воскресенье, 27 января 2019 г.

„ქართლის ცხოვრება“. წიგნი I. 2008 წლის გამოცემა

1. ლეონტი მროველი - „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“; „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“.
2. ჯუანშერი - „ცხორებაჲ ვახტანგ გორგასლისა“.
3. ლეონტი მროველი - „წამებაჲ წმიდისა არჩილისი“.
4. ანონიმი - „მატიანე ქართლისაჲ“.
ლეონტი მროველი
თავი პირველი
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა ვიწყო მითხრობად ცხორებასა ქართველთა მეფეთასა და პირველითგანთა მამათა და ნათესავთა
პირველად ვახსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, და მეგრელთა, – ამათ თვისთა – ერთი იყო მამა, სახელით თარგამოს. ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძისწული იაფეთისი, ნოეს ძისა. და იყო ესე თარგამოს კაცი გმირი.
და შემდგომად განყოფისა ენათასა, ოდეს აღაშენა ნებროთ ბაბილონს გოდოლი, და განეყვნეს მუნ ენანი, და განიშენნეს მუნით ყოველსა ქუეყანასა, წარმოვიდა ესე თარგამოს ნათესავითურთ მისით, და დაემკვიდრა ორთა მათ მთათა შუა კაცთშეუვალთა, არარატსა და მასი[სი]სასა.
და იყო ნათესავი მისი დიდი და ურიცხვი, რამეთუ ესხნეს ცოლ მრავალ, ძენი და ასულნი, და შვილნი და შ|ვილისშვილნი ძეთა და ასულთა მისთანი. რამეთუ ცხოვნდა იგი ექუსას წელ. და ვერღარა იტევდა ქუეყანა არარატისა და მასისისა.
ხოლო ქუეყანა იგი, რომელი წილით ხუდომოდა, ესე არს საზღვარი ქუეყანისა მისისა: აღმოსავალით – ზღუა გურგანისა, დასავალით – ზღუა პონტოსა, და სამხრით – მთა ორეთისა, და ჩრდილოთ – მთა კავკასია.
ხოლო შვილთა შორის თარგამოსისთა გამოჩნდეს კაცნი რვანი, გმირნი, ძლიერნი და სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა ერქუა ჰაოს, მეორესა – ქართლოს, მესამესა – ბარდოს, მეოთხესა – მოვაკან, მეხუთესა – ლეკ[ან], მეექუსესა – ჰეროს, მეშვიდესა – კავკას, მერვესა – ეგროს.
ესე რვანი იყვნეს გმირნი, ხოლო ჰაოს უმეტეს გმირი იყო ყოველთასა, რამეთუ ეგევითარი არაოდეს ყოფილ იყო, არცა წყლისრღუნის წინათ და არცა შემდგომად, ტანითა და ძალითა და სიმხნითა. ხოლო ვერღარა იტევდა ქუეყანა არარატისა და მასისისა.
განუყო თარგამოს ქუეყანა და ნათესავი თვისი რვათა ამათ გმირთა: ნახევარი ნათესავისა მისისა და ნახევარი და უმჯობესი ქუეყანისა მისისა მისცა ჰაოსს, ხოლო შვიდთა ამათ მისცა ხუედრი მათი არძანგებისაებრ მათისა.
წარმოიყვანნა შვიდნი იგი ჩრდილოთ კერძო და განუყვნა ქუეყანანი ღირსებისაებრ მათისა: მისცა ქართლოსს და უჩინა საზღვარი: აღმოსავალით – ჰერეთი და მდინარე ბერდუჯისი, დასავლით – ზღუა პონტოსა, სამხრით – მთა, რომელი მიჰყვების ბერდუჯის მდინარის თავსა, და მთა, რომელი მიჰყვების დასავლით კერძო, რომლისა წყალი გარდამოდის ჩრდილოთ კერძო და მიერთვის მტკუარსა, რომელ მიჰყვების მთა შორის კლარჯეთსა და ტაოსა ვიდრე ზღუამდის; და ჩრდილოთ – საზღვარი ღადო მთა მცირე, რომელი გამოვალს შტოდ კავკასიისგან, და მოჰკიდავს წუერი დასასრულსა ღადოსასა, რომელსა ჰქვიან ლიხი. და ამათ საზღვართა საშუალ მისცა ყოველი ქართლოსს.
ხოლო ბარდოსს მისცა მტკუარსა სამხრით, ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ზღუადმდე, სადა შეკრბებიან მტკუარი და არახსი. და ამან ბარდოს აღაშენა ქალაქი ბარდავი და დაეშენა მუნ.
ხოლო მოვაკანს მისცა მტკუარსა ჩრდილოთ, მცირისა ალაზნისა შესართავითგან ვიდრე ზღუამდე. და ამან აღაშენა ქალაქი მოვაკნეთი, და დაემკვიდრა მუნ.
ხოლო ჰეროსს მისცა ქუეყანა მტკუარისა ჩრდილოთ, მცირისა ალაზნის თავითგან ვიდრე ტყე-ტბადმდე, რომელსა აწ ჰქვიან გულგულა. და ამან ჰეროს აღაშენა პირველად ქალაქი შესაკრებელთა შორის ორთავე ალაზანთასა, და უწოდა სახელი თვისი ჰერეთი. და მის გამო ჰქვიან ჰერეთსა ჰერეთი, და აწ მას ადგილსა ჰქვიან ხორანთა.
ხოლო ეგროსს მისცა ქუეყანა ზღვისყურისა და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით – მთა მცირე, რომელსა აწ ჰქვიან ლიხი, დასავლით – ზღუა; მდინარე მცირისა ხაზარეთისა, სადა წარსწუდების წუერი კავკასიისა. ხოლო ამან ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თვისი ეგრისი. აწ მას ადგილსა ჰქვიან ბედია.
ხოლო კავკასიათა ჩრდილოთ არა იყო ხუედრი თარგამოსისი, არამედ არა იყო კაცი კავკასიასა ჩრდილოთ. და უმკვიდრო იყო ქუეყანა იგი კავკასიითგან მდინარედმდე დიდად, რომელი შესდის ზღუასა დარუბანდისასა. ამისთვის გამოიყვანნა მრავალთა გმირთაგან ორნი გმირნი: ლეკან და კავკასი, და მისცა ლეკანს ზღუათაგან დარუბანდისათა ვიდრე მდინარემდე ლომეკისა, ჩრდილოთ ვიდრე მდინარედმდე დიდად ხაზარეთისა. და მისცა კავკასს ლომეკის მდინარითგან ვიდრე დასასრულადმდე კავკასიისა, დასავალით.
ხოლო ჰაოს დაემკვიდრა საყოფელთა თარგამოსისთა და იპყრა ქუეყანა ჩრდილოთ, ვითა დამიწერია, სამხრით – ვიდრე მთამდე ორეთისა, აღმოსავლით – ვიდრე ზღუადმდე გურგანისა, დასავლით – ვიდრე ზღუადმდე პონტოსა. და ამათ შვიდთავე გმირთა ზედა იყო განმგებელ და უფალ ჰაოს. და ესე ყოველნი იყვნეს მორჩილ ჰაოსის. და ამათ ყოველთა იყო ერთი ენა – სომხური. და ესე რვანივე ერთობით ჰმონებდეს ნებროთ გმირსა, რომელი იყო მეფე ყოვლისა ქუეყანისა.
შემდგომად ამისა მცირედთა წელიწადთა მოუწოდა ჰაოს შვიდთა მათ გმირთა, შემოკრიბნა და ჰრქუა მათ: „მოგუცა ღმერთმან მაღალმან ძალი და სიმრავლე ნათესავისა ჩუენისა. აწ შეწევნითა ღმრთისა დამბადებელისათა ვიყვნეთ არავისა მონა და არავის ვჰმსახუროთ თვინიერ ღმრთისა დამბადებელისა“. ეწამნეს დიდნი იგი გმირნი, და დაუმტკიცეს განზრახვა იგი, და განუდგეს ნებროთს, და არღარა მისცეს ხარკი, და ეზრახნეს სხუათა ვი|ეთმე ნათესავთა, და შეუორგულდეს სხუანიცა ნათესავნი.
მაშინ განუწყრა ნებროთ და შემოკრიბნა გმირნი მისნი და ყოველნი, რომელნი ერჩდეს, სპანი მისნი, და მოჰმართა თარგამოსიანთა. ხოლო ჰაოს მოუწოდა შვიდთავე გმირთა და ყოველსა ნათესავსა თარგამოსისსა. და შეეწივნეს სხუანიცა ვინმე ნათესავნი დასავლეთისანი. შეკრიბნა ჰაოს ესე ყოველნი და დადგა ძირსა მასისისასა.
ხოლო ვითარ მოადგა ნებროთ ქუეყანასა ადარბადაგანისასა და დადგა მუნ, წარავლინნა გმირნი სამეოცნი და მათ თანა სპანი ძლიერნი წყობად თარგამოსიანთა. ხოლო ვითარცა მოიწივნეს სპანი იგი ნებროთისნი, მაშინ მიეგებნეს შვიდნი იგი გმირნი, ძმანი ჰაოსისნი, სპითა ძლიერითა, ხოლო ჰაოს სპითა უძლიერესითა დაუდგა უკუანით, ზურგით.
იქმნა მათ შორის ბრძოლა სასტიკი, რომელი ემსგავსა სასტიკებასა ჰაერისასა, რამეთუ მტუერი ფერხისა მათისა – ვითარცა ღრუბელი ზრქელი, ელვა აბჯრისა მათისა – ვითარცა ელვა ცისა, ხმა პირისა მათისა – ვითარცა ხმა ქუხილისა, სიმრავლე ისართა და ტყორცა ქვისა მათისა – ვითარცა სეტყუა ხშირი, და დათხევა სისხლისა მათისა – ვითარცა ღუარი სეტყუათა.
განგრძელდა ბრძოლა მათ შორის და მოსწყდა ორგნითვე ურიცხვი. ხოლო ჰაოს უდგა ზურგად გმირთა მისთა, ძალ-სცემდა და ნუგეშინის-სცემდა ხმითა საზარელითა, რომელი მსგავს იყო მეხისტეხისა. მაშინ სძლეს თარგამოსიანთა და მოსრნეს სამეოცნი იგი გმირნი ნებროთისნი და სპანი მათნი. ხოლო შვიდნი ესე გმირნი თარგამოსიანნი: ქართლოს, ბარდოს, მოვაკან, ჰეროს, ლეკან, კავკასან, ეგროს, – ესენი დარჩეს ცოცხლებით თვინიერ წყლულებისა, და ძლევაშემოსილნი ჰმადლობდეს ღმერთსა.
ხოლო ვითარცა ესმა ნებროთს, განწყრა და წარმოემართა მათ კერძო ძალითა მისითა ყოვლითა, ხოლო ჰაოსს არა ჰყვეს სპანი ნებროთის სპათა ოდენნი. განმაგრდა იგი ღირღალთა შინა მასისისათა. მიუდგა ქუეშე კერძო ნებროთ, და იყო იგი ჭურვილი რკინითა და რვალითა ტერფთაგან ვიდრე თხემამდე, და აღვიდა გორსა ერთსა ზრახვად ჰაოსისა დამორჩილებასავე მისსა, რათა სთნდეს მიქცევა მისა. ხოლო ჰაოს ჰრქუა გმირთა მისთა: „განმიმაგრეთ ზურ|გით კერძო და მივეახლო ნებროთს“. და წარვიდა და მივიდა პირისპირ მახლობელად ნებროთისა, და სტყორცა ისარი, და ჰკრა მკერდსა ნებროთისსა, ფიცარსა ზედა რვალისასა, და განავლო ზურგით. მაშინ დაეცა ნებროთ და იოტა ბანაკი მისი, და განთავისუფლდეს ნათესავნი თარგამოსისნი. და მან ჰაოს ყო თავი თვისი მეფედ ძმათა თვისთა ზედა და სხუათაცა ნათესავთა, მახლობელთა საზღვართა მისთასა.
ხოლო შვიდნივე ესე ძმანი წარვიდეს თვის-თვისად ქუეყანად და იყვნეს მორჩილ ჰაოსისა. აქამომდის დავწერეთ ამბავი ესე რვათავე ძმათა: ხოლო აქათგან ვიწყოთ და წარმოვთქუათ ამბავი ქართლოსისი და ნათესავისა მისისა ვიდრე დღეთა ჩუენთამდე. და ვითარ-იგი განუყო ქუეყანა თარგამოს ნათესავსა მისსა, რვათავე შვილთა მისთა, და მისცა ქართლოსს ქუეყანა, რომელი ზემო აღვწერეთ.
და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთვის არაგვი მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა, რომელსა ეწოდების არმაზი, და პირველ|ად შექმნა მუნ ზედა სიმაგრე და იშენა მუნ ზედა სახლი, და ვიდრე აღმართებადმდე მუნ ზედა კერპი არმაზისი, ერქუა მთასა მას ქართლი. და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი – ხუნანითგან ვიდრე ზღუადმდე სპერისა.
შემდგომად მისავე ქართლოს აღაშენა ციხე ორბისა, რომელსა აწ ჰქვიან სამშვილდე, და კუალად აღაშენა მტუერისციხე, რომელსა აწ ჰქვიან ხუნანი. ცხოვნდა იგი მრავალთა წელთა და განმრავლდა ნათესავი მისი.
ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდეს ხუთნი გმირნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა ერქუა მცხეთოს, მეორესა – გარდაბოს, მესამესა – კახოს, მეოთხესა – კუხოს, მეხუთესა – გაჩიოს. ესე ხუთნივე იყვნეს გმირნი, არამედ მცხეთოს უგმირე იყო სხუათა მათ.
მოკუდა ქართლოს და დაჰფლეს იგი თავსა ქართლისასა, რომელსა აწ ეწოდების არმაზი. და შემდგომად ამისა ცოლმან მისმან აღაშენა დედაციხე, და მანვე აღაშენა ბოსტანქალაქი, რომელსა აწ ჰქვიან რუსთავი. და განყვნა ცოლმან ქართლოსისმან ხუთნივე იგი გმირნი, შვილნი მისნი: გარდაბოსს მისცა ხუნანი და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით – მდინარე ბერდუჯისი, დასავლით – ქალაქი გაჩიანი, და სამხრით – მთა პირველ ხსენებული, და ჩრდილოთ – მტკუარი.
ხოლო გაჩიოსს მისცა ორბისციხე და სკვირეთისა მდინარითგან ვიდრე თავადმდე აბოცისა. და ამან გაჩიოს აღაშენა ქალაქი გაჩიანი, რომელსა მაშინ ერქუა სანადირო ქალაქი.
ხოლო კუხოსს მისცა ბოსტანქალაქი, რომელსა აწ ჰქვიან რუსთავი, და მისცა არაგვითგან ვიდრე ჰერეთამდე, თავადმდე მთისა კახეთისა, და მტკუარსა შუა.
ხოლო კახოსს მისცა კავკასიასა და კახეთისა მთასა შორის, არაგვითგან ვიდრე ტყეტბადმდე, რომელ არს საზღვარი ჰერეთისა. და ამან კახოს აღაშენა ჩელეთი. და კუხოს შეეწია შენებასა მისსა, რამეთუ დედაციხე კახოსის ხუედრი იყო. და მისცა კახოს შეწევნისათვის, და შეეწია შენებასა ჩელეთისასა, რომელსა ბერ ერქუა პირველ, შენებულსა კახოსისსა.
ხოლო მცხეთოს, რომელი უგმირე იყო ძმათა, ესე დარჩა საყოფელთა მამისა მათისა ქართლოსისთა, რომელსა აწ ჰქვიან არმაზი. და მანვე აღაშენა ქალაქი შესაკრებელსა შორის მტკუარისა და არაგვისასა, და უწოდა სა|ხელი თვისი მცხეთა. და დაიპყრა ქუეყანა ტფილისითგან და არაგვითგან დასავლით ვიდრე ზღუამდე სპერისა.
და ესე იყო განმგე და უფალ მათ ოთხთავე ძმათა ზედა და ესე ოთხნივე იყვნეს მორჩილ მისა.
ესე არიან განყოფანი ქართლოსის ძეთანი, და რომელნი განყვნა დედამან მათმან შემდგომად სიკუდილისა ქართლოსისა.
ხოლო მრავალთა წელთა და მრავალთა ჟამთა ცხოვნდა ძე ქართლოსისი და განმრავლდა ნათესავი მისი. ხოლო შვილთა შორის მცხეთოსისთა გამოჩნდეს სამნი გმირნი სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა უფლოს, და შემდგომსა – ოძრხოს, და მესამესა – ჯავახოს.
განუყო მათ ქუეყანა და ნათესავი მათი ყოველი: ოძრხოსს მისცა ტასისკარითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა ქუეყანა კლდოვანი. ამან ოძრხოს აღაშენნა ორნი ციხე-ქალაქნი: ოძრხე და თუხარისი.
ჯავახოსს მისცა ფანვარითგან ვიდრე თავადმდე მტკუარისა. ამან ჯავახოს აღაშენნა ორნი ციხე-ქალაქნი: წუნდა და ქალაქი არტანისა, რომელსა მაშინ ერქუა ქაჯთა ქალაქი, ხოლო აწ ჰქვიან ჰური.
ხოლო უფლოს დარჩა საყოფელთა მამისა მათისა მცხეთოსისთა მცხეთას, და ეპყრა ქუეყანა არაგვითგან და ტფილისითგან ვიდრე ტასისკარამდე და ფანვარადმდე. და ამან აღაშენა უფლისციხე, ურბნისი და კასპი. არაგვითგან და არმაზითგან ვიდრე ტასისკარამდე. უწოდა ამას ქუეყანასა ზენასოფლისა, რომელსა აწ ჰქვიან შიდა ქართლი.
ხოლო ვიდრე სიკუდილამდე მცხეთოსისა ესე ყოველნი ნათესავნი თარგამოსისნი იყვნეს სიყუარულსა ზედა ერთმანერთისასა. და შიში აქუნდა ნებროთიანთა, და ჰგონებდეს იგინი ნებროთიანთაგან ძებნასა სისხლსა ნებროთისსა და ისწრაფდეს იგინი მაგრებასა ციხექალაქთასა შიშისათვის ნებროთიანთასა.
ხოლო ვითარცა მოკუდა მცხეთოს, ძე ქართლოსისი, შთავარდა შური შორის შვილთა ქართლოსისთა, იწყეს ბრძოლად და ხდომად ურთიერთას, რამეთუ უფლოსს, ძესა მცხეთოსისსა, არა ერჩდეს, არცა ხადოდეს უფლად, რომელი დატევებულ იყო საყდართა ქართლოსისთა, რამეთუ მამისა მისისაგან მიცემულ იყო უფლება ქართლოსიანთა.
იწყეს ბრძოლად და ხდომად ურთიერთას და განაგრძელეს მათ შორის ბრძოლა, რომელ ჟამ სამე აღდგიან მათგანნი ორნი ნათესავნი ერთსა ზედა, და სხუანი შეეწეოდიან: რომელნიმე – მას და რომელნიმე – მას, და კუალად სხუანი აღდგიან ერთმანერთსა ზედა, და სხუანი შეეწეოდიან. და რომელსამე ჟამსა იქმნის მშვიდობა მათ შორის და შეიშალნიან და იბრძოდიან. და განგრძელდა მათ შორის ესევითარი საქმე, და არა ვინ იყო მათ შორის უწარჩინებულეს და უსახელოვნეს, არამედ ადგილითი-ადგილად თავადნი იჩინნიან. ხოლო ვინცა იყვის მცხეთას რეცა თავადი, იგი იყვის სხუათა ზედა, და არცა სახელ-ედებოდა მეფედ, არცა ერისთვად, არამედ მამასახლისი ეწოდებოდა და იგი იყვის მაზავებელი და ბჭე სხუათა ქართლოსიანთა, რამეთუ ქალაქი მცხეთა განდიდებულ იყო უმეტეს ყოველთასა, და უწოდდეს დედაქალაქად.
   და მას ჟამსა დაივიწყეს ღმერთი, დამბადებელი მათი, და იქმნნეს მსახურ მზისა და მთოვარისა და ვარსკულავთა ხუთთა. და მტკიცე და უფროÁსი მათი საფიცარი იყო საფლავი ქართლოსისი.
   მას ჟამსა შინა განძლიერდეს ხაზარნი და უწყეს ბრძოლად ნათესავთა ლეკანისთა და კავკასისთა. და ესე ნათესავნი თარგამოსისნი ყოველნი მას ჟამსა იყვნეს სიყუარულსა ერთმანერთისასა მშვიდობით. ხოლო შვილთა ზედა კავკასისთა იყო უფალ დურძუკ, ძე ტირეთისი. ეზრახნეს ესენი ექუსთავე ნათესავთა თარგამოსიანთა და ითხოვეს შუელა ხაზართა ზედა.
   ხოლო შეკრბეს ყოველნი ნათესავნი თარგამოსიანნი და გარდავლეს მთა კავკასისა და მოტყუენნეს ყოველნი საზღვარნი ხაზარეთისანი და აღაშენნეს ქალაქნი პირსა ხაზარეთისასა და წარმოვიდეს.
    ამისა შემდგომად ხაზართა იჩინეს მეფე და დაემორჩილნეს ყოველნი ხაზარნი მეფესა მას, ჩინებულსა მათსა, და წარმოიძღუანეს იგი და გამოვლეს ზღვისკარი და დარიალან, რომელსა აწ ჰქვიან დარუბანდი; და ვერ წინა-აღუდგეს თარგამოსიანნი, რამეთუ იყო სიმრავლე ურიცხვი ხაზართა, და წარტყუენნეს ქუეყანანი თარგამოსიანთანი და შემუსრნეს ყოველნი ქალაქნი არარატისა და მასისისა და ჩრდილოსანი. და დაურჩეს ციხე-ქალაქნი: თუხარისი, სამშვილდე და მტუერისციხე, რომელ არს ხუნანი, შიდაქართლი და ეგრისი.
და ისწავეს ხაზართა ორნივე ესე გზანი, რომელ არს ზღვისკარი, დარუბანდი, და არაგვისკარი, რომელ არს დარიალან. და განამრავლეს ხაზართა გამოსლვა და ტყუენვა მათი, და ვერღარა წინააღუდგეს. მიერითგან იქმნნეს ესე ყოველნი თარგამოსიანნი მოხარკე ხაზართა.
     ხოლო ოდეს პირველ გამოვიდა ხაზართა მეფე და მოტყუენნა ქუეყანანი, რომელნი ზემოთ დამიწერიან, და გარდავლო მთა კავკასისა, იყო მის თანა ძე მისი, სახელით უობოს. და ძესა მისსა მისცა ტყუე სომხითისა და ქართლისა, და მისცა ქუეყანა, კავკასისა ნაწილი, ლომეკის მდინარის დასავლით დასავლეთამდე მთისა.
   და დაეშენა უობოს. და მათნი ნათესავნი არიან ოვსნი. და იგი არს ოვსეთი, რომელი ნაწილი იყო კავკასისა. ხოლო დურძუკ, რომელი უწარჩინებულეს იყო შვილთა შორის კავკასისთა, მივიდა და დაჯდა ნაპრალსა შინა მთისასა, და უწოდა სახელი თვისი დურძუკეთი, და მისცემდა ხარკსა მეფესა ხაზართასა. ხოლო მასვე გზობასა მისცა მამის ძმისწულსა მისსა ხაზართა მეფემან ნაწილი ლეკანისი აღმოსავალით, ზღვითგან დარუბანდისით, მდინარემდე ლომეკისა, და მისცა ტყუე რანისა და მოვაკნისა. და დაეშენა იგი მუნ, რომელი ნაწილი იყო ლეკანისი. ხოლო ხოზონიხ, რომელ უწარჩინებულეს იყო ნათესავთა შორის ლეკანისთა, მივიდა და დაჯდა ნაპრალსა შინა მთისასა, აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თვისი ხოზანახეთი.
     და გარდახდეს მას შინა ჟამნი მრავალნი. და ესე ყოველნი ნათესავნი იყვნეს მოხარკე ხაზართა. მიერითგან განძლიერდეს სპარსნი მზისა აღმოსავლითგან, ნათესავნი ნებროთისნი.
   და გამოჩნდა ნათესავთა შორის ნებროთისთა კაცი ერთი გმირი, რომლისა სახელი აფრიდონ, რომელმან შეკრა ჯაჭვითა ბევრასფ, გუელთა უფალი, და დააბა მთასა ზედა, რომელ არს კაცთა შეუვალი. ესე, ვითარ წერილ არს ცხორებასა სპარსთასა, აფრიდონ ეუფლა ყოველსა ქუეყანასა სპარსთასა, რომელთამე ქუეყანათა შეჰგზავნნა ერისთავნი, ხელადნი მისნი, და რომელიმე ქუეყანა მოხარკეყო. ამან წარმოჰგზავნა ერისთავი მისი სპითა დიდითა, რომელსა სახელი ერქუა არდამ, შვილი ნებროთის ნათესავთა. მოვიდა ქართლად და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და ციხენი ქართლისანი, და მოსრა ყოველი, რაოდენი ხაზარი პოვა ქართლსა შინა. ამან აღაშენა ქალ|აქი ზღვისკარს და უწოდა სახელი დარუბანდი, რომელი ითარგმანების „დახშა კარი“. და მანვე მოზღუდა მცხეთა ქალაქი ქვითკირითა. და აქამომდე არა იყო ქართლსა შინა საქმე ქვითკირისა. ამის გამო დაისწავლეს ქვითკირი.
   ამანვე არდამ მოჰკიდა კირით ზღუდე ციხესა არმაზისსა და აქათ მტკუარამდის, წარმოზღუდა ცხვირი არმაზისი ვიდრე მტკუარამდე.
    და ერისთვობდა აფრიდონ მრავალთა წელთა. ხოლო ოდეს განუყო აფრიდონ ყოველი ქუეყანა სამთა ძეთა მისთა, მაშინ, რომელსა ძესა მისცა სახლად სპარსეთი, მასვე ხუდა წილად ქართლი, რომელსა სახელად ერქუა იარედ.
    ხოლო შემდგომად არდამ ერისთვისა გარდაიცვალნეს დ˜ ერისთავნი. მიერითგან უცალო იქმნეს ძენი აფრიდონისნი, რამეთუ იწყეს ბრძოლად ურთიერთას, და მოკლეს ორთა ძმათა იარედ, ძმა მათი.
     მაშინ პოვეს ჟამი მარჯუე ქართლოსიანთა, ხოლო ეგრისწყალს ქუემოთ დარჩა ბერძენთა, რამეთუ მკვიდრნი მის ადგილისანი ეზრახნეს ოვსთა და გარდამოიყვანეს ოვსნი, და პოვეს ერისთავი სპარსთა ველსა გარე, და კნისობდა, და მოკლეს იგი. და რომელი პოვეს სპარსი, ყოველი მოსწყვიდეს ოვსთა და ქართველთა, და განთავისუფლდეს ქართველნი, ხოლო რანი და ჰერეთი დარჩა სპარსთა. და შემდგომად ამისა მრავალთა წელიწადთა კუალად განძლიერდეს სპარსნი, და განდიდნა მეფე სპარსთა, რომელსა ერქუა ქეკაპოს. ხოლო მას ჟამსა იყო ვინმე ლეკეთს კაცი მგრძნებელი, ნათესავი ზანიზიხისი. და მან გრძნებითა თვისითა დააბრმო ქეკაპოს მეფე და სპა მისი, და ვერ შევიდა ლეკეთს, უკუმოიქცა და მაშინღა განუნათლდა თუალები. ამან კუალად მოხარკე-ყვნა ქართველნი და წარვიდა კუალად.
    შემდგომად ამისა რაოდენთამე წელიწადთა მოვიდა ამბავი, ვითარმედ მოსე განვლო ზღუა ისრაელთა და იზრდებიან იგინი უდაბნოსა მანანაითა. განკვირდეს ყოველნი და მათ ყოველთა წარმართთა აქეს ღმერთი ისრაელთა.
    და შემდგომად ამისა რაოდენთამე წელიწადთა უცალო იქნა ქეკაპოს, მეფე სპარსთა, რამეთუ იწყო ბრძოლა თურქთა. პოვეს ჟამი მარჯუე სომეხთა და ქართველთა, და განუდგეს სპარსთა და განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი მათნი, და შეერთნეს ყოველნი ნათესავნი თარგამოსიანნი.
    შემდგომად ამისა რაოდენთამე წელიწადთა გამოგზავნა ქეკაპოს, სპარსთა მეფემან, ძე მისი, რომელსა ერქუა ფარბოროტ, სპითა დიდითა სომეხთა და ქართველთა და ყოველთა თარგამოსიანთა ზედა. ხოლო შეკრბეს ყოველნი თარგამოსიანნი, მიეგებნეს და ეწყვნეს ადარბადაგანს, სძლეს და იოტეს ფარბოროტ, და მოსრეს სპა მისი.
   შემდგომად ამისა მცირედთა წელთა კუალად გამოგზავნა ამანვე ქეკაპოს ძმისწული მისი, ძე შიოშ ბედნიერისა, რომელი მოიკლა თურქეთს, ვითარცა წერილ არს წიგნსა სპარსთა ცხორებისასა.
    წარმოემართა ესე ძე შიოშისი, სახელით ქაიხოსრო, და ვერ წინააღუდგეს მას სომეხნი და ქართველნი, რამეთუ დიდი იყო ძალი მისი, მოვლო ყოველი სომხითი და ქართლი, მოტყუენა ყოველივე, იავარ-ყვნა ყოველნი ციხენი და ქალაქნი, და დაუტევნა ერისთავნი, და აღაშენა ადარბადაგანს სახლი სალოცველი სჯულისა მათისა, და წარვიდა.
   და შემდგომად ამისა რაოდენთამე წელიწადთა უცალო იქმნა ქაიხოსრო მეფე, და იწყო ბრძოლად თურქთა და ეძიებდა სისხლსა მამისა მათისასა. და პოეს ჟამი სომეხთა და ქართველთა, განუდგეს სპარსთა, და მოსრნეს ერისთავნი სპარსთანი და განთავისუფლდეს.
   მასვე ჟამსა მოვიდეს თურქნი, ოტებულნი მისვე ქაიხოსროსგან, გამოვლეს ზღუა გურგანისი, აღმოჰყვეს მტკუარსა, და მოვიდეს მცხეთას სახლი ოცდარვა და ეზრახნეს მამასახლისსა მცხეთისასა, აღუთქუეს შეწევნა სპარსთა ზედა. ხოლო მამასახლისმან მცხეთელმან აუწყა ყოველთა ქართველთა, ინებეს დამეგობრება მათ თურქთა, რამეთუ აქუნდა შიში სპარსთა, და შემწეობისათვის დაიმეგობრნეს თურქნი იგი გამოსხმულნი და განიყვნეს ყოველთა ქალაქთა შინა. ხოლო უმრავლესნი მათგანნი მოვიდეს და პოვეს ადგილი ერთი მცხეთას, დასავალით კერძო, კლდეთა შორის გამოკუეთილი ღრმა, და მოითხოვეს ადგილი იგი მცხეთელთა მამასახლისისაგან, მისცა და აღაშენეს იგი და მოზღუდეს მტკიცედ. და ეწოდა მას ადგილსა სარკინე. და იყვნეს ესე თურქნი და ქართველნი ნებისმყოფელ ერთმანერთისა, მოელოდეს მოსლვასა სპარსთასა, და ამაგრებდეს ციხეთა და ქალაქთა.
   მას ჟამსა, სადათცა ვინ მოვიდის ძვირისმოქმედთაგანი – საბერძნეთით, გინა ასურეთით, გინა ხაზარეთით – ოტებული, ყოველნივე დაიმეგობრნიან ქართველთა შემწეობისათვის სპარსთა ზედა.
    და გამოხდეს ამას შინა ჟამნი მრავალნი. მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოტყუენა იერუსალემი, და მუნით ოტებულნი ჰურიანი მოვიდეს ქართლს და მოითხოვეს მცხეთელთა მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა. მისცა და დასხნა არაგუსა ზედა, წყაროსა, რომელსა ჰქვიან ზანავი, და რომელი ქუეყანა აქუნდა მათ ხარკითა, აწ ჰქვიან ხერკ ხარკისა მისთვის.
   აქამომდის ქართლოსიანთა ენა სომხური იყო, რომელსა ზრახვიდეს. ხოლო ოდეს შემოკრბეს ესე ურიცხუნი ნათესავნი ქართლსა შინა, მაშინ ქართველთაცა დაუტევეს ენა სომხური. და ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა ქართული. და იპყრეს სჯული უბოროტესი ყოველთა ნათესავთა, რამეთუ ცოლქმრობისათვის არა უჩნდა ნათესავობა და ყოველსა ნათესავსა სულიერსა ჭამდეს, საფლავი არა იყო და მკუდარსა შესჭამდეს.
    შემდგომად ამისა რაოდენთამე წელიწადთა აღმოვიდა ძე სპარსთა მეფისა ვაშტაშაბისი, სახელით სპანდიატ რვალი, გოლიათი და სახელოვანი. ხოლო ვერ წინა-აღუდგეს სომეხნი და ქართველნი, არამედ განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი და მოელოდეს მოსლვასა მისსა.
ხოლო მოვიდა რა იგი ადარბადაგანს, ეწია ამბავი სპარსთა, რამეთუ მოკლეს მამა მისი თურქთა, და შემოვიდეს თურქნი სპარსეთად. მაშინ დაუტევა სპანდიატ ბრძოლა სომეხთა და ქართველთა, შეიქცა თურქთა ზედა ძიებად სისხლსა მამისა მისისასა; და განთავისუფლდეს სომეხნი და ქართველნი.
    შემდგომად ამისა რაოდენთამე წელიწადთა მეფე იქმნა სპარსეთს ძე სპანდიატისი, რომელი არს სახელით ბაჰრამ, რომელი იცნობების არდაშირობით. ესე განდიდნა უფროს ყოველთა მეფეთა სპარსთასა. ამან დაიპყრა ბაბილოვანი და ასურეთი, მოხარკე-ყვნა ბერძენნი და ჰრომნი. და მაშინ ქართველნი მოხარკე იყვნეს მისდავე. და იყვნეს ქართლსა ესრეთ აღრეულ ესე ყოველნი ნათესავნი. და იზრახებოდა ქართლსა შინა ექუსი ენა: სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძული. ესე ენანი იცოდეს ყოველთა მეფეთა ქართლისათა, მამათა და დედათა.
თავი, შემოსლვა ალექსანდრესი
    ესე ალექსანდრე გამოჩნდა ქუეყანასა საბერძნეთისასა, ქუეყანასა, რომელსა ჰქვიან მაკედონი, ძე კაცნობისი, მეგვიპტელისა, ვითარცა წერილ არს ჰამბავი მისი წიგნსა ბერძენთასა.
    ამან ალექსანდრე დაიპყრნა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი. ესე გამოვიდა დასავალით და შევიდა სამხრით, შემოვიდა ჩრდილოთ, გარდამოვლნა კავკასნი და მოვიდა ქართლად და პოვნა ყოველნი ქართველნი უბოროტეს ყოველთა ნათესავთა სჯულითა, რამეთუ ცოლქმრობისა და სიძვისა თვისობა უჩნდა, ყოველსა სულიერსა ჭამდეს, მკუდარსა შესჭამდეს.
   და უკვირდა ესე ალექსანდრეს, რამეთუ არარომელნი ნათესავნი იქმოდეს ამას. და პოვნა ციხე-ქალაქნი ესე ძლიერნი შუაქართლს: წუნდა, ხერთვისი მტკუარისა, ოძრხე, მოკიდებული კლდესა ღადოსასა, თუხარისი მდინარესა ზედა სპერისასა, რომელსა ჰქვიან ჭოროხი, ურბნისი, კასპი და უფლისციხე, ქალაქი დიდი მცხეთა და უბანნი მისნი: სარკინე და ციხედიდი, ზანავი, უბანი ჰურიათა, და რუსთავი და დედაციხე, სამშვილდე და მტუერისციხე, რომელ არს ხუნანი, და კახეთისა ქალაქნი.
    ამათ ყოველთა ციხე-ქალაქთა შინა პოვნა კაცნი სასტიკად მბრძოლნი, და განყო ლაშქარი მისი, და ყოველთა ამათ ციხე-ქალაქთა გარემოადგინნა. და თვით დადგა მცხეთას და დაუდგინნა ლაშქარნი იმიერ და ამიერ, ზემოთ და ქუემოთ. და თვით დადგა ქსანს ზედა, ადგილსა, რომელსა ჰქვიან ნასტაგისი. მტუერისციხეს და თუხარისსა არა ჰბრძოდა, რამეთუ ვერ შეუძლებდა დაპყრობად. ხოლო სხუანი ესე ციხენი და ქალაქნი დაიპყრნა ექუს თუე.
   ხოლო სარკინელთა ბუნთურქთაგანთა აგინეს მეფესა, განუწყრა ალექსანდრე და არღარა ინება ზავი, ვედრება მათი და ჰრქუა მათ: „ვინაითგან მაგინეთ მე, ესე არს ნაწილი თქუენი, რათა დაგხოცნე ყოველნი“. და მოიცვა ქალაქი სარკინე და ვერასადათ განეპარა ერთიცა კაცი.
    ხოლო სარკინელთა შესჭირდა, რამეთუ ჰბრძოდა ათერთმეტ თუე, იწყეს ფარულად კლდესა კაფა და განხურიტეს კლდე იგი, რომელი ლბილ იყო და ადვილად სახურეტელი, და განკრბეს ხურელსა მას სარკინელნი ღამე და შეივლტოდეს კავკასიად და დაუტევეს ცალიერად ქალაქი.
    დაიპყრა ალექსანდრე ყოველი ქართლი და მოსრნა ყოველნი იგი ნათესავნი აღრეულნი, ქართლს მყოფნი, და უცხონი იგი ნათესავნი მოსრნა და დატყუევნა დედანი და ყრმანი უცებნი, ათხუთმეტისა წლისა უმცროსნი. და დაუტევნა ნათესავნი ქართლოსიანნი, და დაუტევა მათ ზედა პატრიკად, სახელით აზონ, ძე იარედოსისი, ნათესავი მისი, ქუეყანით ჰრომით, რომელსა ჰქვიან ფროტათოს. ესე ფროტათოსელნი იყვნეს კაცნი ძლიერნი და მხნენი და ეკირთებოდეს ქუეყანასა ჰრომისასა. და მოიყვანნა ქართლად, და მისცნა აზონს პატრიკსა. და დაუტევა აზონ ქართლს ერისთვად და მის თანა სპანი იგი მპყრობელად ქართლისა.
     და უბრძანა ალექსანდრე აზონს, რათა პატივ-სცემდენ მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა ხუთთა, და ჰმსახურებდენ ღმერთსა უხილავსა, დამბადებელსა ყოვლისასა; რამეთუ მას ჟამსა არა იყო წინასწარმეტყუელი და მოძღუარი სჯულისა ჭეშმარიტისა, რომელმანმცა ამხილა, არამედ თვით მოიგონა სჯული ესე ალექსანდრე მეფობასა შინა მისსა, ყოველსა ქუეყანასა სჯული ესე დაუდვა, და წარვიდა ალექსანდრე.
    ხოლო ამან აზონმან მოარღვივნა ზღუდენი ქალაქსა მცხეთას საფუძველითურთ, და დაუტევნა ოთხნი იგი ციხენი, რომელნი მოსდგმიდეს პირსა ქართლისასა: თავადი ციხე, რომელ არს არმაზი, და ერთი ციხე დასასრულსა არმაზისისა და ციხე ერთი თავსა ზედა მცხეთისასა, მეოთხე ციხე დასავლით მცხეთა, მტკუარსა ზედა. და ესენი მოიმტკიცნა და განავსნა იგინი ლაშქრითა. და ყო|ველთა ქართლისა ქალაქთა და მოარღვივნა ზღუდენი და დაიპყრნა ყოველნი საზღვარნი ქართლისანი ჰერეთითგან და ბერდუჯითგან ვიდრე ზღუადმდე სპერისა. და დაიპყრა ქართლსა ზედა ეგრისიცა, და მოხარკე ყვნა ოვსნი, ლეკნი და ხაზარნი.
    და ვითარ წარვიდა ალექსანდრე ეგვიპტედ და ვითარცა აღაშენა ქალაქი ალექსანდრია, და თორმეტ წლამდის მოვლო ყოველი ქუეყანა, და ათორმეტსა წელსა შინა დაეპყრნეს ყოველნი კიდენი ქუეყანისანი, და მეთორმეტესა წელსა ალექსანდრიასა შინა მოკუდა იგი. და ვითარ მოკუდებოდა იგი, სიცოცხლესავე შინა მისსა განუტევნა ყოველნი მთავარნი, რომელნი დამონებულ იყვნეს მისგან. და იგინი წარვიდეს თვის-თვისად ქუეყანად. და მოიყვანნა ოთხნი კაცნი, ტომნი მისნი, რომელნი იყვნეს სახელით: ანტიოქოს, ჰრომოს, ბიზინტიოს და პლატონ. და მისცა ანტიოქოსს ასურასტანი და სომხითი და კერძო აღმოსავლეთისა უჩინა მას. და მან აღაშენა ქალაქი სახელითა მისითა ანტიოქია, ხოლო ჰრომოსს მისცა თრიმიკოსი და უჩინა კერძო დასავალისა. და მან აღაშენა ქალაქი ჰრომი. და ბიზინტიოსს მისცა საბერძნეთი და ქართლი, და უჩინა კერძო ჩრდილოსა. და მოუწერა წიგნი – ანდერძი აზონ პატრიკსა, ერისთავსა ქართლისასა, რათა ჰმსახურებდეს იგი ბიზინტიოსს. და მან აღაშენა ქალაქი ბიზინტია, რომელსა აწ ჰქვიან კოსტანტინეპოლე. ხოლო პლატონ დაუტევა ალექსანდრიას.
    და ვითარცა მოკუდა ალექსანდრე, ამან აზონ დაუტევა სჯული, ალექსანდრეს მოცემული, იწყო კერპთმსახურებად, და შექმნნა ორნი კერპნი ვეცხლისანი – გაცი და გაიმ. და ჰმონებდა იგი ბიზინტიოსს, მეფესა ბერძენთასა, და იყო კაცი ძნელი და მესისხლე. და ესე დააწესა და ამცნო სპათა მისთა, ვითარმედ: „ყოველმან ქართველმან, რომელმან პოვოს საჭურველი, მოკალთ იგი!“ და ჰყოფდეს ესრეთ ჰრომნი ქართველთა ზედა. და ვინცა-ვინ გამოჩნდის ქართველთაგანი ქმნულკეთილი და ჰასაკოვანი, მოკლიან. და იყო ჭირი დიდი ნათესავსა ზედა ქართველთასა.
     და ესე აზონ მათ ჰრომთაცა ზედა იყო მესისხლე და მოესრნეს მათგანნი მრავალნი.
თავი მეორე
ცხოვრება ფარნავაზისი, რომელი იყო პირველი მეფე ქართლისა
    მას ჟამსა შინა იყო ჭაბუკი ერთი მცხეთას ქალაქსა შინა, რომელსა ერქუა სახელი ფარნავაზ. ესე ფარნავაზ იყო მამულად ქართველი, ნათესავი უფლოს მცხეთოსის ძისა, და დედულად სპარსი ასპანელი. და იყო იგი ძმისწული სამარისი, რომელი მოსლვასა მას ალექსანდრესსა მცხეთელ მამასახლისი ყოფილ იყო. ესე სამარ და ძმა მისი, მამა ფარნავაზისი, მოკლულ იყო ალექსანდრესგან. ხოლო დედასა ფარნავაზისსა წარეყვანა ფარნავაზ, სამისა წლისა ყრმა, და შევლტოლილ იყო კავკასიად, და მუნ აღზრდილ იყო; და მოსრულ იყო მცხეთასა, მამულსა თვისსა.
     ხოლო ესე ფარნავაზ იყო კაცი გონიერი, მხედარი შემმართებელი და მონადირე ხელოვანი, და იმალვიდა იგი სიკეთესა თვისსა აზონის შიშისაგან, ხოლო მონადირებითა იქმნა მეცნიერ აზონისა და შეიყუარა იგი აზონმან მონადირობისათვის. ევედრებოდა ფარნავაზს დედა მისი: „შვილო ჩემო, ეკრძალე აზონს და ნურას იჩინებ თავისა შენისა სიკეთესა, ნუუკუე მოგკლან შენ“. და იყო შიში და ძრწოლა მის ზედა.
     და ვითარ განმრავლდა შიში აზონისი მათ ზედა, ჰრქუა ფარნავაზს: „შვილო ჩემო, დაუტევე საყოფელი მამათა შენთა და წარმიყვანე მამულსა ჩემსა, ასპანს, ძმათა ჩემთა თანა, და განერე შენ ცოცხალი ხელისაგან აზონისა“. და დაამტკიცეს განზრახვა ესე – წარსლვა ასპანს. ჭირ უჩნდა ფარნავაზს დატევება საყოფელსა მამათა მისთასა, არამედ შიშისათვის დიდისა დაამტკიცა წარსლვა.
    მაშინ იხილა ფარნავაზ სიზმარი, რეცა იყო იგი სახლსა შინა უკაცურსა და ეგულვებოდა განსლვა და ვერ განვიდა. მაშინ შემოვიდა სარკუმელსა მისსა შუქი მზისა და მოერტყა წელთა მისთა, განიზიდა და განიყვანა სარკუმელსა მას. და ვითარ განვიდა ველად, იხილა მზე ქუემდებარედ, მიყო ხელი მისი, და მოჰხოცა ცუარი პირსა მისსა და იცხო პირსა მისსა. განიღვიძა ფარნავაზ და განუკვირდა სიზმარი იგი და თქუა: „სიზმარი იგი ესე არს: მე წარვალ ასპანს და მუნ კეთილსა მივეცემი“.
     ხოლო მას დღესა შინა განვიდა ფარნავაზ და ნადირობდა მარტო, და დევნა უყო ირემთა ველსა დიღმისასა. და ივლტოდეს ირემნი ღირღალთა შინა ტფილისისათა, მისდევდა ფარნავაზ, სტყორცა ისარი, ჰკრა ირემსა, და მცირედ წარვლო ირემმან და დაეცა ძირსა კლდისასა. მივიდა ფარნავაზ ირემსა ზედა, და დღე იგი იყო მწუხრი, გარდაჰვიდა და დაჯდა ირემსა მას თანა, რა თამცა დაყო მუნ ღამე იგი და დილეულმცა წარვიდა.
     ხოლო კლდისა მის ძირსა ქუაბი იყო, რომლისა კარი აღმოქმნულ იყო ქვითა ძუელად, და შეჰქმნოდა დარღუევა შენებულსა მას. მაშინ დაასხა წვიმა მძაფრი, ხოლო ფარნავაზ აღმოიღო ჩუგლუგი და გამოარღვია კარი ქუაბისა მის, რათამცა მუნ შიგა დაიმშრალა წვიმისა მისგან. და შევიდა ქუაბსა მას და იხილა მუნ შინა განძი მიუწდომელი და სამსახურებელი – ოქრო და ვეცხლი მიუწდომელი. მაშინ ფარნავაზ განკვირდა, და აღივსო სიხარულითა, და მოეგონა სიზმარი იგი, და დაჰკრძალა კარი ქუაბისა ეგრეთვე. მსწრაფლ წარმოვიდა და უთხრა დედასა თვისსა და ორთა დათა მისთა. მასვე ღამესა წარმოვიდეს სამნივე იგი სახედრებითა და ჭურჭლებითა, და იწყეს გამოღებად განძისა მის და დაფლვად სიმარჯუესა თვისსა. და ვითარ განთენდებოდის, კუალად ეგრეთვე აღმოქმნიან კარი ქუაბისა მის. და ესრეთ გამოკრიბეს განძი იგი ხუთ ღამე, და დაიგულეს სიმარჯუესა მათსა მრავალგან.
    მაშინ ფარნავაზ წარგზავნა მონა თვისი ქუჯის თანა და ჰრქუა: „მე ვარ ნათესავი უფლოსისი, მცხეთოსის ძისა და ძმისწული სამარა მამასახლისისა, და არს ჩემ თანა ხუასტაგი დიდძალი. აწ უკუეთუ ინებო, რათა მოვიდე შენ თანა და ვიყვნეთ ჩუენ ძმა, და ვიხმაროთ ჩუენ ხუასტაგი იგი ორთავე, და გამოუჩნდეთ მტერად აზონ ერისთავსა, და სუემან ჩუენმან გუცეს ჩუენ ძლევა კეთილი“. მაშინ განიხარა ქუჯი სიხარულითა დიდითა და ჰრქუა: „აღდეგ და მოვედ ჩემ თანა, და ნუ ჰშურობ ხუასტაგსა შენსა, და ხუასტაგითა შენითა განგიმრავლნე სპანი შენნი, ვიდრე გამოვჩნდეთ მტერად აზონისა. მაშინ განიხარონ ყოველთა ქართველთა, აწყუედილთა მისგან და მიწყუდეულთა. და ვჰგონებ, რომელ ჰრომთა მათგანნიცა გამოგუერთნენ, რამეთუ ურიცხუნი აწყუედილ არიან მათგანნიცა აზონისგან“.
    მაშინ ფარნავაზ ფარულად წარვიდა სიხარულითა და, რომელი შესაძლებელ იყო, განძისა მისგან წარიტანა თანა, და დედაცა და დანი მისნი მის თანა, და მივიდა ქუჯის თანა. და ჰრქუა მას ქუჯი: „შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა, და შენ გმართებს უფლება ჩემი. აწ ნუ ჰშურობ ხუასტაგსა შენსა, რათა განვამრავლნეთ სპანი შენნი. და უკუეთუ მოგუეცეს ძლევა, შენ ხარ უფალი ჩემი, და მე ვარ მონა შენი“.
    მაშინ შეიერთნეს და ეზრახნეს ოვსთა და ლეკთა, ხოლო მათ განიხარეს, რამეთუ არა სთნდა ხარკისა მიცემა აზონისა, და გამოყვეს ოვსნი და ლეკნი, და განიმრავლნეს სპანი ეგრისით. და შეკრბეს ურიცხუნი სპანი და მოჰმართეს აზონს, ხოლო აზონმან მოუწოდა სპათა თვისთა და შემოკრიბნა.
    მაშინ ათასი მხედარი რჩეული ჰრომთა მათგანი, რომელთა ბოროტი წარჰკიდებოდა აზონისგან, განუდგეს აზონს და მოვიდეს წინაშე ფარნავაზისა. მაშინ ყოველნი ქართველნი განუდგეს აზონს, ხოლო სპანი, რომელ დარჩეს, ვერღარა მიენდო მათ, რამეთუ ყოველთა ზედა ბოროტისმოქმედ იყო. წარვიდა აზონ და მივიდა კლარჯეთს, და განმაგრდა იგი სიმაგრეთა შინა კლარჯეთისათა. ხოლო მოვიდა ფარნავაზ მცხეთას, და დაიპყრნა ოთხნი იგი ციხენი მცხეთისანი და მასვე წელიწადსა შინა დაიპყრა ყოველი ქართლი თვინიერ კლარჯეთისა.
    ამან ფარნავაზ წარავლინნა მოციქულნი წინაშე მეფისა ანტიოქოს ასურასტანისასა, და წარსცა ძღუენი დიდძალი, და აღუთქუა მას მსახურება, და ითხოვა მისგან შეწევნა ბერძენთა ზედა. ხოლო ანტიოქოს შეიწყნარა ძღუენი მისი და უწოდა შვილად თვისად, და წარმოსცა გვირგვინი, და უბრძანა ერისთავთა სომხითისათა, რათა შეეწეოდიან ფარნავაზს.
    ხოლო წელსა მეორესა აზონ მოირთნა სპანი საბერძნეთით, განძლიერდა ფრიად და მოჰმართა ფარნავაზს. ხოლო ფარნავაზს განემრავლნეს ქართველნი მხედარნი, მოუწოდა მათ და უხმო ქუჯის და ოვსთა. და შეკრბეს ესე ყოველნი და მოერთნეს ერისთავნი ანტიოქოსისნი სომხითით. და ესე ყოველნი შეკრიბნა ფარნავაზ და მიეგება ნაქალაქევსა თანა არტანისასა, რომელსა ერქუა მაშინ ქაჯთა ქალაქი, რომელ არს ჰური. და ეწყვნეს მუნ და იქმნა ბრძოლა დიდძალი, და მოსწყდეს ორგნითვე ურიცხუნი. ხოლო იძლივნეს ბერძენნი ფარნავაზისგან და ივლტოდა ბანაკი მათი. და მოკლეს აზონ, და ურიცხუნი სპანი მათნი მოსრნეს და ტყუე ქმნნეს.
    და წარვიდა ფარნავაზ და მოტყუენა საზღვარი საბერძნეთისა ანძიანძორისა და ეკელეცით შემოიქცა, მოვიდა კლარჯეთს, დაიპყრა კლარჯეთი და წარმოვიდა მცხეთად სიხარულითა დიდითა, ხოლო სიმდიდრესა ზედა მისსა დაერთო ხუასტაგი აზონისიცა; და იქმნა სიმდიდრე გარდარეული ფარნავაზს.
    ხოლო ეგრისწყალს ქუემოთ დარჩა ბერძენთა, რამეთუ მკვიდრთა მის ადგილისათა არა ინებეს განდგომა ბერძენთა.
    მაშინ ფარნავაზ მისცა და მისი ოვსთა მეფესა ცოლად, და მეორე და მისი მისცა ქუჯის ცოლად. და მისცა [ქუჯის] ქუეყანა ეგრისწყალსა და რიონსა შუა, ზღვითგან მთამდე, რომელსა შინა არს ეგრისი და სუანეთი, და დაამტკიცა ერისთავად მუნ. და მან ქუჯი აღაშენა ციხე გოჯი.
    მაშინ ფარნავაზ უშიშ იქმნა ყოველთა მტერთა მისთაგან და მეფე იქმნა ყოველსა ქართლსა და ეგურსა ზედა, და განამრავლნა ყოველნი მხედარნი ქართლოსიანნი, განაწესნა ერისთავნი რვანი და სპასპეტი. ერთი გაგზავნა მარგვის ერისთავად და მისცა მცირით მთითგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღუადმდე რიონს ზემოთ. და ამანვე ფარნავაზ აღაშენნა ორნი ციხენი: შორაპანი და დიმნა.
     და გაგზავნა ერთი კახეთისა ერისთავად და მისცა არაგვითგან ვიდრე ჰერეთამდე, რომელ არს კახეთი და კუხეთი.
    ერთი გაგზავნა ხუნანისა ერისთავად და მისცა ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ტფილისამდე და გაჩიანთამდის, რომელ არს გარდაბანი.
    ერთი გაგზავნა სამშვილდისა ერისთავად და მისცა სკვირეთისა მდინარითგან ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირი და აბოცი.
    ერთი გაგზავნა წუნდისა ერისთავად, და მისცა ფანავარითგან ვიდრე თავადმდე მტკუარისა, რომელ არს ჯავახეთი და კოლა და არტანი.
    ერთი გაგზავნა ოძრხის ერისთავად, და მისცა ტასისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტისთავითგან ზღუამდის, რომელ არს სამცხე და აჭარა.
    ერთი გაგზავნა კლარჯეთისა ერისთავად და მისცა არსიანთითგან ზღუამდე. და ქუჯი იყო ერისთავი ეგრისისა.
    ხოლო ერთი დაადგინა სპასპეტად, და მისცა ტფილისითგან და არაგვითგან ვიდრე ტასისკრამდე და ფანავარადმდე, რომელ არს შიდა ქართლი. და ესე სპასპეტი იყო ყოვლადვე წინაშე მეფისა და მთავრობით განაგებდის ყოველთა ერისთავთა ზედა. ხოლო ამათ ერისთავთა ქუეშე, ადგილთა და ადგილთა, განაჩინნა სპასალარნი და ათასისთავნი, და მათ ყოველთაგან მოვიდოდა ხარკი სამეფო და საერისთვო.
     ესრეთ განაწესა ესე ყოველი ფარნავაზ მიმსგავსებულად სამეფოსა სპარსთასა. და ვერღარა იძიეს შური ბერძენთა მის ზედა, რამეთუ უცალო იყვნეს ბერძენნი ბრძოლისაგან ჰრომთასა.
    ამან ფარნავაზ მოზღუდა ქალაქი მცხეთა მტკიცედ და ყოველნი ქალაქნი და ციხენი ქართლისანი, მოოხრებულნი ალექსანდრესგან, ამან აღაშენნა.
     და ამანვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თვისსა, ესე არს არმაზი, და ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქუა; აღჰმართა კერპი იგი არმაზი თავსა ზედა ქართლისასა, და მიერითგან ეწოდა არმაზი კერპისა მისთვის, და ქმნა სატფურება დიდი კერპისა მისთვის აღმართებულისა.
      ოცდაშვიდისა წლისა მეფე იქმნა და სამეოცდახუთ წელ მეფობდა ნებიერად და ჰმსახურებდა იგი ანტიოქოსს, მეფესა ასურასტანისასა, და ყოველნი დღენი მისნი, რა დაჯდა, მშვიდობით დაყვნა, და აღაშენა და განავსო ქართლი.
      ხოლო თუენი გაზაფხულისა და სთულისა და არისანი დაყვნის მცხეთას, სამეუფოსა ქალაქსა, და თუენი ზამთრისანი დაყვნის გაჩიანთა, ხოლო თუენი ზაფხულისანი – წუნდას, და ჟამითი ჟამად მივიდის ეგრისს და კლარჯეთს და მოიკითხნის მეგრელნი და კლარჯნი და განაგის ყოველი საქმე დაშლილი.
     ხოლო იგი ჰრომნი ათასნი მხედარნი, რომელნი აზონისგან მოერთნეს ფარნავაზს, რომელი ზემოთ ვახსენეთ, იგინი განყვნა ხევთა და ქუეყანათა შინა და იპყრნა იგინი კეთილად, რამეთუ ბრძოლასა მას აზონისსა მხნედ იყვნეს, და უწოდა მათ სახელად აზნაურნი.
    და რათგან წარვიდა ალექსანდრე, არღარა ჭამდეს კაცსა თვინიერ, რომელი შესწირიან კერპსა მსხუერპლად. და იყო განსუენება და სიხარული ყოველსა ქართლსა ზედა მეფობისათვის ფარნავაზისა, და იტყოდეს ამას ყოველნი: „ვჰმადლობთ სუესა ჩუენსა, რამეთუ მოგუცა ჩუენ მეფე ნათესავთაგან მამათა ჩუენთასა და აღგუეხადა ხარკი და ჭირი უცხოთა ნათესავთაგან“.
      და ესე ყოველი აღასრულა ფარნავაზ სიბრძნითა და სიქველითა და სიმხნითა და სიმდიდრითა, ესუა ძე და უწოდა სახელი საურმაგ.
    და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განა|ვრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა, და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული.
    და მოკუდა ფარნავაზ და დაფლეს წინაშე არმაზისა კერპისა. და მის წილ მეფე იქმნა ძე მისი, საურმაგ.
    მას ჟამსა შინა ზრახვა-ყვეს ერისთავთა ქართლისათა და თქუეს: „არა კეთილ არს ჩუენდა, რათამცა ვჰმსახურებდეთ ნათესავსა ჩუენსა, არამედ ვიყვნეთ ერთად, და მოვკლათ ჩუენ საურმაგ და ვიყვნეთ ჩუენ თავისუფალ, ვითარცა ვიყვენით პირველ, და მივსცემდეთ ხარკსა, ვინცავინ გამოჩნდეს მძლე, რამეთუ ესრეთ ყოფითა უფროს განვისუენებთ“.
    დაამტკიცეს განზრახვა და მოკლვა საურმაგისი. ხოლო იგრძნა საურმაგ და წარვიდა ფარულად, და ივლტოდა, და წარიტანა თანა დედა მისი, და მივიდა დურძუკეთს დედისძმათა მისთა თანა.
     მაშინ ჰრომთა იგი აზნაურნი წარვიდეს, და მივიდეს დურძუკეთსვე და ჰრქუეს საურმაგს: „დიდი კეთილი დგას ჩუენ ზედა მამისა შენისა. ამისთვის ვართ ჩუენ ერთგულებასა შენსა“.
     მაშინ საურმაგ ეზრახა ოვსთა მეფესა, მამისა დისწულსა მისსა, და ითხოვა შეწევნა. ხოლო იგი სიხარულით წარვიდა შუელად მისა. და საურმაგ შეკრიბა დურძუკეთიცა და წარმოემართა ქართველთა ზედა, და ვერვინ წინა-აღუდგა მას. და დაიპყრა ყოველი ქართლი და მოსრნა განდგომილნი მისნი, და რომელთამე შეუნდო, ხოლო დაამდაბლნა ქართლოსიანნი და წარჩინებულ ყვნა აზნაურნი, ხოლო განმრავლებულ ყვნა დურძუკნი, ნათესავნი კავკასისნი.
   ხოლო ტყუენვასა მას ხაზართასა ყოველნივე მშვიდობით დარჩომილ იყვნეს სიმაგრისაგან ქუეყანისა, და ვერღარა იტევდა მათ დურძუკეთი. მაშინ ამან საურმაგ წარმოიყვანნა იგინი, ყოველთა კავკასისა ნათესავთა ნახევარნი, და რომელნიმე მათგანნი წარჩინებულ ყვნა, და სხუანი დასხნა მთიულეთს დიდოეთითგან ვიდრე ეგრისამდე, რომელ არს სუანეთი. და ესენი იპყრნა მისანდობელად თვისად, დედულნი.
   და დაჯდა საურმაგ მცხეთას მეფედ და უმატა ყოველთა სიმაგრეთა მცხეთისა და ქართლისათა, და მან შექმნნა ორნი კერპნი: აინინა და დანანა, და აჰმართნა გზასა ზედა მცხეთისასა. და ჰმსახურებდა იგი მეფესა ასურასტანისასა. და მოიყვანა ცოლი სპარსი, ასული ბარდაველისა ერისთვისა, და ესხნეს მის თანა ორნი ასულნი, და არა ესუა ძე. მაშინ მოიყვანა სპარსეთით შვილი ნებროთის ნათესავთაგან, ცო|ლისა მისისა დედის დისწული, და დაიჭირა იგი შვილად, რომელსა ერქუა სახელი მირვან. და მისცა ასული თვისი ცოლად, ქალაქი გაჩიანი და საერისთვო სამშვილდისა. და მეორე ასული მისცა ძესა ქუჯისსა, მამისა დისწულსა მისსა.
    მეფობდა საურმაგ ბედნიერად მრავალთა წელთა, და მოკუდა საურმაგ. და მეფე იქმნა მის წილ შვილი მისი მირვან.
    ესე მირვან იყო ტანითა სრული, შუენიერი, ძლიერი, მხნე და ქველი. ამისსა მეფობასა დურძუკთა დაივიწყეს სიყუარული ფარნავაზისი და საურმაგისი, და გარდამოვიდეს დურძუკეთს მყოფნი და გაერთნეს თანა ჭართალეთსა მსხდომნი კავკასიანნი, მოტყუენნეს კახეთი და ბაზალეთი. მაშინ მირვან მეფემან მოუწოდა ყოველთა ერისთავთა ქართლისათა, და შემოკრიბნა ყოველნი სპანი – მხედარნი და ქუეითნი. და ყოველნი კავკასიანნი იყვნეს სარწმუნოდ მორჩილებასა მირვანისსა, რომელნი გარდამოვლინებულ იყვნეს საურმაგ მეფისა, თვინიერ ჭართალთასა. შემოკრიბნა ესე ყოველნი და წარემართა დურძუკეთს, შეკრბეს დურძუკნი და დაუდგეს სიმაგრეთა ზედა გარდასავალთა გზასა მას. მაშინ მირვან გარდახდა ცხენისაგან, მივიდა ქუეითთა თანა თვისთა და წარუძღუა წინა, ქუეითთა ზურგი|თ შემოადგინნა მხედარნი და მივიდა კართა მათ შინა, ვითარცა ჯიქი სიფიცხლითა, ვითარცა ვეფხი სიმხნითა და ვითარცა ლომი ზახილითა.
    იქმნა მათ შორის ბრძოლა ძლიერი, ხოლო მირვანს ვერ ჰკუეთდა მახვილი დურძუკთა, ვითარცა კლდესა სიპსა, და დადგა უძრავად, ვითარცა კოშკი მტკიცე. და გაგრძელდა მათ შორის ბრძოლა და მოსწყდა ორგნითვე ურიცხვი. ხოლო იძლივნეს დურძუკნი და ივლტოდეს, მიუდგეს უკუანა ქართველნი, მოსრნეს და ტყუე ქმნეს.
     და შევიდა მირვან დურძუკეთს, და მოაოხრა დურძუკეთი და ჭართალი. და შეაბნა კარნი ქვითკირითა, და უწოდა სახელად დარუბალ.
    და დაჯდა მირვან მცხეთას, და მეფობდა ნებიერად და უშიშად, იყო კაცი უხუად მიმნიჭებელი კეთილისა. შეიყუარეს იგი ყოველთა მკვიდრთა ქართლისათა და ჰმსახურებდა იგი მეფესა ასურასტანელთასა.
    ამის ზე მიიცვალა ანტიოქის მეფობა ბაბილონს, და მას ჟამსა შინა მეფე იქმნა სომხითს, რომელსა ერქუა არშაკ. და ემზახა მირვან არშაკს, და მისცა ასული თვისი ძესა არშაკისსა, არშაკს.
    და მოკუდა მირვან და მეფე იქმნა მის წილ ძე მისი, ფარნაჯომ.
    ამან ფარნაჯომ უმატა ყოველთა ციხე-ქალაქთა შენება, და ამან აღაშენა ციხე ზადენი, და შექმნა კერპი, სახელით ზადენ, და აღჰმართა ზადენს, და იწყო შენებად კახეთს ქალაქსა ნელქარისასა, რომელ არს ნეკრესი.უ[ნგ
    ამისა შემდგომად შეიყუარა სჯული სპარსთა, – ცეცხლისმსახურება, – მოიყვანნა სპარსეთით ცეცხლისმსახურნი და მოგუნი, და დასხნა იგინი მცხეთას, ადგილსა მას, რომელსა აწ ჰქვიან მოგუთა, და იწყო ცხადად გმობად კერპთა. ამისთვის მოიძულეს იგი მკვიდრთა ქართლისათა, რამეთუ დიდი სასოება აქუნდა კერპთა მიმართ.
   მაშინ შეითქუნეს ერისთავნი ქართლისანი უმრავლესნი, და წარავლინეს მოციქული წინაშე სომეხთა მეფისა და ჰრქუეს: „მეფე ჩუენი გარდაჰხდა სჯულსა მამათა ჩუენთასა, არღარა ჰმსახურებს ღმერთთა, მპყრობელთა ქართლისათა, და შემოიღო სჯული მამული, და დაუტევა სჯული დედული. აწ არღარა ღირს არს იგი მეფედ ჩუენდა. მოგუეც ძე შენი არშაკ, რომელსა უზის ცოლად ნათესავი ფარნავაზიანთა, მეფეთა ჩუენთა, გუაშუელე ძალი შენი და ვაოტოთ ფარნაჯომ, შემომღებელი ახლისა სჯულისა. და იყოს მეფედ ჩუენდა ძე შენი არშაკ და დედოფლად ჩუენდა – ცოლი მისი, შვილი მეფეთა ჩუენთა“.
     მაშინ სთნდა სომეხთა მეფესა განზრახვა ესე, გაგზავნა მოციქული მათი პასუხითა კეთილითა და ჰრქუა მათ: „უკუეთუ ჭეშმარიტად უბიწოთა გულითა გნებავს მეფედ თქუენდა ძე ჩემი, თქუენ, ყოველთა ერისთავთა, მომეცით მე მძევალი და მიგცე ძე ჩემი მეფედ თქუენდა და ყოვლითავე ნიჭითა აღგავსნე“. მაშინ ერისთავთა ქართლისათა უმრავლესთა მისცეს მძევლები და განაცხადეს განდგომა ფარნაჯომისი.
    მაშინ სომეხთა მეფე ყოვლითა ძალითა მისითა წარმოემართა ქართლს, ხოლო ფარნაჯომ მეფემან მოუწოდა სპარსთა, და მოიყვანნა სპარსნი ძლიერნი და, რომელნიმე დარჩომოდეს, შემოკრიბნა ქართველნიცა. ხოლო ერისთავნი ქართლისანი განდგომილნი მიეგებნეს სომეხთა მეფესა ტაშირს. და მუნ შეკრბა სიმრავლე სომეხთა და ქართველთა, ხოლო ფარნაჯომ მიეგება მუნვე, ტაშირს.
    იქმნა მათ შორის ბრძოლა ძლიერი და მოსწყდა ორგნითვე ურიცხვი, რამეთუ იძლია ფარნაჯომ სომეხთა და ქართველთაგან, და მოიკლა ფარნაჯომ, და მოსრეს სპა მისი. ხოლო ძე ფარნაჯომისი, სახელით მირვან, ერთისა წლისა ყრმა, წარიყვანა მამამძუძემან მისმან და ივლტოდა სპარსეთს, ხოლო სომეხთა მეფემან მოსცა ძე მისი, სახელით არშაკ.
      დაჯდა მეფედ არშაკ და დაიპყრა ყოველი ქართლი, და მეფობდა იგი ნებიერად, და უმატა ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა, და უმეტეს მოამტკიცნა ზღუდენი ჯავახეთს, ქალაქსა წუნდას.
      მოკუდა არშაკ და მეფე იქმნა ძე მისი, არტაგ. და ესე მეფე არტაგ ორ წელ ოდენ მეფობდა, და მეორესა წელსა მეფობისა მისისასა მოვიდეს ერისთავნი სპარსთანი სპითა დიდითა ძიებად სისხლისა ფარნაჯომისა და სპათა მათ სპარსთასა, რომელნი აღწყუედილ იყვნეს ფარნაჯომის თანა. ვერ წინა-აღუდგა მათ არტაგ, მეფე ქართველთა, რამეთუ დიდ იყო ძალი სპარსთა, არამედ განამაგრნა ციხენი და ქალაქნი. და მოვლეს სპარსთა ყოველი ქართლი და მოაოხრნეს ველნი, არამედ ციხექალაქი ვერა რომელი წარიღეს, და წარვიდეს.
     მოკუდა არტაგ და დაჯდა მის წილ ძე მისი, ბარტომ. ამან უმატა ზღუდეთა მცხეთისათა და ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა.
    და აღზარდეს სპარსთა ძე ფარნაჯომისი, მირვან, რომელი სიკუდილსა მას ფარნაჯომისსა წარეყვანა მამამძუძესა მისსა, რომელი ვახსენეთ პირველ. ესე მირვან იყო კაცი ქველი, მხნე მხედარი. და მრავალგზის გამოიცადა იგი ბრძოლასა თურქთა და არაბთასა. ამან შეკრიბნა სპანი ძლიერნი სპარსეთს, წარემართა ქართლს, მიუგზავნა მოციქული ერისთავთა ქართლისათა და ჰრქუა მათ: „მოიხსენეთ სიყუარული მამისმამისა ჩემისა მირვანისი და კეთილი მისი თქუენდა მომართ. დაღაცათუ მამამან ჩემმან შემოიღო სჯული უცხო თქუენ შორის, და მისგანცა გაქუნდა კეთილი. სამართლად მოიკლა მამა ჩემი, რამეთუ ვერ კეთილად იპყრა სჯული მამათა თქუენთა. და აწ ნუ არს საურავი და შიში გულსა თქუენსა სიკუდილისათვის მამისა ჩემისა, რამეთუ სჯულისა დატევებისათვის მოჰკლვენ მამანი შვილთა და ძმანი – ძმათა. და არა იძიების სისხლი სჯულისა დატევებისათვის მოკლულთა.
     მე ვარ შვილი მამათა თქუენთა ფარნავაზიანთა, დაღაცათუ აღზრდილ ვარ სპარსთა თანა, არამედ ვარ მე სჯულსა ზედა მამათა თქუენთასა და ვესავ მე ღმერთთა, მპყრობელთა ქართლისათა, და სასოებითა მათითა წარმართებულ ვარ ძიებად მამულისა ჩემისა. და აწ მიითუალეთ ჩემგან დიდება და კეთილი“. ხოლო ერისთავთა ქართლისათა არა შეიწყნარეს ბრძანება მირვანისი, არამედ ყოველნი მივიდეს წინაშე ბარტომ მეფისა. ხოლო მცირედნი ვინმე ქართველნი არაწარჩინებულნი წარვიდეს და მიერთნეს მირვანს.
    ხოლო მეფემან ბარტომ შემოიკრიბნა ყოველნი ქართველნი და მოირთო ძალი სომხითით და მოეგება იგი ხუნანს და იპყრა ზურგად ქალაქი ხუნანი. და მოვიდა მირვან და დადგა მდინარესა ზედა ბერდუჯისასა.
    და იწყეს ბრძოლად და გამოჩნდეს ორთავე შორის ბუმბერაზნი. იყვნეს თუესა ერთსა ყოველთა დღეთა ბუმბერაზთა ბრძოლანი, ოდესმე მათ სძლიან და ოდესმე მათ სძლიან. ხოლო ამას თუესა შინა ერთსა ამან მირვან თავის-თავითა მოკლა ცამეტი ბუმბერაზი ქართველთა და სომეხთაგანი, და არავინ გამოჩნდა ქართველთა და სომეხთაგანი მძლე მირვანისი, და ვერცაღა თვით ბარტომ მეფე ჰბრძოდა მას, რამეთუ არა იყო ბარტომის თანა ძალი გოლიათობისა.
     მაშინ ბარტომ მეფემან განაწყვნა სპანი მისნი და მოჰმართა ყოვლითა სპითა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი, მოსწყდა ორგნითვე ურიცხვი, და იძლივნეს სომეხნი და ქართველნი სპარსთაგან, და მოკლეს ბარტომ, მეფე ქართველთა.
     ხოლო ამას ბარტომს არა ესუა ძე, არამედ ასული ერთი. და სიცოცხლესავე მისსა მოეყვანა ეგრისით ძისწული ქუჯისი, სახელით ქართამ, რომელსა შესდგმიდა ფარნავაზიანობა ფარნავაზის დისა, ქუჯის ცოლისაგან, და დედისა მისისა, საურმაგის ასულისა, ქუჯის ძის ცოლისაგან. და ამის ქართამისდა მიეცა ასული მისი ცოლად ბარტომ მეფესა და აღეღო ესე შვილად. და ესე ქართველთა სათნოებისათვის ექმნა ბარტომს, რამეთუ ქართველთა დიდი სათნოება აქუნდა ფარნავაზიანთა მიმართ და არა უნდა სხვისა ნათესავისა მეფობა, რომელსამცა არა შესდგმიდა ფარნავაზიანობა.
     ესე ქართამ, ძედ შვილებული ბარტომ მეფისა, მასვე წყობასა შინა მოიკლა ბარტომის თანა, ხოლო ცოლი მისი, ასული ბარტომისი, უძლები დარჩა, ივლტოდა და წარვიდა სომხითს, და მუნ შვა ყრმა, და უწოდა სახელად ადერკი, და იზარდებოდა იგი მუნ. ხოლო ვითარ მოკლა მირვანმან ბარტომ და შემოვიდა ქართლად, დაიპყრა ყოველი ქართლი, და, რომელნი დაშთომილ იყვნეს ერისთავნი ქართლისანი ციხეთა და სიმაგრეთა შინა, მისცა მათ ფიცი და აღთქუმა, და გამოიყვანნა ყოველნი, და მძლავრებით გამოიყვანა ცოლი ბარტომისი სამშვილდით, და შეირთო ცოლად, რომელი შვილი იყო არშაკუნიანთავე, და დაჯდა მცხეთას.
     და ნებიერად მეფობდა მცირედ ჟა|მ და მოკუდა. და დაჯდა მის წილ ძე მისი არშაკ, დედით არშაკუნიანი და მამით ნებროთიანი და ფარნავაზიანი.
     ამან განაშუენა ნელქარი, ქალაქი კახეთისა, რომელ არს ნეკრესი, და ჰმატა სიმაგრესა უფლისციხისასა. და იყო ესე ძლიერი ძალითა, დიდი და გოლიათი.
ხოლო ესე ადერკი, ძე ქართამისი, ასულისწული ბარტომ მეფისა, რომელი ვახსენეთ ზემოთ, აღზარდეს სომხითს, და იყო კაცი ჰასაკითა შუენიერი, ტანითა დიდი და გოლიათი, მრავალგზის გამოცდილ იყო ბრძოლასა სომეხთა და ასურთასა, და მას მოეკლა მრავალი ბუმბერეზი, და სახელოვან ქმნილ იყო იგი. ამან მოითხოვნა სპანი სომეხთა მეფისაგან, და მოსცნა მას და წარმოემართა არშაკს, ქართველთა მეფესა ზედა, დედისძმასა მისსა. ხოლო არშაკ შემოკრიბნა ყოველნი ერისთავნი ქართლისანი და რანითცა მოირთო ძალი სპარსთა, და მიეგება წინა. და შეკრბეს ორნივე სპანი თრიალეთს და დაიბანაკეს მახლობელად ერთმანერთისა.
    ითხოვა ბრძოლა არშაკ ადერკისა. ხოლო ადერკი სიხარულით აღიჭურა საჭურველითა შუენიერითა, და აღჯდა ტაიჭსა და ჰრქუა სპათა მისთა: „განმიმაგრეთ ზურგით კერძო ჩემი, და ნუ შესძრწუნდებით!“ და განვიდა. ეგრეთვე არშაკ შეიჭურა და განვიდა განწყობილთა შორის. აღიზახნეს ორთავე ხმითა სასტიკითა და მიეტევნეს ურთიერთას, და იწყეს ორთავე გუმერად ოროლითა, და ვერ ჰკუეთდეს საჭურველსა ერთმანერთისასა. და ბრძოლისა სიგრძესა შინა განუტყდა ოროლები, და აღმოიღეს ჩუგლუგები და იწყეს ბრძოლად ჩუგლუგებითა. ოდეს უხეთქნიან ჩუგლუგები იგი საჭურველსა ზედა მათსა, ჰგვანდის ხმა იგი ხმასა მას უროსასა, რომელი ეცემის მჭედლისაგან გურდემლსა, და ხმა ზახილისა მათისა მსგავს იყო ქუხილისა.
     მაშინ ვერ სძლეს ერთმანერთსა, დაშურეს და უკუ-დგეს იმიერ და ამიერ. შეღამდა დღე იგი და განისუენეს ორთავე, და დილეულ კუალად გამოვიდეს და აღიღეს მშვილდები და იწყეს რბევად და სისრად ერთმანერთისა. ჰკრა ადერკი ისარი მკერდსა არშაკისსა, და ვერღარა უფარა სიმაგრემან საჭურველისამან, და განვიდა ზურგით, და ჩამოვარდა არშაკ ცხენისაგან.
    შემოიქცა ადერკი მსწრაფლ, და მივიდა სპათა თანა სომხითისათა და ჰრქუა მათ: „გაფუცებ ღმერთთა თქუენთა, ნუ განჰმარტებთ მახვილთა თქუენთა ქართველთა ზედა, რამეთუ მამულნია ჩემნი. და აწ მე ვარ მეფე მათი ძალითა და შეწევნითა თქუენითა“. ისმინეს სომეხთა ვედრება მისი და დაადგრეს ადგილსა ზედა.
    მოვიდა ადერკი მახლობელად ქართველთა სპისა და ხმა-უყო ხმითა მაღლითა: „მე ვარ შვილი მეფეთა თქუენთა, და სუესა ჩემსა მოუცემია მეფობა ჩემდა. აწ მიიღეთ ჩემგან კეთილი და სიხარული. აჰა, ესერა, არა მოუშუენ სპანი სომხითისანი თქუენ ზედა“. მაშინ ჰრქუეს ქართველთა: „შენ გამოსჩნდი უმჯობესი ყოველთა შორის ნათესავთა ფარნავაზისთა. რათგან მოკუდა მეფე ჩუენი, შენ ხარ მეფე ჩუენი. და ვჰმადლობთ სუესა ჩუენსა, რამეთუ მოგუეცა საზღაურად მეფისა ჩუენისა შვი|ლივე მეფეთა ჩუენთა, გოლიათი და სახელოვანი“.
    და გარდახდეს ყოველნივე ქართველნი, დაცვივეს პირსა ზედა თვისსა და თაყუანის-სცეს ადერკის, და მშვიდობით შეკრბეს ერთად სომეხნი და ქართველნი და სპარსნი რანისანი. და მოიღეს ქართველთა გვირგვინი არშაკისი და დაადგეს ადერკის და წარმოიყვანეს ქართლსა.
     და ამან ადერკი დაიპყრა ყოველი ქართლი და ეგრისი, – და მოსცა სომეხთა მეფემან ასული თვისი ცოლად, – და დაჯდა მცხეთას, და მეფობდა კეთილად. ოცდაათისა წლისა მეფე იქმნა და ორმეოცდაათჩვიდმეტ წელ მეფობდა.
     ხოლო პირველსავე წელსა მეფობისა მისისასა იშვა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ბეთლემს ჰურიასტანისასა, და მოვიდეს მისა მოგუნი ძღუნისა შეწირვად. და შემდგომად მოგუთა შესლვისა იერუსალემს მოვიდა ჰამბავი მცხეთას, ვითარმედ სპარსთა იერუსალემი წარმოტყუენესო. და ჰურიანი, რომელნი მცხეთას იყვნეს, იქმნა მათ შორის გლოვა და ტირილი. და შემდგომად მეორესა წელსა, სხუა მოვიდა ჰამბავი, ვითარმედ: „სპარსნი იგი არა ტყუენვად მოვიდეს იერუსალემს, არამედ აქუნდა ძღუენი ყრმისა ვისმე შობილისათვის“. და განიხარეს ჰურიათა მცხეთელთა.
    შემდგომად ამისა ვითარ გარდახდეს წელნი ოცდაათნი, მოვიდეს მოციქულნი ჰურიათასანი იერუსალემით ჰურიათა თანა მცხეთელთა, ვითარმედ: „იგი, რომლისათვის მოვიდეს მოგუნი და შეწირეს ძღუენი, აღზრდილ არს და იტყვის იგი თავსა თვისსა ძედ ღმრთისა. და აწ წარმოგვივლენიან ჩუენ მოციქულნი ყოველთა ჰურიათა თანა, რათა მოვიდენ მეცნიერნი შჯულისანი და განვიკითხოთ და განვბჭოთ მის ზედა. და აწ თქუენგანცა შჯულისა მეცნიერნი წარმოვიდენ“.
