четверг, 9 ноября 2017 г.

საქართველოს სამეფოს სამოხელეო თანამდებობები II ნაწილი

საქართველოს სამეფო სამოხელეო თანამდებობები I ნაწილი
მოურავები. XVII-XVIII სსთბილისის მოურავები:
სააკაძე გიორგი - სიაოშ სააკაძის ძე, ქალაქის (თბილისის) და ქართლის (ცხინვალის, დვალეთის, სომხითის) მ. / თბილისის ამირათ-ამირა 1608-1612 წწ., XVI ს-ის 90-იან წწ. სვიმონ I-თან ერთად იბრძოდა ოსმალების წინააღმდეგ. 1600-1606 წწ. იყო გიორგი X-ის თანამებრძოლი, შემდეგ მოღვაწეობდა ლუარსაბ II-ის კარზე. 1608-1612 წწ-ში ხელმძღვანელობდა პოლიტიკურ დასს, რომელიც იბრძოდა მეფის ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებისთვის. 1612 წ-დან, ქართლიდან დევნილი, ირანის შაჰის სამსახურშია. 1619 წ. შაჰმა იგი სვიმონ II-ის ვექილად დანიშნა. 1625 წ-ს კახეთის მეფე თეიმურაზ I-თან ერთად სათავეში ჩაუდგა აჯანყებას ყიზილბაშთა წინააღმდეგ. მასთან განხეთქილების შემდეგ გადაიხვეწა ოსმალეთში, სადაც დაინიშნა კონიის ვილაიეთის მმართველად. აქ იგი მოკლეს დიდი ვაზირის ხუსრევ ფაშას ბრძანებით. მოიხსენიება თანადროულ ქართულ და სპარსულ ნარატიულ წყაროებში, ქართულ, სპარსულ და ქართულ-სპარსულ ისტორიულ დოკუმენტებში.
ბარათაშვილი ქაიხოსრო - ბოქაულთუხუცესი 1619-1626 წწ.; საბარათაშვილოს სარდალი, მეკობრისმძებნელი 1623 წ.; ქალაქის (თბილისის) მ. 1626 წ.; სახლთუხუცესი 1627-1642 წწ.
მანუჩარ - მეითარი, მერიქიფეთუხუცესი და ქალაქის მ. 1634-1679 წწ. მ-ის თანამდებობას ფლობდა როსტომისა და ვახტანგ V (შაჰნავაზის) მეფობის წლებში (პალ 2004: 51-53).
პაატა/პაატაბეგ - მეითარ მანუჩარის შვილი; ქალაქის მ. 1679 წ., სუფრაჩი 1679-1690 წწ. (პალ 2007: 3-4).
ჩოლაყაშვილი ფირან - ქალაქის მ. 1694-1700 წწ. (პალ 201: 227).
თარხნიშვილი გიორგი - ქალაქის მ. 1700-იანი წწ. (ქსოის 1984: 33).
[თარხნიშვილიავთანდილ - ქალაქის მ. 1710-1723 წწ. (ქსის 1955: 424; სეა, 1450-24/39).
ორბელიშვილი ერასტი - ქალაქის მ.; მდივანბეგი. 1727 წ.(სეა, 1450-48/61).
ამილახვარი გივი - ქალაქის მ. 1750-1764 წწ. (პაპუნა ორბელიანი 1981: 159, 196, 211). ციციანოვი ევსტათი- თბილისის მ. XVIII ს-ის 90-იანი წწ. (მესხია 1948: 91-95).
გორის მოურავები
ზედგენიძე ავთანდილ (I) - გორის მ. და ეზოს ჩუხჩარეხი - 1425-1430 წწ. (ქისკ 2013: 139, 155, 165).
ზევდგინისძე ზევდგინ - ეზოს ჩუხჩარეხი და გორის მ. 1453 წ. (ქისკ 2014: 67).
ჯავახიშვილი გამრეკელ - გორის მ. 1454 წ.; ატენის მ. [1466-1478] წწ. (ქისკ 2014: 83, 173, 174).
ამილახორი ბარძიმ - გორის მ., დამოყვრებული იყო კახეთის მეფე ალექსანდრე II-სთან, რის გამოც სვიმონ I-ის მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდა. 1578 წ. ვახტანგ მუხრანბატონთან და ქსნის ერისთავ ელიზბართან ერთად ეახლა ოსმალთა მუსტაფა ლალა-ფაშას და მორჩილება აღუთქვა, რითაც გადაარჩინა ქართლი აოხრებას. ირანის ტყვეობიდან დაბრუნებულმა სვიმონ I-მა მას ჩამოართავა გორის მოურავობა (ვახუშ- ტი 1973: 410, 519, 576, 578).
ამილახვარი გივი (I) - იოთამის ძე, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მ. 1656-1696 წწ.; ვახტანგ V-ისა და არჩილ II-ის აქტიური მხარდამჭერი. გიორგი XI-სთან ერთად მონაწილეობდა სპარსელების წინააღმდეგ აჯანყებაში; 1688 წ. აჯანყების დამარცხების შემდეგ, რაჭას შეაფარა თავი და იქვე გარდაიცვალა (ვახუშტი 1973: 450-451, 457; პალ 1991: 119-122).
ამილახორი იოთამ (II) ანდუყაფარის ძე - ბოქაულთუხუცესი 1686-1692 წწ.; ზემო ქართლის სარდალი; გორის და ქრცხილვანის მ. 1692-1698 წწ. ნაზარალი-ხანისა და გიორგი XI-ის დაპირისპირებისას დაიჭირა ნაზარალი-ხანის მხარე (პალ 1991: 124-125).
ამილახორი ავთანდილ (II) - ეშიკაღასბაში 1692-1698 წწ., გორის მ. 1699 წ.; იოთამ (II) ამილახვარის ძმა. ნაზარალი-ხანისა და გიორგი XI-ის დაპირისპირების დროს იგი ნაზარალი-ხანს მიემხრო (პალ 1991: 116-117).
ამილახორი გივი (II) - ოსმალობის პერიოდში ქართლის სანჯაყის გამგებელი, 1741 წ-დან ქართლის ვექილი; 1745 წ-დან ირანის გვარდიის ყულარაღასი, მაზანდარანისა და გულისტანის პროვინციების მმართველი, 1749 წ-დან ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მ.; პოლიტიკურ ასპარეზზე ჩანს 1722 წლიდან; 1727 წ. ოსმალების მიერ დაინიშნა ზემო ქართლის სანჯაყის გამგებლად, გადაარჩინა თბილისის სიონი ოსმალთაგან დანგრევას; 1734-1735 წწ. ნადირ-შაჰთან ერთად ებრძოდა ოსმალებს; 1737 წ. გორიდან განდევნა ოსმალები; 1736 წ. სათავეში ჩაუდგა ანტიირანულ აჯანყებას (შანშე ქსნის ერისთავთან და ვახუშტი აბაშიძესთან ერთად); 1737 წ. ავღანეთში იბრძოდა ირანის სამხედრო ძალების შემადგენლობაში; 1741 წ. დაინიშნა ქართლის ვექილად, დაუმტკიცდა ამილახვრობა და ქსნის ერისთავობა; 1742 წ-იდან ისევ ირანელთა წინააღმდეგ აჯანყების წინამძღოლია; 1745 წ. თეიმურაზ II-მ გააგზავნა ირანში, სადაც მიიღო ისლამი (ეწოდა შაჰყული-ხანი) და გახდა ირანის გვარდიის ყულარაღასი, მაზანდარანისა და გულისტანის პროვინციების მმართველი; 1749 წ. სხვა ქართველებთან ერთად ხელში ჩაიგდო შაჰის საგანძური და საქართველოში დაბრუნდა. ამის შემდეგ დარჩა თბილისში და მიიღო თბილისის მ-ობა. ეწეოდა აღმშენებლობით საქმიანობას, ფინანსურ და სამხედრო დახამრებას უწევდა თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ს.
ამილახვარი იოთამ (I) ფარემუზის ძე - ზემო ქართლის სარდალი, გორის მ. 1630-1648 წწ. (პალ 1991: 123).
ამილახვარი ოთარ - ქართლის სარდალი, გორის მ. XVIII ს. მეორე ნახ. (მესხია 1948: 84, 85, 86).
კახეთის მოურავები:
ჩოლაყაშვილი მამუკა - თუშთ მ. 1688]-1694 წწ. (პალ 2015: 222).
ჩოლაყაშვილი ჯიმშერ - თუშთ მ. 1743 წ. (Ad-1421; კაკაბაძე 1913: 61-62).
ჩოლაყაშვილი ზაალ - ჭიაურთ/თიანეთის მ. 1566 წ. (პალ 2015: 221).
ჩოლაყაშვილი გოშფარ - ჭიაურთ/თიანეთის მ. 1568-1593 წწ. (პალ 2015: 220).
ჩოლაყაშვილი შანშე - ჭიაურთ/თიანეთის მ. 1526-1656 წწ. (პალ 2015: 228).
ჩოლაყაშვილი გარსევან - თიანეთის მ. 1688-1703 წწ. (პალ 2015: 219).
ჩოლაყაშვილი გივი - თიანეთის მ. 1735-1739 წწ. (ხეც: Ad-221, Ad-714ა).
ჩოლაყაშვილი ომან - თიანეთის მ. 1741 წ. (ხეც, Hd-2941, სეა, 1449-442).
ანდრონიკაშვილი თამაზ - ქიზიყის მ. XVII ს-ის პირველ ნახ.; ებრძოდა ყიზილბაშებს, აღადგინა დანგრეული ციხე-სიმაგრეები კახეთში, დააბრუნა გახიზნული მოსახლეობა; 1617 წ. მეთაურობდა ხორნაბუჯის დაცვას (ქსე I 1975: 450).
ანდრონიკაშვილი გიორგი - ქიზიყის მ. 1643 წ. (პალ 1991: 650).
ანდრონიკაშვილი აბელ (I) - ქიზიყის მ. 1675-1695 წწ. მან, სახლთუხუცესმა რევაზ ჩოლაყაშვილმა და ენისელთ მ-მა მერაბ ვაჩნაძემ 1688 წ. გიორგი XI-ს პირობა მისცეს, რომ მოკლავდნენ ირანელ ხანს და კახეთში გიორგის გააბატონებდნენ, მაგრამ სარდალ თამაზ ბარათაშვილის განდგომის გამო ეს განზრახვა ჩაიშალა (ვახუშტი 1973: 606; სმსფჰ 1949: 34; პალ 1991: 149-150).
ანდრონიკაშვილი რევაზ - ქიზიყის მ. 1696-1700 წწ., ბოქაულთუხუცესი 1693-1695 წწ. (პალ 1991: 155).
ანდრონიკაშვილი პაატა - ეშიკაღასბაში და ქიზიყის მ. 1700-1703 წწ. (პალ 1991: 155).
ანდრონიკაშვილი აბელ (II) - ქიზიყის მ. 1703 წ;. იგი გაიწვიეს ირანში, რის გამოც დაკარგა მ-ის თანამდებობა; კახეთში კონსტანტინეს (მაჰმადყული-ხანის) მმართველობის დროს დაიბრუნა მ-ის სახელო. ებრძოდა ოსმალებს; თავი გამოიჩინა ისაყ-ფაშას წინააღმდეგ ბრძოლაში; 1735 წ. ცდილობდა კახეთში ალექსანდრე ბატონიშვილის (ალი მირზას) გამეფებას (ვახუშტი 1973: 606, 626 , 628; ხეც, Hd-397).
ანდრონიკაშვილი გიორგი - ეშიკაღასბაში და ქიზიყის მ. 1724 წ. (ქსის 1955: 434, 435; დსსი 400-401).
ანდრონიკაშვილი თამაზ/თომა - ქიზიყის მ. XVIII ს-ის შუა წწ-ში; ერეკლე II-ის მამიდაშვილი. 1746 წ. მან სასტიკად დაამარცხა ქიზიყში შეჭრილ დაღესტნელთა 15 ათასიანი ლაშქარი. ამ გამარჯვების გამო ნადირ-შაჰმა ირანში მიიწვია და დააჯილდოვა. 1747 წ. საქართველოში დაბრუნდა და 1747-1749 წწ-ში თავი გამოიჩინა აბდულაბეგის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1752 წ. დაევალა შინაპატიმრობაში ჰყოლოდა ერეკლე II-ის პოლიტიკური მოწინააღმდეგე პაატა ბატონიშვილი. მალე მას ბატონიშვილის ხელის შეწყობა დასდეს ბრალად და ერეკლე II-ის ბრძანებით 1754 წ-ის აპრილში დააპატიმრეს, ქიზიყის მ-ად მის ნაცვლად იასე ამილახორი დანიშნეს. მოკლე ხანში მას ძველი პატივი დაუბრუნეს, მაგრამ 1759 წ. ერეკლე II-მ კვლავ შერისხა იგი და ქიზიყის მ-ობა პაპუნა ანდრონიკაშვილს გადასცა (პაპუნა ორბელიანი 1986: 109, 110, 113).
ანდრონიკაშვილი პაპუნა - ქიზიყის მ. 1759-1764 წწ.
ანდრონიკაშვილი რევაზ - ქიზიყის მ. XVIII ს-ის შუა ხანებიდან 1780 წ-მდე. 1770-1780 წწ-ში თავი გამოიჩინა მოთარეშე ლეკთა წინააღმდეგ ბრძოლებში. 1766 წ. მისი და ქეთევანი გიორგი ბატონიშვილის (შემდეგში გიორგი XII) მეუღლე გახდა, რამაც განამ- ტკიცა ანდრონიკაშვილის პოზიციები სამეფო კარზე. იგი დაუპირისპირდა პოლიტიკურ დაჯგუფებას, რომელსაც დარეჯან დედოფალი ედგა სათავეში. 1780 წ. დარეჯან დედოფლის ინიციატივით ანდრონიკაშვილს ჩამოართვეს ქიზიყის მ-ობა (ქსე I 1975: 451).
ანდრონიკაშვილი ზაქარია - ქიზიყის მ.; 1780-1790-იან წწ-ში იბრძოდა ლეკების წინააღმდეგ; იმყოფებოდა რუსეთში, საიდანაც დაბრუნდა 1771 წ. 1780 წ. დაინიშნა ქიზიყის მ-ად; თავი გამოიჩინა კრწანისის ბრძოლაში (1795 წ.) (ქსე I 1975: 450).
ანდრონიკაშვილი რევაზ - ქიზიყის მ. მეფე ერეკლე II-ის მეფობის დასასრულსა და გიორგი XII-ის დროს (მესხია 1948: 88).
ჯორჯაძე დავით - ენისელთ მ. 1577-[1605] წწ. (პალ 2015: 511).
ჯორჯაძე მერაბ - ენისელთ მ. [1648-1654] წწ. (პალ 2015: 513).
ჯორჯაძე დავით - ენისელთ მ. 1664-1669 წწ. (პალ 2015: 511-512).
[ჯორჯაძესულხან - ენისელთ მ. 1669-[1694] წწ. (პალ 2015: 514).
ჯორჯაძე მერაბ - ენისელთ მ. 1698 წ. (პალ 2015: 513).
ჯორჯაძე ნოდარ - ენისელთ მ. 1694-1700 წწ. არჩილ მეფის სახლთუხუცესი 1684-1700 წწ., ახლდა არჩილ მეფეს ასტრახანში, მის შვილებს - მოსკოვში (1682-1683 წწ.). 1684 წ. ნაზარალი-ხანი შეჰპირდა ენისელთ მ-ობას, თუ შაჰი უბოძებდა კახეთს. ნაზარალი-ხანს კახეთი არ მიუღია, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი რეკომენდაციით 1694 წ. ახლო ხანებში ნოდარს მაინც მიუღია ეს თანამდებობა (პალ 2015: 513).
ჯორჯაძე მერაბ „კახელი“- ენისელთ მ. 1698-1704 წწ. (ქსის 1955: 397).
ჯორჯაძე დავით - ენისელთ მოურავი. 1737-1741 წწ.
იმერეთის მოურავები. XVII-XVIII სს.
ლორთქიფანიძე ბეჟან - ქუთაისის მ. და მოლარეთუხუცესი 1666-1690 წწ.; ბაგრატ IV-ის (1660-1681) თანამებრძოლი. მისი წინამძღოლობით იმერეთის ლაშქარმა 1667 წ. ოსმალთაგან გაათავისუფლა ქუთაისის ციხე. 1681 წ-დან იგი რაჭის ერისთავის დაჯგუფებაშია და ალექსანდრე IV-ის წინააღმდეგ იბრძვის (სოსელია 1973: 141-143).
წულუკიძე პაატა - სარდალი 1770-1789 წწ., ქუთაისის მ. 1752-1775 წწ.
წულუკიძე ბერი - ბოქაულთუხუცესი და ქუთაისის მ. 1775-1784 წწ., სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ (1784 წ.) დავით მეფემ დაამდაბლა იგი, ჩამოართვა მას ქუთაისის მ-ისა და ბოქაულთუხუცესის თანამდებობები და ქსნის ერისთავ ელიზბარს გადასცა (დსსს II, 1921: 77; სოსელია 1981: 57).
ელიზბარ ქსნის ერისთავი - ბოქაულთუხუცესი და ქუთაისის მ. 1784-1787 წწ. (დადიანი 1962: 183-185; კაკაბაძე II, 1921: 192: 87).
წულუკიძე გიორგი - ქუთაისის მ. 1790-97 წწ. (სოსელია 1981: 61).
ჩხეიძე ბაანა - სვირისა და ქვიტირის მ. 1740-იანი წწ. (სოსელია 1973: 47-48).
გეგელასშვილი ბერი - ქვიტირის მ. 1766 წ. (სოსელია 1973: 106).
იაშვილი ვახტანგ - გეგუთის მ. 1797 წ. - XVIII ს-ის ბოლომდე (სოსელია 1973: 128-129).
აბაშიძე ქაიხოსრო - სვირის მ. 1766 წ. (სოსელია 1973: 204).
მხეიძე ფირან - ოკრიბის მ. 1691 წ. (სოსელია 1973: 23).
მხეიძე კაცია - ოკრიბის მ. 1691 წ. (სოსელია 1973: 23).
მხეიძე გიორგი - ოკრიბის მ. 1786 წ. (სოსელია 1973: 23).
აბულაძე
მპარავთმძებნელი/მეკობრისმძებნელი - სასამართლო-სამძებრო ფუნქციებით აღჭურვილი ადგილობრივი მოხელე, რომელსაც ევალებოდა ქურდთა და ყაჩაღთა დევნა, შეპყრობა, გასამართლება და განაჩენის აღსრულება. მ-ები მოქმედებდნენ მეფის უშუალო მითითებით მათთვის განკუთვნილ ოლქებში. მათი ხელქვეითები იყვნენ „ჩენილნი“, რომლებსაც უნდა შეესრულებინათ დევნა-შეპყრობის ოპერაცია და დამნაშავენი მიეგვარათ მ-სათვის, რომელიც უფლებამოსილი იყო დამნაშავე ადგილზე გაესამართლებინა და განაჩენიც სისრულეში მოეყვანა. გიორგი III-ის 1170 წ-ის სიგელში შიომღვიმისადმი კარგად ჩანს „სამპარავთმეძებლო სამართლის“ მოქმედების არეალში მ-ებს უფლება ეძლეოდათ ქურდობაში რამდენიმეგზის შემჩნეული პირი სიკვდილით დაესაჯათ („ანუ ჩამოარჩონ ჩუენთა ჩენილთა, ანუ გაპატიჟონ“). როგორც ჩანს, თამარის დროინდელი სამეფოს სამაგალითო მშვიდობა, რასაც საგანგებოდ აღნიშნავს ლაშა გიორგის მემატიანე, საერთო კეთილდღეობასთან ერთად მ-თა ინსტიტუტის მკაცრი და უკომპრომისო მოქმედებების შედეგიც იყო. აღმოსავლეთ საქართველოში მონღოლთა ბატონობის პერიოდში სახელმწიფო ინსტიტუტების როლის საყოველთაო დაქვეითება მ-თა ინსტიტუტის მოშლაშიც (განსაკუთრებით მთის რეგიონებში) გამოხატულა, რის გამოც გიორგი ბრწყინვალის (1318-1346) „ძეგლისდებაში“ სპეციალური მუხლი შეუტანიათ მეკობრეობის მდევნელთა საშეღავათოდ. კერძოდ, თუ მეკობრე მის მდევნელს წინააღმდეგობის გაწევის გამო შემოაკვდებოდა, იგი (მდევნელი) თავისუფალი იქნებოდა მისი (მეკობრის) სისხლის საურავისაგან. XVI ს-ის ბოლო ათწლეულშია შედგენილი სვიმონ I-ის განწესება მ-თადმი. დოკუმენტიდან მკაფიოდ ჩანს, რომ მ-ებს განსაზღვრული ჰქონდათ ოლქები, სადაც შეეძლოთ ჩაეტარებინათ სამძებრო ოპერაციები. მოცემული განწესების მიხედვით, სვიმონმა ორი მ. - გოშფარ ჯავახიშვილი და ყარაიგათ ლარასძე განაწესა „დიღმის ზემოთ ახალდაბის თავამდი“. განწესებაში მკაფიოდაა გამიჯნული დანაშაულთა კატეგორიები, რომელთა გასამართლების უფლება მ-ებს ადგილზე ენიჭებოდათ (ქურდობა, ჩხუბის დროს მიყენებული სხვადასხვა დაზიანება), იმ კატეგორიებისაგან, რომლებიც უსათუოდ სამეფო კარზე უნდა განხილულიყო (მკვლელობა, მძიმე კატეგორიის ქურდობა-ყაჩაღობა). სამპარავთმძებნელო სამართალი ერთიანი მონარქიის დროს მ-ის გასამრჯელოს განსაზღვრავდა წილით დამნაშავის მიერ გადახდილი საკომპენსაციო საზღაოდან (ნაპარევის შვიდმაგი ოდენობა), სვიმონ I-ის განწესების მიხედვით კი, მ-ის ანაზღაურება შეადგენდა საკომპენსაციო საზღაოს ერთი წილს. მ-ობის თანამდებობაზე ინიშნებოდნენ მაღალი ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენლები.
სურგულაძე
მსახურთუხუცესი - სასახლის „მინისტრი“, სასახლის დაწესებულებათა - საწოლის (მეფის კაბინეტი) და სალაროს, სასახლის ხელშინაურ მსახურთა, ნაწილობრივ მეფის დომენის სამეურნეო საქმეთა მმართველი. სამხედრო სფეროში მ-ს, როგორც სამეფო დომენის ციხე-ქალაქთა უფროსს, დაკისრებული ჰქონდა დომენის ლაშქრისა და „ტაძრეული სპის“ სარდლობა. საისტორიო წყაროებში მ-ის სახელო XII საუკუნის დამლევიდან მოიხსენიება. სამეფო კარზე მ-ის აღზევება თამარის მეფობის დროს დაიწყო, ხოლო რუსუდანის დროს იგი სავაზიროში იქნა შეყვანილი. „ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, მ-ს ექვემდებარებოდა: მეფის საწოლი (კაბინეტი), რომლის უშუალო გამგე მესაწოლეთუხუცესი (იხ.) იყო, მეფის სალარო, რომლის სათავეშიც მოლარეთუხუცესი (იხ.) იდგა და მეფის საფარეშოები, რომლებსაც ფარეშთუხუცესი განაგებდა. საკუთრივ სასახლისა და დომენის მართვა, სავარაუდოდ, მ-ს არ მოეთხოვებოდა, რადგან იგი მანდატურთუხუცესის (იხ.) მოვალეობაში შედიოდა. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელს ექვემდებარებოდა მ. მის ვაზირის რანგში აყვანამდე. სავაზიროში შეყვანის შემდგომ მ-ს მეჭურჭლეთუხუცესის სწორი პატივი ჰქონდა და მასთან ერთად ორთა „საბატიო დარბაისელთა“ შემადგენლობაში შედიოდა; დარბაზობისას მისი „წვევა“ მესაწოლეთუხუცესს ევალებოდა; მეფედ კურთხევისას იგი დედოფლის, კათალიკოსისა და ჭყონდიდლის შემდგომ, სავაზიროს წევრთაგან რიგით უკანასკნელი სცემდა თაყვანს მეფეს. მ-ის სამოხელო ნიშანი იყო მეფისაგან ბოძებული „თვალედი“ (თვლიანი) ბეჭედი.
მ. მოლარეთუხუცესთან ერთად მონაწილეობას იღებდა მეფის შეკაზმვაში - მისი საპატიო მოვალეობა იყო მეფისათვის ტაშტის დაჭერა და მისი შემოსვა; ვაზირობის დროს მ. მეჭურჭლეთუხუცესის გვერდით იჯდა, პურობაზე კი - საწოლის მწიგნობარის გვერდით. საკუთრივ მისი მომსახურება მუქიფს (იხ.) ევალებოდა. ვახუშტის ცნობით, მ. მონაწილეობდა სასახლის კარზე ტაძრეულად შეწყალების ცერემონიალში - შეწყალებული პირისათვის მას უნდა შეერტყა ხმალი.
საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის რღვევის პროცესში ცალკეულ სამეფო-სამთავროში საკუთარი ხელისუფლებისა და მმართველობის აპარატი შეიქმნა. თუ რა ცვლილებები განიცადა ან რა ფუნქციები ჰქონდა მ-ს ადგილობრივ სამოხელეო სისტემაში, ისტორიული წყაროებით ნაკლებადაა ცნობილი, რადგან მათში მხოლოდ ამ სახელოების მფლობელ პირთა ვინაობაა დასახელებული (მაგ. საფარის სამრეკლოს წმ. მარინეს ეგვტერის ფრესკული წარწერიდან ცნობილი ხდება საათაბაგოში მანდატურთუხუცეს ბექა (I)-ის (1285-1308) მ-ის ლასურ ლასურიძის ვინაობა და სხვ.). ვახუშტის თანახმად, გვიან შუა საუკუნეებში ძველი მ-ის ფუნქციები ყორჩიბაშს (იხ.) შეუთავსებია.
მსახურთუხუცესები. XII-XIV სს.
აფრიდონი - მ. და [კლდეკარის] ერისთავი XII ს-ის 70-80-იანი წწ-ების მიჯნაზე (შდრ. კლდეკარის ერისთავი აფრიდონი). წარმომავლობით განეკუთვნებოდა აზნაურული წოდების დაბალ საფეხურს. სწორედ ამიტომ თამარის პირველი ისტორიკოსი მას გიორგი III-ის (1156-1184) მიერ „უგვაროდ“ და „აზნაურობის ყმობიდან“ „კაცქმნილს“, მ-ის ხელის მფლობელობამდე ამაღლებულს უწოდებს. აფრიდონი დაწინაურებულა 1177/1178 წ-ის ორბელთა ამბოხების შემდგომ, როცა სამეფო კარზე მ-ის სახელო და საერისთავოდ თმოგვის ქვეყანა მიუღია. თმოგვის მხარის პატრონობას მ. აფრიდონის მიერ ადასტურებს ზედა ვარძიის ეკლესიის ფრესკული წარწერა, სადაც იგი მოხატულობის ქტიტორად გვევლინება. აფრიდონის მეუღლის, ოსიყმის ასულ ხოშაქის მიერ 1178-1185 წწ-ში ქვემო ჯინისში ვარძიის ღმრთისმშობლის სახელზე აგებული ეკლესიის სააღმშენებლო წარწერაში იგი ასევე ერისთავ-ერისთავად და მ-ად იწოდება.
-ის სახელო და სამოხელო ქვეყანა აფრიდონმა დაკარგა თამარის გამეფების პირველსავე წლებში, დიდგვარიანთა მოთხოვნის საფუძველზე. თამარის ისტორიკოსთან მისი დამცრობის თაობაზე აღნიშნულია, რომ იგი დაემხო ხელისუფლების მოსურნე დიდებულთა სურვილითა და ლაშქრის მხარდაჭერით („თნევითა ლაშქართათა“). დაბალი ფენიდან აღზევებულ აფრიდონი ყუთლუ-არსლანის გამოსვლას გადაჰყვა. მან მ-ის სახელო და თმოგვი ერთდროულად დაკარგა.
ვარდან დადიანი - მ. 1184-1191 წწ., მისი კარიერა გიორგი III-ის დროს, 1177/1178 წლის ორბელთა აჯანყების დამარცხების შემდეგ ჩუხჩარეხის (იხ.) თანამდებობაზე დაწინაურებით დაიწყო, თამარისაგან კი - მისი გამეფების პირველსავე წელს მ-ობა მიიღო. თამარის ისტორიკოსი მას ახლად დანიშნულ მოხელეებში, მანდატურთუხუცეს ჭიაბერის და მეჭურჭლეთუხუცეს კახაბერ ვარდანისძის შემდეგ მოიხსენიებს, რაც იმის მინიშნებად შეიძლება ჩაითვალოს, რომ იგი, როგორც მ., „დარბაზის რიგის“ მოხელეთა შორის რიგით მეხუთე ხელისუფალი იყო. სამოხელეო მიწები მას დამტკიცებული ჰქონდა, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. იგი იყო: „ლიხთ-აქით პატრონი ორბეთისა და კაენისა, ლიხთ-იქით ნიკოფსამდის“. მისი რეზიდენცია ყოფილა „მაგარი და მტერთაგან უვნებელი“ ქვეშის ციხე. გარდა -ისა, იგი იყო სამოქალაქოს (ქუთაისში შემავალი ქვეყანა) ერისთავთ-ერისთავი, ხოლო მისი ძმა ბედანი - ოდიშის საერისთავოს გამგებელი. თამარის ისტორიკოსის ცნობით, ვარდან დადიანის მამა .უნდა ყოფილიყო აფრიდონზე ადრე. ვარაუდობენ, რომ ვარდანზე მ-ის ხელის გადაცემით დადიანთა სახლს უნდა აღედგინა დაკარგული ძველი პატივი (შ. მესხია).
ვარდან დადიანი იმ პოლიტიკურ დაჯგუფებას ეკუთვნოდა, რომლის მხარდაჭერითაც მოხდა თამარის დაქორწინება (1185) ვლადიმირ-სუზდალის მთავრის, ანდრია ბოგოლუბსკის ვაჟ იურიზე. 1191 წ. გიორგი რუსის აჯნყების დროს კლარჯეთ-შავშეთის პატრონ გუზან ტაოსკარელთან და ბოცო სამცხის სპასალართან ერთად იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა გიორგი რუსის საბრძოლო მოქმედებებში. მისი წინამძღოლობით შეიყარა ყოველი სვანეთი და აფხაზეთი, საეგრო, გურია, სამოქალაქო, რაჭა, თაკუერი, არგუეთი და გეგუთში რუსი მეფედ გამოაცხადეს. ვარდანის ამგვარი ფართომასშტაბიანი სამხედრო მხარდაჭერა გიორგი რუსისადმი ზოგიერთ მკვლევარს აფიქრებინებს, რომ იგი დასავლეთ საქართველოს სპასალარიც უნდა ყოფილიყო (თ. ბერაძე). ვარდან მ. გაერთიანებული ლაშქრის ერთ ნაწილს დასავლეთ საქართველოდან სამცხეში წარუძღვა და იქ ოძრხე გადაწვეს. აქ მათ შეუერთდა სამცხის ერისთავი ბოცო მესხებით, რომელთან ერთადაც დაიგეგმა ჯავახეთის, თმოგვისა და ახალქალაქის აღება, თრიალეთსა და სომხითში გალაშქრება. აჯანყებულების დამარცხების შემდეგ თამარმა ვარდან დადიანი გადააყენა, მ-ის სახელო და მასთან ერთად კაენისა და ორბეთის სამოხელეო ქვეყნები ჩამოართვეს, ხოლო მის ძეს, ივანეს - გაგი.
ივანე (I) მხარგძელი - მხარგრძელთა საგვარეულოს ცნობილი წარმომადგენელი, თამარის სამეფო კარის დიდმოხელე. მ-ობას ფლობდა 1191-1205/7 წწ-ში. გიორგი რუსის აჯანყების დამარცხებისა და ამბოხებულ მოხელეთა დასჯის შემდეგ თამარმა ივანეს, სარგის მხარგძელის უმცროს ძესა და ზაქარია მხარგრძელის ძმას, უბოძა მ-ის „შინაური და საპატიო“ სახელო და ამ თანამდებობასთან მიბმული სამოხელო მამულები: „კაენი და კაეწონი გელაქუნით და სხუითა მრავლითა სახარაჯოთა ქალაქითა და ციხითა“. მ-ად იხსენიება იგი ჩხიკვთის სამების ეკლესიის 1195-1207 წწ-ით დათარიღებულ წარწერაში. ამ თანამდებობაზე ყოფნისას ივანე, თავის ძმასთან, ამირსპასალარ ზაქარია მხარგრძელთან ერთად, წარმატებულად მონაწილეობდა ყველა იმ სამხედრო-პოლიტიკური ამოცანის გადაჭრაში, რომლებიც იმხანად ქართული სახელმწიფოს წინაშე იდგა. სარწმუნოებრივი აღზრდით მონოფიზიტ ივანე მხარგრძელს ქალკედონიტი მეუღლე ჰყავდა და თვითონაც მ-ობის პერიოდში მოქცეულა ქალკედონურ მრწამსზე. ქალკედონიტები იყვნენ ივანეს ოჯახის დანარჩენი წევრებიც. დაახლოებით 1205/1207 წ. ივანე მხარგძელს თამარისაგან ათაბაგობა ებოძა, ხოლო მ-ის ხელი ვარამ გაგელს გადაეცა (სრულად ათაბაგი ივანე მხარგრძელი).
ვარამ გაგელი - ზაქარია გაგელის ძე, მ. 1205/7-XIII ს-ის 40-იანი წწ-მდე. მ-ობა უნდა მიეღო თამარის მეფობის ბოლო წლებში. ამ თანამდებობაზე ჩანს იგი 1240-იანი წწ-ის მიწურულამდე. მის საპატრონო ქვეყანას წარმოადგენდა ქვემო ქართლი და მის აღმოსავლეთით გაგის მიმდებარე მიწები („შანქორი და მიმდგომნი ქვეყნები“). როდესაც ხვარაზმელები საქართველოს შემოესივნენ, პირველად ვარამ გაგელის საპატრონო ქვეყანა, გაგი დაარბიეს. შანშე მანდატურთუხუცესთან და ავაგ ამირსპასალართან ერთად ჟამთააღმწერელი მას ასახელებს ჯალალ-ედ-დინის წინააღმდეგ 1228 წ. რუსუდან მეფის ბრძანებით შეკრებილ იმერთა და ამერთა ლაშქრის მეთაურთა შორის; მონღოლების შემოსევისას რუსუდან მეფესთან ერთად იგი „შეივლტოდა ქუთათისს“, მოგვიანებით დაბრუნდა აღმოსავლეთ საქართველოში და მონღოლებს დაეზავა. იგი მონღოლებმა დანიშნეს დუმნისთავად და „ხელთ უდვეს ყოველი სომხითი“ (ფაქტობრივად, მისივე „საპატრონო“ მიწები). ვარამ გაგელი მოხსენიებულია კოხტასთავის შეთქმულების მონაწილეთა შორის. რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ (1245), მთავართა გადაწყვეტილებით, იგი და სარგის თმოგველი გაგზავნილ იქნენ რუმის სასულთნოში ტახტის მემკვიდრის, დავით ლაშას ძის ჩამოსაყვანად.
მანაველ ვაჩნასძე - მ. 1230-იან-1245 წწ-ში (?) „ხელმწიფის კარის გარიგების“ ცნობით, იგი სავაზიროში შეიყვანა რუსუდან მეფემ მისი დასავლეთ საქართველოში ყოფნის დროს. არსებობს მოსაზრება, რომ მანაველი და აფრიდონ მ. ერთი და იგივე პირია და სავაზიროში იგი შეყვანილ იქნა არა რუსუდან მეფის, არამედ გიორგი III-ის დის, რუსუდან დედოფლის მიერ (ი. ანთელავა). ამდენად, მ-ის გავაზირების ქრონოლოგია დამყარებულია „ხელმწიფის კარის გარიგების“ ხსენებული ცნობის ინტერპრეტაციაზე.
გრიგოლ სურამელი - ქართლის ერისთავი 1225-1260-იან წწ-ში; მ. დაახლ. 1240-1260-იანი წწ., მონღოლთაგან დანიშნული ქართლის დუმნისთავი 1245-1247 წწ-ში. სხვა ქართველ დიდებულებთან ერთად იგი ერთ-ერთი ინიციატორი იყო რუმის სასულთნოდან დავით ლაშას ძის ჩამოყვანისა. მისი ასული ხათუთა ცოლად ჰყავდა კახა თორელს. მონაწილეობას იღებდა მონღოლთა ლაშქრობაში ეგვიპტის წინააღმდეგ (სრულად იხ. ქართლის ერისთავი გრიგოლ სურამელი).
ბეგა სურამელი - გრიგოლ სურამელის ძე, ქართლის ერისთავი და მ., დავით ნარინის „თანშეზრდილი“, თან ახლადა დავით ნარინს ურდოში. ნათესაური კავშირები ჰქონდა დასავლეთ საქართველს წარჩინებულ საგვარეულოებთან (სრულად იხ. ქართლის ერისთავი ბეგა სურამელი).
ამადა/ჰამადა სურამელი - ბეგა სურამელის ძე, ქართლის ერისთავი და მ. 1280/90-იანი - XIV ს-ის დასაწყისი. დავით VIII-ის ერთგული თანამებრძოლი მონღოლთა წინააღმდეგ. 1302 წ. დავით VIII-მ იქორწინა ამადას ასულზე, ამ ქორწინებიდან იშვა გიორგი VI მცირე (სრულად იხ. ქართლის ერისთავი ამადა სურამელი).
                                      დასავლეთ საქართველოს სამეფოს მსახურთუხუცესები.
XIII ს-ის ბოლო მესამედი არიშიანი ვარდანისძე - ვარდან სვანთა ერისთავის ძე, მ. და სვანთა ერისთავი 1270-იანი წწ-დან XIII ს-ის მიწურულამდე. ამ თანამდებობის მფლობელად იხსენიება იგი 1273-1305 წწ-ით დათრიღებულ ჯვრის მონასტრის აღაპში. მას „სპარსთაგან“ დაკავებული ჯვრის მონასტრისათვის მიუცია ათას ხუთასი თეთრი იმ დროს, როცა მონასტრის ძმები მეტოქში იყვნენ გადასულნი.
სვიმიონ [ვარდანისძე], გურიელი - მ. ერისთავთ-ერისთავი, სვანთა ერისთავი, 1350-1370 წწ. მ. სვიმიონი შთამომავალი ჩანს სვანთა ერისთავ ვარდან (II) ვარდანისძის იმ შტოსი, რომელიც გიორგი II-მ 1073 წ. გურიაში დაასახლა. ამ შტოს წარმომადგენლები უნდა იყვნენ ვარდანისძე გურიელები, რომლებიც წინაურდებიან დავით ნარინის კარზე და იღებენ მ-ის თანამდებობას. ამავე დროს ისინი ინარჩუნებენ „სვანთა ერისთავის“ ზედწოდებას, როგორც სიძველისა და მაღალი წარმომავლობის და მადასტურებელ საპატიო ტიტულს. ამ ტიტულით მოიხსენიება ზარზმის მონასტერში უკვე მოხუცი, საბერო სამოსში გამოსახული სვიმიონ გურიელი: „ერისთავთ-ერისთავი, მსახურთუხუცესი, სუანთ ერისთავი სუიმიონ გურიელი“.
კლდიაშვილი
მუმეიზი - (სპარს. momayez - დამდგენელი, მწერალ-კონტროლიორი); ქართულ საისტორიო წყაროებში მ. პირველად ჩნდება სიმონ I-ის მიერ 1580 წ. გაცემულ ქართულსპარსული ორენოვან საბუთში, რომელშიც ინდო უზბაშისათვის ქვემო ქართლში ს. აცუტის თიულად გადაცემაზეა საუბარი; აქვე დეტალურადაა წარმოდგენილი მ-ის ვალდებულებაც: მ-ებს უზბაშისათვის (იხ.) მოცემულ ტერიტორიაზე აკრეფილი გადასახადიდან უნდა დაედგინათ ჯამაგირი; მუსტოფებმა (იხ.) მ-ების მიერ აკრეფილი თანხიდან, ნამატის გათვალისწინებით, ინდო უზბაშისათვის გასამრჯელო უნდა ჩაერიცხათ. XVIII ს-ში, „ყიზილბაშობის“ პერიოდში, მ., როგორც ირანელი მოხელის სახელწოდება, რეგულარულად გვხვდება. მის ფუნქციას შეადგენდა ქართლის აღწერის დავთრების (საფინანსო რეესტრების) წარმოება, დასაბეგრი ობიექტების დადგენა, აღნუსხვა და გადასახადის ოდენობის განსაზღვრა. ამასთანავე, სავარაუდოდ, ისევე, როგორც მუნში (იხ.), მ. მონაწილეობას იღებდა ქართულ-სპარსული დოკუმენტების სპარსული ტექსტის თარგმნა-შედგენასა და დაწერაში. პაპუნა ორბელიანის თხზულებაში „ამბავნი ქართლისანი“ დეტალურადაა აღწერილი ირანიდან მოვლენილი მ-ის საქმიანობა: ქართლის აღწერისას ყველგან უნდა აეზომათ მიწები საბლით, ბოსტნები და ბაღები, წისქვილები და ურმებიც კი, ნასოფლარები, შენობები; დაეთვალათ ვაზები, აღენუსხათ ყმაწვილთა რაოდენობა და სხვ. მ-ებს ყველა მონაცემი დავთარში უნდა შეეტანათ და ხარკი დაედოთ.
