пятница, 3 ноября 2023 г.

შაჰ ისმაილის მიმოწერა კარლ V ჰაბსბურგთან

1. შაჰ ისმაილის წერილი კარლ მეხუთისადმი კარლს, ფილიპეს ვაჟს, დიდება ალაჰს ზეცაში და სალამი ყველას დედამიწაზე.
    თუ ღვთის ნებით ეს წერილი მოაღწევს თქვენამდე, მაშინ შეიტყობთ, რომ ვინმე პეტრემ მოაღწია ჩვენამდე წერილით, რომელიც გამოგზავნილი იყო უნგრეთის მეფის მიერ. ჩვენ ამ მონარქის წერილი სიამოვნებით წავიკითხეთ და ამჯერად უკვე ჩვენ ამავე პეტრეს ხელით გიგზავნით წერილს და ვიმედოვნებთ, რომ მისი მიღება თქვენს სიამოვნებას გამოიწვევს. ძალიან ვიმედოვნებ, რომ ყურადღებით გაეცნობით ჩვენს თხოვნას. ჩვენ აპრილის დასაწყისში (გაზაფხულის პირას) ორივე მხრიდან უნდა დავესხათ თავს ჩვენს საერთო მტერს – ოსმალო სულთანს. ჩვენ უნდა დავიწყოთ ომი აპრილიდან და ვაწარმოოთ მანამ, სანამ გამარჯვება ჩვენ არ დაგ- ვრჩება. ჩვენ გვესტუმრა ასევე თავრიზის გავლით სუზიტანის მეფის ელჩი და მისი მეშვეობით ჩვენ იმ მეფეს გავუგზავნეთ წერილი, თუმცა აქამდე პასუხი არ მიგვიღია. როგორც ოსმალთა ქვეშევრდომებისგან გავიგე, ქრისტიანი ხელმწიფეები ერთმანეთში ომობენ. ეს გაკვირვებას იწვევს, რადგანაც ამ დაპირისპირების შემხედვარე, მტრები უფრო თავხედდებიან.
    აქედან გამომდინარე, მე გავუგზავნე წერილი უნგრეთის მეფეს, სადაც მოვუწოდებდი, რომ თავი შეეკავებინა სხვა ევროპელ მმართველებთან მტრობისაგან. ვიცი, რომ მან შეკრიბა ჯარი, რათა ეომოს მის დიდებულებას (იგულისხმება კარლ მეხუთე) და ელჩის ხელით ჩემთან გამოგზავნილი წერილით სურს თავის თანამზრახველად მაქციოს. თუმცაღა, მე მუდმივად უარით ვისტუმრებდი მას, იმიტომ, რომ როგორც ამბობთ, მსურს ვიყო თქვენი მეგობარი ბედნიერებასა თუ უბედობაში და ის, ვინც მიატოვებს მოკავშირეს და უღალატებს მას, იმსახურებს ყოვლისშემძლე ღვთის რისხვას. ამიტომაც თქვენ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ჯარის სამზადისს. მე ვფიქრობ, აღარაა საჭირო კიდევ ერთხელ მოწერა, რათა ამისკენ მოგიწოდოთ. მანძილი დიდია და წერილების გადაგზავნა სირთულეებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ოსმალო სულთანი ზღვებზე ბატონობს, სხვა ელჩის გამოგზავნა კი, ვიდრე ეს ელჩი არსებობს, შესაძლებელი არ არის.
    რა თქმა უნდა, არ უნდა ენდოთ ოსმალო სულთანს. სულთანი, რომელიც არად აგდებს კავშირს, ერთგულების ფიცს, არაფერზე დაიხევს უკან, რომ გაგანადგუროთ. ეს ძველი მტერი იმდენად ღვთის გარეგანია, რომ არ დაიწყებს გულახდილად საუბარს დიდებულ შაჰინშაჰთან, რომელიც გერმანიის ტერიტორიაზე მეფობს. დიდება ალაჰს, სამყაროთა მმართველს. ამინ. ამინ. დაწერილია შავალში 924 წელს. თქვენი ერთგული და მოსიყვარულე შაჰ ისმაილ სეფევი, შეიხ ჰეიდარის ვაჟი.

