понедельник, 27 ноября 2017 г.

ვახუშტი: ქართლის სამეფოს ისტორია 1478 -1745 წლებში

შემდგომ განყოფისა სამეფოსა სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ ცხორება და ქმნილება მეფეთა ქართლისათა
ოთ. მეფე კოსტანტინე (II) ლვ (36) წელი იმეფა
ქ~სა ჩუჲთ (1469) შემდგომად მეფისა გიორგისა დაჯდა ძე მისი კოსტანტინე. ვინაიდან გამეფდა ბაგრატ იმერეთს, ამან კოსტანტინემ მოუწოდა ათაბაგსა ბაადურს და ჰერ-კახთა და აღარა მოვიდა ათაბაგი, რამეთუ დაეპყრა სამცხე-კლარჯეთი. და ეპისკოპოზთა მისცა ნება: და არცა ჰერ-კახთა ინებეს, არამედ გადმოიყვანეს დიდოეთიდან დავით და აკურთხეს მეფედ. და იქმნა მიერ ჟამიდან სამეფოსა განხეთქილება სამად. რამეთუ ერთი მეფე დაჯდა იმერეთს, ერთი კახეთს და ნარჩენი დარჩა მეფესა ქართლისასა: და არცაღათუ ამას აკმარეს. არამედ განდგა თავადად ათაბაგი და მან დაიპყრა საათაბაგო, რომელი არის სამცხე-კლარჯეთი. კვლავ განდგა იმერთაგან თავადად დადიანი, გურიელი, შარვაშიძე და სვანნი, და ამათ დაიპყრეს საზღვარნი თვისნი. და ვიდრე აწამდე აღარა იქმნა შეკრება მისი. არამედ კვლავადცა უფროსად დაკნინებანი. მაშინ ამისმა მხილველმა კოსტანტინემ იფიქრა უმეტეს საქმისა თვისისა წარმართებად, შემოიკრიბა ქართლისა კათალიკოზ-ეპისკოპოზნი, მთავარნი და დიდებულნი და მოერთნენ სამცხე-კლარჯთა ეპისკოპოსნიცა და რომელნიმე ჰერ-კახთანი და ეგრეთვე წარჩინებულნიცა და ეკურთხა ტფილისს მეფედ, შემჭირვებელი განხეთქილებისათვის მეფობისა. და არა უტოვებდა დავითს პყრობად ხერკს, საგურამოს, მარტყოფს და იმერთა ლიხის მთის კერძოთა, და ათაბაგსა მტკვრის აღმოსავლეთსა.
ხოლო იმერთა მეფემან ბაგრატ, მოკვდა რა დადიანი ლიპარიტ, შემოიკრიბა სპანი, ჩამოვიდა და დაიპყრა ქართლი კვლავადცა. მაშინ კოსტანტინემ გაამაგრა ტფილისი, სომხითი და ლორე, მოიმწო ათაბაგი ბაადურ და ებრძოდნენ ურთიერთს. ამისთვის ბაგრატ ეზრასა კახ-ბატონს გიორგის, რათა იყოს შეერთებული მისთანა და დაიპყრას გიორგიმ კერძონი კახეთისანი. ხოლო გიორგიმ ზავ-ჰყო ბაგრატის თანა და დაიპყრა კერძონი კახეთისანი. ამის შემდგომად მოკვდა ათაბაგი ბაადურ და მანუჩარ ათაბაგმან სრულიად აღარა ინება მწეობა კონსტანტინესი, და იყო წელსა ხუთსა მათ შორის შფოთი. ვინაიდან კოსტანტინეს ეპყრა ტფილისი, მთიულ-მოხევენი, სომხითი და ლორე, ხოლო ბაგრატს ქართლი და კახნი ერჩდენ ნებასა მისსა, მართალია მეფენი არა იბრძოდნენ, მაგრამ სპანი მათი მარადის. ხოლო წელსა ქ~სა ჩუოზ (1477) დაიწყო ვამიყ დადიანმა კირთება და ბრძოლა იმერთა, რა იხილა განდიდება ბაგრატისა. ამისი მხილველი ბაგრატ უკუნ-იქცა ქართლიდან და ჩავიდა ოდიშს, ხოლო იქ გამარჯვებისა შემდგომად უძლიერესად მოვიდა ქართლსავე.
უზუნ-ასან ყაენი
ხოლო წელსა ქ~სა ჩუჲჱ (1468) დაჯდა უზუნ-ასან ყეენად თურქთა გვარისა. ამან დაიპყრნა ორნივე საყეენონი და თავრიჟი და სხვანიცა თემნი რამეთუ აქამომდე, თუმცა იყო ყეენობა, არამედ არა სრულიად სპარსეთისა, ეგრეთვე ძენი ბაიეზითისანი, სულტანნი სტამბოლისანი, პირველწოდებულისა კოსტანტიპოლისანი, ებრძოდნენ უმეტეს ფრანგთა და ამის გამო იყო საქართველო უვნოდ მტერთაგან, მაგრამ თვისთაგან ესრეთ ვნებულნი.
ესე უზუნ-ასან ყაენი შევიდა საბერძნეთს, აიღო ტრაპიზონი, მოაოხრა ქვეყანანი, უკუნ-იქცა სპარსეთადვე. შემდგომად წელსა ქ~სა ჩუოჱ (1478) მოვიდა სომხითს, შემუსრა იგი და შემოვიდა ქართლის სომხითს, მოვიდა ორბეთის ძირს და მძლედ დახვდენ მეფე კოსტანტინე ბარათიანითა, ვეღარ შემუსრა და მოადგა ტფილისს. ხოლო კოსტანტინე მეფე ეკირთებოდა საბარათიანოთი მარბიელთა ყაენისათა. მაშინ ყაენი ეზრახა კოსტანტინე მეფესა, რათა მივიდეს მის თანა და მიანიჭოს ყოველი ქვეყანა მისი და დაიცვას უვნებელად. ამისთვის განზრახვითა წარჩინებულთათა მივიდა კოსტანტინე ბარათიანითურთ და მისცა ციხე ტფილისისა. ხოლო ყაენმა პატივ-სცა დიდად და მიანიჭა ბოძნი დიდ-დიდნი და შეადგინა ციხესა მცველნი თვისნი. იხილა ესე ბაგრატმა, რამეთუ ვეღარ წინააღუდგება, და წავიდა რაჭას. ხოლო ყაენი მივიდა და დადგა მუხრანს, წარავლინნა იქიდან მარბიელნი, მოარბიეს ქართილი და ხერკი, საგურამო და თიანეთი, ამოწყვიდეს და მოაოხრეს. მაგრამ რისხვითა ღვთისათა შეედვა სენი სასიკვდინო უზუნ-ასანს, აიყარა და წავიდა. ხოლო კოსტანტინეს მიათვალა ტფილისი მცველითურთ, მისცა ნიჭნი დიდნი და ბარათიანნი აავსო საბოძვრითა და გამოუშვა და მცირედისა ხანსა მოკვდა უზუნ-ასან და დაჯდა მის წილ ასანბეგის ძე იაყუბ ყეენად.
სცნეს რა ციხოვანთა სიკვდილი ყაენისა, დაუტევეს და წავიდნენ ნებითა მეფისათა. მოკვდა ამასვე წელსა ბაგრატ იმერთა მეფე. ხოლო მეფე კოსტანტინე გაძლიერდა და დაიპყრა ტფილისი და ციხენი წაღებული თათართაგან; მერე უბრძანა ბარათიანთა და სომხითართა, მიუხდნენ ელთა, დატევებულთა ყაენისაგან საზღვართა ქართლისათა, სრულიად მოსრეს და ტყვე-ყვნეს, აიღეს ალაფნი დიდძალნი და შემოიქცნენ გამარჯვებულნი. შემდგომად შემოიკრიბა სპანი კოსტანტინე მეფემან და დაიპყრა ქართლი ქ~სა ჩუოთ (1479) აიღო გორი და ყოველნი სხვანი ციხენი, გამოასხა იმერნი და შეაყენნა მცველნი თვისნი. შემდგომად კვლავ გამოიყვანა კავკას-მთიულნი მეფემან და განზრახვითა დადიანისათა ჩავიდა იმერეთს. ვერ წინააღუდგა ალექსანდრე, აიღო ციხენი იმერეთისანი და დაიპყრა იმერეთი, მოერთვნენ ქუთათისს დადიანი ვამიყ და გურიელი კახაბერ, რამეთუ შურობდნენ ალექსანდრეს ბაგრატის გამო. მაშინ მეფემან შეაყენა ქუთათისს მცველნი თვისნი, წამოვიდა და წამოიყვანა დადიანი ვამიყ სპითა და იმერნი, და შეკრებილი ქართლიდან მიუხდა ათაბაგს ჯავახეთს ქ~სა ჩუპა (1481). ამას ვერ წინააღუდგა მანუჩარ ათაბაგი და წაართვა მეფემან სამცხე არსიანს აქათი, განიმაგრა და მოვიდა ქართლს და გაუშვა დადიანი და იმერნი. წელსა მეორესა მოკვდა დადიანი ვამიყ და იქმნა შფოთი კვლავ იმერეთს.
ამისმან მხილველმა ათაბაგმა მანუჩარმა დაიპყრა კვლავ სრულიად სამცხე, ამისთვის კოსტანტინე მეფემან შემოიკრიბა სპანი, მივიდა მოსწრაფედ სამცხეს. თუმცა მანუჩარმა კვლავ ვერ იკადრა ბრძოლა, არამედ ნებითა მისითავე ეწყო ყვარყვარე მეფესა და იქმნა ბრძოლა ძლიერ ფიცხელი, ქ~სა ჩუპგ (1483). იძლია მეფე და მოვიდა ტფილისს: მხილველმა ალექსანდრემ, ძემან ბაგრატისამან, აიღო ქუთათისი და ეკურთხა მეფედ იმერთა და დაიპყრა იმერეთი, ქ~სა ჩუპდ (1484). მაშინ მეფემან სცნა აქამომდე წარმართება სვისა და აწ უკუნქცევა, მიუთხრა კაცთა, რათა შეერთდნენ. მაგრამ კახ-ბატონმან გიორგიმ არა ინება და ათაბაგმან უმეტეს.
მოსლვა იაყუბ ყაენისა
შემდგომად მოვიდა იაყუბ ყეენი სამცხეს ქ~სა ჩუპვ (1485). ამან წარმოავლინა აწყვერიდან სპანი, ესენი დაესხნენ დმანისს და ქვეშისხევს, მოსტყვევნეს და წავიდნენ. სცნეს ბარათიანთა, გამოვიდნენ სიმაგრეებიდან და ებრძოლეს ძლიერად, და ძალითა ზენათი მოსრეს და გააქციეს, რომ ერთისაგან ასნი წარიოტებოდნენ და მოისპოდნენ და დაჰყრიდნენ ნატყვენავთა და თვისთაცა მრავალთა, და მცირედნი ივლტოდნენ. მაშინ მხნედ იყო სულხან ბარათაშვილი, რამეთუ სხვათაგან კიდე მოკლა წარჩინებული ერთი ყაენისა, რომელსა ზედა სპანი ყაენისანი მკიდარებდნენ. რომლისათვისცა დამძიმდაცა ფრიად ყაენი და ესეთ შემოიქცნენ ბარათიანნი მეფისა თანა გამარჯვებულნი.
ხოლო შემდგომად წასლვისა იაყუბ ყენისა ეცა ჟამი კვლავ მეფესა კოსტანტინეს და მოსრვიდნენ გარემოთა თათართა.
მოკვდა ათაბაგი მანუჩარ და დაჯდა ყვარყვარე. ჟამთა ამათ კვლავ ეზრასა ლიპარიტ დადიანი მეფესა კოსტანტინეს დაპყრობად იმერეთისად. ესე მოეწონა მეფესა და კვლავ გამოიყვანა მთიულ-კავკასნი, შემოიკრიბა სპანი თვისნი და ჩავიდა იმერეთს. ხოლო ალექსანდრე ვერ წინააღმდგომი მოსლვისათვის დადიანისა წავიდა სიმაგრეთა და მეფემან კოსტანტინე კვლავ დაიპყრა იმერეთი, მოვიდა და აიღო ქუთათისი, მოერთო დადიანიცა იქ, და მოსცეს ყოველნი ციხენი მეფესა კოსტანტინეს ქ~სა ჩუპზ (1487). მაშინ გამოუშვა მეფემან მთიულნი და თვით დაადგა იქ, რათა გაამაგროს იმერეთი, რამეთუ ქართლი ქონდა მშვიდობით.
შემოსლვა თათართა
ხოლო წელსა ქ~სა ჩუპჱ (1488) წარმოავლინა იაყუბ ყაენმა სპასპეტი თვისი ხალილბეგ სპითა. ესე მოვიდა, და უწყო შენება ქაოზიანს და აღჯაყალის ციხესი აცნობეს კოსტანტინე მეფესა და უბრძანა ბარათიანთა მტერობა მათი, და ამათ უწყეს ბრძოლა თათართა, ხოცა და სრვანი მრავალთა დღეთა. მცნობმა ყაენმა აშველა სპანი უდიდესნი. მაშინ ესენი მოვიდნენ და მოადგნენ ტფილისს და ებრძოდნენ ძლიერად. ამისი მსმენელი მეფე კოსტანტინე წამოვიდა იმერეთიდან და წარმოავლინნა წინარე ქაიხოსრო ციციშვილი და ჯავახისშვილი ჯავახი სპითა შველად ბარათიანთა მოსწრაფედ. მოსლვასა ამათსა შეიკრიბნენ ქაიხოსრო, ჯავახი და ბარათიანნი, და დაესხნენ ჭანდარს მდგომთა თათართა. მოსცათ ღმერთმან ძლევა და მოსრეს სრულიად, რამეთუ ვერცადათუ მატყობელი განერიდა, და შემოიქცნენ ალაფითა სავსენი.
მიესმათ ტფილისს მდგომთა თათართა ესე სპათა თვისთა სრულიად ამოწყვედა და მოსლვა მეფისა კოსტანტინესი, მოეცალნენ ტფილისს და წავიდნენ. მაშინ გადაუსწრეს კუმისის ბოლოს ქაიხოსრო ციციშვილმან და ბარათიანთა და იქნა ბრძოლა ძლიერი. შემდგომად იძლივნენ თათარნი და მოსრვიდნენ ქართველნი, რამეთუ თავთა მათთა აცმიდნენ ღობე-მარგილთა ზედა. მაგრამ უკანა მსლველნი ნაწყვედთა ქართველთა მოესწრნენ თათარნი და შეიყარნენ შუაში ქართველნი. მაშინ გამხნევდნენ ბარათაშვილი სულხან, ქაიხოსრო ციციშვილი და ჯავახიშვილი ჯავახი და გამოვლეს ბრძოლითა თათარნი ყოვლითა სპითა თვისითა. მაგრამ, ცოდვათა ჩვენთათვის, რომელნიმე სხვანი ქართველნი აოტეს და ამოწყვიდეს თათართა, ხოლო სხვანი თურქნი უღონოთა ორბეთის ძირს მდგომთა დაესხმოდნენ. მაგრამ მარადის ბარათიანნი მძლე ექმნებოდიან თათართა. ამისთვის ძლეული ხალილ ბეგ წავიდა წინაშე ყაენისა და აუწყა ესე ყოველი.
ხოლო შემდგომად წარმოსლვისა იმერეთიდან კონსტანტინე მეფისა მოიწვია ალექსანდრემ სვანნი, მოირთო რაჭა-ლეჩხუმი ჩამოვიდა და დაიპყრა ქუთათისი, ეზრახა დადიან-გურიელსა და დაიზავნა იგინი და დაიპყრა ლიხს იქეთი უმეტეს პირველისა.
შემოსლვა თათართა
ხოლო შემდგომად წელსა ქ~სა ჩუჟ (1490) წარმოავლინა კვლავ სპანი ყაენმა. ამისთვის ეზრახა მეფე კოსტანტინე კვლავ ათაბაგსა და კახთა, რათა ჰყონ შეერთება თათართა ზედა ანუ მოსცნენ სპითა შეწევნა. მაგრამ მათ არა ინებეს, რამეთუ ენებათ დამდაბლება მეფისა. მერე განიზრახა მეფემან დიდებულთა თვისთა თანაბრძოლისათვის თათართა. - მაშინ წარჩინებულნი ეტყოდნენ არა ბრძოლასა პირისპირ, ოღონდ გამაგრებასა ციხე-სიმაგრეთასა და სადაცა ჯერ იყოს ბრძოლასა, რათა არამარცხითა უმეტესად შევკნინდეთ. მოეწონა ესე მეფესა და განემზადნენ ეგრეთ; ხოლო თათარნი იგი მოვიდნენ ორბეთის ძირს, ვეღარა შემუსრეს და მოადგნენ კოჟრის ციხესა, და უწყეს სროლა თოფთა. მას ღამესა მოვიდა თოვლი დიდი, ამისთვის უკუდგნენ თათარნი ციხისაგან. მაშინ შემჭირვებულნი მეციხოვნენი გამოვიდნენ მასვე ღამესა, რომელთა თავი მათდა იყო სოლაღაშვილი და ივლტოდნენ თვის-თვისად. დილასა იხილეს თათართა ციხე უკაცური, შევიდნენ და შემუსრეს ციხე, მერე მოადგნენ ტფილისს.
ჟამსა ამას მეფე კოსტანტინე იდგა ნიჩბისს და აძლევდა ძალსა სპათა ბარათიანთა და ამაგრებდა მათ. ხოლო თათართა, რადგან ვერ შემუსრეს ტფილისი მეფის ახლორე ყოფისათვის, წარმოავლინეს ჩფ (1500) რჩეული მხედარნი და სხვანი სპანი მრავალნი მორბევად ორბეთის გარემოთა. მაშინ შემოუხდნენ თათარნი მთის დაბებთა და, რომელნიცა იპოვეს, ამოწყვიდეს და მოტყვევნეს.
ესე ყოველი მიესმათ ბარათიანთა ენაგეთს მდგომთა და მათ თანა ქაიხოსრო ციციშვილსა, თურმანიძეს ქაიხოსროს და თავსა მათსა სულხან ბარათაშვილსა. ესენი წავიდნენ მსწრაფლად და მიეწივნენ თათართა. მისლვასა და კვეთებასავე გააქციეს ამათ თათარნი და შესჯარეს ღრატე-კლდოვანთა და ღელოვანთა შინა და მოსრვიდნენ და სწყვედნენ, როგორც ქათამთა, რამეთუ დიოდნენ სისხლნი მათნი რუდ. მაშინ დარჩა მერაბ ბარათაშვილს მოყვასი ყაენისა ფრიად წარჩინებული, მაგრამ ჩვენთა ტყვეთაგანცა მოისრვოდნენ თათარნი და მოჰყავდათ თვით დატყვევებულთა მათგან იგინივე ტყვედ. კვლავ ქაიხოსრო ჯავახი, ქავთარ და სოლაღაშვილი მოესწრნენ უკანმსლველთა სამასთა თათართა ოცნი ესე ქართველნი; მოსცათ ღმერთმან ძლევა, გააქციეს თათარნი და ამოწყვიდეს, რომ მცირედნიღა გადაიხვეწნენ.
ესმათ ესე ამოწყვედა სპათა თვისთა ტფილისს მოდგომილთა თათართა, მყის მოეცალნენ და წავიდნენ მოსწრაფედ თვისად. ერთგულობისათვის ქვეყნისა და მეფისა თვისისათვის მოსცათ ძლევა ღმერთმან ბარათიანთა, რამეთუ მოსრეს, ამოწყვიდეს და აოტეს მძლავრნი მტერნი, რამეთუ მიერ ჟამიდან ვეღარ იკადრეს მოსვლად თათართა ქართლსა შინა. რომ არა გაეჭირვათ ბარათიანთა, შიდა ქართლსაც შემოებრძოლებოდნენ თათარნი და მეფისა და ქვეყანისა ფრიად შემაწუხებელ იქმნებოდნენ.
ხოლო შემდგომად თათართა წასლვისა შემოიკრიბა მეფემან კოსტანტინე სპანი, მიუხდა და მოსრა ელნი გარემონი, შემუსრა და დაარღვია აღჯაყალა და ქაოზიანი, აიღო ალაფი მათი და მოვიდა ტფილისს. შემდგომად შემოიკრიბა კათალიკოზი, ეპისკოპოსნი და წარჩინებულნი თვისნი და განიზრახვიდა, თუ რა ჰყონ განდგომილებისათვის ქვეყანათა და როგორ მოაგონ კვლავ მეფობასავე თვისსა, მაშინ დიდებულნი იტყოდნენ: „ვინაიდან მტკიცედ დგანან ერთგულებასა ზედა თვისთა რჩეულთა მეფეთათა იმერნი და კახნი და კვლავ ათაბაგისა სამცხელნი, ამისთვის არა განგიზრახავთ ბრძოლასა; რამეთუ თუმცა მომრევ ვექმნეთ ერთსა, აღარა მოგვცემს მეორე ნებასა. ვაცადოთ ჟამი, უკეთუ კვლავ აგოს ღმერთმან მეფობასავე შენსა“.
ხოლო იხილა რა ესე-ვითარება თვისთაგანცა მეფემან, ამისთვის აირჩია მშვიდობა, რამეთუ ამ ჟამებთა მოკვდა კახთ ბატონი გიორგი, ხოლო კახთ ბატონმან ალექსანდრემ და მეფემან კოსტანტინემ ყვეს მშვიდობა სიყვარულისა, კვლავ ათაბაგისა თანა და შემდგომად ალექსანდრე იმერთა მეფისა თანა და რომელნიც აღვწერეთ საზღვარნი დაიპყრეს ეგრეთ. და მეფე კოსტანტინე მცდელობდა შენება-მაგრებასა ქვეყანისასა.
გარდაიცვალნენ ჟამსა კოსტანტინე მეფისასა კათალიკოზნი დავით და ნიკოლაოზ, და დასვა მეფემან აბრაამ. კვლავ ამავ მეფის კოსტანტინეს ჟამსა შინა, წელსა ქ~სა ჩუჟდ (1494) შურაგო ათაბაგმან ყვარყვარემ შაქსა, შემოვლო კახეთი და ქართლს დახვდნენ ციციანნი და შიდა ქართველნი, იძლივნენ ქართველნი და წავიდა ათაბაგი მშვიდობით.
ამის მცნობს მეფესა კოსტანტინეს დაუმძიმდა ამოწყვედა სპათა და კვლავ შლილობა ათაბაგისა და შერისხა, რომელთაც ყვეს ესე გარდა მისსა. ხოლო ჰყავდა მეფესა კოსტანტინეს ძენი თამარ დედოფლისაგან: დავით, გიორგი, ბაგრატ, ალექსანდრე და მელქისედექ (რომელიც შემდგომად კათალიკოზად იქმნა). შემდგომად დამშვიდებისა ქვეყანათა ამან კოსტანტინემ იმეფა წელი იბ (12) მშვიდობასა და კეთილმეფობასა შინა.
კვლავ ჟამსავე ამისსა გამოჩნდა შაჰ ისმაილ ძე შეიხისა ქ~სა რუჟვ (1496). დაიპყრა ამან არდაველი, გამოვიდა იქიდან და დაიწყო პყრობა ქვეყანათა. ხოლო შეიხი იგი იყო ჟამსა თემურისასა არდაველს და აუწყეს მანქანება მისი ლანგთემურს და თემურ მივიდა ხილვად მისა. მაშინ შეიხმან უჩვენა საქმე ეშმაკისა ოთხნი საკვირველნი, განცვიფრდა თემურ და ეტყოდა: „რა გნებავს მთხოვე, რათა მოგანიჭო“. ხოლო შეიხმან მან გამოსთხოვა ტყვენი, რომელნიც დაეტყვევნა თემურს შამელნი იბჩ (12000) და ქალაქი არდაველი; თხოვნისამებრ მიანიჭა თემურმა ყოველნი, და ეპყრა ამიერითგან შეიხსა მას და ძეთა მისთა ქალაქი არდაველი. ხოლო ტყვენი ათავისუფლნა შეიხმან; შემდგომად პაპასა შაჰ ისმაილისასა აღუდგა მტრად შირვანშა და მოკლა იგი. მერე კვლავ მოიკლა ძეცა მისი მამა შაჰ ისმაილისა უკეთურებისათვის და შემდგომად მამისა შაჰ ისმაილისა სდევნიდა საკვდავად მეფე თავრიზისა, და ესე მცირე ყრმა წაიყვანეს გილანს და დამალეს იქ. მერე რა მოიწიფა, გამოვიდა და დაიპყრა არდაველი და იწყო პყრობად ქვეყნისა. გაძლიერდა წელსა ქ~სა ჩუჟთ (1499), და მიერთნენ ყოველნი იგი შამელნი ტყვენი, რომელნიც გაათავისუფლნა შეიხმა. წელსა ქ~სა ჩფ (1500) ამან შაჰ ისმაილმა დაიპყრა ადრიბეჟანი და უკუნიქცა და დაიპყრა სპარსეთი; მერე წავიდა ბალხიბუხარას და ქობულს. ხოლო შემდგომად ამათ ჟამებთა შინა გარდაიცვალა მეფე კონსტანტინე, ქ~სა ჩფე (1505).
პ. მეფე დავით (X), ჱ, ით (19) წელი იმეფა
შემდგომად კოსტანტინე მეფისა დაჯდა უხუცესი ძე მისი დავით მეფედ. ამან შემოიკრიბა კათალიკოზი და ეპისკოპოსნი და წარჩინებულნი თვისნი და ეკურთხა ტფილისს მეფედ. ესე დავით მეფე იყო ლმობიერი, ბრძოლა-შლილობათა და შფოთთა მოძულე და მოყვარე მშვიდობისა. ამან დაიპყრა ქვეყანა, რომელიც დაეტევა მამისა თვისისაგან და განაგებდა კეთილად და მშვიდობით.
ხოლო წელსა ქ~სა ჩფთ (1509) გადმოვიდა სპითა ალექსანდრე მეფე იმერთა, მოადგა გორს. ეწყინათ ესე ყოველთა და ეტყოდნენ მეფესა დავითს ბრძოლასა მისსა. მაგრამ დავით მეფემან არა ინება, მეტყველმან მათმან: „რამეთუ მიეგების მეშფოთეთა შფოთი“, ხოლო ალექსანდრემ აიღო გორი და დაიპყრა თვით და მოართვეს მორბევა იმერეთისა ჩიხთაგან. უკუნიქცა და წავიდა იმერეთს. შემდგომად მეფემან დავით აიღო გორი და დაიპყრა და განამტკიცა უმაგრესად.
შემდგომად ერთისა წლისა მოკვდა მეფე იმერთა ალექსანდრე. ხოლო წელსა ქ~სა ჩფია (1511) მოკლა კახთბატონი ალექსანდრე ძემან თვისმან გიორგიმ. ამ ჟამს იდგა დავით მეფე ატენს ტაძრეულითა და მცველითა თვისითა, მოუხდა ავგიორგი ატენს მეფესა დავითს. ხოლო დავით, უსპობით ვეღარა მებრძოლი, შევიდა ციხესა შინა ატენისასა, და მოადგა ავგიორგი გარს. როდესაც იხილა გიორგიმ ვერ-შემუსრვა ციხისა და სპანიცა შემოკრბებოდნენ შემწედ მეფისა დავითისა, უკუნიქცა ავგიორგი და წავიდა კახეთს. თუმცა არა იკმარა სიბოროტე და კვლავ იწყო კირთება, რბევა და ოხრება ქართლისა, რამეთუ ჟამითი ჟამად მოვიდის და აოხრებდა.
ხოლო წელსა ქ~სა ჩფიბ (1512) მოვიდა სპა ხონთქრისა დიდძალი სამცხესა და იმერეთსა ზედა. ამასვე წელსა მოუხდა მეფე ბაგრატ იმერთა მოხისს ვახტანგს (მის ძმას). სძლია ვახტანგს. დავით მეფემან ზავი ჰყო მათ შორის და წაიყვანა ბაგრატმა ძმა თვისი და წავიდა იმერეთს. ხოლო რადგან არა დასცხრა ავგიორგი ქვეყნის ოხრებად, ეტყოდნენ ძმანი მეფესა დავითს წინააღდგომობასა გიორგისასა; ხოლო იგი მიუგებდა: „სიბოროტისა თვისისა ნაცვალი მიეგება, რად ვყოთ ჩვენ შფოთი“. ბაგრატ, ძმა დავით მეფისა, მიუგებდა: „წაგვართვა კახეთი და აწ ნებავს ქართლისაცა“. და გამოსთხოვა მუხრანი საუფლისწულოდ და არაგვისა და ქსნის ხევნი მთიულმოხევითურთ თვისსა მორჩილებასა ქვეშე რომელიც არის ამიერიდან ერთ სასპასპეტოდ ანუ სადროშოდ, კვლავ იტყვიან ამიერ ჟამიდან იქმნა ქართლი ოთხ სადროშოდ. „და მე აღუდგები მტრად ავგიორგის“. მაშინ იძულებულმან მეფემან ნება სცა ბაგრატს. წამოვიდა ბაგრატ და ააშენა მუხრანს ციხე მტკვრისა. ამისი მცნობელი ავგიორგი მოვიდა სპითა თვისითა და მოადგა ციხესა მას შინა მყოფს ბაგრატს სამ თვე და შეამჭირვა ფრიად ბაგრატ. მაშინ ავგიორგიმ გაუგზავნა ღვინო ლიტრითა ბაგრატს. „ხარ ძე მეფისა და არის ჟამი მრავალი, რომელიც არა გისვამს, აწ მიირთვი“. ხოლო ბაგრატს ჰყავდა ჭასა შინა ორგაული ცოცხალი, წარმოუგზავნა ავგიორგის იგი და მოუთხრა: „სამი თვე მყოფობი ქსანსა ზედა და არა გიგემებია, იგემე, რამეთუ ცოცხალ არის“. განკვირდა ავგიორგი და ეგონა საზრდელთა სიმრავლე, უკუნიქცა, მოაოხრა ქვეყანა და ჩავიდა კახეთად. შემდგომად კვლავ გამოვიდა ავგიორგი, როგორც ჩვეულ იყო, მოარბია ქართლი და, რომ არავისი ქონდა შიში, წარავლინა სპანი თვისნი წინარე და თვით ნადირობითა და მცირედითა კაცითა მოვიდოდა. მაშინ ბაგრატ სპითა თვისითა მზირ-ეყო ხევსა შინა ძალისისასა და, მოვიდა რა იქ ავგიორგი, იცა ჟამი მარჯვე ბაგრატ, მიეტევა და მოსრა მისთანანი და შეიპყრა ავგიორგი და პატიმარ-ჰყო მტკვრის ციხესა შინა, ქრისტესა ჩფიგ (1513). მერე ამასვე ქორონიკონსა მოახრჩვეს, ანუ მოკვდა.
ხოლო ვინაიდან აღარავინ იყო მეპატრონე კახეთისა გარდა ავგიორგისა, შემოიკრიბა მეფემან დავით სპანი თვისნი და ჩავიდა კახეთს. ვერავინ წინააღუდგა და დაიპყრა თვით კახეთი, მერე მოიქცა ტფილისსვე. ხოლო ძე ავგიორგისა, მცირე ყრმა წლისა შვიდისა, დამალა დედით მისით ჩოლაყაშვილმა გარსევან, ვინაიდან ნათესავი იყო დედა მისი გარსევანისა. სცნა მეფემან დავით ყოფნა ავგიორგის ძის ლევანისა კახეთსვე. ამისთვის წარავლინა ძმა თვისი ბაგრატ მის ქვეშე დაწესებულითა სპითა და ამილახორითა, რათა მოიძიონ ლევან და მოართვან მას. ჩამოსულმა კახეთს ბაგრატ დასდვა შიში დიდი კახთა და ყოველთა მკვიდრთა მათ შინა. მაგრამ მათ ყოველთა იფიცეს უცნობელობა მისი აღთქმითა დიდითა. გარსევან ჩოლაყაშვილმან ჰყო ხვანჯი და ცბიერება დიდი, რამეთუ ლევან ჰყო მეწდედ უშვერითა სამოსლითა და იმსახურებდა ჟამსა სერისასა სტუმრებულის ბაგრატის წინაშე და, შეუთქვეს რა გარსევანს ლეონისთვის, მან იფიცა ძლიერითა ფიცვითა: „რომელიც არა გეხილვოთ თქვენ გარდა მისსა, არცა მცირე და არცა დიდი არავინ მყავს და არცა უწყოდე“. ესე ირწმუნა ბაგრატმა და წამოვიდა ქართლს. მაშინ გარსევანმა წარავლინა ლეონ ოჩანის ციხესა შინა და დამალა იქ. ხოლო კახეთი ეპყრა დავით მეფესა ნებასა შინა თვისსა.
შემდგომად წელსა ქ~სა ჩფიჱ (1518) წარმოემართა შაჰ ისმაილ ყაენი დაპყრობად და მოოხრებად ქართლისად. რამეთუ ამან შაჰ ისმაილმა დაიპყრა სპარსეთი, ბალხი, ბუხარა და ქობული, ამანვე უწოდა სპარსთა ყიზილბაში, რომელიც დაიბურა თავსა ზედა თაჯი და დოლბანდი, ამათ გამო გამოაჩინა და დაუდვა რჯული შიისა სპარსთა (რათა განეყოს ხონთქარსა სუნთა). და თვით იწოდა ძედ ალიასი და ამისთვის რწამდათ სპარსთა ძენი შაჰ ისმაილისანი, როგორც ძენი იმამისა მათისანი, და თაყვანს სცემდნენ მათ, როგორც იმამთა.
ამისმა მსმენელმა მეფემან დავით აიღო ძღვენი დიდი და ძე თვისი რამაზ წარავლინა წინაშე ყაენისა და აღუთქვა მორჩილება, რათა არა მოაოხროს ქართლი და ქვეყანა.
იხილეს რა კახთა საქმე ესე, გამოიყვანეს ლევან ციხიდან, ჩამოიყვანეს და დაიპყრა კახეთი ლევან. ხოლო მეფემან დავით უცალომან და მოლოდინემან ძისა თვისისამან, თუ რა უყოს ყაენმა, მიუშვა კახთა ყოფად ამისა ეგრეთ. მაგრამ ყაენმა შეიწყნარა ძე მეფისა რამაზ პატივითა დიდითა და მისცა ნიჭი დიდი და წარმოგზავნა მშვიდობით ზავისა მყოფელმან და დაიხსნა მეფემან დავით ქართლი ოხრება-ტყვეობისაგან (ესე ჰყო ყაენმა, რამეთუ ბრძოლად მიდიოდა ხონთქრისა, რათა არა ქართველნი შეუერთდნენ მას). ხოლო შაჰ ისმაილ წავიდა და დაიპყრა დიარბექირი, შეებრძოლა იქ ხონთქარი სულთან სელიმი, იძლია შაჰ ისმაილ და ამოწყდნენ სპანი მისნი; მოვიდა ყაენი ყაზმინს, დაჯდა და აღარა გამოვიდა ჟამამდე.
ხოლო დავით მეფე რა იქმნა სარწმუნო ყაენისაგან, შემოიკრიბა სპანი თვისნი და ჩავიდა კახეთს, ვერ წინააღუდგა ლევან და შევიდა ციხესა მაღნარისასა. მივიდა მეფე და მოადგა გარს და შეამჭირვა ფრიად და ლამობდენ მოცემასა ციხისასა.
ამ ჟამს მოერთვა ამბავი მეფესა დავითს მოსლვა ოსმალთა ქართლსა შინა. მაგრამ მეფე დაუფარავდა სპათა თვისთა და წარავლინა მთავარ-ეპისკოპოსი და ამილახორი, რათა მოსცენ ციხე; უკეთუ არა, ამოწყდეთ შიმშილითა. მისულთა ციხოვანნი აღუთქმიდენ მოცემასა. მაგრამ მთავარ-ეპისკოპოსმა აზრახა იდუმალ დედასა ლეონისასა მეამბორესა ხელსა ზედა მთავარ-ეპისკოპოსისა: „ნუ გეშინის, ღამესა ამას წავალთ, გამაგრდი“. მსმენელი დედა ლეონისა იტყოდა: „ვარ ძისა მაგრებასა და მიუცემლობასა“.
ესე მოუთხრეს მეფესა, უკმოიქცა და მოვიდა ქართლს. აქ შეებრძოლა ოსმალთა, მოსცა ღმერთმა ძლევა, აოტა და ამოწყვიდა მრავალნი, აიღო ალაფი მათი დიდი და მოვიდა ტფილისს. შემდგომად კვლავ შემოიკრიბა სპანი და წავიდა კახეთს, მისულს მეფესა საგარეჯოს მოერთვნენ იქაურნი და ჩავიდა ქისიყს და მოერთოდენ იქცა გარეთნი ყოველნი, შეუხდა ქისიყს. ხოლო ლეონ შეებრძოლა მცირედითა სპითა ქ~სა ჩფკ (1520). იძლივნენ სპანი დავით მეფისანი, წამოვიდა მეფე და მოვიდა ტფილისს.
კვლავ იდგა გორს მეფე დავით და მოართვეს ამბავი სპათა მოსლვისა ფერსათიდან, რამეთუ გამოვლო გურიელმან მამიამ მწეობითა ათაბაგისათა მთა ღადო, რათა შემწე ეყოს ლევანს დავით მეფესა ზედა ზავითა ან ბრძოლითა და მივიდეს მის თანა. მსმენელი დავით მეფე განრისხდა და წავიდა მის ზედა სპითა, რამდენნიც დაესწრნენ იქ. ხოლო გურიელი, არა მგონე მეფისა, შეებრძოლა მოხისს ძლიერად; იძლია დავით მეფე და მოვიდა ტფილისს. იქ კვლავ შემოიკრიბა სპანი, რათა მიაგოს შური მის წილ გურიელსა. ხოლო გურიელი მივიდა მუხრანს და ლევანცა მოვიდა მის თანა და არა რას ავნებდნენ ქვეყანათა, და დავით მეფეცა მოვიდა ნიჩბისს სპითა თვისითა და წარავლინა ბაგრატ ძმა თვისი მის ქვეშე დაწესებულითა და ამილახორით, რათა მოვიდეს მეორე დღე ბაზალეთიდან მათ ზედა, და თვით სპითა თვისითა მივიდენ პირისპირ. წარმოევლინა წარჩინებული თვისი გურიელსა მეტყველსა: „რამეთუ მოვედ ვედრებად თქვენ წინაშე, რათა ვყოთ ზავი თქვენსა და ლევანს შორის. მაგრამ იქმნა უმეცრად ბრძოლა თქვენი; აწ გევედრებით, ვინაიდან არა რა მივნია ქვეყნისათვის, ამით ვარ მართალი, რათა ჰყოთ ზავი და სიყვარული თქვენ შორის, რამეთუ არიან მტერნი ძლიერნი გარემოს, როგორც ყაენი, რომელიც იპყრობს ქვეყანათა“. მაშინ თუმცა თუ მეფესა არა ენება ესე და წადიერ იყო ბრძოლისა, მაგრამ განაზრახებდენ კათალიკოს-ეპისკოპოსნი და წარჩინებულნი ყოფად ზავისად. ამისთვის სათნო იყო მეფემანცა და ჰყვეს ზავი და განაჩინეს საზღვარი და სიყვარული ურთიერთთა, მტერობა და მოყვრობა ერთბამად მტერთა და მოყვარეთა ზედა. მერე იხილეს ურთიერთნი, უძღვნეს და წავიდნენ თვის-თვისად.
ხოლო გარდაიცვალნენ კათალიკოზნი დავით მეფის ჟამსა შინა აბრაამ და ბასილი და დასვა ამან მეფემან დორათეოს. ხოლო შემდგომად ამისა მშვიდობით ყოფასა შინა წელსა ქ~ს ჩფკბ (1522) წარმოემართა შაჰ-ისმაილ ყაენი, რამეთუ ჰგონებდა მორჩილებასა ქართლისასა და ესმა კირთება ქართველთაგან მაჰმადიანთა. კვლავ ვინაიდან სძლია სულტანმან სელიმ, რათა არა მოერთვნენ ქართველნი ხონთქარსა, ამისთვის მოვიდა და დადგა აღჯაყალას და იწყო შენება მისი. მაშინ ევედრა დავით მეფე მშვიდობასა. ხოლო ყაენმა მიუწოდა მეფესა წინაშე თვისსა: „მოგცე ნიჭი დიდი, ქვეყანა და განგიტეო მშვიდობით“. ვინაიდან ატევებინებდა ყაენი ქრისტესა და ჰყოფდა მაჰმადიანად, ამისთვის არა ინება მეფემან მისლვა. მოიცა ძალი მესხთა და კახ-ბატონის ლევანისაგან. კვლავ გამოიყვანა კავკასნი და მთიულნი, განამტკიცა ტფილისი და ყოველნი ციხენი და სიმაგრენი ქართლისანი.
ესმა რა ესენი შაჰ ისმაილს მაგრება და სპათა შეკრება მეფისაგან, წარმოავლინა სპასპეტი თვისი ყარაფილ სპითა დიდითა, და მოუდგინა მას კვლავ მისკარბაში ელიასბეგ სპითა და მერე შეუდგა ამათ თვითცა სპითა თვისითა, ვინაიდან რიდი დიდი ქონდა ქართველთა სიმხნისა. ამისი მსმენელი დავით მეფე გავიდა თელეთს ყოვლითა სპითა თვისითა და ნიჯადითა. მოვიდა პირველად ყარაფილ, დაუპირისპირდნენ და იქმნა ბრძოლა ძლიერი და ამოწყდნენ მრავალნი და ივლტოდნენცა ყიზილბაშნი, ლტოლვილნი შეხვდნენ ელიასბეგს. მან მოაბრუნა, მოვიდნენ და იქმნა ბრძოლა უძლიერეს უსასტიკესი და ფიცხელი. ხოლო იხილა რა ლუარსაბ ძემან მეფისამან ძლიერება ყიზილბაშთა, გავიდა სპითა თვისითა და ეკვეთა ძლიერად მარცხენით ყიზილბაშთა, მაშინ ძალითა ჯვარისათა გახეთქა რაზმი მათი, შევლო და ამოწყვიდა მრავალნი. ხოლო ყიზილბაშნი ივლტოდნენ და მოსრვიდნენ ქართველნი და ალაფობდნენ ალაფთა მათთა. ხოლო ლუარსაბ სდევნიდა და სრვიდა. შაჰ ისმაილს წარმოევლო მთა იაღლუჯისა და დამალულ იყო ღელესა შინა და რა იხილა სპანი თვისნი ამოწყვედილნი და ლტოლვილნი, ეწყინა ფრიად და უბრძანა ყარა-ყოინლუს მისლვა და ბრძოლანი. წამსვე მოეტევნენ იიურგით კერძო იგინი ქართველთა და ეკვეთნენ ძლიერად. მართალია დაღლილნი და ნაალაფევნი ქართველნი იბრძოდნენ უფიცხესად, მაგრამ ცოდვათა ჩვენთათვის იძლივნენ დავით მეფისანი და წამოვიდა მეფე ქართლს. ხოლო ლუარსაბმა განვლო მტკვარი ყარაის ბოლოს, შემოვლო და მოვიდა მამისა თვისისა თანა. მეფე, კვლავ შემკრები სპათა ბრძოლა-მაგრებისთვის, ჰგონებდა სიმტკიცესა ტფილისისასა. შაჰ-ისმაილმა, შემდგომად ბრძოლისა რა მოადგა ტფილისს, აღუთქვა ციხისთავსა ნიჭი დიდი და ციხისთავმა მისცა ციხე-ქალაქი. შემოვიდა, შემუსრა ხატნი და ჯვარნი და გაძარცვა სიონის ღვთისმშობლის ხატი და ჩააგდო მტკვარსა შინა (რომელიც შემდგომად იპოვა ბატონმა ლევან, ნათლულის ჭალასა შინა), ამოწყვიდა ქალაქი და ტყვე ყვნა. ააშენა მეჩითი ხიდის ყურსა ზედა, ციხესა შინა შეაყენა მცველნი თვისნი და დაიპყრა თვისად. კვლავ წარავლინა ტფილისიდან სპანი, როგორც მარბიელნი და ამოწყვიდეს სამცხე, სადაცა ვინ იპოვეს. მერე უკუნიქცა სპარსეთად.
ხოლო მეფე დავით შეკრებილი სპითა ლამოდა კირთებასა და ხდომასა სპათა ყაენისათა. მაგრამ უმჯობესად აირჩია, ვინაიდან წასლვად იყო ყაენი, ბრძოლანი ციხეთანი, რომელნიცა დაიპყრა ყაენმა. შემდგომად მიუხდუნა მეფემან სპანი და მოსრა გარემონი თათართა ელნი და მარადის ბრძოდა ტფილისს.
ხოლო წელსა ქ~სა ჩფკგ (1523) მოკვდა შაჰ-ისმაილ, დაჯდა ძე მისი შასთამაზი ი (10) წლისა. ამას ჯერეთ არა შეეძლო ბრძოლა და ლაშქრობა. მერე მოადგა მეფე დავით ტფილისს, აიღო იგი, მოსრა ყიზილბაშნი, კვლად აიღო აღჯაყალა, შემუსრა იგი და განასხა თათარნი და დაიპყრა საზღვარნი თვისნი ყოველნი. შემდგომად ამისა განიხილა მეფემან დავით სოფლისა სიმუხთლე და უსვეობა თვისი, დაუტევა მეფობა და იქმნა მონოზონ, და დარჩნენ ძენი სამნი თამარ დედოფლისაგან: ლუარსაბ, დემეტრე და რამაზ. მისცა მეფობა ძმასა თვისსა გიორგის და თვით დავით მეფე შევიდა ტფილისსვე მონასტერსა შინა და შემდგომად მოკვდა მონაზონი წელსა ქ~სა ჩფკე (1525).
ოზ. გიორგი (IX), ძმა დავით მეფისა, ი (10) წელი იმეფა
ხოლო შემდგომად დავით მეფის შემონოზონებისა დაჯდა ძმა მისი გიორგი მეფედ, ქ~სა ჩფკდ (1524) ეკურთხა მცხეთას კათალიკოზ-ეპისკოპოს და დიდებულთა შემოკრებითა. ესე გიორგი მეფე დაემეგობრა უმეტეს დავით მეფისა კახთ ბატონს ლევანს და იყო სიყვარული მის თანა, ეგრეთვე ბაგრატ იმერთა მეფისა თანა და ყვარყვარე ყავდა, როგორც მორჩილი თვისი. ამან დაიპყრა საზღვარი თვისი და იმყოფებოდა მშვიდობით გარემოთაგან. მოკვდა კათალიკოზი დორათეოს და დასვა მეფემან ძმა თვისი მელქისედეკ. შემდგომად ამათთა წარმოევლინა სულტანს სულეიმანს სამთა ამათ მეფეთა თანა დესპანი: გიორგის ქართველთა, ბაგრატ იმერთა და ლევან კახთასა: „რამეთუ ადგილი სჯულისა თქვენისა იერუსალიმი დაიპყრეს ურჯულოთა, აწ მიმინიჭებია თქვენდა, მოვედით და განასხენით იგინი და დაიპყრენით თქვენდა“ (ესე ჰყო ხონთქარმან, რამეთუ იბრძოდა დასავლეთით. მეორედ, ვინაიდან შეიხის ძე ყაენი და იგი მტერობდნენ, რათა ამით დაიპყრას მან ყოველი საქართველო და არა მიერთნენ შეიხსა).
