შესავალი
საქართველოში XI ს-ის 40-იანი წლებიდან იწყება ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი ომი მეფესა და ფეოდალურ ოპოზიციას შორის. სამოქალაქო დაპირისპირება, შესვენებებით, თითქმის, ორი ათეული წელი გაგრძელდა. ამ ომმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ქვეყნის წინსვლა-განვითარება. საქართველოს სამეფო კარზეც XI საუკუნის 30-40-იან წლებში აშკარად რამდენიმე კლანური დაჯგუფება მოქმედებდა. დასაწყისში მათ შორის დაპირისპირება ფარულ ხასიათს ატარებდა. 1040 წლიდან კი, მას შემდეგ რაც კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში ბიზანტიელთა მხარეზე გადავიდა, ეს ბრძოლა სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა. როგორც უმრავლეს შემთხვევაში, შიდა დაპირისპირება კარგად გამოიყენა საქართველოს საგარეო მტერმა – ბიზანტიამ. საიმპერატორო კარმა მოახერხა ამ უთანხმოების ჯერ გაღვივება, შემდეგ კი სამოქალაქო ომში გადაზრდა. იმპერიის მესვეურებმა მიაღწიეს, რომ საქართველოს შიგნით შექმნეს ძლიერი პრობიზანტიური დაჯგუფება, რომელსაც ცენტრალურ ხელისუფლება უნდა დაებალანსებინა. ბაგრატ IV-ს და ლიპარიტ ბაღვაშს შორის დაპირისპირება 1048 წელს დროებით შეწყდა თურქ-სელჩუკთა მიერ ბასიანში კლდეკარის ერისთავის შეპყრობის გამო.1 საქართველოს სამეფო კარისთვის ეს დიდი წარმატება იყო. იმავდროულად, ბიზანტიელები კარგად ხვდებოდნენ, თუ რა დანაკლისი იყო მათთვის კლდეკარის ერისთავი.
ლიპარიტს ორ წელზე მეტ ხანს მოუწია თურქ-სელჩუკებთან ტყვეობაში ყოფნა. მხოლოდ ბიზანტიის იმპერატორის, კონსტანტინე IX
მონომახის დიპლომატიური ჩარევისა და თავად ლიპარიტის მხრიდან გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ მიიღო თორღუ-ბეგმა საბოლოო გადაწყვეტილება და ქართველი ერისთავი გაათავისუფლა.2
ლიპარიტ ბაღვაშის თავისუფლებამ საქართველოს მმართველი ელიტა უკიდურესად შეაძრწუნა. ბოლო ორი წლის მანძილზე ბაგრატ IV-ის მიერ მოპოვებულ პოლიტიკურ თუ სამხედრო წარმატებებს ლიპარიტის ტყვეობიდან დახსნით სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ მთავარი ეს არ იყო. გაცილებით საშიში ლიპარიტისა და ბიზანტიის იმპერატორის მეგობრობა გახლდათ, რომელიც ყველა შემთხვევაში, საქართველოში არსებულ, შედარებით სტაბილური ვითარების კიდევ ერთხელ დაძაბვას გამოიწვევდა. თავისთავად, ცალკე აღებული კლდეკარის საერისთავოსა და მისი გამგებლის დამორჩილება დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა ცენტრალური ხელისუფლებისათვის, მაგრამ სირთულე სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ ლიპარიტს ზურგს იმპერიის სამხედრო ძალები უმაგრებდა. ამას კარგად ხედავდნენ საქართველოში და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდისთვის სამეფო კარზე მხოლოდ ლიპარიტის გეგმების განჭვრეტაში იქნებოდნენ. მცირე ხნით „აფხაზთა და ქართველთა“ სამეფოში დასადგურებული სიმშვიდე, მოსალოდნელი დაპირისპირების ატმოსფერომ შეცვალა.
ლიპარიტი ბაღვაში და კონსტანტინე IX მონომახი
თურქ-სელჩუკთა ტყვეობიდან წამოსული ლიპარიტ ბაღვაშის მარშრუტის აღდგენა ყველაზე უფრო ზედმიწევნით „მატიანე ქართლისას“ მეშვეობით არის შესაძლებელი. სხვა წყაროებში, შედარებით ზოგადი ცნობებია დაცული. მემატიანე დასძენს, რომ „ამისსა შემდგომად დახსნა ლიპარიტ თურქთა და შემოვიდა ანისს“.3 XI საუკუნის 50-ან წლების დასაწყისში ანისი წარმოადგენდა ბიზანტიის იმპერიის მონაპირე ადმინისტრაციულ-ტერიტორიალური ერთეულის – იბერიის თემის ცენტრს.4 ამასთანავე მასზე გადაიოდა მნიშვნელოვანი ტრანსსახელმწიფოებრივი მაგისტრალი, რომელიც ცენტრალური აზიიდან თავრიზის გავლით, შავიზღვის პორტებისაკენ მიემართებოდა.5 ხორასანიდან წამოსულ ლიპარიტს სწორედ ამ გზით უნდა ესარგებლა ანისის ციხექალაქამდე. ბიზანტიის იმპერიის საზღვრებში შემოსვლის შემდეგ კლდეკარის ერისთავი სამშვიდობოს იყო ალბათ. შორს არ ვიქნებით სინამდვილისგან თუ ვივარაუდებთ, რომ პირველ ეტაპზე, ლიპარიტი ზედმიწევნით გამოიკითხავდა და შეისწავლიდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებდა მომავალი გეგმების დასახვას. ვფიქრობთ, კლდეკარის ერისთავისთვის თავიდანვე ნათელი გახდა, რომ მისი საქართველოში დაბრუნება, თუნდაც მცირე ბიზანტიური არმიის თანხლებით, შედეგს ვერ მოიტანდა. ლიპარიტს სხვა გზა უნდა ეძებნა და სამშობლოში ჩამოსვლისათვის მასშტაბური სახე მიეცა. ეს უნდა გამოხატულიყო ბიზანტიელთა მხრიდან პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის ფორმით. ამიტომაც ლიპარიტი არ ჩქარობდა საქართველოში დაბრუნებას, პირიქით, მისთვის ამ მომენტში იმპერატორ კონსტანტინე IX მონომახთან ვიზიტი გაცილებით მეტი პოლიტიკური დივიდენდების მომტანი იყო.
ლიპარიტის განთავისუფლება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას არ გამოპარვია. ეს ამბავი ბაგრატ IV-მ თბილისში შეიტყო. მან სასწრაფოდ მიატოვა თბილისი და ჯავახეთში გამაგრდა. „მატიანე ქართლისას“ მონათხრობის მიღმა ადვილი დასანახია ის დაძაბული პოლიტიკური ატმოსფერო რაც ქვეყანაში იყო შექმნილი. დიდი ალღო არ სჭირდებოდა იმის განსაზღვრას თუ რა გეგმები შეიძლება ჰქონოდა ლიპარიტ ბაღვაშს. ამიტომაც ბაგრატ IV ცდილობს შედარებით დაცულ და უსაფრთხო რეგიონში გამაგრდეს. „დააგდო ბაგრატ ტფილისი ლიპარიტის გზითა, აღმოვლო ქართლი და მოვიდა ჯავახეთს“, – დასძენს მემატიანე. 6 მაგრამ ლიპარიტი არ ჩქარობდა. წყაროები არ მიუთითებენ, რომ ანისიდან კლდეკარის ერისთავი პირდაპირ საქართველოსაკენ წამოსულიყო. ლიპარიტის განთავისუფლების ამბავს „მატიანე ქართლისა“ მოაყოლებს ასეთ ფრაზას: „განძლიერდა ლიპარიტ, რამეთუ მსახურებისათვის ბერძენთა მეფისა ტყუექმნილ იყო; წარვიდა საბერძნეთს და ნახა ბერძენთა მეფე და მოირთო ბერძენთა მეფისაგან ძალი. და ვერღარა დაუდგა ბაგრატ“.7 როგორც ვხედავთ, საწყის ეტაპზე პროცესები სხვაგვარად განვითარებულა. ლიპარიტი პირდაპირ საქართველოსკენ არ დაძრულა და თავისი უფლებებისა და მდგომარეობის აღდგენა არ უცდია. ეს მოვლენა ოდნავ მოგვიანებით უნდა მომხდარიყო, როდესაც ერისთავი „ბერძენთა მეფის“ ჯარით ხელდამშვენებული დაბრუნდა სამშობლოში. ანისიდან კლდეკარის ერისთავი ჯერ კონსტანტინე IX მონომახს ეახლა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ბრძოლა თავისი უფლებებისათვის. ამასვე მოგვითხრობს სომეხი მემატიანე მათე ურჰაელი: „სულთანმა გაანთავისუფლა იგი (ლიპარიტი _ ჯ. ს.) და დიდძალი საჩუქრებით ჰრომებთან გააგზავნა. ლიპარიტი მივიდა კონსტანტინოპოლში. როდესაც მონომახმა იხილა იგი, ფრიად განიხარა და დიდძალი საჩუქრებით გააგზავნა სახლში ცოლთან და ვაჟიშვილებთანო“.8
ამდენად, ზედმიწევნით შეგვიძლია თვალი გავადევნოთ ლიპარიტის განთავისუფლებიდან, მის საქართველოში დაბრუნებას შორის არსებულ პერიოდს. კლდეკარის ერისთავი ანისში მცირე ხნით უნდა შეჩერებულიყო და აქედან პირდაპირ იმპერატორის სანახავად გამგზავრებულიყო. კონსტანტინოპოლში, კონსტანტინე IX მონომახმა ლიპარიტს საპატიო დახვედრა მოუწყო. ერისთავის ვიზიტი აღწერილი აქვს მიხეილ ატალიატეს, რომელიც აღნიშნავს, რომ „რომაელთა მეფემ მიიღო და საჯარო პატივით დააჯილდოვა იგი, და შეამკო ისეთი საჩუქრებითა და სიტყვებით, რომელთაც ყველგან ჰქონდა ის ბრწყინვალება, რომელიც არის უეჭველად რომაული სახელმწიფოს სულის გამომხატველი“.9 ბიზანტიის იმპერატორის ლიპარიტისადმი ასეთ მეგობრულ დამოკიდებულებას ლოგიკური ახსნა აქვს. კლდეკარის ერისთავი იმპერიის აღმოსავლურ პოლიტიკაში მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა. მაგრამ ლიპარიტსა და კონსტანტიმე IX მონომახს შორის ურთიერთობაში გარკვეული სუბიექტური ფაქტორებიცაა გასათვალისწინებელი. საქმე იმაშია, რომ ბიზანტიის იმპერატორი გამოირჩეოდა თავის ექსტრავაგანტური საქციელით. მას შეეძლო ადამიანი უზომოდ შეყვარებოდა და მასში მხოლოდ დადებითი დაენახა ან, პირიქით, მოეძულებინა ისე, რომ მასზე გული აღარ მოუბრუნდებოდა. ეს იყო ადამიანი, რომელიც ორ უკიდურესობას შორის მერყეობდა. ცნობილია, თუ როგორ განიცადა კონსტანტინე მონომახმა თავისი მსახურისა და მასხარას რომან ბოილას შეპყრობა, როდესაც ამ უკანასკნელს იმპერატორის წინააღმდეგ შეთქმულება დაბრალდა. სასამართლოზე დამნაშავე თავად კონსტანტინე IX-მ გაამართლა. თავისი მასხარას გადარჩენა იმპერატორმა დიდი ლხინით აღნიშნა.10 ვფიქრობთ, ლიპარიტის მიმართაც მას განსაკუთრებული პატივისცემა ჰქონდა. ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი გვაქვს. აშკარად ჩანს, რომ კონსტანტინე IX-ს პოლიტიკური თანამშრომლობის გარდა, პიროვნული სიმპათიები ამოძრავებს კლდეკარის ერისთავის მიმართ. რა თქმა უნდა, ლიპარიტი ამის გარკვეულ საბაბს აძლევდა კონსტანტინე IX-ს, მაგრამ იმპერატორის ფსიქოლოგიას თუ გავითვალისწინებთ, მაშინ ადვილი მისახვედრია რა ლეგენდის საფარველში იქნებოდა გახვეული ბაღვაშის პიროვნება საიმპერატორო კარზე.
