вторник, 12 декабря 2017 г.

ფასიჰი ხაფი, ბუდაყ ყაზვინი, მირხონდი, ხონდემირი, აბდ არ-რეზაყ სამარყანდის ცნობები საქართველოს შესახებ

სპარსი ისტორიკოსების ცნობები საქართველოს შესახებ
ფასი ხაფი 
აჰმედ ბენ მუჰამად ალ-ხავაფი ანუ ფასიჰი ხაფი XV საუკუნის 30-40-იან წლებში მსახურობდა სულთან შაჰრუხის კარზე, რომელსაც 1442 წელს მიართვა თავისი ნაშრომიმაჯმალე ფასიჰი“ („ფასიჰის კონსპექტი“).
ფასიჰი ხაფის ცნობები საქართველოს შესახებ მოცავს თემურ-ლენგის ლაშქრობების პერიოდს და კონსტანტინე მეფის მოკვლას ყარა იუსუფის მიერ 1412 წელს.
შვიდას ოთხმოცდა რვა წელი (1386)
გალაშქრება ამირა საჰებ ყერანისა1 ნახიჩევანის მხარეს და იქიდან საქართველოზე, დაპყრობა საქართველოსი და იქიდან დაბრუნება. არანის ყარაბაღში ყიშლაღად დადგომა. შეპყრობა საქართველოს მბრძანებლის ბაგრატისა2 და მისი გამუსლიმება და ხსენებულმა ბაგრატმა ურიცხვი თოჰაფი და ჰადიე3 მიართვა თემურს, მათ შორის განსაკუთრებული დავითის აბჯარი იყო. ამირა შეიხ იბრაჰიმ დერბენდის4 მოსვლა ამირა საჰებ ყერანთან. მან საჩუქარი და ძვირფასეულობა მიართვა და დიდი მზრუნველობა და ალერსი მოიპოვა. დამორჩილება გილანების ხელმწიფებისა. მათ ფეშქაში, სიმდიდრე და თავისი ვაჟები ამირა საჰებ ყერანის სასახლეში გააგზავნეს.
შვიდას ოთხმოცდა ცხრა წელი (1387)
თემურის გალაშქრება არანის ყარაბაღიდან საქართველოსკენ. თოღთამიშ ხანის ბედშაობის, უმადურობის, წესგადასულობისა და ამბოხის შეტყობა; ბატონიშვილ ამირანშაჰის შებრძოლება თოღთამიშ-ხანთან და მისი გაქცევა; თემურის წასვლა გოგჩის ტბისკენ... თემურის თავდასხმა ყარა მოჰამედ თურქმანის ჯამაათზე და მათი დარბევა ალათაღში.
რვაას ორი წელი (1399/1400)
ამირა საჰებ ყერანის გალაშქრება საქართველოსკენ საღვთო ომით და გიორგის5 გაქცევა. ჯანიბეკ ქართველის6 შეპყრობა, დახოცვა და დატყვევება ქართველებისა და განთავისუფლება მუსლიმთა ჯგუფისა, რომელნიც ქართველთა ხელთ ტყვედ იყვნენ.
რვაას ექვსი წელი (1403/1404)
დაპყრობა გართინის ციხისა7, რომელიც საქართველოს უმნიშვნელოვანესი ციხეთაგანი არის. ამირა საჰებ ყერანის ბრძანებით საქართველოსა და სომხეთის დალაშქვრა, რბევა და თარეში. მათი ამოწყვეტა და მუსლიმების განთავისუფლება მათი ხელიდან.
რვაას თხუთმეტი წელი (1412)
იღლარი ყარა იუსუფისა8 თავრიზიდან. შაბანის თვის 229 არანის ყარაბაღში ჩამოხტომა. ამირა ყარა იუსუფის გადასვლა მდინარე მტკვარზე და მისი ბრძოლა შეიხ იბრაჰიმ დერბენდისთან, სიდი აჰმად შაქისთან10, კონსტანტინე ქართველთან11 და ქართველ ამირებთან რამაზანის თვის12 შუახანებში და შეპყრობა ამირ შეიხ იბრაჰიმის, მისი ძმის შეიხ ფოჰლულის, კონსტანტინე ქართველის, მისი ძმის და ქართველი სარდლების უმეტესობის. ყარა იუსუფმა ბრძანა, რომ კონსტანტინე ქართველი, მისი ძმა და სამასი სული ქართველ სახელოვანთაგან არარაობის მიწაზე დასცენ, უზრუნველობის ქარს გაატანონ და ჯოჯოხეთის ცეცხლში გაგზავნონ. დაბრუნება ყარა იუსუფისა შავალის თვის13 მეორე ხუთშაბათს და თავრიზში ჩამოხდომა.
შენიშვნა
1. საჰებ ყერანი - თემურ-ლენგის ეპითეტი
2. ბაგრატი - საქართველოს მეფე ბაგრატ V (1360-1393).
3. თოჰაფი და ჰადიე - საჩუქარი, ძღვენი, ფეშქაში
4. შეიხ იბრაჰიმ დერბენდი (1382-1417) - შირვანშაჰების დერბენდული დინასტიის (1382-1538) დამფუძნებელი.
5. გიორგი VII (1393-1407) - საქართველოს მეფე
6. ჯანიბეკ ქართველი - სავარაუდოა, რომ იყოს ქართულ სიგელებსა და ათონის აღაპებში მოხსენიებული ჯანიბეკ ზედგენიძე
7. გართინის ციხე - ბირთვისის ციხის დამახინჯებული სახელი.
8. ყარა იუსუფი (1410-1420) - „შავბატკნიანთურქმენთა მბრძანებელი
9. 815 წლის შაბანის 22 - შეესაბამება 1412 წლის 27 ნოემბერს
10. სიდი აჰმედ შაქი - შაქის მბრძანებელი, შვილი სიდი ალი ორლათისა, რომელიც 1397 წელს თემურთან ბრძოლაში ალინჯის ციხესთან მოკლეს.
11. კონსტანტინე I (1407-1412) - საქართველოს მეფე.
12. 815 წლის რამაზანი შეესაბამება 1412 წლის 5 დეკემბრიდან 1413 წლის 4 იანვრამდე პერიოდს.

