1590 წელს შაჰ აბაზ I იძულებული გახდა ოსმალეთთან ზავი დაედო. სტამბოლის ზავით მან ფორმალურად სცნო აღმოსავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ სომხეთის, შირვანის, აზერბაიჯანის დიდი ნაწილის, ლურისტანის დიდი ნაწილის და დასავლეთ ირანის მნიშვნელოვანი ქალაქების - ჰამადანისა და ზენჯანის ოსმალეთის ხელში გადასვლა.
ვიდრე ირან-ოსმალეთის ზავი დაიდებოდა, მანამდე ქართლისა და კახეთის სამეფოებმა ოსმალეთთან თავიანთი ურთიერთობა მოაგვარეს. „ქართლმა და კახეთმა უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობის უნარი შეინარეჩუნეს, რის გასაუქმებლად საკმარისი არ აღმოჩნდა საქართველოზე ოსმალეთის „უფლების“ ცნობა ირანის მიერ, ქართული სამეფოები ოსმალეთის „უზენაესობას“ დროებით ურიგდებოდნენ, მაგრამ იმავე დროს დიპლომატიური ღონისძიებებით საერთაშორისო მოვლენებზე აქტიურ ზეგავლენას ახდენდნენ“1.
მოსკოვში გასაგები იყო, რომ ირან-ოსმალეთის ომის დამთავრების შემდეგ რუსეთ-ირანის სამხედრო კავშირი მნიშვნელობას ჰკარგავდა. ამიტომ რუსეთმა ირანთან პასიური თანამეგობრობის პოლიტიკა ირჩია. იმავე დროს იგი ცდილობდა, თავისი სამხედრო პოზიციები ჩრდილო დაღესტანში განემტკიცებინა და გავლენა გაეძლიერებინა საქართველოსა და ყაბარდოში2.
ირან-ოსმალეთის 1590 წლის ზავით ძალთა თანაფარდობა მახლობელ აღმოსავლეთში, მკვეთრად შეიცვალა3. ირანზე გამარჯვების შემდეგ, ოსმალეთმა აგრესია ევროპისკენ წარმართა. გასაგებია, რომ იქაური პოლიტიკოსები კვლავ ირანითა და საქართველოთი დაინტერესდნენ, მით უმეტეს, რომ ცნობილი იყო იარანი და საქართველო ომის განახლებისათვის ემზადებოდნენ. კახთა მეფე ალექსანდრეს თავისი სამეფოს კეთილდღეობის საფუძვლად ოსმალეთის აგრესიისაგან თავდაცვა მიაჩნდა. რადგან ქართლი და ირანი ოსმალეთს დაუზავდნენ, ამიტომ, მისი აზრით, ევროპის სახელმწიფოებს ომი მაინც უნდა გაეგრძელებინათ.
ალექსანდრემ იცოდა რუსეთის სამეფო კარზე ბორის გოდუნოვის დიდი ავტორიტეტის შესახებ და 1590 წელს მას სთხოვდა მოეხდინა გავლენა მეფეზე, რათა ევროპის სახელმწიფოები ოსმალეთის წინააღმდეგ ომში ჩაება. როცა ევროპელები ოსმალებს ომს დაუწყებენ, დაასკვნის ალექსანდრე II, მაშინ „и
у Турского поход на нашу сторону порушитца
и людей послати не учнет“4.
1. ჩოჩიევი ვ., მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ურთიერთობა XVI-XVII საუკუნეებში, გვ. 207.
2. Сношения
России с Кавказом, c. 137-138.
3. გაბაშვილი
ვ., დასახ. ნაშრ.,
გვ. 89.
4. Сношения
России с Кавказом, c.
232.
1593 წ. 26 თებერვალს ფუგერის გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შირვანის გამგებელი ჰასან ფაშა სტამბოლში იმყოფებოდა, როცა ქართველების და ყიზილბაშების შირვანზე და დარუბანდზე შეტევის შესახებ შეიტყო. სულთანმა ჰასან ფაშას თავის საგამგებლოში დაუყოვნებლივ დაბრუნება უბრძანა და, თუ საჭირო ოქნებოდა, ტრაპიზონის, ყარსის, ერევნისა და სამცხის ბეგლარბეგებისათვის დახმარება ეთხოვა. როგორც ჩანს, ოსმალეთის აგრესიის დასავლეთის მიმართულებით წარმართვით ისარგებლეს ირანმა და ქართლის სამეფომ და წაგებული ომის შედეგების გამოსწორებას ცდილობდნენ. ოსმალების კავკასიიდან ბალკანეთში ყურადღების გადატანით შეშფოთებული იყო ყირიმის ხანი, რადგან მოსკოვის სახელმწიფო სულ უფრო იმტკიცებდა პოზიციებს კავკასიაში. ყირიმის ხანი სულთანს სთხოვდა, რომ გაერთიანებული ძალით აეღოთ და დაენგრიათ რუსების მიერ ჩადგმული ციხეები1. იმავე გაზეთის მიხედ ვით, ვიდრე ჰასან ფაშა შირვანში დაბრუნდე ბოდა, მანამდე ქართველებს გაუმარჯვიათ, მაგრამ გაზეთში არაფერია ნათქვამი რაში გამოიხატებოდა ეს გამარჯვება. „რომის საღვთო იმპერიასთან“ ომში ჩაბმულ ოსმალეთის სახელმწიფოს, ქართველთა მოქმედებამ სერიოზული საზრუნავი გაუჩინა. სულთანმა გადაწყვიტა საქართველო-ირანის საზღვარზე სასწრაფოდ დაეწყო ციხე-სიმაგრეების მშენებლობა. ოსმალეთის ამ ღონისძიების გამო ირანმა პროტესტი გამოთქვა, რადგან ეს ეწინააღმდეგებოდა 1590 წლის სტამბოლის ზავის პირობებს2.
1. Tardy L.,
Le Roi Svimon Ier, 31, p. 196.
2. Ibidem,
p. 196-197.
ქართველების ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლის სხვა მაგალითის შესახებ, გარდა ზემოაღნიშნულისა, ცნობა არ გაგვაჩნია. ამიტომ, შეიძლება დავუშვათ, რომ საქართველოსა და ირანის აგენტები ან ოფიციალური პირები, ევროპელ დიპლომატებს არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ. ამით მათ უნდოდათ ევროპელებისათვის გაეგებინებინათ, რომ ქართველები კვლავვ ოსმალებს ვებრძვით და მოკავშირებად გვიგულეთო. ამგვარი მოქმედებით, ისინი გარკვეულ დიპლომატიურ წარმატებას აღწევდნენ. ანტიოსმალურად განწყო ბილი ევროპის ქვეყნებისათვის გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ საქართველო და ირანი სტამბოლის ზავის შეგუებას არ ფიქრობდნენ. ევროპაში, პირველ რიგში კი პაპის კურიაში, გადაწყვიტეს ოსმალეთის აღმოსავლელ მოწინააღმდეგეებს დაკავშირე ბოდნენ. ოსმალეთსა და „რომის საღმრთო იმპერიას“ შორის ომის დაწყებამდე პაპმა კლემენტი VIII-მ წერილი გაუგზავნა შაჰ აბასს და ევროპის ანტიოსმალურ ლიგაში შესვლა შესთავაზა1. იმავე დროს, მან დიპლომატიური ურთიერთობა განაახლა ირანთან, რაც დასავლეთ ევროპაში ანტიოსმალური კოალიციის შექმნისათვის სამზადისს დაემთხვა2.
1593 წლის 15 ივნისს ოსმალეთმა შეტევა განაახლა „რომის საღმრთო იმპერიაზე“. იმპერატორი რუდოლფი და რომის პაპი ანტიოსმალური ძალების და რაზმვას შეუდგნენ. 1593 წ. 21 ნოემბერს კლემენტი VIII-მ ალექსანდრე კუმულოვიჩი ნდობის სიგელითა და ინსტრუქციებით აღჭურვა და აღმოსავლეთში გაისტუმრა. კუმულოვიჩს დაევალა ოსმალეთის წინააღმდეგ აემხედრებინა ტრანსილვანიის მთავარი, მოლდავეთისა და ვლახეთის ვოევოდები, პოლონეთის მეფე, რუსეთის მეფე და ჩერქეზები, რომლებსაც კავშირი უნდა შეეკრათ იმპერატორთან. საყურადღებოა, რომ კუმულოვიჩს სპეციალური მითითება ჰქონდა, მეგრელების საშუალებით დაკავშირებოდა ქართველებს3, ე.ი. ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოებს.
კუმულოვიჩს მოსკოვის მეფე უნდა დაერწმუნებინა, რომ ოსმალეთი რუსეთს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა. თუ ოსმალეთი დაამარცხებდა ავსტრიას, უნ გრეთს, პოლონეთსა და ლიტვას, მაშინ რუსეთი დასავლეთიდან და სამხრეთიდან ალყაში მოექცეოდა. იმისათვის რომ ეს არ მოხდეს, რუსეთმა უნდა წააქეზოს და ყველაფრით დაეხმაროს ირანსა და საქართველოს, რათა მათ ომით დაიბრუნონ დაკარგული ტერიტორიები. პაპის აზრით, რუსეთი ფულით უნდა დაეხმაროს ავსტრიას, ხოლო ყირიმელი თათრების განადგურება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, გავიდეს შავი ზღვის სანაპიროებზე, საიდანაც გაეხსნება გზა კონსტანტინოპოლისაკენ4.
1. A
Chronicle of the Carmelites in Persia, I, London, 1939, p. 68-69.
2. გაბაშვილი ვ., დასახ. ნაშრ., გვ. 91.
3. Tardy L.,
Le Roi Svimon Ier, p. 31, 152.
4. Древная
российская вивлиофика, содержащая в себе собрание древностей российских, до ис то рии, географии и генеалогии российская касающийся. Изданная Николаем Новиковым,
изд. II, ч.XII, М., 1789, с. 449-460; გაბაშვილი ვ., დასახ. ნაშრ., გვ. 92.
როგორ სერიოზულ ძალად ჰყავდათ წარმოდგენილი რუსეთი ევროპაში და როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ოსმალეთთან მებრძოლი იმპერატორ რუდოლფისათვის მის დახმარებას, ამაზე მიუთითებს დალმციის კუნძულ ხვარის ეპისკოპოსის პიეტრო ჩადალანის პაპ კლემენტი VIII-ისათვის გაგაზავნილი წერილი. მასში ნათქვამია, რომ რუსეთის სახელმწიფოს შეუძლია ბრძოლის ველზე გამოიყვანოს 200 ათასი მებრძოლი და საკმაოდ დიდი რაოდენობის არტილერია. იმავე წერილში, მართალია, დასახელებული არ არის, მაგრამ საქართველოც ნაგულისხმევია. წერილის ავტორი დასძენს, რომ მოსკოვის მეფის ჩაბმა ანტიოსმალურ ლიგაში სასურველია იმიტომაც, რომ მას მრავალი ერთმორწმუნე და მომხრე ჰყავს სულთნის ევროპულ და აზიურ სამფლობელოებში1.
მოსკოვის მთავრობა პაპის გეგმას სიფრთხილით მოეკიდა, რადგან ოსმალეთთან ურთიერთობის გამწვავებას ერიდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში ცნობილი იყო სულთნის როლი 1591 და 1592 წლებში ყირიმის ხანის მიერ რუსეთის ტერიტორიების დარბევაში (1591 წელს თათრებმა მოსკოვამდე მიაღწიეს), მაინც უფრო ხელსაყრელად მიაჩნდათ, ოსმალეთთან მოჩვენებითი მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება. 1594 წელს მოსკოვის ელჩი დანილა ისლენიევი სულთანს უმტკიცებდა, რომ რუსეთმა ირანს უარი უთხრა ოსმალეთის წინააღმდეგ დახმარებაზე. ამასვე ამტკიცებდა ყირიმში 1593 წელს რუსი ელჩი ვანტეევი2. მაგრამ რუსეთი შემთხვევას არ გაუშვებდა, რომ დიპლომატიური ან ფულად სახსრებით ხელი არ შეეწყო ანტიოსმალური ძალებისათვის. რომის პაპი ითვალისწინებდა ესპანეთის საერთაშორისო ავტორიტეტს, მეფე ფილიპე II-სთან თავის კარგ ურთიერთობას და ცდილობდა ისიც ჩაება ანტიოსმალურ ლიგაში. ალბათ მისი ჩაგონებით ესპანეთის მეფე შაჰ აბაზს 1593 წლის დასასრულს ურჩევდა უარი ეთქვა სტამბოლის ზავზე3.
1. Описания
путешествия в Mоскву посла Римского императора Hиколая Варкача
с 22 июля 1593 года. «Чтения в обществе
истории и древностей Российских при Московском университете»,
кн. IV, M., 1874 , c. X.
2. Кабaрдино-русские
отношения в XVI-XVII вв. Документы и материалы в 2-х томах, М., 1957, т. I, XVI-XVII вв ., c. 197.
3. Tardy L., Le Roi Svimon
Ier, 32, p. 197.
1593 წლის 27 სექტემბერს მოსკოვში მივიდა „რომის საღმრთო იმპერიის“ ელჩი ნიკოლაი ვარკაჩი. მის მისიას შეადგენდა მოსკოვის ჩაბმა იმ ანტიოსმალურ კოალიციაში, რომელშიც უნდა შესულიყო ავსტრია, რომის პაპი, ესპანეთი, ვენეცია, იტალიისა და გერმანიის სამთავროები1. ავსტრიის კარზე ითვალისწინებდნენ რუსეთის დაინტერესებას ოსმალეთის დასუსტებით (რუსეთს ხომ სისტემატურად ესხმოდა ოსმალეთის ვასალი ყირიმის ხანი) და, როგორც ხვარის ეპისკოპოსი პიეტრო ჩადალანი პაპს სწერდა, მოსკოვის მეფეს გარკვეული უფლებაც კი ჰქონდა პრეტენზია წაეყენებინა ბიზანტიის ტახტზე. იმავე დროს მხედველობაში იღებდნენ, როგორც უკვე ითქვა, მოსკოვის მეფის შესაძლებლობას, ოსმალეთის წინააღმდეგ დაერაზმა ირანი და მისი აღმოსავლელი მეზობლები. უკიდურეს შემთხვევაში, მოსკოვის მეფისაგან ფინანსური დახმარების იმედი მაინც ჰქონდათ. მსგავსი პრეცენდენტი უკვე იყო 1587 წელს, როდესაც ვარკაჩმა ოსმალეთთან ომის მოტივით 3 მილიონი გულდენი წაიღო2.
1. Ibidem.
2. Описания путешествия в Mоскву посла Римского императора Hиколая Варкача, c. IX-X.
1593 წ. 30 სექტემბერს ვარკაჩს მოლაპარაკება ჰქონდა ჯერ მეფე თევდორე ივანეს ძესთან, შემდეგ, 17 ოქტომბერს ბორის გოდუნოვთან. მეფესთან მეორედ შეხვედრის დროს, 22 ოქტომბერს ვარკაჩმა ნება ითხოვა, მოსკოვში მყოფ ირანის ელჩთან - ჰაჯი ხოსროვთან1 თავისი წარმომადგენლის მეშვეობით მოლაპარაკების შესახებ. მეფე დათანხმდა. 23 ოქტომბერს ვარკაჩის მსახურთუფროსი ქრისტოფორე უპრუგი ჰაჯი ხოსროვთან მოსალაპარაკებლად წავიდა. ასევე მოიქცა ჰაჯი ხოსროვი. იმანაც თავისი თანმხლები ერთ-ერთი დიდებული ვარკაჩისთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა2.