    და წარვიდეს მცხეთით ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი და მუნ დახუდეს ჯუარცუმასა უფლისასა.
    და მოიღო მუნით კუართი უფლისა ელიოზ მცხეთელმან, ვითარცა წერილ არს ესე განცხადებულად „მოქცევასა შინა ქართლისასა“.
და ამან მეფემანვე ადერკი უმატა ყოველთა ციხე-ქალაქთა ქართლისათა სიმაგრე და უმეტეს მოამტკიცნა ზღუდენი ქალაქისა მცხეთისანი წყლისა იმიერ და ამიერ.
და ამისვე ადერკისა მეფობასა შინა მოვიდეს ათორმეტთა მოციქულთაგანნი ანდრია და სვიმეონ კანანელი აფხაზეთს და ეგრისს. და მუნ აღესრულა წმიდა სვიმეონ კანანელი ქალაქსა ნიკოფსსა, საზღვარსა ბერძენთასა, ხოლო ანდრია მოაქცინა მეგრელნი და წარვიდა გზასა კლარჯეთისასა.
ხოლო ვითარცა ესმა მეფესა ადერკის მეგრელთაგან სჯულისა დატევება, განუწყრა და წარავლინნა ერისთავნი მისნი და იძულებით კუალადვე მიაქცივნა მეგრელნი, და დამალნეს ჯუარნი და ხატნი. და შერისხნა მეფე ერისთავთა კლარჯეთისათა, რომელ მშვიდობით განუტევეს ანდრია მოციქული.
და ამისვე ადერკის მეფობასა გამოჩნდა კუალად მეფობა სპარსეთისა, რამეთუ, რათგან შესრულ იყო ალექსანდრე და განერყუნა სპარსეთი, აქა ჟამამდე არღარა დაჯდომილ იყო მეფე სპარსეთს, რამეთუ ადგილთა და ადგილთა იყვნეს ერისთავნი სპარსეთსა. მაშინ შეკრბეს ერისთავნი სპარსეთისანი და დასუეს მეფედ აჟღალან ბრძენი. მაშინ სომეხნი და ქართველნი იყვნეს მორჩილ აჟღალანის, სპარსთა მეფისა.
და ვიდრე ადერკის მეფობადმდე ერთი დაჯდის ქართველთა მეფედ, რაზომცა მრავალ იყვნიან შვილნი მეფეთანი. და ამას ადერკის ესხნეს ორ ძე, რომელთა განუყო ქალაქი მცხეთა და ქუეყანა მტკუარსა, შიდაქართლი, მცხეთა, მუხნარით კერძი ქალაქი და ყოველი ქართლი მტკუარსა ჩრდილოთ, ჰერეთითგან ვიდრე თავადმდე მტკუარისა და ეგრისისა, ესე მისცა ბარტომს, ძესა თვისსა, ხოლო არმაზით კერძი ქალაქი მტკუარსა სამხრით, ქართლი ხუნანითგან ვიდრე თავადმდე მტკუარისა, და კლარჯეთი, მისცა ქართამს, ძესა თვისსა.
და მოკუდა რა ადერკი, მეფობდეს შემდგომად მისა შვილნი მისნი.
ხოლო ამათსა მეფობასა ვესპასიანოს, ჰრომთა კეისარმან, წარმოტყუენა იერუსალემი, და მუნით ოტებულნი ჰურიანი მოვიდეს მცხეთას და დასხდეს ძუელადვე მოსრულთა ჰურიათა თანა, რომელთა თანა-ერთნეს შვილნი ბარაბასნი, რომელი ჯუარცუმასა უფლისასა განუტევეს ჰურიათა უფლისა ჩუენისა იესუს წილ.
ხოლო მო-რა-კუდეს ადერკის ძენი: ბარტომ და ქართამ, და მეფე იქმნნეს შემდგომად მათსა შვილნი მათნი: არმაზს – ფარსმან და შიდაქალაქსა – კაოს.
ხოლო ადერკისითგან ვიდრე აქამდე ესე მეფენი იყვნეს მორჩილებასა შინა სომეხთა, მეფისასა, და უმეტეს არმაზელნი მეფენი შეეწეოდიან სომეხთა ყოველთა მტერთა მათთა ზედა.
მაშინ მეფე იქმნა სომხითს დიდი იგი მეფე იარვანდ, და დაივიწყა მან კეთილი ქართველთა, ემძლავრა ფარსმანს არმაზელსა და მიუღო საზღვარსა ქართლისასა ქალაქი წუნდა და არტანი მტკუარადმდე. და დასხნა წუნდას შინა კაცნი მხეცნი, ნათესავნი დევთანი, და უწოდა სახელად ქაჯატუნი, რომელი-ესე ითარგმანების „დევთა სახლად“. და ვერ ძებნნეს მეფეთა ქართლისათა საზღვარნი, და მოკუდეს მწუხარებასა შინა დიდსა ფარსმან და კაოს. და დასხდეს შემდგომად მათსა შვილნი მათნი: არმაზს – აზორკ და შიდაქართლსა – არმაზელ.
იყვნეს კაცნი ესე მხნენი და შემმართებელნი, და შეითქუნეს ესენი და განიზრახეს ძიებად საზღვართა ქართლისათა. და მას ჟამსა მოკლა სუმბატ ბივრიტიანმან იარვანდ, სომეხთა იგი მეფე, და დასუა მეფედ ძმა იარვანდისივე, არტაშან.
მაშინ ამათ მეფეთა ქართლისათა – აზორკ და არმაზელ – მოუწოდეს ოვსთა და ლეკთა, და გარდამოიყვანნეს ოვსთა მეფენი, ძმანი ორნი – ბაზუკ და აბაზუკ – სპითა ოვსეთისათა, და მათ გარდამოიტანნეს თანა პაჭანიკნი და ჯიქნი, და გარდამოვიდა მეფე ლეკთა და გარდამოიტანნა დურძუკნი და დიდონი.
და ამათ მეფეთა ქართლისათა შემოიკრიბნეს სპანი თვისნი, და შეკრბა ესე ყოველი სიმრავლე ურიცხვი. და სიმარჯვით ფარულად შეკრბეს, ვიდრე შეკრბებოდეს სპანი სომეხთანი. და შევიდეს ესენი სომხითს და უგრძნულად წარმოსტყუენეს შირაკუანი და ვანანდი ბაგრევანადმდე და ბასიანამდე, და შეიქცეს და ჩატყუენეს დაშტი ვიდრე ნახჭევანამდე, და აღიღეს ტყუე და ნატყუენავი ურიცხვი, და აღივსნეს ყოვლითავე ხუასტაგითა და გამოვლეს გზა ფარისოსისა.
მაშინ სუმბატ ბივრიტიანმან მოუწოდა სპათა სომხითისათა, და შეკრბეს სომეხნი მსწრაფლ და დევნა უყვეს. ხოლო ესე ჩრდილონი ყოველნი განსრულ იყვნეს მტკუარსა და მისრულ იყვნეს კამბეჩოანსა, და დაებანაკა იორსა ზედა, და განიყოფდეს ტყუესა და ნატყუენავსა. მაშინ სუმბატ წარავლინა მოციქული და ჰრქუა: „რომელი აღგიღია ნატყუენავი სომხითით: პირუტყვი, ოქრო და ვეცხლი და ნაქსოვი, – ყოველი მიმინიჭებიეს თქუენდა. და რომელი დათხეულ არს სისხლი სომეხთა თქუენ მიერ, იგიცა უძიებელ იყოს თქუენ ზედა, გარნა რომელი აწვე გყავს კაცი ტყუედ, განუტ|ევეთ და წარვედით მშვიდობით განმდიდრებულნი“. ხოლო მათ პასუხ-უგეს ესრეთ, ვითარმედ: „არა სხუად შემოვედით სომხითს, არამედ ძიებად შენდა, და ვერ გპოვეთ შენ. ხოლო აწ მოვედ ჩუენდა და მიიღე ნაწილი შენი, და თუ არა, მოვიდეთ ჩუენ, სადაცა იყო, და ვერ განერე ხელთაგან ჩუენთა ცოცხალი“.
მაშინ სუმბატ ბივრიტიანმან განვლო მტკუარი, და ბაზოკ, ოვსთა მეფემან, სთხოვა მუქარა, მიუგზავნა მოციქული და სთხოვა თავის-თავ ბრძოლა.
ხოლო სუმბატ აღიჭურა და აღჯდა ვარსამატსა მისსა და განვიდა განწყობილთა შორის. და მუნით გამოხდა ბარზოკ, და აღიზახნეს ორთავე, და მიეტევნეს. და სცა სუმბატ ჰოროლნი სარტყელსა ზედა და განავლო ზურგით წყრთა ერთი, აღიღო ცხენისაგან და დასცა ქუეყანასა ზედა. მაშინ მიეტევა ამბაზუკ შუელად ძმისა თვისისა, და მოსწუადნა სუმბატ ჰოროლნი იგი და მიეგება და ეგრეთვე მასცა სცა და განავლო, და აღიღო და დასცა ქუეყანასა ზედა და თქუა: „ესე სომეხთა დედათა და მამათა და ყრმათა ჩვილთათვის, რომელნი თქუენ მოსრენით“.
მაშინ სპათა მათ ყოველთა – ოვსთა, ლეკთა და ქართველთა და ყოველთა მათ ჩრდილოთა ნათესავთა, – ერთპირად აღიზახნეს და თქუეს: „ვინაითგან მოკლნეს ძმანი ესე ორნი, თავნი გოლიათობისა ყოვლისანი, სიკუდილი ჩუენი არად შესარაცხელ არს“, და უფროსად განბოროტნეს და შეკრბეს ყოველნი სპასალარობასა ქუეშე არზოკ და არმაზელისსა, ქართველთა მეფეთასა, და ყოველნი მიეტევნეს სუმბატს და სპათა სომხითისათა.
მაშინ იქმნა ბრძოლა დიდძალი მათ შორის და განგრძელდა მათ შორის ბრძოლა სამ ჟამითგან ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. და მოსწყდა ორგნითვე ურიცხვი, და აღვიდა მტუერი და დღე ბნელ იქმნა, ვითარცა ღამე, და აღრეულ იქმნნეს ერთგან და ვერღარა იცნობდეს ერთმანერთსა მტუერისა მისგან.
მაშინ იძლია ბანაკი ჩრდილოსა სომეხთაგან, მეოტ იქმნნეს და დაიფანჩნეს ყოველნივე. მიუდგა სუმბატ მრავალგან მოწყლული, და სდევნა ღამემდის და მოსრნა ყოველნი ოვსნი და ლეკნი, რომელთაგან მცირედნი დაურჩეს. ხოლო ქართველნი უფრო დარჩეს სამეოტოთა გზათა მეცნიერებისაგან. და შემოიხუეწნეს ორნივე მეფენი ქართლისანი მცხეთას, მოწყლულნი.
მაშინ სუმბატ განმარჯუებული შემოვიდა ქართლად და მოაოხრა ქართლი, რომელი არღარა პოვა ციხეთა და ქალაქთა გარეგნით, არამედ ციხე-ქალაქთა არა ჰბრძოდა, რამეთუ არა მზად იყო მსწრაფლ გამოსლვისაგან. არამედ აღაშენა ციხე ქუეყანასა ოძრხისასა, რომელსა ეწოდებოდა სამცხე, ადგილსა, რომელსა ჰქვიან დემოთი, მოკიდებულად მთასა ღადოსასა, და დაუტევნა მას შინა ლაშქარნი შემწედ წუნდელთა, და ბრძოლად ოძრხელთა წარვიდა.
მეფენი ესე ქართლისანი, აზორკ და არმაზელ, სიფიცხლითა გულისა მათისათა არა შეუშინდეს, არამედ განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი მათნი, და განწირნეს ყოველნი ველნი ქართლისანი და არა დასცხრეს კირთებისაგან სომეხთა ზედა. და იწყეს ოვსთა ძებნა სისხლისა მათისა სომეხთა ზედა, გარდამოვიდეს ქართლად, დაემეგობრნეს ქართველთა, და მარადის ჰკირთებდეს სომეხთა.
და იყო ოძრხეს ქალაქსა შინა ერისთავი მეფისა არმაზელისი, აზნაურთაგანი. და იგი დადგრომილ იყო სარწმუნოებით ერთგულებასა ზედა არმაზელისსა, და მას შეეწევოდეს მეგრელნი. ხოლო წუნდელნი და დემოთელნი შეეწეოდეს ერთმანერთსა და დაუცხრომელად იბრძოდეს. და უფროსი ბრძოლა მათი იყვის მდინარესა ზედა, რომელსა ჰქვიან ნოსტე.
და იყო კლარჯეთს ერისთავი აზორკ მეფისა, აზნაურთაგანივე, და იგი ავნებდის საზღვართა სომხითისათა, ქუეყანასა პარხლისასა, რომელ არს ტაო. და ვერვინ შეუვიდოდა მავნე კლარჯეთს, რამეთუ შეუვალი და მაგარი იყო ტყითა და კლდითა. და მკვიდრნი კლარჯეთისანი იყვნეს მკვირცხლნი და მხნენიცა.
ხოლო თვით მეფენი ქართლისანი მცხეთით გაემართვოდიან სომხითს, გზასა აბოცისასა, და მარადის ესრეთ ჰკირთებდეს ქართველნი და ოვსნი.
მაშინ წარმოემართა ძალითა მისითა ყოვლითა არტაშან, მეფე სომეხთა, და სპასპეტი სუმბატ ბივრიტიანი. ხოლო ქართველთა განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი, და მოირთეს ძალი ოვსეთით და განავსნეს ციხენი და ქალაქნი.
და მოვიდეს სომეხნი, და დადგეს მცხეთას, და ჰბრძოდეს ხუთ თუ|ე, და დღეთა ყოველთა იყვის ბრძოლა ბუმბერეზთა.
მაშინ შესჭირდა ქართველთა და ოვსთა და ითხოვეს მშვიდობა, და აღუთქუეს მორჩილება და არღარა ძიება სისხლისა და ზღვარისა. მაშინ ისმინა სომეხთა მეფემან ვედრება მათი, ქმნეს ფიცი და აღთქუმა. და დაიმონნა იგინი, ქართველნი და ოვსნი, სომეხთა მეფემან და წარვიდა.
ხოლო გარდახდეს ამას შინა წელნი რაოდენნიმე და აღშენდა ქართლი, მოოხრებული სომეხთაგან. მაშინ უცალო იქმნნეს სომეხნი და იწყეს ბრძოლად სპარსთა და ბერძენთა.
და პოვეს მას შინა ჟამი მარჯუე ქართველთა და ოვსთა, იწყეს კირთებად სომეხთა, რამეთუ სპანი სომეხთანი ყოველნი და ორნი ძენი მეფისანი და სუმბატ იყვნეს ბრძოლად სპარსთა.
და ვითარცა განამრავლეს ქართველთა და ოვსთა ვნება სომეხთა, მაშინ არტაშან მეფემან შეკრიბნა სპანი, რომელნი შინა დარჩომოდეს, და მისცნა ძესა თვისსა ზარენს, და წარმოგზავნნა ქართველთა ზედა და ოვსთა.
ხოლო შეკრბეს ქართველნი და ოვსნი, და მიეგებნეს ქუეყანასა ჯავახეთისასა, ეწყვნეს და სძლიეს ქართველთა და ოვსთა და აოტეს ზარენ, ძე სომეხთა მეფისა, და მოსრეს სპა მისი ყოველი, და სდევნეს საზღვარამდე სომხითისა, ქუეყანასა პარხრისასა, რომელ არს ტაო, მიეწივნეს ზარენს ძესა მეფისასა და შეიპყრეს ზარენ, ძე მეფისა, ტბისა მის პირსა, რომელსა ცელი სახელ-ედების, და უკმოიყვანეს.
ხოლო ოვსთა ჰნებვიდა მოკლვა ზარენისი სისხლისათვის მეფეთა მათთასა, არამედ ქართველთა დაიცვეს ცოცხლებით ძიებისათვის საზღვართა მათთასა, და დასუეს პყრობილად ციხესა დარიალანისასა, და ვერ ძებნეს სომეხთა, რამეთუ უცალო იქმნნეს სპარსთაგან.
მაშინ წელსა მესამესა, მოვიდა სუმბატ ბივრიტიანი და ძენი მეფისანი – არტავაზ და ტიგრან – ყოვლითა სპითა სომხითისათა. მაშინ ქართლისა მეფეთა უბრძანეს ქუეყანასა მათსა შევლტოლა ციხეთა და ქალაქთა და მთიულეთთა, და განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი. ხოლო მოვიდეს სომეხნი და დადგეს თრიალეთს. აღდგეს მათ შორის მოციქულნი და დაიზავნეს. მისცეს ქართველთა ძე მეფისა შეპყრობილი და აღუთქუეს შეწევნა ესრეთ, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე აღდგეს მტერი თქუენ ზედა და მოღმართ გბრძოდის, ჩუენ, ორნივე მეფენი, თავითა ჩუენითა და სპითა ჩუენითა თანამდგომ და შემწე გექმნნეთ. და უკუეთუ კუალად მიღმართ ვისმე ჰბრძოდით, ათას-ათასითა მხედრითა ჭურვილითა შეგეწეოდით. და ვქმნეთ ქალაქსა ამას ჩუენსა ქართველთასა დრამა არტაშან მეფისა ხატითა“.
და ამისთვისცა უკ-მოსცეს სომეხთა საზღვარი ქართლისა: ქალაქი წუნდა და ციხე დემოთისა, ჯავახეთი და არტანი. და მიერითგან იქმნნეს მოყუარე სომეხნი და ქართველნი და ოვსნი, და სამნივე ერთობით ჰბრძოდეს მტერთა.
და აღესრულნეს აზორკ და არმაზელ, ნუგეშინისცემულნი დიდად, რამეთუ სიმხნითა მათითა უკუ-მოიხუნეს საზღვარნი ქართლისანი. და შემდგომად მათსა მეფობდეს შვილნი მათნი: არმაზს ამაზასპ და შიდაქალაქსა – დეროკ.
და შემდგომად მათსა მეფ|ობდეს შვილნი მათნი: არმაზს – ფარსმან ქველი და შიდაქალაქსა – მირდატ.
ხოლო აქამომდე ესე მეფენი ყოველნი ორ-ორნი იყვნეს მოყურობასა ზედა ერთგან და მტერობასა ვისსამე ზედა. მაშინ ამან მირდატ, ქართველმან მეფემან, მოიყვანა ცოლი სპარსი, ნათესავი მეფეთა, და წუევითა სპარსთა თა მტერ ექმნა ფარსმან ქველსა არმაზელისა, და მოხადა მირდატ სახლსა შინა თვისსა ფარსმან ქველსა რეცა მიჯლიშად და განცხრომად. რომელი-ესე აუწყა ვინმე ფარსმანს და განაკრძალა, ხოლო იგი არღარა მივიდა.
მიერითგან იქმნნეს იგინი მტერ ურთიერთას, და მირდატს შეეწეოდეს სპარსნი, ხოლო ფარსმანს – სომეხნი. და ესე მირდატ იყო კაცი ურვილი და მესისხლე, ხოლო ფარსმან ქველი კაცი უხუად მიმნიჭებელი და კეთილი და შემნდობელი; ჰასაკითა შუენიერი, ტანითა დიდი და ძლიერი, მხნე მხედარი და შემმართებელი ბრძოლასა, უშიში, ვითარცა უხორცო და ყოვლითავე უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართლისათა, რომელნი გარდაცვალებულ იყვნეს უწინარეს მისსა, რომლისათვისცა უყუარდა ესე მირდატის კერძთაცა ქართველთა და სძულდა მირდატ მესისხლეობისა და მედგრობისა მისისათვის. და გამოერთნეს უმრავლესნი მირდატის კერძნიცა. ემძლავრა ფარსმან ქველი და აოტა, და წარვიდა მირდატ სპარსეთს.
ხოლო იყო მაშინ სპასპეტი ფარსმან ქველისა, ეგრეთვე ქველი და გოლიათი, სახელით ფარნავაზ. ესე ფარნავაზ ძუძუსმტე იყო ფარსმან ქველისა, სარწმუნო, და ერთგული. და იგი დაადგინა შიდაქალაქსა, ადგილსა მირდატისსა. და ყოვლადვე იყვის ფარნავაზ სპასპეტი ქალაქსა შინა, ხოლო მეფე ფარსმან იარებოდის და განაგებდის სამეფოსა მათსა.
მაშინ მირდატ გამოიყვანნა სპარსნი, სპანი ძლიერნი, და მოჰმართა ფარსმანს, ხოლო ფარსმან შემოკრიბნა სპანი ქართლისანი და მოირთო ძალი სომხითით და მიეგება იწროთა რკინისხევისათა. და იწყეს ბრძოლად ბუმბერეზთა დღეთა მრავალთა და, რომელი გამოჩნდის ბუმბერეზი სპარსთა შორის მძლედ ბუმბერეზთა ზედა ქართლისა და სომხითისათა, მას ზედა განვიდის თვით ფარსმან მეფე, ანუ სპასპეტი მისი ფარნავაზ, და ესრეთ აჯობიან და სძლიან. ხოლო მოკლა ფარსმან აჩვიდმეტი ბუმბერეზი სპარსთა, ხოლო სპასპეტმან ფარნავაზ მოკლა ბუმბერეზი ოცდასამი.
მაშინ იყო სპარსთა შორის კაცი ერთი გოლიათი, სახელით ჯუანშერ, რომელი ლომსა ხელითა შეიპყრობდა. და მან სთხოვა ბრძოლა მეფესა ფარსმანს. ხოლო ფარსმან ქველი სიხარულით აღიჭურა და განვიდა. და აღიზახნეს ორთავე ხმითა სასტიკითა და მიეტევნეს ურთიერთას, და იწყეს ბრძოლა ხმლითა. და ჟამი ბრძოლისა მათისა ემსგავსა ჟამსა ქუხილისა და ტეხისასა. აჯობა ფარსმან, ჩამოაგდო და მოკლა, და მიიქცა სპისა მისისა კერძო და ხმა-ყო ხმითა დიდითა: „აჰა, ლომნო მძვინვარენო, ცხოვარნი დასეტყვილნი!“
მაშინ მიეტევნეს ქართველნი და სომეხნი სპარსთა ზედა, აოტნეს და მოსწყვიდნეს, და ტყუე ყვნეს ურიცხუნი, და მირდატ წარვიდა სპარსეთადვე.
და წელსა მეორესა კუალად მოვიდა მირდატ სპითა უძლიერესითა, ხოლო ფარსმან ქველმან შემოიკრიბნა სპანი თვისნი, მხედარნი და ქუეითნი, და დადგა მცხეთას ქალაქსა შინა, რამეთუ არა ჰყვეს სპანი მირდატის სპათა ოდენნი. მოვიდა მირდატ და დადგა ჯაჭუს, და ეგრეთ ყოველთა დღეთა იბრძოდიან ბუმბერეზნი. და ბრძოლასა მას შინა მოკლა ფარსმან მეფემან თავისთავ ათორმეტი ბუმბერეზი, ხოლო სპასპეტმან ფარნავაზ – ათექუსმეტი.
მაშინ სიფიცხლითა გულისა თვისისათა ფარსმან, მეფემან ქველმან, არღარა განახა სიმრავლე სპარსთა, არამედ განვიდა ჟამსა განთიადისასა სპითა თვისითა, და დაესხა. და მოსცა სუემან მისმან ძლევა, აოტა ბანაკი მათი და მოსწყვიდა ურიცხვი. და წარვიდა მირდატ მეოტი სპარსეთადვე.
და ამიერითგან განითქუა სახელი ფარსმან ქველისა და სპასპეტისა მისისა ფარნავაზისი. და წინამძღუარ ექმნა იგი სპათა ქართლისა და სომხითისათა, და იწყ|ო ბრძოლად სპარსთა და შესლვად სპარსეთს, და ვერღარა ოდეს ვინ წინა-აღუდგა ფარსმან ქველსა.
მაშინ სპარსთა გება ყვეს მარჯუე ესე: რამეთუ მოიყვანეს მზარაული ერთი, და აღუთქუეს მას კეთილი დიდი, და ჰრქუეს: „წარვედ და შეეწყნარე ფარსმან ქველსა, და წარიტანე შენ თანა წამალი სასიკუდინე და შეუზავე საჭმელსა თანა მისსა და შეაჭამე მას“.
ხოლო წარმოვიდა მზარეული იგი და ყო ეგრეთ, ვითარცა ემცნო სპარსთა მათ, და ესრეთ მოკლა ფარსმან მეფე ქველი. მაშინ იქმნა გლოვა და ტირილი და ტყება ყოველთა ზედა ქართველთა წარჩინებულითგან ვიდრე გლახაკადმდე.
და იტყებდეს ყოველნი თავთა თვისთა ყოველთა შინა ქალაქთა და დაბნებთა, რამეთუ დასხიან მგოსანნი გლოვისანი, და შეკრბიან ყოველნი, და იხსენებდიან სიქველესა და სიმხნესა და სიშუენიერესა და სახიერებასა ფარსმან ქველისასა და იტყოდეს ესრეთ: „ვახ ჩუენდა, რამეთუ მოგვიძინა სიკუდილმან ბოროტმან და მეფე ჩუენი, რომლისაგან ხსნილ ვიყვენით მონებისაგან მტერთასა, მოიკლა იგი კაცთაგან მგრძნებავთა. და აწ მივეცენით წარტყუენვად ნათესავთა უცხოთა“.
მაშინ გამოვიდეს სპარსნი და გამოიტანეს თანა მირდატ, და დაიპყრეს ქართლი, და მისცეს მირდატს ნაწილი მისი, ხოლო ნაწილი ფარსმანისი თვით დაიჭირეს, და დაუტევეს ერისთავი არმაზს.
ხოლო ფარნავაზ სპასპეტმან წარიყვანა ცოლი და ძე მეფისა ფარსმანისი, ივლტოდა და მივიდა სომხითს, რამეთუ სომეხთა მეფისა ასული იყო ცოლი იგი ფარსმანისი.
და დაიპყრეს ქართლი მირდატ და ერისთავმან სპარსთამან. ხოლო მეგრელნი აგნეს ერთგულებასა ფარსმანის ძისასა.
ხოლო მას ჟამსა შინა მოყუარე იქმნნეს ურთიერთას სომეხნი და ბერძენნი. მაშინ სომეხთა მეფემან მოირთო ძალი საბერძნეთით, და წარმოემართნეს ბრძოლად სპარსთა, და მეგრელნი მიერთნეს ქართველთა, და შეკრბა სიმრავლე დიდი.
მაშინ მირდატ და ერისთავმან სპარსთამან მოირთეს ძალი სპარსთაგან, ხოლო სომეხნი და ბერძენნი და მეგრელნი შთავიდეს შიდა ქართლს, და მუნ მიეგებნეს ქართველნი და სპარსნი მდინარესა ზედა, რომელსა ჰქვიან ლიახვი. და მუნ იქმნა ბრძოლა მათ შორის ადგილსა, რომელსა ეწოდების რეხი. და მოსწყდა ორგნითვე ურიცხვი, იძლივნეს სპარსნი და ქართველნი, მოკლეს მირდატ და ერისთავი სპარსთა, და მოსრნეს სპანი მათნი, და დასუეს მეფედ ძე ფარსმან ქველისა, სახელით ადამი.
და იმეფა რა სამ წელ, და მოკუდა, და დარჩა ძე მისი ერთისა წლისა ყრმა და ვიდრე აღიზარდებოდა ყრმა იგი, მეფობდა დედა ადამისი, ცოლი ფარსმან ქველისა, სახელით ღადანა. და ვითარ აღიზარდა ძისწული ფარსმან ქველისა, მეფე იქმნა ამაზასპ.
და მეფობდა იგი, და მისა შემდგომად მეფე იქმნა ძე მისი, ამაზასპ.
და იყო ესე ამაზასპ კაცი ძლიერი, დიდი და გოლიათი, მიმსგავსებული ფარსმან ქველისავე. და ამისსა მეფობასა შინა გარდამოვიდეს ოვსნი, დიდნი სპანი, გზასა დვალეთისასა. ხოლო ვერ ცნა ამაზასპ მეფემან გარდამოსლვა ოვსთა ვიდრე გარდამოსლვამდე მთისა.
და მოვიდეს რა ოვსნი იგი, დადგეს ლიახუსა ზედა რვა დღე განსუენებად, და არასადა განვიდა მარბიელი, რამეთუ ქალაქსა მცხეთისასა შემუსრვად მოსრულ იყვნეს.
მაშინ მოუწოდა ამაზასპ ყოველთა ერისთავთა ქართლისათა, და მოვიდეს ერისთავნი აღმოსავალისანი: ერისთავი კახეთისა, ერისთავი ხუნანისა, და ერისთავი სამშვილდისა, და შემოკრბეს მხედარნი სპასპეტისანი. ვიდრე მოსლვადმდე დასავლეთისა ერისთვისა, მოვიდეს ოვსნი ჩრდილო სა კართა ქალაქისათა, რომელ არს მუხნარი.
მაშინ ამაზასპ მეფემან განავსნა ციხენი და კარნი მცხეთისანი ლაშქრითა. და იყო სიმრავლე ქუეითთა მცხეთელთა, რომელნი კართა და ზღუდეთა სცვიდეს მათგან კიდე, რომელნი გარე მეომრად განვიდოდეს, ოცდაათი ათასი ქუეითი ყოვლადვე, და მაშინ სხუა, რომელი ჰყვა მხედარი, – ათი ათასი.
და განვიდა ამაზასპ და განაწესნა ქუეითნი იგი არაგუსა იმიერ და ამიერ სიმაგრეთა შინა კართასა. ხოლო მხედრითა ლაშქრითა განვიდა ადგილსა, რომელსა ჰქვიან საფურცლე, და აღიღო ზურგად ქალაქი და ქუეითნი იგი, რომელნი დაედგინნეს კართა მათ შინა.
და იწყეს ბრძოლად ბუმბერეზთა. და განვიდა ამაზასპ მშვილდითა და იწყო ბრძოლად გულითა ფიცხელითა და მკლავითა ძლიერითა, ეზომ შორით ისროდა, რომელ დამართებითა მდგომთა ოვსთაგან არა შეეტყობოდა, და არცა ინახვოდა სიშორითა, თუ ყოვლად აქუს მშვილდი. და მან ჰკრის ისარი, რომელსა ვერ დაუდგის სიმაგრემან საჭურველისამან. და მას დღესა მოკლა ამაზასპ თავისთავით ათხუთმეტი რჩეული და ცხენი მრავალი. და სხუათაცა ბუმბერეზთა ამაზასპისთა მოკლნეს ბუმბერეზნი მრავალნი ოვსთანი და დასდვეს დიდი ვნება ოვსთა ზედა.
მას დღესა შემოვიდა ამაზასპ მხედრითა ქალაქად, ხოლო ქუეითნი იგი დგეს ადგილსავე თვისსა, კართა შინა. და ღამესა მას მოემატნეს მხედარნი, რომელნი ვერ მოეტანნეს თანა ერისთავთა მათ სისწრაფითა.
და ვითარ განთენდა, განვიდა შემდგომად ამაზასპ მუნვე, და აღიხუნა ოროლნი, და გამოვიდა ოვსთაგან კაცი ერთი, სახელით ხუანხუა; ურჩეულესი სპათაგან ოვსთასა. აღიზახნეს ორთავე და მიეტევნეს ურთიერთას, და პირველსავე მისლვასა სცა ოროლნი ამაზასპ და განავლნა ზურგით და მოკლა იგი, და აღმოიხადა ხრმალი და მიეტევა სხუათაცა ბუმბერეზთა, და მოკლნა სხუანი. შემოიქცა და შემოვიდა ქალაქად მხედრებითურთ, და დადგეს ქუეითნი მუნვე, კართა შინა, და მასვე ღამესა კუალად მოემატნეს მხედარნი. ხოლო განიზრახა დასხმა ოვსთა, და განვიდა და დაესხა ოვსთა განთიადისა ჟამსა მხედრითა და ქუეითითა ყოვლითა, სძლია და აოტა ბანაკი მათი და მოკლა მეფე ოვსთა და მოსრა ყოველი სიმრავლე მათი.
და წელსა მეორესა მოირთო ძალი სომხითით, და შეიკრიბნა სპანი მისნი ყოველნი და გარდავიდა ოვსეთს და ვერვინ წინააღუდგა. და მოტყუენა ოვსეთი, და მოვიდა შინა განმარჯუებული.
და შემდგომად ამისა შეექმნა სილაღე და იწყო მესისხლეობად, და მოსწყვიდნა მრავალნი წარჩინებულნი. და ამისთვის მოიძულა იგი ერმან ქართლისამან, და მტერ ექმნა იგი სომეხთა და შეიყუარნა სპარსნი.
მაშინ განდგეს ერისთავნი დასავლეთისანი ხუთნი: ორნი ერისთავნი ეგრისისანი, ერთი ოძრხისა, ერთი კლარჯეთისა და ერთი წუნდისა. ეზრახნეს ესენი სომეხთა მეფესა და ითხოვეს ძე მისი მეფედ, რამეთუ დისწული იყო ამაზასპისი.
მაშინ სომეხთა მეფე ძალითა მრავლითა წარმოემართა ქართლად და მოირთო ძალი საბერძნეთითცა, და ეზრახნეს ოვსთაცა. ხოლო ო|ვსნი სიხარულით წარმოვიდეს, რამეთუ მესისხლე იყო ამაზასპ მათი, და გარდამოვლეს გზა თაკუერისა და მოვიდეს ერისთავთა თანა მეგრელთასა.
მაშინ ამაზასპ მოუწოდა სპარსთა, და მოვიდეს სპანი ძლიერნი, და შეკრიბნა ქართველნიცა, რომელნი დარჩომოდეს. მაშინ ოვსთა და მეგრელთა გარდამოვლეს მთა მცირე, და შეკრბეს იგინი და ერისთავნი ქართლისანი განდგომილნი, და მოვიდეს ესე ყოველნი წინაშე სომეხთა მეფისა.
ხოლო წარმოემართა ამაზასპ, და მოეგება იგი გუთისხევს და არავინ იპოვა ეგეოდენთა სპათა შინა ბერძენთა და სომეხთა, ოვსთა და მეგრელთა და ქართველთა მარტოდ მბრძოლი, ამაზასპისი, არამედ ეწყვნეს ურთიერთას სპანი იგი, და იქმნა ბრძოლა მათ შორის. იძლია ამაზასპ, და ივლტოდა სპა მისი. დაიპყრეს ქართლი და მოკლეს ამაზასპ, და მოსრეს სპა მისი. და დაუტევა სომეხთა მეფემან ძე თვისი მეფედ ქართლსა, სახელით რევ, დისწული ამაზასპისი.
და ამან რევ მოიყვანა ცოლი საბერძნეთით, ასული ლოღოთეთისი, სახელით სეფელია. და ამან სეფელია მოიღო თანა კერპი, სახელით აფროდიტოს, და აღმართა თავსა ზედა მცხეთისასა.
ესე რევ მეფე დაღაცათუ იყო წარმართი, არამედ იყო მოწყალე და შემწე ყოველთა ჭირვეულთა, რამეთუ სმენილ იყო მისდა სახარება უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი და აქუნდა რამე სიყუარული ქრისტესი.
და მან მეფობასა შინა მისსა არღარავის უტევა ქართლსა შინა ყრმათა კლვა, რომელსა-იგი ამისა უწინარეს და პირველ კერპთა მიმართ შესწირვიდეს მსხუერპლად ყრმათა, არამედ ცხოვრისა და ძროხისა შეწირვა განუწესა. ამისთვის ეწოდა მას რევ მართალი. და მოკუდა რევ, მეფე იქმნა ძე მისი ვაჩე.
და შემდგომად ამისა მეფე იქმნა ძე ვაჩესი ბაკურ.
და შემდგომად ბაკურისა მეფობდა ძე ბაკურისი, მირდატ.
და შემდგომად მირდატისა მეფობდა ძე მისი, ასფაგურ.
და ამან ასფაგურ აღაშენა ციხე-ქალაქი უჯარმა. ხოლო ალექსანდრეს მეფობითგან ესე ყოველნი მეფენი მეფობდეს ქართლს და იყვნეს კერპთმსახურ. და ესე ასფაგურ იყო უკანასკნელი მეფე ფარნავაზიანთა ნათესავისა.
და ამის ზე მეფე იქმნა სპარსეთს ქასრე ანუშირვან სასანიანი, რომელმან მოსრნა მეფენი აჟღალანიანნი, რომელ იცნობების არდაშირობით, ვითარცა წერილ არს ცხორებასა სპარსთასა.
ხოლო სომხითს მეფე იქმნა კოსაროს. და მან კოსაროს, სომეხთა მეფემან, უწყო ბრძოლად ქასრე მეფესა სპარსთასა, და შეეწეოდა მას ასფაგურ, მეფე ქართველთა. და ამან ასფაგურ განუხუნის კარნი კავკასიანთანი, და გამოიყვანნის ოვსნი, ლეკნი და ხაზარნი და მივიდის კოსაროს მეფისა თანა სომეხთასა ბრძოლად სპარსთა. და პირველსავე შესლვასა სპარსეთად ეწყო რა მეფე სპარსთა, აოტეს იგი და მოსრეს სპა მისი კოსაროს და ასფაგურ სპითა მათითა. და მიერითგან ვერღარა წანა-აღუდგა ამათ მეფე იგი სპარსთა. და განამრავლეს შესლვა სპარსეთად და ტყუენვა სპარსეთისა. ხოლო დაესრულნეს მეფენი ქართლისანი ფარნავაზიანნი.
თ ა ვ ი მესამე
ქართლს შემოსლვა სპართა და მეფობა მირიანისი
ხოლო ვითარ იოტეს სომეხთა და ქართველთა და ჩრდილოს ნათესავთა მეფე სპარსთა და განამრავლეს შესლვა სპარსეთს და ოხრება მისი, და ვერღარაოდეს წინა-აღუდგა სპარსთა მეფე, მაშინ მეფემან სპარსთამან, მწუხარებითა შეპყრობილმან, მოუწოდა მთავართა სოფლებისათა, პიტიახშთა და ერისთავთა სოფლებისათა, და ყო განზრახვა და ეძიებდა ღონესა ბოროტისა მის მოწევნულისასა. და აღუთქუმიდა ნიჭსა დიდსა და პატივსა, რომელმან უძლოს და უძიოს ღონე შურისგებისა. ხოლო იყო კრებულსა მას შორის წარჩინებული მთავარი, სახელით ანაკ, ნათესავისაგან კოსაროს სომეხთა მეფისა. აღდგა იგი, წარმოდგა და თქუა: „ოტებულ არს სპა ჩუენი კოსაროს სომეხთა მეფისაგან, აწყუედილ არიან მხედარნი ჩუენნი, და დასდებია შიში და ძრწოლა მათი სპარსთა ზედა, და განძლიერებულ არიან იგინი, და ვერ ძალ-გვიც წინააღდგომად მათდა. და აწ ესე არს განზრახვა ჩემი, რათა მშვიდობითა და ვედრებითა და ხარკისა მიცემითა დავამშვიდოთ კოსაროს მეფე“.
ხოლო ესე, რომელ თქუა ანაკ, არა გულითა თქუა, არამედ სიმრავლესა მას უფარვიდა გულისა მისისა განზრახვასა, მიეახლა მეფესა და ჰრქუა თვისაგან, ვითარმედ: „არა ესე არს განზრახვა ჩემი, რომელ ვთქუ, არამედ ღირს-მყავ მარტოდ შენ წინაშე ზრახვად, და ვაუწყო მეფობასა შენსა გულისა ჩემისა განზრახვა“. მაშინ წარჩინებულთა მათ იზრახეს თვის-თვისად წინაშე მეფისა და წარვიდეს.
და შემდგომად მისაღა მოუწოდა ფარულად მეფემან ანაკს, და ჰრქუა მეფესა ანაკ: „ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე, მე გიძიო ღონე შურისგებისა კოსაროს ზედა ესრეთ, რათა წარვიდე მე მის თანა დედა-წულითურთ ჩემით, და მომენდობის იგი ნათესავობისათვის. და სუემან შენმან მოავლინოს კეთილად, მოვკლა მეფე იგი და დავდვა თავი ჩემი შენთვის“. სთნდა განზრახვა ესე მეფესა.
და მოკლეთა დღეთა წარმოვიდა ანაკ და ძმა მისი დედა-წულითურთ რეცა განდგომილად სპარსთა მეფისაგან და მოვიდა საზღვართა სომხითისათა, ქალაქსა, რომელსა სახელ-ედების ხიხალა, საზამთროთა ადგილთა სომეხთა მეფისათა.
ხოლო იხილა რა მეფემან კოსაროს, დიდითა პატივითა შეიწყნარა იგი, რამეთუ ყოვლითავე სიმარჯვითა მოსლვასა მისსა აჩუენებდა სარწმუნოდ, და ხედვიდა მეფე ყოველთა სახლეულთა მისთა მის მიმართ. მაშინ მისცა მეფემან პატივი, მეორედ მისა საყდარსა აღიყვანა.
სიხარულით და განსუენებით დაყვნეს რა დღენი ზამთრისანი, და მოიწივნეს დღენი ზაფხულისა არისანი, და განდიდნეს მდინარენი, წარვიდა მუნით მეფე და მოვიდა ქალაქსა არარატსა და განმზადებულ იყო კოსაროს მეფე შესლვად სპარსეთად.
მაშინ დღესა ერთსა განვიდა მეფე ნადირობად, და განჰყვეს ანაკ და ძმა მისი და იპყრნეს მახვილნი ლესულნი ფარულად საწვიმარსა ქუეშე სტოედსა, და პოვეს ჟამი და მოკლეს მეფე და ივლტოდეს. ხოლო დევნა უყვეს მთავართა სომხითისათა, და მოუსწრეს ვიეთმე ხიდსა ზედა და რომელთამე – ფონსა ზედა, და მოსრნეს იწროსა მას შინა ყოვლით ნათესავით მისითურთ. და ვერღარა წარვიდეს თვინიერ მათსა. ხოლო დაშთეს ორნი შვილნი მათნი და განარინეს მამამძუძეთა მათთა, რამეთუ წარიყვანა ერთმან საბერძნეთს, ხოლო მეორემან – საზღვართა სპარსეთისათა.
და ვითარცა ესმა ჰამბავი ესე სპარსთა მეფესა ქასრეს სასანიანსა, აღივსო სიხარულითა და წარმოემართა ყოვლითა ძალითა თვისითა და მოვიდა პირველად სომხითს და დაიპყრა სომხითი, მოსრა და ტყუე-ყო ყოველი ნათესავი სომეხთა მეფისა, ხოლო ერთი ძე კოსაროს მეფისა, ყრმა მცირე, შეივლტოდა საზღვართა საბერძნეთისათა, სახელით თრდატ, და იზარდებოდა მუნ.
მაშინ ვითარცა დაიპყრა სომხითი სპარსთა მეფემან, და შემოვიდა ქართლად. და წარვიდა ასფაგურ, ქართველთა მეფე, ოვსეთს, რათამცა მოიმატნა ოვსეთით სპანი და განამაგრნა ციხე-ქალაქნი. ხოლო რაჟამს შევიდა ასფაგურ ოვსეთს, ეწია სიკუდილი და მოკუდა მუნ.
და არა ესუა ამას ასფაგურს ძე, არამედ ესუა ასული ერთი. მაშინ შეკრბეს ერისთავნი ყოველნი ქართლისანი მცხეთას ქალაქსა შინა სპასპეტისა თანა, რომელსა ეწოდებოდა სახელად მაიჟან, ზრახვა-ყვეს სავსეთა მწუხარებითა და თქუეს: „არა ვაუფლოთ გულთა შინა ჩუენთა მწუხარება, რათა არა მოგუეღოს გონიერება, გარნა ვიძიოთ ღონე ჭირთა და განსაცდელთა ჩუენთათვის“. მაშინ თქუა მაიჟან სპასპეტმან: „უკუეთუმცა იყო ჩუენ თანა ძალი ეზომი, რომელ ჩუენმცა მეასედთა სპარსთა შევესწორებოდეთ, და-მცა-ვსხენით თავნი ჩუენნი სიკუდილად და წინა-აღუდეგით მათ, და თუმცა დარჩომილ იყო მკვიდრი მეფობისა ჩუენისა, ანუმცა ნათესავი მეფეთა ჩუენთა, რომელიმცა ღირს იყო მეფობასა, დავდეგითმცა ციხე-ქალაქთა შინა, და-მცა-ვსხენით თავნი ჩუენნი სიკუდილად, და ვჭამეთმცა ხორცი კაცისა, ვითარცა პირველ მამათა ჩუენთა, არამედ ჟამსა მოწევნადსა ესრეთ მოუვლენიეს, რამეთუ სპარსთაგან მოიკლა დიდი იგი მეფე სომხითისა, და წაღებულ არს სომხითი, რომელსა ეკიდა სამეფო ჩუენი, და აღუღია პირი მისი სპარსთა მეფესა შთანთქმად ყოვლისა ქუეყანისა. და არავინ არს ჩუენ თანა წინააღმდგომი მისი, და დარჩომილ არს ერი ჩუენი ობლად, ვითარცა ცხოვარნი უმწყემსონი. ხოლო აწ ესე არს განზრახვა ჩუენი, რათა მივეგებოდით წინა მეფესა ჩუენსა და ვევედრნეთ, რათა შეჰრთოს ცოლად ძესა მისსა ასული ასფაგურ მეფისა ჩუენისა, და ვაუწყოთ ქალისა მის ნათესაობა ნებროთიანთა და დიდებულთა არშაკუნიანთა და მეფეთა ჩუენთა ფარნავაზიანთა, და ვითხოვოთ მისგან დამჭირვა სჯულსა ზედა მამათა ჩუენთასა და არა აღრევა ჩუენ თანა სპარსთა და წარჩინებულად პყრობა ჩუენი. და ნუუკუე შეიწყნაროს ვედრება ესე ჩუენი და ყოს ესე ყოველი ჩუენ ზედა. ხოლო უკუეთუ სჯულსა მამათა ჩუენთასა მიგვიღებდეს და ჩუენ ზედა სპარსთა წარჩინებულ-ჰყოფდეს და ნათესავსა მეფეთა ჩუენთასა აღმოსწყუედდეს, სიკუდილი უმჯობეს არს თავთა ჩუენთათვის, ვიდრე მოწევნა ამისი ჩუენ ზედა. არამედ დავსხნეთ თავნი ჩუენნი ცი|ხეთა და ქალაქთა შინა და მოვსწყდეთ ყოველნი“.
მაშინ სთნდა განზრახვა ესე მაიჟან სპასპეტისა ერისთავთა მათ და წარგზავნეს მოციქული წინაშე სპარსთა მეფისა და მოახსენეს ესე ყოველი, რომელი განეზრახა.
ხოლო გამოიკითხა სპარსთა მეფემან პირველად ქალაქისა მცხეთისა, და უთხრეს სივრცე და სიგრძე მისი და მახლობელობა ხაზართა და ოვსთა. და კუალად გამოიკითხა გუარ-ნათესავობა ასფაგურის ასულისა, და აუწყეს ნათესაობა ნებროთიანთა და არშაკუნიანთა და ფარნავაზიანთა, რომელი-ესე კეთილად სთნდა სპარსთა მეფესა და შეიწყნარა ვედრება იგი ქართველთა, რამეთუ თვითცა უმჯობესად და უკეთესად გამოირჩია მცხეთას დასუმა ძისა მისისა მეფედ. რამეთუ ყოველთა ქალაქთა სომხითისა და ქართლისა, რანისა და მისკერძოსა ყოვლისა უფროსად და უმაგრესად გამოარჩია, და მახლობელად ჩრდილოთა მტერთა რათა ჰბრძოდის მუნით და იპყრობდეს ყოველთა კავკასიანთა. აღუსრულა ყოველი სათხოველი ქართველთა და მისცა ყოველსა ზედა ფიცი და აღთქუმა, და მოვიდა მცხეთას. და მიეგება მაიჟან სპასპეტი და ყოველნი ერისთავნი ქართლისანი.
მაშინ მოიყვანეს ასული ასფაგურ მეფისა, სახელით აბეშურა, და შეჰრთო იგი ძესა თვისსა სპარსთა მეფემან, რომელი-იგი თანა ჰყვა წლისა შვიდისა, შობილი მხევლისაგან თვისისა, რომელსა სახელ-ედებოდა სპარსულად მიჰრან, ქართულად მირიან.
ესე მირიან იგი არს, რომელმან ჟამსა სიბერისა მისისასა იცნა ღმერთი დამბადებელი და შეიწყნარა სახარება მოციქულთა წმიდისა ნინოს მიერ და იქმნა აღმსარებელ სამებისა და თაყუანისმცემელ ჯუარისა პატიოსნისა.
ხოლო აწ ვახსენოთ ცხოვრება მირიანისი, ძისა ქასრე არდაშირისი.
და ვითარცა შეიწყნარა მეფემან ქასრე ვედრება ქართველთა, და შეჰრთო ძესა მისსა, მირიანს, ასული ქართველთა მეფისა და მისცა მეფედ. და დასუა მცხეთას და მისცა ქართლი, სომხითი, რანი და მოვაკანი და ჰერეთი.
და იყო მირიან მაშინ წლისა შვიდისა, და თანა ჰყვა მაშინ მეფესა დედა მირიანისი, და არა დაუტევა იგი მირიანის თანა, რამეთუ ფრიად უყუარდა დედა იგი მირიანისი, ვითარცა თავი თვისი. არამედ დაუტევა მამამძუძედ და განმგებელად წარჩინებული ერთი, სახელით მირვანოზ. და დაუტევა ორმეოცი ათასი მხედარი სპარსი რჩეული. და არა დასხნა ქართლისა საზღვარსა სპარსნი იგი ფიცისა მისთვის, რომელ ჰფუცა ქართველთა, არამედ დასხნა ჰერეთს და მოვაკანს და სომხითს. ხოლო უბრძანა მირვანოზს, რათა სპარსთა მათგან რჩეული შვიდი ათასი ყოვლადვე ქალაქსა შინა იპყრას მცველად ძისა მისისა. და ესრეთ დაეზავა ქართველთა, რათა კარნი, ციხენი და ქალაქნი ყოველნი იპყრნეს ლაშქრითა სპარსითა, და სხუა სიმრავლე სპარსთა არა იყოს ქუეყანასა შინა ქართლისასა აღრეულად.
„და იყოს შვილი ესე ჩემი ორსავე სჯულსა ზედა: მამათა ჩუენთასა – ცეცხლისმსახურებასა და თქუენთასა – კერპთასა“. რამეთუ პირველ ამას ზედა მოეცა ფიცი.
და წარვიდა მეფე და აღიხუნა და დაიმორჩილნა ყოველნი ხევნი კავკასიანთანი, და დასხნა ყოველგან მთავარნი, და უბრძანა მათ ყოველთა, რათა იყვნენ მორჩილ ძისა მისისა მირიანის, და უბრძანა მირიანს, ძესა თვისსა, და მირვანოზს, მამამძუძესა მირიანისსა, რათა ჰბრძოდიან ხაზართა, და წარვიდა თვით სპარსეთადვე. ხოლო ამან მირვანოზ, მამამძუძემან მირიანისმან, ჰმატა ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა და უმეტეს ყოველთასა მოამტკიცნა ზღუდენი ქალაქისა ნეკრესისანი.
და აღიზარდა მირიან მსახურებასა მას შინა შვიდთა მათ კერპთასა და ცეცხლისასა. ხოლო შეიყუარნა ქართველნი, და დაივიწყა ენა სპარსული და ისწავა ქართული, და ჰმატა შემკობა კერპთა და ბომონთა. და კეთილად იპ|ყრნა ქურუმნი კერპთანი და ყოველთა მეფეთა ქართლისათა უმეტეს აღასრულებდა მსახურებასა მათ კერპთასა, და შეამკო საფლავი ფარნავაზისი. ხოლო ესე ყოველი ქმნა სათნოებისათვის ქართველთასა, და კეთილად იპყრნა ქართველნი ნიჭითა და ყოვლითავე დიდებითა. შეიყუარეს იგი ქართველთა უმეტეს ყოველთა მეფეთასა. და მეფობდა ესრეთ მირიან მცხეთითგან აღმართ ქართლს, სომხითს, რანს, ჰერეთს, მოვაკანს და ეგრისს.
ხოლო იქმნა რა მირიან წლისა ათხუთმეტისა, მოუკუდა ცოლი, ასული ქართველთა მეფისა, და დაესრულა ამას ზედა მეფობა და დედოფლობა ფარნავაზიანთა მეფეთა.
და დიდად მწუხარე იქმნნეს ყოველნივე ქართველნი სიკუდილსა დედოფლისა მათისასა, არამედ დაადგრეს ერთგულებასა ზედა მირიანისსა, რამეთუ არღარა ვინ იყო ყოვლადვე ნათესავი ფარნავაზიანთა, რათამცა ღირს ქმნილ იყო იგი მეფობასა ქართველთასა. და ესრეთ შეიტკბეს ამის მიზეზისათვის მეფობა მირიანისი მათ ზედა.
ხოლო მირიან მეფემან უფროსადღა ჰმატა კეთილისყოფასა ქართველთასა, და მოიყვანა ცოლი საბერძნეთით, პონტოით, ასული ოლიღოტოსისი, სახელით ნანა. იწყო ბრძოლად ხაზართა და ჰბრძოდა იგი მარადის. ხოლო განდგომილ იქმნნიან ოდესმე მირიანისგან ლეკნი და მათ გამოიყვანიან რა ხაზარნი თანაშემწედ მათდა, მიეგების მათ წინა მირიან ჰერეთს ანუ მოვაკანს, და მუნ ეწყვის მათ. და ოდესმე დუ|რძუკთა და დიდოთა მოირთნიან და გამოიყვანნიან ხაზარნი, და ეწყვის რა, ყოვლადვე სძლის მირიან ხაზართა. და ესრეთ მრავალგზის ყო წყობა ხაზართა. და უფროსი ლაშქრობა მისი იყვის დარუბანდს, რამეთუ მოვიდიან ხაზარნი და მოადგიან დარუბანდს, რათამცა წარვლეს და განაღეს კარი ფართო, და მუნით იწყესმცა განსლვა სპარსთა ზედა. ხოლო ოდეს მოვიდიან ხაზარნი დარუბანდს, მაშინ წარვიდის და შეეწიის მირიან დარუბანდს, და ოდესმე უჰომრად მიჰრიდიან ხაზართა მათ მირიანს, და ოდესმე ბრძოლითა აოტნის.
ხოლო ვითარ იქმნა მირიან წლისა ორმეოცისა, მაშინ მოკუდა მამა მირიანისი, მეფე სპარსთა, და დაჯდა შემდგომად მისა მეფედ სპარსთა ძმა მირიანისი უმრწემესი, სახელით ბარტამ.
და ვითარცა ესმა ესე მირიანს, მოუწოდა ყოველთა სპათა მისთა, შეკრიბნა და წარემართა ბაღდადს, რათამცა დაჯდა საყდართა მამისა მისისათა. მაშინ ძმამანცა მისმან შეკრიბნა სპანი ურიცხუნი და მიეგება ბრძოლად ხევსა ზედა ნასიბინისასა.
და ვითარცა იხილეს მოხუცებულთა და მარზაპანთა სპარსეთისათა, ვითარმედ მახვილი დაეცემის ურთიერთას, აღდგეს მათ შორის მოციქულად და ბჭედ, და დასჯერდეს ორნივე მეფენი ბჭობასა მათსა. და დასხდეს რა ბჭობად, მაშინ მირიან იტყოდა ესრეთ სარჩლად: „შვილი პირმშო მე ვარო მამისა ჩემისა, და საუფლისწულოდ ებოძნეს ქუეყანანი უცხონი, მკლავითა წარხმულნი, და მუნ დღენი ჩემნი მრავალნი ბრძოლასა შინა დამიყოფიან ხაზართასა, და მრავალგზის სისხლითა ჩემითა დამიცავს სპარსეთი ხაზართაგან. და ამისთვის ჩემი არს საყდარი მამისა ჩემისა“.
ხოლო ბარტამ იტყოდა ამას ესრეთ, ვითარმედ: „თუცა პირმშო მირიან არს, არამედ ნაშობი არს მხევლისა, და ნაშობსა მხევლისასა ეყოფის სუედ, რომელ მას მიხუდომიან სამეფონი. ხოლო მე ნაშობი ვარ ჰინდოთა მეფისა ასულისა და სპარსთა დედოფლისა. და მოგისმენია ანდერძი მამისა ჩემისა და მოგინახავს, რომელ ხელითა მისითა დამადგა გვირგვინი თავსა ჩემსა“.
ხოლო მათ განბჭეს და მისცეს მეფობა სპარსეთისა ბარტამს, ხოლო მირიანს მისცეს ბარტამისგან გულისსადებად ჯაზირეთი და ნახევარი შამისი და ადარბადაგანი. და ესე ყოველი ქართლს, სომხითს, რანს და ჰერეთს და მოვაკანს ზედა მოურთეს, და წარმოვიდა მირიან.
ხოლო ვიდრეღა ჯერეთ მუნვე ყოფასა შინა მირიანისსა გარდამოვლეს ოვსთა ფეროშ და კავტია და განრყუნეს ქართლი. ხოლო მირიან გარესგარ გარდავიდა ოვსეთს, მოტყუენა ოვსეთი და მიიწია ხაზარეთამდე, რამეთუ გარდამოვლო გზა დვალეთისა და მოვიდა შინა.
და შემდგომად ამისა რაოდენთამე წელიწადთა ჩუეულებისაებრ მოვიდეს ხაზარნი ბრძოლად დარუბანდისა. და ვიდრე იგი მუნ იყო წყობად ხაზართა, მაშინ უკუე მეფე გუთთა სპითა ურიცხვითა შევიდა საბერძნეთს, ხოლო მეფე ბერძენთა შეკრბა სპითა დიდითა და წინა-აღუდგა. მაშინ მეფემან გუთთამან სთხოვა თავისთავ ბრძოლა კეისარსა, და ვერ ძალ-ედვა კეისარსა ბრძოლა მისი, არამედ იყო ძე კოსაროს სომეხთა მეფისა, სახელით თრდატ, რომელი ზემოცა ვასენეთ და აღზრდილ იყო იგი საბერძნეთს, და იყო იგი გოლიათი. და მას ჟამსა დახუედრებულ იქმნა იგი სპასა მას თანა ბერძენთასა. და გამოარჩიეს იგი ყო|ველთა მათ სპათა ბერძენთა და შემოსეს იგი შესამოსელითა და საჭურველითა კეისრისათა, და სახედ კეისრისა გაუგზავნეს ბრძოლად მეფესა მას გუთთასა. და გამო-რა-ვიდა მუნით მეფე გუთთა, მიეტევნეს ურთიერთას ბრძოლად. და სძლო თრდატ და ხელად შეიპყრა, და იოტეს ბანაკი გუთთა. ხოლო კეისარმან მისცნა სპანი თრდატს და გამოგზავნა სომხითს, მამულსა თვისსა, და გამო-რა-ვიდეს სომხითს, გამოასხნეს სპარსნი, ერისთავნი მირიანისნი.
მაშინ მირიან შეიქცა წყობისა მისგან ხაზართასა და მოიყვანა სპარსეთით თვის-ტომი მისი, ნათესავი მეფეთა, სახელით ფეროზ. და ამან ფეროზ მოიტანა თანა სპა დიდი. და მისცა მირიან ასული თვისი ფეროზს ცოლად და მისცა ქუეყანა ხუნანითგან ბარდავამდე, მტკუარსა ორივე კერძი, და დაადგინა იგი ერისთავად მუნ. სხუაცა ძალი მოირთო სპარსეთით და უწყო ბრძოლა თრდატს. ხოლო ოდეს მოირთის ძალი თრდატ საბერძნეთით და მომართის მირიანს, და მას ვერ ძალ-ედვის წინააღდგომად, განამაგრნის ციხენი და ქალაქნი, და მოვლის თრდატ ქუეყანა მირიანისი. და ოდეს განძლიერდის მირიან სპარსეთით, მაშინ ვერ წინა-აღუდგის თრდატ და მოვლის მირიან სომხითი. და ესრეთ დაუცხრომელად იყვის შფოთი მათ შორის წელთა მრავალთა.
და არა ვინ იპოვა ოდეს სპარსთა შორის მარტოდ მბრძოლი თრდატისი. და სახელოვან იქმნა თრდატ ყოველსა ქუეყანასა ზედა და სძლო ყოვლადვე მბრძოლთა მისთა, ვითარცა წერილ არს ჰამბავი მისი ცხორებასა შინა სომხითისასა.
ხოლო ამისა შემდგომად მეფე იქმნა სპარსეთს მესამე ძმა მირიანისი და ბარტამისი, მოუვლინა მირიანს და ჰრქუა: „რათა შევკრბეთ და გარდავლოთ სომხითი და შევიდეთ საბერძნეთად“.
მაშინ გამოვიდა სპარსთა მეფე და მიეგება მირიან და შეკრბა სიმრავლე ურიცხვი, ვითარცა თივანი ველთანი და ფურცელნი ხეთანი, სიმრავლითა, გარდავლეს სომხითი და ვერ წინააღუდგა თრდატ, არამედ განამაგრნა ციხე-ქალაქნი, და წარტყუენეს სომხითი და შევიდეს საბერძნეთად, და ვერ წინააღუდგა მათ მეფე ბერძენთა კოსტანტინე, რომლისათვის შთავარდა დიდსა მწუხარებასა.
და ვითარ იწყეს მათ ტყუენვად საბერძნეთისა, მაშინ არწმუნეს მეფესა კოსტანტინეს კაცთა ვიეთმე ღმრთისმსახურთა და ჰრქუეს: „იხილე საკვირველება ქრისტესი და ძლევა მტერთა მოსავთა მისთაგან, ვითარ ყოველნი მოსავნი ქრისტესნი წარძღუანებითა ჯუარისათა სძლევენ მტერთა მათთა“.
ხოლო კოსტანტინე მეფემან ირწმუნა მათი, ვითარცა წერილ არს ესე განცხადებულად ცხორებასა ბერძენთასა. ნათელ-იღო კოსტანტინე და წარმოიძღუანა სახე ჯუარისა და ეწყო მტერთა, სპარსთა მათ ურიცხუთა, სპითა მცირითა, და ძალითა ქრისტესითა აოტა ბანაკი მათი, და მოსრა სიმრავლე მათი. და ივლტოდეს ორნივე იგი ძმანი მცირედითღა მხედრითა. და მიუდგა უკუანა კოსტანტინე, და შევიდა საზღვართა მათთა, და სპარსთა მეფე შევიდა სპარსეთად მეოტი, ხოლო მირიან დადგა ქართლად და განამაგრნა ციხე-ქალაქნი. უღონო იქმნა მირიან და შეეშინა ოტებისათვის ქართლით, რამეთუ მომწყდარ იყვნეს წყობასა მას შინა ყოველნი წარჩინებულნი მისნი, სპარსნი და ქართველნი. და ამისთვისცა წარგზავნა მოციქული წინაშე კოსტანტინე მეფისა და ითხოვა მისგან მშვიდობა, და აღუთქუა მას მსახურება და განდგომა სპარსთაგან და შედგომა მისდა, რომელი-ესე სთნდა კოსტანტინეს, რამეთუ შიში აქუნდა კუალადცა სპარსთა მეფისაგან, და თანაშემწეობისათვის დაეზავა მირიანს. და აღიყვანა შვილი მირიანისი მძევლად, სახელით ბაჰქარ, და მირიან და თრდატ ამზახნა ურთიერთას, რამეთუ მოსცა თრდატ ასული თვისი, სახელით სალომე, ცოლად ძესა მირიანისსა, რომელსა ეწოდა სახელად რევ, და უჩინა საზღვარი მირიანს და თრდატს ესრეთ: რომელთა ქუეყანათა მდინარენი დიან სამხრით და მიერთვიან რასსა, ესე ქუეყანანი თრდატის კერძად დაყარნა, და რომლისა ქუეყანისა მდინარენი ჩრდილოთ დიან და მიერთვიან მტკუარსა, ესე ქუეყანანი მირიანის კერძად დაყარნა. და ესე რა განუგო კოსტანტინე მეფემან და შუამდგომელ ექმნა მათ და წარვიდა თვისად სამეფოდ.
და მეფობდა მირიან ქართლს, რანს, ჰერეთს და მოვაკანს და აქუნდა ეგრისიცა ეგრისწყლამდე. და მისცა ძესა მისსა, რევს, საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი, და დასუა იგი უჯარმას. რევ და ცოლი მისი, სალომე, ასული თრდატისი, ცხოვნდებოდეს უჯარმას.
ხოლო ფეროზს, სიძესა მირიანისსა, აქუნდა ქუეყანა, რომელი ზემოთ ვახსენეთ, მიცემულად მირიანისგან, და იგი მუნ იყო ერისთავად.
მას ჟამსა მოსრულ იყო წმიდა და ნეტარი დედა და ემბაზი ჩუენი ნინო, და დაეყო მცხეთას შინა სამი წელი და განეცხადა ქადაგება ქრისტეს სჯულისა, და იქმოდა კურნებასა თვინიერ წამალთა ხმარებისა და ხმამაღლად იწყო ქადაგებად ქრისტეს სჯულისა, მჭეშმარიტისა მის ღმრთისა ჩუენისასა.
მოქცევა მირიან მეფისა და მის თანა ყოვლისა ქართლისა წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩუენისა ნინო მოციქულისა მიერ
პირველად უკუე ვახსენოთ ცხორება წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩუენისა და ყოვლისა ქართლისა განმანათლებელისა ნინო მოციქულისა, რომელი-ესე თვით მანვე ნეტარმან მოგვითხრა ჟამსა აღსრულებისა მისისასა, რომელი აღწერა მორწმუნემან დედოფალმან სალომე უჯარმელმან, ძის ცოლმან მირიან მეფისამან და ასულმან თრდატ მეფისამან.
და იყო მათ ჟამთა შინა, ოდეს წმიდა გიორგი კაბადუკიელი იწამა ქრისტესთვის, კაბადუკიას ქალაქსა კაცი ვინმე მთავართა შესაბამი, მონა ღმრთისა, სახელით ზაბილონ. და ესე წარვიდა ჰრომედ წინაშე მეფისა მსახურებად და ნიჭისა მოღებად მისგან.
და მათვე დღეთა შინა კაცი ვინმე იყო კოლასტრას შინა, და ესხნეს მას ორ შვილ: ძე და ასული, და სახელი ძისა მისისა – იობენალი, ხოლო ასულისა – სოსანა. და აღესრულნეს მეუღლენი იგი, და დარჩეს და-ძმანი იგი ობლად. და აღდგეს და წარვიდეს იგინი ქალაქად წმიდად იერუსალემად, და იმედ ყვეს იმედი იგი ყოველთა ქრისტიანეთა – წმიდა აღდგომა. და მიევედრნეს ესენი მუნ, ვინაცა ძმა ესე იობენალი მიემთხვია დევტალარობასა, ხოლო და იგი მისი სოსანა ჰმსახურებდა მიაფორსა სარა ბეთლემელსა. ხოლო ესე ჭაბუკი კაბადუკიელი, სახელით ზაბილონ, რომელი ვახსენეთ შესავალსავე, მიიწია ჰრომედ წინაშე მეფისა.
და აღდგომილ იყვნეს ბრანჯნი მას ჟამსა ბრძოლად ჰრომთა ველსა ზედა პიტალანისასა. და მოსცა უფალმან ძალი ზაბილონს, ჭაბუკსა მას კაბადუკიელსა, უძლეველი და ქმნა უზომო წინააღდგომა მტერთა მიმართ, და აოტნა ბრანჯნი იგი, და შეიპყრა მეფე ბრანჯთა და ყოველნი იგი მთავარნი მათნი, და მიიყვანნა იგინი წინაშე მეფისა. ხოლო მეფემან განაჩინა მათ ყოველთავე სიკუდილი. და მაშინ იწყეს ტირილად ბრანჯთა მათ, ევედრებოდეს ზაბილონს და ეტყოდეს, ვითარმედ: „პირველად უკუე მოგუეც სჯული თქუენი და შეგვიყვანენ ტაძარსა ღმრთისა თქუენისასა, და მაშინღა იყავნ სიკუდილი ჩუენი, რამეთუ შენ მიერ შეპყრობილ ვართ, და შენვე ყავ ესე ჩუენ ზედა, და უბრალო იქმნე სისხლისაგან ჩუენისა, ახოვანო“.
ხოლო ზაბილონს ვითარცა ესმა ესე, მსწრაფლ აუწყა მეფესა და პატრიაქსა სიტყუა ესე. და მოსცეს ნათელი ხელსა ქუეშე ზაბილონისსა, და შეიყვანნეს ტაძარსა შინა უფლისასა, და აზიარნეს საიდუმლოთა, ხორცსა და სისხლსა ქრისტესსა, და უჩუე|ნნეს მათ დიდებანი იგი წმიდათა მოციქულთანი. და შემდგომად ამისა აღიმსთუეს განთიად ბრანჯთა მათ და შეიმოსეს სამოსელი სამკუდრო, და განვიდეს ადგილსა მას კაცის სამკლველოსა და სისხლის დასათხეველსა, და ჰმადლობდეს ღმერთსა ნათლის-ღებისათვის და ზიარებისა, რომელი მიიღეს მათ, და იტყოდეს ესრეთ, ვითარმედ: „ჩუენ სიკუდილსა ამას შინა უკუდავ ვართ, რამეთუ ღირს გუყვნა ღმერთმან ესევითარსა დიდებასა ხილვად და მიღებად საგზალსა მას დაულევნელსა – ხორცსა და სისხლსა ქრისტეს, ღმრთისა უკუდავისასა, რომელი უმაღლეს არს ყოველთა მაღალთა და უქუესკნელეს ყოველთა უფსკრულთა, ქუესკნელთა, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე. ხოლო ვაი ნაშობთა ჩუენთა, ნაყოფთა სიმწარისათა და მკვიდრთა ბნელისათა“, და ხმობდეს: „მოვედინ მეხრმლე ეგე და აღახუენინ თავნი ჩუენნი ჩუენგან!“
ხოლო ამას ხედვიდა რა ზაბილონ, აღიძრა გონებითა და ტიროდა მწარედ, რამეთუ, ვითარცა ცხოვართა, თავნი მათნი წარკუეთად მოედრიკნეს და მოსიკუდიდ მიეპყრნეს, და ვითარცა კრავთა, შვილთა მათთა საწყალობელად იგლოვდეს.
მაშინ მოწყალექმნული მათთვის შევიდა ზაბილონ წინაშე მეფისა, გამოითხოვნა იგინი მეფისაგან, და ნიჭითა განუტევნა. ხოლო იგინი ევედრებოდეს ზაბილონს, რათა წარჰყვეს იგი ქუეყანასა მათსა და მისცეს სჯული ქრისტესი და ნათლისღება წყლითა ყოველსა ერსა მათსა.
ხოლო მან ისმინა ვედრება მათი და მოითხოვა მღდელნი პატრიაქისაგან. და ბრძანება მოიღო მეფისაგან; და წარვიდეს სიხარულით. და ვითარ მიეახლნეს დღისა ერთისა სავალსა, მივიდა წინა ჰამბავი მათი, ვითარმედ მეფე ცოცხალი მოვალს და ყოველნი მთავარნი მის თანა. მაშინ შეიძრნეს ათნი საერისთვნი: ხოლამ და ხოზაბ, ხლაჭა და ხენეშგი, ტიმგარაგო, ზაქა, გზა, ზარგა, ზარდა, ზარმა და თმოგონი სამეფო.
და მიეგებოდეს მდინარესა ზედა დიდსა ღრმასა, და განყო მეფემან ერი იგი და დაადგინა წყალსა იმიერ და ამიერ, და აკურთხეს მღდელთა მათ მდინარე იგი. და შთავიდა ყოველი ერი იგი წყალსა მას, განიბანებოდეს და აღმოვიდოდეს აღმოსავალსა ერთსა, და დასდებდა ზაბილონ ხელსა თვისსა ყოველსა მას ერსა და იყო ათ დღე. მუნ ყოფასა მისსა მდინარესა მას ზედა აღჰმართნა კარავნი, და შეწირეს მღდელთა უსისხლო იგი მსხვერპლი, დაუტევნა მღდელნი და განუწესა ყოველი წესი ქრისტიანობისა. და ამისა შემდგომად იჯმნა მათგან, დაუტევა მშვიდობა და წარვიდა ნიჭითა დიდითა ჰრომედვე, და განიზრახა გონებასა თვისსა იერუსალემად წარსვლა.
და ვითარ მიიწია იერუსალემად, განუყო ყოველი იგი მონაგები თვისი გლახაკთა მცნებისათვის ღმრთისასა. და იხილა, რამეთუ პირველხსენებული იგი დევტალარი პატრიაქ ქმნილ იყო: და ფრიად დაიმეგობრნეს ურთიერთას ზაბილონ და პატრიაქი იგი.
მაშინ ჰრქუა სარა მიაფორმან პატრიაქსა ესრეთ, ვითარმედ: „ესე ზაბილონ, მამა და ემბაზი ბრანჯთა, კაცი სრული სიბრძნითა და ღმრთისმოშიშობითა არს ყოვლადვე, და მიეც და შენი სოსანა ცოლად მისდა“. ვინაცა სთნდა წმიდასა პატრიაქსა განზრახვა ესე სარა მიაფორისა, და მისცა სოსანა ცოლად ზაბილონს და წარვიდა თვისად ქალაქად კოლასტრად.
და ესე წმიდა ნინო, მოძღუარი ქართლისა, მათგან იშვა ოდენ მხოლოდ, თვინიერ სხვისა შვილისა. და აღზარდა დედამან მისმან სოსანა მსახურებასა მას შინა გლახაკთასა. ხოლო ვითარ იქმნა ნინო წლისა ათორმეტისა, მაშინ განყიდეს მშობელთა მისთა ყოველი, რაცა აქუნდა, და წარვიდეს იერუსალემად.
ხოლო მი-რა-იწივნეს იერუსალემად, მას ჟამსა ზაბილონ დაიწერა ჯუარი პატრიაქისაგან და იჯმნა ცოლისაგან თვისისა, და შეიტკბო მკერდსა თვისსა ასული თვისი, წმიდა ესე ნინო, დაალტო პირი ნინოსი ნაკადულითა ცრემლთათა, რომელნი-იგი გარდამოსთხივნა თუალთაგან თვისთა, და რქუა: „შენ, მხოლოო ასულო ჩემო, ესერა, დაგიტეობ ობლად ჩემგან და მიგითუალავ მამასა ზეცათასა და ყოველთა მზრდელსა ღმერთსა, რამეთუ იგი არს მამა ობოლთა და მსაჯული ქურივთა, და ნუ გეშინინ შენ, შვილო ჩემო! ხოლო შენ მარიამ მაგდანელისა შური აღიღე ქრისტეს სიყუარულისათვის და დათა მათ ლაზარესთა. და უკუეთუ შენ ეგრეთ შეიყუარო იგი, ვითარცა მათ შეიყუარეს, მან ეგრეთვე მოგცეს შენ ყოველივე, რაცა ითხოვო მისგან“. ხოლო ესე რა თქუა, დაუტევა ამბორისყოფა საუკუნო და წარვიდა წიაღ იორდანესა, კაცთა მათ თანა ველურქმნილთა და კაცთაგან განშორებელთა, რომლისა-იგი სადა ყოფა უწყის ღმერთმან, ყოვლისა მეცნიერმან და დამბადებელმან. ხოლო დედა იგი ნინოსი მისცა პატრიაქმან მსახურად გლახაკთა, დედათა უძლურთა.
წმიდა ნინო ჰმსახურებდა მიაფორსა დვინელსა ორ წელ, და ჰკითხვიდა ყოვლადვე ვნებათა მათთვის ქრისტესთა, ჯუარცუმისა, დაფლვისა და აღდგომისა მისისა და სამოსლისა მის და ტილოთა და სუდარისა და ჯუარისა და სხვისა ყოვლისავე, შემდგომითი შემდგომად გამოეძიებდა, რამეთუ არა ვინ ყოფილ იყო და არცა ვინ იყო შორის იერუსალემისა სწორ მისა მეცნიერებითა სჯულისა გზასა, ძუელსა და ახალსა, ყოველსავე ზედამიწევნით.
ხოლო იწყო უწყებად მისა: „ვხედავ, შვილო ჩემო, ძალსა შენსა, ვითარცა ძალსა ლომისა მდედრისასა, რომელი იზახებნ ყოველთა ზედა ოთხფეხთა, გინა ვითარცა ორბი დედალი, რომელი აღვიდის სიმაღლესა ჰაერთასა უფროს მამლისა და ყოველი ქუეყანა გუგასა შინა თუალისა მისისასა მცირისა მარგალიტისა სწორად შეაყენის და განიხილის და განიცადის საჭმელი მისი ცეცხლებრ, ხოლო იხილის რა, მიუტევნის ფრთენი და მიიწიის მის ზედა. ეგრეთვე სახედ იყოს ცხოვრება შენი წინამძღურებითა სულისა წმიდისათა.
ხოლო აწ ვიწყო და მიგითხრა შენვე, რამეთუ ოდეს-იგი იხილეს ღმერთი უკუდავი კაცთა მოკუდავთა ქუეყანასა ზედა, რომელი მოკუდა და მოსრულ იყო მოწოდებად წარმართთა, ვითარცა თვით ინება ხსნა სოფლისა, იწყო კეთილის-ყოფად ჰურიათა, მკუდართა აღდგინებად, ბრმათა ახილვად, სნეულთა განკურნებად, – რომელი-ესე შეიშურვეს, და შეიზრახნეს, და წარავლინეს სტრატიოტნი ყოველსა ქუეყანასა მსწრაფლ მოსლვად ჰურიათა და თქუეს, რამეთუ: აჰა ესერა, წარვწყმდებით, მოვედით და შემოკრბით ყოველნი!“
მაშინ მოიწივნეს ყოვლით ქუეყანით და სოფლით კაცნი ურიცხუნი, სწავლულნი და მეცნიერნი სჯულსა მოსესსა, რომელნი-იგი ანტ|აკრად წინა-აღუდგეს სულსა წმიდასა, და რაიგი ჯერ-იყო ყოფად ქრისტესა, მათ აღასრულეს: რამეთუ ჯუარს-აცუეს და სამოსელსა მისსა ზედა წილ-იგდეს, და მიეცა და ხუდა წილითა მით ჩრდილოელთა, მცხეთელთა მოქალაქეთა.
ხოლო დაფლეს მათ ჰურიათა ქრისტე, დაკრძალეს და დაბეჭდეს საფლავი მისი, არამედ იგი აღდგა, ვითარცა თქუა პირველად, და ტილონი იგი პოვნეს საფლავსა მას შინა ქრისტესსა განთიად. და მოვიდა პილატეცა და ცოლი პილატესი ქრისტეს საფლავად, და ტილონი იგი ვითარ პოვნეს, მოითხოვნა ცოლმან პილატესმან, და წარვიდა მსწრაფლ პონტოდ, სახლად თვისად, და იქმნა მორწმუნე ქრისტესი.
ხოლო შემდგომად ჟამთა რაოდენთამე მივიდეს ხელთა ლუკა მახარებლისათა ტილონი იგი, და დასხნა მან, სადაცა თვით იგი უწყის, ხოლო სუდარი არა იპოვა, დაღაცათუ თქუეს ვიეთმე პეტრესთვის, ვითარმედ ხელ-იწიფა ახუმადო, და აქუს მასო, არამედ განცხადებულად არა მიუთხრეს, ვითარ სხუა იგი. ხოლო ჯუარნი იგი ამასვე ქალაქსა შინა იერუსალემსა დამარხულ არიან, გარნა ადგილი მათი არა ვინ უწყის, და ოდეს ინებოს ღმერთმან, გამოჩნდენ იგინიცა.
ხოლო ვითარცა ესე ესმა წმიდასა ნინოს სარა მიაფორისაგან, მაშინ შეწირა ღმრთისა მადლობა და კურთხევა, და კუალად ჰკითხა მას, თუ სადა არს ჩრდილოსა იგი ქუეყანა, სადათ-იგი მოსრულთა მათ ჰურიათა წილ-ხუდა და წარიღეს სამოსელი იგი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი. მიუგო და ჰრქუა სარა მიაფორმან, ვითარმედ: „არს აღმოსავლეთით კერძო ქალაქი, რომელსა ჰრქვიან სახელად მცხეთა, და ქუეყანა ქართლისა და სომხითისა მთეულეთი, და საწარმართო არს იგი ჟამსა ამას და სახელმწიფო ბერძენთა და უჟიკთა“.
ხოლო მათ დღეთა შინა მოვიდა დედაკაცი ვინმე ეფესოთ, თაყუანისცემად წმიდისა აღდგომისა, და ჰკითხვიდა დედაკაცსა მას სარა მიაფორი, ვითარმედ: „ელენე დედოფალი ჯერეთცა ეგევითარსა ცთომასა და ბნელსა შინა არსა?“. ხოლო მან ჰრქუა ესრეთ, ვითარმედ: „ვარ მხევალი მათი და მახლობელი განზრახვასა მათსა ყოველსა, ცხადსა და დაფარულსა. და უწყი მე მისი, რამეთუ აქუს მას დიდი წადიერება ქრისტეს სჯულისა და ნათლისღებისათვის“.
ხოლო ესმა რა ესე დედაკაცისა მისგან წმიდასა ნინოს, ჰრქუა ნიაფორსა ესრეთ, ვითარმედ: „წარმგზავნე მე და მივიდე წინაშე დედოფლისა ელენესა, ნუუკუე მივეახლო სიტყვისგებად ქრისტესთვის წინაშე მისა“. ხოლო მიაფორმან აუწყა პატრიაქსა წადიერება ესე და საქმე ნინოსი. ხოლო დედისძმამან მოუწოდა წმიდასა ამას ნინოს, დისწულსა თვისსა, და დაადგინა იგი აღსავალსა წმიდისა საკურთხეველისასა, და დაასხნა ხელნი მისნი წმიდანი მხართა ზედა მისთა, სულთ-ითქუნა ცად მიმართ სიღრმით გულისა მისისათ და თქუა: „უფალო ღმერთო საუკუნეთაო, ხელთა შენთა შევჰვედრებ ობოლსა ამას შვილსა დისა ჩემისასა, და წარვავლინებ ქადაგებად ღმრთეებისა შენისა, რათა ახაროს აღდგომა შენი. სადაცა სათნო-იყო სრბა ამისი, ექმენ, ქრისტე ღმერთო, ამას მოგზაურ, ნავთსადგურ, მოძღუარ, ენამეცნიერ, ვითარცა უწინარეს ამისა მოშიშთა სახელისა შენისათა“.