კონსტანტინოპოლში ლიპარიტმა დასახულ მიზანს მიაღწია, მან საჭირო სამხედრო დახმარება მიიღო იმპერატორისგან. „მატიანე ქართლისას“ ცნობას, რომ ერისთავი „ბერძენთა მეფის“ ჯარით დაბრუნდა საქართველოში, ადასტურებს ვარდან დიდიც, რომელიც დასძენს: „კეისარი თხოულობდა ლიპარიტის მისვლას, იგი წავიდა მასთან, მიიღო მისგან ჯარი და დაბრუნდა საქართველოშიო“.11 იმპერატორის ასეთი ცალსახა მხარდაჭერა ლიპარიტსა და მის მომხრეებს ბრძოლის გაგრძელებისა და, რაც მთავარია, გამარჯვების იმედს უსახავდა. სამეფო კარს კი, პირიქით, უიმედობასა და სასოწარკვეთილებაში აგდებდა.
ბიზანტიიდან კლდეკარის ერისთავი საქართველოში დაბრუნდებოდა ან 1051 წელსვე ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, 1052 წელს. ლიპარიტის ჩამოსვლის, პირველ ხანობას, სულ მცირე მოჰყვა ის, რომ სამხრეთ საქართველოში კვლავ აღსდგა კლდეკარის ერისთავის უპირატესობა. „მატიანე ქართლისას“ ავტორი, დასძენს: „და ვერღარა დაუდგა ბაგრატ“ ლიპარიტსო. ბაგრატ IV კვლავ დასავლეთ საქართველოს მეფედ იქცა.
ასეთი რთული პოლიტიკური ვითარება სუფევდა საქართველოში 1051-1052 წწ. მიჯნაზე. ქვეყანა აშკარა, უფრო დიდი მასშტაბის სამოქალაქო ომის წინაშე იდგა. ცენტრალურ ხელისუფლებას უკვე სათანადო ძალა აღარ შესწევდა წინ აღგომოდა ურჩი ერისთავის ქმედებას. ლიპარიტის გაძლიერების შეჩერება სამეფო კარს უკვე აღარ ძალუძდა, და ამიტომ, საქართველოს მეფემ, ამ რთულ სიტუაციიდან თავისებური, სარისკო გამოსავალი მოძებნა. ბაგრატ IV-ემ გადაწყვიტა იმპერატორს თავად ხლებოდა და საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის საკვანძო საკითხები კონსტანტინოპოლში მოეწესრიგებინა.
XI საუკუნის ისტორიულ წყაროებში, როგორც ქართულში, ასევე ბიზანტიურში და სომხურში, თვალნათლივ ჩანს, რომ ბაგრატ IVის ბიზანტიაში გამგზავრება სწორედ ლიპარიტ ბაღვაშის გააქტიურებით იყო გამოწვეული. „მატიანე ქართლისას” თქმით, „ამისსა პირველ სუმოდა ძე მისი გიორგი ბაგრატს, დაუტევა ქუთათისს მეფედ სამეფოსა ზედა აფხაზეთისასა და წარვიდა საბერძნეთს“.12 სკილიცე-კედრენეც ბაგრატ IV-ის კონსტანტინიპოლში ჩასვლას კლდეკარის ერისთავის სამშობლოში დაბრუნებით ხსნის.13 სომეხი ისტორიკოსი ვარდან დიდიც ბაგრატ IV-ს ბიზანტიაში წასვლას ლიპარიტს უკავშირებს.14 მართალია, ბაგრატ IV-ს, ეს ნაბიჯი ლიპარიტ ბაღვაშის სამშობლოში დაბრუნებამ გადაადგმევინა, მაგრამ, მთავარი აქ, ჩვენი აზრით, ის უნდა იყოს, რომ მეფემ აღარ ისურვა უაზრო სამოქალაქო ომის გაგრძელება და საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება არჩია. ამ დროს „აფხაზთა და ქართველთა“ სამეფოში სამი მხრის ინტერესების შეჯახება მოხდა. საქართველოს მეფე ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებისკენ მიისწრაფვოდა, ლიპარიტი დაკარგული უფლებების აღდგენისათვის იბრძოდა, ბიზანტიის იმპერატორი კი მთელ ამ ინტრიგით კავკასიური პოლიტიკიდან საქართველოს გამოთიშვას და თვით ჩვენი ქვეყნის შიგნით იმპერიის გავლენის გაზრდას ცდილობდა. ამ კვანძის გახსნა კი მხოლოდ კონსტანტინოპოლიდან შეიძლებოდა და ეს იმდროინდელმა ქართველმა პოლიტიკოსებმა საკმაოდ კარგად უწყოდნენ. ამდენად, ბაგრატ IV-მ ბიზანტიასთან პირდაპირი დიალოგის გზა აირჩია და არა მისი ინტერესების დამცველ ლიპარიტთან ბრძოლა. ასევე საინტერესოა ერთი დეტალიც, ბაგრატ IV-ის კონსტანტინოპოლში ჩასვლა, იმ ხანად, სამივე მხარეს თავისებურად უნდა შეეფასებინა. უდავოა, რომ კონსტანტინოპოლში ამ ნაბიჯს იმპერიის პოლიტიკის გამარჯვებად აღიქვამდნენ. ლიპარიტი მას თავის წარმატებად მიიჩნევდა. საქართველოს სამეფო კარი კი, მართალია, უკან დახევად, მაგრამ მაინც მოხერხებელ დიპლომატიურ ნაბიჯად ჩათვლიდა. თავის მხრივ, აზრთა სხვადასხვაობა იქნებოდა საზოგადოებაშიც. მეფის გადაწყვეტილება ქუთაისსა და მთელს სამეფოში საგანგებო განსჯის საგანი იქნებოდა, ამის გარეშე შეუძლებელია წარმოვიდგინოთ პოლიტიკური ცხოვრება.
* * *
სანამ ბაგრატ IV კონსტანტინოპოლში წავიდოდა, მან სამეფო თავის ვაჟს, გიორგის გადასცა. ბაგრატმა „დაუტევა ქუთაისს მეფედ სამეფოსა ზედა აფხაზეთისასა“ გიორგი უფლისწული, და თავად `წარვიდა საბერძნეთს“.15 ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე უნდა გვქონდეს უფლისწულის თანამოსაყდრედ კურთხევასთან. საქართველოში არსებული თანამოსაყდრის კურთხევის ცერემონიალი, არ უნდა გამოვრიცხოთ ნაწილობრივ წააგავდეს იმ დროს ბიზანტიაში არსებულ წესს. იმპერიაში ეს ცერემონიალი საკმაოდ რთულად ტარდებოდა. მოქმედი იმპერატორი და თანამოსაყდრედ გამზადებული პირი, პატრიარქის თანხლებით მიემართებოდნენ საკურთხეველთან, სადაც სამეფო რეგალიები იდო. პატრიარქი ლოცვას კითხულობდა სამეფო მოსასხამზე – პორფირზე და ამის შემდეგ გადასცემდა მას უფროს ბასილევსს, რომელიც პრეპოზიტების მეშვეობით აცმევდა თავის თანამოსაყდრეს. შემდეგ ლოცვას კითხულობდნენ სტემაზე. მას შემდეგ, რაც ერთ სტემას პატრიარქი დაადგამდა უფროს ბასილევსს, მეორეს უშუალოდ გადასცემდა იმპერატორს, რომელიც, თავის მხრივ, თანამოსაყდრედ გამზადებულ პირს დაადგამდა თავზე. ამის შემდეგ ხალხი შეძახილით, „ღირსია-ღირსეულია“, ადასტურებდა იმპერატორის გადაწყვეტილების სისწორეს.16
ივ. ჯავახიშვილი ამ მოვლენის შესახებ წერდა: „განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ის გარემოება, რომ ბაგრატმა, ბიზანტიაში გამგზავრებამდე თავისი შვილი გიორგი, მთელს საქართველოს, ქართლის, მესხეთისა და აფხაზეთის მეფედ კი არ დასვა, არამედ მარტო „სამეფოსა ზედა აფხაზეთისასა“, როგორც ჩანს, ქართლი და მესხეთი ლიპარიტს სჭერია და ბაგრატს იქ ხელი არ მიუწვდებოდა“. არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ გიორგი უფლისწულის შემთხვევაში ბაგრატ IV მას საგანგებო ცერემონიალით გადასცემდა ძალაუფლებას. შესაძლებელია ეს ბიზანტიური წესის ზუსტი გამეორება არ ყოფილიყო, მაგრამ ხელისუფლების გადაცემის რიტუალი გარკვეული „წესითა და განგებით“ რომ ჩატარდებოდა, ამაში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ. 17 საკითხის ამგვარი დაყენება გაიზიარა ვ. კოპალიანმაც.18
როდესაც ვსაუბრობთ გიორგი II-ს აღსაყდრებაზე, ამ დროს ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამოსვლა, ჩვენი აზრით, მთლად გამართლებული არ უნდა იყოს. კურთხევის შემდეგ მეფე ითვლებოდა ქვეყნის მფლობელად და მას ეკუთვნოდა, როგორც ქვეყნის ტერიტორიის, ისე მისი მოსახლეობის მართვა-გამგეობის უფლება. ამ ყველაფერს კი იგი ლეგიტიმურობის პრინციპით ახორციელებდა. XI საუკუნისათვის „აფხაზთა სამეფოს“ იურისდიქცია აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს დიდი ნაწილზე ვრცელდებოდა. გიორგი ბაგრატის ძეს, როდესაც თანამოსაყდრედ აიყვანდნენ, მას იმ მემკვიდრეობასაც დაულოცავდნენ, რასაც აფხაზთა მეფეები თითქმის ერთი საუკუნის მანძილზე იურიდიულად ფლობდნენ. გიორგი ქუთაისში მარტო დასავლეთ საქართველოს მეფედ რომ ეკურთხებინათ, ეს იმას ნიშნავდა, რომ აფხაზთა მეფები უარს ამბობდნენ ქართლისა და სამხრეთ საქართველოს მიწების კანონიერ მფლობელობაზე.