ამისნი მსმენნი მეფენი სიხარულით შეიკრიბნენ სპითა თვისითა, ვინაიდან იყვნენ სიყვარულსა მტკიცესა ზედა და ათაბაგი ყვარყვარე მოერთო მეფესა გიორგის და წავიდნენ მსასოებელნი ღვთისანი. მისულთა იერუსალიმსა შინა მყოფთა მიუთხრეს: „გვაუწყეთ; უკეთუ ხართ მტერნი, მცირედ გვიჩანთ და, უკეთუ სტუმარ, მრავალ ხართ“. ხოლო მეფეთა მიუთხრეს: „მებრძოლნი ვართ ძალითა მაგავ ადგილისათა“. ამისი მსმენელნი გამოვიდნენ ქალაქ იერუსალიმიდან და შეებრძოლნენ ურთიერთთა და იქმნა ბრძოლა ძლიერი. სძლეს საქართველოსათა, ამოწყვიდეს და აოტეს და შეჰყვნენ ქალაქად, წაართვეს ქალაქი, ამოწყვიდეს და განდევნეს იგინი, ხოლო ნარჩენი დაიპყრეს და აიღნეს ალაფნი დიდნი და ნატყვენავნი.
სცნა ესე ყოველნი ხონთქარმა, მოანიჭა ნიჭნი დიდძალნი და წმიდანი ადგილნი. საფლავი ქრისტესი, გოლგოთა, ბეთლემი და ჯვარის მონასტერი; ხოლო მეფეთა გაათავისუფლეს იგინი და წამოვიდნენ გამარჯვებულნი და მოვიდნენ თვის-თვისსა სამეფოსა შინა. ხოლო გიორგი მეფე ამაგრებდა ქვეყანათა და ებრძოდა თათართა, ოდესმე იყო მშვიდობით.
ხოლო წელსა ქ~სა ჩფკთ (1529) მოვიდა სულტან სულეიმან ერევანსა ზედა და აიღო იგი. ამას შეუშინდნენ მკვიდრნი საქართველოსანი. მაგრამ იხსნა ღმერთმან და უკუნიქცა ხონთქარი ბაღდადად. ხოლო მეფე გიორგი მეფობდა კეთილად სიყვარულ-ერთობითა იმერ-კახთ მეფეთა და ათაბაგისა თანა. მაგრამ შემდგომად ამანცა დაუტევა მეფობა და არა დაუტევა ძე და მისცა მეფობა ძმისწულსა თვისსა ლუარსაბს და თვით შევიდა მონასტერსა შინა და იქმნა მონოზონ.
ო. მეფე ლუარსაბ (I), ძმისწული გიორგი მეფისა, კდ (24) წელი იმეფა.
შემდგომად გიორგი მეფის მეფობის დატოვებისა ეკურთხა ლუარსაბ ძე დავით მეფისა ტფილისს მეფედ ქ~სა ჩფლდ (1524). ხოლო ესე ლუარსაბ იყო მხნე, ახოვანი, შემმართებელი, უშიში, მორწმუნე, ღვთისმოყვარე, საღმრთო-სამხედროთი სრული. ამან იწყო უუფროსესი კირთება თათართა და გასხმა მათი და მაგრება ციხე-სიმაგრეთა.
ხოლო წელსა ქ~სა ჩფლე (1535) შეიპყრა იმერთ მეფემან ბაგრატ ათაბაგი ყვარყვარე და დაიპყრა სამცხე. ესე ეწყინა მეფესა ლუარსაბს, მაგრამ ვეღარა არგო. თუმცა ლუარსაბ მეფემან დაიპყრო ჯავახეთი და კერძონი მისნი. კვლავ მოკვდა კათალიკოზი მელქისედეკ და დასვა მეფემან კათალიკოზად გერმანე, და მროველად გედეონ.
ხოლო შემდგომად შაჰ-ისმაილისა იწყო ბრძოლა შასთამაზ, ქ~სა ჩფლბ (1532). ესე გამდიდრდა და დაიპყრა ქვეყანანი უმეტეს მამისა თვისისა. ხოლო წელსა ქ~სა ჩფლვ (1536) მოვიდა იდუმალ განჯას სპითა ძლიერითა. ჟამსა ამას იდგა მეფე ლუარსაბ ტფილისს. ამას მწუხრსავე მოკვდა ძე მეფისა მცირე და სიყვარულისათვის ძისა წაჰყვნენ მეფე და დედოფალი და წაიღეს მასვე მწუხრსა და დაფლეს მცხეთას და განთიად ღამესა ამასვე შემოვიდა შასთამაზ ტფილისს მოპარვით, რათა შეიპყრას მეფე. მაგრამ განარიდა ღმერთმან მეფე მიზეზითა ძისათა. ხოლო შაჰთამაზ მოსწვა ტფილისი; ამისთვის შეუშინდა ციხისთავი ტფილისისა შაჰთამაზს და მეფესა მოწვისათვის ტფილისისა და გადმოეშვა ციხიდან და მოვიდა შაჰთამაზისა თანა. მხილველნი მეციხოვნენი ვიეთნი ივლტოდნენ და სხვანი მივიდნენ წინაშე ყაენისა. მან ყოველთა მათ დაატოვებინა ქრისტე და ჰყო მაჰმადიანად და ტფილისის ციხესა შინა შეაყენა მცველნი თვისნი ყიზილბაშნი და თვით წავიდა ყარაბაღსავე. ამ ჟამს ეპყრა სამცხე იმერთა მეფესა ბაგრატს; ესე მივიდა ყარაბაღს წინაშე ყაენისა. ხოლო ლუარსაბ მეფემან ვერ იკადრა ბრძოლა, ვინაიდან მოვიდა ყაენი უცნობლად და იხიზნოდნენ ყოველნი ქართლისანი მოსწრაფედ და დაიცვა ქვეყანა ტყვეობისაგან. ამისა შემდგომად მონაზონ იქმნა ბიძა მეფისა ბაგრატ, მპყრობელი მუხრანისა, ქ~სა ჩფლთ (1539) და დაუტევნა ძენი ვახტანგ, არჩილ, აშოთან და ერეკლე. ხოლო ვახტანგ იქმნა მუხრანის ბატონი.
ხოლო შემდგომად წასლვისა ყაენისა კვლავ უწყო მეფემან ლუარსაბ ბრძოლა ტფილისსა და მოსრვიდა გარემოთა თათართა, ვინაიდან მრავალგზის მოსცა ღმერთმან ძლევა მათ ზედა, და აიღო კვლავ ტფილისიცა და დაიპყრა თავისადვე.
შემდგომად წელსა ქ~სა ჩფლთ (1539) სომეხნი შეიშალნენ აღვსებისაგან. ხოლო მაშინ ოდეს ეპყრა მეფესა იმერთასა ბაგრატს სამცხე, მოვიდნენ ოსმალნი ბრძოლად ბაგრატისად ბასიანს. ამისათვის ბაგრატ ევედრა ლუარსაბ მეფესა შეწევნასა მათ ზედა და უცილოდ დაიპყრას მტკვრის აღმოსავლეთი ლუარსაბ; ლუარსაბ მეფესა, თუმცა არავინ ემწეოდა გაძლიერებისა მისისათვის, თუმცა ლუარსაბს ემძიმებოდა ტყვეობა საქართველოსი, შემცირება და განხეთქილება თვისთაგან და მტერთა მიერ, რათა არა იქმნას მაჰმადიანად. ამის მიზეზისათვის შემოიკრიბა სპანი და წავიდა შეწევნად ბაგრატისად. ხოლო მისულთა მეფეთა ბასიანს წყობათა შინა სპათა ლუარსაბისათა ინებეს წინაბრძოლობა. მაშინ მესხნი ეტყოდნენ: „ჩვენ ვართ წინაბრძოლნი ძველადვე და აწცა ქვეყანა არის ჩვენი, ჩვენდავე ჯერ არის“. მაგრამ არა ინებეს ესე ქართველთა. ამისთვის იშურისმგებლეს მესხთა და აღარა შეეწეოდნენ, და ამოწყდნენ ქართველნი მრავალნი და ივლტოდნენ მესხნი; შურითა ამით იძლივნენ ქართველნი ყოველნი ქ~სა ჩფმე (1545); და მოვიდა მეფე ლუარსაბ თვისსა სამეფოდ.
ამისა შემდგომად შეითქვნენ მეფე ლუარსაბ და კახ-ბატონი ლევან, ოდეს მოკლა ლევან კახთ ბატონმან ასანბეგ და აუწყეს ესე მესხთა, მოერთნენ იგინიცა და დაუწყეს რბევა და ოხრება განჯას, შაქ-შირვანს და ადრაბაგანსა მრავალთა ჟამთა, და მიმიღებდენ ალაფთა და ნატყვენავთა დიდ-დიდთა, რამეთუ იყო შაჰთამაზ უცალოდ. შემდგომად მოვიდა შაჰთამაზ შირვანს, რათა განაგოს საქმე მანდაური ქ~სა ჩფმჱ (1548). მერე მოიქცა იქიდან ტფილისს (ვინაიდან აეღო მეფესა ლუარსაბს და ეპყრა თვისად); მოადგა ყაენი, შემუსრა ტფილისი და ნარჩენი ამოწყვიდა, და შეაყენა ციხესა შინა მცველნი უმრავლესნი. ხოლო ტფილისიდან ეზრახა ათაბაგს, დაიმორჩილა იგიცა, ემძახლა მას და წავიდა სპარსეთად. მაგრამ ესე კახ-ბატონის ლევანისა და ათაბაგის დამორჩილება ყაენისა ეწყინა მეფესა ლუარსაბს და ვიეთთა წარჩინებულთა მესხთა, სახელით იჯუს, შერმაზანს და ვახუშტ დიასამიძესა. ამათ მიუწოდეს ლუარსაბ მეფესა. ხოლო შეკრებილი სპითა მივიდა მეფე და წაართვა ათაბაგსა სამცხე, ჯავახეთი, კოლა და არტანი და დაიპყრა თვისად.
ესე ყოველი აუწყა ათაბაგმა ყაენსა და შაჰთამაზ წარმოემართა მსწრაფლად შველად მისად. მოვიდა და შემუსრა შაქი, შემოვლო ქართლის სომხითი, ვერ წინააღუდგა ლუარსაბ მეფე, შევიდა და დაიპყრა სამცხე, შეიპყრა იჯუ და შერმაზან და მოკლა იგინი და სხვანი ტყვე ყვნა, ჩავლო სომხითი და წავიდა ერევანსა ზედა. მეფე ლუარსაბ შემჭირდებოდა მძლავრებისა ესრეთისათვის, მაგრამ არა დასცხრებოდა ბრძოლად კვლავადცა თათართა ზედა, რამეთუ, რა იცის ჟამი, ბრძოდა, ამოწყვედდა და ალაფობდა ტყვევნითურთ და მრავალგზით ჰყოფდა ესეთ. ხოლო უჟამოდ გაამაგრა ციხენი და სიმაგრენი მთათა და ველოანი და იბრძოდა თვით ეგრეთ.
შემდგომად გამოვიდა ხონთქარი სულტან სულეიმან. ესე ესმა შაჰთამაზს, მოვიდა და დადგა არტანს ყაენი, მოაოხრა სამცხე, აიღო კარი და შემუსრა. მერე გადმოვლო სამცხიდან, მოაოხრა თრიალეთი, საბარათიანო და მოადგა ბირთვისს (ამისთვის მტერობდა უფროს მეფესა ლუარსაბს ყაენი, რამეთუ არა მორჩილ ექმნა დღეთა მისთა არცა ყაენსა და არცა ხონთქარსა, რათა არა სხვანი მორჩილნი მისნი ამძლავროს და დაატევებინოს ქრისტე.
მაშინ შაჰთამაზ ვერ ამღებელმან ბირთვისისმან შეთხზა ხვანჯი, აღუთქვა კეთილნი და ნიჭნი დიდნი მეციხოვნეთა, ამით შეაცდინა და მისცეს ციხე. ხოლო მან უარჰყო ფიცი, მოსნა იგინი და ტყვე ჰყვნა. მერე მოვიდა და მოადგა გორს, შემუსრა იგიცა და ციხე ვერისა და სხვანიცა. შემდგომად მოადგა ატენის ციხესა, აიღო იგი და გამოიყვანა დედა ლუარსაბ მეფისა იქიდან და მრავალთა წარჩინებულთა ცოლნი ქ~სა ჩფნვ (1556), უკუნიქცა და წაიყვანა ყოველნი ტყვენი და დედაცა მეფისა. ესე ესმა ლუარსაბ მეფესა, მთიულეთს მყოფსა, წარმოუდგა ყაენსა, ეწია სპათა მისთა და მოსრა მრავალნი, მაგრამ დედასა ვეღარა არგო. აიღო ალაფი დიდი და უკმოიქცა. ხოლო მისულმან დედამან მეფის ლუარსაბისამან იგრძნა უპატიო ყოფა თვისი, შესვა სასიკვდინე და მოკვდა.
მაშინ ყაენმა დასხნა რანს, მოვაკანს და ერევანს ბეგლარბეგნი და მათ ქვეშეთნი. კვლავ დასხა ხანნი და სულტანნი (რომელნიც არიან ბეგლარბეგი ერისთავთ-ერისთავი, ხანი ერისთავი, სულთანი ხევისბერი), ამათ უბრძანა: „უკეთუ ემტეროს ლუარსაბ მეფე ტფილისს, მწე ეყვნენ ყოველნი“. ლუარსაბ მეფემან ბრძოლითა განასხა თათარნი და დაიპყრა ქართლი და სომხითი და ციხენი ყოველნი, გარდა ტფილისისა და მარადის ებრძოდა ტფილისს. ესე აცნობეს ტფილისის მცველთა განჯის ბეგლარბეგს შავერდის, და მან შემოიკრიბა თვის ქვეშე დაწესებულნი და სხვანიცა ყოველნი წინთქმულნი და წამოვიდა ქართლს.
მსმენელი ამისი ლუარსაბ მეფე სპითა თვისითა დადგა გარისს, რათა შემოიყვანოს იგინი სიმაგრესა, რამეთუ იყო თვით მოხუცებული და ჰყავდა ძენი სვიმონ და დავით. სვიმონს მისცა სპანი თვისნი და თვით მცირედითა მოხუცებულითა და ეპისკოპოსითა დაადგა გარისს. მივიდა სვიმონ, და შეებრძოლა ყიზილბაშთა და იქმნა ბრძოლა სასტიკი. ამოწყვიდეს და აოტეს ქართველთა ყიზილბაშნი და სდევნიდნენ და ალაფობდნენ. მაშინ შავერდიხან ლტოლვილმან იხილა მეფე მდგომარე და უღონოებდა წასლვად შიშისათვის განრიდებად თავისა თვისისა; მოეტევა მცირეთა ამათ, რათა გარდაიხვეწოს. ამას ზედა განმხნევდნენ მოხუცებულნი მეფისთანანი, როგორც ჭაბუკნი, ამოწყვიდეს და გააქციეს სპარსნი. მაშინ მეფესა შეხვდა შავერდიხან და მეფესა გასტეხოდა ხმალი და შუბი ბრძოლასა შინა. აძგერა ცხენი შავერდიხანს და გადავლო მას ზედა მეფემან; და კვლავ სხვისა მიმტევებელს ჩაუარდა ცხენი ნაპრალსა მიწისასა და დაეცა ცხენი მეფითურთ მიწასა. მოუხდა სპარსი სახელით ზირაქ, და სცა მახვილი მეფესა და მოსწყლა ძლიერად. ხოლო სპათა მეფისათა ამოწყვიდეს სრულიად ყიზილბაშნი. და ამისი უცნობელი ძე მეფისა სვიმონ, გამარჯვებული და ნაალაფევი მოიქცა. რა იხილა მეფე ესეთ მყოფი, დამძიმდა ფრიად, მერე მცირედისა ჟამისა გარდაიცვალა მეფე ლუარსაბ, ქ~სა ჩფნჱ (1558), შერაცხილი მოწამეთა თანა, როგორც გორგასალი. ესე მეფე ებრძოდა დღეთა თვისთა მაჰმადიანთა, რათა არა დაუტეონ ქრისტე ქართველთა და უკეთუმცა მორჩილ მათდა ქმნილ იყო, საეჭველ იყო, რამეთუ მრავალგზის დიდნი ძლევანი და მაგრებანი შესძინა ქვეყანათა სიმხნითა თვისითა. მოიღეს და დაფლეს მცხეთას.
ოთ. მეფე სვიმონ (I), ლდ (34) წელი იმეფა
გამეფდა შემდგომად მეფის ლუარსაბისა ძე მისი სვიმონ და ეკურთხა მცხეთას მეფედ. ხოლო მომკვდარ იყო კათალიკოზი გერმანე და მეფესავე ლუარსაბს დაესვა ნიკოლაოზ. მოკვდა ნიკოლაოზ კათალიკოზი და ამან სვიმონ მეფემან დასვა კათალიკოზად დომენტი. ხოლო მეფემან სვიმონ მოიყვანა ცოლად ასული ბატონის ლეონისა ნესტან-დარეჯან, ნაშობი შამხლის ქალისაგან, და ჰყო ქორწილი, ქ~სა ჩფნთ (1559) და დაიპყრა ყოველნი ნაქონებნი მამისა თვისისანი, გარდა ტფილისისა.
მაშინ არჩილ ძე ბაგრატ მუხრან-ბატონისა ეკირთებოდა ტფილისს და ავნებდა გარემოსთა მისთა დიდთა.
დღესა ერთსა გამოვიდნენ ტფილისის ციხიდან სპანი ყიზილბაშნი, დაესხნენ საფურცლეს მყოფს, ბრძოლასა ძლიერსა იძლია მათგან არჩილ და შეიპყრეს დედაწულითურთ ქ~სა ჩფჲ (1560) და წაიყვანეს წინაშე ყაენისა.
ქონდა მეფესა სვიმონს წელი სამი მშვიდობისა. შემდგომად იწვივა ცოლის ძმა თვისი გიორგი, რათა ებრძოლოს სპარსთა და შეიკრიბნენ ციხე-დიდს. ამისი მცნობელი შავერდი სულტანი წარმოემართა სპითა და შემოვლო უგრძნეულოდ ქვეყანანი, რამეთუ უშენ იყო გარდაბანი და ეპყრათ ტფილისი მათ. ხოლო დარაჯანი მეფისანი გერმანოზის შვილი ფარეშათ და სხვითა მისთანათითა იდგნენ დევის ნამუხლარსა ზედა. მაგრამ ღამესა მას აღდგომისასა ავიდნენ მუხათგვერდს, რათა ისმინონ დღესასწაული, და ყოფასა მათსა იქ შემოვლეს ყიზილბაშთა და დაესხნენ უეცრად მეფესა სვიმონს. მაშინ იქმნა ბრძოლა ძლიერი და ფიცხელი და ამოსწყდნენ სპარსნი უმრავლესნი. მაგრამ მოკლეს გიორგი ძე კახთ ბატონის ლევანისა ქ~სა ჩფჲა (1561) და ივლტოდნენ კახნი. ამოწყდენ ქართველნიცა მრავალნი, რამეთუ ამილახვართაგანიცა ამოწყდნენ ცხრანი (და ამისთვის მიუბოძა მეფემან ზემო ეკლესია მღვიმეს). მხილველი სვიმონ მეფეცა უკმოიქცა ძლეული და ყიზილბაშნი უკუნიქცნენ გამარჯვებულნი. ამავ ქორონიკონსავე მოუხდნენ ფხოველნი მუხრანს. ხოლო აშოთან ძემან ბაგრატ მუხრანბატონისამან ბრძოლა უყო და ამოწყვიდა იგინი და აოტა. თუმცა მოიკლა იგიცა მათ მიერ.
პდ. მეფე დაუთხან (XI), წელი იმეფა
ხოლო იხილა რა ძმამან მეფის სვიმონისამან დავით სპარსთაგან ძლევა ესე, წავიდა სპარსეთად, რამეთუ იყო კაცი ხორცთმოყვარე, მეძავ-განმცხრომელ და იქმნა გამცემელ ქვეყანისა და მივიდა წინაშე ყაენისა. ამას პატივ-სცა შაჰთამაზ და ჰყო მაჰმადიანად, უწოდა დაუთხან და ძედ თვისად უხმობდა, მისცა ჯილდო ც (2000) თუმანი. ხალათად კაბა, სარტყელი და ტყავი სამურითა, ოქროქსოვილნი, თაჯი, ხმალი, ხანჯალი, საბუხარი მარგალიტისა და ცხენი აღკაზმული ოქროთი, ყოველნი მოოჭვილნი თვლებითა, სურა და თასი ოქროსი (რომელიც შემდგომად დაიდვა და მოსცემდენ მეფეთა ქართლისათა), წარმოავლინა მეფედ ქართლისად სპითა დიდითა, შემოვიდა ტფილისს და ქონდა შემწედ განჯის ხანიცა.
ესე ენძიმებოდა სვიმონ მეფესა და ყოველთა ქართველთა. ამისთვის შეკრიბა სვიმონ სპანი და დადგა დიღვამს. მსმენელი ამისი დაუთხან გამოვიდა სპითა ყიზილბაშ-ქართველითა, რომელნიც ეახლნენ მას. ეკვეთა მეფე სვიმონ ქ~სა ჩფჲზ (1567). იძლია დაუთხან და მოსრეს სპანი მისნი და შევიდა ტფილისსვე. მაშინ მეფე მოადგა ტფილისს, ხოლო შემჭირვებულმან დაუთხან ციხიდან აუწყა ესე უსეინბეგს, ყარამლუს სპასპეტსა, და მოითხოვა შეწევნა მისგან. ამისი მსმენელი უსეინბეგ შემოვიდა ტფილისს უგრძნეულოდ და მეფე ავიდა ტაბახმელას. ამას ზედა განლაღდა დაუთხან, გამოვიდა სპითა და შეებრძოლნენ სამადლოსა ზედა ურთიერთს ქ~სა ჩფჲჱ (1568). სძლია კვლავ მეფემან სვიმონ და გაქცეულთა ამოწყვედდენ სპანი მეფისანი ქართველნი. მოვიდა მეფე და დადგა კვლავ ტაბახმელას, ვინაიდან იქვე ტფილისს შეიხვეწა დაუთხან.
ეზრახა სვიმონ ქართველთა, რომელნიც იყვნენ დავითისა თანა ციხესა შინა გამოშორებად მისგან. მაგრამ მათ არა ინებეს. მერე სცნა მეფემან ვერ-აღება ტფილისისა და უკმოიქცა მისგან. ხოლო დაუთხანმა აცნობა შაჰთამაზს ესე ყოველი. მაშინ ყაენმა მოუწერა განჯა-შამახიის ბეგლარბეგთან და წარმოუვლინნა ნიჭნი დიდნი, რათა გამოიყვანონ შამხალი ლეკითა და ჩერქეზნი. ხოლო მათ მისცეს საგანძურნი იგი და გამოიყვანეს იგინი და შეიკრიბნენ ესე ყოველნი და მოვიდნენ ხუნანს. ამისი მსმენელი სვიმონ მეფე დადგა შეკრებილი სპითა აწუფისს და იგინი მოვიდნენ ფარცხისს. მაშინ განივლტო ყორღანაშვილი კახაბერ და გულდაგულ ყვნა ყიზილბაშნი მეფესა ზედა, რამეთუ ქონდათ მათ შიში დიდი, მოუძღვა იგი და შეებრძოლა მეფე ფარცხისს მათ. იყო ბრძოლა სასტიკი და ამოწყდნენ ურიცხვნი თათარნი და ივლტოდნენ ფიცხლად. მეფე კადნიერებით მიეტევა გუნდსა მათსა, ჰკრა ოროლი მხედარსა და მოსპო იგი და გახეთქა გუნდი მათი და მიეტევა სხვასა. იცნა მეფე კახაბერ ყორღანაშვილმა და ეტყოდა ყიზილბაშთა: „ეგე არის მეფე, შეიპყარით“. მასვე წამსა გარემოერტყნენ და შეიპყრეს მეფე სვიმონ, ძლიერად მბრძოლი, ქ~სა ჩფჲთ (1569) და წაიყვანეს. ხოლო ქართველნი ივლტოდნენ თვის-თვისად და სპარსთა დასვეს დაუთხან მეფედ ტფილისს და წავიდნენ და მიგვარეს მეფე სვიმონ შაჰთამაზს. მან პატივ-სცა და უთქმიდა დატევებასა ქრისტესსა, ხოლო მან არა ინება. ამისთვის წარგზავნა ციხესა შინა ალამუტს პატიმრად, მერე წარგზავნა არჩილიცა ცოლშვილით შირაზს პატიმრად ქ~სა ჩფოგ (1573).
ხოლო დაუთხანმა დაიპყრა ქართლი. ვიეთნიმე მთავარნი განდგნენ და არა მორჩილებდნენ. და დაჯდა დაუთხან ქვეშის ციხესა შინა და განცხრებოდა ხორციელად; და ოდესმე იყო ტფილისს, არა რისა მზრუნველი სულისა და ქვეყნისათვის, არა რას პატივსა უყოფდა დედოფალსა, ცოლსა სვიმონ მეფისასა. ამისი მხილველნი ამილახორი და ქსნის ერისთავი სათნოთი ალექსანდრე კახ-ბატონისათი, რამეთუ სიმამრი იყო ამილახორი ალექსანდრესი და ალექსანდრე მტერობდა დასა თვისსა ძმათა თვისთათვის და ცოლიცა დაუთხანისა ნათესავი იყო ალექსანდრესი, მოუხდნენ დედოფალსა სვიმონ მეფისასა, კავთისხევს მდგომსა, და წაართვეს სრულიად ქონებანი და აიალაფეს, რომელიც არა ჯერ იყო საყოფლად (მაშინ იტყოდნენ თემნი: „ვაი სვიმონ მეფისა საქონელსაო“). ხოლო სპასპეტი საჩინო ბარათაშვილი არა ემორჩილებოდა დაუთხანს და მოვიდოდა კოჟრიდან. ამას ემთხვივა ყორღანაშვილი კახაბერ, შეიპყრა იგი და ეტყოდა: „უკეთუ კეთილ არის გაცემა მეფისა და ქვეყნისა, იხილე აწ შენცა“. და გადააგდო იგი კლდესა გელიყარისასა (მაშინ თემნი იტყოდნენ: „ყორღანასძე ქარაფინდა, ხელი ჰკრეს და გადაფრინდა“). ხოლო კვლავ შაჰთამაზისაგან ამოწყვედა სამცხისა და გაყოფა ქვეყანათა მისგან და ხონთქარისაგან დავწეროთ თვისსა ადგილსა, ვინაიდან მას ჟამსა არა მოვიდა ქართლსა შინა. მერე მოკვდა შაჰთამაზ ყეენი ქ~სა ჩფოვ (1575) და დასვეს ყაენად ძე მისი შაჰისმაილ. ამან შაჰისმაილ მოიყვანა მეფე სვიმონ და არჩილიცა ცოლშვილით შირაზიდან. მაგრამ მესისხლობისა და სუნობისათვის მოკლეს ყიზილბაშთა შაჰისმაილ, ქ~სა ჩფოზ (1577) და დასვეს შაჰხუდაბანდა ყაენად, ძე შაჰთამაზისავე.
ჟამსა ამას გამოვიდა სპანი ხონთქრისანი და დაიპყრეს ერევანი, განჯა და თავრიზი, რამეთუ იყო შაჰხუდაბანდა ბრმა და ბედითი და ვერშემძლე საქმისა.
წელსა ქ~სა, ჩფოჱ (1578) გამოჩნდა კუდიანი ვარსკვლავი, ამასვე ქორონიკონს გამოვიდა ლალა ფაშა სულტან მურადისა სპითა ძლიერითა. ამან გამოვლო სამცხე და მოვიდა ტფილისს, ვერ წინააღუდგა დაუთხან, მოწვა ტფილისი თვით და წავიდა სიმაგრეთა. ამისთვის ლალა ფაშამ ინება წარვლინებანი სპათა შიდა ქართლს და დედოფალსა ზედა. მუხრანის ბატონი ვახტანგ იყო უფლისწულობით, როგორც განმგე ქართლისა და მორჩილებდნენ ყოველნი. ამან მოიყვანა ამილახვარი ბარძიმ და ქსნის ერისთავი ელიზბარ ლალა ფაშისა თანა, და დაიხსნა ამან ქართლი და თემი ამოწყვედისაგან. ხოლო ლალა ფაშამ ამათ თვისნი მამულნი მიანიჭა და მეოთხესა დღესა განუტევა პატივითა. თუმცა სომხითართა დიდი ავნეს ოსმალთა და ამოწყვიდეს მრავალნი.
კვლავ წარმოავლინა ლალა ფაშამ სპანი იმერეთსა ზედა და დახვდნენ მთასა ზედა ლიხისასა იმერნი. ომსა ამასა დაესწრა ძე არჩილისა ერეკლე, ამოწყვიდეს მრავალნი ოსმალნი და აოტეს. ხოლო ერეკლეს თერთმეტი ხმალი და ორმოცი ისარი მოუხდა. მართალია ჯაჭვი და მუზარადი ვერ გაუტეხეს, მაგრამ ამოწყვიდეს აზნაურნი მისთანა და ლტოლვილნი ოსმალნი მცირედნიღა წავიდნენ.
მერე კვლავ წარმოავლინა ლალა ფაშამ სეკტემბერსა შინა სპანი იმერეთს. ხოლო იმერთა ამოწყვიდეს მასვე მთასა ზედა და ლტოლვილთა ოსმალთა დახვდნენ ქართველნი და მოსრეს უმრავლესნი.
შემდგომად წავიდა ლალა ფაშა შირვანს და იქიდან მოქცეული დადგა მუხრანს. მაშინ შაჰხუდაბანდა ვერა რისა მყოფელი, ამისთვის დედამან მისმან (რომელიც იყო ასული ოთარ შალიკაშვილისა) დაახვივა ხმალსა ლეჩაქი და წარმოუგზავნა სვიმონ მეფეს (როგორც წესი არის ქართველთა) და მოუთხრა: „რომელიცა გნებავს, აიღე და წახვედ ქვეყანასა შენსა ნიჭითა დიდითა და ებრძოდე ოსმალთა“. წარმოავლინეს და მოსცეს წინთქმული დაუთხანისა ყოველნი და მის ზედა დაურთეს ცხრა ათასი თუმანი და ტყვენი ყოველნი საქართველოსანი, იქ დატყვევებულნი. ამისმა მხილველმა დაუთხან, იხილა რა დატევება თვისი ყიზილბაშთაგან, ეზრახა ლალა ფაშას და მისცა ყოველნი ციხენი ქართლისანი და თვით წავიდა წინაშე ხონთქრისა სტამბოლს (შემდგომად ჟამთა რაოდენთამე მოკვდა დაუთხან იქ). ხოლო ოსმალთა დაიპყრეს ქართლი და ჰყვეს ტფილისი საფაშოდ, გორი ააშენეს და ჰყვეს სანჯახად, სამშვილდეს შემუსრეს ეკლესია სიონი გუმბათიანი, ვინაიდან იქ ავნეს დიდი ოსმალთა და გაამაგრეს სამშვილდე და დანისი.
ამავ ქორონიკონს მოვიდა მეფე სვიმონ ოკტონბერსა შინა და მოიყვანა არჩილ ძე ბაგრატისა და ტყვენი ყოველნი დატყვევებულნი ქართლისანი და დადგა სომხითს. ეზრახა ლალა ფაშას და, ვინაიდან ავადმყოფობდა მეფე, ვერ იხილა ფაშა. შემდგომად წავიდა ლალა ფაშა მუხრანიდან სამცხეს, ხოლო სვიმონ მეფემან დაიპყრა ქართლი, რამეთუ მსურველ იყვნენ მისთვის ქართველნი. შემდგომად აიღო ლორე, გორი და ყოველნი ციხენი ქართლისანი, გარდა ტფილისისა, მეფემან.
მაშინ მეფე სვიმონ ლამობდა შურისგებასა ამილახორის და ქსნის ერისთვისასა. მაგრამ ვახტანგ მუხრანის ბატონი ურჩევდა წინათქმულთათვის წინაშე სვიმონ მეფისა, იწყინა მეფემან და ამავ ქორონიკონსა შეიპყრა მათთა ეჭვსათვის ვახტანგ და პატიმარ-ჰყო კეხვის ციხესა შინა; მერე შეიპყრა ამილახორი ბარძიმიცა; შეშინდა ქსნის ერისთავი ელიზბარ და შეუვარდა დედოფალსა; შესძღვნა სრულიად მინატაცი და სხვანიცა მრავალნი. კვლავ ახალგორი და მეჯუდა და ამილახვარმან კასპი და კარბი. შეიწყალა დედოფალმა და ევედრა მეფესა შენდობისათვის, შეიწყალა მეფემანცა და აფიცა ერთგულობასა ზედა და განუტევა. შემდგომად ამისა განუტევა ვახტანგიცა. ხოლო სცნა რა ლალა ფაშამ საქმე სვიმონ მეფისა, წარმოავლინა მანუჩარ მირმარითა და ქართლს ვეღარა ჩამოვიდა სვიმონის გამო, და დაესხნენ სადგურს და მოსწვეს იგი. წარხდა განძი ეკლესიისა, მაგრამ ტყვენი ვერ ტყვე-ჰყვეს. კვლავ ჩამოვიდა მანუჩარ სანჯახითა, დასხმისგვარ მოარბია ქართლი და წავიდა.
ხოლო ბატონს ალექსანდრეს ქონდა შური სვიმონ მეფისა თვისის დის გამო და დაუთხანცა მოყვრობდა სარწმუნოდ; კვლავ ამილახორიცა სიმამრი მისი იყო, შეუტყობრად მოუხდა სპითა თვისითა დიღვამს მდგომს სვიმონ მეფესა ქ~სა ჩფპ (1580). მაშინ სვიმონ ივლტოდა უსპოობისათვის და ალექსანდრემ იავარჰყო დედოფალი და თვისი და ნიფხავი მისი ააცვა შუბსა ზედა და წავიდა: იკადრა უკადრო, არა ჯერ საყოფი, როგორცა ავაზაკმა, მრისხანემან სვიმონ მეფემან შემოიკრიბა სპანი და მიუთხრა ალექსანდრეს: „ჰქმენ საქმე უშვერი, რამეთუ თუცა ექმნა სხვასა, ჯერ იყო შენგან ძიებად შურისა; აწ განემზადე ხვალისად ბრძოლად, რამეთუ ვიძიებ შურსა“.
დღესა მეორესა მივიდა ჭოტორს მყოფს ალექსანდრეს ზედა, მოეგება იგიცა და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და ივლტოდა ალექსანდრე. მაშინ შეიპყრეს ყოველნი წარჩინებულნი კახეთისანი და აიღო ალაფი მათი, წამოვიდა და მოიყვანა კახნი მცხეთას და აფიცა ყოველნი იგინი: „ღმერთმან ნურას ჟამს მისცეს ძლევა კახთა ქართველთა ზედა“. მერე მისცა ბოძნი და განუტევნა ყოველნი.
ამავ ქორონიკონს მოკვდა ვახტანგ ბატონი მუხრანისა. ამასვე ქორონიკონს ოქტომბერს ათაბაგი ყვარყვარე და ბექა მოუხდნენ ლორეს, მოარბიეს და წავიდნენ. შემდგომად ამისა მოვიდა მაჰმად ფაშა ანუ სინან, და სპათა ამისთა აიღეს ლორე და ამან აიღო გორის ციხე, შეაყენა მცველნი და თვით დადგა მუხრანს.
კვლავ გიორგი იმერთა მეფე სიტყვითა ფაშისათა მოუხდა ზემო ქართლს, მოჰყვნენ დადიანი და გურიელი, ვერ ჰპოვეს ხიზანნი, მოწვეს გაღმართი და გამოღმართი და წავიდნენ. ხოლო მეფემან სვიმონ არა მიხედა მათ, არამედ დაესხა სინან ფაშას მუხრანს სპითა თვისითა და ამოწყვიდა სპანი მისნი, ივლტოდა ფაშა და შევიდა ტფილისს ციხესა შინა, ქ~სა ჩფპა (1581).
შემდგომად კვლავ შემოიკრიბა მეფემან სპანი და თვისთა წარჩინებულთა ცოლნი მოიყვანა, წაიყვანა დედოფალი და იგინი და ავიდა ლილოსა ზედა. წარავლინნა სპანი მცირენი, რათა წამოიღონ მროწლენი ტფილისისანი, ხოლო მათ ჰყვეს ბრძანებული. მაშინ გამოვიდნენ ტფილისიდან სპანი ოსმალთანი სიმრავლით დევნად მათდა და, რა მოვიდნენ სიმარჯვესა, მიეტევა მეფე სპითა თვისითა და სჭვრეტდნენ ჯარნი ქალთა ჯალაბთანი; ამოწყვიდა და აოტა ოსმალნი და მცირედნი შევიდნენ ტფილისს. მიჰყვნენ ქართველნი კარამდე, მაგრამ ციხე ვერ წაართვეს და შემოიქცნენ ალაფითა. მერე შეკრებილი სპითა მოვიდა მეფე ლორეს, მოეგება ფაშა იქაური, ეკვეთა მეფე და ამოწყვიდა სიმრავლე მათი. თუმცა ციხე ვერ წაართვა, მაგრამ ქვაბნი აიღო ქ~სა ჩფპბ (1582).
ხოლო იხილა ათაბაგმა ყვარყვარემ და მანუჩარ ძმამან მისმან გაძლიერება სვიმონისა, ეზრახნენ და დაემძახლნენ. მოვიდა მანუჩარ სვიმონ მეფისა თანა და ამასვე ქორონიკონსა მისცა ასული თვისი ელენე მანუჩარს ცოლად მეფემან, აქორწინა და წავიდა მანუჩარ სამცხეს. ამასვე ქორონიკონსა მოადგა მეფე ლორეს და აიღო იგი აპრილსა ა (1), და დაიპყრა თავისად. მერე მოვიდა და დადგა ტაბახმელას.
ესე სცნა სინან ფაშამან, გამოვიდა ტფილისიდან დასხმად სპითა მეფისად. იგრძნა სვიმონ მეფემან და ეკვეთა ძლიერად, მოსცა ღმერთმან ძლევა, ამოწყვიდა და აოტა და ნარჩენნი შეივლტოდნენ ტფილისსვე (თქმულ არის: კაცი ცხენითურთ გადაიჭრა კლდესა ტაბახმელისასა და ეგნენ ცოცხალნი ორნივე). მაშინ სვიმონ მეფე მოადგა ტფილისს, მცირეს ხანსა შინა აიღო და ამოწყვიდნა სრულიად ოსმალნი ქ~სა ჩფპგ (1583). შემდგომად მოადგა სამშვილდეს რაოდენსამე ჟამსა, შემოაპარა ქურდისკარიდან სპანი ღამით, მოსრეს ოსმალნი და აიღო ციხე, შემუსრა და დაიპყრა თავისად მეფემან. ესენი მიესმნენ ხონთქარს, წარმოავლინა სპანი დიდნი, მოვიდნენ და მოადგნენ ლორეს, აიღეს იგი. მერე ჩამოვიდნენ და დადგნენ ხატის-სოფელს.
მაშინ მოვიდა მათ თანა დესპანად მეფე, მეტყველი ესეთ: „მოგითხრათ მეფემან სვიმონ, ვიკმაროთ სისხლი ესოდენი, და ვყოთ ზავი ჩვენ შორის და ვიქმნე მორჩილ თქვენდა, რამეთუ უმჯობეს არის ჩემდა და თქვენდაცა“. გაიხარა ფაშამან მან და აღუთქვა ზავი. ხოლო ამით განიმსტრო მეფემან და მას ღამესა მობრუნდა სპითა ღამითვე მეფე ხატის-სოფლის მთიდან და დილასა დაესხა ძლიერად, სძლია და ამოწყვიდა, და მცირედნი ივლტოდენ, მოიქცა და მოვიდა ნაალაფევი ტფილისს. შემდგომად მოადგა დმანისს, რამეთუ ჯერეთ ეპყრათ ოსმალთავე, მცირედთა ხანთა აიღო იგიცა და დაიპყრა ყოველნი ციხენი, გარდა გორისა და ლორესა. განასხა ოსმალნი ქართლისაგან და შემდგომად ამისა ვეღარა შესძინეს და იკადრეს მოსლვა ოსმალთა.
ჟამთა ამათ მოვიდა მანუჩარ ათაბაგი წინაშე სვიმონ მეფისა და წაიყვანა ცოლი თვისი ელენე, ასული მეფისა სვიმონისა, და წავიდა სამცხეს. ხოლო იქმნა მშვიდობა, ვინაიდან აღარა ქონდა ოსმალთა თანა ბრძოლა, და ზავ-ჰყო ალექსანდრეს კახ-ბატონის თანა, რამეთუ ძენი ამათნი იყვნენ მამიდაშვილ-ბიძაშვილნი და ჰყვარობდნენ ესენი ურთიერთთა. და ყიზილბაშთაცა შეიპყრეს შახუდაბანდა ქ~სა ჩფპვ (1586) და დასვეს შაჰაბაზ ძე მისი წლისა ივ (16). ამან დაიპყრა სპარსეთი, გარდა ბაღდადისა და ადრიბეჯანისა.
ხოლო წელსა ქ~სა ჩფპზ (1587) მოვიდა შაჰაბაზ განჯას, ააშენა განჯა, უკუნიქცა და წავიდა. ამავე ქორონიკონსა უშველა მეფემან სვიმონ მანუჩარს ათაბაგს ოსმალთა ზედა. მაგრამ ვინაიდან აეღოთ ოსმალთა მძევალნი მანუჩარისაგან, აღარა აბრძოლეს მეფე ოსმალთა. თუმცაა ურჩნი მანუჩარისანი თემნი მოარბია მეფემან და წამოვიდა და მოვიდა ქართლს. ამავე ქორონიკონსა ჩამოვიდა მანუჩარ ლტოვილი და დაადგინა მეფემან ახალდაბას მტკვრისასა.
შემდგომად წელსა ქრისტეს ჩფპჱ (1588) შეკრებილი მივიდა სპითა მეფე სვიმონ სამცხეს, მოსრა წინააღმდგომნი მანუჩარისანი. შემდეგ მოიხსენა შური გიორგი იმერთა მეფისა და ინება დაპყრობა იმერეთისა, რამეთუ ლევანს ვერა ეგდენად მორჩილებდნენ. ამისთვის ეზრახა იმერთა და მოსცეს ზოგთა პირი მტკიცე. მერე შეკრებილი სპითა ჩავიდა იმერეთს. მაშინ ლევანმა შეიკრიბა სპანი და დადგა გოფანთოს. მაგრამ არა ემწნენ დადიანი და გურიელი ლევანს. მივიდა სვიმონ მეფე და ეწყვნენ გოფანთოს ურთიერთს, ძლიერისა ბრძოლისა შემდგომად იძლია ლევან მეფე ქ~სა ჩფპჱ (1588) და ივლტოდა სიმაგრეთა. ხოლო სვიმონ მეფემან დაიპყრა იმერეთი და დამძევლნა იგინი, უკმოიქცა მძევლითურთ და მოვიდა ქართლს, რამეთუ ფიქრი ქონდა გორის მეციხოვნეთა ოსმალთაგან ქართლისა. ხოლო ლევან მოვიდა და კვლავ დაიპყრა იმერეთი, და აიღო ციხენი სვიმონის მიღებულნი. მაგრამ შეიპყრა დადიანმან მეფე ლევანი და დასვეს როსტომ. ამასაც წაართვა გურიელმან ქუთათისი და მისცა ბაგრატს.
ესმა ესე სვიმონ მეფესა და ჩავიდა სპითა იმერეთს, აიღო ციხენი და გამოიყვანა ქუთათისიდან ბაგრატ, და დაიპყრა იმერეთი. გამოართვა კვლავ მძევალნი და მოვიდა ქართლსავე მეფე. მაგრამ კვლავ შეწევნითა დადიანისათა დაიპყრა როსტომმა კვლავ იმერეთი და აიღო ქუთათისი. მსმენელი სვიმონ მეფე წავიდა კვლავ სპითა დიდითა და დიდებითა და ზარბაზნებითა დიდ-დიდითა და აღკაზმულობითა ყოვლითა. ჩასულმან იმერეთს, აიღო ციხენი: სვერი, სკანდა, კაცხი, კვარა. ხოლო როსტომი ვერ წინააღუდგა და ივლტოდა ოდიშს. მოადგა სვიმონ მეფე ქუთათისს და აიღო იგიცა. მერე წარემართა ოდიშს, რათა შეიპყრას როსტომ, და დადგა ოფიშკვითს. მაშინ დადიანმა მოგზავნა წინაშე სვიმონ მეფისა, რათა ჰყოს ზავი მეტყველმან: „მიეც როსტომს იმერეთი და დაგვიმონე, როგორც შენნი, ყოველთა მორჩილებათა შინა“. მაგრამ მეფე სვიმონ, სპისა სიდიდისათვის იმერთა და ქართველთათა და განლაღებული ძლევითა, განრისხდა მას ზედა და მიუმცნო: „მოვალ ბრძოლად და თუმცა ძალგიძს დამხვდი და, თუ მომცე როსტომ, უკუნ-ვიქცე და დავიცვა ქვეყანა შენი უვნოდ“.
ამისი მსმენელი დადიანი როსტომითურთ დილასა დაესხა სვიმონ მეფესა და იქმნა ბრძოლა ძლიერი. სცნა სვიმონ მეფემან ლტოლვა სპათა თვისთა და მოითხოვა შურდანი, რამეთუ ლტოლვისა ჟამსა შეჯდის შურდანს ზედა, ხოლო ჟამსა ძლევისასა - ფალავანსა ზედა. მაშინ იტყოდა თურქისტანისშვილი: „მეფეო, არის თურე ჟამი ლტოლვისა“, მივიდა თურქისტანიშვილი, სცა ოროლი მკერდსა და დასცა მიწასა. ივლტოდენ მეფისა-თანანი ქ~სა ჩფჟ (1590). მოსულს მეფეს კოლბეურს ეტყოდა დედაკაცი: „აწ ფხიზელ არსა მეფე. იახლოს ძე ჩემი“. რამეთუ ჩავლო რა მეფემან მას ჟამს უბრძანა: „მთრვალ ვარ კაცითა, არა მნებავს ძე შენი“.
შემნანე საქმეთა ამათთვის მოვიდა მეფე სვიმონ ქართლს, ხოლო კავთისხევს დაღლილსა დასვენებად დედაკაცი უმასპინძლებდა და ჰკითხავდა მეფესა სპათათვის ქართლისათა, ქმარსა და შვილთა თვისთათვის, რამეთუ არა უწყოდა მეფედ. ეტყოდა მეფე უცნობელობასა მათსა და მშვიდობით ყოფასა მეფისასა. ამისთვის დედაკაცი იგი მადლობდა ღმერთსა: „ვინაიდან ცოცხლებით არის მეფე, იყავნ ყოველნი ნაცვალ მისად (შემდგომად მეფემან აზნაურ-ჰყო იგი სიტყვისა ამისთვის).
ამასვე ჟამსა შემოიკრიბა მეფემან დანარჩენი სპანი ქართლისანი, რამეთუ ლორის ციხიდან გამოსულიყვნენ ოსმალნი, ვინაიდან მეფესა ჰგონებდნენ შორს და იხარებდნენ ტაშირსა შინა. უეცრად დაესხა მათ სვიმონ მეფე და ამოწყვიდა სრულიად, აიღო ციხე ლორეცა და დაიპყრა თვით, მოვიდა ტფილისს და დაეზავა როსტომს იმერთა მეფესა, მისცა მძევალნი იმერეთისანი და გამოართვა რომელნიც დარჩნენ ბრძოლასა შინა იქ წარჩინებულნი, აზნაურნი და გლეხნი, ან მეციხოვნენი.