13. 815 წლის შავალი შეესაბამება 1413 წლის 4 იანვრიდან 2 თებერვლამდე პერიოდს.


ბუდაყ ყაზვინი
ბუდაყ მუნში ყაზვინი ან უბრალოდ ბუდაყ ყაზვინი - XVI საუკუნის სპარსელი ისტორიკოსი. მისი ნაშრომიაჯავაჰერ ალ-ახბარ“.
ბუდაყ ყაზვინი მოკლედ მოგვითხრობს, რომ შაჰ-ისმაილის კარზე მოსულებს შორის იყვნენ ლევან-ხან გურჯი და ყვარყვარე გურჯი.
ბუდაყ ყაზვინის ცნობით ლევან კახთა მეფის ძე იესე მამას გადაუდგა, შაჰის კარზე მივიდა და მუსლიმანობა მიიღო. ამ ამბის დასათარიღებლად ავტორს მოტანილი აქვს ლექსი:
იესე ლევანის ძე მუსლიმანი გახდა გულწრფელად“.
[ამ ფრაზის ცალკეული ასოების რიცხვითი მნიშვნელობის შეკრება იძლევა იმავე თარიღს, რომელიც ჰასან რუმლუს თხზულებაშია – 967 . (1559. 3 X -1560. 21. IX).]

         ქვემოთ წერს: ლევან მეფის შვილი იესე, რომელმაც თვალის ასახვევად მიიღო მუსლიმანობა, გულში კი ქრისტიანად რჩებოდა. 1562 წლის 23 დეკემბერს ჩაუსვამთ ალამუთის ციხეში.


