ვიდრე
ამ ექსპედიციის შესახებ გვექნება საუბარი, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ მოკლედ გავცნობოდით ინგლისელთა წინა სავაჭრო ექსპედიციებს აღნიშნულ რეგიონში. ასევე, საჭიროდ ჩავთვალეთ მოკლედ შევხებოდით იმ მიზეზებს, რამაც გამოიწვია ბრიტანელთა დაინტერესება და შემდეგ სავაჭრო ექსპედიციების მოწყობა კავკასიასა და ირანში.
ცნობილია, რომ XV საუკუნის მიწურული და XVI საუკუნის პირველი ნახევარი დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებით გამოირჩევა. იმ დროს რამდენიმე ძლიერმა ევროპულმა ქვეყანამ ხელთ მრავალი კოლონია იგდო, რამაც მათ ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედა. ნაწილი ევროპული ქვეყნისა კი, ახალი მიწების მოძიებას ცდილობდა. მათ რიცხვში ინგლისიც იყო. ამ სამეფოს ჩინეთისა და ინდოეთისაკენ მიმავალი გზების გამონახვა ეწადა. ვინაიდან იმ დროს ამ ქვეყნებთან დამაკავშირებელი სირია-მესოპოტამიის გზა ოსმალეთის ხელში, ხოლო აფრიკის შემოვლითი გზა კი ძალზე შორი და სახიფათო იყო, ამიტომ ინგლისელმა პოლიტიკოსებმა და სავაჭრო წრეების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ალტერნატიული გზა ჩრდილოეთიდან შემოვლით გამოეძებნათ. მათ XVI საუკუნის 50-იან წლებში სავაჭრო ურთიერთობა მოსკოვის სახელმწიფოსთან (რუსეთთან) დაამყარეს. ამ ურთიერთობის შედეგად, 1548 წელს ინგლისში დაარსებული „ვაჭარ მეწარმეთა საზოგადოება“, 1555 წელს „მოსკოვის კომპანიის“ სახელით შეიცვალა. მოსკოვის სახელმწიფოს ტრანზიტით, ვოლგა-ასტრახან-კასპიის გზის გამოყენებით, ინგლისელებმა შუა აზიაში ერთი
(1558-1560), ხოლო კავკასიასა და ირანში ექვსი
(1561-1581) სავაჭრო ექსპედიცია მოაწყვეს. უნდა ითქვას, რომ ბრიტანელთა აღნიშნული ექსპედიციები თავდაპირველად წარმატებული ვერ გამოდგა. ენტონ ჯენკინსონის მეთაურობით შუა აზიაში (ხივისა და ბუხარის სახანოებში) მოწყობილი სავაჭრო ექსპედიციას წარმატების მიღწევაში, ძირითადად იქაურმა გართულებულმა პოლიტიკურმა სიტუაციმ შეუშალა ხელი. ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა ინგლისელთა პირველი ორი მცდელობა ირანში შაჰისგან ფართო სავაჭრო პრივილეგიები მიეღოთ. პირველ შემთხვევაში (1561-1564) ე. ჯენკინსონმა (ექსპედიციის ხელმძღვანელმა) ეს მხოლოდ შირვანში მოახერხა. 1563 წელს იქ ინგლისელთა სავაჭრო ფაქტორია გაიხსნა. ხოლო მეორე ექსპედიციის
(1563-1565) დროს, ხელმძღვანელი თომას ოლკოკი გაურკვეველ ვითარებაში იქნა მოკლული, რის შემდეგაც ინგლისელები მალევე უკან გაბრუნდნენ.
