четверг, 30 ноября 2023 г.

ზოროასტრიზმის ისტორიული და სარწმუნოებრივი ფონი (თ. თათარიშვილი)

1. ირანული რელიგიური სამყარო და ზარატუსტრა
    ირანული სამყარო უძლიერესი კულტურული ტრადიციების მქონე არეალია. ამ კულტურის შექმნაში მონაწილეობდა მრავალი ირანულენოვანი ხალხი - სპარსელები, ტაჯიკები, ბელუჯები, გილანები, თალიშები, ხორეზმელები, სოღდელები, პართიელები, ავღანელები და ა. შ. ირანულმა ლიტერატურამ, ხელოვნებამ, მუსიკამ, არქიტექტურამ, ფერწერამ დიდი გავლენა იქონია აღმოსავლეთის სულიერ განვითარებაზე. როგორც წინარეისლამურმა, აგრეთვე ისლამისშემდგომმა ირანმა შეაღწია დასავლეთის სპირიტუალურ ცხოვრებაში. იგი ყოველთვის რჩებოდა ენიგმატური ნიშნებით აღბეჭდილ ერთგვარ მაგნიტად, რომელიც ანდამატივით იზიდავდა მეზობელ ცივილიზაციებს.
    ირანის სივრცეში წარმოიშვა განვითარებული რელიგიები. ირანელთა მსოფლმხედველობა პროგრესულ ელემენტებს შეიცავდა აღმოსავლეთის სხვა ხალხების აზროვნების ფონზე. ძველ ირანელებს არ ჰქონდათ კერპები და მათი რელიგია აბსტრაქტულ და განყენებულ ხასიათს ამჟღავნებდა. მათ მიერ შექმნილ თეოლოგიაში არცთუ იშვიათად გვხვდებოდა მეტაფიზიკური საკითხების განხილვა, რაც, ზოგადად, არიული ცნობიერების ნაკვალევზე მიანიშნებს. ირანელები თავიდანვე მიისწრაფოდნენ სინათლის გაღმერთებისკენ, რაც მორალურ ასპექტში სიკეთესთან ასოცირდებოდა. გ. ჰეგელის (1770-1831) დაკვირვებით, ძველ ირანულ რელიგიაში ,,სინათლეს ამავე დროს გონითის მნიშვნელობა აქვს. იგი სახეა კეთილისა და ჭეშმარიტებისა, სუბსტანციალობაა ცოდნისა და ნებებისა ისევე, როგორც ყველა ბუნებისეული საგნისა. სინათლე ადამიანს იმ მდგომარეობაში აყენებს, რომელშიც მას არჩევანი ძალუძს, არჩევანის გაკეთება კი მას მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა ჩაფლულობისათვის თავი დაუღწევია, მაგრამ სინათლე თავის თავში დაპირისპირებასაც შეიცავს, სახელდობრ, სიბნელეს, მსგავსად იმისა, კეთილს ბოროტი რომ უპირისპირდება. სიკეთე ადამიანისათვის სახეზე მოცემული არ იქნებოდა, ბოროტი რომ არ არსებობდეს. როგორც იგი ჭეშმარიტად კეთილი ვერ იქნება, თუ ბოროტება არ იცის, სინათლეც ვერ არის სიბნელის გარეშე. სპარსელების რელიგიაში ამ დაპირისპირებას ჰორმუზდი და აჰრიმანი ქმნიან. ჰორმუზდი სინათლის საუფლოს, კეთილის ბატონია, აჰრიმანი - სიბნელის სამეფოსი, ბოროტისა. მაგრამ არსებობს უფრო მაღალიც, რომლისგანაც ერთიც და მეორეც არიან წარმომდგარნი და მას ზარვანი ეწოდება, ანუ შეუზღუდველი ყოვლადობა. ეს ყოვლადობა სავსებით აბსტრაქტული რამაა, იგი არ არის თავისი თავისთვის მყოფი და ჰორმუზდი და აჰრიმანი მისგან წარმოშობილნი არიან’’ (ჰეგელი 2001: 105).
    მართლაც, მკვეთრად გამოხატული დუალიზმი - დაპირისპირება სიკეთისა და უკეთურების საწყისებს შორის არსებითი მომენტია ირანული რელიგიებისათვის. ამგვარ დუალიზმზე დასავლეთში ნაკლებ მსჯელობდნენ. ეს და მსგავსი კომპონენტები ჰქონდა მხედველობაში არაერთ მოაზროვნეს, როდესაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის აზროვნების საპირისპირო მოდუსებს აქცევდნენ ყურადღებას. აქ მოვიყვანთ კ. იუნგის ცნობილ დებულებას: ,,აღმოსავლური აზრის ზედაპირული გაცნობაც კი საკმარისია იმისათვის, რათა გამოვლინდეს ფუნდამენტური განსხვავება, გამყოფი აღმოსავლეთისა და დასავლეთის. აღმოსავლეთი ეფუძნება ფსიქიკურ რეალობას, ანუ სულს, როგორც არსებობის მთავარ და ერთადერთ თავისებურ პირობას’’ (იუნგი 2005: 21).
    ირანული სამყარო ცნობილმა მოაზროვნემ, ფირდოუსის სახლის ხელმძღვანელმა, მ. ნოდუშანმა, შემდეგნაირად შეაფასა: ,,ირანი აზიის ერთ-ერთი ქვეყანაა და, ამავე დროს, დაკავშირებულია მსოფლიო ოჯახთან. მაგრამ ეს გახლავთ მეტად რთული ინდივიდუალობის ქვეყანა, რომლის მსგავსი ძნელად თუ მოიძებნება. ეს თავისებურება მის სიძველეში, დახვეწილ კულტურასა და მტკივნეულ ისტორიულ გამოცდილებაშია. სწორედ ამ სირთულის გამო ვერავინ გაბედა, ისეთი წარმოედგინა ირანი, როგორიც სინამდვილეშია. ამიტომ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი რამ თქმულა მის შესახებ’’ (ნოდუშანი 2004: 12).
    ირანელები ითვლებიან ინდოევროპელ ხალხებად, ხოლო ირანული ენები განეკუთვნება ინდოევროპული ენების ოჯახს. ენათა ინდოევროპული ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ოჯახია როგორც მასში გაერთიანებული ძველი თუ ახალი ენების, ისე ამჟამად ამ ენებზე მოლაპარაკე ადამიანთა რაოდენობით. ირანულ ენებში ერთიანდება სპარსული, ტაჯიკური, ავღანური, ქურთული, ბელუჯური, გილანური, პართიული, სოღდური და სხვა ენები. საკუთრივ სპარსული ენა, რომელიც ცოცხალი ირანული ენებიდან დღეს ყველაზე გავრცელებულია და ირანის ისლამური რესპუბლიკის (60 მლნ. მეტი მცხოვრები) ოფიციალური ენაა, განვითარების 3 ეტაპს მოიცავს: 1. ძველი სპარსული ენა (უძველესი დროიდან ახ. წ. II საუკუნემდე); 2. საშუალო სპარსული, ანუ ფალაური ენა (II-VIII საუკუნეები); 3. ახალი სპარსული (ფარსი-დარი) ენა (IX საუკუნიდან დღემდე).
    საკითხი იმის შესახებ, თუ სად ცხოვრობდნენ პირველი არიელები, აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა. იგი გულისხმობს იმ ტერიტორიის გარკვევას, საიდანაც ერთ ენაზე მოლაპარაკე უძველესმა არიელებმა დაიწყეს სხვადასხვა მიმართულებით განსახლება. ინდოევროპელების წინარესამშობლოდ დასახელდა ცენტრალური ევროპა, ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი, ურალის სტეპები. შედარებითი ენათმეცნიერების განვითარების შედეგად XX საუკუნის ბოლო მეოთხედში ჩამოყალიბდა აზრი, რომ ინდოევროპულ წინარე ენაზე მოლაპარაკეთა ბინადრობის პირვანდელ არეალად უნდა ეცნოთ ისეთი მხარე, რომელიც საერთოინდოევროპული ენის არსებობის პირობებში (ე. ი. ძვ. წ. IV ათასწლეულში და უფრო ადრეც) თავისი გეოგრაფიული და კულტურულ-ისტორიული მახასიათებლებით შეესაბამებოდა იმ სურათს, რომელიც მიიღებოდა წინარე ენის ლექსიკის ლინგვისტური რეკონსტრუქციისა და ევრაზიის კონტინენტის ცალკეული რეგიონების ისტორიულ-გეოგრაფიული, პალეობოტანიკური და პალეოზოოლოგიური, არქეოლოგიური და კულტურულ-ისტორიული მონაცემების შეპირისპირების საფუძველზე. ამ მონაცემებზე დაყრდნობით დამაჯერებლად გამოიყურება შეხედულება ინდოევროპული ტომების წინა აზიიდან განსახლებაზე (თ. გამყრელიძე, ვ. ივანოვი). წინა აზიიდან მოხდა ინდოევროპული ტომების განსახლება როგორც დასავლეთით, აგრეთვე, აღმოსავლეთით (გამყრელიძე 1984: 142).
    აღმოსავლეთის მიმართულებით წასული უძველესი ინდოევროპული ტომები ხშირ შემთხვევაში არიელებად იწოდებიან. ამ უზარმაზარი ნაკადიდან ნაწილი განსახლდა ირანისა და შუა აზიის ტერიტორიაზე, ხოლო ნაწილმა გზა კიდევ უფრო გააგრძელა და ინდოეთის სუბკონტინენტამდე მიაღწია. ინდოეთში მიგრირებულ ტომებს იქ დახვდათ მაღალგანვითარებული კულტურა, რომლის შემქმნელებიც იყვნენ დრავიდული ტომები. მათთან არიელების თანაცხოვრებით საფუძველი ეყრება ინდურ ცივილიზაციას. ინდოირანული, ანუ არიული, ტომების ნაწილი კი, როგორც ითქვა, ირანში დარჩა. საკუთრივ სახელი ირანი სემანტიკურად უკავშირდება და აღნიშნავს ,,არიელთა ქვეყანას’’. ამ დიადი გადასახლების შესახებ მოგონება, რაც ინდოელებმა შემოინახეს, ირანელებში არ მოიპოვებოდა (ჰერცფელდი 1931: 30).
    არიელებში არსებულმა გაყოფამ განაპირობა ორი დიდი ეთნიკურ-ენობრივი გარემოს - ირანული და ინდური სამყაროების წარმოშობა. თავის მხრივ, ირანულ და ინდურ სივრცეში მოხდა ცალკეული ენებისა და დიალექტების წარმოშობა, თუმცა ყველა მათგანის ფესვები საერთო ინდოევროპულ ფუძეენაში იკარგება. უძველეს ირანელ ტომებად უნდა დავასახელოთ მიდიელები და სპარსელები. ე. ჰერცფელდის შენიშვნით, თავდაპირველად ისინი ერთად სახლობდნენ ჩრდილო-დასავლეთ ირანში. მხოლოდ მას მერე, რაც განადგურდა ელამის სახელმწიფო, რომელიც სამხრეთ ირანში მდებარეობდა, მათი საცხოვრისი დაიჭირეს სპარსელებმა, ხოლო მიდიელები, შესაბამისად, გაიშალნენ ჩრდილოეთში.
    ზოროასტრიზმი ირანული რელიგიაა. მასში ყველაზე ნათლად აისახა ბინადარ ცხოვრებაზე გადასული ირანელების რელიგიურ წარმოდგენათა დაპირისპირება მომთაბარეთა რელიგიასთან. არიელების ინდურ და ირანულ ნაკადებად გაყოფამ რელიგიურ მსოფლმხედველობათა განსხვავებაც განაპირობა.
    ძველ ინდურ ენაში (სანსკრიტი) ,,დევა’’ აღნიშნავს ჭეშმარიტ ღმერთს. ამ ცნებით აღინიშნება რიგვედაში ღმერთების მრავალრიცხოვანი კრებული, ირანელებთან კი ზარატუსტრას მოძღვრების გავრცელების შემდეგ დევები (დაივები) უთანაბრდებიან ბოროტ სულებს, დემონებს. საშუალო სპარსულ ენაზე (ფალაური ენა) შექმნილი რელიგიური ძეგლების მიხედვით, დაევები ბოროტების ღვთაების, აჰრიმანის, ქმნილებები არიან. როგორ აიხსნება ამგვარი ბიპოლარული ომონიმია? ამას საფუძველი სწორედ არიული ტომების ორ - ინდურ და ირანულ ნაკადად გაყოფაში აქვს. მომთაბარე არიელების რელიგიას დაუპირისპირდა ბინადარ ცხოვრებაზე გადასული არიელების რელიგიური წარმოდგენები. აქედან გამომდინარე, მომთაბარეთა მიერ ღვთაებებად მიჩნეული არსებები ბინადართა ცნობიერებაში ავსულებს გაუიგივდნენ.
    თვით ზოროასტრელთა მთავარი რელიგიური წიგნიდან - ავესტადან ჩანს, რომ ზარატუსტრას დროს არსებობდა ორი ერთმანეთისგან განსხვავებული რწმენა. გარეულ, მოხეტიალე ტომებს სწამდათ დევა (დევი, დაევა. სანსკრიტზე იგი, როგორც არსებითი სახელი, ნიშნავს ცას, ხოლო ზმნური მნიშვნელობით - ბრწყინვას), ანუ ძველი არიული ღმერთები, რომელთაც ისინი ცხოველებს სწირავდნენ, ბინადარი ცხოვრების წესზე გადასულ ირანელებს კი - ჯოგის მფარველი ღვთაება აჰურა და საქონლის მოვლამოშენება წმინდა საქმედ მიაჩნდათ. ამ გარემოებამ განაპირობა დევების ბოროტ სულებად მოხსენიება ავესტაში. მოგვიანებით ამ სახელით ზოგადად მოიხსენიებოდნენ არამაზდეანური ღვთაებები. ამის ნათელი ნიმუშია აქემენიდი მეფის, ქსერქსე I-ის, ცნობილი წარწერა პერსეპოლისში.
    ზოროასტრული რელიგიის ფუძემდებლად ითვლება ზარატუსტრა. მისი ცხოვრების ბევრი დეტალი ბურუსითაა მოცული. ბოლო დრომდე სამეცნიერო ჰიპოთეზების სფეროს განეკუთვნება საკითხი ზარატუსტრას ცხოვრების ეპოქისა და ადგილის თაობაზე. დიდი ხანია, უარყოფილია აზრი ზარატუსტრას მითიურობაზე და ეჭვს არ იწვევს, რომ ის ისტორიული პირია. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ მისი მოღვაწეობის ხანად უმეტესად მიიჩნევენ წინარეაქემენიდურ პერიოდს, ხოლო ადგილად - აღმოსავლეთ ირანს, თანამედროვე ავღანეთს ან მის ჩრდილო ტერიტორიას. ეს უნდა ყოფილიყო დრო, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ირანში არ ზიარებოდა საქალაქო ცივილიზაციას და მისდევდა მესაქონლეობას. როგორც ცნობილია ზარატუსტრას პიროვნებაც სხვადასხვაგვარადაა აღქმული მეცნიერაბაში და თავიანთ დასკვნებს ისინი მრავალწლიანი მუშაობის შედეგად დებდნენ. მაგალითად ჰერცფელდის ზარატუსტრა არის ისტორიული პირი, სამეფო კარის კულისებში მოქმედი პოლიტიკოსი, ავანტიურისტი დიდგვაროვანი. ნიბერგის ზარატუსტრა კი წინაისტორიული ფიგურაა, „მარადის მთვრალი“ გრძნეული, რომელიც თავის მოწაფეებს გაუგებარ ბუტბუტს ასწავლის (გამსახურდია 1995: 53).
    მ. ბოისი მიიჩნევს, რომ ზარატუსტრა ცხოვრობდა ძვ. წ. 1700-1500 წლებს შორის, ბ. გაფუროვის აზრით, არაუგვიანეს VII საუკუნისა, ვ. აბაევის ვარაუდით კი, I ათასწლეულის I ნახევარში. ი. დიაკონოვი ზარატუსტრას მოღვაწეობას აქემენიდების წინარე ხანას უკავშირებს. ბოისის შეხედულებით, ავესტაში არაა არავითარი ხელჩასაჭიდი ფენა, რომ იგი აქემენიდების თანამედროვედ მივიჩნიოთ. ავესტას მატერიალური კულტურა არქაულია, აქ არაა მინიშნებული დიდი ქვეყნები, ფულის ერთეული და ა. შ.
    ე. ჰერცფელდი ზარატუსტრას აქემენიდური ირანის ძლევამოსილი მეფის - დარიოს I-ის (522-486), თანამედროვედ მიიჩნევდა (ჰერცფელდი 1931: 38). გამოთქმულია ვარაუდი, რომ ამ პერიოდში ცხოვრობდა ვინმე სხვა პიროვნება, რომელიც გაუგივეს ისტორიულ ზარატუსტრას და რომელიც პითაგორას მასწავლებლად მიიჩნეოდა.
    ტრადიცია ზარატუსტრას მიაკუთვნებს სპიტამის საგვარეულოს. გვიანდელი გადმოცემა ასახელებს ზარატუსტრას მშობლებისა და შვილების სახელებსაც (მას უნდა ჰყოლოდა 3 ვაჟი და 3 ქალი). საკუთრივ სახელი ზარატუსტრა ძველი სპარსულია. ეტიმოლოგიურად იგი, ერთი ვერსიით, შესაძლოა აიხსნას, როგორც „მფლობელი ოქროს აქლემებისა“; ვ. აბაევი ამ სახელს თარგმნიდა „ძველი აქლემების მფლობელად“; ამერიკელი ირანისტი რ. ფრაი ასე განმარტავდა: „ის, ვინც აქლემებს ატარებს“. ერთი რამ უდავო იყო - ამ სახელში აშკარად ფიგურირებდა სიტყვა „აქლემი“. ევროპაში ბერძნების გზით მისი სახელის ფორმად დამკვიდრდა ზოროასტრი (Дорошенко 1982: 78).
    მიდიურად და ძველ სპარსულად ამ რელიგიური მოღვაწის სახელი გამოითქმოდა როგორც - ზარატუშტრა, ბერძნულად - ზოროასტრი, ავესტურად - ზარათუშტრა, ფალაურად - ზართუშთ, მანიქეურ ძეგლებში - ზარდოშთ, ახალ სპარსულ ენაზე - ზარდუშთ (ჩხეიძე 1984: 39).
    ზარატუსტრას ცხოვრების ხანაზე თითქმის ფანტასტიკურია ანტიკურ ავტორთა აზრები. ყველა მათგანი ერთსულოვანია იმ საკითხში, რომ იგი უძველეს დროში მოღვაწეობდა. ბერძნული წყაროები ასახელებს არარეალურ ციფრებს, რის გამოც მათზე დაყრდნობა უსაფუძვლოა. მათთან საყურადღებოა მხოლოდ ერთი ასპექტი - ზარატუსტრა უკვე ანტიკურ ეპოქაში არქაულ ეტაპზე მოღვაწედ მიიჩნეოდა. ბერძენი ფილოსოფოსებიდან ზარატუსტრა ახსენა არისტოტელემ პროგრამულ ნაშრომში „ფილოსოფიისათვის“. იგი პლატონის გარდაცვალების შემდეგაა შექმნილი და ბევრ მსოფლმხედველობრივ საკითხს ეხება. მასში ლაპარაკია აღმოსავლურ დუალიზმზე (აჰურამაზდას ზევსად მიიჩნევს, ხოლო აჰარიმანს - ჰადესად), ზარატუსტრაზე, ორფიზმზე, წრებრუნვის იდეაზე; ამავე თხზულებაში არისტოტელე ავითარებს აზრს სამყაროს მარადიულობაზე (განსხვავებით პლატონისაგან), იმაზე, რომ ღმერთებზე წარმოდგენები ადამიანებს შეექმნათ საკუთარ სულზე და ვარსკვლავებზე დაკვირვებით და სხვ. (თევზაძე 1995: 92).
    ელინისტური სამყაროდან მოყოლებული სხვადასხვა ავტორები ზარატუსტრას იხსენიებენ, როგორც მისტერიული ცოდნის მფლობელ ბრძენს. საუბარია იმაზე რომ თვით პითაგორა შესაძლებელია ყოფილიყო მისი მოწაფე. მას უკავშირდებოდა რთული გნოსტიკური ტექსტები. განსაკუთრებული პატივით იხსენიებს მას XIV საუკუნის ბიზანტიელი ფილოსოფოსი გეორგიუ გემისტუ პლეთონოსი. საზოგადოდ, პლეთონოსი თავის წინამორბედად მიიჩნევდა ყოველი კულტურის გამოჩენილ წარმომადგენელს. აღსანიშნავია, რომ იგი იწყებს ზარატუსტრასგან (ხმარობს ზოროასტრს) და მას ღვთაებრივ საქმეთა ამხსნელებს შორის უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს. მომდევნო ადგილი მიეკუთვნება ელევსინის მისტერიათა დამდგენ ევლომპის, მას მოსდევს კრეტელთა კანონმდებელი მინოსი, ინდოელი ბრაჰმანები და მიდიელი მოგვები, ელინი მოაზროვნეებისგან - პარმენიდე, ტიმაიოსი, პლატონი, პითაგორა, პლოტინე და სხვები. აქ ვერ შევხვდებით სოკრატეს, არისტოტელეს, პროკლეს, დიონისე არეოპაგელს. ეს საინტერესო ვითარებაა მაშინდელ ბიზანტიაში არსებულ მსოფლმხედველობრივ დაპირისპირებებში გასარკვევად. პლეოთონოსის აზრით ზოროასტრი ცნობილი ნაშრომის - „ქალდეველთა მისნების“ - ავტორი და პლატონის დონის მოაზროვნეა (თევზაძე 1996: 379).
    ზარატუსტრა სხვა ბრძენკაცებსა და ფილოსოფოსებს შორის ჩააყენა რაფაელმა თავის ცნობილ ფრესკაზე - „ათენის სკოლა“. აქ ზარატუსტრა თეთრ სამოსშია გამოხატული დახელში ლურჯი სფერო უჭირავს. იგივე აღორძინების ეპოქაში პიკო დელა მირანდოლა ზარატუსტრას კაბალას ფუძემდებლად მიიჩნევდა. ამგვარი წარმოდგენები ზარატუსტრაზე, როგორც მისანზე მხატვრულ ძეგლებშიც აისახა. სერვანტესი სახელგანთქმულ „დონ კიხოტში“ ერთგან თავის გმირს ათქმევინებს: „მაგრამ სიქველე თავისთავად იმდენად ურყევია და უძლეველი, რომ მთელი შავი მაგიის ჯიბრზე, რაზედაც ხელი მიუწვდებოდა მის მამამთავარს ზოროასტრს, გამარჯვებული გამოვა ყოველგვარი შერკინებიდან“ (სერვანტესი 2011: 440).
    ზარატუსტრა ბევრი თანამედროვესთვის ასოცირდება ნიცშეს ცნობილი წიგნის სათაურთან. გერმანელი ფილოსოფოსის ნაშრომი - „ასე იტყოდა ზარატუსტრა“ რათქმაუნდა არაა ისტორიული ზარატუსტრას სესახებ დაწერილი ტექსტი. ზარატუსტრა არის მასწავლებელი, ქომაგი, თანამდგომი, რომელიც წარმოთქვამს სიტყვას ვინმეს ან რამეს სასარგებლოდ და ამავე დროს, თავად არის ხორცშესხმა იმ მთლიანობისა, რასაც ის ასწავლის (ჰაიდეგერი 1991: 155)
    ჰ. ნიბერგი თვლიდა, რომ ზარატუსტრას ცხოვრების წლებად საუკუნეების წინარე პერიოდის მიჩნევა ემსგავსება ირანულ წარმოდგენას კოსმიური არსებობის 12000 ციკლზე. მართებული არ უნდა იყოს აზრი, რომ სპარსელები ბერძნებს საგანგებოდ ატყუებდნენ და არ აწვდიდნენ მათ სწორ ინფორმაციას ზარატუსტრაზე. უფრო დამაჯერებელია, რომ ბერძნებთან კონტაქტის დროს სპარსელებმა თვითონვე არ იცოდნენ ზუსტი ხანა ზარატუსტრას ცხოვრებისა. მკვლევრები, აგრეთვე, არ იზიარებდნენ X საუკუნის ცნობილი შუააზიელი მეცნიერის, ალ-ბირუნის, ცნობას, რომლის მიხედვით ზარატუსტრა ალექსანდრე მაკედონელამდე 258 წლით ადრე ცხოვრობდა.
    ზოროასტრული გადმოცემების თანახმად, ზარატუსტრას 30 წლის ასაკში უნდა ჰქონოდა გამოცხადება. ეს დიდებული მოვლენა აღწერილია გათებში, ამ რელიგიის საგალობლებში, რომელთა ავტორობა თვით ზარატუსტრას მიეწერება და ავესტის კანონიკურ ტექსტს ეკუთვნის: ,,ოდეს გცან, ჰოი მაზდავ, წმინდანად, მოვიდა ჩემთან ვოჰუმანა და მკითხა: ვინა ხარ? ვისი ხარ? რით გსურს ანიშნო განკითხვის დღე შენიანებს და თვით შენი? და ჯერ ვუთხარ მას: „ზარათუშთრა“. მე ვარ, რაც შემიძლია, მტერი დრუგიანელთა, მაგრამ მტკიცე საყრდენი აშაიანელთა, - მოსაპოვებლად უსაზღვრო მეუფებისა, სანამ გაქებ, მაზდავ და გადიდებ“ (გათა 43). ზარატუსტრას სამოციქულო მისიისთვის გამორჩევა, აგრეთვე, აღწერილია ფალაურ ენაზე დაწერილ თხზულებაში „ზადსპრამი“. მისი ცნობების თანახმად, ერთხელ ზარატუსტრა მონაწილეობას იღებდა შეკრებაში, რომლის მონაწილენიც გაზაფხულის დღესასწაულს ზეიმობდნენ. განთიადისას ზარატუსტრა მდინარეში შევიდა წყლისთვის, რათა მოემზადებინა ჰაომა. როდესაც იგი ნაპირზე დაბრუნდა, მის წინ გაზაფხულის დილის ჰაერში აღმოცენდა ჩვენება. მან იხილა ბრწყინვალე არსება, რომელმაც თავი ვოჰუმანად (კეთილი აზრი) გამოაცხადა. ვოჰუმანამ ზარატუსტრა წარადგინა აჰურამაზდასთან და ხუთ სხვა ელვარე არსებასთან. ამ შვიდი ღვთაებისაგან ზარატუსტრას განეცხადა ჭეშმარიტება და მასზე დაკისრებული მისია.
 გათებიდან ზარატუსტრა ჭეშმარიტების მაძიებლად გვევლინება. იგი მსოფლმხედველობრივ კითხვებზე პასუხს აჰურამაზდასგან ელის:
„ამასა გკითხავ, ჰოი, აჰურავ! მითხარ სიმართლე:
ვინ იყო პირველშემქმნელი, მამა აშასი?
ვინ წესყო გზა მზისა და ვარსკვლავთა
და ვინ - მთვარისა ნება და ცხრომა?
ესაა, ჰოი, ბრძენნო, რაც მსურს ვიცოდე
ამასა გკითხავ, ჰოი აჰურავ! მითხარ სიმართლე:
ვინ დაიცვა ძირს მიწა და ზე ცა დავარდნისაგან?
ვინ - წყალნი და მცენარენი?
ვინ შეაუღლა სისწრაფე ქარისა და ღრუბელთა?
ვინ არს, ბრძენო, შემქმნელი კეთილი აზრისა?
ამას გკითხავ, ჰოი, აჰურავ! მითხარ სიმართლე:
რომელმა შემოქმედმა შექმნა ნათელი და ბნელი?
რომელმა - ძილი და ღვიძილი?
ვინ შექმნა დილა, შუადღე და საღამო,
გონიერს რომ თავის მოვალეობას მოაგონებენ? (ავესტის გათები 1979: 35).
    ზარატუსტრას მიერ ქადაგებული რელიგიური მოძღვრება მკვეთრად გამოხატული დუალიზმით ხასიათდებოდა. იგი მიჯნავდა კეთილ და ბოროტ საქმეებს, რომელთაგან პირველს - სინათლის სამეფოს, ხოლო მეორეს წყვდიადის გამოვლენად თვლიდა. მანვე მიანიშნა ადამიანის უმაღლეს დანიშნულებაზე - გაეკეთებინა არჩევანი ამ ორ საწყისს შორის. ზარატუსტრა მომსწრე უნდა ყოფილიყო მომთაბარე არიელთა თავდასხმებისა მშვიდობიან, ბინადარ მოსახლეობაზე. მომთაბარენი ძარცვავდნენ მოსახლეობას და ხოცავდნენ პირუტყვს. ამიტომ ახალ რელიგიაში, სიბნელის სამეფოს საქმიანობად მიიჩნეოდა საქონლის განადგურება, ხოლო მისი გამრავლება სიკეთედ აღიქმებოდა. მომთაბარე არიელების მიერ თაყვანცემული ღვთაებები - დაევები ზარატუსტრამ თავიდანვე დემონურ ქმნილებებად გამოაცხადა.
    ახალ რელიგიას იმ ტერიტორიაზე, სადაც ზარატუსტრა ცხოვრობდა, წარმატება არ უნდა ჰქონოდა. ზოროასტრულ ტრადიციაში არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმად ზარატუსტრამ მიატოვა სამშობლო და გაიქცა სხვა მხარეში, სადაც ერთ-ერთი სახელმწიფოს მეფე კავი ვიშტასპიმ იგი პატივით მიიღო და გახდა კიდევაც მისი სარწმუნოების მიმდევარი.
    როგორც აღვნიშნეთ, საკითხი ზარატუსტრას სამშობლოს შესახებ საკამათოა. ზოროასტრიზმში არსებული მითიური გეოგრაფიული პუნქტების ქვეშ შესაძლოა ვიგულისხმოთ სხვადასხვა ადგილი. უფრო სავარაუდოა აღმოსავლეთ ირანი, თუმცა ტრადიციული გადმოცემები არც აზერბაიჯანის ტერიტორიას არ გამორიცხავენ.
    ხორასანში არსებობდა კიპარისის ხე, რომელსაც ვიშტასპის ზოროასტრიზმზე მოქცევის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. სხვა გადმოცემა ზარატუსტრას დაბადებას მიაკუთვნებს თეირანთან ახლოს მდებარე ქალაქ რეის და გვამცნობს ზარატუსტრას ჰიჯრაზე აღმოსავლეთში, სადაც მისი სწავლება გაიზიარა მეფე ვიშტასპიმ.
    საზოგადოდ, გათებში ვიშტასპი სამართლიანობისა და ჭეშმარიტების მომხრე მმართველის სახით წარმოჩინდება: „ადამიანთაგან ვინც სპიტამა ზარათუშთრას პატივსა სცემს, იგი ღირსია ქებისა: მას მაზდა აჰურა უბოძებს მეორე სიცოცხლეს, მას გაუმრავლებს საქონელს ვოჰუმანა... ჰოი, ზარათუშთრა! რომელი მორწმუნეა შენი მეგობარი დიად კავშირში? ანუ ვის სურს გაითქვას სახელი? - ესაა კავი ვიშტასპა, საბოლოო გამარჯვების მონაწილე. შენ შეკრებ მათ შენს სამყოფელში, ჰოი, მაზდა აჰურავ! მოვუწოდებ მათ კეთილი სულის ბრძნული სიტყვით“ (გათა 46). „კავი ვიშტასპიმ იმთავითვე უთაოსნა მორწმუნეებს, მიიღო რა მოძღვრება ვოჰუმანას ნაკვალევზე, აშასთან ერთად, აჰურამაზდამ რომ შექმნა’’ (გათა 51). სხვაგან ვიშტასპი ზარატუსტრას ვაჟსა და ფრაშაოშტრასთან ერთადაა დასახელებული, რომელიც, ასევე, ზარატუსტრას მომხრე იყო. როგორც რელიგიის წინამძღოლი: „კავი ვიშტასპა, ზარათუშთრას ძე - სპიტამა და ფრაშაოშტრა სარწმუნოებას გზას უკაფავენ, აჰურამაზდამ რომ დააწესა“ (გათა 53). სწორედ გათებიდან გამომდინარე ცდილობდა ე. ჰერცფელდი ისტორიული რეალიების პოვნას ზარატუსტრას ბიოგრაფიაში, როდესაც მისი მოღვაწეობა დაუკავშირა დარიოს I-ის მეფობას ირანში. დარიოს I-ის მამასაც ერქვა ვიშტასპი, რომელიც განაგებდა სისტანის სატრაპიას. მისი რეზიდენცია იყო ნიშაბურში. მკვლევარმა გარკვეული მონაცემების გათვალისწინების საფუძველზე გააიგივა ზარატუსტრას მფარველი ვიშტასპი დარიოსის მამა ვიშტასპისთან. მეცნიერთა უმრავლესობამ ეს მოსაზრება არ გაიზიარა.
    ზარატუსტრა თავის თავს გათებში მოიხსენიებს, როგორც ზაოტარს, რაც მიანიშნებს, რომ იგი იყო კულტის მსახური. რელიგიათა ფუძემდებლებში ის მოციქულიცაა და მღვდელმსახურიც. ზარატუსტრა უნდა ყოფილიყო ძველი არიული რელიგიის ქურუმი. აშკარაა, რომ ახალი რელიგიის ქადაგებისას მან შემოინახა არიული რელიგიის ბევრი ელემენტი, განსაკუთრებით - რიტუალურ სწავლებებში. მან შეინარჩუნა „ქურუმობის“ ინსტიტუტი, აგრეთვე გათების ძველი პოტური ფორმა, რომელიც ძალიან ჰგავს ვედების მეტრიკას. ძარატუსტრამ ასევე მიიღო - ართას არიული გაგება, რაც სიმართლეს ნიშნავდა. ავესტაში მისი შესატყვისია აშა (ინდ. რტა).
    ზოროასტრიზმში არაერთი ტერმინი იმავე მნიშვნელობით გამოიყენება, რომელიც მათ არიულ რელიგიაში ჰქონდათ. არსობრივი სხვაობა რიგვედასა და ავესტას შორის ის არის, რომ გათებში ერთმანეთისგან გამიჯნულია თაყვანისმცემელი (თვით ზარატუსტრა) და ღვთაება. გ. ვიდენგრენი გათების შექმნის ადგილად არალის ზღვის სანაპირო რეგიონს მიიჩნევდა, ჟ. დიუშენ-პერონი - სოღდის ტერიტორიას, ხოლო მ. დიაკონოვი უპირატესობას ბაქტრიას ანიჭებდა. ზარატუსტრას სახელი ქართულ წყაროებში პირველად „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანში“ გვხვდება (ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 14).

