ნიჟარაძეთა გვარს ვახუშტი ბაგრატიონი XV საუკუნის შემდეგდროინდელ იმერეთის უწარჩინებულეს გვართა შორის ახახელებს. ყველაზე გავრცელებული გადმოცემით 3 ძმა ნიჟარაძე პირველადი სამშობლო სვანეთიდან ძველ დროში გადმოსახლებულა, ერთი ქუთაისის გორაზე დასახლებულა, მეორე აჭარაში წასულა და მესამე აფხაზეთში. ქუთაისელი ნიჟარაძე იმერეთის მეფე ბაგრატ მესამეს დიპლომატიური მისიით გაუგზავნია აფხაზთა მთავართან დადიანის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მოსალაპარაკებლად, რაც ნიჟარაძეს წარმატებით შეუსრულებია და სამი თვის შემდეგ მეფესთან დაბრუნებულა ტივით. სამაგიეროდ მეფეს ნიჟარაძისათვის დიდძალი მამული უბოძებია ქუთაისიდან გუბის წყლამდე.
XIII საუკუნის ძეგლი „მატიანე სვანეთის კრებისა“-ში, მოხსენიებულია ვინმე საეკლესიო შემწირველი „ნიჟარაი“ რომელიც მიჩნეულია ნიჟარაძეთა საგვარეულო წარმოშობის მამათავრად. ნიგოითის (გურია) წმინდა გიორგის საყდრის დასავლეთი ფასადის არაუადრეს XIV საუკუნის წარწერაში ვკითხულობთ: „ქრისტე შეიწყალე ნიჟარაძე“.
დოკუმენტურ წყაროებში ნიჟარაძეთა პირველი წარმომადგენელი იხსენიება 1510-იან წლებში, რომელშიც იმერეთის მეფე ბაგრატ III ამბობს: „ნიჟარაძე დემეტრე უშვილოდ გადახდა და ესე მეზუთხენი (ე.ი. ზუთხის გადამხდელი გლეხები) მისეულნი დაგვრჩა და ჩვენ ჩვენი სულისათვის გაენათს შევწირეთ მათითა ბეგარითა“.
წმინდა გიორგის ჯვრის (გურია) წარწერაში იგივე ბაგრატ იმერთა მეფე იხსენიებს ტაძრის წინამძღვარ ლაზარე ნიჟარაძეს.
XVI ს-ის შუა წლებისათვის ნიჟარაძეთა საგვარეულო მრავალი ყმა-მამულის პატრონია მაღლაკს, ნამაშევას და სხვაგანაც.
ამავე ხანებში უნდა მომხდარიყო ისიც, რომ ნიჟარაძეს ლაშხისვილის სისხლი დაედვა და „ცხრა კომლი კაცი და პარტახტი მისცა მას ნასისხლად“.
ნიჟარაძეთა სათავადოს ჩამოყალიბება XVI ს-ის პირველ ნახევარში უნდა დასრულებულიყო, როდესაც ბაგრატ მეფის 1545 წლის სიგელში ნიჟარაძისეულ ყმა-მამულზეა საუბარი.
ნიჟარაძეთა სათავადოში შედიოდა სოფლები: ზედა მაღლაკი (ნაწილობრივ, ნაწილი ეკლესიას ეკუთვნოდა), ქვედა მაღლაკი (იგივე ოქონი. ეს სახელი აქაური ეკლესიის მიხედვით აქვს), საყულია (ნაწილობრივ, ნაწილი ჩიჯავაძეებს ჰქონდათ), ოფშკვითი (ნაწილობრივ, ნაწილი აგიაშვილებს ჰქონდათ), ჭვიში (ნაწილობრივ, ნაწილი ლორთქიფანიძეებს ჰქონდათ), ნამაშევი, მიწაწითელი (ნაწილობრივ, ნაწილი ეკლესიის იყო), თერნალის ნახევარი მდინარე ოლოს გამოღმა ნაწილი.
ნიჟარაძეთა სათავადოს აღმოსავლეთი ბარბალწმინდა საზღვრავდა, რომელიც მას ქუთაისისგან მიჯნავდა, დასავლეთით გუბის წყალი, სამხრეთით - ფარცხანაყანევი, ჩრდილოეთით - მდინარე ოლო. ეს მდინარე ჰყოფდა სათავადოს აზნაურ იოსელიანების სამფლობელო წყალტუბოსა და გვიშტიბისაგან.
