суббота, 23 ноября 2019 г.

ვირშას მონასტერი და ვირშელთა საგვარეულო (გ. სოსიაშვილი)

1392 წლის ქართლ-კახეთ-მესხეთის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში არსებული არაერთი სოფელი იხსენიება. დოკუმენტში ვკითხულობთ: „გორს რაც მცხეთის მამულნი და ვაჭარნი არიან, კუალად სოფელი ზერტი, თვსითა მამულით, ნასოფლარი სათიბი, სოფელი ქვეში, სოფელი დისევი, ფლავი, სოფელი ჩხრიკეთი, სოფელი სათიხარი და ვანათს ცხრა კომლი კაცი, სოფელი ქუაბნი, სოფელი ქორდი და პატარა მეღვრეკისი, ერედს გილაძენი, ვირშას მონასტერი მთავარანგელოზისათვსითა შესავლითა; ქრცხინვალს ელიოზიძე ურია, მამულითა.“1 დოკუმენტში მოხსენიებული სოფლებიდან დღესაც არაერთი არსებობს, ზოგიერთი მათგანი კი უკვე ნასოფლარია.*

* საკათალიკოსო მამულების ნუსხაში მოხსენიებული სოფლების ერთი ნაწილი დღეის მდგომარეობით უკუპირებულია 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად. ასეთია მაგ. პატარა ლიახვის ხეობაში არსებული რამდენიმე სოფელი: დისევი, სათიხარი, ვანათი, ერედვი, ეს უკანასკნელი დოკუმენტში იხსენიება ერედის სახელწოდებით. იხ. გ. სოსიაშვილი, ნარკვევები ლიახვის ხეობის ისტორიიდან, თბ., 2011, 109; შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდერეობა, ტ. I, თბ., 2002, 94.

დოკუმენტში მოხსენიებული ზოგიერთი სოფლის მდებარეობა დაზუსტებას საჭიროებს. საკათალიკოსო მამულების ნუსხაში იხსენიება სოფელი „ქვაბნი“. აღნიშნული სოფელი ჩვენი აზრით მდებარეობდა პატარა ლიახვის ზეობის ზემო წელზე. იგი სავარაუდოდ სოფელ ვანათს ესაზღვრებოდა. ვახუშტი ბატონიშვილი ვანათის აღწერისას წერს: „ვანათის ციხე შემუსვრილი განაახლა შანშემ. შემუსვრეს კუალად ყიზილბაშთა. ციხის უკან, ჩრდილოთ არს კლდე მაღალი, ქარაფოვანი, მჭურეტი ლიახვსა, და მას შინა ქუაბნი გამოკვეთილნი მრავალნი.“2 არ არის გამორიცხული რომ ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილ საკათალიკოსო მამულების ნუსხაში მოხსენიებული „ქუაბნი“ თავდაპირველად ამ გამოქვაბულების გარშემო არსებულ დასახლებასაც ერქვა. ტოპონიმი „ქვაბთა“ რაც, ჩვენი აზრით, „ქუაბნის“ შეცვლილი ფორმა უნდა იყოს, გვხვდება უფრო მოგვიანებითაც. აღნიშნული ტოპონიმი იხსენიება 1894 წელს გაზეთ ივერიაში“ გამოქვეყნებულ ვ. მძინარაშვილის კორესპონდენციაში. წერილიდან ირკვევა, რომ ქვაფთა (ქვაფთის ჭალა) მდებარეობდა მდინარე დიცურის სათავესთან, სოფელ დიციდან ხუთი ვერსის მანძილზე, რაც, ჩვენი აზრით, სწორედ ვანათთან ახლოს უნდა ყოფილიყო.3 საკათალიკოსო მამულების ნუსხაში ყურადღებას იპყრობს დოკუმენტში მოხსენიებული „ვირშას მთავარანგელოზის მონასტერი თვისითა შესავლითა“. აღსანიშნავია, რომ ვირშის მონასტერი თავისი შესავალი მამულებით XV საუკუნის I ნახევრის დოკუმენტშიც გვხვდება.
საქართველოს მეფემ ალექსანდრე I დიდმა ვირშის მთა და მონასტერი თავისი კუთვნილი სოფლებით განახლებულ სვეტიცხოველს უწყალობა. 1431 წლით დათარიღებულ სიგელში ვკითხულობთ: „და ვითარ გუმართებს, და ჩუენგან სათანადო არის, ეგრეთ კუალადვე ვინებეთ შემატება და გაზედავება და შევსწირეთ და მოვახსენეთ ძუელითგან მეფეთაგან შემკობილი და აღშენებული და გადიდებული მთა ვირშისა, მონასტერი და მისნი შესავალნი ბადასშვილნი და ქორდი; და მას აქათ, ანუ მზღვარი ჰქონებიან მისითა მიმდგამითა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქულითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა და ბარითა, მზღურითა, სამხრითა და უხმრითა, საძებრითა და უძებრითა, მისითა სამართლიანითა ყუალათა ერთობ უნაკლულოდ, მოგუიხსენებია თქუენ, დიდისა და ცათა მომბაძავისა მცხეთისა საყდრისათუის და თქუენისა მპყრობელისა ჩუენისა სულისა მოძღურისა და მეოხისა კათალიკოზისა თეოდორესათუის: მოგუიხსენებია ძუელითგან ჩუენითა მომავალთა მეფეთაგან გადიდებული და შემკობილი ვირშა მთა და მონასტერი და მისნი შესავალნი, ქორდი და ბადასშვილნი და მას აქათ რაცა ძუელითგან მთას და ანუ მამულნი, ანუ გლეხნი და ზღვარნი, და პარტახტნი ჰქონებიან, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა და ბარითა, სახმრითა და უხმრითა, საძებრითა და უძებრითა, მისითა მიმდგამითა, სამართლიანითა ყუალათა, ყ(ოვლა)დვე უნაკლულოდ... არას ჟამისა შემოსრულობისა და გამოცვალებისათვის არ მოგეშალოს და ვერვინ იკადროს ამისად სარჩლად და ცილებად, ვითა ჩუენითა მომავალთა მეფეთაგან აღშენებულისა და გადიდებულისა და პატივცემულისა და აწ ჩუენგან ახლად შემოწირულისა და სამკუიდროდ მოხსენებულისა დაცილება არავის მართებს აგრე. და ვინცა დაგეცილოს, პირნი და პასუხისა გამცემნი ჩუენ ვართ. და ვირშისა მთისა და მონასტრისა და მისთა შესავალთა, ვითა არვინ ღირსა, ყოვლისაგან კაცისაგან უაჯო არის. და დაღათუ ვისმე შემოტყუვილითა ანუ მამული ანუ გლეხი და ანუ ზღუარი და ყანა და ვენახი დიდი, გინდა მცირე გამოეაჯოს, იგი ყუალა ამა დაწერილითა გაგუიცუდებია და მტკიცე ესეოდენ არის. ამა ვირშისა სახლისა ულუფა ძუელითგანვე ჩუენთა მეფეთაგან ამოკუეთილი და გაშუებული არის და მას აქეთ, როგორცა სხუანი მცხეთისა მამულნი შეუვალნი არიან, აგრეთვე ესე შეუვალად და თარხნად მოგუიხსენებია და არასთანა სათხოვარი არაოდეს ეთხოებოდეს.“4
ზუსტად ძნელია ვირშას მთის და მონასტრის ლოკალიზება, თუმცა, ჩვენი აზრით, იგი პატარა ლიახვის ხეობაში მდებარეობდა, სოფელ ქორდთან ახლოს, რადგან ვირშის „შესავალნი“ იყვნენ სოფელი ქორდი და ბადასშვილნი, რომლებიც ვირშასთან ერთად სამეფო ხელისუფლებას კათალიკოს თეოდორესთვის გადაუცია. საკათალიკოს მამულების 1392 წელის სითარხნის გუჯარიდან ჩანს, სოფელი ქორდი საკათალიკოსო მამულებში შედიოდა. სავარაუდოა, რომ იგი ცოტა უფრო გვიან სამეფო ხელისუფლებისაგან ვირშის მონასტერს გადაეცა. აღნიშნული მონასტერი, როგორც ჩანს, სამეფო კარისაგან განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო, სწორედ ამაზე მეტყველებს ალექსანდრე I მიერ გაცემულ სიგელში არსებული ჩანაწერი „ძუელითგან მეფეთაგან შემკობილი აღშენებული და გადიდებული მთა ვირშისა, მონასტერი“. სავარაუდოდ ვირშის მთაზე ძველი დროიდანვე სამონასტრო ცხოვრება წარმოებდა და სამეფო ხელისუფლება ვირშის მთას და იქ არსებულ მონასტერს დახმარებას უწევდა. აღნიშნული საბუთის გარდა, ვირშის მონასტერი სხვა დოკუმენტებშიც იხსენიება, მაგ., 1447 წლის ქართლ-კახეთის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯრის მიხედვით ალექსანდრე I ძემ გიორგიმ სხვა მამულებთან ერთად საპატრიარქოს ხელახლა დაუმტკიცა მამულები, ამ მამულებში მოხსენიებულია ვირშის მონასტერი: „ვირშა მისითა შესავლითა“. დოკუმენტში აღნიშნულია: „ესე სულკურთხეულსა მამასა ჩუენსა მეფეთა მეფესა ალექსანდრეს შე[ე]წირნეს თარხნად თავისუფლად და შეუვლად დაემტკიცნეს. აწ ჩუენ ახლად გუჯრითა ამით ვათარხნეთ და ვათავისუფლეთ ყოვლისა სათხოვარისა და გამოსაღებისაგან.“5