საერთოდ, ბაგრატ IV თითქმის ყოველთვის „აფხაზთა მეფის“ სახელით იხსენიება, მაშინაც კი, როდესაც აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე მიუწვდებოდა ხელი. 1057-58 წწ. შიომღვიმის ლავრისადმი გაცემულ სიგელს ასეთი მინაწერი აქვს: „ქ. კირილეოსონ, ესე ვითა ადიდენ ღმერთმან, ძლიერი ბაგრატ აფხაზთა მეფესა და ყოვლისა აღმოსავლეთისა ნოველისიმოსს დაუწერია“.19 ბაგრატ IV მხოლოდ აფხაზთა მეფედ იწოდება, მის მიერ მოჭრილ მონეტებზე. XI საუკუნის შუა ხანებში გამოშვებულ მონეტის (წონა დაახ. 1,56-2,22) შუბლზე ვლაქერნისად წოდებული მლოცველი ღვთისმშობელია გამოსახული. მონეტის ზურგზე კიდეზე წერტილოვან რკალს შიგნით ქართული ასომთავრული წარწერაა: „ქრისტე, ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე“. ცენტრში „და ნოველისიმოსი“. შედარებით გვიანდელი მონეტები განსხვავდება იმით, რომ მასზე წერია „და სევასტოსი“.20 ბაგრატ IV „აფხაზთა მეფედ“ იხსენიება ქართულ ნარატიულ წყაროებში. ასე, რომ კურთხევის შემდეგ გიორგი ბაგრატის ძე, როგორც მამის უშუალო მემკვიდრე – „აფხაზთა მეფე“ გახდა, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ გიორგი მხოლოდ დასავლეთ საქართველოს განაგებდა. მემატიანის განცხადება, ჩვენ ისე უნდა გავიგოთ, რომ ბაგრატ IV-მ თავისი შვილი, ერთიანი „აფხაზთა სამეფოს“ მეფედ (თანამოსაყდრედ) აკურთხა. იმ პერიოდისათვის კი, როგორც ითქვა, აფხაზთა სამეფო მოიცავდა არა მარტო დასავლეთ საქართველოს, არამედ შიდა ქართლს და სამხრეთ საქართველოს. იურიდიულად გიორგი ბაგრატის ძე ამ ტერიტორიის მფლობელი ხდება, მეორე საკითხია, რამდენად მიუწვდებოდა ხელი ცენტრალურ ხელისუფლებას მთელს სამეფოზე.
გიორგი უფლისწულის თანამოსაყდრედ დანიშვნის შემდეგ ბაგრატ IV კონსტანტინოპოლში გასამგზავრებლად მოემზადა. ქუთაისიდან საქართველოს მეფე რიონით შავი ზღვის სანაპიროზე ჩავიდა, იქიდან კი ტრაპიზონისაკენ აიღო გეზი. ამ ცნობას იძლევა ბიზანტიელი ისტორიკოსი სკილიცე-კედარენე, რომელიც იქვე დასძენს, რომ ტრაპიზონში მყოფმა მეფემ მაცნეები გაუგზავნია იმპერატორს და მასთან დარბაზობა ითხოვა. ბაგრატი კონსტანტინე IX მონომახს „აუწყებდა, რომ სურს სამეფო ქალაქში ჩასვლა და მასთან შეხვედრა“.21 ტრაპიზონში შეჩერებულმა მეფემ კონსტანტინოპოლში ჩასვლაზე იმპერატორის ნებართვა მიიღო და საქართველოს სამეფო კარის დელეგაციაც ბიზანტიის სატახტო ქალაქისკენ გაემართა. სამწუხაროდ ვერ დგინდება რა გზათ ჩავიდა საქართველოს მეფე ჯერ ტრაპიზონში, შემდეგ კი კონსტანტინოპოლში. მართალია ჩვენ ზედმიწევნით ვიცით მარშრუტი მეფის მოგზაურობისა _ ქუთაისი _ მდ. რიონის დინება _ ტრაპიზონი და კონსტანტინოპოლი,22 მაგრამ არ ვიცით სახელდობრ რა სახეობის _ სახმელეთო თუ საზღვაო ტრანსპორტით ისარგებლა ბაგრატ IV-მ. მოგვიანებით, კონსტანტინოპოლიდან უკან დაბრუნებული ბაგრატი სამეფოში სახმელეთო გზით შემოვიდა. მას შეხვედრა დიდებულებმა ქ. ხუფათთან მოუწყვეს. ბიზანტიური დიპლომატიური ეტიკეტის მიხედვით ელჩებს ანდა უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს საზღვართან ხვდებოდნენ, შემდეგ მათ კონსტანტინოპოლისაკენ მიაცილებდნენ ე.წ. საფოსტო გზით. საერთოდ იმპერიის ფოსტა, რომელიც სახელმწიფოს მონოპლიას წარმოადგენდა, ბიზანტიაში, დიპლომატიურ ურთიერთობებსაც ემსახურებოდა. საფოსტო გზებზე მოწყობილი იყო საგანგებო სადგურები, უცხოელი სტუმრებისთვის და იმპერიის მაღალი რანგის ჩინოვნიკებისთვის. ასევე ამ სადგურებთან გამართული იყო საჯინიბოები სახაზინო ცხენების შესაცვლელად და ეტლების შესაკეთებელი ფარდულები. საიმპერიო გზების შენახვის ხარჯები დაკისრებული ჰქონდა იმ ტერიტორიის მოსახლეობას, სადაც გადიოდა ეს მაგისტრალები.23 ასეთი საიმპერატორო გზა ტრაპიზონიდანაც მიემართებოდა კონსტანტინოპოლისაკენ. ჩვენი აზრით, ბაგრატ IV-ს სწორედ ამ მაგისტრალით უნდა ესარგებლა.
ბაგრატ IV კონსტანტინოპოლში დედის მარიამ დედოფლსა და წარჩინებულთა დიდი ამალის თანხლებით ჩასულა. მეფის დელეგაციის მრავალრიცხოვნობაზე საგანგაბოდ მიუთითებს გიორგი მცირე, გიორგი მთაწმინდელის „ცხოვრებაში“. ნაწარმოების იმ ადგილას, სადაც ათონიდან კონსტანტინოპოლში ბაგრატ IV სანახავად გიორგი მთაწმინდელის ჩასვლაზეა საუბარი, ერთი მეტად საყურადღებო მინიშნებაა დაცული: „იხილეს რა (გიორგი მთაწმინდელი) მეფემან და დედოფალმან და ყოველთა მთავართა და წარჩინებულთა მათთა, განიხარეს სიხარულითა დიდითა, რამეთუ ასმიოდა საღმრთო იგი მოქალაქობა მისიო“. ასეთი საიმპერატორო გზა ტრაპიზონიდანაც მიემართებოდა კონსტანტინოპოლისაკენ. ჩვენი აზრით, ბაგრატ IV-ს სწორედ ამ მაგისტრალით უნდა ესარგებლა.24 როგორც ვხედავთ, სამეფო ოჯახის გარშემო „მთავართა და წარჩინებულთა“ მთელი დასია. საქართველოდან ბიზანტიაში ჩასული დელეგაციის მთელი შემადგენლობის დადგენა რა თქმა უნდა შეუძლებელია, მაგრამ ზოგიერთი წევრის ვინაობა ცნობილია. ე. მეტრეველი ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნის შესწავლისას იმ დასკვნამდე მივიდა, რომ აღაპებში მოხსენიებული ძმები პეტრიკი და იოანე (აღაპი #15), სანანო ქველის ძე (აღაპი #20) და ფარსმან თმოგველი (აღაპი #89) ბაგრატ IV-ს ამალის წევრები უნდა ყოფილიყვნენ.25
საქართველოს სამეფო ოჯახი კონსტანტინოპოლში
კონსტანტინოპოლში ჩასულმა ბაგრატ IV-მ იმპერატორთან აუდიენციისას დიპლომატიური ეტიკეტი არარად ჩააგდო და კონსტანტინე IX მონომახს „დიდი საყვედური მოახსენა“. სხვათაშორის, ამას მოგვითხრობს ბიზანტიელი ისტორიკოსი სკილიცე-კედრენე, მას ისე ბუნებრივად აქვს გადმოცემული საქართველოს მეფის ემოციები და განწყობა, რომ შეუძლებელია ამ პასაჟში ეჭვი შევიტანოთ. ისტორიკოსი დასძენს: იმპერატორს „რომ შეხვდა (ბაგრატი), ჯერ დიდი საყვედური მოახსენა, დიდი მეფე ხარ და პატარა ქვეყნის, აბაზგიის მთავართან დადებული გქონდა ხელშეკრულება და ის დაარღვიეო, ხოლო კერძო კაცი, განდგომილი მონა დაიახლოვეო. შემდეგ ის თხოვდა ისინი (ბაგრატი და ლიპარიტი) მოერიგებინა“. 26 სამწუხაროდ მოლაპარაკების დეტალები ჩვენთვის უცნობია, მაგრამ შემდგომში განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ ბაგრატ IV-ის სიტყვებს მაინც და მაინც დიდი გავლენა კონსტანტნე IX-ზე არ მოუხდენია. ბიზანტიას თავისი გეგმები ჰქონდა კავკასიაში და საქართველოს მეფის მკაცრი პოზიცია დიდს არაფერს შეცვლიდა. ეს რომ ასეა, ჩანს იქიდან, რომ შეხვედრის შემდეგ ბაგრატ IV-ს თითქმის სამი წელი მოუწია კონსტანტინოპოლში დარჩენა სტუმრად, უფრო სწორედ „საპატიო ტყვედ“. ეს რეალობა საკმაოდ მძიმედ იმოქმედებდა საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე. ქვეყანაში აშკარა ორი პოლიტიკური ცენტრი იყო შექმნილი. ლიპარიტის დამოუკიდებლობის ხარისხი არ აღიარებული მეფემთავრის სტატუს უტოლდებოდა. ის თავის ქმედებაში სრული თავისუფლებით სარგებლობდა. მეორეს მხრივ, ალბათ ლიპარიტმა შესანიშნავად იცოდა, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო. ის ვერასდროს ვერ გახდებოდა დამოუკიდებელი მმართველი. მოსაძებნი იყო კომპრომისი, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები აღმოჩნდებოდა. რეალურად ბიზანტიელები, ბაგრატ IV და ლიპარიტი მზად იყვნენ შეთანხმებისთვის მიეღწიათ, მთავარი იყო, ვის რისი დათმობა შეეძლო. ამის ძიებაში და გარკვევაში საკმაო ხანი გავიდა.
