воскресенье, 31 декабря 2017 г.

ბიზანტიის ბოლო ავგუსტ კონსტანტინე XI-ის დანიშვნა საქართველოს მეფე გიორგი VIII-ის ასულზე (1452 წ.)

მოგვითხრობს ავგუსტის კარისკაცი და ისტორიკოსი:
    „კონსტანტინეს ტახტზე ასვლის შემდეგ, დედამისი დედოფალი და კარის კაცნი შეუდგნენ მისთვის სარძლოს ამორჩევას. იმპერატორს აძლევდნენ ვენეციის დოჟის ფრანც ფოკარის (1423-1457) ქალს, მაგრამ კარის კაცებმა და ბიზანტიის დიდებულებმა უარყვეს ეს მოყვრობითი კავშირი არჩევადი მაგისტრატისა და მემკვიდრეობით ავგუსტს შორის. მაშინ ავგუსტის ყურადღება დარჩა ორ სამეფო ოჯახობაზე - საქართველოსა და ტრაპიზონისაზე. აირჩია უფლების მქონე ელჩად ფრანჩი პროტოვესტიარი, რომელიც მრავალი სიმდიდრით წარგზავნა საქართველოში. მას ახლდნენ მრავალი კეთილშობილნი, მცველნი, მეხმლენი, ბერნი და მესაკრავენი. ქალაქნი და სოფლები, სადაც გაივლიდნენ ისინი, დიდი ყურადღებით ეგებებოდნენ მათ, ხოლო მათი საკრავები ყურთასმენას უტკბობდა მათ და მრავალი ცნობისმოყვარე ადამიანი იკრიბებოდა. ამ ცნობის მოყვარეთა შორის იყო ასი წლის მოხუცი, 1398 წელს თემურისგან ტყვედ წაყვანილი ინდოეთს; ინდოეთიდან „სუნნელოვან“ ჭალაკებში გამოქცეულიყო და აქიდან ესპანეთის გემზე - პორტუგალიაში. სტუმართ მოყვარულ საქართველოში ფრანჩმა აირჩია მეფის რძლად ახალგაზრდა ასული ქართველთა მეფისა. მეფე გიორგიმ, კმაყოფილმა ბიზანტიასთან დამოყვრებით, არა თუ არ მიიღო, ამ ქვეყნის ჩვეულებისამებრ, საჩუქრები ქალისათვის, არამედ, პირიქით, მისცა ქალს 56000 ოქროს დუკატი და დაუნიშნა მას ყოველწლიურად 5000 დუკატი სარჩოდ. მეფე არწმუნებდა ელჩს, შენი შრომა უსასყიდლოდ არ დარჩება და როგორც ავგუსტმა შვილი მოგინათლად ისე ყოფად-დედოფალი (გიორგი მეფის ასული) ეცდება შენი ასულის გაბედნიერებასო. ელჩის კონსტანტინეპოლში დაბრუნების შემდეგ ავგუსტმა სიგელით დაამტკიცა სადედოფლოდ არჩეული ქალი მეფისა, თავისი ხელით დაასვა სიგელს სამი წითელი ჯვარი და მეფე გიორგის მხრიდან გაგზავნილი ელჩი დაარწმუნა, რომ გაზაფხულის პირზე ბიზანტიელთა გემები წამოიყვანდნენ საქართველოდან სარძლოს. იმავე ფრანჩის მიანდო საიდუმლოდ, რათა მას, კიპროსის შესახებ მინდობილობის აღსრულების შემდეგ, საქართველოდან წამოეყვანა ყოფად-ავგუსტა. ფრანჩი ზამთარს ემზადებოდა საქართველოში წასასვლელად, მაგრამ აპრილის 1453 წლისას კონსტანტინეპოლს ალყა შემოარტყა და განზრახული ქორწინება დაირღვა კონსტანტინეპოლ ქალაქითურთ და თან ჩაიტანა გმირულად მებრძოლი ავგუსტი“.
     მოგვიანებით მეფის ასული ნინო (მარიამი) დააქორწინეს არაგვის ერისთავ გიორგი ვამეყის ძე შაბურიძეზე.



суббота, 30 декабря 2017 г.

მურად IV-ის წერილი ქურთ ფეოდალებს 1625 წ.

