понедельник, 27 ноября 2023 г.

მატიანე - „უბედური დღენი ქართველთა და აფხაზთა სამეფოსა“ (ქრისტინე გაბიანი)

    უკვე ქრისტეს აქეთ მეთორმეტე ასწლეული დაიწყო. მე, ამ ქვეყნის ერთ-ერთი რჩეული მემატიანე რთულ, მაგრამ ჩემი ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს შევუდექ. მინდა მომავალს დარჩეს ჩემი სახელი და ქვეყნის წარსულის საქმენი და ამბავნი. დაწვრილებით და დეტალურად ავღწერ 234-309 ქორონიკონის (რაც უდრის ქრისტეს აქეთ 1014-1089 წლებს) დროინდელ ამბებს ჩვენი ქვეყნისა. ჩემს მთელ ენერგიას ამ საქმეში ვაქსოვ და უბედნიერესი ვიქნები თუ ჩემი მონათხრობი სამშობლოს გამოადგება  და ახლაგაზრდები მისგან დასკვნებს გამოიტანენ.
ამბავი იმიერტაოსა, რომელმაც ბერძნებთან ომი გვარგუნა
    ბაგრატმა, ძემ გურგენისამ, მემკვიდრეობით მიიღო აფხაზეთა და ქართველთა სამეფოები, ხოლო კახეთი და ჰერეთი ჯარით იპყრო. ბოლოს ბიძაშვილებს წართვა კლარჯეთიც.
    ბაგრატის მემკვიდრეობად ითვლებოდა იმიერტაოც, რადგან მის მპყრობელს, დავით ადარნასეს ძეს, ქართველთა კურაპალატს, ძე არ ესვა და ბაგრატი ყავდა ნაშვილები. დავითს ადრე სწყალობდა ბერძენთა მეფე, მაგრამ შემდგომად განუდგა და კეისარ ბასილის მოწინააღმდეგეებთ მიემხრო. კეისარმა იმარჯვა და დავითს დასჯა დაუპირა. დავით კურაპალატმა პატიების სანავლოდ ანდერძი შეცვალა და თავისის სამფლოებლოები ბერძნებს უანდერძა.
    ბაგრატი გარდაიცვალა ქორონიკონს 234 (რაც უდრის ქრისტეს აქეთ 1014 წელს) და აფხაზთა და ქართველთა მეფე გახდა მისი ყრმა ძე გიორგი.

    გიორგის გამეფებისთანავე კახეთ-ჰერეთი კვლავ გამოეყო. ახალგაზრდა მეფემ არჩია ჯერ იმიერტაო დაებრუნებია, რადგან საამისოდ ხელსაყრელ დრო ეჩვენა. ბერძნებს ბულგარებთან მრავაწლიანი ჰქონდათ ომი გაჩაღებული და აღმოსავლეთის მიწებისათვის არ ეცალა. გიორგიმაც დრო იხელთ და იმერტაოც ციხენი დაიკავა, როდესაც ქორონიკონი იყო დაიბრუნა 234. როდესაც ბასილმა ბულგარელები გაანადგურა, მეფე გიორგის მოუბრუნა და ციხეების დაუბრუნება მოთხოვა. როცა უარი მიიღო საომრად წამოვიდა. მოკლედ ეს ამბავი ბერძნებთან ომში გადაიზარდა, რაზეც ბევრი ცნობა ვჰპოვე ქართველ და უცხოელ მემატიანეებთან, რომლებთაც აქვე გიამბობთ.
    ქართული მატიანეები სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება ბაგრატიონთა“ და უცნობი ავტორის „მატიანე ქართლისა“ გვამცნობენ:
    გიორგის მართველობის მეშვიდე წელს, მოვიდა ბასილი, მეფე ბერძენთა. დაიბანაკეს ორთავემ ბასიანის ქვეყანაში მრავალი დღე, და არ გამართეს ბრძოლა. გიორგი მეფემ უკან დაიხია, დაწვა ქალაქი ოლთისი. გამოედევნა უკან ბასილი, მეფე ბერძენთა. გაიმართა ბრძოლა დიდი სოფელ შირიმნისთან. დაიღუპნენ ორივეგან მრავლად. გვიან გაიგო ამის შესახებ გიორგი მეფემ. მაშინ უბრძანა თავის სპას და აღიჭურნენ სწრაფად. გავიდა თვით გიორგი მეფე, რომელიც იყო ახოვანი და უშიში თითქოს უხორცო და მას გაყვა უმრავლესობა მისი მებრძოლებისა. მოვიდა ბასილი მეფე თავისი ყოველი სპით.
    შეიკრიბენ და მოხდა დიდი ბრძოლა. დაიღუპნენ ბერძენნი მრავლად. ასე გაგრძელდა მათ შორის ბრძოლა და გასაქცევად გაემზადა ბასილი მეფე. მაგრამ ამ დროს სულმოკლეობა გამოიჩინეს ქართლის დიდაზნაურებმა, მოერიდნენ და წამოვიდენ. გამოედევნენ უკან ბერძნები და დახოცეს ურიცხვი მახვილებით. მოაღწია ლაშქარმა არტაანს, ბევრი დაატყვევეს და მოაოხრეს არტაანი. წავიდა გიორგი მეფე და გადავიდა თრიალეთს. გაბრუნდა ბასილი მეფე თრიალეთიდან, კვლავ გაიარა ჯავახეთი და არტაანი. უბოროტესი შურისგებით ხელახლა მოაოხრა ეს კუთხეები. შემდეგ წავიდა და დაიზამთრა ქალაქ ტრაპიზონის მახლობლად. მიმოდიოდნენ მათ შორის ელჩები ზავის დადებისთვის.
    კვლავ შემობრუნდა ბასილი, ითხოვდა ქვეყნებსა და ციხეებს და აღუთქვამდა ზავს და მშვიდობას. მეფეს ასეთი განზრახვა ჰქონდა: „თუ ინებოს ზავი ბასილი მეფემ, იყოს ასე. თუ ინებოს ომი, გავემზადოთ მისთვისაც“. იმათ ვისაც არ უნდოდათ მშვიდობა, იწყეს საბრძოლველად გამზადება და მივიდნენ ბასილი მეფის ბანაკთან და დაუწყეს ბრძოლა. როცა გაგრძელდა მათ შორის ბრძოლა, კვლავ გამოიქცნენ ქართველთა სპანი, და დაიხოცნენ მახვილით ურიცხვნი და ზოგიერთნი ტყვედ ჩავარდნენ. წაიღეს დიდძალი ნადავლი და სამეფო განძი, რომელიც თან ჰქონდათ მეფის სპას.