ვირშის მონასტერი საკათალიკოსო მამულებში შედიოდა ასევე 1559 წლის მონაცემებით. ქართლის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში ჩამოთვლილია საპატრიარქოს კუთვნილი სოფლები, მათ შორის პატარა ლიახვის ხეობაში: „კულბითს სამი საგლეხო: გეგელიშვილი, ლიპარიტაშვილი და მიქლუტაური, ვირშა მისი შესავლითა...“6 1574 წლის 14 მარტით დათარიღებული წყალობის წიგნის თანახმად, ქართლის კათალიკოსმა ნიკოლოზმა სოფელ ყურისუბნის სანაცვლოდ ვახტანგ ბატონიშვილს რამდენიმე სოფელი გადასცა, მათ შორის ვირშაც. დოკუმენტში ვკითხულობთ: „ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, კითხვითა, მოწმობითა და ბრძანებითა მეფისა პატრონისა სუიმეონისითა და დედოფლისა პატრონისა ნესტანდარეჯანისითა ჩუენ, ქართლის კათალიკოზ-პატრიაქმან ნიკოლაოზ და ყოველთავე მცხეთისშვილთა მოგახსენეთ და მოგეცით თქუენ, პატრონიშვილსა პატრონსა ვახტანგს ყურისუბნის სანაცვლოდ: მონასტერი და სოფელი ვირშა მისითა შესავლითა რარიგადცა სუეტიცხოველს შემოსწირვია... ყელქცეულს ვირშის შეწირულნი მიწანი რარიგადცა აქამდი ჩუენ გუქონებია; ესე მოგუიბარებია და დაგუინებებია ყურისუბნის სანაცვლოდ.“7*
* აღსანიშნავია, რომ ეს დოკუმენტი ოდნავ განსხვავებული სახით აქვს გამოქვეყნებული თ. ჟორდანიას. საბუთს თან ახლავს მკვლევრის მინაწერი: 1574 წ. ნუსხა მცხეთისა # :მ სვიმონ მეფე სწერს: „..მონასტერი და სოფელი ვირშა მისითა შესავლითა რა გვარადაც სვეტიცხოველს შემოსწირვია წასწყალს(?) არჩვაძეები ერისთავს რომ შამოუწირავს მითვე წესითა, ერეთს გ-ლაშქლი (სიც) მისითა მამულითა, ზაკვ მისითა ზღურითა, სათახი... ქორდს... ხომატე, ღუკერისი. ., მეღუკერის ვენახი... ახალდაბას... საგლეხოები, რაც ვარდანს შემოუწირავს, ყელქცეულს ვირშის შეწირულნი... ესე მოგვბარებია და დაგვნებებია ყურის უბანის სანაცვლოდ.. ქ–კ:სიბ:თუესა მარტსა:იდ:“ თ. ჟორდანია, ქრონიკები, ტ. II, 1897, 415. ჩვენი აზრით, ეს დოკუმენტი უნდა წარმოადგენდეს პროფ. ი. დოლიძის მიერ გამოქვეყნებულ ზემოთ დამოწმებული ნიკოლოზ ქართლის კათალიკოსის სიგელის ასლს. იმ სიგელის, რომელიც მან ვახტანგ ბატონიშვილს უბოძა და სვეტიცხოვლის მამულების სანაცვლოდ ყურისუბანი გამოართვა. თ. ჟორდანიამ, ჩვენი აზრით, ამ დოკუმენტის დაზიანებული ასლი ამოიკითხა და სიგელი სიმონ I მიაწერა.
როგორც ამ დოკუმენტიდან ჩანს, ვირშას სახელით არსებობდა როგორც მონასტერი, ისე სოფელი. ხოლო ალექსანდრე I მიერ სვეტიცხოვლისადმი მიცემულ სიგელში იხსენიება „მთა ვირშისა, მონასტერი და მისი შესავალნი ბადასშვილნი და ქორდი“. ჩვენი აზრით, ვირშის მთა, ასევე სოფელი ვირშა და აქ არსებული ვირშის მონასტერი, ერთ ტერიტორიულ ერთეულში მდებარეობდა. ვირშის მონასტერს თვითონაც გააჩნდა თავისი მამულები. მათ შორის, სოფელ ყელქცეულში „შეწირულნი მიწანი“. როგორც აღვნიშნეთ ყელქცეულში არსებული ვირშისათვის შეწირული მამულები ფიქსირდება ი. დოლიძის მიერ გამოქვეყნებულ ნიკოლოზ კათალიკოსის სიგელში, ასევე ამ სიგელის თ. ჟორდანიასეულ ვარიანტშიც.
აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ სვეტიცხოვლის კუთვნილი მამულები, მათ შორის სოფელი ვირშა და ვირშის მონასტერი, საპტრიარქომ სამეფო კარისაგან რამდენიმე წლის შემდეგ ხელახლა გამოითხოვა. კათალიკოსმა დომენტიმ მუხრანთან ახლოს არსებული სოფელი ყურისუბანი ვახტანგ ბატონიშვილს გადასცა და სანაცვლოდ სვეტიცხოვლის მამულები უკან დაიბრუნა. 1595 წლით დათარიღებულ დოკუმენტში ვკითხულობთ: „მას ჟამსა, ოდეს თქუენის ძმის მეფის პატრონის სუიმეონისგან მუხრანს სოფელი ყურისუბანი სამამულოდ და სამკუიდროდ მოგცემოდა. ამას წინათ კურთხეულს კათალიკოზს პატრონს ნიკოლოზს ზემო ქართლს ქორდი და რაცა სხუა მის გარშემო საყდრის მამული იყო, თქუენთვის ყურისუბანზედ გაეცვალა; ამისთვის, ვითა ყურისუბანი საყდარსა უფრო ახლო ახლდა. აწე არცა თქუენ მოგხდომოდა კარგად და არცა სუეტმან ცხოველმა იპრიანა. აწე თქუენივე ყურისუბანი თქუენვე დაგიდევით და საყდრისა მამული საყდარსავე დაანებეთ.“8 თუ დავუკვირდებით ამ დოკუმენტში არსებულ ჩანაწერს: „ზემო ქართლს ქორდი და რაცა სხუა მის გარშემო საყდრის მამული იყო“. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქორდის გარშემო არსებულ საყდრის მამულებში სოფელი ვირშა და ვირშის მონასტერიც იგულისხმება, ჩვენი აზრით, ვირშა ქორდთან ახლოს მდებარეობდა.
ზემოთ წარმოდგენილ 1431 წლის ალექსანდრე I სიგელში კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გვხვდება: „ამა ვირშისა სახლისა ულუფა ძუელითგანვე ჩუენთა მომავალთა მეფეთაგან ამოუკუეთილი და გაშუებულ არის“. რას ნიშნავს „ვირშისა სახლისა ულუფა.“ ხომ არ არსებობდა ვირშელთა სახლი, ვირშელთა საგვარეულო, რომელიც უკავშირდებოდა ვირშის მთას, ან სოფელ ვირშას. რაკი წყაროებში ამ საგვარეულოს შესახებ პირდაპირი ცნობები არ მოიპოვება, ძნელია ვარაუდის გარეშე ვისაუბროთ. საინტერესოა, რომ ქართულ ონომასტიკონში გავრცელებული საკუთარი სახელი იყო ვირშელი. ვირშელი, როგორც საკუთარი სახელი გვხვდება ქსნის საერისთავოში. XIII-XIV საუკუნეში ქსნის ერისთავთა საგვარეულოში რამდენიმე ვირშელია ცნობილი.9
ვირშელი, როგორც საკუთარი სახელი გვხვდება ასევე თირის მონასტრის 1432 წლის სიგელში, სადაც დაფიქსირებულია ვირშელ იალღუზისშვილი.10 ვირშელი გავრცელებული სახელი იყო ჯავახიშვილთა საგვარეულოში, 1504-1516 წ.წ. მცხეთის სიგელში იხსენიებიან ჯავახიშვილთა საგვარეულოს წევრები, მათ შორის: ვირშელი, გამრეკელი, ქვეშელი, ეს სახელები სადაურობის აღმნიშველი სახელებიდან არის ნაწარმოები. ასეთივე ნაწარმოები საკუთარი სახელია მაჩაბელი, რომელიც საკუთარი სახელის ფორმით გვხვდება თირის მონასტრის სამრეკლოს წარწერაში.11 საკუთარი სახელის ვირშელის გავლენით შემდგომში გაჩნდა გვარი – ვირშელიშვილი.12 ჩვენს ხელთ არსებული საბუთებიდან ვირშელაშვილი იხსენიება 1473 წლის სიგელში. ვირშელაშვილები, როგორც ჯავახიშვილთა ყმები მოხსენიებულნი არიან 1527-1558 წ.წ დათარიღებულ ჯავახიშვილთა გაყრის დოკუმენტში, ისინი ამ დროს ხანდაკში ცხოვრობდნენ.13 ვირშელაშვილის გარდა ქართულ დოკუმენტურ წყაროებში გვხვდება ვირშელიშვილის გვარი. ვირშელაშვილებისაგან განსხვავებით ვირშელიშვილების საგვარეულო ქვემო ქართლში, კერძოდ საბარათიანოს სიახლოვეს ცხოვრობდა და ის ფეოდალურ სახლს წარმოადგენდა. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს 1670 წლით დათარიღებული დოკუმენტი: „განჩინება შაჰნავაზ მეფისა ბარათაშვილებისა და ვირშელიშვილების სასისხლო საქმეზე“.