2. ზოროასტრული მოძღვრება და კულტი
    ზოროასტრიზმი იყო მკვეთრად გამოხატული დუალისტური რელიგია, რომელიც არსებულ ყოფიერებას სინათლისა და წყვდიადის სამეფოთა ურთიერთბრძოლის ასპარეზად აცხადებდა. როგორც აღინიშნა, ამ რელიგიის წარმოშობაში აშკარაა ერთგვარი დაპირისპირება არიელების რელიგიასთან. ეს უპირველესად არიული ღმერთების - დაევების ბოროტ სულებად გამოცხადებაში გამოიხატა.
    ზოროასტრიზმის შესასწავლად უპირველესი წყაროა მთავარი საკრალური წიგნი - ავესტა, რომელიც სხვადასხვა ნაწილისაგან შედგება. მასში აისახა ამ რელიგიის თეოლოგიური დოქტრინის არქაული ფენა. სასანიდურ ეპოქაში შექმნილი რელიგიური წიგნები აირეკლავს ზოროასტრიზმის მიერ მოგვიანებით ათვისებულ სწავლებებს. ამ პერიოდის ზოროასტრიზმში გამოიყოფა ყველა რელიგიის დინამიკური თვისება - მოძღვრების განვითარება, კულტის გართულება, პარალელურად არსებული თეორიების შერწყმა.
    ზოროასტრიზმის თანახმად, სინათლისა და სიკეთის სამეფოს გამგებელია ღვთაება აჰურა მაზდა („სიბრძნის ბატონი“; ფალაურად ოჰრმაზდ), ხოლო ბოროტებისა და წყვდიადის სამეფოს მართავს ღვთაება ანჰრა მანიუ (ფალაურად აჰრიმან). ორივე საწყისს გარს ახვევია ამალა დამხმარე ძალებისა, რომელთა სახელებშიც ინდოირანელთა უძველესი პანთეონის კვალი იკითხება. აჰურას სახელი, სავარაუდოდ, ზარატუსტრამდე გვხვდებოდა არიელებში. თუმცა ეპითეტით - მაზდა, იგი ზარატუსტრას დროიდან გვხვდება. ზარატუსტრამ გაამდიდრა მისი მნიშვნელობა. ზოგი მეცნიერის აზრით, ადრეულ ეტაპზე ამ ღვთაებასთან შერწყმული იყო მითრაც, რასაც ის ფაქტიც უნდა მოწმობდეს, რომ გათებში მითრას სახელის ხსენებაც არაა.
    ღვთაება აჰურამაზდას სახელი ავესტას ტექსტებში იწერებოდა ცალ-ცალკე: <აჰურა მაზდა> და მხოლოდ მოგვიანებით დამკვიდრდა ტრადიცია მისი სახელის ერთად დაწერისა: <აჰურამაზდა>. მას უპირისპირდებიან დევები აჰრიმანის მეთაურობით (Чунакова 2004: 166).
    სასანიდების პერიოდში აჰურამაზდას მრავალი ეპითეტი განეკუთვნებოდა. მას მოიხსენიებდნენ, როგორც შვების მომტანს, ბრწყინვალეს, შემოქმედს, უზენაესს (წერეთელი 1985: 122).
    აჰურამაზდა უსხეულოა და შეუძლებელია მისი ხილვა. იგი ყოველგვარი სიკეთის შემქმნელია. სულიერი სამყაროსათვის თავდაპირველად მან შექმნა ვოჰუმანა და შემდეგ სხვა ამეშასპენტები, ხოლო მატერიალურ სამყაროში შექმნა ცა, წყალი, მიწა, მცენარეები, ცხოველები, ადამიანი, ვარსკვლავები, მთვარე, მზე, ცეცხლი და „ყოველგვარი სიკეთე“, ასევე, სულიერი სახეები ყველა იმ ქმნილებისა, რომელიც ხორციელი სახით ებრძვის ბოროტ სულებს და შექმნა ათი თევზი, რომლებიც იცავდნენ წმინდა ხეს - ჰაომას. მან დააბრკოლა მავნე ქმნილებების გამრავლება დედამიწაზე. მისგან იღებს სათავეს ყველაფერი, რაც ადამიანისთვის სასარგებლოა. აჰურამაზდამ შექმნა ასევე ყველაზე ღირებული - აღდგომა, როდესაც მკვდრები იხილავენ მზის სინათლეს, მაშინ აჰურამაზდა მოევლინება ქვეყნიერებას პირველ ქურუმად და ყველაფრი აღორძინდება, რის შემდეგაც სამყარო სამუდამოდ გახდება უკვდავი. ჯ. დარმსტეტერი აჰურამაზდას „ცის ღვთაებად“ მიიჩნევს, ვინაიდან მისი მრავალი თვისება ციურ წარმოშობაზე მიუთითებს. ის „თეთრია, ნათელი, ხილული შორიდან, მზე მისი თვალებია, მდინარეები - მეუღლენი, ელვა - მისი ვაჟი. ის მოფენილია ვარსკვლავებით, დაფარულია ცით და ცხოვრობს უსასრულო ნათელ სივრცეში“ (Чунакова 2004: 168).
    ადამიანები აჰურამაზდას ქმნილებათა რიცხვს განეკუთვნებიან, ამიტომ მის დამხმარე ძალებად გვევლინებიან ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში. აჰრიმანის მიერ სამყაროში მოტანილი ბოროტების გამო აჰურამაზდამ შექმნა სწავლება - მაზდეანური რწმენა, რომელიც მან გადასცა ზარატუსტრას, ამ უკანასკნელისგან კი შეითვისა მისმა მფარველმა - ვიშტასპიმ. აჰურამაზდა „ფიქრობს სამართლიანობაზე“ და მისი საქმეებია „მოწყალება, სიკეთე და სამართლიანობა“. მისი სურვილია, რომ ადამიანებმა იცნონ იგი. თხუთმეტი წლის ასაკში პიროვნებამ უნდა იცოდეს, რომ იგი ეკუთვნის აჰურამაზდას. ადამიანი მხოლოდ მაშინ დაუახლოვდება აჰურამაზდას, თუ გამოიჩენს გონიერებას, სიმართლეს, კეთილშობილებას, მადლიერებას, ზომიერებას. სამოთხეში ცხოვრებისათვის აუცილებელია იმის ცოდნა, რომ „ყველაფერი კარგი აჰურამაზდას მიერ არის შექმნილი“. აჰურამაზდას თვისებებია ყველაფრის ცოდნა, მართვა, შემოქმედებითობა. იგი მომთმენი და უვნებელი ღვთაებაა. მას, როგორც „შემოქმედს’’, ეძღვნება ყოველი თვის პირველი დღე, მის სიმბოლოდ ჟასმინის ყვავილი მიიჩნევა.
    ბოროტების მეუფე აჰრიმანი აჰურამაზდას მეტოქეა. მისი ეპითეტებია: დაწყევლილი, ბოროტების მსურველი, სიკვდილით აღვსილი, დამანგრეველი. მისი თვისებებია: უვიცობა, დაბნეულობა და შიში მართალთა წინაშე; იგი არაა ყველაფრის მცოდნე. მკვიდრობს სიბნელეში და ამოძრავებს ნგრევის ვნება. აჰურამაზდასგან განსხვავებით, „ის იყო, არის, მაგრამ აღარ იქნება“. აჰრიმანს აქვს „კუნძისმაგვარი ხვლიკის“ („ბაყაყი“) სხეული. „შაჰ-ნამეს“ მიხედვით, მეფე ტაჰმაურუპი 30 წლის განმავლობაში მას იყენებდა ცხენად. ზოროასტრელმა ვირაფმა აჰრიმანი იხილა ჯოჯოხეთში, სადაც იგი ცოდვილებს დასცინოდა.
    აჰრიმანი მკვიდრობს ჯოჯოხეთში, რომელიც მდებარეობს „დედამიწის ცენტრში“, სადაც „მან გახვრიტა მიწა და ჩამოვარდა იქიდან“. აჰურამაზდასთან ბრძოლაში დასახმარებლად აჰრიმანმა დევები შექმნა. მათი მეშვეობით იგი ზიანს აყენებდა სინათლის სამეფოს მესვეურებს. მანვე შექმნა სიცრუე და აჰურამაზდას ყველა ქმნილებას ბოროტებას უპირისპირებდა. მის შექმნილად მიიჩნეოდა ყველა პლანეტა, რის გამოც ისინი ბოროტი თვისებების მატარებლებად მოიაზრებოდნენ. აჰრიმანისგან იღებდა სათავეს სნეულებათა მთელი წყება. გვიანდელი გადმოცემებით, აჰრიმანის ძალის გამოვლენად აღიქმებოდა ალექსანდრე მაკედონელი თავისი დამანგრეველი ქმედებებით. აჰრიმანი ცდილობდა ზარატუსტრას ცდუნებას, თუმცა ამას ვერ მიაღწია (Чунакова 2004: 38).
    აჰრიმანთან ბრძოლისას აჰურამაზდას მთავარი დამხმარეები არიან ადამიანები. აჰრიმანი ცდილობს, რომ მათგან საკუთარი თავი დაიფაროს.  ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა არ მოექცეს აჰრიმანისა და დევების ზეგავლენის ქვეშ. აჰრიმანი იკვებება ადამიანში არსებული ნეგატიური ემოციებით. მისი დემონები ხალხში ვლინდებიან ისეთი გრძნობების სახით, როგორებიცაა: „სიძუნწე, რისხვა, შური, სირცხვილი, სიბილწე, სამაგიეროს გადახდა, სიზარმაცე, ცთომილება და ცილისწამება“. ადამიანებს აჰრიმანი უგზავნის სიბრმავესა და სიყრუეს. მასში კონცენტრირებულია ბოროტი საქმეები, ჯადოსნობა, ცრუ მოძღვრებათა გავრცელება. სუსტი ნებისყოფის ადამიანი აჰრიმანსა და დევებს ჯოჯოხეთში მიჰყავთ, მაგრამ გონების ძალით შესაძლებელია აჰრიმანის დამარცხება (Чунакова 2004: 40).
    როგორც ვხედავთ, დაპირისპირება სიკეთისა და ბოროტების საწყისებს შორის ყველაფერში ვლინდება. მთელი კოსმოსი მათი ურთიერთშეჯახებისა და დაპირისპირების პანორამულ სურათს წარმოადგენს. ზოროასტრიზმის ესქატოლოგია ბოროტების სრულ განადგურებას ქადაგებს.
    აჰურამაზდას ბრძოლაში უპირველესად ექვსი წმინდა სული ეხმარება. ესენი არიან: ვოჰუ მანა (კეთილი აზრი, ფალაურად ბაჰმანი), აშა ვაჰიშტა (ფალ. არდვაჰიშტ), ხშათრა ვარია (შაჰრივარ), სპენტა არმატი (ფალ. ისფენდარმად), ხაურვატატი (ფალ. ხორდად) და არმტატი (ფალ. მორდად). ამათგან ხუთს ვედებში ჰყავს შესაბამისი მონაცვლე: ვასუ, ვასიშტხა, ქშატრა, სარასვატი და ამრიტა, რაც მიგვანიშნებს მათს, როგორც დამოუკიდებელი ღვთაებების, ინდოირანულ წარმოშობაზე.
    ამეშასპენტები გაჩნდნენ აჰურამაზდას მიერ. თავდაპირველად მან შექმნა ვოჰუ მანა, ხოლო მისი დახმარებით - დანარჩენი ქმნილებანი. ამეშასპენტები არსებობენ და მოქმედებენ არამატერიალურ სამყაროში, „სულიერ ჭრილში“. ისინი მკვიდრობენ „დაუსრულებელ ნათელში“ აჰურამაზდასთან ერთად. „ბუნდაჰიშნის“ თანახმად, ამეშასპენტები სხედან ზეცაში აჰურამაზდას გვირგვინის წინ - მარჯვნივ განლაგებულნი არიან მამრობითი სქესის ვოჰუ მანა, აშა ვაჰიშტა, ხშათრა ვარია, ხოლო მარცხნივ - მდედრობითი სქესის სპენტა არმატი, ხაურვატატი და არმტატი (თავი XXVI). დღეში სამჯერ ამეშასპენტები ჩამოდიან მატერიალურ სამყაროში და იკრიბებიან ცეცხლის ტაძარში, სადაც ტოვებენ სამართლიანობასა და სათნოებას. ამიტომ საჭიროა ტაძარში სიარული და მიღება იმ მადლისა, რომელიც ამეშასპენტებმა იქ დატოვეს. ამეშასპენტები არა მხოლოდ ეხმარებიან ადამიანებს სწორი გზის ძიებაში და აჯილდოვბენ სამოთხეში, არამედ ახსენებენ მათს სამომავლო აღდგომას. აღდგომის შემდეგ, როდესაც აჰურამაზდა შეერკინება აჰრიმანს, თითოეული ამეშასპენტი დაამარცხებს თავის მოწინააღმდეგეს ბოროტების სამეფოდან, სადაც მათი რიცხვი აგრეთვე ექვსია - აკა მანა (ბოროტი აზრი), ანდარა, სავარა, ნაკაედა, ტარიჩა და ზარიჩა. აჰურამაზდა და მის მხარეს მყოფი ამეშასპენტები უსხეულონი არიან, მაგრამ თითოეულმა მათგანმა მატერიალურ სამყაროს მისცა თავისი წარმომადგენელი, რომლის მეშვეობით დედამიწაზე ახორციელებენ იმას, რაც სამყაროს სულიერს ხდის. ვოჰუ მანა მფარველობს პირუტყვს, აშა ვაჰიშტა - ცეცხლს, ხშათრა ვარია - ლითონს, სპენტა არმატი - მიწას, ხაურვატატი - წყალს, არმტატი - მცენარეებს. ადამიანმა უნდა იზრუნოს დასახელებულ სტიქიებსა და საგნებზე და ამ გზით აამებს ამეშასპენტებს, თავის სულს კი დაიხსნის აჰრიმანისა და დევებისაგან. ამეშასპენტების შემდეგ თაყვანისცემის ობიექტები არიან იაზატები. განსხვავებულია სულიერი და ხორციელი იაზატები. პირველთა სათავეში კვლავ აჰურამაზდა დგას, ხოლო მეორეთა წინამძღვრად თვით ზარატუსტრა გვევლინება. ამ უკანასკნელთა რიგს განეკუთვნება აგრეთვე მზე, რომელიც აჰურამაზდას თვალად მიიჩნეოდა (ისევე, როგორც მითრასი), ვარსკვლავი სირიუსი, ღმერთქალად პერსონიფიკაციაქმნილი ზეციერი მდინარე არდვისურა ანაჰიტა და სხვები. იაზატების მომდევნო საფეხურზე დგანან წმიდა, მფარველი სულები, რომელთაც ფრავაშები ეწოდებოდა. მათი რიცხვი უაღრესად დიდია. ისინი იცავენ ყოველ ადამიანსა და კეთილ ქმნილებას (Чунакова 2004: 25).
    როგორც ზემოთ ვახსენეთ, ამეშასპენტებს წყვდიადის სამეფოდან უპირისპირდებიან მოწინააღმდეგე ძალები - ავესტის თანახმად, დაევები, ფალაური წარმოთქმით, დევები. არსებობს ზემოხსენებული 6 მთავარი დაევა: აკა მანა, ანდარა, სავარა, ნაკაედა, ტარიჩა და ზარიჩა. მთავარ დევებს მიეკუთვნება ასევე აეშმა - რისხვის დევი; დევებს ჰყავთ დამხმარე ბოროტი სულები - დრუგები და პარიკები. აჰრიმანმა დევები შექმნა მას შემდეგ, რაც სიცრუე დაბადა. ერთი ვერსიით, ისინი სოდომური ცოდვის შედეგად შეიქმნენ. ფალაურ მწერლობაში იხსენიება არაერთი დევის სახელი. დევები პლანეტებთან ერთად ებრძვიან აჰურამაზდას ქმნილებებს. მათი თავშეყრის ადგილი ჯოჯოხეთია, სადაც ისინი მონაწილეობენ ცოდვილთა დასჯაში. ზოგჯერ დევები შედარებულნი არიან ფინიკის ხესთან. ფაქტია, რომ ისინი ანთროპომორფულ იერს არ ატარებენ. დევების საქმე ბოროტებითაა სავსე. ბევრი მათგანი სამყაროში საღამოობით მოდის. მათი განდევნა რიტუალების სწორად შესრულებას ძალუძს.
    მართალია, ბოროტების და სიკეთის უმთავრესი ღვთაებები - აჰურამაზდა (ჰორმუზდი) და ანჰრამანიუ (აჰრიმანი) თანაბარძალოვან საწყისებად გვევლინებიან, მაგრამ პირველი მათგანი მარადიულად იქნება, ხოლო ბოროტება მარცხდება. ეს ყველაფერი მოხდება სამყაროს ესქატოლოგიურ ფინალში, ანუ, ზოროასტრული რწმენით, მომავალში, მაგრამ იბადება კითხვა: როგორია სწავლება ამ ღვთაებათა გენეზისზე? ისინი დაუსაბამოდ არიან მიჩნეულები თუ არა? ზოროასტრიზმის განვითარებამ ამ პრობლემის ახსნის აუცილებლობა დააყენა, რომლის გადაჭრამ ეს რელიგია ირანული წარმოშობის განსხვავებულ მოძღვრებასთან დააახლოვა. ეს იყო ზარვანიზმი.
    ზარვანი (ფალ. ზურვან) ნიშნავს დროს. იგი ძველ ირანულ წარმოდგენებში აბსტრაქტული და განუსაზღვრელი დროის ღვთაება იყო. მასთან დაკავშირებული რელიგიური სწავლებების სერია წინარესასანიდურ ხანაში დამოუკიდებელ ირანულ რელიგიად არსებობდა. ზარვანიზმის რელიგიას საკუთარი მოგვები უნდა ჰყოლოდა. გ. ვიდენგრენის შენიშვნით, სასანიდების პერიოდიდან ხდებოდა ზარვანისტ მოგვთა და ზოროასტრ ქურუმთა შერევა. ამის შემდეგ ირანში ზარვანიზმის ისეთმა ტალღამ იმძლავრა, რომ ლაპარაკი შეიძლებოდა მხოლოდ ზარვანისტული ყალიბით მოჭრილ ზოროასტრიზმზე. „ბუნდაჰიშნი“ შეიცავს სხადასხვა ზარვანისტულ სწავლას, მაგრამ გადამუშავებულს ზოროასტრელთა მიერ. ზარვანის სახელს დაუკავშირეს აჰურამაზდასა და აჰრიმანის წარმოშობა. ამ გვიანდელი მითის შესახებ მოგვითხრობს როგორც ფალაური წყაროები, აგრეთვე - სომეხი ერესიოლოგი ეზნიკ კოლბელი (Zaehner 1971: 35).
    ზარვანიზმთან შერწყმული ზოროასტრული დოქტრინით, მაშინ, როდესაც არ არსებობდა არაფერი, იყო მხოლოდ ზარვანი, რომელიც 1000 წლის განმავლობაში მსხვერპლს სწირავდა, რათა შესძენოდა ძე, რომელსაც უნდა შეექმნა სამყარო. ბოლოს, როცა შეეჭვდა, ჩაესახნენ ტყუპები - აჰურამაზდა მსხვერპლშეწირვის შედეგად და ანჰრა მანიუ კი - ეჭვის. ზარვანმა აღთქმა დადო, რომ ვინც პირველი გამოცხადდებოდა მის წინაშე, ის მიიღებდა მეფობას. აჰურამზადამ განჭვრიტა მისი ფარული აზრები და გულუბრყვილოდ გაუმხილა აჰრიმანს. ამ უკანასკნელმა არ დააყოვნა, მყისიერად წარუდგა მამას. ზარვანმა უარყო იგი, რადგან ბნელის წილი იყო, ეტყობოდა, ბოროტების ქმნა ეყვარებოდა. ამასობაში ბუნებრივი წესით დაიბადა აჰურამაზდა, ნათელი და კეთილსურნელოვანი. ზარვანი მიხვდა, რომ ის იყო მისი ჭეშმარიტი ძე, რომელსაც უნდა შეექმნა მშვენიერი სამყარო. აჰრიმანმა ზარვანს შეახსენა აღთქმა, რომლის თანახმად ზარვანი მეუფებას პირველ ძეს ჰპირდებოდა. ზარვანი იძულებული გახდა, ორივესთვის მიეცა შემოქმედების ნიჭი, თუმცა განჭვრიტა, რომ მათ შორის მუდმივი პაექრობა იქნებოდა, ვიდრე აჰურამაზდა საბოლოოდ არ ძლევდა აჰრიმანს. ამის შედეგად ქმნილებებში ორივე ძალის ანარეკლია: აჰურამაზდამ შექმნა ცეცხლი, აჰრიმანმა მას შურით კვამლი დააყოლა; აჰურამაზდამ გადმოადინა მტკნარი და გემრიელი წყლები, აჰრიმანმა - უგემური და მწარე; აჰურამაზდამ გააჩინა ცხოველები, აჰრიმანმა მათ სისასტიკე ჩაუნერგა; აჰურამაზდამ შექმნა სიმართლე, აჰრიმანმა - სიყალბე; აჰურამაზდამ შექმნა და ირგვლივ შემოიკრიბა ამეშასპენტები, აჰრიმანმა კი - უწმინდური არსებები - დევები და დაავალა მათ, ხელი შეეშალათ კეთილი სულებისათვის. ასე ებრძვიან ერთმანეთს ნათელი და ბნელი ძალები, ხოლო ადამიანს ევალება, არჩევანი გააკეთოს მათ შორის (Zaehner 1971: 81).
    ამგვარია ზარვანისტული ახსნა ნათელი და ბნელი საწყისების წარმოშობაზე. ორთოდოქსულმა ზოროასტრიზმმა მიიღო ეს შეხედულება, თუმცა ავესტაში არაფერია ნათქვამი ზარვანის ამ ფუნქციაზე. ტყუპი ღვთაებების შესახებ სწავლება სასანიდების დროს დაკანონდა. ზოროასტრული კოსმოგონია თავის თავში მოიცავს ერთგვარ დილემას: აქ ყველაფერი ადამიანის ჩათვლით განმსჭვალულია მრჩობლი ბუნებით.
    კოსმოლოგიურ აქტში განხორციელდა სამყაროს მოწესრიგება მისი შემადგენელი ელემენტების მეშვეობით. ცისა და წყლის შემდეგ აჰურამაზდამ შექმნა მიწა, რომელიც მდედრობითი სქესისაა. ის დამყარდა კოსმიური სივრცის ცენტრში, მსგავსად „კვერცხის წიაღში მყოფი კვერცხის გულისა“. აჰრიმანის შემოტევისას მიწა შეზანზარდა და მისგან მთები აღმოცენდა. მდედრობითი სქესისაა ასევე წყალი, ხოლო ცა, ქარი, ცეცხლი და ლითონი - მამრობითი სქესისა. ეს უკანასკნელი პირველმა ადამიანებმა აღმოაჩინეს ქვაში, დაამუშავეს და მისგან ნაჯახი გააკეთეს. ლითონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს აგრეთვე აპოკალიპტურ მოვლენებში. აღდგომისას გამდნარი ლითონი დედამიწაზე მდინარის სახით გადმოიღვრება და მასში ყველა ადამიანი განსაწმენდელად შევა. მართალთათვის ეს თბილ რძეში სიარულის მსგავსი იქნება, ხოლო ცოდვილთათვის იგი ავარვარებულ ლითონად გადაიქცევა (Чунакова 2004: 149).
    კოსმოგონიის შემდეგ უნდა განვიხილოთ ამ რელიგიის კოსმოლოგია და ესქატოლოგია. ზოროასტრული წარმოდგენა სამყაროს არსებობის შესახებ უკავშირდება სწავლებას ზოროასტრული ეპოქების შესახებ: სამყარო შემოფარგლულია დროში. მარადისობა წინ უსწრებს დროს, როგორც მისი პირველმიზეზი. შემოფარგლულ დროში მიმდინარეობს სამყაროული, ისტორიული მოვლენები. როდესაც მათ ზღვარი დაედება, კვლავ დადგება მარადიულობა, დაუსაბამო ჟამის სუფევა. გ. ვიდენგრენი აქ ხედავს ზარვანიზმის ძლიერ ფილოსოფიურ ფუნდამენტს, თუმცა ზარვანი ყოველთვის აბსტრაქტული პრინციპის საზღვრებს არ სცილდებოდა. აქედან გამომდინარე, მარტივი გასაგებია ის ფაქტი, თუ რატომ არ სწირავდნენ მას მსხვერპლს კულტმსახურებისას.
    მაზდეანური თეოლოგიის მიხედვით, კოსმოსის არსებობაში უმეტესად სამი, ზოგჯერ კი ოთხი ეპოქა გამოიყოფა. თითოეულის ხანგრძლივობა 3000 წელს გრძელდება. ამდენად, წყაროები სამყაროს ხანგრძლივობას ხან 9000 წლით განსაზღვრავს, ხან - 12000 წლით. ე. ბენვენისტის აზრით, 9000 წელიწადში იგულისხმება არამაზდეანური, ზარვანისტული კონცეფცია, ხოლო 12000-ში - მაზდეანური. ჰ. ნიბერგის მიხედვით, პირიქითაა: 12000 წელიწადი ზარვანისტულ დოქტრინას მოასწავებს, 9000 - მაზდეანურს, მიუხედავად იმისა, რომ „ბუნდაჰიშნი“ თავის არაზარვანისტულ ნაწილში 12000-წლიან სისტემას წარმოგვიდგენს. ა. ქრისტენსენის თანახმად, ქრონოლოგიური განსხვავება არ შეესაბამება საერთო განსხვავებას მაზდეანობასა და ზარვანიზმს შორის. ორივე დოქტრინას შეეძლო საწყისი 3000 წელიწადი ჩაერთო თავის თავში ან გამოერიცხა. იგივე 12000 წელიწადი მოცემულია ალ-ბირუნის მიერ მოგვთა რელიგიის აღწერაში (Widengren 1965: 285).