    კვლავ იწყეს საზავო მოლაპარაკება, როგორც ადრე, რადგან დიდი შიში ჰქონდა საბერძნეთში განდგომისა. ჩამოაგდეს მშვიდობა და დაიზავეს. მისცა გიორგი მეფემ მძევლად თავისი ძე ბაგრატ ხუთი წლის, ციხეები დაუცალა და მისცა ქვეყანა, რომელიც ჰქონდა დავით კურაპალატს. წავიდა ბასილი მეფე და თანა წაიყვანა ბაგრატ უფლისწული მძევლად. აღუთქვა ფიცით აღთქმა ასე: „III წელს გამოგიგზავნო ძე შენი“. იყო უფლისწული სამი წელ ქალაქსა სამეფოსა კოსტანტინეპოლს და III წელს გამოგზავნა, როგორც აღუთქვა.
    ამ ამბავში ბევრი ნაკლულუ ადგილი აღმოჩნდა, რომლის შევსება უცხოელ მემატიანეებისგან ვცადე. საინტერესო დეტალები ვიპოვე სომეხ მემატიანე არისტაკეს ლასტივერტელთან და არაბ მემატიანე იაჰია ანტიოქელთან.

    არისტაკესი მოგვითხრობს: „ჩვენი წელთაღრიცხვის 464 (ეს უდრის ქრისტეს შობიდან 1015 წ. 18 მარტი  1016 წ. 17 მარტი.) წელს გარდაიცვალა აფხაზთა მეფე ბაგრატი და გამეფდა მისი ვაჟი გიორგი. თვითმპყრობელმა მეფე ბასილმა ასეთი ბრძანება მისწერა მას: „რაც კი დავით კურაპალატის წილიდან მამაშენს ძღვენად ჰქონდა მიღებული, თავი ანებე და მხოლოდ საკუთარი მამული განაგე“. ხოლო გიორგიმ არ მიიღო ეს ბრძანება, არამედ ყრმობის ასაკით გამედიდურებულმა საწინააღმდეგო პასუხი გასცა ბასილ მეფეს: „რაც კი მამაჩემს ეპყრა საგამგებლოდ, მისგან ერთ სახლსაც ვერავის მივცემ“. ეს რომ თვითმპყრობელმა შეიტყო, ჯარი გაგზავნა ქვეყნის ძალით დასაპყრობად. მათ წინააღმდეგ გამოვიდნენ ტაოელი ვაჟკაცები, რომლებმაც დიდი დაბა-სოფლის უხტეაცის (ოლთისი) მახლობლად უკუაქციეს ჰორომთა ჯარი, ხოლო ქალაქსა და სხვა გაშენებულ ადგილებს ზიანი არ მიაყენეს. ასე მიეცა ტაოს ქვეყნის დაეცმას“.
    იაჰია მოგვითხრობს: „რაც შეეხება იმას, თუ რა შეემთხვა ბასილს ბულგარეთის აღების შემდეგ. როდესაც იგი დაკავებული იყო იქ, ებრძოდა რა მათ (ბულგარელებს) მთელი ძალით (1014-1018 წლებში), გიორგი, აფხაზთა მეფემ განიზრახა ზიანი მიეყენებინა მისი სამფლობელოების მეზობელი ოლქებისათვის. დაეუფლა ციხე-სიმაგრეებსა და ოლქებს, რომლებიც ბიძამისმა დავით კურაპალატმა დაუთმო ბასილი კეისარს. ბულგარეთში მიზნის მიღწევის, მისი დაპყრობისა და კონსტანტინეპოლში ბასილი კეისრის დაბრუნებისასაც ამ გიორგიმ, აფხაზთა მეფემ, არ სცნო საჭიროდ გამოესწორებინა თავისი შეცდომა, თავი შეეკავებინა მოქმედებისაგან და მამამისისა და ბიძამისივით გამოეცხადებინა მისთვის ერთგულება. მეტიც იგი ყოყლოჩინობდა და ჯიუტობდა, მიუხედავად თავისი შეცდომისა. მისწერა ალ-ჰაქიმს (აბუ ალი ალ-მანსურ იბნ ალ-აზიზი, ეგვიპტის ხალიფა ქრისტეს შობიდან 996-1021 წლებში) მასზე, რომ ერთად გამოსულიყვნენ საომრად მის წინააღმდეგ და ყოველი მათგანი გამართულიყო თავისი ქვეყნიდან.

