1919
წლის
6 თებერვალს გენერალ დენიკინის „მოხალისეთა არმიის” შენაერთებმა ხანმოკლე ბრძოლების შემდეგ ქართულ გარნიზონს უკან დაახევინეს და სოჭი და სოჭის ოლქი დაიკავეს. სოჭის აღების შემდეგ, მათ დაიკავეს აგრეთვე ადლერი, ვესიოლოე, პილენკოვო, გაგრა და 10 თებერვლისათვის მდინარე ბზიფთან გაჩერდნენ. შემტევი დივიზიის მეთაურმა, გენერალმა ჩერეპოვმა ტელეგრამა გაუგზავნა ქართულ სარდლობას საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, იმდენად, რამდენადაც მის წინაშე დასმული საბრძოლო ამოცანა შესრულებული იყო. [1, 258]
ქართული მხარე, ბუნებრივია, ვერ შეეგუებოდა შექმნილ მდგომარეობას და მის გამოსასწორებლად შესაბამის ზომებს გაატარებდა. მართლაც, მდ. ბზიფის პოზიციებზე სახალხო გვარდიის ნაწილების კონცენტრაცია დაიწყო. მარტის ბოლოსათვის გვარდიის რაზმების პირადმა შემადგენლობამ 5 ათას კაცს მიაღწია. შემოყვანილ იქნა 20 ერთეული არტილერია, ხოლო მდ. ბზიფის ზემო წელში ახალი ხიდი იქნა აგებული. შეიძლება ითქვას, რომ აპრილის დასაწყისისათვის ქართული მხარე მზად იყო მის წინაშე დასმული საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად.
ძალებისა და საშუალებების საკმარისი კონცენტრაციის მიუხედავად, ქართული მხარის მიერ აპრილის თვემდე შეტევის დაწყება ვერ მოხერხდა, რადგან აქ განლაგებული ბრიტანული საოკუპაციო ჯარები შემაკავებელ ფაქტორს წრმოადგენდა ქართული მხარის შემდგომი მოქმედებებისათვის. სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის სხდომის ოქმი №117.
1919 წლის 11 აპრილი.
„ესწრებოდნენ: საღირაშვილი, ვარდოიანი, ჯიბლაძე, აუშტროვი, კახიანი, ქარცივაძე, ჭიაბეროვი, შენგელია, გოგიშვილი. მოწვეული პირები: გეგეჭკორი, ლომთათიძე, ფელიცინი, რამიშვილი, არსენიძე, ჩხიკვიშვილი.
თავმჯდომარე: საღირაშვილი; მდივანი: აუშტროვი;
მოისმინეს ევგ. გეგეჭკორის მოხსენება შავი ზღვის ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
უკვე კვირაზე მეტია, რაც ვცდილობ მივიღო საბოლოო გადაწყვეტილი პასუხი ინგლისელებისაგან დენიკინის უკან დახევის შესახებ, მაგრამ აქამდე დადებითი პასუხის მიღებას ვერ ვეღირსე. გვაქვს ზუსტი მონაცემები, რომ ინგლისელებმა მოსთხოვეს დენიკინს უკან დაწევა, მაგრამ ეს უკანასკენელი ამას არ ასრულებს. გვაქვს იმის ცნობებიც, რომ ინგლისელთა დამოკიდებულება დენიკინის მიმართ ცუდისაკენ შეიცვალა. დენიკინელთა მომარაგება ინგლისელების მხრიდან ისე ინტენსიურად აღარ მიმდინარეობს. საველე შტაბი ითხოვს კატეგორიულ პასუხს და მათ სურთ შეტევაზე გადასვლა. მთავრობა შეტევაზე გადასვლის წინააღმდეგია, რადგან შეტევის წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც, შედეგები უმნიშვნელო იქნება. სამხედრო მდგომარეობა არ გაუქმდება და გვარდიის დემობილიზაცია არ გამოცხადდება. საჭიროა მათი მზადყოფნის დონის შენარჩუნება. ბლოკადა არ შემცირდება, პირიქით _ გაძლიერდება.
ყველა, აუშტროვის გარდა, გამოვიდა შეტევის დაწყების წინააღმდეგი.
დაადგინეს: არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოს შეტევითი მოქმედებები განსაკუთრებულ მითითებამდე. მიღებულია ერთხმად, აუშტროვის ერთი ხმის წინააღმდეგ”. [2]
აუცილებლად აღსანიშნავია ის მდგომარეობა, რომ დენიკინელთა მიერ სოჭისა და ადლერის ოკუპაციას ადგილობრივი ქართველი და არაქართველი მოსახლეობის ცხოვრების პირობების მნიშვნელოვანი გაუარესება მოჰყვა. ძალადობა, განუკითხაობა და ძარცვა-გლეჯა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ამას არ შეიძლება მოსახლეობის პროტესტი და საპასუხო ქმედებები არ მოჰყოლოდა შედეგად. საერთო ჯამში, გლეხებმა და კაზაკობის უმრავლესობამ არ მიიღო მონარქიის აღდგენის იდეა, აკრძალა რა, როგორც მისი, ასევე ბოლშევიზმის პროპაგანდა. [3]
შავიზღვისპირეთისა და სოხუმის ოლქის მოსახლეობაში „მწვანე მოძრაობა“ აგორდა, დაიწყო ანტიდენიკინური მცირე პარტიზანული რაზმების, ე.წ. „მწვანეების“ ორგანიზება და მოქმედება, რაც ძლიერ მხარდამჭერ ფაქტორად იქცა მდ. ბზიფთან კონცენტრირებული სახალხო გვარდიის ქვედანაყოფებისათვის სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად. აღსანიშნავია მოქმედებების ის კოორდინაციაც, რაც „მწვანეთა“ ლიდერებსა და ქართული ქვედანაყოფების მეთაურებს შორის დამყარდა.
„მწვანეების“ როლსა და ადგილზე გენერალი დენიკინიც საუბრობს თავის მემუარში, მაგრამ იგი მოსახლეობის, პარტიზანული მოძრაობის არსს არ თუ ვერ ითვალისწინებს და თავის მსჯელობებში ერთობ ზედაპირულია. კერძოდ: „ამავე დროს ქართველების მხარდაჭერით სოჭის ოლქში მწვანეთა მოძრაობა აგორდა. ამ მოძრაობას თავისი რთული ისტორია გააჩნია, რომელზედაც მე სხვა დროს შევჩერდები. აქ კი, ამ მოძრაობის დამახასიათებელ მხოლოდ ზოგადი ხასიათის შტრიხებზე შევჩერდები. რუსი სოციალისტების რევოლუციური ორგანიზაციები, რომლებიც შავიზღვისპირეთში დამკვიდრდნენ, ქართველ ხელისუფალთა მფარველობით, შთააგონებდნენ გლეხებს აზრს იმის შესახებ, რომ ინგლისელთა მეოხებით ოლქის „ნეიტრალიზება” იყო შესაძლებელი. ეს კი მათ თავიდან ააცილებდა რეკვიზიციებს, გადასახადებს და საერთოდ, ყოველგვარ სახელმწიფოებრივ ვალდებულებებს, მათ შორის გაწვევებს“. [4, 291]
1919 წლის თებერვალში ,,სამხრეთ რუსეთის მთავრობის” მიერ მოსახლეობის არმიაში გაწვევა გამოცხადდა. მაგრამ გამწვევ პუნქტებში ხალხი ფაქტიურად არ გამოცხადდა, მათ თავი აარიდეს ამ კომპანიას. ისე ჩანდა, რომ მოსახლეობამ ღიად გაუკეთა იგნორირება დენიკინის ბრძანებას „იმ პირთა სამხედრო-საველე სასამართლოზე გადაცემის შესახებ, რომლებიც არ გმოცხადდნენ გამწვევ პუნქტებში და თავი აარიდეს სამხედრო ვალდებულებას”.
1919 წლის 26 თებერვლის დენიკინისეული გაწვევის ოთხპუნქტიან ბრძანებას შემდეგი სახე ჰქონდა: „Приказъ Главнокомандующаго вооруженными силами на Юге Россіи № 374. Гор. Екатеринодаръ. 26 Февраля 1919 года.
§1.
Для пополненія рядовъ Добровольческих Арміи приказываю призвать на службу въ Ставропольской и Черноморской губерній и иногородныхъ въ Кубанскомъ и Терско-Дагестанскомъ краъ военно-обязанныхъ (кромъ инородцев Ставропольской губерніи) призывовъ 1906, 1907, 1908 и 1909 годовъ (родившихся въ 1885, 18886, 1887 и 1888 г. г.).
§2.
Призывъ провести на основаніях изложенныхъ въ моемъ приказъ отъ 30-го октября 1918 года №87, причемъ въ отношеніи предоставленія правъ на отсрочку для учителей руководствоватся моимъ приказомъ отъ 15-го декабря 1918 года № 294.
§3.
Первымъ днемъ призыва устанавливаю 15-го марта.
§4.
Одновременно съ призывомъ 1906-1909 г. Г. Призватъ всехъ неявившихся по какимъ либо причинамъ педшествующихъ призывовъ.
Подлинный подписалъ:
Генералъ-Лейтенантъ Деникинъ. Съ подлиннымъ верно: Помощникъ Начальника Мобилизаціоннаго Отдъленія, Генерального штаба Полковникъ Мусіенко. (По Военному Управленію). Мобилизационное Отдъленіе”. [5]
და ისევ დენიკინი: „სამხედროვალდებულებმა მასიურად დაიწყეს ტყეებში გასვლა, სადაც ხდებოდა რაზმების ორგანიზება, რომელთა იარაღითა და ვაზნებით უხვად მომარაგებაც ქართველებმა აიღეს თავის თავზე. და 26 მარტს, სოფელ პლასტუნკაში დაიწყო შეიარაღებული გამოსვლა, რომელიც მალე გავრცელდა მთელი სოჭის რაიონზე _ კრასნაია პოლიანაზე _ ადლერზე. 31-ში კი, დასრულდა ქართველთა სამზადისი შეტევითი მოქმედებების დასაწყებად”. [4, 291]
თუ ყურადღებით წავიკითხავთ და გავიაზრებთ დენიკინის მემუარის ამ ამონარიდს, მეტად მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი:
1. მიუხედავად დენიკინის დაპირებისა, რომ ,,ამ მოძრაობას (მწვანეებს _ ა. ჩ.) თავისი რთული ისტორია გააჩნია, რომელზედაც მე სხვა დროს შევჩერდები”, იგი მწვანეებზე „სხვა დროს” და სხვა ადგილას აღარ საუბრობს. მიზეზი მარტივი და გასაგებია _ მას არაფერი არა აქვს ამ თემის შესახებ დასამატებელი;
2. მეტად გადაჭარბებულია „ქართველთა“ და „ქართველ ხელისუფალთა“ ყოვლისშემძლეობაზე აპელირება. რა თქმა უნდა, ქალაქ სოჭში და სოჭის ოლქში, განაკუთრებით სოფელ პლასტუნკაში, მნიშვნელოვანი იყო ქართული მოსახლეობის რაოდენობა, მაგრამ არა იმდენად დიდი, რომ მხოლოდ ამ ფაქტორს მოეხდინა გადამწყვეტი ზეგავლენა მთელი ოლქის მოსახლეობის შეიარაღებული აჯანყების დაწყებაზე ისეთი მძლავრი სამხედრო ორგანიზაციის წინააღმდეგ, როგორიც გენერალ დენიკინის არმია იყო; აქ დენიკინი თავის თავს ეწინააღმდეგება. მან, ისევე როგორც სხვა ზოგიერთმა რუსმა და პრორუსმა „მეცნიერმა“ უნდა აღიაროს სოჭის ოლქში მაცხოვრებელი ქართული მოსახლეობის რაოდენობრივი და დომინანტური როლი, ან სხვა ვერსიები უნდა შეთხზას აღნიშნული საკითხის გარშემო;
3. დენიკინი ამ მემუარში თავისდაუნებურად აღიარებით ჩვენებებს იძლევა მისი საოკუპაციო შენაერთების მიერ სოჭისა და ადლერის ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ გატარებული სასტიკი რეპრესიების შესახებ. და ყველაფერ ამას მეტად შერბილებული და მიამიტური ტერმინებით ნიღბავს _ რეკვიზიცია, გადასახადები, გაწვევები, ვალდებულებები; რეალურად კი, დენიკინის საოკუპაციო შენაერთების მიერ მოსახლეობის დაუნდობელი ძარცვაგლეჯა, დარბევები, სისხლისღვრა და ანგარიშსწორებები ხორციელდებოდა.
სოჭისა და ადლერის მოსახლეობაში შეიარაღებული წინააღმდეგობის პროვოცირებასა და მათ შეიარაღებაში ქართული მხარე ვერანაირად ვერ ითამაშებდა მნიშვნელოვან როლს, იმდენად, რამდენადაც ყოველივე ეს ქართული ქვედანაყოფების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან (მდინარე ბზიფი) ათეულობით კილომეტრს იქით, დენიკინელთა ღრმა ზურგში მიმდინარეობდა. ერთი მომენტიც _ აქ დენიკინი კიდევ ერთხელ უშვებს თავის მსჯელობებში შეცდომას და უხვევს თავისი გენერალური ხაზიდან _ ყველა უბედურებაში ქართველები დაადანაშაულოს. იგი აღნიშნავს, რომ _ „რუსი სოციალისტების რევოლუციური ორგანიზაციები, რომლებიც შავიზღვისპირეთში დამკვიდრდნენ, ქართველ ხელისუფალთა მფარველობით შთააგონებდნენ გლეხებს აზრს იმის შესახებ, რომ ინგლისელთა მეოხებით ოლქის „ნეიტრალიზება“ იყო შესაძლებელი“. [4, 282] მაშ, „რუსი სოციალისტების რევოლუციური ორგანიზაციები’’ ყოფილან ყველაფერში დამნაშავენი და არა მითიური „ქართველი ხელისუფალნი“ არა?