შემდგომად მოადგა სვიმონ მეფე გორს და, დაჯდა რა გორიჯვარს, შთანთქა თრიაქი (რამეთუ დაჩვეულ იყო პატიმრობასა შინა), და სვა ღვინო, მოინება მწვანვილი მტილთაგან მეტყველმან სპათა თვისთა: „არა არის თუ სირცხვილი თქვენდა, რამეთუ მნებავს მწვანვილი, ვხედავ თვალითა და ვერ მიგემებიეს“. ამისნი მსმენელნი სპანი გავიდნენ გორს, რათა მოიტანონ მწვანვილი, მოეტევნენ ციხიდან ოსმალნი და იქმნა ბრძოლა და ამოწყდნენ მრავალნი. უფროს მოსრვიდნენ თოფ-ზარბაზნითა ციხიდან. მაშინ მოკლეს პაპის ძმისწული მეფისა, სპასპეტი მეწინავისა გოჩა (რამეთუ იყო ესე გოჩა ძე გიორგისა, გიორგი ძე კოსტანტინესი, კოსტანტინე ძე ალექსანდრესი, ალექსანდრე ძე კოსტანტინე მეფისა და ამ გოჩათი ეწოდათ ამათ ძეთა გოჩაშვილად), მოართვეს მწვანვილი მეფესა და აყვედრეს ამოწყვედა სპათა მისთათვის (ამიერიდან უწოდეს ხელი სვიმონ მეფე. ხოლო მაჰმადიანნი უხმობენ დელი სვიმონს):
შემდგომად წელთა რაოდენდაზ მოადგა კვლავ გორს და ებრძოდა ცხრა თვე. მერე ადიდო ციხე გორისა და განუტევნა ოსმალნი უვნოდ ქრისტესსა ჩფჟთ (1599) და გაათავისუფლა ქართლი ოსმალთაგან. მიესმა რა ესე ხონთქარსა, წარმოავლინა ჯაფარ ფაშა სპითა მრავლითა. ესე მოვიდა და დადგა ნახიდურს. ხოლო სვიმონ მეფე სპითა თვისითა იდგა საღირაშენს. დაუტევნა მეფემან სპანი იქ და თვით წავიდა განმსტრობად ოსმალთა თორმეტითა კაცითა და მებუკითა. მისული ნახიდურისთავს მცირისა ეკლესიისა თანა განიხილვიდა ხვალისად დასხმად მათ ზედა, თუ როგორ განაგოს. ამისთვის უბრძანა მებუკესა დაზახებად ბუკისა, რათა სცნას, თუ როგორ უშიშრად დგანან. მაშინ მსმენელნი ბუკისა ოსმალნი ჰგონებდენ მოსლვასა სპათასა და იწყეს აღკაზმად და აღსხდომად ცხენთა. ამისი მხილველი მეფე წამოვიდა ფიცხელად, ხოლო ოსმალნი, მოჰყვნენ. მაგრამ მეფესა მოსულსა ფარცხისს ჩაუარდა ცხენი ლიასა შინა, მიეტევნენ ურუმნი და შეიპყრეს მეფე სვიმონ ქ~სა ჩქ (1600), წაიყვანეს და მიგვარეს ფაშას. ხოლო იგი მსწრაფლ აიყარა და წავიდა. სცნა ესე ძემან მეფისამან გიორგიმ და წარმოუდგა ოსმალთა. მაგრამ ვეღარა ეწია რასა, უკმოიქცა, და მოვიდა ქართლს. ხოლო ოსმალთა აიღეს ლორე, დაადგინეს მას შინა მცველნი და თვით წავიდნენ და მიიყვანეს სვიმონ მეფე სტამბოლს. მაშინ გიორგიმ დაიპყრა გარდა ლორისა ყოველი ქართლი და ციხენი მას შინა. შემდგომად წარავლინა სტამბოლს, რათა დაიხსნას მამა თვისი. მაგრამ ხონთქარი უთქმიდა სვიმონ მეფესა, რათა დაიდვას ხარკი და მორჩილ ექმნას, ამას პირსა ზედა განგიტევო. თუმცა სვიმონ მეფემან არა ინება ხარკი ქართლისა. მერე გიორგისაგან მოითხოვეს სახსარი მეფისა. ხოლო გიორგიმ წარავლინნა ყოველნი საჭურჭლენი და საგანძურნი მამისა თვისისა და ეკლესია-მონასტერთანი და წარჩინებულთა ქართველთანი, და ესენი მიიღეს რა სტამბოლს, მომკვდარ იყო მეფე სვიმონ. მოსცეს მკვდარი და წაიღეს საგანძურნი ოსმალთა, გარნა ჰყო უჯერო სვიმონ მეფემან, რამეთუ დასდვა კომლს გლეხსა ზედა მარჩილი და ამით მოიყიდდა ოვსთა, კავკასთა, ჩერქეზთა და წარუგზავნიდა ყაენსა. ხოლო დაუტევა მეფემან სვიმონ ძენი გიორგი და ვახტანგ. შემდგომად მოიტანეს სვიმონ მეფე და დაფლეს მცხეთას.
პე. მეფე გიორგი (X), გ (3) წელი იმეფა
შემდგომად გარდაცვალებისა სვიმონ მეფისა ეკურთხა გიორგი ძე მისი ტფილისს მეფედ ქ~სა ჩქ (1600). შემდგომად შეიკრიბა სპანი და მოადგა ლორეს, ქ~სა ჩქა (1601), აიღო იგი და დაიპყრა თვისად. ამისა შემდგომად მოვიდა შაჰაბაზ და მოადგა ერევანს ქ~სა ჩქბ (1602) და მოუწოდა მეფესა გიორგის და კახთ-ბატონსა ალექსანდრეს. ამათ შემოიკრიბეს სპანი თვისნი და მივიდნენ ერევანს წინაშე ყაენისა, და სამკერძოდ მოადგა სპანი შაჰაბაზისნი ერევანს, და ერთ კერძოს დადგნენ ესენი. შემდგომად რამდენისამე დღისა ბრძანა შაჰაბაზ მიტევება ციხესა ზედა სპათაგან. მაშინ საქართველოსანი პირველნი სპარსთაგან შეუხდნენ ციხესა შინა, ამოწყვიდეს და წაართვეს ქალაქნი, შემდგომად შევიდნენ სპარსნი და დაიპყრა ციხე ქალაქით შაჰაბაზმა. ამისა შემდგომად მოუთხრა შაჰაბაზ გიორგი მეფესა: „რამეთუ მტერ თუ იყო ჩემი ხონთქარი, მაგრამ უფროსღა შენი, აწ ვინაიდან ვსძლიეთ ძალითა ჩემითა, ჯერ არის, რათა მომცე ჯილდოდ ლორე ბერდუჯის მდინარით“. ეწყინა ესე ფრიად მეფესა და მიუგო: „ველოდი ჯილდოდ შენგან სხვასაცა ქალაქსა სამსახურისათვის მამისა ჩვენისა და ჩემისა, და არა წართმევასა საზღვართა ჩემთასა“, ვინაიდან იყო შაჰაბაზ ცბიერი და სწადდა დამცირება ქართლისა, და კვლავ ერისთავი ლორისა ლტოლვილი გამაჰმადიანებული აზრახებდა შაჰაბაზს მოკლებად მისგან ძალსა დიდსა ქართლისასა, ამისთვის უფროს აიძულებდა, რათა მისცეს ლორე და გამოსავალისათვის ბერდუჯის მდინარისა, მოსცა ფუშტუკუნი და ხუინი და სამასი თუმანი ლაიჯანს ყოველს წელს. ამით უღონო ქმნილმან მეფემან გიორგიმ მისცა ლორე, მერე ანიჭა შაჰაბაზმა მრავალნი (იტყვიან მოართვეს რა მეფესა ხალათი ყაენისა, არა გაიხადა სამოსელი თვისი, არამედ მას ზედა ჩაიცვა; ეტყოდენ წარჩინებულნი მეფესა: „უკადრო არის ყაენისა ეგე და მწყენარ იქნება“. ხოლო მეფე მიუგებდა: „თქვენ არა იცით არცა ერთი, უკეთუ ვყო ეგრეთ, მერე მითხრას სხვაცა ნებისა თვისისა ყოფად, და აწ ამისთვის ესეთ უმჯობეს არის“) და წარმოავლინა ქართლს. და ესე მისაგებელი მოაგო შაჰაბაზმა გიორგი მეფესა ერთგულობისათვის მამისა თვისისა და თვისისათვის. კვლავ ჟამსა ამისსა იქმნა შფოთი ძეთა შორის კახ-ბატონის ალექსანდრესთა, რაჟამს ისტუმრა გიორგი მეფემან. რამეთუ ბიძის ძენი იყვნენ ძენი ალექსანდრესნი გიორგისა, შემდგომად ამისა მცირე ჟამს გარდაიცვალა მეფე გიორგი ქ~სა ჩქგ (1603) მოიტანეს და დაფლეს მცხეთას.
პვ. მეფე ლუარსაბი იბ (12) წელ იმეფა
ხოლო გიორგი მეფისა შემდგომად გამეფდა ძე მისი ლუარსაბ და ეკურთხა მცხეთას და დაიპყრა ქართლი. იყო მაშინ ქართლი და მეფე საგანძურთაგან ფრიად ნაკლულევანი, ვინაიდან მიეცათ ყოველი სახსრად სვიმონ მეფისათვის. ქონდა მეფესა ჟამი მშვიდობისა, რამეთუ კახნი მოყვასობდნენ და ყაენი უცალო და მწყალობელი იყო და ხონთქარიცა ეგრეთვე უცალოებდა.
ამისა შემდგომად სთხოვა შაჰაბაზმა ლუარსაბ მეფესა და თვისი ცოლად თინათინ. ამან მისცა და წაიყვანეს დიდითა დიდებითა და ნიჭითა. ამ ჟამებთა შინა განმკვიდრებულ იყვნენ მთავარნი და დაეპყრათ ხევნი და ხეობანი თვისად და უმეტეს ყოველთა სააკაძე გიორგი, მოურავი ტფილისისა, ქრცხინვალისა და დვალეთისა. ხოლო იდგა რა მეფე ლუარსაბ ქრცხინვალს, რამეთუ ჟამად მოვლიდნენ თვისთა ქვეყანათა ყოველთა. და ესე მოურავი გიორგი იყო მხნე, ახოვანი, ძლიერი ძალითა და შემმართებელი, უშიში, ცბიერი, მჩურჩნელი და უნდო ესე მარადღე თვითოეულთა კაცთა ფურჩნვიდა და არა დასცხრებოდა. იხილა ესე მეფემან და აუწყა მოურავსა: „რა არის რომ არა დასცხრები ფურჩნვად, ან რა გნებავს ყოფად“. ამისთვის ევედრა მოურავი მროველს დომენტის: „რამეთუ მეტყვიან სიკვდილსა მეფისაგან, და არა რა ვუწყი მიზეზი შეცოდებისა მონებისაგან კიდე“. ესე ყოველი მროველმან ჰკადრა მეფესა, არამედ მეფე ამისი უცნობელი განკვირდა და ამცნო მროველსა გულდებულყოფა მოურავისა, რამეთუ არა რა არის მანკიერება მეფესა შინა შენთვის, გარნა ჰკითხოს ვინ უთხრა იგი. ხოლო მოურავმან არა თქვა მთქმელი, რამეთუ ფიცებულ ვარ მათ მიერ.
შემოსლვა თათარხანთა
და საუბარსა ამას შინა მოართვეს მეფესა ამბავი, რომ მოვიდნენ სპანი დიდნი თათარხანთა თრიალეთსა ზედა (მას ჟამსა აეღო ხონთქარსა ბაღდადი და უკუნქცეულისათვის ეთხოვათ ნება წასლვად გზასა ზედა ქართლისასა. ვინაიდან ეთქვა ვისმე მათთვის გზის-მოკლობა და ალაფ-ტყვეთა სიმრავლენი). მასვე ჟამსა დაუტევეს ზრახვა იგი და წარავლინა მეფემან იარალი, რათა შეჰკრას გზანი და მსწრაფლ აცნობოს მეფესა, და თვით მეფე მოვიდა ცხირეთს. მისული იარალი, ჩამხერგველი გზისა, განისვენებდა და მძინარესა დაესხნენ თათარხანნი და ამოწყვიდეს იარალითურთ ყოველნი, რამეთუ ვერ განერიდა ერთიცა. მერე მოვიდნენ და დაწვეს მანგლისი და კველთა, შეიპყრეს კველთას მღვდელი ერთი და სცემდნენ ლახტითა, რათა აუწყოს, სადა არის მეფე; ხოლო მღვდელი იტყოდა: „არა ნაცვალი ვყო საწუთო ესე წარუვალს მას, და არა ვიქმნე განმცემელ მეფისა და ქვეყნისა“. წარმოუძღვა მღვდელი იგი გოსტიბის თავსა ზედა და ჩამოიყვანა ქვენადრისის გზასა. სცნეს თათარხანთა, რამეთუ ატყუებდათ მღვდელი, ამისთვის მოჰკვეთეს თავი და შეირაცხა წმიდათა მოწამეთა თანა.
ჩამოსულთა თათართა მოიცვეს ერთაწმიდა და ახალქალაქი, და მეფე სჭვრეტდა ცხირეთიდან. მეფიდან წავიდა მოურავი და ციციშვილი ზაზა, ამათ შემოიკრიბეს გარემონი და მცნობელნი ამისნი ბარათიანნიცა მოვიდნენ მეფისა თანა. ხოლო მოურავი ჩავიდა ნიაბის ბოლოს სხერტის ჭალასა შინა, ეკვეთა თათართა და ამოწყვიდა სიმრავლით. მაშინ ზაზამ მოჰკლა ფაშა და თავის ჭრასა შინა მოერტყნენ თათარხანნი; იპყრა ზაზამ კბილით წვერი თავისა მის, შეჯდა ცხენსა და გამოვლო ბრძოლით თათარხანნი. მოვიდნენ წინაშე მეფისა, მოართვეს თავნი და ალაფნი მათნი. ხოლო მეფემან შემოიკრიბა სპანი ქართლისანი და წარმოუდგა თათარხანთა. თათარხანნი მიმავალნი დღეისის მინდორსა შინა, იხილა ტერტერამან, გორელმან, მსწრაფლ უკუნიქცა და აჰყარა ხიდი გორისა.
რა იხილეს თათარხანთა ხიდი აყრილი, შევლეს საციციანოსა ზედა და სადაც ვინ მოახელთეს ამოწყვიდეს, ტყვე-ჰყვეს და მოაოხრეს და მივიდნენ ბრბონას. იქ დაარღვიეს სახლნი და გასდვეს ხიდი მტკვარსა ზედა, გავიდნენ და დადგნენ ტაშისკარის ბოლოს. და მეფეცა მივიდა ახალდაბას სპითა და აღარა იყო იქ ხიდი, რამეთუ მტკვარი ადიდებულ იყო თვესა ივნისსა. ამისთა მხილველთა შეავედრეს თავნი ღმერთსა მეფემან სპითურთ და გავიდნენ ცხენის ცურვით უვნებელად ყოველნი. ჩავლეს კიდე მტკვრისა ფარულად და მივიდნენ სურამის ბოლოს, იქ შემოეყარნენ სრულიად ქართველნი მტკვრის ჩრდილოეთისანი. მაშინ განზრახვითა მოურავისათა შემოუსხდნენ მეთოფენი თხრილსა და თვით ცხენოსანნი მივიდნენ განთიად მინდორსა ზედა, ეკვეთნენ ფიცხელად და იქმნა ბრძოლა ძლიერი ქ~სა ჩქთ (1609).
ამ ომსა შინა ფრიად მხნედ გამოჩნდნენ მეფე ლუარსაბ და უმეტესად მოურავი. მოსცათ ღმერთმან ძლევა და ამოწყვიდეს ურიცხვნი და ივლტოდნენ თათარხანნი, რამეთუ მოსაკიდელთა დედანიცა მესამე დღემდე გამოიყვანდნენ ტყიდან თათარხანთა, განაშიშვლებდნენ და განუტევებდნენ. ხოლო მეფემან აიღო იავარი მათი და მოიქცა და თავნი მათნი წარუვლინნა ყაენსა შაჰაბაზს და მან წარმოუვლინა ნიჭნი დიდნი.
ხოლო შემოქცეული მეფე ისტუმრა მოურავმა, რომელსაც ქონდა მანკიერება გულისა წინათქმულთათვის და ჰყავდა და მშვენიერი და კეკლუცი. იტყოდა: „ვაჩვენო იგი მეფესა და უკეთუ მესიძოს, რა იგი მნებავს ვყოცა და, უკეთუ არა, ვსცნობ, რამეთუ მართალ არის თქმულნი იგი წინანი“. და განცხრომასა და ნადიმსა შინა ჰყო და თვისი მეწდედ მეფისა. და ვინაიდან იყო მეფე ჭაბუკი, აღეტყინა ტრფიალებითა და მეორესავე დღესა მოითხოვა ცოლად. ესე მოურავმა უარ-თქვა ცბიერობითა: „რამეთუ დიდებულთა ცოლნი არა თავსიდებენ და სათნო იყოფენ დასა ჩემსა დედოფლად და შემასმენენ წინაშე შენსა მოსპობად“. შემდეგ კვლავ ევედრა მოურავი დედასა მეფისასა დედოფალსა მარიამს, ასულსა ლიპარტიანისასა. მაგრამ მეფემან არა ისმინა და ქმნა ქორწილი.
ხოლო შემდგომად რაოდენთამე თვეთა არა თავს-იდებდენ მტერნი მოურავისანი წარჩინებულნი და უმეტეს შადიმან ბარათაშვილი, მამამძუძე მეფისა, ეტყოდენ მეფესა განტევებასა ცოლისასა და მოსრვასა მოურავისასა. ამისი არა მნებებელი მეფე ჩამოიყოლიეს, და მოუწოდა მოურავსა, რეცა ნადირობად ყარაიისად წავკისს მდგარმან მეფემან. და მოვიდა რა მოურავი. მასვე ღამესა სწადდათ შეპყრობა მისი. ესე ესმა კახაბერს ხერხეულიძეს ფარეშთუხუცესსა მეფისასა და წამსვე აუწყა მოურავსა. მსმენელი მოურავი მყის შეჯდა ჩულიანსა ცხენსა ზედა და ივლტოდა ფიცხლად, და მოვიდა ნოსტეს, აჰყარა დედაწულნი თვისნი და შევიდა მთასა შინა. მასვე ჟამსა მოუხდნენ სპანი მეფისანი და დაწვეს ნოსტევი და ეძიებდენ მოურავსა და შეუკრეს გზანი ყოველნი. მაგრამ მოურავმა განვლო ღამით ფონი მცხეთისა მალვით და მივიდა დუშეთს ნუგზარისა თანა, რამეთუ ასული ნუგზარისა ჰყავდა ცოლად მოურავსა (ხოლო ესე ნუგზარ იყო ერისთავი არაგვისა, რამეთუ პაპა ამისი იყო აზნაური ვანათელი და პირველსა მეფობასა სვიმონისასა უკუდგა ვანათის ციხის მპყრობელი და მან ბრძანებითა მეფისათა და შეტყუებითა აიღო ციხე იგი, და მეფემან მიანიჭა იქ მამულნი. ხოლო როდესაც შეიპყრეს ყიზილბაშთა მეფე სვიმონ, ამანვე მოიმწო ქსნის ერისთავი, დაესხა და ამოწყვიდა თექთურმანიძე და ჭარმეული და დაიპყრა ბაზალეთი. მოკვდა იგი და ხარჭისა ნაშობმან ძემან მისმან მოსრა ძმანი თვისნი ყოველნი, და ესე ნუგზარ ძმისწული ამისი გაიტაცეს ყრმა. შემდგომად აღზრდისა გადმოიბირა ნუგზარმა კაცნი და მოჰკლეს იგი. და დაიპყრა ნუგზარმა ბაზალეთი, შემდეგ დაიმორჩილა მთიულეთი. ხოლო მოვიდა რა სვიმონ, მისცა პაპასავე ნუგზარისას მსახურებისათვის მისისა და იყვნენ ამ ჟამამდე ერისთავად).
ამას ნუგზარს განუზრასა მოურავმან წასლვა წინაშე ყაენისა, ვინაიდან იქ ვერ დაუდგმიდნენ მეფესა. ამისთა დამსკვნელთა წავიდნენცა და მოსულთა აღჯაყალას დაუტევა მოურავმან ცოლშვილი და თვით მივიდნენ წინაშე შაჰაბაზისა. მან პატივით შეიწყნარა და ანიჭნა ბოძნი დიდნი და ამიერიდან აზრახებდა ყაენსა მოურავი დაპყრობად ქართლისად. მას, ვინაიდან გულად ედვა დაპყრობა და გამაჰმადიანება ქართლისა, გამოუშვა ნუგზარ ნიჭითა და მოურავი დაიპყრა იქ ჟამადმდე.
ხოლო ყაენიდან მოსულმა ბატონმან თეიმურაზ კახთამან მოითხოვა და ლუარსაბ მეფისა ხვარაშან ცოლად. ესე არა ინება მეფემან ნათესაობისათვის. მაგრამ იძულებითა შაჰაბაზისათა მისცა და ქმნეს ქორწილი დიდებული. ამ ქორწინებისა ჟამსა შინა მოუწერა შაჰაბაზ ყაზახის ხანსა: „შემოიკრიბე გარემონი ყოველნი და დაესხი მეფესა ლუარსაბს, მოჰკალ იგი და თავი წარმომიგზავნე წინაშე ჩემს“. ეგრეთვე მოუწერა მეფესა. მაშინ მეფემან მსწრაფლ შემოიკრიბა სპანი და მიუხდა ხანსა მას და მოკლა იგი და თავი წარუგზავნა შაჰაბაზს. ამის ჯილდოდ წარმოუვლინა შაჰაბაზ მეფესა ნიჭნი დიდნი, ესე ჰყო რათა სცნას ძალი მეფისა, თუ ევნოს ხრიკით და მიზეზ ჰყოს.
შემოსლვა შაჰაბაზისა
ამისა შემდგომად მოვიდა განჯას უგრძნეულად შაჰაბაზ შესლვად კახეთს, რამეთუ ეახლა მოურავი და ეუწყა ყაენისათვის: შესლვა ქართლს უმჯობეს არის ზამთარს, ვინაიდან ვერ წარვლენ ხიზანნი მთათა შინა და ხელთ იგდებ ყოველთა. მაშინ ეზრახა ბატონი თეიმურაზ მეფესა ლუარსაბს ერთობასა და მეფე, ვერ-მნდობი ყაენისა წინათქმულთათვის, დაჰყვა ნებასა და ქმნეს პირი მტკიცე. გაიპარნენ ნუგზარ და იესე ერისთავნი, ამილახორი ანდუყაფარ, ფეშანგი ფალავანდისშვილი, აღათანგი ხერხეულიძე და მივიდნენ განჯას წინაშე ყაენისა.
შემდეგ მოვიდა თეიმურაზ მუხრანს ლუარსაბისა თანა. ხოლო შაჰაბაზ მოვიდა კახეთიდან ქართლს, ლამობდენ მეფენი ბრძოლასა, მაგრამ ქართველ-კახთა არა ინებეს წინათქმულთა და დიდთა სპათათვის შაჰაბაზისათა და წავიდნენ მეფენი იმერეთს ქრისტეს ჩქიე (1615). მოეგება მეფე იმერთა გიორგი და ისტუმრა კეთილად. ხოლო შაჰაბაზ მოვიდა გორს და ეზრახა გიორგი მეფესა, რათა მისცეს მეფენი და მან აღავსოს ნიჭითა და საგანძურითა. ამას ზედა წარმოუვლინა გიორგი მეფემან კათალიკოზი მალაქია და აბაშიძე ლევან ძღვენითა, მეტყველმან: „გევედრებით რათა პატივს-გვცე და მისცე მეფეთა სამეფონი თვისნი და იმსახურენ მით, როგორც პირველ მამათა შენთა და თქვენ წახვიდეთ“. იხილა ესე შაჰაბაზმა, რამეთუ ძალითა აღარა ეგება შოვნა მათი, აწ მიმართა ხვანჯსა და ცბიეროებას, მოიხმო შადიმან, გამზრდელი ლუარსაბ მეფისა, და ეტყოდა მას: „უგულებელს ვყოფ სვიმონ მეფის შვილისშვილსა და გიორგი მეფის ძესა. და უწყი, რამეთუ შემიცდინა თეიმურაზმა და აწ უწყოდე შენ მტკიცედ: უკეთუ მოვიდეს ჩემთანა, მივსცე თვისნი ყოველნი და უმეტესნი სხვანიცა“. ტირილით შეჰფიცა და სარწმუნო ჰყო შადიმან. ხოლო კათალიკოზსა და ლევანს მიანიჭა მრავალნი და მიუმცნო გიორგი მეფესა: „არის მტერი ჩემი ძველადვე თეიმურაზ და მას ვერ მივინდობ. მაგრამ უკეთუ მოვა ლუარსაბ მეფე, მივანიჭებ ყოველსავე მსახურებისათვის მამა-პაპათა მისთა“. და წარავლინა ესენი და წარუვლინა ხმალი მოოჭვილი მეფესა ლუარსაბს ხელითა საჭურისისა თვისისათა და წიგნი დისა ლუარსაბისა მოსლვისათვის, რათა არა რა ქონდეს შიში.
მაშინ მისულმან წინაშე მეფისა შადიმან სარწმუნო ჰყო ყაენისაგან ლუარსაბ მეფე და აღეკაზმაცა მეფე წამოსლვად. - ამას უშლიდნენ მეფენი და წარჩინებულნი იმერნი წასლვასა და არა უსმინა მეტყველმან: „უკეთუ არა წავიდე, ამიყრის ქვეყანათა და მოაოხრებს, რა მადლი არის ჩემდა“. ესმა რა შაჰაბაზს მოსლვა ლუარსაბისა შეჯდა და გამოვიდა ნადირობად, მჩვენებელი სპათა თვისთა და მეფისა, როგორც მიმგებელი. და რა იხილა ლუარსაბ, შაჰაბაზმა იწყო ტირილი მეტყველმან: „როგორ გიყოფ ბოროტსა ახოვანსა და მშვენიერსა, ერთგულთა ჩემთა ძესა“. სცა პატივი სწორ თვისად, და შემდგომად წამოვიდა ტფილისს; ეტყოდა მეფესა იქ დატევებასა. ტფილისს უთხრა: „წავიდეთ ნადირობად ყარაიისად“; წავიდა და წაიყვანა მეფე.
მაშინ კალის ციხესა შინა დაუტოვა სპანი მცველად ციხისა ციხისთავითურთ, რომელსაც აწ უწოდდენ ქუთვალსა და მიმბაშსა, და დაიპყრა თვისად. ხოლო მისულთა ყარაიას ინადირეს და სჭვრეტდა არამი ყაენისა. მას დღესა მოკლა მეფემან იგ (13) ჯერანი და სხვანიცა ნადირნი. ამაზე განკვირდა შაჰაბაზ და აღეგზნა შურითა, რამეთუ მტერ იყო ყოველთა ახოვანთა. მოუმცნო დამან თვისმან თინათინცა ცოლმან ყაენისამან, რათა არა ეჩვენოს მხნედ ახოვნად, მაგრამ არა ისმინა მეფემან მეტყველმან: „უწყი, რამეთუ აღარა განმიტევებს, ამისთვის უმჯობეს არის სიკეთისა ჩვენება, ვიდრე სიავისა. და შაჰაბაზ ლიქნიდა ტკბილად, რათა არა განევლტოს მეფე და იქ ეტყოდა: „ვინაიდან ხარ რაინდი და უცდური მოისარი, ვინადიროთ ყარაბაღიცა“. ხოლო ყარაბაღს ეტყოდა ნადირობასა მაზანდარისასა და მიიყვანა მაზანდარანს და იქ აიძულებდა უარისყოფად ქრისტესსა. ხოლო მეფემან არა ინება.
შემდგომად მრავლითა ლიქნითა და ნიჭითა და შინებითაცა უთქმიდა, მაგრამ მეფე დადგა სიმტკიცესა ზედა, ამისთვის პატიმარ-ჰყო მეფე! მაშინ ეზიარა პატიოსანსა სისხლსა და ხორცსა უფლისასა და ატირა მთავარნი თვისნი წესითა ქართულითა, როგორცა მკვდარსა ზედა, და მეფე შესხმისა წილ იტყოდა: „აგრე ჩემმან სულმან“.
შემდგომად წარავლინა შაჰაბაზმა მეფე გულამყალას შირაზს და პატიმარ-ჰყო იქ, მერმე კვლავ არა დასცხრა მძვინვარებად, წარავლინა შაჰაბაზ და მოახჩრვეს იქ ციხესა შინა მეფე ლუარსაბ მშვილდის საბლით ქ~სა ჩქკბ (1622) და შეირაცხა წმიდათა მოწამეთა თანა და აწცა არის წმიდა გვამი მისი იქ.
ხოლო შექცევასა შაჰაბაზისასა ქართლიდან დარჩა უმეფოდ ქართლი, რამეთუ არა დარჩა ძმა ან ძე ლუარსაბ მეფესა და იმყოფებოდნენ მთავარნი თვის-თვისად და განიმკვიდრებდნენ თვისთა კერძოთა. მერე რა დაიპყრა კახეთი კვლავ ბატონმან თეიმურაზ, ესე ესმა შაჰაბაზს, განძვინდა და მოვიდა კახეთს და იქიდან ტფილისს ქრისტესა ჩქივ (1616).
პზ მეფე ბაგრატ (VII), გ (3) წელი იმეფა
მაშინ ტფილისს დასვა მეფედ ქართლისად ბაგრატ ძე დაუთხანისა, ნაშობი კახთ-ბატონის ნათესავისა, და თვით უკუნ-იქცა შაჰაბაზ, აჰყარა კახეთი და მივიდა ისპაანს.
ხოლო ესე ბაგრატ იყო ფრიად მოჰმადიანი და არა რა კეთილი იყო მის თანა. სძულობდნენ ქართველნი და იყო საბარათიანოს და უძახდნენ საბარათიანოს ბატონსა, არცაღათუ ეგოდენ ერჩდნენ და მორჩილებდნენ. შემდგომად ბოლნისს ყოფასა შინა მოკვდა ბაგრატ ქ~სა ჩქით (1619). ხოლო ცოლი მისი ანნა ძით სვიმონით იმყოფებოდნენ ტფილისს და სომხითს და არცა მას მორჩილებდნენ ქართველნი ეგოდენად. რადგან ამოწყვიდა ბარათამ სახლეულნი თვისნი, და ყაფლანი ძმისწული მისი, ივლტოდა და მივიდა წინაშე შაჰაბაზისა. ამისთვის წარმოუგზავნა შაჰაბაზმა სპანი და მოეწივნენ ბარათას ფარავანსა ზედა და მოკლეს იგი.
კვლავ ამ წინაჟამებთა მომკვდარ იყო ნუგზარ და დაჯდა ძე მისი ბაადურ ერისთავად. ამას არა მორჩილ ექმნა ძმა თვისი ზურაბ, გააძევა იგი და წავიდა ცოლით წინაშე შაჰაბაზისა. მან კეთილად შეიწყნარა შუამდგომელობითა მოურავისათა, რამეთუ იყო აღზრდილი მოურავისა. შემდგომად მისცა ნიჭი შაჰაბაზმა და ერისთაობა და გამოუტევა და დარჩა ცოლი იქ. მოსულმან ზურაბ ძალითა ყაენისათა და სვიმონის მწეობითა დაიპყრა ბაზალეთი და გააძევა ბაადურ ძმა თვისი და მივიდა საჩინოს ბაადურ. ხოლო ზურაბმა მოიმწო სპასპეტი საბარათიანოსი ბარათა ბარათაშვილი და დაუწყო კირთება მთიულ-მოხევეთა და დაიპყრა იგინი და გაძლიერდა ფრიად (რამეთუ იყვნენ სახასონი მეფისანი და აქამომდე არა ეპყრათ ხევი ამათ, არამედ მთიულნი ემორჩილებოდნენ მცირედ). ხოლო საჩინოს მყოფსა ცოლსა ბაადურისასა ეტრფიალა საზვერელი ჩიჯავაძე და ცოლისა მისისავე ნებითა მოკლა ბაადურ და შეირთო მან ცოლად.
მცნობმან ამისმან ზურაბ განვლო ფერსათის მთა. მას ღამესა იხილა სიზმარი ცოლმან ბაადურისამან, რამეთუ მოკლეს საზვერელი და ტყვე ყვეს იგი. უთხრა ესე ყოველი საზვერელსა, ხოლო მან არა უსმინა და ქალი იგი შევიდა ციხესა და გაამაგრა. დილას დაესხა ზურაბ, მოჰკლა საზვერელი, მოჰკვეთა თავი და წამოვიდა. თუმცა ციხესა ვერ ავნო და მოვიდა გამარჯვებული. იხილა რა ესენი სვიმონ, ძემან ბაგრატისამან, რამეთუ მიიღეს მთავართა თვის-თვისნი კერძონი და აღარასა მორჩილებდნენ, წავიდა წინაშე ყაენისა.
ამისი მხილველი ზურაბ ერისთავიცა წავიდა წინაშე ყაენისა, რათა არა შესმენილ იქმნენ. ხოლო ყაენმა განიხილა საქმე მათი და ეწყინა განდგომილებისათვის ქართლისა, მოუწოდა მოურავსა და ზურაბს, ვინაიდან მოურავი სახელოვან იქმნა მის წინაშე ბრძოლათა შინა და იახლა ბაღდადს და ყანდაარს, ამისთვის სწყალობდა და უსმენდა. ამათ გამოატანა ყარჩიხან სპითა დიდითა და ამცნო, რათა ამოწყვიდონ კახეთი და აჰყარონ ქართლი და წარუგზავნონ მას. გამოატანა სვიმონიცა ძე ბაგრატისა მეფედ ქართლისად, რათა ვერა სცნან საქმე იგი ქართველთა და მისცა სვიმონს ასული ყორჩიბაშის ჯანბანუმ ცოლად. ესენი რა მოვიდნენ, ეწყინათ ქართველთა სპათა სიდიდე. მაგრამ მოურავმა და ზურაბმა ფიცით არწმუნათ, რამეთუ მოგცათ ყაენმან სვიმონ მეფედ და ამის გამო მიენდვნენ სრულიად ყოველნი ქართველნი.
პჱ. მეფემან სვიმონ (II), ზ (7) წელს იმეფა
მერე მოვიდნენ ტფილისს და დაუტევეს იქ სვიმონ მეფედ და თვით სპითა წავიდნენ, და დადგნენ მუხრანს. იქ მოუწოდეს კახთა და უყვეს, რა იგი აღვწერეთ კახეთის ისტორიასა, და მცდელობდენ აყრასა ქართლისასაცა. მაგრამ მოურავმა მონადირემან ლოჭინის ხევსა შინა იხილა შიკრიკი ერთი მომავალი. შეიპყრა იგი და იხილა წიგნი, რომელსა შინა ეწერა ყარჩიხანისა თანა შაჰაბაზის მიერ: „რათა ამოწყვიდნო კახნი და აჰყარო ქართლი; მოკვეთე თავი მოურავსაცა და წარმოგზავნე წინაშე ჩემსა“. განცვიფრებულმა ამისთვის მოურავმა მოჰკლა შიკრიკი და დაფლა იქვე და მოვიდა ზურაბ ერისთავისა თანა ფარულად. ეზრახა ამოწყვედასა ყიზილბაშისასა და აუყრელობასა ქართლისასა. მაგრამ ზურაბმა მიზეზ-ჰყო ცოლი, რომელიც ჰყავა ისპაანს, და მოურავს ძე პაატა. ხოლო მოურავმან აღუთქვა შერთვა ლელა ბატონისშვილისა დისა ბაგრატისა, და მრავლითა ლიქნითა დაიყოლია და ზურაბმა დასთმო ცოლი და მოურავმა შვილი და დაასკვნეს ღალატი ყიზილბაშთა.
მერე მოვიდა მოურავი და აზრახა ყარჩიხანს, რათა მოუწოდონ ქართველთა და აღასრულონ ბრძანებული. ამისთვის ნება-სცა ყარჩიხან და მოწოდებითა შეიკრიბნენ ქართველნი. ხოლო შემოკრებულთა წარჩინებულთა ეტყოდა ზურაბ და აუწყა დავედრებული ყაენისა, რათა არა ჰყონ ესე და არა მოაოხრონ ქართლი და მიჰყვნენ ნებასა მათსა. მაშინ მათ ყოველთა ფიცით აღუთქვეს, რა იგი მათ უთხრან იგიცა ჰყონ ყოველთა. ანდუყაფარ ამილახვარსა ვერ გაანდვეს ესე, რამეთუ ჰყავდა ცოლად სვიმონ მეფის ცოლის და, ასული ყორჩიბაშისა, მონათესავე ყაენისა, და იყო ანდუყაფარ გამოჰმადიანებულიცა. ამისთვის შეიპყრეს იგი საფურცლის ჭალასა შინა და ცოლიცა მისი წარავლინეს და პატიმარ-ყვეს არშას ციხესა შინა. დილას დაესხნენ ყარჩიხანს ქართველნი ზურაბით. ხოლო ყიზილბაშთა შინა მყოფი მოურავი შეუხდა ყარჩიხანს და მოკლა, და შვილმან მისმან ზურაბ შვილი ყარჩიხანისა და ამოწყვიდეს ყიზილბაშნი, რომელნიც მცირედნიღა გადაიხვეწნენ ქ~სა ჩქკგ (1623). და აივსნენ იავარითა და ალაფითა მათითა (რომ არა ეხილა მოურავსა წიგნი იგი შიკრიკისა, აყრილიმცა იყო ქართლი. მაგრამ იხსნა ღმერთმან ერი თვისი ესეთ).
დღესა მასვესი სიტყვითა მოურავისათა წავიდნენ სპანი ქართლისანი ერთი ახალციხეს, მეორე ზურაბით კახეთს და მოურავი მიუხდა ტფილისს, აიღო ქალაქი, ხოლო ციხესა ვერ ავნო. ეგრეთვე ყვეს ახალციხესაცა. კახეთს ივლტოდა ფეიქარხან, რომლისაცა ენებათ ცოლის წაგვრა ლელა ბატონისშვილისა, და მივიდა იქ ზურაბისა თანა მოურავიცა და მიჰყვნენ ფეიქარხანს ბარდამდე, და მას ვერღარა ეწივნენ, შემოიქცნენ, მოარბიეს განჯა, ყარაბაღი და მოვიდნენ ალაფითა სავსენი ქართლს.
მაშინ დაადგინეს განმგებლად ქართლისად ქაიხოსრო ძე მუხრანის ბატონისა ვახტანგისა. უწოდეს სახელით ოდენ, და იყო მოურავი მოქმედი ყოვლისა და მორჩილებდნენ მას ყოველნი ყმურად. ხოლო ამათ მოუწოდეს ბატონს თეიმურაზს და დაიპყრა მან კახეთი და მოსცა ასული თვისი დარეჯან ზურაბ ერისთავსა სათნოჩენითა მოურავისათა.
მიესმა ესე ყოველი შაჰაბაზს, მოსრვა სპათა თვისთა და დაპყრობა კახეთისა თეიმურაზისაგან; განრისხებულმა წარმოავლინა ისახან ყორჩიბაში სპითა დიდითა. ესე მოვიდა და დაიბანაკა ალგეთსა ზედა. მაშინ შეერთებისათვის კახთა მოიყვანეს ბატონი თეიმურაზ კახთა სპითა, შეიკრიბნენ და დადგნენ კოჟორს ზედა. მოვიდა ათაბაგი მანუჩარ ლტოლვილი სამასითა კაცითა. ხოლო სპასპეტსა საბარათიანოსასა ბარათა ბარათაშვილს ეშინოდა განლტოლვად ბარათიანთა. ამისთვის განზრახვითა მისითა განთიად კოჟრიდან დაესხნეს ყორჩიბაშს და იქმნა ბრძოლა ძლიერი და ამოწყდა სიმრავლე ორმხრითვე ქ~სა, ჩქკდ (1624) ივნისსა შინა, და ივლტოდენ ყიზილბაშნი. ხოლო ქართველნი ალაფობდნენ გატეხილ ხიდამდე.
ამირ გუნახან ერევნის ბეგლარბეგი ვერ მოუსწრა ომსა. და, რა ესმა ხმა ბრძოლისა, მოისწრაფა და მოვიდა მარაბდის გორიდან და იხილა ყიზილბაშნი ლტოლვილნი და მცირედნი ქართველნი შეკრებილნი ერთად, რამეთუ ზურაბ ერისთავი დაკოდილი იყო თავსა ზედა და მას შეეწეოდნენ. მოეტევა ხანი ამათ და იქნა ბრძოლა კვლავ უძლიერესი მცირეთაგან, ვინაიდან დიდად მხნედ გამოჩნდა ბატონი თეიმურაზ, მოურავი და იქ დამსწრენი ქართველნი. მაშინ ათაბაგი შეხვდა ამირ გუნახანს და ჰკრა თავსა ხმალი და გაუპო თაჯი და ავნო დიდი. ეტყოდა ამირ გუნახან ათაბაგს: „უპურმარილოვ“, რამეთუ მას გაეზარდა; გაუშვა ათაბაგმა და წავიდა. ხოლო მხნედ მებრძოლი მოკლეს თეიმურაზ მუხრანის ბატონი და განხდა ხმა და ეგონათ ყოველთა კახბატონის სიკვდილი, და ივლტოდნენ კახნი და ქართველნი.
ამისნი მხილველნი ყიზილბაშნი უკმოიქცნენ და მოსწყვედდენ უწყალოდ ქართველთა, მოკვდა ამ ომსა შინა ყიზილბაში იჱ ჩ (18000), ქართველი და კახი ჱჩ (8000) და ზურაბისა შ (900). შემდგომად ბრძოლისა მოვიდნენ ყიზილბაშნი ტფილისს და გამოვიდნენ ტფილისს ციხესა შინა მდგომნი სპანი მორბევად ლისისა. ამათ მოუხდა მოურავი სამოცითა კაცითა, აოტა და ამოწყვიდა შვიდასი და მცირენი შეიხვეწნენ ტფილისვე.
კვლავ გამოვიდა ღართისკარს მოურავი, ჩახერგა გზები, და ამაგრებდა ზემო ქართლს. ყორჩიბაში მცდელობდა გამოყვანასა ამილახორისასა ცოლით არშიდან და არა ძალ-ედვა ამისი ყოფად. ამისვის ეზრახა ზურაბ ერისთავსა, რათა გამოაყვანინოს იგინი. მაშინ ზურაბ ნება-სცა პაემანითა ამით, რათა შევლონ გზა მისი არაგვსა ზედა და ჩამოვლონ ქსანსა ზედა, რათა არა მოოხრდეს მამული მისი. ესე აღუთქვა ყიზილბაშმან ფიცითა მტკიცითა და უთავა სპათა თვისთა ყორჩიბაშმან ხოსრო-მირზა და წარავლინა (ხოლო ესე ხოსრო-მირზა იყო ძე დაუთხანისა, ნაშობი ხარჭისაგან ისპაჰანს ყოფასა შინა და ამიერიდან იყო უპატიოდ და უპოვარ ფრიად; და როდესაც იყო მოურავი იქ, მოვიდა დარბაზობად ხოსრო-მირზა მოურავისა თანა. რა იხილა მოურავმა, მიეგება და დასვა ადგილსა თვისსა ზედა და თვით დაუჯდა შორეს. ამის მხილველთა ყიზილბაშთა ჰკითხეს მოურავსა ვინაობა მისი. ხოლო იგი ეტყოდა მათ ძედ პატრონისად თვისისად.
ამისთვის აცნობეს ესე შაჰაბაზს და პატივსცა და მისცა ნიჭი და მოურაობა ისპაჰანისა. მაგრამ ესე არა ჰყო მოურავმა სიყვარულითა პატრონისათა, რათა აღუდგინოს ლუარსაბ მეფესა მეტოქე). ხოლო ყიზილბაშთა წიწამურის ბოლოს დახვდა მოურავი და ავნო დიდი ყიზილბაშთა. მაგრამ სძლიეს სიმრავლით, განვლეს და დადგნენ მუხრანს. მერე შევლეს დუშეთი და განვლეს მთიულეთი და გადავიდნენ ხევს და გამოიყვანეს არშიდან ანდუყაფარ და ქალი იგი, მერე გადმოვლეს მთა ლომისა და ჩამოვიდნენ ქსანსა ზედა.
მაშინ შეკრიბნენ ერისთავი ქსნისა იესე და ძმა ზურაბ ერისთვისა გიორგი. რამეთუ ზურაბ ფიცისათვის აღარა ინება, და შეჰკრეს გზა ქსნისა და მოურავიცა დახვდა ქსნის ბოლოს, მოსრვიდნენ ყიზილბაშთა ესეთ, რამეთუ ქსანი იქმნა, როგორც სისხლი. შეიპყრეს ხანი ყაზახისა და სულტანი სამი. მაგრამ მხნედ იყო ხოსრო-მირზა, რამეთუ ვერ წარგვარეს ქალი იგი, გამოიყვანა და მოგვარა ყორჩიბაშსა. მერე წარავლინა ყორჩიბაშმა სპანი მორბევად სომხით-საბარათიანოსად.
ხოლო მოურავმა გაამაგრნა ციხენი კიკანათბერი, ალისა, სურამისა, კეხვისა და წავიდა სამცხეს, რამეთუ იქა ჰყავდა დედაწული თვისი. კვლავ წარავლინა ყორჩიბაშმა სპანი დასხმად მოურავისად; მისულთა ყიზილბაშთა გარემოიცვეს ასპინძა. მაშინ მოურავი იყო ნადირობასა და იქიდან იხილა ასპინძა მოცული ყიზილბაშითა, მოეტევა მცირედითა კაცითა, ეკვეთა და აოტა ყიზილბაშნი და ამოწყვიდა იგინი და მცირედნი ივლტოდნენ. მაშინ ეპყრათ ყიზილბაშთა ხერთვისი და რომელნიმე ციხენი სამცხისანი. შეუხდა მათ მოურავი, ამოწყვიდნა მეციხოვნენი და დაიპყრა თვისად, წარავლინა წინაშე ხონთქრისა ქავთარიშვილი გიორგი და მოითხოვნა სპანი მისნი, რათა დაიპყრას მან იგინი. გაუხარდა ხონთქარსა, მოსცა ნიჭი დიდნი მოურავსა და იანიჩარნი და დაიპყრეს ციხენი იგინი.
ყორჩიბაში იდგა ჟამ-რამდენმე ტფილისს, მერე დაუტევა სვიმონ მეფე ტფილისს და თვით წავიდა ამასვე ქორონიკონსა. მაშინ მისულსა ისპაანს მსახურებისა მისისათვის მისცა შაჰაბაზმა ხოსრო-მირზას ყულარაღასობა. ხოლო მოურავი იყო სამცხესა, შემდგომად მივიდა იმერეთს გიორგი მეფისა თანა, მერე ისტუმრა ლევან დადიანმან, იქიდამ შემოვლო კვლავ იმერეთი და მოვიდა სამცხესვე.
ამ ჟამებთა მოიმწო ანდუყაფარ ამილახორმან ქსნის ერისთავი, რამეთუ შესწამა შეპყრობისა თვისისა უწყება ღაზნელსა, დაესხა და ამოწყვიდა იგი და გაიყვეს მამული მისი. ქოლოთ-ქვიტკირი დაიპყრა ქსნის ერისთავმა და ნარჩენი ამილახორმა. მერე მოვიდა მცხეთას ანდუყაფარ, შეიპყრა დეკანოზი მისი და წაართვა საგანძურნი მცხეთისანი და აქადებდა დეკანოზს დაძახებასა იქ მუყრისასა; იქიდან მოვიდა ტფილისს და ციხისთავისა თანა მჯდომარე კალის ციხესა შინა გამზრახი წინათქმულთათვის, აღდგა რა წამოსლვად, შეფერხდა, დაეცა სარკმელსა, გახეთქა იგი და გადმოიჭრა ქალაქისაკენ და მოკვდა ანდუყაფარ ბოროტად. შემდგომად ამისა ამოწყვიდა იესე ქსნის ერისთავმა ძმანი თვისნი ცოლშვილითა სრულიად.