მირხონდი
თემურიანთა ეპოქის ყველაზე ცნობილ და აღიარებულ წყაროდ როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში დიდხანს ითვლება მოჰამედ ბენ ხავანდშაჰ ბენ მაჰმუდის, იგივე მირხონდის (1433-1498) როუზათ ას-საფა (სიწმინდის ბაღი). მირხონდი მირ ალი შერ ნავოის (1441-1501) მიერ ჰერათში ჩამოყალიბებული ლიტერატურულ-მეცნიერული დასის ერთ-ერთი უწარჩინებულესი წარმომადგენელი იყო. მისი თხზულებაროუზათ ას დსაფამსოფლიო ისტორიის ტიპის ნაწარმოებია და შედგება 7 ტომისაგან. თხზულებაში თხრობა იწყება სამყაროს შექმნიდან და გრძელდება ავტორის დრომდე. თხზულების VI ტომი მიძღვნილია თემურლენგისა და თემურიანი მმართველებისადმი, ხოლო VII ტომი იმ ეპოქას ასახავს, რომელშიც ავტორი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ეს თხზულება, მიუხედავად თავისი კომპილაციური ხასიათისა, რიგ შემთხვევაში მაინც ინარჩუნებს ძვირფასი პირველწყაროს ღირსებას, რადგან ავტორის მიერ გამოყენებულ მრავალრიცხოვან წყაროთა შორის ბევრი უკვე დაკარგულად ითვლება. „როუზათ ას-საფაშეიცავს ბევრ საყურადღებო ცნობას XIV-XV საუკუნეთა საქართველოს ისტორიის საკითხების შესასწავლად. ცნობები საქართველოს შესახებ თავმოყრილია ძირითადად მირხონდის თხზულების VI ტომში.
თემურ-ლენგის მემკვიდრეები
თემურ-ლენგმა თავის უფროს შვილს მირანშაჰს საგამგებლოდ დაუტოვა არანი, მუღანი, სომხეთი და საქართველო.
808 . (1405 .) ზაფხულში, როცა თემურის შვილიშვილი ომარ მირზა ჰამადანში ქეიფსა და დროსტარებაში იყო, მას აცნობეს, ქართველებმა თავიანთი საზღვრები გადმოლახეს, ნახჭევანი და განჯა დაარბიეს, ხოლო მცხოვრებნი გაძარცვეს და დახოცესო. ბასთამ ჯაგირმა, რომელიც არდებილის გამგებელი იყო, არავითარი ზომა არ მიიღო ქართველების უკუსაქცევად და შირვანს შეაფარა თავი. ომარ მირზამ ყური არ ათხოვა ამირების რჩევას და ომარ თაბანი, თუქელ ბარლასი და სხვა სარდლები გაგზავნა ქართველთა წინააღმდეგ. მცირე ხნის შემდეგ ომარს ამბავი მოუვიდა, რომ მის მიერ გაგზავნილი ამირები ქართველებს დაემარცხებინათ, გაექციათ და მარანდამდე გადაერეკათ.
შირვანშაჰმა იბრაჰიმმა განჯა და ყარაბაღი დაიკავა, მას მიუვიდა აზერბაიჯანელი ამირების ნაწილი. შაქის მმართველი სიდი აჰმედიც იბრაჰომს მიემხრო. საქართველოს მეფემაც ელჩები აახლა და მორჩილება აღუთქვა შირვანშაჰს.
კონსტანტინე მეფის სიკვდილი
815 . (1412 . 13.IV. - 1413 . 2.IV.) ყარა-იუსუფი თავრიზიდან დაიძრს და ყარაბაღს მივიდა. მან ელჩი გაუგზავნა შირვანშაჰს და კიდევ ერთხელ მოსთხოვა, უბრძოლველად დანებებოდა. შეიხ იბრაჰიმი, ქართველთა მეფე კონსტანტინე და შაქის მმართველი სიდი აჰმედი გაერთიანდნენ და უარი შეუთვალეს ყარა-ყოინლუს მბრძანებელს დამორჩილებაზე.
მოკავშირეთა ლაშქარი მტკვარს მიადგა და მდინარის მარცხენა ნაპირზე დაბანაკდა. კონსტანტინეს თან ორი ათასი რჩეული ქართველი მხედარი ჰყოლია. ყარა იუსუფის ლაშქარი მტკვრის მარჯვენა ნაპირზე დადგა მოწინააღმდეგის პირისპირ. ერთ ღამეს ყარა-იუსუფის ამირებმა თავიანთი რაზმებით მტკვარი გადალახეს და მძინარე ბანაკში შეიჭრნენ. შირვანელები გაიქცნენ და მხოლოდ ქართველებმა გაუწიეს მტერს მედგარი წინააღმდეგობა. ყარა-იუსუფმა რომ ეს დაინახა, თვითონაც თავს დაესხა თავგანწირულად მებრძოლ ქართველ მეომრებს. ამ უკანასკნელთაც მედგრად შეუტიეს და შუაში მოიქციეს ყარა-ყოინლუს მბრძანებელი, მაგრამ ძალები მეტად არათანაბარი იყო და ქართველები იძლივნენ.
გამარჯვება ყარა-იუსუფს დარჩა. ბრძოლაში ბევრი ქართველი მეომარი მოიკლა. შირვანშაჰი თავისი ძმითა და ვაჟიშვილებით, შაქის მმართველი სიდი აჰმედი და მრავალი აზერბაიჯანელი მოლაშქრე ტყვედ ჩაცვივდნენ. მეფე კონსტანტინეც თურქმანებს ჩაუვარდა ხელში ცოცხლად დარჩენილ ქართველებთან ერთად. რაკი შირვანის ლაშქარმა ამ ბრძოლაში წინააღმდეგობა არ გასწია, ყარა-იუსუფმა ბრძანა შირვანელ მეომართათვის არაფერი ევნოთ; ტყვედ ჩაცვენილი ქართველები კი ერთიანად გაჟლიტეს. კონსტანტინე სხვა დიდებულ ტყვეებთან ერთად ყარა-იუსუფის მეჯლისში მიიყვანეს და, რადგან სახეზე ურჩობა შეამჩნიეს, ყარა-იუსუფმა და მისმა ვაჟმა ფირ-ბუდაყმა საკუთარი ხელით აკუწეს იგი.