    მსგავსი პოზიცია უჭირავს თანამედროვე ზოროასტრელების (პარსების) მოძღვრებასაც. ამერიკელი ირანისტი რ. ფრაი, 12000 წელიწადს, ზოგადად, არიულ წარმოდგენებს უკავშირებს, ხოლო 9000 წელიწადს - ზოროასტრულ ესქატოლოგიას. 12000-წლოვან ციკლზე წარმოდგენა შემდეგ ეტაპებად დაიყოფა: I. 3000 წელი - აჰურამაზდა მეფობს; II. 3000 წელი - აჰრიმანი უტევს აჰურამაზდას (ამ დროის მოვლენათა სიმეტრიის ცენტრია ზარატუსტრას გამოცხადება და მისი სწავლების მოტანა); III. 3000 წელი - აჰურამაზდა და აჰრიმანი გათანაბრდებიან; IV. 3000 წელი - აჰურამაზდა დომინირებს (საბოლოო განახლება). აჰურამაზდას მეფობას უკავშირდება მითიური მეფის, იამას, ზეობა. ის იყო პიროვნება, რომელმაც პირველად იგემა სიკვდილი ისტორიაში (Фрай 2002: 180).
    აჰურამაზდას ძლიერების შერყევისას დედამიწაზე მის მიერ გამორჩეულია პიროვნება - ზარატუსტრა, რომელიც შეახსენებს ადამიანურ მოდგმას ჭეშმარიტებას. მისი ქადაგების მუდმივი თემაა ადამიანების განშორება წყვდიადის საქმეებისგან. ზარატუსტრათი იწყება მესიათა სერია, რომელთა რიცხვიც სამია.
    ირანული ესქატოლოგიური სურათი, ჰ. ნიბერგის აზრით, მოკლებულია ჭეშმარიტ ესთეტიკურ მიმზიდველობას. მკვდართა აღდგომისას მარადიულ ნეტარებას მიეცემიან ჭეშმარიტების ერთგულნი. ირანულმა სამყარომ, ინდურის მსგავსად, არ ცნო სამყაროთა პერიოდულად განახლების იდეა. მისი სწავლებით, კოსმოსის ფინალში ბოროტება და წყვდიადი განადგურდება და დამყარდება აჰურამაზდას სრული ტრიუმფი (Nyberg 1938: 30).
    ზოროასტრიზმის თანახმად, მკვდართა აღდგომამდე გარდაცვლილი სულები, რომლებიც ჭეშმარიტ რელიგიას მისდევენ, სინათლისა და დიდების სამყოფელში მოხვდებიან, სადაც აჰურამაზდა მეფობს, ცრუმოძღვარნი და კერპთაყვანისმცემელნი კი - ბნელეთში, სადაც დემონები მკვიდრობენ. ის, ვინც კეთილ საქმეებს აკეთებს, ანადგურებს მავნე ცხოველებს, გველებს, მტაცებლებს, გულმოდგინედ ამუშავებს მიწას, რგავს სასარგებლო ხეებს, სიკვდილის შემდეგ გაბრწყინებულ ცაზე ამაღლდება, ბოროტი ადამიანი კი სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში ხვდება. ჯოჯოხეთის ცნება ზოროასტრიზმში არ ჰგავს ქრისტიანულ წარმოდგენებს მასზე. მისი დანიშნულება ცოდვებისგან განწმენდაა. ე. ბერტელსის აზრით, ზოროასტრული ჯოჯოხეთი ცეცხლის მორევს არ წარმოადგენს. იგი უმეტესად უსასრულო უდაბნოა. ზოგადად სიკვდილის შემდეგ საიქიო ცხოვრებაზე ზოროასტრული წარმოდგენები აისახა ფალაურ ენაზე დაწერილ ძეგლში „არდა ვირაფ ნამაკი“. იგი სასანიდების პერიოდში, დაახლოებით V საუკუნეში, შეიქმნა. მასში აღწერილია ზოროასტრელი ვირაფის მოგზაურობა იმქვეყნიურ სამეუფოში; ვირაფი, რომელსაც ჰყავდა შვიდი და (შვიდივე მისი ცოლი იყო, რაც მაზდეანობაში არ იზღუდებოდა), შვიდი დღე-ღამის განმავლობაში მოგზაურობს იმქვეყნად. წიგნში აღწერილია, რომ ვირაფის სული დატოვებს სხეულს და გავა ჩინვატხიდზე (მკვდართა ხიდი). ზოროასტრული წარმოდგენით, იგი სამყაროს ცენტრში აღმართულ მთაზე, ჩატაკ დაიტიკზე იყო და მასზე გარდაცვლილთა სულები გადიოდნენ. ვირაფი თვითონ ჰყვება თავის თავგადასავალს. იმ ღვთაებათა შორის, რომლებიც მას იქ უვნებლად იცავდნენ, ვირაფი ასახელებს მითრასაც. აქ ცოდვილნი სხვადასხვა სასჯელის ქვეშ იმყოფებოდნენ: სიცოცხლეში ქმრის ურჩი ცოლი ჰაერში ენით იყო ჩამოკიდებული, ბავშვების უარმყოფელ მამას დევები ტანჯავდნენ, მექრთამე და სიცრუისმოყვარე კაცი თვალდათხრილი ფეხებით იყო დაკიდებული და თავში ლურსმანი ჰქონდა ჩარჭობილი, სხვა ცოდვილები სხვაგვარ სატანჯველს განიცდიდნენ (არდა ვირაფ ნამაკი 1977: 110).
    ბუნებრივი სტიქიები, რომლებიც აჰურამაზდას ქმნილებებად მიიჩნეოდა, ზოროასტრულ კულტში მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებდა. კულტის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი იყო წყალი. დიდი ყურადღება ექცეოდა მის სუფთა ჭურჭელში შენახვას. მისი გაჭუჭყიანება დიდ ცოდვად აღიქმებოდა. ამის მოქმედი ჯოჯოხეთში სასტიკად ისჯებოდა. მას ეკეტებოდა სამოთხის კარი. თუ ადამიანი შესცოდავდა წყლის ერთი წვეთის წინაშეც კი და არ შეეცდებოდა მის გამოსყიდვას, ვერ აცდებოდა ამ სასჯელს. იმ ადამიანთა სულები, რომლებიც წყალობდნენ წყალს, მიწასა და სხვა წმინდა ელემენტებს, სამოთხეში გაბრწყინებულ ადგილებს იმკვიდრებდნენ, ხოლო მათ წინაშე წყლის, მიწის, მცენარეთა და ცხოველთა სულები იდგნენ და ლოცავდნენ. წყლის დიდება იზრდებოდა, როცა დედამიწაზე კლავდნენ მავნე ქმნილებებს. წყალს ეძღვნებოდა აბანი, ზოროასტრული კალენდრის მერვე დღე. ზოროასტრელებს ეკრძალებოდათ წყლის დასხმა ჭუჭყიანი ხელებით, წვიმიან ამინდში გარეთ გამოსვლა, აუზში ბანაობა.
    რაც არ უნდა ბევრი ვიმსჯელოთ წყლის, ლითონისა და სხვა სტიქიების თაობაზე, უმთავრესი რიტუალური ფუნქცია ენიჭებოდა ცეცხლს (ავესტაში ატარ, ფალაურად ადურ). ცეცხლი ზოროსტრული კულტის განუყოფელი კომპონენტია. იგი ისევე, როგორც ცა, ლითონი და ქარი, „მამრობითი სქესისაა“ (თავისი აქტიურობის მიხედვით). ცეცხლი, როგორც სტიქია, რამდენიმე ჰიპოსტასით ვლინდება. ბუნდაჰიშნი, ავესტაზე დაყრდნობით, ჩამოთვლის ცეცხლის ხუთ სახეს. ცეცხლი ურევია მცენარეთა და ცხოველთა შედგენილობაშიც, ამიტომ მას „აჰურამაზდას ცეცხლი“ ეწოდება. აჰურამაზდასა და აჰრიმანის მეტოქეობის დასაწყისში, როცა ეს უკანასკნელი ანადგურებდა ყოველ კეთილ ქმნილებას, მან შეურია „ცეცხლს კვამლი და სიბნელე“. ცეცხლი, როგორც გამწმენდი საშუალება, სამყაროს მცველია. ცეცხლს, რომელსაც ბაჰრამის ცეცხლი (ატახსი ბაჰრამ) ეწოდებოდა, დიდი ტერიტორიის ცენტრალურ სიწმინდეს გულისხმობდა. არსებობდა ასევე ცეცხლი სასახლისა, ლოკალური ტაძრებისა. მისი ტაძრების აგებაში მონაწილეობდნენ თვით მეფენი. იმ ადგილების მოვლა, სადაც ცეცხლი იყო, ითვლებოდა ზოროასტრელთა მოვალეობად. ის, ვინც ცეცხლს ჩააქრობდა, ზოროასტრული სწავლებით, ჯოჯოხეთში დაისჯებოდა.
    ყოველდღიური ლოცვებისა და რიტუალებისათვის იგებოდა უფრო დაბალი რანგის ტაძრები, სადაც იყო ცეცხლის საკურთხეველი (ფალაურად ადურგაჰ). ტაძარში სიარული და ლოცვა აუცილებელი იყო დღეში სამჯერ ან უფრო მეტადაც, ვინაიდან ამეშასპენტები დღეში სამჯერ იკრიბებიან ცეცხლის ტაძარში და ტოვებენ იქ სამართლიანობას. ვინც ხშირად დადის ტაძარში, უფრო მეტ მადლს მიიღებს. ლოცვა, დიდება და მადლობა ბაჰმანისა ან სხვა ცეცხლისა საჭიროა დილით, შუადღისას და საღამოს. ცოდვის ჩადენისას აუცილებელია სინანული. ცეცხლის ტაძარში სიარული ასევე საჭიროა იმიტომაც, რომ განაგდო უსხეულო დემონი და სიზარმაცე. მავნე ქმნილებების განადგურების გვერდით ცეცხლის დაცვა ერთ-ერთი გზაა ცოდვებისაგან გამოსყიდვისა. ცეცხლის დიდება იზრდება მაშინ, როდესაც ნადგურდება მავნე ქმნილებები. ცეცხლს მორწმუნეებმა ისევე უნდა მოუარონ, „როგორც უვლიან არასრულწლოვან ბავშვებს, ცოლსა და პირუტყვს“. ცეცხლი უნდა დაიცვან წყლისაგან; მას შეიძლება დააყარონ კეთილსურნელოვანი ნივთიერებები და შვიდწლიანი ხეების შეშა. ცეცხლის წინაშე რელიგიურ რიტუალებში ხშირად იკითხებოდა ავესტა, კეთილსურნელების მიყრის დროს წარმოითქმებოდა სიტყვები: „კეთილი აზრი, კეთილი საქმე, კეთილი სიტყვა“. ცეცხლზე არ შეიძლებოდა იმის მომზადება, რაც „ძალითაა ხალხისგან წართმეული“. ვინც ამას იცავს, ის აამებს ცეცხლს და, შესაბამისად, მის მფარველ ამეშასპენტ აშა ვაჰიშტას (ფალ. არდვაჰიშტ). ზოროასტრიზმში იკრძალებოდა ნაგვის ცეცხლში დაწვა. საჭმლის მომზადებისას არც ერთი წვეთი წყალი არ უნდა ჩავარდნილიყო ცეცხლის ალში.
    უძველეს პერიოდში სპარსელებს ტაძრები, სადაც კულტმსახურებისთვის შეიკრიბებოდნენ, არ ჰქონდათ. ტაძრების აშენება მათ მოგვიანებით დაიწყეს. აქემენიდური და სასანიდური ხანიდან შემორჩა მათი ნაშთები. ცეცხლს საგანგებოდ დამზადებულ ქვის ან ლითონის საკურთხევლებში ინახავდნენ. თანამედროვე ირანში, ქალაქ იაზდიში დგას ზოროასტრული ტაძარი, სადაც კულტმსახურება დღესაც მიმდინარეობს.
    ზოროასტრულმა რელიგიამ მოახერხა იერარქიული სტრუქტურის მოწესრიგება. ეს უკავშირდება სასანიდების ეპოქას. ამ პერიოდის წერილობითი ძეგლები შეიცავს ცნობებს მაზდეანობის იერარქიაზე. მათი მეშვეობით ვიგებთ, რომ მოგვები შეადგენდნენ ქურუმთა კლასის ყველაზე უფრო დაბალ და მრავალრიცხოვან ნაწილს. ფალაურ ძეგლებში დასახელებულია ქურუმთა მოვალეობები (მტკიცე რწმენა, ღვთაებათა თაყვანისცემა შესაბამისი სახით...). მათ ევალებოდათ რიტუალების ჩატარება.
    სასანური წყაროები მოწმობს კიდევ ერთი რელიგიური კლასის - ჰერბადების - არსებობას. სხვადასხვა ცნობის ანალიზი ცხადყოფს, რომ ჰერბადს, მოგვების მსგავსად, ევალებოდა რიტუალის შესრულება, ტრადიციის დაცვა. გ. ვიდენგრენის დაკვირვებით, უკვე III საუკუნის II ნახევრიდან იწყება მობედებისა და ჰერბადების შერწყმა. ამის ტიპურ მაგალითად მას მიაჩნია კარტირი, რომელმაც დაიწყო თავისი მოღვაწეობა, როგორც ისტახრელმა ცეცხლქურუმმა, შემდეგ კი მიაღწია მთელი ირანის მობადობას (Widengren 1965: 283).
    დასტურები (ფალ. დასტვარ), რელიგიური დოქტრინის მცოდნეები იყვნენ მრჩევლები, რომელთაც მიმართავდნენ გაურკვეველი, საეჭვო შემთხვევების განმარტებისას. ზოგჯერ ამ ტერმინით აღნიშნავდნენ ზოროასტრული რელიგიის ყველა კულტმსახურს.
    მობადან-მობადი იყო უმაღლესი ძალაუფლებით მოსილი ქურუმი. მას ევალებოდა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტა. ის გახლდათ მეფის მრჩეველი რელიგიის საკითხებში და ამიტომ მას, როგორც მის სულიერ წინამძღოლს, ჰქონდა უდიდესი გავლენა მეფეზე. მობადან-მობადს ირჩევდა და ნიშნავდა მეფე.
    ზოროასტრული რიტუალები სხვადასხვა მოვლენასთან დაკავშირებით სრულდებოდა. დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ლოცვას. ეს რელიგია მორწმუნისაგან მუდმივ ლოცვას მოითხოვდა. ლოცვა შეიძლებოდა ყველგან - ტაძარში, სახლში, ბუნების წიაღში. ლოცვისას ადამიანი იყურებოდა ჩრდილოეთით. ყოველდღიური ლოცვები უნდა წაეკითხათ ავესტადან, სადაც მითითებული იყო ლოცვის წესი, დრო, რაოდენობა. ყოველ ლოცვაში ფიგურირებდა მიმართვა აჰურამაზდასადმი. მთავარი ლოცვები ხუთგზის აღესრულებოდა (ეს ტრადიცია ისლამმა განავითარა).
    ზოროასტრიზმში სიცოცხლე განიხილებოდა, როგორც აჰურა მაზდას მიერ ბოძებული სიკეთე, ხოლო სიკვდილი - აჰრიმანისგან გამომავალი ბოროტება. ზოროასტრელთა შეხედულებით, მშობიარობა, ტკივილები, ბავშვის დაბადება ითვლებოდა ორგანიზმის სიწმინდის შებილწვად, ადამიანის იდეალური მდგომარეობის დარღვევად. მშობიარობისას ქალის სიახლოვეს ანთებდნენ ცეცხლს, რომელიც ბოროტ სულებს დევნიდა. მათი ტრადიციების მიხედვით, ნამშობიარებ ქალებს ერთგვარი „ტაბუ“ ჰქონდათ დადებული. ისინი ოთახის ბნელ კუთხეში იატაკზე უნდა მსხდარიყვნენ წმინდა საგნებისგან დისტანციურად. მათთან მიახლოების უფლება ოჯახის დანარჩენ წევრებს არ ჰქონდათ. ისინი განსხვავებულ საკვებს იხმევდნენ. ეკრძალებოდათ ცისკენ გახედვა. ახალშობილი მასთან მხოლოდ ჭამის დროს მიჰყავდათ. ეს ტრადიცია თითქმის XX საუკუნემდე გაგრძელდა. განწმენდის პერიოდი, ებრაული წესის მსგავსად, 40 დღეს გრძელდებოდა. როდესაც ბავშვი 12 წელს გადააბიჯებდა, უსრულდებოდა ინიციაცია, ანუ ხდებოდა ზოროასტრელი მოზარდის ზიარება ზოროასტრიზმთნ. ამის სიმბოლური გამოვლენა იყო წელზე ძაფისგან შეკერილი წმინდა ქამრის შემორტყმა. ეს წარმოადგენდა პიროვნების რელიგიასთან შერწყმას.
    გარდაცვლილ ადამიანთან შეხების უფლება მხოლოდ განმბანველს ჰქონდა. ჯერ კიდევ მომაკვდავ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი უნდა ყოფილიყო მოშორებული დანარჩენი ადამიანებისა და წმინდა საგნებისგან. მიცვალებულს მეოთხე დღეს, ავესტაში მითითებული წესების დაცვით, მზის ამოსვლისას, კრძალავდნენ. განსხვავებული იყო დაკრძალვის რიტუალი სხვადასხვა დროს. სასანიდების ეპოქაში არსებობდა ტრადიცია მიცვალებულის გვამის დაფლეთვისა ფრინველთა მიერ. ამის მერე მას ე. წ. დუმილის კოშკში აგდებდნენ. იკრძალებოდა მიცვალებულის დამარხვა ან დაწვა. მოგვიანებით დაიწყეს გვამის მიწაში დაფლვა. მიცვალებულთან დაკავშირებით არსებობდა განწმენდის წესი, რომელიც იწყებოდა თავის, შემდეგ ჯერ მარცხენა, მერე კი მარჯვენა ყურის, სახისა და კისრის დაბანით. თუ ადამიანი ზამთარში გარდაიცვლებოდა, მის სახლში ცეცხლი შეჰქონდათ მეცხრე დღეს, ხოლო თუ გარდაცვალება ზაფხულს დაემთხვეოდა - ერთი თვის მერე. ცეცხლზე მსხვერპლშეწირვის ნიშნად ასხამდნენ ცხიმის რამდენიმე წვეთს. მიცვალებულის მოხსენიება ხდებოდა მე-10, 30-ე დღეს და ერთი წლის შემდეგ. მოხსენიებისას ჭამდნენ და გლახაკთათვის შესაწირავს იღებდნენ.
    განწმენდის მარტივი რიტუალი აუცილებელი იყო ყველა ზოროასტრელისთვის. არსებობდა განწმენდის რთული წესი, რომელსაც კულტმსახურის თანდასწრებით ასრულებდნენ. ამ დროს ჩვეულებრივი წყლით დაბანის შემდეგ იბანდნენ ლიმონისა და დაფნის წვენით. შემდეგ იკითხებოდა ლოცვა და ტანს იზელდნენ ქვიშითა და ძროხის შარდით.
    საყურადღებოა ზოროასტრული კალენდარი. ისევე, როგორც ძველი მსოფლიოს სხვა ხალხები, ირანელებიც საკუთარ კალენდარს აწესრიგებდნენ რელიგიურ სწავლებებთან შეთანხმებით. ზოროასტრული წელიწადი იწყებოდა (დღესაც ასე აღნიშნავენ მისი მიმდევრები) გაზაფხულზე. თვის ყოველი დღე მიძღვნილია ღვთაებებისადმი (თვის დღეებს იაზატების სახელები ეწოდებათ. 1, 2, 15, 23-ე დღეები აჰურამაზდასადმია მიძღვნილი. ზოროასტრულ კალენდარში თვე 4 კვირად იყოფა. პირველი 14 დღე აჰურამაზდას სახელს ატარებს (ქურციკიძე 1997: 25).
    ზოროასტრული დღესასწაულები საზეიმო ხასიათს ატარებდა. ისინი უკავშირდებოდა აჰურამაზდასა და ამეშასპენტებს. ზოგი მათგანის აღნიშვნა მასობრივ იერს იძენდა. სადღესასწაულო ვითარებაში ტაძარში ამაღლებულ ადგილას თითბრის ან სპილენძის ჭურჭელში ენთო წმინდა ცეცხლი. იქვე, ლარნაკში, ეწყო ყვავილები, ქილით ცივი წყალი და ლანგრით ცხელი პური. მობედი ასრულებდა მსახურებას. მას ეხმარებოდნენ ჰერბადები. მთავარი კულტმსახური ნელ-ნელა შემოტრიალდებოდა მზის მოძრაობის მიმართულებით და იმეორებდა ლოცვის სიტყვებს. როცა იგი გაუსწორდებოდა საკურთხეველს, მარჯვენა ხელს ხან ზევით აწევდა, ხან ქვევით და ლოცულობდა. მასთან ერთად ლოცვას იასნადან ყველა იქ მყოფი იმეორებდა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ არიგებდნენ პურს, ხილსა და ბოსტნეულს. შემდეგ მიდიოდნენ კულტმსახურის სახლში და სადილობდნენ.
    ახალი წლის, ანუ ნოვრუზის, დღესასწაული, რომელიც აქემენიდების ეპოქაში იღებს სათავეს, საკრალურ მნიშვნელობას ატარებდა. დღესასწაული გრძელდებოდა 13 დღის განმავლობაში. დილით მობედის სახლში ცეცხლს ანთებდნენ, რაც ახალი წლის დასაბამს აუწყებდა ხალხს. მღეროდნენ ჰიმნებს ავესტადან. ზოროასტრელები იკრიბებოდნენ სადღესასწაულო ტრაპეზთან, რომელიც სავსე იყო სხვადასხვაგვარი ტკბილეულით. სუფრაზე უნდა ყოფილიყო შვიდი სხვადასხვა საჭმელი.. ოჯახის უფროსი იტყოდა: „დაე იყოს სინათლე!“ და დღესასწაული იწყებოდა, რასაც თან ახლდა ურთიერთმილოცვა. მე-6 დღეს ზეიმობდნენ ზარატუსტრას შობას. სპეციალური დღესასწაულები ეძღვნებოდათ მითრასა და ჰაომას - წმინდა მცენარეს. აღსანიშნავია სადეს დღესასწაულიც, რომელიც აჰრიმანის საწინააღმდეგოდ ცეცხლის ანთებას უკავშირდებოდა (ჟორჟოლიანი 2002: 184).
რელიგიურ საბურველში იყო გახვეული ასევე ქორწინების რიტუალი. ზოროასტრიზმის მიმდევრები, საზოგადოდ, ქორწინდებოდნენ 25-30 წლის ასაკში და თხოულობდნენ 14-19 წლის ქალიშვილებს. წარსულში ხდებოდა ადრეულ ასაკში ყრმების დანიშვნაც. ქორწინების თანხმობას კულტმსახური იძლეოდა. პატარძლის სახლი ირთვებოდა ყვავილებით, რაც ქალწულობისა და სიწმინდის სიმბოლო იყო.
    დღესასწაულში დიდ როლს თამაშობდა სარკე. ინდოეთის ზოროასტრელებში ვაჟი და პატარძალი ერთმანეთს პირველად სარკეში ნახულობდნენ, ხოლო ირანში სიძეს პატარძლის სახლში მიჰქონდა სარკე, რომლის ორივე კუთხეში ენთო სანთელი. ქორწინების რიტუალისას პატარძალი იხედებოდა სარკეში. ზოროასტრელთა ქორწინება ძირითადად მონოგამიურია, თუმცა იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც მოჰყავდათ მეორე ცოლიც. ეს იმ შემთხვევაში ხდებოდა, თუ პირველი ცოლი უშვილო იყო. ზოროასტრიზმში იკიცხებოდა უქორწინებლობა და ქალწულობა. ირანის ისლამიზაციის შემდეგ თუ ზოროასტრელი ქალი მუსულმანზე გათხოვდებოდა, იგი ერთმორწმუნეთა რიცხვიდან ამოიშლებოდა. ასეთი ფაქტები იშვიათი იყო. ზოროასტრული ოჯახი მემკვიდრეობის დიდ წილს უმცროს შვილს უტოვებდა. თუმცა ჩვენთვის ყველაზე მეტად საინტერესო ის ფაქტია, რომ სასანიდების დროს დაშვებული იყო და-ძმის ქორწინება. სხვა წყაროებს, რომ არ მივმართოთ ამის საილუსტრაციოდ „ვისრამიანის“ შინაარსიც საკმარისია. ინცესტის შემოღება ზოროასტრულ სოარსეთში ჰეროდოტეს მიხედვით ჯერ კიდევ კამბიზეს დროს შემოიღეს, ხოლო ა. მაზაჰერი ამ ფაქტს მაზდაკის მოძრაობას უკავშირებდა (კიკვიძე 1983: 32).
    ზოროასტრიზმის აქემენიდების პერიოდში არსებობაზე აზრთა სხვადასხვაობაა გამოთქმული. ვ. სტრუვე ამ ხანისათვის ზარატუსტრას არ თვლიდა აჰურამაზდას და ადამიანებს შორის შუამავლად. მ. ბოისის აზრით პანთეონი, რომლის სათავეშიც დგას ღვთაება აჰურამაზდა უკვე ზოროასტრულია. აქემენიდების რელიგიის ზოროასტრიზმთან გაიგივებას ერიდებოდნენ ე. ბენვენისტი, რ. ფრაი, მ. დანდამაევი, ი. დიაკონოვი. რაც შეეხება არშაკიდების პართიულ დინასტიას, მათი დროის ირანში ზოროასტრიზმის გვერდით უხვად იყო გავრცელებული ელინისტური სამყაროს სინკრეტისტული კულტები (კეშელავა 2008: 115).
    ზოროასტრიზმი სახელმწიფო რელიგია ხდება სასანიდების პერიოდში. სწორედ ამ დინასტიის ზეობისას მიაღწია მან განვითარებისა და გავრცელების პიკს. ამ ყველაფრის შესახებ საუბარი გვექნება ზოროასტრიზმის საქართველოში ექსპანსიის განხილვისას.
