რუსული ტექსტის ქართული თარგმანი,
გამოკვლევით, კომენტარებით, საძიებლებითა და ფაქსიმილეებით გამოსაცემად მოამზადეს აპოლონ
თაბუაშვილმა და გიორგი ჟუჟუნაშვილმა.
***
ვინაიდან მდინარე მტკვარი სხვა მდინარეებზე დიდია და მთელ
საქართველოს კვეთს, ამიტომაც საჭიროდ ჩავთვალე თავდაპირველად მისი აღწერა.
მდინარე მტკვრის აღწერილობა
მდინარე მტკვარი გამოედინება კოლას33 და კარნუს მთებიდან, თურქეთის სამფლობელოებიდან, მიედინება ქართლის სამცხეზე34, გაივლის მიწებს: ჰერეთს35, რანს და მოვაკანს. სალიანის ქვემოთ, არაქსთან შეერთების შემდეგ, კასპიის ზღვაში ჩაედინება. ზოგ ადგილას ისეა გაშლილი და თავთხელი, რომ ფონს იოლად გახვალ, ხოლო ვიწროებში საკმაოდ ღრმაა36. მასში ჩაედინება შემდეგი მდინარეები: კოლას წყალი37, არტაანის წყალი, ჯავახეთისა და სამცხის წყლები, რომლებიც თურქეთის ოლქებიდან მოედინებიან; ქართლის, კახეთის, ჰერეთის38, რანის და მოვაკანის და ყაზახ-შამშადილუს ყველა მდინარე, სულ 59 მდინარეა. მტკვრის წყალი, განსაკუთრებით სამცხესა და ქართლში, სასმელად სასიამოვნოა, მასში მრავლადაა სხვადასხვა სახის გემრიელი თევზი. ნაპირი ალაგ-ალაგ ფრიალოა, ტყითაა დაფარული, ხოლო სადაც ირწყვება, ნოყიერი39 საძოვრებია და ალაგ-ალაგ ლაქაშითაა დაფარული. იქ მრავლადაა გარეული ფრინველი და ცხოველი. მტკვრის მარცხენა ნაპირზე ტფილისის მახლობლად რუსებმა ააგეს ხის 20 წისქვილი, რომელიც განსაკუთრებულად გამოსადეგია ქალაქისათვის, მაგრამ ძველი ქვის წისქვილები მდინარეებზე – ვერესა და კოჯორზე – ზამთარში ყინვისგან, ხოლო ზაფხულში კი გვალვისაგან უმოქმედონი ხდებიან.
ტფილისის აღწერილობა
ტფილისი გარეუბნებით სამხრეთიდან შემოსაზღვრულია ხეობებით; აღმოსავლეთიდან – ლოჭინით, რომელსაც დღეს უწოდებენ ომანისხევს40, ჩრდილოეთიდან – ხევძმარის ხევით41 მტკვრამდე, დასავლეთიდან კი – კრწანისის, შინდისის, წავკისის და წყნეთის42 მთებით43, ხოლო ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მთა, რომელიც საბურთალოს მინდვრის მიღმა მდებარეობს.
ტფილისი უწინ სამი ქალაქისაგან შედგებოდა, კერძოდ, ტფილისი, კალა და ისანი44. ისანი მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე იყო გაშენებული. იგი ისანს გამოყოფდა ტფილისისა და კალასაგან. დასავლეთით მდებარე წავკისისა და კოჯრის მთებიდან გამომდინარე წყაროები, რომლებიც შემდეგ სამხრეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ჩაედინებიან მტკვარში, ყოფენ ტფილისსა და კალას. იმ ადგილას, სადაც ძველი ტფილისი იყო გაშენებული, დღეს სეიდაბადის ბაღებია45. ისანი დღეს ავლაბრად იწოდება, კალას კი ტფილისს ეძახიან. ტფილისი გარეუბნებით: ავლაბარი და გარეთუბანი46, საძოვრების გარეშე, შეადგენს 175000 კვადრატულ საჟენს47. ტფილისში მრავლადაა სამხრეთით მდებარე მთებიდან გამომდინარე ცხელი და თბილი მინერალური წყლები. აქ გაშენებული ქვის აბანოებიდან მოსახლეობას მნიშვნელოვანი შემოსავალი აქვს. ქალაქის
სამხრეთ ნაწილში კლდოვან მთაზე დგას ციხე-სიმაგრე48, საიდანაც მტკვრის ნაპირამდე დაშვებულ დამრეც ღარტაფზე ამფითეატრის მსგავსადაა გაშენებული ქალაქი. ციხის შიგნით ქვით ნაგები ეკლესია და მეფის
სასახლეა, რომელიც ხანდაზმულობის გამო ნაწილობრივ დანგრეულა49, არც ციხეა უკეთეს მდგომარეობაში – ვერც ძველი დიდება შეინარჩუნა და ვერც პირვანდელი დანიშნულება – მის თავზე მდებარე მთები თავდაცვისუნარიანობას ამცირებენ. ალყაშემორტყმულთა წყლით მომარაგებისათვის მტკვრამდე გაყვანილია მიწისქვეშა გვირაბები, რომელთაგან ერთი ავლაბრის ხიდის50 ქვეშ ჩადის მტკვრამდე, მეორე კი ციხის დასავლეთით მდებარე წყაროებამდე მიდის. ქალაქი ტფილისი ციხიდან მოყოლებული სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით გარშემორტყმულია ძველი ქვის კედლებით, აღმოსავლეთის მხარე კი მტკვარს ებჯინება51.
დღესდღეობით, როგორც ქალაქის, ისე ციხის კედლები იშლება და ჩამოშლილ ქვებს სხვა სახაზინო მშენებლობებზე იყენებენ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე გაშენებულია მეტეხის ციხე-სიმაგრე. უწინ ლამაზი და ძლიერი ციხე ყოფილა, რომელიც დაუნგრევიათ. ამჟამად მის სანაცვლოდ
აგებულია ახალი, საკმაოდ ლამაზი ციხე-სიმაგრე52. მის ქვემოთ, სამხრეთდასავლეთით მდებარე ფრიალო ნაპირზე, რამდენიმე ბუნებრივი მღვიმეა. მათგან ერთ-ერთში განსაკუთრებულ დღეებში სალოცავად დადიან. ალყის შემთხვევაში ამ ციხესაც ჰქონდა მტკვრამდე მიმავალი მიწისქვეშა გასასვლელი წყლის მოსამარაგებლად.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევენ სიონად წოდებული ქართული ეკლესია, მაღალი სამრეკლოს მქონე სომეხთა მონასტერი ვანქი53 და მოღნინის54 სახელზე აგებული შესანიშნავი სომხური ეკლესია. აქვეა სომეხთა დედათა მონასტერი, კათოლიკეთა ქვის ეკლესია55, არც თუ დიდი, მაგრამ
საკმაოდ კარგ მდგომარეობაში მყოფი მეჩეთი. ქალაქთან ახლომდებარე მთაზე დგას 2000 წლის წინ ნაგები და დღესაც კარგ მდგომარეობაში
მყოფი წარმართული გუმბათიანი სამლოცველო56. ამათ გარდა, ქალაქში კიდევ 44 სახაზინო და კერძო შემოწირულობებით აგებული ეკლესია და 3700 სახლია, რომელთაგან უმეტესობა ღარიბი და ულამაზოა, ხოლო მათი ფანჯრები ქალაქზე არ გადის.
ზოგიერთ
სახლს აქვს მიმდებარე ბაღი, კოჯრისა და წავკისის მთებიდან გამოყვანილი სარწყავით. ძველი ქუჩები უმეტესწილად ვიწრო და მიხვეულ-მოხვეულია57, მაგრამ
ამჟამად, შეძლებისდაგვარად, მიმდინარეობს მათი გაფართოება და კეთილმოწყობა. მოქალაქეთა ყველა სახლი ქვისაა, თუმცა მხოლოდ მცირე ნაწილია ნაგები კირით. დანარჩენი აშენებულია თიხით. გარედან და შიგნიდან გაჯით არის შელესილი58. ძველ
შენობებს არ გააჩნიათ ისეთი ლამაზი და სწორი ფორმები, როგორც ახლად აშენებულებს. სასტუმროები და სავაჭრო დახლები ადრინდელთან შედარებით საკმაოდ გამართული და მოკაზმულია. ტფილისის გარეუბნებში: ავლაბარში, გარეთუბანსა და სეიდაბადში მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს დაბალ, ღარიბ ქოხმახებში, გარეთუბანში კი უფრო სანახევროდ მიწაში ჩაღრმავებული სახლები ჭარბობს. ავლაბარში სახაზინო ნაგებობათაგან გამოირჩევა ლამაზად და მდიდრულად გაშენებული ყაზარმები, ხოლო ტუბანის მთაზე თავმომწონედ წამოჭიმულა მთავარსარდლის59 სასახლე60. მის
მახლობლად დიდი სახაზინო ბაღია გაშენებული, რომელსაც უწინ ქვემოთ ჰქონდა აუზი. ამჟამად, უფრო ხელსაყრელ ადგილას, მისგან ზემოთ მოაწყვეს მდიდრული აუზი, რომელიც წყალს იღებს იშიტუტრუქისა61 და სოლოლაკის მთებიდან. აუზს აქვს ულამაზესი შადრევანი და ორი გალერეა, რომლებიც კიდევ უფრო ალამაზებენ ამ ადგილს. ბაღში გაშენებულია სხვადასხვა ჯიშის ხილის ხეები, ვენახი და ყვავილები. აქ ზაფხულობით სეირნობენ წარჩინებულები, უკრავს მუსიკა.
ამ სახლის გარდა, მიმდებარე ტერიტორიაზე თავისი არქიტექტურით გამოირჩევა არსენალი და სამხედრო ჰოსპიტალი62. თუმცა ეს უკანასკნელი დაბლობში მდებარეობის გამო კარგავს თავის სიდიადეს, ამიტომაც, მის ნაცვლად ავლაბრის ქვემოთ ააგეს ახალი შენობა. განსაკუთრებით გამოირჩევა გრანიტის ლამაზი შენობა – სახაზინო სახლი, რომელიც იტევს ტიპოგრაფიას, სამუსიკო გუნდს და მრავალ მოხელეს. ტიპოგრაფიაში იბეჭდება რუსულ და ქართულ სამოქალაქო ენებზე63. ამ შენობების მახლობლად არაერთი სახაზინო დაწესებულების შენობაა განთავსებული. აქვეა სხვადასხვა ენაზე მოქმედი საქალაქო სასწავლებელი. ამის გარდა, მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლადაა მდიდრული არქიტექტურით ახლად აგებული კერძო სახლი.
თავად ქალაქში საერო შენობებიდან გამორჩეულია გუბერნატორის სახლი64, საფოსტო კანტორა და საქალაქო პოლიცია, ასევე, სხვადასხვა დაწესებულებათა სახლი, რომელიც დიდია, მაგრამ ულამაზო. ამ სახლთან ახლოს არის ქვის შენობა, რომელიც ადრე მეფის აბანო იყო, დღეს კი იქ განთავსებულია ზარაფხანა, ხოლო ზარაფხანის ადრინდელი შენობა სიძველის გამო მიტოვებულია. ხარების სახელობის კათოლიკური ეკლესიის ბრწყინვალე გუმბათი დაქცეულია, თავად შენობა კი, ისევე როგორც თურქული მეჩეთი, მაღაზიად არის გადაკეთებული65. ციხის ქვემოთ, ქალაქის აბანოს კართან, უწინ საბაჟო იყო სპარსეთიდან მომავალი საქონლისათვის; ამჟამად ეს საბაჟო აბანოს კარიდან მოშორებით, ლამაზ ადგილას გააშენეს. ქალაქის გარშემო განთავსებულია სამი კარანტინი66: გარეთუბნის, ორთაჭალის67 და ავლაბრის. ქალაქში სამი მშვენიერი მოედანია, განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა ახალი. ქალაქს გარეუბნებთან – ავლაბართან, გარეთუბანთან და სეიდაბადთან – აკავშირებს ხის უმნიშვნელო ხიდები. პირველის ნაცვლად68 და მის მაღლა აიგო ახალი, ლამაზი და საჭირო ხიდი. ავლაბრის ხიდის აღმოსავლეთით წმიდა აბოს საძვალეა. თავად ქალაქში არაერთი სასწავლებელია, რომლებიც ქართულ და სპარსულ ენებზე ფუნქციონირებენ; ქალაქს მიღმა, ვანქის სომხურ მონასტერთან ახლოს, დიდ და მდიდრულ შენობაში განთავსებულია სომხური და სხვა ენებზე მოქმედი სასწავლებელი ტიპოგრაფიითურთ. ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთით მდებარე ბაღები მტკვრის წყლით, მთებიდან მომდინარე სხვა მდინარეებითა და რუებით ირწყვება.
განსაკუთრებით ბევრია ვენახი. ხეხილის ჯიშებიდან გამოირჩევა უნაბი. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით მდებარე მინდვრები ურწყავია, მაინც იძლევა ხორბლისა და ქერის საკმაოდ კარგ მოსავალს. აღმოსავლეთით, ლილოს მთის მახლობლად, არის მარილიანი ტბა, რომელიც ზაფხულში შრება. ხოლო მტკვრის მარცხნივ, ნავთლუღის ველზე, მტკვრის მახლობლად მოი პოვებენ მცირე რაოდენობით ნავთს69.
ქალაქის დასავლეთ მხარეს არის მცირე მონასტერი მთაწმინდა, რომელიც აგებულია იშიტუტრუქის მთის ციცაბო ფერდობებზე70. მდინარე ვერეზე, რუსეთისკენ მიმავალ დიდ გზაზე გადებულია საკმაოდ გამძლე და ძველი ქვის ხიდი. ტფილისში კლიმატი გაზაფხულზე და შემოდგომაზე საამოა, ზამთარი ზომიერი, ხოლო ზაფხული ცხელი, მაგრამ ჯანმრთელია71. ტფილისი იყოფა 5 ნაწილად, რომლისგანაც 3 თავად ქალაქის ფარგლებშია, მეოთხე ავლაბარია, მეხუთე კი გარეთუბანი72. მოსახლეობა 18624 სულს შეადგენს, საიდანაც 9637 მამაკაცია, 8987 კი – ქალი. ამათგან ქართველია – 1531 კაცი და 1535 ქალი, კათოლიკე 97 კაცი და 95 ქალი, მაჰმადიანი 147 კაცი და 148 ქალი, დანარჩენები სომხები არიან73.
ვაჭრობის შესახებ
საქართველოში ვაჭრობა უმეტესწილად სომეხთა ხელშია, რომლებიც ვაჭრობენ რუსეთთან, თურქეთთან, სპარსეთთან და სახანოებთან74, ასევე, ლეკებთან და სხვა მთიელ ხალხებთან.
მთავარი საქონელი გადის რუსეთში, განსაკუთრებით თხელი და სქელი ტილო, სხვადასხვა სახის ბეწვეული: თეთრყელიანი მელიის, წავის75, ფოცხვერის, მგლის; ასევე – თახვის და კვერნის ტყავი, ასევე, მუშკი76; სხვადასხვა სახის შალეული, მარგალიტი, ზოგჯერ ძვირფასი ქვებიც კი; ენდროთი შეღებილი და შეუღებავი დაურთავი ბამბა77, ასევე, სხვადასხვა სახის ბამბეულის ქსოვილი და სხვა.