აბულაძე
მუნში - (არაბ. monši - მწერალი, მდივანი), მ. ფართო მნიშვნელობით მწერალს, მდივანს აღნიშნავდა. ისტორიული წყაროების მიხედვით (Taḏkerat al-molūk), მ-ები (საბუთების დამწერები), კალიგრაფებისა და მომხატველების ფუნქციებსაც ასრულებდნენ. ტერმინს ისლამურ ქვეყნებში მასწავლებლისა და კანცელარიის მოხელის აღმნიშვნელად იყენებდნენ. სეფიანურ ირანში მ-ის, ანუ სახელმწიფო მწერლის ხელში იყო შაჰის კორესპონდენციების ნაწილი (ფარვანა, ჯავაბ-ნამე, მისალი). პროვინციების მ-ებს შაჰისათვის უნდა მიეწოდებინათ ადგილობრივი ცნობები და საქმიანობის ანგარიშები.
საქართველოში ეს სახელო როსტომ მეფის (1632-1658) მიერ იქნა შემოღებული და, ვეზირისა (იხ.) და მუსტოფის (იხ.) სახელოებთან ერთად, იმჟამინდელი ქართლის პოლიტიკური სტატუსის შესაბამისად, ირანის სამეთვალყურეო აპარატის მოხელის ფუნქცია ჰქონდა მინიჭებული. ამასთანავე, ის ქართლის მეფის სამსახურშიც იდგა. ვახუშტი ბატონიშვილი მას „ყიზილბაშური რიგის“ თანამდებობათა შორის აასახელებს. ქართლიდან ირანში გაგზავნილი ოფიციალური დოკუმენტაცია, რომელიც, XVI ს-ის 80-იანი წწ-დან მოყოლებული, ორ ენაზე დგებოდა, მოითხოვდა სპარსული ენისა და დიპლომატიკური ტერმინების კარგ ცოდნას, რაც მხოლოდ სპარსულ სამდივანმწიგნობროსთან დაკავშირებულ მოხელეს შეეძლო სცოდნოდა. ხშირ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების სპარსულ ნაწილში ზოგიერთი ფაქტი ან მოვლენა დაზუსტებული და დაკონკრეტებულია ქართულთან შედარებით, რაც იმას მოწმობს, რომ დოკუმენტის შედგენისას მ. ქართული საბუთის მონაცემების პარალელურად სხვა ინფორმაციითაც სარგებლობდა. ვეზირისა და მუსტოფის მსგავსად, მ-ის გასამრჯელოს შეადგენდა რუსუმი (ირანული გადასახადის გარკვეული წილი) და ქართული გასამრჯელოც, თუმცა, ვახტანგ VI-ის „დატურლამალში“ არ არის მონაკვეთი მ-ის სარგოს შესახებ.
ქართლ-კახეთის მუნშები
მაჰმად ზამანა - მ. მეფე როსტომისა და შაჰნავაზის დროს (XVII ს.)
მირზა მოჰამად ბაღირ/მაჰმად ბაღირა - ქართლის მ. XVII ს-ის ბოლო - XVIII ს-ის 40-იანი წწ.
მირზა რაბი/რაბია - მ. ერეკლე II-ის დროს (XVIII ს-ის მეორე ნახ).
აბულაძე
მუსაჰიბი - (არაბ-სპარს. mosāheb - მეგობარი, თანამოსაუბრე, დაახლოებული პირი). მ-ობა წარმოადგენდა ტიტულს, რომელიც ენიჭებოდა მეფის რჩეულ პერსონას, რომელსაც ევალებოდა მეფისათვის სხვადასხვა საკითხში რჩევის მიცემა. მ. ქართულ ისტორიულ საბუთებში ჩნდება 1580 წ-დან სპარსული სამოხელეო სისტემის გავლენით. ისტორიული საბუთებიდან ცნობილია ორიოდ მ.: 1580-იან წწ-ში მოურავ გიორგი სააკაძის მამა შიოშ სააკაძე და XVII ს-ის შუა ხანებში - ელიზბარ სოლაღაშვილი.
ბაინდურაშვილი
მუსტოფი - (არაბ. mostowfi - საფინანსო კონტროლიორი) აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალური სამოხელეო აპარატის საფინანსო მოხელე და ირანის სამეთვალყურეო სისტემის წარმომადგენელი. სეფიანთა ირანის სამოხელეო წყობაში განსხვავებული ფუნქციებით არსებობდა სახელმწიფო მ. (mostowfi al-mamalek) და სასახლის მ. (mostowfi al-ka ša); იმდროინდელ საისტორიო თხზულებაში - „სამახსოვრო მეფეთათვის“ (Tadhkirat al-muluk) სახელმწიფო მ-ის ძირითადი ფუნქცია ასე განისაზღვრება: სახელმწიფო ბიუჯეტის მომზადება და კონტროლი, გადასახადების აკრეფა, ზოგადად, გარე ფისკალური სისტემა. სასახლის მ. განკარგავდა უშუალოდ სასახლის კარის ადმინისტრაციულ ხარჯებს.
მ., ქართველ ლექსიკოგრაფთა განმარტებებით, არის მდივანთა უფროსი (სულხან-საბა ორბელიანი), ბეჭდის დამსმელი ხელშეკრულებებსა და ვალდებულებებზე (დ. ჩუბინაშვილი), ანგარიშის დამწერი მოხელე, მოანგარიშე, მწერლების თავიკაცი (პ. უმიკაშვილი). მ-ის სახელო ქართულ საისტორიო წყაროებში XVI ს-ის 80-იანი წლებიდან მოიხსენიება. სიმონ I-ის მიერ გაცემულ ქართულ-სპარსულ დოკუმენტებში მითითებულია, რომ მ-ებს უნდა შეეტანათ შესაბამისი გადაწყვეტილებები თავიანთ დავთრებში, რომლებშიც რეგისტრირებული იყო მამულის სითარხნისა და იჯარადარის წიგნები. ამის გარეშე მურდარს (იხ.) არ შეეძლო ამ დოკუმენეტების დაბეჭდვა. მ-ისათვის უნდა წარედგინათ ანგარიში სამეფო ქარხნების (საქონლის საწყობები) თავლიდარებს (იხ.), გადასახადების ამკრეფებს და კარის მოხელეებს. მის მოვალეობას ციხის მეთოფეთა აღწერაც შეადგენდა. ზოგჯერ ვეზირის ფუნქციასაც ითავსებდა (ვეზირ-მ. მირზა რაბი). მ-ის სარგო შედგებოდა როგორც მეფის „კერძო შესავლიდან“, ისე ირანის რუსუმიდან (ირანული გადასახადის გარკვეული წილი). ამ თანამდებობაზე, უმთავრესად, მუსლიმები ინიშნებოდნენ. მ-ის სახელო მემკვიდრეობით გადადიოდა. სასახლის მ-ის გარდა, არსებობდნენ თბილისის, ქართლისა და კახეთის მ-ები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეს თანამდებობა როსტომ მეფის (1632-1658), ვახტანგ V შაჰნავაზის (1658-1675) და ერეკლე I ნაზარალი-ხანის (1688-1703) დროს. XVIII ს-ის მეორე ნახევრიდან, ერეკლე II-ის მეფობისას, მ-ის ფუნქცია, ფაქტობრივად, შინაარსისგან დაიცალა და უბრალო წოდებულებად იქცა.
აბულაძე
მუქიფი - (არაბ. muqīf - ძღვენთ მნე). ცენტრალური აპარატის საშუალო რგოლის მოხელე. ძღვენის მიღება-გაცემა, როგორც საკარო ცხოვრების განუყოფელი წესი, როგორც რიტუალურ ჩარჩოებში მოქცეული კომუნიკაციის ფორმა უცხოელ საპატიო სტუმრებთან თუ ადგილობრივ არისტოკრატიასთან, შუა საუკუნეების მონარქთა კარზე ცალკე სამსახურის არსებობას განაპირობებდა. ძღვენი შეიძლებოდა ყოფილიყო ძვირფასი ნივთები: ჭურჭელი, თვლები, ქსოვილები, ჯვარ-ხატები, ხელნაწერი წიგნები, საბრძოლო საჭურველი, ცხენის აღკაზმულობა და ა. შ., ასევე, „ცოცხალი“: ჯიშიანი ცხენები, ქორ-შევარდენი და სხვ. XIV ს-ის ერთი საბუთის ცნობით, მეფემ სანადირო ფრინველის მჩუქებელ პირს გლეხები უბოძა: „ორბოძლელსა თეთრი ქორი მიუგვრია დიდის დავით მეფისათუის და მათ ხუედურეთს მცხეთისა გლეხნი ორბოძლელისათუის უბოძებია“. ძვირფასი ძღვენი, როგორც სამეფო ქონების ნაწილი, უნდა აღენუსხათ, შეეფასებინათ და საიმედოდ დაებინავებინათ. „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, ასეთ სამსახურს ასრულებდნენ სამი სხვადასხვა უწყების მ-ები. ესენი იყვნენ საგანმგეოს მ., საჭურჭლის მ. და საღვინის მ.; „ხელმწიფის კარის გარიგების“ ტექსტიდან ჩანს, რომ ცოცხალი ძღვენის მნე საგანმგეოს მ. იყო („...ცოცხალი მუქიფის ხელით მიაბარონ“), საჭურჭლის მ-ს კი ძვირფასეულობის მიღება-პატრონობა და მისი საჭურჭლეში დაცვა ებარა. მეღვინეთუხუცესის მ-ს ევალებოდა, როგორც ჩანს, საძღვნე ღვინის გასავალ-შემოსავლის ანგარიში, რომელიც „საანგარიშოთა“ გოდორსა შინა ინახებოდა. მისი სარგო ყოფილა - „თითო უმცროსი ჭური ღვინო ზვართაგან“. ამრიგად, მ-ის საქმიანობა სანახევროდ მცველის და სანხევროდ ფისკალურ-სამეურნეო საქმიანობას ითავსებდა. XVII-XVIII სს-ში მ-ს თავლიდარი (იხ.) ჩაენაცვლა.
სურგულაძე
მუშრიბი - (არაბ. mušrif - ზედამხედველი, მეთვალყურე, მწერალი). ისლამურ ქვეყნებში მ-ს, უპირველესად, ევალებოდა სასახლის ქონებისა და შემოსავლების აღწერა, ამასთნავე, სასახლის მოხელეებზე ინფორმაციის შეკრება და უმაღლესი ხელისუფლისათვის მოხსენება. ნიზამ ულ-მულქის თანახმად, ყველას, ვინც ინიშნებოდა მაღალ თანამდებობაზე, უნდა ჰყოლოდა მისთვის საიდუმლოდ მიჩენილი მ., რომელსაც რეგულარულად უნდა მიეწოდებინა სულტნისათვის ინფორმაცია მოცემული თანამდებობის პირის საქმიანობის და მდგომარეობის შესახებ. ქართულ სინამდვილეში მ., ისევე, როგორც ქალაქური სამოხელეო წყობისათვის დამახასიათებელი სხვა ტერმინოლოგია, არაბთა ბატონობის პერიოდში შემოდის. ერთიან ქართულ მონარქიაში მ. როგორც ფინანსებთან დაკავშირებული მოხელე, მეჭურჭლეთუხუცესის (იხ.) უწყებაში შედიოდა. როგორც ჩანს, მ. დამაკავშირებელი რგოლი იყო სამეფოს კარის ცენტრალურ უწყებასა და ქალაქის სამოხელეო აპარატს შორის. მ-ის მოვალეობას შეადგენდა ქალაქში შემოტანილი სავაჭრო საქონლისა და ნავაჭრის აღნუსხვა, აკრეფილი ბაჟისა და სხვა სავაჭრო გადასახადების მეჭურჭლეთუხუცესისათვის (იხ.) ჩაბარება. „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, მ-ს ქალაქური საქონლის ნაწილი (სამეფო ძღვენი, სანელებლები, მასტაკი) სხვა „უხუცესებისათვისაც“ (როგორც ჩანს, მუქიფებისათვის (იხ.) და სამზარეულოს ზედამდგომთათვის) უნდა მიერთმია. მ. ისტორიულ საბუთებში ჩანს XV ს-იდან. საქალაქო ცხოვრების დაცემასთან ერთად ამ დროს მისი ფუნქციები აშკარად შეკვეცილი ჩანს, ამიტომ მ. ზოგჯერ კარის მწიგნობრის ფუნქციასაც ასრულებს. მ-ის სინონიმია მწერალი (საბუთების შემდგენი). ამ დროის საბუთებიდან ცნობილია ქალაქის (თბილისის) და გორის მ-ები. მ-ის სარგო იყო მამული, რომელსაც მეფისაგან სამსახურის სანაცვლოდ იღებდა. გარდა ამისა, ქალაქის მ-ის სასარგებლოდ დაწესებული ყოფილა გადასახადი. „დასტურლამალის“ მიხედვით, ქალაქის ერთ-ერთ საბაჟო გადასახადს „მუშრიბანა“ ეწოდებოდა. XVI-XVIII სს-ის მასალების მიხედვით, მ-ების ძირითადი საქმიანობა ანგარიშწარმოება იყო. ამ სახელოს ვხვდებით სხვადასხვა დაწესებულებაში (სალარო, ქარხანა), სადაც კი საფინანსო დოკუმენტების შედგენა იყო საჭირო. მ-ის ჯამაგირი, სარგო და წილი განისაზღვრებოდა მისი სამუშაო ადგილისა და შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
მუშრიბები. XV-XVIII სს.
წირქვალელისძე რატი - მ. 1453-[1476] წწ.
სუმბატ ურდოველასშვილი - სამეფო სალაროს მ. და მწიგნობარი 1417 წ.
ურდოველა - სამეფო სალაროს მ. 1429 წ.
თავაქალასშვილი სადათერ - სამეფო კარის მწიგნობარი და მ. 1491 წ.
ყორღანაშვილი იარალი - სამეფო სალაროს მ., მდივან-მწიგნობარი 1622-1643 წწ.
ყორღანაშვილი პაატა - სამეფო სალაროს მ. 1626 წ.
ყანდურაშვილი ფირალ - სამეფო სალაროს მ., მწერალი, მწიგნობარი 1636-1657 წწ.
ფარყუზათაშვილი სულხან - სამეფო სალაროს მ. 1645 წ.
ყანდურაშვილი დავით - სამეფო სალაროს მ., მდივან-მწიგნობარი 1681-1690 წწ.
ყორღანაშვილი გიორგი - სამეფო სალაროს მ. 1723-1743 წწ.
ბაინდურასშვილი ავთანდილ - სამეფო სალაროს მ., მწიგნობარი, მდივანი 1736-1743 წწ.
ყორღანაშვილი დავით გიორგის ძე - სამეფო სალაროს მ. 1764 წ.

მწიგნობარი - მმართველობის ცენტრალური აპარატის მოხელე, სამეფო სიგელებისა და სხვადასხვა შინაარსის იურიდიული აქტების შემდგენი. მ-ები წარმოადგენდნენ სამეფო ოჯახის „საკუთართა“, ე.წ. ხელშინაურ მოხელეთა წრეს, უმეტეს შემთხვევაში, მიეკუთვნებოდნენ სასულიერო წოდებას. მ-ებს ჰქონდათ იურიდიული განსწავლულობა, რაც აუცილებელი იყო სამეფო კარის სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების შინაარსობრივად გამართვისათვის და სათანადოდ გაფორმებისათვის. ამასთანავე, მ-ები შესანიშნავად ფლობდნენ კალიგრაფიულ ხელოვნებას. მინიშნებები მწიგნობართა არსებობის შესახებ ქართლის მეფეთა (ასევე, ერისმთავართა) კარზე VI ს-დან მოგვეპოვება. მაგ., შიო მღვიმელის სასწაულთა „თხრობაში“ სტეფანოზ ერისმთავარმა მღვიმის მონასტრისათვის აგარაკთა შეწირვის მიზნით „მოუწოდა ... მწიგნობარსა თვისსა“ და უბრძანა მას, რათა დაეწერა „ქარტა“ ორი რჩეული სამეფო დაბის მონასტრისათვის შეწირვის თაობაზე. ადრეულ შუა საუკუნეებში მ-ები უნდა ჰყოლოდათ ცალკეული სამეფო-სამთავროების მმართველებს, მაგრამ რამდენად იყო მ-თა უწყება ინსტიტუციურად ჩამოყალიბებული, უცნობია. „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში“ მოხსენიებული დავით კურაპალატის კარის მოხელე - „მწერალთა ზედა მთავარი“, საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ამ თანამდებობაში მერმინდელი „მწიგნობართუხუცესი“ იგულისხმება, თუმცა XI ს-მდე საბუთთა მოუღწევლობის გამო მათი ვინაობა უცნობია. საქართველოს გაერთიანების (XI ს.) შედეგად სამეფო კანცელარიის მნიშვნელობა და სამუშაოს მოცულობა გაიზარდა, რამაც გამოიწვია მ-თა რაოდენობის მატება და მათი გაერთიანება ერთ უწყებაში. XI ს-იდან მ-თა გარდა, წყაროებში მოიხსენიება მწიგნობართუხუცესიც, რომელიც სამეფო კარზე მეფის უახლოესი მრჩეველი და პირადი ნდობით აღჭურვილი მოხელე იყო. იგი უძღვებოდა მ-თა საქმიანობას (ცნობილია ბაგრატ IV-ის თანამედროვე და ღრტილას კრების მონაწილე მწიგნობართუცესი ეფთვიმე გრძელი, აგრეთვე 1085 წ. გადაწერილი „საწელიწდო-საწინასწარმეტყუელოს“ (ხეც, A-192) ანდერძში მოხსენიებული პეტრე, იგივე პეტრიკ პატრიკი, ვესტი და მწიგნობართუხუცესი).
XII ს-ის დასაწყისში ერთმანეთს შეერწყა მწიგნობართუხუცესის თანამდებობა და ჭყონდიდლობა. მის უწყებაში შედიოდნენ საწოლის მწიგნობარი (იხ.) და სხვა რიგითი (24) მ-ები. გარდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლისა (იხ.), მ-ები ემსახურებოდნენ სასახლის ყველა მნიშვნელოვან დაწესებულებას (საწოლი, სალარო, საჭურჭლე, ზარადხანა), სადაც მათ უწევდათ თავიანთი მოვალეობების შესრულება, მეფის ბრძანება-განკარგულებების ჩაწერა, სასამართლო აქტებისა თუ საუწყებო ანგარიშების შედგენა. მ-ებს ჩანაწერები უნდა შეედგინათ ზეპირი მოსმენების საფუძველზეც, რაც განსაკუთრებულ სიზუსტეს და განსწავლულობას მოითხოვდა. მ-თა შორის არსებულ იერარქიას გამოხატავს „ხელმწიფის კარის გარიგების“ ცნობა, რომ ხუთი ფურცელი ქაღალდი ყოველდღიურად ეძლეოდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს, სამი - საწოლის მ-ს და ორი - ზარდახნისას. დანარჩენ მ-ებს თითო-თითო ფურცელი ურიგდებოდათ. შესასრულებელი სამუშაო მ-თა შორის გადანაწილებული იყო კომპეტენციებისა და სირთულის მიხედვით. შეწირულების და წყალობის სიგელებს, დადგენილებებს, ბრძანება-განკარგულებებს და სასამართლო გადაწყვეტილებებს საწოლის მ. წერდა როცა სიგელის ადრესატი კერძო პირი იყო, იგი იხდიდა საფასურს, ე.წ. „ქრთამს“, რომელიც უფროს-უმცროსობის მიხედვით წილობრივად ნაწილდებოდა მ-თა შორის. მ-ები ესწრებოდნენ დიდ დარბაზობას, სადაც ისინი თავიანთი სამოხელეო ინსიგნიით - იღლიაში ამოდებული საწერლით უნდა გამოცხადებულიყვნენ. აქ ერთმანეთის გვერდი-გვერდ უნდა მდგარიყვნენ საწოლისა და ზარადხანის მ-ები, ხოლო დანარჩენი მ-ები მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის გასწვრივ მწკრივდებოდნენ. XV ს-დან ტერმინ მ-ის პარალელურად იხმარება არაბულსპარსული მდივანი (იხ.) ან კომპოზიტი მდივანმწიგნობარი.
სამეფო კარის მწიგნობრებიმდივანმწიგნობრები / მდივნები. XI-XV სს.
იოვანე - ბაგრატ IV-ის კარის მ. 1057/1058 წ. (ქისკ 1984: 37).
იაკობ იწრელისძე - თამარ მეფის მ. 1195/1196 წ. (ქისკ 1984: 101).
მიქაელ კატარაწისძე - გიორგი ლაშას მ. 1207/1208-121 წწ. (ქისკ 1984: 106, 110).
მაჩხოიტისძე იოანე - სეფის მ. 1259 წ. (ქისკ 1984: 141).
იოანე - ჭყონდიდლის მ. XIII ს. (ქისკ 1984: 191).
უგანოისძე იაკობ - დავით VIII-ის მ. 1297/1298 წ. (ქისკ 1984: 184).
ავგაროზისძე აბრაჰამ - გიორგი V-ის მ. 1338 წ. (ქისკ 2013: 38).
ჩაკურასშვილი ბოცო - გიორგი V-ის მ. 1339 წ. (ქისკ 2013: 39).
მაჩრიტისძე დავით - გიორგი V-ის მ. 1345 წ. (ქისკ 2013: 42).
ნიკოლაოზ - მანგლელის ძე, ანდრონიკე მეფის მ. 1348 წ. (ქისკ 2013: 45).
გიორგი ეგანოისძე - დავით IX-ის მ. 1355 წ. (ქისკ 2013: 47).
ჭურისძე - დავით IX-ის მ. 1365 წ. (ქისკ 2013: 48).
იოსებ უჯარმელი - სამეფო კარის წინამძღვარი და მ. 1365 წ. (ქისკ 2013: 52).
თავკბითასძე მახარებელი - გიორგი VII-ის მეფის მ. 1387, 1401 წწ. (ქისკ 2013: 58, 83, 86).
კეტასძე დემეტრე - გიორგი VII-ის მ. 1393 წ. (ქისკ 2013: 62).
ბასილისშვილი იოსებ - სეფის მ. 1393, 1399 წწ. (ქისკ 2013: 66, 69).
მარკოზისშვილი დემეტრე - სამეფო კარის მ. 1408-1428 წწ. (ქისკ 2013: 81, 91, 101, 115, 119, 126, 129, 136, 152).
ბეთლემისძე სოკრატ - ალექსანდრე I-ის მ. 1417 წ. (ქისკ 2013: 122).
კაკლაჩასძე კლიმი - ალექსანდრე I-ის კარის მესტუმრე და მ. 1425-1448 წწ. (ქისკ 2013: 140, 154, 157, 160, 162, 165, 169, 173, 184, 187, 191, 193, 197, 199, 202, 218; ქისკ 2014: 15, 45).
ქადაგის ძე ვიგრი - ალექსანდრე I-ის მ. 1439 წ. (ქისკ 2013: 210, 220, 223, 226, 232, 23).
წირქუალელი გლონისთავაძე რატი - გიორგი VIII-ის მ. და მუშრიბი. 1451-1476 წწ. (ქისკ 2014: 58, 68, 87, 94, 112, 170, 215).
გობირახისძე გაბრიელ - სამეფო კარის ხუცესი და მ. 1453 წ. (ქისკ 2014: 66).
ზაქარია თუმანიშვილი - გიორგი VIII-ისა და კონსტანტინე II-ის კარის მ. 1454-1487 წწ. (ქისკ 2014: 84, 152, 168, 274).
ბარაქსაძე გიორგი - გიორგი VIII-ის კარის მ. 1457 წ. (ქისკ 2014: 92).
ჯორაშვილი გაბრიელ - გიორგი VIII-ის კარის მ. და ჯვარისმტვირთველი 1460 წ. (ქისკ 2014: 116).
იათორიძე/იათორისშვილი ვარსიმე - გიორგი VIII-ისა და ალექსანდრე I კახეთის მეფის კარის მ. 1463-1479 წწ. (ქისკ 2014: 131, 243, 247).
დავით - ბაგრატ ქართლ-იმერეთის მეფის (VI) კარის მ. 1467 წ. (ქისკ 2014: 166).
თუმანიშვილი მურად - ბაგრატ ქართლ-იმერეთის მეფის (VI) კარის მ. 1468 წ. (ქისკ 2014: 172).
ნურბული ანდრონიკე - კონსტანტინე II-ის მ. 1472 წ. (ქისკ 2014: 205).
ფილიპე - კონსტანტინე II-ის (იმერეთში) მ. 1486-1488 წწ. (ქისკ 2014: 271).
ფახრიშვილი ანდრონიკე - კონსტანტინე II-ის მ. 1488 წ. (ქისკ 2014: 281).
თავაქალაშვილი სადათიერ - კონსტანტინე II-ის კარის მ., მუშრიბი, მესტუმრე. 1491 წ. (ქისკ 2014: 286; მისი მემკვიდრეები იმერეთის მეფეების მ-ები ხდებიან).
კედელაშვილი საბა - კარის მ.1494 წ. (ქისკ 2014: 306).
 სამეფო კარის მწიგნობრები/მდივანმწიგნობრები/მდივნები. XVI ქართლი
თუმანიშვილი მანუჩარ - სამეფო კარის მ. 1512-1530 წწ. (ქისკ 2016: 45, 117).
ესტატე - სამეფო კარის მ. 1526 წ. (ქისკ 2016: 106).
იორდანე - სამეფო კარის მ. 1540-1553 წწ. (ქისკ 2016: 157, 216).
ათანასე - სამეფო კარის მ. 1542 წ. (ქისკ 2016: 169).
თუმანიშვილი დავით - სამეფო კარის მ. 1546 წ.(ქისკ 2016: 185).
თუმანიშვილი მირველ - სამეფო კარის მ. 1537/1538 წ. (ქისკ 2016: 153).
ათილასშვილი სუმბათ - სამეფო კარის მ. 1543 წ. (ქისკ 2016: 173).
ზებედე - მთავარდიაკონი. სამეფო კარის მ. 1552 წ. (ქისკ 2016: 215).
ბარნაბე წინამძღვარი - სამეფო კარის მ. 1561-1567 წწ. (ქისკ 2016: 249).
ხერხეულიძე/აღათანგელისძე ნავროზ - სამეფო კარის მ. 1566-1580 წწ. (ქისკ 2016: 266, 301, 306, 307, 315, 318, 319).
თუმანიშვილი შაჰველ - სამეფო კარის მ., ვაზირი. 1581-1591 წწ. (ქისკ 2016: 311, 327, 329, 411, 413).
რევიშვილი ზილფიყარ - სამეფო კარის მ. 1583-1618 წწ. (ქისკ 2016: 343, 346, 370, 373, 382, 386, 388, 407, ქსის 1955: 19.32, 37; პალ 2007: 65)
აბაშიძე ესტატე - სამეფო კარის მ. 1586-1612 წწ. (ქისკ 2016: 362, 365, 366, 371, 409, 416, პალ 1991: 49).
თუმანიშვილი ნასრია - სამეფო კარის მ. 1595-1624 წწ. (ქისკ 2016: 436; პალ 1993: 353).
                          სამეფო კარის მწიგნობრები/მდივნები. XVII ქართლი
რევიშვილი ქუმსი - სამეფო კარის მ. 1608-1611 წწ. (პალ 2007: 66-67)
მარტიროზიშვილი ავთანდილ (I) - სამეფო კარის მ., მდივანთუხუცესი, დედოფლის მ. 1610-1656 წწ. (პალ 2007: 69-70; ქსის 1955: 147, 218, 225).
ოქრუაშვილი შერმაზან - სამეფო კარის მ. (1627-1633 წწ. სს 1899: 480; ქსის 1955: 63, 64, 68, 70, 75, 79, 94; პალ 2004: 351).
ყორღანაშვილი პაატა - სამეფო კარის მ. 1626 წ. (ქსის 1955: 73).
თუმანიშვილი გორჯასპ - სამეფო კარის მ. 1626-1678 წწ. (პალ 1993: 340).
თუმანიშვილი მანუჩარ - მერიქიფეთუხუცესი 1626-1628 წწ.; მორდარი 1638-1666 წწ.; სამეფო კარის მ. 1670 წ. (პალ 1993: 349-353).
თუმანიშვილი ბირთველ - სამეფო კარის მ. 1626-1664 წწ. (ქსის 1955: 88, 91, 114, 118, 123, 172, 174, 190, 215; პალ1993: 327-333).
ყანდურალიშვილი ფირალ - სამეფო კარის მ. 1630-1662 წწ., სალაროს მუშრიბი 1636-1657 წწ. (ქსის 1955: 82, 83, 174, 190, 215, 291, 295, 297; ქსოის 1984: 31; პალ 2015: 16-17).
ყორღანაშვილი მერაბ - სამეფო კარის მ. 1633-1672 წწ. (ქსის 1955: 107, 112, 121, 123, 139, 162, 182, 188; ქსოის 1984: 23; პალ 2015: 61-65).
მარტიროზიშვილი შალვა - სამეფო კარის მ. 1634-1673 წწ. (პალ 2004: 73-74; ქსოის 1984: 21).
სვიმონ - სამეფო კარის მ. 1952 წ. (პალ 2007: 167).
ყორღანაშვილი შაველ - სამეფო კარის მ. 1655-1658 წწ. (ქსის 258, 64, 281; ქსოის 1984: 25; პალ 2015: 78-79).
თუმანიშვილი გიორგი (ბირთველ II-ის შვილი) - სამეფო კარის მ. 1653-1679 წწ. (პალ 1993: 338-340; ქსის 1955: 241, 327).
მარტიროზისშვილი სულხან - სამეფო კარის მ. 1658-1660 წწ. (ქსის 1955: 273; პალ 2004: 73).
თუმანიშვილი პაპუა - სამეფო კარის მ. 1662-1673 წწ. (პალ 1993: 357).
ყორღანაშვილი იარალი - სამეფო კარის მ. 1663-1697 წწ. (პალ 2015: 58-59).
ფეშანგ - სამეფო კარის მ. 1664-1666 წწ. (პალ 2007: 307).
მარტიროზისშვილი ბეგთაბეგ - სამეფო კარის მ. 1664-1697 წწ. (ქსის 302, 304; პალ 2004: 70-72).
მარტიროზიშვილი ზაქარია - სამეფო კარის მ. 1664-1688 (პალ 2004: 72-73). 
მარტიროზიშვილი ფარსადან - სამეფო კარის მ. 1664-1692 წწ. (პალ 2004: 73).
თუმანიშვილი ზურაბ - სამეფო კარის მ. 1665-1699 წწ. კახთ მ. 1673-1678 წწ. (პალ 1993: 345-347).
მანდენაშვილი როსტევან - სამეფო კარის მ. 1660-იანი-1688 წწ. (პალ 2004: 46-47; ქსის 1955: 326).
როსტევანაშვილი ქაიხოსრო - ერეკლე I-ის მ. 1670-1700 წწ. (პალ 2007: 77).
თუმანიშვილი სულხან - ქართლის სამეფო კარის მ. 1673-1684 წწ. (ქსის 1955: 318, 330, 333; პალ 1993: 357-358).
თუმანიშვილი ესტატე - სამეფო კარის მ. 1689-1693 წწ. (ქსის 1955: 393; პალ 1993: 342-343).
ნაკოლოფაშვილი ბეჟან - ქართლის სამეფო კარის მ. 1688-1693 წწ. (პალ 1993: 133).
მარტიროზისშვილი ავთანდილ (II) - სამეფო კარის მ. 1694-1695 წწ. (პალ, III, 70)
ენაკოლოფაშვილი ფარემუზ - ქართლის სამეფო კარის მ. 1696-1699 წწ. (პალ 1993: 134)
ფეშანგიშვილი დავით - ქართლის სამეფო კარის მ. 1688-1699 წწ. (ქსის 1955: 392; პალ 2007: 308; პალ 1993: 46).
დათუაშვილი - ერეკლე I-ის მ. 1693 წ. (პალ 1993: 38).
ხუცია - სამეფო კარის მ. 1689-1693 წწ. (ქსის 1955: 343).
ფირალისშვილი დავით - ნაზარალი-ხანის მ. 1697 წ. (პალ 2007: 314).
თუმანიშვილი გივი - სამეფო კარის მ. 1681-1723 წწ., წედისის მოურავი 1688 წ. (პალ 1993: 333-338; ქსის 1950: 340, 341, 350, 353, 383, 385, 406, 425; დსსი 1940: 201; გიდ 2008: 107, 151, 175).
თუმანიშვილი ოთარ - სამეფო კარის მ. 1682-1703 წწ. (პალ1993: 354-357)
შალიკაშვილი ედიშერ - სამეფო კარის მ. 1693-1703 წწ.; დედოფლის მ. 1695-1696 წწ.; მეფის ქარხნის ნაზირი 1696-1703 წწ.; იბრეიმ-ფაშას მ. 1723 წ. (ქსის 1955: 363; პალ 2015: 10-110; სეა: 1450-17/76; 1450-26/159)..
ჯავახიშვილი დავით - სამეფო კარის მ. 1697-1732 წწ. (ქსის 1955: 386; სეა: 1448-1549; 1450-47/ 14; გიდ 2008: 191).
             სამეფო კარის მწიგნობრები/მდივანმწიგნობრები/მდივნები XVIII ქართლი
თუმანიშვილი გივი - სამეფო კარის მ. 1710 წ. (ქსის 1955: 425)
ჯავახიშვილი გიორგი - სამეფო კარის მ. 1721-1743 წწ. (მსეი, 1953: 14-15, სეა, 1448-5426; ხეც, Hd-10154; დსსი 1940: 249-250; მსეი 1953: 14, 15).
შანშეან-მარტიროზიშვილი ბეგთაბეგ - სამეფო კარის მ. 1721-1743 წწ. (მსეი 1953: 14; ქსძ 1970: 705; ხეც Hd-978; სეა, ფ. 1450, დ. 27, ს. 119; დსსი 1940: 254-255; მსეი 1953: 14).
თუმანიშვილი ბირთველ (III) - სამეფო კარის მ. 1723-1735 წწ. (ხეც: Ad-15141, Qd-8569; სეა: 1449-1073; 1449-636).
შარმაზან - სამეფო კარის მ. 1723 წ. (1450-37/231).
კავკასიძე მელქისედეკ - სამეფო კარის მ. 1725-1734 წწ. ხეც: Hd-11345, Hd-14852ა; სეა: 1448-. 105; 1450-47/ 122; 1449-268).
შანშეან-მარტიროზიშვილი ყარან - სამეფო კარის მ. 1725-1742 წწ. (სეა: 1450-34/117; 1448-5014; ხეც: Hd-2745; Hd-14290; დსსი 1940: 294-295).
თაქთაქიშვილი სულხან - სამეფო კარის მ. 1725-1734 წწ. (სეა, 1450-34/ 117; ხეც, Hd-14852ბ).
აბაზაძე ბეჟან - სამეფო კარის მ. 1727 წ. (სს 1909: 338-339).
პაატა - სამეფო კარის მ. 1732 წ. (ხეც: Sd-253ა, Hd-1026, სეა, 1450-48/58).
აბრამიშვილი იესე - სამეფო კარის მ. 1735 წ. (ხეც, Qd-1026; სეა, 1450-48/58).
ვახუშტი - სამეფო კარის მ. 1735-1737 წწ. წ. (ხეც: Hd-2388; Hd-9685; Hd-9685; დსსი 1940: 268-269).
თუმანიშვილი ეგნატი - მ. 1735 წ. (ხეც, Qd-167).
თუმანიშვილი გორჯასპ (II) - სამეფო კარის მ. 1735-1769 წწ. (ხეც: Ad-386; Hd-10123; Hd-10038; Hd-10284; Hd-14522; Sd-203; Sd-1706; სეა: 1448-3514; 1450-25/36; დსსი 1953: 255; გიდ 2008: 374).
კავკასიძე ეფრემ - სამეფო კარის მ. 1736 წ. (Qd-10654).
ბაინდურაშვილი ავთანდილა - მ., მუშრიბი; 1736-1743 წწ. (ხეც Hd-3816; Hd-491; სეა: 1448-79; 1450: .1/135; 1450-14/ 26; 1449-50-13/43; დსსი 1940: 294-295).
თუმანისშვილი დემეტრე - სამეფო კარის მ. 1739 წ. (სეა: 1448-158).
ფარემუზაშვილი პაპა - სამეფო კარის მ. 1741 წ. (სეა: 1450-1/9, 1450-1/ 11.).
თუმანიშვილი ოთარ - სამეფო კარის მ. 1737-1769 წწ. (სეა, 1450-4/261; ხეც: Hd-1875; Ad-1421; Qd-531; ТКПФ 1989: 83; ქსის 1955: 453).
შანშეან-მარტიროზიშვილი სულხან (ბეგთაბეგის ძე) - სამეფო კარის მ. 1752-1770 წწ. ფეშქაშნავისი 1770 წ. (სეა, 1448-125; 1448-2917; ხეც: Qd-168; Qd-7019, Qd-196; დსსი 1940: 317-318).
თუმანიშვილი ედიშერ - 1763-1768 წწ. (ხეც, Sd-1748; სეა, 1448-1282).
შანშეან-მარტიროზიშვილი ბეგთაბეგ - სამეფო კარის მ. 1765 წ. (ხეც, Qd-8586).
თუმანიშვილი დავით - სამეფო კარის მ. 1771 წ. (გიდ 2008: 447)
ჯავახიშვილი დავით - სამეფო კარის მ. 1766-1771 წწ. (ხეც, Qd-806).
იესე - სამეფო კარის მ. 1768 წ. (სეა, 1448-1282).
     სამეფო კარის სამეფო კარის მწიგნობრები/მდივანმწიგნობრები. XV-XVIII სსკახეთი
ლაჟვარდისძე დანიელ - სამეფო კარის მ. 1464 წ. (ქისკ 2014: 139).
იათორიძე/იათორისშვილი ვარსიმე - სამეფო კარის მ. 1479 წ. (ქისკ 2014: 247).
ალმატისშვილი იოანე - სამეფო კარის მ. 1492-[1501] წწ. (ქისკ 2014: 293).
დანიელ - სამეფო კარის მ. 1513 წ. (პალ 1993: 51).
ტიმოთე - სამეფო კარის მ. 1505-1527 წწ. (პალ 2007: 243)
ქემაროზისძე იოანე - სამეფო კარის მ. 1558 წ. (პალ 2007: 364).
მთავარასძე ზურაბ - სამეფო კარის მ. 1560-1570-იანი წწ. (პალ 2004: 165-166)
მათარსი - სამეფო კარის მ. 1577 წ. (პალ 2004: 7).
ჭრელა მირზაშვილი - სამეფო კარის მ. 1597 წ. (პალ 2004: 175).
ლაზარე - სამეფო კარის მ. 1622*[1632] წწ. (პალ 1993: 549).
ნათანაელ - სამეფო კარის მ. 1625-1641 წწ. (პალ 2004: 260)
ოღიაშვილი იოანე - სამეფო კარის მ. 1621-1630 წწ. (პალ 1993: 444; პალ 2004: 354)
დავით - სამეფო კარის მ. 1631-1660 წწ. (პალ 1993: 15)
ელიზბარ - სამეფო კარის მ. 1641-1648 წწ. (პალ 1993: 123).
ლაზარესშვილი იოვანე - სამეფო კარის მ. 1646 წ. (პალ 1993: 550).
ონანა - სამეფო კარის მ. 1656-1692 წწ. სახლთუხუცესი 1690-1703 წწ. (პალ 2004: 328-329.
თამაზ - სამეფო კარის მ. 1664-1692 წწ. (პალ 1993: 277).
თუმანიშვილი ზურაბ - სამეფო კარის მ. 1665-1699 წწ. (პალ 1993: 345-347).
მგალობლისშვილი პეტრე - სამეფო კარის მ.1688 წ-ის ახლო. (პალ 2004: 134)
თუმანიშვილი შიოშ - ნაზარალი-ხანის (ქართლი) მ. 1673-1704 წწ. კახეთის მ. 1703-1716 წწ. (პალ 1993: 361-362; ქსის 1955: 345, 359, 376, 404, 408, 410, 417; ქსოის 1984: 43; გიდ 2008: 49, 99, 277, 281).
