ალექსანდრე მაკედონელის აღმოსავლურმა ლაშქრობამ ძველი სამყაროს ისტორიაში ახალ ეპოქას დაუდო სათავე. საინტერესო ფაქტია, რომ ახალგაზრდა მეფის მსოფლიოზე ბატონობის იდეა, ორგანიზებულ სამხედრო ძალასთან ერთად, დიდ ყურადღებას უთმობდა დიპლომატიას. ალექსანდრე დიდის პანეგირიკოსი პლუტარქე წერდა, მეფის ერთ-ერთი მიზანი იყო ბარბაროსულ ტომებში ელინური კულტურის დანერგვა, ვინც არ დაემორჩილა, ველურად დარჩა. პანელინური სიამაყის დადასტურებას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ბერძნული მწერლობის გარდა, ანალოგიური მოსაზრება გაბატონებული იყო იმდროინდელ კულტურულ მსოფლიოში (ეს რეალობა ხაზგასმულია ძველ ქართულ საისტორიო მწერლობაშიც).
შუა აზიამდე ტრიუმფით მისული ალექსანდრე დიდის წინსვლა სკვითურ-სარმატული ტომების შეუდრეკლობამ შეაფერხა. ანტიკურ წყაროებში დაცულია ცნობები, რომლის თანახმადაც, ალექსანდრე მნიშვნელოვან როლს ანიჭებდა შუააზიელ ბარბაროსებთან მეგობრული კავშირების დამყარებას. ბერძნულ-მაკედონური ლაშქრობის მემატიანეებს ფლავიუს არიანეს და კურციუს რუფუსს, ვრცლად აქვთ მოთხრობილი სპიტამენის აჯანყების (ძვ. წ. 329-328 წლები) მომდევნო ხანებში ალექსანდრეს დიპლომატიის გააქტიურება. მეფის მოქმედებას, ასეთივე აქტიურობით უპასუხეს ადგილობრივი ტომების ბელადებმა. ისინი თავიანთი ელჩების მეშვეობით ცდილობდნენ მოეპოვებინათ უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები. ანალოგიურ პოზიციას მოითხოვდა მათგან ალექსანდრეს შუააზიური პოლიტიკაც. ელჩთა სიმრავლეში, თავისი წინადადებით, გამონაკლისის სახით დგას ხორასმიების მეფე ფარასმანე. ფლავიუს არიანე წერს: „ალექსანდრესთან მივიდა ფარასმანე, ხორასმიების მეფე, ათასხუთასი ცხენოსნის თანხლებით. ფარასმანემ უთხრა, რომ ცხოვრობს კოლხებისა და ამაძონების ტომების მეზობლად და მზად არის, თუ ალექსანდრე მოისურვებს ლაშქრობას კოლხებსა და ამაძონებზე... გაუწიოს მას მეგზურობა და მოამარაგოს არმია ყოველივე აუცილებელით. ალექსანდრემ ფარასმანეს მადლობა გადაუხადა, დადო მასთან მეგობრული კავშირი, მაგრამ უთხრა, ჩემთვის პონტოსკენ წასვლა ამჟამად უდროოაო. ფარასმანე მიანდო სპარსელ არტაბაზს, რომელიც ბაქტრიის მმართველად დააყენა და სხვა მეზობელ სატრაპებს და უკან, სამშობლოში გაისტუმრა. მისი ფიქრი, როგორც ამბობდა, დაკავებული იყო ინდოეთით. მისი დაპყრობით იგი მთელ აზიას დაეუფლება... დაბრუნდება ელადაში და იქიდან ჰელესპონტისა და პროპონტიდის გავლით, სახმელეთო და საზღვაო ძალებით შეიჭრება პონტოში. მან ფარასმანეს თხოვა თავისი დახმარება გადაედო“.
კურციუს რუფუსთან ხორასმიებს სათავეში ედგა ფრატაფერნე, რომელიც გაერთიანებული იყო მასაგეტებთან და საკებთან. არიანეს მიხედვით, ფარასმანე თვითონ გამოცხადდა ალექსანდრეს ბანაკში საკუთარი გეგმით, კურციუს რუფუსის თხრობით კი, მხოლოდ ელჩები გააგზავნა და მორჩილების აღიარებით დაკმაყოფილდა.