1. ვარკაჩის მიხედვით, ჰაჯი ხოსროვი წარმოშობით ლიტველი ყოფილა. ის ტყვეობაში ჩავარდა და ირანში მოხვდა (Тамже, с. 22). ჰაჯი ხოსროვს თავისი წარმოშობის შესახებ უთქვამს ას ტრახანის ვოევოდასთან საუბარშიც. Бушев П.П., История посольств и дипломатических отношений Русского и Иранского государств в 1586-1612 гг. (По русским архивам), М., 1976, с. 180.
2. Описания путешествия в Mоскву посла Римского императора Hиколая Варкача, c. 23. Sdr. Бушев П.П., Ук. труд, c. 188, სადაც ნათქვამია, რომ ირანისა და ავსტრიის ელჩები მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ.
რატომ არ შეხვდნენ ერთმანეთს ჰაჯი ხოსროვი და ვარკაჩი? ცნობილია, რომ ავსტრიას ანტიოსმალურ კოალიციაში ირანის ჩაბმა რუსეთის შუამავლობით სურდა. ამ ორი ქვეყნის წარმომადგენლების ასეთ დაბალ დონეზე შეხვედრა, საფიქრებელია, მოსკოვის სამეფო კარის სურვილით მოხდა და აი რატომ: ირანსა და ოსმალეთს შორის ზავით უკმაყოფილო მოსკოვის სამეფო კარს, მართალია, ირანის წარმომადგენელი უმტკიცებდა, რომ ეს მხოლოდ დროებითი ზავი იყო, მაგრამ რუსებს არ სჯეროდათ. როგორც ჰაჯი ხოსროვის საუბრიდან და მოსკოვში ჩამოტანილი შაჰის სიგელიდან ჩანდა, ირანი ამჯერად მოსკოვის სახელმწიფოსთან დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერ თობის გაგრძელებას ფიქრობდა. რუსი დიპლომატების აზრით რუსეთის ირანთან ურთიერთობა ოსმალეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებაში არ უნდა გადაზრდილიყო, მაშინ როდესაც, ირანის მხრივ, ასეთი მოქმედება მისაღებად მიაჩნდათ1. მოსკოვში ოსმალეთთან ურთიერთობის გართულება არ სურდათ. აქ დღე-დღეზე ელოდნენ ოსმალეთის ელჩებს. ალბათ, შემთხვევითი არ იყო ირანის ელჩის მოსკოვიდან გაშვება 1593 წ. 26 ოქტომბერს. 31 ოქტომბერს ოსმალეთის ელჩები მოსკოვში მივიდნენ2.
1. Бушев П.П., Ук. труд, c. 185-188.
2. Описания путешествия в Mоскву посла Римского императора Hиколая Варкача, c. 25.
ჰაჯი ხოსროვის ელჩობა საინტერესოა იმითიც, რომ 1593 წ. 13 სექტემბერს ბორის გოდუნოვი, ირანის ელჩის მასთან აუდიენციის დროს, საქართველოს საკითხსაც შეეხო. ბორის გოდუნოვმა აღნიშნა, რომ კახეთის მეფე ალექსანდრეს თხოვნით, მოსკოვმა შამხლის წინააღმდეგ დიდი ჯარი გაგზავნა. რუსთა ჯარის სარდალს ანდრეი ივანეს ძე ხვოროსტინინს „ალექსანდრე მეფის და მთელი ივერიის დაცვა“ დაევალა1. როგორც ცნობილია, 1594 წ. მოწყობილი ეს ლაშქრობა, რომელშიც კახეთის მეფის ვაჟს ჯარით მონაწილეობა უნდა მიეღო, მაგრამ არ მიიღო, მარცხით დამთავრდა2.
ჰაჯი ხოსროვის მოსკოვში ყოფნისას პირველად აღიძრა კახეთის უფლისწულის კონსტანტინეს შაჰის კარიდან დახსნისა და მისი მოსკოვში წაყვანის საკითხი3. კახელი უფლისწულის საკითხი, XVI ს. 90-იანი წლების საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში, სულ უფრო აქტიური ხდებოდა.
1593 წ. შაჰ აბასის ელჩის წინაშე საქართველოს და ქართველი უფლისწულზე საუბრის დაწყებით, მოსკოვში საქართველოს მიმართ ირანის პოზიციის გარკვევა სურდათ. მაგრამ ჰაჯი ხოსროვისაგან ბევრი ვერაფერი შეიტყვეს. იგი მოხერხებულად არიდებდა თავს ამ არასასიამოვნო საუბარს და გადაკვრით აგრძნობინებდა, რომ აქ ისეთი არაფერია, რომელიც მოსკოვ-ირანის ურთიერთობას შეაფერხებსო.
1. Веселовский Н., Ук. труд, с. 186-187; Бушев П. П., Ук. труд, c. 189. შდრ. ტივაძე თ., ირანთან პოლიტიკური ურთიერთობის საკითხი, გვ. 187.
2. ბერძენიშვილი ნ., დასახ. ნაშრ., გვ. 50-56, 70-72; ბოცვაძე თ., დასახ. ნაშრ., გვ. 51-52; Бушев П. П., Ук. труд, c. 240, 244, 255, 256, 296.
3. Веселовский Н., Ук. труд, с. 186; ბერძენიშვილი ნ., დასახ. ნაშრ., გვ. 64-70.
ჰაჯი ხოსროვის ელჩობით შაჰ აბასმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია: მოსკოვის სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობა აღსდგა, რასაც შაჰი ოსმალეთთან შემდგომი ბრძოლისათვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. მოსკოვის მთავრობა შაჰს ჰპირდებოდა, რომ ხელს შეუწყობდა მის დაკავშირებას ავსტრიასთან, ოღონდ ირანი ოსმალეთთან მშვიდობიან მდგომარეობაში ნუ იქნებოდა. როგორც ბორის გოდუნოვი შაჰს წერდა, ამ მიზანს ემსახურებოდა მისი შუამდგომლობა ვარკაჩისა და ჰაჯი ხოსროვის მოსკოვში მოლაპარაკების გამართვისათვის. მოსკოვის მთავრობა საშუალებას მისცემდა ირანსა და ავსტრიას ერთ მანეთისათვის ელჩები გაეგზავნათ რუსეთზე გავლით1. სავარაუდოა, რომ შაჰ აბასს ამის შემდეგ გაუჩნდა იდეა, ევროპასთან კავშირი ოსმალეთთან ომში გამოეყენებინა2.
1. Бушев П.П., Ук. труд, c. 191-194.
2. Тамже, с. 201.
როგორც ითქვა, ჰაბსბურგებმა ოსმალეთთან ომის დაწყებისთანავე ძლიერ გააქტიურეს დიპლომატია ანტიოსმალური კოალიციის შესაქმნელად. ამ საკითხისათვის დიდად იღწვოდა ჰაბსბურგების მოკავშირე ტრანსილვანიის მთავარი ზიგმუნდ ბატორი. მან კავშირი შეკრა ვლახეთის მთავარ მიხაისთან და მოლდავეთის მთავარ არონთან. ამ ანტიოსმალური კავშირის მეთაური უნდა ყოფილიყო ზიგმუნდ ბატორი1.
1594 წლის თებერვალში ზიგმუნდ ბატორი თავისი რაზმებით მოლდავეთში იდგა და მოლაპარაკებას აწარმოებდა ჩერქეზების, კაზაკებისა და პოლონელთა რაზმების მეთაურებთან, რათა ისინი ოსმალებთან ომში დახმარებოდნენ. როგორც ჩანს მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა. იმავე წლის ბოლოს პაპმა კლემენტი VIII-მ თავისი ელჩები მოლდავეთსა და პოლონეთში გაგზავნა, პაპმა მათ სამხედრო დახმარების სანაცვლოდ ფული გაუგზავნა2. პაპის ვარაუდით, რადგან მოსკოვის მეფეს „ყველაზე უკეთესად შეეძლო წერილებისა და ელჩების საშუალებით დაკავშირებოდა ჩერქეზებს, ქართ ველებსა და სპარსელებს“, ამიტომ მას უნდა ეზრუნა მათ შეყვანაზე ანტიოსმალურ ლიგაში3.
1. Tardy L., Op. cit., p. 31, p. 153.
2. Мохов Н., Очерки истории молдаво-русско-украинских связей, Кишинев, 1961, с. 73-74.
3. Tardy L., Op. cit., p. 153.
მოსკოვის სახელმწიფოში მცირე ცნობები გააჩნდათ ახლო აღმოსავლეთის, კერძოდ, ირანის პოლიტიკური მდგომარეობისა და სამხედრო პოტენციის შესახებ. საჭირო იყო იმის გარკვევა, შეეძლო თუ არა ირანს ომის გაგრძელება. 1594 წ. 30 მაისს მოსკოვიდან ირანში გაიგზავნა ანდრია ზვენიგოროდსკის ელჩობა, რომლის წინაშე დაყენებული მიზნები და ამოცანები ნათელს ხდის, რომ ელჩობას სერიოზული როლი უნდა შეესრულებინა ანტიოსმალური კოალიციის შექმნისათვის მოლა პარაკების პირობების შემუშავებაში, მას ასევე გავლენა უნდა მოეხდინა არა მხოლოდ ირანთან შემდგომ ურთიერ თობაზე, არამედ ოსმალეთის სულთნისა და ყირიმის ხანის წინააღმდეგ ბრძოლაზეც1.
ბორის გოდუნოვი თავისი სიგელით შაჰს აცნობებდა იმპერატორ რუდოლფ II-ის მიერ ესპანეთის, ვენეციის და სხვათა ჯარების დახმარებით 1593 წელს ოსმალეთზე გამარჯვების შესახებ. ბორის გოდუნოვი ასეთივე წარმატებას უსურვებდა შაჰს თავის მტრებზე. ბოლოს გოდუნოვი შაჰს თხოვდა, რომ ყაზვინში მძევლად მყოფი კახეთის უფლისწული კონსტანტინე გაეთავისუფლებინა. ბორის გოდუნოვი იქვე შაჰს ჰპირდებოდა, რომ ალექსანდრე მეფე მძევლის გარეშეც ირანის ერთგული იქნებოდა2.
ნ. ბერძენიშვილი მოსკოვის მთავრობის მიერ ქართველი უფლისწულის მოთხოვნას მიიჩნევდა რუსეთის მოხერხებულ ცდად, „რათა შაჰს მოსკოვ-კახეთის მფარველობა-ხელდებულების აქტი, თუ ოფიციალურედ არა, არაპირ დაპირ მაინც ეცნო“3.
1. Бушев П.П., Ук. труд, c. 240.
2. Памятники дипломатических сношений Дреней России с державами иностранными, с. 216-217; Бушев П.П., Ук. труд, c. 242.
3. ბერძენიშვილი ნ., დასახ. ნაშრ., გვ. 52.
შაჰის კარზე კონსტანტინე უფლისწულის საკითხის დაყენებით მოსკოვის მთავრობა ერთდროულად რამდენიმე მიზანს ისახავდა. ჯერ ერთი, უფლისწულის საკითხი, ფაქტობრივად, კახეთის საკითხი იყო. რუსეთი კონსტანტინე უფლისწულს ირანიდან თუ წაიყვანდა, ეს ირანის მიერ კახეთზე რუსეთის უფლების აღიარება, ხოლო ირანის კახეთზე სიუზერენობის დაკარგვის აღირება იქნებოდა. მოსკოვის მოთხოვნა შაჰმა სწორედ ასე შეაფასა. შაჰს შეეძლო გამაჰმადიანებული კონსტანტინე კახეთის ტახტის პრეტენდენტად გადაექცია, რაც საბოლოოდ ასეც მოხდა. კახეთის ტახტზე მაჰმადიან მეფეს რუსეთი ვერ შეეგუებოდა. სწორედ ამითი იყო გამოწვეული შაჰის კარზე მოსკოვის ელჩების აქტიურობა კონსტანტინეს ხელში ჩასაგდებად. ამავე დროს, როგორც ბორის გოდუნოვის მიერ საქართ ველოში რუსეთის ელჩის ივანე ვსევოლოდსკის ხელით გაგზავნილი სიგელიდან ჩანს, იგი მოითხოვდა, რომ ამის შემდეგ მოსკოვთან შეთანხმების გარეშე კახეთის მეფეს მაჰმადიანი მბრძანებლებისთვის მძევალი აღარ მიეცა1. ქრისტიანული სახელმწიფო კი საქართველოს უშუალო მეზობლობაში, გარდა მოახ ლოებული რუსეთისა სხვა აღარ ჰყავდა. მაშასადამე, ალექსანდრე მეფეს მძევალი მხოლოდ მფარველისათვის უნდა მიეცა.
ოსმალეთთან ომის მოსურნე კათოლიკური სახელმწიფოების დიპლომატები ითვალისწინებდნენ რუსეთის პოზიციას ოსმალეთთან ურთიერთობაში და რეალურად აფასებდნენ მის ინტერესებს კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში.
რუსეთი დაინტერესებული არ იყო ჰაბსბურგებისათვის ისეთი დახმარება გაეწია, რომელიც ბალკანეთში მის განმტკიცებას წაადგებოდა. ამგვარი დახმარებისაგან რუსეთი ყოველთვის თავს იკავებდა. რაც შეეხება რუსეთის პოზიციას კავკასიისა და ირანის მიმართ, აქ ყველაფერი გარეკვეული იყო. XVI ს. ბოლო მეოთხედში მოსკოვის მთავრობა ცდილობდა ფეხის მოკიდებას კასპიის ზღვის სანაპიროზე, რაც ასტრახანის დაპყრობით ნაწილობრივ შესძლო კიდეც. მაგრამ რუსეთის იქ გაბატონებას მუდმივად ემუქრებოდა ოსმალეთი. ასტრახანის დაცვის აუცილებლობამ რუსეთი კავკასიაში მიიყვანა, საიდანაც კიდევ უფრო სასურველი პერსპექტივა გადაიშალა: კავკასიაზე გა მავალი გზების ხელში ჩაგდებით ახლო აღმოსავლეთთან და ინდოეთთან და კავშირება შეიძლებოდა. ანტიოსმალურ ლიგაში მონაწილეობა რუსეთისთვის სასარგებლო რომ იქნებოდა, ამას ალექსანდრე კუმულოვიჩი 1594 წლის 11 ნოემბრის წერილში შემ დეგნაირად ასაბუთებდა: მოსკოვის მეფე „შავ და კასპიის ზღვებს შორის გახსნის გზას აზიისაკენ და ხელს გაუწვდის ჩერქეზებს, მეგრელებს, ქართ ველებსა და აზიის სხვა ხალხებს“. კუმულოვიჩი იმასაც ითვალისწინებდა, რომ ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა მხურვალედ დაუჭერდა მხარს რუსეთის ამ ნაბიჯს2. საინტერსოა, რომ კუმულოვიჩის თქმით, რუსეთი „დაიპყრობდა მთელ ტერიტორიებს კასპიის ზღვამდე და გადაიქცეოდა კასპიის ზღვის ჩრდილო და დასავლეთი სანაპიროების აბსოლუტურ ბატონ-პატრონად, მისი სამფლობელოების საზღვრები საქართველომდე გადაიჭიმებოდა“3. აღნიშნულიდან გამომდინარე რუსეთისათვის უფრო სასარგებლოა კავშირი ირანთან და საქართველოსთან, რათა ოსმალები კავკასიიდან ერთობლივად განდევნონ.
1. Сношения России с Кавказом, c. 262.
2. Tardy L., Op. cit., 32, p. 153.
3. „Starine“, kniga XIV, Zagreb, 1882, p. 112-113.
1594 წლის 17 ნოემბერს პოლონეთის სეიმმა ანტიოსმალური ლიგის შექმნის საკითხი განიხილა. მიღებული დადგენილების მიხედვით, წარმატება იმ შემთხვევაში იქნებოდა მოპოვებული, თუ პაპი მოსკოვის მეფეს იმპერატორთან დააკავშირებდა და მათ მხარს დაუჭერდნენ ირანის შაჰი და ქართველები (Ibidem, p. 122).