4. და მაინც რატომ იყო ესოდენ სასურველი და სანატრელი ადგილობრივი გლეხებისათვის ბრიტანელთა დახმარებით „ოლქის ნეიტრალიზება“? ამ კითხვაზე პასუხს თავად გენერალი დენიკინი იძლევა _ „ეს მათ თავიდან ააცილებდა რეკვიზიციებს, გადასახადებს და საერთოდ, ყოველგვარ სახელმწიფოებრივ ვალდებულებებს, მათ შორის გაწვევებს“. ახლა უკვე გასაგები ხდება, თუ რაოდენ მძიმე და აუტანელ პროცესსა და პროცედურებს წარმოადგენდა ოკუპირებული ტრიტორიების მოსახლეობისათვის დენიკინის „სამხრეთ რუსეთის სახელმწიფოს” სახელმწიფოებრივი ვალდებულებების შესრულება. ამის თავიდან ასაცილებლად ჩვეულებრივი გლეხები იძულებულნი გახდნენ ტყეებში გასულიყვნენ და ხელში აეღოთ იარაღი;
5. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის მოსაპოვებლად არა ოკუპანტი სამხედრო ორგანიზაციის ძლიერება, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერაა გადამწყვეტი ფაქტორი. წარმატებული პარტიზანული ომის სტრატეგიის ამოსავალი წერტილი კი, მებრძოლებისა და ხალხის ერთიანობაა. დავესესხებით თანამედროვე პარტიზანული ომის თეორიის ფუძემდებელს, მაო ძე დუნს, და მისი ერთ-ერთი მთავარი თეზისის ციტირებას მოვახდენთ: „ხშირად ამბობენ, თითქოს პარტიზანული ბრძოლა პრიმიტიულია. ეს სახიფათო განზოგადებაა, რომელიც მხოლოდ ტექნოლოგიური თვალსაზრისითაა სამართლიანი. თუ სურათს მთლიანობაში შევხედავთ, პარადოქსი მაშინვე ცხადი გახდება. ხოლო გარეგნული პრიმიტიულობა გაცილებით უფრო რთულად მოგვეჩვენება, ვიდრე ატომური ან ისეთი ომი, რომელშიც სახმელეთო ჯარებთან ერთად საზღვაო და საჰაერო ძალები მონაწილეობენ”. [6, 58]
პარტიზანი ისე უნდა გრძნობდეს თავს თავის სამოქმედო რაიონში, როგორც თევზი წყალში. სხვათა შორის, მაო ძე დუნის მიერ, თავის დროზე დეტალურდ იქნა შესწავლილი არა მარტო მარქსიზმის კლასიკოსთა ნაშრომები, არამედ რუსეთის სამოქალაქო ომის მდიდარი გამოცდილება სწორედ ჩრდილოეთ კავკასიაში, და სწორედ პარტიზანული ომის კონტექსტში, რაც საბოლოო ჯამში, ახალი მარქსისტული რევოლუციური იდეოლოგიის, მაოიზმის ჩამოყალიბებითა და საომარ მოქმედებათა წარმოების ახალი წესის, პარტიზანული ომის სტრატეგიისა და არაკონვენციური ომის თეორიის შემუშავებით დასრულდა; თუმცა დავანებოთ თავი მომეტებულ თეორიულ მსჯელობებს და ისევ ჩვენს კონკრეტულ თემას, სივრცესა და დროს დავუბრუნდეთ _ 1919 წლის გაზაფხულს, მდინარე ბზიფს, აფხაზეთსა და შავიზღვისპირეთს. დენიკინელთა მიერ სოჭის ოლქში მონარქისტული რეჟიმის რესტავრაციის მცდელობაზე, მათ მოქმედებებსა და „მწვანე არმიაზე“კი ქვემოთ გვექნება უფრო საგნობრივი საუბარი.
29 მარტის გაწვევის ბრძანებას სოჭის ოლქის უფროსის #303 ბრძანება მოჰყვა, „დამნაშავე პირთა“ დასჯის შესახებ: „იმ პირების მაგივრად, რომლებმაც თავი აარიდეს მობილიზაციას, პასუხს აგებს იმ სოფლის მოსახლეობა, სადაც დეზერტირთა ოჯახები ცხოვრობენ. ამავე დროს, ის დეზერტირები, რომლებიც იქნებიან დაჭერილნი, დაუყოვნებლივ გადაეცემიან სამხედრო-საველე სასამართლოს და გასამართლდებიან საომარი მდგომარეობის წესებით. ხოლო ის პირები რომლებმაც თვითნებურად მიატოვეს საგუშაგოები, სიკვდილით დაისჯებიან“. მიუხედავად ამ ბრძანების კატეგორიული ტონისა, 1919 წლის მარტში ჩატარებულმა მობილიზაციის პროცენტულმა მაჩვენებელმა სოჭის ოლქში სულ რაღაც 9% აჩვენა. მოსახლეობამ მთებში დაიწყო გახიზვნა. [5]
ასე დაიწყო ახალი სისხლიანი ვანდეა შავიზღვისპირეთსა და აფხაზეთში, რომლის პირველი ნაბიჯები „მწვანეების“ _ გლეხთა ადგილობრივი პარტიზანული მოძრაობის ორგანიზება იყო. იქმნება სხვადასხვა პარტიზანული რაზმები, სადაც ძირითადში იმ სოფლების მოსახლეობა ერთიანდებოდა, რომლებმაც თავი აარიდეს დენიკინისეულ გაწვევას _ პლასტუნკა, ორეხოვო-პოლიანა, ნავაგინკა, მამაიკა, აჟექი და სხვა. პარტიზანთა უმეტესობას ქართველი და რუსი გლეხები შეადგენდნენ.
მწვანეთა რაზმებში გაერთიანებით მოსახლეობამ ბრძოლის პარტიზანულ მეთოდებს მიმართა _ ჩასაფრება, რეიდი, სწრაფი და ხანმოკლე იერიშები, ბრძოლიდან სწრაფი გასვლა, მიმალვა. მათ რამდენიმე წარმატებული თავდასხმა განახორციელეს ხოსტაზე, ადლერზე, დენიკინელთა სამხედრო საგუშაგოებზე, ტყვედ აიყვანეს ხელისუფლების წარმომადგენლები და ოფიცერთა დიდი ჯგუფი. შემდეგ ისევ მთებში გაუჩინარდნენ, თან მათკენ მიმავალ გზებზე დაბრკოლებები აღმართეს. პარტიზანების საბრძოლო აქტივობას დენიკინელთა შესაბამისი რეაქცია მოჰყვა შედეგად. პარტიზანული თავდასხმებისა და იერიშების საპასუხოდ დაიწყო სოჭის ყრილობის დელეგატთა დაპატიმრებები და დახვრეტები. დენიკინელთა ამ მოქმედებების აღკვეთის მიზნით, ტუაფსესა და სოჭის ოლქის 21-მა სოფლსაბჭომ თავისი დელეგატები გააგზავნა გაგრაში ბრიტანულ სარდლობასთან პროტესტის გამოსახატავად, მაგრამ ამ საჩივრებზე საოკუპაციო ჯარების სარდლობას ქმედითი რეაგირება არ მოუხდენია. პოლკოვნიკმა ფაინსმა მიიღო გლეხთა დეპუტატები, მაგრამ მისი პასუხი ერთობ გულგრილი და ცინიკურიც კი იყო: „მოხალისეებმა ჩემს თვალწინაც რომ დაგხოცონ, თქვენი გამოსარჩლების უფლება იმ შემთხვევაშიც არ მექნება, რადგან გენერალი დენიკინი და მისი არმია კანონიერ ხელისუფლებას წარმოადგენს, რომელსაც სცნობს ინგლისის სამეფოს მთავრობა“. [5]
გენერალი დენიკინი _ „1919 წლის გაზაფხული სამხრეთის არმიისათვის მძიმე საბრძოლო გამოცდების პერიოდი იყო. ფრანგების მიერ ოდესის დატოვება, დონის ფრონტის კრიტიკული მდგომარეობა და ცარიცინის მხრიდან ტიხორეცკზე მომდინარე საშიშროება, ჩემს ხელთ არსებული მთელი ძალების აღნიშნულ მიმართულებებზე თავმოყრას მოითხოვდა. გენერალ ბრიგსისაგან მიღებული წერილობითი შეტყობინებიდან გამომდინარე, სადაც იგი ბრიტანელთა ჯარების მიერ მდ. ბზიფის ხაზის დაკავების გამო, ქართული მხრიდან მოხალისეთა არმიის წინააღმდეგ ყოველგვარი საბრძოლო მოქმედებების დაწყებას გამორიცხავდა, მე მნიშვნელოვნად შევასუსტე სოჭის ფრონტი... საქართველოსა და სამხრეთ რუსეთის მთავრობებს შორის ოფიციალური ურთიერთობები არ არსებობდა. საზღვარი ჩაკეტილი იყო, ორი არმია კი ერთმანეთის პირისპირ იდგა მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში, რაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაზრდილიყო ღია საომარ დაპირისპირებაში”. [4, 290]
9 აპრილს გენერალმა მილნმა, ბრიტანელთა საოკუპაციო ჯარების სარდალმა განუცხადა გენერალ დენიკინს, რომ მან მოსთხოვა ქართველებს მდ. ბზიფის ხაზს იქით დაწევა. მაგრამ როგორც ჩანს, ბრიტანელთა ავტორიტეტი უკვე აღარ იყო საკმარისი იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ შეტაკების საფრთხე“. [4, 290] რ. ცუხიშვილი: „ხანგრძლივი, სამთვიანი ლოდინისა და იმედგაცრუებების შემდეგ, თბილისის მოთმინების ფიალა აივსო. საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები მას აქტიური გადაუდებელი მოქმედებებისაკენ უბიძგებდა. ჟორდანიას მთავრობამ, სავსებით სამართლიანად, გადაწყვიტა უარეყო ინგლისის მოთხოვნები, წარმოეწყო შეტევა გაგრის რაიონში მდ. მეხადირის მიმართულებით, რათა დემორალიზაციისაგან გადაერჩინა მდ. ბზიფზე სამ თვეზე მეტ ხანს უმოქმედოთ მდგარი ქართული ჯარის ნაწილები, გაეთავისუფლებინა დენიკინელთა მიერ თვითნებურად დაკავებული საქართველოს ტერიტორიები და ამით აღედგინა ისტორიული სამართლიანობა სოხუმის ოლქში“. [7, 47]
რა თქმა უნდა, ვეთანხმებით ნაშრომის ამ ამონარიდს, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ქართული მხარის მიერ საბრძოლო მოქმედებების დაწყებას კიდევ ერთმა მნიშვნელოვანმა ფაქტორმაც შეუწყო ხელი, რის შესახებ ზემოთაც გვქონდა საუბარი. საუბრის თემა ე.წ. „მწვანეებს“, „მწვანე არმიას” ეხება. უკვე აღვნიშნეთ, რომ დენიკინელთა მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველ და სხვა ეროვნების მოსახლეობაზე, სომხების გამოკლებით, დაუნდობელი ძალმომრეობა ხორციელდებოდა, რომელსაც არ შეიძლება არ მოჰყოლოდა მოსახლეობის შესაბამისი რეაქცია. ამ უცილო ფაქტებს ვერც რუსული წყაროები და ავტორები უარყოფენ. კერძოდ, _ „სოჭის ოლქის დაპყრობის შემდეგ დენიკინელები სასწრაფოდ შეუდგნენ რევოლუციამდელი „წესრიგის“ აღდგენას. მიწები ისევ თავიანთ ძველ მფლობელებს დაუბრუნდათ. ჩაატარეს რამდენიმე მობილიზაცია, საქონლის, ფურაჟის, საზიდრების რეკვიზიციები. დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები, გაროზგვები, დახვრეტები, სადამსჯელო ოპერაციები. ყოველივე ეს უტყუარი საარქივო დოკუმენტებით დასტურდება.