ირანის შაჰის თამაზ I-ის
(1524-1576) მხრიდან ინგლისელი ვაჭრების არცთუ კეთილგანწყობით მიღება პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული. 1555 წლის 1 ივნისის ამასიის საზავო ხელშეკრულებით ირანს ყველა სახის ექსპორტი მხოლოდ ოსმალეთის გზების მეშვეობით უნდა ეწარმოებინა და უარი ეთქვა ჩრდილოეთის გზის გამოყენებაზე. ირანის შაჰი, თავდაპირველად, თავს იზღვევდა, რათა წინააღმდეგ შემთხვევაში, ოსმალეთის მხრიდან პოლიტიკური გართულებები არ მოჰყოლოდა. ინგლისელთა მხოლოდ მესამე ექსპედიციის
(1565-1567) დროს დაიწყო სეფიანთა ირანსა და ინგლისის სამეფოს შორის, სავაჭრო ურთიერთობის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი ძვრები, როდესაც შაჰმა თამაზ I-მა 1566 წელს, თავის სამფლობელოში ინგლისელებს ფართო სავაჭრო პრივილეგიები მიანიჭა. ეს დადასტურებულ იქნა დოკუმენტურადაც შაჰის მიერ ბეჭედდარტყმული სიგელით, რომელიც 8 სტატიისაგან შედგებოდა. ამ ორ სახელმწიფოს შორის სავაჭრო ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდა მეოთხე ექსპედიციის (1568-1569) დროს, როდესაც ირანის შაჰმა ინგლისელ ვაჭრებს ახალი პრივილეგიების სიგელი უბოძა და ამით წინა სიგელის სტატიებს 10 ახალი სტატია დაუმატა. ინგლისელთა მეხუთე ექსპედიცია (1569-1574) აღნიშნულ რეგიონში კი ყველაზე ხანგრძლივი გამოდგა, თუმცა რიგი მიზეზების გამო, ინგლისელთათვის მთლად ვერ აღმოჩნდა წარმატებული: ექსპედიციის მსვლელობის დროს ხელმძღვანელი თომას ბენისტერი და რამდენიმე ინგლისელი ავადმყოფობით გარდაიცვალნენ, ხოლო სამშობლოში გაბრუნებულებმა კი მდ. ვოლგის ნაპირებთან ყაჩაღთა თავდასხმა განიცადეს, რითაც საგრძნობლად დაზარალდნენ.
ვფიქრობთ, ინტერესმოკლებული არ იქნება თუ გავეცნობით საქონელთა იმ ძირითად სახეობათა ნუსხას, რითაც ვაჭრობდნენ აღნიშნულ რეგიონში ბრიტანელი ვაჭრები. მათ ინგლისიდან აღმოსავლეთ კავკასიასა და ირანში საექსპორტოდ ხშირ შემთხვევაში მოჰქონდათ: სხვადასხვა ხარისხისა და შეფერილობის მაუდი, კრსე (რუს. Каразей//Каразея = მაუდის სარჩულად იშვიათი და უხეში შალის ქსოვილი), კალა, სპილენძი, სპილენძის ჭურჭელი, მარგალიტი, საფირონი, საიუველირო ნაკეთობები, ძვირფასი ბეწვი, იარაღი და სხვა. ხოლო აღმოსავლეთ კავკასიიდან და ირანიდან ინგლისელ ვაჭრებს საიმპორტოდ უმეტესად გაჰქონდათ: აბრეშუმის პარკი (ნედლი აბრეშუმი, ხამი აბრეშუმი, ყაჭი), აბრეშუმის თოფები, აბრეშუმის მზა ნაწარმი, ხალიჩები, გვარჯილა, შაბი, გოგირდი, კაკალი, ბრინჯი, სანელებლები (პილპილი, წიწაკა, მუსკატის კაკალი (ჯავზი), ჯანჯაფილი, მიხაკი, დარიჩინი, კოჭა და სხვა), ფირუზი, სხვადასხვა საღებავი და სხვა. აღსანიშნავია, რომ ირანის ექსპორტში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ინდურ სანელებლებს (პილპილი, მიხაკ-დარიჩინი, ჯანჯაფილი, ჯავზი და სხვ.) ეს სანელებლები ირანში აღმოსავლეთ ინდოეთიდან შემოჰქონდათ, რომელთა დიდი ნაწილი, რეექსპორტის სახით, დასავლეთ ევროპასა და რუსეთში იგზავნებოდა.