რუსეთიდან შემოაქვთ ჭიაფერა78, ლილა, მაუდი, ოქროსა და ვერცხლის ფარჩეული, ოქროსა და ვერცხლის ძაფი, მათგან ნაქარგი სირმა, ეპოლეტები, შარფები და სხვა ამგვარი; ხავერდი79, ატლასი, თაფთა, გრანეტური80, კოლენკორი, მიტკალი, ჩითები და ნახევარჩითები, სხვადასხვა ფერის სტამედები81, კამლოტები82, სხვადასხვა სახის ნაქსოვი ტილო. აუცილებელი საქონლიდან შემოჰქონდათ ციყვის ზურგისა და მუცლის ტყავები. სხვადასხვა ფერის ტარსიკონი, ტყავეული, ვერცხლის, სპილენძისა და რკინის ნაკეთობები, მინის ჭურჭელი, თუნუქი და ყვითელი თითბრისებრი სპილენძი, კალა, ნიშადური, შაქარი, ჩაი, ყავა და სხვადასხვა საკვები პროდუქტი და სასმელი.
თურქეთში იგზავნება თხელი და სქელი აბრეშუმი, კვერნისა და თეთრყელიანი მელიის ბეწვი, ფოცხვერის ტყავი, ტფილისში გამოყვანილი კამეჩის ტყავი, ასევე, თხის ბეწვი, ცხვრის მატყლი, ჯაგარი, ენდრო, შაბი და გაჰყავთ საკმაოდ დიდი ოდენობის მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი. იქიდან შემოაქვთ სხვადასხვა სახის ძვირფასი ქვები, მარგალიტი, ხავერდი, ატლასი, კოლენკორი, სხვადასხვა ხარისხის ჩითი, ფერადი თავსაფრები, რომელსაც ქალები იყენებენ, ფოლადი, ცხენისა და ჯორის ნალები, სხვადასხვა სახის სუნამოები, საჭმელ-სასმელი.
სპარსეთთან ვაჭრობა ხორციელდება ოქროს83, ვერცხლის, სპილენძის ფულით, ნაკეთობებით, ქსოვილებით, ჭიაფერათი, ტფილისელი ქალების ვერცხლისა და ოქროს ნაქარგობებით84, ბალიშისპირის ფოჩებით (ქართულად ეწოდება დორისპირი), ჩულებით და ხალიჩებით – სუზანით, რომელსაც ქალები იყენებდნენ აბანოში დასაფენად; გააქვთ, ასევე, აბრეშუმისა და მატყლის ქსოვილი, რომელიც რუსეთიდან შემოაქვთ, ვერცხლის ძაფები, ლეკებისა და სხვა მთიელი ხალხების მიერ დამზადებული სქელი ნაჭრები, ნაბდები, ბამბეული, შაბი, ცვილი, ერბო85, თაფლი, ხიზილალა და სხვა86.
სპარსეთიდან შემოაქვთ მარგალიტი, ძვირფასი ქვები, ცისფერი საღებავი, ორი სახეობის შალი, ასევე, სარტყელებისათვის აბრეშუმის ოქრონაქარგი ქსოვილები: დობა-დარაი-ბაბი, ატლას ბაბი და აბრეშუმის ქსოვილები: დარაია, შეიდიში, მოვი, თაფთა, ატლასი, ხათაია და სხვა. სხვადასხვა ბამბეული ქსოვილი, რუსეთიდან დიდი ოდენობით მოწოდებული ბამბეული. სხვადასხვა წვრილმანი საქონელი, ხილი, თეთრყელიანი მელიისა და კვერნის ბეწვეული, ქეჩის სახელწოდებით ცნობილი აქლემის ბეწვის სხვადასვა ხარისხისა და სიდიდის ხალიჩები.
სახანოთა ქალაქებში გააქვთ ოქრო და ვერცხლი დიდი ოდენობით. ჭიაფერა, რუსეთიდან შემოსული სხვადასხვა სახის საქონელი, ოქროსა და ვერცხლის ძაფები, ტილო, სელის ძაფი, კალა, ნიშადური, ფოლადი, სხვადასხვა სახის რკინა, წითელი სპილენძი და რუსული 5 კაპიკიანი მონეტა, შაქარი, რომი, საწერი ქაღალდი, რუსული კაჟი და დიდი ოდენობით ცხენებს ერეკებიან.
სახანოთა ქალაქებიდან შემოაქვთ აბრეშუმი და აბრეშუმის ქსოვილები: მოვი, შეიდიში, დარაია, ჩარკატი, ჯეჯიმი, შარავარი, სხვადასხვა ფერის აბრეშუმის ნართი; ბეწვეული: წავის, თეთრყელიანი კვერნის, მელიის, აზიური ტურის, ფოცხვერის, სამანდური კატის, თახვის ტყავი და მუშკი, მგლის და დათვის ბეწვეული; ყუბაჩური ნაჭრები და მათგან შეკერილი ხიფთანები, ნაქსოვი ხალიჩები; ლეკური სხვადასხვა სახის შაბი, რკინა; გამოყვანილი და შებოლილი თევზი, ზურგიელი, ხიზილალა, თევზის წებო87 და ბუშტი დოლებისათვის, ბრინჯი88 და წვრილფეხა საქონელი.
შინაგანი ვაჭრობა იმერეთთან და სხვა მხარეებთან
იმერეთში გააქვთ აბრეშუმისა და ბამბეულის სხვადასხვაგვარი საქონელი, ბამბა, მატყლი, რკინა, შაბი, ცისფერი საღებავი, ჭიაფერა, ენდრო, მარილი, ფეხსაცმლის ლანჩი, სხვადასხვა ფერის თხის ტყავი, რომლისაგან კერავენ ჩექმებს, მაღალყელიან ფეხსაცმელს და სხვა; ცხენის მოსართავი, ლარი89, ბრინჯი, ხახვი, შაქარი, ჩაი, გამოყვანილი და შებოლილი სხვადასხვა ხარისხის ზურგიელი, ხიზილალა და სხვა.
შემოაქვთ თეთრყელიანი მელიის, კვერნის, იშვიათად შავი მელიის, წავის, თახვის ბეწვი და მუსკუსი; ნედლი აბრეშუმი და აბრეშუმის ნართი, სხვადასხვა ფერის ვიწრო და თხლად ნაქსოვი სხვადასხვა ფერის თაფთა, რომელსაც ამზადებენ კანაფისაგან; ცვილი და სანთელი, ცუდი ხარისხის სპილენძი, ცხვრის ტყავი, სქელი და იშვიათი ტილო, სელის სქელი ძაფი, გამოყვანილი და შებოლილი ზურგიელი, ხილიდან მხოლოდ წაბლი შემოდიოდა, რითაც მდიდარია იქაური ტყეები.
მთიანი მხარიდან90 შემოჰქონდათ საკმაოდ კარგი ხარისხის ბეწვეული. გორისა და ანანურის მაზრებში წარმოებული პროდუქციიდან გამორჩეულია: ბიაზი, ჩითი91, სირმა და კამეჩის ტყავი, სპილენძი, ცვილი, მატყლი, უბრალო ქსოვილები; ასევე – მამაკაცის შეკერილი პერანგები, დიდი ოდენობით ერბო და ყველი, პურის ფქვილი, ქერი და განსაკუთრებით სხვადასხვაგვარი ბოსტნეული, ბალახეულისაგან წნული ჭილობი, კალაქვა, ნახშირი, მტკვარზე აცურებენ ხე-ტყეს, ხოლო ტივებით ეზიდებიან კირქვას.
ძირითადი ბაზრობები იმართება თელავსა და სიღნაღში, აქ იყიდება წვრილფეხა საქონელი, განსაკუთრებით ბევრია ღორი, ასევე, შემოაქვთ ტყავის გამოსაყვანად აუცილებელი მასალები.
ჭარელ ლეკებთან ვაჭრობენ დიდი ოდენობით ოქროთი და ვერცხლით, სხვადასხვა ხარისხის ბამბის ქსოვილით. იქიდან კი შემოაქვთ თხელი და სქელი აბრეშუმი.
თბილისელი სოვდაგრების ვაჭრობა
იმათ, ვინც მანუფაქტურული ნაკეთობებით ვაჭრობენ ბაზაზებს ეძახიან. ისინი შეისყიდიან ერევნიდან შემოტანილი ბამბეულის ნაწილს, რომლისთვისაც თანხას იხდიან დათქმულ ვადებში, მთლიანად, ან ნაწილნაწილ92. ამ ყველაფერს ცვლიან თხელ ნართზე წილით ერთი ორზე, საშუალო სისქისა იცვლება წონის 13/4-ზე, ხოლო სქელ ნართში ერთნახევარჯერ მეტს იღებენ. ამგვარად გადაცვლილ ნართს აძლევენ ფეიქრებს ალაჯის (ჭრელი ნანკას სახეობა)93 და ქალებისათვის უბრალო საჭირო ფართე ჩადრების დასამზადებლად; ასევე – სხვადასხვა ხარისხის ბიაზის დასამზადებლად, რისგანაც მჩითავები მაგიდის გადასაფარებლებს, საფარებლებს, ჩითს და თავსაფრებს ამზადებენ, რომელებსაც მთიელები და სოფლის მცხოვრებლები ყიდულობენ. ასევე, ქალებისთვის თავსაფრებსა და პირსახოცებს ამზადებენ; სქელი ბიაზისაგან კი უბრალო ხალხი მოკლე ხიფთანებს იკერავს.
აბრეშუმით მოვაჭრეებს ყაზაზებს ეძახიან. მამაკაცის ხიფთანების შემოსაკერად, ასევე, რთავენ ოქროსა და ვერცხლის სირმებს და აბრეშუმის თასმებს. რთავენ და ღებავენ აბრეშუმს, რომელსაც საკმაოდ დიდი ოდენობით ყიდულობენ თაგაურელები და ოსები. აბრეშუმი დიდი ოდენობით იხარჯება ტფილისში, სადაც თითქმის ყველა ქალი სხვადასხვა ქსოვილზე ქარგავს ოქროთი და ვერცხლით.
მეწვრილმანეები ვაჭრობენ: ჭიაფერათი, ცისფერი და ლაჟვარდოვანი საღებავით94, მელნის კაკლებით95, წითელი და შავი სანდალის საღებავით, შაბით, ილით, ზაფრანით, დარიჩინით, ციტრომონით96, მუსკატის კაკლით, ყვითელი ყვავილით, ძირათი, პილპილით, საკმეველით, კორპით, საბრით, ვერცხლისწყლით, ტყვიით, კალით, ნიშადურით, ფოლადით, საწერი ქაღალდით, ბანქოთი, ჯიბის მაკრატლებით და მაგიდის დანებით; სასანთლეებით, თუნუქის ფურცლით, თითბირით, ჩაის სერვიზით, ქაშანურისა და მინის ჭურჭლით, სარკეებით, ინით, რომლითაც წითლად ღებავენ, ბასმაღით, რომლითაც თმას იღებავენ შავად, შაქრით, არაბული და ბაღდადური ჩირით, ყურძნით, სხვადასხვა ნუშით, ფისტათი, კანფეტებით, ქიშმიშით და სხვადასხვა ნუგბარით, რომელთა სახელების რუსულად თარგმნა მიჭირს.
ცვილისა და ქონის (ღორის) სანთლებით ვაჭრობს სპეციალური ფენა. მეხამლეებს გამოჰყავთ ბეწვეული, კერავენ საზამთრო სამოსს ორივე სქესის მცხოვრებლებისათვის, უბრალო ხალხისათვისაც იკერება ქურქები.
ტფილისში ბევრს აქვს სამკერვალო. ზოგიერთი მხოლოდ შეკვეთაზე მუშაობს, სხვები უბრალო ხალხისათვის კერავენ ქალისა და კაცის ტანსაცმელს – ჩოხებს, შარვლებს, შაროვარებს, ახალუხებს.
ყაჯარდუზი
ყაჯარდუზები, სპეციალური ოსტატები, ხავერდისაგან, ოქროსა და ვერცხლით მოქარგული აბრეშუმისაგან ან, სპარსული შალის მსგავსად, მოქარგული მატყლის ნაჭრისაგან ამზადებენ ჩულებსა და ჯეჯიმებს, რომელთაც მდიდარი ადამიანები იყენებენ ზაფხულობით.
მექუდეები
მდაბიო ხალხისათვის ქუდებს კერავენ უბრალო ყირიმული ცხვრის შავი და რუხი ტყავისაგან, მდიდრებისათვის, ასევე, ცხვრისაგან კერავენ ქურქებს და მოკლე ქურქებს მცირე ზომის სახელოებით, ღარიბებისათვის კი უსახელოს. ვინც ქალის წინდების ნაცვლად ტარსიკონის წუღებს კერავს, მეწუღე97 ეწოდება.
ცხენის აღვირის გარდა, ამზადებენ თოქალთოს, ჩულებს და ტყავისაგან დამზადებულ მოსართავს თოფებისთვის.
ხარაზები და მეჩექმეები
გასაყიდად კერავენ თხის ტყავისაგან და კემუხტისაგან (სილის მეშვეობით დაკენკილი მწვანედ ან წითლად შეღებილი ცხენის ან ჯორის ტყავი); თეთრი, შავი, წითელი, მწვანე და ყვითელი ფერის მაღალ და დაბალქუსლიან ჩექმებს, რომლებსაც მხოლოდ მამაკაცები იცვამენ და ჰქვია საცვეთები და მამაკაცებისათვის და ქალისათვის, ასევე, თხის გადმობრუნებული ტყავის მაშიებს – ფეხსაცმელს, რომელსაც ზოგჯერ ამზადებენ მოქარგული ქსოვილისაგან, ხავერდისა და აბრეშუმის ქსოვილებისგან. უბრალო ხალხს ღორის ტყავის თასმებისაგან შეკერილი ფეხსაცმელი – ქალამანი – აცვიათ. ოსტატებს მექალამნეები ეწოდებათ. კუპრავები ხარისა და კამეჩის ტყავისაგან ტიკებს ამზადებენ, რომელსაც ბეწვი შიგნით აქვს მოქცეული, მას ნავთით ან ფისით პოხავენ. ასეთ ტიკში 30-დან 100 თუნგამდე ღვინო და არაყი ეტევა, ყოველი თუნგი იტევს 9 გირვანქა სითხეს98. ტიკებს ამზადებენ ცხვრის ტყავისაგანაც, იგი 1-დან 25 თუნგამდე ღვინოს იტევს.
მაზმანები რთავენ თხის ბეწვს და მისგან ქსოვენ ნაჭერს ტომრებისათვის, თოკს გრეხენ ურმებსა და ორთვლიან ეტლებში ხარების შესაბმელად. ამზადებენ სხვადასხვა სახის ზანდუკებს და გარედან აკრავენ ტყავს, რთავენ აბრეშუმის ან ბამბის თასმებით.
მეუნაგირეები
ხისგან ამზადებენ უნაგირებს და ზედ აკრავენ აქლემის, კამეჩის, ხარისა და ძროხის ტყავს, მხოლოდ ამ ტყავისაგან ბეწვია აფხეკილი, უნაგირის თავებს ალამაზებენ ძვლისაგან და სადაფისაგან დამზადებული სხვადასხვა ფიგურებით.
ფალანდუზი
ცხენებისათვის, ჯორებისათვის და ვირებისათვის აკეთებენ პალანებს, რომლებიც საპალნედ გამოდგება, უნაგირის მაგიერია, რომელთაგან ორ ცხენს ან ჯორს შემოახვევენ სქელ ნაჭერს ან ქეჩას, ვირებისათვის კი ზემოდან ტყავს აკრავენ, ქვემოდან ქეჩას, შუაში კი უგებენ თივას.
ფეიქრები ბამბის ნართისაგან ამზადებენ ქსოვილებს უბრალო ქალების ჩადრისთვის და პირსახოცებისათვის, რომელსაც ქალები აბანოში ტანის შესამშრალებლად იყენებენ. ამას გარდა, დიდი ოდენობით ამზადებენ სხვადასხვა სახის ალაჯას და ბიაზს.
მჩითავები ვაჭრებისათვის ბიაზს ჩითავენ გადასაფარებლებისათვის, ფარდებისათვის, პატარა თავსაფრებისათვის, სხვადასხვა კარგი და ცუდი ხარისხის ქსოვილისათვის.