როგორც დოკუმენტიდან ჩანს, ბარათაშვილები და ვირშელიშვილები ერთმანეთს მამულებს ედავებოდნენ. საბოლოოდ ქართლის მეფემ პაპუნა და შანშე ვირშელიშვილების მამულებიდან რამდენიმე სოფელი, მათ შორის: სოფელი აბანო, ასევე სოფელი სენების თოფრაყალა, ნასოფლარი ბაღჩალარი ყაფლან ბარათაშვილს და მის შვილებს გადასცა.“14
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „ვირშელი“ ძველ ფეოდალურ გვარს წარმოადგენდა, საიდანაც წარმოიქმნა საკუთარი სახელი ვირშელი, ხოლო შემდეგ გაჩნდა გვარი ვირშელაშვილი. აღსანიშნავია, რომ ასეთი პრაქტიკა სხვა ქართულ გვარსახელებშიც გვხვდება. მაგ. მაჩაბელი მომდინარეობს აჩაბეთიდან. აღნიშნული გვარიდან გაჩნდა საკუთარი სახელი მაჩაბელი, ხოლო შემდეგ წარმოიქმნა გვარი მაჩაბელაშვილი.15
საფიქრებელია, რომ ვირშელთა გვარი შიდა ქართლში ისეთივე ძველი იყო, როგორც ფხუენელნი, ყანჩაელნი და სხვ. ასეთ საგვარეულოებს იცნობს „მატიანე ქართლისა“, სადაც X საუკუნის ამბების გადმოცემისას აღნიშნულია: „აზნაურნი ქართველნი და მათ თანა კახნი: გოდერძი მგდეური, მამა ყანჩაელი, დაჩი კორინთელი, დაჩი და ივანე სხვილოსელნი, სარა და გრიგოლ ძმანი ფხუენელნი.“16 ჩვენი აზრით ვირშელთა საგვარეულოს მიუთითებდეს ალექსანდრე I მიერ მცხეთისადმი ბოძებულ სიგელში არსებული ჩანაწერი? „ამა ვირშისა სახლისა ულუფა ძუელითგანვე ჩუენთა მეფეთაგან ამოკუეთილი და გაშუებული არის“. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანეში „ძეგლი ერისთავთა“, მოხსენიებული „ვირშელი“, აკად. ექვთიმე თაყაიშვილს ქსნის ერისთავთა ერთ-ერთ განშტოებად მიაჩნდა, ისევე როგორც ლარგველი და ქვენიფნეველი. მისი თვალსაზრისით, ვირშელი ქსნის ერისთავთა მესამე განშტოება იყო, რომელიც ვირშას უკავშირდებოდა, ვირშაში, მეცნიერის აზრით, ციხე-სიმაგრე და მონასტერი არსებობდა, ოღონდ როგორც მიუთითებდა, მისი ადგილმდებარეობა უცნობი იყო.17 ქსნის ერისთავთა წინაპრებს რამდენიმე საგვარეულოს უკავშირებდა პლატონ იოსელიანი. მისი აზრით, ეს საგვარეულოები იყო: ბიბილურები, ბურსელები, ქვენიფნეველები და ვირშელები.18 დ. გვრიტიშვილი არ იზიარებდა არც ე. თაყაიშვილის და არც პ. იოსელიანის მოსაზრებებს და „ძეგლი ერისთავთაში“ მოხსენიებულ ლარგველს და ქვენიფნეველს ქსნის ერისთავთა სხვადასხვა შტოებად კი არა, არამედ ერთი და იგივე პირად მიიჩნევდა.19 ჩვენი აზრით უდავოა, რომ ვირშელთა ფეოდალური სახლი, მერმინდელ ქსნის ერისთავთა კუთვნილ ტერიტორიაზე არსებობდა. რაკი ალექსანდრე I სიგელში ვირშის შესავალნი ქორდი და ბადაშვილნი იყო, როგორც აღვნიშნეთ, სავარაუდოდ, იგი ქორდის სიახლოვეს მდებარეობდა. არ არის გამორიცხული, რომ ტერიტორიაზე, სადაც მოგვიანებით ქსნის საერისთავო ჩამოყალიბდა, პირველობისთვის რამდენიმე ფეოდალური სახლი ერთმანეთს ებრძოდა და ვირშელთა სახლი ამ ბრძოლებს შეეწირა, ისინი სავარაუდოდ ქვენიფნეველებმა დაამარცხეს და პირველობა ჩამოართვეს. ალექსანდრე I კათალიკოს თეოდორეს არამარტო ვირშას მთა და მონასტერი უბოძა არამედ „მისნი შესავალნი ბადასშვილნი და ქორდი“. როგორც აღვნიშნეთ, ქორდი მდებარეობს პატარა ლიახვის ხეობის შუა წელზე.20 ქორდში დღემდე ცხოვრობენ სიგელში მოხსენიებული ბადაშვილები. ბადაშვილთა საგვარეულო ჯინჯიხისძეთა საგვარეულოდან მომდინარეობს და როგორც ერთ-ერთი დოკუმენტიდან ჩანს, ჯინჯიხისძე - ბადაშვილები ვირშის მთავარანგელოზის ტაძრის საგანძურის მცველები ყოფილან. ამას ადასტურებს 1453 წლის მცხეთის სიგელი, სადაც ვკითხულობთ: „...ესე სიგელი მოგახსენეთ თქუენ ვირშის წ-თა მთავარანგელოზთა მიქელ და გაბრიელს, ქართლისა პატრიარქს დავითს და თქუენთა მკუიდრთა მეგანძურთა სახლისა თქუენისა უხუცესთა ჯინჯიხისძეთა ბადასშვილთა გრიგოლს და შენთა შვილთა ბადასა და ბევროზს და შენთა ძმისწულთა შალვას და ივანეს. .. მე უჯარმელმან(ფავნელმან?), ჩემმა შვილმან შალვამ მას ჟამსა, ოდეს გაგიცვალეთ ჰჯიკას ძესა (უჯიკასძისა) ოქროთა ნასყიდსა და მიქაურსა მამულსა ზედა მოგუახსენეთ (მოგახსენეთ) ქუბეშური (ქუბებური) მამული ჩარეხელას შვილითა გერასიმისძისეული მამული... სახლითა, კარითა.. ჭურითა... მოგუიხსენებია ჩუენ უჯარმელსა ფავანელსა... თქუენ ვირშის თავს წ-თა მთავარანგელოზთათუის ესე მამული და გლეხნი... არა მოგეშალოს“.21 აქ ნახსენები „მკუიდრთა მეგანძურთა“, უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ ჯინჯიხისძე-ბადაშვილებს ვირშის მთავარანგელოზის საგანძური ძველი დროიდან ჰქონდათ ჩაბარებული. ბადაშვილები შედარებით გვიანდელ დოკუმენტურ წყაროებში კათალიკოსის ყმები იყვნენ. 1694 წლის დოკუმენტის თანახმად ნიკოლოზ კათალიკოსმა გიორგი გედევანიშვილს ქორდში მცხოვრები ბადაშვილების მამული გადასცა.22 უფრო გვიანდელი პერიოდის დოკუმენტით დასტურდება ადგილის სახელწოდება „ბადაანი.“ ანტონ I კათალიკოსმა გიორგი გედევანიშვილს უბოძა „ჩვენის ეკლესიის ყმების მოურავობა,ბადაანისა და ხოდელისა.“23 ნიკოლოზ კათალიკოზის მიერ სვეტიცხოვლისადმი ბოძებულ სიგელში, რომელიც 1687 წლით არის დათარიღებული, ჩამოთვლილია კათალიკოსის მიერ სვეტიცხოვლისადმი გაწეული ღვაწლი, სადაც აღნიშნულია, რომ „კიდევე ნასოფლარი ბადანი ავაშენე“.24 როგორც ჩანს, ვირშის მონასტერს ეკუთვნოდა „შესავალნი ქორდი და ბადასშვილნი“, ანუ ბადასშვილების მამული (მცირე სოფელი),* სწორედ აქ ცხოვრობდნენ ვირშის მთავარანგელოზის „მეგანძურნი“ ჯინჯიხასძე-ბადასშვილნი, რომლებიც მათი სოფლის განადგურების შემდეგ ქორდში გადმოსახლდნენ. მოგვიანებით ნიკოლოზ კათალიკოსმა „ბადანი“ იგივე ბადაანი ხელახლა მოაშენა და სვეტიცხოველს გადასცა.

* შესაძლოა ბადასშვილებს სწორედ ვირშის მთავარანგელოზის ტაძრის წინაშე არსებული დამსახურების გამო გადაეცათ მამული მონასტერთან ახლოს. საგანძურის მცველები მონასტრიდან შორს ვერ იცხოვრებდნენ.
უფრო გვიან, XVIII საუკუნეში აქ ჩრდილოეთიდან ჩამოსული ოსები დაასახლეს, რომლებიც საეკლესიო ყმები გახდნენ. ანტონ კათალიკოსმა მათი მოურაობა გიორგი გედევანიშვილს უბოძა. სწორედ ამას უნდა ასახავდეს სიტყვები: „ჩვენის ეკლესიის ყმების ოსების მოურაობა ბადაანისა და ხოდელისა“. ზემოთ წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ:
1. ქართლში, კერძოდ, პატარა ლიახვის ხეობაში, სოფელ ქორდის სიახლოვეს ვირშას სახელით არსებობდა: მთა, მონასტერი და სოფელი.
2. 1431 წლის მცხეთისადმი დაწერილ ალექსანდრე I სიგელში მოხსენიებულია „ვირშისა სახლი“, რომლის „ულუფა“ მეფეთაგან „ამოკუეთილი“ და „გაშუებული“, ანუ დაუბეგრავი და ხელშეუხებელი იყო. ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ შიდა ქართლში ადრეფეოდალურ პერიოდში შესაძლებელია არსებობდა აზნაურ ვირშელთა სახლი (როგორც ფხუენელები, ტბელები, კორინთელები, ყანჩაელები), სავარაუდოდ ისინი სოფელ ვირშის მკვიდრნი იყვნენ და აქედან მომდინარეობს მათი გვარი, რომლის ამოვარდნის შემდეგ ვირშელთა მამული სამეფო ხელისუფლებისაგან ეკლესიას გადაეცა. სადაურობის აღმნიშვნელი სახელი - ვირშელი საკუთარ სახელად იქცა. ეს სახელი განსაკუთრებით გავრცელდა ქსნის საერისთავოში. ვირშელთა სახლის მამულები (პატარა ლიახვის შუა წელი) ემიჯნებოდა ერისთავთა მამულს და მოგვიანებით ეს ტერიტორია ქსნის ერისთავთა ფეოდალური სახლის საკუთრება გახდა. საკუთარი სახელი ვირშელი ერისთავთა გვარში გავრცელებულ სახელად იქცა.