ხოლო მოურავი მოვიდა სამცხიდან ქართლს, კვლავ შეკრეს მოურავმან და ზურაბ ერისთავმან პირი, მოიყვანეს და დასვეს ქაიხოსროვე გამგედ ქართლისად. მაგრამ იყვნენ იგინივე საქმისა მყოფელნი, რამეთუ სვიმონ მეფე ვერ გამოვიდოდა ტფილისიდან ამათ მიერ. კვლავ ჟამთა ამათ არა მოსცეს დვალთა ბეგარა მოურავსა, გადავლო სპითა მოურავმა ზეკარა, ჩავიდა და მოსრა ურჩნი და ყავდა კვლავ მებეგრედ და მოვიდა ქართლს. კვლავ მელიქი სომხითისა ათაბეგ და ზაქუმ ერთგულებდნენ ყაენსა; მიუხდა ამათ მოურავი, ხოლო იგინი ივლტოდნენ და წაგვარა დედაწულნი და ქონებანი და წამოვიდა. ქაიხოსრო ბარათაშვილი მოყვრობდა როსტომ სპასალარსა და უვლინებდა როსტომ საგანძურსა მრავალსა, ამისთვის არა ემორჩილდა მოურავსა. კვლავ მოიყვანა ამან ხუთასნი მეთოფენი ყიზილბაშნი და შეაყენნა ბირთვისს ციხესა შინა. ესე ეწყინა მოურავსა და დილასა ერთსა დაესხა ტბისს და შეიპყრა ქაიხოსრო და ხოსია ძმა მისი მის თანა. მაშინ ქაიხოსროს გამოაყვანინა ყიზილბაშნი ბირთვისიდან და ამოწყვიდა ხუთასნივე და ხოსია პატიმარ-ჰყო ციხესა შინა კიკანათბერს.
კვლავ ეთქვა მუქარა ქველს წერეთელს მოურავისა. მიუხდა მოურავი და მოწვა მამული მისი. წამოსულს მოურავს ეწია ქველი და ებრძვეს ურთიერთს. მოურავმა განაწონნა სამნი ისარნი მკერდსა და ივლტოდა ქველი. ხოლო მოურავი მოვიდა გამარჯვებული.
ამისა შემდგომად უმეტესად განდიდდა ზურაბ ერისთავი და აღარა ემორჩილებოდა მოურავსა. ესე ეწყინ მოურავსა, უფროსად მოუდგა ქაიხოსროს და აღარა ჩამოუშვა ზურაბ ქართლსა შინა. მაშინ ზურაბმა მოიყვანა ბატონი თეიმურაზ და ინება მისთვის ქართლისა მეფობა. ხოლო კახთა ჩააგდეს შური ზურაბსა და ძმასა მისსა გიორგის შორის: „რამეთუ გიდგების ღალატად ბრძოლასა ამას შინა, ვინაიდან არის იგი სიძე ქაიხოსროსი (რამეთუ გიორგის ჰყავდა თეიმურაზ მუხრანბატონის ასული ცოლად) და თვით ნებავს ერისთაობა“. ირწმუნა ზურაბ, შეიპყრა გიორგი და აღმოხადა თვალნი.
ხოლო მოურავმა შეიკრიბა სპანი ქართლისანი, ითხოვა ნიჯადი იმერთა მეფის გიორგისაგან და საფარ ფაშის სამცხელისაგან, და მათ მოსცეს, და შეკრებული ყოვლითა ამით მიუხდა დუშეთს, შეიბნენ ბაზალეთს და არა დარჩა კაცი, რომელიც არა დაიპოდა, თვით ბატონი თეიმურაზ, მოურავი და ზურაბ. თუმცა სძლიეს მოურავსა და ივლტოდა სამცხეს ქაიხოსროთით ქ~სა ჩქკვ (1626). ცოლშვილი ქაიხოსროსი და ძმისწულნი მისნი წავიდნენ იმერეთს.
ხოლო ქაიხოსრო და მოურავი წავიდნენ სტამბოლს წინაშე ხონთრისა. მისგან მოითხოვეს სპანი, რათა დაუპყრან ქართლი და იქცა მაჰმადიან იქმნა მოურავი. მაშინ ზავი იყო ხონთქარსა და ყაენსა შორის და არა ინება ხონთქარმან, არამედ წარავლინა ქაიხოსრო და მოურავი სხვასა ქვეყანასა ბრძოლად და, უკეთუ დაიპყრან იგი, შემდგომად წარავლინოს ქართლს სპითა დიდითა. მისულთა ვეზირ-აზამისა თანა ქაიხოსრომ და მოურავმა ქვეყანასა მას დიდნი სახელნი ქმნა მოურავმა და დაიპყრა ქვეყანა იგი, და ესე აუწყეს ხონთქარსა. არამედ ცოლი ვეზირ-აზამისა იყო და ხონთქრისა. ამან მჭმუნვარემან მიუწერა ქმარსა, თვისსა: „რა არის ესე, რომ გადიდდა სახელი მოურავისა და არა რაი ისმის სახსენებელი შენი. ამისთვის უმჯობეს არის სიკვდილი შენი ყოფასა შენსა“. განრისხდა ვეზირ-აზამი, შეიპყრა ქაიხოსრო, მოურავი და ყოველნი ქართველნი მათ-თანანი და წარკვეთა ყოველთა თავნი. გორგასლისშვილს ბეჟანს რა ჰკვეთდენ თავსა, ეტყოდა მამა მისი მტარვალსა მას ნიჭის მიცემითა: „მე მომკვეთე თავი და განუტევე ძე ჩემი“: რამეთუ იგი განტევებულ იყო ნიჭისა მისთვის, განუტევა ბეჟან და წარკვეთა თავი გორგასალს და დედაწული მოურავისა დარჩა აზრუმს. ხოლო ბატონმა თეიმურაზ დაიპყრა ქართლი და კახეთი. ესე მტერობდა ძეთა და ძმისწულთა ქაიხოსროსათა და არა უტევებდა მუხრანს, და მისცა ძესა თვისსა დათუნას.
შემდგომად მოკვდა შაჰაბაზ ყაენი ქ~სა ჩქკჱ (1628) და იწყეს ყიზილბაშთა შფოთებად. მაშინ ხოსრო მირზამ შემოიკრიბა ყულნი, გამოიყვანა შაჰ-სეფი და დასვა ყაენად და მოსრა წინააღმდგომნი. ამიერიდან უწოდებდა ყაენი მამად ხოსროს. ესე მოირჭმა და გამდიდრდა ფრიად.
ხოლო შემდგომად ჩავარდა შური ბატონს თეიმურაზსა და ზურაბ ერისთავს შორის. გამოიყვანა ზურაბ სვიმონ მეფე ტფილისიდან და დაიპყრა სვიმონ სრულიადი ქართლი. ჟამთა ამათ ჩამოვიდნენ მუხრანს ძენი და ძმისწულნი ქაიხოსროსნი და დაიპყრეს თვისნი ყოველნი. ხოლო სვიმონ მეფე უხმობდა ზურაბს მამასა, და ამისი მხილველი და უღონო-ქმნილი ბატონი თეიმურაზ წავიდა წინაშე ყაენისა და უფადარიდან მოსწერა ზურაბს: „შეუგვანებელ არის გაწირვად სიძისაგან სიმამრისა, თუმცა ვიხილოთ უკანასკნელი შენი და სვიმონისა“. ესე ეწყინა ზურაბს, რამეთუ სწადდა, რათა იყოს თეიმურაზ კახ-ბატონად და სვიმონ ქართლისად და ორნივე იყვნენ მავედრენი მისნი. ამისთვის აწ განიზრახა ბოროტი, მოვიდა ღამე ცხვილოსს მდგომის სვიმონ მეფისა თანა, შევიდა და მოკლა იგი ქ~სა ჩქკთ (1629) და წარუვლინა თავი თეიმურაზს. მოიქცა თეიმურაზ და დაიპყრა ქართლი და კახეთი.
პდ. თეიმურაზ (I), კახთა ბატონი
მაშინ მოიხსენა შური წუქეთის სულტნისა, ხოლო წასულმან მას ზედა შეიმუსრა ბეჭი, ამისთვის სპათა უთავა ზურაბ ერისთავი, მისულმან მოჰკლა სულტანი და მოტყვევნა ქვეყანა მისი და მოვიდა თეიმურაზისა თანა. ამიერიდან ბატონს თეიმურაზს ქონდა შური ზურაბ ერისთავისა, როდესაც მოკლა სვიმონ და, ვინაიდან განდიდდა ფრიად, ამისთვის უდგა ღალატად მარადის. შემდგომად ზამთარს მდგომმან საფურცლეს მოიცა ჟამი და მოკლა ზურაბ; მერე შევიდა დუშეთს წამოიყვანა ასული თვისი და მისცა ცოლად იმერთა მეფის ძეს ალექსანდრეს მზითვითა დიდითა. შემდგომად შემოიკრიბა ორნივე სპანი და მიუხდა ულუკოსორს, მოსრა მახვილითა და მოტყვევნა იგინი და მოვიდა გამარჯვებული. კვლავ შემოიკრიბა სპანი ორნივე და დაესხა ყარაბაღს, ამოწყვიდნა და მოტყვევნა, აიღო ალაფი დიდძალი და მოვიდა ქართლს. ამისთვის უმეტეს ლაშქრობდა თეიმურაზ, რამეთუ ქონდა სპათა სიმრავლე და რათა განიმკვიდროს ორნივე ქვეყანანი. ხოლო ჟამთა ამათ მოვიდა უნდილაძე დავით, განჯის ბეგლარ-ბეგი და ბატონმან თეიმურაზ დასხა ელითურთ იორის პირსა ზედა. ესე მოითხოვა ყაენმა და არა უკუნსცა ბატონმან თეიმურაზ. ამას ზედა განრისხდა შაჰ-სეფი ყაენი და წარმოავლინა სპასალარი როსტომ სააკაძე სპითა დიდითა და წინხსენებული ხოსრო-მირზა მეფედ ქართლისად (და ხოსროს უწოდა როსტომ) დიდითა ნიჭითა და კახეთი მისცა სალიმხანს.
ხოლო ესე ყოველნი მოვიდნენ ერთბამად და დადგნენ ხუნანს. ამისმან მსმენელმა ბატონმა თეიმურაზ შემოიკრიბა სპანი საფურცლეს და ლამობდა ბრძოლასა, ვინაიდან ჰყავდა ბარათიანთა ცოლნიცა თვისთანა იქ. ბარათიანთა დაუტევნეს ცოლნი თვისნი და მივიდნენ წინაშე როსტომ მეფისა. ვინაიდან ვახტანგ, ძე თეიმურაზისა, მუხრანის ბატონი, პირველივე მიეგება როსტომს ნათესაობისათვის და ესე ჰყვეს ბარათიანთაცა ამისთვის. ამისი მხილველი თეიმურაზ განრისხდა და მოინება დაჭრა ცხვირპირთა ცოლთა ბარათიანთათა. არა აუფლა ხვარაშან დედოფალმან თუმცა ესე-ვითარებისათვის ვეღარა წინააღუდგა თეიმურაზ სპარსთა და წავიდა იმერეთს. მცნობმან სპასალარმან გამოუყენა სპანი; ესენი ეწივნენ პერანგის მთასა ზედა ხიზანთა, მოსრეს და ტყვე-ყვნეს და შემოიქცნენ ტფილისს, და სპასალარი როსტომ და როსტომ მეფეცა მოვიდნენ ტფილისს ქ~სა ჩქლდ (1634).
პე. მეფე როსტომ, კდ (24) წელი იმეფა
ხოლო დასვეს როსტომ მეფედ ტფილისს და სალიმ-ხან კახეთს. ამავ ქორონიკონს ააშენეს გორის ციხე და შეაყენეს მცველნი ყიზილბაშნი; ეგრეთვე სურამის ციხესა შინა. მოსცეს როსტომ მეფესა შეწევნად ყაზახ-შამშადილო-ლორეს ხანნი, და თვით სპასალარი როსტომ წავიდა წინაშე ყაენისა. ხოლო ესე როსტომ იყო მოჰმადიანი და იქ აღზრდილი, რამეთუ, როდესაც მოვიდა მეფედ, ჲზ (67) წლისა იყო, საქმით ხვანჯიანი სოფლის, ფრიად ჭკვიანი, მორჭმულ-მდიდარი; რამეთუ ქონდა ყულარაღასობა ყაენისა, მოურაობა ისპაანისა და ანიჭებდა ყაენი ურიცხვსა, და უძახდა მამად. ამან განაგნა წესსა ზედა ყიზილბაშთასა კარის გამგენი თვისნი, და არცა მოშალა ქართულნი და დაადგინა ორნივე და მიანიჭებდა ქართველთა ბოძსა მცირეთა და იერთგულებდა მით, რამეთუ მას ჟამსა იყვნენ ქართველნი მხნენი, რჯულმტკიცენი, წრფელნი, ვერცხლის უყვარულნი.
ამან როსტომ მოიყვანა ყოველნი ტყვენი საქართველოსანი სპარსეთიდან გამაჰმადიანებულნი და ამათით შეერიათ ქართველთა განცხრომა, სმა-ჭამა ყიზილბაშური, სიძვა, მრუშება, ტყუვილი, ხორცთ-განსვენება, აბანო, კეკლუცობა უგვანი, მეჩანგე, მგოსანი, რამეთუ ამათ საქმეთა მოქმედთაგან კიდე არავის სცემდენ პატივსა და მიდრკენ, ვიდრე მღვდელთმთავარნიცა და ჰყოფდენ უჯეროთა.
ამან როსტომ მოიყვანა ცოლად აბაშისშვილის გორჯასპის ასული ქეთევან და უწოდა გუდლუხტარ და იქორწინა ქრისტეანულ-მაჰმადიანურად. დაუტევა სასახლე ისნის ციხისა და ჰყო მტკვრის კიდესა ზედა ანჩისხატსა და სიონის ეკლესიათა შორის და მისცა ციხე სრულიად ყიზილბაშთა; შეავლო ხიდისყურიდან ზღუდე კალის ციხემდე და გაჰყო ქალაქი და ციხე, მოავლო მეტეხს ზღუდე და ქმნა, როგორც ციხე მტკიცე ხიდითურთ, და შეაყენა მცველნი ყიზილბაშნი მას შინაცა. და ამათი მოქმედი მარადის იხარებდა როსტომ და იშვებდა. ამას არა მორჩილებდა ერისთავი არაგვისა დათუნა, ძმა ზურაბისა, შემოიკრიბა სპანი როსტომ და მივიდა მუხრანს. მიუთხრა დათუნას ან წავიდეს წინაშე ყაენისა ან მივიდეს მის თანა. ხოლო დათუნას ძნელად აღუჩნდა ესენი. კვლავ წარავლინა გაბაშვილი და თურქისტანიშვილი და ამცნო მათ, რათა მოკლან თავისწინაობის განზრახვასა შინა დათუნა და მოართვან თავი მისი. მაშინ მისულთა მათ უყვეს ბრძანებული დუშეთს და მოართვეს თავი მისი; და როსტომ წარუგზავნა ყაენსა, რამეთუ ესე იყო მაშფოთებელი ქვეყნისა და თვით შეუხდა დუშეთს ქ~სა ჩქლე (1635).
მაშინ ძმამან დათუნასმან ზაალ შეკრა სიმაგრენი და გამოაბრუნა როსტომ და მოვიდა ტფილისს. ამისთვის წარუვლინა ზაალ ბატონს თეიმურაზს, რათა მოვიდეს და დაიპყრას ქართლი, რამეთუ აღუთქვა ფიცით ყოვლისა წარმართება.
ხოლო მოვიდა ხონთქარი მურად და აიღო ერევანი ქ~სა ჩქლვ (1636), უკუნ-იქცა და წავიდა.
შემდგომად ზავ-ჰყვეს მურად ხონთქარმან და შაჰ-სეფიმ; დარჩა ხონთქარსა იმერეთი, საათაბაგო და ქურთისტანის ნახევარი. ხოლო ყაენს დარჩა ერევანი, ქართლი, კახეთი და ქურთისტანის ნახევარი.
კვლავ როსტომ მოიხსენა შური ყიზილბაშთათვის, რომელიც ამოწყვიდა მოურავმან ბირთვისს, და შეიპყრა ქაიხოსრო ბარათასშვილი სისხლთა მათთათვის და გადმოაგდო ციხიდან განჯის კარისაკენ მაღლის გოდლიდან.
ხოლო თეიმურაზმა მოვლო დვალეთი, მოვიდა დუშეთს ქ~სა ჩქლვ (1636) და იქიდან მცდელობდა ქართლსა. ხოლო როსტომს ქონდა ძალი ყიზილბაშთა და ქართველნი, მცირეთაგან კიდე, ყოველნი ერთგულობდნენ და ამისთვის ვერა რა ავნეს. კვლავ შემოუჩინეს მოღალატენი, მაგრამ როსტომ იყო მცდელი და სოფლისმანქანი და განერიდა ყოველთაგან. მერე თეიმურაზ და ზაალ, როსტომის მტერობისა ვერა-რისა მყოფელთა, გადმოიბირეს ქსნის ერისთავი და მიუხდნენ სალიმ-ხანს, გააძევეს სალიმ-ხან და დაიპყრა თეიმურაზმა კახეთი. ხოლო ჟამთა ამათ მოუკვდა როსტომ მეფეს ცოლი პირველი და დაემძახლა ლევან დადიანს, და ამან მოსცა და თვისი მარიამ. ესე ჰყო როსტომ, რამეთუ ვინაიდან ბატონის თეიმურაზის მოყვარე იყო გიორგი მეფე იმერთა, და დადიანი და მეფე იმერთა მტერობდენ. ამისთვის დადიანს დაემოყვრა და ვინაიდან არა ჰქონდათ გზა, სთხოვა როსტომ მეფემან გზა უსუფს, ახალციხის ფაშასა. მან სიხარულით მოსცა და მივიდა როსტომ კაკას ხიდსა ზედა ფერსათიდან, და დადიანიცა მოსულ იყო იქ კაკას ხიდსა; მოსცა და თვისი და წამოიყვანა როსტომ მარიამ და მოვიდა ტფილისს და ჰქმნა ქორწილი იქ დიდ-დიდებული ქ~სა ჩქლჱ (1638). კვლავ ამითი მოაკლო თეიმურაზს ძალი დადიანისაგან. ხოლო ამათი მოქმედი როსტომ მოვიდოდა გორს, ცხირეთს, ტფილისს, სომხითს და მარადის იშვებდა და იხარებდა.
შემდგომად ამისა მოუწოდეს ბატონს თეიმურაზს ზაალ ერისთავმა, იოთამ ამილახორმა, ნოდარ ციციშვილმა, გიორგი გოჩასშვილმა და კათალიკოზმა ევდემოს დიასამიძემ გამეფებად ქართლს. და ნოდარ მოვიდა სპითა დოესს და მოელოდა მათცა. მცნობელი როსტომ მეფე წამოვიდა. მისმა მხილველმა ნოდარ ვეღარა იკადრა ბრძოლა და ივლტოდა. მაგრამ ორთა ძმათა ჩხეიძეთა, ნოდარისა თანა მყოფთა, მოყვრობით არა ინებეს ლტოლვა, მოიქცენ და ჩამოჰყარეს მხედარნი. ხოლო იორამ მოურავისშვილმა ჩამოჰყარა იგინი, შეიპყრა და მოართვა როსტომ მეფესა (ესე იორამ მოიყვანა როსტომ მეფემან აზრუმიდამ კეთილისყოფისათვის, რომელიც უქმნა მოურავმან მას, და მისცა მამულნი თვისნი ყოველნი, ხოლო ნოდარ ლტოლვილი შევიდა ვერის-ციხესა შინა და მოადგა როსტომ, ვერ გამაგრდა ნოდარ, განივლტო და მივიდა სამცხეს. ხოლო მეფემან როსტომ ადიდო ციხე და შემუსრა, იქიდან მოიქცა და დადგა ცხირეთს. ესე აცნობა კათალიკოზმა ევდემოს ბატონს თეიმურაზს: „რა ჰქმენ, სივლტოლისათვის ნოდარისა უკუნ-იქეც, აწ მოვედ და და დაესხი როსტომს, რამეთუ ხელთა შენთა შინა არის (ამ კათალიკოზის ძმისწული ცოლად ჰყავდა ბატონის თეიმურაზის ძესა დავითს და ამისთვის ჰყოფდა კათალიკოზი ამას“).
ამისი მსმენელი თეიმურაზ რა წარმოემართა, ესე აუწყა როსტომ მეფესა ვახტანგ მუხრანის ბატონმა და მსწრაფლ შევიდა როსტომ გორის ციხესა შინა. ესმა ესე თეიმურაზს და უკუნ-იქცა. ამას ვახტანგ მუხრანის ბატონი მოეწია და ავნო დიდი ვიდრე სივლტოლად, და მოსწრაფედ მივიდა თეიმურაზ კახეთსვე. ამისთვის შეიპყრა როსტომ მეფემან კათალიკოზი ევდემოზ და პატიმარ-ჰყო ტფილისს ციხესა შინა. შემდგომად გადმოაგდო განჯის-კარის კოშკიდან; კვლავ შეიპყრა გოჩასშვილი გიორგი და აღმოხადა თვალნი, დაესხა იოთამ ამილახორსა, ჰგვემა იგი და განუტევა ფიცით, და შემუსრა ციხე ცხვილოსი და სხვანი ზოგნი გააძევა და ზოგნი უმკვიდრო ჰყვნა. იოთამ ჟამთა მჭვრეტი ჟამ იყვის ბატონის თეიმურაზისა თანა, ჟამ როსტომის წინაშე. შემდგომად შემოიკრიბა როსტომ მეფემან სპანი თვისნი და მიუხდა ბატონს თეიმურაზს მაღაროს. მაგრამ მისგან მცირედითა სპითა იძლია და მოვიდა ტფილისს. მართალია ამითიცა ვერა რა ავნეს და უმეტესად გაძლიერდა, რამეთუ მოირთო ქართველნი ყოველნი და ყიზილბაშნი მონებდენ, როგორცა ყაენსა.
ამისი მხილველი ზაალ ერისთავი ევედრა როსტომ მეფესა, რათა შეიწყალოს და განუტეოს თეიმურაზ, და მივიდეს წინაშე მისსა. ამისთვის უბრძანა როსტომ წასლვა წინაშე ყაენისა, ვინაიდან სწადდა როსტომს დამორჩილება ქართლისა ყაენისაგან, როგორცა სხვათა სახანოებთა, და მისთვის წარავლინებდა იქ ყოველთა, და განუწესებდა როქსა და განკვეთილსა, რათა მით აღარა უარჰყონ ქართველთა ყიზილბაშნი. მსმენელი ზაალ ერისთავი და უღონოქმნილი წავიდა წინაშე ყაენისა. ხოლო ყაენმან პატივ-სცა ზაალს, ჰყო მაჰმადიანად, ანიჭა და გამოუტევა, მოვიდა დუშეთს და მსახურებდა როსტომს ამიერიდან. ხოლო როსტომმა დასვა კათალიკოზად ურდუბეგაშვილი ქრისტეფორე, კაცი სახიერი. კვლავ შესძინა როსტომ, რამეთუ სვიმონ მოყიდულთა ტყვეთა წარუვლენდა ყაენსა. ხოლო ესე გამოიყვანდა მთავართა და აზნაურთა შვილთა, ვაჟთა და ქალთა, და წარუგზავნიდა. ამისთა მხილველთა ქართველთა იწყეს იდუმალ ტყვის-ყიდვა, ქვრივთა და ობოლთა, რამეთუ განმრავლდა სიბოროტე, ვინაიდან აღარა იყო ზრუნვა სულიერი და არა ზრუნვიდა მეფე სუფევისა და ქვეყანისათვის, გარდა განცხრომისა, როგორცა წესი არის მოჰმადიანთა. ამისთვის მიიტაცეს მთავართა თვის-თვისნი მხარენი, ქვეყანა-ციხე-სიმაგრენი სამეფოთანი და დაბები.
ხოლო წელსა ქ~სა ჩქმბ (1642) მოკვდა შაჰ-სეფი და დაჯდა ძე მისი შაჰ-აბაზ. ამათ ჟამთა შემდგომად შემოიკრიბა მეფემან როსტომ სპანი შესლვად კახეთად. მაშინ ბატონი თეიმურაზ იდგა თიანეთს. ხოლო როსტომ წარავლინა ვახტანგ მუხრან-ბატონი სასპასპეტოთა თვისითა თიანეთს და ყიზილბაშნი მოგზავნა მაღაროს. მისულსა ვახტანგს ზაალითურთ დაუპირისპირდნენ თიანეთს უღლისს თეიმურაზისანი და ბრძოლასა შინა მოიკლა ამათგან თოფით რევაზ ჩოლაყაშვილი და ივლტოდენ თეიმურაზითურთ, მიუდგა როსტომ და ჩავიდა თეიმურაზ კახეთს.
ხოლო მაღაროს ყიზილბაშთა მოკლეს დათუნა, ძე ბატონის თეიმურაზისა, და მოართვეს თავი როსტომს, ქ~სა ჩქმჱ (1648). როგორცა შემპყრობელს როსტომს ბატონის თეიმურაზისასა მოეგება ხვარაშან დედოფალი, რომელიც იყო ბიძისშვილიშვილი როსტომისა. ესე ევედრა, რათა გაუშვას მშვიდობით. ხოლო როსტომმა პატივ-სცა მას, როგორცა დასა და აუსრულა ნება მისი, მისცა ცხენნი და ჯორნი, უძღვნნა მრავალნი, წარუძღვანა კათალილოზი და წარგზავნა იმერეთს ღამესა მას, და თვით როსტომ ჩავიდა კახეთს და დაიპყრა კახეთი. ხოლო თავი დათუნასი წარუვლინა ყაენს და აუწყა ყოფილნი, მერე განაგნა საქმენი კახეთისა და მოვიდა ტფილისს. ამისთვის მოანიჭა ყაენმან ნიჭი დიდნი და იშვებდა მარადის როსტომ. რადგან არა ესვა შვილი და შვილად თვისად მოიყვანა ისპაანიდან სვიმონ მეფის ძის ვახტანგის ძე ლუარსაბ და ესე ჰყო ძედ თვისად.
ჩანართი
სომეხთ მეისტორიე ზაქარია მთავარი წმიდის იოანეს მემონასტრე სწერს ისტორიასა შინა სომეხთასა ამ ლუარსაბის ძმობასა თვით ამ მეფის როსტომის ესეთ: (როსტომ მეფე, რომელიც აღვწერეთ ნათესავთაგან ბაგრატიონთა: ხოლო შემდგომად დაცემისა მეფობისა მათისა, და შემუსრვისა ანისსა. და ნაშთნი ნათესავთაგანნი ბაგრატოვანნი წავიდნენ ქვეყანასა ქართლისასა, და შეუდგნენ, მეფეთა მათთა, და იქმნენ ზედამხედვეა ყოველთა საქმეთა ზედა ქართლისათა).
ხოლო როდეს აღიხოცაცა თავისუფლებითი მეფობა ქართლისა, და შევარდა ქვეშე ხელთა სპარსთასა, და იგინი მისცემდნენ მეფობასა ბაგრატიონთ გვართა და ფლობისათვის ყოველთა საზღვართა ქართლისათა: ხოლო ჩამოისირნენ (?) ბაგრატოვანნი შვილითი შვილად ვიდრე ამ მეფის როსტომადმდე, რომელმანცა ჰშვა ძე ერთი ცოლისა თვისისა ლევან დადიანის ასულის მარიამისაგან, რომელსაც ეწოდებოდა სახელად ლუარსაბ რომელსაც თვლიდა მემკვიდრედ თვისად.
ხოლო დღესა ერთსა წაიყვანა ძე თვისი მრავლითა სპითა სანადიროდ ადგილსა მას ყარა იაზად წოდებულსა (რომელიც არის შავზაფხული) სდევნიდენ ნადირთა, და ყოველნი ისწრაფდნენ კვლავ ნადირისასა, და სიმრავლეთაგან თოფთა ცემისა მოსწყლეს ძე მეფისა ლუარსაბ, და მოკვდაცა. მაშინ როსტომ შეშინებული თავის თვისისაგან შეივლტოდა ქალაქად ტფილისად: და შემდგომად ჰყო გამოძიება მკვლელთა ძისა თვისისათა, მაგრამ ვერ უძლო პოვნად. ბრალი დასდვეს ორსა კაცსა, ერთს ეწოდებოდა ბაადურ სომეხი გვარათ მამიკონიანთ ნათესავთაგანი (რომელთა უძახიან აწ თუმანიანთ) და სახელი მეორისა შიოშ ქართველი, გვარად ბარათაშვილი. ამათ სდებდნენ ბრალსა, თქვენ იყავით ახლოს მის როდეს იგი მოჰკლესო, ან თქვენ უწყით მკვლელი მისიო, და ან თვით თქვენ მოჰკალითო.
ხოლო გაძლიერდა რა ხმა ესე სომეხნი იტყოდნენ ქართველს მოუკლავსო. და ქართველნი იტყოდნენ სომეხსაო. შემდგომად აღიძახეს სამართალიო (ესე არს სამართალი ბრძოლა ვინ იძლიოს მას მოუკლავს შვილი მეფისაო).
ხოლო დაემტკიცა რა სიტყვა ესე მათ შორის რათა გავიდნენ ორნივე მხოლოდ შეჭურვილნი საჭურველითა. და ამბორს უყვეს მუხლსა მეფისასა. და გავიდნენ აღმოსავლეთით კერძო ქალაქისასა კლდესა მას მტკვრისასა.
ხოლო ქვეგამხედველთა გვართა ქართველთამან ცხადად ასწავლეს ორთავ. როდეს განსხდეთ ასპარეზად ნუ შეიბმით. არამედ მიმოარბიეთ ცხენნი ამიერ და იმიერ ნუ თუ შეეწყალოთ მეფესა და არა მიგიშვათ საკვდავად ურთიერთისად: ბირება ესე ჭეშმარიტი ეგონა ბაადურს.
ხოლო როგორცა არის ჩვეულება ქართველთა გვართა იდუმალ მისა განაძრახეს შიოშ შენ არა ძალგიძს პირისპირ ბრძოლა მის ამისთვის არა ხარ ტანითა ეგეოდენი და ძლიერი, არამედ უღონო ხარ. და ბაადურ არის მძლე ახოვანი ტანითა და ძლიერი. როდესაც ათამაშებდა იგი ცხენსა, შენ ეცადე განგმირასა მისა შუბითა, ნუ თუ დასცე იგი ქვეყანასა.
შემდგომად ორნივე ზოგად გავიდნენ ასპარეზსა, და მეფემან მათ წარატანა სამნი თათარნი, და უბრძანა რომელიცა მათგანი დაეცეს ქვეყანასა თქვენ დაიფარეთ იგი, და ნუ მიუშვებთ საკვდავად.
ხოლო ბაადურმა წარიხლტუნა რა ცხენი წინ შიოშისა. და იგი შემდგომად მისსა. შიოშ ჩაეკრა უნაგირსა შინა და შუბი მიიმარჯვა პირისპირ ბაადურისა და აძგერა შუბი ჭიპს ქვეით და განავლო რა შუბმან ხორცსა და ტყავს შუა იმიერ გასჩარა, მაშინ ბაადურ გაფიცხდა სიმწარით. წაართო შუბი ხელთაგან შიოშს. და დაადვა წინ უნაგირის თავსა და დაჰსცა ლახტი. და შემუსრა ტარი შუბისა. და გადააგდო ქვეყანათ. და დარჩა შუბი მუცელსა. და შიოშ ევლტოდა ბაადურს, ხოლო ბაადურმა ჰკრა მათრახი ცხენსა და მოსწვდა მსწრაფლად. და ჰსცა ლახტი კისერსა ზედა მისსა და ჩამოეკიდა ცხენსა შიოშ. კვლა ლამობდა ბაადურ დაკვრასა რადგან ტარი ლახტისა შესრვოდა სისხლთაგან. წარსხლტა ხელთაგან და გავარდა, მოიკრა ხმალს ხელი რათა ჰსცეს რადგან იყო შიოშ გონება მიხდილი ლახტისა და შიშისაგან დაეცა ქვეყანასა და ბაადურის მოქნეული ხმალი მოხვდა ცხენს უკანას გაზებში სრულიად დაკვეთა კვლავ ლამობდა დაკვრასა.
ხოლო თათარნი იგინი გარდაეფარნენ შიოშს და აღარ მიუშვეს მოსაკლავად ბაადურ.
ამის შემდგომად სომეხნი და თათარნი შეკრებილნი მივიდნენ აღამაღლეს ბაადურ და მიიყვანეს მეფესთან. და უბრძანა მეფემან მკურნალთა რათა განკურნონ იგი, და შეიყვარა უმეტეს ზომისა. და ბრძანა რათა განთიად გაიყვანონ უძღები შიოშ და წვლილად აკუწონ და მისცენ ძაღლთა.
ჰყავდა მას ძმა ერთი სახელით ქრისტეფორე რომელიც იყო მოძღვარი დედოფლისა (რომელიცა შემდგომად იქმნა კათოლიკოსად). ესე შევიდა შეევედრა გამოხსნისათვის ძმასა თვისისა დედოფალსა. და დედოფალი ევედრა ქმარსა თვისსა და აღარა მოჰკლეს იგი. გარნა რაიცა ქონდა შიოშს მსახურნი მხევალნი სოფელი ვენახნი პირუტყვნი და სხვანი, ბრძანა რათა ყოველივე მისცენ წერილით ბაადურს. და აღჰსრულებელთა ბრძანებისამებრ მისისა ჰყვეს და ამჟამად ქართველნი მცირედ რადმე დამდაბლდნენ ამაყობისაგან რა სომეხთა ლექსი გაელექსათ ენითა მათითა და მუხლთა დასასრულ იყო ესე (შიოშ გაიქეც ბაადურ მოდის), როდესაც იმღერდნენ ამას ყრმანი მიმდგომთა მისთა რცხვენოდათ.
ესმა ესე ხელმწიფესა ერანისასა სანიბას (რომელიც არის მცირე შაჰაბაზ) უხმო ბაადურს. მისცა მას მთავრება დიდი ტფილისის ქალაქისა: იქმნა რიცხვსა სომმურსა: ხოლო ქრისტეს აქეთ: ... რომელიცა ისტორია ესე არის ეჩმიაძინსა შინა და ყოველსა ევროპიასა. სომხურსა ენაზედა დაბეჭდილი.
* * *
შენებასა შინა გატეხილ-ხიდისასა იდგა როსტომ ხუნანს და დღესა ერთსა გავიდა ლუარსაბ მოასაკითა თვისითა ნადირობად ყარაიის ჭალისა. ხოლო სროლასა თოფთასა ხროსა ზედა ირმისასა მიხვდა თოფი ლუარსაბს და მოკვდა იგი.
ამისი მსმენელი როსტომ დამძიმდა ფრიად, რამეთუ მოსწყდა თესლი დიდისა ლუარსაბ მეფისა. ეპყრა როსტომს ქართლი, კახეთი და იყო უფროს განცხრომა-შვებასა შინა. და როდესაც მოუკვდა შვილებული თვისი, აღარავინ ჰყავდა უახლოესი ტომი თვისი და თვითცა ფრიად მოხუცდა. ამისთვის იშვილა ვახტანგ მუხრანის ბატონი, ძე თეიმურაზ მუხრანის ბატონისა, რომელიც მოკლა მარაბდის ომსა შინა (რამეთუ თეიმურაზ იყო ძე ვახტანგისა, ვახტანგ ძე ბაგრატისა და ბაგრატ ძე ოთ (79) მეფის კონსტანტინესი). ესე ვახტანგ წარავლინა როსტომ წინაშე ყაენისა, რათა მისცეს აწ გამგეობა ქართლისა და შემდგომად მისა მეფობა, ქ~სა ჩქნგ (1653). ხოლო ყაენმა პატივით შეიწყნარა ვახტანგ (ვინაიდან უსმენდა როსტომს რასა იგი იტყოდა), და ჰყო მოჰმადიან და უწოდა შანავაზ. მერე მისცა ნიჭი დიდი და წარმოავლინა ქართლს გამგედ. მოსული ვახტანგ ამიერიდან მართავდა საქმესა ქართლისასა. ჩამოვარდა გუმბათი მცხეთისა და ააშენა როსტომ მეფემან ქ~სა ჩქნ (1656). როდესაც მოხუცდა, როგორცა უძლები, დასვა კახეთს ბრძანებითავე ყაენისათა სალიმ-ხან, და ზაალ ერისთავს მისცა ერწო-თიანეთი. საქმესაცა კახთასა ჰკითხავდა სალიმ-ხან ზაალს.
ხოლო მოკვდა რა დადიანი ლევან და დაჯდა ლიპარიტ, მერე ალექსანდრე მეფემან იმერთამან დასვა ვამიყ, და ამათს შფოთებასა შინა აშველა ლიპარიტს როსტომ მეფემან საციციანოსი, საავალისშვილოსი და რომელნიმე საბარათიანოსა სპანი, რამეთუ ძმა იყო ლიპარიტ მარიამ დედოფლისა. ბანძას ბრძოლასა შინა შეიპყრეს ქართველნი, დაახსნევინეს ვერცხლითა თავნი და გამოუშვეს.
შემდგომად იხილა ვახტანგ გამგებელმან მოხუცებულობა და სიკვდილის მოახლოება როსტომისა, აუწყა ყაენსა. ხოლო ყაენმა წარმოავლინა სანდო თვისი ხილვად როსტომისა. ამ ჟამსა მოკვდა მეფე როსტომ, ქ~სა ჩქნჱ (1658). სარწმუნომან ყაენისამან რა ვერღარა იხილა ცოცხალი როსტომ, ყაენის ცნობადმდე შეიყვანა დედოფალი მარიამ ციხესა შინა ტფილისს და საგანძურს როსტომისასა დაადგინეს დარაჯანი. ხოლო ზაალ ერისთავი არა მნებებელი ვახტანგის მეფობისა მოვიდა და დადგა ავლაბარს. და ესე ყოველი აუწყა ყაენსა ვახტანგმა. მსმენელმა ამისმა ყაენმა მოსცა მეფობა ქართლისა ვახტანგს და ნიჭი დიდნი და საგანძურნი როსტომისანი და დედოფალი მარიამ რათა შეირთოს ცოლად. ამისი მცნობელი ზაალ ერისთავი უკუნ-იქცა დუშეთს და აღარა ინება მონება ვახტანგისა და უარჰყო მძახლობაცა მისი, რამეთუ ასული ვახტანგისა მოეთხოვა ზაალს ძისა თვისისათვის. ხოლო ვახტანგს ეწყინა შერთვა მარიამ დედოფლისა, ვინაიდან ესვა ცოლი ასული ყაფლანისა როდამ სიკეთითა აღმატებული, მაგრამ უღონო ქმნილმან განუტევა როდამ და იქორწინა მარიამსა ზედა.
პვ. მეფე ვახტანგ V, გინა შაჰნავაზ I, იზ (17) წელი იმეფა
ხოლო დაჯდა მეფედ ვახტანგ და დაიპყრა ქართლი და განაგებდა კეთილად (წოდებული ყაენისაგან შაჰნაოზ). ხოლო მოკვდა რა ალექსანდრე მეფე იმერთა და მეფობდა ბაგრატ უთვალო, მიუწოდეს ვასტანგ მეფესა იმერთა, შეიკრიბა ვახტანგ და დადგა ფცას. ზაალ ერისთავმა ამოწყვიდა ელნი კახეთს და მტერობდაცა ვახტანგ მეფესა. ამისთვის უკმოიქცა და უბრძანა ძმისწულთა ზაალისათა და დისწულთა თვისთა, რომელნიც გაბოროტებულნი იყვნენ მისგან, რათა მოკლან ზაალ. ამათ მისულთა დუშეთს თავისწინაობასა შინა მოურთეს ექვსთა მახვილნი და მოკლეს ზაალ ერისთავი ბიძა თვისი, ქ~სა ჩქჲ (1660), მაისს თ (9), კვირასა.
ამის წილ მეფემან მისცა ოთარს ერისთაობა, ედიშერს - მსაჯულთუხუცობა, იასონს - დედოფლის სახლთუხუცობა. ხოლო ძენი ზაალ ერისთვისანი ივლტოდენ სამცხეს. მისწია მეფემან კაცნი, შეიპყრეს ტბისყურსა ზედა და მოართვეს. ხოლო მეფემან წარუგზავნა ყაენსა იგინი.
კვლად მისცა ქსნის ერისთობა იესეს და დაიპყრა უმეტეს ქართლი, რამეთუ ერთგულებდნენ ესენი ფრიად.
ამავ ჟამსა შინა გაიყვეს იმერეთი მეფემან ვახტანგ და დადიანმან ვამიყ და ბუჯის-წყლის აღმოსავლეთის კერძი დარჩა ვახტანგს და დასავლეთის კერძი დადიანსა, ქ~სა ჩქჲ, (1660) დაეპყრა ვახტანგს ქართლი, იმერეთი და კახეთი ამიერ ჟამიდან, როდესაც ამოწყვიდა ზაალმა ელნი.
ამასვე ქორონიკონს მოკვდა კათალიკოზი ქრისტეფორე, დასვა მეფემან ბიძაშვილი თვისი დომენტი, კაცი ღირსი საყდრისა. კვლავ ამათვე ჟამთა მოითხოვა ყაენმა ასული ვახტანგ მეფისა ანუკა ცოლად. მოვიდნენ საჭურისნი ყაენისანი და წაიყვანეს დიდითა დიდებითა. ხოლო მარიამისა თანა არა ესვა მეფესა შვილნი, არამედ როდამის თანა ესხნენ ძენი: არჩილ, გიორგი, ლევან, ალექსანდრე, ლუარსაბ, სოლომონ. და ასულნი ანუკა და თამარი. ხოლო ინება მეფემან მოყვანება დადიანის ასული ცოლად არჩილ ძისა თვისისათვის, მოითხოვა, მან მოსცა და დაიმძახლნენ. ჰყავდა დადიანს ცოლი გლისპი და აიძულებდა ქმარსა თვისსა არა ყოფად ამისსა სიშორისათვის. უსმინა მანცა და მისცა ღოღობერიძეს ქალი იგი ცოლად. მაგრამ შეჩენითა მეფისათა მოკლეს ღოღობერიძე იმერთა. ამას ზედა შემოიკრიბა სპანი ქართლისანი და რომელნიმე კახნი მეფემან, მივიდა და დადგა ალს. მსმენელი დადიანი შეკრებილი სრულიად იმერეთით მოვიდა საჩხერეს და დადგა იქ. მაშინ მეფე ეზრახა იმერთა, მოერთო აბაშიძე პაატა, რაჭის ერისთავი პაპუნა და ლაშხისშვილი ხოსია თავი ლეჩხუმისა, გადავლო მეფემან მთა ლიხისა.
იხილა დადიანმან, ვეღარა დაუდგა და წავიდა ოდიშს. ჩასულმან ვახტანგ მეფემან იმერეთს, შემოიკრიბა სრულიად იმერნი და მოადგა სკანდას. ხოლო ბატონი თეიმურაზ ყოველმხრით უღონო-ქმნილი, სკანდას ციხესა შინა მყოფი, ევედრა შანაოზ მეფესა, თუ წარგზავნოს წინაშე ყაენისა, მოვიდეს მის თანა. ესე მეფემან სიხარულით შეიწყნარა. მერე მოსული ბატონი თეიმურაზ დიდითა პატივითა მიითვალა და წარმოავლინა ტფილისს და თვით მეფე მივიდა ქუთათისს, აიღო ქუთათისი და ყოველნი ციხენი იმერეთისანი და შეაყენნა გუშაგნი თვისნი ქ~სა ჩქჲა (1661).
შემდგომად ჩავიდა მეფე ოდიშს, ვერ წინააღუდგა დადიანი და ივლტოდა სვანეთს. ხოლო ბრძანებითა მეფისათა შეუჩინა ლაშხისშვილმან ხოსიამ კაცი, და მოკლეს დადიანი იქ. მაშინ მეფემან მოტყვენა ოდიში და აღო ციხენი. მერე მოადგა ჭაქვითს ციხესა შინა მყოფს ცოლშვილსა დადიანისასა. მცირედ ხანსა შინა გამოიყვანა იგინი და გამოიღო საჭურჭლენი მრავალნი დადიანისანი და ჰპოვა იქ ხატი ოქონისა, რომელიც დარჩა მეფესა სვიმონს. შემდგომად მოვიდა ზუგდიდს, იქ მოერთო შარვაშისძე აფხაზითურთ დიდითა ძღვენითა. მერმე დასვა დადიანად ოდიშს ლევან (III). შემდგომად შემოიქცა დიდითა ალაფითა და ტყვითა, და მოვიდა ქუთათისს. იქ მოერთო გურიელი დემეტრე, შემოკრებულთა იმერთა ნებითა აკურთხა მეფედ იმერთა ძე თვისი არჩილ ქუთათისს და დაუტევა იმერთა. კვლავ დადიანს ლევანს მისცა ძმისწული თვისი თამარ ცოლად და თვით წამოვიდა, და წამოიყვანა ბაგრატ მეფე უთვალო და მოვიდა ტფილისს გამარჯვებული. მაშინ წარავლინა ბატონი თეიმურაზ წინაშე ყაენისა და გაატანა გივი ამილახორი და მიუძღვანა არმაღანნი და ტყვენი ოდიშარნი. ამისთვის გაიხარა შაჰაბაზმა (II) და მოსცა ნიჭი დიდნი მის წილ მეფესა.
შემდგომად ამისა აცნობა ახალციხის ფაშამან ხონთქარს ვახტანგ მეფისაგან დაპყრობა იმერეთისა. მსმენელმა ხონთქარმა წარმოუვლინა დესპანი ყიენსა მეტყველმა: „არის ზავი ჩვენ შორის და აწ დაუპყრავს იმერეთი შანაოზ მეფესა და, უკეთუ გნებავს, ვებრძოთ ურთიერთსა“. ამის მიერ მოუმცნო შანაოზ მეფესა ყაენმა, რათა წარუვლინოს ძე თვისი არჩილ მას და მან მისცეს ქვეყანა უმჯობესი და ნუ იქმნება მშლელი ზავთა მათ შორის. ამისთვის მეფემან მოიყვანა ძე თვისი არჩილ და გაატანა გივი ამილახორი, და წარგზავნა წინაშე ყაენისა ქ~სა ჩქჲგ (1663).
ხოლო ესე გივი სიძე მეფისა იყო, რამეთუ ასული მეფისა თამარ ჰყავდა ცოლად. ხოლო როდესაც მოსრა ზაალ ერისთავმან ელნი კახეთს, მაშინ მოუწოდა ამ ზაალ ბატონის თეიმურაზის ძის ძეს ერეკლეს რუსეთიდან, რათა ჰყოს მეფედ, და ამ ჟამთა მოსულ იყო თუშეთს და ებრძოდა კახეთს. ესე აცნობა შანაოზ მეფემან ყაენსა, და მან მოუმცნო, ან შეიპყრას ან განაძეოს ერეკლე, და მოსცა ყოველნი ხანნი, რომელნიც მორჩილებდნენ როსტომ მეფესა. მაშინ შემოიკრიბა სპანი და უჩინა სპასპეტად დათუნა ძმისწული თვისი მეფემან და წარავლინა კახეთს.