ისლამის გავრცელებამ ზოროასტრიზმი საგრძნობლად შეასუსტა და ბოლოს დეგრადაციის გზაზე დააყენა. თანამედროვე მსოფლიოში დაახლოებით 200000 ზოროასტრელი ცხოვრობს ინდოეთში (ბომბეიში იცინი პარსების, ღებრების სახელით არიან ცნობილნი), ირანში (იაზდი, ქერმანი), პაკისტანში, ჰონგ კონგში, დიდ ბრიტანეთში, კანადასა და აშშ-ში.
3. ავესტა და ზოროასტრული ლიტერატურა
    განვითარებულ რელიგიაში უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს საკრალური წიგნის არსებობა, რომელშიც გადმოცემული იქნება ძირითადი სარწმუნოებრივი მოძღვრება და ცხოვრების წესი. ზოროასტრიზმში ასეთი წიგნია ავესტა. იგი სხვადასხვა დროს შემუშავებული ტექსტების კრებულს წარმოადგენს. ავესტას უძველესი ნაწილები განეკუთვნება ძვ. წ. I ათასწლეულს. ავესტას შინაარსი ევროპას პირველად ფრანგმა მეცნიერმა, ანკეტილ დიუპერონმა (1731-1805), გააცნო. ანკეტილ დიუპერონმა 1755-1805 წლებში იმოგზაურა ინდოეთში, გუჯარეთის შტატში, ზოროასტრელი ქურუმების მეშვეობით შეისწავლა ავესტას ენა და 1771 წელს გამოაქვეყნა ავესტას ფრანგული თარგმანი. XIX საუკუნეში მას მოჰყვა გერმანული თარგმანი, შესრულებული ფ. შპიგელისა და კ. გელდნერის მიერ. ანკეტილ დიუპერონის თარგმანი გამოქვეყნდა „ზენდ-ავესტას“ სახელწოდებით, რის გამოც დამკვიდრდა არასწორი ტერმინი „ზენდური ენა“; „ზენდ-ავესტა“ ნიშნავს ძირითად ტექსტს კომენტარებითურთ და მომდინარეობს საშუალო სპარსული „აპასტაკ“ (ფუძე ანუ ძირითადი ტექსტი) და „ზენდ“ (ცოდნა, განმარტება) ფორმისაგან. გადმოცემით, ე. წ. დიდი ავესტა, რომელიც ირანში ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობამდე არსებულა, შეიცავდა  წიგნს; მათი შინაარსი მოთხრობილია ზოგიერთ საშუალო სპარსულ ძეგლში. ავესტა თავდაპირველად არშაკიდების დროს (ძვ. წ. 250 - ახ. წ. 224წწ.) ჩაიწერა. საბოლოოდ ჩამოყალიბდა VI საუკუნეში, სასანიანთა დროს (Бойс 2003: 198)
    ენა, რომელზეც შესრულებულია ავესტა, ახლოს დგას ძველ სპარსულ ენასთან. შესაძლოა, ისინი ერთი ენის ორ სხვადასხვა დიალექტად მივიჩნიოთ. როგორც ითქვა, უკანასკნელი დროის ეტიმოლოგიით ავესტა (ძვ. უპასტჰა) საფუძველს, ფუძეს, ძირითად ტექსტს ნიშნავს. მასში გადმოცემულია ზოროასტრული რელიგიის დოგმები. იგი ერთგვარი ზოროასტრული ბიბლიაა. მისი უძველესი ნაწილების - გათების შეთხზვას თვით ზარატუსტრას მიაწერენ.
    ავესტას ძირითადი ნაწილებია - იასნა, ვისპრედი, ვენდიდადი, იაშტა და ხურდა ავესტა.
იასნა (იასნა - ლოცვა, თაყვანისცემა) - ავესტას ძირითადი, ლიტურგიკული ნაწილია, შედგება 72 თავისაგან. მათგან განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ე. წ. გათები - სალექსო საზომით დაწერილი საგალობლები, რომელთა ავტორობა თვით ზარატუსტრას მიეწერება. გათების გარდა აქ არის ლოცვები, რომლებიც, ბუნებრივია, ღვთისმსახურების დროს ქურუმების მიერ გამოიყენებოდა - იქნებოდა ეს მსხვერპლშეწირვა, შელოცვა ბოროტ სულთა განდევნისათვის, სხვა დანიშნულებისათვის. გათების ავტორობა მიეწერება ზარატუსტრას. მართლაც, ისინი არ უნდა იყოს ხალხური შემოქმედების ნაყოფი, აშკარად ინდივიდუალური ტონითაა გამსჭვალული და ერთი კაცის ნამოღვაწარს წარმოადგენს. გათები რთული ჰიმნებია (საბოლოოდ არაა ამოხსნილი მათში არსებული ბევრი სიმბოლო, ცალკეულ სიტყვათა და ტერმინთა მნიშვნელობა). გათები, როგორც საღვთო საგალობლები, საუკუნეების განმავლობაში ზეპირად გადაიცემოდა. ფიქრობენ, რომ თითოეულ გათას წამძღვარებული ჰქონდა პროზაული ქადაგება და გათა-საგალობელი კი ერთგვარ დასკვნას წარმოადგენს წამძღვარებული ქადაგებისა, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. ამით აიხსნება გათებში ბუნდოვანი ადგილების არსებობა, რაც მათს გაგებას აძნელებს და საფიქრებელია, რომ გათების წარმომთქმელთა დიდ ნაწილს მკაფიოდ აღარ ესმოდა საუკუნეების წინათ შეთხზული საგალობლების მთელი რიგი ფრაზები და ადგილები. ტექსტების ჩაწერა, რომლებიც, ცხადია, თავდაპირველ რედაქციას საგრძნობლად დაშორებული იქნებოდა, უფრო მოგვიანებით უნდა მომხდარიყო - არშაკიდებისა და სასანიდების (224-651 წწ.) ხანაში. ყოველივე ამან გამოიწვია გათებში ძნელად გასაგები ან სავსებით გაუგებარი ადგილების გაჩენა. ამიტომაა, რომ სხვადასხვა ენაზე შესრულებული თარგმანები ერთმანეთისაგან ძალიან დაშორებულია. ყოველივე ამის გამო, როგორც რუსი ირანისტი ევგენი ბერტელსი აღნიშნავს, გათების პრობლემა ჯერ კიდევ არ შეიძლება გადაწყვეტილად ჩაითვალოს (კობიძე 1975: 26). გათები, როგორც რიტმული პროზა ჯ. დარმსტეტერს უბიწო მორალის ქადაგებად და ერთგვარ პოეტურ კატეხიზმოდ მიაჩნდა (დარმსტეტერი 1985: 3).
    ავესტას ამ ნაწილში (იასნა) ასახულია ირანული ტომების უძველესი წარსული, აზროვნებისა და ცხოვრების დონე. გათების შესწავლით ვიგებთ, რომ იმ დროს ხალხი სამ ფენად იყო დაყოფილი (ქურუმები, მეომრები და მიწათმოქმედნი). გათები არ იცნობენ ქალაქის, ვაჭრობის, რკინის და არც ფულის არსებობას. მიწათმოქმედებთან ერთად ჩვენ ვხედავთ მომთაბარე ხალხსაც. კ. ზალემანი აღნიშნავდა გათების მსგავსებას ვედურ ჰიმნებთან. გათებისთვის რითმა უცნობია.
    ვისპრედი (ყველა მსაჯული) - შეიცავს 24 თავს, რომლებიც სხვადასხვა ღვთაებისადმი მიძღვნილ ლოცვებს წარმოადგენენ. ვისპრედი იასნას დამატებაა. ისინი მნიშვნელოვან რელიგიურ ცნობებს არ შეიცავენ და ავესტას საგულისხმო ნაწილად არ გამოდგება.
    ვენდიდადი (დევთა საწინააღმდეგო კანონი) - შეიცავს 22 თავს. აქ გადმოცემულია აჰურამაზდას მიერ ქვეყნის შექმნის, ოქროს ხანისა და მეფე იამას ლეგენდები. მასში უმთავრესად აღწერილია მორწმუნე ზოროასტრელთათვის სავალდებულო ქცევის ნორმები. ვენდიდადის უფრო სწორი დასათაურებაა „ვიდევდატ“.
    იაშტა (ქება) - შინაარსით ავესტას უძველესი ნაწილია; შედგება ბუნების ძალებისა და ციური მნათობებისადმი მიძღვნილი 22 ლოცვა-ჰიმნისაგან. მასში შემონახულია მითოლოგიური სახეები და სიუჟეტები (ანაჰიტა, მითრა). იაშტას თითოეული ჰიმნი ეძღვნება ამა თუ იმ ღვთაებას. მაგალითად, გვაქვს აჰურამაზდას (ზოროასტრული რელიგიის უმაღლესი ღვთაება), ხვარშაიტის (მზის), მთვარის, სირიუსის, მითრასა და სხვათა ჰიმნები. იგი ჩვენ თვალწინ გადაშლის მთელ ზოროასტრულ პანთეონს. ზოგიერთი იაშტა ლექსადაა დაწერილი, თუმცა, გათების მსგავსად, არც იაშტები იცავს რითმებს. ე. ბერტელსი იაშტებიდან საგანგებოდ გამოყოფს მე-19 იაშტას, რომელსაც „მიწის ჰიმნი“ ეწოდება (ზამიად-იაშტა). აღნიშნულ ჰიმნში ჩვენ გვხვდება უძველესი ირანული საგმირო ეპოსის წარმომადგენელთა სახელები და მათი ისტორიები, რომლებიც აისახა ფირდოუსის (X ს.) „შაჰ-ნამეში“. ასე, მაგალითად: აქ გვხვდება ჰაოშიანჰა (ფირდოუსის ჰუშანგი), რომელიც დევთა წინააღმდეგ მებრძოლ გმირადაა გამოყვანილი. აღნიშნული იაშტა იცნობს აგრეთვე „შაჰ-ნამეს“ გმირს - თაჰმურასს (ტაჰმაურუპი), რომელმაც აჰრიმანი დაიმორჩილა, შეკაზმა და მას მიწის პირზე ცხენივით დაატარებდა. აქვეა მოთხობილი მეფე ჯემშიდის ამბავიც (იიმა ჰშაიტა).
    ხურდა ავესტა (საშ. სპარს. - მცირე ავესტა) - იგი ძველ სპარსულ ენაზე კი არ არის დაწერილი, არამედ საშუალო სპარსულზე, ანუ ფალაურზე. იგი შედგება იმ მცირე მოცულობის ძეგლებისაგან, რომელთა ცოდნაც აუცილებელია საერო პირთათვის (კობიძე 1975: 28).
    ავესტა შესრულებული იყო სპეციალური დამწერლობით, რომელსაც ავესტურ დამწერლობას უწოდებენ. იგი 50 ნიშნისაგან შედგებოდა. ავესტა არამხოლოდ რელიგიური თხზულებაა; იგი, რა თქმა უნდა, საინტერესოა ზოროასტრული რელიგიის ისტორიის და მისი დოგმების გასაცნობად, მაგრამ მას დიდი მნიშვნელობა აქვს, აგრეთვე, ძველი ირანის ხალხთა ენის, ზნე-ჩვეულებების, მათი მსოფლმხედველობის, იმდროინდელი მეცნიერების სხვადასხვა დარგის, კულტურის, მითოლოგიის შესწავლის თვალსაზრისითაც, სხვა ასეთი წიგნი (თუ წიგნთა კრებული), რომელშიც ასე ნათლად მოჩანს ირანელი ხალხის ისტორიული და კულტურული განვითარების სხვადასხვა საფეხური, ჩვენ არ მოგვეპოვება. იგი დიდი მნიშვნელობის ძეგლია, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი შესწავლა არ შეიძლება დამთავრებულად ჩაითვალოს.
    ფიქრობენ, რომ ავესტის უძველესი რედაქცია, რომელიც 21 წიგნისაგან შედგებოდა, დაიკარგა ალექსანდრე მაკედონელის შემოსევების დროს, როცა ცეცხლს მისცეს ქალაქ პერსეპოლისში მდებარე ირანელ მეფეთა სასახლე, სადაც, გადმოცემით, ხარის ტყავზე (პერგამენტი) ორ ცალად დაწერილი ავესტის ტექსტი ინახებოდა. აქედან ერთი ცალი ცეცხლმა შთანთქა, ხოლო მეორე თითქოს ბერძნებმა წაიღეს თავიანთ სამშობლოში და იგი ბერძნულად თარგმნეს. ავესტა და, ზოგადად, ზოროასტრული ლიტერატურა მასობრივად განადგურდა არაბთა შემოსევებისას.
    უნდა აღინიშნოს, რომ ავესტა სისტემატურად არ წარმოგვიდგენს სამყაროს შექმნასა და მის სრუქტურას. ეს მომენტი ზოროასტრიზმისა შეავსო სხვა რელიგიურმა წიგნებმა, სადაც მკაფიოდაა წარმოდგენილი მაზდეანური კოსმოგონია და კოსმოლოგია.
    ავესტას ნაწილებიდან, როგორც ვთქვით, ერთ-ერთი უძველესია იასნაში შემავალი საგალობლები - გათები, რომელნიც ზარატუსტრას ეკუთვნის. მისი ქართულენოვანი თარგმანი ეკუთვნის ძველი ირანული და სანსკრიტი ენების ერთ-ერთ დიდ სპეციალისტს, პროფესორ გიორგი ახვლედიანს. ამ კუთხით ქართული სამყარო ამაყად უდგას გვერდით იმ ენებს, რომლებზეც ავესტას ეს არქაული ნაწილი ორიგინალიდანაა ნათარგმნი.
    სასანიდების ხანაში (III-VIIIსს.) ირანში ფალაურ ენაზე იქმნებოდა ერთგვარი რჯულდებითი წიგნები, რომლებშიც გადმოცემული იყო ზოროსტრული კოსმოგონია, კოსმოლოგია, ანთროპოლოგია, ეთიკა, ესქატოლოგია. ამ პერიოდს განეკუთვნება დენქარდი (დინ - რჯული, ქარდ - მოქმედება). ის მაზდეანებისათვის ავესტის გვერდით ერთგვარი სახელმძღვანელო წიგნია. მასში მოცემულია ავესტის ისტორია, განხილულია დოგმატური, ფილოსოფიური, ეთიკური და რიტუალური საკითხები. ვხვდებით საინტერესო ცნობებს სასანიანთა ეპოქის ავესტის შემადგენლობის შესახებაც. ამით წარმოდგენა გვექმნება ავესტის დაკარგულ ნაწილებზე. მაგალითად, ავესტის გაცნობა არ გვიქმნის ნათელ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორი იყო ზოროასტრელთა ასტროლოგიური შეხედულებანი. ასეთი ნაწილი კი, სადაც გადმოცემული ყოფილა აღნიშნულ შეხედულებათა შესახებ, „დენქარდის“ ცნობით, ავესტაში ნამდვილად არსებულა.
    მეორე წიგნი, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, იყო „ბუნდაჰიშნი“ (IXს.). იგი „ქვეყნის გაჩენას“, „საფუძვლის ჩაყრას“ ნიშნავს. აღნიშნულ თხზულებაში, მართლაც, ქვეყნის შექმნის ისტორიაა მოთხრობილი. „ბუნდაჰიშნი“ ისეთ ძველ გადმოცემებს ეყრდნობა, რომლებიც სხვა წყაროებში არაა შემონახული. იგი საინტერესო ცნობებს იძლევა კოსმოსის სტრუქტურისა და ბუნების შესახებ. მართალია, „ბუნდაჰიშნი“ პოსტსასანური წარმოშობისაა, მაგრამ იგი აშკარად ეფუძნება ძველ წყაროებს. „ბუნდაჰიშნის“ ტექსტი ასახავას შემდეგ თემებს: ღმერთი სამყაროს გარეშე, კეთილი საწყისი, ბოროტი საწყისი, დაპირისპირება მათ შორის, ნივთიერი სამყაროს შექმნა, კალენდრის საკითხები, სტიქიონები, ესქატოლოგია (სახოკია 2014: 337).
    ავესტასა და მასზე არსებული კომენტარების გარდა ირანში არსებობდა დიდი რაოდენობით რელიგიური ლიტერატურა, სადაც ზოროასტრიზმის ისტორიისა და დოქტრინის შესასწავლად არაერთი მნიშვნელოვანი ცნობაა დაცული. მათი გაცნობა, აგრეთვე, გვეხმარება ზოროასტრიზმის მიმდევარი ადამიანის ფსიქოლოგიის აღსაქმელად. ზოგ მათგანში მოცემულია პაექრობითი ხასიათის მსჯელობანი სხვადასხვა ფილოსოფიურ საკითხზე, რომლებიც ზოროასტრული რელიგიისთვის არსებით ასპექტებს შეიცავდნენ. ზოროასტრული რელიგიური ლიტერატურის უმრავლესობა შექმნილია საშუალო სპარსულ - ფალაურ ენაზე. არსებობს აგრეთვე მაზდეანური ძეგლების არაბული თარგმანები (Boyce 1984: 5).
    ხალიფა ალ-მამუნის (819-833) დროიდან ჩვენამდე მოაღწია თხზულებამ - „ამბავი წყეული აბალიშისა“, რომელშიც წმინდა კაცი, მაზდეანური რელიგიის ღრმა მცოდნე, ბრძენი მოგვი ათურ ფარნაბაღი ეკამათება ერეტიკოს აბალიშს. იგი ეჭვის ქვეშ აყენებდა როგორც მაზდეანური რელიგიის არსსა და დოგმებს, ისე პრაქტიკულ მხარეს. მაგალითად, აცხადებდა - თუმცა აჰურა მაზდას მიერაა შექმნილი წყალი და ცეცხლი, მაგრამ ისინი შეიცავენ გამანადგურებელ ძალას. აბალიში არ ცნობდა არც ლოცვას, მიძღვნილს საღვთო ცეცხლისადმი, წმინდა სარტყელს და ა. შ. მისი შეხედულებების მაზდეანური პოზიციიდან განქიქება აქ კარგადაა წარმოჩენილი.
    ზოროასტრული შინაარსის წიგნთა შორის შესაძლოა დავასახელოთ კითხვაპასუხით დაწერილი თხზულება „რელიგიური განსჯა“. იგი შეიცავს პასუხს 92 კითხვაზე: კეთილი საქმე და ცოდვა, ტრადიციები და ქურუმული მოვალეობები, ცერემონიები და სამართალი, ურთიერთობა კეთილ და ბოროტ არსებებს შორის, ბედისწერის პრობლემები და სხვ. მისი ავტორია ფარსისა და ქერმანის ზოროასტრული სამღვდელოების უხუცესი მანუშჩიჰრი.
    ამ ჟანრის ნაწარმოებთა შორის ყურადღებას იპყრობს „ეჭვის გამქარვებელი განმარტებები“. ტექსტის ავტორია მოგვი მარტანფარრახი. მან მოუყარა თავი პოლემიკას სხვა რელიგიური თვალსაზრისის წარმომადგენლებთან - მუსლიმებთან, ებრაელებთან, ქრისტიანებსა და მანიქეველებთან.
    კითხვა-პასუხის ფორმითაა დაწერილი მცირე ენციკლოპედია „განრიგებანი ზეციური სიბრძნისა“. მასში ბრძენი სვამს 62 კითხვას და იღებს საჭირო პასუხებსა და განმარტებებს. მაგალითად, ბრძენი ეკითხება ციურ გონს: როგორ უნდა შევინახო სხეული, რომ ზიანი არ მივაყენოთ სულს და როგორ მოვუაროთ სულს, რომ არ დავაზიანოთ სხეული? ამ კითხვაზე ციური გონი აძლევს ვრცელ პასუხს, რომელშიც, სხვათა შორის, შემდეგია ნათქვამი: „ბატონებთან უნდა გამოიჩინო მორჩილება, ერთგულება და თქვა სიმართლე“. აგრეთვე, ზეციური გონი ურჩევს მაზდეანს: „ნუ იქმ ცილისწამებას, ვერაგობას, რადგან ამით სულს ზიანს მოუტან“.
    პაექრობის თემაზე დაწერილ ნაწარმოებთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ძეგლს - „ამბავი იოშტი ფრიანისა“. ნაწარმოების გმირი ახალგაზრდა, რელიგიურ საქმეებში კარგად განსწავლული კაცია, რომელსაც აქვს ჭიდილი ბოროტ ჯადოქარ ახტთან. იგი აძლევს იოშტს ამოსახსნელად ვერაგულ და რთულ შეკითხვებს გამოცანების სახით. კეთილი, ზებუნებრივი ძალის ჩარევის შედეგად იოშტი წარმატებით ართმევს თავს ამ გამოცანებს და საბოლოოდ ამარცხებს ჯადოქარს. ო. კლიმას დაკვირვებით, ეს სიუჟეტი მოკლედაა მოცემული ავესტაში (V იაშტა) და საშუალო სპარსული ლეგენდა არის ავესტის ამ ფრაგმენტის გამოძახილი.
    ზოროასტრული ფენა შეიძლება დავინახოთ ფალაური მწერლობის ისეთ ძეგლშიც, როგორიცაა „ფინიკის ხე და თხა“. იგი უნდა შექმნილიყო პართიულ ხანაში და მოგვიანებით ჩაიწერა სასანურ ეპოქაში. ამ პოეტურ ციკლში მოცემული პაექრობისას უფრო დიდია ცხოველის როლი, ვიდრე მცენარისა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან ზოროასტრიზმი თავიდანვე ქადაგებდა პირუტყვის მოშენებას, რაც კეთილ საქმედ მიიჩნეოდა (ფინიკის ხე და თხა 1991: 5).
    ცნობილია, რომ ზოროასტრიზმი მყისიერად არ აღმოფხვრილა ირანელის ცნობიერებაში    არც მაშინ, როცა ირანულ სივრცეში ისლამმა მძლავრად იფეთქა. სასანიდების დაცემის შემდგომ პერიოდში არ შეწყვეტილა ინტერესი ზოროასტრული წარსულისადმი. ეს კულტურის არაერთ ასპექტში გამოვლინდა. საკუთრივ მწერლობაში იგი აისახა იმ ტენდენციაში, რომელიც ზოროასტრული თემატიკის დამუშავებასა და გარდაქმნაში მდგომარეობდა. ირანელი არასდროს ივიწყებდა ძლევამოსილ წარსულს. ორმაგი მენტალიტეტის ყველაზე მეტყველი მაგალითია ხაყანის (XIIს.) ცნობილი ყასიდა „მედაინის ნანგრევები“, რომელიც ხალხის ღრმა გულისნადებს გადმოგვცემს. მედაინი იყო ძველი სპარსული ქალაქის, ქტეზიფონის, სახელწოდება. ხაყანი ერთობ მართლმორწმუნე მუსლიმი გახლდათ, მაგრამ ქტეზიფონის არაისლამური წარსულის ცრემლითა და ოხვრით გახსენება უცნაურად სულაც არ ეჩვენებოდა. სასანიდების შემდგომ აღმოცენებული სამანიდების დინასტიის ზეობისას შუა აზიაში მოღვაწეობდა პოეტი დაყიყი, რომელსაც ფრანგი ირანისტი ჯ. დარმსტეტერი ძველი რელიგიის ერთერთ უკანასკნელ აღმსარებლად თვლიდა. მან დაიწყო ირანის ძველი ლეგენდარული ისტორიის გალექსვა, რომელიც შემდგომ ფირდოუსმა განაგრძო. დაყიყის 1000-მდე სტრიქონი დარჩა, რომელთა თემატიკა უპირატესად ზოროასტრისა და გოშთასფის სახელებთანაა დაკავშირებული და ისინი ფირდოუსმა თავის პოემაში ჩართო მათივე ავტორის თხოვნით, ვისი აჩრდილიც სიზმარში გამოეცხადა მას. ფირდოუსის გენიალური ეპიკური ქმნილება „შაჰ-ნამე“ (მეფეთა წიგნი) შეიცავს ზოროასტრული ირანული სამყაროს მატიანეს. აქ ერთმანეთს ენაცვლება ლეგენდარული და რეალურად მოღვაწე მეფეთა ქრონიკები. ზოროასტრული მოძღვრება სინათლისა და წყვდიადის ურთიერთბრძოლის შესახებ „შაჰ-ნამეში“ წარმოდგენილია, როგორც ირანისა და მისი მოწინააღმდეგე თურანის სამეფოს დაპირისპირების ასპარეზი, სადაც ირანი აჰურა მაზდას ძლიერების მედროშეა, ხოლო თურანი - აჰრიმანის ბოროტი საქმეების პანორამა. ზოროასტრული ტრადიციების მიმართ მიდრეკილება ჩანს აბასიდების სამეფო კარზე მოღვაწე ირანელებში. აქ რუზჰებ იბნ მუკაფამ არაბულ ენაზე თარგმნა და ამ გზით კაცობრიობას შემორჩა ცნობილი ფალაური ძეგლები, რომელთა ავტორებიც მაზდეანური რელიგიის მიმდევრები იყვნენ. ზოროასტრული თემატიკა დაამუშავეს აღმოსავლეთ ხორასანში მოღვაწე პოეტებმა - გორგანმა („ვისი და რამინი“) და უნსურმა („ვამეყი და აზრა“). საინტერესოა მოჰამად ჯარირ თაბარის (847-931) მოღვაწეობაც, რომელმაც ირანის ვრცელი ისტორია ყურანის კომენტარებს ამოუყენა გვერდით და ამგვარად ჩაუყარა საფუძველი კავშირს ორ ირანს - ისლამამდელსა და ისლამისშემდგომს - შორის.