3. ვირშას მონასტერი (მთავარანგელოზების-მიქაელის და გაბრიელის სახელობის), სოფელი ვირშა და ვირშას მთა სავარაუდოდ ქორდის სიახლოვეს, მდ. პატარა ლიახვის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობდა, რადგან მონასტრის საგანძურის მცველები ჯინჯიხისძე-ბადაშვილები ჯერ ბადაანში ცხოვრობდნენ, ხოლო შემდეგ ქორდში დამკვიდრდნენ. აღსანიშნავია, რომ ბადაშვილების გვარი დღესაც ცხოვრობს სოფელ ქორდში.
შენიშვნები
1. ქართული სამართლის ძეგლები, ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, ტ. III, თბ., 1970, 177.
2. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბ., 1973, 369.
3. გაზ. ივერია 1894, # 226, 26 ოქტომბერი, გვ. 2; იხ. გ. სოსიაშვილი, დიცის ისტორია, თბ., 2010, 12.
4. ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ. II, XIV-XV საუკუნეები, შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თინათინ ენუქიძემ, ნინო ტარხნიშვილმა და ბაბილინა ლომინაძემ, თბ., 2013, 171-172.
5. ქართული სამართლის ძეგლები, ტ, III, 191.
6. ქართული სამართლის ძეგლები, ტ, III, 265.
7. ქართული სამართლის ძეგლები, ტ, III, 277-278.
8. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III, 348.
9. თ. ჟორდანია, ქრონიკები, ტ. II, 26-27.
10. ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, XIV-XV საუკუნეები, შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თინათინ ენუქიძემ, ნინო თარხნიშვილმა, ბაბილინა ლომინაძემ, ტ. II, თბ., 2013, 180.
11. ნ. ანდღულაძე, თირის მონასტრის ხუროთმოძღვრული ანსამბლი, თბ., 1976, 36.
12. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, ტ. II, 194.
13. ქართული სამართლის ძეგლები, ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, ტ. IV, თბ., 1972, 40.
14. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. IV, 125-126.
15. გ. სოსიაშვილი, სამაჩაბლოს ისტორია, თბ., 2005, 41.
16. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბ., 1955, 268.
17. Такаишвили Э., Археологические экскурсии, розыскания и заметки, вип. V, тб., 1915. стр. 77-80; ე. თაყაიშვილი, ქსნის ხეობის სტატისტიკური აღწერილობა, სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, ტ. 45, 1951, 4.
18. Икортский монастырь в Карталинии, საქართველოს სასულიერო მახარებელი, ნოემბერი, 1865, 69.
19. დ. გვრიტიშვილი, ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955, 56.
20. გ. სოსიაშვილი, პატარა ლიახვის ხეობის ისტორიიდან (სოფელი ქორდი), თბ., 2007, 7.
21. თ. ჟორდანია, ქრონიკები, ტ. II, 272.
22. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III, 603-604.
23. გ. სოსიაშვილი, ნარკვევები შიდა ქართლის ისტორიიდან, თბ., 2011, 78.
24. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III, 592.

იერუსალიმის კოლონიის აღაპები

ჯვარის მონასტრის აღაპები ტიშენდორფისეული ნუსხის მიხედვით
1. ჴორციელისა პარასკევსა მწუხრი პანაშჳდი ძმათაჲ. 
2. ჴორციელისა შაბათსა წირვაჲ და აღაპი ძმათავე. 
3. ჴორციელისა კჳრიაკესა წირვაჲ და აღაპი და პანაშჳდი საუკუნოჲ გ(რი)გ(ო)ლი დრანდელისაჲ. შეუნდვენ ღმერთმან. 
4. ჴორციელსა ორშაბათსა პანაშვიდი ბე[ქა]სი, შეუნდვნეს ღმერთმან.
5. ყველიერისა ორშაბათსა პანაშჳდი ცოტნე ქველივაჲს ძისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
6. ყველიერისა შაბათსა წირვა და აღაპი ბარათას, შეუნდვენ ღმერთმან.
7. სამშაბათსა აღაპი მისისა ძმისა საღირისი, შეუნდვენ ღმერთმან.
8. ყველიერისა ხუთშაბათსა აღაპი მამისა პროხორესი, შეუნდვენ ღმერთმან.
9. ყველიერისა შაბათსა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ და პანაშჳდი საღირ გარეყანის ძისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
10. ყველიერისა კჳრიაკესა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ მოლაჰრეთ უხუცესისა მჴეცის ძისაჲ ბეშქენესი, შეუნდვენ ღმერთმან.
11. თევდორობად აღაპი კახას შვილისა გამრეკლისა, შეუნდვენ ღმერთმან.
12. შაბათსა თეედორობისასა აღაპი დავით მეფისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
13. პირველსა კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა წირვა და აღაპი საუკუნო კოსტანტინ(ე)ს შვილისა ალექსანდრესი, შეუნდვენ ღმერთმან.
14. პირველსა კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა წირვა და აღაპი საუკუნოჲ და პანაშჳდი აფრიდონის ძისა არსლანისი, შეუნდვენ ღმერთმან.
15. მეორესა შაბათსა წმიდათა მარხვათასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ დუდაჲსი ღლტის ძისაჲ ასულისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
16. მეორესა კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ დ(ავი)თ მეფისაჲ, რუსუდანის შვილისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
17. მესამესა შაბათსა წმიდათა მარხვათასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ გ(იორგ)ის შვილისა მარუშიანისა ფალქოზის ძისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან. 
18. მესამესა კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ვარდან გაზნის ძისა და მისისა მეუღლისა თაბაჲსი, შეუნდვენ ღმერთმან. 
19. ამასვე დღესა წირვაჲ და აღაპი ბექას(ა)ჲ. 
20. მეოთხესა შაბათსა წმიდათა მარხვათასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ გ(იორგ)ი ჯავესიანისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან. 
21. მეოთხესა კჳრასა აღაპი ბერისა ძისა [გ(ა)ლინ(ო)ზ(ისა)]. 
22. მეოთხესა კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ და პანაშჳდი ჯავახისა ჭილაჲს ძისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან. 
23. მეხუთესა შაბათსა წმიდათა მარხვათასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ მიქაელ, ჴუედისჯურელისა, შეუნდვენ ღმერთმან. 
24. მეხუთესა კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ივანე ღჳნაჲს ძისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან. 
25. ლაზარობისა შაბათსა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ცოტნესი და ნათელისი, შეუნდვენ ღმერთმან. 
26. მეხუთესა ოთხშაბათსა პანაშჳდი გ[რი]გ[ო]ლის ძმისა მ(ი)ქ(აე)ლი[სი], შეუნდვენ.
27. ბაიაობასა დღესა წირვა და (ა)ღაპი [ერისთავ(თ)].., (ნიკოლო)ზისა, კარსა დალოცვა, შეუნდვნეს ღმერთმან. სადამდისცა ჯუარის სახლი ეგოს ... რა ე... ნ ბრ...) 
28. კჳრიაკესა ბაიაობისასა წირვაჲ და აღაპი საუკუნო მეფეთ-მეფისა გ(იორგ)ისი,  საუკუნომცა არს საჴსენებელი მისი. 
29. კჳრიაკესა ბაიაობისასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ შაჰანშაჲსი, შეუნდვენ ღმერთმან. 
30. დიდსა ხუთშაბათსა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ვარდან დადიანისა და დედისა მისისა აგუტისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
31. ამასვე დღესა აღაპი მარიამისი, შეუნდვენ ღმერთმან.
32. დიდსა აღვსებასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ გ(რი)გ(ო)ლ ფანასკერტელისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
33. აღვსებასა დღესა წირვა და აღაპი საუკუნო მა... შეუნდენეს ღმერთმან.
34. აღვსებისა ორშაბათსა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ საღირ გობოჲს ძისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
35. აღვსებისა სამშაბათსა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ივანე გობოჲს ძისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
36. აღვსებისა ოთხშაბათსა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ საღირ ლაშხ(ა)ჲს შვილისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
37. დიდსა შაბათსა აღაპი სააკისი.
38. და აღდგომასა აღაპი ხალილისი, შეუნდვნეს ღმერთმან.
39. აღვსებისა შაბათსა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ შ(ა)ჰ(ა)ნშ(ა)სი შეუნდვენ ღმერთმან.
40. აღვსებისა ხუთშაბათსა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ფსიტაჲსაჲ და მეუღლისა მისისა ნათელისი, შეუნდვენ ღმერთმან.
41. აღვსებისა პარასკევსა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ყუნდოს ჭახუბის ძისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
42. ახალ კჳრიაკისა შაბათსა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ და პანაშჳდი ლიპარიტ ქვეშელისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
43. ახალ კჳრიაკესა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ხუაშაჲსი ჭიაურთაჲსაჲ, შეუნდვენ ღმერთმა[ნ].
44. მეორესა ორშაბათსა ზატიკთასა პანაშჳდი თოვლაჲსი, გ(იორგ)ი ფალქოზის ძისა მეუღლისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
45. [მეორესა] სამშაბათსა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ქობულისძისა აღბუღაჲსი და მისის მეუღლისა თამარისი, შეუნდვენ ღმერთმან. 
46. მეორესა ხუთშაბათსა ზატიკთასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ნათელ ქუა\ბულის ძისა ასულისაჲ. 
47. მეორესა შაბათსა ზატიკთასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ცოტნე აფაქის ძისაჲ ჩხაგუს შვილისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან. 
