понедельник, 13 ноября 2023 г.

„არქეოლოგის დღიური“ ქვის ხანის საქართველოს შესახებ (მაგდა გოგოხია)

    მოგზაურობა „ქვის ხანის საქართველოში“
გამარჯობა! დღეს შესანიშნავი დღეა და სეირნობისას მომივიდა იდეა ჩემი ამბავი დღიურში გადმოვცე. რამდენიმე წელია არქეოლოგი ვარ და ჯერ დიდ აღმოჩენებთან შეხება არ მქონია, თუმცა იმედს არ ვკარგავ, რომ ოცნებას ავიხდენ და ისტორიის ფურცლებთან საკუთარი ხელით მომიხდება შეხება. 
3 მაისი 1990 წელი
  ამ დილით ადრე გამომიძახეს ოფისში, კონფერენცია გვეწყებოდა, სადაც გადავწყვიტეთ, რომ გამოვიკვლევდით დმანისის ტერიტორიას. არქეოლოგად უკვე წლებია ვმუშაობ, დმანისშიც არაერთხელ ვყოფილვარ, ამიტომაც ამ ინფორმაციამ დიდად არ აღმაფრთოვანა, მანამ, სანამ დარბაზში არ შემოვიდა მაღალი აღნაგობის კაცი…. თურმე ჩვენთან ერთად იმუშავებს გამოჩენილი არქეოლოგი დავით ლორთქიფანიძე! ჩემი საყვარელი არქეოლოგი და კოლეგა! ძალიან მიხარია მასთან მუშაობა, ძალიან მიყვარს და ვაფასებ მას. ამიტომ, ვფიქრობ ძალიან ბევრ აღმოჩენას გავაკეთებთ ერთად.


10 მაისი 1990
    უკვე დმანისში ვართ.  ჩვენმა ჯგუფმა დაიწყო არქეოლოგიური გათხრები. გვეგონა, რომ პირველ დღეს დავლაგდებოდით და მერე წავიდოდით იმ ტერიტორიაზე სადაც უნდა დაგვეწყო გათხრები, თუმცა ბარგის ამოულაგებლად ეგრევე ტერიტორიაზე წავედით. აქ  დაგვხვდა ნაქალაქარი, სადაც აღმოვჩინეთ ცხოველების განამარხებული ძვლები. პირველივე დღე და უკვე ამხელა აღმოჩენა? უეჭველი დავითის აურა მოქმედებს ჩვენზე, რომ ასე პროდუქტიულად ვმუშაობთ. ყველა აღმოჩენას სჭირდება ექსპერტიზა, რომელსაც რამოდენიმე დღე სჭირდება. ვვარაუდობ, რომ აღმოჩენილი ძვლები ადრეპლეისტოცენის პერიოდს ეკუთვნის.





16 ივნისი 1990
    ამ დილას მოგვივიდა ექსპერტიზის პასუხი. ისე ველოდებოდი მის პასუხს, რომ ნახევრად მძინარე წამოვხტი მათ გასაგებად. ექსპერტიზამ გამოავლინა, რომ აღმოჩენილი „ძვალი“ ეკუთვნის უძველეს ცხიველებს, რომელებიც კავკასიაში ადრეპლეისტოცენის პერიოდში ბინადრობდა. იმხელა კბილი იყო, ყველამ ძვლად ჩათვალა. ახლაც ვერ ვიჯერებ! 

21 ივლისი 1990
    ექსპედიცია უკვე რამოდენიმე თვე მიმდინარეობს. პროცესი ძალიან დამღლელია, მე სახლში მინდა ჩემს ოჯახთან, მაგრამ ჩვენს ჯგუფს სჯერა, რომ მალე დიდ აღმოჩენებს გავაკეთებთ. მომენატრა ჩემი სახლი და მეგობრები, იმედია მალე მოვრჩებით გათხრებს და ჩვენი სახელები ჩაიწერება ისტორიის წიგნებში.

3 აგვისტო 1990
    ცუდი ამინდის გამო, დღეს მგონი ყველაზე მეტად მეზარებოდა სამუშაოზე გასვლა, თუმცა არ ვინანე, რომ ჯგუფთან ერთად წავედი გათხრებზე. როგორც იქნა ნაქალაქარზე პირველი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გავაკეთეთ! ძალიან დიდი შრომის ფასად, როგორც იქნა მივაღწიეთ ამას. აღმოვაჩინეთ ქვის იარაღი, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ოდითგანვე ბინადრობდნენ ადამიანები. კიდევ კარგი გამოვედი! გათხრებს ვაგრძელებთ, სავარაუდოდ ექსპედიცია კიდევ რამოდენიმე თვით გრძელდება. 