ალექსანდრე კახთა მეფეს, ევროპასთან დიპლომატიური ურთიერთობა, რომ უშუალოდ და მოსკოვის საშუალებით ჰქონდა, ამის შესახებ უკვე ითქვა. მაგრამ, როგორც ირკვევა, ევროპის სახელმწიფოები ანტიოსმალური ლიგის შესაქმნელად მხოლოდ ალექსანდრე II-სთან არ ურთიერთობდნენ. ისინი განსაკუთრეებით დაინტერესებულნი იყვნენ, ოსმალების წინააღმდეგ დაუღალავი მებრძოლის, ქართლის მეფე სვიმონ I-ის ლიგაში ჩაბმით.
სვიმონ მეფის კონტაქტები ევროპის ქვეყნებთან ხორციელდებოდა რუსეთის გვერდის ავლით. ცნობილია, რომ ზიგმუნდ ბატორი ქართველებისა და ჩერქეზების ანტიოსმალურ განწყობილებაზე კარგად ინფორმირებული იყო თავისი დიპლომატის მატიაშ კისის საშუალებით. ისიც სავარაუდოა, რომ ევროპელი დიპლომატებისა და საიდუმლო აგენტების საშუალებით წარმოებდა საქართველოს სამეფოებსა და ევროპის სახელმწიფოებს შორის მიწერ-მოწერა.
1595 წლის 29 აპრილით დათარიღებულ პაპ კლემენტი VIIIის ინსტრუქციაში, რომელიც კუმულოვიჩს მოსკოვში გაეგზავნა, ნათქვამია, რომ ის ვალდებულია წავიდეს ჩერქეზეთში და იქიდან კავშირი დაამყაროს ამიერკავკასიის მეფეებთან (Tardy L., Op. cit., 32, p. 154). ცნობილი არ არის შესძლო თუ არა მან ამ დავალების შესრულება, მაგრამ შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ მისი ან მისი მსგავსი დიპლომატ-აგენტების საშუალებით მოხდა სვიმონ მეფის ევროპის სახელმწიფოებთან დაკავშირება. საინტერესო ცნობაა შემონახული ვენეციელი დიპლომატის, ალესანდრო მალიპიეროს 1596 წლის რელაციაში. იგი ამბობს, რომ ქართველ მეფეებს „მეგობრული ურთიერთობა აქვთ ესპანეთის მეფესთან, რომელ თანაც წერილებს აგზავნიან ორმუზსა და სხვა ადგილებზე გამავალი გზებით“1.
ანტიოსმალურად განწყობილი ყველა სახელმწიფოსათვის ნათელი იყო, რომ ქართლისა და კახეთის მეფეების შერიგება მეტ წარმატებას მოიტანდა. მაგრამ დგებოდა კითხვა: ვისი ინიციატივით უნდა მომხდარიყო შერიგება - რუსეთისა თუ ირანის. ამას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. თუ რესეთის დიპლომატია გაიმარჯვებდა, მაშინ მოსალოდნელი იყო სვიმონ მეფეც რუსეთის მეფის მფარველობაში შესულიყო. რა თქმა უნდა, ირანის შაჰიც ცდილობდა ალექსანდრე II თავის მხარეს გადაეყვანა. ალექსანდრე მეფეს, როგორც ადრე ითქვა, საქართველოს გაერთიანება სურდა კახეთის მეთაურობით. ამ ამოცანის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტას იგი საქართველოს სამეფო-სამთავროების რუსეთის მფარველობაში შეყვანით ფიქრობდა. თევდორე ხელმწიფე 1596 წლის ივნისში ალექსანდრე კახთა მეფეს პასუხად სწერდა: „А что к нашему царьскому величеству писал еси в грамоте, что по нашему царьского величества повеленью з зятем своим с Симоном помирился еси вековым миром и начаешся Божьей милости, которые земли от вас отстали Мингрелская и Гуриелская и Мамучарская, чтоб вам их к себе про воро тит и под нашу царскую руку их привести“2.
1. Berchet, Op. cit., p. 97.
2. Сношения России с Кавказом, c. 267.
მოსკოვის მეფე სვიმონ პირველთან ურთიერთობის დამყარებისაკენ მიისწრაფოდა და მას ქართლის მეფესთან ალექსანდრეს შუამავლობა არ აკმაყოფილებდა. იგი ალექსანდრეს იმავე წერილში მიუთითებდა, რომ როცა შენი ელ ჩები მოსკოვში წამოვლენ, მათ წამოჰყვნენ სვიმონ მეფის ელჩებიც, რათა დადგინდეს „как ему вперед быти в нашем царьском жалованье под нашей царьскою вы сокою рукою и во обороне от ваших недругов... и пожалеиаи их отпустим и своего по сла к нему пошлем“1.
საეჭვოა, ალექსანდრე მეფეს მოსწონებოდა მოსკოვის ხელმწიფის ასეთი დიდი ინტერესი ქართლის სამეფოს მიმართ და იგი შეეცდებოდა ქართლის სამეფოს რუსეთთან დაახლოება არ მომხდარიყო. იბადება კითხვა: რატომ სვიმონ მეფე თვითონ არ ცდილობდა რუსეთთან დაკავშირებას?
სვიმონ I ირან-ოსმალეთის ომის დროს და მის შემდეგაც, სიცოცხლის ბოლომდე, პროირანული ორიენტაციისა იყო. მას, ოსმალეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომის ვითარებაში, როდესაც ყიზილბაშებთან ერთად ოსმალების წინააღმდეგ იბრძოდა, საშუალება არ ჰქონდა, შაჰისათვის მიუღებელი საგარეო პოლიტიკა გაეტარებინა, რა თქმა უნდა, სვიმონისათვის კარგად იყო ცნობილი შაჰის განწყობილება კახეთის მეფის რუსეთთან ურთიერთობის გამო. მან კარ გად იცოდა აგრეთვე, ალექსანდრეს იმ რთული დიპლომატიური თამაშის შესახებ, რომელსაც იგი შაჰთან და მოსკოვის ხელმწიფესთან ანტიოსმალური ლიგის შექმნისათვის და თავისი საბოლოო მიზნის, საქართველოს გაერთიანებისათვის აწარმოებდა. სვიმონ I ამიტომ ერიდებოდა მოსკოვთან კონტაქტს. იგი ევროპის სახელმწიფოებთან ურთიერთობის დროსაც, შაჰის მითითებით მოქმედებდა.
სწორედ შაჰის მოთხოვნით უნდა ყოფილიყო, რომ მეფე ევროპაში გაგზავნილ წერილებში2 რუსეთს არ ახსენებს, ყველგან ლაპარაკია მხოლოდ ქართლ-კახეთ-ირანის კოალიციის ჩამოყალიბებაზე. მართალია, წერილებში არსად ნათქვამი არ არის კოალიციის რომელიმე წევრის წამყვანი როლის შესახებ, მაგრამ ადრესატებისათვის გასაგები იყო, რომ სამთა კავშირში ირანი პირველი უნდა ყოფილიყო. ამგვარად, შაჰ აბაზი ევროპელ პარტნიორებს წარუდგენდა კოალიციას მასში რუსეთის მონაწილეობის გარეშე, მაშინ, როცა იმავე პარტნიორებთან მიწერ-მოწერისა და მოლაპარაკების დროს რუსეთი აღმოსავლეთის ანტიოსმალური ძალების დამრაზმველად გამოდიოდა. ეს კი ნიშნავდა იმას, რომ რუსეთი, შაჰის აზრით, არ უნდა ჩარეულიყო კავკასიისა და ახლო აღ მოსავლეთის საქმეებში, რომ ეს რეგიონები ირანის გავლენის სფერო იყო. როგორც ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავდა, შაჰ აბასი ოსმალეთის წინააღმდეგ სულ სხვა კოალიციას რაზმავდა. ყოველ შემთხვევაში, ოსმალეთთან ომში რუსეთის ბელადობა ამიერკავკასიაში შაჰ აბასს გამორიცხულად მიაჩნდა“3.
1. Тамже, с. 268.
2. თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა, გვ. 76-78, 605-607; საქართველოს სიძველენი, II, ე. თაყაიშვილის რედაქტორობით, თფ., 1909, გვ. 80-80; Macler F., Noticè de manuscrite armeniens. „Revue des Etudes Armeniennes“, t. I, fasc. I-II, Paris, 1920 , p. 73-78; Tardy L., Op. cit., p. 32, 157-158; გაბაშვილი ვ., დასახ. ნაშრ., გვ. 94-99.
3. ბერძენიშვილი ნ., დასახ. ნაშრ., გვ. 70.
ირანის ელჩის, ანდი-ბეგის მოლაპარაკება მოსკოვში მიზნად ისახავდა კავკასიაში რუსეთის შემოსვლის შეჩერებას. შაჰმა ამ მოლაპარაკებას ანტიოსმალური ხასიათი მისცა, მაგრამ მიზანი სხვა ჰქონდა. შაჰს მხოლოდ შამხალის რუსეთის გავლენის ქვეშ მოხვედრა არ აშინებდა. მას განსაკუთრებით რუსთა ჯარის შემდგომი წინსავლა დაღესტანში და კახეთის სამეფოს რუსეთთან კავშირი აფიქრებდა. რათა კასპიისპირეთში რუსეთის შეჭრა შეჩერებულიყო, ამისათვის აუცილებლად მიაჩნდა რუსი ხელმწიფისა და კახეთის მეფის შამხალთან შერიგება, თუნდაც ამისათვის რუსეთის სუვერენიტეტის ცნობა საშამხლოზე და შამხალის ვაჟის მოსკოვში მძევლად გაგზავნა გამხდარიყო საჭირო. შაჰი ამ მიზნის მისაღწევად მზად იყო რუსთ ხელმწიფეს დარუბანდის ან ბაქოს გადაცემას დაპირებოდა. როგორც ჩანს, ანდი ბეგმა დავალებას წარმატებით გაართვა თავი. რუსეთის შეიარაღებული გამოსვლა საშამხლოს წინააღმდეგ მხოლოდ 10 წლის შემდეგ, 1604-1605 წლებში, მოხდა (Бушев П.П., Ук. труд, c. 222).
მანამდე კი რუსეთ-ირანის დიპლომატიურ ურთიერთობაში ქართლის საკითხი გარკვეული სიმწვავით უნდა მდგარიყო. ორი მეტოქე, საბოლოოდ, კომ პრო მისულ შეთანხმებაზე წავიდა: ერთობლივად ემოქმედათ ქართლ-კახეთის შესარიგებლად. ამ საკითხის მოგვარება დაევალათ სტამბოლში მყოფ მოსკოვისა და ირანის ელჩებს. როდესაც ოსმალებმა მათთვის მიცემული და ვალების შესახებ გაიგეს, ისინი დააპატიმრეს, „რადგან თურქებს აშინებდათ კავშირი მოსკოვსა, სპარსეთსა და საქართველოს შორის, მიმართული ოსმალეთის წინააღმდეგ“1.
როგორც ადრე ითქვა, რომის პაპი საქართველო-ირანის ანტიოსმალური კოალიციაში ჩაბმის ორგანზებას მოსკოვს სთხოვდა. მოღწეულია თევდორე ივანეს ძის პასუხი კლემენტი VIII-ის ელჩ კუმულოვიჩისადმი: „შენ გვთხოვე, რომ მიგვეწ ერა სპარსეთისა და საქართველოს მეფეებისათვის თურქეთთან ომის საკითხთან დაკავშირებით... გასულ წელს ჩვენ მივწერეთ სპარსეთის მეფეს, არ დაედო ზავი თურქეთთან... ჩვენ ახლაც გავგზავნით მასთან დელეგაციას, რათა ვაცნობოთ ყვალაფერი რაზეც ჩვენ შევთანხმდით. ჩვენ მომავალ შიც მივმართავთ საქართველოს მეფე ალექსანდრეს, რათა მჭიდრო კავშირი იქონიოს სპარსეთის მეფესთან“2. ნაჩქარევად მეჩვენება მოყვანილ ამონარიდის მიხედვით, ლ. ტარდის მიერ გამოტანილი დასკვნა, თითქოს რუსეთ-საქართველო-ირანის მძლავრი ან ტიოსმალური ლიგა შეიქმნა. მართალია, ირანს ოსმალეთთან ომის დაწყების შემთხვევაში რუსეთი, ესპანეთი და საქართველო ქვემეხების მიწოდებას ჰპირდებოდა3, მაგრამ ეს მხოლოდ დაპირება იყო და სხვა არაფერი. საჭირო იყო ირანის წაქეზება ოსმალეთის წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში საქართველო (კახეთის სამეფო) თავისთვის მისაღები რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსის ხელშემწყობად გამოდიოდა. ბოლოს და ბოლოს სვიმონ I და ალექსანდრე II შერიგდნენ. ვენეციელი დიპლომატი ალესანდრო მალიპიერო 1596 წლის თებერვალში სენატში წაკითხულ მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ ქართველი მეფეების შერიგება ირანის შაჰის ავტორიტეტის წყალობით მოხდა4. ამით ფაქტობრივად ჩამოყალიბდა სამთა ლიგა ქართლ-კახეთ-ირანის შემადგენლობით.
1. Hammer J., Op. cit. , S. 316; სვანიძე მ., დასახ. ნაშრ., გვ. 216-217.
2. Tardy L., Le Roi Svimon Ier, 32, p. 156.
3. Ungerische und Siebenbürgische Krieghändel, Frankfurt am Main, 1590 , S. 322-323; Tardy L., Op. cit., 32, p. 157.
4. Berchet, ., Op. cit., p. 96-97.
სვიმონ I ესპანეთში გაგზავნილ წერილში აღნიშნავდა, რომ აღმოსავლეთში შექმნილ ლიგის წევრებს შორის წინათ უთანხმოება არსებობდა (ქართლ-კახეთსა და კახეთ-ირანს შორის უთანხმოება), მაგრამ შერიგდნენ ოსმალეთის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის, აგრეთვე იერუსალიმისა და ყველა ქრისტიანის ოსმალთა ბატონობისაგან განთავისუფლებისათვის1.
აღმოსავლეთში ანტიოსმალური კოალიციის შექმნას სულთნის მკაცრი რეაქცია მოჰყვა. იგი განსაკუთრებულ აღშფოთებას „ვერაგი გაიძვერა, ინტრიგანი, ვითარცა მელა“ სვიმონ I-ის მიმართ გამოხატავდა. შაჰ აბასისათ ვის გაგზავნილ წერილში მურად III წერდა: სვიმონი „რამდენიმე წლის განმავლობაში უდრტვინველად ჩვენი მოხარკე იყო, როგორც კი აღგვითქვა მორჩილება, ჩვენ ვუბრძანეთ მესაზღვრეებს, რომ იმ საზიზღარი და ურწმუნო ქვეყნისათვის ხელი არ ეხლოთ. ამიტომ ჩვენმა ჯარებმა დატოვეს მისი ქვეყანა, გადაკეტეს ყოველგვარი გზა არეულობისა და ომისა და იცავდნენ [სვიმონის] ქვეყანას სხვებისაგან. იმ შემთხვევაში თუ ისინი არ დააფასებენ იმ დიდ წყალობას, რომელიც მათ ქართველების მიმართ გამოიჩინეს, ფიცს გატეხავენ, მისი [სვიმონის] გვამი გველებისა და ჭიანჭველების ლუკმა გახდება“2.
1. გაბაშვილი ვ., დასახ. ნაშრ., გვ. 95.
2. სვანიძე მ., 1588 წელს ქართლის მეფე სვიმონ I-ისა და ოსმალეთის სარდალ ფერჰად ფაშას შორის დადებული საზავო ხელშეკრულება. „ქართული დიპლომატია“, წელიწდეული, #10, თბ., 2003 , გვ. 151.
