიათად თუ აღწევს მზის სხივი.
სურამიდან ერთ ლიეზე მოჩანს ქართლისა და იმერეთის გამყოფი მთების მწვერვალები. გადავიარეთ თუ არა მთები დასავლეთის მიმართულებით, ჩვენ წინაშე ერთმანეთის მონაცვლეობით გადაიშალა მთები და ხეობები; წყაროები და ხევებიც კი უფრო და უფრო ხშირად გვხვდებოდა. ყოველ ნახევარ საათში პეიზაჟი იცვლებოდა, აქა-იქ ბუნება ძალზე ლამაზ სანახაობას წარმოადგენდა. საფრანგეთის მთავრობის მიერ წარმოგზავნილმა მოგზაურმა-ნატუეალისტმა ბ-მა ფონტანიემ 1822 წელს, რედუტ-კალედან თბილისისაკენ მომავალმა, ეს მთები გადაიარა და ზოგან ვულკანური წარმონაქმნები აღმოაჩინა. ვინაიდან ცუდი გზების გამო ჩვენი ხარები საათში მხოლოდ ორიდან ოთხ ვერსამდე გადიოდნენ, ნოვო-მალინსკში ექვს საათზე ჩავედით.
კაზაკების საგუშაგო ფერდობის შუა ნაწილში, მოლითის მარცხენა ნაპირზე, ამავე სახელწოდების სოფლიდან ოდნავ მოშორებითაა განთავსებული. კაზაკებისათვის განკუთვნილი ბარაკების გვერდით ყაზარმების კორპუსი დგას, სადაც ხუთასამდე ქვეითი ჯარისკაცია. ამავე ხეობაში დაბანაკებულია რამდენიმე არტილერისტი ოთხი საარტილერიო ქვემეხით. აქვეა აშენებული, აგრეთვე, უცხოელთათვის განკუთვნილი ორი კარავი. ჩვენ ერთ-ერთ მათგანში დაგვაბინავეს, სადაც ერთი პაწაწინა ოთახი იყო, რომელსაც წინ კიდევ ერთი ოთახი ჰქონდა მიშენებული, მაგრამ ისე ცუდად იყო გადახურული, რომ წყალი ყოველი მხრიდან ჩამოდიოდა. ოთახში არავითარი ავეჯი არ იდგა. ამ საძაგელი სადგომითა და საშინელი უამინდობით გამოწვეულ უსიამოვნებას აქარწყლებდა საგუშაგოს უფროსის, თავაზიანობით აღსავსე ლეიტენენტის დამოკიდებულება ჩვენ მიმართ, რასაც დიდი მადლიერებით ვიხსენებთ. მან მოგვამარაგა ყველაფრით, რაც კი გვესაჭიროებოდა, მეორე დღეს კი, დილაადრიან, ჩვენი ეტლისათვის ექვსი წყვილი ხარიც გვიშოვა. ზაქარაქედის საგუშაგომდე ყველაზე ცუდი სავალი პირველი რვა ვერსი იყო. გზის ამ მონაკვეთზე ჯარებისათვის განკუთვნილი სანოვაგით დატვირთულმა მარკიტანტმა 2 მანეთნახევრად ვერცხლით (10 ფრანკი) რვა თუნგი ღვინო მოგვყიდა, რაც დაახლოებით ორმოცდათორმეტ ბოთლს შეადგენს. ამ ღვინით ავავსეთ ჩვენი ტიკი და თან წავიღეთ.
ნოვო-მალინსკის საგუშაგოს ლეიტენანტმა გამოგვაცილა, უნდოდა საკუთარი თვალით ენახა, როგორ გვატარებდნენ ჩვენი ესკორტის ჯარისკაცები პირველი ექვსი ვერსის მანძილზე ციცაბო და ხიფათით აღსავსე გზებზე. ერთი საათით შევჩერდით იმერელ აზნაურთან. მისი სახლი ოდნავ მოშორებით იდგა მოლითის სანაპიროდან, რომელიც მაღალი მთებიდან ჩანჩქერივით ეშვება და ამ ადგილას საკმაოდ სწრაფად მოედინება.
ეს იმერელი წინა დღით მოვიდა ჩვენთან და თავისთან მიგვიპატიჟა; ჩვენც თანხმობა განვუცხადეთ. სუფრა ლამაზი ხეებითა და სიმინდის ყანებით გარშემორტყმულ ჭალაში გაგვიშალეს. იმერელს რამდენიმე შეკითხვა დავუსვი მისი მამულის თაობაზე, რომლის ფართობიც სიგრძით ოთხი ვერსი იყო, სიგანით კი _ ოთხი და დაახლოებით სამი ათას ფრანგულ არპანს შეადგენდა. იგი მთლიანად ტყით იყო დაფარული. ამ მამულში იმერელ აზნაურს 1050 დუკატი გადაუხდია. ტყეში საუცხოო ჯიშის ხეები იყო, მაგრამ სამწუხაროდ, იგი იმდენად იყო დაშორებული ყველა სანაოსნო მდინარისაგან, რომ მისგან სარგებლობის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუკი აქ ხე-ტყის გადამამუშავებელ ქარხანას ააგებდნენ. ამდაგვარი მამული საფრანგეთში ერთ მილიონზე ნაკლები მაინც არ ეღირებოდა.
ძველი ავტორები ამბობენ, რომ ადამიანს მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს შეუძლია გაარკვიოს, იგი ბედნიერი იყო თუ უბედურიო. ჩვენი მასპინძელი ამის საუკეთესო მაგალითი გახლდათ: იგი იმ აზნაურთა კლასის წარმომადგენელი იყო, რომელიც თავის ბატონს ემორჩილებოდა და არანაირი საკუთარი ქონება არ გააჩნდა. ახალგაზრდობისას, ჯერ კიდევ ყმაწვილი, ახალციხელმა თურქებმა მოიტაცეს და კონსტანტინოპოლელ ვაჭრებს მიჰყიდეს. აქ კი იგი კაპიტან ფაშას მონა გამხდარა და ერთგულად ემსახურებოდა მას, რამდენიმე წლის შემდეგ ამ უკანასკნელისათვის 500 დუკატი მიურთმევია საჩუქრად და სანაცვლოდ თავისუფლება მიუღია. ამის შემდეგ იგი ბერძნული გემით ეგვიპტეში, სმირნასა და მარსელში წასულა სავაჭროდ, სადაც თავისი მოხერხებულობის წყალობით, შეძლო გაეზარდა საკუთარი ძირითადი კაპიტალი, გონივრული მოქმედებით რომ ჰქონდა დაგროვილი; რის შემდეგაც, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, დაბრუნდა სამშობლოში. აქ აზნაურმა ჭკუა იხმარა და თავისი კაპიტალი ამ მამულში დააბანდა. დღეს იგი სიამტკბილობით ცხოვრობს თავის ოჯახში, თხუთმეტამდე ყმასთან ერთად. 1794 წელს ამ აზნაურმა საფრანგეთში იმოგზაურა და ფრანგული ენიდან მეხსიერებაში შემორჩა მხოლოდ ერთი სიტყვა – მოქალაქე. იგი დიდად გაკვირვებული დარჩა, როცა ვუთხარით, რომ ეს ტერმინი უკვე აღარ იყო ხმარებაში.
გამოვემშვიდობეთ ჩვენს მასპინძელს და გზა განვაგრძეთ. ოდნავ მოშორებით, ხელმარჯვნივ, ძალზე სწრაფ მდინარეს მივადექით. იგი შორაპნის (შცჰორაპანა) ზემოთ უერთდება ყვირილას. მშენებლებს გზა ციცაბო მთებში გაუყვანიათ, მაშინ როდესაც შეიძლებოდა სულ მცირე მონაკვეთზე გაეყვანათ შემოსავლელი გზა, რის შემდეგაც იგი ხეობებზე გაივლიდა და მდინარის დინებას გაჰყვებოდა. ამ შემთხვევაში საკმარისი იქნებოდა ორი ხიდის აგება, რათა თავიდან აეცილებინათ ძალზე სახიფათო გასასვლელი2. ვიდრე ამ ადგილამდე მივიდოდით, კაზაკთა საგუშაგოზე შევჩერდით; იგი მშვენიერ ადგილას, თითქმის ზედ მდინარის პირზე მდებარეობდა. საგუშაგოდან ოდნავ მოშორებით, მაღალ მთაზე, რომელიც მთელ ამ მხარეს გადაჰყურებდა, ძველი სასახლის ნანგრევები ჩანდა.
მეთვრამეტე ვერსზე ტყის ერთ ნაწილში აღმოვჩნდით. აქ შევნიშნეთ ნაღესების კვალი და აქა-იქ ჩადცმული სახლები. აღტაცებაში მოგვიყვანა სიმინდის (რომელიც აქ დიდი რაოდენობით მოჰყავთ) ყანების სილამაზემ, უზარმაზარი ლეღვის, კაკლის, კომშისა და ბროწეულის ხეებმა, რომლებიც ველურ ხეთა შორის ხარობდნენ და თითქმის ყველა მათგანს ვაზი და ველური სვია ჰქონდა შემოხვეული. ყურძნის მოსავლის უდიდესი ნაწილი ხეებზე რჩება ხოლმე, ხოლო სვიას აქ საერთოდ არ კრეფენ, ვინაიდან საქართველოში მისი გამოყენება არ იციან.
რვა საათი იყო, როცა ზაქარაქედში ჩავედით. ეს საგუშაგო საკმაოდ თვალწარმტაც ადგილზე მდებარეობს, ერთმანეთისაგან პატარ-პატარა გორაკებით გამოყოფილ ხეობებს შორის და ყოველი მხრიდან მაღალი მთებით არის გარშემორტყმული. საგუშაგოში ვერც ცხენებისათვის და ვერც ჩვენთვის ვერაფერი ვიშოვეთ. ყვირილის საგუშაგომდე მხოლოდ თორმეტი ვერსი გვრჩებოდა გასავლელი და ზაქარაქედიდან შუადღისას გავედით. ეს მხარე ნაკლებად ტყიანი და მთაგორიანი იყო ვიდრე ის, რომელიც წინა დღეს გავიარეთ. სახლების უმეტესობა შუაგულ ტყეში და მთის ფერდობებზე იყო აშენებული. დავადექით თუ არა გზას, სულ მალე ქორწილში მიმავალი იმერლები შემოგვხვდნენ. ოქროთი მოსირმულ, ლურჯი და წითელი ფერის ხავერდში მდიდრულად გამოწყობილი ხუთი-ექვსი ცხენოსანი წრიულად მიჰყვებოდა ახალგაზრდა ჯვარდაწერილ ქალს, მის დედასა და რამდენიმე მანდილოსანს, რომლებიც მის ამალას შეადგენდნენ. სწრაფად მიმავალ ცხენებს ფეხდაფეხ მისდევდნენ თორმეტი-თოთხმეტი წლის ბავშვები.
როცა ყვირილას მივუახლოვდით, ნაცვლად იმისა, რომ იქვე განლაგებულ ორასკაციან ქვეითი ჯარის ბანაკში გავჩერებულიყავით, ვარჩიეთ, დაუყოვნებლივ გადაგველახა მდინარე პონტონის ხიდით, რომელიც ორ ნუშისებრ ნავზე იყო გადებული და რომელსაც იმერლები მართავდნენ. ჩემი ვაჟიშვილი და თათრულის მცოდნე თარჯიმანი კი ცოტა ქვემოთ, ფონით გადავიდნენ, რაც არცთუ ისე უსაფრთხო იყო იმის გამო, რომ წინადღეების წვიმების შედეგად მდინარე ადიდებულიყო. დილით აქ ერთი სომეხი დამხრჩვალიყო თავის ცხენთან ერთად.
ღამე კაზაკთა საგუშაგოში გავათიეთ. კარგა ხანია, ასე მოხერხებულად არ ვყოფილვართ დაბინავებული. საღამო ხანს ყვირილის ნაპირებზე გავისეირნეთ. მდინარის მიერ ჩამოტანილ უამრავ რიყის ქვებს შორის შევნიშნეთ წითელი გრანიტის ნატეხები, ქანდაკების თეთრი მარმარილო ყოველგვარი ლაქების გარეშე, წისქვილის ქვა და ტალკი.
ათი საათისათვის ამიერკავაკასიის კაზაკთა ატამანი, გენერალი ვლასოვი ჩამოვიდა. გვინდოდა, ჩვენ მიერ დაკავებული მისი ბინა გაგვეთავისუფლებინა, მაგრამ მან უარი განაცხადა და კარავში დაწვა, მიუხედავად იმისა, რომ ციებით იყო ავად. იგი თავისი ჯარების გენერალურ დათვალიერებაზე იყო წასული.
მეორე დღეს დილაადრიან გავუდექით გზას და ოთხი საათი მოვანდომეთ ჩოლაბურის ნაპირებამდე მისვლას. აქ ვისაუზმეთ და სამ საათში ქუთაისში ჩავედით.
ამ ქალაქში რამდენიმე დღე დავყავით თავად პეტრე გორჩაკოვთან, რომელიც იმჟამად იმერეთის დროებითი გუბერნატორი იყო. ამის შემდეგ ცხენისწყლით მარანში გავემგზავრეთ. ეს პერიოდი უცხოელთათვის სახიფათო იყო სამოგზაუროდ, მაგრამ გვინდოდა მოგვენახულებინა ნავსადგური, სადაც ევროპიდან საქართველიში გამოგზავნილი საქონელი გადმოიტვირთებოდა, რომელიც შემდეგ ფაზისზე აღმასვლით გადაჰქონდათ. ამის შესახებ სხვებისგან მქონდა გაგონილი, მაგრამ პირადად მინდოდა გავცნობოდი, ვინაიდან, როცა ახალი სავაჭრო გზის გახსნის საკითხი დადგებოდა, პასუხი გამეცა ყველა იმ შეკითხვაზე, რომელიც, ალბათ, აუცილებლად გაჩნდებოდა.
ამის შემდეგ კვლავ თბილისისაკენ ავიღეთ გეზი. ის ღამე ყვირილის საგუშაგოში გავატარეთ. ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში აქ ისეთი მავნე კლიმატური პირობებია, რომ წელიწადის ამ დროს სომხები აქ არასდროს ჩერდებიან, თუნდაც იმისათვის, რომ თავიანთი ცხენები ოდნავ მაინც შეასვენონ.