და უჯმნა დედისაგან თვისისა ამბორის-ყოფითა განშორებისათა და გამოსახა მას ზედა სასწაული ჯუარისა. და ესრეთ ლოცვითა ღმრთისა მიმართ და კურთხევითა განუტევა წმიდა ნინო დედაკაცისა მის თანა, ეფესოთ მოსრულისა. და ვითარცა მიიწივნეს სამეფოს ჰრომს, სახიდ დედაკაცისა, რომლისა-იგი თანამოგზაურ იქმნა, იხილეს მუნ დედოფალი ვინმე და ტომი მეფეთა, სახელით რიფსიმე, და დედამძუძე მისი გაიანე, რომელნი-ესე იყოფოდეს მონასტერსა შინა ქალწულთასა, და ჰსუროდა ქრისტეს აღსარებისათვის და მომლოდე იყვნეს იერუსალემით ნათლისღებასა.
მაშინ დედაკაცმან მან წარუდგინა წმიდა ნინო და აუწყა საქმე მისი დედოფალსა რიფსიმეს, რომელი-იგი იხილა რა ქრისტეს მოყუარემან რიფსიმე, სიხარულით შეიტკბო და შეიწყნარა სახიდ თვისად წინაშე მისა წმიდა ნინო ხელთაგან მის დედაკაცისა თანამოგზაურისა.
და ესრეთ იყოფვოდა რა მის თანა წმიდა ნინო, მასვე შინა წელიწადსა ნათელ-იღო რიფსიმე, რომლისათვის-იგი სურვიელ იყო, და მის თანა გაიანეცა, დედამძუძემან მისმან, და სხუათა მათ სახლეულთა მისთა, რიცხვით ორმეოცდაათთა სულთა, ხელსა შინა წმიდისა ნინოსსა, და იყოფოდეს მონასტერსა შინა თვისსა და მათ თანა წმიდა ნინო ორ წელ.
მათ დღეთა შინა წარავლინა კეისარმან ძიებად ქალისა ქმნულკეთილისა და შუენიერისა, რათამცა უპოვეს ღირსი ცოლად მისა. და ვითარ მოიწინეს მეძიებელნი იგი მონასტერსა ქალწულთასა, და იხილეს და განიცადეს რიფსიმე, და ცნეს მეფეთა ნათესავობა მისი, რომლისა ფრიად სთნდა შუენიერება მისი, რომლისა ვერასადა ეხილვა მსგავსი ხილვითა და შუენიერებითა, და გამოსახეს სახე შუენიერებისა და ხატისა მისისა ფიცარსა ზედა, და წარგზავნეს წინაშე კეისრისა, რომელი იხილა კეისარმან, ფრიად სთნდა და სიხარულითა აღივსო და განაწესა აღსრულება ქორწილისა მრავლითა სიხარულითა, რომლისათვისცა მსწრაფლ წარავლინნა მოციქულნი და გამგებელნი ყოველთა შინა საბრძანებელთა მისთა, რათა ყოველნი დიდითა სიხარულითა მოვიდენ ბრძანებითა ამას ქორწილსა სამეუფოსა.
ხოლო იხილეს რა ყოვლად წმიდათა მათ დაფარული იგი მანქანება მტერისა და ისარნი მისნი განხურვებულნი, რომლითა-იგი ისწრაფდა სისრად წმიდათა ქრისტესთა, იურვოდეს, რამეთუ ჭური რისხვისა იპოვა მეფე. ვითარცა გუელი, სამოთხესა შინა მსახრვალ ექმნა, ეგრეთვე აქა მსგავსად მისა უსჯულო ესე, რომელსა აქუნდა შეგინებული თაყუანისცემა ბილწთა და შეგინებულთა კერპთა.
ხოლო იხილეს რა ნეტარმან რიფსიმე და გაიანე და სხუათა მათ წმიდათა დედათა განსაცდელი ესე მათ ზედა მოწევნულად, მაშინ მოიხსენეს მათ უბიწო იგი აღთქუმა და ღირსი ქებისა მარტოებით ცხორება, რომელსა-იგი იყვნეს განსწავლულ, და გოდებით ტიროდეს შესწავებისა მისთვის წინაშე მეფისა უსჯულოსა შუენიერებასა წმიდისა რიფსიმესსა, რომელი-იგი გამოხატვით წარგზავნეს, და მისცნეს თავნი თვისნი ფიცხელისა მოღუაწებისა კანონსა ლოცვითა და ვედრებითა ღმრთისათა, დაუცადებელითა და მხურვალითა. და ერთობით განზრახვითა ურთიერთას ყოველთავე დაუტევეს ქუეყანა იგი ფარულად ორმეოცდაათცამეტმან სულმან, და მოიწივნეს ლტოლვილნი არეთა და სანახებთა სომხითისათა, ადგილსა მას, რომელსა ჰრქვიან ახალქალაქი, უაღრეს შენებულსა, რომელ არს დვინი, საყოფელი სომეხთა მეფისა. და შევიდეს მუნ ტალავართა მათ შინა საწნეხელთასა, რომელნი-იგი იყვნეს შენებულ ჩრდილოთ კერძო და აღმოსავალით, და იზარდებოდეს მუნ შინა ხელითსაქმრისა თვისისა განვაჭრებითა.
ხოლო იხილა რა კეისარმან, რამეთუ განერნეს ხელთაგან მისთა და ტრფიალებისაგან მისისა ბოროტისა წმიდა რიფსიმე და სხუანი იგი მისთანანი, აღივსო უნუგეშინისცემოთა მწუხარებითა, და წარავლინნა კაცნი ყოველთა ადგილთა მოძიებად მათდა.
მაშინ მოიწივნეს მოციქულნი კეისრისანი წინაშე თრდატ სომეხთა მეფისა და მოართუეს წიგნი კეისრისა, რომელსა წერილ იყო ესრეთ: „თვითმპყრობელი კეისარი საყუარელსა ძმასა და მეგობარსა და თანამოსაყდრესა ჩემსა, თრდატს, გიკითხავ! უწყებულ იყავნ ძმობა შენი და თანაშემწეობა, რომლისათვის-იგი პირველად გუევნების შეცთომილისა მის ქრისტიანეთა ნათესავისაგან, რამეთუ ყოვლადვე შეურაცხ იქმნების ჩუენი უფლება მათისაგან კრებულისა, და საწუნელ არს ჩუენი ხელმწიფება მათგან, რამეთუ იგინი ჯუარცუმულსა ვისმე და მომკუდარსა ჰმსახურებენ, და ძელსა თაყუანის-სცემენ, და თავისა მათისა სიკუდილსა უფლისა მათისათვის დიდებად შეჰრაცხენ, და არა ეშინის ჰურიათაგან, და მოკლულისა მისგან ჰურიათასა და ჯუარცუმულისა ეშინის, და შეცთომილ არიან, მეფეთა აგინებენ, ღმერთთა შეურაცხ-ჰყოფენ, და ძალსაცა მზისა და მთოვარისასა და ვარსკულავთა ნათელსა არად შეჰრაცხენ, არამედ შექმნულად იტყვიან მათ ჯუარცუმულისა მის მიერ. და ესრეთ მიაქციეს ქუეყანა, ვიდრემდის მამანი დედათაგან და დედანი მამათაგან ცოცხლივ განაშორნეს, და დაღაცათუ დიდითა ქადებითა და ფრიადითა სატანჯველითა მოვსწყვიდნეთ, არამედ კულადცა უფროსად განმრავლდეს.
ხოლო აწ შემემთხვია ხილვა ნათესავისა მათისაგანისა, ქალისა ერთისა ჭაბუკისა, და განვიზრახე მოყვანება მისი ცოლად ჩემდა, ხოლო მას არცა ღათუ, ვითარცა მეფისა, ეთქუა გულმან მისმან სურვილად ჩემდა, არამედ საძულელად და არაწმიდად შემრაცხეს მე, რომელნიცა მეოტ იქმნნეს ფარულად ჩემგან და კერძოთა ქუეყანისა შენისათა წარმოსრულ არიან. უწყებულ იყავნ შენდა, ძმაო ჩემო, მოიძიენ იგინი, და ჰპოვნე რა მისთანანი იგი, სიკუდილითა მოაკუდინენ, ხოლო, რომელი-იგი მათ შეაცთუნეს, შუენიერი ხატითა, და სახელით რიფსიმე, ჩემდავე წარმოავლინე, და უკუეთუ შენ გთნდეს იგი, თავისა შენისათს იგულე, რამეთუ არა იპოვა სხუა  მსგავსი მისი იონთა სოფელსა შინა; და ცოცხლებითმცა იყოფვი შენ მსახურებასა შინა ღმერთთასა“.
ხოლო აღმოიკითხა რა თრდატ ბრძანება ესე კეისრისა, მყის იწყო მოსწრაფებით ძიება მათი, და პოვნა რა საწნეხელთა მათ შინა პირველხსენებულთა, და იხილა რიფსიმე, აღივსო ტრფიალებითა გულისთქუმისა თა და სიხარულითა დიდითა და დაამტკიცა მიყვანება მისი ცოლად მისდა. ხოლო ურჩ ექმნა რა თრდატს საქმისა ამისთვის წმიდა რიფსიმე, მაშინ იწამა იგი მის მიერ წამებისა ღუაწლითა, და მის თანა გაიანეცა, დედამძუძე იგი მისი, და სხუანი მრავალნი მათთანანი, ვითარცა-იგი წერილ არს წიგნსა მას წამებისა მათისასა, და გვეუწყებიან სასწაულნი იგი, რომელნი იქმნნეს ჟამსა წამებისა მათისასა, მოქცევასა შინა სომეხთასა, რამეთუ თრდატ მეფე განგებითა ღმრთისათა ეშუად შეიცვალა.
ხოლო რომელნიმე მათგანნი დაიმალნეს, და ივლტოდეს, რომელთა თანავე მაშინ ღირსი ნინო დამალულ იქმნა ეკალთა შორის ვარდისათა, რომელი-იგი ჯერეთ არღარა გამომღებელ ქმნილ იყო ყუავილისა.
და ესრეთ დამალულ რა იქმნა წმიდა ნინო, იხილა მუნით გამო სახითა მთავარდიაკონისათა შთამომავალი ზეცით ნათლისა ოლარითა მოსილი და მპყრობელი სასაკუმეველისა ხელთა მისთა, რომლისა კუამლისა სახე და სულნელება დაჰფარვიდა ცათა. და კუალად იყო მის თანა სიმრავლე ერთა ზეცისათა, რამეთუ მას ჟამსა განეყოფვოდეს ხორცთაგან სულნი წმიდათა მათ მოწამეთანი, რომელნი-იგი შეერთნეს ბრწყინვალეთა მათ ზეცისა ძალთა, და ესრეთ ცად მიმართ აღიწეოდა, რომელი-ესე იხილა რა ესრეთ წმიდამან ნინო, ღაღად-ყო: „უფალო, უფალო, რად დამიტეობ მე შორის ასპიტთა და იქედნეთა?“ მაშინ ხმა ესმა ზეგარდმო, რომელი ეტყოდა, ვითარმედ: „ესრეთვე იყოს შენიცა წარყვანება სასუფეველად წინაშე ღმრთისა ჟამსა, ოდეს-ეგე ეკალი, რომელ არს გარემოს შენსა, ყოველივე იქმნეს ვარდისფურცელი სულნელი, არამედ აღდეგ და ვიდოდე ჩრდილოთ კერძო, სადა-იგი ფრიად არს სამკალი, ხოლო მუშაკი – ყოვლად არა“.
ამისა შემდგომად წარმოვიდა მუნით წმიდა ნინო და მოვიდა ორბანთად, საზღვართავე სომხითისათა. და თუესა მეოთხესა მარტითგან, რომელ არს ივნისი, წარმოემართა და მოიწია მთათა ჯავახეთისათა, სადა-იგი მიემთხვია ტბასა დიდსა გარდამომდინარესა, რომელსა ეწოდების ფარავნა. ხოლო მიხედნა რა მუნით და იხილნა მთანი ჩრდილოსანი დღეთა მათ ზაფხულისათა სავსენი თოვლითა და ჰაერითა სასტიკითა, შეძრწუნდა წმიდა ნინო და თქუა: „უფალო, უფალო, მიიღე სული ჩემი ჩემგან“. და დაყო მუნ ორი დღე და ითხოვა საზრდელი მეთევზურთაგან, ტბასა მას შინა მონადირეთა სა. და მწყემსნიცა იყვნეს ადგილსა მასვე და ხუმილვიდეს რა სახუმილავსა ღამისასა სამწყსოსა ზედა მათსა, ხადოდეს იგინი შემწედ და მფარველად მათ და ღმერთთა მათთა: არმაზს და ზადენს, და აღუთქუმიდეს მათ შესაწირავსა, ოდეს მოვიდეთ წინაშე თქუენსა მშვიდობითო. და ამას იტყოდეს იგინი ენითა სომხურითა, რომელი-ესე ესწავლა მცირედ რამე ნინოსცა პირველვე მიაფორისა მისგან. და ჰკითხა ერთსა მწყემსთა მათგანსა და ჰრქუა ენითა სომხურითა, ვითარმედ: „რომლისა სოფლისანი ხართ“? ხოლო მან მიუგო და ჰრქუა, ვითარმედ: „ვართ ჩუენ დაბით ელარბინით და საფურცლით, და ქინძარელნი და რაბატელნი, და დიდისა ქალაქისა მცხეთისანი“. და ჰკითხა: „სადათ არს მცხეთა?“ ხოლო მან მიუგო, ვითარმედ: „გარდამდინარე ესე ტბისა თანა-წარვალს ქალაქსა მას მცხეთასა“.
ხოლო წმიდასა ნინოს შეუძნდა სიგრძე გზისა მის და სიბრტყე მთათა მათ, რომელი იხილა, და ამისთვის შეძრწუნებულმან სულთ-ითქუნა, დაიდვა ლოდი ერთი სასთუნალ და ესრეთ მიიძინა გარდასადინელსა მას ტბისასა. და ვითარ ეძინა, მოვიდა კაცი ერთი ჩუენებით, ჰასაკითა ზომიერი, ხოლო თმითა ნახევართმოსანი, და მისცა მან წიგნი დაბეჭდული წმიდასა ნინოს და ჰრქუა: „მიართუეს ესე მსწრაფლ ქალაქსა შინა მცხეთას მეფესა მას წარმართთასა“. ხოლო წმიდამან ნინო იწყო ტირილად და ჰრქუა მას ვედრებითა, ვითარმედ: „მე, უფალო, დედაკაცი ვარ უცხო და უმეცარი, არღა მრავლისა მეტყუელად მეცნიერ, ვითარ მივიდე უცხოსა ქუეყანასა და კაცთა მათ უცხოთესლთა“?
მაშინ კაცმან განუხსნა წიგნი იგი, რომელსა ზედა იყო ბეჭედი იესუ ქრისტესი, და წერილ იყვნეს მას შინა ათნი სიტყუანი მსგავსადვე ფიცართა მათ ქვისათა მოსეს ზე, და მისცა კითხვად წმიდასა ნინოს. და იყო დასაბამი სიტყუათა მათ ესე:
ა „სადაცა იქადაგოს სახარება ესე, მუნცა ითქმოდის დედაკაცი ესე“;
ბ „არცა დედაკაცება არს, არცა მამაკაცება, არამედ თქუენ ყოველნი ერთ ხართ“;
გ „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი, და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისა თა, ძისათა და სულისა წმიდისათა“;
დ „ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდება ერისა შენისა ისრაელისა“;
ე „სადაცა იქადაგოს სახარება ესე სასუფეველისა, მუნცა იქადაგოს ყოველსა სოფელსა“;
ვ „რომელმან თქუენ შეგიწყნარნეს, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი“;
ზ „რამეთუ ფრიად უყუარდა მარიამ უფალსა, რამეთუ მარადის ისმენდა მისსა სიბრძნესა ჭეშმარიტსა“;
ქ. „ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი თქუენნი, ხოლო სულისა ვერ შემძლებელ არიან მოწყუედად“;
თ „ჰრქუა მარიამს მაგდანელსა იესუ: „წარვედ, დედაკაცო, და უთხარ ძმათა ჩემთა“;
ი „სადაცა ჰქადაგებდეთ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“.
ვითარცა წარიკითხნა სიტყუანი ესე წმიდამან ნინო, იწყო ვედრებად ღმრთისა მიმართ და გულისხმა-ყო, ვითარმედ ზეცით იყო ჩუენება ესე, და აღიხილნა თუალნი ზეცად, და ითხოვა მაღალთა შინა დამკვიდრებულისა და ყოვლისა გარეშემცველისა ღმრთისაგან შეწევნა მისი. და წარემართა და მიჰყვა წიაღ კერძო მდინარისა მის, ტბისაგან გარდამომდინარისა, რომელი-იგი წარმდინარეობს დასავალით, მერმე კუალად იწყებს აღმოსავალით დინებასა, სადა-იგი შეემთხვია სიძნელესა გზათა და სიფიცხლე. შეეშინა მხეცთაგან და ნახნა ფრიადნი ჭირნი ვიდრე მიწევნადმდე ადგილსა მას, რომელსა იწყებს წყალი იგი აღმოსავალით დინებასა.
და მიერითგან იქმნა ლხინება მის თანა, რამეთუ პოვნა მუნ მოგზაურნი, რომელთა თანა მიიწია სანახებსა ქართლისასა, ქალაქსა მას, რომელსა ეწოდების ურბნისი, სადა-იგი იხილა ერი უცხო და უცხოთა ღმერთთა მსახური, რამეთუ თაყუანის-სცემდეს იგინი ღმერთად მათდა ცეცხლსა, ქვათა და ძელთა, რომლისათვისცა შეეურვა სულსა მის წმიდისასა. და შევიდა ბაგინსა ჰურიათასა, რათამცა ზრახვიდა მათ თანა ენითა ებრაულითა, რომელსა-იგიცა მეცნიერ იყო, და დაყვნა მუნ თვისა ერთისა დღენი, და განიცდიდა საქმესა და ძალსა მის ქუეყანისასა.
ხოლო აღიძრნეს დღესა შინა ერთსა ერნი დიდნი სიმრავლითა, მით ქალაქით წარმავალნი დიდად ქალაქად სამეუფოდ, მცხეთად, მოვაჭრებად სახმართა რათმე და ზორვად წინაშე არმაზ ღმრთისა მათისა.
და წარჰყვა წმიდა ნინო მათ თანავე. ხოლო ვითარ-იგი მიიწინეს ქალაქსა მცხეთას და დაისადგურეს მათ წიაღ მოგუთასა, ხიდსა მას ზედა, იხილა მუნ მოგუება ცეცხლისმსახურთა მათ ერთა და საცთური წმიდამან ნინო, და ტიროდა წარწყმედასა მას ზედა მათსა და ეგლოვდა უცხოებასა თვისსა.
და, აჰა ესერა, ხვალისა დღე იყო ხმა ოხრისა და საყვირისა, და ზარი საშინელი და გამოსლვა ერისა ურიცხვისა, ვითარცა ყუავილთა, უწინარეს ვიდრე შეძრვასა და გამოსლვასა მას მეფისასა.
და ვითარ-იგი მოიწია ჟამი, იყო სივლტოლა და მიმოდაბნევა ყოვლისა კაცისა, და შიშისაგან შეივლტოდეს და დაიმალვოდეს საფარველსა შინა თვისსა. და, აჰა, მყის გამოვიდა ნანა დედოფალი, და შემდგომად მისა გამოვიდა სიმრავლე ერისა ნელიად, და შეამკვნეს ყოველნი გზანი იგი და ფოლოცნი სამოსელთა მიერ თვითოფერთა და ფურცელთაგან ხეთასა. და მერმეღა გამოვიდა მეფე მირიან საზარელითა მით და თუალთშეუდგამითა ხილვითა. და ჰკითხა წმიდამან ნინო დედაკაცსა ვისმე ჰურიასა, ვითარმედ: „რა არს ესე?“ ხოლო მან ჰრქუა: „ღმერთი ღმერთთა მათთა არმაზ უწესს მათ წინაშე მისა აღსლვად, რომლისა მსგავსი არა არს სხუა კერპი“.
და ეუწყა რა წმიდასა ნინოს, აღვიდა ხილვად კერპისა მის არმაზისა ერისა მის თანა, რომლითა აღივსნეს მთანი იგი და განშუენდეს დროშათა მიერ და სამკაულთა, ვითარცა ყუავილნი ველისანი. და შეუსწრო წმიდამან ნინო ციხედ არმაზად, დადგა იგი მახლობელად კერპისა მის ნაპრალსა ზღუდისასა, და ხედვიდა საკვირველებასა მიუწუდომელსა და ენითა გამოუთქუმელსა, ვითარ-იგი იყო შიში და ძრწოლა ზარის აღსახდელი მეფეთა მათ და ყოვლისა ერისა წინაშე კერპთა მათ წარდგომილთა. რამეთუ იხილა მუნ წმიდამან ნინო მდგომარე კაცი ერთი სპილენძისა, რომელსა ეცუა ტანსა მისსა ჯაჭვი ოქროსა და თავსა მისსა ჩაფხუტი ოქროსა, სამხრენი და თუალნი მისნი იყვნეს ზურმუხტისა და ბივრიტისანი. და ეპყრა ხრმალი ხელსა მისსა ელვარე და ბრწყინვალე, რომელი-იგი იქცეოდა ხელსა შინა მისსა, და შიშითა მისისა მიმთხუევისა და სიკუდილისა მისმიერისა არავინ განუკრძალველად შეემთხუეოდის კერპსა მას, არამედ ესრეთ განიკითხის თავი თვისი და თქვის: „ჰოი ჩემდა, უკუეთუ და-სამე-ვაკლდი დიდებასა დიდისა ამის ღმრთისა არმაზისსა, ანუ შე-სამე-ვსცეთ სიტყუად ებრაელთა თანა, გინა მოგუთა თანა სმენასა ოდენ დამთხუეულ ვიყო, მზისა მსახურთასა, და მათსა, რომელნი-იგი იტყვიან უმეცრებით დიდსა ვისმე ღმერთსა და ძესა ღმრთისა ზეცათასა. და იპოოს რამე ჩემ შორის ესევითარი ბიწი, და მცეს მე მახვილი მისი, რომლისაგან ეშინის ყოველსა ქუეყანასა“. და ესრეთ, წინა სწარვე განკითხვითა თავთა თვისთათა, შიშით და ძრწოლით თაყუანის-სციან მას.
და კუალად იყო მარჯუენით მისა სხუა კერპი ოქროსა, სახითა კაცისათა მდგომარე, და სახელი მ|ისი გაცი, და მარცხენით მისა უდგა კაცი ვეცხლისა, და სახელი მისი გაიმ, რომელნი-იგი ღმრთად უჩნდეს ერსა მას ქართლისასა.
მაშინ, ვითარცა ესე იხილა ნეტარმან ნინო, იწყო სულთთქუმით და ცრემლით ტირილად ღმრთისა მიმართ ცთომათა მათთვის ქუეყანისა ჩრდილოსათა და მიფარვისა მისთვის მათგან ნათელისა და უფლებისა მათ ზედა ბნელისა, რამეთუ მიხედნა მეფეთა მათ დიდძალთა და ყოველთა მთავართა, რომელნი-იგი ცოცხლივ შთაენთქნეს ჯოჯოხეთსა, დაეტევა დამბადებელი, და ქვათა და ძელთა, სპილენძისა და რვალისა განჭედილსა, ღმერთად თაყუანის-სცემდეს, შემოქმედად იგინი უწყოდეს ყოვლისა. და მოეხსენა წმიდასა ნინოს მაშინ სიტყუა იგი, რომელი ამცნო დედისძმამან მისმან იობენალ, პატრიაქმან ღმრთისამან წმიდამან, ესრეთ, ვითარმედ: „ვითარცა მამაკაცსა სრულსა წარგავლინებ, და მიწევნად ხარ ქუეყანასა უცხოსა და ნათესავთა დგეველ, ზეფელ, ნარკადოველ, რომელ არს ბრანჯულად: „კაცთა ღმრთისმბრძოლთა და მხდომელთაო“.
და აღიხილნა ზეცად მიმართ და თქუა: „უფალო, მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს მტერნი შენნი, და მრავლითა სულგრძელებითა შენითა იქმან გონებად მოსრულსა მათსა ყოველსა მტუერებრ და ნაცრებრ განქარვებადნი ესე ქუეყანასა ზედა, არამედ ნუ უგულებელს-ჰყოფ, რომელი შექმნეს ხელთა შენთა კაცი ხატად შენდა, და რომლისათვის ერთი სამებისაგანი განჰკაცენ, და აცხოვნე ყოველი სოფელი, და მოხედენ წყალობით ამათცა ზედა ნათესავთა, და შეჰრისხენ სულთა მათ ბოროტთა და უჩინოთა, სოფლისა მპყრობელთა, მთავართა ბნელისათა, და შთავიდენ ადგილთა ძნელთა. და მიჩუენე მე, უფალო, ღმერთო მამისა და დედისა ჩემისაო, მხევალსა ამას შენსა და ნაშობსა მონათა შენთასა, და რომელ იხილონ ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარება შენი, და რათა ჩრდილო ბღუარსა თანა იხარებდეს, და ყოველმან ენამან მხოლოსა ღმერთსა თაყუანის-გცენ ქრისტეს იესუს მიერ, ძისა შენისა, რომელსა შუენის მადლობა და დიდების მიცემა უკუნისამდე“.
და ვითარცა დაასრულა ლოცვა ესე წმიდამან ნინო, მყის წამისყოფითა საღმრთოთა აღდგეს დასავალით ქარნი და ჰაერნი ღრუბელთა თანა ხილვითა საშინელითა და ხმითა ზარისა აღსახდელისა ქუხილისათა, და მოჰბერა ნიავმან მზისა დასავალისამან სული ჯერკუალი სიმწარისა და სიმყრალისა, რომელი-ესე იხილა სიმრავლემან ერისამან მათ ზედა მომავალად. მაშინ იწყეს მსწრაფლ სრბით შევლტოლად ქალაქთა და სოფელთა თვისთა. და რამეთუ მცირედ დრო-სცა ღმერთმან ვიდრე განრინებადმდე თავთა მათთა და ყოფად ამისა, რათამცა შეესწრნეს იგინი მომსრველსა მას საყოფელთა შინა თვისთა.
და ვითარ განიბნივნეს იგი ყოველნი, მეყსეულად მოიწია რისხვისა იგი ღრუბელი, მწარედ სასტიკი, და მოიღო სეტყუა, სწორი ქვისა, ორთა მიერ ხელთა მძლედ ძლივ სატყორცებელი, ადგილსა მას ზედა ოდენ, საყოფელსა კერპთასა, და შემუსრვით დააწულილნა იგინი, და დაირღვივნეს ზღუდენი იგი ქარისა მიერ სასტიკისა და შთაიბნივნეს იგინი კლდეთა ნაპრალთა მათ შინა, ხოლო წმიდა ნინო ეგო უვნებელად დაცული ადგილსავე მას, სადა-იგი პირველ შესრულ და მდგომარე იყო.
ხოლო დღესა მეორესა გამოვიდა მირიან მეფე და ყოველი იგი ერი ძიებად ღმერთთა მათთა და არა ჰპოვებდეს, რომლისათვის-იგი დაეცა მათ შიში და ძრწოლა, და განკვირვებამან შეიპყრნა, და უმრავლესნი იგი ერნი იტყოდეს, გულფიცხელნი და მოუდრეკელნი, ესრეთ, ვითარმედ: „ქალდეველთა ღმერთი ითრუჯან და ჩუენი ესე ღმერთი არმაზ ყოვლადვე ურთიერთას მტერ არიან, რამეთუ ამან ოდესმე მათ ზედა ზღუა მოაქცია, და აწ მან შური იძია და მოაწია ესე ამას ზედა“. ხოლო რომელნიმე ესრეთ იტყოდეს, ვითარმედ: „რომლისა ღმრთისა ძალითა თრდატ, სომეხთა მეფე, ეშუად შეიცვალა, და კუალად ეშვისაგან კაცადვე მოაქცია, მან უკუე ღმერთმან ყო და მოიწია ესე რისხვა ღმრთისა მათ ზედა“.
და ამას ესევითარსა იტყოდეს ამისთვის მაშინ, რამეთუ ვინაითგან მეფე თრდატ ქრისტეს ძალითა ეშუად გარდაქცეულ იყო, და ძალითავე ქრისტესითა კუალად კაცადვე შეცვალებულ იყო, მიერითგან ქება და დიდება ქრისტესი არღარა ფარულად ითქუმოდა ქართლსა შინა, რამეთუ მადლსა ღმრთისასა ეწყო მიფენად აღმოსავლეთს. ხოლო მასვ|ე დღესა რისხვისა და კერპთა შემუსრვისასა, დასცხრა რა სეტყუა იგი და ქარი სასტიკი, მაშინ გამოვიდა წმიდა ნინო კლდისა მისგან ნაპრალისა, და პოვა თუალი იგი ბივრიტი, აღიღო და წარმოვიდა წინაკერძო დასასრულსა მას კლდის ცხვირისასა, სადაიგი ყოფილ იყო ძუელადვე ციხე და ქალაქი. და იხილა მუნ მდგომარედ ხენი ექუსნი, რომელთა ბრინჯ უწოდიან, მაღალნი, შუენიერნი და რტომრავალნი, რომელთაცა-იგი საგრილსა ქუეშე გამოსახა სასწაული ქრისტეს ჯუარისა, და აღასრულნა მუნ დღენი ექუსნი მადლობით და ვედრებით ღმრთისა მიმართ წყალობით მოხედვისათვის და ხსნისა ერისა მის, ეშმაკთა შეცთომილისა.
ხოლო ოდეს იქმნა კერპთა შემუსრვა, იყო თუე მარტითგან მეექუსე, აგვისტოსი, და დღე მეექუსე, რომელსა შინა ფერი იცვალა ქრისტემან წინაშე თავთა მათ წინასწარმეტყუელთა და მოწაფეთა თვისთასა.
და ვითარ-იგი ვთქუ, იყოფებოდა რა წმიდა ნინო საფარველსა მას ქუეშე ხეთასა, მაშინ მოვიდა მისდა სეფექალი ერთი, სახელით შროშან, და იხილა მუნ წმიდა ნინო ესრეთ მყოფი, განუკვირდა და ჰკითხა მას სხვისა მიერ ბერძულმეტყუელისა დედაკაცისა ვინაობა მისი სხვისა ყოვლისავე თანა საქმისა მისისა, რომელი-იგი ეუწყა რა ყოველივე ნინოს თვინიერ ხოლო უწყებისა მშობელთა თვისთასა, დაიჩემა ტყუეობა თავისა თვისისა.
მაშინ შროშან, თანალმობილი და მოწყალექმნილი უცხოებისათვის მისისა, ცრემლითა აიძულებდა წმიდასა ნინოს წარსლვად მის თანა სახიდ სამეუფოდ, რომელი-ესე არა ინება წმიდამან ნინო, არამედ განეშორა. და წარვიდა მისგან შროშან.
შემდგომად სამთა დღეთა აღდგა მუნით, განვლო მტკუარი და მიიწია სამოთხესა მას მეფისასა, სადა-იგი აწ არს სუეტი იგი ღმრთივაღმართებული და ეკლესია საკათალიკოზო, და იხილა მუნ სახლი მცირე სამოთხისა მის მცველისა, და შე-რა-ვიდა მას შინა, იხილა და მოეგება დედაკაცი, ცოლი სამოთხისა მცველისა მის, სახელით ანასტოს, და მოწლედ ამბორისყოფითა შეიტკბო, ვითარცა მრავალჟამითგან მეცნიერმან და მეგობარმან, და დაჰბანნა ფერხნი და განუსუენა ცხებითა ზეთისათა და დაუგო პური და ღვინო, და დაყვნა მის თანა წმიდამან ნინო დღენი და ჟამნი ცხრათა თუეთანი.
ხოლო იყვნეს ესე ანასტოს და ქმარი მისი უშვილო, რომლისათვის ფრიად მწუხარე იყვნეს იგინი. მაშინ იხილა წმიდამან ნინო ჩუენებასა შინა ძილისასა კაცი ნათლითშემოსილი, რომელი ეტყოდა, ვითარმედ: „შევედ სამოთხესა მაგას, და ჰპოვო ქუეშე კერძო ნაძუთასა მცირე ბაბილო, შემზადებული გამომღებელად ყუავილთა სულნელთა, და აღიღე მიწა ადგილისა მისგან და ეც ჭამად მეუღლეთა მაგათ, და ესუას შვილი“. ხოლო წმიდამან ნინო ულოცა და სცა ჭამადი ცოლ-ქმართა მათ ჩუენებით უწყებისა მისებრ, და შვნეს მათ ძე და ასულები მრავალ, რომლისათვისცა ჰრწმენა მათ ქრისტე ნინოს მიერ, და დაემოწაფნეს მას ფარულად.
ხოლო წმიდამან ნინო შემდგომად ცხრათა მათ თუეთასა, რომელნი დაეყვნეს სამოთხისა მცველთა მათ თანა, პოვა გარეგნით ზღუდეთა მათ ქალაქისათა სახედ ტალავარისა მცირისა მაყუალთა მიერ შემზადებული განგებითა ღმრთისათა ადგილსა მას, სადა-იგი აწ არს საკურთხეველი ზემოსა ეკლესიისა სამთავარებისკოპოსოსა, და ყო იგი საყოფელად და განსასუენებელად თსად, და აღმართა მუნ შინა ჯუარი, თვით მის მიერ შემზადებული ნასხლევთაგან ვაზთასა, რომლისა წინაშე განათევნ იგი ღამეთა მარადის მღვიძარებითა, და ეგრეთვე შეაღამებნ დღეთა დაუცხრომელად ლოცვითა, მარხვითა და ვედრებითა ღმრთისათა. და განკვირვებულნი სიმრავლესა ზედა ამას ღუაწლთა მისთასა ჰმსახურებდეს მას მეუღლენი იგი, მცველნი სამოთხისა მის მეფისანი.
და ესრეთ მუნ მყოფი იგი წმიდა ნინო მრავალგზის მივალნ უბანსა მას ჰურიათასა ენისათვის ებრაულისა და გამოძიებისათვის კუართისა მის უფლისა, რომლისათვის-იგი ესმინა იერუსალემს მიაფორისა მისგან, ვითარმედ წარუღია იგი მცხეთელთა მათ ჰურიათა, რათამცა ყოვლით კერძოვე ცნა და ეუწყა მას კუართისა მის ვითარება.
მაშინ პოვა მან ჰურია ერთი, სახელით აბიათარ მღდელი, და ასული მისი, სიდონია, და უქადაგა მათ სახარება უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელთაცა-იგი ჰრწმენა და დაემოწაფნეს მას, და მათ თანა სხუანიცა დედანი დაემოწაფნეს ჰურიანი, რიცხვით ექუსნი, სწავლასა მას წმიდისა ნინოსსა თვინიერ ნათლისღებისა, რამეთუ არა იყო მას ჟამსა მღდელი, რათამცა ნათელ-სცა მათ, და იყვნეს იგინი ფარულად მოწაფე მისი.
და აღასრულებდა ღმერთი ხელითა წმიდისა ნინოსითა საკვირველებათა და კურნებათა მრავალთა, რამეთუ რეცა თუ მიზეზითა წამალთა ხმარებისათა მრავალნი განუკურნებელთა სენთაგან შეპყრობილნი განათავისუფლნა უძლურებათაგან მათთა.
და ესრეთ იქცეოდა რა ქალაქსა მას შინა მცხეთასა წმიდა ნინო ჟამთა სამისა წლისათა, მათ დღეთა შინა იქმნა შესლვა მირიანისი და ძმისწულისა მისისა, სპარსთა მეფისა, საბერძნეთად, რომელნი-ესე კოსტანტინე, მეფემან ბერძენთამან, იოტნა ძალითა ქრისტესითა და ჯუარისა მისისა წინამძღურობითა ყოვლით სპითურთ მათით.
თქმული აბიათარ მღდელისა, რომელი დაემოწაფა წმიდასა და ნეტარსა ნინოს
მე, აბითარ მღდელი, ვიყავ წილით ხუედრებული მის წელიწადისა, ოდეს წმიდა ესე და ნეტარი ნინო მოიწია მცხეთად, და მასვე უკუე ჟამსა მოწევნულ იქმნა ჩემდა წიგნი ანტიოქიით ჰურიათაგან მღდელთა, რომელსა შინა წერილ იყო ესრეთ, ვითარმედ: „განხეთქა ღმერთმან სამ ნაწილად მეფობა ისრაელისა, რამეთუ, აჰა ესერა, წინასწარმეტყუელნი ჩუენნი დასცხრეს, და რომელსა სული ღმრთისა აწუევდა მათ, და თქუეს: „აღესრულა ყოველივე და განვიბნივენით ჩუენ ყოველსა ქუეყანასა, და ჰრომთა დაიპყრეს ქუეყანა ჩუენი, ვტიროდით ჩუენ ერითურთ დღეს, რამეთუ განვარისხეთ შემოქმედი ღმერთი. აწ განიხილენღა შენ წიგნნი იგი მოსესნი და სიტყუა იგი, რომელი მან დამიწერა ესრეთ, ვითარმედ: „რომელი იტყოდის თავსა თვისსა ქუეყანასა ზედა ძედ ღმრთისა, მოკუედინ!“ ანუ შე-უკუე-ვსცეთით ნაზარეველისა მის იესუს სიკუდილსა, რამეთუ ვხედავთ, ოდეს პირველ მამათა ჩუენთა შესცოდიან რა ღმერთსა და ყოვლად დაივიწყიან იგი, მაშინ მისცნის იგინი ხელმწიფებასა ქუეშე ძნელსა და ტყუეობასა ბოროტსა, ხოლო მოიქციან რა, და ღაღად-ყვიან ღმრთისა მიმართ, მსწრაფლ განარინნის იგინი ჭირისა მისგან. ესე, ესრეთ ყოფადი და აღსრულებადი, შვიდგზის უწყი წერილისაგან. ხოლო აწ ვინაითგან ხელნი შეასხნეს მამათა მათ ჩუენთა ძესა მას მწირისა დედაკაცისასა, და მოკლეს იგი, აღიღო ღმერთმან ხელი მისი ჩუენ ზედა და განხეთქა მეფობა ჩუენი და განგუაშორნა ტაძარსა თვისსა და უგულებელს-ყო ნათესავი ჩუენი სრულიად. და არს მით ჟამითგან სამასი წელი და უმეტესცა, რომელ არა ისმინა ვედრება ჩუენი, და არცაღა ყო ლხინება ჩუენი, რომლისთვის საგონებელ გვიჩნს ჩუენ, ვითარმედ: „ნუუკუე და ზეცით იყო კაცი იგი“. და განამრავლეს მათ ესევითარისა პირისათვის მოწერად ჩუენდა.
ხოლო მე ვითარცა მესმა ესე, ვიწყე კითხვად დედაკაცისა მის ნინოსგან ქრისტესთვის, თუ ვინ იყო იგი, ანუ რომლისა მიზეზისათვის იქმნა კაცად ძე ღმრთისა. მაშინ აღაღო პირი თვისი წმიდამან ნინო, ვითარცა ჯურღმულმან აღმომდინარემან, და იწყო სიტყუად დასაბამითგან წიგნთა ჩუენთა ზეპირით წარმოთქუმად და განმარტებად ძალსა მათსა, რომლითა-იგი, ვითარცა მძინარესა, განმაღვიძებდა მე, და ვითარცა დასულებულსა განმანათლებელად აღმოჩნდა, საწყალობლად მამათა ჩუენთა დამარწმუნებდა ცვალებასა სჯულისასა, ვიდრემდის მრწმენა მე სიტყვითა მისითა იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა, ვნებულად და აღდგომილად და კუალად მომავალად დიდებით, და ვითარმედ ჭეშმარიტად იგი არს მოლოდება წარმართთა, და ღირს ვიქმნენით მე და შვილი ესე ჩემი, სიდონია, მოღებად საპკურებელსა მას და განსაწმედელსა ცოდვათაგან წყალსა ემბაზისასა, რომელსა ინატრიდა წინასწარმეტყუელი დავით, და ვერ ეწიფა. და მესმა მე ხმა ახლისა სჯულისა: „ეჰა საგალობელთა, რომელთა-იგი დავით ინატრიდა“. და ღირს ვიქმნენით ზიარებად ჭეშმარიტსა ხორცსა და სისხლსა ქრისტეს, ძისა ღმრთისასა, და კრავსა, ცოდვათათვის სოფლისათა შეწირულსა, რომლისა ტკბილ არს გემოისხილვა მისი, და ამას ზედა სარწმუნოებ-ყავ, განსლვა ჩემი ხორცთაგან ჩემთა. კუალად სხუანიცა მრავალნი სასწაულნი ვიხილენ თუალითა ჩემითა, მცხეთას შინა ნინოს მიერ აღსრულებულნი.
მეორე, თქუმული მისივე, აბიათარ მღდელისა, კუართისათვის უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა
მე, აბიათარ, მიგითხრობ თქუენ თხრობასა მას, რომელი მეუწყა და ყურითა ჩემითა ვისმინე დედისმამისა და მამისდედისა ჩემისაგან, და რომელი წიგნთაგანცა უწყი. რამეთუ მათცა პაპათა და მშობელთაგან თვისთა მოთხრობით და სმენით უწყოდეს ესრეთ, ვითარმედ: ოდეს-იგი ჰეროდე მეფობდა იერუსალემს, მას ჟამსა გუესმა ესრეთ, ვითარმედ: „იერუსალემი სპარსთა დაიპყრესო“, რომლისათვის-იგი იქმნა გლოვა და წუხილი ჰურიათა ზედა ქართველთა, მცხეთელთა მკვიდრთა, ბოდელთა მღდელთა, კოდისწყაროელთა მწიგნობართა და სობისკანანელთა თარგმანთა, რომლისათვისცა ესე ყოველნი აღიძრნეს წარსლვად და შეწევნად იერუსალემელთა.
ხოლო შემდგომად მცირედთა დღეთა სხუა მოიწია ღაღადისი, ნუგეშინისცემისა, ვითარმედ სპარსნი იგი არა დაპყრობად იერუსალემისა მოვიდესო, არამედ საჭურველთა წილ აქუნდა ოქრო სამეუფო და მური, მსწრაფლმკურნალი წყლულებისა, და გუნდრუკი სულნელი, და ეძიებდეს ყრმასა ვისმე შობილსა თესლისაგან დავითისა, რომელ რეცა პოვეს მწირი ერთი ყრმა, მწირისა დედაკაცისა შობილი უჟამოდ უადგილოსა ადგილსა, ვითარცა არს ჩუეულება გარეგან დაბისა მდგომარეთა კაცთა. და ესენი მის ყრმისა მოვიდეს, თაყუანი-სცეს მას და შეწირეს მისა ძღუენი იგი მშვიდობით“. და იქმნა სიხარული დიდი სმენითა ამის ჰამბავისათა ჰურიათა ზედა ქართველთა.
ხოლო შემდგომად, ამისა გარდახდეს რა წელნი ოცდაათნი, მაშინ მოუწერა ანნა მღდელმან იერუსალემით მამის მამისა ჩემისა ელიოზის თანა ესრეთ, ვითარმედ: „იგივე ყრმა, რომლისათვის სპარსნი მოგუნი ძღუენითა მოვიდეს, აღზრდილ არს და ჰასაკსა ზომისასა მოწევნულ არს იგი და თავსა თვისსა ძედ ღმრთისა ხადის. აწ მოვედით ყოველნი, რათა აღვასრულოთ მცნება მოსესი“.
და წარვიდა აქათ მამის მამა ჩემი, კაცი მოხუცებული, და ესუა მას დედა ტომისაგან ელი მღდელისა. და ევედრებოდა ელიოზს დედა მისი ესრეთ: „წარვედ, შვილო, წოდებასა მას მეუფისასა და წესსა სჯულისასა, გარნა რომელსა-იგი განიზრახვენ, ნუ შე-ვე-ერთვინ ცნობა შენი, შვილო ჩემო, რამეთუ იგი არს სიტყუა წინასწარმეტყუელთა და იგავი ბრძენთა და საიდუმლო, დაფარული პირველთაგან, და წარმართთა ნათელი და ცხორება საუკუნო“. და წარვიდა ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი და მუნ დახუდეს ჯუარცმასა უფლისასა.
ხოლო რაჟამს-იგი დამსჭუალეს უფალი ჯუარსა მას ზედა და პასანიგმან კუერითა მით რკინისათა სცა სამსჭუალთა მათ ზედა უფლისათა იერუსალემს, მაშინ ესმა ხმა, სამსჭუალთა მათგან გამოსრული, დედასა ელიოზისსა, მყოფსა მცხეთას შინა, და მეყსეულად იკრჩხიალნა და თქუა: „მშვიდობით, მეუფებაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა თქუენისა მაცხოვარი და მხსნელი, და იქმნენით ამიერითგან მკლველ და მესისხლე შემოქმედისა. ვაი თავსა ჩემსა, რომელ არა მეუფლა ამისა უწინარეს სიკუდილი, რათამცა არღარა სმენილ იყო ყურთა ჩემთა, და არცაღა შემდგომად ამისა ღირს ვიქმენ მე ხილვად ნათლისა წარმართთა ზედა და მშვიდობისა – ისრაელსა“. და მყის შეისუენა, რა სრულ-ყო სიტყუა ესე.
ხოლო კუართი იგი უფლისა ხუდა წილითა მცხეთელთა მათ ჰურიათა, და მოიღო იგი მცხეთად ელიოზ. და მიეგება და მისი, ცრემლთა მიერ შესუარული, და მოეხვია ყელსა ძმასა თვისსა, ელიოზს, და მოუღო მას სამოსელი იგი იესუსი, შეიტკბო მკერდსა თვისსა, და მყის სულნი წარვიდეს მასვე ჟამსა სამთა ამათ ტკივილთა სიმწარითა: ქრისტეს სიკუდილითა და დედისა თვისისა, და ზიარებისათვის უარისმყოფელთა ქრისტესთა ძმისა თვისისა.
მაშინ იყო საკვირველი დიდი და შეშფოთება მცხეთას შინა, რამეთუ განკვირდა თვით მეფე ადერკი და ყოველი სიმრავლე ერისა და მთავართა, და სთნდა მეფესა ადერკის სამოსელი იგი, გარნა საკვირველებისა მისგან ზარგანხდილ და შეშინებულ იქმნა იგი, და ვერღარა იკადრა გამოღებად ხელთაგან მის მკუდრისათა, რომელსა იგი მაგრიად და სურვილით შემოემკრდა. და ესრეთ ხელთავე მქონებელი სამოსელსა უფლისასა დაჰმარხა ძმამან მისმან ელიოზ და იგი თვისი ადგილსა მას, რომელი უწყის ღმერთმან მხოლომან და არავინ სხუამან, თვინიერ ამისა, რომელი-ესე უწყიან, ვითარმედ არს ადგილი იგი მახლობელ ნაძვისა მის, ლიბანით წარმოღებულისა და მცხეთას დანერგულისა და აღორძინებულისა.
და ესეცა მეუწყა მამისაგან ჩემისა, ვითარმედ არს სხუა ცა ძალითა შემოსილი მრჩობლი იგი ხალენი ელიავისი ამას ქალაქსა შინა და ხელითა ჩუენითა საკურთხეველისა სიმტკიცესა ქუეშე ქვათასა უპოვნელად ვიდრე ჟამადმდე მისა.
რამეთუ მრავალგზის მაბირა წმიდამან ნინო მამისა მიერ ჩემისა, რა თამცა გამოვიწულილე მისგან ადგილი იგი მხურვალედ სამოსელისა მის, ხოლო მან ესე ოდენ მრქუა, ვითარმედ: „აქა არს ადგილი სამარხავი მისიო, რომელსა ზედა ენანი კაცთანი არა დადუმნენ გალობად ღმრთისა მიმართ, და არს ადგილი იგი მისი, ვითარცა ადგილი იაკობისი, კიბედ ხილული და ზეცად აღწევნული“.
და შემდგომად წელთა მრავალთასა ძისწულის შვილმან ადერკი მეფისამან არმაზაელ ძიება ყო სამოსელისა მის ჰურიათა თანა, და ვერ უძლო პოვნად და ცნობად მისა, გარნა მასცა ესრეთ მიეთხრა, რომელთაგან გამოიკითხვიდა, ვითარცა ესერა, ზემოთ ითქუა, ნაძვისა მის მახლობელად ყოფა ადგილსა მას, რომელსა დამარხულ იქმნა. ხოლო დამარხულ იყავნ ესეცა, ვითარმედ სახლი ელიოზისი, რომელმან კუართი უფლისა მოიღო და დამარხა მითურთ და მისი, იყო ქალაქსა დასავალით, წიაღ მოგუთასა, ხიდსა ზედა“.
მათ დღეთა შინა იხილა წმიდამან ნინო სამგზის და ოთხგზისცა ძილსა შინა ჩუენებით, რომელ-იგი მუხლსა თვისსა ზედა მიყრდნობილმან მცირედ რამე მიერულის, რამეთუ ჰხედვიდა იგი ესრეთ, ვითარმედ რეცა თუ მოვიდიან მფრინველნი, ფრთითა შავნი, და შთავიდიან მდინარესა მას შინა, და განიბანიან და განსპეტაკნიან, და აღვიდიან იგინი სამოთხესა მას შინა პირველხსენებულსა ბაბილოვანსა, და მუნ შინა მოისთულებდიან ნაყოფსა მისსა, და ყუავილთა მათ იხუმევდიან, და ესრეთ მოწლედ და სურვილით წმიდისა ნინოს და მივლენ, რეცა მისი არს სამოთხე იგი, და გარემოს მისა მოკრბიან იგინი შუენიერად ჟივილის ხმითა.
ხოლო ესე რა ესრეთ იხილა წმიდამან ნინო, აუწყა მოწაფესა თვისსა, სიდონიას, ასულსა აბიათარისსა, რომლისათვის-იგი მიუგო მან და ჰრქუა წმიდასა ნინოს: „უცხოო და აქა არა შობილო ტყუეო, სიტყვისაებრ შენისა, და ჩუენ, ტყუეთა, მხსნელო, უწყი, რამეთუ შენ ზედა მოიწია ახალი ესე ჟამი, და შენ ჟამით ისმეს ჰამბავი იგი ძუელი, მამათა ჩუენთა ნაქმარი, ზეცისა მის კაცისა უბრალოსა სისხლისა დათხევა, რომლითა იქმნა ჰურიათა სირცხვილი და კიდეთა ქუეყანისათა განბნევა, მეფობისა დაცემა და ტაძრისა მის წმიდისა მიღება მათგან, ერისა უცხოსა წოდება, და მიცემა მათდა დიდებისა მათისა. იერუსალემ, იერუსალემ, ვითარ განგიმარტვან ფრთენი შენნი და შეიკრებ ყოველთა ცისკიდეთა ნათესავთა ფრთეთა ქუეშე შენთა. რამეთუ აქაცა მოსრულ არს დედაკაცი ესე, რომელმანცა შეცვალოს ყოველი წესი ამის ქუეყანისა“.
და კუალადცა მიექცა წმიდასა ნინოს და ჰრქუა ესრეთ, ვითარმედ: „ჩუენება ეგე შენი მოასწავებს და ცხად-ჰყოფს ადგილსა ამას შენ მიერ სულიერად სამოთხედ შეცვალებასა და საღმრთოთა ნაყოფთა გამომღებლობასა მისსა უკუნისამდე“.
ხოლო ვითარ მოვიდა მირიან მეფე, საბერძნეთით ოტებული კოსტანტინე მეფისაგან, და ვიდრე მოსლვადმდე მისა განეცხადა წმიდასა ნინოს ქადაგება ქრისტეს სჯულისა, რამეთუ იტყოდა იგი ხმამაღლად, ვითარმედ: „გპოვენ მკვიდრნი იგი ჩრდილოსანი ცთომასა შინა“, და გამოეჩინა ჯუარი იგი ნასხლევისა, და იქმოდა მის მიერ საკვირველებათა დიდთა, რამეთუ განკურნნის განუკურნებელნი თვინიერ წამალთასა შეხებითა მით ჯუარისათა. და კუალად ქადაგებდეს მის თანავე მოწაფენი მისნი, რომელნი პირველ ფარულად იყვნეს მოწაფე მისდა, რიცხვით შვიდნი, დედანი, ნათესავნი ჰურიათანი, სიდონია, ასული აბიათარ მღდელისა, და სხუანი იგი ექუსნი, და სამოთხისა მცველნი იგი, ურთიერთას მეუღლენი, და აბიათარ მღდელი, ახალი იგი პავლე, რომელი უშიშად და დაუცხრომელად ქადაგებდა ქრისტეს სჯულსა, რომელი ფრიად მეცნიერ იყო ძუელისა სჯულისა, და ახალი ესე სჯული ესწავა მას წმიდისა ნინოსგან, და უმეტეს ნინოსა ამხილებდა ყოველსა კაცსა და ასწავებდა სჯულსა ჭეშმარიტსა ქრისტესსა.
მაშინ აღიძრნეს ჰურიანი აბიათარის ზედა, რათამცა ქვა დაჰკრიბეს მას, ხოლო მირიან მეფემან მიავლინნა მსახურნი და განარინა აბიათარ მოკლვისაგან ჰურიათა სა, რამეთუ აქუნდა მირიან მეფესა სურვილი ქრისტეს სჯულისა. ამისთვის, რომელ ასმიოდეს მრავალნი სასწაულნი ქრისტესმიერნი საბერძნეთით და სომხითით და არა დააბრკოლებდა ქადაგებად ნინოს და მოწაფეთა მისთა, არამედ ჰბრძოდა მას მტერი იგი ყოველთა მიმართ მორწმუნეთა – ეშმაკი და ვერ დაამტკიცებდა აღსარებასა ქრისტესსა, და ეგრეთვე ნანა დედოფალიცა უმეტესად გულფიცხელ და შეურაცხისმყოფელ იყო ქადაგებასა მას ქრისტეს სჯულისასა ჭეშმარიტსა.
ხოლო წმიდა ნინო იყო ესრეთ და ილოცვიდა დაუცხრომელად საყუდელსა მას მისსა მაყუალთა ქუეშე, და დაკვირვებულ იყვნეს წარმართნი იგი ლოცვასა მისსა და მღვიძარებასა, და უცხო უჩნდა საქმე იგი, იწყეს გამოკითხვად მისა, ხოლო იგი აუწყებდა ძუელთა და ახალთა წიგნთა, და განაბრძნობდა უგულისხმოთა მათ და შთაუგდებდა გულსა მათსა სიყუარულსა ქრისტესსა.
და იყო ესრეთ სამ წელ, ვინაცა განაცხადა ქადაგება და დაიმოწაფნა მრავალნი. მაშინ იყო ვინმე ყრმა წული, უფალი მძიმისა სენისა, და მიმოაქუნდა დედასა მისსა კარითი კარად, რათამცა ვინმე პოვა მეცნიერი კურნებისა, და ყომცა სარგებელი მისი. და შეისწავეს იგი ყოველთა, და არაოდეს პოვეს სარგებელი კურნებისა ყრმისა მისთვის. და მკურნალთა ჰრქუეს დედაკაცსა მას, ვითარმედ: „არა სარგებელ ეყვის ყრმასა მაგას“. და დედაკაცი იგი იყო გულფიცხელი წარმართი და მარადის სძაგებნ სჯულსა ქრისტიანეთასა და აყენებდის სხუათა კითხვად და მისლვად ნინოსა.
ხოლო ვითარ სასოწარკუეთილ იქმნა მკურნალთა მიერ, მოვიდა და დავარდა წინაშე ნინოსა და ევედრებოდა კურნებასა ყრმისასა. მაშინ ჰრქუა წმიდამან ნინო: „კურნება, რომელი კაცთაგან არს, მე არა რა ვყო, ხოლო ღმერთმან ჩემმან ქმნას, რომელსა მე ვჰმსახურებ, ქრისტემან მისცეს ყრმასა ამას კურნება, რომელი ყოველთაგან განწირულ არს“. და რომელსა კილიკსა ზედა მარადის ილოცავნ წმიდა ნინო, მას ზედა დადებად სცა წმიდამან ნინო სნეული იგი, და იწყო ვედრებად უფლისა. და მასვე ჟამსა განიკურნა ყრმა იგი განცოფებული, და მხიარული მისცა დედასა თვისსა. ხოლო დედამან ყრმისამან აღიარა ქრისტე და თქუა: „არა არს სხუა ღმერთი თვინიერ ქრისტესა, რომელსა ქადაგებს ნინო“, და დაემოწაფა წმიდასა ნინოს, და შეუდგა კუალსა მისსა და ადიდებდა ღმერთსა.
მაშინ ნანა დედოფალი შევარდა სენსა ფიცხელსა, დიდსა და მწარესა, რომლისა კურნება ვერვინ შეუძლო, რამეთუ ყოველთა ხელოვანთა მკურნალთა წარმოაცალიერნეს წამალნი მათნი და ვერ შეუძლეს კურნება მისი, და უღონო იქმნნეს და სასოწარკუეთილ. ხოლო აუწყეს ვიეთმე დედოფალსა, ვითარმედ დედაკაცისა ტყვისა ჰრომისა მიერ, რომელსა ჰქვიან ნინო, ლოცვითა მისითა მრავალნი სენნი განიკურნებიან.
მაშინ უბრძანა მსახურთა თვისთა, რათა მოიყვანონ ნინო. და მივიდეს მსახურნი დედოფლისანი და პოვეს ნინო ქოჩსა მას ქუეშე მაყულისასა, ილოცვიდა ჟამსა მეექუსესა, და მიუთხრეს ბრძანება დედოფლისა. ხოლო წმიდამან ნინო ჰრქუა: „არა ბრძანებულ არს ჩუენდა, სადა ბანაკი ჩუენი არს, არა განვიდეთ მიერ, არამედ დედოფალი აქა მოვიდეს, საყოფელსა ჩემსა ჭეშმარიტსა, და განვკურნო ძალითა ქრისტესითა“. ხოლო მსახურთა მიუთხრეს დედოფალსა თქმული იგი ნინოსი. მაშინ დედოფალი გულსმოდგინედ ეტყოდა მათ: „შემიმზადეთ მე ცხედარი და მიმიყვანეთ მისა“. მაშინ წარიყვანეს ცხედრითა მსახურთა მათ, და ძე მისი, რევ, და სიმრავლე ერისა მის თანა. ვითარ მივიდეს საყოფელსა მას წმიდისა ნინოსსა, და დადვეს დედოფალი კილიკსა მას მისსა ზედა, და იწყო წმიდამან ნინო ლოცვად და ვედრებად ღმრთისა მყოვარ ჟამ, და მოიღო ჯუარი იგი, რომელი აქუნდა და შეახო თავსა, ფერხთა და მხართა სახედ ჯუარისა, და მეყსეულად განიკურნა და აღდგა განცოცხლებული, ჰრწმენა ქრისტე, და თქუა: „არა არს ღმერთი თვინიერ ქრისტესა, რომელსა ქადაგებს ტყუე ესე დედაკაცი“.
და მიერითგან შეიქმნა იგი მეგობრად თვისად შინაურად, და მარადის ჰკითხავნ და გამოიწულილავნ ზედმიწევნით სჯულსა ქრისტესსა, და ასწავებს წმიდა ნინო და აბიათარ, ახალი პავლე, და ასული მისი, სიდონია.
და იქმნა დედოფალი მორწმუნე, და იცნა ღმერთი ჭეშმარიტი. და ჰკითხვიდა დედოფალსა მეფე: „ვითარ-იგი მეყსეულად განიკურნე?“ და უთხრობდა დედოფალი ყოველსა მას, რომელი იქმნა მის ზედა: თვინიერ წამლისა ლოცვითა ნინოსითა და შეხებითა ჯუარისათა განიკურნა, და სიმრავლე იგი ერთა, რომელთა ეხილვა, და ამტკიცებდეს სიტყუასა დედოფლისასა.
მაშინ მირიან მეფე განკვირდა და იწყო გამოძიებად სჯულსა ქრისტესსა, და მარადის ჰკითხავნ ჰურიაყოფილსა მას აბიათარს ძუელთა და ახალთა წიგნთასა, და იგი აუწყებდა ყოველსა და წიგნიცა, რომელი ჰქონდა მირიან მეფესა, ნებროთისი, მას წიგნსა შინა პოვა წერილი ესრეთ: „აღშენებასა მას გოდლისასა ხმა იყო ზეცით ნებროთის მიმართ, რომელი ეტყოდა: „მე ვარ მიქაელ, რომელი დადგინებულ ვარ ღმრთისა მიერ მთავრობასა ზედა აღმოსავალისასა. განვედ ქალაქით მაგით, რამეთუ ღმერთი დაჰფარავს. ხოლო უკუანასკნელთა ჟამთა მოვიდეს მეუფე იგი ცისა, რომლისა შენ გნებავს ხილვა, შეურაცხი ერსა შორის შეურაცხსა, შიშმან მისმან განაქარვნეს გემონი სოფლისანი, მეფენი დაუტევებდენ მეფობასა და ეძიებდენ სიგლახაკესა. მან გიხილოს ჭირსა შინა და გიხსნეს შენ“.
მაშინ გულისხმა-ყო მეფემან მირიან, რამეთუ ძუელნი წიგნნი და ახალნი ემოწმებოდეს და ნებროთის წიგნიცა დაამტკიცებდა, და შეექმნა სურვილი ქრისტეს სჯულისა, არამედ ბრძოდა მტერი იგი უჩინო და აყენებდა აღსარებასა ქრისტესსა, გულსა შთაუგდებდა სასოებასა კერპთასა და ცეცხლისასა, არამედ მარადის ევედრებოდა დედოფალი აღსარებასა ქრისტესსა.
და იყო მეფე დედოფლისა მოქცევითგან წელიწადსა ერთსა ორგულებასა შინა. ხოლო ასწავებდა ერსა დაუცხრომელად წმიდა ნინო, და არა ვის აუწყებდა, თუ „ვინ ვარ, ანუ სადათ მოვალ“, არამედ ტყუედ იტყოდა თავსა თვისსა.
შემდგომად ამისა მოგვი იგი მთავარი სპარსი, სახელით ხუარა, სნეული იყო სულითა უკეთურითა და ფიცხელად იგუემებოდა, და სიკუდილსა მიახლებულ იყო. და იყო მთავარი იგი ნათესავთაგან მირიან მეფისა. მაშინ ევედრნეს წმიდასა ნინოს ნანა დედოფალი და მეფე. და მეფე იხილვიდა საქმესა მისსა მცირედ ორგულებით და ეტყვინ წმიდასა ნინოს: „რომლისა ღმრთისა ძალითა იქმ კურნებასა ამას? ანუ ხარ შენ ასული არმაზისი, ანუ შვილი ზადენისი? და უცხოებით მოხუედ და შეუვრდი, და ზედა-აც მათ წყალობა შენი, და მიგანიჭეს ძალი კურნებათა, რათა მით სცხოვნდებოდი უცხოსა ქუეყანასა, და დიდებულმცა არიან უკუნისამდე! – ხოლო შენ წინაშე ჩუენსა იყავ ვითარცა ერთი მაწოვნებელი შვილთა ჩუენთაგანი და პატივცემულ ქალაქსა ამას შინა, არამედ უცხოსა ამას ნუ იტყვი – ჰრომთა მათ შეცთომილთა სჯულისა ნუ გნებავს ყოვლადვე თქუმად! რამეთუ აჰა, ესერა, ღმერთნი სოფლისმპყრობელნი, მზის მომფენელნი, წვიმის მომყვანებელნი, ქუეყანით ნაყოფთა აღმომაცენებელნი და გამომზრდელნი ქართლისანი, არმაზ და ზადენ, ყოვლისა დაფარულისა გამომეძიებელნი, ძუელნი ღმერთნი მამათა ჩუენთანი, გაცი და გაიმ, იგინი იყვნენ სარწმუნებულად კაცთა მიმართ! და უკუეთუ განჰკურნო შენ მთავარი ესე, განგამდიდრო და გყო შენ მკვიდრ მცხეთას შინა, მსახურად არმაზისა. დაღაცათუ ჰაერითა და სეტყვითა მოიწია მას ზედა შემუსრვა მისი, არამედ იგი ადგილი უძრავი არს. და იგი და ქალდეველთა ღმერთი ითრუჯან ყოვლადვე მტერ არიან. ამან ზღუა შემოადგინა ზედა, და მან ამას ზედა ესევითარი ურვა მოაწია, ვითარ აქუს ჩუეულება სოფლისმპყრობელთა, და კმა გეყავნ ჩემგან ბრძანება ესე“.
მიუგო წმიდამან ნინო: „შენ, მეფე, უკუნისამდე ცხოვნდი, სახელითა ქრისტესითა, და ვედრებითა დედისა მისისათა და მისთა ყოველთა წმიდათათა მოავლინენ შენ ზედა ღმერთმან, ცისა და ქუეყანისა შემოქმედმან და დამბადებელმან ყოვლისა დაბადებულისამან, დიდისა და დიდებულისა მისისა და აურაცხელისა მრავალმოწყალებისაგან მოგივლინენ შენ, ვითარცა სახუმილისაგან, ნაბერწყალი ერთი მადლისა მისისა, რათა სცნა და გულისხმა-ყო სიმაღლე ცისა და ნათელი მზისა, სიღრმე ზღვისა საძირკუელისა და სივრცე ქუეყანისა და საფუძველი მისი. და უწყებულ იყავ, მეფე, ვინ შემოსნის ცანი ღრუბლითა და ქუხნ ხმითა ჰაერისათა, და იძრვინ ქუეყანა სიმძაფრითა მისითა, და რბიან მეხისტეხანი, და კუალსა მათსა ეგზების ცეცხლი გულისწყრომითა მათითა, ანუ ოდეს შეიძრის ყოველი ქუეყანა, ვიდრემდის დაირღვნენ მთანი და მყარნი კლდენი და ქვანი. და მეცნიერ გყავნ შენ ამას ყოველსა მიწევნად, რამეთუ ღმერთი ცათა შინა უხილავ არს, თავადი იგი ყოველთა დაბადებულთაგან თვინიერ ძისა მისისა, რომელი მისგან გამოვიდა, და ქუეყანასა ზედა გამოჩნდა, ვითარცა კაცი, რომელმან აღასრულა ყოველი, რომლისათვის მოსრულ იყო, და აღვიდა მათვე სიმაღლეთა მამისათა, და იხილა დაუსაბამო იგი, რომელი მხოლო მაღალ არს და დაბადებულთა ხედავს, და მაღალნი იგი შორით იცნის. მეფე, ახლოს არს მიახლება შენი ღმრთისა მიხედვად, რომელ არს ქალაქსა ამას შინა სასწაული ერთი: სამოსელი ძისა ღმრთისა აქა არს, და ხალენისა მის ელიასი აქავე არს ყოფა. თუ არა, მე კულა მთავარი ესე შენი განვკურნო სახელითა ქრისტეს, ღმრთისა ჩემისათა და ჯუარითა ვნებისა მისისათა, ვითარცა-იგი დედოფალი ნანა განიკურნა სენისაგან დიდისა, და რა-იგი ვაუწყე მას, ჰყოფს იგი, რათა სულიცა თვისი განაბრწყინვოს და ერიცა თვისი მიიახლოს ღმერთსა“.
და მოჰგუარეს მას მთავარი იგი და მოვიდა ნანა დედოფალიცა სამოთხესა მას შინა, ნაძუთა მათ ქუეშე, და დაადგინა იგი აღმოსავალით, და აღპყრობად სცნა ხელნი და ათქუმია მას სამგზის: „ვიჯმნი შენგან, ეშმაკო, შეუვრდები ქრისტესა, ძესა ღმრთისასა“. და ტიროდა ნინო სულთქუმითა და ითხოვდა ღმრთისაგან შეწევნასა კაცისა ამის ზედა, და იყვნეს მოწაფენი მისნი მუნვე ერთ დღე და ორ ღამე. და მსწრაფლ განვიდა მისგან სული იგი ბოროტი, და დაემოწაფა ნინოს სახლეულითა და ერითა მისითა, და ადიდებდეს მამასა და ძესა და სულსა წმიდასა.
თქმული სიდონია დედაკაცისა, რომელი იყო მოწაფე წმიდისა ნინოსი, რომელი-ესე იხილა, და დაიწერა მოქცევა სასწაულითა მირიან მეფისათა და შევრდომა ნინოსი აღსარებისათვის ქრისტეს სჯულისა, ჯუარისა აღმართებისათვის, ეკლესიათა აღშენებისათვის და მას შინა სასწაულთა მისთათვის
და იყო, დღესა ერთსა ზაფხულისასა, თუესა ივლისსა ოცსა, დღესა შაბათსა, განვიდა მეფე ნადირობად მუხნარით კერძო, და მოუხდა უჩინო იგი მტერი, ბოროტი ეშმაკი, და შთაუგდო სიყუარული კერპთა და ცეცხლისა, და იგონებდა ყოველსა მსახურებასა მათსა და მახვილითა მოწყუედასა ყოველთა ქრისტიანეთასა.
და ჰრქუა მეფემან ოთხთა თანამზრახველთა მისთა: „ღირს ვართ ჩუენ ღმერთთაგან ჩუენთა ბოროტის-ყოფასა, რამეთუ უდებ ვიქმნენით მსახურებისაგან მათისა, და მიუშვით ჩუენ ქრისტიანეთა გრძნეულთა ქადაგებად სჯულსა მათსა ქუეყანასა ჩუენსა, რამეთუ გრძნებითა ჰყოფენ საკვირველებათა მათ. აწ ესე არს განზრახვა ჩემი, რათა ბოროტად მოისრნენ ყოველნი მოსავნი ჯუარცუმულისანი, და უმეტესად შეუდგეთ მსახურებასა ღმერთთასა მათ, მპყრობელთა ქართლისათა; ვამხილოთ ნანას, ცოლსა ჩემსა, შენანება და დატევება სჯულსა ჯუარცუმულისასა. და თუ არა მერჩდეს, დავივიწყო სიყუარული მისი“. და დაუმტკიცეს განზრახვა მისი სხუათავე თანამზრახველთა მათ, რამეთუ მხურვალედ იყვნეს იგინი საქმესა ამას, და ჰნებვიდა პირველითგან და ვერ იკადრებდეს განცხადებულად.
ხოლო მეფემან მოვლო ყოველი სანახები მუხნარისა და აღვიდა მთასა ზედა თხოთისასა მაღალსა, რათამცა მოიხილა კასპად და უფლისციხედ, და განვიდა თხემსა მთისასა. და შუა სამხრის ოდენ დაბნელდა მათ ზედა მზე, და იქმნა ღამე ბნელი უკუნი, და დაიპყრნა ბნელმან არენი და ადგილნი, და განიბნივნეს ურთიერთას ჭირისაგან და ურვისა. და დაშთა მეფე მარტო და იარებოდა მთათა მაღნართა შეშინებული და შეძრწუნებული, და დადგა ერთსა ადგილსა, და წარეწირა სასოება ცხორებისა მისისა, და მოეგო თავისა ცნობასა, და განიზრახვიდა ესრეთ გულსა შინა თვისსა: „აჰა, ესერა, ვხადე ღმერთთა ჩემთა, და არა ვპოვე ჩემ ზედა ლხინება. აწ რომელსა ქადაგებს ნინო ჯუარსა და ჯუარცუმულსა, და ჰყოფს კურნებასა მისითა მეოხებითა, არამცა ძალ-ედვა ხსნა ჩუენი ჭირისა ამისგან? რამეთუ ვარ მე ცოცხლივ ჯოჯოხეთსა შინა და არა უწყი, თუ ყოვლისა ქუეყანისათვის იქმნა ესე დაქცევა და ნათელი ბნელად გარდაიქცა, და ჩემთვის ოდენ? აწ თუ ჩემთვის ოდენ არს ჭირი ესე, ღმერთო ნინოსო, განმინათლე ღამე ესე და მიჩუენე საყოფელი ჩემი, და აღვიარო სახელი შენი და აღვმართო ძელი ჯუარისა და თაყუანის-ვსცე მას, და აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა, და ვიყო მორჩილ ნინოსა სჯულსა ზედა ჰრომთასა“.
ესე ყოველი რა წართქუა, განთენა და გამოუბრწყინდა მზე, გარდამოვიდა მეფე ცხენისაგან და დადგა მას ადგილსა, განიპყრნა ხელნი აღმოსავალით და თქუა: „შენ ხარ ღმერთი ყოველთა ზედა ღმერთთა და უფალი ყოველთა ზედა უფლებათა, ღმერთი, რომელსა ნინო იტყვის, და საქებელ არს სახელი შენი ყოვლისა დაბადებულისაგან ცასა ქუეშე და ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ შენ მიხსენ მე ჭირისაგან და განმინათლე ბნელი ჩემი. აჰა ესერა, მიცნობიეს, რამეთუ გინდა დახსნა ჩემი და ლხინება და მიახლება შენდა, უფალო კურთხეულო. ამას ადგილსა აღვმართო ძელი ჯუარისა, რომლითა იდიდებოდის სახელი შენი და იხსენებოდის საქმე ესე და სასწაული უკუნისამდე“.
დაისწავა იგი და წარმოემართა, და იხილა ერმან მან ნათელი და გამოერთო ერი განბნეული. ხოლო მეფე ღაღადებდა: „მიეცით დიდება ღმერთსა ნინოსსა ყოველმან ერმან, რამეთუ იგი არს ღმერთი საუკუნეთა, და მას მხოლოსა შუენის დიდება უკუნისამდე“.
ხოლო ნანა დედოფალი და ყოველი ერი განვიდა მიგებებად მეფისა, რამეთუ ესმა პირველ წარწყმედა და კუალად მოსლვა დიდებით, და მიეგებოდეს ქინძარს და ღართას, ხოლო ნეტარი ნინო დადგრომილ იყო ლოცვასა მწუხრისასა მაყულოვანსა მას შინა ჩუეულებისაებრ მისისა ჟამსა თვისსა, და ჩუენ მის თანა ორმეოცდაათი სული.
და იყო, ვითარცა გამოვიდა მეფე, იძრვოდა ქალაქი, და ხმითა მაღლითა ღაღადებდა მეფე: „სადა არს დედაკაცი იგი უცხო, რომელ არს დედა ჩემი და ღმერთი მისი მხსნელი ჩემი“. და ვითარცა ესმა, თუ: „აქა, მაყულოვანსა, არს და ილოცავს“, მოდრკა მეფე და ყოველი იგი ლაშქარი, მოვიდა და გარდაიჭრა სახედრისაგან და ეტყოდა ნინოს: „აწ ღირს ვარ სახელისდებად სახელისა ღმრთისა შენისა და მხსნელისა ჩემისასა?“
ხოლო წმიდა ნინო ასწავლიდა და აწუევდა მსწრაფლ თაყუანისცემად აღმოსავალით და აღსარებად ქრისტეს, ძისა ღმრთისა. მაშინ იქმნა გლოვა და ტირილი ყოვლისა კაცისა, ოდეს ხედვიდეს მეფესა და დედოფალსა ცრემლოსანთა.
და ხვალისა დღე წარავლინნა მოციქულნი საბერძნეთად მირიან მეფემან წინაშე კოსტანტინე მეფისა და წიგნი ნინოსი ელენე დედოფლისა წინაშე, და აუწყეს ესე ყოველი სასწაული ქრისტესმიერი, რომელი იქმნა მცხეთას შინა მირიან მეფისა ზედა, და ითხოვნეს მოსწრაფებით მღდელნი ნათლისღებისათს. ხოლო წმიდა ნინო და მოწაფენი მისნი ქადაგებდეს ერსა მას ზედა დღე და ღამე დაუცხრომელად, და უჩუენებდეს გზასა ჭეშმარიტსა სასუფეველისასა.
თქმული მისივე, აღშენებისათვის ეკლესიათა, მამაო, გუაკურთხენ
ოდეს წარემართა ყოველი ერი ქრისტიანობასა მოსწრაფებით, ვიდრე მღდელთა მოსლვადმდე ჰრქუა მეფემან წმიდასა ნინოს: „მესწრაფების მე აღშენებად სახლსა ღმრთისასა, სადა უშენოთ?“ ჰრქუა წმიდამან ნინო: „სადაცა მთავართა გონება მტკიცე არს“. ჰრქუა მას მეფემან: „მიყუარან მე მაყუალნი ესე შენნი, მნებავს მე გონებისაებრ ჩემისა, გარნა, აჰა ესერა, არა ვჰრიდო სამოთხესა ამას სამეფოსა და ნაძუთა ამათ სიმაღლეთა და ბაბილოთა ამათ ნაყოფიერებასა და ყუავილთა სულნელებასა, რამეთუ ჩუენებასა, რომელ იხილე მფრინველთა მათ ფრთეთა უშუერთა განბანა წყლითა და განსპეტაკება ბრწყინვალედ და დასხდომა ხეთა მათ ზედა სამოთხისათა და ხმობა მათი ხმითა ტკბილითა. ჭეშმარიტად სამოთხე ესე ხორციელი და წარმავალი შეგუეცვალოს ცხორებად საუკუნოდ, და მუნ აღვაშენოთ სახლი ღმრთისა სალოცველად ჩუენდა ვიდრე მოსლვადმდე ჩუენდა მღდელთა საბერძნეთით“.
და მეყსეულად მოიღო ძელი და ასწრაფებდა ხუროთა და მოჰკუეთა ნაძვი იგი, და ნაძვისა მისგან შემზადნა შვიდნი სუეტნი ეკლესიისანი. და ვითარ აღაშენეს კედელი იგი ძელითა, და აღმართნეს ექუსნი იგი სუეტნი თვის-თვისად, ხოლო სუეტი იგი უდიდესი, რომელი საკვირველ იყო ხილვითა, საშუალ ეკლესიისა შესაგდებელად განმზადებული, ვერ შეუძლეს აღმართებად მისა, და აუწყეს მეფესა საკვირველი იგი ყოვლადვე ვერძრვა ადგილითცა სუეტისა მის.
მაშინ მოვიდა მეფე სიმრავლითა ერისათა, და მოიხუნეს მრავალღონენი მანქანანი, და სიმარჯვითა და ერისა სიმრავლისა ძალითა ეცადნეს აღმართებად, და ვერ შეუძლეს. და იყო დაკვირვებულ მეფე და სიმრავლე ერისა, და იტყოდეს: „რა-მე არს ესე?“ და ვითარ იყო მწუხრი, წარვიდა მე|ფე სახლად თვისა შეწუხებული დიდად.
ხოლო წმიდა ნინო და ათორმეტნი მოწაფენი მისნი დედანი დაადგრეს სუეტისა მის თანა, ხოლო იგი სანატრელი გოდებდა სუეტსა მას ზედა და დაადინებდა ცრემლთა. ვითარცა შუაღამე ოდენ იყო, წარმოიქცეს ორნივე მთანი – არმაზი და ზადენი, რეცა თუ ჩამოირღუეს და დააყენეს წყალი ორთავე. და მტკუარმან გარდამოხეთქა, და წარჰქონდა ქალაქი, და შექმნნეს ხმანი საზარელნი ტყებისა და გოდებისანი. ეგრეთვე არაგვი გარდამოხდა ციხესა ზედა, და იქმნებოდეს საზარელნი გრგვინვანი. შეშინდეს დედანი და ივლტოდეს, ხოლო ნეტარი იგი ღაღადებდა: „ნუ გეშინინ, დანო ჩემნო, მთანი მუნვე ჰგიან, და წყალნი მუნვე დიან, და ერსა ყოველსა სძინავს. ხოლო ესე, რომელ რეცა მთანი დაირღუეს, სამართლად გეჩუენების, რამეთუ ურწმუნოებისა მთანი დაირღუეს ქართლსა შინა, და წყალნი, რომელ დაეყენნეს, სისხლი იგი ყრმათა კერპთა მიმართ შეწირვისა დაეყენოს. ხოლო ხმა ესე ტყებისა არს ეშმაკთა სიმრავლისა, რამეთუ იგლოვენ იგინი თავთა თვისთა, რომელ არიან მეოტ ამით ადგილით ძალითა მაღლისა თა და ჯუარითა ქრისტესითა. მოიქეცით და ილოცევდით ღმრთისა მიმართ“.
და მეყსეულად დასცხრეს ხმანი იგი, და იყო არარა. და დგა წმიდა ნინო, განეპყრნეს ხელნი და ილოცვიდა ღმრთისა მიმართ და იტყოდა, რათა არა დაებრკოლოს საქმე ესე, რომელსა წარმართებულ არს მეფე.
და კუალად ვიდრე არა ეყივლა ქათამსა, სამთავე კართა ქალაქისათა დასცა ზარსა ლაშქარმან ძლიერმან, დალეწნეს კარნი, და აღივსო ქალაქი სპარსთა ლაშქრითა. და შეიქმნა ზარისსახდელი ზრზინვა და ყივილი და კლვა, და სისხლი დიოდა, და აღივსო ყოველი ადგილი, და მოვიდა მათდა სიმრავლე ზახილითა და მახვილითა, და სხუათა მათ შიშისაგან დადნებოდეს ხორცნი, და განილია სული მათი, ტიროდეს ნათესავთა მათთათვის.
და მსწრაფლ ისმოდა, ხმობდეს რა ძლიერად: „მეფე სპარსთა ხუარა ბრძანებს და მეფეთამეფე ხუარან ხუარა: ყოველი ჰურია განარინეთ პირისაგან მახვილისა“. და ესე რა მესმა და მოვეგე ცნობასა, და შეორგულდი მე და ათნი იგი ჩემთანანი და მოახლებულ იყვნეს მახვილოსანნი გარემოს ჩუენსა, სცემდეს და კლვიდეს.