წერილში ოსმალეთის ფადიშაჰი ქურთებს მოუწოდებს, შეუერთდნენ ყიზილბაშების წინააღმდეგ აჯანყებულ ქართველებს და ერთობლივი ძალით შეეცადონ ზიანი მიაყენონ სპარსეთს.
რადგანაც საქართველოს ამირები ძველი დროიდანვე სამართლიანობის სახელით ცნობილ მტკიცე საფუძვლის ჩემს ოჯახსა და მარადიული საგვარეულოს ჩემს შენობას ემორჩილებოდნენ, ამიტომ მათი სამფლობელოები დაცული იყო გზადაბნეული ყიზილბაშისაგან, ხოლო მათი ღირსება და ქონება დაზღვეული გარეშე ლაშქრისაგან; მდიდრები და ღარიბები ჩემს მიერ მინიჭებული ბედნიერი დღეების სიმშვიდეში ცხოვრობდნენ. მაგრამ ზოგმა მათგანმა ცოდვიანი შაჰის ეშმაკობისა და ვერაგობისადმი გულგრილობა გამოიჩინა და იმ შაჰის მხარისადმი მორჩილება და კარგი განწყობილება გამოავლინა, რის შედეგად მათი კეთილაშენებული ქვეყნები დარბეულ იქნა, ხოლო ხალხი, ოჯახები, ქონება და შემოსავალი მრავალჯერ დაზარალდა. რაკი მტრების ბატონობა დღითიდღე მატულობდა, მათ ქართველებმა, რომელთა ბუნებაში თანდაყოლილია თავდადებულობა და გულმოდგინება, ყიზილბაშის მიერ შექმნილი ვითარებით გამოწვეული სიავე ვეღარ აიტანეს. ზაგემის მმართველი თეიმურაზ-ხანი, ქართლის მმართველი მოურავ-ხანი, გურიელი, დადიანი, კარაკალკანის მბრძანებლებთან და საქართველოს სხვა ამირებთან გაერთიანდნენ და შეკავშირდნენ და ბოროტი ზრახვით საქართველოში შესასევად მისულ ავსულიან ყიზილბაშის ლაშქარს წინაღუდგნენ და ბრძოლა გაუმართეს; მრავალი ხანი მოკლეს; ვინც ცოცხალი გადარჩა, ძლეული დროშებით უკან გაბრუნდა. ქართველები ფეხდაფეხ დაედევნენ ბრძოლის ველიდან გაქცეულებს და ყარაბაღის საზღვრებამდე სდიეს, ყიზილბაშთა არაერთი სახელოვანი პირი ადვილად დახოცეს, ხოლო მათი ქვეყნები გაძარცვეს და დაარბიეს, ციხეები დააქციეს. შემდეგ, სამაგიეროს მიზღვის მიზნით, კვლავ გაერთიანებულ და საქართველოზე მისულ ხსენებულ წყეულებს შეხვდნენ და დიდი ომი გადაიხადეს. რადგანაც ყიზილბაში სარდალი დაატყვევეს და მრავალი გამოჩენილი ყიზილბაში დახოცეს, მაღალი ალლაჰის შემწეობით კარგი სახელი დაიმსახურეს.
რადგანაც სასიამოვნო გამარჯვებათა სულისჩამდგმელმა მოურავ-ხანმა ზემოაღწერილი ამბების შესახებ დაწვრილებით მომახსენა და მაუწყა, ამიტომ ჩემმა კარგმა შეხედულებამ თქვენს მიმართ იმატა. ჩემი კეთილი სურვილის და დიდსულოვნების ნიშანი ახლა თქვენა ხართ. თქვენგან მოსალოდნელი, ასეთივე თავდაუზოგავი და ენერგიული საქმიანობა გამოავლინეთ. თქვენს მიერ დამტკიცებული ვაჟკაცობის გამო ჩემმა ხელმწიფურმა მზრუნველობამ იმატა: ჩემი დიდებული ხალათებიდან თითო, სიხარულის მომგვრელი ხალათი გეწყალობათ და გებოძათ, რომელთა წამოსაღებად მავანი კაცი დაინიშნა. თქვენი ერთგულების, გმირობისა და მამაცობის კვალობაზე ყოველივე იღონეთ. ჩემი მაღალი კარიდან გამოყოფილი იენიჩარების მეომრებთან, მაგ საზღვრებზე მდებარე ვილაიეთების ბეგლარბეგებთან, ზაგემის მმართველ თეიმურაზ-ხანთან, ქართლის მმართველ მოურავ-ხანთან, გურიელთან, დადიანთან, კარაკალკანის მბრძანებლებთან და სხვა ქართველ ამირებთან გაერთიანდით და შეკავშირდით. თუ მაღალმა ალლაჰმა ინება, ჩემი სახელოვანი სარდალი მაგ მხარისაკენ გამოილაშქრებს. საძაგელი ყიზილბაშის ქვეყნების აოხრებასა და გადაბუგვას, მაგ საზღვრების მახლობლად მდებარე ციხეების აღებასა და ვერაგი ბრბოს გაჟლეტას ბეჟითად მოეკიდეთ და ვაჟკაცობა გამოიჩინეთ. გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოს ამირების მიერ დამტკიცებული გულწრფელი ნასაქმევის პატიოსანი და ღირსეული შედეგების მოპოვების შესახებ ერთმანეთს შეატყობინეთ და გააგებინეთ. მაგ პირობის, კავშირისა და ფიცისადმი სუსტად და მერყევად განწყობილი ქურთული ტომების ეშმაკობასა და სიცრუეს არ ენდოთ და მათი ვარეგობა და ცბიერება სარწმუნოდ არ მიიღოთ. სიბრძნისა და სიფხიზლის შესაფერისად, ღირსებისა და პატიოსნების საკადრისად და ჩემს სამეუფეო ნებასთან შეთანხმებული თადარიგითა და მზადყოფნით დაიცავით ქვეყანა და საქმეში ძალმიცემით გაისარჯენით. თუ მაღალმა ალლაჰმა ინება, თქვენი სამსახური არ დაიკარგება. თქვენთვის ჩემი მაღალი წყალობის ბოძება გადაწყვეტილი ამბავია. ამიერიდან არ შეწყვიტოთ მომხდარ ამბებზე წერა ბედნიერების საყრდენი ჩემი კარისთვის და მათი მოხსენება და შეტყობინება ჩემი ძლევამოსილი, სახელოვანი სარდლისათვის“.

