суббота, 29 июля 2017 г.

ყირიმის კონფერენციის ზოგიერთი დიპლომატიური ასპექტი (თ. პაპასქირი)

1945 წლის 4 თებერვალს იალტაში, ლივადიის სასახლეში დაიწყო ყირიმის კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ საბჭოთა კავშირის მეთაური იოსებ სტალინი, აშშ-ს პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი. აღნიშნული შეხვედრის მოწყობის იდეა 1944წ. ზაფხულში გაჩნდა. მაშინ რუზველტმა, რომელსაც არ სურდა მხოლოდ ჩერჩილთან შეხვედრა, წერილი გაუგზავნა სტალინს და შესთავაზა მას სამმხრივი კონფერენციის მოწყობა დიდ ბრიტანეთში, კერძოდ შოტლანდიაში1. აღსანიშნავია, რომ იმავე დღეებში ჩერჩილმაც შესთავაზა სტალინს სამმხრივი შეხვედრის მოწყობა, მაგრამ მისი წინადადება უფრო შორეულ პერსპექტივაზე – გვიან შემოდგომაზე იყო გათვლილი2. მაგრამ იმ დროს სამიტის მოწყობა ვერ მოხერხდა, რადგანაც საბჭოთა ლიდერმა ფრონტზე შექმნილი მდგომარეობა მოიმიზეზა და უარი თქვა ქვეყნის დატოვებაზე3. შედეგად, რუზველტმა და ჩერჩილმა ცალკე კონფერენცია მოაწყვეს კვებეკში 1944წ. სექტემბერში4. კვებეკის კონფერენციის დამთავრების შემდეგ სულ რამდენიმე დღეში უკვე დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ჩათვალა საჭიროდ სამი ლიდერის შეხვედრის მოწყობა, მაგრამ მოახლოებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა რუზველტს არ მისცა ქვეყნის დატოვების საშუალება. შედეგად, 1944წ. ოქტომბერში ჩერჩილი ჩავიდა მოსკოვში, სადაც მიაღწია კიდეც შეთანხმებას სტალინთან ბალკანეთის საკითხებზე5. 1944წ. ოქტომბერში, დაახლოებით იმ დროს, როდესაც მოსკოვში მიმდინარეობდა კონფერენცია „ტოლსტოი“6, ვაშინგტონში კვლავ წამოჭრეს სამმხრივი შეხვედრის საკითხი. რუზველტის პირადმა მრჩეველმა და უახლოესმა მეგობარმა ჰარი ჰოპკინსმა აშშ-ში საბჭოთა ელჩ ანდრეი გრომიკოსთან საუბარში იკითხა, თუ მოიძებნებოდა ყირიმში რომელიმე ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა კონფერენციის ჩატარება7. სწორედ გრომიკოს ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩათვალა სტალინმა შესაძლებლად რუზველტის მიწვევა სსრკ-ს შავი ზღვის სანაპიროზე8, მით უმეტეს, რომ მოსკოვში მყოფ ჩერჩილს ძალიან მოეწონა ეს აზრი9, მაგრამ აქ გაირკვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა არაფერი იცოდა ჰოპკინსის ინიციატივის შესახებ. უფრო მეტიც, მას თავდაპირველად სულაც არ მოეწონა ყირიმში ჩასვლის პერსპექტივა. როგორც რუზველტის მიერ ჩერჩილისათვის 1944წ. 22 ოქტომბერს გაგზავნილი დეპეშიდან ჩანს, მას ეჭვი შეეპარა დარდანელის სრუტის უსაფრთხოდ გავლის შესაძლებლობაში და კონფერენციის სამხრეთ ევროპაში გამართვა მოიწადინა10. თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა სავსებით რეზონულად შენიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში მსგავსი პრობლემები შეექმნებოდა სტალინს, რომლისთვისაც ექიმებს ფრენა აკრძალული ჰქონდათ11. მიუხედავად ამისა, საბჭოთა ლიდერისათვის 24 სექტემბერს გაგზავნილ წერილში აშშ-ს პრეზიდენტმა მაინც წამოაყენა შეხვედრის ჩატარების ალტერნატიული ადგილები: კვიპროსი, ათენი და მალტა12. პასუხად სტალინმა გაიმეორა თავისი შეთავაზება შავი ზღვის სანაპიროს შესახებ13, მაგრამ მაშინ რუზველტმა შეხვედრის საერთოდ გადადება მოითხოვა. ფორმალურად მან მოიმიზეზა ის გარემოება, რომ შეხვედრა ნოემბრის ბოლოს უფრო ნაკლებად იქნებოდა ფასეული, ვიდრე იანვრის ბოლოს, მისი ინაუგურაციის შემდეგ, და ამასთან გამოთქვა ვარაუდი, რომ იმ დროისათვის სტალინს შეეძლებოდა ადრიატიკის ზღვაზე მდებარე რომელიმე პორტში რკინიგზით ან გემით მისვლა14. მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ რუზველტს სულ სხვა გარემოებები ამოძრავებდა და იმედი ჰქონდა, რომ იმ დროისათვის ომი გერმანიასთან უკვე დამთავრებული იქნებოდა. ამას ადასტურებს მისი წერილი ჩერჩილისადმი (1944წ. 26 ნოემბერი), რომელშიც ის აღნიშნავს: „მე გამიჩნდა იმის შეგრძნება, რომ ჩვენ ვერ მოვახერხებთ ბიძია ჯოს შავი ზღვის ფარგლებს გარეთ გამოყვანას, თუ იმ დროისათვის გერმანიას კაპიტულაცია არ ექნება გამოცხადებული“.15 სტალინისათვის რუზველტის მიერ წამოყენებული ვადები სავსებით მისაღები აღმოჩნდა, მაგრამ კონფერენციის ჩატარების სავარაუდო ადგილად მას მაინც რომელიმე საბჭოთა საპორტო ქალაქი მიაჩნდა16. რადგანაც ორივე მხარე იმ დროს საკმაოდ მტკიცედ იდგა თავის პოზიციებზე (დიდი სამეულის მესამე წევრმა – ჩერჩილმა, მართალია, თავის მხრივ, თავდაპირველად შესთავაზა რუზველტსა და სტალინს კონფერენციის ალექსანდრიაში ან იერუსალიმში მოწყობა17, მაგრამ შემდეგ, ისევე როგორც თეირანის კონფერენციის მოსამზადებელ პერიოდში, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას განზე გადგომა არჩია და მისი გადაწყვეტა საბჭოთა და ამერიკელ მეთაურებს მიანდო), მიმოწერა შეხვედრის ადგილის შესახებ დროებით შეწყდა და მხოლოდ ახალი წლის შემდეგ განახლდა. როგორც ჩანს, რუზველტი ფრონტებზე შექმნილმა მდგომარეობამ დაარწმუნა, რომ გერმანიის კაპიტულაცია უახლოეს მომავალში მოსალოდნელი სულაც არ იყო, ამიტომ მან თვითონ წამოაყენა წინადადება კონფერენციის იალტაში ჩატარების შესახებ18. ეს წინადადება უყოყმანოდ იქნა გაზიარებული სტალინისა და ჩერჩილის მიერ და 4 თებერვალს, ლივადიის სასახლეში, რუსეთის იმპერატორთა ყოფილ საზამთრო რეზიდენციაში, გაიხსნა კიდეც უმაღლესი დონის სამიტი. კონფერენციის მონაწილეები 3 თებერვალს ჩავიდნენ ყირიმში. უნდა აღინიშნოს, რომ ჩერჩილმა მაინც დაითანხმა რუზველტი და ისინი წინასწარ შეხვდნენ ერთმანეთს კ. მალტასთან. ბრიტანეთის პრემიერს იმედი ჰქონდა, რომ ის და აშშ-ს პრეზიდენტი შეათანხმებდნენ თავიანთ პოზიციებს, მაგრამ ეს იმედი მას გაუცრუვდა. რუზველტი პრაქტიკულად ყველა საკითხზე აცხადებდა, რომ ის გადაწყვეტილი იქნებოდა იალტაში სტალინთან ერთად. ასე რომ, მალტის კონფერენციას რაიმე სერიოზული შედეგები არ გამოუღია. ერთადერთი, რაც იქ გადაწყდა, იყო დასავლეთის ფრონტზე მოკავშირეთა საბოლოო შეტევის დარტყმის მთავარი მიმართულების განსაზღვრა. ყირიმში ჩასული ამერიკული და ბრიტანული დელეგაციები დააბინავეს იალტის მახლობლად მდებარე სასახლეებში. ამერიკელებს დაახვედრეს ლივადიის სასახლე, ინგლისელებს კი – ვორონცოვის სასახლე ალუპკაში. თავად სტალინი კი გაჩერდა იუსუპოვის სასახლეში კორეიზში. არ არის გამორიცხული, რომ ყოველივე ეს შემთხვევით ხასიათს არ ატარებდა, რადგანაც საბჭოთა და ამერიკული დელეგაციების ადგილსამყოფელი პრაქტიკულად გვერდიგვერდ იმყოფებოდა, ხოლო ბრიტანელებს კი საკმაო მანძილი ჰქონდათ გასავლელი ლივადიის სასახლემდე, სადაც იმართებოდა სხდომები19. კონფერენციაზე განხილული იქნა როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური საკითხების პრაქტიკულად მთელი სპექტრი, სწორედ ამიტომ მხარეები საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაციებით ჩავიდნენ ყირიმში. სტალინს თან ახლდნენ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ვ. მოლოტოვი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ა. ანტონოვი, სსრკ-ს ელჩები დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში თ. გუსევი და ა. გრომიკო, ავიაციის მარშალი ხუდიაკოვი, სამხედრო საზღვაო ფლოტის სახალხო კომისარი ნ. კუზნეცოვი, ა. ვიშინსკი და სსრკ-ს ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში ი. მაისკი. თავის მხრივ, ჩერჩილს თან ახლდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ა. იდენი, პირველი საზღვაო ლორდი და საზღვაო შტაბის უფროსი ადმ. ე. კანინგჰემი, სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის უფროსი ჩ. პორტალი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საბჭოთა კავშირში ა. კერი, იმპერიის გენერალური შტაბის უფროსი ა. ბრუკი, მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი იტალიაში ფელდმარშალი ჰ. ალექსანდერი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ა. კადოგანი. რუზველტს თან ჩამოყვანილი ჰყავდა სახელმწიფო მდივანი ე. სტეტინიუსი, მოკავშირეთა გაერთიანებული შტაბებისა და აშშ-ს არმიის შტაბის უფროსი გენ. ჯ. მარშალი, ადმ. უ. ლეჰი, აშშ-ს ელჩი სსრკ-ში ა. ჰარიმანი, ჰ. ჰოპკინსი, ჯ. ბირნსი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა განყოფილების უფროსი მეტიუზი და ჩ. ბოლენი. კონფერენციის გახსნას წინ უძღოდა სტალინის საუბრები ჩერჩილსა და რუზველტთან. დიდი ბრიტანეთის პრემიერის და საბჭოთა ლიდერის შეხვედრაზე მოკლედ იქნა მიმოხილული მდგომარეობა ფრონტებზე და მომავალი სამხედრო გეგმები. პოლიტიკურ საკითხებს მხარეები პრაქტიკულად არ შეხებიან20. აი, სტალინისა და რუზველტის შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი კი დაეთმო გერმანიის მომავლის განსაზღვრას. უკვე შეხვედრის დასაწყისში რუზველტმა დაიწყო ხაზგასმა, რომ ის ბევრად უფრო მეტი გერმანელის დასახოცად იყო მზად მას შემდეგ, რაც იხილა ის უაზრო ნგრევები, რომლებიც განახორციელეს გერმანელებმა ყირიმში21. ალბათ უკვე ამ საუბრისას დარწმუნდა სტალინი, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ძალიან დამყოლი იქნებოდა ბევრ საკითხში. ყოველ შემთხვევაში, აღნიშნული საუბრისას სტალინი და რუზველტი პრაქტიკულად ყველა საკითხზე ერთ აზრამდე მივიდნენ. ყირიმის კონფერენციის მსვლელობაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია ამ დროისათვის ფრონტებზე შექმნილმა მდგომარეობამ. 1945წ. თებერვლისათვის გერმანია სრული სამხედრო-სტრატეგიული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. საბჭოთა ჯარების მიერ პოლონეთში განხორციელებული შეტევის შემდეგ ფრონტის ხაზი ბერლინიდან სულ რაღაც 60 კმ-ით იყო დაშორებული. გარდა ამისა, ძირითადი ძალებისაგან მოკვეთილი აღმოჩნდა გერმანელთა აღმოსავლეთ პრუსიის დაჯგუფება 27 დივიზიის შემადგენლობით. ძირითად ძალებს მოსწყდა აგრეთვე კურლანდიის დაჯგუფება, რომელშიც 26 დივიზია შედიოდა22. არც დასავლეთის ფრონტზე ჰქონდათ გერმანელებს სახარბიელო მდგომარეობა. არდენის შეტევის ჩაშლის შემდეგ გერმანელებმა ძლივს მოასწრეს წინ გაჭრილი ნაწილების გამოყვანა, ხოლო ინგლისელები და ამერიკელები, რომლებიც ბერლინიდან 500 კმ-ში იმყოფებოდნენ, მზად იყვნენ რურსა და საარზე გადამწყვეტი შეტევის დასაწყებად23. საერთო ჯამში გერმანიის წინააღმდეგ მიმართული იყო 12-მილიონიანი არმია (6,7 მლნ ჯარისკაცი სსრკ-ზე მოდიოდა, 3,7 მლნ – აშშ-ზე და 1,5 მლნ – დიდ ბრიტანეთზე). გერმანელებს კი მხოლოდ 5,6 მლნ კაცის დაპირისპირება შეეძლოთ ამ უზარმაზარი მასისათვის24. ძალიან დიდი იყო მოკავშირეთა უპირატესობა სამხედრო ტექნიკის ყველა მაჩვენებლითაც. ფაქტობრივად გერმანიის დღეები დათვლილი იყო და სწორედ ამიტომ ყირიმის კონფერენციაზე ყურადღება ძირითადად პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტას დაეთმო, თუმცა პირველი სხდომა სწორედ ფრონტებზე შექმნილი მდგომარეობის მიმოხილვასა და მოკავშირეთა მომავალი მოქმედებების შეთანხმებას მიეძღვნა. თავდაპირველად განიხილეს აღმოსავლეთის ფრონტზე საბჭოთა ჯარების შეტევის შემდეგ წარმოქმნილი ვითარება, რის შესახებაც საკმაოდ ვრცელი მოხსენებით გამოვიდა გენ. ა. ანტონოვი. მან კონფერენციის მონაწილეებს მოახსენა საბჭოთა არმიის მიერ პოლონეთში განხორციელებული ოპერაციის შედეგები და გამოთქვა რამდენიმე სურვილი, რომელთა უმრავლესობაც ინგლისელებსა და ამერიკელებს ეხებოდა. პირველ რიგში, ანტონოვმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, თუ დაჩქარდებოდა დასავლეთის ფრონტზე მოკავშირეთა ჯარების შეტევაზე გადასვლა და ეს მოხდებოდა თებერვლის პირველ ნახევარში. გარდა ამისა, ანტონოვის აზრით, აუცილებელი იყო გერმანელთა არდენის დაჯგუფების საბოლოო განადგურება. ამასთან ერთად, ინგლისელებსა და ამერიკელებს არ უნდა მიეცათ გერმანელებისათვის დასავლეთის ფრონტიდან, ნორვეგიიდან და იტალიიდან აღმოსავლეთის ფრონტზე ჯარების გადასროლის საშუალება და ეს უნდა მომხდარიყო საავიაციო დარტყმების შედეგად ბერლინისა და ლაიფციგის კვანძების პარალიზებით. აგრეთვე მათ ხელი უნდა შეეშალათ გერმანელებისათვის, თუ ისინი ეცდებოდნენ იტალიიდან ჯარების გამოყვანას25. ჩერჩილმა სწორედ ამ უკანასკნელ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მან წამოაყენა წინადადება იტალიიდან აღმოსავლეთ ფრონტზე გერმანელთა 8 დივიზიის გადასროლის თავიდან ასაცილებლად გადაეყვანათ ლიუბლიანის გასასვლელით ინგლისელებისა და ამერიკელების ჯარების ნაწილი საბჭოთა შენაერთებთან შესაერთებლად26. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ჩერჩილს სურდა ამ ოპერაციის განხორციელებით სისრულეში მოეყვანა ავსტრიის დაკავების გეგმა, მაგრამ მას არაფერი გამოუვიდა. საბჭოთა მხარემ საერთოდ უპასუხოდ დატოვა ეს წინადადება, რაც ჩერჩილისათვის ალბათ მოულოდნელი უნდა ყოფილიყო, რადგანაც კონფერენციის დაწყებამდე შემდგარ შეხვედრაზე სტალინმა თვითონ შესთავაზა ინგლისელებს ისტრია-ავსტრიის ოპერაციის ჩატარება27. ამის შემდეგ დასავლეთის ფრონტზე განსახორციელებელი ოპერაციების შესახებ მოხსენება გააკეთა ჯ. მარშალმა. მან აღნიშნა, რომ უკანასკნელი კვირების განმავლობაში მოკავშირეთა ჯარების მთავარსარდალმა გენ. დ. ეიზენჰაუერმა გადააჯგუფა თავისი დივიზიები და მოემზადა ახალი შეტევისათვის ფრონტის როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ნაწილში. მარშალმა გამოთქვა იმედი, რომ ამ ორი ოპერაციიდან პირველი დაიწყებოდა 8 თებერვალს, ხოლო მეორე – ერთი კვირის განმავლობაში28. ძირითადი დარტყმა გერმანელებზე მაინც ჩრდილოეთიდან უნდა ყოფილიყო მიყენებული. სწორედ აქ ჰქონდათ განზრახული მოკავშირეებს მოწინააღმდეგის ფრონტის გარღვევა და რაინის გადალახვა, რაც, მარშალის მონაცემებით, მარტის დამდეგს უნდა მომხდარიყო29. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ გარღვევა მოხდებოდა 50-60 მილის სიგრძის ფრონტზე, სადაც გერმანელებს შექმნილი ჰქონდათ მძიმე ტიპის გამაგრებები30, და რომ შემდეგ ამერიკელები და ინგლისელები დაიძვრებოდნენ ბერლინისაკენ31. სამხრეთ ნაწილში, მარშალის განცხადებით, დაგეგმილი იყო მოწინააღმდეგის უკუგდება მიულჰაუზენისა და კოლმარის რაიონიდან და რაინის მარცხენა ნაპირზე გერმანელების პლაცდარმის მოსპობა32. იტალიურ ფრონტზე შექმნილი მდგომარეობის მიმოხილვისას მარშალმა აღნიშნა, რომ აქ მოკავშირეებს გააჩნდათ იმდენი ძალა, რამდენიც საკმარისი იყო მათ წინააღმდეგ განლაგებული 27 გერმანული დივიზიის გასაწონასწორებლად. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა მოკავშირეთა ავიაციის ეფექტურ მოქმედებას და განაცხადა, რომ უკანასკნელ დაბომბვებს მოჰყვა დიდი ნგრევა რკინიგზებზე და საწვავის წარმოების 60%-ით შემცირება გერმანიაში33. თავისი სიტყვის დასასრულს მარშალმა აღნიშნა, რომ ავიაცია აგრეთვე ბომბავდა წყალქვეშა ნავების განლაგების ბაზებს, რადგანაც, მიუხედავად ამ ნავების მცირე რაოდენობისა, მოსალოდნელი იყო მათი მხრიდან მოკავშირეთა გემებზე ახალი თავდასხმების მოწყობა34. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩერჩილმა განაცხადა, რომ აუცილებელი იყო საბჭოთა ჯარების სწრაფი წინსვლა დანციგის რაიონში, სადაც გერმანელებს ჰქონდათ წყალქვეშა ნავების ერთ-ერთ უდიდესი ბაზა. ამის პასუხად სტალინმა განაცხადა, რომ საბჭოთა ნაწილები მალე დაუშენდნენ საარტილერიო ცეცხლს დანციგს და იკითხა, თუ სად იყო განლაგებული სხვა ბაზები, რაზეც ჩერჩილმა უპასუხა, რომ ასეთ ადგილებს წარმოადგენდნენ კილი და ჰამბურგი35. საბჭოთა ლიდერი დაინტერესდა აგრეთვე დასავლეთის ფრონტზე მოკავშირეთა ჯარების, ტანკებისა და ავიაციის რაოდენობით, რის შესახებაც დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღო მარშალისა და პორტალისაგან36. ამის შემდეგ საუბარი ისევ შეეხო საბჭოთა არმიის მიერ პოლონეთში განხორციელებულ ოპერაციას. სტალინმა აღნიშნა, რომ თეირანის კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად საბჭოთა მხარე არ იყო ვალდებული, წამოეწყო ზამთრის შეტევა. მან აგრეთვე განაცხადა, რომ არც ჩერჩილსა და არც რუზველტს პირდაპირ არ უთხოვიათ მისთვის შეტევის დაწყება. სტალინის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა მას მხოლოდ ეიზენჰაუერის წარმომადგენლის – ა. ტედერის მიღება სთხოვა, ხოლო ინგლისის პრემიერმა კი უბრალოდ იკითხა, აპირებდა თუ არა საბჭოთა მხარე იანვარში შეტევაზე გადასვლას37. მიუხედავად ამისა, საბჭოთა ლიდერმა განაცხადა, რომ მოკავშირეთათვის დახმარების აღმოჩენა მან თავის მორალურ ვალდებულად მიიჩნია და ამიტომაც გასცა ბრძანება შეტევის ვადაზე ადრე დაწყების შესახებ38. სტალინმა აგრეთვე სთხოვა ინგლისელ და ამერიკელ მოღვაწეებს, გაეთვალისწინებინათ, რომ საბჭოთა მხარის წარმომადგენლები ყოველთვის იცავდნენ არა მარტო ფორმალურ ვალდებულებებს, არამედ შეძლებისდაგვარად ასრულებდნენ თავიანთ მორალურ მოვალეობასაც39. ეს იყო 1942-1943 წლებში მოკავშირეთა მოქმედების აშკარა კრიტიკა, მაგრამ ჩერჩილმა და რუზველტმა „ჩაყლაპეს“ სტალინის აღნიშნული სიტყვები და არაფერი უთქვამთ ამის თაობაზე. აშშ-ს პრეზიდენტმა მხოლოდ აღნიშნა, რომ ყოველი მოკავშირე მორალურად ვალდებული იყო, რაც შეიძლება დიდი სისწრაფით წაეწია წინ40. ამის შემდეგ რუზველტმა და ჩერჩილმა განაცხადეს, რომ საჭირო იყო სამივე მოკავშირის ძალებს შორის მჭიდრო კოორდინაციის დამყარება და წამოაყენეს წინადადება, შტაბებს გადაეწყვიტათ ეს საკითხი. სტალინი დაეთანხმა მათ, რომ აუცილებელი იყო დასავლეთისა და აღმოსავლეთის ფრონტებზე ჩასატარებელი ოპერაციების შეთანხმება და მიზანშეწონილად ჩათვალა ამ საკითხის სამხედროებისათვის გადაცემა. მთავრობათა მეთაურები შეთანხმდნენ, რომ სამხედროები ერთმანეთს შეხვედროდნენ მეორე დღეს და განეხილათ როგორც მდგომარეობა აღმოსავლეთის, დასავლეთისა და იტალიის ფრონტზე, ისე არსებული ძალების ყველაზე უკეთ გამოყენების საკითხი41. ამით დასრულდა დიდი სამეულის მიერ სამხედრო საკითხების განხილვა. ამის შემდეგ ეს საკითხები წყდებოდა მხოლოდ მოკავშირეთა შტაბების წარმომადგენელთა თათბირებზე, რომლებიც იალტაში ყოველდღე ეწყობოდა. საბოლოოდ კონფერენციაზე მიღებული იქნა კომუნიკე, რომლის პირველ ნაწილში – „გერმანიის განადგურება“ – აისახა კიდეც სამხედროთა მიღებული გადაწყვეტილებები. კომუნიკეში აღინიშნა, რომ შტაბების წარმომადგენლების თათბირების შედეგად უფრო მჭიდრო გახდა მოკავშირეთა სამხედრო ღონისძიებების კოორდინაცია; ხაზი გაესვა იმას, რომ მთლიანად შეთანხმებული იქნა გერმანიაზე მისაყენებელი დარტყმების ვადები და მასშტაბები, აგრეთვე აღინიშნა, რომ ყირიმის კონფერენციაზე მიღწეული თანამშრომლობა დააჩქარებდა ომის დამთავრებას და რომ სამი ქვეყნის შტაბების წარმომადგენელთა თათბირები გაგრძელდებოდა მაშინვე, როგორც კი გაჩნდებოდა ამის საჭიროება42. როგორც ვხედავთ, თეირანის კონფერენციისაგან განსხვავებით, იალტაში სამხედრო საკითხებზე საუბრისას ფაქტობრივად არ შექმნილა საკამათო სიტუაციები, მაშინ როდესაც თითქმის ყველა პოლიტიკური პრობლემის განხილვისას დიდი დებატები გაიმართა. კონფერენციის ყველა მონაწილე ცდილობდა მიეღწია იმისათვის, რომ გადაწყვეტილებებში მაქსიმალურად ყოფილიყო ასახული მისი თვალსაზრისი. როგორც კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე, ამერიკელი დიპლომატი ჩ. ბოლენი წერს თავის მემუარებში, სამივე ლიდერი გააფთრებულ ბრძოლას აწარმოებდა იმის გარშემო, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ომისშემდგომი მსოფლიო43. დიდი სამეულის ლიდერების დანარჩენი 7 პლენარული სხდომა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პოლიტიკური საკითხების განხილვას მიეძღვნა. დაძაბული დებატების შემდეგ თითქმის ყველა პრობლემის გარშემო მიღებული იქნა კომპრომისული გადაწყვეტილებები, რომლებიც აისახა ჩერჩილის, რუზველტისა და სტალინის ერთობლივ კომუნიკესა და ყირიმის კონფერენციის ოქმში. თუმცა ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა. განსაკუთრებით დაძაბული განხილვა მიმდინარეობდა მსოფლიო ორგანიზაციის მოწყობის შესახებ. ძირითადი დაპირისპირება გამოიწვია უშიშროების საბჭოში კენჭისყრის ფორმულამ და ახალი ორგანიზაციის წევრებად მოსაწვევი ქვეყნების განსაზღვრამ. საბოლოო ჯამში, გადაწყდა, რომ უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს (იალტის კონფერენციაზე ასეთად მოიაზრებოდნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, სსრკ და ჩინეთი) ექნებოდათ ვეტოს უფლება (გარდა პროცედურული საკითხებისა), ხოლო თუ რომელიმე მათგანი მონაწილეობდა დავაში, მას თავი უნდა შეეკავებინა ამ სადავო საკითხზე კენჭისყრისას. ამავე დროს, დადგენილი იქნა, რომ დამფუძნებელ კონფერენციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში (აღნიშნული კონფერენცია სან ფრანცისკოში გაიმართა) მიწვეული იქნებოდნენ გაერთიანებული ერები 1945 წ. 8 თებერვლის შემადგენლობით და ის მიმხრობილი ერები, რომლებიც ომს გამოუცხადებდნენ გერმანიას 1945წ. 1 მარტისათვის. გარდა ამისა, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა აიღეს ვალდებულება, რომ მხარს დაუჭერდნენ დამფუძნებელ წევრებად ორი საბჭოთა რესპუბლიკის, კერძოდ, უკრაინისა და ბელორუსიის მიღებას44. ყირიმში მიღებული იქნა დეკლარაცია განთავისუფლებული ევროპის შესახებ. მხარეებმა ერთმანეთს აღუთქვეს, რომ გაატარებდნენ ერთობლივ პოლიტიკას გერმანიის ბატონობისაგან განთავისუფლებული ევროპული ქვეყნების მიმართ და დაეხმარებოდნენ მათ ეკონომიკური თუ პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტაში. ამავე დროს, ისინი ადასტურებდნენ თავიანთ ერთგულებას ატლანტიკური ქარტიის პრინციპებისადმი45 და აცხადებდნენ, რომ ნებისმიერ ერს შეეძლო თავად აერჩია თავისი მმართველობის ფორმა46. განსაკუთრებით მძაფრი იყო გერმანიის მომავალთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. საბოლოო ჯამში, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გერმანიაში სამ მოკავშირეს ექნებოდა უზენაესი ხელისუფლება, რომლის განხორციელებისას ისინი მიიღებდნენ უსაფრთხოებისათვის აუცილებელ ზომებს, მათ შორის გერმანიის სრულ განიარაღებას, დემილიტარიზაციასა და დაყოფას47. ამავე დროს, მოხდა საოკუპაციო ზონების დაყოფა და გადაწყდა თავისი ზონის გამოყოფა საფრანგეთისათვის ბრიტანული და ამერიკული ზონებიდან. გარდა ამისა, საფრანგეთი შეყვანილი იქნა საკონტროლო საბჭოში გერმანიის შესახებ48. დიდი ბრძოლა გაიმართა იალტაში რეპარაციების საკითხზე. სტალინი დაჟინებით მოითხოვდა გერმანიისაგან ამოსაღები თანხის განსაზღვრას 20 მლრდ დოლარით და ამ თანხის ამოღებას ქონებით, ტექნოლოგიებით, პროდუქციითა და წიაღისეულით. ჩერჩილი საკმაოდ პესიმისტურად უყურებდა რეპარაციების საკითხს და შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად წინააღმდეგობას ვერ უწევდა ამ საკითხის განხილვას მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უბრალოდ გაუგებარი იქნებოდა. საბოლოო ჯამში, დადგინდა, რომ რეპარაციები გადახდილიყო, მაგრამ მათი თანხის განსაზღვრა ვერ მოხერხდა ბრიტანეთის დელეგაციის წინააღმდეგობის გამო49. კონფერენციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთავარი სამხედრო დამნაშავეების საკითხი განეხილათ საგარეო საქმეთა მინისტრებს შესაბამის დროს მოხსენების გასაკეთებლად50. ამავე დროს, გადაწყდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები რეგულარულად (3-4 თვეში ერთხელ მაინც) შეხვედროდნენ ერთმანეთს რიგრიგობით მოკავშირე ქვეყნების დედაქალაქებში51. კონფერენციაზე ერთ-ერთი ძირითადი ადგილი ეკავა პოლონეთის საკითხს. ძირითადად დებატები მიმდინარეობდა პოლონეთის დროებითი მთავრობის შემადგენლობისა და პოლონეთის მომავალი საზღვრების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ იალტაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხების გარშემო ვერ მოხერხდა. გადაწყდა, რომ დროებითი მთავრობა დაკომპლექტებულიყო როგორც ლიუბლინის მთავრობის, ისე პოლონეთის ემიგრანტული მთავრობის წევრებით, თუმცა ვერ მოხერხდა საბოლოო შეთანხმება, თუ როგორი იქნებოდა მათი წარმომადგენლების პროცენტული რაოდენობა52. საზღვრების შესახებ კი დადგინდა, რომ აღმოსავლეთი საზღვარი გაივლიდა ე.