თუმანიშვილი გორჯასპ (I) - იმამყული-ხანის (დავით II) მ. 1698-1708 წწ. სეა, 1448-2943, ქსის 1950: 396, 419, 423; სს 1909: 368).
გურგენ - დავით-იმამყული-ხანის მ. 1716 წ.(ქსოის 1984: 42).
ავთანდილ - დავით-იმამყული-ხანის მ. 1720 წ. (ქსის 431).
ონანა - კონსტანტინე-მაჰმადყული-ხანის მ. 1723 წ. (სეა, 1450-32/251).
თუმანიშვილი სულხან - სამეფო კარის მ. 1727-1779 წწ. (ხეც: Ad-386; Ad-1035; Qd-3774; Hd-10123; Hd-10284; Hd-7803, Hd-9703, Hd-5196; ქსის 1955: 440, 442, 447; 1736-1739 წწ. დსსი 1940: 271-272, 266-267; მსეი 1953: 26-27; გიდ 2008: 511).
ზურაბ - სამეფო კარის მ. 1736-1743 წწ. (კაკაბაძე 1913: 55-60; სეა, 1449-2592; ხეც, Ad-2244).
   სამეფო კარის სამეფო კარის მწიგნობრები/მდივანმწიგნობრები. XV-XVIII სსიმერეთი
გიორგი მოლაზონისძე - სამეფო კარის მ. 1432 წ. (პალ 2004: 206)
ნიკოლოზ - სამეფო კარის მ. 1446 წ. (ქისკ 2014: 31).
კახაბერისძე - სამეფო კარის მ. 1455-1459 წწ. (ქისკ 2014: 89).
იოვაკიმე - ალექსანდრე II იმერეთის მეფის მ. 1484-1510 წწ. (ქისკ 2014: 264).
თავაქალაშვილი ალადად - ალექსანდრე II იმერეთის მეფის მ. 1497 წ. (ქისკ 2014: 318).
თავაქარაშვილი ზურაბ - სამეფო კარის მ. 1527 წ. (პალ 1993: 265).
თავაქარაშვილი მირველ - სამეფო კარის მ. 1558 წ. (პალ 1993: 264).
თუმანიშვილი ელიზბარ - სამეფო კარის მ. 1570 წ. (პალ 1993: 341).
თავაქარაშვილი აღასი - სამეფო კარის მ. 1568-1573 წწ. (პალ 1993: 264).
თავაქარაშვილი ხმაფილანდრო - სამეფო კარის მ. 1601 წ. (პალ 1993: 266).
თავაქარაშვილი თაყა - სამეფო კარის მ. 1610 წ. (პალ 1993: 265).
თავაქარაშვილი პაატა - სამეფო კარის მ. 1627-1639 წწ. (პალ 1993: 265-266).
თავაქარაშვილი მამუკა - სამეფო კარის მ. 1628-1639 წწ. (პალ 1993: 265).
თავაქარაშვილი ხოსინა - სამეფო კარის მ. 1639-1646 წწ. (პალ 1993: 266).
ფეშანგ - სამეფო კარის მ. 1641-1664 წწ. (პალ 2007: 307).
გიორგი ქართველი“ (აქქართლელი) - 644-1660 წწ. (პალ 1991: 651).
თავაქარაშვილი ბაქარ - სამეფო კარის მ. 1658 წ. ახლო. (პალ 1993: 265).
თავაქარაშვილი ბეჟია - სამეფო კარის მ. 1677-1680 წ. (პალ 1993: 265).
თავაქარაშვილი ხუცია - სამეფო კარის მ. 1660-1673 წწ. (პალ 1993: 266).
თავაქარაშვილი ასლან - სამეფო კარის მ. 1663-1697 წწ. (პალ 1993: 264).
თავაქარაშვილი პატა - სამეფო კარის მ. 1678-1685 წწ. (პალ 1993: 266).
თავაქარაშვილი ელიზბარ - სამეფო კარის მ. 1685 წ. (პალ 1993: 265).
თავაქარაშვილი ბეჟან - სამეფო კარის მ. 1685 წ. (პალ 1993: 266).
თავაქარაშვილი ასლან - სამეფო კარის მ. 1690-1697 წ. (სეა, 1449-61; ხეც, Hd-503).
გურგენ - სამეფო კარის მ. 1683-1697 წწ. (პალ 1991: 746).
ადამიძე სოლომონ - სამეფო კარის მ. 1698-1701 წწ. (ხეც, Sd-631).
სურგულაძე
მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი - უმაღლესი საკარისკაცო თანამდებობა XII-XIII სს-ების საქართველოს სამეფო კარზე. შეიქმნა დავით აღმაშენებლის (1089-1125) მეფობის დროს ცენტრალური აპარატის ადმინისტრაციული რეფორმის შედეგად. მ. ჭ-ობა, ჩვეულებრივ, ეპყრა ბერმონაზვნური ფრთის წარმომადგენელ საეკლესიო პირს, რომელიც მწიგნობართუხუცესობასთან ერთად სხვადასხვა დროს ფლობდა რამდენიმე მნიშვნელოვან კათედრას (ჭყონდიდი, ბედია, ალავერდი, სამთავისი, აწყური). მ. ჭ-ები ატარებდნენ „ქრისტეს სწორის“ და პროტოიპერტიმოსის საპატიო ტიტულებს. „ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, მ. ჭ. კათალიკოსი და მოძღვართ-მოძღვარი ერთნაირი პატივით სარგებლობდნენ. დიდ დარბაზობაზე მ. ჭ. პირველი ეთაყვანებოდა მეფეს, შემდგომ უკვე მეფე მიაგებდა სათანადო პატივს ფეხზე წამოდგომითა და „ნოხთა პირსა ზედა“ მის წინაშე თაყვანებით. მხოლოდ ამის შემდეგ მ. ჭ. მეფის მარცხენა მხარეს დაბრძანდებოდა „ნატითა და ბალიშით“.
მ. ჭ. ერთდროულად იყო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მეფის „მამა“. ფაქტობრივად, ის იყო სახელმწიფოში მეორე პირი, რომელიც კოორდინაციას უწევდა სამეფო კარის სამოქალაქო, სამხედრო დ საეკლესიო უწყებების სინქრონულ საქმიანობას. მ. ჭ. მონაწილეობდა საბრძოლო გეგმების შემუშავებაში და თვით სამხედრო ოპერაციებში, დიპლომატიურ საქმიანობაში, ეპარქიათა მესაჭეების შერჩევა-დანიშნვაში. მის უშუალო კომპეტენციაში შედიოდა მართლმსაჯულება, რითაც იგი დაკავებული იყო ყოველი კვირის ორშაბათს. მ. ჭ. ევალებოდა სამეფო დომენის მონასტრებისა და სამღვდელო დასის მეთვალყურეობა და მათზე ზრუნვა (გარდა გელათისა). ამ მრავალფეროვან საქმიანობას მ. ჭ. უძღვებოდა მეფესთან შეთანხმებით და მისი უშუალო ნებართვით. მ. ჭ-ს უშუალოდ ემსახურებოდნენ საწოლისა და ზარდახნის მწიგნობრები, რომელთა დახმარებით იგი ისმენდა საჩივრებს და აღასრულებდა მართლმსაჯულებას. მას, როგორც „მეფის მამას“, უფლება ჰქონდა შესულიყო სამეფო საჭურჭლეში და გაეკონტროლებინა სახელმწიფოს შესავალ-გასავალი. მის წინაშე ანგარიშვალდებული იყვნენ სასახლის დანარჩენი მწიგნობრებიც, რომლებიც სხვადასხვა უწყებაში მსახურებდნენ. მ. ჭ. ამზადებდა სავაზიროს სხდომებს და და თვალყურს ადევნებდა მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას.
მ. ჭ-ად ინიშნებოდნენ სამეფო ოჯახის უახლოესი ვასალური წრიდან გამოსული და მაღალი განსწავლულობის მქონე პირები, რომლებიც მეფის უმაღლესი ნდობით სარგებლობდნენ. ნ. ბერძენიშვილის შეფასებით, მ. ჭ-ის თანამდებობის არსებობა დაემთხვა ქართული სახელმწიფოებრიობის უნაყოფიერეს პერიოდს. მკვლევარები მას ადარებენ დასავლეთ ევროპულ კანცლერს, თუმცა სრულ იდენტურობაზე ლაპარაკი შეუძლებელია. მ. ჭ-ის თანამდებობის დასუსტება დაიწყო XIII ს-ის 10-იანი წლებიდან, თამარის მიერ ათაბაგობის შემოღების შემდეგ, რაც, ფაქტობრივად, მ. ჭ-ის უპირველესი მრჩევლის ფუნქციების გაყოფას მოასწავებდა ათაბაგთან.
როდის გახდა მ. ჭ. სავაზიროს მეთაური, ბოლომდე ცხადი არ არის. ივ. ჯავახიშვილი სავაზიროს არსებობას ვარაუდობდა გიორგი III-ის დროიდან. მ. ლორთქიფანიძე - თამარის დროიდან. შ. მესხიას აზრით, სავაზირო, როგორც დაწესებულება, თამარის მეფობის დასაწყისში ჯერ კიდევ არ არსებობდა. ამ დრომდე მეფის ერთადერთი მრჩეველი (ვაზირი) იყო მხოლოდ მ. ჭ. მისი უკიდურესად ფართო უფლებების გამო შეფარული კონფლიქტის ნიშნები სამეფო კარის სხვა დიდ მოხელებთან იკვეთება XII საუკუნის მეორე ნახევრიდან. ამ თანამდებობასთან შეუთავსებლობას ამჟღავნებდნენ, ერთი მხრივ, ამირსპასალარი და, მეორე მხრივ, კათალიკოსი. ეს ფარული დაპირისპირება მკაფიოდ გამომჟღავნდა თამარის მეფობის პირველ წლებშივე. ამის გამოვლინება იყო მიქაელ კათალიკოსის მიერ მ. ჭ-ის თანამდებობის მიტაცება. თამარს საგანგებო საეკლესიო კრების მოწვევა მოუხდა, რათა კათალიკოსისათვის მ. ჭ-ის თანამდებობა ჩამოერთმია. შ. მესხია მ. ჭ-თან განსაკუთრებული კონფლიქტის საფუძველს ხედავს ამირსპასალართან, რადგან მ. ჭ-ს სამხედრო საქმეებიც ებარა. მისი აზრით, ამირსპასალარის მზარდი პრეტენზიების დასაკმაყოფილებლად შემოიღო თამარმა ათაბაგის ინსტიტუტი. ამიერიდან ათაბაგი მ. ჭ-ს, ერთი მხრივ, ეცილებოდა „მეფის მამობაში“, მეორე მხრივ, სამხედრო უწყების ზედამხედველობაში. მ. ჭ-ის ძალაუფლების ამგვარმა გაყოფამ დასაბამი მისცა ამ თანამდებობის დამცრობას. ამავე ცვლილებას უნდა გამოეწვია მოხელეთა გადაადგილება სამეფო კარზე და სავაზიროს ჩამოყალიბება. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიეღო მ. ჭ-ს ვაზირთა უპირველესის, ანუ ვაზირთუხუცესის (იხ.) წოდება. თამარის მეფობის ბოლო წლებში მ. ჭ-ის ხელში დარჩა სააჯო კარი და საჭურჭლე, სამხედრო უწყება მთლიანად ათაბაგ-ამირსპასალარის ხელში გადავიდა (ივანე მხარგრძელი ერთდროულად ათაბაგიც იყო და ამირსპასალარიც). თამარის შემდგომ, XIII ს-ის 40-იან წწ. კვლავ გვხვდება მ. ჭ-ისა და კათალიკოსის თანამდებობათა შერწყმის ფაქტი, რაც მიანიშნებს, რომ მ. ჭ-ის დამოუკიდებელ არსებობას საფუძველი უკვე მორყეული ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მონღოლთა ბატონობის წლებში ორად გაყოფილ ქართულ სამეფოებში მ. ჭ. ფორმალურად ისევ რჩებოდა სამოხელეო იერარქიის სათავეში. XIII ს-ის ბოლოს ეს თანამდებობა რომ დასავლურქართულ სამეფოშიც არსებობდა, ამას ადასტურებს „ხელმწიფის კარის გარიგება“, რომელიც დასავლეთ საქართველოშია შედგენილი XIII ს-ის მიწურულს. აღმოსავლეთ საქართველოს ვაზირთა უპირველესის წოდებულებაში „ჭყონდიდლობა“ საპატიო ტიტულის სახით იყო შენარჩუნებული, თუმცა მას ჭყონდიდის კათედრაზე ხელი არ მიუწვდებოდა. აღმოსავლეთ საქართველოში XIII ს-ის 60-იანი წლების შემდგომ მ. ჭ. აღარ გვხვდება.
მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლები. XII-XIII სს.
გიორგი - მ. ჭ. დაახლ. 1105-1118 წწ. დავით აღმაშენებლის თანამედროვე და თანამოაზრე; „აღმზრდელი „პატრონისაჲ და თანა-გამკაფელი ყოველთა გზათა და საქმეთა და ღუაწლთა მისთაჲ“. ესწრებოდა რუის-ურბნისის კრებას, რომლის დღის წესრიგი, სავარაუდოდ, მისი მონაწილეობით შედგა. ივანე ორბელთან ერთად იგი ხელმძღვანელობს სამშვილდის აღებას. ასეთივე წარმატებით უძღვება რუსთავის განთავისუფლების სამხედრო ოპერაციას. გიორგი მ. ჭ-ის დისწულს, თევდორეს, ბაღვაშთა განდევნის შემდეგ მეფემ უბოძა თრიალეთი და კლდეკარი. გიორგი მ. ჭ. თან ახლდა დავითს ჩრდილო კავკასიაში, ყივჩაყთა ჩამოსაყვანად მოწყობილ ექსპედიციაში. იგი გარდაიცვალა უკანა გზაზე, ოვსეთში. დაკრძალეს გელათში.
სვიმეონ - გიორგი მ. ჭ-ის დისწული, მ. ჭ 1118-1140-იან წწ-ში. სვიმეონი იყო რიგით მეორე მ. ჭ. ბედიელ-ალავერდელის ხარისხით. შარვანის აღების შემდგომ დავით აღმაშენებელმა მას ერთხანს ჩააბარა ქალაქის გამგებელობა. სვიმეონს მ. ჭ-ს 1241 წ. განუახლებია უბისის ტაძარი და იქვე აღუმართვს მემორიალური სვეტი, რაზედაც იუწყება ამ სვეტზე მოთავსებული წარწერა.
იოვანე - მ. ჭ. XII ს-ის 60-იანი წწ-დან 1179 წ-მდე. გიორგი III-ის თანამედროვე. თამარის ისტორიკოსის ცნობით, 1161 წ. ანისისათვის ბრძოლის წინ გიორგი III-ს თანავაზირობდა იოვანე მწიგნობართუხუცესი და სუმბატ სვიმონ-ქმნილი (ორბელი). გამარჯვების შემდეგ გიორგი მეფემ მას გადასცა ძელი ცხოვრებისა. შესაძლოა, სწორედ ეს იოანე იგულისხმება აღარწინის ქართული წარწერის უსახელო მწიგნობართუხუცესში, რომელიც გიორგი III-სთან ერთად არის მოხსენიებული. როგორც ა. აბდალაძე ვარაუდობს, წარწერაში მათი ერთად მოხსენიება მოსახსენებლის დაწესებას უნდა გულის- ხმობდეს. ერემიანის აზრით, გიორგიმ კაენის ოლქი (რომელშიც აღარწინი შედიოდა), სამეფო დომენს მიუერთა და უშუალოდ მწიგნობარუხუცესის გამგებლობაში მოაქცია (აბდალაძე 2005: 78).
ანტონ გლონისთავისძე - 1177-1184, 1185/6-1204 წწ. წწ. ანტონ გლონისთავისძეს მ. ჭ-ის თანამდებობა ეკავა გიორგი III-ის მეფობის ბოლო წლებში. იგი მოხსენიებულია აღარწინის 1184 წლის წარწერაში გიორგი III-სთან და სარგის ამირასთან ერთად. შ. მესხიას დაკვირვებით, ანტონ გლონისთავისძე „უგვაროთა“ იმ კატეგორიას ეკუთვნოდა, რომელიც გიორგი III-მ ორბელთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ დააწინაურა. სწორედ ამიტომ გიორგის გარდაცვალების უმალ დიდგვაროვანთა ზეწოლით მან დაკარგა თანამდებობა. მის გადაყენებაში დიდი დამსახურება უნდა მიუძღოდეს მიქაელ კათალიკოსს, რომელმაც თამარის ტახტზე ასვლისას მ. ჭ-ობა სხვა კათედრებთან ერთად (სამთავისი, აწყვერი) „მოივერაგა“. ანტონ გლონისთავისძის გადაყენება, შესაძლოა, კავშირში იყოს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დიდებულთა ურთიერთქიშპთან სამეფო კარზე პირველი პოზიციების მოსაპოვებლად. თამარმა მეორედ კურთხევის შემდეგ გამოიხმო იგი გარეჯიდან და აღადგინაა მ. ჭ-ად და ვაზირად. მ. ჭ-ობასთან ერთად მას მისცეს სამთავისი და კისისხევი. ანტონი ვაზირად იხსენიება თამარის დედის გარდაცვალების ეპიზოდში ამირსპასალარ ყუბასართან ერთად. 1194/1195 წ. თამარის შიომღვიმისათვს ბოძებულ სიგელში იგი „ქრისტეს სწორის“ ეპითეტით მოიხსენიება. სიგელში ნათქვამია, რომ ანტონმა გამოიყვანა სხალტბიდან რუ შიომღვიმის მონასტრისათვის, რომლის „მკაზმავად“ თამარმა მონასტერს გლეხები შესწირა. თამარის ბრძანებით, ანტონ მ. ჭ-ს გაუცია შამქორში ლაშქრობის ბრძანება. ბრძოლაში თავად ახლდა ქართველთა ჯარს, მაგრამ „რიდობით მონაზონობისათა არა იჴადა მახვილი და მისრულმან ორითა ყმითა, შემოაქცია სამასი ჯორი და აქლემი“. 1204 წ-ის შემდეგ ანტონის სახელი ქრება წყაროებიდან და 1205-1207 წწ-ში ამ თანამდებობაზე უნდა ყოფილიყო თევდორე.
მიქაელ - ქართლის კათლიკოსი მიქაელ IV 1178-1187 წწ.; მ. ჭ., სამთვისის და აწყურის კათედრების საჭეთმპყრობელი 1184 წ. ამ მაღალი საეკლესიო თანამდებობების მიღება მიქაელ კათალიკოსს მოუხერხებია ანტონ გლონისთავისძის გადადგომის შემდეგ, რაშიც, თამარის მეორე ისტორიკოსის ირიბი მინიშნებებით, მისივე ხელი ერია. ისტორიკოსი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ მ. ჭ-ობა კათალიკოსმა „მოივერაგა“. მიქელ კათალიკოსისა და მ. ჭ-ის შემთხვევა მკაფიოდ ავლენს იმ შეფარულ წინააღმდეგობას, რომელიც მომწიფებული იყო კათალიკოსის ინსტიტუტსა და მ. ჭ-ს შორის. მ. ჭ-ს ფართო უფლებები ჰქონდა ჩარეულიყო საეკლესიო ცხოვრებაში, მას ებარა მრავალრიცხოვანი სამეფო ეკლესია-მონასტრების მეურვეობა, წყვეტდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც იყო ეპარქიების საჭეთმპყრობელთა კანდიდატურების შერჩევა და სხვ. თამარმა მისი მეორედ კურთხევის შემდეგ დააბრუნა ანტონ გლონისთავისძე მ. ჭ-ის თანამდებობაზე, ხოლო ყუთლუ არსლანის გამოსვლის შემდეგ მოწვეულ საეკლესიო კრებზე შეეცადა მიქაელის კათალიკოსობიდან გადაყენებასაც, მაგრამ მღვდელმთავართა უმეტესობამ მიქაელის მხარე დაიჭირა.
თევდორე - მ. ჭ. 1204-1207 წწ-ში. თეოდორე მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის განგებით უთარგმნიათ კარნუ ქალაქიდან ალაფად წამოღებული „წიგნი სააქიმო“. ეს ფაქტი აღნიშნულია ხელნაწერის ანდერძში, სადაც თეოდორე მ. ჭ. და პროტოუპერტიმოსი „ვაზირთა ყოველთა უპირველესად“ მოიხსენიება.
არსენ - კათალიკოსი და მ. ჭ. დაახლ. XIII ს-ის 40-იანი წწ-დან 1248 წ-მდე. დაახლ. 1241 წ. იგი რუსუდან მეფემ დიპლომატიური მოლაპარაკებების საწარმოებლად გააგზავნა ბათუ ყაენთან, სადაც თან ხლებია მგელა აბულახტარისძე. უკან დაბრუნების შემდეგ არსენ მ. ჭ. ამ პირს აძლევს წყალობის სიგელს. იგივე არსენი 1247/1250 წწ-ში ბერად შემდგარა შიომღვიმის მონასტერში. მისი მოთხოვნით გრიგოლ სურამელმა დაუბრუნა მიტაცებული სოფლები შიომღვიმის მონატერს, რაზედაც იუწყება გრიგოლ სურამელის მონასტრისადმი ბოძებული ანდერძი.
ბასილი - მ. ჭ. პროტოუპერტიმოსი, ჭყონდიდელ-უჯარემელი 1250-1265 წწ-ში. სავაზიროს სათავეში ედგა დავით ლაშას ძის (ულუ) მეფობის დროს. მონღოლთა საგადასახადო ტვირთისაგან მიწებდაკარგულ აზნაურთა დასახმარებლად მეფის სიბაზე ყოფნის დროს ბასილი მ. ჭ-ს მისგან დამოუკიდებლად დაუწყია საეკლესიო მიწების გამოწირვა და უმიწოდ დარჩენილი აზნაურობისათვის დარიგება. 1263 წ. გამართულმა საეკლესიო კრებამ მეფეს მოსთხოვა უარი ეთქვა საეკლესიო მიწების გამოწირვაზე. სამეფო ხელისუფლება დათმობაზე არ წავიდა. ივ. ჯავახიშვილის აზრით, ამ ამბებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული ბასილის მიმართ წაყენებული ბრალდებები. მას დაბრალდა მეფის მამულების შემოსავლების მითვისება და მეფის საწოლის შეურაცხყოფა. დავით VII-მ ბასილი გამოუძიებლად და გაუსამართლებლად დასაჯა - „დამოჰკიდეს ძელსა შუა ქალაქსა“. ეს ამბავი მოხდა 1264 წ.
ნაზირი - (არაბ.-სპარს. ნāზერ-მეთვალყურე, ზედამხედველი); ცენტრალური აპარატის მოხელე, სასახლის სალაროს, სამეურნეო დაწესებულებათა და საწყობების გამგებელი. ვახუშტის ცნობით, ეს სახელო როსტომის (1632-1658) დროსაა შემოღებული ეზოსმოძღვრის (იხ.) ნაცვლად. ტერმინი „ნაზირ“ სეფიანთა ირანში უმაღლესი რანგის მოხელის, სასახლის მინისტრის, სუპერინტენდანტის აღმნიშვნლად გამოიყენებოდა. იგი იყო მთავარი ადმინისტრატორი, შაჰის პირველი ეკონომისტი; მას ევალებოდა შაჰის საკუთრებაში შემავალი უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვაც; განაგებდა ასევე, თავლასა და არსენალს. შაჰ-აბას II-ის დროს ნ-ის თანამდებობა დაემცრო და მისი ფუნქციები, თითქმის მთლიანად, დიდ ვეზირს გადაეცა. სულხანსაბას თანახმად, ნ-ის შესატყვისი იყო აბრამადი (იხ.), ქარხნის ნ-ისა - ეზოსმოძღვარი. სხვაგვარი განმარტებით, ნ. იგივე სალაროს ნ. და ქარხნის ეზოსმოძღვარია (ნ. ჩუბინაშვილი). XVII-XVIII სს-ში ნ. სახლთუხუცესს (იხ.) ექვემდებარებოდა. ქართული წყაროების მიხედვით, ამ პერიოდში არსებობდა სალაროს ნ., ქარხნის ნ. და ჩარფა - ნ. სალაროს ნ. პასუხისმგებელი იყო სასახლის სალაროში არსებული ყოველი ნივთის შენახვასა და გაცემაზე, საჭირო ნივთების და პროდუქტის შეძენაზე. ქარხნის ნ. განაგებდა ქარხნებს - საწყობებს, სადაც თავს იყრიდა სამეფოს ყოველგვარი შემოსავალი (ნატურალური მოსაკრებელი მეფის სახასო მამულებიდან, ბაჟის, იჯარის გამოსაღები და სხვ.). ნ-ს მორჩილებაში უნდა ჰყოლოდა თავლიდარი (იხ.) და ამალა. XVII ს-ში ნ-ებს შეთავსებით ეკავათ სხვა სამოხელეო თანამდებობებიც: მეფისა და დედოფლის კარის მდივნობა, სოიბათიასაულობა (იხ.) მათვე სამოურავოდ გადაცემული ჰქონდათ ცალკეული სოფლები. ჩარფა ნ. „ოთხფეხთა ზედამხედველი“ (პ. უმიკაშვილი) იყო. ნ-ები, ცენტრალური აპარატის სხვა მოხელეების მსგავსად, სარგოს გარდა, ულუფასა და ჯამაგირსაც იღებდნენ.
                                                             ნაზირები. XVII-XVIII სს.
გურგენბეგ - სამეფო კარის ნ. 1658 წ.
დემეტრე - სამეფო კარის ნ. 1672 წ. ახლო ხანები.
თაყა - სამეფო კარის ნ. 1683 წ.
ძიძაშვილი შიო - ნ. 1685 წ.
შალიკაშვილი ედიშერ - სამეფო კარის მდივანი, დედოფლის მდივანი, მეფის ქარხნის ნ. 1693-1725 წწ.
თუმანიშვილი ზაალ - სამეფო კარის ნ. 1672-1700 წწ.
შანშიაშვილი ბაინდურ - მეფის ქარხნის ნ. 1682-1693 წწ., სოიბათიასაული 1683-1689 წწ., სამწევრისის მოურავი 1689 წ.
ოთარ - სამეფო კარის ნ. 1696-1700 წწ.
იმამვერდი-ბეგი - ნ., სასახლის სარქარბაში 1715 წ.
ჩობანაშვილი პაპუა - ნ. 1725 წ.
ჰუსეინ-ხან-ბეგი - ნ. 1740 წ.
ოსეფასშვილი ზურაბა - ნ. 1742 წ.
ზალ - სამეფო კარის ნ. 1763-1765 წწ.
ციციშვილი დიმიტრი - სამეფო კარის ნ. 1763 წ.
ედიშერისშვილი დემეტრე - სამეფო კარის ნ. 1764, 1768 წწ.
აბაშიძე ევგენი - სალაროს ნ. XVIII ს-ის მეორე ნახევარი.
შალიკოვი იოანე - ქართლის ნ. XVIII ს-ის მეორე ნახევარი.
გურგენიძე ბარამ - სამეფო კარის ნ. XVIII ს-ის მეორე ნახევარი.
ოთხმიზდური - ადგილობრივი აპარატის (საქვეყნოდ გამრიგე) მოხელე შუა საუკუნეების ერთიან ქართულ მონარქიაში. გვხვდება მხოლოდ XII-XIII სს-ის დასავლეთ საქართველოში გაცემულ სიგელებში და „დიდი სჯულისკანონის“ ქართულ თარგმანში. სიგელებში ტერმინს მოხელეთა ჩამონათვალში უკავია მესამე ან მეორე ადგილი საქვეყნოდ გამრიგე მოხელეთა შორის. ივ. ჯავახიშვილი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ტერმინი, შესაძლებელია, მხოლოდ დასავლეთ საქართველოში ყოფილიყო გავრცელებული. ს. კაკაბაძე დაეყრდნო ტერმინის კომპოზიტურ აღნაგობას (ოთხი მისდი) და ტერმინი განმარტა, როგორც ოთხი მსახურის მეთაური. ი. ანთელავა მას საერისთავოს მეოთხედის ფისკალურ მოხელედ მიიშნევს. „დიდ სჯულისკანონში“ ო. აღნიშნავს საშუალო რგოლის სამხედრო-ადმინისტარაციულ მოხელეს, რომელსაც პოლიციური ფუნქციებიც გააჩნია. ტერმინის ქართულ-ბერძნულ-სომხურ პარალელებზე დაყრდნობით ე. მეტრეველმა გაარკვია, რომ ქართული „ოთხმიზდური“ შექმნილია ბერძნ. ტეტრარქის (ადმინისტარციული ოლქის მეოთხედის მმართველი) ანალოგიით, შინაარსობრივად გამოხატავდა ჯამაგირზე (მიზდი) მყოფ მოხელეს, სამხედრო მეთაურს, რომელსაც ადგილებზე წესრიგის დაცვა ევალებოდა.
სავაზირო - საქართველოს ერთიან სამეფოში ს. წარმოადგენდა სახელმწიფო საბჭოს - მეფესთან არსებულ სათათბირო და მმართველობით ორგანოს სათანადო სამოხელეო აპარატით. ქართულ ისტორიოგრაფიაში ს-სთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული. თვალსაზრისით, რომელიც, ძირითადად, „ხელმწიფის კარის გარიგებას“ ემყარება, ვაზირის, როგორც უმაღლესი უფლებამოსილების მქონე მოხელის წოდება საქართველოში XII ს-ში უკვე არსებობდა და იგი ეკუთვნოდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს (იხ.) ამირსპასალარს, (იხ.) მანდატურთუხუცესს (იხ.) და მეჭურჭლეთუხუცესს (იხ.). შესაბამისად, არსებობდა სავაზიროც; თამარის მეფობის ბოლო წლებში და რუსუდანის ზეობისას მასში ათაბაგი (იხ.) და მსახურთუხუცესი (იხ.) შევიდნენ (ივ. ჯავახიშვილი, ნ. ბერძენიშვილი, დ. გვრიტიშვილი, მ. ლორთქიფანიძე, გ. ოთხმეზური); მეორე თვალსაზრისით, XII-XIII ს-ის პირველ ათწლეულში საქართველოს სამეფო კარზე მხოლოდ მწიგნობართუხუცესი იწოდებოდა ვაზირად, თავად სავაზიროს ჩამოყალიბება კი თამარის მეფობის შემდგომ ხანებში უნდა მომხდარიყო, რაც მნიშვნელოვანწილად უნდა ყოფილიყო განპირობებული ათაბაგის სახელოს დაწინაურებით და ვაზირის სახელოს გაყოფა-დანაწევრებით (შ. მესხია).
მწიგნობართუხუცესის ფუნქციების გაფართოებამ არსობრივად შეცვალა ცენტრალური აპარატის საქმიანობის ფორმა. თუ ადრე ცალკეული უწყების ხელმძღვანელები პირადად მოახსენებდნენ მეფეს მათ საგამგებლო უწყებაში არსებული მდგომარეობის შესახებ, XII ს-ის დასაწყისიდან მთავრობის ფუნქციას ასრულებდნენ „დარბაზის რიგის“ მაღალი თანამდებობის პირები მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის მეთაურობით. ამით ფაქტობრივად საფუძველი ჩაეყარა ცენტრალური მმართველობის მწყობრ აპარატს, რომელიც XIII ს-ის დასაწყისისათვის ს-ს სახით ჩამოყალიბდა.
ვაზირთა რაოდენობის ზრდასთან ერთად გაჩნდა მთავარი უწყებების შეთანხმებული მუშაობისა და ერთიანი პოლიტიკის გატარების საჭიროება. ამ მიზნით შეიქმნა სათათბირო მმართველობითი ორგანო - ს., რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის უზენაესი მმართველის წინაშე ვაზირთა ერთობლივ მოხსენებას მიმდინარე საკითხებზე და მათ შეთანხმებულ მართვას. ს-ში წინასწარ ხდებოდა სხვადასხვა უწყების შესახებ საკითხების განხილვა და ერთიანი პოლიტიკური ხაზის შემუშავება. სახელმწიფო საბჭო უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტდა მეფის „საწოლში“, სადაც „ვაზირობა“ ანუ თათბირი მიმდინარეოდა. „ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, ზუსტად იყო გაწერილი ს. სხდომების ჩატარების ადგილი და წესები, დაცვისა და მომსახურე პერსონალის უფლება-მოვალეობები; ს-ს სხდომას იცავდა ე.წ. „საწოლის მეკრე“ (მესაწოლეთუხუცესის ხელქვეითი მოხელე), რომელიც ხელში არგნით იდგა საწოლის „კარს გარეთ“ და სხდომაზე შეიყვანდა გამოძახებულ პირს („ვისცა უბრძანებენ“).
მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, (იხ.) როგორც უმაღლესი საერო და საეკლესიო მოხელე, „ვაზირთა უპირველესად“ ითვლებოდა, ხოლო ს-ში უფროს-უმცროსობის რიგით შედიოდნენ: ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუხუცესი. სავაზირო სხდომას სათათბირო ხმის უფლების გარეშე ესწრებოდნენ ვაზირთა თანაშემწენი: საწოლის მწიგნობარი, ამილახორი (იხ.) და ამირეჯიბი (იხ.).
მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს, როგორც პრემიერს, ყველა საქმეზე მიუწვდებოდა ხელი, მათ შორის სამხედრო, საფინანსო და საეკლესიო საქმეებზე. ს-ში უწყებების ფუნქციების გათვალისწინებით ცალკე იყო გამოყოფილი „სამთა ვაზირთა“ (ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი) და „ორთა ვაზირთა“ (მეჭურჭლეთუხუცესი, მსახურთუხუცესი) ჯგუფები. „სამთა ვაზირთა“ ჯგუფი დიდი პატივით სარგებლობდა და, სავარაუდოდ, მათ წრეში ხდებოდა ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური, სამხედრო და საშინაო საქმეების განხილვა. შედარებით გვიან შექმნილად მიიჩნევენ „ორთა ვაზირთა“ ჯგუფს, რომელიც, ძირითადად, ქვეყნის საფინანსო და ეკონომიკურ საკითხებს განიხილავდა.
მეფე ს-ს ეთათბირებოდა ისეთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო საქმეების გადასაწყვეტად, როგორიცაა ქვეყნის თავდაცვა, მტერზე ლაშქრობა, ზავის დადება და ა.შ.; „ვაზირობის“ მოწვევა, მისი თავმჯდომარეობა მეფის პრეროგატივა იყო. „ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, „ვეზირობაზე“ ირჩეოდა ომისა და ლაშქრობის საკითხები: ს-ში „ლაშქრობის ვაზირობა“ ამირსპასალარის კომპეტენცია იყო; ასევე განიხილებოდა „ქვეყნის გაცემისა და სამამულოდ შეწყალების“ საკითხები, რაც დაკავშირებული იყო სახელოების ბოძება-ჩამორთმევასთან. უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვაში ყველა ვეზირი მონაწილეობდა, რისთვისაც მათ ეკუთვნოდათ „ქრთამი და სასაურვო“. ს-ს არსებობის სხვადასხვა ეტაპზე მისი, როგორც სათათბირო ორგანოს ძლიერება და კომპეტენცია ყოველთვის ერთნაირი არ იყო. მეფეს, მართალია, შეეძლო ს-ს წინააღმდეგ წასულიყო და საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ ეს იშვიათ შემთხვევაში ხდებოდა.
ს-ში, როგორც მმართველობით ორგანოში, აშკარად შეიმჩნეოდა ცენტრალური საუწყებო დარგობრივი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბების ტენდენციები, მაგრამ მისი განვითარება მოიშალა ერთიანი ქართული სამეფოს დაშლასთან ერთად.
კლდიაშვილი
სარდალი - (სპარს. sardār - ჯარის უფროსი) სამხედრო-ადმინისტრაციული მოხელე, რომელმაც შეცვალა ადრინდელი სპასალარი (იხ.) და სპასპეტი (იხ.). XVI ს-დან ერისთავთა ინსტიტუტის მოშლის შემდეგ ქართული სამეფოების (ქართლი, კახეთი, იმერეთი) სამხედრო ორგანიზაცია ემყარებოდა მსხვილ სამხედრო-ტერიტორიულ შენაერთებს, ე.წ. სადროშოებს, რომელთაც სათავეში ედგნენ ს-ები. ყოველ ქართულ სამეფოში, მსგავსად ერთიანობის ხანისა, მიღებული იყო სამეფოს დაყოფა ოთხ მსხვილ სამხედრო ოლქად - სადროშოდ, რომელთა მეთაურ ს-ს მეფე ამტკიცებდა, რის ნიშნადაც გადასცემდა მათ სასარდლო ინსიგნიებს - დროშასა და ხმალს. ქართლსა და იმერეთში სადროშოს სარდლობა მემკვიდრეობითი თანამდებობა იყო, კახეთში კი სადროშოს სარდლობა ეპისკოპოსებს ებარათ.
ქართლის სადროშოების ს-ები: ქართლის მეწინავე სადროშოს (სომხით-საბარათიანო, იგივე ქვემო ქართლი) უძღვებოდნენ ბარათაშვილები, მოგვიანებით მათივე განაყოფი ყაფლანიშვილ-ორბელიშვილები. მემარჯვენე სადროშოს (შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი) - ამილახვრები, მემარცხენე სადროშოს (შიდა ქართლის ცენტრალური ნაწილი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, არაგვისა და ქსნის ხეობები) - მუხრანბატონები. მეოთხე სადროშო, რომელიც მოიცავდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს თბილისიდან ტაშისკარამდე, სამეფო იყო. მეფის სადროშოზე იყო მიმაგრებული საკათალიკოსო ლაშქარიც, რომელსაც მცხეთის აზნაურები, გედევანიშვილები, ხელმძღვანელობდნენ.
იმერეთის სამეფოში ს-ის თანამდებობა, სავარაუდოდ, 1651 წ-ის შემდგომ უნდა შემოეღოთ, რადგან ამ წლით დათარიღებულ „ფიცის წიგნში“, სადაც იმერეთის სამეფოს ყველა დიდმოხელეა ჩამოთვლილი, ს-ის თანამდებობა არ ჩანს. იმერულ საბუთებში ზემო იმერეთის ს. პირველად მოიხსენიება 1661 წ., რაც იმაზე მიუთითებს, რომ იმერეთში 1651-1661 წწ-ში ჩატარებულა სასარდლოთა სამხედრო-ადმინისტრაციული ოლქების გამოყოფა. ამ დროს უკვე ცალკე სადროშოებს წარმოადგენდა - ზემო მხარი (არგვეთი), ვაკე (ქვემო იმერეთი), რაჭა, ოკრიბა-ლეჩხუმი. თითოეულ სადროშოში სადროშოების ს-ებად აქაც მსხვილი თავადები ინიშნებოდნენ: ზემო მხარის სარდლობა ებარა თავად წერეთელს, ვაკისა - წულუკიძეს, ოკრიბა-ლეჩხუმის - აგიაშვილს, რომელიც მეწინავე ჯარის სარდალად ითვლებოდა; რაჭის - რაჭის ერისთავს. გვიანდელი (XVIII ს. 60-იანი წწ.) მონაცემებით, იმერეთის ჯარებს საერთო მთავარსარდლობას უწევდა ზემო მხარის ს. წერეთელი. ამიტომ ჰქონია წერეთელს ორი დროშა - ერთი მწვანე აბრეშუმისა, რომელზედაც გამოსახული ყოფილა წმ. გიორგი, მეორე - წითელი აბრეშუმისა, რომელზედაც ეხატა ჯვარცმა. სხვა ს-ებს თითო-თითო დროშა ებარათ.
კახეთის სამეფოში სადროშოების ს-ებად ითვლებოდნენ ნეკრესელი ეპისკოპოსი (ე.წ. გაღმა მხარი, იგივე მემარჯვენე სადროშო), რუსთველი ეპისკოპოსი (გარე კახეთი, იგივე მემარცხენე სადროშო), ბოდბელი ეპისკოპოსი (ქიზიყი) და სამეფო (პირდაპირი ცნობები არ მოიპოვება). XVII-XVIII სს-ში ბრძოლის დროს ეპისკოპოსების მაგივრად ხშირად კახეთის თავადები ასრულებდნენ ს-ის მოვალეობას.
ომის შემთხვევაში ს. მთავარსარდლის (მეფის) საბრძოლო გეგმის შესაბამისად ასრულებდა ტაქტიკურ ამოცანებს და საბრძოლო დავალებებს. მას ევალებოდა საბრძოლო ნადავლის ერთი მეხუთედის (ფანჯიექი) მეფის ხაზინაში შეტანა, საკუთარი მოლაშქრის დაჯილდოება თუ დასჯა. ს-ის, როგორც სამხედრო ოლქის გამგებლის, ფუნქციები მხოლოდ სამხედრო მეთაურობით არ ამოიწურებოდა. ს. იყო ადგილობრივი მოხელე, რომელსაც მრავალფეროვანი სამხედრო-ადმინისტრაციული და სამოქალაქო უფლება-მოვალეობანი ჰქონდა. მისი პირდაპირი მოვალეობა იყო მეფის მდივანთან ერთად სადროშოში შვიდ წელიწადში ერთხელ მოსახლეობის აღწერა (ელის ტომებში სამ წელიწადში ერთხელ) და ფისკალური და სამხედრო ვალდებულებების აღნუსხვა.