გარდა აღნიშნულისა ნიჟარაძეები ყმა-მამულებს ფლბდნენ: ბაშს, უკანეთს, ფარცხანაყანევს, გუბს, ჯიხაიშს, ქვიტირსა და ჭიშურას.
ნიჟარაძეთა რეზიდენცია ზედა მაღლაკს მდებარეობდა. აქ იყო მათი სასახლე, კარის ეკლესია და ციხე სიმაგრე (მდ. ოღასკურას ნაპირთან, ფერდობზე). აქვე ჰქონდა მათ მკვიდრი საგვარეულო სასაფლაო ეკლესიაც, წმინდა გიორგის სახელზე აგებული.
ნიჟარაძეთა საგვარეულოს მეორე ადგილსამყოფი ოფშკვითს იყო. აქაც ჰქონდათ მათ სასახლე და კარის ეკლესია. კიდევ ერთი სახახლე და ციხე ჰქონდათ ნამაშევში.
იმერეთის მეფე სოლომონ II-ემ და მისმა თანამეცხედრემ დადიანის ასულმა მარიამმა ნიჟარაძეებს ერთგული სამსახურისათვის გუბის ტევრი და დიდძალი მიწაწყალი უწყალობა, რომელიც ადრე ნიჟარაძეთა მამა-პაპათ ეკუთვნოდა.
XVIII ს-ის 80-იან წლებში ნიჟარაძეთა გვარი კიდევ უფრო გაძლიერებულა. მისი სათავადოს ყმა-გლეხთა საერთო რიცხვი 600 კომლს აღემატებოდა. მომდევნო საუკუნის დამდეგს მხოლოდ ერთი თავადი მერაბ ნიოჟარაძე 47 კომლ ყმა გლეხსა და 6 კომლ აზნაურს ფლობდა.
ნიჟარაძეთა ყმა-გლეხები იყვნენ შემდეგი გვარები: ინანეიშვილი, ბანძელაძე, დეისაძე, ჭოლაძე, სვანიზე, ნეფსიწვეიზე, კეპულაძე, ჯოხაძე, კვერნაძე, გვანცელაძე, ნიქაბაძე, გუბელაძე, გამგონეიშვილი, ჯავახიძე, ესაძე, ლიონიძე, ტყეშელაშვილი, ლეჟავა, ჩეჩელაშვილი, ბიბილეიშვილი, კოპეშავიძე, ვაშაძე, ბრეგვაძე, არაშიძე, რუხვაძე, რობაქიძე, კუჭაიძე, ლექვინაძე, დოლაბერიძე, გოგისვანა და სხვა.
ნიჟარაძეთა აზნაურები იყვნენ შემდეგი გვარები: დიდიძე, ალერწიანი, თათეიშვილი, ათაბეგი, ნიჟარაძე, ჭყონია და სხვ.
ნიჟარაძეები სხვადასხვა გზით ყმა-მამულის გამრავლებისათვის იღწვოდნენ. XVI ს-ის დასასრულს ერთი ნიჟარაძემ საეკლესიო კაცი დაიჭირა, ბევრი ავი საქმე უყო და მისი მამულის მითვისებას ცდილობდა.
ნიჟარაძეების ყმათა ძირითად ნაწილს საგადასახადო შეუვალობა ჰქონდა. 1810 წლის ცნობით მათი გლეხებიდან საურს მხოლოს 120 კომლი იხდიდა, საუდიეროს კი სანიჟარაძეო, სამიქელაძეო, საჩხეიძეო, სალორთქიფანიძეო და საღოღობერიძეო ყმათა საერთო რიცხვიდან მხოლოდ ჯამში 100 კომლი.
ნიჟარაძეების სათავადოში ბუნებრივად იქნება სამოხელეო თანამდებობებიც, თუმცა წყაროებმა ცნობები მხოლოდ მათ ხელოსნებზე და კარის მწერალზე შემოგვინახა.