ქართულ და უცხოურ საისტორიო წყაროებში ბაგრატ IV-ის ბიზანტიაში 3 წლიანი ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერია მოთხრობილი. მეფის ბიოგრაფიის ეს პერიოდი, შეიძლება ითქვას, ბურუსითაა მოცული. ერთადერთი თხზულება, რომელშიც შემონახულია ცნობები ბაგრატ IV-ს კონსტანტინოპოლში ყოფნის შესახებ გიორგი მცირეს „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაა“. მოგვიანებით თხზულების სათანადო ადგილები, ჩანართის სახით შეიტანეს „ქართლის ცხოვრების“ ზოგიერთ ნუსხაში (Тк). როგორც ჩანს, ქართველ ისტორიკოსებს თავიდანვე აწუხებდათ ეს ხარვეზი და მისი შევსება „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრების“ სათანადო ადგილების „ქართლის ცხოვრებაში“ ჩართვით სცადეს.27
კონსტანტინოპოლში ბაგრატ IV პოლიტიკური საქმიანობის შესახებ წერილობითი წყაროები ბევრ არაფერს გვაუწყებენ. გიორგი მთაწმინდელის „ცხოვრებაშიც“ მხოლოდ ისეთ საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება, რომელიც, უპირველესად საეკლესიო სფეროს შეეხება. მაგრამ, სანამ ამ თემას შევეხებით, აღვნიშნავთ, რომ ბაგრატ IV-ს ბიზანტიაში ყოფნისას დროდადრო ჰქონდა შეხვედრები იმპერატორთან, როგორც პოლიტიკურ, ასევე პირად საკითხებზე. მაგალითად ერთ-ერთ ასეთ აუდიენციის ჟამს საქართველოს მეფემ იმპერატორს მოუთხრო გიორგი მთაწმინდელის სასწაულზე. ამ მოვლენის შესახებ საკმაოდ დაწვრილებით მოგვითხრობს გიორგი მცირე. მწერალი აღნიშნავს, რომ კონსტანტინე IX მონომახის მეფობისას იმპერატორის სანადირო ადგილებში მხეცები მომრავლდნენ, რომლებიც მუსრს ავლებდნენ ნადირს. იმპერატორის ბრძანებით, მხეცთა დასახოცად „გრძნებათა შინა“ განთქმული პირები მოუწვევიათ. მათ „ხელოვნებითა გრძნებისა თვისისაითა მოსწყვიდნენ მხეცნი იგი ნადირთა მათ მომსრველნი. ხოლო მათ ბრძანება მეფისა საქმით აღასრულეს და მრავალი მხეცი მოსწყვიდეს“. 28 გიორგი მცირის მინიშნებით, ეს პირები სამარიტელები ყოფილან, სვიმეონ მოგვის ტომისაგან, რომელთაც აწინკიანებს უწოდებდნენ. ამ ფაქტის შესახებ ბაგრატ IV-საც შეუტყვია. საქართველოს მეფე დაინტერესებულა თუ როგორ ახერხებდნენ ისინი ყოველივე ამას და ამიტომ ეს პირები თავისთან მიუწვევია. აუდიენციისას მათ დაწვრილებით მოუთხრეს ბაგრატს თავიანთი ხელოვნების შესახებ. თურმე ისინი ხორცს შეულოცავდნენ და მას მხეცებს დაუგდებდნენ საჭმელად, თავად კი ხეზე აძვრებოდა და „მხეცებრთ ხმითა“ ცხოველებს იტყუებდნენ. ის მხეცი, რომელიც ასეთ საკვებს მიიღებდა, იმ წამსვე კვდებოდა. „ხოლო დიდსა შაბათს შობილი მხეცი არა გვისმენს და არცა ჭამსო“.29 ამ მონათხრობით გაკვირვებულმა მეფემ გაგონილის ნახვა ისურვა. ბაგრატ IV-სთან ძაღლი მიიყვანეს. მისნებმა შელოცვილი ხორცი მიუგდეს ცხოველს. გიორგი მთაწმინდელი ამ დროს კონსტანტინოპოლში, საქართველოს მეფესთან იმყოფებოდა. წმინდა ბერმა მოწამლულ ხორცზე ჯვარი გამოსახა. როდესაც ძაღლმა ეს ხორცი შეჭამა სიკვდილის მოლოდინში იგი დარბაზიდან გაიყვანეს, მაგრამ აქ მოხდა სასწაული – ძაღლს არაფერი ევნო. დამსწრენი მიხვდნენ, რომ ეს გიორგი მთაწმინდლის სასწაულის წყალობით მოხდა და ამიტომ მეფეს სთხოვეს, ბერი სხვა ოთახში გაეყვანათ. ბაგრატ IV ასეც მოიქცა. ამჯერად შელოცვილმა ხორცმა უცაბედად გამოასალმა სიცოცხლეს მეორეჯერ მოყვანილი ძაღლი. გიორგი მცირე იქვე დასძენს: „გულისხმა-ყვეს, ყოველთა, ვითარმედ წმიდასა მის მიერ იყო პირველი იგი სასწაულიო“.30 მოგვიანებით, ბაგრატ IV-მ აუდიენციისას მოუთხრო იმპერატორს ამ სასწაულის შესახებ. „ხოლო ბაგრატ მეფემან _ აღნიშნავს გიორგი მცირე _ „ვითარცა იხილა ესე ყოველთა თანა მთავართა თვისთა, აღივსო სიხარულითა და მიუთხრეს სასწაული ესე ღმრთის მსახურსა მეფესა კონსტანტის მონომახსა და დიდად განიხარა და ჰმადლობდა (ღმერთსა)“. 31
კონსტანტინოპოლში გიორგი მთაწმინდელი და ბაგრატ IV საკმაოდ დაახლოვებულან. გიორგი მცირეს მინიშნებით, მეფეს მამა გიორგისათვის ჭყონდიდის ეპარქიის წინამძღომლობაც შეუთავაზებია. როგორც ჩანს, ბაგრატ IV დაინტერესებული იყო სახელოვანი მეცნიერის, მთარგნელისა და სასულიერო მოღვაწის საქართველოში ჩამოყვანით და ამიტომ, მეფეს არაერთგზის უთხოვია მისთვის სამშობლოში დაბრუნება. როგორც ცნობილია, მოგვიანებით გიორგი მთაწმინდელმა, მართლაც შეასრულა მეფის თხოვნა და საქართველოს ეწვია, სადაც კარგა ხანს დარჩა კიდეც.32 ბაგრატ IV ბიზანტიაში ყოფნის ჟამს, გიორგი მთაწმინდელის თხოვნით, მეფეს და მარიამ დედოფალს ათონის ივერთა მონასტრისთვის სერიოზული ფინანსური პრობლემა მოუგვარებია. კონსტანტინე IX მონომახის მეფობის ბოლო პერიოდში ბიზანტია აშკარა ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა. სამეფო ხაზინა თითქმის დაცარიელდა. იმპერატორმა ახალ-ახალი შემოსავლების ძიება დაიწყო. კონსტანტინე IX-მ ახალი გადასახადები შემოიღო, გაამკაცრა ფისკალური პოლიტიკა. სკილიცე-კედრენე საკმაოდ საინტერესოდ აღწერს ამ ღონისძიებებს: „მეფე რომ აშენებდა დიდი მოწამის, წმინდა გიორგის სახელობის ეგრეთწოდებულ მანგანის მონასტერს და უხვად ხარჯავდა ამ მშენებლობისათვის სახელმწიფო ფულებს (თუ აშენებისათვის, თუ დანგრევისათვის), ისეთ გაჭირვებაში ჩავარდა, რომ ამის გამო ყოველგვარ მევახშეობას მიმართავდა და უმართებულო და გამოგონილ გადასახადებს ადებდა ხალხს. ჩააყენა უღვთო და უწმინდური გადასახადის ამკრეფლები და მათი მეშვეობით აგროვებდა ფულს უსამართლო წყაროებიდანო“.33 კონსტანტინე IX მონომახი იბერიის თემის ჯარის დაშლასაც კი არ მოერიდა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ინახავდა. სამაგიეროდ იბერიის თემში შემოიღეს ახალი გადასახადები, რომლებიც პირდაპირ სახელმწიფო სალაროში უნდა შესულიყო.34
ბუნებრივია, ვიფიქროთ, რომ ასეთ პირობებში გარკვეული პრობლემები შეექმნებოდა ქართველ მონასტერს ათონის მთაზე, ვინაიდან იგი საკმაოდ დიდ მამულებს ფლობდა. კონსტანტინე IX მონომახის დროს ეკლესიებს და მონასტრებს, თუ არ წარმოადგენდნენ პრივილეგიის დამადასტურებელ სათანადო დოკუმენტებს, შეუვალობა ერთმეოდათ. სხვათაშორის, ის, რომ ათონის ივერიის მონასტერიც შეუწუხებია გადასახადების ამკრეფებს, ჩანს გიორგი მთაწმინდელის „ცხოვრებიდან“, სადაც ამის შესახებ საგანგებოდაა აღნიშნული: „და კუალად რამეთუ დიმოსისგან დიდსა ჭირსა შინა იყვნეს პრასტინნი ჩუენნიო“.35 გიორგი მცირის თქმით, ასეთი ვითარება სუფევდა ივერიის მონასტერში ბაგრატ IV-ის ბიზანტიაში ვიზიტის წინა ხანებში. ეს კი აშკარად ემთხვევა კონსტანტინე IX-ის ფისკალური პოლიტიკის გამკაცრებას.