ქეჩის ოსტატები მატყლისაგან თელავენ სხვადასხვა ფერის სახეებიან თექას სპარსულის მსგავსად, თუმცა ისეთი კარგი ხარისხის არ არის, ასევე, ამზადებენ საქონელზე და ღარიბი ადამიანების საწოლზე გადასაფარებელ უბრალო თექას, ამას გარდა შეკვეთით პენტავენ ბამბას.
მებარგულებს გადააქვთ შეკვეთილი საქონელი.
მესაათეთა სამუშაო მხოლოდ საათების შეკეთებით შემოიფარგლება. მღებავები და მხატვრები არც თუ დიდი ოსტატობით გამოირჩევიან.
ოქრომჭედლები და ზარგარები სუფთა ოქროსაგან ამზადებენ ბრტყელ და მრგვალ ძეწკვებს ქალებისათვის, რომლითაც იმშვენებენ მკერდს წელამდე; ბეჭდებს მარგალიტის და სხვა ძვირფასი ქვებისაგან, მათგანვე აკეთებენ ჯვრებს, რომელთაც ქალები ღიად ატარებენ ყელზე შებმულს. სხვა საგალანტერიო ნივთებს ქალები თმის მოსართავად მოიხმარენ: შუბლზე მრგვალი ბალთის მსგავსად დაკიდულ ზოგჯერ ძვირფასი ქვებისაგან შემკულ ტიტას; ოქროსაგან და ძვირფასი ქვებისაგან დამზადებულ ჯიღას, ანუ სულთანას მსგავსს; ქართველი და სომეხი ქალები ატარებენ საყურეებს და სხვა სამკაულებს. იგივე ოსტატები ამზადებენ ხატებისათვის ლითონის ჩარჩოებს, სასადილო ჭურჭელს და სხვა. ხოლო ზარგარები განსაკუთრებით ისეთი ვერცხლის ძვირფასი ჭურჭლის გაწყობით არიან დაკავებულნი, როგორიცაა აზარფეშა, ის წვნიანის გადასაღებ სწორტანიან კოვზს გვაგონებს, კულა (დოქის ნაირგვარობა მოგრეხილი წვრილი ყელით), მათლაფები და სხვა მისთანანი. სპილენძის ოსტატები ასხამენ სასანთლეებს, ქარქაშებისათვის დეტალებს და სხვა.
ტფილისში დიდი ოსტატობით ამზადებენ ხმლებს და ხანჯლებს. ერთერთმა ხელოსანმა იმპერატორისაგან საიმპერატორო მეიარაღის წოდება, ჯილდოდ ასი ოქროს თუმნიანი და ოქროს მედალი მიიღო99; ამზადებენ საკმაოდ კარგ თოფებსა და პისტოლეტებს. მჭედელთა ნაკეთობებიდან ცნობილია თოფის ჩახმახები, ხელსაწყოები წისქვილებისათვის და დურგლებისათვის და სხვა. არაერთი ოსტატი ამზადებს სპილენძის ქვაბებს, თუნგებს, დოქებს და სახლისათვის გამოსადეგ სხვა ჭურჭელს, რომელთაც შიგნიდანაც და გარედანაც კალავენ. თოფის ჩასადებების მოპირკეთება ხდება სადაფით, იგივე ოსტატები ამზადებენ ფანდურებს100, დოლებს, ჭადრაკს და სხვა წვრილმანებს.
ვაჭრებს, რომლებიც ყიდიან ფქვილს, ქერს, სამარხვო საკვებს, კაკალს, ხილსა და ბოსტნეულს, უწოდებენ პროსოლებს, ანუ ალაფებს.
ისინი ყველაფერ ამას ყიდულობენ ბითუმად და დიდი მოგებით ყიდიან ცალობით. ამგვარად ვაჭრობენ ბაყლები; თუმცა ყველაზე მეტად ნესვითა და საზამთროთი ვაჭრობენ, მათ იციან მთელი ზამთრით, ახალი მოსავლის შემოსვლამდე შენახვა. ტფილისელები ვაჭრობენ დიდი ოდენობით ნედლი და მოხარშული თევზით, დოლისათვის თევზის ბუშტით და წებოთი. ხორცის დამზადებითაც ბევრია დაკავებული და რადგანაც ხორცით ვაჭრობენ მარხვაშიც, მათ საკმაოდ დიდი შემოსავალი აქვთ. კლავენ კამეჩს, ძროხას, ხარს, ცხვარს, თხას და ღორს. ღარიბები სახლის გასანათებლად იყენებენ ღორის ქონს. ჯაგარი კი დიდი ოდენობით გააქვთ კონსტანტინოპოლში.
ტფილისში განსაკუთრებული მზარეულები, ანუ მარკიტანტები101 არიან, რომლებიც საგანგებო ცივი წვნიანით ვაჭრობენ. წვნიანი ბარდის, პარკოსნების, სუნელებისა და ნიგვზისაგან მზადდება. ამზადებენ ფლავს, სხვადასხვა შეჭამადს, დაბეგვილ შემწვარ ხორცს და სხვა. მათ უწოდებენ ქაბიბჩის. მრავლად არიან მეპურეები, რომლებიც საკმაოდ გემრიელ პურს, ფუნთუშასა და ორცხობილას აცხობენ. ბევრი მიკიტანი ვაჭრობს არყით, ღვინით, ბურახით; ამ საქმით სირაჯებიც არიან დაკავებულნი. თუთუნჩები ჰყიდიან სხვადასხვა ხარისხის თუთუნს და ნაძვის კარგი ხარისხის მუნდშტუკებს და ჩიბუხებს, რომელთაგანაც ყველაზე მეტად ბლის ხისა ფასობს. დალაქები პარსავენ წვერსა და თმას, სისხლს უშვებენ ლანცეტითაც, ყანწითაც და წურბელებითაც, ისინი იღებენ კბილებსაც. ტფილისში ნალბანდებიც საკმაოდ არიან დაოსტატებულნი თავის საქმეში.
დურგლები და მხერხავები დიდი ოსტატობით გამოირჩევიან, განსაკუთრებით დაღარული ფანჯრების დამზადებაში, რომლებსაც შუშის სიძვირის გამო ჯერ კიდევ გამოიყენებენ სახლებში. დურგალთა ნაკეთობანი გამძლეობით გამოირჩევიან, გამორჩეულია მათი ხელსაწყოებიც: ხერხი და ნაჯახი, რომელიც ჰგავს ვიწრო სეკირას.
ქვისმთლელებიც დიდი ოსტატობით აკეთებენ თაღებს, რომლებიც ძირითადად მზადდება ოვალურად და ზემოთა მხრიდან მკვეთრი კუთხით გამოირჩევა.
მანუფაქტურული ნაწარმიდან გამოირჩევა აბრეშუმისაგან დამზადებული მოვი, რომლითაც კერავენ პერანგებს და ახალუხებს, სხვადასხვა ფერის დარაიას და სხვა.
ქარხნები: ტყავის
ტყავის, სხვადასხვა ფერის სადაფისა და ლანჩის გამოყვანაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ეს დარგი დაუხვეწავია. მეხამლეები ირმის ტყავისაგან ამზადებენ ცხენის მოსართავებს, ქარქაშებს. ცხენის ტყავისაგან ამზადებენ მწვანე კემუხტას ქალების ქოშებისათვის.
მწარმოებელი მოსახლეობის ერთ დიდ ნაწილს შეადგენენ მღებავები. ძირითადად, სხვადასხვა ბამბეულის ქსოვილებს, ასევე, ლეკურ ქსოვილებს წითლად, ცისფრად და ყვითლად ღებავენ. მატყლს შავ ფერად, ხოლო საგანგებო ხელოსნები ბიაზს თეთრად ღებავენ. მეთუნეობაც საკმაოდ განვითარებულია. aღნიშვნის ღირსია მოჭიქვისა და ჭურჭლის ფორმათა ნაირგვარობა. სიდიდის მიხედვით განსაკუთრებით გამოირჩევა ქვევრები, რომლებშიც ეტევა 700 თუნგზე მეტი102. მშენებლობისას სიმკვრივით გამორჩეულია სქელი და თხელი გამომწვარი აგური. საპნის სახარშები არ არის სათანადო დონის, საპონი სულაც არ არის სუფთა. ქვემეხებისა და ზარების ჩამოსასხმელი, მინისა და დენთის საამქროები ამჟამად განადგურებულია.
ბაზრობის აღწერა
კეთილშობილი გვარიშვილები იმერეთიდან, ქართლიდან და კახეთიდან, ასევე, აღალარები ყაზახიდან, შამშადილუსა და ბორჩალოს დისტანციებიდან ტფილისელი ვაჭრებისაგან და მედუქნეებისაგან ყიდულობენ მრავალი სახის შემოტანილ საქონელს, რომელსაც იყენებს ორივე სქესი სამოსად, სარტყელად და სხვა. ერევნის მახლობლად მცხოვრები ბამბაკის დისტანციის აღალარები ყველაფერს ერევანში ყიდულობენ.
ქართლისა103 და ანანურის მაზრის მამაკაცები ტფილისში ჩამოტანილი გასაყიდი საქონლის ნაცვლად ფულს ცოტას იღებენ, უფრო მეტად მიაქვთ საქონელი: ლეკური ნაბდები, ხარები და სხვა, რაც მათ მაზრებში ან საერთოდ არ არის, ან ძალიან ცუდია.
ქიზიყელი და კახელი გლეხები კი ჩამოტანილი ღვინის სანაცვლოდ ბევრ ფულს იღებენ. ამასთან, მსხვილფეხა საქონელის – ხარების – გარდა, იმავე საქონელს ყიდულობენ, რომელსაც ქართლელები.
ტფილისის მაზრის და მოურავებისაგან მართული სხვა მხარეების მოსახლეობა იმდენად ფულზე არ ვაჭრობს, რამდენადაც პროდუქციას ცვლის ბამბეულზე, ზოგჯერ მცირე ოდენობის აბრეშუმის ნაწარმსაც იღებენ, მიჰყავთ ბევრი ცხენი, მიაქვთ ცხენის აღკაზმულობა, ორივე სქესისათვის ფეხსაცმელი და სხვა მისთანანი. ბამბაკის დისტანციის მაცხოვრებლებს ტფილისში ჩამოაქვთ ხის ზეთი104, ჰყიდიან მას ფულზე და სამაგიეროდ ყიდულობენ ლეკურ ნაბდებს, ტანსაცმელს, ასევე – არაყსა და ღვინოს.
ლეკებს ტფილისში ჩამოაქვთ მატყლის კარგი შავი ნაბდები, რომელსაც მოსასხამისათვის და შარვლებისათვის იყენებენ ღარიბები; თექა და თხის მატყლის ტომრები, ასევე, ცვილი, გოგირდი და სხვადასხვა სახის იარაღი. ამათგან ბოლო სამი ნაღდ ფულზე იყიდება; ხოლო სხვა ყველაფერს მოვაჭრეებს ბამბეულზე უცვლიან. ამოღებული თანხით ყიდულობენ სპილენძის ჭურჭელს, როგორიცაა დოქები, ქვაბები და სხვა. აქვე უნდა შევნიშნო, რომ ის ვაჭრები, რომლებიც ლეკებთან ბამბეულით ვაჭრობენ, ორმაგ მოგებას ნახულობენ: 1) საქონლიდან, რომელსაც ნაბდების სანაცვლოდ იძლევიან და 2) ნაბდებიდან, მათი დიდი მოგებით გაყიდვის შედეგად.
ჩერქეზებსა და ოსებს ჩამოაქვთ საკმაოდ კარგი ხარისხის შალის ქსოვილი, ზოგჯერ მოაქვთ ამისაგან შეკერილი ხიფთანები და შარვლები, სხვადასხვა ფერის კრაველი, რომელსაც ადგილობრივები ქუდებად ხმარობენ, ქეჩა და თეთრი ქეჩის ხალიჩები105 და ცვილი. ისინი ვაჭრობენ ლეკების მსგავსად. ზოგიერთი მათგანი ცხენებსაც მოერეკება და დიდძალ მსხვილფეხა საქონელსაც, მათ ნაღდ ფულზე ყიდიან. ამ ფულით კი ყიდულობენ ბამბეულს, მცირე ოდენობით აბრეშუმის ნაწარმს და სპილენძის ჭურჭელს. ამავე საგნების საყიდლად მოდიან ტფილისში მთიულები106, ფშაველები და ხევსურები. ზოგიერთ მათგანს ჩამოაქვს ლობიო ლიტრა107 20-ად, ქათმები და მამლები – 10-ად108 და სხვა წვრილმანი. ყველაფერ ამას ცვლიან მარილსა და ბამბეულის ნაწარმზე. ტფილისისკენ მათ, სავარაუდოდ, 4 დღის გზა მაინც აქვთ გასავლელი. მათი ტანსაცმელი და სხვა აღკაზმულობა ცხენზე ან ჯორზეა აკიდებული. ერთი სიტყვით, მათ მიერ ჩამოტანილი საგნები ვერცხლით 10 მანეთისა ძლივს იქნება.
გლეხებს ჩამოაქვთ ტყეში შეგროვილი 1-2 საპალნე წაბლი, სელის ძაფი, საკმაოდ სქელი ტილო. ყოველივეს ჰყიდიან ფულზე, სამაგიეროდ ყიდულობენ ბამბეულის ქსოვილს, გამოყვანილ თევზს, წელას109, ხიზილალას და მარილს. იმერლების აღკაზმულობის ღირებულებაც კი 10 მანეთს ბევრად არ აღემატება. ამ წვრილმანი და უმნიშვნელო ვაჭრობისათვისაც კი დიდი სიამოვნებით მიდიან ტფილისში. თუმცა უფრო მეტი თანხისათვის გაცილებით ნაკლებ მანძილზე არ გაგყვებიან გასაცილებლად. მათ მოგების სურვილი იმდენად არ იზიდავს, რამდენადაც ცნობისმოყვარეობა. ამ ადამიანების უბრალოება და გულუბრყვილობა არის ტფილისელთა შემოსავლის ძირითადი წყარო, ისინი მათთან ვაჭრობენ მოტყუებით; მთავრობის ჩარევით ეს ბოროტება აღმოფხვრილია: მთიელთა მიერ ჩამოტანილი საქონლის – ერბოს, ყველის, ბოსტნეულის – გადაცვლა ხდება მარილზე – 1 ლიტრა მარილი 1 ლიტრა ერბოზე შეთანხმების შესაბამისად.
მშობიარობის შესახებ
როდესაც მოდის მშობიარობის დრო, ატყობინებენ ახლობლებს. მშობიარობის დაწყების წინ ყველა ქალი სანთლებით განათებული ღვთისმშობლის ხატის წინ მხურვალედ ლოცულობს. მშობიარობისას ქალს აწვენენ თივაზე, მაცხოვრის ბაგაში შობის სასწაულის ნიშნად. ხუცესი აკურთხებს სახლს, კითხულობს სახარებას, აპკურებს აიაზმას და მას შემდეგ, რაც მშობიარეს თავთით სახარებას დაუდებს, გარეთ გადის. რამდენიმე დღის შემდეგ ოჯახის უფროსი ეპატიჟება არა მარტო მშობიარობისას იქ მყოფ ქალებს, არამედ სხვა ნაცნობებსაც, რომლებიც ასაჩუქრებენ ბებია ქალს. მთელ ღამეს ლხენასა და მღერა-თამაშში ატარებენ, უკრავენ დოლზე, ფანდურზე და სხვა ეროვნულ ინსტრუმენტებზე. პირველ ასეთ დღეობას ეძახიან ძეობას, ზოგიერთი ქალი მეორე დღემდე რჩება. ახლად მოლოგინებული, ჩვეულებისამებრ, საწოლში რჩება 20 დღემდე. თივას უცვლიან მხოლოდ ერთხელ, მშობიარობიდან მეოთხე დღეს. მიმდინარე 20 დღის განმავლობაში ავადმყოფთან ყოველღამე მორიგეობს ახლო ნათესავი ქალი.