მოვიდაცა ერეკლე კახთ სპითურთ ურიათუბანს, დაუპირისპირდნენ იქ ქართველნი და ბრძოლასა იძლივნენ კახნი, და ივლტოდა ერეკლე და შევიდა თორღის ციხესა შინა. ხოლო ქართველნი მოვიდნენ წინაშე მეფისა. მასვე ჟამსა შემოიკრიბა მეფემან სპანი თვისნი სრულიად ხანებითურთ და მოვიდა თორღას და მოადგა გარს. ხანსა რამდენსამე შინა შემჭირდნენ ციხოვანნი. ამისთვის დედამან ერეკლესამან მოუგზავნა მეფესა ვედრება, რათა განუტევოს ფარულად: „რამეთუ უჯერო არის შენდა ტყვეობა და მაჰმადიანობა ჩვენი“. უსმინა მეფემან და განუტევა ფარულად და წავიდა ერეკლე თუშეთს ქ~სა ჩქჲდ (1664).
ხოლო შანაოზმა აიღო ციხე თორღისა და ყოველი კახეთი, დაიპყრა იგი და მოვიდა ტფილისს. არჩილს ჩასულსა მაზანდარანს პატივ-სცა ყაენმა და შეიყვარა ფრიად. მერე მაჰმადიანჰყო გივითურთ, მისცა ნიჭი დიდნი და კახეთი სამეფოდ, წარმოავლინა და მოვიდა კახეთს ამასვე ქორონიკონსა.
ამ ჟამებთა კვლავ იწყო ერეკლემ კირთება კახეთისა. ხოლო ამისი მსმენელი შანაოზ მეფე შეკრებული სპითა მივიდა კახეთს და დადგა აწყუერს. მხილველი ერეკლე ივლტოდა თუშეთადვე. ამისთვის შემდგომად მეფემან განუტევნა სპანი ყოველნი და მცირედითა წარჩინებულითა და სპითა დადგა აწყუერსავე. ესე უსპობა მეფისა ამცნეს კახთა ერეკლეს და მოუწოდეს მას და მისცეს პირი მტკიცე. მოვიდა ერეკლე თუშ-კახითა და დაესხა მეფესა ღამესა ბნელსა. მაგრამ შეცდნენ მეფის კარვისა დამსხმელნი და დაესხნენ ამილახორისასა. მაშინ გივი ივლტოდა შიდა ქართველით და გაჰყვნენ საციციანონიცა და სულტანი ბაიდრისა. თუმცა დარჩნენ რომელნიმე მათგანნიცა.
ხოლო მეფემან უბრძანა გამაგრებად ყოველთა სადგურთა თვისთა, და თვით შევიდა ტალავარსა ერთსა ძით თვისით არჩილით და მოსრვიდნენ მოსრულთა თუშთა ეგრეთ. მაშინ აგინებდა მეფესა თუში ვინმე ბილწად, ამაზედ გავიდა თამაზ თურქისტანისშვილი, ებრძოლა და მოკლა იგი და მოართვა თავი მეფესა. მერე რიჟრაჟსა ბრძანა მეფემან დაძახება ბუკისა და აღსხდომა ცხენთა. მსმენელთა თუშთა იცნეს იქვე ყოფა მეფისა და მყისვე ივლტოდნენ. მიეწია ციციშვილი ზაზა სპასპეტი საბარათიანოსი მარტო და შეაყენა იგინი. მისლვასა სპათასა ეკვეთნენ ძლიერად და შემუსრა ბრძოლითა ზაზამ შუბი ხუთი. თუმცა ამოწყვიდეს სიმრავლითა, რამეთუ ააგო თავთა მათთაგან კოშკი მეფემან და ტყავნი თავთანი წარუვლინა ყეენსა. ამის წილ მოანიჭა ყაენმან ნიჭნი უზომონი და დიდნი. მერე შესცვალა ურჩნი კახეთისანი და დაადგინა მორჩილნი თვისნი და დაიპყრა არჩილმა კახეთი მტკიცედ.
შემდგომად ამისა მოვიდა შანაოზ ტფილისს. ხოლო სცნა არჩილ, რამეთუ ოთარი არაგვის ერისთავი და ძმანი მისნი ეზრახვიან გამეფებად ერეკლეს. ამისთვის წაართვა მათ ერწო-თიანეთი. მაშინ ამას ზედა იფიცეს მათ სამსჭვალსა ზედა უცნობელობისათვის.
ამისთვის კვლავ მისცა ერწო-თიანეთი მათვე. შემდგომად ამისა განდგნენ, რამეთუ ქონდათ მანკიერება, და აცნობა ყაენსა ოთარ ერისთავმან ერთგულება და მის წინაშე მისლვა. მოეწონა ყაენსა, ვინაიდან ვახტანგ განდიდდა ფრიად, ეგონა ამითი დაკნინება მეფისა და მიუწოდა ოთარს თვის წინაშე. მისცა მეფემანცა გზა და წავიდა ოთარი. ესე ეწყინა მეფესა, რამეთუ არა ნებითა მისითა ჰყო ესე ოთარმან. კვლავ გოჩაშვილმან იორამ ნებითავე მათითა ინება, რათა იქმნეს მეფედ ყაენის გამო. ამისთვის შეიპყრა მეფემან და აღმოხადა თვალნი და წაართვა მამულნი (ესე იორამ იყო ძე გიორგისა, გიორგი ძე გოჩასი, რომელიც მოკლეს გორს).
შემდგომად ამისა შემოიკრიბა მეფემან სპანი და შეუხდა დუშეთს. ხოლო არჩილ კახთა სპითა მოვიდა თიანეთიდან. დაუდგნენ სიმაგრეთა შინა ედიშერ და ძმანი მისნი. ბრძოლასა შინა მოსტეხეს ბაყვი პაპუას, ძმასა ოთარისასა, და შეპყრობილი მოართვეს მეფესა, და სხვანი ივლტოდნენ. ხოლო მეფე შევიდა და დადგა დუშეთს. მაგრამ აღარა ინება მეფემან სრულიად მოსპობა მათი, ვინაიდან იყვნენ დისწულნი და ევედრნენ იგინი ხრმად-კისერს კიდულნი. ამისთვის შეუნდო მეფემან და მისცა მათნი ყოველი, უკმოიქცა და მოვიდა ტფილისს. შემდგომად მოვიდა ოთარი, რომლისათვის მიეცა ყაენსა ერისთაობა, დაუმტკიცა მეფემანცა, და ამიერიდან სამჭვლის ერთგულობდნენ ფრიად. შემდგომად მცირედისა მოკვდა ოთარი და ედიშერ (იტყოდნენ სამსჭვლის ტყუილად ფიცისათვის) და დასვა მეფემან რევაზ, ბიძა მათი ერისთავად.
ხოლო ესე ვახტანგ მეფე იყო მხნე, ახოვანი, ჰაეროვანი, გამოცდილი ბრძოლათა შინა და შემმართებელი, მოისარ-მოასპარეზე რჩეული, ღრმად გამგონე, ღრმად მოუბარ-განმზრახი, უხვი, ქვრივობოლთა შემწყალე, მრისხანე ჯეროვანი და მოწყალე, სვიანი და ღვთის მოყვარე. ამან მოიწყო ქართლი და კახეთი, იმერნი ჟამად ეპყრნენ, ჟამად მსახურებდნენ და უსმენდნენ, მესხნი მორჩილებდნენ. ამან ააშენა და განავსო ქართლი, თრიალეთი, ტაშირი, აბოცი, რომელსა შინა კაცნი არა იყვნენ; მატა რჯულსა ქრისტეანობისასა და ეკლესიათა, რამეთუ მცდელობდა, რათა როსტომის გარყვნილნი მოეგო კვლავ კვალსავე თვისსა, ვინაიდან ჟამსა მისსა ზიარება სისხლისა და ხორცისა უფლისა ჩვენისა სირცხვილად უჩნდათ, ამან კათალიკოზით დომენტით კვლავ შემოიყვანა აღსარებად და ზიარებად. ვინაიდან მთავართა ქართლისათა ვიეთთა ქონდათ როქნი ყაენისაგან, მის გამო ვერ სცვლიდა მათ გარეშე ყაენისა. თუმცა ყაენი უსმენდა რა სწადდა მყის, რამეთუ ქონდა რიდი ამისი.
შემდგომად მოკვდა შაჰაბაზ ქ~სა ჩქჲზ (1667) და დაჯდა შაჰ-სულეიმან ძე მისი. ამასვე ქორონიკონს იძულებითა არჩილისათა დაიხსნა მეფემან ასული დათუნასი ქეთევან ახალციხის ფაშისაგან, მოიყვანა ტფილისს და უქმნა ქორწილი დიდებული. ხოლო შაჰსულეიმან ინება გათხოვება შაჰაბაზის ცოლყოფილის ანუკასი ასულისა მეფისა, და მოინება შიხალიხან იგი ცოლად და ლორისტნის ხანმან. ჰკითხა ესე ყაენმა შანაოზ მეფესა, რომლისა უნებს მიცემად. ხოლო მეფემან არა ინება შიხალიხან, არამედ ლორისხანი, და მისცეს მას. ამისთვის აღუდგა მტრად შიხალიხან და მტერობდა მეფესა.
მერე წარმოუვლინა ყაენმა მეფესა ვერცხლი დიდი, რათა მოავლოს ზღუდე ტფილისს. ხოლო მეფემან აღასრულა რა, დაადგინეს კართა მცველნი ყიზილბაშნი მათ. ესე რა იხილა მეფემან, ააშენა ქალაქის სამხრეთით ასპარეზის თავსა ზედა მტკვრის კიდესა სასახლე თვისად და აღარა შევიდა ტფილისს, არამედ დადგა იქ. ესე ჰყვეს ყიზილბაშთა, რამეთუ სწადდათ ღამესა ერთსა დახშვა კართა და მოსლვა სპათა მათთა და შეპყრობა მეფისა სახლეულითა სრულიად. და ვინაიდან იხილეს ესე, დატოვეს ტფილისის კარნი და წავიდნენ. მერე შემოვიდა მეფე ტფილისსვე, ხოლო გიორგის ძისა თვისისათვის მეფესა პირველვე მოეყვანა ცოლი ელიზბარის შვილის ასული თამარი და აწ მოგვარა ლუარსაბს რევაზ არაგვის ერისთვის ასული მარიამ ცოლად და უქმნა ქორწილი ლილოსა ზედა დიდებით წარჩინებული. კვლავ ლევანს მოგვარა გურიელის ქაიხოსროს ასული თუთა ცოლად და უქმნა ქორწილი გორს აღმატებული. მერე აღარა მოსცეს დვალთა მეფესა ბეგარანი. ამისთვის მივიდა სპითა ქრცხინვალს შესლვად ოსეთად. მსმენელნი დვალნი შეშინდნენ და მოერთვნენ თავნი მათნი ქრცხინვალს, მოსცეს ბეგარანი და დაემორჩილნენ, როგორცა პირველ.
ხოლო განდიდდა და იქცეოდა ამაყად ზაზა სპასპეტი მეფესა ზედა. ამისთვის ინება მეფემან წრთვნა მისი, და მოიყვანა იგი. ძემან მეფისამან გიორგიმ, რომლისათვის შეესმინათ, უგვანად ინება შეპყრობა მისი. ხოლო იგი მოწდვილითა ხანჯლითა მიეტევა მონათა მისთა და მოკლა ფავლენისშვილი. ამისთვის მოკლეს იგიცა ბრძანებითა გიორგი მეფის ძისათა. მსმენელი ამისი დამძიმდა მეფე ფრიად, ვინაიდან იყო ნათესავი (თუმცა იტყოდნენ მართლისა ამის სისხლისთვის იქმნა შფოთნი ესე ძეთა შორის მეფისათა, როგოცა დავითისა). ხოლო სპასპეტობა შემდგომად მისა მისცეს თამაზ ყაფლანისშვილს.
მაგრამ შიხალიხან არა დასცხრა მტერობად მეფისა და იდუმალ ეზრახოდა ახალციხის ფაშას ქრთამის მინიჭებითა, რათა წაიყვანოს ერთი რომელიმე ძე მეფისა. ხოლო ფაშამ ქორიანის გამო, რომელი მწირობდა ქართლს, გადააქცია ლუარსაბ, ძე მეფისა, დაპყრობად იმერეთისა და წაიყვანა ახალციხეს, რამეთუ ლუარსაბის ცოლი დისწული იყო რაჭის ერისთვის შოშიტასი.
სცნა რა ესე მეფემან, ეწყინა ფრიად, მაგრამ ვეღარა არგო, და ვერცა რა შეუძლო ლუარსაბ ყოფად. შემდგომად წარუდგა კვალსა მისსა არჩილ მეფე, ძე შანაოზისა, და იგიცა მისლვად ახალციხეს და დაპყრობად იმერეთისად. ამისი მცნობი მეფე შანაოზ ფრიად წყინებული წარმოუდგა ძესა თვისსა და ვერ ეწია მას. მაგრამ მიაწია კათალიკოზი, რათა მოიქცეს და აცადოს დღე სიკვდილისა მეფესა და შემდგომად რა იგი ენებოს ჰყოს. თუმცა არჩილ აღარა ისმინა, არცა შეიგონა ვედრება მამისა თვისისა.
მცნობელი მეფე მოიქცა ტფილისსვე ფრიად გულკლებული ძისაგან. მერე აცნობა ყოველნი ესე შანაოზ მეფემან ყაენსა, უგულებელს-ყოფა ძეთა თვისთაგან, ერთგულება და უცოდველობა თვისი და, უკეთუ ინებოს, წასლვა მის წინაშე. ხოლო შაჰ-სულეიმან მოუწერა მისლვად მის წინაშე და წავიდა მეფე დიდებითა დიდითა და ხელმწიფურითა, რამეთუ იყო მდიდარ ფრიად და არა რა დაუტევა ძეთა თვისთა ურჩებისათვის მათისა, ვინაიდან რისხვიდა ფრიად. განმგებელად ქართლისად დაუტევა ძე თვისი გიორგი და აუწყა, რათა განაძეოს ერისთავი ქსნისა იესე, რომელიც იყო განმდგარი.
ხოლო გიორგის, ძესა მეფისასა, მამისავე ჟამსა შინა მოეყვანა თუშეთიდამ დათუნა ძე შალვასი და იმყოფებოდა მის თანა. ამან გიორგიმ წარავლინა ძმა თვისი ლევან შიდა ქართლის დროშით; ესენი შეუხდნენ ქსანს და გააძევეს იესე და დასვეს დათუნა ერისთავად. ხოლო მეფე შანაოზ ჩავიდა ხოშკარს, იქ სალმობიერ იქმნა და მოკვდა ქ~სა ჩქოე (1675).
ამისმან მცნობელმა ყაენმა წარმოავლინა კაცი და აღწერეს ყოველნი ქონებანი მეფისანი და მისცეს ალექსანდრეს და ანუკას, შვილთავე მეფისათა, რამეთუ ესე ალექსანდრე პირველვე წარევლინა ყაენისათვის მეფესა და იმყოფებოდა იქ ტარუღად ისპაანისად. შემდგომად მამისა თვისისა წილ მიუწოდა ყაენმა გიორგის, ძესა მეფისასა, წინაშე თვისსა, რათა მისცეს ქართლი და მეფობა. მსმენელი გიორგი, ძე მეფისა წავიდა წინაშე ყაენისა და დაუტევა ტფილისს გამგედ ქართლისა ძმა თვისი ლევან. ხოლო მისულისათვის გიორგისა ძისა მეფისათვის აღარა ენება ყაენსა მიცემად ქართლი შაჰ-სულეიმანს შიხალი ხანის გამო, არამედ ერეკლესათვის ძის-ძისა ბატონის თეიმურაზისა.
ამისი მცნობელი არჩილ მეფე სადგერს მყოფი ჩამოვიდა ქართლს და იწყო პყრობა ქართლისა, არათუ თვისად, არამედ რათა სცნას ყაენმა და მოსწრაფედ წარმოავლინოს ძმა მისი გიორგი. ესმა შაჰ-სულეიმანს დაპყრობა ქართლისა არჩილისაგან, განიზრახა განდგომა ქართლისა, მსწრაფლ მოუწოდა გიორგის და მისცა ქართლი და ნიჭნი დიდნი და წარმოავლინა გამაჰმადიანებული დიდებითა იქაურითა.
ჟა. მეფე გიორგი, იბ წელი იმეფა
მერე მოვიდა გიორგი მეფედ ტფილისს ქ~სა ჩქოვ (1676) და განაგებდა ქართლს. ხოლო იყო ესე გიორგი მეფე მხნე, ახოვანი, ძლიერი ძალითა და ტანითა, მშვენიერ-ჰაეროვანი, პირმხიარული, ენატკბილი, უხვი და მრისხანე, მოისარ-მოასპარეზე უებრო. მომკვდარ იყო კათალიკოზი დომენტი ქ~სა ჩქოე (1675). აწ მეფემან დასვა ძმა გივი ამილახორისა ნიკოლოზ კათალიკოზად. ხოლო ყaენსა ემცნო მეფისათვის: „ან შეიპყრას და წარუვლინოს არჩილ მეფე ან გააძეოს“. არჩილ, შემდგომად ახალციხიდან გამოლტოლვილი, იდგა სურამს და, რა აუწყა მეფემან ესე, არჩილ წავიდა და დაიპყრა იმერეთი.
მერე კვლავ მოითხოვა ყაენმა ლუარსაბ ძმა მეფის გიორგისა. მომკვდარ იყო სიმამრი ლუარსაბისა რევაზ ერისთავი და დასვა მეფემან ძმა ოთარ ერისთავისა იასონ და წარავლინა მეფემან ძმა თვისი ლუარსაბ წინაშე ყაენისა. თუმცა ესე ყოველნი, რომელნიც აღვწერეთ ან აღვწერთ, ყაენის მიერობასა იქმნებოდნენ შიხალი ხანისა მიერ, ვინაიდან იყო ეთიმადოვლე და ვეზირი აზამი. უსმენდა ყაენი ფრიად და კვლავ დამართა აწცა წინაშე ყეენისა არჩილისაგან იმერეთის დაპყრობა, რამეთუ გვიშლის ხონთქარსა გიორგი მეფე, ვინაიდან არჩილ იპყრობს იმერეთს ძალითა და შეწევნითა მისითა.
ისმინა ყაენმა და წარმოავლინა სპასალარი აჯი ალიხან და ესე მოვიდა თავრიზს ქ~სა ჩქოთ (1679) რათა გადაბირნოს ქართველნი გიორგი მეფისაგან, და გიორგი მეფესა მოსწერა ყაენმა: „შეიპყარ არჩილ და წარმოავლინე წინაშე ჩემსა ან გააძევე“. ესე კვლავ აუწყა არჩილს გიორგი მეფემან. ამისთვის არჩილ წავიდა დვალეთს. ხოლო გიორგი მეფემან აუწყა ყაენს გაძევება მისი. კვლავ მოუწერა ყაენმა გიორგის იქიდამაც გაძევება არჩილისა. ამას ზედა წარავლინა მეფემან გიორგი ძმა თვისი ლევან და ამილახორი გივი არჩილ მეფისა თანა, და მიუთხრა ესე ყოველნი. ამის მიზეზისათვის არჩილ ითხოვა სამსჭვალი ქრისტესი და სუდარი და საბელი: „უკეთუ მომცეთ, წავიდე რუსეთს“. ესე ეწყინათ მეფესა, კათალიკოზ-ეპისკოპოსთა და მთავართა. გარნა შემდგომად მას პირსა ზედა მისცეს ესენი და წავიდა არჩილ რუსეთს (და მოაკლდა მიერით ნიჭნი ესე ღვთისანი ქართლს). კვლავ არა დასცხრა შური შაჰ-სულეიმანისა გიორგი მეფესა ზედა და მცდელობდა შემუსრვასა მისსა შის-ალიხანის გამო, და უბრძანა აჯი ალიხანს მტერობა მეფისა. მაგრამ სიმხნითა გიორგი მეფისათა ვერა რა ავნეს ჯერეთ. ხოლო ჟამთა ამათ ისჯებოდნენ მამულთა ზედა ციცი და ძმისწულნი მისნი, ძენი ნოდარისანი წინაშე მეფისა კოჟორსა ზედა. მაშინ ციცი წარმოვიდა ტფილისს აბანოდ და დახვდენ იშიშუტრუქის ხიდს ზევით ფარსადან, პაატა, ვახტანგ, ნოდარ და ამილდაბარ ძმანი, მოჰკლეს ციცი და ივლტოდენ მამულსა თვისსა. განრისხებული მეფე მიუხდათ, მაგრამ გაესწრნენ იგინი. ხოლო აზნაურნი, შემზრახნი მათ თანა ამოწყვიდნა და მისცა მამულნი ციცის, ძესავე ციცისასა, და სიმცირისათვის მოუდგინა მუხრანის ბატონისშვილი პაპუა და თვით მეფე მოვიდა კოჟორსა ზედავე.
ხოლო ესე ვახტანგ მივიდა შემდგომად დუშეთს, რამეთუ ქალი ოთარ ერისთვისა ჰყავდა ცოლად (იტყვიან შეჩენითა მეფისათა: უკეთუ მოჰკლას იასონ, ვახტანგს მისცეს მამული თვისი მეფემან, და ამან მოაშთო გასავალსა შინა), ხოლო იმერეთს იჯდა გურიელი გიორგი მეფედ და აღარა მგონებელმან მეფემან არჩილის მოსლვისამან ინება, რათა ჯდეს ნებისმყოფელი თვისი იმერეთს ძალისა თვისისათვის და პირველვე მოპარვით მოყვანილი ალექსანდრე, ძე ბაგრატ მეფის უთვალოსი, ქ~სა ჩქოჱ (1678) რომელსა ზრდიდა ძესავით, ინება აწ ამისი მეფობა იმერეთს, მიუწერა ახალციხის ფაშას, რათა ჰყოს ალექსანდრე იმერეთს მეფედ. ხოლო ფაშამ აუწყა ხონთქარსა. შემდგომად მოთხოვნითა ფაშისათა წარგზავნა მეფემან ალექსანდრე დიდითა პატივითა ქ~სა ჩქპბ (1682).
ამასვე ქორონიკონსა მოკვდა დედოფალი მარიამ, შემდგომად მოკვდა დედოფალი თამარი, ცოლი მეფისა, რომელიც იყო კახთბატონთა ტომისა, ქ~სა ჩქპგ (1683).
ხოლო ალექსანდრე მეფემან სძლია რა გურიელს გიორგის როკითს, წარმოუვლინა მეფესა მახარობელი და მადლობა, რამეთუ მის მიერ ექმნა ყოველნი და აწ ღირს ჰყოს და მისცეს ასული თვისი მარიამ ცოლად. ესე არა ინება მეფემან არჩილის გამო და მიზეზ-ჰყო დაწინდვა დავით ერისთვისაგან და მისცა ნიჭი დიდი კაცსა მას და წარუვლინა. მერე კვლავ მოეთხოვა ალექსანდრეს ელენე, ასული ლუარსაბ ძმისა მეფისა, და ესე აღუთქვა მეფემან მიცემად.
შემდგომად ამისა ინება მეფემან მძახლობა რაჭის ერისთვის პაპუნასი და მოითხოვა ასული მიქელაძის გიორგისა ხვარაშან, რამეთუ იყო პაპუნას მამიდასშვილი, მოიყვანა კოჟორსა ზედა და ჰყო ქორწილი წარჩინებით დიდებული ქ~სა ჩქპზ (1687) რათა ქონდეს მწედ იგინი. ხოლო აჯი ალიხან გადაიბირა მთავარნი, რამეთუ აღარა ქონდათ სიმტკიცე სჯულისა და მეფეთა თვისთა ერთგულებისა, ვინაიდან მცირედითა ნიჭითა გამაჰმადიანდებოდნენ და ქონდათ როქი ყაენისაგან, შემყვარე იყვნენ უფროს სოფლის დიდებისა, ვიდრეღა სუფევისათვის ჩვენთვის დაკლულისა ქრისტესა. უკუდგა იასონ, ერისთავი არაგვისა, შურითა გივი ამილახორისათა.
კვლავ მელიქი სომხითისა ქამარბეგ ამხილებდა ქმნილსა მეფისასა აჯი-ალიხანს და ძე მუხრანის ბატონისა ერეკლე, რომელსაც ზრდიდა მეფე, როგორცა ძესა, და ძმანი მაჩაბელნი, ძენი ზაზასნი, იესე და ელიზბარ უდგებოდნენ ღალატად მეფესა. ბრძანებითა მეფისათა ჰკრეს თოფი ქამარბეგს ფარულად კოჟორსა ზედა, და მოკვდა იგი. ხოლო ერეკლე და მაჩაბელნი შეიპყრა და პატიმარჰყო მეფემან. მაშინ მისცა ასული თვისი მეფემან დათუნას ქსნის ერისთავსა და უქმნა ქორწილი კოჟორსა ზედა, მგონებელმა მომტკიცებისა მისისამან. შემდგომად შეუჩინა იასონ ერისთავსა მეფემან კაცი და, რა გავიდა სამჭირნოსა ბუნებრივსა ზედა, მოახჩვეს იქ საბლითა, და შემდგომად მისა დაიპყრა გიორგი ძემან ოთარისამან არაგვი.
ამ ჟამთა წარავლინა მეფემან ორნი ბერნი რუსეთს არჩილისა თანა შფოთებისა ამისთვის, რათა მოვიდეს და მწე ეყოს, ვინაიდან კახთა ენებათ და იმერთაცა იგივე მეფედ. მისულნი მონაზონნი დაღისტანსა შინა შეიპყრა შამხალმან. მაშინ შეედვა შამხალსა სენი განუსლველობისა. მცნობმან მონაზონმან დავით თურქისტანისშვილმან მისცა წამალი და გახსნა იგი. ამისთვის შეიყვარა შამხალმან დავით და უხმობდა ძედ. ამის მიერ გამოსთხოვა შამხალს დავით და წარავლინა რუსეთს მეორე იგი ბერი და მეგობარ ჰყო შამხალი გიორგი მეფისა და იმყოფებოდა დავით შამხალისა თანა არჩილის მოსლვისამდე.
ხოლო ესე-ვითარებისა მცნობმა ყაენმა მოითხოვა მეფისაგან ლევან ძმა მეფისა, რამეთუ ეუწყა ყაენსა არის იგი საქმისა მისისა წარმმართებელი. ლევანს მოჰკვდომოდა ცოლი, ასული გურიელისა თუთა, ქ~სა ჩქოჱ (1678) და დარჩნენ ძენი მის თანა ქაიხოსრო, ვახტანგ და დომენტი და ასული ხვარამზე. შემდგომად შეირთო ასული გიორგი ავალისშვილისა თინათინ, ქ~სა ჩქპ (1680) და ესხნენ ძენი მის თანა იესე, სვიმონ და თეიმურაზ. ხოლო ესმა რა მეფესა მოთხოვნა ძმისა თვისისა, ეწყინა ფრიად და ევედრა ყაენსა, რათა დაუტეოს ლევან და წარუვლინოს ძე თვისი ბაგრატ, ვინაიდან არის უმეტეს სარწმუნო, რამეთუ „არა მივიდეს გარდა მისსა სხვა ძე“. ჰოი სიბოროტე უსჯულო შურისა, რამეთუ მოითხოვა ორნივე ყაენმა და მოუწერა, რამეთუ: „აწ ვცან ერთგულება შენი, ვინაიდან არა რიდებ ძესაცა“. ამისთვის განიგულა მეფემან და ეზრახა კახთა (ვინაიდან ეპყრა კახეთი ხანსა და არა კეთილს უყოფდა კახთა), რათა მოჰკლან იგი, შეერთდენ და ჰყონ ერთ სამეფოდ. ამას ზედა მოსცეს პირი მტკიცე და ფიცი კახთა. ამისთვის შეკრიბა მეფემან სპანი, რეცა წარვლინებად ძისა და ძმისათვის, მივიდა და დადგა ყურყუთას და ღამესა მას ენება მისლვა თოფყარაღაჯს, რამეთუ კახნი შეკრებილნი იდგნენ, მიმლოდნენი მეფისა. ღამესა მას განივლტო სპასპეტი თამაზ და შევიდა აღჯაყალის ციხესა შინა. იხილე სიბოროტე ურწმუნოებისა, რამეთუ იყო დედის ძმა მეფისა და განმზრახი მისანდო და აირჩია უსჯულოთა თანა შერთვა, ვიდრეღა მემკვიდრისა და მონათესავისა თვისისა მეფისა. თუმცა ქონდა მიზეზი სიბოროტისა, რამეთუ გიორგი ერისთავი არაგვისა სიძე მისი იყო და უკეთუ ესე აესრულებინა მეფესა, იგი შეიმუსრვოდა. ამისმა მხილველმა მეფემან წარავლინა ძე და ძმა ლევან წინაშე ყაენისა, ქ~სა ჩქპჱ (1688).
ამისა შემდგომად ეზრახა გიორგი ერისთავსა, რათა მოერთვას. ხოლო მან არა ინება. მომკვდარ იყო ბიძისძე მეფისა მუხრანის ბატონი თეიმურაზ, რომელიც იყო კაცი დიდ-შემძლე საქმისა, ერთგული მეფისა და რიდობდენ ყოველნი. და ესეთ მოაკლდებოდნენ მეფისანი და განმრავლდებოდნენ წინააღმდგომნი. ამისთვის განიზრახა მეფემან ამასვე ქორონიკონსა ზედა შესლვა დუშეთს ან დაიპყრას და დაიმორჩილოს იგინი, ან იქმნას რაც იგი ნებავთ. შეკრებილი სპითა მივიდა და დადგა საბურდიანოს და იქიდან ეზრახა კვლავ დამორჩილებასა გიორგისა, მაგრამ არა ინება მორჩილება. მაშინ შეუხდა გზასა ტინისასა მეფე და მათ მოემწოთ კახნი, მოყვარენი მათნი, და შეჰკრეს სიმაგრენი და იწყეს სროლა თოფთა დილით შუადღედმდე. და შეუშვეს სხვანი დროშანი და უმეტეს უწყეს მეფის დროშასა სროლა, მოკლეს ტფილელი იოსებ და ქაიხოსრო ციციშვილი და სხვანი მრავალნი. სძლეს მეფისათა და ამოწყვიდეს იგინი და ივლტოდნენ. შევიდა მეფე და დადგა ბაზალეთს გამარჯვებული და მოწვეს დუშეთი და გარემონი სპათა მეფისათა. იხილეს კვლავ სიბოროტე და არა კეთილისა წილ კეთილი, რამეთუ დათუნა ქსნის ერისთავი წარავლინა მეფემან, რათა მოვიდეს იგი გრემის ხევიდან ბრძოლასა ზედა. ხოლო იგი არა მოვიდა, არამედ დაადგრა მჭვრეტელი, თუ რა იქმნას. და რაჟამს ივლტოდნენ იგინი, მოისწრაფა დათუნამ მეფისა თანა და მას ემთხვია გიორგი და ბარძიმ ძმანი, მცირედითა კაცითა ლტოლვილნი. ხოლო მან არა რა ავნო, არცა ებრძოლა, არცა შეიპყრა, არამედ გაუშვა მშვიდობით და თვით დათუნა მოვიდა წინაშე მეფისა და მყისვე აიძულებდა უკუნქცევად, რამეთუ გიორგი და ბარძიმ ვედრებად მიწევნილ იყვნენ მეფისად, რათა შეუნდოს. ამის დათუნას მიერ არცაღა მათ ინებეს და კვლავ ქვეგამხედველთა და ბოროტთა კაცთა მეფისათა, განზრახვითავე დავით ერისთვისათა, ისურვეს მასვე ღამესა შინა ლტოლვა და დაუტევეს მეფე იქ.
ამისი მხილველი მეფე და უღონო ქმნილი წამოვიდა თვითცა მასვე ღამესა მშვიდობით და მოვიდა კოჟორს ზედა. ესე მიესმა შაჰსულეიმანს, შეიპყრა თოხჩის მყოფნი ძე მეფისა ბაგრატ ყრმა და ლევან და წარავლინა ჰერათს პატიმრად; ეგრეთვე ლუარსაბ ძმა მეფისა წარგზავნა ქირმანს.
ხოლო ამან ლუარსაბ ქმნა ბოროტი, რამეთუ რაჟამს აიძულებდნენ უარყოფასა ქრისტესსა, არა დაუტევა, არამედ აწ გზასა ზედა შეიმუსრა ცხვირი და შეისვარა სისხლითა და იტყოდა ჩვენებასა რომ მცაო იმამმან ღამესა ამის მეტყველმან: „რაისათვის არა იქმნები მოჰმადიან“. თუმცა არა შეურაცხეს ხვანჯი ესე სიმართლედ, ყვეს მაჰმადიანად და წარავლინეს იქვე. ხოლო გიორგი მეფესა მოუწერა ყაენმა: „მოდი წინაშე ჩემსა და მოგცე ქვეყანა სხვა და ნიჭნი დიდნი. ხოლო ქართლი მიმიცია ერეკლესათვის“.
და ესე ერეკლე იყო ისპაანს იდ (14) წელსა, და არა უარჰყო ქრისტე, რამეთუ იყო აღზრდილი რუსეთს, რომელცი წინაცა ვახსენეთ. ამას შეიკრბნენ მის თანა მყოფნი კახნი და უმეტეს მოძღვარი მისი, მონაზონი ნაცვლისშვილი, და ესენი იტვირთვიდნენ ცოდვასა მას, რათა დაუტეოს ქრისტე. ამისთვის გამაჰმადიანდა ცოლშვილითა სრულიად და უწოდეს ნაზარ-ალიხან და წარმოავლინეს ნიჭითა ქართლს მეფედ. ამისი მსმენელი თამაზ სპასპეტი შემოვიდა ტფილისის ციხესა შინა და უკუუდგინა ციხე-ქალაქი მეფესა. მაშინ მეფემან წარმოავლინა დედოფალი ყორნისს და შემდგომად ხუნანს მოსლვისა ნაზარ-ალიხანისა წავიდნენ ქართველნი მიგებებად ერეკლეს თანა. მერე გიორგი მეფე მოვიდა ქრცხინვალს და იქიდან წავიდა რაჭას ლიბის გზასა ზედა, და მთიდან გამოუშვა ქართველნი მცირეთაგან კიდე, რამეთუ მოეცა ყაენსა ნაზარალიხანისათვის მწედ აჯი-ალიხან და ხანი კახეთს მჯდომი დარაჯად, თხოვნითავე ერეკლესითა, თუშნი და ქისიყელნი, ამისთვის რამეთუ ვერა ეგდენ ენდობოდა ქართველთა.
ჟბ. მეფე ერეკლე (I), იე წელი იმეფა. გიორგი მეფის ქართლს ყოფით, გარდა მისსა ია წელი იმეფა
ესე ერეკლე ყაენისაგან წოდებული ნაზარ-ალიხან მოვიდა და ტფილისს მეფედ ქ~სა ჩქპჱ (1688). იყო ქართლისა და წესთა საქართველოსათა უცნობელი და მეფობისა გამოუცდელი, ბილწთა და უშვერთა მოუბარი, სმისა და შვება-ლხინთა მოყვარე, მხნე და ჰაეროვანი, ტანოვანი, მოწყალე და მცირედთა ყურისმიმპყრობი და დიდთა დამამდაბლებელი, მაგრამ არა ძალ-ედვა გარდა ყაენისა, მრისხანე ჟამად და უსისხლო. ამის ჟამამდე არა იცვალებოდნენ კათალიკოზი და ეპისკოპოსნი საყდართა თვისთაგან. ამან შესცვალა და დასხნა თვისნი, კათალიკოზად დიასამიძე იოანე, მთავარეპისკოპოზად ნაცვლიშვილი, ტფილელად ყაფლანისშვილი დომენტი, მანგლელად ჯავახიშვილი იოსებ, რომლისა ძმისწული მოიყვანა ხარჭად თვისად. დაადგინა კარისა თვისისა გამგედ მსაჯულთუხუცესად ბარძიმ, ძმა გიორგი ერისთვისა, სახლთუხუცესად ბებურისშვილი, ვეზირად ყიასა, ყულარაღასად ყაფლანისშვილი ლუარსაბ. და ამათ მიაგდო საქმენი ყოველნი ქვეყანისანი და თვით მარადის იშვებდა და იხარებდა და ნადირობდა. თუმცა უმძიმდაცა ფრიად ესევითარი ცვლილება საქართველოჲსა და სწადდა, რათა ქონდეს კახეთი თვით და ქართლი გიორგი მეფესა, როგორცა მემკვიდრეთა. ამას უთხრეს, რამეთუ არიან ძენი არჩილ მეფისანი ზრამაგას, რათა წარავლინოს სპანი, შეიპყრას იგინი და წარუვლინოს ყაენს. მეორედ, რამეთუ მწეობა დიდი იქმნება ალექსანდრე იმერთა მეფისა, ვინაინაიდან მეგობრობდენ ესენი გიორგი მეფის მტერობისათვის.
ესე არა სურდა ერეკლეს, რამეთუ დისწულნი იყვნენ ძენი არჩილისანი ამისნი. მაგრამ რათა არა დამართონ ქართველთა წინაშე ყაენისა, ამისთვის შეკრიბა სპანი და უთავა ბარძიმ მდივანბეგი, რომელმანცა გამოითხოვა ამისი ყოფად და წარგზავნა დვალეთს. მისულსა ზრამაგას სპითა ბარძიმს წინააღუდგა ელიყანაშვილი და წარავლინნა ძენი მეფისა არჩილისანი დიგორს. ხოლო ბარძიმ ვერა რაისა მყოფელი უკუმოიქცა და მოვიდა წინაშე ერეკლე მეფისა.
კვლავ უთხრეს ერეკლეს, რამეთუ არიან ცოლშვილნი ლევან გიორგი მეფის ძმისა ავალისშვილის გიორგის სახლსა და გამოთხოვითავე ქაიხოსრო ციცისშვილისათა, რომელსაც უწოდდენ ლოპინას. წარავლინა იგივე, რათა მოიყვანოს იგინი. გიორგი ავალისშვილმა წაიყვანა სამცხეს ლოგათხევსა შინა იგინი ძმისა თვისისა თანა, რომელიც იყო იქ მაჰმადიან. ხოლო ლოპინა დაესხა და იავარყო ქონება ლევანისა სრულიად, თუმცა ერეკლე მეფე მნებელ არა იყო ამათი, არამედ შიშისათვის, რათა არა შეასმინონ ყაენსა მტერთა მეფისა გიორგისათა. კვლავ ამათ თვისთა განმზრახთაგან ამცირებდა ერთგულთა მეფის გიორგისათა და განადიდებდა კახთა, და ზოგიერთთა ქართველთაცა. უმეტეს დაამდაბლა სპასპეტი თამაზ და მიეგო თხემსავე სიბოროტე, მერე კვლავ უძვირესი, კვლავ ამილახორი გივი და დავით ერისთავი, აშოთან მუხრანის ბატონი. ხოლო აღაზვავა მცველნი ტფილისის ციხისანი ყიზილბაშნი, რამეთუ ჰკლავდნენ და წაართმევდნენ კაცთა ცოლშვილთა, სხვათა ჰყიდდენ და სხვათა მაჰმადიან ჰყოფდნენ და ჭირისა ამისთვის გადაშენდებოდნენ ქართლის გლეხნი და აზნაურნიცა კახეთს, რამეთუ საწადელი იყო ერეკლესა აშენება კახეთისა.
ხოლო გიორგი მეფე რაჭიდან ოდიშს, ოდიშიდან გურიას, გურიიდან მივიდა სამცხეს და დადგა ოშორას, იქიდან წარმოავლინა სპანი თვისნი, რათა დაესხნენ ალექსანდრეს იმერთა მეფესა, რომელიც იდგა წედისს. ესე სცნა ბეჟან სააკაძემ და ამხილა ალექსანდრეს და იგი მსწრაფლ შეივლტო ციხესა შინა გორს და სპანი მეფისანი მოვიდნენ ოშორასვე უქმნი. ხოლო ერეკლე მეფემან ყოველი ესე აუწყა ყაენსა, რაიცა იგი ჰქმნა გიორგი მეფემან. ამისთვის შაჰ-სულეიმანმა წარუვლინა დესპანი ხონთქარსა ქალბალიხან: „ვინაიდან არის ზავი ჩვენ შორის, მომეც არჩილ და გიორგი მეფენი (და მიუძღვანნა ძღვენნი დიდნი) და ჰყავ ალექსანდრე მეფედ იმერთა“. მაშინ ოსმალთა ვერცხლისმოყვარეთა უბრძანეს ახალციხის ფაშას შეპყრობა და მიცემა მათი და გამეფება ალექსანდრესი იმერეთს. ამისნი მცნობნი წარჩინებულნი მესხნი აზრახებდნენ გიორგი მეფესა შესლვად იანიჩართა შინა და მიღებად რჯულთა მათთა, ვინაიდან აღარა იყო სხვა რაღა ღონე.
შემდგომად მოვიდა ფაშა და მოერტყა გარს მეფესა ზიკილიას მყოფსა. ხოლო მეფემან ჰყო ეგრეთ, როგორცა ამცნეს მესხთა სახლეულთა თვისთათვის, რამეთუ უკეთუ თვით განრიდებულ იყო მეფე, იგინი ძნელად განერიდოდნენ, და წაიყვანეს მეფე ახალციხეს. ვინაიდან უპატიო იყვნენ ქართველნი ერეკლე მეფისაგან, ამისთვის ეზრახოდენ მეფეს გიორგის, რათა მივიდეს ქართლს და დადვან სულნი თვისნი მისთვის და აღუთქმიდნენ ფიცითა დიდითა. კვლავ უვლინებდნენ მრავალსა საგანძურსა აშოთან მუხრან-ბატონი, გივი ამილახორი და ნიკოლაოზ მაღალაშვილი, რათა მით დაუყოს პირი მეფემან ოსმალთა ანგაართა.
და ღამესა ერთსა ნებითა მესხთათა, გადმოუშვა მეფე ციხის ზღუდიდან დოლენჯიმ ხმალაძემ საბლითა და მოვიდა სლესას ღამითმე მეფე, რამეთუ ზიკილიიდან იქ მისულ იყვნენ სიახლოვისათვის ქართლისა სახლეულნი მეფისანი, მასვე ჟამსა აყარა დედოფალი და დედაწულნი თვისნი და ჩამოვიდა ქართლს ხეობასა შინა. მაშინ ალექსანდრეცა მიეწეოდა ფაშას, მაგრამ ასცდა მეფე გზასა ზედა და მსახურნი მისნი შეიპყრეს მონათა მეფისათა და მოართვეს მეფესა. მერე დაუტევა მეფემან დედოფალი იქ ხეობასა შინა დედაწულითურთ.
ჩამოვიდა გიორგი მეფე კვლავ ქართლს და დ (4) წელი იმეფა
წელსა ქ~სა ჩქჟა (1691) შემოიკრიბა სპანი გარემონი მეფემან და ჩამოვიდა შიდა ქართლს და მოერთოდნენ იქაურნი ყოველნი სიხარულითა. ხოლო სცნა მეფემან, რამეთუ დედა და ცოლშვილი ალექსანდრესი იდგნენ რუისს, დაესხა მათ და იავარ-ჰყვნა იგინი და ძენი მისნი დააპატიმრა და სხვანი ტყვე ჰყვნა.
ამისი მცნობელი ნაზარ ალიხან, კოჟორსა ზედა მყოფი, მსწრაფლ შევიდა ტფილისს და გიორგი მეფე მოვიდა დუშეთს და იქიდან თიანეთს, რამეთუ იქ იდგა გიორგი და ბარძიმ. მოეგებნენ ორნივე წინ, სიხარულითა თაყვანისმცემელნი და ითხოვეს შენდობა, მერმე უძღვნეს დანარჩენებულნი ტინისანი და თვისნიცა მრავალნი.
მაშინ ქაიხოსრო ლოპინამ შეიკრიბა სპანი თვისნი, რათა დაესხას დედოფალსა ახალდაბას, მაგრამ ძმისწულმან მეფისამან ვახტანგ, ძემან ლევანისამან, შემოიკრიბა თვისნი და მიეგება ბრძოლად, ივლტოდა ქაიხოსრო და შევიდა ტფილისს ერეკლეს თანა და ძმისწულმან ქაიხოსროსამან ციციმ დაიპყრა საციციანო და მოერთო მეფესა. ხოლო შეკრებილი მეფე მოვიდა თიანეთიდან დიდგორსა ზედა და მოერთვნენ იქ სრულიად სომხით-საბარათიანონი, მერე მივიდა და დადგა კოჟორს ზედა მეფე გიორგი.
კვლავ დაადგინა კათალიკოზად ნიკოლაოსვე და წარგზავნა ბარძიმ მსაჯულთუხუცესი იმერეთს შეწევნად არჩილ მეფისად სპითა, მაგრამ ვეღარა მიუსწრა, რამეთუ არჩილ მოსულ იყო ერწოს; მიეგება იქ ბარძიმ დიდითა ძღვნითა და მოუძღვა ქრცხინვალს არჩილს, და თვით ბარძიმ მოვიდა გიორგი მეფისა თანა. მაშინ მეფე მოადგა ტფილისს და შეამჭირვა ფრიად და ეზრახა კახთა, რათა იპატრონონ კვლავადვე არჩილ. ხოლო მათ სიხარულით მოსცეს პირი მტკიცე ფიცითა და აცნობეს ესე არჩილს, მაგრამ მან არა ინება და განემზადა რუსეთს. და ხვეწნითა დისა თვისისა თამარისათა დადგა იქვე. ხოლო გიორგი მეფე ფიცისათვის კახთა გავიდა ლილოსა ზედა, რათა დაიპყრას კახეთი და იქიდან წარავლინა ბარძიმ თავად სპათა, გივი ამილახორი და სპასპეტი თამაზ და ქართველნი.
ამათ მისულთა ნინოწმიდას მოერთო სახლთუხუცესი ჩოლოყაშვილი რევაზ მოკიდებულითა თვისითა და ნინოწმიდელი უმასპინძლებდა მათ. დუშია ქისიყის მოურავი მოვიდა მთა-მთად მცირედითა თუშით და ქისიყითა, არა ბრძოლად, არამედ რათა ჰყოს ზავი მათ თანა.
ხოლო ესე ბარძიმ იყო ამაყი, თავხედი, კადნიერი და არა რად ვინმე ჩანდა და უმეტეს კახნი. ამისი მცნობი და მგონებელი დუშიასი ბრძოლად მოსლვისა, ღვინოსმული და მთვრალი განრისხდა ფრიად და აღარა ისმინა ვისიმე და მიეტევა ბრძოლად. მაშინ დუშიამ შიშისათვის იწყო სროლა თოფთა, ჰკრა ბარძიმს მკერდსა და განვლო ბეჭსა მისსა და შეიტანეს მოწყლული ნინოწმიდის ზღუდესა შინა და განამაგრეს ყმათა მისთა ზღუდე ეკლესიისა. ხოლო ქართველნი ლტოლვილნი მოვიდნენ წინაშე გიორგი მეფისა ლილოსავე. მერე უკმოიქცა მეფე და მოვიდა მცხეთას.
კვლავ ეზრახა გიორგი მეფე არჩილს, რათა დაიპყრას კახეთი, რამეთუ ევედრებოდნენ კახნი ამისთვის, მაგრამ არჩილ არა ინება და წავიდა ოსეთს. ხოლო მეფე გიორგი კვლავ დადგა კოჟორსა ზედა და მოაყენა ქაიხოსრო ძმისწული თვისი გორს, რამეთუ იოთამ ამილახორი, მას შინა მყოფი, არბევდა იქიდან ქართლს.