48. მენელსაცხებლეთა კჳრიაკესა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ იობ ბეთლემაჲსა ბიძაჲსჲ, შეუნდვენ ღმერთმან. მწუხრი პანაშჳდი იოსებ ხაფლაჲსი, შეუნდვენ ღმერთმან. 
49. მეოთხესა ორშაბათსა ზატიკთასა პანაშჳდი შალვა ქუაბულის ძისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან. 
50. სამშაბათსა მენელსაცხებლეთა პანაშჳდი ლაშხის შვილთა მიქაელისი და გ(იორგ)ისი,  შეუნდვენ ღმერთმან. 
51. შუა ზატიკსა აღაპი შანშას ასულისა, მამას-დედას შეუნდვენ. 
52. მეოთხესა პარასკევსა ზატიკთასა პანაშჳდი ნიორაჲს ძისა მარუშიანისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან. 
53. მეოთხესა შაბათსა ზატიკისასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ხაჟიკ ყოფილისა ზოსიმესი, შეუნდვენ ღმერთმან. 
54. მეოთხესა კჳრიაკესა შობითგან ბრმისა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ნოით ფალქოზის ძისა გ(იორგ)ისი, შეუნდვენ ღმერთმან.
55. ახალ კჳრიაკესა ორშაბათსა ..., გაუჩინეთ საუკუნო აღაპი ... შვილსა პიპა[ს], შეუნდვენ ღმერთმან.
56. ამაღლებად წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ სპასალარისა ყუარყ[უ]არასაი და მწუხრი პანაშჳდი მისივე, შეუნდვენ ღმერთმან.
57. ქრისტეს შობისა მეორესა დღესა აღაპი ზედგინიძისა ჯანიბე[გისა].
58. გაუჩინეთ ჩ(უე)ნ ჯ(უა)რის მამამან ნიკიფორემ, ეპისკოპოზმან თეოდოსიმ და სრულობით  ძმათა ბატონს გურიელს პატას და თანამეცხედრესა მათს.
59. მეხუთესა პარასკევსა ზატიკთ(ა)სა პანაშჳდი ტაიბუღა აფაქის ძისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
60. მეხუთესა შაბათსა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ კუჭეჭის ძისაჲ ქველისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
61. სამარიტელისა კჳრიაკესა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ მახუჯაგიანისა ივანესი და მწუხრი პანაშჳდი მისივე, შეუნდვენ ღმერთმან.
62. სამშაბათსა წირვაჲ და აღაპი საუკუნო გრიგ(ო)ლ ფ(ა)ნ(ა)სკ(ე)რტ(ე)ლ(ი)სა.
63. სამარიტელისა ოთხშაბათსა წირვაჲ და აღაპი საუკუნო ერისთვისა შ(ა)ლვ(ა)ს ქენიფნვ(ე)ლსა, შვილსა პიპასი და მისისა მეუღლ[ი]სა თამარისი, შეუნდვენ ღმერთმან, და ვი[ნ]ცა შეცვალოს, კრულმცა.
64. ამაღლებასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ თამარ მამლაქნის ძისა ასულისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
65. პარასკევსა შემდგომად ამაღლებისა პანაშჳდი გობოჲს ძეთა მიცვალებულთაჲ: ზჳადისაჲ, ივანესი, კუეჭესი, ბეშქენისი და სარგისისი, შეუნდვენ ღმერთმან.
66. შაბათსა შემდგომად ამაღლებისა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ბასილი ბუეღუეს ძისა, შეუნდვენ ღმერთმან.
67. ე კჳრიაკესა შემდგომად ამაღლებისა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ საბა აბაზას ძისაა, შ(ეუნდვე)ნ [ღმერთმან].
68. სულისა წმიდისა მოსლვისა წინა შაბათსა აღაპი პანაჰშჳდითა ორისა ხუცისა წირვითა საღირ ყოფილისა საბა მიმც(ა)ჲს ძისა.
69. სულისა წმიდისა მოს[ლ]ვისა კჳრიაკესა წირვაჲ და აღაპი ღ(მრ)თივ გჳრგჳნოსნისა მეფეთ მეფისა დიდისა გ(იორგ)ის დედისა [და] მე[უ]ღლი[სა] მისსა მესაჲ(?), შეუნდვენ ღმერთმან.
70.  ... წირვაჲ და აღაპი საუკონოჲ გ(რი)გ(ო)ლ [ფა]ნაკერ[ტელისა].
71. ორშაბათსა სულისა წმიდისა მოსლვისასა წირვაჲ და აღაპი შოთაჲსა მეჭურჭლეთ უხუცესისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
72. სულისა წმიდისა სამშაბათსა აღაპი საუკუნო ერისთავთ ერისთავისა ღობიარისა გამრეკელისა, შეუნდვენ ღმერთმან. და წირვა მასვე დღეს საუკუნო გამრეკლისავე.
73. ხუთშაბათსა სულისა წმიდისა მოსლვისასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ჩარგაზ აფაქის ძისაჲ და ბედანისა ასულისა ნათელისი, შეუნდვენ ღმერთმან.
74. ყოველთა წმიდათა კჳრიაკესა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ აბულეთის ძისა, [ძაგანისი].
75. თქუენ მაწყუჱრელმან მთავარებისკოპოსმან და ჯუარისა მამამან პიმენ, თქუენითა საფასითა ვენაჴი იყიდეთ ცხ̃რშაულისა ბოლოსა და შემოსწირე ჯუარისა პატიოსნისა მონასტერსა თქუენთაჲ დედა-მამათა, თქუენთაჲ ძმათა და თქუენისა სულისა სამლოცველოდ, და ჩუენ გავიჩინეთ ჯუარისა მამამან იოანე მოძღუარმან და კანდელაკმან და აღდგომელ(ა)მან და სრულად საღ(მ)თომან კრებულმან ძმათა და დათა: სახარებასა და სჳნაქსარსა ზედა დალოცვა. თქუენნი დედა-მამანი და თქუენნი ძმანი და თქუენ ილოცვებოდეთ სახარებასა და სჳნაქსარსა ზედა, შ(ეუნდვნე)ს ღმერთმან და შეგინდნეს ღმერთმან. ამისნი გამათავებელნი ღმერთმან აკურთხნეს. 
76. სულსა მეფეთ მეფესა ალექსანდრეს შეუნდვენ ღმერთმან. 
77. სულსა ზედგინიძე ჯანიბეგისა, შეუნდვენ ღმერთმან. 
78. სულსა ზედგინიძესა ავთანდილს შეუნდვენ ღმერთმან. და მისსა მეუღლესა გ(უ)ლშარს შეუნდვენ ღმერთმან. 
79. ზედგინიძეს მამისასა შეუნდვენ ღმერთმან. 
80. მისსა ძესა ზედგინიძესა თაყასა შეუნდვენ ღმერთმან. 
81. სულსა ალექსა[ნდრეს] მეუღლესა დედოფლისა თ(ა)მ(ა)რს შეუნდვენ ღმერთმან. 
82. ბედიელსა მელიქზედეგს შეუნდვენ ღმერთმან. 
83. ამირეჯიბისა მეუღლესა რუსასა შეუნდვენ ღმერთმან. 
84. გაუჩინეთ ჩუენ ჯუარის მამამან ნიკიფორემ, ეპისკოპოსმან თეოდორემ და სრულობით ძმათ ბატონს გურიელს პატას და თანამეცხედრესა მათსა ბატონს მარიამს ქორთო[ძ]ის ასულსა აღაპი, დიდს ხუთშაბათს გარდაიჴდიდენ. ასი მარჩილი მოგუცა. და ვინც დააკლოს და არ გადაიხადოს, რისხავმსცა მამა, მე და სული წმიდაჲ და ყოველნი წმიდანი ღ(მრთ)ის(ა)ნი. ა{მი}ნ. 
85. გავაჩინეთ ამილახორისა იმარინდოსთ(ჳ)ს მესმასა ზედა საუკუნოდ დალოცვა, და წმიდასა ბ(ა)სილის დღესასწაულსა მწუხრსა აღაპი მისთ(ჳ)სვე. და მეორესა დღესა მისისა მეუღლისა თამარისთ(ჳ)ს წირვა და აღაპი საუკუნო, და გესამანიას ერთი კანდელი ენთებოდეს ამილახორისათჳსვე. და წმიდისა ბასილის მონასტერი მოვაჴსენეთ მას და მისთა ნათესავთა. 
86. გაუჩინეთ ჩუენ, ჯუარისა მამამან და ერთსულობით საღ(მრთ)ომან კრებულმან, ჭილასძესა ბედანის და მისსა მეუღლესა კანდაკეს ორი საუკუნო აღაპი აღდგომისა პარასკევსა და აღდგომისა შაბათსა. ორნიცა მონაზონნი იყვნენ ჯუარისა სასლსა შინა, ვერავინ დააკლოს. 
87. ქრისტეს შობისა წინა კჳრიაკესა მამათმთავართა დღესასწაულსა გაუჩინეთ საუკუნო აღაპი ყალანდარსა. 
88. სულსა ჯუარისა კანდელაკსა ნიკოდიმეს და მისთა დედა-მამათა შეუნდვნეს ღმერთმან. 
89. გაუჩინეთ ჩუენ, ჯუარის მამამან და არჰიმადრიტმან ნიკიფორემ და ეპისკოპოზმან თეოდოსემ და მღრდელ-მონაზონმან მარკოზ და სულობით ძმათა კრებულთა, კურთხეულსა გურიელსა ვახტანგს აღაპი ბზობისა დღესა, და ვინცა მოშალოს, რისხავმსცა ღმერთი და ყოველნი მისნი წმიდანი. 
