пятница, 13 декабря 2019 г.

სარფის ისტორიიდან

$1. სოფელი სარფი

სოფელი სარფი აჭარის სამხრეთ-დასავლეთით უკიდურესი და უნიკალური სოფელია, რომელიც, ძირითადად, ლაზებითაა დასახლებული. საქართველოში მცხოვრები ყოველი სარფელი ლაზი ლაზურთან ერთად ქართულად მეტყველებს და მათი სასაუბრო ენა ლაზურ ენობრივ მასალაზეა აგებული, თურქეთში, პირიქით - ლაზურთან ერთად ლაზი თურქულად საუბრობს.

ბოლო პერიოდში, როცა ეთნოტერიტორიული განსახლებისა და ადმინისტრაციული დარაიონების სურათი მკვეთრად იცვლებოდა, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მაკრიალსა და კვარიათს შორის არსებული მიწა-წყალი სარფად აღიქმებოდა. მეორე მხრივ, სარფსა და გონიოს შორის წარმოდგენილ სანახებში - კვარიათი, ხოლო საკუთრივ სარფიდანქუჩეგ ჭოროხამდე“ - გონიო მოიაზრებოდა.

ძველი ლაზური დასახლებები, რომლებმაც სოფლების, დაბებისა და პატარა ქალაქების სახით დღემდე მოაღწია, ლათინურ და ბიზანტიურ წყაროებში არაერთხელ იხსენიება. ასეთებია: რიზე, ათინა და რიგი დასახლებებისა ტრაპეზუნტამდე. ადრეულ პერიოდებში, აღნიშნული დასახლებების რეალურად არსებობის უშუალო დამადასტურებელია პროკოპი კესარიელი, რომლის მიხედვით, „ქალაქ პეტრადან პირდაპირ, რომ მიდიხარ სამხრეთისაკენ, გვხვდება რომაელთა საზღვრები, აქ კი ადგილები მჭიდროდ არის დასახლებული: რიზედ წოდებული და ათინა და ზოგი სხვა ვიდრე ტრაპეზუნტამდე“ (გეორგიკა, 1965:102). XVIII საუკუნეში ხოფჯას, იგივე, ხოფასა და რიზას ვახუშტი ბატონიშვილიც ასახელებდა: „ამ მდინარის იქით არს ხოფჯა, ქალაქი მცირე^ ზღვის კიდესა ზედა“. იქვე ახლოს კი გეოგრაფი მცირე ქალაქ რიზეს მოიხსენიებდა (ვახუშტი, 1941:142), რაც იმის მოწმობაა, თუ რაოდენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შემოინახა ამ შავიზღვისპირა ქალაქებმა თავი. ეს, ზოგადად, მახლობელ აღმოსავლეთში, კონკრეტულად კი - ანატოლიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მათ უაღრესად დიდ სტრატეგიულ სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანზიტო-სამხედრო მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გვიდასტურებს. ბუნებრივია, დროთა განმავლობაში, ამ და სხვა ლაზურ დასახლებათა სტრუქტურა, განსაკუთრებით, დასახლების ფორმა, ტოპოგრაფია და მორფოლოგია იცვლებოდა, მაგრამ ძირითად შტრიხებში იგი ერთ-ერთი კოლხური ეთნო-ტერიტორიული ჯგუფისათვის ისტორიულად დამახასიათებელ ტრადიციულ იერსახეს მაინც ინარჩუნებდა.

ლაზურ სოფლებს შორის უპირველესად სარფი უნდა დასახელდეს. ადრეული ხანის მოგზაურები და მკვლევრები ამა თუ იმ სოფლის, ციხესიმაგრის, ქალაქისა თუ სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ადგილმდებარეობასა და საზღვრებს, მდინარისა და ზღვის სახელებს უკავშირებდა. სოფლის სახელწოდება სარფი’ც, სავსებით დასაშვებია, აფსარი’სა და მდინარე აფსაროსი’ს - ჭოროხის სახენაცვალი ფორმა იყოს.

დღეს სოფელ სარფის ერთი ნაწილი თურქეთშია მოქცეული, ხოლო მეორე ნაწილი საქართველოში მდებარეობს. სარფის ამ ორი ნაწილის მოსახლეობის ცნობიერების განსაზღვრა, დასახლებაში მიმდინარე სოციალური მოვლენების დიაქრონულ და სინქრონულ სიბრტყეზე კვლევა მრავალმხრივაა საინტერესო, რადგან ისინი უკვე საუკუნეების განმავლობაში ორი განსხვავებული რელიგიური, იდეოლოგიური, მათ შორის, საგანმანათლებლო სისტემისა და პოლიტიკური გარემოს პირობებში ცხოვრობს. გამორიცხულია ზემოთ დასახელებულ ფაქტორებს ამ ორი საზღვრისპირა მოსახლეობის მენტალობაზე გავლენა არ მოეხდინა, მაგრამ მათ, პირველ რიგში, ცხოვრების მამაპაპური წესი აერთიანებთ, ძველი ლაზური ტრადიციებიც მეტ-ნაკლებად შეინარჩუნეს, რაც, მართლაც, მათი რელიქტური ენისა და, საერთოდ, კულტურის შესაძლო გადარჩენის საფუძველი უნდა გახდეს.

გვიან შუა საუკუნეებში სარფში მეჩეთი აიგო. ცვლა დაიწყო დასახლებისა და განსახლების ადრე არსებულმა წესრიგმა. ეს მეჩეთი დღეს თურქეთის მხარეს მდებარეობს. სარფში იგი ყველაზე ძველია. თურქეთის მხარის სარფში, ზღვისპირას, არსებობს შემდეგ აგებული შედარებით ახალი მეჩეთიც.

სოფელი სარფი ლაზური წარმომავლობის ოჯახებითაა დასახლებული. სარფის ყველაზე ძველი დასახლება ზღვის ზემოთ, მთაზე მდებარეობდა, რომელსაც ოჯაღი ეწოდებოდა. იქ ადრე ტყე ყოფილა გაშენებული, მოსახლეობას ტყე გაუჭრია და თანდათანობით ნაჩეხ ადგილებში დასახლება გაჩენილა. ახოს აღებით სოფლის უბნისა და შემდეგ სოფლის ჩამოყალიბების პროცესი უცხო არ იყო საქართველოსა და, საერთოდ, კავკასიის სხვა კუთხეებისათვისაც, მათ შორის, მთიანი რეგიონებისათვის. სოფელ სარფში, ოჯაღი’ს მიდამოებში ტყის გაჭრას ადგილობრივები 260-280 წლის წინანდელ ამბად მიიჩნევენ. გადმოცემით, იქ ხშირად ძლიერი ქარი ქროდა, თოვლიც დიდი მოდიოდა, რის გამოც საცხოვრებლად არ იყო სულ ვარგისიანი ადგილი, თუმცა ზოგი პირიქით თვლის და სოფლის გასაშენებლად ადგილმდებარეობას საუკეთესოდ მიიჩნევს. უხუცესების გადმოცემით, „დიდი ოჯახიდან“ ქვემოთ, ზღვის სანაპიროსკენ ჩამოსახლება 1820-იანი წლებიდან დაწყებულა. ზოგჯერ დაბლობის მცხოვრებლები ოჯაღი’ს მიდამოებში სანადიროდ გარეულ ღორებზეც დადიოდნენ. საქართველოს სარფში გვხვდება ისეთი ადგილებიც, როგორიცაა დიდი ოჯაღი, როგორც ჩანს, რომელიღაც დიდი სახლეულის ადგილსამყოფელი, ჭიტა ოჯაღი - პატარა ოჯახი და ქურთ ოჯაღი - ეთნიკურად ქურთთა საცხოვრისი ადგილი.

$2. ჭანეთი უძველესი დროიდან XVI ს-მდე (მოკლე პოლიტიკური ისტორია)

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო წრეებში ლაზებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, ქართული ტრადიციული მეცნიერება მათ ქართველების ერთ-ერთ შტოდ მიიჩნევს და ჭანეთ-ლაზეთიც ისტორიულად ქართული სახელმწიფოს ნაწილად არის ცნობილი.

ანტიკური ხანიდან ჭანეთი კოლხეთის სამეფოს ეკუთვნოდა. მომდევნო ხანაში, ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში, პირველი საუკუნისათვის, კოლხეთში შედიოდა ტერიტორია ტრაპიზონის აღმოსავლეთით, მათ შორის, რიზეს მხარე, აგრეთვე, ჭოროხის ხეობის დასავლეთი.

ამჯერად ჩვენი ინტერესის ობიექტია სარფი - სოფელი დღევანდელი საქართველოს უკიდურესი დასავლეთით, თურქეთის საზღვარზე, რომელიც გაყოფილია ორად. ნაწილი სოფლისა თურქეთის რესპუბლიკას ეკუთვნის, ნაწილი კი საქართველოს ტერიტორიაზეა. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის სახელწოდება გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით არსად ფიქსირდება, ზოგიერთი მოსაზრების თანახმად, მისი ეტიმოლოგია აფსაროსს (*აფ-სარეფი) უკავშირდება. ხოლო, ციხე-ქალაქ აფსარის სექტორში, რომელიც მდებარეობდა მდ. ჭოროხის სამხრეთით და გაშენებული იყო თანამედროვე სარფის ზონაში, ანტიკურ ხანაში, V ს-ის მეორე ნახევრამდე გადიოდა ისტორიული ლაზეთის (დასავლეთ საქართველოს, შემდგომში ,,აფხაზეთის სამეფოს“) სამხრეთი საზღვარი და ვრცელდებოდა ვიდრე ხუფათამდე (თანამედროვე ხოფა - ზ.შ.). VI საუკუნისათვის საზღვრის ხაზი ისევ გადაწეულა ჩრდილოეთით და მდინარე ჭოროხზე გადაუნაცვლებია (ინგოროყვა, 1954: 204). აღნიშნული პერიოდის საისტორიო წყაროების მიხედვით, სამხრეთ კოლხეთი სამ ნაწილად იყოფოდა: პირველი იყო ჩვენთვის საინტერესო რიზეს მხარე, რომელიც ვრცელდებოდა ჭოროხის სექტორიდან ოფი-სურმენეს სექტორამდე. იგი წარმოადგენდა ერთგვარ ბუფერს შიდა კოლხეთს (ისტორიული ლაზეთის სამეფო), იბერიასა და ბიზანტიას შორის.

ვახუშტი ბაგრატიონი ჭანეთად, იგივე ლაზეთად ასახელებს ტერიტორიას ბაიბურთის და ბორჩხის სამხრეთით, ზღვის გაყოლებაზე, გონიოდან ტრაპიზონამდე. ხოლო დასავლეთით საზღვარი ვრცელდებოდა რკინის პალომდე, რომელიც იყო ზღვის კიდეზე ქალაქ რიზესთან, ბაიბურთსა და ჭანეთს შორის ჩრდილოეთით მომდინარე მდინარის ჩრდილოეთით მდებარე მცირე მთაზე, რომელიც ,,ჩამოვარდების კნინღა ზღუამდე ჭანეთის მთიდამ“ (ვახუშტი, 1973: 689).

ანტიკურ ხანაში, ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნემდე, რიზეს მხარე კოლხეთის ნაწილს წარმოადგენდა. მეორე საუკუნის დასაწყისში მისი ძირითადი ნაწილი (ჩრდილოეთი სექტორი) შევიდა იბერიაში, ხოლო დანარჩენი ტერიტორია ბიწედან (იგივე ვიწედან) ოფის სექტორამდე დამოუკიდებელ სამეფო-სამთავროდ ჩამოყალიბდა, რომელსაც მაკრონთა (მაკრონ-სანთა), და ჰენიოხთა სამეფო ეწოდებოდა (იგივე სანეთი=სანიგეთი, სოსანეთი=სოსანიგეთი). III-IV სს-ში მაკრონთა სამეფო გაფართოებულა და ჩრდილოეთით ციხე-ქალაქი აფსარიც მოუცავს. V-VI სს-ში ეს მხარე, სანეთი, ანუ საგინეთი წარმოადგენს ერთგვარ ბუფერულ ზონას ლაზეთის სამეფოსა და ბიზანტიას შორის. პროკოფი კესარიელის ცნობით, აქ მდებარეობს ქალაქები: რიზე, ათინა, არქაბი და აფსარი. აფსარი ამ პერიოდისთვის მეტად მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენს (ინგოროყვა, 1954: 206).

VI ს-ის ბოლოს, იბერიაში ერისმთავრობის აღდგენის შემდეგ, რიზეს მხარე იბერიის შემადგენლობაში შევიდა. როგორც მესხეთის ვასალური სამფლობელო. ამ პერიოდში იგი ცნობილია ,,ზღვისპირა კლარჯეთის“ სახელწოდებით. VII ს-ის 30-იან წლებში რიზეს მხარე ბიზანტიამ შეიერთა როგორც ლაზეთის სამეფოს ნაწილი და ამ პერიოდიდან იგი იწოდება როგორც ლაზეთი, ლაზია. შემდეგი ორი ნაწილი სამხრეთ კოლხეთისა იყო ტრაპიზონის მხარე - რიზეს მხარის საზღვრიდან მდ. ხარშუტის (ამჟამად მდ. Harşit, ტირებოლუს აღმოსავლეთით - ზ.შ.) ხაზამდე და კერასუნ-ფარნაკიის მხარე - მდ. ხარშუტიდან დასავლეთით მდინარე თერმოდონამდე (ამჟამად მდ. თერმე, სამსუნის მახლობლად - ზ.შ.).

780 წელს ბიზანტიის ტახტზე ავიდა მცირეწლოვანი კონსტანტინე VI. ამ დროიდან იწყება ხანგრძლივი შიდა არეულობა. ამას ერთვოდა ომი არაბებთან და ბულგარებთან, რამაც საკმაოდ დაასუსტა ქვეყანა. ასეთ ვითარებაში აფხაზეთის სამეფომ მოიპოვა ბიზანტიისაგან დამოუკიდებლობა და პოლიტიკურ წარმატებებსაც მიაღწია. ყველა საისტორიო წყარო მოწმობს იმას, რომ VIII ს-ის ბოლოსა და IX ს-ის პირველ ნახევარში ჭანეთ-ლაზეთის მხარეები, რიზეს მხარე - საკუთრივ ლაზია, და ტრაპიზონის მხარე პოლიტიკურ-ადმინისტრაციულად გაერთიანებულია დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) სამეფოსთან. ამ პერიოდიდან ეს მხარე იქცა ბიზანტიელებსა და ქართველებს შორის ომების ასპარეზად.

IX ს-ის 30-40-იან წლებში ბიზანტიამ სამჯერ მოაწყო ლაშქრობა აფხაზეთის სამეფოს წინააღმდეგ და სამივეჯერ სასტიკად დამარცხდა. ამ დამარცხებების შემდეგ ბიზანტიელებმა უარი თქვეს დასავლეთ საქართველოს დაპყრობაზე, თუმცა მოახერხეს მისი სამხრეთი ნაწილის დაკავება. X ს-ის პირველ ნახევარში ბიზანტიის საზღვარი მდინარე ჭოროხამდე აღწევდა (ინგოროყვა, 1954: 274). X ს-ის მეორე ნახევარში ქართველთა სამეფოს სათავეში ედგა დავით III დიდი კურაპალატი. ჯერ კიდევ მისი მეფობის დასაწყისში მან შემოიერთა რიზეს ქვეყანა (ლაზია - „ზღვისპირა კლარჯეთი“).

1023 წელს ბიზანტიამ ომით დაიბრუნა რიზეს ქვეყანა და ტრაპიზონის მხარე ქართველთა სამეფოსაგან და მომდევნო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ეს ტერიტორიები მას აქვს დაპყრობილი. ქართველებმა ბევრი იბრძოლეს ტერიტორიების დასაბრუნებლად, მაგრამ მიზეზთა გამო მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ჩანს, რომ ამ პერიოდში საზღვარი საქართველოსა და ბიზანტიას შორის ციხე-ქალაქი ხუფათი ყოფილა (ინგოროყვა, 1954: 277).