მეორე დღეს ბ-ნ მოროს, რომელსაც ჯერ კიდევ თბილისიდან გამომგზავრებამდე შეეყარა ციება, შეტევა დაეწყო. გორში ჩასვლისას ჩემი ვაჟიშვილიც და ყველა ჩვენი თანამგზავრიც ერთად გახდნენ ავად. იძულებული ვიყავით, რამდენიმე დღე ამ ქალაქში დავრჩენილიყავით; მაგრამ ბ-მა მორომ მოინდომა თბილისში გამგზავრება, რადგან იგი მხოლოდ და მხოლოდ ექიმ ბრიებელს ენდობოდა, რომელიც საერთო სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. იმისათვის, რომ დრო მოგვეგო და თბილისში ერთ დღეში ჩავსულიყავით, გადავწყვიტეთ ახალქალაქის გზით წასვლა. ეს გზა მტკვრის მარჯვენა ნაპირს მიუყვებოდა და როგორც ამბობდნენ, ჩვეულებრივ გზაზე ბევრად უფრო მოკლე იყო.
სომეხმა, რომელთანაც გორში დავბინავდით, მოინდომა გამოგვყოლოდა მდინარემდე, რომელიც ქალაქიდან დაახლოებით ერთი ვერსით იყო დაცილებული. იგი ირწმუნებოდა, რომ ამ მდინარეზე ფონით გასვლა გაცილებით უფრო ძნელი იყო, ვიდრე ჩვენ გვეგონა. მართლაც, მივუახლოვდით თუ არა მტკვრის ნაპირებს, დავინახეთ ადიდებული მდინარე. ჩვენი კაზაკები დიდხანს ეძებდნენ ფონს, მაგრამ ყველგან ძალიან ღრმა დინებას აწყდებოდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, ერთ-ერთმა მათგანმა გასასვლელ ადგილს მიაგნო და მისი ცხენი ისე გავიდა მეორე ნაპირზე, რომ ფეხქვეშ ნიადაგი არ გამოსცლია. ჩვენც ბრმად მივყევით მას ღარტაფში და უეცრად ეტლი ისეთნაირად გადაიხარა, რომ კინაღამ მდინარეში გადაყირავდა. ჩვენ რომ ამის მზადყოფნაში არ ვყოფილიყავით, ალბათ ყველანი დავიხრჩობოდით. როგორც იქნა, დიდი გაჭირვებით, მტკვრის მეორე ნაპირზე გადავედით და შუადღისათვის სოფელ ახალქალაქში ჩავედით3.
მამასახლისმა ბრძანება გასცა, ჩვენთვის სადილი გაემზადებინათ. მდინარეზე გადმოსვლისას ბ-ნ მოროს ციების ძლიერი სეტევა მისცა და მას არაფერი უჭამია; იგი ფეხზე ძლივს იდგა. ორი საათი შევისვენეთ და კვლავ გავუდექით გზას. ეს გზები იმდენად საშინელი იყო, რომ ეტლები აქ არასოდეს დადიოდნენ, ყოველ ნაბიჯზე უფსკრულში გადაჩეხვის საშიშროების წინაშე ვიდექით. უეცრად, კოფოზე მჯდარმა ჩვენმა სიცილიელმა მსახურმა შიშისაგან შეჰყვირა და ბ-ნ მოროზე მიმითითა, რომელსაც დამბლა დასცემოდა: მას თვალები გაშტერებოდა და გაურკვევლად ლუღლუღებდა. სოფლებიდან მოშორებით, ყოველგვარ დახმარებას მოკლებულნი, ამაოდ ვცდილობდით ამ მდგომარეობიდან მის გამოყვანას, კიდევ ოთხ საათზე მეტი გვჭირდებოდა, ამ ძნელად სავალი გზებისთვის რომ თავი დაგვეღწია. როგორც იქნა, საღამოს ცხრა საათზე, მცხეთიდან შვიდი ვერსით დაშორებულ ერთ სოფელს მივაღწიეთ და დიდი დრო დაგვჭირდა, ვიდრე ბინას ვიშოვიდით. ბ-ნი მორო მოვათავსეთ სახლის შესასვლელში გაშლილ ლეიბზე, მან მაშინვე სული განუტევა.
ძნელია იმ მწუხარების გადმოცემა, მეგობრის დაღუპვით რომ განვიცადეთ. იგი დიდი ხნის მანძილზე მარსელის ჰოსპიტლების ადმინისტრატორი იყო, სადაც ყველას პატივისცემით სარგებლობდა. ოდესაში იგი ფრანგულ სავაჭრო ფირმას ჩამოჰყვა კომპანიონად, ხოლო ჩემთან ერთად სამოგზაუროდ წამოსვლა იმიტომ მოისურვა, რომ უნდოდა საქართველოს სავაჭრო რესურსებს გასცნობოდა. მან სიცოცხლე დაასრულა უცხო მხარეში, თავისი მეუღლისა და სამი ქალიშვილისაგან მოშორებით, რომლებიც კეთილშობილებით გამოირჩეოდნენ და რომელთა ერთადერთი მარჩენალიც ბ-ნი მორო იგახლდათ.
ბ-ნ მოროს ცხედარს ღამე გაუთიეს ერთმა ბერძენმა მღვდელმა და ჩვენმა სიცილიელმა მსახურმა. გათენებისთანავე, ადგილობრივი წესის თანახმად, ქალები მოვიდნენ და ტირილითა და კივილით გარს შემოეხვივნენ მიცვალებულს. ნაშუადღევს ჩემი თარჯიმანი ბ-ნი გიბალი თბილისიდან დაბრუნდა, სადაც იგი მთავარმართებლისათვის ამ საშინელი ამბის შესატყობინებლად გავგზავნეთ; თანაც დავავალეთ, გაერკვია, თუ რა ფორმალობა იყო შესასრულებელი ბ-ნი მოროს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. შევუდექით მეგობრისადმი უკანასკნელი ვალის შესრულებას და სხვადასხვა ცერემონიებს შორის არ დავივიწყეთ ქელეხიც, რომელსაც დაკრძალვის შემდეგ აუცილებლად უმართავენ მღვდლებსა და მოტირალთ.
ამის შემდეგ თბილისში გამოვემგზავრეთ. აქ ჩვენმა ჩამოსვლამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ავადმყოფობისაგან რომ საბოლოოდ გამოვჯანმრთელებულიყავი და ბაქოში გამგზავრების შესაძლებლობა გვქონოდა, საჭირო გახდა თბილისში ორი კვირა დავრჩენილიყავით. ვიდრე ჩემი მოგზაურობის ამ ნაწილის აღწერას შევუდგებოდე, საჭიროდ მიმაჩნია დავახასიათო საქართველო, ვისაუბრო მის სოფლის მეურნეობაზე, მოსახლეობაზე და ჩამოვთვალო ყველა ია რესურსი, რასაც ეს მხარე სთავაზობს ვაჭრებს მას შემდეგ, რაც საიმპერეატორო „უკაზმა“, ხუთპროცენტიანი გადასახადის წყალობით, ამ მხარეს განუსაზღვრელი სავაჭრო შეღავათი მიანიჭა.
შენიშვნები
1. 1823 წელს სომეხმა ეპისკოპოსმა ნერსესმა თბილისში მინის ქარხანა დააარსა. მინის შემადგენლობაში შედიოდა მტკვრის რიყის ქვები, ქურებიდან გამოსულ ბოთლებს ულამაზესი მუქი იისფერი ჰქონდათ.
2. 1823 წელს ეს გზა მთლიანად გადაკეთდა. სამუშაოები ბარონმა ფრიცმა შეასრულა და სავსებით დამსახურებულად სახელიც გაითქვა, ისევე, როგორც გენერალმა გორჩაკოვმა, რომლის ბრძანების საფუძველზეც განხორციელდა ეს სამუშაოები.
3. შარდენი გორიდან ახალქალაქის გავლით ჩავიდა თბილისში. იგი მოგვითხრობს ძველი ნანგრევების შესახებ, რომლებიც აქ უნახავს, მე კი ეს ნანგრევები ვერ აღმოვაჩინე.
თავი V
საქართველოს საზღვრები. მისი დაყოფა. ისტორიული ცნობები. ამ სამეფოს რუსეთთან შეერთება. მმართველობის სირთულეები გულისტანის ტრაქტატამდე. გენერალი ერმოლოვი დაინიშნა მთავარმართებლად. ამ მმართველის დამახასიათებელი თვისებები. სახანოების შეერთება რუსეთთან. მათი თანამედროვე საზღვრები. ცნობები რუსეთსა და სპარსეთს შორის დასადგენი საზღვრების შესახებ.
საკუთრივ საქართველო მდებარეობს ჩრდილო განედის 400 31’- 420 -ებსა და გრძედის 41-430 –ებს შორის პარიზის მერიდიანით. მისი საზღვრებია: ჩრდილოეთით – კავკასიის ქედი; სამხრეთით – ყარაბაღი, განჯა და სომხეთის ერთი ნაწილი; აღმოსავლეთით – ლეკების ქვეყანა და ნუხა, ხოლიო დასავლეთით – სომხეთი, ახალციხის საფაშო და იმერეთი.
საქართველო შედგება სამი პროვინციისაგან: ქართლის, კახეთისა და სომხითისაგან. სხავადასხვა დროს ეს პროვინციები სხვადასხვა სამეფოებს წარმოადგენდნენ.
კავკასიის და იმერეთის მხრიდან საქართველო ბუნებრივად არის დაცული, აღმოსავლეთისა და სამხრეთის მხრიდან კი იგი მუდამ დაუცველი იყო და ამდენად, – ადვილად დასაპყრობიც. ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რომ ეს ქვეყანა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე არსებოვდა, როგორც სამეფო, არაერთგზის განიცდიდა ცვლილებებს როგორც თავისი ძლიერების თვალსაზრისით, ასევე – თავისი მოცულობითაც, რაც ძალზე იშვიათი მოვლენაა.
კიდეც რომ დავუშვათ, რომ არ არსებობდნენ არც ქართლოსი, რომელიც ნოეს შემდეგ მეექვსე თაობაა, არც მისი ვაჟი მცხეთოსი და არც მათი შთამომავალნი, ის მაინც უნდა ვაღიაროთ, თითქმის ყველა ისტორიკოსთან ერთად, რომ საქართველოს პირველი მეფე გახლდათ ფარნავაზი შიდა ქართლიდან, რომელიც ალექსანდრე დიდის დაპყრობების შემდეგ ოდნავ მოგვიანებით ცხოვრობდა. ეს კი საფუძველს გვაძლევს, ერთხმად ვაღიაროთ, რომ ეს სამეფო ერთ-ერთი უძველესთაგანია დედამიწის ზურგზე.
ბ-ნი კლაპროთი, რომელსაც ზედმიწევნით აქვს შესწავლილი ეს მხარეები, მცხეთოსთან დაკავშირებით იხსენიებს მეფე მირიანს, რომელიც იესო ქრისტეს დაბადებიდან 265–318 წლებში ცხოვრობდა. მოიხსენიებს, აგრეთვე, მირდატს 375 წელს და მას ოცდამეექვსე მეფედ მიიჩნევს; 1304 წელს გიორგის – სამოცდამეთვრამეტე მეფედ, ხოლო, თავისი კანონთა კრებულით ცნობილ ვახტანგს, რომელიც 1703–1722 წლებში მეფობდა, – ოთხმოცდამეთორმეტე მეფედ თვლის.
ძალზე ძნელია არა თუ ყველა ამ მეფის, არამედ თუნდაც რომელიმე მათგანის მეფობის ისტორიის აღწერა. ჩვენამდე მოღწეულია მცირედი ცმობები, რომლებიც მიმოფანტულია სპარსელ და სომეხ, ან კიდევ – ბიზანტიელ ისტორიკოსთა შრომებში. ბნელით არის მოცული საქართველოს მატიანეებიც, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მაინც იძლევიან იმის საფუძველს, რომ აღტაცება გამოვხატოთ ამ ერის მიმართ, რომელსაც წილად ხვდა აზიის ყველა დამპყრობლის მიერ დარბეული და შევიწროებული ქვეყანა, რომელიც ძლევამოსილი სახელმწიფოების საომარ ასპარეზად იყო ქცეული; მაგრამ ამ ერს არ დაუკარგავს თავისი დამოუკიდებლობა, თუ არ ჩავთვლით მოკლე პერიოდს; ორი ათასზე მეტი წლის მანძილზე მან შეინარჩუნა სამეფო და მუსლიმური ქვეყნების გარემოცვაში მყოფს, მთელი ოთხი საუკუნის განმავლობაში არ უღალატია ქრისტიანული სარწმუნოებისათვის. ანუშირვანმა იბერია (თანამედროვე საქართველო) იუსტინიანეს მეფობის დასაწყისში დაიპყრო. მოგვიანებით იგი მაჰმუდ ღაზნევის სახელმწიფოს შემადგენლობაში მოექცა. ალფ-არსლანი, – სპარსეთის ერთ-ერთი უდიდესი ხელმწიფე, – რომელსაც სიმამაცესთან ერთად არც კეთილშობილება აკლდა და, ამასთანავე, ლიტერატურისა და მეცნიერების მოყვარულიც იყო, დაეუფლა ამ მხარეს და სასტიკი დევნა დაუწყო ქრისტიანებს. ამგვარი ქმედება მის ცხოვრებას ჩრდილს აყენებს, მუსლიმი მწერლები კი მას ამის გამო ქებადიდებით მოიხსენიებენ.
1305 წელს თემურ-ლენგმა საქართველო უფრო გაანადგურა, ვიდრე – დაიპყრო. 1547 წელს კი ეს ქვეყანა თამაზმა იგდო ხეით. ხოლო შაჰ აბასმა აქ ოცი წლის განმავლობაში გაბატონებულ თურქებს გამოგლიჯა იგი ხელიდან. თურქებმა აქ თბილისის ციხე ააგეს, რომლის ნანგრევებიც კარგად არის შემონახული. შაჰ აბასის სიკვდილის შემდეგ საქართველო ხან სრულიად დამოუკიდებელი იყო, ხანაც – სპარსეთის მოხარკე; მაგრამ იმის გამო, რომ იგი სპარსეთს ძლევამოსილი ჯარებითა და ნიჭიერი მხედართმთავრებით ამარაგებდა, მას დიდი სიფრთხილით ეპყრობოდნენ.