понедельник, 27 ноября 2023 г.

მატიანე - „უბედური დღენი ქართველთა და აფხაზთა სამეფოსა“ (ქრისტინე გაბიანი)

    უკვე ქრისტეს აქეთ მეთორმეტე ასწლეული დაიწყო. მე, ამ ქვეყნის ერთ-ერთი რჩეული მემატიანე რთულ, მაგრამ ჩემი ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს შევუდექ. მინდა მომავალს დარჩეს ჩემი სახელი და ქვეყნის წარსულის საქმენი და ამბავნი. დაწვრილებით და დეტალურად ავღწერ 234-309 ქორონიკონის (რაც უდრის ქრისტეს აქეთ 1014-1089 წლებს) დროინდელ ამბებს ჩვენი ქვეყნისა. ჩემს მთელ ენერგიას ამ საქმეში ვაქსოვ და უბედნიერესი ვიქნები თუ ჩემი მონათხრობი სამშობლოს გამოადგება  და ახლაგაზრდები მისგან დასკვნებს გამოიტანენ.
ამბავი იმიერტაოსა, რომელმაც ბერძნებთან ომი გვარგუნა
    ბაგრატმა, ძემ გურგენისამ, მემკვიდრეობით მიიღო აფხაზეთა და ქართველთა სამეფოები, ხოლო კახეთი და ჰერეთი ჯარით იპყრო. ბოლოს ბიძაშვილებს წართვა კლარჯეთიც.
    ბაგრატის მემკვიდრეობად ითვლებოდა იმიერტაოც, რადგან მის მპყრობელს, დავით ადარნასეს ძეს, ქართველთა კურაპალატს, ძე არ ესვა და ბაგრატი ყავდა ნაშვილები. დავითს ადრე სწყალობდა ბერძენთა მეფე, მაგრამ შემდგომად განუდგა და კეისარ ბასილის მოწინააღმდეგეებთ მიემხრო. კეისარმა იმარჯვა და დავითს დასჯა დაუპირა. დავით კურაპალატმა პატიების სანავლოდ ანდერძი შეცვალა და თავისის სამფლოებლოები ბერძნებს უანდერძა.
    ბაგრატი გარდაიცვალა ქორონიკონს 234 (რაც უდრის ქრისტეს აქეთ 1014 წელს) და აფხაზთა და ქართველთა მეფე გახდა მისი ყრმა ძე გიორგი.