სავარაუდოა, რომ ალექსანდრე II ამ კოალიციის მიზნებს მთლად არ იზიარებდა და გულმოდგინებას არც მისი განხორციელებისათვის იჩენდა. რუსეთის გამოთიშვას ოსმალეთის წინააღმდეგ ომიდან, კახელი პოლიტიკოსები ვერ დაეთნხმებოდნენ, მაგრამ იძულებულნი იყვნენ გარკვეულ დრომდე გაჩუმებულიყვნენ. ისიც უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით მიკვლეული არ არის (შეიძლება არც არსებობდა) კახეთის მეფის წერილი, გაგზავნილი სვიმონ მეფის და შაჰ აბასის წერილებთან ერთად ევროპაში. სავარაუდოა, რომ ალექსანდრე II დათანხ მდა (ან კი დათანხმდა?) ზემოხსენებული წერილების ავტორებს, მისი სახ ელითაც მიეწერათ ევროპის სახელმწიფოთა მეთაურე ბისათვის. მართალი არ უნდა იყოს ჯულფელი1 თუ ეჩმიაძინელი2 დიპლომატის, შაჰ აბასის ელჩის, ტერ-იაკობის ნათქვამი, თითქოს მას თან ჰქონდა მეფე ალექსანდრეს წერილებიც ევროპის მეფე-მთავრებისათვის გადასაცემად3.
ტერ-იაკობი შაჰ აბასის გამოცდილი დიპლომატი იყო და, რა თქმა უნდა, კახთა მეფის განწყობილებაზე სიტყვასაც არ დაძრავდა. შაჰსა და კახეთის მეფეს შორის რომ კვლავ დაძაბული ვითარება იყო, ამაზე მიუთითებს შემდეგი მომენტიც. შაჰმა ალექსანდრე მეფესთან მიღწეული შეთანხმების განმტკიცება და კახეთის საბოლოოდ თავის მხარეზე გადაყვანა 1596 წელს საქორწინო კავშირით სცადა. მან თავისი ელჩი დიდი საჩუქრებით გაგზავნა კახეთის მეფესთან და ასული სთხოვა თავის საცოლედ. ალექსანდრეს განსჯით, შაჰს მძევლის წართმევა უნდოდა და არა დანათსავება. ამიტომ მან მოხერხებულად უთხრა უარი – ჩემი ასული დანიშნულია სამეგრელოს მთავარზეო. ალექსანდრემ ყიზილბაშ ელჩებს პასუხთან ერთად საჩუქრებიც გაატანა4. მალე შაჰმა ნამდვილი ზრახვები გამოამჟღავნა. 1597 წელს შაჰ აბასმა კახეთის აკლების მუქარით ალექსანდრეს მოსთხოვა თავისი ნათესავე ბიდან ყველაზე საუკეთოსო ქალწული მისთვის საცოლედ გაეგზვნა. ამჯერად მეფე იძულებული გახდა შაჰის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა და თავის ცოლის ძმის (ამილახორის) ასული გაუგზავნა5.
1. Tardy L., Le Roi Svimon Ier, 32, p. 160.
2. თამარაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 76.
3. Tardy L., Op. cit., 32, p. 162.
4. Сношения России с Кавказом, c. 310-311.
5. Тамже, с. 311; Веселовский Н., Ук. труд, с. 437, 441; Крымский Е. А., История Турции и ее ли тературы, II, M., 1919, c. 291; ბერძენიშვილი ნ., დასახ. ნაშრ., გვ. 76. შაჰს ასევე ქორწინე ბის გზით უნდოდა დაებრუნებინა კავკასიაში დაკარგული ზოგიერთი სამფლობელო. 1597 წელს აბაზმა სულთანს სთხოვა თავისი და საცოლედ მიეცა. იმავე დროს მან მზითვის სახით მოითხოვა შამახია, დარუბანდი და სხვა ადგილები, წინააღმდეგ შემთხვევაში ომის დაწყებით დაემუქრა. სულთანმა მას თვაზიანი უარი შეუთვალა. Сношения России с Кавказом, c. 311.
სვიმონ I 1595 წლიდან აქტიურად ჩაება ანტიოსმალური კოალიციის ჩამოყალიბების საქმეში, რაც საკმაოდ კარგად აისახა მაშინდელ დიპლომატიურ მიმოწერასა და საბუთებში. ამ მხრივ სერიოზულ ინტერესს იმსახურებს ტრანსილვანიის მთავრის ზიგმუნდ ბატორის დაკავშირება სვიმონ მეფესთან ოსმალეთის წინააღმდეგ ერთობლივად საბრძოლველად. 1595 წ. 25 იანვარს, პრაღაში, იმპერატორ რუდოლფსა და ზიგმუნდ ბატორს შორის დაიდო ოსმალეთის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის ხელშეკრულება1. იმავე წლის 20 და 30 ივნისს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, ვალახეთის ვოევოდა მიხაიმ და მოლდავეთის მთავარმა შტეფან რეზვანმა სცნეს ზიგმუნდ ბატორის უზენაესობა2. ამგვარად, ჩამოყალიბდა ძლიერი ანტიოსმალური კოალიცია, რომელმაც, თავდაპირველად სამხედრო წარმატებასაც მიაღწია.
ზიგმუნდ ბატორი ითვალისწინებდა რა ოსმალეთის იმპერიის სამხედრო ძლიერებას, აუცილებლად მიაჩნდა მისი ძალების ნაწილობრივ დაბანდება აღმოსავლეთში. ბატორიმ კარგად იცოდა სვიმონ მეფის ოსმალეთის წინააღმდეგ ხან გრძლივი ბრძოლის შესახებ, მას წერილი გაუგზავნა და მოუწოდა დაეწყოთ ბრძოლა, სვიმონს - აღმოსავლეთიდან, ბატორს - დასავლეთიდან. ზიგმუნდ ბატორიმ, რომ დაახლოებით ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა სვიმონ მეფეს, ეს ცნობილია ამ უკანასკნელის მიერ ესპანეთის მეფე ფილიპე II-სთვის 1596 წლის 25 აგვისტოს გაგზავნილი წერილიდან3. ამ წერილზე ყურადღების გამახვილება საჭიროა იმიტომ, რომ მასში განსაკუთრებით კარგად ჩანს სვიმონ მეფის ანტიოსმალური საქმიანობა.
1. Ősterreichische Staats verträge. Fürstertum Siebenbürgen (1526-1690). Bear beiten von R. Goos, Wien, 1911 , S. 218-235.
2. Documents privitoare la istoria Romanilor, v. II , par. II, p. 209-213.
3. Macler F., Op. cit.,, p. 77-78. არსებობს ამ წერილის სომხური და ბერძნული ვარიანტები, სომხური დათარიღებულია 14 აგვისტოთი (იხ. ტაბაღუა. დასახ. ნაშრ., I, გვ. 222-227). ფ. მაკლერმა გა მოაქვეყნა წერილის ბერძნული ვარიანტის ფრანგულ ენაზე თარგმანი. ფ. მაკლერის და ი. ტაბაღუას მიერ გამოქვეყნებულ თარგმანებს შორის, როგორც შემდეგ გამოჩნდება, არსებობს განსხვავება.
სვიმონ I ესპანეთის მეფეს სწერდა: „მე მოგწერეთ წერილი ჩვენსა და თქვენს უდიდებულესობას შორის ალიანსის შექმნის შესახებ, რათა თქვენ უდიდებულესობას ჩვენთვის ეცნობებინა თავისი სურვილი. ჩვენთვის ცნობილია ტრანსილვანიის იმპერატორის სურვილი და ჩვენ დიდად გვწამს, რომ იგი დაპირების ერთგული დარჩება და დაგვეხმარება... ამავე მიზნით მივწერეთ წერილი წმინდა მამას და გერმანიის იმპერატორს“1. სვიმონი იქვე აღნიშნავს შაჰის იმ გულმოდგინების შესახებ, რასაც იგი ქრისტიანი მეფეების დასახმარებლად იჩენს. არ ვიცი, ზიგმუნდ ბატორის წერილმა თუ კიდევ სხვა რამემ გააქტიურა სვიმონ მეფე, მაგრამ ფაქტია, რომ 1596 წელს მან რამდენიმე წერილი დაწერა2: 6 მაისს ვენეციის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს, იმპერატორ რუდოლფს და რომის პაპს გაუგზავნა წერილები, აგვისტოს 14 და 25 რიცხვებში კი ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს. წერილები წაიღო მამა იაკობმა.
1. Macler F., Op. cit., p. 78. შდრ. ტაბაღუა ი., დასხ. ნაშრ., I, გვ. 224-227.
2. იმ წერილების გარდა, რომლებსაც ქვემოთ გავეცნობით, მკვლევრები ფიქრობენ, რომ სვიმონ მეფემ იმავე 1596 წელს პაპს გაუგზვნა კიდევ ერთი წერილი დათარიღებული 1546 წლით, რომელიც მ. თამარაშვილმა გამოაქვეყნა და იქვე გამოთქვა ვარაუდი, რომ „წერილი გაგზავნილია სვიმონის გამეფების და მისი სპარსეთის ტყვეობიდგან დაბრუნების შემდგომ და ოსმალების მიერ მისი დატყვევების წინეთ; ამიტომ, ჩვენის აზრით, უნდა იყოს მიწერილი 1504(?)-1596 წლებში“ (თამარაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 78). მ. თამარაშვილმა შემდეგში უფრო დააზუსტა წერილის დაწერის დრო: „უნდა იყოს 1578 წელი, სვიმონ I-ის სპარსელებისაგან გან თავისუფლების შემდეგ“ (თამარაშვილი მ., ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე. რედაქცია გაუკეთეს, წინასიტყვაობა დაურთეს და გამოსაცემად მოამზადეს ზ. ალექსიძემ და ჯ. ოდიშელმა, თბ., 1995, გვ. 524). ამ წერილის თარიღთან დაკავშირებით, ი. ტაბაღუამ იეჭვა, რომ წერილი შეიძლება დაწერილი იყოს სვიმონ I-ის მამის ლუარსაბ I-ის მიერ და ამიტომ უზის 1546 წელი (ტაბაღუა ი., დასახ. ნაშრ., II, გვ. 181, შენ. 88). გ. ჟორდანიას კი ეჭვი არ ეპარებოდა, რომ წერილი დაწერილია 1596 წელს (Жордания Г., Гамезардашвили З., Римско-католическая миссия и Грузия, ч. I. Из истории взаимоотношений папства и миссионеров с Картлийско-Кахетинским царством и Кримским ханством. Горийские миссии (конец XVI и и 20-30-е годы XVII столетия), Тб., 1994 , с. 277). ჩემი აზრით, წერილის შინაარსი და მასში ერთი მინიშნება საგულისხმოს ხდის, რომ წერილი დაწერილი უნდა იყოს სულ სხვა დროს, XVI ს. 70-80-ანი წლების მიჯნაზე. მასში, ზოგად ხაზებში გადმოცემულია მეფის მამის, ლუარსაბ I-ის ტრაგიკულად დაღუპვის, სვიმონის გამეფების და სარწმუნოებისათვის თავდადებული ბრძოლის, ყიზილბაშებისაგან დატყვევების და განთავისუფლების, სვიმონის ხელახლა გამეფებისა და ოსმალების წი ნააღმდეგ ბრძოლის შესახებ. ერთი სიტყვით წერილი ინფორმაციული ხასიათისაა და მასში კონკრეტულად არაფერია ნათქვამი ოსმალების წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაზე. „ჩვენი გულის ყველა ნატვრას მღვდელი ტერ-იაკობ მოახსენებს თქვენ სიწმინდესა“ - ამ სიტყვებით ამთავრებს თავის წერილს სვიმონ მეფე. წერილის მიახლოებით დათარიღებისათვის ამოსავალი უნდა იყოს მეფის ერთი ფრაზა: „ჩემს თავს გავსწირავ ერთიანად და ეგრეთვე ჩემს ქორფა შვილსაც... ხელს არ ავიღებ ოსმალების წინააღმდეგ ომზე“ (თამარაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 77, 607). ის „ქორფაშვილი“ („parvulo fi lio“) 1596 წელს უკვე 25 წლისა ყოფილა და რა თქმა უნდა, ამ ასაკის კაცზე მეფე ქორფას ვერ იტყოდა. მაშასადამე წერილი დაწერილი უნდა იყოს ტყვეობიდან დაბრუნების (1578 წ.) შემდეგ ახლო პერიოდში.
როგორც ვარაუდობენ, მამა იაკობი ეროვნებით სომეხი ტერ-აკოფ მარქარიანი1, წარმოშობით ჯულფიდან იყო, მაგრამ ცხოვრობდა ეჩმიაძინში, საიდანაც მეფემ გამოიძახა და დიპლომატიური დავალება მისცა2: მას დაევალა ანტიოსმალური კოალიციის შეკვრა, რომლის ინიციატორად აღმოსავლეთში სვიმონი და მისი მოკავშირე შაჰ აბაზი, დასავლეთში კი, რომის პაპი კლემენტ VIII გამოდიოდნენ. როგორც იმ დროინდელი საისტორიო წყაროებიდან ჩანს, ტერ-იაკობი ძალიან ჭკვიანი, შორსმჭვრეტელი, ფრთხილი ადამიანი იყო. მან რამდენიმე ენა იცოდა. როგორც ზემოთ განხილული წერილიდან ირკვევა, მეფე მას დიდი ხნის განმავლობაში, მიახლოებით 70-იანი წლების დასარულიდან მაინც, მნიშვნელოვან დიპლომატიურ დავალებებს აკისრებდა. 1596 წელს ევროპაში მისიის შესრულებისას ტერ-იაკობს ახლდა თავისი ვაჟი3.
1. მაისურაძე გ., ქართველი და სომეხი ხალხების ურთიერთობა XIII-XVIII საუკუნეებში, თბ., 1982 , გვ. 148.
2. სვიმონ მეფე, როგორც ჩანს, ეჩმიაძინელ მღვდლებს ხშირად აძლევდა დიპლომატიური ხასიათის დავალებებს. პირველ ასეთ ცნობას ვხვდებით მისი ალამუთის ტყვეობიდან დაბრუნების (1578 წ.) შემდეგ. იხ. თამარაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 77. მაგრამ სვიმონ I-ზე ადრე სხვა ქართველი მეფეებიც მიმართავდნენ ეჩმიაძინელ სომხებს და დიპლომატიურ დავალებებს აძლევდნენ. უფრო ვრცლად იხ. Тивадзе Т. Г., Ук. труд, с. 238-245. ეჩმიაძინელი სომეხი სამღვდელოების გარდა ქართველი მეფეები ამგვარ დავალებას აძლევდნენ სომეხ ვაჭრებსაც. ასეთი იყო ჯენკინსონთან გაგზავნილი სომეხი 1563 წელს; იმავე წელს კახეთის სამეფოდან მოსკოვში გაგზავნილი სომეხი ვაჭარი და სვიმონ მეფის მიერ 1578 წელს ესპანეთის მეფესთან გაგზავნილი სომეხი ვაჭარი. მათზე ზემოთ, თავთავის ადგილას უკვე ითქვა.