გამარჯვებულმა ყარა-იუსუფმა დაარბია შირვანი და დიდი ნადავლით დატვირთული დაბრუმდა თავრიზში.


აბდ არ-რეზაყ სამარყანდი
აბდ არ-რეზაყ სამარყანდი (1413-1482) თემურიანთა პერიოდის სპარსულენოვანი ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი ავტორია ორტომიანი ნაშრომისა მათლა ას-სადაინ ვა მაჯმა ალ ბაჰრეინ (ორი მნათობის აღმოცისკრებისა და ორი ზღვის შერწყმის ადგილი). ეს ნაშრომი 1426 წლის ამბებამდე კომპილატიურია და ძირითადად ჰაფეზი აბრუს ნაშრომზეა დაყრდნობილი, რომელიც თავის მხრივ ნიზამ ად-დინ შამის და შერეფ ად-დინ ალი იეზდის ემყარება.
საქართველოს ამირების ივანეს და კონსტანტინეს მოსვლის ამბავი

„როდესაც მისი უდიდებულესობა საჰებ ყერანი საქართველოს ვილაიეთის შუაგულს მოვიდა, ქართველებს შეწუხების ცეცხლისაგან გაოცების კვამლი თავზე მოადგათ და გარდა შეწყალების თხოვნისა, მეტი ვერაფერი (მოიფიქრეს). ივანემ, რომელსაც მამა-პაპათაგან საქართველოს სახელმწიფოს ორი მეექვსედი მის მფლობელობაში ჰქონდა, იმედის სახე მისი უდიდებულესობის ძლიერებასთან მიიტანა, ხმლითა და სუდარით მისი უავგუსტოესობის ურდოში მოვიდა და შესაფერისი საჩუქრები პატივისცემით მოიტანა. აგრეთვე, გიორგი მეფის ძმა კონსტანტინე, რომელიც მას მტრობდა, მისი მონობის (მიღების) ბედნიერებისათვის მოემზადა. ორივემ ერთობლივ მოახსენეს, რომ თუ მისი უდიდებულესობა აფხაზეთში გაილაშქრებს, ჩვენ (მისი) უსუსური მონები ვიქნებითო. ღვთისმოშიშმა საჰებ ყერანმა მათ ისლამის რჯულზე მოქცევა შესთავაზა. ივანემ მუხლმოდრეკით სთხოვა, რომ ვილაიეთის ქვეშევრდომები (რაიები) ბევრნი არიან და თავიანთ სარწმუნოებაზე მყარად დგანან და გადმოცემას „მათ ნახეს თავიანთი მამები იმ რჯულზე“ მტკიცედ თვლიან. მე რომ ისლამის რჯული მივიღო იქ ვერ შევძლებ ცხოვრებას, რაღა ვილაპარაკო მბრძანებლობაზე. მისმა უდიდებულესობამ ულემები მოიწვია და რჩევა ჰკითხა. ყველამ ერთსულოვნად უპასუხა: ეს ხალხი უარმყოფელები მუჰამედის მოციქულობისა და მტრულად განწყობილნი სანაქებო წიგნისადმი არიან და გარდა