XVIII საუკუნის I ნახევრის მანძილზე საქართველო არაერთხელ იქნა დარბეული. თამაზ-ყული-ხანის სიკვდილის შემდეგ ერეკლე, რომელიც ამ დამპყრობლის ჯარში მსახურობდა, საქართველოს მეფედ გამოცხადდა; მაგრამ მისი მეფობა უდრტვინველი არ ყოფილა: მის წინააღმდეგ განუწყვეტლივ იბრძოდნენ სპარსელები.
ვინაიდან საუკუნეების მანძილზე მთელ აზიას – ბუხარიდან და კავკასიიდან მოყოლებული ინდოეთის ოკეანემდე, ინდის მარჯვენა ნაპირიდან ევფრატამდე, – განუწყვეტლივ იპყრობდნენ და ხან სხვადასხვა ხელისუფალნი ერთმანეთს შორის ინაწილებდნენ, ხან კი ეს ტერიტორია ერთი ხელისუფალის ბატონობის ქვეშ ექცეოდა, სავსებით ბუნებრივია, რომ საქართველოს საზღვრები ვერასოდეს იქნებოდა მტკიცედ დადგენილი. ზოგჯერ საქართველოს მეფეები თავიანთი კუთვნილი სამი პროვინციიდან მხოლოდ ერთით იფარგლებოდნენ და იგი ცალკე სამეფოდ იქცეოდა, ზოგჯერ კი ეს სახელმწიფო კასპიიდან შავ ზღვამდე და კავკასიონიდან არაქსამდე იყო გადაჭიმული და სომხეთის უდიდეს ნაწილსაც კი მოიცავდა. ასეთი უნდა ყოფილიყო ქართულ მატიანეებში აგრერიგად ცნობილი თამარ დედოფლის სამეფო, დედოფლისა, რომელსაც შეგნებული ჰქონდა რა თავისი ძლევამოსილება, ნიჭი და მხნეობა, ამაყად იწოდებოდა თამარ მეფედ.
საქართველოს უკანასკნელი მეფის წინ ზეობდა მეფე ერეკლე, რომლის ხანგრძლივი მეფობა მრავალრიცხოვანი ბრძოლებითა და მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატებებით აღინიშნება. მის დროს საქართველოს საზღვრები ყოველწლიურად განიცდიდნენ ცვლილებებს.
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, როცა ამ მეფემ დაინახა, რომ მისი ქვეყანა მოსახლეობისაგან დაიცალა, ხაზინა კი გაჩანაგდა, მიხვდა, რომ მტრებისათვის წინააღმდეგობის გაწევას ძველებურად ვეღარ შეძლებდა, მან თავისი ქვეყანა სახელგანთქმული ეკატერინე II-ის მფარველობას დაუქვემდებარა.
მისი ძე გიორგი კი, რომელიც მუდამ თავის ქვეშევრდომთა კეთილდღეობაზე ზრუნავდა, დარწმუნდა, რომ სპარსელთა და ლეკთა განუწყვეტელი შემოსევებისაგან საქართველოს ვერ დაიცავდა და ერეკლეს ანდერძის თანახმად, თავისი სახელმწიფო რუსეთის იმპერატორს დაუმორჩილა. იმ ხანად რუსეთში მეფობდა პავლე, რომელმაც შემოთავაზებული სამეფო თავის იმპერიას შეუერთა.
მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ერეკლეს აღნიშნული გადაწყვეტილება, ისევე როგორც მისი შვილის მიერ გატარებული უფრო გადამწყვეტი ღონისძიება, არ ყოფილა ამგვარი ხასიათის პირველი ნაბიჯი, რომელიც რუსეთის მიმართ გადაიდგა.
1586 წლიდან დღევანდელი საქართველოს შემადგენელი სამი პროვინციიდან ერთ-ერთის – კახეთის მეფემ ალექსანდრემ ერთგულების ფიცი დაუდო თევდორე ივანეს ძეს. ამავე ხანებში ქართლის მეფე გიორგიმაც ასეთივე ფიცი დადო მისი და მისი შვილების მხრიდან. 1618, 1639, 1674, 1708 და 1712 წლებში საქართველოში შემავალი სხვადასხვა სამეფოების სუვერენებმა და იმერეთის მეფეებმა, რომლებიც უკლებლივ ბერძნული წესის ქრისტიანები იყვნენ,, ვერ შეძლეს ძლიერი მფარველის დახმარების გარეშე ლეკების, სპარსელებისა და თურქებისათვის წინააღმდეგობის გაწევა და აღიარეს სუზერენობა რუსეთის იმპერატორებისა, რომლებიც აღნიშნულ ხანებში მეფობდნენ.
იმპერატორ პავლეს მიერ საქართველოს შემოერთებამ ოპოზიციური განწყობა წარმოშვა; იგი მომდინარეობდა არა გიორგის ვაჟიშვილის მხრიდან, რომელიც მაშინ ჩვილი ბავშვი იყო, არამედ განსვენებული მეფის ერთ-ერთი ძმის – ალექსანდრეს მხრიდან. იგი გარკვეული ხნის განმავლობაში მხარს უჭერდა ამბოხებას, მაგრამ შემდეგ სპარსეთში გადაიხვეწა და დღემდე იქ ცხოვრობს. ამავე პერიოდში, ციციანოვის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, (მის შესახებ ქვემოთ, ბაქოსადმი მიძღვნილ პარაგრაფში ვისაუბრებ), რუსეთის მთავრობამ ამ გენერალს დაავალა მოსკოვში გაეგზავნა მეფე გიორგის ქვრივი მარიამ დედოფალი, რომელიც მისი გვარისა იყო. მას მეამბოხეთა სულისჩამდგმელად მიიჩნევდნენ. ამ მკაცრი ბრძანების შესამსუბუქებლად თავადმა მოინდომა მოკრძალება და პატივისცემა გამოეხატა და გადაწყვეტილების აღსრულება გენერალ ლაზარევს მიანდო. გენერალიც, აგრეთვე, ქართველი გახლდათ წარმოშობით და დედოფლის საყვარლად მიიჩნევდნენ. ლაზარევი დედოფლის წინაშე იმ დროს გამოცხადდა, როცა დედოფალი საწოლოდან ადგომას აპირებდა; დიდი პატივისცემისა და ერთგულების აღმნიშვნელი სიტყვების შემდეგ, ლაზარევმა დედოფალს სინანულით ამცნო მასზე დაკისრებული მოვალეობის შესახებ. მარიამმა თვალი თვალში გაუყარა გენერალს და უთხრა: „ლაზარევ, ნუ გავიწყდება, რომ ჩემი ქვეშევრდომი ხარ და თავს ნებას ნუ მისცემ, კვლავ გაიმეორო ასეთი ბრძანება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელს ვერ ასცდები“. გენერალმა მოიბოდიშა, მაგრამ დაჟინებით მოითხოვა ბრძანების შესრულება. მაშინ მარიამმა იძრო თავისი სატევარი და გენერალი უსულოდ დაეცა მის ფეხებთან1.
ამ შურისძიების შემდეგ იმპერატორმა საჭიროდ არ ჩათვალა დამნაშავის დასჯა, მარიამიც ბედს დამორჩილდა. იგი რუსეთში გადაასახლეს და ერთ-ერთ მონასტერში გამოკეტეს, თუმცა მოგვიანებით გაანთავისუფლეს: დღეს იგი მოსკოვში ცხოვრობს და მთავრობის მიერ დანიშნულ პენსიას იღებს.
მას შემდეგ, რაც საქართველო რუსეთის იმპერიას შეუერთდა, ამ ძველი სამეფოს ისტორია აქ დანიშნულ მთავარმართებელთა ისტორიით შემოიფარგლა; ისინი მალი-მალ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და, მეტ-ნაკლები ტალანტით დაჯილდოებულთ, არც ერთ მათგანს2 არ სურდა თავისი წინამორბედის მიმბაძველი ყოფილიყო, თუმცა მაინც ამ უკანასკნელის მიერ გაკვალულ გზას მიჰყვებოდა. ამგვარად, მმართველობაში არსებული დიდი ნაკლი მის უსისტემობასა და სრულ უმოქმედობაში მდგომარეობდა.
დაბრკოლებები მმართველობაში დროსა და პირობებზე იყო დამოკიდებული. მართლაც, იმპერატორ ალექსანდრესათვის ძალზე ძნელი იყო სერიოზული ყურადღება მიექცია შორეული ქვეყნისათვის იმ დროს, როცა მისი არმია ევროპაში ბრძოლებით იყო3 დაკავებული, ხოლო მისი ბიუჯეტი – შემცირებული. თანაც, იმპერიასთან საქართველოს შეერთებას ყველა როდი ემხრობოდა. საქართველოს, რომელიც რუსეთისაგან კავკასიონითაა გამოყოფილი, ისევე როგორც ესპანეთი საფრანგეთისაგან – პირენეებით, მრავალი საღად მოაზროვნე ადამიანი პარაზიტულ სამფლობელოდ მიიჩნევდა; უფრო მეტიც, მას საზიანოდაც კი თვლიდნენ, რადგან რუსეთს აქ მრავალრიცხოვანი ჯარი უნდა დაეტოვებინა, რომლის დანაკლისიც ყოველ წყთას იყო საგრძნობი, ხოლო კლიმატის ზემოქმედება თუ მთიელებთან შეტაკებები ყოვრლწლიურად ჯარისკაცთა საერთო რაოდენობის მეხუთედს, ზოგჯერ კი – მეოთხედსაც სპობდა. ამის გამო, და იმის გათვალისწინებითაც, რომ საქართველო კვლავ განიცდიდა მოსახლეობისა და სახსრების ნაკლებობას, უნდა ითქვას, რომ მმართველობა შესამჩნევ წარმატებებს მხოლოდ მას შემდეგ მიაღწევდა, როცა ევროპაში საერთო მშვიდობა დამყარდებოდა და რუსეთსა და სპარსეთს შორის დადებული გულისტანის ტრაქტატი იმპერატორ ალექსანდრეს საშუალებას მისცემდა, მიეხედა ამ სამეფოსათვის3. სწორედ ამ დროს თეირანის (თეჰერან) ბრწყინვალე ოპერაციიდან (ალყიდან) დაბრუნებული მთავარმართებელი ერმოლოვი დაინიშნა გენერალ-გუბერნატორად ამიერკავკასიის რუსეთის პროვინციებში: ასტრახანის ძველ სამეფოსა, დონის მარცხენა მხარესა და კავკასიას შორის მდებარე ქვეყნებში.
საქართველოში ჩამოსვლამდე ერმოლოვს უკვე მოპოვებული ჰქონდა დიდი რეპუტაცია; მასთან ერთად აქ მრავალი დამსახურებული ოფიცერიც ჩამოვიდა, მათ შორის – გენერალი ველიამინოვები, გამორჩეული ადამიანები: ერთმა მათგანმა სამხედრო ადმინისტრაციაში მოღვაწეობისას გაითქვა სახელი, მეორემ კი როგორც შტაბის ხმეთაურმა. გენერლის დროშის ქვეშ შემოიკრიბნენ აგრეთვე რუსეთის დიდგვაროვანი ახალგაზრდა ოფიცრებიც, რომლებმაც 1812, 1813 და 1814 წლების მძიმე ბრძოლებში დიდი ნიჭი და სიმამაცე გამოავლინეს. მათ ერთი წუთითაც კი არ უყოყმანიათ, ემსახურათ იმ ქვეყანაში, სადაც აქამდე, თუ არ ჩავთვლით უმაღლეს ჩინოსან სამხედროებს, თითქმის ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ შერისხული ოფიცრები იგზავნებოდნენ.
გენერალი ერმოლოვი მაღალი ტანისა და საოცრად ძლიერი აღნაგობის მქონე ადამიანია. საჭიროდ მიმაჩნია ამ უპირატესობის აღნიშვნა, რადგან სწორედ ამ თვისებამ შეუწყო ხელი იმ შიშის დანერგვას, რომელიც კავკასიის ხალხებს შორის გამოიწვია მისმა ჩამოსვლამ. აზიის სატრაპებისაგან განსხვავებით, მას სკვითური ჩვეულებები ახასიათებს; ეზიზღება აღმოსავლური ფუფუნება, თითქმის ყოველთვის მგზავრობს ეტლით, რომელსაც არ გააჩნია რესორები, წვება უბრალო ნოხზე და მეტისმეტად თავშეკავებულია. ამ მკაცრ ჩვევებთან ერთად მას შესისხლხორცებული აქვს უფაქიზესი მანერები, რომლებიც მის ალალ-მართალ და თავაზიანობით აღსავსე ხასიათს ერწყმიან. ერთდროულად იგი მოხერხებული ტაქტიკოსიცაა და კარგი ლიტერატორიც: პოლიბიოსისა და სტრატეგიული ხასიათის თხზულებებიდან პირდაპირ ვირგილიუსისა და ციცერონის ნაწარმოებებზე გადადის. თუ დავუმატებთ, რომ ყოველივე ამასთან ერთად იგი გამოირჩევა მტკიცე ხასიათით, უკიდურესი სამართლიანობით, კეთილშობილი უანგარობით, თავის ხელისუფალთა და სამშობლოს მიმართ დიდი სიყვარულით, უნდა ვაღიაროთ, რომ იმპერატორ ალექსანდრეს ამიერკავკასიის პროვინციების კეთილდღეობისა და ამ ხალხების ბედნიერების უზრუნველსაყოფად გენერალ ერმოლოვზე უფრო შესაფერისი არჩევანის გაკეთება არ შეეძლო.
როდესაც ეს მმართველი თავის გუბერნიას მოევლინა, მან მშვენივრად იცოდა, რაოდენ დიდი ჯაფა დასჭირდებოდა წესრიგის აღსადგენად იმ ქვეყანაში, რომელიც საუკუნეთა მანძილზე განუწყვეტელ თავდასხმებს განიცდიდა და სადაც ხელისუფლება, აქაური მოსახლეობის მსგავსად, ცხოვრობდა, თუ შეიძლება ითქვას, დღევანდელი დღით. სიმართლე რომ ითქვას, საქართველოში ბატონები საყოველთაო თავდაცვის მიზნით, იძულებულნი იყვნენ, მუდმივად მიემართათ თავიანთი ვასალებისათვის, რამაც ერთსაც და მეორესაც დამოუკიდებელი ხასიათი ჩამოუყალიბა. ეს კი მმართველობისას დიდ სიძნელეებს ქმნის: ხელისუფლება არჩევანის წინაშე დგება – ან დიდი სიმშვიდითა და მოწყალებით განამტკიცოს ანარქიული მდგომარეობა, ან კიდევ უმკაცრესი ზომების გატარებით დაიმსახუროს სიძულვილი.