XI ს-ის 70-იანი წლებიდან, მანასკერტის ბრძოლის (1071 წ.) შემდეგ დაიწყო სელჩუკების გაძლიერება ანატოლიაში, რამაც თითქმის მთლიანად შეაჩერა ბიზანტიის გავლენა კავკასიაში.

მეფე გიორგი II-ის (1072-189 წწ.) დროს საქართველომ, სხვა ქართულ პროვინციებთან ერთად, შემოიერთა რიზეს მხარეც (ლაზია, ანუ „ზღვისპირა კლარჯეთი“). ამ დროიდან მოყოლებული რიზეს მხარე საქართველოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს როგორც XI საუკუნის ბოლო მეოთხედში, ისე მთელი XII ს-ის განმავლობაში. რიზეს მხარე ეკლესიურადაც ჩამოშორდა ბიზანტიას და ქართულ ეკლესიას დაექვემდებარა.

ბიზანტიასა და საქართველოს შორის ტრაპიზონის მხარის გამო საუკუნოვანი მეტოქეობა დასრულდა თამარის მეფობის დროს - 1203-1204 წლებში, როდესაც საქართველომ დაიჭირა ჭანეთის მხარეები მთლიანად და აგრეთვე, მისი მეზობელი ქვეყნები შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე (ინგოროყვა, 1954: 282). ახლადდაპყრობილ ტერიტორიაზე, 1204 წელს, თამარმა შექმნა ტრაპიზონის იმპერია, რომელიც თავის ნათესავებს კომნენთა დინასტიის წარმომადგენლებს - ალექსის და დავითს ჩააბარა. რიზეს ოლქზე (საკუთრივ ლაზიაზე) XIII ს-ში ორი სახელწიფოს ერთობლივი ხელისუფლება ხორციელდება: ვრცელდება ხელისუფლება როგორც ტრაპიზონის „მეფისა”, ისე საქართველოს „მეფეთ-მეფისა”. ჩანს, რომ ოფიციალური საზღვარი საქართველოს სამეფოსა და ტრაპიზონის იმპერიას შორის ხოფის მახლობლად, მისი დასავლეთით გადის.

XIII ს-ის მეორე ნახევარში, საქართველოს მთლიანობის რღვევასთან ერთად, მისი გავლენა ტრაპიზონის იმპერიაზე სუსტდება. ამას მოჰყვა ტრაპიზონში სხვა- დასხვა ძალის დაპირისპირება და შიდა ომი. 1282 წელს დასავლეთ საქართველოს მეფემ - დავით ნარინმა აიღო ტრაპიზონის იმპერიის ტერიტორია ქალაქ ტრაპიზონამდე. საკუთრივ ლაზია ჩამოშორდა ტრაპიზონს და კვლავ შეუერთდა საქართველოს.

1297 წლიდან ლაზია შეუერთდა სამცხე-საათაბაგოს. მომდევნო ორსაუკუნე- ნახევარს, 1463 წლამდე, აღმოსავლეთ ჭანეთი მესხეთის ნაწილია.

1461 წელს, ოსმალეთა მიერ ტრაპიზონის იმპერიის დაპყრობის შემდეგ, ვითარება სრულებით შეიცვალა. ტრაპიზონის დაპყრობამდე ოსმალებმა კერასუნ-ფარნაკიის მხარე დაიპყრეს. ეს ტერიტორიები საბოლოოდ ოსმალეთის იმპერიას დაექვემდებარა.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე თურქი ისტორიკოსები, როდესაც საუბრობენ ზემოთ აღნიშნული ტერიტორიების ადრეულ (ოსმალეთისადმი დაქვემდებარებამდელ) ისტორიაზე, განიხილავენ რა ხეთურ, პონტოურ, რომაულ, ბიზანტიურ თუ სელჩუკურ პერიოდებს, არსად ახსენებენ კოლხეთს. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ისინი ან არ იცნობენ ქართულ, ბერძნულ და სხვა წყაროებს, ან შეგნებულად არიდებენ მათ თავს (Öz, 1999: 1825; Yolalıcı, 1998: 9-11).

აღმოსავლეთ ჭანეთი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ პერიოდში სამცხის ათაბაგის დაქვემდებარებაშია, თუმცა, ქართველ მეფე-მთავრებს შორის განვითარებული ურთიერთობების შედეგად, მას რამდენჯერმე მოუწია პოლიტიკური ცენტრის შეცვლა (ამაზე მომდევნო პარაგრაფში უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ): 1463-1502 წლებში იგი გურიის სამთავროს ნაწილს წარმოადგენს; 1502 წელს ხსენებული ტერიტორია კვლავ ათაბაგმა დაიბრუნა და 1535 წლამდე ფლობდა მას; 1535-1547 წლებში, ანუ ოსმალთა მიერ დაპყრობამდე, აღმოსავლეთ ჭანეთი ისევ გურიელის მფლობელობაშია.

XVI ს-ის 40-იანი წლებიდან, როგორც აღმოსავლეთ ჭანეთში, ისე სხვა ქართულ ტერიტორიებზე, იწყება ოსმალთა მორიგი მოძალება და ქართული ტერიტორიების იმპერიისადმი მიყოლებით დაქვემდებარება. აღნიშნული პერიოდიდან ოსმალეთის იმპერიის ნაწილი ხდება დღევანდელი სარფის ტერიტორიაც.

$3. სარფი ოსმალეთის იმპერიაში

XV საუკუნესა და XVI საუკუნის პირველ მეოთხედში ოსმალთა ლაშქრობები ქართულ ტერიტორიებზე მხოლოდ მარბიელ ხასიათს ატარებდა. ამიტომაცაა, რომ მათ არ მოჰყოლია ქართული ტერიტორიების დაპყრობა და ოსმალეთის იმპერიისადმი დაქვემდებარება.

1461 წელს ოსმალებმა დაიპყრეს ტრაპიზონის იმპერია. ამ მოვლენამ საქართველო დიდი საფრთხის წინაშე დააყენა. ტრაპიზონის დაპყრობის შემდეგ ოსმალები უშუალოდ დაუმეზობლდნენ საქართველოს საზღვრებს და დაიწყეს იერიშები, კერძოდ, სამცხე-საათაბაგოს წინააღმდეგ. ვახუშტის სიტყვებით რომ ვთქვათ: „დაიპყრო ხონთქარმან ტრაპიზონ-არზრუმი და ეკირთებოდენცა ოსმალნი მცირედ-მცირედ კლარჯეთსა და ჭანეთს“ (ქ.ცხ. IV, 1973: 236).

XV ს-ის მეორე ნახევარში ოსმალეთი ჯერ კიდევ არ ისახავდა მიზნად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ინკორპორაციას და მხოლოდ მოხარკეობით კმაყოფილდებოდა.

ოსმალთა ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ლაშქრობა ჭანეთის ტერიტორიაზე 1479 წლით თარიღდება. თეთრბატკნიანთა სახელმწიფოს გამგებლის, უზუნ ჰასანის სიკვდილის შემდეგ მის შვილებს შორის დაიწყო ბრძოლა ტახტისათვის. აღნიშნულ წელს ამასიის სანჯაყბეგის, მომავალი სულთნის - ბაიაზიდის და მისი ლალას (გამზრდელის) - რუმის ბეგლარბეგ სინან ფაშას მეთაურობით, სულთანმა მეჰმედ მეორემ გამოაგზავნა ჯარი საქართველოზე სალაშქროდ.

ამ ლაშქრობასთან დაკავშირებით ქართულ წყაროებში არაფერია ნათქვამი. მის შესახებ ვრცლად გვიამბობს ოსმალო ისტორიკოსი იბნ ქემალი თავის „მეშვიდე დავთარში“.

იბნ ქემალი, აღწერს რა ბაიაზიდის ლაშქრობას საქართველოზე, მოგვითხრობს მის მიერ სამი ციხის - თორულის, ჯეზრესა და ჯენეხახის აღებას, სადაც ბევრი ადამიანი ამოხოცა და ალაფი წაიღო. ავტორი იმასაც ამბობს, რომ ადგილობრივები ურჯულოები იყვნენ და ჯერ კიდევ არ იყვნენ დაბეგრილნი ჯიზიეთი და ხარაჯით. მისი თქმით, თორულის ციხე ქართველებით იყო დასახლებული. სპარსეთიდან მომავალ ვაჭრებს უჩივლიათ ბაიაზიდთან, გზაში ქართველებმა გაგვძარცვესო, რის შემდეგაც ბაიზიდმა გაილაშქრა თორულის ციხეზე და დაიპყრო. შემდეგ კი აიღო ჯეზრესა და ჯენეხახის ციხეები (ჯაველიძე, 1990: 120. İbn Kemal, 1991: 464-467).

აღნიშნული ციხეები მესოქალდეის, ანუ ცენტრალური ქალდეის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ქალდეა ქართულ საისტორიო ლიტერატურაში გაიგივებულია ჭანეთთან. პავლე ინგოროყვა წერს, რომ ,,... ხალდია თავდაპირველად მიემართება ქვეყნის ცენტრალურ ნაწილს, ტრაპიზონის მხარეს. მაგრამ, რადგან ტრაპიზონის ადმინისტრაციული ერთეული - ხალდიის თემი ცალკეულ პერიოდებში აერთიანებდა ტერიტორიას ჭოროხიდან თერმოდონამდე (მდინარე თერმესთან, სამსუნთან ახლოს - ზ.შ.), ამიტომ სახელწოდება ხალდიის თემი, ხალდია, ჩვენ გვხვდება, როგორც ზოგადი სახელწოდება მთელი სამხრეთ კოლხეთისა“ (ინგოროყვა, 1954: 268).

ქალდეას აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა ტაო, ბასიანი, სპერი, ჩრდილოეთით შავი ზღვა, სამხრეთით სომხეთი, დასავლეთით ბიზანტია (სვანიძე, 2003: 423). თორული, ამავე სახელწოდების ქალაქი ახლაც გვხვდება ტრაპიზონის სამხრეთით. ჯეზრეს ადგილმდებარეობა უცნობია, თუმცა მკვლევრები თვლიან, რომ იგი თორულის მახლობლად უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება იბნ ქემალის მიერ ნახსენებ მესამე ციხეს, ჯენეხახს, როგორც ნ. ჯაველიძე აღნიშნავს, იგი ოსმალურ წყაროებში გუმუშჰანეს ეწოდება (ჯაველიძე, 1990: 121).

გუმუშჰანეც ტრაპიზონის სამხრეთით მდებარე ამავე სახელწოდების ტერიტორიაა, რომელიც თორულის მეზობლად მდებარეობს. ჯენეხახი ჭანურ-ლაზურად ჭანიხაა, რომელიც მნიშვნელოვანი ქალაქი იყო ქალდეის რეგიონში. ოსმალებმა ჭანიხას დაპყრობის შემდეგ გუმუშჰანე უწოდეს, რადგან აქ ვერცხლის საბადო იყო (Gümüş - თურქულად ვერცხლს ნიშნავს - ზ.შ.), თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ორივე სახელი იხმარებოდა (სვანიძე, 2003: 424).

მირიან მახარაძე, იშველიებს რა ბერი ეგნატაშვილის ცნობას, ამბობს, რომ ტრაპიზონის იმპერიის გაუქმების შემდეგ მესო-ქალდეაზე მთლიანი მბრძანებლობა ცოტა ხნით ქართველების, კერძოდ, გურიელისა და ათაბაგის ხელში გადავიდა, ხოლო უზუნ ჰასანის ლაშქრობებმა მათ ეს გავლენა დააკარგვინა. ის აგრეთვე თვლის, რომ ზემოხსენებული ლაშქრობის შემდეგ ოსმალები ამ ტერიტორიებზე არ გაჩერებულან და ლაშქრობა მხოლოდ მარბიელ ხასიათს ატარებდა (მახარაძე, 2006: 153-155).

აღნიშნულ ლაშქრობაზე საუბრობენ სხვა ისტორიკოსებიც. მათ შორის ერთ-ერთი ოსმალო ისტორიკოსი ყარამანლი ნიშანჯი მეჰმედ ფაშა მხოლოდ ორ ციხეს ასახელებს, რომელთაგან ერთ-ერთს მაზაჰილითად/მაზახელეთად მოიხსენიებს (მახარაძე, 2006: 152).

მაზახელეთს თურქ ისტორიკოსთა ნაწილი მაჭახელთან აიგივებს და თვლის, რომ 1479 წელს ოსმალებმა მაჭახელში ილაშქრეს (Kırzıoğlu, 1998: 43-44). ამ ვარაუდის მართებულობის შემთხვევაში გამოდის, რომ ოსმალთა ლაშქარს თორულიდან მაჭახლამდე, გზად სარფი და მიმდებარე ტერიტორიებიც დაულაშქრავთ. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ლაშქრობა დაპყრობით ხასიათს არ ატარებდა, იგი მხოლოდ მარბიელი იყო და მტერმაც მალევე დატოვა ეს ადგილები. შემდგომი ლაშქრობა, რომელიც ოსმალთა ლაშქრის სარფის ტერიტორიაზე ყოფნას უკავშირდება, უნდა იყოს მზეჭაბუკ ათაბაგის დახმარებით ოსმალთა მარბიელი ლაშქრობა იმერეთში 1510 წელს.

თურქულ ისტორიოგრაფიაში გავრცელებული აზრის მიხედვით, ამ ლაშქრობის დროს ოსმალებმა დაიპყრეს აჭარა და ჭანეთის ნაწილიც. ფაჰრეთინ ქირზიოღლუ იმოწმებს ბროსეს და წერს, რომ იმერეთთან ერთად ოსმალებმა დალაშქრეს ჭანეთი და აჭარაც, რითაც ათაბაგმა საკუთარი ტერიტორიები გადაარჩინა (Kırzıoğlu, 1998: 86-88). აქ, ვფიქრობთ, საკითხი არასწორად არის გაგებული ან დასმული. ქართულ წყაროებში აღნიშნული ლაშქრობის დროს აჭარის და ჭანეთის დაპყრობასთან დაკავშირებით არაფერია ნათქვამი. ვფიქრობთ, თურქ ისტორიკოსს ფაქტის არასწორი ინტერპრეტაცია აქვს მოცემული. როდესაც სამცხის ათაბაგი მზეჭაბუკი „დაეზავა ოსმალთა მორჩილებისა პირსა ზედა“ (ქ.ცხ. IV, 1973: 711) და ოსმალთაგან ზურგგამაგრებულმა და გაგულიანებულმა „მიუხუნა გურიელსა ბრძოლითა აჭარა და ჭანეთი და დაიპყრა თვით“ (ქ.ცხ. IV, 1973: 711).

ამიერიდან ჭანეთი, აჭარასთან ერთად, ყვარყვარეს მიერ გურიელისადმი გადაცემიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, ისევ სამცხე-საათაბაგოს დაექვემდებარა. ხოლო შემდეგ წელს საათაბაგოს საზღვრებს ლაშქრით მოადგა იმხანად ტრაპიზონის გამგებელი, ოსმალეთის მომავალი სულთანი სელიმი. ოსმალთა სარდლის მოთხოვნით, მზეჭბუკმა სამცხე-საათაბაგოზე გაატარა და წარუძღვა ოსმალებს „ყოლაუზად იმერეთსა ზედა“. ამით მან საკუთარი სამფლობელო გადაარჩინა დარბევას. ვახუშტი ამ ლაშქრობის თარიღად 1512 წელს ასახელებს, თუმცა ისტორიკოსთა უმრავლესობა სხვადასხვა წყაროს შედარებისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ოსმალებმა იმერეთზე 1510 წელს გაილაშქრეს (სვანიძე, 1971: 42-43). 1512 წელს სელიმ I (1512-1520 წწ.) ოსმალეთის სულთანი გახდა.

