суббота, 30 декабря 2017 г.

თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის

1515 . - სელიმ I-ის ბრძანება დიდვეზირ სინან ფაშასთვის საქართველოში ლაშქრობაზე მიწერილი ახსნა-განმარტება.
დიდ ვეზირს სინან ფაშას1, მაღალმა ალაჰმა ხანგრძლივჰყოს ზეობა მისი, გურჯისტანის ქვეყნის დალაშქვრა დაევალა. ვბრძანე, რომ შენი ხელისუფლების ტახტს დაქვემდებარებული ხალხი საერთო მოწოდებით გავაფრთხილო - ყველა, ვისაც ცხენის ტარება შეუძლია და თავს ფლობს, ომისა და ბრძოლისათვის ძალა და ღონე შესწევს, დირლაქისა და წყალობის მოსურნე ვაჟკაცებისაგან შემდგარი სრულყოფილი ლაშქარი ხმლითა და თანამებრძოლით მტრის წინააღმდეგ იარაღით მზად იყოს. ზემოხსენებული ჩემი ვეზირის წერილში, რომელი ადგილიც იქნება დასახელებული და შერჩეული მისასვლელად და თავშესაყრელად, იქ უნდა მოვიდნენ და შეხვდნენ ერთურთს. ამასთანავე უნდა იყვნენ, როგორც წესი და რიგია, ლაშქრობაში თანაზიარნი. ალაჰის განგებით სახელოვანი თანამებრძოლნი ჩემი მეფური საბოძვარითა და წყალობით კმაყოფილი და დღებედნიერი იქნებიან. ყველა, ვინც მოითხოვს ულუფას, მიიღებს 10-დან 15 ახჩამდე. მსურველი რაზმში მივა და შეხვედრის დღიდან დაენიშნება ულუფა. თიმარზე მეოცნებენი თავიანთი მდგომარეობის შესაბამისად გახდებიან სხვადასხვა სახის რეაიაეთები. მოწყალე ალაჰის განგებით, ხსენებული ჩემი ვეზირი, ხანგრძლივი იყოს მისი ბედნიერება, შაბანის თვის დასაწყისში მივიდეს ნავსადგურში, გადავიდეს ანატოლიის ნაპირზე, თუ საომრად აღიგზნებიან, საჭირო არის. ასე ეცადეთ! ყველა, ვისი დირლიქიდან და რეაიათიდან იქნება შერჩეული, საჩქაროდ მივიდეს ზემოხსენებულის მიერ მითითებულ ადგილზე, შეუერთდნენ და მათ რიგებში ჩადგნენ. ასე იცოდეთ, დაპყრობის წმინდა ნიშანს მიენდეთ, მას ერწმუნეთ.
დაიწერა 921 წლის პატივმოსილი რეჯების თვის შუა რიცხვებში (1515 . აგვისტოს ბოლო) ადგილსა მას კონსტანტინოპოლს.
შენიშვნა
      1. ჰადიმ სინან ფაშა ბორონოვიჩი იყო ბოსნიის დიდგვაროვანი ოჯახიდან. 1496 წლის დეკემბრიდან დაინიშნა ბოსნიის სანჯაყ-ბეგად, 1504-6 წლებში ჰერცეგოვინის სანჯაყ-ბეგად, 1506-13 წლებში სემედირეს (სმედერევო) სანჯაყ-ბეგად ჩრდ. სერბეთში. 1514 წელს დანიშნეს ანატოლიის ბეგლარ-ბეგად და მონაწილეობდა ფლანგის სარდლად სეფიანებთან ჩალდირანის ბრძოლში. ცოტა ხანში დანიშნეს რუმელიის ბეგლარ-ბეგად. 1515 წლის 18 ივნისი-23 სექტემბერი და 1516 წლის 26 აპრილი -1517 წლის 22 იანარი - იყო იმპერიის დიდი ვეზირი. საბოლოოს დაიღუპა ეგვიპტელების წინააღმდეგ ბრძოლაში რაიდანიესთან (კაიროსტან ახლოს).

2. მიუხედავად ბრძანებისა, ეს ლაშქრობა არ შემდგარა და ბრძანება მიზნად ნამდვილი განზრახვის, ანატოლიაში ზულყადარის მხარის დაპყრობის შენიღბვის მიზნით იყო გამოცემული, რაც განახორციელა კიდეც სინანმა.
1516 . - რუმის ბეგლარბეგ შადი-ფაშას არზა სულთნის კარზე
მაღალი ზღურბლისა და უზენაესი სამეფო კარის წინაშე, ნურასოდეს შეწყდება მისი სიდიადე, უღირსი მონის მოსახსენებელი ის არის, რომ ღვთივკურთხეული შაბანის პირველ რიცხვებში1 ვანისა2 და ვასთანის3 რაიონებში მომხდარი ამბების გამო ბაიბურდისა და ერზინჯანის ვილაიეთები დაფრთხნენ და ძალიან შეშინდნენ. რადგან ბაიბურდის ციხის შეკეთება დამთავრებული არ იყო, სასაზღვრო რაიონების ბეგები ფრთხილად მოქმედებდნენ და ჩვენსკენ წერილებს აგზავნიდნენ. ამ დროს კი ბითლისის ბეგმა შერეფ ბეგმა რამდენიმე კაცი შეარჩია და ისინი ბაიბურდამდე მივიდნენ, ალაშკერტის ნაჰიეს დარბევის გამო მოულოდნელად რაიმე არ მოხდესო. იმ ადგილებში, რომელთა დაცვა საჭირო და აუცილებელი იყო, ყარაულები გაიგზავნა. წყეული ყიზილბაშების ქვეყანაში ნამდვილი ამბების შესატყობად გაგზავნილ იქნენ ჯაშუშები. იმისათვის, რომ ციხის შეკეთება ზამთრამდე არ გაგრძელებულიყო, მშენებლობისა და ფორტიფიკაციის მიზნით მოსახლეობიდან საკმაოდ ბევრი შეგროვდა. მათ მეთვალყურეებად დაინიშნენ ბაიბურდის ბეგის მეჰმედ ბეგის ხელქვეითნი. ვიდრე აქა-იქ გზა და ზოგი მთა იყო ჩაკეტილი, სიფრთხილე გამოვიჩინეთ და ქელქედისა და შირინის მხარეში შევყოვნდით.