რუსი ავტორებიც აღნიშნავენ, რომ „თეთრი დიქტატურის მშენებლობის გზაზე განცდილი წარუმატებლობები სულ უფრო ხშირად აიძულებდა თეთრი მოძრაობის ლიდერებს რეპრესიებისათვის მიემართათ. „მოხალისეთა“ სადამსჯელო რაზმები თავის ღრმა კვალს ტოვებდნენ დონის, ყუბანის, შავიზღვისპირეთის სხვადასხვა სტანიცებსა და სოფლებში“. [3]
ყოველივე ამან კი, მოსახლეობის უკიდურესი აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია. ეს უკმაყოფილებები მალე ოლქის მშრომელთა შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 1919 წლის მარტის ბოლოს სოჭის ოლქის გლეხობა საიდუმლო სერობაზე შეიკრიბა სოფელ კალინოვოე ოზეროსთან, სადაც დენიკინელთა წინააღმდეგ საბრძოლველად გადაწყდა პარტიზანული რაზმების შექმნა და აჯანყების მოწყობა. ამ შეკრებაზე არჩეულ იქნა აჯანყების შტაბი, ცენტრით სოფელ პლასტუნკაში. [8] _ „პირველი პარტიზანული რაზმები მცირერიცხოვანი იყო, ხოლო მებრძოლთა შეიარაღება _ ერთობ მწირი. თეთრი ტერორის გაძლიერებასთან ერთად იქმნება ისეთი მსხვილი და ბრძოლისუნარიანი რაზმები, როგორებიც იყო ვოლკოვსკის (მეთაური ვ. ბალონკიენი), ვორონცოვო-ხოსტის (გ. გრუშა და ნ. ბარიბანი), პლასტუნკის (კ. კაზნოდეი). სულ სოჭის ოლქში 1919-1920 წლებში მოქმედებდა დაახლოებით 15 პარტიზანული რაზმი. [9]
მოგვიანებით, 1919 წლის 18 ნოემბერს გაგრაში გაიმართა ესერებისა და სოციალ-დემოკრატების მიერ ორგანიზებული შავიზღვისპირეთის გლეხთა ყრილობა, რომელზეც შეიქმნა განსაკუთრებული ორგანო _ „შავი ზღვის გუბერნიის განთავისუფლების კომიტეტი” _ КОЧГ (Комитет Освобождения Черноморской Губернии), რომელსაც ციმბირელი ესერი, უფის დირექტორიის ხელმძღვანელი, ვასილი სამარინ-ფილიპოვსკი1 ჩაუდგა სათავეში. [10] ყრილობაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია: ,,ჩვენ რეაქციასთან ბრძოლაში ჩავებით როგორც მესამე დამოუკიდებელი ძალა _ დემოკრატიული ძალა. ჩვენ არ დავყრით იარაღს დემოკრატიის საბოლოო გამარჯვებამდე. ჩვენ უარვყოფთ უმცირესობის უმრავლესობაზე ყოველგვარ დიქტატურას, ვისგანაც კი არ უნდა მოდიოდეს და რა ლოზუნგებითაც არ უნდა ინიღბებოდეს იგი. ამას ჩვენ დემოკრატიის დიქტატურას ვუპირისპირებთ, ანუ მთელ ხალხს. მხოლოდ რევოლუციური შეგნებისა და მშრომელი ხალხის ნებისყოფის მოხმობაში, მის შემოწმებასა და ინიციატივაში ვხედავთ მომაკვდავი რევოლუციის გადარჩენას. უმცირესობის ყოველგვარი დიქტატურა ხალხზე ძალადობა და მასთან ბრძოლაა. ებრძოლო ხალხს, და ამასთან გაიხადო ის თანამებრძოლად _ დანაშაულებრივი და შედეგის არმომტანი ქმედებაა“.[10]
შეიქმნა განთავისუფლების კომიტეტის სამხედრო ძალა _ გლეხთა ლაშქარი, რომელსაც სათავეში ციმბირელ ესერთა ლიდერი, მეფის არმიის ყოფილი ოფიცერი, როტმისტრი ნიკოლაი ვორონოვიჩი2 ჩაუდგა. სარდლობის შტაბში შევიდნენ აგრეთვე ვორონოვიჩის მოადგილე, მეფის არმიის ყოფილი კაპიტანი, სოჭისა და დაგომისის „მწვანეთა“ რეგულარული რაზმის ხელმძღვანელი გ. უჩაძე და როშჩენკო, მეფის არმიის არტილერიის ყოფილი პრაპორშიკი. ბატალიონების მეთაურები კი გახდნენ _ ძიძიგური, შტაბსკაპიტანი კაზანსკი და პოდპორუჩიკი სკობელევი, საქარ- თველოს სახალხო გვარდიის განსაკუთრებული ბატალიონის ყოფილი ოფიცერი. [11] შემუშავდა გლეხთა ლაშქრის საბრძოლო შტანდარტი _ მწვანე ჯვრით გადახაზული წითელი დროშა.
გლეხთა ლაშქრის ორგანიზაციას საფუძვლად დაედო სახალხო მილიციის პროექტი, ანუ, ტერიტორიულ პრინციპზე მოწყობილი სამხედრო ნაწილების დაკომპლექტების სისტემა. სოჭის ოლქი 12 რაიონად დაიყო, რომლებშიც „განთავისუფლების კომიტეტის“ სამ-სამ კაციანი რაიონული შტაბები ამოქმედდა. შტაბების შემადგენლობაში ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები _ ავტორიტეტული პირები იქნენ არჩეულნი, უმეტესად ყოფილი სამხედროები. თითოეულ რაიონულ შტაბთან ჩამოყალიბდა პირველი და მეორე რიგის საბრძოლო რზმები. რაიონული შტაბები მთავარ შტაბს იქნა დაქვემდებარებული, თავად მთავარი შტაბი კი, რაიონული შტაბების თითო-თითო წარმომადგენლით დაკომპლექტდა. მთავარი შტაბი შემდეგი განყოფილებებისგან შედგებოდა: სამწყობრო (საველე-ოპერატიული შტაბი), ფორმირების, რომელიც რეზერვის აღრიცხვითა და პირადი შემადგენლობის დაკომპლექტებით იყო დაკავებული, და მომარაგების (საინტენდანტო და საარტილერიო ქვეგანყოფილებებით) [12, 301]. როგორც კავკასიაში მოსკოველ ბოლშევიკთა საგანგებო კომისარი, ორჯონიკიძე აცხადებდა, სოჭის ოლქში საერთო-სახალხო აჯანყებას მკვეთრად ანტიდენიკინური ხასიათი მიეცა. [13, 31] 1920 წლის გაზაფხულიდან ვორონოვიჩი და მისი „მწვანეები“ აწარმოებდნენ წარმატებულ სამხედრო მოქმედებებს თეთრგვარდიელთა წინააღმდეგ. 1920 წლის ბოლოდან ცხოვრობს საქართველოში, შემდეგ კი გადადის ემიგრაციაში.
დავუბრუნდეთ ისევ 1919 წლის აპრილს. არქივებში შემონახულია გენერალ პოკროვსკის ბრძანება, სადაც ნათქვამია: „მე მტკიცედ გადავწყვიტე ბოლო მოვუღო ამ ბოროტებას _ მწვანე არმიას. მოვითხოვ, რომ მწვანე არმია ყუბანში აღარ არსებობდეს. სოფლები და ხუტორები, სადაც მწვანეარმიელები არიან ჩაბუდებულები, მიწასთან გასწორდება“. [14]
მარტის ბოლოს მოსახლეობა და „მწვანეები“ აქტიურ მოქმედებებზე გადავიდნენ. ისინი საკმაოდ ეფექტურად მოქმედებდნენ და პირველ ხანებში გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს პლასტუნკის, ლოოს, დაგომისის, ხოსტისა და ადლერის მიდამოებში, სადაც თეთრგვარდიელთა საგუშაგოებსა და კომუნიკაციებზე სწრაფი და მოულოდნელი თავდასხმებით მნიშვნელოვნად შეასუსტეს დენიკინელთა ზურგი. 1919 წლის 2 აპრილს მოხალისეთა არმიის სარდლობამ წინადადება მისცა პარტიზანებს დაეწყოთ მოლაპარაკებები. შეხვედრა სოფ. პილენკოვოში შედგა, სადაც ყველა აჯანყებული სოფლის თითო-თითო ლიდერი იყო წარმოდგენილი. შეხვედრაზე მოხალისეთა არმიის წარმომადგენლის, პოლკოვნიკ კარდაშოვის მიერ მკაცრი მოთხოვნები იქნა წარდგენილი, რაც საერთო ჯამში მუქარაში გადაიზარდა: „თუ არ იქნება შესრულებული ჩვენი მოთხოვნები, _ განაცხადა პოლკოვნიკმა, _ მაშინ მე იძულებული ვიქნები... შეუჩერებლად ვიარო წინ, და გზადაგზა პირისგან მიწისა აღვგავო ყველაფერი, როგორც ეს გავაკეთეთ სოფელ ესტონკა-სალმეში. თქვენ თვითონ შეიცოდეთ თქვენი თავი“.[5]
1919 წლის 12 აპრილს დენიკინის არმიის ქვედანაყოფებმა ფართომასშტაბიანი სადამსჯელო ოპერაცია წამოიწყეს სოჭისა და ადლერის აჯანყებული მოსახლეობის წინააღმდეგ, რასაც შედეგად ქართული მხარის ადეკვატური და დაუყოვნებლივი რეაქცია მოჰყვა. საბრძოლო მზადყოფნაში იქნა მოყვანილი სახალხო გვარდიის მუდმივი ნაწილები, რომლის პირადი შემადგენლობაც ამ მომენტისათვის სიით სულ 1600 გვარდიელს შეადგენდა. ეს იყო და ეს.
სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის გადაწყვეტილებით გამოცხადდა გვარდიის პირადი შემადგენლობის სრული მობილიზაცია და რაიონული ორგანიზაციების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა.
სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის 120 სხდომის ოქმი. 1919 წლის 12 აპრილი.
დაესწრნენ: საღირაშვილი, ჯიბლაძე, აუშტროვი, ქარცივაძე, მახარაძე, კახიანი, გოგიშვილი, გენერალი კონიევი და გენერალი ახმეტელოვი;3 თავმჯდომარე: საღირაშვილი; მდივანი: აუშტროვი;
მიღებულია ცნობები, რომ სოჭის ოლქის ადლერის რაიონში მოხდა რუსების, ლიტველების, ქართველებისა და სომხების აჯანყება. ამასთან დაკავშირებით მთავრობამ ჩათვალა გადაუდებლად შეტევაზე გადასვლა. დენიკინმა უკვე გაგზავნა 1500 კაცი აჯანყების ჩასაქრობად. აჯანყების ჩაქრობა შეიძლება გადაიქცეს ქართველებისა და ასევე სხვა დემოკრატიულად განწყობილი ელემენტების მასობრივ განადგურებად. საქართველოს მთავრობას ამის ყურება მოქმედებების გარეშე არ შეუძლია. დაადგინეს: გამოცხადდეს სახალხო გვარდიის საერთო მობილიზაცია; გამზადებული რაზმები იყოლიეთ ადგილებზე, გვარდიის მთავარი შტაბის განსაკუთრებული განკარგულების მიღებამდე. შემდეგმა რაიონებმა დაუყოვნებლივ გამოაგზავნეთ ახალ-სენაკში სოხუმში გადასასროლად რაზმები:
ახალ-სენაკი _ 100 ხიშტი;
აბაშა _ 100 ხიშტი;
სამტრედია _ 100 ხიშტი;
გარე-კახეთი _ 300 ხიშტი;
ყვირილა _ 100 ხიშტი;
თელავი _ 100 ხიშტი;
მანგლისი _ 50 ხიშტი;
საქმეთა ორგანიზაციისათვის ახალ-სენაკში გაიგზავნოს ამხანაგი შენგელია. გურულები გაიგზავნონ ნატანებსა და ოზურგეთში. ორგანიზაციისა და ინფორმაციისათვის ოზურგეთის შტაბში გაიგზავნონ ორაგველიძე და ან. სალუქვაძე. დაევალოს ამხ. ვლ. ჯიბლაძეს დაუყოვნებლივ გაემგზავროს ფოთში საზღვაო ტრანსპორტის ორგანიზებისათვის. გამოცხადდეს აგრეთვე თადარიგის ჯარისკაცების მობილიზაცია, რის შესახებაც ეცნობოს მთავრობას”. [16]
მაშ ასე, სახალხო გვარდიის მთავარმა შტაბმა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებები მიიღო და ამის შესახებ პოსტ-ფაქტუმ ეცნობა მთავრობას (შიც!). კომენტარების გაკეთება აქაც საკმაოდ რთულია... თუმცა, ამავე დროს, სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის ზემოთ წარმოდგენილი არსის შემდეგ _ საკმაოდ მარტივიც...
ამავე დროს, სხდომაზე მიღებულ იქნა გვარდიის მთავარი შტაბის „მოწოდება სოჭელ ამხანაგებს“: „...მტრის მიზანია, რომ ხელიდან გამოგვგლიჯონ სახელოვანი წითელი დროშა, აღადგინოს დესპოტიზმი, ბნელი ძალების ზეიმი, და ფეხქვეშ გათელოს ჩვენი თავისუფლება და დემოკრატია.
...წითელი დროშის ქვეშ გაერთიანებულნი და მჭიდროდ დარაზმულნი, იარაღით ხელში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას გავუმართავთ რეაქციას, რომელიც რევოლუციურ საქართველოს უტევს. ძირს შავი რეაქცია! გაუმარჯოს რევოლუციურ დემოკრატიას! გაუმარჯოს სოციალიზმს!” [4, 292]
1919 წლის აპრილისათვის მდ. ბზიფის პოზიციებზე ქართული ძალების თავმოყრა დასრულდა. საერთო ჯამში, შეტევითი ოპერაციის დასაწყებად მზადყოფნაში იქნა მოყვანილი რეგულარული ჯარისა და სახალხო გვარდიის 8 ბატალიონი, პოლკოვნიკ გოგი ხიმშიაშვილის სახალხო გვარდიის ცხენოსანი დივიზიონი და პოლკოვნიკ კარგარე- თელის გვარდიის 4 საარტილერიო ბატარეა.
ხანგრძლივი, სამთვიანი ლოდინისა და იმედგაცრუების შემდეგ, თბილისის მოთმინების ფიალა აივსო. ქართული მხარის მოლოდინისა და მზადების ფაზა დასრულდა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება შეტევითი მოქმედებების დაწყების შესახებ გაგრის რაიონში მდ. მეხადირის მიმართულებაზე. სოჭი-ადლერის რაიონში მოქმედი „მწვანეთა“ გამოსვლები და მათ წინააღმდეგ დენიკინელთა მიერ წამოწყებულმა სადამსჯელო ოპერაციამ ეს პროცესები კიდევ უფრო დააჩქარა.
