суббота, 23 ноября 2019 г.

ვირშას მონასტერი და ვირშელთა საგვარეულო (გ. სოსიაშვილი)

1392 წლის ქართლ-კახეთ-მესხეთის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში არსებული არაერთი სოფელი იხსენიება. დოკუმენტში ვკითხულობთ: „გორს რაც მცხეთის მამულნი და ვაჭარნი არიან, კუალად სოფელი ზერტი, თვსითა მამულით, ნასოფლარი სათიბი, სოფელი ქვეში, სოფელი დისევი, ფლავი, სოფელი ჩხრიკეთი, სოფელი სათიხარი და ვანათს ცხრა კომლი კაცი, სოფელი ქუაბნი, სოფელი ქორდი და პატარა მეღვრეკისი, ერედს გილაძენი, ვირშას მონასტერი მთავარანგელოზისათვსითა შესავლითა; ქრცხინვალს ელიოზიძე ურია, მამულითა.“1 დოკუმენტში მოხსენიებული სოფლებიდან დღესაც არაერთი არსებობს, ზოგიერთი მათგანი კი უკვე ნასოფლარია.*

* საკათალიკოსო მამულების ნუსხაში მოხსენიებული სოფლების ერთი ნაწილი დღეის მდგომარეობით უკუპირებულია 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად. ასეთია მაგ. პატარა ლიახვის ხეობაში არსებული რამდენიმე სოფელი: დისევი, სათიხარი, ვანათი, ერედვი, ეს უკანასკნელი დოკუმენტში იხსენიება ერედის სახელწოდებით. იხ. გ. სოსიაშვილი, ნარკვევები ლიახვის ხეობის ისტორიიდან, თბ., 2011, 109; შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდერეობა, ტ. I, თბ., 2002, 94.

დოკუმენტში მოხსენიებული ზოგიერთი სოფლის მდებარეობა დაზუსტებას საჭიროებს. საკათალიკოსო მამულების ნუსხაში იხსენიება სოფელი „ქვაბნი“. აღნიშნული სოფელი ჩვენი აზრით მდებარეობდა პატარა ლიახვის ზეობის ზემო წელზე. იგი სავარაუდოდ სოფელ ვანათს ესაზღვრებოდა. ვახუშტი ბატონიშვილი ვანათის აღწერისას წერს: „ვანათის ციხე შემუსვრილი განაახლა შანშემ. შემუსვრეს კუალად ყიზილბაშთა. ციხის უკან, ჩრდილოთ არს კლდე მაღალი, ქარაფოვანი, მჭურეტი ლიახვსა, და მას შინა ქუაბნი გამოკვეთილნი მრავალნი.“2 არ არის გამორიცხული რომ ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილ საკათალიკოსო მამულების ნუსხაში მოხსენიებული „ქუაბნი“ თავდაპირველად ამ გამოქვაბულების გარშემო არსებულ დასახლებასაც ერქვა. ტოპონიმი „ქვაბთა“ რაც, ჩვენი აზრით, „ქუაბნის“ შეცვლილი ფორმა უნდა იყოს, გვხვდება უფრო მოგვიანებითაც. აღნიშნული ტოპონიმი იხსენიება 1894 წელს გაზეთ ივერიაში“ გამოქვეყნებულ ვ. მძინარაშვილის კორესპონდენციაში. წერილიდან ირკვევა, რომ ქვაფთა (ქვაფთის ჭალა) მდებარეობდა მდინარე დიცურის სათავესთან, სოფელ დიციდან ხუთი ვერსის მანძილზე, რაც, ჩვენი აზრით, სწორედ ვანათთან ახლოს უნდა ყოფილიყო.3 საკათალიკოსო მამულების ნუსხაში ყურადღებას იპყრობს დოკუმენტში მოხსენიებული „ვირშას მთავარანგელოზის მონასტერი თვისითა შესავლითა“. აღსანიშნავია, რომ ვირშის მონასტერი თავისი შესავალი მამულებით XV საუკუნის I ნახევრის დოკუმენტშიც გვხვდება.