გამოჯანმრთელების მეორე, ანუ მშობიარობიდან 22-ე დღეს, ახლად მოლოგინებული მიდის აბანოში, მხოლოდ ამის შემდეგ მიდის ქმარი მასთან. ახლადშობილი პირველი ოთხი დღის განმავლობაში დაკრულია ფიცარზე, მხოლოდ ამის შემდეგ აწვენენ მას აკვანში. ძიძები მას უმღერიან საამო ნანას. ბორჩალოელი, ყაზახელი და შამშადილოელი მომთაბარეები, ქრისტიანები თუ მაჰმადიანები ყველაზე რთული გადასვლისასაც კი გახვეულ ჩვილს ზურგზე მიმაგრებული დაატარებენ. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის110 მიერ ტფილისის დარბევისას აქაური ქალები გაქცევისას მშობიარობდნენ იოლად და ყველგან დაატარებდნენ ჩვილებს ყოველგვარი დაზიანების გარეშე.
ნათლობის შესახებ
შუადღის ლოცვისას ეკლესიის კარამდე მიჰყავთ ჩვილი, სადაც მას მიიბარებს მომავალი ნათლია. მღვდელი სრული აღკაზმულობით გამოდის და ნათლიას თავის გვერდით დაიყენებს, სამპირად დაგრეხს წითელი ბამბის ძაფს წმ. სამების აღსანიშნად, თან კითხულობს სათანადო ლოცვას. ამის შემდეგ ნათლია ნათლულითურთ მობრუნდება დასავლეთის მხარეს და სამჯერ უარყოფს ეშმაკს; შემდეგ კითხულობს მრწამსს. ლოცვის წაკითხვის შემდეგ მღვდელს ნათლია და ნათლული ხელში ანთებული სანთლებით მიჰყავს ემბაზამდე. ამის შემდეგ მამაო კვლავ კითხულობს ლოცვებს, სადაც ლოცავს ახალშობილს და აკურთხებს წყალს ჯვრის გარდასახვით და სახარებით, ამავე დროს ემბაზში აწვეთებს წმ. მირონის რამდენიმე წვეთს. ამის შემდეგ, ქრისტეს სამდღიანი გარდაცვალების აღსანიშნად, სამჯერ განბანს ჩვილს ემბაზში, შეახვევს სახვევებში და ახლადნათელღებულს გადასცემს ნათლიას. ნათლულობის სახვევებს ნათლია საჩუქრად უძღვნის მღვდელს; ნათლობის შემდეგ ჩვილს ყელზე შეაბამს სამფად დაწნულ ძაფს, რომლის ბოლოზედაც ცვილის ჯვარია, შემდეგ აზიარებს და გადააწვდის ნათლიას. ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ მიდიან ახლადმონათლულის სახლში, იმავდროულად მათ აცილებს მღვდელი სანთლებით, ზარების რეკვით და წმ. იოანე ნათლისმცემლის სადიდებლის საგალობლით. სახლში ელიან ნათლიას, ყველა ნათესავი მდიდრულადაა გამოწყობილი. ნათლია ჩვილს გადასცემს დედას, თან სამჯერ იმეორებს: მიიბარეთ თქვენი შვილი ნათლობით ჩემგან შეთვისებული; შემდეგ დედა შვილს გადასცემს მოსამსახურეს, თვითონ კი თანადამსწრეებთან ერთად მიესალმება ნათლიას და შეი პატიჟებს. მუსიკის თანხლებით ახალგაზრდა გოგონათა ცეკვის შემდეგ მოზრდილები – ქალებიც და კაცებიც _ სხვადასხვა ოთახში გადიან და ცალ-ცალკე ლხინობენ.
ამასთან, სტუმრად იწვევენ მხოლოდ მამისა და ნათლიის ახლობლებს. სადილი ხშირად პირველი საათიდან საღამომდე გრძელდება. ამის შემდეგ ყოველ დღესასწაულზე, როგორიცაა აღდგომა ან ახალი წელი, ნათლიას გაფრთხილების გარეშე უგზავნიან ვერცხლის ან სხვა ნივთებს გაწეული ხარჯისათვის. ამ ჩვევას ყველა როდი ასრულებს.
ნიშნობის შესახებ
ქალიშვილის ნათესავები ირჩევენ საქმროს, ისე, რომ სარძლო შეიძლება არც იცნობდეს მას, ისინი თანხმდებიან მზითვზე, ან კმაყოფილდებიან იმით, რასაც მშობლები დათქვამენ; პირველივე ჯერზე სასიძო სარძლოსთან აგზავნის თავის მოძღვარს ნიშნობის ბეჭდით ან სხვა რაიმე ნივთით და თან აუცილებლად მიაყოლებს შაქარს; სადედოფლო მდიდრულად გამოწყობილი ხვდება მღვდელს, რომელიც მას ლოცავს, მის წინ დებს საჩუქრებს, ფულსაც, რისთვისაც საპატარძლოსაგან იღებს ორჯერ მეტს. ფულადი საჩუქრის ფასი 5-6 თუმანს არ აღემატება, ზოგჯერ სულაც არაფერია; საჩუქრების მიღების შემდეგ სადედოფლო წარმოდგება, თავს დაუკრავს და მოძღვარს ხელზე ემთხვევა, მისი ნათესავები ინაწილებენ შაქარს და იშლებიან. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მიი პატიჟებენ სასიძოს თავისთან სახლში, სადაც იგი მიდის უახლოესი ნათესავების თანხლებით. სასიმამრო სასიძოს საკუთარი ხელით მიართმევს შარბათს111 და საკუთარი ხელით დაალევინებს, სასიძო მას ხელზე კოცნის, ის კი ლოყაზე. შემდეგ სასიძო თავისი სტუმრებით სუფრის ერთ მხარეს იკავებს. სუფრაზე არის ტკბილეული – მურაბები, ხილი და შაქარი. მოძღვარი კითხულობს სახარებას და ლოცავს ახლადდანიშნულებს. ყველა იქ მყოფი იღებს თითო კვნიტ შაქარს და კვლავ თავის ადგილს უბრუნდება.
შემოაქვთ ყავა, შემდეგ ჩაი და ჩამოატარებენ ხილს, ყველაფერს ამას აყოლებენ ტკბილ არაყს. მთელი ამ ხნის განმავლობაში სასიძო ჩუმადაა, შეუძლია მიირთვას ყავა ან ჩაი, სხვას ვერაფერს მიეკარება. ამგვარ პირველ შეხვედრამდე სასიძოს არა აქვს უფლება მივიდეს სასიმამროს სახლში, თუ გზაზე სადმე შემთხვევით გადაეყარა, მოერიდება, ხოლო ამ პაემანის შემდეგ მას შეუძლია საცოლეს სახლში მივიდეს, მაგრამ მას მაინც ვერ ნახავს.
ქორწინების შესახებ
როდესაც დაინიშნება ქორწილის დღე, სასიძო აირჩევს მეჯვარეს და დანიშნავს თავის სახლში ლხინს, სადაც ქალის112 მხრიდან მცირე ოდენობის ხალხია დაპატიჟებული. მეჯვარეს ასეთ ლხინისას შეუძლია უხმოს თავის მეგობრებს. ვახშმობამდე სასიძოს მშობლები საპატარძლოს ხონჩაზე დადებულ საფარებელში გადახვეულ ფარჩის მოსასხამს113, ფეხსაცმელს ან მაშიას, თავსაბურავს, ვერცხლის გვირგვინს, ასევე, სხვა სამკაულებს (ხელისა და ფეხისათვის) და ორ თავ შაქარს უგზავნიან. ამ ჩვეულებას ჰქვია ალავი. მას თან ახლავს მუსიკის დაკვრა, რომელსაც ასრულებს სასიძოს რამდენიმე ახალგაზრდა ნათესავი. სასიძოს სტუმრებს მაყრიონს ეძახიან. სადედოფლოს სახლში მოძღვარი ლოცავს ალავს და მაყარიც ბრუნდება სასიძოს სახლში. იმავდროულად ხდება მზით ვის გატანებაც. სასიძოს სახლში მთელი ღამე ლხინობენ, თან ახლავს მამაკაცთა ცეკვა, თუმცა ქალებიც განსაკუთრებულ წრეს ქმნიან. შუაღამისას სასიძო მეჯვარითა და სტუმრებითურთ მიდის ეკლესიაში, სადაც მდიდრულ ტანსაცმელში გამოწყობილი პირბადეჩამოფარებული სადედოფლოც მიჰყავთ. მოძღვარი აზიარებს და შეაუღლებს ახალგაზრდებს. შემდეგ იმოსება და იწყებს ლოცვას და წითელი ბამბის ძაფის დაწვნას ორი პირის შეერთების საწინდრად. ამ რიტუალის დამთავრების შემდეგ იღებს ჯვარს და სასიძოსა და საპატარძლოს ეკითხება შეუღლებაზე თანხმობას, შემდეგ იღებს საპატარძლოს ხელს და ჩააბარებს სასიძოს, ასევე ერთმანეთზე მიადებინებს თავებს და გარდასახავს ჯვარს, მეორე ხელში კი უჭირავს ვერცხლის ჯამი ღვინით. ამ ჯამიდან ახლადშეუღლებულნი სვამენ ნახევარ-ნახევარს.
ქორწინების საიდუმლოს შესრულების შემდეგ მოძღვარი ახლადშეუღლებულებს ხსნის ჯვარს და გალობის თანხლებით ადგამს გვირგვინებს. ამასთან, ორივეს ყელზე შეაბამს წინასწარ მომზადებულ წნულებს და ჯვრის მსგავსი მარყუჟით შეკრავს ცვილის სანთლით. აქედან მოყოლებული სამი დღის განმავლობაში ისინი ცოლქმრული ცხოვრებით ვერ იცხოვრებენ.
ჯვრისწერის შემდეგ მგალობლებისა და მუსიკოსების თანხლებით სასიძოს სახლისკენ მიემართებიან. სახლში შესვლისას მეჯვარე დირეზე გადადებს ხმალს, რომელის ქვეშაც უნდა გაიარონ შეუღლებულებმა. სასიძოს სახლში გამზადებულია მდიდრულად გაწყობილი დივანი და უახლოესი ნათესავები ახალგაზრდებს ხვდებიან ხვევნა-კოცნით და თითოეულს ასინჯებენ შაქარს. პატარძალი ყველას მდაბლად უკრავს თავს და მეუღლის გვერდით ჯდება საგანგებოდ მომზადებულ ფიცარნაგზე. ამის შემდეგ უკვე ქალები (ახალგაზრდებიც და ხანშიშესულებიც) ცეკვავენ. შემდეგ ქალები გადიან საგანგებო ოთახში, ხოლო მამაკაცები მსუბუქი წახემსების შემდეგ იშლებიან.
მალევე სიძის ახლობლებისათვის მოაქვთ საჩუქრები: შალეული და სხვა ნივთები. ხოლო დედოფლისათვის ბეჭედი და ან სხვა რამ ხონჩაზე დადებული ხილთან და ტკბილ არაყთან ერთად. ასევე, მოაქვთ ამჟავებული რძე, რომელსაც სიძე მაშინვე მიართმევს მეუღლეს და თხოვს მისი ხელიდან სამი კოვზი მიირთვას. შემდგომი ორი საღამოს განმავლობაში აქ მყოფი სტუმრები კვლავ იკრიბებიან განსაკუთრებული მოწვევის გარეშე, დედოფლის ოჯახიდან კი სტუმრებს საგანგებოდ იწვევენ. ეს საღამოები უფრო ახლო ნათესავი ქალებისათვის ეწყობა და ძირითად დროს ცეკვა-თამაშში ატარებენ. ცეკვავენ ქართულს, ჩერქეზულს და ლეკურს.
მუსიკოსებს ფულს სტუმრები უხდიან (აბაზი– 20 კაპიკიანი ვერცხლით). ორდღიანი ლხინის შემდეგ მომდევნო დღეს, საღამოს, მოდის სიძის მოძღვარი, მიიყვანს ახალგაზრდა კაცს მეუღლესთან და დასვამს პატარძლის გვერდით. მათ წინ დააწყობს ორ ლავაშს, გალობის თანხლებით მეჯვარე გაშიშვლებული ხმლის წვერით რძალს აუწევს პირბადეს და მის მეუღლეს აძლევს ნებას ქალის მიერ მორთმეული ჯამიდან ღვინო მოსვას. პირბადის მოხსნასთან დაკავშირებით ჯერ მეჯვარეს, შემდეგ კი სიძის ნათესავებს და სხვა დანარჩენებს ნება ეძლევათ დაასაჩუქრონ პატარძალი ფულით, ან სხვა ნივთებით, რომელთა შესახებაც მოძღვარი ხმამაღლა აცხადებს. ქორწილის მესამე დღეს იგივე მოძღვარი ლოცვების წაკითხვის შემდეგ ახლად დაქორწინებულებს ახსნის გვირგვინებს და წნულებს და ამის შემდეგ მათ ეძლევათ თავისუფლება დატკბნენ საქორწილო სარეცლით. ქმარი ცოლს ელოდება საწოლში, საგანგებოდ გამოყოფილ ოთახში, თავად ხდის ტანსაცმელს. ამასობაში პატარძლის შემომყვანი ქალები ოთახიდან გადიან სიძისაგან ფულით დაჯილდოვებულები. მეორე დღეს სიდედრს გადასცემენ საქორწილო ქვეშაგებს, რომელიც ან გაახარებს მას ქალიშვილის შეურყვნელობით, ან დაამწუხრებს, შეარცხვენს, რომ ახალგაზრდა ქალმა არ ისმინა დედის რჩევები და ვერ შეინახა ქალწულობა. იმავე დღეს სიდედრი უგზავნის ახალდაქორწინებულებს მურაბას, ხილს, ტკბილ არაყს და გამორეცხილ ქვეშაგებს. რამდენიმე დღის შემდეგ, სადილობისას, უკვე ნათესავებითა და უმნიშვნელო საჩუქრებით ეწვევა სიძე-პატარძალს. 40 დღის შემდეგ ნათესავ ქალებს ახალგაზრდები მიჰყავთ აბანოში და ეს დღეც მცირე ქეიფით მთავრდება. აუცილებლად უნდა შევნიშნოთ, რომ ქორწილისათვის სპეციალურად მზადდება ფლავი ექვს კაცზე ერთი ლიტრა (9 გირვანქა), იმავე რაოდენობის ხორცი, ასევე, კაცები აუცილებლად სვამენ 5-6 გირვანქა ღვინოს; მათ ამ საქმეში არც ქალები უდებენ ტოლს. დედამთილისა და მაზლის პატივისცემას განსაკუთრებულად ავალდებულებენ რძალს. იქამდეც კი მიდის საქმე, რომ ვიდრე მას შვილები არ ეყოლება, არა თუ არ უნდა ილაპარაკოს, არამედ ჩურჩულიც არ უნდა ისმოდეს მისი.
გარკვეული დროის შემდეგ სიმამრი იწვევს სტუმრად ახალდაქორწინებულებს. მისი ქალიშვილი ერთი დღით ადრე ეწვევა მამის სახლს. მდიდრული ქეიფის შემდეგ უკვე სიძესაც აქვს 15 დღემდე დარჩენის უფლება, ხოლო წასვლის წინ საოჯახო ნივთებიდან ვერცხლის ნივთს ჩუქნის სიმამრს.
გარდაცვლილთა შესახებ
მას შემდეგ, რაც მოძღვარი წესს აუგებს მიცვალებულს, სხეულს განბანენ. აუცილებლად აქცევენ ყურადღებას, რომ განმბანელი იმავე სქესისა იყოს. აცმევენ მარმაშის სუდარას114, ან მდგომარეობისდა შესაბამისად სხვა თხელი ნაჭრისას. მეორე დღეს კრძალავენ ჩვეულებრივი წესით. იმ დღეს უმასპინძლდებიან ღარიბებს და ურიგებენ ფულს. სადილს ეძახიან ქელეხს. მომდევნო დღეს სასულიერონი და საერონი იკრიბებიან გარდაცვლილის სახლში, საიდანაც მიდიან ეკლესიაში, შუა დღის ლოცვის შემდეგ კი – სასაფლაოზე, სადაც მოძღვარი ჯვარს ადგამს საფლავს.