29 სექტემბერი 1990 
    წარმოუდგენელი აღმოჩენა გავაკეთეთ! აღმოვაჩინეთ ჰომომინის პირველი ნაშთი! ვიპოვეთ ქვედა ყბა 11 კბილით, რომელიც 1.77 მილიონი წლით თარიღდება. ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენი გუნდისთვის ყბის ფორმიდან გამომდინარე, მგონია, რომ დაახლოებით 25-30 წლის ქალს ეკუთვნის. ამ საღამოს ავღნიშნავთ ამ აღმოჩენას, სასმელებს დათო შეგვპირდა. იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ დედაჩემს დავურეკე და ვაცნობე ეს ამბავი! ვვარაუდობთ, რომ ამ კვირაში დავბრუნდებით დედაქალაქში, კვლევის შედეგბის აღსაწერად. როგორმე მალე გავიდეს დრო, ძალიან მომენატრა დედაჩემი და ჩემი მეგობრები!!

13 ნოემბერი 1990
    რამოდენიმე კვირის უკან ჩამოვედით თბილისში. ყველა აღმოჩენა თან წამოვიღეთ. ჩამოსვლისთანავე მეორე დღეს ოფისში გვქონდა წასასვლელი, რომ დაგვეწყო ჩატარებული კვლევის შესახებ აღრიცხვის დაწერა. აღრიცხვები სტატიის სახით გამოვაქვეყნეთ გაზეთებში, ხალხს ინტერესი გამოუჩნდა. ჩვენი აღმოჩენებით დაინტერესდნენ აგრეთვე უცხოელი მეცნიერები და სულ მალე ჩამოვლენ საქართველოში. 

 16 ნოემბერი 1990
  გადაწყვეტილია, რომ გავმართავთ მეორე ექსპიდიციას, უკვე უცხოელ მეცნიერებთან ერთად. რადგანაც ჩვენმა ჯგუფმა აღმოაჩინა ადამიანების ნაშთები, ჩვენი გუნდი ისევ ეწვევა დმანისის ნაქალაქარს. ამ დროის მანძილზე დავადგინეთ, რომ აღმოცენილი ქვის იარაღი ახლოს დგას აფრიკაში აღმოჩენილი არქაულ ინდუსტრიასთან. 


  25 ნოემბერი 1990
    წარმოუდგენელი ამბავია! ამ დილას ჩვენს ოფისში ბედნიერი ლორთქიფანიძე შემოაბიჯა, გვახარა, რომ საზოგადოებაში გავრცელებული აზრის თანახმად პირველი  ჰომო ერექტუსის გვიანდელი წარმომადგენელი, დაახლოებით 1 მლნ. წლის წინ გავრცელდა ევრაზიაში, ხოლო ჩვენი აღმოჩენილი ჰომომინის ნაშთები, სრულიად ცვლის ამ ჰიპოთეზას! აღმოჩენები თარიღდება 1.77 მილიონით, რაც ორჯერ უფრო აძველებს პირველი ევროპელის ასაკს.

1 დეკემბერი 1990
    სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები ჩამოდიან იმისთვის, რომ დაათვალიერონ დმანისის ნაქალაქარი და შეუდგნენ არქეოლოგიურ სამუშაოს. ჩვენი გუნდი ემზადება მეორე ექსპედიციაში, რომელიც მეორე წლის მარტში წარემართება. ექსპედიცია 3-5 თვე გაგრძელდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ისევ დიდიხნით მოგვიწევს სახლის დატოვება. რას არ იზამს კაცი წარსულის გამოსაკვლევად.