ქრისტეს სჯულისა ჯიბრაილის მოსვლას და გამოცხადების მტკიცებას არ სცნობენ. მაგრამ თუ ჯიზიას დათანხმდებიან, შეწყალებულნი იქნენ. მისმა უდიდებულესობამ, თანახმად შარიათის ფეთვისა, ჯიზია დააკანონა, ივანე და კონსტანტინე სარტყლისა და თავსაბურავის (ბოძებით) აღამაღლა და მეფური წყალობა უბოძა“.
ჯიზიასა და ხარაჯას კისრება გიორგი მეფის მიერ
საქართველოს არაერთგზისი დალაშქვრის შემდეგ თემურ-ლენგმა ულემების ფეთვისა, და შეიხ იბრაჰიმის და სხვა ამირების შუამდგომლობით დიდსულოვნების თავი გიორგის შესახებ მათ დაჟინებულ თხოვნაზე დააქნია და შეშინებული და დაიმედებული ელჩები უკან დააბრუნა. დიდსულოვანმა საჰებ ყერანმა რამდენიმე დღე ნადირობის სიხარულში გაატარა. ამასობაში ელჩები სასწრაფოდ დაბრუნდნენ უკან. ათასი ცხენი, ათასი თანგა მისი უავგუსტოესობის დამღით, ტანსაცმელი, იარაღი, ოქროს, ვერცხლის და ბროლის ჭურჭელი, 18 მისხლიანი კარგი ფერის ლალი, რომლის მსგავსიც მთელ ქვეყანაზე არ მოიპოვებოდა, მოიტანეს და გიორგიმ ჯიზიაზე და ხარაჯაზე თანხმობა განაცხადა და პირობა შეკრა.
კონსტანტინე მეფის სიკვდილი

ამირ ყარა იუსუფი 815 წლის რაჯაბის 20- (1412 წლის 26 ოქტომბერი) თავრიზს დაბრუნდა. იგი შირვანისა და ყარაბაღის თარაქამებისაგან მოსვენებული არ იყო. შაბანის 12- (1412 წლის 17 ნოემბერი) თავრიზიდან ილღარი გააკეთა და ყარაბაღს მივიდა რა, შეიხ იბრაჰიმს ელჩი გაუგზავნა და მშვიდობა (დაზავება) შესთავაზა. ამირ სიდი აჰმედ შაქი და კონსტანტინე გურჯი ამირ შეიხ იბრაჰიმს შეუთანხმდნენ და ზავს არ დათანხმდნენ. ამირ ყარა-იუსუფმა მდინარე არეზი გადალახა. ორივე მხრიდან ბევრი იომეს და ამირ შეიხ იბრაჰინი და მისი ძმა შეიხ ბოჰული და კონსტანტინე გურჯი და მისი ძმები სამას ქართველ აზნაურთან ერთად ელვარე ხმლით ჯოჯოხეთის ცეცხლში გააგზავნა, შემახა დაარბია რა, აზერბაიჯანში მოვიდა და ასი თუმანი ოთხფეხი გარეკა, (რომელთაგან) უმეტესობა სიცივისაგან დაიღუპა. ამირ შეიხ იბრაჰიმი და შეიხ ბოჰული და მავლანა ზაჰირ ად-დინ ყაზი შებოჭილი თავრიზს მოიყვანეს.