90. სახელითა ღ(მრთის)ა მამისა, ძისა და სულისა წმიდისათა, შეწევნითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისა და შეწევნითა ყოვლად წმიდისა ღ(მრთ)ის მშობელისათა და ყოველთა  წმიდათა ღ(მრთ)ისათა ჩუენ, ჯუარელთა ძმათა და დაჲთა და სრულიად საღ(მრ)თ(ო)მან კრებულმან, დავდევით ესე წიგნი პატრონსა ათაბაგსა მზეჭაბუკს კურთხეულისა მათის ძმისა ქაიხოსროს სულისა სამლოცველოდ. დიადი საქონელი გამოეგზავნა მათისა გაზრდილისა ამბროსეს ჴელითა. და მთაჲწმიდას და სრულად საბერძნეთშიგან მრავალი გაეცა, აგრევე ამა საუფლოთა და წმიდათა ადგილთა მოიღო: ას ფლურად ერთი დიდი ყანა იყიდა. გ კჳრიაკესა მარხვათასა აღაპი გაუჩინეთ, მწუხრს -- პანაშჳდითა, წირვითა და ტრაპეზის დაგებითა ყოველთა წელიწადთა დაუკლებლად. ვინ არა გარდაიჴადოს და დააკლოს, ღმერთმან იგი დააკლოს სასუფეველსა. აგრევე ასი ფლური ნაღდი მოგუცა, ხაზნაშიგან ჩავდევით. მისთვის ერთი კანდელი დავკიდეთ, სამარადისოდ ენთებოდეს და ზეთი ამა ჯუარის მონასტრისაგან მიეცემოდეს, ვიდრე ესე მონასტერი იყოს, არა მოიშალოს. აგრევე ერთი ვერცხლის ბარძიმი შემოსწირეს საპატიო და თეფში ვერცხლისავე. 
ლ ფლური სხუაჲ ჩასაწერლად და შენდობაჲ ითქმოდეს დაუკლებლად. პატრონსა ქაიხოსროს შეუნდვნეს ღმერთმან, ძმათა და დაჲთაჲცა მრავალი მოგუცს ცალკე, შ(ეუნდვე)ნ ღმერთმან. აგრეთვე ესე ყულაი მისის ყმის ამბროსეს ჴელითა ისაქმა და მოგჳვიდა და ერთი თასი შემოსწირა ჯუარს პატიოსანსა, და კოსრომელი ჰკრა და ერთი ჴარი იყიდა სამეჴრეოსა საპატიო და ამა ყულ(ა)ჲსათჳს მატიანეშიგან ჩავწერეთ და მოსაჴსენებელშიგან ამბროსეს და მისთ  შეუნდვეს ღმერთმან, თხუთმეტი ფლური შესავლად მოგუცა. 
91. ჩუენ, ჯუარისა მამამან და სრულად მონასტერმან, გაუჩინეთ გაბელის ძესა ამირეჯიბსა რამინს ყოველთა მოციქულთა მარხვათა შიგან პანაშჳდი წესითა, რომე რასთენჯერცა თავსა ეკლესიასა შინა იწირვოდეს, ტრაპეზისაგან სამონასტრო პური და ღჳნო შემოიღებოდეს საყდარსა წირვაზედა და ამირეჯიბისა რამინისთჳს შენდობასა იტყოდენ ყოველნივე. ესე საუკუნოდ გაუჩინეთ, ამისნი გამთავებელნი ღმერთმან აკურთსნეს, ას და ხუთი ძუელი ფლური გამოეგზავნა. 
92. გაუჩინეთ ჩუენ, ჯუარის მამამან ნეოფიტემ, გ(იორგ)ი ლიპარიტელსა და თანამეცხედრესა მის{}სა ნესტან დარეჯანს ჭილაძის ასულსა საუკუნოდ აღაპი წმიდისა გიორგისა დღესასწაულსა, და ვინცა შესცვალოს რისხავსმცა ღმერთი და ყოველნი მისნი წ(მიდა)ნი. სანწკუ  შემოსწირა და მისად სამუქფოდ გაუჩინეთ წირვა და აღაპი, [ქ{რონი}]კ{ონ}სა ტჱ. 
93. სახელითა ღ(მრთისა)ჲთა და მინდობითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა ჩუენ, ჯუარისა მამამან ი(ოან)ე და კრებულმან, ერთსულობით გაგიჩი[ნეთ] უმეტესსა ზედა კურთხეულარსსა, სახარებასა და სამოციქულოსა ზედა დალოცვაჲ იქ(უე)ნ, ზედგინიძეს ავთანდილსა და თქ(უე)ნსა მეუღლესა გულშარს. ამისთჳს მომ{ი}ხდა სრული ფასი და ვენაჴი ანჯაუთს ასოთხმოცდა სამი ფლური ნასყიდ და არა მოგეშალოს, სადამდინ ესმ მონა(ს)ტერი ეგოს. თუ ორნიცა მონაზონი იყოს, ამა ჯ(უარ)ისა მადლმან. 
94. გაუჩინეთ ჩ(უე)ნ, ჯუარისა მამამან ნიქოზელმან დანიელ და კანდელაკმან და ერთსულობით ძმათა, გოხასძესაჲ ელემპიასაჲ დიდათა მარხუაშ(ინ)აჲ შაბათ-კუირიაკითა პანაშუიდი  სხუ(ა)თა მეპანაშუიდეთა თ(ან)ა, შ(ეუნდვნე)ს ღმერთმან, ა[მი]ნ. 
95. ყველიერისა სამშაფათსა წირვა და აღაპი საუკუნო დადიანისა ლიპარიტისაი, შეუნდვენ ღმერთმან. 
96. აღდგომისა სამშაფათსა აღაპი დადიან-გურიელისა ლომასი, შეუნდვენ ღმერთმან. 
97. ახალ კუირიაკისა სამშაფაჲთსა აღაპი ვაცას ძისა შოთასი, შეუნდვენ ღმერთმან. 
98. მენელსაცხებლეთა კირიაკესა მათისა დედისა ელენესი, შეუნდვენ. 
99. ...მახას ძესა არდაშ[ირს]-ყოფილსა ათანასე[ს] ... ას დღესა პანაშჳდი ნიკოლოზ-წმიდას გარდაიხადეს, რაოდენცა ძმანი იყვნენ, შენდობასა ...ნებდით. ათანასეს შ(ეუნდვე)ნ ღმერთმან. 
100. სახელითა ღ{მრთ}ისაჲთა მას ჟამსა ოდეს სულ[თ]...
101. დასა ჩ(უე)ნსა გესამანიელსა სალოცავი გაუჩინეთ გესამანელსა ნათ(ე)ლს. დაჭირებასა შიგან მოგუაჴმარა შუჲდასი თეთრი. ამა შუჲდასსა თეთრსა შიგან ასი თეთრი ჯორისა საფასოსა შიგან მოგუცა სამასი სამწიროსა და სამასი ჩ(უე)ნ მოგუაჴმარა, და ს(ა)ლ(ო)ც(ა)ვი გაუჩინეთ ყოველსა დღესა ნთ..სა ...იჴსენოს, (ვი)ნცა აჴსენოს, შ(ეუნდვე)ნ ღმერთმან. 
102. უძღებისა კჳრიაკესა ძმისა ჩ(უე)ნისა სოლ(ო)მ(ო)ნი ვ(ა)ჩიძორელისათჳს გარდაიჴდებოდეს, სამხრად ევ(ა)გრესი და მწუხრი პანაშჳდი ს(ა)ნთლითა მისითა, განგებითა საუკუნოდ, ვინცა შეუცვალოს, მისნიმცა ცოდვანი უზღვ(ე)ნ. ს(ო)ლომ(ო)ნს და მისთა მშობელთა ღმერთმან შ(ეუნდვე)ნ, ა{მი}ნ. 
102. მეორედ შეიკაზმა წმიდაჲ ესე და სულთა განმანათლებელი სჳნაქსარი ჴელითა ყოველთა კაცთა უცოდვილესისა გრიგოლისითა, მიეცინ სასყიდელი შრომისაჲ უფალმან და შეუნდვნეს ღმერთმან, ა{მი}ნ.
ჯვრის მონასტრის აღაპები
1. [თუესა სეკდენბერსა ვ] გაუჩინეთ ჩუენ, ჯუარის მამამან [ნი]კიფორემ, ეპისკოპოსმან თეოდოსემ და სრულად კრებულთა, მეფეთ მეფესა ალექსანდრეს და დედოფალთა დედოფალს ნესტან-დარეჯანს აღაპი და მოსახსენებელი. და ვინცა მოშალოს, იგიმცა მოიშლების.
2. [თუესა სეკდენბერსა ვ და ზ] ქ{რისტე}. ამასვე დღესა პანაშჳდი მიქაელ ქუთათელ[ი]სა საუკუნოჲ, გარდაიჴდებოდეს დ[ა]უკლებ[ე]ლად, და ვინცა დააკლოს, ღმერთმა[ნ] ჰკითხოს.
3. [თუესა სეკდენბერსა ზ] ამასვე დღე[სა] აღ[ა]პი მიქაელ [ა]ფხაზისაჲ.
4. [თუესა სეკდენბერსა ჱ] ამასვე დღესა აღაპი და პანაშჳდი ობედ ებნი სურურ ებნუ სალამ და გაუჩინეთ პანაშჳდი და წირვაჲ. შემოგუწირა რამლას მისი სახლი მეტოქედ სამლოცველად მისთა მშობელთათჳს და მისისა მეღლისათჳს. ღმერთმან ჰკითხოს, ვინცა შეცვალოს.
5. [თუესა სეკდენბერსა ჱ] მე უღირსი მამა ციდაშვილი სიმონა ვარ ამისი მოწმე. და ჩემსა მამობას შიგან იქმნა ამისი ძმობა და ამისთა აღმასრულებელთა [ღმერ]თმან მომადლოს [კუ]რთხევაჲ საუკუნოჲ და ჩუენ გაუჩინეთ საძმო სახლი ოცილობელი და ჰქონდეს ყოველსა ...