როსტომის (1632-1658) დროინდელი სასარდლო განაწესის („დასტურლამას“) თანახმად, ს-ს თავის საგამგებლო „მამულში“ მართლმსაჯულების ფუნქციებიც ეკისრებოდა, თუმცა, მეფის ბრძანების გარეშე სასამართლო საქმეებში არ უნდა ჩარეულიყო. ს. აუცილებლად უნდა დასწრებოდა სასარდლოში შემავალი ოჯახების გაყრის სასამართლო სხდომებს. ასევე, მეფის ბრძანებისამებრ, ს-ს მონაწილეობა უნდა მიეღო საკუთარი სადროშოს ფარგლებში მიმდინარე სასამართლო დავების გარჩევაში. გარკვეულ შემთხვევებში, მეფის ნებართვით, ს-ს შეეძლო მისდამი რწმუნებულ სადროშოში თავად აღესრულებინა მართლმსაჯულება. მისი ეს ფუნქცია უფრო მკაფიოდ იკვეთება XVIII ს-ის დასაწყისში.
ოსმალობის პერიოდში (1723-1735) ქართლის ადმინისტრირება სასარდლოთა პრინციპზე მოეწყო. 1728 წ. ოსმალთა მიერ ქართლის მმართველად დანიშნულმა ისაყ-ფაშამ სომხით-საბარათიანო (ქვემო ქართლი) მისცა ერასტი ყაფლანიშვილს, მცხეთის ზემო მიწები (შიდა ქართლი) - ბაგრატ ციციშვილს, ზემო ქართლი - გივი ამილახორს, მუხრანი და ქსნისა და არაგვის საერისთავოები - მუხრანბატონს. ამ პირებს ევალებოდათ სახელმწიფო ბეგარა-გადასახადების აკრეფისა და სხვა ადმინისტრაციული საკითხების გაძღოლა თავიანთ საგამგებლოში. ამ პერიოდში ს. როგორც ოსმალთა სამხედრო-ადმინისტრაციული მოხელე, სასარდლოს ფეოდალებსა და ცენტრალურ მმართველობას შორის შუამავალ რგოლს წარმოადგენდა.
მოგვიანებით, სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულებად ქცეულ სადროშოთა სარდლები უზომოდ აძლიერებენ და აფართოვებენ თავიანთ ხელისუფლებას.
ს-ის თანამდებობა ხშირად შეერთებული იყო სხვა საკარისკაცო თანამდებობასთან. მაგ., ქართლის მემარჯვენე სადროშოს ს-ები ამილახვრები, ჩვეულებრივ გორის მოურავობას/ტარუღობას ითავსებდნენ. ს-ს შეიძლება სჭეროდა ცენტრალური აპარატის რომელიმე მაღალი თანამდებობა: ბოქაულთუხუცესის (იხ.), მდივანბეგის (იხ.) სახლთუხუცესის (იხ.), ქალაქის (თბილისი) მოურავის (იხ.).
XVIII ს-ის მეორე ნახევრიდან ქართლ-კახეთის სამეფოში სამეფო ხელისუფლება ცდილობს შეკვეცოს ს-ის სასამართლო ფუნქციები, რის ფონზეც საგრძნობლად იზრდება მდივანბეგთა (იხ.) ინსტიტუტის მნიშვნელობა. ამ პროცესის გამოხატულებას წარმოადგენს ს-მდივანბეგის თანამდებობის გაჩენა. ს-მდივანბეგის სასამართლოს განმტკიცებამ შეზღუდა დანარჩენი ს-ის სასამართლო ფუნქციები, მათ დარჩათ მსუბუქი საქმეების განხილვა-გასამართლების უფლება: ს. არჩევს ადმინისტრაციულ საქმეებს, სამამულო დავას, კომლის გაყრას, ანუ მას პირველი ინსტანციის სასამართლოს ფუნქცია რჩება. სისხლის სამართლის საქმეებს კი სამეფოს ცენტრალური აპარატის მოხელე - დივანბეგი განიხილავდა, ხოლო ს. სასამართლო სხდომას ესწრებოდა, როცა სასარდლოს წარმომადგენლები იყვნენ მხარეები. ქართლის ს-ს ჩამოსცილდა სახელმწფო გადასახადების აკრეფისა და მოსახლეობის აღწერის საქმეში მონაწილეობის ფუნქციაც. ამ საქმეს მეფის მიერ სპეციალურად დანიშნული მოხელეები ასრულებდნენ, თუმცა, ზოგჯერ მათ შეიძლებოდა ხლებოდა ს-ის ნდობით აღჭურვილი პირიც. ს-თა უფლებების შეკვეცას მოწმობს ისიც, რომ XVIII ს-ის მეორე ნახევრიდან ს-ის სამოხელეო წოდებას ატარებს ყველა დონის სამხედრო მოხელე, ვინც შეიარაღებულ რაზმს მეთაურობს. XVIII ს-ის ბოლოს შედგენილი კანონ-პროექტების მიხედვით, ს-ებს სრულად ჩამოერთვათ სასამართლო ფუნქცია. ამ მხრივ გამონაკლისს მხოლოდ დავით ბაგრატიონის სამართლის წიგნის პროექტი წარმოადგენს, სადაც 114-ე მუხლის მოთხოვნით, ს-ს მხოლოდ საბრძოლო ვითარებასთან დაკავშირებით შეეძლო გაერჩია საქმე.
ს-ის ხელისუფლება თავისი ჩამოყალიბებისა და არსებობის ადრეულ ხანაში დამყარებული არ იყო მიწის ფეოდალურ საკუთრებაზე და წმინდა სამოხელეო თანამდებობას წარმოადგენდა. „დასტურლამალის“ მიხედვით, ქართლში ს-ის სარგო სამხედრო ნადავლის მეხუთედით განისაზღვრებოდა, ხოლო იმერეთში მეათედით.
ასევე, ს-ს ეკუთვნოდა სადროშოს აღწერის დროს სააღმწერო გადასახადის ნახევარი, მეორე ნახევარი - მდივნებს. ს-ს შემოსავალი ჰქონდა სასამართლო საქმეებიდან და ჯარიმებიდან. ასევე, არსებობდა სასარდლო გადასახადიც. მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევაში, ს-ს შეიძლებოდა მიეღო მოხელეობასთან დაკავშირებული მიწებიც ან წილი რომელიმე სახელმწიფო გადასახადიდან.
                                               ქართლის სარდლები. XVII-XVIII სს.
ბარათაშვილი ქაიხოსრო - საბარათაშვილოს ს., ბოქაულთუხუცესი, მეკობრისმძებნელი, ქალაქის მოურავი, სახლთუხუცესი 1619-1646 წწ. (პალ 1991: 446).
ამილახვარი იოთამ (I) ფარემუზის ძე - ზემო ქართლის სარდალი, გორის მ. 1630-1648 წწ. (პალ 1991: 123).~
ამილახვარი გივი - ზემო ქართლის ს. 1656-1692 წწ. (პალ 1991: 119-120).
ბარათაშვილ-ყაფლანიშვილი თამაზ - საბარათიანოს ს. 1678-1692 წწ. (პალ 1991: 418-419).
ამილახვარი ოთარ - ქართლის ს. 1732-1743 წწ. (სეა: 1448-5014, 1448-8754; ხეც: Hd-14289, Hd-14290).
ყაფლანიშვილ-ორბელიშვილი ქაიხოსრო - ს-მდივანბეგი 1739-1743 წწ. (ხეც: Hd-9412, Hd-2445; Hd-9660; სეა: 1448-1315; დსსი 1940: 295-297).
ორბელიანი რევაზ - საბარათიანოს ს., მდივანბეგი 1736-1743 წწ. (სეა: 1450-18/143; 1450-13/43).
დავით - ს-სახლთუხუცესი 1741 წ. (ხეც, Hd-8804).
ორბელიანი დავით - ს-სახლთუხუცესი, ს-ბოქოულთხუცესი 1766-1771 წწ.
გაბრიელ - მოურავ-ს. 1743 წ. (ხეც, Hd-9361).
გიორგი - ს-მოურავი 1797 წ. (სეა, 1448-869).
                                                                  იმერეთის სარდლები:
წერეთელი ზაალ - ს. 1661 წ. (სოსელია 1973: 222).
აგიაშვილი სვიმონ - ს. 1712 წ. (სოსელია 1973: 225).
წულუკიძე მერაბ - ვაკე-იმერეთის ს., ქუთაისის მოურავი 1770 წ. (სოსელია 1981: 57).
წულუკიძე ბერი - ვაკე-იმერეთის ს. 1757 წ. (სოსელია 1981: 186)
წერეთელი - ზემო იმერეთის ს. 1769 წ. (მასვე ემორჩილებოდა რაჭის ჯარიც) (სოსელია 1973: 224).
წულუკიძე გიორგი - ს., ქილიფთარუხუცესი 1766-1782 წწ. (სოსელია 1981: 57-58).
ხ. ბაინდურაშვილი
~საღვინის მოლარე - „ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, ს. მ. ეკუთვნოდა მეღვინეთუხუცესის (ან მეჭურჭლეთუხუცესის) უწყებას და საქმიანობდა საღვინეში. ს. მ. ითვლებოდა საღვინის ქონების მცველად - ებარა ძვირფასი სამეჯლისო ჭურჭელი, რომელიც ცალკე ინახებოდა, ასევე, ყოველდღიურად სახმარი საღვინის ჭურჭელი. სავარაუდოდ, მასვე ებარა მეღვინეთუხუცესის (ტექსტში „მეღვინეთ“ გადახაზულია და წერია „მეჭურჭლეთ-უხუცესი“) ბეჭედი. მეღვინეებთან ერთად მის ფუნქციაში შედიოდა მეფის მომსახურება საწოლში და პურობის დროს. ამ დროს იგი, ზარდახნისა და საწოლის მწიგნობრებთან ერთად, იღლიაში საწერელით, საგამგებოს მუქიფის (იხ.) „პირისპირ“ უნდა მდგარიყო. ს. მ-ის სარგო იყო მეზვრისაგან აღებული ღვინის ულუფა, რომლის ოდენობა ზვრის სიდიდეზე იყო დამოკიდებული. როგორც უშუალოდ მეფის მომსახურე პირი, ს. მ. საღვინის უწყებაში საპატიო ადგილს იკავებდა. „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, ს. მ. იგივე საჭურჭლის ნაცვალიც უნდა ყოფილიყო. მეღვინეთუხუცესთან ერთად იგი მეფის პირის მწდედ ითვლებოდა. ს. მ. მეფის მაღალი ნდობით სარგებლობდა, ამიტომ მეფისაგან საგანგებო დავალებაც შეიძლებოდა მიეღო. მაგ. 1487 წ. კონსტანტინე მეფემ ურდოში გაწეული სამსახურის სანაცვლოდ ს. მ. ახალციხელ ქავთარისძე და მისი ძმები გარდაცვლილი მიარიანისძის მამულზე დასვა და უბოძა ბოროს ციხე, ღომარეთის საყდარი, ბოლოთა, ქვენა ფლასი, სკრაში ვენახი და სხვ.
კლდიაშვილი
საწოლის მწიგნობარი/საწოლისა და საჭურჭლის მწიგნობარი - ცენტრალური აპარატის მოხელე ერთიანობის ხანის ქართულ მონარქიაში. ს. მ. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის (იხ.) უწყებაში შედიოდა და დიდი უფლებებით სარგებლობდა სამეფო კარზე. იგი იყო „საწოლის“ ანუ მეფის კაბინეტის გამგებელი და მეფის პირადი მდივანი, ამავე დროს მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანაშემწე. მწიგნობართუხუცესი მისი მეშვეობით მართავდა მეფის საწოლს. იგი, როგორც მეფის კარის მაღალი მოხელე, ახორციელებდა ცენტრალური აპარატის ყველა უწყების კონტროლს და, სათანადო სანქციის მიღების შემთხვევაში, მეფის სახელით ატარებდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებებს (ი.ანთელავა). მისი საშუალებით სასახლის ორი დიდმნიშვნელოვანი დაწესებულება - საწოლი (მეფის კაბინეტი) და სააჯო კარი (მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის განსაგებელი) კოორდინირებულად საქმიანობდა. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი მის მოხსენებათა საფუძველზე არჩევდა სააჯო კარის საქმეებს.
ს. მ-ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხაზს უსვამს „ხელმწიფის კარის გარიგების“ ცნობა, რომ მას მუდამ თან ახლდა („მართებდა“) „ზედამდგომელი მეჭურჭლე“, რომელიც, როგორც ჩანს, მის დავალებებს ასრულებდა. იმავე ძეგლის ცნობით, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელთან ერთად ს. მ-ს ებარა სამეფო ეკლესია-მონასტრებზე ზრუნვა და მათი ზედამხედველობა (გარდა გელათისა). ს. მ. ადგენდა უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო დოკუმენტებს, რისთვისაც მას ყოველდღიურად სამი საწერი ფურცელი ეძლეოდა (მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს ხუთი ეძლეოდა, ზარდახნის მწიგნობარს - ორი, თითო-თითო დანარჩენ მწიგნობრებს). შეწყალებული პირის მიერ სიგელისათვის გადახდილი გასამრჯელოდან („ქრთამი“) წილები ყველა დიდმოხელეზე ნაწილდებოდა, ამათგან „უფროსი წილი“ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს და ს. მ-ს ეკუთვნოდათ. „კარის გარიგების“ ერთი ჩანართის თანახმად, მეფე [ნარინ დავითის] დროიდან „ოთხთა მონაზონთა და სამთა ვაზირთა“ მიწვევა სამეფო კარის დარბაზობაზე ს. მ-ის საპატიო მოვალეობად ქცეულა, მანამდე კი ეს მოვალეობა ამირეჯიბს (იხ.) ჰქონია დაკისრებული. სასახლეში „პურობის“ დროს ს. მ. და ზარდახნის მწიგნობარი (იხ.) ერთად იდგნენ. მათ პირისპირ იღლიაში საწერლით საგამგეოსა და საღვინის მუქიფები (იხ.) უნდა მდგარიყვნენ; სხვა ოცდაოთხი მწიგნობარი, ასევე საწერელებით ჭყონდიდელის მხარეს მწკრივდებოდა. მწიგნობართაგან ს. მ. ერთადერთი იყო, ვისაც უფლება ჰქონდა ვაზირთა სხდომებს დასწრებოდა. აქ იგი თავისი სამოხელეო ინსიგნიით (საწერლით) ჭყონდიდლის გასწვრივ, კედელთან უნდა მდგარიყო.
XII-XIII სს-ის ისტორიული საბუთების მიხედვით, ხშირად ს. მ. და საჭურჭლის მწიგნობარი ერთი და იგივე პირები იყვნენ. ეს ფაქტი დამატებით მიანიშნებს იმაზე, რომ საწოლი და სალარო ერთი სამოხელეო უწყება იყო.
ს. მ-ები ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენლები, სამეფო ოჯახთან დაახლოვებული და მაღალი ნდობით ღჭურვილი პირები იყვნენ.
                                                       საწოლის მწიგნობრები. XII-XV სს.
არსენი სამძივარი - თამარ მეფის საჭურჭლისა და ს. მ. 1187 წ. (ქისკ 1984: 79).
ანტონ გოდობრელი - ერისთავთ-ერისთავთა შვილი, გელათის დიდი მონასტრის მოძღვართ-მოძღვარი. იერუსალიმური ქართული ხელნაწერის მინაწერის თანახმად, იგი ადრე (XII ს. პირველი მეოთხედი) დავით აღმაშენებლის ს. მ. ყოფილა (მარი 1955: 49).
ანტონი იშხნელ-ყოფილი - ს-ის და საჭურჭლის მ. 1241/42 წ. (ქისკ 1984: 120);
ნიკოლოზ ინასარიძე - საწოლისა და საჭურჭლის მ. 1271/72 წ. (ქისკ 1984: 176).
ეგანისძე გიორგი - დავით IX-ის ს. მ. 1355 წ. (ქისკ 2013: 47).
ცნოდისძე დავით - ს. მ. 1410 წ. (ქისკ 2013: 284).
სვიმონ - ს. მ. XV ს. (პალ 2007: 166).
კლდიაშვილი
სახლთუხუცესი - ცენტრალური ხელისუფლების უმაღლესი მოხელე გვიანდელი შუა საუკუნეების საქართველოში. ეს სამოხელეო თანამდებობა XV ს-დან მეფეთა სიგელების უწინარეს რეგულარულად გვხვდება კათალიკოსთა სახელით გაცემულ საბუთებში, ამავე ს-ის მიწურულიდან - იმერეთისა და კახეთის სამეფო საბუთებშიც. ქართლში ს. XVI ს-ის დასაწყისიდან იხსენიება. ვახუშტის მიხედვით, ს. არსებობდა ერთიან საქართველოშიც და იმასვე ნიშნავდა, რასაც აბრამადი (იხ.). მაგრამ ერთიანობის დროინდელ დოკუმენტებსა და „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ ეს ტერმინი ნახსენები არ არის. ვ. გაბაშვილის დაკვირვებით, ტერმინის ადრე გავრცელებული ფორმა - „სახლისუხუცესი“ მართლაც უნდა მიანიშნებდეს მის სიძველეზე, მაგრამ ამ სახელოს მატარებელი პირები ადრინდელ მეფეთა და მთავართა კარზე „საკუთართა“, ანუ ე.წ. ხელშინაურ მოხელეთა კატეგორიას განეკუთვნებოდნენ და, ამდენად, გვიანდელ შუა საუკუნეებამდე მათი უფლებები კერძო სამართლბრივ ნორმებს არ სცილდებოდა. ამდენად, ქართულ სამეფოებში ცენტრალური მმართველობის მაღალ პოზიციებზე ს-ის დაწინაურება გვიანდელი შუა საუკუნეების (XV-XVIII სს) მოვლენაა, რაც ერთიანი მონარქიის დაშლის, სამეფო ხელისუფლების დასუსტების, სამეფო მიწების ფონდის შემცირებისა და მეფის ხელისუფლების საჯარო უფლებების მკვეთრი შეკვეცის შედეგად უნდა მომხდარიყო. ს-ს სამეფო კარზე ჩაბარებული ჰქონდა სამეფო სამდივნო (კანცელარია) მდივან-მწიგნობრებითურთ, სასახლის ადმინისტრაციული ხელმძღვანელობა, მეფის „ვაზირობა“ (მრჩევლობა), სამეფო მიწების სამეურნეო და საფინანსო ზედამხედველობა, ანუ, ის ფუნქციები, რომლებსაც ერთიანობის ხანის საქართველოში რამდენიმე სამოხელეო უწყება უძღვებოდა.
მრავალფეროვანი ფუნქციების შესაბამისად, ს-ს ექვემდებარებოდნენ სამეფო კანცელარიის მდივნები და მორდრები (იხ.); სამეურნეო საქმეთა და ფისკის მოხელეები: ნაზირი (იხ.) მოლარე (იხ.), თავლიდარი (იხ.) და სხვ., აგრეთვე, სამზარეულოსა და სახაბაზოს მსახურნი: თუშმალი (იხ.), მზარეული, და ა.შ. სასახლის საფარეშოს მოხელეები: ფარეშთუხუცესი (იხ.) და მის დაქვემდებარებაში მყოფი მსახურები. მასვე ეხებოდა ნადირობის სამსახური, საჯინიბოს, საწყობის მომსახურე პერსონალი. ს-ის კონტროლს ექვემდებარებოდა გარკვეული ტიპის ადმინისტრაციული აქტების - ყმა-მამულისა და სახელოს ბოძების, ჯამაგირის დანიშვნისა და სხვ. მომზადებაგაცემა. ნაზირთან ერთად ს. სამეფო მეჯლისის მთავარი განმკარგულებელი იყო. მას უნდა ედევნებინა თვალყური სტუმრების ჯეროვნად მომსახურებისათვის. როცა ყველაფერს გაარიგებდა, მეფის წინ საპატიო ადგილს იკავებდა.
ერეკლე II-ის დროს ქართლ-კახეთის გაერთიანებულ სამეფოში ორი ს. იყო - ქართლისა და კახეთის. ს-ის უწყებას დაუქვემდებარა ერეკლე II-მ სახელმწიფო ფინანსების შემოსავალ-გასავალის კონტროლისათვის შექმნილი ცალკე სამსახურიც. ს-ს ჯამაგირის სახით გადაკვეთილი ჰქონდა წლიურად 25 თუმანი. ამავე დროს იღებდა სარგოს, როგორც სახელმწიფო გადასახადებიდან, ისე სამეფო მიწების შემოსავლებიდან და ქალაქების იჯარა-ბაჟებიდან. ცალკე შემოსავალი შემოსდიოდა მას ელებიდან და, ასევე, მეფის სამდივნოდან. მიუხედავად ამდენი ვალდებულებებისა, ს., როგორც ყმა-მამულის პატრონი ფეოდალი, არ იყო გათავისუფლებული სამხედრო ვალდებულებებისაგან. ცნობილია იმერეთის სამეფოს ს-ის შემოსავალი XVIII ს-ის მეორე ნახევარში. მას ეკუთვნოდა: აკრეფილი სახელმწიფო გადასახადების მეათედი, მებაჟეთაგან მიღებული ყოველწლიური ძღვენი (ორი-სამი ქესა), ერთი წყვილი ძვირფასი სამოსი, მეფის მიერ ყოველი გაცემული წყალობიდან - თითო კომლზე თითო ხარი.
ს-ის თანამდებობაზე მეფეები ნიშნავდნენ მათ მიმართ ყველაზე ლოიალურად განწყობილი ფეოდალური სახლების წარმომადგენლებს, მაგრამ თანამდებობის ხანგრძლივი მემკვიდრეობითობა რომელიმე ერთი საგვარეულოს ფარგლებში ქართლისა და იმერეთის სამეფოებში მაინც ვერ იქნა შენარჩუნნებული. პოლიტიკური რყევები, რომლებსაც ქართული სამეფოები განიცდიდნენ XVI და, განსაკუთრებით XVII-XVIII სს-ებში, გავლენას ახდენდა საკარო თანამდებობათა კონტინგენტის შერჩევაზე. ყოველი ახალი სამეფო კანდიდატურა, რომელიც საგარეო ძალისა თუ ადგილობრივი დაჯგუფებების დახმარებით მოიპოვებდა გამარჯვებას, თავისი მომხრე საგვარეულოების წარმომადგენლებს აწინაურებდა სამეფო კარზე. ამ ვითარების ანარეკლია საგვარეულოთა ხშირი მონაცვლეობა ს-ის თანამდებაზე XVII-XVIII სს-ის ქართლსა და იმერეთში. ამ საუკუნეებში ქართლის სამეფო კარზე ს-ის თანამდებობაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სააკაძეები, მუხრანბატონები, ციციშვილები, ბარათაშვილ-ორბელიშვილები და სხვ. კახეთში უპირატესად ჩოლაყაშვილები იკავებდნენ ამ თანამდებობას, თუმცა, პერიოდულად მათ ენაცვლებიან ჯანდიერიშვილები, ხერხეულიძეები, ბებურიშვილები და სხვ. ამასთან კახეთში ს-ობა ტრადიციულად სარდლობასთან იყო შეერთებული. ეს თანამდებობა შენარჩუნებულ იქნა კახეთში მეფობის გაუქმებისა და იქ ირანის ხანების მმართველობის პირობებშიც. XVII ს-ის 90-იანი წლების დასაწყისში, ქართლში კახი ბატონიშვილის ერეკლე I-ის (ნაზარალი-ხანი) და ქართლის მეფის გიორგი XI-ის „ორმეფობის“ პირობებში, ს-ის თანამდებობაზე ორივე მეფე ნიშნავდა თავის მომხრე თავადებს. გიორგი XI-ის მიერ ქართლის დაბრუნების შემდეგ (1703 წ.) ქართლსა და კახეთში ისევ ადგილობრივმა თავადებმა დაიბრუნეს ს-ის თანამდებობა. 1762 წ-დან ქართლ-კახეთის გაერთიანებულ სამეფოში ს-ები, კახეთის სამეფოს ტრადიციისამებრ, იმავდროულად სარდლებიც იყვნენ და ს-ებად იწოდებოდნენ. იმერეთის სამეფოში ს-ის თანამდებობაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ კონკურენტი საგვარეულოები: აბაშიძეები, ჩხეიძეები და წერეთლები.
სახლთუხუცესები. XVI-XVIII სსქართლი:
სოლაღაშვილი ივანე - სამეფო კარის ს., პალატისუხუცესი და მწიგნობართამთავარი 1512-1530-იანი წწ. (ქისკ 2016: 44, 75, 78, 98, 218).
ფანასკერტელ-ციციშვილი ზაზა - სამეფო კარის ს. 1558 წ. (ქისკ 2016: 238).
ფავნელიშვილი გივი - სამეფო კარის ს. 1569-1578 წწ. (ქისკ 2016: 278).
სააკაძე ზურაბ - სამეფო კარის ს. 1593-1607 წწ. (ქისკ 2016: 429, 451, 456).
სააკაძე ბეჟან - ბაგრატ-ხანის (VII) ს. 1616-1619 წწ. (პალ 2007: 91).
[ციციშვილიამილღამბარ - სიმონ-ხანის (II) ს. 1622 წ. (სეა, 1450-35/73).
ბარათაშვილი ქაიხოსრო - სამეფო კარის ს. 1627-1642 წწ., ბოქაულთუხუცესი 1619-1626 წწ., საბარათაშვილოს სარდალი, მეკობრისმძებნელი 1623 წ., ქალაქის მოურავი 1626 წ. (პალ 1991: 446-447; ქსის 1955: 100, 106).
ციციშვილი მანუჩარ - სამეფო კარის ს. 1642-1651 წწ. (პალ 2015: 262-63).
ციციშვილი ყაია - სამეფო კარის ს. [1651-1656] წწ. (პალ 2015: 278); ქსის 1955: 267). ბარათაშვილიყაფლან -სამეფო კარის ს., მდივანბეგი. [1656-1658] წწ. (პალ 1991: 451-452).
ციციშვილი პაპუნა - სამეფო კარის ს. 1659-1664 წწ., სარდალი 1650-1664 წწ. (პალ 2015: 266-69).
ციციშვილი ზაზა - საბარათიანოს სარდალი 1646 წ., სამეფო კარის ს. ([1664]-1667 წწ. ვახუშტი 1973: 452, 455; პალ 2015: 257-260).
ციციშვილი ციცი (დიდი) - სამეფო კარის ს. 1672-1678 წწ. (პალ 2015: 279-281).
ბაგრატიონი თეიმურაზმუხრანისბატონი - სამეფო კარის (გიორგი XI-ის) ს. 1678-1684 წწ. (პალ 1991: 315).
ციციშვილი ამილღამბარ - სამეფო კარის ს. 1684 წ. (პალ 2015: 249).
ბაგრატიონი პაპუამუხრანის ბატონიშვილი - სამეფო კარის (გიორგი XI-ის) ს. [1685]-1700 წწ. (პალ 1991: 334-335).
ბებურისშვილი - ნაზარალი-ხანის ს. 1688 წ. (პალ 1991: 488-489; ვახუშტი 1973: 464).
ციციშვილი ქაიხოსრო - ნაზარალი-ხანის ს. 1688-[1703] წწ. (პალ 2015: 276).
ბარათაშვილი საამ - (გიორგი XI-ის) ს. 1690 წ.; ფარეშთუხუცესი 1671 წ., ბოქაულთუხუცესი 1670-1690 წწ. (პალ 199: 441-443).
ორბელიშვილი ლუარსაბ - სარდალი და სამეფო კარის ს. 1690-1696 წწ., სარდალ-ყულარაღასი 1696-1699 წწ. ყულარაღასი - 1692-1696 წწ. (პალ 2007: 334).
ციციშვილი ედიშერ (ქაიხოსროს ძე) - სამეფო კარის ს. 1695 წ. (ქსის 1955: 427;).
ერისთავისძე აღათანგ - სამეფო კარის ს. XVIII ს. დასაწყისი (პალ 1993: 139).
ნახუცრიშვილი დავით - სამეფო კარის ს. 1724 წ. (გიდ 2008: 306).
ორბელიანი ელიზბარ - სამეფო კარის ს. 1735 წ. (ხეც, Sd-1943).
კახეთის სამეფო
ირუბაქისძე [ჩოლაყასშვილიბეენა - სამეფო კარის ს. 1511 წ. (სეა, 1449-1533; პალ, II, 465).
ჩოლაყასშვილი გარსევან - ს. 1510-20-იანი წწ.; ეს ის პირია, ვინც ავ-გიორგის დაღუპვის შემდეგ გადამალა მისი მცირეწლოვანი ძე (მომავალი ლევან კახთა მეფე) და გადაარჩინა დაღუპვას (ვახუშტი 1973: 394, 570).
ჭავჭავაძე იასონ - სამეფო კარის ს. 1590 წ. (პალ, V, 327; გიდ 208: 42).
[ხერხეულიძეაღათანგ - სამეფო კარის ს. 1612-1619 წწ. (სეა, 1450: 49/149; 26/5; 28/214).
ჯორჯაძე იესე - სამეფო კარის ს. 1629-1637 წწ. (პალ 1993: 403; ქსოის 19584: 11).
ჯანდიერიშვილი დავით - სამეფო კარის ს. 1637 წ. (პალ 2015: 476).
ჩოლაყაშვილი რევაზ - სამეფო კარის ს. და სარდალი 1643-1648 წწ. (ვახუშტი 1973: 597).
ჩოლაყაშვილი ბიძინა - სუფრაჩი 1638-1651 წწ., სამეფო კარის ს. [1656] წ. (პალ 2015: 219).
ჯორჯაძე ნოდარ - სამეფო კარის ს. არჩილ II-ის (1664-1675) დროს (პალ 2015: 513-14).
ონანა - მდივანი 1656-1692 წწ. „კახეთის“ ს. [1690-1703] წწ. (პალ 2004: 328-329).
[ჯორჯაძეიასე - სამეფო კარის ს. 1690-1694 წწ. (პალ 1993: 405).
ჩოლაყაშვილი დურმიშხან - სამეფო კარის ს. 1693-1696 წწ. (პალ 2015: 220).
ჩოლაყაშვილი რევაზ - სამეფო კარის ს. 1688 წ.; თორმეტი წლის განმავლობაში ერეკლე ბატონიშვილს ისპაჰანში ემსახურებოდა, რის გამოც ქართლში გამეფების შემდეგ (1688) ერეკლემ მას დაუმტკიცა ს-ის სახელო და მამულები. ცოტა ხნის შემდეგ ქართლის კანონიერი მეფე გიორგი XI კახელ თავადებს შეუთანხმდა, რომ არჩილი დაებრუნებინათ კახეთის ტახტზე. პირობისამებრ, ნინოწმინდაში მოსალაპარაკებლად ჩასული ქართლის თავადები დუშია მოურავმა დაასმინა ირანის ადგილობრივ მოხელე აბაზყული-ხანთან. ამ ამბის გამო ს. რევაზ ჩოლაყასშვილი განუდგა ერეკლე I-ს (ნაზარალი-ხანს) და და გიორგი XI-ს მიემხრო.
წყაროები და ლიტერატურა: ვახუშტი 1973: 468, 607; პალ 1991: 256; პალ 2015: 225.
ჩოლაყაშვილი ოთარ - სახლთუხუცეს რევაზის შვილი. სამეფო კარის ს. 1693-1696 წწ. (პალ 2015: 224).
ჩოლაყასშვილი დურმიშხან - სამეფო კარის ს. 1696 - XVIII ს-ის 10-იანი წწ. (გიდ 2008: 102; გიდ 2011: 735).
ჩოლოყაშვილი ედიშერ - სამეფო კარის ს. XVIII ს-ის 20-იანი წწ. (გიდ 2008: 93, 206, 227, 276).
საზვერელი - თუშთ მოურავი 1714 წ. სამეფო კარის ს. 1718-1724 წწ. ვახუშტის ცნობით, მაჰმადყული-ხანმა (კონსტანტინე II) იგი გააგზავნა ირანის შაჰთან, რათა ეუწყებინა მისი და ბაქარ (ქართლის მეფის) საერთო გადაწყვეტილება ერთად გამოსულიყვნენ ოსმალთა წინააღმდეგ (ვახუშტი 1973: 622; გიდ 2008: 276, 290).
ონანა - მდივანი 1713-1733 წწ., სამეფო კარის ს. დაახლ. 1724-1733 წწ. (გიდ 2008: 273).
ჩოლაყაშვილი გივი - სამეფო კარის ს. 1738 წ. (ხეც, Ad-714; გიდ 2008: 334, 352).
ჩოლაყასშვილი ჯიმშერ - სამეფო კარის ს. 1740-1741 წწ. (ხეც, Hd-1684; Hd-2529; სეა, 1450-3/ 124).
ჩოლაყაშვილი გრიგოლ - სამეფო კარის ს. 1741-1746 წწ. (დსსი 1940: 405-407; გიდ 2008: 352, 361).
[ჯორჯაძეიესე - სამეფო კარის ს. 1759 წ. (გიდ 2008: 401).
ქართლ-კახეთის სამეფო
ორბელიანი დავით - სამეფო კარის ს. და სარდალი 1768-[1784] წწ. (გიდ 2008: 436, 447).
იოანე მუხრანისბატონი - სამეფო კარის ს. და სარდალი 1784-1789 წწ. (გიდ 2011: 558, 607, 703).
იოანე ორბელიანი - სამეფო კარის ს. და სარდალი 1798-1800 წწ. (გიდ 2008: 436; მესხია 1948: 6).
იმერეთი
რომანოზ ბერი - სამეფო კარის ს. 1433 წ. (პალ 2007: 72).
აფხაჭელიძე ივანე - სამეფო კარის ს. 1488 წ. (პალ 1991: 194).
ჩხეიძე ბეჟია - სამეფო კარის ს. 1640-იან წწ.; მისი ასული იყო ცოლი მამუკა ბატონიშვილისა, რომელთან ერთადაც დადიანთან განცდილი მარცხის შემდეგ (1646) ახლციხის ფაშას აფარებდა თავს, შემდგ სხვა ჩხეიძეეებთან ერთად ქართლში გადასულა. აქ მათ, როგორც ჩანს, ოსმალთა მხარდაჭერით, მამუკას ქართლში გამეფება მოუსურვებიათ, რისთვისაც როსტომის წინააღმდეგ შეთქმულებაში მიიღეს მონაწილეობა.
აბაშიძე როსტომ - სამეფო კარის ს. 1651 წ. (კაკაბაძე I, 1921: 64).
ჩხეიძე სეხნია - ს. 1660-იანი წწ.; იგი და მისი ძმა - სვიმონ კათალიკოსი, ეხმარებოდნენ ბაგრატ IV-ს გამეფებაში, რამაც განაპირობა სეხნიას დაწინაურება სამეფო კარზე, მაგრამ მალე მეფეს განუდგა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა (ჩხარის ბრძოლა, 1669 წ.). გამარჯვებულმა ბაგრატ IV-მ ს-ობა ჩხეიძეების გვარს ჩამოართვა და საზვერელ ჩიჯავაძეს უბოძა.
ჩიჟავაძე საზვერელ - სამეფო კარის ს. 1669-1679 წწ.; 1679 წ. საზვერელი დაიღუპა ბაგრატ IV-ის მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში. მისი გარდაცვალების შემდეგ ჩხეიძეებმა ისევ დაიბრუნეს ს-ობა.
ჩხეიძე გიორგი - სამეფო კარის ს. 1679-1700-იანი წწ.; იგი ს. ხდება საზვერელ ჩიჯავაძის გარდაცვალების შემდეგ. XVIII ს-ის დასაწყისში ჩხეიძეები კონკურენციას ვეღარ უწევენ მომძლავრებულ აბაშიძეებს, რომლებიც სამეფო კარზე ყველა მნიშვნელოვან თანამდებობას ეუფლებიან.
აბაშიძე დავით - სამეფო კარის ს. 1766-1770 წწ.; სოლომონ I-მა ქუთაისის მოურავის, სარდლისა და ბოქაულთუხუცესის თანამდებობები უბოძა ბერ წულუკიძეს, რამაც ს-ის თანამდებობის დაკნინება გამოიწვია. ამის გამო დავით აბაშიძე განუდგა სოლომონ I-ს და 1778 წ. მოურავ თამაზ მესხთან ერთად მას საკუთარი შვილი, ალექსანდრე აუმხედრა. სოლომონმა დავითს ჩამოართვა ყმა-მამული და გააძევა იმერეთიდან.
წერეთელი ზურაბ - სამეფო კარის ს. 1778-1785, 1189-1810 წწ.; 1784 წ. სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ იმერეთის ტახტზე ასულმა დავით გიორგის ძემ ზურაბ წერეთელი გაგზავნა ელჩად პეტერბურგში ეკატერინე II-ის კარზე (1784/1785 წ.). სანამ ზურაბ წერეთელი უკან დაბრუნდებოდა, დავით გიორგის ძემ ზურაბ წერეთელს სახელო და მამულები ჩამოართვა და ს-ობა ზაალ აბაშიძეს უბოძა. 1789 წ. ახლად გამეფებულმა დავით არჩილის ძემ (სოლომონ II), ზურაბ წერეთელს დაუბრუნა თანამდებობა და მამულები. 1790 წ-დან ზურაბ წერეთლმა ს-ის ფუნქციები იმდენად გააფართოვა, რომ ამ დროიდან მას სამეფო კარის გამგე ეწოდა.
აბაშიძე ზაალ - სამეფო კარის ს. 1785/1786 წწ. იმერეთის მეფემ დავით გიორგის ძემ დავით არჩილის ძის მიმართ გამოჩენილი ლოიალობის გამო წერეთლები დასაჯა - ჩამოართვა მათ მამულები და ს-ის თანამდებობა, რომელიც ისევ აბაშიძეთა გვარს დაუბრუნა. ზაალ აბაშიძეს ს-ობა ეპყრა მცირე ხნით. 1789 წ. გამეფებულმა დავით არჩილის ძემ (სოლომონ II) ზურაბ წერეთელი აღადგინა ძველ უფლებებში და ს-ობაც ხელახლა უწყალობა.
სურგულაძე
სპასალარი - (საშ. სპარს. spāhsālār - სარდალი, მხედართმთავარი, მხედართუხუცესი). ქართულ წყაროებში ს. /სპასპეტი (იხ.)/ამირსპასალარი (იხ.) შინაარსობრივად სინონიმური ცნებებია. „ქართლის ცხოვრება“ იცნობს სამივე ტერმინს, მაგრამ მათი გამოყენებისას ქრონოლოგიური ნიშნით გარკვეული დიფერენციაცია შეინიშნება.
ელინისტურ და გვიანანტიკურ ქართლში ს. ერისთავთა ქვემდგომი ადგილობრივი სამხედრო-ადმინისტრაციული მოხელე იყო, რომლის უფლებამოსილება საერისთავოს ცალკეული თემისა და „ქვეყნის“ ფარგლებში ვრცელდებოდა. სპასალარს, თავის მხრივ, ათასისთავები ემორჩილებოდნენ, რომელთაც, გარდა უშუალოდ სამხედრო საქმიანობისა, ფისკალური ფუნქციებიც ებარათ - „მათ ყოველთაგან მოვიდოდა ხარკი სამეფო და საერისთავო“.