ბრიტანელთა მეექვსე სავაჭრო ექსპედიცია აღმოსავლეთ კავკასიასა და ირანში 1579-1581 წლებში მოეწყო, რომელიც XVI საუკუნეში აღნიშნულ რეგიონში მათ მიერ განხორციელებულ სავაჭრო ექსპედიციებიდან ბოლო გამოდგა. თუ რატომ აღმოჩნდა ეს ექსპედიცია უკანასკნელი, ამის მიზეზებზე ქვემოთ გვექნება მსჯელობა.
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ სიტყვა „ირანი“ ამ შემთხვევაში მხოლოდ ამ სავაჭრო ექსპედიციების ისტორიიდან გამომდინარე ვახსენეთ, რადგან ექსპედიციის წევრებმა სეფიანთა სახელმწიფომდე ვერ მიაღწიეს. მათი საქმიანობა მხოლოდ კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროს ქალაქებში ვაჭრობით შემოიფარგლა.
მეექვსე ექსპედიციის შემადგენლობაში იყვნენ სავაჭრო აგენტები და ვაჭრები: არტურ ედვარდსი, უილიამ თერნბული, მეთიუ თეილბოისი და პიტერ ჰარარდი. მათ გარდა – მეზღვაურები, დამხმარე პერსონალი და „მოსკოვის კომპანიის“ სხვადასხვა თანამშრომელი, რომელთა შორის იყო ქრისტოფერ ბეროუ – ამ გვარის მქონე ცნობილ ზღვაოსანთა ერთ-ერთი წარმომადგენელი (ამ ექსპედიციის ისტორიას სწორედ ამ უკანასკნელის წერილებით ვეცნობით).
აღნიშნულმა ექსპედიციამ, რომელიც ინგლისის ქ. გრეივსენდიდან 1579 წლის 19 ივნისს გამოვიდა, იმავე წლის 22 ივლისს მიაღწია მოსკოვის სახელმწიფოს ჩრდილოეთით მდებარე წმინდა ნიკოლოზს (წმ. ნიკოლოზის სახელობის მონასტრის გამო, იმ ადგილს ინგლისელებმა 1553 წელს წმ. ნიკოლოზი უწოდეს და შემდეგაც ასე მოიხსენიებდნენ). იქ ექსპედიციის წევრებმა საქონელი გადმოტვირთეს და სამდინარო გზით სამხრეთისაკენ გაემართნენ. ქალაქების: ხოლმოგორის, ვოლოგდის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ყაზანის გავლით, 16 ოქტომბერს ასტრახანს მიაღწიეს. იქიდან კი ინგლისელებმა ირანისკენ გზა ვეღარ გააგრძელეს, რადგან შეიტყვეს, რომ ირანი ოსმალეთის წინააღმდეგ ომში იყო ჩაბმული და იქ გამგზავრება სახიფათო იქნებოდა.
1578
წელს ოსმალეთის იმპერიამ ამასიის ზავი დაარღვია და სეფიანთა ირანის წინააღმდეგ ომი განაახლა. ამჯერად ოსმალეთის ძირითად მიზანს სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროს დაპყრობა და ვოლგა-კასპიის სამდინარო მაგისტრალზე გაბატონება წარმოადგენდა.