მონასტრის მესვეურთ გადაუწყვეტიათ ამ საკითხზე თავად იმპერატორისათვის მიემართათ. ამ ვითარებაში ბერებს „ესრეთ მისცა უფალმა ჟამი მარჯვე“, 1051-1052 წლებში კონსტანტინოპოლს ეწვია საქართველოს მეფე და მისი დედა.36 გიორგი მთაწმინდელმა იმპერატორთან თავისი ვიზიტი სწორედ ამ დროს დაამთხვია. გიორგი 1052-1053 წლებში უნდა ჩასულიყო კონსტანტინოპოლში. გიორგი მცირე დასძენს: „მას ჟამსა, ოდეს ღმრთის-მსახური ბაგრატ აფხაზთა მეფე და დედა მისი მარია დედოფალი სამეუფოდ ქალაქად მოვიდეს, აღვიდა წმიდაცა ესე მამა ჩუენი წინაშე ღმრთის _ სამსახურთა მათ მეფეთაო“.37 ბაგრატ IV-მ და მარიამ დედოფალმა დიდი პატივით მიიღეს ივერიის მონასტრის წინამძღვარი. მეფემ და დედოფალმა კონსტანტინე IX-ის წინაშე იშუამდგომლეს და მართლაც მალე ყოველივე ქართველი ბერების სასარგებლოდ გადაწყდა. „და ესრეთ ყოველივე საქმე მონასტრისა რაცა უნდა, ყოველი კეთილად იურვა. და დიმოსისა საქმე მაშინ გარდასწყდა, რათა მედიმოსენი პრასტინთა ჩუენთა ვერ შემოვიდოდინ, არამედ რა თა გარეს-გარე სეკრიტონსავე შინა მიეცემოდის როქისა ჩუენისაგან ლიტრა ერთი დიმოსად, ვითარცა თვით განაწესა ღმრთის მსახურმა მეფემან კოსტანტი მონომახმან, და ამას ზედა ოქრო-ბეჭედი შეუქმნა მტკიცე და უქცეველი“, _ დასძენს გიორგი მცირე.38
ამ მონათხრობში ყოველივე ნათლად არის მითითებული, მაგრამ, ვფიქრობთ, მას გარკვეული კომენტარი, მაინც ესაჭიროება. გიორგი მცირეს მითითებით, ამიერიდან „მედიმოსენი პრასტინთა ჩვეთა“ ვერ შემოვიდოდნენო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გადასახადის ამკრეფები (მედიმოსენი) მონასტრის მამულებს უკვე ვეღარ გაეკარებოდნენ და იმპერატორის ბრძანებით, გადასახადი ქართველ ბერებს უშუალოდ სეკრიტონში უნდა გადაეხადათ ე. ი. იმპერატორის კარზე არსებულ საგანგებო საფინანსო საქმეთა სამდივნოში. ბიზანტიაში მონასტრებს მათ ხელთ არსებულ მამულებზე სახელმწიფო გადასახადი ეკისრებოდათ. გამონაკლისი, არც ივერთა მონასტერი იყო. 1047 წელს კონსტანტინე IX მონომახმა ვოლერონის, სტრიმონისა და თესალონიკის მოსამართლეს, პროტოსპათარ ანდრონიკეს დაავალა ივერთა მონასტრის მამულები აღეწერა. შედეგად შეიქმნა საგანგებო აქტი. ბეგარა ეხებოდა მიწებს, ყანებს, მინდვრებს, ვენახებს, ნაკვეთებს და ერთიან ფისკალურ ერთეულებს, მონასტრებს, მეტოქებს, პროასტიონებს, კუნძულს, აგარებსა თუ ეკლესიებს თავიანთი მიწებით, სახლებით და წისქვილებით.39 გადასახადმა შეადგინა 47 2/3 ნომიზმა. მოგვიანებით შედგენილ გრიგოლ ხალკუძისის საგადასახადო თავთარში ივირონისადმი დაქვემდებარებულ სხვა მიწებზე დამატებით 10 5/6 ნომიზმა იყო დარიცხული. ჯამში სახელმწიფოს სასარგებლოდ ივერთა მონასტერს 58 1/2 ნომიზმა უნდა გადაეხადა.40 ჩვენი აზრით, ივირონის გადასახადი ამაზე მეტი უნდა ყოფილიყო, რაც კონსტანტინე IX ოქრობეჭედის ჩვენამდე შემორჩენილ ნაწილიდან ჩანს. იქ სადაც საუბარია ქართველთა მონასტრისადმი როქად 60 ნომიზმას გაცემაზე, მითითებულია, რომ ბერებმა ამ თანხას უნდა დაუმატონ „ნომიზმები, რომელიც აუცილებლად ემართებათ სახელმწიფო ხაზინის“ მიმართო.41 კონსტანტინე IX-ს ასეთი იმპერატიული განცხადება გვაფიქრებინებს, რომ სახელმწიფოს სასარგებლოდ ივირონის გადასახადი 60 ნომიზმას ცილდებოდა, მაგრამ ზუსტად რა მოცულობის იყო, ამის დაკონკრეტება ჭირს. ამასთანავე გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ მითითებული 58 1/2 ნომიზმა, საერთო თანხის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა. როგორც წესი, გადასახადებს მონასტრები ყოველწლიურად შემოდგომაზე იხდიდნენ საგანგებო მოხელესთან. წყაროებიდან ჩანს, რომ გადასახადის ამკრეფებს და ათონის მონასტრების მესვეურთა შორის ხშირად ყოფილა გაუგებრობა და დაპირისპირება. ეს პრობლემა ივირონის ბერებსაც აწუხებდათ.
გიორგი მთაწმინდელის „ცხოვრებიდან“ ჩანს, რომ კონსტანტინე IX მონომახს ივირონისათვის დაუკისრებია ფიქსირებული გადასახადი „ლიტრა ერთი“. ამას გარდა ბაგრატ IV-ს და მარიამ დედოფალს მოუხერხებიათ კონსტანტინე IX-სგან მონასტრისათვის გამოეთხოვათ „ლიტრაი ერთი სოლიმნი“. ამ ფაქტის შესახებ მოგვითხრობს, როგორც გიორგი მცირე, ასევე ათონის ქართული მონასტრის სააღაპე წიგნი.
სოლიმნი იყო ბიზანტიის იმპერატორების მიერ ეკლესიებისა და მონასტრებისათვის მიცემული ყოველწლიური გასაცემელი. მაგალითად იმპერიის ხაზინიდან XI საუკუნეში საკმაოდ დიდი თანხა ეძლეოდა ეკლესი-მონასტრებს. რომანოზ III დროს წმ. სოფიის ტაძარს სოლიმნის სახით ყოველწელს 80 ლიტრა დაუწესდა. ათონის მთაზე განლაგებულ მონასტრებზე 180 ლიტრა ოქრო გაიცემოდა იმპერიის სალაროდან.
კონსტანტინე IX მონომახმა ათონის ივერთა მონასტრისადმი მიცემული ეს პრივილეგია საგანგებო ხრისობულით დაადასტურა. მართალია იმპერატორის მიერ გაცემული ოქრობეჭედი შემონახული არ არის, მაგრამ მის არსებობას ადასტურებს მოგვიანო პერიოდის ბიზანტიის იმპერატორთა სიგელები. კონსტანტინე X დუკას 1065 წლის ოქრობეჭედში მითითებულია ის პრივილეგიები, რაც 1052-1053 წწ. მიანიჭა კონსტანტინე მონომახმა ივირონს. ნიშანდობლივია, რომ 1065 წლის სიგელის დასაწყისში მოკლედაა მოთხრობილი კონსტანტინე IX-ის ოქრობეჭედის შინაარსი, საიდანაც ვიგებთ ისეთ დეტალებს, რომელიც გიორგი მთაწმინდელის „ცხოვრებასა“ და სააღაპე წიგნში აღნიშნული არ არის. მონომახისეული სიგელი ასეთი შინაარსისა იყო: „იბერთა მონასტრის ბერებს მიეცეს 60 ნომიზმა ფილაქსის სალაროდან, 30 ჰისტამენათი. 30 ტეტარტერათი. მათ ეს თანხა მოათავსონ გენიკონ ლოგოთესიონის სალაროში, დაუმატონ დამატებითი ნომიზმები, რომელიც აუცილებლად ემართებათ სახელმწიფო ხაზინისა. ხარკის ამკრეფმა არ შეაწუხოს ისინი გენიკონის სალაროსათვის გადასახადის მოთხოვნით და ნურავითარი ზარალი ნუ მიადგება მათ„.42 ასეთია 1065 წლის სიგელში ჩართული კონსტანტინე IX მონომახის ოქრობეჭედის განკარგულება. ამ უკანასკნელ პრივილეგიებს გულისხმობს მოგვიანებით შედგენილი ნიკიფორე III ბოტანიატის ოქრობეჭედიც.43
ამდენად, დეტალურად შეგვიძლია აღვადგინოთ, თუ რას მიაღწიეს ქართველმა ბერებმა ბაგრატ IV-ის და მარიამ დედოფლის მეშვეობით და რა პრივილეგია მიანიჭა კონსტანტინე IX მონომახმა ივერთა მონასტერს. როქად მიღებული 60 ნომიზმას ბერები იმპერატორის პირად სალაროში ე. წ. ფილაქსის სალაროში აიღებდნენ. ამის შემდეგ მათ ეს თანხა გადასახადის სახით უნდა შეეტანათ გენიკონის ლოგოთესიონის სალაროში. ეს იყო საიმპერატორო კარზე საგანგებო სამდივნო (γενικός λογοθέτης ან λογοθέτης του γενικού),44 რომელიც გადასახადების აკრეფას მეთვალყურეობდა. მედიმოსენი სწორედ ამ უწყების მოხელეები იყვნენ, რომეთაც ამიერიდან ბერები მხოლოდ გენიკონის სამდივნოდან გაცემულ ქვითრებს წარუდგენდნენ.45 ფაქტობრივად, იმპერატორის მიერ გაცემულ რენტას მონასტერს უთვლიდნენ გადასახადში.