საქართველოს მეფემ ალექსანდრე I დიდმა ვირშის მთა და მონასტერი თავისი კუთვნილი სოფლებით განახლებულ სვეტიცხოველს უწყალობა. 1431 წლით დათარიღებულ სიგელში ვკითხულობთ: „და ვითარ გუმართებს, და ჩუენგან სათანადო არის, ეგრეთ კუალადვე ვინებეთ შემატება და გაზედავება და შევსწირეთ და მოვახსენეთ ძუელითგან მეფეთაგან შემკობილი და აღშენებული და გადიდებული მთა ვირშისა, მონასტერი და მისნი შესავალნი ბადასშვილნი და ქორდი; და მას აქათ, ანუ მზღვარი ჰქონებიან მისითა მიმდგამითა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქულითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა და ბარითა, მზღურითა, სამხრითა და უხმრითა, საძებრითა და უძებრითა, მისითა სამართლიანითა ყუალათა ერთობ უნაკლულოდ, მოგუიხსენებია თქუენ, დიდისა და ცათა მომბაძავისა მცხეთისა საყდრისათუის და თქუენისა მპყრობელისა ჩუენისა სულისა მოძღურისა და მეოხისა კათალიკოზისა თეოდორესათუის: მოგუიხსენებია ძუელითგან ჩუენითა მომავალთა მეფეთაგან გადიდებული და შემკობილი ვირშა მთა და მონასტერი და მისნი შესავალნი, ქორდი და ბადასშვილნი და მას აქათ რაცა ძუელითგან მთას და ანუ მამულნი, ანუ გლეხნი და ზღვარნი, და პარტახტნი ჰქონებიან, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა და ბარითა, სახმრითა და უხმრითა, საძებრითა და უძებრითა, მისითა მიმდგამითა, სამართლიანითა ყუალათა, ყ(ოვლა)დვე უნაკლულოდ... არას ჟამისა შემოსრულობისა და გამოცვალებისათვის არ მოგეშალოს და ვერვინ იკადროს ამისად სარჩლად და ცილებად, ვითა ჩუენითა მომავალთა მეფეთაგან აღშენებულისა და გადიდებულისა და პატივცემულისა და აწ ჩუენგან ახლად შემოწირულისა და სამკუიდროდ მოხსენებულისა დაცილება არავის მართებს აგრე. და ვინცა დაგეცილოს, პირნი და პასუხისა გამცემნი ჩუენ ვართ. და ვირშისა მთისა და მონასტრისა და მისთა შესავალთა, ვითა არვინ ღირსა, ყოვლისაგან კაცისაგან უაჯო არის. და დაღათუ ვისმე შემოტყუვილითა ანუ მამული ანუ გლეხი და ანუ ზღუარი და ყანა და ვენახი დიდი, გინდა მცირე გამოეაჯოს, იგი ყუალა ამა დაწერილითა გაგუიცუდებია და მტკიცე ესეოდენ არის. ამა ვირშისა სახლისა ულუფა ძუელითგანვე ჩუენთა მეფეთაგან ამოკუეთილი და გაშუებული არის და მას აქეთ, როგორცა სხუანი მცხეთისა მამულნი შეუვალნი არიან, აგრეთვე ესე შეუვალად და თარხნად მოგუიხსენებია და არასთანა სათხოვარი არაოდეს ეთხოებოდეს.“4
ზუსტად ძნელია ვირშას მთის და მონასტრის ლოკალიზება, თუმცა, ჩვენი აზრით, იგი პატარა ლიახვის ხეობაში მდებარეობდა, სოფელ ქორდთან ახლოს, რადგან ვირშის „შესავალნი“ იყვნენ სოფელი ქორდი და ბადასშვილნი, რომლებიც ვირშასთან ერთად სამეფო ხელისუფლებას კათალიკოს თეოდორესთვის გადაუცია. საკათალიკოს მამულების 1392 წელის სითარხნის გუჯარიდან ჩანს, სოფელი ქორდი საკათალიკოსო მამულებში შედიოდა. სავარაუდოა, რომ იგი ცოტა უფრო გვიან სამეფო ხელისუფლებისაგან ვირშის მონასტერს გადაეცა. აღნიშნული მონასტერი, როგორც ჩანს, სამეფო კარისაგან განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო, სწორედ ამაზე მეტყველებს ალექსანდრე I მიერ გაცემულ სიგელში არსებული ჩანაწერი „ძუელითგან მეფეთაგან შემკობილი