ბრიტანელმა ვაჭრებმა გადაწყვიტეს ასტრახანში გამოეზამთრათ და კავკასიასა და ირანში განვითარებულ მოვლენებს დალოდებოდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ვაჭრებს თან ჰქონდათ ირანის შაჰის სახელზე მიწერილი ინგლისის დედოფლის სიგელი („ინგლისელი მოგზაურების“ წიგნში მეექვსე ექსპედიციაზე თხრობა სწორედ დედოფლის ამ სიგელის გაცნობით იწყება). ამ სიგელის მოკლე შინაარსის მიხედვით: დედოფალი ელისაბედ I (1558-1603)
ირანის ახალ შაჰ მოჰამედ ხოდაბანდესთან
(1578-1587) იმედს გამოთქვამდა, რომ ინგლისსა და ირანს შორის სავაჭრო ურთიერთობები კვლავ გაგრძელდებოდა. დედოფალი ირანის შაჰს სთხოვდა, ბრიტანელი ვაჭრები მასაც მამამისის მსგავსად კეთილგანწყობით მიეღო და მათთვის შაჰ თამაზის მიერ ინგლისელი ვაჭრებისთვის მინიჭებული პრივილეგიები ძალაში დაეტოვა. თუმცა, გარკვეულ მიზეზთა გამო, ამ სიგელმა ადრესატამდე ვერ მიაღწია.
ინგლისელმა ვაჭრებმა ზამთარი ასტრახანში გაატარეს. 1580 წლის გაზაფხულის დამდეგს ასტრახანს საფრთხე დაემუქრა ნოღაელებისა და ყირიმელი თათრებისაგან. მათი 1400 კაციანი რაზმი მარტის დასაწყისში ასტრახანს მიუახლოვდა. ხმები გავრცელდა, თითქოს მათ ქალაქის ციხის დაკავება სურდათ, მაგრამ ვერაფერი მოახერხეს, 13-ში ბანაკი აჰყარეს და უკან გაბრუნდნენ.
1580
წლის 17 აპრილს ასტრახანში ცნობა მივიდა, რომ ირანის ჯარმა ოსმალებს ძლიერი დარტყმა მიაყენა და მათგან რიგი ციხე-ქალაქები გაათავისუფლა. ოსმალებმა მხოლოდ დარუბანდსა და ბაქოში მოახერხეს გამაგრება. როგორც ჩანს, ოსმალთა მარცხმა და ირანელთა წარმატებამ ინგლისელ ვაჭართა განწყობაზე დადებითად იმოქმედა და გზის გაგრძელებისკენ უბიძგა. თათბირის შემდეგ გადაწყვიტეს, ასტრახანში საქონლის ნახევრით არტურ ედვარდსი დაეტოვებინათ, დანარჩენი საქონლით – კასპიის ზღვით შირვანის ნაპირებისკენ გამგზავრებულიყვნენ. თუ შეატყობდნენ, რომ იქ უსაფრთხო ვაჭრობა შეუძლებელი იქნებოდა, გზას გააგრძელებდნენ და კასპიის ზღვის სამხრეთით, გილანის ოლქიდან, ირანში შეაღწევდნენ. 29 აპრილს კომპანიის წარმომადგენლები ამოს რაიალი და ენტონ მარში ინგლისელებმა ასტრახანიდან მდ. ვოლგით, იაროსლავლში გაამგზავრეს და ინგლისში გასაგზავნი წერილები გაატანეს. მათი მეშვეობით, „მოსკოვის კომპანიას“ შეატყობინეს, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ჯერჯერობით თავი შეეკავებინათ ინგლისიდან მოსკოვის სახელმწიფოში საქონლის გაგზავნისაგან.