თუ უბედური შაჰის ამბავს იკითხავთ, ვანისა და ვასთანის აოხრების შემდეგ ადილ-ჯევაზის ბეგმა ჰალიდ ოღლიმ, ერჯიშის ბეგმა ქურდ-ბეგმა და ვანის ბეგმა თექელუ სენანმა საგანგებო მაცნეები გაუგზავნეს - „ქვეყანა ჩვენი გაძარცვეს, ცოლ-შვილი დაგვიტყვევეს. ვიმედოვნებთ, რომ შაჰი ჩვენზე მოწყალებას მოიღებს და დახმარებას გაგვიწევს. ჩვენი მხრიდან, როგორც კი შურს ვიძიებთ, ვიდრე ძალ-ღონე გვეყოფა მათ საზღვრებს გავანადგურებთ“.
ურწმუნო შაჰი საშინლად აფორიაქდა. ყორჩი გაგზავნა უჯანში, კარავი ააშლევინა ურწმუნო ჯაიანს და ასე უბრძანა: „შენს განკარგულებაში მყოფი ასქერებით წახვალ და ალადაღს მიხვალ. წყეული დივ ალიც თავისი ასქერებით შემოგიერთდება. ნურც ერთ დღეს, ნურც ერთ საათს ნუ შეისვენებთ, იარეთ და ის საზღვრები დაანგრიეთ, დაწვით და იავარჰყავით“. ჯაიანი აიყარა და ვიდრე ხოიდან ყარანუდერეს პირს მიაღწევდა, ისევ მოვიდა ყორჩი და წინა გეგმაზე ააღებინეს ხელი: „თქვენ-თქვენ ადგილებზე დარჩით, თუ ალაჰი ინებებს, მეც თავრიზისკენ ვიზამ პირს. ამიტომ ჩემთვის ზამთრის სადგომის მომზადებაზე იზრუნეთ“. ბრძანების შესაბამისად თვალყურს ადევნებდნენ საზამთრო სადგომის მომზადებას როგორც თავრიზში, ისე ისფაჰანსა და ყუმში. მაგრამ შაჰი თავრიზში არ ჩამოსულა, იგი ყუმის ახლოს, ბეშფარმაკის სახელით ცნობილ იალაღზე იმყოფება. ჯაიანი კი თავრიზშია. დივ ალი აღმიღანის სახელით ცნობილ რაიონშია. ჰალიდ ოღლუ, ქურდ-ბეგი, თექელუ სენან-ბეგი და მსგავსი უსჯულონი თუჯი ბაზარში დაბანაკდნენ. ხოლო ალფაღუდ ჰალილ ოღლუ და კარაჯა ილიასის ძენი 200-მდე კაცით კაღიზმანის მხარეში არიან. უსჯულო ისჰაკ ოღლის მხრიდან გაგზავნილიფირი სათილმიშ ოღლუ 15 კაცით ავნიქში იმყოფება.
ავნიქში მყოფი სომხები დაიფანტნენ და საქართველოსკენ წავიდნენ. ორი ოჯახი კი ბაიბურდში მოვიდა. ამჟამად წყეული ჯამაათი დამშვიდებულია და თავის საზღვრებს იცავს.
თუ საქართველოს ამბავს გამოიკითხავენ, გასულ წელს მისი უზენაესობის, ღვთის ჩრდილის და ქვეყნის საფარველის ფადიშაჰის მიერ ტრაპიზონიდან გაიგზავნა ზიმი აღაჯუკის ძე იაკუბ-შაჰი დადიანთან და გურიელთან ხარაჯის მოსათხოვნად. ახლა დაბრუნდა უკან და მისი ელჩი დადიანისაგან ხარაჯით დატვირთული მიდის მაღალ სამეფო კარზე.
თუ ყვარყვარეს ამბავს იკითხავენ, მანუჩართან ბრძოლაშია. საქართველოში ზოგიერთი, მაგალითად მეფე დავითი მანუჩარის მხარეზეა, ზოგიერთი კი - იმერეთის მეფითურთ ყვარყვარეს მხარეზეა. ერთმანეთთან ბრძოლაში და ერთიმეორის ხოცვა-ჟლეტაში არიან გამუდმებით. ამჯერად ერთსაც მტკიცედ შეკავშირებული ჯამაათი ჰყავს და მეორესაც. თითოეული თადარიგს იჯერს უახლოესი ბრძოლისათვის.