ათონის მონასტრის სააღაპე წიგნში დაცულია როგორც კონსტანტინე IX მონომახის, ასევე ბაგრატ IV-ის და მარიამ დედოფლის სახელზე შექმნილი აღაპები, რომლებშიც საგანგებოდ ხაზგასმულია მათი დამსახურება დიმოსის „მოსწყვეტასა“ და სოლიმნის განწესებაში. 6 იანვარს, ნათლისღების დღეს, დაწესებულია აღაპი კონსტანტინე IX მონომახის სახელზე. „თუესა იანვარსა ვ, ნათლისღება. კონსტანტი მონომახისა აღაპად განგვიწესებიეს, სოლიმნი ჩუენი ყოველი მან შეგვიქმნა და დიმოსი მოგვიწყვდა. წესი ყოველი აღესრულენ, ვითა ზემო სწერია“.46
სამეფო ოჯახის მიერ ათონის მონასტრისადმი მხარდაჭერა ამით არ ამოიწურა. გიორგი მთაწმინდელის „ცხოვრებიდან“ და სააღაპე წიგნიდან ჩანს, რომ იმპერატორისგან „ლიტრა ერთი როქად“ მარიამ დედოფალსაც გამოუთხოვია. მონასტრისადმი 15 აგვისტოს განწესებული აღაპში ვკითხულობთ: „თუესა აგვისტოსსა იე, მარიამობა, მარიამ დედოფალმან, ბაგრატ კურაპალატისა დედამან, ლიტრა ერთი სოლიმნი შეგვიქმნა... სალოცველად და სახსენებელად მისდა საუკუნოდ“.47 ჟ. ლეფონი ფიქრობს, რომ „გიორგი მთაწმინდელმა იმპერატორისაგან სხვა ორი ყოველწლიური რენტაც მიიღო, თვითოეული, ერთი ლიტრა ოქროს ოდენობით. პირველი მარიამ დედოფლის თხოვნით, რათა მისი სახელი მონასტერში მოეხსენებინათ, მეორეც, ფარსმან-ყოფილ, მომავალი არსენ წინამძღვრის წყალობით, რომელმაც ეს თანხა ოქრობეჭედით მიიღო“.48 ამ დეტალს, ვფიქრობთ, გარკვეული დაზუსტება სჭირდება. რა თქმა უნდა, თანხის გამცემი კონსტანტინე IX მონომახი იყო, მაგრამ მან ეს უკანასკნელი საბოძვარი არა უშუალოდ მონასტერს გადასცა, არამედ მარიამ დედოფალს და ფარსმან ჩორდვანელს. ბიზანტიაში ყოფნის დროს მარიამ დედოფალი გიორგი მთაწმინდელს დაემოწაფა და მონაზვნად შედგა. „ცხოვრებაში“ ისიც კი არის აღნიშნული, რომ მას განსაკუთრებული სამონაზვნო პატივი მიუღია „იკურთხა სქემითა“. მხოლოდ ამის შემდეგ მომხდარა მარიამის მიერ მონომახისაგან როქად ლიტრა ოქროს „გამოთხოვება“. ამჯერად საქმე უნდა გვქონდეს განსაკუთრებულად საპატივსაცემო პირთათვის პენსიის (როქის) დანიშვნასთან. იმპერატორმა მარიამს განუწესა ყოველწლიური საბოძვარი, ამ უკანასკნელმა კი ეს თანხა მონასტერს შესწირა. მსგავსივეა სავარაუდო ფარსმან-ყოფილის შემთხვევაშიც.
ბიზანტია-საქართველოს შორის დადებული შეთანხმება და ბაგრატ IV-ის სამშობლოში დაბრუნება
საქართველოს მეფის ბიზანტიაში საპატიო ტყვეობა ბოლოს და ბოლოს დასრულდა იმ გარიგებით, რომელიც კონსტანტინე IX მონომახის შუამდგომლობით დაიდო ლპარიტ ბაღვაშსა და ბაგრატ IV შორის. ამჟამად ჭირს, იმის გარკვევა ზუსტად როდის გაფორმდა ეს ხელშეკრულება _ საქართველოს სამეფო კარის დელეგაციის კონსტანტინოპოლში ვიზიტის პირველ ხანებში თუ მოგვიანებით, როდესაც იმპერატომა გადაწყვიტა ბაგრატ IV სამშობლოში დაბრუნება. ბიზანტიელი ისტორიკოსის სკილიცე-კედრენის წყალობით კი შემნახულია ზოგადი შინაარსი ამ შეთანხმებისა. მემატიანე დასძენს, რომ „მეფის მეცადინეობით (ე.ი. იმპერატორის)... იმათ ერთმანეთში ზავი შეკრეს იმ პირობით, რომ ბაგრატი იქნება ბატონი და მთავარი მთელი იბერიისა და აბაზგიისა, ხოლო ლიპარიტი ბაგრატს სცნობს ბატონად და მეფედ. აი, ასე დამთავრდა აბაზგიის საქმეები“.49 როგორც ვხედავთ, ლიპარიტსა და ბაგრატს შორის გავლენის სფეროები გადანაწილდა. ერისთავი აღიარებდა მეფის უზენაესობას, მაგრამ, არ შევცდბით თუ ვიტყვით, რომ ეს მორჩილება მხოლოდ ნომინალური უნდა ყოფილიყო.
რა სიტუაცია სუფევდა საქართველოში ბაგრატ IV გამგზავრების შემდეგ და როგორ აისახა კონსტანტინოპოლში გაფორმებული ხელშეკრულება ჩვენი ქვეყნის პლიტიკურ ცხოვრებაზე?
ბაგრატ IV-მ ბიზანტიაში წასვლამდე, როგორც ზემოთ აღინიშნა, თავისი ძე გიორგი დატოვა თანამოსაყდრედ. ამ დროს ფაქტობრივად სამეფო ორ ნაწილად იყო გაყოფილი. სახელისუფლო კრიზისი საქართველოში კარგა ხანს გაგრძელებულა და იგი ბაგრატ IV კონსტანტინოპოლიდან დაბრუნების წინა ხანებში დარეგულირებულა, თუმცა მხოლოდ გარეგნულად. „მატიანე ქართლისას“ მინიშნებით, საქართველოს მეფის კონსტანტინოპოლში ყოფნისას, რატომღაც, ლიპარიტ ბაღვაშს მოუწადინებია გიორგი ბაგრატის ძის საქართველოს მეფედ აღიარება და ამ წინადადებით სამეფო კარისათვის მიუმართავს. „ითხოვა ლიპარიტ ძე ბაგრატისი, გიორგი, მეფედ, რისთვისთა მოსცეს იგი დედამან მისმან და დიდებულთა მის ქუეყანისათა. მოიყვანეს საყდარსა რუისისასა და აკურთხეს მეფედ. და მოიყვანეს მზრდელად მისა ლიპარიტ და პატრონად და ბაგრატისი გუარანდუხტ დედოფალი“.50 როგორც ვხედავთ, არასასურველი რეალობის გამოსწორების სურვილით შეპყრობილმა სამეფო კარმა, დიდი სიხარულით მიიღო ერისთავის წინადადება. გიორგი ბაგრატის ძე აღმოსავლეთ საქართველოში გადმოიყვანეს და რუისის ტაძარში მეფედ აკურთხეს. სამეფო კარსა და ბაღვაშებს შორის შეთანხმება ერთ მუხლსაც ითვალისწინებდა: მართალია, ლიპარიტი აღიარებდა ბაგრატიონთა სიუზერენობას, მაგრამ იმავდროულად, გიორგი მისი მფარველობის ქვეშ უნდა გაზრდილიყო. ეს მოვლენა მეტად საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ იგი არ თავსდება ბიზანტიელ ისტორიკოსთან მოთხრობილ, საქართველო-ბიზანტიის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნორმებში. მაგრამ ვიდრე ამ საკითხს შევეხებით, გავარკვიოთ, დაახლოებით როდის უნდა მომხდარიყო რუისის ტაძარში გიორგი ბაგრატის ძის კურთხევა.
„მატიანე ქართლისას“ მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია გადაჭრით იმის მტკიცება, რომ ეს ფაქტი ბაგრატ IV-ის საქართველოში დაბრუნების წინა ხანებში უნდა მომხდარიყო. ქართველი მემატიანე დასძენს, რომ მას შემდეგ, რაც ლიპარიტმა გიორგის „პატრონად“ გურანდუხტის დანიშვნა ცნო, ამ უკანასკნელმა „შემდგომად მცირედისა ჟამისა მოითხოვა... ბაგრატ ბერძენთა მეფისაგან, და გამოგზავნა ბერძენთა მეფემან“ საქართველოს მეფე სამშობლოში.51 ამ კონტექსტიდან კარგად ჩანს, რომ რუისის ტაძარში გიორგის კურთხევის შემდეგ, სავარაუდოა მალევე, მას „პატრონად“ მამიდა დაუნიშნეს, რომელმაც, ასევე „მცირედისა ჟამის“ შემდგომად, იმპერატორისაგან მოითხოვა თავისი ძმის უკან დაბრუნება. გამოდის, რომ ლიპარიტის ინიციატივა ბაგრატის დაბრუნების წინა ხანებს უნდა ეკუთვნოდეს. და თუ ეს ასეა, მაშინ საქართველო-ბიზანტიის შეთანხმებას ახალი ელემენტი ემატება, ის, რაც სკილიცე-კედრენეს აღუნიშნავი დარჩა. ბიზანტიელ ავტორთან არ არის საუბარი იმაზე, რომ ლიპარიტს საქართველოს მეფედ გიორგი ბაგრტის ძე უნდა ეცნო. შესაძლებელია, ლიპარიტმა კონსტანტინოპოლის შეთანხმებაში გარკვეული კორექტირება შეიტანა, რაც იმაში გამოიხატა, რომ მან ბაგრატ IV-ის უზენაესობა, მისი შვილის საქართველოს მეფედ ცნობით აღიარა. თუმცა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლებელია, ეს დეტალი თავიდანვე ყოფილიყო შეთანხმებაში. სკილიცე-კედრენეს ცნობას თუ ქართული წყაროს მონაცემებს დავუმატებთ, ჩვენს წინაშე წარმოჩინდება საკმაოდ საინტერესო სურათი. ბიზანტიელი ავტორის მითითებით, ბაგრატ IV-სა და ლიპარიტს სამეფო გაუყვიათ, ერთი ნაწილი _ აფხაზეთი და იბერია საქართველოს მეფეს ემორჩილებოდა, ხოლო მესხეთი _ ლიპარიტს. იმავდროულად, ეს უკანასკნელი ბაგრატ IV-ს ცნობდა მეფედ. ქართული წყაროს ცნობა სრულებით არ ეწინააღმდეგება ამას, პირიქით, მასში ახსნილია, თუ რა ფორმით გამოიხატა საქართველოს სამეფო კარის უზენაესობის ცნობა კლდეკარის ერისთავის მხრიდან – ლიპარიტი ერთიან საქართველოს მეფედ გიორგი ბაგრატის ძეს მიიჩნევდა.