კვლავ ეზრახოდა გიორგი მეფე შამხალსა, რათა მწე ეყოს, და მან აღუთქვა აჰმადბეგ ალიაღის შვილის დესპანობითა. ამისთვის წარავლინა ძმისწული თვისი ვახტანგ მძევლად შამხლისა თანა პაემნითა ამით, რათა როდესაც მოვიდეს ძე შამხლისა ქართლს, მაშინ ვახტანგიცა მივიდეს შამხლისა თანა. ამ დროს მოუგზავნა ნიჭი დიდი ყაენმა შამხალსა: „ვინაიდან გიპყრავს გზა, წასული არჩილ მეფე რუსეთს შეიპყარ და წარმოავლინე წინაშე ჩემსა“. ამისთვის უგულებელჰყო ფიცი და პაემანი შამხალმან და შეიპყრეს არჩილ მეფე ჩერქეზს. ესე სცნა ვახტანგ ხევსა მყოფმან, წამოვიდა და მოვიდა გორს ძმისა თვისისა ქაიხოსროს თანა.
ამ ჟამთა ეზრახა აბაზ-ყულიხანს ნაზარ-ალიხან, რათა დაიპყრას ერწო-თიანეთი. შეკრიბეს ამათ სპანი და მოგზავნეს თიანეთს. ამათ ზედა წარმოავლინა მეფემან პაპუა მუხრან-ბატონი, და ერისთავი გიორგი სპითურთ. მისულთა ჰყვეს ბრძოლა კვეთებითა ძლიერითა და ივლტოდნენ სპანი ჩვენნი. ამისი მცნობელი მეფე მოვიდა თიანეთს სპითა და დაიპყრა კვლავ თიანეთი. ამისთვის მოვიდა ერეკლე მეფეცა და დადგა იგი ქართლის-უბანს. მაშინ ეზრახნენ გიორგი და ერეკლე მეფენი ურთიერთს მნებებელნი, რათა დაიპყრას ქართლი გიორგიმ და კახეთი ერეკლემ და აუწყონ ყაენსა ეგრეთ მორჩილება მისივე და დაასკვნესცა ესე პირი. მაგრამ არა აუფლეს მეშფოთეთა ესე ყოფად.
შემდგომად ინება მეფემან გიორგიმ ბრძოლა და ესეცა არა ინება გიორგი ერისთავმან, ვინაიდან იყო შეუმართებელი და გემოთმოყვარე და განზრახვითა მისითა უკუმოიქცა მეფე გიორგი სპითა. ხოლო ერეკლე მეფემან დაიპყრა თიანეთი, არაგვის აღმოსავლეთი სრულიად. მაშინ გიორგი მეფე რა თვით ვეღარა ეუფლა ბრძოლასა, წარავლინა ძე იასონ ერისთავისა თეიმურაზ სპითა. ამათ მოსრეს ნაზარ-ალიხანისანი, აოტეს და წაართვეს არაგვის კიდენი და დაიპყრეს თვით.
კვლავ წარავლინა მეფემან ზაალ ხერხეულიძე სპითა. ესენი მივიდნენ და მოტყვევნეს მარტყოფი. ესმა ესე ერეკლე მეფესა და წარმოუდგა ამათ. ამათ შემოასწრეს მცხეთას და მოსული ერეკლე მეფე მოადგა გარს. ამისი მხილველი გიორგი მეფე მსწრაფლ წამოვიდა და არცა აქა აუფლა გიორგი ერისთავმან, რათა განვლოს ღართისკარი და მოსრა იგინი. მაგრამ მოვლეს სხალტბიდან. ხოლო მათ იხილეს რა მიმავალნი სპანი, მსწრაფლ გავიდნენ ჯვარს და დადგა იქ ერეკლე მეფე და ვეღარა ჰყვეს ბრძოლა სიმაგრეთ-გამო. არამედ იდგნენ იმიერ და ამიერ და სპანი იბრძოდნენ მარადის ქ~სა ჩქჟდ (1694).
შემდგომად მოიტანეს ზარბაზანნი ტფილისიდან მათ და ისროდნენ, მაგრამ ვერ ავნეს კაცთა, თუმცა დაეცა მცხეთას ეკლესიასა. მაშინ ამითი რისხვეულ იქმნენ და კვეთებითა მეხისათა იქმნა ყორჩიბაში ბეჟან როგორცა მკვდარი. ხოლო ქვეგანმხედველ ექმნა გიორგი მეფესა ციცი ციციშვილი და აცნობებდა ყოველსავე ნაზარ-ალიხანს, რამეთუ იყო ლოპინა მის თანა. ამისთვის შეიპყრა გიორგი მეფემან ციცი, მოაშთო იგი და მისცა საციციანო ფარსადანს ნოდარის ძეს.
კვლავ შეაპყრობინა მეფემან ქაიხოსროს ძმისწულსა თვისსა სააკაძე ბეჟან, ვინაიდან ამხილებდა იგიცა ნაზარ-ალიხანისა თანა და აღმოხადეს თვალნი (როგორცა ძმამან მისმან პირველად ქრცხინვალს ყოფასა შინა არა მისცა მეფესა ღვინო ატენიდან, ამისთვის შეიპყრა და აღმოხადა თვალნი). ხოლო შემდგომად მოეშველა ერეკლე მეფესა აბაზ-ყულიხან და ამით გაგრძელდა ბრძოლა იქაური და ვერარა ავნეს ურთიერთსა. მერე უკუნიქცნენ ნაზარ-ალიხან და აბაზყულიხან და მივიდნენ ტფილისს.
შემდგომად ამისა გამოვიდა ერეკლე მეფე სომხითს. ესე სცნა კრკონს მდგომმან მეფემან და აცნობა არჩილს, შეიკრიბნენ ძმანი და მოვიდნენ ვარხუნას. სცნა მეფემან ბოლნისს ყოფა ერეკლესი და ინება მისლვა მის ზედა, რამეთუ იყო მცირედითა სპითა; ესე აცნობეს ერეკლე მეფესა და მსწრაფლ წავიდა ბორჩალუს.
ამასვე ჟამსა მოართვეს მეფესა გიორგის, რამეთუ მოვლენ თუშნი და კახნი სამასნი წინაშე ერეკლე მეფისაა მსმენელნი სპანი წამსვე აღმხედრდნენ სრულიად და მიეტევნენ. მხილველნი თუშნი შეიკრიბნენ ტალავრის ბოლოს გორათა ზედა და მისულ-მდგომთაგან იქმნა კვეთებული ბრძოლა ძლიერი. ამოწყვიდეს და დაიპყრეს ქართველთა სრულიად. და მათ მოკლეს ჩოლოყაშვილი გივი, შანშიაშვილი ბაადურ და სხვანიცა. კვლად მოესმათ სხვათა სპათა მოსლვა, და მათ ზედა მყის წავიდა ვახტანგ ძმისწული მეფისა და მიჰყვნენ სპანი. მისულთა იხილეს ყიზილბაშთა სპანი. რამეთუ მომკვდარ იყო შაჰსულეიმან ქ~სა ჩქჟბ (1692). და დაჯდა მის წილ ძე მისი შაჰსულთან უსეინ.
ამას წარმოევლინა ხალათი ერეკლე მეფისათვის და მონაცვალენი ტფილისს მყოფთა მცველთა ყიზილბაშთანი: ამათ მიეტევნენ ქართველნი და მოსრეს სრულიად. მაშინ ვახტანგმა სცა ოროლი სპარსსა და სხვამან მოუწყო ისარი. იხილა ხერხეულიძე ხოხონამ და დააფარა მკერდსა ზედა ფარი ვახტანგს, ჰკრა სპარსმან მან და განვლო ფარი იგი და ვეღარა ავნო ვახტანგს.
კვლად მხნედ გამოჩნდა სპარსი ერთი, რამეთუ ჩამოყარა ხუთნი მხედარნი, მხნე ჭაბუკნი. შემდგომად შეიპყრა იგიცა გოსტაშაბისშვილმან ნიკოლაოზ და განუტევა მშვიდობით სიმხნისა მისისათვის. ხოლო ერეკლემ განვლო გემიყაია. მცნობმან გიორგი მეფემან ინება წინგარდასწრება და შეპყრობა მისი. მაგრამ არა აუფლა არჩილ მეფემან და შემოვიდა ერეკლე მეფე ტფილისს.
ხოლო გიორგი მეფე მოვიდა კვლავ კრკონს. ამისთვის წარავლინა ნაზარ-ალიხან ყაფლანისშვილი ლუარსაბ წინაშე ყაენისა და შეასმინა აბაზ-ყულიხან, რამეთუ არის მეგობარი გიორგი მეფისა და არა ნებავს შეწევნა ჩემი და მოითხოვა შეწევნა სპითა. მაშინ შაჰსულთან უსეინს მოეყვანა პატიმრობიდან ლევან და ლუარსაბ, ძმანი მეფისანი, და ძე მეფისა გიორგისა ბაგრატ წინათვე მომკვდარ იყო ჰერათს, რომელიცა უთხრეს მეფესა ახალციხესავე.
ხოლო ერეკლე მეფესა უსმინა და წარმოავლინა სპითა დიდითა ქალბალიხან და მოუწერა ერეკლე მეფესა, რათა შეიპყრას აბაზ-ყულიხან და წარგზავნოს მის წინაშე. ხოლო ზამთარსა ამას მიიცვალა დედოფალი ხვარაშან ქრისტესა ჩქჟე (1795). და არჩილ მეფესაცა ამავ ზამთარს მოერთვა სიკვდილი ძისა თვისისა მამუკასი მოსკოვიდან. შემდგომად გლოვა-მწუხარებისა იყვნენ მეფენი ზოგად.
შემდგომად ზაფხულსა ამას მოვიდა ქალბალიხან ხუნანს სპითა დიდითა, მიეგება მას ერეკლე მეფე. ხოლო გიორგი მეფე დადგა დიდგორსა ზედა. აქაცა არა აუფლეს ბრძოლად გიორგი მეფე, რამეთუ ვინაიდან შეუმართებელნი იყვნენ გიორგი და დათუნა ერისთავნი მინდორსა ზედა, და არცა თამაზ სპასპეტმა ინება ხინწს შემოსულთა ყიზილბაშთა ბრძოლა, რამეთუ იყო მამული მისი, ყიზილბაშთა სისხლთა რიდებითა, და ამათ ყოველთა უფროს სათნოითა ყაენისათა არა ინებეს. ხოლო ნაზარ-ალიხან და ქალბალიხან შემოვლნეს სომხითი, დმანისხევი და დადგნენ ყარაბულახს; და გიორგი მეფეცა მივიდა და დადგა კლდეკარს.
მაშინ ერეკლე მეფე და ალექსანდრე იმერთა მეგობრობდნენ. ამისთვის მოუხდა ალს და ტყვე ყვნა. მსმენელმან არჩილ მეფემან, ტაშისკარს მდგომმან, დევნა უყო, მაგრამ მას ვეღარა ეწია და დააყრევინეს ტყვენი. ამისთვის ეზრახნენ არჩილ და გიორგი მეფენი იმერთა. ხოლო იმერთა შეიპყრეს ალექსანდრე და მოსცეს მეფეთა; ამათ მოიყვანეს და მოახრჩვეს იგი რუისს.
ბრძოლა ქართველთა და ყიზილბაშთა გაგრძელდა, რამეთუ ყიზილბაშნი მლოდინენი იყვნენ სულმოკლებისა და უკუნქცევისა ქართველთასა. ხოლო ქართველნი წარჩინებულნი არა მნებებელნი ბრძოლისანი და სიმაგრეთა მათთა იმედებულნი, იტყოდნენ: „ვაცადოთ თოვლი და უკუნ-იქცევიან ყიზილბაშნი“. მეფე წადიერ იყო ბრძოლისა, ვინაიდან უწყოდა, უკეთუ დასძრეს იქიდან, ვეღარა დაუდგებოდნენ სიმაგრეთა მათთა და დაბრკოლდებოდნენ ესე-ვითარებითა. შინაგამცემელნიცა მრავალნი იყვნენ, როგორცა ესე, რამეთუ უბრძანა მეფემან ძმისწულსა თვისსა ქაიხოსროს მისლვად სპითა და მოსრვა მებალახეთა და წამოღება ცხენთა მათთა, და მთათა წარმოდგომილთა სპათა ყიზილბაშთა ეკვეთონ მერე სპანი მეფისანი დიდნი და მოსრან იგინი. ესე იმცნეს მათ შინაგამცემელთაგან, და განაწყვნეს იქ სპანი რჩეულნი. ხოლო მისულსა ქაიხოსროს ბრძანებისაებრ ეკვეთნენ მზადყოფილნი იგი ყიზილბაშნი და იქმნა ბრძოლა ძლიერი; და ამოწყდა სიმრავლე და მოუკლეს ქაიხოსროს ცხენი. მაშინ მხნედ გამოჩნდა ზაალ ფალავანდისშვილი, გადახდა და მისცა ცხენი თვისი ქაიხოსროს და თვით ქვეითად იბრძოდა. შემდგომად აოტეს სპანი ქართველნი და მოჰკლეს ზაალიცა იქ.
მეოეს დღეს წარმოავლინეს ქაიხოსრო ლოპინა სპითა. ამან გადმოვლო მთა თორისა გუჯარეთსა ზედა და დადგა გვეძინეთს. ამისმა მცნობელმა მეფემან გიორგი წარავლინა ფარსადან ციციშვილი და ზურაბ ერისთავისშვილი. ამათ ვერარად ავნეს ქაიხოსროს და დაიპყრა საციციანო მან.
ამისი მცნობელი ქალბალიხან წარმოემართა სპითა. ხოლო მეფე აიძულებდა ქართველთა ბრძოლად, მაგრამ არა ინებეს კვლავ მთავართა. ამისთვის წამოვიდა მეფე კრკონს, აჰყარა იქ მდგომნი დედაწულნი თვისნი და სახლეულნი და წავიდა იმერეთს. ქ~სა ჩქჟე (1695).
ხოლო ნაზარ-ალიხან და ქალბალიხან მოვიდნენ გორს, წარავლინეს და მოარბიეს რომელნიმე ზენა დაბები. მთავარნი ვეღარა გამაგრდნენ სიმაგრეთა შინა თვისთა ყმათა თვისთა გამო და გიორგი ერისთავი და გივი ამილახორი წავიდნენ დვალეთს და იქიდან იმერეთს, და დავით ერისთავი მოიყვანეს ყმათავე თვისთა მაღრან-დვალეთიდან წინაშე ერეკლესა. ეგრეთვე პაპუა მუხრან-ბატონი და თამაზ სპასპეტი ძით მამუკათი უღონო ქმნილნი მივიდნენ ქალბალიხანისა თანა.
ესე ყოველნი განზრახვითა ერეკლე მეფისათა წარავლინნა ქალბალიხან წინაშე ყაენისა. ხოლო ყაენმა წარავლინა პატიმარნი ქირმანს. შემდგომად ამათთა მისლვისა მივიდნენ ყოველნი ქართველნი ერეკლე მეფისა თანა. მერე უცნობელად ბიძებთა თვისთა ეზრახა ქაიხოსრო, ძე ლევანისა, ქალბალიხანს, რათა წარავლინოს წინაშე ყაენისა და მივიდეს მის თანა. მან სიხარულით აღუთქვა და მისული კეთილად შეიწყნარა და წარავლინა წინაშე ყაენისა. ამას ყაენმანცა პატივ-სცა, რამეთუ იყო მამაცა მისი იქ. ვინაიდან მტერ იყვნენ ქალბალიხან და ერევნის ხანი, ამისთვის ეზრახა ერევნის ხანი გიორგი მეფესა, რათა წავიდეს წინაშე ყაენისა და მან წარმართოს საქმე მისი ყოველი და მოსცეს ყაენმა კვლავ ქართლი და ნიჭი დიდი. მსმენელმა მეფემან ამას ზედა მისცა პირი მტკიცე წასლვისათვის. ხოლო ჩერქეზის ბატონის ასული რუსუდან, რომელიც მოეყვანა ძისა თვისისათვის მეფესა, ესე პირველვე მიეცა ძმისწულისა თვისისა ვახტანგისათვის, და შემდგომად ქაიხოსროს წასლვისა წაიყვანა ვახტანგ იგი და დედინაცვალი თვისი და ძმანი თვისნი და მივიდა ხარაგეულს და იქ ნებითა მეფისათა ჰყო ქორწილი არა დიდებული.
ხოლო ერევნის ხანს მყის ეცნობა ყაენისათვის მისლვა მეფისა. მსმენელმა ყაენმა ამისთვის მოსცა ხანსა მას თოფანჩი-აღასობა და მეფისათვის წარმოევლინა მეჰმანდარი, და ესე მოვიდა ალს. მცნობი მეფეცა მივიდა ალს, წარუძღვა მეჰმანდარი დიდითა პატივითა, ჩავლო ქართლი, შევლო ატენი, განვლო თრიალეთი, აბოცი და მივიდა ერევანს ქ~სა ჩქჟვ (1696). შემდგომად მივიდა ისპაანს წინაშე ყაენისა, პატივ-სცა და კეთილად შეიწყნარა, მისცნა ნიჭი და განკვეთილნი, და დახვდენ მეფესა ძმანი თვისნი ლევან და ლუარსაბ და ძმისწული ქაიხოსრო. ვახტანგ ძმისწული მეფისა დარჩა სახლეულით იმერეთს.
ხოლო შემდგომად გიორგი მეფის წასლვისა წავიდა ქალბალიხან განჯას სპითურთ და ერეკლემ დაიპყრა სრულიად ქართლი, გადააყენა კვლავ კათალიკოზობიდან ნიკოლაოზ და დასვა იოანევე კვლავ. მართალია ეპყრა კახეთი ქალბალიხანს, მაგრამ მარადის იყვნენ წინაშე ერეკლესსა და თუშნი, ქისიყი და ერწო-თიანეთი ეპყრა ერეკლეს. კვლავ დასვა არაგვის ერისთავად ბაინდურ, ქსნისად დავით, ბიძაშვილი დათუნასი, ამილახორად იოთამ, სპასპეტად ლუარსაბ ყაფლანისშვილი, მუხრანის ბატონად კოსტანტინე. კვლავ დაამდაბლა ერთგულნი გიორგი მეფისანი და ზოგთა წაართვა მამულნი და აღამაღლა კახნი უმეტეს პირველისა და მისცა მამულნი მათნი, და უმეტეს ტფილისის მცველნი განალაღა და მკვიდრ-ჰყო, რამეთუ აღარა იცვალებოდნენ; მერე გადვა ხიდი ნაგებს-მტკვარსა ზედა და ეტყოდა შეჭირვებულთა ქართველთა გლეხთა: „გახვედით, აჰა კახეთი მშვიდობისა“. და აივსებოდა კახეთი ესეთ. კვლავ დაიმორჩილა ესეთ, რამეთუ რაი თუ მცირედი დაკარგული იყო, შეიპყრეს სახლთუხუცესნი კათალიკოზისა, მუხრან-ბატონისა არაგვ-ქსნის ერისთავთა და ამილახორისა; და მასვე ჟამსა შინა მოაღებინეს და ამისი მოქმედი მარადის იყო უმეტეს შვება-გაცხრომასა შინა.
არა ჰყავდა ცოლი, თუმცა ხარჭანი და ქართველთა განზრახვითა მოთხოვნით მოიყვანა, რომელიც დაეტოვებინა ისპაანს ძით და ასულითა ანნა, რომელიც ექორწინა იქვე ასულით ელენეთი. ხოლო ძე მისი დავით დარჩა იქვე. შემდგომად კვლავ ააშენა ნაგებს სასახლე და იმყოფებოდა მარადის ზამთარს იქ ნადირობით, ნადიმობით და მგოსნითა.
ამავ ჟამთა იპარვიდნენ სილაღითა მცველნი ციხისანი, თათარნი ტფილისისა, გორისა და სურამისა ტყვეთა და ჰყიდდნენ და შეერიათ ქართველად სყიდვა ტყვეთა და იცვალებოდაცა ქცევა-ზნენი ქართლისანი და იქცეოდნენ უმეტეს ყიზილბაშთა ზნე-წესითა და ყოვლითა უწესოებითა ქრისტეანულისათა ცოდვითურთ. შემდგომად მოკვდა კათალიკოზი იოანე ქ~სა ჩღ (1700), დასვა ერეკლემ ევდემოზ ძმისწული იოანესივე.
ხოლო მოკლეს ქსნისხეველთა განზრახვითა დათუნა ერისთავის დედისათა დავით ერისთავი, ეწყინა ერეკლე მეფესა, განრისხდა და წარავლინა ზემო ქართლის დროშა, შეუხდენ ქსანსა და მოარბივეს და დაიპყრნა ერეკლე მეფემან მამულნი მისნი.
შემდგომად ეშინოდა შესმენა ყაენისა და ამისთვის მოითხოვა დათუნა ერისთავი ყაენისაგან, მოიყვანა და მისცა ერისთაობა მასვე. ხოლო იმერეთს მოკლეს რა სვიმონ, ეწყინდა ესე ერეკლე მეფესა, ვინაიდან იყო წარვლინებული მის მიერ და შეკრებილი ქართველ-კახთა სპითა მივიდა დაღალულასა შინა, რათა შურ-აგოს აბაშიძეს და წაართვას ხეფინისხევი, რამეთუ შემდგომად გიორგი მეფის წასლვისა მას ეპყრა. ვინაიდან იმერნი მტკიცედ იდგნენ აბაშიძისად, ამისთვის განზრახვითა ყიასა ვეზირის და ლუარსაბ სპასპეტისათა მოიქცა ტფილისადვე.
ხოლო რაჟამს აღდგნენ ბულუჭ-აზარანი და ავღანნი, ესენი მეკობრობით არბევდნენ ქირმანით იეზდამდე და რამდენგზის წარავლინა ყაენმა სპანი და სარდალნი, მარადის იგინი მძლე ექმნებოდნენ. ამისთვის აიძულებდა ყაენი გიორგი მეფესა, რათა განაგოს საქმე ესე და მიანიჭოს კვლავ ქართლი, და არა ინებებდა მეფე. თუმცა ქართველნი, რომელნიც იყვნენ მის თანა, ევედრებოდნენ ყოფად ამისა. ამისთვის ინება მეფემან, მისცეს ქირმანი და ნიჭი დიდნი. ხოლო მეფემან პირველ წარავლინა ძმა თვისი ლევან ქირმანს მცირედითა ქართველითა და მისული ქირმანს ლევან წავიდა ლუთბარსა ზედა, რომელთაც ჰყავდათ დედაკაცი, სახელოვანი ბრძოლათა და შფოთებათა შინა მათთა. ლუთბარელნი ვერ წინააღუდგნენ და მოსცეს დედაკაცი იგი, და იქვე ჩამოჰკიდა იგი ძელსა და დაიმორჩილა იგინი. შემდგომად გამოვიდა მარბიელად სპანი დიდნი ბულუჯთა, ამათ შეებრძოლა ლევან და ამოწყვიდნა სრულიად, რამეთუ ვერ განერიდა ერთიცა.
კვლავ შემდგომად ამისა სამგზის მოსულნი მარბიელნი სპანი დიდნი მოსრა ლევან და წარუვლინა თავნი მათნი ყაენსა. ამისთვის ყაენმა ანიჭა დიდნი. შემდგომად ჩავიდა მეფეცა არა დიდითა სპითა ქართველითა. მოგზაურსა მეფესა ძღვნიდნენ სრულიად სპარსნი. კვლავ გამოვიდნენ ბულუჯნი და მოაოხრეს სრულიად ხორასანი. შემოიკრიბა ამისთვის მეფემან სპანი ქირმანისანი და ქართველნი მის თანა, ვლო უდაბნო ძნელი და უწყლო და მოეწია მათ. მხილველნი იგინი გამაგრდნენ კლდე-გორათა ზედა.
მაშინ განყო მეფემან სპანი თვისნი: ლევან და ქართველნი ერთკერძო, ქირმანელნი ერთკერძოდ და თვით ერთკერძ, მიეტევნენ ფიცხელად და შეუხდნენ ქართველნი ბანაკთა მათთა და შემუსრეს და ამოწყვიდეს სრულიად, რამეთუ ვერ განერიდნენ ერთიცა; მოიქცა მეფე ქირმანს და წარუვლინა თავნი მათნი ყაენსა. ამის წილ მოანიჭა ნიჭი ურიცხვი ყაენმა და ლევანს მისცა მსაჯულთუხუცესობა ერანისა და ქაიხოსროს ტარუღობა ისპაანისა და მიუწოდა ლევანს ისპაანს წინაშე თვისსა. მაშინ აუწყა მეფემან ყაენსა ლევანის გამო: „რამეთუ მწირად არის ძე ჩვენი ვახტანგ იმერეთს და, უკეთუ არარა ეყოს შეწევნა ჩვენ მიერ, წავა იგი რუსეთს და ამისთვის ჩვენ უენო ვიყვნეთ წინაშე შენსა“. მსმენელმა ყაენმა მსწრაფლ მოუწერა ერეკლე მეფესა, რათა მოიყვანოს ვახტანგ ქართლს და მისცეს ყოველნი საუფლისწულონი მამისა თვისისა ლევანისა. ხოლო ერეკლე მეფე, დაღათუ არა მნებებელი ამის, ვერ ურჩ ექმნებოდა ყაენსა. ამისთვის წარმოევლინა ვახტანგს კათალიკოზი ევდემოზ და სპასპეტი ლუარსაბ და მიუწოდა ვახტანგს. მაშინ ვახტანგს მოსლოდა წარგზავნილი თვისი ზალია შანშიაშვილი, ძე ბაადურისა, და მამუკა შათირი არჩილ მეფისაგან, რათა წავიდეს რუსეთს. ამისთვის ვახტანგ განეზრახა იმერთა წარჩინებულთა წავიდეს თუ რუსეთს ან ქართლს. ხოლო მათ განუზრახეს მისლვა ქართლს. წამოვიდა და მოვიდა ალს, იქ შემოჰფიცეს კათალიკოზმა და ლუარსაბ უვნებელობისათვის და მერე მივიდა ტფილისს ქ~სა ჩღა (1701).
მისული ვახტანგ ერეკლე მეფემან კეთილად შეიტკბო და სცა პატივი დიდი და აუფლა ბრძანებულთა ზედა ყოველთა. მერე მოვიდა სურამს ვახტანგ და მოიყვანა ცოლი და ძენი თვისნი და სახლეულნი და იმყოფებოდა ოდესმე ნაზარ-ალიხანისა თანა. ხოლო რაჟამს ეუფლა ვახტანგ მამულსა თვისსა, მოსცა აბაშიძემ ხეფინისხევი; „ვინაიდან მკვიდრი თქვენი არის“.
ხოლო მეფემან გიორგი დაამშვიდა ყოველნი ურჩნი, რამეთუ ხოსროშა და შადადა, მპყრობელნი ბულუჯისანი, მოვიდნენ წინაშე მისსა შიშით შეძრწუნებულნი და თაყვანისმცემელნი. შემდგომად კვლავ ინდოეთის მესაზღვრენი ავღანნი და ბულუჯნი მოვიდნენ მორბევად ხორასნისა. ამათ ზედა წარავლინა მეფემან სპანი ქართველ-ყიზილბაშნი. ამათ განვლეს უდაბნო სასტიკი, დაეწივნენ და იქმნა ბრძოლა ძლიერი. სვემან მეფისამან სძლია და მოსრეს სრულიად განურიდებელად და მოვიდნენ წინაშე მეფისა გამარჯვებულნი. შემდგომად ყანდაარის ხანს აღუდგნენ ბულუჯნი და უფროს მირსამანდარ და აოხრებდნენ ყანდაარის გარემოთა. ხოლო ხანმან მან წარავლინა სპასპეტი თამაზ, რამეთუ იყო ბიძა თამაზისა, ბრძოლად მათდა და მრავალგზის სძლია მათ თამაზ. შემდგომად დაესხა მირსამანდარ, მოკლა თამაზ და ამოწყვიდა სპანი მისნი და შემდგომად ამისა ვეღარა წინააღუდგა ყანდაარის ხანი და მარადის აოხრებდნენ სანახებსა ყანდაარისასა, რამეთუ ვეღარა გამოვიდოდა ხანი ციხიდან. ესე ყოველი რა ესმა ყსენსა, უბრძანა ლევანს, რათა მიიღოს გიორგი მეფემან კვლავ ქართლი და სპასალარობა ერანისა და განაგოს საქმე ყანდაარისა. ხოლო ლევან მსწრაფლ აუწყა ესე მეფესა და ეწყინა ფრიად საქმე ესე მეფესა და არა ენება, არამედ აიძულებდენ მისთანა მყოფნი ქართველნი ამის ყოფად. ამისთვის ნება-სცა ყაენსა, რათა მისცეს აწვე განმგეობა ქართლისა ვახტანგს და მერე წარავლინოს ლევან ქართლს, რათა მან განაგოს საქმენი დაშლილნი იქაურნი და წარუგზავნოს სპანი ქართლისანი. მოხსენებულმა ყაენმა ესე ყოველი აუსრულა გიორგი მეფესა და მოსწერა ნაზარ-ალიხანს: „მივეც ქართლი გიორგი მეფესავე, ხოლო შენდა მომინიჭებიეს კახეთი და ყულარაღასობა, აწვე წამოხვედ წინაშე ჩემსა“. ამისი მსმენელი ერეკლე მეფე წავიდა და მიიყვანა ცოლშვილნი მარტყოფს. ხოლო თვით მობრუნდა ტფილისსვე წასლვად წინაშე ყაენისა.
ვახტანგ (VI) ჱ (8) წელი განაგებდა. მოვიდა ლევან
ხოლო მოვიდა ვახტანგ ტფილისს და დაჯდა განმგედ ქართლისად ქ~სა ჩღგ (1703), და ერეკლე მეფე წავიდა ისპაჰანს მაისსა შინა. შემდგომად ივლისსა შინა იე (15) მოვიდა ლევანიცა. ესე ლევან იყო სიჭაბუკიდანვე ღვთისმოყვარე, ბრძენი და სიბრძნის მოყვარე, ეკლესიათა მაშენებელი, მამკობელი, მდაბალი და ბოროტისა არა მომხსენებელი, მოწყალე, მშვიდი, ღრმად განმსინჯველი და მოუბარი. ამან განაგნა ყოველნი საქმენი ქართლისანი და არცაღა ვის მიაგო ბოროტებისა წილ ქმნულთა მათთა, რომელთაც უყვეს მეფესა გიორგის. შემდგომად კვლავ მოხსენებითა მეფისათა გამოუშვა ყაენმა გიორგი ერისთავი, პაპუა მუხრანბატონი და სრულიად ქართველნი ნიჭითა, ხოლო ლევანმა წარავლინა სპანი ქართველნი წინაშე მეფისა გიორგისა ც (2000) მხედარნი, და ესენი რა ჩავიდნენ ქირმანს წინაშე მეფისა, წავიდა მეფე ყანდაარს. წინათვე წარევლინა სისტანის ხანი და კაცია ძე თამაზის მეფესა. ამათ მისლვასა ზედა ესმოდათ ავღანთა და აზარათა მისლვაცა მეფისა, ამისთვის დამორჩილებოდნენ და აღარა იყო რბევა მათ მიერ. ხოლო წასულმა მეფემან განვლო უდაბნო ფიცხელი და მივიდა სისტანს, იქიდან გირიშკს და გირიშკიდან მივიდა ყანდაარს. მისლვასა მეფისასა დაეცათ შიში და ძრწოლა ყოველთა და მოერთვნენ სრულიად ყოველნი. შემდგომად ბრძანა: „ყოველნი მორჩილნი ბრძანებისანი მოვიდნენ წინაშე ჩემსა და მივანიჭო ღირსნი პატივნი მათნი; უკეთუ არა ინებონ, მოვსრი მახვილითა უწყალოდ“. ამისნი მსმენელნი მოვიდნენ ყოველნი ძღვნითა დიდითა წინაშე მეფისა და დაიმორჩილა სრულიად და მეხარკე ჰყვნა; მერე გავიდა ნადირობად სპითა დიდითა; ესე ეგონა მირსამანდარს, მისლვა მას ზედა მეფისა, მსწრაფლ წამოვიდა ძმისწულითა და ხუთოდენ მონითა და მოვიდა წინაშე მეფისა. ამისთვის მეფემან პატივ-სცა და მისცა ნიჭი და შემდგომად ფიცით მორჩილება-მეხარკობასა ზედა პაემანისა დამდები გაუშვა.
შემდგომად წარმოევლინა ქობულს მჯდომს ინდოთ მეფის ძეს დესპანი ძღვნითა დიდითა მშვიდობის მთხოველსა, რამეთუ ჰგონებდა იგიცა მისლვასა მეფისასა თავის ზედა. ხოლო მეფემან წარმოუვლინა ძღვენი იგი და წიგნი მისი ყაენსა. ამისთვის ყაენი ფრიად მადლიერ იქმნა და მიანიჭა იგინიცა მეფესა და სხვანი უმეტესნი და კვლავ საძღვნოცა მის ინდოთ მეფის ძისა და უბრძანა წარვლინება დესპანისა თვისისა, და ამისთვის მისანდობელ იქმნა ფრიად ყაენისა მეფე და შურობდენ ამას ყიზილბაშნი.
ხოლო ლევანმა განაგნა დაშლილნი საქმენი ყოველნი ქართლისანი და დაჰყო თვე იე (15) ქართლს და დაუტევა ძე თვისი ვახტანგ განმგედ ქართლისა და იესე ძე თვისი წაიყვანა ისპაჰანს, ქრისტესით ჩღდ (1704), სექტემბერს კვ (26). და ესე ვახტანგ იყო ღვთის მოშიში და ღვთის მოყვარე და ფრიად მოღვაწე, სამღვდელოთა პატივისმცემელი, ქვრივ-ობოლთა და გლახაკთა მიმცემელი, უღონოთა შემბრალე, ეკლესიათა მაშენებელი, ხატთა და ჯვართა შემამკობელი, მოწყალე, ცოდნისმოყვარე, ბრძენი, მხნე და ახოვანი, მშვენიერ-ჰაეროვანი, მუშაკი, უხვი და მშვიდი, თუმცა ჟამად მრისხანე. ამან მოიწყო ყოველნი ქართველნი, და მიეცა კათალიკოსობა მეფესა ნიკოლაოზისათვისვე. მაგრამ შეითქვნენ ეპისკოპოსნი და არქიმანდრიტნი და აღარა ინებეს ნიკოლაოზ, რამეთუ არის სოფლიერი, და ევდემოსს დაუდვეს უმეცრება და გამორჩევით დაადგინეს ნებითა ვახტანგისათა კათალიკოზად დომენტი, ძე ლევანისა და ძმა ვახტანგისა, ახლად მოსული რუსეთიდან, და აკურთხეს ქ~სა ჩღე (1705).
ხოლო ვახტანგმა ააშენა და გაავსო ქართლი, რამეთუ რომელნიც ჟამსა ერეკლე მეფისასა ჩასულ იყვნენ კახეთს ქართველნი, ამან ბრძანებითა ყაენისათა გადმოიყვანა ყოველნი და დასხა თვისთავე ადგილთა ზედა. ამას მორჩილებდენ იმერნი, უსმენდენ კახნი, მოიტანა მბეჭდველობა ვლახეთიდან და განამრავლა წიგნნი სამღთონი, რამეთუ უმეცარნიცა სამღვდელოთა წერილთა იკითხავდნენ, განაწყო სპანი როქითა მცველად თვისად. დაწერა წიგნი სამართლისა და მით სჯიდნენ მსაჯულნი, მოშალა ტყვის ყიდვა, დაამდაბლა თათარნი, და უმეტეს ტფილისს ციხის მცველნი, აღამაღლა ქართველნი, გაიყვანა რუნი და ააშენა მრავალი დაბები. ხოლო კათალიკოზს დომენტის არა აუფლეს კახთა კახეთს მამული თვისი. ამისთვის წავიდა წინაშე ყაენისა ქ~სა ჩღზ (1707). მისულსა კათალიკოზს პატივ-სცა ყაენმა და მისცა ყოველნი მამულნი თვისნი და ნიჭი დიდი. შემდგომად გამოუშვა და მოვიდა ტფილისს ქრისტესა ჩღჱ (1708). მერე ჩავიდა კათალიკოზი კახეთს, იმამ-ყულიხანისა თანა და აუფლეს მამულსა თვისსა და იმყოფებოდა მოსული მცხეთას.
ხოლო ყანდაარი რა დაამშვიდა მეფემან, კვლად განდგა აზარის სულტანი დაქეზ. ამისი უბრძანა მეფემან მირვეისს ან მოკლას იგი, ან შეიპყრას და მოართვას მას. მაშინ მირვეისმან მოკლა იგი ღალატად და მოართვა თავი მისი და დაიმორჩილა აზარა მეფემან. თავი დაქეზისა წარმოევლინა ყაენსა მირვეისიდან და მოუმცნო, რათა აღარა გაუშვას მირვეისი იქ, ვინაითგან ბოროტი მანქანი იყო. ხოლო დიდებულთა ყაენისათა შურითა მეფისათა კვლავ გაუშვეს და ამცნეს მტერობა მეფისა, და მირვეისი, მოსული ყანდაარს, მარადის ეძიებდა ჟამსა სიკვდილისათვის მეფისა. მაგრამ შიშისაგან მეფისა იჩემებდა ფრიადსა ერთგულებასა.
ხოლო მეფემან წარგზავნა იერუსალიმს ორიათასი თუმანი სახსრად გოლგოთისა და ჯვარის მონასტრისა და სხვანი მრავალნი შესამკონი მათნი. კვლავ წარმოგზავნა ხატი ოქონისა და ნაწილნი და ჯვარნი, რომელნიც წინდად იყო სამცხეს და მესხმან მან იქ მიუტანა ყოველნი და მეფემან მას მიანიჭა უზომონი ნიჭნი. ხოლო ვახტანგს რა მოუთვალა ნაწილნი და ხატი ოქონისა, თვესა ივლისსა განუწესა დღესასწაული.
რა განისმა ძლიერება მეფისა, მისმოდა ფარიჯან სულტანსა ინდოეთს ლტოლვილსა, ამისთვის ესე მოვიდა პაპუნა ციციშვილისა თანა, რათა წარავლინოს წინაშე მეფისა, ვინაიდან მას ეპყრა სულტნობა იგი. ქალანთარი იყო სულტანის მტერი, მისცა ქრთამი პაპუნას და მოგზაური მოკლეს სულტანი. ამისი მსმენელი მეფე განრისხდა და ბრძანა თავის წარკვეთა პაპუნასი, მაგრამ ვედრებითა ქართველთათა განერიდა. ამას ზედა შეშინდა ქალანთარი იგი და განდგა თემით თვისით. ამისთვის განრისხებულმა მეფემან წარავლინა მას ზედა სპანი ქართველნი და ყანდაარისანი სრულიად; ამათ უთავა ალექსანდრე, ძე ლუარსაბ ძმისა თვისისა, ნაშობი ხარჭისაგან, და თვით მეფე დადგა აბდლის სპითა და ტაძრეულითა თვისითა მცირედითა ქართველითა. მაშინ ამხილა მეფესა ღალატი მირვეიზისაგან ძმამან მირვეიზისამანვე. მაგრამ არა უსმინა მეფემან. ხოლო სპათა მეფისათა მისულთა შემუსრეს სიმაგრენი და მოსრეს წინააღმდგომნი და ტყვე ყვნეს, აიღეს ალაფნი მათნი დიდნი და დაიმორჩილეს სრულიად. თუმცა აქა მეფისა თანა იდგა ტალად მირვეიზ, ამან იცა ჟამი და მოუწოდა სპათა და მორჩილთა თვისთა, წავიდა იდუმალ და მივიდა სპათა თვისთა თანა და მოუვიდა აბდლის სულტანსა მეტყველი: „ბრძანება არის მეფისა“. და წარკვეთა თავი. რამეთუ არა მორჩილ ექმნებოდა არა თუ ბრძანებითა მეფისათა, ვინაიდან ერთგულებდა მეფესა, და უკეთუმცა იგი არა მოეკლა, ვერა რაისამცა მყოფელი იყო. მერე მოვიდა მეფესა ზედა.
მაშინ ტალანი მეფისანი აბდალნი და მირსამანდარის ძმისწულნი და მცირედნი ქართველნი და თვით მეფე ფიცხლად იბრძოდნენ და ვერ შეუძლო შესლვად მირვეიზმან. ინება მეფემან ამხედრება და ეგრე ბრძოლა. მაგრამ არა აუფლეს ყიზილბაშთა მდედრგულთა, და მოიხელოვნა მირვეიზმან, მოჰკვეთა ვინმეს თავი და ეტყოდა აბდალთა: „აჰა მოვკალ მეფე, იყავნ ქონება და საჭურჭლენი თქვენდა, ხოლო კაცნი ჩვენდა“. ამის მრწმუნებელთა აბდალთა აიღეს სიმდიდრე და ივლტოდნენ. შემდგომად მოერტყა მირვეიზი მეფესა სპითა და იბრძვეს ძლიერად მეფისათა. არღვევითა ბანთათა მოკლეს მეფე გიორგი ქ~სა ჩღთ (1709) დიდსა ხუთშაბათს. და აჰყარა ხატნი და ჯვარნი მეფესა მირვეიზ და ფსალმუნი, რომელსა იკითხავდა ჟამსა მას, და წარმოუვლინა ყაენსა მეტყველმან: „ესეთ გაცდუნებდა მეფე“. მერე მოიქცა ყანდაარს და მცველთა ციხისათა მიუთხრა ყაენისა-მიერობა სიკვდილი მეფისა, ამისთვის მისცეს ყანდაარი და დაიპყრა მან.
ესე რა ესმათ ალექსანდრეს და ქართველთა, დამძიმდენ ფრიად და განევლტვნენცა ყოველნი ავღანნი და, უკუმოიქცნენ რა, გზასა ზედა ეწიათ სპანი მირვეისისანი და უწყოდნენ. მარადის მძლე ექნებოდნენ ქართველნი და მოვიდენ ციხესა შინა ლეილ მაჯნურისასა და იქ გაიგეს მირვეისისაგან დაპყრობა ყანდაარისა და წავიდნენ გირიშკს, მაგრამ მეგზურთა შეაცდინეს და მოიყვანეს ყანდაარსვე და იქ შევიდნენ წალკოტის ზღუდესა შინა. მოვიდნენ და მოერტყნენ სპანი მირვეისისანი.
მაშინ ხვანჯითა სიცბილისათა იერმაჰმად ძმამან მირვეისისამან წაიყვანა ალექსანდრე ყანდაარს. მერე სთხოვეს ქართველთა საჭურველნი და აიძულებდენ მაჰმადიან-ყოფად და დაშენებად იქვე. ეწყინათ ესე ფრიად ქართველთა და ღამე გამოხვრიტეს ზღუდე წალკოტისა, გამოვიდნენ და წამოვიდნენ და აქაცა მრავალგზის მოეწია სპანი მირვეისისანი.
წყალიცა ყანდაარისა შეეკრა სპითა და მოსულთა ქართველთა, იხილეს რა შეიცურეს ცხენნი და ერთხმობით გავიდნენ და იქმნა იქ ბრძოლა ძლიერი, მოსცა ღმერთმან ძლევა, აოტეს და ამოწყვიდეს მრავალნი. კვლავადცა წამოსულთა მრავალგზის ეწივნენ, მაგრამ ქართველნი მძლე ექმნებოდენ. შემდგომად ეწივნენ იეჩ (15000) მხედარნი, ქართველთა ხუთასთა იბრძოლეს ძლიერად, ძალითა ღვთისათა მოსრეს, რამეთუ მცირედნიღა განერიდნენ ლტოლვითა და ქართველნი მოვიდნენ გირიშკს გამარჯვებულნი. საცდურითავე მირვეისისათა არა მისცეს აქაცა ნავნი, შეიცურნენ კვლავ ცხენნი და გავიდნენ უვნოდ. მაგრამ დარჩა კაცი უძლები იქ კიდესა ზედა, ამას მოუხდნენ ავღანნი, ჰკრა ხმალი ქვეითმან და განჰკვეთა ავღანი ჯავშნოსანი სრულიად და შეჯდა ცხენსა მისსა და გამოვიდა იგიცა. ხოლო ავღანთა მიართვეს განკვეთილი ჯავშანი მირვეისსა და უთხრეს: „ამის მოქმედთა არა ძალგვიძს ბრძოლა“.
ხოლო ქართველნი შევიდნენ გირიშკის ციხესა შინა და განამაგრეს იგი. მერე აცნობეს ყაენსა ყოველი ყოფილი: ეწყინა ყაენსა ფრიად ესე, მერე მოუწოდა ქაიხოსროს ძესა ლევანისასა, მისცა ქართლი სამეფოდ და სპასალარობა ერანისა. რამეთუ ლევან იყო ფრიად სალმობიერი და ქართველთა მათ წარუვლინა ნიჭი დიდი. დაუცხრომელმა მანქანამ მირვეის შეიკრიბა იგჩ (13000) მხედარნი და მოგზავნა გირიშკს, რათა გარმოდგომილ ჰყონ იგი. მაშინ ქართველთა განიზრახეს გარმოდგომამდე მათთა მიგებება და მათ ზედა დასხმა და მეორე განთიადს დაესხნენ მათ და ამოწყვიდეს სიმრავლით, რამეთუ ააშენეს თავთა მათთაგან კოშკნი და ტყავნი წარმოუვლინეს ბეჟან რატისშვილით ყაენსა.
ჟგ. მეფე ქაიხოსრო გ (3) წელი იმეფა
ხოლო ქაიხოსრო მეფე, გამზადებული წასლვად და ამისი მსმენელი იხარებდა. მაგრამ აღარა ინებეს განმზრახთა ყაენისათა წარვლინება ქაიხოსროსი, ვინაიდან მარადის მძლე ექმნებოდენ ავღანთა ქართველნი: კვლავ წარუვლინეს ქართველთა ნიჭი და იქვე მყოფი მაჰმად ყულიხან სარდარ ჰყვეს და მისცეს სპანი იქაურნი, რათა მან ებრძოლოს მირვეისს. ამან მაჰმად ყულიხან წარუვლინა ალექსანდრეს ყანდაარს წიგნი, რათა გამოვიდეს გამოპარვით, ან აცნობოს როდის ჯერ არის მისლვა ყანდაარსა ზედა: ხოლო წიგნი ესე მიართვეს მირვეისს, განრისხდა იგი და გამოიყვანა ქართველნი ოცდაათნი და წარჰკვეთნა თავნი. მხოლოდ ალექსანდრე, პაპუნა და ნოდარ იხსნა ძმამან მირვეისისამან.
ამას ზედა შეიკრიბა მაჰმად ყულიხან სპანი ყიზილბაშ-ქართველთა და წავიდა ყანდაარსა ზედა, მისულსა დაუპირისპირდა მირვეისი, სადაც ქართველთავე აოტეს და ამოწყვეტდნენ ურიცხვთა. მაგრამ ერთკერძ ივლტოდენ ყიზილბაშნი და დატოვეს ქართველნი მათ შორის. მხილველთა ქართველთა უყივლეს ურთიერთთა და გამოვლეს ბრძოლით და მოვიდნენ ესენიცა გირიშკს. ამისთვის წარავლინეს ბეჟან რატისშვილი წინაშე ყაენისა და აცნობეს ესენი სრულიად. მაშინ ყაენმა წარავლინა ქაიხოსრო სპითა დიდითა და ნიჭითა და მოითხოვა სპანი ქართლისანი ქაიხოსრომ.