2. საპასუხო წერილი კარლ მეხუთისა შაჰ ისმაილ პირველს
    უმაღლეს პრინცს და ძლევამოსილ მბრძანებელს, ისმაილ სუფის, ირანის შაჰინშაჰს, ძმას და ჩვენს საუკეთესო მეგობარს.
    კარლი, უმაღლესი პრინცი, რომელიც ღვთის ნებით რომისა და კათოლიკური  სამყაროს  იმპერატორს  წარმოადგენს,  არის  მეუფე გერმანიისა და ესპანეთის, სიცილიის მიწებისა და ნავარის, გრანადის, ბალეარის და ბედნიერი კუნძულების,  ინდოეთის, ახლად აღ- მოჩენილი ოქროს ქვეყნის, შორეული აფრიკის, გერმანული სამთავ- როებისა, საფრანგეთისა და ა.შ.
ღვთისმოსავ და ბედნიერი შაჰ ისმაილ სეფიანს, ირანის ფადი- შაჰს, ძმას და საუკეთესო მეგობარს.
    ვევედრებით ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელიც სამსახოვანია, შევთხოვთ ბედნიერებასა და წარმატებას. ო, დიდო ხელმწიფევ და ძვირფასო ძმაო! შარშან ვინმე სახელად პეტრემ, მარონიტმა მღვდელმა ლიბანის მთებიდან, მოგვიტანა თქვენი დიდებულების წერილი, რომელშიც თავშესაფარი დიდებულებისა (იგულისხმება ისმაილი) გვთავაზობს, აპრილიდან მოყოლებული, ვიყოთ მზად, ერთობლივი ბრძოლისათვის ჩვენს საერთო მტერთან – ოსმალო თურქთა სულთანთან. საუბედუროდ, წერილი ჩვენ ვერ მივიღეთ სათანადო დროს, რა დროისთვისაც თქვენმა დიდებულებამ დათქვა, რომ მშვიდად მიგვეღო სათანადო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ აღნიშნულ წერილზე არ იყო არც ბეჭედი, არც ხელმოწერა, როგორც ეს დამახასიათებელია ხელმწიფეთა მიწერ-მოწერისას. რაღა დასამალია, რაღაც პერიოდი ჩვენ ვეჭვობდით, შეგვეძლო თუ არა სარწმუნოდ მიგვეჩნია წერილი და მისი მომტანი. მაგრამ თქვენი უდიდებულესობისა და იმ სურვილების გამო, რაც არსებობდა, ჩვენ მივიღეთ წერილი მისი მომტანითურთ განსაკუთრებული სიხარულით. და თუ დაგვიგვიანდა პასუხი, ეს იმიტომ, რომ ყოველდღიურად ველოდით რაიმე სხვა შეტყობინებაც ხომ არ მოჰყვებოდა და გამოჩნდებოდა, როგორ მოვქცეულიყ- ავით ასეთ მნიშვნელოვან ამბავთან დაკავშირებით, სადაც საუბარია ღონისძიებების მიღებაზე. განვლილი დროის მანძილზე აღარ ყოფილა არავითარი ცნობა თქვენგან, გარდა იმისა, რომ შევიტყვეთ, თქვენს  დიდებულებას  ჰქონია  ფიზიკური  ტრავმა  [აპოპლექსიური დარტყმა] და თქვენ შეგიდგენიათ ანდერძი. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ეს ცნობა ჭეშმარიტებას არ შეესაბამება. ჩვენ ვართ შეშფოთებულნი, რადგან შეგროვება და გადაადგილება ამგვარი ჯარისა დიდ სირთულეს წარმოადგენს. მეორე მხრივ, ჩვენც ასევე მძიმე ავადმყოფობამ დაგვრია ხელი. ყველაფერთან ერთად, საფრანგეთის მეფემ (ფრანსუა პირველმა) დაგვიწყო ომი და ამ ომში მან განიცადა მარცხი. დაბოლოს, მას შემდეგ, რაც თითქმის მთელი მისი ჯარი დაწვა ბრძოლის ველზე, ის ცოცხლად ტყვედ ჩაუვარდა ჩვენს მხედართმთავრებს. ახლა, როდესაც ღვთის შეწევნით გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა, და ასევე, იმის გამოც, რომ ჩვენ მუდმივად გვსურდა მშვიდობა და საყოველთაო სიმშვიდე ქრისტიანთა მიწაზე, ვთვლით, რომ ჩვენს გადაუდებელ საქმედ უნდა იქცეს, ჩვენი ორმხრივი სურვილისა და ნების შესაბამისად, დავძრათ ჩვენი ჯარები თურქების წინააღმდეგ. ამ მიზნით მე უკან ვაგზავნი თქვენი დიდებულების წინაშე   თქვენთვის უკვე ცნობილ შიკრიკს (იგულისხმება მარონიტი მღვდელი პეტ- რე), რათა მან თქვენამდე მოიტანოს ჩვენი გადაწყვეტილება ომისთვის მზადყოფნისა. თქვენ როგორმე თქვენი შეხედულება უნდა გაგვაგებინოთ, და გამოგზავნოთ შიკრიკი, რომელიც მთლიანად იმსახურებს თქვენს ნდობას. ამ საქმეში სიჩქარე სასარგებლო იქნებოდა, ვინაიდან ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ, საკუთარი და თქვენი უდიდებულესობის მოკავშირე ჯარებით საომარი მოქმედებები დავიწყოთ მტერთან, რომელიც მართლაც უსირცხვილო და თავხედია. დაე, ჰფარავდეს ყოვლისშემძლე მისი უდიდებულესობის ჯანმრთელობას და დაე, გადაწყვიტოს ყველა საქმე, რომელიც მას აღელვებს. დაწერილია 25 აგვისტოს, 1525 წელს. იესო მხსნელია ჩვენი. ჩვენი ქალაქი ტოლედო.

წყარო: https://www.academia.edu/82442343/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_XVI_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%9A_%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98


Комментариев нет:

Отправить комментарий