გლოვა გარდაცვლილის გამო
მიცვალებულის დატირებას თან ახლავს ქალების ხმამაღალი კივილი. ამ დროს საკუთარ თავებს უმოწყალოდ იცემენ, იხოკავენ მკერდს და სახეს, ზედ იხევენ ტანსაცმელს და თმებს იგლეჯენ, შუაღამისას გარდაცვლილის ნაცნობები და შორეული ნათესავები იკრიბებიან და დაასვენებენ სხეულს ოთახის შუაგულში. შემდეგ კი ქალები და კაცები რიგრიგობით დაიტირებენ მას. საინტერესოა, რომ მიცვალებულს მოიგონებენ რამდენიმე ათეული წლის შემდეგაც კი. გლოვა – ტირილი წყდება სასულიერო პირების მოსვლისას. ლოცვის დამთავრების შემდეგ კვლავ მოუხმობენ ნათესავებს საგლოვად, შემდეგ გადააფარებენ ფარჩის ნაჭერს და ოჯახში უფროსი დავარდება რა მის ფეხებთან, იწყებს მოთქმას. სხვები ამ დროს ჩუმად არიან. დაკრძალვიდან მეორე დღეს კაცები ბრუნდებიან სასაფლაოდან და ქალებს უყვებიან, რომ მიცვალებულს ჰკითხეს, როგორ გაატარე ღამეო, ის კი ხმას არ იღებდაო. კიდევ არაერთი დღე აგრძელებენ ქალები გლოვას. მათ თმები გაშლილი კი აქვთ, მაგრამ თავსაფრები ახურავთ. ახლობლები ანუგეშებენ. დაკრძალვიდან მესამე დღეს სამგლოვიარო ტანსაცმელში გამოწყობილ მამაკაცებს შეუძლიათ სახლიდან გამოვიდნენ, ქალები კი შვიდი-თხუთმეტი დღე კიდევ რჩებიან სახლში. გლოვის პირველ დღეს მგლოვიარე ქალები ნაცნობების თანხლებით თმაგაშლილები მიდიან საფლავთან. სასაფლაოზე გლოვამ ნებისმიერი შეიძლება შეაძრწუნოს და თანაგრძნობით განმსჭვალოს. იმავე დღეს გარდაცვლილის სახლში ქალებისათვის იმართება შესანიშნავი სადილი. ქალები ჩუმად სხედან.
როცა ღვინის სმა იწყება, იოლი შესამჩნევია, რომ მიცვალებულის ხსოვნა მიავიწყდებათ და საუბარს იწყებენ ახალჯვარდაწერილ ქალწულებზე და სხვა. ეს ეხება დაბალ ფენებს. ქართველების ტირილი უფრო მოკრძალებულია: მიცვალებულის სხეულს ათავსებენ საგანგებო მოსასვენებელში, ხოლო ორივე სქესის ჭირისუფალნი სხდებიან მეორე ოთახის კუთხეში და იქ გლოვობენ. დაკრძალვის ხარჯები, სასულიერო პირისთვის გაღებული საჩუქრების გარდა, რაც გარდაცვლილის დარჩენილ ტანსაცმელს გულისხმობს, საკმაოდ დიდია, იმდენად დიდი, რომ ბევრი ღარიბდება. ქართველები ამ საკითხში გაცილებით მომჭირნენი არიან.
დღესასწაულები
საგანგებო დღესასწაული ეწყობა აღდგომის კვირას სადილის შემდეგ – სომხები და ქართველები (ძირითადად ქალები) წინა საღამოს შეიკრიბებიან ნორაშენის115 სომხურ ტაძართან და სეირნობენ. ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს გააქვთ ტფილისის მახლობლად ჩრდილოეთის მთაზე მდებარე გამოქვაბულში, სადაც თავს იყრიან ქართველი, სომეხი და მაჰმადიანი ქალები, კაცები კი მარტო ქართველები და სომხები არიან.
ამ ქვაბულში ლოცვების წასაკითხად არანაირი პირობა არ არსებობს. შუადღეს (2-3 საათისათვის) უკვე დიდგვაროვნებიც გამოჩნდებიან საყურებლად. მთელი ხალხი 2 ნაწილად იყოფა და ერთმანეთს მწყობრად და გაშმაგებით ჯოხებით შეებმიან. ამ თამაშებს თათრულად და ქართულად ჯირითობას, დღესასწაულს კი გორიჯვარობას ეძახიან. წელიწადის სხვა დროს ეს გამოქვაბული ცარიელია. იმავე დღეს დღესასწაული იმართება სომხურ ტაძარ სურბნიშანში. კვირაძალს ქართველები წმ. თომას ხატს გამოასვენებენ ტფილისთან ახლოს, ჩუღურეთის მაღალ გორაზე მდებარე ამჟამად დანგრეულ ტაძარში და იქ დიდი ოდენობით ხალხი იყრის თავს, განსაკუთრებით ბევრია ღვთისმოსავი ქალი, ახალგაზრდები ჯირითობენ. ამ დღესასწაულს კვირაცხოვლობას ეძახიან. იმავე დღესვე იმართება დღესასწაული ვანქის სომხურ ეკლესიაში, სადაც, ძირითადად, თავს იყრიან სომხები. აღდგომის მესამე კვირას სეირნობით მთავრდება დღესასწაული ქაშუეთსა და სომხურ მოღნინში. აღდგომის მეხუთე კვირას უმნიშვნელო დღეობაა კალოსუბნის მცირე ტაძარში116.
ამაღლება დღეს დიდი დღესასწაული – თელეთობა – იმართება ტფილისთან ახლო მდებარე სოფელ თელეთში, სადაც სომხურ ეკლესიაში ინახება წმინდა გიორგის სასწაულთმოქმედი ხატი. წინა დღით, ნაშუადღევს ტფილისის მცხოვრებლები 10-15 კაციან ჯგუფებად დაყოფილნი ქვეითად, დროშებით აღჭურვილნი, მუსიკის თანხლებით, თელეთისაკენ მიემართებიან. ქალები ძირითადად ამხედრებულები მიემგზავრებიან. საგზლად მიაქვთ დროისა და მანძილის შესაბამისი საგზალი. დიდგვაროვანთაგან იქ ცოტა ვინმე თუ დაიარება. ეკლესიასთან მომლოცველები მთელ ღამეს თეთრად ატარებენ, ამაღლების მეორე დილით შესაწირად ცხვრებს კლავენ. წირავენ თაფლის სანთელს, საკმეველს და ფულს. შემდეგ ტფილისის ახლო-მახლო ბაღებს მიაშურებენ მოსალხენად. ნაშუადღევს ტფილისიდან ორივე სქესის უამრავი მაცხოვრებელი მახლობელ ბაღებში იკრიბება, სადაც იმართება დოღი, ჯირითობა, რომელიც საღამომდეც კი გრძელდება. მეშვიდე კვირას ზეიმობენ მთაწმინდაზე, ანუ ტფილისის დასავლეთით იშიტუტრუქის მთაზე, სადაც გაშენებულია მომცრო მონატერი წმ. დავით გარეჯელის სახელზე. იმ დღეს ტარდება სხვათა მსგავსი ცერემონიალი ჯირითობის და მსხვერპლშეწირვის გარეშე. ამ დღეობას მთაწმინდობას ეძახიან და ყოველ ხუთშაბათს იკრიბებიან სომეხი და ქართველი ქალები სალოცავად. ითვლება, რომ დავით გარეჯელი უშვილობისაგან კურნავს.
თებერვლის თვეში სომხები წმ. გიორგის სახელზე ინახავენ ერთკვირიან მარხვას, რომლის ხატიც ასვენია ტფილისიდან სამხრეთით. დღეობის წინა დღეს ქალწულები მარილიანს ჭამენ, რათა სიზმარში ნახონ საქმრო, რომელიც მათ „დაარწყულებს“. მეორე დღეს მონასტერში სალოცავად ძირითადად ქალები მიდიან. ამ დღესასწაულს სურბსარქისობას ეძახიან. წმ. გიორგის ბევრი აქაური მაჰმადიანიც სცემს თაყვანს117.
აგვისტოში ღვთისმშობლობის მარხვაა, რომელიც 15 დღე გრძელდება, აქედან ერთი კვირა შედარებით იოლი, მეორე კი მძიმე მარხვაა. ამ დღეებში ქართველი და სომეხი ქალები ძირითადად ფეხით დადიან სხვადასხვა ეკლესიებში, მათ შორის, აკითხავენ დანგრეულ ტაძრებსაც და შეძლებისდაგვარად შესაწირიც მიაქვთ. უნდა ვიცოდეთ, რომ სომხები სხვა ქართულ ეკლესიებთან შედარებით მეტ პატივს სცემენ სიონს და მასში დასვენებულ ღვთისმშობლის ხატს, ხოლო ქართველები – სომხური ტაძარს ფეთხაინს118 და იქ დასვენებულ ღვთისმშობლის ხატს.
ამ დღესასწაულის, ანუ ღვთისმშობლის მიძინების წინა დღეს, საღამოს პირზე ფეთხაინის მიდამოებში იკრიბებიან ორივე სქესის სომხები და ღამეს ათევენ ლოცვაში. შუადღის ლოცვის შემდეგ ბრუნდებიან სახლებში. სექტემბრის თვეში სომხები დღესასწაულობენ ჯვართამაღლებას. ცერემონია ტარდება იმ ეკლესიაში, რომელსაც დაასახელებს სომეხთა მღვდელმთავარი.
ამ დღესასწაულზე იკრიბებიან ძირითადად სომხები, ქართველი ცოტაა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ არქიელი სასიხარულო შეძახილების თანხლებით აღმართავს ჯვარს. ამ დღესასწაულს ჯვართამაღლებას ეძახიან.
ფერისცვალების წინ სომხები ერთი კვირა მარხულობენ. მათში განსაკუთრებით მონდომებულები თითქმის 6 კვირა ინახავენ მარხვას, მხოლოდ შაბათსა და კვირას მიირთმევენ ყელაფერს ხორცის გარდა. ტფილისის მახლობლად, ჩრდილოეთის მხარეს მდებარეობს ახალაგებული სომხური ტაძარი სურბკარაპეტის119 სახელობაზე, სადაც მომარხულენი ყოველ კვირას დილით მიდიან. ფერისცვალების დღესასწაულზე აქ ბევრი ხალხი იკრიბება და ამ დღესასწაულს სურბკარაპეტობას ეძახიან.
ახლანდელმა ბატონმა მთავარსარდალმა120 თავადაზნაურებსა და სხვა საპატიო პირებს ნება დართო დღესასწაულებზე ესეირნათ სახაზინო ბაღში. ეს ბაღი დიდია და ლამაზი, მრავლადაა მსხმოიარე ხეებითა და ვენახით გაწყობილი ხეივანი. ახლად აგებული გროტი, მცირე ზომის სახლი და ყოველთვის ცივი წყლით სავსე ქვის აუზი ლამაზ ხედს ქმნის.
ყოველ კვირას იმ სახლთან უკრავს მუსიკა, მღერიან და სეირნობენ, ასეთი მოკრძალებული სეირნობა უფრო მოსწონთ კეთილშობილი წოდების მცხოვრებლებს, ვიდრე ადრინდელი ხმაურიანი ღრეობა, რომელიც ხშირად მთავრდებოდა ჩხუბითა და მკვლელობითაც კი.
ქალთა ხელმოსაქმეობა
ქალები ქარგავენ ოქროთი და ვერცხლით სხვადასხვა ფერის აბრეშუმზე, მცირე ზომის ხალიჩებს, ბალიშის პირებს (მუთაქა, დორისპირი), ცხენის მოსართავებს, საძაგრავებს, ჩულებს, ჩანთებს; საქილეებსა და ბევრ სხვა მსგავს რამეებს – ხავერდზე, ტილოზე, ატლასსა და სხვა ქსოვილზე. ამას გარდა, ქარგავენ ქალის თავსაფრებს, სამკერდეებს მოსირმავენ. ქარგავენ პისტოლეტების ჩასადებებს, თოფის ჩახმახებისათვის – შალითებს და შესახვევებს კაჟისათვის, საულვაშე სახვევებს; ქისებს თამბაქოსათვის, საათის ჩასადებებს და თასმებს ფეხსაცმლის შესაკრავად და შემოსახვევადაც, საეკლესიო სამოსის შესაკრავებს. აბრეშუმისაგან ქსოვენ ქალის წინდებს, შესაკრავებს, საფულეებს, ქისებს, თასმებს, ხელთათმანებს და ხალიჩებს. ბამბეულისაგან – ხელთათმანებს, გრძელ და მოკლე წინდებს და სხვა.
თონის შესახებ
თონეს ამზადებენ თიხის სამი გამობერილი ნაწილისაგან, ათავსებენ მათ მიწაში ცილინდრისებურად. იგი სიგანეში 1 არშინზე121 განიერია, სიმაღლეში 5 ჩეტვერტის122 ტოლია. გამოიყენება პურის საცხობად. ცომს აბრტყელებენ და აკრავენ დაფით. როდესაც პური მზადაა, სველ პირსახოცს გადაუსვამენ და ხსნიან თხელი ბრტყელი ლითონის ფირფიტით, რომელსაც მეორე მხარე მოკაუჭებული აქვს. თითოეული პური ორ გირვანქამდე123 იწონის. როგორც წესი, თონეში საცხობად შეშას 7 ეზოდან აგროვებენ, ეს გამოწვეული უნდა იყოს სიღარიბით.
ქალების ცრურწმენები124
აღდგომიდან მოყოლებული ამაღლებამდე, ყოველ ორშაბათს, დილით ადრე ცრუმორწმუნე ქალები ჩუმად გადიან მინდორში და ოთხივ მხარეს მიწამდე თაყვანს სცემენ, კბილებით გლეჯენ ბალახს და ხმაამოუღებლივ ბრუნდებიან სახლში. ამტკიცებენ, რომ ამ საქციელით ღვთისმშობელს ბაძავენ.
ტფილისის სამხრეთით, კლდეზე დგას ტფილისში მაცხოვრებელთა სახლები და სომხური ეკლესია, რომელსაც ეძახიან ფეთხაინს. ერთ დღეს ჩემი სახლის ფანჯრიდან დავინახე, როგორ გამოვიდა ერთი სომხის ქალი ამ ეკლესიიდან, პირით დასავლეთით მიბრუნდა, პირჯვარი რამდენჯერმე გადაიწერა და მიწამდე თაყვანი სცა; შემდეგ მიბრუნდა ჩრდილოეთისაკენ და იგივე გაიმეორა. ცნობისმოყვარეობამ წამძლია და მისკენ გავემართე, რომ გამეგო მისი ასეთი საქციელის მიზეზი. იქ მისულმა კლდის კუთხეში ძველი კედელი დავინახე. მასა და კლდეს შორის წვრილი ქვები ეყარა, იზრდებოდა მაღალი ბალახი, რომელზედაც ჩანდა ადამიანისა და საქონლის კვალი. ვერაფრით ვერ დავადგინე ქალის ამგვარი საქციელის მიზეზი და იძულებული გავხდი მომეძებნა და მისთვის მეკითხა. მანაც ამიხსნა, რომ ამ ადგილას დაყრილია ღვთისმშობლის საფლავიდან ჩამოტანილი მიწა.