წ. „კერზონის ხაზზე“ ზოგიერთ ადგილას 5-8 კმ-ით პოლონეთის სასარგებლოდ გადაწევით, ხოლო დასავლეთი საზღვარი გაივლიდა მდ. ნოისეზე, თუმცა არ იქნა დაკონკრეტებული, აღმოსავლეთ ნოისეზე თუ დასავლეთ ნოისეზე53. იალტაში განხილული იქნა იუგოსლავიის საკითხიც და მხარეებმა საჭიროდ ჩათვალეს, რეკომენდაცია მიეცათ ტიტოსა და შუბაშიჩისათვის დაუყოვნებლივ აემოქმედებინათ მათ შორის დადებული ხელშეკრულება54, რის შემდეგაც ახალ მთავრობას უნდა შეექმნა დროებითი პარლამენტი ანტიფაშისტური ვეჩესა და ძველი სკუპშჩინის იმ წევრების ბაზაზე, რომლებმაც უარი თქვეს მტერთან თანამშრომლობაზე55. და ბოლოს, კონფერენციის მონაწილეები კვლავ ადასტურებდნენ თავიანთ ერთიანობას, რათა მიეღწიათ გამარჯვებისათვის ომში და მოეწყოთ მსოფლიო ატლანტიკური ქარტიის პრინციპების თანახმად56. ასეთი იყო გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებული იქნა ყირიმის კონფერენციაზე და რომლებიც აისახა კომუნიკეში. თუმცა იყო კიდევ ერთი შეთანხმება, რომელიც არ შევიდა კომუნიკეში და არ გამოქვეყნდა კონფერენციის დასრულების შემდეგ. ის ეხებოდა იაპონიასთან ომისა და შორეული აღმოსავლეთის მოწყობის საკითხებს. ამ საკითხზე ძირითადი მოლაპარაკებები იალტაში გაიმართა 8 თებერვალს სტალინსა და რუზველტს შორის. უნდა ითქვას, რომ პრინციპში ეს არც იყო მოლპარაკებები. სტალინმა უბრალოდ ჰკითხა რუზველტს, თუ რა პოლიტიკური სარგებელი ექნებოდა საბჭოთა კავშირს იაპონიის წინააღმდეგ ომის დაწყების შემთხვევაში. აშშ-ს პრეზიდენტმაც საბჭოთა ლიდერს იქით შესთავაზა კურილიის კ-ბი, სამხრეთ სახალინი, პორტ-არტური და დაირენი (ჩინეთი) საიჯარო უფლებებით, მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის იმჟამინდელი სტატუსის შენარჩუნება და ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში ზოგიერთი მნიშვნელოვანი სარკინიგზო მაგისტრალის ექსპლუატირების უფლება57. რასაკვირველია, სტალინს რაიმე დამატებითი მოთხოვნის გაკეთება არც მოსვლია აზრად. შესაძლოა, ეს იმაზე მეტიც კი იყო, ვიდრე ის თვითონ ელოდა რუზველტისაგან. ამიტომ მთავრობათა მეთაურების ერთობლივ გადაწყვეტილებას58 სწორედ ეს წინადადება დაედო საფუძვლად. ყირიმის კონფერენციის გადაწყვეტილებები არაერთგვაროვნად იქნა შეფასებული დასავლეთში. იალტის კონფერენციის დასრულების შემდეგ აგერ უკვე თითქმის 58 წელი გავიდა, მაგრამ მისთვის ჯერ კიდევ არ არის საბოლოო შეფასება მიცემული. განსაკუთრებით დიდი დავა მიმდინარეობს ამ კონფერენციაზე რუზველტის მიერ დაკავებული პოზიციის გარშემო. თავდაპირველად, კონფერენცია ლამის რუზველტის დიპლომატიურ ტრიუმფად იქნა მიჩნეული. ამ აზრის ჩამოყალიბებაში საკმაოდ დიდი როლი მიუძღვის აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის ედუარდ სტეტინიუსის შეფასებებს. სტეტინიუსმა თავის წიგნში „რუზველტი და რუსები“ განაცხადა: „კონფერენციის ჩანაწერები ნათლად ცხადყოფენ, რომ საბჭოთა კავშირს უფრო დიდ დათმობებზე მოუწია წასვლა, ვიდრე აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს“.59 მისი თქმით, რუზველტს, სტალინსა და ჩერჩილს შორის მიღწეული შეთანხმებები სხვა არაფერი იყო, თუ არა „აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური ტრიუმფი“, და რომ სირთულეები შეიქმნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღნიშნული შეთანხმებები არ იქნა დაცული60. თავის პოზიციას სტეტინიუსი ამაგრებს საბჭოთა დათმობების შთამბეჭდავი სიით, რომელიც 7 პუნქტისაგან შედგება (ამასთანავე, ზოგიერთ პუნქტს საკმაოდ ბევრი ქვეპუნქტი აქვს).61 ე. სტეტინიუსის მიერ ჩამოთვლილი დათმობებია: 1. მსოფლიო ორგანიზაცია: ა) უშიშროების საბჭოში კენჭისყრის ფორმულა; ბ) თექვსმეტი ხმის მოთხოვნაზე უარის თქმა; გ) სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე ქვეყნების მოწვევის შესახებ ამერიკული განსაზღვრის მიღება, რის შედეგადაც ლათინური ამერიკის ქვეყნები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრები გახდნენ; დ) გაეროს ტრიბუნის გამოყენების უფლების მინიჭება პატარა ქვეყნებისათვის; 2. სამხედრო თანამშრომლობა (მაგ. სტალინის თანხმობა ბუდაპეშტის მახლობლად მდებარე საჰაერო ბაზების ამერიკელების მიერ გამოყენებაზე); 3. ფრანგებისათვის საოკუპაციო ზონის გამოყოფა და საფრანგეთის შეყვანა საკონტროლო კომისიაში; 4. რეპარაციების საკითხი; 5. იუგოსლავიის საკითხი; 6. დეკლარაცია განთავისუფლებული ევროპის შესახებ; და 7. პოლონეთი: ა) სტალინის მხრიდან პოლონეთის დასავლეთ საზღვრად მდ. დასავლეთ ნოისეს მიჩნევის შესახებ წინადადების გატანა რუზველტისა და ჩერჩილის წინააღმდეგობის შედეგად; ბ) აღმოსავლეთ საზღვრის „კერზონის ხაზიდან“ 6-8 კმ-ით გადაწევა აღმოსავლეთისაკენ და ბელოსტოკზე უარის თქმა; გ) თანხმობა ლუბლინის მთავრობის რეორგანიზაციაზე. აი, ამგვარი იყო საბჭოთა დათმობები სტეტინიუსის აზრით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი აშკარად სასურველს მიიჩნევდა რეალობად და საბჭოთა დათმობად მიაჩნდა ის, რაც სტალინს სულაც არ მიაჩნდა წამგებიანად. დავიწყოთ პირველი საკითხიდან – მსოფლიო ორგანიზაცია. იალტაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ კენჭისყრისას უშიშროების საბჭოში მუდმივ წევრებს (იმ პერიოდში მოისაზრებოდა 4 მუდმივი წევრი – აშშ, სსრკ, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი, თუმცა მოგვიანებით მათ საფრანგეთიც შეუერთეს) ექნებოდათ ვეტოს უფლება. ძნელი სათქმელია, თუ რაში გამოიხატა საბჭოთა მხარის დათმობა ამ შემთხვევაში, რადგან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ის მშვენივრად იყენებდა ამ უფლებას საჭიროების დროს და ბლოკავდა მთელ რიგ მისთვის არასასურველ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, მათგან მნიშვნელოვანი მხოლოდ 16 ხმაზე უარის თქმა იყო, რამეთუ დანარჩენი ორი ქვეპუნქტი ადრე თუ გვიან მაინც უნდა განხორციელებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში გამარჯვებულებს მსოფლიო დიქტატში დაედებოდა ბრალი. ასე რომ, იქ არც სტალინს და არც სხვა ვინმეს არ შეეძლო მტკიცედ წინ აღსდგომოდა მთელი რიგი ქვეყნების გაეროში გაწევრიანებასა და ამ ორგანიზაციის ტრიბუნის გამოყენებას. რასაკვირველია, ლათინური ამერიკის ქვეყნებს ძირითადად პროამერიკული პოზიციები ეკავათ და გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრისას აშშ-ს მთავრობის მითითებებს გაითვალისწინებდნენ, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგანაც იმ დროისათვის გაეროში საბჭოთა კავშირი პრინციპული საკითხების განხილვისას მაინც უმცირესობაში აღმოჩნდებოდა. სწორედ ამიტომ იყო სტალინისათვის მნიშვნელოვანი ყველა საბჭოთა რესპუბლიკის გაწევრიანება გაეროში, მაგრამ ამაზე მას მოუწია უარის თქმა, წააწყდა რა რუზველტისა და ჩერჩილის მტკიცე პოზიციას. შედეგად მან თანხმობა მიიღო მხოლოდ უკრაინისა და ბელორუსიის შეყვანაზე გაეროში. სტეტინიუსის მიერ ჩამოთვლილი დანარჩენი დათმობებიდან ზოგიერთი სულაც დეკლარაციულ ხასიათს ატარებდა. ასე, მაგალითად: ბუდაპეშტის მახლობლად საჰაერო ბაზების ამერიკელების მიერ გამოყენების უფლება და დეკლარაცია განთავისუფლებული ევროპის შესახებ რაიმე მნიშვნელოვან საკითხს სულაც არ წარმოადგენდა. ბაზას საერთოდ არ ჰქონდა რაიმე სტრატეგიული მნიშვნელობა მომავალში, ხოლო დეკლარაციაში მოხსენიებული ფრაზა – „ატლანტიკური ქარტიის თანახმად ყველა ერს აქვს უფლება აირჩიოს მმართველობის ის ფორმა, რომელიც მას სურს“ – სტალინს სულაც არ ზღუდავდა. პირიქით, მას ამის კარგად გამოყენებაც შეეძლო. კიდევ ერთი ე.წ. „დათმობა“ – იუგოსლავია – სტალინსა და ჩერჩილს შორის უფრო ადრე (1944წ. ოქტომბერში) მოსკოვში მიღწეული შეთანხმების შედეგი იყო და არა იალტაში დასავლეთელი მოკავშირეების მიერ გამოვლენილი დიპლომატიური ნიჭისა. რაც შეეხება რეპარაციებს, აქ კი ნამდვილად იყო დიდი დიპლომატიური ბრძოლა მხარეებს შორის, მაგრამ დათმობად იმის აღიარება, რომ საკითხი უბრალოდ არ იქნა გადაწყვეტილი და მისი განხილვა გადაიდო, ჩვენი აზრით, უბრალოდ არასწორია. არც საფრანგეთისათვის საოკუპაციო ზონის გამოყოფა შეიძლება ჩაითვალოს სტალინის მხრიდან რაიმე განსაკუთრებულ დათმობად, რადგანაც ეს ზონა გამოიყოფოდა ბრიტანული და ამერიკული საოკუპაციო ზონებიდან და საბჭოთა მხარე ამით არაფერს კარგავდა. უფრო მეტიც, ამით მხოლოდ ჩერჩილი და რუზველტი იჩენდნენ „თავის ტკივილს“, რადგანაც შარლ დე გოლი სულაც არ იყო მათთვის მეტისმეტად მისაღები პიროვნება. რაც შეეხება საფრანგეთის საკონტროლო კომისიაში შეყვანას, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ გამომდინარეობდა საოკუპაციო ზონის გამოყოფიდან და, ამასთანავე, სულაც არ უშლიდა რაიმეთი ხელს საბჭოთა კავშირს, რადგანაც საკონტროლო საბჭოში ყველა საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო კონსენსუსის ნიადაგზე. და ბოლოს, სტეტინიუსის მიერ ჩამოთვლილი დათმობებიდან უკანასკნელი – პოლონეთი. ჩვენ სულაც არ ვთვლით, რომ ამ საკითხის განხილვისას სტალინი რაიმე განსაკუთრებულ დათმობებზე წავიდა. დიახ, მან მართლაც გაიტანა წინადადება პოლონეთის დასავლეთ საზღვრად მდ. დასავლეთ ნოისეს მიჩნევის შესახებ, მაგრამ სულ რაღაც ნახევარი წლის შემდეგ პოტსდამში მიღებული იქნა ამ საკითხის გადაწყვეტის სწორედ მისეული ფორმულა. კერზონის ხაზიდან საზღვრის ოდნავ აღმოსავლეთით გადმოწევამ კი მას ძალიან დიდი დიპლომატიური პლიუსები მისცა, რადგანაც მან შეძლო ჩერჩილი და რუზველტი უმძიმეს მდგომარეობაში ჩაეყენებინა. სტალინმა მათ პირდაპირ განუცხადა, რომ ის სულაც არ აპირებდა ყოფილიყო კერზონსა და კლემანსოზე უფრო ნაკლები რუსი64, რის შემდეგადაც აიძულა ისინი, ეცნოთ საბჭოთა კავშირის დასავლეთი საზღვარი, ანუ ის მიტაცებული მიწები, რომლებიც სტალინმა ჰიტლერთან დადებული პაქტით მიიღო. არც ლუბლინის მთავრობის რეორგანიზაციას მოუტანია სტალინისათვის დიდი პრობლემები. მან შეძლო ამ რეორგანიზებულ მთავრობაში უმრავლესობის მიღება, რის შედეგადაც სტალინმა შემდგომში მოახერხა პოლონეთის სატელიტ სახელმწიფოდ ქცევა. ამრიგად, სტალინის მხრიდან გაკეთებულ დათმობებს ძირითადად არ ჰქონდა რაიმე პრინციპული ხასიათი, აი, მის მიერ მიღებული დივიდენდები კი შეიძლება ფასდაუდებლად ჩაითვალოს. საკმარისია ითქვას, რომ მან იაპონიასთან ომში ჩაბმის სანაცვლოდ მიიღო სამხრეთ სახალინი და კურილიის კუნძულები, საიჯარო უფლებები პორტ-არტურსა და დაირენზე, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში ზოგიერთი მნიშვნელოვანი სარკინიგზო მაგისტრალის ექსპლუატირების უფლება და მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის იმდროინდელი სტატუსის შენარჩუნება. და ეს ყველაფერი რუზველტმა სტალინს მისცა იმის სანაცვლოდ, რაც თავად სტალინს სურდა. აშშ-ს პრეზიდენტმა ვერ გათვალა, რომ საბჭოთა ლიდერი თავად იყო დაინტერესებული იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩაბმით, რადგანაც ამას მისთვის ძალიან დიდი სარგებელი შეეძლო მოეტანა. პირველ რიგში, სტალინს სურდა იაპონიის გამოძევება ჩინეთიდან და იქ საბჭოთა გავლენის დამყარება. სხვათა შორის, ჩერჩილი ამას შემდგომში მიხვდა კიდეც, მაგრამ უკვე ძალზე გვიანი იყო. არადა, რუზველტს ოდნავ მაინც რომ ეფიქრა ასეთ შესაძლებლობაზე, მას შეეძლო ბევრად უფრო ნაკლები დათმობების გაკეთება, რაც ცივ ომში საბჭოთა მხარის პოზიციებს მნიშვნელოვნად შეასუსტებდა. ასე რომ, იალტის კონფერენციის შეფასებისას თამამად შეიძლება ითქვას, რომ კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებებიდან ყველაზე დიდი სარგებელი საბჭოთა კავშირმა მიიღო და ეს სამიტი, ისევე როგორც თეირანის კონფერენცია, სტალინის დიპლომატიური გამარჯვებით დასრულდა.