6. [თუესა სეკდენბერსა ჱ] მე ზოსიმე მოძღუარი მოწამე ვარ მამისა და ძმათა ბრძანებისა.
7. [თუესა სეკდენბერსა ჱ] სეკდენბერსა ჱ. აღაპი და წირვაჲ მანდატურთ უხუცესისა ბექასათჳს, რაო[დენ]ცა ხუცესი იყოს, ჟამი უწირონ.
8. [თუესა სეკდენბერსა ჱ] სეკდენბერსა ჱ. წირვა და აღაპი საუკუნო მეფისა დისა ულუმპიასი, შეუნდვნეს ღმერთმან.
9. [თუესა სეკდენბერსა ჱ] ამასვე დღესა წირვაჲ და აღაპი დავით მეფისა, შეუნდვნეს ღმერთმან.
10. [თუესა სეკდენბერსა ჱ] ამასვე დღესა აღაპი საუკუნოი პანაშჳდითა და, რავდენიცა ხუცესი იყოს, წირვითა და ყოველთა სიწ[მიდი]სა გარდმოს[ვე]ნებათა იოვანე და კახაბერ ... ჩამოლოცვითა. შემოსწირა მონასტერსა ორი ათასისა დრამა დიდსა დაჭ[ირება]სა შინა მონ[ასტრი]სასა ... რაჲსა ...სა მოღებ[ითა], [ვინცა] შეცვალოს, კანონსა ქუეშ[ე] იყოს და კ... შ^სა ს...
11. [თუესა სეკდენბერსა თ] ქ{რისტე}. სალამ ებნი ფარა, დარი შემოგუწირა რამლას და ჩუენ გაუჩინეთ სეკდემბერსა თ აღაპი და შეუნდვენ ღმერთმან.
12. [თუესა სეკდენბერსა თ] სეკდენბერსა თ. აღაპი და პანაშჳდი დიოფალთა დიოფალისა თამარ-ყოფილისა თომაიდასი. მისი წყალობაჲ დიდი მოვიდა, და ვინცა შეცვალოს და არ გარდაიჴადოს, კრულმცა არს ღმრთისა მადლითა, და გამათავებელნი ღმერთმან აკურთხნეს, ა{მი}ნ.
13. [თუესა სეკდენბერსა თ] ამასვე დღესა აღაპი მიქაელ ბედიელისა და წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ მიქაელ გონგლიბაჲს ძისა ბედიელისაჲ პანაშჳდითა, შეუნდვენ ღმერთმან.
14. [თუესა სეკდენბერსა ია ] ამასვე დღეს პანაშჳდი აბუსერისძისა სიდედრისა ბორენასა, შეუნდვენ ღმერთმან.
15. [თუესა სეკდენბერსა იგ ] ამას დღესა ენკენიასა გავაჩინეთ აღაპი გრიგოლ მშჳდაისათჳს და მიცვალებულთა მისთათჳს. ერთ[ი] ხუცესი ეწირვებ[ო]დის და კარგი აღაპი გარდაიჴდებოდი[ს]. და ვინცა ესე ერთ[ობ] კრებ[უ]ლისა ნებსით დაწერილი და განწესებული აქცი[ოს] და შეცვალოს, შე-მცა-ც{}ვლილ არს სჯულისაგან ქრისტეანეთაჲსა, და ჰრისხავსმცა მამ[ა], ძე და სული წმიდაჲ და პატიოსანი ჯუარი, რომელსა [ზ]ედა ჯუარს ეცუა უფალი ჩუენი, და ვინცა შეც[ვალოს, ცამვთამცა? გ...ვს წინაშე ღმრთისა].
16. [თუესა სეკდენბერსა იგ ] თუჱსა სეკდენბერსა იგ. აღაპი გაუჩინეთ ჩუენ, მამამან ჯუარისამან ნიკიფორემ და ეპისკოპოზმან თეოდოსემ და ერთობილთა ძმათა, სეხნა მიქაძესა. მოგუცა ასი მარჩილი, და ვინცა არ გარ[დაიჴა]დოს და [დაა]კლოს, რისხავსმცა მამა, ძე და [სული წმიდაჲ, ა{მი}ნ].
17. [თუესა სეკდენბერსა იდ ] ჯუარის ამაღლებასა დღესა წირვა და აღაპი საუკუნო მეფეთ მეფისა გიორგისი, შეუნდვნეს ღმერთმან. თუ ორნიცა მოლაზ[ო]ნნი იყჳნენ, არ დ[ა]კლდეს. [ა]რქიმანდრიტმან მამამან ოსებ და მოძღუარმ[ან] და სრულად კრებულმან გაუჩინეთ.
18. [თუესა სეკდენბერსა იდ ] ამასვე დღესა აღაპი ივანე ქველ ივაჲსძისა შვილისა ბასილისაჲ. ავიღეთ ათას შჳდასი დრამაჲ მისისა ძმისა ტუღრნისა ჴელითა და სპარსთაგან დაჭირულნი ლეღუნარნი ამა ოქროროჲთა ! დავ[ი]ჴსენით. ვიდრემდისცა ესე მონასტერი წესსა ზედა ეგოს და შეუცვალოს შე-მცა-ცვალებულა სჯულისაგან ქრისტიანეთაჲსა.
19. [თუესა სეკდენბერსა იდ ] ამანვე დღესა აღაპი და პანაშჳდი ბაგრატ მეფისა, შეუნდვენ ღმერთმან.
20. [თუესა სეკდენბერსა იდ ] მოვიდა ნაუასძე ზოსიმე კუმურდოელი, მოიტანა საქონელი მისიცა და პატრონის მისისაცა ქეთაონ-ყოფილისაჲ ქრისტინესი და გულქანისი. მას ჟამსა ფრანგთა გოლგოთაჲ წაგუართუჱს და მან დაიჴსნა, ოთხასი ფლური გამოიღო, დიდი საქმე ქნა, და ერთი კანდელი გოლგოთას და ერთი ჯუარს დაუკიდეთ სამუდამო. ვინ მოშალოს, ღმერთმან მისი სული მოშალოს სასუფეველისაგან. პატრონსა ქრისტინეს შეუნდვნეს ღმერთმან. მისთჲ შვილთჲ იოთამს და გულქანს შეუნდვნეს ღმერთმან. ზოსიმე კუმურდოელსჲ და მისთა მიცვალებულთა ყოველთჲვე შეუნდვნეს ღმერთმან. მისსჲ ხუცესსა იოსებს შეუნდვნეს ღმერთმან.
21. [თუესა სეკდენბერსა იე] მე მამა იოსებ და სრულა კრებულმან გაუჩინეთ. მოვიდა კანდელაკის [ჴე]ლითა ას ოცი ფული აფაქის ძისა ჯავახ[ი]სა და მისის მე[უ]ღლ[ის] ბო[რე]ნი[ს]ა, გაუჩინეთ მე[სმასა] ზედა, [დიდ] დაჭირ[ე]ბისა ჟა[მ]სა მოგუ[ე]ხმარა, დი[დ]უღობასა ?. ვინცა და რამან[ცა კ]აცმან, [რ]ა ერთიცა მოლაზონი იპოებოდეს ჯუარისა სახლსა შიგან, რამანცა ესე სალოცავი დააკლოს, რჯულისამცა ქრისტიანობისა შეიცვალების, მათთმცა გაიკითხვის.
22. [თუესა სეკდენბერსა ივ] ამასვე დღესა წირვა და აღაპი საუკუნოჲ ივლიაჲს შვილისა მიქაელისა, შეუნდვენ ღმერთმან. ვინცა შეუცვალოს, კანონსამცა ქუჱშე არს.
23. [თუესა სეკდენბერსა ით] ჯუარის პატიოსნისა ტრაპეზისა მეორედ სრულობით აღმაშენებელსა და იოვანე მახა\რებლისა საყდრისა მეორედ აღმაშენებელსა, ამაღლებელსა კუმურდოველსა სერაპიონს შეუნდვნეს ღმერთმან.
24. [თუესა სეკდენბერსა კ] ამასვე დღესა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ბექასა შვილისა შალვაჲსი, შეუნდვენ ღმერთმან.
25. [თუესა სეკდენბერსა კვ] ამასვე დღესა წირვაჲ და ა[ღ]აპი და [პა]ნაშჳდი საუკუნოჲ ამაშუკელისა ვაჩეს მეუღლისაჲ ვანენისი. შეუნდვენ ღმერთმან.
26. [თუესა სეკდენბერსა კდ] გაუჩინეთ ჩუენ, ჯუარის მამამან ნიკიფორემ და სრულობით ერთობილთ ძმათა, აღაპი {ს}ულკურთხეულსა ზალლ ღოღაბერიძეს, და ვინც დაკლოს, ღმერთმან იგი დაკლოს წყალობისა ღმთისაგან და რისხავმცა მამა, ძე და სული წმიდაჲ, ა{მი}ნ.
27. [თუესა სეკდენბერსა კდ] ამასვე დღესა აღაპი თურგლა ბიჭილა გიაისა მეუღლისა ბორენაჲსი, რავდენიცა ხოცესი იყოს ჟამის წირვითა, მოგუცა ათასი დრამაჲ. ვინცა შეუცვალოს, შემცა-ცეალებულ არს შჯუ\ლისაგა[ნ] ქრისტეანეთასა. სა[პა]ნაშუი[დეც]ა მოგუცა ხუთასისა დრამისაჲ და ვინცა პანაშჳდსაცა არა გარდიჴდიდეს, ჰრის[ხვმცა მამა, ძე და სული წ{მიდა}ჲ]. მეორესა მოსულასა კუალადცა შემოსწირეს ხუთასი თეთრი საპურედ, ღმერთმან შეუნდვენ.