შეტევითი მოქმედებების დაწყებაზე გადაწყვეტილების შესახებ ე. გეგეჭკორმა წინასწარ, 12 აპრილს შეატყობინა ბრიტანეთის საოკუპაციო ჯარების სარდლობის ახალ წარმომადგენელს, გენერალ ტომსონს, რომელმაც ამ პოსტზე გენერალი ფორესტიე-უოკერი შეცვალა. 13 აპრილს გენერალი ტომსონი, შემდეგი შინაარსის შეტყობინებას უგზავნის საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილეს, გენერალ ალექსანდრე გედევანიშვილს: „გაძლევთ გენერლისა და ინგლისის სარდლობის წარმომადგენლის სიტყვას, რომ ქართველები ინგლისელების თანხმობის გარეშე არ უნდა გადავიდნენ მდინარე ბზიფზე. ასეთ მოქმედებებს საქართველოსათვის მძიმე შედეგები მოჰყვება. გენერალ დენიკინს ჩემი მხრიდან მიეცა უკიდურესი ვადა 48 საათის განმავლობაში გაწმინდოს დაკავებული ტერიტორიები. თუ ამ ხნის განმავლობაში იგი არ გადაინაცვლებს მდინარე მეხადირს იქით, ასეთ შემთხვევაში ქართველებს შეუძლიათ იმოქმედონ თავისუფლად“. [17, 148] ამავე დროს, გენერალ ტომსონის რჩევით იგივე შინაარსის ტელეგრამა გენერალ მილნს გაეგზავნა. [18]
ცხადია, გენერალ დენიკინსა და მის საველე მეთაურებს არც უფიქრიათ ბრიტანელთა მიერ წარდგენილი ულტიმატურ ხასიათის მოთხოვნის შესრულება. ევეგნი გეგეჭკორმა შეასრულა ტომსონის მითითება და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა გენერალ მილნს ვრცელი ტელეგრამით, სადაც დასაბუთებული იყო ამ რადიკალური ნაბიჯის აუცილებლობა _ „გაცნობებთ რა ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავარსარდლობა განიხილავს ჩვენს ნაბიჯს როგორც თავდაცვის იძულებით აქტს, რაც არასგზით არ ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის ლოიალურობას დიდ ბრიტანეთთან დამოკიდებულებაში“ [19] _ აღნიშნული იყო ტელეგრამის ბოლოს.
იმავე დღეს გვარდიის მთავარი შტაბის სხდომაზე (ოქმი 122) გაცხადდა სამთავრობო ბრძანება საველე შტაბისადმი შეტევითი მოქმედებების დაწყებისა და გაგრის ოკრუგის დაკავების შესახებ მდინარე მეხადირამდე. [20]
15 აპრილსვე აფხაზთა სახალხო საბჭომ მეტად მნიშვნელოვანი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ცალსახად იყო განსაზღვრული არა მარტო აფხაზეთის ოფიციალური სტატუსი, არამედ მოწოდება აფხაზეთის ავტონომიისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრების ურღვეობის შესახებ:
_ აფხაზეთის ერთადერთი სარწმუნო, უფლებამოსილი და სრულუფლებიანი წარმომადგენელი არის აფხაზთა სახალხო საბჭო;
_ აფხაზთა სახალხო საბჭოს მეშვეობით აფხაზეთმა დაამყარა განსაზღვრული და მჭიდრო კავშირი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, შევიდა რა მის შემადგენლობაში როგორც ავტონომიური ნაწილი და ამით სრულად განსაზღვრა საქართველოს ერთიანი საზღვრები; [21]
საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ალექსანდრე გედევანიშვილის მიერ 1919 წლის 15 აპრილს კიდევ ერთი, ამჯერად უკანასკნელი ულტიმატუმი იქნა წარდგენილი გენერალ დენიკინისადმი: „საქართველოსა და მოხალისეთა არმიებს შორის შესაძლო სისხლისმღვრელი შეტაკების თავიდნ აცილების მიზნით, აუცილებელია გადაწყდეს სასაზღვრო ხაზის საკითხი, რომელმაც ჩვენის აზრით უნდა გაიაროს მდინარე მეხადირზე. იმისათვის, რომ თქვენთან ერთად ვიმოქმედო ჩვენი საერთო მტრის, ბოლშევიკების წინააღმდეგ, აგრეთვე ქართველებსა და რუსებს შორის არსებული გაუგებრობების დასარეგულირებლად, მესაჭიროება თქვენი სასწრაფო თანხმობა ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენი თანხმობა მომცემს იმის საშუალებას, რომ უზრუნველყოფილი იყოს თქვენი ზურგი და დავარწმუნო ჩემი ხალხი თქვენს მათდამი მეგობრულ დამოკიდებულებაში“. [4, 292]
ქართული მხარის ამ უკანასკნელ ულტიმატუმზეც რუსულ მხარეს რეაგირება არ მოუხდენია. ისინი კონტაქტზე არ გამოსულან.
ულტიმატუმის ამოწურვისთანავე, 1919 წლის 16 აპრილს სახალხო გვარდიისა და რეგულარული არმიის შენაერთებმა მდინარე ბზიფის ფორსირებით შეტევითი ოპერაცია დაიწყეს. ვალიკო ჯუღელი: „ჩვენ სამი კოლონით ვუტევთ მოწინააღმდეგეს: მარჯვენა კოლონის უფროსად პოლკოვნიკი კარგარეთელია დანიშნული, მარცხენასი _ ბრწყინვალე ხიმშიევი.4 უკიდურესად მარჯვენა ფლანგზე ღრმა შემოვლის მანევრს ანხორციელებს ჩვენი განთქმული სპეცდანიშნულების ბატალიონი უშიშარი ხუხუნაიშვილის მეთაურობით. მის მარცხნივ გადაადგილდება მამაცი ლომთათიძე, შემდეგ კი დანარჩენი ჩვენი მეომრები: მიქაძე, ბოლქვაძე, ჩაჩიბაია და მრავალი სხვა...“
„17 აპრილი. დღის 1 საათზე გიორგი ლომთათიძის მე-3 ბატალიონი იკავებს გაგრას. ავიყვანეთ მრავალი ტყვე, ხელში ჩავიგდეთ რამდენიმე ტყვიამფრქვევი და დიდი სამხედრო ალაფი. მიწინააღმდეგე სრულადაა დამარცხებული და გარბის. დანაკარგები თითქმის არა გვაქვს.…ტყვედ ავიყვანეთ 500 კაცი და ტიფით დაავადებულთა მთელი ლაზარეთი. ეს, მოხალისეთა მძიმე მემკვიდრეობაა! ავადმყოფთა შორის უმეტესობა ოფიცერია“. [16, 36]
სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის ოპერატიულ შეტყობინებებს შეტევითი ოპერაციისა და საბრძოლო მოქმედებების მსვლელობის შესახებ შემდეგი სახე ჰქონდა: „სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის ცნობები.
სოჭის ფრონტი. დენიკინის წინააღმდეგ შეტევა დაიწყო აპრილის 17-ში, დილის 4 საათზე. ცხენოსანთა დივიზიონი ხელახლად გადავიდა მდ. ბზიფზე. მდინარეზე გადასვლის დროს დაიხრჩვნენ ერთი მხედარი და 3 ცხენი. ჩვენი ჯარის მარჯვენა ფრთა მიუახლოვდა მამულს „ოტრადნოე“, ხოლო მარცხენა ფრთა _ დიდი მთავრის აგარაკ „კოლხიდას“ და ხელთ იგდო აფიცერთა სადარაჯო 4 აფიცრით. მოწინააღმდეგის არტილერია ცხენოსანთა დივიზიონს ცეცხლს უშენს. ჩვენი ჯარის ნაწილები წინ მიიწევენ.
დღეს, 17 აპრილის, 14 საათზე სოხუმის ჯგუფის ჯარებმა დაიჭირეს გაგრა და 6 ვერსით წაიწიეს წინ. ორივე ფლანგებით შემოვლილმა დენიკინელებმა ვერ შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა და გაიქცნენ. ჩვენ მოგვიკლეს 2 სახალხო გვარდიელი და 3 მსუბუქათ დაგვიჭრეს. ტყვედ წამოვიყვანეთ მოხალისეთა ჯარის მრავალი აფიცერი, ჯარისკაცი და ხელთ ვიგდეთ სამხედრო დავლა. ტყვეთა რიცხვს და დავლის რაოდენობას არკვევენ. სახალხო გვარდიელთა და სოხუმის ჯგუფის ნაწილები საუცხოვოთ მოქმედებენ.
18 აპრილი. დღეს 9 საათზე სახალხო გვარდიის დივიზიონმა დაიჭირა მდინარე მეხადირის ხაზი. დამარცხებულმა მტერმა მდინარე მზიმთას იქით დაიხია. იქ მტერს თოფებს უშენენ აჯანყებული მცხოვრებნი. ტყვედ წამოვიყვანეთ დაახლოებით 200 შეიარაღებული კაცი, უმეტესი ნაწილი ოფიცრები.
გაგრა. ჩვენი ჯარი შეტევას აძლიერებს. 18 აპრილის 7 საათზე დაიჭირა პოზიციები მდ. მეხადირზე. უკან დახეული მოხალისეთა ჯარი სოფ. ვესიოლოესთან იყრის თავს. დაზვერვა გრძელდება.
19 აპრილი. ფრონტზე მდგომარეობა უცვლელია. მდ. მზიმთის მარცხენა ნაპირზე მტერი არსად არ აღმოჩნდა. მზვერავებისაგან მიღებული ცნობებით მოხალისეთა ძალები ადლერის რაიონში იყრის თავს. მდ. მზიმთის მარჯვენა ნაპირის მცხოვრებნი ჩივიან, რომ ამბოხების გამო მათ წინააღმდეგ მოხალისეებმა რეპრესიებს მიმართეს. დაზარალებულ მცხოვრებთა სიტყვით მოხალისენი არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, და დახოცილთა გვამებს მდ. მზიმთაში ყრიან.
გაგრის ჯგუფის საველე შტაბისაგან. აპრილის 17-ის ბრძოლაში ჩვენმა ჯარმა ტყვედ წამოიყვანა 88 აფიცერი და 150 ჯარისკაცი. დახოცა მოხალისეთა 87 ჯარისკაცი და აფიცერი, გაქცევის დროს მოხალისეებმა მიატოვეს გოსპიტალი, რომელშიაც დაავათმყოფებული 25 აფიცერი და 360 ჯარისკაცია. ფრონტზე ღამემ წყნარად ჩაიარა. შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი თუხარელი”. [22] წარმატებით დაწყებულმა ოპერაციამ თავისი შემდგომი განვითარება ჰპოვა. გაგრის აღების შემდეგ ქართულმა ქვედანაყოფებმა გააგრძელეს წინსვლა და უმოკლეს დროში ადლერამდე მიაღწიეს. ოპერაციას სულ 3 დღე დასჭირდა და ქართული ქვედანაყოფები მდინარე მზიმთას პოზიციებზე გავიდნენ. ამით ქართული მხარის შეტევითი ოპერაციის პირველი ფაზა დასრულდა.
ქართველთა წარმატება სრული და დამაჯერებელი იყო. ისევე როგორც 1918 წლის გაზაფხულზე ბოლშევიკთა წინააღმდეგ კოდორის შეტევითი ოპერაციის დროს, აქაც, ქართული მხარის დანაკარგები მინიმალური იყო, ტყვეები და მოპოვებული ალაფი _ დიდი. გენერალი დენიკინი თავისი ნაწილების გამანადგურებელ მარცხს მხოლოდ პირადი შემადგენლობის სიმცირითა და „მწვანეთა“ მოქმედებებით ხსნის: „გამთენიისას, უმტკივნეულოდ გადალახეს რა მდინარე ბზიფი, ქართველებმა ჩვენს მეწინავე ნაწილს, გენერალ უშაკის კავკასიის ოფიცერთა სუსტ პოლკს დაარტყეს. უშაკმა მოიგერია დარტყმა, მაგრამ მალე აღმოაჩინა, რომ მთელი რიგი სიმაღლეები ზურგში დაკავებულია „მწვანეებით“ და მათ მდინარე მზიმთას აქეთ გადასვლამ მოუწიათ, განიცადეს რა დიდი დანაკარგები. სახმელეთო შეტყობინება სოჭთან მოჭრილ იქნა. მხოლოდ 7 (21 _ ა. ჩ.) აპრილს სოჭიდან გამოგზავნილი ძალებით მოხერხდა რაზმის ზურგის გაწმენდა აჯანყებული ბანდებისაგან და ადლერისა და პლასტუნკის, ამბოხებულთა ამ ცენტრის ხელმეორედ დაკავება, რის შემდეგაც აჯანყება ნელ-ნელა შესუსტდა და ჩაქრა. ქართველებმა მდინარე მზიმთას მიაღწიეს, მაგრამ მალე უკან დაიხიეს მდინარე მეხადირამდე...” [4, 303]
საკუთარი წარუმატებლობის ასახსნელად გენერალ დენიკინს ისეთი წარმოუდგენელი და ფანტასტიკური არგუმენტიც კი მოჰყავს, რომელიც საღი აზრის ყოველგვარ ჩარჩოებს სცილდება. საკუთარი ძალების გაძლიერების მიზნით თითქოს ქართულმა მხარემ ჩრდილოეთ კავკასიიდან ინტერნირებული ბოლშევიკები შეაიარაღა და ისინი სოხუმის ფრონტზე გააგზავნა დენიკინელთა წინააღმდეგ საბრძოლველად. (სიც!) [4, 303] ზედმეტად გვეჩვენება კომენტარების გაკეთება _ ისედაც ყველაფერი დღესავით ნათელია.
სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრის, და ამავე დროს, გაგრის ფრონტის „საველე შტაბის“ წევრის, ვლადიმერ ჯიბლაძის მოხსენებას ჩატარებული ოპერაციის შესახებ, შემდეგი სახე ჰქონდა: ,,...დენიკინელები სრულებით არ ელოდნენ ჩვენს შეტევას. ისინი სამარცხვინოდ გაიქცნენ. ჩვენმა ოფიცერმა ჩაჩიბაიამ 5 ჯარისკაცთან ერთად ტყვედ აიყვანა 50 ოფიცერი და ჯარისკაცი. აჯანყებულთაგან მოდიოდნენ ჩვენთან წარმომადგენლები, რომლებიც გვთხოვდნენ, რომ დაგვეკავებინა მათი სოფლები, რადგან მოხალისეები აჩანაგებენ, ძარცვავენ და ხოცავენ მათ. ამაზე ინგლისელები არავითარ ზომებს არ იღებდნენ. გვარდიელთა განწყობა საბრძოლოა და ისინი მზად არიან გააგრძელონ შეტევითი მოქმედებები, მაგრამ საველე შტაბი მაინცდამაინც არ უჭერს ამას მხარს. მოხალისეები საბრძოლო ძალას არ წარმოადგენენ. ისინი განიცდიან სურსათისა და ტანსაცმლის საჭიროებას. ტყვედ აყვანილია დაახლოებით 50 ოფიცერი, 200 ჯარისკაცი და 300-ზე მეტი ავადმყოფი. ტყვეთა გამომეტყველება საცოდავია...“ [23]
ქართული მხარის მიერ გაგრის აღებამ და ადლერისოჭის მიმართულებით წარმოებულმა შეტევითმა ოპერაციამ ბრიტანული მხარის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ოპერაციის მეორე ფაზა _ მდ. მზიმთას ფორსირება და ადლერი-სოჭის აღება, შეფერხდა. საქმეში ბრიტანელები ჩაერთვნენ, რომლებმაც ქართული ქვედანაყოფების შეჩერება მოითხოვეს. ბრიტანულმა სარდლობამ სასტიკად დაგმო ქართული მხარის მიერ საბრძოლო მოქმედებების განახლება, რასაც როგორც გენერალ ტომსონის, ასევე გენერალ მილნის მწვავე რეაქციები მოჰყვა შედეგად. მიუხედავად საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების შელახვისა, ინგლისის სარდლობა თბილისისაგან პირდაპირ და მიზანმიმრთულად მოითხოვდა თებერვლის „სტატუს კვოს“ მკაცრად დაცვას. [6, 48]
18 აპრილს ტომსონმა მიუთითა ჟორდანიას, რომ საქართველოს მთავრობამ მძიმე პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე და მისი მოქმედება მტრული იყო დიდი ბრიტანეთისადმი. ინგლისელი გენერალი აღნიშნავდა, რომ საქართველოს მთავრობის ქმედება პარიზის სამშვიდობო კონფერენციის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული და მთავრობის მეთაურს აცნობებდა პარიზის სამშვიდობო კონფერენციის 24 იანვრის განცხადების ტექსტს, სადაც დაგმობილი იყო შეიარაღებული ძალების გამოყენებით ყოველგვარი სადავო საკითხების გადაწყვეტა.[24]
ბრიტანელთა მხრიდან ქართველების მიმართ ურთიერთობების გაუარესებაზე თავისი უარყოფითი გავლენა რამდენიმე მნიშვნელოვანმა ინციდენტმაც იქონია _ 19 აპრილს თბილისში გაურკვეველ ვითარებაში მოკლულ და გაძარცვულ იქნა ინგლისელი კაპიტანი მარტელი, 20 აპრილს ასევე თბილისში მოკლულ და გაძარცვულ იქნა ინგლისელი ექიმი, [25] ხოლო იმავე დღეებში, უკვე ახალქალაქში ბრიტანელებთან მიმართებაში კიდევ ერთ ინცინდენტს ჰქონდა ადგილი. ბრიტანელთა საოკუპაციო ქვედანაყოფის მეთაურს ახალქალაქში, ვიცე-პოლკოვნიკ ალან მაკდუგალ-რიჩის ქართველმა ჯარისკაცმა ესროლა. ახალქალაქში ბრიტანული კონტინგენტის შეყვანაზე გადაწყვეტილება სომხეთ-საქართველოს ომის დასრულებისას იქნა მიღებული, სამმხრივ სომხურ-ქართულ-ბრიტანულ კონფერენციაზე, რომელიც თბილისში გაიხსნა 1919 წლის 9 იანვარს. კონფერენციის გადაწყვეტილებით, ახალქალაქში 82-ე ბრიგადის კორნუოლის მსუბუქ ქვეითთა პოლკის 4 ოფიცერი და 122 ჯარისკაცი გაიგზავნა, ვიცე-პოლკოვნიკ ალან მაკდუგალ რიჩის მეთაურობით, რომელსაც ეს მისია 25 იანვრის ბრძანებით დაეკისრა. [26, 121]
საბედნიეროდ, ამ თავდასხმის დროს იგი არ დაშავებულა. თუმცა, ეს ინციდენტი მკაცრად იქნა გაკრიტიკებული გენერალ-მაიორ ტომსონის მიერ ოფიციალურ ნოტაში: „მის აღმატებულება საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს. თქვენო აღმატებულებავ, გაწვდით ახალქალაქიდან მოწოდებული მოხსენების მოკლე რეზიუმეს: ...პოლკოვნიკ რიჩის, რომელიც გადაადგილდებოდა თავისი ავტოთი, ერთ-ერთმა ქართველმა ჯარისკაცმა ესროლა, მაგრამ საბედნიეროდ ვერ მოარტყა. ...თქვენო აღმატებულებავ, ვიმედოვნებ, რომ ამ მდგომარეობას მიაქცევთ თქვენს ყურადღებას. რაც შეეხება ქართველი ჯარისკაცის მიერ პოლკოვნიკ რიჩისკენ განხორციელებულ გასროლას, კატეგორიულად მოვითხოვ, რომ გამოყენებულ იქნას ყოველგვარი ზომები დამნაშავის მკაცრად დასასჯელად, რამეთუ მსგავს მოვლენებს აღარ ჰქონდეს ადგილი.
გენერალ-მაიორი ტომსონი.
1919 წლის 25 აპრილი”. [27]
ყოველივე ამით აღშფოთებულმა გენერალმა მილნმა, რომელიც აპრილის ბოლოს ჩამოვიდა თბილისში, დიპლომატიური და სამხედრო ეტიკეტის ყოველგვარი ნორმები დაარღვია და შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს მთავრობას: არ მიიღო საპატიო ყარაული თბილისის რკინიგზის სადგურზე, 2 მაისს კი უარი განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებაზე და ფაქტობრივად შეწყვიტა ყოველგვარი მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან. [6, 49]
მისი გზავნილი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მისამართით კი ასეთი იყო: „თქვენი მთავრობის საქციელი, რაც გამოიხატება შეტევის დაწყებასა და საომარი მოქმედებების განახლებაში მოხალისეთა არმიის წინააღმდეგ, უკვე წარმოადგენს მისი უდიდებულესობის მთავრობის განსჯის საგანს“. [28]
ქართული ქვედანაყოფების წარმატებული წინსვლა ადლერისა და სოჭისაკენ, მდგომარეობის შემდგომი გართულების თავიდან აცილების მიზნით, ბრიტანელების ჩარევით შეჩერებულ იქნა. ქართულმა ქვედანაყოფებმა უკან, მდინარე ფსოუმდე დაიხიეს, სადაც ბრიტანული სამხედრო გარნიზონი ჩააყენეს. ბრიტანული კონტინგენტის მთავარსარდალი კავკასიაში გენერალი მილნი „თვლის, რომ ქართველთა მოქმედებები წარმოადგენს ბრიტანელთა მიერ წაყენებული განკარგულებების პირდაპირ დარღვევას“.
შავიზღვისპირეთში მიმდინარე პროცესები კი შემდეგნაირად განვითარდა. დენიკინმა კონტრზომების განხორციელება დაიწყო: „ქართველებთან დაწყებული საომარი მოქმედებების გამო ბრძანება გავეცი საზღვრების ჩაკეტვის, „სამხრეთ რუსეთიდან“ ქართველი ოფიციალური პირების გაძევებისა და ჩვენი ხომალდების ქართულ პორტებში შესვლის აკრძალვის შესახებ. შავიზღვისპირეთის ჯარებს კი ებრძანათ შეტევაზე გადასვლა და სოჭისა და სოხუმის ოლქებიდან ქართველთა განდევნა. დაიწყო ძალების თავმოყრა და დესანტირებისათვის მზადება...“ [4, 293] თუმცა, სამხედრო ხასიათის კონტრმოქმედებების განხორციელება დენიკინმა ვეღარ მოახერხა. ამის მიზეზად მას გენერალ ბრიგსის თხოვნა მოჰყავს საომარი მოქმედებების არგანახლების შესახებ. ჩვენი აზრით კი, ეს არგუმენტი ცოტა არადამაჯერებლად ჟღერს. საეჭვოა, რომ დენიკინს გენერალ ბრიგსისათვის დაეგდო ყური ან მხოლოდ ჰუმანური მოსაზრებებით ეხელმძღვანელა და ამის გამო ეთქვა უარი საბრძოლო მოქმედებების განახლებაზე. აქ სულ სხვა რეალობასთან, სულ სხვა გარემოებებთან გვაქვს საქმე. გენერალი დენიკინი თავადვე აღნიშნავს თავისი მემუარის სქოლიოში, რომ „აპრილის ბოლოსათვის სოჭის რაიონში მხოლოდ 2800 ხიშტისა და 13 ქვემეხის თავმოყრა მოხერხდა. ძირითადი ფრონტის შესუსტება არ შეიძლებოდა, იმ დროისათვის სუსტი შავი ზღვის ფლოტი კი, აკმანაის (ყირიმი) პოზიციებზე იყო დაკავებული“. [4, 293]
როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, 1919 წლის მაისში ამიერკავკასიის ბრიტანული საოკუპაციო ჯარების სარდლის თანამდებობაზე გენერალი ფორესტიე-უოკერი გენერალმა ჯორჯ კორიმ შეცვალა. იგი 10 მაისს ჩამოვიდა თბილისში, ხოლო 1919 წლის 21 მაისს მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო საქართველოს მთავრობასა და „სამხრეთ რუსეთის მთავრობას“ შორის, რომელიც ორ დღეს გაგრძელდა. თავდაპირველად მოლაპარაკებების გამართვა გაგრაში იყო დაგეგმილი, შემდეგ ბათუმში, საბოლოოდ კი იგი თბილისში შედგა. ქართული მხრიდან კონფერენციის პირველ დღეს მოლაპარაკებებში რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, შინაგან საქმეთა და სამხედრო მინისტრი5 ნოე რამიშვილი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ალექსანდრე გედევანიშვილი და დამფუძნებელი კრების წევრი, დიომიდე თოფურიძე მონაწილეობდნენ.
ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი _ მეტად საინტერესო და ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ გენერალ დენიკინის „მთავრობის“ სახელით ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ბრიტანელთა „სამხედრო წარმომადგენლები დენიკინის მთავრობაში” _ გენერალი ბრიგსი და გენერალი ბიჩი. ცხადია, ისინი აშკარად პროდენიკინურ და ანტიქართულ პოზიციებზე იდგნენ და ქართული მხარისაგან გაგრის დაცლას და ჯარების უკან, ისევ მდ. ბზიფის პოზიციებზე დაწევას მოითხოვდნენ.
დენიკინის საერთო მოთხოვნა ქართული მხარის მიმართ კი, უცვლელი რჩებოდა _ „მთელი ამიერკავკასია განხილულ უნდა იქნას რუსეთის სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად 1914 წლისათვის არსებულ საზღვრებში...“ დიახ, გენერალი დენიკინი და მისი სამხედრო-პოლიტიკური საბჭოს წევრები ისევ ძველ სამყაროს და ისევ „დედა-რუსეთს” მისტიროდნენ. ფაქტია, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და „სამხრეთ რუსეთის“ მთავრობებს შორის არსებული კონფლიქტის პოლიტიკური გზებით დარეგულირება ვერ მოხერხდა. ისევე, როგორც ეკატერინოდარის ცნობილ შეხვედრაზე, აქაც, ამ შეხვედრაზეც დაპირისპირებული მხარეები მოთხოვნათა ვერც ერთ პუნქტზე ვერ შეთანხმდნენ. კონფერენციის პირველმა დღემ შედეგების გარეშე დაასრულა მუშაობა. კონფერენციის მუშაობას ნოე რამიშვილმა დაუსვა წერტილი 23 მაისს, რომელმაც გენერალ ბრიგსს განუცხადა: „ბატონო გენერალო, მეჩვენება რომ, თქვენ ბოლომდე არა ხართ გათვითცნობიერებული დენიკინის ზრახვებში. იგი პოლონეთისა და ფინეთის დამოუკიდებლობის წინააღმდეგიცაა. ჩვენი საქმე კი, გაცილებით მარტივადაა: საქართველო ორი ათასი წლის განმავლობაში არსებობდა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. 1801 წელს კი, იგი თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს ავტონომიისა და პროტექტორატის ხელშეკრულებით. მაგრამ რუსეთმა ეს პირობები არ შეასრულა, რითაც 56 წლის კონგრესის6 მხრიდან პროტესტი გამოიწვია, რომლის შემადგენლობაში ინგლისიც იმყოფებოდა. ორი სიტყვით, ასეთია ჩვენი ისტორია...