რაც შეეხება უბედურ შაჰს, ამბობენ რომ იგი შეიძლება გამოსაზამთრებლად იყოს ყუმში. იმის ზუსტად გასაგებად თუ სად აპირებს ზამთრის გატარებას და რა გეგმები აქვს, რამდენჯერმე გაიგზავნა გამოცდილი პირებიდან ერთგული კაცები. აგერ 5-6 თვეა მის ბანაკში არიან წასული ჩვენი ხალხიც. თუ მოწყალე ალაჰმა ინება, იმედი გვაქვს ღვთის შეწევნითა და ფადიშაჰის მზრუნველობის ძალით მოიპოვებენ ზედმიწევნით სრულ ცნობებს და მოახსენებენ სვებედნიერ მაღალ ზღურბლს.
აქამდე მომხდარი ამბები ეს არის რაც მოგახსენეთ. რაც შეეხება დანარჩენს, ბრძანება ეკუთვნის მაღალ სამეფო კარს.
ღატაკი მონა-მორჩილი შადი.
მინაწერი: რუმის ბეგლარბეგის წერილი არის.
შენიშვნები
1. აგვისტოს ბოლო დეკადა.
2. ვანი - ოლქი და საოლქო ცენტრი ვანის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე. თურქებმა დაიპყრეს 1548 წელს
3. ვასთანი - ქალაქი ვანის ტბის სამხრეთით. ახლანდელი გევაში. შედის ვანის ოლქში.
1517 . - ანატოლიის ბეგლარბეგ შადი-ფაშას არზა სულთნის კარზე
მაღალი სამეფო ზღურბლისა და უმაღლესი სამეფო სასახხლისადმი, ნურასოდეს შეწყდება უზენაესობა მისი, უღირსი მონის არზა ის არის, რომ ამასწინათ ბედნიერების მფარველი ზღურბლიდან წმინდა ბრძანება მოვიდა, რომელსაც მთელი მსოფლიო ემორჩილება. მისი კეთილი შინაარსი ასეთია: ქურცინას შვილმა იბაშერმა ზაქარიას შვილი ხახულარი დაიჭირა და მის 5 აზნაურთან ერთად ციხეში ჩასვა, დაჭერის ამბავი თავის მამას, ქურცინას შეატყობინა ამირად წოდებული თავისი კაცის საშუალებით. ქურცინამ კი არზა წარმოუდგინა ჩემს ბედნიერების მფარველ ზღურბლს და ამგვარად გამოცემულ იქნა სვებედნიერი დიდებული ბრძანება: როცა ხსენებული ჩემი უავგუსტოესი ბრძანებით შენამდე მოაღწევენ და მოვლენ, შენ შესაფერისი პირი გააყოლე თან და წარგზავნე ბაიბურთის სანჯაყბეგთან, ხოლო იგი ისპირის სუბაშისთან მივიდეს, ისპირის სუბაშიმ კი თავისი კაცი გააყოლოს და გაგზავნოს საქართველოში. ზემოხსენებულ ქურცინას შვილს იბაშერს მოთხოვოს ზაქარიას დაჭერილი ვაჟი თავისი ხუთი აზნაურით და საქართველოდან წამოიყვანოს. მერე კი შესაბამისი დაცვით საქმისათვის გამოსადეგი პირები ჩემს მაღალ კარზე გამოგზავნე. რადგან ასეთი ბრძანება იყო, მაღალღირსეული ბრძანების თანახმად ხსენებულ ამირს კაცი აახლეს და ქურცინას შვილთან გადმობირების წერილი დაიწერა. მაღალი სამეფო კარიდან წარმოგზავნილი კაცი ბაიბურდის ბეგ მეჰმედ ბეგთან მივიდა. ჩვენს კაცებს მან კიდევ თავისი კაცი აახლა და ისპირში გაგზავნა. იქიდან კი ჩვენი კაცი და მეჰმედ ბეგის კაცი ისპირის სუბაშის კაცის თანხლებით საქართველოში ჩავიდნენ და მივიდნენ ქურცინას ძესთან, იბაშერთან და როცა ქვეყნისმფარველი ფადიშაჰის პატიოსანი ბრძანება წარუდგინეს, მან რამდენიმე დღე გააჩერა ჩვენი ხალხი თავისთან და ყვარყვარესთან კაცი გაგზავნა მოსათათბირებლად. მან შემოუთვალა, ზაქარიას შვილი გადაეცი, იმ ხუთ აზნაურს კი ნუ მისცემო. ზაქარიას შვილი ჩააბარა, 5 აზნაური კი არა. ზაქარიას შვილი ჩვენმა ხალხმა დაუყოვნებლივ წამოიყვანა, იგი ბედნიერების კარზე გაიგზავნა. მაგრამ ქურცინას შვილმა იბაშერმა ქვეყნის მფარველი ფადიშაჰის წმინდა ფირმანი რიმ იხილა, მაღალი ზღურბლიდან დაბრუნებული ქაფირის შესახებ თქვა, მე ეს არ გამიგზავნია, მაგრამ ვითარებას კი მოვახსენებო. ეს ამბავი როგორც კი მოხდა, ამასწინათ ნაღალ ტახტს მოახსენა თქვენმა მონა-მორჩილმა.