3. Tardy L., Op. cit., 32, p. 165.
გ. ჟორდანიას და ზ. გამეზარდაშვილის მიხედვით, სვიმონ მეფემ ტერ-იაკობი 1596 წლის მაისის დასაწყისში ირანში გააგზავნა და 6 მაისს ბერძნულად დაწერილი წერილები გაატანა. იგი ჯერ ირანის სატახტო ყაზვინში მივიდა, ოსმალეთის იმპერიის ტერიტორია ტრიპოლამდე გაიარა, ამ ნავსადგურიდან გემით გაემგზავრა და კვიპროსიდან ვენეციაში მივიდა. ვენეციიდან ის ჯერ პაპთან კი არ წავიდა, არამედ იმპერატორთან და 1597 წლის 10 ივლისს უკვე ვენაში იყო. ვენაში ის მაშინვე ავსტრიის ერცჰერცოგმა მაქსიმილიანემ მიიღო. 17 ივლისს ტერ-იაკობმა იმპერატორ რუდოლფს შაჰ აბასისა და მეფე სვიმონის წერილები გადასცა1. ასეთია ტერ-იაკობის ვენამდე მოგზაურობის მარშრუტი2.
1. Жордания Г., Г,амезардашвили З., Ук. труд, с. 280. განსაკუთრებით საინტერესოა ვენეციის სახელმწიფო არქივში დაცული დოკუმენტი, რომელიც ტერ-იაკობის ევროპაში მოგზაურობას ასახავს, ამ დოკუმენტის ფრანგული თარგმანი გამოაქვეყნა ლ. ტარდიმ. Tardy L., Op. cit., 32, p. 160-163.
2. ვენეციის ელჩის ფრანკო ვენდრამინის მოხსენებით ბარათში, რომელიც გაგზავნილი უნდა იყოს ნეაპოლიტანიის მეფესთან, ნათქვამია: „უაღმატებულესო მეფეო, მრავალი თვის გან მავლობაში სპარსეთში იმყოფებოდა ერთი გამოცდილი (ეჩმიაძინელი – ე.მ.) სომეხი იმ მიზნით, რომ შაჰი დაერწმუნებინა, რათა იგი თავისი ჯარებით თურქეთის სულთნის წინააღმდეგ ამო ქმედე ბულიყო; ეს ორი დღეა რაც იგი ამ კარზე იმყოფება. მისი მოგზაურობა დაახლოებით 2 წელი გაგრძელდა. როგორც იგი ამბობს, ცხრა თვეა რაც სპარსეთიდან გამოსულა. სირიაზე გამოუვლია, ტრიპოლში გემზე დამჯდარა კუნძულ კვიპროსზე მისასვლელად. ჯერ მას აუდიენცია არ ჰქონია. სპარსეთის შაჰის წერილები წამოუღია, აგრეთვე საგანგებო მიზნით ამ მხარეში არ გამოუტანებიათ მისი კეისარული უდიდებულესობის წერილები. ამბობს, რომ სპარსეთისა და საქართველოს მეფეებმა რუსეთის მეფესთან ერთად თურქეთის წინააღმდეგ კავშირი შეკრესო. მისი კეისარული უდიდებულესობა დაჰპირებია, რომ ამ მხარიდან იერიშით მივა მტერზე მთელი გერ მანული ჯარებით და კავშირს დაამყარებს კათოლიკე მეფესთან, თქვენს ყოვლად სახელგანთქმულობასთან და იტალიის სხვა მეფეებთან, რათა ძირიან-ფესვიანად აღმოფხვრას ოსმალეთის იმპერია“. ტარდი ლ., ვენეციის როლი უნგრეთთან საქართველოსა და სპარსეთის ურთიერთობაში, გვ. 210.
დაზუსტებას მოითხოვს ტერ-იაკობის ევროპაში გამგზავრების და ქართველი მეფეების მიერ მისთვის წერილების გადაცემის ზოგიერთი დეტალი. როგორც ითქვა, 1596 წლის 6 მაისით არის დათარიღებული სვიმონ მეფის წერილები და ამის შემდეგ ტერ-იაკობი შაჰთან ყაზვინში გაემგზავრა. ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, წლის ბოლომდე ან ახალი წლის დასაწყისამდე იქ დარჩა, როგორც გ. ჟორდანია და ზ. გამეზარდაშვილი ფიქრობენ. ტერ-იაკობს ვენეციის სახელმწიფო საბჭოს მდივან მარკო ოტობონოსათვის უთქვამს, რომ იგი ყაზვინიდან ორი დღის სავალზე Jekbri-Si სვიმონ I-სა და ალექსანდრე II-ს შეხვედრია, რომლებსაც ევროპაში გასატანებელი წერილები გადაუციათ (Tardy L., Le Roi Svimon Ier, 32, p. 162). ბუნებრივია, დაისმის რამდენიმე კითხვა: თუ ტერ-იაკობის საქართველოში ყოფნის დროს, მაისში, დაიწერა მეფის წერილები, მა შინ ქართველ მეფეებს რატომ უნდა მიეტანათ ისინი ყაზვინში? მეორე კითხვა, ალბათ, ის იქნება, როგორ მოახერხებდნენ ქართველი მეფეები, მათი სამფლობელოებიდან შორს, ყაზვინიდან ორი დღის სავალით (დაახლ. 60 კმ) დაშორებულ პუნქტში ტერ-იაკობთან შეხვედრას? და, მესამე კითხვა: რამ გა მოიწვია ტერ-იაკობთან ქართველი მეფეების კიდევ ერთხელ შეხ ვედრის აუცილებლობა?
1. დღეისათვის ცნობილი წერილობითი წყაროები არაფერს გვეუბნევა ტერ-იაკობის სვიმონ მეფესთან საქართველოში მოსვლაზე. წერილების 6 მაისით დათარიღება, სრულებითაც არ ნიშნავს იმ დროს ქართლის სამეფოში მის ყოფნას. მაშასადამე, წერილები კი დაიწერა 6 მაისს, მაგრამ გასაგზავნად გამზადებული და ლუქულ-დაბეჭდილი წერილების ტერ-იკობამდე მიტანა დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა. ამგვარი შეფერხების მიზეზი ან მიზეზები მაშინ საკმაოზე ბევრი იქნებოდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, ალბათ ტერ-იაკობის ევროპაში გაგზავნა შაჰის მიზეზითაც შეყოვნდა, თორემ მისი გაშვება ადრე იქნებოდა განზრახული.
2. ტერ-იაკობმა, შეიძლება, ვენეციელი დიპლომატის თვალში თავისი ავტორიტეტის ამაღლების მიზნით, ვენეციის რესპუბლიკის წარმომადგენელთან საუბრისას სთქვა, რომ ქართველმა მეფეებმა თავიანთი ხელით მიუტანეს ევროპაში გასატანებელი წერილები. იმის დაშვებაც შეიძლება, რომ იტალიელმა მისი ნათქვამი სწორად ვერ გაიგო (ცნობილია, ტერ-იაკობმა იტალიური არ იცოდა. მისი თარჯიმანი იყო იტალიაში მცხოვრები სომეხი, ვინმე ჯაკომო /Ibidem, p. 160/). ტერ-იაკობი ასე გადმოგვცემს ქართველების მიერ წერ ილების მისთვის გადაცემას: „გავიარე ქართველთა მეფეებთან - ალექსანდრესა და სვიმონთან, რომლებსაც შევხვდი ერთ ადგილას, რომელსაც ჰქვია იეკბრი, ყაზვინიდან ორი დღის სავალზე. იმათაც მომცეს წერილები წმ. ტახტისათვის, ასევე იმპერატორისათვის განკუთვნილი წერილი, რომელსაც პაპი მის დესპანს გადასცემს. მათთვის მიმაქვს, აგრეთვე, ქართველთა და იბერიელთა პატრიარქის ბეჭედდასმული წერილები“1. ვფიქრობ, „გავიარე სვიმონთან და ალექსანდრესთან“, ზემომოყვანილ ამონარიდში ტერ-იაკობი რომ ამბობს, უნდა ნიშნავდეს მის შეხვედრას ქართველ მეფეებთან საქართველოში და აქედან წერილების წაღებას.
3. სრულიად საფუძვლიანად მიმაჩნია იმის ფიქრი, რომ ტერ-იაკობის საქართველოში მოსვლა იმდენად წერილების წაღებით არ იყო გამოწვეული, რამ დენადაც ალექსანდრეს დასაყოლიებლად, მასაც მიეღო მონაწილეობა ან ტიოს მალურ კოალიციაში. ტერ-იაკობის მიერ ევროპაში განცხადებული, რომ ანტიოსმალური კოალიციის აქტიური წევრი კახეთის სამეფოც იქნებოდა, ჩემი აზრით, სრულებითაც არ ასახავდა რეალობას. ადრე უკვე ვთქვი, რომ ალექსანდრე კახთა მეფის გეგმში არ შედიოდა ანტიოსმალური კოალიციის იმგვარად გამართვა, როგორც ირანსა და ქართლს ესახებოდა. ნათქვამის დას ტურად ისიც გამოგვდაგება, რომ ტერ-იაკობის განცხადების მიუხედავად, რომ მას თან ჰქონდა ალექსანდრე II-ის წერილები, ისინი (წერილები) ჯერჯერობით მიკვლეული არ არის და, სავარაუდოა, არც არსებობდა. ალექსანდრე მეფის განწყობილების შესახებ პაპ კლემენტი VIII-საც სცოდნია. ამიტომ სთხოვდა იგი მოსკოვის ხელმწიფეს, რომ გავლენა მოეხდინა ალექსანდრეზე. მეფე თავდორე ივანეს ძე, თავის მხრივ, პაპს აცნობებდა, რომ „ვაპირებ ქართველ მეფეს, ალექსანდრეს ვურჩიო, ისიც ის ევე მოიქცეს და სპარსეთის შაჰთან ერთად იმოქმედოს„1. საფიქრალია, რომ ალექსანდრემ პოზიცია არ შეიცვალა. ალბათ, ამიტომ მამა იაკობი მარკო ოტო ბანოსთან საუბარისას მხოლოდ დასაწყისში ახ სე ნებს ალექსანდრეს, შემდეგში ყველგან მხოლოდ სვიმონ მეფე ჩანს.
1. ტარდი ლ., უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობა XVI საუკუნეში, გვ. 167.
1597 წ. 20 ივნისს ტერ-იაკობი ვენეციის სახელმწიფო საბჭოს წინაშე წარსდგა და მეფის წერილი გადასცა. „სვიმონი, ღმრთის შეწევნით, ხელმწიფე ქართლისა და მთელი იბერიისა“ ვენეციის მთავრობას სთხოვს, შეეწიონ მამა იაკობს, რათა მან თავისი მისია შეასრულოს: უხიფათოთ მიაღწიოს რომამდე პაპთან შესახვედრად. წერილი დაწერილი იყო ბერძნულად და მას მეფე ბერძნულადვე აწერდა ხელს1. ვენეციის მთავრობა ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენდა ოსმალეთის აღმოსავლელი მეზობლების ანტიოსმალურ საქმიანობისადმი. ამ ჯერადაც, ვენეციაში საჭიროდ ჩათვალეს, გაეგოთ ტერ-იაკობის პაპთან ვიზიტის მიზანი. ამის გარკვევა დაევალა მარკო ოტობანოს. 21 ივნისს დაინიშნა საბჭოს სხდომა. სხდომის დაწყებამდე მარკო ოტობანო და ტერ-იაკობი ერთმანეთს არაოფიციალურად შეხვედნენ. მათი თარჯიმანი იყო ანდრია ნეგრონი. რომელმაც სვიმონ მეფის ბერძნული წერილი იტალიურად თარგმნა. მარკო ოტობანომ შეადგინა ტერ-იაკობთან საუბრის ანგარიში, რომელშიც ნათქვამია: „ბრძენთა საბჭომ მე, მარკო ოტობანოს, საბჭოს უმდაბლეს მდივანს, დამავალა, შევხვედროდი მამა იაკობს, საქართველოს მეფის ელჩს რომში და გამომეკვლია მისი დავალების მოტივის შესახებ. ვიდრე უმაღლესი საბჭო შეიკრიბებოდა მამა იაკობისათვის ორმოცდაათი დუკატის საჩუქრად გადასაცემად, ვისარგებლე შემთხვევით, მივუახლოვდი მას (თარჯიმნად მემსახურებოდა ნე გრონი) და ვთხოვე, მოეთხრო თავისი მოგზაურობის შესახებ... ექვსი თვეა, რაც მან სპარსეთის დედაქალაქი ყაზვინი დატოვა. იგი მეფემ პაპთან გაგზავნა ელჩად. გამგზავრებისას ირანის შაჰმა დაავალა მას ენახა საქართველოს მეფეები - ალექსანდრე და სვიმონი, რომლებსაც შეხვდა იეკრბრიში, ყაზვინიდან ორი დღის სავალზე. მათაც ასევე გადასცეს პაპისათ ვის და რომში მყოფი იმპერატორის ელჩისათვის წერილები. მეფეთა წერილების გარდა, მას თან ჰქონდა ქართლისა და კახეთის პატრიარქების წერილები. მამა იაკობს სხვადასხვა დროს შაჰთან, საქართვლოს პატრიარქებთან და მეფეებთან მიჰქონდა პაპის, კარდინალ სანტა სევერინას და იმპერატორის წერილები. ხშირად ეს წერილები დაწერილი იყო იტალიურ ენაზე, რის გამოც მათი წაკითხვა უჭირდათ საქართველოში. ახლა მთხოვეს, გადამეცა მისი უწმინდესობისათვის, რომ, თუ მომავალშიც მოისურვებდა მიწერას, მიეწერა სპარსულად. მათ დაავალეს, აგრეთვე, რომ პაპმა შეახსენოს ევროპელ ქრისტიანებს, რომ მათ გააერთიანონ თავიანთი ძალები მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად“. სვიმონ მეფე, როგორც ტერ-იაკობს უთქვამს, მაშინ 65 წლისა ყოფილა, მისი ვაჟი კი 25 წლისა. სვიმონს იაკობი ახასიათებს, როგორც მამაც სამხედრო პიროვნებას, მისი ვაჟიც, მიუხედავად ახალგაზრდობისა, უკვე ცნობილი პიროვნება ყოფილა.
1. Tardy L., Le Roi Svimon Ier, 32, p. 160-161.
ტერ-იაკობს ქართველთა სამხედრო პოტენციალზეც უთქვამს მოკლედ: ქართველებს 40 ათასი ქვეითი და მეთოფეთა ნაწილები ჰყავთ. რადგან მათი ქვეყანა მთაგორიანია, ამიტომ მათ კავალერია არა ჰყავთ1. ირანის შაჰს დიდად გაუჭირდებოდა ქართველები რომ არ იცავდნენო.
თავისი მოგზაურობის შესახებ მამა იაკობს უთქვამს: „საქართველოდან ვანის მიმართულებით გავიარე ვანის პროვინცია. თან მახლდა სვიმონ მეფის საიდუმლო აგენტი. ალეპოში ვენეციის პატივცემულ კონსულს გადავეცი სვიმონ მეფის წერ ილი. კონსულმა მომცა ფული, პური და ყველაფერი, რაც მჭირდებოდა გემ „ნანათი“ მოგზაურობის დროს. ბოლოს, სახმელეთო მოგზაურობისას მოვხვდი ქალაქ ზანში, სადაც ვენეციის კეთილშობილმა მმართველმა თავაზიანად შემომთავაზა პური, ფული და ტანსაცმელი, რაც დამჭირდებოდა რომისაკენ მოგზაურობის დროს“2.
1. გაოცებას იწვევს მამა იაკობის ეს ნათქვამი. თანამედროვე ყველა ევროპელი მოგზაური, ვაჭარი თუ დიპლომატი ერთხმად აღნიშნავდა, ქართველი მხედრობის სიმამაცეს, რომ ქართველები ბრძოლის ველზე, ძირითადად, ცხენოსანი ჯარით გამოდიოდნენ. სხვათაშორის, ოსმალებთან ომში ქართველ მეთოფეთა დიდ როლზე მიუთითებდა ალესანდრო მალიპიეროც. Berchet G., Op. cit., p., 97.