ოსმალეთის იმპერიის საგარეო პოლიტიკა ძირითადად ევროპის ქვეყნებისკენ იყო მიმართული. ტრაპიზონის აღებისა და, მოგვიანებით, ბაიაზიდის მიერ მესოქალდიის ტერიტორიის დაპყრობის შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ოსმალებს ქართულ ტერიტორიებზე არ ულაშქრიათ. პირველი იყო უფლისწული სელიმი, რომელმაც მარბიელი ლაშქრობა ჩაატარა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, იმერეთში. სელიმი პირველი სულთანი იყო, რომელმაც ყურადღება მთლიანად აღმოსავლეთისაკენ მომართა. 1514 წელს მან ილაშქრა ირანში. ირანის დამარცხებით მას სურდა დომინანტობა კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში. ირანთან გამარჯვების შემდეგ სულთანმა არაბული ქვეყნებისკენ გადაინაცვლა და, ეგვიპტის ჩათვლით, მოახერხა მათი დამარცხება და დამორჩილება. ამჯერად ქართული ტერიტორიები გადაურჩა ოსმალო სულთნის გეგმებს, თუ არ ჩავთვლით მზეჭაბუკის მიერ სელიმისადმი სპერის ციხის გადაცემას. მიუხედავად ამისა, ოსმალეთი უკვე ცდილობდა მკაფიოდ ჩარეულიყო ქართველ მეფე-მთავართა საშინაო საქმეებში. ამ პოლიტიკას იგი საქართველოს მეზობელი ოსმალური რეგიონების გამგებლე- ბის საშუალებით ატარებდა.

ოსმალებმა ჭანეთს ჯერ კიდევ XV-XVI საუკუნების გასაყარზე შემოუტიეს. ,,ჟამსა ამისასა იწყეს კირთება არზრუმ -ტრაპიზონის ფაშათა საათაბაგოსი და ჭანეთისა“ (ქ.ცხ. IV, 1973: 710).

XVI ს-ში უკვე თანდათანობით იცვლება ოსმალეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ. მას აღარ აკმაყოფილებს მოხარკეობის ფორმა და ტერიტორიების დაპყრობას ცდილობს. მან საქართველოს სხვადასხვა მხრიდან შემოუტია. დასავლეთ საქართველოში იგი ტრაპიზონის მხრიდან მოიწევდა. ჭანეთის დაპყრობის შემდეგ ოსმალები დასავლეთ საქართველოში მოდიოდნენ მდ. ჭოროხის შესართავისა და გურიის გავლით (სვანიძე, 1971: 37-38).

1516 წელს გარდაიცვალა მზეჭაბუკი და ათაბაგი გახდა ყვარყვარე III (1516-1536 წწ.), ქაიხოსრო I-ის ძე. ამავე წელს მას აუჯანყდა მანუჩარი, მისი ბიძა, ყვარყვარე II-ის მეექვსე შვილი. მოწინააღმდეგეები ცდილობდნენ ამ ბრძოლაში გარეშე ძალების - სპარსეთისა და ოსმალეთის გამოყენებას და მათი დახმარებით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.

თურქ ავტორთა უმრავლესობა შეცდომით თვლის, რომ დღევანდელი სარფის და გონიოს ტერიტორიები ოსმალებმა სელიმ პირველის დროს დაიპყრეს. მიუხედავად იმისა, რომ სელიმმა და მისმა წინამორბედებმა დაიპყრეს ჭანეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, სარფი და გონიო მათ ხელში უფრო მოგვიანებით გადავიდა. შესაძლებელია, რომ გარკვეული პერიოდი გონიოს ციხე სულთანს დაექვემდებარა, მაგრამ ეს დროებითი მოვლენა უნდა ყოფილიყო, რადგან, როგორც ირკვევა, შემდგომში ოსმალთა მიერ გონიოს ციხის საბოლოო დაქვემდებარების დროს მასში ქართველები იყვნენ გამაგრებულნი. ამაზე კონკრეტულად უფრო ქვემოთ ვისაუბრებთ.

სელიმის მიერ გონიოს ციხის დაქვემდებარების შესახებ, გარდა ისტორიკოსთა მტკიცებებისა, ხალხური გამოთქმებიც არსებობს. აი რას მოგვითხრობს ერთ-ერთი მათგანი: „ტრაპიზონის გამგებლობის დროს სელიმს გაგონილი ჰქონდა გონიოს ციხის დიდების შესახებ და ამიტომაც რიზეს დაპყრობისა და ოსმალეთის სახელმწიფოსადმი დაქვემდებარების შემდეგ იგი მოვიდა ხოფას, ავიდა იქვე მდებარე სულთან სელიმის მთაზე, რათა გადაეხედა და დაეგეგმა გონიოს ციხის დაპყრობა. შეიტყო რა ამის შესახებ ციხისთავმა, ისლამი მიიღო და ციხის გასაღები სელიმს გადასცა“ (Kırzıoğlu, 1998: 89). სელიმის ხოფაში ლაშქრობა ისტორიულად დადასტურებულია, მაგრამ გონიოს ციხის ამგვარი ჩაბარება მხოლოდ ხალხურ თქმულებად უნდა დარჩეს.

1520 წელს, სელიმ I-ის გარდაცვალების შემდეგ, სულთნის ტახტი მისმა შვილმა სულეიმან I-მა (1520-1566 წწ.) დაიკავა. სულეიმანის მეფობის დროს ოსმალეთის იმპერიამ მისი ძლიერების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. მამისაგან განსხვავებით, სულეიმანი მონაცვლეობით იბრძოდა აღმოსავლეთით და დასავლეთით. აღმოსავლეთით ირანთან დაპირისპირების ძირითადი ასპარეზი სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიები იყო და მათი დიდი ნაწილის ოსმალეთისადმი დაქვემდებარებაც სულეიმან I-ის დროს მოხდა. იმერეთის მეფე ბაგრატ III (1510-1565 წწ.) ვერ ივიწყებდა წყენას მზეჭაბუკ ათაბაგისაგან, რომელიც გამოჰყვა ოსმალებს იმერეთში ლაშქრობის დროს. ამასთანავე, მას სურდა ათაბაგის თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა. ყვარყვარეს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ქართლის მეფე დავითთან (1505-1525 წწ.), რაც ბაგრატს არ მოსწონდა, ამიტომ ბაგრატმა ომი გამოუცხადა ათაბაგს. მან გვერდში დაიყენა გურიისა და ოდიშის მთავრები. 1535 წლის 13 აგვისტოს, ახალქალაქის მახლობლად, სოფელ მუჯახეთთან ბრძოლაში ათაბაგი მოკავშირეებთან სასტიკად დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. ბაგრატმა დაიპყრო სამცხე-საათაბაგო და აჭარა-ჭანეთი კვლავ გურიელს გადასცა. „მაშინ მისცა გურიელს აღთქმულნი აჭარა და ჭანეთი. წარვიდა გურიელი და დაიპყრნა მან იგი“ (ქ.ცხ. IV, 1973: 713]. ოსმალეთმა ათაბაგის „მხარდაჭერის“ საბაბით უფრო აქტიურად დაიწყო ჩარევა ქვეყნის საშინაო საქმეებში.

1536 წლის 4 ივლისს, როგორც ჩანს, ქაიხოსროს მხარდასაჭერად, არზრუმის ბეგლაბეგის, დულკადირლი მეჰმედ ხანის მეთაურობით, ოსმალთა ლაშქარი საათაბაგოს შემოესია. იმხანად არზრუმი დანგრეული იყო და ცენტრი ბაიბურთში იყო გადატანილი. ლაშქრობაც აქედან დაიწყო (Danişmend, 1971: 190). აღნიშნული ლაშქრობის შედეგზე ოსმალო ისტორიკოსი იბრაჰიმ ფეჩევი წერს, რომ „სახელოვანმა ემირმა მეჰმედ ხანმა მაგ [ბაიბურთის] მხარის ძლევამოსილი ჯარი თავდამსხმელთა რაზმში გაიწვია და ლაშქარი შეკრიბა, შეესია საქართველოს და მისი აოხრება დაიწყო. ამასობაში ქართველი ურჯულოებიც მომზადებულიყვნენ და ისლამის ლაშქარს წინ აღუდგნენ. დიდი ომისა და ბრძოლის შემდეგ გამარჯვება ისლამის [ლაშქარს] ერგო... აურაცხელი დასამიწებელი ურჯულო გაწყდა... ასეთი მაგალითის შემდეგ სამმა ოთხმა სასანჯაყო ადგილის [მოსახლეობამ] მორჩილება გამოაცხადა და სულთანს ვალისა და მმართებლის დანიშვნა სთხოვა (ფეჩევი, 1964: 25).

როგორც ვხედავთ, ადგილთა დასახელებები წყაროში მოცემული არ არის, თუმცა ადვილი სავარაუდოა, რომ ლაშქრობა ტაოს მხარეში, თორთუმისა და ტაოსკარის მხარეებში უნდა ყოფილიყო და ოსმალები ამჯერად ზღვამდე არ ამოსულან. ჩანს, რომ ამ ლაშქრობით ოსმალები ამ ადგილებზეც ვერ დამკვიდრდნენ, რადგან მათი დაპყრობა უფრო მოგვიანებით მოხდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ ოსმალები უკვე იწყებენ ქართული ტერიტორიების იმპერიისადმი დაქვემდებარებას და მათი მმართველობის დანერგვას.

XVI ს-ის 40-იან წლებში განახლდა ბრძოლა ათაბაგობისთვის. ყვარყვარე ბაგრატის ტყვეობაში გარდაიცვალა. მისმა შვილმა ქაიხოსრომ სცადა ოსმალთა დახმარებით ბაგრატის დამარცხება და ათაბაგის ხელისუფლების აღდგენა. სწორედ ამ დროს იწყებენ ოსმალები ქართული ტერიტორიების ინტენსიურ ექსპანსიას და აქტიურად ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში.

1543 წელს საქართველოში კვლავ შემოვიდა ოსმალთა 22-ათასიანი ჯარი. ბაგრატ III-მ და გურიელმა ბასიანში დაამარცხეს ოსმალები და მთლიანად განდევნეს ისინი სამცხე-საათაბაგოდან. ამ ფაქტმა განარისხა სულთანი და ახალი ძალებით შემოუტია საქართველოს. „ამას ჟამსა გაუწყრა ხონთქარი ამისთვიის, რომ მაშინ ბასიანს, თუ შენ ბაგრატს არ მოჰყოლოდი, იმდენს ჯარს ვერ ამომიწყუეტდაო ბაგრატი. გამოუსია ჯარი და მოვიდნენ ბათომს და დაუწყეს ციხეს შენება კატარღებითა და ნავებითა“ (ქ.ცხ. II, 1959: 360).

შეკრიბა გურიელმა ჯარი და შეუტია ოსმალებს. განდევნა ისინი ბათუმიდან. ოსმალები ზღვიდან ნავებით გაბრუნდნენ უკან. ჭოროხი იმ დროს ადიდებული იყო და გურიელის ჯარმა ცხენებით ვეღარ გადალახა იგი. ოსმალები გონიოს ციხეში გამაგრდნენ, დაიწყეს ციხის განახლება და აქციეს იგი გურია-აჭარაზე თავდასხმების ავანპოსტად. „და მივიდნენ გონიასა და ციხეს დაუწყეს შენება. დაიწყეს სიმაგრე ოსმალთა და ჭანეთი ამოსწყვიიტეს, წაართუეს გურიელსა და თვით დაიჭირეს“ [ქ.ც. 1959; 360].

ჩანს, რომ ბათუმი ამ დროს მცირე ხნით ისევ გურიელის მფლობელობაში რჩებოდა. როდესაც ბაგრატმა მისი ძმა ვახტანგი გურიელთან დადიანის და გურიელის კავშირის ჩასაშლელად და გურიელისათვის მხარდასაჭერად გამოაგზავნა, ისინი ბათუმში შეხვდნენ ერთმანეთს: „და მივიდა ვახტანგ გურიელთანა ბათომსა, როსტომ გურიელი და გურიელნი იქ დახუდენ. ვინათგან დადიანი ვეღარ მოეშუელა, კატარღა და ნავები ვეღარ იშოვნეს და ვერცაღა განვიდენ გაღმა. მაშინ ოსმალთა სცნეს რა ესე, აღაშენეს ციხენი და დაიპყრეს ჭანეთი“ (ქ.ცხ. II, 1959: 360).

დღემდე ჩვენთვის ცნობილი ოსმალური წყარო, სადაც ბათუმი ოსმალეთის სანჯაყად, ანუ სადროშოდ არის მოხსენიებული, 1549 წლით არის დათარიღებული [BOA KKT, RD 209: 78, 80, 154]. ამავე წლით დათარიღებულ ერთ-ერთ ხელნაწერში ნათქვამია, რომ ოსმალებმა გონიოს ციხე აიღეს და ციხის მცველ აზნაურებს თავები მოკვეთესო. შესაძლებელია, ეს დოკუმენტი ცოტა მოგვიანებით იყოს შედგენილი, მაგრამ, ჩანს, რომ გონიო ხოფაზე ბევრად გვიან, მაგრამ შესაძლებელია, ბათუმთან შედარებით ადრე დაექვემდებარა ოსმალეთს. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული ოსმალური საისტორიო დოკუმენტების ანალიზი. აშკარაა, რომ ბათუმი ოსმალებმა მოგვიანებით, 1540-იანი წლების ბოლოს დაიპყრეს2. როგორც ჩანს, საზღვარი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სარფის მიდამოებში გადიოდა. ან კონკრეტულად სარფის ქედზე, რომელიც ამჟამად გზის გაყვანის გამო მოშლილია, ან მის მახლობლად დღევანდელ სოფელ ქოფმუშთან, სადაც მოგვიანებით, 1877-78 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ ორ იმპერიას შორის საზღვარი დაიდო. აქაური რელიეფი სრულიად იძლევა საშუალებას მსგავსი ვარაუდის დასაშვებად. თანაც ფაქტია, რომ მოცემულ ადგილზე საზღვრის გავლებას გარკვეული წინაპირობა, მიზეზი უნდა ჰქონოდა. შემდგომში ოსმალებმა გონიო დაიპყრეს, უფრო მოგვიანებით - ბათუმი.

XVI ს-ის 40-50-იან წლებში ოსმალებმა კიდევ დაიპყრეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს გარკვეული ნაწილი. ოსმალეთსა და სპარსეთს შორის დადებული 1555 წლის ამასიის ზავის პირობებით საქართველო ამ ორმა იმპერიამ შემდეგნაირად გაიყო: „მესხეთი, ქართლი და კახეთი ირანს ერგო, სამცხე-საათაბაგოს დიდი ნაწილი, იმერეთი, ოდიში, გურია და ლაზის ქვეყანა ტრაპიზონისა და ტირიბულუს საზღვრამდე - ოსმალეთს“ (სვანიძე: 1971: 79). როგორც ვხედავთ, სარფი აქაც ოსმალეთის შემადგენლობაშია.

როგორც წესი, ოსმალებმა ახლად დაპყრობილ ტერიტორიებზე საკუთარი მმართველობის წესების შემოღება დაიწყეს. მმართველობის დამკვიდრების უპირველესი პირობა იყო ოსმალური ადმინისტრაციული მმართველობის შემოღება. ასე მოხდა ქართულ ტერიტორიებზეც.

ოსმალეთის სახელმწიფოში ადმინისტრაციული დაყოფის პრინციპი მდგომარეობდა შემდეგში: ყველაზე პატარა ადმინისტრაციული ერთეული იყო სოფელი. შემდეგ ნაჰიე, რომელშიც რამდენიმე სოფელი იყო გაერთიანებული. უფრო მსხვილი ადმინისტრაციული დანაყოფი იყო კაზა, რომელიც ნაჰიეებისა და ცალკეული სოფლებისაგან შედგებოდა. ნაჰიეები და კაზები სანჯაყებში ერთიანდებოდნენ, ხოლო სანჯაყები ქმნიდნენ ყველაზე მსხვილ ადმინისტრაციულ ერთეულს - ვილაეთს.3 ვილაეთს სათავეში ედგა ემირთა ემირი, იგივე ბეგლარბეგი. სანჯაყებს სანჯაყბეგები მართავდნენ. კაზებს სათავეში ხშირად ყადი ედგა. მისი მმართველობა სასულიერო, სამართლებრივი საქმიანობის აღსრულებასა და ცენტრალური ხელისუფლებიდან მიღებული ბრძანებების განხორციელებაში გამოიხატებოდა. ზოგ ადგილას კაზას მართავდა სუბაში - სამხედრო პირი, რომელიც სამხედრო საკითხებზე იყო პასუხისმგებელი (Halaçoğlu, 1998: 83).