1580
წლის 1 მაისს ინგლისელთა გემი მზად იყო კასპიის ზღვაში გასასვლელად. ინგლისელ ვაჭრებს ასტრახანის ციხესიმაგრის უფროსმა, თავადმა თევდორე მიხეილის ძე ტროეკუროვმა და მთავარმა მდივანმა ვასილი თევდორეს ძე შელეპინმა, რომლებმაც სტუმრები თავიდანვე გულთბილად მიიღეს, სხვა დიდებულებთან ერთად, გამოსამშვიდობებელი წვეულება გაუმართეს. 2 მაისს ინგლისელთა გემმა ღუზა ასწია და მდ. ვოლგით კასპიის ზღვისკენ გაემართა. 17-ში გემი ღია ზღვაში შეცურდა. 27-ში უკვე შირვანის ნაპირებთან იყო. ძლიერი ქარის გამო, ინგლისელებმა ნავსაყუდელ ბილბილში ღუზის ჩაშვება ვერ მოახერხეს, მას გვერდი აუარეს და ბაქოსთან ახლოს სოფელ ბილდთან მივიდნენ. იქ მათ შეიტყვეს, რომ ოსმალებს მთელი შირვანი დაეპყროთ. ოსმალო ფაშას დაკავებული ჰქონდა ქ. დარუბანდი, სადაც ოსმალთა გარნიზონი იდგა, ხოლო ქ. შემახა კი განადგურებულ-გაჩანაგებული და მისი მოსახლეობა თითქმის მთლიანად ამოწყვეტილიყო. ინგლისელებმა ფაშასთან მოლაპარაკება გადაწყვიტეს. მაგრამ, ვინაიდან ქ. ბაქოსთან სულ ახლოს, ერთი დღის სავალზე იმყოფებოდნენ, ჯერ ამ ქალაქში მისვლა და იქაური მმართველისათვის მათი მიზნის გაცნობა სცადეს. ეს საქმე ასტრახანიდან დამგზავრებულ ვაჭარ რობერტ ჰოლდინგს მიანდეს. ის იმავე დღეს გაემგზავრა ბაქოში და შეხვდა მის მმართველს. ამ უკანასკნელმა უცხოელი კარგად მიიღო და ორ დღეში, 30 მხლებელთან ერთად, ბილდში მივიდა, სადაც ინგლისელებს კარავი გაეშალათ. დამხვდურებმა მმართველს საჩუქრად ხავერდისა და წითელი მაუდის ტანსაცმელი მიართვეს, რითაც ძლიერ გაახარეს. თან სთხოვეს, ფაშასთან ეშუამდგომლა და მასთან შეხვედრაში დახმარებოდა. მმართველი მათ ყველაფერში დახმარებას დაჰპირდა.
ინგლისელები მალე, სავარაუდოდ ივნისის დასაწყისში, ბაქოდან დარუბანდში გაემგზავრნენ. მათ გზაში ადგილობრივი ფეოდალი და რამდენიმე ჯარისკაცი აცილებდათ. უსაფრთხოების მიზნით, მგზავრები, ძირითადად, ტყით მიდიოდნენ. მათ მიჰქონდათ ბაქოს მმართველის წერილი, სადაც ის ფაშას ინგლისელთა შესახებ ინფორმაციას აწვდიდა და, რაც მთავარია, უცხოელებს კარგად მოიხსენიებდა. როდესაც ქ. დარუბანდს მიუახლოვდნენ, ფაშასთან შესახვედრად ბაქოელი ფეოდალი დაწინაურდა. როდესაც წერილი წაიკითხა და სიტუაციას გაეცნო, ფაშა დადებითად განეწყო ინგლისელთა მიმართ და როცა სტუმრები ქალაქს 2 მილის დაშორებით მიუახლოვდნენ, მათ ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი ჯარისკაცები შეაგება, დარუბანდის ციხესიმაგრეში შესული ვაჭრების პატივსაცემად კი, ფაშას ბრძანებით, 20 საარტილერიო ჭურვი გაისროლეს. გარდა ამისა, ფაშამ თერნბულს (შესაძლოა, როგორც ინგლისელთა ჯგუფის უფროს) საჩუქრად გაუგზავნა ცხენი თავისი აღკაზმულობით და ფარჩის ტანსაცმელი. ყოველივე ამის შემდეგ დართო ნება მგზავრებს, რომ მოესვენათ.