13 მარტი 1991
    წარმოუდგენელი გრძნობაა ისევ ამ ნაქალაქარზე ყოფნა. თან დღეს ჩვენს თანაგუნდელს დაბადების დღე აქვს, ამიტომ საღამოს უეჭველი ვიქეიფებთ!! ჩვენთან ერთად მუშაობენ გერმანელი და ფრანგი მეცნიერები, რაც გუნდში უფრო მოტივაციას გვაძლევს! მართალია ნახევარს ვერც კი ვხვდებით რასაც ისინი ლაპარაკობენ, მაგრამ ძალიან მოტივირებულები ვართ და თან ჩვენი თავით, ჩვენი აღმოჩენებით ვამაყობთ! გერმანელებს და ფრანგებს ვპირდებით ამ საღამოს გაგაცნობთ ქართულ სუფრას, მაგრამ რამდენად მიხვდნენ რა ვიგულისხმეთ არ ვიცი.  

8 ივნისი 1991
    უკვე ოთხი თვეა დმანისის ნაქალაქარზე ვიმყოფებით. იმდენად დიდიხანია აქ ვართ, რომ საქართველომ საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა მოასწრო. ამ დროის მანძილზე გავაკეთთ არაერთი უდიდესი აღმოჩენა: 5 სხვადასხვა ასაკის ინდივიდი, რომელიც ადამიანთან შედარებით მომცრო ტანის იყვნენ, დაახლოებით 1,5 მ. მათ წინ გამოშვერილი სახეები ჰქონდათ, დადიოდნენ ორ ფეხზე და კარგად განვითარებული ჰქონდათ ფეხის ტერფი. წარმოუდგენელია ეხებოდე მილიონი წლებით დათარიღებულ ისტორიას! ამ დღეებში თბილისში ვბრუნდებით პრესს-კონფერენციაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ უამრავ აღმოჩენას გავაკეთებთ.


25 ივნისი 1991
    მშვენიერია რთული ექსპედიციის შემდეგ მშობლიურ სახლში დაბრუნება. ჩვენმა კოლეგებმა-არქეოლოგებმა სხვადასხვა რეგიონებიდან შეძლეს პრესს-კონფერენციაზე ჩამოსვლა, რომ ენახათ ჩვენი აღმოჩენები და მსგავსი პრინციპით გათხრები დაეწყოთ თავიანთ რეგიონებში. აშკარაა, რომ საქართველოში, არამხოლოდ დმანისში იქნება მსგავსი დიადი აღმოჩენები. ჩვენ არ ვიცით რას ვეძებთ, მაგრამ თითოეული აღმოჩენა კაცობრიობის ისტორიას გვაჩვენებს.

12 ივლისი 1991  
    პრეს-კონფერენციამ გაამართლა და პირველი აღმოჩენების შესახებ, დღეს ოფისში ვეკუამ მოგვასხენა. თურმე ცუცხვათში (ტყიბულის მუნიციპალიტეტში) მღვიმეთა კოპლექსის ერთ-ერთ მღვიმეში, ბუნებრივ თაროზე აღმოაჩინეს დათვის თავის ქალები, წინა კიდურები და კბილები! ჩვენი გუნდი დაუკავშირდა იმერეთის ოფისს დეტალების გასარკვევად. ჩვენმა კოლეგებმა მღვიმე ნეადერტალელებს დაუკავშირეს და ივარაუდეს, რომ აქ მათი სარიტუალო ადგილი იქნებოდა. ჩვენმა გუნდმა ჯერ ცუცხვათის მღვიმე გამოიკვლია, შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ დროა დმანისის გარდა სხვა ადგილებიც გამოვიკვლიოთ და აგვისტოს ბოლოს დავეშუროთ წალკაში.



26 აგვისტო 1991
  წალკა მშვენიერია, წალკის პეტროგლიფები კი უფრო მშვენიერი! დაბა წალკიდან 12-კმ-ის დაშორებით, სოფელ განთიადთან აღმოვაჩინეთ კედელზე ამოკაწრული ზოომორფული ფიგურები! ჩვენმა გუნდმა, ქვემო ქართლის გუნდთან ერთად დავიწყეთ ნახატების შესწავლა. ნაკაწრებზე არიან გამოსახული, კეთილშობილი ირემი, ცხენები, გველები, ფრინველები, თევზები, ასევე, მღვიმური ლომი, აქლემი, და სხვა ცხოველები. ნახატები მცირე ზომისაა, დაახლოებით, 2,5-იდან 18-20 სმ-მდე, ძირითადად, 1-2 მმ სიგანისა და სიღრმის. ნახატებს სხვადასხვა პერიოდს მიაკუთვნებენ - მეზოლითიდან (12-9 ათასი წლის წინ) ბრინჯაო-რკინის ხანამდე. დაახლოებით ორი საათი ვითვლიდით თუ რამდენი ნაკაწრი იყო სულ. კედელზე სულ ასამდე ნაკაწრი-ნახატია შესრულებული. ნაკაწრები ძალიან საინტერესოა. გასაოცარია, რომ ადამიანმა შეძლო ევოლუცია ჰომოსაპიენსიდან - თანამედროვე ადამიანამდე.
                                                              