და ისმა ხმა ძლიერი: „მირიან მეფე შეიპყრესო“. გარე-მოიხილა მხნემან მოღუაწემან და თქუა: „ესე, რომელი ყვეს? ვიცი, რომელ აწ სადამე დიდად სჭირს. ჰმადლობდით ღმერთსა, ესე ნიში მათისა წარწყმედისა არს და ქართლისა ცხორებისა და ამის ადგილისა დიდებისა!“ და ნუგეშინის-გუცემდა ვითარცა მოძღუარი ხელოვანი, ჭეშმარიტად მოძღუარი და მოციქული სანატრელი. მიექცა ერსა მას მომსრველსა და ჰრქუა: „სადა არიან მეფენი სპარსნი ხუარან და ხუარან ხუარა? საბასტანით გუშინ წარმოხუედით? მალე მოხუედით! დიდი სამე ლაშქარი ხართ და ძლიერი. რად დალეწეთ ქალაქი ესე და მახვილი დაეცით? უბრძანა ქართა და ნიავთა: წარგუალეთ ბნელით ჩრდილოთ კერძო მთათა და კედართა! აჰა, მოვიდა, რომელსა თქუენ ევლტით!“
და განძრა ხელი ჯუარის სახედ, და მეყსეულად უჩინო იქმნნეს ყოველნი იგი. და იქმნა დაყუდება დიდი. და დედანი იგი ჰნატრიდეს მას და ადიდებდეს ღმერთსა. ხოლო ვითარცა ცისკარი აღეღებოდა, მიერულა დედათა მათ, ხოლო მე, სიდონია, მღვიძარე ვიყავ. და იგი დგა ხელგანპყრობით, აჰა ესერა, მოადგა ჭაბუკი ერთი ნეტარსა ყოვლად ნათლით შემკობილი და შებლარდნილი ცეცხლისა ზეწრითა, და ჰრქუნა რამე სამნი სიტყუანი, ხოლო იგი დაეცა პირსა ზედა. და ჭაბუკმან მან მიყო ხელი სუეტსა მას და აღამაღლა და წარიღო სიმაღლესა შინა. და განკვირვებული მივეახლე მე, სიდონია, და ვარქუ ესრეთ: „დედოფალო, რა არს ესე?“ ხოლო მან მრქუა: „მოიდრიკე თავი ქუეყანად!“ და ტირილად იწყო ზარისა მისგან. და მცირედისა ჟამისა შემდგომად აღდგა, და აღმადგინა. და განვეშორენით მას ადგილსა.
ხოლო დედანი ვითარ იყვნეს კიდე, აჰა, იხილეს მათცა: სუეტი იგი ცეცხლის სახედ ჩამოვიდა და მოეახლა ხარისხსა მას, და დადგა აღშორებულად ქუეყანით, ვითარ ათორმეტ წყრთა. და ნელად ჩამოიცვალებდა ხარისხად თÂსად მონაკუეთსა და ძირსა მისვე ნაძვისასა.
ვითარცა რიჟურაჟუ ოდენ იყო, აღდგა მეფე გულგდებული ურვათაგან, მიხედნა სამოთხესა დაწყებულსა მას ეკლესიასა. და იგი მტკიცე იყო გონებით, იხილა ნათელი, ვითარცა ელვა, აღწევნული ცად სამოთხით მისით. იწყო სრბად და მკვირცხლ მოვიდოდა, და ყოველი სიმრავლე სახლისა მისისა და ყოველი ერი ქალაქისა მოვიდა. ვითარცა იხილეს საკვირველი იგი, ნათლითა ბრწყინვალე სუეტი ჩამოვიდოდა ადგილად თვისად, რეცა ვითარცა ზეცით, და დადგა ხარისხსა მას ზედა, და დაემყარა ხელით შეუხებელად კაცთაგან, – და ნეტარ იყო მას ჟამსა შინა! – რამეთუ რა-იგი იქმნებოდა, შიშითა და სიხარულითა აღივსო მცხეთა ქალაქი, და სდიოდეს მდინარენი ცრემლთანი მეფეთა და მთავართა და ყოველსა ერსა სულთქუმითა სულისა მათისათა. ადიდებდეს ღმერთსა და ჰნატრიდეს წმიდასა ნინოს.
და იქმნნეს სასწაულნი დიდნი მას დღესა შინა. პირველად მოვიდა ჰურია, ბრმა შობითგან, მიეახლა სუეტსა მას ღმრთივაღმართებულსა, და იქმნა მხედველ მუნთქუესვე და ადიდებდა ღმერთსა.
მეორედ, სეფეწული ვინმე ყრმა ამზასპანი იდვა რვისა წლისა, მოიღო დედამან მისმან სარწმუნოებით და დადვა ცხედრითა წინაშე სუეტსა მას ნათლისა, და ნანდვილვე ნათლისასა! – ევედრებოდა ნინოს: „მოხედენ, დედოფალო, ძესა ამას ჩემსა, სიკუდილად მიახლებულსა, რამეთუ ვიცი, ღმერთი ღმერთთა იგი არს, რომელსა შენ ჰმსახურებ და ჩუენ გვიქადაგებ“. მაშინ ნინო შეახო ხელი სუეტსა მას და დასდვა ყრმასა მას, და ჰრქუა: „გრწამს იესუ, ძე ღმრთისა, ცხოვრებისათვის ყოვლისა სოფლისა ხორცითა მოსრული? ამიერითგან განიკურნე და ადიდებდი მას, ვისმან ძალმან განგკურნა!“ და მსწრაფლ აღდგა ყრმა იგი, ვითარცა მრთელი.
და თითოსახენი სნეულნი მოვიდოდეს და განიკურნებოდეს, ვიდრემდის მეფემან შეუქმნა საბურველი ძელისა გარემოს სუეტსა მას და დაფარა ხედვისაგან. და ეგრეთვე შეეხებოდეს ერნი სართულსა მას და განიკურნებოდეს მსწრაფლ. იწყო მეფემან და განასრულა ეკლესია სამოთხესა მას შინა.
და ვითარცა მიიწივნეს მოციქულნი მირიან მეფისანი წინაშე კოსტანტინე მეფისა და მიუთხრეს, რა ცა იქმნა, მაშინ აღივსო სიხარულითა მეფე და დედა მისი, ელენე დედოფალი. პირველად ამისთვის, რამეთუ მადლი ღმრთისა მიეფინებოდა ყოველთა ადგილთა, და ხელსა მათსა ქუეშე ნათელს-იღებდა ყოველნი ქართლი. და შემდგომად ამისთვის განმხიარულდეს, რამეთუ დაიდასტურეს მირიან მეფისაგან სრულიად მოწყუედა სპარსთა და მტკიცედ მიღება სიყუარულისა მათისა, და ჰმადლობდეს ღმერთსა.
და წარმოგზავნეს მღდელი ჭეშმარიტი იოვანე ებისკოპოსი, და მის თანა მღდელნი ორნი და დიაკონნი სამნი. და მოუწერა მეფემან კოსტანტინე მირიანს წიგნი ლოცვისა და კურთხევისა და ღმრთისა მადლობისა, და წარმოსცა ჯუარი და ხატი მაცხოვრისა და მის თანა ნიჭი დიდი, და ელენე დედოფალმან მოუწერა წიგნი ქებისა და ნუგეშინის-ცემისა.
მოიწია ებისკოპოსი, მღდელნი და მოციქულნი მცხეთად, და სიხარულითა აღივსნეს მეფე და ყოველი ერი მათი, რამეთუ სურვიელ იყვნეს ყოველნივე ნათლის-ღებისათვის.
მაშინ მსწრაფლ გაგზავნა ბრძანება მირიან მეფემან ყოველთა ერისთავთა, სპასალართა და ყოველთა პირთა სამეფოსათა მოწოდებად წინაშე მისა, და მსწრაფლ მოიწინეს ყოველნი ქალაქად. მაშინ ნათელ-იღო მეფემან ხელსა ქუეშე წმიდისა ნინოსსა, და შემდგომად დედოფალმან და შვილთა მათთა ხელთა ქუეშე მათ მღდელთა და დიაკონთასა.
და შემდგომად ამისა აკურთხეს მდინარე მტკუარი და ებისკოპოსმან შემზადა ადგილი ერთი მიწურვითა ხიდისკარსა მოგუთასასა, სადა ყოფილ იყო სახლი ელიოზ მღდელისა, და მუნ ნათელ-სცემდა წარჩინებულთა ერთასა. და ეწოდა ადგილსა მას „მთავართა სანათლავი“.
ხოლო ქუემოთ მისა, მდინარისავე პირსა, ორნივე იგი მღდელნი და დიაკონნი ნათელსცემდეს ერსა. და მოატყდებოდა ერი იგი ურთიერთას, მოსწრაფებით ევედრებოდეს მღდელთა, რათა პირველად მას ვისმე ნათელ-სცეს. და ესრეთ სურვიელ იყო ერი იგი ნათლისღებისათვის, რამეთუ ესმინა ქადაგება წმიდისა ნინოსი, რომელსა იტყვინ: „ყოველმან რომელმან არა ნათელ-იღოს, არა პოვოს მან ნათელი საუკუნო“. და ამისთვის მოსწრაფე იყვნეს ნათლისღებად ყოველნი იგი.
და ესრეთ სახედ ნათელ-იღეს ყოველმან ერმან და სიმრავლემან ქართლისამან, თვინიერ ხოლო არა ნათელ-იღეს მთეულთა კავკასიანთა მიფენასა მას ნათლისასა, არამედ დადგეს ბნელსა შინა ჟამ რაოდენმე, და ჰურიათა მცხეთელთა არავე ნათელ-იღეს, გარნა ბარაბიანთა ნათელ-იღეს ორმეოცდაათმან სულმან, და იქმნნეს ქრისტიანე ჭეშმარიტ. ამისთვისცა დიდ იქმნნეს წინაშე მეფისა, და მიუბოძა დაბა, რომელსა ჰქვიან ციხედიდი.
არამედ არა ნათელ-იღო ფეროზ, სიძემან მირიან მეფისამან, რომელსა ჰქონდა რანი ბარდავამდის მირიან მეფისაგან, არცა ერმან მისმან ნათელ-იღეს, არამედ ხორციელად ოდენ ჰმორჩილებდეს მირიან მეფესა.
მაშინ წარავლინა მირიან მეფემან ებისკოპოსი იოვანე და მის თანა წარჩინებული ერთი წინაშე კოსტანტინე მეფისა და ითხოვა ნაწილი ძელისა ცხორებისა, რომელი მას ოდენ ჟამსა გამოუჩინა ღმრთისმსახურსა და ღმრთისმოყუარესა ელენე დედოფალსა, და ითხოვნა მღდელნი მრავალნი, რათა განავლინნეს ყოველთა ქალაქთა და ადგილთა და ნათელსცემდენ ერსა, რათა მსწრაფლ ნათელ-იღოს ყოველმან სულმან ქართლისამან, და ითხოვნა ქვითა ხუროსმოძღუარნი აღშენებისათვის ეკლესიათა.
ვითარ მიიწინეს წინაშე კოსტანტინე კეისრისა, სიხარულით მიანიჭა ნაწილი ძელისა ცხორებისა და ფიცარნი იგი, რომელსა ზედა ფერხნი დაუმსჭუალნეს უფალსა, და სამჭუალნი ხელთანი. წარმოგზავნნეს მღდელნი და ხურონი ფრიად მრავალნი, რამეთუ კოსტანტინე მეფემან მეფობასა შინა მისსა აღაშენა ეკლესია, ტაძარი წმიდა. და მოსცა განძი დიდძალი ებისკოპოსსა იოვანეს და უბრძანა: „სადაცა ჯერ-იყოს ადგილთა ქართლისათა, მუნცა აღაშენენ ეკლესიანი სახელსა ზედა ჩემსა და ნიჭი ესე დამიმკვიდრე საზღვართა ქართლისათა“.
და წარმოვიდა ებისკოპოსი და მის თანა მოციქული, და ვითარ მოიწივნეს ადგილსა, რომელსა ჰქვიან ერუშეთი, დაუტევნა მუნ ხურონი საქმედ ეკლესიისა, დაუტევნა განძი და სამსჭუალნი უფლისანი, და წარმოვიდა და მოვიდა მანგლისს და იწყო ეკლესიასა [შენება], და დაუტევნა ფიცარნი იგი უფლისანი. მაშინ შეწუხნა მირიან მეფე, რამეთუ პირველ არა სამეუფოსა ქალაქსა და ადგილთა იწყეს შენებად ეკლესიათა და დაუტევნეს ნაწილნი. ხოლო მოვიდა მისა წმიდა ნინო და ჰრქუა: „ნუ სწუხ, მეფეო, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს, სადაცა მივიდოდიან, დასთესვიდიან სახელსა ღმრთისასა. ხოლო არს ქალაქსა ამას შინა სამოსელი იგი დიდებული უფლისა“.
მაშინ მოიყვანა მეფემან აბიათარ და მის თანა ჰურიანი მრავალნი და გამოიკითხა მათგან კუართისა მისთვის. და მათ მიუთხრეს ყოველი, რომელი ზემო წერილ არს. და აღიპყრნა ხელნი თვისნი მირიან და თქუა: „კურთხეულ ხარ შენ, უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისა ცხოველისაო, რამეთუ პირველითგანვე გინდა ხსნა ჩუენი ეშმაკისაგან და ადგილისა ბნელისა. ამისთვის სამოსელი იგი შენი წმიდა წარმოეცა წმიდით ქალაქით შენით იერუსალემით ებრაელთა მათ, ღმრთეებისა შენისაგან უცხოქმნილთა, ჩუენ უცხოთა ნათესავთა“.
და წარემართა მეფე და ყოველი ქალაქი მტკიცედ ქრისტიანობასა, იწყეს ხუროთა შენებად ეკლესიისა გარეუბანსა, მაყუალთა მათ ზედა წმიდისა ნინოსთა, სადა აწ არს ეკლესია საებისკოპოსოდ.
მაშინ თქუა წმიდამან ნინო: „კურთხეულ არს უფალი იესუ ქრისტე და მამა უფლისა ჩუენისა, რომელმან მოავლინა სიტყუა მისი წმიდა ცათაგან მაღალთა, თვით ძლიერისაგან საყდრისა გარდამოსრული ქუეყანად მდაბლად, შობილი უეჭუელად თესლისაგან დავითისა, დედაკაცისაგან მარტოდშობილისა, წმიდისა და უბიწოსა, რომელი სათნოეყო მას, მიზეზთა მიზეზი ცხორებისა ჩუენისა, რომელმან ცასა ქუეშე ყოველი|ვე განანათლა და მორწმუნენი აცხოვნნა, რომელი იშვა, ვითარცა კაცი, ნათელი ყოველთა, ხატი ღმრთისა, და ვითარცა მსახურმან ვინმე სჯულისამან, ნათელ-იღო წყლისაგან და სულისა, ჯუარს-ეცუა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, ამაღლდა სიმაღლესა მამისა თანა, და კუალად მოვალს დიდებითა, რომელსა ჰშუენის ყოველივე დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
აღმართებისათვის პატიოსნისა ჯუარისა
ვითარცა ნათელ-იღეს მეფემან, და დედოფალმან და შვილთა მათთა და ყოველმან ერმან მათმან, მაშინ დგა ხე ერთი ადგილსა ერთსა, კლდესა ერთსა ზედა შეუვალსა. და იყო ხე იგი შუენიერი ფრიად სულნელი. და საკვირველება იყო ხისა მისგან: რამეთუ ისარცემული ნადირი, რომელი მივიდის და ჭამის ფურცელი მისი, გინა თესლი ჩამოცვივნებული, განერის სიკუდილისაგან, დაღაცათუ საკლავსა ალაგსა დიდად წყლულ იყვის.
ესე დიდად საკვირველ უჩნდა პირველთა მათ წარმართთა, და აუწყეს ებისკოპოსსა იოვანეს ხისა მისთვის. ხოლო ებისკოპოსმან თქუა: „აჰა, ჭეშმარიტად პირველითგანვე დამარხულ არს ქუეყანა ესე ღმრთისაგან მსახურად თვისა, და ღმრთისა მიერ აღმოცენებულ არს ხე იგი და დამარხულ ჟამისა ამისთვის. და აწღა მოეფინა მადლი ღმრთისა ქართლსა, და მის ხისაგან ჯერ-არს შექმნად ჯუარი პატიოსანი, რომელსა თაყუანის-სცეს ყოველმან სიმრავლემან ქართლისამან“.
და წარვიდეს რევ, ძე მეფისა, და ებისკოპოსი, და მის თანა სიმრავლე ერისა, და მოჰკუეთეს ხე იგი და წარმოიღეს რტოითურთ მისით. და მოაქუნდა იგი ათსა ათეულსა კაცსა ზე-ზე რტოითურთ და ფურცლითურთ, და შემოაქუნდა ქალაქად.
და შემოკრბა ერი ხილვად მწუანისფერობასა მას და ფურცლიანობასა ჟამსა ზამთრისასა, ოდეს სხუა ყოვ|ელი ხე ხმელ იყო, ხოლო ესე ფურცელდაუცვივნებელი, სულამო და სახილველად შუენიერი. და ძირსა ზედა აღმართეს ხე იგი კარსა ზედა ეკლესიისასა სამხრით, დაჰბერვიდა ნელი ნიავი და შლიდა ფურცელთა მის ხისათა და ძრვიდა რტოთა მისთა. და იყო ხილვა მისი შუენიერი, ვი|თარცა სმენით ვიცით, ხისა მის ალვისა.
ესე მოჰკუეთეს მარტსა ოცდახუთსა, დღესა პარასკევსა, და დაადგრა ხე იგი ეგრეთ დღესა ოცდაჩვიდმეტსა, და არა შეიცვალა ფერი ფურცელმან მისმან, ვითარმცა დგა ძირსავე ზედა თვისსა, თავსა ზედა წყაროსასა, ვიდრემდის ყოველნი ხენი მაღნარისანი შეიმოსნეს ფურცლითა და ხენი ნაყოფისა გამომღებელნი შეიმოსნეს ყუავილითა.
მაშინ თუესა მაისსა ერთსა შეიქმნნეს ჯუარნი ესე და შვიდსა ამის თვისასა აღემართნეს ხელისა დადებითა მეფეთათა, სიხარულითა და წადიერებითა ყოვლისა ერისა ქალაქისათა. და იყვნეს ეკლესიასა შინა. იხილა ყოველმან ერმან ქალაქისამან ყოველთა მათ დღეთა: აჰა, ჩამოვიდის ჯუარი ცეცხლისა ზეცით მის ზედა გარემოს მსგავსად გვირგვინთა ვარსკულავისათა და დაადგრის ზედა ეკლესიასა ვიდრე განთიადმდე. და რიჟურაჟუ ოდენ გამოვიდიან მისგან ორნი ვარსკულავნი: ერთი წარვიდის აღმოსავლით და ერთი – დასავლით. და იგი თავადი ეგრეთ ბრწყინვალედ ნელიად განვიდის მიერ კერძო, ახლოს წყაროსა მას, ზემო კერძო არაგვისა, და დადგის ბორცუსა ზედა კლდისასა, რომელი აღმოაცენეს ცრემლთა წმიდისა ნინოსთა, და მუნით აღიმაღლის ზეცად.
და ესრეთ მრავალგზის იხილა ყოველმან ერმან მაცხოვარება ღმრთისა ჩუენისა. მაშინ იწყეს კითხვად ნეტარისა ნინოსა, თუ „რა არს, რომელი გამოვალს ბრწყინვალე ვარსკულავი, და ერთი წარვალს აღმოსავლით და ერთი – დასავლით?“ ხოლო მან თქუა: „განავლინენით კაცნი მთათა ზედა მაღალთა აღმოსავლით ვიდრე კახეთისა მთამდე და დასავლით ვიდრე სანახებადმდე ამის ქალაქისა. და ოდეს გამობრწყინდენ მთიებნი იგი, ნახონ, თუ სადა დადგენ, და მუნცა აღემართნენ ორნი იგი ჯუარნი ქრისტესნი“.
მაშინ ყო მეფემან ეგრე და შეიცვნა თავნი მთათანი მიწყებით. ხოლო დღე ესე იყო პარასკევი, და შაბათი განთენდებოდა. იყო იგივე სასწაული, და იქმნა ეგრეთვე, ვითარცა პირველ იქმნის. ხვალისა დღე მოვიდეს დასავლისანი, რომელნი დგეს მთათა ზედა, ქუაბთა თავისათა, და მიუთხრეს მეფესა: „ვითარცა გამოვიდა ვარსკულავი იგი, ამაღლდა და მიიწია მთასა ზედა თხოთისასა, გარდასავალსა კასპისასა, და დაადგრა ადგილსა ერთსა და ყოვლად უჩინო იქმნა“.
და ეგრეთვე მოვიდეს მთით კახეთისავით და თქუეს: „ვიხილეთ ვარსკულავი, აქათ მომავალი, და დადგა დაბასა ბუდის, კუხეთისა ქუეყანასა“.
მაშინ უბრძანა ნეტარმან ნინო: „წარი|ხუენით ორნივე ესე ჯუარნი და აღმართენით ერთი თხოთს, სადა-იგი ღმერთმან გამხილა ძალი მისი, და ერთი მიეც სალომეს, მხევალსა ქრისტესსა, აღმართოს უჯარმას ქალაქსა, რამეთუ ბუდი, დაბა კუხეთისა, არა წინა-აღუდგეს ქალაქსა მეფეთასა, რამეთუ ერისა სიმრავლე არს მუნ. და ბუდისა კულა დაბა თვით იხილოს – სათნო იგი ადგილი ღმრთისა“. და ყვეს ეგრე, ვითარცა უბრძანა დედოფალმან.
ხოლო ესე სასწაულითა ზეცისათა ჩუენებით ჯუარი პატიოსანი მცხეთას იპყრეს ხელითა კაცობრივითა, მივიდეს ბორცუსა მას ქუეშე და წყაროსა მას ზედა ათიეს ღამე, და ილოცეს ღმრთისა მიმართ. და ნეტარი ნინო ცრემლითა შეაზავებდა წყაროსა მას, და იქმნებოდეს კურნებანი და სასწაულნი დიდნი. ხოლო ხვალისა დღე აღვიდეს კლდესა მას ზედა. და მივიდა ნეტარი იგი ბორცუსა მას ზედა, დავარდა ქვათა მათ ზედა, და ტიროდა თვით იგი და მის თანა მეფენი და მთავარნი, და ყოველი სიმრავლე ერისა, ვიდრემდის მთანი ხმასა სცემდეს. და დასდვა ხელი ერთსა ქვასა და ჰრქუა ებისკოპოსსა: „მოვედ, რამეთუ შენდა ჯერ-არს, და დასწერე ჯუარი ქვასა ამას!“ და მან ყო ეგრეთ, და მუნ აღემართა ჯუარი იგი დიდებითა მეფეთაგან, და მოდრკა ერი იგი ურიცხვი და თაყუანის-სცეს ჯუარსა და აღიარეს ჭეშმარიტად ძე ღმრთისა ცხოველისა, და ჰრწმენა სამებით დიდებული ღმერთი.
ხოლო დიდნი იგი მთავარნი არა განეშორებოდეს ეკლესიასა წმიდასა და სუეტსა ნათლისასა და ჯუარსა მას ცხოველსა, რამეთუ ჰხედვიდეს სასწაულთა მათ უზომოთა და კურნებათა მათ მიუთხრობელთა.
და დღესა კვირიაკესა, აღვსებისა ზატიკსა, ყო მირიან მეფემან და ყოველმან მცხეთამან შესაწირავი, და დღე იგი განაწესეს ჯუარისა მსახურებად – აღვსებისა ზატიკი – ყოველმან ქართლმან დღეინდელად დღედმდე.
და იყო, რაოდენისამე დღისა შემდგომად, მარტვილიისა უკუანის, იხილეს სასწაული დიდად საშინელი დღესა ოთხშაბათსა: აჰა, ესერა, სუეტი ერთი ნათლისა სახედ ჯუარისა დგა ჯუარსა მას ზედა, და ათორმეტნი ვარსკულავნი სახედ გვირგვინისა გარემოს მისა, ხოლო ბორცვი იგი ჯუარისა კუმეოდა სახედ სულნელად, და ხედვიდეს სასწაულსა ამას ყოველნი, და მრავალნი უღმრთოთაგანნი მოიქცეს და ნათელ-იღეს მას დღესა შინა, ქრისტიანენი უფროს მორწმუნე იქმნებოდეს და ადიდებდეს ღმერთსა.
მერმე კუალად იხილეს სხუა სასწაული ჯუარისა: ვითარცა ცეცხლი დგა თავსა ზედა მისსა, შვიდწილად მზისა უბრწყინვალესი, ზედა დააგრა მას, ვითარცა სახუმილისა ნაბერწყალნი აღვლენ, ეგრე სახედ ანგელოზნი ღმრთისანი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს მას ზედა, ხოლო ბორცვი იგი ჯუარისა იძრვოდა ძლიერად. და ვითარცა სასწაული იგი დასცხრებოდა, ეგრეთვე ძრვა იგი დასცხრებოდა. ვითარცა იხილეს სასწაული იგი, დაუკვირდა ყოველთა, უფროსად და უმეტესად ადიდებდეს ღმერთსა. და ვითარცა იქმნებოდეს სასწაულნი იგი წლითი წლად, და ყოველი იგი ერი ხედვიდეს შიშით და ძრწოლით და მოვიდოდეს თაყუანისცემად გულსმოდგინედ.
მას ჟამსა რევს, ძესა მეფისასა, ესუა ყრმა მცირე წული, და იყო სნეულ, და მიწევნულ იყო სიკუდილად, რამეთუ იგი ოდენ მხოლო ესუა მათ. მოიღო და დადვა იგი წინაშე ჯუარსა წმიდასა და ცრემლით ითხოვდა: „უკუეთუ მომიბოძო ყრმა ესე ცოცხალი, აღვაშენო კუბო საყუდელად შენდა“. და მუნქუესვე განიკურნა ყრმა იგი, და განკურნებული და განცოცხლებული წარიყვანა. მერმე მოვიდა აღთქუმისა აღსრულებად, და ყო მადლის მიცემა, დიდითა სიხარულითა და გულსმოდგინებითა აღაშენა კუბო ჯუარისა მცხეთისა რევ, ძემან მეფისამან, და წლითი წლად მოვიდის და აღასრულის აღნათქუემი იგი მსხუერპლისა. და მიერითგან უფროს მოვიდოდეს ყოველნი უძლურნი და სნეულნი, განიკურნებოდეს და სიხარულით ადიდებდეს ჯუარსა წმიდასა ქრისტესსა.
იყო ვინმე მამაკაცი ჭაბუკი, და ორნივე თუალნი დასდგომოდეს. ჯდა იგი წინაშე ჯუარსა წმიდასა ქრისტესსა, და შემდგომად შვიდისა დღისა აღეხილნეს თუალნი, ხედვიდა და ადიდებდა პატიოსანსა ჯუარსა.
მერმე დედაკაცი ერთი იყო, მარადის გუემული სულთაგან უკეთურთა ეგეოდენ, რომელ ძალი და გონება მისი მიეღო რვასა წელსა, და სამოსელსა მისსა დაიპებდა. და ვითარ მოიყვანეს და პატიოსანსა ჯუარსა შეამთხვიეს, შემდგომად ათორმეტისა დღისა განიკურნა და თვისითა ფერხითა წარვიდა, და ადიდებდა ღმერთსა და თაყუანის-სცემდა პატიოსანსა ჯუარსა.
მერმე კუალად იყო ყრმა მცირე, და მეყსეულად დაეცა, და მოკუდა. აღიღო იგი დედამან მისმან და დააგდო წინაშე ჯუარსა ყრმა იგი მომკუდარი დილეულითგან მიმწუხრადმდე, ხოლო დედა მისი ტირილითა ილოცვიდა წინაშე ჯუარსა. სხუანი ეტყოდეს: „წარიღე, დედაკაცო, და დამარხე, რამეთუ მომკუდარ არს, და ნუღარა აწყინებ“. ხოლო მან არა წარიკუეთა სასოება, არამედ უფროს და უმეტეს საწყალობელად ტიროდა და ილოცვიდა. მწუხრისა ოდენ ჟამსა სულიერ იქმნა და თუალნი აღიხილნა, და შემდგომად შვიდისა დღისა განკურნებული და განცოცხლებული წარიყვანა ყრმა იგი დედამან მისმან, და ადიდებდა ღმერთსა.
იხილეს რა სასწაული და კურნება ყოვლად წმიდისა ჯუარისა, მრავალნი უშვილონი მოვიდოდეს და ითხოვდეს შვილიერებასა, და შვილმრავალ იქმნებოდეს, შესაწირავთა და მადლთა ჰყოფდეს. არა ხოლო თუ რომელნი მოვლენ, მათ ოდენ მიანიჭის კურნება, არამედ რომელნი შორით ითხოვდიან შეწევნასა წმიდისა ჯუარისა მცხეთისაგან, მუნქუესვე შეწევნითა მისითა მიიღიან მადლი, მძლე იქმნიან მტერთა, და მოსწრაფედ მოვიდიან შეწირვად მადლისა.
მრავალნი უკუე უღმრთონი ჭირსა შთაცვივიან, და, რაჟამს ხადიან წმიდასა ჯუარსა, მუნქუესვე განერნიან ჭირისაგან, და მოვიდიან შემთხუევად პატიოსნისა ჯუარისა. და მრავალთა ნათელ-იღეს და სიხარულით ადიდებდეს ღმერთსა. მრავალნი უკუე მრავალთა ჭირთა შთაცვივნეს და ძალითა პატიოსნისა ჯუარისათა განიკურნნეს და მრავალნი პირადპირადთაგან სატანჯველთა. და მოივლტიედ ვედრებად, მყის განიკურნებიედ მოდღეინდელად დღემდე, და ადიდებდეს მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომლისა არს დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუცნისამდე, ამენ.
წიგნი, რომელი მიუწერა პატრიაქმან და ბრანჯთა მეფემან ნინოს, მეფესა და ყოველთა ერთა ქართლისათა
მათ დღეთა შინა მოიწია წიგნი ჰრომით წმიდისა პატრიაქისა ნინოსა, და მეფისა და ყოვლისა ერისა ქართლისასა, და მოუვლინა ბრანჯი დიაკონი ქებისა შესხმად და კურთხევისა მიცემად და ამის ნეტარისა ნინოს ლოცვისა წარღებად და მადლისა ზიარებად. აქუნდა წიგნი ბრანჯთა მეფისა ნინოსცა თანა, და მამისა მისისაგან ნათელ-ეღო ბრანჯეთს ყოველსა, და ყოველი ესე მისმენილ იყო იერუსალემით და კოსტანტინეპოლით, ვითარმედ ქუეყანასა მას ქართლისასა მიეფინა მზე სიმართლისა. ამისთვის სანატრელი წიგნი მოეწერა, რათამცა ეუწყნეს აქანი იგი სასწაულნი სუეტისა მის მაყულოვანისა და ძალი იგი კურნებისა. ესე ყოველი იხილა და მოისმინნა სასწაულნი იგი ყოველნი, რომელნი ქმნილ იყვნეს მცხეთას, დიაკონმან ბრანჯთამან და განკვირვებული ადიდებდა ღმერთსა, და წარიღო წიგნები.
მაშინ მეფემან ჰრქუა წმიდასა ნინოს და ებისკოპოსსა: „მნებავს ესრეთ, რათა იძულებით მახვილითა მოვაქცინეთ მთეულნი და სიძე ჩემი, ფეროზ, და დავამონნე ძესა ღმრთისასა, და ვათაყუანნე პატიოსანსა ჯუარსა“. მაშინ ჰრქუა მას: „არა ბრძანებულ არს უფლისაგან მახვილისა აღება, არამედ სახარებითა და პატიოსნითა ჯუარითა უჩუენოთ გზა ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხორებად საუკუნოდ, და მადლმან ღმრთისამან განანათლოს ბნელი იგი გულთა მათთა“.
და წარვიდა წმიდა ნინო და ებისკოპოსი იოვანე, და მათ თანა წარიყვანა მეფემან ერისთავი ერთი, და მივიდეს და დადგეს წობენს. და მოუწოდეს მთეულთა, პირუტყვის სახეთა მათ კაცთა: ჭართალელთა, ფხოველთა, გუდამაყრელთა, და უქადაგეს მათ სჯული ქრისტიანეთა ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხორებად საუკუნოდ. ხოლო მათ არა ინებეს ნათლისღება. მაშინ ერისთავმან მეფისამან მცირედ წარმართა მახვილი მათ ზედა და ძლევით შემუსრნა კერპნი მათნი.
გარდამოვიდეს მუნით და დადგეს ჟალეთს, და უქადაგეს ერწო-თიანელთა. ხოლო მათ შეიწყნარეს და ნათელ-იღეს, ხოლო ფხოველთა დაუტევეს ქუეყანა მათი და გარდავიდეს თუშეთს. და სხუანიცა მთეულნი უმრავლესნი არა მოიქცეს. არამედ დაუმძიმა მათ მეფემან ხარკი, ოდეს არა ინებეს ნათლისღება. ამისთვისცა წარკრბეს იგინი, შესცთეს, რომელნიმე უკუანასკნელ მოაქცივნა აბიბოს ნეკრესელ ებისკოპოსმან, რომელნიმე მათგანნი დარჩეს წარმართობასავე შინა დღესამომდე.
ხოლო წმიდა ნინო წარემართა წარსლვად რანს მოქცევად ფეროზისა, და ვითარცა მიეახლა კუხეთს, დაბასა ბოდისასა, დაყვნა მუნ დღენი. და მოვიდეს მისა კახეთით, ჰკითხვიდეს და აღიარებდეს სწავლასა მისსა სიმრავლე ერისა. მაშინ დასნეულდა მუნ, და ვითარცა ცნა რევ, ძემან მეფისამან, და სალომე, ცოლმან მისმან, რომელნი ცხოვნებოდეს უჯარმას, მოვიდეს ნინოსა, და აცნობეს მეფესა და დედოფალსა. ხოლო მათ მიავლინეს ებისკოპოსი იოვანე წარყვანებად, ხოლო წმიდა ნინო არა ერჩდა.
ხოლო წარვიდა თვით მეფე და სიმრავლე ერისა ძლიერისა. და ხედვიდეს ყოველი იგი ერი პირსა ნინოსსა, ვითარცა ზეცისა ანგელოზისასა, და მოსწყუედდიან ფესუსა სამოსლისა მისისასა, მიიღებდიან და ემთხუეოდიან სარწმუნოებით. და იძულებით ევედრებოდეს ყოველნი მეფენი და დედოფალნი გარემოსმსხდომნი, რომელთა გარდამოსდიოდეს ცრემლნი თუალთაგან მათთა განშორებისათვის მოძღურისა მის და მოღუაწისა და სნეულთა მკურნალისა ხელოვანისა. და ეტყოდეს სალომე უჯარმელი და პეროჟავრი სივნიელი, და მათ თანა ერისთავნი და მთავარნი ჰკითხვიდეს, თუ: „ვინა, ანუ სადათმე იყო აღზრდა შენი, დედოფალო? მაუწყე საქმე შენი, რასა იტყვი ტყუეობასა, ტყუეთა მხსნელო სანატრელო? რამეთუ, ესერა, გვისწავიეს შენ მიერ, ვითარმედ ყოფილ არიან წინასწარმეტყუელნი პირველ ძისა ღმრთისასა, და შემდგომად მოციქულნი ათორმეტნი, და სხუანი სამოცდაათორმეტნი, და ჩუენდა არა ვინ მოავლინა ღმერთმან სხუა, გარნა შენ, და შენ ვითარ იტყვი, ვითარმედ: „მე ტყუე ვარ?“ ანუ: „ვარ უცხო?“
ხოლო მაშინ იწყო სიტყუად წმიდამან ნინო და თქუა: „ასულნო სარწმუნოებისანო, მახლობელნო და დედოფალნო ჩემნო, გხედავ თქუენ, ვითარცა პირველთა მათ დედათა ყოველთა სარწმუნოებასა და სიყუარულსა ქრისტესსა, და გნებავს გზათა ჩემთა ცნობა, გლახაკისა მხევლისათა, და გაუწყოცა. რამეთუ, ესერა, მოსრულ არს სული ჩემი ხორცად ჩემდა, დამეძინებიან მე ძილითა დედისა ჩემისათა საუკუნოდ. არამედ მოიხუენით საწერელნი, და დაწერეთ გლახაკი და უდები ცხოვრება ჩემი, რათა უწყოდიან შვილთაცა თქუენთა სარწმუნოება თქუენი და შეწყნარება ჩემი და სასწაულნი ღმრთისანი, რომელნი გიხილვან“.
მაშინ მსწრაფლ მოიხუნეს საწერელნი სალომე უჯარმელმან და პეროჟავრი სივნიელმან, იწყო სიტყუად, და იგინი წერდეს. და წარმოუთხრა ყოველი, რომელი ზემოთ დავწერეთ, ცხოვრება მის წმიდისა და ნეტარისა. და შევედრა მეფესა იაკობ მღდელი, რათა შემდგომად იოანესა იგი იყოს ებისკოპოს. მაშინ იოვანე ებისკოპოსმან შეწირა ჟამი და აზიარა წმიდა ნინო ხორცსა და სისხლსა ქრისტესსა. და შეავედრა სული მეუფესა ცათასა ქართლად მოსლვითგან მისით მე-იდ წელსა, და ქრისტეს ამაღლებითგან ტლჱ წელსა, და დასაბამითგან წელთა ჭყლჱ.
მაშინ შეიძრნეს ორნივე ესე ქალაქნი: მცხეთა და უჯარმა და ყოველი ქართლი მიცვალებასა მისსა, მივიდეს და დამარხეს ძლევით შემოსილი გუამი მისი ადგილსავე ზედა კუხეთისასა, დაბასა ბუდისსა, რამეთუ მუნ ითხოვა დაფლვა მეფისაგან, შეხედვითა ღმრთისათა და სიმდაბლისათვის ქმნა ესე წმიდამან, რამეთუ ადგილი იგი შეურაცხ იყო. და მწუხარე იყო მეფე და ყოველნი წარჩინებულნი მუნ დაფლვასა მისსა, არამედ მცნებისა და ანდერძისა მისისა აღსრულებისათვის დაფლეს მუნ.
და ვითარ აღესრულა ესე ყოველი, ღმრთივგანბრძნობილმან მირიან მეფემან განამტკიცა ყოველი ქართლი და ჰერეთი სარწმუნოებასა ზედა სამებისა, ერთარსებისა, ღმრთისა დაუსაბამოსა, დამბადებელისა ყოვლისასა, და განმტკიცნეს სრულსა სარწმუნოებასა ზედა.
მაშინ კეისარსა კოსტანტინეს, რომელ ჰყვა მძევალი ძე მირიანისი, რომელსა ერქუა ბაქარ, გამოუგზავნა მეფემან კოსტანტინე ნიჭითა დიდითა და მოუწერა ესრეთ: „მე, კოსტანტინე, თვითმპყრობელი, ახალი მონა ცათა მეუფისა, პირველ ეშმაკისაგან წარტყუენული და გამოხსნილი დამბადებელისა მიერ, მოვსწერ შენდა, ღმრთივ განბრძნობილისა, ჩემ თანავე ახალნერგისა მორწმუნისა მეფისა მირიანისა: იყავნ შენ თანა მშვიდობა და სიხარული, ვინაითგან იცან შენ სამება და ერთარსება, ღმერთი დაუსაბამო, დამბადებელი ყოვლისა, არღარა მიხმს მე შენგან მძევალი, არამედ კმა არს ჩუენ შორის შუამდგომელად ქრისტე, ძე ღმრთისა, პირველ ჟამთა შობილი, რომელი განკაცნა ხსნისათვის ჩუენისა, და ჯუარი მისი პატიოსანი, რომელი მოცემულ არს ჩუენდა წინამძღურად ჩუენდა, გულითა მოსავთა მისთა. და შუამდგომელობითა ღმრთისა დამბადებელისათა ვიყვნეთ ჩუენ სიყუარულსა ზედა ძმებრივსა. შვილი შენი შენდავე მიმინიჭებია, იხილე და განიხარე, და ღმრთისაგან მოვლინებული ანგელოზი მშვიდობისა იყავნ შენ თანა მარადის. განდევნენ ღმერთმან დამბადებელმან ეშმაკი მაცთური საზღვართაგან შენთა“.
მოვიდა ბაქარ, ძე მეფისა, და მოციქული კოსტანტინე მეფისა მცხეთას. აღივსნეს სიხარულითა მირიან მეფე და ნანა დედოფალი, და ჰმადლობდეს ღმერთსა, ნიჭთა დიდთა მომცემელსა. მაშინ მირიან მეფემან განასრულა ეკლესია საებისკოპოსო და აღასრულა სატფურება მისი მრავლითა დიდებითა, და მოქცევითგან მირიან მეფისათა კ˜ე წელსა მოკუდა ძე მისი, რევ, სიძე თრდატ სომეხთა მეფისა, რომელსა მიეცა მეფობა სიცოცხლესავე თვისსა, და დაფლეს აკლდამასავე, რომელი თვით მასვე, რევს, აღეშენა. და მასვე წელიწადსა დასნეულდა მირიან მეფე, რომელიცა აღესრულა.
და მოიყვანა ძე მისი, ბაქარ, და ცოლი მისი, ნანა, და ჰრქუა ნანას: „აჰა, ესერა, მე წარვალ, ვინაცა მოვედ, და ვჰმადლობ მრავალმოწყალესა ღმერთსა, დამბადებელსა ცათა და ქუეყანისასა, რომელმან წარტყუენული ეშმაკისაგან მიხსნა მე პირისაგან ჯოჯოხეთისა და ღირს-მყო მე მარჯუენითთა მისთა თანა. და შენ, ნანა, უკუეთუ გეცესღა მოცალება ცხორებისა ჩემსა შემდგომად, განყავ სამეფო განძი ჩუენი ორად და მიიღე სამარხავსა ნინოსსა, განმათლებელისა ჩუენისა, ჟამთა შეცვალებისათვის, რათა არა შეირყიოს უკუნისამდე იგი ადგილი, რამეთუ მეფეთა საჯდომი არს, არამედ მწირ არს“.
ეგრეთვე დავედრა ებისკოპოსთა, რათა ადიდონ დიდება მის ადგილისა, რამეთუ ღირს არს პატივისცემისა. ხოლო ძესა თვისსა ჰრქუა: „შვილო ჩემო, შეიცვალა ბნელი ჩემი ნათელად და სიკუდილი – ცხოვრებად. შენდა მომიცემია გვირგვინი მეფობისა ჩემისა, ღმერთმან, დამბადებელმან ცისა და ქუეყანისამან, დაგამტკიცენ სრულსა სარწმუნოებასა ზედა, იწურთიდი ყოვლადვე მცნებათა ძისა ღმრთისათა და დაადგერ სრულიად მათ ზედა, და სახელსა ზედა ქრისტესსა სიკუდილი ცხოვრებად გიჩნდინ, რომლითა წარუვალი ცხოვრება მოიგო, და, სადა ჰპოვნე ვნებანი იგი ცეცხლისმსახურებისანი, კერპნი, ცეცხლითა დაწუენ და ნაცარი შეასუ, რომელნი მათ ესვიდენ. და ესე შვილთაცა შენთა ამცენ, რამეთუ მე ვიცი იგი, რომელ კავკასიანთაცა შინავე დაილევიან. ხოლო შენ ამას შეუდეგ გულითა შენითა, და თავი შენი შეჰვედრე ძესა ღმრთისასა, და პირველ ჟამთა შობილსა, განკაცებულსა და ვნებულსა ხსნისათვის ჩუენისა, და წარძღუანებითა პატიოსნისა ჯუარისათა სძლო მტერთა, ვითარცა აქუს ჩუეულება გულით მოსავთა შენთა და პატივ-სცემდი სუეტსა მას ცხოველსა, ღმრთივაღმართებულსა. და იყავნ ყოვლითურთ სასოება შენი მისა მიმართ, და იყავნ მისლვა შენი ძილად საუკუნოდ სარწმუნოებასა ზედა წმიდისა სამებისასა“.
და მოაყვანებია ჯუარი იგი წმიდისა ნინოსი, რომელი პირველითგანვე აქუნდა, და ჩამოჰკიდა გვირგვინი სამეფო ჯუარსა მას, და მოიყვანა ძე თვისი, ბაქარ, და თავსა მისსა გამოსახა სახე ჯუარისა, და აღიღო გვირგვინი ჯუარისაგან და დაადგა თავსა ზედა ძისა თვისისასა. და აღეს|რულა მირიან მეფე, და დაეფლა ზემოსა ეკლესიასა, საშუალსა სუეტსა სამხრით, ჩრდილო თ კერძო. და მას სუეტსა შინა არს ნაწილი ღმრთივაღმართებულისა სუეტისა. და მეორესა წელსა მოკუდა ნანა დედოფალი და დაეფლა მასვე სუეტსა დასავალით, სადა მირიან მეფე დამარხულ იყო.
*   *   *
და დაჯდა ძე მისი, ბაქარ, და იყო მორწმუნე, ვითარცა მამა მისი. და ამან მოაქცივნა უმრავლესნი კავკასიანნი, რომელნი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა.
და შთავარდა შორის მისა და სომეხთა მტერობა, რამეთუ სომეხნი ბაქარის ძმისწულისა, რევის ძისა, თრდატ მეფისა ასულის წულისა მეფობასა ლამობდეს ქართლს.
ხოლო ესე ბაქარ ეზრახა სპარსთა მეფესა, მამისძმისწულსა მისსა, დაემოყურა და გაუცვალა ქუეყანა და სიძესა მისსა, ფეროზს, რომელსა ჰქონდა რანი ბარდავამდის მიცემულად მირიანისგან, და მისცა მის წილ სამშვილდითგან მიმართ ქუეყანა თავამდე აბოცისა.
მაშინღა ნათელ-იღო ფეროზ და ერმან მისმან, და მოირთეს ძალი ხუასროთაგან, და ეწყვნეს სომეხთა ჯავახეთს, სძლეს და აოტნეს სომეხნი. მაშინ მეფემან ბაქარ შუამდგომელობითა ბერძენთა მეფისა და სპარსთა მეფისათა დაწერა ხელით წერილი ძმისწულისა მისისა და დედისა მისისა სალომესგან: „ვიდრემდის იყოს ნათესავი ბაქარისი, რომელსა ეძლოს პყრობა მეფობისა, მათი იყოს მეფობა, არაოდეს ძებნონ მეფობა ნათესავთა რევისთა“. მაშინღა მოიყვანა ძმისწული მისი და მისცა კუხეთი, და დასუა რუსთავის ერისთავად. ამან ბაქარ ყოველნი დღენი ცხოვრებისანი მისისანი დიდსა სარწმუნოებასა შინა აღასრულნა, და განამრავლნა მღდელნი და დიაკონნი ყოველსა ქართლსა და რანსა შინა ეკლესიათა მსახურად. ამან აღაშენა ეკლესია წილკნისა. მოკუდა და დაეფლა ძმისავე თვისისა თანა.
და დაჯდა მეფედ ძე მისი მირდატ, და მეფობდა დიდსა სარწმუნოებასა შინა, და მან აღაშენნა ეკლესიანი თუხარისისა ციხესა შინა, რამეთუ ხევსა კლარჯეთისასა არა იყო ეკლესია, და მუნ შინა დაადგინნა მღდელნი მოძღურად კლარჯთა, და ჰმატა შენება ერუშეთისა და წუნდისა ეკლესიათა.
მაშინ, ამის მირდატის მეფობასა, იწყეს ქართველთა სუეტისა ცხოველისაგან ნაწილისა გამოღებად და ქმნად ჯუარად, რამეთუ დიდნი სასწაულნი და კურნებანი იქმნებოდეს, სადაცა იყვის ნაწილი სუეტისა ცხოველისა, და არა აყენებდა მირდატ მეფე ნაწილისა განღებად, რამეთუ ებისკოპოსმანცა, ჭეშმარიტმან იაკობ, ეგრეთვე ჯერ-იჩინა და თქუა: „მინიჭებულ არს უფლისაგან, და ჯერ-არს სუეტისა მის ღმრთივაღმართებულისა ქმნა სახედ ჯუარისა“. და განეფინა ყოველთა ადგილთა ქართლისათა ნაწილი სუეტისა მის ცხოველისა.
მაშინ ამან მეფემან მირდატ მისვე სუეტისაგან შექმნნა ჯუარნი, და ერთი წარგზავნა ერუშეთს, და, რომელი დარჩა სუეტისაგან მის ცხოველისა, მას გარე მოქმნა ქვითკირითა პირველ სუეტის ოდენად, და თავსა ზედა მის სუეტისასა აღმართა იგი ძელი განმაცხოველებელი, და ყოველნი დღენი ცხოვრებისა მისისანი უშფოთველად აღასრულნა სარწმუნოებასა შინა დიდსა. და მის ზე მოკუდა იაკობ ებისკოპოსი, და დაჯდა იობ სომეხი, ნერსე კათალიკოზისა დიაკონი. და მოკუდა მირდატ მეფე.
და დაჯდა მეფედ ძე მისი, ვარაზ-ბაქარ, და შეირთნა ორნი ცოლნი: ერთი, ასული თრდატისი, რევის ძისა, მირიანის ძისწულისა, და ერთი, რევის დისწული, ასული ფეროზისი, მირიანისვე ასულის წული. და უშვნა რევის ძისწულმან ორნი ძენი, რომელთა ერქუა მირდატ და თრდატ, და ერთი უშვა ფეროზის ასულმან, რომელსა ერქუა ფარსმან.
ესე ვარაზ-ბაქარ მეფე იყო კაცი ურწმუნო და მოძულე სჯულისა, და ვერ იკადრებდა ერისაგან განცხადებად სჯულისა სიძულილსა. და მოქცეულ იყო ქართლი და სარწმუნოებასა შინა იყვნეს აზნაურნი და ყოველი ერი ქართლისა. და ვარაზ-ბაქარ შიშისა მათისაგან ვერ განაცხადებდა დატევებასა სჯულისასა, არასადა აღაშენა ეკლესია, და არცა ჰმატა აღშენებულთა, და ყოვლითავე იქცეოდა უსჯულოდ.
ამის ზე გამოგზავნა სპარსთა მეფემან ერისთავი სპითა დიდითა სომეხთა და ქართველთა ზედა ხარკისა დადებად. მაშინ სომეხთა მოგზავნეს ვარაზ-ბაქარისა მოციქული და ჰრქუეს, რათა შეკრბენ და მოირთონ ძალი ბერძენთაგან, და განუხუნენ კარნი კავკასიანთანი, და გამოიყვანნენ ოვსნი და ლეკნი, და წინა-აღუდგენ სპარსთა. და წარჩინებულნი თვისნიცა ეტყოდეს წინააღდგომასა სპარსთასა. და არა ისმინა არცა სომეხთა, არცა წარჩინებულთა მისთა, რამეთუ იყო იგი ჩუკენი და მოშიში, და უკუ-ჯდა ხევსა კახეთისასა, და აღაშენა ციხე ხიდარს, და განამაგრნა ციხე-ქალაქნი, და უბრძანა ყოველთა, რათა დამალნენ ჯუარნი.
მოვიდეს სპარსნი პირველად სომხითს, და მოაოხრეს, და შემოვიდეს ქართლს, და აღაშენა ერისთავმან სპარსთამან ტფილისი კართა შორის ციხედ მცხეთისა. მაშინ ვარაზ ბაქარ ეზრახა შევრდომით და ითხოვა მშვიდობა, ხოლო ერისთავმან სპარსთამან ჰრქუა მას: „პირველად მომეც რანი და მოვაკანი, რამეთუ საზღვართა სპარსეთისაგანი არს, და მათი არს, რომელნი სრულიად შვილნი არიან სპარსთა მეფეთანი, და სხენან საყდართა მამათა მათთასა, და თქუენდა კმა არს ქართლი, რომელნი ნაშობნი ხართ მხევლისანი. გაქუნდეს უკუნისამდე ქართლი და ხარკსა მისცემდით მეფეთა ხოსროვანთა“.
მაშინ ვარაზ-ბაქარ ვერღარა პასუხი მიუგო შიშისაგან დიდისა, მისცა რანი და მოვაკანი და განუკუეთა ხარკი, ხოლო მან ერისთავმან მისცა ციხე ტფილისისა და წარვიდა, და მიერითგან იქმნნეს მოხარკე.
და ამისა შემდგომად განუდგეს კლარჯნი ვარაზ-ბაქარს და მიერთნეს ბერძენთა. და დაიპყრეს ბერძენთა თუხარისი და ყოველი კლარჯეთი ზღვითგან არსიანთამდე.
და დარჩა ვარაზ-ბაქარს ქართლი თვინიერ კლარჯეთისა, და ჰერეთი და ეგრისი. მანვე ერისთავმან სპარსთამან წარიყვანნა ტყუედ შვილნი ფეროზისნი, ასულისწულნი მირიანისნი, მორწმუნისა მეფისანი, და ქუეყანა იგი, საზღვარი ქართლისა, მოსცა ვარაზ-ბაქარსვე. და მოკუდა ვარაზ-ბაქარ, და დარჩეს ძენი მისნი, რომელნი ვერ იპყრობდეს მეფობასა.
მაშინ წარჩინებულთა ქართლისათა ზრახვა-ყვეს და დასუეს მეფედ სიმამრი ვარაზბაქარისი, კაცი მოხუცებული, თრდატ სახელით, და მისცნეს შვილნი ვარაზ-ბაქარისნი საზრდოდ, ასულის წულნი მისნი. და მესამესა შვილსა მეორისა ცოლისასა ზრდიდა სამშვილდისა ერისთავი, რომელსა ერქუა სახელი ფეროზ.
ხოლო მეფობდა ესე თრდატ მოხუცებული კეთილად, იყო კაცი მორწმუნე, ბრძენი და გონიერი. ამან სიბრძნითა თვისითა დაამშვიდნა სპარსნი, გამოაჩინნა ჯუარნი და შეჰკაზმნა ეკლესიანი. და ამის ზე მოკუდა ებისკოპოსი, და დასუა მის წილ ელია, და ხარკსა მისცემდა სპარსთა მეფესა. და მან გამოითხოვა რუსთავი და აღაშენა ეკლესია. და მანვე აღაშენა ნეკრისი. და მეფობდა უშფოთველად, და მოკუდა სარწმუნოებასა შინა დიდსა.
და დაჯდა მეფედ ძე ვარაზ-ბაქარისი, ძის წულისწული ფეროზისი, რომელსა ერქუა ფარსმან, რამეთუ იგი უხუცესი იყო ძმათა. და მოკუდა ელია ებისკოპოსი, და დასუეს სვიმეონ.
ესე ფარსმან იყო კაცი მორწმუნე, მხედარი შემმართებელი, და ეზრახა მეფესა ბერძენთასა, ითხოვა მისგან შეწევნა, აღასრულა თხოვა მისი კეისარმან. მაშინ განადგა სპარსთა, აღარა მისცა ხარკი, და განამრავლნა ჯუარნი და განაახლნა ეკლესიანი ყოველსა ქართლსა შინა, აღაშენა ეკლესია ბოლნისისა, და მცირედ ჟამ მეფობდა და მოკუდა.
დაჯდა მეფედ ძმა მისი მირდატ, ასულისწული თრდატისი, ძე ვარაზ-ბაქარისი, მამულად ბაქარიანი, დედულად რევიანი, ორთავე მირიანის ძეთა ნათესავი.
და იყო ესე მირდატ კაცი ქველი, მხედარი შემმართებელი, ურწმუნო და უშიში ღმრთისა, ლაღი და ამპარტავანი, და მინდობილი მხედრობასა თვისსა. და არა ჰმსახურა მან ღმერთსა, არცა აღაშენა ეკლესია, არცა რა ჰმატა აღშენებულთა და სილაღითა მისითა მტერ ექმნა ბერძენთა და სპარსთა. ბერძენთაგან ეძიებდა კლარჯეთს, საზღვართა ქართლისათა, ხოლო სპარსთა არა მისცემდა ხარკსა.
მაშინ სპარსთა მეფემან გამოგზავნა ერისთავი, რომელსა ერქუა უშარაბ, სპითა ძლიერითა მირდატის ზედა. მაშინ მირდატ სილაღითა მისითა არა ჰრიდა სიმრავლესა სპარსთასა, მცირედითა სპითა მიეგება გარდაბანს და ეწყო. აოტეს და შეიპყრეს სპარსთა, შემოვიდეს ქართლს და დაიპყრეს ქართლი, და განრყუნეს ეკლესიანი, ხოლო ნათესავნი მეფეთანი დარჩეს ხევსა კახეთისასა, და სვიმეონ ებისკოპოსი მათ თანავე. ხოლო მირდატ წარიყვანეს ბაღდადს და მუნ მოკუდა.

ჯუანშერი
ცხორება ვახტანგ გორგასლისა მშობელთა და თვით მის დიდისა და ღმრთისმსახურისა მეფისა, რომელი უმეტესად სხუათა განთქუმულად გამოჩნდა ყოველთა მეფეთა ქართლისათა
ვითარ-იგი შეიპყრეს ქართველთა მეფე მირდატ სპარსთა წყობასა შინა, წარიყვანეს ბაღდადს და მუნ მოკუდა. დაიპყრეს ქართლი სპარსთა და განრყუნეს ეკლესიანი. და დამალეს ჯუარები ქართველთა, და ყოველთა შინა ეკლესიათა ქართლისათა ცეცხლისმსახურთა სპარსთა აღაგზნეს ცეცხლი.
ხოლო ნათესავნი ქართლისა მეფეთანი დარჩეს ხევსა კახეთისასა. და შემდგომად სამისა წლისა უცალო იქმნნეს სპარსნი, რამეთუ აღდგეს მტერნი აღმოსავალით. მაშინ შეითქუნეს აზნაურნი ქართლისანი, მოიყვანეს და დასუეს მეფედ მც|ხეთას ძე თრდატისი, ძმისწული მირდატ მეფისა წარტყუენულისა, სახელით არჩილ.
ამან არჩილ მოიყვანა ცოლი საბერძნეთით, ნათესავი ივბიმიანოს მეფისა, სახელით მარიამ, და განაცხადა მტერობა სპარსთა, გამოაჩინნა ჯუარნი და შეკაზმნა ეკლესიანი, მოსრნა და განასხნა ცეცხლისმსახურნი საზღვართაგან ქართლისათა, მოირთო ძალი საბერძნეთით, და წარძღუანებითა ჯუარისათა იწყო ბრძოლად სპარსთა.
მაშინ ერისთავი სპარსთა მეფისა, რომელი ერისთვობდა რანს და მოვაკანს, ვიდრე არჩილის მეფობადმდე მისივე განსაგებელი იყო ქართლი. ამან შეკრიბა სპა მოვაკნისა, რანისა და ადარბადაგნისა, და მიჰმართა არჩილს. ხოლო არჩილ სასოებითა და მინდობითა ღმრთისათა მიეგება საზღვართა ზედა ქართლისა და რანისათა, ეწყო მუნ მდინარესა ზედა ბერდუჯისასა, და ძალითა პატიოსნისა ჯუარისათა მოსრნა და ტყუე-ყვნა, შევიდა რანს და მოტყუენა და მოვიდა შინა განმარჯუებული, განავლინა ქადაგი ყოველსა ქართლსა შინა და ჰრქუა ყოველთა: „არა ძალითა ჩუენითა, არცა სიმხნითა, არცა სიბრძნითა, არცა სიმრავლითა სპათათა ვსძლეთ მტერთა, არამედ ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს, ძისა ღმრთისათა, რომელმან მოგუცა წინამძღურად და საჭურველად ჯუარი მისი პატიოსანი. აწ ყოველთა ქართველთა ადიდეთ სამება ერთარსება, ღმერთი დაუსაბამო, დამბადებელი ყოვლისა, შეწირეთ მადლობა, და მტკიცემცა არიან გულნი თქუენნი სარწმუნოებასა ზედა სამებისა წმიდისასა.
და ყოველთა ქართველთა შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ და განაახლნეს ეკლესიანი. მაშინ არჩილ მეფემან აღაშენა ეკლესია სტეფანწმიდისა მცხეთას, კართა ზედა არაგვისათა, სადა იყვნეს კოშკნი მტკიცენი საბრძოლნი, რომელნი მასვე აღეშენნეს.
ესუა ძე არჩილს, და უწოდა სახელი მირდატ, აღიზარდა და დადგა ჰასაკსა მამაკაცობისასა, იყო მორწმუნე და ღმრთისმსახური, ვითარცა მამა მისი. და იყო იგი ქველი და შემმართებელი. ამან უმეტესად იწყო ბრძოლად სპარსთა, შესლვად და ტყუენვად რანსა და მოვაკანსა, რამეთუ მას ჟამსა შინა უცალო იყო მეფე სპარსთა, ჰბრძოდა იგი ჰინდოთა და სინდთა და აბაშთა, და ვერ შემძლებელ იყო სპასა დიდსა გამოგზავნასა. სპათა რანისა და მოვაკნისა და ადარბადაგნისათა ემძლავრებოდეს ქართველნი. წინამძღუარ ექმნის მირდატ სპათა მამისა მათისათა, და მარადის ტყუენვიდეს რანსა და მოვაკანსა.
მას ჟამსა შინა იყო რანს ერისთავად ბარზაბოდ, და ვეროდეს წინააღუდგებოდა იგი, არამედ განამაგრნის ციხენი და ქალაქნი, შესავალნი ქართლისანი. რანს, სადაცა ეწყვნიან სპარსნი ნაწყუედითა ლაშქრითა მტყუენველთა ქართველთა, მარადის სპარსნი იძლეოდიან.
ხოლო ბარზაბოდს, ერისთავსა რანისასა, ესუა ასული ქმნულკეთილი, შუენიერი, რომელსა ერქუა საგდუხტ. უთხრეს მირდატს, ძესა არჩილისსა, სიშუენიერე მისი და სმენითა სიშუენიერისა მისისათა ტრფიალ იქმნა მირდატ მის ზედა, მოახსენა მამასა თვისსა: „ვევედრები მეფობასა შენსა, მომგუარე ცოლად ჩემდა საგდუხტ, ასული ბარზაბოდისი, და შევქმნათ ჩუენ შორის მშვიდობა. დაღათუ ძალითა ქრისტესითა ჩუენ ვართ მძლენი, არამედ ვერ წარვიხუამთ ჩუენ ციხეთა და ქალაქთა რანისათა, ნუუკუე იცალოს მეფემან სპარსთამან და იძიოს ჩუენ ზედა შური, და მოაოხრნეს ეკლესიანი და საზღვარნი ჩუენნი. აწ ამით განქარდეს მტერობა ჩუენ შორის, და, ჩუენთვის რაცა მოახსენოს მეფესა სპარსთასა, უსმენს იგი. და ამით მტკიცედ და შეურყევლად ვიპყრნეთ საზღვარნი ქართლისანი, და განმტკიცნეს სჯული ქრისტესი ქართლს. და არღარა შეექმნას გულსა ქართველთასა იჭვი და გმობა სჯულისა ქრისტესისა მძლავრებისათვის სპარსთასა“.
ესე ყოველი მირდატ სიყუარულისათვის მის ქალისა თქუა. მაშინ არჩილ მეფემან აღასრულა ყოველი თხოვა მისი, წარგზავნა მოციქული ბარზაბოდისა, და ითხოვა ასული მისი ცოლად ძისა თვისისა. ხოლო ბარზაბოდ განიხარა სიხარულითა დიდითა, რამეთუ მოოხრებულ იყო ქუეყანა მისი და შესჭირვებოდა, ითხოვა ფიცი და აღთქუმა მშვიდობისათვის, და მისცეს ფიცი.
და მოსცა მან ასული თვისი ზითვითა დიდითა, მოიყვანეს მცხეთას, და ქმნეს ქორწილი, შუება და განცხრომა დღეთა მრავალთა. და მისცა მეფემან სამშვილდე ძესა თვისსა საერისთვო თა მისითა, და მუნ დასხდეს მირდატ და საგდუხტ.
ხოლო ამან საგდუხტ დედოფალმან გამოიკითხა სჯული ქრისტესი. რამეთუ ქმარმან მისმან მოჰგუარნა კაცნი სჯულისმეცნიერნი, და უთარგმანეს სახარება უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, და ამხილეს ყოველი, რამეთუ ჭეშმარიტი ღმერთი ქრისტე არს, რომელი განკაცნა ხსნისათვის ჩუენისა.
მაშინ საგდუხტ გულისხმა-ყო და ცნა სჯული ჭეშმარიტი, და დაუტევა ცეცხლისმსახურება, ნათელ-იღო და იქმნა მორწმუნე. და ამან აღაშენა სამშვილდისა სიონი.
ამის არჩილის ზე გარდაიცვალნეს სამნი ეპისკოპოსნი: იოვანე, გრიგოლი და ბასილი. და ბასილისვე შემდგომად ამანვე არჩილ დასუა ეპისკოპოსი, რომელსა ერქუა მობიდან. ესე იყო ნათესავად სპარსი და აჩუენებდა იგი მართლმადიდებლობასა, ხოლო იყო ვინმე მოგვი უსჯულო და შემშლელი წესთა, და ვერ აგრძნეს არჩილ მეფემან და ძემან მისმან უსჯულოება მობიდანისი, არამედ ჰგონებდეს სარწმუნოდ, და ვერცა განაცხადებდა ქადაგებასა სჯულისა მისისასა შიშისაგან მეფისა და ერისა[სა], არამედ ფარულად წერდა წიგნებსა ყოვლისა საცთურებისასა, რომლისა შემდგომად დაწუა ყოველი წერილი მისი ჭეშმარიტმან ეპისკოპოსმან მიქაელ, რომელი განიკუეთა კადრებისათვის ვახტანგ მეფისა.
ხოლო ამან არჩილ მეფემან ყოველნი დღენი ცხოვრებისა მისისანი აღასრულნა სარწმუნოებასა შინა სამებისა წმიდისასა [და] ეკლესიათა შენებასა. და ყოველსა ქართლსა შინა განამრავლნა მღდელნი და დიაკონნი და მსახურნი ეკლესიათანი, და მოკუდა. და მეფე იქმნა მის წილ ძე მისი, მირდატ.
და მეფობდა იგი, ვითარცა მამა მისი, დიდსა სარწმუნოებასა შინა. მიუდგა დედოფალი საგდუხტ და შვა ასული და უწოდა სახელი მისი ხუარანძე. კუალად ევედრებოდეს ღმერთსა მირდატ მეფე და დედოფალი საგდუხტ, რათა მისცეს ძე. და შემდგომად ოთხისა წლისა მიუდგა საგდუხტ და შვა ძე და უწოდა სახელი მისი სპარსულად ვარანხუასრო-თანგ, ხოლო ქართულად ეწოდა ვახტანგ. აღივსნეს სიხარულითა მშობელნი მისნი შობასა მის ყრმისა ვახტანგისსა, და განავლინეს მახარობელი ყოველთა თანა ერისთავთა, და გამოიღეს ხუასტაგი დიდძალი, ურიცხვი ოქრო და ვეცხლი, და განუყვეს გლახაკთა და შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ ლოცვითა და ვედრებითა და ღამის-თევითა დღეთა მრავალთა.
და ამისა შემდგომად მოხადნა მეფემან ყოველთა წარჩინებულთა ქალაქად, და დღეთა მრავალთა ყო პურობა და განცხრომა. და ევედრებოდეს ყოველნი ღმერთსა აღზრდისათვის ვახტანგისისა. მოითხოვა მეფისაგან საზრდოდ საურმაგ სპასპეტმან ვახტანგ დიდითა ვედრებითა, ხოლო მიანიჭა მეფემან და მისცა ძე მისი ვახტანგ საურმაგს სპასპეტსა საზრდოდ, რამეთუ წესი იყო, რომელ შვილნი მთავართანი წარჩინებულთა სახლსა აღიზარდნიან. შემდგომად ამისა, მეექუსესა წელსა, შვა საგდუხტ ასული სხუა და უწოდა სახელი მისი მირანდუხტ. და მოითხოვა იგი საზრდელად სპასალარმან კასპისამან, და მისცა იგი მეფემან და წარიყვანა იგი ქალაქსა კასპისასა, და იზარდებოდა მუნ. შემდგომად ამისა, წელსა მეორესა, მოკუდა მეფე მირდატ და დარჩა ვახტანგ შვიდისა წლისა ყრმა.
მაშინ საგდუხტ დედოფალი შეწუხდა მამისა მისისა ბარზაბოდისგან: „ნუუკუე შურ-იგოს მამამან ჩემმან ნაქმნარისაგან მამამთილისა და ქმრისა ჩემისა, რომელ ეგეოდენნი ბოროტნი მოიწივნეს მის ზედა, და ნუუკუე შურ-იგოს ჩემ ზედა დატევებისათვის სჯულისა და წარწყმიდოს შვილი ჩემი, და განრყუნას ქართლი და სჯული ქრისტესი წარწყმიდოს“. ესე ყოველი მოიგონა და შთავარდა მწუხარებასა შინა დიდსა, ევედრებოდა ღმერთსა და განიზრახა წარსლვა წინაშე მამისა მისისა და შევრდომა მისი. მოიყვანნა ყოველნი ერისთავნი სპასპეტისა თანა და ცრემლითა სიმწარისა თა შეჰვედრა ძე მისი სპასპეტსა და ყოველთა ერისთავთა. და წარვიდა ბარდავს მამისა თვისისა თანა, განიღო თავი და აღმოყარნა ძუძუნი მისნი და დავარდა პირსა ზედა, და დასდვა პირი ფერხთა მისთა ზედა, დაავლტობდა ფერხთა მამისა თვისისათა ცრემლითა და ითხოვდა მისგან შეწყალებასა და არახსენებასა ნაქმართა მამამთილისა და ქმრისა მისისათა და შენდობასა დატევებისათვის სჯულისა და ევედრებოდა, რათა არა აღიძულოს დატევება ქრისტეს სჯულისა, რამეთუ იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი. და ევედრებოდა, რათა იპყრას შვილი მისი მამულსა შინა მისსა, და მოურავ ექმნეს იგი სპარსთა მეფისა წინაშე.
მაშინ ბარზაბოდ, განმზადებულმან ბოროტის-ყოფად ქართველთა ზედა, შეიწყალა ასული თვისი, არა აიძულა დატევება სჯულისა, და აღასრულა ყოველი თხოვა მისი სჯულისათვის. ესრეთ ჰრქუა: „იძულებით არცა სხუასა ვის ქართველსა დავატევებიებ სჯულსა ქრისტესსა, არამედ მივგზავნნე ცეცხლისმსახურნი ქალაქსა თქუენსა და იყვნენ მუნ მათ ზედა ეპისკოპოსნი სჯულისა ჩუენისანი, და ვინცა ქართველი ნებითა თვისითა აღირჩევდეს სჯულსა ჩუენსა, ნუ აყენებთ“. მაშინ საგდუხტ ერჩდა მამასა თვისსა შიშისაგან დიდისა და აღუთქუა მინდობითა ღმრთისა თა, და წარმოვიდა ქართლად.
მაშინ ბარზაბოდ წარმოგზავნნა ცეცხლისმსახურნი მცხეთას და მათ ზედა ეპისკოპოსად ბინქარან, და დასხდეს მოგუთას.
და საგდუხტ დედოფალი განაგებდა მეფობასა ძალითა და შეწევნითა მამისა თვისისათა. და მოკუდა ბარზაბოდ, მამა საგდუხტისი, და მის წილ დაადგინა სპარსთა მეფემან ადგილსა მისსა ძევე მისი ვარაზ-ბაკურ, ძმა საგდუხტ დედოფლისა. და მოკუდა საურმაგ სპასპეტი, მამამძუძე ვახტანგისი. მაშინ მეფემან დაადგინა სხუა სპასპეტი, რომელსა ერქუა ჯუანშერ. ხოლო ბინქარან, ეპისკოპოსი მცხეთელთა, რომელი იყო სპარსი ცეცხლისმსახური, ასწავებდა ქართველთა სჯულსა თვისსა, არამედ არა ვინ ერჩდა წარჩინებულთაგანი, გარნა წულილისა ერისაგანი მოაქცია ცეცხლისმსახურებასა, და შეერია ქართლსა შინა ერსა წულილსა ცეცხლისმსახურება. ამისთვის დიდად მწუხარე იყო საგდუხტ დედოფალი, არამედ მძლავრებისაგან სპარსთასა ვერას ვინ იკადრებდა.
მაშინ მოიყვანა მღდელი ჭეშმარიტი საბერძნეთით, სახელით მიქაელ, და დაადგინა იგი ეპისკოპოსად ზემოსა ეკლესიასა, რამეთუ მობიდან ეპისკოპოსი გარდაცვალებულ იყო, და ესე მიქაელ ეპისკოპოსი წინააღუდგა ბინქარანს მაცთურსა, რამეთუ ასწავებდა ყოველთა ქართველთა სჯულსა ჭეშმარიტსა. ამან იპყრნა სარწმუნოებასა ზედა ყოველნი წარჩინებულნი ქართლისანი და ერიცა უმრავლესი, არამედ მცირედნი ვინმე წულილისა ერისაგანნი მიიქცეს ცეცხლისმსახურებასა.
მაშინ ვითარ იქმნა ვახტანგ წლისა ათისა, გარდამოვიდეს ოვსნი, სპანი ურიცხუნი, და მოტყუენეს ქართლი თავითგან მტკურისათ ვიდრე ხუნანამდე და მოაოხრნეს ველნი, არამედ ციხე-ქალაქნი დარჩეს თვინიერ კასპისა, ხოლო კასპი ქალაქი შემუსრეს, ტყუე-ყვეს, და წარიყვანეს ვახტანგის და მირანდუხტ, სამისა წლისა ქალი. რომელ დაურჩეს წარუტყუენელად ხევნი ქართლისანი, კახეთი და კლარჯეთი და ეგრისი, წარჰვლეს რანსა და მოვაკანსა, წარტყუენნეს იგინიცა, და განვლეს კარი დარუბანდისა, რამეთუ თვით გზა-სცეს დარუბანდელთა, და შევიდეს ოვსეთს გამარჯუებულნი.
მასვე ჟამსა გამოვიდეს ბერძენნი აფხაზეთით, რამეთუ ბერძენთა ჰქონდა ეგრისწყლისა ქუემოთკერძო, და ყოველი დაიპყრეს ეგრისწყლითგან ვიდრე ციხე-გოჯამდე. მაშინ იქმნა გლოვა და მწუხარება ყოველთა ზედა ქართველთა და იტყოდეს: „განვამრავლეთ ცოდვა წინაშე ღმრთისა და არა კეთილად ვიპყართ სჯული და წესი ქრისტესი. სამართლად მოაწია ღმერთმან ჩუენ ზედა რისხვა ესე, რამეთუ მიგუცნა ჩუენ წარტყუენვად უცხოთა ნათესავთა, მიგვიღო ჩუენ საზღვარი ბერძენთაგან, ვითარცა მიეღო ვარაზ-ბაქარ მეფესა ბერძენთაგან კლარჯეთი, და იგი ცოდვითა ვარაზ-ბაქარისითა მოიწია, რამეთუ ვერ კეთილად ეპყრა სჯული ქრისტესი. ხოლო ესე არა მეფეთა ბერძენთაგან იქმნა, არამედ ჩუენ[ისა] ერისა ცოდვათაგან. აწ მეფე ჩუენი ყრმა არს და არა გვივის ჩუენ წინამძღუარი, რომელიმცა სასოებითა ქრისტესითა და წინამძღურებითა ჯუარისა თა წარგვიძღუა ჩუენ და ვიძიეთ ჩუენ შური პირველ ოვსთა ზედა და შემდგომადმცა ვძებნეთ საზღვარი ქართლისა ბერძენთაგან“. ამას იტყოდეს ყოველნი ქართველნი და იყვნეს მწუხარებასა შინა დიდსა.
მაშინ ვახტანგ მეფე იზარდებოდა და ისწავლიდა მიქაელ ეპისკოპოსისაგან ყოველსა მცნებასა უფლისასა, და სიყრმისავე დღეთა შეიყუარა სჯული ქრისტესი უფროს ყოველთა მეფეთა ქართლისათა. და მწუხარე იყო იგი ამისთვის, რამეთუ შემოჰრეოდა ქართლსა ცეცხლისმსახურება ტყუეობისა და საზღვართა მიხუმისაგან, და უმეტეს იურვოდა სჯულისათვის გონებასა შინა, არამედ მძლავრებისაგან სპარსთასა ვერ იკადრებდა გამოცხადებად.
მაშინ ვითარ იქმნა ვახტანგ წლისა ათხუთმეტისა, მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა ქართლისათა და შემოკრიბნა ყოველნი ქალაქად, და განმზადა მეფემან სახლი ერთი და დაჯდა საყდართა ზედა მაღალთა, ხოლო ჯუანშერ სპასპეტი და ეპისკოპოსნი დასხდეს საყდართავე, და სხუანი ყოველნი ერისთავნი დასხდეს სელებითა, და ათასისთავნი და ასისთავნი და ყოველი ერი წარმოდგეს ზე. მაშინ მეფემან, ვითარცა მოხუცებულმან და ბრძენმან და ვითარცა აღზრდილმან ფილოსოფოსთა თანა, იწყ|ო ზრახვად ხმითა მაღლითა და თქუა: „მეფეთა და ერსა ზედა მოიწევის განსაცდელი და ჭირი ღმრთისა მიერ ცოდვათა მათთაგან, ოდეს მორწმუნეთა აკლნ მსახურება ღმრთისა, და გარდაჰხდენ მცნებასა, მოაწევს ჭირთა ესევითართა [მათ] ზედა, რომელ აწ მოიწია ჩუენ ზედა. ვითარცა-რა მამა კეთილი წურთინ შვილსა კეთილად კეთილთა ზედა საქმეთა, და უკუეთუ არაკეთილად აღასრულებდის სწავლასა მამისა თვისისასა, გუემის მამამან იგი გუემითა და სწავლითა, რათა ისწავოს ყოველი კეთილი და იქმნეს სახმარ კეთილ, ეგრეთვე გუწუართნა ჩუენ ღმერთმან, დამბადებელმან ცისა და ქუეყანისამან. ამისთვის გვიხმს ჩუენ, რათა ვჰმადლობდეთ მოწყალებათა მისთა“. მაშინ ამათ ყოველთა მისცეს მადლობა ღმერთსა ტირილითა. კუალად იწყო ზრახვად მეფემან ვახტანგ და თქუა: „ყოველთა წარჩინებულთა ისმინეთ ხმისა ჩემისა, დაღაცათუ ყრმა ვარ და არა გინახავს ჩემგან კეთილი, მამათა კულა ჩემთაგან გინახვან დიდნი კეთილნი და დიდებანი თქუენ, რომელნი დადგინებულ ხართ მთავრობასა ზედა. აწ უკუეთუ გუაცოცხლებს ღმერთი, მოგხუდენ ჩემგან კეთილნი და დიდებანი, რომელნი არა გეხილნენ მამათა ჩემთაგან. აწ რომელსა გეტყვი თქუენ, დაღაცათუ თქუენ ზედა და ჩემ ზედა სწორად მოწევნულ არს განსაცდელი ესე, ესრეთ იპყართ, ვითარმცა არა მოწევნულ არს თქუენ ზედა, არამედ ჩემ ზედა ოდენ, და არა იყოს გულსა ჩემსა სიტყუა, თუ: „რომელ მოიწივნეს მათ ზედა განსაცდელნი, თვისისა შურის-გებისათვის ჰყოფენ ამას“, არამედ ყოველი ჩემდა სამსახურებელად დავითუალო ყოვლისათვის კეთილი მოგაგო. და არა დავითმინო კიცხევა ოვსთა, არამედ სასოებითა და მინდობითა სამებისა ერთარსებისა, დამბადებელისა ღმრთისა დაუსაბამოსათა და წარძღუანებითა ჯუარისა მისისა პატიოსნისათა, რომელი მოცემულ არს წინამძღურად და საჭურველად გულითა მოსავთა მისთადა, ვიძიო შუ|რი მათ ზედა. უკუეთუმცა წარგუკიდებოდა ესე სპარსთა მეფეთაგან, ანუ ბერძენთა მეფისაგან, მო-მცა-ვითმინეთ, არამედ რა მოწევნულ არს ჩუენ ზედა ოვსთა კიცხულთაგან, არა ხამს დათმენა, სიკუდილი უმჯობეს არს თავთა ჩუენთათვის“. მაშინ აღდგა ჯუანშერ სპასპეტი და თქუა: „ცხოვნდი, მეფე, უკუნისამდე დიდებითა და მტერთა შენთა ზედა ნება აღსრულებით! ჭეშმარიტად ბრძანე: ცოდვათა ჩუენთაგან მოიწია განსაცდელი ესე ჩუენ ზედა და სამართლად გუსაჯნა ღმერთმან, რამეთუ განვამრავლეთ ცოდვა მის წინაშე და გვიღირს მადლობა ღმრთისა [მიმართ], რამეთუ დიდსა პატიჟსა ღირს ვიყვენით და არა ესეზომსა, რომელ მოიწია ჩუენ ზედა. არამედ მრავალმოწყალემან ღმერთმან არა შეცოდებათა ჩუენთა ოდენი პატიჟი მოგუაგო, და ამით კნინითა პატიჟითა გუწუართნა ჩუენ. მკვიდრთა ქართლისათა ამისთვის დიდი მადლობა გვიღირს ღმრთისა მიმართ, რამეთუ შენ, უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართლისათა და მამათა შენთა ნაშობთა უფროს ყოვლითავე სრული, მსგავსი ნებროთ გმირისა, გამოგაჩინა წინამძღურად ჩუენდა, და მოცემულ ხარ ჩუენდა ღმრთისა მიერ განმაქარვებელად ჭირთა ჩუენთა, ძუელთა და ახალთა. და უკუეთუ ცოდვანი ჩუენნი არა დასძლევენ, შენ მიერ მოველით განქარვებასა ყოველთა ჭირთა ჩუენთასა და უმეტეს წარმატებასა საზღვართა ჩუენთასა, რამეთუ არავინ ყოფილ არს მამათა ჩუენთაგანი მსგავს შენდა. ცხოვნდი, მეფე, უკუნისამდე! რაითგან მოწევნულ არს ოვსთაგან, ხუთსა ამას წელსა შინა ყოფილ ვართ ჩუენ მწუხარებასა შინა დიდსა ამისთვის, რამეთუ ყრმა იყავ და არა ძალ-გედვა მხედრობა და წყობათა წინამძღურობა და არცა შინა მყოფსა განგება მეფობისა. აწ, მეფეო, დაღაცათუ სრულ ხარ სიბრძნითა, ძალითა და სიმხნითა და [ჰ]ასაკითა, არამედ გაკლს სისრულე დღეთა მხედრობისათვის. ხოლო ვხედავ სიბრძნესა შენსა, დაღაცათუ ყრმა ხარ, არამედ ძალ-გიც განგება მეფობისა, არამედ მხედრობისა და წყობათა წინა|განწყობისა შენისა არა არს ჟამი. ესე არს განზრახვა ჩემი, რათა სიბრძნითა შენითა და კითხვითა დედისა შენისა თა გამოარჩიე ერისთავი ჩუენგან წინამძღურად სპისა შენისა და მიგუცენ ჩუენ, ყოველნი, მას და ვიყვნეთ მორჩილ, ვითარცა მამისა შენისა; და ძალითა სამებისა[თა], ღმრთისა ერთარსებისათა, წარვიდეთ და ვიძიოთ შური. ხოლო შენ იყავ შინა და განაგებდი მეფობასა. უკუეთუ ცოდვათა ჩუენთაგან ვიძლინეთ ოვსთაგან, შენი მეფობა უვნებელად დარჩეს, უკუეთუ კუალად თავითა შენითა ცოდვათა ჩუენთაგან იძლიო, სრულიად წარწყმდეს ქუეყანა ჩუენი, რამეთუ ნაცვალი შენი არა არს ქუეყანასა ზედა. ესე თქუა ჯუანშერ სპასპეტმან და ემოწმნეს ყოველნი წარჩინებულნი [და] ერისთავნი ზრახვასა მისსა. მაშინ თქუა მეფემან: „ვითარ ჰხუდების სრულსა სიბრძნესა და ერთგულობასა შენსა, ეგრეთ წარმოსთქუ ყოველი, ჯუანშერ, ხოლო მე არა ვარ მორჩილ ზრახვისა მაგის შენისა, რამეთუ, რაითგან მოწევნულ არს განსაცდელი იგი ჩუენ ზედა, ყოველნი დღენი ჩემნი მწუხარებასა შინა დამიყოფიან, ვითარცა მყოფსა ბნელსა. და სიყუარული დისა ჩემისა განლევს გულსა ჩემსა, ვითარცა მახვილი ცეცხლისა, და სიკუდილი მირჩევნია თავისა ჩემისა ვიდრეღა სირცხვილი, არამედ მინდობითა ღმრთისათა და წინამძღურობითა ჯუარისა მისისა პატიოსნისათა თავითა ჩემითა წარვალ, და ვესავ მრავალმოწყალებათა მისთა, არა გამწიროს და მომცეს ძლევა“.