როცა ქურცინამ გაიგო, ის კაცი მოისყიდა, შვილის სახელით წერილი დააწერინა და ათქმევინა - რა შედეგიც მოჰყვება - ომი იქნება, თუ მშვიდობა, თუ ზავი, ქვეყნის შესახებ რასაც კი გაიგონებს, რაღაცას მოიმიზეზებს და შემთხვევას არ გაუშვებს, რომ ვინმეს პირით დაუყოვნებლივ არ შეატყობინოს სულთნის უზენაეს კარს.
არც საქართველოა ამბების გარეშე დარჩენილი და თუ საქართველოს მდგომარეობას იკითხავთ, ასეთია: ყვარყვარეს ხელქვეითი აზნაურებიდან რამდენიმე მანუჩარის მხარეზე გადავიდა და ყვარყვარეს უღალატა. ჩვენი დესპანი დივ ალი ერევნიდან აიყარა და დღეს ან ხვალ საქართველოში შემოიჭრება 3000 ყიზილბაშითო - ყვარყვარემ ხალხში ხმა გაავრცელა. სახელმწიფოს შაჰის ლაშქრისათვის საური სჭირდებაო, ცხვარსა და საქონელს, თაფლსა და ერბოს გადასახადი დაადო და შეგროვებას შეუდგა. ის აზნაურები შეშინდნენ და კვლავ ყვარყვარესთან დაბრუნდნენ. როცა ერთ ადგილზე მოიყარეს თავი, ლოცვა აღავლინეს და ოლთისის ციხეზე წამოვიდნენ. მანუჩარმა კი უყურადღებობა გამოიჩინა. ციხეში მხოლოდ ერთი აზნაური დატოვა. თვითონ ხუთი აზნაურის თანხლებით გაიქცა და ივანესთან წავიდა. ყვარყვარემ შეიტყო თუ არა მანუჩარის ციხიდან წასვლის ამბავი, ციხეს მოუბრუნდა, გარს შემოადგა და ბრძოლა გამართა. ციხის კარზე კი ქართველთაგან იმ ციხის მცველი აზნაურის ნათესავი გაგზავნა და გადმოიბირა. მათაც ციხე ჩააბარეს. ახლა შიგ თავისი აზნაურები ჩააყენა და დაიკავა.
თუ გარეწარი ყიზილბაშების ამბავს იკითხავთ, უსჯულო შაჰი ამჯერად ყუმში იმყოფება. დივ ალი კი სეიდ ჩუქურში - ერევნად სახელდებულ მხარეშია, ურწმუნო ჯაიანი თავრიზში არის. სხვა უსჯულო ემირები თავთავიანთ ადგილ-სამყოფელში ცხოვრობენ.
ხოლო ბაღდადში მყოფ უსჯულოთა ბანდამ გზადაკარგულ შაჰს ასეთი ამბავი აცნობა - დიარბექირის მხარეში გავრცელებული ჭორი თუ მართალი ის არის, რომ გაზაფხულზე ანატოლიის, ყარამანიისა და დიარბექირის ლაშქარი გაერთიანდება და თუ ბაღდადზე გამოილაშქრებენ, ამის გამო საჭირო გახდება შაჰის ბრძანების მიხედვით მოქმედება. შაჰმა კი სამ ბეგს უბრძანა გზების გახსნისთანავე ბაღდადში ჩახვალთ და თუ ნათქვამი გამართლდება, სასწრაფოდ შეგვატყობინეთ, თუ არ ახდება, ნუ აირევ-დაირევით. ამ მხარის მიმართ ყურადღებით იყავით-, ახლანდელი ვითარება ასეთია.
მაღალი ალაჰის წყალობით, კვლავ რასაც კი შევიტყობთ მაღალ სამეფო ტახტს ეცნობება. თუღმერთმა ინება, დანარჩენი ბრძანება ქვეყნის მფარველი კარისაა.
ღატაკი მონა გლახაკი შადი.
1516 . შემდგომ - ქურცინა ბეგის ძის იბაშერის მამასთან გაგზავნილი წერილი
მოკითხვის შემდეგ გაცნობებ, რომ თუ აქაურ ახლანდელ ამბავს იკითხავენ, სვებედნიერი ფადიშაჰის უდიდებულესობას ასეთი არზა წარუდგინე: შეიბე-ხანის შვილი თემურ-ხანი ასკერებით მოვიდა და ყიზილბაშების სერასქერ ზეინალ ხანს შეხვდა. დიდი ბრძოლა და ომი ქნეს, ბოლოს ყიზილბაშთა სერასქერი გატყდა, ბრძოლის დროს ხსენებული ზეინალ-ხანი დასცეს. ხორასანი, ჰერათი, ბადახშანი, მერვი და საერთოდ ხორასნის მთელი ქვეყანა აიღეს. როცა ეს მოხდა, შაჰი საჰნაში იყო. გაიგო თუ არა, საჰნიდან წამოვიდა და ყუმის მიმართულებით 7 ფუნდუკის მანძილზე გაუდგა გზას. ყუმში გამოზამთრების თადარიგი დაიჭირა. ამ ამბებში ეჭვი არ შეგეპაროთ და უნდობლად არ მოეკიდოთ.
მშვიდობით იყავით.