აღშენებული და გადიდებული მთა ვირშისა, მონასტერი“. სავარაუდოდ ვირშის მთაზე ძველი დროიდანვე სამონასტრო ცხოვრება წარმოებდა და სამეფო ხელისუფლება ვირშის მთას და იქ არსებულ მონასტერს დახმარებას უწევდა. აღნიშნული საბუთის გარდა, ვირშის მონასტერი სხვა დოკუმენტებშიც იხსენიება, მაგ., 1447 წლის ქართლ-კახეთის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯრის მიხედვით ალექსანდრე I ძემ გიორგიმ სხვა მამულებთან ერთად საპატრიარქოს ხელახლა დაუმტკიცა მამულები, ამ მამულებში მოხსენიებულია ვირშის მონასტერი: „ვირშა მისითა შესავლითა“. დოკუმენტში აღნიშნულია: „ესე სულკურთხეულსა მამასა ჩუენსა მეფეთა მეფესა ალექსანდრეს შე[ე]წირნეს თარხნად თავისუფლად და შეუვლად დაემტკიცნეს. აწ ჩუენ ახლად გუჯრითა ამით ვათარხნეთ და ვათავისუფლეთ ყოვლისა სათხოვარისა და გამოსაღებისაგან.“5
ვირშის მონასტერი საკათალიკოსო მამულებში შედიოდა ასევე 1559 წლის მონაცემებით. ქართლის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში ჩამოთვლილია საპატრიარქოს კუთვნილი სოფლები, მათ შორის პატარა ლიახვის ხეობაში: „კულბითს სამი საგლეხო: გეგელიშვილი, ლიპარიტაშვილი და მიქლუტაური, ვირშა მისი შესავლითა...“6 1574 წლის 14 მარტით დათარიღებული წყალობის წიგნის თანახმად, ქართლის კათალიკოსმა ნიკოლოზმა სოფელ ყურისუბნის სანაცვლოდ ვახტანგ ბატონიშვილს რამდენიმე სოფელი გადასცა, მათ შორის ვირშაც. დოკუმენტში ვკითხულობთ: „ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, კითხვითა, მოწმობითა და ბრძანებითა მეფისა პატრონისა სუიმეონისითა და დედოფლისა პატრონისა ნესტანდარეჯანისითა ჩუენ, ქართლის კათალიკოზ-პატრიაქმან ნიკოლაოზ და ყოველთავე მცხეთისშვილთა მოგახსენეთ და მოგეცით თქუენ, პატრონიშვილსა პატრონსა ვახტანგს ყურისუბნის სანაცვლოდ: მონასტერი და სოფელი ვირშა მისითა შესავლითა რარიგადცა სუეტიცხოველს შემოსწირვია... ყელქცეულს ვირშის შეწირულნი მიწანი რარიგადცა აქამდი ჩუენ გუქონებია; ესე მოგუიბარებია და დაგუინებებია ყურისუბნის სანაცვლოდ.“7*
* აღსანიშნავია, რომ ეს დოკუმენტი ოდნავ განსხვავებული სახით აქვს გამოქვეყნებული თ. ჟორდანიას. საბუთს თან ახლავს მკვლევრის მინაწერი: 1574 წ. ნუსხა მცხეთისა # :მ სვიმონ მეფე სწერს: „..მონასტერი და სოფელი ვირშა მისითა შესავლითა რა გვარადაც სვეტიცხოველს შემოსწირვია წასწყალს(?) არჩვაძეები ერისთავს რომ შამოუწირავს მითვე წესითა, ერეთს გ-ლაშქლი (სიც) მისითა მამულითა, ზაკვ მისითა ზღურითა, სათახი... ქორდს... ხომატე, ღუკერისი. ., მეღუკერის ვენახი... ახალდაბას... საგლეხოები, რაც ვარდანს შემოუწირავს, ყელქცეულს ვირშის შეწირულნი... ესე მოგვბარებია და დაგვნებებია ყურის უბანის სანაცვლოდ.. ქ–კ:სიბ:თუესა მარტსა:იდ:“ თ. ჟორდანია, ქრონიკები, ტ. II, 1897, 415. ჩვენი აზრით, ეს დოკუმენტი უნდა წარმოადგენდეს პროფ. ი. დოლიძის მიერ გამოქვეყნებულ ზემოთ დამოწმებული ნიკოლოზ ქართლის კათალიკოსის სიგელის ასლს. იმ სიგელის, რომელიც მან ვახტანგ ბატონიშვილს უბოძა და სვეტიცხოვლის მამულების სანაცვლოდ ყურისუბანი გამოართვა. თ. ჟორდანიამ, ჩვენი აზრით, ამ დოკუმენტის დაზიანებული ასლი ამოიკითხა და სიგელი სიმონ I მიაწერა.