2. Tardy L., Op. cit., 32, p. 160-163.
1597 წლის 10 ივლისს მამა იაკობი ვენაში ჩავიდა. მეორე დღეს იგი ერცჰერცოგმა მაქსიმილიანმა მიიღო. 17 ივლისს იაკობი პრაღაშია. მან იმპერა ტორის კარისკაცებს შაჰ აბასისა და მეფის წერილები გადასცა. შაჰი და ქართველი მეფე იმპერატორს სთხოვდნენ გაეძლიერებინა ომი ოსმალეთის წინააღმდეგ. მამა იაკობმა გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად იქვე განაცხადა, რომ ირანის შაჰი მოლაპარაკებას აწარმოებს ოსმალეთის სულთანთან და სტამბოლში თავის ელჩსაც აგზავნის, რომელსაც შაჰმა სერიოზული დავალება მისცა: ელჩს უნდა შეე გროვებინა სამხედრო მნიშვნელობის ცნობები და „უნდა გაერკვია სულთნის ზრახვები ირანის შაჰისა და საქართველოს მეფის მიმართ“ (Ibidem). ასე რომ, იმპერატორი თუ შეიტყობდა ირანის ელჩის სტამბოლში ჩასვლაზე, მას უნდა სცოდნოდა, რომ ირანი საზავო მოლაპარაკებას კი არ იწყებდა, არამედ დაზვერვის მიზნით გაგზავნილი ელჩობა იყო.
აღმოსავლეთის ლიგის წევრები რომ სულთანთან შერიგებას არ ფიქრობდნენ და მასთან გამწვავებული ურთიერთობა ჰქონდათ, ტერ-იაკობს ამის საბუთად სვიმონ მეფის შემთხვევა მოჰქონდა. სულთანს მეფესთან საიდუმლო მკვლელი მიუგზავნია, მაგრამ ის სვიმონს ამოუცვნია ოსმალეთის ელჩის მრავალრიცხოვან ამალაში. ამ ამბის მოწმე თვით ტერ-იაკობი ყოფილა.
იაკობმა პრაღაში ისიც აცნობა, რომ ირანის შაჰი და საქართველოს მეფეები რუსეთის ხელმწიფესთან ერთად ოსმალების წინააღმდეგ გამოსვლისათვის ემზადებოდნენ. ამის გამო ტერ-იაკობს იმპერატორისათვის უნდა ეთხოვა მასაც დაერაზმა გერმანიის მთელი ძალები, კავშირი დაემყარებინა ესპანეთის მეფესთან, ვენეციის დოჟთან და იტალიის მთავრებთან და ოსმალეთის გასანადგურებლად ერთობლივად გამოსულიყვნენ. იაკობმა იმპერატორის კარისკაცებს მოუთხრო აგრეთვე, შაჰმა საქართველოს მეფეს როგორ სთხოვა საცოლედ ერთი ასული (იგულისხმება ალექსანდრე მეფის ასულის თხოვა შაჰ აბასის მიერ, რაზეც ზემოთ უკვე თქვა), რასაც შაჰი დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებდა. გარდა ამისა, დაუ მატა ტერ-იაკობმა, შაჰის კარზე მრავალი ქართველი იმყოფება, რომ ლებიც დიდ გავლენას ახდენენ შაჰის საგარეო პოლიტიკაზე, კერძოდ, ოსმალეთთან მიმდინარე ომებზე. შაჰს განზრახული აქვს დაიბრუნოს თავრიზი და ოსმალების მიერ დაპყრობილი სხვა ადგილები. შაჰი მაშინ დაიწყებს ომს, როცა დარწმუნ დება, რომ იმპერატორმა რუდოლფმა დაპირება შეასრულა და ევროპაში დიდი არმია შეკრიბა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ იგი თავდაცვითი ომით დაკმაყოფილდება, მაშინ შაჰიც თავს შეიკავებს, ქართველებიც შეტევითი ომისადმი ინ ტერესს დაკარგავენ და ამით მხოლოდ ევროპელები დაზარალდებიან1.
პრაღიდან გაგზავნილ მოხსენებაში ვენეციის ელჩი წერდა, რომ მამა იაკობი იმპერატორმა მიიღო. იაკობმა იმპერატორს გადასცა შაჰისა და ქართველი მეფეე ბის წერილები. მან აუდიენციის დროს განაცხადა, რომ თან ჰქონდა პა პისათვის განკუთვნილი წერილებიც, რომლებიც მისთვის უნდა გადაეცა პირადად შეხვედრის დროს2. სვიმონ მეფის მიერ პაპისათვის გაგზავნილ წერილს მ. თამარაშვილმა მიაკვლია. წერილში პაპის ხოტბის შესხმაა და ზოგადად აღნიშნულია იმ განუწყვეტელი და ხანგრძლივი ბრძოლის შესახებ, რომელსაც ქართლის მეფე ოსმალების წინააღმდეგ აწარმოებდა. სვიმონი იქვე დასძენს: „ვიდრე პირში სული მიდგია, ხელს არ ავიღებ ოსმალების წინააღმდეგ ომზე“. წერილში არ ჩანს, სვიმონ მეფე პაპისგან კონკრეტულად რას ითხოვდა. მას, ამის შესახებ, ტერ-იაკობისათ ვის სიტყვიერად დაუაბარებია. „ჩვენი გულის ყველა ნატვრას მღვდელი ტერ-იაკობი მოახსენებს თქვენს სიწმინდესა“3 - სწერდა მეფე.
ტერ-იაკობი 1597 წ. 20 სექტემბრამდე პრაღაში დარჩა, შემდეგ რომისკენ გაეშურა. მისი პაპთან შეხვედრიდან მხოლოდ ის ვიცით, რომ კათოლიკური სამყაროს მეთაურმა მოიწონა ირანსაქართველოს პოლიტიკურ მესვეურთა ანტიოსმალური ლიგის შექმნისათვის საქმიანობა. იმავე დროს მან ელჩს განუცხადა: იმისათვის რათა პრაქტიკულად მომხდარიყო დასავლეთის სახელმწიფოების ოსმალეთის წინააღმდეგ დარაზმვა, შაჰს თავისი ელჩები უნდა გაეგზავნა ესპა ნეთისა და საფრანგეთის მეფეებთან, იტალიისა და გერმანიის მთავრებთან. შაჰს ისიც უნდა შეეთვალა დასახელებული მეფე-მთავრებისათვის, რომ მას, თავის მხრივ, კავშირი ჰქონდა ქართლის მეფე სვიმონთან და რუსეთის მეფესთან და რომ ისინი ჯარის გამოყვანას შეჰპირდნენ4. პაპმა ტერ-იაკობს გულახდილად უთხრა, რომ სუსტი იყო მისი გავლენა ქრისტიან მეფეთა კარზე და უკეთესი იქნებოდა თუ ირანისა და საქართველოს მეფეები თავიანთ ელჩებს ევროპის მეფეთა კარზე გააგზავნიდნენ5.
1. Tardy L., Op. cit., 32, p. 167.
2. Ibidem, p. 167-168.
3. თამარაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 77-78, 605-607.
4. Tardy L., Op. cit., 32, p. 169.
5. ძალაუნებურად გახსენდება საუკუნე-ნახევრის წინათ საქართველოს მეფე-მთავრების, ტრაპიზონის იმპერიისა და აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოების ელჩების უშედეგო მოგზაურობა ევროპაში. მაშინაც ხომ ასეთივე პასუხითა და რჩევით გაისტუმრა ისინი პაპმა პიუს II-მ.
ევროპის სახელმწიფოების რაიმე იდეისათვის შეკავშირება მაშინ შეუძლებელი იყო. ევროპის სახელმწიფოებს შორის გადაულახავი წინააღმდეგობები (რელიგიურ-იდეოლოგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური, ტერიტორიული) არსებობდა. ესპანეთი ხან იარაღით, ხან დიპლომატიური საშუალებებით ებრძოდა ინგლისსა და საფრანგეთს, გერმანიის პროტესტანტ მთავრებს და ჯერ კიდევ არ დასრულებულიყო მისი ბრძოლა ნიდერლანდების ბურჟუაზიულ რესპუბლიკასთან. უაღრესად დრამატული იყო იტალიის რესპუბლიკების და სამთავროების ურთიერთობა, არ იყო თანხმობა აღმოსავლეთ ევროპაში. ჰაბსბურგებს მუდმივი ტერიტორიული დავა ჰქონდა თავის აღმოსავლელ მეზობლებთან. ევროპის სახელმწიფოებს შორის სერიზული წინააღმდეგობა არსებობდა ოსმალეთის საკითხის გამო, რაც უმთავრესად მის სამფლობელოებთან ვაჭრობითა და იქ გამავალი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო-საქარავნო გზების გა მოყენებისათვის ხდებოდა. სარგებლობდა რა სულთნისაგან მინიჭებული სავაჭრო პრივილეგიებით (კაპიტულაციები), საფრანგეთი ყოველთვის თავს იკავებდა ანტიოსმალური პოლიტიკის გატარებისაგან. მის ასეთ პოზიციას ოსმალეთის მთავრობა დიდად აფასებდა.
აღმოსავლეთის ანტიოსმალური კოალიციის წევრებისათვის გასაგები იყო, რომ ევროპიდან რაიმე სერიოზული დახმარების იმედით ყოფნა არ შეიძლებოდა. შაჰ აბაზი აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა. 1597 წელს მან სასტიკად დაამარცხა ოზბეგები და ქურთები, რომლებიც ოსმალეთის მოკავშირეებად გამოვიდნენ. შაჰი ოსმალეთთან მომავალი ომისათვის ზურგს იმაგრებდა და დიდ წარმატებასაც მიაღწია. ამავე დროს შაჰ აბაზი რეალურად აფასებდა აღმოსავლეთის ლიგას. მან უფრო გააცხოველა სვიმონ მეფესთან ურთიერთობა, ხოლო ალექსანდრე მე ფეზე, ახლაც რუსეთისაკენ რომ იყურებოდა, ზემოქმედება გააძლიერა. 1598 წელს სვიმონ მეფემ, შაჰ აბაზთან შეთანხმებით, ოსმალეთთან ომი განაახლა. ეს უკვე 1595 წლის შეთანხმების გარკვეული ნაწილის რეალიზაციის დასაწყისს ნიშნავდა1. მართალი არ იყო მოსკოვის ელჩი ათანასე ვლასიევი, როცა იმპერატორ რუდოლფ II-ის კარზე იკვეხნიდა: სვიმონ მეფემ ოსმალეთთან ბრძოლა მეფე ბორის გოდუნოვის ბრძანებით დაიწყოო2.
საინტერესოა, შაჰს რას მისცემდა მხოლოდ ქართლის სამეფოს მიერ დაწყებული ბრძოლა, მაშინ, როცა ყიზილბაშები გარკვეულ დრომდე თავს იკავებდნენ ოსმალთთან ომის დაწყებაზე. სავარაუდოა, შაჰ აბაზი სვიმონის მიერ დაწყებული ბრძოლით მიზნად ისახავდა შემდეგს: 1) მოესინჯა ოსმალთა ძალები; 2) ევროპის სახელმწიფოებისათვის ეჩვენებინა, რომ აღმოსავლეთის კოალიციამ მოქმედება დაიწყო; 3) ქრისტიანი მეფე სვიმონის მიერ ოსმალეთის წინააღმდეგ ომის დაწყებას შეიძლებოდა შთაბეჭდილება მოეხდინა ევროპის სახელმწიფოთა მეთაურებზე და იმათაც სამხედრო მოქმედება დაეწყოთ.
სვიმონ მეფემ ომის დასაწყებად შემთხვევით არ შეარჩია 1598 წელი. ამ დროს ოსმალეთს მნიშვნელოვნად გართულებული საშინაო მდგომარეობა ჰქონდა. მიმდი ნარეობდა სახალხო აჯანყებები. სვიმონ მეფემ მოკლე დროში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მან პირველ რიგში თბილისის განთავისუფლება განიზრახა და 45 დღე მის მისადგომებთან დაჰყო, მაგრამ წარუმატებლად3. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით კი ამ დროს თბილისი ქართველებს ეპყრათ. „სვიმონ... აიღო ციხე ლორეცა და დაიპყრა თვით, მოვიდა ტფილისს და დაეზავა როსტომს იმერთა მეფესა“4. ახალი ქართლის ცხოვრების პირველი ტექსტი კი გვამცნობს, რომ სვიმონმა „კვლავ დაიპყრა ციხე ლორისა, შემოიქცა და მოვიდა თვისად სახლად“5. ხოლო ქართლის ცხოვრების მესამე ტექსტში ვკითხულობთ: „დაიპყრა ლორე და წარ მოვიდა გამარჯვებული სახლად თვისად“6. როდესაც ევროპულ და ქართულ ცნო ბებს ვადარებთ ვახუშტი ბატონიშვილის ნათქვამს, ვრწმუნდებით, რომ თბილისი კვლავ ოსმალებს ეკავათ.
1. გაბაშვილი ვ., დასახ. ნაშრ., გვ. 100.
2. Сношения Царя Феодора Иоановича и Бориса Годунова императором Рудольфом II, 1594-1604 гг., СПб., 1852 , с. 695.
3. Tardy L., Op. cit., 31, p. 200.
4. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 417.
5. იქვე, II, გვ. 378.
6. იქვე, გვ. 535.
1599 წლის 18 აპრილს სტამბოლიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, იმავე წლის 21 მაისს ფუგერის გაზეთი წერდა: „სვიმონმა, საქართ ველოს ძლიერმა ხელმწიფემ და მბრძანებელმა, ირანის შაჰთან დადებული შე თანხმების საფუძველზე, დაიწყო ბრძოლა ერთი მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრის წინააღმდეგ, რომელიც კარგად იყო აღჭურვილი ქვემეხებით. იგი ფერჰად ფაშამ ააგო და უკანასკნელი ომის დროს ირანის წინააღმდეგ იყენებდა“1.
ვფიქრობ, ლაპარაკია მეფის მიერ ტაშირის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტის ლორეს ციხე-სიმაგრის აღებაზე. ზემოთ გავეცანით მინადოის ნათქვამს, რომ ფერჰად ფაშამ ლორეს ციხე აღადგინა, შიგ 7-8 ათასიანი გარნიზონი 200 ქვემეხით ჩააყენა. სვიმონ მეფის მიერ ასეთი გამაგრებული და აღჭურვილი ციხის აღებას სერიოზული რეზონანსი ექნებოდა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში.
ლორეს დაპყრობის შემდეგ, მეფემ გორის ციხე გაათავისუფლა. საინტერესოა, რომ ევროპელი დამკვირვებლები მეფის წარმატებებს უკავშირებდნენ ოსმალეთში დაწყებულ სახალხო აჯანყებებს, კერძოდ, ჰუსეინ ფაშას აჯანყებას. 1599 წ. 15 ოქტომბრის ცნობით, „სვიმონი, საქართ ველოს მბრძანებელი, სრულ მხარდაჭერას იღებდა ჰუსეინ ფაშისაგან, რომელმაც სვიმონთან მოავლინა წარჩინებულთა დელეგაცია და დიდძალი ფული გამოუგზავნა თავისი გამოსახულებით“2.
1. Tardy L., Op. cit., 31, p. 200.
2. Collections d’historiens Armeniens, traduit par M. Brosset, t. I, SPb., 1874, p. 275; სვანიძე მ., დასახ. ნაშრ., გვ. 221.
მეფესა და აჯანყებულ ანატოლიელებს შორის კავშირზე მიუთითებს სხვა წყაროც, რომელშიც ნათქვამია, რომ, როდესაც დატყვევებული სვიმონი არზრუმში ჩაიყვანეს, იქ დროებით გააჩერეს, რადგანაც ანატოლიაში ოსმალეთის სულთნის წინააღმდეგ აჯანყებულთა ხელმძღვანელმა ყარა იაზიჩიმ (1599-1603) გადაწყვიტა, სვიმონ მეფე ტყვეობიდან გამოეხსნა. მან თავის თანამებრძოლებს უბრძანა, სვიმონი მოენახათ, მცველებისათვის მოეტაცათ და მასთან მიეყვანათ1. ამასვე აღნიშნავს სომეხი ის ტორიკოსი არაქელ დავრიჟეცი2.