    გიორგის გამეფებისთანავე კახეთ-ჰერეთი კვლავ გამოეყო. ახალგაზრდა მეფემ არჩია ჯერ იმიერტაო დაებრუნებია, რადგან საამისოდ ხელსაყრელ დრო ეჩვენა. ბერძნებს ბულგარებთან მრავაწლიანი ჰქონდათ ომი გაჩაღებული და აღმოსავლეთის მიწებისათვის არ ეცალა. გიორგიმაც დრო იხელთ და იმერტაოც ციხენი დაიკავა, როდესაც ქორონიკონი იყო დაიბრუნა 234. როდესაც ბასილმა ბულგარელები გაანადგურა, მეფე გიორგის მოუბრუნა და ციხეების დაუბრუნება მოთხოვა. როცა უარი მიიღო საომრად წამოვიდა. მოკლედ ეს ამბავი ბერძნებთან ომში გადაიზარდა, რაზეც ბევრი ცნობა ვჰპოვე ქართველ და უცხოელ მემატიანეებთან, რომლებთაც აქვე გიამბობთ.
    ქართული მატიანეები სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება ბაგრატიონთა“ და უცნობი ავტორის „მატიანე ქართლისა“ გვამცნობენ:
    გიორგის მართველობის მეშვიდე წელს, მოვიდა ბასილი, მეფე ბერძენთა. დაიბანაკეს ორთავემ ბასიანის ქვეყანაში მრავალი დღე, და არ გამართეს ბრძოლა. გიორგი მეფემ უკან დაიხია, დაწვა ქალაქი ოლთისი. გამოედევნა უკან ბასილი, მეფე ბერძენთა. გაიმართა ბრძოლა დიდი სოფელ შირიმნისთან. დაიღუპნენ ორივეგან მრავლად. გვიან გაიგო ამის შესახებ გიორგი მეფემ. მაშინ უბრძანა თავის სპას და აღიჭურნენ სწრაფად. გავიდა თვით გიორგი მეფე, რომელიც იყო ახოვანი და უშიში თითქოს უხორცო და მას გაყვა უმრავლესობა მისი მებრძოლებისა. მოვიდა ბასილი მეფე თავისი ყოველი სპით.
    შეიკრიბენ და მოხდა დიდი ბრძოლა. დაიღუპნენ ბერძენნი მრავლად. ასე გაგრძელდა მათ შორის ბრძოლა და გასაქცევად გაემზადა ბასილი მეფე. მაგრამ ამ დროს სულმოკლეობა გამოიჩინეს ქართლის დიდაზნაურებმა, მოერიდნენ და წამოვიდენ. გამოედევნენ უკან ბერძნები და დახოცეს ურიცხვი მახვილებით. მოაღწია ლაშქარმა არტაანს, ბევრი დაატყვევეს და მოაოხრეს არტაანი. წავიდა გიორგი მეფე და გადავიდა თრიალეთს. გაბრუნდა ბასილი მეფე თრიალეთიდან, კვლავ გაიარა ჯავახეთი და არტაანი. უბოროტესი შურისგებით ხელახლა მოაოხრა ეს კუთხეები. შემდეგ წავიდა და დაიზამთრა ქალაქ ტრაპიზონის მახლობლად. მიმოდიოდნენ მათ შორის ელჩები ზავის დადებისთვის.
    კვლავ შემობრუნდა ბასილი, ითხოვდა ქვეყნებსა და ციხეებს და აღუთქვამდა ზავს და მშვიდობას. მეფეს ასეთი განზრახვა ჰქონდა: „თუ ინებოს ზავი ბასილი მეფემ, იყოს ასე. თუ ინებოს ომი, გავემზადოთ მისთვისაც“. იმათ ვისაც არ უნდოდათ მშვიდობა, იწყეს საბრძოლველად გამზადება და მივიდნენ ბასილი მეფის ბანაკთან და დაუწყეს ბრძოლა. როცა გაგრძელდა მათ შორის ბრძოლა, კვლავ გამოიქცნენ ქართველთა სპანი, და დაიხოცნენ მახვილით ურიცხვნი და ზოგიერთნი ტყვედ ჩავარდნენ. წაიღეს დიდძალი ნადავლი და სამეფო განძი, რომელიც თან ჰქონდათ მეფის სპას.