ეს ფაშა აღმოჩნდა შირვანის ბეგლარბეგი ოსმან ფაშა ოზდემიროღლუ, რომელიც დარუბანდში იმყოფებოდა ინგლისელ ვაჭართა ჩასვლისას. ინგლისელთა დარუბანდში ჩასვლიდან მეორე დღეს მათსა და ოსმან ფაშას შორის შედგა მოლაპარაკება. ინგლისელებმა ფაშას მის სამფლობელოში პრივილეგიების მინიჭება სთხოვეს, რათა უსაფრთხო ვაჭრობა შეძლებოდათ, თან შესთავაზეს, მათ მიერ ჩატანილი საქონელთაგან თუ რომელიმეს მიღებას მოისურვებდა, ბაქოს მმართველისთვის ეცნობებინა და ნივთს დაუყოვნებლად მიართმევდნენ. ფაშა დიდი სიამოვნებით დასთანხმდა. სავაჭრო საქონლის უსაფრთხოების მიზნით კი ინგლისელებს მათი ბაქოდან დარუბანდში გადატანა ურჩია. ინგლისელთა საქონელი ბაქოდან დარუბანდში 22 ივნისს გადაიტანეს და 29 რიცხვში ფაშას ბაღში გადატვირთეს. ყოველ 25 ნაჭერ კრსესა და სხვა საქონელზე ფაშამ ერთი ნაჭერი აიღო – ბაჟის სახით – ე. ი. ანგარიშიდან – 4%. ამის შემდეგ, ვაჭრებმა ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების (კრსე, მაუდი, კალა და სხვ.) საქონელი, სწრაფად გაყიდვის მიზნით, კვლავ ბაქოში გადაზიდეს. მათ ვაჭრობა შემახაშიც სურდათ. ამ მიზნით იქ რობერტ ჰოლდინგი გაემგზავრა. მაგრამ უკან დაბრუნებისას ყაჩაღები დაესხნენ თავს და ისრით მუხლში დაჭრეს. რ. ჰოლდინგმა მუშკეტით მოახერხა თავის დაცვა: ერთი ყაჩაღი მოკლა, მეორე დაჭრა და ასე გავიდა სამშვიდობოს. მართალია, ოსმან ფაშა ინგლისელებს კეთილგანწყობით შეხვდა, მაგრამ ეს დამოკიდებულება მალე შეიცვალა. ფაშა კარგად მიხვდა, ქვეყანაში შექმნილი საომარი სიტუაციის გამო, ინგლისელებს სახმელეთო გზით გადაადგილება გაუჭირდებოდათამიტომ როგორც მას აწყობდა, ისე მოიქცა. ინგლისელთა საქონლის დიდი ნაწილი ძალზე იაფად თვითონვე შეისყიდა. სულ მალე კი თავის სამფლობელოში აბრეშუმს დიდი ფასი დაადო. აღსანიშნავია, რომ ინგლისელ ვაჭრებს შირვანის იმ ნაწილში, სადაც ვაჭრობა უხდებოდათ, ნედლი აბრეშუმის (აბრეშუმის პარკის) გარდა რაიმე სხვა საქონლის ყიდვის უფლება არ ჰქონდათ.
ნედლი აბრეშუმის ყიდვა-გაყიდვაც ფაშას ნებართვის გარეშე არ ხდებოდა. 18 აგვისტოს ინგლისელმა ვაჭრებმა ფაშასგან მიყიდული საქონლის სანაცვლოდ 500 ბათმანი ნედლი აბრეშუმი მიიღეს. დანარჩენის მისაღებად ბრიტანელები მან მეორე დღისთვის დაიბარა. მაგრამ ვაჭრებმა ფაშასთან შეხვედრა ვერ მოახერხეს. 21 აგვისტოს კი ფაშამ ინგლისელები აუდიენციაზე აღარ მიიღო. მხოლოდ 23 აგვისტოს გაუგზავნა მან ვაჭრებს კიდევ 500 ბათმანი ნედლი აბრეშუმი, თუმცა ესეც არ იყო საკმარისი. 22 აგვისტოს ინგლისელებს ცნობა მიუვიდათ, ასტრახანში არტურ ედვარდსის გარდაცვალების შესახებ. ყოველივე ამის შემდეგ გადაწყვიტეს, უკან გამგზავრებულიყვნენ.