ფაქტობრივად ქვეყნის გამაერთიანებლად გიორგი უფლისწული მოგვევლინა. ლიპარიტ ბაღვაშმა იგი საქართველოს მეფედ აკურთხა. ამ აქტით ქართულ სინამდვილეში თანამეფობის ინსტიტუტი შემოდის. ერთმანეთისაგან უნდა განირჩეს თანამოსაყდრე და თანამეფე52. ჩვენი აზრით, საქართველოში თანამეფობის ბიზანტიული მოდელი დამკვიდრდა. მაგ., ბასილი II და კონსტანტინე VIII თანამეფეები იყვნენ წლების მანძილზე. ეს განსხვავდებოდა ჩვენში არსებული თანამოსაყდრეობისაგან. როგორც ცნობილია, ბიზანტიაში მიღებული იყო თანამოსაყდრის მოგვიანებით მეფედ კურთხევა. ბიზანტიურ სამართალში ეს ორ სხვადასხვა აქტად იყო მიჩნეული. ნაწილობლივ განსხვავდებოდა „წესი და განგება“. საქართველოს ისტორიაში ამის თვალსაჩინო მაგალითი მხოლოდ თამარის ისტორიკოსთან გვაქვს. გიორგი III-ს მიერ თამარის თანამოსაყდრედ დანიშვნას მემატიანე ასე აღწერს: „განრჩევითა და გამორჩევითა, განგებითა და გაგონებითა ზენისა მის ხუედრისა არავანდედთა მნებებელისათა მეფე ყო თამარ თანადგომითა ყოველთა პატრიარქთა და ებისკოპოზთათა, დიდებულთა იმიერთა და ამიერთა, ვაზირთა და სპასალართა და სპასპეტთა და დაისუა მარჯუენით მისსა მეფე და დედოფალი, შემკული და შემოსილი პირად-პირადითა ფესუედითა ოქროანითა, ბისონითა და ზეზითა, რომელსა ხადა მთად ღმრთისა, მთად პოხილად და მთად შეყოფილად, და დაადგა გვირგვინი ოქროსა თავსა მისსა, ოქროსა ოფაზისა, აღმკული იაკინთთა, ზმირთა და სამარაგდოთა მიერ. და მდიდარნი ერისანი ლიტანიობდეს წინაშე პირსა მისსა“. 53 აშკარად საქმე გვაქვს საეკლესიო რიტუალთან, რომელსაც პატრიარქი და ეპისკოპოსები უძღვებიან. იმავდროულად თანამოსაყდრეს სამეფო სამოსშიც გამოაწყობდნენ და ოქროს გვირგვინს გადასცემდნენ. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მემატიანემ შესანიშნავად იცის, რომ ერთპიროვნულ მონარქად კურთხევისას ასევე ტარდებოდა საგანგებო ცერემონიალი, რომელიც თავისი ფორმით განსხვავდებოდა თანამოსაყდრედ კურთხევის წესისგან. გიორგი III გარდაცვალების შემდეგ „აღმყვანელთა საყდართა და საჯდომთა პაპეულთა აღსუეს მზე იგი მზეთა და ნათელი ნათელთა, ელვარება და მზეებრ მაშუქებელი სხუათა. და მოიღეს გვირგვინი, და აღიღეს ხმა მგალობელთა და ძლევით გვირგვინოსნობისა და მძლედ მფლობელობისა, და მოახსენეს მთასა ზეთისხილთასა ჯუარი გამოჩენილი კოსტანტინესთვის. და ამას ესევითარსა შესხმასა და გალობასა შინა, ვინათგან ლიხთიმერითგან იყო წესი დადგმად გვირგვინსა თავსა სამეუფოსა, აწვიეს მონაზონი ღირსი და მადლშემოსილი, მთავარებისკოპოზი ქუთათელი ანტონი საღირის ძე მიღებად გვირგვინსა, და ცალკერძ კახაბერი, ერისთავი რაჭისა და თაკუერისა, და სრულყვეს მოხელეთა სვიანთა და დიდებულთა ვარდანის ძეთა, საღირის ძეთა და ამანელის ძეთა მოღება და დადება ხმლისა. ამას შინა ჰკრეს სპერმურთა, ბუკთა, ქოსთა და წინწილთა, და იყო ზარი და ზაჰმი ქალაქსა შინა, სიხარული და შუება და იმედი უიმედოქმნილთა. თაყუანისსცეს, დალოცეს და ადიდეს სპათა შვიდისავე სამეფოსათა“.54 ამდენად, მეფედ კურთევის შემთხვევაში რამდენიმე ახალი დეტაილ ჩნდება, უპირველესად დასავლეთ საქართველოს ფეოდალების მიერ მონარქისადმი ხმლის მირთმევისა და შემორტყმის წესი. ამდენად, ბიზანტიის მსგავსად საქართველოშიც განირჩეოდა ერთურთისაგან თანამოსაყდრედ და მეფედ კურთხევა. ამიტომაც ლოგიკური იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ ქუთაისში გიორგი უფლისწული პირველად თანამოსაყდრედ დალოცეს. მეორედ რუისის ტაძარში კი იგი მეფედ აკურთხეს. ამდენად, 1054 წლის ახლო ხანებიდან გიორგი უფლისწული საქართველოს მეფე ხდება.
ის ფაქტი, რომ გიორგი ბაგრატის ძის გამეფების შემდეგ კონფლიქტი უკვე მოგვარებული იყო სამეფო კარსა და ლიპარიტს შორის, ჩანს იქიდან, რომ გურანდუხტს, მიუხეავად იმისა, რომ იგი ლიპარიტ ბაღვაშთანაა, უფლება აქვს თავისი ძმა გამოიწვიოს კონსტანტინოპოლიდან და ამას კლეკარის ერისთავი არ ეწინააღმდეგება. მართალი იყო ნ. ბერძენიშვილი, როდესაც აღნიშნავდა, რომ ბიზანტიიდან ბაგრატ IV საქართველოში ლიპარიტ ბაღვაშის „თანხმობით“ გამოისტუმრესო,55 ბუნებრივი, კლდეკარის ერისთავს შესაბამისი ნაბიჯი რომ არ გადაედგა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, საქართველოს მეფეს კიდევ დიდხანს მოუწევდა კონსტანტინოპოლში ყოფნა. სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ „აფხაზთა და ქართველთა“ სამეფოში ვითარების დარეგულირების ერთ-ერთი ინიციატორი თავად ლიპარიტი უნდა ყოფილიყო. ის მშვენივრად ხედავდა ქართველი ფეოდალების და კერძოდ, მესხი დიდებულების მისდამი განწობას, რაც გამჟღავნდა კიდეც ბაგრატ IV სამშობლოში დაბრუნებისთანავე. მოგვიანები, როგორც ცნობილია კლდეკარის ერისთავი მისავე „თანაგუნდელებმა“ შეიპყრეს. ამდენად, არსებული ვითარებიდან რისი მიღებაც ლიპარიტს შეეძლო, მან კონსტანტინოპოლის შეთანხმებიდან მიიღო. საქართველოს სამეფო კარიც მაქსიმალურ დათმობაზე წავიდა. ამ რელობაში ბაგრატ IV-ს კონსტანტინოპოლში ყოფნა არაფერს იძლეოდა. ისიც უნდა ითქვას, რომ სანამ კონსტანტინე IX მონომახი ცოცხალი იყო შეთანხმების შედეგად არსებული „სტატუს ქვო“ არ შეიცვლებოდა. ამიტომაც ლიპარიტმა ხელი არ შეუშალა გურანდუხტ დედოფლს ეზრუნა ბაგრატის კონსტანტინოპოლიდან დაბრუნებაზე. კლდეკარის ერისთავის ტრაგედია მაშინ დაიწყო, როდესაც თავად ბიზანტიაში შეიცვალა პოლიტიკური ვითარება, კონსტანტინე IX მონომახის გარდაცვალებამ სრულიად ახალი რეალობა შექმნა. სწორედ ამით ისარგებლა ბაგრატ IV-მ და მისმა მომხრეებმა. მოვლენების ასე სწრაფად განვითარებას არავინ არ ელოდა და, უპირველესად, თავად ლიპარიტ ბაღვაში.
1054 წ. ბაგრატ IV საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო.56 იგი მართლაც აფხაზეთისა და ქართლის გარკვეულ ნაწილს ფლობს, მხოლოდ ლიპარიტი, ძირითადად, სამხრეთ საქართველოს აკონტროლებდა. გიორგი ბაგრატის ძე, საქართველოს მეფის სახელით კლდეკარის ერისთავთან იზრდება. ეს მოდუსი, ჩვენი აზრით, თავიდანვე უნდა ყოფილიყო ჩადებული კონსტანტინოპოლის შეთანხმებაში.
„მატიანე ქართლისაში“ მოიპოვება ერთი მეტად საყურადღებო მინიშნება, რომელიც პირდაპირ ეხმიანება ზემოთ გამოთქმულ ჩვენს მოსაზრებას. იქ სადაც ჩვენი ავტორი საუბრობს ბაგრატ IV საქართველოში დაბრუნებაზე, კერძოდ აღნიშნავს: „ლიპარიტ მოირჭუნა ზემოსა კერძსა დაუკლებელად, და იყო მოყუარედ მისა ხუარასანს დოღლუბეგ სულტანი და საბერძნეთს _ ბერძენთა მეფე, და ზრდიდა ბაგრატის ძესა, გიორგის მცირესა, სახელითა მეფობისათა. ხოლო ბაგრატს აქუნდა ლიხსა ქუემოთი კერძი დაწყობით“.57 კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სწორედ ეს რეალური ვითარება უნდა ყოფილიყო დოკუმენტირებულად გაფორმებული კონსტანტინოპოლში.
ბაგრატ IV-ის ქუთაისში ჩამოსვლის შემდეგ მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. როგორც ჩანს, კონსტანტინე IX მონომახის გარდაცვალების შემდეგ, ბიზანტიელთა დამოკიდებულება ლიპარიტ ბაღვაშისადმი კარდინალურად შეიცვალა. ახალ იმპერატორი დედოფალი ზოია კეთილგანწყობით იყო ქართველი ბაგრატიონებისადმი. როგორც ცნობილია, მან ბაგრატ IV-ის ასული მართაც კი მიიწვია ბიზანტიაში აღსაზრდელად. ამან კი ხელი გაუხსნა საქართველოს მეფეს და თავისი ურჩი ყმა ადვილად დაამარცხა. ლიპარიტის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მთავარი მოქმედი პირები ბაღვაშის ძველი მოკავშირეები იყვნენ. ის მესხმა აზნაურებმა შეიპყრეს თავის ვაჟ ივანესთან ერთად და მეფეს მიჰგვარეს. სამეფო კარმა თვისი ძალაუფლება აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოზე უწინდებურად განავრცო. ლიპარიტისა და მისი ოჯახის დაპატიმრებისას გიორგი უფლისწული და მისი „პატრონი“ გურანდუხტ დედოფალი ჯავახეთში იმყოფებოდნენ. შეთქმულების დაწყებისთანავე, მეფე და მისი მამიდა, უსაფრთხოების მიზნით ახალქალაქში გახიზნეს. ბაგრატ IV სასწრაფოდ სამხრეთ საქართველოში გადმოვიდა და თავად ჩაუდგა ლიპარიტ ბაღვაშის მომხრეებთან ბრძოლას სათავეში. მალე კლდეკარის ერისთავის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია სამეფო კარმა უკლებლივ შემოიმტკიცა.