ხოლო ვახტანგ, მსმენელი სიკვდილისათვის ბიძისა და მამისა ლევანისა, რომელიც მოკვდა ქ~სა ჩღთ (1709) მაისს, მწუხარებდა ფრიად და გლოვისა შემდგომად წარუვლინა ძმასა თვისსა ქაიხოსროს ქართველნი ჩფ (1500) მხედარნი და თვით განაგებდა ქართლსა.
ვინაიდან დაამდაბლა მცველნი ტფილისისანი თათარნი, განდგნენ და დახშეს კარნი ციხისა და იწყეს სროლა თოფზარბაზნითა. ესე აცნობა ყაენს ვახტანგ, განრისხდა ყაენი, წარმოავლინა მტარვალნი, მოვიდა და ხელხუნდოსანნი მოართვა ყოველნი ვახტანგს: მერე წაიყვანეს ისპაანს და პატიმარ ჰყვნეს ალამუტის ციხესა შინა.
ამისთვის აღარა იყო ტყვის-ყიდვა. კვლავ ნაზარ-ალიხან, როგორც როსტომ მეფე, მრავალგზის წარუვლინებდა ყაენსა ტყვეთა, ვახტანგ, უკეთუ არა მოითხოვდა ყაენი, არა წარუვლენდა, მასცა უმეტეს მოსყიდულთა.
ხოლო მირვეისმა, მცნობელმა წასლვისა ქაიხოსროსამან, გამოუშვა ალექსანდრე და იქ მყოფნი ქართველნი, მოსცა გვამიცა მეფისა და მხეველნი მისნი. ესენი მოვიდნენ გირიშკს, იქიდან წამოჰყვნენ სრულიად ქართველნი და მოვიდნენ მაშათს.
ესე სცნა ქაიხოსრო სპასალარმა და უბრძანა ქართველთა კვლავ ჩასლვა გირიშკსვე. მირვეისმა, რა სცნა ქართველთა მისლვა გირიშკსვე, შემოიკრიბა სპანი და მოადგა გირიშკს. თუმცა სიმრავლისაგან სპისა მისისა ვეღარა იკადრეს ველსა ზედა ბრძოლა ქართველთა და განამაგრეს ციხე-ქალაქი ოთხი თვე, გარნა დამშივდნენ, რამეთუ ხორცი ვირისა ლიტრა სამ მინალთუნად იყიდებოდა (აქა იხილე ზაკულება, რამეთუ მირვეისი არსენს დოლენჯიშვილს მოლოზონს უვლინებდა საკმაოსა ფქვილსა).
ესმა სპასალარს შეჭირვება გირიშკისა, წარმოავლინა ხან-მაჰმად ჭ (5000) მხედრითა შეწევნად მათდა. ხოლო მიმავალს ეზრახა ამას მირვეისი: „უწყი, რამეთუ არის მტერი ჩემი სპასალარი, ამისთვის გენდობი შენ, და მიურვე წინაშე ყაენისა, რათა შემინდოს და მოვიდე შენთანა“. მსმენელმან ხან-მაჰმად განიხარა და შურით სპასალარისათა აღარა განიხილა ზაკულობა. არამედ მიუმცნო: „მოვედ და ვჰყო ყოველნი ნებანი შენნი“. დაუტევა გირიშკი მირვეის და დილასა მივიდა მას ზედა.
მხილველთა სპათა ყიზილბაშთა იწყეს ამხედრებად, რათა იბრძოლონ. მაგრამ აყენებდათ ხანი იმედებული პაემნისა. მაშინ მიეტევა მირვეიზი სპითა და ამოწყვიდა სრულიად, რამეთუ ვერვინ განერიდა გარდა ზაალ ლორთქიფანისძე და არეშისშვილი, იგინიცა სიმხნითა თვისითა. ხოლო მირვეიზი გამარჯვებული მოადგა კვლავ გირიშკსავე და მიუთხრა ესე ყოველი ქართველთა და მოითხოვა სეხნია ციციშვილი მძევლად: „და წავალ ყანდაარს“. ეწყინათ ქართველთა და არა ინებეს. მაგრამ სეხნიამ დასდვა თავი მათთვის, რათა განერიდნენ იგინი სიკვდილისაგან და მისცეს სეხნია და წავიდა მირვეიზი. ოღონდ დაუტევნა საგზალი თვისი ყოველნივე მათ.
ხოლო ვახტანგ განაგებდა წინათქმულთაებრ ქართლსა, ნადიმობდა და ნადირობდა ზამთარს ყარაია-სომხითსა, შემოდგომა-გაზაფხულს გორს და ტფილისსა, ზაფხულს თრიალეთს შამბიანსაზე. მოკვდა ძმა მისი თეიმურაზ ქ~სა ჩღი (1710), დეკემბერს ზ (7); დამძიმდნენ ყოველნი და იგლოვეს ჟამამდე. ხოლო სპასალარი მოვიდა მაშათს, მაშათიდან ფარას, იქ მოერთო იესე, ძმა თვისი, სპითა ქირმანისათა, მაშინ მოეგზავნა მირვეიზს და მოეთხოვა სპასალარისათვის სახსარი სეხნიასი და განუტეოს იგი. თუმცა სპასალარმან რიდითა ყაენისათა მერ იკადრა ამისი ყოფა და ამისთვის წარკვეთა თავი სეხნიას მირვეიზმა. ესე ეწყინა სპასალარსა, მივიდა და დაიბანაკა მდინარესა ზედა ყანდაარისასა და იმიერ კიდესა დადგა მირვეიზი სპითა. იქ სცნა მირვეიზმან, რამეთუ მოვლენ სპასალარისა თანა აბდალთა სულტანი შეწევნად სპითა. მაშინ დატოვა იქვე იერმაჰმად ძმა თვისი, თვით წავიდა და დაესხა და ამოწყვიდა წ (4000) მხედარნი აბდალთანი და წამოვიდა. ხოლო დილასა განაწესა სპასალარმან მარჯვენით იესე, ძმა თვისი, მარცხენით ალექსანდრე და შევიდნენ მდინარის ფონსა. ავღანთა იწყეს თოფ-ზამბურაკთა სროლა. მაგრამ განვლო ალექსანდრემ ცურვითა ცხენთათა სპითა და ივლტოდნენ ავღანნი გასლვასა იესესასა, ეწივნენ და ამოწყვიდნენ მრავალნი.
ხოლო იერმაჰმად ვეღარა წამსლველი შევიდა კლდესა ბაბაველისასა და მოერტყნენ გარს სპანი ყიზილბაშნი. კვლავ დაღლილი მირვეიზი მომსწრაფებელი სპათა თვისთა თანა და ამისი მხილველი ივლტოდა ყანდაარად. იხილა იგი ალექსანდრემ და მიეტევა მირვეიზს. ხოლო იგი ლტოლვილი შევიდა ციხესა რასამესა შინა შემუსრვილსა. მაშინ ალექსანდრე ლამობდა მიტევებასა ციხისასა და გამოყვანასა მისსა. განაზრახეს სპასალარი ყიზილბაშთა: „არის მირვეიზი მანქანი, არა არის ესე მირვეიზი. არამედ რა მივეტევოთ, მზირყოფილი იგი გვეკვეთებისა და ამოწყვედს სპათა ჩვენთა“. ესე ისმინა სპასალარმან და მოუწოდა ალექსანდრეს მის თანა, თუმცა ალექსანდრე დაამტკიცებდა ყოფად მირვეიზს და მიტევებასა მას ზედა. მაგრამ იძულებული წამოიყვანეს ალექსანდრე და მოუდგინეს ციხესა მცველნი გარემოს.
ამასვე ღამესა გამოვიდა მირვეიზი და შევიდა ყანდაარს. ეგრეთვე იერმაჰმად ღამე აოტა სპანი ყიზილბაშნი და შევიდა იგიცა ყანდაარს. შემდგომად სცნეს, რამეთუ მირვეიზი იყო იგი, დამძიმდენ ფრიად, რომლისაგან შეუდგა ბოროტი ქვემო თქმული.
ხოლო მეორესა დღესა მივიდა სპასალარი და დადგა ძირსა ყანდაარისასა და ფიქრობდნენ მირვეიზის გამოსლვასა, მაგრამ არა გამოვიდა. მერე წარავლინა სპასალარმან სულტანი შარბაშარისა. ამას მისულს დაუპირისპირდა მირვეიზი, აოტა. მხილველნი იესე და ალექსანდრე მიეტევნენ და აოტეს მირვეიზი და მოსრეს სიმრავლითა, რამეთუ კართა ზედა ციხისათა მოსჭრიდნენ თავთა, და შემოიქცნენ გამარჯვებულნი, დილით მწუხრამდე მებრძოლნი. და იყო სამი თვე მარადის ბრძოლა და მოისროდნენ იმიერ და ამიერ სიმრავლითა. თუმცა მიუჭრესცა გზანი ყანდაარს. მაგრამ საზრდელთა სიმრავლითა უჭიროდ იყო მირვეიზი.
შემდგომად შეედვათ სენი მუცლისა ყიზილბაშთა და ქართველთაცა და მოკლება საზრდელთა. ესე იხილა მირვეიზ და შეკრა გზანი და მოსულთა საგზლის მომტანთა ყიზილბაშთა სრვიდა. ამისი მხილველი მირსამანდარ, პაემნით აღმთქმელი სპითა მოსლვად წინაშე სპასალარისათა, აღარა მოვიდა და არცაღა მოსცა საზრდელნი. ამისთვის შემჭირდნენ სპანი სენითა და უსაზრდელობითა. ხოლო მირვეიზი განამხნევებდა სპათა თვისთა. შემდგომად წარმოავლინა მცირედნი სპანი და წარმოუდგა თვით უკან ფარულად. ამათ ეკვეთნენ ყიზილბაშ-ქართველნი, ვინ ვის ასწრებდენ და ივლტოდნენ ავღანნი. რა მივიდნენ სიმარჯვესა, ამათ მოუხდა მირვეიზი, აოტა ჩვენნი და მოსრა სიმრავლითა. თუმცა სიმხნითავე ქართველთათა განერიდნენ ნარჩენნი, ოღონდ ამიერიდან დაეცათ შიში ყიზილბაშთა და ვეღარა შემართვიდნენ ავღანთა. გამოვიდა კვლავ მირვეიზი და იბრძოდნენ. მირვეიზი სიმაგრესა შინა მყოფი, უკეთუ ამჯობინის, გამოვიდის ბრძოლად და, უკეთუ არა, იბრძოდეს იქიდან. შეუხდნენ იქ ქართველნი და მივიდა სპასალარიცა შველად, სძლეს მირვეიზს და მოსრეს სპანი მისნი. მაგრამ შემაგრდნენ ქვეითნი ავღანნი კლდეთა და ისროდნენ თოფთა.
მაშინ მოვიდა ყიზილბაში ვინმე მეტყველი: „ბრძანება არის სპასალარისა, აცადეთ ბრძოლა და უკუმოიქეცით“. მსმენელთა ყიზილბაშთა დატევეს ქართველნი და წამოვიდნენ. ამისნი მხილველნი ავღანნი კვლავ მოეტევნენ და მოსრეს მრავალნი, მერე მოკლეს ალექსანდრე მხნედ მებრძოლი. ამისთვის შეშინდნენ ფრიად ყიზილბაშნი და აზრახეს სპასალარსა, რათა უკუნიქცნენ და განიმრავლოს სპანი და კვლავ მოვიდენ და იბრძოლონ, ვინაიდან გამრავლდა სენი და სრვა და შიმშილი.
სცნა ესე მირვეიზმა და მოუვლინა ზავისა პირი სპასალარსა: „უკეთუ წახვიდე, არა რა გევნოს ჩემ მიერ და, უკეთუ მოგცეს კვლად სპანი ყაენმან, მოხვედ“. ამისმა მრწმუნებელმა სპასალარმა ბრძანა ღამე აყრა, და იესე განაჩინა, რათა არა გაუშვას სპანი, მხოლოდ ბარგნი. მაშინ მაცდურმა მირვეიზ ჩამოგზავნა მეთოფენი და იწყეს სროლა თოფთა, ამისნი მხილველნი მდედრნი ყიზილბაშნი ივლტოდნენ.
ეგრეთვე იესემ აღარა მიხედა ძმასა თვისსა, ივლტოდა იგიცა და დაუტევა სპასალარი მცირედითა სპითა. ხოლო სპასალარმან არა ინება სივლტოლვა და მოეტევა მირვეიზს, ეკვეთა სპასალარი მცირედითა სპითა, ამოწყვიდა და აოტა იგინი. იხილეს სპანი ყიზილბაშთა ლტოლვილნი ზევიდან ავღანთა, უყივლეს სპათა თვისთა გაქცევა მათი, უკუმოიქცნენ კვლავ და მოეტევნენ სპასალარსა. თუმცა მხნედ გამოჩნდა სპასალარი, რამეთუ მოსრა მხედარნი სამნი. მერე სცეს ექვსთა ოროლნი სპასალარსა და მოკვდა ქ~სა ჩღია (1711), ოქტომბერს კვ (26). შემდგომად მოჰყვნენ ავღანნი, ამოწყვვიდეს ყიზილბაშნი და აიღეს სრულიად სიმდიდრენი და ალაფნი მათნი. ხოლო იესე ქართველითურთ მოვიდა გირიშკს და იქიდამ ისპაანს.
ხოლო ვახტანგ გამგე ქართლისა შემდგომად გლოვისა იშვებდა და ნადირობდა წინათქმულთაებრ. კვლავ აღიმხედრა სპითა შესლვად ოსეთს და შევიდა და შემუსრა პ (80) კოშკი, მოწვა და მოტყვევნა ურჩნი, ჩავლო ზრამაგა და შემოვლო ჟღელის ხევი და გადმოვლო კედელასა ზედა და მოვიდა კუდაროს და კუდაროდან ქართლს გამარჯვებული ქ~სა ჩღია (1711) დაიპყრა დვალეთი და დასდვა ხარკნი და გორს მდგომი იშვებდა სხვისა განმზრახი.
ჟდ. მეფე ვახტანგ გ (3) წელი იმეფა
მაშინ მოუმცნო ყაენმა სიკვდილი ძმისა თვისისა და მოეცა ქართლი მისთვის. ეწყინა ფრიად ვახტანგს და წავიდა ტფილისს. ხოლო იქ განუზრახეს განმზრახთა წასლვა წინაშე ყაენისა. ესე ირწმუნა და მიუწერა ყაენსა წინაშე ყოფა. ამისთვის აქორწინა ასულნი თვისნი: თამარ თეიმურაზს ძესა ერეკლე მეფისასა, ხოლო ანუკა აბაშიძე ვახუშტის. შემდგომად მოვიდა მეჰმანდარი ყაენისა მიმწოდებელი. მაშინ დაუტევა ძმა თვისი სვიმონ გამგედ ქართლისა და დედოფალი და ძენი თვისნი დაადგინა გორს და თვით წავიდა მცირედითა კაცითა ქ~სა ჩღიბ (1712), აპრილის კგ (23). მისული წინაშე ყაენისა პატივცემულ იქმნა დიდითა პატივითა ყაენისაგან და შეყვარებული ფრიად ყაენისაგან სიკეთისა მისისათვის, და უთქმიდა მაჰმადიანობასა და უქადებდა ნიჭსა დიდსა და მსწრაფლ გამოტევებასა. მაგრამ მან არა თავს იდვა, მეტყველმან: „მე მოვედ, რათა არა დამართონ მტერთა და შეირყეს ქართლი. არიან ძმანი ჩემნი მაჰმადიანნი და რომელი გნებავს წარავლინე და მე ვეგო წინაშე შენსა“. მაშინ ინება ყაენმა წარმოვლინება ვახტანგისა რჯულითავე თვისითა. მაგრამ არა აუფლეს ომარათა, განმზრახთა თვისთა, და არცა ინება იესემ ნებითა ვახტანგისათა წამოსლვა. ხოლო ვინაიდან მაჰმადიანთა შინა ცოდვად სჩნდათ ხარკის მიცემა და მსახურება ქრისტიანეთა, და მეფეთა ქართლისათა მრავალნი ჰყვათ მოხარკენი და მსახურნი მაჰმადიანნი, ამისთვის უფროს მაჰმადიან ჰყოფდნენ მეფესა. ხოლო ნიჭნი იყვნენ მათნი წინათქმულნი დაუთ-ხანისა, და მისულისა და წამოსულისა და ვიდრე ქვეყანათა მათთა იყვნენ წარსაგებელნი ყოველნივე მათნი და სამ-დღე იქ მისულსა და სამდღე გამოტევებულსა მსახურებდნენ და მოართმიდენ სანოვაგესა სამხრისა და სერისასა ყოველსავე ყაენისასა ჭურჭლითავე მისითა. ხოლო სვიმონ მასვე ქორონიკონსა მოიყვანა დაწინდული ქაიხოსროსი ასული ბარძიმისა ცოლად და იქორწინა, მომტკიცებისათვის გიორგი ერისთავისა, და იწყეს ქვეგამხედველობად ვახტანგისა.
ამასვე ქორონიკონსა, აგვისტოსა ბ (2) იშვა ძე ვახტანგისა გიორგი გორს დედოფლის რუსუდანისაგან. ხოლო იესემ აღუდგინა ვახტანგს ძმასა თვისსა, ტფილისის გუშაგნი, რომელიც იყო თოფჩიბაში, და შეასმენდენ ყაენსა დაწვითა ყორანისათა და სხვითა მრავლითა უჯეროთა მაჰმადიანთა ზედა. ამისთვის მოგზავნა ყაენმა ხოლოფა ტფილისს, რათა სცნას, რა ბოროტი უქმნია მაჰმადიანთა ზედა ვახტანგს. იდუმალ ამცნეს ხოლოფას, უკეთუ იცეს ჟამი, თვით დაიპყრას ქართლი და სვიმონ იქ წარავლინოს. მოსულის ხოლოფას თანა შეიზრახნენ სვიმონ და მთავარნი ქართლისანი ვახტანგის ბოროტსა ზედა, რამეთუ, რაჟამს დაიპყრა ვახტანგმა ოსეთი და განიწყო მცველნი თვისნი, ამიერიდან ეშინოდათ გიორგის და დათუნას ერისთავთა მამულთა მათთა დაპყრობისა. ამისთვის მიუწერეს ყაენსა: „არა გვნებავს ვახტანგ, არამედ მოგვივლინე იესე“. ეჰა უცხო, რამეთუ ქრისტესთვის იძულებულისა ვახტანგისათვის ნება-მოწმობა სცეს კათალიკოზმა, ეპისკოპოსთა და სამღვდელოთამან. ხოლო ამისა მყოფელთა განკიცხეს ხოლოფა და წარივლტოდა ისპაანსავე. ამ ჟამებთა იყო მომსრველი ჟამი ფიცხელი, კალია მომჭამელი, რამეთუ მფრინალთა დააბნელეს მზე და შიმშილი ძლიერი, და სვიმონმა მართავიდა უფროს მოხვეჭით და არა ეშინოდა ღვთისა. და ჰყო ესეცა: შეიპყრა სვიმონ კათალიკოზი დომენტი ზაკვით და წარმოევლინა ბაქარს, რათა აღმოხადოს თვალნი. თუმცა არა ჰყო ესე დედოფალმან რუსუდან და იმყოფებოდა მათ თანა პატივითა. ხოლო ყაენსა რა ესმა ვახტანგისათვის ესენი, ეწყინა და არა ინება ეგრეთ. არამედ ომარათაგან იძულებულმან წარმოავლინა იესე მეფედ ქართლისად ნიჭითა, ვინაიდან აღეთქვა იესეს ყაენისათვის წარვლინებად დედოფალი და ძენი ვახტანგისანი და ხუთასნი ქართველნი ცოლშვილით, რათა დაასახლოს ფარაბათს.
ჟე. მეფე იესე, ბ (2) წელი იმეფა
მოვიდა ესე იესე წოდებული ყაენისაგან ალიყულიხან ტფილისს ქ~სა ჩღიდ (1714).
ხოლო იყო მხნე, ახოანი, ჰაეროვანი, მოწყალე, უხვი, მაღალთა და მდაბალთა მიმცემი, ლხინ-სიხარულთა, შვება-განცხრომათა მოყვარე, სამღვდელოთა პატივისმცემელი, და დალოცეს ყოველთა ქართველთა და გადააყარეს ოქრო და ვერცხლი მრავალი დიდებულთა და წარჩინებულთა.
და იყო ესე ფრიად მიქცეულ მაჰმადიანობასა ზედა და მქცევი მათებრ, მდიდარი და ამაყი. ხოლო დედოფალი და ძენი ვახტანგისნი წავიდნენ რაჭას და გამოუშვეს კათალიკოზი დომენტი. მოსულსა იესემ პატივ-სცა და დაადგინა კვლავ კათალიკოზად. შემდგომად მიუწერა იესემ ყაენსა: „უკეთუ არის წინაშე შენსა ვახტანგ, ვერა ვჰყოფ ბრძანებულსა, არამედ წარავლინე პატიმრად“, ეწყინა ყაენსა, რამეთუ უყვარდა ფრიად. მერე მოუწერა ვახტანგს ტკბილად: „წახვედ პატივით ქირმანს, ვფიცავ, რამეთუ მსწრაფლ გამოგიყვანო კვლავ, პატივს-გცე და მოგანიჭო მრავალი“. და წავიდა დიდითა პატივითა, როგორც პატრონი მათი. ხოლო იესე იყო მშვებელი და განმცხრომელი უწესოებითა ყრმათა თანა და უგვანთა მღერათა. თუმცა მქცევი დიდებულად, წაგვარა ცოლი დედის ბიძასა თვისსა ქაიხოსრო ამირეჯიბს, ბებიის ძმისწული თვისი, ასული ერასტისა, და შეირთო თვით ცოლად. ამხილეს კათალიკოზ ეპისკოპოსთა და უმეტეს იოანე სააკაძემ, გარეჯის ბერთუბნის მამამან, კაცმან ღირსმან. მაგრამ მან არა უსმინა მეტყველმან: „ვარ მაჰმადიან, ესეთ ჯერ არის ჩემდა“. შემდგომად მოიყვანა ერეკლე მეფის ასული ელენე ცოლად ქ~სა ჩღიე (1715), და იქორწინა დიდებით. თუმცა არა კმა საყოფელ.
ამ ჟამთა გამოვლეს ჭარელთა კახეთი, მოვიდნენ ხუნანს, ამოწყვიდეს დაბები და მოტყვევნეს და წავიდნენ. ამას ზედა სთხოვეს იესეს კახთა შეწევნა. ამან წარუვლინა სპასპეტი ლუარსაბ საბარათიასოთი. შემდგომად მოვიდა ლუარსაბ ლტოლვილი და ამოწყვედილი წინაშე იესესსა. მერე წარუვლინა ამილახორი ავთანდილ ზემოქართლითა; მივიდა ესე საგარეჯოს, თუმცა ესეცა მოიქცა უქმი. ხოლო ვინაიდან ვეღარა აღასრულა იესემ დავედრული ყაენისა, მაშინ მოიყვანა ყაენმა ვახტანგ, მისცა ქართლი და სპასალარობა ერანისა და მიაქციეს რჯულსა მათსა ქ~სა ჩღივ (1716) და წარმოავლინეს თავრიზს, რათა წარავლინოს სპანი ხორასანს და მოსცეს განმგეობა ქართლისა ბაქარს, ძესა მისსა, და წარმოავლინეს მტარვალი, რათა შეიპყრას იესე და მისცეს ბაქარს პატიმრად. რამეთუ მოეთხოვა მეფესა ვახტანგს ეგრეთ. ხოლო ბაქარ მოვიდა იმერეთიდან მცხეთას, რამეთუ ტფილისს იყო მომსრველი ჟამი და იესე გავიდა კახეთს. წარავლინა მტარვალი ყაენისა ბაქარმა, რათა მოიყვანოს იესე. მაგრამ კახთ-ბატონმან იმანყულიმ არა სცა ნება. ესე აუწყა მამასა თვისსა ბაქარ და მეფემან ყაენსა. განრისხდა ყაენი და წარმოავლინა მურდარი თვსი. ესე მივიდა, შეიპყრა იესე, მოიყვანა და მოსცა ბაქარს, ხოლო ბაქარ პატიმარ-ჰყო ტფილისს სასახლესა შინა. კვლად ბრძანებითა მამისათა შეიპყრა სპასპეტი ლუარსაბ. მაგრამ იხსნა ესე დედოფალმან რუსუდან. შეიპყრა მუხრანის ბატონი ერეკლე და აღმოხადა თვალნი და მისცა მუხრანი ლევანს, ძესა პაპუასასა. მოახრჩო პაპუნა დიასამიძე, რომელიც იყო მაშფოთებელი ძმათა და სხვანი რომელნიმე ექსორია ყვნეს და ესე ყოველი ჰყო ბრძანებითა მამისათა.
ჟბ. მეფე ბაქარ, ორ წელნახევარი იმეფა
ვინაიდან ფიქრობდა მეფე ვახტანგ წასლვასა ხორასანს, ამისთვის ჰკადრა ყაენსა, რათა მისცეს მეფობა ქართლისა ძესა თვისსა ბაქარს. უსმინა და მოსცა და მიაქციეს რჯულსა მათსა, მხოლოდ სიტყვითა და არა საქმითაცა, კოჟორსა ზედა მყოფი ქ~სა ჩღიზ (1717). ხოლო ზაფხულსა ამას გამოვიდნენ ლეკნი ჭარელნი სულხავით ჯ (8000) მხედარნი. ამათ მოტყვევნეს ბოლნისის და ქციის ხევნი თავმრგვალამდე. მცნობმან ბაქარ წარავლინა ბიძა თვისი სვიმონ (რომელიც ჰგლოვობდა, რამეთუ მოისრნენ ცოლშვილნი და მსახურნი მისნი მომსრველისა ჟამითა, რომლისასა იტყოდენ კრულვითა კათალიკოზისათა ყოფასა). მივიდა სვიმონ სამასითა ოდენ მხედრითა ნაზარას სოფლის ბოლოს, მოეტევნენ ლეკნი და მოერტყნენ გარს. შემდგომად თოფთა ცემისა ეკვეთნენ ქართველნი სისქესა მათსა და აოტეს და სრვიდნენ, როგორცა ნადირთა. თუმცა სიმრავლითა ლეკთათა დაიფანჩნენ ქართველნი. იხილეს ესე ჭარელთა, მოიქცნენ ერთკერძო და მოსრეს ქართველნი და აოტეს სრულიად, მიჰყვნენ მარნეულის გორამდე და უკუნ-იქცნენ, განვლეს ყარაია შოვებულითა, თუმცა მოისრნენ უმრავლესნი სიცხე-უწყლობითა და ამიერიდან ვეღარა იკადრეს რბევა ჟამამდე. ხოლო წაართვა რა ბაქარ სახლთუხუცობა დათუნას, ქსნის ერისთავსა, და მისცა ედიშერს, ძესა ქაიხოსრო ლოპინასასა, მიზეზ-ჰყო ესე დათუნამ და განუდგა. ამისთვის წარავლინა ბაქარ ძმა თვისი ვახუშტი მათ ზედა და მისლვასა მისსა მოკვდა დათუნა ერისთავი. ხოლო ძენი მისნი წავიდნენ კახეთს, და დაიპყრა მამული მისი ვახუშტიმ. შანშე, ძე დათუნასი წავიდა წინაშე ყაენისა ყაზმინს და მეფე ეახტანგიცა მიეწოდა ყაენსა იქ წინაშე თვისსა. თავრიზიდან ჩასული შანშე ითხოვა მეფემან ვახტანგ ყაენისაგან, მოსცა ყაენმა და პატიმრად წარმოუგზავნა ბაქარს, ძესა თვისსა; ესე ბაქარმა პატიმარ-ჰყო ტფილისს. ხოლო შემდგომად ნებითავე ვახტანგ მეფისათა წაართვა სპასალარობა ყაენმა და წარმოავლინა ქართლს, რათა განაგოს საქმე ლეკთა.
ჟდ. მეფე ვახტანგ, ე (5) წელი აწ იმეფა
შემდგომად მოვიდა მეფე ვახტანგ ტფილისს ქ~სა ჩღით (1719), და დაჯდა ტახტსა ზედა; შეჰფიცეს ყოველთა ქართეელთა მეფობისა მისისა მტკიცედ ერთგულებასა ზედა და დალოცეს ყოველთა ქართველთა მეფედ და მიულოცეს და გადააყარეს ოქრო და ვერცხლნი მრავალნი დიდებულთა, წარჩინებულთა, აზნაურთა, კათალიკოზმან და ეპისკოპოს-არქიმანდრიტთა (ესე წესი ძველითვე იყო საქართველოსა და უყოფდნენ ყოველთა ესეთ ტფილისს და ამიერიდან უძახდნენ მეფედ და გარდა მისა არა). ხოლო იყო სიხარული და განცხრომა დიდი მოსლვისათვის ვახტანგისა, და განაგებდა კეთილად. მაშინ შეიპყრა ძე ქამარ-ბეგისა სომხითის მელიქი და დახვრიტა თოფით, კვლავ ბაგრატ ციციშვილი, ფეშანგი ფალავანდისშვილი, ჯამასპი ხერხეულიძე, რევაზისშვილი პაპუნა, ვეშაპიძე და პლატონ, ესენი იხსნა კათალიკოზმა სიკვდილისაგან და გაყიდეს ოსეთს თხებთა ზედა.
ხოლო ვინაიდან ქონდა დავედრებული მეფესა ყაენისაგან საქმე ლეკთა და ლეკნი აოხრებდნენ არა თუ კახეთს, არამედ განჯას, ბარდას და შირვანს. ამისთვის შეიყარნენ მუხრანს მეფე ვახტანგ და კახთ-ბატონი იმანყული, ზავ-ჰყვეს და აღუთქვა ვახტანგმა წარვლინება სპისა კახეთს. შემდგომად გაზაფხულს წარავლინა საბარათიანოს სპითა ერასტი ყაფლანისშვილი, ამან დაჰყო კახეთს თვე სამი, არ იბრძოლეს კახთა და მოიქცა ტფილისსვე უქმი. შემდგომად განივლტო შანშე და უკუდგა მამულსა თვისსა. ხოლო მეფემან წარავლინა მას ზედა ბაქარ, ძე თვისი, ქსანსა ზედა და ვახუშტი ლიახვსა ზედა, შევიდნენ ესენი და წაართვეს ყოველნი. მაგრამ ჭურთას აოტეს, მცირედნი სპანი და გამაგრდა იქ შანშე.
ამისთვის მოუწოდა მეფემან იმერთა, მოვიდა რაჭის ერისთავი შოშიტა, აბაშიძენი სვიმონ და ლევან სპითა, შეუხდა მეფე ჭურთას. იხილა რა ესე შანშემ, ხმალ-კისერ-კიდებული მოვიდა წინაშე ბაქარისა; ამან მოიყვანა მამისა თანა, უკმოიქცა მეფე ტფილისს და განისვენა იმერთა ნადირობა-ნადიმობითა, ანიჭა დიდნი და გაუშვა, და შანშეცა წარატანა მათ ჟამამდე. თუმცა კვლავ გაივლტო შანშე და გამაგრდა ჭურთას.
ამ ჟამს წარმოევლინა ყაენს შირვანის ხანი შველად კახთა. ესე რა მოვიდა შაქს, დაესხნენ ჭარელნი, მოკლეს ხანი და ამოწყვიდეს სპანი მისნი. ამისთვის მოუმცნო ყაენმა მეფესა შემუსრვა ჭარისა და მეფე სრულიად შეკრებილი სპითა ქართლისათა წავიდა. ხოლო კახთა მიიყვანეს მე (45) დღე მაღაროს. იქ ევედრნენ ჭარელნი მეფესა, რათა შეიწყალოს და დაიმორჩილოს, როგორცა ნებავს.
მაშინ მოვიდა ყაენიდან ბეჟან თაქალ-თოიანი, რათა უკუნიქცეს მეფე მათგან. უკმოქცეულმა მოინადირა ყარაია და მოვიდა ტფილისს. ხოლო გაზაფხულს შემოიკრიბა სპანი მეფემან, მივიდა და დადგა ზებეყურს. მხილველი შანშე კვლავ ვედრებული და ხმალკისერ-კიდული მოვიდა წინაშე მეფისა, მფიცარი ერთგულებასა ზედა, შეუნდო მეფემანცა და მისცა მამულნი მისნი სრულიად, იქიდან მოვიდა მეფე გორს, იქ მოვიდა კაცი ხონთქრისა. რამეთუ ვინაიდან ამან წარავლინა დისწული თვისი ალექსანდრე ახალციხეს ნიჭითა სამეფოდ იმერეთისად, ამისთვის მოუმცნო, რათა მწე ეყოს მას.
ისმინა მეფემან და წარავლინა ვახუშტი მწედ მისად, ხოლო ზამთარსა ესმა მეფესა მოსლვა ლეკთა, შეკრიბა და დადგა ხუნანს, რამეთუ განჯასაც იბრძოდა სულხავი. იქიდან წარავლინა სპანი და განარიდა განჯა მათგან, მაგრამ აზნაურთა იფიქრეს ყანდაარს წასლვა და ინებეს იქ შფოთი, შეიპყრა მეფემან, ზოგნი მოკლა, ზოგნი სტანჯა, სხვანი უმკვიდრო ყვნა.
ხოლო გაძლიერდნენ ავღანნი და ძე მირვეიზისა მაჰმუდ მოვიდა ისპაანს ჯ (8000) მხედრითა. მაშინ გავიდნენ ომარანი, ბევნი და სპანი რკჩ (120000) ბრძოლად მისა; ამათ ეკვეთა მაჰმუდ, აოტა ყიზილბაშნი და მოიკლა ძმა მეფისა ყულარაღასი როსტომ, მხნედ მბრძოლი ყულით, ამოწყვიდა სპანი და მოადგა ისპაანს ქ~სა ჩღკბ (1722), მარტს.
მაშინ მოუწერა ყაენმა მეფესა, რათა მწე ექმნეს. კვლავ მოადგნენ განჯას ლეკნი და განჯელნიცა ევედრებოდნენ განრიდებასა. კვლავ მოვიდა წარმოვლინებული რუსთ ხელმწიფისაგან მამუკა, რათა მივიდეს მეფე მის თანა, როდესაც გამოვიდეს სპარსეთს. ამის მცნობს ხონთქარს მოუმცნო მეფისათვის, რათა ექმნეს მორჩილი მას. ესე განიზრახა მეფემან მთავართა თანა ქართლისათა, მაგრამ ამათ არა ინებეს წასლვა ისპაანს, რამეთუ დარჩება ქართლი უკაცური და არიან მტერნი მრავალნი. დაასკვნეს განრიდება განჯისა და წავიდნენ განჯას. რა მივიდა მეფე შანქორს, სცნა სულხავმან, მოეცალა განჯას და წამოვიდა თვისად; მოეგება განჯის ხანი, მოუძღვა განჯას და უძღვნა მრავალი და ევედრა ელთა თვისთა დამორჩილებასა. წარავლინა მეფემან სპანი, მოსრეს ურჩნი და დაუმორჩილეს ხანსა. მერე შემოიქცა და მოვიდა ტფილისს მეფე მაისს. ხოლო აგვისტოს კოჟორს მყოფს მოუვიდა მეფეს ყაენისაგან თაჯი და ჯიღა, ხმალი და ხანჯალი მოოჭვილნი და სპასპეტობა ადრიბეჟანისა, რათა დაიპყრას შირვანი, რამეთუ ქონდა ლეკთა დაპყრობილი.
კვლავ მოვიდა თურქისტანისშვილი ბაადურ დიდის პეტრეს იმპერატორისაგან, ვინაიდან გამოსულ იყო სოლახს, რათა მივიდეს შირვანს მეფე მისთანა. კვლავ მოვიდა დესპანი ხონთქრისა დამორჩილებისა მისისათვის. მოიშორა ყოველნი და აირჩია რუსთ მეფე, რამეთუ ფიქრობდა განთავისუფლებასა ეკლესიათასა და ძალსა ქრისტეანობისასა. ამისთვის შეკრებილი სპითა წავიდა განჯას, მისცა ყაზახის ხანს ყაზახი და მოუწოდა. კახთ-ბატონი მაჰმადყულიხან იდგა ყაზახს და მოუმცნო მეფისათვის: „რამეთუ ჩემდა მოცემულ არის ყაზახი ყაენისაგან, აწ ჯერ არის თქვენგანცა არა წართმევად იგი, მაგრამ მე მოგცე სპანი მისნი“. ამისთვის ნება სცა მეფემან, თუმცა ითხოვა სპა იქაური და დაასკვნეს შეყრა და ხილვა ურთიერთთა გატეხილ ხიდსა ზედა. ხოლო მეფესა ძმა თვისი იესე პირველვე გამოეყვანა პატიმრობიდან და მისცა მუხრანი და მსაჯულთუხუცესობა. ამას ქონდა კვლავ მანკიერება და რომელთამე ქართველთა, და არა ინებეს შეყრა მაჰმად-ყულიხანისა და მეფისა შფოთისათვის, ზრახვითა ამათითა განვლო ღამე გემიყაიას მტკვარი მაჰმად-ყულიხან და მივიდა საგარეჯოს და არცაღა მოსცა სპანი მეფესა და იქმნა მათ შორის ამისთვის შური. ხოლო მეფე ვახტანგ მივიდა განჯას და დაჰყო სამი თვე იქ და ვერა რა სცნა ხელმწიფის პეტრესი.
შემდგომად მოვიდნენ ბაადურ და დესპანი მეფის პეტრესი ტფილისს, რამეთუ თვით უკუნქცეულ იყო და აღეთქვა გაზაფხულს კვლავ მოსლვა და ესე ყოველი აუწყა ვახუშტიმ მეფესა. მაშინ სპანი მეფისანი და მაჰმად-ყულიხანისანი ებრძოდენ ყაზასსა ზედა. კვლავ მოუძღვნა მაჰმად-ყულიხან კახნი ჭარელთა და მოტყვევნეს ლილოს დაბები. ამათი მსმენელი მეფე უკმოიქცა და მოვიდა ტფილისს. მერე წარავლინა ბაქარ და იესე, რათა მოაოხრონ საგურამო. მოვიდა თეიმურაზ კახით, იზრახნენ და ზაყ-ყვეს და მოიყვანეს ტფილისს თეიმურაზ კახითურთ. ამათ იფიცეს წინაშე მეფისა, ეპისკოპოსთა და მთავართა უცილებლობისა და ერთობისათვის. ხოლო დაერწმუნა მეფე და განუტევნა ესენი ნიჭითა.
შედგომად აიღეს ისპაანი ავღანთა ოქტომბერს ქ~სა ჩღკბ (1722), და დაჯდა თავრიზს ძე შაჰსულტან უსეინისა შაჰთამაზ, რომელიც ისპაანის გარმოდგომილებასა შინა წარმოგზავნა იქ ყაენმა. ამ შაჰთამაზის წინაშე წარგზავნილ იყო სეხნია ჩხეიძე მეფისაგან. ამან სეხნიამ ჰყო სათნო მაჰმად-ყულიხანისა და არა რა აცნობა მეფესა, რამეთუ ჩიოდნენ მეფე და მაჰმად-ყულიხან ურთიერთთა პირველ წინაშე ყაენისა. ხოლო შაჰთამაზმა განმზრახთაგან მისცა ქართლი მაჰმად-ყულიხანს და აირჩია იგი შაჰთამაზ.
ესე ამცნო მაჰმად-ყულიხან ტფილისის მეციხოვნეთა, ამათ დახშეს კარნი ციხისანი ღამე და ისროდნენ თოფ-ზარბაზანთა. მაშინ მეფემან წარმოავლინა დედოფალი გორს და თვით დადგა სპითა ტფილისს. შემდგომად მოვიდა მაჰმად-ყულიხან და დადგა ავლაბარს და მოპარვით შემოვიდა თეიმურაზ მცხეთას და განამაგრეს კახთა იგი. კვლავ შემოეპარნენ კახნი და აიღეს ტფილისის კლდისუბანი, მიეტევა ბაქარ სპითა, აოტეს კახნი და მოსრეს იგინი, და დაიპყრა თვით და დაადგინა მცველნი. ხოლო მაჰმად-ყულიხან მოიყვანა შემწედ განჯის ხანი და სპანი ერევნისა და ლეკნი, ხოლო მეფემან რაჭველნი და იმერნი აბაშიძენი და იყო ბრძოლა სამი თვე.
კვლავ გამოვიდა მარბიელი თელეთს, მსმენელი ბაქარ წავიდა მათ ზედა. იხილეს რა მათ ავლაბრიდან გამოვიდნენ კახნი და ლეკნი და მოვიდნენ მთაბორსა ზედა, მიექცა ბაქარ და ეკვეთა სპითა, აოტა კახ-ლეკნი და მოსრეს მრავალნი, ვინაიდან გაკადნიერებულ იყვნენ. როდესაც მამუკა თამაზის ძე იდგა ტაბახმელას, მოუხდნენ კახნი, ხოლო იგი ეკვეთა და იქმნა ბრძოლა, სძლიეს მამუკას და მოსრეს მრავალნი, რამეთუ რევაზს, ძმასა მამუკასასა, ჰკრეს კახთა თოფი, თუმცა განერიდა და განიკურნა; და აწცა მოკლეს სალთხუცესი ვახტანგ, ძე გივი ამილახორისა, სრული ყოვლითავე.
ხოლო მოსულ იყო განჯის ხანი შულავერს, ეოტა სპანი და მოესრა შულავერი. მსმენელმან მეფემან წარავლინა ვახუშტი სპითა საბარათიანო-იმერლითა, მივიდნენ ესენი და მოსრეს ელნი ბორჩალუ. თუმცა არა გამოვიდა ხანი აღჯაყალის ციხიდან, მერე მოიქცნენ და დადგნენ წოფას. მეორე დღეს გაუშვეს მარბიელი. ესე აცნობეს სომხითართა ხანსა უსპობა ვახუშტისა. მაშინ მაჰმად-ყულიხანს წარმოევლინა კახნი და ლეკნი ხანისა შეწევნად. მცნობელნი წამსავე ამხედრდენ და წარმოემართნენ თავს დასხმად. სცნა ვახუშტიმ და მიეგება წინა. კვეთებულნი უკუდგნენ სიმაგრესა და იბრძოდნენ მწუხრამდე, მაგრამ ემატებოდენ სპათა ჩვენთა მარბიელნი. მერე ეკვეთნენ მარცხენიდან, აოტეს კახ-ლეკნი და ამოწყვიდეს სიმრავლით და მოვიდნენ ალაფით ტფილისსა. კვლავ გამოვიდა მარბიელი ამათ დაესხა ბაქარ თელეთს, მოსრა და სხვანი შეიპყრა სამასნი. ხოლო უკმოქცეულსა დახვდენ ბაქარს კახ-ლეკნი და ყიზილბაშნი, ეკვეთნენ ესენი და მისლვასავე აოტეს და ამოწყვიდეს უმრავლესნი და სხვანი ლტოლვილნი შევიდნენ სეიდაბადს შინა. ხოლო ბაქარ მოვიდა ტფილისს.
მერე წარავლინა მეფემან ვახუშტი მცხეთას, რამეთუ დემეტრე ყაფლანისშვილს გაედვა ხიდი და ეუწყა მცხეთელთაგან მოცემა მცხეთისა. ამისთვის ეთხოვა სპა მეფისათვის, რამეთუ პირველად წარევლინა იესე და გამოსულ იყვნენ კახნი დასხმად იესესა. მოსრა იესემ და სხვანი ლტოლვილნი შევიდნენ მცხეთას. იესე არა მნებებელი ბრძოლისა წავიდა მუხრანს. ხოლო ვახუშტი მოვიდა ქ (600) კაცითა ღამე და მოერტყნენ მცხეთას. მაშინ მლოცველთა ეკლესიასა შინა კახთა გადაუკლიტეს კარნი მცხეთელთა, თუმცა ისროლეს ძლიერად კახთა კვლავ. შეუხდნენ, მოსრეს და შეიპყრეს სრულიად და დაიპყრეს მცხეთა, გამოიყვანეს მთავარნი კახნი და მოართვეს მეფესა ტფილისს.
შემდგომად კვლავ წარავლინა ბაქარ სპანი და წაართვა მთაბორი ღამე, ეწყინა ესე მაჰმად-ყულიხანს, ვინაიდან იდგა სეიდაბადს, ამხედრდა დილას და მოგზავნა თუშნი და ლეკნი მკვირცხლნი თაბორსა ზედა, აიღეს მათვე თაბორი და მომართეს ბაქარს. მაშინ ბაქარ ეკვეთა მაჰმად-ყულიხანს და მისლვასავე ივლტოდენ და ამოწყვედდნენ ქართველ-იმერნი და შესჯარეს ვიწროსა მტკვრისასა, მაგრყამ უფროს იხრჩობოდნენ მტკვარსა შინა, ხოლო დევნად აღარა აუფლეს მთავართა ბაქარ ზაკვით, ვინაიდან მცირე დევნითა შეიპყრობდა მაჰმად-ყულიხანს, რათა არა მოსპოს მეტოქი თვისი, აიღეს დროშანი და ალაფი მისი და მოადგნენ ტფილისს, რამეთუ შევიდა ვერ-განმსწრე თეიმურაზ ციხესა შინა (ამისთვის იქმნა ბოროტი ქვემოთქმული უბოროტესი). ხოლო მაჰმად-ყულიხანმა განვლო გემიყაია ნავით და მივიდა მარტყოფს და იქიდან ქისიყს სპისათვის ლეკთა, რამეთუ ქონდა შიში ყაენისა, ვინაიდან მოტყუებით ჰყო შფოთი ესე.
ხოლო მეფე მოადგა სეიდაბათიდან ციხეს და დამშვიდდა ფრიად. კვლავ წარავლინა ვახუშტი მარტყოფს, მოტყვევნა იგი და მოვიდა ტფილისს. მაშინ იდგა აზრუმის ფაშა ყარსს შემუსრვად ერევნისად და დაპყრობად ადრიბეჟანისად. ესე უვლინებდა მეფესა, რათა არა მწე ეყოს მათ და მოანიჭოს ხონთქარმან ნიჭი დიდი. ამისთვის წარუვლინა როჭიკაშვილი ედიშერ და აღუთქვა არა შველა მათი, ვინაიდან იმედეულ იყო გაზაფხულს რუსთა მეფის მოსლვასა. მერე მოვიდნენ და მოერთვნენ მეფესა ყოველნი წარჩინებულნი კახნი სეიდაბადსა შინა. ხოლო მისულმა მაჰმად-ყულიხან აღუთქვა ლეკთა ვეცხლი დიდძალი, წამოიყვანა და დაესხნენ ტფილისს მეფესა.
იხილეს ორგულობა რამეთუ ტალანი მრავალ, მტკვარი ადიდებული და ხიდი ვიწრო; იქ მდგომმან სვიმონ არა აჰყარა ხიდი, არცა გაამაგრა საფარნი. ეგრეთვე ქართველთა დაუტევეს მეფე ხელთა შინა მტრისათა.