მაშინ ვითარ ვერღარა დაუშლიდეს, მიემოწმნეს ყოველნი წარჩინებულნი და თქუეს: „ცხოვნდი, მეფე, უკუნისამდე! იქმნეს განზრახვა შენი. ღმერთმან დამბადებელმან მოავლინენ[ინ] ანგელოზნი და დასცენ[ინ] ყოველნი მტერნი შენნი“. და დაამტკიცეს ლაშქრობა ოვსეთისა და განიყარნეს ყოველნი სახლად თვისად [კოზმად].
და ვახტანგ მეფემან წარავლინა მოციქული წინაშე დედისძმისა მისისა ვარაზ-ბაკურ ერისთვისა და აუწყა ლაშქრობა ოვსეთისა და ითხოვა მისგან შეწევნა, ხოლო მან სიხარულით აღუთქუა, რამეთუ ქუეყანა მისიცა ტყუექმნულ იყო ოვსთაგან. მაშინ ვახტანგ მოუწოდა ყოველთა სპათა ქართლისათა და შემოკრბეს ყოველნი, და დაიბანაკეს მუხნარს და ხერკს, იმიერ და ამიერ არაგუსა. და იყო ასი ათასი მხედარი და სამეოცი ათასი ქუეითი. და წარემართა ვახტანგ მეფე, განვიდა ქალაქით მცხეთით, და განახნა სპანი მისნი და მოეწონნეს სიმრავლითა და ცხენკეთილობითა და მოკაზმულობითა, და იხილნა ყოველნი იგი მხიარულებითა და აძრვითა, რამეთუ სავსე იყვნეს შურითა ოვსთათა, აღივსო სიხარულითა და ჰმადლობდა ღმერთსა. შემოვიდა ქალაქად და აღასრულა შვიდეული ერთი ლოცვითა და მარხვითა და ღამისთევითა, და განუყო ხუასტაგი დიდძალი გლახაკთა და დაუტევნა განმგებელად სამეფოსა მისისა[სა] დედა მისი საგდუხტ და და მისიცა ხუარანძე, და დაწერა ანდერძი ესრეთ: „უკუეთუ არღარა შემოვიქცე ცოცხალი, და ჩემი ხუარანძე შეირთოს მირიან, – რომელი ეყვოდა ვახტანგს მამისძმისწულად, ნათესავისაგან რევისასა, მირიანის ძისა[სა], რომელი სიძე იყო თრდატ სომეხთა მეფისა, – მან შეირთოს და ჩემი და მან იპყრას მეფობა“. და ესე დაწერილი დედასა მისსა მისცა და სხუასა არავის აუწყა, და იგი მირიან, მამისძმისწული მისი, დაუტევა მცხეთას.
წარვიდა ვახტანგ და დადგა თიანეთს და მუნ მიერთნეს ყოველნი მეფენი კავკასიანნი. ორმეოცდაათითა ათასითა მხედრითა წარემართა სახელსა ზედა ღმრთისასა, განვლო კარი დარიალანისა. და შესლვასა მისსა ოვსეთად იყო ვახტანგ წლისა ათექუსმეტისა. მაშინ მეფეთა ოვსეთისათა შეკრიბნეს სპანი მათნი, მოირთეს ძალი ხაზარეთით და მოეგებნეს მდინარესა ზედა, რომელი განვალს დარიალანს და ჩავლას ველსა ოვსეთისასა, და მასცა მდინარესა არაგვი ჰრქვიან, რამეთუ ერთისა მთისაგან გამოვალს თავი ორთავე: ქართლისა არაგვისა და ოვსეთისა არაგვისა.
და დაიბანაკეს ორთავე სპათა იმიერ და ამიერ, რამეთუ მდინარისა მის პირსა ორგნითვე ქარაფნი იყვნეს კლდისანი, ჭალაკნი და ველოვანნი პირსა მდინარისასა, და განეკრძალნეს ერთმანერთისაგან. და დაცვნეს გზანი ქარაფთანი და დადგეს ეგრეთ შვიდ დღე. ამას შვიდსა დღესა ბრძოლა იყო ბუმბერაზთა მდინარესა მას ზედა. მაშინ ოვსთა რომელ ჰყვეს ნიჯადნი ხაზართანი, მათ თანაერთო კაცი ერთი გოლიათი, სახელით თარხან. გამოვიდა ესე თარხან ხაზარი და ხმა-უყო ხმითა მაღლითა და თქუა: „გეტყვი თქუენ, ყოველთა სპათა ვახტანგისთა, ვინცა არს თქუენ შორის უძლიერესი, გამოვიდეს ჩემ ზედა“. ხოლო ვახტანგ მეფესა რომელ ჰყვეს სპანი სპარსთანი, მათ თანაერთო კაცი ერთი, რომელსა ერქუა ფარსმან ფარუხ. ამისდა ვერვის დაედგნეს ბრძოლასა შინა, რამეთუ მრავალი ლომი ხელითა შეეპყრა. ესე განვიდა ბრძოლად თარხანისა, და აღიზახნეს ორთავე და მიეტევნეს ურთიერთას. და პირველსავე შეკრებასა უხეთქნა ხრმალი ფარსმან ფარუხს ზედა და განუპო თავი ვიდრე ბეჭთამდე. მაშინ დაჭმუნდა ვახტანგ და ყრმანი მისნი, რამეთუ არავინ დარჩა მათ შორის მსგავსი ფარსმან ფარუხისი. შეძრწუნდეს ყოველნი იგი სპანი და აღივსნეს მწუხარებითა. და დაღამდა დღე იგი, და ვახტანგ შევიდა კარვად თვისად და დადგა იგი ლოცვად, და ცრემლითა ევედრებოდა ღმერთსა, ვიდრე განთენებადმდე არა დაჯდა ქუე ლოცვისაგან, ითხოვდა ღმრთისაგან შეწევნასა და მინდობითა ღმრთისათა ეგულებოდა თვითბრძოლა თარხანისი, რამეთუ უშიშ იყო იგი, ვითარცა უხორცო, და იმედი ჰქონდა ღმრთისაგან და ძალისა თვისისაგან. ვითარ განთენა, კუალად შთამოვიდა თარხან კიდესა მდინარისასა, აყუედრებდა და კუალად ითხოვდა მუქარასა, და არა ვინ იპოვა სპათა შორის ვახტანგისთა მბრძოლი მისი.
მაშინ ვახტანგ ჰრქუა სპათა მისთა: „არა მინდობილ ვარ მე ძალსა ჩემსა და სიმხნესა ჩემსა, არამედ მინდობითა ღმრთისა დაუსაბამოსათა, სამებისა ერთარსებისა, ყოვლისა დამბადებელისათა განვალ თვითბრძოლად თარხანისა“. მაშინ განკვირდეს წარჩინებულნი იგი, აყენებდეს ვახტანგს და მრავალღონედ ზრახვიდეს, რათამცა აყენებდეს ბრძოლისაგან, რამეთუ ყრმა იყო ვახტანგ, და არა იცოდეს გამოცდილება მისი. არა ერჩდა ვახტანგ, არამედ დაამტკიცა ბრძოლა მისი. გარდახდა ცხენისაგან და დავარდა ქუეყანასა ზედა, თაყუანის-სცა ღმერთსა, აღიპყრნა ხელნი თვისნი და თქუა: „ჰე, უფალო, დამბადებელო ყოვლისაო და შემმატებელო კეთილთაო, აღმამაღლებელო მოსავთა შენთაო, შენ იყავ შემწე ჩემდა, მოავლინე ანგელოზი შენი ძალად ჩემდა და დაეც უსჯულო ესე და არცხვინე მგმობართა შენთა, რამეთუ არა ძალსა ჩემსა მინდობილ ვარ, არამედ მოწყალებასა შენსა“. მოიქცა და აღჯდა ტაიჭსა თვისსა და ჰრქუა სპათა მისთა: „ევედრებოდეთ ღმერთსა და ნუ შესძრწუნდებით“. წარვიდა ვახტანგ და უდგეს სპანი მისნი ზურგით მისა შეძრწუნებულნი და სავსენი მწუხარებითა თვის-თვისსა სჯულსა ზედა ევედრებოდეს ღმერთსა ცრემლითა.
მაშინ ვახტანგ ჩავლო გუერდი და შთადგა მდინარისპირსა. აქუნდეს ხელთა [ჰ]ოროლნი. მოხედნა თარხან და ჰრქუა: „მე გოლიათთა და გმირთა გამოცდილთა მბრძოლი ვარ [და] არა ყმაწულილთა, გარნა შენ ზედაცა დავიმდაბლო თავი ჩემი“. აღიზახნეს და მიეტევნეს ურთიერთას. და პირველსავე შეკრებასა სცნა [ჰ]ოროლნი ვახტანგ სარტყელსა ზედა და ვერ უფარა სიმაგრემან საჭურველისამან, და განავლო ზურგით და მოკლა. ხოლო ქართველთა, ნუგეშინისცემულთა და სავსეთა სიხარულითა, აღიზახნეს ხმითა საშინელითა და შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ. ხოლო ვახტანგ მასვე ადგილსა გარდახდა ცხენისაგან, და დავარდა მიწასა ზედა, თაყუანის-სცა და თქუა: „კურთხეულ ხარ, შენ, უფალო, რომელმან მოავლინე ანგელოზი შენი და დაეც მტერი ჩემი. შენ ხარ აღმამაღლებელი მოსავთა შენთა, შენ ხარ, რომელმან აღადგინი ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლი დავრდომილი“. მოჰკუეთა თავი თარხანს, აღჯდა და წარვიდა ლაშქართა თვისთა თანა და ყოველთა მათ სპათა ხმითა აღწევნულითა შეასხეს ქება ვახტანგს და ჰმადლობდეს ღმერთსა.
და მეორესა დღესა სხუა გამოვიდა ბუმბერაზი ოვსთაგან, რომელსა ერქუა ბაყათარ. იგი იყო გოლიათ, და რაითგან დაეწყო მხედრობად, ვერვის დაედგნეს მისდა და მოესრა ყოველი მბრძოლი მისი. და იყო სიგრძე მშვილდისა მისისა ათორმეტი მტკაველი და ისარი მისი – ექუსი მტკაველი. მოდგა ესე ბაყათარ პირსა მდინარისასა და ხმა-უყო ხმითა მაღლითა და თქუა: „ვახტანგ მეფეო, ნუ განჰლაღნები შენ მოკლვისათვის თარხანისა, არა ერთო იგი გოლიათთა და ამისთვის მოიკლა იგი ყმაწულილისა მიერ. აწ უკუეთუ შენვე გამოხვიდე მბრძოლად ჩემდა, მოგხუდენ ჩემგან ბრძოლანი ფიცხელნი, რომელთა ვერღარა განერე, თუ არა, ვინცა სპათა შენთაგანი გამოვიდეს, მისთვისცა მზა ვარ“. მაშინ პასუხ-უგო ბაყათარს ვახტანგ და ჰრქუა: „არა ძალითა ჩემითა ვსძლე თარხანს, არამედ ძალითა დამბადებელისა ჩემისათა, არა მეშინის შენგან, ვითარცა ძაღლისა ერთისაგან, რამეთუ ძალი ქრისტესი ჩემ თანა და ჯუარი მისი პატიოსანი – საჭურველ ჩემდა“.
და განაწესნა ვახტანგ სპანი და დაადგინნა განმზადებულად, და აღჯდა ტაიჭსა, შეჭურვილსა ჯავშნითა, და აღიღო ფარი მისი ვიგრის ტყავისა, რომელსა ვერ ჰკუეთდა მახვილი, და ჩავლო გუერდი და მიდგა მახლობლად მდინარისა, ხმა-უყო ბაყათარს და ჰრქუა: „არა გამოვალ მე მდინარესა, რამეთუ მეფე ვარ. არა მივეახლები სპათა ოვსეთისათა, რამეთუ წარწყმედითა ჩემითა წარწყმდების ყოველი ჩემი სპა, ხოლო შენ მონა ხარ და წარწყმედითა შენითა არა ევნების სპასა ოვსეთისასა, ვითარცა წარწყმედითა ძაღლისა ერთისათა, გამოვედ მდინარესა ჩემ კერძო!“ მაშინ ბაყათარ აღასრულა სიტყუა მისი და თქუა: „მე, მომკლველმან შენმან, გამოვლო მდინარე, არამედ პირისაგან მდინარისა უკუდეგ სამ უტევან!“ მაშინ ვახტანგ უკუჰრიდა. გამოვლო მდინარე ბაყათარ და უწყო სროლად ისრითა. მაშინ ვახტანგ სიფიცხლითა თუალთა თვისთათა, და სიმახვილითა გონებისა მისისათა ჰრიდებდა ისარსა, რამეთუ შორსვე იხილის ისარი მომავალი და უხლდებოდა და სიმარჯვით მიეახლებოდა. ამიერ და იმიერ სპათაგან იყო ცემა ბუკებისა და დაბდაბთა, და იზახდეს ხმითა აღწევნულითა სპანი ორნივე, – ქართველთანი და ოვსთანი, – რომლითა იძრვოდეს მთანი და ბორცუნი. და ვერ შეჰკრა ისარი ორისა ისრისაგან მეტი ბაყათარ ფარსა ვახტანგისსა, და ვერ უკუეთა ყოვლად. და კუალად ჰკრა სხუა ისარი ცხენსა ვახტანგისსა და განაგდო შიგა, და ვიდრე დაეცემოდა ცხენი ვახტანგისი, მიუხდა ზედა და უხეთქნა ხრმალი მხარსა ბაყათარისსა, და ჩაჰკუეთა ვიდრე გულამდე. მაშინღა დაეცა ცხენი ვახტანგისი, სწრაფით მიჰყო ხელი და შეიპყრა ცხენი ბაყათარისი. და პირველ დავარდა ქუეყანასა ზედა და თაყუანი-სცა ღმერთსა და შეწირა მადლობა უმეტეს პირველისა, აღჯდა ცხენსა ბაყათარისსა და მოდგა მახლობელად სპათა თვისთა და ჰრქუა ხმითა მაღლითა: „მხნე იყვენით და განძლიერდით, რამეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს“. ხოლო სპანი იგი წარემართნეს განმზადებულნი, ცხენ-თორნოსანნი და ჯაჭუჩაბალახოსანნი წინათკერძო, და მათ უკუანა ქუეითნი და ქუეითთა უკუანათ სიმრავლე მხედართა, და ესრეთ მიჰმართეს. ხოლო ოვსნი წარმოდგეს ქა|რაფსა ზედა და დაასხეს ისარი, ვითარცა წვიმა მძაფრი. მაშინ მეფე ვახტანგ მოქცეულ იყო სპისა მისისა ზურგით რჩეულითა მხედრობითა, უზახებდა და განაძლიერებდა და ნუგეშინის-სცემდა სპათა მისთა. მაშინ წინათა ცხენ-თორნოსანთა აღვლეს გზასა ქარაფსა, აღვიდეს ვაკესა და აღუდგეს უკუანა[თ] ქუეითნი და შემდგომად – სიმრავლე მხედართა, და იქმნა ბრძოლა ძლიერი მათ შორის. ხოლო ვახტანგ უკუეთუ მარჯუენით კერძო იბრძოდის, მარცხენითკერძონი ძრწოდიან, და, უკუეთუ მარცხენით კერძო იბრძოდის, მარჯუენითკერძონი ძრწოდიან. და ეგოდენსა მას სიმრავლესა ხმათა სპათათასა იცნობებოდა ხმა ვახტანგისი, ვითარცა ხმა ლომისა, და თანაჰყვებოდეს მას ორნი მხედარნი: არტავაზ, ძუძუსმტე [მისი], ძე საურმაგ სპასპეტისა, და ბივრიტიან სეფეწული; და იგინიცა იბრძოდეს მხნედ.
მაშინ იძლივნეს ოვსნი და ივლტოდა ბანაკი მათი, მოისრნეს და ტყუე იქმნნეს, ხოლო უმრავლესი მეოტი ოვსთა ცოცხალი შეიპყრეს უკუმოხსნისათვის ტყუეთასა, რომელნი წარტყუენულ იყვნეს პირველ ოვსთაგან ქართველნი. ვითარ უკუმოიქცეს დევნისაგან და დაიბანაკეს ბანაკსავე თვისსა, სამ დღე განისუენეს და შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ, და მერმე განიბნინეს ტყუენვად ოვსეთისა: შემუსრნეს ქალაქნი მათნი და აღიღეს ტყუე და ნატყუენავი ურიცხვი. და განვიდეს პაჭანიგეთსა, რამეთუ მაშინ მუნ იყო პაჭანიგეთი, მოსაზღვრედ ოვსეთისა, მდინარესა მას ოვსეთისასა წიაღ, და ჯიქეთი მუნვე იყო. შემდგომად ჟამთა მრავალთა იოტნეს პაჭანიგნი და ჯიქნი თურქთაგან, და წარვიდეს პაჭანიგნი იგი დასავალით კერძო, ხოლო ჯიქნი დაემკვიდრნეს ბოლოსა აფხაზეთისასა.
და მოტყუენა ვახტანგ პაჭანიგეთი და ჯიქეთი, და შემოიქცა და მოადგა ოვსეთსავე, და მეფენი ოვსთანი შევლტოლვილ იყვნეს სიმაგრეთა კავკასიისათა. აღდგეს მათ შორის მოციქულნი და დაიზავეს და ითხოვეს ვახტანგისგან ოვსთა ნაცვალად დისა მისისასა ოცდაათი ათასი ტყუე ოვსეთისა, ყოველი უკეთესი, რომელი სახელ-დებით თქუეს ოვსთა. და მისცა ვახტანგ ოცდაათი ათასი ტყუე დისა მისისათვის და მოიყვანა და მისი. ხოლო ტყუენი ქართველთანი, რომელნი ჰყვეს ოვსთა ექუსსა მას წელიწადსა, იგი ყოველნი უკუმოიხსნნა თვითო თვითოსათვის, – და აღიღო მძევალი ოვსთაგან და მძევლისათვის მისცა სხუა ტყუე ოცდაათრვამეტი, რომელნი უკუმოიხსნნა ტყუე ქართლისა, რიცხვით სამას ორმეოცდაათრვამეტი, და რომელ დარჩა ტყუე ოვსი ამათ განტეობილთაგან კიდე – ექუსი ათას ორმეოცდაათრვამეტი თვინიერ პაჭანიგთა და ჯიქთასა. და ესე ყოველი აღასრულა ოთხ თთუე.
მაშინ მეფემან განუტევნა ნიჯადნი იგი სპარსთანი და მეფენი კავკასიანთანი ნიჭითა დიდითა. და წარმოგზავნნა მირანდუხტ და ტყუე იგი ყოველი გზასა დარიალანისასა, და თვით სპითა დიდითა ქართლისათა წარვიდა გზასა აფხაზეთისასა, სულგრძელად და უშიშად იწყო ბრძოლად ციხეთა აფხაზეთისათა, რამეთუ მეფე ბერძენთა ლეონ დიდი უცალო იყო ბრძოლისაგან სპარსთასა და ვერ შემძლებელ იყო სპათა გამოგზავნად აფხაზეთს. და სამ წელ წარტყუენნა ყოველნი ციხენი აფხაზეთისანი ვიდრე ციხეგოჯადმდე და მოვიდა სახლსა მისსა, ქალაქსა სამეუფოსა მცხეთას. განეგება წინა დედა მისი და დანი მისნი, და სიმრავლე მის ქალაქისა მამათა და დედათა, მიუფენდეს სახელთა და სამოსელთა მათთა ფერხთა ქუეშე მისთა, და აყ|რიდეს თავსა დრამასა და დრაჰკანსა, და აღწევნულითა ხმითა შეასხმიდეს ქებასა, რამეთუ არა რომელსა მეფესა ექმნა ეგევითარი წყობა.
მაშინ ვახტანგ მეფემან შეწირა მადლობა ღმრთისა მიმართ მრავლითა ლოცვითა და ღამის-თევითა, და გლახაკთა მიცემითა და განსცა ნიჭი ერსა თვისსა და წარჩინებულ-ქმნნა მხხედარნი მსახურ|ნი, გამოცდილნი წყობასა მას შინა ოვსთასა. და წარსცა ძღუენი ნატყუენავისა მისგან დედისძმისა მისისა თანა ვარაზ-ბაკურისა: მონა – ათასი, ცხენი სახედარი – ათასი, ხდალი ცხენი – ათასი. და კუალად წარსცა წინაშე სპარსთა მეფისა მონა ათი ათასი, ცხენი სახედარი – ათი ათასი, ცხენი ხდალი – ათი ათასი. ესე ყოველი მიუძღუანა სპარსთა მეფესა ხელითა ბინქარან ეპისკოპოსისათა და ითხოვა სპარსთა მეფისაგან ასული ცოლად, რომელსა ერქუა ბალენდუხტ. და მოსცა სომხითი და ყოველნი მეფენი კავკასიანნი ზითვად, და მისწერა მის თანა წიგნი, რომელსა წერილ იყო ესრეთ: „ორმისდისაგან, ყოველთა მეფეთა მეფისა, ვახტანგის მიმართ, ვარანხუასრო-თანგისა, ათთა მეფეთა მეფისა ახოვანისა“, და მოუწერა მან ბრძოლა კეისრისა, რამეთუ კეისარი განსრულ იყო ბრძოლად სპარსთა.
მაშინ ვახტანგ აწვია ყოველთა სპათა მისთა და ყოველთა მეფეთა კავკასიანთა, შემოკრბეს და დადგეს მტკუარსა იმიერ და ამიერ, ორასდარვა ათასი და მოერთო ვარაზ-ბაკურ, დედისძმა მისი, ერისთავი რანისა, ბრძანებითა სპარსთა მეფისათა სპითა ადარბადაგანისათა, რანისა და მოვაკნისათა, ვითარ ორასითა ათასითა მხედრითა. მას ჟამსა იყო ვახტანგ წლისა ოცდაორისა. იყო იგი უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა და უშუენიერეს სხუათა და ძლიერი ძალითა, რომელ ჭურვილი ქუეითი ირემსა მიეწიის, უპყრის რქა და დაიმჭირის, და ცხენი ჭურვილი აღიღის მხართა ზედა და მცხეთით აღვიდის ციხესა არმაზისასა. და მარტო იყო იგი ძე მამისა მისისა და ერთი და მისი ხუარანძეცა იყო ძლიერი და შუენიერი. ნათესავისაგან მირიან მეფისა მორწმუნისა ვახტანგ და დანი მისნი დარჩომილ იყვნეს. იგინი იყვნეს ნათესავნი ბაქარ მირიანის ძისა, ხოლო მირიან და გრიგოლ იყვნეს ნათესავისაგან რევის, მირიანისვე ძისა, და აქუნდა მათ კუხეთი და ცხონდებოდეს რუსთავსა ქალაქსა, ციხესა, რამეთუ შემცირებულ იყვნეს ურთიერთას კლვითა. მირიან მეფისითგან ვიდრე ვახტანგისამდე გარდაცვალებულ იყო ნათესავი რვა, მეფენი _ ათნი და წელიწადნი – ას ორმეოცდააჩვიდმეტი, ხოლო ეპისკ|ოპოსნი წესსა ზედა ჭეშმარიტსა გარდაცვალებულნი – რვანი, ხოლო სხუანი – შემშლელნი წესისანი.
წარემართა ვახტანგ შესლვად საბერძნეთად და მიიწინეს სომხითს და მიერთნეს პერჟოკაფსა, სადა-იგი ციხე აღეგო პირველხსენებულსა ფეროზს, ერისთავნი სომხითისანი: სივნელი არევ, ასფურა|გნელი ჯუანშერ, ტაროვნელი ამაზასპ, გრიგოლის შენებულისა ქალაქისაგან, თრდატ, ნათესავისაგან დიდისა თრდატისა, და მოადგეს ქალაქსა, რომელსა ერქუა კარახპოლა, და აწ ეწოდების კარნუ ქალაქი, და ჰბრძოდეს მას და ვერ შეუძლეს დაპყრობად, რამეთუ იყო იგი ზღუდითა მაღლითა. და დაუტევნა ორნი ერისთავნი მხედრითა ათორმეტითა ათასითა ბრძოლად ქალაქისა მის.
წარვიდა ვახტანგ პონტოს და მოაოხრნა გზასა ქალაქნი სამნი: ანძორეთი, ეკლეცი და სტერი. და მოადგეს ლაშქარნი პონტოს, ქალაქსა დიდსა, ზღვისკიდესა და ჰბრძოდეს სამ თთუე, და მიუწია ლაშქარმან ვიდრე ქალაქისა მის კოსტანტინისა. ხოლო სპარსნი, რომელთა ჰპოვებდეს ეკლესიისა მსახურთა, დაჰკლვიდეს. არამედ ვახტანგ მეფემან ამცნო სპათა სომხითისათა და ყოველთა სპარსთა, რათა არავის კლვიდენ მოწესეთაგანსა, არამედ ტყუეჰყოფდენ, და ჰრქუა მათ: „მამისმამა ჩემი მირიან ოდეს შემოჰყვა მეფესა სპარსთასა, ძმისწულსა თვისსა, ბრძოლად ბერძენთა ზედა, ესევითარსა უყოფდეს მოწესეთა და ეკლესიისა მსახურთა, და იძლინეს ძლევითა ბოროტითა ურიცხუნი სპანი მცირეთა ლაშქართაგან. მიერითგან მიიღეს საზღვარი იგი ბერძენთა ჩუენ ქართველთაგან აღმოსავალით ზღვისა ამის. ხოლო წყობა პირველთა მეფეთა იყო ანძიანძორს, სადა უკუე აწ არს საფლავი დიდისა მოძღურისა გრიგოლის, და მუნით იოტნეს მეფენი ჩუენნი. ხოლო ჩუენ ათისა დღისა სავალი ჩამოგვივლია ჩრდილოთ, მოქცეულ ვართ და ჩუენცა ვართ სჯულსა ზედა ბერძენთასა აღმსაარებელნი ქრისტესნი, რომელ არს ღმერთი ჭეშმარიტი ყოველთა, ანუ არა გასმიანა სასწაულნი, რომელ ქმნნეს კოსტანტინეს ზე მეფეთა წარძღუანებითა ჯუარისათა, ანუ რომელნი ქუეყანასა შინა სპარსთასა იქმნნეს სასწაულნი ივლიანეს ზე, მეფისა მეკერპისა, ვითარ იგი ისარმან ზეცისამან მოკლა, და შეკრბეს სპანი ბერძენთანი და ივბიმიანოს მორწმუნე აჩინეს მეფედ, ხოლო მან არა თავს-იდვა, ვიდრემდის არა დამუსრნეს კერპნი და აღმართნეს ჯუარნი, და მას ზედა დაარქუეს გვირგვინი მეფისა. ხოლო ანგელოზმან უფლისამან აღიღო გვირგვინი და დაადგა თავსა ივბიმიანოსისსა, ჭეშმარიტისა მეფისასა? და ხმა იყო ზეცით, რომელი ეტყოდა სპარსთა მეფესა ხუასროთანგს: „დაეცადენით ბრძოლისაგან ივბიმიანოსისა, რამეთუ ძალი ჯუარისა უძლეველ არს“. და მიერითგან იქმნნეს მეგობარ მეფე და ხუასრო, ვიდრემდის ორნივე იგი მიიცვალნეს. ანუ თქუენ, მკვიდრთა მაგათ სომხითისათა არშაკუნიანთა, პატიახშთა, ბივრიტიანთა, არა გახსოვან საქმენი გრიგოლი პართელისანი და წინააღმდგომისა მისისა თრდატ მეფისა არშაკუნიანისანი, ვითარ დასცა ზუაობისაგან და ი|ქმნა იგი ეშუად? არამედ გრიგოლი მოაქცია იგი, და მიერითგან იქმნა იგი მუშაკ ეკლესიათა. და ეკლესია აღაშენა თრდატ ზურგითა თვისითა, რამეთუ იყო იგი გმირი. ხოლო თქუენ, მკვიდრნო ქართლისანო, ნათესავნო მეფეთა ქართველთანო, რომელნი დღეს მთავრობასა ზედა დადგინებულ ხართ ჩუენ მეფეთაგან, რომელნი ვართ ნათესავნი ნებროთ გმირისანი, რომელი უწინარეს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა გამოჩნდა ქუეყანასა ზედა, რომელი ლომსა ძალითა, ვითარცა თიკანსა, მოიყვანებდა, კანჯართა და ქურციკთა ქუეითი იპყრობდა. რამეთუ ეზომ განდიდნა ძალი მისი, რომელ დაემორჩილნეს ყოველნი ნათესავნი ნოესნი, ვიდრემდის შეუძლო ქალაქი ქმნად, რომლისა ქვად შექმნა ოქრო და ხარისხად ვეცხლი, და გარემოს მისა მოიქმოდა აგურითა და კირითა, ხოლო ქუდნი კართა და სარკუმელთანი იაკინთისა და ზურმუხტისანი შექმნნა, რამეთუ მათისა ნათლისაგან ვერ შეუძლებდა ღამე დაბნელებად. და ქმნა მას შინა ტაძრები და კოშკები, რომელი ვერ შესაძლებელ არს გაგონებად თქუენდა. მოუგონებულ არს თვითეულსა სიბრძნე მისი, რომელი მიეცა მას, ვიდრემდის აღმართა სამისა დღისა სავალსა, რომელი ექმნა აღსავალად ხარისხად ზღუდეთა ზედა და ენება, რათა აღვიდეს ცად და იხილნეს მყოფნი ცისანი. ხოლო ვითარცა განვლო საზღვარი ჰაერისა და შევიდა საზღვარსა ვარსკულავთასა, ვერღარა უძლებდეს საქმედ მოქმედნი, რამეთუ დადნებოდა ოქრო და ვეცხლი, რამეთუ მუნითგან ვინაიმე არს ხელმწიფება ცეცხლისა ეთერისა მის, რომელი ეგზების მძაფრიად სამყაროსა ქცევისაგან. და ესმა მუნით საზრახავი შვიდთა გუნდთა ზეცისათა, რომლისაგან შესულბეს ადამიანნი, და იქმნა ყოველი კაცი – თვითო ნათესავი – მეტყუელ თვითოსა ენასა და არღარა ერჩდეს ურთიერთას, პირსა მოყუსისა თვისისასა, და წარვიდეს. ხოლო ნებროთს ენითა სპარსულითა ჰრქუა: „მე ვარ მიქაელ ანგელოზი, რომელი დადგინებულ ვარ ღმრთისა მიერ მთავრობასა ზედა აღმოსავალისასა. განვედ ქალაქით მაგით, რამეთუ ღმერთი დაჰფარავს მაგას ვიდრე გამოჩინებადმდე სამოთხისა, რომელი, ესერა, დგას მახლობელად ნაშენებსა მაგას შენსა, რომელსა შორის არს მთა ესე, რომლისაგან აღმოვალს მზე და გამოვლენ ორნი მდინარენი: ნილოსი და გეონი; რამეთუ გეონს გამოაქუს სამოთხით ხე სულნელი და თივა, რომელი შეეზავების მუშკსა. აწ წარვედ შენ და დაჯედ ორთავე მდინარეთა შორის ევფრატსა და ჯილასა, და განუტევენ ნათესავნი ესე, ვითარცა ვინ ინებოს, რამეთუ წარუვლინებიან უფალსა, ხოლო მეფობა შენი მეფობდეს ყოველთა ზედა მეფეთა. არამედ ჟამთა უკუანასკნელთა მოვიდეს მეუფე ცისა, რომლისა შენ გნებავს ხილვა მისი, ერსა შორის შეურაცხსა. შიშმან მისმან განაქარვნეს გემონი სოფლისანი: მეფენი დაუტეობდენ მეფობასა და ეძიებდენ სიგლახაკესა. მაშინ გიხილოს შენ ჭირსა შინა და გიხსნეს“. და დაუტევეს ყოველთა ქალაქი და წარვიდეს ჰინდოურად მზრახვალნი ჰინდოეთს, სინდნი – სინდეთს, ჰრომნი – ჰრომს, ბერძენნი – საბერძნეთს, [გოგ] და მაგუგ – მაგუგეთს, სპარსნი – სპარსეთს. ხოლო პირველი ენა ასურებრი იყო. და ესე არიან შვიდნი ენანი, რომელ ნებროთისამდე ზრახვიდეს. ამისთვის მოგითხარ, რომელ მამათა ჩუენთა ფარულად ეპყრა წიგნი ესე, ხოლო მე შურმან საღმრთომან მაიძულა თქუმად ამისა. და ამის მიერ შეიწყნარა მირიან, მამამან ჩემმან, სახარება ნინოს მიერ. ანუ არა ქრისტეს მოსლვადმდე მოიღებდეს მამანი ჩუენნი ხარკსა? და მუნითგან მოუძლურდით, და ესე ბერძენნი მოღმართ გუბრძვანან. და მან იხილა ნებროთ ჯოჯოხეთს შინა და იხსნა. იგი არს პირ|ველი ყოველთა მეფეთა და დანიელცა ეწამების, ვითარმედ მიქაელ დადგინებულ არს ძალად სპარსთა, და თქუენ, ყოველთა ქართველთა, იხილენით სასწაულნი ესე, რომელ ქმნნა ნინო. ანუ ჰგონებთ, ვითარმედ ბერძენნი განწირნა ღმერთმან არა, უმეტესნი ქუეყანანი სპარსთანი მათ შემუსრნეს და შემოურთვან. და დღეს მეექუსე თთუე არს, რათგან ისმა ხმა ლაშქრობისა ჩუენისა. ქცეულ არს კეისარი, რამეთუ ასმიეს შემოსლვა ჩუენი, და აწ მოახლებულ არს ბრძოლად ჩუენდა. აწ უკუე ყოველნი ნათესავნი უფალსა ღმერთსა ჰმსახურებდით და დასცხერით ვნებათაგან ეკლესიისათა“.
და ვითარცა ესე ყოველი წარმოთქუა, განავლინა ქადაგი, რათა ყოველნი მოწესენი გამოვიდენ სამალავთაგან მათთა და ტყუენი განუტევნენ და სადაცა უნდეს, წარვიდენ. და მოვიდა სიმრავლე მღდელთა და დიაკონთა და მოწესეთა მონაზონთა და ენკრატისთა ქუაბთა და მთათაგან და უმრავლესნი პონტოთ ქალაქით, რამეთუ შეიწრებულ იყო ოთხ თთუე ოდენ ქალაქი იგი, და მათ თანა იყვნეს ორნი კაცნი: პეტრე მღდელი, მოწაფეთაგან გრიგოლი ღმრთისმეტყუელისათა, რამეთუ საფლავსა მისსა ზედა მღდელობდა, და სამოელ მონაზონი. წარდგეს წინაშე ვახტანგისა მადლისა მიცემად განტევებისათვის ტყუეთასა და განთავისუფლებისათვის ეკლესიათა და მღდელთასა. და ვითარ წარმოთქუეს ლოცვა, სთნდა მეფესა და მიიახლნა იგინი, და უბრძანა შემოსად ყოველთა ტყუეთა და მოწესეთა, განტევებულთა მისგან, უძლურთა, რამეთუ ყოველნი უძლურნი ქალაქით შემოსრულ იყვნეს. უძლურთა მისცა სახედრები და ჭაბუკთა – სამ-სამი დრაჰკანი, და განუტევნა, ხოლო პეტრე მღდელი და სამოელ მონაზონი დააყენნა.
და ვითარ წარვიდეს სპანი იგი კარვად თვისად და მეფე შევიდა სერობად, ჰრქუა მეფემან პეტრეს: „სთნდამცა ღმერთსა საქმე ესე ჩემი, რამეთუ დავიცვენ ეკლესიანი და განუტევენ ტყუენი?“ ჰრქუა პეტრე: „იტყოდის მონა შენი წინაშე შენსა კადნიერად, ანუ მიგცემდეს ქებასა სიცრუისასა?“ ჰრქუა: „იტყოდე, არას ვეძიებ, გარნა მხილებასა, რამეთუ განვერნეთ სიცრუისაგან“. ჰრქუა პეტრე: „ეკლესიანი ხორცთანი უფროს არიან წინაშე ღმრთისა, ვიდრე ეკლესიანი ქვათანი. ეკლესია ქვათა ოდესმე დაირღვის და აღაშენიან მითვე ქვითა, ხოლო ეკლესია ხორცთა ოდეს დაირღვის, ვერვინ შემძლებელ არს განკურნებად, ვერცაღა მკურნალი და ვერცა[ღა] მეფე. აწ რაოდენნი გუამნი კაცთა მართალთანი დაგიცემიან? რომელსა იტყვის სისხლისათვის აბელისსა: „ყოველი სისხლი ნოეს ზე წყლითრღუნითა განიწმიდა“ და სისხლისათვის ზაქარიასა, ბარუქის ძისა: „მიუგო ყოველი შეურაცხება ჰურიათავი. ვითარცა იტყვის ესაია: „აღიღე და წარწყმიდე ყოველი წული მათი“ ტიტოს და [ვე]სპასიანოს მიერ. ანუ არა აღმოგიკითხავსა წიგნთაგან მოსესთა, რაჟამს ისრაიტელმან ისიძვა უცხოთესლსა თანა, რაოდენი სული მოკუდა ერთისა მის სიძვისათვის? აწ უკუე სპათა შენთაგან რაოდენნი ქალწულნი განხრწნილ არიან, ტაძარნი ღმრთისანი?“ და ჰრქუა მეფემან: „არა ჰხედავ, ვითარ-იგი ივბიმიანოს დაცვისათვის ეკლესიათასა იყო ივლიანეს თანა უკეთურისა? და თუ დაბრკოლდეს კაცი, უმჯობეს არს დაცემა სრულიად“. ჰრქუა პეტრე: „არა დაბრკოლებულსა დაგცემ, არამედ დაცემულსა აღგადგინებ“, ვითარცა დავითს საცთურისაგან ჰურიასა. და არა მნებავს შენი, რათა იყო, ვითარცა კაცი, რომელი მარჯუენით იქმნ და მარცხენით არღუევნ, და არცა, რომელნი `პირითა მათითა აკურთხევედ და გულითა მათითა წყევედ“ და აგინებედ, არამედ ვითარცა მეფენი კეთილხსენებულნი, რომელთა დაიპყრეს სოფელი ესე და სასუფეველსა არა განეშორნეს: დავით, სოლომონ, კოსტანტინე, ივბიმიანოს და ყოველნი მსგავსნი მათნი. ხოლო რა არს მსგავსება შენი ივბიმიანოსისი და ვინ არს შენ ზედა უფალ, რომელმცა რმალი მისი იყო კისერსა შენსა ზედა, ვითარცა-იგი ივბიმიანოსისსა ივლიანესი, ანუ სადა გევნო შენ, ვითარცა ივბიმიანოსს ივლიანესგან? ანუ ვის ხედავს ღმერთი, რომელი შენ ზედა უფალ იყო და ჰქონდამცა პასუხი შენსა სიმართლესა წინაშე ღმრთისა? არა შენ უფალ-გყო ამათ ყოველთა ზედა და შენ შეგიდგინნა ყოველნი? ამიერითგან ითხოვოს ღმერთმან ყოველი ხელთაგან შენთა საქმე ბოროტისა და შენ მიგაგოს, არა თუ შეინანო“. ჰრქუა მეფემან: „მნებავს განმართლება თავისა ჩემისა, ხოლო სიმართლით შენ დამსაჯე უმსჯავროებასა ჩემსა“. ჰრქუა პეტრე: „ვინაითგან გზა-ეც შეწამებად, ცოდვა შენი განგეშორა შენგან. ხოლო აწ გითხრა გულისსიტყუა შენი, არა უმეცრებამან აღგძრა ბრძოლად ძეთა ზედა ღმრთისათა, არამედ შუელისათვის ნათესავისა შენისა სპარსთასა. და არა უწყია, რამეთუ ბერძენნი ნათესავნი ღმრთისანი არიან აღთქუმისა მისთვის, რაჟამს უწოდა მათ შვილად ღმრთისა და მოსცა მათ ბეჭედი, რომლითა შეიმუსრა ჯოჯოხეთი და არს იგი ჯუარი?“ ჰრქუა მეფემან: „აწ რა გნებავს შენ?“ ჰრქუა მას პეტრე: „მნებავს, რათა შენ მიერ აღგზებული ესე ცეცხლი შენვე დაშრიტო და მეგობარი იყო კეისრისა, ვითარცა დღესამომდე იყავ სპარსთა“. მიუგო მეფემან: „ესე მნებავს, რათა მიჩუენოთ ლოცვითა თქუენითა ამას ღამესა კეისარი და მე შეკრებულნი, და რომელი ზრახვად არს ჩუენ შორის სიყუარულისა-ყოფად, და ვცნა მე ესე, ვითარმედ სთნავს ქრისტეს ზრახვა ესე შენი ჩემდა მომართ“. ჰრქუა პეტრე: „დამიმძიმდა თხოვა ესე შენი ჩემ ზედა, რამეთუ ესე არს კაცთა რჩეულთა, რომელნი არიან, ვითარცა ანგელოზნი, სრულითა სა|ქმითა და არიან ამათ კლდეთა შორის, და ესევითარი მათგან ეგების საქმედ, რომელსა შენ ითხოვ. მეც მე დრო, რათა წარვიდე და ვევედრო მათ და უთხრა ბრძანება შენი, და ლოცვითა მათითა აღესრულოს განზრახვა შენი, არამედ შეურაცხ-გვიჩნს თავი ჩუენი, რამეთუ კაცნი ვართ ცოდვილნი, ნუუკუე სილაღედ იხილოს ღმერთმან“.
შეჰრისხნა მას სამოელ მონაზონმან და ჰრქუა: „მღდელო, საქმესა ღმრთისასა, ვითარცა საქმესა კაცთასა, ჰზრახავ! ანუ არა აღმოგიკითხავსა, ვითარ ეტყვის ღმერთი პალეკარპოსს (წმ. პოლიკარპე სმირნის ეპისკოპოსი, ეწამა 86/87 წლისა 23 თებერვალს 155/156 წ.): „უკუეთუმცა არა დაბრკოლდებოდეს ანგელოზნი კაცთა სათნოებისათვის  ყოველთამცა ქალაქთა შინა ჯუარს-ვეცუ, რათა ყოველნი ვაცხოვნნე?“ ანუმე უფროს არს აქაბ, მეფე ისრაელისა, მეფესა ქრისტიანეთასა, რომელსა ეტყვის ესაია: „ითხოვე სასწაული სიმაღლედ, ანუ სიღრმედ“, (ესაია. 7,11.) და მისთვის თქუა: „მიუდგეს ქალწული?“ (ესაია. 7,14; მათე. 1,23) ანუ ვინ ჰრქუა ისრაიტელსა: „რაცა ითხოვო სახელითა ჩემითა, მოგეცეს?“ (იოან. 14,13) ისო ჰრქუა სამყაროსა ცისასა: „მოიქეც!“ და სამსა ჭდესა მოიქცა იგი. აწ სიტყუა სიმდაბლისა შენისა კეთილ არს, პეტრე, არამედ საბრკოლებელ არს მცირედმორწმუნეთა კაცთა. ხოლო შენ, მეფეო, მცირედ შეგუეწიე ჩუენ სარწმუნოებითა, რამეთუ ლოცვამან ჭირვეულისა ამის ქალაქისამან ყოს ნება შენი“.
და წარვიდეს წმიდანი იგი სადგურად თვისა, ხოლო მეფემან მყოვარ ჟამ ილოცა და დაწვა. და მირულებასა შინა მისსა, აჰა, მოვიდა დედაკაცი იგი, რომელი იყო წმიდა ნინო, და ჰრქუა: „აღდეგ, მეფეო, და განკრძალულად მიეგებვოდე, რამეთუ ორნი მეფენი, ზეცისა და ქუეყანისანი, მოვლენ შენდა“. და რეცა მიხედნა და იხილა პირველ სახე ქალაქისა, ვითარმედ არს კოსტანტინესი. და მიიწია იგი სწრაფით და იხილნა ორნი საყდარნი: ერთსა ზედა მჯდომარე ჭაბუკი საჭურველითა, გვირგვინოსანი, და მეორე[ს]ა საყდარ[ს]ა იხილა მჯდომარე მოხუცებული ზეწრითა სპეტაკითა და თავსა მისსა გვირგვინი ნათლისა, არა ოქროსა. და ფერხთა მისთა ჯდა ნინო და ხელი ვახტანგისი მარჯუენა ეპყრა პეტრეს მღდელსა და მარცხენა – სამოელს მონაზონსა. და ჰრქუა სამოელ: „შეუვრდი პირველად დიდსა ამას მთავარსა ზეცისასა გრიგოლის!“ მივიდა და თაყუანი-სცა, და ჰრქუა გრიგოლი: „რა ესე ჰყავ ბოროტი, კაცო, რამეთუ მოაოხრე ბანაკი ჩემი და მხეცთა შეაჭამენ საცხოვარნი ჩემნი, უკუეთუმცა ორნი ეგე არა, რომელნი გუერდით გიდგან და დედაკაცისა ამისთვის სათნოსა, რომელი დაუცხრომელად იღუწის მარიამის თანა თქუენთვის, შურ-ვიგემცა შენგან, ვითარცა მამათა შენთაგან, რომელნი ესვიდეს ცეცხლსა შემწუელსა და არა ბრწყინვალებასა, განმანათლებელსა ყოველთასა„. და მისცა ხელი და ამბორს-უყო რეცა, და მიყო ხელი გვირგვინსა ნათლისასა, რეცა ეგევითარი გვირგვინი მისცა ვახტანგს და ჰრქუა: „დაარქუ ეგე პეტრეს“. და აღიღო პეტრე მისვე გვირგვინისაგან რეცა უდარესი და დაარქუა სამოელ მონაზონსა. და ჰრქუა ნინო ვახტანგს: „აწ უკუე მივედ მეფისა და მიიღე ნიჭი შენი“. მივიდა მეფისა და ამბორსუყვეს ურთიერთას, და ადგილ-სცა საყდართა თვისთა, დაისუა იგი თანა და მისცა ბეჭედი ხელისა მისისაგან, რომელსა იყო თუალი ფრიად ნათელი, და ჰრქუა კეისარმან: „უკუეთუ გნებავს, რათა მოგცე გვირგვინი, აღუთქუ ვინ-იგი დგას ჩუენ ზედა, რათა ჰბრძოდი მტერთა მისთა, მიიღე მისგან გვირგვინი“. მიიხილა ვახტანგ და იხილა ჯუარი, რომელსა ფრთეთა მისთა ზედა აქუნდა გვირგვინი, და უმეტესად ხილვამან ჯუარისამან დასცა შეძრწუნება, რამეთუ უსაშინელეს იყო ზარი მისი, და დადუმნა, ხოლო აღადგინა ნინო და მიხედნა პეტრეს კერძო და სამოელის კერძო, და ერთითა პირითა თქუეს: „ჩუენ ვართ თავსმდებნი, ვითარმედ უმეტეს ყოველთასა წარემართოს, ჰოი, ჯუარო უძლეველო“. და მიყო ხელი კეისარმან და მოიღო გვირგვინი ჯუარისაგან და დაარქუა თავსა ვახტანგისსა. და იწყეს გამოსლვად რეცა, ხმა-ყო ეპისკოპოსმან სამგზის და ჰრქუა: „ვახტანგ, უმეტეს მორწმუნე იყო შენ ყოველთა შორის ნათესავთა სპარსთასა“; მეორედ: „შენგან აღეშენნენ ეკლესიანი და განეწესნენ ეპისკოპოსნი და ეპისკოპოსთა მთავარი“; მესამედ: „გვირგვინი წამებისა მიიღო“.
და გამოვიდა რეცა, მოუწოდა ძილსავე შინა პეტრეს და სამოელს, და უთხრობდა ძილსავე შინა ჩუენებასა, და იგინი აღუხსნიდეს: „რომელი-იგი იხილე საყდართა ზედა გვირგვინოსანი ნათლითა დიდითა, იგი არს გრიგოლი მოძღუარი, და მან რომელი მომცა გვირგვინისა მისგან, მომცა ეპისკოპოსთა მთავრობა, და მე რომელ მივეც გვირგვინისა ჩემისაგან მოყუასსა ჩემსა, ჩემ მიერ ყოფად არს ეპისკოპოსად, და რომელ ჰნახე გვირგვინითა ოქროსათა ჭურვილი, იგი არს კეისარი, და რომელ მოგცა შენ ბეჭედი, მოგცეს შენ ასული ცოლად და ყოველი საზღვარი ქართლისა, მისგან უკუმოღებული, მოგცეს, ხოლო გვირგვინი ჯუარისაგან, რომელი მოგცა, ვრცელნი ღუაწლნი გარდაიხადნე შეწევნითა ჯუარისათა, და მოძღუარმან ჩუენმან, რომელ სამგზის გიხმო, სამნი ნიჭნი გითხოვნა ღმრთისაგან, რათა შენ მიერ ჭეშმარიტება დაემტკიცოს ქართლისა კათალიკოზთაგან და ეპისკოპოსთა და სძლევდე მტერთა ვიდრე დღედმდე აღსრულებისა შენისა, ხოლო აღსრულებასა შენსა გვირგვინი წამებისა მოიღო ბრძოლასა შინა და ხელთა მტერთასა არა შეჰვარდე. ესე ყოველი აღესრულოს ვიდრე მოუძლურებადმდე შენდა და სიბერედმდე“.
და განიღვიძა მეფემან, ჰმადლობდა ღმერთსა, რომელმან ყოველივე გამოუცხადა, და მოუწოდა მსწრაფლ პეტრეს და სამოელს და ჰრქუა: „რა იხილეთ?“ ხოლო მათ ჰრქუეს: „მეფე, ერთი მარჯუენით და ერთი მარცხენით ვდეგით, რაჟამს შენ საყდართა მსხდომარეთა წინაშე კეისრისა და ღმრთივგამომეტყუელისა დიდისა გრიგოლისა სდეგ, და კუალად დედოფალი ჩუენი დაამშვიდებდა მოძღუარსა მას განრისხებულსა შენ ზედა, და მიგცემდა შენ ხელთა მისთა“. და ჰრქუა მათ მეფემან: „დუმენით, წმიდანო, რამეთუ ყოველი ჩემ თანა გიხილავს. აწ ვითარ გნებავს თქუენ საქმე ქალაქისა ამის, რომელი შემუსრვად მიწევნულ არს? ანუ რა ვყოთ ტყუეთა ამათთვის, რომელ უმეტეს არიან ბევრ ათასსა, რომელ არიან ხელთა ჩუენთა? ნუუკუე მსწრაფლ განვიდეს აქათ ქადაგი, ვითარმედ სპარსთა მეფე წარმომართებულ არს ქუეყანად ჯაზირეთად და გამოვლეს ფილისტიმე კუალსა მეფისა კეისრისასა, რომელმან მოაოხრა ქუეყანა სპარსთა მეფისა, და სპარსთა მეფემან ვერ უძლო ბრძოლად. და კეისარმან ვითარცა ცნა, ვითარმედ ჩუენ მოვედით ქუეყანასა მათსა, მოისწრაფის ბრძოლად ჩუენდა, და რეცა სპარსთა მეფე მოვალს ძალად ჩუენდა, და ვხედავთ, ვითარმედ სპანი სპარსთანი სომხითისა და ქართლისა სპათა უმრავლეს არიან და არავინ არს ჩუენ შორის ჭეშმარიტი მორწმუნე, რომელნი დაჰნერგნა მამამან ჩუენმან მირიან, გინა თრდატ, დედით ნათესავმან ჩუენმან. ამათ ყოველთა სარწმუნოება ვიცით, რამეთუ სავსე არს საცთურითა, ნუუკუე გამოცხადებასა საქმისა ჩემისასა განწყრეს დედისძმა ჩემი და ვეწყვნეთ ურთიერთას და ვიქმნნეთ საცინელ ყოველთა მტერთა ჩუენთა. არამედ ესრეთ ვყო ესე: რეცა მოვიდენ სპანი ჩუენნი და მაუწყონ მოსლვა კეისრისა, მას ზედა უკუვჰრიდოთ ჩუენ, პირველვე საქმე ესე ვაუწყოთ, ოდეს მოვიდეს და მოგუეახლოს ჩუენ კეისარი. მაშინ, ვითარცა იზრახოს სიწმიდემან თქუენმან, ეგრეთ ვყოთ, და არცა ერთი ტყუეთა მათგანი დააკლდეს“.
და წარვიდა პეტრე კეისრისა, ხოლო სამოელ დადგა წინაშე მეფისა. ხოლო ხვალისა დღე მოვიდა რეცა დიასპანი და უქადაგა მეფესა, ვითარმედ სპანი ბერძენთანი შემოვიდეს კოსტანტინეპოლედ. და მოუწოდა მეფემან ვახტანგ დედისძმასა მისსა და ყოველთა მეფეთა და ჰრქუა: „რასა იტყვით, რამეთუ უწყით სიმრავლე სპათა ბერძენთა და ვერაგობა წყობისა მათისა და სიმარჯუე ზღუათა შინა ნავებისა. ესერა, შევიდეს იგინი სპარსთა ქუეყანასა, გმირთა და გოლიათთასა, და ვერ უძლეს წყობად. აწ უკუე მეშინის, ნუუკუე სპანი ნავებითა მოვიდენ, შეიპყრან გზა ჩუენი და მოგუწყვიდნენ ჩუენ, ვითარცა ბაკსა შინა. არამედ აღვდგეთ აქათ და დავიბანაკოთ ზღუასა სამხრით კერძო, რათა გუაქუნდეს გზა ჭირსა და ლხინსა“.
აღიყარა ლაშქარი იგი გარემოს ქალაქისა და ვლეს ხუთისა დღისა სავალი სამხრით კერძო და დადგეს სპერით კერძო. და განვიდეს მყოფნი ქალაქისანი, მიწევნულნი სიკუდილად, და მისცეს მადლი ვახტანგს, და მისცეს ძღუენი – ათასი ლიტრა ოქრო და ხუთასი თავი სტავრა. და განვიდა ერი იგი მშვიდობით სავაჭროსათვის და სახმრისა.
ხოლო ვითარცა მივიდა პეტრე წინაშე მეფისა და უთხრა ყოველი კეისარსა, კეისარმან განიხარა ფრიად და ყოველი, რომელი ეხილვა ჩუენებასა შინა, მისცა მას ზედა ნება ვახტანგს, და წარმოავლინა პეტრე მღდელი და მოუმცნო აღთქუმითა და ფიცითა ძლიერითა, რათა სწორ-ყოს მეფობასა მისსა, არამედ ორთავე სპათა დასცნენ სპარსნი, რომელნი-იგი არიან ვახტანგის თანა. არა აღვიდენ საბრძანებელთა მათთაგან, ოდეს შეკრბენ ვახტანგ და იგი.
ხოლო ვიდრე პეტრე და მოციქულნი მოვიდოდეს ვახტანგისა, კეისარი შემოვიდა კოსტანტინედ და წარმოავლინა ხუთასი დრომონი, რომელსა შინა იყო ხუთას-ხუთასი კაცი. და უბრძანა, რათა მიეახლნენ ვახტანგს და დადგენ თვინიერ ბრძოლისა. და წარემართა კეისარი გზასა პონტოსასა რვაასითა ათასითა კაცითა. ვითარ მოეახლნეს სპანი იგი ზღვით, უნდა სპარსთა წყობა მათი, ხოლო მეფე აყენებდა და არა მიუშუებდა ბრძოლად. ხოლო ვითარცა შეართუეს ძღუენი მოციქულმან კეისრისამან და პეტრე, ჰქონდა სიტყუა საიდუმლო და კუალად ჰქონდა სიტყუა საერო, და თქუა ცხადად: „ნუ ივლტი, დადეგ ვიდრე ჩემად მოსლვადმდე, რათა რომელნი-ეგე შენ თანა არიან სპარსნი, რომელნი დაგვირჩეს შესლვასა ამას ჩუენსა სპარსეთს მოუწყუედელად, მოვწყვიდნეთ ეგენიცა“. ხოლო საიდუმლოდ მოართუეს მას ჯუარი და გვირგვინი შუამდგომელად და შესამოსელი ტანისა მისისა, და თქუეს: „რა შევკრბეთ ერთად, მიგცე ციხე თუხარისისა და საზღვარნი ქართლისანი“. ხოლო მისცა მეფემან პასუხი საეროდ, ვითარმედ: „არა რომლისა მიზეზისათვის მოვედით აქა, გარნა წყობისა შენისათვის. აწ მოვედ აქა და, თუ არა, ჩუენ მოვიდეთ კოსტანტინეპოლედ“, და ფარულად ამცნო და ჰრქუა: „რომელი არა ჰშუენის შენსა ღმრთისმოყუარებასა, რომელი შენ არა ჰყო, სხუასა ნუ აწუევ, რამეთუ ღადრობა არა ხელი არს კაცთა პატიოსანთა. დაღათუ აწ შენ მიგცნე სპარსნი, არა უკუნისამდე განცრუვნესა სახელი ჩემი? და უმეტეს ჩუენსა აქუს მრავალთა მათგანთა სიყუარული ქრისტესი, არამედ შიშისაგან მათისა ვერ გამოაცხადებენ. აწ ბრძანე, რათა საქმე ესე ჩუენი მშვიდობით ვყოთ, ვითარცა ივბიმიანოს და ყოველთა სპარსთა, ხოლო შემდგომად ამისა, რაჟამს გარდაწყდეს საქმე ჩუენი, უმარჯუესადრე შევყარნე იგინი ხელსა შენსა, და ნუმცა რა იქმნების საქმე უშუერი და ნუცა საქმე შფოთისა თქუენ მიერ, რათა არა დაეცნენ პირითა მახვილისათა ერნი თქუენნი, ხოლო ერნი თქუენნი განლაღებულ არიან ჯობნასა ზედა სპარსთასა, ხოლო სპარსნი არავე შეშინებულ არიან, არამედ შურითა თქუენითა წადიერ არიან წყობასა, ანუმცა მოკუდეს, ანუმცა იძიეს შური სისხლთა მათთა. ხოლო სპანი ესე შენნი თუ მოღმა|რთ მბრძოდიან, მემცა უბრალო ვარ“.
და წარვიდა მის წინაშე მოციქულად ვარაზ-მიჰრ, მამამძუძისა მისისა ძმა, და სამოელ მონაზონი, ხოლო კეისარი მოწევნულ იყო პონტოდ ქალაქად. და პონტოელნი გამოსრულ იყვნეს მიგებებად და შეასხმიდეს ქებასა და ვახტანგ მეფისა მადლობასა, რამეთუ უკუჰრიდა მათ და არა მისცნა იგინი სიკუდილსა. ვითარცა მიიწინეს მოციქულნი ვახტანგ მეფისანი ქალაქად, მოართუეს ძღუენი – ათასი მუთაკალი მუშკი, ხუთასი – ამბრი და ათასი ლიტრა ალვა.
და განსრულ იყო გუნდი ვახტანგისი ალაფობად და მიეტევნეს მათ მკვირცხლნი ბერძენთანი, და მათ თანა შეკრებულნი ხევთა და ქალაქთა მხედარნი ვითარ სამასი ათასი. ხოლო მეფე ვახტანგ აყენებდა მიიძულებად სპათა მათ მეალაფეთა, ვიდრე არა მოვიდა დედისძმა მისი, ერისთავი სპარსთა, და რისხვით ჰრქუა ვახტანგს: „ჰოი, გუელო და ნათესავო ასპიტისაო, არა უწყია, რამეთუ დედა მამისა შენისა ბერძენი იყო, ნათესავი ივბიმიანოსისი? და გძლო შენ ბუნებამან მამისდედისა შენისამან და სიყუარული ჯუარცუმულისა მის კაცისა მომკუდარისა გიპყრიეს და გნებავს განყენება ჩუენი ხელსა ბერძენთასა“. მაშინ ვახტანგ ჰრქუა: „აჰა, შენ და ბერძენნი! და იხილო ძალი მომკუდარისა მის კაცისა და ცეცხლისა მის, სასოსა შენისა“. და სცეს საყვირსა და განვიდეს ყოველი სომხითი, სპარსნი და მეფე დარუბანდისა, ხოლო მეფე ვახტანგ და ქართველნი განვიდეს ხედვად და დადგეს. და აღჯდა მეფე პილოსა ზედა თეთრსა და ეწყვნეს იგინი ზღვისკიდესა მას, რომელ არს ჭალაკი, რიყესა ხერთვისისასა. მისლვამდე სპარსთა ლაშქრისა მოეკლა ბერძენთა ერისა მისგან ოცდაშვიდი ათასი. და განძლიერდა ბრძოლა და მოკლეს დედისძმა ვახტანგისი, ერისთავი სპარსთა, და მოკლეს იპაჯაჯ, მეფე ლეკთა, და მრავალნი ერისთავნი, და იძლია ბანაკი აღმოსავალისა. იყო ბერძენთა სპასალარი პალეკარპოს ლოღოთელი, დისწული მეფისა, და იყო იგი ძლიერი, და მას მოეკლნეს ძლიერად მბრძოლნი სპარსთანი, და ესეცა ერისთავი მანვე მოკლა. მაშინ გარდამოÃდა მეფე ვახტანგ ეტლთაგან და თქუა: „არა რომელი ჩუენ გვინდა, გარნა რომელი ღმერთსა სთნდა, რამეთუ ჩუენ ვივლტოდით მშვიდობასა, არამედ სილაღემან სპარსთამან აგინა ღმერთსა და ღმერთმან შურ-იგო და მოკლეს ერისთავი რანისა, რომლისათვისცა ყოველი სპარსეთი, ვითარცა მოოხრებასა სპარსეთისასა, იგლოვს. აწ დამდაბლდა სილაღე სპარსთა, და მოიყვანეთ ჯუარი და წარვიძღუანოთ, რათა რომლითა გუძლევდენ, იძლინენ იგინი მითვე. და იქმნენით ძედ ძლიერებისა და ნუ ვინ ჰბრძავთ ურთიერთას სხვისა მიერ და ნუ ეძიებთ ძლევასა მტერთასა. არამედ იყვნენ ხელნი თქუენნი, ვითარცა ხელნი ჩემნი, რათა არა ვიძლინეთ სრულიად. არა ხოლო თუ აქათ ვიდევნნეთ, არამედ ვიდრე ადარბადაგანამდე, ვითარცა იდევნნიან ყორანნი მართუეთაგან თვისთა“.
და მოიყვანა პეტრე მღდელმან ჯუარი და ჰრქუა მეფემან: „დადეგ წინაშე პირსა მტერისასა და ერისა ჩემისასა და არქუ: „ყოველთა თაყუანის-ეცით ჯუარსა და ვსძლოთ“. და უბრძანა დემეტრეს, ერისთავსა თვისსა, და ჯუანშერს, სპასპეტსა თვისსა, რათა მიჰყვნენ ჯუარსა თანა, და, რომ|ელმან არა თაყუანი-სცეს, მოკლან. და ქადაგი ხმობდა ძლიერად: „რომელმან არა თაყუანი-სცეს ჯუარსა, მოკუედინ!“ და მოვიდოდეს ყოველნი ერნი და თაყუანის-სცემდეს ჯუარსა და დაადგებოდეს წინაშე ჯუარსა. ხოლო ბორზო, მოვაკნელმან მეფემან, თქუა: „არა დაუტეობ ნათელსა შემწუელსა და არა თაყუანის-ვსცემ ძელსა, რომელი განშუენებულ არს ოქროთა და ანთრაკითა“. და სცა მას ლახუარი ჯუანშერ სპასპეტმან და დაეცა მძორი მისი. მიერითგან არღარავინ იკადრა გმობად ჯუარისა და აღთქუმით ეტყოდა ერი იგი მეფესა ვახტანგს: „უკუეთუ შემეწიოს ჩუენ ჯუარი, არღარა იყოს ჩუენდა სხუა ღმერთი, გარნა ჯუარცუმული“.
და გარდახდა მეფე და თაყუანი-სცა მას, და ყოველი ერი მის თანა. და თქუა მეფემან: „აჩუენე ძალი შენი ერსა ამას შენსა ურწმუნოსა, რა თა მოიყვანნე სარწმუნოებად, უფალო ღმერთო, რამეთუ მორწმუნენი შენნი, დაღაცათუ მოკუდენ, ცოცხალ არიან, და ცხოველნი შენ ცხოველისაგან ძლიერ არიან“.
და სპანი იგი ბერძენთანი ვითარცა გამოვიდეს ველად, ხოლო პალეკარპოს, ვითარცა მგელი, სისხლითა აღმოსუარული, და ვითარცა ლომი განძვინებული, მოიზახდა და შეურაცხჰყოფდა სპათა მათ. ხოლო მეფემან ჰრქუა: „ვინ არს თ|ქუენ შორის კაცი, რომელი ეწყოს იმას და სწორ იყოს მეფობისა ჩემისა?“ წარვლო ქადაგმან ორგზის და ვერვინ იკადრა ყოვლად სიტყუად.
მაშინ თქუა ვახტანგ: „არა ძალითა განძლიერდების კაცი, არამედ ღმერთმან მოსცეს ძალი, და მე ვესავ ძალსა შენსა და, ვითარცა დავით, განვალ ნიშითა ჯუარისათა. მომეც მე ძალი ვითარცა დავითს გოლიათსა ზედა, რამეთუ ესეცა მაყუედრებელად და შეურაცხებით მოუხდა ჯუარსა შენსა. რაჟამს იხილა ჯუარი აღმართებული ძალად ჩუენდა, არა ივლტოდა მისგან. არამედ სასოებითა ძალისა მისისათა განვიდე ბრძოლად“. და განემზადა ვახტანგ ბრძოლად და თქუა: „იხილი, ღმერთო, ამპარტავანი და დაამდაბლი, კუალად იხილი ჭირვეული და იხსნი. ხოლო ესე შეურაცხად მიჩნს და არა მეშინის, რამეთუ ძალი, შენ მიერ მოცემული, დიდ არს, რომლითა ვსძლო. არამედ მეშინის მე შენგან, რამეთუ მდაბალთა ხმანი ისმინნი, და შენ გხადი შემწედ ჩემდა“. აღმოიხადა მახვილი, და შეამთხვია ჯუარსა და განვიდა შორის განწყობილთა მათ და თქუა: „არა ჰბრძავნ ლომი ხარსა,  რამეთუ მე მეფე ვარ და შენ – მონა. არამედ დავდვა თავი ჩემი ერისა ამისთვის, რათა ჰრწმენეს ძალი ჯუარისა“.
და მოეტევა პალეკარპოს, ხოლო ვახტანგ მას საომრად მიეახლებოდა. და აღიზახნეს ორთავე მათ განწყობილთა ხმითა საშინელითა. და იყო ხმა იგი, ვითარცა ხმა ქუხილისა, რომლითა შეიძრვოდა ქუეყანა. და დასცა ლახუარი პალეკარპოს ფარსა ვახტანგისსა, რომელი ედვა ვიგრის ტყავისა, და განავლო ფარსა, ვითარ წყრთა ერთი, რამეთუ იყო სისხო ლახურისა, ვითარ მტკაველი კაცისა. და მისცა ფარი იგი მეფემან ლახუარსა მისსა, და მიეტევა პირისპირ, და სცა ხრმალი ჩაბალახსა ზედა და განუპო თავი მისი ვიდრე ბეჭთამდე და მიყო ხელი და უპყრა თავისა მისისა ნახევარი და მოიღო წინაშე ჯუარსა და თქუა: „ყოვლისა განდგომილისა შენისა ესე იყავნ ნაწილი!“
და მიეტევნეს სპანი ვახტანგისნი სპათა ბერძენთასა და აოტნეს იგინი, და აღიჭურნეს გუნდ-გუნდად და მიაწყუდინეს ზღვისპირსა, და არავინ განერა მათგანი, გარნა რომელი შეესწრა ზღუად და ივლტოდეს ნავითა. მას დღესა შინა მოწყდა სპათაგან ვახტანგისთა ორმეოცდაათერთმეტი ათასი, ხოლო სპათაგან ბერძენთასა – სამეოცდაათორმეტი ათასი, და შეიპყრეს ტყუედ მათგან ას ოცდახუთი ათასი.
და ვითარ მოიქცეს სპანი იგი გუამსა ზედა ვარაზ-ბაკურისსა, ვახტანგის დედისძმისასა, იგლოვდეს და შემურეს იგი საბრითა და მურითა, და წარსცეს ბარდავად, ხოლო ვახტანგ მოუწოდა ყოველთა სპათა და უბრძანა ყოველთა ტყუეთა მოყვანება. და მოიყვანეს დაუკლებელად და იყო ერთრიცხუად ყოველი – მამაკაცი და დედაკაცი – შვიდას ოთხმეოცი ათასი, და წარსცა იგი ყოველი წინაშე კეისრისა ხელითა ნასრესითა და ადარნასე|სითა, ერისთავთა მისთათა, და მიუწერა წიგნი, ვითარმედ: „სიბრძნე ღმრთისა მიუწდომელ არს, და სიბრძნესა კაცთასა და ნებასა სძლევს ნება ღმრთისა. მე უწყი, რამეთუ არა არს ნება შენი საქმესა ამას, რომელი-ესე იქმნა პალეკარპოსისგან, არცა თუ იყო ნება ჩემი, რომელი-ესე ქმნა დედისძმამან ჩემმან, და ორნივე ესე ძვირისმოქმედნი ძვირმან მოინადირნა. ამისთვის ყო ესე ღმერთმან, რათა ახალნერგნი ესე მოიყვანნეს სარწმუნოებად შიშისა მისისაგან, ვითარცაიგი უძღებისათვის შვილისა ყო საქმე განსაცხრომელი. ხოლო თქუენ პირმშონი შვილნი ხართ ღმრთისანი და მარადის მისნი ხართ. აწ მწუხარება ესე დედისძმისა ჩემისა დისწულისა თქუენისა მიერ ნუგეშინის-ვეც, რაჟამს ვიძიე შური მკლველთა მისთა. ხოლო თქუენ ნუგეშინის-გეცით ერისა ამისთვის, რომელი იხსნა ღმერთმან შვიდას ოთხმეოცი ათასი, და უკუეთუ ბრძანებდე შემთხუევად ჩემდა, გამოისწრაფე, უკუეთუ არა, მოციქულითა განაგე საქმე ჩუენი, რამეთუ დამიმძიმდა დგომა ჩუენი ქუეყანისა ამისთვის მოოხრებულისა“.
ხოლო ვიდრე მისლვამდე მოციქულთა ფრიად მწუხარე იყო კეისარი, არამედ რაჟამს უთხრეს, ვითარმედ ტყუე პირველ შეპყრობილი და ტყუე ერისაგან მეოტისა, – ყოველი დაუკლებელად განუტე|ვებია, მაშინ განიხარა ფრიად და ყოველთა დაუტევეს მწუხარება. და შეჯდა მეფე ნავსა და განვიდა, სამასითა დრომონითა სუბუქად ზღვისკიდესა და მოუწოდა ვახტანგს, და ყვეს ურთიერთას აღთქუმა და ფიცი, და განაგეს საქმე წინდობისა. და უკუმოსცა კეისარმან საზღვარი ქართლისა – ციხე თუხარისი და კლარჯეთი, ზღვითგან ვიდრე არსიანთამდის და ხევნი, რომელნი მოსდგმენ ღადოთა და გამოიკითხა კეისარმან საზღვარი საბერძნეთისა – ქუეყანა ზღვისპირისა, რომელ არს აფხაზეთი, და ჰრქუა: „ეგრისწყლითგან ვიდრე მდინარედმდე მცირისა ხაზარეთისა ესე საზღვარი არს საბერძნეთისა ალექსანდრობითგან, რომელი-ესე აწ შენ მიგიღია მკლავითა ჩუენგან, აწ იგი უკუმოგუეც და, ოდეს წარიყვანე|ბდე ცოლსა შენსა, ასულსა ჩემსა, მაშინ მოგცე ქუეყანა მისგან“. და დაუწერა ქუეყანა ეგრისწყალსა და კლისურასა შუა ზითვად. და სხუა აფხაზეთი უკუსცა ვახტანგ ბერძენთა.
და წარმოვიდა ვახტანგ გზასა კლარჯეთისასა და სპანი მისნი განუტევნა გზასა სომხითისასა. და ვითარ მოიწია თუხარისად, მიხედნა და შეუყუარდა ციხე და თქუა: „ჭეშმარიტად თუ ხარ შენ ციხე!“ და ვითარცა წარმოვიდა შუა კლარჯეთს, იხილა კლდე, რომელსა სოფელსა ერქუა არტანუჯი, და მოუწოდა არტავაზს, ძუძუსმტესა მისსა, და დაადგინა იგი ერისთვად და უბრძანა, რათა აღაგოს ციხე არტანუჯისა, და უბრძანა, რათა გამონახოს ხევსა მას შინა სამონასტრე და აღაშენოს ეკლესია და ქმნეს მონასტრად, ვითარცა ეხილვნეს მონასტერნი საბერძნეთისანი, და ჰრქუა არტავაზს: „უკუეთუ განძლიერდენ სპარსნი ჩუენ ზედა, საყუდელი ჩუენი აქა ყოფად არს“.
ხოლო არტავაზ აღაშენა არტანუჯისა მონასტერი და სამნი მონასტერნი ბაბამერისა, ბიდონიისა და აქიზისა, და განაახლა ციხე აქიზისა და ქმნა იგი ქუაბად.
და ვითარ წარმოვიდა ვახტა|ნგ ქალაქად თვისად მცხეთად, იყო სიხარული დიდი და მადლისა მიცემა ღმრთისა, რამეთუ შეიქცა იგი მშვიდობით, და მისცა ნიჭი ერსა თვისსა.
ხოლო მეფემან სპარსთამან ვითარცა ცნა, ვითარმედ მიიქცა ვახტანგ ბერძენთა კერძო, შეიქცა სპარსეთად და მოკუდა და დაჯდა მეფედ ძე მისი. და ვიდრე მოიწიფებოდა იგი, წარხდა მას შინა სამი წელიწადი.
ხოლო ვახტანგ მეფესა უშვნა ცოლმან ძე და ასული მარჩბივად, და მოკუდა შობასა შინა ბალენდუხტ დედოფალი, ასული სპარსთა მეფისა, ხოლო ვახტანგ უწოდა სახელი ძესა თვისსა სპარსულად დარჩილ და ქართულად – დაჩი.
მაშინ ვახტანგ მეფემან ვერ მოიყვანა ცოლი, ბერძენთა მეფისა ასული, და ვერცა კათალიკოზი და ეპისკოპოსნი, რამეთუ მოელოდა იგი მოსლვასა სპარსთა მეფისასა, ამაგრებდა ციხეთა და ქალაქთა და ჰკაზმვიდა მხედართა და განამზადებდა ბრძოლად სპარსთა. მაშინ შეაგდო საპყრობილესა შინა ბინქარან მაცთური, ეპისკოპოსი ცეცხლისმსახურთა, და მოსრნა და განასხნა ყოველნი ცეცხლისმსახურნი საზღვართაგან ქართლისათა.
ხოლო სპარსთა მეფე შემდგომად სამისა წლისა წარმოემართა ბრძოლად ვახტანგისა, მოიწია ინდაბრიანთა და დაიბანაკა. ხოლო ვახტანგ წარავლინა და მიუმცნო ბერძენთა, ვითარმედ: „აჰა, დღე იგი, რომელ აღმითქუამს, ვითარმედ სპარსნი შემოვაწყუდინე ხელსა შენსა. აჰა, ესერა, იგინი მომიყვანებიან შუა საზღვართა ქართლისათა, და ყოველი კაცი მათთანა, ვითარ სამასი ათასი. რამეთუ ჰგონებდა იგი განმრავლებასა სპათა მისთასა სომხითით და მეფეთაგან კავკასიანთა. ხოლო მათ ვერ იკადრეს განრთვად მისა, რამეთუ რომელთამე მათგანთა აქუნდა სასოება ჯუარცუმულისა, ხოლო რომელნი იძლინეს ეშმაკისაგან, მეფენი დარუბანდისანი, განერთნეს. აწ მე აღმისრულებიეს აღთქუმა ჩემი, რომელი აღმითქუამს. სადაცა მიპოვნიეს სახლი ცეცხლისა, დამივსიეს ფსლითა და მოგუნი და მზირნი მიმიცემიან სატანჯველსა ბოროტსა. და მაცთური ბინქარან მივეც საპყრობილესა და სიკუდილისაგან გარდაიხუეწა, მან უკუე მოიყვანნა სპარსნი ქართლად. და დავსუ ეპისკოპოსად მიქაელ, კაცი სარწმუნო. ხოლო ბინქარან, ვითარცა მოიწია საზღვართა ქართლისათა, მოკუდა. აწ სწრაფით წარმოემართნენ სპანი შენნი, რომელ აქა შინა დაეცნენ ყოველნი მტერნი ჯუარისანი და მოიცალო შენ ყოველთა მტერთა შენთაგან, ხოლო თუ ჩუენ გუძლევდეს, განძლიერდეს და შემოვიდეს იგი საზღვართა შენთა გზასა შიმშატისასა“.
ხოლო ვიდრე მიიწეოდეს მოციქულნი ვახტანგ მეფისანი, წარსრულ იყო კეისარი ქუეყანით ხაზარეთით კერძო, რომლისაგან ვერ მოიცალებდა მოსლვად ქართლად. ხოლო ვახტანგ განაძლიერნა ციხენი და ქალაქნი და ურჩეულესი მბრძოლი ერისა მისისა, ვითარ ასი ათასი მხედარი და ასი ათასი ქუეითი, იპყრა მის თანა და დაუბანაკა მათ დიღმით ვიდრე ქართლისა კართამდე. და სპარსთა დაიბანაკეს ცხენისტერფითგან ჩაღმართ.
ხოლო ვახტანგ განაფართა ხიდი მოგუეთისა ვიდრე სამეოც მხარ ქცევისათვის მას ზედა სპათასა. ხოლო მეფე და ჯუანშერ სპასპეტი დადგეს მცხეთას, ხოლო ნასრა და მირდატ დაუტევნა სპათა ზედა სომხითისა და ქართლისათა, რომელნი დგეს არმაზით კერძო, და მცხეთით განვიდიან. და რა განვიდის ლაშქარი იგი იმიერ კერძო მცხეთით, ეწყვნიან არაგუსა ზედა, და ოდესმე განვლიან ფონი მტკურისა და შეიბნიან მტკუარსა ზედა, და რომელსამე დღესა მათ სძლიან და რომელსამე – ამათ.
ხოლო ვახტანგ მეფესა შეექმნა ჩაბალახი ოქროსა და გამოესუა წინათ მგელი და უკუანით _ ლომი, და რომელსა კერძოსა იძლეოდიან ქართველნი, მუნითცა მიჰმართის და მოსრის სპისა მისგან სპარსთასა, ვითარცა ლომმან კანჯარნი. მიერითგან ვერღარა შეუძლებდეს სპარსნი წყობად მისა, არამედ დაისწავლეს იგი, რომელსა ეწერა მგელი და ლომი, და ვითარცა იხილიან ვახტანგ, თქვიან: „დურაზ გორგასალ“, რომელ არს ესე: „მოჰრიდეთ თავსა მგლისასა“, და მის მიერ სახელ-ედვა ვახტანგ მეფესა გორგასალ.
განძლიერდა მათ შორის ბრძოლა ოთხ თთუე ოდენ. და მოვიდა მოციქული კეისრისაგან და მოართუა ძღუენი ვახტანგს, და მოჰგუარა სპათაგან ბერძენთასა ოთხმეოცი ათასი მხედარი და მოუწერა ვახტანგს, ვითარმედ: „შევექეც წყობასა ხაკანისასა, და მომივლენია შენდა ოთხმეოცი ათასი მხედარი და მომიწერია ლეონისად, უკუეთუ გიხმდეს შენ ლაშქარი, წინაშე შენსა არს მელიტითგან ვიდრე ლამედმდე და მოღმართ ვიდრე კარნუ ქალაქამდე, და მიბრძანებია ლეონისა შენ წინაშე ყოფა“.
და მოწევნულ იყო ლაშქარი ბერძენთა ჯავახეთს, ხოლო ვითარცა ცნა სპარსთა მეფემან ბერძენთა მოსლვა შუელად მათდა, იწყო ზრახვად ვახტანგისა, მიუმცნო მოციქულსა მისსა და ჰრქუა: „რასათვის მოვწყდებით ურთიერთას ძმანი კაცნი და შვილნი ნებროთისნი? უკუეთუ ცეცხლი ღმერთი არს, შე-უკუე-ეწიენ მათ იგი, ხოლო  ჩუენ დავადგრეთ სიყუარულსა ზედა მამათა ჩუენთასა, ხოლო თვითოეული ჩუენგანი სათნოსა სულისასა ჰმსახურებდეს“.