როგორც ამ დოკუმენტიდან ჩანს, ვირშას სახელით არსებობდა როგორც მონასტერი, ისე სოფელი. ხოლო ალექსანდრე I მიერ სვეტიცხოვლისადმი მიცემულ სიგელში იხსენიება „მთა ვირშისა, მონასტერი და მისი შესავალნი ბადასშვილნი და ქორდი“. ჩვენი აზრით, ვირშის მთა, ასევე სოფელი ვირშა და აქ არსებული ვირშის მონასტერი, ერთ ტერიტორიულ ერთეულში მდებარეობდა. ვირშის მონასტერს თვითონაც გააჩნდა თავისი მამულები. მათ შორის, სოფელ ყელქცეულში „შეწირულნი მიწანი“. როგორც აღვნიშნეთ ყელქცეულში არსებული ვირშისათვის შეწირული მამულები ფიქსირდება ი. დოლიძის მიერ გამოქვეყნებულ ნიკოლოზ კათალიკოსის სიგელში, ასევე ამ სიგელის თ. ჟორდანიასეულ ვარიანტშიც.
აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ სვეტიცხოვლის კუთვნილი მამულები, მათ შორის სოფელი ვირშა და ვირშის მონასტერი, საპტრიარქომ სამეფო კარისაგან რამდენიმე წლის შემდეგ ხელახლა გამოითხოვა. კათალიკოსმა დომენტიმ მუხრანთან ახლოს არსებული სოფელი ყურისუბანი ვახტანგ ბატონიშვილს გადასცა და სანაცვლოდ სვეტიცხოვლის მამულები უკან დაიბრუნა. 1595 წლით დათარიღებულ დოკუმენტში ვკითხულობთ: „მას ჟამსა, ოდეს თქუენის ძმის მეფის პატრონის სუიმეონისგან მუხრანს სოფელი ყურისუბანი სამამულოდ და სამკუიდროდ მოგცემოდა. ამას წინათ კურთხეულს კათალიკოზს პატრონს ნიკოლოზს ზემო ქართლს ქორდი და რაცა სხუა მის გარშემო საყდრის მამული იყო, თქუენთვის ყურისუბანზედ გაეცვალა; ამისთვის, ვითა ყურისუბანი საყდარსა უფრო ახლო ახლდა. აწე არცა თქუენ მოგხდომოდა კარგად და არცა სუეტმან ცხოველმა იპრიანა. აწე თქუენივე ყურისუბანი თქუენვე დაგიდევით და საყდრისა მამული საყდარსავე დაანებეთ.“8 თუ დავუკვირდებით ამ დოკუმენტში არსებულ ჩანაწერს: „ზემო ქართლს ქორდი და რაცა სხუა მის გარშემო საყდრის მამული იყო“. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქორდის გარშემო არსებულ საყდრის მამულებში სოფელი ვირშა და ვირშის მონასტერიც იგულისხმება, ჩვენი აზრით, ვირშა ქორდთან ახლოს მდებარეობდა.