 18 სექტემბერი 1991
    მოგზაურობა წალკაში წარმატებით დასრულდა, როგორც იქნა, ჩემს თბილისს დავუბრუნდი. ძალიან აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს მთელი საქართველოს მაშტაბით. ჩვენმა გუნდმა სახელი გაითქვა აღმოჩენებით, რადგანაც ჩვენს აღმოჩენებს უდიდესი წვლილი შეაქვთ კაცობრიობის ისტორიაში. თუ ადრე ვნანობდი, რომ არქეოლოგი ვიყავი და ჩემთვის არასასურველი პროფესია იყო, დღეს ვამაყობ ჩემი პროფესიით, ჩემი კოლეგებით და ჩვენი გუნდის მიღწევებით.

3 ნოემბერი 1991
    ამჯერად ნეოლითის ხანის ნამოსახლარებს ვიკლვლევთ. შულავერის კულტურის შესწავლა დავიწყეთ. შევისწავლეთ იმირის გორა, ხრამის დიდი გორა და შულავერის გორა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენები გავაკეთეთ! ღია ტიპის არქეოლოგიური გათხრებისას დავაფიქსირეთ საცხოვრებელთა და სხვა დანიშნულის ნაგებობათა ნაშთები: მცირე ზომის მრგვალი ორმოები, რომელიც ხის ბოძების ჩასადგმელად იყო განკუთვნილი, აგრეთვე, ხის წნულის ანაბეჭდებიანი თიხის შელესილობისა და თიხატკეპნილი იატაკის ფრაგმენტები! უკვე ვიკლევთ არამხოლოდ ჩვენს წინაპარს, არამედ მის ყოფაცხოვრებასაც კი! ნოემბერში აქეთ საკმაოდ სიცივეა, თუმცა სამუშაოები გრძელდება.




28 ნოემბერი 1991
ისევ სახლში ვართ!! ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად, ბოლო ექსპედიციის ფარგლებში არაერთი ნეოლითური სადგომი აღმოვაჩინეთ. ამასთანავე დიდი რაოდენობით გარეული და შინაური ცხოველების ნაშთები: ღორის, ძროხის, ცხვარისა და ძაღლის. შინაური ცხოველების ძვლებს შორის ყყველაზე მეტი ღორის ძვლები აღმოვაჩინეთ, რომელიც სავარაუდოდ გარშემო მუხისა და წიფელის სიმრავლეების ბრალიც შეიძლება იყოს. 






    ამით ვასრულებ მოგზაურობას ქვის ხანის „საქართველოში“. მათზე დაკვირვებამ თვალნათვლივ დამანახა, რომ ჩვენი წინაპრები მილიონობით წლების მანძილზე მომთაბარეები იყვნენ, ჯოგებათ ცხოვროდბენ და შემგროვებლობითა და ნადირობით იყვნენ დაკავებულნი, რათა ამით ძირითადი მოთხოვნილება - შიმშილი მოეკლათ. ათი ათასი წლის წინ დაიწყეს განვითარება და გადავიდნენ ბინადრულ ცხოვრებაზე: დაიწყეს მიწათმოქმედება, მოიშინაურეს ცხოველი, დაიწყეს მცენარეებისგან ქსოვილების გამოყვანა, ააგეს მუდმივი სახლები, შექმნეს ოჯახები და თემები. ამ დროს მეცნიერები კი ახალი ქვის ხანას უწოდებენ.




    ბოლოს იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი ჩანაწერები მომავალში სხვებისთვის ხელმისაწვდომი იქნება და სურვილს აღუძრავს მათაც იკვლიონ ადამიანების უძველესი წარსული. მე კი ახლა „შუა საუკუნეებში მივემგზავრები“. ნახვამდის...


Комментариев нет:

Отправить комментарий