შენიშვნები
1. Fორეიგნ ღელატიონს ოფ ტჰე Uნიტედ შტატეს. თჰე ჩონფერენცეს ატ Mალტა ანდ Yალტა, ჭასჰ., 1957, გვ. 4; Переписка председателя совета министров СССР с президентами США и премьер-министрами Великобритании во время Великой Отечественной войны 1941-1945гг. (შემდგომში Переписка...), т. II, М., 1957, გვ. 149. 2. Переписка председателя совета министров СССР с президентами США и премьер-министрами Великобритании во время Великой Отечественной войны 1941-1945гг. (შემდგომში Переписка...), т. I, М., 1957, გვ. 243. 3. Переписка.., т. II, გვ. 150. 4. ამის შესახებ დაწვრ. იხ.: È. ÐÀÐÀÓØÉÒÉ. კვებეკის II კონფერენცია (1944. 12-16 IX), – „საისტორიო ძიებანი“, II, 1999, გვ. 339-351. 5. ამის შესახებ დაწვრ. იხ.: È. ÐÀÐÀÓØÉÒÉ. ჩერჩილის მეორე ვიზიტი მოსკოვში (1944წ. 9-18 ოქტომბერი). დიპლომატიური ასპექტები, – „საისტორიო ძიებანი“, IV, 2001, გვ. 300-314. 6. სტალინის და ჩერჩილის შეხვედრის კოდური სახელწოდება. 7. უნდა აღინიშნოს, რომ თავად ჰოპკინსს რატომღაც ახსოვდა, რომ გრომიკოს ის ამ თემაზე ესაუბრა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ანუ ნოემბერში (ღ. შჰერწოოდ. ღოოსეველტ ანდ Hოპკინს: Aნ Iნტიმატე Hისტორყ, Nეწ Yორკ, 1948, გვ. 861.). 8. Переписка.., т. II, გვ. 164. 9. ჭ. F. Kიმბალლ. ჩჰურცჰილლ ანდ ღოოსეველტ: თჰე ჩომპლეტე ჩორრესპონდენცე, ვოლ. 10. Aლლიანცე Dეცლინინგ. Fებრუარყ 1944 – Aპრილ 1945, – ედ. წიტჰ ცომმენტარყ ბყ ჭარრენ F. Kიმბალლ, Pრინცეტონ, Nეწ ჟერსეყ, 1984, გვ. 365. 11. იქვე, გვ. 366. 12. ჭ. F. Kიმბალლ. ჩჰურცჰილლ ანდ ღოოსეველტ, ვოლ. 3, გვ. 368. არავინ იცის, თუ რამდენად გულწრფელი იყო სტალინი, მაგრამ 1944წ. სექტემბერში მან ჰარიმანს უთხრა, რომ თეირანში თვითმფრინავით მგზავრობის შემდეგ მას ორი კვირა აწუხებდა ყური (თჰე ჩონფერენცეს ატ Mალტა ანდ Yალტა, გვ. 5). 13. Переписка.., т. II, გვ. 165; ჭ. F. Kიმბალლ. ჩჰურცჰილლ ანდ ღოოსეველტ, ვოლ. 3, გვ. 377. 14. Переписка.., т. II, გვ. 166. 15. იქვე, გვ. 167. 16. ჭ. F. Kიმბალლ. ჩჰურცჰილლ ანდ ღოოსეველტ, ვოლ. 3, გვ. 412. 17. Переписка.., т. II, გვ. 168. 18. Переписка.., т. II, გვ. 167. 19. Переписка.., т. I, გვ. 300. საინტერესოა, რომ ამ საკითხის განხილვისას აშშ-ს ელჩმა საბჭოთა კავშირში ავერელ ჰარიმანმა წამოაყენა ბათუმის კანდიდატურაც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, უპირატესობა იალტას მიენიჭა (ჭ. F. Kიმბალლ. ჩჰურცჰილლ ანდ ღოოსეველტ, ვოლ. 3, გვ. 449). 20. წინადადება სხდომების ლივადიის სასახლეში ჩატარების შესახებ სტალინს ეკუთვნოდა და განპირობებული იყო რუზველტისათვის საუკეთესო პირობების შექმნის სურვილით, რადგანაც ზედმეტი გადაადგილება სავარძელს მიჯაჭვულ აშშ-ს პრეზიდენტს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნიდა (История дипломатии, в 6-и томах, под ред. В. А. Зорина (т. I) и А. А. Громыко (тт. II-VI), т. IV, М., 1975, გვ. 553), თუმცა ამერიკელმა მკვლევარმა ჯ. კროკერმა გამოთქვა ვარაუდი, რომ საბჭოთა ლიდერს სხვა მიზანიც ჰქონდა. მისი თქმით, ალუპკიდან ლივადიაში მოხვედრა კორეიზის გაუვლელად შეუძლებელი იყო და სტალინის გვერდის ავლით ჩერჩილი ვერ მოახერხებდა რუზველტთან მოხვედრას (იხ.: G. N. ჩროცკერ. ღოოსეველტ'ს ღოად ტო ღუსსია, ჩჰი., 1959, ცჰ. 15). 21. ჭ. შ. ჩჰურცჰილლ. თჰე შეცონდ ჭორლდ ჭარ. Vოლ. 6. თრიუმპჰ ანდ თრაგედყ, Nეწ Yორკ, 1962, გვ. 298-299. 22. ისე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყირიმის ნახევარკუნძული ორჯერ – 1942 და 1944 წლებში – იყო ბრძოლების ეპიცენტრი, ნგრევა გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო. ამავე დროს, იალტაც სწორედ იმის გამო აირჩია სტალინმა შეხვედრის ადგილად, რომ გარკვეული ზემოქმედება მოეხდინა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მეთაურებზე და ეჩვენებინა მათთვის, თუ რა გამანადგურებელი შედეგი ჰქონდა ომს საბჭოთა კავშირისათვის. შესაძლოა, ის ფიქრობდა, რომ შედეგად ისინი უფრო დამთმობნი იქნებოდნენ რეპარაციების საკითხში. 23. ÈÄÉÒÀÍÉ, ÉÀËÔÀ, ÐÏÔÓÃÀÌÉ. – დოკუმენტების კრებული‚ თბ.‚ 1969‚ გვ. 70; Совეтский Союз на международных конференциях периода Великой Отечественной войны 1941-1945гг. თ. IV. Крымская конференция руководителей трех союзных держав – СССР, США и Великобритании (4-11 февраля 1945г.), М., 1978 (შემდგომში Крымская конференция)‚ გვ. 50-51. 24. ჟ. Eჰრმან. Gრანდ შტრატეგყ. Vოლ. 6. Oცტობერ 1944–შეპტემბერ 1945, L., 1956, გვ. 92; Дж. Эрман. Большая стратегия. Октябрь 1944 – август 1945, М., 1958, გვ. 99. 25. В. Л. Исраэлян. Дипломатия в годы войны. 1941-1945, М., 1985, გვ. 328. 26. ÈÄÉÒÀÍÉ.., გვ. 71-72; Крымская конференция.., გვ. 52. 27. ÈÄÉÒÀÍÉ.., გვ. 72; Крымская конференция.., გვ. 52. 28. Крымская конференция.., გვ. 45. 29. ÈÄÉÒÀÍÉ.., გვ. 73; Крымская конференция.., გვ. 53. 30. ÈÄÉÒÀÍÉ.., გვ. 74; Крымская конференция.., გვ. 53. 31. ÈÄÉÒÀÍÉ.., გვ. 76; Крымская конференция.., გვ. 55. 32. 1. ÓÀÉÓÔÏÒÉÏ ÞÉÄÁÀÍÉ 321 33. ÈÄÉÒÀÍÉ.., გვ. 74; Крымская конференция.., გვ. 53. 34. ÈÄÉÒÀÍÉ.., გვ. 73; Крымская конференция.., გვ. 53. 35. Крымская конференция.., გვ. 54. 36. იქვე. 37. იქვე. 38 იქვე, გვ. 55-56. 39. Крымская конференция.., გვ. 57. 40. იქვე. უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა მხარე სისტემატურად ხაზს უსვამდა შეტევის ვადაზე ადრე დაწყებას მოკავშირეთა წინაშე თავისი ვალდებულებების შესასრულებლად. მართლაც, საბჭოთა შეტევა დაიწყო დროზე ადრე, მაგრამ მხოლოდ 4 დღით (თავდაპირველად ის იგეგმებოდა იყო 16 იანვარს), რაც, რასაკვირველია, არ შეიძლება ჩაითვალოს დიდ ცვლილებად და რაიმე განსაკუთრებულ დახმარებად. მიუხედავად ამისა, თითქმის 6 ათეული წელია ჯერ საბჭოთა, ახლა კი უკვე რუსი მკვლევარები ეწევიან სპეკულაციას ამ 4 დღით და ცდილობენ ისე წარმოაჩინონ საქმე, თითქოს ამ ოთხმა დღემ იქონია გადამწყვეტი გავლენა დასავლეთის ფრონტზე მიმდინარე საომარ მოქმედებებზე. ამ სპეკულაციას გარკვეული შედეგებიც მოჰყვა და მათ ზოგიერთმა არარუსმა მკვლევარმაც აუბა მხარი. 41. ÈÄÉÒÀÍÉ.., გვ. 78; Крымская конференция.., გვ. 57. 42. ÈÄÉÒÀÍÉ.., გვ. 79; Крымская конференция.., გვ. 57. 43. ÈÄÉÒÀÍÉ.., გვ. 80-81; Крымская конференция.., გვ. 58. 44. ÈÄÉÒÀÍÉ.., გვ. 166-167; Крымская конференция.., გვ. 265. 45. ჩჰ. E. Bოჰლენ. ჭიტნესს ტო Hისტორყ, 1929-1969, Nეწ Yორკ, 1973, გვ. 160. 46. Крымская конференция.., გვ. 274-275. 47. ამის შესახებ დაწვრ. იხ.: È. ÐÀÐÀÓØÉÒÉ. ანტიჰიტლერული კოალიციის შექმნის სათავეებთან. ატლანტიკური კონფერენცია, – „ÓÀÉÓÔÏÒÉÏ ÞÉÄÁÀÍÉ“, I, 1998, გვ. 189-198; È. ÐÀÐÀÓØÉÒÉ. მეორე ფრონტის მომზადებისა და განხორციელების პრობლემა აშშ-ინგლისის დიპლომატიაში. 1941-1943, თბ., 2002, გვ. 23-34. 48. Крымская конференция.., გვ. 276. 49. იქვე, გვ. 277. 50. იქვე, გვ. 278. 51. იქვე, გვ. 278-279. 52. იქვე, გვ. 279. 53. იქვე, გვ. 271. 54. Крымская конференция.., გვ. 271. 55. იქვე, გვ. 279-280. 56. ეს ხელშეკრულება გაფორმდა 1944 წ. 1 დეკემბერს. 57. Крымская конференция.., გვ. 270, 280. 58. იქვე, გვ. 271. 59. Крымская конференция.., გვ. 129-130. 60. იქვე, გვ. 273-274. 61. E. შტეტტინიუს, ჟრ. ღოოსეველტ ანდ ტჰე ღუსსიანს: თჰე Yალტა ჩონფერენცე, Nეწ Yორკ, 1949, გვ. 295. 62. E. შტეტტინიუს, ჟრ. ღოოსეველტ ანდ ტჰე ღუსსიანს, გვ. 295. 63. იქვე, გვ. 295-302. 64. Крымская конференция.., გვ. 100.

среда, 26 июля 2017 г.

საქართველო-ვატიკანის ურთიერთობა (ა. ბოკუჩავა)

საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობებს დიდი ხნის ისტორია აქვს. მისი შესწავლა ქართულ ისტორიოგრაფიაში XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო და დღესაც გრძელდება. საქართველო-ვატიკანის ურთიერთობებს ეხებიან თავიანთ გამოკვლევებში: მ. თამარაშვილი, ზ. ჭიჭინაძე, ბ. გიორგაძე, ი. ტაბაღუა, მ. ტაბაღუა, ტ. კასრაძე, გ. ჟორდანია და ზ. გამეზარდაშვილი, ქ. პავლიაშვილი, მ. პაპაშვილი და სხვა.
პირველი კონტაქტები სათავეს VI საუკუნიდან იღებს. XIII საუკუნიდან კი საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობები უფრო ინტენსიურ ხასიათს იძენს. საქართველოს პოლიტიკური მესვეურები რომიდან, როგორც პოლიტიკური და ქრისტიანული სამყაროს სასულიერო ცენტრიდან, მოელოდნენ ქრისტიანთა ხსნასა და მფარველობას მაჰმადიანური ქვეყნების აგრესიისაგან. ამიტომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ქართველი მეფე-მთავრები ცდილობდნენ რომის პაპებთან დაკავშირებას და მათი მეშვეობით სამხედრო და პოლიტიკური ურთიერთობების დამყარებას ევროპის რომელიმე სახელმწიფოსთან.
რომის კათოლიკური ეკლესიის ინტერესი მართლმადიდებლური საქართველოსადმი მისი რომის წმინდა ტახტისათვის შეერთებით აიხსნებოდა. თავის მხრივ, ევროპის სახელმწიფოებს საკუთარი ინტერესები გააჩნდათ საქართველოს მიმართ. კერძოდ, საქართველო წარმოადგენდა აღმოსავლეთის ქვეყნებთან უმოკლესი გზით დამაკავშირებელ საშუალებას.
საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობები განსაკუთრებით ფართო და სისტემატურ ხასიათს იღებენ XIIIს. 30-იანი წლებიდან. ამ პერიოდიდან იწყება საქართველოში კათოლიკე მისიონერთა მოღვაწეობა, რომელსაც ექვსსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ამ ხნის მანძილზე საქართველოში ჩამოდიოდნენ სხვადასხვა რელიგიურ ორდენთა (ფრანცისკელთა, დომინიკელთა, იეზუიტთა, ავგუსტინელთა, თეატინელთა, კაპუცინთა) წარმომადგენელი კათოლიკე მისიონერები. რადგან საქართველოს კავშირი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან უშუალოდ ვატიკანის მეშვეობით ხორციელდებოდა, ამიტომ რომის პაპის მიერ გამოგზავნილ მისიონერებს პირველხარისხოვანი ემისრის როლი ენიჭებოდათ და საქართველოს მეფე-მთავრებიც მათი მეშვეობით აგვარებდნენ დასავლეთთან პოლიტიკურ-კულტურულ ურთიერთობებს.
საქართველოსა და რომის ურთიერთობა დღემდე გრძელდება და ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობათა ისტორიაში. ამიტომ მის მიმართ მეცნიერ-მკვლევართა ყურადღება ყოველთვის დიდი იქნება. საქართველო-ვატიკანის ურთიერთობის ამსახველი ყველაზე ადრინდელი წერილობითი საბუთი VI საუკუნიდან მოგვეპოვება. ეს არის რომის პაპ გრიგოლ I დიდის (590-604) მიერ 596 წელს გამოგზავნილი ეპისტოლე ქართლის (იბერიის) კათალიკოს კირიონ I-სადმი (596-610). ამ წერილიდან ირკვევა, რომ კათალიკოს კირიონ I-ს მიუმართავს გრიგოლ I დიდისათვის ერთ-ერთი დოგმატიკური ხასიათის შეკითხვით. კერძოდ, განემარტა, საჭირო იყო თუ არა, მონანიე ნესტორიანელები, რომლებიც დაუბრუნდნენ კათოლიკე ეკლესიას, ხელახლა მოენათლათ1. პაპი გრიგოლ I დიდი კირიონ I-ს კანონიკური წესების თანახმად ავალებს, რომ მონანიეს ლმობიერად მოეპყრას, მხოლოდ ხელახლა არ მონათლოს და მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ დაკანონებული მრწამსის ლოცვა წარმოათქმევინოს.
რომის პაპსა და ქართლის კათალიკოსს შორის ურთიერთობა, საფიქრებელია VII საუკუნის დასაწყისშიც გრძელდებოდა, როდესაც საქართველოში ადგილი ჰქონდა ქართველ-სომეხთა საეკლესიო განხეთქილებას. როგორც ცნობილია, ამ განხეთქილების საფუძველს დოგმატიკური საკითხები წარმოადგენდა. ასეთ ვითარებაში, უეჭველია, რომ კირიონ I-ს სარწმუნოებრივი საკითხების გამო მიწერ-მოწერა ექნებოდა რომის პაპთან. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ეპისტოლეებმა ჩვენამდე ვერ მოაღწიეს.
რადგან ზემოთხსენებული 596 წლით დათარიღებული წერილის გარდა დღემდე სხვა საბუთი არ გაგვაჩნია, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა საქართველოსა და რომის კათოლიკური ეკლესიის ურთიერთობა გაშუქებულიყო, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს შემდეგ ფრაგმენტულ ცნობებს. „საეკლესიო ანალებში“ ნათქვამია, რომ „856 წელს ლაზების მეფემ (ე.ი. დასავლეთ საქართველოს მეფემ, დემეტრე II „აფხაზთა“ მეფემ – 825-861) საუცხოო საჩუქრებით ელჩობა გაგზავნა წმინდა პეტრეს სახელზე რომის პაპთან“ (ალბათ ბენედიქტ III-თან 855-858).2 საფიქრებელია, რომ დემეტრე II-ს ელჩობას რომის პაპთან პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა. როგორც ცნობილია, VIII საუკუნის 30-იანი წლებისათვის აფხაზთა სამთავრო აერთიანებს მთელ დასავლეთ საქართველოს, ხოლო VIII საუკუნის მიწურულს იგი თავისუფლდება ბიზანტიის ვასალური დამოკიდებულებისაგან და „აფხაზთა“ (ეგრის-აფხაზეთის) სამეფოდ ყალიბდება3.