რა იხილეს ჟამი ესეთი, და ივლტოდნენ ყოველნი; ამისმა მხილველმა მეჯინიბემან მოართვა ცხენი მეფესა, ეგრეთვე ბაქარს და წამოვიდნენ. მაშინ მხნედ იყო როსტომ ფალავანდისშეილი, ჩამოუდგა მეფესა და არა აუფლებდა ლეკთა მოსლვად. კვლავ ლეკთა მოსრეს ქართველნი და კახნი მრავალნი. და მოადგნენ ქალაქს, ხოლო მეფე მოვიდა მცხეთას და ბაქარ წავიდა დუშეთს, რათა მოესწრას სპითა ტფილისს. ერისთავმა გიორგიმ გამოუშვა უცხენოდ. ხოლო მისცეს მაჰმად-ყულიხანს ქალაქი და შევიდნენ ლეკნი, იავარ-ყვნეს და მრავალნი ტყვე-ყვნეს. ეგრეთვე გამოვიდნენ მცველნი ციხის თათარნი და დაწვეს სიონი და შემუსრეს ხატი ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისა სიონისა (ლევანმა შეამკო, კოსტანტინემ შემუსრა). რამდენნი ქალწულნი განიხრწნენ და ჭეშმარიტნი დედანი და მოწესენი ბოროტთაგან და სისხლი მართალთა დაითხია უსჯულოთაგან, ქ~სა ჩღკგ (1723).
ხოლო ბაქარ მოვიდა მამისა თანა და წამოვიდნენ გორს და დაიპყრა ტფილისი მაჰმად-ყულიხან. მიუწოდა ქართველთა და არავინ ინება მისლვა, რამეთუ ბარათიანთა სპანიცა ლეკთა გამოუსია; თუმცა კვლავ არა მივიდნენ. მაგრამ გიორგი ერისთავი მივიდა შურითა მეფისათა; შემდგომად მივიდა შანშეცა ქსნისა, მერე ვიეთნიმე ბარათიანნიცა და საციციანონი. ხოლო ზემოქართლისანი არცა ერთი. ამისთვის წარმოავლინა მაჰმად-ყულიხან თეიმურაზ ძმა თვისი კახ-ლეკითა. მაშინ მეფემან წარავლინა დედოფალი იმერეთს და თვით დადგა ქრცხინვალს და გაუშვა დესპანი რუსთ ხელმწიფისა ბაადურითურთ იქიდან და ევედრა მწე-ყოფასა.
ხოლო ესე ყოველი ეცნა სარასკარს, ყარსს მყოფს, და წარმოემართა, ვინაიდან იხილა ჟამი მარჯვე და მოუმცნო მეფესა: „წარმომივლინე ნათესავთაგანი შენი, მე ვაოტო მაჰმად-ყულიხან და დაგიმტკიცო კვლავ ქართლი ხონთქრისაგან“. ამისთვის წარუვლინა მეფემან იესე, შემდგომად მისა წავიდა ბაქარცა და მიეგება შამბიანს სარასკარსა, და მოვიდაცა თეიმურაზ ჭალას.
მაშინ განემრავლა მეფესა სპანი, რამეთუ მოვიდა სვიმონ აბაშიძე იმერლით და ზემოქართველნი ყოველნი და ლამობდა მისლვასა თეიმურაზსა ზედა. ეცნათ მოსლვა ურუმთა, უკუნიქცა თეიმურაზ ტფილისსვე.
ხოლო ოსმალნი ჩამოვიდნენ ივნისში და დადგნენ ყურყუთას. იხილა მაჰმად-ყულიხან, რამეთუ ვერ ავნებს, მიეგება და მიართვა კლიტენი ციხე-ქალაქისანი, რათა მისცეს ქართლი მას. მოგზავნა სარასკარმან იანიჩარნი და შეაყენნა ციხესა. მეორეს დღესა შეიპყრა მაჰმად-ყულიხან თხოვნითა ბაქარისათა და პატიმარ-ჰყო. ხოლო ციხის მოსახლეთა სპარსთა შეუსია იანიჩარნი, იავარჰყვეს საქონლით და ქონებით და გამოაძევეს ციხიდან ყოველნი ცარიელნი და მოსცეს ქალაქი და ქართლი ბაქარს. ამისთვის მოუგზავნა მამასა, რათა წარუვლინოს ქრთამი ოსმალთა. მაშინ მეფემან წარუვლინა იბ (12) ჯორი კიდული ოქრო-ვერცხლითა და მოოჭვილითა.
შემდგომად პატიმარ-ყოფილი მაჰმად-ყულიხან ევედრა ბაქარს, რათა გაუშვას და აღუთქვა ფიცით, როგორცა მონა იყოს მისდა. მან გამოაპარა და მოვიდა კახეთს. მერე შეიპყრა ბრძანებითა მამისათა და სარასკრისათა ერისთავი გიორგი ძით და სახლთუხუცით თეიმურაზით; შემდგომად მოჰკვეთა თავი გიორგი ერისთავსა და წამოვიდნენ ოსმალნი შემუსრვად და მოტყვევნად დუშეთისა.
მაშინ აიძულებდნენ ოსმალნი მეფესა ხილვად ქეასსა და დადგა მეფე ოკამს და ოსმალნი იდგნენ შიოსუბანს; აქა მოვიდა მეფის ხილვად ქეაი და შემოჰფიცეს მეფესა ოსმალთა მოუშლელობისათვის მეფობისა მისისა და დაასკვნეს შესლვა დუშეთს. ამისთვის მოვიდა მეფე ქსნის-ხევს შესლვად გრემისხევიდან. იხილა ოთარმან, ძემან გიორგი ერისთავისამან, მისცა ქრთამი ქეას და აღუთქვა მორჩილება და მივიდა წინაშე ქეასსა. ხოლო ქეამ პაემნითა ამით განუტევა ოთარი და თვით მივიდა ტფილისს. შემდგომად ქრცხინვალს მდგომს მეფეს მოერთვა, რამეთუ ლეკთაგან ლტოლვილი თამარ, ასული მისი, თეიმურაზით მოვიდა ანანურს, და წავიდა მეფე შველად მისა და დადგა არღუნს დუშეთს აქათ. ხოლო ლეკნი უკუნქცეულ იყვნენ. ხოლო ოთარი მოვიდა წინაშე მეფისა და ფიცა ერთგულებასა ზედა მეფისასა. ამისთვის მისცა მეფემან ერისთაობა და მამულნი მისნი ყოველნი და განუტევა.
მას ღამესა მოვიდნენ ლეკნი, მოტყვევნეს გრემისხევი და აიღეს ალაფი კახთა ხიზანთა და წავიდნენ. ამათ წარმოუდგა მეფე, ეწივნენ სპანი და აოტეს ლეკნი და მოსრეს მრავალნი და ნარჩენი მათი შევიდა წილკნის ზღუდესა შინა; და მერე კვლავ გამოვიდნენ წილკნიდან მცირენი და იწყეს ცემა თოფთა.
მაშინ ივლტოდენ სვიმონ და შანშე, და მოსლვასა მეფისასა შეიხვეწნენ იქვე და ლამობდნენ სპანი მიტევებასა და შემუსრვასა ზღუდისასა. მოსულმა შანშემ აღარა აუფლათ, უკუნიქცა მეფე და დადგა ქსოვრისს, კვლავ მოვიდნენ სხვანი ლეკნი და მოტყვევნეს საამილახორო და უკუნქცეულნი შევიდნენ შიოსუბანს.
ამ ჟამთა მოსულ იყო სვიმონ აბაშიძე სპითა მცირითა წინაშე მეფისა საქმისა რისთვისმე, შეიკრიბნენ ოთარ ერისთავი და ქართველნი, და აიძულებდენ მეფესა ბრძოლად. შანშე მტერ იყო ოთარისა და, ვინაიდან სპანი ოთარისა უმეტესობდნენ, არა ენება შანშეს ბრძოლა, რამეთუ იქმნება გამარჯვებისა მიზეზი ოთარი და, მივიდნენ რა, გამოვიდნენ ლეკნი შიოსუბნიდან, ეკვეთნენ ამათ იმერნი და ამოწყვიდეს და აოტეს. ესე იხილა შანშემ, წამს უკუნიქცა და ივლტოდა, მოჰყვნენ ლეკნი და მოკლეს სვიმონ აბაშიძე და ამოწყვიდეს იმერნი, მაგრამ უმეტეს ქართველნი. ხოლო მეფესა იძულებულსა წამოსლვად წაიფორხილა ცხენმა და დაეცა. მაშინ მოართვა ცხენი თვისი სიამარადისშვილმა და მოვიდა ქრცხინვალს და, იხილა რა მეფემან ესევითარებანი ქართველთა, იწყო სხვისა განზრახვა. ამისა შემდგომად ქრთამთაგან და ურუმთა უჯეროთა საქმეთაგან შემჭირვებელი ბაქარ გამოვიდა ტფილისიდან ურუმთაგან. მერე მოვიდა მუხრანს სპითა ამოწყვედად ლეკთა, მაგრამ ვეღარ ეწია, რამეთუ გაესწრათ ლეკთა საგურამოს, უკმოქცეული მოვიდა ალს მამისა თანა. შემდგომად მიიქცა მცხეთას და იქ მოვიდა მაჰმად-ყულიხანცა და ყვეს აღთქმა ერთობა-სიყვარულისა და წავიდნენ თვის-თვისად. შემდგომად წარგზავნა ბიძა თვისი იესე ტფილისს ურუმთა შინა. ხოლო იესე მიიქცა სჯულსა მათსა ზედა, რამეთუ ოდეს პყრობილ იყო, მოიქცა ქრისტიანედვე და აწ ყო ესე, ვინაიდან იყო ხორცთმოყვარე. ამისთვის მიენდვნენ მას ურუმნი და წარმოავლინეს სპითა ღორისთავს მდგომს ბაქარსა ზედა. ხოლო ბაქარ უსპობითა ვერ დაუდგა და წავიდა ატენს, და ოსმალთა დაიპყრეს საბარათიანო. გაზაფხულს წარავლინა ბაქარმა სპანი, ამათ ამოწყვიდეს თრიალეთს მყოფნი ოსმალნი და ფოკას მოსრეს ფ (500) მხედარნი ტფილისს მომავალნი. ამისთვის კვლად წარმოავლინეს იესე და ისაყ, ახალციხის ფაშა, სპითა, ვერ წინააღუდგა ბაქარ, არამედ შევიდა მთათა შინა. ხოლო ოსმალნი მოვიდნენ გორს, მოარბიეს გარემონი, დაიპყრეს გორი. უკუნქცეულთა ჩავლეს საამილახორო, მუხრანი და მივიდნენ ტფილისს; შემდგომად კვლავ წინამძღოლითავე იესესითა მოვიდნენ ქრცხინვალს, მოწვეს და მოტყვევნეს ოსმალთა და წავიდნენ.
წავიდა მეფე ვახტანგ რუსეთს
ჟამთა ამათ მოვიდნენ წარვლინებულნი რუსეთიდან ნაზარაშვილი დავით და ფრანგისტან და მოართვეს მეფესა წასლვა რუსეთს. მსმენელი მეფე იმედებული ხელმწიფობისა მათისა აღეკაზმა, წავიდა და მოვიდა რაჭას ქ~სა ჩღკდ (1724). ამას გაჰყვნენ ქართველნი ყოვლისა სახლიდან და კახნიცა მრავალნი, სულ ჩუ (1400) და ზოგნი უმეტეს დედაწულითურთ, ხოლო რაჭიდან მივიდა მეფე ვახტანგ დიგორს, იქ მოეგება ცოლის ძმა თვისი ჩერქეზის ბატონი, იქიდამ ჩერქეზს ჩასულს მოეგება სპა დიდი რუსთა და მივიდა სოლახს ახალსა ციხესა შინა აგვისტოს კჱ (28), ოქტომბერს ჩაჯდა ნავსა და გავიდა ასტრახანს ნოემბერს ჱ (8).
ხოლო შემდგომად მეფე ვახტანგისა შეიკრიბნენ ქართველნი, მოიყვანეს მაჰმად-ყულიხან კახით, თუშით, ფშაველ-ხევსურითა და დადგნენ თედოწმიდას. ამის მცნობთა ოსმალთა წარმოიძღვანეს იესე საბარათიანოს სპითა და წამოვიდნენ. ხოლო ქართველნი მიეგებნენ გუფთას, ეკვეთნენ და ივლტოდნენ ურუმნი. მოუხდა იესე, მოაქცია ოსმალნი, ეკვეთა კვლავ, მოსრა და ივლტოდა გივი ამილახორი და წამოიყვანა ამან მაჰმად-ყულიხან, მოყვნენ ოსმალნი, ამოწყვიდეს ესოდენ, რამეთუ თავნი ურმებითა წაიღო ერასტი ყაფლანისშვილმან ტფილისს რაჯაბ ფაშისა თანა, რომელმაც მოსცა ოცდაათი დრაჰკანი ჯილდოდ, და დაიპყრეს ყოველი ქართლი. იესეს თუმცა არა უწოდდენ მეპატრონედ, მაგრამ მასვე ჰკითხავდნენ და იქმოდნენ საქმესა ქართლისასა მის მიერ. იგი ხვეჭდა და იღებდა ქვეყანათა ნარდად და ამით მოირჭმაცა ფრიად. ხოლო ვინაიდან აღარავინ ჰყავდათ წინააღმდგომნი ოსმალთა, აღწერეს ქართლი სრულიად და დასდვეს ხარკი კაცს სულზედ დრაჰკანი, ცხვარზე ორი შაური, ძროხაზე აბაზი, კამბეჩსა და ცხენზე ექვსი შაური, მოსავალსა ზედა ხუთისთავი ხილითურთ, და ამის გამო იქმნა ჭირი დიდი და მიექცათ სიცრუე თხემსავე, რამეთუ წაართვეს ოთარს ერისთაობა და მისცეს თეიმურაზს, ძესა იასონისასა. ხოლო ლტოლვილი ოთარი მოვიდა ასტრახანს მეფისა თანა და სტყვენვიდნენ მამულსა შანშესასა ოსმალნი.
ხოლო იხილა რა ესევითარება კათალიკოზმა დომენტიმ, წავიდა ლორეს, რამეთუ ჯერეთ ოსმალთა არა დაეპყრათ, და ბესარიონმა დაიპყრა იესეს გამო კათალიკოზობა. შემდგომად მოინდო ფაშამ კათალიკოზი დომენტი. კათალიკოზი ევედრა, რათა წარავლინოს წინაშე ხონთქარისა. რამეთუ ფიქრობდა იქიდან ლხინებასა რამეს ქართლისასა, მან წარავლინა და მისულსა სტამბოლს მისცეს პატივი დიდი უმეტესი პატრიარქთა და უსმინეს ყოველნი. მაგრამ ისაყ ფაშას, რომელიც დასვეს, როგორცა მეფე ტფილისს, ახალციხისა, ეწყინა პატივი კათალიკოზისა და ქართველთა მოწმობითა შეასმინა ხონთქარსა. ამისთვის პატიმარ-ჰყვეს კათალიკოზი ჭალაკსა შინა თენადოსს და ბესარიონ იქმნა კათალიკოზად ქართლს.
ხოლო მეფესა ვახტანგს მიუწოდა დიდმან პეტრემან პეტრებუღს; მისულსა ცარიცინს, ესმა სიკვდილი დიდისა პეტრესი, დამძიმდა ფრიად. მაგრამ წავიდა და მივიდა მოსკოვს; იქ დახვდა დარეჯან ასული არჩილ მეფისა და შეიტკბნენ ფრიად. შემდგომად მივიდა პეტრებუხს იმპერატორიცის ეკატერინას წინაშე და მან პატივ-სცა მეფებრ დიდებით და მიანიჭა ურიცხვნი. მერე გაზაფხულს წარმოავლინა გილანს, რათა ზავ-ჰყოს ყაენსა და მათ შორის. ამისთვის მიუწოდა დედოფალსა მეფემან მოსკოვს. და მოსულსა მოსკოვს მეფესა დახვდა დედოფალიცა იქ. დაუტევა იქ დედოფალი და თვით წამოვიდა გილანს, ხოლო დარუბანდს მოსულს მეფეს მოართვეს ანდრიის კავალერია ლურჯი იმპერატრიცისაგან. მერე მოვიდა გილანს; მაშინ მოერთვნენ გილანელნი სრულიად და აცნობა ყაენსა ყოველნი მეფემან.
ამა ჟამებთა მოსულ იყო ნადირ-ავშარი წინაშე ყაენისა, ამან ბრძანებითა ყაენისათა მოკლა ფათალიხან ყაჯარი და დააპყრობინა ყაენსა მაშათი. ამან ყაენმან მოუწოდა თამაზს და მისცა ყორჩიბაშობა. შემდგომად დაიპყრა ხორასანი. ვერა რისა მყოფელ იყო გარდა მისსა ყაენი. მაშინ კითხვა-სათნოჩენითა მისითა მოუმცნო მეფესა ყაენმან ზავის ყოფად, როგორცა ნებავს, და მოეგზავნაცა ნიჭი.
ხოლო მიიცვალა ეკატერინა იმპერატრიცა და დაჯდა ძის ძე დიდისა პეტრესი პეტრევე წლისა იგ (13). ამან მიუწოდა მეფესა მოსკოვს და მივიდა მეფე ქ~სა ჩტკჱ (1728). ხოლო ამ ქორონიკონის წინას წელს მოკვდა იესე. მაშინ ისაყ ფაშამ გაჰყო ქართლი, სომხით-საბარათიანო მისცა ერასტი ყაფლანისშვილს, მცხეთას ზევითი ბაგრატ ციციშვილს, ზემო ქართლი გივს ამილახორს, მუხრანი და საერისთონი მათთავე მთავართა და ამათ მიერ მოიღებდა ხარკსა და სხვათა რაი იგი სურდათ, თუმცა შურითა ურთიერთთათა ქართველთათა იყო უუფროსესნი ჭირნი და ართმევდნენ და ძარცვიდნენ ოსმალნი შესმენითა მათითა, კვლავ უმეტესად ოხრებითა და ტყვეობითა ლეკთათა; და დაიმორჩილეს ამ მთავართ გამო ოსმალთა ესეთ, რამეთუ უკეთუ მალემსრბოლისად არა მიეცათ მყის ცხენი, შესხდნენ თვით მას ზედა, როგორცა უყვეს მანუჩარ ყაფლანიშვილსა და გიორგი ქავთარისშვილსა, ამოუდვეს ლაგამნი, შესხდენ და ჩხვლეტდენ დეზითა წასლვად. უკეთუ ავნებდა ვინმე ოსმალთა, ჩამოახრჩვებდნენ ანძასა და გადაახდევინებდნენ ვერცხლის დიდძალი, როგორცა უყვეს დემეტრე ამილახორისშვილსა, რომელიც ჩამოაცვეს ანძასა ორითა მსახურითა.
კვლავ განადიდა მელიქი ტფილისისა აშხარბეგ ისაყ ფაშამან, რამეთუ მოვიდნენ დარბაზობად მისა სპასპეტი ლუარსაბ და მთავარნი ქართლისანი ყოველნი. მაგრამ მან არა მიხედა, არცა იხილა და გამოუშვა.
ხოლო მაჩაბელი თეიმურაზ არა ემორჩილებოდა ამილახორსა და სწყვედდა ოსმალთა, სადაც ვის მოიხელთებდა.
კვლავ განდგა ქსნის ერისთავი შანშე და თეიმურაზ არაგვის ერისთავიცა, გააძევეს ოსმალთა და დასვეს რევაზ; და ეს რევაზმა არა ემორჩილებოდა ოსმალთა, ამისთვის უბრძანა ისაყ ფაშამ მაჰმად-ყულიხანს და წარმოავლინა ახალციხის სპანი. მოვიდნენ ესენი, გააძევეს რევაზ და დასვეს პაპუა ზურაბისძე. მერე მოვიდნენ, ქსანი მოარბიეს და მოადგნენ ვანათის ციხესა და ქვაბიდან მოსრვიდნენ მრავალთა ოსმალთა, მაგრამ ღამესა მას განივლტვენ ქვაბიდან; იხილა შანშემ, მისცა ქრთამი ოსმალთა, ზავ-ჰყო მათ თანა, ხოლო ამილახორმა წარმოიყვანა მაჰმად-ყულიხანითურთ ოსმალთა სპანი და დაესხა მაჩაბელს მუგუთს, შემუსრეს ციხე სვერისა, რომელიც ააშენა თეიმურაზ მაჩაბელმა. მუგუთს მოსრეს მრავალნი ოსმალნი. შემდგომად მისჭირდა და განივლტო მაჩაბელი და მივიდა რაჭას ცოლშვილით. ხოლო ოსმალთა ამოწყვიდეს, მოტყვევნეს, შემუსრეს ციხენი და მოვიდნენ გორს და ენებათ ოსმალთა მოტყუება და შეპყრობა მაჰმად-ყულიხანისა, ვინაიდან იქ ეახლა ლეკნი. სცნა მაჰმად-ყულიხან და წავიდა კახეთს. მაშინ ოსმალთა დაიმორჩილეს ქართლი უმეტეს და გაიყვეს დაბები.
ამ ჟამთავე მოადგნენ ლეკნი ჭალას, მოკლეს ამილახორის რევაზის შვილი ერასტი და შემუსრეს ჭალა, გამოიყვანეს ჩ (1000) სულნი ტყვედ და წავიდნენ. გარდა ამისა და ამათ ჭირთა შინა, რომელიც იყო ოსმალთაგან გაზაფხულ-შემოდგომას, მარადის ატყვევებდნენ ლეკნი, რამეთუ ჯარად და ჯარად გამოვიდოდნენ ჩ (1000), და უმეტესნი და უმცირესნი.
ხოლო ესმა უსუფ-ფაშას, ძესა ისაყისასა, გამოსლვა ლეკთა, წამოვიდა სპითა ოსმალ-ქართველთათა და ეკვეთა მუხრანს ლეკთა, მოსრა იგინი და ნარჩენი შევიდნენ შიოსუბანს, მოადგა გარს და შეესივნენ და სრვიდნენ ლეკთა. მაგრამ ესე ომის ბრძოლის ხმა ესმათ სხვათა მომავალთა ლეკთა, მოუხდნენ და აოტეს უსუფ-ფაშა, რამეთუ კნინღა გადაიხვეწა და მოსრეს ლეკთა ოსმალნი უმრავლესნი. კვლავ ნადარბაზევს ეკვეთა ლეკთა მაჰმადბეგ ოსმალ-ქართველითა სპითა. ლეკნი ივლტოდნენ, სადაცა მზირ-ეყოთ ტყეთა შინა; და რა მივიდნენ ოსმალნი, უწყეს ლეკთა იმიერ-ამიერით თოფთა ცემა, ამოწყვიდეს ოსმალნი და აოტეს, მხოლოდ მცირენი განერიდნენ.
კვლავ გორიდან მომავალთა ოსმალთა სპათა შეხვდათ ლეკნი ნიჩბისის ბოლოს, კვეთებასავე აოტეს ლეკთა და ამოწყვიდეს უმრავლესნი. ხოლო მკვდართა ახმარეს ჩიბუხნი თვისნი უკანა კარით. გაძლიერდენ ესეთ, რამეთუ უწყეს სამცხე-ჯავახეთს რბევა და ტყვევნა ლეკთა. ვინაიდან აღარა დარჩა მსახლობელნი მუხრანს, ქართლს და საციციანოს და ადგილ საბარათიანო-სომხითსაცა, გარდა სიმაგრეთა, რამეთუ მუშაკობადცა პარვით-მალვით ჩამოვიდნენ და მათნი მხილველნი ივლტოდნენ სიმაგრეთა. და კვლავ მრავალგზის ამოწყვიდეს ოსმალთა, რადგან ვეღარა წინააღუდგნენცა.
კვლავ მოერბიათ ჯავახეთი, ცნეს ქართველთა და აცნობეს ოსმალთა, მოვიდნენ ქართველნი და შეუკრეს დიდგორის კოშკისყელი; და რა მოვიდნენ ლეკნი, უწყეს თოფთა ცემა და მრავალნი მოსრეს. ხოლო მათ დაჰყარეს ნატყვენავნი სრულიად და ივლტოდნენ. მაშინ თელადგორის ბოლოს დახვდნენ ოსმალნი და უფროსად ამოწყვიდეს. მაგრამ კვლავ იყო მათგანვე უფროსად ტყვევნა და ოხრება და ბრძოლისაცა უმეტეს იგინი მომრევ ექმნებოდნენ, ვინაიდან გამრავლდა სიძვა-მრუშება, სოდომია, ტყვის ყიდვა, შური, სრვა ურთიერთთა და სხვანი ბოროტნი, და ამისთვისცა მოუშვა ღმერთმან ბოროტი, რამეთუ მხეცნიცა მოეტევნენ და სჭამდენ ურიდად მრავალთა, კვლავ მოვიდა სირი ჭივჭავი, რომელთა დააბნელეს მზე სიმრავლით და მოჭამა ნაშრომი სრულიად, რომელიც არა თქმულ არის საუკუნით. კვლავ იყო სრვაცა მომსრველი, ჟამი ძლიერი, თუმცა არავინ შეიშინებდა ღვთისასა.
ხოლო შემდგომად ლტოლვისა ისაყ ფაშისა მოვიდა თოფალ ფაშა. ამან უბრძანა ქართველთა საჭურველით ყოფა და პატივთა უყოფდა და ასწავლიბდა ერთობასა და ვედრებასა ღვთისასა. მაშინ სპანი მისნი მარადის მტერ ექმნებოდნენ ლეკთა და ამოწყვედდნენ. შემდგომად მცირედისა წარავლინეს ბაღდადს და შემდგომად მისა კვლავ მოვიდა ისაყ ფაშავე და იქმნა როგორც ადრე, თუმცა უძვირესიცა.
ხოლო რაჟამს გარდაიცვალა მეორე პეტრე იმპერატორი და დაჯდა იმპერატრიცა ანნა, ამან მიუწოდა მეფესა ვახტანგს პეტრებუღს, მისცა ნიჭი და წარმოავლინა დარუბანდს, რათა დაიპყრას შამახია და მერე ქართლი. წამოსული გამოვიდა დარუბანდს ქ~სა ჩღლდ (1734).
წინხსენებულმა თამაზხან პირველვე დაიპყრა ხორასანი და განასხა ისპაანიდან ავღანნი და დასვა იქ შაჰთამაზ. კვლავ აიღო ოსმალთაგან თავრიზი და დაუტევა ყაენი ბრძოლად ერევნისა, და თვით წავიდა ხორასანს.
შაჰთამაზ აოტეს ურუმთა ერევანს და ლტოლვილი მივიდა ისპაანს. ესე სცნა თამაზხან, მივიდა ისპაანს და შეიპყრა შაჰთამაზ, რამეთუ იყო მემთვრალე და უბადოდ მქცევი. ხოლო თამაზხან წავიდა ბაღდადს, მოკლა თოფალ-ფაშა და მივიდა ისპაანს და განემზადებოდა წასლვად ბაღდადსა ზედა. მაგრამ ესმა წასლვა მეფისა ვახტანგისა დარუბანდიდან შამახიას ზედა, დაუტევა ბაღდადი და მოვიდა უცნობელად შამახიას, აიღო იგი სულხავისაგან და მერე შეუხდა სულხავს კულმუხსა, ამოწყვიდა და მოტყვევნა, აიღო ალაფი მისი, გადმოვიდა შაქს და იქიდან მოადგა განჯას. მიუვლინა დარუბანდს ვახტანგ მეფესა კაცი, რათა მივიდეს მისთანა. ვახტანგმა არა ინება და გავიდა ასტრახანს, ვინაიდან მისცეს რუსთა ყოველნი სპარსეთისანი თამაზ-ხანს. თუმცა თამაზ-ხანმა ვერ აიღო განჯა ზამთარსა ამას. მაშინ ქართველთა ამოწყვიდეს ოსმალნი ტფილისის გარეთნი სრულიად, ეგრეთვე გივი ამილახორი შეეტყუა გორის ციხეს ოსმალთა და მოსრა იგინი და დაიპყრა ციხე.
მერე მოერთვნენ ქართველნი განჯას თამაზ-ხანს. მან მცირედითა პატივ-სცა ნიჭითა, წარმოატანა ხანჯალხან სპითა, რათა ებრძოლოს ოსმალთა, მოვიდნენ ესენი, შეიკრიბნენ კვლავ და დადგნენ ავჭალას.
მაშინ გამოვიდა ტფილისიდან მაჰმადბეგ სპითა ოსმალთათა, ამათ ეკვეთნენ ყიზილბაშ-ქართველნი, აოტეს ოსმალნი და ამოწყვიდეს და სხვანი შევიდნენ ტფილისს. შემდგომად დადგნენ კოჟორზე ყიზილბაშ-ქართველნი და ტალანი ამათნი წავკისს. მოვიდნენ ოსმალნი ღამე და მოსრეს ტალანი სრულიად და დილას დაესხნენ ყიზილბაშ-ქართველთა და ეკვეთნენ ესენიცა. ივლტოდნენ ოსმალნი და მოსრვიდნენ, მოჰყვნენ და მოადგნენ ტფილისს. ხოლო გაზაფხულსა ამას დაუტევა თამაზ-ხანმა განჯა თვით და გარმოდგომილ-ჰყო სხვითა სპითა. მან შემოვლო სომხითი, და დმანისი, გაიარა ყაიყულს და მივიდა ყარსს. მაშინ იქ მოსულ იყო სარასკრად ქოფრული სპითა დიდითა, ხოლო ვერარისა მყოფელი ყარსს თამაზ-ხან მოიქცა და დადგა ერევანს ზევით.
ხოლო მესამის დღის დილასა მოვიდა ქოფრულიცა სპითა, დაუპირისპირდნენ და იქმნა იქ ბრძოლა ძლიერი, მოკლეს ქოფრული და ივლტოდნენ ოსმალნი, რამეთუ ერთი ასთა შეიპყრობდა. ამის მხილველთა ოსმალთა მისცეს ერევანი, განჯა, ლორე, ტფილისი და დაიპყრა თამაზ-ხან და ქართველთა მიუწოდა ერევანს, მაგრამ იქ შეიპყრა ყოველნი გარდა ქაიხოსრო ყაფლანისშვილისა, რომელიც იყო მას ჟამსა სპასპეტი, და პატიმარნი წარმოავლინა ტფილისს.
კვლავ აჰყარა ყაიყული სრულიად და წარგზავნა ხორასანს, მერე თვითცა ტფილისს ქ~სა ჩღლე (1735). ხოლო ქართველნი მოგზაურნი განივლტვნენ გარდა ვახუშტი აბაშიძისა. ხოლო ტფილისიდან წარავლინა სპანი და მიუხდნენ ბარძიმს არაგვსა ზედა, იქ აოტეს ყიზილბაშნი. ზემო ქართლს და საციციანოს აჰყარა სულნი მრავალნი და წარგზავნა ხორასანს. იხილე რისხვა, რამეთუ არა კმარ იყო ადრე, არამედ ხილხილიდან ინჯამდე სამასი დედათაგან მოგდებული ჩვილნი ეყარნენ მკვდარნი. ხოლო თამაზ-ხანს, სრულიად აოხრებისა ქართლისა განმზრახსა, მოესმა მოსლვა თათარხანთა დარუბანდს, ამისთვის დატოვა ქართლი, ჩავლო კახეთი ოხრებით და მივიდა დარუბანდს. თათარხანნი უკუქცეულ იყვნენ და ამან შემუსრა უცმი და მოვიდა მუღამს. და იქ გახელმწიფდა და იწოდა კვლავ შაჰნადირ. მერე მივიდა ისპაჰანს წასლვად ყანდაარს. ხოლო ქართლს დაეტევა ალიმირზა ძე იმანყულისა, როგორც ვალი და სეფიხან.
ამან სეფიხან მოიტყუა გორს ქართველნი, შეიპყრა თეიმურაზ, გივი ამილახორი, ბარძიმ ერისთავი და სხვანი, ხოლო შანშე ივლტოდა და წარუვლინა ისპაანს შაჰნადირს. ხოლო მან არა რა ავნო და წაიყვანა ყანდარს. შემდგომად მისცა ხანჯალხანს ხანობა ქართლისა, გამოატანა ქართველნი და გამოუშვა. ხოლო თვით აიღო ყანდაარი და წავიდა ინდოეთს. მაშინ მოსულმა ხანჯალხანმა დასდვა ხარკი და ჭირი დიდი, რამეთუ ხეთა, ვენახთა, სახნავთა და პირუტყვთა, ამათ ყოველთაგან იღებდნენ, და ამით დაიპყრეს სპანი და უწოდეს ნოქარი; და მთავართაცა სახელოთივე მათითა პატივ-სცეს და წაართვეს მამულნი და მსახურებდენ ტფილისის ხანსა, რამეთუ ამისივე განსაგო იყო კახეთი, ბორჩალუ და ყაზახი.
კვლავ მოჰკრეფდნენ ტყვეთა და წარუვლენდნენ შაჰნადირსა. ხოლო შანშე ჟამად ემორჩილებოდა და ჟამად უკუდგებოდა. ხოლო მეფე ვახტანგ დადგა ასტრახანს და წარავლინა ბაქარ ძე თვისი ქართველითურთ მოსკოვს და მოიყვანა დედოფალიცა. იქ და იყო დასვენებით წელი ერთი. შემდგომად გარდაიცვალა ქ~სა ჩღლზ (1737), მარტს კვ (26) და დაფლეს იქვე დიდითა პატივითა და ხელმწიფურითა. შემდგომად მისა წავიდა დედოფალიცა მოსკოვს და დარჩნენ იგინიცა იქ.
ხოლო მოკვდა ბესარიონ კათალიკოზი. შემდგომად მოვიდა კათალიკოზი დომენტი სტამბოლიდან იმერეთს, მოიყვანეს იგივე კათალიკოზად. მოსულს მიეგება ხანჯალხან და ყოველნი წარჩინებულნი და ქალაქი და სცეს პატივი დიდი.
ხოლო მოკვდა რა ხანჯალხან, მისცეს ალავერდის ხანობა ძესა იესესასა ნაშობსა ხარჭისასა; და, ვინაიდან არა ერჩდათ შანშე, მოადგნენ ყიზილბაშნი, ვერ დაუდგა შანშე და ივლტოდა დედაწულით იმერეთს და იქიდან რუსეთს. მისული მოსკოვს აღარა შეიწყნარა ხელმწიფემ და მოვიდა ქართლსავე და დაიპყრა მამულნი თვისნი, მოიყვანა ლეკნი და აოხრებდა ქვეყანათა, მაგრამ ლტოლვილსა შანშესა წაგვარეს იესეს, ძმასა მისსა ცოლი არაგვის ერისთავთა და მისცეს ყიზილბაშთა.
ამისთვის შეკრიბა შანშემ ლეკნი და მოადგა ანანურს, შემუსრა, აიღო იგი და ამოწყვიდა არაგვის ერისთავნი სრულიად, რამეთუ არავინ განერიდა. იხილე, რამეთუ გიორგი ერისთვის ცოლი მარილის ქვით კიდული გააქციეს. თუმცა არა დასცხრა შანშე და ატყვევებდა ქართლს ლეკით. ესე ლეკნი მოვიდნენ ტაშირს, სცნა სეფიხან ყაზახს მდგომმან, რომელიც ადრე იჯდა ტფილისის ხანად და შესმენითა ქართველთათა რისხვით წაიყვანა შაჰნადირ. ესე მოვიდა ჭ (5000) კაცითა დმანისს, წარიმძღვანა ქაიხოსრო სპასპეტი და მიუსწრა ტაშირიდან გადმომავალთა ლეკთა, ეკვეთა და ამოწყვიდა, და მხოლოდ მცირედნი ივლტოდნენ. კვლავ გადაუსწრა კახეთს და ქართლიდან გადმოსულნი ამოწყვიდა მრავალნი. ყიზილბაშთაცა მრავალჯერ ამოწყვიდეს ლეკნი. ქონდათ სადგურად ქსანი და მარადის იყო მათგან რბევა და ტყვევნა, რამეთუ აღარაცა იყო მოსახლე, ვინაიდან შეშინდნენ ფრიად ლეკთაგან, რამეთუ ხუთმან ლეკმან ჩხიკვთას დაჰყვეს ზამთარი ტყვით დედაკაცებით, მიდგომილთა ლეკთაგან შობეს და ზაფხულს აჰკიდეს მათვე შვილნი მათნი და წავიდნენ (ამისთვის მიუშვა ღმერთმანცა, ვინაიდან იყო უშიშრობა ღვთისა).
შემდგომად მოიქცა რა შაჰნადირ ინდოეთიდან, მოვიდა და მოადგა ლეკეთს, წარმოავლინა სპანი და მოადგნენ შანშეს; გამოიყვანეს ამათ აწერის ხევის ციხიდან ცოლშვილი შანშესი და ტყვენი მრავალნი. ხოლო შანშე ივლტოდა ახალციხეს და ალიყულიხან, რომელიც იყო თავ სპათა და ხანი ტფილისისა, შევიდა მაღრან-დვალეთს, მოტყვევნა იგი და მთანი შანშესანი. ჟამურის ოვსთა აოტეს ხანი და ამოწყვიდეს სპანი მისნი. ხოლო თხოვნითა შაჰნადირისათა მოსცეს ოსმალთა შანშე მას. შაჰნადირმა ინება განტევება მისი თავმდებობითა ქართველთათა. თუმცა ქართველთა არა ინებეს, და წარგზავნა ხორასანს. თუმცა მოგზაური შანშე გამოიპარა, შეიპყრეს კვლავ და ამოხადეს თვალნი ძმითურთ.
ხოლო ქართველნი იყვნენ წინაშე შაჰნადირისა მარადის დარუბანდს. მაშინ მოვიდა კათალიკოზიცა დომენტი და პატივით შეიწყნარა და წარმოავლინა ქართლსავე კათალიკოზად.
ქართლს იყო ჭირი დიდი საზრდელთათვის, ვინაიდან თვესა ერთსა მიაღებინა სამასი ათასი კოდი პური და ქერი, რამეთუ ჰყავდათ წარჩინებულთა ცოლშვილნი ტფილისს და ვერავინ იკადრებდა ურჩებად. ხოლო ქართველთა შეასმინეს ალიყულიხან და მოგზავნა შაჰნადირმა ყოჯახან ტფილისს. მაშინ მოსრეს ყაფლანიანთა ვაჭარნი ქარავნისა ოსმალთა, შესჩივლეს შაჰნადირს, შეიპყრა ელიზბარ და მოახრჩო იგი; ხოლო ქაიხოსროს მიუღო ფ (500) თუმანი და მისცა მათ ვაჭართა. კვლავ დაჰკვეთა ბარათიანთა ყურნი საზრდელთათვის.
შემდგომად მისცა გივს ამილახორს ქსანი და ვექილობა ქართლისა, ბეჟანს ერისთაობა არაგვისა და უბრძანა მოსლვა ლეკთა ზედა კახეთის მთიდან. ხოლო მოვიდნენ რა ტფილისს სრულიად ქართველნი წარჩინებულნი, ამ ჟამსა მიიცვალა კათალიკოზი დომენტი ქ~სა ჩღმა (1741) და დაფლეს მცხეთას. დასვა თვით მანვე კათალიკოზად ნიკოლაოზ ხერხეულიძე.
ესე იყო უმეცარი და საეროთა უფრო განმწყობი, ვიდრე სამღვდელოთა; და მოყვრობდა თათართა, ვიდრე ქრისტიანეთა. ამან ომფორი ოქროქსოვილი, სვიმონ ბატონისშვილის ცოლის ანნას მოგზავნილი მცხეთისა, დასჭრა და ბეჟან ერისთვის ცოლსა ქათიბად შეაკერვინა და მიუბოძა, და საქადაგო ხატი მურასად მოოჭვილი შემუსრა. გვირგვინი საპატრიარხო ლევან დადიანის შემოწირული და ომფორი სხვილ-მარგალიტთულით შემკული და სხვანი ხატნი და ჯვარნი და სამსახურებელნი კათოლიკე ეკლესიისა მცხეთისა შემუსრა და გაყიდა. არაჯეროვნად იქცეოდა სამღვდელოთა წესითა. თუმცა ღმერთმან მიუშვა და ქმნა ბოროტი ურჯულომან დასაბამიდან არა-სმენილმან, უკეთურმან მაჰმადიან ყოფილმან თაზისშვილმან ტარიელ მახვილითა მოკლა; ვინაიდან საქართველოს პირველი მღვდელმთავარნი იყო, ვერ შეეხებოდა ხელი მოსაკლავად.
ხოლო გივი ამილახორი ემძახლა ბეჟან ერისთავს და დაიპყრა ქსანი და მორჩილებდა ბეჟან გივს. ვინაიდან ერწმუნა შაჰნადირს მისთვის ქართლი, მოითხოვა ქვრივნი ქალნი, ქალწულნი ქალნი და ვაჟნი სამას-სამასნი, ხუთასი კომლი კაცი და ოცი ათასი ხარვარი პური. ამისთვის ეზრახა გივი ქართველთა: „არა ძალგვიცს ყოფად და განვდგეთ ვინაიდან ვერა ნებისაებრ დაიპყრნა შაჰნადირმა ლეკნი“, ხოლო მათ მისცეს პირი მტკიცე. ამისთვის განაზრახა ხანი წასლვად ლეკსა ზედა და განვიდაცა ხანი ყიზილბაშ-ქართველითა. მაშინ გივი გამოიქცა ცოლშვილით ტფილისიდან სიმაგრეთა იმედებული და მოვიდა ქსნის ხევსა შინა. ქართველნი აღარავინ გამოჰყვნენ, არცა უკუდგნენ. ესე რა ესმა ხანსა, მოიქცა ტფილისსავე და მოთხოვილისათვის მთავართა შეამჭირვებდა და მრავალთა გვემა და პყრობილება შეამთხვია და მოუხდა გივს, ვერ შემუსრა, მოაოხრა გარემონი და მოიქცა ტფილისსავე.
ჟამსა მას წარმოევლინა იმპერატრიცას ელისაბედს პეტროვნას ძე ვახტანგისა ბაქარ ასტრახანს. ესე ჰგონა გივმან მისასლველად ქართლს მეფედ, წარუვლინა ბარძიმ ბიძის ძე თვისი და მოუწოდა ბაქარს, რათა მოვიდეს და დაიპყრას ქართლი. ხოლო შაჰნადირი ებრძოდა ლეკთა ერთ წელს, შეამჭირვა და შეაძრწუნვა ფრიად, რამეთუ ჰყიდდენ შვილთა თვისთა და სჭამდნენ ხორცსა ღორისასა. იყო შიმშილი ძლიერი სპათაცა შორის შაჰ ნადირისათა, რამეთუ ოთხი კოდი პური სამ თუმნად იყიდებოდა. ამისთვის უკუნიქცა შაჰნადირ და წავიდა სპარსეთად.
ხოლო ბაქარს მიუწოდეს კვლავ პეტრებურღსავე და მივიდა იქ. მაგრამ გივი არა დასცხრა და ებრძოდა ხანი ტფილისისა და აოხრებდენ ქვეყანათა იგიცა და ესენიცა. ამისთვის მოიყვანა გივმანცა ლეკნი დამხმარედ თვისად და ამოწყვიდა რაოდენიმე ყიზილბაშთა სპანი, თუმცა აოხრებდა უმეტეს ქვეყანათა. ხოლო შემდგომად შეჩენითა კახთათა მოკლეს ბეჟან ერისთავი ყმათამე მისთა და მიერთვნენ თეიმურაზს და წაართვეს მთიულთა ქონება გივს ამილახორს და გამოაძევეს ცოლშვილნი მისნი ხადიდან. თუმცა გივმან კვლავ განამაგრა ქსნის ციხე, ქცხვილოსისა, კეხვისა და სურამისა და წავიდა ქართლს და კვლავადცა არა დასცხრა გივი ოხრებად ქვეყანათა ლეკითა.
ესე ყოველნი ამცნო თეიმურაზ შაჰნადირმა და შაჰნადირმა მოსცა არაგვს საერისთაო თეიმურაზს. ესე მოვიდა და დადგა ტინს და ებრძოდა ქსანს. მაშინ ლეკეთით ლტოლვილი ყაენის ძედ წოდებული წავიდოდა ოსმალთა შინა და მეგზურმა მისმან შეაცდინა და მოიყვანა თეიმურაზისა თანა. ხოლო თეიმურაზ შეიპყრა იგი და წარუძღვანა ძე თვისი ერეკლე და წარავლინა წინაშე შაჰნადირისა, რამეთუ მაშინ ებრძოდა ოსმალთა მოსულს. ამისთვის მადლიერ იქმნა შაჰნადირმა, მოსცა ნიჭი დიდი და წარმოუვლინა ერეკლეცა ნიჭითა. ბიძაშვილმა გივისმა რევაზმა მისცა ციხენი ქსნისანი თეიმურაზს და თვით აზნაურითა და გლეხითა ჩავიდა კახეთს, რამეთუ მრავალნი წარჩინებულნი, აზნაურნი და გლეხნი დაეშენებოდნენ ქართველნი კახეთს, ვინაიდან იქ უმცირესი ჭირი იყო თათართაგან.
ხოლო წელსა ქ~სა ჩღმდ (1744) წარმოევლინა ხონთქარს განძი დიდი ლეკთათვის და მოვიდა უსუფ ახალციხის ფაშა იეჩ (15000) სპითა ქართლს, რათა წარუვლინოს ლეკთა იგი; ამას მიერთო ამილახვარი გივიცა. ესმა ხანსა ტფილისისასა, შეიკრიბა ყიზილბაშით და მოუწოდა ქართველთა და თეიმურაზს; მერე შეკრებილნი ყოველნი მოვიდნენ გორს. ხოლო ურუმნი მოვიდნენ თედოწმიდას. მიეგება ხანი თეიმურაზით და ქართველით, იძლივნენ ოსმალთაგან და შემოვიდნენ გორს. მოვიდნენ ურუმნი და მოადგნენ გარს და წარგზავნეს სპითა დიდითა საგანძური იგი ლეკთა შინა.
ესე აცნობა ხანმან თეიმურაზის ძეს ერეკლეს; ესე შეკრიბა კახითა და ავღანით და შეუკრა არაგვის პირის ჭალა მოსულთა ურუმთა. ამათ უწყეს ცემა თოფთა, აოტეს ოსმალნი და მოსრეს მრავალნი. წაიღეს საგანძური იგი და მივიდნენ გორს ლტოლვილნი. ამისი მხილველი უსუფ ფაშა აიყარა და წავიდა მეოტი. ხოლო ხანი და თეიმურაზ გამოვიდნენ გორიდან და აიღეს ალაფი ოსმალთა მრავალი. შემდგომად მოიქცნენ ესენი ტფილისს და აცნობეს ყოველი ყოფილი შაჰნადირს. ესე გაიხარა ფრიად შაჰნადირმა და მოსცა თეიმურაზს ქართლი, ხოლო ერეკლეს, ძესა მისსა - კახეთი. მერე მოვიდა თეიმურაზ ტფილისს ქ~სა ჩღმდ (1744).
ამასვე ქორონიკონსა წელსა, აგვისტოს, მოკვდა კათოლიკოსი ნიკოლაოს ხერხეულიძე (მახვილითა უღმრთოსა თაზიშვილის ტარიელისაგან) და დასვეს კათალიკოსად ანტონი, ძე მეფის იესესი, რომელიც იყო პირველად ქუთათელ მიტროპოლიტად, და ბიძამან თვისმან მეფემან ამან თეიმურაზ (და ძმამან ანტონისამ ერეკლე) და ძემან ამის მეფის თეიმურაზისამან, (მეფემან კახეთისამან ერეკლემ), ორთავე მისცეს კათოლიკოსობა და ნება ჰსცა შაჰნადირმანცა. ხოლო წელსა ქრისტეს ჩღმე (1745), იცხო მეფედ ცხებულობით თეიმურაზმან ოქტომბერს მცხეთას, რომელსაცა ჰსცხო და აკურთხა გვირგვინოსნებით დისწულმან თვისმან კათალიკოს-არქიეპისკოპოსმან (კათოლოკოს პატრიარქმან) მეფის ძემ ანტონ ბაგრატოანმან თანახმა-ყოფითა ქართლისა და კახეთის ეპისკოპოს-წარჩინებულთათა.