სპარსელების უკანასკნელმა თავდასხმამ თბილისზე, ქალაქის ძარცვამ და თექვსმეტი ათასი მცხოვრების გატაცებამ, რომლებიც დღემდე მონები არიან თეირანსა და სპარსეთის სხვა ქალაქებში, ქართველთა დიდი განადგურება გამოიწვია. უმრავლესობა, თავიანთი მეფის – ერეკლეს დროს ფათერაკებით აღსავსე ცხოვრებას რომ იყო შეჩვეული, არავითარ ერთგულებას არ იჩენდა ახალი მმართველობის მიმართ, რომელიც, მართალია, იცავდა მათ უცხოელთა შემოსევებისაგან, მაგრამ ამავე დროს, ერთგვარ უმოქმედობის მდგომარეობაშიც აყენებდა და ამგვარად, ისინი იძულებულნი იყვნენ უარი ეთქვათ იარაღზეც და საბრძოლო დიდებაზეც.
მთავარმართებელმა იმთავითვე შენიშნა ეროვნული ხასიათის ეს თვისება. მთიელთა წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში მას საშუალება მიეცა დაესაქმებინა ქართველი თავადები, რომელნიც სამხედრო საქმისადმი დიდი სიყვარულით გამოირჩეოდნენ და თავიანთი უმოქმედობის გამო მოთმინება ჰქონდათ დაკარგული. მთავარმართებელმა უბოძა მათ თანამდებობები, წოდებები, დანიშნა ისინი სარდლებად. ამასთანავე, გაბატონებული კლასის სასარგებლოდ გატარებულ ამ ღონისძიებებთან ერთად, მან წამახალისებელი ზომები მიიღო სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის წარმატების უზრუნველსაყოფად, რის შედეგადაც ამ ხალხის სიძულვილი შეუმჩნევლად შეიცვალა ახალი ხელისუფლებისადმი გარკვეულიკეთილგანწყობით.
როცა რუსეთი საქართველოსა და იმერეთს დაეუფლა, სპარსეთისადმი დამორჩილებულ პროვინციებში გაბატონებულ მთავრებს უფლებები შეუნარჩუნა. შირვანს, ყარაბახს, ნუხას კვლავ ძველი ხანები მართავდნენ, რომლებიც იმპერატორ ალექსანდრეს თავიანთ სუზერენად აღიარებდნენ, მაგრამ ადგილობრივი ძველი კანონები და ჩვეულებანი უცვლელად შეინარჩუნეს. რუსეთი შემიფარგლა იმით, რომ გზებზე დააყენა კაზაკთა საგუშაგოები და თავის ზედამხედველობას დაუქვემდებარა მართლმსაჯულების აღსრულება, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა: ჭეშმარიტად საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც ღირს ყოფს ამ დიდი იმპერიის ხელისუფალთ.
საქმის ამგვარი ვითარება მმართველობაში დიდ არეულობასა და სირთულეებს იწვევდა, ამავე დროს იგი განსაცდელს უქმნიდა რუსეთის ჯარს, რადგან სხვადასხვა ხანებსა და მათ მოკავშირე, ერთმორწმუნე სპარსეთის ხელისუფალთა შორის მჭიდრო ურთიერთობა არსებობდა.
ამ წინააღმდეგობით აღსავსე გარემოში ძნელი იყო საკუთრივ საქართველოს მიმდებარე მხარეებში მდგომარეობის განმტკიცება და ვიდრე რუსეთის მიერ ადმინისტრირებული ოლქების გვერდით სულ სხვა კანონებისა და განსხვავებული რეჟიმისადმი დაქვემდებარებული მხარეებიც იარსებებდა, ხელისუფლება უდავოდ მოკლებული იქნებოდა ერთიანობას.
მრავალი მაგალითიდან მოვიყვან ერთს: 1821 წლის 8 (20) ოქტომბრის „უკაზის“ გამოქვეყნებამდე ბაქოში სპარსული საქონლის შემოსაზიდი ბაჟი ოცდახუთ პროცენტს შეადგენდა, მაშინ როდესაც მის მოსაზღვრე შირვანში იგივე საქონელი უბრალო ბაჟით – ექვსი პროცენტით იყო დაშვებული. აქ ხალხი ემორჩილებოდა მოწესრიგებულ მმართველობას, იქ კი – განუსაზღვრელ დესპოტიზმსა და თვითნებობას. ნუხასა და შირვანის სახანოებზე გავლისას სხვადასხვა სახის ბაჟს ახდევინებდნენ. ამგვარად, სხვადასხვა ოლქებში განსხვავებული ვითარება იყო, ხელისუფლებას კი არ შეეძლო თავისი ზედამხედველობის ქვეშ მოექცია ამდენი განსხვავებული სახელმწიფო. ექვსი წლის წინათ ნუხის ხანის სიკვდილისა და შირვანისა და ყარაბაღის ხანების გაქცევის შემდეგ, ეს პროვინციები იმპერიას შემოუერთდნენ; ამრიგად, გვერდზე რჩება რა კოლხეთის (ჩოლცჰიდე) აუზი, რომელიც საქართველოსაგან მთის ქედებითაა გამოყოფილი და თითქოს განცალკევებულ სახელმწიფოს წარმოადგენს, საქართველოს თავისი თანამედროვე განფენილობის საზღვრად უდევს ჩრდილოეთით – კავკასია, აღმოსავლეთით – კასპიის ზღვა, ხოლო დასავლეთით – იმერეთის მთები. მაგრამ თუკი საზღვარი ამ სამ მხარეს სავსებით გარკვეულია, სამაგიეროდ სამხრეთით იგი დაუზუსტებელია და განუწყვეტელი დავის საგანს წარმოადგენს, რადაგან გულისტანის ტრაქატატით ორ სახელმწიფოს შორის საზღვრებად დადგენილ იქნა ჯარების ორმხრივი პოზიციები.
1823 წელს მთავარმართებელმა თითქოს გადაწყვიტა ეზრუნა ორ იმპერიას შორის საზღვრების დადგენაზე. ამ მიზნით აბას მირზამ დანიშნა რწმუნებული და მთავარმართებლის ნათესავს, გენერალ-მაიორ ერმოლოვს, რამდენიმე ინჟინერსა და შტაბის უფროსთან ერთად, დაევალა ეს მნიშვნელოვანი ოპერაცია, რომლის განხორციელებაც ბევრ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.
ტრაქტატში მოხსენიებული საზღვრები არ არის აღნიშნული რომელიმე მდინარით ან მთით. საყრდენ წერტილებად არც ციხეები და ქალაქებია. ამის გამო ორ სახელმწიფოს შორის საკმაოდ დიდი მხარის სუვერენიტეტი გაურკვეველია. აქ თავს აფარებენ თურქმენებისა და ქურთების ტომები. ისინი ხშირად ავაზაკობენ ხან ერთ, ხან მეორე ოლქში, რაც ურთიერთსაჩივრებსა და პროტესტს იწვწვს. ამასთანავე, რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს საზღვრების დასადგენად წარმოებულ მოქმედებას, იგი მაინც არ იქნება საბოლოო.
ამ სახელმწიფოსა და რუსეთს შორის ბუნებრივი საზღვრები დიდი მდინარით – არაქსით განისაზღვრება და მიუხედავად იმისა, რომ ეს სპარსეთისათვის ერევნის სახანოს დაკარგვას ნიშნავს, რომლის დედაქალაქიც რუსებმა 1812 წელს უშედეგოდ მოაქციეს ალყაში, ეს მაინც არ არის ერთადერთი ზუსტი დემარკაცია. საქმის ვითარება გვაფიქრებინებს, რომ ფათჰალი შაჰის სიკვდილის შემდეგ ეს საზღვარი უპროტესტოდ იქნა აღიარებული, მით უფრო თუ მართალია, რომ, როგორც ირწმუნებიან, გულისტანის ტრაქტატის საიდუმლო მუხლით რუსეთის იმპერატორმა თავს იდო სპარსეთის ხელმწიფედ აბას მირზას ცნობა და საჭიროების შემთხვევაში ჯარით დახმარებაც.
ერთ დიდად აღიარებულ ნაშრომში, რომელიც 1822 წელს გამოიცა პარიზში, შეცდომით იყო აღნიშნული, თითქოს რუსებს სამხედრო ხაზი თბილისიდან სპარსეთის ყურემდე ეჭირათ და რომ ისინი ენზელისა და ასთარაბადის სახანოებს ფლობდნენ.
სინამდვილეში კი რუსეთის უკანასკნელი პუნქტი სპარსეთის მხრიდან არის გომერი, რომელიც ერევნიდან ას ოცდაექვსი ვერსითაა (ოცდათორმეტი ლიე) დაშორებული, ხოლო სამხედრო ხაზი, რომლის შესახებაც საუბარია, არა მარტო არასოდეს არსებულა, არამედ არც არასდროს გამხდარა რუსეთისათვის მიზანი, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს სპარსეთის ყურესთან. ამასთანავე, ინგლისის მისია თეირანში არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა ამგვარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, თუკი რუსეთი მსგავს მოთხოვნას ოდესმე წამოაყენებდა სპარსეთის სამეფო კარის წინაშე, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნიდა დიდი ბრიტანეთის გავლენას ინდოეთში.
რაც შეეხება ენზელსა და ასთარაბადს, ეს ორი პორტი რუსეთმა ვერ დაიმორჩილა; ეს ვერ შეძლო ვერც კონსულმა, რომელიც სპარსეთთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, 1822 წელს დაინიშნა რეზიდენტად ენზელში. იგი ჯერ კიდევ 1824 წელს იმყოფებოდა ბაქოში და სპარსეთის შაჰისაგან ელოდა ჩასვლის ნებართვას, ან ყოველ შემთხვევაში, იმის გარანტიას მაინც, რომ მისი პიროვნება სავსებით დაცული ყოფილიყო გილანში, სადაც იმ დროისათვის არეულობა იყო.
საჭიროდ ჩავთვალე ამ ცნობების მოტანა; მათ სიზუსტეზე დაყრდნობა შეიძლება, ისინი აბათილებენ რუსეთის მიმართ გამოთქმულ მოსაზრებას მისი დამპყრობლური პოლიტიკის გამო. დასაშვებია, რომ რუსეთი ასეთ საყვედურს ხშირად იმსახურებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში იგი საფუძველს მოკლებულია.
შენიშვნები
1. ასეთი იყო საყოველთაოდ გავრცელებული ვერსია, რომელსაც თვით მარიამ დედოფალიც ადასტურებდა. მაგრამ, როგორც ამბობენ, დაახლოებით ათი წლის შემდეგ, დედოფლის ერთ-ერთ მოახლეს სიკვდილის წინ გაუმჟღავნებია, რომ გენერალი ლაზარევი, დედოფლის ბრძანებით, მას მოუკლავს ხანჯლით.
2. საქართველოს მთავარმართებელთა შორის არავის არ დაუტოვებია ისეთი დიდი სახელი, როგორც ციციანოვს, რომელიც ქართველი იყო. ამ სამეფოს მმართველობა მას თავიდანვე მიანდეს.
3. მანშტეინი თავის მემუარებში აღნიშნავს, რომ რუსეთის სამეფო კარმა უმალ გამოიყენა შემთხვევა, თამაზყული ხანისათვის დაეთმო კასპიის ზღვისპირა პროვინციები – გილანი და მაზანდარანი, რომლებიც პეტრე დიდის მიერ იყო მოპოვებული. დიდი ნიჭით დაჯილდოებული მეფე ამ პროვინციებს ვაშრობის განვითარების თვალსაზრისით განიხილავდა, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ მისი დიდმნიშვნელოვანი და სასარგებლო გეგმები მივიწყებულ იქნა. ამ დროიდან მოყოლებული ამ ქვეყნებს მხოლოდ და მხოლოდ ძვირადღირებულ საკუთრებად მიიჩნევდნენ, სადაც ყოველწლიურად თორმეტიდან თოთხმეტ ათასამდე კაცი და ბევრი ფული უსარგებლოდ იკარგებოდა.
თავი VI
თბილისის აღწერა. ახალი ნაგებობანი. არქიეპისკოპოს ნერსესის მიერ აგებული შენობები. ბაზარი და ქარვასლა. ქართველების მრეწველობა. მოსახლეობის მდგომარეობა. კლიმატი. სხვადასხვა სარწმუნოება. ცნობები კათოლიკეთა შესახებ თბილისსა და სპარსეთში. ქალდეველები. გორდიენის მთების ნესტორიანელები. გენერალ ერმოლოვის მიერ საქართველოში ვაჭრობის სასარგებლოდ მიღებული ღონისძიებები. გოგირდის აბანოები. ბაღები. კათოლიკეთა სასაფლაო. გერმანელთა სოფლები თბილისის შემოგარენში.
კირუსი ანუ მტკვარი თბილისს ორ ნაწილად ჰყოფს; მარჯვენა ნაპირზე ძველი ქალაქი, გოგირდის აბანოები და ახალი ქალაქია გაშენებული, მარცხენაზე კი – ავლაბრისა და ისნის გარეუბნები და გერმანელებით დასახლებული სოფელია. მათი დამაკავშირებელი ხიდი ნგრევის პირას იყო მისული, მაგრამ ამ სამი წლის წინ აქ ერთთაღიანი ხის ხიდი აუგიათ აგურების ვეებერთელა ბურჯებზე და იგი ისე მყარად არის ნაგები, რომ მდინარის სწრაფი დინება ვერაფერს დააკლებს1.