ფრატაფერნე (ოღონდ სულ სხვა) შუა აზიაში საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო. აქემენიდების ბატონობის დასასრულს იგი პართიასა და ბაქრიას განაგებდა. დარიოსის დამარცხების შემდეგ ალექსანდრეს დაემორჩილა და სატრაპის ტიტული შეინარჩუნა. ამდენად, სატრაპი ფრატაფერნე და ხორესმიების ბელადი, გამორიცხულია ერთი და იგივე პიროვნება იყოს. მეორეს მხრივ, კურციუს რუფუსის თხზულებაში ხორესმიების ბელადად ფრატაფერნეს ხსენება დამაჯერებლად არ გამოიყურება და ის ერთი წინადადება თავისუფლად შეიძლება გვიანი პერიოდის ჩანამატად წარმოვიდგინოთ.
რაც შეეხება ფარასმანეს. წინასწარ უნდა განვაცხადო: შუა აზიაში, საკუთარი სახელი ფარასმანე, ანტიკურ ავტორებს დაფიქსირებული არა აქვთ. ძველ საქართველოში კი, სახელი - ფარასმანე (ფარსმანი), ფართოდ იყო გავრცელებული როგორც სამეფო ტახტის მპყრობელთა, ისე დიდებულთა შორის. რეალური ფაქტია, ბერძნულ-რომაულ ფარასმანეს, ეხმიანება ქართული მატიანეების ფარსმანი.
ხორეზმის ისტორიის თანამედროვე მკვლევარები ფარასმანეს, როგორც ძველი ხორეზმის მეფის შესახებ არ კამათობენ. მიაჩნიათ, რომ დამოუკიდებელი ხორეზმის მეფემ, ნებაყოფლობით აღიარა ძლიერი დამპყრობელი და ამ გზით გარკვეული სტატუსი შეინარჩუნა. ტომის ბელადის მოქმედება სინამდვილესთან ახლოს დგას, მაგრამ რეალობასთან არაფერი აქვს საერთო მის დაინტერესებას ევქსინის პონტოს სანაპიროებით. მიუთითებენ, რომ ყოველივე ეს გამოწვეული იყო ხორეზმის სავაჭრო-ეკონომიკური განვითარების მაღალი დონით.
ალექსანდრე დიდის სახელს ბევრი დანაშრევი დაემატა, მაგრამ ამუდარიის ნაპირას მცხოვრები ბარბაროსული ტომის ბელადის გეოგრაფიული თვალსაწიერის სიფართოვე ზღაპარს ჰგავს. ლოგიკას არის მოკლებული ისიც, რომ ძვ. წ. II საუკუნეში შუააზიური ტომის ბელადს მეგზურობა გაეწია პონტოს ზღვის მიმართულებით ამხედრებული მაკედონიის მეფესათვის, მაშინ როცა ამ ზღვას ბერძნებიც კარგად იცნობდნენ. რა შეხება უნდა ჰქონოდა ხორესმიას ევქსინის პონტოსთან.
ალექსანდრე მაკედონელის ბანაკში გამოცხადებულ ელჩთა და მეფეთა შორის მხოლოდ ხორესმიის მეფე აყენებდა კონკრეტულ ქვეყანაზე - კოლხეთზე ლაშქრობის იდეას. დანარჩენები დინასტიური ქორწინებით თუ სხვა ლოკალური საკითხების მოგვარებით იფარგლებოდნენ. განსხვავებული გეგმა, ლაშქრობის სხვა მიმართულებით წარმართვა, ფარასმანეს შუა აზიას აშორებს. იგი სხვა ქვეყნის მკვიდრად გამოიყურება. არიანეს მოკლე ინფორმაციიდან გამომდინარე, ფარასმანეს შუა აზიის ხორესმიასთან კავშირი არ აქვს, მას აინტერესებს კოლხეთი და პონტოს ზღვის სანაპიროები. ხორესმიის სახელწოდების გარეგნულ მსგავსებას, ადვილი შესაძლებელია გამოეწვია აღრევა და სხვა გეოგრაფიულ არეალში არსებული ქვეყნის სახელი (არიანეს დროისათვის დავიწყებული) ხელოვნურად მიეერთებინათ. ასეთი რამ ძველი მსოფლიოს ისტორიაში მრავლად გვხვდება. კონკრეტულ შემთხვევაშიც ანალოგიურ ფაქტთან უნდა გვქონდეს საქმე.