ინგლისელებმა 1580 წლის 26 სექტემბრიდან დაიწყეს საქონლის, ტვირთისა და საკვების გემზე გადატანა. მათი დიდი ნაწილი გემით დარუბანდიდან 5 ოქტომბერს გავიდა და, ხიფათისა და დაბრკოლების გადალახვის შემდეგ, 1580 წლის 4 დეკემბერს, ნაშუაღამევის 3 საათზე ასტრახანში ჩავიდა. იქ გამოიზამთ- რეს. ასტრახანში მათ შირვანიდან დაბრუნებულ ინგლისელ ვაჭართა დარჩენილი ნაწილიც შეუერთდა და 1581 წლის 9 აპრილს გზა განაგრძეს. ქალაქების: ყაზანის, იაროსლავლისა და ვოლოგდის გავლით, 16 ივლისს წმინდა ნიკოლოზს უწიეს. იქიდან კი სამშობლოში სხვადასხვა გემით გაემგზავრნენ. 25 სექტემბერს გემი „ელიზავეტა“ გავიდა, 26-ში გემი – „თომას ალენი და მერი სიუზანი“. ის საქონელი, რომელიც ამ ბოლო ექსპედიციის დროს ჰქონდათ შეძენილი, დატვირთეს გემ „უილიამ და ჯონზე“, რომელიც 11 აგვისტოს გაემართა ინგლისისაკენ. მასთან ერთად იყო გემი „თომეზინი“. 25 სექტემბერს ორივე გემი მშვიდობით მივიდა ლონდონის პორტში და ღუზა მის გარეუბან ლამხოუზთან მდებარე, ასევე გარეუბან უოპინგში ჩაუშვა.
ინგლისელთა ბოლო სავაჭრო ექსპედიციას აღმოსავლეთ კავკასიასა და ირანში (XVI ს.) წარმატებულს ვერ ვუწოდებთ. იმის გამო, რომ იმ დროს ირან-ოსმალეთს ომი მძვინვარებდა, ინგლისელებმა სეფიანთა სახელმწიფოში შეღწევა ვერ მოახერხეს. მათ მხოლოდ კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროს ორ ქალაქში: დარუბანდსა და ბაქოში მოუხდათ საქმიანობა და ისიც არცთუ მომგებიანად. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ დარუბანდში მყოფმა შირვანის მმართველმა ოსმან ფაშამ, მართალია, თავიდან კარგად კი მიიღო ინგლისელი ვაჭრები, მაგრამ შემდეგ მათ წინაშე მთლად პირნათელი ვეღარ აღმოჩნდა. მან დაბალ ფასებში შეისყიდა ინგლისელთა საქონლი და მაღალ ფასებში მიჰყიდა თავისი. გარდა ამისა, შექმნილი საომარი სიტუაციის გამო (ოსმალეთ-ირანის 1578-1590
წლების ომი), სახმელეთო გზით გადაადგილება ძალზე სახიფათო იყო. ამ მიზეზთა გამო, ინგლისელმა ვაჭრებმა აღმოსავლეთ კავკასიაში დიდი ხანი ვერ დაჰყვეს და უკან გაბრუნდნენ. ამას მოჰყვა ინგლისელ ვაჭართა საქმიანობის დროებითი შეწყვეტა კავკასიასა და ირანში, რომელიც კვლავ განახლდა XVII საუკუნის დასაწყისში.