1820 წელს, როცა მე ძველი ქალაქი ვნახე, თითქმის ყველა ქუჩა ნანგრევებით იყო მოფენილი, რაც სპარსელთა შემოსევის მწარე მოგონებას წარმოადგენდა. ხშირად ძალზე ძნელი იყო ამ ნანგრევებში გზის გაკვალვა და ოთხი ფუტის სიმაღლეზე, ნახევრად მიწური სახლების შესასვლელამდე მიღწევა, სადაც მოსახლეობა ცხოვრობდა. ზოგიერთი სახლის ბანი ქალაქის ვიწრო და მიხვეულმოხვეული ქუჩების დონეზე იყო. სამი წელი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ამ ძველ ქალაქს, რომლის დაკნინებული იერიც აზიის თვითნებური მმართველობის მჩაგვრელი რეჟიმის მაუწყებელი იყო, მისცემოდა განსხვავებული ელფერი და დამსგავსებოდა იმ ქალაქებს, რომელთაც ცივილიზებული ევროპის პრინციპებით მართავენ.
ასეთი მნიშვნელოვანი გარდაქმნების განსახორციელებლად პოლიციის უფროსმა, ინჟინერთან და რამდენიმე რწმუნებულთან ერთად, თანდათანობით იწყო ქუჩების გაგანიერება ისეთნაირად, რომ ეტლს თავისუფლად გაევლო. ქუჩების სწორხაზოვნებას ზედმიწევნით იცავდნენ, ხოლო მცხოვრებლებს დაევალათ, მოკლე ვადაში თავიანთი სახლები შეეცვალათ აგურის სახლებით, რომელთა სიმაღლე, ჩვეულებრივ, თორმეტ-თხუთმეტ ფუტს არ აღემატებოდა. საქმის დასაჩქარებლად გამოიყო უზარმაზარი ადგილი, სადაც აგურებს ამზადებდნენ. ამ სამუშაოზე ჯარისკაცებს ასაქმებდნენ, მათ ნაწილს ტყეებში მუხის ხეების მოჭრა და გორიდან თბილისამდე მათი მტკვარზე დაცურება ევალებოდა. ასე და ამგვარად, ძველი ქალაქის მშენებლობა წარმოუდგენელი სისწრაფით მიმდინარეობდა2.
ძველი ქალაქის გარშემო თხრილები თანდათანობით ივსება და რამდენიმე წლის შემდეგ ძველი ქალაქი ახალს შეუერთდება. ახალ ქალაქში დაახლოებით სამოცი ფუტის სიგანის ქუჩებია გაყვანილი, რადგან ადგილი ამის საშუალებას იძლეოდა. მშვენიერი მოედნები, გულდაგულ აშენებული ყაზარმები – ნაწილი ცეცხლზე გამომწვარი, ნაწილიც – მზეზე გამომშრალი აგურისა, ჰოსპიტლები, ადმინისტრაციულ დაწესებულებათა შენობები – ყოველივე ეს გენერალ ერმოლოვის მიერ წარმოებულ საზოგადოებრივ სამუშაოთა ერთ მთლიან სურათს ქმნის. შეუდარებელია ის ზრუნვა და საქმიანობა, რასაც გენერალი იჩენს მისდამი რწმუნებული დედაქალაქის გასამშვენიერებლად და, შეიძლება ითქვას, მისი სრული სახით აღსადგენად. ყველა კარგად ხედავს, რომ მას დიდად ახარებს თბილისის გაფართოება. გენერლები, ადგილობრივი თავადები და მდიდარი სომხები კი ყოველნაირად ცდილობდნენ თავი გამოეჩინათ საკუთარი სახლების სილამაზით. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სომეხი თავადის, გენერალ მადათოვის მიერ ახალ ქალაქში დიდი გემოვნებით აშენებული სახლი. 1820 წელს, სპარსეთში გაქცევამდე ცოტა ხნით ადრე, ყარაბაღის ხანმა გენერალ მადათოვს ორასი ათასი დესეტინა (ხუთასი ათასი არპანი) მიწა უწყალობა და მის დასამუშავებლად საჭირო ყმების ერთი ნაწილიც გამოუყო.
დიდი სამუშაოების ორგანიზატორთა შორის ყველაზე მეტად თბილისის სომეხი არქიეპისკოპოსი ნერსესი გამოირჩეოდა. ამ სახელოვანმა პრელატმა ახალ ქალაქში ვეება ქარვასლა ააგო, რაც იმის მაუწყებელია, რომ ამ ქალაქში ალბათ ფართო ვაჭრობა გაიშლება. ქარვასლის სენობას ეპისკოპოსმა სასწავლებელიც მიუშენა, სადაც განზრახული აქვს მოიწვიოს აზიური და ევროპული ენების მასწავლებლები და თავის თანამოძმეებს მისცეს განათლება, რასაც ისინი აქამდე მოკლებულნი იყვნენ.
ამრიგად, ცივილიზაცია თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს ევროპიდან აზიისაკენ. სულაც არ არის შორს ის დღე, როცა ცივილიზაცია სასურველ გავლენას იქონიებს იმ ქვეყნების კეთილდღეობაზე, სადაც იგი ფეხს მოიკიდებს.
დიდად სასიხარულოა, რომ ამ შორეული ქვეყნების განათლებაზე მეურვეობა ორ იშვიათი ღირსების მქონე პიროვნებას დაეკისრა. ორივენი კეთილი და შემწყნარებელი თვისებებით არიან შემკულნი, რაც დიდად შეუწყობს ხელს მათ მიერ წამოწყებული დიდებული საქმის წარმატებით დაგვირგვინებას.
ერთ-ერთი მათგანი, ბ-ნი აბატი ნიკოლი, მეფის კაპელანი, რამდენიმე ხნის განმავლობაში საფრანგეთში სახალსო განათლებას ედგა სათავეში. იგი დღესაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მრჩეველთაგანია ამ დარგში. ნევის ნაპირებზე მან ერთგვარი რევოლუცია მოახდინა კერძო განათლების საქმეში, აღზარდა გამორჩეული ადამიანები, რომლებიც შემდგომში რუსეთის ნიჭიერი გენერლები და ღირსეული მმართველები გახდნენ; მოგვიანებით იგი შავი ზღვის სანაპიროზე ოდესაში ჩავიდა, რომელიც ამ ოცდაათი წლის წინათ ჯერ კიდევ ღარიბ თათრულ სოფელს წარმოადგენდა. აქ მან კარგად ორგანიზებული ლიცეუმი დააარსა, სადაც განათლება ყველანაირ სასარგებლო ცოდნას მოიცავდა.
მეორე გახლავთ წმინდა ნერსესი. მან კარგად იცოდა, რომ ეს ერი ერთ დროს ძლევამოსილი და სახელოვანი იყო, დღეს კი დაკნინებული, გაფანტული და დამცირებულია და რადგან იგი საკუთარ თავს არა მარტო ეპისკოპოსად, არამედ ხალხის მეთაურადაც მიიჩნევდა, გადაწყვიტა, რომ რელიგიურ განათლებასთან ერთად აუცილებელი იყო საერო განათლებაც. როგორც ჩანს, მან გენიოსის თვალით შეხედა მომავალს და შეინარჩუნა იმედი, რომ უფალი სამუდამოდ არ აიღებდა ხელს უფროსი პატრიარქების შთამომავლებზე; ამიტომაც განიზრახა, ყოველი შემთხვევისათვის, ეს ერი წინასწარ შეემზადებინა, მის წიაღში აღეზარდა ზნეობრივი, განათლებული ადამიანები, რათა მომავალში, რუსეთის იმპერატორის მიერ დიდად დაფასებულ პირთა შორის მათაც თავისი ადგილი ჰქონოდათ.
თბილისის მოსახლეობა თანდათან იზრდება სომხების მოზღვავების ხარჯზე, რომლებიც აქ ეძიებენ თავშესაფარს თურქების ძალადობისა თუ სპარსელების მხრიდან შევიწროებისაგან. აზიურ თურქეთში ანარქია, ძალმომრეობა და უწესრიგობა სუფევს; ფაშები და სამხედრო პირები არავის ზოგავენ. რაც შეეხება სპარსეთს, რეპრესიები და ძალადობა ამ ქვეყანაში მიღებული კონტრიბუციის ერთგვარ ფორმად ითვლება.
სახანოებში გადასახადების აკრეფა მინდობილი აქვს სახანოს გამგებელს – მთავარს, მასვე ევალება სპარსეთის შაჰის ხაზინაში განსაზღვრული თანხის შეტანაც. ამ გადასახადის ტაქსას გასაზრდელად ხანს, რომელიც თავისი პროვინციის შემოსავლის მოიჯარადრედ იქცევა, უფლება ეძლევა აკრიფოს იმდენი გადასახადი, რამდენსაც თავად ჩათვლის საჭიროდ. იმისათვის, რომ საცოდავ სპარსელებს ფული წაგლიჯოს, იგი იყენებს ყოველგვარ საშუალებას, რისი გამოგონებაც კი შეუძლია თავისივე გაუმაძღრობიდან გამომდინარე. ხალხი კი, იმის შიშით, რომ თავის შესაძლებლობაზე მეტი გადასახადი არ შეაწერონ, იძულებულია სიღატაკით შეინიღბოს. ეს შიში გახლავთ მიზეზი იმისა, რომ სპარსელები და სომხები თავს არიდებენ მსხვილ სავაჭრო ოპერაციებს, რომელთაც გარკვეული წარმოდგენის შექმნა შეუძლიათ მათ სიმდიდრეზე. ორი საუკუნის მანძილზე სპარსელი მალულად აგროვებდა ფულს, მაგრამ არავისთან არ აჩენდა მას, ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ იწვევდა მრეწველობის, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის სრულ დაკნინებას3. ამიტომ, ვისაც შეუძლია თავისი ავლა-დიდების რეალიზაცია და მისი რუსეთში გატანა, დაუყოვნებლივ იქ გარბის.
1820 წელს თბილისში ჩამოსულმა ერთმა სომეხმა ვეებერთელა ქარვასლა ააგო. ამ შენობისათვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთში, რომელიც სიგანით რვა ტუაზს, ხოლო სიგრძით ოცდაათ-ორმოც ტუაზს არ აღემატებოდა, მან გადაიხადა 81000 მანეთი ასიგნაციით (81000 ფრ.), ხოლო ადიდებული მტკვრისაგან თავისი ქარვასლის დასაცავად მან კედელი და განიერი ჯებირი აღმართა. ეს ქარვასლა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ძველ ქალაქში არსებული ორი სხვა ქარვასლა.
აქლემებისა და ცხენების განუწყვეტელი შემოსვლა ქალაქში და მათი აქედან გასვლა, სპარსელ ვაჭართა სიმკვირცხლე და ამის საპირისპიროდ – სომხებისა და თურქების სიდინჯე, დაბოლოს, სხვადასხვა შორეული ქვეყნიდან შემოსული საქონლის ტრანსპორტი – ყოველივე ეს განსაკუთრებულ იერს აძლევს და სიცოცხლით ავსებს ამ თავისებურ სასტუმროებს, სადაც ესოდენ განსხვავებული ენებისა და ქვეყნების ვაჭრები თითქოს ერთ რაღაც თემში გაერთიანებული ცხოვრობენ. აქ არაფერს იხდიან არც სადგომში და არც საქონლის საწყობში; მხოლოდ პატრონს აძლევენ საკომისიოს – ერთ პროცენტს ყიდვა-გაყიდვის ოპერაციიდან.
სამივე ქარვასლა შუა ბაზარშია განლაგებული. ბაზარი მრავალ ქუჩად და მოედნად იყოფა და მუდამ სავსეა მოსეირნე ხალხით. მანუფაქტურული მრეწველობის თითოეულ დარგს ბაზარში ცალკე უბანი აქვს მიჩენილი.
დუქნებით გარშემორტყმულ პატარა მოედანთან მიახლოებისას ყურისწამღები ხმაური გამცნობთ, რომ მეთუნუქეთა უბანში იმყოფებით. სპილენძი, რომელსაც ისინი ნედლეულის სახით ყიდულობენ სახელმწიფოსაგან, სომხითის მდიდარი მაღაროებიდან შემოდის. ისინი თვითონვე აბრტყელებენ მას ფურცლებად დაყალიბებამდე. ცოტა მოშორებით მექოთნეებს გამოფენილი აქვთ თიხის ჭურჭელი, რომლის ფორმებიც თაობიდან თაობამდეა შენარჩუნებული და, ჩვეულებრივ, ძალზე მოხდენილია. ოქრომჭედლებს ოციოდე დუქანი უჭირავთ. მათ სამუშაო არ ელევათ, რადგან ამ ქვეყანაში ვერცხლის ჭურჭელი ფუფუნების საგანს წარმოადგენს. ისინი ჩინებულად ფლობენ მოჭიქვის ხელოვნებას. გოგირდის აბანოებთან ახლოს ვხვდებით ყველაზე სახელგანთქმულ მეიარაღეებს. ხმლებსა და ხანჯლებს მეტი წრთობა რომ მისცენ, ისინი იყენებენ ფოლადს, რომელიც ხორასნიდან შემოაქვთ და რომელიც ისეთი იშვიათი გახდა, რომ დღეს იგი ოქროს ფასად ფასობს. მათ, აგრეთვე, იციან იარაღის ლამაზად მოჭედვაც. ბაზრის სიღრმეში მოკალათებული ზოგიერთი ხელოსანი სპარსული ცხენებისათვის ამზადებს უცნაური ნახატებით მოჩითულ ცეჩის გადასაფარებლებს. ოდნავ მოშორებით აბრეშუმის ძაფის მრთველები არიან, რომლებიც ადგილობრივი ყვავილებითა და მცენარეებით ბრწყინვალე და მდგრად ფერებში ღებავენ ძაფს. დათრიმვლის ნაცვლად დაბაღებს ტყავი ორ ხის ცილინდრს შორის თასმებში განუწყვეტლივ გატარებით გამოჰყავთ და ისეთ ელასტიურობასა და სიმტკიცეს აძლევენ მას, რომ ეს უკანასკნელი ჩვენს სახელოსნოებში დამზადებულ ტყავებს ბევრად სჯობს. დაბოლოს, დუქანთა დიდი რიგი მეწაღეებსა და ქურქჩებს უჭირავთ. ეს უკანასკნელნი ასტრახანული ცხვრისა და ბატკნის ტყავისაგან ამზადებენ შავ და ნაცრისფერ ქუდებს. მათ ერთნაირი მოხმარება აქვთ როგორც სპარსეთში, ისე საქართველოში, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ამ ორი ქვეყნის ხალხი სხვადასხვა სიმაღლის ქუდებს ატარებენ.