ვითარცა მოვიდა მოციქული და უთხრა [ესე], სთნდა ვახტანგს და ყოველსა ერსა მისსა. და მისცა ნიჭი ვახტანგ მეფემან და მოუვლინა მოციქული მისი და ჰრქუა: „გიხილავს ძალი ჯუარისა. და ყოველთა მეფეთა მოგაქუნდა ხარკი ვიდრე გამოჩინებადმდე ჯუარცუმულისა; რაჟამს გამოჩნდა იგი, მძლე გექმნა იგი და ყოველნი თაყუანისმცემელნი მისნი და მოხარკენი შენნი ბერძენნი მოღმართ გბრძვანან, და მოაოხრნეს სამსახურებელნი ცეცხლისანი. აწ უკუეთუ გუბრძოდი ჩუენ დატევებისათვის სჯულისა, მოვკუდეთ ჩუენ მისთვის, ვითარცა იგი ჩუენთვის მოკუდა, და მან აღმადგინნეს ჩუენ. ხოლო უკუეთუ აღასრულო სიტყუა შენი და იყოს ცეცხლი ღმერთად შენდა, და იყოს ღმერთად ჩუენდა ქრისტე, მამად და უფლად გხადო შენ, დაღაცათუ ჩუენ პირმშონი ვართ, არამედ თქუენ სხდეთ საყდართა ზედა მამისა ჩუენისათა“.
და ვითარცა უთხრეს სიტყუა ვახტანგისი, შეიწყნარა და წარსცა ძღუენი გორგასლისა ძლიერად და მის თანა გვირგვინი ანთრაკოვანი, და ჟამი დადვეს შეკრებისა.
აღიყარა მეფე სპარსთა და უკუდგა რუსთავად. და გამოვიდეს იგინი განთიად და დადგეს ველსა კალისასა, ხოლო ტფილისი სოფელი და კალა მოოხრებულ იყო მაშინ. ხოლო მეფე ვახტანგ დადგა ჯაჭუს. და შეკრბეს მას ველსა ორნივე მეფენი და მოიკითხეს ურთიერთას, და ყვეს აღთქუმა თვის-თვისსა სჯულსა ზედა გარდაუვალი. და მოეახლა სპარსთა მეფე გორგასალსა ლაშქრით თვისით ტფილისად და უძღუნა გორგასალმან მხევალი ათასი, მონა – ხუთასი, სტავრა სკარამანგი – ხუთასი, ბიზიონი ზუზმა – ხუთასი, ხდალი ცხენი – ათი ათასი, ზროხა – ოთხი ათასი, ცხოვარი – ათი ათასი. და დღესა მესამესა მივიდა გორგასალი მის თანა და თანაწარიტანა ლეონ, ანთიპატი კეისრისა. და ყვეს განზრახვა და აზრახა ანთიპატმან გორგასალსა, რათა ყოს მშვიდობა შორის კეისრისა და ხუასროსა, რამეთუ ეშინოდა ბერძენთა, ნუუკუე შევიდენ საბერძნეთად სპარსნი და მოაოხრონ იგი, რამეთუ სპანი საბერძნეთისანი ყოველნი იყვნეს ხაზარეთს. და ჰრქუა ხუასრო გორგასალსა: „ითხოვე ჩემგან, რაცა გნებავს თავისა შენისათვის და სხვისა, ვისთვისცა გნებავს“. ხოლო გორგასალმან ჰრქუა: „მნებავს, რათა იყოს მშვიდობა შენ შორის და კეისრისა“. ჰრქუა ხუასრო: „დამიმძიმდა თხოვა შენი ჩემ ზედა, რამეთუ ბერძენთა რაჟამს პოვიან ჟამი, ჩუენ ზედა არა ყვიან წყალობა, და მე ამით ვყავ სიყუარული შენ ზედა, რათა შევიდე საბერძნეთად და შური ვიძიო მათგან. და აჰა, მოციქული ხაზართა მეფისა, მეათე დღე არს, რაითგან მოსრულ არს, და შენ არა უწყი მიზეზი მტერობისა ჩუენისა. ხოლო აწ მიგითხრა სილაღე მათი ჩუენ ზედა და მერმე ვყო ნება შენი, ვინაითგან აღგითქუ ფიცითა ძლიერითა, და არა ვყო უნებელი შენი, – და თქუა, – უწყი, ვითარმედ ზღუასა მოღმართ ჩუენი არს საზღვარი, განყოფილი ნოვესითგან, და აწ იგი მბრძავს ჩუენ ჯაზირსა და შამსა, და მოოხრებულ არიან ქალაქნი, ხოლო შამი სამეუფო ჩუენი არს, არამედ ჯაზირისა ნახევარი, განჩინებული მამათა ჩუენთა, შენი არს ხუედრი, და მიუღებიეს იგი ბერძენთა. და მე, ესერა, შევიდოდე უკუმოღებად მისა. აწ რომელი ნაწილი მამათა შენთა არს, შენ განუყავ, შენ იცი და ბერძენთა, ხოლო სხუა ჯაზირისა მიმიცემია ბერძენთა მეფისა, და რომელი ვითხოვეთ ჩუენ შენგან, ყავ“.
ხოლო ვითარცა ესმა ესე ლეონ ანთიპატსა, განიხარა ფრიად და თაყუანი-სცა ორთავე მეფეთა, და თქუა: „ხუთნი ქალაქნი ჯაზირისანი შენდავე იყვნენ, შენნი კერძნი, რამეთუ ნახევარი სიკილიისა, რომელი მოგუეღო შენგან, უკუგცეთ და დღეთა ჩუენთა იყავნ მშვიდობა შენ შორის და მისა“. და თქუა მეფემან: „ვინ უწყის, თუ დასჯერდეს ბერძენთა მეფე ქმნულსა ჩუენსა?“ და თქუა ლეონ: „რაჟამს წარმომავლინა მე ძალად ამის მეფისა, ჰრქუა მეფესა ჩუენსა მონაზონმან ვინმე ღმრთისმეცნიერმან, ვითარმედ: „სთნავს ღმერთსა მშვიდობა სამთავე ამათ მეფეთა“, და იქმნამცა ეგრე. ხოლო კეისარმან უბრძანა მწიგნობარსა და დაწერა წიგნი ზავისა და აქა არს აღწერილი წიგნი მისი“.
ვითარცა ესე თქუა, წარიკითხეს წიგნი მისი და წერილ იყო ფიცით: „თვინიერ მისა, რომელი მოსცა სპარსთა მეფემან ივბიმიანოსს, არა ვძებნო თქუენ ზედა“. და მოუწოდა სპარსთა მეფემან ხაზართა მეფისა მოციქულსა და უთხრა მან აღზრზენა სპარსთა ბერძენთა ზედა. მაშინ მოიღო სპარსთა მეფემან ქარტა და დაწერა თვისითა ხელითა წიგნი ბერძენთა მეფისა სიყუარულისა და ჩინება საზღვართა, და სიკილიისა უკუცემისათვის მისცა ფილისტიმი საზღვრითა იერუსალემისითა და თქუა, ვითარმედ: „ქალაქი სჯულისა თქუენისა არს იერუსალემი“. და მისცა გორგასალსა ნიჭი: ალვა – ლიტრა სამი ათასი, ამბარი – ლიტრა ხუთასი, მუშკი – ლიტრა ხუთასი, ტაიჭი ცხენი – სამი ათასი, სამოსელი ხუასროვანი – ათასი, ხაზიდი – სამი ათასი, და წარმოვიდა ვახტანგ შინა. ხვალისა დღე წარმოავლინა ვახტანგსა ბარზაბან, საკუთარი, და მობიდან და ჰრქუა ესრეთ გორგასალსა: „რომელი გინდა ჩემგან, მე ვქმნე აწ. განაგე საბრძანებელი შენი, ვითარცა გნებავს, მიავლინენ დასტურნი და მიითუალენ ქალაქნი, რომელნი მიგცენ შენ და კეისარსა, ხოლო ბარზაბანისად მიბრძანებიეს მისლვად კეისრისა და მითუალვად ქუეყანათა და ქალაქთა თქუენთა. ხოლო შენ უწყოდი, საქმესა ამას ჩუენსა ზედა განრისხნენ სპარსნი მოხუცებულნი, რამეთუ მათ ეგონა ჩემ მიერ შემუსრვა საბერძნეთისა, ხოლო მე დღეს საზღვართა ჩემთაგან ორი სამეფო მივანიჭე. აწ ესე არს სათხოველი ჩემი, რათა და შენი მომცე ცოლად და შენ წარმოხვიდე ჩემ თანა ქუეყანასა და მამულსა ჩემსა, რათა ჰნახნე ნათესავნი შენნი და შენ შემწე მეყო თავითა შენითა მტერთა ჩემთა ზედა: აბაშთა და ელამთა და ჰინდოთა და სინდთა, და უძვირესი ბოროტი და დამდაბლება მეფობისა ჩემისა მათ ყვეს. აწ ოდეს მოხვიდე ჩემ თანა, ესრეთ ვჰრქუა მოხუცებულთა და მარზაპანთა ჩემთა: „სიყუარული ვყავ ჩემი და მოყუარეთა ჩემთა, რამეთუ ესრეთ ინება ძმამან ჩემმან ვახტანგ მეფემან, რომელნი ქუეყანანი მივსცენით, მათითავე შემწეობითა მოხარკე-ვყვნეთ მტერნი ჩუენნი“. და ამით დავაცხროთ გულისწყრომა მათი ბერძენთა ზედა. ხოლო შენ თავითა შენითა მნებავ ძალად ჩემდა, არამედ სპანი შენნი ადგილსავე იყვნენ“.
მაშინ ვახტანგ მოუწოდა ყოველთა მზრახვალთა თვისთა, და ეზრახა ლეონ ანთიპატი ესრეთ, ვითარმედ: „დიდ არს კეთილი შენი ბერძენთა ზედა უფროს მეფეთა მათ, რომელნი სხენან საყდართა ზედა მათთა, რამეთუ შენ დასცევ ქალაქი პონტოსა შემუსრვისაგან და შენ მიანიჭე შვიდას ოთხმეოცი ათასი სული, და დღეს შენ მიერ მიეცემის ჯაზირი და ფილისტიმი, რომელი მშვიდობით არა რომელსა მეფესა ბერძენთასა შეუპყრიეს. და მართალ არს ხუასრო, უკუეთუ არა ჰყო მის თანა სათნოება, უხმრად შეჰრაცხოს იგი ერმან მისმან. და თუმცა მან არა გითხრა, მიღმართ ვაძლევდეთ, რამეთუ ესე არს სრული სიყუარული. მიგცე ლაშქრისა ჩემისაგან ათი ათასი ჭურვილი და მე წარვჰყვე მოციქულთა შენთა თანა წინაშე კეისრისა, და მუნით გამოგერთო ჯაზირას სპითა ძლიერითა“.
ესე განაზრახა ლეონ ანთიპატმან, და სთნდა მეფესა ვახტანგს და ყოველთა წარჩინებულთა მისთა განზრახვა მისი. და მისცა სპარსთა მეფესა და მისი ვახტანგ ცოლად, რომელსა ერქუა მირანდუხტ, რომელი წარტყუენულ იყო ოვსთაგან და გამოეხსნა ვახტანგს. ხუარანძე ამისთვის არა მისცა, რამეთუ წინდებულ იყო სომეხთა პატიახშისა.
და მოიყვანა ვახტანგ ძე მისი, რომელსა ერქუა სპარსულად დარჩილ და ქართულად დაჩი, იყო ხუთისა წლისა, და დაადგა გვირგვინი და დაუტევა მეფედ, და დაუტევნა მის თანა შვიდნი წარჩინებულნი მისნი: პირველად, ჯუანშერ სპასპეტი, მპყრობელი ქართლისა და მფლობელი ყოველთა ერისთავთა, და დემეტრე, ერისთავი კახეთისა და კუხეთისა, და გრიგოლ, ერისთავი ჰერეთისა, და ნესრან, ერისთავი ხუნანისა, და ადარნასე, ერისთავი სამშვილდისა, და სამნაღირ, ერისთავი შიდაეგრისისა და სუანეთისა, და ბაკურ, ერისთავი მარგვისა და თაკუერისა, და ამათ შეჰვედრა ძე თვისი, დაჩი, და უბრძანა აღშენება უჯარმისა და მუნ შინა ზრდა დაჩისი, ძისა მეფისა, რამეთუ სიმარჯუედ გამონახა იგი ნადირთა და ცხოვართათვის. და წარიტანნა თანა ოთხნი წარჩინებულნი მისნი: არტავაზ, ერისთავი კლარჯეთისა, და ნასრა, ერისთავი წუნდისა, და ბივრიტიან, ერისთავი ოძრხისა, და საურმაგ, ეჯიბი მისი დიდი, და მათ თანა ათი ათასი მხედარი ლაშქრისა მისისა დარჩეული. და ლეონ ანთიპატმან დაუტევა ლაშქრისა მისგან ათი ათასი ბერძენი და თვით წარვიდა წინაშე კეისრისა. და ვახტანგ მეფემან წარატანა თანა მოციქულად არტავაზ, კლარჯეთისა ერისთავი, და წარსცა ყოველი ნიჭი კეისრისა წინაშე, რომელი მიენიჭა მეფესა ხუასროს, გარნა სტავრები და ტაიჭები დაიმჭირა თავისათვის, და სხუა ყოველი წარსცა და უბრძანა არტავაზს, რათა ჯაზირას მოერთოს ლეონ ანთიპატისა თანა.
ხოლო ვახტანგს ევედრნეს დედა და და მისი, ხუარანძე, რათა წარიტანნეს თანა და ილოცონ იერუსალემს. წარიტანნა და წარვიდეს ვახტანგ მეფე და ხუასრო გზასა ადარბადაგანისასა, და მუნით წარვიდეს ვახტანგ და დედა მისი და და იერუსალემს, და ხუასრო ელოდა ანტიოქიას. შევიდეს და ილოცეს წმიდასა აღდგომასა, და მოილოცნეს ყოველნი წმიდანი ადგილნი და შეევედრნეს წმიდასა აღდგომასა, შეწირეს შესაწირავი დიდი და წარმოვიდეს ანტიოქიას.
ხოლო ლეონ, ანთიპატოსი კეისრისა, და არტავაზ, ერისთავი ვახტანგისი, მოვიდეს ოცითა ათასითა მხედრითა რჩეულითა და მოართუეს ხუასროს კეისრისაგან ძღუენი მიუწუდომელი და ვახტანგს – ნიჭი მიუწუდომელი. და მოემცნო კეისარსა მოციქულთა სიხარული და მადლისა-მიცემა ღმრთისა, ვახტანგის ქება და მადლი მიუწდომელი, და მოემცნო ვახტანგისა: „მიბრძანებიეს ლეონისა ესრეთ, რათა იყოს შიშსა და ბრძანებასა შენსა ქუეშე, ვითარცა ჩემსა“.
და შეკრბა ვახტანგის საბრძანებელი ბერძენი და ქართველი და სომეხი ორმეოცდაათი ათასი მხედარი რჩეული. მაშინ უბრძანა სპარსთა მეფემან ვახტანგს: „ვინაითგან დედა და და შენი აქამდის დამაშურალ არიან, მოვიდენ იგინი სამეფოდ ჩემდა, რა თა ერთობით აღვასრულოთ სიხარული ჩუენი და მერმე, თუ ინებონ წარსლვა ქართლს, წარვიდენ იგინი გზასა რანისასა, ხოლო თუ ინებონ ლოდინება შენი, გელოდიან ურჰას ქალაქსა შინა“. სთნდა უკუე ვახტანგს ბრძანება ხუასრო სი, და წარიტანნეს თანა და წარემართნეს, და წარგზავნა სპარსთა მეფემან მოციქული წინაშე ყოველთა წარჩინებულთა სპარსეთისათა და მიუთხრა ესე ყოველი. ხოლო მათ განიხარეს სიხარულითა დიდითა, რამეთუ ცეცხლებრ ეგზებოდეს ბრძოლისათვის ჰინდოთა, სინდელთა და აბაშთა და ჯორჯანელთა. და მივიდეს ბაღდადს და მიეგებნეს ყოველნი წარჩინებულნი სპარსთანი სიხარულითა დიდითა და აღასრულეს ქორწილი სამეუფო ექუს თთუე განსუენებითა და განცხრომითა მიუთხრობელითა. და შემდგომად ქორწილისა მისცა ნიჭი დიდძალი დედასა და დასა ვახტანგისსა, და წარვიდეს ურჰას. პატივს-სცემდა ვახტანგს ერი სპარსეთისა, ვითარცა ხუასროს, მეფესა მათსა, და მერმე წარემართნეს მტერთა ზედა.
პირველად მივიდეს ჯორჯანეთს, და წარმოტყუენეს ჯორჯანეთი და ყოვლად უმკვიდროყვეს და დასხნეს ადგილსა მათსა ნათესავნი სპარსთანი. და მიერითაგან ქმნნეს ჯორჯანელნი გლეხად, რომელნი აწ არიან მებეგრენი სპარსთანი.
და მუნით შევიდეს ჰინდოეთად და მუნ იქმნნეს წყობანი ძლიერნი ერთმან და ერთმან. და იყო მუნ წესად: რომელმანცა მათგანმან სძლის, ივლტინ მის წინაშე ბანაკი. ხოლო ვახტანგ მეფემან მოკლა ბუმბერაზი ათხუთმეტი მუნ შინა, რომელთა დაეცნეს გოლიათნი მრავალნი სპარსთანი. და დაყვეს ბრძოლასა შინა ჰინდოეთისასა სამი წელი და წარტყუენნეს უმრავლესნი ქალაქნი ჰინდოეთისანი, არამედ მტკიცენი ციხე-ქალაქნი ვერ განტეხნეს, რამეთუ ზღუდეთა შინა იყვნეს. და წარმოიღეს ხარკი ჰინდოთა მეფისაგან: მუშკი – ლიტრა ათასი, ამბარი – ეგზომივე, ალვა – ნავი ათი, თუალები – იაკინთი და ზურმუხტი – ნავი ერთი, მის თანა საფირონი თვითოსახე, ოქრო – აქლემი ასი, ვეცხლი – აქლემი ხუთასი, და მუნით შევიდეს სინდეთს.
მაშინ სინდთა მეფემან განყო ერი თვისი ციხეთა და ქალაქთა შინა, და რომელსაცა კერძოსა განვიდიან სპარსნი მტყუენავნი, გამოუხდიან სინდნი ციხეთა და ქალაქთაგან და დასდვიან ვნება დიდი სპარსთა ზედა. და მოწყდა ურიცხვი ერი სპარსთაგან, ხოლო ძალითა ქრისტესითა არასადა იძლინეს ვახტანგის სპანი. და ყოვლადვე მძლედ გამოჩნდეს ოთხნი იგი წარჩინებულნი ვახტანგისნი და ლეონ ბერძენი, რამეთუ მათ დასცნეს მრავალნი მბრძოლნი ბუმბერაზნი სინდთანი.
ხოლო სინდთა მეფე იყო ქალაქსა შინა სინდსა. მაშინ ყოვლითა ძალითა მათითა მივიდეს სინდს და მუნ მიჰხუდეს ბრძოლანი ძლიერნი; და დღეთა ყოველთა გამოვიდის თვით სინდთა მეფე, რამეთუ იყო იგი მხნე, გოლიათი და შემმართებელი და გამოიტანნის მხედარნი სინდეთისანი, და იყვის ბრძოლა ბუმბერაზთა: რომელსამე დღესა მათ სძლიან და რომელსამე – მათ. და სინდთა მეფემან სძლო თავისთავითა ყოველთა ბუმბერაზთა, მბრძოლთა მისთა, და არა მიჰხუდეს იგი და ვახტანგ ბრძოლასა შინა დღეთა მრავალთა.
მაშინ სინდთა მეფემან ველსა მას ზედა, კართა ქალაქისათა, ღამე თხარა მთხრებლი დიდი, დასამალავი შიგან მხედართა, და სიმარჯვითა დაუტევნა გზანი გამოსავალნი, და შთაადგინნა მუნ შინა მხედარნი ათნი რჩეულნი, და დილას, ადრე, გამოგზავნა ბუმბერაზი ერთი. და მას დღესა ხუედრი იყო ვახტანგისი კართა ცვისათვის. და მოდგა ესე ბუმბერაზი და სთხოვა ბრძოლა ვახტანგს თავისთავ, რა თამცა წარიტყუვა და შთახადა მათ მხედართა ზედა. მაშინ საურმაგ, ეჯიბი ვახტანგისი, განვიდა და ჰრქუა: „არა ხარ შენ კადნიერ ბრძოლად მეფისა, არამედ მე გბრძო, მონამან – მონასა“, და მიეტევა, ხოლო სინდელი იგი გაიქცა, მისდევდა საურმაგსა ჩუეულებისაებრ, რამეთუ მრავალგზის ბრძოლილ იყო ველსა მას ზედა, და ვითარ წარჰხდა დამალულთა მათ მხედართა, გამოუხდეს ზურგით მისა, სადაიგი მეოტი შეიქცა. ხოლო საურმაგ სცა ჰოროლი წინასა მას და მოკლა, ხოლო ათთა მათ მოკლეს საურმაგ. მაშინ მიეტევა თვით ვახტანგ მეფე და მის თანა სამნი იგი წარჩინებულნი მისნი: არტავაზ და ბივრიტიანი და ნასრა, და მათ თანა ლეონ ბერძენი, ხოლო სინდელნი იგი ივლტოდეს და მისდევდა ვახტანგ მოყუსითურთ ვიდრე კართამდის ქალაქისათა, და შეივლტოდეს ქალაქად.
მაშინ ვახტანგ, მწუხარებითა სავსე, შემოიქცა და იგლოვდა გუამსა ზედა საურმაგისსა, ვითარცა ძმისა საყუარელისასა, რამეთუ თანააღზრდილი იყო მისი და ძმისწული მამამძუძისა მისისა არტავაზის მამისა, ერთგული, მისანდობელი და ქველი.
მაშინ სინდთა მეფე გამოდგა კართა ქალაქისათა და ხმა-უყო ხმითა მაღლითა და ჰრქუა: „ვახტანგ მეფეო, მსგავს ხარ შენ ყუავისა მის უგუნურისა, რომელმან პოვა ქორი მოწყლული და განგლეჯილი არწივისაგან, რომელსა ვერ ეძლო აღფრინვებად და მიახლებულ იყო სიკუდილსა. და არა ქმნა ყუავმან მან, ვითარცა წესი არს ყუავისა, რამეთუ სხუამან ყუავმან ოდეს იხილის ქორი, იწყის ხმამაღლად ყივილი და ისმინიან სხუათაცა, და დაესხის სიმრავლე ყუავთა ქორსა, რათამცა განიოტეს საყოფელთაგან მათთა და უშიშრად დაყვნესმცა დღენი მათნი, რამეთუ პირუტყუთაცა იციან სარგებელი თავისა. არა ქმნა ყუავმან ესევითარი, არამედ შეიწყალა ქორი იგი, ვითარცა კეთილისმყოფელი მისი, დაუტევა ზრდად მართუეთა თვისთა და მარადის უკრებნ მკალსა და გუელსა, რამეთუ სხვისა შეპყრობა არა ძალ-უც ყუავსა, და მით ზრდიდის. და ქორსა ვითარცა მოესხნეს ფრთენი, თქუა გონებასა თვისსა ესრეთ: „დღეთა მრავალთა გაზრდილ ვარ მკალითა და გუელითა და არა მომცემია ძალი მამა-დედათა ჩემთა, რამეთუ მკალითა ვერ განვძლიერდები, თუმცა ძალ-მედვა მიწევნა მფრინველთა და მით გამოზრდა თავისა ჩემისა, არამედ შევიპყრა ყუავი ისი, მზრდელი ჩემი, შევჭამო და განვისუენო ორ დღე, მომეცეს ძალი და ვიწყო წესისაებრ ნადირობად მამათა ჩემთა“, რომელიცა-ესე აღასრულა: შეიპყრა ყუავი იგი და შეჭამა. მიერითგან იწყო ნადირობად დიდთა და მალეთა მფრინველთა. არა მი|ეცა ყუავსა მას ქება მოწყალებისა, არამედ უგუნურად და თავისმკლველად ითქუმის, არცა მიეცა ქორსა მას ყუედრება უწყალოებისა და კეთილისა უხსენებელობისათვის. და იგი არს გუარი და წესი ქორისა – განილეოდა და მოკუდებოდა მკალითა, და ქმნა წესისაებრ და განერა სიკუდილისაგან, ხოლო ყუავმან მან არა წესისაებრ ქმნა და მითცა მოკუდა. აწ სპარსნი, რომელნი პირველითგან მოაქამომდე და წაღმართ მიუკუნისამდე მტერნი არიან ჯუარისა მსახურთანი, ჟამსა შინა უღონოებითა და ლიქნითა ყვიან სიყუარული, და ოდეს ეცის ჟამი, არა ყვიან წყალობა და კეთილისხსენება. ესე ბევრგზის ქმნული გუასმიეს წიგნთაგან. და ოდეს იხილეს სპარსთა, ჩუენ მიერ შეკნინებულთა, რამეთუ არა ჰყავ იგი, რომელი ჯერ-იყო შენდა საქმედ – სიხარული და მადლისა შეწირვა ღმრთისა შენისა და ზრახება სხუათაცა ნათესავთა და მტერად აღზრზენა სპარსთა ზედა და შეწევნა მტერთა სპარსეთისათა – არა ჰყავ ესევითარი, არამედ დაგიტევებიეს საყოფელი მამათა შენთა, და წინამძღუარ ქმნილ ხარ სპასა დიდსა საქრისტეანოსა საბერძნეთისასა. და მოგივლიეს ორისა წელიწდისა გზა და მოსრულ ხარ ძალად სპარსთა, რათა განძლიერდენ, და მოიწინენ და წარგწყმიდონ შენ და ქუეყანა შენი და დაიპყრან წარსაწყმედელად ყოველთა ჯუარისმსახურთა. ჭეშმარიტად ამას იმზადებ თავისა შენისათვის და ყოველთა ჯუარისმსახურთათვის. რად ვთქუ ყუავისა იგავი შენთვის? რამეთუ მეფე ხარ თვითმპყრობელი, ახოვანი და ნებითა შენითა მიგიცემია თავი შენი მონად მტერთა შენთა, და ვითარ არა უგუნურად ვთქუა თავი შენი?“
მაშინ ვახტანგ თქუა: „გეგონა შენ, ვითარმედ სიბრძნით გამონახულად იზრახე, არამედ ცრუ არიან სიტყუანი ეგე შენნი. მე გითხრა და გაუწყო ჭეშმარიტი: უგუნურო, მსგავს ხარ შენ თაგვისა მის მთხუნველისა, რომელსა არა ასხენ თუალნი, და საყოფელი მისი არს მიწასა ქუეშე, და არა უწყის ბრწყინვალება მზისა და შუენიერება ველთა, და დაჯერებულ არს იგი ცხოვრებასა თვისსა, რამეთუ ეგეოდენ ჰგონიეს მას ცხოვრება ყოველთა იძრვისთა, ვითარსაცა ცხოვრებასა თვით არს, და არა სურვიელ არს ხილვად ნათლისა და შუენიერებისა ცისა და ქუეყანისასა. ეგრეთვე შენ ბრმა ხარ გონებისა თუალითა და ყრუ ხარ გონებისა ყურითა, და არცა ჰხედავ და არცა გესმის, არცა უწყი ცხოვრება სულიერი და არცა სურვიელ ხარ შენ მისლვად ცხოვრებასა საუკუნოსა და ნათელსა მას დაუსრულებელსა და მიუწდომელსა, არცა იცნობ შენ ღმერთსა, შემოქმედსა ყოვლისასა, რომლისა მიერ შეიქმნა ყოველივე. არა მიქმნია მოსლვა ამას ქუეყანასა დიდებისათვის სოფლისა, არცა მსახურებისათვის სპარსთასა, არამედ მსახურებისათვის ღმრთისა დაუსაბამოსა, სამებისა ერთარსებისა, დამბადებელისა ყოველისა და დიდებისათვის მერმისა საუკუნოსა დაუსრულებელისა, რამეთუ ჩემითა აქა მოსლვითა პირველად გამომიხსნია იერუსალემი, წმიდა ქალაქი, სადა დგეს ფერხნი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი, და მუნ აღასრულა ყოველივე ხსნისათვის სულთა ჩუენთა სა, და შემდგომად ყოველი საქრისტეანო მიხსნია მოოხრებისაგან, რამეთუ მისცემოდა ჟამი სპარსთა მეფესა მოტყუენვად ყოვლისა საქრისტეანო სა, დაღათუმცა ქუეყანა ჩემი დაცულ იყო ძალითა ქრისტესითა და სიმხნითა სპათა ჩემთათა. არამედ უცალო იყვნეს ბერძენნი და წინა ვერვინ აღუდგებოდა. და ესრეთ ჯერ-არს ჩუენ ქრისტეს მოსავთაგან, რათა ერთისა მოყუსისა ჩუენისათვის დავდვათ სული ჩუენი, ხოლო ბევრისა ბევრეულისა სული ხსნილ არს ჩემითა აქა მოსლვითა. და ამისთვის მიქმნიეს ესე, რათა ღმერთმან, დამბადებელმან ჩემმან, შეიწიროს მსახურება ესე ჩემი და აღმისუბუქნეს ცოდვანი ჩემნი, და რომელ სთქუ შენ, თუ მეწყვნენ სპარსნი, მტერ იქმნებიან ქრიატეანეთა. მე ძალითა და შეწევნითა ქრისტესითა ჟამსა ამას მიხსნიან ქრისტეანენი ჭირისაგან დიდისა და უკუანას ღმერთმან დამბადებელმან წყალობა-ყოს კუალად მოსავთა მისთა ზედა. დაღათუმცა არა იყო მიზეზი ქრისტეანეთა ხსნისა და თვით ძალად სპარსთა მოსრულ ვიყავ აქა, ჯერიყომცა ესე, პირველად ნათესაობისათვის და შემდგომად ამისთვის, დაღაცათუ არა ჭეშმარიტსა სჯულსა ზედა არიან სპარსნი, არამედ მეცნიერნი არიან ღმრთისა დამბადებელისანი და ჰრწამს ცხოვრება სულიერი ხოლო თქუენ სრულიად უმეცარნი ხართ ღმრთისანი და უგულისხმონი, ვითარცა ცხენი და ჯორი, ვითარ უკუე არამცა მსახურებად შეიწირა ღმერთმან, დამბადებელმან ყოვლისამან? და საწუთოსაცა ამის საქმეთაგან საძაგელ არს ცხოვრება შენი, რამეთუ ქორმან მან ღადარმან, რომელმან შეჭამა ყუავი იგი, მზრდელი მისი, აქებ ნაქმარსა მისსა. რამეთუ ბუნება ჩუენი ესე არს, რათა კეთილისმყოფელისა ჩუენისათვის დავდვათ სული ჩუენი და მოვიგოთ მადლი ღმრთისაგან და ვპოვოთ ცხოვრება საუკუნო და სოფელსა ამას მოვიგოთ ქება კაცთაგან და სახელსა ზედა ღმრთისასა და მცნებათა მისთათვის თუ მოვკუდეთ, უკუდავნივე ვართ და სიკუდილისაგან ცხოვრებად მივიცვალებით“.
მაშინ ჰრქუა სინდთა მეფემან: „ცუდ არს სიგრძე ზრახვისა ჩუენ შორის, არამედ რომელ სთქუ შენ: თუ სახელისათვის ღმრთისა ჩემისასა მოვკუდეთ, სიკუდილისაგან ცხოვრებად მივიცვალებით, მაშა, უკუეთუ კაცმან უწყოდის მის ზედა მომავალი დიდება და კეთილი, ჯერ-არს, ესრეთ ისწრაფოს მიმთხუევად სუფევისა. აწ უკუეთუ ჭეშმარიტად უწყი სუფევად მისლვა შენი, გამოვედ ბრძოლად ჩემდა, რათა ჩემ მიერ მიიცვალო დღეს სიკუდილისაგან ცხოვრებად, რამეთუ წარჩინებულნიცა შენნი წარმივლინებიან წინამორბედად შენდა, რათა განგიმზადონ სადგური შენი“. ჰრქუა ვახტანგ: „აწინდელი სიკუდილი მე არა მიჩნს სიხარულად, რამეთუ ცოდვილ ვარ და არასადა აღმისრულებიეს მცნება უფლისა და არა სრულიად აღმიხოციან ცოდვანი ჩემნი სინანულითა, არამედ ძალითა ქრისტესითა არა მეშინის მე შენგან სიკუდილისა, რამეთუ იგი არს მფარველი ჩემი, რომლისა მიერ დაცულ ვარ ყოვლადვე. მრავალმოწყალემან ღმერთმან მრავლითა ძალითა მისმიერითა ჩემ მონისა მისისაგან მოგკლას მგმობარი მისი, და სული შენი წარვიდეს ბნელსა მას გარესკნელსა, ცეცხლსა უშრეტსა“.
მაშინ გამოვიდა სინდთა მეფე და ვახტანგ ჰრქუა მოყუასთა თვისთა: „ღმერთსა ევედრენით და ზურგითკერძო ჩემი განმიმაგრეთ“. და განვიდა ვახტანგ. და ორთავე აქუნდა ჰოროლნი. მაშინ იწყეს რბევად მრგულივ ნავარდსა და ღონესა ეძიებდეს ორნივე, რათამცა შეჰყვეს წუერსა ჰოროლისასა. მაშინ დაიჟამა სინდთა მეფემან შეყოლა ვახტანგის ჰოროლისა წუერსა და შეუტევა, რათამცა სცნა ჰოროლნი. ხოლო სიმხნითა და სიკისკასითა ტანისა მისისათა მიუდრკა ვახტანგ ჰოროლსა, და წარხდა და შემოუმგრგლო, ვითარცა გრიგალმან, და სცნა ჰოროლნი სინდთა მეფესა ბეჭსა მარცხენასა, ვერ უფარა სიმაგრემან საჭურველისამან და იწყლა წყლულებითა დიდითა, რამეთუ წინათ განავლო წყრთა ერთი, და ჩამოიჭრა სინდთა მეფე, მივიდა ზედა ვახტანგ, ჩაყო ხელი და უპყრა ფერხი მისი და თრევით მიიღო წინაშე სპარსთა მეფისა. მაშინ ყოველმან სპამან ხმითა მაღლითა შეასხეს ქება ვახტანგს. და აღივსო სიხარულითა სპარსთა მეფე და ყოველი ბანაკი მისი. და მოვიდეს ყოველნი წარჩინებულნი წინაშე ვახტანგ მეფისა ძღუნითა და შესწირვიდეს ძღუენსა. მაშინ სპარსთა მეფემან მოიყვანა მკურნალი ხელოვანი და დაადგინა ზედა სინდთა მეფესა, რათა განიკურნოს წყლულებისაგან, და მის მიერ წარიღოს ყოველი სინდეთი.
ხოლო სინდთა დაიჭირეს ნაცვლად მეფისა მათისა ძე მისი. მაშინ მეფემან ვახტანგ აზრახა სპარსთა მეფესა განტევება სინდთა მეფისა, აღება ხარკისა და მძევალთა, რამეთუ ვერღარა წარიღებდეს სინდეთსა. არამედ სთნდა მეფესა სპარსთასა განზრახვა ვახტანგისი და განუტევა სინდთა მეფე. აღიღო მისგან ხარკი ორი ეგზომი, რომელი აღეღო ჰინდოთაგან, და ორნი შვილნი – მძევლად. და ესე ხარკი სინდთა მაშინ სპარსთა მეფემან მიანიჭა ყოველივე ვახტანგს მეფესა.
მაშინ მეფე იგი სინდთა დაემოყურა ვახტანგს სიყუარულითა დიდითა პირველ ამისთვის, რომელ ოდეს შევარდა ხელთა ვახტანგისთა, არა მოკლა და ცოცხლებით მიიყვანა წინაშე სპარსთა მეფისა, და შემდგომად ამისთვის, რამეთუ ვახტანგისვე მიერ განთავისუფლდა ტყუეობისაგან. და უძღუნა ვახტანგს ძღუენი მიუწუდომელი დიდძალი. და წარმოვიდეს სინდეთით წელსა მეოთხესა სინდეთს შესლვისა და დაჰმორჩილდეს ქალაქნი სინდეთისანი მოუოხრებელად: სინდას, თოფორი, კიმრაი.
და მოვიდეს მუნით აბაშეთს, ხოლო აბაშნი მსხდომარე იყვნეს ქუეყანასა, რომელსა მოსდგომოდა წყალი და ლერწმოანი, რომელსა ვერ იარებოდა ნავი და ვერცა ოთხფერხი, არამედ საზღვართა ზედა არს სპარსთასა, და სულგრძელად ჰბრძოდეს, რამეთუ წყალი იგი, რომელი შესდიოდა, გარდაუგდეს და ლერწმოანი იგი დაწუეს ცეცხლითა. და წარმოტყუენეს აბაშეთი ყოველი, და განყვნა მეფემან სპარსთამან აბაშნი ორად: და ნახევარნი დაუტევნა ადგილსავე ზედა თვისსა და ნახევარნი წარმოიყვანნა, ვითარ სახლი ათასი, და განყვნა იგინი ადგილითი ადგილად. და ესე არიან ქურდნი ნათესავნი იგი, რომელ წარმოტყუენნა აბაშთაგან.
და წარმოვიდა ვახტანგ მეფე წელსა მერვესა შესლვით მისითგან სპარსეთად ვიდრე ანტიოქიადმდე, და მოვიდა ურჰად. ხოლო სპარსთა მეფე აძლევდა ვახტანგს ცოლად თვისთაგან მეფეთასა, ხოლო ვახტანგ ჰრქუა: „არა ჯერ-არს ჩემგან ორთა ცოლთა პყრობა, რამეთუ მივის ცოლი, ასული კეისრისა“, დაუმძიმდა ესე მეფესა ხუასროს, არამედ ვერა ჰრქუა, ხოლო ვახტანგ მშვიდობით პოვნა დედა და და მისი, და წარმოვიდეს ვიდრე განსაყოფელსა ბერძენთა და სომეხთასა.
და წარვიდა ლეონ ბერძენი და სპა მისი შიმშატად, ხოლო ვახტანგ წარავლინა მოციქული წარმოყვანებად ცოლისა მისისა და პეტრეს კათალიკოსისა და სამოელ ეპისკოპოსისა. და წარმოვიდა ვახტანგ ქართლად და მიეგება ძე მისი დაჩი და მის თანა ყოველნი სპასალარნი და მათ თანა ეპისკოპოსნი. და ვითარ ცნა ეპისკოპოსმან, ვითარმედ წარავლინა მეფემან მოციქული მოყვანებად ეპისკოპოსთა და კათალიკოსისა, დაუმძიმდა, და რეცა მას ზედა იწყო ამბოხებად და მიზეზობად, და მიუვლინა მეფესა და ჰრქუა, ვითარმედ: „შენ დაგიტევებიეს ქრისტე და ცეცხლსა ესავ“, ხოლო ვახტანგ მოუვლინა და ჰრქუა, ვითარმედ: „ძალითა ქრისტესითა შევედ და სიმართლითავე გამოვედ ძალითა ქრისტესითა. უბრალო ვარ, იცის ღმერთმან, მაგრა წარმივლინებიეს მოყვანებად კათალიკოსისა და ეპისკოპოსთა“. და ვითარცა ესმა ესე ეპისკოპოსსა, დაიდასტურა და ჰგონებდა, რომელ შფოთითა დააცადოს საქმე იგი და მოსლვა მათი, და კრულ-ყო მეფე და ყოველნი სპანი მისნი. ხოლო მეფემან თქუა: „დაღაცათუ უბრალო ვართ, სიმდაბლე ჯერ-არს ჩუენგან“. მივიდა მეფე და გარდახდა სახედარსა, რათამცა შეემთხვია ფერხთა ეპისკოპოსისათა და განძრა მან ფერხი და მიამთხვია პირსა მეფისასა ფანდაკითა და შემუსრა კბილი მისი. ხოლო მეფემან ჰრქუა: „სილაღე ესე ამპარტავნებისა არს საცთური ეშმაკისა. უკუეთუ სიმრავლემან ცოდვათა ჩემთამან აღგძრა, არა გაქუს ხელმწიფება ბოროტისა, არამედ შენდობისა, ვითარცა იტყვის სახარება, ვითარმედ: „არა დაშრიტო პატრუკი მგზებარე, არცა განსტეხო ლერწამი დაჩეჩქვილი“, ხოლო შენ ჰგონებ, ვითარმცა შენითა სივერაგითა ჩუენ დაგუაცადენ სიყუარულსა ქრისტესსა. [ესე] მაშინ გამოჩნდა ცხადად, რაჟამს გესმა უმთავრესისა შენისა ქართლად მოყვანება და აღეგზენ შურითა ბოროტად, ვითარცა იუდა პეტრესითა, რამეთუ შენ ხარ, ვითარცა იუდა, ხოლო ეკლესია – ვითარცა პეტრე. ვეცხლისმოყუარე ხარ შენ და მეგუადრუცე ქრისტესი. აწ მიგავლინო პატრიაქისა კოსტანტინეპოლედ, და, ვითარცა ჯერ-იყოს, განგიკითხოს“.
და წარსცა იგი დიასპანთა და მის თანა კრებული მისი და შეუთუალა, რათა კათალიკოსი და ათორმეტნი ეპისკოპოსნი სწრაფით წარმოავლინნენ, და მათ შორისმცა არს პეტრე კათალიკოსად და სამოელ ეპისკოპოსად და სხუანი, ვინცა სთნდენ.
და ვითარ მიაწიეს მიქაელ ეპისკოპოსი, ჰრქუა მას პატრიაქმან: „ვინაითგან დაითხია შენ მიერ სისხლი ქუეყანასა ზედა, არღარა ხარ შენ ღირს ეპისკოპოსად და კადრებისათვის მეფისა თანა-გაც შენ სიკუდილი, ვითარცა იტყვის: „დაემორჩილენით თქუენ მეფეთა, რამეთუ არა ცუდად აბიეს ხრმალი, რამეთუ ღმრთისა მიერ მთავრობს, ვითარცა ლომი შორის ცხოვართა“.
და ექსორია-ყვეს მიქაელ ეპისკოპოსი მონასტერსა მღვიძარეთასა. და წარავლინეს პეტრე მღდელი და სამოელ მონაზონი ანტიოქიას, და მიუწერეს ანტიოქიისა პატრიაქსა მეფემან და პატრიაქმან კოსტანტინეპოლელმან: „პირველად, დასაბამსა ქართლისა მოქცევისასა დედაკაცისა ჰრომაელისა ნინოს მიერ, განივლინა აქათ ეპისკოპოსი, რამეთუ შორის სპარსთა და ბერძენთა შფოთი იყო და მით ვერ მოაწიეს საქმე ესე ჯერისაებრ სჯულისა. რამეთუ ჩუენ უწყით, ვითარმედ ქართლი და აღმოსავალითი და ჩრდილო მაგის წმიდისა საყდრისანი არიან, ვითარცა განაწესეს მოციქულთა სახარებასა შინა, რომელ არს უწინარესობა. და მიუწერეს ყოველი საქმე დიდისა ვახტანგ მეფისა, ვითარმედ: „ეპისკოპოსი იგი, რომელ მათ მიერ დადგინებულ იყო, უკუვადგინეთ და დღეს იცოდეთ ახალნერგად ჭეშმარიტად ქართლი. აწ ორნი ესე, მათნი თხოვილნი, აკურთხენ და ათერთმეტნი, ვინ შენ გნებვან, აკურთხენ და ჩუენდა მოვიდენ, რათა ჩუენ ნიჭითა და სახმრითა ყოვლითა განუტევნეთ“.
ხოლო ანტიოქელმან პატრიაქმან ყო ეგრე, ვითარცა მიუმცნეს პატრიაქმან და კეისარმან, აკურთხნა ათორმეტნი ეპისკოპოსნი და პეტრე – კათალიკოსად, და მოვიდეს კოსტანტინეპოლედ. და მეფემან მისცა ნიჭი დიდძალი და ასული თვისი, სახელით ელენე, მისცა მეფესა ვახტანგს, და გამოავლინა იგი სპითა დიდითა ვიდრე საზღვართამდე სომხითისათა. და მუნ მიეგება მეფე ვახტანგ, და შეიქცეს სპანი ბერძენთანი. და წარმოვიდა ვახტანგ მცხეთად.
ხოლო მცხეთას მეფემან ვახტანგ აღაშენა ეკლესია მოციქულთა სუეტი ცხოველი და უპყრა სუეტსა შინა სამხრით, ადგილსა მას, სადა დაცემულ იყო ეკლესია, რომელ არს სიონი დიდი, მუნ შინა დასუეს პეტრე კათალიკოსად და სამოელ _ ეპისკოპოსად მცხეთასავე საეპისკოპოსოსა. დასუა ერთი ეპისკოპოსად კლარჯეთს, ეკლესიასა აქიზისასა, ერთი – არტანს, ერთი – მანგლისს, ერთი – ბოლნის[ს], ერთი – რუსთავს, ერთი – ნინოწმიდას, [ერთი] – უჯარმოსკარსა, რომელი გორგასალსა აღეშენა, ერთი – ჭერემს, მისსავე აღშენებულსა, და მუნ ქმნა ქალაქი ერთი შორის ორთავე ეკლესიათა, რომელ-იგი მანვე აღაშენა, ერთი – ჩელეთს, რომელი სოფელსა შუა აღაშენა; ერთი – ხორნაბუჯს, ერთი – აგარაკს, რომელ არს ხუნანის გამართებით.
შემდგომად ამისა აღაშენა ეკლესია ნიქოზისა საგზებელსა თანა ცეცხლისასა და დასუა ეპისკოპოსი, სადა-იგი დაეფლა გუამი წმიდისა რაჟდენისი, რომელი იწამა სპარსთა მიერ წყობასა ვახტანგისსა.
ესე რაჟდენ იყო მამამძუძე ვახტანგის ცოლისა, რომელი პირველ მოეყვანა – სპარსთა მეფისა ასული. და მოიქცა იგი ქრისტეანედ და იქმნა იგი დიდად მორწმუნე. და იყო იგი ბრძოლასა მას შინა ძლიერ. და შეიპყრეს იგი სპარსთა და აიძულებდეს, რათამცა უარ-ყო ქრისტე. ხოლო წმიდამან მან აღირჩია წარუვალი იგი დიდება და იწამა ქრისტესთვის.
და ესხნეს ვახტანგს ბერძნის ცოლისაგან სამ ძე და ორ ასულ, ხოლო ძესა მისსა პირმშოსა პირველისა ცოლისასა – დაჩის – მისცა ქალაქი ჭერემისა და ნეკრისისა და ქალაქი კამბეჩოვანისა, რომელ არს ხორნაბუჯისა, და ყოველი ქუეყანა მტკურისა აღმოსავალით. და თვით ვახტანგ დაჯდა უჯარმოსა და აღაშენა იგი ნაშენებითა უზომოთა. და და მისი, ხუარანძე, მისცა ბაკურს, პატიახშსა სომხითისასა, ცოლად.
და ვითარცა წარვიდეს ამისა შემდგომად ჟამნი რაოდენნიმე, მოკუდა ხუასრო მეფე და დაჯდა მის წილ ძე მისი, ხუასრო. და განძლიერებულ იყვნეს სპარსნი, რამეთუ ყოველნი მტერნი მათნი დაემორჩილნეს შესლვითა ვახტანგისითა. და წარმოემართა იგი ბრძოლად ბერძენთა, და მოუვლინა გორგასალსა მოციქული და ჰრქუა: „მოკუდა მამა ჩემი და მეფე-მყო მე ყოველმან ერმან მისმან საყდართა მისთა ზედა. და ესრეთ მიბრძანეს მოხუცებულთა მისთა, რათა მოვიდე წინაშე შენსა და ვერჩდე ბრძანებასა შენსა. შენ წარმიძეღუ, ჩუენ, მეფეო, წინამძღურად ჩუენდა შესლვასა ამას ჩუენსა საბერძნეთს, და მომეც მე ასული შენი ცოლად, რათა ვიყო მე, ვითარცა ერთი შვილთა შენთაგანი“.
ვითარცა მოვიდა მოციქული წინაშე ვახტანგ მეფისა, ვახტანგ აშენებდა ქალაქსა ტფილისსა, და საფუძველი ოდენ დაედვა. და ვითარცა უთხრა მოციქულმან შეთულილობა ხუასრო მეფისა, თქუა მეფემან: „ამისთვის თქვიან: „მჭედელო, განმახუე მახვილი შენი, რათა მსწრაფლ განეწონოს ასოთა შენთა“. და დღეთა მიწევნულ იყო ვითარ სამეოცისა წლისა, და თქუა: „ესრეთ უთხართ მეფესა ხუასროს: „პირველად განემზადე ბრძოლად ჩუენდა და ეგრეთ შევედ საბერძნეთად, რამეთუ ძალნი, რომელნი იქმნნეს, ყოველნი ძალითა ჯუარისათა იქმნნეს. აწ ცხოვრება ჩუენი იყავნ სასოებითა ჯუარცუმულისათა“.
და წარავლინა ქადაგი, რათა დაუტეონ სოფლები და ქალაქები, რომელი იყო არაძლიერი, და შეივლტოდიან კავკასიანთა და კახეთად, რამეთუ კახეთი ტყე იყო და შეუვალი მტერისა მიერ. ხოლო დაჩი მეფე და დისწული მისი გარდავიდეს კახეთად და შედგეს ხევსა ლოპატისასა, ქუეყანასა მას კლდითა მოზღუდვილსა.
და იყვნეს სოფლისა მის კაცნი წყლისა და ცეცხლისა მსახურ. და სავსე იყო ხევი იგი სიმრავლითა კაცთათა ვიდრე ნოსარამდე, ხოლო გორგასალი, ცოლი და შვილნი მისნი – უჯარმოსხევსა, და წინაციხესა თვით შედგა, და მის თანა ჯუანშერ და ადარნასე, ხოლო მცხეთად დემეტრე და ნარსა და ბივრიტიანი დაუტევნა, წარავლინა მოციქული და მიუმცნო კეისარსა.
და მოვიდა ხუასრო მეფე და შემუსრნა ქალაქნი კამბეჩისანი და ჭერმისციხე და ველისციხე. და ვითარცა მოიწივნეს კახეთად, დაიბანაკეს იორსა ზედა. ხოლო სპანი ვახტანგისნი დადგეს ველსა ზედა გარემოს ციხე-ქალაქსა, რომელსა ჰრქვიან დარფაკა. და შეიბნეს იორსა ზედა და სამ დღე ყოველთა დღეთა იბრძოდეს, და დაეცემოდა ორთავე სპათაგან ურიცხვი. და ვახტანგ მოუწოდა პეტრე კათალიკოსსა და ჰრქუა: „უწყოდე, რამეთუ არა ხარკისა მიცემისათვის გუბრძვანან, არამედ ქრისტეს დატევებისათვის. აწ მე ესე განმიზრახავს, რამეთუ ცხოვრებასა ჩემსა სიკუდილი უმჯობეს არს სახელსა ზედა მისსა, რათა სასუფეველი გუაქუნდეს აღთქუმული მათ თანა, რომელთა ეტყვის: „რომელმან წარიწყმიდოს თავი თვისი სასუფეველისა ამის ჩემისათვის, მან პოვოს იგი“. ჰრქუა მას პეტრე კათალიკოსმან: „გიხილვან საქმენი, რომელ არა ვინ ნათესავთა შენთაგანმან იხილნა, შეწევნანი ქრისტესმიერნი, რამეთუ უწყის სიბრძნემან შენმან, ვითარმედ მტერი იგი, გამომცდელი ჩუენი, აცილობს ჩუენთვის ღმერთსა, ვითარცა იობისთვის, რამეთუ ღმერთი მიუშუებს მოძულებულთა მათ თვისთა წარწყმედად, ხოლო შეყუარებულთა მათ თვისთა – განღმრთობად. იყავ შენ, ვითარცა გაზრახოს ღმერთმან, დაღაცათუ არა მოჰკუდე“. და ამით სიტყვითა ამხილა, ვითარმედ წყობასა მას არა დარჩეს, და ჰრქუა: „არა თუ ხოლო ქართლი მიეცეს განსარყუნელად, არამედ იერუსალემიცა, რომელ არს მშობელი ყოველთა შვილთა ნათლისათა“. და ჰრქუა მეფემან: „დადეგ ეკლესიასა შინა რაჟდენ წმიდისასა, რომელი რაბატსა შინა უჯარმოსასა აღმიშენებიეს, და ვეჭუ, ვითარმედ ყოველნი ქალაქნი გარემოს უჯარმოსა იძლინენ, რამეთუ მტკიცენი და მაგარნი ზღუდენი აქა დავსხენით“. და ყო ეგრეთ კათალიკოსმან, ხოლო ეპისკოპოსნი ყოველნი მუნ შეკრბეს.
და იყო ლაშქარი ვახტანგისი ორას ორმეოცი ათასი, ხოლო სპარსთა – შვიდას ორმეოცი ათასი. და განყო მეფემან ვახტანგ ლაშქარი მისი სამად და კლდით კერძო მოავლინა ქუეითი და ერთკერძო მიავლინნა პატიახშნი და სპასპეტნი და, სადათ სპარსთა მეფე იყო, მუნით თვით მივიდა ვახტანგ, რათა ღამესა ბნელსა, განცისკრებულსა ოდენ, დაესხას სპარსთა ზედა. და ჰრქუა ყოველსა ერსა თვისსა: „ყოველი კაცი, რომელი დარჩეს სიკუდილისაგან და მტერთა ჩუენთაგანისა თავი, ანუ ხელი არა გამოიტანოს, სიკუდილითა მოკუდეს იგი“. და ცისკარი რა აღეღებოდა, დაესხა და შევლო პალატადმდე მეფისა და შევიდა კარავსა შინა მეფისასა. და მეფე შეესწრა ცხენსა ზედა და ძე მისი, ბარტამ, მოკლა და მოჰკუეთა თავი მისი. და მუნ შინა სპარსმან ვინმე სცა ისარი მკერდსა ვახტანგისსა, და იყო ბრძოლა ვიდრე შუადღედმდე.
სძლო ვახტანგ სპარსთა მათ და მოკლა მათგანი, ვითარ ას ოცდაათი ათასი, ხოლო სპათაგან ვახტანგისთა მოკუდა, ვითარ ოცდარვა ათასი. და წარმოიღეს ნატყუენავი ცხენი, ვითარ ასი ათასი, და სრულიად ვერ იოტნეს სიმრავლისაგან. და აღიყარა მუნით სპარსთა მეფე და შთადგა რუსთავს. დამძიმდა წყლულება ვახტანგისი, რამეთუ შეწევნულ იყო ისარი ფირტუად, და წარვიდა უჯარმოს და უბრძანა სპასალართა ქართლისათა, რათა ადგილსავე დგენ.
ცნეს სპარსთა, რამეთუ დამძიმდა ვახტანგ და მოაოხრეს ტფილისი და არმაზი ქალაქი, ხოლო მცხეთა ვერ დაიპყრეს, გარნა რომელი ზღუდესა გარეგნით იყო, მოაოხრეს, რომელი-იგი მუხნარით და არაგვისა ხერთვისსა იყო.
ხოლო ბერძენთა მეფე, სიმამრი ვახტანგისი, მოკუდა და დაჯდა მეფედ [ზენონ], ძე მისი, და გამოვიდა სპერად გამოსლვად ქართლს. და ვითარცა ცნა სიმძიმე გორგასლისა, დაადგრა კარნუ ქალაქსა და მივიდა მუნ ხუასრო. და შეიბნეს ხუასრო და კეისარი კარნიფორას. და დაიხოცა ორთაგანვე სპათა, რომელ იქმნა სისხლისა მდინარე, და მის მიერ ეწოდა კარნიფორა, რეცა „სისხლისა მუცელი“. და ვერ სძლეს ერთმანერთსა, რამეთუ სპანი ორთანივე დაიხოცნეს. და შეიქცა ხუასრო გზასა ქართლისასა.
ხოლო ვახტანგ შეიტყუა სიკუდილი თავისა თვისისა, მოუწოდა კათალიკოსსა და ცოლსა თვისსა, ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა და თქუა: „მე, ესერა, წარვალ წინაშე ღმრთისა ჩემისა და ვჰმადლობ სახელსა მისსა, რომელმან არა დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა. აწ გამცნებ თქუენ, რათა მტკიცედ სდგეთ სარწმუნოებასა ზედა და ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკუდილსა სახელსა ზედა მისსა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ“. და ჰრქუა ყოველთა წარჩინებულთა: „თქუენ, მკვიდრნო ქართლისანო, მოიხსენენით კეთილნი ჩემნი, რამეთუ პირველად სახლისა ჩემისა მიერ მიიღეთ ნათელი საუკუნო და მე ხორციელებრითა დიდებითა გადიდენ თქუენ. ნათესავსა და სახლსა ჩემსა ნუ შეურაცხ-ჰყოფთ და სიყუარულსა ბერძენთასა ნუ დაუტევებთ“. და ჰრქუა ძესა თვისსა დაჩის: „შენ ხარ პირმშო შვილი ჩემი, შენდა მომიცემია გვირგვინი მეფობისა ჩემისა, და ნაწილად ძმათა შენთა მიმიცემია ტასისკარითგან და წუნდითგან ვიდრე სომხითადმდე და საბერძნეთამდე. საზღვარი აფხაზეთისა, რომელი მოცემულ არს ეგრისწყალსა და კლისურასა შუა, იგი თვით ძმათა შენთა და დედისა [შენისა] არს, და აქუნდეს მათ, და იყვნედ შენდა ერისთავად მორჩილებასა ქუეშე ნათესავისა შენისასა“.
და მოუწოდა ნასრას, ერისთავსა წუნდისასა, და არტავაზს, ერისთავსა კლარჯეთისასა, და ბივრიტიანს, ერისთავსა ოძრხისასა, და მათ მიათუალა ცოლი თვისი ელენე და შვილნი მისნი, რომელთა ერქუა ლეონ და მირდატ, და შეჰვედრნა მათ სამთავე ერისთავთა ცრემლითა და შეხედვებითა ღმრთისათა. მაშინ წარჩინებულთა და ყოველსა ერსა ზედა დღე იყო სასჯელისა, და იტყებდეს ყოველნი და თავთა თვისთა ისხმიდეს ნაცარსა და ყოველნი ინატრიდეს თავისა თვისისა სიკუდილსა. და ხმისაგან ტირილისა და ტყებისა და გოდებისა იძრვოდა ქუეყანა და მორწმუნე ერი ჰნატრიდა მეფესა, რამეთუ ქრისტესთვის მოიკლა. და მოკუდა ვახტანგ და დაეფლა მცხეთას, საკათალიკოზოსა სუეტსა თანა, რომელსა შინა არს დაპყრობით სუეტი ღმრთივაღმართებული.
და დაჯდა საყდარსა მისსა ძე მისი დაჩი, ხოლო ცოლი და ორნი ძენი ვახტანგისნი წარმოიყვანნეს სამთა მათ ერისთავთა და დაიპყრეს დასავალითი ქართლისა, რომელი მისცა ვახტანგ, და სხდეს წუნდას ქალაქსა, ზაფხულის და ზამთრის იყვნიან ოძრხეს. და არა ეწოდა მათ მეფედ, არამედ ერისთავთა მთავრად. და იყვნეს მორჩილებასა ძმისა მათისა _ დაჩი მეფისასა.
და ამან დაჩი მეფემან იწყო შენებად ქართლისა, რამეთუ მოოხრებულ იყვნეს ყოველნი ხევნი ქართლისანი, თვინიერ კახეთისა და კლარჯეთისა და ეგრისისა, და განასრულნა ზღუდენი ტფილისისანი, და ვითარ ებრძანა ვახტანგს, იგი შექმნა სახლად სამეფოდ.
და მოკუდა პეტრე კათალიკოსი და დაჯდა სამოელ, და მეფემან მას მიათუალა მცხეთა, რამეთუ ეგრეთ ებრძანა მეფესა ვახტანგს.
ამანვე მეფემან დაჩი დაჰპატიჟა მთიულთა კახეთისათა, რათა აღიარონ ქრისტე, ხოლო მათ არა ინებეს და განდგეს ყოველნი ნოპატელნი.
ხოლო ორთა მათგან ძეთა ვახტანგისთა, ნაშობთა ბერძნისა ცოლისათა, მოკუდა, რომელსა ერქუა ლეონ, და დარჩა მირდატ ოდენ. ამას მირდატს დაევაჭრა ძმა მისი, დაჩი მეფე, გაუცვალა ქუეყანა და აღიღო მირდატისგან ეგრისწყალსა და კლისურასა შუა მირდატის დედული – საზღვარი საბერძნეთისა და მისცა ნაცვლად ჯავახეთი ფარავნითგან მტკურადმდე. და იპყრა მირდატ, ძემან ვახტანგისმან, ფარავნითგან და ტასისკარითგან ვიდრე ზღუადმდე სპერისა, და ერისთვობდა მუნ, და იყო მორჩილ დაჩი მეფისა, ძმისა თვისისა. ამან აღაშენა ჯავახეთს ეკლესია წყაროსთავისა.
და მოკუდა დაჩი მეფე.
და დაჯდა მეფედ ძე მისი, ბაკურ. და მოკუდა ბაკურ.
და დაჯდა მეფედ ძე მისი ფარსმან.
და მოკუდა კათალიკოსი სამოელ, და დაჯდა კათალიკოსად ჩერმაგ.
და ვახტანგისითგან აქამომდე ესე მეფენი მშვიდობით იყვნეს და შვილნი მირდატისნი ჰმონებდეს შვილთა დაჩისთა.
ამის ფარსმანის მეფობასა მოვიდეს სპარსნი და მოაოხრეს ქართლი და რანი, ხოლო ფარსმან, მეფემან ქართველთამან, ითხოვა სპარსთა მეფისაგან, რათა არა მოაოხრნეს ეკლესიანი, და იპყრას ქართლი სჯულსა ზედა ქრისტესსა, რამეთუ მას ჟამსა ბერძენნი უცალო იყვნეს, დასავალით მტერნი აღდგომილ იყვნეს, და ვერ შემძლებელ იყვნეს შეწევნად ქართველთა და წინააღდგომად სპარსთა.
მაშინ სპარსთა მეფემან ისმინა ვედრება მათი და დაიცვნა ეკლესიანი, და ფარსმან დაუწერა მას მორჩილება და მსახურება, და წარვიდა სპარსთა მეფე.
მიერითგან განიყვნეს ნათესავნი ვახტანგ მეფისანი, რამეთუ შვილნი დაჩისნი ჰმსახურებდეს სპარსთა, ხოლო შვილნი მირდატისნი დაადგრეს მორჩილებასა ბერძენთასა.
მოკუდა ფარსმან და დაჯდა მეფედ ძმისწული მისი, რომელსა ერქუა ფარსმანვე. და იყო იგი მორწმუნე, ვითარცა მამისძმა მისი, და ჰმატა ყოველთა ეკლესიათა შემკობა. და მოკუდა კათალიკოზი ჩერმაგ და ამანვე მეფემან ფარსმან დასუა საბა. და მოკუდა კათალიკოზი საბა და ამანვე მეფემან ფარსმან დასუა ევლალი. აქათგან არღარა მოიყვანებდეს კათალიკოზსა საბერძნეთით, არამედ ქართველნი დასხდებოდეს, წარჩინებულთა ნათესავთაგანი.
და ამისვე ფარსმანის ზე მოვიდა იოვანე შუამდინარელი, რომელსა ეწოდა ზედაზადენელი, განმანათლებელი ქართლისა და განმწმედელი სჯულისა და მაშენებელი ეკლესიათა, რომელმან ქმნა ნიშები და სასწაულები მრავალი, მან და მოწაფეთა მისთა, რომელთა განაკვირვნეს ყოველნი ქართველნი. და დაიწერა ცხოვრება და სასწაულნი მათნი და დაისხნეს ეკლესიათა შინა ქართლისათა.
და მეფობითგან მირიან მეფისათ ვიდრე მეორისა ფარსმანისა გარდახდეს წელნი ორასნი. და მეფენი გარდაიცვალნეს ათოთხმეტნი, და ვახტანგისითგან კათალიკოზნი გარდაიცვალნეს რვანი.
და მოკუდა ფარსმან და დაჯდა მეფედ ძე მისი, ბაკურ.
ესე იყო მორწმუნე და მაშენებელი ეკლესიათა. ამან განამრავლნა ეკლესიანი და მღდელნი სამეფოსა შინა მისსა და განწმიდა ქართლი ყოვლისა უსჯულოებისაგან. და მოკუდა კათალიკოზი ევლალი. და მანვე მეფემან [ბაკურ] დასუა კათალიკოზი მაკარი.
ამასვე ჟამსა მეფობდა სპარსეთს, რომელსა ერქუა ურმიზდ. და მასვე ჟამსა იყო სომხითს კაცი ერთი, შვილი მთავართა, სახელით ვასქენ, და ესუა მას ცოლი, მთავართა შვილი, რომელსა ერქუა შუშანიკ, ასული ვარდანისი. ხოლო ამას ვასქენს ეუფლა ეშმაკი და განიზრახა მიქცევა ცეცხლისმსახურებად; წარვიდა წინაშე სპარსთა მეფისა, დაუტევა სჯული ქრისტესი და იქმნა ცეცხლისმსახურ. ხოლო სპარსთა მეფემან წარმოგზავნა იგი ნიჭითა დიდითა ერისთავად რანისა. ვითარ მოვიდა და ცნა ცოლმან მისმან შუშანიკ ქმრისა მისისაგან დატევება სჯულისა ქრისტესი, არღარა ერჩდა იგი ცოლად. და დაივიწყა სიყუარული ქმრისა თვისისა და ყოვლითა გულითა შეუდგა იგი ქრისტესა აღსრულებად მცნებათა მისთა.
მაშინ ვასქენ შეუდგა მრავალღონედ – პირველად ლიქნითა და ვედრებითა და ნიჭისა მიცემითა, შემდგომად შეაგდო სატანჯველსა დიდსა, რომლისა სიგრძისაგან არა დავწერენ ღუაწლნი წმიდისა შუშანიკისნი, და მოკლა იგი ქმარმან მისმან, ვასქენ ერისთავმან.
მაშინ ბაკურ, მეფემან ქართველთამან, მოუწოდა ყოველთა ერისთავთა და შემოკრიბნა ლაშქარნი ფარულად და წარემართა ვასქენს ზედა პარვით, რამეთუ ვასქენ ველსა გარე დგა კიდესა მტკურისასა, სადა შეერთვის მდინარე ანაკერტისა მტკუარსა, დაესხა და შეიპყრა ვასქენ და დაჭრეს წულილად ასონი მისნი, დამოჰკიდეს ხესა. ხოლო გუამი წმიდისა შუშანიკისი წარმოიღეს დიდითა პატივითა და დაჰფლეს ცორტავს.
ამან ბაკურ მეფემან წარგზავნა მოციქული წინაშე სპარსთა მეფისა, აუწყა ესე ყოველი და ითხოვა მისგან შენდობა. მაშინ მეფემან განიზრახა გონებასა თვისსა და თქუა: „უკუეთუ შევრისხნე ქართველთა, განერთნენ იგინი ბერძენთა“. და შენდობა აღირჩია და გამოგზავნა მოციქული ბაკურისა პასუხითა კეთილითა და ყოველი გმობა და ბრალობა ვასქენ მოკლულისა უბრძანა და ამართლა ბაკურ სიკუდილსა მისსა. და წარმოგზავნა რანს და მოვაკანს სხუა ერისთავი, რომელსა ერქუა დარელ, და უბრძანა, რათა კეთილად მეგობრობდეს ქართველთა.
და მოკუდა კათალიკოზი მაკარი და მანვე მეფემან დასუა სვიმეონ კათალიკოზად. და მოკუდა ბაკურ და დარჩეს შვილნი მისნი წურილნი, რომელნი ვერ იპყრობდეს მეფობასა. მაშინ მეფემან სპარსთამან ურმიზდ მისცა ძესა თვისსა, რომელსა ერქუა ამბარვე, რანი და მოვაკანი, მოვიდა და დაჯდა ბარდავს, და უწოდა ზრახვად ერისთავთა ქართლისათა, აღუთქუა კეთილი დიდი და დაუწერა ერისთავთა მამულები შვილითი შვილადმდე და ესრეთ წარიბირნა ლიქნითა.
და განდგეს ერისთავნი თვის-თვისად. და ხარკსა მისცემდეს ქასრეს ამბარვეზსა. და შვილნი ბაკურისნი დარჩეს მთიულეთს კახეთისასა და ნათესავნი მირდატისნი, ვახტანგის ძისანი, რომელნი მთავრობდეს კლარჯეთს და ჯავახეთს, იგინი დარჩეს კლდეთა შინა კლარჯეთისათა. და სხუა ყოველი ქართლი, სომხითი და ასფურაგანი დაიპყრეს სპარსთა და ჰბრძოდეს ბერძენთა.
შემდგომად ამისა მცირედთა წელთა იქმნნეს შფოთნი დიდნი სპარსეთს შინა, რამეთუ შემოვიდა თურქთა მეფე სპარსეთს. და მოვიდეს ბერძენნი და ეწყვნეს სპარსთა შუამდინარეს, იოტნეს და შევიდეს სპარსეთს და იწყეს ტყუენვად სპარსეთისა. მაშინ ქასრე ამბარვეზმან დაუტევა რანი და ქართლი და წარვიდა შუელად მამისა თვისისა. ესრეთ რა უცალო იქმნნეს სპარსნი, მაშინ შეითქუნეს ყოველნი ერისთავნი ქართლისანი, ზემონი და ქუემონი, და წარგზავნეს მოციქული წინაშე ბერძენთა მეფისა და ითხოვეს, რათა უჩინოს მეფე ნათესავთაგან მეფეთა ქართლისათა და, რათა იყვნენ ერისთავნი იგი თვის-თვისსა საერისთვოსა შეუცვალებელად.
მაშინ კეისარმან აღასრულა თხოვა მათი და მოსცა მეფედ დისწული მირდატისი, ვახტანგის ძისა, ბერძნისა ცოლისა, რომელსა ერქუა გუარამ, რომელი მთავრობდა კლარჯეთს.
ამას გუარამს მისცა კეისარმან კურაპალატობა და წარმოგზავნა მცხეთას.
და შვილნი ბაკურ მეფისანი, ნათესავნი დაჩისნი, ვახტანგის ძისანი, რომლისა მიეცა მეფობა ვახტანგ მეფესა, იგინი დარჩეს კახეთს და იპყრეს კუხეთი და ჰერეთი იორითგან, და დასხდეს უჯარმოს და იყვნეს მორჩილებასა გუარამ კურაპალატისასა.
მაშინ კეისარმან წარმოსცა განძი დიდძალი გუარამ კურაპალატისა თანა და უბრძანა, რათა მით განძითა გამოიყვანნეს ჩრდილოს ლაშქარნი და შეგზავნნეს სპარსეთს, ხოლო გუარამ ყო ეგრე, გამოიყვანნა ოვსნი, დურძუკნი და დიდონი და წარუძღუანნა წინა ერისთავნი ქართლისანი, შევიდეს ადარბადაგანს და უწყეს ტყუენვად. და ესევითარნი ჭირნი და უცალოებანი მოიწინეს სპარსთა ზედა.
მაშინ გამოჩნდა კაცი ერთი სპარსეთს, რომელსა ერქუა ბარამ ჩუბინი. ესე ეწყო თურქთა, სპარსეთს შემოსრულთა, ვითარცა წერილ არს განცხადებულად „ცხოვრებასა სპარსთასა“, მოკლა თურქთა მეფე და იოტა ბანაკი მათი.
ხოლო სპანი იგი ბერძენთანი, რომელნი შესრულ იყვნეს სპარსეთს, შეიქცეს და წარვიდეს შინა, და ჩრდილოელნი იგი, გუარამ კურაპალატისა შეგზავნილნი, წარმოვიდეს იგინიცა შინა, რამეთუ ვინაითგან მოიცალეს სპარსთა თურქთაგან, შეშინდეს და და|ეცა შიში და ძრწოლა ქართველთა სპარსთაგან. და ამან გუარამ კურაპალატმან იწყო ციხეთა და ქალაქთა მაგრებად.
და კუალადცა წყალობა ყო ღმერთმან ქრისტეანეთა ზედა და სხუა შუღლი დავარდა სპარსეთს, რამეთუ იგივე ბარამ ჩუბინი განადგა სპარსთა მეფესა და დასწუნა თუალნი ურმიზდ მეფესა და ცოლისძმათა მისთა. და იწყეს ბრძოლად ჩუბინმან და ქასრე. იოტა ქასრე ჩუბინისაგან და წარვიდა საბერძნეთს. და კეისარმან მავრიკ მოსცა ასული ცოლად ქასრეს, და მოსცა სპა მისი და წარმოგზავნა ჩუბინს ზედა [და] იოტა ჩუბინი სპარსეთით.
მაშინ მავრიკ კეისარმან იურვა ქართველთათვის ქასრეს თანა და ჰრქუა: „ვინაითგან დაუტევებიეს ქართველთა კერპთმსახურება, მუნითგან მორჩილნია ბერძენთანი, რამეთუ ჟამსა შინა მძლავრებისაგან თქუენისა იქმნის განრყუნილ ქართლი, რამეთუ სამართალი თქუენი არა არს ქართლსა ზედა. აწ ბრძანებითა ღმრთისათა, ვინაითგან სრულსა სიყუარულსა ზედა ვართ მე და შენ, ქართლი ჩუენ შორის იყავნ თავისუფალ მშვიდობით. მე ვარ მოურავი და მწე ყოველთა ქართველთა და ყოველთა ქრიატეანეთა“.
მაშინ ერჩდა სპარსთა მეფე კეისარსა და განთავისუფლდეს ქართველნი. და ესე გუარამ კურაპალატი დადგა მორჩილებასა ზედა ბერძენთასა. და იყო კაცი მორწმუნე და მაშენებელი ეკლესიათა და ამან იწყო ეკლესია ჯუარისა პატიოსნისა. და აქამომდე ჯუარი ველსა ზედა იყო, და ქმნა ეკლესია წელთამდე ოდენ. და მეფობდა კეთილად და უშფოთველად, არამედ ერისთავნი ქართლისანი ვერ ცვალნა საერისთვოთაგან მათთა, რამეთუ სპარსთა მეფისაგან და ბერძენთა მეფისაგან ჰქონდეს სიგელნი მკვიდრობისანი, არამედ იყვნეს მორჩილებასა გუარამ კურაპალატისასა.
და მოკუდა კათალიკოზი სვიმეონ და დაჯდა სამოელ. და მოკუდა კათალიკოზი სამოელ და დასუეს სამოელვე.
ამანვე გუარამ კურაპალატმან განაახლა საფუძველი ტფილისისა სიონისა, რამეთუ ნათესავნი მირიან მეფისა მორწმუნისანი ყოველნი ეკლესიათა მაშენებელნი იყვნეს.
და მოკუდა გუარამ კურაპალატი.
და დაჯდა ძე მისი სტეფანოზ, მეფობისა სახელი ვერ იკადრა სპარსთა და ბერძენთა შიშისაგან, არამედ ერისთავთა მთავრად ხადოდეს.
და მოკუდა სამოელ კათალიკოზი და ამან სტეფანოზ დასუა ბართლომე კათალიკოზად. და ესე სტეფანოზ იყო ურწმუნო და უშიში ღმრთისა, არა ჰმსახურა ღმერთსა, არცა ჰმატა სჯულსა და ეკლესიათა. და ამის ზე იქმნა შფოთი დიდი საბერძნეთს, რამეთუ მავრიკ კეისარსა განუდგა ფოკას მხედარი და მოკლა მა|ვრიკ კეისარი და შვილნი მისნი და დაიპყრა საბერძნეთი ფოკას მხედარმან.
მაშინ სიძემან კეისრისამან, სპარსთა მეფემან ქასრე, იწყო ძებნად სისხლსა ცოლისძმათა და სიმამრისა მისისათა, შესლვად და ტყუენვად საბერძნეთს, განძლიერდა ბერძენთა ზედა და ვერ წინააღუდგა ფოკას კეისარი. ხოლო სტეფანოზ, მთავარი ქართლისა, შეუშინდა მეფესა სპარსთასა, განუდგა ბერძენთა და მიექცა სპარსთა.
მას ჟამსა მანვე მეფემან ქასრე წარმოტყუენა იერუსალემი და წარიყვანა „ძელი ცხოვრებისა“. და შემდგომად ამისა აღიღო ღმერთმან ხელი წყალობისა ქასრესგან, და შეიპყრა ძემან მისმან და შესუა იგი საპყრობილესა, და მოკუდა სენითა ბოროტითა.
ამის სტეფანოზის ზე მცხეთას მოაკლდებოდა და აღშენდებოდა ტფილისი და განძლიერდებოდა, და არმაზი აღთხელდებოდა და კალა აღეშენებოდა. ძმა სტეფანოზისი, სახელით დემეტრე, აღაშენებდა ეკლესიასა ჯუარისა პატიოსნისასა, რამეთუ სენიცა იყო მის თანა ბოროტი და ვერ შემძლებელ იყო განშორებად კარსა ეკლესიისასა. და სტეფანოზ მთავრობდა ყოველსა ქართლსა, და დაჯდა იგი ტფილისს და ჰმორჩილებდა იგი სპარსთა.
ხოლო შემდგომად ამისა რაოდენთამე წელიწადთა გამოჩნდა კაცი ერთი საბერძნეთს, თვისი მავრიკ კეისრისა, სახელით ჰერაკლე. ამან მოკლა ფოკას კეისარი და დაიპყრა საბერძნეთი. განძლიერდა იგი, და მიიყვანნა დასავლეთით თურქნი, და შეკრიბნა სპანი ურიცხუნი და წარმოემართა სპარსეთად ძებნად ძელისა ცხოველისა და მოვიდა პირველად ქართლს. და ამან სტეფანოზ არა ინება განდგომა სპარსთაგან და განამაგრნა ციხენი, და დადგა ტფილისსა შინა. მოვიდა [ჰ]ერაკლე მეფე და მოადგა ტფილისსა. ხოლო სტეფანოზ იყო ქველი მხედარი და შემმართებელი და დღეთა ყოველთა გამოვიდის კართა ქალაქისათა და ებრძოდის ბერძენთა. მაშინ უკუე მას წყობასა შინა ჩამოაგდეს სტეფანოზ და მოკლეს. და დაიპყრა კეისარმან ტფილისი.
ხოლო ციხესა კალისასა დარჩეს კაცნი და არა მოერთნეს მეფესა, და ციხით გამო აგინა ციხისთავმან მეფესა და ჰრქუა: „ვაცისა წუერნი გასხენ და ვაც-ბოტისა კისერი გათქს“. მაშინ ბრძანა მეფემან: „დაღაცათუ კაცმან მან ბასრობით მრქუა მე ვაცბოტობა, არა არს სიტყუა მისი ცუდ“. და მოიღო წიგნი დანიელისი და პოვა მას შინა წერილი ესრეთ: „გამოვიდეს ვაცი დასავალით და შემუსრნეს რქანი ვერძისა აღმოსავლისანი“. მაშინ განიხარა მეფემან და დაიდასტურა, რამეთუ ყოველივე განემარჯუებოდა.
მაშინ კეისარმან მოუწოდა ძესა ბაკურისსა, ნათესავსა მეფისა ქართველთასა დაჩის, ვახტანგის ძისასა, რომელი ერისთავობდა კახეთს, რომელსა ერქუა ადარნასე, და მისცა მას ტფილისი და მთავრობა ქართლისა, და დაუტევა მის თანა ერისთავი, რომელსა ერქუა ჯიბღა, და უბრძანა ბრძოლა კალას, და თვით წარემართა მეფე.
ხოლო მცირედთა დღეთა წარიღეს კალა და შეიპყრეს ციხისთავი იგი. ამან ერისთავმან პირველად პირი დრაჰკნითა აღუვსო, რომელ კეისარმან სიტყვითა მისითა განიხარა, და შემდგომად ამისა ტყავი გაჰხადა და კეისარსა უკუანა მისწია გარდაბანს. კადრებისათვის მეფისა უყო ესე. და ესევითარითა სიკუდილითა წარეგნეს სტეფანოზ და მისნი მსახურნი. ამისთვის უყო ესე ღმერთმან მთავარსა მას სტეფანოზს, რამეთუ არა მინდობითა ღმრთისათა ცხოვნდებოდა, მორწმუნეთა ემტერებოდა და ურწმუნოთა ჰმოყურობდა.
მაშინ კუალად წარიღეს ბერძენთა საზღვარი ქართლისა – სპერი და ბოლო კლარჯეთისა ზღვისპირი. და შვილნი სტეფანოზისნი დარჩეს კლდეთა შინა კლარჯეთისათა. ხოლო სხუა ყოველი ქართლი დაიპყრა ადარნასე, ბაკურის ძემან, მთავრობით და მეფობისა სახელი ვერცა მან იკადრა. და ერისთავნი იგი იყვნეს თვის-თვისსა საერისთვოსა შინა, მკვიდრობდეს და ჰმორჩილებდეს ადარნასეს.
ხოლო [ჰ]ერაკლე მეფე შევიდა სპარსეთს, მოკლა ხუასრო მეფე და წარუღო ბაღდადი და წარმოიყვანა ძელი ცხოვრებისა, უკუმოიარა გზა ქართლისავე მეშვიდესა წელსა, რაითგან ჩავლო. და ეკლესია ჯუარისა პატიოსნისა და სიონი ტფილისისა განესრულნეს ადარნასე ქართლისა მთავარსა.
მაშინ [ჰ]ერაკლე მეფემან წარიტანნა მანგლისით და ერუშეთით ფერხთა ფიცარნი და სამსჭუალნი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი, რომელნი მოცემულ იყვნეს კოსტანტინესგან მირიან მეფისა შეწუხნა ადარნასე, ქართლისა მთავარი, და ევედრებოდა კეისარსა, რომელ არა წარუხუნეს ნიჭნი იგი ღმრთისამიერნი. არა ისმინა კეისარმან ვედრება მისი და წარიხუნა.
ხოლო ამის ადარნასეს ზე გარდაიცვალნეს სამნი კათალიკოზნი: იოვანე, ბაბილა და თაბორ.
მოკუდა ადარნასე და დადგა მის წილ ძე მისი სტეფანოზ.