სტრაბონი იცნობს ძველ ქართულ მხარეს ხორძენეს. ამ ფორმით აქვს ნახსენები ძვ. წ. II საუკუნის მოვლენებთან დაკავშირებით. სომხეთის აღწერისას სტრაბონი წერს, რომ თავდაპირველად იყო მცირე და განაგებდნენ ანტიოქოს დიდი სარდლები არტაქსია და ზარიადრი. ანტიოქოსის დამარცხების შემდეგ (იგულისხმება მაგნეზიის ბრძოლა ძვ. წ. 188 წელს), ისინი გახდნენ მეფეები და დაიწყეს თავიანთი სამფლობელოების გაფართოება. იბერიას წაართვეს პარიადრის მთისწინეთი, ხორზენე და გოგარენე. სტრაბონი იმასაც აღნიშნავს, რომ სომხეთის მიერ მიტაცებული ხორზენე ესაზღვრებოდა იბერიასა და კოლხეთს.
ხორძენე გვიანი პერიოდის ბერძნულ წყაროებში ხოტენეს სახელწოდებითაც არის დაფიქსირებული. „მითრიდატულ ომებში“ აპიანე წერს, ევფრატის გადალახვის შემდეგ მითრიდატემ შეაიარაღა გარშემო მყოფნი, „შეიჭრა ხოტენის სომხეთში: აქ მან განდევნა ხოტენები და იბერები, რომელთაც სურდათ ხელი შეეშელათ ისრებითა და შურდულებით“, გადალახა აფსარი და გზა გააგრძელა კოლხეთისაკენ. აპიანეს თხრობაში საყურადღებოა ერთი მომენტი. ხოტენე, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ჩამოცილებული იყო იბერიას, სომხეთის დამარცხების შემდეგ, უბრუნდება თავის ბუნებრივ ფუძეს და მასთან ერთად ებრძვის საერთო მტერს.
ანტიკური წყაროების მოწმობით, ხორძენე-ხოტენე ძველი საქართველოს შემადგენელი ნაწილი იყო. საქმეს ართულებს შორეული ხორესმია და მისი მეფე ფარასმანე.
ანტიკური ავტორების ბუნდოვან ცნობებში, გარკვეული სინათლე შეაქვთ ქართულ მატიანეებს. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ლეგენდა (თუმცა ბევრი რეალობის შემცველი) ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში ლაშქრობის შესახებ.
ძველ ქართველ ისტორიკოსებს ალექსანდრე დიდის საქართველოში ლაშქრობა სრულ ჭეშმარიტებად მიაჩნიათ (რამდენად შეესაბამებოდა ეს მოვლენა სინამდვილეს და რა გახდა ლეგენდის სათავე, ვრცლად იხ. გ. ქავთარია, ფარნავაზი, 1999. აზონი, 2000). ლეონტი მროველის თანახმად, „დაიპყრა ალექსადრე ყოველი ქართლი და მოსრნა იგი ნათესავნი აღრეულნი, ქართლს მყოფნი, და უცხონი იგი ნათესავნი მოსრნა და დაუტევნა დედანი და ყრმანი უცებნი, ათხუთმეტისა წლისა უმცროისნი. და დაუტევნა ნათესავნი ქართლოსიანნი, და დაუტევა მათ ზედა პატრიკად, სახელით აზონ, ძე იარედოსისი... და დაუტევა აზონ ქართლს ერისთავად“.
„მოქცევაი ქართლისაის“ ინფორმაციაში, ალექსანდრე დიდისა და აზონის ურთიერთობის გარკვევისას, განსაკუთრებით საყურადღებოა არიან-ქართლისა და მისი მეფის წარმომავლობის პრობლემა. „მოქცევაი ქართლისაის“ ავტორი წერს, „და შემდგომად რაოდენისამე ჟამისა მოვიდა ალექსანდრე, მეფე ყოვლისა ქუეყნისაი... თანაჰყვანდა ალექსანდრეს მეფესა აზოი, ძე არიან-ქართლისა მეფისაი, და მას მიუბოძა მცხეთაი საჯდომად და საზღვარი დაუდვა მას ჰერეთი, და ეგრის წყალი, და სომხითი და მთაი ცროლისაი და წარვიდა“.