ფადიშაჰ აჰმედ III-ის ფირმანი მეფე ბაქარ ვახტანგის ძეს

დოკუმენტში ასახულია ის მომენტი, როდესაც 1723 წლის ივნისში ოსმალებმა უომრად დაიპყრეს ქართლი და თავდაპირველად, ფეხის მოკიდების მიზნით, ქართლის გამგებლობა ბაქარ ბატონიშვილს დააკისრეს.
აჰმედ1 ხან მეჰმედის ძე, მარადის გამარჯვებული
დიდებულთა და წარჩინებულთა ბელადო, თბილისის ამასწინანდელი მეფის ვახტანგ ხანის ძევ, იბრაჰიმ2 - იმძლავროს მისმა დიდებამ - ეს მაღალი სამეფო სიგელი შენთან რომ მოაღწევს, იცოდე: პატივცემულმა დესთურმა, დიდებულმა მუშირმა, ქვეყნის მომწესრიგებელმა, არზრუმის ვილაიეთის მფლობელმა და თბილისი მხარეში ამასწინათ გაგზავნილი ისლამის ჯარის სარდალმა, ვეზირმა ჩემმა იბრაჰიმ ფაშამ3 - მაღალმა ალლაჰმა ხანგრძლივჰყოს დიდებულება მისი - ჩემს ბედნიერ სამეფო კარს წერილი გამოუგზავნა და მოგვახსენა: თბილისის ვილაიეთი, ამასწინათ რომ კეთილადდაცული ისლამის სახელმწიფოს სამფლობელო იყო, ზოგ რთულ ვითარებათა გამო ირანის შაჰების ხელში ჩავარდა; ამიტომ ჩვენ, დიდი ალლაჰის წყალობით, მის აღებასა და დაპყრობას მტკიცედ და წარმატებით მივაღწიეთ. ვინაიდან ამჟამად შენც ახლოს დგახარ ღვთიურ შეწყალებასა და შეწევნასთან, შენი მართალ გზაზე დგომისაკენ ღვთიური მისწრაფებით და ისლამის პატივის მიღებით გაპატიოსნდი და გაკეთილშობილდი, ამიტომ იბრაჰიმ ფაშამ წყალობა გვთხოვა, რათა თბილისის ვილაიეთი და მისი ბეგლარბეგობა იურთლუკისა და ოჯაკლიკის წესით4 გებოძოს შენ.
გარდა ამისა, პატივმოსილმა დესთურმა, დიდებულმა მუშირმა, ქვეყნის მომწესრიგებელმა, დიარბექირის ვილაიეთის მფლობელმა ვეზირმა ჩემმა აჰმედ ფაშამაც5 - მაღალმა ალლაჰმა ხანგრძლივჰყოს დიდებულება მისი - წერილით იშუამდგომლა და აგრეთვე მაგ მხარეში წარგზავნილმა ბეგლარბეგებმა და ჯარის სხვა მეთაურებმაც ერთობლივი არზა წარმოადგინეს ზემოხსენებული თანამდებობისა და მამულის შენთვის ბოძების შესახებ.