XVII საუკუნის შუა წლებისათვის ნიჟარაძეები დამსახურებული ტავადები ჩანან. იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ის მიერ 1651 წ. რუსეთის მეფისადმი გაგზავნილ ფიცის წიგნს სხვა დიდ თავადებთან ერთად ხელს აწერენ გიორგი I და ბაადურ (იგი ბაგრატ უსინათლოს 1666 წ. წყალობის სიგელშიც იხსენიება) ნიჟარაძეები. მათი შთამომავლები იხსენიებიან 1690--იანი წლების საბუთებში: გიორგი II, ბასილი, პეპუნა და მამუკა.
გიორგი II ნიჟარაძე დაახლ. 1700 წლისათვის გვარის უფროსია, იმერეთის მმართველი გიორგი აბაშიძის სიძეა, მასთან ერთად ებრძვის ოსმალებსა და თავკერძა ფეოდალებს და იმერეთის მეფე გიორგის, მაგრამ აბაშიძიოს დაცემასთან ერთად ისიც დაეცა. მეფე გიორგი ბაგრატიონმა ზურაბ აბაშიძის ინტრიგებით შეიპყრო, თვალი დაწვა და ცოლიც წაჰგვარა. 1714 წელს კი ბრმა კლდიდან გადააგდო.
ზემოთ ხსნებულ ბასილ ნიჟარაძეს ჰყავდა ორი ძე - ლევან I და ქაიხოსრო, რომლებიც 1748-1819 წლებში იხსენიებიან. ლევან I-ის შვილი იყო ბეჟანი, ხოლო ბეჟანის ძე ლევან II. ქაიხოსროს კი ორი ვაჟი ჰყავდა მერაბი და დათიკა.
1734 წელს კაცია I ნიჟარაძეს იმერეთის მეფე ალექსანდრე V გლეხებსა და ყმა-მამულს სჩუქნის.
სოლომონ I-ის დროს დაწინაურებული ჩანს მერაბ ნიჟარაძე. იგი 1776 წ. გაგზავნეს თბილისში მეფის ძე ალქესანდრესათვის გიორგი ერეკლეს ძე ბატონიშვილის (ზაქიჭამია) ასულის დასანიშნავად. 1778 წლის 27 აპრილს სახლთუხუცეს დავით აბაშიძისა და მოურავ თამაზ მესხის ინიციატივით ალექსანდრე უფლისწული მეფე სოლომონს აუჯანყდა და მერაბიც მეგობარ უფლისწულს თანაუგრძნობდა. დამარცხებვის შემდეგ დასაჯეს მერაბიც. მას თვალები დათხარეს, მამული ჩამოართვეს და მის მეზობენ თავად ქაიხოსრო აგიაშვილს გადასცეს და ამაზე მეფემ ნიჟარაძეებს (მათ შორის მერაბის ძმა დათიკას) ფიცი დაადებინა, რომ არასოდეს მოითხოვდნენ. მიუხადავად იმისა რომ ქაიხოსროს ნიჟარაძეთა ასული ჰყავდა ცოლად, აქამდეც და ამის მერეც გვარებს შორის სამამულო დავა გრძელდებოდა.
დიდ წარმატებებს აღწევდნენ ნიჟარაძეები სოლომონ მეორის მეფობაში. 1791 წ. აბესალომ ნიჟარაძეს მარიამ იმერთა დედოფლის მოლარეთუხუცესობა უჭირავს. 1795 წ. კაცია II ნიჟარაძე საბაზთუხუცესია და მასვე აბარია სამკურნალო საქმე სამეფო კარზე. 1803 წ. მას მოურაობაც აქვს და სამოურავო რეზიდენცია ფარცხანაყანებშია. კაცია II დოკუმენტებში 1793-1817 წლებში. მისი შვიულები არიან: პაატა, რევაზი და ნიკო.
კაცია მეორის ძმა, როსტომ ნიჟარაძეს 1801 წ. ქილიფთარუხუცესობა უჭირავს. ხოლო მომდევნო წელს იგი მოურავადაც მოიხსენიება. როსტომ ნიჟარაძე იყო აგრეთვე 1800-1803 წლებში ქუთაისში გამართული იმერეთის პირველი სტამბის მზრუნველ-ზედამხედველი, ვიდრე ამ საქმეს მეფე მის მტერ ზურაბ წერეთელს მიანდობდა.