ზემოთ წარმოდგენილ 1431 წლის ალექსანდრე I სიგელში კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გვხვდება: „ამა ვირშისა სახლისა ულუფა ძუელითგანვე ჩუენთა მომავალთა მეფეთაგან ამოუკუეთილი და გაშუებულ არის“. რას ნიშნავს „ვირშისა სახლისა ულუფა.“ ხომ არ არსებობდა ვირშელთა სახლი, ვირშელთა საგვარეულო, რომელიც უკავშირდებოდა ვირშის მთას, ან სოფელ ვირშას. რაკი წყაროებში ამ საგვარეულოს შესახებ პირდაპირი ცნობები არ მოიპოვება, ძნელია ვარაუდის გარეშე ვისაუბროთ. საინტერესოა, რომ ქართულ ონომასტიკონში გავრცელებული საკუთარი სახელი იყო ვირშელი. ვირშელი, როგორც საკუთარი სახელი გვხვდება ქსნის საერისთავოში. XIII-XIV საუკუნეში ქსნის ერისთავთა საგვარეულოში რამდენიმე ვირშელია ცნობილი.9
ვირშელი, როგორც საკუთარი სახელი გვხვდება ასევე თირის მონასტრის 1432 წლის სიგელში, სადაც დაფიქსირებულია ვირშელ იალღუზისშვილი.10 ვირშელი გავრცელებული სახელი იყო ჯავახიშვილთა საგვარეულოში, 1504-1516 წ.წ. მცხეთის სიგელში იხსენიებიან ჯავახიშვილთა საგვარეულოს წევრები, მათ შორის: ვირშელი, გამრეკელი, ქვეშელი, ეს სახელები სადაურობის აღმნიშველი სახელებიდან არის ნაწარმოები. ასეთივე ნაწარმოები საკუთარი სახელია მაჩაბელი, რომელიც საკუთარი სახელის ფორმით გვხვდება თირის მონასტრის სამრეკლოს წარწერაში.11 საკუთარი სახელის ვირშელის გავლენით შემდგომში გაჩნდა გვარი – ვირშელიშვილი.12 ჩვენს ხელთ არსებული საბუთებიდან ვირშელაშვილი იხსენიება 1473 წლის სიგელში. ვირშელაშვილები, როგორც ჯავახიშვილთა ყმები მოხსენიებულნი არიან 1527-1558 წ.წ დათარიღებულ ჯავახიშვილთა გაყრის დოკუმენტში, ისინი ამ დროს ხანდაკში ცხოვრობდნენ.13 ვირშელაშვილის გარდა ქართულ დოკუმენტურ წყაროებში გვხვდება ვირშელიშვილის გვარი. ვირშელაშვილებისაგან განსხვავებით ვირშელიშვილების საგვარეულო ქვემო ქართლში, კერძოდ საბარათიანოს სიახლოვეს ცხოვრობდა და ის ფეოდალურ სახლს წარმოადგენდა. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს 1670 წლით დათარიღებული დოკუმენტი: „განჩინება შაჰნავაზ მეფისა ბარათაშვილებისა და ვირშელიშვილების სასისხლო საქმეზე“.
როგორც დოკუმენტიდან ჩანს, ბარათაშვილები და ვირშელიშვილები ერთმანეთს მამულებს ედავებოდნენ. საბოლოოდ ქართლის მეფემ პაპუნა და შანშე ვირშელიშვილების მამულებიდან რამდენიმე სოფელი, მათ შორის: სოფელი აბანო, ასევე სოფელი სენების თოფრაყალა, ნასოფლარი ბაღჩალარი ყაფლან ბარათაშვილს და მის შვილებს გადასცა.“14
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „ვირშელი“ ძველ ფეოდალურ გვარს წარმოადგენდა, საიდანაც წარმოიქმნა საკუთარი სახელი ვირშელი, ხოლო შემდეგ გაჩნდა გვარი ვირშელაშვილი. აღსანიშნავია, რომ ასეთი პრაქტიკა სხვა ქართულ გვარსახელებშიც გვხვდება. მაგ. მაჩაბელი მომდინარეობს აჩაბეთიდან. აღნიშნული გვარიდან გაჩნდა საკუთარი სახელი მაჩაბელი, ხოლო შემდეგ წარმოიქმნა გვარი მაჩაბელაშვილი.15