ტფილისის დასავლეთით, მთაზე არის ტაძარი სახელად მთაწმინდა. ღვთისმოსავებმა, რომელთაც იქ მისვლა სწადიათ, თავზე უნდა დაიდგან ქვა, პირში ჩაიგუბონ წყალი. სიარულისას ეს წყალი აქეთ-იქეთ უნდა მოასხუროს იმ აზრით, რომ ჩანაფიქრი აუსრულდეს. როდესაც ჯვრისწერისათვის ტაძარში შეიყვანენ ნეფე-პატარძალს და მოძღვარი ახალგაზრდების თავებს შეატყუპებს, სიძის უკან მდგომი კლიტეს ჩაკეტავს და გახსნის მაშინ, როცა ახლადშეუღლებულებს საწოლში მოათავსებენ.
ამას იმიტომ სჩადიან, რომ სიძე დაიცვან ბოროტისაგან. მშობიარე ქალის ბოროტისაგან დასაცავად იმ მხარის სახურავიდან, სადაც წევს, იღებენ მიწას, ახვევენ ნაჭერში და მისი ბალიშის ქვეშ დებენ, შამფურზე წამოცმულ ხახვს წვავენ და მისი საწოლის გარშემო შემოატარებენ შავი თხის მატყლისაგან გრეხილ თოკს.
თუ მშობიარეს მოლოგინების შემდგომი ტკივილები დაეწყება, სინზე დადებენ ძველ გაცვეთილ საქალამნე ტყავს, გადააფარებენ თავსახურავს და ისე მიიტანენ ქალთან, იმ მიზნით, რომ საზიზღარი სანახაობისა ქალს შეეშინდებოდა და შიშით გადაიტანდა ტკივილს. იმავე მიზნით ბებია ქალი სხვა ქალებს სარტყელებს შემოხსნიდა და დაულაგებდა საწოლზე ახლად მოლოგინებულს. შემდეგ გაშიშვლებული ხმლით აიღებდა სათითაოდ და ამბობდა: ვის, ვის, ვის რა? მოლოგინებული პასუხობს: ჩემი ტკივილი. რომელ სახლშიც არის ახლადშობილი, იმ სახლთან აწყობენ მოტანილ საჩუქრებს. ფიქრობენ, რომ ამით მას ავადმყოფობას აარიდებენ.
არასასურველი ამინდის ან სეტყვის ასარიდებლად ვირს თვალებზე ტალახს უსვამენ, ტალახს ახმობენ ცეცხლზე სპილენძის ქვაბში, მღვდლის ოჯახიდან ი პარავენ ცოცხს და წვავენ, გაუშიშვლებენ სიყრმის შვილს უკანალს და წვიმას მიუშვერენ, ან მასვე ამოუდებენ იღლიაში სეტყვის მარცვლებს. ხანგრძლივი გვალვის დროს თლიან ბიჭის ფორმის თოჯინას, შემოსავენ, თავს ნაჭრით წაუკრავენ, ასხამენ წყალს და დააქვთ სახლებში. სოფლელი ქალები კი კისერზე დაიდგამენ უღელს და ისე დადიან სოფელში.
თუ მაისის შვიდში წამოვა წვიმა, მაშინ ქალები წვიმაში თმაგაშლილები დადიან, თმები რომ უკეთესად გაეზარდოთ.
ახალი წლის ღამეს, შუაღამე გადასულზე, მოსამსახურეს გაგზავნიან მტკვარზე დოქით მტკვარის წყლის მოსატანად. თან გაატანენ კვერს, ნუშს, ქერგადარეულ ქიშმიშს და ღვინოს, იგი მდინარემდე უხმაუროდ უნდა ჩავიდეს. ყველაფერი გაატანოს წყალს, გაავსოს დოქი წყლით და უხმაუროდვე დაბრუნდეს. ეზოში შესვლის შემდეგ ჭიშკრიდან დირემდე მიწაზე უნდა მოასხუროს წყალი, ხოლო შესვლისას დაიძახოს: შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ჩემი ფეხი, კვალი ანგელოზისა. მსახურმა ლექსი უნდა იცოდეს: ბარაქა მოგცეთ და ღმერთმა უბედურება გაცილოთო. ფიქრობენ, რომ ამ საქციელით ახალი წელი ბარაქიანი და კეთილი იქნება. განათხოვრებულ ნივთებს ახალი წლისთვის უკან იბრუნებენ ცუდის თავიდან ასაცილებლად.
ტფილისის მოსახლეობის ზნე-ჩვეულებები
ძველი სამოსელის შეცვლა უცხოელთა წამხედაობით. დაბალი ფენის ქალები ისვამენ ფერუმარილს, თვალებსა და წარბებს შავად იღებავენ მელნის კაკლით, იფართოვებენ. თავად-აზნაურთა ქალები ამას თანდათან ერიდებიან.
კაცებსა და ქალებს, რომელთაც აქვთ საუკეთესო ტანსაცმელი, მას მხოლოდ სადღესასწაულოდ იცვამენ, ჩვეულებრივ დღეებში კი უბრალო ტანსაცმელს იცვამენ. ქალები უფრო ი პრანჭებიან, იმიტომ რომ ძირითადად ისინი დადიან ქორწილებსა და სხვა შეკრებებზე. კაბის გარდა, თავზე, მკერდზე, ყურებსა და თითებზე სხვა ბევრ სამკაულს ატარებენ. ზოგადად, კაბები ქალებს მდიდრული აცვიათ, ამიტომაც მათი ქმრები ვალიდან ვერ ამოდიან.
ეკლესიებში, ქორწილებსა თუ სხვა შეკრებებზე მამაკაცები თვალყურს ადევნებენ, რომ სათანადო, ასაკისა და ღირსების შესაბამისი ადგილი დაიკავონ, და თუ ვინმე შარახვეტიამ დაიკავა საპატიო მოქალაქის კუთვნილი ადგილი, მაშინ მოკრძალებულად მიანიშნებენ შეცდომაზე და ძალდაუტანებლად, პატივისცემისაკენ მოუწოდებენ. ამ წესს იცავენ ეკლესიებშიც. ქართველი ქალები ასეთ შემთხვევაში ძალიან მომთხოვნნი არ არიან.
ქალებს იმდენად უყვართ აბანოები, რომ დილიდანვე ემზადებიან და თან სადილიც მიაქვთ. ზოგჯერ მეორე დღემდეც კი რჩებიან. აბანოებში სივიწროვისაგან ხშირად ქალებს შორის აუტანელი ხმაური და ლანძღვა გინებაა. წარჩინებულები კი უხმოდ ისმენენ ყოველივეს. აბანოებისადმი ლტოლვა იმდენად ძლიერია, რომ ვერც უამინდობა, ვერც ქარიშხალი ვერ აკავებს მათ სურვილს, ამიტომაც ხშირად ხდებიან ავად და კვდებიან კიდევაც. ბანაობენ არა უმეტეს ერთი საათისა. აბაზანისათვის რიგში წარმომავლობის მიუხედავად ყველა ერთნაირად დგას.
ტფილისის ორივე სქესის მაცხოვრებლები ქველმოქმედებისადმი არიან მიდრეკილნი და ცდილობენ მოწყალება დაარიგონ ფარულად. ეს თვისება გამოარჩევს ქალებს, კაცებს კი აუცილებლად უნდათ, რომ მათი ნამოქმედარი მცირედი სიკეთეც კი ყველასათვის საცნაური გახდეს – მოწმის გარეშე არც ერთი მათგანი მათხოვარს არაფერს არ მისცემს.
იმერეთის მიწის ნობათი და მისი მაცხოვრებლების ზნე-ჩვეულებები
იმერლები ბერძნულ სარწმუნოებას მისდევენ, ზოგადად, გაუნათლებლები არიან. მხოლოდ ზოგიერთმა თავად-აზნაურმა იცის წერა-კითხვა. დაბალი ფენა უხეშია. სიღარიბე თითქმის ყველას ხვედრია. ზოგიერთი თავადი ძალიან მდიდარია, ზრდილობიანები არიან, არიან მამაცნი თავის სამშობლოში მტერთან ბრძოლისას, მის გარეთ კი კარგავენ მეომრულ სულს. აზნაურები გამორჩეულად სტუმართმოყვარენი არიან. ხვნა-თესვა ცუდ დღეშია. ადრე მაჰმადიანებთან სიამოვნებით ვაჭრობდნენ თავისი თანამემამულეებით, უფრო ამით ირჩენდნენ თავს, ვიდრე შრომით. რუსთა მმართველობის ხანაში ადამიანებით ვაჭრობა შეწყდა. მიწა ისეთი შავია, რომ ერთი მინდვრიდან წლის განმავლობაში იღებდნენ ხორბალს, ღომს და მწვანილს ერთიმეორეს მიყოლებით. მაგრამ მათი მთავარი ნათესი არის ღომი. ყურძენი და სხვა მსხმოიარე ხეები ტყეებშიც იზრდება ველურად. ცხვარი იგებს წელიწადში ორჯერ125, მაგრამ ცხენებისა და მსხვილფეხა საქონლის ნაკლებობაა.
ქართლისა და ანანურის მხარის შესახებ
აქაც ბერძნულ სარწმუნოებას მისდევენ. უგვანონი, ზოგადად, გაუნათლებელნი, სამაგიეროდ, თავად-აზნაურები და გორის მოქალაქენი განსწავლულები, ზრდილობიანები არიან. უფრო მდიდრულად ცხოვრობენ, ვიდრე იმერლები. გორის აზნაურობა ომში სიმამაცით იყო გამორჩეული. მთის მოსახლეობა განსაკუთრებულად მამაცი და მოხერხებულია ძარცვაგლეჯაში, იმდენად, რომ ვერცხლის მანეთისთვის არც საკუთარ თავს დაზოგავენ და არც იმას, ვისაც დაესხმიან. ქართლელები ზოგადად შრომისმოყვარენი, წარმატებული მხვნელ-მთესველები, მაგრამ არასტუმართმოყვარენი არიან. თესენ ხორბალს, ქერს, მათი ბაღები მდიდარია ვენახითა და სხვა ხილით, საკუთარი საჭიროებისათვის საქონელი საკმარისი ჰყავთ. შემჩნეულია, რომ უხვთოვლიანი ზამთრის შემდეგ მოსავალი უკეთესი მოდის.
კახეთისა126 და სიღნაღის მაზრის შესახებ
ამ პროვინციების მაცხოვრებლებიც ბერძნულ სარწმუნოებას მისდევენ, გლეხები აქაც გაუნათლებლები არიან, არც თავად-აზნაურები და სამაზრო ქალაქების მაცხოვრებლები არიან მათზე წინ წასულნი, მაგრამ არიან ზრდილობიანები მიმართვაში და ზოგადად სამართლიანები. აქ დაბალი ფენის მოსახლეობა სიმამაცითა და გერგილიანობით თავადაზნაურობასაც კი უსწრებს. მთის მოსახლეობა ძარცვა-გლეჯისკენ არის მიდრეკილი, მაგრამ გაშლილ ადგილებში მცხოვრებლები კეთილგანწყობილნი და ზედმეტად სტუმართმოყვარენიც კი არიან, იმდენად, რომ საძრახისად ჩაითვლება, თუ არ დაათვრეს სტუმარი. მათი მთავარი საქმიანობა მებაღეობაა, გასათვალისწინებელია ხორბლის მოყვანაც. პური გვალვისას ჭაობიან ადგილებში, წვიმიან წელს კი მაღლობებზეც მოდის. მიუხედავად სეტყვისაგან მიყენებული ზარალისა, მთელი საქართველო ღვინით კახეთიდან მარაგდება. განსაკუთრებით ბევრი ჰყავთ კამეჩი და ღორი.
ტფილისის მაზრისა და სამოურაოების შესახებ
აქ, ქრისტიანების გარდა, ბევრი მაჰმადიანია. უგვანოთაგან ცოტას თუ აქვს განათლება. თავად-აზნაურები და აღალარები საკმაოდ განათლებულები არიან. საზოგადად, საკმაოდ კეთილგანწყობილნი არიან. მაჰმადიანი უგვანონი უფრო უხეშები არიან. საზოგადოდ, საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობენ. ბრძოლაში მამაცები და თავგანწირულები არიან; ბეჯითებიც არიან, რასაც ხელს უწყობს მიწის ნაყოფიერება – განვითარებულია მებაღეობა, ხორბლის მოყვანით არ არიან ძალიან დაკავებულნი, კამეჩისა და ღორის გარდა, სხვა საქონელიც ბევრი ჰყავთ, აქა-იქ შეხვდებით აქლემსაც, ჯორები საკმარისი არ ჰყავთ.
ხორბლისა და ქერის მოსავლის შესახებ
მიწას ხნავენ მაისში, სათესი მიწის დასვენების შემდეგ 8 გუთნეულით ხნავენ, სექტემბერში, ნესტიან ამინდში იწყებენ თესვას; ივნისის ბოლოს იღებენ ქერს, ივლისში კი ხორბალს127. დღიურ მიწაზე თესენ ორ-ნახევარ კოდს, ქერს – სამ კოდს. აღებისას იღებენ ხორბალს 25, ქერს – 30 კოდს, 1 კოდი შეადგენს 10 ლიტრას; ლიტრი კი უდრის 9 რუსულ გირვანქას128. ყანას ორი წელი ზედიზედ თესენ, შემდეგ კი 3 წლით ასვენებენ.
წითელი ღვინის დამზადება
ყურძენს კრეფენ სექტემბერში. პირველად კრეფენ შავ ყურძენს და წურავენ ქვის საწნახელში, საიდანაც ასხამენ სხვადასხვა ქვევრებში. შემდეგ ჩაყრიან თეთრ ყურძენსაც და გადაავსებენ პირველი ქვევრებიდან, რომელთაც დაფლავენ მიწაში. რამდენიმე დღის დუღილის შემდეგ, როდესაც ჭაჭა დაიწევს ძირზე, სუფთა ღვინოს გადაიღებენ სხვა ქვევრებში.
თეთრი ღვინის დამზადება
თეთრ ყურძენს წურავენ საწნახელში და დაწურულ წვენს ჭაჭაზე დაადუღებენ, შემდეგ წვენს ასხამენ ქვევრებში, რომელსაც იშვიათად ახურავენ თავს. მართალია ეს ღვინო უკვე ნოემბერში დაილევა, მაგრამ ამ დროს არც თუ სასიამოვნოა. იმისათვის, რომ ღვინო 6 და მეტი წელი შეინახო, ყოველწლიურად უნდა გადაიღო სხვა ქვევრში. ამ დროის განმავლობაში ღვინო მაგრდება და სასიამოვნო დასალევი ხდება. საუკეთესოდ ითვლება კახური ღვინოები. საქართველოს სხვა მხარეებში ღვინოს 1 წლითაც ვერ ინახავენ. ყურძენს წურავენ ფეხით. მანამდე გამოასუფთავებენ საწნახელს და გამომწვარი თიხის ქვევრებს, რომლებშიც ეტევა სამი საპალნე ღვინო. საპალნე შეადგენს 109 თუნგს, თუნგი კი 9 რუსულ გირვანქას129.
არყის გამოხდა
ქვევრის ძირზე დალექილ ჭაჭას და დარჩენილ სქელ მასას გამოაცალკევებენ და ასხამენ სხვა ქვევრში, შემდეგ ხდიან არაყს: პირველი ნადენი სუსტია, ამიტომ აბრუნებენ და იღებენ მისგან გამოსახდელი მასის მესამედს, უკანასკნელიდან გამოდის კარგი სპირტი. მართალია სხვადასხვა ხილისგანაც ხდიან არაყს, მაგრამ არც სიცხარით და არც გემოთი ამას არც ერთი არ ჰგავს.
ბრინჯი
მაისში, დახვნის შემდეგ მინდორს რამდენიმე ნაწილად ჰყოფენ და ყველა მხრიდან ნაპირებს აუმაღლებენ, ამოლესავენ ტალახით. როდესაც ბრინჯს დათესენ, მიუშვებენ წყალს. ოქტომბრის შუა რიცხვებამდე უნდა იდგეს წყალში, შემდეგ კი დაწრეტენ წყალს და ბრინჯსაც აიღებენ დათესილზე სამჯერ მეტს.