სოლომონ II-ის ერთგულმა მესაიდუმლე როსტომმა ადრევე შეამჩნია, რომ სახთუხუცესი ზურაბ წერეთელი მეფეს ღალატობდა და გააფრთხილა იგი არ მინდობოდა მას. სწორედ როსტომ ნიჟარაძემ გამოამჟღავნა როგორც ადრე, ისე 1802 წელს ლეჩხუმის კამპანიის დროს ზურაბის ღალატი. ამიტომ მეფემ ლეჩხუმის საქმეს წერეთელი ჩამოაშორა და დიადანთან მოლაპარაკება როსტომს მიანდო. მაგრამ დადიანმა ლეჩხუმი არ დათმო.
ზურაბ წერეთელმა სამეფო თავადებთან იჩივლა როსტომი ცილს მწამებსო და თავი გადაირჩინა, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი მაინც გაცხადდა.
როსტომ ნიჟარაძე მეფის დიდი ნდობით სარგებლობდა. იმერეთის სამეფოს მთელი რიგი საკითხები მისი მონაწილეების გარეშე არ წყდებოდა. იგი სოლომონ მეორის იმ მოღვაწეთა შორის იდგა, რომელთა „თქმულთა“ მეფე ვერ გადაუხვევდა, გვამცნობს ნიკო დადიანი.
სხვათაშორის 1801 წელს სწორედ როსტომი გაგზავნა თბილისში რუსებთან მოსალაპარაკებლად იმერეთის რუსეთის მფარველობაში სესვლაზე თანხმობის სათქმელად, თუ რუსები იულონ ბატონიშვილს გაამეფებდნენ.
როსტომი ბოლომდე სოლომონ II-ის ერთგული დარჩა. იგი მათ გვერდით იყო, ვინც რუსეთის ხელისუფლების მიმართ უნდობლობას გამოხატავდა. 1810 წ. მარტში რუსეთის იმპერიის გენერალ ტორმასოვთან შესახვედრად მიმავალ მეფეს როსტომი თან ახლდა. ხოლო სამეფოს გაუქმების შემდეგ თურქეთში გადახვეწილ მეფეს გაჰყვა, სადაც როსტომი სოლომონისთვის თავდადებით იღწვობა. 1811 წელს მეფის დავალებით როსტომი დაუკავშირდა პორტაში საფრანგეთის საელჩოს თანამშრომელს უტრეს და ჩააბარა მას სოლომონ II-ის წერილი ნაპოლეონისათვის გადასაცემად, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებისაგან დევნილი იმერეთის მეფე იმპერატორს დახმარებას სთხოვდა. იმპერიასთან ბრძოლას და სოლომონ II-ის სამსახურს შეალია როსტომმა სიცოცხლე. იგი ტრაპიზონში დაავადდა
და იქვე გარდაიცვალა.
როსტომის თანამედროვენი იყვნენ: მისი ძმა მაქსიმე ნიჟარაძე, რომელსაც ჯუმათის მიტროპოლიტის კათედრა ეპყრა, ნიკოლოზი და კონსტანტინე (ზურაბის ძე) ნიჟარაძეები, რომელნიც „იმერეთის რჩევის“ წევრ თავადთა შორის მოიხსენიებიან. კონტანტინე და კაცია 1810 წელს უკანასკნელ ამალაში ახლდნენ მეფე სოლომონს
როსტომთან ერთად.
ნიჟარაძეები აქტიურად მოღვაწეობდნენ აგრეთვე ერთგულ ფიცისკაცთა შორის, რომელთაც დიდი გავლენა ჰქონდათ თვით მეფეზე და ამდენად დიდ როლს თამაშობდნენ ქვეყნის ცხოვრებაში.
XVIII ს-სა და XIX ს-ში მნიშვნელოვან პიროვნებებს წარმოადგენენ აგრეთვე ბუჭუა, გიგი, პაატა, ვატხანგი, ოტია I ვახტანგის ძე, ზურაბ (ზემოთხსენებული კონსტანტინეს მამა), ლევან II (ბეჟანის ძე), სპირიდონ (ზურაბის ძმა), ქაქუჩა, დიმიტრი (ლევანის II-ის ძე), გიორგი IV, მალაქია, თეიმურაზ, ტოტია.