საფიქრებელია, რომ ვირშელთა გვარი შიდა ქართლში ისეთივე ძველი იყო, როგორც ფხუენელნი, ყანჩაელნი და სხვ. ასეთ საგვარეულოებს იცნობს „მატიანე ქართლისა“, სადაც X საუკუნის ამბების გადმოცემისას აღნიშნულია: „აზნაურნი ქართველნი და მათ თანა კახნი: გოდერძი მგდეური, მამა ყანჩაელი, დაჩი კორინთელი, დაჩი და ივანე სხვილოსელნი, სარა და გრიგოლ ძმანი ფხუენელნი.“16 ჩვენი აზრით ვირშელთა საგვარეულოს მიუთითებდეს ალექსანდრე I მიერ მცხეთისადმი ბოძებულ სიგელში არსებული ჩანაწერი? „ამა ვირშისა სახლისა ულუფა ძუელითგანვე ჩუენთა მეფეთაგან ამოკუეთილი და გაშუებული არის“. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანეში „ძეგლი ერისთავთა“, მოხსენიებული „ვირშელი“, აკად. ექვთიმე თაყაიშვილს ქსნის ერისთავთა ერთ-ერთ განშტოებად მიაჩნდა, ისევე როგორც ლარგველი და ქვენიფნეველი. მისი თვალსაზრისით, ვირშელი ქსნის ერისთავთა მესამე განშტოება იყო, რომელიც ვირშას უკავშირდებოდა, ვირშაში, მეცნიერის აზრით, ციხე-სიმაგრე და მონასტერი არსებობდა, ოღონდ როგორც მიუთითებდა, მისი ადგილმდებარეობა უცნობი იყო.17 ქსნის ერისთავთა წინაპრებს რამდენიმე საგვარეულოს უკავშირებდა პლატონ იოსელიანი. მისი აზრით, ეს საგვარეულოები იყო: ბიბილურები, ბურსელები, ქვენიფნეველები და ვირშელები.18 დ. გვრიტიშვილი არ იზიარებდა არც ე. თაყაიშვილის და არც პ. იოსელიანის მოსაზრებებს და „ძეგლი ერისთავთაში“ მოხსენიებულ ლარგველს და ქვენიფნეველს ქსნის ერისთავთა სხვადასხვა შტოებად კი არა, არამედ ერთი და იგივე პირად მიიჩნევდა.19 ჩვენი აზრით უდავოა, რომ ვირშელთა ფეოდალური სახლი, მერმინდელ ქსნის ერისთავთა კუთვნილ ტერიტორიაზე არსებობდა. რაკი ალექსანდრე I სიგელში ვირშის შესავალნი ქორდი და ბადაშვილნი იყო, როგორც აღვნიშნეთ, სავარაუდოდ, იგი ქორდის სიახლოვეს მდებარეობდა. არ არის გამორიცხული, რომ ტერიტორიაზე, სადაც მოგვიანებით ქსნის საერისთავო ჩამოყალიბდა, პირველობისთვის რამდენიმე ფეოდალური სახლი ერთმანეთს ებრძოდა და ვირშელთა სახლი ამ ბრძოლებს შეეწირა, ისინი სავარაუდოდ ქვენიფნეველებმა დაამარცხეს და პირველობა ჩამოართვეს. ალექსანდრე I კათალიკოს თეოდორეს არამარტო ვირშას მთა და მონასტერი უბოძა არამედ „მისნი შესავალნი ბადასშვილნი და ქორდი“. როგორც აღვნიშნეთ, ქორდი მდებარეობს პატარა ლიახვის ხეობის შუა წელზე.20 ქორდში დღემდე ცხოვრობენ სიგელში მოხსენიებული ბადაშვილები. ბადაშვილთა საგვარეულო ჯინჯიხისძეთა საგვარეულოდან მომდინარეობს და როგორც ერთ-ერთი დოკუმენტიდან ჩანს, ჯინჯიხისძე - ბადაშვილები ვირშის მთავარანგელოზის ტაძრის საგანძურის მცველები ყოფილან. ამას ადასტურებს 1453 წლის მცხეთის სიგელი, სადაც ვკითხულობთ: „...