გვიანანტიკურ ეპოქაში ს-ები სოციალური წარმომავლობით ქართლის უმაღლეს არისტოკრატიას ეკუთვნოდნენ და სამეფო ოჯახთან ბუნებრივი ან ხელოვნური („მამამძუძეობა“) ნათესაობით იყვნენ დაკავშირებულნი. მაგ., ვახტანგ გორგასლის მამამ, მეფე მირდატმა, თავისი ასული მირანდუხტი კასპის ს-ს მისცა აღსაზრდელად. ადრეული შუა საუკუნეების შემდეგ იერარქიული ზღვარი ს-სა და სპასპეტს შორის იშლება და ეს ორი ტერმინი სინონიმურად იხმარება. XI ს-ში ს., ძველი სპასპეტის მსგავსად, ქვეყნის ძირითადი სამხედრო ბირთვის, საერისთავო ლაშქრის წინამძღოლად, ერისთავთა „უხუცესად“ იწოდებოდა. ს-ად მოიხსენიებს „მატიანე ქართლისა“ ბაგრატ IV-ისა და გიორგი II-ის თანამედროვე კლდეკარის ერისთავ ლიპარიტ (IV) ბაღვაშს და მის ძეს ივანეს (იხ. აქვე, ს. და კლდეკარის ერისთავი ივანე ბაღვაში), რომელთა ძალაუფლება სასპასპეტო შიდა ქართლზეც ვრცელდებოდა და უდიდესი ძალაუფლება და გავლენა ჰქონდათ იმდროინდელ საქართველოში. ს-ს, როგორც სამხედრო ხელისუფალს, ექვემდებარებოდნენ ერისთავები და ის საქვეყნოდ გამრიგე მოხელეები, რომლებიც საერისთავოებში სამხედრო საქმეს ემსახურებოდნენ. ნ. ბერძენიშვილი ვარაუდობდა, რომ ს-თა ინსტიტუტი დავით აღმაშენებელმა გააძლიერა, რათა დაეპირისპირებინა იგი ერისთავებისადმი. თუმცა, შემდგომ იმავე სოციალურმა მოვლენამ, რომელმაც ძველი ერისთავები (ჯარის უფროსები) ფეოდალებად აქცია, ასეთივე ზეგავლენა მოახდინა ს-თა ინსტიტუტზე, რის გამოც მან დამოუკიდებელი არსებობა შეწყვიტა. მთავარსარდლის აღმნიშვნელ ტერმინად დავით აღმაშენებლის დროს შემოღებული „ამირსპასალარი“ (იხ.) ტერმინოლოგიურადაც და ფაქტობრივი ვითარების მიხედვითაც ს-თა გაერთიანებული სამხედრო ძალების არსებობას გულისხმობს. ს-ები ჩაუყენა დავით აღმაშენებელმა ყივჩაყთა ჯარის ცალკეულ შენაერთებსაც სათავეში. არსებობს მოსაზრება, რომ დასავლეთ საქართველოს ს. იყო თამარის თანამედროვე სამეფო კარის მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი, რომლის ხელში გიორგი რუსის აჯანყების დროს დასავლეთ საქართველოს მთელი სამხედრო კონტინგენტი აღმოჩნდა (თ. ბერაძე). ნიშანდობლივია, რომ XIII ს-ის იმ ისტორიულ წყაროებში, რომლებიც ბევრად ადრინდელი მდგომარეობის ამსახველია, ს. ადგილობრივი სამხედრო მეთაური ჩანს, რომელიც, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ქართლის ერისთავისა და სხვა ერისთავთა სამოხელეო რანგში თანაბრად განიხილებოდა. მაგ., მირონის კურთხევისას დიდ ხუთშაბათს მცხეთაში შეკრებილთა შორის დასახელებულნი არიან: „მეფე, ათაბაგი, ქართლის ერისთავი, სპასალარი და ყოველნი ერისთავნი“. ხოლო „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, „ძღვენი საწელიწდისთაო ...ერისთავთა, ქართლის ერისთავისა, სამცხის სპასალარისა“ და დადიანისა იყო.
ივ. ჯავახიშვილმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ წყაროები საბრძოლო მოქმდებების აღწერისას მეწინავე ჯარის წინამძღოლად მხოლოდ სამცხის ს-ს ასახელებენ. მართალია, წერილობით წყაროებში სამცხის ს. პირველად თამარის მეფობისას ჩნდება, მაგრამ არ გამოირიცხება, რომ ეს ხელი დავით აღმაშენებლის დროიდანვე არსებულიყო. ს-ები უნდა ყოფილიყვნენ 1118 წ. თურქთაგან მოკლული ბეშქენ ჯაყელი, ასევე 1177 წ-ის ორბელთა ამბოხების მონაწილე მემნა ჯაყელი. თამარის პირველი ისტორიკოსი იქ, სადაც ჩამოთვლის თამარის დროინდელ ერისთავებს, აღნიშნავს, რომ „სამცხის ერისთავად და სპასალარად აჩინეს ბოცო ჯაყელი“. ტექსტში ჩამოთვლილ ერისთავებს შორის ახლად დადგინებული მხოლოდ ბოცო ჯაყელია და, სხვა ერისთავებისაგან განსხვავებით, ერთდროულად „სამცხის ერისთავად და სპასალარად“ იწოდება. 1191 წ. გიორგი რუსის აჯანყებაში მონაწილეობისა და აჯანყებულთა თანადგომისათვის ბოცო ჯაყელმა სამცხის ს-ობასთან და ერისთავობასთან ერთად „ჯაყელობაც“ დაკარგა და ეს სამოხელეო თანამდებობა და საგვარეულო წოდება ჯაყელ-ციხისჯვარელთა სახლში გადავიდა. ამ შტოს ფუძემდებელია „ყუარყუარა, სამცხისა სპასალარი, ჯაყელი“, რომელსაც თამარის მეორე ისტორიკოსი მონაპირე ერითავებს შორის ასახელებს.
თავდაპირველად სამცხის ს-ობა და ერისთავობა მართლაც ცალ-ცალკე ხელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ ორი ხელის დამოუკიდებელი არსებობა საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა და სამცხის ს. მალე ჩვეულებრივ ერისთავად იქცა. სამცხის ს. იგივე მონაპირე ერისთავი იყო, მხოლოდ გაზრდილი სამხედრო ფუნქციებით (მონაპირეობა, მეწინავე ჯარის მეთაურობა). სამხედრო ფუნქციის გარდა, მის მოვალეობაში შედიოდა ხარკის აკრეფაც, რაზედაც ვახუშტი იუწყება: „ესრევე შეჰკრებდა ლაშკართა და ხარკსა სამეფოსა ერისთავთა მიერ ყოველთა საბრძანებელთა“. ისტორიული წყაროების თანახმად, XIV ს-ის შუახანებამდე ბექა I ჯაყელის (1285-1308) ძეებიდან სამცხის ს. იყო სარგის II (1308/9-1344), ხოლო შემდგომ მისი ძმა - ყვარყვარე II (1334-1361), რომელიც ერთდროულად საქართველოს ამირსპასალარი და სამცხის ს. ყოფილა.
XIV ს-ის განმავლობაში სამცხის სამთავროს მმართველი ჯაყელები ჯერ კიდევ საქართველოს ათაბაგ-ამირსპასალარებად და სამცხის ს-ებად იწოდებოდნენ, ხოლო XV ს-დან მოყოლებული, ს. ჯაყელთა მმართველი სახლის ზედწოდებად შემორჩა.
საქართველოს სპასალარები. XI-XIV სს.
ივანე ბაღვაში - ლიპარიტ (IV) ბაღვაშის ძე, ქართლის ს. 1059-1073 წწ., კლდეკარის ერისთავი 1073-1078 წწ., ბაგრატ IV-ის მიერ 1058 წ-ს შიომღვიმისადმი ბოძებული სიგელის მიხედვით, მეფემ კლდეკარის საერისთავო მანგლისის ხევის სოფელი ბორცვისჯვარი შიომღვიმეს შესწირა. სიგელს თავის მტკიცებულებას ურთავს ივანე ლიპარიტის ძე ერისთავის ტიტულის გარეშე. როგორც ჩანს, ამ სიგლის გაცემიდან მოკლე ხანში ივანე ბიზანტიაში „გაიპარა“, საიდანაც, ალავერდის ოთხთავის (ხეც A-484) მინაწერის ცნობით, 1059 წ. გაზაფხულზე დაბრუნებულა პროედროსის ტიტულით: „ესე ანდერძი მე, ივანე პროედროსმან, ძემან ლიპარიტ ერისთავთ ერისთვისამან და პროტოარხონტისამან დავწერე მას ჟამსა, ოდეს, ადიდენ ღმერთმან, აფხაზთა და ქართველთა მეფემან და ყოვლისა აღმოსავლეთისა ნოველისიმოსმან კოსტანტინოპოლით მომიყვანეს, და მოვედ კაცხსა მამულსა ჩუენსა“. ბაგრატ IV-მ ივანე ბაღვაშს, გარდა მისი სამკვიდრო არგვეთის მამულისა, უბოძა ს-ის თანამდებობა და, როგორც ჩანს, ამ თანამდებობასთან დაკავშირებული ქართლის მამულები. ს-ის რანგში ივანე ერთგულად ემსახურებოდა ბაგრატ IV-ს. 1060-იან წლებში საქართველოში თურქ-სელჩუკთა შემოსევები დაიწყო. ალფ-არსლანთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ბაგრატს თავისი დისწული, რომელიც ამავე დროს ტაშირ-ძორაკერტის მეფის ძმისწული იყო, სულთნისათვის უნდა მიეთხოვებინა. ტაშირ-ძორაკერტის მეფე კვირიკემ ბაგრატს არ დაანება თავისი ძმისწული. 1066 წ. ბაგრატმა ილაშქრა ქვემო ქართლში და ძალით წაართვა სამშვილდე კვირიკეს. ს. ივანე ბაღვაში ამ მოვლენებში ერთ-ერთ მთავარ ფიგურას წარმოადგენდა. 1068 წ., როდესაც ალფასლანმა ქართლი და იმერეთი დალაშქრა, ბაგრატმა ს. ივანე ბაღვაში მოციქულად გააგზავნა ალფ-ასლანთან. სულთანმა ხარკი ითხოვა, რაზედაც ბაგრატი არ დათანხმდა. მაშინ სულთანმა თბილისი და რუსთავი ძველ მფლობელებს ჩამოართვა და განძის ამირა ფადლონს გადასცა. ამის შემდეგ ბაგრატი იძულებული გახდა შუაგულ ქართლში ჩამდგარ ფადლონს შებრძოლებოდა. ერთ-ერთი საბრძოლო ეპიზოდის მიხედვით, ივანე ს-მა უწინამძღვრა ქართლის აზნაურებს და ფადლონი ქართლიდან გააქცია. ივანე ს-ის მეთაურობით მთლიანად გაიწმინა ქართლი ტყეებში მიმალული ფადლონის მეომრებისაგან და გაქცეულებს კახეთამდე მისდიეს.
ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ ივანე ს-ის დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა სამეფო ტახტისადმი. ივანემ გიორგი II-ს ორჯერ აუშალა ქვეყანა. ამ განდგომილებათა მიზეზი, დიდი ალბათობით, კლდეკარის საერისთავო უნდა ყოფილიყო, რომლის ბოძებისაგან თავს იკავებდნენ ბაგრატი და მისი მემკვიდრე გიორგი II. პირველი განდგომის დროს ივანემ კახელების დახმარებით ქსნისპირი დაიკავა. ამბოხებულები გიორგი მეფემ წყალობით დაიმორჩილა. მეფემ ამ დროს უბოძა ივანეს სამშვილდე, ხოლო მის ძეს, ლიპარიტს, შიდა ქართლში ლოწობანი ნაცვლად რუსთავისა, რომელიც მეფეს კახელებისათვის ჰქონია გადაცემული. როგორც ჩანს, ივანეს მეტი პრეტენზია ჰქონდა და ამის შემდეგაც განუდგა იგი მეფეს. ამჯერად იგი სამშვილდეში გამაგრდა. გიორგი მეფე მესხებთან ერთად სამშვილდეს მიადგა, ივანე ს. კი ბრძოლას განერიდა. ამასობაში აღსართან კახთა მეფემ ლიპარიტ ივანეს ძეს ლოწობანი წაართვა და ქსნის ხეობაში მტკიცედ მოიკიდა ფეხი. სწორედ ამ მეორე განდგომის შემდეგ კვლავ შემოირიგა გიორგი II-მ ივანე ს. და, დაახლოებით 1073 წ., ხელახლა დაუმტკიცა მას სამშვილდე და უბოძა კლდეკარის ერისთავობა. ამ პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს კლდეისას სამშენებლო წარწერა, სადაც ივანე ს. ერისთავთ-ერისთავად იხსენიება.
მიუხედავად ამ წყალობებისა, ივანემ კვლავ უღალატა გიორგი II-ს. მან მეციხოვნეებს გაგის ციხე გამოსტყუა და თავის ძველ მტერს, განძის ამირა ფადლონს მიჰყიდა. 1078 წ., როდესაც მალიქ-შაჰი საქართველოს მოადგა, ივანემ მტერს თავისი ძე ლიპარიტი შეაგება და მალიქ-შაჰის ბანაკში დატოვა. ლიპარიტმა დიდხანს ვერ გაძლო მალიქ-შაჰთან და გაიპარა. მელიქ-შაჰი შურის საძიებლად სამშვილდეს მოადგა, ივანე და მისი ცოლ-შვილი დაატყვევა და ქართლი დაარბია. ამ ეპიზოდის შემდეგ მემატიანე ივანეს აღარ ახსენებს.
სარგის (I) ჯაყელი - ყუარყუარე ჯაყელის შვილიშვილი. სამცხის ს., ამ პატივით მოიხსენიებს მას ჟამთააღმწერლი; მეჭურჭლთუხუცესი 1270 წ., სამცხის ათაბაგი 1282-1284 წწ. დავით ულუს თანამებრძოლი, შემდგომში მონღოლთაგან შეწყალებული და სამცხის სამთავროს (ხას-ინჯუს) მფლობელი. დემეტრე II-ის დროს ხდება სამცხის პირველი ათაბაგი (სრულად იხ. ათაბაგი სარგის (I) ჯაყელი).
ყვარყვარე (I) ჯაყელი - მანდატურთუხუცეს ბექა (I) ჯაყელის ძე, ამირსპასალარი და სამცხის ს. 1334-1361 წწ. (სრულად იხ. ათაბაგი ყვარყვარე (I) ჯაყელი).
კლდიაშვილი
სპასპეტი - (საშ. სპარს. spahpat - მხედართმთავრი), შინაარსობრივად იგივეა, რაც სპასალარი, მაგრამ „ქართლის ცხოვრება“ მათ ერთმანეთისაგან ასხვავებს. ლეონტი მროველის მიხედვით, ფარნავაზის (ძვ. წ. IV ს. მიწურული და III ს. პირველი ნახ.) დროინდელ ქართლში ს. უმაღლესი რანგის სამხედრო მოხელე იყო - იგი მეფის შემდეგ მეორე პირს წარმოადგენდა და საერთო სარდლობას უწევდა ერისთავთა ჯარებს - „მთავრობით განაგებდის ყოველთა ერისთავთა ზედა“. ს-ის სამოხელეო ტერიტორია იყო სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი რეგიონი: „ტფილისითგან და არაგვითგან ვიდრე ფანვარადმდე, რომელ არს შიდა ქართლი“. ს-ის, როგორც უმაღლესი სამხედრო მოხელის სტატუსი და საგამგებლო ტერიტორია საუკუნეთა განმავლობაში უცვლელი რჩებოდა. ვახტანგ გორგასალის ს. ჯუანშერი V ს-ის მეორე ნახევარში ასევე იყო „მპყრობელი შიდა ქართლისა და მპყრობელი ყოველთა ერისთავთა“.
გვიანანტიკურ და ადრეფეოდალურ ქართლში ს-ები სოციალური წარმომავლობით ქართლის უმაღლეს არისტოკრატიას ეკუთვნოდნენ და სამეფო ოჯახთან ბუნებრივი ან ხელოვნური („მამამძუძეობით“) ნათესაობით იყვნენ დაკავშირებულნი, ისინი, მხედართმთავრობასთან ერთად, ითავსებდნენ მსაჯულისა და უფლისწულის აღმზრდელის მოვალეობებს. ვახტანგ გორგასლის მამამ, მეფე მირდატმა, „რამეთუ წესი იყო, რომელ შვილნი მეფეთანი წარჩინებულთა სახლსა შინა აღიზარდნიან“, თავისი ძე ვახტანგი ს. საურმაგს მისცა აღსაზრდელად.
VI-X სს-ში, ერთი მხრივ, უცხო დამპყრობთა ბატონობისა და, მეორე მხრივ, ერისთავთა გამთავრების პირობებში ს-ის ინსტიტუტი დაკნინდა. საქართველოს ხელახალი გაერთიანების შემდგომ (XI ს.) იგი ძველი მნიშვნელობით იწყებს აღორძინებას, მაგრამ უკვე სპასალარის (იხ.) სახელწოდებით. ხანგრძლივი ტრადიციის მქონე „სპასპეტის“ ინსტიტუტთან გენეტიკურად იყო დაკავშირებული დავით IV აღმაშენებლის (1089-1125) მიერ შემოღებული ამირსპასალარის (იხ.) თანამდებობა.
კლდიაშვილი
სუფრაქეში - (თურქ.-სპარს. sufra qaš - სუფრის გამწყობი, ნადიმის მომწყობი). საფარეშოს/ფარეშხანის მსახური. სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით, მისი ქართული შესატყვისია „მეტაბლე“. ს-ის ძირითადი ფუნქცია სტუმრებისათვის საჭმლის წესისამებრ მირთმევა იყო. ნადიმისა და მეჯლისის დროს სხვა მსახურებთან, მაგ., თუშმალებთან (იხ.) ერთად ს. საჭმელს არიგებდა. „დასტურლამალში“ ცალკე პარაგრაფი ეძღვნება ს-ს, საიდანაც ჩანს, რომ ქართლის სამეფო კარზე სულ ექვსი ს. იყო. XVII-XVIII სს-ის ისტორიულ დოკუმენტებში ს-ის ხსენება იშვიათია. ცნობილია მაგ., ს. ტერტერაშვილი ბაინდურა, რომელსაც როსტომ მეფემ თრიალეთის ახალქალაქის ხელახლა დასახლება და მისი მოურავობაც ჩააბარა.
აბულაძე
სუფრაჩი - (თურქ. supraçi - მესუფრე). სამეფო კარის მოხელე, მესუფრე, რომელიც საფარეშოს ყველაზე მნიშვნელოვანი სახელო იყო. ვახუშტის მიხედვით, ს-მა ჩაანაცვლა ჩუხჩარეხი (იხ.), რომლის გამგებლობაში შედიოდნენ სასახლის მზარეულები, მეპურეები, მგოსნები, მუსიკოსები და სხვ. სულხან-საბა ორბელიანი მას „მატაკარანად“, „მზრეულთუხუცესად“ განმარტავს. ვახტანგ VI „დასტურლამალში“ ს-ს მეჯლისის მოხელეებს შორის მოიხსენიებს სახლთუხუცესისა (იხ.) და ნაზირის (იხ.) შემდეგ. მის ფუნქციებში შედიოდა სუფრის გაშლა (ფარეშთუხუცესებთან ერთად), მეფისათვის (ბატონისათვის) საჭმლის მირთმევა. ზოგიერთი ცნობით, ს-ები ბრძოლებშიც იღებდნენ მონაწილეობას („არჩილიანი“). აღნიშნული სახელო საპატიო იყო სამეფო კარზე და მას სათავადო სახლების გავლენიანი პირები, მსხვილი ფეოდალები იკავებდნენ: ქართლში ს-ები იყვნენ შადიმან ბარათაშვილი, რომელიც ლუარსაბ II-ის დროს გადამწყვეტ როლს თამაშობდა სამეფოს მართვა-გამგეობაში, ქაიხოსრო ბარათაშვილი; კახეთში - ბიძინა ჩოლოყაშვილი და სხვ. როსტომ მეფე მნიშვნელოვან როლს აკისრებდა ამ სახელოს წარმომადგენელს და მას ირანში წარგზავნილ პირებს აახლებდა ხოლმე (ჰამზაბეგ ს. ზაალ ერისთავსა და იოთამ ამილახვარს გაჰყვა ირანში). ს-ები სხვა თანამდებობებსაც ითავსებდნენ - ნაზირის, სახლთუხუცესის, მეჰმანდარის (იხ.), ადგილობრივი მოურავების. ს. ჰყავდა როგორც მეფეს, ისე დედოფალს. იგი ხელმძღვანელობდა საკუთარ „თაბუნს“ ხელშინაური მოხელეებისას (სასახლის მსახურები და მზარეულები). ს. ისევე, როგორც სხვა მოხელეები, იღებდა სარგოს ნატურალური გამოსაღებების, კერძოდ, თევზის, საბალახოს, საკლავის წილების სახით.
სუფრაჩები. XVII-XVIII სსქართლი:
ჯავახიშვილი ფარსადან - სამეფო კარის ს. 1607 წ.
ზაალ - სამეფო კარის ს. 1623-1632 წწ.
ბარათაშვილი ბარათა - სამეფო კარის ს. მეწინავე სადროშოს სარდალი 1626 წ.
ბარათაშვილი ავთანდილ - სამეფო კარის ს. 1628-1648 წწ.
ჰამზაბეგ - ს. და სახლთუხუცესი 1630-40-იანი წწ. როსტომ მეფის დავალებით ახლდა ირანში მიმავალ ზაალ ერისთავსა და იოთამ ამილახვარს.
ვახტანგ - სამეფო კარის ს. 1630-იანი წწ.
იმამყული - მეითარ მანუჩარის ძე, სამეფო კარის ს. 1660-იანი წწ.
არათაშვილი ქაიხოსრო - სამეფო კარის ს. 1671-1685 წწ.
პაატა - მეითარ მანუჩარის ძე, სამეფო კარის ს. 1679-1690 წწ., ქალაქის მოურავი 1679 წ. ახლო ხანები.
კახეთი:
ჩოლაყაშვილი ბიძინა - სამეფო კარის ს. 1638-1651 წწ.; სახლთუხუცესი 1630-იანი წწ.; კახეთის 1659 წ. სახალხო აჯანყების ერთ-ერთი მეთაური. თეიმურაზ I-ის აქტიური მხარდამჭერი. 1648 წ. თეიმურაზის დავალებით მან ერწო დალაშქრა, კახეთის აჯანყების (1659) შემდეგ შაჰმა შალვა და ელიზბარ ერისთავებთან ერთად იგი ირანში გაიწვია და გამაჰმადიანება მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ შაჰმა იგი გადასცა იმ თურქმანებს, რომელთა მეტომეებიც კახეთის აჯანყების დროს გაწყვიტეს. ბიძინა ჩოლოყაშვილი წამებით მოკლეს. იგი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული.
ჩოლაყაშვილი ქაიხოსრო - სამეფო კარის ს. 1641--1648 წწ.
გურამიშვილი ზაალ - სამეფო კარის ს. 1672-1673 წწ.
ჩოლაყაშვილი ფარემუზ - სამეფო კარის ს. 1680-იანი - 1699 წწ.
[ანდრონიკაშვილილუარსაბ - სამეფო კარის ს. 1673 წ.
[ჩოლაყაშვილირამაზ - სამეფო კარის ს. 1690-იანი წწ.
გიორგი - სამეფო კარის ს. 1690-ანი - 1741 წწ.
დემეტრე - სამეფო კარის ს. 1704 წ.
ფარემუზ - სამეფო კარის ს. 1704-1735 წწ.
ზურაბისშვილი ზურაბ - ქართლ-კახეთის სამეფო კარის ს. 1764 წ.
იმერეთი
ჩხეიძე ოტია - სამეფო კარის ს. 1660-იანი წწ.

ტარუღა - (მონღ. daruga), მოურავი XVI-XVIII სს-ის აღმოსავლეთ საქართველოში. სეფიანთა ირანში, საიდანაც იგი საქართველოში გავრცელდა, ტ. პოლიციის უფროსს ეწოდებოდა, რომელიც, ასევე, პასუხისმგებელი იყო გადასახადების აკრეფაზე (სეფიანთა ირანში ეს თანამდებობა ხშირად ქართველებს ეკავათ. შაჰ აბას I-ის დროიდან სეფიანთა სატახტო ქალაქის - ისფაჰანის ტ-ები თითქმის ყოველთვის გამუსლიმებული ქართველები იყვნენ). საქართველოში სამოხელეო ტერმინი ტ. XVI ს-ის 80-იანი წლებიდან, სვიმონ I-ის (1556-1569, 1578-1600) ირანის ტყვეობიდან დაბრუნების შემდგომ ჩნდება საშუალო რანგის ადგილობრივი ადმინისტრაციული მოხელის აღსანიშნავად. იგი ყოველთვის მოიხსენიება მელიქთან (იხ.), ქეთხოდასთან (იხ.), მოურავთან (იხ.) და სხვა მოხელეებთნ ერთად. ტ. ჰყავდა სოფელსაც და ქალაქსაც. ქართულ და ქართულ-სპარსულ ისტორიულ საბუთებში იხსენიება „ქალაქის“ (თბილისის), გორის, ალგეთის, თელავის ბაზრის ტ-ები. ამავე დროს ტ-ს ვხვდებით მეფის, დედოფლისა და სათავადოების ადმინისტრაციებშიც. ქალაქების (თბილისი, გორი) და ადმინისტრაციული ერთეულების (სომხითი) ტ-ები მეფის მიერ ინიშნებოდნენ. „დასტურლამალის“ მიხედვით, სამეფო მეჯლისის დროს სუფრის გაშლაში მონაწილეობას იღებდა ფარეშხანის (ფარეშების-მსახურთა უწყება) ტ. მის სარგოს „სატარუღე“ გამოსაღები ეწოდებოდა. ისტორიულ საბუთებში ტ-ები, ძირითადად, არ არიან პერსონიფიცირებულნი. იშვიათია შემთხვევები, როდესაც ტ-ს სახელი და გვარია მითითებული. 1594 წ-დან იხსენიება გორის ტ. ამ თანამდებობაზე თავდაპირველად სხვადასხვა პირები ინიშნებოდნენ, რაც მიანიშნებს, რომ ტ. და მოურავი ჯერ კიდევ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. მაგრამ, მოგვიანებით ეს თანამდებობა სამემკვიდრეო გახდა და იგი ამილახვრებმა შეითავსეს, რომლებიც ადრიდანვე გორის მოურავობას ფლობდნენ. ტ. სარგოს სახით შემოსავალს იმ სოფლებიდან იღებდა, რომლების ტ-ობაც ეძლეოდა.
ტარუღები. XVII-XVIII სს.
ჯავახიშვილი პაატა - ფარეშხანის, სოფელ ახალდაბისა და სხვა სახასო ადგილების ტ. 1633 წ. (ქსის 1955: 105, 106).
ამილახვარი იოთამბეგ - გორის ტ. 1692 წ. (ქსის 1955: 358).
ანდრონიკაშვილი ზაალბეგ - ყორჩიბაში; მარტყოფის ტ. 1703 წ. (ქსის 1955: 411).
ამილახვარი ავთანდილ-ბეგ - გორის (სეფიაბადის) ტ. 1708 წ. (სის 1965: 39; ТКПФ 1995: 129).
ამილახვარი გივ-ბეგ - გორის ტ. 1708 წ. (სის 1965: 39; ТКПФ 1995: 129).
ბაინდურაშვილი
უზბაში - (თურქ. yuzbāşi - ასეულის მეთაური, ასისთავი. სამხედრო მოხელე). როსტომ მეფემ (1632-1658) ყიზილბაშთა წესისამებრ ასისთავს უ. უწოდა. XVII-XVIII სს-ის წყაროების მიხედვით, ქართლსა და კახეთში უ. გავრცელებული სახელოა, თუმცა მის პარალელურად ვხვდებით ასისთავსაც. ისტორიულ საბუთებში იხსენიება თბილისის ციხის უ., თუმცა, ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, აღნიშნული სახელო ეთნიკურად ირანელს გულისხმობდა. სპარსული ფირმანების მიხედვით, XVII ს-ის ბოლოს უ-ს თავისი მოადგილე ანუ ნაცვალი ჰყოლია. ვახტანგ მეფის „დასტურლამალის“ მიხედვით, უ. ყულარაღასს (იხ.) ემორჩილებოდა, ხოლო XVIII ს-ის მეორე ნახევარში - მინბაშს (იხ.). ვახტანგ VI-ის (1716-1724) მიერ შექმნილ მეთოფეთა 120-კაციან რაზმს, რომელიც სამი წოდების - თავადიშვილების, აზნაურებისაგან და აზნაურ-მსახურებისაგან შემდგარ 40 მეთოფისაგან შემდგარ მცირე რაზმებად იყოფოდა, სათავეში უ-ები ედგნენ. ამ შემთხვევაში, ტერმინი უ. თავის რეალურ შინაარსს აღარ შეესაბამებოდა, რადგან იგი უკვე იყო არა ასეულის, არამედ ორმოცი კაცის ხელმძღვანელი. უ. ისევე, როგორც მინბაში, ვალდებული იყო ეზრუნა თავისი ქვემდებარე დანაყოფის წესრიგზე.
უ-ებს სამსახურის სანაცვლოდ გადაეცემოდათ მამულები, რომელთა შემოსავალი მათ გასამრჯელოს წარმოადგენდა. ვახტანგ VI-ის „დასტურლამალის“ მიხედვით, უ-თა სარგოს მკვეთრად გამოხატული წოდებრივი ხასიათი ჰქონდა. იგი სხვაობდა უ-ისადმი დაქვემდებარებული რაზმელების სოციალური წარმომავლობის შესაბამისად. თავადიშვილების რაზმის უ-ის ანაზღაურება უფრო მაღალი იყო, ვიდრე აზნაურთა რაზმის უ-ისა, ხოლო მათზე გაცილებით ნაკლები ჯამაგირი ჰქონდა აზნაურ-მსახურთა რაზმის უ-ს. საბუთებში უ-ები ხშირად იხსენიებიან, მაგრამ სახელების გარეშე.
უზბაშები. XVII-XVIII სს.
სარუხან-ბეგი - თბილისის ციხის უ. 1693 წ.
სეფიყული-ბეგი - უ. 1694 წ.
ჯავანმარდ-ბეგი - თბილისის ციხის უ. 1697 წ.
ქაიხოსრო თურქისტანიშვილი - უ. XVIII ს.
ყაფლან-ბეგ ბარათაშვილი - უ. 1744 წ.
ანტონ ბარათელი - უ.1744 წ.
ბაინდურაშვილი.
ფარეშთუხუცესი - სასახლის საფარეშოს მსახურთა უფროსი, მათი ზედამხედველი და გამრიგე, შედიოდა მსახურთუხუცესის უწყებაში. სამეფო სასახლეში იმდენი საფარეშო იყო, რამდენ დარგადაც იყოფოდა სასახლის შინაური მეურნეობა. ასეთ საფარეშოებს წარმოადგენდა, მაგ., სამკერვალო, სამრეცხაო, სანთლების, სასანთლეებისა და მაშხალების, საგებლის, ნატისა და ბალიშის (რომელთაც დარბაზობაზე იყენებდნენ საპატიო სტუმრებისათვის), ტყავეულობის, კარვების, ნოხების, შეშის, წყლის, აბანოს, სახმარი ჭურჭლის, ხილის, სასახლის დასასუფთავებელი იარაღის და სხვ. სათავსოები; ფარეშებს განეკუთვნებოდნენ შეშის მჭრელები, წყლის მზიდავები, ცეცხლის გამჩაღებლები, მკერვალები და მკერვალთუხუცესი, მეხილეები და მეხილეთუხუცესი და სხვ. მათ ხელში იყო სასახლის დასუფთავება, განათება, წყლის ზიდვა, გათბობა, აბანოს მომზადება და სხვ. „ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, ფ. პირადად ასუფთავებდა ტახტსა და ნოხს მეფის „საწოლში“, ხოლო „სხვათა ნოხთა“ ფარეშები წმენდნენ. ფ. ასევე „კაზმავდა საწოლს“ სავაზიროს სხდომებისათვის. ფ-ის ქვემდებარე მოხელე იყო ციცხთუხუცესი, რომელიც თავისი ხელქვეითების მეშვეობით სასახლეს გვიდა და ალაგებდა, ამზადებდა შეშას სასახლისა და აბანოს გასათბობად. ფ-ის განკარგულებაში იყო აგრეთვე მეხილეთუხუცესი, რომლის მოვალეობას შეადგენდა მეფისა და მისი სახლობის ხილით გამასპინძლება, ამიტომ მას ხილის ჭურჭელ-იარაღიც ჰქონია ჩაბარებული. გვიანდელ საუკუნეებში ფ. სახლთუხუცესს (იხ.) დაქვემდებარებული მოხელე გახდა. „დასტურლამალში“ ფ-ის მოვალეობათა შესახებ მხოლოდ ზოგადი მინიშნებებია მოცემული. ამ დროს სამეფო კარზე ორი ფ. ყოფილა, რომელთა მოვალეობა სასახლის მომსახურე პერსონალის მრავალგვარი საქმიანობის გაძღოლა და მეთვალყურეობა ყოფილა. ფ. ყოველდღიური საქმიანობით იყო დაკავშირებული მეფესთან და სამეფო ოჯახთან, რის გამოც ამ თანამდებობაზე განსაკუთრებულად სანდო პირები ინიშნებოდნენ.
ფარეშთუხუცესები. XVII-XVIII სს.
ჯავახიშვილი პაატა - ქართლის სამეფო კარის ფ. 1633-1651 წწ. (ქსის 1955: 104, 173, 174, 221).
ჯავახიშვილი ზურაბ - ქართლის სამეფო კარის ფ. 1651-71 წწ.
ზაალ - ქართლის სამეფო კარის ფ. 1658-1675 წწ. (პალ 1993: 195).
ბარათაშვილი საამ - ქართლის სამეფო კარის ფ. 1671 წ., ბოქაულთუხუცესი 1670-1690 წწ., სახლთუხუცესი 1690 წ. (პალ 1991: 441-443).
თურქისტანიშვილი ერასტი - ქართლის სამეფო კარის ფ. 1673-1687 წწ. (პალ 1993: 371).
ნათანიშვილი პაპუა - კახეთის სამეფო კარის ფ. (კახეთი) 1704 წ. (ქსის 1955: 417, 418).
ციციშვილი გივი - ქართლ-კახეთის სამეფო კარის ფ. 1765 წ. (ხეც, Hd-8574; Hd-149).
სურგულაძე
ფეშქაშნავისი - (სპარს. peškaš ნავის - საჩუქართა, ძღვენთა აღმწერი). სულხან-საბას განმარტებით, ფ. იგივეა, რაც მუქიფი (იხ.). ეს უკანსკნელი კი განმარტებულია, როგორც „ძღვენთა მნე“. „დასტურლამალის“ თანახმად, არსებობდა „ფეშქაშის“ ქარხანა (საწყობი), რომელიც ფ-ს და თავლიდარს (იხ.) ჰქონდათ ჩაბარებული. აქ ინახებოდა მეფისადმი მიძღვნილი ძვირფასი საჩუქრები, რომელთა გასაჩუქრება შეიძლებოდა მეფისავე მოთხოვნით. ფ-ს ევალებოდა ფეშქაშის მიღება-გაცემის ანგარიშის წარმოება. 1703 წ-ის წყალობის წიგნის მიხედვით, ყოველ შემოსულ ფეშქაშზე ფ-ს მისი ღირებულების ერთი მეათედი ერგებოდა. ქართლ-კახეთის სამეფოში ორი ფ. არსებულა - ქართლისა და კახეთის. მათი სარგო შეადგენდა შემოსული ფეშქაშების საერთო ღირებულების ერთ მეთერთმეტედს.
აბულაძე
ქეთხუდა/ქევხა - (სპარს. ketxoda - მამასახლისი). ირანსა და ოსმალეთში ქალაქის, სოფლის, თემის, ხელოსნური ორგანიზაციის მმართველი, გვარისა და ტომის წინამძღოლი; ოსმალეთში - სულტნის სასახლის მცველთა რაზმის ბალთაჯთა (ცულით შეიარაღებულთა) მეთაური. აღმოსავლეთ საქართველოში ტერმინი ვრცელდება XVI ს-ის ბოლო ათეული წლებიდან საქალაქო და სასოფლო ადმინისტრაციულ მმართველობაში მამასახლისის მნიშვნელობით. ქ-ები მოიხსენიებიან სოფლის და ქალაქის მელიქ-მამასახლისებთან ერთად. ისინი ჩანან სხვადასხვა ტიპის იურიდიული გარიგებების მოწმეებად და დამამტკიცებლებად, სავაჭარო საქმეების გამრიგეებად, საქონლის ნიხრის დამდგენებად. დავით ბატონიშვილის თანახმად, ქ-ებს უწოდებდნენ საქართველოში ჩამოსახლებულ თათართა უხუცესებსაც. ქ-ები იყვნენ თბილისში, გორში, ცხინვალში და, ზოგადად, აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში. ისტორიულ საბუთებში ქ-ები მამასახლისებთან (იხ.) და სხვა ადგილობრივ მოხელეებთან ერთად არიან დასახელებულნი, რაც მიანიშნებს, რომ მიუხედავად მათთან ფუნქციური მსგავსებისა, ისინი მაინც ცალკე რგოლს ქმნიდნენ ადგილობრივ სამოხელეო იერარქიაში. ქ-ების თანამდებობა მემკვიდრეობითი იყო, იერარქიულად ისინი ექვემდებარებოდნენ ქალაქისა და სოფლის მოურავებს, გატოლებულები ჩანან მამასახლისებთან და მელიქებთან (იხ.). ქალაქებში და ზოგიერთ სოფელში ერთდრულად რამდენიმე ქ. შეიძლებოდა ყოფილიყო. ქალაქების ქ-ები ვაჭარ-ხელოსანთა წრიდან ჩანან გამოსულნი, სოფლებში - გლეხობიდან. ქ-ის სარგოს წარმოადგენდა წილი მოსახლეობაზე გაწერილი გადასახადიდან, რაც, ძირითადად, ნატურალურ პროდუქტს წარმოადგენდა.
ბაინდურაშვილი
ქეშიქჩიბაში - (მონღ. kheshig/keshig/kheshichan, სპარს. qašiq - მცველი, დარაჯი, თურქ. başi - მეთაური); მონღოლეთის იმპერიაში და შემდგომ, ირანის შაჰის კარზე, უმაღლესი ხელისუფლის მცველთა უფროსი. საქართველოში ქ-ის, როგორც მეფის მცველთა უფროსის, შემოღება ერეკლე II-ის მიერ ჩატარებულ რეფორმებს უკავშირდება. XVIII ს-ის მეორე ნახევრამდე ქეშიკი, როგორც ლექსიკური ერთეული, „მცველის“ და „მოდარაჯის“ მნიშვნელობით გამოიყენებოდა. „დასტურლამალის“ მიხედვით, მეთოფეთა რაზმებს ევალებოდათ „დგომის საქმე და ქეშიკობა“. 1774 წ-ის „მორიგე ჯარის განწესებაში“ ქ. კარის მოხელედ მოიხსენიება. ერეკლე II-მ ყულარაღასისა (იხ.) და ყორჩიბაშის (იხ.) ის ფუნქციები, რომლებიც გულისხმობდა მეფისა და სასახლის დაცვას, ქ-ს გადასცა. ქეშიკები დასავლეთ საქართველოს წყაროებშიც მოიხსენიებიან, მაგ., იმერეთის სამეფო კარისა და სამეგრელოს მთავრის ქეშიკები. 1759 წ-ის ერთი საბუთის მიხედვით, იმერეთში დამოწმებულია ქეშიკთუხუცესი მხეიძე, რომელიც ქ-ის ანალოგი უნდა იყოს. ქ. შემოსავლიანი და საპატიო თანამდებობა იყო და მას მოადგილეებიც ჰყავდა. მთავრმართებელ პავლე ციციანოვისადმი წარდგენილ მოხსენებაში თავადი დავით აბაშისშვილი აღნიშნავს, რომ მეფე გიორგი XII-ის დროს იგი იყო ქის ნაიბი და ჰქონდა შესაბამისი წყალობა მეფისგან.
აბულაძე
ქილიფთარი - (არაბ. koloft-მსახური); სამეურნეო-საფინანსო ხასიათის მოხელე. „დასტურლამალში“ აღნიშნული სახელო მერიქიფეებთან ერთად შეტანილია მერიქიფეთუხუცესისადმი მიძღვნილ ცალკე პარაგრაფში. დედოფლის „დასტურლამალის“ მიხედვით, იგი მსახურია და საფარეშოს მოხელეებთანაა დაკავშირებული. ქ-ის თანამდებობა ეკავათ სახასო აზნაურიშვილებს. ზოგიერთი საბუთის მიხედვით, ქ-ს შეთავსებული ჰქონდა თავლიდარის, (იხ.) მოლარის ან მოურავის (იხ.) თანამდებობებიც.
ქილიფთარები. XVII .
ბახუტა - სალაროს ქ. და კისისხევის მოურავი 1622 წ. მოლარე 1654 წ.
ყაიბულა/ყაიბულა ბეგი - სარიქიფოს ქ. და სასახლის თავლიდარი 1654 წ.
ყორღანაშვილი როსტომ - მოლარე 1677-1678 წწ. ხელმწიფის ქ. 1685 წ.