ამიტომ ამჟამად თქვენდამი გამოვიჩინეთ მომეტებული, უზენაესი მეფური წყალობა და უმაღლესი სამეფო სათნო ღირსება და გამოვეცი დიდებამოსილი, უზენაესი სამეფო სიგელი, რათა ამა 1135 წლის ზილ-კადას მესამე დღიდან (1723 წლის 5 აგვისტო) მოკიდებული დაეუფლო თბილისის საბეგლარბეგოს იურთლუკისა და ოჯაკლიკის წესით, რომელიც გებოძა და გრწყალობა შენ. ამ გადაწყვეტილების თქვენთვის მოსახსენებლად დაინიშნა... ვბრძანებ, ჩემს მიერ გაცემული დიდებამოსილი და მაღალღირსეული უზენაესი სამეფო სიგელის თანახმად დაეუფლო შენ თბილისის საბეგლარბეგოს იურთლუკისა და ოჯაკლიკის წესით.
ქვეყანაში წესრიგის დამყარების, ქვეშევრდომთა დაცვისა და მოვლა-პატრონობის საქმეში და სხვა ჩემს მიერ ნაბრძანები ჩემდამი მაღალი სამსახურის შესრულებასა, წარმართვადა და სრულყოფაში გამოიყენე მთელი შენი ძალ-ღონე და გამოიჩინე დიდი გულმოდგინება. ამიერიდან მკაცრად განერიდე და თავი შეიკავე ღარიბთა, ქვეშევრდომთა და ვილაიეთის სხვა მოსახლეობისა და ქვეყნის მოწინავეთა ყოველგვარი ჩაგვრის, ძალმომრეობისა და დაბეჩავებისაგან.
დაიწერა 1135 წლის ზილ-კადას პირველ ათეულში (1723 წლის 3-12 აგვისტო) კეთილად დაცულ კონსტანტინიპოლს.
შენიშვნები
1. ოსმალეთის სულთანი აჰმედ III (1703-1730).
2. იბრაჰიმი - ვახტანგ VI-ის ვაჟის ბაქარ ბატონიშვილის სახელი ოსმალობაში.
3. იბრაჰიმ ფაშა - თავდაპირველად სამეფო კარის მწერალი იყო. 1116 წელს (1704/1705) შეჰრიზორის ვალის თანამდებობაზე დაინიშნა; 1117 წელს (1705/1706) ალეპოს ვალია; 1119 წელს (1707/1708) არზრუმის ვალია. 1121 წელს (1709-1710) მეორედ დაინიშნა შეჰრიზორის ვალიდ. 1122 წელს (1710/1711) კვლავ ალეპოს ვალია. 1123 წელს (1711/1712) და 1125 წელს (1713) მოსულისა და დიარბექირის ვალია. 1134 წელს (1721/1722) მეორედ ინიშნება არზრუმის ვალისა და ამ მხარის სერასქერის თანამდებობაზე. 1135 წელს (1723) განჯისა და ერევნის კომენდანტია. გარდაიცვალა 1136 წელს (1723). დაკრძალულია არზრუმში.
4. მამულის გადაცემა მუდმივ და სამემკვიდრეო მფლობელობაში.
5. აჰმედ ფაშა - 1115 წელს (1703/1704) ჩავუშბაშია. 1130 წელს (1718) ვეზირის წოდებით დაინიშნა კონიის ვილაიეთის ლაშქარში. შემდეგ დიარბექირის ვილაიეთის და ერევნის სერასქერია. 1137 წელს (1724/1725) ერევნის ვალია.