ესე სიგელი მოგახსენეთ თქუენ ვირშის წ-თა მთავარანგელოზთა მიქელ და გაბრიელს, ქართლისა პატრიარქს დავითს და თქუენთა მკუიდრთა მეგანძურთა სახლისა თქუენისა უხუცესთა ჯინჯიხისძეთა ბადასშვილთა გრიგოლს და შენთა შვილთა ბადასა და ბევროზს და შენთა ძმისწულთა შალვას და ივანეს. .. მე უჯარმელმან(ფავნელმან?), ჩემმა შვილმან შალვამ მას ჟამსა, ოდეს გაგიცვალეთ ჰჯიკას ძესა (უჯიკასძისა) ოქროთა ნასყიდსა და მიქაურსა მამულსა ზედა მოგუახსენეთ (მოგახსენეთ) ქუბეშური (ქუბებური) მამული ჩარეხელას შვილითა გერასიმისძისეული მამული... სახლითა, კარითა.. ჭურითა... მოგუიხსენებია ჩუენ უჯარმელსა ფავანელსა... თქუენ ვირშის თავს წ-თა მთავარანგელოზთათუის ესე მამული და გლეხნი... არა მოგეშალოს“.21 აქ ნახსენები „მკუიდრთა მეგანძურთა“, უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ ჯინჯიხისძე-ბადაშვილებს ვირშის მთავარანგელოზის საგანძური ძველი დროიდან ჰქონდათ ჩაბარებული. ბადაშვილები შედარებით გვიანდელ დოკუმენტურ წყაროებში კათალიკოსის ყმები იყვნენ. 1694 წლის დოკუმენტის თანახმად ნიკოლოზ კათალიკოსმა გიორგი გედევანიშვილს ქორდში მცხოვრები ბადაშვილების მამული გადასცა.22 უფრო გვიანდელი პერიოდის დოკუმენტით დასტურდება ადგილის სახელწოდება „ბადაანი.“ ანტონ I კათალიკოსმა გიორგი გედევანიშვილს უბოძა „ჩვენის ეკლესიის ყმების მოურავობა,ბადაანისა და ხოდელისა.“23 ნიკოლოზ კათალიკოზის მიერ სვეტიცხოვლისადმი ბოძებულ სიგელში, რომელიც 1687 წლით არის დათარიღებული, ჩამოთვლილია კათალიკოსის მიერ სვეტიცხოვლისადმი გაწეული ღვაწლი, სადაც აღნიშნულია, რომ „კიდევე ნასოფლარი ბადანი ავაშენე“.24 როგორც ჩანს, ვირშის მონასტერს ეკუთვნოდა „შესავალნი ქორდი და ბადასშვილნი“, ანუ ბადასშვილების მამული (მცირე სოფელი),* სწორედ აქ ცხოვრობდნენ ვირშის მთავარანგელოზის „მეგანძურნი“ ჯინჯიხასძე-ბადასშვილნი, რომლებიც მათი სოფლის განადგურების შემდეგ ქორდში გადმოსახლდნენ. მოგვიანებით ნიკოლოზ კათალიკოსმა „ბადანი“ იგივე ბადაანი ხელახლა მოაშენა და სვეტიცხოველს გადასცა.

* შესაძლოა ბადასშვილებს სწორედ ვირშის მთავარანგელოზის ტაძრის წინაშე არსებული დამსახურების გამო გადაეცათ მამული მონასტერთან ახლოს. საგანძურის მცველები მონასტრიდან შორს ვერ იცხოვრებდნენ.
უფრო გვიან, XVIII საუკუნეში აქ ჩრდილოეთიდან ჩამოსული ოსები დაასახლეს, რომლებიც საეკლესიო ყმები გახდნენ. ანტონ კათალიკოსმა მათი მოურაობა გიორგი გედევანიშვილს უბოძა. სწორედ ამას უნდა ასახავდეს სიტყვები: „ჩვენის ეკლესიის ყმების ოსების მოურაობა ბადაანისა და ხოდელისა“. ზემოთ წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ:
1. ქართლში, კერძოდ, პატარა ლიახვის ხეობაში, სოფელ ქორდის სიახლოვეს ვირშას სახელით არსებობდა: მთა, მონასტერი და სოფელი.