28. [თუესა სეკდენბერსა კვ] სეკდენბერსა კვ. იოვანე მახარებლისა დღესასწაულსა წირვაჲ და აღაპი მეფეთ მეფისა გიორგისი, საუკუნომცა არს საჴსენებელი მათი, ა{მი}ნ.
29. [თუესა სეკდენბერსა კვ] ამასვე დღესა აღაპი თურგლა ბიჭილა გიანისაჲ. რაზომიცა ხუცესი იყოს, ჟამისი წირვითა. მოგუცა ათასი დრამაჲ. ვინცა შე[ს]ცვალოს, შე-მცა-ცვალებულ არს შჯუ[ლი]საგან ქრისტე\ანეთასა, საპანაშუდეცა მოგჳცა ხუთასისა დრამისაჲ და ვინცა პანაშჳდსაცა არ გარდიჴდიდეს, ჰრისხავსმცა მამაჲ, ძე და წმიდაჲ სული.
30. [თუესა სეკდენბერსა კვ] სეკდენბერსა კვ. წირვაჲ და აღაპი ნათელ დედოფალისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
31. [თუესა სეკდენბერსა ლ] ამასვე დღესა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ შანშას ძმისა აღბუღაჲსი, შეუნდვენ ღმერთმან.
32. [თუესა ოკდონბერსა ა] ამასვე დღესა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ შანშაჲს ძმისა ვაჰრამისი, შეუნდვენ ღმერთმან.
33. [თუესა ოკდონბერსა გ] ამასვე დღესა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ვარდან ფავნელისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
34. [თუესა ოკდონბერსა დ] ქ{რისტე}. ამასვე დღესა აღაპი ამირეჯიბისა ზაქ[ა]რიასჲ, ღმერთმან შეუნდვენ.
35. [თუესა ოკდონბერსა ე] ა[მასვე დღესა] ... [გ{იორგ}ი] ხარა[ზი]ს{ა}ჲ. პანაშჳდი.
36. [თუესა ოკდონბერსა ვ] ამასვე დღესა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ძმისა ჩუენისა გიორგი ხარაზისაჲ. შეუნდვენ ღმერთმან. და ვინცა შეცვალოს, შე-მცა-ცვალებულ არს შჯულისაგან ქრისტეანეთაჲსა.
37. [თუესა დეკენბერსა ე] საბაობისა დღესა გაუჩინეთ წირვა და აღაპი მაკარიძესა სამადავლეს, მისმან მეუღლე-ყოფილმან ფოტინე მოგუცა ათასი დრამაჲ სადამდისცა ესე მონასტერი ეგოს, თჳ[თ] ერთიცა ქართველი იყოს, ნუ ვინ დაკლებს, გარდაიჴდიდეს ამა დღესა. და ვინცა არ დააკლოს, სასუფეველი ღმერთმან მას ნუ დააკლოს, ა{მი}ნ. მე მამამან ამა პატიოსნისა ჯუარისა, არქიმანდრიტმან იოსებ, მოძღუარმან გიორგი, ჭყონდიდელმან გიორგი და სრ...
38. [თუესა დეკენბერსა ე] ამასვე დღესა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ სარგისის ცოლისა თამარისი და მისისა დედისა ხათუთასაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
39. [თუესა დეკენბერსა ვ] ამასვე დღესა აღაპი ... [ბ].. [ჲ] .. [ბ]...ს ძისაჲ ... ვინ არ გარდაიჴადო[ს] ...
30. [თუესა დეკენბერსა ვ] წმიდაჲ ნიკოლოზ, წმიდაჲ ელია მთავარანგელოზი. თუჱსა დეკენბერსა ექუსსა, დღესა წმიდისა ნიკოლოზისასა გაუჩინნეთ ჩუენ, ჯუარის მამამან ნიკიფორემ კახმან და ეპისკოპოსმან თეოდოსემ, პაპა კირ მარკოზ და აბრამ და მ[ა]თეოზ და ელიამ აღაპი ქეიხოსრო წულუკიძეს ამისთვის, რომე აშენა ქრისტეს საფლავთანა წმიდის ნიკოლოზის საყდარი სამოცით სახლით, ქჳთკირით კამარა შეკრულითა. და და[ი]ხსნა [წისქჳლი] წმიდის ნიკოლოზისა და დაიხსნა ვენახი ცხორებაჲ ... ამასი სამუქფოთ დავხატეთ და დაუვსებელი კანდელი დაუკიდეთ წინა და ერთი კანდელი ქრისტესს საფლავშიგ დაუკიდეთ და ერთი გოლგოთას და ყუჱლგან მოსახსენებელშიგ ჩავსწერეთ და აღაპი და წირვა გაუჩინეთ საუკუნოდ მოუშლელი ა, ვინცა და რამანცა ძემ კაცისამა ეს მოუშალოს, ანუ ჯუარის მამამან, ანუ პატრიარქმან, ანუ წინამძღუარმან, რისხავმსცა მამაჲ, ძე და სული წმიდაჲ, ყოველნი [წ{მიდა}ნი ღ{მრ}თის{ა}ნი ჴორციელნი და უჴორცონი და ჩ{უე}ნთა ... ბრალთა და ცოდვათა მზღ...] [წყე]ულიყუნე[ნ], ა{მი}ნ.
31. [თუესა დეკენბერსა ვ] ამასვე დღესა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ბედიელ-ყოფილისა ნიკოლოზ კათოლიკოსისჲ. და მწუხრი პანაშჳდი მისივე, შეუნდვენ ღმერთმან.
32. [თუესა დეკენბერსა ვ] ამასვე დღესა საუკუნო აღაპი ჩაისელ-ბედიელის და აფხაზეთისა ქათალიკოზისჲ იოვაკიმისი, შეუნდვენ ღმერთმან.
33. [თუესა დეკენბერსა ზ] ამასვე დღესა აღაპი და პანაშჳდი ერისთავთა ერისთვისა შერგილ დადიანისა საუკუნოი, შეუნდვენ ღმერთმან.
34. [თუესა დეკენბერსა ზ] ამასვე დღე წირვა და აღაპი და ლოცვაჲ დიასამისძისა ვარამისი, ასი მუტყალი ოქრო გამოეგზავნა, შეუნდვნეს ღმერთმან.
35. [თუესა დეკენბერსა ზ] ამასვე დღეს აღაპი მის[ი]სა მეუღლისა თამარის, ღმერთმან შეუნდვენ, ა{მი}ნ.
36. [თუესა დეკენბერსა ზ] ამასვე დღესა წირვაჲ და პანაშჳდი საუკუნოჲ ფანასკერტელისა ამირღამბარისი, შეუნდვენ ღმერთმან.
37. [თუესა დეკენბერსა ზ] ამასვე დღესა წირვა და აღ{ა}ჲპი საუკუნო ოთარისა ვარაზასი. შეუნდვენ ღმერთმან.
38. [თუესა დეკენბერსა თ] თუესა დეკენბერსა თ წირვაჲ და აღაპი დადიანისა გიორგის მეუღლე-ყოფილისა თამარ-ყოფილისა თომაჲდაჲსი. რაჲზომიცა მღდელი იყოს, ჟამსა უწირვიდეს და ყოვლითა განგებითა სრული და უნაკლულოჲ პირველ პანაშჳდი გარდაიჴდებოდეს წინა დღით და მერმე აღაპი. და ვინცა არ გარდაიჴდიდეს და შეუცვალოს, შე-მცა-იცვლების რჯულისაგან ქრისტეანეთაჲსა და კრულმცა არის ყოველთა წმიდათა მადლითა. ერთობ დიად ებოძა დადიანსა გიორგის ღმერთმან შეუნდვნეს და დამამ\ტკიცებელნი და აღმასრულებელნი ამისნი ღმერთმან აკურთხნეს.
39. [თუესა დეკენბერსა თ] ამასვე დღესა აღაპი ქველივაჲს ძისა პირნათლისი. მესამედ მოსულასა მისსა გაჳკუეთეთ აღაპი საუკუნოჲ და პანაშჳდი. აღაპს[ა], რაოდენნიცა ხუცესნი იყუნენ, ჟამსა უწირვიდენ, და ეკლ[ე]სიით ფასი მიეც[ე]მოდეს. გამოიღო ორი [ათ]ას ორასი დ[რ]ამაჲ და ვინცა შეცვალოს, შე-მცა-ც[ვ]ალებჳლ არს სჯულისაგან ქრისტიანეთაჲსა. ვიდ\რემდის ესე [მო]ნასტერი ეგოს და [ჩ{ე}მთამცა ც[ო]დვათა [მ]ზღვე[ლი] [ა]რს წინაშე ღ{მრთ}ისა].
40. [თუესა დეკენბერსა ი] ამასვე დღესა აღაპი ჭყონდიდისა დეკანოზისა ბასილისა და მშობელთა მისთაჲ, ვინცა შეუცვალოს, წყეულმცა არს უკუნითი უკუნისამდე.
41. [თუესა დეკენბერსა იბ] ამასვე დღესა წმიდისა სპირიდონის დღესა წირვაჲ და აღაპი ჯავახის შვილისა სარიჯნისი და მისისა მეუღლისა ორბოძლელისა ასულისა თამარისი. გაუჩინეთ მე, პატიოსნისა ჯუარისა არქიმანდრიტმან იოსებ, მოძღუარმან გიორგი, ჭყონდიდელმან გიორგი და ერთსულობით კრებულმან. მათმან ქალმან ხუარაშან-ყოფილმან ფოტინე ათასი დრამა მოგუცა და გაუჩინეთ წირვა და აღაპი, და სადამდისცა ესე მონასტერი ეგოს, თუ ორნიცა ქართველნი იყუნენ, ნუვინ დააკლებთ, გარდაიჴდიდით. და ვინცა არ დააკლოს, ღმერთმან სასუფეველი მას ნუ დააკლოს.