თაფლის გამოხდა
ტყეში ეძებენ ხეებს, სადაც ბუდობს ფუტკარი და ფუღუროს დაგმანავენ. რის შემდეგაც ხეს მოჭრიან და მიიტანენ საკუთარ სახლში; გაზაფხულზე ფუტკარი მრავლდება, შემდეგ ხსნიან ხვრელს, მის წინ დაყრიან ფიჩხს და გამოუშვებენ ფუტკარს, რომელიც დაესევა ფიჩხს. მეფუტკრეებს მომზადებული აქვთ კასრის მსგავსი ხის სკები, რომელსაც ავლებენ მარილწყალს, მასშივე დაბერტყავენ ფუტკრებიან ფიჩხს და სკას დაგმანავენ. აგვისტოს თვეში გახსნიან სკას და ამოიღებენ თაფლს, ჩადებენ ქვაბში და ცეცხლზე ათბობენ, შემდეგ წურავენ ტომრებში, ხოლო ნარჩენ ფიჭას კვლავ ქვაბში ათავსებენ, კარგი სანთელი წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება, მას ადნობენ ცეცხლზე, დამდნარს კი ნაჭრებად ჩამოასხამენ. ამ თაფლს კლდეში დაბუდებული ფუტკრის თაფლი ჯობს სითეთრითა და ხარისხით.
სხვადასხვა სახის ზეთის გამოხდა
ქუნჯუთის ზეთი
ქუნჯუთის მარცვლების დასათესად მინდორს ხნავენ 1 აპრილს და ნახევარი თვის შემდეგ თესენ. იმავე დღეს რწყავენ, იგივეს აკეთებენ ივნისის ბოლოს და გვალვის შემთხვევაშიც, აგვისტოს ბოლოს კი იღებენ. 1 ოქტომბერს დღიურ ნაკვეთზე თესენ 1 ლიტრა ქუნჯუთს, იღებენ 6 კოდს, მისგან კი ზეთსახდელში ხდიან 15 თუნგ სუფთა ზეთს; სათესლე მინდორი უნდა იყოს თბილ ადგილას.
სელის ზეთი
სელს თესენ მარტში, იღებენ აგვისტოში, დღიურ ნაკვეთზე ითესება 15 ლიტრა, იღებენ 7,5 კოდს, იქიდან კი იხდება 27 თუნგი ზეთი.
კაკლის ზეთი
კაკალს დააწვრილებენ და სპილენძის სინით დებენ ნაკვერჩხალზე, ზედ აყრიან ცოტა მარილს, როცა მოიხალება, დაყრიან თეფშზე და დასრესენ. 1 ლიტრადან გამოდის 4 გირვანქა ზეთი. ნუშისაგან იგივე წესით გამოდის 1 ლიტრადან 2 გირვანქაზე მეტი. გემოთი საუკეთესოა ქუნჯუთისა და ნუშისა, შემდეგ მოდის კაკლისა და სელის. ამათგან, ბოლო ორი ეკლესიებსა და სახლებში სანათურებისთვის იხმარება.
აბრეშუმის გამოყვანა
ჭუპრებს ინახავენ ბამბეულის ქსოვილისაგან დამზადებულ ტომრებში, რომელიც სახლში მაღალ ადგილზე ჰკიდია. აპრილში აქანავებენ ამ ტომრებს, რითაც აცოცხლებენ მატლებს; /28ვ/ შემდეგ ამოიღებენ იქიდან და აწყობენ თიხის სინზე. საკვებად აძლევენ წვრილად დაქუცმაცებულ თუთის ფოთოლს, როცა ისინი გაიზრდებიან, მაშინ თვითონვე გადავლენ იქვე მდებარე მავთულის წნულებზე. წნულებთან მდებარე ფიჩხზე მატლების სრული გადასვლის შემდეგ ისინი რთავენ აბრეშუმს, საიდანაც გამოდიან და იღუპებიან. აბრეშუმის ტომსიკები კი რჩება ფიჩხზე. მას აგროვებენ, აცალკევებენ, კვერცხებს ცალკე ინახავენ, ხოლო თეთრი მასისგან რთავენ ძაფს.
ბამბის თესვა და ბამბეულის ნართის გამოყვანა
მაისის თვეში ხნავენ მიწას, მიუშვებენ წყალს და 7 დღის შემდეგ თესენ. დღიურ ნაკვეთზე ითესება 2 ლიტრა და იღებენ 15 ლიტრას. მოსავლის აღება ხდება ნოემბრის თვეში.
სხვა ნათესების შესახებ მსჯელობისას თუ არაფერია ნათქვამი მათი მორწყვის წესის შესახებ, ვიგულისხმე, რომ ეს მიწები ირწყვება ან მეტად, ან ნაკლებად, ან საერთოდაც ურწყავია.
შენიშვნები
40. ლოჭინი – მდინარე გარდაბნის მუნიცი პალიტეტში, მტკვრის მარცხენა შენაკადი. მდინარე ლოჭინს ვახუშტი ბატონიშვილიც ომანისხევად მოიხსენიებს: „... ლოჭინამდე, რომელსა ეწოდების ომანის-ხევი“ (ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 333).
41. ტექსტში მითითებულია – Хевцзмари. ეს მდინარე ამჟამად მოქცეულია კოლექტორში, რომელიც გლდანის ტბასთან იღებს სათავეს, გადის ხევძმარის ქუჩის ქვეშ და უერთდება მტკვარს.
43. ავტორის მიერ მოცემული განსაზღვრებები უზუსტოა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქი ასეთ ვრცელ ტერიტორიაზე გაშენებული არ ყოფილა. ავტორი აღნიშნულ საზღვრებში, სავარაუდოდ, გულისხმობს როგორც საკუთრივ თბილისს და მის გარეუბნებს, ასევე, ადმინისტრაციულად მასზე მიწერილ მთლიან ფართობს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ შაგუბატოვის მითითებული საზღვრები ემთხვევა ვახუშტის მიერ აღწერილ მეოთხე სადროშოს საზღვრებს (იხ.: ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 333).
44. ტექსტში მითითებულია – Исни. ასევე უწოდებს ვახუშტიც: „ხოლო ტფლისი არს სამი ქალაქი – ტფილისი, კალა და ისნი“ (ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 333).
45 ვახუშტი „სეიდაბადს“ ასე განმარტავს: „აქ, თაბორს, ყოფილა ციხე. არამედ აწ შემუსრვილის არს. აქ დასხნა შასეფიმ (ირანის შაჰი სეფი I 1629-1642 წწ. – ავტ.) სეიდნი, მის გამო სპარსნი უწოდებენ სეიდაბადს. ყოფილან ეკლესიანი დიდშენნი, არამედ აწ შემუსრვილნი არიან“ (ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 334); არქეოლოგიური აღმოჩენებით დასტურდება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე (შაგუბატოვის მიხედვით: `სადაც ძველი ტფილისი იყო გაშენებული, დღეს სეიდაბადის ბაღებია“), დღევანდელი აბანოებიდან 300 არაგველის ობელისკამდე, დიდი სამრეწველო უბანი უნდა ყოფილიყო განლაგებული. ამ ადგილას ქალაქის ერთ-ერთი მთავარი დასახლებაცაა ნავარაუდები, რაც აღნიშნული ცნობებითაც დასტურდება. ქალაქის ეს ნაწილი, სავარაუდოდ, XIII საუკუნის I ნახევარში განადგურდა და დიდი ხნის მანძილზე აღარ აღდგენილა (იხ.: მ. მიწიშვილი. მოჭიქული კერამიკის საწარმო შუა საუკუნეების თბილისში IX-XIII სს. თბ. 1979, გვ. 21; ჯ. სამუშია. თბილისის მოსახლეობა და ტერიტორია XVIII საუკუნეში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები. VII, გვ. 185-93).
47. ≈80 ჰექტარს. 48 იგულისხმება ნარიყალა.
49. ვახუშტიც იხსენიებს ნარიყალას ციხეში არსებულ ეკლესიას და სასახლეს, რომელსაც თავისი პირვანდელი ფუნქცია გაცილებით ადრე დაუკარგავს: „...კალას არს ციხე, ნაშენი მაღალს კლდესა ზედა... მაღალს ციხეში არს ეკლესია გუმბათიანი წმიდის ნიკოლაოზისა და სასახლე მეფისა, პალატნი დიდ-დიდნი და შუენიერნი. არამედ დაუტევა... მეფემან როსტომ, ჩამოზღუდა კალა ციხიდამ ხიდის ყურამდე და მისცა სპარსთა...“ (ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 334).
50. ავლაბრის ხიდი მდ. მტკვარზე უძველესი დროიდან არსებობდა და ისანს კალასთან აკავშირებდა. დიდი ხნის მანძილზე ხიდს ხის მასალით აშენებდნენ, რაც აადვილებდა მტრის შემოსევის დროს მის დაშლას და შემდეგ თავიდან აშენებას. ხის ხიდი ერთმალიანი იყო და ნაპირზე ამოყვანილ მაღალ მძლავრ ბურჯებს ეყრდნობოდა. 1795 წელს, აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს, დანგრეული ხიდი მალევე აღადგინეს, მაგრამ 1805 წელს ადიდებულმა მტკვარმა წაიღო. 1805 წელსვე ააგეს ახალი ხიდი, რომელიც 1826 წელს ხისავე თაღოვანი ხიდით შეცვალეს. ლითონის ხიდი 1870 წელს ააგეს. 1805 წლიდან დიდი ხიდის მახლობლად მოქმედებდა უფრო პატარა ხის ხიდიც, რომელიც შედარებით არასაიმედო იყო და, ძირითადად, ფეხით მოსიარულენი იყენებდნენ. დიდ ხიდს ავლაბრის, ხოლო პატარა ხიდს მეტეხის ხიდს უწოდებდნენ (თბილისის ენციკლოპედია. თბ. 2002, გვ. 665).
51. შაგუბატოვის მიხედვით, მდ. მტკვარი თბილისის (ანუ კალასა და საკუთრივ თბილისის) აღმოსავლეთით მიედინება. ვახუშტი კი აღნიშნავს: „... კალას უდის ჩრდილოთაღმოსავლით, ტფილის – ჩრდილოთ...~ (ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 333-334). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შაგუბატოვის განმარტებები ამ მხრივ არ გამოირჩევა სიზუსტით.
52. მეტეხის ციხე შუა საუკუნეებში თბილისის ერთ-ერთი მთავარი ციტადელი იყო. ციხეს ეკვროდა სავაჭრო-სახელოსნო რიგები, უფრო ჩრდილოეთით კი – დასახლება ავლაბარი. ციხე XVII საუკუნეში მეფე როსტომს განუახლებია. 1748 წელს, სპარსელთა გარნიზონის განდევნის შემდეგ, ერეკლე II-მ დაიკავა და მორღვეული გალავანი აღადგინა. 1795 წლის აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს დაზიანდა. ალექსი ერმოლოვის მთავარმართებლობის (1816-1827 წწ.) დროს მეტეხის ძველი ციხესიმაგრე დაანგრიეს და მის ადგილას აიგო ყაზარმული ციხის კორპუსები. რუსეთის ხელისუფლებამ ციხე საპყრობილედ აქცია, ხოლო მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესიას სატუსაღოს შიდა ეკლესიის ფუნქცია მიენიჭა. მეტეხის ციხის კორპუსები საბოლოოდ XX საუკუნის 50-იან წლებში აიღეს (თბილისის ენციკლოპედია, გვ. 663-665). როგორც აღწერილობიდან ჩანს, 1819 წლისათვის ახალი საპყრობილე უკვე აგებული ყოფილა. სატუსაღოს აგების შემდგომ მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესიას ძველი დიდება იმდენად დაუკარგავს, რომ ავტორი არც კი მოიხსენიებს მნიშვნელოვან ეკლესიებს შორის. საყურადღებია ის ფაქტიც, რომ იოსებ შაგუბატოვი მნიშვნელოვან ეკლესიებს შორის არც ანჩისხატს მოიხსენიებს.
53. ვანქი, ფაშავანქი – სომხური ეკლესია გარეთუბანში, ღვთისმშობლის სახელობისა. მდებარეობდა ავანაანთხევის (სალალაკისწყალი) და მტკვრის შესაყარზე, მდინარის მარჯვენა ნაპირზე, მუხრანის (ახლანდელი ნიკოლოზ ბარათაშვილის) ხიდის მახლობლად. ძველ თბილისში ცნობილი იყო „ფაშავანქის“ (ფაშას მონასტერი) სახელით. დ. კარიჭაშვილის ცნობით, ვანქის მონასტერში „... მჯდომარებს ეჯმიაწინით წარმოვლენილი ეპისკოპოსი, ანუ არხიეპისკოპოსი“. თარიღდება XIV-XVI საუკუნეებით. ეკლესია XVIII საუკუნეში რამდენჯერმე განახლდა და გადაკეთდა. XX საუკუნის 30-იან წლებში ნიკოლოზ ბარათაშვილის (ყოფილი მუხრანის) ქუჩის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით დაანგრიეს. ამჟამად შემორჩენილია XIX საუკუნის სამრეკლო. ეკლესიასთან არსებობდა სასაფლაო. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიას ვანქის უბანი ეწოდებოდა (თბილისის ენციკლოპედია, გვ. 463-464).
54. ტექსტში – Мынини. მოღნინი – სომხური ეკლესია, ღვთისმშობლის სახელობისა. მდებარეობს ლადო გუდიაშვილის მოედნის სამხრეთით, ლადო ასათიანის ქუჩის მარჯვენა მხარეს. ეკლესიის აგების სხვადასხვა თარიღს ასახელებენ. ჩვენამდე მოღწეული ეკლესია აგებულია 1751 წელს. ამჟამად დაზიანებულია. მის გვერდით მდებარეობს „მცირემოღნინი“, მოღნინის წმინდა გიორგის ეკლესია (თბილისის ენციკლოპედია, გვ. 690).
55. აღნიშნულ ეკლესიას ვახუშტიც იხსენიებს: „კალას არს რომაელთა ეკლესია ერთი და მონოზონნი“ (ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 337).
56. სავარაუდოდ, იგულისხმება ცეცხლის თაყვანისმცემელთა ტაძარი – ათეშგა (სპარსულად ათეშგაჰი; ათეშ – ცეცხლი, გაჰ – ადგილი), სადაც მუდმივად ენთო ცეცხლი. აქ ცეცხლის დასანთებად იყენებდნენ მხოლოდ ხეხილის შეშას, რომელიც წვის დროს სასიამოვნო სურნელს გამოსცემდა. დაახლოებით IV-VII საუკუნეებში აგებული ათეშგა დგას სოლოლაკის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, კლდისუბანში, ამჟამინდელ გომის ქუჩაზე. თბილისის ათეშგა გეგმით სწორკუთხა და ნახევარსფერული გუმბათით გადახურული ნაგებობაა, ნაშენია კვადრატული ფორმის აგურით. შემორჩენილია აღმოსავლეთის ნაწილი (თბილისის ენციკლოპედია, გვ. 276).
57. იოჰან ანტონ გიულდენშტედტი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა 1771-1772 წლებში, აღნიშნავს: „... მთავარი ქუჩები ოდნავ განიერია საჟენზე, უმეტესობა კი უფრო ვიწროა“ (გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში. გერმანული ტექსტი ქართლი თარგმანითურთ გამოსცა და გამოკვლევა დაუთო გ. გელაშვილმა. ტ. II, გვ. 133). ამ ცნობის მიხედვით მთავარი ქუჩების სიგანე დაახლოებით 2, 5 მეტრი ყოფილა, უმეტესობა კი მათზე ვიწრო.
58. ანალოგიურ სურათს იძლევა ვახუშტიც: „სახლნი ნაშენნი არიან ქვა-ტალახითა და გალესილი გაჯითა“ (ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 338).
59. იგულისხმება კავკასიის მთავარმართებელი.