მაუდით, აბრეშუმის ქსოვილებით, ტილოებით, აღმოსავლური სანელებლებითა და სურნელოვანი სუნელებით მოვაჭრენი ბაზრის ერთ ნაწილში არიან თავმოყრილნი. იქვე, გვერდით, პატარა მოედანზე, საიდანაც ხიდი იწყება, ხალხის ბრბო ირევა; აქ ლეკები, თათრები და ოსები ყიდიან ბეწვეულს, ხალიჩებს, შალის წინდებს, რომელთა ნაირფერი ნახატებიც არ არიან გემოვნებას მოკლებულნი, ან კიდევ – თავიანთ საქონელს ცვლიან სპარსულ და ევროპულ საქონელზე. ამ საერთო აყალმაყალში ბაქოდან და სპარსეთიდან მოსული, საქონლით დატვირთული ხარები და აქლემები გადაკვეთენ მოედანს, გადადიან მდინარის გაღმა ნაპირზე და და საერთო საძოვრებზე ჩერდებიან. ვაჭრებიც აქვე პოულობენ ქარვასლას, რომელიც ოთხი წლის წინათ აშენდა და რომელიც უფრო იაფად სთავაზობს მათ საცხოვრებლებს, ვიდრე ქალაქის სხვა ქარვასლები. ქალაქში არსებული ორი ძველი ქარვასლიდან ერთ-ერთში მხოლოდ სპარსელები ცხოვრობენ; ხოლო ყარსელი, არზრუმელი და სპარსელი სომხები, ჩვეულებრივ, მეორე ქარვასლაში ჩერდებიან.
თბილისის მოსახლეობამ ამ რამდენიმე წლის წინათ საგრძნობლად იწყო ზრდა. 1820 წელს თბილისში დაახლოებით ოცდაოთხი ათასი მცხოვრები ითვლებოდა. 1825 წელს მის მისახლეობას, სულ ცოტა, ოცდაცამეტ ათას სულს ანგარიშობდნენ; მაშინ როგორც ქალაქში, ისე მის გარეუბნებში აღირიცხებოდა: 2500 სომხის ოჯახი, 1500 – ქართველისა, 500 – თათრისა და სპარსელისა, სულ – 4500 ოჯახი; ყოველი ოჯახი, სულ მცირე, ექვსი სულისაგან შედგებოდა, რაც მთლიანობაში 27000 სულს შეადგენს. გარნიზონის, სახელმწიფო მოხელეთა და უცხოელების რიცხვი 6000 უტოლდებოდა, ე.ი. სულ 33000 სული.
საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ მოსახლეობის მუდმივი ზრდა სპარსეთიდან და თურქეთიდან ქრისტიანთა ემიგრაციის შედეგია: ისინი აქ უწყვეტად მოედინებიან.
არქიეპისკოპოს ნერსესის მიერ მოწოდებული ცნობების თანახმად, სომხებს შორის სიკვდილიანობის წლიური მაჩვენებელი ევროპის ყველაზე ჯანსაღი ქვეყნების პროპორციებსარ სცილდება, ხოლო შობადობის რიცხვი ბევრად აღემატება სიკვდილიანობისას.
უწინ შეიმჩნეოდა, რომ ამ ხალხში უფრო მეტად ქალები იხოცებოდნენ, ვიდრე მამაკაცები, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდა გოგონები ათიდან თორმეტ წლამდე. ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი გახლავთ სომხებსა და ქართველებში გავრცელებული ჩვეულება: იყო შემთხვევები, როცა მათ გოგონებს როგორც კი შეუსრულდებოდათ ათი წელი, მაშინვე ათხოვებდნენ. ეს ნაადრევი ქორწინება გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ ამ ქვეყნის ქრისტიანებს მუდამ იმის შიში ჰქონდათ, რომ სპარსეთის ხელისუფალნი საქართველოს მეფეებისაგან მათ გოგონებს მოითხოვდნენ, რომლებიც, როგორც წესი, ლამაზები იყვნენ, ხოლო ამაზე უარის თქმას ვერავინ გაბედავდა. ქალიშვილების გათხოვების შემდეგ კი ეს საშიშროება აღარ ემუქრებოდათ, რადგან აღმოსავლური ცრურწმენის თანახმად, ქორწინების შემდეგ ისინი დიდი ხელმწიფის ჰარამხანისათვის უღირსნი ხდებოდნენ.
თავიანთ ასულებთან სამუდამო განშორების შიშით, მეტადრე კი სარწმუნოების გამოცვლის შიშით, თბილისელი სომხები ხშირად ერთადერთ გამოსავალს მიმართავდნენ – თავიანთ ქალიშვილებს ძალზე ადრეულ ასაკში ნიშნავდნენ რუსებზე, რომლებიც ამ მხარეში იმყოფებოდნენ სამსახურეობრივი მოვალეობის გამო. ამგვარ მფარველს საქართველოსა და სპარსეთის მეფეები ანგარიშს უწევდნენ. ადრეული ქორწინების ეს ორი მიზეზი დღეს აღარ არსებობს: პატრიარქმა ეპისკოპოსებსა და მღვდლებს აუკრძალა ახალგაზრდა გოგონების დაქორწინება თოთხმეტ წლამდე, მაგრამ არქიეპისკოპოსი ნერსესი ამბობდა, რომ ქორწინების ასაკის დასადგენად მის მიერ მიღებული ყველა სახის ზომების მიუხედავად, მშობლები ხშირად გვერდს უვლიან ამ აკრძალვას, თუკი შვილების დაბინავების დაჩქარება მათ ინტერესებში შედის.
თბილისში ცა თითქმის ყოველთვის მოწმენდილია. წლის განმავლობაში აქ ოცდაათი-ორმოცი წვიმიანი დღე ძლივს დაითვლება. ზამთარი, ჩვეულებრივ, 10 დეკემბრისათვის იწყება, მხოლოდ ორიოდე თვე გრძელდება და თერმომეტრი იშვიათად დაიწევს სამ-ოთხ გრადუსამდე. საფხულობით სიცხე კონცენტრირებულია თბილისის გარშემო მდებარე დაბლობზე და ზოგჯერ დიდი სიცხეები დგება ხოლმე, განსაკუთრებით ძველ ქალაქში. 1820 წელს საკუთარი თვალით ვნახე, რომ თერმომეტრმა ჩრდილში 33 გრადუსამდე აიწია. ჩვეულებრივ წლებში კი კი იგი მთელი ზაფხულის განმავლობაში 22–28 გრადუსზე დგას. ახალი ქალაქის ამაღლებულ ნაწილში, სადაც მთავრობის სასახლეა, სიცხე ბევრად უფრო ნაკლებია და ზოგჯერ ქალაქის დაბალ ნაწილთან შედარებით 3–4 გრადუსის განსხვავებას იძლევა.
ზომიერების გრძნობას მოკლებულ უცხოელებს ხანდახან, დიდი სიცხეების დროს, ციება და ტვინის ანთება, უფრო კი – მონაცვლეობითი ციებ-ცხელება ემართებათ. ამ დაავადებას ახლა ინდური წესით მკურნალობენ კალამელითა და იპეკეკუანათი, შემდეგ კი ქინაქინით, რომელსაც ციება იშვიათად უწევს წინააღმდეგობას. დიდი ზომიერების დაცვაა საჭირო, რათა ავადმყოფობა არ შემობრუნდეს. საერთოდ კი ევროპელები რომ კარგად იყვნენ მოწყობილნი ამ მხარეში, სულ ადვილად დააღწევდნენ თავს ამ დიდ სიცხეებს: თბილისიდან სულ რაღაც ორ-სამ ლიეზე დასორებულ მთებში ააშენებდნენ ხის სახლებს და ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის თვეებს იქ გაატარებდნენ. ამ მაღალ მხარეში ტემპერატურა რბილია, ჰაერი კი სავსებით ჯანსაღი; თერმომეტრი, ჩვეულებრივ, 18-20 გრადუსს შორის დგას.
ისეთ ქალაქში, როგორიცაა თბილისი, სადაც სხვადასხვა ერების წარმომადგენლები ცხოვრობენ და რომელსაც ისეთი რჯულშემწყნარებელი მთავრობა განაგებს, როგორიც რუსეთის მთავრობაა, ბუნებრივია სრულიად განსხვავებულ რელიგიურ ნაგებობათა არსებობა. შიიტ და სუნიტ მუსლიმებს აქ თითო-თითო მეჩეთი აქვთ: ერთი ძველი საგზებლის, ანუ – მოგვთა ტაძრის ახლოსაა, თავად ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძარი კი დღეს ერთი ღარიბი ქართული ოჯახის საცხოვრებელს წარმოადგენს. ცეცხლთაყვანისმცემლობა სპარსეთში მაჰმუდ ღაზნევის დაპყრობის დროს მუსლიმური რელიგიით შეიცვალა.
ბერძნული წესის მიმდევარ ქართველებს და სომხური წესის მიმდევართ მრავალი ტაძარი აქვთ. სიონის სახელით ცნობილ კათედრალში კი წირვას რუსები ესწრებიან.
კათოლიკებს თბილისში ერთი ეკლესია აქვთ. იგი იმ ძველი მონასტრის მოპირდაპირე მხარესაა, რომელიც 1795 წელს სპარსელების შემოსევის დროს დანგრეულა. ამ სამრევლო ეკლესიას ემსახურებიან იტალიელი კაპუცინები. საქართველოში მათი დამკვიდრება 1635 წლით თარიღდება; მაშინ ისინი აქაური მეფეების მკურნალები და დასტაქრები იყვნენ, რომლებიც კაპუცინების მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემასა და ყურადღებას იჩენდნენ. ამავე დროს, კაპუცინები იყვნენ, აგრეთვე, ადგილობრივი მოხელეებისა და თავადების მკურნალებიც, უფასოდ მკურნალობდნენ ხალხს და ურიგებდნენ მათ წამლებს, რის გამოც კაპუცინები ერთობ დიდი გავლენით სარგებლობდნენ. ქართველ და სომეხ მღვდლებთან ეს ბერები მუდამ სრულ თანხმობაში ცხოვრობდნენ და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ მათთან.
თბილისის ეკლესია უკვე აღარ არის საკმარისი ქართველ კათოლიკეთათვის, რომელთა რიცხვმაც დღეისათვის დაახლოებით ექვსასს მიაღწია. ეკლესია საკმაოდ ლამაზად არის მორთული და ღვთისმსახურებაც აქ წესების ზედმიწევნით დაცვით სრულდება. სხვადასხვა რიტუალთა შორის მეტად უცნაურად გამოიყურება ჯერ ერთი, ამბორის ყოფის ცერემონიის შესრულება – აგრე რიგად ამაღელვებელი და წინდახედული ეს ჩაგონება – ისეთ ქვეყანაში, სადაც შურისძიება მოვალეობადაა ქცეული; მეორეც, – ზიარების შემდეგ მორწმუნეთათვის რამდენიმე წვეთი ღვინის მიცემის წესის შესრულება.
კაპუცინების მონასტერს მხოლოდ ერთი კედელი ჰყოფს სომხების ეკლესიის ეზოსაგან. ყოველ კვირას სომხები სწირავენ ცხვარს ან პატარა ბატკანს. მღვდელი აკურთხებს მსხვერპლს, ხორცს ანაწილებენ და ურიგებენ დამსწრეებს. ამრიგად, ამ ქვეყანაში, ქრისტიანობას რომ ლამის მისი წარმოშობისთანავე ქადაგებენ, კათოლიკურ ტაძარში ისეთი წეს-ჩვეულებებია შემორჩენილი, რომლებიც პირველყოფილ სამლოცველოებს მოგვაგონებენ, ხოლო სომხებთან, რომლებიც არ მისდევენ რომაულ წესს, შემორჩენილია აბრაამისა და იაკობის სარწმუნოებასთან დაკავშირებული შესაწირავები.
თბილისის მონასტრის წინამძღვარი პატრი ფილიპე პაპმა ამიერკავკასიის პროვინციების სამოციქულო პრეფექტად დანიშნა. მას თავის საეკლესიო იურისდიქციაში ჰყავდა გორისა და ქუთაისის სამწყსოები, რომელთაც იტალიელი კაპუცინები ემსახურებიან, და აგრეთვე, ახალციხის სამწყსო, რომელსაც ამ დროისათვის ჯერ არ ჰყავდა ქორეპისკოპოსი.
1822–1823 წლებში ოთხასამდე სომხური ოჯახი შვიდ მღვდელთან ერთად გამოიქცა თურქეთიდან და ისინი რუსეთის მთავრობამ შეიხიზნა. მათ სომხითში, ბამბაკის მაზრაში შემდეგი სოფლები უჭირავთ: კარაკლი, კაპანახჩი, კოპული, კაჩარლი.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, მთელ საქართველოში გადამდები სენით დაავადებულებს, როგორც წესი, უპატრონოდ ტოვებდნენ ხოლმე და რადგან შველა არსაიდან ჰქონდათ, ისინი სასიკვდილოდ იყვნენ განწირულნი.
ამ უბედურებისაგან თავდასაცავად, რომელიც არცთუ ისე იშვიათი მოვლენა იყო, პატრმა ფილიპემ თავისი მონასტრის გვერდით სულ ახლახან პატარა საავადმყოფო ააგო, სადაც ყველა სნეულს მკურნალობდნენ, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა. დაავადებულთა სამკურნალოდ მან ორი მოწყალების და მოიყვანა, რომელთაც პირობა ჩამოართვა, რომ გასამრჯელოს მხოლოდ იმათგან აიღებდნენ, ვისაც ამ ხარჯების დაფარვის საშუალება ჰქონდა, ღარიბებს კი უსასყიდლოდ უმკურნალებდნენ.
ასეთი საქციელი თავისთავად ქება-დიდებით მოსავს პატრ ფილიპეს და მე ვეღარაფერს დავამატებ ამ ბერის შესამკობლად, რომელიც თავისი მრევლის დიდსულოვნების მეშვეობით ცდილობს ულევი საქველმოქმედო დახმარება აღმოუჩინოს ღატაკებს.