    ამან მიაღწია ბასილი კეისრამდე და იგი აივსო მრისხანებით მის მიმართ. მაშინ როცა ბასილი კეისარი იმყოფებოდა ფილომილს, უგზო-უკვლოდ დაიკარგა ალ-ჰაქიმი (1021 წლის 13 თებერვალს), და იგი გაემართა აფხაზთა წინააღმდეგ სალაშქროდ.
    როდესაც კეისარი მიუახლოვდა და წარსდგა მის წინაშე თავისი ძლიერი და მრავალრიცხოვანი ჯარით, აფხაზი უბრძოლველად გაიქცა. კეისარმა გადაწვა მისი მიწა-წყალი, მიიტაცა სურსათი, დაატყვევა, მოკლა და დააბრმავა 200000 ქვეშევრდომი ადამიანი. მაშინ მოვიდა მასთან წარგზავნილი მათი (აფხაზთა) მეფისა გიორგისა, რომელიც თხოვდა მას შეწყნარებას და პატიებას იმის გამო, რაც მან მოიმოქმედა, და პირობას იძლეოდა, რომ გადასცემდა მას ციხე-სიმაგრეებსა და ყველა იმ დასახლებას, რომელნიც ბიძამისის დავით კურაპალატის იყო, აგრეთვე თავის შვილს მძევლად, არ შეიცვლებოდა და დარჩებოდა მუდამ მისი მონა-მორჩილი და მოკავშირე. ბასილი კეისარი დაეთანხმა თხოვნას და მიიღო მისი პირობა.კეისარმა აიღო მათგან საგარანტიოდ ისეთი ფიცი.
    ამ დროს მიიღო ბასილი კეისარმა ამბავი იმის შესახებ, რომ ნიკიფორე პატრიკიოსი, ანატოლიკის გამგებელი, დაუკავშირდა ნიკიფორე კისერმოღრეცილს, ძეს ბარდა ფოკასი, და შეთანხმდნენ აჯანყებულიყვნენ მის წინააღმდეგ.ბასილი კეისარმა, როგორც კი გაიგო მათი განზრახვა, სასწრაფოდ გაგზავნა დოლასენე თეოფილაქტე, პროტოსპატარიასი, დრუნგარი, ანატოლიკს, რათა გაერკვია მასთან მიღწეული ამბის სინამდვილე და მოხდენილად დაეგო მათთვის მახე. კეისარმა გადასცა მას ანატოლიკის ოლქი და გაატანა ჯარისთვის საჭირო თანხა საჯაროდ.
    როდესაც აფხაზმა გაიგო აჯანყების შესახებ ბიზანტიაში, თავი ძლიერად იგრძნო და უარი თქვა დადებულ პირობაზე. ფოკას თავის მიღებისთანავე ბასილ კეისარმა სასწრაფოდ გაუგზავნა იგი გიორგი აფხაზს, რომ გაეგებინებინა მისთვის მისი აზრის სიბილწე. მაშინ ცხადი გახდა კეისრისათვის, რომ აფხაზის ყველა მოქმედება და მასთან მოლაპარაკება იყო მხოლოდ სიცრუე. სახელდობრ, მისმა ვეზირმა, სახელად ზვიადმა, ურჩია გიორგის, რომ გამოეყენებინა მას ფიცი და ვალდებულება ღვთის სახელით როგორც ისეთი რამ, რომელიც ხაფანგში მოამწყვდევდა ბასილი კეისარს.

    კეისარმა, აფხაზის ფიცით დადებული კეთილი აზრისა კეთილი აზრისა და მის ქვეყანაში გამგზავრების შემდეგ დაპირებული ოლქებისა და ციხე-სიმაგრეების მისაღებად. აგრეთვე მისი შვილის ასაყვანად (მძევლად), მხოლოდ იმიტომ სძლია, მას, რომ თან წაიყვანა მამაცი და გულადი მეომრები იმდენი, რამდენიც სცნო საჭირო აფხაზის ძალით დამორჩილების შემთხვევაში, თუკი იგი უარს იტყოდა შეთანხმებაზე და არ შეასრულებდა მას. აფხაზმა გაიფიქრა, რომ დადგა დრო მოქმედებისა და, როცა კეისარი მიუახლოვდა მას, თავს დაესხა კეისრის ლასქარს იმ მიზნით, რომ უკუეგდო და გაენადგურებინა. კეისარი შეებრძოლა, დახოცა აფხაზის მოლაშქრენი და დაატყვევა მრავალი ხალხი. აფხაზი, მისი ვეზირი და მიმდევარი ქვეშევრდომნი გაიქცნენ უკანმოუხედავად. კეისრის ლაშქარმა ხელთ იგდო აფხაზის დიდძალი ქონება, სურსათ-სანოვაგის მარაგი და გარდა ამისა ახლობლების ბარგი-ბარხანა. ბერძნებმა გარეკეს საჯდომი და საპალნის პირუტყვი.
    მაშინ დაბრუნდა აფხაზი, დაიმცირა თავი და დაემორჩილა რა კეისარს. იგი ცდილობდა მასთან დაახლოებას იმით, რომ მან აიყვანა მისი შვილი მძევლად და მიიღო ზემოთაღნიშნული ციხე-სიმაგრეები და მამულები და შეუთანხმდა მას იმაზე, რომ დაჰყოფა მისი შვილი კეისრის დედაქალაქში ორ წელიწადს და შემდეგ დაუბრუნდებოდა მას. კეისარი გაემართა აფხაზის ქვეყნიდან რუმის ქვეყნის მიმართულებით. ეს იყო მისი მეფობის 48-წელს. ესაა 414 ქორონიკონი (ანუ ქრისტეს აქეთ 1023/1024 წელი)“.
    ამბავი ბაგრატ გიორგის ძისა. ომი ლიპარიტ ბაღვაშთან, რომელიც გააძლიერა ბერძენთა კეისარმა.
  გიორგის გარდაცვალების შემდეგ მისი 9 წლის ვაჟი ბაგრატი გამეფდა. მის მფლობელობაში იყო აფხაზთა და ქართველთა სამეფო. ბაგრატის გამეფებისთანავე არეულობა დაიწყო, რითაც ისარგებლა ბერძნებმა და კლარჯეთის, ტაოს და სხვათა კუთხეთა ციხეთა მიტაცება იწყო, ვიდრე არ მიიცვალა ქრისტეს აქეთ წელს. შემდეგ ქვრივი გიორგი მეფისა, დედოფალი მარიამ და კათალიკოსი მელქისედეკ წავიდნენ საბერძნეთს და კეისარ რომანოზს თხოვეს ზავი. კეისარმა ბაგრატს მიანიჭა კურაპალატის წოდება, აღიარა თავის ყმად და მოსსა ცოლად ასული მისი ძმისა. ბერძნებთან მშვიდობამ ერთხანს გასტანა.
    ქორონიკონი იყო 252 (ქრისტეს აქეთ 1032 წელი), როცა კლდეკარის ერისთვმა ლიპარიტ ბაღვაშმა და ქართლის ერისთავმა იოანე აბაზას ძემ, მოტყუებით შეიპყრეს ტფილისის ამირა და ბაგრატს მისცეს. ბაგრატმა ტფილისი დაიკავა, თუმცა შემდგომში  ჩემთვის უცნობი მიზეზის გამო ამირა გაათავისუფლა და ქალაქში დააბრუნა.