აფხაზთა სამეფო ეკლესიურადაც ბიზანტიას ექვემდებარებოდა. დასავლეთ საქართველოს გაერთიანებისა და პოლიტიკურად ბიზანტიის გავლენისაგან გამოსვლის შემდეგ შეუძლებელი იყო ბიზანტიის საეკლესიო სუვერენიტეტის მოთმენა4. პოლიტიკური დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მსგავსად საეკლესიო გამოყოფაც თანდათან ხორციელდებოდა. მაგრამ ბუნებრივია, რომ დასავლეთ საქართველოს საეკლესიო დამოუკიდებლობის საკითხი დიდ წინააღმდეგობას წააწყდებოდა. როგორც წყაროებიდან ირკვევა, საეკლესიო გამოყოფა ერთბაშად არ მომხდარა. ჯერ განხორციელდა ეგრის-აფხაზეთის ეკლესიების გაერთიანება როგორც კონსტანტინეპოლის სამწყსოში შემავალი ეპარქიისა, რომელსაც სათავეში ედგა აფხაზეთის (დას. საქართველოს) კათალიკოსი (VIIIს. დასასრული ან IXს. დასაწყისი); შემდეგ IX საუკუნის მანძილზე (საფიქრებელია უფრო მის პირველ ნახევარშივე) დასავლეთ საქართველოს ეკლესია გამოეყო კონსტანტინეპოლს და მცხეთის ტახტს დაექვემდებარა5. ამრიგად, ჩვენთვის საინტერესო დემეტრე II-ის პერიოდში (825-861) – IX ს. პირველ ნახევარში – უნდა განხორციელებულიყო დასავლეთ საქართველოს ეკლესის გამოყოფა კონსტანტინეპოლისაგან. ასეთ ვითარებაში დასავლეთ საქართველოს მეფის მიერ ელჩობის გაგზავნა კათოლიკური ეკლესიის მეთაურთან – რომის პაპთან მიზნად ისახავდა პოლიტიკური ურთიერთობების დამყარებას.
საქართველოსა და რომის კათოლიკური ეკლესიის კულტურული ურთიერთობისათვის საგულისხმოა IX საუკუნის ცნობილი ქართველი სასულიერო პირის ილარიონ ქართველის (822-875) მოღვაწეობა. მან კონსტანტინეპოლის პატრიარქ ფოტისა და რომის პაპ ნიკოლოზ I დიდის კამათის დროს მოიარა ქრისტიანული სამყაროს უდიდესი კულტურული კერები და მათ შორის რომიც. იგი რომში ორი წელიწადი ცხოვრობდა თავისი ორი მოწაფით, რათა პატივი მიეგო წმ. პეტრეს აღმსარებლობისათვის, იქ დასაფლავებული „წმინდა მამებისათვის“.6 ბუნებრივია, ილარიონ ქართველი რომის სიწმინდეთა უბრალო მომლოცავი არ იქნებოდა.
X საუკუნეში ქართველ-ლათინთა ურთიერთობაში ძალზე საინტერესო მომენტია ათონის ივერთა მონასტრის სასულიერო პირების დაახლოება ლათინებთან. ათონის ივერთა მონასტრის დამაარსებლის იოანე მთაწმინდელის დროს რომიდან მოსულა ვინმე განათლებული სასულიერო პირი ლეონი ექვსი მოწაფითურთ. როცა ათონელებს შეუტყვიათ მისი განათლებულობა, გულთბილად შეხვედრიან, უთხოვიათ დარჩენა და მონასტრის აშენება აღუთქვამთ. ქართველებს ხელი შეუწყვიათ მისთვის, უყიდიათ ადგილი, და „აღაშენა მონასტერი მშვენიერი და ძმანი მრავალნი შეკრიბნა და თანადგომითა მამათა ჩუენთა სრულ ჰყო ყოველი საქმე შენებისა“.7 ლეონ რომაელი ხშირად მიდიოდა ივერიის მონასტერში სტუმრად და რამდენიმე დღეს რჩებოდა მისთვის განკუთვნილ სენაკში თავის მეგობარ გაბრიელ ქართველის მახლობლად. ლათინთა მონასტერი, როგორც მას გიორგი მთაწმინდელი აღწერს: „არს ჰრომთაი დღეს მთაწმინდას და კეთილად და წესიერად ცხოვნდებიან კანონსა და განგებასა ზედა წმიდასა ბენედიკტესა, რომლისა ცხოვრებაი წერილ არს დიალოღონსა შინა“.8 ამრიგად, ქართველ-ლათინთა ურთიერთობას ათონში მტკიცე საფუძველი ჩაეყარა.
საქართველო-რომის სარწმუნოებრივ ურთიერთობაში განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეთმოს ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვრის გიორგი მთაწმინდელის (1009-1065) რომთან მიმართებაში ნათლად გამოხატულ შეურყეველ პოზიციას. 1065 წელს გიორგი მთაწმინდელი კონსტანტინეპოლში იმპერატორ კონსტანტინე X დუკას (1059-1067) კარზე იმყოფებოდა. იმპერატორს მოუსურვებია დიდად განსწავლული გიორგი მთაწმინდელისაგან მოესმინა აზრი რომაულ-კათოლიკური და ბერძნულ-მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის არსებული განსხვავების შესახებ. გიორგი მთაწმინდელმა იმპერატორის სასახლეში შეკრებილი ბერძენი და რომაელი სამღვდელოებისა და დიდებულთა თანდასწრებით წარმოსთქვა: „ესე არს სარწმუნოება მართალი ნათესავისა ჩვენისაი. და რაჟამს ერთგზის გვიცნობიეს არღარა მიდრეკილ ვართ მარცხლ, გინა მარჯვლ და არცა მივდრკებით, თუ ღმერთსა უნდეს“.9 გიორგი მთაწმინდელი იმპერატორს ეუბნებოდა, რომ „ვინაითგან ბერძენთა შორის მრავალი წვალებაი შემოვიდა პირველ და მრავალგზის მიდრკეს, ამისთვისცა მსგავსად თქვენსა ღმრთისმსახურთა მეფეთა წმიდანი შემოკრიბნეს და წვლილად გამოიძიეს განგებულებისათვის ქრისტეს ღმრთისა და ჩვენისა და ხორციელად გამოჩინებისათვის მისისა. და საუფლოთა მათთვის ხორცთა გამოძიებაი იქნა და დააწესეს, რათა მივიღებდეთ ცომსა სახედ ხორცთა ქრისტესათა; ხოლო პურის ცომსა – სახედ სულისა გონიერისა და მარილისა – სახედ გონებისა, წინააღდგომად წვალებასა უსჯულოისა აპოლინარისსა, რომელი – იგი ხორცთა მათ ქრისტესათა საუფლოთა უსულოდ და უგონებოდ იტყოდა უგუნური იგი და უსულოი. ხოლო ღვინოისა თანა წყალსა ურთავთ სახედ სისხლისა და წყლისა, რომელი გარდამოხდა გვერდსა მხსნელისასა, ვითარცა იტყვის იოანე ოქროპირი. ესე არს განმარტებაი და მიზეზი ამათ საქმეთაი. ხოლო ჰრომთა ვინაითგან ერთგზის იცნეს ღმერთი არღარაოდეს მიდრეკილ არიან და არცა ოდეს წვალებაი შემოსრულ არს მათ შორის. და ვითარცა იგი მაშინ თავმან მოციქულთამან პეტრე შეწირა უსისხლო იგი მსხვერპლი და უმეტესადღა ვითარცა თვით თავადმან უფალმან მისცა მოწაფეთა ღამესა მას სერობისასა, ეგრეთ აღასრულებენ იგინი. და არარაი არს ამას შინა განყოფილება ოდენ სარწმუნოება მართალი იყოს“.10
როგორც ვხედავთ, გიორგი მთაწმინდელი რომის კათოლიკურ ეკლესიას წვალებისაგან დაცულად მიიჩნევს, ხოლო ბერძნულ ეკლესიაში მრავალი წვალების შემოსვლას აღიარებს. მას რომის ეკლესია სამოციქულო მოძღვრების ერთგულად მიაჩნია. გიორგი მთაწმინდელის მიერ კათოლიკური ეკლესიისადმი ქების სიტყვები, რასაკვირველია, ნაკარნახევი იყო პოლიტიკურ-რელიგიური თვალსაზრისით და არა რაიმე სხვა მიზეზით. გიორგი მთაწმინდელს უეჭველად ეცოდინებოდა, რომ არც რომის კათოლიკური ეკლესია იყო წვალებისაგან დაცული. მაგრამ ამ შემთხვევაში მისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან საქართველოს პოლიტიკურ მიზნებში შედიოდა რომის კათოლიკურ ეკლესიასთან კავშირის დამყარება და ბიზანტიის სარწმუნოებრივი მეურვეობისაგან თავის დაღწევა. როგორც ცნობილია, დასავლეთ საქართველოს ეკლესია IX საუკუნის I ნახევარში გამოეყო კონსტანტინეპოლს და, მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ დიდი იყო ბიზანტიის გავლენა ქართულ ეკლესიაზე, რომელსაც ღრმა კულტურული საფუძველი გააჩნდა. ამ დროიდან მოყოლებული საქართველოს ძირითადი პოლიტიკური მიზანი იყო ბიზანტიის მეურვეობისაგან თავის დაღწევა და ამ იდეის განხორციელებისათვის საქართველოს პოლიტიკურ მესვეურებს აუცილებლად მიაჩნდათ ახალი მოკავშირის პოვნა. ასეთი მოკავშირე კი ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია.
საქართველოსა და რომის კათოლიკური ეკლესიის ურთიერთობა ჯვაროსანთა ომების პერიოდში საკმაოდ ფართო და სისტემატურ ხასიათს იღებს. „ჯვაროსნულ ლაშქრობებს“ დაემთხვა საქართველოს გაძლიერების ხანა. გაერთიანებული და ძლიერი საქართველო შეიძლებოდა გამხდარიყო გარკვეული ძალა საერთო ლაშქრობაში. საქართველოს სახელოვან მეფეს დავით აღმაშენებელს (1089-1125) ჯვაროსნებთან უშუალო კონტაქტები ჰქონდა. ეს მტკიცდება დიდგორის ბრძოლის ეპოპეითაც. დიდგორის ბრძოლაში ქართველთა ლაშქარში იყვნენ შეყვანილნი „ფრანგებიც“ (დაახლოებით 100–200 მეომარი). „ფრანგებს“ ქართველები მაშინ და შემდეგაც, დიდი ხნის მანძილზე, საერთოდ ევროპელებს ეძახდნენ. ასე რომ, ეს „ფრანგები“ იმ ევროპელ ჯვაროსანთა წარმომადგენლები იყვნენ, რომლებსაც ამ დროს მახლობელ აღმოსავლეთში ბრძოლები ჰქონდათ თურქ-სელჩუკებთან. ევროპელ რაინდებს, „ფრანგებს“ დიდი გამოცდილება ჰქონდათ ამ მხრივ და მათი მონაწილეობა ქართველთა ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, ცხადია, სასარგებლო იქნებოდა. ამასთანავე, მათი მონაწილეობა დიდგორის ომში იმ ურთიერთობითაც იყო გამოწვეული, რაც ამ დროს ჯვაროსნებსა და ქრისტიანულ საქართველოს შორის არსებობდა. თუკი ადრე ჯვაროსნების წარმატებები თურქ სელჩუკებთან ბრძოლაში ხელს უმართავდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, ამჟამად უკვე გაძლიერებული საქართველოს შეტევით ომებს საერთო მტრის წინააღმდეგ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჯვაროსნებისათვის. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ საქართველოს სამეფოს სამზადისი თურქებთან გადამწყვეტი ბრძოლისათვის ჯვაროსნებს მხედველობიდან არ გამორჩენოდათ და მასში ერთგვარი მონაწილეობაც მიეღოთ11. დავით აღმაშენებლის მიერ ილღაზის დამარცხებამ დიდი სიხარული გამოიწვია ჯვაროსნებში, რადგან საქართველოს მეფის ბრწყინვალე გამარჯვებამ მათ უდიდესი დახმარება გაუწია. ისინი „დავით აღმაშენებლის გამარჯვებას ქრისტიანების საერთო გამარჯვებად თვლიდნენ“.12
ქართველ-ლათინთა ურთიერთ ინტერესს ქართული მატიანეებიც აღნიშნავენ. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი გადმოგვცემს: „ამას ჟამსა გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალიმი და ანტიოქია, და შეწევნითა ღმრთისათა მოეშენა ქუეყანა ქართლისა, გაძლიერდა დავით და განამრავლა სპანი. და არღარა მისცა სულთანსა ხარაჯა. და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს ქართლს“.13 ამავე ხანებში საფუძველი ჩაეყარა ჯვაროსანთა და ქართველთა შორის კულტურულ ურთიერთობასაც. ამ მხრივ საგულისხმოა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ერთ-ერთ სვეტზე წმინდა სებასტიანეს ისრით განგმირული შიშველი სხეულის გამოსახვა. მის გამოსახვას მართლმადიდებლური ეკლესიის ხელოვნება საერთოდ ერიდებოდა. ჯვაროსანთა ეპოქაში შექმნილმა ვითარებამ, როგორც ჩანს, დაარღვია ეს ტრადიცია. ამის შედეგი უნდა იყოს ქართული სავანის გამგებელთა ნებასურვილით ჯვრის მონასტრის კედლებზე ჯვაროსანი რაინდების საყვარელი წმინდანის დახატვა14.
ქართველებისა და ჯვაროსნების ურთიერთობა XIII საუკუნეშიც გრძელდება. საქართველოს მეფემ ლაშა გიორგიმ (1210-1223) რომის პაპის ჰონორიუს III-ის (1216-1227) მოწოდებით გადაწყვიტა მიმხრობოდა ჯვაროსანთა მეხუთე ლაშქრობას. ამის შესახებ ცნობას ჩვენ რუსუდან დედოფლის მიერ რომის პაპ ჰონორიუს III-სადმი 1224 წლის 12 მაისს მიწერილ წერილში ვპოულობთ. ამ წერილის მიხედვით, დამიეტში პაპის ლეგატს პელაგიოსს საქართველოს მეფისათვის მიუმართავს წინადადებით, რომ საერთო ძალით ემოქმედათ მუსლიმანების წინააღმდეგ. „დამიეტში მყოფი შენი ლეგატისაგან, – წერს რუსუდან დედოფალი ჰონორიუს III-ს. – მივიღეთ შენი დიდებული რჩევა და ბრძანება, რათა ძმა ჩემი ქრისტიანების დასახმარებლად წასულიყო“.15 მაგრამ ლაშა გიორგიმ ვერ შეძლო ჯვაროსანთა მეხუთე ლაშქრობაში მონაწილეობის მიღება საქართველოში მონღოლთა შემოსევების გამო. 1224 წელს საქართველოდან რომში საგანგებოდ გაგზავნეს ანელი ეპისკოპოსი დავითი, რომელსაც პაპთან რუსუდან დედოფლისა და მხედართმთავრის ივანე მხარგრძელის წერილები მიჰქონდა. ამ წერილებში რუსუდან დედოფალი და ივანე მხარგრძელი ჰონორიუსს ჰპირდებიან ჯვაროსანთა ლაშქრობაში მონაწილეობას16. სამწუხაროდ, ერთობლივი ლაშქრობა არ შედგა. 1225 წელს ხორეზმშაჰ ჯალალ ად-დინის შემოსევამ საქართველოს სამეფო კარს ჯვაროსნებზე ფიქრი დაავიწყებინა. 1235 წელს მონღოლებმა დაიპყრეს ოდესღაც ძლიერი და აყვავებული საქართველო.