აბულაძე
ყაფიჩიბაში - (თურქ. qapiçibāşi - მეკარე), ხელჯოხიანთა რიგის თანამდებობა, საპოლიციო დაცვისა და სასამართლო-ადმინისტრაციული ფუნქციების მქონე მოხელე. ყ. და მისი ხელქვეითი თხუთმეტი ყაფიჩი ეშიკაღასბაშის (იხ.) უწყებაში შედიოდნენ. ვახუშტი ასახელებს მხოლოდ ყაფიჩს, „მეკარეს“, ყ-ის თანამდებობა მისთვის უცნობია, თუმცა, XVII ს-ის საბუთებში ისინი მოიხსენებიან. ყ. და ყაფიჩები დასახელებული არიან „დასტურლამალში“. აქ მოიხსენიებიან: „კარის ყ-ები“, „დავთარხანის ყ-ები“, „მეთოფეთ ყ-ები“. სამეფო კარის ყ-ის საქმიანობის ადგილი და განაწესი მკაცრად იყო განსაზღვრული. მეფის კართან მდგომ ყ-ს (შდრ. საწოლის მეკარე) მცველის, იასაულის ფუნქცია ჰქონდა, თუმცა, იასაული რანგით უფრო დაბალ საფეხურზე იდგა. ყ-ს და ყაფიჩებს, სხვა მცველებისაგან განსხვავებით, მეფესთან შესვლის უფლება ჰქონდათ. კარის მცველის გარდა, ყ-ის მოვალეობას შეადგენდა საქმის გამოძიება, საგანგებო დავალებების შესრულება, სასახლიდან გამოსული ბრძანების ადგილებზე მიტანა, განაჩენის სისრულეში მოყვანა. ამასთანავე, ყ-ს ბოქაულთუხუცესთან (იხ.) და საეშიკაღასბაშოს თავლიდართან (იხ.) ერთად მეფისა და მდივანბეგის (იხ.) ბრძანებები, საპოლიციო ქაღალდები, სასამართლოს განჩინებები და საგამოძიებო მასალები ებარა. ქვეყნის გარეთ საგანგებო დავალებით წარგზავნილი ყ. სრული თავისუფლებით სარგებლობდა. ყ-ები სარგოს იმ წილიდან იღებდნენ, რომელიც ხელჯოხიანებისთვის იყო დაწესებული.
ყაფიჩიბაშები და ყაფიჩები. XVII .
გოგიბაშვილი დოლმაზ - სამეფო კარის ყ. 1636-1653 წწ. (პალ 1991: 682).
თურქისტანისშვილი ბერუკა - სამეფო კარის ყ. 1664-1679 წწ. (პალ 1991: 532; პალ1993: 369).
ყორღანაშვილი ქაინდავლე - სამეფო კარის ყ. 1635-1671 წწ. (პალ 2015: 74-75).
შანშიაშვილი პაპია/პაპუნა - სამეფო კარის ყ. როსტომ მეფის კარზე 1651-1653 წწ.; შაჰნავაზის კარის სოიბათიასაული 1653-1680 წწ. (პალ 2015: 129-31).
იაგულაშვილი ალიხანა - სამეფო კარის ყ. 1636-1646 წწ. (პალ 1993: 384);
მანთაშა - სამეფო კარის ყ. 1646 წ. (პალ 2004: 49).
ყავრიშვილი გიორგი - სამეფო კარის ყ. 1654 წ. (პალ 2015: 5).
ნარიმანაშვილი ხოსრო - სამეფო კარის ყ. 1657-1666 წწ. (პალ 2004: 272*73).
ჯანშაშვილი პაპუნა - სამეფო კარის ყ. 1688-1699 (პალ 2015: 484).
ველასშვილი შანაზარა - სამეფო კარის ყ. 1697 წ.(პალ 1993: 188).
თურქისტანიშვილი ბაგრატ - სამეფო კარის ყ. 1687-1690 წწ. (პალ 1993: 368).
შაჰნაზარა - სამეფო კარის ყ. 1692-96 წწ. (პალ 2015: 116).
ხოსრო - სამეფო კარის ყ. XVII ს-ის II ნახ. (პალ 2015: 399).
აბულაძე
ყორიასაულბაში - (თურქ. qor yasāul bāşi - პოლიციელთა მეთაური) ხელჯოხიანთა (საპოლიციო ფუნქციის შემსრულებელი მოხელეების) რიგის თანამდებობა. ყ. შედიოდა ეშიკაღასბაშის (იხ.) უწყებაში. ვახტანგ VI მხოლოდ ჩამოთვლის ამ სახელოს მფლობელებს და არ მიუთითებს მათ სარგოსა და ჯამაგირს. ყ. ყულებთან და ყორჩებთან ერთად ყულარაღასის (იხ.) და ყორჩიბაშის (იხ.) განკარგულების ქვეშ მონაწილეობდა სასახლის დიდ დარბაზობაში. მეფე და მდივანბეგები (იხ.) მას მიმართავდნენ მიღებული გადაწყვეტილებების სისრულეში მოსაყვანად, რაც ყ-ის იასაულების მეშვეობით უნდა აღსრულებულიყო. XVIII ს-ში ყ-მა თანდათანობით ჩაანაცვლა ბოქაულთუხუცესის (იხ.) თანამდებობა. ყ-ის ფუნქციები განსაკუთრებით გაფართოვდა XVIII ს-ის მეორე ნახე-არში. ამ დროს იგი იასაულების უფროსად ჩანს. ზოგიერთ წყაროში მას „ყორიასაულბაშ-ნაიბ-ეშიკაღასი“ ეწოდება (ერეკლე II-ის 1782 წ-ის ბრძანება). აღნიშნულ პერიოდში ეს სახელო, გარდა აღმასრულებელი ფუნქციისა, დიპლომატიურ საქმიანობასაც ითავსებდა. მაგ., ომან ხერხეულიძის მოწმობით, ერეკლე II ერევნის ხანთან საგანგებო მინდობილობით აგზავნის ყ. ზაზა თარხნიშვილს მდივანბეგ ქაიხოსრო ანდრონიკაშვილთან ერთად. თაყა არღუთოვი, ყ-ის ნაიბი (მოადგილე), მთავარმართებელ პავლე ციციანოვისადმი წარდგენილ მოხსენებაში აღნიშნავს, რომ იგი მეფეების მიერ წელიწადში 3-4-ჯერ წარიგზავნებოდა ხოლმე ელჩად მეზობელ ქვეყნებში.
ყორიასაულებაშები. XVII-XVIII სს.
ბარათაშვილ-საამიშვილი ზაალ - ედიშერ ბარათაშვილის ძე, სამეფო კარის ყ. 1680-იანი წწ.
საგინაშვილი ბეჟანსააკაძე მერაბგლურჯიძე ტარიელ - სამეფო კარის ყ-ები, XVIII ს-ის დასაწყისი (დასტურლამალის მიხედვით).
თარხნიშვილი ზაზა - სამეფო კარის ყ. XVIII ს-ის 80-იანი წწ., მდივანბეგ ქაიხოსრო ანდრონიკაშვილთან ერთად წარგზავნილი იყო, როგორც დესპანი, ერევნის სახანოში და ირანში ქერიმ-ხან ზენდთან.
ონაშვილი-ვაჩნაძე ლუარასაბ - სამეფო კარის ყ., ასპინძის გმირი.
აბულაძე
ყორჩიბაში - (თურქ. qorçibāşi - ცხენოსან მოისართა, ყურჩების უფროსი). ირანის ადმინისტრაციული აპარატის ანალოგიით შექმნილი სახელო. სეფიანური ირანის მოხელეთა შორის ყ-ის თანამდებობა ითვლებოდა სახელმწიფოს შვიდ საყრდენთაგან ერთ-ერთად (arkān-e dowlat) დიდ ვეზირთან, ეშიკაღასბაშთნ (იხ.), ყულარაღასთან, (იხ.), თოფანგჩიაღასთან, მდივანბეგთან (იხ.) და მეჯლისის ნავისთან ერთად. ყ. გვარდიულ კორპუსსა და ფეოდალურ ლაშქარს მეთაურობდა. ვახუშტის მიხედვით, როსტომის დროინდელ ქართლში (XVII ს.) ყ-მა ჩაანაცვლა მსახურთუხუცესის (იხ.) სახელო და მას დაექვემდებარნენ „სალაშქრო საჭურველისა და იარაღის მსახურნი მეფისანი და ციხე-ქალაქთა მცველნი სპანი მეფისანი“. „მსახურთუხუცესად“ განმარტავს ყ-ს სულხან-საბა ორბელიანიც, თუმცა, მსახურთუხუცესის სახელო ქართულ მონარქიაში უფრო მნიშვნელოვანი, მრავალი ფუნქციის შემცველი და საპატიო იყო, ვიდრე ყ-ისა. ყორჩები და ყულები გვიანფეოდალურ საქართველოში მეფის პირადი ქეშიკებისა და ყარაულების ფუნქციას ასრულებდნენ. „დასტურლამალში“ ჩამოთვლილი ყ-ის სახელოს 16 ყორჩი და ყულარაღასის სახელოს 15 ყული ერთი და იგივე პირები არიან. მათი ფუნქციაც ერთანაირადაა განსაზღვრული - მეფის პირადი მომსახურების ხელმძღვანელობა, მეფის სამსახურის დაცვაში მონაწილეობა: „ბატონის უკან ყ. და ყულარაღასი ზეზედ დადგებიან, ბატონის ბრძანებამდინ ნუ დასხდებიან, ყული და ყორჩი რიგზედ დააყენონ, ყორიასაულიც იქ დააყენონ და იმათი დგომა გაარიგონ“. ამასთან, ყულარაღასს მეფის დამცველი რაზმები ებარა, რომლებთანაც ყ-ს არ ჰქონდა კავშირი.
აბულაძე
ყულარაღასი - (თურქ-სპარს. qulār āqāsi - ყულის ჯარის, მეფის მცველების უფროსი); მეფის პირადი დაცვის ხელმძღვანელი, მეფის მცველ მეთოფეთა უფროსი გვიანფეოდალურ საქართველოში. ეს სახელო პირველად შეიქმნა სეფიანთა ირანში შაჰ აბას I-ის (1587-1929 წწ.) დროს, წარმოადგენდა შაჰის პირად დაცვას. ყულის (შაჰის მონები) ჯარში მსახურობდნენ ქართველი, სომეხი და ჩერქეზი ახალგაზრდები, რომლებიც ირანის შაჰის მონებად (აქ: მსახური) ითვლებოდნენ. მანამდე, გაცილებით ადრე, ანალოგიური ტიპის სამსახური საქართველოში დავით აღმაშენებელმა (1089-1125) შექმნა და მას მონა-სპა ეწოდებოდა, ანუ ყულის ჯარი და მონა-სპა თვისობრივად ერთნაირი დანიშნულების სამსახურს წარმოადგენდა.
ქართულ სამოხელეო ინსტიტუტში ყ. სახელოს განსაკუთრებული ადგილი უკავია. „დასტურლამალის“ მიხედვით, ყ-ის ძირითად მოვალეობას მეფის დაცვა შეადგენდა. მის განკარგულებაში იყო მეთოფეთა სამი რაზმი. ყ. სასახლის დიდმოხელედ ითვლებოდა და სამეფოს მართვაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა.
ქართველ მეფეებს უშუალოდ არ მიუწვდებოდათ ხელი ფეოდალთა ჯარებზე, ამიტომ ისინი ცდილობდნენ მუდმივი ჯარის შექმნას, რომელიც უშუალოდ მეფეს დაემორჩილებოდა. მეფის ხელისუფლების სიმტკიცე პირდაპირ იყო დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოცულობისა და შემადგენლობის შეიარაღებული ჯარი ჰყავდა. XVII ს-ის დასასრულს ქართულ-სპარსულ ისტორიულ დოკუმენტებში გვხვდება ღულამ-ყ-ის თანამდებობა. ვახტანგ VI-ის (ჯანეშინი - 1703-1714; ქართლის მეფე - 1716-1724) პირად დაცვას „მცველთა ჯარი“ ეწოდებოდა. იგი მეთოფეთა სამი ორმოცკაციანი რაზმისაგან შედგებოდა, რომლებსაც უზბაშები (იხ.) ედგნენ სათავეში, ხოლო ყველას ერთად ყ. სარდლობდა. ეს ჯარი ვახტანგ VI-ის ერთგული თავადიშვილების, აზნაურიშვილებისა და მსახურებისაგან შედგებოდა, რომლებიც მუდმივად ახლდნენ ვახტანგს. ისინი ხელფასს მეფის ხაზინიდან იღებდნენ, ხოლო ყ-ს ხელფასის ნაცვლად გადაეცემოდა სოფელი, საიდანაც აღებული გადასახადი მის პირად შემოსავალს წარმოადგენდა. „დასტურლამალის“ მიხედვით კი, ყ-ის ჯამაგირი 12 თუმანს შეადგენდა. ყ-ს თავის ხელქვეითებთან მიმართებაში სასამართლო ფუნქციაც ჰქონდა. ფეოდალები ცდილობდნენ თავიანთი შვილები მეფის ან ბატონიშვილების „ყულებად“ მოეწყოთ. დიდი სამეფო მეჯლისის დროს ყ. ყორჩიბაშთან (იხ.) ერთად მეფის უკან დგებოდა. „დასტურლამალში“ დასახელებულია ყ. ქაიხოსრო ამირეჯიბი. ქართული და ქართულ-სპარსული ორენოვანი ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, ყ-ს შეიძლებოდა სხვა თანამდებობაც ჰქონოდა დაკავებული. XVIII ს-ის მეორე ნახევრიდან ყ-მა დაკარგა თავისი რეალური მნიშვნელობა. მეფის დაცვის ფუნქცია ამავე პერიოდში შექმნილ ქეშიკჩიბაშის (იხ.) სახელოზე გადავიდა.
ყულარაღასები. XVII-XVIII სსქართლი.
ზურაბ-ბეგ - ყულარაღასი 1664 წ.
ორბელიშვილი ლუარსაბ/ლევარსაბ-ბეგ - სარდალი, სახლთუხუცესი 1690*1695 წწ. ყ. 1692-1700 წწ.
ამირეჯიბი ქაიხოსრო - ყ. XVIII ს-ის დასაწყისი. გიორგი ქსნის ერისთვისშვილი - ყ. 1700 წ.
პაატა-ბეგ - ყ. 1705წ.
ერისთავი იესე - შანშე ქსნის ერისთავის ძმა, ყ. 1736-1739 წწ.
ამირეჯიბი გაბელ - ყ. 1736-1743 წწ.
გიორგი - ყ. 1742 წ.
ამილახორი გივი - სარდალი, შაჰის ყ., თბილისის მოურავი, 1752 წ.
შურტა - (არაბ. šurta -პოლიცია) არაბ ამირას (იხ.) დაქვემდებარებული საპოლიციო მოხელე. შ-თა მოვალეობას ქალაქში წესრიგის დამყარება და საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე ზრუნვა შეადგენდა. ქართულ წყაროებში შ. უკვე XI ს-დან გვხვდება, როგორც ქართული სამოხელეო სისტემის ნაწილი. იგი მოიხსენიება გიორგი II-ის სიგელში მოხელეთა ჩამონათვალის ერთ-ერთ ბოლო პოზიციაზე. ქართულ საბუთებში, როგორც ჩანს, იგი ფისკალურ მოხელეს აღნიშნავდა. ტერმინი არსებობას განაგრძობს ქართულ სამოხელეო ტერმინოლოგიაში თბილისის საამიროს გაუქმების შემდეგაც. XII ს-ის სიგელში დადასტურებულია საშურტაო გადასახადი. მოგვიანო ხანის საბუთებში შ-ს თანამდებობა აღარ ფიქსირდება. სავარაუდოდ, მისი ფუნქციები სხვა უწყებამ შეითავსა. შ-ს (შულტას) ინტიტუტი მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციებით დიდხანს იყო შემორჩენილი ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში - ხევსურეთსა და თუშეთში. ყველგან მას დაკისრებული ჰქონდა თემის წევრებისაგან პურის აკრეფა და სახატე დღესასწაულების დამსწრეთა მომარაგება ლუდითა და პურით.
ბაინდურაშვილი
ჩუხჩარეხი - (შდრ. განმგეთუხუცესი). ტერმინი ჩ. დასტურდება XII-XV საუკუნეების ნარატიულ და დოკუმენტურ წყაროებში. მისი ეტიმოლოგია მთლად ნათელი არ არის. რადგან ჩ-ის სემანტიკური ვარიანტები უკავშრდება ტერმინ „ეზოს“ (ეზოთუხუცესი-ჩუხჩერახი, ეზოს ჩუხჩერახი), პ. ინგოროყვამ იგი დაუკავშირა „ეზოთუხუცესის“ თანამდებობას და მეფის პირადი სპასპეტის (იხ.) აღმნიშვნელ სახელწოდებად მიიჩნია.
კეკელიძე მას ბიბლიურ სამხედრო ინსტიტუტად მიიჩნევდა და განმარტავდა, როგორც „წინამსრბოლს“, „წინმავალ“ მოხელეს და მეფის სხეულის დაცვის უფროსს. შ. ბადრიძემ ტერმინი ეტიმოლოგიურად ირანულ „ჩუხას“ (პატრულს) დაუკავშირა და იგი მეფის საპოლიციო დაცვის უფროსად მიიჩნია. ი. ანთელავამ, „მეფის კურთხევის წესზე“ დაყრდნობით, სადაც „ეზოთუხუცესი, ჩუხჩარეხი“ და მეაბჯრეთუხუცესი ცალცალკე მოიხსენიება („ეზოთუხუცესსა ჩუხჩარეხსა, მეაბჯრეთუხუცესსა, სამეფო ფარი და ლახტი ჰქონდეს და ქარქაში; უკან უდგეს მეფესა“), გარკვეული კორექტივებით, გაიზიარა პ. ინგოროყვას შეხედულება და მოცემულ კონტექსტში „მეაბჯრეთუხუცესი“ ჩ-ის განსაზღვრებად გაიაზრა. მისი მოსაზრებით, სასახლის ცერემონიალების დროს ჩ-ის მეაბჯრეთუხუცესობა და მეფის უკან დგომა მისი ძველი ფუნქციების გამოძახილს წარმოადგენდა, რაც ამ დროს საპატიო მოვალეობად უნდა ყოფილიყო ქცეული. ჩ-ობა თამარის დროსაც საპატიო თანამდებობად მიაჩნდა ივ. ჯავახიშვილს. ასეთი ფუნქციით ჩანს იგი გიორგი III-ის გარდაცვალებასთან (1184) დაკავშირებულ გლოვის ეპიზოდში და თამარის მიერ ახლად დამტკიცებულ დიდმოხელეთა ჩამონათვალში, სადაც ჩ-ად დასახელებულია მარუშიანი, ძე ჩუხჩარეხისა, რომელიც სხვა საპატიო დიდებულთა მსგავსად თამარმა „დასხნა სასთაულითა“. ჩ-ის საპატიო თანამდებობად გადაქცევა უნდა გამოეწვია XI-XIII სს-ებში ქართული სახელმწიფოს მმართველობითი აპარატის სტრუქტურულ დანაწევრებას, რის შედეგადაც მეფის პერსონისა და საწოლის დაცვის ფუნქცია ჩამოსცილდა ეზოსმოძღვარ-განმგეთუხუცესის უწყებას და ცალკე, მესაწოლეთუხუცესის უწყების ხელში გადავიდა.
ჩ., როგორც მეფის პირადი აბჯრისმტვირთველი, ისევე, როგორც ზარადხანის მმართველი მეაბჯრეთუხუცესი, ამირსპასალარის უწყების მოხელე ჩანს - „მეფის კურთხევის წესის“ თანახმად, იგი ამირსპასალარის „კერძო ვიდოდა“. გვიანდელ შუა საუკუნეებში ეზოსმოძღვარ-განმგეთუხუცესის ფუნქციები გადანაწილებული ჩანს ქარხნის ნაზირსა (იხ.) და სუფრაჩს (იხ.) შორის (ვახუშტი).
ჩუხჩარეხები. XII-XV სს.
ვარდან დადიანი - გიორგი III-ისა და თამარის თანამედროვე პოლიტიკური მოღვაწე. გიორგი მეფის თანამებრძოლი ორბელთა ამბოხის დროს. ამბოხებულთა დამარცხების შემდეგ სამეფო კარზე ჩ-ის თანამდებობა მიუღია. თამარმა მას მსახურთუხცესობა უწყალობა. იყო გიორგი რუსის ამბოხების აქტიური და უაღრესად გავლენიანი მხარდამჭერი (სრულად იხ. მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი).
ვარდანისძე მარუშიანი - ჩ. XII ს. 80-იანი წწ. ჩუხჩარეხის ძე. ჩ-ის სახელო მიიღო თამარისაგან ვარდან დადიანის მსახურთუხუცესად დანიშვნის შემდგომ.
ბოცო ბოცოს ძე - ჩ. XIII ს. 20-იანი წწ. სამცხის ერისთავთ-ერისთავის და სპასალარის, ბოცოს ძე. ჩ-ის სახელოს მფლობელია გიორგის-ლაშას და რუსუდანის მეფობაში. მის მიერ ჩ-ობის ფლობას ადასტურებს ალის მონასტრის სვინაქსარში მის სახელზე დადებული ორი სააღაპე ჩანაწერი. გიორგი-ლაშას დროს იგი მესხთა მოწინავე ლაშქართან ერთად მონაწილეობდა ქალაქ განძის აღებაში. მან და მისმა ძმამ განსაკუთრებით თვალსაჩინო როლი შეასრულეს 1226/1227 წ. ხვარაზმელთა შემოსევისას თბილისის დაცვის საქმეში. მტრისაგან ქუთაისში გარიდებულმა რუსუდანმა ბოცო და მემნა ბოცოს ძეებს უბრძანა ჯალალადდინის ლაშქრისაგან ქალაქის დაცვა.
ამუნასქირი გავაშელ - ჩ. (დასავლეთ საქართველო). XV ს-ის მიწურული. (სეა, 1448-5040).
ზევდგინიძე ავთანდილ - გორის მოურავი და ეზოს ჩ. 1425-1430 წწ. (ქისკ 2013: 139, 155, პალ 1993: 225).
ზედგინიძე ზედგინ - 1419-1453 წწ., ეზოს ჩ. და გორის მოურავი 1453 წ. (პალ 1993: 230)
კლდიაშვილი
ციხისთავი - სამხედრო-ადმინისტრაციული ფუნქციების ადგილობრივი (საქვეყნოდ გამრიგე) მოხელე, თავდაცვითი ნაგებობების - ციხესიმაგრეებისა და მათ გარშემო არსებული საფორტიფიკაციო ქსელის გამგებელი, ციხის გარნიზონის მეთაური, ციხესიმაგრესთან დაკავშირებული სამხედრო, სამეურნეო და ფინანსური საქმიანობის (საბაჟო საქმე) ხელმძღვანელი. ც-ის თანამდებობის გაჩენა საქართველოში ივარაუდება ანტიკური ქალაქების მშენებლობასთან ერთად, რასაც თან ახლდა რთული საფორტიფიკაციო ნაგებობების სიტემის მოწყობა. გარდა ქალაქებისა, ციხესიმაგრეებს აგებდნენ სასაზღვრო ადგილებში, მნიშვნელოვან გზებსა და გზაჯვარედინებზე, უღელტეხილებზე. ქართულ საისტორიო წყაროებში ც-ის ინსტიტუტის შესახებ ყველაზე ადრეული წერილობითი მოწმობა VI-VII საუკუნეებიდან შემოგვრჩა. „ევსტათი მცხეთელის მარტვილობიდან“ ცნობილია მცხეთის ც., ჯუანშერის თხზულებიდან - თბილისის ც., რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია ჰერაკლე კეისარს. ადრეფეოდალურ საქართველოში ციხესიმაგრეები იქცნენ მომრავლებულ მთავართა (ერისთავთა) რეზიდენციებად, რომლებიც წარმოადგენდნენ საფეოდალო „ქვეყნის“ პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მართვის ცენტრებს. საქართველოს გაერთიანების კვალდაკვალ სამეფო დომენის მიწებზე და საერისთავო ადმინისტრაციულ ოლქებში მრავლდება სამეფო ციხესიმაგრეთა რიცხვი, რომელთა როლმა ქვეყნის თავდაცვის საქმეში უზომოდ გააფართოვა ც-ის ინსტიტუტის მნიშვნელობა. XI-XIII სს-ის წყაროების მიხედვით, ც-ები ერისთავთა უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ საერისთავო მიწებზე, ხოლო საკუთრივ სამეფო დომენში მსახურთუხუცესის განკარგულების ქვეშ იყვნენ (ასეთთა შორის უნდა ვიგულისხმოთ ამ საუკუნეების სამეფო სიგელებში ნახსენები ზედაზნის ც., გოგნის ც., მუხნარის ც.). თავად ც-ს ემორჩილებოდნენ „ციხოანნი“, რომელთა საბრძოლო მზადყოფნაზე, აღჭურვასა და საკვებით მომარაგებაზე ზრუნვა ც-ს ევალებოდა. ქართული კანონმდებლობა იცნობდა „საციხო სამართალს“ (გრიგოლ სურამელის ანდერძი შიომღვიმისადმი), რომელიც გულისხმობდა გადასახდელს ან ჯარიმას ციხისთავის, მეციხოვნეთა და ციხის ქონების დაზიანების შემთხვევებში. გიორგი ბრწყინვალის „ძეგლისდება“ განსაზღვრავს ც-ის მკვლელობისათვის დაწესებულ სასჯელს: საურავად 3500 თეთრი და მამულისაგან სამი წლით გაძევება. გიორგი II-ისა და გიორგი III-ის სიგელებში დასახელებულია საციხისთავო გადასახადი („საციხისთვო შესავალი“) - ჩამონათვალში იგი საერისთვო და სახევისუფლო გადასახადთა შუაა მოქცეული, შესაბამისად, სამოხელეო იერარქიისა. XV ს-დან, საქართველოს დაქვეითების ჟამს, მეფე ც-ებს საგადასახადო იმუნიტეტის ბოძებით უწევდა მატერიალურ დახმარებას, რათა შესძლებოდათ ციხეში მუდმივად „დგომა“ (მაგ., კონსტანტინე II-ის (1478-1505) სიგელი გორის ც. ფეროზ ვალადემურიშვილს ათავისუფლებს ც-ს ყოველგვარი გადასახდისაგან, რათა მუდმივად მდგარიყო ციხეში „მისითა საგძლითა“). საქართველოს სამეფოებად დაშლის შემდეგ ქართლსა და კახეთში XV-XVI სს-ში სამხედრო ორგანიზაცია სასარდლო სისტემაში მოექცა, ხოლო იმერეთის სამეფოში ეს სისტემა მხოლოდ XVII ს-ის შუა ხანებში ჩამოყალიბდა. ამიტომ იმერეთის სამეფოში ც-ობა უწარჩინებულესი სამხედრო თანამდებობა იყო. იმერეთის სამეფო სიგელების მოხელეთა ჩამონათვალში ც. მეორე-მესამე პოზიციებზე იხსენიება. კაკაბაძის შეფასებით, აქ იგი წინანდელი ხანის ამირსპასალარის ტოლი თანამდებობა იყო. მას ფლობდნენ იმერეთის გავლენიანი თავადური სახლები (ღოღაბერიძე, ჭილაძე, ომადმანიძე, აგიაშვილი).
ციხისთავები. XV-XVII სს.
ჟორჟოლასძე დავით - ჟინვანის ც. 1476 წ. (ქისკ 2014: 308).
ღოღაბერიძე - ც. 1488 წ. (იმერეთის სამეფო) (პალ 2007: 412).
ჭილაძე ლიპარ - ც. 1513 წ. (იმერეთის სამეფო) (პალ 2015: 344).
ღოღაბერიძე - ც. 1545 წ. (იმერეთის სამეფო) (პალ 2007: 412).
დემეტრე - გორის ც. 1590 წ. (ქისკ 2016: 408)
ომადმანიძე ამაბეგ - ც. XVII ს-ის პირველი ნახ. (იმერეთის სამეფო) (პალ 2004: 327).
ომადმანიძე იოვანე - ც. 1658-1660 წწ. (იმერეთის სამეფო) (პალ: 2004: 327).
აგიაშვილი თეიმურაზ - ცუცხვათის ც. 1673 წ. (ქიემ, №973).
აგიაშვილი ვახტანგ თეიმურაზის ძე - ცუცხვათის ც. 1663-1697 წწ. (ქიემ, №973)
ჭილაგიძე თუქლამ - ც. XVII ს. (იმერეთის სამეფო) (პალ 2015: 342).
სურგულაძე
ხასადარი - (არაბ.-სპარს. xāssadār - სახასო, ანუ სამეფო მიწების გამგებელი). სამეურნეო დარგის მოხელე გვიანფეოდალურ საქართველოში. ხ. იყო მეფის დომენის, მისი საკუთარი მამულების (ხოდაბუნების, ვენახების, საძოვრების) ზედამხედველი, ამავე დროს საჯარო მოხელეც, რამდენადაც იგი მეფის, როგორც საჯარო პირის მოხელეს წარმოადგენდა.
ისტორიულ დოკუმენტებში ხ. პირველად 1644 წ-ის საბუთში იხსენიება. ხ. ზედამხედველობას უწევდა დომენის მიწებზე მომუშავე გლეხების (მეფის ყმა-გლეხების, ზოგიერთ შემთხვევაში, ქირაზე მომუშავე გლეხების) სეზონურ მუშაობას და ბეგარის გადახდას.
ხ-ის შემოსავლის წყაროები რამდენიმე ჩანს. მას წილი ჰქონდა, როგორც მეფის ფეოდალურ გადასახადში (სამეხრეო, ღალა), ასევე სახელმწიფო გადასახადშიც (მალი). როგორც დომენის მოხელე, ხ. ისტორიულ საბუთებში იხსენიება მოურავთან (იხ.), ნაცვალთან და მამასახლისთან (იხ.) ერთად. „დასტურლამალის“ მიხედვით, ხ. სარგოს იღებდა დომენის მიწების შემოსავლებიდან, რომელიც, როგორც ჩანს, სხვაობდა სამეურნეო ობიექტის მოცულობისა და მოსავლიანობის მიხედვით. ყოველი სამეურნეო ობიექტიდან ხ-ის სასარგებლოდ გაწერილი იყო პურის, ღვინის, ქათმის, ღორის, მასპინძლობის, ძღვენის გადასახადი. არსებული საბუთების მიხედვით, მცირედ, მაგრამ, მაინც ერთმანეთისაგან სხვაობს სხვადასხვა ადგილის (გორი, დიღომი, კავთისხევი, ლილო, დურნუკი, ავლაბარი, ქვემო ბოლნისი) ხასადრების შემოსავლები. დიღმის ხ-ს მალის გადამხდელისაგან ერთი შაური ეკუთვნოდა, მოყალნისაგან - ერთნახევარი კოკა ტკბილი. ზვრისა და ღალის შემოსავლების მეათედიდან „როგორც სამართალია“, ანუ ნახევარი. ასევე, მცირედ განსხვავებულადაა განსაზღვრული კავთისხევის ხ-ის სარგო. მას ეკუთვნოდა „ზვრისა და ხოდაბუნის ათისთავის ნახევარი; კომლზე ქათამი; თვითო ლიტრა ქერი“.
ხ. ვალდებული იყო აღეწერა მეფის მამულების შემოსავლები და ერთგვარი ბუღალტერია ეწარმოებინა. დომენის მიწების მართვისას ხ-ის ფუნქციები წააგავდა მეფის მოურავის ფუნქციებს (იხ. მოურავი), მაგრამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მათი სამოქმედო არეალი გამიჯნული იყო. ზოგან ღალის აკრეფის საქმეს მხოლოდ ხ. ხელმძღვანელობდა, მაგ., ღალის ხ-ს ეკუთვნოდა „ბატონის (მეფის) სამეხრეოსი და ღალის ათისთავის (მეათედი) ნახევარი“. ღალის გამომღები კომლიდან ხ. იღებდა სამ ლიტრა ქერს, მალის გამომღებიდან - შვიდ ფუთნახევარსა და ძღვენს. როგორც ჩანს, ნატურით გასამრჯელოს ღალის ხ-თან ერთად იყოფდნენ მამასახლისი და ნაცვალი. თუკი ხ. მეღალის ფუნქციებს ითავსებდა, მას დამატებითი სახის გასამრჯელო ეძლეოდა. ხ-ის სახელო მემკვიდრეობითი იყო.
სამოხელეო წყობა საქართველოს ერთიან მონარქიაში.
XI-XV საუკუნეები
X-XI საუკუნეთა მიჯნაზე საქართველოს სამეფო-სამთავროები ერთიანი მონარქიის ფარგლებში გაერთიანდნენ. ეს იყო დიდმნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი, რომელმაც მომდევნო სამი საუკუნის განმავლობაში განსაზღვრა ქართული საზოგადოების კულტურული წინსვლა და ქართული მონარქიის უმნიშვნელვანესი პოლიტიკური როლი კავკასიის რეგიონის ქვეყნებისათვის. საქართველო უკვე ახალი ქვეყანა იყო ახალი სოციალური ძალებით და ახალი პოლიტიკური გამოწვევებით, რისთვისაც უეჭველია, პასუხი უნდა გაეცა ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას მისი ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო უწყებების საშუალებით.
საქართველოს გაერთიანება - დიდწილად პატრონყმული საზოგადოების კონსოლიდაციის შედეგი იყო, რომელსაც საფუძვლად ეთნოკულტურული თვითშეგნების მაფორმირებელი მყარი წარმოდგენები ედო, მაგრამ, როგორც ამას XI საუკუნის პოლიტიკური მოვლენები უჩვენებს, გაერთიანებული საქართველოს პირველ მეფეებს მაინც ძლიერ გაუჭირდათ სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარება. ერთ-ერთი მიზეზი ამგვარი ვითარებისა მდგომარეობდა ძველი სამოხელეო სისტემის შეუსაბამობაში ახალ პოლიტიკურ რეალობასთან.
ახლადგაერთიანებული საქართველოს მეფეები, ცხადია, ემყარებოდნენ ეგრის-აფხაზეთისა და ტაოს სამეფოებში დამკვიდრებულ მართვის გამოცდილებას, რომელიც ამ დროისათვის ორსაუკუნოვან ისტორიას ითვლიდა. „მატიანე ქართლისაჲ“ იუწყება, რომ ბაგრატ III სამეფო საქმეებს განაგებდა თავისი პაპის, გიორგი მეფისა და გამზრდელის, დავით კურაპალატის მისგავსებულადო (ყაუხჩიშვილი 1955: 275). ჩვენ ერთობ სუსტი წარმოდგენა გვაქვს ამ სამეფოთა ცენტრალურ სამოხელეო წყობაზე, მაგრამ ტექსტიდან ცხადი ხდება, რომ ეს „მიმსგავსება“ უპირველესად, გულისხმობდა სამოხელეო პერსონების შერჩევას მეფის პირადი ვასალებიდან - „მატიანის“ ცნობით, ბაგრატმა ეგრის-აფხაზეთში „ურჩი“ აზნაურები „შესცვალნა დიდებისაგან და ადგილთა მათთა დაადგინნა ერთგულნი და მოსწრაფედ მორჩილნი ბრძანებათა მისთანი...“ (ყაუხჩიშვილი 1955: 276). მსგავსი ცნობაა შემონახული „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაშიც“, სადაც ნათქვამია, რომ გიორგის მამა იაკობი იყო „ერთგულთაგანი და საკუთართაგანი“ გიორგი I-ისა, რის გამოც მიუნდვია მისთვის მეფეს საიდუმლო დიპლომატიური მისია ალ-ჰაქიმთან (აბულაძე 1967: 110). ეს მაგალითები თვალნათლივ მოწმობს, რომ საქართველოს სამოხელეო წყობას საფუძვლად ისეთივე პატრონყმული წესრიგი ედო, როგორიც იმჟამინდელ სოციალურ ურთიერთობებს განსაზღვრავდა (ჯავხიშვილი 1982: 227). კარის მოხელენი დომენის აზნაურებს, მეფის „გაზრდილთა“ წრეს - ყმა-აზნაურებს ან მსახურებს განეკუთვნოდნენ და მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებდნენ სამეფო კარზე.
მაგრამ ზემოთქმული შეეხება მხოლოდ სამეფო კარს, სასახლის დაწესებულებათა ხელმძღვანელებს. რაც შეეხება ადგილობრივ მოხელეებს, პროვინციათა მმართველ მოხელე-ერისთავებს, XI საუკუნეში საქართველოს მეფეები სწორედ მათი შერჩევისას იყვნენ შეზღუდულნი. როგორც თანადროული წყაროები უჩვენებენ, მეფეები ერისთავებად მხოლოდ ხელახლა ამტკიცებდნენ პროვინციების ძირძველი მემამულურ-არისტოკრატული სახლების წარმომადგენლებს, რომლებიც ნაკლებად გამოირჩეოდნენ მეფისადმი ლოიალობით. ეს იყო კომპრომისული გზა, რასაც ხელი უნდა შეეწყო დიდაზნაურთა კონსოლიდაციისათვის მეფის ფიგურის გარშემო. ბაგრატ IV-ის დროინდელი შინაური კონფლიქტების გადმოცემისას მეფის ირგვლივ დაჯგუფებულ ფეოდალებს წყარო ძირითადად მაღალი ეპითეტებით - „დიდებული“, „წარჩინებული“ - მოიხსენიებს, რაც თავისთავად ამ პირთა დიდმოხელეობის მოწმობაა, თუმცა, წყარო არ აკონ- კრეტებს მათ თანამდებობებს. მაგრამ იმდროინდელ საისტორიო მასალაზე დაკვირვე- ბა საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ ეს „დიდებულები“ ისევ ერისთავები იყვნენ, რადგან იმჟამად მონარქიის სიმტკიცე ცენტრალური მმართველობის ინსტიტუტებზე უფრო მეტად დამოკიდებული იყო ადგილობრივი მმართველი ერისთავების ერთგულებაზე მეფისადმი, რადგან სწორედ მათ ურჩობას შეეძლო უდიდესი ზიანის მიყენება ქვეყნის ერთიანობისათვის. ამას ადასტურებს იმდროინდელი სამეფო სიგელების Sanctio-ც, სადაც კარის მოხელეების ხსენება არ ჩანს, მაშინ, როდესაც ერისთავთა მეთაურობით საქვეყნოდ გამრიგე მაღალი და დაბალი მოხელეები სრულად არიან ჩამოთვლილნი.
გვაქვს შემთხვევები, როდესაც მეფეები მოხელეობას ართმევენ აშკარად „ურჩ“ ერისთავებს (მაგ., ბაგრატ III-მ ერისთავობა ჩამოართვა რატი ბაღვაშს, ბაგრატ IV-მ - აბაზასძეებს და ლიპარიტ ბაღვაშს), მაგრამ დროთა განმავლობაში ირიგებენ მათ ან მათ შთამომავლებს და უბრუნებენ ჩამორთმეულ თანამდებობებს, ზოგჯერ აწინაურებენ კიდევაც (მაგ., ბაგრატ IV-მ კვლავ შეიწყალა ივანე ლიპარიტის ძე და მას სპასალარობა უბოძა). კიდევ უფრო კომპრომისულ პოლიტიკას ატარებდა ერისთავთა მიმართ გიორგი II (ყაუხჩიშვილი 1955: 316). მიუხედავად ასეთი მცდელობებისა, XI საუკუნის განმავლობაში, როდესაც ხშირად ირღვეოდა ერთიანი საქართველოს პოლიტიკური კონტურები, სამეფო ხელისუფლებას სწორედ ეს ძირძველი ერისთავები უქმნიდნენ მთავარ საფრთხეს. შეიძლება ითქვას, რომ XI საუკუნის საქართველოს პოლიტიკურმა კრიზისებმა მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინა სამეფო ხელისუფლებას - მან გამოამჟღავნა წინააღმდეგობრივი იმპულსები თვით ფეოდალური წოდების შიგნით, თვალსაჩინო გახადა იმჟამინდელ საქართველოში მოქმედი სამოხელეო ინსტიტუტებისა და მართვის მექანიზმების სუსტი რგოლები. ეს იყო პოზიტიური შედეგი, რამაც შესაძლებელი გახადა სახელმწიფოებრივი მშენებლობის ახალ ეტაპზე გადასვლა დავით IV აღმაშენებლის (1089-1125) დროს.
დავით აღმაშენებელმა, რომელიც ქვეყნისათვის განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაში ავიდა სამეფო ტახტზე, სამოხელეო წყობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. ეს ცვლილებები განპირობებული იყო როგორც საშინაო, ისე საგარეო ფაქტორებით: უპირველეს ყოვლისა, აღსაკვეთი იყო ფეოდალური ანარქია და აუცილებლი იყო სამეფო კარის, როგორც მართვის ცენტრის მნიშვნელობის ზრდა. ამ ამოცანას ემსახურებოდა თავად მეფის პერსონალური ავტორიტეტის ამაღლება (ღვთისსწორობა) და ძალაუფლების სრული კონცენტრაცია მის ხელში. ამ მიზნით იქნა შემოღებული მეფის უშუალო მოადგილის, მწიგნობართუხცეს-ჭყონდიდლის თანამდებობა, რომლის კონტროლქვეშ მოექცა მართლმსაჯულება, საეკლესიო და სამოქალაქო უწყებები. დავითის ინიციატივით დაიხვეწა უწყებრივი სტრუქტურები, მათი ფუნქციები მეტ-ნაკლებად გაიმიჯნა დარგობრივად; შეიქმნა ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გამაძლიერებელი ახალი სამსახურები - ე.წ. მსტოვართა და მონაპირეთა ინსტიტუტები, რომელთა კარგად ორგანიზებულმა საქმიანობამ ხანგრძლივი დროით უზრუნველყო საზღვრების დაცვა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. დავით აღმაშენებლის მიერ ჩატარებულმა სამოხელეო რეორგანიზაციამ არსებითად გააძლიერა ცენტრალურ მმართველობა, აამაღლა სასახლის კარის, როგორც პოლიტიკური მართვის ცენტრის მნიშვნელობა, რამაც უდიდესი როლი შეასრულა დავითის სამხედრო-პოლიტიკურ წარმატებებში. ადგილობრივ მმართველობაში კვლავ ერისთავები რჩებოდნენ უპირველეს მოხელეებად, მაგრამ ისინი უკვე ცენტრალური მმართველობის უპირველეს მოკავშირეებად იყვნენ ქცეულნი.