    257 ქორონიკონს (ქრისტდეან 1037 წელსა) ბაგრატმა ლიპარიტ ბაღვაშთან და კახეთ-ჰერეთის მეფესთან ერთად თბილის ალყა შემოარტყა, ალყა 2 წელს გაგრძელდა, როცა ქალაქი დაცემის პირას იყო ბაგრატმა ჩუმად ალყა მოხსნა, რამაც ლიპარიტი განარისხა.
    ბაგრატმა გადაეწყვიტა შემოერთება არამარტო ტფილისისა, არამედ კახეთ-ჰერეთისა და ბიზანტიელთა და სომხედთან მიტაცებული ციხეებისა. მეფის ამ გეგმებმა მის წინააღმდეგ შეკრა ლიპარიტ ბაღვაში სხვა ქართველ დიდაზნაურებთან ერთად, მეფენი კახეთ-ჰერეთისა და ტაშირ-ძორაგეტისა, რომელთაც შეუერთდა ბერძენთა კეისარი კონსტანტინე მონომახი. უკანასკნელი ამ დროს ანისის სომეხთა სამეფოს დასაუფლებლად ომობდა და ბაგრატის გაძლიერებაც არ სიამოვნებდა.
    მეფე ბაგრატ გიორგის ძემან შეუტია კახეთ-ჰერეთს და ადგილობრივთა დახმარებით ცოტა ხნით ტფილისსა და ბიზანტიელთა შევიწროვებულ ანისსაც დაეუფლა, მაგრამ მისი მტრები ამოქმედნენ და მეფეს ყველაფერი დააკარგვინეს. 
    ქორონიკონსა 267-ს (ქრისტეს აქეთ 1047 წელი) ბაგრატი ლიპარიტისა და მისი მოკავშირეთა ჯარებთან დამარცხდა და აფხაზთა სამეფოს გარდა ყველა სამფლობელო დაკარგა. შემდგომ ლიპარიტ აღმოსავლეთიდან მოსულ თურქებს ტყვედ ჩაუვარდა სამი წლით (ქორონიკონი 268-271). ბაგრატმა ისარგებლა და სამფლობელოები დაიბრუნა, თუმცა სულთანმა ლიპარიტი უვნებლად გამოუშვა და მეფე ბაგრატმა ყველაფერი დაკარგა.
    როცა სხვა გზა აღარ იყო, მეფემ გადაწყვიტა კეისარს ხლებოდა და ეთხოვა არარ დახმარებოდა ლიპარიტს. ამას ბერძენი ისტორიკოსი გიორგი კედრენე გვამცნობს: „იბერიის მთავარმა ბაგრატმა, კაცმა საკმაოდ თავაშვებულმა, შეურაცხყო შეურაცხყო ლიპარიტი, რამაც გამიწვია მათ შორის დაპირისპირება. მაშინ ლიპარიტმა წერილი გაუგზავნა ჩვენს მეფეს და რომაელებთან მეგობრობა და მოკავშირეობა შესთავაზა; მეფემ მისი ელჩები მიიღო და იმანაც მოლაპარაკება გამართა მასთან.რადგან ჩვენი მეფე და ლიპარიტი მეგობრობდნენ იბერთა მთავარს სხვა გზა აღარ დარჩა, რომ ჩვენ მეფეს დაკავშირებოდა.