XIX
საუკუნის რუსი ისტორიკოსი ს. მ. სერედონინი მიიჩნევს, რომ ინგლის-ირანის სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტა, ბრიტანელთა მეექვსე სავაჭრო ექსპედიციის წარუმატებლობამ განაპირობა. ჩვენი აზრით ამ სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზები მარტოოდენ მეექვსე ექსპედიციის წარუმატებლობაში არ უნდა ვეძებოთ. ამ მიზეზებზე მსჯელობისას, უპირველეს ყოვლისა, მოსკოვის სახელმწიფო უნდა ვახსენოთ. მეფე ივანე IV-მ (1533-1547 წწ. დიდი მთავარი,
1547-1584 წწ. მეფე), როდესაც ლივონიის ომში (1558-1583) ინგლისი ვერ მიიმხრო, მათ ვაჭრებს თავის სახელმწიფოში ადრე მიცემული პრივილეგიები გაუუქმა. მისი ასეთი ქმედება იმითაც იყო განპირობებული, რომ მოსკოვის სახელმწიფოში ინგლისის კაპიტალის თანდათანობითი გაბატონების გამო, რუსი ვაჭრები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. გარდა ამისა, ინგლისელების მიერ ვოლგა-კასპიის გზით სეფიანთა სახელმწიფოსა და შირვანთან სავაჭრო ურთიერთობის დამყარება და მათი იქ დამკვიდრება მოსკოვის სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ეს უკანასკნელი, კასპიის ზღვაზე გასასვლელის მოპოვების შემდეგ, ამ გზით აღმოსავლეთთან ინგლისის სავაჭრო მონოპოლიზაციას არ დაუშვებდა. აქვე აღსანიშნავია, რომ მეფე ივანე IV-მ თანხმობა არც ვენეციელებს მისცა – მისი სახელმწიფოს გავლით, სავაჭრო ურთიერთობა დაემყარებინათ ირანსა და შირვანთა. შორეულ გზაზე ყაჩაღური თავდასხმებიც აძნელებდა ინგლისელთა ექსპედიციების წარმატებით დასრულებას. ხოლო მეექვსე ექსპედიციის წარუმატებლობამ კი ინგლისელ პოლიტიკოსებსა და სავაჭრო წრეების წარმომადგენლებს საბოლოოდ გადააწყვეტინა ხელი აეღოთ კავკასიასა და ირანთან სავაჭრო ურთიერთობაზე და აღმოსავლეთს, ამჯერად, ოსმალეთთან საერთო ენის გამონახვით დაკავშირებოდნენ.
1579
წლამდე ინგლისი ოსმალეთში ვაჭრობას საფრანგეთის დროშის ქვეშ აწარმოებდა და ინგლისელი ვაჭრები საფრანგეთის კონსულებს უნდა დამორჩილებოდნენ. მაგრამ 1579 წელს სტამბოლში ჩასულმა ინგლისის წარმომადგენელმა უილიამ ჰერბორნმა, რომელმაც, მიუხედავად საფრანგეთისა და ვენეციის ინტრიგებისა, ოსმალეთთან სავაჭრო ხელშეკრულების დადება შეძლო. ინგლისელმა ვაჭრებმა იგივე შეღავათები და პრივილეგიები მიიღეს, რითაც ფრანგები და ვენეციელები ადრე სარგებლობდნენ. 1580 წელს ოსმალეთის სულთანმა მურად III-მ
(1574-1595) ინგლისელ ვაჭრებს 22 მუხლისგან შემდგარი „კაპიტულაცია“ უბოძა. ხელშეკრულებით ინგლისელმა ვაჭრებმა ოსმალეთის ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლება მიიღეს, საქონლის 5% ბაჟს გადაიხდიდნენ და ყოველგვარი გადასახადებისაგან გათავისუფლდებოდნენ. ინგლისელებს ოსმალეთის ქალაქებში საკონსულოების გახსნაც შეეძლოთ. 1581 წელს ინგლისის დედოფალმა ელისაბედმა გამოსცა ქარტია, რომლის საფუძველზეც დაარსდა ლევანტიის სავაჭრო კომპანია. სწორედ ამ უკანასკნელმა მოიპოვა მონოპოლიური უფლება, ინგლისს ოსმალეთის იმპერიის სამფლობელოებში ევაჭრა.
ასე რომ, იმ ხანად ინგლისმა კავკასიასა და ირანთან, ზემოხსენებულ მიზეზთა გამო, სავაჭრო ურთიერთობა შეწყვიტა და წინა პლანზე ოსმალეთთან ურთიერთობა წამოსწია.
მოამზადა კახაბერ დემეტრაშვილმა
Комментариев нет:
Отправить комментарий