შენიშვნები
1. ჯ. სამუშია. ბიზანტიურ-ქართულ-სომხური სამხედრო კოალიცია თურქსელჩუკთა წინააღმდეგ. თსუ შრომები. #349. სერია – ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია. თბ. 2003, გვ. 227-234.
2. გ. ჯაფარიძე. ლიპარიტ IV ბაღვაში ბიზანტიისა და თურქ-სელჩუკთა დიპლომატიურ ურთიერთობაში. ქართული დიპლომატია. წელიწდეული. ტ.
5. თბ. 1998, გვ. 325-335.
3. მატიანე ქართლისა. ქართლის ცხოვრება. თბ. 2008, გვ. 286.
4. იბერიის თემის შესახებ იხ. ი. ნოდია. იბერიის საკატეპანოს დაარსება. თსუ შრომები. 8-9. თბ. 1974, გვ. 91-99. В. А. Арутюнова-Фиданян. Византийские правители фемы «Иверия». Журн.: «Вестник общественных наук». Ереван. 1973. № 2; Р. М. Бартикян. О феме иверия. Журн.: «Вестник общественных наук». Ереван. 1974. № 12; К. Н. Юзбашян. Армянские государство эпохи Багратидов и Византия. IX-XI вв. М. 1988.
5. Я. А. Манандян. О торговле и городах Армении в связи с мировой торговлей древних времен. Ер. 1930, გვ. 146-155.
6. მატიანე ქართლისა, გვ. 286.
7. მატიანე ქართლისა, გვ. 286.
8. მათე ურჰაელი. „ისტორია“. ქართული თარგმანი იხ. ე. ცაგარეიშვილი. სომხური წყაროები საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის შესახებ. XXI საუკუნეებში. კრ.: „მრავალთავი“. ტ. II. თბ. 1973, გვ. 204.
9. მიხეილ ატალიატე. ჰისტორია. გეორგიკა. ტ. VI. ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა. თბ. 1966, გვ. 26.
10. Н. A. Скабаланович. Византийское государство и церковь в XI века. К.I. СПб. 2004, გვ. 175-188; კონსტანტინე IX მონომახის პირად ცხოვრებაზე იხ. ჟოჰნ ჟულიუს Nორწიცჰ. Bყზანტიუმ: თჰე Aპოგეე. L. 1993, გვ. 307-310.
11. ვარდან დიდი, „მსოფლიო ისტორია“, ქართული თარგმანი იხ. ე. ცაგარეიშვილი, სომხური წყაროები საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის შესახებ, X-XI საუკუნეებში, კრ.: „მრავალთავი“. ტ. II, თბ. 1973, გვ. 197; ვარდან არეველცი. მსოფლიო ისტორია. ძველი სომხურიდან თარგმნეს ნოდარ შოშიაშვილმა და ეკა კვაჭანტირაძემ. შესავალი, კომენტარები და საძიებელი დაურთო ეკა კვაჭანტირაძემ. თბ. 2002, გვ. 123.
12. მატიანე ქართლისა, გვ. 287.
13. გიორგი კედრენე. გეორგიკა ტ. V. ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა. თბ. 1963, გვ. 67.
14. ვარდან დიდი. „მსოფლიო ისტორია“. გვ. 197. განსხვავებით სხვა წყაროებისაგან ვარდანი ლიპარიტის მიერ ბაგრატის შეპყრობაზე საუბრობს, რაც არ არის მართალი.
15. მატიანე ქართლისა, გვ. 287.
16. Иеромонахъ Иоаннъ. Обрядникъ византийскаго двора как церковно археологический источникъ. М. 1895, გვ. 190; Г. А. Острогорский. Эволюция византийского обряда коронования. Сб.: Византия, Южные славяне и Древная Русъ, Западная Европа. Искусство и культура. Сб. статей в честъ В. Н. Лазарева. М. 1973, გვ. 36.
17. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. წ. II. თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. II, თბ. 1983, გვ. 148.
18. ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წწ. თბ. 1969, გვ. 259-260.
19. 1057/58. სიგელი ბაგრატ მეფისა მღვიმის ლავრისადმი. ქართული ისტორიული საბუთები. ტ. I. XI-XIII სს. შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თ. ენუქიძემ, ვ. სილოგავამ, ნ. შოშიაშვილმა. თბ. 1984, გვ. 37.
20. დ. კაპანაძე. წარსულის მაცნეები. თბ. 1965, გვ. 59; Е. Пахомов. Монеты Грузии. Тб. 1970, გვ. 59-60. თ. დუნდუა. ქართული ეთნოკულტურული ევოლუცია და დასავლეთი ნუმიზმატიკური მასალის მიხედვით. თბ. 1997, გვ. 142-147. გ. დუნდუა, ი. ჯალაღონია. ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი. თბ. 2009, გვ. 160-161.
21. გიორგი კედრენე, გვ. 67.
22. გიორგი კედრენე, გვ. 67-68
23. А. Гийу. Византийская цивилизация. Пер. с франц. Д. Лоевского. Предисл. Р. Блока. Екатеринбург. 2005, გვ. 169.
24. გიორგი მცირე. ცხოვრება გიორგი მთაწმინდელისა. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ივანე ლოლაშვილმა. თბ. 1994, გვ. 201.
25. ე. მეტრეველი. ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი. თბ. 1998, გვ. 74-77.
26. გიორგი კედრენე, გვ. 68.
27. მატიანე ქართლისა. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. I. თბ. 1955, გვ. 303-304. 28 გიორგი მცირე. ცხოვრება გიორგი მთაწმინდელისა, გვ. 202.
29. გიორგი მცირე. ცხოვრება გიორგი მთაწმინდელისა, გვ. 203.
30. გიორგი მცირე. ცხოვრება გიორგი მთაწმინდელისა, გვ. 203.
31. გიორგი მცირე. ცხოვრება გიორგი მთაწმინდელისა, გვ. 203-204.
32. ჯ. სამუშია. ქართული წყაროები ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობის შესახებ (გიორგი მცირის „ცხოვრება გიორგი მთაწმინდელისა“). ქართული დიპლომატია. (წელიწდეული). ტ. 12. თბ. 2005, გვ 408-410.
33 გიორგი კედრენე, გვ. 81.
33 გიორგი კედრენე, გვ. 81.
34. გიორგი კედრენე, გვ. 82
35. გიორგი მცირე, ცხოვრება გიორგი მთაწმინდელისა, გვ. 201.
36. კონსტანტინოპოლში სამეფო ოჯახის ვიზიტის ქრონოლოგიის თაობაზე იხ. ჯ. სამუშია. XI საუკუნის საქართველოს ისტორიის რამდენიმე მოვლენის დათარიღებისათვის. ქართული დიპლომატია. წელიწდეული. თბ. 1997. #4, გვ. 242-251.
37. გიორგი მცირე, ცხოვრება გიორგი მთაწმინდელისა, გვ. 201.
38. გიორგი მცირე. ცხოვრება გიორგი მთაწმინდელისა, გვ. 201.
39. ივირონის აქტები. ტ. I. დაარსებიდან XI საუკუნის შუა წლებამდე. ჟაკ ლეფორი, ნიკოლაოს იკონომიდისი, დენიზ პაპახრისანთუ, ელენე მეტრეველის თანაავტორობით. ფრანგულიდან თარგმნა ცისანა ბიბილეიშვილმა. თბ. 2008, გვ. 303.
40. ივირონის აქტები. ტ. I, გვ. 71.
41. ივირონის აქტები. ტ. II. XI საუკუნის შუა წლებიდან 1204 წლამდე. ჟაკ ლეფორი, ნიკოლაოს იკონომიდისი, დენიზ პაპახრისანთუ, ელენე მეტრეველის თანაავტორობით. ფრანგულიდან თარგმნა ცისანა ბიბილეიშვილმა, თბ. 2008, გვ. 142-143.
42. ივირონის აქტები. ტ. II, გვ. 142-143.
43. ივირონის აქტები. ტ. II, გვ. 164-166.
44. გენიკონის სამდივნო ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან უწყებად ბიზანტიაში. ის იყოფოდა სხვადახვა განყოფილებებად, რომლელთა ფუნქცია იყო საგადასახადო ნუსხების მომზადება, უზუსტობების დადგენა, შესაბამისი აღწერების ჩატარება და გადასახადის აკრეფა. ამასთანავე გენიკონის ლოგოთეს (უწყების ხელმძღვანელს) ევალებოდა სამეფოს წიაღისეულზე, წყლით მომარაგებაზე თვალყურის დევნა. ამ უწყების შესახებ იხ. ღ. Gუილლანდ. Lეს Lოგოტჰèტეს. Eტუდეს სურ ლ'ჰისტოირე ადმინისტრატივე დე ლ'Eმპირე ბყზანტინ. ღევუე დეს éტუდეს ბყზანტინეს. ტომე 29. 1971. გვ. 11-20; Lოუის Bრეჰიერ. Lე მონდე ბყზანტინ. Lეს ინსტიტუტიონს დე ლ'ემპირე ბყზანტინ. Pარის. 1949, გვ. 257; Н. A. Скабаланович, Византიйское государство и церковь вь XI века, გვ. 308;
45. ივირონის აქტები. ტ. II, გვ. 144.
46. ე. მეტრეველი. ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი, გვ. 140.
47. ე. მეტრეველი. ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი, გვ. 161.
48. ივირონის აქტები, ტ. I, გვ. 72.
49. გიორგი კედრენე, გვ. 68.
50. მატიანე ქართლისა, გვ. 287.
51. მატიანე ქართლისა, გვ. 287.
52. თანამოსაყდრის ხელახალი კურთხევა მიღებული იყო საქართველოში და ბიზანტიაში.
53. ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი. ქართლის ცხოვრება. თბ. 2008, გვ. 396.
54. ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, გვ. 402-403.
55. ნ. ბერძენიშვილი. XI-XIII საუკუნეების ისტორიიდან. საქართველოს ისტორიის საკითხები. ტ. VII. თბ. 1974, გვ. 21. ამ აზრს არ იზიარებს ზ. პაპასქირი. იხ. ზ. პაპასქირი. ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი. თბ. 1990, გვ. 206-207.
56. ჯ. სამუშია. XI საუკუნის ისტორიის რამდენიმე მოვლენის დათარიღებისათვის. ქართული დიპლომატია. წელიწდეული. #4. თბ. 1997, გვ. 242-249.
57. მატიანე ქართლისა, გვ. 287
Комментариев нет:
Отправить комментарий