1521 . - ბაიბურდის ბეგის ფაიქის არზა სულთნის კარზე
მაღალ სამეფო ზღურბლისა და უმაღლესი სასახლისადმი, ნურასოდეს შეწყდება მათი უზენაესობა, და იყოს იგი თავისუფალი ჟამთა სიავისაგან, უღირსი მონის მოსახსენებელი ის არის, რომ გარეწარი ყიზილბაშები არდებილიდან წავიდნენ და უჯანის ველზე მივიდნენ. ხორასნიდან ქორემირმა რამდენჯერმე გაუგზავნა შიკრიკი - ჩაღათაელები დიდი ჯარით დაგვესხნენ თავს და საზღვარი ხორასნამდე მოვიდაო. ამ ცნობამ მათ შორის განხეთქილება ჩამოაგდო. ვიდრე მეამბოხე ჯანბერდის სიკვდილის ამბავს შეიტყობდა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი რუმისაკენ მიეპყრო ყურადღება, მაგრამ სამწუხარო ცნობამ თავგზა აუბნია და განზრახვა ჩაიშალა. ჩემმა მსტოვრებმა შეგვატყობინეს, რომ ხსენებული ქორემირის აღნიშნული გეგმა სულ ჩაიფუშა. თავრიზში დივ ალი დატოვა მკაცრი ზომების მისაღებად, მაგრამ უფრო შესაძლებელია, რომ დივ ალიდ წოდებული უსჯულო მოწვეული იყოს ჩაღათაელთა ასაკლებად. ბაღდადის ბეგი, შაჰ ალიდ წოდებული მწვალებელი, გარდაიცვალა. მისი სიკვდილის ამბავმა შაჰზე დიდად იმოქმედა და დაამწუხრა. მწერალიც ვერ შესძლებს სპარსეთის ქვეყნის უკიდურესი მდგომარეობის აღწერას. საქმე იქამდე მივიდა, რომ სეიდ ჩუქურის რეაიას უმრავლესობამ თავისი ოჯახის გამოსაკვებად ლუკმა-პურისათვის საქართველოს მიაშურა, სიფაჰიები კი თავრიზში წავიდნენ. მოენის შესაპყრობად სეიდ ჩუქურში რამდენჯერმე წავიდა ჩემი ხალხი, მაგრამ ღატაკებს გარდა ვერავინ გადმოიბირეს. სიფაჰიები ვერ ჩაიგდეს ხელში, რომ ხელმწიფის კარზე მოენე გაგზავნილიყო. ჯაშუშები თავრიზში კვლავ ქურთების მხრიდან გაიგზავნა, ხოლო სეიდ ჩუქურში მოენის შესაპყრობად არზრუმზე გავლით გაიგზავნა კაცები. მაღალი ალაჰის წყალობით, თუ რაიმე ამბავს შევიტყობთ და მოენეს მოიყვანენ, სამართლიანობის თავშესაფრის ზღურბლზე გამოიგზავნება. რისი ძალ-ღონე შეგვწევს ეს არის - ხონთქრის კარს მოენედ გამოსადეგი პირი ეყოლება.
ამასწინათ არზა წარმოადგინეს ბედნიერების კარის ზღურბლზე გამოსაგზავნად. მოვიდა ყვარყვარეს ღატაკი მონა. ამ კეთილად მოქმედმა კაცმა მოითხოვა და ჩემი ერთგული პირებიდან წერილის დამტარებელი მეჰმედი, ხოლო საქართველოს წესისა და ვითარების მცოდნე სიფაჰთაგან აჰმედი გაიგზავნა. ისინი ახლახან დაბრუნდნენ და ის პასუხი მოიტანეს, რომ ყვარყვარე სრულად შემობრუნდა ჩვენსკენ. შეცოდებისათვის პატიებას გევედრება და ხონთქარს თხოვს, რომ იგი თავის გულწრფელ მონად მიიჩნიოს და დანაშაულის შენდობა სურს. მთელი არსებით შეიძულა ყიზილბაშები. ამის დასადასტურებლად, თავისი გულწრფელობისა და ერთგულების მაუწყებლად უნდა რომ ავნიქის ციხე ოსმალებმა ჩაიგდონ ხელთ. ამასთანავე მისი სურვილი ის არის, რომ იყოს იგი შეწყნარებული და შენდობილი, ხოლო მოწინააღმდეგე აზნაურები დამორჩილებული და დაქვემდებარებული. აზნაურების კუთვნილი ციხეები და მამულები დაიპყრონ, რათა ყველაფერი ხონთქრის საგამგებლო გახდეს. თუ ციხეების გარდა, მათი სამფლობელოებიც გადაეცემა, დაე ასე იყოს, ისიც ხონთქარმა დაიცვას და მართოს! ყვარყვარეს ერთადერთი სურვილია, რომ მისი მტრები იყვნენ დამარცხებული, თვითონ კი ითხოვს საქმისათვის გამოსადეგი ერთი აზნაურის გაგზავნას სულთნის კარზე, ოღონდ, აწ გარდაცვლილი ხონთქრის დროს ბედნიერების კარზე მყოფ ერთ-ორ აზნაურს გაძლიერებულ მეთვალყურეობას უწევდნენ და ამიტომაც არც ერთმა აზნაურმა არ მოინდომა წასვლა. თუ აღნიშნულ მკაცრად ნათვალყურევ პირებს წყალობის წერილს უბოძებთ და ჩვენსკენ გამოაგზავნით, აზნაურების გულს მოიგებთ და ამის შემდეგ სანდო ხალხი არასოდეს მოაკლდება სულთნის კარს. შესაძლოა თვითონ ყვარყვარეც ეახლოს სამეფო კარს. ერთი სიტყვით, როცა ყვარყვარეს დაიქვემდებარებთ, მთელი საქართველო იქნება დაპყრობილი, რადგან მისი ბეგების შთამომავალია. როცა დამორჩილდება, წინააღმდეგობის გაწევას ვერავინ გაბედავს. ქვეყნის შემამკობელი ნათელი აზრი ის არის, რომ მხოლოდ მისი დაქვემდებარება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე 100 აზნაურის დამორჩილება.