სამოხელეო უწყებების რეფორმირებისას დავით აღმაშენებელი, ისევე, როგორც მისი წინამორბედები, პატრონყმულ სტრუქტურებს ემყარებოდა. დავითის სახელმწიფოებრივი წარმატებების მოზიარე დიდმოხელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მეფის საკუთარი ვასალების რიგებიდან იყვნენ გამოსულნი (ცნობილია, რომ მეფესთან „გაზრდილობით“ იყო დაკავშირებული გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი - „მეფის მამა“ და მეორე პირი სახელმწიფოში). მაგრამ, ამასთანავე, დავით აღმაშენებლის ფართო სამოქმედო პროგრამამ სამეფო კართან დაახლოებულ წრეებს და მათ თანამებრძოლებს დაწინაურების უდიდესი შესაძლებლობები მისცა. დავითის დროს გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე ახალგაზრდა, გამარჯვებული სამხედრო-სამოხელეო ელიტა, რომლის სახელმწიფოებრივმა მოღვაწეობამ ახალი მიმზიდველობა შესძინა სამეფო კარს - სახელმწიფო მმართველობის პოლიტიკურ ორგანოს, რამაც ნიადაგი გამოაცალა ძველ მოხელე-ერისთავთა სეპარატისტულ მიდრეკილებებს.
დავით აღმაშენებლის ადმინისტრაციული რეფორმები უპირველესად შეეხო ცენტრალურ აპარატს, რომელიც უფრო მოქნილი და მრავალდარგოვანი გახდა. ამასთან, ნაბიჯები იქნა გადადგმული ფუნქციათა დარგობრივი გადანაწილების მიმართულებებით. დავითის დროს იქნა შემოღებული სამეფო კარის სამი უმაღლესი საუწყებო თანამდებობა: მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი. ივ. ჯავახიშვილი დავით აღმაშენებელს მიაწერდა სავაზიროს, ანუ მეფის პოლიტიკურ მრჩეველთა საბჭოს შექმნას (ჯავახიშვილი 1982: 265-270, 302), სავაზიროს შემადგენლობაში უნდა ყოფილიყვნენ უმაღლესი რანგის მოხელეები: მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი და მეჭურჭლეთუხუცესი. მოგვიანებით შ. მესხიამ წამოაყენა მოსაზრება, რომ დავით აღმაშენებლის დროიდან თამარის მეფობის მიწურულამდე მხოლოდ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი სარგებლობდა ერთადერთი „ვაზირის“, ანუ მეფის მრჩევლის უფლებით, ხოლო სავაზირო უნდა ჩამოყალიბებულიყო ათაბაგის თანამდებობის შემოღებასთან ერთად, რომელიც იყოფდა „მეფის მამობის“ ფუნქციას მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელთან. მაგრამ, რადგან წყაროთა ჩვენებები უფრო პირველი მოსაზრების სასარგებლოდ იხრება, მკვლევართა უმრავლესობა სავაზიროს XII საუკუნეში წარმოშობილად მიიჩნევს (ბერძენიშვილი 1958: 208-209; ლორთქიფანიძე 1966: 72-74; ოთხმეზური 1981: 49-52; ანთელავა 1983: 154). რუსუდან მეფის დროს ამ შემადგენლობას შეემატა მსახურთუხუცესი (მესხია 1979: 74). XIII საუკუნეში ექვსი უმაღლესი მოხელე შეადგენდა სავაზიროს, ანუ სათათბირო ორგანოს, სადაც წყდებოდა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი საკითხები ომისა და მშვიდობის, მიწებისა თუ თანამდებობების ბოძების ან ჩამორთმევის შესახებ.
ვაზირთა უფლება-მოვალეობანი
მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი (შდრ. ევროპული კანცლერი) მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობა ორი - საეკლესიო და სამოქალაქო თანამდებობათა შერწყმით შეიქმნა. მწიგნობართუხუცესები ცნობილი არიან XI საუკუნიდან, (ღრტილას საეკლესიო კრების მონაწილე ეფთვიმე გრძელი, ბაგრატ IV-ის მწიგნობარი იოვანე და სხვ.), ისინი გამორჩეულად განათლებული, საეკლესიო და სამოქალაქო კანონთა მცოდნე, ღვთისმეტყველებაში განსწავლული საეკლესიო პირები იყვნენ, რომლებიც ხელმძღვანელობას უწევდნენ სმეფო კანცელარიის საქმიანობას. მწიგნობართუხუცესის წინამორბედი და თანაფარდი ტერმინია „მწერალთა ზედა მთავარი“, რომელიც დავით კურაპალატის (X ს.) კარის ე.წ. „ხელშინაურ“ მოხელეთა შორის ივარაუდება. მწიგნობართუხუცესის უშუალო ხელქვეითი მოხელეები იყვნენ სამეფო კარის რიგითი მწიგნობრები, რომელთა უშუალო მოვალეობა იყო სამეფო კარის მიმოწერისა და სხვადასხვა ტიპის საქმიანი ქაღალდების შედგენა. XII საუკუნის დასაწყისში დავით აღმაშენებელმა მწიგნობართუხუცესის თანამდებობა საეპისკოპოსო კათედრასთან (ჭყონდიდი) შეაერთა და მეტისმეტად აამაღლა ყველა სხვა საკარო თანამდებობებზე. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი (თანამდებობის სახელწოდება პირობითია, რადგან თანადროულ წყაროებში ამავე ფუნქციის თანამდებობის პირი შეიძლებოდა წოდებულიყო ბედიელ-ალავერდელად ან ჭყონდიდელ-უჯარმელად (აბაშიძე 2013: 142) იყო მეფის უმაღლესი ნდობით აღჭურვილი პირი, მას ჰქონდა „მეფის მამის“ საპატიო სტატუსი, რაც გულისხმობდა მეფის „ვაზირობის“, ანუ მისთვის რჩევის მიცემის უფლებას. ამ უფლებით მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელმა ჩაანაცვლა ძველი სპასპეტის როლი სამეფო კარზე. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს უაღრესად ფართო ფუნქციები ჰქონდა დაკისრებული, იგი მეთვალყურეობას უწევდა საეკლესიო, სამოქალაქო და სამხედრო უწყებათა საქმიანობას. უშუალოდ ხელმძღვანელობდა სამეფო სასამართლოს - „საააჯო კარს“. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი იყო შუალედური რგოლი მეფესა და ეკლესიას შორის, რაც მეფეს საშუალებას აძლევდა ეკონტროლებინა საეკლესიო საქმეები და საეპისკოპოსო კათედრებზე ხელდასხმისათვის თავად შეერჩია კანდიდატურები. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი უშუალოდ განაგებდა სამეფო დომენის ეკლესია-მონასტრებს (გარდა გელათისა, რომელიც გარკვეული ავტონომიით სარგებლობდა). თამარის მეფობის ბოლო წლებამდე ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი სამეფო კარზე უმაღლესი ნდობით სარგებლობდა და, ფაქტობრივ, შენარჩუნებული ჰქონდა ყველა ძველი პრივილეგია. ბასიანის ბრძოლის ნადავლად წამოღებული „წიგნი სააქიმოს“ მინაწერში (ხეც, შდ-1274) ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი „ვაზირთა ყოველთა უპირველესად და პროტოუპერტიმოსად“ იხსენიება. ასეთივე შინაარსის განსაზღვრებას ვხვდებით მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის მიმართ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ქოლაგირის მონატრის ქტიტორული წარწერის ფრაგმენტში: „ვაზირთუხუცესს და მწიგნობართა უხუცესს...“ (სხირტლაძე 2000: 23, 46-50, 70-74). მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის, როგორც ვაზირთა უპირველესის თანაშემწე იყო საწოლის მწიგნობარი, რომელიც შემაერთებელ რგოლს წარმოადგენდა მეფის საწოლს (კაბინეტს) და სასამართლო დაწესებულებას - სააჯო კარს შორის. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის ძლიერი ფიგურა ნაწილობრივ ამირსპასალარის, ნაწილობრივ კი კათალიკოსის ადმინისტრაციული ფუნქციების გადაფარვას იწვევდა, რამაც თამარის (1184-1217/10) ტახტზე ასვლისას კათალიკოსის ირგვლივ დაჯგუფებულ დიდმოხელეთა მხრიდან უკმაყოფილების სახით იჩინა თავი, მაგრამ თამარმა მაინც კარგახნით მოახერხა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის შენარჩუნება ძველი უფლებებით. მხოლოდ მისი მეფობის დასასრულს, როდესაც თამარმა ივანე მხარგრძელს ათაბაგობა უწყალობა, სამეფო კარმა ერთდროულად ორი „მეფის მამა“ მიიღო, რამაც სათავე დაუდო მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის გავლენის შეკვეცას. XIII საუკუნის 60-იან წლებამდე ჭყონდიდელ-მწიგნობართუხცესს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი უფლებები ქვეყნის მმართველობაში, მაგრამ საუკუნის ბოლოს, „ხელმწიფის კარის გარიგების” მიხედვით, სავაზირო, როგორც ჩანს, სამხედრო-პოლიტიკური საკითხების ფინანსურ-ეკონომიკური საკითხებისაგან გამიჯვნის მიზნით, გაყოფილა „სამთა ვაზირთა“ (ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი) და „ორთა ვაზირთა“ (მეჭურჭლეთუხუცესი, მსახურთუხუცესი) ჯგუფებად, მაგრამ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, როგორც ვაზირი, არც ერთ ჯგუფში აღარ მოიხსენიება (სურგულაძე 1970: 43-44) და იგი მხოლოდ მაღალ სასულიერო პირთა შორის ინარჩუნებს საპატიო ადგილს.
მანდატურთუხუცესი. ტერმინი მანდატური პირველად გიორგი II-ის 1073 წლის სიგელში ადგილობრივ მოხელეთა ჩამონათვალში გვხვდება. აქ იგი დაბალი ადგილობრივი მოხელეა, როგორც ჩანს, საპოლიციო ფუნქციისა. დავით აღმაშენებლის დროიდან კი, ყალიბდება მანდატურთუხუცესის უწყება, რომელიც სასახლის მთავარ უწყებათა შორის იკავებს საპატიო ადგილს. თამარის ისტორიკოსი მანდატურ-თუხუცესის ინსიგნიად ასახელებს ოქროს არგანს (რომელსაც მეფე გადასცემდა მანდატურთუხუცესად დანიშნულ პირს (ყაუხჩიშვილი 1959: 33). სამეცნიერო ლიტერატურაში მანდატურთუხუცესს მიაწერენ სახელმწიფო ფოსტისა და მიმოსვლის ხელმძღვანელობას (ჯავახიშვილი 1982: 295-298), ერთობლივად საპოლიციო და სამეურნეო სამსახურების უფროსობას (ბერძნიშვილი 1979: 356-457; ლომინაძე 1979: 644-645) ი. ანთელავას მოსაზრებით, მანდატურთუხუცესს ექვემდებარებოდა სააჯო კარი (სასამართლო დაწესებულება) და საგანმგეო (სასახლის მეურნეობა), სასახლეში წესრიგის დაცვა და მეთვალყურეობა საზეიმო ცრემონიალებისა და ეტიკეტის შესრულებაზე. ამ მრავალგვარ ფუნქციას მანდატურთუხუცესი ასრულებდა განმგეთუხუცესისა და ამირეჯიბისა დახმარებით (ანთელავა1983: 122-125).
მანდატური და ამირსპასალარი XII-XIII საუკუნეების საქართველოში თანაბარი ღირსების თანამდებობებად ითვლებოდა და ისინი ხშირად ერთი პირის ხელში იყო გაერთიანებული. ნ. ბერძენიშვილის შეხედულებით, ამირსპასალარისათვის მანდატურთუხუცესობის ბოძება ერთგვარი კომპენსაცია იყო ამირსპასალარისათვის მისთვის „მეფის მამობის“ ჩამორთმევის შემდეგ (ბერძენიშვილი 1966: 39, მესხია 1979: 24).
ამირსპასალარი. საქართველოს სამხედრო შენაერთების სარდალს ამირსპასალარი დავით აღმაშენებლის დროს ეწოდა. შ. მესხიას დაკვირვებით, არაბულ-სპარსული „ამირ ისფაჰ სალარ“ საქართველოში დიდ სელჩუკთა სამოხელეო ტერმინოლოგიის გავლენით დამკვიდრდა, მაგრამ შინაარსობრივად იგი ქართულ ინსტიტუტად დარჩა (მესხია 1979: 18). ამირსპასლარმა წინანდელი სპასპეტი ჩაანაცვლა, მაგრამ განსხვავება მხოლოდ ტერმინოლოგიური ცვლილებით როდი ამოიწურებოდა. ძველად სპასპეტი ითვლებოდა „მეფის მამად“ და ამ სტატუსის შესაბამის პრივილეგიებს ფლობდა, დავითმა კი, უახლოესი წარსულის (ბაგრატ IV-ის დროინდელი მოვლენები) გათვალისწინებით, როგორც ჩანს, სახიფათოდ ჩათვალა მეფის მამობა ესოდენ გავლენიანი სამხედრო მოხელისათვის დაეტოვებინა. შესაძლოა, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი მთავარსარდლისათვის სახლწოდების შეცვლისა. ამირსპასალარს ემორჩილებოდა საქართველოს ძირითადი საჯარისო დანაყოფები (საერისთავო ჯარები), მაგრამ მის დაქვემდებარებაში არ შედიოდა სამეფო დომენის ლაშქარი (ანთელავა 1983: 130). მშვიდობიანობის ჟამს ამირსპასალარი ზედამხედველობას უწევდა სამხედრო ვალდებულების, ე.წ. ლაშქარ-ნადირობის შესრულებას. ეს მას საშუალებას აძლევდა მუდმივად ედევნებინა თვალყური მოლაშქრეთა რაოდენობისა და მათი საბრძოლო მზადყოფნისათვის. სამხედრო საქმის ხელმძღვანელობასთან იყო დაკავშირებული ამირსპასალარის უფლება - გადამწყვეტი სიტყვა ეთქვა სახელმწიფო მიწების წყალობა-გაცემის საკითხების განხილვისას.
მეჭურჭლეთუხუცესი. მეჭურჭლის თანამდებობა ქართულ სამეფო-სამთავროებში ძალზე ძველი ჩანს, მაგრამ მეჭურჭლეთუხუცესობა, როგორც მსხვილი საუწყებო თანამდებობა, მკვლევართა აზრით, დავით აღმაშენებლის დროს ჩამოყალიბდა. „ხელმწიფის კარის გარიგება“ მას „დიდ ვეზირს“ უწოდებს, რომელიც ათაბაგობადე მეოთხე ადგილს იკავებდა (სურგულაძე 1970: 39). მეჭურჭლეთუხუცესს ებარა მეფის სალარო, იქ შენახული მეფის არქივი და საჭურჭლე, ე.წ. „შეკრული“ განძეულობა (სარეზერვო განძი, რომელიც არ იყო გათვლილი ყოველდღიური საჭიროებებისათვის), რომელიც მეფეებს, სათანადო დაცვის ქვეშ, რამდენიმე სასახლეში ჰქონდათ გადანაწილებული (თბილისი, ატენი, ქუთაისი, უჯარმა). მეჭურჭლეთუხუცესის ხელში იყო ბეჭედი, რითაც შეკრული განძეულობა იყო დაბეჭდილი. მას ებარა აგრეთვე საღვინეში შენახული ძვირფასი ჭურჭელიც. გარდა განძეულისა, მეჭურჭლეთუხუცესს ჩაბარებული ჰქონდა ყოველდღიურად სახმარი სამეურნეო საქონელიც. მისი საგამგებლოში შედიოდა აგრეთვე სამეფო ქალაქების ადმინისტრაცია და სავაჭარო შემოსავლების აღნუსხვა-ანგარიში. ამრიგად, მეჭურჭლეთუხუცესის საქმიანობა სცილდებოდა სასახლის ერთი დაწესებულების ფარგლებს. მას ყველგან უნდა აღენუსხა საქონელი, ეწარმოებინა სამეურნეო ანგარიში და თვალყური ედევნებინა მათი დაცვა-შენახვისათვის.
ათაბაგი. ათაბაგის თანამდებობა შემოღებულ იქნა თამარის მეფობის დასასრულს, არაუგვიანეს 1207 წლისა. ათაბაგი სელჩუკთა სახელმწიფოში მეფის მამობას ნიშნავდა და საქართველოში, სადაც უკვე არსებობდა „მეფის მამა“ მწიგნობართუხცეს-ჭყონდიდლის სახით, მისი დუბლირება მწიგნობართუხცეს-ჭყონდიდლის წინააღმდეგ ამირსპასალარის ფარული ბრძოლის გამოხატულებად არის შეფასებული (მესხია 1979: 76). ამ ბრძოლაში, რომელიც ჯერ კიდევ გიორგი III-ის მეფობაში გამომჟღავნდა, როგორც ჩანს, კათალიკოსიც იყო ჩართული. თამარის მეფობის დასაწყისში წინააღმდეგობა გამწვავდა, მაგრამ მაშინ თამარმა მოახერხა მწიგნობართუხცეს-ჭყონდიდლის ძველ უფლებებში დატოვება. თამარის მეფობის დასასრულს დიდებულებმა სხვა გზა აირჩიეს - მეფე დაარწმუნეს ათაბაგობის შემოღების მიზანშეწონილობაში. საქართველოს პირველი ათაბაგი გახდა ივანე მხარგრძელი, რომელმაც თავისი ძმის, ზაქარია მანდატურთუხუცესისა და ამირსპასალარის გარდაცვალების შემდეგ ეს ორივე სახელოც მიიერთა. ამრიგად, მეფის მამობა და ამირსპასალარობა ხელახლა შეერთდა, რაც, როგორც ჩანს, დასაბუთებული იყო სპასპეტთა „მეფის მამობის“ უძველესი ტრადიციით (ანთელავა 1983: 136). ამიერიდან ათაბაგ-ამირსპასალარ-მანდატურთუხუცესს უფლება ეძლეოდა ჭყონდიდელ-მწიგნობართუცუესთან ერთად ყველა სახელმწიფო უწყების საქმიანობაში ჩაეხედა და მათზე გავლენაც მოეხდინა (მესხია 1979: 73-74). მართლაც, მეფის მეორე გავლენიანი „მამის“ ხელისუფლებამ შესამჩნვად დააკნინა მწიგნობართუხცეს-ჭყონდიდლის სახელო და ბიძგი მისცა შემდგომ ცვლილებებს სამოხელეო წყობაში.
მსახურთუხუცესი. მსახურთუხუცესი სასახლის ძველი, „ხელშინაურთა“ ზემდგომი მოხელე იყო (გაბაშვილი 1943: 165-166). ვარაუდობენ, რომ იგი თავდაპირველად მანდატურთუხუცესის უწყებაში შედიოდა (ანთელავა 1983: 143). მისი დაწინაურება იწყება გიორგი III-ის დროს, ორბელთა ამბოხის (1177) ჩახშობის შემდეგ. მსახურთუხუცესს ჩაბარებული ჰქონდა უაღრესად საპასუხისმგებლო უწყება - მეფის საწოლი, რომელიც მრავალმხრივ მომსახურებას საჭიროებდა. ამ მოვალეობებს იგი ასრულებდა მისდამი დაქვემდებარებული მესაწოლეთუხუცესისა და მოლარეთუხუცესის დახმარებით. მსახურთუხუცესი მჭიდროდ იყო დაკავშირებული სამეფო დომენთან - იგი უძღვებოდა დომენის ციხე-ქალაქთა დაცვის საქმეს, საჭიროების შემთხვევაში სარდლობდა დომენის ლაშქარს (ჩხატარაიშვილი 1979: 58). მსახურთუხუცესის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა თამარის მეფობაში - ივანე ათაბაგის მსახურთუხუცესობის დროს. მისი როლი სამეფო კარზე და საქმიანობის ასპარეზი უაღრესად გაფართოვდა, ხოლო რუსუდანის დროს სავაზიროს წევრიც გახდა.
სამეფო სასახლე, როგორც დაწესებულება. სამეფო კარის უწყებათა მუშაობის, მოხელეთა მოვალეობებისა და საქმიანობის შესახებ უაღრესად საინტერესო ინფორმაციას შეიცავს „ხელმწიფის კარის გარიგება“. ძეგლი, მართალია, XIII საუკუნის მიწურულით თარიღდება, მაგრამ მასში აღწერილი ცენტრალური დაწესებულებები, მართვის მექანიზმები, დაწესებულებათა და უწყებათაშორისი კავშირები და სამოხელეო ეტიკეტი ბევრად უსწრებს წინ ძეგლის შედგენის დროს. ერთიანობის ხანის საქართველოს მეფის ძირითადი ადგილსამყოფელი, სადაც მას „სახლი სამკვიდრებელი“ (რეზიდენცია) ჰქონდა, თავდაპირველად იყო სახელმწიფოს დედაქალაქი ქუთაისი, თბილისის დაბრუნების შემდეგ (1122) - თბილისი, მაგრამ, გარდა ძველი და ახალი დედაქალაქებისა, საქართველოს მეფეს მრავალი რეზიდენცია და სადგომი ჰქონდა დომენის სხვადასხვა კუთხეში (არანაკლებ 16-ისა), სადაც იგი ხშირად გადაადგილდებოდა ხოლმე თავის მრავალრიცხოვან ამალასთან ერთად. მასთან ერთად მოძრაობდა მეფის საწოლი (მეფის კაბინეტი), როგორც ცენტრალური დაწესებულება თავისი მომსახურე პერსონალით და დაცვის სამსახურით (ანთელავა 1983: 14-16).
სამეფო კარზე, ანუ სასახლეში, სადაც თავს იყრიდა ერთიანი ქართული მონარქიის ცენტრალური უწყებები, უამრავი სამსახური არსებობდა, რომლებიც სასახლის დიდ საუწყებო მოხელეებს ექვემდებარებოდნენ. სწორედ ამ სამსახურებზე დაყრდნობით მართავდნენ უწყებათა „უხუცესები“ თავიანთ სფეროებს. საუწყებო სამსახურების საშუალო და დაბალ მოხელეებს სასახლის სხვადასხვა დაწესებულებაში უწევდათ თავ-თავიანთი მოვალეობების შესრულება, რადგან ეს დაწესებულებები არც დარგობრივად, არც ფუნქციურად და არც ფიზიკურად ერთმანეთისაგან მკაფიოდ გამიჯნული არ იყო. აქ ერთმანეთს ხვდებოდნენ როგორც სამეფო დომენის მოხელეები, ისე - სახელმწიფო-საჯარო სამსახურები. სასახლის დაწესებულებათა ასეთ „ქაოტურობაში“ წესრიგი შეჰქონდა მოხელეთა განაწესებს, რომლებშიც ზუსტად იყო განსაზღვრული ყოველი მოხელის ადგილი სამოხელეო იერარქიაში, მისი მოვალეობები სხვადასხვა თუ რომელიმე ერთი დაწესებულების ფარგლებში.
სასახლის დაწესებულებათა ურთიერთგადამკვეთი ფუნქციების თვალსაჩინო ნიმუშია მეფის საწოლი (კაბინეტი, კანცელარია), რომელიც სახელმწიფოსა და დომენის მართვის საერთო ცენტრს წარმოადგენდა. საწოლშივე იყო განთავსებული სალარო, სადაც ინახებოდა დიდი სასიგლე ბეჭედი, მეფის არქივი, ფული და ძვირფასეულობა. აქვე იყო მეფისა და მისი ოჯახის საცხოვრებელი აპარტამენტები. ამიტომ საწოლის რთული სტრუქტურა და მრავალფუნქციურობა განსაკუთრებულ დაცვას და მომსახურებას საჭიროებდა. თავისი საქმიანობით საწოლთან იყვნენ დაკავშირებული მწიგნობართუხუცესი (დავით აღმაშენებლის დროიდან მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი), მსახურთუხუცესი, მოლარეთუხუცესი და მეჭურჭლეთუხუცესი მათივე ქვემდებარე უწყებების მრავალრიცხოვანი საშუალო და დაბალი მოხელეებითურთ, რომელთაც პერსონალურად ებარათ მეფის საწოლის ფიზიკური დაცვა, მისი მოვლა-დასუფთავება, მეფის, მისი ოჯახის წევრებისა და მოწვეული პირების მომსახურება.
საწოლიდან ხდებოდა სამეფოს მართვა - აქ იმართებოდა თათბირები უმაღლეს მოხელეებთან, დიპლომატიური მიღებები და საზეიმო წვეულებები. აქ ეწეოდა თავის ძირითად საქმიანობას მეფის პირადი მდივანი - „საწოლის მწიგნობარი“, რომელიც უწყებრივად ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესს ექვემდებარებოდა. აქ ამზადებდა იგი სახელმწიფო დოკუმენტებს, რომლებსაც მოლარეთუხუცესი სამეფო ბეჭდით ამტკიცებდა. საწოლი თან დაჰყვებოდა მეფეს მისი ყოველი გადაადგილებების დროს („რა მეფე აიყაროს“). მის მომსახურე პერსონალს თან დაჰქონდა სავაზიროს სხდომებისათვის საჭირო მოწყობილობა და სახელმწიფო ბეჭედი (ეს ნივთეულობა აკიდებული ჰქონდა მეფის სამდივნოს („სიკრიტონის“ - secretum) ჯორს, რომელსაც გზაზე შვიდასი შუბოსანი მესაწოლე იცავდა (ხელმწიფის კარის გარიგება 1965: 84).
1. მსახურთუხუცესის უწყების მთავარი მოხელები: მესაწოლეთუხუცესი, მოლარეთუხუცესი, ფარეშთუხუცესი.
2. მეჭურჭლეთუხუცესის უწყების მთავარი მოხელები: საჭურჭლის ნაცვალი, მუქიფი, მუშრიბი, სასახლის მეჭურჭლეები.
3. ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის უწყების მთავარი მოხელები: საწოლის მწიგნობარი, ზარადხანის მწიგნობარი, მწიგნობართუხუცესის ეჯიბი.
4. ამირსპასალარის უწყების მთავარი მოხელები: ამირახორი, მეაბჯრეთუხუცსი, ზარადხანისუხუცესი, მეჯინიბეთუხუცესი.
5. მანდატურთუხუცესის უწყების მთავარი მოხელები: ამირეჯიბი, გამგეთუხუცესი/ეზოსმოძღვარი, ეჯიბები.
სამოხელეო ეტიკეტი
შუა საუკუნეების ქართული სამართლებრივი კულტურის განუყოფელი ნაწილია სამეფო კარის ეტიკეტი, რომელშიც ზუსტად იყო გაწერილი სასახლეში მყოფი ყოველი პერსონის, მათ შორის სხვადასხვა რანგის მოხელეების შეკრების, ქცევის, ჩაცმულობის, მეტყველების, გამასპინძლების წესები. მასალა სამოხელეო ეტიკეტის შესახებ დაცულია „ქართლის ცხოვრებაში“, „მეფის კურთხევის წესში“, „ხელმწიფის კარის გარიგებაში“, „დასტურლამალში“, ფრესკულ და მინიატურულ მხატვრობაში, ლიტერატურულ წყაროებში. სამოხელეო ეტიკეტი შერწყმულია მოხელის სოციალურ და უფლებრივ სტატუსთან, ზოგადად ეპოქის სამართლებრივ წარმოდგენებთან, მისი შესწავლა კულტუროლოგიური კვლევის ფართო სფეროა, რაც ამჯერად სცილდება ჩვენი ნაშრომის მიზანს, მხოლოდ რამდენიმე მაგალითის აღწერით შემოვიფარგლებით.
საქართველოს სამეფო კარზე მიღებული ეტიკეტის გაცნობა ცხადყოფს, რომ ნებისმიერი რანგის მოხელის რიტუალური ქცევისა თუ სამეტყველო ნორმებს განსაზღვრავდა სასახლის იერარქიული წესრიგი, რომლის სათავეში იგულისხმებოდა სამეფო პერსონა, როგორც უზენაესი ხელისუფლების სიმბოლო. რიტუალური სიმბოლიკით იყო გაჯერებული მოხელეთა ოფიციალური საქმიანობა და, ასევე, არაფორმალური ურთიერთობებიც, რაც კარგად ჩანს სასახლეში დარბაზობებისას დადგენილ წესებში. დარბაზობები იმართებოდა როგორც საქმიანი შეკრებების დროს, ისე დღესასწაულების, საზეიმო მიღებების, მეფედ კურთხევის, ქორწინების, მემკვიდრის დაბადებისა და მაღალი პერსონების გარდაცვალების შემთხვევებში.
დიდ საერო მოხელეთაგან მეფედ კურთხევის რიტუალში მონაწილეობას იღებდნენ მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი. „არგნით“ აღჭურვილი მანდატურთუხუცესი ჯვარისმტვირთველთან ერთად წინ მიუძღოდა სასახლიდან ეკლესიისაკენ მიმავალ პროცესიას, ხოლო წელზე ხმალშემორტყმული ამირსპასალარი, რომელსაც ორთავე ხელზე მეფის ხმალი ესვენა, მეფეს მარჯვნივ მიუყვებოდა. ეკლესიაში შესვლისას ამირსპასალარი მეფის ხმალს მიაწვდიდა ჯვარისმტვირთველს, რომელიც მას საკურთხეველში დაასვენებდა (ძელიცხოვლის გვერდით). რიტუალის დასრულების შემდეგ ჯვარისმტვირთველი ხმალს ისევ ამირსპასალარს უბრუნებდა, ეს უკანასკნელი მას მეფეს, როგორც უზენაეს მთავარსარდალს, წელზე შემოარტყამდა (დოლიძე 1965: 50-51).
„ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, მკაცრად იყო განსაზღვრული იმ მოხელეთა რაოდენობა, რომელთაც ჰქონდათ პატივი მეფესთან ახლოს მისულიყვნენ და „საურავი» მოეხსენებინათ - იქნებოდა ეს სასწრაფოდ განსახილველი საკითხი, სასახლეში შემოსული თხოვნა-საჩივარი, თუ ვინმესთვის შუამდგომლობა. ასეთი უფლება ჰქონდა მხოლოდ სამი უწყების - მსახურთუხუცესის, მანდატურთუხუცესის და ამირსპასალარის რამდენიმე მოხელეს. უპირველესად, ეს უფლება ეკუთვნოდა მსახურთუხუცესს ან მის ხელქვეით რომელიმე უფროს მოხელეს, რომელთაც საწოლში შესვლა სამსახურეობრივად ევალებოდათ. ამათ „საურავის“ მოხსენება მეფისთვის შეეძლოთ მაშინაც, როცა იგი საწოლში „უკაზმავი“ იმყოფებოდა. კიდევ უფრო მეტი უფლებით სარგებლობდა მანდატურთუხუცესის უწყების მოხელე ამირეჯიბი, რადგან ამ უკანასკნელს ყველგან შეეძლო მეფესთან შესვლა - „უკაზმავთანაც“ და „შეკაზმულთანაც“, მხოლოდ საღამოს წირვამდე („საღამოს რეკამდის“). ამირსპასალარის ხელქვეითთაგან მეფესთან საურავით მისვლის უფლება ეკუთვნოდა ამირახორს ან მეაბჯრეთუხუცესს (ხელმწიფის კარის გარიგება 1965: 83, 84, 86-87). „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, სამოხელეო რიტუალები განსაკუთრებული სიზუსტით სრულდებოდა სამეფო კარზე გამართული დარბაზობების დროს. მკაცრად იყო განსაზღვრული დარბაზობაზე წვეულ მოხელეთა კატეგორიები, ყოველ მათგანს მათი თანამდებობის შესაფერი სამოსითა და სამოხელეო ინსიგნიებით გამოცხადება ევალებოდა. დარბაზობაზე წესრიგისა და ცერემონიალის დაცვას ზედამხედველობას უწევდა მანდატურთუხუცესი, რომელიც ერთადერთი იყო, ვისაც ჰქონდა უფლება დარბაზობაზე ხმალშემორტყმული შესულიყო. იგი ადევნებდა თვალყურს, რამდენად იყო დაცული დარბაზობაზე წვეულ მოხელეთა შორის იერარქიული თანამიმდევრობა, მეფისა და მღვდელმთავრების წინაშე რიტუალური მისალმების წესები და სამეტყველო სტილი, სტუმრების ფეხზე დგომისა და დაჯდომის დრო და ადგილი, რამდენად შეესაბამებოდა მოხელის რანგს მომსახურეობა, მისართმევი ულუფის სახეობა და ოდენობა.
ადგილობრივი მმართველობა ერთიან ქართულ მონარქიაში
XI საუკუნეში გაერთიანებულ ქართულ მონარქიაში ადგილობრივი მმართველობის, ანუ „საქვეყნოდ გამრიგე“ მოხელეებად ისევ ერისთავები რჩებოდნენ, მაგრამ მათი რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. უცვლელად შევიდა ერთიან მონარქიაში ადრინდელი ეგრის-აფხაზეთის სამეფოს საერისთავოები, მათ შორის მის ფარგლებში ადრე მოქცეული ქართლისა და ჯავახეთის საერისთავოებიც. კახეთის შემოერთების შემდეგ ბაგრატ III-მ (975-1014) დააფუძნა ორი მსხვილი საერისთავო - კახეთისა და ჰერეთის (ისინი დაიკარგა გიორგი I-ის გამეფებისთანავე). საქართველოს გაერთიანებას თან მოჰყვა ახალი საერისთავოების წარმოქმნა ტაო-კლარჯეთში - შავშეთის, კალმახის, თუხარისის, ყველის, არტანუჯის - XII საუკუნეში ტაოს საერისთავოს სახით (ბახტაძე 2003: 260-283).
განსხვავებით წინა საუკუნეებისაგან, ერთიან ქართულ მონარქიაში ერისთავთა, როგორც საჯარო მოხელეთა ხელისუფლება აღარ ვრცელდებოდა ქვეყნის უმეტეს მიწა-წყალზე, რადგან საერისთავოთა ფარგლებში შეერია უკვე გამრავლებული, სხვადასხვა იურიდიულ რეჟიმს დაქვემდებარებული მიწები, რომელთა დიდი ნაწილი, მაგ., სამეფო დომენისა და ეკლესიის მიწები ერისთავის იურისდიქციაში არ შედიოდა (ანთელავა 1983: 184, 190). ასევე არ ეხებოდა ერისთავს სამეფო ქალაქები, მაგრამ მისი უფლებამოსილებები ვრცელდებოდა კერძოფეოდალურ მამულებზე, რომლებშიც თავად ერისთავის მკვიდრი მამულებიც იგულისხმებოდა.
ერისთავების ძველ კონტიგენტს ძირძველი მემამულე არისტოკრატია შეადგენდა, რომლის ჩაყენება სახელმწიფო სამსახურში საქართველოს მეფეების საშინაო პოლიტიკის უმთავრეს ამოცანად იყო ქცეული. XI-XIII საუკუნეთა განმავლობაში ამ პოლიტიკას სხვადასხვაგვარი გამოხატულება ჰქონდა - იყო ეს ურჩ ერისთავებთან ბრძოლა, მათ მიმართ რეპრესიების გატარება, თუ შეწყალება და სამეფო კართან მათი გამიზნულად დაახლოება. ამ საუკუნეებში ფართოდ დაინერგა დიდი ერისთავების სამეფო კარის მოხელეებად დანიშვნის პრაქტიკა. ერისთავები იყვნენ მეჭურჭლეთუხუცესები, მანდატურთუხუცესები, მსახურთუხუცესები, ამილახორები, ჩუხჩარხები და სხვ. დიდი ერისთავები უმეტეს დროს მეფის კარზე ატარებდნენ, რაც, უეჭველია, ზრდიდა მათ პოლიტიკურ თვალსაწიერს და ამცირებდა შიდაპოლიტიკურ დაძაბულობას. ამგვარმა სამოხელეო პრაქტიკამ აღნიშნულ საუკუნეებში წაშალა მკვეთრად გამოხატული ფსიქოლოგიური და მენტალური ზღვარი ცენტრალურ და საქვეყნოდ გამრიგე (ადგილობრივ) მოხელეებს შორის, მნიშვნელოვნად დააახლოვა ერთმანეთთან ცენტრი და პერიფერია, რამაც თავის მხრივ, კულტურული ინტეგრაციის უფრო მაღალი ხარისხი და, შესაბამისად, სახელმწიფოებრივი იდენტობის შეგრძნება განაპირობა. ამ საერთო ვითარების ანარეკლი კარგად ჩანს XIII საუკუნის ლაჰილის (სვანეთი) ხატის წარწერაში: „წმიდაო მთავარანგელოზო მუხერისაო, ჴელთუქმარო, ადიდენ მეფენი ბაგრატუნიანნი, და დადიანი, და დიდებულნი და ერთობილ საქართველო და ერთობილნი სუანნი და ჴევი ლატალისა...“ (თაყაიშვილი 1937: 263-364).
ადგილებზე ერისთავს ეკუთვნოდა საერისთავო რეზიდენცია, სადაც იგი თავისი სამოხელეო აპარატის დახმარებით აღასრულებდა სამხედრო-ადმინისტრაციულ და ფისკალურ უფლებებს. ადგილებზე ერისთავი აღასრულებდა მართლმსაჯულებასაც, მაგრამ მძიმე სისხლის სამართლის საქმეები სააჯო კარზე უნდა გაეგზავნა. ომის დროს ერისთავს ევალებოდა დაქვემდებარებული ტერიტორიებიდან მოლაშქრეთა მობილიზაცია და მთავარსარდლის დროშაზე დგომა (XI საუკუნეში ერისთავი ანგარიშვალდებული იყო სპასალარის წინაშე, დავით აღმაშენებლის დროიდან კი, სპასალარი შუალედური რგოლი უნდა ყოფილიყო ერისთავსა და ამირსპასალარს შორის). დავით აღმაშენებლის დროიდან ერისთავების სამხედრო დამოუკიდებლობა ობიექტურად შესუსტდა, რადგან მათი საქმიანობა ძლიერ ცენტრალურ უწყებებს (მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის, ამირსპასალარის) დაექვემდებარა.
მონღოლთა ბატონობის დროს ცენტრალური ხელისუფლება ვეღარ ახერხებდა ერისთავების კონტროლს, რაც მათ შესაძლებლობას აძლევდა თავიანთ საერისთავო ოლქებში მიეთვისებინათ საჯარო უფლებები, თავისი იურისდიქციისათვის დაექვემდებარებინათ განსხვავებული იურიდიული რეჟიმის მქონე მიწები, დაესაკუთრებინათ საჯარო გადასახადები და სხვ. საჯარო და კერძო უფლებების აღრევა, საზოგადოდ დამახასიათებელი მოვლენა ფეოდალური წესრიგისათვის, მონღოლთა ბატონობის დროს საქართველოში შეუქცევადი გახდა, რამაც გამოიწვია ერისთავის სამოხელეო ინსტიტუტის დეგრადაცია და მოხელე-ერისთავთა გარდაქმნა დიდ მემამულე თავადებად. მონღოლებზე დამოკიდებულ საქართველოს მეფეებს აღარ შესწევდათ ძალა ურჩი ერისთავისათვის ჩამოერთმიათ საერისთავო მამული. მსგავსი პროცესი მიმდინარეობდა დასავლეთ საქართველოშიც. ერისთავთა გამთავრება ქვეყნის დაშლის წინაპირობა იყო, რისი შეჩერება ცენტრალურ ხელისუფლებას მის ხელთ დარჩენილი ბერკეტებით აღარ შეეძლო. მონღოლთაგან ქვეყნის გათავისუფლების შემდეგ გიორგი V ბრწყინვალე (1318-1346) ჰერეთში დარბაზობაზე საგანგებოდ მოწვეულ ურჩ ერისთავებს სასტიკად გაუსწორდა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოუცხადეს მეფეს ერთგულება დასავლეთ საქართველოს ერისთავებმაც.