კიდევ ერთი საკითხი, რითაც ოსმალთა სახელმწიფო დაპყრობილ ტერიტორიაზე საკუთარი მმართველობის ფორმების დამკვიდრებას ცდილობდა, მიწისმფლობელობის ფორმების შემოღება იყო.

ოსმალეთის იმპერიაში დამკვიდრებული იყო სამხედრო ლენური სისტემა, ანუ ყოველი მიწის ნაკვეთი გაიცემოდა სამხედრო ვალდებულებებით. მიწის მფლობელი ვალდებული იყო საომარ ვითარებაში მისი მიწიდან გარკვეული რაოდენობის მეომარი გამოეყვანა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყოველი მიწის მეპატრონე სამხედრო პირი იყო. გამოსაყვანი მეომრების რაოდენობა დამოკიდებული იყო მიწის ფართობსა და მის შემოსავალზე. შემოსავლების მიხედვით, მიწა სამ კატეგორიად იყოფოდა. ყველაზე მცირე იყო თიმარი. მისი შემოსავალი განისაზღვრებოდა 20 ათას ახჩამდე.4 20-დან 100 ათას ახჩამდე შემოსავლის მქონე მიწას ზეამეთი ეწოდებოდა, ხოლო 100 ათას ახჩაზე მაღალი შემოსავლის მქონე მიწებს, ანუ ხასებს მხოლოდ სულთნის ახლო წრე და ბეგლარბეგები ფლობდნენ.

მთავარი, რასაც ოსმალთა იმპერიის ეკონომიკა ემყარებოდა, დაპყრობილი მოსახლეობისა და ტერიტორიების გადასახადებით დაბეგვრა იყო. ამიტომაც იყო, რომ ქვეყნის „ხმალზე დაყრდნობილმა ეკონომიკამ“ უმალ იწყო დაღმასვლა, როგორც კი ოსმალურმა ხმალმა ძველებურად ვეღარ გაჭრა.

საგადასახადო სისტემა ოსმალეთში მრავალფეროვანი იყო. ისინი ორ ძირითად ნაწილად იყოფოდა: 1) შარიათის პრინციპებზე, ანუ ისლამურ სამართალზე დაფუძნებული; 2) ოსმალური კანონმდებლობით, სულთნის, დიდ-მოხელეების ნება-სურვილის მიხედვით შემოღებული და ადათ-წესებსა და ჩვეულებებზე დამყარებული გადასახადები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის არამუსლიმი მოსახლეობა უფრო გაზრდილ და განსხვავებულ გადასახადებს იხდიდა, ვიდრე მუსლიმი.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, აგრეთვე, არამუსლიმი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა იმპერიაში.

დაპყრობითი ომების შედეგად, ოსმალეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა არამუსლიმი მოსახლეობის დიდი რაოდენობა, რომელიც ბევრად უუფლებო იყო და ეკონომიკურად არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებოდა მუსლიმებთან შედარებით. არამუსლიმებს არ შეეძლოთ სახელმწიფოს ადმინისტრაციულ და სამხედრო უწყებებში სამსახური, ეკრძალებოდათ იარაღის ტარება და შეკაზმული ცხენით სიარული, უნდა გაეკეთებინათ განმასხვავებელი ნიშანი საცხოვრებელ სახლზე, ჩაეცვათ განსხვავებული ტანსაცმელი და სხვა (სვანიძე, 2007: 137-138). გარდა იშვიათი გამონაკლისისა, მათ არ ჰქონდათ მიწის ფლობის უფლება.

პერიოდულად გამოდიოდა სულთნის ფირმანები, სადაც რეგლამენტირებული იყო არამუსლიმთა უფლებები. რა თქმა უნდა, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ეს ყველაფერი ზედმიწევნით სრულდებოდა, მით უმეტეს, იმპერიის ისეთ ღრმა და წინააღმდეგობებით სავსე პროვინციებში, როგორიც აღმოსავლეთ ლაზეთი და სხვა ქართული ტერიტორიები იყო, მაგრამ ამ ყველაფერში აშკარად ჩანს ოსმალთა სახელმწიფოს დამოკიდებულება არამუსლიმი მოსახლეობისადმი და ჩვენი ახლადდაპყრობილი ქრისტიანული მოსახლეობის უფლებები.

ოსმალეთის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ XV ს-ის მეორე ნახევრიდან შეიმუშავა არამუსლიმი ხალხებისთვის ისეთი მმართველობის სისტემა, რომელიც, ერთის მხრივ, საშუალებას მისცემდა სულთანს, მორჩილებაში ჰყოლოდა ისინი, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო ხაზინაში შეფერხების გარეშე შესულიყო მათზე დაწესებული გადასახადები. საყურადღებოა, რომ ამ პერიოდში ოსმალეთის სახელმწიფოში მცხოვრები ქრისტიანული მოსახლეობა აღემატებოდა მუსლიმურს.

სიტუაციის სამართავად სულთნის ხელისუფლებამ შემოიღო მილეთური მმართველობის სისტემა5. 1454 წელს მეჰმედ II-მ (1451-1481 წწ.) კონსტანტინოპოლის პატრიარქთან დადო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იკრძალებოდა ეკლესიების მეჩეთად გადაკეთება; მართლმადიდებლებს მიეცათ უფლება, ელოცათ და შეესრულებინათ რელიგიური ადათ-წესები; კონსტანტინოპოლის პატრიარქს დარჩა სასულიერო ხელისუფლება და ნაწილობრივ საეროც (ნიშნავდა თანამდებობებზე, ჰქონდა ხაზინა, კრეფდა გადასახადებს და სხვ.). სასამართლოებს ქრისტიანული კანონებისა და წეს-ჩვეულებების მიხედვით ატარებდნენ (სვანიძე, 2007: 138).

მოგვიანებით, 1461 წელს შეიქმნა სომხური მილეთიც, რომელსაც სათავეში ედგა კონსტანტინოპოლის სომეხთა პატრიარქი. ამავე საუკუნის ბოლოს შეიქმნა „ებრაელთა მილეთი“. დროთა განმავლობაში ამ ორგანიზაციების რაოდენობამ იმპერიაში ცამეტს მიაღწია.

უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ლოიალური პოლიტიკა სულთანს გამიზნული ჰქონდა ახალდაპყრობილ ხალხში წინააღმდეგობის გასანელებლად. ოსმალეთის სახელმწიფოს პოლიტიკა არამუსლიმების, განსაკუთრებით მართლმადიდებლების მიმართ დროთა განმავლობაში თანდათან შეიცვალა. ამის მაგალითად ისიც საკმარისია, რომ 1580-იან წლებში, მურად III-ის ბრძანებით, ტრაპიზონის ბეგლარბეგმა ტრაპიზონის აია სოფიას ტაძარი მეჩეთად გადააკეთა. ქართველი (ლაზი) მოსახლეობა, როგორც ორთოდოქსალური, მართლმადიდებელი ქრისტიანობის მიმდევრები, ბერძნული ეკლესიის კატეგორიაში განიხილებოდა.

ახალი მმართველობის შემოღებას ხშირად ადგილობრივი მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობა ხვდებოდა. გიორგი ყაზბეგი ლაზეთის შესახებ წერს, რომ: „ტრაპიზონის იმპერიის დროს ლაზეთი თავისუფალ მხარედ დარჩა და თურქებმა, რომელთაც XIV და XVII საუკუნეში ყველა მეზობელი მიწები დაიპყრეს, ჩვენი საუკუნის ოციან წლებამდე აქ შესვლა ვერ შეძლეს. ამ პერიოდის ლაზეთისა და თურქეთის ურთიერთობა შეიძლება 1850 წლამდე სვანეთისა და რუსეთის ურთიერთობას შევადაროთ“ (ყაზბეგი, 1995: 119). შეიძლება აქ მოყვანილი შედარება გადაჭარბებული იყოს, მაგრამ ახალი მმართველობის დამკვიდრებას ადგილობრივი მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობა რომ მოჰყვებოდა და პროცესიც დიდხანს გაგრძელდებოდა, ეს ბუნებრივია.

თურქული საისტორიო ლიტერატურის მიხედვით, 1461 წელს ტრაპიზონის დაპყრობის შემდეგ შექმნილი ამავე სახელწოდების სანჯაყის საზღვრები აღმოსავლეთით მდ. ჭოროხის შესართავამდე გრძელდებოდა. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში „შესართავი“ პირობითია და ზუსტი ლოკალიზაცია ვერ იქნება, რადგან აღმოსავლეთ ჭანეთი და გონიოს ციხე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოგვიანებით დაექვემდებარა ოსმალეთს.

თავდაპირველად დღევანდელი სარფის ტერიტორია არქაბის (იგი ხშირად ლაზის სახელწოდებითაც მოიხსენიებოდა) კაზაში გაერთიანდა, რომელიც, თავის მხრივ, ტრაპიზონის სანჯაყს ექვემდებარებოდა. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა 1554 წელს შედგენილი ოსმალური კანუნ-ნამე, საიდანაც ირკვევა, რომ ოსმალთა მიერ დაპყრობილი ჭანეთი ტრაპიზონის ლივაში იყო გაერთიანებული და შეიცავდა რიზეს, ჰემშინის, ოფის, ათინის, არქაბის (არჰავეს) კაზას. ამ უკანასკნელს ექვემდებარებოდა ლაზის, ისკელეს, გონიოს ნაჰიეები. სარფის მიდამოებიც ხან ლაზისა და ხან კიდევ გონიოს ნაჰიეების შემადგენლობაში შედიოდა. კონკრეტულად სოფელი სარფი, როგორც ტოპონიმი და დასახლებული პუნქტი ადრინდელ დოკუმენტებში არ ფიქსირდება. უფრო გვიანდელ დოკუმენტებში, როგორც ქვემოთ ვნახავთ, XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე მაკრიალთან ერთად ლაზს ექვემდებარება, უფრო გვიან - XIX ს-ში კი იგი გონიოს კაზას დაქვემდებარებაშია.

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ქართველ ისტორიკოსთა ნაწილის აზრით, ლალა მუსტაფა ფაშას ამიერკავკასიაში ლაშქრობის (1578-79 წწ.) შემდგომაც ბათუმი გურიელის სამფლობელოში შედიოდა. მ. სვანიძის თანახმად, ,„საზღვარი ოსმალეთსა და დასავლეთ საქართველოს შორის მდინარე ჭოროხზე გადიოდა. ოსმალებს გონიოში ჰქონდათ გახსნილი თავიანთი საბაჟო, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ გონიო სასაზღვრო პუნქტი იყო. მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირიდან იწყებოდა საქართველოს საზღვარი“ (სვანიძე, 1990: 219). მართალია, არსებული წყაროების თანახმად, უფრო სარწმუნო ჩანს მოსაზრება, რომ ბათუმის ტერიტორია უკვე XVI ს-ის 50 წლებში ოსმალეთს დაპყრობილი აქვს - საბაჟოს მდებარეობა არ ნიშნავს, რომ საზღვარი მაინცდამაინც იმ ადგილზე გადის, ის შეიძლება საზღვრის მახლობლად ქვეყნის შიგნითაც იყოს, - მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი ნაკლებად მნიშვნელოვანია: აშკარაა, რომ დღევანდელი ბათუმის ტერიტორიას გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ თმობდა გურიელი და, როგორც ჩანს, ახერხებდა კიდეც მის წართმევას ოსმალეთისთვის, მაგრამ ამჯერად სარფის საკითხი უფრო გვაინტერესებს, ვიდრე ბათუმისა, ხოლო სოფლის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მისი ტერიტორია ამ კონკრეტულ დროსაც ოსმალეთის შემადგენლობაშია.

ბათუმის დაპყრობისა და ახალი სანჯაყის შექმნის შემდეგ, საფიქრებელია, 1554 წელს გონიოს ნაჰიე, ათინა ჰემშინი და არქაბის კაზები ბათუმის სანჯაყს დაექვემდებარა. ორ სანჯაყს შორის საზღვარი მაფავრის (დღევანდელი ჩაელის - ზ.შ.) კაზაზე გადიოდა (Bostan, 2002: 48).

1556 წლის 23 აგვისტოთი დათარიღებული დოკუმენტის მიხედვითაც გონიო ბათუმის სანჯაყის შემადგენლობაშია (MD II: 138). თავდაპირველად ბათუმის სანჯაყი გონიოს სანჯაყადაც მოიხსენებოდა, 1556 წლის 26 აგვისტოთი დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, ადმინისტრაციულად გონიოს (ბათუმის - ზ.შ.) სანჯაყი მისდამი დაქვემდებარებულ ლაზის ნაჰიესთან ერთად მოხსენებულია ტრაპიზონის ვილაეთის შემადგენლობაში (KKT 215: 153).

1581 წლის დასაწყისში, ზოგიერთი მონაცემით - 1582 წელს, მურად III-ის (1574-1595 წწ.) მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული რეფორმების დროს, ბათუმის და ტრაპიზონის სანჯაყები ახლადშექმნილ ბათუმის, იგივე ტრაპიზონის საბეგლარებეგოში, ანუ ვილაეთში გააერთიანეს (Goloğlu, 2013: 64). ეს იყო ტერიტორიულად იმპერიის ყველაზე მცირე ვილაეთი, რომელშიც მხოლოდ ორი სანჯაყი იყო გაერთიანებული. სახელწოდებაც, როგორც ჩანს, იმის მიხედვით იცვლებოდა, თუ საით გადაინაცვლებდა ცენტრი, ანუ რომელ სანჯაყში იჯდა ბეგლარბეგი. სანჯაყებს შორის საზღვარიც ხშირად იცვლებოდა.

„ბათუმის სანჯაყის აღწერის ვრცელ დავთარში“, რომელიც XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე უნდა იყოს შედგენილი, არქაბის, ანუ ლაზის ნაჰიე ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად არის შესული და 83 სოფელს მოიცავს. ამ სოფელთა ჩამონათვალში 27-ე და 28-ე სოფლებად რეგისტრირებულია სარფორ-ი და მაკრიალო (TD 0122: 43). „მაკრიალო“ მაკრიალი უნდა იყოს. სახელწოდების მოცემული ფორმით გადმოცემა შეიძლება გამოწვეული იყოს მისი ძველი სახელწოდებიდან. როგორც ცნობილია, კომნენოსთა სამეფოს ოფიციალურ ისტორიკოსს მიქაელ პანარეტოსს XIV ს-ის ,,ტრაპიზონის ქრონიკაში“ მაკრიალი მოხსენებული აქვს როგორც ,,მაკროსეგიალო“ და ,,მაკრეგიალო“ (შ. მამულაძე, ე. კახიძე, კ. ქამადაძე, 2014: 13) და შესაძლოა „ო“ დაბოლოებაც აქედან მომდინარეობდეს. რაც შეეხება სარფორს, აქ საქმე სხვაგვარადაა. ვფიქრობთ, ეს სახელწოდება პირდაპირ უკავშირდება დღევანდელ სარფს. შესაძლებელია, ზუსტად ამ ადგილზე არა, მაგრამ მსგავსი სახელწოდების სოფელი ამ ტერიტორიაზე არსებობდა.