60. ტოპონიმი „ტუბანი“ სხვა არც ერთ წყაროში არ გვხვდება, თუმცა მთავარსარდლის, ანუ მთავარმართებლის სასახლის ადგილმდებარეობა ჩვენთვის ცნობილია: ეს არის ამჟამინდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე. სასახლის ადგილად შეარჩიეს ქალაქის კედლების გარეთ მიმდებარე უბანი („გარეთუბნის“ მახლობლად), სადაც მანამდე მეფეთა ბაღები და ვენახები ყოფილა გაშენებული. აქედან იწყებოდა „რუსეთის გზა“ და, ბუნებრივია, რუსულმა ადმინისტრაციამ ეს უბანი შეარჩია. 1802 წელს ამ ადგილას ქართველ ოსტატებს აუგიათ მთავარმართებლის სასახლე, რომელიც 1807 წელს ახალი ნაგებობით შეუცვლიათ. XIX საუკუნის 20-იან წლებში მის ნაცვლად კლასიციზმის სტილში ახალი სასახლე აიგო, რომელიც 1844 წლიდან მეფისნაცვლის სასახლედ იწოდებოდა. იმავე საუკუნის 60-იან წლებში სასახლეს კვლავ განუცდია ძირეული რეკონსტრუქცია. 1918-1921 წლებში სასახლეში საქართველოს მთავრობამ დაიდო ბინა (თბილისის ენციკლოპედია, გვ. 689).
როგორც ჩანს, XIX საუკუნის 10-იან წლებში სასახლის გარშემო ახალი დასახლება გაჩენილა, სადაც, ძირითადად, ადმინისტრაციული შენობები განთავსდა. ამ პერიოდიდან დაიწყო სოლოლაკში ბაღების გაჩეხვა, რომელთა ადგილი დაიკავა თბილისის მაღალი ფენის წარმომადგენელთა სახლებმა.
61. დღევანდელი მთაწმინდა.
62 არსენალის შენობა მდებარეობდა მთავარმართებლის სასახლის მახლობლად, ახლანდელი პარლამენტის შენობის ზედა ტერასაზე (თბილისის ენციკლოპედია, გვ. 302, 673). სამხედრო ჰოსპიტალიც მის სიახლოვეს უნდა ყოფილიყო.
63. იგულისხმება არა საეკლესიო, არამედ საერო შრიფტები.
64. გუბერნატორის სასახლე როსტომ მეფის სასახლის ნანგრევების ადგილას 1809 წელს აიგო. მეფის სასახლის განადგურებამდე მიმდებარე ტერიტორიას ბატონის მოედანი ეწოდებოდა, გუბერნატორის სასახლის აგების შემდეგ XIX საუკუნის მიწურულამდე კი – გუბერნატორის მოედანი (ამჟამინდელი ერეკლე II-ის მოედანი) (თბილისის ენციკლოპედია, გვ. 399).
65. აღნიშნული მეჩეთი დიდი ხნის დანგრეული ყოფილა. ვახუშტი აღნიშნავს: „ურუმთ (ოსმალებს) ქრისტესა ჩღკზ (1727 წ.) აღაშენეს სამი (მეჩეთი), არამედ შემუსრნა შანადირ (ნადირ შაჰი – 1735-1747 წწ.)“ (ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 336).
66. კარანტინი (ფრ. ორმოცი) – ადგილი, სადაც გარკვეული დროის (40 დღე) განმავლობაში აჩერებდნენ უცხო ქვეყნებიდან შემოსულ საქონელს, პირუტყვს და ადამიანებს ინფექციურ დაავადებებზე კონტროლის დასრულებამდე. ამ ხნის განმავლობაში მათ ეკრძალებოდათ ადგილობრივებთან კონტაქტი.
67. ტექსტში – Артачальский. 68 იგულისხმება ავლაბრის ხიდი.
69. მცირე რაოდენობით ნავთის მოპოვების შესახებ ვახუშტიც წერს: „ხოლო ტფილისის სამხრ-აღმოსავლით არს ნავთლუხი. მუნ დის ნავთი კიდესა მტკურისასა, არამედ წყლის სიახლოვით მრავალი არ აიღების“ (ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 338).
70. შდრ.: ვახუშტი: „... დასავლეთით, იშიტუტრუკის კლდესა შინა, არს მონასტერი მთაწმიდისა, აწ ცალიერი“ (იხ.: ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 338).
71. შდრ.: ვახუშტი: „... ზაფხულ ცხელი და არა გაუძლისი, ზამთარ ცივი. გაზაფხულშემოდგომა მშუენი და სატრფო“ (იხ.: ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 338).
72. ვახუშტის მიხედვით, თბილისი ოთხ ნაწილად იყოფა: „ხოლო აწ უწოდებენ ოთხთავ ქალაქთა აწ ტფილისს და განყოფით: კალას-ტფილისსა, ტფილისს-სეიდაბადს და ისნს-ავლაბარს, და გარეთ-უბანი არს ტფილისისა~ (ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 338). ესა არის შუა საუკუნეების თბილისის დაყოფის ტრადიციული სქემა. იოსებ შაგუბატოვი კი ქალაქს 5 ნაწილად ყოფს. როგორც ჩანს, ასეთ უბანად ავტორი მთავარსარდლის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას (სოლოლაკს) მიიჩნევს, სადაც ახლად აგებული სახაზინო (არსენალი, სამხედრო ჰოსპიტალი და სხვ.) და კერძო შენობები იყო განთავსებული.
73. შდრ.: ვახუშტი: „მსახლობელნი არიან ციხესა და სეიდაბადს სპარსნი მოჰმადიანნი, ხოლო ციხესა გარეთ უფროს სომეხნი და მცირედ ქართველნი, ქცევა-ზნით ქართულითა“ (იხ.: ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 338).
74. იგულისხმება სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე განჯის, ერევნის, ნახიჭევნის, ყარაბაღის, შაქის, ბაქოს და სხვა სახანოები.
75. ტექსტში – Порешня – წავისებრთა ოჯახის წარმომადგენელი. 76 Бобровая струя (Бобровый мускус) – იგივე კასტორეუმი, მუშკი – თახვის შინაგანი ჯირკვალი, რომელიც გამოჰყოფს არომატიზირებულ ნივთიერებას. იგი გამოიყენებოდა პარფიუმერიასა და მედიცინაში. ახასიათებს ანტისპაზმური, დამამშვიდებელი მოქმედება.
77. ტექსტში – Бумага пряденная. 78 Канцелярное семя – ქართულად ითარგმნება როგორც ჭიაფერა – მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე; აქვს ყურძნის მტევნის მსგავსად შეკრებილი ნაყოფი (საღებავად და მელნის დასამზადებლად იხმარება) (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. ტ. VIII. თბ. 1964, გვ 1252).
80. ტექსტში – Гранетур. ერთგვარი აბრეშუმის მკვრივი ქსოვილი.
81. ერთგვარი ფერადი ქსოვილი ტანსაცმლის მოსართავად.
82. მატყლის მკვრივი ქსოვილი, ზოგჯერ აბრეშუმის ან ბამბის ნარევით.
84. ქართული ოქრონემსური (ოქროქსოვილი) და ვერცხლნემსური (ვეცხლქსოვილი) ნაკეთობა, რუსი მოხელეების ცნობით, ირანსა და ოსმალეთში დიდი რაოდენობით გაჰქონდათ და ის აზიაში საუკეთესო ნაკეთობად ითვლებოდა. მისი ფასი ძალიან მაღალი ყოფილა – 50-400 მანეთის ფარგლებში (იხ.: პ. გუგუშვილი. საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX საუკუნეებში. ტ. I, გვ. 118).
85. ტექსტში – масло – ერბო, კარაქი, ზეთი. 86 იოსებ შაგუბატოვი ოსმალეთსა და ირანში გასატან საქონელს შორის არ ასახელებს ენდროს, რაც გაკვირვებას იწვევს – ამ პერიოდში ენდროს ექსპორტის მაჩვენებელი შთამბეჭდავად გამოიყურება. პ. გუგუშვილის გამოთვლით, ყოველწლიურად ირანსა და ოსმალეთში საქართველოდან 10 000 ბათმანი, ანუ 66-70 ათასი მანეთის ენდრო გადიოდა (იხ.: პ. გუგუშვილი. საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIXXX საუკუნეებში. ტ. I, გვ. 118).
87. თევზის წებო – სხვადასხვა სახეობის მსხვილი თევზის ბუშტისგან გამოიღება. არის უსუნო, უფერო, მაღალი ხარისხის. გამოიყენებოდა ძვირფასი ნივთების შესაწებებლად, ჟელატინის ნაცვლად ალკოჰოლის წარმოებაში და მაღალი ხარისხის კანფეტების დასამზადებლად.
88. ტექსტში –Сорочинское пшено. ბრინჯის აღმნიშვნელად რუსეთში ეს სიტყვა გამოიყენებოდა XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე.
90. ტექსტში – Гории. ავტორი შესაძლებელია გულისხმობდეს იმერეთის მთიან მხარეებს.
91. ტექსტში – Выбойка – ერთფერად დაჩითული სახეებიანი ბამბეული ქსოვილი.
92. გულისხმობს „ნისიად“ ვაჭრობას.
93. ტექსტში – Нанка – უხეში, მკვრივი, მოყვითალო-მორუხისფრო ბამბის იაფფასიანი ქსოვილი, ხატაური (რუსულ-ქართული ლექსიკონი. ტ. II. თბ. 1958, გვ. 43).
95. ტესტში – Чернылные орешки – მეკაკლური პარაზიტი, ვითარდება მუხის ზოგირთ ჯიშზე. შეიცავს გალოტანინს.
98. 110-დან 370 ლიტრამდე.
99. ძველ თბილისში ფოლადის დამზადების საუკეთესო ოსტატები იყვნენ. ქართული ბულატი (მაღალი ხარისხის ფოლადი) თბილისში მზადდებოდა. ხმლების ჭედვის საიდუმლო მემკვიდრეობით ჰქონდათ მიღებული ოსტატ ელიზარაშვილებს. XIX საუკუნის დასაწყისში პოლიციის ზეწოლით ყარამან ელიზარაშვილი იძულებული გამხდარა რუსეთის მთავრობისათვის ქართული ბულატის დამზადების საიდუმლო გადაეცა. ხმალ-სატევარის დამზადების შესასწავლად თბილისში რუსეთიდან ქალაქ ზლატოუსტის ქარხნის ოსტატები გამოგზავნეს. ქართველი ოსტატს კი ჯილდო გადასცეს (თბილისის ენციკლოპედია, გვ. 821-822; კ. ჩოლოყაშვილი. ბულატის თბილისელი ოსტატები. მეცნიერება და ტექნიკა. თბ. 1965. # 6). იოსებ შაგუბატოვი სწორედ ამ ფაქტს აღნიშნავს.
101. ავტორი მიკიტანს უნდა გულისხმობდეს.
102. 700 თუნგი ≈2500 ლიტრი
103. იგულისხმება გორის მაზრა. 104 ტექსტში – Деревянной масло – იგულისხმება დაბალი ხარისხის ზეთი
107. 1 ლიტრა ≈3.6 კგ. 108 ავტორი უნდა გულისხმობდეს 20 და 10 კაპიკს _ ქართულ აბაზს და ორ შაურს. 109 Вязига, визига – ზუთხისებრი თევზის ნაწლავი. გამოიყენება კულინარიაში.
111. ტექსტში – შაქრიანი წყალი.
112. ტექსტში – სიმამრის.
115. ტექსტში – Норошени. ნორაშენი – სომხური ეკლესია, ღვთისმშობლის სახელობისა, მდებარეობს ქვემო კალაში, ახლანდელი კოტე აფხაზის ქუჩაზე. აგებულია XVIII საუკუნეში. დაზიანდა აღა-მაჰმად ხანის შემოსევის შედეგად. მისი აღდგენა მიმდინარეობდა 1795-1808 წლებში. მიეკუთვნება ცენტრალურ გუმბათიანი ტაძარების ჯგუფს და გეგმით უახლოვდება XVII-XVIII საუკუნეების იმ ქართულ ეკლესიებს, რომლებიც მდებარეობს ქსნისა და არაგვის ხეობებში (ანანურის ღვთაება, ლარგვისი). ეკლესია აგურითაა ნაგები (თბილისის ენციკლოპედია, გვ. 714-715).
116. კალოუბნის ეკლესია წყაროებში „სალოსუბნადაც“ მოიხსენება. ეკლესია მდებარეობდა კინოთეატრ „რუსთაველის“ ადგილზე. აქვე ყოფილა სასწავლებელიც (იხ.: თ. ბერიძე. ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია. თბ. 1977, გვ. 54).
117. ამ შემთხვევაში გაუგებარია წმ. გიორგის თაყვანისცემას რატომ ეძახიან სურბსარქისობას. შესაძლებელია ეს აღრევა გამოწვეული იყოს იმ ფაქტით, რომ ორივე წმინდანი (წმ. გიორგი და წმ. სერგი) მხედარია?!
118. ტექსტში – Петхаин. ფეთხაინი _ იგივე ზემო ბეთლემის (თავდაპირველად ბეთლემი, შემდეგ ფეთხაინი) მაცხოვრის შობის ტაძარი. XVIII საუკუნეში ეკლესია საფუძვლიანად განაახლეს. ეკლესიის მშენებლობისთვის 1740-იან წლებში მნიშვნელოვანი შესაწირი გივი ამილახვარმაც გაიღო. არსებული ცნობები ეკლესიის ქართულ წარმომავლობაზე მეტყველებს. XIX საუკუნეში ეკლესიას სომხები ფლობდნენ, თუმცა მას ქართველებიც წმინდა ადგილად თვლიდნენ და ამიტომ ქართული მრევლიც ჰყავდა (თბილისის ენციკლოპედია, 336-337, 867).
120. იგულისხმება მთავარმმართებელი ალექსეი ერმოლოვი.
121. ≈70 სმ. 122 ≈90 სმ. 123 ≈800გრ.
125. იმერული ცხვარი, ძველი ქართული ცხვრის შთამომავალი, ტანად პატარაა, აქვს თხელი, წაგრძელებული სხეული. უფრო ხშირად თეთრია, ზოგჯერ ჭრელი ან ფერადი. მატყლი წმინდა და გარდამავალბეწვიანია. ხორცი გამოსავლიანია, საუკეთესო გემოსი, სპეციფიკური სუნი არა აქვს. იმერული ცხვარი სწრაფად იზრდება და გამოირჩევა სწრაფი გამრავლების უნარით. 11-13 თვის იმერული ცხვარი 2-5 ბატკანს იგებს, რომელთაგან ორს დაუხმარებლად ზრდის. მრავლდება წლის ყველა სეზონში. საუკუნეების მანძილზე ხალხური სელექცია მიმართული იყო 2 წელიწადში 5 დოლისა და მრავალნაყოფიერი თაობის მისაღებად. ამჟამად შემორჩენილია იმერეთში, რაჭაში, ლეჩხუმში, სვანეთში. უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე დასავლეთ საქართველოში შეიყვანეს თუშური, ჰემფშინური, ყარაჩაული და სხვა ჯიშის ერკემლები, რამაც გააუარესა იმერული ცხვრის ჯიშური თვისებები (მ. რჩეულიშვილი. ქსე. ტ. 5. თბ. 1980, გვ. 115). 126 იგულისხმება თელავის მაზრა.
127. ტექსტში – «… в конце июня снимают ячмень, а в июне пшенице». ჩვენი აზრით, აქ შეცდომა უნდა იყოს, რადგან ხორბლის აღება ხდებოდა ივლისში, ანუ მკათათვეში.
128. გამოდის, რომ დღიურ მიწაზე ხორბალს იღებდნენ ≈900 კილოგრამს, ხოლო ქერს – ≈1080 კილოგრამს.
129. ≈1200 ლ.
Комментариев нет:
Отправить комментарий