ესე სტეფანოზ იყო უმეტეს ყოველთა ქართლისა მეფეთა და მთავართა მორწმუნე, განმწმედელი სჯულისა და მაშენებელი ეკლესიათა. და მან მოადგნა ზღუდენი ეკლესიასა ჯუარისა პატიოსნისასა და აღაშენნა დარბაზნი და დაუწესა ყოველთა პარასკევთა კრება. და მუნ შეკრბიან ყოველნი ეპისკოპოსნი და მღდელნი მის არისანი კათალიკოზსა თანა, წინაშე პატიოსნისა ჯუარისა ადიდიან პარასკევი, ვითარცა დიდი პარასკევი, ხოლო საკათალიკოზოსა არიან ყოველთა ხუთშაბათთა და ადიდიან წმიდა სიონი, ვითარცა დიდსა ხუთშაბათსა საიდუმლოსა თანა ხორცითა და სისხლითა ქრისტესითა. ხოლო მცხეთას საებისკოპოსოსა არნ კრება ყოველთა სამშაბათთა და ხსენება პირველმოწამისა სტეფანესი და ყოველთა მოწამეთა, და დიდისა მისგან ძლიერებისა სპარსთა სა რომელ წამებულ იყვნეს, აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისა, რომელმან მოაქცინა უმრავლესნი მთეულნი არაგუსა აღმოსავლითნი, ხოლო პატიოსანი გუამი მისი დადვეს მცხეთას, საეპისკოპოსოსა, სამარხავსა ეპისკოპოსთასა. და დღესასწაულსა უფროს ყოველთა დღესასწაულთასა შეკრბიან და ადიდებდიან ღმერთსა.
მათ ჟამთა შინა გამოჩინებულ იყო მოჰამად, ნათესავი ისმაელისი, მოძღუარი სარკინოზთა სჯულისა, და ყოველი არაბია და იამანეთი დაიპყრა. და მოკუდა იგი და დადგა მის წილ აბობიქარ და შევიდა სპარსეთს, რამეთუ ვინაითგან შესრულ იყო ჰერაკლე მეფე სპარსეთს და განერყუნა სპარსეთი, არღარავინ იყო წინააღმდგომი სპარსეთს.
ამან აბობიქარ აგარიანმან დაიპყრა სპარსეთი, შევიდა ბაღდადს და მძლავრობით დაატევებია უმრავლესთა ცეცხლისმსახურება და მოაქცინა სარკინოზად.
და მოკუდა იგი და დადგა მის წილ ომარ. და უმეტეს განძლიერდა იგი. უთხრეს ჰერაკლეს მეფესა, ვითარმედ შემოვლენ აგარიანნი შამად და ჯაზირეთად, რომელ არს შუამდინარე. და გამოვიდა ჰერაკლე ფილისტიმად, რაითამცა ეწყო მუნ. ხოლო იყო მუნ მონაზონი ვინმე კაცი ღმრთისა, და მან ჰრქუა მეფესა: „ივლტოდეთ, რამეთუ უფალმან მისცა აღმოსავლეთი და სამხრეთი სარკინოზთა, რომელ არს თარგმანი: „სარას ძაღლთა“. და მონაზონისა მის სიტყვითა ესე უთხრეს ჰერაკლე მეფესა ვარსკულავთმრიცხუველთა და მისანთა. აღაშენა [ჰ]ერაკლე მეფემან სუეტი და დაწერა მას ზედა: „მშვიდობა, შუამდინარეო და ფილისტიმეო, ვიდრემდის წარხდენ შვიდნი შვიდეულნი“. შვიდეულისათვის ესრეთ პოვეს ჟამი განსაზღვრებული ფილოსოფოსთა ჰერმის ტრისმეჯისტონის წიგნთა შინა სარკინოზთათვის, რომელ არს ორას ორმეოცდაათი წელი. ხოლო მოჰმადის გამოჩინებადმდე ალექსანდრეს წელთაგან იყო ცხრაას ოცდაშვიდი წელი.
მაშინ ყოველნი ნათესავნი ბერძენთანი წარჩინებულნი ჰფლვიდეს ქუეყანათა შინა განძთა, რათა რაჟამს გამოვიდენ, პოვნენ განძნი იგი და არღარა ნახონ ჭირი წარღებასა და კუალად გამოღებასა.
და აღმოვლო [ჰ]ერაკლე კეისარმან გზა რანისა და მეორედ შემოვიდა ქართლად და ჰრქუა ნათესავსა სპარსთასა, რომელნი შემოვლტოლვილ იყვნეს სარკინოზთაგან: „უკუეთუ უწყით, ვითარმედ დასრულდა მეფობა თქუენი, დაუტევეთ ჩრდილო და შემოვედით ჩუენ თანა“. და მათ დაუტევეს ქუეყანა ესე, და დაჰფლნეს განძნი იგი მათნი. რომელნიმე წარჰყვეს და რომელნიმე დადგეს, და შექმნნეს ყოვლისა საგანძურისა გუჯარნი. და რა გუჯარი დაწერეს, აღწერეს ნათესავი თვისი და ქუეყანა, და დადვეს, რათა ოდეს მოვიდენ ბერძენნი, მით გუჯარითა მოიძინენ ნათესავნი მათნი და თვითოეულად განუყონ განძი და ქუეყანა.
ხოლო სტეფანოზს ესხნეს ორნი ძენი: არჩილ და მიჰრ, და განუყო ყოველი ხუასტაგი სამეფოსა მისისა, საგანძური ოქროსა და ვეცხლისა და თუალთა პატიოსანთა, და ნახევარი წარიღო ქუეყანასა ეგრისისასა და ნახევარი საქონლისა მისისა მისცა არჩილს, უმრწემესსა ძესა თვისსა. ხოლო არჩილ დაჰფლა საგანძური უფრო სი ხევსა კახეთისასა, ხოლო სამსახურებელნი ოქროსა და ვეცხლისანი – ხევსა უჯარმო სასა. და საგანძურნი ქართლისა და ჯავახეთისანი დასხნა მახლობელად გორსა, რომელი მანვე ჰერაკლე განაჩინა განძთა მათთვის, რომელნი თანა ვერ წარჰქონდეს. სახელი გორისა მის არს ტონთიო და თარგმანებით: „მთა ოქროთა“. და დასუა მას ზედა ტილისმი, რათა ვერვინ შეუძლოს გამოღებად, ხოლო საგანძურნი ყოველთა ქართლისა ეკლესიათანი დაჰფლნა აჩრდილსა დიდისა სიონისა მცხეთისასა.
და შემდგომად მცირედთა დღეთა შევიდა არჩილცა ეგრისადვე, რამეთუ მოიწია ამირა აგარიანი ქართლად, რომელსა ერქუა მურვან-ყრუ, ძე მოამადისი, რომელი წარმოევლინა ეშიმს, ამირ მუმლს ბაღდადელსა, ძესა აბდალ მელიქისასა, ნათესავისაგან ამათისა. ამისთვის ეწოდა ყრუ მეორედ, რომელ არა მიითუალვიდა სიტყუასა განმზრახთასა. და ყოველნი მთავარნი და პატიახშნი, ნათესავნი ერისთავთანი და წარჩინებულთანი შემოიხუეწნეს კავკასიად და დაიმალნეს კლდეთა და ღრეთა.
და მოვლო ყრუმან ყოველი კავკასია და დაიპყრა კარი დარიალანისა და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და უმრავლესნი ციხენი ყოველთა საზღვართა ქართლისათა. და ვითარ ცნა, რამეთუ მეფენი ქართლისანი და ყოველნი ნათესავნი მათნი წარვიდეს ეგრისად და მუნით კუალად მიიცვალნეს აფხაზეთად, შეუდგა კუალსა მათსა და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და სიმაგრენი ეგრისისანი, და ციხე იგი სამზღუდე, რომელ არს ციხე-გოჯი, შემუსრა და შევლო ზღუდე იგი, საზღვარი კლისურისა.
და მოსლვასა მისსა კათალიკოსი იყო თაბორ. და ვითარცა შევლო ყრუმან კლისურა, რომელი მას ჟამსა იყო საზღვარი საბერძნეთისა და საქართველოსა, შემუსრა ქალაქი აფშილეთისა ცხუმი და მოადგა ციხესა ანაკოფისასა, რომელსა შინა არს ხატი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა, არა კაცობრივითა ხელითა დაწერილი, არამედ ზეგარდამო, რომლისათვის არავინ უწყის, ვინა-იგი მოსრული იპოვა თავსა ზედა მის გორისასა, რომელსა მოსდგამს სამხრით ზღუა და ჩრდილოთ ჭალაკი მწყურნები. მუნ შინა იყვნეს მეფენი ქართლისანი: მიჰრ და არჩილ. ხოლო მამა მათი გარდაცვალებულ იყო და დაემარხა ეგრისსა შინა. და ერისთავი კეისრისა ლეონ შესრულ იყო ციხესა შინა სობღისასა, რომელ არს გარდასავალსა ოვსეთისასა. და ვერვინ შემძლებელ იყო წყობად ყრუსა, რამეთუ იყვნეს სპანი მისნი უფროს და უმრავლეს ჭალაკთა ეგრისისათა.
მაშინ ჰრქუა არჩილ მიჰრს, ძმასა თვისსა: „მიწყუდეულ არს ციხე-ქალაქი ესე შემუსრვად. უკუეთუ შეგვიპყრნეს ხელად, გამოიკითხნეს ყოველნი საგანძურნი ნამალევნი, რომელნი-იგი დავჰფლენით ქუეყანასა ჩუენსა, მონაგებნი მირიან ღმრთივგანბრწყინვებულისანი და კუალად ვახტანგ ღმრთივგანბრძნობილისანი და ყოველთა შვილთა მათთანი, რომელთა გუშვნეს ჩუენ. და იგიცა ითხოვოს, რომელი დამალა [ჰ]ერაკლე მეფემან, რომლისა აღწერილი ყოველი დავდევით ორთა მათ თანა გვირგვინთა ზურმუხტისა და იაგუნდისა და ძოწეულისათა, რომელნი-იგი გამოიტანნა მამამან ჩუენმან, დიდმან ვახტანგ მეფემან, ჰინდოეთით და სინდეთით. დავჰფლენით იგინი უჯარმოს მახლობელად, შორის ორთა მათ კოშკთა უმცველოთა, და ყოველი იგი აღწერილ არს გონებასა ჩემსა. და შენ წარიხუენ ორნი იგი გვირგვინნი მისვე ვახტანგისნი, ოქროსა და ანთრაკისანი, ერთი მირიან მეფისა და ერთი – ვახტანგისი, რომელი მოუძღუანა სპარსთა მეფემან ყოველსა თანა ოქროსა და ვეცხლსა, რომელი აღჰკიდა სატვირთავსა ხუთასსა და მკვირცხლსა ორი ათასსა. და შენ და მამამან ჩემმან დასდევით იგი ქუთათისს და ციხე-გოჯს. ხოლო მე გვირგვინნი იგი ჩემნი და გუჯარნი ტყავისანი მარტოდ დავსხენ. აწ თუ მოვწყდეთ, განძი იგი უცნაურად დარჩეს, და მოსლვასა ბერძენთასა ძიება-ყოს კეისარმან ნათესავისა ჩუენისათვის და მოსცეს მეფობა და განძიცა იგი. აწ უკუე არა ვიქმნნეთ ჩუენ მიზეზ მოოხრებისა ქართლისა და საბერძნ|ეთისა, არამედ განვიდეთ და ვეწყვნეთ ზღვითკერძოსა მას გუერდსა შინა და, თუ ენებოს ღმერთსა, ერთითა იოტოს ათასი და ორითა – ბევრი“.
და მოვიდეს წინაშე წმიდისა მის ხატისა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისასა, თაყუანი-სცეს შევრდომით და იტყოდეს: „განვალთ სასოებითა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისათა, რომელი იშვა შენგან, და მისა შეწირე ოხა ჩუენთვის და თანამავალ-მეყავნ ჩუენ წყალობა შენი“.
და იყო მათ თანა სიმრავლე მცირედი ტაძრეულისა მათისა და ნათესავი ერისთავთა და პატიახშთა სამი ათასი, ხოლო სპათაგან აფხაზთა – ორი ათასი მბრძოლი. და ვიდრე განთენებადმდე მოავლინა უფალმან სარკინოზთა ზედა ხორშაკი ბღუარისა და გუემნა იგინი სატლითა სისხლისათა. და ეჩუენა ღამესა მას ანგელოზი არჩილს, რომელმან ჰრქუა მას: „წარვედით და ეწყვენით აგარიანთა, რამეთუ მომივლინებიეს მათ ზედა გუემა სასტიკად მომსრველი კაცითგან მიპირუტყუთამდე. და გან-რა-ხვიდეთ, გესმას ბანაკსა შინა მათსა ხმა ვაებისა და ტირილისა, ხოლო თქუენ მხნე იყვენით და განძლიერდით სასოებითა ღმრთისათა“.
და ვითარცა განთენდებოდა, ისმა ბანაკით მათით ხმა ტირილისა და გოდებისა. მაშინ უკუე განვიდეს სასოებითა ღმრთისათა წყობად მათდა და ეწყვნეს. და მოსცა უფალმან ძლევა მცირედთა ერთა ქრისტეანეთა. და მოწყდა სატლითა სარკინოზთაგან ოცდათხუთმეტი ათასი, ხოლო მახვილითა – სამი ათასი. და იწყლა მიჰრ მაზრაკითა ფერდსა. ხოლო ქრისტეანეთაგან მას დღესა შინა მოკლეს კაცი სამოცი და სარკინოზთა ცხენი დაეცა, ვითარცა ჭალაკი, და წაჰყრიდეს ყოველთა მათ ზღუად.
მაშინ იხილა ჩუენება ვინმე აგარიანმან, რომელსა ეტყოდა რეცა მოციქული მათი: „მოუცემია ღმერთსა ძლევა ჩუენდა ვიდრე აღსრულებადმდე ათთა მცნებათა, ვითარცა ჰრქუა აბრაჰამს და აგარს ღმერთმან, არამედ ეკლესიათა ღმრთისათა და კაცთა ღმრთისმსახურთა ეკრძალებოდეთ, ვითარცა-იგი გამცენ კურანსა შინა ჩემსა“.
მსწრაფლ აღიყარნეს და უკუნიქცეს კუალსავე თვისსა. და ვითარცა აღიარეს ციხე-გოჯი და დაიბანაკეს წყალთა მათ ზედა მსგეფსსა ერთსა, გარდამოხდა წვიმა ფიცხელი, აღდგეს მდინარენი სასტიკად და მიჰმართა უმცროსმან წყალმან სპასა აბაშთასა და წარიღო მათგან მკვირცხლი ოცდასამი ათასი და მიჰმართა უფროსმან წყალმან მხედართა, რომელთა-იგი ბანაკი იყო უჭალაკეს, რომელნი|მე ივლტოდეს ადგილთა და რომელნიმე ხეთა ზედა განჰხდებოდეს. და წარიღო ცხენი ოცდაათხუთმეტი ათასი. და მიერითგან სახელ-ედვა ორთა ამათ მდინარეთა: ერთსა – ცხენისწყალი და ერთსა – აბაშა.
და აღიყარა მუნით და შევლეს გზა გურიისა და განვლეს სპერისა. და სიმრავლისაგან არა შეჩენილ იყო დაკლება, ხოლო უწინავე დასჭრეს კუდები ცხენთა მათთა, რამეთუ თიხისაგან ვერ ითრევდიან.
ხოლო იქმნა მას ჟამსა განრყუნილ ქუეყანა ქართლისა, სომხითისა და რანისა, რამეთუ არღარა იპოებოდა ნაშენები, არცა საჭამადი კაცთა და პირუტყუთა ყოვლადვე. და წარავლინეს მოციქული წინაშე ბერძენთა მეფისა მიჰრ და არჩილ და ერისთავმან აფხაზეთისამან და აუწყეს ყოველი, რაცა იქმნა ღმრთისა მიერ ხელითა მათითა. ხოლო მან წარმოსცა ორი გვირგვინი მიჰრისა და არჩილისა და მოუწერა მათ თანა: „თქუენი იყოს მეფობა, სიბრძნე და სიმხნე ქართლსა შინა. აწ, დაღაცათუ იდევნებით ჩუენ თანა მსახურებისათვის ჯუარისასა, მოქცევასა ჩუენსა, ვითარცა აღმითქუა ჩუენ ღმერთმან, ჩუენ თანავე იდიდნეთ. არამედ დაადგერით სიმაგრეთა შინა თქუენთა, ვიდრემდის წარხდენ წელიწადნი მათნი სამასნი, რამეთუ ორასდამეერგასესა წელსა განევლთოს მეფობა მათი და განსრულებასა მესამისა წელიწდისასა მოეცეს ძალი მეფობასა ჩუენსა და შევმუსრნეთ აგარიანნი. და ყოველნი მათნი აღმაღლებულნი დამდაბლდენ და ჩუენ თანა მდაბალნი აღმაღლდენ“.
და მოწერა ლეონისა ესრესახედ: „ყოვლადვე საზღვართა ქართლისათა ჩუენგან ქმნულ არს ვნება და მეფეთა მათთაგან ჩუენდა მომართ – რგება და თანადადგომა. აწ ესე მესამე მსახურება და რგება დადვეს ჩუენ თანა საყდარსა ამას სამეუფოსა. პირველად ნათელი მიიღეს ხელსა ქუეშე ჩუენსა; კუალად შემუსრვისაგან დაარჩინეს დიდი ქალაქი პონტოსა, და შორის ჩუენსა და შორის სპარსთა ყვეს მშვიდობა. რამეთუ იგივე ვახტანგ მეფე შუამდგომელ იქმნა და ხრმლითა მისითა უკუმოუღო სამეფოსა ამას პალესტინე და ორი ნაწილი ჯაზირეთისა. აწ თუმცა ღმერთსა არა მაგათ მიერ დაებრკოლა, ბოროტი ეგე მტერი შემო-მცა-სრულ იყო ვიდრე კოსტანტინეპოლედმდე. და შვილთა შორის ნებროთისთა წარჩინებულ-ყვნა ღმერთმან ეგენი, რამეთუ არა მოაკლდეს ნათესავსა მაგათსა ბრძენი გულისხმისმყოფელი და მბრძოლი, ვითარცა-ესე მოგვითხრობს ჩუენ აღწერილი გუჯარი, რომელსა შინა აღწერილ არიან მეფენი წარჩინებულნი ტომებით და სოფლებით მათით. ხოლო შენდა მიბრძანებიეს ერისთავობა აფხაზეთისა, შენდა შვილთა შენთა და მომავალთა შენთა მიუკუნისამდე. არამედ კეთილად ჰპატიობდი მეფეთა და ერთა მაგათ ქართლისათა, და ამიერითგან ნუღარამცა ხელ-გეწიფების ვნებად მათდა და საზღვართა მათ ეგრისისათა, ვიდრემდის იყვნენ მუნ, და ანუ განვიდენ მუნით“.
ხოლო მიჰრ დამძიმდა წყლულებისა მისგან მოსიკუდიდ და ჰრქუა ძმასა თვისსა არჩილს: „მე, ესერა, წარვალ, ძმაო, მამათა ჩუენთა თანა, არამედ წარმეც და დამფალ საფლავსა მამათავე ჩუენთა თანა. და შენ გაუწყო ადგილი საგანძურთა ჩუენთა ნამალევთა, სადა არს. და არა მივის მე შვილი წული მკვიდრად, არამედ მისხენ შვიდნი ქალნი. აწ შენ ხარ მკვიდრი სახლისაგან მეფობისა ჩუენისა მირიან მეფისა[სა]. და შენ თვით უწყი, ვითარმედ ქალი, შვილი ჩუენი, არა მივსცით ერისთავთა ჩუენთა ცოლად, ანუ მივსცით მეფეთა, ანუ მო-ვინმევიდის სპარსთაგან ნათესავი მეფეთა, ვითარცა ფეროზ, რომელსა მისცა მირიან მეფემან ასული მისი ცოლად. და ჩუენ შემცირებულ ვართ, რამეთუ შენ ხარ უცოლო, და მე ვარ უძეო. აწ, რათგან მოიყვანნიან მამათა ჩუენთა ცოლნი და ასულნი ერისთავთა ჩუენთანი, მისცენ მათ ასულნი ჩემნი და განუყვნენ მათ ქუეყანანი ქართლისანი, ნახევარი – შენ და ნახევარი – მათ. ხოლო საუხუცესოდ რომელი მაქუნდა, მომიცემია შენდა და გაქუნდეს საუხუცესოდ ეგრისი, სუანეთი, თაკუერი, არგუეთი და გურია, ხოლო კლარჯეთი და შუამთიულეთი მიეც ასულთა ჩემთა, რათა მუნ შინა იყვნენ ჟამთა ამათ ბოროტთა. და მამაცა ჩემი მოკუდა შფოთსა ამას შინა და ვერ წარვეცით იგი მცხეთას, წარსცენ ძუალნი მისნი და დაჰფლენ საყდარსა ქუთათისისასა, რათა იპოვოს იგი საწამებელად სამკვიდრებელსა ჩუენსა. და შენ დაადგერ აქა და ემოყურებოდე ბერძენთა, ვიდრემდის განქარდეს ბნელი ესე“.
მოკუდა მიჰრ. და წარმოსცეს მცხეთას და დაჰფლეს ზემოსა ეკლესიასა, შესავალსა კარისასა.
ხოლო არჩილ მოუწოდა ერისთავთა ქართლისათა და მისცნა ძისწულნი მისნი: ერთი მისცა მამისძმისწულსა მისსა, შვილსა გუარამ კურაპალატისასა, რომელსა ჰქონდა კლარჯეთი და ჯავახეთი; და მეორე მისცა პატიახშსა, ნათესავსა ფეროზისსა, რომელი მთავრობდა თრიალეთს, ტაშირს და აბოცს; მესამე მისცა ნერსეს ნერსიანსა, რომელი-იგი იყო წარჩინებული ვახტანგ მეფისა; მეოთხე მისცა ადარნასეს ადარნასიანსა, და ორთა ამათ განუყო ზენასოფელი, რომელ არს ქართლი; მეხუთე მისცა ვარაზმანს და მისცა კოტმანითგან ქურდისხევამდე (იყო ესე ვარაზმან ნათესავი სპარსთა ერისთვისა ბარდაველისა, რომელი იყო დედისძმა ვახტანგ მეფისა), მეექუსე მისცა ჯუანშერს ჯუანშერიანსა, რომელი-იგი იყო ნათესავი მირიან მეფისა შვილთაგან რევისთა, და მისცა ჯუარი და ხერკი და ყოველი მთიულეთი, მანგლისისხევი და ტფილისი.
ხოლო ნაწილი არჩილისი იყო განზოგებით გამონაყოფი ყოველთა ამათ ხევთაგან. და ვითარ იხილეს, რამეთუ ჯუანშერს უკეთესი ნაწილი მისცა, დაუმძიმდა მცირედ რა მე სხუათა მათ, და განუტევნა მთავარნი ესე ცოლებითურთ თვის-თვისად ადგილად.
ხოლო არჩილ მოუწოდა ლეონს და ჰრქუა: „კურთხეულ იყავ შენ უფლისა მიერ, რამეთუ კეთილად იღუაწე სტუმრობა ჩუენი და დამიცვენ ადგილთა შენთა მშვიდობით. გარნა აწ უწყიეს შენება ადგილთა ჩუენთა კლისურითგან აღმართ, წარვალ და დავეშენები ციხეგოჯს და ქუთათისს. აწ ითხოვე თავისა შენისათვის, რა გნებავს ჩემგან ნაცვალად კეთილისმსახურებისა შენისა“. ხოლო ლეონ ჰრქუა: „მომცა მე კეისარმან ქუეყანა ესე მკვიდრობით კეთილად სიმხნითა თქუენითა, ხოლო ამიერითგან არს ესე მამულებით სამკვიდრებელ ჩემდა კლისურითგან ვიდრე მდინარედმდე დიდად ხაზარეთისა, სადა წარსწუდების წუერი კავკასიისა ამის. შემრთე მეცა მონათა შენთა თანა, რომელნი დღეს ღირს-ყვენ შვილად და ძმად შენდა. არა მინდა ნაწილი შენგან, არამედ ჩემიცა ესე შენდავე იყოს“. მაშინ მისცა ლეონს ცოლად ძმისწული მისი გურანდუხტ და გვირგვინი იგი, რომელი ბერძენთა მეფესა წარმოეცა მიჰრისთვის. ყვეს აღთქუმა და ფიცი საშინელი, ვითარმედ არა იყოს მტერობა შორის მათსა, არამედ ერჩდეს ლეონ არჩილს ყოველთა დღეთა მისთა.
წარმოვიდა არჩილ და დაემკვიდრა ეგრისს ვიდრე შორაპნამდე და განამაგრნა ყოველნი ციხენი და ქალაქნი და აღაშენა ციხე საზღვარსა ზედა გურიისა და საბერძნეთისასა. და წარხდა ამას შინა წელიწადი ათორმეტი და იწყო შენებად ქართლმან, ხოლო განრყუნილ იყო საყოფელად მცხეთა. გარდამოდა არჩილ ეგრისით და დაჯდა ნაციხარსა ხიდარისასა. მაშინ მოვიდა მისა მთავარი ერთი, რომელი იყო ნათესავისაგან დავით წინაწარმეტყუელისა სახელით ადარნასე, ძმისწული ადარნასე ბრმისა, რომლისა მამა მისი მზახებულ იყო ბაგრატონიანთადვე, და ბერძენთა მიერ დადგინებულ იყო ერისთავად არეთა სომხითისათა. და ტყუეობასა მას ყრუსასა შთასრულ იყო იგი შვილთა თანა გუარამ კურაპალატისათა კლარჯეთს და მუნ დარჩომილ იყო, ითხოვა არჩილისგან და ჰრქუა: „უკუეთუ ინებო და მყო მე, ვითარცა მკვიდრი შენი, მომეც მე ქუეყანა“. და მისცა შულავერი და არტანი.
ამისა შემდგომად მოვიდა არჩილ კახეთად და ყოველთა ტაძრეულთა მისთა მიუბოძა კახეთი და აზნაურ-ყვნა იგინი, და აღაშენა ეკლესია საძმორს, შეირთო ცოლი, ასული კურაპალატისა, რომელი იყო შვილთაგან ვახტანგ მეფისათა, ბერძნისა ცოლისა ნაშობთა, და დაჯდა წუქეთს და აღაშენა კასრი, და ხევსა ლაკუასტისასა აღაშენა ციხე და პოვნა წუქეთს მთავარნი, რომელთა მიებოძა ვახტანგ მეფესა წუქეთი.
და იყო მაშინ, რომელი ერისთავობდა თუშთა და ხუნზთა ზედა და ყოველთა წარმართთა მის მთისათა, სახელით აბუხუასრო, და არა ინება მისგან წარღებად წუქეთი, აღაშენა ციხექალაქი ერთი ნუხპატს, ორთა წყალთა შუა. ხოლო ნუხპატელნი უწინარეს იყვნეს კაცნი წარმართნი და მხეცისბუნებისანი, არამედ ყრუსა მოესრა სიმძლავრე მათი, და იძულებით მონათლნა იგინი. განძლიერებულ იყვნეს იგინი ქუეყანასა რანისასა და ეპყრა გაზირი და სომხითი, და ჰბრძოდა მასლამა ბერძენთა.
ხოლო ძმისწულნი ადარნასე ბრმისანი, რომელთა დასწუნეს მამისძმასა თუალნი, წარმოვიდეს ტარონით შაკისად, სამნი ძმანი, და დაემკვიდრნეს მუნ ბრძანებითა არჩილისითა, რამეთუ ყოველი პირი კავკასიისა რანით კერძო უმკვიდროქმნულ იყო, ხოლო ჰერეთი და კახეთი ჭალაკთა და ტყეთაგან უკეთე დარჩომილ იყო, და დაემკვიდრნეს სამნივე იგი ძმანი ვიდრე გულგულამდის.
მასვე ჟამსა პატიახშნი ვინმე არა შეეშუნეს კლარჯეთს, სხუად წარვიდეს ნახევარნი მათგანნი და შეიპყრეს კლდე ერთი ტაოს, რომელსა ერქუა კალმახი, და აღაშენეს ციხედ. ხოლო რომელნი-იგი მოვიდეს კახეთს არჩილის თანა, მისცა ერთსა მათგანსა ცოლად ნათესავისაგან აბუხუასროსა, რამეთუ დაქურივებულ იყო იგი და არა ესუა ქმარი ჟამთა მათ.
      და დაეცადნეს სარკინოზნი შემოსლვად ქართლად ყრუსა წარსლვითგან წელიწადსა ორმეოცდაათსა, აქა ჟამამდე არღარა შემოვიდოდეს, არამედ მიიღებდეს ხარკსა ერისთავთაგან. და ესხნეს არჩილს ძენი ორნი: ჯუანშერ და იოვანე, და ასულნი ოთხნი: გურანდუხტ, მარიამ, მირანდუხტ და შუშან.

ლეონტი მროველი
წამება წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი, რომელი-ესე იყო მეფე ქართლისა
და ვითარცა გარდახდეს ამას შინა წელიწადნი ორმეოცდაათნი, კუალად მოვიდა ჭიჭნაუმ, ძე მოჰამადისი, მოაოხრა და შემუსრა ყოველი შენებული ქართლისა, და მიჰმართა შესლვად კახეთად, რათამცა მოაოხრა და ყოვლითურთ უმკვიდრო-ყო. და იყო შიში დიდი მეფეთა და მთავართა და ყოვლისა ერისა, და არა შემძლებელ იყვნეს წინააღდგომად, რამეთუ რაითგან განერყუნა ქუეყანა ესე ყრუსა, დაღაცათუ გარდავლ[ეს] ჟამ[თა] მრავალ[თა] მშვიდობით, არღარა მოგებულ იყო კუალსა თვისსა.
ხოლო წმიდამან არჩილ განიზრახა გონებასა თვისსა სიმხნითა გულისა მისისათა, რათა მივიდეს და ნახოს, და ითხოვოს მისგან მშვიდობა ქუეყანისა და დაცვა შეურყეველად ეკლესიათა და არადაპატიჟება დატევებისათვის სჯულისა. მინდობითა ღმრთისათა აღირჩია თავისა თვისისა და სულისა დადება სახსრად ქრისტეანეთა, აღდგა და მივიდა ჭიჭნაუმის თანა, რომელსა ეწოდა ასიმ. მან ცნა მისლვა მისი, მიეგება სიხარულითა და მოიკითხა დიდითა დიდებითა, და დაყვეს დღ|ე იგი ერთობით; აქო სიკეთე მისი. შეუყუარდა სისრულე ჰასაკისა მისისა და უმეტესად შუენიერება პირისა მისისა.
შემდგომად მცირედთა დღეთა იწყო სიტყუად ლიქნით, აღუთქუმიდა ნიჭთა და აწუევდა დატევებასა ქრისტეს სჯულისასა და მიქცევასა სარკინოზად. ხოლო წმიდამან არჩილ ყოვლადვე არა თავს-იდვა სიცბილი მისი, და მტკიცითა გონებითა მიუგო და ჰრქუა: „ნუ იყოფინ, თუმცა დაუტევე ქრისტე ღმერთი ცხოველი, რომელი-იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი, რომელმან ხსნისათვის ჩუენისა ხორცითა სიკუდილი დაითმინა. და უკუეთუ ვისმინო შენი, უწყოდე, რომელ მოვკუდე სიკუდილითა, რომლითა ვიტანჯებოდი საუკუნოდ, გარნა უკუეთუ შენ მომკლა, აღვდგე, ვითარცა ღმერთი ჩუენი, და ვიდიდო მის თანა“. ესმა რა ესე ყოველი უსჯულოსა მას და იხილა სიმტკიცე მისი უქცეველი, დაუკვირდა ფრიად, და უბრძანა შეპყრობა მისი და შეყენება საპყრობილესა, რათა ღონისძიებითა მიაქციოს იგი, რამეთუ არა უნდა სიკუდილი მისი სიშუენიერისათვის ხატისა მისისა და სიმაღლისათვის ჰასაკისა მისისა.
და ვითარ შეიყვანეს საპყრობილესა, აკურთხევდა ღმერთსა და ითხოვდა შეწევნასა მისმიერსა, რათა მოწყალებითა მისითა ღირს იყოს მიმთხუევად და მკვიდრ-ყოფად ნათელსა დაუსრულებელსა ყოველთა თანა წმიდათა, რომელთა სიკუდილითა უკუდავება მოიგეს.
მაშინ უკუე წარმოდგა წინაშე ასიმისა მთავარი ერთი გარდაბანელი, მიქცეული სარკინოზად, რომლისა მამისძმა მოეკლა წარმართთა და მკლველნი მისნი განერინნეს მშვიდობით პაპასა მისსა, ადარნასე მეფესა. ამისთვის უკუე შურ-იგო გარდაბანელმან და ჰრქუა ასიმს: „არა უწყი, თუ ვინ არს ესე არჩილ? ესე არს ძე სტეფანოზისი, ნათესავი დიდისა მეფისა ვახტანგისი, რომელი იყო ნათესავისაგან მირიანის, ძისა ქასრესისა. და ესე იყო მამისა თვისისა თანა, რაჟამს-იგი დაჰფლვიდეს საგანძურსა სამეფოსა ქართლისასა. და იგიცა იცის, რომელ ჰერაკლე მეფემან დაჰფლა საგანძური თვისი, რამეთუ ჰერაკლეცა უჩუენებდა, სადა-იგი ჰფლვიდეს“. ესმა რა ესე ასიმს, მოუწოდა კუალად არჩილს და ჰრქუა: „უწინ თუალ-გახუენ ქმნულკეთილობისა შენისათვის, რამეთუ ფრიად ქმნულკეთილ ხარი. ხოლო აწ მითხრეს შენთვის, რამეთუ შვილი ხარ დიდთა მეფეთა ხუასროვანთა. არამედ აწ უფრო სად განსდიდნე წინაშე ჩემსა, უკუეთუ ისმინო ჩემი და იყოს სამეფო შენი შენდავე და საგანძურნიცა მამათა შენთანი მიგანიჭე შენვე. პირველად მიჩუენენ საგანძურნი მეფეთა ბერძენთანი, მოიქეც სჯულსა ჩემსა და იქმენ სარკინოზ და სპასალარ-გყო შენ ქუეყანასა ზედა ქართლისასა“. მაშინ მიუგო წმიდამან არჩილ: „უწყოდე მტკიცედ, რამეთუ ვიყავ ჰასაკითა მცირე, ოდეს-იგი განვლო ქუეყანა ესე ჰერაკლე მეფემან, ხოლო მამამან ჩემმან და ძმამან დასხნეს ყოველნი საგანძურნი მათნი ციხესა მას, სადათ-იგი შეიქცა ყრუ ამირა, და აწ აქუს იგი ბერძენთა. ხოლო მე არა დაუტეო უფალი ღმერთი ჩემი, არცა განვყიდო წარუვალი იგი დიდება წარმავალისა ამისთვის“. მიუგო და ჰრქუა ასიმ: „შენ უკუე იყავ დაცემასა მას აფხაზეთს შინა სარკინოზთასა?“ ჰრქუა წმიდამან არჩილ: „მე ვიყავ მაშინ, რაჟამს დასცნა იგინი ღმერთმან“. ჰრქუა ასიმ: „რომელმან ღმერთმან დასცნა სარკინოზნი?“ მიუგო წმიდამან არჩილ და ჰრქუა: „ღმერთმან ცხოველმან, რომელი არს შემოქმედი ცისა და ქუეყანისა, რომელი-იგი მოვიდა ზეცით ქუეყანად ხსნისათვის ნათესავისა კაცთასა, და სიკუდილითა თვისითა აღგუადგინნა და უკუდავება მოგუანიჭა, მან უკუე დასცნა და დაამდაბლნა იგინი“. მაშინ ჰრქუა ასიმ წმიდასა არჩილს: „რომლისა ღმერთი მოკუდავი არს და სასოება ცხოვრებისა მოკუდავისა მიმართ აქუს, ჯერ-არს მისიცა სიკუდილი“.
და უბრძანა თავისა მოკუეთითა აღსრულება წმიდისა არჩილისი, და არა ჰრიდა სიკეთესა მისსა, არცა შეირცხვინა დიდებისაგან წარჩინებულებისა მისისა. და განიყვანეს გარე და მოჰკუეთეს თავი მისი მახვილითა თთუესა მირკანისასა, რომელ არს მარტი, და შეჰვედრა სული თვისი ხელთა შინა დამბადებელისათა, აღირჩია სიკუდილი, უკუდავებისა მომატყუებელი, შეცვალა მცირედისა ჟამისა მეფობა საწუთოსა სიხარულად საუკუნოდ ღირს იქმნა განწყობილსა შორის წმიდათა და ახოვანთა მოწამეთასა წარდგომად წინაშე ღმრთისა და მათ თანა გვირგვინოსანი იხარებს წინაშე სამებისა წმიდისა.
ხოლო ვითარცა აღესრულა წმიდა მოწამე, მოვიდეს ღამესა მას გოდერძიანნი ტბელნი და მათ თანა სხუანიცა აზნაურნი მამეანნი, მოიპარეს გუამი წმიდისა მოწამისა არჩილისი, წარმოიღეს და შემურეს დიდითა პატივითა და დაჰმარხეს ნოტკორას, მის მიერ აღშენებულსა ეკლესიასა, ხოლო ცოლმან მისმან მიუბოძა სოფლები მათ, რომელთა მოიღეს გუამი წმიდისა მოწამისა არჩილისი, კახეთსა შინა სამკვიდრებელად.
წიგნი ესე წამებისა მისისა იპოვა ესრეთ სულმცირედ აღწერილი, რომელ ჟამთა შლილობითა ჯერისაებრ ვერვის აღეწერა. ხოლო წიგნი ესე ქართველთა ცხოვრებისა ვიდრე ვახტანგისამდე აღიწერებოდა ჟამითი ჟამად. ხოლო ვახტანგ მეფისითგან ვიდრე აქამომდე აღწერა ჯუანშერ ჯუანშერიანმან; ძმისწულის ქმარმან წმიდისა არჩილისმან, ნათესავმან რევისმან, მირიანის ძისამან. ამიერითგან შემდგომთა მომავალთა ნათესავთა აღწერონ, ვითარცა იხილონ და წინამდებარემან ჟამმან უწყებად მოსცეს გონებასა მათსა ღმრთივგანბრძნობილსა.

ანონიმი - „მატიანე ქართლისაი“
შემდგომად ამისსა, რაჟამს აღესრულა წმიდა მოწამე არჩილ, დაშთეს შვილნი მისნი იოვანე და ჯუანშერ. წარვიდა იოვანე ეგრისად და წარიტანა თანა დედა და ორნი დანი თვისნი. ხოლო ჯუანშერ და ორნი დანი მისნი დაშთეს ქუეყანასა ქართლისასა და კახეთისასა. არამედ უმრწემესი და მისი იყო სახითა შუენიერ. და მიესმა სიშუენიერე მისი ხაზართა მეფესა ხაკანს; მოუგზავნა მოციქული და ითხოვა შუშან ცოლად და უქადა შუელად სარკინოზთა ზედა. რაჟამს მოიწია მოციქული ხაკანისი, მიუმცნო ჯუანშერ ძმასა თვისსა და დედასა. ხოლო მათ არა ინებეს და უთხრეს: „უკეთუ უღონო იქმნეს ყოფა ჩუენი, უმჯობეს არს, რა თა შევიდეთ საბერძნეთად და მივმართოთ ქრისტიანეთა, ვიდრეღა არა შეიგინოს შვილი ჩუენი წარმართთა მიერ“. და შუშანცა აგინა ხაზართა მეფესა.
შემდგომად სამისა წლისა მოგზავნა ხაკანმან სპასალარი თვისი ბლუჩან; გამოვლო გზა ლეკეთისა და შემოვიდა კახეთად; მოადგა ციხესა, რომელსა შინა იყვნეს ჯუანშერ და და მისი შუშან, და მცირედთა დღეთა წარიღო და ტყუე ყვნა იგინი; შემუსრა ქალაქი ტფილისი, წარტყუენა ქართლი და ყოველი ესე ქუეყანა.
და ვითარ წარემართა გზასა დარიალანისასა, დღესა ერთსა [ჰ]რქუა შუშან ძმასა თვისსა: „უმჯობეს არს ჩემთვის სიკუდილი, რათა ღირს მყოს მე უფალმან წმიდათა დედათა თანა, ვიდრეღარა შევიგინო წარმართთა მიერ“. და ჰქონდა მას ბეჭედი, აღმოუგდო მას თუალი და მოწოა იგი; რამეთუ იყო თუალსა მას ქუეშე წამალი სასიკუდინე, და მუნქუესვე მოკუდა.
წარვიდა ბლუჩან ხაკანისა, მიჰგუარა ჯუანშერ და მიუთხრა სიკუდილი დისა მისისა შუშანისი. ხოლო იგი განუწყრა არამიტანებისათვის გუამისა მისისა, რომლისა წადიერ იყო ხილვად. შეიპყრეს ბლუჩან და მოაბეს ყელსა საბელი და განზიდვად სცეს ორთა ცხენოსანთა იმიერ და ამიერ, და მოსწყვიდეს თავი მისი ბოროტად. და ვითარ დაჰყო ჯუანშერ წელიწადი შვიდი, განუტევანიჭითა დიდითა ხაკანმან და წარმოგზავნა ქუეყანად თვისად.
ხოლო ამიერითგან იწყო შემცირებად მეფობამან დიდთა მეფეთა ხუასროანთამან. პირველად, უფლება სარკინოზთა განდიდნა და მიერითგან მიეცა ყოველი ესე ქუეყანა ჟამითი-ჟამად რბევასა და ოხრებასა. მეორედ, იქმნა სიმრავლე მთავართა ქუეყანასა ქართლისასა და შეერია ბრძოლა, იქმნეს მტერ ურთიერთას. და უკუეთუ ვინმე გამოჩნდის შვილთა შორის ვახტანგისთა, რომელიმცა ღირს იყო მეფედ, იქმნის შემცირებულ სარკინოზთაგან. რამეთუ დაიპყრეს ქალაქი ტფილისი აგარიანთა, შექმნეს სახლად საყოფელად თვისად; მიიღებდეს ხარკსა ქუეყანისა ამისგან, რომელსა ჰ[რ]ქვიან ხარაჯა. რამეთუ განგებითა ღმრთისათა, სიმრავლისათვის ცოდვათა ჩუენთასა განდიდნა ნათესავი აგარიანთა.
ხოლო ამან ჯუანშერ შეირთო ცოლი, ნათესავი ბაგრატონიანთა, ასული ადარნასესი, სახელით ლატავრი, და აბრალა დედამან მისმან მოყვანება მისი ცოლად: არა თურე კეთილად მეცნიერი იყო, ვითარმედ არიან იგინი ნათესავნი დავით წინასწარმეტყუელისანი, რომელი-იგი ხორციელად მამად ღმრთისად იწოდა. და ვითარ იხილა ძის ცოლი თვისი, შეუყუარდა, აკურთხა და დალოცა.
და ვითარ გარდახდეს ამას შინა წელიწადნი მრავალნი, მოვიდა ამირა აგარიანი, რომელი მთავრობდა სომხითს, ქართლს და ჰერეთს, სახელით ხუასრო; ამან აღაშენა ტფილისი ქალაქი, მოოხრებული ხაზართაგან.
ხოლო რაჟამს მოუძლურდეს ბერძენნი, გადგა მათგან ერისთავი აფხაზთა, სახელით ლეონ, ძმისწული ლეონ ერისთავისა, რომლისად მიეცა სამკვიდროდ აფხაზეთი. ესე მეორე ლეონ ასულის წული იყო ხაზართა მეფისა, და ძალითა მათითა გაადგა ბერძენთა, დაიპყრა აფხაზეთი და ეგრისი ვიდრე ლიხამდე, სახელ-იდვა მეფე აფხაზთა, რამეთუ მიცვალებულ იყო იოვანე და დაბერებულ იყო ჯუანშერ. და შემდგომად ამისსა ჯუანშერცა მიიცვალა.
არამედ სიცოცხლესავე ჯუანშერისსა იცვალა ადარნასე ბაგრატონიანმან ნასამალი კლარჯეთისა, შავშეთისა, აჭარისა, ნიგალისა, ასისფორისა, არტანისა და ქუემოსა ტაოსა, და ციხეთაგანცა, რომელნი ჰქონდეს შვილისშვილთა ვახტანგ მეფისათა. და წარვიდა ადარნასე კლარჯეთად და მუნ მოკუდა.
შემდგომად სიკუდილისა ადარნასესისა განადიდა უფალმან მეფობა აშოტ კურაპალატისა: ხოლო ეუფლა ქართლს და საზღვართა მისთა. რამეთუ მათვე ჟამთა შესრულ იყო მასლამა საბერძნეთად, და შეიქცა მოუძლურებული და განწბილებული. მაშინ ბერძენთა მეფემან მოუბოძა კურაპალატობა აშოტს. და მოუძლურებულ იყვნეს სარკინოზნი. და განდიდნა აშოტ კურაპალატი. ხოლო ტფილისს არავინ დარჩა სარკინოზთაგანი თვინიერ ალი შუაბის ძისა. და გრიგოლი მთავრობდა კახეთს.
მას ჟამსა გამოილაშქრა აშოტ კურაპალატმან, და უშუელა თევდოსი აფხაზთა მეფემან, ძემან მეორისა ლეონისმან, რომელი-იგი სიძე იყო აშოტ კურაპალატისა. მოვიდა გრიგოლ კახეთით, და გრიგოლს უშუელეს მთიულთა და წანართა და ამირამან ტფილელმან. და შეიბნეს ქსანსა ზედა აშოტ და გრიგოლ. გააქციეს გრიგოლ, მთავარი კახეთისა, და დაიპყრეს ქუეყანა, რომელი ჰქონდა ქართლისაგან. და დაიპყრა აშოტ კლარჯეთითგან ვიდრე ქსნამდე.
შემდგომად ამისსა მოვიდა ხალილ იზიდის ძე არაბიელი და დაიპყრა სომხითი, ქართლი და ჰერეთი. და მოკლეს აშოტ კურაპალატი გარდაბანს, ეკლესიასა შინა, და სისხლი მისი, რომელი მაშინ დაითხია, აწცა იხილვების ვითარცა ახალი.
ხოლო კუალადცა ეუფლნეს სარკინოზნი ქართლსა. და ვითარ წარვიდა ხალილ, დაუტევა ამირად ალი შუაბის ძე. მას ჟამსა შეითქუნეს გარდაბანელნი და განაჩინეს ქორეპისკოპოსად დაჩი, ძე იოვანე ქუაბულის ძისა. და შემდგომად ამისსა დასუეს ქორეპისკოპოსად სამოელ დონაური. კუალად მეორედ მოვიდა იგივე ხალილ არაბი. შეებნეს გარდაბანელნი გავაზს. და გააქციეს ხალილ, და მოსწყდა სიმრავლე ფრიადი. კუალად დაჯდა ამირად ტფილისს საჰაკ ისმაელის ძე. ხოლო ხალილ მოვიდა მესამედ და მოკლეს ჯავახეთს. და ძე მისი მოჰამედ მოვიდა ქართლს. მოერთო მას ბაგრატ, ძე აშოტ კურაპალატისა, და მისცა მას ქართლი.
გამოვიდა საჰაკ, ამირა ტფილელი, ლაშქრითა და დადგა რეხს, ხოლო მოჰამედ და ბაგრატ წარიღეს უფლისციხე. და მოვიდეს კახნი გარდაბანელნი შუელად საჰაკისა; შეიბნეს რეხს და იყო ბრძოლა მათ შორის: არცა იგინი გაიქცეს და არცა იგინი, ვიდრემდის გაიყარნეს. აიყარა მოჰამედ და წარვიდა ბარდავს.
აქა ჟამამდის გარდასრულ იყვნეს წელიწადნი მოჰამედის გამოჩინებითგან, რომელმან სარკინოზთა სჯული დაუდვა, ორას ცხრამეტნი.
მაშინ მოვიდა ბუღა თურქი, მონა, ბაღდადით, რომელი გამოეგზავნა ამირ-მუმნსა, სპითა დიდითა: შემუსრა ყოველი სომხითი და ტყუე ყვნა ყოველნი მთავარნი მათნი. და მოვიდა და მოადგა ქალაქსა ტფილისსა, რამეთუ არა მორჩილობდა ამირა საჰაკ: მოკლა საჰაკ, შემუსრა ტფილისი, დაწუა ცეცხლითა და მოაოხრნა ყოველნი არენი მისნი.
და თევდოსი, მეფე აფხაზთა, გამოვიდა წინააღმდგომად მისა და დადგა კუერცხობს. ხოლო ბუღა, ვითარცა ცნა, წარავლინა ზირაქ, სპასალარი თვისი, და ბაგრატ, ძე აშოტ კურაპალატისა: შეიბნეს და გააქცივნეს აფხაზნი. და მოსწყდა სიმრავლე ურიცხვი. და თევდოსი მეფე წარვიდა მეოტი გზასა დვალეთისასა.
კუალად უკუმოქცეულთა დაუდგეს წინა გარდაბანელნი ჯუარისგუერდსა და ავნეს დიდად ლაშქარსა. ვითარ ცნა ბუღა, აღიყარა მუნით და მოვიდა ჭართალეთს და დადგა მუნ შინა; აღიყვანნა მთიულთაგან მძევალნი, კაცი სამასი, და ლამოდა შესლვასა ოვსეთად და შევიდა ცხავატამდის. ხოლო აბულაბაზ, სომეხთა ერისთავმან, და გუარამ, აშოტის ძემან, მიუწერეს მთიულთა, რათა არა შეუშუან. ხოლო მათ გაწირნეს მძევალნი მათნი. უშუელა ღმერთმან, რამეთუ მოვიდა თოვლი, დაუდგეს წინა და შეებნეს. მოსცა ღმერთმან ძლევა, და მოკუდა ურიცხვი ერი სარკინოზთა; და ცხენმან მათმან ძოვა იელი და დაიხოცა ფრიად. ხოლო სიმრავლისაგან ლაშქრისა არა აჩნდა დაკლება, რამეთუ იყო სიმრავლე მისი ვითარ ასოცი ათასი.
შეიქცა გარე და დაიზამთრა ბარდავს. და შეიპყრა ხუცისა ვინმე ძე, რომელი გამთავრებულ იყო, და შემუსრა გარდაბანი. განაღო კარი დარუბანდისა და გამოიყვანნა ხაზარნი, სახლი სამასი და დასხნა იგინი შანქორს. დარიალანით გამოიყვანნა ოვსნი, ვითარ სახლი ასი და დასხნა იგინი დმანისს, და ენება ზაფხულის შესლვა ოვსეთად. ხოლო ამირ-მუმნმან ვითარ ცნა, ვითარმედ ხაზართა, ტომთა მისთა, ზრახავს, მოუვლინა ბუღას, რათა დაუტეოს ქართლი ჰუმედს, ხალილის ძესა. და წარვიდა ბუღა და ამირობდა ჰუმედ, ხალილის ძე. და გარდაადგინა ამირამან მან ჰუმედ და დაადგინა ისე, შიხის ძე, ნათესავი ჰუმედისივე.
და ქორეპისკოპოსი იყო გაბრიელ  დონაური, ძმა სამოელ ქორეპისკოპოსისა. და წარვიდა ისე და მოვიდა სხუა ამირა, აბრაჰამ. და მოვიდა კუალად ამირად ხალილის ძე ჰუმედ და უფროს ნებიერად დაიპყრა ყოველი ესე ქუეყანა – სომხითი, ქართლი და რანი.
და წარვიდა ხალილის ძე, და დადგა ამირად კაცი, სააკის მონათაგანი, სახელით გაბულოც. ხოლო გუარამ, ძემან აშოტ კურაპალატისამან, შეიპყრა გაბულოც და წარსცა საბერძნეთად, რამეთუ განდიდებულ იყო გაბულოც და დაემორჩილნეს გარდაბანელნი.
და ბრძოდა აშოტ მამის ძმისწულსა მისსა, ძმასა გუარამისსა. ხოლო გუარამს დაეპყრა ჯავახეთი, თრიალეთი, ტაშირი და აბოცი და არტანი. და ჰბრძოდა სარკინოზთა: ზოგჯერ სძლის გუარამ და ზოგჯერ სარკინოზთა. ხოლო გუარამ განუყვნა ქუეყანანი ძმათა თვისთა – ადარნასეს და ბაგრატს, და აბოცი განუყო ცოლის ძმასა თვისსა, სომეხთა მეფესა.
მას ჟამსა გამოვიდა გიორგი, აფხაზთა მეფე, ძმა თეოდოსესი და დემეტრესი, ძე ლეონისი; დაიპყრა ქართლი და დაუტევა ერისთავად ჩიხას, ძე დემეტრესი. და ვითარ გარდაიცვალა გიორგი, აფხაზთა მეფე, დარჩა ძე დემეტრესი მცირე, რომელსა ერქუა ბაგრატ, რომელი იცნობების ექსორიაქმნილობით. და ცოლმან გიორგი მეფისამან მოკლა ძე დემეტრესი, ერისთავი ჩიხისა. და ეცრუა იგი ივანე მთავარსა, შავლიანსა, და შთააგდეს ბაგრატ ზღუასა. ხოლო ღმერთმან განარინა იგი და მიიწია ქალაქად კოსტანტინეპოლედ. და მოჰგუარა მეფემან იოვანე ძესა თვისსა ადარნასეს ცოლი, ასული გუარამ აშოტის ძისა. და მოკუდა იოვანე, მეფე აფხაზთა, და მეფობდა მის წილ ძე მისი ადარნასე. და შეიპყრნა ლიპარიტ ქუეყანანი თრიალეთისანი, აღაგო ციხე კლდეკართა და იპატრონა დავით ბაგრატის ძე.
ხოლო ნასრა, ძე გუარამისი, და გურგენ იყვნეს აფხაზთა კერძ, ხოლო დავით და ლიპარიტ უშუელდეს სომეხთა. და იბრძოდეს სომეხნი და აფხაზნი ქართლსა ზედა. მას ჟამსა მონაზონ იქმნა გუარამ.
და ვითარ მოკუდა კახთა ქორეპისკოპოსი გაბრიელ დონაური, დაჯდა ქორეპისკოპოსად ფადლა არევმანელი, კაცი ბრძენი და საქმის მეცნიერი.
მას ჟამსა, ვითარცა მოიტყუა ნასრა, ძემან გუარამისმან, დავით, ძე ბაგრატისი, მამის ძმისწული მისი, და მოკლა იგი.
ხოლო ნასრას შეუკრბეს მტერად სომეხნი, ლიპარიტ და ქართველნი და აშოტ, ძმა დავითისი, და მათ თანა სარკინოზნი. და შეებნეს ნასრას და გააქციეს და მიუხუნეს ციხენი. და წარვიდა საბერძნეთს წინაშე ბერძენთა მეფისა.
და მოკუდა გუარამ, ძე აშოტისი, და დამარხეს ოპიზას, მეორედ მისგან აღშენებულსა.
ხოლო ბაგრატ, ძე აფხაზთა მეფისა დემეტრესი, შესრულ იყო საბერძნეთად, კოსტანტინეპოლედ, და მოსცა ბერძენთა მეფემან ლაშქარი და მოგზავნა ზღვით და ნავითა შემოვიდა აფხაზეთად და მოკლა ადარნასე, ძე იოვანესი, და დაიპყრა აფხაზეთი. და შეირთო ცოლი მისი ცოლად, ასული გუარამისი; და გამოიყვანა ბაგრატ აფხაზთა მეფემან ნასრა, ცოლის ძმა მისი, საბერძნეთით და მისცა ლაშქარი მისი. ხოლო ნასრა შეიპყრნა სამნი ციხენი სამცხეს: ოძრხე, ჯუარისციხე და ლომსიანთა, გუარამისივე აღშენებული.
მოვიდეს გურგენ და ადარნასე, ძე დავითისი, უშუელეს სომეხთა, შეიბნეს მტკუარსა ზედა; იძლივნეს აფხაზნი, მოკლეს ნასრა და ბაყათარ, მთავარი ოვსი, და ერისთავი აფხაზთა.
ხოლო ფადლა ქორეპისკოპოსი განძლიერდა და დაიმორჩილნა გარდაბანელნი, და შემდგომად მისსა დაჯდა კვირიკე ქორეპისკოპოსად; და იპყრობდეს ქართლს აზნაურნი.
მას ჟამსა გამოვიდა კოსტანტი, აფხაზთა მეფე, დაიპყრა ქართლი, და ემტერა სომეხთა მეფე სუმბატ ტიეზერაკალი; გამოილაშქრა სპითა დიდითა და მოადგა უფლისციხესა, და მოიღეს პალან-კურდანი, აღმოაგეს ზემო კერძო და წარიღეს ციხე ხერხითა. ხოლო კეთილად იმზახნეს სუმბატ და კოსტანტი, და უკუ-მოსცა უფლისციხე და ყოველი ქართლი.
ხოლო ამისსა შემდგომად მოვიდა ამირა აგარიანი, სახელით აბულ-კასიმ, ძე აბუსაჯისი, რომელი გამოეგზავნა ამირ-მუმნსა სპითა დიდითა და ურიცხვითა, რომელთა არა იტევდა ქუეყანა. რამეთუ მოვიდა პირველად სომხითს და მოსრა ყოველი სომხითი, სივნეთი, ვაეძორი და ასფურაგანი. და სუმბატ, სომეხთა მეფემან, ვერ დაიდგნა ზარისა მისისაგან და წარმოვიდა მუნით მეოტობით და მიმართა მთათა აფხაზეთისათა და მუნ იყოფოდა.
და მოვიდა აბუ-საჯის ძე ტფილისს, და მას ჟამსა ამირა იყო ჯაფარ, ძე ალისი. მოვიდა და მოადგა უჯარმოს. შიგა დგა სამასი კაცი, და ჰბრძოდეს მრავალთა დღეთა. და ვითარ იხილეს, რამეთუ ვერ დაუდგმიდეს, დააგდეს ღამე და გარდაიხუეწნეს: რომელნიმე წარვიდეს და რომელთამე ეწივნეს და დახოცნეს. ვითარცა ცნეს ბოჭორმელთა ციხოვანთა წაღება უჯარმისა, დააგდეს ციხე და გარდაიხუ|ეწნეს. რაჟამს მოვიდეს, პოვეს იგი უკაცური და თქუეს: „რომელი ბაკი იყო, მუნ შინა ფიცხლად შეგუებნეს, და რომელი ციხე არს, იგი უკაცურად დაუგდიათ“. აღიღეს ბოჭორმა და დაიჭირეს ციხედვე და უჯარმის ზღუდენი დაარღვივნეს.
ხოლო კვირიკე ქორეპისკოპოსმან ვითარ იხილა, რომელ არა იყო ღონე მისი, მიენდო ფიცითა, მივიდა და ნახა; და ჰკითხა მან: „ვინ გაწვია აქა მოსლვა?“ და უთხრა: „მაწვია დედამან ჩემმან“. და თქუა: „არა ვატკინო გული ერთისა შემხედვარსა“. და შეუყუარდა სიკეთისა მისისათვის და განუტევა, გარნა ბოჭორმა თვით დაიჭირა.
შემდგომად ამისა შემოვიდა ქართლად და მოაოხრა ქართლი; და ვიდრე იგი შემოვიდოდა, მოარღვივნეს ზღუდენი უფლისციხისანი, რომელ არა დაიმჭირონ. შევიდა მუნით სამცხეს და მოაოხრა სამცხე და ჯავახეთი, მოადგა ციხესა თმოგვისასა. და ვითარ იხილა სიმტკიცე მისი და სიმაგრე, აიყარა მუნით, მოვიდა ყუელს, მოადგა გარე და უწყო ბრძოლად.
იყო მუნ შინა ჭაბუკი ერთი, სახელით გობრონ; ებრძოდა შიგნით გამოღმართ ყოველთა დღეთა მოყუასთა თვისთა თანა. და ვითარ წარიღეს ციხე იგი, შეიპყრეს წმიდა გობრონ და აწამეს, რომლისა წამება მისი ვრცელად აღწერა წმიდამან მამამან ჩუენმან სტეფანე მტბევარ ეპისკოპოსმან.
აღიყარა მუნით და წარვიდა დვინად ქალაქად. მოვიდეს და უთხრეს, ვითარმედ სუმბატ მეფე შევიდა ციხესა კაპოეტისასა; მსწრაფლ აღიყარა და მიუმცნო ლაშქარსა თვისსა, რათა ყოველი კაცი, რომელი პოვონ ცოცხალი, გამოიყვანონ მის წინაშე. მოვიდა და მოადგა ციხესა კაპოეტისასა; და ციხოვანთა დედა-წული რომელი პოვა გარეგნით, დაიპყრა ხელთა. ამისთვის გამოსცეს ციხე და შეიპყრეს სუმბატ; წარიყვანა დვინს, ჩამოჰკიდა ძელსა და მოკუდა.
შემდგომად ამისა, ვითარ გარდახდეს წელნი რაოდენნიმე და მოეშენა ქუეყანა, მაშინ უხმო კვირიკე ქორეპისკოპოსმან კოსტანტი აფხაზთა მეფესა. ჩავიდეს ჰერეთად და მოადგეს ციხესა ვეჟინისასა. აფხაზთა მეფე მოადგა ზედათ კერძო, კვირიკე – ქუემოთ. და ვითარ მისწურეს წაღებად, მაშინ ადარნასე პატრიკი მოვიდა, პარასკევის ჯუარსა მიუპყრა ზავის პირი, მოსცა აფხაზთა მეფესა არიში, გავაზნი, და კვირიკეს – ორჭობი. ვითარ დაიზავნეს და შემოიქცეს, მოვიდა კოსტანტი, აფხაზთა მეფე, ილოცა ალავერდს წმიდის[ა] გიორგის წინაშე და შემოსა ხატი მისი ოქროთა. ხოლო ლაშქარი მისი უმრავლესი წარავლინა გზასა გარესა და ფრიად პატივ-სცა კვირიკე ქორეპისკოპოსმან და წარვიდა ქუეყანად თვისად.
შემდგომად მცირედთა დღეთა გარდაიცვალა კოსტანტი, აფხაზთა მეფე, და იშლებოდა ქუეყანა აფხაზეთისა ჟამ რაოდენმე. რამეთუ ესხნეს ძენი ორნი კოსტანტი მეფესა: ერთი უხუცესი და მეორე, რომელი უშვა მეორემან ცოლმან, – უმრწემესი. უხუცესსა ერქუა გიორგი, უმრწემესსა – ბაგრატ. და იყო მათ შორის ბრძოლა ფიცხელი, რომელი თვითოეულად ჰპოვო „ცხოვრებასა მათსა“.
ხოლო ესე ბაგრატ სიძე იყო გურგენ ერისთავთერისთავისა; უშუელდა გურგენ ყოვლითა ძალითა მისითა. ვიდრე არა მიიცვალა ბაგრატ, არა იყო მშვიდობა. და შემდგომად სიკუდილისა მისისა მიიღო სრულებით მეფობა აფხაზთა გიორგი მეფემან. იყო იგი სრული ყოვლითა სიკეთითა, სიმხნითა და ახოვნებითა; ღმრთისმოყუარე იყო, უმეტეს ყოველთა მაშენებელი ეკლესიათა, მოწყალე გლახაკთა, უხვი და მდაბალი და ყოვლითა კეთილითა და სათნოებითა სრული. ამან განაგნა და განაწყვნა ყოველნი საქმენი მამულსა და სამეფოსა მისსა: აღაშენა საყდარი ჭყონდიდისა, შექმნა საეპისკოპოსოდ და განაშუენა იგი ნაწილთა სიმრავლითა წმიდათა მარტვილთათა.
მას ჟამსა გარდაიცვალა კვირიკე ქორეპისკოპოსი, და დაჯდა ქორეპისკოპოსად ფადლა, ძე კვირიკესი. ამან აღაგო ციხე ლოწობანთა. ამასვე ჟამსა მოვიდეს სარკინოზნი, რომელთა უხმობდეს საჯობით, და მოტყუენეს კახეთი და დაწუეს ჯუარი და მცხეთა და შეიქცეს. და წარვიდეს და წარიტანეს თანა ჯუარი პატიოსანი დაჭრილი. და შეედვა სნება მუცლისა და გულისხმა-ყვეს, რომელ ჯუარისაგან ევნებოდა. შეკრიბნეს ნაწილნი და წარმოსცნეს ჯუარსა. ჩაკრიბნეს ბუდესა შინა და აღმართნეს ადგილსავე თვისსა.
და ჰერეთსავე მეფობამდე იშხანიკისსა პირველნი ყოველნი იყვნეს მწვალებელნი. ხოლო იშხანიკ დისწული იყო გურგენ ერისთავთერისთავისა, და დედამან მისმან მოაქცივნა მართლმადიდებელად, დინარ დედოფალმან. და სალართა დაეპყრა მაშინ ბარდავი და ადარბადაგანი.
ხოლო გიორგი, აფხაზთა მეფემან, მისცა ქართლი ძესა თვისსა უხუცესსა კოსტანტის.
და ვითარ დაყო სამი წელიწადი, იწყო მტერობად მამისა თვისისა და ძებნად მეფობისა. და ვითარ გამოცხადნა საქმე მისი, შედგა იგი უფლისციხეს და შეუდგ|ეს თანა ტბელნი და სხუანი მრავალნი აზნაურნი.
ხოლო გიორგი მეფემან, ვითარ დაიდასტურა განდგომა ძისა თვისისა, და გამოილაშქრა ყოვლითა ძალითა თვისითა და მოიყვანნა ტაოელნი მეფენი და ფადლა ქორეპისკოპოსი და მოადგეს უფლისციხეს. და ჰბრძოდეს მრავალთა დღეთა და ვერარას ავნებდეს ციხესა, რომელ მრავლად დგეს შიგნით. ზოგსა დღესა შეიბნიან ცხენითა და ზოგსა დღესა – ქუეითნი.
მაშინ გიორგი მეფემან აბირნა აზნაურნი საზუერელნი ესრე სახედ: „გამოვედ, ჩუენ წარგიყვანოთ აფხაზეთად, შენ დაჯედ მეფედ და მამა შენი დარჩეს გარეგნით“. ხოლო მან დაიჯერა და მიენდო, გარნა აზნაურნი იგი, რომელნი უდგეს თანა, უშლიდეს საქმესა ამას, და მან არა ისმინა მათი. გამოვიდა ღამე ტივითა მტკუარსა, და ვითარ განეწურა პირსა მტკურისასა, ვერღარა დაითმინეს და მიეტევნეს შეპყრობად. და ვითარ იგრძნა ზაკულება მათი, შეაქცივნა ტივნი გარე, რათამცა შევიდა ციხესავე. ვერღარა დაიმორჩილნეს ტივნი და ჩახდეს ადგილსა, სადა ტივნი დადგებოდეს. შეიქმნა ხმა, გამოვი|და მეფე და ყოველი ლაშქარი; დაიცვეს ციხე გარეშემო. და რაჟამს განთენა, იწყეს ძებნად. ხოლო იგი გამოსრულ იყო წყლით და შესრულ იყო ნაპრალსა კლდისასა და მუნ დამალულ იყო. პოვა იგი კაცმან ვინმე უნდომან, შეიპყრეს და მოჰგუარეს მეფესა, და მეფემან გააპატიჟა ბოროტად: პირველად თუალნი დასწუნეს და მერმე გამოყუერეს, და მოკუდა. ხოლო აზნაურნი, რომელნი დგეს ციხესა შინა, მინდობით გამოიყვანნა, და ტბელნი განუტევნა მშვიდობით და გაგზავნნა იგინი ასფურაგანს.
გარდაიცვალა ფადლა ქორეპისკოპოსი და დაჯდა კვირიკე ქორეპისკოპოსად. ამისა შემდგომად გადგეს აზნაურნი გარდაბანელნი, იწყეს ზრახვად გიორგი მეფისა. გამოილაშქრა გიორგი მეფემან, ჩავიდა კახეთად, მოსწუა და ასწყვიდა და წარვიდა თვისადვე ქუეყანად. კუალად დადგა ატენს. და ძე მისი ლეონ იყო ერისთავად ქართლისა. და აწვია ყოველი ლაშქარი კუალად შთასლვად კახეთად. ვითარ ცნა კვირიკე, რამეთუ ვერ დაუდგებოდა, მოვიდა მათ წინაშე. და კუალად ენება გაპარვა ზაკვით, შეიპყრა ხელთა და წარვიდა კახეთად, რათამცა დედა-წული მისი აკრიბა ხელთა. და იგინი გარდაეხუეწნეს, რამეთუ აცნობეს აზნაურთა ქართველთა.
მოერთო შურტა, ძმა კვირიკე ქორეპისკოპოსისა, გიორგი მეფესა, და მოუტანა თანა ციხე მისი უჯარმო; და ეუფლნეს სხუათაცა ციხეთა კახეთისათა თვინიერ სამთა ციხეთა: ნახჭევანისა, ბოჭორმისა და ლოწობანთა.
ლოწობანნი ჰქონდეს ივანე არშის ძესა და გამაგრდა შიგან, გაწირა პატრონი. აუგეს შურის-ციხე და დააყენნეს შიგან ლაშქარნი. და ციხე მარანისა ჰქონდა მაშინ ხახუასა, არშის ძესავე, ძმასა ივანესსა; ლამოდა მსგავსად ძმისა თვისისა მკლავითა დამჭირვასა. მივიდა მეფე, უბრძანა შებმა ლაშქართა. ხოლო მათ წარიღეს ხერხითა და ხახუა მოიყვანეს შეპყრობილი წინაშე მეფისა, და მეფემან წარსცა პყრობილად ჯიქეთს.
ციხე ნახჭევანისა ჰქონდა ფადლას, ძესა კვირიკესსა. იგიცა გამაგრდა შიგან. ვითარ იხილა კვირიკე ქორეპისკოპოსმან, რამეთუ არღარა იყო ღონე მისი, ითხოვა სიმტკიცე ცოცხლებით გაგზავნისა და დაულოცა კახეთი გიორგი მეფესა. ხოლო ლეონ, ძე მეფისა, არა ჰლამობდა განტევებასა კვირიკესსა, რამეთუ არცა პირველ შეპყრობასა იყო ნება მისი, გარნა არა უსმინა მამამან მისმან. და კვირიკე ესე პირი ითხოვა, რათა მას ზამთარსა არა აღიღონ ციხე ბოჭორმა. და შემდგომად აღვსებისა წარვიდეს და ნება სცეს. ამისთვის აღიღეს ციხე ნახჭევანისა და შვილი ერთი უმრწემესი, დავით, – მძევლად და განუტევეს დღესა ლამპრობასა.
წარვიდა მეფე აფხაზეთად, და შევიდა კვირიკე ბოჭორმას; ეკაზმოდა და ლამოდა შემდგომად აღვსებისა წარსლვასა. მაშინ შეეზრახნეს აზნაურნი ქართველნი და მათ თანა კახნი: გოდერძი მგდეური, მამა ყანჩაელი, დაჩი კორინთელი, დაჩი და ივანე სხვილოსელნი, სარა და გრიგოლ, ძმანი ფხუენელნი, და მათ თანა ორმოცდაათი აზნაური სხუა, და მიერთნეს კვირიკეს. დაუწყეს ბრძოლად ციხეთა, და [შემდგომად] მცირედთა დღეთა წარიხუნეს ციხენი ყოველნი, დაარღვივნეს შურის-ციხე და ლოწობანთა, და კუალად ეუფლა კვირიკე მამულსა თვისსა.
მოვიდეს და უთხრეს გიორგი მეფესა წაღება კახეთისა. დაუმძიმდა დიდად და აბრალა ყოველთა, ვინცა-ვინ აწვია გაშუება კვირიკე ქორეპისკოპოსისა. და ვითარ ამას შინა გარდახდა ზამთარი, კუალად გაგზავნა ლაშქარი თვისი და ძე მისი ლეონ უჩინა წინამძღურად. და მივიდა და მოწუა კახეთი, და მასვე ლაშქრობასა შინა მოართუეს ამბავი – მიცვალება დიდისა და ღმრთისმოყუარისა გიორგი მეფისა. მაშინ მოუწოდა ლეონ კვირიკე ქორეპისკოპოსსა; და შეკრბეს ბაზალეთს, ტბისა პირსა, თვითო ცხენოსნითა, და იუბნეს დღე ერთი, ვიდრემდის განუცხადა მიცვალება მამისა თვისისა. და აჰკიდა სიყუარული, და უქადა ძისა მისისა სიძობა. და ვითარცა ესმა ესე კვირიკეს, გარდახდა ცხენისაგან და თაყუანისცემითა მისცა მადლი და განიხარა ზავი და სიყუარული, და უფროს პირი მზახობისა.
შეიქცა ლეონ და ეუფლა მამულსა და სამეფოსა თვისსა, რამეთუ მაშინვე შთავიდა აფხაზეთად. და განადიდა უფალმან ღმერთმან მეფობა მისი მსგავსად მამისა მისისა. იყო იგიცა ღმრთისმოყუარე და სავსე ყოვლითა კეთილითა. ამან აღაშენა ეკლესია მოქვისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, აკურთხა და განასრულა ყოვლითა განგებითა. და ვითარ ეუფლა მამულსა თვისსა, აღუსრულა აღთქმა თვისი კვირიკე ქორეპისკოპოსსა, და მისცა ასული თვისი ცოლად ძესა მისსა. და შემდგომად მცირედისა მოკუდა ასული ლეონისი.
კუალად იწყო მტერობად კვირიკესა და ძებნად კახეთისა; გაილაშქრა სპითა დიდითა, ჩადგა არაგვის პირსა, ასწყვიდა მუხნარი, ხერკი და ბაზალეთი, და მასვე ლაშქრობასა დასნეულდა, შეიქცა გარე და მოკუდა.
შემდგომად მისსა დაჯდა დემეტრე მეფედ, ძმა ლეონისი, და ეუფლა ქართლსა. და ვითარ მოიწყო სამეფო თვისი, გარდახდეს ამას შინა ჟამნი. და იყო ძმა მისი თეოდოსი საბერძნეთს, უხმეს კაცთა ვიეთმე ამის ქუეყანისათა, რათა გამოვიდეს ძმასა თვისსა ზედა. რამეთუ სიცოცხლესავე დიდისა გიორგი აფხაზთა მეფისასა გაეგზავნეს ორნი შვილნი საბერძნეთს, თეოდოსი და ბაგრატ, რათა მუნ იზრდებოდიან, ამისთვის რათა შემდგომად სიკუდილისა მისისა არა იყოს მათ შორის ბრძოლა და ხდომა.
გამოვიდა თეოდოსი საბერძნეთით, მოვიდა სამცხეს და დადგა მარგის მერეს, უხმობდა მესხთა აზნაურთა, იკრებდა ლაშქართა და ლამოდა მკლავითა თვისითა აღებასა მამულისა თვისისასა. ხოლო დემეტრე მეფემან წარავლინა ლაშქარი თვისი, დაესხნეს უგრძნეულად და გააქციეს თეოდოსი. წარვიდა ქართლს და მიმართა ადარნასეს, ძამელსა მთავარსა, შეიყვანეს იგი ძამის ციხესა და მუნით გამოღმართ ეძიებდა საქმესა თვისსა.
მაშინ დემეტრე მეფემან მიგზავნა ლაშქარი თვისი, მოადგეს ციხესა ძამისასა და ჰბრძოდეს სამ თუე ოდენ. და ციხით გამოღმართ ევნებოდეს ფრიად. და ვითარცა მისჭირდა ციხოვანთა, ითხოვეს ფიცი და სიმტკიცე, რათა განუტეონ თეოდოსი და წარვიდეს მშვიდობით. და მათ მიინდვეს იგი და გაგზავნეს მშვიდობით, წარვიდა წინაშე დავით კურაპალატისა და მუნ დაყო წელიწადი ერთი.
და კუალად წარმოვიდა ტაო თ და მოვიდა კახეთად. მაშინ მოუგზავნა მოციქული დემეტრე მეფემან თეოდოსის და კვირიკე ქორეპისკოპოსსა და ჰრქუა: „რადგან მოვიდა ძმა ჩემი საბერძნეთით, არა დაილევის ჩუენ შორის ბრძოლა სიტყვითა კაცთათა. აწ შუამდგომელობითა შენითა მომანდევ ძმა ჩემი, და ვიყვნეთ ორნივე სწორად უფალ მამულსა ჩუენსა, ვითარცა ვიყვენით უწინარეს მე და ლეონ, და აღიღე ჩემგან სიმტკიცე და შუამდგომელნი, და შენგან დიდად დავიმადლო საქმე ესე“. ვითარ ცნა კვირიკე ქორეპისკოპოსმან სიტყუა დემეტრე მეფისა, მოიყვანა თეოდოსი და აწვია მინდობა მისი და ეტყოდა: „მე ვიყო მეძიებელი სისხლისა შენისა“. და თეოდოსი მიანდო ძმასა თვისსა და გაგზავნა.
მაშინ წარიყვანეს იგი ფიცითა და სიმტკიცითა, რომლითა ეფუცნეს წინაშე სუეტსა ცხოველსა კათალიკოსი, მღდელთმოძღუარნი და დიდებულნი ყოველნი. და ვითარ მოვიდა თეოდოსი წინაშე ძმისა თვისისა, დაყვნა დღენი მცირედნი. ხოლო დემეტრე მეფემან დაივიწყა შუამდგომლობა ღმრთისა და კაცთა, და შემართა ფიცთა გატეხა: შეიპყრა თეოდოსი და დასწუნა თუალნი. და ვითარ იხილეს ესე მყოფთა მამულისა მისისათა, ძიება ყვეს ძმისა მათისა, რომელსა ერქუა ჩალა-მეფე, და ვერ შეუძლეს ამისი ქმნა, რამეთუ დემეტრე მეფე იყო მხნე და ახოვანი. და რაჟამს აღესრულა დემეტრე მეფე, იხილეს ყოველთა მკვიდრთა ქუეყანისათა, რომელ არღარა დარჩა მკვიდრი აფხაზეთსა და ქართლსა, გამოიყვანეს თეოდოსი და დასუეს მეფედ.
მაშინ მოვიდეს კახნი და მოადგეს უფლისციხესა. და იყო მათ ჟამთა ერისთავი ქართლისა ივანე მარუშის ძე, კაცი ძლიერი და ერმრავალი. ამან წარავლინა მოციქული წინაშე დავით კურაპალატისა; აწვია, რათა გამოილაშქროს ძალითა მისითა, აღიღოს ქართლი: ანუ დაიმჭიროს თვით, ანუ უბოძოს ბაგრატს, ძესა გურგენისსა, ასულის წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელსა ეყოდა დედულად აფხაზეთი და ქართლი. ესევე ივანე მარუშის ძე ეძებდა ბაგრატს მეფედ. და ვითარცა მოისმინა დავით კურაპალატმან სიტყუა ივანე მარუშის ძისა, წარმოემართა ძალითა თვისითა ყოვლითა და მოვიდა ქართლად. და რაჟამს ცნეს მოსლვა მისი კახთა, წარვიდეს ვითარცა მეოტნი და დაუტევეს ქართლი.
მოვიდა დავით კურაპალატი, ჩამოდგა ქვახურელთა. მოეგება წინა ქართლის ერისთავი ივანე მარუშის ძე, აღიღო მისგან უფლისციხე და მიუბოძა ბაგრატს და მამასა მისსა გურგენს, რამეთუ არა ესუა შვილი დავით კურაპალატსა, და ბაგრატ, ძე გურგენისი, გაეზარდა შვილად თვისად.
ესე დავით კურაპალატი უმეტეს განდიდნა ყოველთა მეფეთა ტაოსთა, რამეთუ იყო პირველად ღმრთისმოყუარე და გლახაკთმოწყალე, მდაბალი, მშვიდი და ძვირუხსენებელი, ეკლესიათა მაშენებელი, ტკბილი, უხვი, კაცთმოყუარე და ფიჩოსანთმოყუარე, ყოველთათვის კეთილისმყოფელი და სავსე ყოვლითა კეთილითა. ამან აღაშენა მონასტერი და საყდარი ღმრთისა – წმიდა ეკლესია ხახულისა.
და ვითარ შეიქცა მუნით გარე, დაუტევნა უფლისციხეს გურგენ და ძე მისი ბაგრატ. მას ჟამსა იყო ბაგრატ ჯერეთ ასაკითა თვისითა უსრულ, ამისთვის თანაგანმგებელად დაუტევა მამა მისი გურგენ. შემოკრიბნა ქართველნი აზნაურნი და უბრძანა: „ესე არს მკვიდრი ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი, და მე ვარ მოურავი ამისი და თანაშემწე. ამას დაემორჩილენით ყოველნი“. და დაყვნა დღენი მცირედნი და წარვიდა ტაოს.
ვითარ წარხდეს ამას შინა ჟამნი რაოდენნიმე, იწყეს კუალად მედგრობად ზაკულებით, ვითარცა არს ჩუეულება ქართლისა აზნაურთა: შეეუბნეს ნაქურდეველთა და საბოტარელთა და მოიყვანნეს ლაშქარნი კახეთით და გასცეს უფლისციხე, და შეიპყრეს გურგენ და ძე მისი ბაგრატ და დედოფალი გუარანდუხტ, წარიყვანეს კახეთად.
რაჟამს ცნა ესე დავით კურაპალატმან, დაუმძიმდა ფრიად, გამოილაშქრა ყოვლითა ძალითა მისითა, მოვიდა თრიალეთს შთასლვად კახეთად. და რაჟამს ცნეს კახთა, მოუგზავნეს მოციქული და მოუპყრეს პირი ზავისა: განუტევნეს გურგენ და ბაგრატ და დედოფალი გუარანდუხტ, და შეუქციეს ქართლი და უფლისციხე, ხოლო წირქუალის ციხე და გრუი თვით დაიჭირეს. მას ჟამსა ეპყრა უფლისციხე და ქართლი გუარანდუხტ დედოფალსა. ესე გუარანდუხტ დედოფალი ასული იყო გიორგი აფხაზთა მეფისა და დედა ბაგრატისი.
და ვითარ გარდახდა ამას შინა წელიწადი სამი, და მეფობდა აფხაზეთს თეოდოსი მწუხარე. განირყუნა ქუეყანა იგი და შეიცვალა ყოველი წესი და განგება, პირველთა მეფეთაგან განწესებული. იხილეს რა წარჩინებულთა მის ქუეყანისათა, იყვნეს ყოველნი ერთობით მწუხარებასა შინა დიდსა.