თუ ხსენებული ყვარყვარეს დამორჩილების სურვილი გაჩნდება, მის მოსამხრობად უნდა გაიგზავნოს უავგუსტოესი ბრძანება. ბრძანება, რასაც არ უნდა ეხებოდეს, ყველა შემთხვევაში გამოცდა იქნება და შემდეგ იმის მიხედვით იმოქმედებთ მის ერთგულებაში დარწმუნდებით თუ ორპირობაში.
დანარჩენი, ბრძანება დიდებული ციური სამეფო კარისაა, დაე მისი ჩრდილი, მსგავსი ბედნიერების მაუწყებელი ფენიქსისა, მუდამ ეფაროს ხალხის თავებს აღდგომის დღემდე!
მონათაგან ყველაზე უღირსი
გლახაკი ფაიქი.
1530-იანი წწ. - მოხსენება საქართველოს მდგომარეობის შესახებ
ღვთივდაცული გზა კარაამიდიდან და ჩაფაკჩურიდან მუშაბადის მარცხენა მხარეს ბინგიოლის სახელით ცნობილ იალაღამდე აღწევს. მათ შორის მანძილი ძლევამოსილი ჯარის სვლით მხოლოდ 15 ფუნდიკის გავლით დაიფარება. გზა საქართველოს ქვეყნისაკენ ბინგიოლის სახელით ცნობილი იალაღიდან გადის ბასიანის დაბლობზე, ავნიქის ციხის მარცხნივ, ჩობანის ხიდის ახლოს, შეიძლება თვითონ ჩობანის ხიდზე გავლითაც. როგორც კი საქართველოს ტერიტორიაზე ფეხს დაადგამ, მარჯვენა მხარეს საზღვარი გასდევს უსჯულო ყვარყვარეს აზნაურთაგან ყანდურალად წოდებულის მამულს. ის ადგილები მისი მამულია. 200 სოფელია ქუფის ციხიდან ვიდრე საფნიკის სახელით ცნობილი ადგილის გასწვრივ მიაღწევდე. ის ქუფი პატარა ციხეა. აქვს რამდენიმე ციცაბო ადგილი, მაგრამ ძლიერი დარტყმის გადამტანი კი არ არის. აქ მდებარე სოფლების უმრავლესობა ზემოაღნიშნულ ყანდურალს ეკუთვნის. მცირე ნაწილი კი აზონის შვილებად ცნობილი აზნაურებისაა. ზოგიერთი კი ყვარყვარეს სახასოა. ყანდურალიც მხოლოდშობილი როდია. მას რამდენიმე ძმა უნდა ჰყავდეს.
საქართველოს ტერიტორიაზე ხსენებული ბასიანის ოლქში შესვლისას მარჯვნინ დაბლობი დაგხვდება. მის მარჯვნივ კი ყიზილბაშთა ქვეყანაა. იგი კაღიზმანად წოდებული ადგილის პირისპირაა. თავისუფალი ტერიტორია მარცხენა მხარეზეა. თუ მიზნად დაისახავ იქიდან შესვლას, ტაოს ქვეყნის სახელით ცნობილი ოლქის ბოლო უნდა გაიარო. ტაოს ოლქი მჭიდროდ დასახლებული ვრცელი ქვეყანაა. ტაოს ქვეყანაში პირველად შეგხვდება შექერლიდ წოდებული ადგილი. იგი მამირვანის ციხის მიდამოებშია. იქ ბევრი ბალახია და წყალი. იალაღები ულამაზესი, სანადირო ადგილები უამრავი. საერთოდ ძალიან კარგი მხარეა. ეს ხსენებული მამირვანის ციხე პატარა ციხეა. მთის კალთიდან მწვერვალამდე ციხის სანახებია. შექერლის ნაჰიიედან გამოსული მდინარე მასთან ახლოს უხვევს და მოედინება. აღნიშნული მამირვანის ციხე ყვარყვარე ათაბაგის სახასოა, მაგრამ დროებით ჩაბარებული აქვს მის მოურავს, ნარიმანად სახელდებულ აზნაურს. მარჯვენა მხრიდან მისი მომიჯნავე ჰიმაღარის რაიონიცა და ციხეც იმ ნარიმანის ქვეყანაა. ხსენებული ნარიმანის ოლქი შეიცავს 40-45 სოფელს. ამგვარად ზემო მხარეში ყვარყვარეს საგამგებლო საქართველოს ქვეყნები ესენია, რომლებიც ხსენებულ იქნა.