ხონდემირი შაჰ ისმაილის საქართველოში ლაშქრობების შესახებ
ყიას ალ-დინ იბნ ჰუმამ ალ-დინ ალ-ჰუსეინ ხონდემირი ან უბრალოდ ხონდემირი (1475-1535) - სპარსელი ისტორიკოსი. დაიბადა სწავლულთა და დიდმოხელეთა ოჯახში. იზრდებოდა მირხონდთან, ერთი პერიოდი ალიშერ ნავოი (1441-1501 წწ.) მფარველობდა. ეჭირა სხვადასხვა საერო თანამდებობა. თემურიდების დაცემის შემდეგ (1507 წელს) მსახურობდა სეფიანთა შაჰ ისმაილთან. 1528 წელს გადავიდა დიდ მოგოლთა კარზე. ხონდემირის მთავარი ნაშრომია მსოფლიო ისტორიის ტიპის სამტომეულიცხოვრებათა მეგობარი“ („ჰაბიბ ალ-სიჲარ“), რომელიც ძვირფასი წყაროა XV-XVI საუკუნეების (1524 წლამდე) ირანისა და მისი მეზობელი ქვეყნების შესასწავლად, ხონდემირს ეკუთვნის ასევე თხზულებები: „ცნობილი ვაზირების ბიოგრაფიების კრებული“ („დასთურ ალ-ვუზარა“), „ჰუმაიუნის ბრძანებების კრებული“ („ჰუმაიუნნამეანუკანუნი ჰუმაიუნი“). წერდა ლექსებსაც ლიტერატურული ფსევდონიმით მუვარიხი.

დიდებულმა მეუფე ფადიშაჰმა ადგილსამყოფლიდან ძლევამოსილებითა და გამარჯვებით დედაქალაქ თავრიზისაკენ გაიჩქარა და ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმ დიდებულ ქალაქში ცხოვრებით დატკბობასა და სიხარულში იყო. შემდეგ იმ ადგილიდან ცხენის აღვირი ნახჭევანის ყიშლაღისაკენ მოაბრუნა. იმ უბედნიერეს ადგილას მისვლის შემდგომ დივ-სულთანმა, თანახმად ბრძანებისა და მორჩილების საფუძველზე საქართველოზე საღვთო ომისა და ურწმუნო ქართველების დალაშქვრის გადაწყვეტილებით ძლევამოსილი დროშები ააფრიალა და უბედურთა სანახებში სვიანი ფადიშაჰის სახელმწიფოს ძლიერების კვალი გამოაჩინა რა, რამდენიმე ციხე და ქალაქი აიღო და იმ სახელმწიფოების მბრძანებლები ყვარყვარე, დაუდ-ბეგი, ლევანდ-ბეგი და მანუჩარი ძალაუნებურად დივ-სულთანისადმი სასამსახუროს გაესწრაფნენ. (მათ) მორჩილება და სამსახური გამოიჩინეს. იმ მბრძანებელმა მათ სულის უშიშროება უბოძა და ისინი თან წაიყვანა რა, ანგელოზის ბუდისმაგვარი ზღურბლის მხარეს წავიდა. ნახჭევანის ყიშლაღში დივ-სულთანი თავის თავზე აღებული ვალდებულების შესრულებით ციური ტახტის ფეხთა მთხვევით გაბედნიერებული და აღზევებული გახდა რა, კარგი სამსახურის გამო კეთილგანწყობილება და უამრავი ალერსი მოიპოვა. ფადიშაჰმა ქართველი ამირების ბოდიშის მოხდა ყურად იღო. მეფური კეთილგანწყობილების სხივების ელვარება თითოეულ მათგანზე აბრწყინდა და ქართველებმა ბაჯ ხარაჯ იკისრეს და ხალათებისა და თაჯების დასაჩუქრებით აღზევებულნი და განდიდებულნი გახდნენ. და იმ ადგილების საბრძანებლების ფლობის ფირმანები, რომლებიც დაპყრობილი იყო, მიიღეს რა, თავიანთ სამშობლოში წავიდნენ“.

Комментариев нет:

Отправить комментарий