воскресенье, 31 декабря 2017 г.

ბიზანტიის ბოლო ავგუსტ კონსტანტინე XI-ის დანიშვნა საქართველოს მეფე გიორგი VIII-ის ასულზე (1452 წ.)

მოგვითხრობს ავგუსტის კარისკაცი და ისტორიკოსი:
    „კონსტანტინეს ტახტზე ასვლის შემდეგ, დედამისი დედოფალი და კარის კაცნი შეუდგნენ მისთვის სარძლოს ამორჩევას. იმპერატორს აძლევდნენ ვენეციის დოჟის ფრანც ფოკარის (1423-1457) ქალს, მაგრამ კარის კაცებმა და ბიზანტიის დიდებულებმა უარყვეს ეს მოყვრობითი კავშირი არჩევადი მაგისტრატისა და მემკვიდრეობით ავგუსტს შორის. მაშინ ავგუსტის ყურადღება დარჩა ორ სამეფო ოჯახობაზე - საქართველოსა და ტრაპიზონისაზე. აირჩია უფლების მქონე ელჩად ფრანჩი პროტოვესტიარი, რომელიც მრავალი სიმდიდრით წარგზავნა საქართველოში. მას ახლდნენ მრავალი კეთილშობილნი, მცველნი, მეხმლენი, ბერნი და მესაკრავენი. ქალაქნი და სოფლები, სადაც გაივლიდნენ ისინი, დიდი ყურადღებით ეგებებოდნენ მათ, ხოლო მათი საკრავები ყურთასმენას უტკბობდა მათ და მრავალი ცნობისმოყვარე ადამიანი იკრიბებოდა. ამ ცნობის მოყვარეთა შორის იყო ასი წლის მოხუცი, 1398 წელს თემურისგან ტყვედ წაყვანილი ინდოეთს; ინდოეთიდან „სუნნელოვან“ ჭალაკებში გამოქცეულიყო და აქიდან ესპანეთის გემზე - პორტუგალიაში. სტუმართ მოყვარულ საქართველოში ფრანჩმა აირჩია მეფის რძლად ახალგაზრდა ასული ქართველთა მეფისა. მეფე გიორგიმ, კმაყოფილმა ბიზანტიასთან დამოყვრებით, არა თუ არ მიიღო, ამ ქვეყნის ჩვეულებისამებრ, საჩუქრები ქალისათვის, არამედ, პირიქით, მისცა ქალს 56000 ოქროს დუკატი და დაუნიშნა მას ყოველწლიურად 5000 დუკატი სარჩოდ. მეფე არწმუნებდა ელჩს, შენი შრომა უსასყიდლოდ არ დარჩება და როგორც ავგუსტმა შვილი მოგინათლად ისე ყოფად-დედოფალი (გიორგი მეფის ასული) ეცდება შენი ასულის გაბედნიერებასო. ელჩის კონსტანტინეპოლში დაბრუნების შემდეგ ავგუსტმა სიგელით დაამტკიცა სადედოფლოდ არჩეული ქალი მეფისა, თავისი ხელით დაასვა სიგელს სამი წითელი ჯვარი და მეფე გიორგის მხრიდან გაგზავნილი ელჩი დაარწმუნა, რომ გაზაფხულის პირზე ბიზანტიელთა გემები წამოიყვანდნენ საქართველოდან სარძლოს. იმავე ფრანჩის მიანდო საიდუმლოდ, რათა მას, კიპროსის შესახებ მინდობილობის აღსრულების შემდეგ, საქართველოდან წამოეყვანა ყოფად-ავგუსტა. ფრანჩი ზამთარს ემზადებოდა საქართველოში წასასვლელად, მაგრამ აპრილის 1453 წლისას კონსტანტინეპოლს ალყა შემოარტყა და განზრახული ქორწინება დაირღვა კონსტანტინეპოლ ქალაქითურთ და თან ჩაიტანა გმირულად მებრძოლი ავგუსტი“.
     მოგვიანებით მეფის ასული ნინო (მარიამი) დააქორწინეს არაგვის ერისთავ გიორგი ვამეყის ძე შაბურიძეზე.



Комментариев нет:

Отправить комментарий