„მოქცევაი ქართლისაის“ მომდევნო თხრობიდან ირკვევა, საიდან მოვიდა აზო და როგორ განიმტკიცა ხელისუფლება ალექსანდრეს ბოძებულ დაპყრობილ თუ დაუპყრობელ მხარეში. ანონიმი ავტორი აგრძელებს: „ხოლო ესე აზოი წარვიდა არიან-ქართლად, მამისა თვისისა და წამოიყვანა რვაი სახლი და ათნი სახლნი მამა-მძუძეთანი, და დაჯდა ძუელ მცხეთას და თანა-ჰყვანდეს კერპნი ღმერთად - გაცი და გაიმ“.
„მოქცევაი ქართლისაის“ თანახმად, „ესე იყო პირველი მეფე მცხეთას შინა აზოი, ძე არიან-ქართველთა მეფისაი“. თხზულების ავტორი აზოს ქართველობაში ღრმად არის დარწმუნებული. მისი აზრით არიან-ქართლი, საქართველოს ნაწილია და დასახლებულია ქართველებით. არიან-ქართლს ჰყავს მეფე, რომლის შვილიც იყო აზო, მაგრამ ამ მეფის სახელი მოხსენიებული არ აქვს. არიან-ქართლი და მისი მეფე მატიანეში ამ შემთხვევის გარდა არ ფიგურირებს.
„მოქცევაი ქართლისაის“ თანახმად, ალექსანდრეს მიერ მცხეთაში დასმული აზონი, როგორც ქართველი, ხელისუფლების კანონიერი მპყრობელი იყო. მეორე ეროვნული წყარო „ქართლის ცხოვრება“, საწინააღმდეგო ვერსიას ემხრობა. ლეონტი მროველის აზრით, აზონი იყო მაკედონელი, შემოჰყვა დამპყრობელს და გაბატონდა მისი დახმარებით. მემატიანე ჩამოთვლის სისასტიკეთა ვრცელ რიგს, რომელმაც მას „ძნელი და მესისხლე“ კაცის სახელი დაუმკვიდრა.
სამეცნიერო ლიტერატურაში არიან-ქართლის ქვეშ ივარაუდება ირანის ქართლი, ანუ აქემენიდური ირანის გამგებლობაში მოქცეული ის ქართული მიწები, რომლებიც მოექცნენ XIII-XIX სატრაპიებში და განიცადეს გარკვეული ირანიზაცია. ამის გამო, მემატიანემ მას არიან-ქართლი - ირანის ქართლი უწოდა. ქართული წყაროს მწირი ინფორმაციის ამგვარი ახსნა მისაღებ ვერსიად გამოიყურება.
ქართულ საისტორიო ტრადიციაში აზონით იწყება სამეფო ხელისუფლების არსებობა. ლეონტი მროველის მიხედვით, იარედოსის ძე აზონი იყო ქართლის პირველი პატრიკი თუ ერისთავი. „მოქცევაი ქართლისაით“, „ესე იყო პირველი მეფე მცხეთას შინა აზოი, ძე არიან-ქართველთა მეფისა“.
ქართველ ტომთა სიმრავლეში მეფის ტიტულს ატარებდა არიან-ქართლის ერისთავი.
ძვ. წ. II საუკუნის 30-იან წლებში აქემენიდური სპარსეთის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. სპარსულ ადმინისტრაციულ სისტემასთან მჭიდროდ დაკავშირებული არიან-ქართლის ერისთავი გათავისუფლდა. მან სახელმწიფო მოწყობის გარკვეული გამოცდილების მქონემ დამპყრობელს თავი დააღწია. მას, როგორც დაწინაურებული მხარის ერისთავს, ამბიცია გაუჩნდებოდა სათავეში მოქცეოდა და გაეერთიანებინა დაქუცმაცებული ქართველური ტომები.