    ცოტა ხნის შემდეგ ბაგრატი მდინარე ფასისის, სვანთა და კოლხთა ქვეყნის გზით გაემართა და ჩავიდა ტრაპეზუნტში. და იქიდან მაცნეები გაუგზავნა მეფეს და აუწყებდა, რომ სურს სამეფო ქალაქში ჩასვლა და მასთან შეხვედრა.
    როდესაც მან ეს ნებართვა მიიღო, ჩავიდა ბიზანტიონში; მეფეს რომ შეხვდა, ჯერ დიდი საყვედური მოახსენა, მეფე ხარ და არა პატარა ქვეყნის, აბაზგიის მთავართან დადებული გქონდა ხელშეკრულება და ის დაარღვიე, ხოლო კერძო კაცი, განდგომილი მონა დაიახლოვე. შემდეგ ის თხოვდა ისინი (ბაგრატი და ლიპარიტი) მოეგერიებინა.
    მართლაც, მეფის მეცადინეობით ასეც მოხდა; იმათ ერთმანეთში ზავი შეკრეს იმ პირობით, რომ ბაგრატი იქნება ბატონი და მთავარი მთელი იბერიისა და აბაზგიისა, ხოლო ლიპარიტი  ერთი ნაწილის, მესხეთის მთავარი იქნება სიკვდილამდე, ხოლო ბაგრატს სცნობს ბატონად და მეფედ. აი, ასე დამთავრდა აბაზგიის საქმეები.“
ამ შეთანხმებამ შედეგი არ გამოიღო და ლიპარიტი კვლავ ბატონობდა მესხეთსა და ქართლზე და მეფეს არ ემორჩილებოდა.
    „მატიანე ქართლისაის“ უცნობი ავტორი გვამცნობს: „შემდგომად ამისა, სამეფოსა დიდებულთა მოეწყინა პატრონობა ლიპარიტისი. სულა კალმახელმა და ყოველმა მესხებმა მოულოდნელი თავდასხმით შეიპყრეს დლივს ლიპარიტი და ძე მისი ივანე, ხოლო ნიანია ლიპარიტის ძე გადაიხვეწა და მიმართა კლდეკარიც ციხეს; არ შეუშვეს მამისა მისისა ციხოვანთა, და წავიდა ანისს ბერძენთა თანა. ხოლო ლიპარიტ და ივანე შეპყრობილნი სულამ წაიყვანა კალმახს. მოვიდა ბაგრატ და ამის მსახურებისა ნაცვლად მეფემან უბოძა სულას მამულობით ციხის-ჯვარი და ოძრხე ბოდო-კლდითა, და სხვაცა მრავალი საქონელი და სამღვდელთ-მოძღვრონი, და რაცა უნდა.
    მოვიდა მეფესა წინაშე სულა ჯავახეთს, და მოჰგვარა ლიპარიტ და ივანე პყრობილნი, და მოახსენა; ხელთა წავიდა ლიპარიტეთგან ციხენი არტანუჯი, ყველი, უფლისციხე და ბირთვისი. ხოლო კლდეკარი მტკიცედ ეპყრნენ ციხოვანთა; რამეთუ იქ შიგან იდგა ანამორი. მწიგნობართ-უხუცესი ლიპარიტისი მიიყვანეს თრიალეთს, ამოთა თხოვითა არა მოსცეს ციხოვანთა კლდეკარი, აღმართეს ძელნი და გააკრეს მას ზედა ლიპარიტ და ივანე, და გაწირეს სიკვდილად. და შემდგომად დღეთა რამდენთამე მოიმტკიცეს მეფე და დიდებულნი ამის სამეფოსანი ციხოვანთა ლიპარიტისთა მშვიდობით გაშვებისათვის ლიპარიტისა და ივანესა. მოსცეს კლდეკარი; გამოიღო თავისი ხვასტაგი და ჩაიცვა ჩოხანი ლიპარიტმა, და შეავედრა ძე თვისი ივანე მეფესა. დარჩა არგვეთის მამული ივანეს. ეფიცა ლიპარიტ მეფესა შეუცოდლობისათვის, და გაუშვეს და წავიდა სამეფოსა საბერძნეთს“.
პირველი შემოსევანი თურქ-სელჩუკებისა
ბაგრატის მოცილების შემდეგ მეფე ბაგრატ ცდილობდა ძველებურად დაეკავა ტფილისი, კახეთ-ჰერეთი და ციხენი ტაო-კლარჯეთისა და აფხაზეთისა, მიტაცებული ბერძნების მიერ, მაგრამ სამეფოში თურქ-სელჩუკთა შემოსევები დაიწყო. ახლა მცირედით მათ ისტორიას მოგითხრობთ.
    X საუკუნეში შუა აზიაში კასპიის ზღვის სანაპიროებთან თურქული ტომები ოღუზები ცხოვრობდნენ. X-ის ბოლოს ოღუზების ერთმა ნაწილმა სელჩუკის მეთაურობით ისლამი მიიღო ამიერიდან ამ ტომს თურქ-სელჩუკნი ეწოდა. ქრისტეს აქეთ 1037/38 წელს თურქ-სელჩუკთა სულთანი გახდა სელჩუკის შთამომავალი თოღრულ ბეგი.
    ქრისტეს აქეთ 1055 წელს თოღრულ ბეგმა ირანი და შუა აზია დაიპყრო. 1063-1072 წელს სელჩუკთა დიდი სულთანი იყო თოღრულ ბეგის ძმისშვილი ალფ-არსლანი რომელმაც ორჯერ დაარბია ჩვენი ქვეყანა და საბერძნეთს შეუტია.
    როდესაც ქორონიკონი იყო 284 (ქრისტედან 1064 წლის ივნის-ივლისში) გამოვიდა სულტანი ალფ-არსლან, მეფე სელჩუკ თურქთა და სპარსეთისა. მოულოდნელად მოვიდა და დაარბია კანგარი და თრიალეთი, ერთმა მისმა მარბიელმა რაზმმა მიაღწია ყველის ციხემდე, გადავიდა შავშეთს, კლარჯეთს და ტაოს ვიდრე ფანასკერტამდე. და მასვე დღესა ჩამოვიდა თორს და ღვიის-ხევს, და თვითონ დადგა თრიალეთს სამი დღე.