ამრიგად, საქართველო-ვატიკანის ურთიერთობა ჯვაროსნული ომების ხანაში წმინდა პოლიტიკურ ნიადაგზე დაიწყო და მალე ამ ურთიერთობამ განვითარება ჰპოვა მისიონერული მოღვაწეობის სფეროში. რომის კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენდა მონაზვნური ორდენების არსებობა, რომლებიც ასრულებდნენ გარკვეულ საეკლესიო-საზოგადოებრივ ფუნქციებს, კათოლიციზმის ისტორიის მანძილზე წარმოადგენდნენ პაპთა საიმედო დასაყრდენს თავიანთ მოღვაწეობაში. ყოველი ორდენის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა მისიონერული მოღვაწეობა. მისიონერობა მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „მისიო“, რაც ნიშნავს „გაგზავნას“, „დავალებას“. მისიონერობა რელიგიური ორგანიზაციებისა და ეკლესიების მოღვაწეობის ერთერთი ფორმაა. იგი მიზნად ისახავდა სხვა სჯულის მიმდევართა მოქცევას და განდგომილთა ეკლესიაში დაბრუნებას. ქრისტიანული მისიონერობა ჯერ კიდევ IV საუკუნეში წარმოიშვა. კათოლიკური მისიონერობა განსაკუთრებით გააქტიურდა XIII_XV საუკუნეებში. მისიონერები სპეციალურ კოლეგიუმებში იღებდნენ განათლებას და სათანადო ინსტრუქციებითაც იყვნენ აღჭურვილნი, რომელშიც ყოველი მათი მოქმედება წინასწარ იყო გათვალისწინებული და მოფიქრებული: 1. პირადი ცხოვრება; 2. სამისიონერო მომზადება; 3. თანხების მოხმარება; 4. ქადაგება; 5. მოსახლეობის სხვადასხვა წოდების მიმართ მოპყრობა; 6. ყმაწვილთა სწავლა-აღზრდა; 7. მონათვლა; 8. ახალი მოქცეულებისადმი დამოკიდებულება; 9. დარიგება საეკლესიო მართვა-გამგეობაზე; 10. საღვთო სჯულის სწავლების გამოყენება17.
პირველი კათოლიკე მოსიონერები საქართველოში XIII საუკუნის 30-ან წლებში ჩამოვიდნენ. ესენი იყვნენ ფრანცისკელთა რელიგიური ორდენის წევრები. ეს რელიგიური ორდენი შექმნა წმ. ფრანჩესკიმ 1209 წელს. მისი წესდება დაამტკიცა პაპმა ინოკენტი III-მ 1215 წელს. 1233 წელს პაპმა გრიგოლ IX-მ (1227-1241) საქართველოში თავის წარმომადგენლად გამოგზავნა ფრანცისკელი მისიონერი იაკობ დე რუსანო რამოდენიმე მისიონერთან ერთად18. ამავე წელს მათ დააარსეს საქართველოში პირველი კათოლიკური მისიონი. იმ დროს რომის პაპები გულმოდგინედ ცდილობდნენ გაეფართოვებინათ თავიანთი გავლენის არეალი და დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ საქართველოს ეკლესიის შეერთებას რომის კათოლიკურ ეკლესიასთან. ბიზანტიის იმპერია თურქთა განუწყვეტელი შემოსევების შედეგად ძალზე დასუსტებული იყო. წინა აზიის ქრისტიანული სახელმწიფოები და ხალხები თურქეთის აგრესიისათვის სერიოზულ დაბრკოლებას უკვე ვეღარ წარმოადგენდა. საქართველოს, როგორც ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფოს ავტორიტეტი დასავლეთში ჯერ კიდევ დიდი იყო. ამიტომ პაპი გრიგოლ IX გულმოდგინედ ცდილობდა საქართველოს მაშინდელ მეფეებთან (რუსუდანი, დავით ნარინი) საერთო ენის გამონახვას და მათ კათოლიკობაზე მოქცევას.
1240 წელს თბილისში დომინიკელებმა დააარსეს თავიანთი მისიონი. დომინიკელთა ანუ „მქადაგებელი ძმების“ რელიგიური ორდენი 1215 წელს შექმნა დომინიკ დე გუზმამ. ამ ორდენის მთავარი მისია, ისევე როგორც ფრანცისკელებისა, იყო ერეტიკოსების წინააღმდეგ ბრძოლა. დომინიკელებმა და ფრანცისკელებმა ერთად გაშალეს მუშაობა კათოლიკური სარწმუნოებისა და რომის ეკლესიასთან გაერთიანების მომზადებისათვის. დომინიკელებმა თბილისში თავიანთი მონასტერი დააფუძნეს, რომელიც შემდეგ საუკუნეებშიც მოქმედებდა19.
ამასობაში საქართველოში უმეფობის ხანა დადგა. ამ დროიდან (1245წ.) საქართველო მჭიდროდ იყო დაკავშირებული მონღოლების პოლიტიკასთან. 1258 წელს პაპმა ალექსანდრე IV-მ (1254-1261) საქართველოში გამოგზავნა ფრანცისკელთა და დომინიკელ მისიონერთა ახალი ჯგუფი20. წყაროთა უქონლობის გამო ძნელია ითქვას თუ რა შედეგს აღწევდნენ კათოლიკე მისიონერები საქართველოში, ან ქართველი პოლიტიკოსები როგორ პოზიციას იჩენდნენ ვატიკანის რელიგიური პოლიტიკის მიმართ. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ დროგამოშვებით, მაგრამ მაინც, რომის პაპები საქართველოში აგზავნიდნენ მისიონერებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ მონღოლთა უღელქვეშ მოქცეული საქართველოს მესვეურები რომის სახით შესაძლო მოკავშირეს ხედავდნენ და ამ იმედით მისიონერთა საქმიანობას, შეძლებისდაგვარად, ხელსაყრელ პირობებს უქმნიდნენ. რაც შეეხება ეკლესიათა გაერთიანების საქმეს, მასზე ქართველ პოლიტიკოსებს აღარ უზრუნიათ, „რადგან საქართველოს მმართველი წრეებისათვის რომის ეკლესიასთან შეერთების საკითხს უფრო პოლიტიკური მიზანი ჰქონდა, ვიდრე სარწმუნოებრივი“.21
საქართველო-ვატიკანის ურთიერთობა ძალზე გაცხოველდა XIVს. პირველ ნახევარში გიორგი V ბრწყინვალის (1314-1346) მეფობის პერიოდში. ამ დროს საქართველო განთავისუფლდა რა მონღოლთა ბატონობისაგან, დაწინაურდა როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად და კულტურულად, განმტკიცდა მისი საერთაშორისო მდგომარეობაც. 1307 და 1318 წლებში საქართველოში ჩამოდიან ფრანცისკელთა და დომინიკელთა ორდენის წევრები, იზრდება გაკათოლიკებულ ქართველთა რიცხვი, საქართველოსა და რომს შორის ურთიერთობა ამ დროს „საკმაოდ ხშირი, ერთგულებით სავსე და მეგობრული ყოფილა“, – აღნიშნავს მ. თამარაშვილი. რომის საეკლესიო მეთაურნი, რომელნიც ამ დროისათვის მსოფლიოში სასულიერო გაბატონებისათვის ენერგიულად იბრძოდნენ, საქართველოს ძლიერი მეფის წინაშე მოწიწებითა და ვედრებით აღსავსე ბარათებს გზავნიდნენ და კათოლიკურ ეკლესიასთან შეერთებისაკენ მოუწოდებდნენ მას. აღმოსავლეთში გაძლიერებული ქრისტიანული საქართველოს კათოლიკობასთან შეერთებას ისინი მსოფლიო ზეიმად სახავდნენ22.
საქართველოს მეფე და ეკლესია, მიუხედავად პაპების არაერთი რჩევისა, კვლავ მართლმადიდებლურ პოზიციებზე რჩებოდნენ და მათი თხოვნის და რჩევის მიღებას არ ჩქარობდნენ. რომის პაპი ქართული ეკლესიების მესვეურებს პირდებოდა მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევასაც კი, თუ ისინი გადაწყვეტდნენ კათოლიკურ სარწმუნოებაზე ერის გადაყვანას. მაგრამ არც გიორგი ბრწყინვალე და არც სამღვდელოება ამაზე არ თანხმდებოდნენ, რადგან საქართველოს პოლიტიკურ მიზნებში ეს არ შედიოდა. თუმცა მეფე, კათოლიკე მისიონერებს მფარველობასა და შემწეობას უწევდა. ამ დახმარების მეოხებით მისიონერებმა კათოლიკური საეპისკოპოსოც კი დააარსეს და ქართველთა შორის საკუთარი მრევლიც შეიძინეს.
კათოლიკური სარწმუნოება საქართველოში თავისუფლად ვრცელდებოდა მაშინ, როცა აღმოსავლეთის ქვეყნებში, ოსმალთა გაძლიერების გამო თანდათან სულ უფრო სუსტდებოდა. ამ გარემოებათა გამო პაპმა იოანე XXII-მ ქ. სმირნაში არსებული კათოლიკური საეპისკოპოსო კათედრა 1328 წლის 9 აგვისტოს ბულით გააუქმა და თბილისში გადმოიტანა. გადაწყდა თბილისში აშენებულიყო საკათედრო ტაძარი, საეპისკოპოსო ეკლესია და დარქმეოდა „ტფილისის საეპისკოპოსო ეკლესია“. 1330 წლის 14 ნოემბერს პაპმა იოანე XXII-მ შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა იოანე ფლორენციელს: „უსაყვარლეს შვილს იოანე ფლორენციელს, ტფილისი. ამიერიდან ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელების, ღვთაებრივი კულტის საზღვრების გაფართოების მიზნით და ასევე სხვა გონივრული მოსაზრებებით, ჩვენი მორჩილი ძმების რჩევით და ჩვენი მოციქულებრივი ხელისუფლების უფლებამოსილებით, საქართველოს სამეფოს დიდებულ ადგილს – ტფილისს, ავამაღლებთ ღვთაებრივი ქალაქის დონემდე; მოვიხსენიებთ მას სიტყვებით „ღვთაებრივი ქალაქი“ და ვუსურვებთ, რათა მომავალში იგი ასეთ „ქალაქ ტფილისად“ იხსენიებოდეს. ზემოაღნიშნული რჩევით და უფლებამოსილებით ვადგენთ და გადაწვეტილებას ვღებულობთ, რათა ამ ქალაქში შეიქმნას კათედრალური ეკლესია, რომლის წინამძღვარი ამაღლებული იქნება ეპისკოპოსის წოდების ღირსებამდე“.23
თბილისის პირველ ეპისკოპოსად პაპმა იოანე XXII-მ 1329 წელს დანიშნა დომინიკელი მისიონერი იოანე ფლორენციელი, რომელიც ჯერ კიდევ 1318 წელს ჩამოვიდა საქართველოში. ის კარგად იცნობდა ადგილობრივ მოსახლეობას და თავგამოდებით ეწეოდა მათ შორის კათოლიციზმის პროპაგანდას. თბილისის კათოლიკური ეკლესია ისეთივე ფართო და რთული იერარქიისა იყო, როგორიც ევროპის დიდი ქალაქების ეკლესიები. ,,თბილისის საეპისკოპოსო ქალაქის“ კათოლიკური სამწყსო მოიცავდა თბილისის გარეშე ტერიტორიებსაც, მაგრამ ძირითად ნაწილს, რა თქმა უნდა, უშუალოდ თბილისის მოსახლეობა (უმთავრესად ვაჭარ-ხელოსნები) შეადგენდა24. ფართო მრევლის შესაბამისად მღვდელმსახურთა შტატიც მრავალრიცხოვანი იყო. ეპისკოპოსი, კაპიტულოები, სამრევლო მღვდლები, გარდა იმ ერთი ეპისკოპოსისა (რომელსაც პაპი ნიშნავდა რომიდან), მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენლები იყვნენ. კათოლიკური მოსახლეობის ასე ფართოდ წარმოქმნა თბილისში ახალი მოვლენა იყო და უეჭველად ემსახურებოდა კიდეც დასავლეთ ევროპასთან კონტაქტების გაძლიერებულ მოთხოვნებს25.
ლათინთა გავლენა საგრძნობი იყო სებასტოპოლისში ანუ ცხუმში, სადაც 1318 წელს დაარსდა კათოლიკური საეპისკოპოსო კათედრა. ამავე წელს ცხუმის პირველ კათოლიკე ეპისკოპოსად დაინიშნა ბერნარ მორე. 1329 წლის 19 აგვისტოს რომის პაპმა იოანე XXII-მ სებასტოპოლისის (ცხუმის) ეპისკოპოსად დანიშნა ინგლისელი პეტრე გერალდი26. სებასტოპოლისის (ცხუმის) საეპისკოპოსო კაფას ეპარქიაში შედიოდა. მან იარსება ცხუმში გენუელთა სავაჭრო ფაქტორიის ლიკვიდაციამდე.
XV საუკუნის საქართველოში კათოლიკე მისიონერთა მოღვაწეობის შესახებ დოკუმენტები თითქმის არ შემონახულა. ამიტომაც ცნობები მათ შესახებ ძალზე მწირია. არსებული რამდენიმე დოკუმენტი იმაზე მიუთითებს, რომ XV საუკუნეში „კათოლიკური სარწმუნოების ერი“ მომრავლებულა მთელ საქართველოში, განსაკუთრებით სამცხესა და თბილისში, რომელთაც ჰქონდათ როგორც ლათინური, ისე ქართული ტიპიკონი. თბილისში კი მოქმედებდა კათოლიკური ეკლესია, რომელშიც რამდენიმე ეპისკოპოსი გამოიცვალა. ამასთანავე საუკუნის ბოლოს დომინიკელებზე უფრო მეტად ფრანცისკელები ყოფილან მომრავლებულნი.
XV საუკუნეში კათოლიკეთა რიცხვში ყოფილან თვით საქართველოს კათალიკოსი, საქართველოს მეფე გიორგი VIII (1446-1466), სამცხის მთავარი ყვარყვარე და სამეგრელოს მთავარი ბენდია – ლიპარიტ I დადიანი (1412-1470).27 მაგრამ ეს ფაქტი სხვა წყაროებით არ დასტურდება. XV საუკუნის დასასრულს ქართველი მეფები და მთავრები რომის პაპის მეშვეობით ცდილობდნენ კავშირი დაემყარებინათ სხვა ქვეყნების მმართველებთან და შეექმნათ საერთო ალიანსი ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ამას ვერ მიაღწიეს, რადგან ევროპის ქვეყნებშიც ამ დროს შინაური შფოთი და აშლილობა იყო.
XVI საუკუნეში საქართველოს შინააშლილობა და გარეშე მტრების თავდასხმები აუძლურებდა და ასუსტებდა. ყოველივე ამან თავისი გავლენა იქონია კათოლიკე მისიონერთა მოღვაწეობაზე საქართველოში, შემცირდა მათი რიცხვი, შესუსტდა ურთიერთობა რომის პაპსა და საქართველოს მეფე-მთავართა შორის. ოსმალეთმა, რომელიც მტკიცედ გაბატონდა მცირე აზიაში, გზა მოუჭრა კათოლიკე მისიონერებს საქართველოსაკენ. მიუხედავად ასეთი მძიმე პირობებისა, XVI საუკუნეში რომსა და საქართველოს შორის ურთიერთობა საბოლოოდ მაინც არ გაწყვეტილა. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდადებული მებრძოლი, ქართლის მეფე სიმონ I (1556-1600) ცდილობდა ევროპის ქვეყნებთან პოლიტიკური ურთიერთობის დამყარებას, რათა მიეღო მათგან სამხედრო დახმარება თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლებში. ამ მიზნით სიმონ I-მა 1587 წელს რომში გაგზავნა ორი დესპანი. ერთი, დიდებულთა წრიდან „იერუსალიმის მლოცველის სახით“, იერუსალიმის გავლით, ხოლო მეორე, სახელად ალექსანდრე, ვაჭრის სახით, კონსტანტინეპოლზე და ვენეციაზე გავლით. სიმონ I-მა უშუალო დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა რომის პაპებთან – გრიგოლ XIII-სთან (1572-1585), სიქსტ V-სთან (1585-1590) და კლიმენტ VIII-სთან (1592-1605). ყველა წერილში იგი პაპის წინაშე პირობას დებდა, რომ იბრძოლებდა თურქების წინააღმდეგ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, რათა დაეცვა ქრისტიანული საქართველო მტრისაგან28. სამწუხაროდ, ანტიოსმალური კოალიციის (1593-1606) შექმნის მცდელობა მარცხით დამთავრდა.