აქემენიდების დაცემას აღმოსავლეთის ქვეყნებში ახალი პოლიტიკური ძალის გაბატონება მოჰყვა. ბერძნულ-მაკედონური ორიენტაცია მცირე დინასტთა წარმატების გარანტია გახდა. ამ ფაქტს ადასტურებს სპარსეთის სატრაპთა მიმართ ალექსანდრე დიდის მიერ გამოვლენილი კეთილგანწყობა. წყაროებში ხაზგასმითაა მითითებული, რომ ბევრმა სატრაპმა თავისი საგამგებლო შეინარჩუნა. ასეთი დინასტიის შთაბეჭდილებას სტოვებს არიან-ქართლის ერისთავი, რომელიც დაადგა ძლევამოსილ დამპყრობელთან დასაახლოებელი გზების ძიებას. ამ წანამძღვართა გათვალისწინებით, ცხადია, რომ არიან-ქართლის მეფემ, სპარს წარჩინებულთა მსგავსად, ქედი მოიხარა გამარჯვებულის წინაშე, ალექსანდრეს ეახლა, როგორც ხორძენეს მეფე, რაც ანტიკურმა ავტორებმა გააიგივეს შუა აზიის ხორესმიასთან. გაიგივების აშკარა შეუსაბამობაზე მეტყველებს ხორესმიის ბელადის სწრაფვა კოლხეთისა და ევქსინის პონტოსკენ. კოლხეთისა და ევქსინის პონტოს სანაპიროებით დაინტერესებული იყო ხორძენეს მეფე („მოქცევაი ქართლისაის“ არიან-ქართლი მიგვაჩნია მწიგნობრულ ტერმინად), რომელსაც პირველობის მოპოვების მიზანი უბიძგებდა მოეწყო შორეული მოგზაურობა.
ლეგენდის რეალობასთან მიახლოების შესაძლებლობას თუ დავუშვებთ, დიდ გადაცდომად არ მიგვაჩნია იმის მტკიცება, რომ ფარასმანე იყო არა ხორესმიის, არამედ ხორძენეს მეფე. ანტიკური ავტორების მოწმობით, ფარასმანეს ვიზიტი შუა აზიაში ძვ. წ. 328 წელს შედგა. ფარასმანე ალექსანდრესთან რომელიმე გავლენიანი პირის გარეშე ვერ მოხვდებოდა. ფლავიუს არიანეს ეს პიროვნებაც ჰყავს დასახელებული. იგი იყო ბაქტრიის სატრაპი არტაბაზი, რომელსაც ალექსანდრემ დაავალა ფარასმანეს მასპინძლობა. ამდენად, ფარასმანე შუა აზიაში მთლად უცნობ გარემოში არ მოხვედრილა. ამავე დროს ნათლად იკვეთება, რომ „მოქცევაი ქართლისაის“ არიან-ქართლი ყოფილა ძველი ქართული მხარე ხორძენე.
ფარასმანეს, ასეთ მეფეს თუ ერისთავს საქართველოს ისტორია არ იცნობს. მაგრამ მომდევნო მოვლენების გათვალისწინებით, დავინახავთ, რომ ქართველური ტომების გაერთიანების იდეა დაიბადა არიან-ქართლში (ხორძენეში) და მისი ავტორი იყო ფარასმანე. იგი ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად შეეცადა ალექსანდრე დიდის შარავანდედის გამოყენებას. „ხორასმიების მეფე ფარასმანე“ მოუწოდებს ალექსანდრეს კოლხებისა და ევქსინის პონტოს მიმართულებით სალაშქროდ, ჰპირდება მოკავშირეობას და მეგზურობას (ბერძნებს ევქსინის პონტოს სანაპიროებზე მეგზური არ სჭირდებოდათ. ფარასმანეს მაღალფარდოვანი სიტყვები თავისი ერთგულების დასამტკიცებლად სჭირდებოდა.
ქართულ მატიანეებში ალექსანდრე დიდის საქართველოში ლაშქრობის თარიღად დიადოხოსების ეპოქა უნდა ვიგულისხმოთ. ალექსანდრეს მემკვიდრე - დიადოხოსმებმა ორმოცი წელი სისხლის ღვრაში გაატარეს, თითქმის ყველამ სიცოცხლე ბრძოლის ველზე დაამთავრა. ამ დროს უნდა მომხდარიყო ბერძენ-მაკედონელთა შემოსვლა, რომელიც ეროვნულმა ტრადიციამ ალექსანდრე მაკედონელს დაუკავშირა. კარგად არის ცნობილი, რომ დიადოხოსები დაპყრობით ომებს ალექსანდრეს სახელით აწარმოებდნენ. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ქართულ წყაროებში აღწერილი ამბები რეალობას ასახავს.