    ამ დროს მეფე ტაოდან მოდიოდა, თანა ახლდა დედა, და და ძე მისი გიორგი; მისულ იყვნენ ხეკრებულს. გზად წამოეწია ლაშქარი სულტანისა და ძლივს გამოასწრეს ქართლს. თურქნი წავიდნენ ჯავახეთს და მოადგნენ ახალქალაქს, მესხმა აზნაურებმა ძლიერად იბრძოლეს ახალქალაქს სამი დღე, მაგრამ ქალაქის ზღუდე ახალაშენებული იყო და ჩამოინგრა. შევიდენ ქალაქად თურქნი და ტყვე ყვნეს ურიცხვი ქართველნი; აიღეს განძი და ტყვე ძლიერი, და შეიღება წყალი ახალქალაქისა სისხლითა.
    ახალქალაქიდან წავიდა სულტანი ანისა, შემუსრა და აიღო ანისი, მოსრა და ტყვე ყვნა ურიცხვნი სული, წავიდა სპარსეთს და ანისი წაართვა ბერძენებს და მისცა განძის ამირას, შადადიან მანუჩას, ძესა აბულასვარისსა.
    სულთანმა ბაგრატისგან ხარკი ითხოვა, მაგრამ მეფემ არ შეუსრულა. ბაგრატმა ისევ იწყო მიტაცება კახეთ-ჰერეთის ციხეთა, მაგრამ კვლავ თურქები მოვიდნენ და ვეღარ დაასრულა.
    ქორონიკონსა 288-ს (ქრისტედან 1068 წელი) სულთანი სწრაფად მოვიდა ქართლს. ჯერ კახეთს მოადგა, სადაც ეახლა მეფე კახთა და ჰერთა აღსართან მისცა ძღვენი დიდი, დატოვა სჯული, მიიღო ისლამი, აღუთქვა ხარაჯა. მაშინ სულთანმა დაუბრუნა თავისი ყოველი ციხენი მიტაცებული აფხაზთა და ქართველთა მეფისა. სამი კვირის შემდეგ გამოემართა ქართლზე. შეუერთდნენ ტაშირ-ძორაკეთისა მეფე კვირიკე, ტფილელი ამირა, და აღსართან; შემოჰყვნენ ქართლს; გაუშვეს გამთენიისა მარბიელი ჯარები. სამწუხროდ აივსო ყოველი ქართლი, იყო დეკემბერი ათი, დღე სამშაბათი.

    დაყვეს მარბიელებმა ექვსი კვირა და აოხრებდნენ და ხოცავდნენ მოსახლეთ. გადავიდნენ არგვეთს და მიაღწიეს  მიუწიეს სვერის-ციხემდე რასაც უამრავი ქართველის დახოცვა და დატყვევება მოჰყვა. ამ დროს საშინლად ცივი ზამთარი დადგა. მეფემ მიუგზავნა ერისთავი ივანე ლიპარიტის ძე ბაღვაში მოსალაპარაკებლად, სულთანმა კვლავ ხარაჯა ითხოვა და პასუხი აღარ დაუცადა, რადგან საშინელი ყინვები დაიწყო.

    წასვლის წინ ამირას წაართვა ტფილისი და რუსთავი და დაუტოვა გაძის ამირა ფადლონს, რომელსაც დაავალა მეფე ბაგრატის სამფლობელოთა რბევა, რადგან იგი უარს ამბობდა ეხადა ხარაჯა.
    შემდგომ წელს ფადლონი ეწვია ქართლს, თუმცა სასტიკად დამარცხდა და ტყვედაც იგდეს ქართველებმა და მხოლოდ სულთნის მოთხოვნის შემდეგ გაათავისუფლეს.
    ქორონიკონსა 291  (ქრისტეს აქეთ 1071 წელი) 19 აგვისტოს მანასკერტთან, თურქებმა ალფ-არსლანის ხელმძღვანელობით დაამარცხეს ბერძნები და ტყვედ ჩაიგდეს კეისარი რომანოზ დიოგენე. თურქების გამარჯვებამ დააჩქარა სელჩუკთა სახელმწიფოს ჩამოყალიბება მცირე აზიაში. ტყვედ ჩავარდნილმა კეისარმა საკუთარი სიცოცხლე დიდი ქონების საფასურად იყიდა, თუმცა ბერძნებში შიდაომები დაიწყო. ამით ისარგებლეს თურქებმა და ნელნელა მთელს მცირე აზიას მოედვნენ. მაშინ ქართველთა და აფხაზთა ქვეყანა მარტო დარჩა სელჩუკთა წინაშე.
მეფობა უბედური გიორგი ბაგრატის ძისა
    ქორონიკონსა 292  (ქრისტეს აქეთ 1072 წელი) მიიცვალა მეფე ბაგრატ და გამეფდა ძე მისი გიორგი. 
     შემდგომი წლის ზაფხულს მეფეს განუდგნენ დიდგვაროვანნი ნიანია ქვაბულის ძე, ივანე ლიპარიტის ძე და ვარდან სვანთა ერისთავი. ნიანია ქვაბულის ძემ ქუთათისი დაიკავა და წაიღო ქუთათისის საჭურჭლე, ივანე ლიპარიტის ძემ კახელები მოიშველია და ქსნისპირი დაიპყრო, ხოლო ვარდანმა სვანები ააჯანყა და საეგრო დაარბია. სელჩუკებთან მოსალოდნელი ომის წინ, მეფე ცდილობდა დიპლომატიით მოეგვარებინა შიდა პრობლემები ძლიერ ფეოდალებთან. გიორგი II გარკვეულ დათმობაზე წავიდა და ურჩი ყმები წყალობით დაფარა. ივანე ლიპარტის ძეს სამშვილდე უბოძა, მის ვაჟს ლიპარტს – ლოწობანი რუსთავის ნაცვლად (ეს უკანასკნელი კახელებს გადაეცა), ნიანია ქვაბულის ძეს – თმოგვი და სხვა რჩეული საქონელნი, ვარდან სვანთა ერისთავს – ასკალანა და უთაღებო.
        შემდგომ წელს ივანე ლიპარიტის ძე კვლავ განუდგა მეფეს. გიორგი II-მ მესხთა ლაშქრით და კახთა მეფე აღსართანის დახმარებით გამდგარი ერისთავი დაამარცხა. ლიპარიტს ლოწობანი წაართვეს და სამეფოს შემოუერთეს. მალე მეფე და ივანე ლიპარიტის ძე დაზავდნენ. ივანე ერთგულების პირობით კლდეკარისა და სამშვილდის ერისთავად იქნა დამტკიცებული. მაგრამ ურჩმა ერისთავმა გიორგი II-ის მეციხოვნეებს გაგი გამოსტყუა და განძის პატრონს ფადლონს მიჰყიდა.