იმერეთის სამეფოს
გაუქმებასთან ერთად ნიჟარაძეთა სათავადო, როგორც ადმინისტრაციული ერთეული გაუქმდა, თუმცა მამულები შეინარჩუნეს და გვარიც აღიარა
რუსეთის საიმპერატორო კარმა.
1815 წლისთვის ნიჟარაძეთა თავადური გვარი უკვე გაყრილია და ამ გვარის წევრები უკვე ცალ-ცალკე ფლობენ თავიანთ მიწა-წყალს.
ერთი ნაწილის ლიდერი იყო მერაბ II, რომელსაც მარიამ წერეთელთან შვილი არ ყავდა და თავისი ძმის დავითის ძე ქაიხოსრო იშვილა. ქაიხოსრო მალე გარდაიცვალა და ასული მაკრინე დარჩა რომელიც მერაბმა შვილად აღზარდა და 1815 წელს დიმიტრი გრიგოლის ძე წერეთელს მიათხოვა და მტელი თავისი მამული (სასახლით, ეკლესიით, გლეხებით) მას უანდერძა. ამით განრისხებულმა ნიჟარაძეებმა 1829 წლის 19 აგვისტოს ღამით ოფშკვითში დიმიტრი წერეთელი მოკლეს. მკვლელობის შემკვეთად ყველა ნიჟარაძეს მაკრინეს ცათვლით თვლიდნენ, შემსრულებლად კი თეიმურაზ ნიჟარაძეს, მის ყმებს რუხვაძესა და რობაქიძეს და აგრეთვე ტოტია და დიმიტრი ნიჟარაძეებს. ამის მიუხედავად მერაბის ნაქონარი დიმიტრის ძე ნესტორ წერეთელს დარჩა.
ნიჟარაძეები უკვე რუსეთის იმპერიის სამსახურში აღმოჩნდნენ, სადაც ფარულად კვლავაც მეურვეობდნენ ნაციონალური თვითმყოფადობის იდეას. მათ ეკავათ საიმპერატორო კარის უმაღლესი სამხედრო თანამდებობები. რუსეთის იმპერიის დასარულს ცნობილია გენერალ მაიორი დავით ოტიას ძე ნიჟარაძე, რომლის მოღვაწეობას უკავშირდება მრავალი სიქველე თავის ერის შვილთა გადარჩენისა, იგი იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლობის თანამდებობაზე, რომლის დროსაც იმპერიისგან ინსპირირებული მრავალი ეროვნული გენოციდი მოგერიებული იქნა მისი დიპლომატიური მისიით რუსეთის საიმპერატორო კარზე. მათ შორის ერთ-ერთია ის შემთხვევა, როცა რუსეთი აპირებდა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის თავის ავტოქტონური მიწებიდან გადასახლებას და რუსული მოსახლეობის იქ ჩასახლებას. ასევე დავით ნიჟარაძე დასავლეთ საქართველოს თავად აზნაურთა დელეგაციით, მიესალმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ცნობილია მისი სიტყვით გამოსვლა საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე 1917 წლის 21 ნოემბერს. აღსანიშნავია ასევე აჭარელ ნიჟარაძეთა გვარის წარმომადგენელთა პატრიოტული ღვაწლი XX საუკუნის დასაწყისში. მათ შორის ცნობილია რეჯებ-ბეგ ნიჟარაძე, რომელსაც ქობულეთის მაზრის უფროსის თანამდებობა ებარა. 1918 წელს იგი იქნა არჩეული სამუსულმანო საქართველოს განმანთავისუფლებელი კომიტეტის თავჯდომარედ. 1919 წელს მან ერთ-ერთმა პირველმა მოუწოდა აჭარლებს აჭარის ტერიტორიის საქართველოსთვის შენარჩუნებისათვის. არ შეიძლება დავივიწყოთ საზოგადო მოგვაწე ბესარიონ ნიჟარაძე რომელიც ითვლება გაზეთ „თავისუფალი სვანის დამაარსებელ რედაქტორად“, სვანეთში პირველ საგამანათლებლო კერების დაამაარსებლად, ეროვნული კულტურის შენარჩუნებაში თანამუშაკად და მეგობრად წმიდა ილია ჭავჭავაძისა და წმიდა ექვთიმე თაყაიშვილისა.
Комментариев нет:
Отправить комментарий