იკვეთება ის დიადოხოსიც, რომელსაც შეეძლო საქართველოში ლაშქრობა. ასეთად უნდა მივიჩნიოთ ალექსანდრეს სახელოვანი სტრატეგოსი (ძვ. წ. 305 წლიდან მეფე) ლიზიმახე. იგი ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისამდე კავკასიაში ვერ ილაშქრებდა, რადგან ალექსანდრეს იმპერიის გადანაწილებისათვის ბრძოლა არ იყო დამთავრებული. ძვ. წ. 301 წელს იპსოსთან მოპოვებული გამარჯვებით, ლიზიმახეს სამფლობელოებმა ვრცელი ტერიტორიები მოიცვა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამის შემდეგ მიეცემოდა მას შესაძლებლობა გამოხმაურებოდა ხორძენეს მეფის ოდესღაც დასმულ მიმზიდველ წინადადებას. დასაშვებია, რომ ფარასმანეს შუა აზიაში ვიზიტის დროს, ლიზიმახე ალექსანდრესთან ერთად გაეცნო მის გეგმას. ამდენად, კოლხეთზე ლაშქრობის იდეა მისთვის სიახლეს არ წარმოადგენდა. თავის მხრივ, არიან-ქართლის სამეფო კარის დიპლომატიით, ბერძნულ-მაკედონური ორიენტაცია გახდებოდა ძირითადი მამოძრავებელი მონათესავე თუ მეზობელ ტომებზე გასაბატონებლად. არიან-ქართლის (ხორძენეს) მეფეთა (ამ შემთხვევაში აზონის) საბოლოო მიზანი შესანიშნავად არის დახატული „ქართლის ცხოვრებაში“: აზონმა „დაიპყრა ქართლსა ზედა ეგრისიცა, და მოხარკე ყვნა ოვსნი, ლაკნი და ხაზარნი“. ეს იყო ამოცანა, რომელზედაც ოცნებობდა ფარასმანე და რომლის შესრულების სურვილმა შუა აზიაში ჩაიყვანა.
ალექსანდრე მაკედონელის მოკავშირედ აღიარებული ფარასმანე, იყო არა შუა აზიის ხორასმიის, არამედ ხორძენეს, „მოქცევაი ქართლისაის“ არიან ქართლის მეფე. ქართული მატიანეები აზონის მამის საქმიანობის შესახებ ცნობებს არ გვაწვდიან. ლეონტი მროველი მხოლოდ მის სახელს, იარედოსს აფიქსირებს. „მოქცევაი ქართლისაის“ ავტორი მას მოიხსენიებს არიან ქართლის მეფის სახელით.
აზონის ფართო ასპარეზზე გამოსვლის დროისთვის, არიან ქართლის მეფე (ფარასმანე-ფარსმანი) აღარ ფიგურირებს. როგორც ჩანს, იგი ამ ბედნიერი ჟამის დადგომას ვერ მოესწრო. აზონმა გააგრძელა მამის გაკვალული გზა და საერთაშორისო ფაქტორების აქტიურად გამოყენებით, ქართველური ტომების ერისთავთა შორის პირველმა, მოიპოვა უდიდესი გამარჯვება. ქართული წყაროები ამ საკითხში არ კამათობენ. აზონისადმი უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, ლეონტი მროველი მის როლს ვერ ამცირებს. მემატიანის რჩეული ფარნავაზი ქვეყანას განაგებდა იმ საზღვრებში, რომელიც შემოხაზა აზონმა.
ასეთად გვეჩვენება ჩვენი ისტორიის შორეული წარსული. ქართული სახელმწიფოს წარმოქმნის შესახებ არსებულ მრავალ ვერსიას შორის უპირატესობა უნდა მიენიჭოს „მოქცევაი ქართლისაის“ მინიშნებას. ამ მინიშნების გათვალისწინებით აღმოჩნდება, რომ ქართველური ტომების გაერთიანების იდეა დაიბადა ხორძენეს (გვიანი პერიოდის კლარჯეთის) ერისთავთა გვარში, რომელსაც სათავეში ედგა ფარასმანე-ფარსმანი („მოქცევაი ქართლისაის“ არიან ქართლის მეფე).
ფარასმანე-ფარსმანის ძე აზონი „იყო პირველი მეფე მცხეთას შინა“.
Комментариев нет:
Отправить комментарий