გენერალი ბრიგსი: ვიმეორებ, რომ დენიკინი არ თვლის თავს უფლებამოსილად გადაწყვიტოს სასაზღვრო საკითხები. გეგეჭკორი: დენიკინის პროკლამაცია ხომ წარმოადგენს მსოფლიო კონფერენციის გადაწყვეტილებებში ჩარევას?... გენერალი ბრიგსი: თქვენც წაიწიეთ წინ ისე, რომ არ დაელოდეთ საზღვრის საკითხების გადაწყვეტას. გეგეჭკორი: თქვენთვის ცნობილია გენერალო, რომ წინ ინლისელთა სარდლობის ნებართვით წავიწიეთ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ჩვენი წინწაწევის მიზეზები. თქვენთვის ისიც კარგადაა ცნობილი, რომ ინგლისელთა სარდლობას უკვე დიდი ხანია ჰქონდა დენიკიკისათვის წინადადება მიცემული სოჭის ოლქის გასუფთავების შესახებ. ინგლისელთა სარდლობა კი, ოფიციალურად გვამცნობდა მოხალისეთა მხრიდან ხელშეუხებლობის გარანტიების შესახებ. გენერალი ბრიგსი: ვხედავ, რომ ისევ ძველ საკითხებს ვუბრუნდებით. ვთვლი რომ ჩემი მისია წარუმატებელი გამოდგა. ვწუხვარ, რომ ტყუილუბრალოდ ჩამოვედი და დავკარგე დრო.
გეგეჭკორი: გულღიად უნდა განგიცხადოთ, რომ ჩვენის მხრიდან სრულიად გულწრფელად ვესწრაფვოდით მშვიდობიანი გზებით გადაგვეჭრა ეს საკითხი, და გამოვხატავ ღრმა მწუხარებას, რომ ვერ შევძელით შეთანხმების მიღწევა“. [28, 3]
გენერალ დენიკინის მემუარის მიხედვით, გენერალ ბრიგსის მიერ სხდომაზე წარმოთქმული დასკვნითი ფრაზა ასეთი იყო: „...მალე კოლჩაკი7 და დენიკინი შეერთდებიან, და საერთო რუსული მთავრობაც ჩამოყალიბდება _ ეს რამდენიმე კვირის საქმეა: ინგლისელები და იტალიელები წავლენ, რუსეთი კი სამუდამოდ დარჩება; და მეგობრული ურთიერთობების დამყარება მასთან, ეს საუკეთესოა, რაც კი შეიძლება იყოს... ჩემი რჩევა კი ასეთია, თუ მას მიიღებთ. დათმეთ თქვენი თავმოყვარეობა, გაუწოდეთ დენიკინს ხელი და უთხარით მას: „ჩვენ თქვენთანა ვართ“. ერთა ლიგას ჯერ კიდევ არ მიუღია ჩამოყალიბებული ორგანიზაციის ფორმა... სამშვიდობო კონფერენციაც დასრულდება, და რუსეთიც დიდი და ძლიერი იქნება. თქვენ კი, არც თუ მაინც და მაინც ნათელ მომავალს უმზადებთ საკუთარ თავს...“ [4, 294]
სამწუხაროდ, წინასწარმეტყველური აღმოჩნდა ბრიტანელი გენერლის ავბედითი პროგნოზი... რუსული იმპერიის საბოლოოდ ამოძირკვა ამიერკავკასიიდან და საქართველოდან ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება... საუკუნოვანი დილემა კი, დილემად რჩება.
უფრო საინტერესო იყო დენიკინელთა მეორე შეხვედრა ქართულ მხარესთან. შეხვედრა, 24 მაისს გაიმართა და იგი დილის 11 საათსა და 10 წუთიდან 13 საათსა და 20 წუთამდე გაგრძელდა. ქართულ მხარეს ამჯერად რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანია წარმოადგენდა, დენიკინელთა მხარეს კი, გენერალი ბიჩი და პოლკოვნიკი სანდერსი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აგრეთვე თარჯიმანი მელიქოვი და მდივანი მაჭავარიანი. მოლაპარაკების პროცესში, გენერალმა ბიჩმა გააფრთხილა და გარკვეულწილად დაემუქრა კიდეც ჟორდანიას, რომ დენიკინის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოხალისეთა არმია შეტევით მოქმედებებს დაიწყებდა. ამჯერად ბრიტანელთა შეფარულ მუქარასთან მიმართებაში ჟორდანიას პოზიციები გაცილებით მტკიცე და შეუვალი იყო. ჟორდანიამ განაცხადა: „კი ბატონო... მაგრამ ასეთ შემთხვევაში გთხოვთ მიიღოთ ყოველგვარი ზომები, რომ ეს შეტევა არ განხორციელდეს ტანკების, აეროპლანებისა და კრეისერების დახმარებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც შეტევით მოქმედებებს ინგლისელთა დახმარებით. მე ასევე უნდა ვთხოვო ინგლისელთა სარდლობას, რომ დაგვიბრუნოს ის გამანადგურებლები, რომლებიც მათ გადაეცათ საქართველოს მთავრობის მიერ“. [29]
შემდეგ ხანგრძლივი დუმილი ჩამოვარდა... ჟორდანიას მოულოდნელი გამოსვლის შემდეგ ცოტათი დაბნეული ბრიტანელი გენერალი შეეცადა განემუხტა სიტუაცია. მან თქვა:
„გენერალი დენიკინი აღიარებს საქართველოს ავტონომიას... ჟორდანია: ჩვენ სულაც არ გვჭირდება გენერალ დენიკინის მხრიდან საქართველოს ავტონომიის ცნობა თუ არცნობა. საქართველო დამოუკიდებელი რესპუბლიკაა და არავითარ ავტონომიაზე აქ არაა საუბარი;
გენერალი ბიჩი: მაგრამ რუსეთი ოდესმე ისევ აღორძინდება;
ჟორდანია: ჰოდა მაშინ გვექნება რუსეთთან საუბარი;“ ისევ პაუზა... და შემდეგ:
„გენერალი ბიჩი: დენიკინს ეხლა არა სცალია პატარა საქართველოსათვის, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ყველა აღშფოთებულია საქართველოს ბოლოდროინდელი შეტევითი მოქმედებებით, ამიტომ დენიკინი ანგარიშს უწევს ამას.
ჟორდანია: ასეთ შემთხვევში თქვენი აღშფოთება ჩვენს მიმართ კი არა, დენიკინის მიმართ უნდა გამოხატოთ, იმდენად რამდენადაც შეტევითი მოქმედებები მან დაიწყო. რადგანაც სამშვიდობო კონფერენცია8 დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, თუ ორ მეომარ მხარეს შორის ვინ დაიწყო საომარი მოქმედებები, ყოველგვარ ეჭვს გარეშეა, რომ გენერალ დენიკინს მალე მოუწევს განსასჯელის სკამზე დაჯდომა;
ისევ ხანგრძლივი დუმილი....
გენერალი ბიჩი: რა თქმა უნდა, აქ ორივე მხარის მიერ იქნა შეცდომები დაშვებული;
ჟორდანია: ჰოდა ზუსტად ახლა ვასწორებთ ამ შეცდომებს. დადგნენ თქვენი ჯარები გაგრაში. აქ მშვენიერი კლიმატი და დიდებული სასტუმროებია, სადაც კომფორტულად შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი ოფიცრები და ჯარისკაცები“;
შეხვედრა გენერალმა ბიჩმა შემდეგი სიტყვებით დაასრულა:
„კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას, რომ გამოყავით დრო ჩემთან სასაუბროთ. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერი შეიძლება მშვიდობიანად მოგვარდეს“...[30]
როგორც ვხედავთ, ამჯერად მართლაც მოწოდების სიმაღლეზე იდგა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე. იგი არ შედრკა ბრიტანელების წინაშე და მან შეუვალი პოზიციები, მართალი კაცის შეუვალი პოზიციები დაიკავა. თბილისში გამართული მოლაპარაკებების შედეგები და ქართული მხარის ურყევი პოზიციები მხარდაჭერილ იქნა აფხაზეთის სახალხო საბჭოს მიერ, რაც 1919 წლის 6 ივნისს გამართული აფხაზეთის სახალხო საბჭოს სხდომაზე მიღებული რეზოლუციით იქნა დადასტურებული. საბჭოს მთელმა შემადგენლობამ მხარი დაუჭირა ამ რეზოლუციას. თავი მხოლოდ ერთმა წევრმა, დემიანოვმა შეიკავა. [31, 3] აფხაზთა სახალხო საბჭოს წევრი, პროფესიით იურისტი, ალექსანდრ დემიანოვი თავის დროზე რუსეთის დროებითი მთავრობის წევრი და იუსტიციის მინისტრის თანაშემწე იყო, [32] ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ მას აშკარად თუ შენიღბულად პრორუსული და პროდენიკინური პოზიციები ეკავა.
ბრიტანელთა ახალმა სარდალმა, გენერალმა კორიმ ივნისის დასაწყისში ქართული და მოხალისეთა ძალების გამიჯვნის საკუთარი პროექტი წარმოადგინა. მან ახალი სადემარკაციო ხაზი გაავლო _ ერთგვარი „კავკასიური ზღუდე“, რომლის იქითაც მოხალისეთა არმიას არ უნდა გადაებიჯებინა. იგი იწყებოდა მდინარე ბზიფის შესართავიდან, მიუყვებოდა მდინარეს კავკასიონის მთავარ ქედამდე სოხუმის ოლქის საზღვრის შესაბამისად, შემდეგ აღმოსავლეთისაკენ გრძელდებოდა ქუთაისისა და თბილისის გუბერნიების საზღვრების გასწვრივ, გადადიოდა დაღესტანში, მიუყვებოდა პორტ-პეტროვსკი _ ვლადიკავკაზის რკინიგზის ხაზს სამხრეთით ხუთ მილზე, უხვევდა სამხრეთაღმოსავლეთით რკინიგზის ხაზის პარალელურად და მთავრდებოდა კასპიის ზღვის სანაპიროზე, პორტ-პეტროვსკიდან სამხრეთით ხუთ მილზე. 1919 წლის 11 ივნისს საქართველოს მთავრობას ბრიტანელთა ამ ახალი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობა. დენიკინის მიერ ბრიტანელთა მიერ გავლებული ახალი სადემარკაციო ხაზი აღიარებულ იქნა. [33, 245] ქართულმა მხარემ, თავისთავად ცხადია, ბრიტანელთა მიერ შეთავაზებული ეს პროექტი უარყო. გენერალ კორისთან დაკავშირებით და საზოგადოდ, ქართულ მხარესთან მიმართებაში ბრიტანელთა დამოკიდებულების შესახებ ერთ საინტერესო დოკუმენტსაც მოვიყვანთ. ესაა 27-ე დივიზიის მეთაურის, ისევ და ისევ გენერალ ჯორჯ კორის წერილი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის სახელზე. საუბარი ისევ ბრიტანელი ჯარისკაცის, ამჯერად გრინის მკვლელობის საქმეს ეხება.
მაგრამ საინტერესოა არა თვით ეს ფაქტი, არამედ ამ საკითხთან დაკავშირებით, ბრიტანელთა მიერ ქართული მხარისათვის წაყენებული მეტად „პრაგამატული“ მოთხოვნა:
„27-ე დივიზია. № A.M.1/160.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს. თქვენი აღმატებულების ყურადღება უნდა მივაქციო იმას, რომ ჯერ კიდევ არ მიმიღია პასუხი ჩემს 14.07.19 წლის №A.M.1/150 წერილზე, სადაც გენერალ მილნის მოწერილობის საფუძველზე გთხოვდით გადაგეხადათ თანხა ასი ათასი მანეთი, თბილისში ბრიტანელი ჯარისკაცი გრინის მკვლელობის გამო. გთხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად აცნობოთ ჩემს წარმომადგენელს, თუ როდის იქნება გადახდილი ზემოხსენებული თანხა.
კორი.
22 აგვისტო 1919 წელი“. [34]
კომენტარის გაკეთება მკითხველისათვის მიგვინდია...
1919 წლის ზაფხულიდან დაწყებული, ქართულ და მოხალისეთა გარნიზონებს შორის ფაქტობრივ გამყოფ ხაზს მდ. ფსოუ წარმოადგენდა და „საზღვრებიც“ ჩაიკეტა, ხოლო დაპირისპირებულ მხარეებს შორის ოფიციალური ურთიერთობები შეწყდა. ჯარები ისევ მოლოდინისა და სრული საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადავიდნენ და ეს მდგომარეობა მთელი 1919 წლის განმავლობაში აღარც შეცვლილა.
ისევ ნაცნობი სურათი დამყარდა _ „არც ომი, არც მშვიდობა“. მდგომარეობა თითქოს დასტაბილურდა, თუმცა ცალკეულ მცირე შეტაკებებს და „მწვანეთა“ მოქმედებებს მაინც ჰქონდა ადგილი, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაზრდილიყო ახალ საომარ მოქმედებებში. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები კი გრძელდებოდა.
1919 წლის მაისში აფხაზეთის ავტონომიის საკანონმდებლო-მმართველობით სისტემაში მთელი რიგი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე ცვლილებები განხორციელდა. აფხაზეთის ეკონომიკური, სამეურნეო და სოციალური ხასიათის რეფორმების უფრო ეფექტურად წარმართვისათვის აფხაზთა სახალხო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აფხაზეთის მთავრობის _ კომისარიატის შექმნის შესახებ. მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის დამსახურებული საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, არზაყან ემუხვარი გახდა. ამავე პერიოდში აფხაზთა სახალხო საბჭო გარდაიქმნა და მას „აფხაზეთის სახალხო საბჭო“ ეწოდა, რომლის დემოკრატიულ საწყისებზე დაფუძნებული არჩევნების დებულებაც ჯერ კიდევ 1918 წლის დეკემბრის ბოლოს იყო შემუშავებული.