2. 1431 წლის მცხეთისადმი დაწერილ ალექსანდრე I სიგელში მოხსენიებულია „ვირშისა სახლი“, რომლის „ულუფა“ მეფეთაგან „ამოკუეთილი“ და „გაშუებული“, ანუ დაუბეგრავი და ხელშეუხებელი იყო. ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ შიდა ქართლში ადრეფეოდალურ პერიოდში შესაძლებელია არსებობდა აზნაურ ვირშელთა სახლი (როგორც ფხუენელები, ტბელები, კორინთელები, ყანჩაელები), სავარაუდოდ ისინი სოფელ ვირშის მკვიდრნი იყვნენ და აქედან მომდინარეობს მათი გვარი, რომლის ამოვარდნის შემდეგ ვირშელთა მამული სამეფო ხელისუფლებისაგან ეკლესიას გადაეცა. სადაურობის აღმნიშვნელი სახელი - ვირშელი საკუთარ სახელად იქცა. ეს სახელი განსაკუთრებით გავრცელდა ქსნის საერისთავოში. ვირშელთა სახლის მამულები (პატარა ლიახვის შუა წელი) ემიჯნებოდა ერისთავთა მამულს და მოგვიანებით ეს ტერიტორია ქსნის ერისთავთა ფეოდალური სახლის საკუთრება გახდა. საკუთარი სახელი ვირშელი ერისთავთა გვარში გავრცელებულ სახელად იქცა.
3. ვირშას მონასტერი (მთავარანგელოზების-მიქაელის და გაბრიელის სახელობის), სოფელი ვირშა და ვირშას მთა სავარაუდოდ ქორდის სიახლოვეს, მდ. პატარა ლიახვის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობდა, რადგან მონასტრის საგანძურის მცველები ჯინჯიხისძე-ბადაშვილები ჯერ ბადაანში ცხოვრობდნენ, ხოლო შემდეგ ქორდში დამკვიდრდნენ. აღსანიშნავია, რომ ბადაშვილების გვარი დღესაც ცხოვრობს სოფელ ქორდში.
შენიშვნები
1. ქართული სამართლის ძეგლები, ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, ტ. III, თბ., 1970, 177.
2. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბ., 1973, 369.
3. გაზ. ივერია 1894, # 226, 26 ოქტომბერი, გვ. 2; იხ. გ. სოსიაშვილი, დიცის ისტორია, თბ., 2010, 12.
4. ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ. II, XIV-XV საუკუნეები, შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თინათინ ენუქიძემ, ნინო ტარხნიშვილმა და ბაბილინა ლომინაძემ, თბ., 2013, 171-172.
5. ქართული სამართლის ძეგლები, ტ, III, 191.
6. ქართული სამართლის ძეგლები, ტ, III, 265.
7. ქართული სამართლის ძეგლები, ტ, III, 277-278.
8. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III, 348.
9. თ. ჟორდანია, ქრონიკები, ტ. II, 26-27.
10. ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, XIV-XV საუკუნეები, შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თინათინ ენუქიძემ, ნინო თარხნიშვილმა, ბაბილინა ლომინაძემ, ტ. II, თბ., 2013, 180.
11. ნ. ანდღულაძე, თირის მონასტრის ხუროთმოძღვრული ანსამბლი, თბ., 1976, 36.
12. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, ტ. II, 194.
13. ქართული სამართლის ძეგლები, ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, ტ. IV, თბ., 1972, 40.
14. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. IV, 125-126.
15. გ. სოსიაშვილი, სამაჩაბლოს ისტორია, თბ., 2005, 41.
16. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბ., 1955, 268.
17. Такаишвили Э., Археологические экскурсии, розыскания и заметки, вип. V, тб., 1915. стр. 77-80; ე. თაყაიშვილი, ქსნის ხეობის სტატისტიკური აღწერილობა, სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, ტ. 45, 1951, 4.
18. Икортский монастырь в Карталинии, საქართველოს სასულიერო მახარებელი, ნოემბერი, 1865, 69.
19. დ. გვრიტიშვილი, ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955, 56.
20. გ. სოსიაშვილი, პატარა ლიახვის ხეობის ისტორიიდან (სოფელი ქორდი), თბ., 2007, 7.
21. თ. ჟორდანია, ქრონიკები, ტ. II, 272.
22. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III, 603-604.
23. გ. სოსიაშვილი, ნარკვევები შიდა ქართლის ისტორიიდან, თბ., 2011, 78.
24. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III, 592.

Комментариев нет:

Отправить комментарий