აღნიშნული სანახების მარჯვნივ, ერთი ფუნდუკის დაშორებით თორთუმის ციხეა, ამ მხარეს ხახოს ხეობას უწოდებენ. ძალიან კარგი რაიონია. გარდა ამისა რამდენიმე პატარა ციხეც არის, ერთს აღჯაყალას უწოდებენ. თორთუმის ციხე თავდაპირველად ყვარყვარესი იყო. მაგრამ დროებით ქურცინას ხელში გადავიდა: ქურცინას ძველი მთავარი ციხე კი აღჯაყალა იყო. ხსენებული ციხეები ამჯერად დროებით ხელთა აქვს ერთ უსჯულო აზნაურს, სახელად როსტომს. ხახოს მხარე იშხანის სახელითაც არის ცნობილი. აქ დაახლოებით 100 სოფელია. მათ შორის 20-30 დამოუკიდებელი წვრილი აზნაური ცხოვრობს. აქ ჩამოთვლილ ნაჰიიეებში შესასვლელი ადგილებია ოვაჯიკის, ისპირისა და ვესრიქის მხარეები. დასაწყისიდან აქამდე ხსენებული მიწები საქართველოს საზღვრებია და იმ შემთხვევაში, როცა ლაშქარი საქართველოში შეჭრას გადაწყვეტს, ხსენებული მიდამოებიდან თუ შევა. ეს აქ დამთავრდა.
ცოტა ზემოთ ნახსენები მამირვანის ციხის ძირიდან ერთი მდინარე გამოდის და მიემართება ციხისაკენ, რომელსაც ოლთისი ჰქვია. იმ ციხეს რომ მიაღწევ, ჩამოხტები. მამირვანის ციხესა და ოლთისის ციხეს შორის ჯარისათვის ერთი დღის სავალ გზაზე სადგომია. ოლთისის ციხეცა და მამირვანის ციხეც ყვარყვარეს სახასოებია. ხსენებული ოლთისის ციხე ძველითაგანვე ტაოს ქალაქი იყო. ოლთისის ციხე ტაოში მდებარეობს. ტაოში დაახლოებით 200 სოფელია მჭიდროდ დასახლებული და ჩინებულად მონაშენები. სწორი, ვაკე და დაბლობი ადგილებია. ამ მხარის მთები და ველები უაღრესად კეთილნაშენია.
ამის შემდეგ საქართველოში ახალციხის მიმართულებით არის ადგილი, რომელსაც ფანაკი ჰქვია. აქედან ფანაკამდე ორი ფუნდუკის გავლით მიაღწევ. ფანაკად წოდებულ სოფელში ეკლესიაა ყელის ფორმისა. ესეც ტაოს ეკუთვნის. მასა და იქეთა მხარეში მდებარე არტაანის ქვეყანას შორის ერთი მოზრდილი გორაა. ბეჯითად მავალი ერთ დღეში გადაივლის მას. კარგი გასაჩერებელი ადგილია. ამას რომ გადაივლი , არტაანის სახელით ცნობილ მხარეში ჩახვალ. ის არტაანის დაბლობი უმშვენიერესი ადგილია საქართველოში. თმოგვის ციხემდე არის 300 სოფელი, შესანიშნავი განაშენები და დასახლებული; მინდვრები ბალახიანი, წყლიანი და სათიბი ვაკე ადგილებია.
არტაანის მარცხნივ მდებარეობს შავშეთი და არტანუჯი. არტანუჯის ციხე პატარა ციხეა; სულ ცოტა ხნის წინ ყვარყვარემ იგი თავის ბიძაშვილს, ივანეს წაართვა. ამის იქით მდინარე ჭოროხის ქვემო წელის ორსავე ნაპირზე აჭარის და მურღულის რაიონებია. იმ ქვემო მხარეს მიაღწევ და გზაც დასრულდება.
უკან და ცოტა ზემოთ არტაანია, რომელიც უკვე მოხსენიებულ იქნა. მასზე ერთი გზა კიდევ გადის. ადრე, იაკუბ ფადიშაჰის დროს, ახალციხის წინააღმდეგ საღვთო ომი ამ გზის გავლით წარუმართავთ. ამ გზით შეხვალ და გამოხვალ. ის გზა კუმლუჯად წოდებული ცნობილი გზაა. გარდა ამისა, არტაანის დაბლობზე კიდევ გადის ერთი გზა, რომელიც თმოგვის ციხემდე აღწევს. თმოგვის ციხე კი საკმაოდ ცნობილი და მიუვალი ციხეა საქართველოსი. მის ზემო მხარეს, თმოგვის წყალზე განიერი სიმაგრეა. წინათ, სულთან სელიმ-ხანის დროს, როცა ყიზილ აჰმედ ოღლი მირზა ბეგმა საქართველო დალაშქრა, ყვარყვარეს სიმამრი, უსჯულო, სახელად სურხანი, თავისი ხალხითა და ოჯახით იმ გამოქვაბულში იყო. ქურცინას ხალხი და ოჯახის წევრებიც მასთან იყვნენ. მირზა ბეგმა რამდენიმე აზნაური შეიპყრო. ისინი იქიდან გამოიყვანა. ქურცინას მაღალი სამეფო კარზე წასვლის ძირითადი მიზეზი იმ გამოქვაბულიდან მისი ხალხისა და ოჯახის წევრების გამოყვანა და მისთვის შეუტყობინებლად მათი მაღალ სამეფო კარზე გაგზავნა იყო. მოგვიანებით თავადაც წავიდა თავის შვილებთან ერთად.