ამანვე ივანე მარუშის ძემან ინება, რათა მოიყვანოს ბაგრატ მეფედ აფხაზეთისა. და მის თანა ყოველთა დიდებულთა, ერისთავთა და აზნაურთა აფხაზეთისა და ქართლისათა გამოითხოვეს ბაგრატ მეფედ დავით კურაპალატისაგან. ხოლო მან დიდითა იძულებითა ძნელად აღასრულა სათხოველი მათი. ვითარცა ვთქუ პირველად, უშვილო იყო დავით კურაპალატი და ბაგრატ გაეზარდა შვილად, მპყრობელად ორისავე კერძოსა ტაოსა. გარნა რაჟამს უმკვიდრო ქმნილ იყო ქუეყანა ქართლისა და აფხაზეთისა, მოსცა მათ სიმტკიცითა და მძევლითა.
შთაიყვანეს იგი აფხაზეთს, დალოცეს მეფედ და დაემორჩილნეს ყოველნი ბრძანებასა მისსა, რამეთუ განსრულებულ იყო ჰასაკითა. და ვითარ გარდახდა ამას შინა წელიწადი ორი, იწყო განგებად და საურავად და განმართებად ყოველსა საქმესა მსგავსად პაპისა მისისა, დიდისა გიორგი მეფისა, გინა თუ უმეტესად|რე ვთქუა, რამეთუ ყოვლითურთ მიემსგავსებოდა ქცევასა გამზრდელისა თვისისასა, დიდისა მეფისა დავით კურაპალატისასა, და იხილვებოდა მის თანა ყოველი საქმე კეთილისა. გამოგზავნა თეოდოსი მეფე, დედის ძმა მისი, ტაოს, წინაშე დავით კურაპალატისა, რამეთუ ესე საქმე გამონახა უმჯობესად, რათა ყოველთა კაცთა, დიდთა და მცირეთა, სასოება კეთილისა, გინა შიში უწესოებისათვის მისა მიმართ აქუნდეს.
შემდგომად ამისსა გარდამოვიდა ქართლს, რათა განაგნეს საქმენი დაშლილნი ქართლისანი. მოვიდა და დადგა თიღუას. ხოლო მას ჟამსა აზნაურთა ქართლისათა რომელთამე არა ენება გარდამოსლვა მისი, რამეთუ თითოეულად განაგებდეს საქმეთა ქართლისათა, დაღაცათუ იყვნეს მორჩილებასა შინა გურანდუხტისასა.
იწინამძღურეს ქავთარ ტბელი, მოეგებნეს ბრძოლად და დაუდგეს თავსა ზედა მოღრისასა. იხილა რა ბაგრატ აფხაზთა მეფემან, აღუზახნა სპათა თვისთა, მივიდეს და შეებნეს. იოტნეს ქართველნი: რომელნიმე დახოცნეს, რომელნიმე დაიპყრნეს და სხუანი კუალად მეოტნი გარდაიხუეწნეს და დაიფანჩნეს. მოვიდა უფლისციხეს, აღიღო ციხე დედისაგან თვისისა, დაყვნა დღენი რაოდენნიმე და განაგნა მცირედ საქმენი ქართლისანი; წარიყვანა დედა თვისი და წარვიდა ქუეყანად აფხაზეთისა. და ვითარცა ხელოვანმან მენავეთმოძღუარმან განაგო ყოველი საქმე აფხაზეთისა, რამეთუ მცირედ ამხილის ყოველთა, ვინ უკუე პოვის ურჩი, და მისსა ადგილსა განადიდის ერთგული და მისანდობელი თვისი.
და ამას შინა გარდახდეს წელიწადნი რაოდენნიმე. იყო მას ჟამსა ერისთავად კლდეკართა რატი, და ჰქონდა ციხე ატენისა და ქართლისაგან მტკუარსა სამხრით კერძო ყოველი, თრიალეთი, მანგლის-ხევი და სკვირეთი არა მორჩილობდა კეთილად ბაგრატ მეფესა.
შეკრიბა უცნაურად სპა თვისი ყოველი ბაგრატ მეფემან და გამოვიდა ქართლს: ენება შეპყრობა რატი ერისთავისა. მაშინ უკუე აუწყეს მსწრაფლ დავით კურაპალატსა და უთხრეს ესრე სახედ: „არასადა წარვალს სხუაგან, არამედ განმზადებულ არს სიკუდილად შენდა“.
და შეკაზმულ იყო გურგენ, მამა ბაგრატისი, მისლვად შვილისა თვისისა თანა. ხოლო დავით კურაპალატი წარმოვიდა მსწრაფლ, მოუწოდა ლაშქარსა თვისსა და უხმო ყოველთა მეფეთა სომხითისათა. და მაშინ ჯერეთ ცოცხალ იყო პაპა ბაგრატისი, ბაგრატ ქართველთა მეფე; იგიცა მოვიდა დავით კურაპალატისა წინაშე, რამეთუ ეშინოდა ძისა თვისისა გურგენისგან წაღებასა მეფობისასა. მოვიდეს და დადგეს დლივს სპითა დიდითა, რომელთა არა იყო რიცხვი, და გაგზავნნა ლაშქარნი გურგენს ზედა. მიეგებნეს წინა გურგენს, და შეიბნეს გარდათხრილთა, თავსა შავშეთისასა; გააქციეს გურგენ, და შთაიხუეწა მეოტი და შევიდა ციხესა წეფთისასა.
მას ჟამსა მოსრულ იყო ბაგრატ თრიალეთს; დადგა კარუშეთს. გაგზავნა მოციქული, განახნა ლაშქარნი და იხილა, რომელ ძალითა არა ეგებოდა წინააღდგომა დავით კურაპალატისა. მაშინ დაუტევნა სპანი თვისნი ადგილსა ზედა და თვით მარტო მივიდა წინაშე მისსა; ითხოვა შენდობა და აუწყა, ვითარმედ: „სხვისა არა რომლისათვის მოვედ, გარნა არა მორჩილებისათვის რატისა“. ხოლო მან გაგზავნა და უბრძანა ესრეთ: „მითხრეს რომელ სიკუდილად ჩემდა გამოსრულ იყავ, გარნა აწ ვსცან დასტური, რომელ უბრალო ხარ. არამედ მითავისუფლებიხარ რატის ზედა, დაიმორჩილე, ვითაცა სახედ გწადიან“.
მაშინ წარმოვიდა სიხარულითა სავსე და წარვიდა მას ჟამსა აფხაზეთადვე, რათა ვერ უგრძნას რატი და უგრძნეულად მივიდეს, ოდეს არა ჰგონებდეს. ვითარ მოიწია ჟამი ზამთრისა, მოვიდა ძალითა თვისითა ყოვლითა და მოადგა კლდეკართა. იხილა რა ესე რატი, გამოვიდა გარე და გამოიტანა შვილი მისი ლიპარიტ თანა, შევედრა ბაგრატ, აფხაზთა მეფესა და მისცა ციხე თვისი ბაგრატს და თვით დაჯდა მამულსა თვისსა არგუეთს.
კუალად, ვითარ წარხდეს ამას შინა ჟამნი რაოდენნიმე და, ვითარ ვთქუ პირველვე, მოიწყვნა და განაგნა ყოველნი საქმენი აფხაზეთისანი: ურჩნი თვისნი შეცვალნა დიდებისაგან და ადგილთა მათთა დაადგინნა ერთგულნი და მოსწრაფედ მორჩილნი ბრძანებათა მისთა[ნი]. და წარემატა ყოველთა მეფეთა აფხაზეთისა და ქართლისათა ყოვლითა განგებითა. და განამრავლა ლაშქარი თვისი უმეტეს ყოვლისა ჟამისა.
გამოილაშქრა ყოვლითა სპითა თვისითა, გარდამოვიდა ქართლს, წარგზავნა მოციქული კახეთს, ითხოვნა ციხენი ქართლისანი, რომელნი მათ ჰქონდეს. მას ჟამსა იყო ქორეპისკოპოსი დავით. ხოლო მან არა ინება მოცემა ციხეთა, არამედ მიუმცნო ესრეთ: „უკეთუ ეძიებ ციხეთა, იყოს ჩუენ შორის დამჯერებელ მკლავი და ომი. ხოლო მე წინა მოგეგებო ქსანსა ზედა“.
განუწყრა ბაგრატ, აფხაზთა და ქართველთა მეფე. და კურაპალატი იყო მას ჟამსა დლივს, რამეთუ განაგებდა საქმეთა ტაოსა და ქართლისათა, რომელ მაშინ თვითვე ეპყრა ტაო მიცვალებასა ზედა მამისა მათისა გურგენ მეფეთმეფისა. წარგზავნა კაცი მოსწრაფედ, აწვია სპათა აფხაზეთისა და ქართლისათა და თვით წარემართა ზემო თა ლაშქრითა, გაიარა თრიალეთი, გავლო ხიდი მცხეთისა. და მოერთნეს თანა აფხაზნი და ქართველნი. დადგა თიანეთს და იწყო შემუსრვად კახეთისა. და ვერ წინა-აღუდგა დავით, რამეთუ იყო ძალი მისი ურიცხვი; იწყო ბრძოლად ციხეთა და მას ჟამსა აღიღო ქუეყანა ჰერეთისა და განაჩინა მთავრად აბულალ და წარმოვიდა შინა.
და მათვე ჟამთა, რაჟამს წარმოვიდა ბაგრატ, აფხაზთა მეფე, კუალად მიიქცეს კაცნი ჰერეთისანი და მიერთნეს დავითს, აღიღო დავით ჰერეთი. შემდგომად მცირედისა ჟამისა მიიცვალა. კუალად გამოვიდა ყოვლითა სპითა თვისითა ბაგრატ, აღიღო მეორედ ჰერეთი. დაიჭირა დინარ დედოფალი თვისად, იწყო ძებნად კახეთისა და ძალითა მისითა მიუწდომელითა ორ წელ წარიხუნა ყოველნი ციხენი კახეთისანი. შეაწყუდია კვირიკე ბოჭორმას და დაუყენნა ციხესა გარეშემო მცველნი წელიწდამდი, წარიღო ბოჭორმაცა. და დაიპყრა სრულიად ჰერეთი და კახეთი, წარმოიყვანა კვირიკე და დაიჭირა თვისსა კარსა ზედა.
მას ჟამსა განდიდნა ფადლონ, ამირა განძისა, იწყო კირთებად ერისთავთა ჰერეთისა და კახეთისათა, ჟამითი-ჟამად მეკობრობით და პარვით რბევად და ტყუენვად ადგილითიადგილად. ხოლო იხილა რა დიდმან მეფემან ბაგრატ კადნიერება მისი, დიდად შეძრწუნდა და აღივსო შურითა. განემზადა ყოვლითა სპითა მისითა, წარგზავნა მოციქული წინაშე გაგიკ შაჰანშა, სომეხთა მეფისა; აწვია, რათა იძიოს შური ფადლონისგან. ხოლო მან განიხარა სიხარულითა დიდითა, მოსწრაფედ მოუწოდა ყოველთა სპათა თვისთა, წარმოემართა და მოვიდა წინაშე ბაგრატ აფხაზთა მეფისა. შეკრბეს ორნივე ძორაკერტს; მიმართეს ფადლონს, დიდად განლაღებულსა, მოძულესა ქრისტიანეთასა, რომელი-იგი ყოვლითურთ ეძიებდა წარწყმედასა ყოველთა ჯუარის მსახურთასა. და ვითარ იხილა ძალი მათი უძლეველი, შეშინდა, წარვიდა და მიმართა სიმაგრეთა შესლვად.
ამან, დიდმან და ყოვლითურთ ძლევაშემოსილმან მეფემან ბაგრატ, წარმოტყუენა ქუეყანა რანისა, მოადგა ქალაქსა შანქორს, დაუდგნა ფილაკავანნი და მცირედთა დღეთა დალეწნეს ზღუდენი შანქორისანი. ხვალისა დღე ეგულებოდა შემუსრვად და წარტყუენვად ქალაქისა მის. მას ღამესა მოუვლინა მოციქული ფადლონ, ითხოვა შენდობა, აღუთქუა დღეთა შინა სიცოცხლისა მისისათა მსახურება, გაუკუეთა ხარაჯა და დაუწერა თავისთავითა ლაშქრობა მტერთა მისთა ზედა. მაშინ უბრძანა და შემოკრიბნა ყოველნი დიდებულნი წინაშე მისსა; უბრძანა პირველად, რათა დაიჭირონ ქალაქი იგი ძალითა მათითა. იხილეს და განიცადეს და მოახსენეს, რომელ ვერ ვის ძალ-ედვა, და უფროს ამისთვის, რომელ სხუათა ყოველთა სალაშქროთა საქმეთაგან უცალო იქმნებოდეს.
კუალად უბრძანა და განიზრახა დაზავება ფადლონისი. და მათ ყოველთა სიბრძნითა მათითა გამოარჩიეს და უმჯობესად აწვიეს ზავი. უბრძანა და გაგზავნა მოციქული და მისგან აუწყა ზავი დასტური. მაშინ ფადლონ განიხარა სიხარულითა დიდითა, აღასრულა ყოველი იგი სიტყვით აღთქმული საქმით: უძღუნა ძღუენი დიდი და მიუწდომელი, აღავსნა ყოველნი დიდებულნი ნიჭითა მიუწდომელითა და წარმოვიდა შინა გამარჯუებული.
ამანვე დიდმან მეფემან აღაშენა საყდარი ბედიისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, მოცვალა მუნ გუდაყვისა სა|ეპისკოპოსო, შეწირნა სოფელნი მრავალნი ყოველთა ხევთა და ადგილთა, განასრულა ყოვლითა განგებითა, შეამკო ყოვლითა სამკაულითა ეკლესია, აკურთხა და დასუა ეპისკოპოსი. უკეთუ ვისმე ენებოს განცდად და გულისხმისყოფად სიმაღლისათვის დიდებისა მისისა, პირველად განიცადოს სამკაული ბედიისა ეკლესიისა და მისგან გულისხმა-ყოს, რომელ არავინ ყოფილ არს სხუა მეფე მსგავსი მისი ქუეყანასა ქართლისასა და აფხაზეთისასა.
ამანვე აკურთხა ეკლესია ქუთათისა განგებითა დიდითა და მიუწდომელითა. რამეთუ შემოკრიბნა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი და კათალიკოსნი, მღდელთმოძღუარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღუარნი და ყოველნი დიდებულნი – ზემონი და ქუემონი, მამულსა და სამეფოსა მისსა მყოფნი და სხუათა ყოველთა სახელმწიფოთანი.
ესე ბაგრატ, აფხაზთა და ქართველთა მეფე, წარემატა ყოველთა ხელმწიფეთა ყოვლითა განგებითა. ამისდა შემპოვნედ და ამისდა მოაჯედ შეიქმნეს ყოველნი ხელმწიფენი, მახლობელნი და მოთაულნი მამულისა და სამეფოსა მისისანი, მოლაშქრედ ვითარცა თვისნი და მისანდობელნი. და დაუმორჩილნა ღმერთმან ყოველნი მტერნი და წინააღმდგომნი მისნი; მომადლა დღეთა მისთა მშვიდობა და დიდი დაწყნარება ქუეყანისა. და უკუეთუ ვინმე ინებოს თვითოეულად წარმოთქმად ყოველთა განგებულებათა მისთა, მოუძლურდეს ძალი მისი, რომელთაგან მცირედი წარმოვთქუ ჟამთა სიგრძისაგან არადავიწყებისათვის.
და ვთქუა ესეცა, რომელ შემდგომად დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა არავინ გამოჩენილ არს სხუა მსგავსი მისი დიდებითა და ძალითა და ყოვლითა გონებითა. ეკლესიათა მაშენებელი იყო, გლახაკთა მოწყალე და სამართლის მოქმედი ყოველთა კაცთათვის.
მეფობდა ოცდათექუსმეტ წელ და გარდაიცვალა შემკობილი მხცითა შუენიერითა ქრონიკონსა ორას ოცდათოთხმეტსა, თუესა მაისსა შვიდსა, დღესა პარასკევსა. და იყო დღეთა მიცვალებისა მისისათა ტაოს. და წარმოიღო გუამი მისი ზვიადმან ერისთავთერისთავმან და დამარხა ბედიას.
შემდგომად მისსა მეფე იქმნა ძე მისი გიორგი. და იყო იგიცა სავსე ყოვლითა სიკეთითა.
ხოლო ესე გიორგი ეუფლა ყოველსა მამულსა და სამეფოსა თვისსა ჟამსა ოდენ სიყრმისა და სიჭაბუკისა მისისასა, რამეთუ იყო, რაჟამს მეფე იქმნა, წლისა თორმეტისა.
ხოლო მეშვიდესა წელსა მეფობისა მისისასა გამოვიდა ბასილი, მეფე ბერძენთა, მას ზედა ყოვლითა სპითა საბერძნეთისათა და უცხოთესლითა ურიცხვითა. ხოლო გიორგი მეფე განვიდა სპითა დიდითა წინააღდგომად მისსა. და დაიბანაკეს ორთავე ქუეყანასა ბასიანისასა მრავალ დღე და არა მიმართეს ბრძოლად ურთიერთას. მორიდა გიორგი მეფემან, მოვიდა და დაწუა ქალაქი ოლთისი. და მუნით მოვიდა კოლას და გამოუდგა კუალსა. და მოუდგა უკანა ბასილი, მეფე ბერძენთა. და შეკრბეს უკანამავალნი გიორგისნი და წინამავალნი ბასილისნი. და იქმნა ბრძოლა დიდი სოფელსა, რომელსა რქვიან შირიმნი. და მოისრნეს ორკერძოვე მრავლად, მოკლნეს ერისთავნი და დიდებულნი: რატი, ძე ლიპარიტისი, და ხურსი. და გვიანად ეწია ხმა გიორგი მეფესა, ვითარმედ ომი არს უკანა|მავალთა ზედა. მაშინ უბრძანა სპათა თვისთა და აღიჭურნეს მსწრაფლ. განვიდა თვით გიორგი მეფე, რამეთუ ახოვან იყო და უშიშ ყოვლითურთ, ვითარცა უხორცო, და მის თანა სიმრავლე სპისა მისისა. და მოვიდა მუნით ბასილი მეფე ყოვლითა სპითა მისითა. შეკრბეს იმიერ და ამიერ, იქმნა ბრძოლა დიდი, და მოისრნეს ბერძენნი ფრიად. და წარმოიღეს ავარი. ე[გ]ზომ გაგრძელდა მათ შორის ბრძოლა, რომელ სივლტოლად განემზადა ბასილი მეფე.
ხოლო ვითარ სულმოკლე იქმნეს ქართველნი, მორიდეს და წარმოვიდეს. წარმოუდგეს უკანა ბერძენნი და დახოცნეს ურიცხუნი პირითა მახვილისათა. მოუწია ლაშქარმან არტანს, ტყუე ყვეს და მოაოხრეს არტანი. და რაჟამს წარვიდა გიორგი მეფე თრიალეთს, მოადგა უკანა, ასწყვიდა ქუეყანა ჯავახეთისა და გარდავიდა თრიალეთს. კუალადცა დაეახლნეს ურთიერთას, რამეთუ განძლიერდა გიორგი მეფე და მოირთო ძალი კახეთისა და ჰერეთისა, გარნა დაუშალეს შებმა მეორედ.
შეიქცა ბასილი მეფე თრიალეთით, უკუ-მოიარა ჯავახეთი და არტანი. და კუალად უბოროტესადრე შურისგებით მოაოხრნა ქუეყანანი იგი; წარვიდა და დაიზამთრა ქუეყანასა ხალდისასა, მახლობელად ქალაქსა ტრაპეზონსა. და ვიდოდეს მათ შორის მოციქულნი ზავისა და სიყუარულისათვის.
მას ჟამსა იქმნა დიდი განდგომილება საბერძნეთს. შეიერთნეს სპასპეტი და წარვეზი, ძე ფოკას განდგომილისა, და წარიდგინეს ქუეყანა აღმოსავლეთისა. და დიდად შეძრწუნდა ამისთვის ბასილი, გარნა პატივ-სცა ღმერთმან მასვე და მოკლა წარვეზი ქსიფე. და გადგეს, რომელნი მირთულ იყვნეს. ხოლო ქსიფეს მიეგო ცრუობა წარვეზისა, რამეთუ შეიტყუეს ციხესა დალასანოსთა სისხლისათვის ფოკას ძისა, შეიპყრეს და მოჰგუარეს ბასილი მეფესა, და მან ექსორია-ყო კუნძულსა რომელსამე. და მისთანათა მრავალთა მოჰკუეთა თავი მახვილითა, რომელთა თანა იყო ფერის, ძე ჯოჯიკისი, ნათესავით ტაოელი, და სხუანი იყვნეს ბერძენნი.
კუალად შემოიქცა ბასილი, მოვიდა ბასიანს, ითხოვდა ქუეყანათა და ციხეთა და აღუთქმიდა ზავსა და მშვიდობასა. ცნა რა გიორგი მეფემან, წარავლინა ზვიადი ერისთავი სპითა მისითა და უბრძანა, რათამცა ზავის მიპყრობითა მცირედ-ხან დაიმჭირვა ადგილსა, და თვით წარუდგა უკანა სპითა ძლიერითა. და განიზრახვიდა ესრეთ: „უკ[უ]ეთუ ინებოს ზავი ბასილი მეფემან, იქმნეს ესრეთ; და უკუეთუ ინებოს ომი, განვემზადნეთ მისთვისცა“. ხოლო რომელთა არა უნდა ყოფად მშვიდობისა, იწყეს განმზადებად ბრძოლად. და მივიდეს ბასილი მეფესა ზედა დაბანაკებულსა, რომელსა უწოდიან სვინდაქსად.
იწყეს ბრძოლად და აოტეს ზოგი ლაშქრისა მისისა. განუწყრა ბასილი მეფე, უბრძანა მოყვანებად ძელისა ცხოვრებისა და მანდილი წმიდა დადვა ქუეყანასა ზედა და თქუა: „უკეთუ მიმცე ხელთა მტრისათა, არღარა ვიყო თაყუანისმცემელ თქუენდამი უკუნისამდე“. და ვითარ გაგრძელდა მათ შორის ბრძოლა, კუალადცა მეოტ იქმნნეს სპანი ქართველთანი და წარმოვიდეს მეოტად, მოისრნეს ურიცხუნი პირითა მახვილისათა და რომელნიმე ტყუე იქმნნეს. და წარიღეს ავარი დიდძალი და განძი სამეფო, რომელი ჰქონდა თანა.
და წარმოუდგა უკანა ბასილი მეფე. ხოლო კუალადცა იწყეს ზავად, ვითარცა პირველ, რამეთუ შიში დიდი აქუნდა საბერძნეთით განდგომისა. და ყვეს მშვიდობა და დაიზავნეს. და მისცა გიორგი მეფემან მძევლად ძე თვისი ბაგრატ წელიწდისა სამისა, და ციხენი, რომელ პირველ გაეცნეს აზნაურთა, დაუცალნა და მისცნა; სხუანიცა ციხენი, პირველ მიცემულნი და უკანის, თოთხმეტნი, და ქუეყანა, რომელი ჰქონდა დავით კურაპალატსა ტაოს, ბასიანს, კოლა-არტანთა და ჯავახეთს. ხოლო რომელნიმე ამათ ქუეყანათაგან ეკლესიანი, სოფელნი და ადგილნი დაულოცნა გიორგი მეფესა. და წარვიდა ბასილი მეფე და თანა წარიყვანა ბაგრატ უფლისწული მძევლად, ძე გიორგი მეფისა ჩუენისა. აღუთქუა ფიცითა აღთქმა, ვითარმედ: „წელსა მესამესა გამოგიგზავნო ძე შენი“. და იყო სამ წელ ქალაქსა სამეფოსა კოსტანტინეპოლეს. და წელსა მესამესა გამოგზავნა, ვითარცა აღუთქუა.
რაჟამს მოიწია მამულსა და სამეფოსა თვისსა, მოჰყვა თანა კატაბანი აღმოსავლეთისა ვიდრე საზღვართამდე მამულისა მისისა. და ვითარ შეიქცა გარე, მოეწია სწრაფით მანდატური და მოართუა კატაბანსა წიგნი კოსტანტინე მეფისა, რომელსა წერილ იყო ესრეთ სახედ, ვითარმედ: „განგებითა ღმრთისათა მიიცვალა სანატრელი ძმა ჩემი, ბასილი მეფე, და ნა|ცვლად მისა ვიქმენ მე მეფედ ყოველსა საბერძნეთსა. აწ უკუე სადაცა მიწევნულ იყოს განსაგებელსა ჩემსა ბაგრატ, ძე გიორგი აფხაზთა ხელმწიფისა, შეაქციეთ სწრაფითა დიდითა, რომელ მოიწიოს წინაშე ჩუენსა“.
ხოლო მან, ვითარცა წარიკითხა ბრძანება მეფისა, ენება, რათამცა შეაქცია გარე ბრძანებისაებრ მისისა. შეიქცა სწრაფით, დევნა უყო უკანა. რაჟამს მიეახლა, იხილა, რომელ სიმრავლე დიდძალი მიგებებულ იყო წინა: დიდებულნი, ერისთავნი და აზნაურნი ტაოელნი, მესხნი და ქართველნი, რომელთა არა იყო რიცხვი სიმრავლისა მათისა. შეიქცა გარე და უთხრა მანდატურსა, რომელი მიწეულ იყო: „უკეთუ ძალ-გიც შენ, აქციე, ჩემგან კულა ესე აღარა ეგების“.
ჰოი, დიდი საკვირველება და მოწყალება ღმრთისა! ვითარ მყის განერა მრთელი ხელთაგან მათთა, რომელთა ენება ზაკვით შექცევა მისი. და თუ ვისმე გენებოს განცდად ესევითართა, შეწევნითა ღმრთისამიერითა იხილეთ და განიცადენით ურიცხუნი ხელისაპყრობანი ღმრთისამიერნი ამას დიდსა ბაგრატს, აფხაზთა მეფესა, ზედა, რომელნი არავის ზედა მოწევნულ იყვნეს სხვისა მეფისა, რომლისათვის ჟამსა და ჟამსა გაუწყოს წინამდებარემან სიტყუამან.
ვითარ უკუე მოიწია წინაშე მამისა თვისისა, გიორგი მეფისა, სახლად მათდა ქუთათისს, იხილეს მშობელთა მისთა შვილი მათი, მსგავსი განუცდელისა და მიუთხრობელისა სიკეთისა მათისა, ყოვლითურთ შუენიერი, რომლისა სიკეთისა მისისათვის შეუძლებელ არს კაცთაგან მითხრობა. იხილეს რა, განიხარეს სიხარულითა მიუთხრობელითა და შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ. იყო ქრონიკონი მას ჟამსა ორას ორმოცდახუთი.
შემდგომად ორისა წლისა გარდაიცვალა გიორგი მეფე, სავსე ყოვლითა სიკეთითა, ჟამსა ოდენ სიყრმისასა, რომელ არავინ გამოჩენილ იყო მსგავსი მისი მამათა შორის მისთა ახოვნებითა, ჭაბუკობითა და სიქველითა, ტანითა და სახითა, ცნობითა, და სავსე ყოვლითა განგებითა სახელმწიფოთა, ქრონიკონსა ორას ორმოცდაშვიდსა, თუესა აგვისტოსა თექუსმეტსა, ქუეყანასა თრიალეთისასა, ადგილსა, რომელსა ეწოდების მყინვარნი გინა იწრონი. და დაუტევა გლოვა და მწუხარება ყოველთა მკვიდრთა მამულისა და სამეფოსა მისისათა. იგლოვდეს ყოველნი სიკეთისა და სიჭაბუკისა და ახოვნებისა მისისათვის. წარიყვანეს და დამარხეს საყდარსა ქუთათისსა.
ესხნეს შვილნი ოთხნი: ძენი ბაგრატ და დემეტრე, და ასულნი გურანდუხტ და კატა; მეხუთე შვილი მათი მართა მიცვალებულ იყო. შემდგომად მიცვალებისა დიდისა მეფისა გიორგისსა მასვე ჟამსა მეფე იქმნა ბაგრატ ყოველსა მამულსა და სამეფოსა მისსა ზედა, ზემოსა და ქუემოსა, წელიწდისა ცხრისასა.
მასვე ჟამსა წარვიდეს აზნაურნი ტაოელნი საბერძნეთს: ვაჩე კარიჭის ძე და ბანელი ეპისკოპოსი იოვანე, და მათ თანა სიმრავლე აზნაურთა ტაოელთა. ხოლო კოსტანტინე მეფემან მოქცევასა ოდენ წელიწდისასა გამოგზავნა პარკიმანოზი ლაშქრითა ურიცხვითა, მოვიდა და ჩამოდგა და მოაოხრნა იგივე ქუეყანანი, რომელნი ბასილი მეფესა მოეოხრნეს. მოვიდა თრიალეთს, ციხესა ქუეშე კლდეკართასა; მას ჟამსა ჰქონდეს ლიპარიტ ერისთავთერისთავსა, ძესა ლიპარიტისასა. შემოკრიბნა სხუანიცა აზნაურნი, დაუდგეს განძათა და შეებნეს ციხესა ქუეშე. რაჟამს იხილა პარკიმანოზმან, რომელ ვერას ავნებდა, შეიქცა გარე. მასვე ჟამსა წარვიდა ჩანჩახი ფალელი საბერძნეთს, მისცა ციხე გარყლობისა, მიერთო ბერძენთა, და არჯევან ჰოლოლას ძემან მისცა ბერძენთა ციხე წერეფთისა.
რაჟამს იხილა საბა, მტბევარმან ეპისკოპოსმან, რომელ შავშეთს არღარა იყო სხუა ღონე, ააგო ციხე თავსა ზედა ტბეთისასა, დაიჭირა ქუეყანა შავშეთისა, ქმნა დიდი ერთგულება ბაგრატ აფხაზთა მეფისათვის. პატივ-სცა ღმერთმან და ვერ წარუღეს ქუეყანა მტერთა. რამეთუ მას ჟამსა გაგზავნა პარკიმანოზმან და პროედროსმან იოვანე, ბანელი ხარტულარი, წარიყვანა თანა ვალანგი ლაშქრითა დიდითა და მისცა თანა დემეტრე კლარჯი, ძე სუმბატისი, რეცა შესატყუევნელად ქუეყანისა კაცთათვის, და ამით მიზეზითა მოიქცეს მრავალნი კაცნი მის ქუეყანისანი წურილისა ერისაგან. შემოვიდა მასვე ციხესა შინა ეზრა ანჩელი, და რომელნი აზნაურნი გამოჩნდეს ერთგულად, შეუდგეს მასვე ციხესა შინა და გამაგრდეს ფრიად.
ხოლო ციხე არტანუჯისა ჰქონდა იოვანეს, ერისთავსა აბუსერსა, და მათ ჟამთა ქუეყანათა ამათ შინა იქმნნეს ბრძოლანი და შუღლნი და მი-და-მონი მრავალნი. და ვითარ დიდად იღელვებოდა ქუეყანა ესე, კუალადცა პატივ-სცა ღმერთმან ბაგრატს, აფხაზთა და ქართველთა მეფესა. ეწია სენი სასიკუდინე კოსტანტინე მეფესა. მოუწერა პარკიმანოზს პროედროსსა, უხმო შეღმართ. ხოლო იგი წარემართა მსწრაფლ და ვიდრე მოვიდოდა,მიიცვალა კოსტანტინე მეფე. და რაჟამს მიიცვალებოდა, დასუა სხუა მეფე, სახელით რომანოზ, და შერთო ცოლად ასული თვისი ზოია.
შემდგომად ამისსა წელსა მესამესა წარვიდა დედოფალი მარიამ, დედა ბაგრატისი, აფხაზთა მეფისა, საბერძნეთად ძიებად მშვიდობისა და ერთობისა, და კუალად ძიებად პატივისა კურაპალატობისა ძისათვის თვისისა, ვითარცა არს ჩუეულება და წესი სახლისა მათისა, და მოყვანებისათვის ძის ცოლისა.
და ვითარცა მიიწია საბერძნეთად, წინაშე ბერძენთა მეფისა, აღუსრულა ყოველი სათხოველი სიხარულით: მოსცნა ფიცნი და სიმტკიცენი ერთობისა და სიყუარულისათვის, დაუწერნა ოქრო-ბეჭედნი, მოსცა პატივი კურაპალატობისა და მოსცა ცოლად ბაგრატისთვის ელენე დედოფალი.
მო-რა-იწია მარიამ დედოფალი მამულსა ძისა თვისისასა – ქუეყანასა ტაოს, მოართუა პატივი კურაპალატობისა; აღასრულეს ქორწილი, უკურთხეს გვირგვინი ბანას.
და შემდგომად მცირედისა ჟამისა მიიცვალა ელენე დედოფალი ქუთათისს შინა, და შეირთო ცოლად ბაგრატ მეფემან ბორენა დედოფალი, ოვსთ მეფისა ასული, და დორღოლელისა.
და ამისსა შემდგომად სხუაცა ძე დარჩა გიორგი მეფესა ანაკოფიას შინა ოვსთა მეფისა ასულსა – მეორესა ცოლსა თანა. და აზნაურთაგან იყო მათ შუა მი-და-მო საუბარი. და ყრმა მცირე იყო, სახელით დემეტრე. ვერცა გაამეფეს, თუცა ვის გულსა ედვა, და ვერცაღა გამოინდვეს ბაგრატ მეფემან და დედამან მისმან, არცაღა თავადთა დიდებულთა ამის სამეფოსათა. და ვერღარა დაიდგნა და წარვიდა სამეფოსა მისგან და მიმართა ბერძენთა მეფესა და წარუტანა თანა ანაკოფია. და მიერითგან წარუხდა ანაკოფია აფხაზთა მეფესა მოაქაჟამადმდე.
და შემდგომად ამისა მოირჭუნა და ეუფლა ზემოსა და ქუემოსა თავისა მამულსა ზედა ბაგრატ.
და დიდი ფადლონ ავად იქცეოდა, და სწუნობდა ყოველთა მოთაულთა ამის სამეფოსათა. და ვიდრე ყრმაღა იყო ბაგრატ, შეკრბეს ლაშქარნი ამის სამეფოსანი, იპირნეს ლიპარიტ და ივანე აბაზას ძე; მოვიდა დიდი კვირიკე, რანთა და კახთა მეფე, დავით, სომეხთა მეფე, და ჯაფარ, ამირა ტფილელი, რამეთუ ესე ყოველნი პირობითა კვირიკესითა შეკრებულ იყვნეს ეკლეცს ფადლონს ზედა გააქციეს ფადლონ და აუწყვიდეს ლაშქარი, აიღეს ავარი და განძი ურიცხვი. ამიერითგან ვიდრე სიკუდილამდე შეჰავდა ფადლონ.
და სიმცირესავე შინა ბაგრატ მეფისასა ლიპარიტ ლიპარიტის ძემან და ივანე აბაზას ძემან, ქართლისა ერისთავმან, მუხათგუერდსა გამოიტყუეს ტფილელი ამირა ჯაფარ და შეიპყრეს. და დიდი ხანი დაყვეს პატიმრობასა შინა, და წარუღეს ბირთვისი. შეიწყალა აფხაზთა მეფემან და გაუტევა ტფილისს ზედა ამირად. და მიერითგან დარჩა მტერობა ლიპარიტეთ და ამირას შუა.
და შემდგომად მცირედისა ჟამისა აზრახა ლიპარიტ ბაგრატს წაღება ტფილისისა. მოადგეს ტფილისსა მტკუარსა ამიერით, ზემოთ და ქუემოთ, აფხაზთა მეფისა ლაშქარნი, და წყალსა იმიერით, ისნით კერძო, მოადგეს ლაშქარნი – კახნი და ჰერნი. მას ჟამსა მოკლულ იყო დიდი კახთა მეფე კვირიკე ოვსისა ვისმე მონისა მიერ, რამეთუ წყობასა შინა ოვსთა მეფე ურდურე მოეკლა კვირიკე მეფესა. და მესისხლეობით მოიკლა კვირიკე მეფე ნადირობასა შინა ფიდრაზის გორთა ო|ვსისა მონისა მიერ.
მას ჟამსა იყო მეფე კახეთს გაგიკ, ძე დავით სომეხთა მეფისა, სამშვილდარისა და ძორაკერტელისა, დისწული კვირიკესი, და ჰბრძოდეს ორ წელ ტფილისსა. და მას ჟამსა იყო ამირად ჯაფარ, ძე ალისი. და ესრე შეაჭირვეს ტფილელთა, რომელ ლიტრა ვირის ხორცი ხუთას დრამად ასყიდიეს, და ვერღარა დაუდგმიდეს შიმშილთა და ბრძოლათა ძლიერთა. ტფილელთა განიზრახეს მოცემა ტფილისისა. და ამის ქალაქისა ბრძოლასა შინა წაუხუნეს ციხენი ორბეთი და ფარცხისი აფხაზთა მეფისა ლაშქართა. და ამირა შეეკაზმა თავის ლაშქრითა, შემზადა ტივები და ნავები ღამით წარსლვად განძას ლაშქარიას თანა, ფადლონის შვილსა. და რომელთამე დიდებულთა აფხაზთა მეფისათა ლიპარიტისგან ფარულად გააზრახეს მეფესა არაგანძება ამირასი, და ფარულად ლიპარიტისგან დაჰკიდეს ზავი ამირასა, გამოაცხადეს და დაამკვიდრეს ამირა ტფილისსავე ზედა. და იბირნა აფხაზთა მეფემან კახნი, აშოტ, მთავარი მარღლელი, დისიძე კვირიკე მეფისა, და ხახვილა გურთა(!) ჯუარისციხითა. და მოეყარა აფხაზთა მეფე ქალაქსა და ემტერა კახთა. და მიერითგან შეიქმნა ლიპარიტ ქუეგამხედვარად თავის პატრონისაგან.
გაილაშქრა აფხაზთა მეფემან კახეთს, შეება და შეუხდა მთასა ზედა მიქელ-გაბრიელთასა. და წყობასა შინა შეიპყრნა: სტეფანოზ ვარჯანის-ძე, პანკისისა ერისთავი; და ვაჩე, ძე გურგენ ბერისა, ხორნაბუჯის ერისთავი; და ჯედი, დისწული გოდერძისა, შტორის ერისთავი და მაჭელისა. გარდადგა თიანეთს და დაწუა დარბაზი ბოდოჯისა, სახლი სახელოვანი, დიდისა კვირიკე მეფისა აგებული. და ესე ერისთავნი ქენებით აძლევდეს ციხეთა მათთა; და ვერღარა ჩავიდეს კახეთს და შემოიქცა, რამეთუ ლიპარიტ იწყო საურავთა გუერდქცეულთა.
შემდგომად მცირედისა ჟამისა გამოიყვანა ლიპარიტ დემეტრე, ძმა ბაგრატისი, საბერძნეთით ბერძენთა მეფისა ლაშქრითა. და მიერთნეს სხუანიცა ვინმე დიდებულნი და აზნაურნი, მოვლეს ზემო ქუეყანა და ჩამოვიდეს ქართლს, მოადგეს ატენს, არე-არე მოწუეს ქართლი.
და ჰყვეს ლიპარიტს კახნი და ბერძენნი, და ვერ წაიღეს ატენი, რამეთუ ციხეთა უფალნი კაცნი მტკიცე იყვნეს ერთგულობასა ზედა ბაგრატისსა, თვინიერ ფარსმან თმოგუელისა და ბეშქენ ჯაყელისა, თუხარისისა ერისთავისა. გავიდეს ჯავახეთს და იწყეს ახალქალაქისა ზღუდეთა შენებად, რამეთუ მას ჟამსა უზღუდო იყო. არე ზამთრისა მოწევნულ იყო, ბერძენთა ენება შეღმართ წასლვა. დაეზავა ლიპარიტ აფხაზთა მეფესა, უბოძა მეფემან ქართლის ერისთავობა. წარვიდეს ბერძენნი საბერძნეთად და წარიტანეს დემეტრე თანა.
და კუალად განძლიერდა და მოირჭუნა ბაგრატ მეფემან თავის მამულსა ზედა. და დააგო სუემან ბაგრატისმან ჟამი; მოერთო ვესტი ცხრითა ციხითა ანისისათა, თვინიერ ამბერდისა. და მოსცეს ანელთა ანისი ბაგრატის დედასა, რამეთუ მამულად ეყვოდეს სომეხნი – სენაქერემ სომეხთა მეფისა ასული იყო მარიამ დედოფალი, ბაგრატის დედა.
იყო ჟამი გაზაფხულისა და ბაგრატ აფხაზეთს იყო; მოადგა ანაკოფიას და მისწურა წასაღებელად. და მოვიდეს ტფილელნი ბერნი, რამეთუ მის ჟამისა პირველ მომკუდარ იყო ტფილელი ამირა ჯაფარ. უქადეს ქალაქი და უხმეს სასწრაფოდ. წამოვიდა და მოაყენა ანაკოფიას გარე ქუაბულელ ჭაჭას ძე ოთაღო აფხაზეთისა ლაშქრითა. ამოიარა და მოვიდა ქუთათისს და მოიყენა ქუთათისისა სამოქალაქოსა ლაშქარი, და გურიელნი აზნაურნი და ლომსიანნი მოიყვანნა ხუფათსა, დაუდგნეს ფილაკავანნი და ჰბრძოდეს. და ამოიარა მეფემან და მოვიდა ქართლს, და მოვიდეს სხუანი მხმობელნი ბერნი ტფილელნი.
წარემართა ტფილისად და მოეგებნეს ქალაქის ბერნი, დარბაზის ყმანი, ცხენოსანნი დიღმისა ველსა, და ყოველი ერი ქუეითი დაკაზმული უმედეულსა, და დედათა და მამათა სიმრავლე იყო მოედანს. და იყო ხმა ბუკთა და დუმბულთა ორკერძოვე საშინელი, რომლისა ხმითა იძრვოდა ქუეყანა. და იყო სიხარული ორკერძოვე განსაკვირვებელი. შეიყვანეს და მოავლეს ქალაქი, ასხმიდეს დრამასა და დრაჰკანსა, და მოართუნეს კლიტენი ქალაქისანი და შეიყვანეს საამირაოსა დარბაზსა. დაჯდა მეფე ბაგრატ საურავად. აღიხუნა კოშკნი კართანი თავის კაცითა, და აღიღო ციხე ქალაქისა დარიჯელი და ორნივე კოშკნი წყალყინისანი და თაბორი, და დაადგინნა შიგან ლაშქარნი თვისნი და ერისთავნი. ხოლო ისნელთა ჩააგდეს ხიდი და არა მოსცეს ისნი; დაუდგნეს ფილაკავანნი და ბრძოდეს ისნსა და ესროდეს ისარსა. და ისნის ველსა მოვიდეს კახთა მეფე გაგიკ და ერისთავთერისთავი გოდერძი და ყოველნი დიდებულნი კახეთისანი დარბაზობად ბაგრატ მეფისა წინაშე და მშვიდობისა ძებნად. მაშინ განვიდა ბაგრატ მეფე ველსა ისნისასა, მოიყვანნა კახნი და ითაყვანნა, მისცა მშვიდობა და განუტევნა. და იყო სიხარული და მშვიდობა და საურავი დღითი-დღე შემატებისა.
და ვითარ ამას შინა გარდახდეს დღენი ზაფხულისანი, და კუალად იწყო ლიპარიტ მათვე ფიცხელთა საურავთა. და გამოიტყუვნა ანისით დედოფლისაგან აბუსერი, ერისთავი არტანუჯისა, და ხიხათა და ციხისჯუარისა და აწყუერის ციხის პატრონი, და ივანე ერისთავი, ივანე დადიანი და გუარამ გოდერძის ძე, ბეჭისციხისა პატრონი, – და შეიპყრნა იგინი ანისის კარსა. და დააგდო ტფილისი მეფემან და გავიდა ჯავახეთს.
ამისა შემდგომად გამოიყვანნა მაწყუერელმან მესხნი განძითა ბაგრატისითა შუელად მეფისა. და მეფე დგა ღრტილას. ხოლო ლიპარიტ შეკრიბნა კახნი და მოადგა ფოკათა. გამოექცა მაწყუერელი მეფესა ბაგრატს და შეეზრახა ლიპარიტს. ვითარცა ცნა ესე მეფემან, ზამთრისა ბუქთა საშინელთა გარდაიარა შავშეთი და ჩავიდა ქართლს.
და ლიპარიტ გამოიყვანა ახლად საბერძნეთით დემეტრე, ძმა ბაგრატ მეფისა. ბერძენთა მეფისა განძი და ლაშქარი შემწე იყო. და განხეთქნა ამის სამეფოსა კაცნი: რომელნიმე წარუდგინნა დემეტრეს და რომელნიმე დარჩეს ბაგრატის ერთგულობასა შინა. და ძე ლიპარიტისი ივანე მძევლად დარჩა ბაგრატის ხელთა შინა, და ითხოვა იგი ბაგრატისგან, და ნაცვლად გაუშუა აბუსერი თავის ციხითა მშვიდობით. და იყვნეს თანამდგომ ლიპარიტისა კახნი ძალითა მათითა და დავით, სომეხთა მეფე, ძალითა მისითა. და განძლიერდა იგი ძალითა მათითა ამას კერძოსა ქართლისასა. და იყო მი-და-მო საურავი ხელოვნებისა.
და მოვიდეს ვარანგნი – სამი ათასი კაცი, და დააყენა ბაშს; გარდამოიტანა თანა შვიდასი კაცი. და მოვიდა ბაგრატ შიდათ ლაშქრითა; და ამათ ვარანგთა მესხნი ვერღარა მოილოდინნეს, მივიდეს და შეიბნეს თავსა სასირეთისა ჭალისასა; გაიქცა შიდა ლაშქარი. და ომსა ამასვე შეიპყრეს აბუსერი და სხუანიცა დიდებულნი მის თანა, ვერღარა უძლეს ბრძოლად ვარანგთა; მისცნა ლიპარიტ პაშტნი და წინა მათსა პურსა უკაზმიდეს; და ეგრეთ ლიხნი გარდავლეს.
და ამისა პირველ მომკუდარ იყო ძმა ბაგრატისი დემეტრე. და შემდგომად გაქცევისა შეშინდა ბაგრატ სამეფოსა და მამულისა მისისა განხეთქილობასა. და უქმნა მუდარა ლიპარიტს და მცირედითა ცხენოსნითა მივიდა ლიპარიტის თანა ხოვლეს. და რა ცნა ლიპარიტ მისლვა მისი, არა ნახა, გარიდა მუნით; შეიქცა მეფეცა და წარვიდა აფხაზეთს.
და შემდგომად მცირედისა ჟამისა სულა, ერისთავმან კალმახისამან, გრიგოლ, ერისთავმან არტანუჯისამან, შეაერთეს სიტყუა და შეიწვივნეს მათ თანა სხუანიცა აზნაურნი მესხნი და უხმეს მეფესა ბაგრატს. და წარმოემართა ლაშქრითა, გარდამოვლო გზა რკინისჯუარისა, და შეკრბეს არყისციხეს. ცნა ესე ლიპარიტ და შეკრიბა თავისი ლაშქარი და მოირთნა კახნი და სომეხნი, და ბერძენნიცა თანავე ჰყვეს. და მიუხდა უგრძნეულად არყისციხეს, და შეიბნეს. და სძლია ლიპარიტვე და გააქცია მეფე. შეიპყრეს სულა, კალმახისა ერისთავი, და მრავლითა ტანჯვითა და ძელსა გასუმითა სთხოვეს კალმახი, და არა მისცა. მასვე ომსა შეიპყრეს გრიგოლ, ძე აბუსერისი, და სთხოვეს არტანუჯი სიკუდილისა ქადებითა, და მისცა. მოირჭუნა ლიპარიტ ზემოსა ქუეყანასა და აღიხუნა ციხენი და მიიერთნა თავადნი კაცნი, და გარეს-გარე წარვიდა ლიპარიტ მითვე ლაშქრითა დვინად, და ულაშქრა ბერძენთა მეფესა დვინელსა ზედა, და შემოიქცა თავის ქუეყანად.
და შემდგომად წელიწდისა მოქცევისა გამოჩნდეს თურქნი სულტნისანი ბარაჰიმილმისანი ქუეყანასა ბასიანისასა. გამოვიდა ბერძენთა მეფისა ლაშქარი, და უხმეს ლიპარიტს. და წარვიდა ლიპარიტ შუელად ბერძენთა ყოვლითა ლაშქრითა ამის ზედას კერძისათა. შეიბნეს ორდროსა და უკუმიასა ქუემოთ, და გააქციეს ყოველი სპა საბერძნეთისა და ლიპარიტისა თურქთა. იქმნა მოსრვა დიდი. და შეიპყრეს ლიპარიტ და წარიყვანეს ხუარასანს სულტანსა თანა. დიდებულთა ამის სამეფოსათა და შვილთა ლიპარიტისთა, ივანე და ნიანია, იძებნეს უშიშოება და გამოიყვანეს მეფე მეფედ. და კუალად მოირჭუნა და შეიპყრნა შვილნი ლიპარიტისნი; აიღო უფლისციხე და გამოუშუა ივანე.
და დადგომილ იყვნეს განძას ქუეყანასა თურქნი, და წასაღებელად მიეწურა განძა. გამოგზავნა თავისა ნაცვლად ბერძენთა მეფემან ლიხტური ლაშქრითა დიდითა, და აწვიეს ბაგრატ ყოვლითა ლაშქრითა მისითა, და წაჰყვა თანა. დაემართნეს თურქთა და მივიდეს განძის კარსა, და მირიდეს თურქთა, და დაარჩინეს განძის ქუეყანა და შემოიქცეს მშვიდობით. და ამისსა შემდგომად კუალად უხმეს ტფილელთა და მოსცეს ტფილისი ბაგრატს და შეიყვანეს შინა. და იყო სიხარული და მშვიდობა დიდი.
ამისსა შემდგომად დაეხსნა ლიპარიტ თურქთა და შემოვიდა ანისს. დააგდო ბაგრატ ტფილისი ლიპარიტის გზითა, აღმოვლო ქართლი და მოვიდა ჯავახეთს. განძლიერდა ლიპარიტ, რამეთუ მსახურებისათვის ბერძენთა მეფისა ტყუექმნილ იყო; წარვიდა საბერძნეთს და ნახა ბერძენთა მეფე და მოირთო ბერძენთა მეფისაგან ძალი. და ვერღარა დაუდგა ბაგრატ.
ამისსა პირველ სუმოდა ძე მისი გიორგი ბაგრატს, დაუტევა ქუთათისს მეფედ სამეფოსა ზედა აფხაზეთისასა და წარვიდა საბერძნეთს. მას ჟამსა იყო ბერძენთა მეფე კოსტანტინე მონომახი და შემდგომად მიხაელ. და ლიპარიტის სათნოთა სწრაფით ვერღარა შემოიქცა ბაგრატ თავის მამულსა ზედა; და დაყო მუნ სამი წელიწადი დიდსა დიდებასა და პატივსა შინა.
ვიდრეღა იყო ბაგრატ საბერძნეთს, ითხოვა ლიპარიტ ძე ბაგრატისი, გიორგი, მეფედ, რა თა მოსცეს იგი დედამან მისმან და დიდებულთა მის ქუეყანისათა. მოიყვანეს საყდარსა რუისისასა და აკურთხეს მეფედ. და მოიყვანეს მზრდელად მისა ლიპარიტ და პატრონად და ბაგრატისი, გუარანდუხტ დედოფალი. კაცი სრული და უნაცვალო სახითა, სიბრძნითა, სიუხვითა, ღმრთისმსახურებითა და ყოვლითა სიკეთითა. და შემდგომად მცირედისა ჟამისა მოითხოვა გუარანდუხტ ბაგრატ ბერძენთა მეფისაგან, და გამოგზავნა ბერძენთა მეფემან დიდითა დიდებითა, ნიჭითა და განძითა მიუწდომელითა. მიეგება ყოველი ლაშქარი აფხაზეთისა ზღვის პირსა, ხუფათს. და იყო სიხარული და ღმრთისა მადლობა დიდი, ბრძანა და შემოვიდა სახლად თვისად ქუთათისს.
და ლიპარიტ მოირჭუნა ზემოსა კერძსა დაუკლებელად, და იყო მოყუარედ მისა ხუარასანს დოღლუბეგ სულტანი და საბერძნეთს – ბერძენთა მეფე, და ზრდიდა ბაგრატის ძესა, გიორგის მცირესა, სახელითა მეფობისათა. ხოლო ბაგრატს აქუნდა ლიხსა ქუემოთი კერძი დაწყობით.
და მცირედისა ჟამისა შემდგომად ამის სამეფოსა დიდებულთა მოეწყინა პატრონობა ლიპარიტისი. სულა კალმახელი და ყოველნი მესხნი გამოექცეს ლიპარიტს და შეიპყრეს დლივს ლიპარიტ და ძე მისი ივანე, ხოლო ნიანია გარდაეხუეწა და მიმართა კლდეკართა; და არა შეუშუეს მამისა მისისა ციხოვანთა, და წარვიდა ანისს ბერძენთა თანა. ხოლო ლიპარიტ და ივანე პყრობილნი სულა წარიყვანნა კალმახს. და მსწრაფლ გაგზავნა სულა მეფისა წინაშე სულთა ზედა მხმობელნი. ხოლო გუარანდუხტ და გიორგი, ძე ბაგრატისი, დგეს ღრტილას, და რა ცნეს შეპყრობა ლიპარიტისი, შეიყვანეს ახალქალაქსა და მუნ მოილოდინეს ბაგრატ სულთა ზედა. მოვიდა ბაგრატ და ამის მსახურებისა ნაცვლად მეფემან უბოძა სულას მამულობით ციხისჯუარი და ოძრხე ბოდოკლდითა და სხუაცა მრავალი საქონელი და სამღდელთმოძღურონი, და რაცა უნდა.
მოვიდა მეფესა წინაშე სულა ჯავახეთს და მოჰგუარნა ლიპარიტ და ივანე პყრობილნი და მოახსენნა; ხელთა აღიხუნა ლიპარიტეთგან ციხენი: არტანუჯი და ყუელი, უფლისციხე და ბირთვისი. ხოლო კლდეკარნი მტკიცედ ეპყრნეს ციხოვანთა; რამეთუ მუნ შიგან დგა ანამორი, მწიგნობართუხუცესი ლიპარიტისი. მიიყვანეს თრიალეთს, ამოთა თხოვითა არა მოსცნეს ციხოვანთა კლდეკარნი, აღმართნეს ძელნი და გაასხნეს მას ზედა ლიპარიტ და ივანე და განწირნეს სიკუდილად. და შემდგომად დღეთა რაოდენთამე მოიმტკიცეს მეფე და დიდებულნი ამის სამეფო სანი ციხოვანთა ლიპარიტისთა მშვიდობით გაშუებისათვის ლიპარიტისა და ივანესა. მოსცნეს კლდეკარნი. გამოიღო თავისი ხუასტაგი და ჩაიცუნა ჩოხანი ლიპარიტ და შეჰვედრა ძე თვისი ივანე მეფესა. დარჩა არგუეთის მამული ივანეს. ეფუცა ლიპარიტ მეფესა შეუცოდებლობისათვის, და გაუშუეს და წარვიდა სამეფოსა.
და შემდგომად მცირედისა ჟამისა გაიპარა და წარვიდა ივანე საბერძნეთს და დაყვნა მუნ წელნი რაოდენნიმე. და ნიანია მოკუდა ანისს ბერძენთა ყმობასა შინა და ივანეს უურვა თავის მამამან ბაგრატს თანა.
და თვით ბაგრატცა გამოიზიდნა და გამოიყვანა ამას სამეფოსა და უბოძა მამული არგუეთისა და ქართლისა და ჰმონებდა ერთგულობით. და იყო თავად თავადთავე თანა ამის სამეფოსათა და სპასალარ სიკეთითა მისითა. ხოლო ლიპარიტ მიიცვალა საბერძნეთს, სამეფოსა ქალაქსა კოსტანტინეპოლეს, და წარმოიყვანეს დიდითა დიდებითა ერთგულთა და გაზრდილთა მისთა, მოიყვანეს და დამარხეს კაცხს, სამარხავსა მამათა მათთასა.
და მოირჭუნა ბაგრატ და განძლიერდა უფროს ყოველთა მეფეთა მის ქუეყანისათა. და ამან წარიხუნა ყოველნი ციხენი ჰერეთისა და კახეთისანი, თვინიერ კუეტარისა და ნახჭევანისა. და შემდგომად ამისსა იქმნნეს დიდნი საქმენი და აღძრვანი დიდთა მეფეთანი.
ამის მეფობისა ჟამთა შინა გამოვიდა სულტანი არფასარან, მეფე სპარსეთისა, დასხმის გუარად. უგრძნეულად მოვიდა და შემუსრა კანგარი და თრიალეთი. და დღესა ერთსა მარბიელმან მისმან მიუწია ყუელისყურსა, გარდავიდა შავშეთს, კლარჯეთს და ტაოს ვიდრე ფანასკერტამდე. და მასვე დღესა ჩამოუწია თორს და ღვივისხევს, და თვით დადგა თრიალეთს სამ დღე.
რამეთუ მას ჟამსა მომავალ იყო მეფე ტაო თ, და თანა ჰყვანდეს დედა და და და ძე მისი გიორგი; დადგრომილ იყვნეს ხეკრებულთა. და აყრისა მისისა ჟამსა მოუხდა ლაშქარი სულტანისა; მოვიდეს და წარმოადგეს ქედსა ზედა. ხოლო იგინი ჩამოესწრნეს ქართლს. წავიდეს ჯავახეთს და მოადგეს ახალქალაქს, რამეთუ მესხნი აზნაურნი და ზემოსა კერძისანი ძლიერად დგეს ახალქალაქს და ჰბრძოდეს სამ დღე. რამეთუ არა ზღუდითა მტკიცითა განსრულებულ იყო ახალქალაქი, ვერღარა დაუდგმიდეს ბრძოლათა ძლიერთა. აღიჭურნეს მყოფნი ქალაქისანი და განახუნეს კარნი და შეებნეს ძლიერად, მოსრნეს პირითა მახვილისათა. და შევიდეს ქალაქად თურქნი და ტყუე ყვნეს ურიცხუნი სულნი ქრისტიანეთანი, აღიღეს განძი და ტყუე ძლიერი, და შეიღება წყალი ახალქალაქისა სისხლითა.
და მოუვლინა ახალქალაქით მოციქული სულტანმან ბაგრატ მეფესა, აჰკიდა მზახობა და სთხოვა დისწული ცოლად. და მიიქცა სულტანი ანისად, შემუსრა და წაუღო ანისი, მოსრნა და ტყუე ყვნა ურიცხუნი სულნი და წარვიდა ქუეყანად თვისად სპარსეთად. და ანისი წარუღო ბერძენთა და მისცა მანუჩას, ძესა აბულასვარისსა.
ხოლო დისწული ბაგრატისი, რომელსა ითხოვდა სულტანი, იყო ძმისწული სომეხთა მეფისა კვირიკესი. სთხოვა ბაგრატ და არა მოსცა სომეხთა მეფემან. მიგზავნა ბაგრატ მოციქულად დიდძალად ერისთავი ვარაზ-ბაკურ გამრეკელი. იბირნა კაცნი სომეხთა მეფისანიცა და სამშვილდეს შემომავალი სომეხთა მეფე კვირიკე და ძმა მისი სუმბატ შეიპყრეს ქუეშის ჭალასა და აცნობეს ბაგრატს. და წარვიდა ქვახურელთათ მსწრაფლ, და მოგუარნეს პყრობილნი კლდეკართა ქუეშე. სთხოვა სამშვილდე და არა მოსცეს, რამეთუ ერთი ძმა მათი ადარნასე შესრულ იყო სამშვილდეს. ხოლო მიიყვანეს სამშვილდეს და ამართეს ძელი და გასუეს სომეხთა მეფე კვირიკე სამ დღე. ითხოვეს მშვიდობა და მოსცეს სამშვილდე. ხოლო მოსრულ იყვნეს ორნი ერისთავნი სომეხთა მეფისანი: ლუკიის ერისთავი და კაქვაქარისა. აძლევდა და მოსცემდა სამთა ციხეთა სუმბატ, ძმა კვირიკესი: ოფრეთს და კოშკსა და ვარზაქარსა. ხოლო შეეწყალნეს ბაგრატ მეფესა: მისცნა და უთავისუფლნა ყოველნი ციხენი თვინიერ სამშვილდისა; და არცა სხუანი ციხეთა უფალნი, კაცნი დიდებულნი, შემოუშუნა, არამედ სამშვილდე ოდენ იურვა სახლად თვისად, და ეგრეთვე ჰმონებდეს სომეხნი.
ხოლო დიდმან ბაგრატ მეფემან გაათხოვა ასული თვისი მართა და შერთო ბერძენთა მეფესა.
ხოლო შემდგომად ამისა გაათხოვა დისწული თვისი და შერთო სპარსთა მეფესა, სულტანსა. და შემდგომად სამისა წლისა გამოვიდა სულტანი, შემოვლო რანი და უგრძნეულად შევიდა ჰერეთად. და მის ქუეყანისა დიდებულნი იყვნეს მორთულ და ერთგულ ბაგრატისა. და მას ჟა|მსა იყო მცირედითა საქონლითა მეფე კახეთისა აღსართან, ძე გაგიკისი. და ყოველთა დაყარნეს ციხენი მათნი და ივლტოდეს კავკასიად. და იყო ბაგრატ გალაშქრებული აღებად კახეთისა. და ლაშქარი მისი წინა გაგზავნილი იყო ვეჟინის ერისთავსა თანა წირქუალელსა. შემოიქცეს მშვიდობით და უამბეს შემოსლვა სულტანისა და დაყრა ციხეთა. შემოიქცა სწრაფით და მოვიდა ქუეყანად თვისად ქართლად.
ხოლო აღსართან მიერთო სულტანსა, მიუძღუანა ძღუენი დიდი, დაუტევა სჯული, დაიცვითა წინა, აღუთქუა ხარაჯა. და მისცნა ყოველნი ციხენი დაყრილნი სულტანმან მასვე: და რომელნი აფხაზთა მეფისა კაცთა დაეყარნეს, და რომელნი თვით აღსართანისთა[ნი], მისცნა ყოველნი. და შემდგომად სამისა კვირისა წარმოემართა აფხაზთა მეფესა ზედა. და მიერთნეს სომეხთა მეფე კვირიკე და ტფილელი ამირა და აღსართან; შემოჰყვეს ქართლს თანა ჯაჭვითა. გაუშუეს მარბიელი ცისკრად, და სამწუხროდ აღივსო ყოველი ქართლი თუესა დეკემბერსა ათსა, დღესა სამშაბათსა. ხოლო ქრონიკონი იყო ორას ოთხმოცდარვა.
და იყო ქართლს შინა პური და ღვინო ფრიადი. და დაყო ექუსი კვირა, და იწყო ოხრებად და ხოცად კაცისა, და გარდავიდა მარბიელი მისი არგუეთს. მიუწიეს და დაარბივეს ვიდრე სუერის ციხემდე. და მოისრა ურიცხვი სული ქრისტიანეთა და ტყუე იქმნა; და იქმნა საძაგელ ქუეყანა ქართლისა სახილ|ველად კაცთა. მოოხრდეს ყოველნი ეკლესიანი და სიმრავლითა მძორისათა არღარა დაედგმოდეს ქუეყანასა თუალნი. და ცოდვათა ჩუენთა მოსაგებელსა რისხვასა ღმრთისასა ზეცით ცა წამებდა, და სისხლის მწვიმელი ღრუბელი აღმოსავლეთით მოეფინა ქართლსა ზედა. და იქმნა ღამე უკუნი, ვითარცა ნათელი დღისა. და იყო ხილვა მისი საშინელი და შესაძრწუნებელი, და არე-არე სისხლის წვიმა ეხილვა კაცთა. და იქმნა ზამთარი სასტიკი; რომელი გარდაეხუეწა ზამთარსა და მიმართა მთათა, მოსწყდა იგიცა სიფიცხისაგან ზამთრისა. ხოლო ყოველსა ქართლსა შინა დადგა ლაშქარი. და თვით თავადი სულტანი დადგა კარბსა და მერმე ჩამოდგა შერთულთა, და აჭირვა სიძნელემან ზამთრისამან და ბუქთა ძლიერთა.
და მიგზავნა მოციქულად ივანე, ძე ლიპარიტისი, მეფემან ბაგრატ ძიებად მშვიდობისა. ხოლო სულტანმან შეაქცია იგი აფხაზეთად ბაგრატისა, სთხოვა ხარაჯა და უქადა მშვიდობა. ხოლო სიფიცხლისაგან ზამთრისა ვერღარა მოილოდინა და წარვიდა ქართლით. და ჩამავალმან წარუღო ტფილისი და რუსთავი და მისცა ფადლონს, განძისა პატრონსა. არათუ მეფეთა ჩუენთა მტერობისათვის ოდენ გამოსწყვიდა ტფილისი და რუსთავი ამას სამეფოსა, არცა ამისთვის ქმნა, თუმცა იგი ამირანი ორგულად დადგომილ იყვნეს კარსა მისსა ზედა, არამედ კეთილისა და მსახურებისა ნაცვლად ბოროტსა უყოფდიან ყოველსა კაცსა, რამეთუ მინდობილ იყვნეს იგინი ძალსა უღმრთოებისა მათისასა, და იყვნეს იგინი ყოვლით კერძო მცბიერ. და ამის ქართლისა ოხრებასა შინა იყო ლაშქრისა მისისა სიმრავლე ხუთასი ათასი.
და წარვიდა სულტანი ქუეყანად თვისად. და ვითარცა მოიწია არე გაზაფხულისა, შეიქმნა სიმდიდრე წყალთა ძლიერი, და მტკუარი ვერღარა ეტია ნადინებსა თვისსა, მოეფინა ველთა და წარიღო მრავალი სული, რომელი დარჩომოდა სულტანსა.
და ამისა შემდგომად იწყო ფადლონ ამპარტავანებასა და ურჯუებასა, და სიახლესა ტფილისისა სადა სადმე გამოყვანებასა ხელოსანთასა. და ვითარცა იქმნა ზაფხული, გარდამოვიდა მეფე ქართლად და ჩადგა დიდგორთა, რამეთუ საზაფხულო მეფეთა სადგომი არს ადგილი იგი. ხოლო ფადლონ არად შერაცხა დიდგორთა დგომა მეფისა. წარმოემართა ლაშქრითა, ოცდაცამეტი ათასითა კაცითა, მოვიდა ტფილისს და დაიბანაკა ველსა ისნისასა. ხოლო მუნ დაუტევნა კარავნი და აღმოვლო ღამე ყოველ მუხნარისა და არბივნა ქართლისა ნაპირნი.
ხოლო ცნა ტფილისით გაღმართ აფხაზთა მეფემან ქართლისა ვნება, – წარმოსლვა ფადლონისი. გამოგზავნა ხილვად ივანე, ძე ლიპარიტისი, და ნიანია, ძე ქუაბულისი, და მურვან ჯაყელი, ერისთავი ყუელისა, და მათ თანა სხუანიცა აზნაურნი მცირედნი რჩეულითა ლაშქრითა. ხოლო ქართლს ვერღარა ჩამოეწივნეს შექცეულთა, გაუსწრეს მუხნარს წინა, წილკნის გორთა თანა. უკანასა კერძსა შეებნეს და პირველსავე ხრმლისა მოკიდებასა გააქციეს ფადლონ. და მიადგა ფადლონის ლაშქარი გაქცეული ხრამსა ნარეკუავისასა, მიჰხოცდეს და იპყრობდეს აფხაზთა მეფისა ლაშქარნი, და აღმოიგო ხრამი იგი ცხენითა და კაცითა.
და ზედა ლაშქარმან მეოტმან გასლვად იწყო შობოს ტყით. და ყოველთა ტყეთაგან და ძეძუნართაგან, ვითა ჭუისა მართუეთა, გამოჰკრებდეს დამალულსა ლაშქარსა ფადლონისსა ბაგრატის ლაშქარნი. და შემოუსწრეს წინა იწროსა ღართისასა, და მცირედნი ვინმე გაესწრნეს. და სდევნნა ლაშქარმან ბაგრატისმან ვიდრე მთამდე ხერკისა. მოსრეს და ტყუე ყვეს ლაშქარი ფადლონისი. ხოლო ფადლონ თხუთმეტითა ოდენ ცხენოსნითა წარვლო გზა წილკნისა, და მიეხვია პირსა არაგვისასა და გახდა ნარღუევთა გზით ერწოდ და თქუა თავი თვისი მოციქულად, ვითარმედ: „ფადლონის მოციქული ვარ და მახარობლად მივალ აღსართანის თანა; აფხაზთა მეფისა ლაშქარი გავაქციეთ“.
დახუდა კაცი ვინმე მეცნიერი, რომელი იცნობდა ფადლონს, და ჰრქუა: „არა ხარ შენ მოციქული, არამედ ხარ ამირათ-ამირა ფადლონ“.
და ჰრქუა კაცსა მას ფადლონ: „მიიღე ჩემგან ოქრო და ვეცხლი დიდძალი და საკარგავნი მრავალნი, და ნუ შემიწამებ; გარდამიყვანე მინდორად და წამომყევ თანა“.
ჰრქუა მას კაცმან: „ვერ ვიქმ საქმესა მაგას, რამეთუ მკვიდრი ვარ ამის ქუეყანისა. აწ ისმინე ჩემი და მომყევ თანა, და მე მიგიყვანო აღსართანის თანა, და მან გაგგზავნოს ქუეყანასა შენსა“.
ნებსით არა უნდა ესე ფადლონს, არამედ ერწოდ ვერღარა შემძლებელ იყო წარსლვად. წარუძღუა კაცი იგი და მიჰგუარა ჟალეთს ისაკ ტოლოშელის ძესა, აზნაურსა მესხსა. ხოლო რა ცნა ფადლონის კარად მისლვა, გაძარცუა ერი ფადლონისი, გარდაყარნა ცხენსა და დაიჭირნა ხელთა, და გასუა ჯორსა ფადლონ. და არა იხსენა ისაკ მკვიდრობა აფხაზთა მეფისა, რომელმანცა აფხაზთა მეფისაგან გაქცეული ფადლონ შეიპყრა და შეგუარა ბოჭორმას ბაგრატისთვის, არამედ მსწრაფლ წარიყვანა და მიჰგუარა აღსართანს თელავს. ხოლო აღსართან მსწრაფლ წარიყვანა ხორნაბუჯს, რამეთუ აფხაზთა მეფისაგან ეშინოდა უკანა ჩამოდგომისა. მიუპყრეს ხორნაბუჯს ფადლონ, და მისცა ხორნაბუჯი. წარიყვანეს არადეთად და მისცა არადეთი აღსართანსვე.
ხოლო ბაგრატ შეშინდა გაშუებასა ფადლონისსა, მისცა ბოჭორმა და უჯარმო კახთა და წამოიყვანა ფადლონ. გასუეს ძელსა და მიუპყრეს ტფილისსა; და აიღეს ჭირვეულად ტფილისი, რამეთუ მუნ შინა მდგომი კაცი თვით გაამირებასა ლამოდა. და არა დაიჭირა ბაგრატ თავისად ტფილისი, არამედ დმანისს დატევებული სითლარაბი ძებნა, შემოიყვანა ტფილისად და მისცა მას ტფილისი. ხოლო თავისად აღიხუნა ციხენი: რუსთავი, ფარცხისი, აგარანი, გრიგოლწმიდანი, ქავაზინი, და ორმოცდაოთხი ათასი დრაჰკანი, და მძევალნი: ძმისწული მისი, ძე მანუჩასი, და სამთა თავადთა განძისათა.
და მოგზავნა სულტანმან სარანგი ალხაზი და მისითა შუამდგომლობითა და სიტყვითა სულტანისათა დაეზავა ბაგრატ და განუტევა ფადლონ და გაგზავნა სახელმწიფოსა თვისსა განძას. და წარჰყვა სარანგი თანა.
და მოართუნეს გაგით კლიტენი. და აღიღო აფხაზთა მეფემან გაგი. შემდგომად ამისსა ფადლონმან გატეხნა ფიცნი და შუამდგომელობანი დიდისა სულტანისანი და მოიპარა ქავაზინი. და შემდგომად ამისსა მეფე აფხაზეთს იყო, მოვიდა ფადლონ და მოადგა აგარათა; და მისცნა ციხისთავმან აგარანი. და მსწრაფლ აღმოვიდა მეფე, მივიდა და მოადგა აგარათა და წარიხუნა აგარანი.
და გამოიყვანა დორღოლელი, ოვსთა მეფე, ორმოცი ათასითა კაცითა ოვსითა და წარუძღუანა წინა ძე მისი გიორგი კურაპალატი და მოაოხრა განძა და აღიღო ტყუე და, ნატყუენავი ურიცხვი და გაგზავნა თავის სამეფოდ. ამისა შემდგ|ომად აღისურვილა დიდმან ოვსთა მეფემან დორღოლელმან დისიძისა მათისა ბაგრატისა სევასტოსისათვის, და ითხოვა დარბაზობა ბაგრატისგან. ხოლო ბაგრატ ნება სცა და მხიარულად წარმოემართა ოვსთა მეფე ყოვლითა თავადითა ოვსეთისათა, და აღმოვლო გზა აფხაზეთისა და მოვიდა ქუთათისს, და ნახა და მათი დედოფალი, დედა გიორგი კურაპალატისა. რამეთუ გიორგი კურაპალატი გებულ იყო უწინა, და მოიყვანეს ქართლს. და მეფე დგა ტინისხიდის ჭალასა, ნადარბაზევს, და მოეგება წინა დიდითა ზეიმითა და პატივითა.
შეკრბეს ერთგან კეზუთა ზედა. და იყო სიხარული და ხმა ბუკთა და დუმბულთა საშინელი და მიუწდომელი. და დაყვეს ერთგან დღე თორმეტი და განისუენეს ყოვლითა განსუენებითა და სიხარულითა. და მიზეზითა ზამთრისა თა გაისწრაფეს. და მისცა ნიჭი და საბოძვარი მეფესა და ყოველსა დიდებულსა ოვსეთისასა. გაგზავნა და წარვიდეს სიხარულითა.
და შემდგომად ამისსა არონიებდა სულტანი მოციქულთა და უკრებდა ძღუენთა ბაგრატ მეფესა, ამოითა ენითა სთხოვდა ხარაჯასა. ხოლო არა დაიდვა ბაგრატ მეფემან ხარაჯა, არამედ ავლენდა იგიცა მოციქულთა და უკრებდა იგიცა ძღუენსა. და იყო მათ შორის სიტყვით სიყუარული.
და შემდგომად მცირედთა წელიწადთა სამშვილდის ტბათა მდგომსა ბაგრატ მეფესა დაეცა სალმობა მუცლისა, და ჩადგა მარაბდათა. და გაუძნელდა სალმობა და ტახტითა წარმოიყვანეს, და თანა ჰყვა გიორგი კურაპალატი და ყოველნი დიდებულნი მისნი. ხოლო გიორგი კურაპალატი გაგებულ იყო წინა, და მოიყვანეს ქართლს მეფე, და ყოველნი დიდებულნი მისნი მუნ მოვიდეს. და მოვიდა დედა მისი მარიამ დედოფალი და ცოლი მისი ბორენა და ასული მისი მარიამ. და შემდგომად მცირედთა დღეთა მიათუალა ძე მისი გიორგი კურაპალატი მეფედ დიდებულთა ამის სამეფოსათა, და ყოველნი შეჰვედრნა მას და ჰრქუა დედასა თვისსა: „დედაო, მეწყალი შენ, რამეთუ ყოველნი შობილნი შენნი წარგვიქციენ წინა და ეგრეთღა შენ მოჰკუდები“. და შემდგომად ამისსა მიიცვალა თუესა ნოემბერსა ოცდაოთხსა, ქრონიკონსა ორას ოთხმოცდათორმეტსა.
და ამისვე ბაგრატის სიკუდილისა ჟამსა შინა მოიკლა სულტანი კაცისა ვისგანმე ბერისა, თურქისაგან, თავის ლაშქართა ხარგასა შინა. გავლო ჯეონი შვიდასი ათასითა კაცითა, გაილაშქრა თურქთა მეფესა ზედა, სამარკანდისა მოახლესა ციხესა რომელსამე მოადგა; და მოიკლა მის ციხისა პატრონისა თურქისა მიერ. და ვერღარა შეესწრა თურქი იგი ციხესა, და დაჭრეს უწყალოდ მახვილითა. და ვერღარა ცნეს ბაგრატ და სულტანმან ერთმანერთისა სიკუდილი.
შემდგომად ამისსა დაჯდა ძე ბაგრატისი გიორგი კურაპალატი მეფედ.
და არა აფრინდა ყოველსა შინა მამულსა მისსა ერთიცა ქათამი. და დიდითა დიდებითა და პატივითა წარიყვანეს და დამარხეს ჭყონდიდს. ესე მეფე ბაგრატ წელიწდისა ათერთმეტისა მეფე იქმნა და აღესრულა წლისა ორმოცდათექუსმეტისა. ესე ბაგრატ პირველ იყო კურაპალატი და შემდგომად ნოველისიმოსი და მერმე იქმნა სევასტოს. იყო კაცი სახითა უშუენიერესი ყოველთა კაცთასა, სრული სიბრძნითა, ფილოსოფოსი ენითა, სვიანი ბედითა, უმდიდრესი ყოველთა მეფეთა აფხაზეთისათა, მოწყალე შეცოდებულთათვის, უხვი გლახაკთა ზედა. ხოლო ჟამთა მისთა ქუეყანასა დაწყნარება არა ჰქონდა: ეკლესიანი და გლეხნი, აზნაურნი და გლახაკნი ვერ იკითხვებოდეს.
ხოლო გიორგი მეფე იყო მოწყალე და განმკითხველი გლახაკთა, კაცი საშიში და უუხუესი ყოველთა მეფეთა აფხაზეთისათა და პურად უკეთესი ყოველთა კაცთასა, ცხენოსანმშვილდოსანი რჩეული.
და შემდგომად მამისა მისისა დაყო მშვიდობით ზამთარი ერთი და ზაფხულისა ნახევარი. ხოლო შემდგომად თავადთა ამის სამეფოსათა ნიანია ქუაბულისძემან და ივანე ლიპარიტის ძემან და ვარდან სუანთა ერისთავმან რეცა თუ იკლეს რამე სიყრმით გიორგი მეფისათ და აუშალეს ქუეყანა: ივანე მოირთნა კახნი და დადგა ქსნის პირსა; და ნიანია წარუღო ქუთათისისა საჭურჭლე და შედგა ქუთათისს შიგა; და ვარდან გაადგინნა სუანნი, ავისა მოხარკულნი, დაარბიეს და ამოსწყვიდეს საეგრო.
ხოლო გიორგი მეფემან სძლო სიკეთითა, სიბრძნითა და ძვირუსენებელ იქმნა: უბოძა ივანეს სამშვილდე და ძესა ივანესსა ლიპარიტს მისცა ლოწობანნი ნაცვლად რუსთავისა, რომელი მისცა კახთა; და ნიანიას – თმოგვი და სხუანი საქონელნი რჩეულნი; ვარდანს უბოძა ასკალანა და უთაღუბო ჯაყელთა ივანეს სიტყვით უბოძა. და ყოველივე ერთგული და ორგული დაფარა წყალობითა და დაიწყნარა მეფობა თვისი გიორგი მეფემან.
კუალად გადგა ივანე ლიპარიტის ძე, და ცნა გიორგი მეფემან. ქუთათისით გარდამოვიდა სამცხეს, მოირთნა მესხნი, გარდამოიარა და მივიდა სამშვილდის კარსა. მუნ მოიყვანა კახთა მეფე აღსართან. ვერ დადგა ივანე ციხეშიგან, მირიდა მთათა სამხრისათა. და მას ვერწყობილობასა შინა წაიხუნა ლოწობანი ლიპარიტისაგან აღსართან. მოეყარა მეფე სამშვილდესა, გარდადგა ჯავახეთს. და მოიყვანა მეფეთ-მეფემან გიორგი მათ წინაშე, და დაიფიცნეს ეკრანთას, და დაიმტკიცა ივანე კლდეკართა და სამშვილდესა ზედა.
კუალადცა გადგა ივანე, გამოსტყუა გაგი ციხოვანთა გიორგი მეფისათა და მიჰყიდა ფადლონს, განძის პატრონსა. და მოვიდა სულტანი მალიქშა მტერად ყოველთა ქრისტიანეთა. მიაგება ივანე ძე მისი ლიპარიტ წინა, შეაწყნარა სულტანსა და დაყო მის თანა მცირედი ხანი, და გამოეპარა. და მოვიდა სულტანი და მოადგა სამშვილდესა და წარუღო სამშვილდე. და ტყუე იქმნა ივანე თავითა, ცოლითა და შვილისშვილითა და ყოველთა აზნაურთა დედაწულითა. და დაიჭირა სამშვილდე სულტანმან. და მუნ დგომასა მოარბია ქართლი, წაიღო ტყუე და ნატყუენავი ურიცხვი და შეიქცა გარე. და აიღო განძა და დააგდო სარანგი თავადად განძას და ბრძოლად ქუეყანისა ყოვლისა ორმოცდარვა ათასითა კაცითა. შედგა ფადლონ ციხეთა მაგართა და ვერ დაუდგა, გამოიყვანეს და დააპატიმრეს იგიცა.
შემდგომად მცირედისა ხანისა შეკრბა სარანგი ყოვლითა ლაშქრითა მისითა და განძისათა, დვინისა და დმანისისა ამირათა თანადგომითა, და მომართა გიორგი მეფესა. შეიკრბა გიორგი მეფეთმეფე ყოვლითა სპითა მისითა, ზემოთა და ქუემოთა, და მოიყვანა მათ წინაშე აღსართან, კახთა მეფე, და დაჰმართეს ერთმანერთსა. განაძლიერა ღმერთმან გიორგი მეფე; წარძღუანებითა პატიოსნისა ჯუარისათა მიუხდა ზედა ფარცხისს ქუემოთ, და იოტა ბანაკი სარანგისი: გააქცია და ასწყვიდა. იყო ჟამი მწუხრისა, და სიღამემან დაარჩინა ნეშტი სარანგის ლაშქრისა, და შემოიქცა უკლებლად და მშვიდობით მეფეთმეფე გიორგი თავისა სამეფოსა.
და შემდგომად ამისსა მომადლა ღმერთმან მძლავრებისაგან ბერძენთასა წახმულნი ციხენი. წაუხუნა ბერძენთა ანაკოფია, თავადი ციხეთა აფხაზეთისათა, და მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშეთისა, ჯავახეთისა და არტანისა. და შემდგომად ამისსა ესეცა მომადლა ღმერთმან: აღიღო ქალაქი კარისა, ციხე-ქუეყანა და სიმაგრენი ვანანდისა და კარნიფორისანი, და იოტნა თურქნი მის ქუეყანისაგან.