XVI საუკუნეში იტალიიდან საქართველოში მისიონერთა შემოსვლის შეწყვეტის შედეგად თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო შესუსტდა, იგი თანდათანობით სპარსეთში მყოფ სულთანიეს კათოლიკურ საეპისკოპოსოს დაექვემდებარა, შემდეგ კი სულ გაუქმდა. საქართველოს მისიონს ნახჩევანელი უნითორები დაეპატრონენ. ასე დასრულდა საქართველოში კათოლიციზმის გავრცელების პირველი ეტაპი, რომელიც XIII-XVI საუკუნეებს მოიცავდა.
XVII საუკუნე თავისი სისხლიანი შედეგებით უმძიმესი გამოდგა ქართველი ხალხისა და მისი სახელმწიფოებრივი ცხოვრებისათვის. დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები ოსმალეთის სახელმწიფოს ვასალები იყვნენ, ხოლო აღმოსავლეთი კი ირანს ექვემდებარებოდა. დასავლეთ საქართველოს დამოკიდებულება ოსმალეთის მიმართ უფრო ფორმალური იყო და აქ შედარებით სტაბილური ვითარება სუფევდა. აღმოსავლეთ საქართველო კი შაჰ-აბას I-მა (1587-1629) არაერთხელ დალაშქრა და ააოხრა, ათასობით ქართველი გადაასახლა ირანში, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის თავდადებულმა ბრძოლებმა უკვე XVII საუკუნის 30-იან წლებში ირანის მესვეურები აიძულა ხელი აეღოთ ქართლ-კახეთის მთლიანი მოსპობის გეგმაზე და ე.წ. „კომპრომისის გზას“ დასდგომოდნენ. ეს კი გამოიხატებოდა იმაში, რომ ირანი უცვლელად ტოვებდა ქართულ სოციალურ-პოლიტიკურ წყობას და სამეფო ტახტი ქართველ მეფეთა ხელში რჩებოდა ვასალური დამოკიდებულების პირობის საფუძველზე. შაჰი თავდაპირველად არ ითხოვდა ქართველ მეფეთა მიერ მაჰმადიანობის მიღებასაც29. თეიმურაზ I-თვის (1606-1648) ეს შერიგება დროებითი მოვლენა იყო და იგი ეძებდა ახალ გზებს, რათა თავი დაეღწია ირანის მიერ აღმოსავლეთ საქართველოს იზოლაციისაგან. თეიმურაზ მეფე შეეცადა კავშირი დაემყარებინა ევროპასთან. ამ მიზნით ევროპაში გაგზავნილ იქნა ნიკიფორე ირბახის (ნიკოლოზ ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილი) ელჩობა (1626-1629 წლები). თეიმურაზ I მზად იყო მიეღო კათოლიკობა, თუ მას ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ მოკავშირეობას გაუწევდნენ ევროპის ქვეყნები, მაგრამ ამ ელჩობას სამწუხაროდ რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი არ მოჰყოლია საქართველოსათვის, რადგან ევროპის სახელმწიფოთა, კერძოდ, ესპანეთის პოლიტიკურ მიზნებში არ შედიოდა ირანის წინააღმდეგ ბრძოლა. ამჯერადაც, საქართველომ ვერ მიიღო ევროპიდან რეალური პოლიტიკური დახმარება. სამაგიეროდ ვატიკანმა კვლავ გამოიჩინა დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ. ამ პერიოდში იწყება ახალი ეტაპი საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობის ისტორიაში. რომის პაპისა და 1622 წელს დაარსებული წმინდა კონგრეგაცია დე პროპაგანდა ფიდეს ძირითად მიზანს წარმოადგენდა, ერთი მხრივ, კათოლიციზმის გავრცელება-დამკვიდრება აღმოსავლეთის ქვეყნებში, ხოლო, მეორე მხრივ, ქრისტიანულ-მართლმადიდებლური საქართველოს პლაცდარმად გამოყენება აღმოსავლეთის ქვეყნებში ვატიკანის მიზნების განხორციელებისათვის, თვით საქართველოში კი კათოლიციზმის გავრცელება; და ბოლოს, საქართველოსა და ირანის მეშვეობით ევროპის საერთო მტრის – თურქეთის დამარცხება.
ამრიგად, ევროპელ მისიონერებს XVII საუკუნის დასაწყისში კვლავ გაეხსნათ გზა საქართველოსაკენ. 1621 წელს დომინიკელმა მისიონერმა პაოლო მარია ჩიტადინი და ფაენცამ, რომელიც საქართველოში 1616 წლის ივნის-ივლისში იმყოფებოდა, საქართველოს შესახებ მოკლე „ცნობები“ შეადგინა და რომის პაპ პავლე V-ს წარუდგინა. ეს იყო სტამბურად დაბეჭდილი პირველი ბროშურა, რომელიც შეიცავდა პირველ ცნობებს საქართველოს შესახებ30. რომის პაპს საგანგებო მოხსენებები წარუდგინეს პიეტრო დელა ვალემ31 და გრიგორიო ორსინიმ. საინტერესო დაკვირვებანი საქართველოს შესახებ ჰქონდა კარდინალ რიშელიეს პოლიტიკურ აგენტს ბარონ კურმენენს32. სათანადო ინფორმაციის დაგროვების შემდეგ რომის პაპმა ურბან VIII-მ (1623-1644) და პროპაგანდა ფიდეს კარდინალთა კოლეგიამ გადაწყვიტეს უფრო ენერგიულად მოეკიდათ ხელი მისიონერული მოღვაწეობისათვის საქართველოში და ჩამოეყალიბებინათ აქ მუდმივი მისიონი. ეს მისია ვატიკანმა თეატინელების ორდენს მიანდო. თეატინელთა მოღვაწეობის პერიოდი მოიცავს 1628-1670 წლებს. საქართველოს ისტორიაში ეს პერიოდი თეატინელ მისიონერთა ხანაა. თეატინელთა რელიგიური ორდენი შეიქმნა 1524წ. რომში. მისი დამაარსებლები იყვნენ გაეტანო და თიენი და თეატის (კიეტის) არქიეპისკოპოსი პიეტრო კარაფა (შემდგომში (1555-1559) პაპი პავლე IV). აქედან ორდენსაც და მის წევრებსაც თეატინელები ეწოდათ. ორდენის შექმნა დაამტკიცა პაპმა კლიმენტ VII-მ 1529 წლის 24 ივნისს33. თეატინელთა ორდენი შედგებოდა არამრავალრიცხოვანი, მაგრამ არისტოკრატიული წრიდან გამოსული წევრებისაგან. ორდენი მიზნად ისახავდა რეფორმაციის წინააღმდეგ უმაღლესი სამღვდელოების მომზადებას, რომლებიც შესძლებდნენ თავიანთი განსწავლულობით კათოლიციზმის დაცვას. სამისიონერო საქმის ცენტრალიზაციის პირობებში თეატინელები მთლიანად პაპსა და კონგრეგაციას ემორჩილებოდნენ. პირველ ხანებში ორდენი რომში მოღვაწეობდა, შემდეგ კი მათი არმია მთელ იტალიას მოეფინა, გადავიდა ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე და ბოლოს საქართველოშიც მოაღწია34.
პირველი თეატინელები პიეტრო ავიტაბილე და ჯაკომო დი სტეფანო 1628 წლის 14 დეკემბერს ჩავიდნენ ქართლში (გორში), ეახლნენ თეიმურაზ მეფეს და პაპის წერილები გადასცეს35. კათოლიკე პატრებმა სულ მალე მოიპოვეს ხალხის სიყვარული და პატივისცემა. მათ განსაკუთრებით მკურნალობით გაითქვეს სახელი. 1631 წლის მაისში საქართველოში ჩამოვიდნენ ამავე ორდენის წევრები ჯუზეპე ჯუდიჩე და არქანჯელო ლამბერტი, რომლებმაც განსაკუთრებული ადგილი დაიკავეს თავიანთი მოღვაწეობით XVII საუკუნის I ნახევრის საქართველოს ისტორიაში36.
1632 წელს პიეტრო ავიტაბილემ, რომელიც თეიმურაზ I-ის ელჩის სახელით იმყოფებოდა რომში, ჩამოიყვანა თეატინელ მისიონერთა ახალი შევსება. მათ შორის იყო დონ კრისტოფორო კასტელი, რომელმაც შემდგომ გაითქვა სახელი თავისი ჩანახატებით ქართველებისა და საქართველოს შესახებ. ქართლში თეატინელები წარმატებით მოღვაწეობდნენ როსტომის გამეფებამდე (1633წ.). მართალია, თავდაპირველად როსტომმა ისინი კარგად მიიღო და როგორც პიეტრო ავიტაბილე აღნიშნავდა: „როსტომ მეფემ კათოლიკე მისიონერები არ შეავიწროვა. მან ყოველგვარი უპირატესობა მიანიჭა და მათ ღვთისმსახურებასაც კი ესწრებოდა კათოლიკურ ეკლესიაში“-ო,37 მიუხედავად ამისა, მაჰმადიანთა გარემოში კათოლიკე მისიონერებს გაუძნელდათ მუშაობა აღმოსავლეთ საქართველოში. პოლიტიკური ვითარების შეცვლამ მათ მოღვაწეობაზეც მოახდინა გავლენა. სწორედ ამის გამო ისინი დასავლეთ საქართველოში გადადიან, სადაც უფრო ხელსაყრელი პირობები იყო სამისიონერო მოღვაწეობისათვის. თეატინელ მისიონერთა წარმატებულ საქმიანობას დასავლეთ საქართველოში დიდად შეუწყო ხელი ლევან II დადიანის დამოკიდებულებამ მათდამი. ლევან II დადიანი ევროპული ორიენტაციის პიროვნება იყო. მას კარგად ესმოდა, რომ სამხედრო დახმარებას ოსმალეთის წინააღმდეგ ევროპიდან ვერ მიიღებდა. იგი ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ვითარებას ითვალისწინებდა და სურდა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა საქართველოში ჩამოსულ ევროპელთა რეალური ინტერესები, რაც თავისთავად ოსმალეთის მტაცებლურ ზრახვებს დაუპირისპირდებოდა. ოდიშის მთავარს კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება სურდა ევროპის ქვეყნებთან. ევროპაზე აღებული გეზი, ევროპული განათლებისადმი მისწრაფება ლევან II დადიანის რეალური პოლიტიკის მიზანი ყოფილა38. სწორედ ამიტომ იყო, რომ ლევან II დადიანმა ესოდენი პატივით მიიღო იტალიელი მისიონერები. თეატინელთა საუკეთესო წარმომადგენლებმა – ა. ლამბერტიმ, ჯ. ჯუდიჩემ, კ. კასტელიმ, ჯ. პრატომ, პ. ავიტაბილემ, ი. ძამპიმ და სხვებმა, რომლებიც „ნამდვილი მეისტორიენი იყვნენ, დიდი სიყვარულითა და სიმართლით აღწერეს იმ დროინდელი საქართველოს ისტორია“.39 ლევან II დადიანის გარდაცვალების შემდეგ (1657 წ.) თეატინელთა მისიის საქმიანობა შეფერხდა. მიუხედავად ამისა, ისინი დასავლეთ საქართველოში თითქმის 1670 წლამდე მოღვაწეობდნენ.
1661 წლიდან საქართველოში კაპუცინები მოღვაწეობდნენ. კაპუცინ-კათოლიკეთა ბერმონაზვნური ორდენი წარმოადგენდა ფრანცისკელთა ორდენის განშტოებას. იგი დააარსა 1520 წელს მათეო და ბაშიომ. ამ ორდენის სახელწოდება მომდინარეობდა წვერწამახული პირამიდის მსგავსი კაპიუშონიდან, რომელსაც ისინი ატარებდნენ. მატეო და ბაშიომ აღადგინა ფრანცისკელთა ადრეული ცხოვრების ასკეტური ხასიათი. დიდი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ, მათეო და ბაშიომ 1520 წელს პაპ კლიმენტ VII-საგან (1523-1534) მიიღო თანხმობა ორდენის დაარსების შესახებ40.
1661 წლის 13 ივნისის დეკრეტით პროპაგანდა ფიდემ საქართველოში გამოგზავნა კაპუცინელთა პირველი ჯგუფი რვა მისიონერის შემადგენლობით. ესენი იყვნენ: ბონავენტურა სორენტოელი, ბერნარდო, წმ. ონოფრიო, კაპიანე კავალი, ჯოზეფო ბორგოინანო, კარლო მარია სენტ-მარენი, ანდრია ტევრიკოელი და ანჯელო ვიტერბოელი41. კაპუცინები თბილისში დაბინავდნენ. ისინი უფრო მეტად ქალაქებში ცხოვრობდნენ. XVII საუკუნის 80-იანი წლებისათვის კაპუცინებს ორი ეკლესია ჰქონდათ საქართველოში. მათი მოღვაწეობა ყველაზე ხანგრძლივი იყო, ისინი თითქმის ორი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ საქართველოში.
XVIII საუკუნეში კათოლიკეთა გავლენა ქართველებზე თანდათან სუსტდება, რაც გამოწვეული იყო ხშირი ომიანობით, შინაარეულობით, საქართველოში სპარსეთის გავლენის გაძლიერებით და ამის საფუძველზე ქართველების ერთი ნაწილის ძალდატანებითი გამაჰმადიანებით. ამ პერიოდში კვლავ გრძელდება მიმოწერა, ერთი მხრივ, ქართლ-კახეთის მეფეებსა და, მეორე მხრივ, რომის პაპს შორის, აგრეთვე დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა მეფეებთან.
ვახტანგ VI (1703-1724), როგორც თავის დროზე თეიმურაზ I, შეეცადა კავშირი დაემყარებინა ევროპასთან და მიეღო პოლიტიკური და სამხედრო დახმარება. ამ მიზნით ევროპაში, კერძოდ, საფრანგეთში 1713 წელს გაემგზავრა ცნობილი ქართველი საზოგადო და სასულიერო მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანი. მას ფრანგი პოლიტიკური მოღვაწეების წინაშე ევალებოდა არა მარტო „სათხოვარი“ ირანის ტყვეობიდან ვახტანგის გათავისუფლების შესახებ, არამედ საქართველო-საფრანგეთის მომავალი ურთიერთობის ფორმების ჩამოყალიბება. სამწუხაროდ ამ ელჩობასაც არ მოჰყვა სასურველი პოლიტიკური შედეგი. ვატიკანის პოზიცია იგივე რჩებოდა – ქართველების მიერ კათოლიკობის მიღება. 1714 წლიდან 1715 წლის დასაწყისამდე თბილისში იტალიიდან გამოიგზავნა თორმეტი კაპუცინელი მისიონერი.
XVIII საუკუნის I მესამედში რომის პაპი კლიმენტ XIII (1758-1769) ხშირად იღებდა საქართველოში მყოფი მისიონერების ცნობებს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და სულიერი ცხოვრების შესახებ. სპარსეთში მყოფი ერეკლე მეფის მიერ იტალიელი პატრების დაახლოებამ პაპი საქართველოს მიმართ სიმპათიით განაწყო. მან განაახლა ქართული ენის კათედრა და ქართული სტამბა პროპაგანდა ფიდეს კოლეგიაში.
როგორც წყაროებიდან ირკვევა, ქართლის მეფე თეიმურაზ II (1744-1762) ანტიკათოლიკური განწყობილებისა იყო. ამით ისარგებლეს საქართველოში პროირანულმა ძალებმა, ანტონ კათალიკოსის პირადმა მტრებმა, კათოლიკეთა მოწინააღმდეგე სომხებმა და კონსტანტინეპოლის პატრიარქმა. მათ თეიმურაზ II წააქეზეს ანტონ კათალიკოსისა და კაპუცინელთა წინააღმდეგ. ანტონ I დიდი (1744-1755) გადააყენეს კათალიკოსობიდან 1755 წელს. კაპუცინები კი განდევნეს თბილისიდან, ჩამოართვეს ეკლესია და სხვა ქონება. გორში განადგურებულ იქნა კათოლიკეთა საავადმყოფო, წამალხანა, სასწავლებელი42. მისიონერთა დაბრუნება თბილისში ერეკლე II-მ შეძლო, როდესაც აქ ჭირი გაჩნდა.