    კვლავ იწყეს საზავო მოლაპარაკება, როგორც ადრე, რადგან დიდი შიში ჰქონდა საბერძნეთში განდგომისა. ჩამოაგდეს მშვიდობა და დაიზავეს. მისცა გიორგი მეფემ მძევლად თავისი ძე ბაგრატ ხუთი წლის, ციხეები დაუცალა და მისცა ქვეყანა, რომელიც ჰქონდა დავით კურაპალატს. წავიდა ბასილი მეფე და თანა წაიყვანა ბაგრატ უფლისწული მძევლად. აღუთქვა ფიცით აღთქმა ასე: „III წელს გამოგიგზავნო ძე შენი“. იყო უფლისწული სამი წელ ქალაქსა სამეფოსა კოსტანტინეპოლს და III წელს გამოგზავნა, როგორც აღუთქვა.
    ამ ამბავში ბევრი ნაკლულუ ადგილი აღმოჩნდა, რომლის შევსება უცხოელ მემატიანეებისგან ვცადე. საინტერესო დეტალები ვიპოვე სომეხ მემატიანე არისტაკეს ლასტივერტელთან და არაბ მემატიანე იაჰია ანტიოქელთან.

    არისტაკესი მოგვითხრობს: „ჩვენი წელთაღრიცხვის 464 (ეს უდრის ქრისტეს შობიდან 1015 წ. 18 მარტი  1016 წ. 17 მარტი.) წელს გარდაიცვალა აფხაზთა მეფე ბაგრატი და გამეფდა მისი ვაჟი გიორგი. თვითმპყრობელმა მეფე ბასილმა ასეთი ბრძანება მისწერა მას: „რაც კი დავით კურაპალატის წილიდან მამაშენს ძღვენად ჰქონდა მიღებული, თავი ანებე და მხოლოდ საკუთარი მამული განაგე“. ხოლო გიორგიმ არ მიიღო ეს ბრძანება, არამედ ყრმობის ასაკით გამედიდურებულმა საწინააღმდეგო პასუხი გასცა ბასილ მეფეს: „რაც კი მამაჩემს ეპყრა საგამგებლოდ, მისგან ერთ სახლსაც ვერავის მივცემ“. ეს რომ თვითმპყრობელმა შეიტყო, ჯარი გაგზავნა ქვეყნის ძალით დასაპყრობად. მათ წინააღმდეგ გამოვიდნენ ტაოელი ვაჟკაცები, რომლებმაც დიდი დაბა-სოფლის უხტეაცის (ოლთისი) მახლობლად უკუაქციეს ჰორომთა ჯარი, ხოლო ქალაქსა და სხვა გაშენებულ ადგილებს ზიანი არ მიაყენეს. ასე მიეცა ტაოს ქვეყნის დაეცმას“.
    იაჰია მოგვითხრობს: „რაც შეეხება იმას, თუ რა შეემთხვა ბასილს ბულგარეთის აღების შემდეგ. როდესაც იგი დაკავებული იყო იქ, ებრძოდა რა მათ (ბულგარელებს) მთელი ძალით (1014-1018 წლებში), გიორგი, აფხაზთა მეფემ განიზრახა ზიანი მიეყენებინა მისი სამფლობელოების მეზობელი ოლქებისათვის. დაეუფლა ციხე-სიმაგრეებსა და ოლქებს, რომლებიც ბიძამისმა დავით კურაპალატმა დაუთმო ბასილი კეისარს. ბულგარეთში მიზნის მიღწევის, მისი დაპყრობისა და კონსტანტინეპოლში ბასილი კეისრის დაბრუნებისასაც ამ გიორგიმ, აფხაზთა მეფემ, არ სცნო საჭიროდ გამოესწორებინა თავისი შეცდომა, თავი შეეკავებინა მოქმედებისაგან და მამამისისა და ბიძამისივით გამოეცხადებინა მისთვის ერთგულება. მეტიც იგი ყოყლოჩინობდა და ჯიუტობდა, მიუხედავად თავისი შეცდომისა. მისწერა ალ-ჰაქიმს (აბუ ალი ალ-მანსურ იბნ ალ-აზიზი, ეგვიპტის ხალიფა ქრისტეს შობიდან 996-1021 წლებში) მასზე, რომ ერთად გამოსულიყვნენ საომრად მის წინააღმდეგ და ყოველი მათგანი გამართულიყო თავისი ქვეყნიდან.

    ამან მიაღწია ბასილი კეისრამდე და იგი აივსო მრისხანებით მის მიმართ. მაშინ როცა ბასილი კეისარი იმყოფებოდა ფილომილს, უგზო-უკვლოდ დაიკარგა ალ-ჰაქიმი (1021 წლის 13 თებერვალს), და იგი გაემართა აფხაზთა წინააღმდეგ სალაშქროდ.
    როდესაც კეისარი მიუახლოვდა და წარსდგა მის წინაშე თავისი ძლიერი და მრავალრიცხოვანი ჯარით, აფხაზი უბრძოლველად გაიქცა. კეისარმა გადაწვა მისი მიწა-წყალი, მიიტაცა სურსათი, დაატყვევა, მოკლა და დააბრმავა 200000 ქვეშევრდომი ადამიანი. მაშინ მოვიდა მასთან წარგზავნილი მათი (აფხაზთა) მეფისა გიორგისა, რომელიც თხოვდა მას შეწყნარებას და პატიებას იმის გამო, რაც მან მოიმოქმედა, და პირობას იძლეოდა, რომ გადასცემდა მას ციხე-სიმაგრეებსა და ყველა იმ დასახლებას, რომელნიც ბიძამისის დავით კურაპალატის იყო, აგრეთვე თავის შვილს მძევლად, არ შეიცვლებოდა და დარჩებოდა მუდამ მისი მონა-მორჩილი და მოკავშირე. ბასილი კეისარი დაეთანხმა თხოვნას და მიიღო მისი პირობა.კეისარმა აიღო მათგან საგარანტიოდ ისეთი ფიცი.
    ამ დროს მიიღო ბასილი კეისარმა ამბავი იმის შესახებ, რომ ნიკიფორე პატრიკიოსი, ანატოლიკის გამგებელი, დაუკავშირდა ნიკიფორე კისერმოღრეცილს, ძეს ბარდა ფოკასი, და შეთანხმდნენ აჯანყებულიყვნენ მის წინააღმდეგ.ბასილი კეისარმა, როგორც კი გაიგო მათი განზრახვა, სასწრაფოდ გაგზავნა დოლასენე თეოფილაქტე, პროტოსპატარიასი, დრუნგარი, ანატოლიკს, რათა გაერკვია მასთან მიღწეული ამბის სინამდვილე და მოხდენილად დაეგო მათთვის მახე. კეისარმა გადასცა მას ანატოლიკის ოლქი და გაატანა ჯარისთვის საჭირო თანხა საჯაროდ.
    როდესაც აფხაზმა გაიგო აჯანყების შესახებ ბიზანტიაში, თავი ძლიერად იგრძნო და უარი თქვა დადებულ პირობაზე. ფოკას თავის მიღებისთანავე ბასილ კეისარმა სასწრაფოდ გაუგზავნა იგი გიორგი აფხაზს, რომ გაეგებინებინა მისთვის მისი აზრის სიბილწე. მაშინ ცხადი გახდა კეისრისათვის, რომ აფხაზის ყველა მოქმედება და მასთან მოლაპარაკება იყო მხოლოდ სიცრუე. სახელდობრ, მისმა ვეზირმა, სახელად ზვიადმა, ურჩია გიორგის, რომ გამოეყენებინა მას ფიცი და ვალდებულება ღვთის სახელით როგორც ისეთი რამ, რომელიც ხაფანგში მოამწყვდევდა ბასილი კეისარს.

    კეისარმა, აფხაზის ფიცით დადებული კეთილი აზრისა კეთილი აზრისა და მის ქვეყანაში გამგზავრების შემდეგ დაპირებული ოლქებისა და ციხე-სიმაგრეების მისაღებად. აგრეთვე მისი შვილის ასაყვანად (მძევლად), მხოლოდ იმიტომ სძლია, მას, რომ თან წაიყვანა მამაცი და გულადი მეომრები იმდენი, რამდენიც სცნო საჭირო აფხაზის ძალით დამორჩილების შემთხვევაში, თუკი იგი უარს იტყოდა შეთანხმებაზე და არ შეასრულებდა მას. აფხაზმა გაიფიქრა, რომ დადგა დრო მოქმედებისა და, როცა კეისარი მიუახლოვდა მას, თავს დაესხა კეისრის ლასქარს იმ მიზნით, რომ უკუეგდო და გაენადგურებინა. კეისარი შეებრძოლა, დახოცა აფხაზის მოლაშქრენი და დაატყვევა მრავალი ხალხი. აფხაზი, მისი ვეზირი და მიმდევარი ქვეშევრდომნი გაიქცნენ უკანმოუხედავად. კეისრის ლაშქარმა ხელთ იგდო აფხაზის დიდძალი ქონება, სურსათ-სანოვაგის მარაგი და გარდა ამისა ახლობლების ბარგი-ბარხანა. ბერძნებმა გარეკეს საჯდომი და საპალნის პირუტყვი.
    მაშინ დაბრუნდა აფხაზი, დაიმცირა თავი და დაემორჩილა რა კეისარს. იგი ცდილობდა მასთან დაახლოებას იმით, რომ მან აიყვანა მისი შვილი მძევლად და მიიღო ზემოთაღნიშნული ციხე-სიმაგრეები და მამულები და შეუთანხმდა მას იმაზე, რომ დაჰყოფა მისი შვილი კეისრის დედაქალაქში ორ წელიწადს და შემდეგ დაუბრუნდებოდა მას. კეისარი გაემართა აფხაზის ქვეყნიდან რუმის ქვეყნის მიმართულებით. ეს იყო მისი მეფობის 48-წელს. ესაა 414 ქორონიკონი (ანუ ქრისტეს აქეთ 1023/1024 წელი)“.
    ამბავი ბაგრატ გიორგის ძისა. ომი ლიპარიტ ბაღვაშთან, რომელიც გააძლიერა ბერძენთა კეისარმა.
  გიორგის გარდაცვალების შემდეგ მისი 9 წლის ვაჟი ბაგრატი გამეფდა. მის მფლობელობაში იყო აფხაზთა და ქართველთა სამეფო. ბაგრატის გამეფებისთანავე არეულობა დაიწყო, რითაც ისარგებლა ბერძნებმა და კლარჯეთის, ტაოს და სხვათა კუთხეთა ციხეთა მიტაცება იწყო, ვიდრე არ მიიცვალა ქრისტეს აქეთ წელს. შემდეგ ქვრივი გიორგი მეფისა, დედოფალი მარიამ და კათალიკოსი მელქისედეკ წავიდნენ საბერძნეთს და კეისარ რომანოზს თხოვეს ზავი. კეისარმა ბაგრატს მიანიჭა კურაპალატის წოდება, აღიარა თავის ყმად და მოსსა ცოლად ასული მისი ძმისა. ბერძნებთან მშვიდობამ ერთხანს გასტანა.
    ქორონიკონი იყო 252 (ქრისტეს აქეთ 1032 წელი), როცა კლდეკარის ერისთვმა ლიპარიტ ბაღვაშმა და ქართლის ერისთავმა იოანე აბაზას ძემ, მოტყუებით შეიპყრეს ტფილისის ამირა და ბაგრატს მისცეს. ბაგრატმა ტფილისი დაიკავა, თუმცა შემდგომში  ჩემთვის უცნობი მიზეზის გამო ამირა გაათავისუფლა და ქალაქში დააბრუნა.

    257 ქორონიკონს (ქრისტდეან 1037 წელსა) ბაგრატმა ლიპარიტ ბაღვაშთან და კახეთ-ჰერეთის მეფესთან ერთად თბილის ალყა შემოარტყა, ალყა 2 წელს გაგრძელდა, როცა ქალაქი დაცემის პირას იყო ბაგრატმა ჩუმად ალყა მოხსნა, რამაც ლიპარიტი განარისხა.
    ბაგრატმა გადაეწყვიტა შემოერთება არამარტო ტფილისისა, არამედ კახეთ-ჰერეთისა და ბიზანტიელთა და სომხედთან მიტაცებული ციხეებისა. მეფის ამ გეგმებმა მის წინააღმდეგ შეკრა ლიპარიტ ბაღვაში სხვა ქართველ დიდაზნაურებთან ერთად, მეფენი კახეთ-ჰერეთისა და ტაშირ-ძორაგეტისა, რომელთაც შეუერთდა ბერძენთა კეისარი კონსტანტინე მონომახი. უკანასკნელი ამ დროს ანისის სომეხთა სამეფოს დასაუფლებლად ომობდა და ბაგრატის გაძლიერებაც არ სიამოვნებდა.
    მეფე ბაგრატ გიორგის ძემან შეუტია კახეთ-ჰერეთს და ადგილობრივთა დახმარებით ცოტა ხნით ტფილისსა და ბიზანტიელთა შევიწროვებულ ანისსაც დაეუფლა, მაგრამ მისი მტრები ამოქმედნენ და მეფეს ყველაფერი დააკარგვინეს. 
    ქორონიკონსა 267-ს (ქრისტეს აქეთ 1047 წელი) ბაგრატი ლიპარიტისა და მისი მოკავშირეთა ჯარებთან დამარცხდა და აფხაზთა სამეფოს გარდა ყველა სამფლობელო დაკარგა. შემდგომ ლიპარიტ აღმოსავლეთიდან მოსულ თურქებს ტყვედ ჩაუვარდა სამი წლით (ქორონიკონი 268-271). ბაგრატმა ისარგებლა და სამფლობელოები დაიბრუნა, თუმცა სულთანმა ლიპარიტი უვნებლად გამოუშვა და მეფე ბაგრატმა ყველაფერი დაკარგა.
    როცა სხვა გზა აღარ იყო, მეფემ გადაწყვიტა კეისარს ხლებოდა და ეთხოვა არარ დახმარებოდა ლიპარიტს. ამას ბერძენი ისტორიკოსი გიორგი კედრენე გვამცნობს: „იბერიის მთავარმა ბაგრატმა, კაცმა საკმაოდ თავაშვებულმა, შეურაცხყო შეურაცხყო ლიპარიტი, რამაც გამიწვია მათ შორის დაპირისპირება. მაშინ ლიპარიტმა წერილი გაუგზავნა ჩვენს მეფეს და რომაელებთან მეგობრობა და მოკავშირეობა შესთავაზა; მეფემ მისი ელჩები მიიღო და იმანაც მოლაპარაკება გამართა მასთან.რადგან ჩვენი მეფე და ლიპარიტი მეგობრობდნენ იბერთა მთავარს სხვა გზა აღარ დარჩა, რომ ჩვენ მეფეს დაკავშირებოდა.

    ცოტა ხნის შემდეგ ბაგრატი მდინარე ფასისის, სვანთა და კოლხთა ქვეყნის გზით გაემართა და ჩავიდა ტრაპეზუნტში. და იქიდან მაცნეები გაუგზავნა მეფეს და აუწყებდა, რომ სურს სამეფო ქალაქში ჩასვლა და მასთან შეხვედრა.
    როდესაც მან ეს ნებართვა მიიღო, ჩავიდა ბიზანტიონში; მეფეს რომ შეხვდა, ჯერ დიდი საყვედური მოახსენა, მეფე ხარ და არა პატარა ქვეყნის, აბაზგიის მთავართან დადებული გქონდა ხელშეკრულება და ის დაარღვიე, ხოლო კერძო კაცი, განდგომილი მონა დაიახლოვე. შემდეგ ის თხოვდა ისინი (ბაგრატი და ლიპარიტი) მოეგერიებინა.
    მართლაც, მეფის მეცადინეობით ასეც მოხდა; იმათ ერთმანეთში ზავი შეკრეს იმ პირობით, რომ ბაგრატი იქნება ბატონი და მთავარი მთელი იბერიისა და აბაზგიისა, ხოლო ლიპარიტი  ერთი ნაწილის, მესხეთის მთავარი იქნება სიკვდილამდე, ხოლო ბაგრატს სცნობს ბატონად და მეფედ. აი, ასე დამთავრდა აბაზგიის საქმეები.“
ამ შეთანხმებამ შედეგი არ გამოიღო და ლიპარიტი კვლავ ბატონობდა მესხეთსა და ქართლზე და მეფეს არ ემორჩილებოდა.
    „მატიანე ქართლისაის“ უცნობი ავტორი გვამცნობს: „შემდგომად ამისა, სამეფოსა დიდებულთა მოეწყინა პატრონობა ლიპარიტისი. სულა კალმახელმა და ყოველმა მესხებმა მოულოდნელი თავდასხმით შეიპყრეს დლივს ლიპარიტი და ძე მისი ივანე, ხოლო ნიანია ლიპარიტის ძე გადაიხვეწა და მიმართა კლდეკარიც ციხეს; არ შეუშვეს მამისა მისისა ციხოვანთა, და წავიდა ანისს ბერძენთა თანა. ხოლო ლიპარიტ და ივანე შეპყრობილნი სულამ წაიყვანა კალმახს. მოვიდა ბაგრატ და ამის მსახურებისა ნაცვლად მეფემან უბოძა სულას მამულობით ციხის-ჯვარი და ოძრხე ბოდო-კლდითა, და სხვაცა მრავალი საქონელი და სამღვდელთ-მოძღვრონი, და რაცა უნდა.
    მოვიდა მეფესა წინაშე სულა ჯავახეთს, და მოჰგვარა ლიპარიტ და ივანე პყრობილნი, და მოახსენა; ხელთა წავიდა ლიპარიტეთგან ციხენი არტანუჯი, ყველი, უფლისციხე და ბირთვისი. ხოლო კლდეკარი მტკიცედ ეპყრნენ ციხოვანთა; რამეთუ იქ შიგან იდგა ანამორი. მწიგნობართ-უხუცესი ლიპარიტისი მიიყვანეს თრიალეთს, ამოთა თხოვითა არა მოსცეს ციხოვანთა კლდეკარი, აღმართეს ძელნი და გააკრეს მას ზედა ლიპარიტ და ივანე, და გაწირეს სიკვდილად. და შემდგომად დღეთა რამდენთამე მოიმტკიცეს მეფე და დიდებულნი ამის სამეფოსანი ციხოვანთა ლიპარიტისთა მშვიდობით გაშვებისათვის ლიპარიტისა და ივანესა. მოსცეს კლდეკარი; გამოიღო თავისი ხვასტაგი და ჩაიცვა ჩოხანი ლიპარიტმა, და შეავედრა ძე თვისი ივანე მეფესა. დარჩა არგვეთის მამული ივანეს. ეფიცა ლიპარიტ მეფესა შეუცოდლობისათვის, და გაუშვეს და წავიდა სამეფოსა საბერძნეთს“.
პირველი შემოსევანი თურქ-სელჩუკებისა
ბაგრატის მოცილების შემდეგ მეფე ბაგრატ ცდილობდა ძველებურად დაეკავა ტფილისი, კახეთ-ჰერეთი და ციხენი ტაო-კლარჯეთისა და აფხაზეთისა, მიტაცებული ბერძნების მიერ, მაგრამ სამეფოში თურქ-სელჩუკთა შემოსევები დაიწყო. ახლა მცირედით მათ ისტორიას მოგითხრობთ.
    X საუკუნეში შუა აზიაში კასპიის ზღვის სანაპიროებთან თურქული ტომები ოღუზები ცხოვრობდნენ. X-ის ბოლოს ოღუზების ერთმა ნაწილმა სელჩუკის მეთაურობით ისლამი მიიღო ამიერიდან ამ ტომს თურქ-სელჩუკნი ეწოდა. ქრისტეს აქეთ 1037/38 წელს თურქ-სელჩუკთა სულთანი გახდა სელჩუკის შთამომავალი თოღრულ ბეგი.
    ქრისტეს აქეთ 1055 წელს თოღრულ ბეგმა ირანი და შუა აზია დაიპყრო. 1063-1072 წელს სელჩუკთა დიდი სულთანი იყო თოღრულ ბეგის ძმისშვილი ალფ-არსლანი რომელმაც ორჯერ დაარბია ჩვენი ქვეყანა და საბერძნეთს შეუტია.
    როდესაც ქორონიკონი იყო 284 (ქრისტედან 1064 წლის ივნის-ივლისში) გამოვიდა სულტანი ალფ-არსლან, მეფე სელჩუკ თურქთა და სპარსეთისა. მოულოდნელად მოვიდა და დაარბია კანგარი და თრიალეთი, ერთმა მისმა მარბიელმა რაზმმა მიაღწია ყველის ციხემდე, გადავიდა შავშეთს, კლარჯეთს და ტაოს ვიდრე ფანასკერტამდე. და მასვე დღესა ჩამოვიდა თორს და ღვიის-ხევს, და თვითონ დადგა თრიალეთს სამი დღე.