მიუხედავად იმისა, რომ უცხოელთა მისიები რელიგიურ დაწესებულებებს წარმოადგენენ, მათ მჭიდრო კავშირი აქვთ სავაჭრო საქმიანობის ინტერესებთანაც და ამიტომ, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, ზოგიერთი ცნობა მოგაწოდოთ სპარსეთში ქრისტიანთა რაოდენობისა და მათი მდგომარეობის შესახებ. თვით ნებისმიერი ფილოსოფოსიც კი, უნდა თუ არა, იზიარებს იმ აზრს, რომ ქრისტიანული რელიგია ცივილიზებულ ხალხთა რელიგიაა, რომელიც იცნობს კაცობრიობის განვითარების კანონებს; მუსლიმური სარწმუნოება კი უვიცობის, ფანატიზმისა და ბარბაროსობის რელიგიაა. ამ ერთადერთი თვალსაზრისის გათვალისწინებით, კარგი იქნება, გავერკვეთ აზიაში ცივილიზაციის საყრდენი წერტილების არსებობაში.
აბას დიდის დროს, როცა სპარსეთის იმპერია ტიგროსიდან ინდამდე იყო გადაჭიმული, აქ საკმაოდ ბევრი კათოლიკური მონასტერი მოქმედებდა და თითქმის ყველას კაპუცინები და დომინიკანელები ემსახურებოდნენ. ასეთი მონასტრები იყო ისფაჰანში, თავრიზში და ყანდაჰარის ზოგიერთ ქალაქშიც კი. როდესაც ლუი XIV-ის დროს კოლბერმა სპარსეთში გაგზავნა ელჩობა საფრანგეთსა და სპარსეთს შორის სავაჭრო ხელშეკრულების გასაფორმებლად, ისფაჰანის მონასტრის ბერებმა ამ მოლაპარაკების შუამავლებს დიდი დახმარება გაუწიეს. უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში კი, როცა სპარსეთი სისხლისმღვრელმა ომებმა მოიცვა, მათ დატოვეს მონასტრები და ქრისტიანთა დიდმა ნაწილმა უფრო მშვიდ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი – ინდოეთს მიაშურა.
დღეისათვის არც სპარსეთში და არც ავღანეთში უკვე აღარ არსებობს არც ერთი მოქმედი მონასტერი. შემორჩენილია მხოლოდ შარდენისა და ტავერნიეს მიერ მოხსენიებული ისფაჰანის მონასტერი; მის მოვლა-პატრონობაზე ზრუნვა დაკისრებული აქვს სომეხ კათოლიკეთა ხუთ ოჯახს, მაგრამ ამ მონასტერს მღვდელი არ ჰყავს.
რომაული წესის მიმდევარმა სომხებმა, რომელთაგანაც თითქმის ყველა ვაჭარია, მიატოვეს ეს გავერანებული მიწები და განგის ნაპირებზე ბომბეიში, მადრასსა და კალკუტაში გადასახლდნენ, სადაც თან წაიღეს შემორჩენილი ქონება და თავიანთი გამოცდილება ვაჭრობის დარგში; მათ შორის ზოგიერთმა დიდი ქონება შეიძინა და ეს ქალდეველი კათოლიკური მოსახლეობა, რომელმაც თავი დააღწია ქურთების მიერ გამუდმებულ ძარცვას, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებზე, ხოისთან ახლოს, კოსტროიას ოლქში მოვიდნენ საცხოვრებლად. ეს არის სამი ათასი ოჯახი, დაახლოებით თვრამეტი ათასი სული.
ეს ქალდეველები მისდევენ მიწათმოქმედებას და თავიანთი მწირი შეძლების მიუხედავად, დიდი გადასახადებით არიან დაბეგრილნი. ამასთანავე, მართალია გადასახადის რაოდენობა 1300 თუმანს შეადგენდა, მაგრამ მისი დაგვიანების საბაბით და, ამავე დროს, – ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შედეგადაც, ეს გადასახადი, ჩვეულებრივ, 2000 თუმანს (32000 ფრ.) აჭარბებდა, ძღვენის სახით მირთმეული მარცვლეულისა და სხვა პროდუცტის ჩაუთვლელად. ამ ქალდეველებს ეპისკოპოსად ჰყავთ ერთი მღვდელი, რომელიც სამოცდაათ წელს გადაცილებულია. იგი თითქმის ყველა აღმოსავლურ ენაზე ლაპარაკობს, თანაც იტალიურსაც მშვენივრად ფლობს.
თეირანში რუსეთის საქმეთა რწმუნებულის, ბ-ნ პოლკოვნიკ მაზაროვიჩის ჩამოსვლამდე, რომელიც დალმაციელი კათოლიკე და ყველა ევროპელის დიდი მოამაგე გახლავთ, ქალდეველი ეპისკოპოსი ხშირად საშინელ ჩაგვრას განიცდიდა. მისი წლოვანებისა და სათნოების მიუხედავად, ყოველთვის, როცა გადასახადების გადახდა გვიანდებოდა, მას გაჯოხვით სჯიდნენ; მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლკოვნიკმა ეს პრელატი განსაკუთრებული პატივით მიიღო და თავის სუფრასთან სპარსეთის მაღალი თანამდებობის პირთა შორის საპატიო ადგილი მიუჩინა, მან გარკვეული პატივისცემა მოიპოვა და მისი მდგომარეობის ასეთი ბედნიერი შემობრუნებით მისმა სამწყსომაც დიდად მოიგო.
მე უკვე აღვნიშნე, რომ ბ-ნი პოლკოვნიკი მაზაროვიჩი გულჩვილი ხასიათის ადამიანია. მას სასუალება ჰქონდა, ეს თვისება ერთი ფრანგი ქალის მიმართაც გამოემჟღავნებინა; ეს ქალი, უკვე საკმაოდ ხანდაზმულ ასაკში, თავრიზში მოხვდა და რამდენიმე ხანი აქ რუსეთის იმპერატორის წყალობით ცხოვრობდა. პოლკოვნიკის დახმარებით იგი მასწავლებლად დაუდგა აბას-მირზას ასულებს. მისივე შეწევნით, ინგლისელი მკურნალი ბ-ნი კორმაკი ტახტის მემკვიდრე უფლისწულსა და მის ჰარამხანას დაუკავშირდა. ინგლისელები აქ სპარსეთის ჯარს წვრთნიან, ხელმძღვანელობენ არტილერიას. სან-დომინგოში დაბადებული ერთი ქალი, რომელიც ლამბალის დედოფლის ნათლულია, ფრანგულ ენას ასწავლის ხელმწიფის ასულებს და ზრუნავს მათ აღზრდაზე, რომელიც ძველ ჩვეულებებსა და ცრურწმენებზე დამყარებული მათი აღზრდისაგან ძირეულად განსხვავდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქრისტიანების შესახებ ცნობების შეგროვება ვარ შევძელი, ამიტომაც ვერაფერს გეტყვით მათ შესახებ. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ ამ იმპერიასა და სპარსეთს შორის ქალაქ ამადისთან ახლოს, გორდიენის მთის ქედზე, სომხეთსა და სირიას შორის, დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ნესტორიანელი ქრისტიანები, რომლებმაც შეძლეს ომარისა და ალის სექტანტებს შორის ერთდროულად შეენარჩუნებინათ თავიანთი დამოუკიდებლობაცა და რელიგიაც. მათი თავკაცი სიმონი აერთიანებს როგორც სასულიერო, ასევე საერო მმართველობას. მისი ხალხი, იქნება ეს მიწათმოქმედი თუ მომთაბარე, მთებში თავს იცავს ბუნების მადლით მონიჭებული სიმამაცის წყალობით და არსოდეს ყოფილა დამონებული. ევროპისაგან მოწყვეტილი სიმონი ვერ ეზიარა ევროპულ ხელოვნებას, ვერ ჩასწვდა ევროპულ განსწავლულობას, მაგრამ მაინც არ გარიყულა მისგან, არ მოქცეულა დაუძლეველი ცრურწმენის გავლენის ქვეშ. ხოლო ის ფაქტი, რომ მისდამი დაქვემდებარებულ მრავალ სოფელში უკვე გახსნილია სასწავლებლები, იმის მაუწყებელია, რომ იგი საჭიროდ მიიჩნევს თანამოძმეთათვის სწავლა-განათლების მიცემას.
ვუბრუნდები თბილისის აღწერას, რომელსაც ამ გადახვევამ ერთგვარად დამაშორა. რამდენიმე წელია, რაც ეს ქალაქი ინდოეთიდან ევროპაში მომავალ ინგლისელთათვის გასავლელ ქალაქად იქცა: ისინი ბომბეიდან გემით მოემგზავრებიან და თხუთმეტ-ოც დღეში სპარსეთის ყურეში ბენდერ-ბუშირის ნავსადგურში შემოდიან. აქ მათ თავიანთი გენერალური კონსული ჰყავთ და საკმაოდ ფართო ვაჭრობას ეწევიან, ამ გზით ისინი სპარსეთში ავრცელებენ ინდოეთისა და თავიანთი ქვეყნის სამრეწველო საქონელს.
ბენდერ-ბუშირიდან ინგლისელები მეჰმენდარის4 თანხლებით მოგზაურობენ და ექვს კვირაში თავისუფლად ფარავენ გზას სპარსეთის ყურიდან თბილისამდე. ქარავნები კი ამ გზის გავლას სამოცდაათ დღეს ანდომებენ. თბილისიდან ევროპაში დასაბრუნებლად ინგლისელები ან რედუტ-კალედან მიემგზავრებიან გამით ოდესისაკენ, ან გაივლიან კავკასიას, რუსეთის ერთ ნაწილს და ავსტრიას.
ზოგჯერ თბილისში ერთსა და იმავე დროს ჩამოდიან სოვდაგრები პარიზიდან, შიკრიკები პეტერბურგიდან, ვაჭრები კონსტანტინოპოლიდან, ინგლისელები – კალკუტიდან და მადრასიდან, დაბოლოს, სომხები სმირნადან და იეზდიდან, უზბეკები კი – ბუხარიდან; ასე, რომ ეს ქალაქი შეიძლება ჩაითვალოს ევროპასა და აზიას შორის საკვანძო პუნქტად. როდესაც ვაჭრობა აქ მთელი თავისი შესაძლებლობებით გაიშლება, სამარყანდიდან, ტიბეტიდან და ჩინეთის საზღვრებიდან წამოსული ბუხარელები თბილისის ბაზარზე შეხვდებიან ლაჰორელ და გუზურთელ ინდუსებს.
თბილისის მმართველობა მინდობილი აქვს გენერალ ვანჰოვენ ლივორნელს; თავისი გულღია და კეთილი ხასიათით იგი გამორჩეული პიროვნება გახლავთ, განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს უცხოელებისადმი, რომლებიც ამ ქალაქში ან გზად გაივლიან, ან კიდევ სულაც საცხოვრებლად რჩებიან.
თანმიმდევრული და ბრძნული ღონისძიებების გატარებით მთავარმართებელი ერმოლოვი ყოველნაირ პირობებს ქმნის საქართველოში ვაჭრობის განვითარებისათვის. ამგვარი მოქმედება სწორედ რომ მოსალოდნელი იყო ისეთი გამოცდილი ადმინისტრატორისაგან, როგორიც გახლავთ მთავარმართებელი ერმოლოვი.
რედუტ-კალესადმი მიძღვნილ პარაგრაფში მე უკვე ვისაუბრე იმ ნაგებობათა შესახებ, რომლებიც გენერალმა 1822 წლის დასასრულს მოგზაურთა დასაბინავებლად და საქონლის შესანახად ააგო და სადაც აგრეთვე გაივლიან კარანტინსაც.
მისივე თაოსნობით შეკეთდა და მთლიანად აღდგა თბილისიდან ქუთაისისაკენ მიმავალი გზის ერთი მონაკვეთი და დღეს აქ ეტლებს მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ მიმოსვლა; მაგრამ ჯერ კიდევ გასაკეთებელია უამრავი ხიდი ხევებსა და მდინარეებზე, რომლებსაც დღესდღეობით ფონით გადიან. მთავარმართებელი სულ იმის ცდაშია, რომ ასეთი სახის სამუშაოები თანმიმდევრულად განხორციელდეს. კაზაკთა პოსტებზე საჯარო სარგებლობისათვის განკუთვნილი ცხენების რაოდენობა საკმარისი იყო, მაგრამ ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ კერძო პირთა მოთხოვნებს და ეს უკანასკნელნი, უცხოელების ჩამოსვლამდე, ყოველთვის საკუთარი პირუტყვით მოგზაურობდნენ ამ მხარეში. მთავარმართებელმა კაზაკთა ჰეტმანთან დადო შეთანხმება, რომლის თანახმადაც რედუტ-კალედან თბილისში მომავალი სოვდაგრები, რომლებიც ამ ქალაქიდან სპარსეთისაკენ ან კავკასიის გავლით მოზდოკისაკენ მიემართებიან, დაუბრკოლებლად არიან უზრუნველყოფილნი საფოსტო ცხენებით, რაც მათ საქონლის გადასაზიდად ან სამოგზაუროდ ესაჭიროებათ.
როდესაც თბილისში ვაჭრობა შეზღუდული იყო, ამ დარგის მოსამსახურეთათვის მცირე რაოდენობის საბაჟო შენობებიც საკმარისი იყო. მას შემდეგ კი, რაც 1821 წლის 8 (20) ოქტომბრის უკაზმა ვაჭრობის შეღავათები დააწესა და დიდი ბიძგი მისცა ამ ქალაქის ურთიერთობას ევროპასა და აზიასთან, მთავარმართებელმა უზენაესი მთავრობისაგან მტკვრის სანაპიროებზე დიდი საწყობების აგების ნებართვა მიიღო. აქ შესაძლებელია ყველა სახის საქონლის შენახვა ბაჟის გადახდამდე.
როცა იმერეთსა და საქართველოს მეფეები, ხოლო სახანოებს – ხანები მართავდნენ, ქალაქები და ეკლესიები თავიანთ ტერიტორიაზე საქონლის გატარებისას სხვადასხვა სახის გადასახადებს კრეფდნენ, ეს კი ძალზე არახელსაყრელი იყო გადამხდელთათვის.
მთავარმართებელმა საგულდაგულოდ მოიძია ის დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც ეს გადასახადები იკრიფებოდა. ვიდრე მათ შეამცირებდა ან გააუქმებდა, მან საჭიროდ ჩათვალა გამოეკვლია, თუ რა ზიანს აყენებდა ეს გადასახადები მთავრობას. მაგალითისათვის შეიძლება დავასახელოთ მებაჟეთა სიმკაცრე: დაღლილი და ზოგჯერ – დაავადებული მოგზაურები დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადებულიყვნენ საბაჟოს კანტორებში და გაევლოთ ვრცელი გამოკვლევა. გენერალმა გააუქმა ეს წესი და მგზავრებს უფლება მისცა, ოცდაოთხი საათი დაესვენათ და ამავე დროს, კმაყოფილდებოდა მათი კონსულის ან მასპინძლის განცხადებით.