ამით გაბრაზებულმა მეფემ ბაღვაშის დასჯა გადაწყვიტა, მაგრამ ამ დროს სელჩუკთა ახალი სულთანი მალიქ-შაჰი შემოგვესია. მიაგება ივანემ ძე მისი ლიპარიტ წინ. დაიტოვა იგი სულტანმა. მაშინ დაყო ლიპარიტმა მას თან მცირედი ხანი და გამოეპარა. ამით გაბრაზებული სულთანი მოადგა სამშვილდეს და წაართვა სამშვილდე, დაატყვევა ივანე, ცოლით, შვილის-შვილით და ყოველი აზნაურები ოჯახებით. დაიჭირა სამშვილდე სულთანმა. იქ დგომის დროს მოარბია ქართლი, წაიღო ტყვე და ნატყვენავი ურიცხვი და გაბრუნდა.
    საქართველოდან წასულმა სულთანმა განძა აიღო, არანის გამგებლად თავისი ერთ-ერთი სარანგი (სარდალი) სავ-თეგინი დანიშნა, 48000 მხედარი დაუტოვა და ქართველთა ქვეყნის რბევა დაავალა.
    შემდგომი წლის ადრიან გაზაფხულზე  სავ-თეგინი  დვინისა და დმანისის ამირების თანადგომით შემოესია ქართლს. გიორგი აღსართან კახთა მეფესთან ერთად სოფელ ფარცხისის ქვემოთ დახვდა მოწინააღმდეგეს. ბრძოლა საკმაო ხანს გაგრძელდა და მხოლოდ მწუხრისას დასრულდა. ბოლოს გაიქცა ბანაკი სარანგისი და გამარჯვებული მშვიდობით დაბრუნდა მეფეთ-მეფე გიორგი.
    მალევე, თურქთაგან შევიწროვებულმა ბერძნებმა მიატოვეს წართმეულნი ციხენი. უბრძოლველად დაიბრუნა მეფემ ანაკოფია, თავადი ციხეთა აფხაზეთისათა, და მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშეთისა, ჯავახეთისა და არტაანისა.
        ქორონიკონსა 296  (ქრისტეს აქეთ 1076 წელი) წავიდა მეფე გიორგი ტაოს, და მოვიდა ბანას. ხოლო ამ დროს მოვიდა მის წინაშე ბერძენთა სარდალი აღმოსავლეთისა გრიგოლ ბაკურიანის ძე, რომელსაც ჰქონდა ოლთისი, კარნუ-ქალაქი (არზრუმი), კარი (ყარსი) და მისი მიმდგომი ქვეყანა. დიდად გაიხარეს და დაისვენეს. მოსცა გიორგი მეფეს კარის ციხე-ქალაქი და მისი მიმდგომი ქვეყანა და წავიდა. ხოლო მეფე გიორგიმ დატოვა კარს შავში აზნაურნი. ეს ბოლო ბედნიერი დღეები იყო მისი მეფობისა.
    ქორონიკონსა 299  (ქრისტეს აქეთ 1079 წელი) სელჩუკთა სარდალმა აჰმად ამირამ, კაცმა ძლიერმა და მაგრად მოისარმა, ქალაქი კარი აიღო. შემდეგ ჩვენკენ დაიძრა და ყველის ციხესთან მდგომ მეფეს თავს დაესხა. დაბნეული მეფე თავისი სპით უკუიქცა დამისი საჭურრჭლე და ყოველივე მტერს დარჩა.
    უკან გაბრუნებულ აჰმად ამირას გზაში შემოხვდნენ საბერძნეთს სალაშქროდ მიმავალი თურქი ამირები ისაბორი და იაყუბი. აჰმადმა მათ მოახსენა ქართველთა ქვეყანაში მომხდარი გამარჯვების შესახებ და ისიც აუწყა, რომ აფხაზთა და ქართველთა მეფე გიორგი ლიხთ იქეთ გადასულიყო. აჰმად ამირამ თანატომელთათვის ურჩევია „რად წარხვალთ საბერძნეთად? აჰა ქვეყანა ქართველთა, უკაცური და სავსე ესევითარითა სიმდიდრითა“. თურქ-სელჩუკებს მოსწონებიათ აჰმადის აზრი, ლაშქრობისათვის მიმართულება შეუცვლიათ და კურსი ჩვენკენ აუღიათ.