მეფე შეჰპირდა პატრებს ეკლესიის დაბრუნებას და მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, სანაცვლოდ კი მოითხოვდა, რომ მათ ხალხისათვის ემკურნალათ. 1763წ. ერეკლე მეფემ ანტონ I-ს, რომელიც 1757 წლის დეკემბრიდან ვლადიმირის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი იყო, კვლავ საქართველოში დააბრუნა და კათალიკოსობა უბოძა. 1770 წელს ერეკლე მეფის გამოცემული დადგენილებით აიკრძალა პატრების მიმართ რაიმე ცუდი ქმედება. კაპუცინებმა კვლავ დაიბრუნეს და აღიდგინეს თავიანთი მდგომარეობა. მათ ისევ წარმატებით გააგრძელეს სამისიონერო საქმიანობა.
XVIII საუკუნის 60-70-იან წლებში იმერეთის სამეფოში კათოლიკობას საკმაოდ დაეტყო წინსვლა. საერთოდ იმერეთში, მისიონერებს სრული თავისუფლება ჰქონდათ მოღვაწეობისათვის. 1779 წლისათვის ქუთაისში 15 მოსახლე კათოლიკე იყო, რომელთაც საკუთარი ეკლესია ჰქონდათ43. 1779 წლის 25 აგვისტოს სოლომონ I-მა (1752-1784) წერილი მისწერა რომის პაპ პიუს VI-ს (1775-1799). მეფე პაპს აცნობებდა, რომ ქვეყანა ოსმალთაგან ძალიან შევიწროებულია და სთხოვდა დახმარებას, ასევე სთხოვდა იმერეთში ექიმის და მისთვის საჩუქრად საათის გამოგზავნას44. რომში სოლომონ I-ის წერილი იმერეთში კათოლიციზმის მომავალი წარმატების საფუძვლად მიიჩნიეს და ექიმად გასაგზავნი კანდიდატიც მოძებნეს. იგი იყო ავინიონის უნივერსიტეტის პირველი ექიმი პენიე დე ლონშანი. რაც შეეხება საათს, იგი პაპმა თავის წერილთან ერთად გამოატანა საქართველოში მომავალ კაპუცინ ანტონ გორელს. პიუს VI-ის წერილში, რომელიც დაწერილია 1781 წლის 27 იანვარს, პაპი სოლომონს ატყობინებდა, რომ დიდად სწუხდა ოსმალებისაგან მისი შევიწროების გამო, აუწყებდა, რომ საჩუქრად უგზავნიდა საათს და შეეცდებოდა მალე მოევლინა ერთი ექიმიც45. ეს უკანასკნელი დაპირება შეუსრულებელი დარჩა, რადგან ფრანგი პენიე დე ლონშანი იმერეთში არ ჩასულა.
1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ კათოლიკე მისიონერების მოღვაწეობას საქართველოში აშკარა საფრთხე შეექმნა. ჯერ კიდევ 1735 წელს მთელ რუსეთში აიკრძალა მართლმადიდებლების კათოლიკობაზე გადაყვანა. რუსეთთან შეერთების შემდეგ ეს საქართველოზეც გავრცელდა. ცარიზმი კათოლიკე მისიონერებს ევროპის სახელმწიფოთა ჯაშუშებად მიიჩნევდა, რის გამოც თავდაპირველად მათი საქმიანობა მკაცრად შეზღუდეს. მისონერთა მოღვაწეობის პირობები დროებით გაუმჯობესდა საქართველოს მთავარმართებლის პ. ციციანოვის (1802-1806) დროს, რომელიც კაპუცინთა მფარველი იყო.
XIX საუკუნის დასაწყისში კაპუცინ მისიონერებს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შედარებით უკეთესი პირობები შეექმნათ იმერეთის სამეფოში, სახელდობრ, ქუთაისში. პატრებს აქ მფარველობას უწევდა იმერეთის მეფე სოლომონ II (1789-1810). მათ ქუთაისში ჰქონდათ ხის ეკლესია და მეფის სიგელით დამტკიცებული მიწა46.
ამავე პერიოდში გრძელდებოდა სომეხი სამღვდელოების დაპირისპირება კათოლიკე მისიონერებთან. განსაკუთრებით აქტიურობდა მღვდელი პავლე შაჰყულიანი (ჭილიმუზაშვილი), რომელიც 1797 წელს ახალციხეში დაინიშნა პროვიკარად. 1802 წელს რომის პაპის ბულით მას მიენიჭა ახალციხის ქართველ კათოლიკეთა უფროსობა, რამაც დიდად დაძაბა ურთიერთობა მასა  და იტალიელ პატრებს შორის. კაპუცინების მისიონი შაჰყულიანის ინტრიგების მსხვერპლი გახდა. რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის 1884 წლის 2 ივნისის ბრძანებით კაპუცინებს და საერთოდ კავკასიაში მყოფ იტალიელ მისიონერებს სრულად აეკრძალა სომეხ კათოლიკეთა საქმეებში ჩარევა. ისინი უნდა დაქვემდებარებოდნენ მოგილიოვის კონსისტორიას და რუსეთის ტახტის სამუდამო ქვეშევრდომობა უნდა ეღიარებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინათ რუსეთის იმპერიის საზღვრები47. კაპუცინებმა წაყენებული მოთხოვნები არ მიიღეს და 1845 წლის იანვარში დატოვეს საქართველო. ამრიგად, რუსეთის იმპერიის უმაღლესი ხელისუფლების ბრძანებით მისიონერები განდევნეს საქართველოდან. ასე დასრულდა კათოლიკური პროპაგანდის ექვსსაუკუნოვანი ისტორია საქართველოში, რომელიც XIII საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო და XIX საუკუნის 40-იან წლებში შეწყდა.
საქართველო-რომის ურთიერთობამ განსაკუთრებული პოლიტიკური შედეგი არ გამოიღო, მას არ მოჰყვა არც პოლიტიკური და არც სამხედრო დახმარება, რასაც ქართველი მეფემთავრები მოელოდნენ. ვერც ვატიკანმა მიაღწია საწადელს – საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ვერ შეუერთა რომის კათოლიკურ ეკლესიას. ქართველ მეფე-მთავრებსა და მართლმადიდებლურ სამღვდელოებას არც არასდროს ჰქონიათ ასეთი მიზანი. რაც შეეხება სამისიონერო მოღვაწეობას, რომელიც რომის კათოლიკური ეკლესიის მთავარ იარაღს წარმოადგენდა თავისი რელიგიური და პოლიტიკური გავლენის გაფართოებისათვის, საქართველოში დაბრკოლება თითქმის არ ჰქონია. მისიონერები თავისუფლად მოღვაწეობდნენ საქართველოში და მათ საქმიანობას არავითარი ზიანი არ მოუტანია ქართველებისათვის, თუ ასეთად არ ჩავთვლით ქართველთა მცირე ნაწილის კათოლიკობაზე მოქცევას.
კათოლიკე მისიონერებმა გარკვეული წვლილი შეიტანეს საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში. მათ, რა თქმა უნდა, თავიანთი ძირითადი მიზანი – კათოლიციზმის გავრცელება-დამკვიდრება ამოძრავებდათ, მაგრამ ამასთანავე ისინი თავგანწირვით ემსახურებოდნენ ქართველ ერს. სწორედ მათი ჩანაწერებიდან გაეცნო ევროპა საქართველოს, ქართველ ხალხს და მის კულტურას. მისიონერთა ჩანაწერები პირველწყაროს წარმოადგენენ საქართველოს ისტორიის შესასწავლად. მათ სამუდამოდ დაიმკვიდრეს საპატიო ადგილი საქართველოს ისტორიაში.
შენიშვნები
1. Ì. ÐÀÐÀÛÅÉËÉ. საქართველო-რომის ურთიერთობა VI-XX საუკუნეებში, თბ., 1995, გვ. 62.
2. É. ÔÀÁÀÙÖÀ. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, ტ. I, თბ., 1984, გვ. 70.
3. С. Джанашия. О времени и условиях возникновения Абхазского царства, შრომები, II, თბ., 1952, გვ. 339.
4. Ì. ËÏÒÈØÉ×ÀÍÉÞÄ. ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა, – „ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÉÓÔÏÒÉÉÓ ÍÀÒÊÅÄÅÄÁÉ“, ტ. II, თბ., 1973, გვ. 422.
5. Ì. ËÏÒÈØÉ×ÀÍÉÞÄ. ახალი ფეოდალური.., გვ. 427.
6. Ì. ÈÀÒáÍÉÛÅÉËÉ. წერილები, თბ., 1984, გვ. 232.
7. Ì. ÓÀÁÉÍÉÍÉ. საქართველოს სამოთხე, პეტერბურღი, 1882, გვ. 415.
8. ათონის ივერიის მონასტრის 1074 წლის ხელნაწერი აღაპებით, ტფ., 1901, გვ. 31.
9. ÂÉÏÒÂÉ ÌÝÉÒÄ. გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება. – „ქართული პროზა“, წიგნი I, თბ., 1982, გვ. 486.
10. ÂÉÏÒÂÉ ÌÝÉÒÄ. გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება, გვ. 487-488.
11. Û. ÌÄÓáÉÀ. ძლევაი საკვირველი და თბილისის შემოერთება, თბ., 1972, გვ. 106–108.
12. Û. ÁÀÃÒÉÞÄ. საქართველოს ურთიერთობები ბიზანტიასა და დასავლეთ ევროპასთან, თბ., 1984, გვ. 127.
13. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, „ქართლის ცხოვრება“, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით Ó. ÚÀÖáÜÉÛÅÉËÉÓ მიერ, ტ. I, თბ., 1955, გვ. 325-326.
14. Û. ÁÀÃÒÉÞÄ. საქართველოს ურთიერთობები ბიზანტიასა და დასავლეთ ევროპასთან, გვ. 129.
15. Ì. ÈÀÌÀÒÀÛÅÉËÉ. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის ნამდვილის საბუთების შემოტანითა და განმარტებით XIII საუკუნიდან ვიდრე XX საუკუნემდე, ტფ., 1902, გვ. 8-9; É. ÔÀÁÀÙÖÀ. საქართველო.., ტ. I, გვ. 78.
16. É. ÔÀÁÀÙÖÀ. საქართველო.., ტ. I, გვ. 78-80.
17. Ô. ÊÀÓÒÀÞÄ. რომის პროპაგანდა და კათოლიკური მისიები საქართველოში, ავტორეფერატი საკანდიდატო დისერტაციაზე საქართველოს ისტორიაში, თბ., 1947, გვ. 73.
18. É. ÔÀÁÀÙÖÀ. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, ტ. III, თბ., 1987, გვ. 16.
19. Ì. ÔÀÁÀÙÖÀ. საქართველო-ვატიკანის ურთიერთობის ისტორიიდან (საქართველო და ვატიკანი XIII–XVII საუკუნეებში), საკანდიდატო დისერტაცია, თბ., 1993, გვ. 24.
20. Ì. ÈÀÌÀÒÀÛÅÉËÉ. ისტორია კათოლიკობისა.., გვ. 18.
21. É. ãÀÅÀáÉÛÅÉËÉ. ქართველი ერის ისტორია, ტ. II, თბ., 1966, გვ. 111.
22. Û. ËÏÌÓÀÞÄ. მ. თამარაშვილი და ქართველი კათოლიკენი, თბ., 1984, გვ. 51.
23. Ì. ÈÀÌÀÒÀÛÅÉËÉ. ისტორია კათოლიკობისა.., გვ. 32; É. ÔÀÁÀÙÖÀ. საქართველო.., ტ. I, გვ. 96
24. Ì. ÈÀÌÀÒÀÛÅÉËÉ. ისტორია კათოლიკობისა.., გვ. 35, 36, 584.
25. ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÉÓÔÏÒÉÉÓ ÍÀÒÊÅÄÅÄÁÉ, ტ. III, თბ., 1979, გვ. 658-659.
26. Å. ÊÉÊÍÀÞÄ. ლათინური წყარო XIV საუკუნის საქართველოს შესახებ. – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, ტ. 243, თბ., 1983, გვ. 102; É. ÔÀÁÀÙÖÀ. საქართველო.., ტ. III, გვ. 21.
27. Ì. ÈÀÌÀÒÀÛÅÉËÉ. ისტორია კათოლიკობისა.., გვ. 65.
28. Ì. ÐÀÐÀÛÅÉËÉ. საქართველო-რომის ურთიერთობა.., გვ. 124.
29. Г. Жордания, З. Гамезардашвили. Римско-католическая миссия и Грузия, ч. I (конец XVI и 20-30 годы XVII столетия), Тб., 1994, გვ. 43.
30. Ì. ÐÀÐÀÛÅÉËÉ. საქართველო-რომის ურთიერთობა.., გვ. 148.
31. ÃÏÍ ÐÉÄÔÒÏ ÃÄËÀ ÅÀËÄ. მოხსენება საქართველოს შესახებ, 1627, თარგმანი À. àÚÏÍÉÀÓÉ, – ჟურნ. „ÉÅÄÒÉÀ“, 1891, #3.
32. É. ÀÍÈÄËÀÅÀ. ლევან II დადიანი, თბ., 1990, გვ. 104.
33. É. ÔÀÁÀÙÖÀ. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, ტ. II, თბ., 1986, გვ. 200.
34. ÃÏÍ ÊÒÉÓÔÏ×ÏÒÏ ÃÄ ÊÀÓÔÄËÉ. ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ, ტექსტი გაშიფრა, თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო Á. ÂÉÏÒÂÀÞÄÌ, თბ., 1976, გვ. 13.
35. ÃÏÍ ÐÉÄÔÒÏ ÀÅÉÔÀÁÉËÄ. ცნობები საქართველოზე (XVII საუკუნე), შესავალი, თარგმანი და კომენტარები Á. ÂÉÏÒÂÀÞÉÓ, თბ., 1977, გვ. 6.
36. ÃÏÍ ãÖÆÄÐÄ ãÖÃÉÜÄ ÌÉËÀÍÄËÉ. წერილები საქართველოზე, იტალიური ტექსტი თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო Á. ÂÉÏÒÂÀÞÄÌ, თბ., 1964, გვ. 4; ÀÒØÀÍãÄËÏ ËÀÌÁÄÒÔÉ. სამეგრელოს აღწერა, მე-3 გამოც., É. ÀÍÈÄËÀÅÀÓ რედაქციითა და წინასიტყვაობით, თბ., 1991, გვ. 3.
37. Ø. ÐÀÅËÉÀÛÅÉËÉ. კათოლიკური ეკლესია და საქართველო (XVII საუკუნის პირველი ნახევარი), თბ., 1994, გვ. 70.
38. ÃÏÍ ãÖÆÄÐÄ ãÖÃÉÜÄ ÌÉËÀÍÄËÉ. წერილები საქართველოზე, გვ. 5-6.
39. Ì. ÈÀÌÀÒÀÛÅÉËÉ. ისტორია კათოლიკობისა.., გვ. 117.
40. Ì. ÐÀÐÀÛÅÉËÉ. საქართველო-რომის ურთიერთობა.., გვ. 199-201.
41. იქვე, გვ. 200.
42. Æ. àÉàÉÍÀÞÄ. კათოლიკეთა ეკლესია საქართველოში, ტფ., 1903, გვ. 57.
43. Ì. ÐÀÐÀÛÅÉËÉ. საქართველო-რომის.., გვ. 274.
44. Ì. ÈÀÌÀÒÀÛÅÉËÉ. ისტორია კათოლიკობისა.., გვ. 395.
45. იქვე, გვ. 398.
46. Ì. ÐÀÐÀÛÅÉËÉ. საქართველო-რომის ურთიერთობა.., გვ. 302.
47. Ì. ÈÀÌÀÒÀÛÅÉËÉ. ისტორია კათოლიკობისა.., გვ. 524.