თბილისში დაარსებული თამბაქოს საწარმო მეტოქეობას უწევდა თამბაქოს ტრანზიტს შირაზიდან კონსტანტინოპოლში იმ საბაბით, რომ საქონლის შემოტანისას, შესაძლებელია, ადგილი ჰქონოდა თაღლითობას. მთავარმართებელმა ამ ტრანზიტის ნება დართო, ოღონდ საჭირო ზომები მიიღო, რათა არ შებღალულიყო ხაზინის ინტერესები.
დაბოლოს, ვიდრე თბილისში სავაჭრო ტრიბუნალი დაარსდებოდა, მთავარმართებელმა გამოიყენა მთელი თავისი გავლენა და ერთმანეთს შორის მოდავე მხარეები დაიყოლია, მიეღოთ კანონმდებლობის ისეთი ფორმა, რომელიც მოწინააღმდეგე პარტიებიდან დასახელებული არბიტრის მეშვეობით განსჯიდა საქმეებს.
ევროპიდან თბილისში ფოსტა რეგულარულად მოდის კვირაში ერთხელ: პეტერბურგიდან და ოდესიდან – ოცდარვა დღეში, პარიზიდან კი – ორმოცდათხუთმეტ დღეში. ფოსტის ჩამოსვლის ზუსტი დღე გაურკვეველია, ვინაიდან ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობაა გზებზე, განსაკუთრებით კი – კავკასიის გზაზე. ფოსტის გამგზავრების დღედ უცვლელად დანიშნულია ყოველი კვირის სამშაბათი საღამო. ყველა იმ უპირატესობიდან, რითაც ვაჭრობა სარგებლობს თბილისში, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ რუსეთის უშორესი ადგილებიდანაც კი ფულადი გზავნილების მიღება ან აქედან გაგზავნა ხორციელდება ძალზე მცირე გადასახად ფასად _ სულ ერთი პროცენტის ოდენობით, თანაც რუსეთის მთავრობა გარანტიას იძლევა ამ თანხაზე და თვით შეიარაღებული ავაზაკების ხელყოფისაგანაც კი იცავს მას. როდესაც თბილისიდან რომელიმე ქალაქში იგზავნება ფული, საფოსტო გზავნილების საფასურს ერთი პროცენტი გადასახადი ემატება მხოლოდ იმდენჯერ, რამდენ გირვანქასაც იწონის გზავნილი. ამ წესების მიხედვით, თუ გაგზავნა ბანკის ასიგნაციებით სწარმოებს, საფოსტო გზავნილის საფასურის ზრდა შეუმჩნეველია; თუ იგი დუკატებით და თუმნებით სწარმოებს, განსხვავება ასევე უმნიშვნელოა, რადგან გირვანქა ოქროს ფასი 1 5000 ფრანკია, ხოლო პეტერბურგში საფოსტო გზავნილის საფასური 1 მანეთია ასიგნაციით; ვერცხლის ტრანსპორტირებისას კი საფასური იზრდება დაახლოებით ერთი პროცენტით, რადგან გირვანქა ვერცხლი 100 ფრანკი ღირს. ერთ ფუთზე მეტი წონის მქონე ამანათს (ოცდაცამეტი და ერთი მესამედი გირვანქა) ფოსტა არ იღებს.
„მოგზაურობაში“, რომლის გამოქვეყნებაც მხოლოდ ერთადერთ მიზანს – ვაჭრობისათვის სარგებლობის მოტანას ემსახურება, ამ წვრილმანი ცნობების მშრალად ჩამოთვლას მომიტევებენ, ისინი ხომ ასე აუცილებელია იმ რესურსებისა და შეღავათების ნათელსაყოფად, რასაც ეს ქვეყანა გვთავაზობს5.
გოგირდის აბანოები თბილისში, ჩვეულებრივ, ძალზე ბევრია და კარგად არის მოწყობილი. ისინი კერძო პირების საკუთრებაში არიან. ხუთიოდე წლის წინ მთავრობამ აქ ერთი ძალიან დიდი და კარგად მოწყობილი აბანო ააგო. აქაურმა მომსახურე პერსონალმა იცის ყველა ის პროცედურა, რასაც კონსტანტინოპოლის აბანოებში ატარებენ. თბილისის გოგირდოვანი წყლები სხვადასხვა ტემპერატურისაა, აქ ხშირად დადიან როგორც ადგილობრივი მცხოვრებნი, ისე უცხოელები.
ყველაზე უფრო ხშირად კი აბანოში ქალები დადიან, ბევრი მათგანი აქ ნახევარ დღეს ატარებს და საჭმელსაც აქვე მიირთმევს.
რამდენიმე წელია, რაც ქართველი თავადები ქალაქის გამწვანებას შეუდგნენ. ჩრდილის მომფენი ვერხვებითა და ალვის ხეებით განთქმული ერეკლეს მშვენიერი ბაღი ქალაქის ახალ უბნად უნდა გადაიქცეს. 1820 წელს რუსეთის მთავრობას იგი გაუყიდია სულ რაღაც 5000 მანეთად ვერცხლით (20000 ფრ.), ხოლო 1823 წელს იგი საჯარო ვაჭრობით გაყიდულა 20000 თუ 21000 მანეთად ვერცხლით (84000 ფრ.). მშენებლობით გატაცებამ კირუსის ნაპირებზე სწორედ იმ დროს იჩინა თავი, როცა იგი მისგან ასე შორ მანძილზე მდებარე სენის ნაპირებზე გაიშალა. ეს კი სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მაჩვენებელია, ვინაიდან ერთი და იგივე მიზეზები თითქმის ყოველთვის ერთნაირ შედეგებს იწვევს.
სამხრეთის ბორცვზე, თბილისს რომ ზემოდან დაჰყურებს, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება, ერთმა გენერალმა _ თავადმა ბებუთოვმა მშვენიერი სააგარაკო სახლი ააგო და იქვე დიდი გემოვნებით გააშენა ბაღები, რომლებიც ტერასებად ეშვებიან. დიდი ხნის წინ მისთვის მაგალითი მიუცია დიდად პატივსაცემ პიროვნებას, გენერალ ახვერდოვს, რომელიც თბილისის გუბერნატორის პოსტზე ყოფნისას გარდაიცვალა. იმავე რაიონში საზოგადოებისათვის გაიხსნა ბაღი, რომელიც იმ სასახლეს აკრავს, სადაც მთავარმართებელი ცხოვრობს. ბაღი ძალიან დიდია, კარგად არის გამწვანებული და გემოვნებით დაგეგმარებული. ოდნავ ზემოთ კათოლიკების ახალი სასაფლაოა. იგი სასეირნი ადგილად აქციეს, სადაც ხალხი დადის შირაზის ვაზის საუკეთესო ნარგავების სანახავად, რომლებიც აქ სამი წლის წინ გაუშენებიათ. ეს ვაზი გამოუგზავნია პოდპოლკოვნიკ მონტისს – აბას-მირზას სამსახურში მყოფ ინგლისელ სამხედრო ოფიცერს, რომელიც დიდხანს ცხოვრობდა ინდოეთში. იშვიათად თუ შეხვდება კაცი ასეთ დაუზარებელ ადამიანს. კათოლიკური სასაფლაოს ბოლოში ლამაზი ფანჩატურია, რომლის ერთი ნაწილი სასეირნო ადგილს წარმოადგენს, მეორე კი – სამლოცველოს.
ოცი წლის წინათ თბილისში აზიური წეს-ჩვეულებანი იყო გაბატონებული. მოგზაურებს, რომლებიც ამ ქალაქს საკმაოდ იშვიათად სტუმრობდნენ, ადგილობრივები სთავაზობდნენ მასპინძლობას, ვაჭრები კი ქარვასლებში ჩერდებოდნენ. დღეისათვის დედაქალაქში რამდენიმე სასტუმროა, რომელიც სომხებს ეკუთვნის, ერთ მათგანს გახსნილი აქვს რესტორანი, ორ ფრანგს კი – საფუნთუშე.
ასეთი თანდათანობითი წინსვლა, გამოცოცხლება, აქტიურობა და ახალი წესების დანერგვა თბილისში ვაჭრობის პროგრესული განვითარების მაჩვენებელია, ევროპისათვის კი ეს ჯერჯერობით შეუმჩნეველი რჩება. პროგრესულად გაიზარდა, აგრეთვე, საფოსტო გზავნილების შემოსავალიც: თუკი1820 წელს იგი დაახლოებით 22000 მანეთს ასიგნაციით (22000 ფრ.) არ აღემატებოდა, 1823 წელს 88000 მანეთამდე გაიზარდა. დროის ამ მონაკვეთში საბაჟო შემოსავალი 100000-დან დაახლოებით 200000 მანეთამდე ასიგნაციით გაიზარდა, რაც გულისხმობს, რომ როგორც სპარსეთიდან, ასევე ევროპიდან აქ შემოსულია 8000000 მანეთის უცხოური საქონელი, რადგან შემოტანის საგადასახადო ტაქსა 5%-ს შეადგენს.
აღორძინების გზაზე მდგარ ქალაქში, ცხადია, ჯერ კიდევ არ იყო მოსალოდნელი თეატრალური სანახაობის არსებობა. აქ დროდადრო ჩამოდიოდნენ გერმანელი ქორდას მოცეკვავეები და შემახელი თათრების ბაიადერები. ერთნი თავიანთ სიმკვირცხლესა და სიმარჯვეს აჩვენებდნენ, მეორენი კი ავხორცული ცეკვებით იზიდავდნენ ქართველებსა და თბილისში დამკვიდრებულ უცხოელებს.
ყველანაირ მძიმე სამუშაოს, რომელიც ფიზიკურ ძალას მოითხოვს, იქნება ეს წყლის ზიდვა, რომელიც ქალაქის სახლებში ნაწილდება, თუ ტვირთის გადაზიდვა, ჩვეულებრივ, იმერლები ასრულებენ; ისინი ამიერკავკასიის რუსული პროვინციების ოვერნელები არიან.
მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარე გარეუბნის სოფელში მცხოვრები გერმანელები ქალაქს ამარაგებენ მწვანილით, კარაქით, ღორის ხორცითა და შაშხით. ამ გერმანელთა მეტი წილი ვიურტემბერგიდან არიან წამოსულნი. ამ ახალშენსა და, აგრეთვე, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, თბილისიდან ხუთი ვერსით დაშორებულ ამავე ერის წარმომადგენელთა მეორე ახალშენს უნდა უმადლოდეს საქართველო კარტოფილის მოშენებას. როდესაც 1820 წელს ამ ქალაქში ჩამოვედი, ერთი გირვანქა კარტოფილის ფასი 10 სუ იყო, ამჟამად კი საქართველოში მისი ფასი, ისევე როგორც ბევრი სხვა ბოსტნეულისა, მეტად ზომიერია. გერმანელები, რომელთა შესახებაც მოგახსენებთ, კმაყოფილნი ჩანან თავიანთი ბედისა და მათ კეთილდღეობას თითქოს ხელს არაფერი უშლის.
შენიშვნები
1. ამ ახალი ხიდის საძირკვლად ძველი ხიდის ნაგებობაა გამოყენებული.
2. ძირითად სამშენებლო სამუშაოებს სპარსელები ასრულებდნენ. შეუძლებელია მათზე უფრო აქტიური და მარჯვე მუშების პოვნა და ძნელია იმის თქმა, თუ რა სახის სამუშაოს ასრულებს სულ მცირე დროში სპარსელი კალატოზი. ამიტომაცაა, რომ ზოგიერთი მათგანი გასამრჯელოდ დღეში 6 ფრანკს იღებს. ვგულისხმობ იმ კალატოზებს, რომლებსაც შეუძლიათ კამარებისა და თაღების ზუსტად განსაზღვრა, ხის საყრდენისა თუ სხვა საბჯენის გარეშე აგურ-აგურ მათი აწყობა, თანაც ისე, რომ უბედური შემთხვევისაგან ყოველნაირად დაცულნი არიან.
3. გადასახადის აკრეფის ასეთი წესი ჯერ კიდევ ლუი XIII-ის დროს იყო შემოღებული საფრანგეთში. თავის „პოლიტიკური ეკონომიკის ნარკვევებში“ სტიუარტი (შტუარტ) ფართოდ განიხილავს ამ საკითხს და აღნიშნავს, რომ როდესაც ფერმერები (როგორც მაშინ უწოდებდნენ მეწარმეებსა და მოიჯარადრეებს) მეტისმეტად ბოროტად იყენებდნენ მათი ბატონების მიერ მინიჭებულ გადასახადის აკრეფისათვის, ხალხი ამ მოხელეებს ხშირად ხოცავდა. ავტორი დასძენს, რომ ამგვარი მკვლელობებისათვის იშვიათად ისჯებოდა ვინმე, რადგან ეშინოდათ, რომ თავადაც არ გამხდარიყვნენ გადასახადის აკრეფის მსხვერპლი, და ეს შიში იყო ერთადერთი ლაგამი, რომელიც მოჯარადრეთა მოჭარბებულ სიხარბეს აოკებდა.
4. სპარსელი მოხელე, რომელიც თან ახლავს საპატიო მოგზაურებს, უზრუნველყოფს მათ ბინითა და სურსათით და საკუთარი თავით აგებს პასუხს მათ უსაფრთხოებაზე მოგზაურობის დროს.
5. დამამტკიცებელ დოკუმენტებში მე წარმოვადგინე ცნობები თბილისში გამოყენებული ზომა-წონის ერთეულებისა და მონეტების შესახებ.
ჟაკ ფრანსუა გამბას (1763-1833) „მოგზაურობა ამიერკავკასიაში ნაწილი II
ჟაკ ფრანსუა გამბას (1763-1833) „მოგზაურობა ამიერკავკასიაში ნაწილი II
თარგმანი მოამზადეს ლელა მიქიაშვილმა და გიორგი სანიკიძემ
სრულად ამ წიგნის ბმული შეგიძლიათ დადოთ? მადლობა
ОтветитьУдалить