დებულება
აფხაზეთის სახალხო საბჭოს არჩევნებისა I საერთო დებულებანი.
1. აფხაზეთის სახალხო საბჭოს შეადგენენ არჩეული წევრები, რიცხვით ორმოცი.
შენიშვნა: წევრები, რომელნიც დასტოვებენ საბჭოს, შეცვლილ იქნებიან სხვა წევრებით თანდათანობით წესით კანდიდატთა იმ სიის რიგზე, რომლის მიხედვითაც ისინი არჩეულ იქმნენ.
იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები მოხდა შეერთებულის სიებით და რომელსამე მათგანში დასახელებული არ არის კანდიდატი, თავისუფალ ადგილს აფხაზეთის სახალხო საბჭოში დაიკავებს კანდიდატი იმ შეერთებული სიისა, რომელსაც ჰყავს თავისუფალი კანდიდატები და რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
დასახელებულ სიაში კანდიდატის უყოლობისა და აგრეთვე თუ შეერთებულ სიებშიაც ასეთი კანდიდატები არ აღმოჩნდებიან, ადგილი აფხაზეთის სახალხო საბჭოს განთავისუფლებულ წევრისა ისევ თავისუფალი დარჩება.
2. აფაზეთის სახალხო საბჭოს წევრთა არჩევნების უფლება აქვს განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა და სარწმუნოებისა, აფხაზეთში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, რომელსაც საარჩევნო სიების შედგენამდე შესრულებია ოცი წელიწადი და რომელსაც აფხაზეთში ბინადრობა ჰქონია 1914 ივლისის ცხრამეტამდე.
შენიშვნა: აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს მეორე მუხლში აღნიშნულ პირთა გარდა ისიც, ვისაც აფხაზეთში ბინადრობა მოუპოვებია 1914 წლის ივლისის 19-ის შემდეგ და აკმაყოფილებს მეორე მუხლის დანარჩენ მოთხოვნილებას, აგრეთვე ისიც, ვინც აფხაზეთში არ ცხოვრობდა, მაგრამ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთ ითვლება.
3. საარჩევნო უფლებას იღებს ის მოქალაქე, რომელიც შეტანილია საარჩევნო სიაში და იმ უბანში, სადაც სიაში არის შეტანილი...
ამ დებულების ძალით მოხდება არჩევნებიც სოხუმის ოლქში.
1918 წლის დეკემბრის 27.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნ. ჩხეიძე.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია. [35]
ახლადარჩეულ აფხაზეთის სახალხო საბჭოს სათავეში აფხაზთა სახალხო საბჭოს თავმჯდომარე ვარლამ შარვაშიძე ჩაუდგა. [36]
აღდგა აფხაზეთის ისტორიული ტოპონიმიკაც. ისტორიული დასახელებები დაუბრუნდა აფხაზეთის მსხვილ ადმინისტრაციულ ერთეულებს. სოხუმის ოლქს, რომლის დასახელებაც რუსეთის კოლონიზატორული პოლიტიკის შედეგად იქნა დანერგილი 1864 წელს აფხაზეთის სამთავროს გაუქმების შედეგად და მისი რუსეთის იმპერიასთან შეერთებით, ისევ თავისი ისტორიული დასახელება _ აფხაზეთი დაუბრუნდა. ხოლო ოლქის უბნებს (Участок) _ მაზრები ეწოდათ. [37]
საბოლოოდ, „სამხრეთ რუსეთის სახელმწიფოსა“ და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის სადემარკაციო ხაზი და დე-ფაქტო საზღვარი მდინარე ფსოუზე, ქართული და რუსული გარნიზონების გამყოფ ხაზზე დაფიქსირდა. ამით სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და „სამხრეთ რუსეთის სახელმწიფოს“ მთავრობებს შორის თითქოს ამოიწურა, თუმცა დაძაბული მდგომარეობა მათ შორის მაინც დარჩა.
სამხედრო თვალსაზრისით, 1919 წლის აპრილის თვეში ქართული მხარის მიერ დენიკინელთა ოკუპაციისაგან აფხაზეთის განთავისუფლების ოპერაცია სტრატეგიულ შეტევას წარმოადგენდა. წარმოებული საბრძოლო მოქმედებები გამოირჩეოდა ოპერაციის კარგი დაგეგმვით, მომზადებითა და აღსრულებით. ტაქტიკური თვალსაზრისით კი ეს იყო ქართული მხარის შეტევითი მოქმედება ფრონტალური და ფლანგური იერიშებით, მოწინააღმდეგის ძალებზე ღრმა ფლანგური მანევრის ჩატარებით. ცალკე აღნიშვნის ღირსია ქართული მხარის მიერ მდინარე ბზიფის ზემო წელში ახალი ხიდის აგება, რამაც დააჩქარა მდინარის ფორსირების ტემპები და გადაყვანილი ჯარების რაოდენობა, გაზარდა ჯარების სამანევრო სივრცე და შეტევის სიღრმე. ყოველივე ამან კი, მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქართული მხარის წარმატება. შედეგიანი იყო პოლკოვნიკ გოგი ხიმშიაშვილის გვარდიის ცალკეული საკავალერიო დივიზიონის აქტიური საბრძოლო მოქმედებები, რომელიც სოჭის ფრონტზე 1919 წლის 8 თებერვლიდან 29 ოქტომბრამდე იმყოფებოდა, ხოლო მდინარე ბზიფზე 16-17 აპრილს გავიდა. [38] დივიზიონის გამოცდილი ოფიცრები: ქ. ჩოლოყაშვილი, მ. და ო. დადიანები, ს. წერეთელი, დ. და პ. მხეიძეები, კუსტაშვილი, მამულაიშვილი, ბერელაშვილი, მაჭიტაძე, ფავლენიშვილი, ყანჩელი, გელოვანი, მიქელაძე, ამილახვარი, ციციანოვი, მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ. მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს ქართველი კავალერისტის პროფესიული მომზადებისა და საბრძოლო სულისკვეთების მაღალი დონე.
რა თქმა უნდა, ცალკე გამოყოფის ღირსია ადგილობრივი, მათ შორის არაქართული მოსახლეობის, ე.წ „მწვანეების“ როლი და ეფექტიანი მოქმედებები დენიკინელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მათ დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინეს შემტევ ქართულ ქვედანაყოფებს დაზვერვისა და ინფორმაციის მოპოვების კუთხით, დენიკინელთა ზურგში მოქმედებებითა და საკომუნიკაციო ხაზების პარალიზებით. ამ თვალსაზრისით, სოჭისა და ადლერის ადგილობრივი „მწვანეებისა“ და გაგრის მიმართულებაზე ქართული საჯარისო ქვედანაყოფების შეთანხმებული სამხედრო მოქმედებები დენიკინელთა წინააღმდეგ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის სინამდვილეში კომბინირებული ომის თვალსაჩინო მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ.
საერთო ჯამში, 1919 წლის აპრილის თვეში წარმოებული შეტევითი მოქმედებების შედეგად, სახალხო გვარდიისა და რეგულარული ჯარის ქვედანაყოფებმა ადგილობრივი „მწვანეების“ პარტიზანული რაზმების მხარდაჭერით სწრაფად და ეფექტურად აღკვეთეს დენიკინელთა სამხედრო აგრესია, გაანთავისუფლეს გაგრა, ადლერამდე მიაღწიეს და აღადგინეს ქართული სახელმწიფოს დე-ფაქტო ხელისუფლება აფხაზეთში, თუმცა მათი შემდგომი წინსვლა სოჭსა და ტუაფსეზე ბრიტანელთა მიერ იქნა აღკვეთილი. მიუხედავად ქართული მხარის მიერ მიღწეული დიდი წარმატებისა, ამ ეტაპზე, ჯიქეთის, ანუ, სოჭის ოლქის ისტორიული ქართული მიწების დაბრუნება ვეღარ მოხერხდა. ზემოთ მოყვანილი დასკვნები საომარი ოპერაციების პროზაულ აღწერა-ანალიზის სქემაში ჯდება. მაგრამ თუ წმინდად სამხედრო ხელოვნების თვალსაზრისით მივუდგებით განსახილველ საკითხს, ასეთ შემთხვევაში იგი საბრძოლო ფუნქციების ან ომის პრინციპების ჭრილში უნდა გავშალოთ.
კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპზე, საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში მრავალი სამხედრო სტრატეგოსი ცდილობდა ომის წარმოების წესებისა და წარმატებული სამხედრო სტრატეგიების სისტემატიზირებას გარკვეულ პრინციპებში. სუნ-ძი, მაგალითად, თავის „ომის ხელოვნებაში“ 13 პრინციპს გამოყოფდა, [39] კარლ ფონ კლაუზევიცი _ 10-ს, [40] ნაპოლეონი _ 115-ს. [41] ამერიკის სამოქალაქო ომის წარმატებული გენერალი, ნათან ბედფორდ ფორესტი კი, მხოლოდ ერთს _ „აღმოჩნდე იქ ხალხის მეტი რაოდენობით“ [42]...ესაა და ეს...
საბრძოლო ფუნქციებისა და ომის წარმოების თანამედროვე პრინციპები, ცხადია, არ მოიცავს ნაპოლეონისეული თეორიების ათეულობით პუნქტს და არც გენერალ ფორესტის ერთ პუნქტს. კონცეპტუალური თვალსაზრისით იგი სულ ცხრა პუნქტშია გაერთიანებული. ეს პუნქტები ამერიკის შეერთებული შტატების არმიის (სახმელეთო ჯარების) ერთ-ერთი დოქტრინალური სახელმძღვანელოს _ საველე წესდებების ერთ-ერთ ნორმატიულ აქტშია მოყვანილი, კერძოდ _ „3_0. Oპერატიონს” [43, 77], „საველე წესდება 3_0 _ სამხედრო ოპერაციები”.
ამ დოქტრინით განსაზღვრულ ომის პრინციპებს შემდეგი სახე აქვს:
_ მიზანი (ყოველ სამხედრო ოპერაციას უნდა გააჩნდეს ნათლად განსაზღვრული, მყარი და მიღწევადი მიზანი);
_ შეტევა (მიღწევა, შენარჩუნება, ექსპლუატაცია);
_ ძალთა მასირება (საბრძოლო ძალების კონცენტრაცია გადამწყვეტ დროსა და ადგილას);
_ ძალთა ეკონომია (მინიმალურად ეფექტური საბრძოლო ძალის გამოყენება);
_ მანევრი (ჩააყენე მტერი არახელსაყრელ მდგომარეობაში საკუთარი ძალების მოქნილი გამოყენებით);
_ მართვის ერთიანობა (ყოველი მიზნის მიღწევისათვის მოქმედებების ერთიანობა ერთი პასუხისმგებელი ხელმძღვანელის მეთაურობით);
_ უსაფრთხოება (არასდროს არ დაუშვა მტრის მიერ მოულოდნელი უპირატესობის მოპოვება);
_ მოულოდნელობა (დაარტყი მტერს საჭირო დროსა და საჭირო ადგილას, და ისეთი სახით, რისთვისაც ის ყველაზე ნაკლებადაა მზად);
_ სიმარტივე (მოამზადე ნათელი, მარტივი გეგმა და ადვილად გასაგები მოკლე ბრძანებები); [43, 77]
სწორედ სამხედრო ხელოვნების კუთხითაა საინტერესო განვიხილოთ გაგრის შეტევითი ოპერაციის აღსრულება ომის პრინციპების თვალსაზრისით. თუ ომის პრინციპების პუნქტებად წარმოვადგენთ გაგრის შეტევითი ოპერაციის ტაქტიკურ ანალიზს, შემდეგ სურათს მივიღებთ.
პირველი პუნქტი, ოპერაციის მიზანი _ განსაზღვრული იყო და იგი ქართული სარდლობის წინაშე ნათლად იქნა დასახული; ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქართული მხარის შეტევითი ოპერაციის პოლიტიკურ მიზანს ყოფილი შავიზღვისპირეთის გუბერნიის სოჭის ოლქის დაკავება წარმოადგენდა;
შეტევა _ (მიღწევა, შენარჩუნება, ექსპლუატაცია); მიუხედავად გაგრის აღებისა და ოპერაციის პირველი ფაზის წარმატებით დასრულებისა, ქართული სარდლობისა და შემტევი ქვედანაყოფების მიერ მიღწეული წარმატების სრული შენარჩუნება და შემდგომი განვითარება ვეღარ მოხერხდა. ვეღარ მოხერხდა არა იმიტომ, რომ შემტევ მხარეს კულმინაციური წერტილი დაუდგა, არამედ იმიტომ, რომ ბრიტანელთა სარდლობის ჩარევით ქართული ქვედანაყოფები შეჩერებულ, და უკან, მდინარე ფსოუმდე იქნენ დაწეულნი; ძალთა მასირება _ მოთხოვნის ეს პუნქტი სრულად იქნა შესრულებული. ქართული მხარის შეტევითი ოპერაცია დაიწყო მაშინ, როცა ამისათვის ძალებისა და საშუალებების სრული კონცენტრაცია და გადაჯგუფება განხორციელდა მდ. ბზიფზე, შეტევის საწყის ზღუდეზე; ამისათვის საკმარისზე მეტი დრო იყო გამოყოფილი. შეტევით ოპერაციაში ჩართულ იქნა სამივე გვარეობის ჯარები _ ქვეითი, არტილერია, კავალერია. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგი ხიმშიაშვილის გვარდიის კავალერიის სწრაფი და ეფექტიანი მოქმედებები;
ქართული მხარის მიერ მინიმალურად ეფექტიანი საბრძოლო ძალა იქნა გამოყენებული, რაზეც ცალსახად მეტყველებს შემტევი მხარის უმცირესი საბრძოლო დანაკარგები; განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართული მხარის მიერ შეტევის მანევრის უნაკლოდ ჩატარება. ოპერაცია კარგად იყო დაგეგმილი და მომზადებული. შეტევა სამ კოლონად განხორციელდა და აქტიურად იქნა გამოყენებული ფლანგური შეტევის მანევრი, მდინარის ფორსირებისა და სამანევრო სივრცის გაზრდისათვის კი, ქართული მხარის მიერ ახალი ხიდიც იქნა აგებული მდინარე ბზიფის ზემო წელზე; თავდაცვით პოზიციებზე მყოფმა მოხალისეებმა ვეღარ მოახერხეს ქართული მხარის მანევრზე დროული რეაგირება და მათი დიდი ნაწილი თითქმის უბრძოლველად ჩაბარდა მოწინააღმდეგეს, დანარჩენებმა კი გაქცევით უშველეს თავს; საუბარი აღარაა ლაზარეთში მოთავსებულ მოხალისეთა არმიის ავადმყოფ ოფიცრებსა და ჯარისკაცებზე. მათი ევაკუაცია არც არავის უცდია და ამ კუთხით ის სურათიც იკვეთება, რომ იგი არც არავის უფიქრია; მართვის ერთიანობის მხრივ ძნელია ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთება, რადგან გაგრის შეტევითი ოპერაციის აღსრულებაში მონაწილეობდნენ როგორც რეგულარული ჯარის ნაწილები, ასევე გვარდიის რაზმები. ოპერაციის მმართველ ორგანოს კი „საველე შტაბი“ წარმოადგენდა. მართალია მიმართულების საერთო ხელმძღვანელს ფორმალურად გენერალი იოსებ გედევანიშვილი წარმოადგენდა, მაგრამ ნათლად იკვეთება ის სურათი, რომ აქ ვალიკო ჯუღელის ფაქტორი ისევ მეტად დიდი იყო. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ იგი წარმოადგენდა ოპერაციის ფაქტობრივ ხელმძღვანელსა და სარდალს, გენერალ ი. გედევანიშვილს კი, მხოლოდ ნომინალურად ეკავა ეს თანამდებობა. გაგრა-ადლერის ოპერაციის მსვლელობისას, სახალხო გვარდიასა და რეგულარულ ნაწილებს შორის თითქმის ტრადიციად არსებული არათავსებადობის ფაქტორი, ფაქტობრივად ნულამდე იქნა დაყვანილი. მიზეზი ორია: პირველი _ გენერალი იოსებ გედევანიშვილი ე.წ. „რევოლუციონერ“ და „დემოკრატ“ ოფიცერთა რიცხვს განეკუთვნებოდა, და მეორე _ გაგრის შეტევითი ოპერაცია ძალიან მაღალ ტემპში განხორციელდა და მცირე დროში დასრულდა, რის გამოც გვარდიულმა რაზმებმა ბოლომდე შეძლეს დისციპლინისა და საბრძოლო სულისკვეთების შენარჩუნება; უსაფრთხოებისა და ძალთა დაცვის მოთხოვნაშიც ქართული მხარის უპირატესობა სრული იყო _ შეტევითი ოპერაციის არც ერთ ეტაპზე მოწინააღმდეგეს სულ მცირე ტაქტიკური უპირატესობისათვისაც კი არ მიუღწევია, მათ ვერ შეძლეს შემტევი ქართული ქვედანაყოფების შეჩერება; ოპერაციის პირველი ფაზის მთელი მსვლელობისას, ქართულ მხარეს კულმინაციური წერტილი არ დადგომია;
მოულოდნელობა _ ომის პრინციპებისა და საბრძოლო ფუნქციის ეს მოთხოვნაც ქართული მხარის მიერ სრულად იქნა აღსრულებული. ვგულისხმობთ „მწვანეების“ ფაქტორს. ფაქტია, რომ ქართულ სარდლობასა და დენიკინის ზურგში მყოფ „მწვანეებს“ შორის მოქმედებათა სრული კოორდინაცია იყო. კომბინირებული ომის ამ შემთხვევისათვის მოხალისეები აბსოლუტურად მოუმზადებლები აღმოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს თითქმის მთელი სამი თვის განმავლობაში ერთმანეთის პირისპირ ეკავათ გამაგრებული პოზიციები, ფაქტია, რომ გენერალი დენიკინისა და მისი მეწინავე ნაწილის მეთაურის, გენერალ უშაკისათვის აბსოლუტურ მოულოდნელობას წარმოადგენდა, როგორც ქართველთა შეტევა, ასევე მის ზურგში „მწვანეების“ მოქმედებების დაწყება. ყოველივე ამან კი, პოზიციებზე მყოფ მოხალისეებს შორის სრული დეზორგანიზაცია და პანიკა გამოიწვია, რაც საბოლოოდ მათი სრული მარცხით დასრულდა; ომის პრინციპების ბოლო პუნქტის („სიმარტივე“) შეფასება საკმაოდ რთულია, რადგან ამ პუნქტის მახასიათებელი ოპერატიული ხასიათის დოკუმენტაციის მოპოვება ვერ შევძელით. საუბარი შეეხება შეტევის ბრძანებას, საომარ მოქმედებათა ჟურნალიდან ამონაწერებს, მოხსენებით ბარათებს, პატაკებს და სხვა მსგავსი ხასიათის დოკუმენტებს. და ეს არცაა გასაკვირი, რადგან სახალხო გვარდიისათვის მსგავსი ხასიათის საშტაბო დოკუმენტაციის წარმოება ერთობ უცხო ხილს წარმოადგენდა. მით უმეტეს, რომ საველე შტაბებში საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას საშტაბო დოკუმენტაციის წარმოების ტრადიცია და კულტურა, უბრალოდ არ არსებობოდა. მიუხედავად ამისა, ნათელია, რომ ქართული მხარის მიერ ამ პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვეევაშიც, ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
საერთო ჯამში, 1919 წლის აპრილის თვე ქართული სახელმწიფოს, ქართული შეიარაღებული ძალებისათვის დიდი წარმატებების მომტანი აღმოჩნდა. დენიკინის შეიარაღებული აგრესია აღკვეთილ იქნა და რუსული საოკუპაციო ჯარები განდევნილ იქნა საქართველოდან _ გაგრის ზონა ისევ საქართველოს შემოუერთდა.
შენიშვნები
1. ვასილი ნიკოლაევიჩ სამარინ-ფილიპოვსკი (1882-1940) _ რუსეთის საზღვაო ფლოტის ყოფილი ოფიცერი, რუსი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, რევოლუციონერი. სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი 1903 წლიდან. თებერვლის რევოლუციის აქტიური მონაწილე. მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების პეტროგრადის საბჭოს აღმასკომის წევრი და 1-ლი მოწვევის საბჭოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. დამფუძნებელი კრების წევრი სამხრეთ-დასავლეთის ფრონტიდან. ხელმძღვანელობდა 1917 წლის 23 ნოემბერს შექმნილ დამფუძნებელი კრების დაცვის პეტროგრადის კავშირს. 1918 წლის სექტემბერ-დეკემბერში რუსეთის პირველი ანტიბოლშევიკური აღმასრულებელი ხელისუფლების Комуч-ის (Комитет членов Учредительного собрания) წევრი, სამარის მთავრობაში ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი. ადმირალ კოლჩაკის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 1919 წლის დასაწყისიდან ცხოვრობდა საქართველოში. 1919 წლის ნოემბრიდან „შავი ზღვის გუბერნიის განთავისუფლების კომიტეტის“ თავმჯდომარე.
2. ნიკოლაი ვლადიმეროვიჩ ვორონოვიჩი (1887-1967) _ რუსი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, სოციალისტ-რევოლუციონერთა (ესერთა) პარტიის წევრი, მეფის არმიის როტმისტრი. რუსეთ-იაპონიისა და I მსოფლიო ომების მონაწილე. რუსეთის სამოქალაქო ომში შავიზღვისპირეთში მოქმედი „მწვანეთა“ მოძრაობის ლიდერი და სამხედრო მეთაური. 1909 წლიდან ცხენოსან გრენადერთა პოლკის კორნეტი. 1913 წლიდან პოლკის კვარტერმეისტერი და სამწყობრო ნაწილის უფროსი. თებერვლის რევოლუციის შემდეგ, 1917 წლიდან ლუჟსკის ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე. 1918 წლიდან ცხოვრობს სოჭსა და გაგრაში. 1918 წლის ბოლოდან გენერალ დენიკინის მიერ სოჭის ოლქის ოკუპაციის შემდეგ, ოლქის მოსახლეობის მიერ არჩეულ იქნა სოჭისა და შავიზღვისპირეთის გლეხთა ლაშქრის უფროსად.
3. სტეფანე ახმეტელაშვილი (ახმეტელი) (1877-1921) _ მეფის არმიის ქართველი ოფიცერი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალი. რუსეთ-იაპონიისა და I მსოფლიო ომების მონაწილე. 1916 წლიდან რუსეთის არმიის პოლკოვნიკი. 1918 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებშია, ქართული არმიის გენერალი. 1918 წლის დასაწყისში ინიშნება ქართული საარმიო კორპუსის სარდლად. 1919 წლის დასაწყისში თბილისის სამხედრო გარნიზონის უფროსი და სახალხო გვარდიის შენაერთის სარდალი. საქართველოს სასაზღვრო ჯარების პირველი სარდალი. 1918 წლის ბოლო _ 1919 წლის დასაწყისში, სომხეთ-საქართველოს ომში, ეკატერინენფელდის ფრონტის სარდალი. გიორგის ჯვრის კავალერი. 1921 წლის საბჭოთა რუსეთ-საქართველოს ომში კახეთში დისლოცირებული ქართული ჯარების სარდალი.
4. პოლკოვნიკი გიორგი (გოგი) ხიმშიაშვილი _ მეფის არმიის ყოფილი ოფიცერი. I მსოფლიო ომის მონაწილე, იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. 1916-1917 წლებში გენერალ ბარათოვის ირანის საექსპედიციო კორპუსის ქართული ცხენოსანი პოლკის ოფიცერი. 1918 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაშია. სახალხო გვარდიის ცალკეული საკავალერიო დივიზიონის წარმატებული მეთაური. მის პოლკში ირიცხებოდა კაპიტანი, და შემდგომში პოლკოვნიკი ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი, საქართველოს ეროვნული გმირი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბოლშევიკური ოკუპაციის შემდგომ, პოლკოვნიკი ხიმშიაშვილი 1921-1923 წლებში ანტიბოლშევიკური შეთქმულების „სამხედრო ცენტრის“ ერთერთი ხელმძღვანელია საქართველოში. სხვა პატრიოტებთან ერთად (გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გენერალი ვარდენ წულუკიძე, გენერალი კოტე აფხაზი და სხვა) დახვრეტილ იქნა ბოლშევიკების მიერ 1923 წლის მაისში.
5. ამ პერიოდისათვის საქართველოს სამხედრო მინისტრი, გრიგოლ გიორგაძე, მისი „რბილი ხასიათის“ გამო, გადააყენეს თანამდებობიდან და იგი სხვა თანამდებობაზე დაინიშნა, კერძოდ, საქართველოს მთავრობის განსაკუთრებულ რწმუნებულად ბათუმსა და ბათუმის ოლქში. 1919 წლიდან კი, სამხედრო მინისტრის თანამდებობა უფრო „მკაცრ“ ხელში გადავიდა. ეს პოზიცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნოე რამიშვილმა შეითავსა, რომელსაც იგი 1919 წლის ბოლომდე ეკავა. ასეთი დონის სამთავრობო და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღებაში აშკარად იკვეთება სახალხო გვარდიის მთავარი შტაბისა და პირადად ვალიკო ჯუღელის როლი.
6. აქ 1853-1856 წლების ყირიმის ომი და 1856 წლის 13(25)-18(30) თებერვლის პარიზის სამშვიდობო კონგრესი იგულისხმება. 1856 წლის 18(30) თებერვალს ხელი მოეწერა საზავო პირობებს. პარიზის კონგრესის ერთ-ერთ მთავარ მონაწილეს ინგლისი წარმოადგენდა.
7. ალექსანდრ ვასილევიჩ კოლჩაკი (1874-1920) _ ცნობილი რუსი ზღვაოსანი და ოკეანოგრაფი, პოლარული მკვლევარი, სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების ნამდვილი წევრი, პოლარული და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ჰიდროლოგიური ექსპედიციების მონაწილე. 1918 წლიდან ადმირალი, სამხედრო თეორეტიკოსი. არმიისა და ფლოტის ერთობლივი ოპერაციების მომზადების, ორგანიზაციისა და ჩატარების ფუძემდებელი. საზღვაო აკადემიის ლექტორი, მთელი რიგი სამეცნიერო ნაშრომებისა და სტატიების ავტორი საზღვაო საქმესა და ტაქტიკაში. რუსეთ-იაპონიისა და I მსოფლიო ომების აქტიური მონაწილე. I მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ თეთრგვარდიული მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და იდეოლოგიური ლიდერი სრულიად რუსეთისა და აღმოსავლეთის ფრონტის მასშტაბით. თეთრი ლიდერების მიერ აღიარებულ იქნა რუსული არმიის უმაღლეს მთავარსარდლად. დაიღუპა წითელარმიელებთან ბრძოლაში. გიორგის ჯვრის კავალერი.
8. აქ პარიზის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციაზეა საუბარი.
Комментариев нет:
Отправить комментарий