ანატოლიაში მიმდინარე აჯანყებებმა სვიმონ მეფეს მოქმედება გაუადვილა. შაჰმა მაშინვე შეაფასა შექმნილი ვითარება და ქართლის მეფე არზრუმის დასაპყრობად წააქეზა. იტალიური ჟურნალისტიკის ფუძემდებელი ბერნარდინო ბეკარი 1599 წელს წერდა, რომ „არც აზიაში მიდის თურქების საქმე კარგად. საქართველოს მეფე სვიმონი 20 ათასი არკებუზერით და 5 ათასი მხედრით შეიჭრა არზრუმის მხარეში, სადაც ყველაფერი ცეცხლსა და მახვილს მისცა, დაიპყრო ოთხი ქალაქი და ხელთ იგდო მრავალი ქვემეხი“3.
იმავე წლის 8 ოქტომბერს ფუგერის გაზეთი წერდა: „სვიმონ მეფეს შეეძლო დიდი წარმატებისათვის მიეღწია და ოსმალთა ტერიტორიები აზიაში დაეპყრო, რადგან ადგილობრივი ფაშის მიერ გამოგზავნილ სამხედრო ნაწილებს სვიმონის წინააღმდეგ ბრძოლა არ სურდათ“4.
1. Tardy L., Op. cit., 31, p. 201.
2. არაქელ დავრიჟეცის ცნობები საქართველოს შესახებ. თარგმანი, შესავალი და კომენტარები კ. კუციასი, თბ., 1974, გვ. 54. იაზიჩის სრულიად განსხვავებულ განზრახვასა და მოქმედებაზე გვამცნობს სხვა სომეხი ისტორიკოსი ჰოვანეს წარეცი. მისი თქმით, გზად მიმავალი სვიმონი სულთნის წინააღმდეგ აჯანყებულმა არზრუმის მმართველმა იაზიჩმა შეიპყრო. კუცია კ., გრიგოლ დარანაღცის ცნობა სვიმონ I-ის სტამბოლში ტყვეობის შესახებ. საქართვერლოს ისტორიის აღმო სავლური მასალები, თბ., 1975 , გვ. 123, შენ. 4.
3. Tardy L., Op. cit., 31, p. 204.
4. Ibidem, p. 200.
ზემომოყვანილი ცნობების გარდა, სხვა რაიმე საბუთი, სვიმონ მეფის ანატოლიელ აჯანყებულებთან ურთიერთობის ან არზრუმზე მისი თავდასხმის შეს ახებ, არ გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის ევროპელი დიპლომატებისა და კორესპონდენტების მიერ სვიმონ მეფის ოსმალებთან ბრძოლის შედეგების გაზვიადება. ქართული წყაროების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სვიმონ მეფეს, ბოლო ხანებში, არ ჰქონდა ისეთი ძალა, რომლითაც ასეთი სერიოზული სამხედრო ოპერაციების განხორციელებას შესძლებდა. მან ხომ შედარებით იოლად მოსაგებ ზოგიერთ ბრძოლაში საქართველოში განიცადა მარცხი. ასეა თუ ისე, ვიდრე არ აღმოჩნდება სხვა მასალები, მანამდე ფუგერის გაზეთში გამოქვეყნებული მასალები არ შეიძლება სანდოდ მივიჩნიოთ.
ლორეს დაპყრობის შემდეგ, სვიმონ მეფემ ოსმალების მიერ ძლიერ გამაგრებულ გორს შეუტია. ციხეში ოსმალებთან ერთად გამუსლიმანებული მესხებიც იმყოფებოდნენ. ალყა ცხრა თვეს გაგრძელდა. მეციხოვნენი სურსათის ნაკლებობას განიცდიდნენ, მაგრამ ციხიდან გამოსვლას ვერ ბედავდნენ. გაჭირვებამ მაინც თავისი გაიტანა და 500 ოსმალო ციხიდან გამოვიდა, ახლომახლო სოფლები მოარბია და დიდძალი სურსათი და პირუტყვი იშოვა. მაგრამ მათ ციხეში შესვლა ვეღარ მოასწრეს. ბატონიშვილმა გოჩამ 500 დარჩეული მებრძოლით გზა გადაუჭრა და მრავალი ამოწყვიტა. ამ წარმატების შემდეგ მეფემ კიდევ უფრო გაამკაცრა ალყა, მაგრამ გორის აღება მაინც ვერ შესძლო.
სულთნის კარზე სათანადოდ შეაფასეს საქართველოში შექმნილი მდგომარეობა და საგანგებო ზომები გაატარეს: სასწრაფოდ ჩატარდა მობილიზაცია და საქართველოში დიდი ჯარი გამოგზვნეს ჯაფარ-ფაშას მეთაურობით. არსებობს სულთან მეჰმედ III-ის (1595-1603) 1599 წლის აპრილის შუა რიცხვებში გამოცემული ფირმანი ქართლის სამეფოში სვიმონ მეფის მიერ დაწყებული აჯანყების ლიკვიდაციისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რომელიც დაეგზავნათ: ოვსილის სანჯაყბეგს - მეჰმედს, მაღრის სანჯაყბეგს - კარაბეგს, ისბორის სანჯაყბეგს - ნური ალის, არმანის სანჯაყბეგს - ველის, ლაჩინის სან ჯაყბეგს - ნიზამის, სამანის სანჯაყბეგს - ქუჩუქს და სელმასის სანჯაყბეგს - ღაზის:
„თურღა: სულთან მეჰმედ ხანი მურად ხანის (მურად III 1574-1595) ძე, მუდამ გამარჯვებული. ემირთა და წარჩინებულთა სიამაყეს, დიდებულთა და სახელოვანთა შორის რჩეულს, პატივმოსილს ძალაუფლებით, შემკულს ღირსებითა და ბრწყინ ვალებით, მაღალი ხელმწიფის წინაშე მრავალი წყალობით გამორჩეულს, ოვსილის სანჯაყ ბეგს, მეჰმედს, იყოს ხანგრძლივი სიცოცხლე მისი, როდესაც მოაღწევს უმაღლესი სამეუფეო ბრძანება, გეუწყოს, ამჟამად ქართლის მბრძანებელი სვიმონ ხანი აჯან ებული და აბობოქრებულია. იგი ჩემი ბედნიერების დედაქალაქის საზღვარზე მდებარე გორის ციხესთან მოვიდა, გარემოიცვა, ზოგიერთი ადგილები გადასწვა და გაავერანა, მთლიანად არეულობა გამოიწვია. გაუგონარი ვითარება შეიქმნა.
ამჟამად თავრიზის დაცვაში მყოფი, კეთილშობილი დესთური1, დიდებული მრჩეველი, ქვეყნის მომწესრიგებელი, ჩემი ვეზირი ჯაფარ ფაშა, იმატოს მისმა სიდიადემ, იმ საზღვრის მკვიდრთა გამგებელი რადგანაც იყო, იგი იქ მყოფი მესაზღვრე ბეგლაგბეგებისა და ვანისა და დიარბაქირის ვილაიეთებში მყოფ ქურთთა გამგებლების მეთაურად დაინიშნა. ამასთანავე გეუწყოს, რომ იგი [ჯაფარ ფაშა] სასწრაფოდ აიყარა, გორის ციხესთან მივიდა, ხსენებული ციხის გავერანებული ადგილები შეაკეთებინა. იმ წყეულებს შეუძლიათ ცეცხლითა და მახვილით მოვიდნენ. ვილაიეთისა და ქვეყნის დაპყრობის თაობაზე ჩემი დიდებული, ძლევამოსილი ფირმანი არსებობს. შენც ამ ჩემი ბედნიერი სამეუფეო, გულითადად გაცემული ბრძანებისა და რაც წარმოგიდგენია იმის მიხედვით იმოქმედე. ნაბრძანებია, რომ სამეფო ტახტის დაქვემდე ბარებაში მყოფი ქურთთა ლაშქარიც და მომთაბარეთა წინამძღოლის მიერ მომზადებული ძალები მტრის დასახვედრად მზად იყვნენ. აქედან გამომდინარე ვბრძანებ, რომ როდესაც ჩემი სამეუფეო ფირმანი მოაღწევს, მის საფუძველზე იმოქმედეთ. სახელმწიფო ტახტის დაქვემდებარე ბაში მყოფი ქურთთა ლაშქარი იარაღ-საჭურველითა ჯავშნით გარშემო შემოიკრიბეთ, მომზადებული იყავით. ხსენებულ ჩემს ვეზირს ცნობა გაეგზავნება... დაიწერა დიდებული რამაზანის თვის შუა რიცხვებში, წელი 10072. რამაზანის თვის შუა რიცხვები, წელი 1007 - 11-20 აპრილი 1599 წელი“.
1. დესთური - ძირითადი კანონი. სახელმწიფო დიდმოხელეები ვალდებულნი იყვნენ ეს დესთური ცხოვრებაში გაეტარებინათ. დესთურის აღმსრულებლად ითვლებოდნენ ვეზირები, მინისტრები, „მრჩეველები“ და სხვა წარჩინებულები. ვეზირებსა და დიდვაზირებს იმიტომ ერქვათ დესთური, რომ ემოქმედათ კანონითა და გარკვეული წესების მიხედვით. იხ. ჯიქია ს., ერთი თურქული საბუთი ცხინვალის შესახებ. თსუ შრომები, ტ. 116, 1965, თბ., გვ. 246; აბულაძე ც., ოთხი თურქული დოკუმენტი იმერეთის მეფის სოლომონ II-ის შესახებ, თსუ-ს შრომები, ტ. 121, თბ., 1967, გვ. 172.
2. ფირმანი გადმომცა ცნობილმა თურქოლოგმა-მეცნიერმა პროფ. ნოდარ შენგელიამ, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ. ფირმანს ვაქვეყნებ შემოკლებით. შენიშვნებიც ნ. შენგელიას ეკუთვნის.
ფირმანში გადმოცემული ამბავი და სულთნის ბრძანებით გასატარებელი ღონისძიებებთან ერთად ვიგებთ „ქართლის მბრძანებელი სვიმონ ხანის აჯანყებული და აბობოქრებული“ მებრძოლების მიერ 1599 წლის გორის ალყის დროს ოსმალებისათვის მიყენებული ზარალის შესახებ. ვიდრე სულთნის ფირმანით გათვალისწინებული ღონისძიებების ცხოვრებაში გატარება მოხდებოდა, მანამდე სვიმონ მეფემ ცბიერებით შეძლო გორის აღება. 1599 წლის დიდმარხვის დღეებში მეფემ ალყა მოხსნა და გორს გაეცალა. ოსმალებმა იცოდნენ, რომ ქრისტიანები დიდმარხვის დღეებში ომსა და შუღლს მოერიდებოდნენ და სიფხიზლე მოადუნეს.
მეფემ ფარსადან ციციშვილსა და სულხან თურმანიძეს დაავალა, თავიანთ მამულებში კიბეები დაემზადებინათ და ლაშქარიც მზადყოფნაში ყოლოდათ. დას ახელებულმა თავადებმა მეფის ბრძანება შეასრულეს და დათქმულ დროს ციხეს ფრთხილად მიეპარნენ. ციხეში დაბანაკებულმა ოსმალებმა ჯარის მიახლოება მაშინ გაიგეს, როცა იგი უკვე ქალაქში შესულიყო და ჩახრუხაძის საყდარსაც ასცილებოდა. როცა ოსმალებმა განგაში ასტეხეს, ქართველები კიბეებით უკვე ციხეში გადასულიყვნენ და შიგნით იბრ ძოდნენ. ოსმალები და მესხები დილამდე წინააღმდეგობას განაგრძობდნენ. როცა დარწმუნდნენ, რომ ბრძოლის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა, მეფეს „უვნებლობას შემოეხვეწნეს და ზოგნი მესხნი იგივე ციხეში ოქონის ხატს შე ეხვეწნეს და მეფეს საფიცარი სთხოვეს“. მეფემ თავისი ძმის ვახტანგის ხელით შეწყალების სიგელი გაუგზავნა. უფრო მეტიც, „ყველას ცხენი და სახარჯო მისცეს და საგზალი და ჯარი თან გაატანეს რომ გზაზე არავინ არ აწყინოს რამე“. ციხეში ნაშოვნი ნადავლის ერთი ნაწილი მეფემ თავის მებრძოლებს დაურიგა, ხოლო ის რაც სულთნის ქონებად ითვლებოდა თავის ძმას ვახტანგს უბრძანა სამეფო საკუთრებად გადაექცია.
გორის განთავისუფლების შემდეგ განთავისუფლდა მთელი ქართლი. ქართლსა და სამცხე-საათაბაგოში ანტიოსმალური აჯანყება დაიწყო.
ქართული წყაროების მიხედვით, სვიმონმა იცოდა რა ოსმალთა მზადების შესახებ (რაზეც, ზემოთმოყვანილ ფირმანშიც არის ნათქვამი) თავისი ოჯახი გორიდან მე ჯვრისხევში გადაიყვანა, უფლისწული გიორგი კი დიდი ჯარით გორში დატოვა და მისი დაცვა დაავალა. მეფე ჯარის შესაგროვებლად საბარათიანოში წავიდა, მაგრამ ვერ მოასწრო, ფარცხისთან დამარცხდა და ოსმალებმა დაატყვევეს. მეფე გასცა კახაბერ ყორღანაშვილმა, რომელიც შემდეგ საბარათიანოს ამირსპასალარმა, მეფის ერთგულმა საჩინო ბარათაშვილმა, შეიპყრო და გელიყარის კლდიდან გადააგდო.
სომეხი ისტორიკოსის არაქელ დავრიჟეცის მიხედვით, სვიმონი ტყვეობაში აღმოჩნდა შემდეგნაირად: „იმ მხარეს სადაც სვიმონი იმყოფებოდა, თურქებს სრულიადაც არ ჰქონდათ ეჭვი, რომ სვიმონი იქ იქნებოდა: ნადავლის წადილით თურქების ლაშქარს გამოეყო ერთი რაზმი და იმ მხარეს გაემართა. მათ დაინახეს ერთი ქართველი, შეიპყრეს იგი, ცოტა წინ წავიდნენ, სვიმონის რაზმი დაინახეს და ტყვეს ჰკითხეს მისი ვინაობა. როდესაც მისგან გაიგეს, რომ თვითონ სვიმონი იყო, თავზარდაცემული მაჰმადიანები უკან გაბრუნდნენ და საჩქაროდ სწრაფმრბენი ცხენით კაცი აფრინეს ბანაკში და ეს ამბავი მთავარსარდალ ჯაფარს შეატყობინეს. მას ძლიერ გაუხარდა და ბევრი მამაცი ვაჯკაცი გაამხნევა და გაგზავნა. ისინიც წავიდნენ, შეიპყრეს სვიმონი და მასთან მიიყვანეს. სვიმონს მისვლისთანავე შესახვედრად წინ მიეგება ჯაფარი. შემდეგ [თურქებმა] თავიანთ ენაზე ხმამაღლა ღაღადით ადიდეს უფალი“1.