    ისინი მოეფინნენ კალიებივით მთელ ქვეყანას. ივანობის დღეს (24 ივნისი) ასისფორი და კლარჯეთი ზღვის-პირამდე, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგვეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდი აივსო თურქებით. მოისრა და ტყვედ იქმნა ამ მხარეების მრავალი მკვიდრი. ამავე ხანებში, ერთ დღეს დაწვეს ქუთათისი, არტანუჯი და კლარჯეთის უდაბნოები. დაჰყვეს ამ მხარეებში თურქებმა ვიდრე თოვლის მოსვლამდე, მოჭამეს ქვეყანა და ამოწყვიტეს, თუ სადღაც ვინმე დარჩენილიყო ტყეთა, კლდეთა, ქვაბთა და ხვრელთა. ეს იყო პირველი და დიდი თურქობა; როდესაც ქორონიკონი იყო სამასი (ქრისტეს აქეთ 1080 წელი). ხოლო თუ ვინმე მთიულეთს ან სიმაგრეთა სადმე ვინმე დარჩა კაცი, ზამთრისა სიფიცხით, უსახლობით და შიმშილით ეგენიც მოისრა. 
    გაგრძელდა ესეთი ჭირი ქრისტიანებზე; გაზაფხულობით მოდიოდნენ თურქნი და ზემოთ აღწერილ საქმეთ იქმოდნენ და ზამთრის დადგომისას მიდიოდნენ. არ იყო იმ წლებში თესვა და მკა: მოოხრდა ქვეყანა და ტყედ გადაიქცა, ადამიანების ნასახლარებზე ველის ნადირნი დაემკვიდრნენ. იყო ჭირი მოუთმენელი ქვეყნის ყოველი მკვიდრისთვის, მანამდე გაუგონარი. თურქებმა ეკლესიები თავის სახლებად აქციეს. მღვდლებიდან ზოგიერთი საკურთხეველზე დააკლეს, ზოგიც კი დაატყვევეს; მოხუცებულნიც არ დაინდეს, ქალწულნი გარყვნეს, ჭაბუკნი დაკვეთეს, ხოლო ჩვილნი დაიტაცეს. ცეცხლით მოიწვა შენებული ყოველი, სისხლთა მდინარეებმა მორწყა მთელი ქვეყანა.
    „დიდი თურქობით“ შექმნილი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა და გაართულა მომთაბარეთა აქ დასახლების გამო. სელჩუკები მოდიოდნენ თავიანთი ოჯახებითა და ჯოგებით, სახლდებოდნენ დაპყრობილ მიწა-წყალზე და სამეურნეოდ ვარგის მთელ ფართობს საძოვრებად აქცევდნენ. ნადგურდებოდა საუკუნოვანი ტრადიციების მქონე ინტენსიური სოფლის მეურნეობა. მემინდვრეობა-მებაღეობა-მევენახეობის ადგილს მომთაბარულ-მეჯოგური მესაქონლეობა იჭერდა.
    გიორგიმ მათ წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელად ჩათვალა და ქორონიკონსა 303 (ქრისტეს აქეთ 1083 წელს) თავი დამარცხებულად ცნო. იგი ეახლა სულთან მალიქ-შაჰს, მორჩილება გამოუცხადა და ყოველწლიურად ხარკის საფასურად ზავი და მშვიდობა ითხოვა. სულთანს ეს ძალიან ესიამოვნა. ყოველწლიური ხარკი (დაახლ. 2,1 მილიონი ოქროს დინარი შედიოდა სულთანს დაპყრობილი ქვეყნებიდან) სულთანისათვის ძარცვა-გლეჯით შეძენილს სჯობდა იმიტომ, რომ ჯერ ერთი ნატყვენავის რაოდენობა ცვავლებადი იყო და განუსაზღვრელი, – მეორე ისა, რომ ნადავლითგან სულთანს მარტო 1\5 ერგებოდა, დანარჩენი 4\5 ლაშქრისა იყო; ხარაჯა – კი მთლად სულთანის საჭურჭლეში შევიდოდა.

    საპასუხოდ მეფეს სულთანმა ქართლ-კახეთი აჩუქა და მის დასამორჩილებლად ჯარიც გამოაყოლა. გიორგი კახეთ-ჰერეთში შეიჭრა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა, სელჩუკთა ჯარი მიატოვა და ქუთაისში დაბრუნდა, აჯამეთში ნადირობის სეზონი დაიწყოო. ამით ისარგებლა კახთა და ჰერთა მეფე აღსართანმა, წავიდა მალიქ-შას წინაშე, დატოვა ქრისტიანობა და მიიღო ხელმეორედ ისლამი, და ასე დაიმტკიცა სულთანისაგან კახეთი და ჰერეთი.
     ამიერიდან სელჩუკთა ჯარი აღარ ესეოდა ქართველთა ქვეყანას, მაგრამ თურქმანთა ურდოები მაინც მოდიოდნენ და საქართველოს ქალაქებსა და სოფლებს მაინც აწიოკებდნენ. მძიმე ხარკი კი წელში ტეხდა ისედაც გაუბედურებულ მოსახლეობას.
    საქართველოს ისედაც გართულებულ მდგომარეობას ზედ დაერთო 1088 წელს დაწყებული სტიქიური უბედურება – მიწისძვრა, რომელმაც მთელი ქვეყანა დააქცია. მაშინ გიორგიმ ჩათვალა, რომ ქვეყნის მართვა აღარ ძალუძდა და 1089 წელს მართველობა თავის 16 წლის ვაჟს, დავით IV-ს გადააბარა. ამიერიდან გიორგი მეფეთ-მეფის წოდებას ატარებდა და დავითთან ერთად სამეფო განკარგულებებზე ხელს აწერდა, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებაში აღარ მონაწილეობდა.
    ამით დასრულდა უბედურება ქართველთა და დაიწყო ჩვენი დიდებული დროება, როდესაც ქართველთა ხმლისა წინაშე ყოველთა მუსლიმნი ძრწიან და ქედს იხრიან. იწყო შენება და ქალაქთა და სოფელთა, მოშენდა ერი ქართველთა და დაითრგუნა მტერი ყოველი. ამათზე სხვა მემატიანენი მოგითხრობთ. მე კი აქ სიტყვას შევწყვეტ, იმის იმედით, რომ ასეთი უბედური დღეები ჩვენსა ქვეყანას ამიერიდან აღარ ექნება.

გამოყენებული წყაროები:
1. სკოლის სახელმძღვანელო, დიოგენეს გამომცემლობა
2. https://umurgulia82.blogspot.com/2017/09/xi-762-1076.html
3. https://umurgulia82.blogspot.com/2017/09/680-1031.html
4. https://umurgulia82.blogspot.com/2017/10/blog-post_6.html
5. https://umurgulia82.blogspot.com/2018/02/blog-post_72.html
6. https://umurgulia82.blogspot.com/2018/02/xi.html
7. https://umurgulia82.blogspot.com/2018/05/xi.html




Комментариев нет:

Отправить комментарий