    ამ დროს მეფე ტაოდან მოდიოდა, თანა ახლდა დედა, და და ძე მისი გიორგი; მისულ იყვნენ ხეკრებულს. გზად წამოეწია ლაშქარი სულტანისა და ძლივს გამოასწრეს ქართლს. თურქნი წავიდნენ ჯავახეთს და მოადგნენ ახალქალაქს, მესხმა აზნაურებმა ძლიერად იბრძოლეს ახალქალაქს სამი დღე, მაგრამ ქალაქის ზღუდე ახალაშენებული იყო და ჩამოინგრა. შევიდენ ქალაქად თურქნი და ტყვე ყვნეს ურიცხვი ქართველნი; აიღეს განძი და ტყვე ძლიერი, და შეიღება წყალი ახალქალაქისა სისხლითა.
    ახალქალაქიდან წავიდა სულტანი ანისა, შემუსრა და აიღო ანისი, მოსრა და ტყვე ყვნა ურიცხვნი სული, წავიდა სპარსეთს და ანისი წაართვა ბერძენებს და მისცა განძის ამირას, შადადიან მანუჩას, ძესა აბულასვარისსა.
    სულთანმა ბაგრატისგან ხარკი ითხოვა, მაგრამ მეფემ არ შეუსრულა. ბაგრატმა ისევ იწყო მიტაცება კახეთ-ჰერეთის ციხეთა, მაგრამ კვლავ თურქები მოვიდნენ და ვეღარ დაასრულა.
    ქორონიკონსა 288-ს (ქრისტედან 1068 წელი) სულთანი სწრაფად მოვიდა ქართლს. ჯერ კახეთს მოადგა, სადაც ეახლა მეფე კახთა და ჰერთა აღსართან მისცა ძღვენი დიდი, დატოვა სჯული, მიიღო ისლამი, აღუთქვა ხარაჯა. მაშინ სულთანმა დაუბრუნა თავისი ყოველი ციხენი მიტაცებული აფხაზთა და ქართველთა მეფისა. სამი კვირის შემდეგ გამოემართა ქართლზე. შეუერთდნენ ტაშირ-ძორაკეთისა მეფე კვირიკე, ტფილელი ამირა, და აღსართან; შემოჰყვნენ ქართლს; გაუშვეს გამთენიისა მარბიელი ჯარები. სამწუხროდ აივსო ყოველი ქართლი, იყო დეკემბერი ათი, დღე სამშაბათი.

    დაყვეს მარბიელებმა ექვსი კვირა და აოხრებდნენ და ხოცავდნენ მოსახლეთ. გადავიდნენ არგვეთს და მიაღწიეს  მიუწიეს სვერის-ციხემდე რასაც უამრავი ქართველის დახოცვა და დატყვევება მოჰყვა. ამ დროს საშინლად ცივი ზამთარი დადგა. მეფემ მიუგზავნა ერისთავი ივანე ლიპარიტის ძე ბაღვაში მოსალაპარაკებლად, სულთანმა კვლავ ხარაჯა ითხოვა და პასუხი აღარ დაუცადა, რადგან საშინელი ყინვები დაიწყო.

    წასვლის წინ ამირას წაართვა ტფილისი და რუსთავი და დაუტოვა გაძის ამირა ფადლონს, რომელსაც დაავალა მეფე ბაგრატის სამფლობელოთა რბევა, რადგან იგი უარს ამბობდა ეხადა ხარაჯა.
    შემდგომ წელს ფადლონი ეწვია ქართლს, თუმცა სასტიკად დამარცხდა და ტყვედაც იგდეს ქართველებმა და მხოლოდ სულთნის მოთხოვნის შემდეგ გაათავისუფლეს.
    ქორონიკონსა 291  (ქრისტეს აქეთ 1071 წელი) 19 აგვისტოს მანასკერტთან, თურქებმა ალფ-არსლანის ხელმძღვანელობით დაამარცხეს ბერძნები და ტყვედ ჩაიგდეს კეისარი რომანოზ დიოგენე. თურქების გამარჯვებამ დააჩქარა სელჩუკთა სახელმწიფოს ჩამოყალიბება მცირე აზიაში. ტყვედ ჩავარდნილმა კეისარმა საკუთარი სიცოცხლე დიდი ქონების საფასურად იყიდა, თუმცა ბერძნებში შიდაომები დაიწყო. ამით ისარგებლეს თურქებმა და ნელნელა მთელს მცირე აზიას მოედვნენ. მაშინ ქართველთა და აფხაზთა ქვეყანა მარტო დარჩა სელჩუკთა წინაშე.
მეფობა უბედური გიორგი ბაგრატის ძისა
    ქორონიკონსა 292  (ქრისტეს აქეთ 1072 წელი) მიიცვალა მეფე ბაგრატ და გამეფდა ძე მისი გიორგი. 
     შემდგომი წლის ზაფხულს მეფეს განუდგნენ დიდგვაროვანნი ნიანია ქვაბულის ძე, ივანე ლიპარიტის ძე და ვარდან სვანთა ერისთავი. ნიანია ქვაბულის ძემ ქუთათისი დაიკავა და წაიღო ქუთათისის საჭურჭლე, ივანე ლიპარიტის ძემ კახელები მოიშველია და ქსნისპირი დაიპყრო, ხოლო ვარდანმა სვანები ააჯანყა და საეგრო დაარბია. სელჩუკებთან მოსალოდნელი ომის წინ, მეფე ცდილობდა დიპლომატიით მოეგვარებინა შიდა პრობლემები ძლიერ ფეოდალებთან. გიორგი II გარკვეულ დათმობაზე წავიდა და ურჩი ყმები წყალობით დაფარა. ივანე ლიპარტის ძეს სამშვილდე უბოძა, მის ვაჟს ლიპარტს – ლოწობანი რუსთავის ნაცვლად (ეს უკანასკნელი კახელებს გადაეცა), ნიანია ქვაბულის ძეს – თმოგვი და სხვა რჩეული საქონელნი, ვარდან სვანთა ერისთავს – ასკალანა და უთაღებო.
        შემდგომ წელს ივანე ლიპარიტის ძე კვლავ განუდგა მეფეს. გიორგი II-მ მესხთა ლაშქრით და კახთა მეფე აღსართანის დახმარებით გამდგარი ერისთავი დაამარცხა. ლიპარიტს ლოწობანი წაართვეს და სამეფოს შემოუერთეს. მალე მეფე და ივანე ლიპარიტის ძე დაზავდნენ. ივანე ერთგულების პირობით კლდეკარისა და სამშვილდის ერისთავად იქნა დამტკიცებული. მაგრამ ურჩმა ერისთავმა გიორგი II-ის მეციხოვნეებს გაგი გამოსტყუა და განძის პატრონს ფადლონს მიჰყიდა.

ამით გაბრაზებულმა მეფემ ბაღვაშის დასჯა გადაწყვიტა, მაგრამ ამ დროს სელჩუკთა ახალი სულთანი მალიქ-შაჰი შემოგვესია. მიაგება ივანემ ძე მისი ლიპარიტ წინ. დაიტოვა იგი სულტანმა. მაშინ დაყო ლიპარიტმა მას თან მცირედი ხანი და გამოეპარა. ამით გაბრაზებული სულთანი მოადგა სამშვილდეს და წაართვა სამშვილდე, დაატყვევა ივანე, ცოლით, შვილის-შვილით და ყოველი აზნაურები ოჯახებით. დაიჭირა სამშვილდე სულთანმა. იქ დგომის დროს მოარბია ქართლი, წაიღო ტყვე და ნატყვენავი ურიცხვი და გაბრუნდა.
    საქართველოდან წასულმა სულთანმა განძა აიღო, არანის გამგებლად თავისი ერთ-ერთი სარანგი (სარდალი) სავ-თეგინი დანიშნა, 48000 მხედარი დაუტოვა და ქართველთა ქვეყნის რბევა დაავალა.
    შემდგომი წლის ადრიან გაზაფხულზე  სავ-თეგინი  დვინისა და დმანისის ამირების თანადგომით შემოესია ქართლს. გიორგი აღსართან კახთა მეფესთან ერთად სოფელ ფარცხისის ქვემოთ დახვდა მოწინააღმდეგეს. ბრძოლა საკმაო ხანს გაგრძელდა და მხოლოდ მწუხრისას დასრულდა. ბოლოს გაიქცა ბანაკი სარანგისი და გამარჯვებული მშვიდობით დაბრუნდა მეფეთ-მეფე გიორგი.
    მალევე, თურქთაგან შევიწროვებულმა ბერძნებმა მიატოვეს წართმეულნი ციხენი. უბრძოლველად დაიბრუნა მეფემ ანაკოფია, თავადი ციხეთა აფხაზეთისათა, და მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშეთისა, ჯავახეთისა და არტაანისა.
        ქორონიკონსა 296  (ქრისტეს აქეთ 1076 წელი) წავიდა მეფე გიორგი ტაოს, და მოვიდა ბანას. ხოლო ამ დროს მოვიდა მის წინაშე ბერძენთა სარდალი აღმოსავლეთისა გრიგოლ ბაკურიანის ძე, რომელსაც ჰქონდა ოლთისი, კარნუ-ქალაქი (არზრუმი), კარი (ყარსი) და მისი მიმდგომი ქვეყანა. დიდად გაიხარეს და დაისვენეს. მოსცა გიორგი მეფეს კარის ციხე-ქალაქი და მისი მიმდგომი ქვეყანა და წავიდა. ხოლო მეფე გიორგიმ დატოვა კარს შავში აზნაურნი. ეს ბოლო ბედნიერი დღეები იყო მისი მეფობისა.
    ქორონიკონსა 299  (ქრისტეს აქეთ 1079 წელი) სელჩუკთა სარდალმა აჰმად ამირამ, კაცმა ძლიერმა და მაგრად მოისარმა, ქალაქი კარი აიღო. შემდეგ ჩვენკენ დაიძრა და ყველის ციხესთან მდგომ მეფეს თავს დაესხა. დაბნეული მეფე თავისი სპით უკუიქცა დამისი საჭურრჭლე და ყოველივე მტერს დარჩა.
    უკან გაბრუნებულ აჰმად ამირას გზაში შემოხვდნენ საბერძნეთს სალაშქროდ მიმავალი თურქი ამირები ისაბორი და იაყუბი. აჰმადმა მათ მოახსენა ქართველთა ქვეყანაში მომხდარი გამარჯვების შესახებ და ისიც აუწყა, რომ აფხაზთა და ქართველთა მეფე გიორგი ლიხთ იქეთ გადასულიყო. აჰმად ამირამ თანატომელთათვის ურჩევია „რად წარხვალთ საბერძნეთად? აჰა ქვეყანა ქართველთა, უკაცური და სავსე ესევითარითა სიმდიდრითა“. თურქ-სელჩუკებს მოსწონებიათ აჰმადის აზრი, ლაშქრობისათვის მიმართულება შეუცვლიათ და კურსი ჩვენკენ აუღიათ.

    ისინი მოეფინნენ კალიებივით მთელ ქვეყანას. ივანობის დღეს (24 ივნისი) ასისფორი და კლარჯეთი ზღვის-პირამდე, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგვეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდი აივსო თურქებით. მოისრა და ტყვედ იქმნა ამ მხარეების მრავალი მკვიდრი. ამავე ხანებში, ერთ დღეს დაწვეს ქუთათისი, არტანუჯი და კლარჯეთის უდაბნოები. დაჰყვეს ამ მხარეებში თურქებმა ვიდრე თოვლის მოსვლამდე, მოჭამეს ქვეყანა და ამოწყვიტეს, თუ სადღაც ვინმე დარჩენილიყო ტყეთა, კლდეთა, ქვაბთა და ხვრელთა. ეს იყო პირველი და დიდი თურქობა; როდესაც ქორონიკონი იყო სამასი (ქრისტეს აქეთ 1080 წელი). ხოლო თუ ვინმე მთიულეთს ან სიმაგრეთა სადმე ვინმე დარჩა კაცი, ზამთრისა სიფიცხით, უსახლობით და შიმშილით ეგენიც მოისრა. 
    გაგრძელდა ესეთი ჭირი ქრისტიანებზე; გაზაფხულობით მოდიოდნენ თურქნი და ზემოთ აღწერილ საქმეთ იქმოდნენ და ზამთრის დადგომისას მიდიოდნენ. არ იყო იმ წლებში თესვა და მკა: მოოხრდა ქვეყანა და ტყედ გადაიქცა, ადამიანების ნასახლარებზე ველის ნადირნი დაემკვიდრნენ. იყო ჭირი მოუთმენელი ქვეყნის ყოველი მკვიდრისთვის, მანამდე გაუგონარი. თურქებმა ეკლესიები თავის სახლებად აქციეს. მღვდლებიდან ზოგიერთი საკურთხეველზე დააკლეს, ზოგიც კი დაატყვევეს; მოხუცებულნიც არ დაინდეს, ქალწულნი გარყვნეს, ჭაბუკნი დაკვეთეს, ხოლო ჩვილნი დაიტაცეს. ცეცხლით მოიწვა შენებული ყოველი, სისხლთა მდინარეებმა მორწყა მთელი ქვეყანა.
    „დიდი თურქობით“ შექმნილი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა და გაართულა მომთაბარეთა აქ დასახლების გამო. სელჩუკები მოდიოდნენ თავიანთი ოჯახებითა და ჯოგებით, სახლდებოდნენ დაპყრობილ მიწა-წყალზე და სამეურნეოდ ვარგის მთელ ფართობს საძოვრებად აქცევდნენ. ნადგურდებოდა საუკუნოვანი ტრადიციების მქონე ინტენსიური სოფლის მეურნეობა. მემინდვრეობა-მებაღეობა-მევენახეობის ადგილს მომთაბარულ-მეჯოგური მესაქონლეობა იჭერდა.
    გიორგიმ მათ წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელად ჩათვალა და ქორონიკონსა 303 (ქრისტეს აქეთ 1083 წელს) თავი დამარცხებულად ცნო. იგი ეახლა სულთან მალიქ-შაჰს, მორჩილება გამოუცხადა და ყოველწლიურად ხარკის საფასურად ზავი და მშვიდობა ითხოვა. სულთანს ეს ძალიან ესიამოვნა. ყოველწლიური ხარკი (დაახლ. 2,1 მილიონი ოქროს დინარი შედიოდა სულთანს დაპყრობილი ქვეყნებიდან) სულთანისათვის ძარცვა-გლეჯით შეძენილს სჯობდა იმიტომ, რომ ჯერ ერთი ნატყვენავის რაოდენობა ცვავლებადი იყო და განუსაზღვრელი, – მეორე ისა, რომ ნადავლითგან სულთანს მარტო 1\5 ერგებოდა, დანარჩენი 4\5 ლაშქრისა იყო; ხარაჯა – კი მთლად სულთანის საჭურჭლეში შევიდოდა.

    საპასუხოდ მეფეს სულთანმა ქართლ-კახეთი აჩუქა და მის დასამორჩილებლად ჯარიც გამოაყოლა. გიორგი კახეთ-ჰერეთში შეიჭრა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა, სელჩუკთა ჯარი მიატოვა და ქუთაისში დაბრუნდა, აჯამეთში ნადირობის სეზონი დაიწყოო. ამით ისარგებლა კახთა და ჰერთა მეფე აღსართანმა, წავიდა მალიქ-შას წინაშე, დატოვა ქრისტიანობა და მიიღო ხელმეორედ ისლამი, და ასე დაიმტკიცა სულთანისაგან კახეთი და ჰერეთი.
     ამიერიდან სელჩუკთა ჯარი აღარ ესეოდა ქართველთა ქვეყანას, მაგრამ თურქმანთა ურდოები მაინც მოდიოდნენ და საქართველოს ქალაქებსა და სოფლებს მაინც აწიოკებდნენ. მძიმე ხარკი კი წელში ტეხდა ისედაც გაუბედურებულ მოსახლეობას.
    საქართველოს ისედაც გართულებულ მდგომარეობას ზედ დაერთო 1088 წელს დაწყებული სტიქიური უბედურება – მიწისძვრა, რომელმაც მთელი ქვეყანა დააქცია. მაშინ გიორგიმ ჩათვალა, რომ ქვეყნის მართვა აღარ ძალუძდა და 1089 წელს მართველობა თავის 16 წლის ვაჟს, დავით IV-ს გადააბარა. ამიერიდან გიორგი მეფეთ-მეფის წოდებას ატარებდა და დავითთან ერთად სამეფო განკარგულებებზე ხელს აწერდა, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებაში აღარ მონაწილეობდა.
    ამით დასრულდა უბედურება ქართველთა და დაიწყო ჩვენი დიდებული დროება, როდესაც ქართველთა ხმლისა წინაშე ყოველთა მუსლიმნი ძრწიან და ქედს იხრიან. იწყო შენება და ქალაქთა და სოფელთა, მოშენდა ერი ქართველთა და დაითრგუნა მტერი ყოველი. ამათზე სხვა მემატიანენი მოგითხრობთ. მე კი აქ სიტყვას შევწყვეტ, იმის იმედით, რომ ასეთი უბედური დღეები ჩვენსა ქვეყანას ამიერიდან აღარ ექნება.

გამოყენებული წყაროები:
1. სკოლის სახელმძღვანელო, დიოგენეს გამომცემლობა
2. https://umurgulia82.blogspot.com/2017/09/xi-762-1076.html
3. https://umurgulia82.blogspot.com/2017/09/680-1031.html
4. https://umurgulia82.blogspot.com/2017/10/blog-post_6.html
5. https://umurgulia82.blogspot.com/2018/02/blog-post_72.html
6. https://umurgulia82.blogspot.com/2018/02/xi.html
7. https://umurgulia82.blogspot.com/2018/05/xi.html