ქართული წყარო მეფის დატყვევებაზე შემდეგნაირად მოგვითხრობს: „ქ ~კს სპზ მეფემან ცხრა თვეს გორის ციხეს იბრძოლა, აიღო, მას შინა მყოფნი ურუმნი გამოასხნა და მშვიდობით გაუშვა. - ამავე ქორონიკონსა მეფე და ურუმნი შეიბნეს აწეფის, ალგეთის პირს და ცხენი წაუქციეს ბრძოლასა შინა მეფეს თუ ლაშვილმა; დაიჭირეს თათართ მეფე სვიმონ და სტამბოლს ხონთქართან გაგზავნეს“2
რადგან ჯაფარ ფაშას მოახსენეს, რომ გორში მდგომი გიორგი უფლისწული მამის განთავისუფლებას შეეცდებაო, ოსმალები აიყარნენ და სვიმონიც თან წაიყვანეს. მართლაც, მეორე დღეს, ნაშუადღევს, მეფის დატყვევების ამბავი გორში მოვიდა. ბატონიშვილი გიორგი ცხენოსანთა რაზმით ოსმალებს დაედევნა, მაგრამ ამაოდ. დატყვევება იმ პატარა ქართული სამეფოს მეფისა, რომელიც 12 წლის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდა თითქმის მთელი ახლო აღმოსავლეთის დამპყრობელ ოსმალებს, სულთანმა უდიდეს წარმატებად ჩათვალა და ბრძანა სახელმწიფოს ქალაქებში ქუჩები მოერთოთ და სამი დღის განმავლობაში ყველა ლხენას მისცემოდა. სულთანმა ისიც ბრძანა, რომ სვიმონი მასთან მიეყვანათ3. 1600 წლის 21 ივნისს მეფე სტამბოლში ჩაიყვანეს და იედიკულეს4 ციხეში მოათავსეს.
1. არაქელ დავრიჟეცი, გვ. 53.
2. ქრონიკები, II, გვ. 43.
3. არაქელ დავრიჟეცი, გვ. 53.
4. იედი კულე (თურქ. ყედი – შვიდი და კულე – ციხე, ე.ი. შვიდკოშკა, შვიდბურჯიანი ციხე) - მდებარეობს სტამბოლის ამავე სახელწოდების უბანში, მარმარილოს ზღვის ნაპირას. ელჩებს, ვეზირებს და მაღალი თანამდებობის იმ დამნაშავეებს, რომლებსაც სიკვდილი ჰქონდათ მისჯილი, ამ ციხეში ათავსებდნენ. სიკვდილით დასჯის ადგილად შერჩეული იყო იმპერატორ თეოდოსის მიერ აშენებული თაღის მარცხნივ მდებარე მარმარილოს კოშკი. სიკვდილმისჯილებს აგდებდნენ ბნელ დილეგში. მოკვეთილ თავებს ჰყრიდნენ ქვისსახურავიან ჭაში. რომელსაც სისხლის ჭას ეძახდნენ. ჯიქია ს., ეპიზოდი XVI საუკუნის საქართველოს ისტორიიდან, გვ. 56.
ბატონიშვილი გიორგის და შაჰ აბას I-ის ცდამ, დაეხსნათ მეფე ტყვეობიდან, შედეგი არ გამოიღო: „ქართველთ დაუწყეს ხონთქარს ხვეწნა და მეფის სვიმონის გამოშვება ეაჯნეს. მრავალი ძვირფასი თვალ-მარგალიტი გაუგზავნეს და გიორგი მეფის შვილი დავით მძევლად მიჰგვარეს, რომ წამოიყვანონ“1. შემდეგში საქართველოში ხმა გავრცელდა გიორგი X-ის უფროსი ვაჟის დავითის დაკარგვის შესახებ რასაც „პარიზის ქრონიკა“ გვამცნობს2. დავითი, ერთი ფრანგული ცნობით, 1609 წელს 14 წლისა იყო და იყო ჭკვიანი და კეთილი ბუნების ახალგაზრდა3. საინტერესოა, რომ მეფის დახსნისათვის ენერგიულად იღწვოდა მეფის მეორე შვილიშვილი, ულამაზესი თინათინი, რომელიც სპარსულ და ევროპულ წყაროებში ცნობილია გულჩარა (გულჩაჰრას) სახელით. გულჩარა, დავითის და იყო. გულჩარამ, მართალია მეფის განთავისუფლება ვერ შესძლო, მაგრამ დიპლომატის დიდი ნიჭი გამოამჟღავნა. გულჩარას სტამბოლში ასეთი საქმიანობის შედეგი იყო, რომ ერთი პირობა სულთნის კარმა სვიმონ მეფეს ირან-ოსმალეთს შორის დაზავების მოგვარება დაავალა და მხოლოდ ამის შემდეგ ჰპირდებოდა ტყვეობიდან განთავისუფლებას. სვიმონი და გულჩარა სტამბოლიდან ერთი კვირის წასულები იყვნენ ირანის მიმართულებით, როცა სულ თანმა აჰმედ III-მ (1603-1617) გადაწყვეტილება შეცვალა და სვიმონი უკან დააბრუნა, გულჩარამ კი გზა გააგრძელა. მან შაჰ აბაზს ის წერილები წაუღო, რომლებშიც ზავის დადების აუცილებლობასთან ერთად საქართველოს შესახებაც იქნებოდა თხოვნა და მოთხოვნაც. საზავო მოლაპარაკება, რომლის შუამავლადაც გულჩარა გამოდიოდა საკმაოდ გაგრძელდა. ამასობაში 75 წელს მიახლოვებული მეფე ტყვეობაში გარდაიცვალა 1611 წელს.
1. ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 16.
2. იქვე, გვ. 22.
3. სვანიძე, დასახ. ნაშრ., გვ. 238.
გულჩარას დიპლომატიური მოღვაწეობის შედეგად, 1612 წლის 20 ნოემბერს სტამბულში ირან-ოსმალეთის ზავი დაიდო1. ამგვარად, სვიმონ მეფის გარდაცვალე ბასთან დაკავშირებული ქართული წყაროების ცნობები სიმართლეს არ ასახავს. ერთ-ერთი ქართული ქრონიკების მიხედვით, სვმონ მეფე „იედიყულაში დაატყვევეს, სამი წელიწადი იქ იყო, გამოიყვანეს და ათ მეიდანზედ თავი გააგდებინეს“2. სხვაგან კი ვკითხულობთ: „მეფე ედი კულეში მოკლეს და ბატონისშვილი დავით დაიკარგა“3. მეფის ნეშტი სტამბოლიდან ჩამოასვენა გორელმა ვაჭარმა დიაკვნიშვილმა და მცხეთაში დაკრძალეს.
სვიმონ მეფის პოლიტიკური და სამხედრო ასპარეზიდან წასვლამ საგრძნობლად დაასუსტა საქართველოს ანტიოსმალური ძალა. ამ გარემოებამ, გარკვეული გაგებით, საგრძნობლად გაართულა, ალექსანდრე კახთა მეფის მდგომარეობა. აქამდე სვიმონ მეფე ოსმალებს იარაღითა და დიპლომატიური საშუალებებით ებრძოდა (ალექსანდრე II იმავე ოსმალების პრეტენზიებისაგან თავის დახსნას მხოლოდ დიპლომატიით ცდილობდა), რაც კახეთის სამეფოს მგომარეობას საგრძნობლად უმსუბუქებდა. ოსმალეთი იძულებული იყო, მთელი ყურადღება ამიერკავკასიაში, კერძოდ, საქართველოში, ქართლის სამეფოსათვის მიეპყრო. ასეთ ვითარებაში, ოსმალეთის მთავრობა კახეთის მი მართ მკაცრი პოლიტიკის გატარებას ერიდებოდა. ოსმალეთში ცნობილი იყო, რომ კახეთის სამეფო არც ირანის, ოსმალეთის დაუძინებელი მტრის, ერთგული იყო. ალექსანდრე II კარგად ხედავდა, როგორ იცვლებოდა ვითარება ახლო აღმოსავლეთში. ირან ოსმალეთის ომი ახლოვდებოდა. გაურკვეველი იყო ვინ გაიმარჯვებდა. ჯერჯერობით არც ერთი მხარისათვის მიმხრობა სასურველი არ იყო. ამიტომ კახელმა დიპლომატებმა კვლავ სცადეს რუსეთი ჩაებათ კავკასიის საქმეებში.
1. გულჩარას შესახებ იხ. სვანიძე მ, საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები (XIV-XVIII) თბ., 1990, გვ. 261-276.
2. ქრონიკები, II, გვ. 431.
3. პარიზის ქრონიკა, ანუ ცხოვრება საქართველოსა, რედ. ზ. ჭიჭინაძე, თბ., 1903, გვ. 22.
1598 წელს ალექსანდრე მეფემ კახეთში რუსეთის ელჩებს განუცხადა, რომ რუსეთის ხელმწიფემ თურქებისაგან დაცვა აღმითქვა და თურქებისათვის მისაცემი ხარკი თავისთვის მოითხოვოსო1. ვერ დავეთანხმები იმ აზრს, თითქოს „აქამდის საკითხს აგრე არ სვამდა კახთა მეფე და კახეთ-ოსმალეთის ურთიერთობაში მფარველის აშკარა ჩარევას ერიდებოდა“2. ზემომოყვანილი რუსული და ევროპული წყაროების საფუძველზე ვფიქრობ, რომ ალექსანდრე კი არ ერიდებოდა კახეთ-ოსმალეთის ურთიერთობაში მოსკოვის სახელმწიფოს აშკარა ჩარევას, არამედ, პირიქით, მოსკოვის მთავრობა ერიდებოდა. ალექსანდრეს უნდოდა, რაც შეიძლებოდა აშკარა, ყველასათვის დასანახი გამხდარიყო მოსკოვის სახელმწიფოს კახეთისათვის მხარდაჭერა, ამ უკანასკნელის ოსმალეთთან და ირანთან ურთიერთობის საკითხში.
1. „Велел меня от Турскаго оборонить; а что с меня Турской дани емлет, и государь бы тое дан ве лел имати на себя, государя“. Сношения России с Кавказом, с. 314.
2. ბერძენიშვილი ნ., დასახ. ნაშრ., გვ. 77.
ალექსანდრე მეფის მიერ მოსკოვის ხელმწიფისათვის ოსმალეთის კუთვნილი ხარკის შეთავაზება უკანასკნელი ნაბიჯი იყო მისი საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზნისაკენ - რადაც არ უნდა დაჯდომოდა, გაეაქტიურებინა მოსკოვის პოლიტიკა ამიერკავკასიაში, მფარველისაგან რეალური დახმარება მიეღო. მაგრამ ალექსანდრე მეფის ყოველი ცდა ამაო აღმოჩნდა.
მოსკოვის მთავრობის მიერ ალექსანდრე კახთა მეფის წინადადებაზე თავის შეკავება, სრულიადაც არ ნიშნავდა ოსმალეთისადმი მტრულ მოქმედებაზე თავის შეკავებით გამოწვეულ მდუმარებას. პირიქით, მეფე ბორის გოდუნოვი გულმოდგინედ ცდილობდა ანტიოსმალური კოალიციის შექმნას. მაშ რატომ არ მიიღეს მოსკოვში კახეთის მეფის წინადადება? საფიქრებელია, მოსკოვის მთავრობა ანგარიშს უწევდა ირანის ინტერესებს საქართველოს მიმართ. მოსკოვში, ალბათ, ვარაუდობდნენ, რომ კახეთის საქმეებში აქტიურად ჩაბმა გამოიწვევდა ირანთან ურთიერთობის შეფერხებას. ირანი იყო ოსმალეთის პოტენციური მოწინააღმდეგე აღმოსავლეთში და მასთან ურთიერთობის გართულება კახეთის სამეფოს გამო, მაშინ, როცა მოსკოვის მთავრობისათვის ცნობილი გახდა (1601 წ. რეჩპოსპოლიტის მეფე ზიგმუნდ III-სა და ყირიმის ხანს - ღაზი გირეის შორის მოლაპარაკება რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივი ომის დაწყების შესახებ1), მოსკოვის სახელმწიფოს თავდაცვის ინტერესებს არ შეესაბამებოდა. სწორედ ამ მოსაზრებით უნდა ყოფილიყო განპირობებული, რომ ირანში გაგზავნილ ალექსანდრე თევდორეს ძე ჟიროვ-ზასეკინის ელჩობას (1600-1601) სპეციალური დავალება მიეცა, რომ შაჰის კარზე, ამჯერად, არ უნდა ყოფილიყო დაყენებული საქართველოს საკითხი. ყიზილბაშები თუ მაინც წამოჭრიდნენ, მაშინ მოსკოვის ელჩს ფრთხილად, მაგრამ მტკიცედ უნდა განეცხადებინა, რომ ოსმალეთის, შამხალისა და სხვა მთიელებისაგან ძლიერ შევიწროებულმა კახეთის მეფემ დაცვა სთხოვა მეფე თევდორე ივანეს ძეს. მან, როგორც ერთმორწმუნემ, თავის მფარველობაში მიიღო ალექსანდრე მეფე2.
მოსკოვის მთავრობის საქართველოს საკითხზე დუმილი, მხოლოდ არსებული ვითარებით იყო გამოწვეული. ამის შემდეგ, მიუხედავად რუსეთში დაწყებული უცხოელთა ინტერვენციისა (ცრუ დიმიტრი I, ცრუ დიმიტრი II, პოლონეთისა და შვედეთის ინტერვენცია) და დიდი სოციალური მოძრაობისა (გლეხთა ომი ბოლოტნიკოვის მეთაურობით), მოსკოვში არასოდეს არ ივიწყებდნენ, რომ „საქართველო ყოველთვის იქნებოდა რუსეთის პოტენციური მოკავშირე და პლაცდარმი კავკასიისათვის შემდგომ ბრძოლაში. ამიტომ რუსეთის მთავრობა დიდ მორალურ (შეძლებისდაგვარად მატერიალურსაც) დახმარებას უწევდა საქართველოს“3.
1. Новосельский А. А., Борьба Московского государства с татарами в первой половине XVI века, М., 1948 , с. 109.
2. Сношения России с Кавказом, с. 570; Веселовский Н., Ук. труд, с. 47-48; Бушев П.П., Ук. труд, с. 369-370.
3. Накашидзе Н. Т., Грузино-русские политические отношения в первой половине XVII века, Тб., 1968 , с. 17-18.
ოსმალეთის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებში მიმდინარე გლეხთა აჯანყებებმა, ოსმალთა წარუმატებელმა ომებმა ევროპაში, შაჰ აბას I-ს თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცა. მან მაშინვე გამოიყენა ეს ხელსაყრელი ვითარება. 1603 წელს დაიწყო ირან-ოსმალეთის ომი. ყიზილბაშებმა თავიდანვე დიდ წარმატებას მიაღწიეს. ოსმალეთთან წარმტებული ომის პირობებში შაჰმა გადაწყვიტა განემტკიცებინა თავისი პოზიციები საქართველოში. შაჰ აბასს კახეთის სამეფოს რუსეთთან კავშირი განსაკუთრებით აშფოთებდა და ალექსანდრე მეფის ფიზიკური მოსპობით ამ კავშირის გაწყვეტას ფიქრობდა. შაჰმა ისე მოაწყო, რომ ალექსანდრე მეფე მისივე შვილმა კონსტანტინემ მოკლა 1605 წელს.
ჯერ ოსმალების მიერ სვიმონ მეფის დატყვევებით, შემდეგ ყიზილბაშების მიერ ალექსანდრე მეფის დაღუპვით, დასრულდა საქართველოს ანტიოსმალურ კოალიციებში მონაწილეობის ხანგრძლივი, საუკუნენახევრიანი პერიოდი. ირანისა და ოსმალეთის მოძალების პირობებში, საქართველოს სამეფო-სამთავროებმა კარგა ხნით დაკარგეს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარების უნარი. ქართლ-კახეთი ყიზილბაშთა თარეშისა და ძმათა შორის სისხლისმღვრელი ფეოდალური ომების არენად გადაიქცა, ხოლო დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკა, ძირითადად, ოსმალეთთან ურთიერთობით შემოიფარგლა.
Комментариев нет:
Отправить комментарий