აღნიშნული დოკუმენტის იმ ნაწილში, სადაც სოფელი უკვე დაწვრილებით არის აღწერილი, იკითხება „სარფო“. ეს ფაქტი აშკარად დოკუმენტის შემდგენელი ოსმალო მოხელის ენობრივ ბარიერს უნდა უკავშირდებოდეს. მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით აკად. ს. ჯიქია აღნიშნავდა, რომ „ერთი ენის ენობრივი მასალის გადმოცემა მეორე ენის გრაფიკული საშუალებებით გარკვეული რიგის დაბრკოლებებს ხვდება. ასეთ შემთხვევაში სხვადასხვა ენის ფონეტიკური განსხვავებულობით შეპირობებული მეტ-ნაკლები ოღროჩოღროობა, რა თქმა უნდა, ყოველთვის იჩენს თავს“ (ჯიქია, 1958: 24). ამას ემატება ისიც, რომ უცხო ენაზე წარმოთქმულ ამა თუ იმ ტერმინს თუ ტოპონიმს დოკუმენტის შემდგენელი ხშირად არასწორად აღიქვამდა. ამით არის გამოწვეული აღნიშნული შეცდომაც. ,„ბათუმის დავთარში“ აღნიშნული ეს სოფელი მისი მდებარეობითაც და სახელწოდებითაც გვაფიქრებინებს, რომ იგი დღევანდელ სარფს უკავშირდება. სარფი თურქულად ციცაბოს, ფრიალოს ნიშნავს, რაც კლდესთან ასოცირდება, ხოლო „ორ“ დაბოლოება შესაძლებელია „-ონი“ („-ონ“ - თურქულში „ი“ ჩამოცილებულია) ლაზურის სუფიქსის მცდარი ფორმა იყოს. დასაშვებია, რომ გაერთიანებული თურქულ-ლაზური ტოპონიმია, რაც ერთიანობაში კლდიანის, კლდოვანის მნიშვნელობას იძენს6. ამ ვარაუდს ამყარებს სარფის ლანდშაფტიც. ვფიქრობთ, რომ XVII ს-ის ბოლოსა და XVIII ს-ის დასაწყისის ამსახველი ამ სურათის გაცნობა საყურადღებო უნდა იყოს დაინტერესებულ პირთათვის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენი ვარაუდი მცდარია, „დავთრის“ ამ ეპიზოდის განხილვა პირდაპირ გაგვაცნობს მოცემულ პერიოდში ამ ტერიტორიაზე არსებულ დემოგრაფიულ, რელიგიურ, ეთნიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა მდგომარეობას.

როგორც აღვნიშნეთ, დავთარში ჩვენ მიერ ნავარაუდევი სარფი არქაბის, იგივე ლაზის ნაჰიეს 28-ე სოფლად არის რეგისტრირებული. ნათქვამია, რომ სოფელი სარფო ექვემდებარება ლაზს. სოფელში 34 კომლია. მოცემულია კომლთა მეთაურების ჩამონათვალი: თევდემ მუსტაფას ძე, კოკი კოსტანის ძე, კოსტან თევდორეს ძე კორაშ (?), კოკი თადილის ძე, ბარამ ძმა მისი, კოკი ალექსის ძე, მიჰაილ ძმა მისი, მიჰაილ მამიას ძე, მამია ძე მისი, მიჰაილ ძე თევდორესი, ლევანი დერილის ძე, თევდორე თევდორე ზილას ძე, თევდორე თევდორე ზილის ძე (მეორდება იგივე სახელი - ზ.შ.), მიჰაილ ძე მისი, მეჰმედ ძე თევდორესი, მუსტაფა ძე მისი, ალი ძე, კერისონ აბრაგილის ძე, მუსტაფა ძე შაბანისა, ისკენდერ ბაბადის ძე, ალექსი შალვას ძე, გრიგორ ძმა მისი, იანი შალვას ძე, ჰუსრევ ძე ჰუსეინისა, ანდრია ძე გრიგორ მიჰაილისა, ისკენდერ იანი რადივანის ძე, კოსტან თევდორეს ძე, ქრისტოდოლ ძე მისი, კამი ძე შალვასი, მუსტაფა ძე გრიგორისა, კასიმ ჰუსეინ მაილას ძე, მიჰაილ შალვას ძე, შაშვა თევდორეს ძე, იანი კოსტანის ძე (TD 0122: 64-65).

თუ გავითვალისწინებთ, რომ საშუალოდ ერთ კომლში 5-6 კაცი იქნებოდა, გამოდის, რომ სოფლის მოსახლეობა 150 კაცს აღემატებოდა. ჩამონათვალიდან აშკარად ჩანს სოფლის ეთნიკური და რელიგიური სურათიც. არიან ახლად გამუს- ლიმებულებიც, რომლებმაც, როგორც ჩანს, რჯულის შეცვლასთან ერთად სახელებიც შეიცვალეს, ხოლო მამის სახელები ქრისტიანულია. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ქრისტიანია.

წყაროში მოცემულია სოფელზე შეწერილი გადასახადებიც. ირკვევა, რომ მხოლოდ 7 კომლი იხდის მუსლიმებისათვის დაწესებულ მიწის გადასახადს, ბენაქსა და მუჯერედს. დანარჩენები იხდიან ქრისტიანებზე დაწესებულ მიწის გადასახადს - ისფენჯს.7 წარმოდგენილია მთელი სია, თუ მოცემულ მომენტში ვინ ამუშავებს ამა თუ იმ მიწის ნაკვეთს, წისქვილებს.

ფიქსირდება საყადო (სავექილო) გადასახადი, რომელიც ძირითადად ჯარიმების სახით აიკრიფებოდა. გადასახადთა ჩამონათვალით ნათელი ხდება, თუ რა სასოფლო-სამეურნეო კულტურები იყო გავრცელებული მოცემულ ადგილებზე. ამრიგად, სარფში დამოწმებულია გადასახადები ხილზე, ბოსტნეულზე, ყურძნის წვენზე, ღვინოზე, კაკალზე, ღორზე, წვრილფეხა საქონელზე, ფუტკარზე. ჩანს, რომ სოფელში მოჰყავდათ საკმაოდ დიდი რაოდენობით კანაფი, რომელიც გამოიყენებოდა გემთმშენებლობაში. მარცვლეული კულტურებიდან სოფელში ითესებოდა ფეტვი და ასლი (წვრილმარცვალა, სპელტა).

წესისამებრ, როგორც მთელ იმპერიაში, ისე სარფშიც, ქრისტიანი (ზოგადად, არამუსლიმი) უფრო მძიმე გადასახადებს იხდიდა, ვიდრე ისლამის მიმდევარი. ამ დოკუმენტითაც კარგად ჩანს, რომ ბენაქს მუსლიმი იხდიდა 12 ახჩის ოდენობით, მუჯერედი 6 ახჩა იყო, ხოლო ისფენჯის სახით ქრისტიანები 25 ახჩას იხდიდნენ. მაღალი გადასახადები იყო დაწესებული ღორზე და ღვინოზე, რადგან ისლამი კრძალავს მათ მოხმარებას. გარდა ამისა, ქრისტიანები იხდიდნენ სხვა გადასახადებსაც, მათ შორის, ჯიზიეს. დიდი რაოდენობით გადასახადები და დამძიმებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოსახლეობის შემდგომი ისლამიზაციისა.

როგორც ვხედავთ, XVIII ს-ის დასაწყისისათვის ისლამიზაციის პროცესი სარფსა და რეგიონში ახალი დაწყებულია. ჯერ მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს ისლამი მიღებული. მოსახლეობის ისლამიზაცია არ არის ერთჯერადი პროცესი, იგი ვითარდება დროსა და გარემოში. უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი როგორც სარფში, ისე ოსმალეთის მთელ ქართულ-ლაზურ პროვინციებში მთელი XVIII ს-ის განმავლობაში მიმდინარეობდა.

XVIII ს-ის შუა ხანებისათვის პროცესი უფრო შორს არის წასული. ამასთან დაკავშირებით, ჭანეთის შესახებ, ვახუშტი წერს: ,,კაცნი არიან ხელოვანნი ხის მუშაკობითა და შენებითა ნავთათან დიდთა და მცირეთა, და სარწმუნოებით აწ სრულიად მოჰმადიანნი, გარნა მცირედნი ვინმე მოიპოებიან ქრისტიანენი“-ო [ვახუშტი 1973; 690]. ქვემოთ ჩვენ ვნახავთ, რომ, უფრო გვიანდელი დოკუმენტების თანახმად, სარფსა და მთელ რეგიონში, XIX ს-ის პირველ ნახევარში, ეს პროცესი უკვე დასრულებული იყო.

1831 წელს ოსმალეთის იმპერიაში პირველად დაიწყო მოსახლეობის აღწერა, რომელიც 1847 წლამდე გრძელდებოდა. აღწერა ეხებოდა მხოლოდ მუსლიმ მამაკაცებს, მიუხედავად ასაკისა. მუსლიმ მამაკაცთა რაოდენობის დადგენა, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავდა ქვეყნის სამხედრო პოტენციალის შესწავლას.

აღნიშნული აღწერა ოსმალეთის იმპერიის ქართულ პროვინციებში ჰიჯრით 1251 წელს (ემთხვევა გრიგორიანული კალენდრის - 29.04. 1835-18.04.1836) ჩატარდა. ეს გახლავთ იმპერიის მმართველობის ახალ ეტაპზე გადასვლის წინა პერიოდი. 1839 წელს ოსმალეთის იმპერიაში დაიწყო ,,თანზიმათის“ რეფორმები, რომელმაც, სხვა სისტემებთან ერთად, ქვეყანაში შეცვალა ადმინისტრაციული მართვის ფორმებიც.

აღწერის დოკუმენტის მიხედვით, სარფი ბათუმის სანჯაყის შემადგენლობაშია. მაშინდელი ბათუმის სანჯაყი მოიცავს გონიოს კაზას, ბეღლევანის ნაჰიეს, გონიოს ნაჰიეს, ბათუმის კაზას ნაჰიეს, ერგეს ნაჰიეს და ჩაქვის ნაჰიეს. იგი მოიცავს ბათუმის შემოგარენში მდებარე სოფლებს, ჩრდილო-აღმოსავლეთით ვრცელდება ჩაქვის ჩათვლით, სამხრეთით მოიცავს მდინარე ჭოროხის ქვედა წელს, ლიგანის ხეობას ბორჩხას ჩათვლით, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით, ზღვის სანაპირო ზოლზე მოიცავს ტერიტორიებს მაკრიალის და აბასლაჰის (აბუ ისლას,ძვ. აზლაღა, დღევანდელი ესენქიი) ჩათვლით.

გონიოს მიმდებარე ტერიტორიები ორ ადმინისტრაციულ ერთეულში - გონიოს კაზასა და გონიოს ნაჰიეშია გაერთიანებული. სარფი გონიოს კაზას ექვს დასახლებულ პუნქტს შორის ბოლო სოფლად არის რეგისტრირებული. აქვეა სოფელი აბასლაჰი, მაკრიალი, ლიმან მაკრიალი (მაკრიალის ნავსადგური) და სოფელი გონიოს ციხე. ცალკე არის აღწერილი მაკრიალში დასახლებული მომთაბარე ქურთები, დაახლოებით 50 მამაკაცი. გონიოს ნაჰიე მოიცავს ქვემო მარადიდს, მირვეთს, ზემო მარადიდს, მახოს, თხილნარს და სიმონეთს.

თანზიმათის რეფორმების შედეგად შეიქმნა ახალი - ლაზისტანის სანჯაყი, რომელიც მოიცავდა აღმოსავლეთ ჭანეთს ბათუმის შემოგარენით, მისი ცენტრი იყო ბათუმი.

ზემოთ მოცემული ადმინისტრაციული საზღვრები, მიუხედავად თანზიმათის დროს ჩატარებული რეფორმებისა, ჩანს, რომ 1877-78 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომამდე არ შეცვლილა, რადგან 1876 წლის მონაცემებითაც სარფი სოფელ აბასლას ჩათვლით, გონიოს ნაჰიეს შემადგენლობაშია. უბრალოდ, გონიოს კაზა აქ უკვე ნაჰიედ არის მოხსენებული [Artvinli 2013; 51].

ხსენებული ომის შემდეგ, სანსტეფანოს ზავითა და შემდეგ ბერლინის ტრაქტატით, რუსეთმა შეიერთა ყარსი, არტაანი და ბათუმი. ისტორიული საქართველოს დიდი ნაწილი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველოს შემოუერთდა.

ზავის შედეგად რუსეთის იმპერიას ლაზეთის მხოლოდ უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი შეუერთდა. იმპერიებს შორის ახალი საზღვარი სარფის მახლობლად, დღევანდელ სოფელ ქოფმუშთან გადიოდა. სარფი ამჯერად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში რჩებოდა.

$3. სარფი რუსეთის იმპერიაში

სარფის გათავისუფლება თურქთა ბატონობისგან რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წწ. ომის შედეგად მოხდა. ბერლინის კონგრესზე რუსეთმა შეძლო სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებით მიღებული ტერიტორიების ძირითადი ნაწილის შენარჩუნება. კონგრესმა დაადასტურა რუსეთის შემადგენლობაში ყარსის, კოლა-არტაანის, აჭარის, ტაო-კლარჯეთის, შავშეთ-იმერხევის, ლაზისტანის ნაწილისა და ბესარაბიის გადასვლა (Cборник договоров … 1952, 184-205). ამ ხელშეკრულებით საქართველოს დაუბრუნდა ისტორიული სამხრეთ-დასავლეთი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი. სამწუხაროდ, ისტორიული ლაზეთის მხოლოდ მცირე ნაწილი შემოუერთდა მაშინ დედასამშობლოს, „სახელდობრ ჩხალის ხეობა, რომელიც მარადიდის საბოქაულოში (სამუდიროში) შედიოდა. ლაზეთის ეს ნაწილი სულ 16 სოფლისგან შედგებოდა და მას ეჭირა ზღვის სანაპირო ზოლი სოფელ სარფიდან ლიმანამდე“ (ვანილიში, თანდილავა, 1964:57).

1877-1878 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად შემოერთებული ქართული ტერიტორიები, ცარიზმის გადაწყვეტილებით, ორ ადმინისტრაციულ ერთეულში - ყარსისა და ბათუმის ოლქებში მოექცა. ყარსის ოლქში გაერთიანდა: კოლა- არტაანი, ოლთისი, ხოლო ბათუმის ოლქში - აჭარა, მაჭახელი, ბათუმ-ქობულეთი, ლივანა, შავშეთ-იმერხევი, არტანუჯი და ლაზისტანის ნაწილი (გონიო, სარფი, მაკრიალი, ლიმანი) (ნარკვევები, 2008: 55). ვინაიდან აღნიშნული ოლქები რუსეთისათვის განსაკუთრებული სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე იყო, სწორედ ამის გათვალისწინებით შემუშავდა მათი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და მმართველობითი სტრუქტურა.

ახლად-შემოერთებული ლაზეთის ტერიტორია ბათუმის ოლქის, ხოლო ჩვენთვის საინტერესო სოფელი სარფი გონიოს უბნის შემადგენლობაში მოექცა. სხვათა შორის, გ. ყაზბეგი, რომელმაც XIX ს. 70-იან წლებში მოიარა ,,თურქეთის საქართველო“, გვამცნობს, რომ ოსმალთა მმართველობის ხანაში ლაზეთი ხუთ სამუდიროდ (საბოქაულოდ) იყოფოდა: ხოფა, გონიო, არქაბი, ათინა და ხემშინი. სარფი მაშინაც გონიოს სამუდიროში შედიოდა, მაგრამ ყაზბეგი მიუთითებს, რომ „გონიოს მუდირის რეზიდენცია ამჟამად ჭოროხის ნაპირზე, სოფელ მარადიდშია გადატანილი“ (ყაზბეგი, 1995: 152)

ალ. ფრენკელის მიხედვით, სარფში 35 კომლი და 214 მამაკაცი ცხოვრობდა (ფრენკელი, 2012:174), ხოლო ვ. ლისოვსკი სარფში 31 კომლსა და 200 სულის ასახელებს (Лисовский , 1886: 10).

რუსეთის ხელისუფლებამ ახლადშემოერთებულ ბათუმისა და ყარსის ოლქებში შემოიღო სამხედრო-პოლიციური მმართველობის სისტემა, რომლის მიხედვით ოლქის გუბერნატორები, ოკრუგების (მხარის) უფროსები და მათი თანაშემწეები აუცილებლად კადრის სამხედრო პირები უნდა ყოფილიყვნენ. 1879 წ. სექტემბრიდან ჩამოყალიბდა საოლქო მმართველობითი სტრუქტურები: კანცელარია, სამხედრო და სამოქალაქო საქმეების გამგებლობა, სამშენებლო განყოფილება, პოლიცია, ჟანდარმერია, ნოტარიატი, მომრიგებელი განყოფილება, სამედიცინო და ვეტერინარული ნაწილი, აგრონომიული სამსახური, ოკრუგებისა და საპოლიციო უბნების სამმართველო აპარატი (სცსსა, ფ.1149:61-63; Батумь... 1906: 465). ბათუმის ოლქის პირველი სამხედრო გუბერნატორი იყო გენერალ-მაიორი კომაროვი. იგი მალე შეცვალეს გენერალი სმეკალოვით, რომელიც 1883 წლამდე, ბათუმის ოლქის ქუთაისის გუბერნიასთან შეერთებამდე, იყო ამ თანამდებობაზე, ხოლო შემდეგ ქუთაისის სამხედრო გუბერნატორად გადაიყვანეს. 1878 წლის 11 დეკემბრის დადგენილებითა და 1878 წ. 9 მაისის ინსტრუქციით, ბათუმის ოლქზეც ვრცელდებოდა მთავრობის 1864 წ. სასამართლო დებულება და 1866 წლის კანონი ნოტარიატის შესახებ, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლისა და ისეთ სასარჩელო საქმეებს, რომლის ერთ-ერთი მოსარჩელე არამკვიდრი იყო, რუსული კანონების მიხედვით გაარჩევდნენ. 1879 წლიდან ბათუმის ოლქში მოქმედებდა მომრიგებლური სასამართლო, რომელიც ქუთაისის საოკრუგო სასამართლოს ექვემდებარებოდა და მისი ფუნქცია უფრო წვრილმანი საქმეების განხილვა იყო.

მმართველობის ყველა რგოლში საქმის წარმოება რუსულ ენაზე მიმდინარეობდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა. რუსეთის შემოსვლის შემდეგ სამხრეთ საქართველოს მოსახლეობის განწყობას გაზეთი „დროება“ ასე აღწერდა: „ჩვენ არ მიგვიღეს არავითარ სამსახურში, არ გვთვლიან რუსეთის სხვა ქვეშევრდომების თანაბარ მოქალაქეებად, არ ვიცით რუსული ენა, რუსული კანონები და ამით უფრო დაჩაგრულები ვართ“. ამას ემატებოდა ჩინოვნიკთა უხეშობა. მაგ. ბათუმის ოლქის პირველი გუბერნატორი კომაროვი იმდენად „გამოირჩეოდა“ ამ თვალსაზრისით, რომ თავად ხელისუფლება გახდა იძულებული, შეეცვალა იგი.

ბათუმის ოლქი ტერიტორიულად და მოსახლეობის თვალსაზრისით არ წარმოადგენდა მსხვილ ადმინისტრაციულ ერთეულს. 1906 წლის მონაცემებით ბათუმის ოლქის სოფლის მოსახლეობა შეადგენდა 121.832 სულს, ხოლო ბათუმის ოკრუგისა - 63.414-ს. ბათუმის ოლქში სულ 462 სოფელი შედიოდა, ბათუმის ოკრუგში - 300. ადმინისტრაციულად ოლქი 22 სასოფლო ოკრუგად და 108 სოფლის საზოგადოებად იყოფოდა. მის სათავეში იდგა სოფლის მამასახლისი (ბაშ-მუხტარი), რომელსაც ირჩევდა სოფლის მოსახლეობა და უბნის უფროსის წარდგინებით ამტკიცებდა ოკრუგის უფროსი. თითოეულ საპოლიციო უბანში, კინტრიშის უბნის გამოკლებით, სამი სასოფლო ოკრუგი შედიოდა. ბათუმის ოკრუგში ოთხი საპოლიციო უბანი გამოიყოფოდა: ზემო აჭარის, ქვემო აჭარის, კინტრიშის და გონიოს. როგორც აღვნიშნეთ, სარფი გონიოს საპოლიციო უბანში შედიოდა. ცარიზმის პოლიტიკის წყალობით, ქართველთა მონაწილეობა მმართველობის სისტემაში უმნიშვნელო იყო. მაგალითად, ბათუმის ოკრუგს სულ ორჯერ ჰყავდა ეროვნებით ქართველი უფროსი - გრიგოლ გურიელი და სამსონ ლორთქიფანიძე, ხოლო გონიოს საპოლიციო უბანს ერთადერთი ქართველი უფროსი ჰყავდა - ივანე მახვილაძე.

XIX საუკუნის 80-იანი წლების ბათუმის ოლქის (მათ შორის გონიოს უბნის) შესახებ მეტად საყურადღებო ცნობებს გვაძლევს ვ. ლისოვსკი ნაშრომში „ჭოროხის მხარე“. იმ დროისთვის გონიოს უბანი 14 სასოფლო თემში 61 სოფელი შედიოდა, რომლის მოსახლეობა შეადგენდა 8993 სულს. ლისოვსკი შემდეგნაირად ხატავს მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობას: ქართველი 5843 სული, ლაზი - 1889, ქურთი - 929, ჩერქეზი - 172 და თურქი -160. რელიგიური აღმსარებლობის თვალსაზრისით, მთელი მოსახლეობა მაჰმადიანი ყოფილა (Лисовский, 1887:11-12)

XIX ს. დამლევს რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს კოლონიურ სახელმწიფოს წარმოადგენდა. 1877-1878 წწ. ოსმალეთთან ომის შედეგად მისი სამფლობელოები ამიერკავკასიაში 23.108 კვ. კმ-ით გაიზარდა, რომელშიც 15.392 კმ2 საქართველოს ისტორიული მიწა-წყალი იყო (სცსსა, 229: 5). აღნიშნულ ტერიტორიებს რუსეთისათვის დიდი ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ა. ფრენკელის თქმით, „ბათუმის ოლქის შემოერთება ყარსთან ერთად იყო ჩვენი (იგულისხმება რუსეთის იმპერია - ჯ.კ) ერთადერთი სერიოზული და რეალური შედეგი ბოლო ომში (1877-1878 წწ. ომი - ჯ.კ) (Френкель, 1879: 5).

მეფის ხელისუფლება იმთავითვე აქტიურად შეუდგა ახლად-შემოერთებული მხარეების ათვისებას. იმისათვის, რომ არ დაეშვა ქართული ტერიტორიების კონსოლიდაცია და ეროვნული ცნობიერების გაძლიერება, ცარიზმი დაჟინებით ცდილობდა ხელსაყრელი და მდიდარი ადგილებიდან მკვიდრი მოსახლეობის აყრა-გადასახლებას (მუჰაჯირობის ცნობილი პროცესი - ჯ.კ) და იქ რუსი ან საერთოდ არაქართველი კოლონისტებისათვის ახალშენების მოწყობას, რაც უნდა გამხდარიყო კოლონიური ბატონობის მყარი საფუძველი. ასეთ ტერიტორიათა შორის მოიაზრებოდა სარფიც. საყურადღებოა ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორის, ბ. რომანოვსკი - რომანკოს 1910 წ. მიმართვა, რომელშიც იგი კავკასიის მეფისნაცვალს სწერდა: „რუსეთის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სასურველია, ადგილობრივი მოსახლეობის ემიგრაციაში წასვლა, უწინარესად იმ რაიონებიდან, სადაც კარგი ბუნებრივ-გეოგრაფიული და კლიმატური პირობები, მდიდარი წიაღისეულია“. ასეთ რაიონებად გუბერნატორი თვლიდა კინტრიშის და გონიოს უბნებს, სარფის სასოფლო ოკრუგს, ართვინიდან - მურღულის ხეობას. „რუსები აქ უნდა დავასახლოთ მტკიცედ მოფიქრებული გეგმით, - აღნიშნავდა იგი, - ბათუმის ოლქის დანარჩენი ნაწილი კი მთაგორიანი ძნელად მისასვლელია და ამდენად, ცხოვრებისთვის გამოუსადეგარია (ამხფ, 220:41-42).

ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ დიდი მონდომების მიუხედავად, ცარიზმმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, ჩანს, კოლონისტებისთვის საჭირო თავისუფალი მიწების არარსებობა ყოფილა, რაზეც მეფის ჩინოვნიკებიც „სწუხდნენ“. 1898 წ. მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონებათა სამინისტროს რწმუნებული კავკასიაში მთავარმართებელს მოახსენებდა, რომ აქ ახალშენების მოსაწყობად თავისუფალი მიწები არ მოიპოვებოდა (სცსსა, 12:116-117)

სარფის მოსახლეობა XIX ს. ბოლოსა და XX ს. დასაწყისში სოფლის მეურნეობის იმ დარგებს მისდევდა, რომლებიც, ძირითადად, განვითარებული იყო აჭარის ზღვისპირა ზოლში. ერთგვარ მონოკულტურებს წარმოადგენდა სიმინდი და ბრინჯი. სიმინდის კულტურა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, მკვლევართა აზრით, XVII ს. შემოსულა. ამ უხვმოსავლიანმა კულტურამ მალე შეავიწროვა ღომი და ფეტვი. აჭარაში სიმინდის სხვადასხვა ჯიშთან („ალთუნა“, „ბროლა“, „წვიტა“...) ერთად გავრცელებული იყო „ლაზური“ ჯიშიც.

სიმინდისა და ბრინჯის კულტურების არსებობაზე აჭარის ზღვისპირა ზოლში, კერძოდ კი გონიოს უბანში, საგანგებოდ მიუთითებს ვ. ლისოვსკიც (Лисовский, 1887, 85-86). ბრინჯის კულტურას მისდევდნენ სანაპირო ზოლში მდ. ჩოლოქიდან სოფელ მაკრიალამდე. ადრე ამ კულტურებისათვის გამოიყენებოდა ჩაქვის, ციხისძირის, ბათუმის შემოგარენის, გონიოს, სარფის, მაკრიალის ჭაობიანი ადგილები. შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ აკრძალა ბრინჯის მოყვანა იმ მოტივით, რომ იგი ხელს უწყობდა მალარიის გავრცელებას (თურმანიძე, 2008, 136) სოფლის მეურნეობის სხვა დარგებიდან სარფში მისდევდნენ მეფუტკრეობას, მეთამბაქოებას, მებაღეობას, მესაქონლეობას.

სარფის, ისევე, როგორც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონების განვითრებაზე გარდამტეხი გავლენა მოახდინა პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში სარფი, ისევე, როგორც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს უდიდესი ნაწილი, საბრძოლო მოქმედების ასპარეზი გახდა.

რუსეთი პირველი ომის შედეგად გეგმავდა სამხრეთ შავიზღვისპირეთის (მათ შორის, ყოფილი სანჯაყის დარჩენილი ტერიტორიების) შემოერთებას და უფრო მეტიც, ბოსფორისა და დარდანელის დაუფლებას. ომის დასაწყისში, ვინაიდან კავკასიაში ჯერ კიდევ სიმშვიდე იყო, რუსეთმა ბრძოლისუნარიანი შენაერთები დასავლეთის ფრონტზე გადაისროლა, რამაც შესაძლებლობა მისცა ოსმალებს, თავდაპირველად კავკასიაში წარმატება მოეპოვებინათ (მათ შორის ბათუმის მიმართულებით, ,,თურქი დამპყრობლებისგან სარფის განთავისუფლების 36 წლის შემდეგ 1914 წლის ნოემბერში, სარფში კვლავ ფეხი დადგეს თურქმა ასკერებმა“ (ბაქრაძე, 1971: 25), მაგრამ რუსებმა მალე მოახდინეს ძალების მობილიზება და არათუ შეაჩერეს ოსმალები, არამედ სერიოზული შეტევაც განახორციელეს. 1915 წლის დასაწყისში ოსმალებმა სხვა ტერიტორიებთან ერთად დატოვეს სარფიც. რუსეთის გავლენაში დარჩენილი ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიების, მათ შორის, ლაზეთის, დანარჩენ საქართველოსთან გაერთიანება, უდავოდ პროგრესული და ისტორიული მოვლენა იყო. მაგრამ 1917 წლის რუსეთში განვითარებულმა მოვლენებმა რადიკალურად შეცვალა ვითარება კავკასიაში. რუსეთის ხელისუფლებაში მოსულმა ბოლშევიკებმა, 1918 წლის ბრესტის ზავით გერმანიის მოკავშირე ოსმალეთს კავკასიაში დაუთმეს ბათუმის, არტაანისა და ყარსის ოლქები, რასაც მალე ოსმალთა პირდაპირი აგრესია მოჰყვა. მათი შეჩერება ვერ შეძლეს ვერც ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკისა და ვერც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო შენაერთებმა. ოსმალებმა აჭარა (ცხადია, სარფიც) დაიკავეს. პირველ მსოფლიო ომში გერმანიისა და მისი მოკავშირეების დამარცხების შემდეგ, 1918 წლის დამლევს, აჭარაში მცირე ხნით ინგლისელები შემოვიდნენ, თუმცა 1920 წლის ზაფხულში მათ დატოვეს კავკასია. 1920 წლიდან ამიერკავკასიაში პოზიციების დაბრუნებას იწყებს საბჭოთა რუსეთი, რომელმაც აპრილში მოახდინა აზერბაიჯანის იძულებითი გასაბჭოება. არც ქემალისტური თურქეთი იყო გულხელდაკრეფილი და ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ქართული და სომხური ტერიტორიები ჩაეგდო ხელთ. ქართული დიპლომატია უძლური აღმოჩნდა, მოლაპარაკებების გზით შეეჩერებინა ოსმალთა აგრესია. 1921 წლის მარტში ოსმალებმა ბათუმი დაიკავეს. მაშინდელმა საერთაშორისო ვითარებამ, ბოლშევიკური რუსეთისა და თურქეთის მჭიდრო თანამშრომლობამ, განსაზღვრა ამიერკავკასიის სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბედი. 1921 წლის თებერვალ-მარტის ცნობილი მოვლენების შედეგად საქართველოში საბჭოთა რეჟიმი დამყარდა. მენშევიკური მთავრობა ემიგრაციაში წავიდა.

$4. საქართველოს სარფი საბჭოთა ეპოქაში

1921 წლის დამდეგისთვის სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, მათ შორის, ბათუმის ოლქის მნიშვნელოვანი ნაწილი თურქეთის შემადგენლობაში მოექცა. რუსეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ოსმალეთმა უარი განაცხადა შემოთავაზებულ პირობებზე და პრეტენზია გამოაცხადა საქართველოს ტერიტორიებზე. 1920 წ. იანვარში თურქეთის პარლამენტმა დაადგინა სახელმწიფოს ახალი საზღვრები, რომელშიც მოექცა ქართული ტერიტორიები - ბათუმის ოლქი, არტაანისა და ოლთისის ოკრუგები. კავკასიაში საზღვრების საკითხზე საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რომელიც 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში გაფორმებული „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულებით დასრულდა. ამ ხელშეკრულებით უქმდებოდა ყველა შეთანხმება, რომელიც ამ ორი სახელმწიფოს ინტერესებს არ შეესაბამებოდა. საბჭოთა რუსეთმა სცნო თურქეთის რესპუბლიკის ახალი საზღვრები, რომელშიც ქართული და სომხური ტერიტორიებიც იყო მოქცეული. ამით თურქეთს გზა გაუხსნა ქართული ტერიტორიების დასაკავებლად. ვინაიდან 1921 წ. 16 მარტის ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობა არ მიუღიათ ამიერკავკასიის რესპუბლიკებს, რის გარეშეც შეთანხმება ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ახალი მოლაპარაკების გამართვა ამიერკავკასიის რესპუბლიკების მონაწილეობით გადაწყდა ყარსში. მოლაპარაკებები გაიმართა 1921 წლის ოქტომბერში. საქართველოს დელეგაციაში შედიოდნენ - საქართველოს რევკომის პრეზდიუმის წევრი - შალვა ელიავა, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სახალხო კომისარი ალექსანდრე სვანიძე და დელეგაციის მრჩეველი პავლე ინგოროყვა. აღნიშნული მოლაპარაკება ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რადგან უნდა წარმართულიყო 1921 წ. 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულების პირობების მკაცრი დაცვით. 13 ოქტომბერს გაფორმდა ცნობილი ყარსის ხელშეკრულება, რომელშიც სასაზღვრო-ტერიტორიული საკითხი ამიერკავკასიაში ორი დიდი ქვეყნის - საბჭოთა რუსეთისა და თურქეთის ინტერესების შესაბამისად გადაწყდა. თურქეთმა საქართველოს ,,დაუთმო“ ქალაქი ბათუმი და ბათუმის ოკრუგის ნაწილი, სანაცვლოდ კი მიიღო ამ ტერიტორიის მოსახლეობისათვის ფართო ავტონომიური სტატუსის მინიჭების პირობა (ამ დროისთვის აჭარის ავტონომია უკვე გამოცხადებული იყო - ჯ.კ.) და ყოველგვარი საბაჟო მოსაკრებლის გარეშე ბათუმის ნავსადგურით სარგებლობის უფლება. ყარსის ხელშეკრულების მეოთხე მუხლით დადგინდა ოსმალეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარი. კერძოდ, ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ეს საზღვარი «начинается у деревни Сарп, расположенной на Черном море, проходит через гору Хедисмта, линию водораздела горы Шавшет – гору Канны-даг; она следует затем по старым северным административным границам Ардаганского и Карсского санджаков…»(Документы...1960: 422). ყარსის ხელშეკრულების სარატიფიკაციო სიგელების გაცვლა შედგა ერევანში, 1922 წლის 11 სექტემბერს. მას არ ჰქონია საიდუმლო მუხლები, გაფორმდა ხუთ - ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, რუსულ და თურქულ - ენაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული არ ყოფილა (გურული, 2013: 36-37)

1921 წლის 16 მარტს საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის გაფორმებულმა მოსკოვის, ხოლო იმავე წლის 14 ოქტომბერს ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებსა და თურქეთს შორის გაფორმებულმა ყარსის ხელშეკრულებამ საქართველოს სამხრეთი საზღვრების უკანასკნელ პუნქტად სოფელი სარფი აღიარა. თუმცა დაზუსტებული არ იყო, საზღვარი სარფზე გაივლიდა თუ მის სამხრეთით, ან ჩრდილოეთით. ამ საკითხის გადაჭრა დაევალა ხელშეკრულების ძალით შექმნილ საზღვრის დამდგენ კომისიას, რომელმაც 1926 წელს საზღვარი სოფელ სარფის შუაში გაავლო (Документы...1960: 402). სარფის ერთი ნაწილი თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში აღმოჩნდა, ხოლო მეორე ნაწილი - საქართველოს შემადგენლობაში დარჩა. ყარსში მოლაპარაკებების დროს ქართული ტერიტორიების დათმობის, კერძოდ სარფის ორად გაყოფის წინააღმდეგ გამოსულა პავლე ინგოროყვა, მაგრამ თურქეთის დელეგაციამ ეს მოთხოვნა არ მიიღო. ასე დაიწყო საბჭოთა სარფის ისტორია, რომელიც თითქმის შვიდ ათეულ წელიწადს გრძელდებოდა.

1921 წლიდან სარფი იმავე პირობებში ცხოვრობდა, როგორშიც დანარჩენი საქართველოსა და საერთოდ „დიადი საბჭოეთის“ მოსახლეობა. აქაც ხორციელდებოდა ის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული ხასიათის რადიკალური ცვლილებები, რომლებიც საზოგადოდ საბჭოთა რეჟიმისთვის დამახასიათებელი იყო. მეტიც, სასაზღვრო მდებარეობის გამო სარფში უფრო მეტი იყო ადმინისტრაციული და იდეოლოგიური კონტროლი. ამას არაერთი საარქივო დოკუმენტი ადასტურებს. მაგ. სარფის სასოფლო საბჭოს მეექვსე მოწვევის პირველი სესიის 1957 წლის 27 მარტის სხდომა, რომელსაც ესწრებოდა ბათუმის რაიონის განათლების განყოფილების გამგე დავით მახარაძე, საბჭოთა სისტემის ხოტბით გაიხსნა: „საბჭოთა სისტემა ყველაზე დემოკრატიულია ... წინააღმდეგ ბურჟუაზიული სისტემისა, ჩვენი სისტემა არ ცნობს არავითარ შეზღუდვას“ (აცსა, 1042: 5) ეს მაშინ, როცა ერთპარტიული სისტემა მოსახლეობას ამა თუ იმ სახელმწიფო იდეოლოგიურ წამოწყებაში 100%-იან მონაწილეობას ავალდებულებდა (აცსა, 1042...: ს. 7, ფ. 20). წინამდებარე ნაშრომში ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს საბჭოთა ეპოქის ღრმა ანალიზი. ფაქტია, რომ რეჟიმისათვის დამახასიათებელმა არაერთმა მანკიერმა მოვლენამ თანდათან უფრო და უფრო ღრმად მოიკიდა ფეხი და ლოგიკურად გამოიწვია მთელი სისტემის კრახიც. მიუხედავად ამისა, ოსმალეთისა და ცარიზმის ბატონობაგამოვლილი სარფის პროგრესზე საუბარი სრულიადაც არაა გადაჭარბებული.

სარფი გამორჩეულია ხელსაყრელი კლიმატური პირობებით და ნაყოფიერი ნიადაგით, რაც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარებისათვის კარგ შესაძლებლობას ქმნიდა. მაგრამ ჯერ ოსმალთა ხანგრძლივმა ბატონობამ, შემდეგ ცარიზმის ბიუროკრატიულმა სისტემამ, რომელსაც დაერთო პირველი მსოფლიო ომის შედეგი, სარფელები მეტად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. საბჭოთა რეჟიმი დაბალი სოციალური ფენების ინტერესების დამცველად აცხადებდა თავს და ფორმალურად მაინც ცდილობდა, დაეცვა დეკლარირებული პრინციპები. „საბჭოთა ხელისუფლებამ განახორციელა ღონისძიებანი მოსახლეობის ეკონომიკური და კულტურული ჩამორჩენილობის ლიკვიდაციისათვის“ (ბაქრაძე,1971: 31).

აჭარის რევკომმა 1921 წლის აპრილში გამოსცა დეკრეტი მიწის ნაციონალიზაციის შესახებ, რომელმაც მთელი მიწა მშრომელთა საერთო კუთვნილებად გამოაცხადა. იმავე წლის ნოემბერში ბათუმში გაიმართა ღარიბი (ფუხარა) ხალხის პირველი ყრილობა, დაიწყო ღარიბთა კომიტეტების, გლეხთა ურთიერთდახმარების ჩამოყალიბება. თანდათან მზადდებოდა ნიადაგი ინდივიდუალური გლეხური მეურნეობების საარტელო, მსხვილ კოლექტიურ მეურნეობებად გასაერთიანებლად (ე.წ. კოლექტივიზაციის პროცესი - ჯ.კ.). ამ პროცესში, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩართული აღმოჩნდა სარფის მოსახლეობაც. სარფელ გლეხთა მნიშვნელოვანი ნაწილი 1926 წელს გაერთიანდა ბათუმში ჩამოყალიბებულ მეთევზეთა საზოგადოება „წითელ მეთევზეში“ (სარფელთა დიდი ნაწილი ოდითგან მისდევ- და მეთევზეობას). 1932 წელს სარფში ჩამოყალიბდა „მიწის საზოგადო შრომით დამმუშავებელი ამხანაგობა“, ე.წ. „ტოზი“, რომელსაც III ინტერნაციონალის სახელი მიენიჭა. თავდაპირველად მასში გაერთიანდა 17 კომლი (აცსა, 1042...: ს.12, ფ. 1). კოლმეურნეობის („ტოზის“) პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს შ. თანდილავა, ხოლო ბრიგადირად - ო. ჯევაიში (ბაქრაძე, 1971,34).

„ამხანაგობის“ წევრთა რაოდენობა თანდათან იზრდებოდა. 1935 წლისთვის მასში გაერთიანებული ყოფილა 54 კომლი. თუ გავითვალისწინებთ საბჭოთა კავშირის 20-30-იან წლებში კოლექტივიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის დაჩქარებულ ტემპებს, მოულოდნელი აღარ იქნება სარფელთა „სურვილი“, გაწევრიანებულიყვნენ ამხანაგობაში. სარფი თანდათან სოციალისტური სოფლის სახეს იღებდა - ფართოვდებოდა სიმინდისა და ბრინჯის სათესი ფართობები, შენდებოდა ჩაის, ციტრუსისა და ტუნგის პლანტაციები.

1937 წლამდე სოფელი სარფი ადმინისტრაციულად გონიოს სასოფლო საბჭოს შემადგენლობაში შედიოდა. სარფის სასოფლო საბჭოს პლენუმის 1937 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, იგი ცალკე სასოფლო საბჭოდ გამოიყო. საბჭოს პრეზდიუმში აირჩიეს ო. ჯევაიში, ხ. კახიძე და მ. მემიშიში. „სასოფლო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის აღმსრულებლად დაინიშნა მუხამედ მემიშიში“ (აცსა, 1042...: ს.1, ფ. 1). ამ დროს სარფის კოლმეურნეობა III ინტერნაციონალის სახელობის იყო, ხოლო 1944 წლიდან - სერგო ორჯონიკიძისა. ტერიტორიულად შედიოდა ბათუმის რაიონში. სასოფლო საბჭოს პირველი თავმჯდომარე მ. მემიშიში 1946 წლამდე იყო ამ თანამდებობაზე. 1946 წლის 3 სექტემბერს, სასოფლო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა ბათუმის რაიაღმასკომის თავმჯდომარე მ. ყურშუბაძე, მუხამედ ალის ძე მემიშიში გაათავისუფლეს საბჭოს თავმჯდომარეობიდან მისი სარფის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ არჩევის გამო. ხოლო სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს მუხამედ ასლანის ძე ვანიძე (აცსა, 1042...: ს.4, ფ.33). ცნობილია, თუ რამდენად მძიმე იყო XX ს. 30-იანი წლები საბჭოთა კავშირში როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. რთული იყო ეს პერიოდი სარფისთვისაც. 1937 წლის მისი ბიუჯეტით შემოსავალი შეადგენდა 7450 მანეთს, ხოლო გასავალი - 29 978 მანეთს (აცსა, 1042...: ს.1, ფ.2), თუმცა მარტო ამ სოფლის ბიუჯეტი არ იყო დოტაციური. 1938 წლის მონაცემებით ბათუმის რაიონის საბიუჯეტო შემოსავლები შეადგენდა 1 520 300 მანეთს, ხოლო გასავალი - 3 214 800 მანეთს (აცსა, 1042...: ს.2, ფ.9).

კიდევ უფრო მძიმე ვითარება შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. როგორც ადამიანური, ისე მატერიალური რესურსები სამხედრო საჭიროებისთვის მიემართებოდა. ამას სარფის 1944 წ. ბიუჯეტიც ადასტურებს, როცა შემოსავალი შეადგენდა 33 216 მანეთს, ხოლო გასავალი 28 104 მანეთს (აცსა, 1042...: ს.21, ფ.18) ომამდე კი პირიქით, ხარჯვითი ნაწილი რამდენჯერმე სჭარბობდა. სარფის მოსახლეობაც აგროვებდა ომის საჭიროებისთვის პროდუქტებს, ფულს, მონაწილეობდა სამხედრო სესხის გავრცელებაში. ამას ადასტურებს საარქივო მასალებიც. მხოლოდ 1942 წლის მეორე კვარტალში სარფის სასოფლო საბჭოს დაევალა კოლმეურნეობიდან და ერთპიროვნული მეურნეობებიდან სახელმწიფოსთვის ჩაებარებინა: 900 კგ ხორცი; 4 200 ლიტრი რძე; 5 234 ც კვერცხი (აცსა, 1042...: ს. 19,ფ.2).

1942 წ. 31 იანვარს გაიმართა სოფ. სარფის მოქალაქეთა საერთო კრება. კრებას ესწრებოდა 135 კაცი. კრებას თავმჯდომარეობდა მ. მემიშიში მოისმინეს: 1942 წ. სოფლის მოსახლეობაში თვითდაბეგვრის გატარების შესახებ (მ. მემიშიში).

კრებამ დაადგინა: მშრომელთა დეპუტატების ბათუმის რაიაღმასკომის 1942 წლის 20 იანვრის დადგენილების საფუძველზე ჩატარებულ იქნას 1942 წლის თვითდაბეგვრის გატარება კომსაბჭოს 1937 წ. დადგენილების მე-7 მუხლის შესაბამისად და შემოღებულ იქნას შემდეგი რაოდენობის გადასახადი:

ა) კოლმეურნეთა და სოფლის ადგილებში მუდმივად მცხოვრებ მუშა-მომსახურეთა, კოოპერირებულ შინა-მრეწველთა და ხელოსანთა მეურნეობისთვის 20 მანეთი მეურნეობაზე.

ბ) ერთპიროვნული გლეხური მეურნეობისთვის, რომელთაც აქვთ მინდვრის ნათესი, არ ჰყავთ მუშა პირუტყვი, აგრეთვე შინამრეწველთა, ხელოსანთა მეურნეობისათვის, რომელსაც აქვს შემოსავალი არადაქირავებული შრომით - 40 მანეთი მეურნეობაზე.

გ) ერთპიროვნული გლეხური მეურნეობისთვის, რომელსაც აქვს მინდვრის ნათესი და ჰყავს მუშა საქონელი - 75 მანეთი მეურნეობისთვის (აცსა, 1042...: ს.20,ფ.4).

სარფის სასოფლო სამეურნეო აღმასკომის 1944 წ. 25 აპრილის სხდომაზე „მოისმინეს: III სამხედრო სესხის, ობლიგაციების მოსახლეობაში გავრცელების ორგანიზაციის შესახებ - მომხსენებელი მ. მემიშიში“ კრებამ დაადგინა: დაევალოს კოლმეურნეობის თავმჯდომარეს ამხ. მ. მემიშიშს, სახელმწიფო საკრედიტო კომისიას, კომკავშირის აქტივს ... სამხედრო სახელმწიფო სესხზე ხელის მოწერაში აქტიური მონაწილეობა ...რითაც შეასრულებენ მათ პატრიოტულ მოვალეობას სამშობლოს წინაშე“ (აცსა, 1042...: ს.7, ფ.16). მრავალი სარფელი უშუალოდ მონაწილეობდა ომში და ბევრმა სოცოცხლე შესწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.

სარფი, როგორც საზღვრისპირა სოფელი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც განსხვავებული რიტმით ცხოვრობდა. სპეციალური ნებართვის გარეშე სოფელში მოხვედრა არ შეიძლებოდა, სახელმწიფო საზღვრის ინტერესებიდან გამომდინარე სარფელებს უხდებოდათ ,,საზოგადოებრივი წესრიგის დამცველთა რაზმებში გაერთიანებულიყვნენ“. ასეთი რაზმების შემადგენლობა თანდათანობიით იზრდებოდა. მაგ. 1962 წელს ,,საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ჯგუფში გაერთიანებული იყო სულ 35 ადამიანი (აცსა, 1042...: ს.47,ფ.23), ხოლო 1985 წელს რაზმეულში გაერთიანებული იყო 105 მოქალაქე“ (აცსა, 1042...: ს.374,ფ.1) ამ რაზმების ხელმძღვანელობას მესაზღვრეების კონტროლით ახორციელებდნენ სარფის სასოფლო საბჭოსა და კოლმეურნეობის ხელმძღვანელები.

ომისშემდგომ პერიოდში სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა სოფლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება. მართალია, საბჭოთა სოციალისტური ეკონომიკური სისტემის პირობებში ინდივიდუალობა, კერძო ინიციატივა, ფაქტობრივად, არ არსებობდა, მაგრამ სარფი თავისი ბუნებრივ-კლიმატური პირობებით ხელსაყრელი იყო სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარებისთვის, რაც დიდი სახელმწიფოს ინტერესებში შედიოდა. სწორედ ამ დარგების (განსაკუთრებით, მეჩაიეობა და მეციტრუსეობა) განვითარება გახდა სარფის ეკონომიკის წინსვლის საფუძველი. სტაბილურად იზრდებოდა გაშენებული პლანტაციების ფართობი, შესაბამისად - მოსავლიანობაც. თუ 1936 წლისთვის სარფის კოლმეურნეობაში ჩაი გაშენებული იყო 24 ჰექტარზე, ხოლო ციტრუსი - 4 ჰექტარზე, 1970 წლისთვის ჩაის პლანტაციებს ეჭირა 38 ჰექტარი, ციტრუსებს - 57 ჰექტარი, ტუნგოს -11 ჰექტარი, დაფნას - 3 ჰექტარი. თუ 1952 წლისთვის ციტრუსების გეგმა შეადგენდა 2 351 300 ცალს, მათ შორის, მანდარინი - 2 300 000 ცალი, ფორთოხალი - 43 000 ცალი, ლიმონი - 7 800 ცალი. აქედან ორჯონიკიძის სახელობის კოლმეურნეობას უნდა ჩაებარებინა: მანდარინი - 800 000, ფორთოხალი - 18 000, ლიმონი - 4 800 ცალი, ხოლო საკარმიდამო ნაკვეთებიდან: მანდარინი - 1 500 000, ფორთოხალი - 25 500, ლიმონი - 3 000 ცალი (აცსა, 1042...: ს.23). 1957 წლისთვის  -სარფის სასოფლო საბჭოში უნდა დამზადებულიყო და სახელმწიფოს ჩაბარებოდა 3 000 000 ცალი ციტრუსოვანთა ნაყოფი, მათ შორის: მანდარინი - 2 755 000 ცალი, ფორთოხალი - 220 000 ცალი, ლიმონი - 30 000 ცალი. აქდან ორჯონიკიძის სახელობის კოლმეურნეობიდან: მანდარინი - 855 000 ცალი, ფორთოხალი - 100 000 ცალი, ლიმონი - 26 000 ცალი (აცსა, 1042...: ს.35, ფ.13), 1961 წლის 25 დეკემბერს სარფის სასოფლო საბჭოს სესიის სხდომაზე, სადაც შეჯამდა წლის შედეგები, აღინიშნა ,,მიმდინარე წელს მოიკრიფა და სახელმწიფოს ჩაბარდა 150 ტონა ჩაის მწვანე ფოთოლი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 138 ტონისა, 500 ტონა ციტრუსოვანთა ნაყოფი, გადაჭარბებული იქნება ტუნგოს ნაყოფის გეგმა, რომლის შეგროვება დაწყებულია ...განაღდებულია ხორცისა და რძის მიყიდვის სახელმწიფო გეგმა: 30 ტონა რძე და 1500 კგ ხორცი; სახელმწიფოს ჩაბარდა 125 კგ აბრეშუმის პარკი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 90 კგ-სა, გაყვანილია 1,5 კილომეტრი საპლანტაციო სამანქანე გზა. სოფელში მიმდინარე წელს აშენდა 8 კოლმეურნის საცხოვრებელი სახლი“ (აცსა, 1042...: ს.47,ფ.12), მიღწეული წარმატების საფუძველზე სარფელები სულ უფრო გაბედულ გეგმებს ისახავდნენ. ამას ადასტურებს 1978 წელს კირნათის სასოფლო საბჭოსთან სოციალისტურ შეჯიბრებაში აღებული ვალდებულებები. კერძოდ, რომ მოკრეფენ და სახელმწიფოს ჩააბარებენ 309 ტ ხარისხოვან ჩაის ფოთოლს, 5 ტ. მოუხეშო, 16 ტ - უხეშ ჩაის (სულ - 330 ტონას), ჩაის საშუალო საჰექტრო მოსავლიანობას გაზრდიან 8,4 ტონამდე. სახელმწიფოს მიჰყიდიან 893 ტ. ციტრუსოვანთა ნაყოფს, გააუმჯობესებენ ტუნგოსა და დაფნის პლანტაციების მოვლას და გეგმას გადაჭარბებით შეასრულებენ. სახელმწიფოს მიეყიდება 16 ტონა ხორცი.

კირნათის სასოფლო საბჭოს აღმასკომმა სარფის სასოფლო საბჭოს აღმასკომი კვლავ გამოიწვია სოციალისტურ შეჯიბრებაში 1979 წელს (აცსა, 1042...: ს.187, ფ.1). სწორედ ეკონომიკური განვითარება იყო სარფის მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და კულტურული დონის ამაღლების საფუძველი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შესამჩნევად გაიზარდა სარფის მოსახლეობაც. თუ 1887 წელს ერთიან სარფში 30 კომლი ცხოვრობდა 200 სული მოსახლეობით (Лисовский, 1887:10), 1961 წელს ქართულ სარფში 112 კომლი ცხოვრობდა 560 სულით, 1968 წელს - 136 კომლი 703 სულით, 1987 წელს - 153 კომლი 742 სულით (აცსა, 1042...: ს.50, ფ.1-13), ხოლო 1987 წელს მოსახლეობის ერთდროული აღწერის მონაცემებით სარფში 176 კომლი ცხოვრობდა 857 სულით (აცსა, 1042...: ს. 396, ფ.2).

1916 წელს „ქართული საქველმოქმედო საზოგადოების“ ინიციატივით, სარფში გახსნილა ქართული სკოლა (ბაქრაძე, 1971:50), მაგრამ ოსმალთა შემოჭრის შედეგად მისი ფუნქციონირება შეწყდა. სარფის ორად გაყოფის შემდეგ მედრესეს შენობა თურქეთის სარფის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. საბჭოთა ხელისუფლება განათლებასა და კულტურას პირდაპირ იდეოლოგიურ ჭრილში განიხილავდა, ამიტომ 1923 წელს გონიოს სასოფლო საბჭომ (მასში შედიოდა სარფი) მიიღო გადაწყვეტილება სარფში ახალი სასკოლო შენობის ასაგებად. 1925 წელს საბჭოთა სარფში გაიხსნა ახალი ქართული სკოლა. აჭარის ასსრ სახალხო კომისართა გადაწყვეტილებით 1938-1939 სასწავლო წლიდან სარფის დაწყებითი სკოლა არასრულ საშუალო (ჯერ შვიდწლიან, შემდეგ რვაწლიან) სკოლად გადაკეთდა, ხოლო 1972-1973 სასწავლო წლიდან - საშუალო სკოლად. ამასთან დაკავშირებით 1972 წლის 5 სექტემბერს სარფის სასოფლო საბჭოს განათლებისა და კულტურის მუდმივი კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე 1972-1973 სასწავლო წელი მეტად თავისებურია სარფის საშუალო სკოლის ისტორიაში, რომ ამ წელს სკოლაში პირველად შეაღო მეათე კლასის კარი და მეცნიერებათა საფუძვლებს ეუფლება 16 მოსწავლე. რომ 219 მოსწავლისთვის საშუალო სკოლა მოსამზადებელია“ (აცსა, 1042...: ს.83,ფ.27).

საბჭოთა რეჟიმმა იმთავითვე წამოიწყო კამპანია წერა-კითხვის უცოდინრობის ლიკვიდაციისათვის. ამ მიზნით 1925 წელს სარფში გაიხსნა ქოხ-სამკითხველო, სადაც უფროსი ასაკის ადამიანებს ასწავლიდნენ წერა-კითხვას. ეს საქმიანობა მსოფლიო ომის წლებშიც არ შეწყვეტილა. 1942-1943 წლებში სარფის სასოფლო საბჭომ არაერთხელ განიხილა გამცდენ და აკადემიურად ჩამორჩენილ მოსწავლეთა საკითხი და დასახა ღონისძიებები მის გამოსასწორებლად (აცსა, 1042...:ს.7,ფ.6). ომის შემდგომ კი აღებულ იქნა საყოველთაო სავალდებულო სწავლების კურსი. ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა სარფის სასოფლო საბჭოს 1953 წლის 10 ნოემბრის სხდომა, სადაც აღინიშნა, რომ სარფის სასოფლო საბჭოში სავალდებულო სწავლება არ არის გატარებული მხოლოდ ერთი მოსწავლის (დასახელებულია გვარიც) მიზეზით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმეჯერ გააფრთხილეს როგორც თვითონ, ისევ მშობლები, იგი მაინც არ გამოცხადდა სკოლაში. სხდომაზე აღინიშნა, რომ ამის გამო „უკანასკნელი ზომები უნდა იქნას მიღებული“.

სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება: 1) სასოფლო საბჭოს მიერ სავალდებულო სწავლების გატარებასთან დაკავშირებით გადაეცეს ბათუმის რაიონის სახალხო სასამართლოს (მითითებულია ვინაობა) დაბადებული 1938 წ. სოფელ სარფში. 2) დაევალოს სკოლის დირექტორს ამხ. ა. თანდილავას, რათა უზრუნველყოს სკოლაში 100 %-იანი გამოცხადება (აცსა, 1042...: ს.29, ფ. 5)

XX საუკუნის შუა ხანებიდან სარფში არაერთი ახალი ნაგებობა აიგო: 1948 წელს - ელექტროსადგური, კლუბის შენობა, ორსართულიანი სკოლა, ბავშთა ბაგა, ორსართულიანი მაღაზია და სხვა. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ამიტომ XX ს. 80-იან წლებში დაიწყო მუშაობა სარფის კომპლექსური განვითარების გეგმის შესამუშავებლად. სარფის სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს მე-20 მოწვევის სესიამ 1989 წლის 30 ივნისს იმსჯელა ამ საკითხზე. სესიის დადგენილებაში ვკითხულობთ: „დამტკიცდეს სარფის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 1989-1995 წლების ღონისძიებათა კომპლექსური გეგმა. დაევალოს სარფის სახელმწიფო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომს (თავმჯდომარე მ. თანდილავა) და სარფის კოლმეურნეობას (თავმჯდომარე თ. ქორიძე) მტკიცედ დაიცვან და იხელმძღვანელონ დამტკიცებული გეგმით და უზრუნველყონ მისი დასრულება დადგენილ ვადებში“.

საბჭოთა სისტემისთვის დამახასიათებელი არაერთი მანკიერი მხარის მიუხედავად, XX საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს სარფი მნიშვნელოვნად დაწინაურდა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. გაიზარდა რაოდენობა მოსახლეობისა, რომელიც მატერიალურად წელგამართულად ცხოვრობდა, ამაღლდა კულტურის დონე, ჩამოყალიბდა ინტელიგენციის აქტიური ჯგუფი, რომელიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა რეგიონის ცხოვრებაში. საბჭოთა იდეოლოგიური წნეხის მიუხედავად, მათი სულისკვეთება გამოკვეთილად ეროვნული ხასიათისა იყო. სწორედ ამ თაობის ინიციატივით დაწესდა სახალხო დღესასწაული „კოლხობა“, რომელიც პირველად 1978 წელს ჩატარდა.

XX საუკუნის 90-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სოფელი სარფი, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს უმთავრესი კარიბჭე, თავისი ისტორიის ახალ ფურცლებს ქმნის.

შენიშვნები

2. ოსმალთა მიერ ბათუმის დაპყრობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა როგორც ქართულ, ისე ოსმალურ ისტორიოგრაფიაში. ამ საკითხის დაწვრილებით განხილვა ამჟამად აუცილებლობად არ მიგვაჩნია, იმდენად, რამდენადაც ცხადია, რომ აღნიშნული პერიოდისათვის გონიო და შესაბამისად სარფის ტერიტორიაც ოსმალეთის იმპერიის ნაწილია. მოკლედ ვიტყვით, რომ ოსმალო ავტორების, ასევე ზოგიერთი ევროპელი მისიონერის მიერ შემონახული ცნობების მიხედვით, ბათუმი XVII ს-ის დასაწყისში გურიელის დაქვემდებარებაში იყო. ხშირად გაუგებარიც კი ხდება, თუ კონკრეტულად რომელ ტერიტორიებს გულისხმობენ ავტორები ბათუმში [ჩელები 2013; 42-43]. ევლია ჩელები ტრაპიზონის საბეგლარბეგოში ორ - ზემო და ქვემო ბათუმს რომ ახსენებს, ესეც ნიშანდობლივია ბათუმის ლოკალიზაციისათვის. ქათიბ ჩელების ამასთან დაკავშირებით არეული აქვს განსხვავებული ცნობები, თუმცა ერთ მონაკვეთში ბათუმს გურიელის მფლობელობაში მოიხსენიებს (ჩელები 2013; 41). წყაროთა ანალიზის საფუძველზე ვ. იაშვილი და ქ. ჩხატარაია ასკვნიან, რომ ბათუმი ოსმალებმა 1703 წელს დაიპყრეს (იაშვილი 1948; 21. ჩხატარაია 1972; 60). სავარაუდოა ისიც, რომ ბათუმის (დღევანდელი ბათუმი მისი შემოგარენით) ოსმალებისთვის წართმევა თავიდან რამდენჯერმე შეძლო გურიელმა. საბოლოო დაპყრობა, შესაძლოა, მართლა XVIII ს-ის პირველ წლებში მოხდა, რადგან ახლად აღმოჩენილი ,,ბათუმის ლივის აღწერის ვრცელი დავთრის“ წინასწარი ანალიზით, 1705 წლით დათარიღებულ ვრცელ მინაწერში ბათუმი დავთრის გარეშეა აღწერილი, რაც მის ახალ დაპყრობას მიანიშნებს (TD 0122;B). საბოლოოდ, საკითხის გარკვევა ისევ მომავლის საქმედ რჩება. აღნიშნული დოკუმენტის დამუშავება და სხვა ცნობებთან შეჯერება, იმედია, გასცემს პასუხს ამ კითხვას.

3. ვილაეთი - სულთან მურად III-ს დროს შეიცვალა ეიალეთით, თუმცა ეს ორი ტერმინი შინაარსობრივად არაფრით განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან.

4. ახჩა - ვერცხლისგან მოჭრილი ფულის ერთეული ოსმალეთის იმპერიაში

5. Millet - არაბული წარმომავლობის სიტყვაა და ნიშნავს ერს, ხალხს, საზოგადოებას

ქართულ ტერიტორიებზეც, მათ შორის, აღმოსავლეთ ჭანეთშიც, ოსმალთა იმპერიისადმი დაქვემდებარებისთანავე აღნიშნული ღონისძიებებისა და პროცესების გატარება დაიწყო. სარფი და მიმდებარე ტერიტორიებიც უპირველესად ოსმალურ ადმინისტრაციულ ერთეულებად დაიყო. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების დადგენისას, ოსმალთა ხელისუფლება ძირითადად ითვალისწინებდა მანამდელ ქართულ სინამდვილეს. ადმინისტრაციული საზღვრები ხშირად იცვლებოდა და სოფლებიც ერთი ნაჰიედან მეორეში გადაინაცვლებდა ხოლმე.

6. ამ შემთხვევაში ჩვენ განვიხილავთ კონკრეტულ ტოპონიმს და არ ვმსჯელობთ სარფის ეტიმოლოგიაზე. მით უმეტეს, ამ უკანასკნელთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მათ შორის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აფსაროსთან დაკავშირებით (ინგოროყვა 1954; 204).

7. ბენაქი - გადასახადი დასამუშავებელ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც მუსლიმი იხდიდა. ანალოგიური შინაარსის გადასახადს 20 წელს გადაცილებულ დაუოჯახებელ მუსლიმებს ახდევინებდნენ მუჯერედის სახით, ხოლო ქრისტიანებისთვის დაწესებულ იმავე გადასახადს ისფენჯი ეწოდებოდა (ოსმალური გადასახადების შესახებ ვრცლად იხილეთ (შაშიკაძე, მახარაძე, 2011:22-51).

Комментариев нет:

Отправить комментарий