იმ თმოგვის წყლის ზემო წელში მგელციხედ წოდებული ერთი მტკიცე ციხეა. ისიც თმოგვის ნაჰიიეს ექვემდებარება. თმოგვის ციხის პატრონს ელიზბარს უწოდებენ. იგი ყვარყვარეს სიმამრის სურხანის ძმისშვილია და იმ უსჯულო ყვარყვარეს ერთ-ერთი მეტად სახელოვანი აზნაურია.
თმოგვის ნაჰიიეს უკან ჯავახეთის სახელით ცნობილი ერთი ოლქია, რომელიც ეშვება ყიზილბაშთა ქვეყნისაკენ. უამრავი ვაკე ადგილი აქვს და მინდორი. სოფლები მჭიდროდ დასახლებული. არტაანის მხარე გამორჩეული ადგილია საქართველოსი. იგი მასთან ერთად ერთ ქვეყანას წარმოადგენს. სოფლებს მოიცავს, იქ აწყურის დიდი ეკლესია არის. ვიდრე მას მიაღწევდე, დაახლოებით 200 სოფელია. აწყურის ეკლესიასთან რომ მიედინება და ეშვება, იმ მდინარის ზემო წელში მდებარეობს საქართველოს მთავარი ქალაქი სახელად ახალციხე. მის გარშემო 200 სოფელია. საქართველოს ცნობილი და მრავალრიცხოვანი მხარეები თუ ქვეყნები აქ დასახელებული ადგილებია. ამათ გარდა კიდევ ბევრია სხვა რაიონი, დიდი თუ მცირე ადგილი, მაგრამ აქ არ მოიხსენიება.
ყვარყვარედ წოდებული უსჯულოს ნათესავი და მასზე დამოკიდებული ერთ-ერთი პირია მისი ბიძა მანუჩარი. იგი ეკლესიაშია განდგომილი. ბიძაშვილს ივანე ჰქვია. ივანე ბეგს ერთი ძმა ჰყავს, მას ქაიხოსრო ჰქვია. პატარა ბეგების სახელები ესენია აქ რომ იქნა ჩამოთვლილი. ყვარყვარეს ცოლის ძმები არიან სურხანის შვილები - ხუთნი ძმანი. ამ ხუთიდან უფროსის სახელია ქუცნა, ერთ ბიძაშვილს ელიზბარი ჰქვია. ელიზბარს ძმა ჰყავს სახელად იოთამი. მათ თავიანთი ნამდვილი მსახურების გარდა, 40-40, 50-50 მათზე დამორჩილებული აზნაური ჰყავთ. სურხანს ერთი ძმაცა ჰყავს, სახელად ბოქნუქს (ბოქა) ეძახიან. მასაც რამდენიმე ვაჟი ჰყავს. გარდა ამისა ერთი უსახელო უსჯულო კიდევ არის, მას სახელად ასღრადუზს ეძახიან. ის აქ ხსენებულების მოწინააღმდეგე პირია. ყველა მათი ძმები და შვილები, აქ დასახელებულები და შესაძლოა უფრო მეტნიც, ერთად არიან. ერთი აზნაურიცაა სახელად ანდრომანი, მისი ტერიტორიაა უდეს რაიონი. ისიც ამათთან ერთად არის. აზნაური სახელად ყანდურალი თავისი ძმებითურთ და ამილახორი ცნობილი გვარიდან არიან. მას (ამილახორს) სახელად ქოჰიარს უწოდებენ. ბევრი ძმა ჰყავს. ესეც მრავალრიცხოვანი ჯამაათია. მათ შორის ის ცნობილი პიროვნება არის. მისი ტერიტორია მიმოფანტულია, როგორც აქ აღნიშნული ვილაიეთის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ.
ერთი კიდევ არის შემაზანოღლუ. თავისი ნათესავებითა და ხელქვეითი პირებით ესეც მათი ტოლი და სწორია. მისი სამფლობელო ჯავახეთად წოდებული ადგილია. ძირითადად ყვარყვარეს ექვემდებარებიან აქ ჩამოთვლილი პირები.
იქითკენ, აწყურად წოდებული ეკლესიის წინ ჩამდინარე წყალი საქართველოს (=ქართლის) საზღვარია, რომელიც ვახტანგ მეფის ქვეყანა არის. იგი მირზა ჭაბუკის დისშვილი იყო და გარდაიცვალა. მას შვილები დარჩა, რომლებმაც თავიანთი მამის მიწები დაინაწილეს. იმის იქით თბილისის ქვეყანაა, რომლის იქით შაქის ბეგი - ლევან ბეგი არის.
აქედან ქვეით ხეობაში ქუთაისის ქვეყანაა, ეს ის ადგილებია, სადაც სულთან სელიმ-ხანი მივიდა და საღვთო ომი გადაიხადა. ესენი უსჯულო ყვარყვარეს ხანები არიან. უფრო ქვევით არის გურია, რომელიც ტრაპიზონს ესაზღვრება. იმის იქით სოხუმამდე დადიანის ქვეყანაა. იგი (სოხუმი) ძველ დროში ნავსადგური ყოფილა. მასთან ეშვება იალბუზის მთის კალთა. იმის იქით კი არის აფხაზეთის ქვეყნები. მთების უკან მდებარეობს ჩერქეზეთის ქვეყანა და ლეკისტანი დარუბანდამდე, რომლის სამხრეთით შირვანის ქვეყანაა.


Комментариев нет:

Отправить комментарий