გიორგი ბრწყინვალის ღონისძიებებმა მხოლოდ დროებით შეაჩერა ერისთავთა ინსტიტუტის დეგრადაცია. ფეოდალური საზოგადოების სტაგნაცია და უმძიმესი საგარეო პოლიტიკური ფონი ხელსაყრელ გარემოს ქმნიდა ერისთავის ინსტიტუტის საბოლოო გაქრობისათვის. XV საუკუნის დასაწყისში ერისთავის ინსტიტუტი ფორმალურად, თუმცა შინაარსობრივად სახეცვლილი, კიდევ განაგრძობდა არსებობას, მაგრამ ამავე საუკუნის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოში ერისთავთა სამოქმედო სივრცე დაიკავეს სათავადოებმა (ქსნის და არაგვის ერისთავები), დასავლეთ საქართველოში მსხვილმა სამთავროებმა (ოდიში, გურია, სვანეთი) ამ დროიდან სამოხელეო ტერმინი ერისთავი ფეოდალურ გვარად იქცევა.
მონაპირე ერისთავი (შდრ. მარკგრაფი, საშ. სპარს. მარზპანი). მონაპირე ერისთავი იყო სასაზღვრო ზონაში განწესებული მოხელე, რომელსაც, ქვეყნის უსაფრთხოების მიზნით, სასაზღვრო ოლქში დაზვერვითი სამუშაოების ჩატარება ევალებოდა. მონაპირეთა ინსტიტუტის არსებობა დადასტურებულია XI საუკუნის წყაროებში, მხოლოდ ამ დროს მონაპრე აღინიშნებოდა საშუალო სპარსული ტერმინით „მარზპანი“ (ჯავახიშვილი 1982: 339-340). დავით აღმაშენებლის დროს თურქთაგან მიტაცებული ქართული მიწების შემოკრებამ და ახალი ოლქების შემოერთებამ გაზარდა მონაპირეთა მნიშვნელობა და მათი სამოხელეო ფუნქციები. მონაპირეს ევალებოდა ინფორმაციის შეგროვება მოსაზღრე რეგიონებში მიმდინარე მოვლენებზე და მისი დროულად მიწოდება სამეფო კარისათვის. იგი უნდა დალოდებოდა მეფის ბრძანებას და მის შესაბამისად ემოქმედა. გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, მონაპირეს თავისი რაზმით თავად უნდა მოეგერიებინა მტერი. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, მონაპირეთა სამსახური საქართველოს მხოლოდ სამხრეთ სასაზღვრო ზოლზე გამოიყენებოდა, რადგან ამ მხრიდან მოდიოდა მოსალოდნელი საფრთხეები. თამარის მეორე ისტორიკოსთან სანაპირო ოლქებად ჩანს: გაგი, ჰერეთი, ზორაკერტ-ტაშირი, (ჩრდ. სომხეთი), ჯავახეთი, არტაანი, შავშეთ-სპერი, კარი (ბერძნიშვილი, სინ 1979: 362-364). XII-XIII საუკუნის პირველ მესამედში ამ მხარეთა გამგებლები ამავე დროს მონაპირეები იყვნენ.
საქართველოს ერთიანი მონარქიის სამოხელეო სისტემის რღვევა
მონღოლთა საუკუნოვანმა ბატონობამ, რომელიც XIII საუკუნის 40-იან წლებში დაიწყო, მნიშვნელოვნად შეარყია ერთიანი საქართველოს მონარქიული წყობა. მათი ხელშეწყობით საქართველოს ტახტი ორად გაიყო, ასევე გაიყო ხელისუფალთა სამოქმედო სივრცე და უფლებამოსილებანი. დიდი ცვლილებები განიცადა ამ პერიოდის ფეოდალურმა საზოგადოებამ. მრავალი ძირძველი საგვარეულო, რომელთაც მემკვიდრეობით ეპყრათ მაღალი საკარო თანამდებობები, გადაშენდა ან უკიდურესად დასუსტდა. XIV საუკუნის 30-იან წლებში გიორგი ბრწყინვალემ კვლავ აღადგინა ერთიანი მმართველობა, მაგრამ, ბუნებრივია, ძველი სამოხელეო წყობის სრულყოფილად აღდგენა შეუძლებელი იყო. XIV საუკუნის ბოლოს დაიწყო თემურ ლენგის შემოსევები, რამაც ქვეყანას უდიდეს მატერიალურ დანაკარგებთან ერთად ხელახალი სახელმწიფოებრივი ნგრევა მოუტანა. XV საუკუნის პირველ ნახევარში ქვეყნის აღმშენებლობას დიდი ძალისხმევა შეალია ალექსანდრე I-მა (1412-1442), მაგრამ მას, ცხადია, არ შეეძლო იმ შეუქცევად საშინაო და საგარეო პროცესების შეკავება, რომლებიც განაპირობებდნენ ქართული მონარქიის რღვევას. ქართული სახელმწიფოებრივობისათვის ამ უაღრესად რთულ პერიოდში, XV საუკუნის ბოლო ათეულ წლებში, საქართველოს ერთიანი მონარქია სამ სამეფოდ (ქართლი, იმერეთი, კახეთი) და სამ სამთავროდ (სამცხე-საათაბაგო, გურია, ოდიში) დაიშალა. ამ მძიმე პოლიტიკური მოვლენის შედეგად მეფეთა საჯარო უფლებები უკიდურესად იყო შეკვეცილი მსხვილი სათავადო და სამთავრო სახლების მიერ, რომელთა ხელში რჩებოდა ქვეყნის ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის მნიშვნელოვანი ნაწილი. სწორედ ეს ძლიერი საგვარეულო სახლები წარმოადგენდნენ მთავარ პოლიტიკურ ძალას, რომელთა მხარდაჭერის გარეშე სამეფო ხელისუფლებას მნიშვნელოვანი დასაყრდენი ეცლებოდა. შედარებით უფრო მტკიცედ ცენტრალიზებული აღმოჩნდა კახეთის სამეფო, რადგან აქ სამეფო დომენის წილი მიწა-წყალი ჭარბობდა ადგილობრივი ფეოდალებისას. ამიტომ კახეთის მეფეებს შესაძლებლობა მიეცათ ადგილობრივი მმართველობის შედარებით ძლიერი ინსტიტუტი შეექმნათ სამოურავოების სახით.
XIV-XV საუკუნეების ისტორიულ დოკუმენტებში სრულიად ქრება ქართული მონარქიის სიძლიერის დროინდელი მაღალი სამოხელეო თანამდებობები, თუმცა, რჩება საშუალო საფეხურის სამოხელეო რგოლები: მეაბჯრეთუხუცესი, ეზოს ჩუხჩარეხი, მეჯინიბეთუხუცესი/ამირახორი, მეჭურჭლეთუხუცესი, მოლარეთუხუცესი, ამირეჯიბი, მეღვინეთუხუცესი, მუშრიბი, კარის მწიგნობარი, მოურავი, ამირათ-ამირა და სხვა მრავალი წვრილი ფისკალური თუ სამეურნეო მოხელე (ქისკ 2013: 39, 43, 45, 48, 58, 62); დაახლოებით XV საუკუნის 60-იანი წლებიდან სათავადოთა სისტემის გაბატონებამ და მეფის მოხელეთა საგამგებლო ტერიტორიების შემცირებამ სამოხელეო წყობაკიდევ უფრო გაამარტივა, რამაც გამოიწვია მთელი რიგი ძველი სამოხელეო თანამდებობების, პირველ რიგში, უწყებათა მეთაურ „უხუცესთა“ ინსტიტუტების ძირითადი ნაწილის გაქრობა (მაგ., დარჩა მოლარე და გაქრა მოლარეთუხუცესი).
ცვლილებები სამოხელეო წყობაში. XV-XVIII საუკუნეები
საქართველოს სინამდვილეში გვიანდელი შუა საუკუნეები XVI საუკუნიდან XVIII საუკუნის ბოლომდე გაგრძელდა. ამდროინდელი ქართული სამოხელეო წყობის შესახებ საკმაოდ მრავალრიცხოვანი ისტორიული წყარო მოგვეპოვება - ესენია საკანონმდებლო ძეგლები, იურიდიული დოკუმენტები, საისტორიო თხზულებები, მოგზაურებისა და უცხოელი ელჩების ჩანაწერები და სხვ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ ეპოქის სამოხელეო სისტემის შესასწავლად ენიჭება „დასტურლამალს“ (სამოხელეო განაწესი), რომელიც XVIII საუკუნის დასაწყისშია შედგენილი, მაგრამ XVII საუკუნის ვითარებასაც ასახავს. XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან ერეკლე II-ის (1744-1798) ინიციატივით ქართულმა სამოხელეო წყობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ეს ცვლილებები აისახა იმდროინდელ დოკუმენტებში - სამოხელეო დადგენილებებსა თუ სასამართლო პროცესუალურ აქტებში, დავით ბატონიშვილის „მიმოხილვაში“ (Царевич Давид, 1813).
XVII-XVIII საუკუნეებში ირანისა და ოსმალეთის ექსპანსიური პოლიტიკის შედეგად ქართული სამეფოების სუვერენიტეტი შეიკვეცა, სახელმწიფო მიწა-წყალი შემცირდა, მეფის ხელისუფლება სამეფო ოჯახის წევრებისა და დიდებული თავადების ფეოდალური უფლებებით შეიზღუდა, ფეოდალური წესრიგი სამართლებრივად დაკანონდა. ყოველივე ეს აისახა სამოხელეო წყობაზე - სამეფო კარის მოხელეთა საქმიანობა არაფრით არ განსხვავდებოდა კერძო ფეოდალის მოხელეთა საქმიანობისაგან. მათ ევალებოდათ მეფის, როგორც ფეოდალის მამულების დაცვა და მოვლა, გადასახადების აკრეფა და სხვ.; შუა საუკუნეების ფეოდალური მონარქიებისათვის ზოგადად დამახასიათებელი სამართლებრივ საწყისთა ამგვარი აღრევა, ცენტრალური ხელისუფლების სისუსტის პირობებში პრაქტიკულად კიდევ უფრო ნაკლებად მოიცავდა საჯარო სფეროებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავად მეფის საჯარო ფიგურა, მისი საჯარო უფლებრივი ფუნქციები ამა თუ იმ მოცულობით მოხელეებსაც გადაეცემოდა. ყველა სამეფო მოხელე საჯარო სამართლის სუბიექტს წარმოადგენდა და მათ სახელმწიფო სამართლი იცავდა (სურგულაძე 1952: 165, 169). სამეფო კარის მოხელეთა შორის წმინდა საჯარო სფეროს ემსახურებოდნენ მხოლოდ სამდივნოს (სამეფო კანცელარია) მოხელეები და მდივანბეგი (მსაჯული).
სახელმწიფო გადაწყვეტილებები მიიღებოდა დარბაზის სხდომებზე, რომლის შემადგენლობას მეფე ირჩევდა დიდებულ თავადთაგან და საეკლესიო იერარქთაგან. მათ შორის სამეფო კარის მოხელეები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მათ მაღალი სოციალური სტატუსი ამის შესაძლებლობას მისცემდა.
ფორმალურად მეფე ნიშნავდა ყველა თანამდებობის პირს უმაღლესიდან უდაბლესამდე, მაგრამ, რადგან სამოხელეო თანამდებობები მემკვიდრეობითი იყო, მეფის პრეროგატივად მხოლოდ თანამდებობის ხელახალი დამტკიცება რჩებოდა. მოხელე თანმადებობას თავისი საგვარეულოს საკუთრებად აღიქვამდა, ამიტომ მას შეეძლო თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება გადაებარებინა თავისივე „კაცებისათვის“, ანუ ყმებისათვის (სურგულაძე 1952: 134-136, 169).
ცენტრალური აპარატის სამოხელეო უწყებები არ იყო დარგობრივად მკაფიოდ გამიჯნული. ყოველი მოხელის საქმიანობას განსაზღვრავდა არა უწყებრივი სტრუქტურა, არამედ მათთვის საგანგებოდ შედგენილი განწესებები, ე.წ. დასტურლამები. ამიტომ ერთი და იმავე ან მსგავსი ფუნქციის მოხელე შეიძლებოდა სხვადასხვა უწყებრივ დაქვემდებარებაში ყოფილიყო.
მოხელის გასამრჯელოს (სარგო, ჯამაგირი, ულუფა) ოდენობა დამოკიდებული იყო მის წარმომავლობაზე და სოციალურ სტატუსზე, იმაზე, თუ ფეოდალური წოდების რომელ კატეგორიას მიეკუთვნებოდა იგი. ამავე პრინციპს ემყარებოდა მოხელის პატივი და ღირსებაც. მაგ., „დასტურლამალის“ მიხედვით, დაბალი მოხელე მეჯლისზე დაიშვებოდა, თუ საპატიო კაცის შვილი იყო; არ დაიშვებოდა, თუ არ იყო საპატიო კაცის შვილი (სურგულაძე 1952: 161).
მოხელე გასამრჯელოს იღებდა სხვადასხვა წყაროდან. ანაზღაურების სახეობა დამოკიდებული იყო თავად სამსახურის სფეროზე - სამეურნეო სამსახურებთან უშუალოდ დაკავშირებული სახლთუხუცესი გასამრჯელოს (სარგო) იღებდა სამეფოს შემოსავლების წილიდან (სურგულაძე 1952: 164). თუ მოხელის ფუნქციებში სამეურნეო საქმიანობა არ შედიოდა (მაგ., საპოლიციო სამსახური), მაშინ იგი ჯამაგირს ან ულუფას (ნატურალური პროდუქტის სახით) სამეფო სალაროდან ან მეფის ქარხნებიდან (საწყობებიდან) იღებდა (ივ. სურგულაძე1952: 165).
ცენტრალური აპარატის უფროსი მოხელეები. XV-XVIII საუკუნეები
საუკუნის შუა ხანებში, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, როსტომ მეფემ ცენტრალური მმართველობის სამოხელეო ტერმინების უმეტესობა ირანულ-ყიზილბაშურით შეცვალა, თუმცა, ამ ცვლილებამ ზეგავლენა ვერ მოახდინა ადგილობრივ სოციალურ წესრიგზე და სამოხელეო საქმიანობის შინაარსზე (გაბაშვილი 1951: 168). ვახუშტი ბატონიშვილი როსტომის დროს შემოღებულ სამოხელეო ტერმინებს განმარტავს ძველი შესატყვისი ტერმინებით: მსახურთუხუცესი - ყორჩიბაში, მონათუხუცესი - ყულარაღასი, სპასპეტი - სარდარი, ჩუნჩერახი - სუფრაჯი, ჩაჩნაგირი - სუფრაქეში, მანდატურთუხუცესი - ეშიკაღასი, მანდატური - სოჰბათიასაული. ბოქაული - ელიაღაჯი, მსაჯულთხუცესი - მდივანბეგი, ეზოსმოძღვარი - ნაზირი, მესტუმრეთუხუცესი - მეჰმანდარი, მწერალი - მუშრიბი, ხუროთმოძღვარი - სარდარი, მეკარე - ყაფიჩი, ასისთავი - უზბაში. ზოგი თანამდებობა, როგორებიცაა მეჭურჭლეთუხუცესი და ეჯიბი, როსტომს გაუუქმებია. მეჭურჭლეთუხუცესის ფუნქციები შეურთებია მოლარეთუხუცესისათვის, ხოლო ეჯიბის მაგიერ შემოუღია ტერმინი მეითარი (ვახუშტი: 1973: 32). როსტომის დროსვე გაჩნდნენ ქართლში უშუალოდ შაჰს დაქვემდებარებული მოხელეები: ვაზირი, მუსტოფი და მუნში. ვაზირი ერთდრულად ქართლის მეფის მრჩეველიც იყო და მეთვალყურეც, მუსტოფი - საფინანსო მოხელე, მუნში მწერალი, რომელიც შაჰს დიპლომატიური წერილებს უგზავნიდა. ყველა ეს მოხელე ანგარიშვალდებული იყო შაჰის წინაშე (გაბაშვილი 1951: 157-158).
ქართულ სამეფოებში ცენტრალური მმართველობის უმაღლესი საუწყებო მოხელეები იყვნენ: სახლთუხუცესი ეშიკაღასბაში/მანდატურთუხუცესი, მდივანბეგი/მსაჯულთუხუცესი. ადგილობრივ მმართველობაში ერისთავის ადგილი მოურავმა დაიკავა.
სამეფო კარის უმაღლეს სამოხელეო თანამდებობად სახლთუხუცესობის გადაქცევა (ვახუშტის განმარტებით, აბრამადი) ერთ-ერთი გამოხატულება იყო გვიანდელი შუა საუკუნეების ქართულ სამეფოებში საჯარო სამართლებრივი სივრცის შევიწროებისა. ეს თანამდებობა ყველაზე ადრე (სახლისუხუცესის ფორმით) XV საუკუნის მიწურულს დასავლურქართულ საბუთებში გვხვდება (ქისკ 2013: 277, 311), აღმოსავლეთ საქართველოს საბუთებში კი, XVI საუკუნიდან იჩენს თავს. სახლთუცხუცესის ხელში აღმოჩნდა თავმოყრილი სასახლის მართვის ყველა ის ადმინისტრაციული, საფინანსო და სამეურნეო სამსახური, მათ შორის მეფის სამდივნო, რომლებიც ადრე რამდენიმე დიდ უწყებას შორის იყო გადანაწილებული. ამდენად, სამეფო კარზე სახლთუხუცესი გახდა უმაღლესი რანგის ყველაზე საპატიო მოხელე, რომლის ანალოგი ერთიანობის ხანამ არ იცის. მეჯლისის დროს მხოლოდ მას და ეშიკაღასბაშს ჰქონდათ უფლება მეფის წინ დამსხდარიყვნენ (სურგულაძე 1970: 500). კახეთის სამეფოში სახლთუხუცესს, როგორც მეფის უერთგულეს პირს, სარდლობაც შეეძლო შეეთავსებინა.
ეშიკაღასბაში. როსტომ მეფის დროიდან მანდატურთუხუცესს ეშიკაღასბაში ეწოდა. მას ძირითადად საპოლიციო სამსახური ებარა - მეფის პერსონისა და სასახლის დაცვა, დამნაშავეთა დევნა, გაქცეულ ყმათა აყრა, სასამართლო განაჩენების სისრულეში მოყვანა, მეფის საგანგებო დავალებათა შესრულება. ძველ მანდატურთუხუცესთან მას საერთო ჰქონდა სამეფო კარის ცერემონიალის ხელმძღვანელობა. თავის მოვალეობებს ეშიკაღასბაში ასრულებდა მის უწყებაში შემავალი სხვადასხვა რანგის ე.წ. ხელჯოხიანების მეშვეობით, რომელთა შორის იყვნენ: ბოქაულთუხუცესი, სოიბათიასაული, ყორიასაული, მემანდარი, ყაფიჩი და სხვ.
მდივანბეგი/მსაჯულთუხუცესი. XVI საუკუნის ქართული დოკუმენტების მიხედვით, უმაღლესი მსაჯული მეფე იყო, რომელიც პირადად თავმჯდომარეობდა სასამართლო სხდომებს. „დასტურლამალი“, რომელიც, უეჭველია, ძველ ტრადიციას ემყარება, უთითებს კვირაში ორ დღეს (ოთხშაბათი, პარასკევი), რომლებსაც მეფე უთმობდა განსაკუთრებულ საქმეთა სასამართლო განხილვებს. მეფესთან ერთად სასამართლო სხდომებში მონაწილეობას იღებდნენ დიდებული თავადები და საეკლესიო იერარქები, მოხელეთაგან ესწრებოდნენ სახლთუხუცესი (ისიც არა ყოველთვის) და მდივნები, რომლებიც სხდომის ოქმს ადგენდნენ. მხოლოდ XVII საუკუნის 20-იანი წლებიდან წარმართავდა სასამართლო სხდომებს მსაჯულთუხუცესი, რომელსაც, სპარსულის გავლენით, მოგვიანებით მდივანბეგი უწოდეს. მდივანბეგი ხელმძღვანელობდა კოლეგიალურ სასამართლოს, რომლის წევრები არ უნდა ყოფილიყვნენ სამზე ნაკლები. სასამართლო პროცესში მონაწილეობას იღებდნენ მეფის მდივნები, რომლებიც ერთდროულად მსაჯულებიც იყვნენ და სასამართლო ოქმების შემდგენნიც.
XVIII საუკუნის დასაწყისში ვახტანგ ბატონიშვილმა მისი ჯანიშინობის (შაჰის მოადგილე, ნაცვალი) დროს ჩამოაყალიბა ყულარაღასის (ვახუშტის მიხედვით, ყულარაღასი ძველი მონათუხუცესი, ანუ მსახურთუხუცესია) და ყორჩიბაშის სამსახურები, რომელთა დანიშნულება იყო სასახლის დაცვის ორგანიზაცია. სასახლის მცველთა რაზმში 300 მეთოფე შედიოდა. რაზმის წევრები (ყულები, ყორჩები) დაკომპლექტებულნი იყვნენ ფეოდალური წოდების სხვადასხვა კატეგორიის - თავადების, აზნაურების, მსახურების - ახალგაზრდა კონტინგენტით, რომლებიც ასეულებად იყვნენ გადანაწილებულნი. ისინი გადიოდნენ მუდმივ წრთვნას და ჯამაგირს სასახლიდან იღებდნენ. „დასტურლამალში“ აღწერილია, როგორ ახორციელებდნენ ყულარაღასი და ყორჩიბაში მეჯლისის დროს მეფის დაცვას - ისინი მეფის უკან დგებოდნენ, მათ უკან კი ყულები და ყორჩები იყვნენ ჩამწკრივებულნი (სურგულაძე 1970: 494). XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ეს ორი სახელო ქეჩიკჩიბაშის ხელქვეით გაერთიანდა (მესხია 1948: 36-37).
ადგილობრივი მოხელეები. XV-XVIII საუკუნეები
გვიანდელ შუა საუკუნეებში ადგილობრივი მმართველობის ზოგიერთი ძველი ინსტიტუტი საერთოდ გაქრა, ზოგმა გარკვეული სახეცვლილებით განაგრძო არსებობა, ზოგმა კი, მხოლოდ სახელი შეიცვალა. მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხო სამხედრო საქმის ორგანიზაციას და მასთან დაკავშირებულ ინსტიტუტებს. ერთიანობის დროინდელი ამირსპასალარის თანამდებობა ქართულ სამეფოებში გაუქმდა, მაგრამ ყოველ მათგანში შენარჩუნებულ იქნა ერთობის დროინდელი ოთხ-ოთხ სამხედრო-ტერიტორიულ ოლქად, ანუ სადროშოდ დაყოფის პრინციპი. ყოველ სადროშოს სათავეში ედგა სარდალი, რომელიც ქართლში და იმერეთში მემკვიდრეობით თანამდებობად იყო ქცეული. კახეთში სადროშოების ხელმძღვანელობა ეპისკოპოსებს ჰქონდათ ჩაბარებული, რაც კახეთის სამხედრო ორგანიზაციას მეტ სიმტკიცეს ანიჭებდა. ეპისკოპოსი-სარდალი არ იყო მემკვიდრეობით მიჯაჭვული თანამდებობაზე და ამიტომ სამეფო ხელისუფლებას სამხედრო ორგანიაზაციაში ჩარევისათვის მეტი სივრცე რჩებოდა. სადროშოს სარდალს მეფე ამტკიცებდა სამეფო კარზე ტრადიციული ცერემონიალის თანხლებით - მომავალ სარდალს მეფე გადასცემდა დროშასა და ხმალს, ამასთანავე, უბოძებდა თანამდებობის წყალობის სიგელს. სადროშოს სარდალს მუდმივად უნდა გაეწია საწრთვნელი ვარჯიშობების - ლაშქარ-ნადირობის ზედამხედველობა, ოთხ წელიწადში ერთხელ მდივანთან ერთად აღეწერა სადროშოს მცხოვრებნი და აღერიცხა მოლაშქრეთა რაოდენობა. სარდალს უნდა სცოდნოდა სასარდლო ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების გაყრა-შეყრის ფაქტები, რათა ზუსტი წარმოდგენა ჰქონოდა მოლაშქრეთა კლება-მატების შესახებ. სწორედ ამიტომ, მეფის ბრძანებით, ძველ ამირსპასალართა მსგავსად, სარდალი უნდა დასწრებოდა სასამართლო სხდომებს, სადაც ოჯახების გაყრის ან მამულების შეწყალება-ჩამორთმევის საქმეები წყდებოდა.
სახელმწიფო ტერიტორიების სადროშოებად დაყოფა სამხედრო შენაერთების ტაქტიკური ნაწილების სახელწოდებებს შეესაბამებოდა (მეწინავე, მემერჯვენე, მემერცხენე). მეწინავე სადროშოს ქმნიდა ქვემო ქართლის ჯარი, რომელსაც ბარათაშვილები წინამძღოლობდნენ; მემარჯვენე სადროშოს ჯარი შიდა ქართლის „ზემო მხარიდან“ იკრიბებოდა ამილახვართა მეთაურობით; მემარცხენე სადროშოს - შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილს არაგვისა და ქსნის ხეობების ჩათვლით, მუხრანბატონები ედგნენ სათავეში; მეოთხე სადროშო - თბილისიდან ტაშისკარამდე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე - საკუთრივ მეფეს ემორჩილებოდა. ცალკე სარდალი ჰყავდა მცხეთის საკათალიკოსო ეპარქიასაც, მაგრამ იგი მეფის დროშაზე გამოდიოდა (კლიმიაშვილი 1964: 122-123).
იმერეთის სამეფოში ცალკე სადროშოებს წარმოადგენდა: საჩხეიძო-სალომინაოვაკე; არგვეთი; რაჭა; ოკრიბა-ლეჩხუმი. სადროშოების სარდლებად აქაც მსხვილი თავადები ინიშნებოდნენ (ჯამბურია, სინ 1973: 239).
კახეთის სამეფო ტერიტორია შემდეგ სადროშოებად იყოფოდა: მემარჯვენე სადროშო, ე.წ. გაღმა მხარე, ნეკრესელს ებარა; მემარცხენე - გარე კახეთი - რუსთველ ეპისკოპოსს; ქიზიყი ბოდბელი ეპისკოპოსის სასარდლო იყო; მეოთხე სადროშო სა- მეფო უნდა ყოფილიყო (პირდაპირი ცნობები არ მოიპოვება). XVII-XVIII საუკუნეებში საბრძოლო მოქმედებების დროს ეპისკოპოსების მაგივრად ხშირად კახეთის თავადები ასრულებდნენ სარდლის მოვალეობას (კლიმიაშვილი 1964: 124-126).
ადგილობრივი მმართველობის ძველი ინსტიტუტებიდან ერთ-ერთი სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა მოურავის ინსტიტუტი, რომელსაც ცენტრალური ადგილი ეკავა ქართული სამეფოების ადგილობრივ მოხელეთა შორის და XIX საუკუნის პირველ ათეულ წლებამდე შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა. ერთიან ქართულ მონარქიაში მოურავი სამეფო დომენის მოხელეს ეწოდებოდა. საქართველოს პოლიტიკური დაშლის შემდგომ მოურავის ინსტიტუტის ფუნქცია განსაკუთრებით გაფართოვდა კახეთის სამეფოში, სადაც მას ადრინდელი ერისთავების მსგავსად, დიდი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ოლქების მმართველობა ებარა (ქიზიყის, ენისელის, თუშეთის, ერწო-თიანეთის მოურავები). ქართლსა და იმერეთში მოურავი ძირითადად სამეფო დომენის სოფლებისა და ქალაქების ადმინისტარციულ, სამეურნეო და საგადასახადო-საფინანსო საქმეებს უძღვებოდა (თბილისის, გორის, ქუთაისის მოურავები). თავის საგამგებლო ტერიტორიაზე მოურავს უფლება ჰქონდა ეწარმოებინა მართლმსაჯულება და სისრულეში მოეყვანა განაჩენი.
მოურავები ფეოდალური წოდების სხვადასხვა შრეს ეკუთვნოდნენ. ისინი შეიძლება ყოფილიყვნენ დიდი, საშუალო და დაბალი თავადები, ასევე, აზნაურები. მათი სტატუსი შეესატყვისებოდა სამოურავო ადგილის სიდიდესა და მნიშვნელობას. მოურავების დაქვემდებარებაში იყვნენ მრავალრიცხოვანი მოხელეები, რომელთაც ევალებოდათ სამეურნეო, სასამართლო და საპოლიციო-აღმასრულებელი ფუნქციების აღსრულება.
ერეკლე II-ის (1744-1798 წწ.სამოხელეო რეფორმები
XVIII საუკუნის საქართველოში ფეოდალურ-წოდებრივი მმართველობა საფუძველშივე სპობდა ქვეყნის განვითარების პერსპექტივას. ქართლ-კახეთის სამეფოთა გაერთიანების შემდეგ მამა-შვილის, თეიმურაზ II-ის (1744-1762) და ერეკლე II-ის წინაშე აშკარად დადგა მმართველობის რეფორმირების საკითხი. ფეოდალური ურთიერთობების სტაგნაცია, რომელიც ქალაქური ცხოვრების ჩამორჩენილობასაც განაპირობებდა, ადამიანური და ფულადი რესურსების სიმწირე, სამეფო ხელისუფლებას არ აძლევდა მართვის ბიუროკრატიულ პრინციპზე გადასვლის საშუალებას. ერეკლე II-ისა და მისი თანამზრახველის, კათალიკოს ანტონ I-ის ყოველი მცდელობა საგანმანათლებლო დარგში, ამასთანავე, ერეკლეს საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სასამართლო ინიციატივები სახელმწიფოებრივი რეფორმების აუცილებლობით იყო ნაკარნახევი. იმხანად ეს იყო მხოლოდ ხანგრძლივი პროცესის დასაწყისი, რომელიც, მშვიდობიანობის შემთხვევაში, უსათუოდ ჰპოვებდა განვითარებას. მანამადე კი ერეკლე II-მ არსებულ სოციალურ ინსტიტუტებზე დაყრდნობით, მაინც განახორციელა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა. ერეკლემ დარბაზი (სახელმწიფო საბჭო), რომელიც საჭიროებისამებრ პერიოდულად იკრიბებოდა, მუდმივმოქმედ დაწესებულებად აქცია. საბჭოს მუდმივი წევრები სამეფო კარის მაღალ მოხელეებთან ერთად იყვნენ თბილისის მდივანბეგი და მოურავი. საბჭოს ფართო უფლებამოსილებები გააჩნდა სახელმწიფო უშიშროების, ფინანსების, ადმინისტრირების სფეროებში. მის ხელში იყო კონტროლის მექანიზმებიც (სურგულაძე 1962: 151-154). თვალსაჩინო იყო ცვლილებები სასამართლო წყობაშიც. ერეკლე II შეეცადა სახელმწიფო მმართველობის ფუნქციათა დარგობრივ გადანაწილებას. ამ მცდელობის გამოხატულება იყო 1778 წელს „მსაჯულთშეკრებილობის“ (მოსამართლეთა) მუდმივმოქმედი დაწესებულების დაარსება, სადაც ყველა საჩივარი იყრიდა თავს. ერთმანეთისაგან მკაფიოდ გაიმიჯნა საგარეო საქმეთა, სახელმწიფო შემოსავლებისა და სამხედრო უწყებები. საგარეო საქმეთა უწყებას სათავეში ჩაუყენა ორი მდივანთუხცესი, რომელთაგან ერთი ქრისტიანი იყო, მეორე - მუსლიმი. ერეკლეს ინიციატივით შეიქმნა კოლეგიალური საფინანსო უწყება - განსაკუთრებული საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: სახლთუხუცესი (ადრე იგი მარტო განაგებდა ფინანსებს), მდივნები და თბილისის მელიქ-მამასახლისები. გაიზარდა ქალაქის მელიქ-მამასახლისის ფუნქციებიც, რაც დაკავშირებული იყო ვაჭართა ფენისათვის საკანონმდებლო შეღავათების ბოძებასთან და მათი შემოსავლების გაზრდასთან.
ერეკლეს დროს უფრო მოქნილი გახადა საპოლიციო აპარატი, სასახლის დაცვის ძველი ხელმძღვანელის - ეშიკაღასბაშის - ნაცვლად შემოღებულ იქნა ქეჩიკჩიბაშის თანამდებობა.
ერეკლემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სამხედრო სფეროს. მისი ძალისხმევით შეიქმნა დაქირავებული (ჯამაგირზე მყოფი) სამხედრო ნაწილები, 1773 წელს გამოიცა ე.წ. მორიგე ლაშქრის განაწესი. ამავე პერიოდში შეიქმნა სამხედრო დანაყოფების მეთაურთა ახალი თანამდებობები, რომელთა აღსანიშნად მრავლად გვხვდება ყიზილბაშურ-რუსული სამხედრო ტერმინოლოგია: ფონსადბაში, თოფჩიბაში, უზბაში, დაჰბაში, ნოქარი, კაპიტანი, მაიორი, აფიცერი და სხვ. (მესხია 1948: 27). სამხედრო საქმის რეფორმირებას მოჰყვა სამხედრო კანცელარიის შექმნა, რომელსაც სათავეში სამხედრო საქმეთა მდივანი ლაშქარნავისი ჩაუყენა. იგი ხელმძღვანელობდა დაქირავებული საჯარისო ნაწილების და მორიგე ჯარის მეთაურების აღნუსხვის, მომარაგებისა და მათთვის ულუფა-ჯამაგირის გაცემის საქმეს. მთლიანად ქართლ-კახეთის სამეფოში ექვსი ლაშქარნავისი იყო.
ქალაქის სამოხელეო წყობა გვიანდელი შუა საუკუნებში
კონკრეტული ცნობები შუა საუკუნეების საქართველოს ქალაქების სამოხელეო წყობის შესახებ მხოლოდ საქართველოს ერთიანობის ხანიდან არის მოღწეული. XI საუკუნეში საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ხანგრძლივ პროცესში ქალაქები ერთიანი სამეფო ხელისუფლების მოკავშირედ ჩანან, რამდენადაც მხოლოდ მეფეს შეეძლო ქალაქების ორგანიზებული დაცვა გარეშე მტრისაგან თუ შინაური მოძალადეებისაგან, ქალაქებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობა, საქარავნო გზების მშენებლობა, მათი დაცვა და მოვლა (Месхиа1959: 39). ამ თვალსაზრისით უაღრესად სიმპტომატურია თბილისისა და ანისის „უხუცესთა“ მცდელობები - გადაეცათ თავიანთი ქალაქები ბაგრატ IV-ისათვის (Месхиа 1959: 39-40). სამეფო ხელისუფლებისადმი ქალაქების ლოიალური დამოკიდებულება დავით აღმაშენებლის დროს მათი სრული დამორჩილებისათვის იქნა გამოყენებული. დავითისა და მისი მემკვიდრეების დროს საქართველოს ქალაქები იმართებოდა უშუალოდ მეფის მოხელეების მიერ. ნაწილი ქალაქებისა თამარმა სამართავად გადასცა დიდებულ აზნაურებს (ფეოდალებს). ასეთი ქალაქების მმართველობის შესახებ, მართალია, ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ სავარაუდოდ, იგი სამეფო ქალაქების ანალოგიური იქნებოდა.
ერთიანი საქართველოს ქალაქების სოციალური სტრუქტურა არ იყო ერთგვაროვანი. XI-XIV საუკუნეების განმავლობაში ჯერ კიდევ არსებობდა თავისუფალ მოქალაქეთა კატეგორია („მოქალაქე“ ეწოდებოდა მხოლოდ თბილისის მკვიდრ სოციალურად თავისუფალ ვაჭრებს), მაგრამ მათ გვერდით მრავლად იყვნენ ყმა (მეფის, კერძო ფეოდალის, ეკლესიის) ვაჭრები და ხელოსნები (Месхиа1959: 68-70). ქალაქში გაბატონებული მდგომარეობა ეკავა ფეოდალურ არისტოკრატიას, (საეროს ან საეკლესიოს), რომელიც ქალაქებში ფლობდა ყმა ვაჭარ-ხელოსნებს, ბაზრებს, საბაჟო შემოსავლებს და დიდ გავლენას ახდენდა ვაჭარ-ხელოსანთა დაწინაურებულ ფენაზე.
ქალაქის ამირას ერთიანობის დროინდელი სახელწოდება ქართულ სამეფოებში XVII საუკუნეში საბოლოოდ განდევნა ქართული წარმომავლობის „მოურავმა“, რომელსაც უფრო ფართო სემანტიკური ველი ჰქონდა და, გარდა ქალაქის გამგებლისა, საზოგადოდ მზრუნველს, მეურვეს და სამეფო დომენის რეგიონალურ მმართველებსაც ეწოდებოდა. XVI-XVII საუკუნეებში აღმოსავლეთ საქართველოში მოურავის მნიშვნელობით იხმარება ირანიდან შემოსული ტარუღაც.
ქალაქის მოურავს მეფე ნიშნავდა, კანდიდატურას იგი არჩევდა პირის სოციალური სტატუსის, აგრეთვე საგამგებლო ქალაქის მნიშვნელობისა და სიდიდის მიხედვით. დიდი ქალაქების მოურავები, ჩვეულებრივ, წარჩინებული ფეოდალური სახლების წარმომადგენლები იყვნენ, უფრო მცირე ქალაქებში კი მოურავებად დაბალი კატეგორიის თავადები ან აზნაურები ინიშნებოდნენ (Месхиа 1959: 245). ქალაქის მოურავის ვალდებულებები უფრო მრვალფეროვანი და, ამდენად რთულიც იყო, ვიდრე პროვინციების მოურავებისა. მათ ეხებოდათ საქალაქო ცხოვრების ყველა სფერო - ადმინისტრირება, ვაჭრობა-ხელოსნობის „რიგის“ (დებულებების) დაცვა, გასაყიდ საქონელზე ნიხრების დაწესება, ბაჟის აკრეფა, გადასახადების განაწილება, მართლმსაჯულება და საპოლიციო მოხელეების ზედამხედველობა, მოსაკრებლების აკრეფა და სავაჭრო საქონელზე ბაჟის კონტროლი. მოურავისა და მისი ხელქვეითი მოხელეების სარგო განისაზღვრებოდა ქალაქის ყოველგვარი შემოსავლიდან.
ქალაქის მოურავის შემთხვევაში, გარდა გორისა, სადაც მოურავობა ზევდგინისძე-ამილახორთა საგვარეულოს ეკუთვნოდა, მემკვიდრეობითი პრინციპი მაინცა და მაინც არ ჩანს დაცული (Месхиа 1959: 248).
ქალაქის მაღალ მოხელეთა შორის საპატიო ადგილი ეკავა ციხისთავს, რომელიც ქალაქის მცველთა რაზმს მეთაურობდა. ციხისთავის თანამადებობა წყაროებში ადრეული შუა საუკუნეებიდან (VI) ჩანს და XVIII საუკუნის ბოლომდე იგი ყველა დიდსა თუ მცირე ქალაქში არსებობდა.
XVI საუკუნის შუა ხანებში ქართლის ქალაქების სამოხელეო ტერმინოლოგიაში ირანის გავლენით შემოდის არაბული წარმომავლობის მელიქი, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული კავკასიის ქვეყნებში. ქალაქის სამოხელეო იერარქიაში მელიქი მოურავის შემდგომი პირი იყო და ფუნქციებით ქართულ მამასახლისს უახლოვდება (Месхиа 1959: 264; ბოშიშვილი 2013: 14). ამიტომ მალევე გაჩნდა ამ ორი სახელოს შერწყმის ტენდენცია და XVII-XVIII საუკუნეებში მელიქ-მამასახლისი უკვე ერთი თანამდებობის აღმნიშვნელ ტერმინად გვხვდება (ბოშიშვილი 2013: 20).
XIX საუკუნის დასაწყისამდე, ვიდრე ქართული სამეფოები გაუქმდებოდა, ქართული სამოხელეო სისტემა ფეოდალურ-მონაქიული სამოხელეო სისტემის ფარგლებიდან არსებითად ვერ გავიდა. ამ სისტემისათვის დამახასიათებელი იყო სამოხელეო კონტინგენტის შერჩევა წოდებრივი პრინციპით, ფუნქციათა დუბლირება და თანამდებობათა შეერთება. ამგვარი წყობა, რომელსაც სტაგნაციაში შესული ფეოდალური ურთიერთობები ასაზრდოებდა, მეტისმეტად აფერხებდა ქვეყნის განვითარებას. XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან ერეკლე II და მისი თანამზრახველები, მათ ხელთ არსებული მწირი შესაძლებლობებით ცდილობდნენ მართლმსაჯულების, სამხედრო საქმის, სამეურნეო ცხოვრების გადახალისებას, რამაც, ბუნებრივია, შესაბამისი ცვლილებები გამოიწვია სამოხელეო წყობაში. ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ (1798) ერეკლეს შვილიშვილებმა, დავით და იოანე ბატონიშვილებმა სახელმწიფო მართვის მოდერნიზაციის მიზნით, ახალი კანონპროექტები შეიმუშავეს, რომლებიც განათლებული აბსოლუტიზმის იდეებით იყო შთაგონებული, მაგრამ ამ კანონპროექტებს აღსრულება არ ეწერა - XIX საუკუნის დასაწყისში ქართულმა სამეფოებმა რუსეთის იმპერიის ანექსიის შედეგად არსებობა შეწყვიტეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий