I
1. ამას სანატრელსა სიცოცხლეშივე დაედგა გვირგვინი ძისა მათისა გიორგისდა, რომელსაც ლაშაცა უწოდა. იყო წლისა ცამეტისა, რაჟამს დაიდგა გვირგვინი მეფობისა და მეფემან თამარ მიულოცა მეფობა, ხოლო რაჟამს მიიცვალა თამარ, იყო თანა ლაშა თრვამეტისა წლისა. დაუტევა მეფობა ძესა თვისსა, ხოლო ნათესავსა ქართველთასა – თავცემა, მწუხარება, ვაება და გლოვა, რამეთუ ცოცხალნიცა ჩასულ იყვნენ ჯოჯოხეთს მკვიდრნი სამეფოსა მისისანი, და ეგრეთცა ჯერ იყო.
შემდგომად მისისა დაიპყრა მეფობა ძემან თამარისმან ლაშა გიორგი, რომელიც იყო ტანით ძლიერი, მხნედ მოისარი, ნადიმობათა შინა მოსწრაფე, ლაღი და თვითბუნება. და უმეტეს ამისთვის განლაღებულ იქმნა, რამეთუ დაემორჩილნენ ყოველნი წინააღმდგომნი მისნი კეთილად მოხსენებულსა და ღმრთისმოყვარესა დედასა მისსა და უშფოთველად და წყნარობით დაეტევა სამეფო და ყოველნი მახლობელნი მათნი მოხარაჯე შეექმნა, როგორც განძელნი და მიმდგომნი, ნახჭევნელნი და კარნუქალაქელნი, და სხვანი მრავალნი. ძღვნითა და ხარაჯითა მოვიდოდნენ მისსა მას ჟამსა, იშვებდა, იხარებდა და ყოველგან იყო მხიარულება.
და იწყეს განძიდან განდგომა, აღარ მოსცეს მეფეს ხარკი. ამისმა მცნობელმა მეფემან ლაშა მოუწოდა ყოველთა სპათა საქართველოსათა, იმერთა და ამერთა, მხარგრძელსა ივანეს, რომელსაც მაშინ პატივი ათაბაგობისა მინებებოდა დედისა მათისა თამარისაგან, რამეთუ იყო ათაბაგობა ისე განდიდებული, იყო უმეტეს სხვათა ერისთავთასა. ესე იყო ვაზირი კარსა მეფისასა. თქვა მეფემან: „ვინაიდან მეფეთა შორის ბრწყინვალემან და სანატრელმან დედამან ჩემმან დამიტოვა მეფობა, ყოველნი წინააღმდგომნი პაპათა და მამათა ჩემთანი მოხარაჯედ შექმნა და დღეისმომდე მორჩილნი ბრძანებისა ჩვენისანი არიან. აწ განძის ათაბაგს საწუნელ უქმნია და ხარკის აღარ ნებავს მოცემა. მე ესე განმიზრახავს, რათა შური ვაგოთ განძასა ზედა და თქვენ შრომასა შეგამთხვიოთ. ძალითა და თანადგომითა თქვენითა დაუცემია სანატრელთა პაპათა და მამათა ჩემთა დიდთა სულტანთა ძლიერებანი. აწ მიიღეთ ჩემგან პატივი და ნიჭი და აღვიმხედროთ განძასა ზედა, რათა სხვათა მტერთაგან არა საწუნელ ვიქმნეთ. შეწევნითა ღმრთისათა და წარმძღვანებითა პატიოსნისა ჯვარისათა და სიქველითა თქვენითა ვსძლიოთ მტერთა“.
როცა ესმა ყოველთა წარჩინებულთა სამეფოსათა, გაიხარეს და დაუმტკიცეს და უთხრეს: „დიდი ნუგეშინისცემა მოგვემატა ღმრთისა მიერ, რამეთუ გპოვეთ ახოვანი და გოლიათი, გორგასლიანი და დავითიანი, მსგავსი მათი. მინდობითა ღმრთისათა და ძალითა თქვენითა დავიმორჩილოთ ურჩნი მეფობისა თქვენისანი და შევანანოთ ყოველთა ურჩება თქვენი“. დაამტკიცეს ლაშქრობა და განძის დარბევასა წარემართნენ თვით მეფე სპითა დიდითა. ვერ წინა-აღუდგენ განძელნი და მოაოხრეს განძის ქვეყანა, აიღეს ტყვე და ნატყვენავი ურიცხვი და მიადგეს ქალაქსა განძისასა, მოადგნენ გარე და მრავალი დღე ებრძოდენ, და ყოველთა დღეთა გამოვიდოდნენ ქალაქის კარსა ბრძოლად ქვეითად, აქათცა და იქითაც ურჩეულესნი იბრძოდნენ.
2. მაშინ ინება მეფემან გარეშემოვლა ქალაქისა მცირედითა ლაშქრითა, და როცა მოვლიდა მტკვრისაკენ ქვემოთ, იცნეს ესე განძის მყოფთა, ყოველნივე აღიჭურნენ, კაცი ჭურვილი ათი ათასი. ხოლო მეფეს ჰყავდა ოთხი ათასი კაცი ოდენ, ამათ შინა უმეტეს მესხნი, რამეთუ ერთკერძო მხარგრძელნი იდგენ, ერთკერძო ჰერ-კახნი და სომხითარნი, ქართველნი და თორელნი; ერთკერძო აფხაზნი, დადიან-ბედიანნი და ლიხთიქითნი ზედმოკიდებით ურთიერთას.
როდესაც მოივლიდა მეფე, იცნეს, გააღეს კარნი და, როგორც მხეცნი, ზედა-მიუხდენ. და იხილა მეფემან ლაშა სიმრავლე მათი უშიშითა გულითა, განამხნევებდა სპათა მისთა. ეგრეთვე სპანი, მეფისათვის სიკვდილად განმწირველნი, ეტყოდენ: „სიკვდილამდე ვიღვაწოთ და დავდვათ თავი სასიკვდილოდ და არა ვარცხვინოთ პირველსა ომსა მეფობისა შენისასა“. და მყის მიეტევნენ ურთიერთს და იქმნა ბრძოლა ძლიერი და დიდად სასტიკი. და მიეცნენ პირსა მახვილისასა უმრავლესნი რჩეულნი განძისანი. თვით მეფე ლაშა წინა მიეტევა მხნედ და ძლიერად, თვით გოლიათი მკლავითა სვიანითა და ხელითა გოლიათითა, რომლის თანა წინა-მბრძოლობდნენ ძლიერად ყვარყვარე ჯაყელისა შვილი პირმშო, ბიბილა გურკელი, ბოცო ბოცოს ძე, მემნას ძმა, რამეთუ ესენი წინა-განეწესნენ. როცა იხილეს სიმხნე მათი განძელთა, სწრაფად ივლტოდენ პირისაგან მათისა, და სდევნეს ვითარ კართამდე ქალაქისად, მცირედღა შეივლტოდენ ქალაქად, და უმრავლესი ტყვე ყვეს და ზოგნი მოისრნენ.
ამისნი მხილველნი დედანი ძლიერად იცემდნენ მკერდსა მათსა და საყელოსა თმითურთ იფხვრიდენ, და განაძლიერეს ყივილი და ზრიალი. ყოველმხრით გარემომდგომთა ლაშქართა ესმა და მეფესა მომართეს, ხოლო მეფე, უვნებელად დაცული ღმრთისა მიერ, იგი და მისნი წინამბრძოლნი თავადნი სახელოვანნი მოეგებნენ, რომლისათვის ლაშქარნი და თავადნი მბრძოლნი დაამტკიცებდნენ აღარ ყოფად მოლაშქრედ და არცა კარსა მეფისასა ყოფად. ხოლო მეფე იგი ცხენისგან ჩამოხდა და ევედრა შენდობა უმეცრებით ქმნილებისა. ესე მივიდენ კარვად სიხარულითა. მსგეფსამდი იყო მხიარულობა და გაცემა ლაშქართა ზედა.
გაუჭირდა ათაბაგსა განძისა და ევედრა, რათა განუჩინონ ხარაჯა ადრინდელი, რომელიც ისმინა მეფემან და უკუ-სცა ტყვენი ფასითა და მრავლითა ძღვენითა, თვალითა და მარგალიტითა, ოქროთა და ვეცხლითა.
მივიდა თვით მეფე ტფილისს და აავსო საქართველო ძღვნითა, რამეთუ იყო ყოველთა მეფეთა უმეტეს უხვი და არავისთვის მოშურნე, მლოცველ, მმარხველ, განმკითხველ და მოწყალე. მაგრამ ბოლოს მიდრკა სიბოროტედ თანამიყოლითა უწესოთა კაცთათა. როგორც სოლომონისთვის წერილ არის, რომელიც შეაცთუნეს დედათა, ეგრეთვე ესე – უწესო კაცთა, როგორც ქვემორე სიტყვამან საცნაურ ყოს. განისვენებდა ნადიმობითა და მსმურთა თანა მიდრკა სიბოროტემდი, როგორც წერილ არის ისრაილთათვის: „დასხდა ერი იგი ჭამად და სმად, და აღდგნენ სიმღერად“.
ხოლო სმამან მღერასა და სიღოდასა და ნაყროვანებამან სიბილწესა უმეტეს გადარია, განიშორნა ვაზირნი სანატრელისა, დედოფლისა და მეფისა წესითა მსწავლელნი. შეიყვარა თანამოასაკენი მსმურობითა და დედათა უწესოთა თანააღრევად, რომ ესოდენ უსახურობად მიიწია, რომ ოდესმე მსმელი ფრიადისა ღვინისა, ტფილისს მყოფი, წაიყვანეს რინდთა თანა, რათა იქ განიძღონ სიბილწე თვისი. ხოლო რინდნი, მეფისა მისლვისა არამგონებელნი და ღვინით უცნობოქმნილნი, ზედა-მოეტევნენ მგვემელნი ძლიერად, ვიდრემდი ერთიცა თვალი მარჯვენა ხედვისაგან უხედვო ყვეს.
3. ამისნი მცნობელნი თავადნი საქართველოსანი ფრიად მწუხარენი, და უმეტეს ივანე ათაბაგი და ვარამ გაგელი, ზაქარიას ძე, განეყენებოდენ დარბაზს ყოფისაგან: „არა თავს-ვიდებთ შენსა მეფედ ყოფასა, უკეთუ არა განეყენო ბოროტთა კაცთა სიახლესა და ავსა წესსა, რომელსა იქმ“. ხოლო მეფემან შეინანა და აღუთქვა სიმტკიცეთა მიერ აღარა ქმნა გარეშე მათისა განზრახვისა. დაღათუ აღასრულებდა, არამედ ძლიერებდა მტერი უჩინო, ვერ არწმუნეს ცოლისა მოყვანა, როგორც არის გულისთქმის მიერ შემწველობა დედათა მიმართ. მისულმან კახეთს, სოფელსა ერთსა, ველისციხესა, იხილა ქალი ფრიად ქმნულკეთილი და მყის აღტაცებულ იქმნა გულისთქმათა მიერ და დამვიწყებელმან დავითის და ურიის ცოლისა მიმართისა საქმისამან მსწრაფლ თვისად მიიყვანა და შეიყვარა. და მუცლად-იღო დედაკაცმან და შვა ყრმა, რომელსაც უწოდეს დავით. ესე იგი არის დავით, რომელიც ბოლოს დიდთა განსაცდელთა შემდგომად მეფე იქმნა, რაც ქვემორე სიტყვამან საცნაურ ყოს. ესე ყრმა აღსაზრდელად მისცა დასა თვისსა რუსუდანს, რომელი-იგიცა მხოლოდ ესვა თამარსა, რომელთა ძმებრივისა და დებრივისა სიყვარულისა უმეტესობა ქონდა ურთიერთას.
ამათ წარმართებულობათა და დაწყნარებულობათა შინა იყო მეფე და ყოველმხრით ნიჭი და ძღვენი მოუვიდოდა მოხარკეთა მიერ კარვად მეფისა. მხიარულითა პირითა მოვლიდა სამეფოსა მისსა განსაგებელთა საქმეთათვის. გადავიდოდა ქვეითი აჯამეთს, ნადირობდა ცხუმს და აფხაზეთს და განაგებდა საქმეებს იქაურს. და სთუელთა ჩავიდოდა ტფილისს, ხოლო საზამთროდ დადგებოდა დურს სომხითისასა და იქედან ებრძოდა განძელთა. ზაფხულს ავიდოდა თავად მტკვრისა, დადგებოდა კოლას, და მოვიდოდნენ წინაშე მისსა მოხარკენი ძღვნითა ხლათიდან და მცირე აზიიდან.
ამათ განსვენებასა შინა მყოფმან არა ინება ქორწინება ცოლისა. ამისთვის შეიკრიბნენ კათალიკოზნი, ეპისკოპოზნი და ვაზირნი, მოახსენებდნენ: „რა ჯერ-არს, რათა მხევალი გესვას და არა ცოლი, როგორც დასწერს მოციქული, პირი ქრისტესი, პავლე: „ქორწილი წმიდა არის და საწოლი შეუგინებელი. ხოლო მსიძავნი და მემრუშენი საჯნეს ღმერთმან“. ხოლო მეფესა არა ენება. წაჰგვარეს ქალი იგი, დედა დავითისი, და ქმარსავე მისსა მისცეს. ხოლო არცა მაშინ ექორწინა მეუღლესა, არამედ ეგო უქორწინებლად. რამეთუ იყო ესე ლაშა გიორგი მხნე, ახოვანი, ძლიერი, ლაღი, ამპარტავანი, თავხედი, თვითბუნება, როგორც მითქვამს, უხვი, მსახიობისმოყვარე, ღვინისმოყვარე და გემოთმოყვარე. და მშვიდობა იყო სამეფოსა შინა მისსა და შექცეული იყო სმასა და ჭამასა, რომლისათვის დასწერენ მამანი: „სამნი არიან მიზეზნი ვნებათანი, რომელთაგან იშვებიან ყოველნი ბოროტნი: გემოთმოყვარებანი, ვეცხლისმოყვარება და დიდებისმოყვარება. ამათნი პირმშონი არიან სიძვა, მრუშებანი, რისხვა, მწყინარობა, ამპარტავანება. ამათ ბოროტთაგან გამოვლენ ხორცთმოყვარებანი, უწესოდ ნებისა მიდევნებანი, რომლისა თვითეულად არა არის ჟამი აღწერად, როგორც წინასწარმეტყველიცა იტყვის: „ამა იაკობ, განძღა, განსხუა, განსუქდა და დაუტევა ღმერთი, შემოქმედი თვისი, და განუდგა ღმერთსა, მაცხოვარსა თვისსა“.
ეგრეთვე იქმნა ნათესავსაცა ამას შინა ქართველსა, რამეთუ განძღენ და იშვებდენ, უწესოებად მიდრკენ სიძვათა და მთრვალობათა შინა უგუნურნი კაცნი, მეფის კარსა ზედა არა ყოფის ღირსნი და აწ კარსა ზედა მყოფნი. მართალია კათალიკოზთა ორთავე და თავადთა ამის სამეფოსათა და უმეტეს ივანე ათაბაგსა უმძიმდა საქმე ესე, აღარ ინებეს მას თანა სამარადისო ყოფა, არამედ განეშორნენ და თვის-თვისად იმყოფოდნენ. ამისთვის აღმოსცენდენ მიზეზნი ცოდვათა სიმრავლითა საქართველოსა მოოცრებისანი, რომელიც ქვემორე სიტყვამან ცხად-ყოს.
4. ქვეყანასა მზისასა, აღმოსავლეთით, რომელსაც ეწოდება ჩინ-მაჩინი1, გამოჩნდენ კაცნი ვინმე საკვირველნი ადგილსა, ყარაყურუმად წოდებულსა, უცხო სახითა, წესითა და შესახედავადცა. რამეთუ არცა ძველთა წიგნთა სადაც იპოვება ამბავი მათი, რამეთუ არიან უცხოენა, უცხოსახე, უცხოცხოვრება. პურისა გემო არა იცოდნენ, ხორცითა და პირუტყვთა რძითა ცხოვნდებოდენ. ხოლო იყვნენ ტანითა სრულ, გვამითა ახოვან, ძლიერ ფეხითა, მშვენიერ, თეთრი ხორცითა, თვალითა მცირეჭვრიტ და გრემან, განზიდულ და საჩინო, თავითა დიდ, თმითა შავი და ხშირ, შუბლბრტყელი, ცხვირითა მდაბალ ესოდენ, რომ ღაწვნი უმაღლეს იყვნენ ცხვირთა, და მცირედნი ოდენ ნესტვნი ჩანდნენ ცხვირითა, ბაგენი მცირე, კბილნი შეწყობილნი და თეთრი, ყოვლად უწვერული, ესევითარი ქონდა უმსგავსო სახე. და ნუ ვის გიკვირს, რომ აღმატებული რამე მშვენიერება ქონდა ამათ მამათა და დედათა. ამას თანა მოეგო სიმხნე, მოისარნი იყვნენ რჩეულნი, მაგრითა მშვილდითა უცდომრად მსროლელნი, რომელთა ნაკრავსა ვერამან საჭურველმან უმაგრის. უფრო ცხენსა ზედა იყვნენ მხნე, რამეთუ აღზრდა მათი ცხენსა ზედა იყო, საჭურველისა არასა მქონებელნი, მშვილდისა და ისრისა მხოლოდ.
ესე იყვნენ კაცნი განსაკვირვებელნი, რამეთუ იხილნი რა, სულელ საგონებელ იყვნენ, ხოლო ყოველი სიბრძნე იპოვებოდა მათ შორის და ყოველი გონიერება მოეგო – მცირემეტყველება. და ტყუილი სიტყვა ყოვლად არა იყო მათ შორის, არა თვალ-ახვნიან პირსა კაცისასა, არცა დიდსა, არცა მცირესა, და უმეტეს საბჭოთა შინა, რამეთუ კეთილნი წესნი ეპყრნენ, ჩინგიზ ყაენისაგან განჩენილნი, რომელთა თვითეულად წარმოთქმა გრძელ არის2.
ამათ ქონდა სჯულად ერთისა ღმრთისა უკვდავისა თაყვანისცემა. პირი მზისა აღმოსავლეთით ქნიან და სამისა ჩოქისა ქნა და სამჯერ თაყვანისცემა და შუას თითისა ცერსა ზედა და ნებსა დადება და დატკაცუნება, და მეტი არარა.
ხოლო უიღურნი კერპისმსახურნი იყვნენ, რომელთა ქუჯინს უწოდებდნენ. ხოლო მოიპოვეს წერილიცა ამა მცირედითა ასოთა, რამეთუ თექვსმეტითა ასოთა დასწერენ წიგნსა, რომელიც ადვილ სასწავლოცა არის და ადვილ გულისხმისსაყოფიცა. ამათვე შექნეს ქორონიკონის სახედ თორმეტი წელიწადი თორმეტთა პირუტყვთა ცხოველთა სახელსა ზედა და თვითოს პირუტყვს და ცხოველს თვითოსა წლის მთავრობა განუჩინეს. როგორც ძველ ოდესმე ელინთა ბრძენთა თორმეტთა ზოდთა, რომელიც არიან ეტლნი მზისა და მთვარისანი, ამათ ეტლთა თვითეულთა მისცეს მზისა საჯდომად ოცდაათ დღე, არათუ ცხოველნი არიან, არამედ ზოდნი. ეგრეთვე ამათ თვითოსა წელიწადსა მთავრობა განუჩინეს თვითოსა პირუტყვსა, რომელითა თორმეტივე გათავდება, თავსავე დაიწყებს, როგორც ცხრამეტული, ცამეტური, ზედნადები და ზედექვსეული, რამეთუ ცხრამეტ წლად გააწევს და მერე თავსავე და იწყებს. და ეგრეთვე ესე თორმეტ წლად გააწევს, რომელსაც უწოდებენ სახელად ესე: ყალღუნჯილ, უქურჯილ, ფარსინჯილ, თავლაინჯილ, ლუილჯილ, მოღილჯილ, მორინჯილ, ყონიჯილ, მეჩინჯილ, თაღანჯილ, ნოხინჯილ, ყაყაინჯილ. ესე არის სახელი თორმეტთა ცხოველთა, რომელთაც მისცეს მთავრობა თვითოსა წლისა თვითოსა პირუტყვსა, რომლისა პირველად თავ ყვეს ყალღუნ, რომელიც არის თაგვი, მერე ძროხა, ავაზა, კურდღელი, ვეშაპი, გველი, ცხენი, ცხვარი, ყაპუზუნა (მაიმუნი), ქათამი, ძაღლი, ღორი. ესენი ქონდათ წელიწადის სათვალავად, როგორც ჩვენ ქართველთა ქორონიკონი.
ხოლო ქონდათ წესად ერთისა ღმრთისა თაყვანისცემა, რომელსაც თენგრი უწოდეს ენითა მათითა, და წიგნისა თავსა ესეთ დასწერდენ: „მანგუ თენგრი ქუჩუნდურ“, ესე არის: „უკუდავისა ღმრთისა ძალითა“.
ესენი მცირედთა საზრდელთა განეშორებოდენ, ყოველსა სულიერსა ჭამდეს, ხორცსა კატისა, ძაღლისა და ყოველსა.
ამათნი ნათესავნი მრავალგვარად განყოფილ იყვნენ და არიანცა ჯერეთ, მაგრამ მხოლოდ თორმეტის მოვიხსენოთ სახელი. რამეთუ პირველი გვარი არის საყირთა, ქინდნი, ყათნი, ჯალაირი, ოირადი, სულდუსი, ნიჰიმნი, ყონღარდი, მანღუთი, თანღუთი, ყიათი და უიღურნი.
ხოლო უიღურნი კერპისმსახურნი არიან, რომელსაც უწოდებენ ქუჯინს. ესენი ენითა მათითა უწოდებენ თავთა მათთა მონღოლ, ხოლო ქართველნი თათრად, რომელთა ვგონებ ერთსოფლელად.
5. ამათთა ნათესავთა ყიათთა გვარისათა გამოჩნდა კაცი ერთი, სახელით თემურჩი, რომელიც არის ჩინგიზ ყაენი; ჰაეროვან-მშვენიერი, ტანითა ახოვანი, თმითა მომწითურო, ძლიერი, მხნე, შემმართებელი, მოისარი ხელოვანი, ღრმად გამგონე, განმზრახავი სვიანი. ესე წავიდა ნიჭისა და პატივისა მოღებად უმთავრესისა მათისა, რომელსაც ხანს უწოდებენ ხელმწიფესა მათსა, რომელსაც ერქვა ონ-ხან3. როცა იხილა, შეიყვარა სიკეთისა მისისათვის. დიდსა პატივსა აიყვანა, უწარჩინებულეს ყოველთა სწორთა მისთა, და მხედართა მთავრობა ხელთ-უდვა ლაშქართა მისთა. და ყოველგან ამოწყვეტდნენ ურჩთა და გამდგომთა მისთა, ვინაცა ყოველმხრით გამარჯვებული მივიდეს პატრონსა მისსა ონ-ხანს ხელმწიფეს წინაშე. ხოლო მან უაღრესსა პატივსა აიყვანა. ესე შეიშურვა ძმამან ონ-ხანისმან, სახელით უთქინ, და შვილმან ქურაქ, და შეასმინეს: „ნებავს დაპყრობა შენისა მეფობისა, რომელსაც ხანობით გინა ყაენობით უწოდებენ“. და მან განიზრახა მოკლვა მისი. მაგრამ იგრძნა თემურჩიმ, რამეთუ უთხრეს ორთა ვინმე კაცთა, რომელთა სახელი ერთისა ქალექ (ქისლიქ, ქიშლიხ, ქიშლიყ) და მეორესა ბად (ბადაი): „ჰნებავს სიკვდილი შენი“. ხოლო იგი ივლტოდა და ორნიცა იგი კაცნი მის თანა. მივიდა სახლსა და ხარგთა შინა, აჰყარა დედა-წული და იარა ერთი დღე და ერთი ღამე. და მერე დაყარა დედა-წული, ბარგი და ხვასტაგი წყლისა მის პირსა, რომელსაც ჰქვია ბალჯუნი. და განუშორა ლაშქარი მცირედ და უკუდგა ზევსა რასამე. და გაიგო ონ-ხან სივლტოლა თემურჩისა, დევნა-უყო და მოეწია დედა-წულსა და ბარგსა მისსა. აიღეს ტყვე ურიცხვი და დამძიმდენ ალაფითა ლაშქარი. ზედა-მოუხდა თემურჩი ყოველთა თანა ლაშქართა. იქმნა ბრძოლა სასტიკი და ძლიერი, ამოსწყდა ორმხრითვე ურიცხვი, და იძლია ონ-ხან. დევნა-უყვეს, შეიპყრეს, მოკლეს ონ-ხან. და მსწრაფლ დაესხა დედა-წულსა ონ-ხანისასა და ხელთ იგდო ცოლი და შვილი და ყოველი სიმდიდრე მისი, გარდა ქურაქ, უხუცესისა შვილისა, ონ-ხანისნი.
და დაჯდა ტახტსა ონ-ხანისასა, უწოდეს სახელად ჩინგიზ ყაენი.
და ბრძოლა უყო ყონღარდთ ხელმწიფესა ალთუ-ხანს4, და სძლია და მოაკვდინა იგი და დაიპყრა მეფობა მისი. მერე ქურაქ, შვილი ონ-ხანისი, მივიდა გორ-ხანსა5 ვისმე თანა და ებრძოდა ჩინგიზ ყაენს. ხოლო მან ბრძოლა გორ-ხანს და მასცა სძლია, და მოკლა გორ-ხან და დაიმორჩილა გორ-ხანის ლაშქარნი.
ამისა შემდგომად უიღურთა ზედა წარემართა, რამეთუ უიღურნი ხელმწიფესა მათსა ედიყუთს უძახდნენ. და ამას ჟამსა სარჩუყ ვინმე იყო მთავარი უიღურთა, რომელთა გვარისა საქმენი განსაკვირებელ არიან, როგორც ზღაპარნი, და არიან ზღაპარ და ცუდ, ამისთვის უჯერო არის აწ თქმა. ჩინგიზ ყაენმა შეიწყნარა და პატივითა დაიჭირა, აიღო მრავალგვარნი თათარნი და დაიმორჩილა, და ყარყითიცა6 დაიმორჩილა.
და როცა მოიწყო თათართა ზედა, გამოჩნდა კაცი ვინმე საკვირველი, რომელსაც თებ-თენგრს უძახდნენ. ესე მივიდა ყაენს წინაშე, იტყოდა თუ: „მე მას მთასა, რომელსაც უწოდო ბალიყი, წავალ, ღმრთისა სიტყვა მესმის. ამას ბრძანებს, ყოველი ქვეყანა თემურჩის და მისთა ლაშქართათვის მიმიცემია, და სახელადცა ჩინგიზ ყაენ ერქვას“.
ხოლო თქმულ არის ესე: როდესაც ჩინგიზ ყაენი ავიდა მთასა მაღალსა, და გამოუჩნდა უფალი იესო ქრისტე, ღმერთი ყოველთა. და მან ასწავლა სამართალი, სჯული, სიწმიდე და სიმართლე, ტყუილისა, პარვისა და ყოვლისა ბოროტისაგან განშორება და უთხრა: „მცნებანი ესე დაიმარხე. ყოველი ქვეყანა შენთვის და ნათესავისა შენისათვის მიმიცემია. წადი და აიღე ყოველი ქვეყანა, რამდენი შეგეძლოს“.
ხოლო იქმნა რა ყაენად და მივიდა რა ხატაეთს7, და შევიდა რა ხილვად ეკლესიისა, იხილა ხატი მაცხოვრისა იესო ქრისტესი, და მყისეულად თაყვანი-სცა და თქვა: „აჰა, კაცი იგი, რომელიც მთასა ჩინეთისასა ვიხილე, ამ სახითა იყო, ამან მასწავლა ყოველი წესი“. ესე შეიყვარა ჩინგიზ ყაენმან და მას ჰკითხევდა და ამის მცნება, რამდენიცა ამცნო, ყოველივე მტკიცედ დაიცვა.
მერე ებრძოლა ხატაეთის ხელმწიფესა არსლან-ხანსა8 ზედა და სძლია. ესეთ ხელთ-იგდო, რომ ორას ათასი კაცი მოაკვდინა არსლან-ხანისა. ამისმა მცნობელმა არსლან-ხან, სახლსა შინა შესულმა ცოლითა და შვილითურთ, ცეცხლისა მოდება უბრძანა მსახურთა მისთა, რომელთაც ყვეს ეგრეთ, და დაიწვა არსლან-ხან დედაწულითურთ. შევიდა ჩინგიზ ყაენი და დაჯდა ტახტსა მას ზედა, დაიპყრა ხატაეთი. ესე აქამომდე იყო.
აწ ვახსენოთ მცირედ შვილთათვისცა ჩინგიზ ყაენისათა.
6. ამა ჩინგიზ ყაენსა ცოლნიცა მრავალი ესხა და შვილნიცა. და უხუცესის ცოლის სევინჯებისაგან9 ესვა შვილი, რომელსაც ერქვა თუში, რომელსაც ქართველნი ჯოჩიდ უწოდებენ. მეორე ჩაღათა, მესამე ოქოთა, მეოთხე თული. ესე ოთხნი ყაენად განაჩინა ხატაეთს მყოფმან. უხუცესსა თუშის მისცა ლაშქრისა ნახევარი და წარავლინა დიდსა საყივჩაყეთსა ზედა, ხაზარეთს, რუსეთსა, ოვსეთსა, ვიდრე ბნელეთამდე. და ესე ყოველი ამას მისცა, და ამათ სხვათა უკანასკნელ ვახსენოთ.
ესე მაღალმან და ყოველთა ხელმწიფეთა უდიდესმან ხვარაზმშა10, რომელიც მაშინ დღეთა სიმრავლითა მიმხცოვნებულ იყო11 და შვილის ჯალალდინისთვის ხელთ-ედვა სულტნობა და ქვეყანანი, რომელნიც ეპყრა ჯეონს (დღევ. ამურდარია) აქეთ ხორასნისა და ერანისა, ცნა რა მოახლება თათართა, მოუწოდა სპათა მისთა, ექვსი ათასთა კაცთა, და წარემართა ჩინგიზ ყაენსა ზედა. ხოლო იგი ხვარაზმშას წინა შეხვდა. იქმნა ძლიერი და ფიცხელი ომი, რომელშიც ამოსწყდა ორმხრითვე ურიცხვი სიმრავლე, და იძლივნენ ხვარაზმელნი. დარჩა რაზმსა შინა ბერი ხვარაზმშა მცირედითა ლაშქრითა, და თათარნი გარე-მოადგენ.
ცნა ესე სულტანმა ჯალალდინმა, რომელიც იყო კაცი მხნე, ქველი, შემმართი, უშიში, როგორც უხორცო, ძალითა საჩინო, წყობათა შინა უცხო. მივიდა მცირედითა კაცითა შველად მამისა და მყის წაიყვანა მამა თვისი, და ივლტოდენ ხორასნად.
ამისა შემდგომად ებრძოლა კვლავცა სულტანი ჯალალდინ მრავალჯერ, რამეთუ სამჯერ ჯეონს იქით შეება და ოთხჯერ ხორასანს, ჯეონს აქათ. ვინაიდან ღმერთსა ცოდვათა ჩვენთათვის მიეცა ყოველი ქვეყანა, იძლია სრულიად და ივლტოდა12. ცნა რა სივლტოლა ამისი და სიმაგრეთა შინა შევლტოლა ჩინგიზ ყაენმან, წარმოავლინა ორნი თავადნი ზემოხსენებულნი, იამა13 და სანპიანი14, რომელთაც ქართველნი სება-ჯებობით იხსენიებენ, რათა მოვლონ ქვეყანა ხორასნისა და ერაყისა, სადამდი შეძლონ სლვად, და განიხილონ ქვეყანა.
ესენი წამოვიდენ თორმეტი ათასითა მხედრითა და გარეშე საჭურველისა და საზრდელისა ქონებისა, მხოლოდ მშვილდების ამარა, უხმლოდ. განვლეს თურანი, ჯეონი, ხორასანი, ერაყი, ადარბადაგანი, და მოიწივნენ განძას. და ვერავინ წინა-აღუდგა. თუ ვინ სადაც გამოჩნდა, ყოველთა სძლიეს.
და მოიწიეს საზღვართა საქართველოსათა, ქვეყანა გაგისა, იწყეს დარბევა. და ცნა ესე ვარამ გაგელმა და ივანე ათაბაგმა, და აცნობეს მეფესა უცხოსა ნათესავისა მოსლვა, უცხოთა ენითა, ოხრებად სომხითისა. მეფემან მოუწოდა სპათა თვისთა, იმერთა და ამერთა, და შეკრიბა ოთხმოცდაათი ათასი მხედარი, და წარემართნენ თათართა წინაშე, გაგისა ბოლოს მდგომთა. იქით ივანე ათაბაგი და ძმისწული მისი, ზაქარიას ძე ამირსპასალარისა, შანშე, და ვარამ გაგელი, მსახურთუხუცესი, მოერთნენ დიდითა ლაშქრითა. და წარემართნენ.
ხოლო იგინი დაბანაკებულნი წყალსა ზედა ბერდუჯსა, და აწ საგიმად წოდებულსა, მყის ამხედრდნენ და დაუპირისპირდნენ ურთიერთს. და იქმნა ძლიერი ბრძოლა. ნახევარნი ივლტოდნენ თათარნი და ნახევართა მზირი ეყო. უკნიდან მოუხდენ. მაშინ მოიწია რისხვა ზეგარდმო უსჯულოებათა და ცოდვათა ჩვენთათვის, და ივლტოდენ ქართველნი სპანი და თვით მეფე ლაშა, და ურიცხვი სული ქრისტიანე მოკვდა, სადა-იგიცა დიდი ივანე ათაბაგი ძლივს ცოცხალი განერიდა. და სამცხისა სპასალარის, მეჭურჭლეთუხუცესის ყვარყვარეს შვილი ბექაი მოიკლა ძლიერად მებრძოლი. და აქა იქმნა მოწევნა სრულიადისა ღმრთისა რისხვისა და განწირვა ქართველთა ნათესავისა სიმრავლისათვის უსჯულოებათა ჩვენთათვის. და იქმნა უკუქცევა სვესვიანისა ბედისა, მაღლისა და საჩინოსა დავითიანისა დროშისა გამარჯვებულისა, რამეთუ, რადგან მიეცა ღმერთსა დიდსვესა და დიდბედისა დავითისდა გამარჯვება, აქა ჟამამდი სვიანი იყო ბრძოლათა შინა დროშა დავითიანი და გორგასლიანი. ხოლო აქა, როცა იქმნა ცვალება ბედისა ქართველთა ნათესავისა, აღარა მიეცა ძლევა თათართა ზედა ვიდრე ჟამამდე ჩვენთა.
ესე ლტოლვილნი მოიწიეს ქალაქსა ძლიერნი იგი და სახელოვანნი, რომელნიც სულთქმითა და მწუხარებითა მოიცვებოდნენ. ხოლო თათარნი მოიწიეს სამშვილდემდე და მიერ უკუნ-იქცენ, რომელთაც ქმნეს საკვირველი ესე საქმე: წავიდნენ გზასა დარუბანდისასა, ვერცა შარვანშა წინ-აღუდგა და ვერცა დარუბანდელნი. განვლეს კარი დარუბანდისა და შევიდნენ ყივჩაყეთს, რომელთაც ბრძოლა აჰკიდეს. და მრავალგან შემოებნენ ყივჩაყნი და ყოველგან თათარნი მძლე ექნენ. და წავიდნენ ომითა, უსაჭურ[ვ]ლონი, როგორც მითქვამს, უჭედელითა ცხენითა ესოდენ გზათა მავალნი. განვლეს ყივჩაყეთი და შემოუარეს ამა დარუბანდისა ზღვასა გარე და მიიწიეს ხელმწიფესა მათსა ჩინგიზ ყაენის წინაშე ყარაყურუმს. და ქმნეს საკვირველი ესე საქმე, მოუსვენებლად სლვა ამა ყოველთა გზათა უჭედელითა ცხენითა, ყარაყურუმით წამოსულნი იქვე მიიწივნენ.
ამისმან მცნობელმა ჩინგიზ ყაენმა, რომ ყოველგან სძლიეს თათართა, წარმოავლინა შვილნი მისნი ხორასანს სულტანისა ჯალალდინის ძებნად. ცნა ესე სულტანმა ჯალალდინ, შეიყარა და მრავალჯერ ბრძოლა ქმნა, როგორც ვთქვი. და იგრძნა რა სრულიად ძლეულება, აიყარა დედა-წულითა და ლაშქრითა, თანა ჰყავდა დედა-წულით კაცი ასორმოცი ათასი, და ივლტოდნენ პირისაგან თათართასა.
როდესაც გარდახდა წელი, არ დასცხრა გულისწყრომა უფლისა, რომლითა განვარისხეთ, დასნეულდა მეფე ლაშა. მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა სამეფოსათა, შევედრა და თვისი რუსუდან ცრემლითა მომდინარემან და თქვა: „უწყი უმანკოება და ერთგულება მეფეთა ნათესავისაგან თქვენ მკვიდრთა საქართველოსათა. შეხედვებითა ღმრთისათა მიგათვალავ დასა ჩემსა, რუსუდან, რათა შემდგომად ჩემსა მეფე ჰყოთ. როგორც არის ჩვეულება ნათესავისა თქვენისა, ერთგულობით მონებდით და სიმხნითა თქვენითა დაიცავით ტახტი მტერთაგან უვნებელად. დაღათუ არა მამაკაცი არის, არამედ დედაკაცი, არა აკლია სიბრძნესა და სამეფოთა საქმისა ცნობასა. თქვენ, წარჩინებულთა ამის სამეფოსათა, იცით და გახსოვს წყალობა და ნიჭი და პატივი სანატრელისა და კეთილად მოხსენებულისა, მეფეთა შორის ბრწყინვალისა დედისა ჩემისა. ეგრეთვე, თუ ღმერთსა უნდეს, დამანცა ჩემმან იცის პატივი თქვენი. აწ შეგვედრებ წინაშე ღმრთისა, რათა მეფე ჰყოთ იგი შემდგომად ჩემსა. ხოლო დასა ჩემსა, რუსუდანს, ვამცნებ წინაშე ღმრთისა და სასმენელად თქვენდა ყოველთა, რათა აღზარდოს შვილი ჩემი დავით. რაჟამს შეძლოს მეფობა და მხედრობა, დავით მეფედ ყოს, და იგი დაადგინეთ მეფედ და მემკვიდრედ მეფობისა ჩემისა. მართალია ყრმა არის, და ინებოს ღმერთმან აღზრდა მისი, ვჰგონებ, რომ შემძლებელ არის პყრობად მეფობისა, კეთილითა ასაკითა არის და ჰაეროვან“.
როდესაც დაასრულა ბრძანება, მოკვდა, რომლისათვის არის გლოვა და მწუხარება მიუთხრობელი, რომელიც დამან მისმან რუსუდან აღასრულა გოდებანი მრავალ დღე. და წაიყვანეს სამკვიდროსა მათსა გელათს.
II
7. როდესაც აღსრულდა მეფე, შეიკრიბნენ წარჩინებულნი მის სამეფოსანი, იმერნი და ამერნი, კათალიკოზთა ორთავ წინაშე, ნიკოფსიიდან ვიდრე დარუბანდამდე, ყოველნი მორჩილებასა მათსა ქვეშე მყოფნი, და მეფე ყვეს რუსუდან, დასვეს საყდართა სამეფოთა და მიულოცეს მეფობა წესისაებრ.
ხოლო იყო რუსუდან ხილვითა მშვენიერი, როგორც დედა მისი, მდაბალი, უხვი, პატივისმცემელი, პატიოსანთა კაცთა მოყვარე. ამან მოიწყო ყოველი საბრძანებელი და მეფობა მშვიდობით, და აივსო ყოველი სამეფო რუსუდანისა ყოვლითა კეთილითა.
იწყეს უძღებება და განცხრომა ყოველმან ასაკმან და მიიქცნენ ყოველნი სიბოროტედ. და რადგან არა გამოიცადეს ღმერთი, ამისთვის მისცა იგინი ღმერთმან უჯეროდ გინებად და ხოცად წარმართთა, რამეთუ მეფეცა რუსუდან ჩვეულებითა წესსა ძმისა მისისასა დადიდოდა. ამისთვის აღდგენ ბოროტნი უდიდესნი.
ესე ზემოხსენებული სულტანი ჯალალდინ უღონო იქმნა რა ბრძოლილი თათართაგან, მოუწოდა სპათა მისთა და უთხრა: „იცით და გახსოვს ყოველთა მარზაპანთა და ერისთავთა კეთილი და წყალობა პაპათა და მამათა ჩემთა. აწ იცით, თუ რა მოიწია თქვენ ზედა და ჩემ ზედა უცხოთა ნათესავთა თათართაგან. და მრავალგზის ბრძოლა-ვყავთ და მრავალი ღვაწლი დავითმინეთ და განგებითა ზეგარდმოთა ყოველგან ვიძლენით. აწცა მოახლოებულ არის მდინარესა ჯეონისასა, წინამბრძოლად წარმოავლინა ძე მისი უხუცესი. აწ ესე არის განზრახვა: ვინაიდან მისცა ძლევა ღმერთმან, გსურთ, დავტოვოთ ქვეყანა ესე, ავიღოთ დედა-წული, სიმდიდრე, ჯოგი, და წავიდეთ მცირე აზიას, იქ დავემკვიდროთ. მართალია თათარნი გვძლევენ, მაგრამ ყოველთა ნათესავთა ჩვენ ვსძლიოთ. უკეთუ ვინ ინებოს, წამოვიდენ ჩემ თანა და თუ სურს ვინმეს იყოს შინ, რამეთუ ნება იყავნ ყოველთა სურვილი უკუნისამდე“.
ყოველთა თქმული ესე ეკეთა, აიღეს დედა-წული და მოიწიეს ადარბადაგანსა, კაცი ასორმოცი ათასი. და მოიწიეს ქვეყანად მხარგრძელთა, რამეთუ ივანე ათაბაგსა ეპყრა დვინი, და ანისი მიეცა ძმისწულისა მისისა შანშე მანდატურთუხუცესისათვის.
და ესე ხვარაზმელნი მოვიდენ წელსა მესამესა15 ლაშა გიორგის მიცვალებიდან ტყვენვად, მოოხრებად ქვეყანათა დვინისა და არემარეთა მისთა. ცნეს რა ივანე ათაბაგმა და ვარამ გაგელმა, მივიდნენ მეფესა რუსუდანს წინაშე, მოახსენეს მოსლვა ხვარაზმელთა, თვით დიდისა სულტნისა ჯალალდინისა, ხოცად და მოსრვად ქრისტიანეთა. ესეთ უწყალოდ მოსრვიდნენ, რომ არცა თუ დედათა და ჩვილთა ყრმათა ერიდებოდნენ.
როდესაც გაიგო რუსუდან შემოსლვა ხვარაზმელთა სამეფოსა შინა მისსა, მოუწოდა ყრმათა, იმერთა და ამერთა, მოიღო დროშა სეფე და მოუწოდა ივანე ათაბაგსა, რომელიც მას ჟამსა მიმხცოვნებულ იყო, არა განცხადებულად, არამედ ფარულად მონაზონქმნულ იყო, კაცი აქამომდე გონიერი და სათნოებიანი. განაჩინა მეფემან რუსუდან სპათა მისთა თავად, უბოძა დროშა სეფე სვიანი, წარავლინა ბრძოლად სულტნისა.
ხოლო მიიწიეს დვინსა და ამობერდს. დაებანაკა ხვარაზმელთა სოფელსა, რომელსაც ჰქვია გარნისი. და მივიდნენ რა სპანი მეფისანი, წინა-განეწყო სულტან ჯალალდინი. აქეთ ივანე ათაბაგმა განაწყო სპანი მეფისანი იმიერ და ამიერ, და აჩინა წინამბრძოლად თორელნი და ძმანიცა იგი ორნი ახალციხელნი, შალვა და ივანე, სახელოვანნი იგი მებრძოლნი, როგორც წესად არის სახლისა მათისა წინამბრძოლობა.
როდესაც დაახლოვდნენ წინამბრძოლნი და სულტანი, აქა დაიპყრა ფეხი ივანე ათაბაგმა, იტყვიან შურითა ყო ახალციხელთა შალვა და ივანესითა. ჰოი შური, ყოველთა ბოროტთა დასაბამი და ძვირად ამომწყვედელი ნათესავისა კაცთასა და ყოველთა ნათესავისა მწყლველი! როგორც ურიათა ღმრთის მკლველობა არწმუნა, და კვლავ ამათსა უბოროტესი უგბილი და ულმობელი და საქართველოსა სრულიადი მოსპობა, როგორც ქვემორე სიტყვამან ცხად-ყოს, ათაბაგსა ივანეს არწმუნა, რომელიც ჟამსა წყობისა და ჟამსა ომისასა უკუნ-დგა და აღარა დადიდოდა მებრძოლთა წინ.
ხოლო წინამბრძოლთა ყოველთა მოუვლინეს კაცი და უთხრეს: „დაახლოებულ ვართ სულტანსა და სპათა მისთა. ჩვენ დიდმან უმცირეს ვართ და ომი ძლიერი წინა გვიც, და წარმოიმალონ მხნეთა სპათა მეფისათა და სიმხნემან შენმან“. ესე ორგზის მოუვლინეს, ხოლო იგი არასა მიუგებდა. ხოლო ვინაიდან წინამბრძოლნი თორელნი და უმეტეს ახალციხელნი შალვა და ივანე ახოვან იყვნენ და წყობათა შინა სახელოვანნი, აღარ რიდეს სიმრავლესა სულტნის სპათასა. როგორც მხეცნი ზედამიეტევნენ, რომელთა შინა იქმნა ძლიერი ომი. ამოწყდა ორმხრითვე ურიცხვი. და ძლიერად ბრძოლობდნენ შალვა და ივანე, ახოვანთა და ძლიერთა სრვიდნენ. განგრძელდა ომი სასტიკი. ივანე ათაბაგი და სპანი ქართველთანი ხედავდნენ ძლიერსა ომსა და არა შეიწყალებდნენ თანამონათესავეთა და ერთსჯულთა ქრისტეს აღმსარებელთა თორელთა და მათ თანა მრავალთა სახელოვანთა, არამედ იდგნენ შორიდან. და არა ინება შველა ივანე ათაბაგმან, რომელსაც შურითა იტყვიან ამას ყოფად და არა თუ შიშითა.
და როდესაც გაგრძელდა ომი, ცხენნი ორთავე ძმათა ახალციხელთა დაუხოცეს, და ქვეითნი მხნედ იბრძოდნენ, და მოისრვოდა ორმხრითვე ურიცხვი, და უმეტეს თორელნი. და როცა შენივთდა ძლიერად ომი, ხმალნიცა ახალციხელთანი გატყდნენ ჩაბალახსა ზედა, ივლტოდნენ ქართველნი, ხოლო შალვა იქვე შეპყრობილ იქმნა სიმრავლისა ფრიადისა მიერ, და ივანე, გარნისისა კლდესა შელტოლვილი, ზენაკერძო მოტევებულითა ქვითა მოიკლა. ხოლო შალვა წარიდგინა სულტან ჯალალდინსა წინაშე, რომელიც იცნეს ნახჭევნელთა და ადარბადაგნელთა და ხოი-სალმასელთა16 და მოახსენეს სულტანსა ახოვანება და წყობათა შინა სიქველე მისი, არა მოკლა და თვისთა თანა იპყრა პატივითა და მიანიჭა ქალაქნი ადარბადაგანისანი, თავადთა თანა პატივ-სცა, რომელიც შემდგომად წელიწადისა ერთისა მოიკლა სულტნისა მიერ არადატევებისათვის სჯულისა.
ხოლო ივანე ათაბაგი უკუნ-იქცა ბიჯნისად, და სულტანი მიიქცა ადარბადაგანს და ნახჭევანს და ამიერიდან აოხრებდა საქართველოსა, არბევდნენ და ტყვე ჰყოფდნენ და სრულად უწყალოდ ხოცდნენ, და არავინ იყო ნუგეშინისმცემელი მათი. შემდგომად ორისა წლისა მიიცვალა ივანე ათაბაგი და მთავარ ყვეს ძე მისი ავაგ და უბოძეს ამირსპასალარობა.
8. ამისა შემდგომად უდიდესნი ბოროტნი შეიცვიდეს ნათესავსა ქართველთასა: მოახლებულ იყო სრულიად მოსპობა სიმრავლისათვის უსამართლობათა ჩვენთა, რამეთუ აიმხედრა სულტანმა საქართველოსა შემოსლვად და მეფე ყოფად თავისა თვისისა. მივიდა და მოაოხრა ყოველი ქვეყანა დვინისა, კუსტისა დვინისა და ყოველი ანისი, სომხითი, გაგი განძამდე, შანქორი. უწინარეს ამისა ვარამ გაგელსა, კაცსა გონიერსა და ლაშქრობათა შინა წარჩინებულსა, ამას ქონდა შანქორი და მიმდგომი მისი ქვეყანა. ესევითარნი ჭირნი და შფოთნი იძრვოდნენ.
ამათ ჟამთა შინა მოეყვანა მეფეს ორტულის შვილი17 მძევლად ერთგულებისათვის, რომელიც კეთილი იყო და სრული ასაკითა, მშვენიერი სხეულითა, მხნე, ძლიერი ძალითა. როგორც კი ნახა, მოეწონა მეფესა რუსუდანს და ინება ქმრად მიყვანება მისი, რომელიც აღასრულაცა და იქორწილა ორტულის შვილი, რომლისგან იშვა ასული სიტურფეაღმატებული და უწოდა სახელი სანატრელისა დედისა მათისა თამარ. და კვლავ მიუდგა და შვა ძე, უწოდა დავით. და ასევე ზრდიდა ძმისწულსა მისსა, ძესა ლაშა გიორგისასა.
ხოლო როცა აღიზარდა ასული მათი თამარ, ესმა რუმის სულტანსა, ძესა ნუქრადინისა18, ყიასდინსა19, ქმნულკეთილობა მეფისა ასულისა. ევედრა მრავალთა ნიჭთა და ძღვენთა მიერ, რათა მისცეს ცოლად ასული მისი თამარ, და აღუთქვა ფიცითა არადატევება სჯულსა ქრისტიანეთასა. რომელიც ისმინა მეფემან რუსუდან და მისცა ასული მისი სულტანსა ყიასდინს, რომელიც უჯერო იყო ქრისტიანეთა მიერ, რამეთუ დიდითა დიდებითა მისცა აწყვერი მზითვად.
ამასობაში პირველხსენებულნი იგი სპარსნი ხვარაზმელნი მცირედ მოუახლოვდნენ საქართველოსა, განრყვნიდნენ ქვეყანათა. მაშინ ცნა სულტანმან ჯალალდინ ავაგ ათაბაგისა და ამირსპასალარისა ბიჯნისს ყოფა, ინება ნახვა მისი, მოუვლინა მოციქული და უთხრა: „შენ ხარ ვაზირთუხუცესი, და ითვალავ საქართველოსა. თვითოთა კაცითა შევიკრიბოთ, რამეთუ მნებავს სიტყვად შენ თანა“. მოეწონა ავაგს და ნება-სცა ხილვად. წავიდა აღჭურვილი ერთითა კაცითა, და იქით სულტანი ხრამს ზედა ბიჯნისისასა ერთითა მონითა აღჭურვილი იგიცა, და შეიკრიბნენ მახლობელად ერთიერთისა. მაშინ იწყო სულტანმან სიტყვისა თქმად: „რა მოვედ მე რბევად საქართველოსა, არამედ ზავისა და მშვიდობისათვის. თქვენ მსწრაფლ საომრად აღიჭურეთ და ფიცხლად შემებენით, და არა იქმნა მშვიდობა. აწ ვინაიდან წარჩინებულ ხართ ქართველთა შორის და ვაზირი კარსა მეფისასა, ისმინე ჩემი: გსმენია გვარი და ნათესავი ჩემი, სიდიდე სამეფოსა ჩემისა და სიმრავლე, რომ არავის ხელმწიფესა ძალ-ედვა სწორება ჩემი. მე ვარ მაღლისა და დიდისა ხელმწიფისა ხვარაზმშას ძე და ფირმანსა ჩემსა ქვეშე იყო ყოველი სპარსეთი ადარბადაგნიდან ვიდრე ჯეონამდე და ჯეონიდან ვიდრე ინდოეთამდე, თურანი, ხატაეთი, ჩინ-მაჩინი და ყოველი აღმოსავლეთი. განგებითა ზენითა გამოჩნდენ ქვეყანასა ჩინეთისასა, ადგილსა შეურაცხსა, ყარაყურუმად წოდებულსა, კაცნი ვინმე საკვირველნი, უცხონი და უცხოთა ცხოვრებითა მყოფნი, რომელთაც ყოველი აღმოსავლეთი დაიმორჩილეს და მრავალნი ხელმწიფენი მოსრეს. ხელმწიფედ ჰყავდათ კაცი ვინმე საკვირველი, ღრმა და გამგონე, მხნე ბრძოლასა შინა, სახელითა ჩინგიზ ყაენი. ამან ხელთ იგდო ხატაეთი, წარვემართე ლაშქრითა ერანითა, თურანითა, სპარსითა, თურქმანითა, და მრავალგზის ბრძოლა ვყავთ ჯეონს იქით და უკანასკნელ ჯეონს აქეთცა. იქმნა ქცეულება ბედისა ხვარაზმშას სახლისა და ყოველგან ვიძლიე. და როდესაც გაძლიერდნენ და ვცან, აღარ იყო ღონე, დავტოვე სამეფო ჩემი, წამოვედ საქართველოსა მშვიდობისა და ზავის ყოფად. მესმა სიმაგრე ქვეყანისა და ქართველთა ნათესავისა სიმხნე წყობათა შინა. აწ მნებავს, რათა შევერთდეთ მტკიცითა ფიცითა და ვებრძოლოთ მტერთა. მსმენია, რომ მეფე თქვენი დედაკაცი არის, და მყოთ ქმარ მისა და მეფე თქვენ ზედა, და ვსძლოთ ყოველთა მტერთა ჩვენთა. უკეთუ არა ჰყოთ, მოოხრდეს სამეფო თქვენი. თუ მე წავიდე, თათარნი ეგრეცა მოსულ არიან, თქვენ ვერა წინა-აღუდგებით. წარავლინეთ კაცი მეფესა თქვენსა წინაშე და აუწყეთ თქმული ჩემი, რამეთუ არა მნებავს ოხრება საქართველოსა, არამედ დავიცვა მტერისაგან, და თქვენ მიერ მე განვძლიერდე“.
და ესმა სიტყვანი სულტანისანი ავაგს. არა პასუხ-უგო, არამედ თქვა: „ვაუწყებ თქმულსა მაგას მეფესა და ვაზირთა მისთა“. მსწრაფლ წარავლინა კაცი წინაშე მეფისა და აუწყა თქმული.
როდესაც მოიწია თქმული ესე და იხილეს წიგნი, გაუკვირდა მეფეს და უცხო უჩნდა საქმე ესე. და ამცნეს ავაგს არცა თუ სმენად საქმისა მაგისა, არამედ სრულიად განყენებად. ხოლო ავაგმა ამცნო სულტანსა. მან არა მოისმინა, აიყარა და წარმოემართა ტფილისს, რათა ებრძოლოს ქალაქს.
9. როდესაც ცნა მეფემან მოსვლა სულტნისა, აიყარა და წავიდა ქუთათისს, ხოლო ტფილისს მცველად დატოვა ლაშქარი, თავად ორნი ძმანი ბოცოს ძენი, მემნა და ბოცო.
მოიწია სულტანი სომხითად, მოაოხრა ყოველი სომხითი. დაეცნენ მკვიდრნი მისნი პირითა მახვილისათა. და მოიწიეს ტფილისად.
ხოლო მცველნი ქალაქისანი აღიჭურნენ, და იქმნა ძლიერი ბრძოლა. და ბრწყინვალე ძლევა აჩვენეს ქართველთა. მაგრამ ვერ გაუძლეს ომთა მათთა, ღონე გაუწყდათ და მას ღამესა მიუვლინეს სპარსთა ტფილელთა კაცი სულტანსა მიცემად ქალაქისა, რათა კართა, რომელსაც სპარსნი იცავენ, გაუღებენ და შიგნიდან ბრძოლას გამართავენ. როცა გათენდა, კვლავ აღიჭურა სულტანი, მინდობილი სპარსთა შინაგანცემისა. ხოლო ამისნი უმეცარნი მცველნი ქალაქისანი აღიჭურნენ და მივიდენ განძის კართან, მემნა ბოცოს ძე და ძმა მისი ბოცო, და ფიქრობდნენ გასლვას და მუზარდისა დახურვას. მემნას სპარსმან ვინმე აფთითა ძლიერ დაუხეთქა უმუზარადოსა თავსა, განუპო, და მყის დაეცა და მოკვდა. და იქმნა შინათ ომი, რამეთუ სპარსნი ზღუდის შიგნით იბრძოდნენ. გააღეს კარნი სპარსთა ტფილელთა. ესე რა შინა-განცემა იყო ქალაქისა, ივლტოდნენ მცველნი ქალაქისანი და შედგნენ ისანში. ბოცოს ძემან ბოცო გაამაგრა ისანი და ქმნა ძლიერი ომი. ხოლო არა შემინდობს ტკივილი გულისა მოხსენებად, თუ როგორ მოექცნენ ხვარაზმელნი შინაგან ქალაქსა. ვინ-მე უძლოს-ა მაშინდელთა თქმულთა და ქმნილთა და განსაცდელთა, რომელიც მოიწია ქრისტიანეთა ზედა წარმართთა მიერ?
აქა მეგულება დადუმებად, რადგან სალმობიერსა მიუთხრობ გულისა ტკივილითა, რამეთუ ესეოდენ მძვინვარედ იწყეს მოსრვად, ჩვილებს ძუძუთაგან დედისათა აიტაცებდნენ და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხებდნენ, და ზოგიერთს თვალნი წარსცვივდებოდა და ზოგიერთს ტვინნი, და შემდეგ დედებს მოკლავდნენ. ბერნი უწყალოდ ფოლოცთა შინა ცხენთა მიერ დაითრგუნვოდნენ, ჭაბუკნი ეკვეთებოდნენ, სისხლისა მდინარენი დიოდა, ტვინი კაცთა, დედათა, ბერთა, ჩვილთა, თმა და სისხლი, თავი მხართაგან გაშორებული, ნაწლავნი, ცხენთა თანა დათრგუნვილი, ურთიერთისა აღრეულ იყო. არა ჰყოფდნენ წყალობასა, რამეთუ რომელნიმე დანითა იღლიასა დასობილნი, სხვანი – მკერდსა დაცემითა, რომელნიმე – მუცელსა და ზურგსა, განიგმირებოდნენ.
ჰოი სალმობიერი ღაღადი და დიდი ღაღადი! ცრემლთა, ყვირილთა და ძახილთა და ვაებათა საზარელთა ხმათაგან იძვროდა ქალაქი ყოველი, რამეთუ უმრავლი უმრავლესი ერი როგორც ცხვარი შეკრიბნენ, და ხედავდნენ ზოგნი საყვარელთა შვილთა, ზოგნი – ძმათა და მამათა, ცოლნი – ქმართა და ქმარნი ცოლთა უპატიოდ მკვდარ მდებარეთა, ცხენთა მიერ დათრგუნვილთა და ფოლოცთა შინა ძაღლთა მიერ ზიდულთა, და არცა თუ დაფლვასა მიწასა შინა ღირს ჰყოფდნენ. ეკლესიანი და ყოველნი პატიოსანი სამსხვერპლონი შეურაცხ იქმნებოდნენ, და პატიოსანნი მღვდელნი ეკლესიათა შინა თვით ხატთა და ჯვართავე თანა შეიმუსრვოდნენ. და ესევითარნი ჭირნი მოიწიეს, რომელიც არასოდეს ძველთა სადმე წიგნთა მიერ სმენილ არის, რომელნი თანა-შეესწორებიან ქრისტეს ჯვარისა მცმელთა, იუდანთაზედა ქმნულთა, იერუსალიმისა სრულიადსა მოსპობასა ტიტეს და ვესპასიანეს მიერ, როგორც ჟამთააღმწერელი და მრავალმომთხრობელი იოსიპოს წარმოიტყვის ესოდენ ძნელბედობასა იუდელთასა, ვიდრეღა სამასსა ბევრსა აღრაცხავს მამაკაცსა ოდენ, შიმშილისა და მახვილისა მიერ აღსრულებულსა, რომლისა მსგავს იქმნა ჟამიცა ამათ სარკინოზთა მიერ ქალაქსა ტფილისისასა.
ხოლო ვინაიდან აღარ იყო ღონე და ლხინება ქალაქისა მცველისა ბოცოს და სხვათა მცველთა ქალაქისათა, წარმოუვლინა მეფემან რუსუდან კაცნი ბოცოსა და სხვათა მცველთა ქალაქისათა, რათა დატოვონ ისანი და წავიდენ. და როცა მრავალგზის მოავლინა დასტური მეფემან დატოვებად ქალაქისა, ძალითა დაარწმუნა ბოცოს წასლვა, როგორც სწერს ვინმე ბერი მღვიმელი.
და ესე რა ძლიერად ხელთ-იგდო ქალაქი სულტანმა, კვლავ იწყო უბოროტესთა ბოროტთა ქმნად ქრისტიანეთა ზედა. ესოდენ მძვინვარედ მოსრვიდა, რომ სავსე იყვნენ ფოლოცნი, ხრამნი და ხნარცვნი მოკლულთა მიერ, და უმრავლეს მკვდართა მტკვარსა შეუტეობდეს. ამასთან არავე დამშვიდდა ცუდრჯული იგი და ბილწი, მოიგონა სხვაცა სიბოროტე, რომლისა ხსენება სირცხვილ მიჩნს, გლოვათა და ცრემლთა მიერ შევიცვები, თუ როგორ განვარისხეთ მოწყალე და შემწყნარებელი ღმერთი არაშეწყალებად ჩვენდა: იწყო რღვევად ეკლესიათა, ვიდრე საფუძველადმდე აღფხვრა, რომლისათვის იკადრა და ხელ-ყო სიონისა გუმბათსა შემუსრვად და ზედა ბილწისა საჯდომისა მისისა აღშენებად, რომელიც ხიდითა მაღლითა და გრძლითა განხიდა აღსლვად. და ესეცა შესძინა, რამეთუ ხატი უფლისა ჩვენისა იესოს ქრისტესი და ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა, რომელიც სიონს მკვიდრ იყო, ბრძანა მოყვანებად და ხიდისა შესავალსა დადებად პირ აღმართა, და ბრძანა ყოველთა მათ პყრობილთა ქრისტიანეთა, მამათა და დედათა, იძულებით დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა, უკეთუ არა ყონ, წარკვეთა თავთა. და როცა აღასრულებდენ ბრძანებულსა, მოჰყავადათ მამაკაცნი დედათა თანა და აიძულებდენ ესე ყოფად. მრავალთა უკვე ბრწყინვალე ძლევა აჩვენეს არა თავსდებად შეურაცხებად წმიდათა ხატთა და დატევებად სჯულისა. ხოლო მრავალი სიმრავლე მამათა და დედათა იპოვა ახოვნად, რომელთაც მიიღეს გვირგვინი წამებისა, რომლისა აღრაცხვა შეუძლებელ არის სიმრავლისათვის, რამეთუ ვჰგონებ, ათ ბევრ აღიწია რიცხვი მოკლულთა.
10. ესეთ რა მოაოხრეს ტფილისი, იწყეს რბევად, ტყვენვად, ხოცად და კლვად სომხითისა და კამბეჩიანის და იორისპირთა, ქართლს და თრიალეთს, ჯავახეთს და არტანს, ზოგი სამცხეს და ტაოს, კარნიფორას და ანისის მიმდგომთა.
გაგრძელდა ესევითარი ჭირი და ზეგარდამომავალი რისხვა ხუთისა წლისა ჟამთა. რამეთუ ორ წელს პირველს ააოხრეს ქვეყანა და ხუთი წელი ქალაქსა დაყვეს და აოხრებდნენ ქვეყანათა ამა ზემოხსენებულთა. აღარ იყო შენებულება, გარდა ციხეთა და სიმაგრეთა, რამეთუ ქვეყანა საქართველოსა მიეცა განსარყვნელად ამის ძალითა, რამეთუ დატოვეს მეფეთა და მთავართა სამართალი, მოწყალება, სიყვარული, სიწრფოება, სიმშვიდე, სიმართლე, და ამის წილ მოიპოვეს ამპარტავანება, ზაკვა, შური, ხდომა, სიძულვილი, ანგარება, მიმძლავრება, კლვანი, პარვანი, სიძვანი, უწესოებანი, როგორც იტყვის წინასწარმეტყველი: „ვაი მათდა რომელნიც კვალსა ბალამისსა შეუდგნენ და საქმეს სოდომელთასა იქმან“. რამეთუ ყოველმან ასაკმან, ბერთა და ჭაბუკთამან, მცირიდან ვიდრე დიდადმდე, მიაქციეს სიბოროტედ, რამეთუ სენი იგი სოდომელთა და სალმობა გომორელთა მოიწია. ამის ძალითა მისცა იგინი ღმერთმან წარწყმედად ბოროტად, რამეთუ განვიწირენით ღმრთისა მიერ, რომ დავივიწყეთ ღმერთი და ღმერთმანცა სამართლიანად დაგვივიწყა. და მოოხრდა ქვეყანა საქართველოსა ლიხთ აქეთ, როგორც ამბობს ესაია წინასწარმეტყველი: „ვაი ნათესავსა ცოდვილსა, ერი რომელიც სავსე არის ცოდვითა, ნათესავნი ბოროტნი, ძენი უსჯულოებისანი. დატოვეთ უფალი და განარისხეთ წმიდა იგი ისრაელისა. რასღა იწყლვით და შესძინებთ უსჯულოებასა ყოველი თავი სალმობად და ყოველი გული მწუხარებად კვალთაგან ფეხთა ვიდრე თავადმდე? არა არის მშვიდობა მას შინა, მწუხარება, სიცოცხლე, არ არის წყლული, არცა ნაგვემი, არცა ჭრილობა გასივებული, არა არის სალბუნი დასადებელი, არცა ზეთი, არცა შესახვეველი. ქვეყანა თქვენი ოხერ არის და ქალაქი თქვენი ცეცხლითა მომწვარა. სოფელსა თქვენსა წინაშე თქვენსა უცხოთესლნი მოსჭამენ, და მოოხრებულ არის და დაქცეული არის ერისაგან უცხოთესლთასა. დარჩნენ ასული სიონისა, როგორც კრავი ვენახსა შინა და როგორც ხილისსაცავი, და როგორც ქალაქი მოცული. უკეთუმცა არა უფალმან საბაოთ დამიტოვა ჩვენ თესლი, რადგან სოდომელნიცა შევიქმენითცა და გომორელთა მივემსგავსენით“.
ამათ ულხინოთა ჭირთა შინა იყო რა ქვეყანა საქართველოსა და სხვანიცა უდიდესი ძნელბედობა აღმოუჩნდებოდა. რამეთუ ზემოდატევებული ამბავი აღმართა მაბიჯებელთა კვლავ ვიწყოთ. ამათ ჭირთაგან შევიწროებული მეფე რუსუდან იყო რა ქუთათისს და ყოველსა აფხაზეთსა, და იქმნა ძე მისი, დავით, წლისა ხუთისა, ინება მეფედ ყოფად ძისა მისისა. როგორც არის წესი სოფლისა მოყვარეთა, შეიყვარა წარმავალი საწუთრო, დაივიწყა შიში ღმრთისა და სიყვარული ძმისა, და მოიგონა საქმე ყოველთა მიერ განსაკრთომელი, რამეთუ ზემოხსენებული ძმისწული თვისი, დავით, რომელიც ძმისა მისისგან, გიორგისაგან, ანდერძობით შევედრებულ იყო და აღეზარდა, წარუვლინა ფარულად ასულსა მისსა და სიძესა სულტან ყიასდინს თანა მცირე აზიას, რათა წარწყმიდონ, და იყოს უშფოთველად ძისა მისისა დავითისთვის არა განყოფად მეფობისა.
როდესაც მიიწია დავით წინაშე სულტნისა და ცოლისა მისისა, რუსუდანისა ასულსა თამარს, რომელსაც სულტანმა სახელად უწოდა გურჯი-ხათუნი, იხილეს იგი და შეიყვარეს, თვისთა თანა იპყრეს პატივითა, და გურჯი-ხათუნ დედოფალიცა კეთილსა უყოფდა ყრმასა, ბიძის ძესა დავითს. და არა ისმინეს ბრძანება მკლველებრივი მეფისა რუსუდანისა და ფრიად პატივ-სცემდნენ დავითს.
ხოლო როცა წარგზავნა ძმისწული მცირე აზიას, მოუწოდა ყოველთა სპათა მისთა, აფხაზთა, დადიან-ბედიანთა, რაჭის ერისთავსა, კათალიკოზსა აფხაზეთისასა, და დასვეს მეფედ დავით, ძე რუსუდანისა, აკურთხეს ქუთათისს და დაადგეს თავსა მისსა გვირგვინი. დასვეს ტახტსა ზედა სამეფოსა და მიულოცეს მეფობა წესისამებრ. სრულ-ყო კათალიკოზმა წესი კურთხევისა.
ხოლო ამიერ ესე სამეფო უცალო იყო ხვარაზმელთაგან, რამეთუ მანდატურთუხუცესი შანშე იყო ანისსა და ამირსპასალარი ავაგ ბიჯნისსა, ეგრეთვე ვარამ გაგელი, ჰერნი და კახნი, სომხითარნი, ქართველნი, თორელნი, შავშნი, კლარჯელნი, ტაოელნი, ყოველნი სიმაგრეთა შინა ცხოვნდებოდნენ, თვითეულნი მორჩილებასა შინა მეფისა რუსუდანისასა, და უცილოებისა ძალითა ვერ დახვდნენ დალოცვასა მეფისა დავითისასა.
11. ვახსენოთ თათართასა პირველხსენებულისა ჩინგიზ ყაენისა. როდესაც მოიწიეს ქვეყანასა ჩვენსა, მეოტი სულტანი ჯალალდინ ივლტოდა და დაუტევა სამეფო მისი, ადვილად ხელთ-იგდეს თურანი, სათურქეთი და ყოველი ხორასანი. და გაყო ოთხად ლაშქარი თვისი და განაჩინნა შვილნი ოთხნი ყაენად.
პირმშო შვილს მისცა ნახევარი ლაშქრისა და წარავლინა დიდსა საყივჩაყეთსა, ვიდრე ბნელეთამდე, ოვსეთსა, ხაზარეთსა, რუსეთსა ვიდრე ბოლღართა და სერბეთამდე, კავკასთა ჩრდილოთა ყოველთა მკვიდროვანთა, როგორც მითქვამს.
ხოლო მეორესა შვილსა ჩაღათას მისცა ლაშქარი და უიღურთა ქვეყანა სამარყანამდე, და ბუხარა ვიდრე ალმალიყის ქვეყნამდე. ვგონებ, ესე არის თურანი.
მესამესა შვილსა ოქოთასა მისცა თვით მისი ტახტი საჯდომად და ყარაყურუმი, ჩინ-მაჩინი, ემელისა და ყუბაყისა ქვეყანა, ხატაეთი.
და მეოთხესა შვილსა თული ერქვა. ამას მისცა ლაშქარი და ოქოთას ზედმოკიდებით ქვეყანა აღმოსავლეთით.
ესე ოთხნი განაჩინნა ყაენად და ამცნო, წელიწადსა შინა ერთხელ ოქოთასას მივიდოდენ ძმანი მისნი უხუცესნი ყურულთისა საქნელად ამად, რომელ ტახტი მისი ოქოთას მისცეს.
ესე რა დააწყო შვილნი, მივიდა თურანს და წარმოავლინა შვილი მისი უმრწემესი თული ხორასნისა მოთვალვად. გამოვლო ჯეონი და მივიდა ნიშაბურს, სადაც ნიშაბურელთა სამგზის წყობა ყვეს ბრძოლისათვის. პირველსა ომსა ხელად იგდო ქალაქი, სადაც სამასი ათასი კაცი თავდაკვეთით მოკლა, ხოლო მეორესა ჯერსა – ასი ათასი, და მესამესა ომსა – ოცდათორმეტი ათასი. უკეთუ არა ჯერ-ხართ, სამართლადცა არის, დიდისა საჰიბ-დივანისა ხოჯა შამსადინისა ძმა თანადამხვდარი იტყოდა ამას ნიშაბურისა მოოხრებასა.
წამოვიდა ესე თული, გამოვლო ხორასანი, მაზანდარანი, მოეახლა ერაყის ქვეყანასა. გაიგო ესე სულტანმან ჯალალდინ, აიყარა ტფილისიდან დედა-წულითა და ბარგითა, წარმოემართა ბრძოლად თათართა. მივიდა ადარბადაგანს, წარმართა მოციქული ხლათის სულტანსა და ხალიფას, ბაღდადის მპყრობელსა, რათა შეეწივნენ მასცა და თავთაცა მათთაცა. ეგრეთვე ერაყის სულტანსა ამცნო: „უკეთუ თვით თავითა არა გნებავს ბრძოლა თათართა, ლაშქარნი წარმოავლინეთ და ვებრძოდე, რამეთუ ვიცი წყობა მათი. თუ არა ისმენთ ჩემსა, ვიდრე მე წინა არა აღუდგები, თქვენ ვერ შემძლებელ ხართ“.
როდესაც მივიდა მოციქული სულტნისა და არა ინებეს ბრძოლა თათართა წინაშე, ცნა ესე სულტანმან და გულისხმა-ყო, რომ სპანი მისნი და ადარბადაგანისანი ვერ წინააღუდგებიან. დატოვა ადარბადაგანი და წარმოემართა მეორედ ტფილისს. და ესმა ესე მეფესა რუსუდანს, მოუწოდა ყოველსა სპათა თვისთა, იმერთა და ამერთა, შანშეს მანდატურთუხუცესსა, ავაგს ამირსპასალარსა, ვარამს მსახურთუხუცესსა, ჰერ-კახთა, სომხითართა, ჯავახთა, მესხთა, ტაოელთა, დადიანსა ცოტნეს, კაცსა წარჩინებულსა და სათნოებიანსა, აფხაზთა, ჯიქთა და ყოველსა იმერსა სამეფოსა, რომელთა თვითეულად არა არის ჟამი თქმად. გაუღო კარნი დარიალისანი და გადმოიყვანნა ოვსნი, დურძუკნი, ამათ თანა ყოველნი მთიულნი. შეიკრიბნენ ნაჭარმაგევსა სიმრავლე ურიცხვი და წარავლინა მეფემან ბრძოლად ხვარაზმელთა.
ხოლო თვით დროშა სეფე არა წარგზავნა საქმისათვის ივანე ათაბაგისა. წარემართნენ და განვლეს ტფილისი. ხოლო სულტანი დაბანაკებულ იყო სომხითს, ხევსა ბოლნისისასა. და როდესაც იხილეს დარაჯათა სულტნისათა, აცნობეს სულტანსა. ხოლო იგი აღიჭურა, რამეთუ იყო უშიში ბრძოლათა შინა, წინა-განეწყო და იქმნა ომი სასტიკი. და პირველსავე შეკრებასა სძლევდნენ ქართველნი. ხოლო როცა შენივთდა ბრძოლა, ამოწყდა ორმხრითვე ურიცხვი კაცი. მოხედა ღმერთმა რისხვით ნათესავსა ქართველთასა, რამეთუ არა დასცხრა გულისწყრომითა უფალი, არამედ ხელი მისი მაღლადვე არის და მოიხსენა უსჯულოებანი ჩვენნი, და იძლივნეს სპანი მეფისანი და ხვარაზმელთა მიერ ივლტოდნენ. ხოლო სულტანი კვლავ მივიდა ტფილისს, თუღა სადა ვინმე პოვნა, დარბევად ქვეყანათა მათ ზემოხსენებულთა.
ხოლო თათართა უმთავრესი თული მივიდა ერაყს, ვიდრე ყაზვინადმდე მოაოხრა ქვეყანა, ამოწყვიტა ურჩნი. წავიდა და განვლო ხორასანი, ჯეონი, და მივიდა მამასა მისსა ჩინგიზ ყაენს წინაშე და ძმათა თანა. როდესაც გაიგო სრულიად ლტოლვა სულტან ჯალალდინისა, მოუწოდეს ოთხთა ერისმთავართა, რომელთაც ნოინებს უწოდებენ, სახელით ჩორმაღანსა უპირველესსა და მეორესა ჩაღატას, არა ყაენ ჩაღატას, არამედ ნოინსა ჩაღატას, იოსურსა, ბიჩოსა. და ამათ ათი ათას-ათასი კაცი მოსცეს დედა-წულითა მათითა და წარმოავლინეს ძებნად სულტნისა. და ესევე ოთხნი ნოინნი ამა ოთხთა ყაენის შვილთა ნოინნი იყვნენ. თვითეულსა აცნობეს, რათა სადაცა მივიდოდნენ და ზენაარსა ითხოვდენ, შეიწყალებდენ და ურჩთა მოსრვიდენ და ხარაჯას მის ქვეყანისასა ოთხად იყოფდენ და თავის ხელმწიფეთა გაუგზავნიდენ.
წამოვიდნენ ოთხნი ნოინნი, ჩორმაღანი, ჩაღატა, იოსური და ბიჩო. გამოვლეს ჯეონი, ხორასანი ვითარ ორმოცი ათასითა კაცითა და დედა-წულითა. მივიდნენ ქვეყანასა ალმუთისასა და წინა-განეწყვნენ და დიდად ავნეს. და წავიდნენ იქედან ქვეყანად ერაყისა და მოაოხრეს. რომელიც მივიდოდა მათთან, შეიწყალებდნენ. და მერე მოვიდნენ ადარბადაგანს, რომელშიც არის თავრეჟი. წინამიეგებნენ ყოველნი ადარბადაგანელნი ძღვნითა ურიცხვითა. შემდეგ მივიდნენ ქალაქად არდავლისა, იგინიცა მოეგებნენ. გავლეს რახსი და მივიდნენ განძად, რომელიც მტკიცედ იყო განმაგრებული. და სამთა დღეთა რა შინა ბრძოლა-უყვეს თათართა, მყის ხელთ-იგდეს, და შიგან ქალაქსა შევიდნენ, მოაოხრეს და ურიცხვი სული ამოსწყვიტეს, რამეთუ საძაგელ-უჩნდა სჯული მოჰამედისა მიერ ქადაგებული.
ამისი მცნობელი სულტანი მსწრაფლ აიყარა დედაწულითა და ივლტოდა მცირე აზიაში. ხოლო თათართა დევნა-უყვეს და მიეწიეს ბასიანს. იხილეს რა, გაიბნივნენ ესოდენ, სულტანი მარტო დარჩა. სადაც იგი მიიწია სოფელსა რომელსამე შეურაცხსა, იხილა იგი კაცმან ვინმე შეურაცხმან და მოაკვდინა, რომლისა სარტყელი და უნაგირი, კაპარჭი უფასოთა თვალთა მიერ შემკული იყო, და მის ძალითა მოიკლა კაცი იგი მაღალი და სახელოვანი ხელმწიფე. დაუდგრომელ არის მინდობა სოფლის ამის ამაოსა, როგორც იტყვის ბრძენი ეკლესიასტე: „ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო არის“. ამისთვის ამაო იქმნენ სპანი, სიმტკიცე ქედისა, წყობათა შინა მძლეობა და გადარეული სიმდიდრე. და ყოველივე ამაო არის, მხოლოდ საუკუნო იგი უკვდავი ცხოვრება დაულევნელი.
ესე რა ხვარაზმელნი გაიბნივნენ და უმრავლესნი ივლტოდნენ გარმიანსა და სულტანი ჯალალდინ მოიკლა. და აქა შინა დასრულდა ხელმწიფობა მაღალი. ცნა მოკვდინება სულტნისა, ხვარაზმშას ძისა, ყიასდინ სულტანმა, მოიყვანა კაცი იგი, რომელმაც მოიტანა სარტყელი, უნაგირი და კაპარჭი სულტნისა, ძნელად საპოვნელითა თვალითა შემკული. განკვირდნენ ყოველნი მხილველნი, ხოლო კაცი იგი, მომკლველი სულტნისა, ცეცხლითა დაწვეს.
12. ხოლო მობრუნდნენ რა თათარნი ხვარაზმელთა დევნისაგან, შემდეგ წავიდნენ და მოაოხრეს ქვეყანა ხლათისა და ვალაშკერტისა. და ვერ წინა-აღუდგა სულტანი ხლათისა, არამედ გამაგრდა ქალაქსა შინა. ხოლო თათარნი წავიდნენ ადარბადაგანს, რამეთუ ზავნი იქმნენ თავრეჟელთა შორის და თათართა, და აიღეს თავრეჟი და მიმდგომი მისი ქვეყანა. და მეორესა წელსა წავიდნენ ბარდავს, განძას და მუღანს და იწყეს რბევად და ოხრებად საქართველოსა. იწყეს დარუბანდიდან აღმომართ, ქვეყანასა შარვანშისასა და კაბალას, ჰერეთს, კახეთს, სომხითს და ქვეყანასა არშაკუნიანთასა – დვინს და ანისსა. ხოლო ვინაიდან მეზობლობით მოეახლებოდნენ ქვეყანასა საქართველოსასა, უდიდესნი და უბოროტესნი ზემოხსენებულთა მათ განსაცდელთა მსგავსთაგან უმეტესიცა მძვინვარენი განსაცდელნი აღიძრვოდნენ საქართველოსა საზღვართა უკეთურებისათვის მკვიდრთა ქართლისათა, რამეთუ ყოველი ასაკი ბერთა და ყრმათა, მეფეთა და მთავართა, დიდთა და მცირეთა, მიდრკა სიბოროტეთა. რამეთუ დატოვეს სიმართლე და ჭეშმარიტება, ვინაიდან თვით მღვდელთა მიერ იხილვებოდა არაწმიდება, ვინაიდან ყოველი ერი იქმოდა სიბილწესა, როგორც ოდესმე ძენი ბენიამენისნი. როდესაც იგინი მიეცნენ მოსასრველად, ეგრეთვე ესენი აქა შინა, მისცა ღმერთმა ნათესავნი ქართველთანი მოსასრველად მსგავსად ძეთა ბენიამენისთა, როგორც იტყვის წინასწარმეტყველი ესაია: „უფალი, უფალი საბაოთ უბრძანებს ნათესავსა აღჭურვილსა მოსლვად ქვეყნიდან შორიდან კიდიდან, საფუძველითგან ცისათა, უფალი, და აღჭურვილნი და მებრძოლნი მისნი გარყვნად ყოვლისა სოფლისა და ცოდვათა მოსპობად მისგან. ღაღადებდით, რამეთუ ახლოს არის დღე უფლისა, და შემუსრვა ღმრთისა მიერ მოიწიოს“. და შემდგომად კვლავ ამბობს: „დღე უფლისა მოვალს უკურნებელი, რისხვითა და გულისწყრომითა დადებად ყოველი სოფელი ოხრად და ცოდვილთა წარწყმედად მისგან“ როგორც იქმნაცა ყოველი სოფელი ქართლისა ოხრად.
როცა გაიგო მეფემან რუსუდან მოახლოება თათართა, დატოვა ტფილისი და წავიდა ქუთათისს, და ტფილისს მუხას ძე დაუტევა და ამცნო, რომ უკუეთუ მოვიდენ თათარნი, მოწვას ტფილისი, გარდა პალატისა და ისანთა, რომ აღარ იპყრან სახლად ხვარაზმელთა.
რა ჟამს ცნა მუხას ძემან მოახლოება თათართა, მოწვა სრულიად ქალაქი და თვით პალატი და ისანნი, და ესე მოოხრდა ქალაქი ტფილისისა. ხოლო ნოინნი ესე ზემოხსენებულნი შემოვიდნენ ქართლს, თრიალეთს, სომხითს, ჯავახეთს, სამცხეს, შავშეთს, კლარჯეთს, ტაოს, კოლას, არტანს, ანისს და მოეფინეს მსგავსად კალიათა ოხრებად და ხოცად, და არსად იყო ლხინება, უწყალოდ მოისრვოდა ყოველი ესე ქვეყანა. მანდატურთუხუცესი შანშე შეივლტოდა ქვეყანად აჭარისასა, და ამირსპასალარი ავაგ შევიდა ციხესა კაენისასა, და ვარამ გაგელი შეივლტოდა ქუთათისს, და ეგრეთვე ჰერნი, კახნი, სომხითარ-ქართველნი, მესხნი, ტაოელნი, თორელ-არტან-კოლაელნი, – ყოველნი ივლტოდნენ ციხეთა და მთათა, ტყეთა და სიმაგრეთა კავკასიანთასა და მთიულეთსა.
და გაგრძელდა ოხრება და მოსპობა ქვეყანისა სიმრავლისათვის უსჯულოებათა ჩვენთასა, რამეთუ გარყვნა ყოველმან ჰასაკმან ქვეყანა, დაღათუ საქართველო, არამედ სპარსეთი, ბაბილოვანი და მცირე აზია, რამეთუ მიეცემოდეს მწარესა ტყვეობასა უწყალოთა სიკვდილითა, რომ არა იყო წყალობა, სავსე იყვნენ მოკლულთა მიერ ქალაქნი და სოფელნი, ველნი, ტყენი, მთანი და ხევნი. მხოლოდ სიმაგრეთა თუღა სადმე ვინ დარჩენილ იყო, სავსე იყო ტყებითა და გოდებითა, მიერ შეიცვებოდეს ყოველნი მკვიდრნი საქართველოსანი ამერისნი. ხედავდნენ მამა-დედანი შვილთა მოკლულთა, და შვილნი – მამათა და დედათა მკვდართა მდებარეთა, სხვანი – ძმათა, სხვანი – ნათესავთა და დათა თვისთა, იავარად წასხმულთა ცოლთა და შვილთა, ყოველთა სიმდიდრესა მათსა. და ესეოდენნი ზარნი იქმნენ თათართანი, რომ უმრავლესნი ქართველნი ციხეთა და მაგართა ადგილთა ტოვებდნენ და ივლტოდნენ კავკასიად.
ამათ ულხინებელთა რა ბოროტთა მოეცვა ქვეყანა, ძლიერნი ერისთავთა ერისთავნი და ვაზირნი განუდგნენ ურთიერთს, თავთა მათთა შემწყობელნი, რამეთუ მეფე რუსუდან ყოვლადვე დამკვიდრდა ლიხთ იქით და ვერცა ლიხთ აქეთ გადმოვიდოდა და ვერცა ამიერნი მათ წინაშე მივიდოდნენ უცალოებისა ძალითა, გარნა ლტოლვილნი. და ესე ურთიერთ შეუზრახებელ იყვნენ და შეუთქმელ, რამეთუ ძლიერნი იგი საქართველოსანი და სახელგანსმენილნი უღონო იქმნენ ყოვლად ვერ შემმართებელნი ხსენებადცა წყობისა მიყოფად თათართა. რამეთუ ჰერეთი და კახეთი ტყეთა მიერ ძლიერად მოიცვებოდა. მაშინ მკვიდრნი საქართველოსანი, სახელოვანი და წყობათა შინა მხნენი ერისთავნი სრულიადსა მოოხრებასა მიეცნენ, ეგრეთვე აღმომართ ყოველნი მკვიდროანნი.
ამათ რა ბოროტსა ხედვიდა ამირსპასალარი ავაგ, ძე ივანე ათაბაგისა, წარმოავლინა მოციქულნი ბარდავს, სადა დაებანაკა ზემოხსენებულთა მათ მთავართა, რომელთა ზამთრის ქონდა საყოფელად ბარდავი. და ზაფხულის – გელაქუნისა მთანი და არარატისნი, რამეთუ მაშინ აეღო ანისი ჩორმაღონს. ამათ წარმოუვლინა ავაგ მოციქული ზავისა თხოვად, და თქვა მათ წინაშე მისლვა, ხილვა და მსახურება და ხარაჯის მიცემა, დადება ქვეყანისა მისისა, ითხოვა ფიცი და სიმტკიცე. ხოლო მათ გაიხარეს და სიხარულით შეიწყნარეს მოციქული ავაგისი და ფიცთა მიერ მტკიცეთა გულსავსე ყვეს.
მათ ქონდათ სჯულად ერთისა ღმრთისა თაყვანისცემა, და დილეულ აღმოსლვასა მზისასა მზისა აღმოსავლით სამისა ჩოქისა ყოფად და მეტი არა რა. ხოლო ფიცთა სიმტკიცედ ოქრო წმიდა სამჯერ წყალსა ჩაყონ და განავლონ იგი და შეასვან, და მინდობილნი შეიწყნარონ. და ამას ფიცსა რა დაამტკიცებენ, არა ეცრუვნენ. სიტყვა ტყუილი არა ამოვიდეს პირითა მათითა, მეკობრე და მბორგველი კაცი გაუკითხავად მოიკლას. და სხვანი მრავალნი კეთილნი წესნი განეჩინნა ზემოხსენებულსა მას მთავარსა ჩინგიზ ყაენს. ამით ოქროთა საფიცრითა დაუმტკიცეს მოციქულთა ავაგისთა ფიცი, რომლითა დაჯერებულ იქმნა ამისთვის, რომ არა იყო ტყუილი, არცა სიცრუე ფიცთა მათ შორის.
მოვიდენ რა მოციქულნი ავაგისნი და უამბეს ესე ყოველი, მაშინ წავიდა ამირსპასალარი ავაგ, დამდები სულისა მისისა ქვეყანისა მისისათვის, და მივიდა ჩორმაღანს, ჩაღატას, ბიჩოსა და იოსურს წინა, რომელთაც იხილეს და პატივ-სცეს, და შეიყვარეს და მცველნი ქალაქისანი დაუდგინნეს, რომელთაც შანად უწოდდეს სიტყვითა მათითა.
13. როდესაც დამშვიდნა ქვეყანა ავაგისი და გაიგო შანშე მანდატურთუხუცესმა ზავი ავაგისი და თათართა, უვნებელად დაცვა ინება ქვეყანისა, დაცვა ზავითა მყოფელი, და ავაგსაცა მიუმცნო, უკუეთუ მანცა მიუმცნოს, მივიდეს ხილვად თათართა. ამისნი მცნობელნი თათარნი სიხარულითა შეიწყნარებდენ, რომლისათვის ამცნეს მითვე ოქროთა საფიცრითა მტკიცე ფიცი უვნებლობისა. და წავიდა შანშეცა და იხილა იგინი, რომელთა შანშესაცა ფრიადი პატივი უყვეს, და ანისი და მათ მიერ წაღებული მისი ქვეყანა ყოველი მისცეს, და მცველნი დაუდგინეს ქვეყანასა შინა. და ვინცა მოვიდოდა ქართველთა მთავართაგანი, პატივითა შეიწყნარებდნენ, ხოლო ურჩთა ქვეყანა მოისრვოდა.
ამისი მცნობელი ვარამ გაგელი, ზაქარიას ძეცა, მიენდო და ზავითა შეწყნარებული ქვეყანა მისიცა დამშვიდდა. ხოლო ჰერეთი და კახეთი, სომხითი, ქართლი და აღმართ კარნუქალაქამდე ყოველი ქვეყანა მწარესა ოხრებასა შინა იყო, არბევდნენ, ტყვე-ჰყოფდნენ, სრვიდენ მამაკაცთა, ვიდრე დედათა და ყრმათა ტყვედ წაიყვანებდნენ.
და ქალაქი ტფილისი მათვე დაიჭირეს და იწყეს შენებად. და ზამთრისას დაიბანაკეს ბარდავს და მტკვრისა პირსა, იორის პირთა და აღმომართ გაგამდე. და მოტყვენვიდნენ, არბევდნენ ქართლს და სამცხეს და ჯავახეთს და აღმართ მცირე აზიამდე, კახეთს და ჰერეთსა დარუბანდამდე.
ამათ ულხინებელთა ჭირთაგან შევიწროებულნი მთავარნი საქართველოსანი ყოველნი მიენდვნენ თათართა ჰერ-კახნი და ქართველნი, თორელი გამრეკელი, თმოგველი სარგის, კაცი სწავლული და ფილოსოფოსი და მრავალღონე. ხოლო მესხნი სათნოებისათვის მეფისა რუსუდანისა არა მიენდვნენ. ამისთვის განძვინებულმან ჩაღატა ნოინ ამხედრდა სამცხეზე, მაგრამ მესხნი შეივლტოდნენ ციხეთა შინა. ესე მოისრა და ტყვე იქმნა სული მრავალი სამცხესა და ბევრი ერი მოიკლა.
როდესაც აღარ იყო ღონე, მოახსენა მეფესა რუსუდანს ივანე ციხისჯვარელმა ჯაყელმა, რომელსაც ყვრყვარეცა ეწოდებოდა, თუ სურდეს, რათა იხსნას ქვეყანა სამცხისა ოხრებისაგან, იგიცა მიენდოს ჩაღატას, რამეთუ პატივითა იყო მეჭურჭლეთუხუცესი და მთავარი ქვეყანასა სამცხისასა. ინება მეფემან და წარმოგზავნა დასტური. მაშინ წავიდა ივანე და იხილა ჩაღატა, რომელმაც პატივითა შეიწყნარა და დაუდგინნა მცველნი ქვეყანისანი.
და ესე რა ხელთ-იგდეს, გაიყვეს ოთხთა მათ ერისმთავართა ოთხად ქვეყანა და ეგრეთვე ერისთავნიცა თვითეულნი ხვედრი მისი, და ხარაჯა, რომელსაც აიღებდნენ და წარგზავნიდნენ. და ესე მცირედ იწყო ქვეყანამან დაწყნარებად.
გულისხმა-ყო რა მეფემან რუსუდან, რომ წაართვეს ქვეყანა ამიერი თათართა, განიზრახა, რათა წარმოავლინოს ძე თვისი, დავით, და მოანდოს თათართა, და აიღოს სიმტკიცე უვნებლობისა. და წარავლინეს მოციქულად თათართა შანშე, და ავაგ და ვარამ და ჰერეთის ერისთავი შოთა, რომელსაც კანის ფერის გამო კუპრს უძახდნენ.
ვიდრე წარმოავლენდა მეფე ძესა თვისსა, ენება აღმხედრებად დიდსა სულტანსა ყიასდინსა, ნათესავითა სელჩუქიანსა, რათა დაიმორჩილონ, რომელსაც ქონდა მცირე აზია. და წარავლინეს ბიჩოი ნოინი, და თანა-წარიყვანნა დიდნიცა იგი მთავარნი საქართველოსანი. როდესაც მიიწიეს ქვეყანასა სევასტიას და ეზინკისასა, იწყეს ოხრებად. მაშინ სულტანმან ყიასდინ მოუწოდა ყოველთა სპათა და შემოიკრიბა მხედრები თვისი, კაცი ორმოცი ბევრი, რომელიც არის ოთხასი ათასი. და განაჩინა მხედართა თავად შარვაშის ძე აფხაზი, სახელით დარდინ, რომელიც სიმხნისა მისისათვის პირველვე დიდსა დიდებასა აღეყვანა, და მტკიცედ ეპყრა სჯული. ამას თანა ფახრადავლა, თორელისა ახალციხელისა შალვას ძე, რომელიც ლტოლვილი წასული იყო სულტანსა წინაშე, კაცი მხნე და წყობათა შინა სახელოვანი. ესენი მხედართა მთავარ ყვნა და წინამბრძოლად განაჩინნა. და მოეახლა, მახლობელად მათსა დაიბანაკა.
როცა ესმა თათართა მოსლვა სულტნისა წყობად მათდა, ესეზომ განლაღებულ იყვნენ და განრისხდნენ, რომელ ამისი მსმენელი ბიჩო ნოინი მივიდა თხრობად ქართველთა იქ მყოფთა მოსლვასა სულტნისასა, და იხილა ძისწული ყვარყვარე ჯაყელისა, სახელით სარგის, კაცი მხნე და შემმართებელი, ხელოვანი ბრძოლათა შინა, და ხმა-უყო ბიჩო და უთხრა: „მახარობელად ვიდრე მე მოვალ, ვიდრე რა იყოს ნიჭი ჩემი, რამეთუ დიდსა სულტანსა აცნობეს მოსლვა ჩვენი და ხლებულ არის, და ესერა, ახლოს დაუბანაკებია დიდითა და უამრავითა ლაშქრითა. და ხვალ ფიქრობს წყობად და ბრძოლისა ყოფად ჩვენდა“.
ესმა რა ესე სარგისს, განკვირვებულმა თქვა: „უწყი წყობათა შინა სიმხნე და გამარჯვება თქვენი, ჰოი ნოინო, გარნა სიმრავლისათვის მათისა არას ვგონებ სიხარულევანსა“. ხოლო ბიჩოიმ გაიღიმა და უთხრა: „არა კეთილად მეცნიერ ხარ ნათესავსა ჩვენ მოღოლთასა, რათგან მოგვცა ღმერთმან ძლევა, არად შეგვირაცხია სიმრავლე სპათა, რამეთუ უმრავლესთა უმჯობესად ვიდრემე ვსძლევთ და უმრავლესითა ავივსებით ალაფითა. აწ განემზადენით ხვალისა ბრძოლად და ვიხილოთ, როგორ ვებრძვით მტერთა“. ეგზომ განლაღებულ იყვნენ ყოველთა ნათესავთა ზედა.
როცა გათენდა და მივიდა სულტანი სპითა საზარელითა, რამეთუ იყო ოთხასი ათასი მხედარი, და განაწყვეს რაზმი. აქეთ თათართა განაწყვეს რაზმი და ურჩეულესი მათი მარცხენასა მხარსა განაწესეს. ესეთ ქონდათ წესად, უმჯობესთა ვიდრემე მარცხენასა კერძოსა დააწესებდნენ ამის ძალითა, რომელ სხვანი ნათესავნი ყოველნი უმჯობესთა და უმხნეთა მარჯვენით ქონდათ დაწესებითა, რათა ურჩეულესნი ურჩეულესთა შეემთხვივნენ. ხოლო დროშათა მათთა სიმეწამულე მოასწავებდა სისხლისა დამოღვრილობასა მტერთასა.
ამათ რა ესეთ ყოველი ნათესავი ქართველთა წინამბრძოლ ყვეს და ვითარცა მიუახლოვდნენ ურთიერთას, იწყეს თათართა ხმითა მაღლითა თქმად: „აჰლა, აჰლა, აჰლა“, რომელ ძნელად სათარგმანებ არის და უცნაურ, და სამსა ვიდრემე ჯერსა ქონდა წესად თქმა ამისი: „აჰლა, აჰლა, აჰლა“. და მყის მიეტევნენ. ხოლო ქართველნი უპირატეს და უმხნეს ძლიერად ეწყვნენ და იქმნა ომი სასტიკი. ამოწყდა სიმრავლე ურიცხვი სპათაგან სულტნისა, სადაც სახელოვანიცა შარვაშის ძე დარდინ აფხაზი, მხედართმთავარი მათი, მოიკლა. და ივლტოდნენ სპანი სულტანისანი, და დევნა უყვეს რა თათართა და ქართველთა, ურიცხვი მებრძოლი მოსრეს და შეიპყრეს. ხოლო ახალციხელი სულტნისა მიერ მოიკლა შურითა ქართველთა. ესოდენ ეწყვნენ პირველ, განკვირდნენ ყოველნი მხედართმთავარნი მათნი ძლიერად მბრძოლობასა ქართველთასა, სიყვარულსა და პატივსა და ნიჭსა წინა-უყოფდნენ და ქებასა შეასხმიდნენ.
14. ხოლო აივსნენ ქართველნი და თათარნი ყოვლითა სიმდიდრითა, ოქროთა და ვეცხლითა, სასმურთა და სამზარეულოსა ოქროსა და ვეცხლისათა უტეხელისათა, უცხოთა ლარითა და სამოსლითა. ცხენისა და ჯორისა და აქლემისა არა იყო რიცხვი, რაზომი აიღეს. ესეთ სავსენი მივიდნენ საბერძნეთსა დევნად სულტნისა და მიჰყვეს ვიდრე იკონიადმდე, რომ არის ქალაქი დიდად-დიდი და ზღუდეთა მტკიცეთა მიერ განმაგრებული, სადც შელტოლვილ იყო სულტანი. და კვლავ კართა ქალაქისათა იქმნა ომი ძლიერი, რომელ თვითეულად არა არის მოთხრობად, რამეთუ უმრავლესთა დღეთა გამოვიდოდნენ ქვეითად და ესეთ იბრძოდნენ, სადა-იგიცა ძლიერი და სახელოვანი ქვეითობა გადაიხადეს მრავალთა დღეთა ქართველთა.
ხოლო სულტანმან, შევიწროებულმან ომითა, ითხოვა ზავი, აღუთქვა ხარაჯა დიდი და მძიმე, და მრავალთა ძღვენთა და უფასოთა თვალთა და მარგალიტთა ძღვნად მიმცემელმან მოამშვიდა, და ითხოვა მცველნი და ესე: ჟამ რაოდენმე არა იხილონ სულტანი, ვიდრემე განიზრახონ უმჯობესი. ამისი შემწყნარებელნი თათარნი უკ-მოიქცნენ და მივიდნენ ხლათს, ხოლო სულტანმან ხლათისამან ითხოვა ზავი და წინა მოეგება ძღვენთა ურიცხვთა მომღებელი, რომელიც კეთილად შეიწყნარეს, მცველნი ქვეყანისანი, რომელიც არიან შანანი, დაუდგინეს.
და წავიდენ საზაფხულოსა ადგილსა გელაქუნს და არარატის მთათა, და წარუვლინეს მოციქული მეფესა რუსუდანს, რათა ზავი იქმნას მათ შორის, და მოსცეს ძე მისი, დავით, და მისცენ მეფობა, და ტფილისი და ყოველი საქართველო. და როცა ესმა რუსუდანს, მოეწონა სიტყვა ესე და გულსავსე იყო ამისთვის, რომე ფიცსა მტკიცედ იპყრობდნენ და მინდობილსა შეიწყნარებდენ. გადმოვიდა თვით მეფე და წარმოგზავნა ძე თვისი, დავით, რომელთა წინამიეგებნენ შანშე, ავაგ და ეგარსლან, რომელიც თათართა დიდად პატივითა შეეწყნარა, არარათა ნიჭთა და ზნეთა სამამაკაცოთა მქონებელი, შოთა კუპრი, გაგელი ვარამ, ქართლის ერისთავი სურამელი გრიგოლ, სამცხის სპასალარი და მეჭურჭლეთუხუცესი ყვარყვარე ციხისჯვარელი, თორელნი, თმოგველნი, შავშ-კლარჯნი და ტაოელნი, და წაიყვანეს მეფე, ძე რუსუდანისი, დავით. ხოლო მეფემან რუსუდან თანა წარიტანნა ყოველნი მთავარნი ლიხთ-იმერელნი, დადიანი ცოტნე, კაცი პატიოსანი და სათნოებიანი და ბრძოლათა შინა სახელოვანი, ბედიანი, რაჭისა ერისთავი, გურიელი და ყოველნი წარჩინებულნი. წარემართნენ და შევიდნენ ტფილისს და წავიდნენ ბარდავს, სადაც დაებანაკა ნოინთა. მიიყვანენ დავით დიდითა პატივითა და ლაშქრითა. როცა იხილეს ჩორმაღონ, ჩაღატა, იოსურ და ბიჩო, გაიხარეს და პატივი უყვეს მეფესა და მთავართა საქართველოსათა, მოსცეს ყოველი საქართველო, ტფილისი, სამშვილდე, რომელიც პირველი ომითა აეღო იოსურ ნოინს და ანგურგას თანადახდომითა ავაგისთა. და ესეთ კეთილად შეიწყნარეს დავით მეფე, რომელსაც ნარინ დავითი უწოდეს, ესე იგი არის, სეფისპირი დავით.
მაშინ წარავლინეს მოციქული წინაშე დიდისა ყაენისა, რომელიც იჯდა ყარაყურუმს, ტახტსა ჩინგიზ ყაენისა, რამეთუ ჩინგიზ ყაენი გარდაცვალებულ იყო20 და ხელთ იგდო ძემან მისმან, სახელით ოქოთა21, ყაენობა, რომელი იყო კაცი კეთილი და დიდად უხვი, და მოსამართლე. და იგიცა გარდაიცვალა. და დასვეს ძე ოქოთასი ყაენად, სახელითა ქუქ22. და იგიცა მოკვდა და ხელთ იგდო ყაენობა ძემან ქუქისმან, მანგუ23. წარავლინეს მოციქული და აუწყეს აღება სპარსეთისა, საქართველოსა, მცირე აზიისა. და ყოველთა თემთა ქუდი და აბჯარი და ტანისამოსი გაუგზავნეს და წესი მიუმცნეს ესევითარ: „ქართველნი სრულიად მოვიდეს, მეფე და ერთობილნი მთავარნი, რომელთა აქვს სჯული კეთილი, და ტყუილსა ელტვიან, მწამლველი არცა თუ სახელ-იდების მათ შორის“. და სპარსთათვის მიუმცნეს ესეთ: „არიან სპარსნი ცრუ, მოღალატე და ფიცის არშემნახველ, და მრავალნი იპოვებიან მწამლველნი და მამათმავალ ურცხვინოდ“.
მიიწია რა ელჩი პირველად ბათოისსა, რომელიც იყო შვილი თუშისი24, პირმშოსა ჩინგიზ ყაენის შვილისა, რამეთუ მაშინ უპირატესობა ყოველთა ბათოს ყაენს ეპყრა, რომელსაც ქონდა ოვსეთი და დიდი ყივჩაყეთი, ხაზარეთი, რუსეთი ვიდრე ბნელეთამდე და ზღვამდე დარუბანდისა. და ამან წარავლინა მანგუ ყაენისა. და როცა იხილა მოციქული, განიხარა, და ჩაბალახისა ხილვასა განკვირდა. და ესეთ მიუმცნო ნოინთა მანგუ ყაენმან: „ვინაიდან ქართველნი წყობათა შინა კეთილად გიხილვან, და ტყუილი არა არის მათ შორის და მინდობა იციან, თქვენ თანა იპყრენით მტერთა თქვენდა ბრძოლად, ხოლო სპარსნი ამოწყვიტეთ, და მის ქვეყანისა თავადნი წარავლინეთ ყაენთა წინაშე“.
ესე მოციქული რა მოიწია, ავაგ, რომელი ამირსპასალარობისაგან ათაბაგ იქმნა მეფისა რუსუდანის მიერ, წარავლინა ჩაღატა ნოინმან წინაშე დიდისა ყაენისა ბათოსა, და ხლათისა სულტანი. წავიდენ უცნაურსა და ყოვლადვე ქართველთა ნათესავისაგან უვალსა გზასა. და როცა მიიწინეს წინაშე ბათოსა, რომელიც იყო მას ჟამსა უმთავრესი ყაენთა და უზენაესი და უაღმატებულესი მშვენიერებითა, თანა-წაეყვანა ათაბაგსა ავაგს ივანე ახალციხელის ძე, სახელით დავით, ეჯიბი ავაგისი, რომელმაც უთხრა ავაგს: „ვინაიდან უცხოთა ნათესავთა მომართ მოიწიე და არა უწყი, თუ რა ყოფად არის ჩვენდა, ესე განგაზრახებ, რათა ვიქმნე მე, როგორც პატრონი და მთავარ შენდა, და შენ იქმნე მონა. უკეთუ ენებოს მოკვდინება შენი, მე მოვიკლა და არა შენ. აღარ ვგონებ, უკეთუ ბატონი მოიკლას, ყმათაცა დახოცად“. და ესე მრავლითა ვედრებითა და იძულებითა დაარწმუნეს ავაგ ამისდა ყოფად. როცა შევიდნენ წინაშე ბათოსა, წინა-წარიძღვანა დავით, როგორც უმთავრესი. და ესოდენ სათნოება ქმნა დავით, განმწირველმან თავისამან პატრონისათვის სიკვდილად. იხილა ყაენმან ბათო, გაიხარა და დიდად პატივ-სცა მრავალთა დღეთა. და როცა გაიგეს კეთილის ყოფა ბათოსაგან და უშიშ იქმნენ სიკვდილისა, ერთსა დღესა შეუწოდა ბათო, და ავაგ წინა წარუძღვა, რომელიც იხილა რა ყაენმა, განკვირვებითა შემხედველი ეტყოდა ავაგს: „არა სადამე მეცნიერ ხარ, რომ პატრონი არის შენი, რომ უკანის შენსა დგას და წინა წარმოსძღომიხარ?“ ხოლო დავით ღიმილით ეტყოდა: „დიდო, დიდო განმარჯვებულო ხელმწიფეო, ეგე არის პატრონი და მე მონა მისი“. და განკვირვებული ყაენი ჰკითხავდა მიზეზსა ამისსა ყოფად, რომლისათვის დავით თქვა: „მის ძალითა ვყავ, დიდო ყაენო, რომ არა მეცნიერნი ვართ შენნი, და არა უწყოდით, რას შეგვამთხვევდით. უკეთუ გენება მოკვდინება, მემცა მომკვდარ ვიყავ უწინარეს და არა პატრონი ჩემი“. რომლისათვის დიდად განკვირდა და აქო დავით და თქვა: „უკეთუ ნათესავი ქართველთა ეგევითარი არის, ვბრძანებ, რათა ყოველთა ნათესავთა, რომელნიც არიან მორჩილებასა ქვეშე მოღოლთა, უმჯობეს და უწარჩინებულეს იყვნენ, და მოღოლთა თანა მხედართა აღრაცხონ, მამული და საქონელი მათთა ხელთა შინა იყოს და ყოველსა შინა მისანდოდ იყვნენ“. ამისთვის ბრძანება დააწერინა და წარმოსცა, და ესე განაჩინა წარვლენა დიდსა მანგუ ყაენისსა ხატაეთს და ყარაყურუმს. ესე აქამდე იყო, ხოლო, ჩვენ დარჩენილისა სიტყვისა მიმართ აღვიდეთ.
15. გადმოვიდა მეფე რუსუდან ლიხიდან და მივიდა ტფილისად და მოეგებნენ ყოველნი წარჩინებულნი სამეფოსა მისისანი. და წარავლინა ძე თვისი, დავით, ნოინთა წინაშე, რომელთა პატივითა შეიწყნარეს და მოსცეს ყოველი სამეფო, წარჩინებულნი და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი. და ესე კვლავ ეგო სამეფო ბრძანებასა ქვეშე რუსუდან მეფისასა.
კვლავ აქაცა ვინებე დუმილად, ვინაიდან მეგულება განსაკრთომელისა მოთხრობისა, დაღათუ არა საკადრებელ არის თხრობა მეფეთათვის უშვერსა რასმე, რამეთუ იტყვის მოსე, მხილველი ღმრთისა: „მთავარსა ერისა შენისასა არა თქვა ბოროტი“. ვინაიდან წიგნი ესე შუამდებარე არის კეთილისმოქმედთა და ბოროტისმოქმედთა, შენდობილ იყვნენ სიტყვანი ჩემნი, რამეთუ ჟამთა აღმწერელობა ჭეშმარიტისა მეტყველება არის და არა თვალახვევა ვისიმე. რამეთუ ამათ ჟამთა დაივიწყა შიში ღმრთისა და ანდერძი ძმისა და ფიცი იგი, რომელ ამცნო ძმამან მისმან რუსუდან მეფესა, განიზრახა ზრახვა უცხო, რათა დაუმტკიცდეს მეფობა ძესა მისსა, დავითს. და წარავლინა კაცი საბერძნეთს, სულტანსა სიძეს და ასულსა თამარს წინაშე, რათა ძმისწული მისი, დავით ყრმა, რომელ პირველ წარავლინა მათდა, რათა ბოროტი რა ეყოს მათ მიერ, და არა ბოროტ ეყო, აწ რომელ წარსწყმიდონ და მოაკვდინონ, და უზრუნველად ეპყრას მეფობა მას და ძესა მისსა, დავითს.
ხოლო მათ არა ისმინეს. და კვლავ სხვა წარავლინეს მოციქული ამავე პირისათვის. ხოლო იგინი არა დაეთანხმნენ. და მესამედ სხვა სავედრებელი წიგნი წარგზავნა შვილისა და ძმისწულისა, გინა ძმისმკლველობითა სავსე, და იგინი არცა მაშინ დათანხმდნენ. ამისგან განცვიფრებულმან, გულისწყრომითა აღვსებულმან დაივიწყა სჯულიცა და ლმობა ნათესავთა და თვით შვილის სიყვარული დედობრივი, როგორც იტყვის ბრძენი სოლომონ: „გულისწყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისა არა ყვის“. ვითარ ამანცა, კეთილთა ძირთა მორჩმან, არა ყო სიმართლე, დაწერა წიგნი სიძეს სულტანსა ყიასდინს თანა და ესე ამცნო: „ამისთვის მენება მოკლვა ძმისწულისა ჩემისა დავითისი, რომ ცოლსა შენსა და ასულსა ჩემსა ძმისწული ჩემი, დავით, თანა-ეყოფვის, და ამისთვის არა ნებავს ასულსა ჩემსა ბოროტი მისი“. ჰოი გონება, მხეცთა უმძვინვარესი, ვაი მკლველობა, ოდესმე სმენილთა და გადასულთა მკლველობათა უბოროტესი, რომელიც აღასრულა შვილსა და ძმასა ზედა დამვიწყებელმან დედობრივთა და ძმებრივთა ლმობათამან!
რა მიიწია წიგნი სულტანსა წინაშე, მყის აღშფოთდა და შევიდა სახლსა სადედოფლოსა, და უპატიოდ განითრია ცოლი თვისი მოფხურითა თმათა, ფეხითა ძლიერად უხეთქნა პირსა მისს მშვენიერსა, და ტანი ფრიადისა ცემისაგან სისხლისფრად იყო, და ხატნი იგი, რომელი სამარადისოდ ქონდა წინაშე მათსა, შეაგინნა და დამუსრნა. და ყოველნი მის წინაშე მყოფნი მსახურნი და მოხელენი ექსორია-ყვნა და რომელნიმე ამოწყვიტა. და ცოლსა მისსა შეშინებით უთქმიდა უწყალოდ სიკვდილსა, უკეთუ არა დაუტეოს სჯული ქრისტესი და მუსულმან იქმნას. და მრავალნიცა ტანჯვანი შეამთხვია, რომლისა შემდგომად მრავალთა ტანჯვანი შეამთხვია, რომლისა შემდგომად მრავალთა ტანჯვათა მიერ მომედგრებულმან უარყო სჯული ჭეშმარიტი, რამეთუ აქამომდე მტკიცედ ეპყრა სჯული ქრისტესი, რამეთუ ხუცესნი და ხატნი წინაშე მისსა ქონდის არა ფარულად, არამედ განცხადებულად.
ხოლო ყრმა დავით შეიპყრეს და მრავალნი ტანჯვანი შეამთხვიეს, რათა ჭეშმარიტი აღიაროს. ხოლო იგი იტყოდა: „უბრალო ვარ, მოწამე არის ღმერთი, დაღათუ ესე ცილი დამწამა მამიდამან ჩემმან, და დასაჯერებელ არის, გარნა საქართველოთა ბრალისა და შეცოდებისათვის ექსორია-მყო და სიკვდილი ჩემი მოგიმცნო. აწ იხილე, მოწყალეო და მაღალო სულტანო, რომელ პირველითგანვე მკლველობისა ჩემის გული ქონდა“. ესე როცა ესმა სულტანსა, მცირედ ლმობიერ იქმნა. მაშინ სიკვდილი არა ინება მისი განგებითა ზეგარდამოთა, რამეთუ მსჯავრნი და განგებულებანი ღმრთისანი გამოუკვლეველ არიან, როგორც წერილ არის: „ვინ ცნა განგება უფლისა, ანუ ვინ თანამზრახველ ეყო მას?“ მაგრამ არავე დამშვიდდა გულისწყრომა სულტნისა, როგორც ალითა მძაფრითა ენთებოდა გული მისი. ამისთვის მოუწოდა მენავეთმოძღვარსა და მისცა დავით ხელთა მათთა, და ამცნო, რათა წაიყვანონ ზღვად და ჩააგდონ სიღრმესა ზღვისასა. უკეთუ არა ყონ, იავარ-ყოს სახლი და დედა-წული მათი, და იგინი ბოროტად მოისრნენ. ხოლო მენავეთა მათ წაიყვანეს, ჩასვეს ნავსა და მიმართეს პელენგოდ, მიიწიეს სიღრმედ დიდად განშორებულ ქვეყანისაგან, და ენება ჩაგდება დავითისი. ევედრა მენავეთა, რათა ილოცოს მცირედ. ხოლო მათ დრო-სცეს. როცა ადგა და ამოიღო უბიდან ხატი ყოვლად წმიდის ღმრთისმშობელისა, რომელიც ვედრებისსახედ დასახულ იყო, და მარადის თანა ქონდა, და მისა მიმართ ქონდა სასოება. ესე დაიდვა პირსა და თვალთა და ცრემლნი სიმწარისანი გადმოსთხია: „ყოვლად წმიდაო დედაო მხსნელისა ჩვენისაო იესო ქრისტესო, ცოდვილთა შესავედრებელო და ნუგეშინისმცემელო, შეივედრე სული ჩემი, რამეთუ შენ ხარ ნუგეშინისმცემელი მწარისა ამის სიობლისა ჩემისა და უმსჯავროსა სიკვდილისა, რომ სამარესა და მიწასა შინა დაფლვად არავინ ღირს-მყო, არამედ საჭმლად თევზთა. არცაღა საფლავი ჩემი საცნაურ იქმნება, არამედ მოწყალებათა შენთა მინდობილი ვითხოვ უკანასკნელსა ამას ოხჭანსა შინა, რომ მიხსნა ჰაერისმცველთა ხელთაგან და საშინელთა მათ სატანჯველთაგან, რომელსა მოელიან ჩემებრ ცოდვილნი და ბრალეულნი ყოველნი“.
რამეთუ ამას და ამისსა უმრავლესსა ილოცვიდა ლმობიერად და ცრემლთა მწარეთა დამომდინებელი, გახადეს შესამოსელი და ხატი წაართვეს, რომლისათვის ლმობიერად ევედრა, რათა მისცეს ხატი ყოვლად წმიდისა და თანა ქონდა, რომელიც ისმინეს მენავეთა და მისცეს ხატი იგი და დაჰკიდეს ყელსა. ხოლო როცა ეგულებოდა ჩაგდება, ერთმან მენავეთაგანმან ყო წყალობა განგებითა ღმრთისა და ყოვლად წმიდისა და ვედრებისა ღმრთისმშობელისათა და მცირე რამე ფიცარი მისცა ხელთა მისთა. და ესეთ ჩააგდეს ზღვად. ხოლო დავით მოეხვია ფიცარსა მას, და მოჰბერა ქარმან ძლიერმან და უჩინო იქმნა თვალთაგან მათთა. და მიმოქონდა ღელვათა, როგორც კიდობანი ნოესი, და მყის განაგდო ხმელეთად. და იხილა იგი ვაჭარმა ვინმე მგზავრ მავალმან და მიავლინა მან მცურველი, რამეთუ ჯერეთვე შორს ვიდრე იყო ქვეყანისაგან, უტევანი. და გამოიყვანა ვაჭარსა მას თანა. მყის შემოსეს და საზრდელი მოართვეს და ნუგეშინის-სცეს. და განძლიერდა შიმშილისა და წყურვილისაგან შევიწროებული, რომ თვალთაცა კამკამებად ძლივს შეძლო. იწყო კითხვად ვაჭარმან მან მიზეზი ჩაგდებისა მისისა ზღვად. ხოლო მან ყოველი ესე ზემოხსენებული აუწყა, რომლისათვის გაიხარა ვაჭარმან და სახლად თვისად წაიყვანა და იწყო პატივისცემად, როგორც საყვარელსა შვილსა, ესე ფუფუნებად. დაყო მას ვაჭართან ექვსი თვე ოდენ, და გაცხადდა საქმე ესე ყოველთა თანა, რომ ვაჭარსა ვინმეს ზღვასა ჩაგდებული ქართველთა მეფის ძე უპოვნია. და მიიწია სიტყვა ესე და ესმა სულტანსა ყიასდინს. გულისწყრომითა აღვსილმან წარავლინნა მხედარნი, მიიყვანა დავით და ვაჭარიცა იგი, და მენავენი იგი პყრობილყვნა, და სიკვდილსა აქადებდა. ხოლო ისწავა რა ვაჭრისაგან ზღვით გამოყვანება, განუტევნა მენავენი.
ხოლო დავითისთვის არავე დასცხრა გულისწყრომად და შესძინა, როგორც ჰეროდე, კაცისკლვად, რამეთუ კაცისკლვასა ზედა კვლავცა კაცისკლვა შესძინა, და უბოროტესი სატანჯველი განაჩინა. რამეთუ იყო ჯურღმული ღრმა, რომელსა შინა წყალი არა იყო. ამას შინა იყვნენ გველნი ჩაყრილნი, რომელიც სავსე იყო განძვინებულითა და ცოფითა გველითა. და ზედა იდვა ლოდი და არა იყო ნათელი, და ესეთ მწარითა სიკვდილითა მოჰკლვიდა. სულტანმან მას შიგა ჩაგდება ბრძანა დავითისი. და როცა წაიყვანეს, თანავე ქონდა ხატი იგი. და აიღეს ორმოსა მისგან ქვა, ჩააგდეს. და დაცულ იქმნა, როგორც დანიელ პირისაგან ლომისა, ყოვლად არა ავნეს ესოდენ ყოვლად გესლიანთა. დაბურეს ქვა ზედა.
დავითს პირველვე წარტანებულ იყო ვინმე, სახელით სოსან, რომელიც მიეცა მამასა მისსა ლაშას. ესე შეუდგა, რაჟამს წაიყვანებდენ ჩაგდებად ჯურღმულსა მას. ამან იხილა ჯურღმული იგი. ხოლო კაცთა მათ სულტნისათა რაჟამს დატოვეს ჯურღმული იგი, გათხარა სოსან მცირედ ქვას ქვეშეთ, და იქედან ჩაუტევნიდა პურს, რომელსაც ითხოვდა. და ესე ზრდიდა ხუთ წელს. რა დაწვებოდა, გველნი რომელნიმე მოეხვევოდა ყელსა, რომელნიმე ფეხსა, სხვანი უბესა, სხვანი გვერდსა უწვნენ. და როცა ეძინა, და გადაიქცეოდა რა გვერდსა ზედა, მხარითა დააჭირა გველსა ერთსა, რომელმაც მხარსა სასტიკად უკბინა. ხოლო სხვათა გველთა დაიჭირეს გველი იგი, მკბენელი დავითისი, და იწყეს ენითა ლოკად და მყის განკურნეს დავით, და გველი იგი შეჭამეს მათ გველთა. ესე საკვირველებით განარიდა ღმერთმან ყოვლისა წარსაწყმედელისაგან, რომელნიც მოიწივნეს მას ზედა.
16. რამეთუ ესე განიზრახა მეფემან რუსუდან თავით თვისით დამტკიცებად მეფობისა ძისა თვისისა, არამომხსენებელმან სიტყვისა წინასწარმეტყველისა ესაიასა, რომელსა იტყვის: „და მოხედნეს უფალმან განგებასა მას ზედა დიდსა მთავარსა ასურასტანისასა და სიმაღლესა მას ზედა დიდებისა თვალთა მათ მისთასა, რამეთუ თქვა: ძალითა ხელთა ჩემთათა ვყო, და სიბრძნით გულისხმისყოფისა ჩემისათა მოვიპყრნე საზღვარნი თესლებისანი და ძალი მათი წამოვიღო და შევძრნე ქალაქნი დამკვიდრებულნი, და სოფელი ყოველი დავიპყრა ხელითა ჩემითა როგორც მართვენი, და როგორც კვერცხნი დარჩენილნი ავიღე. და არავინ იყოს, რომელიც განმერიდეს მე ან სიტყვა-მიგოს. აწ უკვე იდიდოს-მე ცული გარეშე მკვეთელისა, როგორც თავითა თვისითა ჰკვეთდეს, ანუ ამაღლდეს ხერხი გარეშე მზიდველისა მისისა? ეგრეთვე ვინ აიღოს კვერთხი გინა შეშა? არა ეგრეთ, არამედ მოავლინოს უფალმან საბაოთ შენსა პატიოსნებასა ზედა უპატიოება, დიდებასა შენსა ზედა ცეცხლი აგზებული ატყდებოდეს“, როგორც აღესრულა პატიოსნისა მეფისა რუსუდანს ზედა.
რამეთუ სირცხვილმიჩნს კადრებად და კვლავ ვერ მიძლავს დუმილად, რამეთუ უპატიო ჰყო თავი თვისი ბოროტითა ამით, რომელიც აღადგინა ძმისწული თვისსა ზედა. მაგრამ განაქარვა ზრახვანი მისნი ზეგარდამომან განგებამან, როგორც აქიტოფელისნი დავით წინასწარმეტყველის ზე, და არა გულისხმა-ყო, რამეთუ „განაქარვნის ზრახვანი კაცთანი ზრახვამან ღმრთისამან“, როგორც ფარაოსი მოსეს ზე, როგორც განერიდა ხელთაგან მისთა ლტოლვილი პირველად, როგორც იტყვის ჟამთააღმწერელი იოსიპოს. და კვლავ როგორც განერიდა დავით ხელთაგან საულისთა, რამეთუ ცუდად იქმნა განზრახვა მისი. და სხვაცა მოვიხსენო, რომელიც იქმნა განზრახვითა მეფისა ასტუვაგისთა. არა ცუდ იქმნა წარვლენა ასულისა მისისა მანდანისი სპარსთათვის, ყოვლად ამას შინა მოცემა ძისა მისისა კვიროსისი, რომელი შემდგომად ასტუვაგისა მეფე იქმნა? ანუ არა ამაო იქმნა ხრიზმოზიცა იგი აპოლონის დელფელისა შენისა კრისოის განცდილი მე ობოლი მთხრობელი ძლეული კრისოსა მიერ შეპყრობილ იქმნა კვიროსისა მიერ, და უმეტეს ამისსა არა განცუდდა ხრიზმოზიცა იგი პრიამოსისი მეფის ასულთასა და ყოვლისა აღმოსავლეთისა პირისა მთავრისა ალექსანდრე პარიდოსისა ზედა, რომელიც იპყრა წელთა ოცდათორმეტთა უწინარეს, რომელმან, მიმტაცებელმან ელენესმან ცოლისა აღამემნონის ძმისა მენელეოსისგან, ოცდარვად წლად უმშვიდებელნი ბრძოლანი მოუგნა ტროველთა სრულიად მოსპოლვად ნათესავსა მისსა?
ესე ყოველი არა თვითგანზრახვით იქმნა, ჰეი ბრძენო, კეთილთა და პატიოსანთა ძირთა მორჩო, დედოფალთდედოფალო, მეფეო რუსუდან. გარნა რა მოივაჭრე? იხილე, რამეთუ ხუთისა წლისა ჟამნი დაყვნა ულხინობთა ჭირთა შინა ჯურღმულსა ღრმასა გველთა თანა, რამეთუ ესე ზემოხსენებულნი ზრახვანი დახსნა ზენამან განგებამან ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისამან, როგორც აწცა.
ჩვენ პირველსა სიტყვასა აღვიდეთ.
მოიწია მეფე ტფილისს და ძე მისი, დავით, ნოინთა წინაშე წარავლინა. და მათ ინებეს დავითის წარვლინება დიდსა ყაენს ბათოსასა და იქედან ყარაყურუმს მანგუ ყაენისსა. და როცა გაიგო რუსუდან წარვლინება ძისა თვისისა უცხოთა ნათესავთა, შორთა და უცნაურ გზათა, ტკივილითა და უზომოთა მწუხარებითა შეიცვებოდა და დაუწყვედელთა ცრემლთა მოადინებდა, და მოიხსენებდა რა-იგი უყო ძმისწულსა თვისსა დავითს; როგორც ექსორია-ყო, ეგრეთვე თათართა წარავლინეს ძე მისი ასევე ექსორიად წინაშე ბათოსსა.
ხოლო როცა აღარა იყო ღონე, წავიდა ნარინ დავით. და თანა-წარატანა მეფემან რუსუდან მცირედ თანაზრდილნი მისნი, ქართლისა ერისთავის სურამელის გრიგოლის შვილი, ბეგა, გურკლელი მახუჯაგის ძე, ამირეჯიბი ბეშქენ. და თვალნიცა ორნი დაუმალა ძვირად საფასონი. და წავიდა შემდგომად კვალსა ავაგისსა და ხლათის სულტნისასა, რამეთუ პირველად იგინი წარავლინეს თათართა. და მიიწიეს წინაშე ზემოხსენებულისა ბათოსსა, რომელმან კეთილად იხილა ნარინ დავით მეფე, ორი წლისა ჟამთა თანა იპყრა და შემდეგ წარავლინა ჩინ-მაჩინს და ყარაყურუმს მანგუ ყაენს წინაშე, რომელიც მიიწია რა, კეთილად შეიწყნარა. და ავაგს შეეყარა და მის თანა იმყოფებოდა.
ხოლო თათართა მათ ოთხთა ნოინთა მოეხსენა ბოროტი ალამუთელთა, რომელიც შეამთხვიეს მოღოლთა, და აღმხედრდნენ მათ ალმუთსა ზედა. და თანამბრძოლობა განაჩინეს ქართველთა და წარმოუვლინეს მოციქული მეფესა რუსუდანს, რათა მისცენ საყოფი საქართველოსა ლაშქრად ალმუთს. ხოლო მეფე რუსუდან მას ჟამსა ტკბილისა შვილისათვის მწარედ ილეოდა და დასნეულებული გარდაიცვალა ტფილისს. და წაიყვანეს მთავართა დიდითა პატივითა და ტყებითა და დამარხეს სამარხოსა მამათა მათთასა, მონასტერსა გელათს.
III
17. და გახდნენ ქართველნი უნუგეშინისცემოდ და უმეფოდ, რამეთუ აღარავინ იპოვებოდა ნათესავი მეფეთა, რამეთუ ნარინ დავით ყარაყურუმს წარავლინა და სხვა იგი დავით მცირე აზიას მკვდრად საგონებელ იყო და არა უწყოდენ, თუ რა შემთხვეოდა. ამისთვის თვითეული თავისა თვისისათვის განგებად ზრუნავდა, რამეთუ თვითეული ერისმთავარი თვითოსა ამას ნოინსა შეუდგა.
და განაჩინეს თათართა ბევრისა მთავარნი, რომელთა დუმნისა თავად უწოდეს. და გამოარჩიეს მთავარნი, პირველად ეგარსლან ბაკურციხელი, კაცი ღრმად მოუბარი, ხოლო არა ნიჭთა მქონებელი სამხედროთა. და მას ხელთ-უდევს სპა ჰერეთისა და კახეთისა და კამბეჩიანისა ტფილისიდან და აღმართ ვითარ მთამდე შამახიისა. და შანშეს ხელთ-უდევს მამული მისი და ავაგისი. ვარამს ხელთ-უდვეს ყოველი სომხითი, გრიგოლ სურამელს – ქართლი, გამრეკელს თორელსა, მსგავსავე ეგარსლანისასა საჭაბუკოთა შინა, ხელთ-უდვა ჯავახეთი, სამცხე და აღმართ ვიდრე კარნუქალაქამდე, ხოლო ცოტნე დადიანსა და რაჭის ერისთავსა – ყოველი იმერი სამეფო.
და ესეთ განაჩინეს თათართა და გაიყვეს საქართველო, წავიდნენ ბრძოლად ალმუთს და ქართველნი თანა-წარიტანეს, რომელნიც გაყვეს ორად. ნახევარნი ერთსა წელსა და ნახევარნი მეორესა წელსა იყვნენ ალმუთს, რამეთუ შვიდ წელს გაგრძელდა ბრძოლა ალმუთისი, რომელნიც არიან კაცისმკლველნი მიპარვითა, რომელთაც მულიდად უწოდენ. და ამათ ებრძოდენ თათარნი ჩორმაღონ, ჩაღატა, იოსურ და ბიჩო მოუწყენელად ზაფხულ და ზამთარ. ხოლო ქართველნი გაყოფილნი თვითეული მისსა წელიწადსა ხუდის და იყო ალმუთს. და კვლავ წავიდნენ სხვანი ხვედრსა მისსა, წელიწად ერთ იყო ალმუთს, და კვლავ სხვანი – ხვედრსა მათსა. და ესეთ შვიდისა წლისა ჟამთა განგრძელდა ყოფა და ომი ალმუთს.
დღესა ერთსა წარმოგზავნეს ალმუთელთა მულიდი ხელოვანი. მივიდა ღამით და შემოეპარა მცველთა ჩაღატა ნოინისათა. შევიდა კარავსა მისსა, მძინარესა დასდვა დანა გულსა მისსა და მოიკლა იგი, რომ ვერავინ გაიგო. და როცა გათენდა, იხილეს კარვისმცველთა ჩაღატა ნოინი მოკლული, იწყეს ტირილად და ტყებად და ვაებად. როცა იხილეს სპათა ჩაღატა ნოინისთა, მორბოდნენ, და იხილეს მათცა, რომ მომკვდარ იყო ჩაღატა და არა უწყოდეს ვისგან მოკლულ იყო.
მაშინ თქვეს ყოველთა: „ვინაიდან ქართველნი დიდსა ჭირსა შინა არიან ჩვენ მოღოლთაგან, შურით ქართველთა მიერ მოიკლა უცილოდ“. ამას ყოველნი დაამტკიცებდენ, ჩორმაღონ ნოინისგან გარდა. ხოლო იგი ეტყოდა: „დაწყნარდით, კაცნო, რამეთუ არა არის ნათესავი ქართველთა კაცისმკლველი და არცა სჯული უც ესევითარისა საქმისა ქმნად“. ხოლო იგინი აღშფოთებულნი, სიკვდილისათვის პატრონისა განძვინებულნი, წარმოემართნენ ბანაკისა მიმართ ქართველთასა, რამეთუ მახლობელად ჩაღატა ნოინისასა დაბანაკებულ იყვნენ. და როცა მომართეს, განკრთეს ქართველნი და უღონოებასა მოეცვნენ, და არა უწყოდეს, რამცა ყვეს. ხოლო ზოგნი ომისა მიმართ განემზადებოდეს და ზოგნი აყენებდეს, რამეთუ ფრიად მცირე იყვნენ. მაშინ გრიგოლ სურამელი, ქართლის ერისთავი, იტყოდა: „არა არის ჟამი ბრძოლისა, რამეთუ მცირე ვართ. და უკეთუ ვებრძვით, დიდით მცირემდი ამოგვწყვეტენ. და თუ არა ვებრძვით, ჩვენ წარჩინებულთა ოდენ, ვგონებ, მოკვდინებად. და უმჯობეს მიჩნს, რათა ჩვენ მოვიკლათ და არა ყოველი ესე ძალი. შევრდომა ღმრთისა ჯერ-არს, რამეთუ არავინ არის მხსნელი ჩვენი გარდა იესო ქრისტე, ძე ღმრთისა, და ყოვლად წმიდა მშობელი მისი, მარადის ქალწული მარიამ, რომელიც მარადის მცველი არის მოსავთა ძისა მისისათა და უმეტეს ჩვენ, ქრისტიანეთა. აწ ყოველთა სამ-სამი მუხლი მოიდრიკეთ, შევრდომით ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ, და რომელთა უწყით, თქვით შესხმა ესე მისი: „მოწყალებისა კარი გაგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო“, და შემდგომი.
როცა აღასრულეს ლოცვა ესე სამადლობელი და ქება ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა, და მოახლოებულ იყვნეს ბარბაროზნი იგი, უწყალოდ მსპობავნი ქართველთა. მაშინ გამოვიდა კაცი ერთი ლერწმოანიდან, რომელსაც ქონდა ლახვარი აწვდილი, შეღებილი სისხლითა. და ლახვარი იგი აღიპყრა ზე, და ძლიერად ხმა-ყო: „მან ქუშმეტ ჩაღატა“, რომელიც არის ენითა სპარსულითა: „მე მოვკალ ჩაღატა“.
როცა იხილეს თათართა, მიეტევნენ, ხოლო იგი ივლტოდის ლერწამთა მიმართ. ხოლო მათ შეუდვეს ცეცხლი. და გამოიყვანა ცეცხლმან ლერწამთაგან კაცი იგი. და მოიყვანეს ჩორმაღონ, იოსურსა და ბიჩოსა წინაშე. ხოლო იგინი ჰკითხავდნენ, რატომ მოაკვდინა ჩაღატა ნოინ. და მან ესე აუწყა: „მე ვარ მულიდი, მულიდთა შორის საჩინო. მათ მულიდთა თავადთა მომცეს ოქრო ფრიადი, რათა თქვენგანი ვინმე მოვაკვდინო ოთხთა მაგათგან. წარმოვედ, მოვკალ და დავიმალე“. იგინი ეტყოდენ: „რა იყო მიზეზი გამოსლვისა შენისა და ყივილი მაღლად სიკვდილი დიდისა ნოინისა, ვინაიდან დამალულ იყავ?“ და კვლავ მულიდი მიუგებდა: „ლერწამთა იმათ უხშირესსა შევედ და დავიმალე. მყის მოვიდა დედაკაცი ვინმე სიტურფეაღმატებული და მითხრა მე: „რა ესე ჰქმენ, კაცო? შენ მოჰკალ კაცი და დაიმალე. აწ მრავალი სული მოკვდება მიზეზად შენდა და იგი უბრალონი ამოსწყდებიან“. და მე ვუთხარი: „რა ვყო, დედოფალო?“ ხოლო მან მითხრა: „აღდეგ და შემომიდეგ მე, წავედ და თქვი, რამეთუ შენ მოჰკალ კაცი იგი, და განარიდე ურიცხვი სული სიკვდილისაგან“. მსწრაფლ აღვდეგ და შეუდეგ, სადა-იგი მომიყვანა წინაშე თქვენსა. ვითარ ხმა-ვყავ და მიხილეთ, დედაკაცი იგი უჩინო იქმნა, და არა უწყი, ვინა მოსულ იყო. და მე, ესერა, ვარ წინაშე თქვენსა“.
როცა ესმა სიტყვა კაცისა მისგან თათართა, განკვირდნენ და კაცი იგი მულიდი ხმლითა ორად განკვეთეს. და ესე იხსნა ერი თვისი ყოვლად წმიდამან ღმრთისმშობელმან და განარიდა უმსჯავროსა სიკვდილისაგან, როგორც ოდესმე იხსნა ქალაქი იგი დიდი კოსტანტინეპოლი, რაჟამს-იგი ბარბაროზთა მძვინვარედ გარე-მოიცვეს, მხედართმთავრობასა სავრონისასა და მძვინვარედ აღდგომასა ხაღან სკვითთა მთავრისასა, როცა დაინთქეს ზღვად მბრძოლნი ქალაქისა მის მისდა მინდობილისანი, რამეთუ ადუღდა ზღვა და გადნა ნივთი ნავისა და დაინთქნენ ზღვად შეწევნითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისათა, და მხდომთა ზედა წვიმა აწვიმა, როგორც ძველ ოდესმე სოდომელთა. ამათ საკვირველებათა არა უდარეს ვგონებ, რომელიც აწ იქმნა მსწრაფლი და ანასდათი ხსნა ქრისტიანეთა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა მიერ. გარნა წინაშე ვინ-მე შეუძლოს დიდებისმეტყველებისა მიერ სამადლობელისა შესხმა საკვირველებისა ამისთვის, რომ დაიცვა ურიცხვი სული ნათესავისაგან ქართველთა ყოვლად უბიწომან სიტყვისა ღმრთისა მშობელმან ღმრთაეებისა და კაცობრისა გვამოვნებითა და შეერთებითა შემაერთებელმან ღმერთად სრულად და კაცად სრულად, ორთა შინა ბუნებათა და ორთა ნებათა შეურევნელად?
ამის უბიწოებისაგან დაცულნი ქართველნი დიდსა ჭირსა შინა იყვნენ თათართა მიერ, რამეთუ მიმდები და მოუწყინებელი ბრძოლა ქონდა ალმუთელთა მიმართ, და ქართველნიცა თანა-წაჰყვებოდნენ, და ორად განყოფილნი იყვნენ, და თვითეული ერისმთავარი თვითოსა ნოინსა ახლდნენ. ზემოხსენებული ესე ეგარსლან, კაცი საკვირველი და მხედრობის წესთაგან ცარიელი, ეგზომ განდიდა, რომ კნინღადა სახელისდებადცა მეფისა იკადრა, და ყოველი ქართველთა ნათესავი ბრძანებასა მისსა მორჩილობდნენ, როგორც მეფესა, თვით დიდი და პატიოსანი შანშე მანდატურთუხუცესი და გაგელი ვარამ და ყოველნი მთავარნი.
18. ამათ ჟამთა შინა სხვანიცა ბოროტნი აღმოსცენდნენ. როცა ცნეს თურქთა, შამს მყოფთა, უმეფობა ქართველთა და ლაშქართა ალამუთს წასლვა თათართა თანა და უცლოება ქართველთა შეიკრიბა სიმრავლე ფრიადი, კაცი სამოცი ათასი, რომელთა მთავრად და პატრონად ჰყავდა კაცი ვინმე სახელოვანი, სახელით ყარა-ხან. გამოემართნენ ოხრებად საქართველოსა და მოიწიეს ქვეყანასა ვალაშკერტისასა, რომელიც მას ჟამსა მხოლოდ აეღო შანშეს, და იწყო ოხრებად ვალაშკერტისა და რახსს იქით ქვეყანათა ვიდრე სურმანამდე, რომელი-იგიცა ოდენ დაეპყრა შანშეს მანდატურთუხუცესსა. ამან როცა იხილა ოხრება, მოუწოდა სპათა თვისთა და ავაგ ათაბაგისათა, და შეკრიბა მხედარი ოცდაათი ათასი. განვლეს რახსი და მივიდნენ ვალაშკერტს, სადაც დაებანაკა ყარა-ხანს.
როცა მიუახლოვდნენ, დააწყვეს რაზმი და მიეტევნენ. ხოლო შანშე უპირატეს ყოველთასა მიეტევა, რომელმაც ჰოროლითა განგმირა სახელოვანი თურქი. იქმნა ომი ძლიერი და ამოწყდა სიმრავლე ურიცხვი სპათაგან თურქთასა. ხოლო სპანი შანშესნი კეთილად დაცულ იყვნენ შეწევნითა ძელისა ჭეშმარიტისათა, რომლისა მიმართ მინდობილ იყო.
და შენივთდა ომი, იძლია ყარა-ხანი, იგი და სპა მისი ივლტოდენს. და დევნა-უყვეს ვიდრე ხლათამდე, მოსრეს და ტყვე ყვეს სიმრავლე ურიცხვი, და აივსნენ ცხენითა, ჯორითა და აქლემითა, კარვითა და ხარგითა, ალაფითა ურიცხვითა. ესე სახელოვანი და გამარჯვებული მივიდა ანისსა, სახლსა და ტახტსა მისსა.
ვინაიდან განითქმოდა ყოველგან უმეფობა საქართველოსა, აღიძრვოდეს ყოველნი ნათესავნი ოხრებად ქართველთა. მაშინ აღიძრნენ მცირე აზიაში მყოფნი თურქნი და სულტანი ეზინკისა და სხვათა ქალაქთა შინა მყოფნი ამირანი. და შეიკრიბა სიმრავლე ურიცხვი, და წარმოემართნენ საქართველოს. როცა ესმა მყოფთა ტაოსთა და შავშ-კლარჯთა და კოლა-არტან-კარნიფორელთა, განკრთენ და წარმოავლინეს კაცი სამცხეს, ყვარყვარე ციხისჯვარელ-ჯაყელთანა, რათა შეეწიოს. ხოლო მან მოუწოდა ყოველთა მესხთა ერისთავთა და ყოველთა ტაძრეულთა, და შეკრიბა მხედარი, ათი ათასი, და წარმოემართნენ. ხოლო იგინი მოსულ იყვნენ და ბანას გარე-მოსდგომოდენ, რამეთუ ოლთისნი და ბუღათაყური ყოველი მათ ქონდათ, და აოხრებდენ ტაოსა. და წინამძღვარ ექმნა ყვარყვარე სპათა მესხთა და მოვიდეს თავსა კალმახისასა. როცა ესმათ თურქთა მოსლვა მესხთა, აღიჭურნენ, რომელთა თავადნი იყვნენ ალთუ-ხან და ორ-ხან. აქეთ მესხნი ჩავიდნენ მინდორსა მას, რომელსაც ეწოდება ავნისვაკე. და შეხვდნენ ურთიერთს, და იქმნა ომი ძლიერი და სასტიკი. და ბერძენნი და თურქნი, მინდობილნი სიმრავლისათვის, არა გარეუკუნ-იქცეოდენ. და ეგრეთვე მესხნი, მინდობილნი სიმხნისანი არა უკუნიქცეს. ძლიერად იბრძოდნენ, რამეთუ კაცმან ვინმე აზნაურმან კაცსა ერთსა თურქსა მუზარადსა შინა ხმლითა თავი გაუპო და მოკლა, და მეორესა, ორ-ხანის მხნეთაგანსა, ზურგსა უხეთქა, გაკვეთა და ზურგნი განუწყვიტა, როგორც მკვდარი დაეცა. და ესე განგრძელდა ომი და ორმხრითვე ამოწყდა ურიცხვი. იძლივნენ ბერძენნი და თურქნი და ივლტოდენ. აიღეს ტყვე და იავარი ურიცხვი, ცხენი და ჯორი, აქლემი, კარვები, ყოველი სიმდიდრე, რომელიც ქონდა, და ესე სავსენი და სახელოვანნი მივიდენ სამცხეს, და ესოდენ გამარჯვებულნი, რომ ესევითართა სპათა შინა არავინ მოიკლა სახელდებული კაცი. ხოლო ამას ომსა უწოდდენ ბანასჯარად, რომ ესოდენსა სიმრავლისა მათისათვის ეწოდა ბანასჯარი, რომელი ძალითა დაეტევნენ ბანას და ავნისვაკეს სიმრავლისათვის.
როცა იქმნა ესე, ამან ერისთავმან, სამცხის სპასალარმა ყვარყვარე, წარავლინა ძისწულნი თვისნი: ივანე, რომელსა ეწოდა პაპა25, და უმრწემესი მისი სარგის. ორნივე იყვნეს ძმანი ძლიერნი და მხნენი უმეტეს ყოველთა, წყობათა შინა უშიშნი და შემმართებელნი. და ებრძოდეს ოლთისთა და აიღეს ოლთისნი და ბუღათაყურის ციხე იგი, ძლიერად გამაგრებული, ნაომარი ომთა დიდთა შინა. მართალი არის მოთხრობა ჟამთა.
19. ამათ შფოთთა შეიკრიბნენ ყოველნი მთავარნი საქართველოსანი კოხტასთავსა, იმერნი და ამერნი: ეგარსლან, ცოტნე დადიანი, ვარამ გაგელი, ყვარყვარე, კუპრი შოთა, თორღაი, ჰერ-კახნი, ქართველნი, თორელ-გამრეკელი, სარგის თმოგველი, მესხნი, ტაოელნი, და ყოველნი იტყოდნენ: „რა ვყოთ? აღარ არის ნათესავი ქართველთა მეფეთა, რათა წინამძღვარ გვექმნას და ვებრძოდეთ თათართა. და ჩვენ ერთიერთისაგან განდგომილ ვართ, ვერ წინააღუდგებით თათართა. და იგინი ბოროტად გვაჭირვებენ ესეოდენ, რომ ყოველთა წელთა ალამუთს წავალთ ჭირთა და ყოველთა ბოროტთა შემთხვევად, არა არის ღონე, დაღათუ უმეფო ვართ. არამედ შევიკრიბოთ და ვებრძოდეთ თათართა“. დაამტკიცეს ომი და დადვეს პაემანი ქართლს შეკრებისა, და გაიყარნენ. უშორეს მყოფნი აფხაზნი, დადიანი ცოტნე და ბედიანი, კაცი კეთილი და სრული საღმრთოთა და საკაცობოთა, და რაჭის ერისთავი წავიდნენ კაზმად.
როცა ესმათ თათართა ერთგან შეკრება ქართველთა, წამოვიდნენ ბიჩოი და ანგურაგ და მივიდენ კოხტასთავსა. დახვდნენ ყოველნი წარჩინებულნი საქართველოსანი. რადგან ლაშქარი გაყრილ იყო და ვერღარა წინა-აღუდგენ, წაასხეს ქვეყანასა ანისისასა და ადგილსა, რომელსაც ეწოდება შირაკავანი. როცა მიიწივნენ ჩორმაღონ ნოინს წინაშე, იმან ჰკითხა: „რა არის შეკრება თქვენი, უკეთუ არა იქმთ განდგომილებასა?“ ხოლო მთავარნი მიუგებდნენ: „არა განდგომად შევიკრიბეთ, არამედ რათა განვაგოთ საქმე თქვენი და ხარკი განგიჩინოთ, რომელსაც უწოდდეს ხარაჯა“.
ესე რა ესმა, არა სრულიად ირწმუნა და ბრძანა გაძარცვა ყოველთა, მხართა შეკრვა ყოველთა, სიცხესა შინა შიშველთა მუხლთა ზედა დასხდომა. და ყოველთა დღეთა ჰკითხავდნენ მიზეზსა შეკრებისასა, და უკეთუ არა აღიარონ, სიკვდილსა მისცნენ ყოველნი ესე ზემოხსენებულნი მთავარნი. ხოლო იგინი დაამტკიცებდნენ: „რათა განვაჩინოთ ხარაჯა“. და ამას ჰყოფდეს მრავალ დღე, რამეთუ არა არწმუნებდეს.
და როცა მოახლოვდა პაემანი, მივიდა დადიანიცა ცოტნე ლაშქრითა მთასა ღადოსა, შორის სამცხესა და გურიასა, რომელიც არის რკინისჯვარი. და როცა აუწყეს წარსხმა ყოველთა მთავართა საქართველოსათა ანისად. და შეკრებილთა ყოფა სატანჯველთა შინა ბოროტთა როცა ესმა, მწუხარე იქმნა უზომოდ და თვისად სიკვდილად და სირცხვილად შერაცხა საქმე იგი. და წარავლინა ლაშქარი თვისი და ორითა კაცითა წავიდა ანისად, დამდები სულისა თვისისა და აღმსარებელი მცნებისა უფლისასა, რომელიც იტყვის: „უფროს ამისსა სიყვარული არა არის, რათა დადვას კაცმან სული თვისი მოყვასისა თვისისათვის“, რომელიც ყო პატიოსანმანცა ამან კაცმან ცოტნე სათნოება მაღალი და განსათქმელი, საქმე საკვირველი და ყოვლისა ქებისა ღირსი. განვლო სამცხე და ჯავახეთი და მივიდა ანისსა.
რამეთუ ქალაქად შესულ იყვნენ ნოინნი, ესე წარჩინებულნი მოედანსა შინა დაკრულნი მხრითა, შიშველნი, მსხდომარე იყვნენ. როცა იხილა ცოტნე წარჩინებულნი, ესე უპატიოდ სიკვდილად განწირულნი, გადახდა ცხენისაგან და დააბნია სამოსელი თვისი, განშიშვლდა და შეიკრა მხარი და დაჯდა წარჩინებულთა თანა. და როცა იხილეს თათართა, განკვირდნენ და მსწრაფლ აუწყეს ნოინთა: „ცოტნე დადიანი მოვიდა ორითა კაცითა და განიძარცვა სამოსელი თვისი და შეკრული დაჯდა ქართველთა თანა“. რამეთუ კარგად იცნობდნენ ცოტნეს, რომლისათვის განკვირდნენ თათარნი, და წინაშე მათსა მიუწოდეს და ჰკითხავიდნენ მიზეზსა იქ მისლვისა მისისასა. ხოლო იგი ეტყოდა: „ჩვენ ყოველნი ამად შევიკრიბენით, რათა განვაგოთ ხარაჯა თქვენი და ბრძანება თქვენი აღვასრულოთ, ესე იყო შეკრება ჩვენი. აწ თქვენ ძვირისმოქმედთა თანა შეგვრაცხენით, და მე ამის ძალითა მოვედ წინაშე თქვენსა. უკეთუ მოიკითხო და ღირსი რამე სიკვდილისა უქმნა, მეცა ამათ თანა მოვკვდე, რამეთუ გარეშე ჩემსა არა უქმნია; უკეთუ ცხოვნდენ, მათ თანა ვიყო“. და როცა ესმა ესე ცოტნესაგან ნოინთა, განკვირდნენ სათნოებისათვის და თქვეს: „ვინაიდან ნათესავნი ქართველთანი ესოდენ კეთილ არიან და არა გაცრუვდებიან, რომ აფხაზეთიდან მოვიდა კაცი, რათა დადვას სული თვისი მოყვარეთათვის, და არა გაცრუვდნენ, ესე გაწირა თავი თვისი სიკვდილად, არა არის სიცრუე მათ შინა, და ამის ძალითა უბრალო ვპოვებთ და განუტეოთ ყოველნი“. უთხრეს ცოტნეს: „განდგომილება ვგონეთ თქბენ, ქართველთა, და აწ, ვინაიდან ჰყავ სათნოება კეთილი, ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ, შენდა მონდობილ ვართ“. და გაუშვეს ყოველნი ესე წარჩინებულნი.
20. და გაიყვნენ მთავარნი საქართველოსანი და წინააღმდგომ იქმნენ ურთიერთს. მაშინ შეიკრიბნენ დიდებულნი ამის სამეფოსანი, რამეთუ ეგულებოდა მთავარ ყოფა მათ ზედა ეგარსლანისი, არასაწუნოთა გვარიდან აღმოჩენილისა. ამისთვის შეკრიბნენ მთავარნი ამერის საქართველოსანი – შანშე, ვარამ გაგელი, ყვარყვარე ჯაყელი, სარგის თმოგველი, კაცი მეცნიერი და ფილოსოფოსი და რიტორი, სურამელი გრიგოლ, ქართლის ერისთავი, გამრეკელი თორელი, ორბელნი, და მრავალნი ერისმთავარნი, და ძებნა-ყვეს ლაშას ძისა დავითისთვის. და ეუწყა ვინმე ვაჭართაგან, ჯერეთ ცოცხალ არის, ოღონდ პყრობილი ჯურღმულსა შინა ღრმასა გველთა თანა მყოფობს. როცა ეუწყა, წავიდნენ ჩორმაღონს, იოსურს, ბიჩოს და ანგურაგს თანა, რამეთუ ჯერეთ ყაენი არა მოსულ იყო ქვეყანასა ამას, არამედ ესე ზემოხსენებულნი ნოინნი განაგებდნენ ქვეყანათა, და მოახსენეს: „ვინაიდან წარავლინეთ მეფე ჩვენი, ნარინ დავით, ყაენს წინაშე, და არა უწყით, რა შეემთხვა, და დედა მათი, რუსუდან, გარდაიცვალა, და არა არის ნათესავი მეფეთა, და ჩვენ ურთიერთას დაუმორჩილებელ ვართ, და არა ეგება, თუმცა დავემორჩილენ ვისმე, უკეთუ არა იყოს ნათესავი მეფეთა. აწ გვასმიეს, თუ არის შვილი მეფისა ჩვენისა ლაშასი, სახელითა დავით, რომელი დაუტევა ძმამან დასა თვისსა რუსუდანს, რათა იგი დაადგინოს მეფედ, ხოლო რუსუდან მეფემან წარავლინა საბერძნეთს, სულტანს თანა, რათა წარწყმიდოს. და გვსმენია, რომ ცოცხალ არის, და პატიმრად ჰყავს. აწ გევედრებით, რათა წარავლინოთ ერთი ვინმე სახელოვანი კაცი და მოიყვანოთ დავით და მეფე ჰყოთ ჩვენ ზედა“.
და როცა ესმა ნოინთა, განკვირდნენ საქმისა მისთვის, რომელიც ექმნა მეფესა რუსუდანს. და მსწრაფლ წარავლინეს ანგურაგ მოციქული და ვარამ გაგელი და სარგის თმოგველი. მცირედთა დღეთა მიიწიეს მცირე აზიას სულტანს თანა, და აუწყეს: „დავითის ძებნად მოვსულ ვართ, რათა მოგვცეთ და წავიყვანოთ“. ხოლო იგი აღარ ჰგონებდა სიცოცხლესა მისსა, და ეტყოდა: „ყრმა დავით წარმოევლინა მეფესა ქართველთასა, რათა ექსორია-ვყო, და ძველ ოდესმე ექსორია-ვყავ. აწ არის შვიდი წელი, არა უწყი, ცოცხალ არის, ან მკვდარ“.
ხოლო მათ აუწყეს: „ჩვენ უწყით, რომ ცოცხალ არის, ჯურღმულსა შინა მყოფი გველთა თანა“, რამეთუ სოსანს ასმოდა მისლვა მათი და ეხილეს ვარამ და სარგის და ეუწყა სიცოცხლე დავითისი. ხოლო როცა გაიგო სულტანმა, წარავლინა კაცი და გამოიყვანა დავით, კნინღა სულიერ მყოფი, რამეთუ ვითარ უსულოდ რადმე, გაყინულად ან მკვდრად მოძრავად საგონებელ იყო მხილველთა მიერ, და უცხო იყო სახილველად, რამეთუ ფერი პირისა მისისა დაყვითლებულ, და თმანი ვიდრე მსხვილბარკლამდე, და ფრჩხილნი ფრიად გრძელ. რომ იხილეს, განკვირდნენ სიცოცხლესა მისსა სულტანი, და ვარამ და სარგის, დიდად ცრემლოდნენ. ხოლო სულტანი ლმობიერ იქმნა, განბანა და მრავალი ნიჭი მიანიჭა: შესამოსელი, ცხენნი რჩეულნი, ოქრო და ვეცხლი, ფრიად პატივ-სცა და შენდობასა ევედრებოდა. და ესეთ წარმოავლინა. და როცა მოიწიეს საქართველოს, მიეგებნენ ყოველნი წარჩინებულნი საქართველოსანი, შანშე და ძე მისი ზაქარია ამირსპასალარი, კაცი სიკეთითა აღმატებული, ყვარყვარე ჯაყელი, სურამელი გრიგოლ, ქართლის ერისთავი, ორბელნი, გამრეკელი, შოთა კუპრი, და ყოველნი მთავარნი, გარეშე ეგარსლანისა.
და წავიდნენ ნოინთა წინაშე. ხოლო მათ იხილეს და გაიხარეს. მეფობა ვერ დაუმტკიცეს, არამედ წარავლინეს დიდსა ბათო ყაენისასა. და წაჰყვნენ თანა შანშეს ძე ზაქარია, ვარამის ძე აღბუღა და სარგის თმოგველი. წავიდნენ ბათოს წინაშე.
როცა მიიწივნეს, კეთილად შეიწყნარნა ბათო, შანშეს ძე ზაქარია და აღბუღა თვისად დაიჭირა და მეფე დავით მანგუ ყაენს წინ წარავლინა. და წაჰყვა თანა სარგის თმოგველი ყარაყურუმს. მიიწიეს მანგუ ყაენს წინაშე, რომლისადა მიემცნო ბათოს, რათა განიხილოს და განბჭოს, რომელსაცა ორთაგან დავითს ხვდებოდეს მეფობა, მას დაუმტკიცოს.
ხოლო მიიწიეს რა, დახვდნენ მანგუ ყაენისსა ნარინ დავით მეფე, ათაბაგი ავაგ, სურამელი, გურკლელი, ამირეჯიბი ბეშქენ. და ესე მრავალ ჟამ იმყოფებოდნენ ხატაეთს და ყარაყურუმს.
მაშინ ინებეს თათართა ნოინთა, საქართველოს მყოფთა, მიყვანა სულტნისა ყიასდინისა წინაშე მათსა, და მოუწოდეს ელჩთა, მსწრაფლ წარავლინეს. როცა იხილეს სულტანი სიმდიდრითა უზომოთა და განსაკრთომელითა, ინებეს მისიცა წარვლენა ყაენს ბათოს თანა, და წარავლინეს იგიცა. და თუ სადა ვინ იყო ხელმწიფე, დამორჩილებული მათი, ბათოსთან წარავლენდნენ, და ბათო მანგუ ყაენს თანა წარავლინის, ვითარ-ესე სულტანი ყიასდინცა წარავლინა მანგუ ყაენისასა. და იმყოფოდნენ ორნი იგი დავით და დავით, ყიასდინი, სულტანი საბერძნეთისა, ხლათისა სულტანი და ათაბაგი ავაგ ხატაეთს და ყარაყურუმს, და დაყვნენ ხუთისა წლისა ჟამი.
21. ხოლო ამათ ჟამთა იქმნა საქმე ესე. ამას მანგუ ყაენს ესხა ძენი ორნი26: უხუცესი ყუბილ ყაენ27, უმცირესი ულო28, რომელსაც ეჯანი უწოდეს. ამან მანგუ ყაენმან განაჩინა ყაენად პირმშო ძე თვისი, ყუბილ ყაენ, და უბრძანა ლაშქრობა დასავლეთით კერძო, ბაბილოვანსა, რომელიც არის ბაღდადი, და ეგვიპტისა და ყოვლისა დასავლეთისა კერძოთა. ხოლო ულოს (ჰულაგუ) უბრძანა წასლვა დიდად ინდოეთად და იქ გალაშქრობა. მაგრამ ძნელად აღუჩნდა ყუბილ ყაენს წამოსლვა დასავლეთით, ულოს – წასლვა ინდოეთის კერძოთა. მაშინ ევედრა ულო ძმასა, რათა გაცვალონ ლაშქრობა და ულო დასავლეთით წამოვიდნენ და ყუბილ ყაენ – ინდოეთს. როცა ცნა ყუბილ ყაენმა, სიხარულით შეიწყნარა სიტყვა ულოსი და გაცვალეს ლაშქრობა. და მოახსენეს მანგუ ყაენს, მამასა მათსა, სალაშქროსა განცვალება და ულოსი ბაბილოვანს და ეგვიპტეს წასლვა, რომელსა ნება-სცა მანცა. და მოუწოდა ძესა თვისსა ულოს და მისცა ლაშქარი ექვსი ბევრი მხედარი დედა-წულითა მათითა და ხვასტაგითა. და განაჩინა მხედართმთავრად, რომელსაც ულუს-ნოინობით უწოდეს და აწ ბეგლარბეგად, სახელად ელგა ნოინ, ნათესავით ჯალაირი, კაცი პატიოსანი და სათნოებიანი, სიმართლისმოქმედი. ამას მოსცა მხედარი ათი ათასი. წავიდნენ ულო და მხედართმთავარი მათი ელგა ნოინი, განვლეს თურანი და ჯეონი, მოიწივნენ ხორასნის არესა და მიერ ალამუთს29.
როცა მოიწიეს ბრძოლად ალმუთისა, მოკვდა მანგუ ყაენი. და დასვეს ტახტსა მამისა მისისასა ყუბილ ყაენი, რომელიც მამასა მისსა დაედგინა ყაენად. და დარჩეს ყარაყურუმს ზემოხსენებულნი ესე ხელმწიფენი – დავით და დავით უცალოებისაგან თათართასა.
ხოლო ულო (ე.ი. ჰულაგუმ) მოიწია ადარბადაგანს მხედრითა სამოცი ათასითა. როცა ცნეს ნოინთა ჩორმაღონ, იოსურ, ბიჩო, ანგურაგ, წარემართნენ მიგებებად ულოსა, და თანა-წაიყვანეს ყოველნი წარჩინებულნი საქართველოსანი, და უმეტეს ეგარსლან, რომელსაც, როგორც მეფესა, მორჩილებდნენ ყოველნი მთავარნი საქართველოსანი. და მიეგებნენ ადარბადაგანს. და შეიკრიბნენ ორნივე თათარნი, პირველ მოსულნი, რომელთაც თამაჩის უწოდებენ, და ულო ყაენს თანა მოსულნი.
და წარჩინებულნიცა საქართველოსანი მივიდეს ულოს (ჰულაგუს) წინაშე. იხილა და კეთილად შეიწყნარა, და აამხედრა, მათ თანავე მბრძოლად განაჩინა, და უბრძანა რომელსამე ულდაჩად, რომელიც არის მეხმლე, რომელსა არტყია ხმალი და კარსა ზედა მდგომარე არის; რომელსამე სუქურჩად, ესე იგი არის, რომელსაც საგრილობელად შექმნული მრგვალი შესაკეცელი და გასაშლელი ქონდა თავსა ზედა ყაენისასა, მაღალსა შეშასა, როგორც ბუნსა დროშისასა ზედა განრთხმილი იყო. ამას სუქურად სახელ-სდებდეს, და უკეთუ არა ყაენთა ნათესავი იყო, არავის ხელ-ეწიფებოდა დაჩრდილება მათი; სხვათა ყუბჩაჩად, რომელთაც ქონდა ტანისამოსი და ალაქ-ბაშმაღი; სხვათა ეგვდანჩად, რომელიც არიან კარისმცველნი მეკარენი; სხვათა ყორჩად, რომელთა ქონდა მშვილდ-ქარქაში. ესევითარითა უშვერითა პატივითა პატივ-სცა ყაენმან დიდთა ამათ მთავართა საქართველოსათა და თვითეულსა პატივად განუჩინა.
და წამოვიდნენ ადგილსა, რომელსაც ეწოდება ალატაღი. და მივიდნენ ყოველნი მორჩილნი წინაშე მისსა, და დაჯდა ტახტსა სახელმწიფოსა, და ილოცეს წესისაებრ მათისა და უწოდეს ყაენად. აქა იწყო ყაენობა ამათ ზედა ულოსი.
რამეთუ პირველ ამათ თამაჩთა ნოინთა ოთხთა მიერ განეგებოდა ქვეყანა საბრძანებელისა მათისა. პირველად რომგური, რომელიც არის ხორასანი, ერაყი, ადარბადაგანი, მოვაკანი და ბარდავი, შირვანი, საქართველო ყოველი, ხლათი და მცირე აზია დიდი ვიდრე ასიამდე ამათ ოთხთა ნოინთაგან განეგებოდა და მათი საურავი იყო, როგორც ძველ ოდესმე შემდგომად სიკვდილისა რიმოისა რომოსიონთა ქვეყანათა განაგებდენ ოთხნი იპატოსნი. და ვინაიდან მოიწია ულო, იწყო საურავად ქვეყანად და განაგებდა წესთა ყაენობისათა აღსრულებად.
მათვე ჟამთა წარმოავლინეს სხვათაცა ყაენთა შვილნი მათნი, რომელთა ქოუნ უწოდებენ: ბათო – ვიდრემე ტუთარ, ჩაღატა ყაენის შვილმან, ურყან30, – ყული და თულის ნათესავისაგან – ბალაღა31, რათა ქვეყანა მათი წილხდომილი ყაენის შვილთა დაიპყრან და ხარაჯას იგინი აიღებდენ. და ოქოთა ყაენის შვილისშვილი, ყუბილ ყაენის ძმა, ულო, აქა დახვდა პირველად მოსული. როცა იხილა ულომ სამნი ესე ქოუნნი, შეიწყნარა და მისცა ქცეყანა ხცედრი მათი, და ესე მშვიდობით იყოფოდნენ.
ხოლო ქვეყანა სამეფო, საყდარნი და მცხეთა და მისი მიმდგომი ქვეყანა და მონასტერნი არავისაგან იცვებოდენ, რამეთუ წარჩინებულნი სამეფოსანი თვისისა ქვეყანისათვის ზრუნვიდნენ. ამისთვის წავიდა ულოს წინაშე კათალიკოზი ნიკოლოზ, მხილველი კაცი, ანგელოზთა მობაძე, მრავალთა მოღბაწებათა შინა საკვირველი, მართლმადიდებელი, ძლიერი და თვალუხვავად მამხილებელი მეფეთა და მთავართა, რამეთუ იყო უმანკოცა, და არავის თვალნი აუხვნის. იხილა რა ყაენმან, განკვირდა წესსა და ხილვასა შესახედავსა მისსა, რამეთუ არა მეცნიერ იყო ნათესავსა ქართველთასა, გარდა არქუანთა. და პატივ-სცა, დაუწერეს იერლაყი, რომელიც არის ბრძანება. შეუქმნეს და მოსცეს შანად ჯვარნი ოქროსანი და შეუმკვნა თვალითა და მარგალიტითა, და უბოძა ერთი თვით კათალიკოზსა და ერთი – მოძღვარსა ვარძიისასა, რომელიც თანა-ჰყავდა კათალიკოზსა. და არგანიცა იგი, ოქროთა შემკული, მოანიჭა კათალიკოზსა, ჯვარიანი იგიცა. და ესე პატივითა წარმოავლინეს, და დაიცვნა ყოველნი საყდარნი და მონასტერნი.
22. ხოლო იყვნენ ორნივე დავით და დავით ყუბილ ყაენს წინაშე და ეძიებდნენ ორნივე მეფობასა. თმოგველი სარგის ძლიერად წინა-აღუდგებოდა თვით ნარინ დავითს და რომელნიც მის წინაშე იყვნენ, თანაზრდილნი მისნი, რამეთუ იტყოდნენ: „არა ჯერ-არის, რათამცა ნაშობმა დედაკაცისამან დაიპყრას მეფობა და არა ძემან თვითმპყრობელისა მეფისა მამაკაცისამან“. ხოლო იგინი მიუგებდნენ: „მართალია ნარინ დავით დედაკაცისა ნაშობი არის, მაგრამ მეფევე იყო გვირგვინოსანი რუსუდან, ძმისა მისისა გიორგისაგან დატოვებული, და მეფისავე ძე არის ნარინ დავით“. და როცა გაგრძელდა ცილობა, ავაგ ამირსპასალარი წარმოავლინეს და მისცეს იერლაყი შეწყალებისა, და ქალი ქმნულკეთილი, ნათესავი წარჩინებულთა, სახელით ესლომ, და ელჩი ულოს ყაენს თანა, რათა კეთილად შეიწყნაროს ავაგ. და ესე მოიწია ულო ყაენს წინაშე, ხოლო მან პატივითა შეიტკბო და წარმოავლინა საქართველოს, მამულსა თვისსა.
და როცა ცნეს ქართველთა მოსლვა ავაგისი, ამირსპასალარისა, წინა-მოეგებნენ ყოველნი მთავარნი და წარჩინებულნი, თვით შანშე და ეგარსლან, რომელსაც კნინღადა სახელიცა მეფობისა ეპყრა. და როცა მიეახლა ავაგ, ჰგონებდა ცხენისაგან გარდამოხდომად და ეგრეთ ხილვად ეგარსლანისაგან. ხოლო იგი განლაღებულ იყო, არა ინება წესისაებრ პატივით ხილვა და ამბორისყოფად ავაგისა. და როცა იხილა ავაგ, განძვინდა, თავსა მათრახითა უხეთქნა და უბრძანა მის ქვეშე დაწესებულთა, რათა ცხენისაგან უპატიოდ დაამხვან ქვეყანად, და ყვესცა ეგრეთ, პატივისაგან უპატიოყვეს და განძრცვილი განაძეს, და ამიერიდან უპატიო იქმნა. და ესე განაგდეს შანშე და ავაგ და თავადთა საქართველოსა.
ხოლო ჩვენ პირველივე სიტყვა მოვიხსენოთ. და რადგან ცილობა იყო მეფეთა შორის და არა განეჩინა ყუბილ ყაენმა, თუ რომლისა იყოს მეფობა, ამისთვის დარჩნენ მრავალთა წელთა ყარაყურუმს. ხოლო სულტანი ყიასდინი და ხლათელი წარმოავლინეს ავაგსავე თანა, და მივიდნენ სახლსა სამეფოდ მათდა. და რადგან განგრძელდა ყოფა ყარაყურუმს და ხატაეთს ორთავე მეფეთა, მაშინ ინება ყაენმან ყუბილმან, წარმოავლინნა ორნივე მეფენი ძმასა მისსა ულოს თანა, და ამცნო ესე, რათა, უკეთუ სურდეს, ორთავეს მისცეს მეფობა, რომელიც ყოცა ულომ ბოლოს. და ესე მოიწივნენ ულოს წინაშე, რომელიც იხილა და შეიწყნარა, და ორთავე მეფობა დაუმტკიცა და მისცა ყოველი სამეფო მათი.
და როცა ესმა ქართველთა მოსლვა მეფეთა, უზომოთა სიხარულითა აღვსებულნი წინ-მიეგებნენ, ალატაღს იმერნი და ამერნი წარჩინებულნი, და იყო სიხარული და მადლობა ღმრთისა. როცა დაყვეს მცირედი ჟამი ულო ყაენს წინაშე, წარმოავლინა ქართლს, და მოვიდნენ ტფილისს სიხარულითა. და შეიკრიბნენ კათალიკოზისა თანა ყოველნი ეპისკოპოზნი და ყოველნი მთავარნი და ერისთავნი, დასხდნენ ტახტსა მამათა მათთასა ტფილისს დავით და დავით – ორნივე.
ხოლო მოწევნულ არის ესეცა სიტყვა, რომ სხვა ვინმე ყოველთა აღმწერელი იტყვის: ყარაყურუმს ყოფასა ორთავე მეფეთასა გუიუქ ყაენმან32 ესე გაბჭო, რომ მეფობა ლაშას ძესა დაუმტკიცონ, და ესე წარმოავლინა, და რუსუდანისა ძე, დავით, მაშინვე ლტოლვილი ღამით გაიპარა და წავიდა აფხაზეთს. და მე არა შევიწყნარებ ამას. პირველად უწყოდეთ, რომ გუიუქ ყაენსა მას არა გაეყო, და არცა მანგუ ყაენს, ყუბილის და ულოს მამასა, და მეფობა ორთავე მანგუ ყაენის შვილმან, ყუბილ ყაენმან, მოსცა და ულო ყაენისა წარმოავლინა, და მანცა ორთავე დაუმტკიცა მეფობა.33
IV
23. და ორნი დასხდნენ ტახტსა ზედა და საამისო მრავალი სიგელი იპოვება და თვით მე მინახავს, რომ სიგელისა თავსა სწერია: „მეფენი ბაგრატოანნი“, და „ნებითა ღმრთისათა, დავით და დავით“, და ხელიცა ორთავესი რთავს: „ჩემ დავითისგან მტკიცე, და ჩემ დავითისგანცა მტკიცე არის“. ხოლო დასხდნენ ორნივე მტკიცედ მეფედ, როგორც ვთქვი, რომლისათვის საეჭველ იქმნა შანშესგან ლაშას ძისა დავითის სიყვარული, და ავაგისგან რუსუდანის ძისა დავითის მიმდგომობა. და ვერ განაცხადეს, რამეთუ ორნივე, დავით და დავით, სიყვარულსა ზედა ეგნენ და არა წინა-აღუდგებოდნენ ერთმანერთსა. და მორჩილობდნენ ყაენსა ულოს და ხარაჯას მისცემდნენ. ხოლო უპირატესი პატივი და ზემოჯდომა ლაშას ძესა, დავითს, ეპყრა ლაშას ძეობისათვის, და არა უხუცესობისათვის.
ვინაიდან თათარნი არა დამშვიდნენ ყოველთა ნათესავთა სრვად და ოხრებად, და თანამბრძოლ ქონდნენ ქართველნი წყობათა შინა სიმხნისა მათისათვის, ამისთვის დიდსა ჭირსა შინა იყვნენ მეფენი და მთავარნი. დაუცხრომლად ებრძოდნენ ურჩთა, და უმეტეს ალამუთს მყოფთა. რამეთუ შვიდისა წლისა ჟამთა გაგრძელდა ბრძოლისა ყოფა მათი. ამისთვის წარავლინა ულოცა ნოინნი და მათ თანა მეფე გიორგის ძე, დავით, ქართველთა სპითა, რათა ებრძოდენ ალამუთს. ხოლო იგინი, ამისნი მცნობელნი, მრავალთა ომთა მიერ შევიწროებულნი, ყოვლისა ღონისძიებისაგან უღონოქმნილნი, ივლტოდნენ ეგვიპტედ, რომელიც არის მისრი, რამეთუ აიღეს დედა-წული და ხვასტაგი და ყოველი სიმდიდრე მათი, და იქ დაამკვიდრდა სულტანმან მისრეთისამან. და აწ რომელი მულიდნი მისრეთიდან გამოვლენ, იგივე ალამუთელნი არიან, იქ დამკვიდრებულნი.
და ესე რა ხელთ-იგდო ულო ალმუთი და ყოველი ხორასანი, ინება ამხედრება ყოველთა ნათესავთა ურჩთა და მოსრვიდა კაცთა ესოდენ, რომ თორმეტი დღე ოდენ დაყვეს ერთსა სადგურსა ზედა ამისთვის, რომ მოკლულითა კაცითა აღყროლდა ადგილი იგი, რომელიც იდგნენ. ხოლო უმეტეს სპარსთა ამოწყვეტდა, რამეთუ საძაგელ უჩნდის სჯული მუსულმანთა. ხოლო ამას თანა ქონდა სამართალი განმკითხველობისა.
ამას ულოსა თანა იყვნენ მარადის მეფენი ორნივე, დავით და დავით. ხოლო იყო ესე ლაშას ძე დავით ტანითა დიდ და ახოვან და მსხვილ და მოისარი მაგრითა მშვილდითა, უმანკო, წრფელ, მალემრწმენ, შემნდობელ ბოროტისმყოფთა. და რუსუდანის ძე დავით იყო ტანითა ზომიერ და თხელ, ფერითა ფეროვან და მშვენიერ, და თმითა თხელ, ფეხითა მალე, მონადირე რჩეული და კეთილად მსროლელი ნადირთა, ენატკბილ და სიტყვიერ, უხვი და მდაბალ, ცხენსა ზედა მხნე და ლაშქრობათა შინა გამგონე და სამართლისმოქმედ, უმეტესობის მოღვაწე. ესენი უმრავლესსა ჟამსა ულოს ყაენს წინაშე იყვნენ. და ულო ლაშას ძისა დავითისთვის უმეტეს მოყვარულ იყო და რუსუდანის ძისა დავითისთვის მოძულე. ხოლო როცა იყო რუსუდანის ძე ალატაღს, ულოს წინაშე, დაიპყრეს და წარმოავლინეს საზამთროსა ადგილსა ბარდავს. და როცა მოიწიეს ნახჭევანს, იქედან წავიდა აფხაზეთს დავით რუსუდანის ძე სამითა ოდენ კაცითა, რომელიც იყო გურკლელი და ამირეჯიბი და სურამელი ბეგაი, რომელსაც თათარნი სალინ-ბეგს უძახდნენ, ესე იგი არის კარგი ბეგაი. წავიდა აფხაზეთს, რამეთუ ლაშას ძე დავით ტფილისს იყო მას ჟამსა. და როცა მოიწია ნარინ დავით ქვეყანად ავაგ ათაბაგისა შეურაცხითა შესამოსლითა, იხილა იგი მომავალი ნადირობას მყოფმან სუმბატ ორბელმა.
მეფისა მიერ ორბელთა ამოწყვეტისას ერთი ლტოლვილად წასულ იყო ნახჭევანს, სახელითა ლიპარიტ. ესე მიიწია ქვეყანად ელიგუნისად. ხოლო ელიგუნ იხილა რა ლიპარიტ ორბელი, სიძედ შეიყვანა და ასული თვისი აქორწინა, რომელმან შვნა ორნი ძენი, რომელსაც უწოდეს ერთსა ელიგუნ და მეორესა სუმბატ. და შვილად მიიყვანა ელიგუნ სუმბატ. ამის სუმბატის შვილმან შვილისამან, სუმბატ, შეიმთხვია დავით და წაიყვანა სახლად თვისად. ხოლო დავით ევედრა სუმბატს, რათა არა განაცხადოს, და წარავლინოს აფხაზეთს, და თვალიცა მისცა იგი სახელოვანი, რომელიც წარეტანებინა დედასა მათსა რუსუდანს. და წარმოავლინა უნდოთავე შესამოსლითა შიშისათვის თათართასა. და მოიწია თორს, ლიპარიტ თორელისასა, რომელსაც დევისყურცა ეწოდებოდა. და მან უძღვნა ცხენი და შესამოსელი, წაჰყვა ქუთათისს. ხოლო როცა ცნეს აფხაზთა, სვანთა, დადიანმან, ბედიანმან, რაჭის ერისთავმან და სრულად ლიხთ-იმერელთა, შეკრიბნენ სიხარულითა დიდითა და მეფე ყვეს დავით აფხაზთა ვიდრე ლიხთამდე.
და აქა შინა შეიქმნა სამეფო ესე ორ სამთავროდ, თუმცა ეგრეთცა იყვნენ სიყვარულსა ზედა ერთმანერთისასა დავით და დავით. და დარჩა ლიხთსაქეთი ლაშას, ძესა დავითს. და ლიხთიმერი რუსუდანის ძესა. და მოიწყო ყოველი ქვეყანა და მოიგო სიმდიდრე უზომო და წარმართა სახლი სამეუფო კეთილად, და მონებდა ყაენსა.
მაშინ წარმოავლინა ელჩი დიდმან ყაენმან ბათო34, რომელსაც ეპყრა ყივჩაყეთი და ოვსეთი, ხაზარეთი, რუსეთი, ბორღალეთი ვიდრე სერბეთამდე, დარუბანდამდე და ხატაეთამდე, და მოუწოდა მეფესა დავითს. და წავიდა წინაშე ბათოსა მეფე დავით ნიჭითა უზომოთა, და დაუტევა განმგებელად სახლისა სამეუფოსა დედოფალი ჯიგდა-ხათუნ და მესტუმრე ჯიქურ, რამეთუ იყო ესე ჯიქური ერთგული მეფეთა უმეტეს ყოველთა კაცთა. რამეთუ სრულიად სამეფოსა შინა მპარავი და ავაზაკი არ იპოებოდა, და თუ სადაც გაჩნდებოდა, ძელსა ჩამოჰკიდებდნენ; და სხვად არარა ნიჭთა მქონებელი. ესე განდიდა მეფისა დავითის მიერ დიდად ერთგულობისათვის, ხელთ-უდვა სამეფოსა და სახლისა განგება, და დაუტევა ტფილისს დედოფლისა წინაშე, რომელმან აღაშენა ისანთა პალატი განგებითა დიდითა, და ფხოველნი მოხარკე ყვნა და მეჯორედ ყვნა კაცნი იგი მხეცისა ბუნებანი.
და წავიდა მეფე წინაშე ბათოსა, პატივითა შეიწყნარა და ყოველი სათხოველი აღუსრულა. და იყოფოდა მეფე წინაშე ბათოსა ჟამთა მრავალთა. და თვითეული თემისთემისა ადგილი თვითეულსა კაცსა შევედრის, რომლისათვის კახეთიცა პანკელსა თორღვას შევედრა და ამცნო, რათა ბრძანებასა დედოფლისასა ეურჩებოდა. იფიქრა თორღვამან აღარ მოსლვა მეფისა, უკუდგა პანკისს ციხესა, თვისად დაიჭირა კახეთი, აღარ მორჩილდებოდა დედოფალსა და მესტუმრესა ჯიქურსა.
მაშინ შეიწყალა ყაენმან მეფე დავით და მოსცა სუქური საჩრდილობელი, რომელიც სხვასა არავის ქონდა, გარდა ყაენთა და ნათესავსა მათსა. და მოუმცნო ულო, რათა გარეშე ულუსისა ნოინისა კიდე ურდოს შესლვასა მეფისა ზედათ არავინ დადგებოდა, რამეთუ ესე იყო წესი თათართა, რომ ყაენის წინაშე არავინ დაჯდებოდა, არცა პურისჭამასა შინა. ესე პატივ-სცა მეფესა და წარმოავლინა სამეფოდ ქართლად. და როცა მოიწია ჰერეთს, მიეგებნენ ყოველნი წარჩინებულნი სამეფოსა მისისანი. ხოლო თორღვა შეშინებული უკუდგა პანკისს. და მეფე მოიწია ტფილისს. და იყო სიხარული ყოველთა მკვიდრთა საქართველოსა. ხოლო თორღვას მოუწოდა მეფემან დავით, და არა მოვიდა კარად მეფისა შიშისათვის. და მრავალჯერ უწოდა, და ვერ შეძლო გულპყრობად მოსლვად. მაშინ განზრახვითა ჯიქურისათა წავიდა ხორნაბუჯელი, მივიდა თორღვას სახლსა, რათა მას მიენდოს ფიცითა მტკიცითა. ხოლო თორღვამან უთხრა: „წავალ ალავერდს გიორგის წინაშე, და იქ შემომფიცე და იქ მიმინდევ“. და წავიდნენ ორნივე, და თორღვა გამოება ფესვსა სამოსლისა ალვერდისა მთავარმოწამისასა. და მივიდა ხორნაბუჯელიცა, შეჰფიცა და გამოხსნა ფესვისაგან. ხოლო თორღვამან უთხრა: „რა-იგი ჰყო ჩემ ზედა, ამა წმიდამა გიორგი გიყოს შენ, რამეთუ მარტო ვარ და სიკვდილითა ჩემითა უმკვიდრო იქმნება მამული ჩემი, და ეგრეთვე უმკვიდრო ყოს წმიდამა მთავარმოწამემან სახლი შენი“. და წამოიყვანა ხორნაბუჯელმან, ფიცთა მტკიცეთა მიერ შეკრულმან, ტაბახმელას, და შეურაცხყო აღთქმა და ფიცი იგი, და შეიპყრა ჯიქურმა განზრახვითა დედოფლისათა, გარეშე მეფისა ცნობისა, და წაიყვანეს კლდეკართა და გადმოაგდეს.
ხოლო როცა მიეგო ბოროტი ხორნაბუჯელსა ალავერდის მთავარმოწამისა აღთქმისა და ფიცის გატეხისათვის, იხილეთ, რამეთუ ესვა შვილი ხორნაბუჯელსა, სახელით შალვა, სიკეთეაღმატებული. ამას შალვას ესხნენ შვილნი და მყის დაიხოცნენ, და ეგრეთ ბერი ხორნაბუჯელი მოკვდა მწუხარებითა, და ხედავთ უმკვიდრობასა სახლისა მისისა. და დარჩა მათი შვილი, სახელით შალვა, რომელიც ბოლოს თათართა მიერ მოიკლა, და უმკვიდრო იქმნა სახლი მისი. და ესე შური-იგო ალავერდისა მთავარმოწამემან.
ხოლო როცა მოიწყო დავით მეფემან სამეფო, წავიდა ყაენს ულოს წინაშე ნიჭითა დიდითა, რომელიც იხილა რა ულო ყაენმან, პატივითა შეიწყნარა, და ნოინთა თანა დააწესა წინა სადგომად და ჯდომად. და განმკითხველად და ბჭედ.
24. ამათ ჟამთა ინება ულო ყაენმან აღმხედრება ბაბილოვანს ზედა, რომელიც არის ბაღდადი, და ხელმწიფესა ბაბილოვნელთასა ხალიფას ზედა. და მოუწოდა ყოველთა სპათა მისთა და წარემართა ბაღდადს ბრძოლისა ყოფად ხალიფასა. მივიდა ქვეყანასა ბაბილოვნისასა, და ვერ წინა-აღუდგა ხალიფა, არამედ შეივლტოდა ბაღდადს. ხოლო ყაენი გარე-მოადგა და მოიცვა იგი. ერთ კერძო თვით ყაენი მოადგა წყალს აქეთ, და წყალს იქით – ელგა ნოინი, და ერთ კერძო მეფე დავით, რამეთუ მის წინაშე იყვნენ ყოველნი წარჩინებულნი საქართველოსანი. და ებრძოდნენ ძლიერად არა მრავალთა დღეთა, არამედ თორმეტი დღე, აიღეს ბაღდადი35.
მეფემან დავით უბრძანა ლაშქართა მისთა, რათა შეთხარონ ზღუდეთა ქვეშე. და შეთხარეს, ზღუდესა შიგან შევიდნენ ქართველნი და იქმნა ძლიერი ბრძოლა, და მოსრვიდნენ სპათა ბაღდადელთა, და შიში ფრიადი ქონდა ბაღდადელთა. და ესე გააღეს კარნი ქალაქისანი ქართველთა და თათარნი შევიდნენ. ამისი მცნობელი ხალიფა, რომ შევიდეს ქალაქად თათარნი, ივლტოდა ნავითა წყალსა მას ზედა, რომელიც ქალაქსა სდის. იხილა ელგა ნოინმან, რომელიც იყო წყალსა იმიერ კერძო, მოუხდა, და ვერ უძლო წასლვად, უკუნ-იქცა პალატად თვისად. ესე ადვილად რა ხელთ-იგდეს სახელგანთქმული იგი ქალაქი ბაბილოვანი, ვინმე მიუთხრეს განსაცდელნი და ჭირნი, რომელიც მოიწიეს ბაღდადს ზედა? მოსრეს მახვილითა ესოდენი სიმრავლე, რომელიც არა იყო რიცხვი. სავსე იყვნენ უბანნი, ფოლოცნი და სახლნი მკვდართა მიერ. ხოლო სიმდიდრისა და ალაფისა, მაშინ პოვნილთა, ვინ-მე მიუთხრნეს? რამეთუ აივსნენ თათარნი და ქართველნი ოქროთა, ვეცხლითა, თვალითა, მარგალიტითა პატიოსნითა, ლარითა და შესამოსლითა, სამსახურებელი ჭურჭელითა ოქროსა და ვეცხლისათა, რომ არავინ აიღებდა გარდა ოქროსა და ვეცხლსა, თვალსა და მარგალიტსა, და შესამოსელთაგან კიდე. სხვანი ჭურჭელნი, ჩინეთიდან და ქუშანიდან მოხმულნი და იქ შექმნილნი. სპილენძი და რკინა უპატიოდ იბნეოდა. და ესე აივსნენ ლაშქარნი, რომ უნაგირნი და კურდანი, და ყოველი შეურაცხი სამსახურებელი თვალითა და მარგალიტითა და წითლითა ოქროთა გატენენ, და ზოგთა ხმალთა ვადისპირსა მოსტეხდნენ და ქარქაშნი წითლითა განტენენ და ზედა ნატეხნი ხმლისა ჩააგნიან. ზოგთა მკვდარი კაცი ბაღდადელი გამოწლიან და წითლითა ოქროთა, და თვალითა და მარგალიტითა გატენენ და, როგორც თვისი მკვდარი, გაიყვანენ გარეშე ქალაქსა. და ესე აოხრებდენ და ჰხოცდნენ და ტყვე ჰყოფდნენ.
მიიწინეს პალატად ხალიფასა, გამოიყვანეს ხალიფა და ძე მისი, და ყოველი სიმდიდრე მისი განსაკვირვებელი, და მოიყვანეს წინაშე ყაენის ულოსა. და როცა წარადგინეს წინაშე მისსა, ეტყოდნენ ხალიფას, რათა თაყვანის-სცეს ყაენსა. ხოლო მან არა თავს-იდვა, დადგა და ეტყოდა: „ხელმწიფე ვარ თვითმპყრობელი და მონებასა ქვეშე არავის მყოფი. უკეთუ განმიტეო, დაგემორჩილები, და თუ არა განმიტეოთ, არღარავის მონებასა ქვეშე მყოფი მოვკვდები“. ხოლო იგინი აიძულებდნენ თაყვანისცემად, გამოცელეს ფეხნი მისნი და პირაღმართ დაეცა, და არა თაყვანის-სცა. ბრძანა გაყვანება გარე და წარავლინა ელგა ნოინი, რათა მოკლან ხალიფა და შვილი მისი. როცა უთხრეს ხალიფას, „ყაენმან შეგიწყალა“. მხიარულ იქმნენ და ეტყოდა: „როცა შემიწყალებს, განმიტეოს და ბაბილოვანივე მომცეს“. ხოლო ელგა ნოინმან უთხრა: „არა, არამედ ყაენი თვით მისითა ხელითა და ხმლითა მოგაკვდინებს, და ყაენის შვილი აბაღა შენსა შვილსა მოჰკლავს“. და ხალიფა გაკვირვებული ეტყოდა: „უკეთუ მომკლავთ, გინებს, ძაღლმან, და გინებს, კაცმან მომკლას“. და ესე მოიკლა ხალიფა ყოვლითა სახლეულითა მისითა. და შეიწყალეს დარჩენილნი ბაღდადელნი, და ბრძანა შენება, და დაყარეს შანანი, და ესე სავსენი ტყვე-ალაფითა მივიდნენ სადგურს.
ამათ ჟამთა შინა იქმნა ესეცა, რამეთუ ყაენმან ბათო, რომელიც უდიდეს იყო ყოველთა ყაენთა, ინება გასწორება და აღთვალვა ყოვლისა ქვეყანისა36. და პოვა კაცი ვინმე, ნათესავით ოირადი, სახელით არღუნ, სამართლისმოქმედი და მართლის მეტყველი, და ღრმად გამგონე და გამზრახი რჩეული. ესე წარავლინა ყოველსა საბრძანებელსა მას მისსა რუსეთს, ხაზარეთს, ოვსეთს, ყივჩაყეთს, ვიდრე ბნელეთამდე, და აღმოსავლეთით ვიდრე ჩინეთამდე და ხატაეთამდე, რათა აღთვალოს და განაჩინოს მხედარი და მეომარი, ლაშქრად განმავალი ნოინთა თანა, დიდთა და მცირეთა, ღირსებისაებრ მათისა, ულუფა, რომელიც არის ძღვენი მიმავალთა გზად, ქირა ცხენისა და საპალნისა, რომელიც განაჩინა საბრძანებელსა ბათოსსა, მიერ წარავლინა ყარაყურუმს ყუბილ ყაენს წინაშე, რათა მანცა ესეთ განაჩინოს ხელსა ქვეშე არღუნისასა. და მი-რა-იწია ყუბილ ყაენს წინაშე, ინება მანცა ესეთ ქმნად და წარავლინა იგივე არღუნ განგებად საბრძანებელისა მათისა. და განუწესა იგივე წესი და მივიდა ტახტსა ჩაღატა ყაენისასა და ურყანს წინაშე. ინება მანცა და განაწესეს თურანს, და განაგო მანდაური ყოველი. და გამოვლო ჯეონი და მოვიდა ხორასანს, ერაყს და ყოველსა რომგურსა, და განაგო ესეთვე.
და მოიწია ყაენს ულოს წინაშე, და მან პატივითა შეიწყნარა და წარმოავლინა საქართველოს, მეფეს დავითს წინაშე, და საბერძნეთად, და ყოველსა საბრძანებელსა მათსა ზედა განაჩინა აღწერად და განგებად.37 და როცა მოიწია საქართველოსა, დიდსა ჭირსა მიეცნენ ყოველნი მკვიდრნი სამეფოსა დავითისნი. და იწყეს აღწერად კაციდან და პირუტყვამდე, ყანიდან ვენახამდე, წალკოტით ბოსტნამდე. და ცხრასა გლეხსა, სრულისა მიწისა მქონებელსა, ერთი ლაშქარს წარმავალი კაცი შეადგენენ. და გამოხდა სამეფოსაგან დავითისა ცხრა დუმანი მხედარი, თათართა თანა წარმავალი, რომელიც არის ცხრა ბევრი. და განაწესეს ძღვენი სოფლისაგან ათასისა მხედრისა მთავარსა კრავი ერთი და დრაჰკანი ერთი, ხოლო ბევრისა მთავარსა – ცხვარი ერთი და დრაჰკანი ორი, და მიზდი ცხენისა – თეთრი სამი, დღისა ერთისა. და ესეთ განუწესა და წავიდა მცირე აზიას და ბაღდადს და ყოველგან.
ამან არღუნ განაწესა, რა-იგი ჯერ-იყო, ოთხსავე საყაენოსა შინა, რამეთუ იყო კაცი ესე სამართლისმოქმედი. ხოლო ხუცესთა და მონაზონთა და საეკლესიოთა განწესებათა არა შეაგდო საზღავი, არცა ყალანი, ეგრეთვე შეიხთა და დავრიშთა, და ყოვლისა სჯულისა კაცნი, საღმრთოდ განჩენილნი, განათავისუფლნა.
და მას ჟამსა ინება ყაენმან ულო აღმხედრება ეგვიპტეს ზედა და მოუწოდა მეფესა ყოვლითა სპითა მისითა და წავიდა ბრძოლად სულტნისა38. და მიიწია შუამდინარედ და იწყო ოხრებად ყოველსა შუამდინარესა39 და შამსა. და როცა ესმა სულტანსა ეგვიპტისასა, აღმხედრდა წინაგანწყობად თათართა და მოიწია მდინარესა ზედა ევფრატსა ყოვლით მხედრებით მისით. და მივიდნენ თათარნი და განვლეს მდინარე, რამეთუ არა მოახლოებულ იყო სულტანი პირსა მდინარისასა. და წინა-მიეგებნენ, სულტანი წინა განეწყო და იქმნა ომი ძლიერი, სადაც დავით მეფე და სპანი მისნი წინა-მბრძოლობდეს ძლიერად. და ამოწყვდნენ ორმხრითვე, და ივლტოდნენ მეგვიპტელნი, ხოლო ერი მრავალი ამოწყდა სულტნისა. და ესეთ ყაენმან დაიბანაკა მრავალი დღე პირსა ევფრატისასა, სადაც იხილა ქალაქი მცირე მდინარესა ზედა ევფრატისასა, ძლიერად გამაგრებული, რომლის ერთ მხარეს კლდე იყო და მეორე მხარეს მდინარისა ევფრატისა მიერ შემოცვული. და როცა იხილა ყაენმა სიმაგრე ქალაქისა, უღონო იქმნა ბრძოლად, მაგრამ მოიგონა საქმე საკვირველი, რამეთუ ეტყოდა მის ქვეშე დაწესებულთა: „არა არის ღონისძიება ბრძოლისა ყოფად ქალაქისა. მნებავს, რათა აღვმხედრდეთ და გარე-მოვიცვათ ქალაქი და როგორც ძაღლთა, ვიწყოთ ყმუილი და ყვირილი“. და როცა ესმა ესე, განკვირდნენ, და აღმხედრდნენ და როგორც ძაღლებმა იყმუილეს. და რა მიიწია ხმა ესე ქალაქად, იქმნა საქმე საკვირველი, რამეთუ განსკდა ქალაქი ორად, ნახევარი წაიქცა კლდითურთ წყლისაკენ და მოისპო სული ურიცხვი. ესე ხელთ-იგდო და წავიდა შამად და შუამდინარედ. და მოეგებნენ ყოველნი მკვიდრნი შუამდინარისანი და შამისანი, სავსენი ურიცხვითა ძღვნითა.
25. ხოლო მეფე დავით და ქართველნი იაჯნენ ყაენისაგან წარმოსლვასა, რამეთუ მრავალი ჟამი იყვნენ ლაშქრობათა შინა. მაშინ ყაენმან ულო მისცა თავისუფლება და წარმოემართნენ. და ესე სავსენი ურიცხვითა ნიჭითა და ალაფითა გამდიდრებულნი მეფე დავით და ქართველნი მოიწიენ ადარბადაგანს და იქიდან მოვიდნენ ტფილისს, სავსენი სიხარულითა.
ამათ ჟამთა შინა მწუხარე იყვნენ წარჩინებულნი მეფისანი, რამეთუ ჯიგდამან არა შვა შვილი. ამისთვის ინება მეფემან მოყვანება შვილიერებისათვის ალთუნ, ნათესავით ოვსი, მეუღლედ, აღმთქმელმან, უკეთუ მიეცეს ყრმა წული, აღარა შეიწყნაროს, არამედ განუტეოს. და როცა გამოხდა მცირე ჟამი, მუცლად-იღო ალთუნ ძე და შვა, და უწოდეს სახელი გიორგი, რომელიც აიყვანა და შეიყვანა შვილად დედოფალმან ჯიგდა-ხათუნ. და შემდგომად მცირედისა მიუდგა და შვა ასული, და უწოდა სახელი თამარ. და აქა შინა განიშორა საყვარელი თვისი ალთუნ, ნათესავით ოვსი, რომელიც ფრიად ქმნულკეთილი იყო, და შემდგომად მცირედისა გარდაიცვალა დედოფალი ჯიგდა-ხათუნ, და წაიყვანეს სამარხოსა დედოფალთასა მცხეთას და დაკრძალეს.
მას ჟამსა წავიდა მეფე დავით ულო ყაენს წინაშე მუღანს, რამეთუ იგი ქონდა სადგურად საზამთროდ, და შემდეგ წამოჰყვა სადგურსა საზაფხულოსა, და იქიდან წარმოავლინა მეფე ქართლად, რათა მზად იყოს მეფე ლაშქრად ეგვიპტესა, რომელიც არის მისრეთი. და შემოიარა ქვეყანა ავაგ ათაბაგისა, ივანე ათაბაგის ძისა, რამეთუ მას ჟამსა გარდაცვალებულ იყო ავაგ, და არა დარჩა ყრმა წული, არამედ ქალი ერთი, სახელით ხუაშაქ. და მივიდა მეფე ბიჯნისს ტირილად, და იხილა ცოლი ავაგისი, კახაბერის ძეთა, რაჭის ერისთავთა ასული, სახელით გვანცა, ქმნულკეთილი, ეტრფიალა და შემდგომად მცირედისა მიიყვანა იგი ცოლად და დედოფლად, წამოიყვანა სამეფოდ. ხოლო ქალი იგი ავაგისი დაუტევა მამულსა თვისსა ზედა, და შევედრა მანკაბერდელსა სადუნსა, რომელი იყო კაცი ბრძენი და გონიერი, და კეთილისგანმზრახავი და ჰაეროვანი, ძალითა ფრიად ძლიერი და მორკინალი რჩეული, საჩინო და მოისარი ხელოვანი, რომელიც წარდგა წინაშე და თაყვანი-სცა ულოს და ხელპყრობილმან უთხრა: „ვინაიდან მოგცა თქვენ ღმერთმან ძლევა ყოველთა მტერთა ზედა და ყოველთა კაცთა უმჯობესად გამოგაჩინა, და აწ აქა არის მხედარი ასი ათასი, ვინცა მერკინება, გინა მედგინება, ან ისარსა განვასრევთ, მზა ვარ“. და არავინ იპოვა მსგავსი მორკინალი მისი, და ვინცა იპოვა, ყოველთა სძლია. ესე შეყვარებულ იქმნა ყაენ ულოსაგან, და იწყო განდიდებად. და გონიერებითა მისითა მეფემანცა დავით პატივ-სცა და შევედრა სახლი ავაგისი. ხოლო დედოფალი გვანცა მიუდგა და შვა ყრმა და უწოდა დიმიტრი, რომელიც შემდგომად დავითისა მეფე იქმნა, რომელიც ქვემორე სიტყვამან ცხად-ყოს.
ამის გვანცას დედოფლობა მძიმედ-უჩნდა მესტუმრესა ჯიქურს, რამეთუ მტერ იყვნენ. ამისთვის განზრახვითა სუმბატ ორბელისათა შესმენილ იქმნა: „ჯიქურ წარავლენს კაცთა არღუნს წინაშე, რათა აუწყოს ყაენს ულოს სიმდიდრე მეფისა, და ეგულების განდგომა“. ხოლო ვინაიდან დავით მეფე უმანკო იყო, რომლისათვის უმანკოსა ყოველი სწამს, წარავლინა მსწრაფლ წინაშე მდგომელნი და ბრძანა წინაშე მოყვანება მისი, და სახლისა მისისა იავარყოფად. და როცა აღასრულეს მსახურთა მეფისათა, და წარადგინეს წინაშე მეფისა ჯიქური ღამით, რამეთუ მეფე იჯდა ისანთა მხედველი მტკვრისა, და არა სიტყვა-ყო მის თანა, არამედ განუკითხავად ბრძანა ჩაგდებად მტკვარსა. ხოლო როცა გათენდა, იხილეს ჯიქურ, რიყესა ზედა განგდებული წყლისაგან, და განკვირდნენ ყოველნი მხილველნი ანასდათისა სიკვდილისათვის, და არავინ იპოვა დამფლველი მისი, რამეთუ არა ესვა შვილი. და შეიკრიბნენ ყოველნი გლახაკნი და ობოლ-ქბრივნი და ევედრნენ მეფესა, რათა მიანიჭოს გბამი ჯიქურისი ამად, რადგან მრავალი კეთილი ექმნა მათ ზედა. ისმინა დავით და მისცა გვამი მისი. და მრავლითა გოდებითა წაიღეს ეკლესიასა წმიდისა ქალწულისა ქრისტინასსა, რომელიც ხვარაზმელთაგან დარღვეული ახლად აღშენებულ იყო, და იქ დაფლეს დიდითა პატივითა, რაცა ოდენ გლახაკთა ძალ-ედვა.
ხოლო შემდგომად ამისა ინება ყაენმან ამხედრება სულტანსა ზედა მისრეთისასა, და შეკრიბა ყოველნი მთავარნი და სპანი მისნი, და მოუწოდა მეფესა დავითს და სპასა მისსა ეგვიპტედ. ხოლო შევიწროებულ იყო მეფე და საბრძანებელი მისი არღუნის აღთვალვისაგან, და რომელიც განეწესა: რაცა იყიდებოდა ტფილისს, ასსა თეთრსა ზედა სამი თეთრი საყაენოდ დაიდებოდა. ამას ზედა ხოჯა-აზიზ ვინმე, ნათესავით და სჯულითა სპარსი, განეჩინა და დაეტოვა ტფილისს, რომელიც ესოდენ უწესოდ მიიწია, თუ სამზარეულოსა მეფისასა ცხვარი, გინა კრავი ისყიდებოდა, მას ზედანცა ხარაჯა წაუღიან, რომელსაც ტამღა უწოდეს. ამის მიერ შევიწროებული მეფე ფიქრობდა: „უკეთუ წავიდე ეგვიპტედ, ან თუ განუდგე ყაენსა“, და ვერას დაამტკიცებდა. ბოლოს წარემართა ლაშქრად, და როცა მოიწია ქვეყანად ჯავახეთისად, დაამტკიცა განდგომა, და მოუწოდა თანაგამზრახთა მისთა და უთხრა: „უკეთუ ვისმე ნებავს, დაუტევენ მამული და წამოხვედით ჩემ თანა. უკეთუ არა ნებავს, წახვედით მსახურებად ყაენისა მისრს, რათა დაიცვას ქვეყანა მისი, რამეთუ ნება კაცად-კაცადსა ზედა იყავნ, და მე არღარა მნებავს მონება თათართა მძლავრებისათვის ხოჯა-აზიზისა, რომელიც დაადგინა ჩემ ზედა არღუნმა, რამეთუ ვერ თავს-ვიდებ ესოდენსა შეურაცხოფასა“. ხოლო წარჩინებულნი ამის სამეფოსანი რომელნიმე დაეთანხმა, და რომელნიმე – არა, თუმცა ეგრეთცა დაამტკიცა განდგომილება. და უმრავლესნი წავიდნენ ყაენის წინაშე: შანშეს ძე ივანე, და გრიგოლ სურამელი, თორელი კახა, ერისთავი ახალქალაქისა, თავნი და პირნი ქვეყანისანი წავიდნენ ყაენს წინაშე, და უმრავლესნი ჰერ-კახნი.
როდესაც გაიგო მეფემან წასლვა დიდებულთა, მანცა ნება-სცა, და წავიდა განდგომად. და მოუწოდა სარგის ჯაყელს ციხისჯვარელსა, რომელსაც ქონდა პატივი სამცხის სპასალარობისა, და ეზრახა, რათა განუდგენ ყაენს. დამორჩილდა სარგის და წამოიყვანა სამცხეს, სახლსა მისსა, და ფრიადითა პატივითა დაასვენა უმეტეს წესისა მეფეთასა, და აძლევდა ყოველთა ციხე-ქალაქთა და ქვეყანათა მისთა გამოსაზრდელად მეფისა და ლაშქრისა მისისათვის, ხოლო მეფემან არა ინება. და დაყო ზაფხული იგი მცირე ერთგულითა, რომელნიც დადგნენ ერთგულებასა მისსა ზედა, და ესეთ იყოფოდნენ სამცხეს. ხოლო დედოფალი გვანცა და ძე მცირე მისი, დიმიტრი, დატოვა სახლსა ავაგისსა ბიჯნისს.
26. ამას შინა მოვიდა ყაენი ულო გამარჯვებული ბრძოლისაგან სულტნისა მეგვიპტელისა, რამეთუ სძლია მათ და აოტნა, სადაც იქ დამხვდართა ქართველთა ძლიერი ბრძოლა ყვეს. ხოლო როცა მოიწია საზაფხულოსა სადგურსა თვისსა, ალატაღს, და შემდეგ სიაქუსა, და მერე წავიდა საზამთროსა ადგილსა, რომელსაც აწ ყარაბაღს და მუღანს უძახიან, იკითხა საქმე დავითისი, და გაიგო განდგომილება მისი. მოუწოდა არღუნს და ორასთა მთავართა, და აჩინა მხედართმთავრად და მისცა მხედარი ოცი ათასი, და უბრძანა ქართველთა, რომელნიც ემორჩილებოდნენ მას, რათა წაჰყვენ არღუნ ოირადსა. და მივიდენ მეფესა ზედა სამცხეს და ბრძოლა უყონ. წამოვიდა არღუნ მხედრითა ოცი ათასითა და შემოვლო განძა და სომხითი და მოიწია ტფილისს. და იქ შეუერთდნენ ყოველნი ესე ზემოხსენებულნი მთავარნი საქართველოსანი და წარმოემართნენ სამცხეს ბრძოლა-ყოფად მეფისა. და როცა ესმა მეფესა დავითსა მოსლვა არღუნისი და ყოველთა მთავართა ქართლისათა, მოუწოდა მესხთა, შავშ-კლარჯთა და ვინცა დადგომილ იყო ერთგულებასა ზედა მისსა, შეკრიბა მცირედნი კაცნი, მხედარი რვა ათასი, და აჩინა მხედართმთავრად სარგის ჯაყელი, კაცი მხნე და შემმართებელი, და მრავალჯერ გამოცდილი და სახელოვანქმნილი წყობათა შინა, ტანითა ახოვანი, ხელოვნად მებრძოლი ცხენსა ზედა, მხნე მოისარი, საჩინოდ ნადირთა უცთომლად მომსრველი, და მისდა მინდობილ იყო მეფე, ერთგულებაცა დიდი ქონდა მეფისა. და წარავლინა წინამიგებებად და წყობად არღუნისა, და წარემართნენ და დადგენ ხევთა. ხოლო არღუნმა შემოვლო ქართლი და დადგა სურამს, და წარმოავლინნა წინამბრძოლნი მხედარნი ექვსი ათასი. და არღუნ დადგა შინდარას და წინამბრძოლნი მივიდნენ ტასისკარს და დადგეს სამდინაროსა მას ზედა, რომელიც არის შოლა. ხოლო აიყარა სარგის ხევთათ და წარავლინნა წინამბრძოლნი, კაცი რჩეული და გამოცდილი წყობათა შინა ათას ხუთასი მხედარი, არა უწყოდნენ მოახლება არღუნისი. და წარემართნენ და განვლეს ხიდი ახალდაბისა. იყო ყინული და ზამთარი, როგორც წესი არის თვესა დეკემბრისასა. და გავიდნენ სივიწროვისაგან წინა მავალნი, იხილეს რაზმი თათართა, და წინა-განეწყვნენ ქართველნიცა. და მყის ზედა-მიეტევნენ მესხნი, და პირველსა შეკრებასა აოტნეს თათარნი და ამოწყვიტეს მრავალნი სახელოვანნი, და ესეთ ძლიერად იბრძოდნენ მესხნი, რომ მცირედნიღა განერიდნენ და შეიხვეწნენ რაზმსა შინა არღუნისსა შინდარას გორისასა, და სდევნეს და ამოწყვიტეს პირითა მახვილისათა, რამეთუ მხედართმთავარი სარგის და სპა მეფისა ვერღარა მოილოდინენ ამისთვის, რადგან თათართა რაზმი მახლობელად მდგომარე იყო. და ესეთ ძლევითა საჩინოთა შემოქცეულნი, მრავალთა სახელოვანთა თათართა თავისა მქონებელნი მოეგებნენ სარგისს და ლაშქართა. როცა იხილა სარგის განმხიარულება და უვნებელად დაცვა, გაიხარა, მაგრამ მძიმედ აღუჩნდა, რამეთუ ვერ მიესწრა ომსა, რამეთუ იყო კაცი მძლე და შემმართებელი. კვლავ სურვილ იყო განწყობისა მესხთა, წარემართა არღუნს ზედა გულითა ქველითა. ხოლო არღუნ სპათა მისთა მოუწოდა და კვლავ ქართველსა სპასა ზედამისლვასა მხილველი ივლტოდა, მაგრამ აჩერებდნენ ქართველნი წარჩინებულნი და არა უტევეს სივლტოლად, რომელთა უპირობდა თორელი კახა და ეტყოდა: „ქართველნი მეცნიერნი ვართ ომისა მათისანი, ჩვენ ვიბრძოდით თქვენ წილ“. და ესეთ ძლივს არწმუნეს, და დადგა ადგილსა ზედა და განაწყო მხედარნი. როცა დაუხლოვდნენ ურთიერთს, ზედა-მიეტევნენ მესხნი განლაღებულნი. ხოლო სარგის ჯაყელი, უპირველეს ყოველთასა, მიუხდა რაზმსა და უმხნესი მათი, ჩინბაადური, ჰოროლითა ცხენისაგან ქვეყანად დასცა. და იქმნა ძლიერი ომი, და მრავალნი მოისრვოდნენ არღუნის სპისაგან და სივლტოლად მიდრკენ. პირველსავე მიჯრასა სძლევდეს სპანი მეფისანი, და როგორც არის ჩვეულება თათართა ლტოლვა და გარეუკუნქცევა, ანაზდად გარეუკუნ-იქცენ. მაშინ სულმოკლექმნულნი სპანი მეფისანი ივლტოდნენ მსწრაფლ. ესეთ განწირულნი და მიმოდაბნეულნი თათართა მიერ მოისრვოდნენ. ცოდვათა ჩვენთა სიმრავლითა გაწირა ღმერთმან და მისცა ხელთა წარმართთასა. ხოლო უწყალოდ ჰხოცდნენ, და მრავალნი სახელოვანნი მოსრეს თათართა, რომელთა მცირედნიღა ძლივს განერიდენ. და სდევნეს ახალდაბის ხიდამდე, გინა უმეტესცა. ხოლო ზოგნი ტყვედ წაყვანებულ იქმნენ, გურკლელი მურვან და სხვანი მრავალნი.
და ესეთ შეიქცა არღუნ ყაენს ულოს წინაშე გამარჯვებული, ხოლო სარგის და მესხნი მივიდენ მეფეს წინაშე აწყვერს, მეყვისთათვის მტირალნი, რამეთუ უმრავლესნი მოისრნენ, დარჩენილ იყვნენ მცირედნი.
და დაყო მეფემან ზამთარი ნახევარი სამცხეს, და გადავიდა შავშეთს და კლარჯეთს და წავიდა ნიგალისხევს. და როცა მოიწია თვე მაისი და აღმოცენდა მდელო, ყაენმა იგივე არღუნ დევნად და ძებნად წარმოავლინა, რომელთა თანა იყვნენ ქართველნიცა, მიმდგომნი ყაენისანი, და თვესა ივნისსა მოვიდა სამცხეს. ხოლო მესხნი რომელნიმე მიეგებნენ არღუნს და რომელნიმე წაჰყვნენ მეფესა. და ესეთ იწყო ოხრებად და ტყვენვად სამცხესა და მოადგა ციხისჯვარსა, დაუწყო ბრძოლა ძლიერად, რამეთუ არა ზღუდითა მტკიცითა დასრულებულ იყო. ხოლო ციხეს მყოფნი ძლიერად იბრძოდნენ და მრავალი კაცი მოკლეს, და დიდად ავნებდენ გარეთ მყოფთა, დღისით და ღამით გავიდოდნენ და ადგილ-ადგილად ამოწყვეტდნენ. და როცა იხილა სიმტკიცე ციხისჯვარისა, რომელიც არის ჯვარის ციხე, აიყარა და წავიდა. და წიგნიცა მოუვიდა ყაენისა, მსწრაფებელი წასლვად, ვინაიდან ყაენი, თურანისა ქვეყანასა მყოფი, ბრძოლად მოსულ არის ხორასანს. და ესეთ იხსნა ღმერთმან ჭირთა ამათგან ქვეყანა სამცხისა, ოცი დღე იყო არღუნ სამცხეს.
ხოლო მეფე დავით კვლავ მოვიდა შავშეთს და სამცხეს, და როცა იხილა სამცხე მოოხრებული, მოუწოდა თანამზრახავთა მისთა და ჰკითხა, თუ რა ყონ, რამეთუ ომი თათართა აღარ ეგებოდა. მაშინ სარგის ჯაყელ-ციხისჯვარელმან მოახსენა: „სამცხე მცირე არის და არა კეთილი სადგომი მეფეთა. აწ განგაზრახებ, რათა წახვიდე ლიხთ-იმერეთს რუსუდანის ძისა დავითის თანა, რამეთუ სწორედ ორთავეს არის სამეფო, იგი და ესეცა. და მე დავსდებ თავსა ჩემსა და საქონელსა ყოველსა. და ლაშქარსა ჩემსა შენთვის, როგორც გენებოს, იხმარე. და უკეთუ კეთილად გისტუმროს დავით, კეთილ, და უკეთუ არა, აჰა, სიმდიდრე ჩემი მზა არის თქვენთვის. ნურცა შენ სწყალობ საჭურჭლესა შენსა, და ვეზრახნეთ თავადთა იმერთა და განვცეთ საჭურჭლე, და ჩვენ კერძო დავიყენოთ“.
მოეწონა ყოველთა განზრახვა ესე და წარავლინეს მოციქული წინაშე რუსუდანის ძისა, რათა შეიწყნაროს თათართაგან მირიდებული, ხოლო მან აღუთქვა. და წავიდნენ და მივიდენ ქუთათისს, სადაც წინა-მიეგება რუსუდანის ძე და კეთილად ისტუმრა, და დაყვეს წელიწადი ერთი. კეთილად თუ ისტუმრებდა რუსუდანის ძე, ეგრეცა კეთილადვე მართებდა ლაშას ძესა, დავითს, მაგრამ როგორც უცხო დადიდოდა მათ თანა.
მაშინ ეზრახნენ კახაბერის ძესა, რაჭის ერისთავს კახაბერსა, ქვაბულის ძეთა, ფარჯანიანსა სარგისს, რათა ლაშას ძე დავით ჰყონ მეფედ, რომელნიც დათანხმდნენ და იქმნა განდგომილება ლიხთ-იმერით. და რომელნიმე მიემხრნენ ლაშას ძესა და რომელნიმე რუსუდანის ძესა. ეგრეთვე დადიანი ბედიანი, ჯუანშერის ძე, დადგა ერთგულებასა ზედა რუსუდანის ძისასა, რამეთუ იყო ესე ბედიანი კაცი წარმატებული ყოვლითა ზნითა, უხვი უმეტეს ყოველთა კაცთა, სრული გონიერებითა. ამან დააწყო ოდიში, ისე რომ მპარავი და ძვირისმოქმედი არა იპოვებოდა. და სვანნი განიყვნენ ორად, ოღონდ არას ავნებდნენ ურთიერთს. ორნივე, დავით და დავით, მართალია ლაშქართა არა ენება, ამისთვის რომ არა გასცემდეს ორნივე მეფენი საჭურჭლესა ლაშქართა ზედა, ესეთ იყო აშლილობა და შფოთი მრავალი იმერით.
მაშინ არღარა იყო ღონე, დაამტკიცეს, რათა გაყონ სამეფო და საჭურჭლე ორად, და აჩინეს თავადნი სამეფოსანი და გაყვეს ორად, ტფილისი – ორად, ქუთათისი – ორად, და თავადები და ერისთავნი ურთიერთს შეასწორეს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. და გაყვეს სამეფო საჭურჭლენი, ოღონდ ხვამლის ქვაბსა, რომელიც იდვა, მცირე გამოიღეს და გაიყვეს, და უფროსი ქვაბსავე დაუტევეს. ხოლო ჯაჭვი იგი, სახელდებული სალმასური, და თვალი იგი პატივცემული, გრდემლი, და მარგალიტი იგი დიდი, რომლისა სწორი არავის სადა უნახავს, ესე სამივე რუსუდანის ძეს, დავითს, შეხვდა.
და აქა იქმნა გაყოფა სამეფოსა, და ამიერიდან შეიქმნა ორ სამეფოდ. მაშინ უმეფო იყო ამიერი საქართველო სამეფო, და დაიშალა ლაშქრობა და მსახურება თათართა.
27. ინება კვლავ ყაენმან ზავი მეფისა. მოუწოდა არღუნს, რათა წარავლინოს მოციქული მეფეს წინაშე ზავის ყოფად, და ფიცთა დაუმტკიცებდა უვნებლობისათა. რამეთუ დედოფალი გვანცა, ავაგის ცოლყოფილი, და ძე თვისი, ყრმა მცირე, დარჩენ ხელთა ულოსთა, რომელნიც ტყვედ წაასხეს ურდოს. რადგან ეგულებოდა ბოროტის ყოფა ყრმისა, ნოინის ვინმე ცოლმან იყვანა და შვილად მიიყვანა, რამეთუ იყო უშვილო. ხოლო თქმულ არის ესეცა: მიიდო რა ყრმა დიმიტრი სხეულზე, მყისეულად საშო განეღო დედაკაცსა და მუცლად-იღო და შვა ყრმა წული. და ამის ძალითა კეთილსა უყოფდა ნოინის ცოლი გვანცას და ყრმასა. მას უბრძანა არღუნმან, რათა მან წარავლინოს კაცი წინაშე მეფისა ზავის ყოფად. და წარმოავლინეს მოციქული ზავისათვის, რათა მისცეს სამეფო მისი ყოველი და კვლავ-ეგოს პირველსავე პატივსა დედოფლობისასა. რა მოვიდეს მეფის წინაშე მოციქულნი ყაენისნი და აუწყეს, ესეთ ამცნო: „ხოჯა-აზიზ იქმნა მიზეზი ჩემისა წამოსლვისა და სამეფოსა დატოვებისა. უკეთუ ნებავს ყაენს შეწყნარება ჩემი, პირმშოსა ძესა ჩემსა, გიორგის, წარმოვავლენ წინაშე მათსა, და უბოძოს სამეფო ჩემი. და დედოფალი გვანცა და ძე ჩემი, დიმიტრი, წარმოავლინოს ჩემდა, და ხოჯა-აზიზ მომცეს, რათა სიკვდილითა მისითა შური ვიგო ნაქმართა მისთა, რომელნიც ყვნა ჩემ ზედა“.
როცა მიიწიეს ყაენს წინაშე, მოეწონა სიტყვა მეფისა, და ითხოვეს ძე მისი, გიორგი, და დაუმტკიცეს ფიცთა მიერ შესმითა ოქროსა საფიცრისათა, რათა უვნებელად დაიცვას ძე მეფისა და მისცეს სამეფო მისი. უკეთუ დავით მეფემან იხილოს ყაენი ულო, რომელსაც ეჯანი უწოდეს, ხოჯა-აზიზიცა მისცეს ხელთა მეფისათა, ენებოს, მოკლას და თუ ენებოს, განუტეოს. ამის შუა შემოიყვანა ენუქ არქუანი, კაცი მართალი და პატიოსანი, სჯულითა ქრისტეს ჯვარისა თაყვანისმცემელი. და მან უთავსმდება ყაენს, რათა არა ევნოს დავითს და ძესა მისსა, გიორგის. თვით მივიდა ენუქ დავითს წინაშე, შეჰფიცა და წაიყვანა ძე მისი, გიორგი. შევიდეს ტფილისს და იქ მოეგებნენ ყოველნი მთავარნი და ერისთავნი საქართველოსანი და შადინი ვინმე, ნათესავით სომეხი, რომლისა შევედრა ტფილისი და თვით მეფობაცა არღუნ. მოიღო ძღვენი ურიცხვი გიორგის წინაშე. და დაყვეს მცირედი ჟამი ქალაქს და მერე წავიდნენ ეჯანს წინაშე და მიიწივნენ ურდოსა. პირველად მოუვლინა ეჯანის ცოლს ტონღუზ-ხათუნს, რამეთუ იყო იგი მაღლისა ხელმწიფისა კოსტანტინეპოლისა ასული, სჯულითა ქრისტიანე და მართლმადიდებელი.40 ამისთვის პატივსა უყოფდა ტონღუზ-ხათუნი ენუქ არქუანს, რომ იგიცა ქრისტიანე იყო. როცა იხილა ყრმა იგი, შეიყვარა სიკეთისა მისისათვის, და თვითცა ქმნულკეთილ იყო. და მერე წაიყვანეს ყაენის წინაშე, და მანცა კეთილად შეიწყნარა და პატივი დიდი უყო. და ესეთ პატივცემულად დაყო წელიწადი ერთი, რომელსა მიანიჭა ყოველი სამეფო მისი ყაენმან. და წარმოავლინა მოციქული, რათა მივიდეს მეფე დავით ეჯანს წინაშე, ხოლო მეფე მიზეზობდა ხოჯა-აზიზის არმიცემასა: „უკეთუ არა მომცეთ მოსაკლავად, არა მოვალ ურდოსა“. ამის მცნობელი ყაენი სიტყვითა არღუნისათა გაწყრა, რამეთუ მძიმედ აღუჩნდებოდა სიკვდილი ხოჯა-აზიზისი. ამისთვის ეტყოდა ყაენს: „მეფე აღარ მოვა მსახურებად შენდა, არამედ კვლავ ტყუილით გამშვიდებს. აწ ამას განგაზრახებ, წარსწყმიდე ძე მეფისა და წარმგზავნე მე ლაშქრად მეფეს ზედა. შეკრულსა მოვიყვან წინაშე თქვენსა“.
ყაენმა დაიჯერა და განაჩინნა კაცნი, რათა წარწყმიდონ ძე მეფისა და ყოველნი, რომელნიც წარმოევლინეს მეფესა ძისა მისისა თანა. ცნა ესე ენუქ არქუან, ადგა და მსწრაფლ მივიდა ტონღუზ-ხათუნს წინაშე და აუწყა სიტყვა ესე. ხოლო იგი მსწრაფლ მივიდა ყაენს წინაშე, და ენუქ არქუან იახლა და მოახსენა: „დიდო, მაღალო ხელმწიფეო ყაენო, რასა უსამართლობისა იგი ბრძანება განგიჩენია, სიკვდილი მეფის ძისათვის და მსახურთა მისთა? არა უწყი შენ, რომ წინასწარმეტყველთა, რომელთა ეზრახებოდა ღმერთი, ბრწყინვალეთა და საჩინოთა გვართაგან შთამომავალთა არის? და კვლავ იხილე, რომ ფიცით მოიყვანე იგი. და მე და ენუქ არქუან სიკვდილსა აღვირჩევთ, და აჰა, თავნი ჩვენნი იყვნენ მეფის ძისათვის. და ესეცა უწყოდე, რომ ძმა შენი, დიდისა ყაენისაგან ბათოს შვილი, მრავალსა მოციქულსა უგზავნის და დიდთა ნიჭთა აძლევს, რათა მისცეს გზა დარიალანისა და დვალეთისა, რადგან ორივე ხელთა შინა მისთა არის. და ამასცა განგაზრახებ, ერთისა ბერისა სპარსისა ვაჭრისათვის რად დიდსა ხელმწიფესა გაუშვებ შენთა მტერთა თანა? რამეთუ, უკეთუ ბათოს ულუსი და მეფე შეერთდნენ, დიდნი შფოთნი აღდგებიან“.
როცა ესმა ულოს, განკვირდა და მსწრაფლ მოიყვანა გიორგი, შეიყვანა და პატივი უყო და შემოსა შესამოსლითა ბრწყინვალითა. და მისცა ტონღუზ-ხათუნს და ენუქ არქუანს და უთხრა: „აჰა, ძე მეფისა ჩემგან მტკიცე ფიცითა. არას ვავნებ დავითს გარდა პატივისა. და შენ წახვედ, ენუქ, და ორნივე შვილნი და ძენი მეფისანი, გიორგი და დიმიტრი, და დედოფალი გვანცა, როგორც ტონღუზ-ხათუნს და შენ გნებავს, ეგრეთ ყავთ, და მოიყვანეთ დავით“. როცა ესმა, გაიხარეს და თაყვანი-სცეს და მოახსენეს: „თავნი ჩვენნი იყვნენ ნაცვლად უკეთუ მოგვცე ხოჯა-აზიზ და არა მოვიყვანოთ დავით. უკეთუ არა მოგვცემ ხოჯა-აზიზს, არ მოვა“. მართალია მძიმედ აღუჩნდა არღუნს. მისცა ხოჯა-აზიზ, და წამოიყვანა ენუქმა. და მოუწერა წიგნი ფიცისა ტონღუზ-ხათუნ მეფესა: „არა ევნოს ყაენისაგან, უკეთუ მოვიდეს ურდოსა, პატივითა დიდითა პატივ-სცეს და სამეფო დაუკლებლად მისცეს“.
და წამოვიდა ენუქ არქუან და მოვიდა ტფილისს, და მოასხა ორნი ძენი მეფისანი, და წარმოუვლინა მოციქული მეფესა და აუწყა ყოველი. და წამოვიდა მეფე და მოვიდა, ქვიშხეთის ბოლოსა და სურამს შუა დადგა, და მოუწოდა ენუქ არქუანს. და მოვიდა და მოუსხა შვილნი ორნივე და მოართვა წიგნი ფიცისა და მოგვარა ხოჯა-აზიზ. როდესაც იხილა მეფემან, ბრძანა თავისა მისისა მოკვეთა. და მოჰკვეთეს და წარგზავნეს თავი ტფილისს, და აღმართეს ძელი, ჩამოჰკიდეს თავი ხოჯა-აზიზისი.
და ესეთ წაჰყვა მეფე ურდოს ენუქს, და მოეგებნენ ყოველნი სამეფოსა მისისანი, და წარემართნენ ურდოს. ხოლო თანა-წაჰყვა მეფესა სარგის ციხისჯვარელი ჯაყელი, დიდად ნამსახური, რომელმან ქმნა ესეცა სათნოება. ტფილისს ყოფასა მეფისასა მოვიდა ელჩი ყაენისა: „მეფეს მოვინდობ, ხოლო პაპა სარგისს არა მივინდობ“. და არა სათნო უჩნდა ბრძანება ესე სარგისს, და ეტყოდა მეფე გარეუკუნქცევად, ხოლო იგი არა დაეთანხმა და ეტყოდა: „ნუ იყოფით ქმნად ეგე ჩემ მიერ, რათა შევიქცე შინა. უკეთუ ცოდვათა ჩემთაგან გევნოს რამე თათართაგან, ყოველნი კაცნი იტყვიან, განზრახვითა სარგისისითა განუდგა მეფე თათართა, აწ იგი წავიდა შინა და მეფე წარავლინა მოკლვად ყაენის წინაშე. ნუ ყოს ესე ღმერთმან, რამეთუ ამით წახდება გვარი ჩემი, და თუ მომკლან, ნაცვლად თქვენდა ვიყო, და თუ დავრჩე, თქვენ თანა დავრჩე“. დაიმადლა ესე მეფემან ეგზომ, რომ ქვაბულიანი თემი ერთი სამცხეს და საყდარი ტბეთისა შავშეთის სიგლითა სამამულოდ მიუბოძა.
და წარემართნენ ურდოსა და მივიდნენ ყაენს ულოს (ჰულაგუს) წინაშე ბარდავს, რამეთუ იგი იყო საზამთრო სადგური. და არა უწყოდენ, რა ეგულება ყოფად მათთვის. და მცირედთა დღეთა მოუწოდა ყაენმან ხილვად მეფისა და მთავართა. და იკითხავდა, რომლისა მიზეზისათვის განდგა მეფე. და ყველას ეგონათ მეფესა და წარჩინებულთა მისთა სიკვდილსა გადაუწყვეტდა, და ევედრებოდენ ღმერთსა და ყოვლად წმიდასა მეტეხთასა და ვედრებისა ღმრთისმშობელს, რომლისა მინდობილ იყვნენ. და შევიდენ ყაენს წინაშე, ხოლო მან მოსცა თვისითა ხელითა ღვინო, რამეთუ ესე იყო წესი ყაენთა, თასითა დიდითა ოქროსათა. და როცა იჯდა მეფე მუხლმოყრილი და მის თანა ყოველნი მთავარნი, ჰკითხა ყაენმა: „რად ჰქმენ განდგომა ჩემი და ბრძანებასა ჩემსა რად ურჩ ექმენ, და არღუნს შემოები? არა დიდნი კეთილნი ვქმენ შენ ზედა? დაკარგული და სიკვდილად განწირული გველთაგან აღმოგიყვანე ჯურღმულიდან და მეფედ დაგადგინე“. მაშინ რადგან აღარ ქონდა პასუხი მიგებად მეფესა, მოიხედა უკან სარგის ჯაყელის მიმართ, თითქოს იგი ქმნულ იყო მიზეზი არღუნის შემობმისა და თათართ მოსრვისა.
28. და იხილა სარგის ბრდღვინვისა ლომისა მსგავსად, მეფემან მას ზედა მიუტევა საქმე იგი, არა შეშინდა, არამედ უშიშად აღდგა და წარდგა ყაენს წინაშე განმწირველი თავისა თვისისა მეფისათვის, რათა იგი მოიკლას მეფისა წილ, და მუხლმოყრილი ეტყოდა: „მე ვარ, დიდო ყაენო, რომელიც შემოვები არღუნს-აღას“. ხოლო მან ჰკითხა: „პაპა სარგის შენ ხარ?“, რამეთუ პაპა სარგისს უწოდებდნენ თათარნი. და მან უთხრა: „იგი ვარ“. კითხა: „რასათვის განაყენე მეფე და არღუნს შემოები?“ ხოლო სარგის არა მეცნიერ იყო ენასა მათსა, წამოაყენეს სადუნი თარგმანად, რომელიც ფრიად უყვარდა ულოს, და დიდად პატივ-ეცა, რამეთუ იყო კაცი იგი გონიერი და ენაკეთილი, სიტყვითა მარჯვე ყაენს წინაშე მეტყველებად. მაშინ სარგისმა მიუგო: „დიდო ყაენო, არა იყო სხვა მიზეზი, რამეთუ მან მიიღო მეფობა დავითისი, ქალაქი და სოფელი მან დაიჭირა, ეკლესიანი და ციხენი ყოველნი დაარღვია. ბედნიერო ყაენო, არღარავინ გაგაგონებდა უსამართლობასა ამას, შეკრა კარი თქვენი ქრთამითა. ამის მიზეზისათვის მე წავიყვანე მეფე, რათა ბედნიერმან ყაენმან გაიგონოს და იკითხოს საქმე ესე. თუ აწ კითხვასა ღირს-მყო, ესეცა უწყოდე, ყაენო, რომ სპარსნი ძველიდან მტერნი არიან ჩვენ ქართველთანი. ამისთვის არღუნს თანა ვყავ ბრძოლა და ომი, რამეთუ საქმე და უსამართლობა მეფისა მიმართ ხოჯა-აზიზისაგან ვერღარა დავთმეთ. აწ, ყაენო, მეფე უბრალო არის, მე ვარ, რომელმაც განვაყენე მეფე კარისაგან თქვენისა“. და განმრავლდა სიტყვა მათ შორის და მრავალგვარად უბნობა, რომელთა არა არის ჟამი თქმად და წერად. და მეფეცა მრავალსა რამეს იტყოდა, და ენუქ არქუან და დიდი იგი ნოინი ისხდნენ შუა და სადუნი კეთილად თარგმნიდა და კაზმვიდა თქმულთა მეფისათა, რამეთუ მეფე ენამძიმე იყო მცირედ, მანკაბერდელი სადუნი კეთილმეტყველებდა.
და ყოველნი მოელოდნენ ბოროტის ყოფასა მეფისათვის და სიკვდილსა სარგისისსა. მაშინ მოუვლინა ღმერთმან წყალობა მოსავთა მისთა, და აწცა დაიცვა, როგორც მარადის ფარავს. და როდესაც სიტყვასა უგებდნენ ყაენი და მეფე ურთიერთს, მოვიდა კაცი დარუბანდიდან გზისმცველთა ყაენისთა, რომელთაც ყარაულს უწოდებდნენ. რამეთუ აღარ დასრულებულ იყო სიტყვა, შევიდა ყაენის კაცი იგი ურდოსა ყაენს წინაშე და მოახსენა: „არა არის ჟამი მეტყველებად, რამეთუ შეიძრა ულუსი დიდი დიდისა ყაენის ბათოსი, და შვილი მისი41, ყაენი დიდი ბერქაი მოდის გზასა დარუბანდისასა უმრავლესითა, დიდად-დიდითა ლაშქრითა“.
ესმა რა ყაენს, მსწრაფლ აწვია სპა თვისი, და მყის შემოიკრიბნენ მის წინაშე. მას ჟამსა წარემართნენ წინაგანწყობად, და როცა დაუახლოვდნენ ორნივე სპანი ურთიერთს, მაშინ ევედრა მეფე ყაენს, რათა წინამბრძოლად აჩინოს მეფე და სპა მისი, და წესადცა არის ქართველთა წინამბრძოლობა. ისმინა ულომ და აჩინა წინამბრძოლად მეფე, მახლობელად მისსა დგომად. ხოლო სარგის ჯაყელი თვით წინა დაიყენა, და განაჩინა მარჯვენე და მარცხენე. დამწყობელმან რაზმთამან მიჰმართეს.
ხოლო იქმნა ესეცა, რომელ რაზმსა შინა გახლტა შველი, რომელიც სარგის ჯაყელმან, აბჯარცმულმან, მოკლა. და მცირედ წარვლეს და მელია მოკლა, იგიცა სარგის, ისრითა. და წაიარეს და კურდღელი მოკლა. და ამას სამსავე ხედავდა ულო ყაენი, და დიდად აქო სარგის და კეთილად უთქმიდა მრავალსა.
მაშინ დაუახლოვდნენ სპანი ორნივე ურთიერთს, და გამოჩნდა კაცი ერთი სახელოვანი მათ შორის, რომელიც წარმოევლინა დიდსა ყაენსა ბერქას, რამეთუ ყაენი არა წამოსულიყო. ესე მოეახლა მეფესა დავითს, რომლისათვის დიდად შეწუხდნენ სპანი მეფისანი. რამეთუ იყო კაცი ესე დიდი და მაგრად და უცთომლად მოისარი. ხოლო მეფემან ამოიღო მშვილდი ქარქაშიდან და ჰკრა ცხენსა მისსა მკერდსა და დაასო და გულსა განვლო. ხოლო ქართველთა განმხიარულებულთა აღიძახნენ და მიეტევნენ. იქმნა ძლიერი და ფიცხელი ომი ველსა ზედა შაბარნისასა. ძლიერად იბრძოდა მეფე და სპანი მისნი, სადაც სარგის ჯაყელმან სახელოვანი ომი ყო წინაშე ულოსა, რომლითაც განკვირდა ყაენი. და გაგრძელდა ყოველგან ომი და ამოწყდა ორმხრითვე ურიცხვი. ივლტოდა სპა ბერქასი და დევნა უყვეს ძლიერად. ხოლო იქმნა ესეცა: დევნასა მას ლაშქართასა დარჩა ყაენი ულო ოთხითა ოდენ კაცითა მცირესა რამე ბორცვსა ზედა. და როცა იხილეს ლტოლვილთა მათ, შვიდნი რჩეულნი კაცნი ზედა-მოეტევნენ ყაენსა. იხილა ესე მიმავალმან სამითა კაცითა სარგის, შეუტია შვიდთა მათ კაცთა და სამითა კაცითა შეება, და ოთხნი ვიდრემე დახოცეს სარგის და აზნაურთა მისთა და სამნი იგი ივლტოდნენ. მაშინ იხილა თვალითა მისითა სიმხნე სარგისისი და ყმათა მისთა, გაიხარა. და დევნა-უყვეს კვლავცა სპასა ბერქასსა დარუბანდის კარამდე, და განვლეს დარუბანდიცა, და სამსა დღესა სხვასა დევნა უყვეს.
ესე გამარჯვებულნი და სახელოვანნი მოვიდნენ სადგურსა მათსა ბარდავს. ხოლო მეფესა დავითს და სპათა მისთა ფრიად პატივითა პატივ-სცა და მრავალი ნიჭი მიანიჭა, ესეზომ, რომ სარგის ჯაყელსა კარნუ-ქალაქი და მიმდგომი მისი ქვეყანა უბოძა იერლაყითა. მაშინ შეიშურვეს ზოგიერთმა მისმა მტერმა და მოახსენეს მეფესა: „აწ მეფობაცა სარგისს მიეც. ვინაიდან ყაენმან ეზომ განადიდა, აღარ იქმნება მორჩილი მეფობისა თქვენისა“. მაშინ დაიჯერა მეფემან, რამეთუ იყო უმანკო და მალემრწმენი სიტყვათა კეთილთა და ბოროტთა, – ორთავე. და წავიდა ღამით ელგა ნოინს წინაშე და მოახსენა: „უკეთუ ყაენი სარგისს კარნუ-ქალაქს მისცემს, მეფობაცა მისცეს“. განკვირდა ელგა ნოინ და უთხრა: „ყაენმან შენის მოდგომისათვის მისცა, და თუ შენ გიმძიმს, არღარა მისცემს. თქვენ, ქართველნი, არას კეთილს უყოფთ მხნედ მებრძოლთა წყობათა შინა? არა უწყი, ყაენი სარგის გადაარჩინა მტერთაგან, ძლიერი და სახელოვანი ომი ყო?“
წავიდა ნოინი და მოახსენა ყაენს ყოველი იგი თქმული, და არღარა მოსცეს კარნუ-ქალაქი. ცნა ესე სარგის და შეიქმნა გულკლებით და ქვეგამხედვარად პატრონისაგან. ხოლო მას ზამთარსა დაიჭირა მეფე ბარდავს თავისა თვისისა თანა, და სარგის წავიდა გულკლებული სამცხეს.
მას ჟამსა განუდგა ულო ყაენს შანშეს ძე ზაქარია ამირსპასალარი, კაცი ყოვლითა სათნოებითა შემკული და საჩინო, და ივლტოდა ქუთათისს ნარინ დავითისსა, რამეთუ ბერქას ლაშქართ გამოსლვა მას დააბრალეს. ხოლო მეფემან კეთილად შეიწყნარა, დაყო მცირე ჟამი. მერე ფიცით მოიყვანა ყაენმა, მაგრამ არცა ეგრეთ დამშვიდდა გული ულოსი და მოკლა ზაქარია ამირსპასალარი, კაცი პატიოსანი და სახელოვანი. და ცნა დიდმან შანშე, მამამან მისმან, მწუხარებითა შეწუხებული იგიცა აღსრულდა.
29. ხოლო გვანცა დედოფალი, ავაგის ცოლყოფილი, მოკლულ იქმნა თათართა შინა მყოფი, რომელზე იტყვიან, ვითომ ასულისა მისისა, ხუაშაქისა, რომელიც იყო ცოლი საჰიბ-დივანისა ხოჯა შამსადინისა, მისითა განზრახვითა მოიკლაო. და რადგან უცოლო იყო მეფე, იქორწილა ცოლი, სახელით ესუქან, ასული დიდისა ჩორმაღონ ნოინისა და დიდისა სირმონ ნოინისა. და წავიდა ტფილისს და ქნა ქორწილი პატიოსანი.
ამას ჟამთა გადმოვიდნენ ბერქას ყაენისაგან ლტოლვილნი ოვსნი, დედაკაცი საკვირველი, სახელით ლიმაჩავ. და მან მოიტანნა შვილნი მცირენი, ნათესავითა ახასარფაკაიანნი, პირმშო ფარეჯან და უმრწემესი ბაყათარ და სხვანი თავადნი მრავალნი. გამოვლეს კარი დარუბანდისა და მოვიდნენ მეფეს წინაშე. ხოლო მან პატივითა ისტუმრნა და წარავლინა ყაენს ულოს წინაშე. და ყაენმან შეიწყნარნა ფრიად და უბოძა ხარაჯა, მოლაშქრედ და თანამბრძოლელად განაჩინნა და ესეთ მეფეს თანავე წარმოავლინა. ხოლო მეფემან დასხნა რომელნიმე ქალაქსა42, რომელნიმე – დმანისსა და სხვანი – ჟინოვანს.
და როცა მოიწია სთუელი (ე.ი. შემოდგომა), წავიდა ყაენი ქვეყანად შარვანშასა, საზღვართა საქართველოსათა, ადგილსა, რომელსაც უწოდებენ ჩაღან-უსუნის, ესე იგი არის თეთრი წყალი. და შეკრეს ღობითა წყლისპირი, რომელსაც სიბად უწოდეს, რამეთუ გონებდა გამოსლვასა ბერქა ყაენისასა. და ამ ჟამიდან იწყეს სიბასა ზედა დგომად თათართა და ქართველთა სთულიდან გაზაფხულამდე. და გაზაფხულ წავიდოდნენ საზაფხულოთა სადგურთა.
ხოლო იქმნა ესეცა, რომ ყაენთა შვილნი ზემოხსენებულნი, ულოს თანა წარგზავნილნი, ტუთარ, ყული და ბალაღა და შეიპყრა ყაენმან ულომ და მოკლა სამივე და დაიპყრა ქვეყანა მათი და ყოველი სიმდიდრე მათი. და ცნეს სიკვდილი პატრონთა მათთა მცირე აზიას მდგომთა დედა-წულითა, რომელთა თავადი იყო ალა-თემურ ვინმე, კაცი სახელოვანი, აიყარა ბარგითა და დედა-წულითა და ივლტოდა, და მომართა სამცხის კერძო.
გაიგეს თათართა ულო ყაენისთა სივლტოლა ალა-თემურისა, დევნა უყვეს და მოეწივნენ. და იგინი დაბრუნდენ და შეებნენ და მრავალი კაცი მოკლეს ულოს ლაშქრისა. და რათა არა გაგრძელდეს სიტყვა, ვიდრე კოლისა მთათა მოსლვადმდე თორმეტჯერ მოეწივნენ და თორმეტჯერ შეებნენ და თორმეტჯერ ალა-თემურ მოერია და გააქცია. და ესეთ მოიწივნენ ქვენა არტანს, სოფელსა, რომელსაც ჰქვია მგლინავი. და იქ დახვდა მურვან გურკლელი მახუჯაგის ძე, წინა-შეხვდა ნადირობას მიმავალი, რომელიც შეიპყრეს თათართა და მოკვლა დაუპირეს. ხოლო იგი ევედრა და აღუთქვა ლიხთ-იმერით წაყვანა მათი და ეგრეთ ბერქას ყაენს წინაშე წარსხმა. ხოლო იგინი მიენდვნენ. წამოიყვანა და მოასხნა სამცხეს, მოასხა გურკლის ჭალას და ესეთ გასცა. წარავლინა კაცი და ამცნო სარგის თმოგველსა და შალვა ბოცოს ძესა და ყოველთა მესხთა და სარგის ჯაყელის ლაშქართა, რათა შეიკრიბნენ ერთად და შეიპყრან ალა-თემურ და მიჰგვარონ ულო ყაენს. და წარმოემართნენ, და ცნა ესე ალა-თემურ, აიყარა ბარგითა და დედა-წულითა, და გამოვლო მტკვარი და მომართა ჯავახეთიდან. შემოიარა ელასის შემოღმართი და მივიდა ოშორას ქვეშეთ ადგილსა, რომელსაც ქვია ლერძავნი, რამეთუ თმოგველი იქ დაუდგა წინა, რომ იხილა რა, მოერიდა. სარგის და ბოცოს ძე და ლაშქარნი ერთკერძო მოსდევდნენ, და მურვან გურკლელი მათ კვლსა შედგომილი მოსდევდა. და მოეწია გურკლელი მცირითა ლაშქრითა, რამეთუ ბოცოს ძე და სარგისის ლაშქარნი არ მოვიდნენ, არცა თმოგველი შველად გურკლელისა. შეიბნენ ძლიერად, სძლიეს თათართა და მრავალი ტაძრეული აზნაური მოკლეს, და ივლტოდა გურკლელი.
ხოლო თათართა განვლეს ჯავახეთი და თრიალეთი და რუსთავს მტკვარს გავიდნენ. და მრავალგან მიეწიეს თათარნი და სომხითარნი ლაშქარნი, რომელთა თვითეულად არა არის ჟამი მოთხრობად. ყოველგან ალა-თემურ მძლე ექმნა. და განვლეს კამბეჩიანი, კახეთი, ჰერეთი ყოველგან ომითა, და წავიდნენ გზასა ბელაქნისასა, შევიდნენ ღუნძეთს, რამეთუ წინა-განეწყო მეფე ღუნძთა. და სძლიეს თათართავე, და გამარჯვებულნი მივიდნენ ბერქა ყაენს წინაშე. და ესეთი საკვირველი საქმე ქმნეს, და ამათთანანი თათარნი სადაცა დარჩეს, აღნარს უძახდნენ, ესე იგი, უფროსთანი, გინა უხუცესთანი. ამისთვის განძვინებული ბერქა განემზადა გამოსლვად. და ამათ თეთრსა წყალსა ზედა ღობე შეკრეს და იქ იზამთრებდნენ, როგორც მითქვამს.
ხოლო რადგან ამათ საქმეთაგან უცალო იყო მეფე, განდიდდა ჭყონდიდელი ბასილი და უჯარმელი, და იწყო საურავთაცა დაწესება გარეშე მეფისა კითხვისა. და მეფისა იმერით ყოფასა შინა დიადი აწყინა სეფეთა ქვეყანათა, რამეთუ როგორც თვისთა ხედავდა, და სიტყვაცა ესეთ იყო, რადგან ესუქანს თანა-ეყო (ე.ი. ერთად იყვნენ). ამისთვის შესმენილ იქმნა ბასილი წინაშე მეფისა, რომელმან მსწრაფლ მოიყვანა და ბრძანა ძელსა ჩამოკიდება. ჩამოჰკიდეს ძელსა შუა ქალაქსა, რამეთუ იყო მეფე მალემრწმენი და ლიტონიცა.
და როცა მოიწია სთუელი, კვლავ წავიდა ყაენი სიბასა ზედა და მეფეცა მის თანა. მოიწია რა გაზაფხული, წამოვიდა ყაენი სიაქუსა და ძე მისი, თანქუშ, წამოვიდა გელაქუნსა, რამეთუ მას ქონდა საზაფხულოდ სადგურად გელაქუნი, და მეფე თანა-წამოიყვანა, და იქ იყო. მაშინ ევედრა მეფე თანქუშს, რათა უაჯოს მამასა მისსა ყაენს ულოს წინაშე და განუტეოს სამეფოდ თვისად. ხოლო მან ისმინა და წარავლინა კაცი. და როცა მიიყვანეს სიაქუდ, ყაენი ულო აღსრულებულ იყო43. მაშინ ხათუნთა და ნოინთა ამცნეს თანქუშს, რათა განუტეონ მეფე სამეფოს. გამოუშვეს და მოვიდა ტფილისს და ყოველსა ქართლსა და სომხითსა, და განაგნა საქმენი აქაურნი.
ხოლო ნოინთა დასვეს ტახტსა ულუს ძე უხუცესი, სახელით აბაღა, კაცი კეთილი, უხვი, მოწყალე, ტკბილი, მდაბალი, განმკითხველი, სიმართლის მოქმედი, გლახაკთ მოწყალე და შემნდობელი ესეზომ, რომ, მართალია დიდისა ბოროტისა მოქმედი კაცი იყო, მაგრამ არავის მოჰკლავდა, რამეთუ ესე იტყოდა: „ყოვლისა ქვეყანისა მპყრობელად დაუდგენივარ ღმერთსა და რასაცა ვერ მივსცემ, არცათუ წაუღებ“. და მრავალგზის საჭურჭლენი მისნი წაიღეს მპარავთა და არა მოაკვდინა, არამედ იტყოდა: „არად მაკლს მე საჭურჭლე, ის წაიღონ გლახაკთა, რამეთუ ნაკლულევან არიან, და მით იპარვენ“. კვლავ უბოროტო და კეთილი გონება ქონდა. მაშინ აბაღამ განაჩინა მხედართა მთავრად კაცი საჩინო წყობათა შინა, სახელით აბათა, და ურდოსა და სახლისა თვისისა მოურავად დაადგინა ზემოხსენებულისა ჩორმაღონის შვილი, სირმონ, კაცი გამარჯვებული და საჩინო ბრძოლათა შინა. ვინაიდან ქრთამსა მძიმესა მიიღებდნენ მის წინაშე მდგომნი ყოველნი, გამოარჩია კაცი ერთი მოწყალე და სამართლისმოქმედი, მმარხველი და მლოცავი, ქრისტიანეთა და ეკლესიათა ღმრთისათა მოსავთა მოყვარე, სახელით აღუბაღა. ესე განაჩინა უღონოთა და გლახაკთა განმკითხველად. არა თუ ულო ყაენის პატივცემულნი ნოინნი გამოცვალა, არამედ უმრავლესნი აღსრულებულ იყვნენ, როგორც ელგა ნოინი და სხვანი მრავალნი.
ამას აბაღას წინაშე წავიდა მეფე დავით, და ფრიად პატივითა შეიწყნარა და პატივ-სცა. და დაემორჩილნენ აბაღას ყოველნი თათარნი, საბრძანებელი მამისა მისისა ულოსი.
მას ჟამსა გამოვიდა დიდი ყაენი ბერქა გზასა დარუბანდისასა აურაცხელითა ლაშქრითა შურისგებად ტუთარის, ბალაღას და ყულის საქმისათვის. ცნა ესე აბაღა ყაენმან და მოუწოდა სპათა მისთა და მეფეს დავითს, და წარემართა. ხოლო როცა იგრძნო ძლიერება და სიდიდე სპათა ბერქასთა, აღარ გავიდა მტკვარსა, არამედ შეიარა ნაპირი და განსავალი ყოველი, და აიღო ზომი ყოველგან და დააყენა ლაშქარი, სადაც შეიკრებიან მტკვარი და რახსი. და იქიდან ვიდრე მცხეთამდე ბერქამან მოაოხრა ქვეყანა შირვანისა, ჰერეთი, კახეთი და ყოველი იორისპირი, და მოვიდა ლაშქარი ტფილისამდე და მრავალი სული ქრისტიანე ამოწყვიტეს. ხოლო ბერქა ყაენი დადგა მთათა შინა გარეჯისათა. მაშინ მოხედა ღმერთმან ქვეყანასა წყალობით და ყაენსა აბაღას, შეედვა სალმობა რამე ბერქას და მოკვდა. როცა იხილეს სპათა მისთა სიკვდილი ყაენისა მათისა, წაიღეს მკვდარი და განვლეს კარი დარუბანდისა. ესე დამშვიდდა ქვეყანა ესე.
ხოლო თათართა გულად ქონდათ შიში მეფისა ბერქას ლაშქრისა გამოსლვისა, და ყოველთა სთუელთა წავიდოდნენ სიბასა ზედა. და როცა მოახლოვდა ჟამი სიბას წასლვისა, მოუწოდა მეფემან სპათა თვისთა და სარგის ჯაყელს ციხისჯვარელსა. როცა მივიდა სარგის დავით მეფესა წინაშე ტფილისს, ეგონა სარგისის განდგომილება ყაენს წინაშე, და დაივიწყა ნამსახურობა განზრახვითა უკეთურთა კაცთათა, მოუწოდა პალატად და შეიპყრა და საჭურჭლესა შინა ტყვე ყო. ცნეს ესე აზნაურთა თანამყოლთა სარგისისთა, ივლტოდნენ და წავიდენ ყაენს წინაშე და მოახსენეს აბათა ნოინსა, რათა მან განაჩინოს მეფისაგან დაჭირვა სარგისისი და მოახსენოს ყაენს აბაღას და სთხოვოს სარგის. ისმინა მსწრაფლ ვედრება აბათა ნოინისა და მოსცა ელჩი, და წარმოავლინეს, და მოიწია ტფილისს და წაიყვანა სარგის და მიჰგვარა აბათა ნოინსა. და ამიერიდან იქმნენ ჯაყელნი მორჩილნი ულოსისანი, ვიდრე ჟამამდე მეფეთა შორის ბრწყინვალისა და საჩინოსა გიორგისთა.
ხოლო მეფე ჯერ არ წასულიყო სიბასა, შეედვა სალმობა მუცლისა ძესა მისსა პირმშოსა, გიორგის, რომელიც სიკეთეაღმატებულებითა სავსე იყო. განგრძელდა სალმობა ესეზომ, რომ კნინღა მკვდარ საგონებელ იყო, და იდვა უხმოდ, უძრავად, სულთა აღმომფშვინველი, და მითცა ძლით. ამას მწუხარებასა და უღონოებასა რა მოეცვა მეფე და ყოველნი მკვიდრნი საქართველოსანი, მოეხსენა მეფესა დმანისისა ღმრთისმშობელი, და წავიდა წინაშე მისსა, და თვით წარმოაჩინა, ყოველი შიშველი ფეხითა მოჰყვებოდნენ და მოეგებოდენ, მხურვალითა ცრემლითა წყალობად მათდა აღძრვიდნენ. მაშინ შეისმინა ვედრება მათი წმიდათა უწმიდესისა ღმრთისმშობელმან, და მყის შეხებასავე თანა და პირსა ზედა შეხებასა თვალნი აახილა მსწრაფლ და როგორც უვნებელი წამოჯდა. იხილეს ესე მეფემან და ყოველთა მკვიდრთა საქართველოსათა, განკვირდნენ ანაზდათსა ამას საკვირველებასა ზედა ყოვლად წმიდისასა, და ადიდებდნენ ყოველნი ღმერთსა.
და კვლავ წავიდა მეფე სიბასა ზედა, და იქ ყოფასა მისსა, ჟამსა წამოსლვისასა დასნეულდა მეფე დავით მით სალმობითა მუცლისათა და ვერ განკურნეს მკურნალთა, და წავიდა ცხედრითა, და როცა მოეახლა მარტომყოფსა, მივიდა ხატსა მას ხელითუქმარსა, რომელიც თვით გამოისახა ტილოსა, ხატისა მიერ კეცსა ზედა. მოყვანება ბრძანა მარტომყოფისა ხატისა, და ევედრა ცრემლითა და შეეწია, და განკურნა, როგორც უფლისა მიერ განკურნებული ცხედარსა ზედა მდებარე. და ესეთ მთელი მოვიდა პალატად ტფილისისა, და იყო განსვენებასა შინა, თუმცა ერთი აწუხებდა, რომ მთავარსა და ერისთავთ ვერ ცვლიდა შიშისათვის ყაენისა. ხოლო თქმული არის ესეცა, როგორც ბრძენისა სოლომონისთვის წერილ არის. ჟამსა სიბერისა მისისასა არა მართლად დადიოდა წინაშე ღმრთისა. და მძლავრებისაგან თათართასა უცალოქმნილმან იწყო შლად საყდართა საეპისკოპოსოთა. რომელიც სანატრელთა მეფეთა შესავალნი სოფელნი მიენიჭნენ, გასცემდა, ეგრეთვე მონასტერთა. ამას თანა სხვანიცა ბოროტნი აღძრნა მტერმან, რომელნიც არა სახმარ არიან თქმად, და მძლავრა სიბერესა შინა, როგორც სოლომონს. ამისთვის სწრთვნიდა ღმერთი არა ჩვენებითა, არამედ მშვენიერებითა ძისა მისისათა სიკვდილისა გლოვითა, ვინაიდან უგუნურებასა შინა ვართ ნათესავნი ადამისნი, და გულსმოდგინედ მიდრეკილ არის გული კაცისა ბოროტისა მიმართ, როგორც წერილ არის: „არა ინებეს შეგონებად, არამედ გარდავედით ცხორებასა ჩვენსა და ყოველნი ვართ ამაოებასა შინა“, ვითარ იტყვის ბრძენი ეკლესიასტე: „ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო არის“, და მზესა ამას ქვეშე ხილულსა ყოველსა ამაოებასა მისცემს.
30. ხოლო ჩვენ, გზისა მცირედ გადამაბიჯებულნი, კვლავ მოგზაურ ვიქმნეთ. და როცა მოიწია მსგეფსი სიბას წასლვისა, წავიდა მეფე კვლავ. ხოლო იქ ყოფასა მისსა დასნეულდა ძე მისი გიორგი, რამეთუ დიდი ნუგეშინისცემა ქონდა მეფესა საბრძანებელსა მისსა, და მისვე სისხლისა მდინარებისაგან აღსრულდა, და დაუტევა მწუხარება მიუთხრობელი ყოველთა მკვიდრთა სამეფოსათა დიდიდან მცირემდე. ხოლო გვამი ყრმისა გიორგისი დაასვენეს საყდარსა სიონისასა, რათა მოიცადონ მეფე, ვიდრე მოახლოვდებოდა ჟამი მოსლვისა.
როცა წარხდა ჟამი მცირედი, მოვიდა მეფე ტფილისს, რადგან არავინ გაეგება წინა გარდა მცირეთა მოქალაქეთასა, ზარგანხდილი მიისწრაფდა პალატად, სადაც დახვდენ სპანი და ვაზირნი დამალულნი და შავითა მოსილნი. და როცა აუწყეს სიკვდილი ძისა მისისა, გიორგისი, მყის სმენასავე თანა დაეცა და კნინღა მკვდარ იქმნა. და ესეთ შეიღეს პალატად ხელთა ზედა მქონებელი, და ძლივს მოვიდა ცნობად, რამეთუ, უკეთუ მოისპოს სული, მყის მოისპობის ცნობა, და უკეთუ მოისპოს ცნობა, არა თანა მოისპოს სული, სიტყვისმოქმედი იტყვის. ვინაიდან ტკივილთა მიერ უზომოთა მოცვულ იყო, და შვილობისა სიყვარული და კვლავ სიტურფე-აღმატებულება თრვამეტისა წლისა მყოფისა, სიმხნე, სამხედროთა ზნეთაგან განსრულებულობა, ტკივილნი მრჩობლ ზედა დაერთვოდნენ. სალმობიერითა გოდებითა გოდებდა და სიკვდილსა აღირჩევდა თავისა თვისისასა, რაჟამს იხილა აღყვავებული მშვენიერი გვამი ძისა მისისა, გიორგისი, მკვდრად უფერულად მდებარე, რომელსაც იგლოვდა ერი. და ვაებითა წაიყვანეს მცხეთას და იქ დაკრძალეს, და უკ-მოიქცეს მწუხარებითა სავსენი. ხოლო ესოდენ განუმრავლდეს ტკივილნი შვილისა საყვარელისანი, ამიერიდან აღარა ქონდა ლხინება, და სენთაცა მრავალთა მოიცვეს და გვამითა უძლურებდა უმრავლესთა ჟამთა, მაგრამ მონებდავე ყაენს აბაღას, არა იყო სხვა ღონე.
აქა შინა იწყო მანკაბერდელმან სადუნმან განდიდებად, რომელიც პირველად ულოს შეეწყალა რკინობისა ძალით, და ყაენმან აბაღაცა პატივი უყო, და დიდი საჰიბდივანი კეთილსა უყოფდა იმის გამო, რომ ცოლისა მისისა, ავაგის ასულისა ხუაშაქისა, ეჯიბობა ქონდა, და მეფესა დავითს მიებოძნეს მრავალნი ქვეყანანი.
ამათ ჟამთა იქმნა განდგომილება თათართა ურთიერთას, რამეთუ განუდგა ყაენსა აბაღას თეგუთარ (ნიქუდარი, ნეგუდარი), ყაენისა ბარახას ძმა უმრწემესი, რომელიც იყო ზემოხსენებულისა ჩინგიზ ყაენის შვილისა, ჩაღატა ყაენის, ნათესავი, რომელსაც ეპყრა ქვეყანა თურანისა და დიდი თურქეთი. ესე ბარახა ყაენი44 იყო თურანსა და წარმოავლინა ძმა თვისი თეგუთარ, რათა ხარაჯა ქვეყანისა, რომელიც წილ-ხვდომოდა, როგორც ზემო თქმულ არის45, თეგუთარს მიხვდებოდა. ესე მივიდა ორისა ბევრისა ლაშქრისა მქონებელი. შეიწყნარა აბაღამ და უჩინა ზაფხულისა სადგურად ვიდრემე მთანი არტანისანი და საზამთროდ რახსისა პირი და ნახჭევანი. ესეთ იყოფოდა თეგუთარ. შეშურდა ყაენობა აბაღასი და ამცნო ძმასა თვისსა, ყაენსა ბარახას, ჯეონს იქით მყოფსა: „რად მივსცემთ ყაენობასა და ქვეყანასა დიდსა აბაღას. აწ წარმოემართე მანდით შენ და აქეთ – მე, და ორთავე შევმუსროთ აბაღა და ჩვენ დავიპყრათ ქვეყანა მისი“. ხოლო მოივერაგა ესეთ: თავი შეშისა ისრისა აღმოთხარა და ძვალითა პილოსათა შეაწება სამნი ისარნი, და მათ შინა ჩადვა წიგნი, ამად, რომ ყოველგან გზისა მცველნი გაჩენილ იყვნენ თათართაგან ძველიდან და განიკითხიან მგზავრი და მოციქული.
და როცა მივიდა თეგუთარის მოციქული ძმასა მისსა ბარახა ყაენს წინაშე, მოეწონა სიტყვა და განზრახვა თეგუთარისი, და ამცნო მანცა ეგრეთ, რათა პაემანსა შეიკრიბენ ერთად და დაამხონ აბაღა ყაენი და დაიპყრან ხელმწიფობა. და მოუწერა განჩინებული დრო პაემანისა, რომ მას ჟამსა განდგა თეგუთარ, რომელსა ჟამსა გამოვიდენ ჯეონსა ბარახა სპითა მისითა. ხოლო განგებამან ზენამან განაქარვა განზრახვა მათი და დაიცვა აბაღა უმანკოებისათვის და სიწრფოებისა და სიმართლისათვის. და შესცთა მწიგნობარი მისი და ორითა მთვარითა უწინ დაწერა განდგომა თეგუთარისა, რამეთუ თვენი მათნი მთვარითა აღრაცხილ არიან. და ჩადვა მანცა თავსა შინა ისრისასა წიგნი ესე, და წამოვიდა მოციქული და მოიწია ნიგალის ველსა თეგუთარს წინა, და მოსცა ისარნი, და განაღო თავი ისრისა და პოვა დაწერილი ძმისა მისისა ბარახასი. და ჟამიცა იგი პაემანისა მოახლოებული პოვა წერილსა მას შინა. და მყის აღეკაზმა ბარგითა და დედა-წულითა, კაცი მებრძოლი ათი ათასი და ხუთასი, რამეთუ სხვა იგი ლაშქარი ვერ ესწრა სისწრაფისაგან, რათა არ განცხადდეს საქმე მისი, და ბოროტი ეყოს აბაღას მიერ. აიყარა და მომართა მთათა ღადოსათა, კარჩხალთა და კარისათა, რომელიც არის შორის შავშეთისა და აჭარისა, და დადგა თავსა შავშეთისასა ფიჭვთას. და ეზრახა სარგის ჯაყელსა, რათა მისცეს გზა, უკეთუ უნდეს წასლვა აფხაზეთისა მეფესა დავითს წინაშე, რათა იგი იყოს შუამდგომელ მეფისა და თეგუთარისა, და უკეთუ განუმარჯვდეს, დიდად განადიდოს სარგის. და როცა ამას ზრახვასა შინა იყვნენ, მოეწონა სარგისს სიტყვა თეგუთარისი.
მოუწოდა აბაღამ სპათა მისთა და დიდსა შანშეს შვილსა ივანეს მანდატურთუხუცესსა, წარმოავლინა დევნად თეგუთარისა. და აჩინა მხედართმთავრად სირმონ, ნოინის შვილი ჩორმაღონისა, კაცი წყობათა შინა სახელოვანი და შემმართებელი, და მრავალნი ნოინნი სხვანი. და მოიწიეს მთათა არტანისათა და დაიბანაკეს იქ.
ხოლო იქმნა ესეცა საკვირველი ყოველთა ნაშობთა დედათა უმეტესისა, რომელმან ღმრთისა სიტყვასა, ქალწულისაგან შობილსა ქრისტესა, ღმერთსა ჩვენსა, თვისითა ხელითა ნათელ-სცა, და ხმა მამისა ზეცით ესმა, და სული წმიდა სახითა მტრედისათა იხილა და სამებისა წმიდისა ერთი არსება ცხად-ყო და გვასწავლა იოანე ნათლისმცემელმან. ამისი უდაბნო შენ არის და არა უცნაურ მთათა შინა ღადოსათა, ოპიზა, უპირველესი თორმეტთა უდაბნოთა. ამას შინა არის უპირატესი ყოველთა წინასწარმეტყველთა და მოწამეთა ყოველთა უაღრესისა ნათლისმცემელისა იოანეს ხორხი იგი, რომელიც არა დადუმდებოდა ქებად ღმრთისა მოსულისა, და მამხილებელი ჰეროდეს უსჯულოებისა. და ესეთ პატიოსნითა საუნჯითა განმშვენებული და საღმრთოთა კრებულითა აღსავსე იგი საყოფი ნათლისმცემელისა, და ჭეშმარიტი თვით თავადისა საყოფი, როგორც სიტყვამ ცხად-ყოფს.
ესმა რა თეგუთარს სიდიდე უდაბნოსა ოპიზისა და შემკობა მისი პატიოსნითა ხატითა და კანდელთა მიერ აღსავსეობა, ინება წარმოღება მისი, და წარმოავლინა ათასი მხედარი, რათა მოაოხრონ. ხოლო წავიდნენ მთისა გზასა, რომელიც მიდის კარჩხალთა კერძო. მაგრამ არა დაიდუმა მსჯავრმან ზენამან, რამეთუ ეგოდენნი წმიდანი მამანი, რომელიც მას ჟამსა ბრწყინავდნენ ოპიზას, სასწაულთა ნიშთა მიერ გაბრწყინვებულნი და მინდობილნი წინამორბედისა იოანესნი, წარმართთა მიერ ამოწყვეტილნი, და ხორხი იგი, დაუდუმებელი ღმრთისა ქადაგი, არა უპატიო ყო ღმერთმან. ამისთვის დაიცვა საყოფი თვისი და მოუვლინა ნისლი და სიბნელე, და ვერღარა დადიდოდენ ფეხითა საძაგელითა, რამეთუ მიახლოებულ იყვნენ უდაბნოსა, და დადგენ მთისა მის ძირსა, რომელსაც ეწოდება ძეგლი, რომელსა ზედა შენ არის ეკლესია წმიდისა გიორგისი, რომელიც არის შორის ოპიზას და მიძნაძორს. მაშინ მოხედა წყალობით სამკვიდრებელსა თვისსა იოანე ნათლისმცემელმან, მსგავსად ყოვლად უბიწოსა ვლაქერნისა ღმრთისმშობელისა, და მოავლინა ქარი სასტიკი მთისა ღადოსა და ხორშაკი და სეტყვა და წვიმა მძაფრი, და აღდგენ ღელვანი, როგორც შუა ზღვასა და წარმოეცა წყალი მძაფრი, და იქმნა მდინარე დიდი, რომელიც გასწორდა ვიდრე წვერამდე ძეგლისა, რომელიც აწცა იხილვება დიდი იგი ნაღვარევი, რომელიც ჩავალს მართლ ზედა წყალსა შავშურსა. მოეტევა წყალი და წალეკა თათარნი სრულიად, კაცი და ცხენი, არა დარჩა გარდა კიდე ერთისა კაცისა, და წავიდა თხრობად თეგუთარისა, როგორც იობის ზედა ღაღადისი: „სახლი ღმრთისა არის ადგილი იგი, საყოფი მონათა ღმრთისათა, ერიდენ იქ მისლვად“. იდგა მაღალსა არსიანის თავსა და მოვიდენ და უთხრეს: „მოვიდა ლაშქარი დიდი აბაღასი და დადგეს მთასა არტანისასა, და ხვალე მოსლვად არიან აქა“. ესმა თეგუთარს და, რა გათენდა, აღყარა ბარგი და დედა-წული თვისი და უკუ-აყენა მთასა მაგარსა კარისათა, რომელსაც ერთკერძო შედის გზა, და თვით ლაშქრითა და მეომრითა გადმოიარა არსიანი. აქეთ სირმონმა ჩამოვლო მთა ყველისა. და მოვიდნენ ორნივე თავსა ყველისასა, სირმონ წინა დაუდგა, რომელიც იყო ბრძოლათა შინა სახელოვანი, ეგრეთვე მებრძოლნი თეგუთარისნი: სეგზი, ჯოლაქ, აბიშხა, თოლაქდემურ, რომელთა დიდად ძლიერი ომი გადაიხადეს, და ამოწყდა ორმხრითვე ურიცხვი. და გაგრძელდა ომი, იძლია თეგუთარ და ივლტოდა დედა-წულისა კერძო, მთასა ღადოსასა ჯნალის თავსა, და მიუდგა უკანა სირმონ, ხოლო თეგუთარ დაუდგა სიმაგრესა მთისა მინდობილი.
და კვლავ იქმნა ომი ძლიერი ორი დღე. და როცა გაუჭირდა თეგუთარს, ივლტოდა უცნაურად, რომელიმე აჭარით და რომელიმე ნიგალისხევით, რომელიც ყოვლად უვალ იყო კაცთაგან. და არა დასაჯერებელ არის კაცთაგან, არავის ეხილა მთანი იგი, რომელიც წარვლეს, რამეთუ ყოვლად შეუძლებელ არის სლვა კაცისა, არა თუ ცხენისა, პირველად სიმყაფრითა და მერე ტყისა სიხშირითა და შქერთა და ეკალთა, რომელსაც ბურწუმელ ეწოდება, განრთხმული ბრძამლითა, რომელიც ნადირთაგანცა უვალ იყო ადგილი, რომელიც ჩავლეს. და იქმნა ესეცა, რომ განვლეს ტყესა ერთსა, ქვეშეთ კლდიანსა და ზედათ მცირისა მიწისა მქონებელსა, და ზედა მოშენებულ იყო ტყე. გაღმართ განმავალთა წარსქდა მთა იგი, როგორც ზვავი თოვლისა, კაცსა ვითარ ათასსა, დედა-წულისა მქონებელსა, და ჩავიდა ხევსა აჭარისასა, და დაიპყრა ცხენი და კაცი და ყოვლად უჩინო ყო, და ესეთ საწყალობელად მოისრვოდნენ. და ჯერეთცა ადგილსა მას სთხრიან მაჭარელნი და ჰპოვებენ სამკაულთა დედათასა ოქროსა და ვეცხლისასა.
ჩაიარეს აჭარა და ნიგალისხევი, და მერე შეიარეს გურია და მივიდნენ ქუთათისს, მეფესა დავითს წინაშე. ხოლო იგი სიხარულით მოეგება და სერი დიდი განუმზადა: ხუთასი ძროხა მოხარშული დაუდვა, გარდა ღორისა და ცხვრისა კიდე, და ლაშქრისა გამოსაზრდელად მასვე დღესა ცხენი ექვსასი, ძროხა ათას ხუთასი, ცხვარი ორი ათასი, ღორი ორი ათასი. ესე მას დღესა მოიღო თეგუთარს წინაშე, და მან განუყო ლაშქართა, რომლისათვის დიდად განკვირდა თეგუთარ და სპანი მისნი, ხოლო ღვინის ამარი არა იყო, მოიღეს ურმითა და ჭურითა და აღმოასხმიდეს.
31. ესეთ კვლავ ისტუმრა მეფემან დავით, რომელიც იყო უხვი და მდაბალი და მეცნიერი ყოვლისა საქმისა და სახელისა მომხვეჭელი. ესე, როგორც მონა, დაუდგა წინაშე სასამსახუროდ თეგუთარს. ეგრეთვე დედოფალმან, ასულმან მაღლისა ხელმწიფისამან, პალიალოღოს კოსტანტინეპოლის მეფის ასულმან, ამანცა ეგრეთვე პატივი-სცა ცოლსა თეგუთარისსა, და გაუშინაურდნენ ურთიერთას და მიენდვნენ და ზედასაზედა მივიდა დავით მეფე თეგუთარს წინა და განუჩინა ყოველივე წესი და რიგი მისი, და ესეთ იმყოფებოდა წინაშე მისსა.
და როცა შეიქცა სირმონ გამარჯვებული ყაენს აბაღას წინაშე, მოვიდა კაცი გზათა მცველთა ხორასნიდან და განაცხადა: „შეიძრა ულუსი დიდი თურანისა, და ყაენი დიდი ბარახა გამოვიდა ჯეონსა უმრავლითა ლაშქრითა“, რამეთუ ბარახა პაემანსა გამოსულ იყო, და თეგუთარის გადახვეწა აუწყეს. როცა ესმა აბაღას, განკვირდა, მოუწოდა ყმათა მისთა და ყოველთა ქართველთა. რამეთუ მეფე დავით შვილის სიკვდილითა დაუძლურდა, ეგრეთვე წავიდა ყოვლითა ძალითა მისითა ხორასნით კერძო, და მივიდენ ჰერს და მიერ მინდორსა ამოსისასა, დაუახლოვდნენ ურთიერთას. წარავლინეს მეფე და სპანი მისნი წინათ, რათა დაიცვენ ლაშქარნი მისნი დასხმისაგან ბარახასა და ულუსი და სპა მისი განიცადოს. და სხვანიცა ნოინნი წარგზავნა წინაწარსლვად, ვითარ ოთხსა გინა ხუთსა მილიონსა. ამცნო, რა იხილონ სპა ბარახასი, რომელიც მათვე შემოეყენა, გარეუკუნ-იქცეს. ამათ წინა შორს მდგომთა ყარაულად უწოდიან ენითა მათითა.
და წავიდა მეფე და ყარაულნი თათართანი აბაღასნი, და იარეს ორი დღე, დადგეს ადგილსა ერთსა მიმწუხრი და ცისკარი რა მოეახლა, იხილეს მტვერი დიდი ამოსის მინდორსა ამაღლებული როგორც ღრუბელი. გაიგეს მოსვლა ბარახასი და სპისა მისისა არის. აეკაზმნენ მეფე და სიქდურ, და ენება სიქდურს გარეუკუნქცევად ბრძანებისამებრ აბაღასა, და უთხრა მეფესა: „ჩვენ ყარაულნი ვართ, და ლაშქართაგან მცირედნი, და, აჰა, განგვიცდიან ლაშქარნი, და წავიდეთ ყაენს წინაშე და ვაცნობოთ მოსლვა მისი“. ხოლო მეფემან უთხრა: „არა არის წესი ჩვენ ქართველთა უკვე, რა ვიხილოთ მტერი, ჩვენ კერძო მომავალი, შეუბმელად ზურგი შემოვაქციოთ, დაღათუ იყოს სიკვდილი“. როცა ესმათ ეს თათართა, განკვირდნენ და განწყრნენ, და ზედა-მოუხდნენ მეფესა და ეტყოდეს: „არა იცი, რასა იქმ! არა გაქვს ბრძანება აბაღასი, უმისოდ შებმა დიდისა ყაენისა. თქვენ, ქართველნი, უცნობნი ხართ და არა იცით საქმე“. და მრავალსა ევედრებოდნენ მეფესა და ყოველთა სპათა მისთა, და ბოროტს ყოფასაცა აქადებდნენ აბაღას მიერ, მაგრამ ვერ არწმუნეს უკუნქცევა. მაშინ წარავლინეს მსწრაფლ კაცი ყაენს წინაშე და აცნობეს: „აჰა, მოვიდა ბარახა დიდითა ლაშქრითა და ჩვენ ვხედავთ მტვერსა დიდსა, ამოსისა მინდორსა სრულიად მტვერითა დაბნელებულსა, და ჩვენ ბრძანებისამებრ თქვენისა გვნებავს გარეშექცევა და წინაშე შენსა მოსლვა, მაგრამ ქართველნი უცნობოქმნილნი არა მოვლენ ჩვენ თანა, ამას იტყვიან: „არა გვაქვს ჩვეულება, რათამცა მტერი თვალითა ვნახოთ და გარე-შევიქცეთ“. აწ არა თუ შენ, ყაენი, მოხვალ და შენ განაგებ, ჩვენ განგვიწირავს თავნი ჩვენნი სიკვდილად, და ისწრაფე შეწევნად ჩვენდა“.
როცა მოიწია მოციქული და ესმა მოსლვა ბარახასი და ყარაულთაგან არა მორიდება, განკვირდა და მსწრაფლ ამხედრდა სპითა მისითა, და წარისწრაფა და მიესწრა რაზმწყობილთა და მოიყვანა მეფე და უთხრა: „ვიცი სიმხნე თქვენი ბრძოლათა შინა. თქვენ, ქართველნი, ურჩნი ხართ და შმაგნი. უკეთუმცა ნოინს რომელსამცა ექმნა, მო-მცა-ვკალ. ამისთვის არა ბრალეულ-გყო, რამეთუ უმეცარნი ხართ წესისა ჩვენისანი. აწ დადეგ წინათ ლაშქრითა შენითა“. ხოლო მეფე გარდახდა ცხენისაგან, თაყვანი-სცა და უთხრა: „დიდო ყაენო, არა არის ჩვეულება ქართველისა, რათა მტერი იხილოს და ზურგი შემოაქციოს. აწ ბედნიერმან თვალმან ყაენისმან გვიხილოს, რომ დავდვათ თავი ჩვენი სიკვდილად“.
და წავიდა მეფე და დაეწესა წინა კერძო. ხოლო დიდი იგი და მხნე აბათა ნოინი, რომელიც იყო მხედართმთავარი, რომელიც არის ამირსპასალარი, – მარცხენასა მხარსა. სირმონცა, დიდი იგი ბუღაცა – მარცხენითვე; სიქდურ, ტოღან-ბუღა, ჯინილის, არღუნ-აღა და იას-ბუღა – მარჯვენით, და სხვანი ნოინები გააყენეს მარჯვენით და მარცხენით, ეგრეთვე რაზმწყობილი ბარახა მოიწია.
32. მაშინ გამოჩნდა კაცი ერთი, სახელით ალინაყ, ასისა კაცისა თავადი და არა საჩინოსა გვარისა, არამედ ტანითა დიდი და ახოვანი, ძლიერი ძალითა და უშიში მხნედ, და აღმატებული სიტურფითა, ჰაეროვანი და მშვენიერი. ამან ითხოვა აბათა ნოინისაგან, რათა ფარმანი მისცეს წინამბრძოლობისა, როდესცა სურდეს. და მისცა სათხოველი ესე აბათა ნოინმან. და ამას შინა მიუახლოვდნენ ორნივე სპანი ურთიერთს, და იქმნა ომი დიდი და საშინელი. ამან ზემოხსენებულმან ალინაყ წინა-შეუტია რაზმსა მათსა და გააპო და გავიდა რაზმსა მათსა ყოვლითა მოყსითა მისითა, შეიკრიბა და იწყო თქმად ალა ალასა, და მოიქცა და კვლავ გახეთქა რაზმი მათი და გამოვიდა აქეთ. და მეორედ კვლავ მიმართა, დაფხრიწა რაზმი და გავიდა იქით და იწყო თქმად ალა ალასა. ხოლო ქართველთა ძლიერად იწყეს ომი, რამეთუ თვით ხედავდა ყაენი, რომ წინამდგომთასა მეფემან და სპათა მისთა უწინ შეუტიეს და სივლტოლად მიდრიკეს. ეგრეთვე აბათა ნოინმან ძლიერად იღვაწა ესოდენ, რომელ ოხჭანსა შინა ომისასა სრულიად შეჭურვილი კაცი აიღო უნაგირი-საგან და ტახტსა თვისსა შემოიდვა, და ქონდა სრულსა ომსა შინა ცელთა, როგორც არწივსა კაკაბი. ეგრეთვე სირმონ იღვაწა ძლიერად, და ყოველნი მათკერძონი სივლტოლად მიდრიკეს. ხოლო ბარახა ყაენი შეემთხვია მარჯვენით აბაღასთა: სიქდურს, ტოღან-ბუღას, ჯინილის და არღუნ-აღას. ესენი მსწრაფლ სივლტოლად მიდრიკა ბარახა. ვიდრე მეორე დღე ამათ სდევნიდა, ხოლო აბაღა ორ დღე მათ სდევნა და ვერც ცნეს რაზმისა სიგრძისაგან, თუ რა შეემთხვია. ხოლო როცა ცნა ბარახა გაქცევა და ამოწყვეტა სპათა მისთა, დაბრუნდა, ეგრეთვე აბაღაცა, და შეიმთხვიეს კვლავ ურთიერთს, და განეწყვნენ. როცა იხილა აბათა ნოინმან ბარახა, აიღო შუბი და მარტომან მიმართა რაზმსა მათსა, რამეთუ იყო ესე აბათა ნოინი კაცი ტკბილი და სახიერი და ახოვანი ბეჭითა და მკერდითა, მსგავსი ლომისა, უშიში, ძლიერი, შემმართებელი და ჰაეროვანი, და სიტურფეაღმატებული. და როცა მიახლოვდა სპა მისი, სდევნეს და ამოწყვიტეს სული ურიცხვი და ტყვე ყვეს, და ესეთ გამარჯვებულნი მოვიდნენ ურდოთა მათთა შინა.
ხოლო როცა იყო ყაენი აბაღა ხორასანს ბრძოლად ბარახა ყაენისა, მაშინ ზემოხსენებულმა თეგუთარმა წარმოავლინა სამნი მხედართმთავარნი მისნი დედა-წულითა და ბარგითა მათითა, სახელით სეგზი-ბადურ და აბიშხა და თოლაქ-დემურ, და მეოთხე – ჯოლაქ. წამოვიდნენ და მოვიდნენ და დადგნენ მთასა ზედა, რომელიც ამოდის შტოდ კავკასისა, რომელიც არის ლიხი. და როცა წარვლეს დასავლეთით, რომელსაც უწოდენ ღადოდ. და ამათსა შესაყარსა დემოთისასა დადგნენ თათარნი ადგილსა, რომელსაც ეწოდება ლომისთავი, და იქედან არბევდნენ ჯავახეთსა ვიდრე ფარავნამდე. მაშინ იქ მდგომთა თათართა ჩამოვლეს ეკერისხევი და განვლეს აწყურს ზედა ფონი მტკვრისა და გავიდნენ ჯავახეთს. დახვდა ჯოგი კახა თორელისა, რომელსაც ქონდა პატივად მეჭურჭლეთუხუცესობა, და ყურუმჩის ვისმე ჯოგი, ათასისა მხედრისა თავადისა, არა ალინაყისა შვილისა ყურუმჩისა, არამედ სხვისა ვისმე. და წამოიღეს და მომართეს სადგურსა მათსა ლომისთავსა. ესმა ყურუმჩი-ბადურსა და მოუწოდა კახას თორელსა და დევნა უყვეს. ხოლო თეგუთარიანნი გასულ იყვნენ მტკვარსა, სადაც მოერთვის წყალი გურკლისა, და ესენი მივიდნენ პირსა მტკვრისასა. რამეთუ იყო სიმრავლე ფრიადი თათართა და ქართველთა სპისა, მათი რამეთუ მცირედნი იყვნენ, იძიეს ღონე. თოლაქ-დემურ განვლო მტკვარი ოცდაათითა კაცითა უგრძნეულად, და სხვანი დაუდგნენ პირსა მტკვრისასა. თოლაქ-დემურ აღვლო ხევი და ავიდა ქედსა, და აღაბა ალამი რამე სახედ დროშისა, და მოეტევა ხმითა მაღლითა. და როცა იხილა ყურუმჩი-ბადურ წინათ და უკანაკერძო ლაშქარი, ჰგონა სიმრავლე სპისა მის და შეშინებულ იქმნა და ივლტოდა მსწრაფლ შეშფოთებული, სადაც სიმრავლე მოიკლა კაცთა კეთილთა, და ორთა კოხტელთა მიიღეს აღსასრული. და სამძივარი ცხენმოკლული ცურვით ივლტოდა და აწყვერს შევიდა. მხედართმთავარი თათართა ყურუმჩი-ბადურ მოიკლა, და უწესოდ დაბნეულნი, გზისა მეოტისა ვერდამპყრობელნი შეივლტოდეს მთად რუგეთისა, აღმართსა ძნელსავალსა, რომელსა ჰქვია კვირიკეწმიდა. დაბრუნდნენ და გამარჯვებულნი მივიდნენ ყაენის ძმისა, თეგუთარის, თანა. და ალაღებული თეგუთარ გადმოვიდა ქართლს და მოაოხრებდა ყოველსა ქართლსა.
მაშინ ევედრა ყაენი აბაღა მეფესა დავითს, რუსუდანის ძესა, რათა აღარ შეეწიოს და არცა შეუშვას თეგუთარ, და ნიჭთა დიდთა აღუთქვამდა. რამეთუ ეჭვისა მქონებელი ღალატისა, თეგუთარის ყმათაგან განცხადებულად მცნობელი, გარეშე თეგუთარის კითხვისა დათანხმდა აბაღას დავით მეფე, და შეკრა გზანი, რომელიც აღარ შეისლვებოდა ცხენითა. ხოლო თეგუთარმა არ იცოდა.
და როცა ცნა აბაღამ, რამეთუ აღარ შეეწევა მეფე დავით, – როგორც წერილ არის, ასე აფროსინელთა შინა სიტყვა, იტყვის ვინმე, იბრძოლებოდეს რა ანტიპატროს და ყრმა კასანდროს, მოაკვდინა, – ცნა აბაღა ყაენმან და წარმოავლინა მხედართმთავარი მისი სირმონ ბაჰადური და სხვანი მთავარნი ნოინნი და სპისა სიმრავლე. და მოვიდნენ თრიალეთს, და მოუწოდეს მეფესა დავითს და სპათა მისთა. რამეთუ მეფე სნეულობდა მას ჟამად, და წარმოავლინა ყოველნი მთავარნი მისნი სირმონს წინაშე, და ჩავიდა სირმონ ქართლად.
და ცნა თეგუთარ მოსლვა სირმონისი, წინა-განაწყო სპა მისი, და იქმნა ბრძოლა ძლიერი და ამოწყდა ორმხრითვე ურიცხვი, და ესწრა ღამე და გაიყარნენ. რა გათენდა, განემზადნენ და განეწყვნენ ურთიერთას პირისპირ. იქმნა ბრძოლა ძლიერი, და სპა მეფისა წინა-მბრძოლობდა. და როცა შეერივნენ ურთიერთს, ივლტოდა სპა თეგუთარისი, მიმო-დაიბნივნენ, მოისრნენ და უჩინო იქმნენ. დარჩა თეგუთარ და ძე მისი მცირე უღონოქმნულნი, მივიდენ სირმონს თანა, და ევედრა, რათა ყაენი აბაღა იხილოს მან და ძემან მისმან. ისმინა სირმონ, მაგრამ დააპატიმრა და აიღო ტყვედ დედა-წული მისი და ყოველი სიმდიდრე და ბარგი და საქონელი და ჯოგი, და მივიდა აბაღას წინაშე, და მიიყვანა თეგუთარ და ძე მისი. ხოლო აბაღა არა ავნო, რამეთუ იყო კაცი მოწყალე და შემნდობელი, როგორც ზემორე ვთქვით, და წარგზავნა ქვეყანასა ერაყისასა, და მისცა თორმეტი კაცი მას და ძესა მისსა, საზრდელი და შესამოსელი უხბად, ქორ-შავარდენი და ავაზა, და განუჩინა სარჩომი, რომელიც არა აკლდეს, და მცველნი დაუდგინნა, რათა აღარ გაუშვას მამულსა მისსა. და ესეთ დასვენებულ იმყოფებოდა და აღსრულდა.
და ყაენმან აბაღამ მრავალნი ნიჭნი და ძღვენი წარუვლინა მეფესა დავითს და ქართლს მრავალნი სოფელნი და ატენი მისცა...
აქ ტექსტს აკლია და ივსება ფ. გორგიჯანიძის ტექსტით:
„მას ჟამს ყოველ წელს საშემოდგომოდ წავიდოდნენ ქართველნი და თათარნიც, მათთან მეფე დავით და სპა მისი, მივიდოდნენ ყაბალის ბოლოს, საზღვარსა საქართველოსასა, სადაც შარვანიანნი ღობეს შემოავლებდნენ წყლის პირსა, რომელსაც სიბას ეძახდნენ, და ზამთარს იქ იქნებოდნენ და გაზაფხულისას აიყრებოდნენ. ამ ჭირში იყვნენ მეფე და ყოველნი ქართველნი.
აწ ასტყდა სხვა შფოთვა, რომ ზემოხსენებული ყაენის შვილის თანაანი თათარნი46 დარჩენილ იყვნენ, აღნარს უძახდნენ. ამათი თავადი იყო სახელად იეღლურ (ღალღური). წამოვიდა ბარგითა, დედაწულითა, სიმდიდრითა მათითა გადაიარეს მთანი ლიხისანი და მივიდენ არგვეთს მეფე დავითს თანა. მეფე კარგად დახვდა, მრავალი ნიჭი უბოძა და სარჩოდ გაუჩინა ქვეყანა რაჭისა. აქა დაუახლოვდა ღალღური კახაბერ რაჭის ერისთავს. სცნა აბაღამ შესვლა აღნარის ლიხთ-იმერეთს, ეწყინა და მეფეს დაემდურა, და წაართვა ატენი და რომელიც ქვეყანა მიეცათ. ამისმა მცნობელმა მეფემან უბრძანა იეღლურსა და სპასა მისსა დარბევა ქართლისა. მათაც დაიწყეს რბევა, ხოცა და ტყვედ წასხმა, ოხრება მცხეთამდე47.
მეფე დავით გიორგი ლაშას ძე დაბერებულ იყო და თათართ ლაშქრობისაგან შეზარებულ იყო, ნამეტნავად სიბაზე წასვლისა აღარ ჰქონდა ღონე. მისწერა ზემორე ხსენებულთა ოსთა, შეგროვდნენ ყველანი. სურამელი გრიგოლის საქმით და მის შვილის ბეგას რჩევით, მისცა გორის ციხე და ქალაქი, დაუყენა წინ საომრათ იეღლურსა და იმერლებსა, დაიცვან ქართლი. უწინარეს ამას მოეყვანა თათარი თანღუთ, სახელად ჯანას, მყოლებელი მხედრის ხუთასისა, იმავე ბეგას განზრახვითა, რომ მანვე დაიცვას კარი დარიალისა და გზანი დვალეთისა და ოსეთისა, რომელიც ეს კეთილად იქნა. და გაუჩინა მათ სადგომად საზამთროდ მუხრანი და საზაფხულოდ მთიულეთი. მათ ჟამიდან დაიცვა ქვეყანა ოსთაგან, რომელთა მთავარნი იყვნენ ძმანი ორნი, უფროსი ფარანჯენ და უმცროსი ბაღათარ, ზემორე ხსენებული ლიმაჩავის ძენი“.
33. მაშინ წავიდა ყაენი სიბად და თანა-წარიტანა დავით მეფე. დაყო ჟამი ზამთრისა და, რა ზაფხული მოიწია, წამოვიდნენ. და მგზავრ მომავალსა მეფესა შეედვა სალმობა მუცლისა, და როცა მკურნალთა ვერ უძლეს კურნებად, მაშინ ევედრა ხატსა მას მარტომყოფისასა, და მივიდა მის წინაშე, როგორც ჩვეულ იყო, რამეთუ პირველ ამისსა მუცლისა სნეულებითა შეპყრობილ იყო და როგორც მკვდარი, იდვა უსიტყვოდ, და აღედგინა ხატსა ხორცშესხმულისა ღმრთისასა. ხოლო აწ აღარ პოვა ლხინება ამისთვის, რამეთუ მოაკლო ღმრთისმსახურება და იწყო რღვევად საყდართა და შლად. ამისთვის აიღო ღმერთმან ხელი წყალობისა, და პირველ წელთა მოკვდა ძე მისი პირმშო, გიორგი, სიკეთეაღმატებული, და აქა მიიცვალა დავითიცა მწუხარებითა ძისათა. და ესვა სხვაცა ძე კეთილმოხსენებული, მხნე და ქველი, სახელით დიმიტრი, რომელიც შემდგომად მეფე იქმნა. ხოლო ამან დავით რა დაასრულა ცხოვრება, დამარხეს სამარხოსა მეფეთასა მცხეთას. ხოლო თქმულ არის ესეცა, რომ წამლისა მიერ აღსრულდა, ცოლისა მისისა ესუქანის მიერ მიცემითა წამლისათა, როგორც სიტყვისმოქმედი იტყვის მაკედონელისა მის დიდისა მიდოსით თავმტკივნეულობად მყოფისა და ეჭვისა წამლისასა მიდოს და ანტიპატროს მიერ მიცემისა, ეგრეთვე დავითისდა თქმულ არის ესუქანის მიერ შურისათვის ბასილი უჯარმელისა, რომელიც მოაკვდინა მეფემან უწესოებისათვის: თანა-ეყო ბასილი ესუქანს და არა რიდა საწოლსა პატრონისა მეფისასა, და ჩოხანიცა გაიხადა და მთავრობა მიიტაცა. ამის ეწესობისათვის მოიკლა ბასილი.
ვინაიდან მოიწია მწუხარება უნუგეშინისცემო ყოველთა მკვიდრთა საქართველოსათა, რამეთუ მიიცვალა მეფე დავით, იგლოვეს წესისაებრ, და მრავალი ნიჭი გასცეს ეკლესიათა, საყდართა, გლახაკთა სახსენებლად მისა. მაშინ მწუხარე იყვნენ მთავარნი, რამეთუ მეფე დიმიტრი მცირე იყო და არა ძალ-ედვა მეფობა. ამისთვის უმრავლესნი წავიდნენ და მსახურებდნენ ყაენსა, რამეთუ ვერცა დავით მეფემან წვართნა ერისთავნი შიშისათვის ყაენისა.
მაშინ ზემოხსენებულნი ღალღურ და რაჭის ერისთავი კახაბერი შეეზრახნენ ურთიერთს, რათა განუდგენ მეფესა დავითს, რუსუდანის ძეს. და წავიდნენ ყაენს აბაღას წინაშე. და ეზრახნენ ალინაყს ბადურს, რომელიც იდგა მთათა ჯავახეთისათა და მან აცნობა ყაენსა. ხოლო მან ნიჭნი დიდნი აღუთქვა. და წავიდა ღალღურ და კახაბერის ძე, კახაბერი, რომელი იყო თესლით ბოროტი, როგორც გვაუწყებს წიგნი მეფეთა, ბაღვაშისთა და ნათესავთა მისთა. რამეთუ მოიწიეს ყაენს წინაშე, შეიწყნარა და მოუწოდა სირმონ ნოინსა და უთხრა: „მეფე დავით ესეოდენთა განდგომილებათა იქმს, რამეთუ მისსა არა კმა იყოფს, და ყოველთა განდგომილთა ჩვენთა თანა-შეეწევის, როგორც თეგუთარს და აწ ღალღურს. ხოლო მე ნიჭნი დიდნი და პატივნი წინა-უყვენ თეგუთარისთვის და კვლავ ღალღური შეიწყნარა. აწ მნებავს, რათა შური ვიგოთ მის ზედა“. და ესმა კახაბერსა, და წარდგა და თქვა: „უკეთუ ნებავს ყაენს შურისგებად დავით მეფესა ზედა, მე მისთვის მოსულვარ, ვიცნი გზანი შესავალნი, და წარვასხამ ლაშქართა, და ვგონებ, რომ მეფე ხელთ-ვიგდო. და ღალღურცა იცის გზა და ძალი ქვეყანისა მათისა“.
მაშინ უბრძანა ყაენმან აბაღა სირმონ ნოინს და ალინაყს და თაიჩოს და აბჩის, რათა ილაშქრონ მეფესა დავითს ზედა. და შეკრიბეს სიმრავლე ლაშქრისა ოცდაათი ათასი, და გამოვლეს თრიალეთი და გარდავლეს მთა ლიხისა და ზედა-დაესხნენ ქუთათისს აბანოსა შინა მყოფსა მეფესა. და ძლივს შეესწრა ცხენსა, ერთითა კაბითა მარტო ივლტოდა. ხოლო თათართა მოაოხრეს ეკლესიანი, და მრავალი სული ქრისტიანე მოიკლა და ტყვე იქმნა. და უვნებელად მივიდნენ ყაენს წინაშე. ხოლო მეფე, საკვირველებით დაცვული ღმრთისა მიერ, განერიდა. და ვერ მიესწრა მეფე ომსა მათსა, რამეთუ მსწრაფლ უკუნ-იქცეს თათარნი.
წელსა მესამესა კვლავ წამოვიდნენ სირმონ და ალინაყ აბაღას ბრძანებითა შეპყრობად მეფისა, რამეთუ დაემსტურა კახაბერსა და არღარა ჰგონებდა მისლვასა თათართასა. დაესხნენ კვლავ. და მეფემან გაასწრო, და მოაოხრეს ქვეყანანი. და როცა ცნეს შეყრა და ზედამოსლვა მეფისა, ივლტოდნენ თათარნი მსწრაფლ მასვე დღესა ტყვითა და ალაფითა.
ამათ ჟამთა სადუნი მანკაბერდელი განდიდებულ იყო უმეტეს ყოველთა მთავართა მის ჟამისათა, რამეთუ შეიყვარა ყაენმან აბაღა, და იწყო ურვად საქმეთა საქართველოსათა, რამეთუ ასული პატრონისა მისისა, ავაგ ათაბაგისა, შევედრა სადუნსა. და ხუაშაქმან ეჯიბობაცა მისცა.
მაშინ შეიკრიბნენ თავადნი ქართველნი და დიდებულნი და წაიყვანეს მეფისა ძე დიმიტრი ურდოსა. და მივიდნენ შანშეს ძისა ივანეს თანა მანდატურთუხუცესსა. და წაჰყვა იგიცა ურდოსა48. და მიიყვანეს ყაენს წინაშე ურდოს და დაუურვეს მეფობა. და როცა იხილა ყაენმან დიმიტრი, შეიწყალა, რამეთუ იყო ქმნულკეთილი და მშვენიერი ხილვად. და მოსცა ყოველი სამეფო, გარდა სარგის ჯაყელისა, და წარმოატანა თანა სადუნი, რომელსაც უბოძა მეფემან დიმიტრი ათაბაგობა. და მოვიდა ტფილისს და დასვეს ტახტსა მამათა მათთასა, და აღასრულეს წესი კურთხევისა კათალიკოზმან და ეპისკოპოზთა და ყოველთა მთავართა საქართველოსათა ჰერეთით, კახეთით, სომხითით, ქართლით და ჯავახეთით და ტაოთ, რომელნიც შეკრებილ იყვნენ. და იყო მადლობა ღმრთისა და სიხარული დიდი, გაცემა გლახაკთა და ობოლთა ზედა, რათა წარემართოს მეფობა დიმიტრისა და კეთილად განგება საქართველოსა49.
V
34. მათ ჟამთა იწყო ყაენმან აბაღა ბრძოლად მეგვიპტელთა მთავარსა და სულტანსა მისრისასა ფუნდუყადარს50, და წარავლინა სპა ძლიერი და მათ თანა სპა ქართველთა. და აჩინა მხედართმთავრად თოდან ვინმე ბაჰადური, ნათესავით სალდუსი, მთავარი გარეთათა, და წარგზავნეს გზასა შუა აზიას მიმავალსა შამად. და მიუმცნო სულტანსა იკონიისა ფარვანას51, რამეთუ უწინარეს ამის ჟამისა აღსრულებულ იყო სულტანი დიდი სელჩუქიანი ყიასდინ, და მონასა მისსა, ფარვანას, მიეტაცა სულტნობა, და ცოლიცა მისი და ასული რუსუდანისა გურჯი-ხათუნ მიეყვანა ცოლად, და მას ქონდა ყოველი პონტო, ასია და კაბადუკია. ამას მიუმცნო ყაენმან, რათა შეეწიოს სპათა მისთა52.
და წავიდნენ სპანი აბაღასნი და მივიდნენ ფარვანას თანა და დაიბანაკეს ევხაიტს, რომელიც არის ასურასტანი. და როცა ესმა სულტანსა ფუნდუყადარს მისლვა თათართა, მოუხდა სპითა ეგვიპტისთა და ზედა-დაესხა ჟამსა განთიადისასა. და იქმნა ძლიერი ბრძოლა, სადაც მხნედ ბრძოლა-უყვეს ქართველთა, რომ თათარნი განკვირდნენ. მაშინ თათარი ვინმე, სახელით მორღულ, მიეტევა მარტო რაზმსა არაბთასა, და განვლო შიგან და გამოვლო. და მომავალსა ცხენსა მისსა უკანა ფეხი მარჯვენა მოჰკვეთა ვინმე ქვემდებარემან კაცმან სახსარი ჩლიქსა ზედა. იქმნა საქმე საკვირველი, ივლტოდა სპა აბაღასი და ემირი თოდან მოკლულ იქმნა. წამოვიდა ესე უფეხოთა ცხენითა, სამი დღე და სამი ღამე ვლო. ეგრეთ მოკვდა ცხენი.53
როცა გაიგო აბაღამ ამოწყვეტა ლაშქართა და უმეტეს ქართველთა, დაუმძიმდა დიდად, და შეასმინეს სულტანი იკონიისა ფარვანა, რომ განზრახვითა მისითა იქმნა მოსლვა სულტნისა ფუნდუყადარისა. ამისთვის შეიპყრეს ფარვანა, რადგან არა ენება აბაღას მოკლვა მისი, მაგრამ ნოინთა მოაკვდინეს ფარვანა54 და აიღეს ყოველი სიმდიდრე მისი. და აჩინეს იკონიასა ნოინი დიდი და კეთილი, ნათესავი პირველთა ყაენთა, ონ-ხანისა გვარისა, სახელით ერინჯი.55 ამას ხელთ-უდვეს მთავრობა იკონიასა. და წაართვეს აწყვერი სამცხეს, რომელიც ჰქონდა ფარვანას ცოლეულთაგან, და უბოძეს ჯაყელსა სარგისს და ძესა მისსა ბექას.
როცა აღიზარდა მეფე დიმიტრი, დაიწყო საურავთა საქმეთა კეთილგანგებად. რამეთუ იყო ესე დიმიტრი ტანითა ახოვან, ფერითა ჰაეროვან, შესახედავად ტურფა, თმითა და წვერითა მწყაზარ, თვალითა გრემან, ბეჭბრტყელ და შეწყობილ, სამხედროთა წესითა სრული, ცხენოსანი და მშვილდოსანი რჩეული, უხვი, მოწყალე გლახაკთა და მდაბალი, რომელიც არა სმენილ არის ნათესავი მეფეთა, გინა სხვათა კაცთა. რამეთუ ქონდა ჩვეულება: აიღოს საფასე და აღდგეს ღამე და მოიაროს ქალაქი და მოიხილოს გლახაკნი და დავრდომილნი და ობოლნი, და თვისითა ხელითა მისცემდა. და ყოველთა უწყოდის მოწყალება მეფისა, და გლახაკნი ღამით ფოლოცთა შინა დადიდოდნენ, რათა შეემთხვივნენ მეფესა. ამას თანა მოეგო მარხულობა, ღამით ლოცვა და მუხლთყრა ფრიადი: ათასხუთასი მუხლი მოაგდის მდაბლად მიწასა ზედა. ესეთ ყოვლითურთ განმშვენებულ იყო, თუმცა ესეთ ხელთა სადუნისათა იყო, რამეთუ ფრიად განადიდა სადუნი ყაენმან. დაიურვა მეფის დიმიტრისაგან თელავი და ბელაქანი და მრავალნი ქვეყანანი56. და სადუნი კეთილად განაგებდა საქმეთა საქართველოსათა, რამეთუ დღეთა მისთა არა იქმნებოდა თათართაგან ძალი და უსამართლო, არცა დიდთა ნოინთაგან, არცა ელჩთაგან. და ესეთ აღშენდა საქართველო.
მეფემან დაიწყო სიბას წასლვად57, და აღაშენნა ქვეყანანი მოოხრებულნი. ამანვე აღაშენა პალატსა შინა მონასტერი ისანთა საყოფელად მეტეხთა ღმრთისმშობელისა, და შეამკო განგებითა დიდითა და შესწირა სოფელნი და ვენახნი და განუჩინა მონაზონთა საზრდელი და სამოსელი და განაგო განგებითა კეთილითა. და წავიდა ურდოსა58, და მას შინა ყოფასა მეფისასა სთხოვეს საფასე ურიცხვი მეფესა განზრახვითა სადუნისითა. უთხრა მეფესა სადუნმა: „უკეთუ მომცე დმანისი, მე მივსცე საფასე ყაენსა“. ისმინა მეფემან და უნებლიედ მისცა დმანისი და მიმდგომი მისი, და უმეტეს განდიდდა სადუნი. ხოლო ქმნა კეთილიცა საქმე მონასტერთა და გლახაკთა მიმართ, რომელ დღეთა ცხორებისა მისისათა მან მისცა ყალანი (ე.ი. ბეგარა) და მალი თორმეტთა უდაბნოთა გარეჯისათა და განათავისუფლა ქვეყანა გარეჯისა. და მსახურებდა მეფესა დიმიტრის. განდიდდა დიდად ლაშქრითა და სიმდიდრითა ოქროსა და ვეცხლისათა, და ჯოგისა და ხვასტაგისა არა იყო რიცხვი, რამეთუ იყო კაცი ესე მშვებელი, კეთილად გამგონე და ბრძენი, რამეთუ ყაენი აბაღა ისმენდა სიტყვათა მისთა და დიდი საჰიბ-დივანი; მამული ავაგ ათაბაგისა ამას ქონდა, და ასული მისი, ხუაშაქ, მოეყვანა ცოლად საჰიბ-დივანს. ესე საჰიბ-დივანი განდიდებულ იყო ყაენის ულოსგან და სადუნიცა მისგან განდიდებულ იყო. და ყოველი საბრძანებელი ყაენისა მისთა ხელთა შინა იყო და ბრძანებასა მისსა მორჩილობდნენ. და იყიდა სადუნმა მრავალნი ქვეყანანი, და უბოძეს მეფეთა კარი. და დაჯდა კარსა და მისი მიმდგომი ქვეყანა მოივერაგა ახალციხელთაგან და ასული ახალციხელისა ცოლად მოიყვანა.59 და საქართველოსა ლაშქართა საქმე და განგება ხელთ-უდვა ყაენმან და დარბაისელნი ქართველნი და სომხითარნი და ჰერ-კახნი მეფეს წინაშე იყვნენ.
35. ამათ ჟამთა შინა განდიდდა სამცხის სპასალარი და მეჭურჭლეთუხუცესი სარგის ჯაყელი და ძე მისი ბექა, რომელნიც მთავრობდნენ სამცხეს. ხოლო საქმენი სარგისისნი ზემორე აღგვიწერია და შემდგომად ვახსენოთ ძე მისი ბექა. იყო ბექა ტანითა ახოვან, ფერითა ჰაეროვან, თმითა და თვალითა გრემან და მშვენიერ, ბეჭითა და მკერდითა სრულ, ძალითა ძლიერ, ომსა შინა მხნედ მებრძოლი, ცხენთა ზედა მხნე და მოისარი ნადირთა ხელოვანი, გონებითა ფრთხილ, მაშენებელი ქვეყანათა, ეკლესიათა და მონასტერთა, და ღმრთისმოსავთა კაცთა პატივისმცემელი, მლოცავი, რომელიც არა დააკლდებოდა ცისკრის ლოცვათა, სამხრად და მწუხრად, როგორც ტიბიკონი მოსცემდა წესსა ლოცვისასა. ამისთვის პატივ-სცა ღმერთმან და მეუღლეცა შემსგავსებული მოანიჭა: ლოცვისა, მარხვისა და გლახაკთმოწყალებისა, მონასტერთა და ხატთა პატივისმოყვარე, ობოლთა და უღონოთა აღმზრდელი.
მაშინ დაიპყრა ბექამან ქვეყანა ტასისკარიდან კარნუქალაქამდე: სამცხე, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი და უმრავლესი ტაო, ვაშლოვანი, ნიგალისხევი, არტანუჯი, თორმეტნი უდაბნონი, კოლა, კარნიფოლა და ორნივე არტანნი, და მრავალნი სოფელნი ჯავახეთს. და ესეთ დღითი დღე განდიდებოდა და მსახურებდა ყაენს აბაღას და მორჩილობდა მეფესა დიმიტრის. ხოლო მეფე დიმიტრი წარემატებოდა ღმრთისმსახურებითა და კაცთმოყვარებითა, და ყაენი უმეტეს უმატებდა პატივსა მისსა. დაღათუ ჯერეთ ყრმა იყო, მაგრამ ინებეს და წარავლინეს კაცი პონტოდ მეფისა ბერძენთასა, კომნიანოსისა, რომელიც იყო ნათესავად დიდისა კოსტანტინესა, და მოიყვანეს ასული კომნიანოსის, მეფისა ტრაპიზონელისა, დიდებითა და საჭურჭლითა დიდითა, და ქმნეს ქორწილი სამეფოსა წესისაებრ. და შემდგომად მცირედისა ჟამისა მუცლად-იღო დედოფალმან და შვა ძე, და უწოდეს სახელად დავით, რომელიც ბოლოს მეფედ იქმნა ქართლს.
ამათ ჟამთა კვლავ მოვიდა იგივე არღუნ, რომელსაც აღერიცხა ყოველნი საბრძანებელნი ყოველთა ყაენთანი, რათა აღთვალოს ქვეყანა და ცნას, თუ რომელი ქვეყანა აოხრდა, გინა აღშენდა.60 აღთვალა ახლად და ცნა, რამეთუ უმრავლესნი მოოხრებულ იყო, უმეტეს ჰერეთი და კახეთი, რამეთუ კამბეჩის ვაკენი მოოხრებულ იყო გამოსლვასა მას თათართასა, როდესაც გამოვიდა ყაენი დიდი ბერქა. მაშინ ტფილისს ყოფასა არღუნ ოირადისასა, ეზრახა მეფესა და სთხოვა თამარ, რომელიც მხოლოდ ესვა და უთხრა: „კეთილად მოხსენებულმა მამამან შენმან მომცა ასული მისი, და შენი, რძლად ჩემდა და ცოლად შვილისა ჩემისა, მაგრამ იგი ვერ მოესწრა. აწ ვითხოვ, რათა არა უღირს-იჩინო ვედრება ჩემი და მომცე და შენი შვილისათვის ჩემისა“. როცა ესმა მეფესა, დაუმძიმდა და დიდსა ჭმუნვასა ჩავარდა, და სულითა მტკივნეულითა ეძიებდა ღონესა, და სძაგდა წარმართისა ქორწინებად და მისი ქრისტესაღმსარებელი, მაგრამ არა იყო ღონე, რამეთუ მამასა მისსა მიეცა. და მისცეს ცოლად შვილსა არღუნისსა და აღასრულეს წესი ქორწილისა.61 და წავიდა არღუნ ურდოსა, ხოლო შვილი მისი დაუტოვა მეფისა თანა.
მათ ჟამთა კვლავმიუდგა დედოფალი და შვა ყრმა, და უწოდეს სახელი ვახტანგ.62
და ამათ ჟამთა დამშვიდდა ქვეყანა ლიხთიმერი. და მოიწყო მეფემან დავით, რომელიც იყო კაცი პირველ კეთილი და გონიერი, უხვი, მდაბალი და პურად უმჯობეს უწინარესთა მეფეთა, და იყო მრავალსა მშვიდობასა შინა.
ხოლო რაჭის ერისთავი კახაბერი იყო ქართლს და ქონდა ქვეყანა ატენისა, და არა პატივი ეპყრა არცა ყაენისა და არცა დიმიტრი მეფისაგან ორგულობისათვის მეფეთასა. ამისთვის შევიწროებული ევედრა მეფესა, რათა შეიწყალოს და უბოძოს მამული მისი. ხოლო ტკბილმან და მოწყალემან მეფემან შეიწყალა და შეუნდო ფიცითა მტკიცითა, რათა არა აბრალოს პირველი შეცოდება და ეგოს ერთგულებასა ზედა მისსა, და მიუბოძა მამული მისი ყოველი. და კვლავ-ეგო მამულსა მისსა, რაჭას. ხოლო როცა დაყო მცირედი ჟამი, იწყო მათვე მამურ-პაპურთა კვალთა სლვად, და როგორც ღორი ისწრაფდა მწვირეთა მიმართ, და ვითარ იქედნე გესლისა დათხევად, გვარისაგან მოქონდა ორგულობა. დამვიწყებელმან ფიცთა საშინელთამან იწყო ღალატად მეფეთა და წარავლინა კაცი და წიგნი ალინაყს თანა ათასისთავსა, რომელიც იდგა მთათა ჯავახეთისათა და კოლისათა, რათა პირველისაებრ დაესხას მეფესა და ადვილად ხელთ-უგდოს მეფე. თუმცა უქმ ყო ღმერთმან ზრახვა მისი, როგორც აქიტობელისა დავითის მიმართ, და საცნაურ იქმნა წიგნი. ამისთვის მიეგო მისაგებელი ბოროტი, და სიცრუე მისი თხემსა მისსა ზედა დაუხდა. შეიპყრა მეფემან და პირველ თვალი დასწვა, და მერე ერთი ხელი და ერთი ფეხი მოჰკვეთა და ორნი შვილნი მისნი მისცა ექსორიობად, კოსტანტინეპოლს წარგზავნა, რამეთუ დედოფალი, ცოლი მისი, ასული იყო დიდისა პალიალოღოს მეფისა. ხოლო კახაბერი მცირე ცხოვრებული გავიდა ცხოვრებისგან და მოკვდა. და მოისპო ყოველი ნათესავი მისი, ბაღვაშთა კახაბერის ძეთა, არა დარჩა და აღიხოცა ნათესავი მისი და სახსენებელი მათი.
ამასვე ჟამსა ინება ყაენმან ამხედრება ქვეყანასა ზედა გილანისასა, რამეთუ იგი დარჩენილ იყო ხელთუგდებელად და არა მორჩილებდნენ და არცა ხარაჯასა მოსცემდნენ. წარავლინა სპა თათართა და ქართველთა, და მეფე არა წარგზავნა. და აჩინა სპათა უხუცესად სირმონ-ბადური, და წავიდნენ, და შევიდენ გილანსა. და შეკრიბეს გილანელნი და წინა-დაუდგნენ სიმაგრეთა შინა. ხოლო ქვეყანა მათი განმაგრებული იყო ერთკერძო კლდითა და ტყითა, და გზანი ვიწრონი, და ერთკერძო ზღვითა. ამათ სიმაგრეთა შინა წინა-განეწყვნენ და იქმნა ბრძოლა ძლიერი. გილანელთა დაასხეს ისარნი, როგორც წვიმა. გარდახდა სირმონ ცხენისაგან და დაჯდა და ზურგი შეაქცია მებრძოლთა მისთა, და ყოველნი სპანი მისნი დაქვეითდნენ. და როცა შემცირდნენ ისარნი, ახლტა სირმონ და მიეტევა როგორც ვეფხი და მის თანა ქართველნიცა მიეტევნენ მხნედ და აოტნეს გილანელნი, და ორნი თითნი მარჯვენისა ხელისანი დაჭრეს სირმონს, და დარჩნენ სპანი თათართანი და ქართველთანი უვნებელად. და როცა იხილეს სიმაგრენი ქვეყანისანი, რომელიც უბრძოლველ იყო და არა ეგო დაპყრობდა, წავიდნენ ყაენსა აბაღას წინაშე.
ესეთ დამშვიდდა ქვეყანა და ყოვლით კერძო იწყო მშვიდობა. მოხედა ღმერთმან წყალობით მოსავთა მისთა. და იყო უხვება პურისა და ღვინისა. და მეფე დიმიტრი განაგებდა სამეფოთა საქმეთა.
როცა მოიცალეს მცირედ ჭირთაგან და ისვენებდნენ, მიდრკენ გზისაგან საღმრთოსა, იწყეს განდგომად, რამეთუ მეფემან მოიყვანნა სამნი ცოლნი, ეგრეთვე სადუნმან მოიყვანა სამი ცოლი. და მთავართა იწყეს ხელის შეხებად საყდართა და მონასტერთა. და იწყეს მიტაცებად სოფელთა და აგარაკთა, უმეტეს მესხთა საყდარსა ზედა დიდებულსა აწყვერისასა. მართალია ამათ უწესოებათა დიდად ამხილებდა ნიკოლოზ კათალიკოზი და ნიკოლოზ მაწყვერელი, ჯუანშერის ძე, და არავინ ყურად-იღებდა სიტყვასა მათსა.
და კვლავ სხვანიცა აღმოსცენდებოდნენ ბოროტნი, რამეთუ იწყეს ურთიერთს მძლავრებად და მიხვეჭად, და არავინ იპოვებოდა სამართლისმყოფელი, რამეთუ იყო მღვდელმთავარი და მღვდელი ლაღ, ამპარტავან, ანგარ, ბოროტისმყოფელ, უწესო. აღარ განვამრავლოთ სიტყვა, რამეთუ იყვნენ ყოვლით კერძო ბოროტ.
36. მაშინ მოიწია სამართალი სასჯელი ცოდვათა ჩვენთათვის, რამეთუ ზემოხსენებული იგივე არღუნ წარმოემართა სამცხეს63 ხილვად სარგის ჯაყელისა, რამეთუ დაბერებულ იყო, სენთაგან სიბერისათა დახსნილ იყო ყოვლითა ასოთა. შემოვლო სომხითი, ტფილისი და ქართლი მხედრითა ორითა ბევრითა და დიდად ავნებდა ქვეყანასა, მართალია არა ბოროტისმყოფელი, არამედ საზრდელისა ძლივს დიდად დასჭირდა ქვეყანასა. და უგრძნულად მივიდა სამცხეს და დადგა აწყვერს. და ცნა სარგის მოსლვა არღუნისი, და მოვიდა მის წინაშე იგი და ძე მისი ბექა. გაუკვირდა ორთავეს მოსვლა, და სარგის წაიყვანა ურდოს და ბექა დატოვა სამცხეს, რამეთუ იყო მეხუთე კვირიაკე წმიდათა მარხვათა. და რა წამოვიდნენ სამცხიდან, მოვიდნენ სომხითს.
და მოიწია ვნებისა კვირიაკე და დიდსა ოთხშაბათსა64 შეიძრა მძაფრად ქვეყანა სამხილებელად უსჯულოებათა ჩვენთათვის. და კვლავ ხუთშაბათსა მცირედ შეიძრა და არავინ გულისხმა-ყო, რათამცა წყალობად აღეძრა ღმერთი შემნდობელი. და როცა მოიწია პარასკევი ვნებისა უფლისა, კვლავცა შეიძრა ქვეყანა, დაყუდდა და აღარ იქმნა. და როცა მოიწია შაბათი, და იქმნა სამ ჟამად დღე და ხვალისა დღე ჯერ-იყო სიხარული აღდგომისათვის უფლისა და ყოველნი მოელოდნენ სიხარულსა, ესოდენ რისხვით მოხედა ღმერთმან ქვეყანასა სიმრავლისათვის უსამართლოებათა ჩვენთასა, რამეთუ საფუძველითურთ შეიძრა ქვეყანა და შეძრწუნდა, რომ დაიქცნენ საყდარნი და მონასტერნი, ეკლესიანი და ციხენი, სახლნი, ნაშენებნი მოოხრდნენ, მთანი და ბორცვნი დაიზულეს, კლდენი სახედ მტვერისა დაიგალნენ. და მიწა გაიპო და შავი წყალი, მსგავსი კუპრისა, აღმოიჭრა, ხენი მაღალნი დაეცნენ და ირყეოდნენ ძრვასა ქვეყანისასა, რომლისათვის საყდარი აწყვერისა დაიქცა, რამეთუ ყოვლად წმიდა აწყვერისა ღმრთისმშობელი, ლიტანიობით შესვენებული, საშუალ საყდრისა ესვენა. გუმბათი ჩამოიჭრა და როგორც ქუდი კაცისა, ესეთ თავსა დაერქვა, და დარჩა უვნებელად ძლიერებითავე მისითა. ესე რისხვა საშინელი სამცხესა ოდენ მოიწია, ვიდრე თვისა ერთისა ჟამთამდე, და სხვაგან არასადა ევნო. მცხეთის საყდარიცა დაიქცა, სამცხეს ურიცხვი სული ამოსწყდა, და ყოვლად საყდარი, ეკლესია და ციხე არსად დარჩა დაუქცევარი, იქმნა გლოვა და ტირილი უზომო.
ხოლო ზემოხსენებული იგი არღუნ-აღა იყო ყაენს წინაშე, და შეედვა სენი, რომლისა მიერ მოკვდა. და როცა გაიგო შვილმან არღუნისმან, წამოვიდა სახლად დიდად მეფისა და ცოლი მისი დატოვა ტფილისს. ხოლო დამან მეფისამან, თამარ, გაიქცა მთიულეთს, რამეთუ სძაგდა როგორც უსჯულო და წარმართი. მაშინ სადუნმა გაიგო, რომ აღარ ნებავს დასა მეფისასა ქმარი, შვილი არღუნისი, დაევაჭრა, რათა მოჰყიდოს და მეფისა, და ევედრა ყაენს აბაღას. ხოლო იგი დათანხმდა და მოჰყიდა. და მეფემან მისცა და თვისი სადუნსა. ესე უწესო ქმნა, რამეთუ სამნი ცოლნი მოიყვანნა სადუნ თვისად. ამისთვის გაწყრა კათალიკოზი ნიკოლოზ, კაცი მოხუცებული და მართლმკვეთელი, მაგრამ მძლავრებისაგან სადუნისა ვერ უძლო განყენებად, თუმცა ფრიად შეაჩვენებდა.
მათ ჟამთა შინა საქმისა რასათვისმე განუდგეს თათართა სარგის და ძე მისი, ბექა, რამეთუ სარგის დაბერებულ იყო სენითა ფეხის ტკივილისათა. და ბუღა ნოინის მიერ, თვალად წოდებულისა, ძმა არუხა წარმოიგზავნა მოოხრებად სამცხისა. და მოვიდა არუხაცა სპითა ოცი ათასითა. ხოლო ბექა შეეხიზნა მთათა, რომელიც არიან შორის გურიას და აჭარასა. და მესხნი შევიდნენ ციხეთა, ქვაბთა და ტყეთა. და მოვლო ლაშქარმან სამცხე და ვერარა ავნო. დაყვეს ოცი დღე და წავიდნენ და დარჩა ქვეყანა მშვიდობით.
და როცა გარდახდა წელიწადი, ინება ყაენმან აბაღა წასლვა ეგვიპტეს, ან დაიპყრას და ან მოხარკე ყოს. მოუწოდა ყოველთა სპათა მისთა და მეფესა დიმიტრის და სპათა მისთა წასლვად და ბრძოლად ეგვიპტისა სულტნისა, რამეთუ მაშინ ფუნდუყადარ მიცვალებულ იყო და სხვა დაეყენა, რომელსაც ეწოდა ნასირ მელიქ.65 და მოუწოდა ძმასა თვისსა უმრწემესსა და აჩინა მხედართმთავრად, და ხელთ-უგდო ყოველი სპა მისი, და უბრძანა ბრძოლა სულტნისა. მაშინ მანგუ-დემურ მოუწოდა მთავარსა სამცხისასა, ბექასა, რათა წაჰყვეს თან, ხოლო მან უთხრა: „მტერთა ჩემთა სიტყვითა გაწყრა ჩემთვის ძმა შენი, ყაენი აბაღა, და არუხა წარმოავლინა და მოაოხრა ქვეყანა ჩემი. ხოლო მე მოვრიდე არას შეცოდებისათვის. და აწ მეშინა ყაენისაგან, და თუ შენ ფიცითა მიმინდობ, არა მაბრალოს და ქვეყანა ჩემი და მამული მშვიდობით დაიცვას, მოვალ წინაშე შენსა ლაშქრითა“.
როდესაც ესმა მანგუ-დემურს, გაიხარა, და ოქროსა წყლისა შესმითა შეჰფიცა და ყოველი სიმტკიცე აღუთქვა და მოსცა ბეჭედი, რომელიც ეცვა თითსა მისსა, რამეთუ ესე იყო მტკიცე საფიცარი. და აუწყეს მოციქულთა ყოველი ბექასა. მყის მოუწოდა ყოველთა მესხთა და წარემართა მანგუ-დემურს თანა, და მივიდა მის წინაშე. გაიხარა ფრიად და პატივნი და ნიჭნი დიდნი უყვნა, და უჩვენა ყაენი აბაღა, რომელმაც ფრიად პატივ-სცა და შეიყვარა სიკეთისა მისისათვის.
და ესეთ წავიდნენ მისრეთს, და იარეს მრავალი დღე და მიიწიეს ერთსა ქალაქსა, რომელსაც ერქვა დარბუზაკი (დეირ-ე ბირი). გამოვიდნენ მოქალაქენი კარიდან და იქმნა ომი, სადაც ბექამან და მისთა მყოლთა მესხთა ძლიერად იღვაწეს, უფროს სხვათა. თათართა და ქართველთა შიგან ქალაქსა შევარდნენ, და მესხნი უპირატეს მიეტევნენ. და დასცხრა ღვაწლი ბრძოლისა, მაშინ პატივი დიდი უყო ბექასა შესამოსელთა და ცხენთა საკვირველთა მინიჭებითა, ეგრეთვე დიდებულთა და აზნაურთა ბექასათა.
აიყარნენ აქედან და წავიდნენ ეგვიპტისკენ და მივიდნენ ქალაქთა, რომელთაც ეწოდება ამასი და ამო66, დაიბანაკეს მახლობელად ქალაქთა. და ეცნა სულტანსა ნასირ-მელიქს მოსლვა თათართა, წამოსულ იყო ყოვლითა ძალითა მისითა, და მოვიდა იგიცა. და როცა იხილა მანგუ-დემურ სულტანი და სპა მისი, ამხედრდა და წინა-განეწყო. ხოლო მეფე დიმიტრი, მართალია ჯერ არა სრულ იყო დღითა ბრძოლათათვის, ევედრა მანგუ-დემურს, რათა წინამბრძოლად განაჩინოს იგი და სპა მისი, რომლისათვისცა ისმინა. და იქმნა ბრძოლა სასტიკი და ძლიერი, ოდესმე ყოფილთა გადასულთა ბრძოლათა უდიდესი. ხოლო ვინაიდან უწყოდა სულტანმან წყობათა შინა მხნედ წინადაუდგრომლობა მეფისა და სპათა მისთა, ამისთვის რჩეული მხედარი თორმეტი ათასი თანა-იყოლია და წინაშე დაიყენა ორთა თანა მთავართა მხნეთა, რათა გაძლიერებასა და შენივთებასა ბრძოლისასა უკანასკნელ მიმტევებელთა სძლიონ და აოტნენ ქართველნი. გაძლიერდა ომი და ამოწყდა ორმხრითვე ურიცხვი. მაშინ მსწრაფლ ზედამოეტევნენ მეფესა ყარა-სუნღურ (ყარა-სონყურ) და იაყუბ აფრაშ (აღუშ აფრამ) თორმეტი ათასითა რჩეულითა მხედრითა და კვლავ იქმნა სასტიკობა ესევითარი, რომ ორასი მხედარი წინამბრძოლად განეწესნენ მეფესა და სრულიად მოისრნენ გარდა მეფისა და სამთა კაცთასა და ცხენთასა. მოიკლა ყარა-სუნღურისა მიერ შუბითა ცხენი მეფისა, ხოლო მხილველთა ქართველთა იწყეს ბრძოლა ძლიერად და უმრავლესნი მეგვიპტელნი მოისრნენ, და მეფეცა ცხენმოკლული ძლიერად იბრძოდა. როდესაც იხილა მეფე სიქდურის ძემან, აბაშმან, მყის აღსვა მეფე ცხენსა თვისსა. როცა იხილეს ქართველთა ამხედრება მეფისა, მაშინ ყოველნი აღმხედრდნენ, და მეოტ იქმნენ ყარა-სუნღურ და იაყუბ თორმეტ ათასთა თვისთა თანა. ხოლო ლტოლვილ იქმნენ აქეთ პირველ ნოინნი და თათარნი, და თვით მანგუ-დემურ უკმოიქცა ლტოლვით ყოველთა თანა სპათა მისთა. მაშინ უღონოქმნილთა ქართველთა სივლტოლა გადაწყვიტეს. განგებითა ზეგარდმოთა მეფე დაცულ იქმნა, მართალია უმრავლესნი ქართველნი მოისრნენ. მოვიდნენ მანგუ-დემურ და მეფე წინაშე აბაღასა.67
ხოლო ნადირობასა და ლაშქართა ყოფისა ამბვისა მომლოდეობასა აბაღა იხილა თათარი ვინმე ლტოლვილი. ხოლო მან, კითხულმან, ყოველივე ლექსთა მიერ შეწყობითა წარმოუთხრა ენითა მათითა თვითეულისა მთავრისა ვედრება. ალინაყისთვის თქვა: „როგორც მაღლით მომავალი შევარდენი მოუხდა“. მანგუ-დემურ ვერძსა მიამსგავსა, სირმონის შვილი ებაგან – მხტომელსა ვეფხსა და იას-ბუღა – მოზვერს, ბუღა – კამბეჩსა, და თიგნა – დედალსა თხასა. ხოლო ქართველთა მეფისათვის ესეთ თქვა ენითა მათითა: „თენგრი მეთუ ქაურქურბა, ბუღარ მეთუ ბუილღაჯი“. ესე იგი არის: „როგორც ღმერთი გრგვინვიდნენ, როგორც აქლემი ბუღრობდეს“.
ქართველნი როდესაც მოვიდნენ ყაენის წინაშე, მეფესა პატივ-სცა და წარმოავლინა სახლად თვისად. და კვლავ ეგულებოდა აბაღას წასლვად და შურისგებად სულტანსა ზედა. მოკვდა ძმა მისი, მანგუ-დემურ68, და მცირედისა შემდგომად მოკვდა სადუნი ათაბაგი, და მიუბოძა მეფემან მამული ძესა მისსა, ხუტლუბუღას და სპასპეტობისა პატივსა აიყვანა.
ხოლო შემდგომად მცირედისა მოკვდა აბაღაცა69, და დასვეს ნოინთა ყაენად ძმა აბაღასი, აჰმადა70, არარა ნიჭთა სახელმწიფოთა მქონებელი. მაშინ წავიდა მეფე ურდოსა აჰმადას წინაშე, ხოლო მან პატივ-სცა და შეიწყნარა. მაშინ იქ ყოფასა მეფისასა მისცა ასული თვისი, რუსუდან, შვილსა დიდისა ბუღასა, რომლისათვის დიდად განრისხებული ნიკოლოზ კათალიკოზი ფრიად აბრალებდა და ღმრთისა სასჯელთა თვალუხვაობასა აქადებდა. რამეთუ იქ ყოფასა დიმიტრისასა ქმნა ბოროტი აჰმადა ყაენმან, და მომყვანებელმან ძმისა მისისა ყონღარდასმან მცირეაზიიდან, მოაკვდინა. ორნი ძმანი აბულეთის ძენი, სადუნისგან ლტოლვილნი, ყონღარდას თანა მოაკვდინეს; ხუტლუბუღა, ძემან სადუნისმან, მოაკვდინა.
37. აქამდე მეფე დიმიტრი, კეთილად მმართებელი, სკიპტრათა სამეფოთა შემკობილი, და მოწყალებისა და მოსამართლობისა, მონაზონთა და ეკლესიათა, ყოველთა წესთა საღმრთოთა და კაცობრივთა კეთილად ზედამიწევნით მმართებელი, სისრულისაგან მცირედ მიდრკა და აერია წარმართთა და ისწავლა საქმენი მათნი. უძღებებისა და სიძვისა, გულისსიტყვისა უკანა შედგომილმან მოიყვანა სამი ცოლი, ერთი ბექას ასული, და სხვა, რომელიც დედათა შეაცთუნეს სოლომონისებრ, და ურიცხვთა კეთილთა მიერ ავსებული, მცირედ სიბოროტედ მიდრკა, რომლისათვისცა ნიკოლოზ კათალიკოზი განრისხებული უთქმიდავე და ამხილებდა მრავლად, და ვერ არწმუნა. დაუტევა კათალიკოზობა და ხელითა თვისითა აკურთხა ჯვარისმტვირთველი მეფისა აბრაჰამ კათალიკოზად. და წავიდა მამულად თვისად მოხუცებული, და იქ იმყოფებოდა მრავლითა მოღვაწებითა, მარხვითა, მღვიძარებითა და გლახაკთმოწყალებითა, და სავსე სათნოებათა ტვირთითა მიიცვალა უფლისა მიმართ.
მათ ჟამთა მოიწია მთაწმიდიდან ბასილი მონაზონი, ბიძა ევფემიოს კათალიკოზისა, საღმრთოთა წესითა აღსავსე და წინასწარცნობისა მადლითა გაბრწყინებული. მოიწია წინაშე დიმიტრი მეფისა, გამოცხადებითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისათა, როგორც მოციქული ძლიერად ამხილებდა და წინა-აღუდგებოდა მეფესა უწესოსა მისთვის ქორწინებისა, და ასწავლიდა სიწმიდესა და მოახსენებდა ტაძარ ღმრთისა ყოფასა ჩვენსა, და სხეულთა გაუხრწნელობისათა, ხოლო ტაძრისა ღმრთისა გაუხრწნელისა სიძვათა შინა სასუფეველისა ღმრთისა დამკვიდრებასა და უპოვართა მათ უსასყიდლო მარგალიტთა მოპოვებასა, ლოცვასა, მარხვასა, გლახაკთ მოწყალებასა და ლმობიერებასა და უხვებასა, მდინარეთა თანა მწვირიანთა და უყიანთა ლიამპალთა არა თანაშერთვად. ამას ესევითართა სწავლათა ეტყოდა: „უკეთუ დაუტევნე უწესონი ქორწინებანი, მე თავსმდებ გექმნე, რათა კეთილად წარგემართოს მეფობა შენი“. და მთავართაცა ამხილებდა უწესოებასა, და უმრავლესთა დაფარულნი გულისასიტყვანი მიუთხრნის. ესევითარითა სათნოებითა გაბრწყინებულ იყო სანატრელი იგი მონაზონი. და რადგან ვერა არწმუნა მეფესა და შეურაცხოყო სიტყვა მისი, კვლავ წარმოუდგა მეფესა და მთავართა მისთა: „უკეთუ მე ჩემებით რასმე ვიტყვი, როგორც ცრუწინასწარმეტყველი, შემაცთუნებელი კაცისა ღმრთისა, რომელიც მიივლინა რობოამისსა, ძისა ნაბოტიანისსა, და არა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიერ წარმოვლინებულ ვარ, ვითარ ცრუდ სჯულისა გარდამავალი შემრაცხეთ. და უკეთუ ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიერ მოვლინებულ ვარ სწავლად შენდა, არა ცუდ იქმნენ პირველნი საქმენი შენნი, ლოცვა და ცრემლნი შენნი. და უკეთუ არა განეყენო უწესოთა ქორწილ-შეყოფათა და შეურაცხყვნე სიტყვანი ჩემნი, ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ, და ოხერ იქმნე სამეფოსაგან შენისა, და შვილნი შენნი მიმოდაიბნინენ, და სხვამან დაიპყრას მეფობა შენი, და იავარ-ყონ სიმდიდრე შენი. აჰა, ესერა, შენ და მთავართა გეტყვი, და ვესავ ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა, რომელიც სრულ იქმნეს და აღესრულოს სიტყვა ჩემი, უკეთუ ეგო უწესობასა მაგას. მე აჰა, ესერა, წავალ“. ხოლო მეფემან გაკვირვებულმან არა მიუგო სიტყვა, რამეთუ იყო წმიდათა კაცთა პატივისმცემელი.
ხოლო ამათვე ჟამთა ბრწყინავდა პიმენ სალოსი, რომელიც გარეჯიდან წამოვიდა და დაემკვიდრა ბელაქანსა, ქვაბსა რასმე, რომელმან ნათესავი ლეკთა წარმართობისაგან მოაქცია, რომელნიც არიან სარწმუნოებასა ქრისტესსა. ამას თანა ბრწყინავდა დიდიცა იგი მოღვაწე ანტონი, ნაოხრებელის ძე, ნათესავით მესხი.
ხოლო ჩვენ ზემოხსენებულისა აჰმადის მიმართ ავიდეთ. ვინაიდან მოაკვდინა აჰმადა ძმა თვისი, ყონღარდა, იხილეს უწესოება აჰმადასი ნოინთა, ხორასანს მდგომთა, განდგნენ და დასვეს ყაენად ძე აბაღა ყაენისა, სახელით არღუნ. როცა გაიგო ესე აჰმადა ყაენმან, შეკრიბა სპა მისი, და მოუწოდა მეფესა და სპასა მისსა, რათა წაჰყვეს ხორასანს ბრძოლად არღუნ ყაენისა. და წავიდა მეფე და თანა-წარიტანა ყოველი ძალი მისი და მანდატურთუხუცესი, დიდისა შანშეს ძე, ივანე, და სადუნის ძე, ხუტლუბუღა ამირსპასალარი. და წარემართნენ და განვლეს ერაყი, და მივიდეს საზღვარსა არღუნისსა. როდესაც იხილა არღუნ სიმრავლე ლაშქრისა, ვერ წინა-აღუდგა, არამედ ივლტოდა და შევიდა ციხესა, ქალასად (ქალათი) წოდებულსა, რომელსაც უკანა მიუდგა ყაენი აჰმადა და მოიცვა ციხე ქალასი. როცა უღონო იქმნა არღუნ, ევედრა, რათა არა აბრალოს და შეუნდოს, და მოსცეს ფიცი და მივიდეს წინაშე მისსა. და ისმინა აჰმადა და მისცა ფიცი უვნებელობისა, რამეთუ სპარსთა რჯული აეღო აჰმადას. და გამოვიდა არღუნ ციხიდან და მოვიდა ბიძასა მისსა წინაშე, და ესეთ წარემართნენ. ხოლო როცა მიდიოდნენ ხორასანს, შეიკრიბნენ სპანი ვინმე უწესონი და ცუდნი კაცნი და მტერნი ქრისტიანეთანი, რომელთაც ქრისტიანის კაცის სიკვდილი დიდად ღვაწლად უჩნდათ, რამეთუ უღმრთოსა მის მოჰამედის მოძღვრება ესეთ იყო, რომელიც დაეწერა ცუდი სიტყვა წიგნსა მისსა ყურანსა შინა ასე: „უკეთუ მოჰკლათ ქრისტიანე, სამოთხეს შესლვად ხართ, და უკეთუ მათგან მოიკლათ, მაშინაც შესლვად ხართ“. ამისთვის უღმრთო იგი კრებული ჯიმრთა შეიკრიბა და სადაცა ჰპოვებდნენ ქართველსა, ერთსა გინა ორსა, მოკლავდნენ.
გაიგო ესე სურამელის ბეგას შვილმან, რატიმ, რამეთუ ყრმა იყო, და წავიდა სამოცითა კაცითა და პოვნა მთასა რასამე მაგარსა შინა მყოფნი კაცი სამასი ოდენ. ზედა-მიეტევა და იქმნა ბრძოლა ფიცხელი. და პირველსავე შეკრებასა მეოტ იქმნენ და უმრავლესი მათი ამოწყდა, სხვანი მოიყვანა წინაშე მეფისა, რომლისათვისცა დიდად პატივ-სცა მეფემან და მრავალი ნიჭი უბოძა. და შემდეგ წამოვიდნენ და მოიწიეს ჰერესა და ყაზვინსა. და ყაენმა დიდად დაუმადლა მეფესა თანახლება ხორასანს და პატივიცა უყო დიდი, და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი მოსცა...
აქ ტექსტს აკლია და ივსება ფ. გორგიჯანიძის ტექსტით:
„...რომელნიც არ მორჩილებდნენ ყაენის შიშით მეფესა. მაშინ სადუნის შვილი ხუტლუ-ბუღა მოსცეს ხელთ მეფესა, დააპატიმრა. და ევედრა მეფესა ფიცით ერთგულობასა და იაჯა უვნებლობასა. და უსმინა სახვეწარი მეფემან დემეტრემ, მისცა საფიცარი უვნებლობისა და ქვეყანანი მისი მამის ნაქონი, სადუნისა“...
და ყაენი შინა წავიდა, რათა მივიდეს ცოლთა თანა გამარჯვებული. მეფე თანა-წარმოიტანა, ხოლო ძმისწული მისი, არღუნ, დაუტევა ჰერესა, და ნოინი ყოველი დაუტევა არღუნს თანა, და დავედრა ალინაყს და სხვათა ნოინთა, რათა მცირედნი დღენი დაყვნენ და მერე მოაკვდინონ არღუნ. და იყვნენ ნოინნი არღუნს თანა, და ქმნეს განზრახვა დიდმა ბუღა და იას-ბუღა, ნათესავით იორადთა მთავარმან,71 რათა აბაღას შვილი არღუნ ყაენად დასვან და აჰმადა მოაკვდინონ, რომელიც ყვესცა. მსწრაფლ მივიდნენ ღამით და გამოიყვანეს ალინაყ, კარავსა შინა მწოლი, და მოაკვდინეს. და როცა გათენდა, არღუნ ყაენად ქადაგეს, და წამოვიდნენ დევნად აჰმადისა. ხოლო იგი მოვიდა ურდოთა შინა მისთა უჟანს, მოეწივნენ და საბლითა მოახჩვეს.72
38. ხოლო მეფესა დიმიტრის პირველვე ამცნეს, რათა განეყენოს აჰმადას, და ყოცა მეფემან და მობრუნდა, და მოვიდა ყაენ არღუნის წინაშე. ხოლო მან კეთილად შეიწყნარა და მოსცა ყოველი სამეფო მისი და სახლი ავაგ ათაბაგისა, რომელიც ქონდა საჰიბ-დივანს, რამეთუ ყაენი ხელთა შინა ბუღასათა იყო, და ბუღა მოყვარეცა იყო და მძახალი მეფისა. და წავიდა შინა მშვიდობით, გამარჯვებული, და წარავლინა ძე მისი დავით მცირე სახლსა ზედა ათაბაგისასა, რათა იქ იზრდებოდეს და ქონდეს საუფლისწულოდ. და ესეთ დღითი დღე წარემატებოდენ მეფობასა მისსა. და კათალიკოზი აბრაჰამ კეთილად მართებდა საჭეთა კათოლიკე ეკლესიისათა, რამეთუ იყო კაცი ესე მართლმოქმედი კეთილთა საქმეთა და საურავთა სამეფოთა გამგე კეთილი.
ხოლო მეფესა დიმიტრის ესხნენ შვილნი დედოფალსა ტრაპიზონელისა ასულსა თანა, პირმშო დავით, ვახტანგ, ლაშა და მანოველ, და ასული რუსუდან. ხოლო თათრის ასულსა თანა ძენი ორნი: ბაიდუ და იადგარ, ასული ჯიგდა. ხოლო ასულმან ბექასამან, ნათელ, უშვა ძე მხოლოდ გიორგი, რომელიც უკანასკნელ ძმათა მისთა მეფე იქმნა და განდიდდა უმეტეს შემდგომთა მეფეთა, რამეთუ მარტო იყო ძე დედისა, მარტო შვა დედამან. როგორც მარგალიტისათვის თქმულ არის მარტოება უმჯობესისათვის, ეგრეთვე გიორგი იპოვა უმჯობესი ყოველთა კაცთა მის ჟამისათა, არა ოდენ ხელმწიფეთა, არამედ ყოველთა კაცთა. ამან დიმიტრი მოიგო სიმდიდრე დიდადდიდი სიმდიდრესავე ზედა, რომელიც დარჩენოდა მამისა მისისაგან, და მსახურებდა ყაენსა არღუნს, რამეთუ თანა-შეეწეოდა ნოინი დიდი ბუღა, რომელსაც პატივად ჩინქიშანობა მისცა ყაენმან, რომელი ყოველთა პატივთა უმეტეს არის.
მაშინ განუდგენ ყაენსა დარუბანდელნი და წავიდა ყაენი დარუბანდს, მოუწოდა მეფესა დიმიტრის, და წაჰყვა. და შევიდნენ დარუბანდს და ვერ წინა-აღუდგენ დარუბანდელნი, და ივლტოდნენ სიმაგრესა ციხისასა, რომელსაც ანიყს უწოდებდენ, და გარემოადგენ და ვერა ავნეს რა. მაშინ ყაენმან არღუნ უბრძანა მეფესა, რათა ებრძოლოს, რამეთუ იყო ფრიად მაგარი. აღიჭურა მეფე და სპა მისი, და გარე-შემოეხვივნენ და შეუხდენ ციხესა, რამეთუ ბეგას შვილი რატი უპირველეს გავიდა, და აიღეს ციხე და თავადნი მათნი ჩიმაქარ და ბაან, მთავარი დარუბანდისა დახოცეს, და წამოიღეს ტყვე და განძი და დედა-წული მათი და ციხე დაწვეს. ყოველსა ხედავდა ყაენი. თვით მეფისა ქონდა მტერობა, სთხოვა ჯაჭვი სახელოვანი და მსწრაფლ მიანიჭა მეფემან, და წამოვიდნენ შინა...
აქ ტექსტს აკლია და ივსება ფ. გორგიჯანიძის შემონახული ტექსტით:
...„რა გაიგო ხუტლუ ბუღა მანკაბერდელმა, რომ მეფის ჯაჭვი ყაენმა გამოართვა, იმან ყაენს სთხოვა და ყაენმა მას უბოძა ჯაჭვი იგი. იწყინა მეფემან, მივიდა ჩინქასან ბუღასთან, შესჩივლა ხუტლუ ბუღას ურჩობისაგან უმეტესობისაგან, რომ არ დარიდა მეფის ჯაჭვის თხოვნას. რა მეფის საჩივარი გაიგონა ჩინქასან ბუღამან, მოვიდა, ყაენს მოახსენა. ყაენმა ხუტლუ ბუღა მეფეს ხელთ მისცა და გაგზავნა საქართველოში პატიმრად. შემოეხვეწა მეფესა და შეშინდა და უვნებლობისათვის დმანისი მეფეს უძღვნა. და მეფემ შეიწირა და ფიცით უბრძანა და ნიშანიც უბოძა უვნებლობისა. და სხვანი მოკვლას ურჩევდნენ, მაგრამ არავის დაუჯერა და შეუნდო დანაშავები და ტკბილი გულით შეიწყალა, მისცა საფიცარი და მეორეთ ნიშანი უვნებლობისა.
გაიარა შუაზედ მცირე ხანი და ერთპირად ნოინები გაუავდნენ ჩინქასან ბუღას, დაუწყეს ბეზღობა სიმართლისათვის. თავს არ შეიდვა ამისთვის ვითაც, რომ არც თვითონ უზემდა ძალს თემსა და ქვეყანასა, სოფლებსა და ქალაქებსა და არც ყაენს აქნევინებდა და ვერცა ნოინები უზემდეს მისის შიშითა. ამისათვის გაუავდნენ ნოინები, აბეზღებდნენ ყაენთან. გაიგო ეს ხუტლუ ბუღამ, დაივიწყა ფიცი, ძმით მივიდა სამცხეს ბექა მთავართან. მან კეთილად შეიწყალა, ასული მისი ცოლად მისცა და მზესიძეთ სახლსა მისასა ამყოფა.
მოაკლეს პატივი ჩინქაშან ბუღას, გაიგო ეს. ბექამ და გაგზავნა კაცი არღუნ ყაენთან და სთხოვა ციხე-ქალაქი ხუტლუ ბუღასთვის მამის მისის ნაქონი. მოსცეს დმანისი და თელავი და მეფეს წაართვეს ავაგის ნაქონი მამულნი, იცის ხუტლუ ბუღას მისცეს. აბეზღებდნენ ყაენთან მეფეს; სთხოვა ათასი ჯორი, სამი ათასი აქლემი, ჯოგი და ნახირი, ცხვარი; ჯაჭვი და იარაღი და სხვაც მრავალი. და ამებს ჩინსაშან ბუღის ჯავრით იქმოდენ ამისთვის, რომ ეგების მეფეს დანაშავებულობა უპოვონ რამე და საყვედური ჩინქასან ბუღას დაადვან.
მეორედ დაბეზღება ჩინქასან ბუღისა ყაენთან მეფის მოყვრობისათვის
ნოინებმა მოახსენეს არღუნ ყაენსა, შენი წახდენა უნდაო [ბუღას], ყაენად სხვა უნდა დასვასო. მარტოს თორმეტს იქნება ნოვრუზობა და შორს მყოფნი თავადნი იმ დღეობას ყაენის კარს მოვლენო. ამ დღეს ყაენის ბრძანებით ნიენები დაესხნენ თავს ჩინქასან ბუღას, დაიჭირეს, თვით ყაენს მიჰგვარეს და მისი ქონება და სახლი აუკლეს. გაუკითხავად ბრძანა ყაენმა მოკვლა ჩინქასან ბუღისა. მოჰკვეთეს თავი მამა-შვილთა და ყველგან ააოხრეს კერძი მისი“...
და როცა გადახდა ჟამნი მრავალნი, და რაჟამს წელიწადისა თავი მოიწევა, რომელსაც ურდსინგად უწოდდეს, რომელიც არის ენითა მათითა, რომელიც იქმნება მარტსა თხუთმეტსა, მიავლინა ყაენმან ნოინნი, და დაესხნენ ბუღას და შეიპყრეს, და აიღეს ყოველი სიმდიდრე მისი და მოიყვანეს წინაშე ყაენისა. და მან მსწრაფლ ბრძანა განუკითხავად მოკლვა მისი და ძისა მისისა. და მოაკვდინეს ბუღა და ყოველნი ნათესავნი მისნი. წარავლინეს ყოველგან კაცი, საბერძნეთს, შამს და ხორასანს და მრავალნი დიდნი ნოინნი ამოწყვიტეს. და ესეთ შეიქმნა კლვა და მოსრვა ნოინთა.73
და წარმოავლინა ელჩი მეფისა მხმობელმან ყაენმან და აწვია ურდოსა მეფე. ხოლო როცა გაიგო სიკვდილი ბუღასი მეფემან, დაუმძიმდა დიდად. და მოუწოდა მეფემან კათალიკოზსა აბრაჰამს და ეპისკოპოზთა და მონასტერთა და უდაბნოთა გარეჯისათა მღვდელ-მონაზონთა, და ყოველთა მთავართა სამეფოსა მისისათა. შემოიკრიბენ მის წინაშე. და დაჯდა ტახტსა ზედა და დასხდენ ყოველნი. და გააღო მეფემან პირი თვისი და ბრძანა: „ისმინეთ ჩემი ყოველთა კათალიკოზთა და ეპისკოპოზთა და წარჩინებულთა სამეფოსა ჩემისათა, როდესაც შეისვენა მამამან ჩემმან, დავრჩი ყრმა მცირე მძლავრებასა შინა თათართასა. და ღმერთმან ყოვლისამპყრობელმან და უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან და ყოვლადწმიდამან ღმრთისმშობელმან, რომლისა ნაწილადცა ვართ, და ჯვარმან პატიოსანმან, რომელიც მოგვენიჭა ჩვენ, მეფეთა, დამიცვა და მიმაწია ასაკად სისრულისა, და მომმადლა მეფობა, სკიპტრა და პორფირი მეფობისა, და თანადგომითა თქვენითა წარვმართე მეფობა, და აქამომდე მშვიდობით არის სამეფო ჩემი. აწ განრისხებულ არის ყაენი, და ყოველი მთავარი მისი ამოწყვიტა, და აწ მე მიწვევს წინაშე მისსა. ვგონებ ბოროტისყოფასა, თუ არა წავიდე ურდოსა, და წავიდე მთიულეთს, სიმაგრეთა შინა, და დავიცვა თავი ჩემი. და აჰა, ყოველი სამეფო ჩემი წინაშე მათსა ძეს. იხილეთ, რამდენი სული ქრისტიანე სიკვდილსა მიეცემა და ტყვე იქმნება, და ეკლესიანი შეიგინებიან და მოოხრდებიან, ხატნი და ჯვარნი დაიმუსრვიან. და უკეთუ წავიდე ყაენს წინაშე, დასტურობით უწყი, მომკლავს. და აწ სიბრძნითა თქვენითა განაგეთ საქმე ესე. მე ესეთ ვგონებ: მრავალმღელვარე არის საწუთო ესე, დაუდგრომელ და წარმავალ, დღენი ჩვენნი სიზმრებრ და აჩრდილებრ წარვლენ. და უნებელ და მსწრაფლ თანა-გვაც წასლვა სოფლის ამისგან. რა სარგებელ არის ცხორება ჩემი, უკეთუ ჩემთვის მრავალი სული მოკვდეს და მე ტვირთმძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისგან? აწ მნებავს, რათა წავიდე ყაენს წინაშე, და იყოს ნება ღმრთისა. უკეთუ მე მომკლან, ვგონებ, რომე ქვეყანა უვნებელად დარჩეს“.
როცა ესმა კათალიკოზთა და ეპისკოპოზთა და მოძღვართა და მთავართა, განკვირდენ, თუ როგორ დადვა მეფემან სული თვისი ერისა მისისათვის, და ესეთ პასუხი უგეს: „არა არის ნაცვალი შენი, მეფეო. გაშოროს ღმერთმან მოკლვა თათართაგან. მოოხრდეს ქვეყანა და შვილნი შენნი მიმოდაიბნევიან. თუ ქვეყანაცა დარჩება, რა არის ნაცვალი შენი? აწ გეზრახებით, რათა წახვიდე სიმაგრეთა მთიულეთისათა, ან აფხაზთასა, როგორც ქმნა მამამან შენმან. და არა საჭირო არის გაწირვა თავისა შენისა შენგან. ჩვენ ყოველნი მტკიცედ ვდგავართ შენს ერთგულებასა“.
როცა ესმა მეფესა, თქვა: „თქვენ ერთგულებისა და სიყვარულისა ჩემისათვის იტყვით, მაგრამ მეწყალის უბრალო ერი, როგორც ცხვარნი კლვად უღონო არიან და არასადა აქვთ ნუგეშინისცემა. მე დავსდებ სულსა ჩემსა ერისათვის ჩემისა და არა დავიშლი ურდოსა წასლვას“. მაშინ გაკვირვებულნი ყოველნი აღდგნენ და უთხრა აბრაჰამ კათალიკოზმან: „არა არის საქმე, მეფეო, გაწირვა სულისა შენისა, რამეთუ მრავალთა მეფეთა მიურიდნია და დაუცავს თავი თვისი. აწ თუ შენ დასდებ სულსა შენსა ერისათვის, ჩვენ, ყოველნი ეპისკოპოზნი, ვიტვირთავთ ცოდვათა შენთა. არამედ წინაშე ღმრთისა ვწამებთ, მოწამეთა თანა შერაცხილ იქმნენ, როგორც უფალი სახარებასა შინა ბრძანებს: „უფროს ამისსა სიყვარული არა არის, რათა დადვას კაცმან სული თვისი მოყვასისათვის“. და უკეთუ ერთისა მოყვასისათვის სულისა დადება კეთილ არის, რამდენ ურიცხვთა სულთა ცხოვნება ეგოდენ სარგებელ არს?“
39. როგორც ესმა მეფესა კათალიკოზისაგან, გაიხარა და დაასკვნა წასლვა ურდოსა დიდითა დიდებითა და საჭურჭლითა, და თანა-წაჰყვა კათალიკოზი აბრაჰამ. და განუჩინა შვილთა სამყოფელი. ყოველთა მთავართა, რომელნიც არა თანა-წაჰყვნენ, შევედრა შვილნი მისნი და წარგზავნა რომელნიმე მთიულეთს და რომელნიმე – კახეთს. ხოლო ყრმა მცირე გიორგი წარგზავნა ტაოს, იშხანის ციხესა, ასპარეშენს, და თვით წავიდა ურდოსა. და როცა მივიდა ქვეყანასა ხუაშაქისა, ავაგის ასულისა, იქ დახვდა ძე მისი დავით, რომელიც წაიყვანა, ამისთვის რომ უეჭველ იქმნას ყაენი და ეგონოს ერთგულება მისი.
როცა იარეს მცირედ და მიეუახლოვდნენ ურდოს, ეგონა ყაენს მეფისა არმისლვა, წარმოავლინა ნოინი ერთი, სახელით თუქალ, ძე ზემოხსენებულისა იას-ბუღასი, რათა მოიყვანოს მეფე. მგზავრი მიმავალსა მეფესა წინა შეხვდა. რომელმაც მყის აიღო ყოველი ბარგი და სიმდიდრე მისი და მეფე პყრობილ ყო და მიიყვანა ყაენს არღუნს წინაშე. ხოლო მანცა პყრობილყო და ფიქრობდა ყაენი, უკეთუ ბოროტი უყოს მეფესა, აღარავინ არის ღირსი მეფობისა, თუ ბოროტი არა შეამთხვიოს და განუტეოს მიმდგომი და მზრახავი ბუღასი.
ხოლო უთხრა ხუტლუბუღა ყაენს: „ნუ იურვი მაგას, რამეთუ მე მოვიყვანო შვილი აფხაზთა მეფისა დავითისი, სახელით ვახტანგ, და მას მიუბოძე მეფობა, რომ ორივე სამეფო ბრძანებასა შენსა მორჩილებდნენ“. მოეწონა ყაენსა სიტყვა ესე და წარავლინა ხუტლუბუღა იმერით დავით მეფისა წინაშე, უქადა ძესა მისსა მეფობა და და მისი, ოლჯათ, – ცოლად.
და როცა წავიდა ხუტლუბუღა, ჰკითხეს მეფესა დიმიტრის, რათა აღწეროს ყოველი სიმდიდრე მისი, საჭურჭლე, ძროხა და ცხვარი და ყოველი საქონელი მისი. რამეთუ პყრობილ იყო თვით მეფე და მთავარნი მისნი, გარდა აბრაჰამ კათალიკოზისაგან კიდე, და არღარა იყო ღონე. აღწერა, რაცა ქონდა, სიმდიდრე ფრიადი. წარმოგზავნეს კაცი და წაიღეს ყოველი, არარა დარჩა, რამეთუ მოქალაქეთაცა უწყოდეს საგანძური მეფისანი და შინაგამცემელ იქმნენ. ხოლო იტყვიან ამასცა, ხოჯა-აზიზის შვილი, რომლისა მამა მოეკლა მეფესა დავითს, ხუტლუბუღა და იგი, – ორნივე მტერობად შეითქვნენ მეფისა.74 და მივიდა ყაენს წინაშე საჭურჭლე მეფისა, და განკვირდა და მცირედ დასცხრა გულისწყრომისაგან, და არღა ეგრე გონებდა ბოროტისა ყოფასა. (ე.ი. გაათავისუფლეს) და როცა იხილეს ვაზირთა მეფისათა, ფლობილთა, თქვეს: „აჰა, თავი შენი ხელთა შენთა შინა არის. ღამით მოიდგინენ ცხენნი მორბედნი და წახვედ, და განერიდე ხელთაგან ამათთა, რამეთუ არა არის ნაცვალი სულისა შენისა“. თქვა მეფემან: „ისმინეთ ჩემი, პირველვე უწყოდე სიკვდილი ჩემი და დავდევ თავი ჩემი და სული ჩემი ერისათვის ჩემისა. ხოლო აწ თუ წავიდე, უბრალო ერი მოისრას. რა სარგებელ არის, უკეთუ ყოველი სოფელი შევიძინო და სული წარვიწყმიდო?“ არა ისმინა განზრახვა მთავართა მისთა.
და მოიწია ხუტლუბუღა ლიხთ-იმერიდან და მოახსენა ყაენსა: „დავით მეფე წარმოავლენს ძესა თვისსა მსახურებად შენდა და სპასა აფხაზთასა, რათა გმსახურებდენ“. გაიგო ყაენმან, კვლავ დააპატიმრეს მეფე დიმიტრი, და როცა გარდახდა ორი დღე, კვლავ შეიპყრეს მეფე და ძე მისი, მცირე ყრმა დავით, ცალკე. და წაჰყვა თანა მღვდელ-მონაზონი გაზრდილი მისი, მოსე. და არგნითა სცეს მეფესა, და ეგონა ყოველთა არღარა მოკლვა მეფისა, რამეთუ წესად ქონდა, რა არგნითა სციან, არღა მოაკვდინიან. მაგრამ არა დამშვიდდა გულისწყრომისაგან. წაიყვანეს სამსჯავროსა სახლსა, რომელსაც დივანხანად უწოდდეს, და ჰკითხავდნენ, უკეთუ თანა-ეწამა განზრახვასა ჩინქისან ბუღასასა, და ვერა ბრალი პოვეს. და წავიდა ტოღან ვინმე ნოინი ყაენს წინაშე, რათა არა მოაკვდინოს მეფე, და ვერ აღასრულა სათხოველი მისი. და მოიწიეს თორმეტნი მხედარნი ყაენისანი, რათა წაიყვანონ და სიკვდილსა მისცენ. გაიგო სიკვდილი მეფემან, მხიარულითა პირითა მოიკითხავდა მთავართა საქართველოსათა, რამეთუ ყოველნი იქ მოსულ იყვნენ ნუგეშინისცემად მეფისა, და ხუტლუბუღაცა მდგომარე იყო. თქვა მეფემან: „უკეთუ ძალ-გიც, ყაენს წინაშე შემეწიე სიკვდილსა ამას შინა, თუ არა გნებავს, ძე ჩემი, მცირე დავით, იღვაწე, რათა არა მოიკლას გულისწყრომითა აღსავსისა ყაენისაგან“. ხოლო მან და ყოველთა მთავართა იწყეს ტირილად და გავიდენ გარე. ილოცა და ეზიარა სისხლსა და ხორცსა მეუფისა ჩვენისა ქრისტეს ღმრთისასა. ეგრეთ აღსვეს ცხენსა და წაიყვანეს როგორც მილიონ ერთ. და ევედრა მტარვალთა, რათა ილოცოს მცირედ. და ილოცვიდა ცრემლთა მოდინებითა ქვეყანასა ზედა, და მერე წარუპყრა ქედი. აჰა, დღე საშინელი, ზარისაღსახდელი, რომელიც იკადრეს ბილწთა ცხებულსა ზედა ღმრთისასა. და წარკვეთეს თავი მეფესა დიმიტრის.75
ხოლო გამოჩნდა მასვე ჟამსა პატივი ღმრთისა მიერ ცხებულსა მისსა, რამეთუ მზემან შარავანდედი თვისი უჩინო ყო სრულიად, და იქმნა სიბნელე დიდი, და ყოველნი წარმართნი განკვირდნენ. იყო ჟამი მეათე და მწუხრამდე შეიმოსა ბნელი, ვითარ-იგი ყოვლისა სოფლისა ცხორებისა ვნებასა მეუფისასა, ეგრეთვე ამის ნეტარისა და საქართველოსათვის წამებულისა მეფისასა, რათა საცნაურ იქმნეს, რამეთუ პატიოსან არიან ცხებულნი ღმრთისანი. ხოლო იყო მესამე შაბათი წმიდათა მარხვათა და თორმეტ თვისა, ებრაელთა მიერ ნისანად წოდებული და ჩვენ მიერ მარტად.
და აღასრულეს გულისწყრომა და არავე დასცხრა გულისწყრომა მათი, რამეთუ შეიპყრეს ყრმაცა დავით და ნოინსა ტოღაჩარს76 მიჰგვარეს, რომელსაც მხედართმთავრობა ქონდა. მას ღამესა, მწუხარებასა გულისასა, მოიცვეს ყრმაცა დავით კარავსა შინა მოსაკლავად, მაგრამ ვერა იხელთეს. და როცა გათენდა, გაიპარა მოსე მღვდელი, რომელიც არასოდეს განეშორებოდა დავითს, და შევიდა ტოღაჩარს წინაშე და აუწყა: „მოკლვა სწადის დავითისი“. ხოლო იგი ადგა მსწრაფლ და წავიდა ყაენს წინა და უთხრა ყრმისა დავითის უბრალოება: „რად გსურთ შეუცოდარისა ყრმისა მოკლვა? მე მომმადლე“. ისმინა და მოსცა. და წაიყვანა სახლსა თვისსა და შევედრა ხოჯასა თვისსა, რომელიც უკანასკნელ საჰიბ-დივან იქმნა.77
ხოლო გვამი იგი პატიოსანი დიმიტრი მეფისა დაიცვეს მრავალ დღე, რათა არა წაიღონ ქართველთა. და ესეთ სრულ იქმნა წინასწართქმული ბასილი მთაწმიდელისა. ხოლო იყვნენ მრავალნი წარჩინებულნი საქართველოსანი და ვერვინ იკადრა წაყვანებად გვამი მეფისა. მაშინ კათალიკოზმან და მოსე იყიდეს კაცნი, და მოსეცა თანა-წარჰყვა და მოიპარეს ღამით. მაშინ განგებითა ზეგარდმოთა გამოჩნდენ კაცნი ტფილისელნი, რომელთა ქონდა თევზი წარსაღებელად, და თევზთა თანა იტვირთეს და მოიყვანეს მცხეთას, და იქ დამარხეს სამარხოსა მამათა მათთასა.
როდესაც იქმნა ესე, დავით, ძე დიმიტრისი, შეინახა კეთილად ტოღაჩარ ნოინმან, ხოლო დედოფალი და სხვა ცოლი მეფისა დამალეს. და სორღალ წავიდა სახლსა მამისა მისისა თათარში, ხოლო ასული ბექასი წავიდა მამისა მისისა თანა სამცხეს, და ვახტანგ იყო მთიულეთს. ხოლო ყაენმან მისცა დედოფალსა სარჩოდ სკორეთის ხევი, და ეახლნენ ორნი მცირედნი ძენი: მანოველ და ლაშა. და სორღალს წაჰყვნენ ორნი შვილნი, ბაიდუ და იადგარ, სახლსა მამისა მისისა. და დარჩა ქვეყანა ესე უმეფოდ.
მოუწოდა ყაენმან ხუტლუბუღას და უთხრა: „აჰა, მოვსრენ ყოველნი მტერნი ჩემნი და მტერიცა შენი, მეფე დიმიტრი, და აწ მეფე აღარა არს საქართველოსა შინა. აღმისრულე, რომელიც აღმითქვი, მოიყვანე ძე აფხაზთა მეფისა და იყოს იგი მეფედ. მაშინ მოგითვალო საქართველო ყოველი და განაგებდი, როგორც გნებავს“. წავიდა ხუტლუბუღა მეფესა დავითს წინაშე. და როცა იხილა ხუტლუბუღა მეფემან დავით, მოუწოდა სპათა თვისთა, წარმოემართა და თანა-წარმოიტანა ძე მისი ვახტანგ, გადმოვიდნენ და დადგნენ ტასისკარს, ქვიშხეთის მინდორსა. აქეთ მოვიდნენ სირმონ ნოინის შვილი ყონჩიბალ, ალინაყის შვილი ყურუმჩი, რომელიც დგას მთათა ჯავახეთისათა, რომელიც არიან არტანსა და სამცხეს შუა. და ყოველი დიდებულნი საქართველოსანი შემოიკრიბეს, და ყვეს ფიცი და სიმტკიცე ერთგულობისა. და მოსცა ძე მისი მეფემან, და მრავალნი თავადნი მისნი თანა-წარმოატანნა. და წამოვიდნენ მსწრაფლ, და მეფე დავით შეიქცა ქუთათისს. და მოიწიეს ყაენს არღუნს წინაშე. იხილა ყაენმან ვახტანგ, შეიყვარა სიკეთისა მისისათვის, რამეთუ იყო ტანითა სრულ, ჰაეროვან, ტკბილ, მოწყალე, სამართლისმოქმედ, უხვ, მდაბალ, ენატკბილ, განმზრახავ კეთილ, ყოვლისა საქმისა მცოდნე. ამას ვახტანგს მოსცა მეფობა ყოვლისა საქართველოსი და და თვისი ოლჯათ – ცოლად, და წარმოგზავნა და მოვიდეს ტფილისს.
VI
40. და შეიკრიბეს კათალიკოზი და ეპისკოპოზნი და მთავარნი, და დაადგეს გვირგვინი მეფობისა და დასვეს ტახტსა სამეფოსა და აღასრულეს წესი კურთხევისა. და დაიპყრა ყოველი საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, გარდა ჯაყელ-ციხისჯვარელისა ბექასი. და გაიხარეს ყოველთა მკვიდრთა საქართველოსათა, რომ მოეცა ნათესავი მეფეთა პატიოსანი, ღმრთისმოყვარე, ტკბილი და მოსამართლე, ახოვანი და მხნე და სამხედროთა ზნითა აღსავსე. ამან აიყვანა პატივსა ათაბაგობისასა და ამირსპასალარობისასა ხუტლუბუღა და მიუბოძა ორივე ხელი და განგება სამეფოთა.
ფარსადან გორგიჯანიძის ჩანართი:
„და არიგებდა ხუტლუ ბუღა საქმეთა სამეფოთა, მაგრამ იყო კაცი და ამპარტავანი და უმეტესობას მოყვარე, დიდთა საქმეთა შემბედავი. ამისთვის სძულდა სრულ ქართველთა, ნამეტნავად ამისთვის უფრო, რომ მეფის დემეტრეს მოკვლაში ერია“.
ხოლო დავით დარჩა თათართა შინა ტოღაჩარ ნოინისთა, ჭირთა და ვიწროებსა შინა, დედოფალი, დედა მათი, დარჩა სკორეთს, და სხვანი ძმანი მათნი მიმოიბნივნენ. ხოლო უმრწემესი ძმა მისი, გიორგი, რომელიც უშვა ასულმან ბექასამან, წაიყვანა პაპამან მისმან, ბექამან, და აღზარდა საკვირველი და უმჯობესი ყოველთა კაცთა, როგორც ქვემორე სიტყვამან ცხად-ყოს.
და როცა გარდახდა ორი წელი, შეედვა სალმობა ბოროტი ყაენსა არღუნს, რამეთუ გახმეს ყოველნი ასონი მისნი და მოლპესცა ხორცნი და ძვალნი აღმოსცვივდეს, და განიყარა ყოველი გვამი მისი, და იყო ნახვა მისი უშვერ და საზარელ, და კნინღა მიმსგავსებულ იყო მკვდარსა. როცა სნეულობდა არღუნ, ინება ხუტლუბუღა, რათა დავით მეფე ყოს, და მოდგა მის კერძო და ეცადა ნოინთა წინა, რათა წარუღონ მეფობა ვახტანგს. ტოღაჩარ თანა-შეეწეოდა დავითს და ოვსთა მეფის ძე, სახელით ფარეჯან, ძლიერად შეეწეოდა დავითს. ამისთვის საბრჭოდ წარდგნენ, თუ რომელს მართებს მეფობა. ხოლო სხვათა მთავართა ქართველთა არა სურდა მეფობა დავითისი, მტკიცედ იდგენ ერთგულობასა ზედა ვახტანგისსა. ამისთვის არა მოსცეს მეფობა დავითს, და ადგილ-ადგილ სოფელნი და ქვეყანანი მოსცეს დავითს.
და როცა გაგრძელდა ზეგარდმო რისხვა არღუნს ზედა, და სენი იგი გაგრძელდებოდა ოთხისა თვისა ჟამთა, განრღვეული თავით ფეხამდე, მოეწყინათ ნოინთა, შეიკრიბნენ და ზედა-მიეტევნენ, და კარავსა შინა მოხრჩობით სიკვდილსა მისცეს მასვე დღესა და ჟამსა, რიცხვსა თვისასა თორმეტსა მარტსა, რომელსა შინა პატიოსანი და სანატრელი, ცხებული, ღმრთისა მოწამე, ბრწყინვალე დიმიტრი მოიკლა.78 საცნაურ იქმნა: ამისთვის მოიწია სენი ბოროტი არღუნს ზედა, რომ დასთხია სისხლი უბრალო მრავალი და იკადრა ნაცვალსა ღმრთისასა ხელის შეხებად.
მოკვდა არღუნ, და ყოველნი განმზრახნი მისნი, რომელნიც მეფისა სიკვდილსა თანაშემწე ყოფილ იყვნენ, ყოველნი მოისრნენ. და ამიერიდან მიეცა ფლობა დავითს, და ნოინნი დავითისკენ იყვნენ. ეგრეთცა მტკიცედ ეპყრა მეფობა ვახტანგს.
წარავლინეს ნოინთა კაცი და მოიყვანეს ყაენად ქეღათუ-ქოუნ79, ძმა არღუნისი, და დასვეს ტახტსა და ხელთ-უგდეს საყაენო. ამან შეიყვარა კეთილად ვახტანგ, რამეთუ ამისთვის ჰგონა არღუნს ზედა მიწევნად რისხვა იგი სასტიკი. და როცა ესეთ იქმნებოდა, შეედვა მცირე რამე სენი ვახტანგ მეფესა, რომლისა მიერ შეისვენაცა და მოკვდა სამ წელ მეფეყოფილი, საღმრთო-საკაცობოთა საქმითა სრული და შემკობილი, რამეთუ აღმზრდელიცა კეთილი და მეცნიერი ესვა, ფარსმანის შვილი. ცნა დავით, გამწარდა სიკეთისა და სიჭაბუკისა მისისათვის, და იგლოვა წესისაებრ და ფრიად პატივ-სცა და წარგზავნა გელათს, სამარხოსა მეფეთასა. როცა ესმა მეფესა, მამასა მისსა დავითს, სიკვდილი სასურველისა და ყოველთა მიერ შეყვარებულისა ძისა მისისა, ვახტანგისი, უზომოთა ტკივილთა და ვაებათა მოიცვა, რამეთუ შეუძლებელ არის მოთხრობად თვითეულისა. ესოდენ მოიცვა მწუხარებამან, რომ ვერღარა ჰპოვა ლხინება და შემდგომად მცირეთა წელთა შეისვენა მანცა, პატიოსნითა სიბერითა აღსავსემან. დაუტევა სამნი ძენი, პირმშო კოსტანტინე, და მეორე მიქელ და უმრწემესი ალექსანდრე, რომელიც უშვა დედოფალმან, დიდისა პალიალოღოსის ასულმან, კოსტანტინეპოლისა და საბერძნეთისა მპყრობელისამან. ხოლო მიიღო მეფობა კოსტანტინე პირმშოებისა ძალით, რომლისა მეფობასა წინა-აღუდგა ძმა მისი, მიქელ, და დაიპყრა ქვეყანა რაჭისა და არგვეთი. და დღეთა მათთა იშლებოდა სამეფო, რომელთა საქმენი არა მოხსენებულ არიან. და არა ყვეს მშვიდობა, ვიდრე არა მიიცვალეს, რამეთუ, რომელსა ჟამსა დაიზავებდნენ, მყის შეიშლებოდნენ.
41. ხოლო ჩვენ პირველივე გზა აღვლოთ მცირედ კერძო გარდამბიჯებელთა. დაჯდა რა ქეღათუ ტახტსა ზედა, განდგა ქალაქი ტუნღუზალო.80 რა მცირე აზიიდან მოსულ იყო ქეღათუ, ჰგონეს უცალოება ყაენისა და განდგნენ. მაშინ მოუწოდა ყოველთა სპათა მისთა და მეფისა დიმიტრის ძესა, დავითს, და მთავართა ქართლისათა, და შევედრა ტახტი და ცოლი მისი და ხათუნნი ნოინსა სიქდურს.81 ხუტლუბუღა და სხვანი მთავარნი საქართველოსანი დაუტევნა მუღანს, რამეთუ ეშინოდა გამოსლვისათვის ბერქაანთასა. თვით წავიდა და დავით, ძე დიმიტრისი, თანა-წარიტანა. და როცა მიიწიეს ტუნღუზალო ქალაქსა, გარე-მოადგა ოთხი თვე და ვერა ავნო. და როცა მისჭირდა, მეხუთესა თვესა იწყეს ძლიერად ბრძოლად, რამეთუ დავით და მცირედნი ქართველნი იბრძოდნენ. წაართვეს ქალაქი81 და შიგან შევიდენ, სადაც ქრისტიანენი ერთსა ყურესა შეკრებილ იყვნენ, და ევედრნენ დავითს, რათა შეიწყალოს და ყაენმან არა ბოროტი უყოს. უსმინა და მცველნი დაუდგინა და დაიცვა და აიღო ხარაჯა და საჭურჭლე ურიცხვი, და შემდეგ წამოვიდა.
ხოლო იქ ყოფასა ფარეჯანისა იწყეს ოვსთა ოხრებად, ხოცად და რბევად და ტყვენვად ქართლისა, და ქალაქი გორი წარტყვენეს და თვისად დაიჭირეს ოვსთა. მაშინ შეიკრიბენ ქართლის ერისთავისა ბეგას ძესა, ჰამადას, წინაშე ყოველნი ქართველნი და მოადგენ გორსა. და მრავალგზის შეებნენ ქალაქსა შინა, მრავალი კაცი მოკვდა, ოვსიცა და ქართველიცა, და დაწვეს გორი სრულიად. და როცა გაუჭირდათ ოვსთა, ციხედან გადმოუშვეს საბლითა კაცი და წარავლინეს მუხრანს მდგომთა თათართა თანა, რათა შეეწივნენ. როცა ესმა, ჩამოდგეს შუა, შველა ქმნეს და ზავი. და ამიერიდან შეიქმნა მტერობა შორის ქართველთა და ოვსთა, ვიდრემდე მეფეთა შორის ბრწყინვალემან, დიდმან სახელგანთქმულმან გიორგი, განასხნა და აღფხურნა. და როცა მოიწიეს შინა, მოუწოდა ყაენმან დავითს და უთხრა: „ვინაიდან დასდევ თავი შენი მსახურებად ჩემთვის და იდექ ერთგულობასა ჩემსა ზედა, მომიცემია მეფობა და სამეფო შენთვის“. და წარმოგზავნა ტფილისს და დასვა ტახტსა მამისა მისისასა. და თანა-წარმოატანნა სპანი საქართველოსანი, შანშე და ხუტლუბუღა და ყოველნი დიდებულნი. და მოუწოდეს სამცხიდან ბექასა, და მან არა ინება მოსლვა, რამეთუ ფრიად განდიდებულ იყო, თვით აღარ წავიდა არცა ყაენს წინაშე, არცა მეფესა თანა. წარმოუვლინა ძე თვისი პირმშო, სამცხის სპასალარი სარგის, და ყოველი ნამარხევი, რომელიც ქონდა მეფისა დიმიტრისაგან შევედრებული, და სარტყელიცა იგი დიდფასისა. მოვიდა სარგის და მოიტანა ყოველივე დაუკლებელად მეფის დავითის წინაშე. დასვეს მეფე ტახტსა ზედა და აკურთხეს კათალიკოზმან აბრაჰამ და ეპისკოპოზთა.
ხოლო მოსცა ყაენმან და მისი, ოლჯათ, რომელიც ვახტანგს ცოლად ესცა. დაიპყრა ყოველი სამეფო მამისა მისისა დიმიტრისი, გარდა ბექას, სამცხის მპყრობელისა მთავრისა, ხოლო იგი პატივ-სცემდა მეფესა დავითს, მრავალთა ნიჭთა და ძღვენთა წარმოუვლენდა. ხოლო დავით უმეტესთა ჟამთა იყო წინაშე ყაენისა, მართალია ფარეჯან, ოვსთა მთავარი მსახურებდა კეთილად მეფესა, მაგრამ იყო მტერობა ქართველთა და ოვსთა. ესოდენ გადაეკიდნენ ერთმანეთს, რომელიცა მძლე ექმნიდა, მოკლავდა. მაშინ წავიდნენ ქალაქსა ოვსნი ვაჭრობად, და მოიქცენ და იხილეს გლახაკი, და მისცეს ქველისსაქმე ოვსთა, რომელსცა უპირველესსა ეწოდა სათხიზ და მეორესა უზურბეგ. და თქვეს: „გლახაკო, ევედრე ღმერთსა, რათა დღეს ჩვენი და სურამელის ბეგას შვილის ხმალი ერთგან შეიყარნენ“.
როცა წარვლეს მცირედ, დახვდა ნადირობასა შინა მყოფი რატი მცირითა კაცითა, უსაჭურვლო. მყის ზედა-მოეტევნენ. აიღო ფარი და დაუდგა სივიწროსა წყლის გასავალსა. და პირველ სათხიზს უხეთქა მუზარადსა, გაუპო და ჩამოაგდო, და მოკვდა. მერე უზურბეგ მოუხდა, ჰკრა მასცა ჯაჭვიანსა მხარსა, განუკვეთა მხარი და ჩამოაგდო, ყრმათა რატისთა მოაკვდინეს. იხილეს სხვათა ოვსთა და ივლტოდნენ. ამისთვის იტყვის წინასწარმეტყველი: „უფალი ამპარტავანთა შემუსრავს“. კვლავ სხვა ხმობს: „აღხოცეთ უფალმან ყოველნი ბაგენი მზაკვარნი და ენა დიდად მეტყველი“....
აქ ტექსტი ძლიერ დაზიანებულია და ბევრი აკლია. მისი შევსება ხდება ფარსადან გორგიჯანიძის ტექსტით:
...„აქა ხუტლუ ბუღა ნამეტნავად გამდიდრებულიყო, როგორც მეფე იქცეოდა. მრავალი სოფლები და ქვეყნები დავით მეფისგან მიეღო, ყაენმაც მისცა. და მეფე უფროსიერთს ხანს კარზედ იყო. ამისათვის სთმობდა საქმესა და ნაქნარსა ხუტლუ ბუღისასა. და ურდოს მიმავალი დავით უკმობრუნდა, მოვიდა სახლსა და სამეფოსა თვისასა და გაგზავნა კაცი ყაენთან, მისწერა თუ, „დავანებე ყოველი სამეფო ჩემი ხუტლუ ბუღასა, მოველი ყაენისგან, რომ ჩემი მეფობა მას უბოძოს და მე მას ვემსახურები“. ამისთვის, რომ ყაენის შიშით ვერას ცვლიდნენ მეფენი ერისთავთა. მიაღწია მოციქულმა ყაენის წინაშე და მოახსენა მეფის დანაბარები სიტყვანი ყაენს. ხუტლუ ბუღა იქ ყოფილიყო და ყაენს საქართველოში გაეგზავნა და სამეფო ყოველი მისთვის მიებარებინა. რა მოვიდა მოციქული მეფისა, გამოგზავნეს კაცი, მოაწიეს შამქორსა; ხუტლუ ბუღა შეიპყრეს, მიიყვანეს ყაენთან, და მეფეც იხმეს, რომ მათი საქმე გაბრჭონ. მივიდა მეფე ბაილაყანს და იქ დახვდა ხუტლუ ბუღა, რომელსაც შეეწეოდა ნოინი დიდი აღბუღა.
რა ნახა ყაენმა მეფე დავით, დიდი პატივი მიაპყრო და მეფემაც მრავალი საჭურჭლე ძვირფასისა მიართვა: ჭურჭელნი ოქროსა და ვერცხლისანი, სარტყელი იგი ზევით თქმული ძვირფასისა, რომელზეც განკვირდა ყაენი.
გაიარა ცოტა დღენი, იხმეს სამდივნოსა მეფე და ხუტლუ ბუღა. და აჩინეს სიტყვის მთმელად ბურსელი ხუტლე. მრავალს იტყოდნენ ორნივე. გაიგო აბუღა ნოინმა, რომ მარცხდებოდა ხუტლუ ბუღა. ადგა ნოინი დივნიდან, თან წაიყვანა ხუტლუ ბუღა, დაიხსნა იქიდან. რა გაიგო ყაენმა, რომ აღბუღა ხუტლუ ბუღას მფარველია, თვით მასთან იპყრა აღბუღა. აიყარნენ თავრეზიდან და სიანქოს მივიდნენ, სადაც იყო სადგმური დიდი ჰულაგუ-ხანისა, რომელიც სახლად და პალატად ჰმონებოდა ქაიხოსროვ ხელმწიფესა. აქ იყვნენ ორ თვეს და ყაენი ეშურებოდა ხუტლუ ბუღისა და აღბუღის ჯავრის ამოღებასა. ყაენმა სანადიროდ წასვლა მოინდომა; ბრძანა არ წასვლა სანადიროსა ხუტლუ ბუღისა ყაენსთანა.
ხუტლუ ბუღამ ჰკითხა აღბუღას, წავიდეს შორს ადგილსა ნოინს ვინმესთან, რათა ოქრო მიიღოს მისგან. და ერთი მისანდო კაცი გაატანა. დაიცა დრო და გაპარვით წავიდა საქართველოს ამისთვის, რომ ყაენის რისხვას ელოდა. მისი გაპარვა აღბუღას დააბრალეს და, რასაც იმას სთხოვდენ, აღბუღას დააბრალეს და კიდევაც აზღვევინეს. გაგზავნეს კაცი ხუტლუ ბუღასთან, რომ მიიღოს ოქრო, და თან გაატანეს სახელად ყურუმში. მივიდნენ საქართველოში, რომ სად იყო სადგმური ნოინისა. თქვა ყმამან აღბუღისამან: უგზოთ რისთვის მივდივართო, რომ შეიპყრა ყაენმა აღბუღა. ამის მთქმელს ფიცხლავ ხელები შეუკრეს და პირიც აუკრეს. იქნა ღამე, და მართალს გზას არ მიდიოდნენ. უთხრა კაცმან ყურუმშისამან: არ არის გზა ეს საქართველოსიო. არ ვიცი, განგებ იქთო თუ გზას დამცდარხართო. მე თქვენთვის ავი არ მინდაო. არ დაუჯერეს ნათქვამი. გათენდა, ადგა ქარი მცირე და გადაჰყარა ნისლი, და ნახეს თავიანთ ბარგთან გამოქცეული თათარი ერთი, პყრობილთაგან გამოქცეული. მივიდა თათრებთან, დაიწყო აღბუღის კაცების დაჭირვა. და ხუტლუ ბუღის გაქცევა სამასი კაცითა. ასე იქნა ხუტლუ ბუღის წახდენა და აოხრება მისი, მოაკვდინეს და აიღო ფასი, რაც მას დემეტრე მეფისთვის ექნა. სხვაც ქონდა, რომ ვალს გადახდა უნდა. ამ ხუტლუ ბუღასაც ამას წინათ ორნივე ძმანი აბულეთიძენი დაეხოცა. ახლა იხმო ყმანი და უთხრა მათ: თუ შევებმით, ყველას დაგვხოცენო, თუ არადა, მარტო მე მომკლავენო. მაშ, სჯობს, მივსცე თავი ჩემიო და თქვენ მშვიდობით იხსნათო. აღარ გაიძრეს ხელი. ხუტლუ ბუღა და ყმანი მისნი შეიპყრეს თათართა, მიუსხეს ქუღათო ყაენსა. უბრძანა მეფესა: აჰა, რომელიც გიქადე, რომ შენ მოგცემო ხუტლუ ბუღასაო. მეფემ თაყვანი სცა და გარეთ გამოვიდა.
შეიქნა ღამე, ადგა ყაენი და მივიდა ლაშქრით. იყო ეს ქუღათ ყაენი ღვინის მოყვარული, მსუბუქი და ცრუ, მამათა ბოროტი, კაცთაგან საძულველი. ნახა კარავში სანთელი ანთებული. იკითხა, კარავი ვისი არისო? მოახსენეს: ხუტლუ ბუღას ყმანი არიანო. თავიანთი რჯულის წესით ილოცვიდნენ; მსახურთუხუცესი ხუტლუ ბუღისა საბასი და ოთარის ხატს ეაჯებოდნენ ღამისთევითა და საკმეველითა. ბრძანა გამოყვანა ოთარისა. მოიყვანეს ყაენის წინ. უბრძანა: შენ კაცო, რათ გამაპარა ხუტლუ ბუღა! ოთარმა მოახსენა: ისმინე თქმული ჩემი, ბედნიერო ყაენო. მე გაზრდილი ვარ ხუტლუ ბუღისგან; თვით უბრალო არის, მე გავაპარე. მე ვარ შემცოდე, არათუ ის. რა ესმა ყაენს ნათქვამი ოთარის, ბრძანა მოკვლა ოთარისი. მოკვეთეს თავი. გაიგო ოთარის სიკვდილი მეფემან, და სუნბატისა, ეწყინა და შექმნა ტირილი და მოიგონა ნამსახური მათი.
და ყაენმა წინ იხმო ხუტლუ ბუღა და უთხრა: შენ აღბუღის სიტყვით წამიხველო? და მან პასუხი არ გასცა. მოსცეს მეფეს დავითს ხელთ და უბრძანა მოკვდინება ხუტლუ ბუღისა. და ის შემოეხვეწა მეფესა, რომ არ მოჰკლას. მეფემ უთხრა: არ მინდა მოკვლა შენი, მაგრამ ბრძანება გამოსულია ყაენის, თუ არადა, მეწყალვი სიმხნისა და სიჭაბუკისთვისო. გაუწყდა ღონე ხუტლუ ბუღას, ილოცა და ეზიარა. და თვითონ მეფემ შემოჰკრა ხმალი და ორად განკვეთა. დაილია საქმე ხუტლუ ბუღასი. შვილი არ ჰყავდა, სამი ძმა დარჩა. უბრძანა მეფემ წაღება თავიანთ სასაფლაოსა, მიიტანეს გვამი გესამანიას და ოთარი - სამცხეს.
ცოტა ხანს უკან ყაენმა მეფე გაისტუმრა და ყოველი ნაქონი ხუტლუ ბუღასი მეფეს მისცა, და მოვიდა დმანისს და არიგებდა საქართველოსა.83
ამ ჟამს84 მოვიდნენ ქართლს დიდი ნოინები თუქალ და ყონჩიბალი, რომ დასთვალონ საქართველო. გაიგო მეფემ მოსვლა მათი ჰერეთს, წინ მიეგება, რომლისთვისაც დიდად მადლიერნი იყვნენ ნოინები. და მოვიდნენ ქართლს, რომ დასთვალონ ქვეყანანი საქართველოსანი. ამ დროს იმერეთიდან ამბავი მოუვიდა, რომ წამოვიდა ლაშქარი აფხაზეთისა თქვენად საბრძოლველადო. სწრაფად აიყარნენ და თრიალეთს ავიდნენ ამ ამბავით. ღმერთმა დაიხსნა ქვეყანა.85
და შემდგომად მეფე წავიდა ურდოსა, ყაენს წინ მივიდა ბაილაყანს. იხილა ყაენმა მეფე, იამა და გაიხარა და დიდი პატივი სცა. მოახსენეს: უკუიდგა თუქალიო, ღალატით მოკვლა სწადიან თქვენიო, რომ ყაენად მოიყვანოს ბიძაშენი ბაიდუქ. მაშინ უბრძანა ყაენმა მეფე დავითს: ვიცი, რომ გაქვს ჩემი სიყვარული, ასევე რომ მიყვარხარ და ამოვაგდე მტერი შენი, სადაც იყვნენ. აწ შენც სწრაფად მიდი სამეფოსა თქვენსა, თქვენი ლაშქრით ადრე მომაშველე, რომ მინდა მივიდე ორგულსა და უკუდგომილ თუქალს ზედანო. ფიცხლავ რა მოვიდა, ლაშქარი შემოიყარა დავითმა და ადრე მივიდა ქუღათ ყაენს წინაშე. მაგრამ თუქალმა დაასწრო, დაესხა ქუღათო ყაენს თავს და დაიჭირა, თავსაკრავით დაახრჩო. ნოინი იგი დიდიც მოაკვდინა აღბუღა ყონჩიბალმა და ალინაყის შვილი ბუღაც. გაგზავნეს კაცი ბაიდუს წინ, რომელიც იყო ჰულაგუ-ხანის შვილი86, აბაღას უმცროსი ძმა, რომელიც ქრისტიან შექმნილიყო, ნესტორიანთ რჯული დაეჭირა.
აქა თუქალი დაესხა ქუღათოს ყაენსა, დაიჭირა, დაახრჩო და ბიძამისი ბაუდუქან ყაენად დასვა
მიართვეს ტახტი და საყაენო მორთულობა და ქონება, გაუგზავნეს ელჩი მეფე დავითს და დაუმადლეს, რომ არ დახვდა ქუღათოს სიკვდილსა. ღვთის წყალობით დაფარულ იქნა მეფე და სპანი მეფისანი. თუ დასწრებოდენ, ქართველთ საქმე წამხდარი იყო.
მოვიდა მაწვეველი თუქალისა. წავიდა მეფე თუქალსთანა, რომელიც ართაჰნის მთას იდგა. იხილა თუქალმა მეფე დავითი, დიდი პატივი სცა, შეჰფიცეს ერთმანეთს სიყვარული, დაამტკიცეს ფიცი ერთობისა; თავისი და მოსცა, რომელიც ედგა ხუტლუ ბუღას ძმას მანგასარს. მანაც მეფეს თავისი და მოსცა, და წამოვიდა შინ“...
ხოლო მოვიდა მწოდებელი თუქალისა87 წინაშე დავით მეფისა. და წავიდა დავით წინაშე თუქალისა, რომელიც იდგა მთათა არარატისათა. როცა იხილა თუქალმა დავით მეფე, პატივითა შეიყვარა. ინება, რომელ ფიცთა მიერ ქმნან ერთობა სიყვარულისა. დაამტკიცეს ერთობა, და წამოვიდა მეფე შინა, და მოსცა დმანისი, რომელიც ქონდა ხუტლუბუღას, ძმასა მანგასარისსა.88
42. და როცა გარდახდა მცირედი ჟამი, წავიდნენ ნოინნი, რომელნიც თუქალისაგან ლტოლვილ იყვნენ, ნავროზ, დიდისა არღუნის შვილი, რომელიც იყო კაცი მხნე, ძლიერი, ახოვანი, მანქანი, შემმართებელი უმეტესობისა, ალინაყის შვილი ყურუმჩი, რომლის ძმა, ბუღა, მოეკლა თუქალს. ესენი მივიდნენ ხორასანს, არღუნის შვილსა, ყაზანს ქოუნს, თანა, რომელსაც ქონდა მამისაგან საუფლისწულოდ ხორასანი. შეიყარნენ და ინებეს, რათა ყაზან ყონ მთავრად და ყაენად. შეიკრიბნენ ესე ყოველნი და წარმოემართნენ ბრძოლად ბაიდუსსა.89 და როცა გაიგო მოსლვა ყაზანისა, მოუწოდა მანცა ლაშქართა, და წავიდა თუქალიცა სისწრაფითა, ვეღარ მოიცადეს მეფე. აქაცა დაიცვა ღმერთმან, რომ არა დახვდა. მიეგებნენ მცირესა ქალაქსა ზანგანს, შეხვდნენ ურთიერთს და სწორი ძლევა იქმნა, უკუ-დგეს ორნივე და გაიყარნენ, რამეთუ ყაზან იქ არა იყო, ნავროზ და ხუტლუშა90 წარმოევლინენ. ნავროზ ხელთ იგდეს და ძლიერი ბრძოლა ყო ჯალაირმან. და წავიდა ყაზან ხორასნიდან.
ხოლო ევედრა ნავროზ თუქალს, რათა განუტეოს, და ფიცითა დაუმტკიცა, რათა ყაზან შეკრული მოსცეს. ირწმუნა და განუტევა. და როცა მივიდა ყაზანს თანა, შეკრა ქვაბი სპილენძისა და წარმოგზავნა თუქალს წინა, რამეთუ ენითა თურქულითა ქვაბსა ყაზან ეწოდება. მოვიდა ქვაბი შეკრული საბლითა, განუკვირდა და დაუმძიმდა თუქალს, რამეთუ მოსულ იყო არარატისა მთათა.
მაშინ კვლავ წარემართა ყაზან უმრავლესითა სპითა უგრძნულად, და უჟანს დაესხა ბიადუს, შეკრეს და მოახჩვეს, და მის თანა მრავალნი ნოინნი. აქაცა დაიცვა ღმერთმან მეფე. როცა გაიგო სიკვდილი ბაიდუ ყაენისა თუქალ, ივლტოდა და მივიდა სამცხეს, ბექასასა, რომელიც მთავრობდა ტასისკარითგან ვიდრე კარნუ-ქალაქადმდე. და შვილი წარგზავნა მეფისა დავითის წინაშე და მას შევედრა. როცა მოვიდა ყაზან ადარბადაგანს, რომელშიც არის თავრეჟი, წარმოუვლინა მოციქული მეფესა და ბექასა, რათა მისცენ თუქალი და შვილი მისი, ერთგზის და ორგზის. და არა მისცეს, არამედ იურვეს, რათა შეუნდოს. და მოსცა პირი და ბეჭედი უვნებელობისა, და მისცეს თუქალი. როდესაც გაიგო ყურუმჩიმ წაყვანა თუქალისა ურდოსა, მოეგება ელჩსა ყაენის ყაზანისსა ნახიდურს, და წარგვარა თუქალი და მოკლა სიკვდილისათვის ბუღასა, ძმისა მისისა. და მეფემან დავით მოსცა შვილი მისი და ყოველი სიმდიდრე, რომელიც შეევედრა ოვსთა მთავრისა ფარეჯანისა, რომელიც იდვა ციხესა ატენისასა. ფარეჯან ოსი მომკვდარიყო და ატენი მეფე დავითს ეჭირა. რამეთუ ესე დაიმადლა ყაენმან ყაზან, მაგრამ მეფემან ვერ გულს-იდგინა წასლვა ურდოსა შიშისათვის, რომელიც ქონდა სიყვარული თუქალისი. კვლავ სხვაცა იყო შიში ურდოსა წასლვისა, რამეთუ ზემოხსენებული იგი ნავროზ, არღუნ-აღას შვილი, მტერი იყო ყოველთა ქრისტიანეთა, ვისცა ჰგონებდა სჯულისა დატეობასა, დაჰპატიჟებდა და მუსულმანად მიაქცევდა, გარეშე ცნობისა ყაზან ყაენისა. კვლავ რამე ბოროტი ქონდა, ამისთვისცა ბოროტად მოკვდა, როგორც ქვემორე სიტყვამან ცხად-ყოს.
ესე ნავროზ განდიდდა, გარეშე ყაენისა განაგებდა საქმეთა საურავთა და ქონდა მტერობა ქრისტიანეთა, და გაემზადა სრულიად დახოცად და დაქცევად ეკლესიათა თავრეჟსა და ყოველთა ქალაქთა შინა. და მოიყვანა ეპისკოპოზი მარაღისა ქალაქისა, ნათესავით და სარწმუნოებით ნასრანი, რომელიც იყო კაცი მოწყალე და სახიერი, ფრიად სათნოებიანი, პირველთა ყაენთაგან პატივცემული და მამად სახელდებული. ესე პყრობილ ყო და მრავალნი გვემანი და ბასრობანი შეამთხვია დატოვებისათვის სჯულისა. ხოლო იგი ახოვნად წინა-აღუდგებოდა და მოითმენდა შეურაცხყოფად სჯულისა მოჰამადის მიერ ქადაგებულისა. ამისთვის ექსორიობად დაისაჯა, რამეთუ იყო ფრიად მოხუცებული.
ამას ზედა ესეცა შესძინა ბოროტი ნავროზ, წარმოავლინა კაცი ერთი უკეთური, ნათესავი მისი, რათა მოაოხრეს ეკლესიანი ყოველსა საქართველოსა: პირველად მოაოხროს საყოფელი ყოვლად წმიდისა ვარძიისა ღმრთისმშობელისა საყდარი, და ყოველსა საქართველოსა, რაცა პოვოს, წამოიღოს. ჰგონებდა უზომოსა სიმდიდრესა, ოქროსა და ვეცხლსა, თვალთა პატიოსანთა და მარგალიტსა მრავალსა ვარძიას. წამოვიდა და მოიწია ნახჭევანს, იწყო რბევად და რღვევად ეკლესიათა. მოიწია რისხვა ყოვლად წმიდისა ვარძიისა ღმრთისმშობელისა მას ზედა. რომელიც მოვიდოდა ასაოხრებლად ვარძიისა ღმრთისმშობელისა და პატიოსნისა ჯვარისა დასამხობლად, ამისთვის მეხდატეხილ იქმნა, და განგალა მეხმან სრულიად, და დაიწვა ძვალითურთ. ესეთ საკვირველებით დაიცვა სამყოფი თვისი ვარძიისა ღმრთისმშობელმან.
ხოლო ნავროზს ზედაცა მოიწია რისხვა ღმრთისა, რამეთუ განრისხდა ყაენი ყაზან91 უსამართლობისათვის და ბოროტთა საქმეთათვის. იყო ყაზან ფრიად რამე კეთილი და უბოროტოგონება და სიმართლის მოქმედ უფროს ყოველთა უწინარესთა ყაენთა ესოდენ, რომ ჯაჭვი განება ორთა შეშათა ზედა და ეჟვნები მოება მრავლად, რათა გლახაკნი, უღონონი და უქონებელნი, ყაენის და ნოინთა წინა მისლვისა უღირსნი და მოჩივარნი, მივიდოდენ და შეარყევდენ შეშასა და ჯაჭვსა, და ესმოდა ყაენს ხმა ეჟვანთა და ცნას, რომელიც სასჯელი გლახაკთა და შეურაცხთა კაცთა, რომელიც თვით განიკითხა პირისპირ. ესოდენ უყვარდა სამართალი, რომელიც დღეთა მისთა არა იქმნებოდა ძალი და უსამართლოება არცა დიდთა და არცა მცირეთაგან. ამისთვის რისხვეული ნავროზ ივლტოდა ხორასანს, რომელსაც დევნა უყო ზემოხსენებულმა ხუტლუშა ნოინმან, მიეწია და მოაკვდინა იგი და შვილი მისი და ყოველი ნათესავი მისი. მოისპო ქვეყნიდან სახსენებელი მისი, როგორც წერილ არის: „მოისპენ უღმრთო, რათა არა იხილოს დიდება ღმრთისა“. და კვლავ წარწყმდა სახსენებელი მისი. და ესეთ დამშვიდნენ თათარნი. იწყო ყაზან ყაენმან განგება ქვეყანისა სიმართლითა და მსჯავრთა კეთილთა.
ამათ ჟამთა წარმოავლინა მოციქული ყაზან ყაენმან და იხმო მის წინაშე დავით მეფე. ხოლო იგი მსწრაფლ განემზადა და მოიწია კახეთს და ჰერეთს. მივიდნენ ჰერ-კახნი, დიდებულნი და აზნაურნი, დავით მეფის წინაშე, ერისთავი სამადავლა, კაცი ყოვლითა სამხედროთა ზნითა შემკობილი და მოისარი რჩეული, მსგავსი მოსომახოსა ებრაელისა, გინა ნეოპტოლემეოს პირასი92 რჩეულისა, სახელოვანისა მირმიდონთ მოძღვრისა. დაყო მცირედი ჟამი ჰერეთს და განეზრახა ვაზირთა: „უკეთუ წავიდე ურდოსა?“ დაუმტკიცეს ვაზირთა წასლვა, ხოლო მეფემან არა ისმინა მათი და შეიქცა გარე, რამეთუ ქონდა შიში თათართა ყაენის ხილვისა. და მოვიდა მთიულეთს, უკუ-დგა ჟინვანს, შეკრა სიბა და მცველნი დაუდგინა...
ტექსტს აქ აკლია და ივსება ფარსადან გორგიჯანიძის ტექსტით:
...„დატოვა ტალიმანიძე ვაჩინ და ვაჩინაძე ივანე, ჭიაურელის შვილი. სამადავლე უკან მივიდა მეფეს წინ ექვსი კაცით, დააყენა ჟინვანის მცველად, გაიგო ტალიმანიძემ ვაჩინ ახლოს დგომა სამადავლესი, დაუწყო ვაჩინაძე ივანეს, რომ ძველიდანვე მტერნი იყვნენ სამადავლე და ვაჩნაძე. წავიდა სამადავლეს საღალატოდ, ეწადა მოკვლა მისი. თან წაიყვანა ტალიმანის ძე ვაჩინ, რომ ის იყო გაძრახებული სამადავლეს მოსაკლავად. დაესხნენ ღამით მძინარეს, საღმთო-სამამაცო კარგის ზნითა გათავებული სამადავლე მოკლეს და ვაჩნაძე გარდახვეწეს და ტალიმანიძე იქივ დადგა. მოახსენეს მეფეს მოკვლა სამადავლესი, ნამეტნავად ეწყინა, ასტირდა, წვერ-ულვაში დაიგლიჯა, მოვიდა, ნახა უპატიოდ მშვენიერება მისი მიწაზე მდებარე, ეძება ვაჩნაძე და ვერ იპოვნა, გაპარულიყო. შეუთვალა ტალიმანიძესა მოთრევა კარსა მისასა, რომ მისის ქნილობით მოეკლათ. მისცეს ტალიმანისძე ხელთა მესისხლესა, წაიყვანეს ადგილსა მასა, სადაც სამადავლე მოეკლათ, ისიც იქ მოკლეს. ნაქმნარნი მისნი გარდახდა ქედსა მათსა.
უკუდგა მეფე დავით მთიულეთს, გაამაგრა გუდამაყარი და გველეთი
საცა რამე იყო სამეფო, ყველა ხევსა და ხადას აზიდეს, და არაგვი და ქსანი ჩახერგეს, გაამაგრა გუდამაყარი“...
43. ხოლო მეფე დავით მთიულეთს იდგა, და წარავლინა ძმა თვისი უმრწემესი ვახტანგ ელჩად დიდისა ბათოს შვილისშვილის ყაენისა და უქადა გზა გამოსლვად ყაენს ზედა. და მან კეთილად შეიწყნარა და უქადა ქვეყანა და საჭურჭლე მრავალი. როდესაც გაიგო დავითის უკუდგომა ყაზანმა, წარმოგზავნა ხუტლუშა მხედართმთავარი, რომელსაც ისინი ბეგლარბეგს უძახდნენ, სპითა დიდითა. მოვიდნენ და დადგნენ ტფილისს. გაგზავნეს მოციქული მეფესა დავითს წინაშე და ითხოვეს კაცნი სარწმუნონი მისანდობელად, და აძლევდნენ ზავსა და სთხოვდნენ ერთგულობასა ყაზანისასა და არამიქცევასა მტერთა კერძო. და მან წარმოგზავნა კათალიკოზი აბრაჰამ, ბურსელი ივანე, ტფილელი ყადი, და ითხოვა მძევალნი, და ფიცად მიჰპირდა. ხოლო მათ ფიცეს სჯულისაებრ მათისა და მისცეს მძევლად ხუტლუშას შვილი სიბუჩი, ყურუმჩის ძმა არფა და სხვათა ნოინთა შვილნი. და მისცეს ბეჭედი ყაენისა და სიმტკიცე უვნებელობისა. და იგი მოვიდა ნახვად მათდა და აღუთქვა წასლვად ურდოსა. ხოლო ხუტლუშამან შეიწყნარა კეთილად და განუტევა. ხოლო დავით მოიქცა ძველებურად, და მძევალთა მისცა ნიჭი დიდი და განუტევნა.
და როცა მოიწია არე გაზაფხულისა, აწვიეს კვლავ მეფე დავით ურდოსა, და არა ინება წასლვად, ქონდა შიში. ამისთვის წარავლინა ძმა მისი ბაიდუ დიდისა ყაენისა თოხთას წინაშე. როცა გაიგო ყაზან ყაენმა, კვლავ წარმოავლინა მხედართმთავარი ხუტლუშა სპითა ურიცხვითა. მოვიდნენ სომხითს და აწვიეს მეფე მისლვად, და აღუთქმიდნენ ნიჭთა დიდთა. და კვლავცა წარავლინა კათალიკოზი აბრაჰამ, ყადი ტფილელი და ივანე ბურსელი, და აღუთქვა მისლვად. გაიგეს თათართა, რამეთუ მიზეზობდა, შეიპყრეს ივანე ბურსელი და მოკლეს, და კათალიკოზი და ყადი განუტევეს უვნებელად, და მომართეს შესლვად მთიულეთს. მოაოხრეს სომხითი, ქართლი, თრიალეთი, ერწო და დადგნენ მუხრანს, ხერკს, ბაზალეთს, ერწოს და თიანეთს, და ვერ ეტეოდნენ სადგომად, არბევდნენ ქართლსა და ზემოხსენებულთა ქვეყანათა. ტყვე ყვეს, რომლისა არა იყო რიცხვი, და მოსრეს პირითა მახვილისათა, რამდენი იპოვეს, და მიეცა ქვეყანა განსარყვნელად ცოდვათა ჩვენთათვის.
ამა წელს გამოჩნდა ვარსკვლავი კვმატი, ლახვრის სახე, ჩრდილოეთიდან, და დადგა ვიდრე ოთხ თვემდე, და ყოველთა ღამეთა იხილვებოდა ვარსკვლავი იგი ლახვრის სახე, და იტყოდნენ: „ლახვრით ამოწყვეტასა მოასწავებს“.
კვლავცა ინებეს თათართა ზავის ყოფა მეფისა და გაუგზავნეს მოციქული, რათა მეფემან შეჰფიცოს ერთგულობასა ზედა ყაზანისსა და არა მისცეს გზა ბათოს შვილისშვილსა, დიდსა ყაენსა თოხთას,93 და ესეთ ჟამად შინა იყოს, დაიცვას სამეფო მისი. და ყვეს ფიცი და აღთქმა ურთიერთას, და წარმოგზავნა დედა თვისი, დედოფალი, და ძმა მისი უმრწემესი მანოველ, და კათალიკოზი აბრაჰამ, და დედოფალი, ცოლი მეფისა ოლჯათ, წარმოავლინა, რათა წავიდეს ურდოსა და იურვოს საქმე მისი. და მოიწიეს ურდოსა. იხილა ხუტლუშამან და პატივითა შეიწყნარა, მსწრაფლ უკუ-რიდა, მოსცა ტფილისი და სამეფო მისი, და წავიდა ურდოსა და წარიტანა დედოფალი ოლჯათ, და კვლავ დამშვდდა ქვეყანა.
და როცა გარდახდა ზამთარი იგი და მოეწურა არე გაზაფხულისა, წარმოავლინეს მოციქული მეფეს თანა, რათა გაიგოს, არის ერთგულობასა ყაენისასა, თუ არა. და გაიგო კაცმან, რომ ბაიდუ წარევლინა დავითს ყაენსა თოხთას თანა და გზა ექადა გამოსლვად. აცნობა ყაზანს, ხოლო იგი განწყრა და წარმოავლინა ყურუმჩი და ერინჯი ვინმე, შინაური მისი, და შანშე მხარგრძელი. და მოუწოდეს ძმასა დავითისასა, მცირესა გიორგის, რომელიც ეშვა ასულსა ბექასასა და მას აღეზარდა. რომელიც მარტო ეშვა დედასა, როგორც მარტორქა, რამეთუ ვერ შემძლებელ იყო ბუნება დედათა სხვასა ეგევითარისა შობად, რომელიც ქვემორე სიტყვამან ცხად-ყოს.
ესე იყო სახლსა ბექასასა, რამეთუ ესე ბექა განდიდებულ იყო და ქონდა ტასისკარიდან ვიდრე სპერამდე და ვიდრე ზღვამდე, სამცხე, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ნიგალისხევი და ჭანეთი სრულიად მოსცა ბერძენთა მეფემან, კომნინოსმან კირ მიხაილ94, და ასული ბექასი ცოლად მიიყვანა. ამასვე ქონდა უმრავლესი ტაო, არტანი, კოლა, კარნიფორა და კარი, და ამათ შინა ქვეყანანი და ციხენი, არტანუჯი და უდაბნონი თორმეტნი კლარჯეთისანი, და დიდებულნი აზნაურნი და მონასტერნი ყოველნი მას ქონდა. და ხარაჯას მისცემდა ყაზანსა და ლაშქრითა შეეწეოდა. ამას სთხოვეს ყრმა გიორგი, რათა მისცეს და მეფე ყონ ქართლსა დავითის წილ, ძმისა მისისა, რომელიც აღასრულა და მისცა და თანა-წარატანა ლაშქარი დიდი. წაიყვანეს და დასვეს მეფედ. დაღათუ მცირე იყო, მაგრამ წინა-დაუსახვიდენ უძლეველობასა მეფობისასა და წინა მოასწავებდენ.
44. და იყო ყრმა მცირე გიორგი მეფედ ტფილისისა. და როცა მოიწია გაზაფხული, კვლავ წარმოავლინა ყაზან ყაენმან იგივე ხუტლუშა სპითა ძლიერითა და მრავალნი ნოინნი სხვანი. და დადგნენ ზემოხსენებულთა ადგილთა, მოაოხრეს ქართლი უბოროტესად.
ხოლო მეფე დავით დადგა ხადას. მაშინ ქვენიფლეველი შალვა გამოექცა მეფესა, აღსავსე ნიჭთა მიერ მისთა, რომელნიც მას ჟამსა მიენიჭა. არა მოიხსენა წყალობა ეგოდენი და მივიდა ხუტლუშა ნოინთან. ხოლო მან გაიხარა და პატივითა შეიწყნარა და წინამძღვრად გზისა აჩინა. და შევიდნენ გზასა ცხრაზმისხევისასა და გავიდნენ მთასა შორის ცხავატსა და ცხრაზმისხევთა, რომელიც არის ლომისა.
და როცა გაიგო დავითმა ორგულობა შალვა ქვენიფლეველისა, შედგა ციკარეს, რამეთუ ციკარე მტერთაგან შეუვალ იყო. ჩავლო ხუტლუშამან და გავიდა ხადას და გადავიდა ხევსა, და მიმართეს გველეთს, იქ შინა ეგონათ მეფე დავითი. და გარე-მოადგეს სტეფანწმიდასა სოფელსა. და განგებითა ღმრთისათა გამაგრდნენ, რამეთუ წინარნი თათართანი იყვნენ ქვენიფლეველი შალვა და ოვსთა მთავარი ბაყათარ და მუხრანს მდგომი თათარი ბაან თანღუთ. როცა გაიგეს, სტეფანიწმინდას ვერას ავნებდნენ, გველეთი მტერთაგან უძლეველია და მეფე იქ არ არის, ითხოვეს საზრდელი მცირე. სტეფანელთა მოსცეს. და აიყარნენ და გადმოდგნენ ხადას. ხოლო მეფე ციკარეს იყო. დაამტკიცეს და დადგენ ერთგულობასა მეფისასა სურამელი ჰამადა, ამირეჯიბი აბაზას ძე ჭილა და აზნაურნი ქართველნი და სომხითარნი, და დიდი ერთგულობა აჩვენეს.
როდესაც გაიგო ხუტლუშამან მეფისა ციკარეს დგომა, გაყო ლაშქარი. ერთი წარავლინა ცხავატით, გზასა ძნელსა, რათა ეგრეთ შევლონ და შევიდენ ციკარესა, რომელიც შეუძლებელ იყო. მაშინ ქვემო შესულთა ლაშქართა შევლეს გზა ცხავატისა და გავიდნენ ცხავატს. როცა გაიგო მეფემან, წარავლინა მცირედნი ლაშქარნი, და იქმნა ომი ძლიერი, და ამოწყვიტა თათარი ურიცხვი, რამეთუ შემოსულ იყვნენ ვიწროსა გზასა კაცი მეორე ხუთასი, რომელნიც ვერღარა გამოესწრნენ გზისა სივიწროისაგან. შეიპყრეს ხუთასივე, რომელიც მოკლეს და რომელიც გადარჩა, მოჰგვარეს მეფესა. ხოლო სხვანი ივლტოდნენ. და სპანი მეფისანი გავიდნენ ხადის თავსა გორასა, რომელიც არის ციკარეს პირისპირ, და იქმნა ომი ძლიერი. კეთილად იბრძოდნენ შინაურნი მეფისანი, ხადელნი და ხევიდან მოსულნი რჩეულნი. და უმეტეს მოისრვოდნენ თათარნი, რამეთუ დიდად ავნებდნენ მთიულელნი: იყვნენ ფეხითა მალე, ცხენოსანი ვერ შეუვიდოდა საომრად. და ქვეითად იბრძოდნენ თათარნი, რომელთა შემწედ ჰყავდათ ივანეს ძე შანშე, და ოვსნი, რომელიც ისხდნენ გორს, მესხნი ლაშქარნი, რომელნიც წარმოევლინეს სამცხის მთავარსა ბექას – თორელნი, თმოგველნი და ტაოელნი. და გაგრძელდა ომი ვიდრე მიმწუხრამდე. გზათა სივიწრითა არა აერივნენ ურთიერთს, გაიყარნენ, და უკუ-დგეს ხადას თათარნი.
და უშველა ღმერთმან მეფესა, რამეთუ ცხავატიდან შესული ლაშქარი ივლტოდა. და ხუთასი მხოლოდ კაცი შეიყარა, და ხუტლუშასცა დიდი ვნებოდა. იხილა სიმაგრე ქვეყანისა, და გაიგო, რომ არა ეგების შესლვა ციკარეს. აიყარა ღამით გზასა ლომისთავისასა, დაესხა ქართლს, დაღათუ ვინმე დარჩენილიყო, მოსრა და ტყვე ჰყო. და მოაოხრეს ქართლი და წავიდნენ ყაენს ყაზანს წინაშე.
და მოიწია არე გაზაფხულისა, წარმოემართა იგივე ხუტლუშა სიტყვითა ყაენისათა სპითა უძლიერესითა, და მოიწია ტფილისს, და ეგულებოდა შესლვად მთიულეთს. და როცა გაიგეს დიდებულთა ამის სამეფოსათა, განკრთენ და ეძიებდნენ ღონესა, რათა განერიდნენ პირისაგან თათართასა. ქვეყანა თუღა სადმე დარჩენილ იყო, შეიკრიბნენ მეფესა დავითს წინაშე და მოახსენებდნენ, რათა წავიდეს ყაზანს წინაშე, ფიცი და სიმტკიცე აიღოს უვნებელობისა. ისმინა მეფემან და დაამტკიცა წასლვა ურდოსა, სთხოვა ზავი და ფიცი, ხოლო მან დიდად გაიხარა და აღუთქვა უვნებელად ყოფა და დაცვა ქვეყანისა. უკეთუ იხილოს ყაენი, იქედან წარმოგზავნონ დაცული მშვიდობით. ამის პირსა შინა იყო ბურსელი ივანე. აიღო პირი მტკიცე და მოვიდა მეფეს წინაშე. იხილა პირი სიმტკიცისა ქართველთა, ჰერ-კახთა, გაიხარნენ და აწვევდნენ წასლვად და მძევალთაცა აძლევდნენ: „ხუტლუშა სარწმუნო კაცი არის და არა ეცრუვება აღთქმასა, ვჰგონებ კეთილად შეწყობასა“.
მაგრამ მეფემან არა ისმინა, რამეთუ შიში ქონდა თათართა, და დადგნენ გველეთს. როცა იხილეს დიდებულთა მოოხრება, უმრავლესნი წავიდნენ კითხვითა მეფისათა დაცვისათვის ქვეყანისა, ხოლო ხუტლუშა კეთილად შეიწყნარებდა, ვინცა მივიდოდა. კვლავ მოაოხრეს ქვეყანა ქართლისა ზემოხსენებული, გარდა მთიულეთისა, და წავიდნენ ურდოს.
როცა მოიწია სთუელი, ჩამოდგა ცხრაზმისხევსა მეფე დავით და ააოხრებდა მამულსა შალვა ქვენიფლეველისასა ორგულობისათვის. მაშინ უღონო იქმნა ქვენიფლეველი, ევედრა სურამელსა მსახურთუხუცესსა, ქართლისა ერისთავსა ჰამადას, რათა იურვოს მეფეს წინაშე. მოახსენა მეფესა და არა ინება მისთვის დაჭირვა, არამედ მიუბოძა მამული მისი. გადაიყარა თავსა ნაცარი შალვამ და იტყოდა: „ესემცა არის მისაგებელი ორგულთა მეფეთასა“. და შეუნდო მეფემან შალვას.
ამათ ჟამთა წამოვიდა ძმა მეფისა ვახტანგ, რამეთუ იკლო რამე სიყვარული და სიკეთე, რამეთუ ძმისა მისისა დავითისაგან შეპყრობილცა იყო და პატიმრული ციხესა ჟინვანისასა. გამოიპარა და მოვიდა ივანე ბურსელისასა და უთხრა: „აღარა ბოროტი მიქმნია და შეურაცხება წინაშე ძმისა ჩემისა. აწ არა წავალ ურდოსა მტერთა მისთა თანა. აწ წარავლინე კაცი და აუწყე ჩემი შენსა მოსლვა. თუ ნებავს და ფიცით შემაჯერებს, რომ არა მავნოს და არა შემიპყრას, მის წინაშე მივალ, და მცირე სარჩომიცა მომცეს“. ხოლო მან წარავლინა კაცი და მოახსენა ესე ყოველი. ხოლო მეფემან გაიხარა და ფიცითა მოიმტკიცა, და წაიყვანა ძმა თვისი და კეთილად ხედავდა. და ფიქრობდა განდგომასა ამის ძალით, რამეთუ შაბურის ძის ასული შეირთო ვახტანგ ცოლად. და ვერღარა თავს-იდვა ვახტანგ უპატიოდ ყოფა და წავიდა ურდოსა ყაზანის თანა. ხოლო მან კეთილად შეიწყნარა და მოსცა მეფობა. და წარმოატანა ხუტლუშა ნოინი სპითა უძლიერესითა და მოვიდა ტფილისს. და იქ შემოეყარნენ ყოველნი თათარნი და ქართველნი, და სამცხის ბატონის ბექას შვილი სარგის სპასალარი, ტაოელნი, თორელნი, თმოგველნი და სომხითარნი, რამეთუ შანშე პირველვე იყო.95
45. როდესაც მეფემან დავით, რომ ვახტანგს მეფედ ჰყოფენ, წარმოავლინა იგივე ბურსელი ზავისათვის და აღუთქვა ურდოს წასლვა, უკეთუ ფიცითა შეაჯერონ და მოსცენ მძევალი. ხოლო ხუტლუშამან შეჰფიცა და ყოველი სათხოველი აღუსრულა. და წავიდა ბურსელი მეფეს წინა. ხოლო მან გაიხარა და წარმოავლინა დედოფალი ოლჯათ და კათალიკოზი აბრაჰამ და ბურსელი და მოვიდნენ მუხრანს. ხუტლუშა და სხვანი ნოინნი ბაზალეთს წინა-მოეგებნენ ოლჯათს და, როგორც ყაენს, ეგრეთ პატივ-სცეს. და მოსცეს პირი სიმტკიცისა, და ბეჭედი ყაენისა და ხელისმანდილი, რამეთუ ესე ქონდა სიმტკიცე ფიცის მინდობისა, და აძლიეს ხუტლუშას შვილი სიბუჩი მძევლად. მაგრამ ოლჯათ აღარ წარავლინა, არამედ კათალიკოზი, ყადი და ბურსელი, რათა მოიყვანონ მეფე. როდესაც მივიდნენ მეფეს წინაშე, გაიგო ოლჯათის აღარ მოსლვა, მიზეზ ყო და აღარ ინება ნახვა თათართა, დიდი რამე რიდი და შიში ქონდა. წარავლინა იგივე კათალიკოზი, ყადი და ბურსელი, ითხოვა ოლჯათ და აღუთქვა ხილვა. და როცა მივიდნენ ხუტლუშას თანა, გაიგო არა მოსლვა მეფისა, უთხრა ბურსელსა: „კაცო, სატყუარი რა არის? მე მტკიცითა ფიცითა შემიფიცავს, და ვერ მოვიდა. აწ მიიღე ტყუილისა ნაცვალი პატიჟი“. და განრისხებულმა მოაკვდინა ბურსელი, რომლისა გვამი აიღო შანშემ და წარგზავნა სამარხოსა მისსა. ვახტანგს დაუმტკიცეს მეფობა და ოლჯათ წარავლინეს ურდოსა.
და თათარნი კვლავ წავიდნენ მთიულეთს და გადავიდნენ გველეთს, რამეთუ მეფე შედგომილ იყო, და დიდად ავნებდა თათართა, მაგრამ სიდიდითა არა აკლდებოდა. როდესაც იხილეს სიმტკიცე და უბრძოლველობა გველეთისა, აიყარნენ და წამოვიდნენ, რამეთუ ქარებმა მოჰბერეს და იწყო თოვლმან მოსლვა. და მოესწრნენ მთიულნი და მრავალი მოკლეს. ეგრეთვე ზანდუკის ხევს შესულნი მრავალნი თათარნი მოისრნენ. და ჩამოვიდნენ ქართლს და წავიდნენ ყაზანს წინაშე, და მიჰგვარეს ოლჯათ, და აღარ მოსცეს მეფესა. როცა გაიგო მეფემან, იქორწინა ქართლისა ერისთავის ჰამადას ასული, ფრიად ქმნულკეთილი.
ამათ შფოთთა რა იყო ქვეყანა ქართლისა, არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და არცა შენება ყოვლადვე, როდესაც დღეთა აქაბ ისრაელის მეფისათა ელიას მიერ სამ წელს და ექვს თვე, მაგრამ აქა ხუთ წელთა იყო ოხრება. რამეთუ ესოდენთა სიბილწეთა, სოდომურთა ცოდვათა შემოსრულთათვის განრისხდა ღმერთი და ვიქმნენით პირველად მწარესა ტყვეობასა და მეორედ ბარბაროზთა მიერ სრვასა და ხოცასა, მესამედ იქმნა პურისა მოკლება, ყოვლად არა იპოვებოდა სასყიდლად არცა დიდითა ფასითა. ესოდენ განძვინდა შიმშილი, მძორსა არაწმიდასა ურიდოდ ჭამდნენ. სავსე იყვნენ უბანნი და ფოლოცნი, გზანი და მინდორნი და ქალაქნი და სოფელნი მკვდრებითა, ყრმანი მკვდართა დედათა ძუძუთა ლეშთა სწოვდნენ. და უმრავლესი ერი ქართლისა წავიდა სამცხეს ქვეყანად ბექასსა, სადაც იპოვებოდა პური სასყიდლად. ფრიადსა და უზომოსა მოწყალებასა შინა იყო მეუღლე ბექასი ვახახი, რომელი იყო ყოვლითურთ შემკობილი...
ტექსტს აკლია და ივსება ფარსადანის ტექსტით:
„ხუთ წლამდისი, ვინც მიადგა კარს, ყველას სამყოფი საჭმელი მისცა, ხუთ წელს არც მოვიდა წვიმა და არც თოვლი, ხევნი და ფრონი და დიდრონი წყალნი დაშრნენ, ხეები დახმენ, ბალახი აღარ ამოვიდა, სადამდე კუდიანი ვარსკვლავი იხილვებოდა ჩრდილოეთისაკენ, რა ვარსკვლავი გაქრა, მაწყინარი ყოველთა, მოვიდა თოვლი და წვიმა, ამოიზიდა იძვრისმან, ღონეს მოვიდნენ სულიერნი, ფეხით მავალნი და ფრინავნი. იხსნა ღმერთმა გაჩენილნი მისნი ამ რისხვისგან“...
დამტკიცდა მეფობა ვახტანგისი. რამეთუ ყაზანმან ხელთ-უდვა სამეფო, დაიპყრა ტფილისი და ყოველი სომხითი, დმანისი და სამშვილდე, ხოლო არა წინა-აღუდგებოდა ძმასა თვისსა დავითს, რამეთუ იყო ვახტანგ გვამითა სრულ, სარწმუნოებითა მტკიცე, ეკლესიათა პატივისმდებელ, მშვიდ და მდაბალ, არა მოშურნე, მყუდრო და უშფოთველ.
46. ამათ ჟამთა უმეტეს განდიდდა მთავარი სამცხისა ბექა. ამათ ჟამთა გამოჩნდნენ თურქნი, მცირე აზიას მყოფნი, რომელნიც დაემკვიდრნენ ზაფხულის მთათა პარხლისათა და ზამთრის – მახლობელად პონტოსა. და შეიკრიბა სამოცი ათასი, რომლისა თავად იყო აზატ-მოსე, კაცი მხნე. წამოვიდა ესე აზატ-მოსე ყოვლითა ძალითა მისითა მოოხრებად ყოვლისა საქართველოსა. და როცა მოიწია ბასიანს და ტაოს, იწყო მძვინვარედ ოხრება, ხოცა და კლვა. ესოდენი სული მოისრა და ტყვე იქმნა, რომ შეუძლებელ არის მოთხრობა, ბერნი, ყრმანი, ჭაბუკნი უწყალოდ მოისრვოდნენ, და ჩვილთა ყრმათა დედისა ძუძუთა შინა მოჰკლავდნენ. რამეთუ არა ელოდებოდნენ თურქთა გამოჩენას, ამისთვის ყოველი სოფელი ტაოსა შეუძრავად დახვდა, და ვერასადა ვინ ივლტოდა. ამისთვის ურიცხვნი მოისრნენ, და ესეზომ მოოხრდა ტაო, რომ ვაშლოვანიდან წასულნი თურქნი ჩავიდნენ მურღულს და ნიგალისხევს უვალთა ადგილთა, რომელნიც მოისრნენ ხერხემელის ძეთა აზნაურთაგან. მაშინ ერისთავი ტაოსა თაყა ფანასკერტელი უღონო იყო სიმცირისათვის ლაშქრისა, მაგრამ ეგრეცა მცირე წყობა ყო ციხისა თორთომის თავსა, დიდად ავნო, თუმცა სიდიდისათვის თურქთასა ქვეყნიდან ვერ განასხა, არამედ თურქნი უმეტეს განძვინდნენ და მოაოხრებდნენ ტაოსა.
ხოლო მოიწია ამბავი მთავარსა თანა ბექასა, რომლისათვისცა დიდად მტკივნეულ იქმნა, რადგან ხვდებოდა გონიერებასა და სიბრძნესა მისსა. და მოუწოდა ყოველთა, მის ქვეშ დაწესებულთა, და წარემართნენ წყობად თურქთა. და როცა მიიწია ტაოს და ბასიანად, ესმა, რომ თურქნი წავიდნენ საზამთროსა ადგილსა მათსა, და ვერ მიესწრა. დამწუხრდა ბექა მოოხრებისათვის ტაოსა, და შებრუნდა სახლად თვისად. ეძვინებოდა სულსა მისსა მოსლვად ტაოსა, და სურდა დაპირისპირებოდა თურქებს. მოუწოდა წარჩინებულთა სამცხისათა, შავშ-კლარჯთა, შემოკრიბა ყოველნი და უთხრა: „ისმინეთ, მთავარნო საქართველოსანო, ძმანო და თანამონათესავნო ჩემნო, სიტყვა ჩემი. დიდმან და სახელოვანმან, სკიპტრისა და პორფირისა მქონებელთა შორის უმეტეს განთქმულმან მეფემან დავით დასცა და დაამხო ძლიერება თურქთა ნათესავისა და აოტა სამეფოსგან მისისა. იმ ჟამთაგან აქამომდე აღარ ჩენილან თურქნი. აწ ცოდვათა ჩვენთათვის კვლავ აღიძრნენ და ააოხრეს მძვინვარედ ტაო და ურიცხვი სული ტყვეყვეს და ამოწყვიტეს პირითა მახვილისათა, ეკლესიანი დასცეს და სიწმიდენი შეაგინეს, და კვლავ განმზადებულ არიან ბოროტისყოფად ქრისტიანეთა და მოოხრებად, ვინაიდან მეფე შემცირებულ არის მძლავრებისაგან თათართასა, და კვლავ პირნი და თავნი საქართველოსანი განდგომილან, და არავინ არის წინააღმდგომ თურქთა. აწ ისმინეთ ჩემი, ტომნო და ერთნებანო, და შევიკრიბოთ ყოვლითა ძალითა ჩვენითა და მივმართოთ თურქთა, და არა მივსცეთ თავნი და შვილნი ჩვენნი, და არა განგვწირეს ღმერთმან მოსავნი მისნი და აღმსარებელნი მისნი, და მოგვცეს ძლევა მათ ზედა, როგორც მისცა მამათა ჩვენთა ძლევა მათ ზედა. დავდვათ თავი ჩვენი სჯულისა შეუგინებლობისათვის და ძმათა ჩვენთათვის, უეჭველად ღმერთი მოგვანიჭებს ცხოვრებასა“.
და როცა ესმა მთავართა და სპათა ბექასათა, სიხარულით დაემოწმნენ და დააპირეს ლაშქრობა თურქთა ზედა, განიყარნენ. და მოიწია არე ზაფხულისა, იწყეს თურქთა აღმომართ სლვა, და შეიკრიბნენ სიმრავლე ექვსი ბევრი, რამეთუ ყოველთა ქალაქთაგან გამოჰყვა კაცი, სჯულითა სარკინოზი, ხოცად ქრისტიანეთა, და არა თურქნი მარტო იყვნენ, არამედ სპარსნიცა. და როცა გაიგო ბექამან მოსლვა თურქთა, მოუწოდა ყოველთა მის ქვეშ დაწესებულთა, ტასისკარიდან ვიდრე ბასიანამდე: მესხთა, შავშთა, კლარჯთა, კოლა-არტან-კარნიფორელთა და უმრავლესთა ტაოელთა, რამეთუ ამას ქონდა ქვეყანა ესე, ამათ თანა თმოგველთა და თორელთა. და შეიკრიბა სიმრავლე ერთი ბევრი და ორი ათასი, და მიმართეს თურქთა. იგინი ამოსულ იყვნენ მთათა პარხლისათა, დაებანაკა და წარევლინა მხედრები ტყვენვად ვაშლოვნისა, და ეგულებოდა მოსლვად ქვეყანად ბექასა სამცხეს და ქართლს და სომხითს. როცა მივიდნენ თურქნი ვაშლოვანს, კაცი ათი ათასი, წინა-განეწყვნენ სპანი ბექასნი, ხუთასი კაცი, რომელნიც წარევლინა მცველად და იდგა სიმაგრეთა შინა. იქმნა ომი ძლიერი, და ივლტოდნენ თურქნი, და ამოწყდა სიმრავლე ფრიადი ადგილთა სიმაგრითა. და ესეთ წინა-დაუსახვიდა ღმერთი ძლევასა ბექასა თურქთა ზედა.
როცა ესმა ბექასა ვაშლოვნიდან გაქცევა თურქთა, გაიხარა და წარისწრაფა, და მიმართა სპერს და ბაიბერდს, სადაც იყვნენ თურქნი მდგომარე. როცა იხილეს თურქთა ამოწყვეტა სპათა მათთა მცირეთა ლაშქართაგან, განძვინდენ და იღრჭენდნენ კბილთა. მოუწოდა მთავარმან მათმან აზატ-მოსე სპათა თურქთასა და გამოარჩია კაცი ოცდაათი ათასი, და წარემართა ვაშლოვანს ძებნად სისხლთა სპათა მისთასა. რამეთუ მისლვა და მოახლოება ბექასი არა უწყოდა, ოცდაათი ათასი სხვა წარმოავლინა ტაოს და უთხრა: „მე წავალ, ვაშლოვანს მოვაოხრებ და აღვიზღავ სისხლსა ჩემსა, და თქვენ მიდით ტაოს და ამოწყვიტეთ, თუღა სადა დარჩენილ იყოს, და დადექით ბანას. და მეცა გამარჯვებული შემოვიქცევი და მოვალ ბანას, და შევიკრიბოთ და მივმართოთ ყოველსა საქართველოსა“. და ესეთ წარემართა ვაშლოვნიდან.
მაშინ აღიჭურა მანდატურთუხუცესი ბექა და ყოველი სპა მისი და მიმართეს თურქთავე, რამეთუ არა უწყოდეს წასლვა თურქთა ვაშლოვანს. როცა წარვლო მცირე, ოთხნი თურქნი მიმავალნი შეიპყრეს და მოუსხეს ბექასა. ხოლო მან ჰკითხა ამბავი თურქთა, თუ სად არიან. და ოთხნივე ცალკე გაყო და ოთხნივე ერთსა იტყოდნენ, წასლვასა თურქთასა ვაშლოვანს: „აზატ-მოსე ოცდაათი ათასითა მხედრითა წავიდა ვაშლოვანს, და ორმოცი ათასი დაუტევა და წარმოავლინა ტაოს, ხვალე ან ზეგე მოვალს“. ირწმუნა სიტყვა მათი და ორად გაყო ლაშქარი თვისი. რჩეული და უმრავლესი ლაშქრისა მისისა მისცა შვილსა მისსა პირმშოსა სარგისს, რომელიც ოდენ აღზრდილ იყო აბჯრისმტვირთველად, და წარავლინა ვაშლოვანს აზატ-მოსეს ზედა.
ხოლო წარისწრაფა სარგის და მიეწია ვაზლოვანის მთასა ზედა მიმავალსა თურქსა. და როცა იხილეს უკნიდან ლაშქარი, განკვირდნენ და მსწრაფლ მოაქციეს ცხენნი სარგისისკენ. იხილეს სიმცრო ლაშქრისა, რამეთუ იყვნენ მესხნი ხუთასი, ხოლო თურქნი ოცდაათი ათასი, გაიხარეს და დაგეგმეს ამოწყვეტა ყოველთა. მხედარნი ზედა-მოეტევნენ უშიშად, ხოლო სარგის წინა-განეწყო და სპანი მისნი მიეტევნეს მხნედ. იქმნა ომი სასტიკი, და პირველსავე შეკრებასა მიდრკენ თურქნი სივლტოლად და იოტნენ ძლიერად, და ესოდენ მოსრეს, რომ შექცეულთა აღრიცხეს სარაზმთა ზედა მდებარე მკვდარი თურქი, იპოვეს ხუთას და ცამეტი, გარდა რომელიც დევნასა შინა მოკვდა. და დევნეს მზისა დასლვისა ჟამამდე. ხოლო მოხედა ღმერთმან წყალობით მოსავთა ჯვარისათა. განსაკვირვებელ არის სმენად, რომ ეგოდენსა წყობასა შინა არა მოიკლა ბექას ლაშქრისაგან ხუთთა კაცთაგან კიდე, იგინიცა უსახელო ვინმე. ესე მოსცა ღმერთმან ძლევა და გამარჯვება. ხოლო სარგის, დაღათუ ყრმა იყო, მხნედ იბრძოდა, რამეთუ გვარისაგან მოქონდა სიმხნე და მამაცობა მამურ-პაპეულად.
ხოლო ბექამან მიმართა თურქთა დედა-წულთავე, მომავალნი წინა-შეხვდნენ, და იხილეს რა თურქთა შორიდან მთით მომავალი ბექა და სპანი მისნი, მსწრაფლ გარე-შეიქცნენ და ივლტოდნენ, ხოლო დედა-წულთა მათთა მთათა მიმართეს და აღარ ფიქრობდნენ საფასეთა სიმდიდრეთა, არამედ ყოველსავე დაჰყრიდნენ. ხოლო ბექამან და სპათა მისთა მსწრაფლ დევნა უყვეს, იპყრობდნენ და ხოცდნენ, რომლისა არა იყო რიცხვი. და თურქნი მცირედნი რამე შეივლტოდეს ქალაქსა და ციხესა სპერისასა და რომელნიმე ნორქალაქს. მიეწივნენ სპანი ბექასნი, შესჯარეს, გზათა სივიწრითა და დედა-წულთა სიმრავლითა არსად ქონდათ გზა სივლტოლისა. დაიჯარნენ თურქნი, როგორც ცხვარსა დაჯრილსა და ჯოგსა, ეგრეთ იპყრობდნენ და ხოცდნენ. იქმნა ესეცა, რამეთუ შვილისა მისისა სარგისისაგან ლტოლვილნი თურქნი უკან მოეწივნენ მანდატურთუხუცესსა ბექას, სადაც მიმართეს მესხთა, და კვლავ ამოწყვიტეს, და გარე-მოადგნენ ქალაქ სპერს. და პირველსავე ომსა აიღეს ქალაქი, გარდა ციხისა, აივსნენ საქონლითა, ოქროთა, ვეცხლითა, ლარითა, ჯოგითა, ცხენითა, აქლემითა, ძროხითა და ცხვრითა, ანგარიში ვისგან ითქმის. და თვით მათთავე სახედართა აჰკიდეს და ძლივს წამოიღეს. ეგზომი ძლევა მისცა ღმერთმან ბექას, რომელსაც მისთა სპათაგან ერთი კაცი არა დააკლდა.
მოიცვა ბექამან ქალაქი სპერი, და თურქნი გაქცეულნი ორასნი ჩავიდნენ პონტოსა კერძ. და როცა გაემარჯვა სარგისს, მომართა მამისა კერძ, და მომავალმა ააოხრა ნორქალაქი და აავსო სპანი, რომელნიც იყვნენ, საქონლითა, ალაფითა და ტყვითა, და ესეთ ძლევაშემოსილი მოვიდა მამას წინაშე. ხოლო როცა გაუძნელდათ სპერელთა გარედგომა ბექასი, (---------?) მიუგზავნა მოციქული წინადადებით: „ჩვენ ყაენისა ყაზანისანი ვართ, და თურქნი ძლივს გადაიხვეწნენ პონტოსაკენ, და აწ გევედრები მე, მოგვრიდო და უკუ-სდგე, და უზომო ოქრო და ვეცხლი და ჯორი და ცხენი მოგცეთ“. ისმინა ბექამან და აიღო განძი ურიცხვი სპერიდან და ბაიბერდიდან, და ძლევაშემოსილი მობრუნდა. და მოეგებნენ კარნუქალაქიდან მთავარნი და მოართვეს მათცა ძღვენი, ალაფი, და არცარა მათ ავნო. და ესეთ ბრწყინვალე ძლევა მიანიჭა ღმერთმან ბექასა, და მოვიდნენ შინ საქონლითა უამრავითა. რამეთუ იყო ბექა მონასტერთა და ეკლესიათა მაშენებელი, და მონაზონთა და ხუცესთა და მოწესეთა კაცთა პატივისმცემელი, და არა დააკლდებოდა ეკლესიასა მისსა წესი ლოცვისა ცისკრად, სამხრად და მიმწუხრი. და ლაშქარი მისი ვერ დააკლდებოდნენ სამსა ამას ლოცვასა. და ამისთვის უმარჯვებდა ღმერთი, და მოსცა ყაენმან ყაზან კარი და მიმდგომი მისი ქვეყანა.
47. ხოლო ჩვენ პირველსავე სიტყვასა აღვიდეთ. მას ჟამსა იწყო ყაზან ყაენმან ამხედრება მეგვიპტელთა ზედა, და მოუწოდა მეფესა ვახტანგს, და მისცა ბექამანცა ლაშქარი მისი რჩეული, რომელიც დივნითა ხვდებოდა. წარემართა ყაზან, და შევიდნენ ქვეყანასა ასურასტანისასა და შამისასა და მოაოხრებდნენ, რამეთუ იყო სიმრავლე ლაშქრისა მისისა ცამეტი ბევრი. და როცა ესმა სულტანსა მისრისასა, რომელსაც სახელად უწოდეს ნასირ მელიქსა,96 შეიკრიბა სპა მისი ყოველი და მივიდა და დევნად განეწყო. და იქმნა ომი სასტიკი ესოდენ, რომ ხუტლუშა ნოინი ათასითა მხედრითა წინა-დაუდგა ყაზანს ამად, რომ დიდთა მიმართეს ყაზანს ზედა, და ათასისა კაცისაგან ექვსასი დახოცეს და ოთხასიღა დარჩა, რომლითა სძლია და იოტა, რომელსაც თანაშემწე ექმნა ჩოფან სულდუსი ხუთასითა კაცითა, სადაც ვახტანგ და სპანი მისნი მხნედ იბრძოდნენ. და რადგან სწყდებოდა ორმხრითვე ურიცხვი, ივლტოდნენ მეგვიპტელნი და სულტანი ნასარ მელიქი. და უკ-მობრუნდა ყაზან დევნისაგან და სამი დღე დაისვენა, და მეოთხესა დღესა დევნა უყვეს და მიეწივნენ მცირედნი და ამოწყვიტეს. და გაიბნივნენ თათარნი, ტყვენვა ყვეს, და მიუწია ლაშქარმან ვიდრე წმიდა ქალაქად იერუსალიმად, სადაც მრავალი სული მოისრა ქრისტიანე, და უმეტეს სპარსნი. ხოლო ყაზან მიმართა დიამუშყსა ზედა, რომელიც არის დამასკო. ხოლო მათ, ზენარისა მთხოველთა, მოსცეს ქალაქი და საქონელი ურიცხვი, და დაამყარა ყაზან დამასკო და მიმდგომნი მისნი ქალაქნი, და დაყო ოთხი თვე. და დაუტევნა მცველნი ქალაქისანი, და წამოვიდნენ სახლად თვისად თავრეჟად.
და როცა მოიწია ზაფხული, განდგნენ დამასკელნი და გამოასხეს მცველნი ყაზანისანი. გაიგო რა ესე ყაზან, მოუწოდა სპასპეტსა მისსა ხუტლუშასა და მეფესა ვახტანგს და ყოველთა მთავართა საქართველოსათა, და წარავლინა სულტანსა ზედა ლაშქრად. მივიდნენ და შევიდნენ შამად და დამასკოდ, და აოხრებდნენ დამასკოს და ვეღარ აიღეს. განვლეს დიდი ანტიოქია და მივიდნენ ვიდრე ღაზამდე. და ვერ შემართა სულტანმან ომი მათი, და მოაოხრეს ექვსი თვე. და იქედან უკ-მოიქცნენ და მოვიდნენ ყაზანს წინაშე განმარჯვებულნი.
და ვინაიდან მეფე დავით არა მიენდო თათართა, ზაფხულს მთიულეთს იყო და ზამთარს ქართლს. ამისთვის იშლებოდა ქვეყანა ქართლისა. და მთავარი ბაყათარ განდიდებულ იყო და აოხრებდა ქართლს, თრიალეთს და განასხმიდა მამულისაგან აზნაურთა, და იყო ჭირი დიდი მკვიდრთა ქართლისათა. და მეფემან დავით შეკრიბა ყოველი მთიული, წავიდა და მივიდა ტფილისს, და ჰყავდა კაცი ცხენოსანი და ქვეითი, თხუთმეტი ათასი, და მოუხდა ყივჩაყთა, საზაფხულოდ მომავალთა. ხოლო ყივჩაყნი რომელნიმე ქალაქსა ეწივნენ, და ზოგნი მტკუვრის პირით ივლტოდნენ.
ესმა ესე ვახტანგს, ტაბახმელას მდგომსა, მივიდა მცირითა კაცითა, განვლო ხიდი და სახიუდაბელი, და გავიდა მახათას, რამეთუ დავით და ლაშქარი მისი მახათას იდგა, თავსა ქედისასა. და ვახტანგ ქვემოთ მიუდგა და დადგა და ვერ შებედა შებმა სიდიდითა დავითის ლაშქრისათა. მაშინ მცირედნი ვინმე ჩამოვიდნენ და აქეთ მცირენი ვახტანგისანი მიეგებნენ, შეიბნენ და დავითის მომხრენი გაიქცნენ, და ორნი ძმანი და შვილნი დახოცნენ. და როცა შენივთდებოდა ომი, ათასი ყივჩაყი გაქცეული შეიკრიბა ვახტანგს თანა ჯარად. მაშინ მოიწია რისხვა ღმრთისა, და ივლტოდა დავით, და სპა მისი ძლიერი უომრად იყო. დავით მოვიდა ომისა არა შემმართი, მიუდგნენ უკან ყივჩაყნი და ქართველნი, და სდევდენ ვიდრე ჯაჭვადმდე, დახოცეს კაცი ურიცხვი. არათუ ვახტანგ მტერი იყო ძმისა, არამედ თათართა შიშითა იძულებით შეება.
გაიგო დავითის განდევნა, უმძვინვარესად აოხრებდა ბაყათარ ქართლს, და მეფე დავით ვერ წინა-აღუდგებოდა. მაგრამ სენი შეედვა ბოროტი, მიკრისი ხელთა და ფეხთა, და უხმარ იქმნა. და იყოცა კაცი ურწმუნო და უშიში ღმრთისა, ამისთვის ბოროტსა სენსა ჩავარდნილი უღონოებდა. და ბაყათარ აოხრებდა ქვეყანათა და ხოცდა კაცთა, დაღაცათუ სურამელი ჰამადა და რატი ძლიერად ებრძოდნენ. მაშინ ბაყათარმა წაართვა გამრეკელსა, კახას ძესა, ციხე ძამისა. გაიგო ესე ბექამან, მოუხდა დიდითა ლაშქრითა, ხოლო ბაყათარ, ციხიდან გამოსული, წინ დახვდა წინმავალთა ბექასთა. იქმნა ომი ფიცხელი, და პირველსავე შებმასა გაიქცა ბაყათარ და შევიდა ციხესა. მივიდა ბექა და მოადგა ძლიერად ციხესა. და როცა გაძლიერდა, ითხოვეს ოვსთა ზენარი და აღუთქვეს არაწყენა. და ესეთ მოვიდა ბექას წინაშე გაუშავებელი, და ბოლოს მოკვდა ბაყათარ.
48. აწ ვიწყოთ თათართა მოთხრობად. და როცა გამოასხეს მეგვიპტელთა მცველნი დამასკოსანი, ამისთვის გამწყრალმან ყაზან გაგზავნა იგივე ხუტლუშა სპითა ძლიერითა და ვახტანგ სპითა საქართველოსათა. და როცა გაიგო სულტანმა მისლვა მათი, მიეგება ომით. და იქმნა ძლიერი ომი, დაიხოცნენ ორმხრითვე ურიცხვნი. და მას დღესა სწორი ძლევა არა იქმნა, და ღამემან გაყარა. და როცა უკუ-დგენ, პოვეს ქედი დიდი თათართა და მას ზედა შემოდგნენ ხუტლუშა ერითურთ, უსეინ, სევინჯი. მაგრამ სიბუჩი, ხუტლუშას შვილი, მივიდა მახლობელად სულტნისა და დადგა ვაკედ, რომელსაც ახლდა ბექას ლაშქარნი, და ყველასა ცხენი ხელთა ჰყავდა. მოიხელოვნა სულტანმა, ჩამოუშვა წყალი უკანა კერძო თათართა, და მას ღამესა ესეთი შლამი შეიქმნა, ცხენი და კაცი ორნივე უჩინო იქმნენ შლამსა შიგან. და გათენდა რა, იხილეს თათართა უკანაკერძო შლამი და წინათ ლაშქრისა სიმრავლე, უღონო იქმნენ. იპოვეს მცირე უგანო ადგილი შლამისა, და მაშიგანცა დაიხოცნენ სიმრავლე კაცისა და ცხენისა. და რაჟამს აივსო კაცითა და ცხენითა, მეოტმან ლაშქარმან ზედაგასლვა დაიწყო. მართალია ამოწყდნენ ურიცხვი თათარი და ქართველნი, და ვახტანგ და ნოინნი მშვიდობით დარჩნენ და მოვიდნენ ყაზანს წინაშე, რომელიც გაწყრა და საპყრობილესა მისცა ყოველნი ნოინნი. და ეკაზმოდა კვლავ სულტანსა ზედა, მაგრამ დასნეულდა სენითა მუცლისათა და მოკვდა97, რომელიც იგლოვა ყოველმან კაცმან სიმართლისათვის, რადგან ავისმოქმედი და მეკობრე და უსამართლო კაცი აღარ იპოვებოდა საყაენოსა მისსა, და ამისთვის დატოვა მწუხარება ყოველთა.
ხოლო შემდგომად მისსა დასვეს ტახტსა ყაენთასა ძმა მისი, სახელად ხარბანდა, რომელსაც უკანასკნელ ოლჯათ სულტანი ეწოდა,98 რომელიც ერთითა თვალითა არამხედველ იყო. და როგორაც შეძლო, იპყრობდა წესთა ძმისა მისისა ყაზანისთა, დაღათუ იყო ესეცა კაცი კეთილი. ამან მოიწყო ყოველი საბრძანებელი მისი და ფრიად კეთილსა უყოფდა ვახტანგს.
ამან ხარბანდამან ინება გილანს წასლვა, და მოუწოდა ყოველთა სპათა თათართა და თვით მეფესა ვახტანგს, და ოთხად განყო სპა თვისი: უკეთესი და უწარჩინებულესი სპა მან დაიჭირა, და მეფე ვახტანგ. და ერთი ნაწილი მისცა ხუტლუშასა, და ბექასა ლაშქარი თვით ადრიდანვე მისი იყო. ერთი ნაწილი ლაშქარი ჯალაირს მისცა, და ოვსნი გორს მსხდომნი. ერთი ნაწილი სულდუსსა ჩოფანსა მისცა. და თითო თავადი თითოსა გზასა ჩაგზავნა, და ერთს გზას თვით ყაენი ხარბანდა, სადაც წინამბრძოლად მეფე ვახტანგ აჩინეს გილანს ყოველმხრით. ხოლო გილანელნი მართალია მცირენი იყვნენ, არა შეშინდნენ, რამეთუ იყვნენ გილანსაცა ოთხნი მთავარნი, რომელთა სახელები იყო: ერქაბაზნ და უბაში, როსტან და ასან. ესე თვით დადგა სიმაგრეთა შინა, შეკრა ხარხალი და ერქაბაზნ ყაენს ხარბანდას დაუდგა წინა და შემოება, და იქმნა ომი ძლიერი, რომელშიც ვახტანგ წინა-მბრძოლობდა. ქვეითნი გზისა სივიწრისაგან და ტყისა სიხშირისაგან არა ივლებოდა, სადაცა მცირე ვაკე იყო, შლამი იყო.
განგრძელდა ომი, პირველ ისრითა და მერე ხმლითა იბრძოდნენ თათარნი და ქართველნი, და ხარბანდა თვით უჭვრეტდა. მცირედნი შეეწეოდნენ და ხმითა განამხნევებდნენ. როცა შენივთდა ომი, არა შეაქცევდა მეფე ვახტანგ ზურგსა, არცა სპა მისი, და ადგილთა სივიწრითა მოისრვოდნენ ესოდენ, რომ ათისაგან ძლივს ორნი ცოცხალ იყვნენ. სომხითარნი ახლდნენ, რამდენიცა იპოვებოდნენ ცხენსა ზედა მდგომი. ესე ამოწყვიტეს, მრავალნი აზნაურნი უმკვიდრო გახდნენ, რამეთუ მამა, შვილი და ძმა, ყოველნივე იქ ახლდნენ, თუმცა ზოგიერთები გადარჩნენ. თვით ვახტანგ არა გარე-მიაქცევდა, არამედ მხნედ და ძლიერად იბრძოდნენ. განკვირდნენ თათარნი სიმხნესა ქართველთასა, რამეთუ ვახტანგ მხნე იყო ომსა შინა და მხნედ იბრძოდა, და მცირედ დაიკოდა ბარკალსა. და მიდრკა მზე და მოეახლა ღამე, და განიყარნენ.
როცა იხილა ყაენმან სიმაგრე ქვეყანისა ტყითა და კლდითა, ღამე ყოველ წამოვიდა. ცნეს გილანელთა, დევნა უყვეს, და რომელთაც დაეწივნენ, დიდად ავნებდნენ.
ხოლო ერთკერძო ხუტლუშას შვილი დაუდგა წინა. ხოლო თავადმან გილანელთა უბაშ შეკრა მანცა ხარხალი და შეაბა კარი ვიწროსა შესავალსა და დაუდგა ხუტლუშას. ხოლო იგი გადახდა ცხენისაგან და დაჯდა სკამითა და უბრძანა ბექას ლაშქართა ქვეითად შესლვა, და ყვეს. შევიდნენ ხარხალსა და შეიქნა ომი ძლიერი აქაცა ქართველთა და მესხთა ზედა. არცა ამათ შეაქციეს ზურგი, არამედ მხნედ იბრძოდნენ, და უფროსნი გილანელნი მოისრვოდნენ. მაშინ სტყორცა ვინმემ ისარი და ეცა თავსა შიშველსა ხუტლუშა ნოინსა, მყის მკვდარი ჩაიჭრა სკამისაგან. როცა იხილა შვილმან მისმან სიბუჩი სიკვდილი მამისა, მსწრაფლ ივლტოდა იგი და სპა მისი, ხოლო მესხნი დარჩნენ ხარხალსა შინა. მცირედნი ივლტოდნენ და უმეტესნი მოისრნენ. და მოიწია უზომო რისხვა ღმრთისა თათართა და მესხთა ზედა, რამეთუ უკანიდან, სადაც ბრინჯი დგომილ იყო ვაკესა შინა, ღამით წყალი ჩაეგდო. ესეთ შლამი შექმნილიყო, ვერცა ცხენი და ვერცა ქვეითი ვერ გაიარდა, და იქმნა მოსრვა ძლიერი.
ხოლო ჩოფანსაცა შემოება როსტან მელიქი ვაკესა ადგილსა, თუმცა ჩოფანმა სძლია და იოტა სიმაგრესა შინა. აღარ შეჰყვა, არამედ წყნარად დაბრუნდა და აჩინა მხედარნი მისნი უკანამავლად. ჯავახის შვილი გამრეკელი მხნედ იბრძოდა ომსა მას, და გადმოვიდნენ მშვიდობით.
ეგრეთვე უსენს და ოვსთა შეება ასან, და სწორი ძლევა იქმნა, და იგინიცა გამოქცეულნი ივლტოდნენ, და მივიდნენ და შეიკრიბნენ უჟანს ხარბანდა ყაენს წინაშე.
სულდუსი ჩოფან მხედართმთავრად განაჩინეს, მონაცვალედ ხუტლუშასა, ხოლო მეფე ვახტანგ პატივცემულ ყვეს და დიდებულნი მისნი ყოველნი მხნედ ბრძოლისათვის ნიჭითა დიდითა წარმოავლინეს შინ.
49. როცა წავიდა ვახტანგ, მოუხდენ კაცნი ხოდრასელნი, სჯულითა სარკინოზნი და მტერნი ქრისტესაღმსარებელთანი, ყაენსა ხარბანდას და უთხრეს: „უკეთუ არა ყოველთა ქრისტიანეთა დაატევებინო სჯული და ეკლესიანი არა დააქცივნე, არა განგემარჯოს მტერთა ზედა და არა წარგემართოს მეფობა შენი და ხელმწიფება“. ესე სიბილწე წარმოსთხიეს ცუდრჯულთა. ამათ ძალით ისმინა ყაენმა და იწყო რღვევად ეკლესიათა. და წარმოავლინა ლაშქარი და ერთი ნოინთა მთავარი, რათა მოვიდეს საქართველოსა, და მეფესა და ყოველთა ქართველთა დაატევებინოს სჯული და სარკინოზად შექმნას და ყოველსა საქართველოსა შინა დაარღვიეს ეკლესიანი.
და ეწია ნახჭევანს წამოსლვასა ვახტანგს ესე წარმოვლინებული ნოინი, ხოლო მეფე ვახტანგ არა შეშინდა, არამედ განმხნევდა, და უმეტეს მოახსენებდა სიმხნეთა და ღვაწლთა ქრისტეს ღმრთისათვის და უთხრა სპათა თვისთა: „კაცნო, ძმანო და ერთსჯულნო, და ქრისტეს ღმრთისა ჭეშმარიტად აღმსარებელნო, უწყით სჯული მამათა მიერ, და გსმენიათ ქადაგება წმიდათა მოციქულთა, და უწყით ღვაწლნი და ახოვნებანი მოწამეთანი, და გიხილვან თვალითა თქვენითა ტაძარსა შინა მათსა სასწაულნი ურიცხვი, და გსმენიათ სახარებასა შინა უტყუელისა პირისა: „რომელმან მაღიაროს მე წინაშე კაცთა, მეცა ვაღიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა“, და კვლავ: „მოვედით ჩემდა ყოველნი დაღლილნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენო თქვენ“. აწ ნუ შეძრწუნდებით, წავიდეთ ყაენის წინაშე და დავდვათ სული ჩვენი მისთვის, რომელმაც დადვა სული თვისი ჩვენთვის. პირველად ჩვენ მივსცეთ თავნი ჩვენნი სიკვდილად, მერე იყავნ ნება ღმრთისა, და მან დაიცვას სამწყსო თვისი“.
როცა ესმა სპათა ვახტანგისთა, სიხარულით შეიწყნარეს ბრძანებული მისი, მყის წარემართნენ ურდოსა და მივიდნენ ყაენის წინაშე. ხოლო ყაენი განკვირდა მისლვასა მეფისასა. და მივიდნენ კარსა ყაენისასა და მუხლნი მოიდრიკეს, და თქვა მეფემან ხმითა მაღლითა: „ისმინე, მაღალო და ძლიერო ყაენო. მოვიდა ბრძანება, რათა ყოველთა ქრისტიანეთა დაუტევოთ სჯული ჩვენი. აწ ისმინე: ბედნიერთა პაპათა და მამათა თქვენთა ემონა და ემსახურა პაპამან და მამამან ჩვენმან ამით სჯულითა, და არასოდეს გვსმენია, თუ სჯული ქართველთა ავი არის, არამედ უწარჩინებულეს ყოფილვართ ყოველთაგან. და სპარსთა სჯული უფრო საძაგელად შეერაცხა პირველთა ყაენთა. ამისთვისცა იგინი ამოწყვიტეს, რამეთუ იყვნენ მწამლველ და მამათმავალ და კაცისმკლველ. და აწ თუ სიტყვასა სპარსთასა ისმენ, ყაენო, მე ვარ მეფე ქართველთა, და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი შენ წინაშე არიან, და მე მზად ვარ სიკვდილად სჯულისათვის ქრისტეანობისა, და მერე ესე ყოველნი, შენ წინაშე მყოფნი ქრისტეანენი. აჰა, თავნი ჩვენნი წარგკვეთეთ“. და წარუპყრაცა ქედი. და როცა ესმა ყაენსა სიტყვა ესე, განკვირდა და პატივ-სცა მეფესა და სიტყვითა ტკბილითა აღადგინა და შეინანა, და აბრალა, რომელთაც აქმნევინეს.
ხოლო იქმნა ესეცა, რომ არღვევდნენ თავრეჟს ეკლესიათა, ოთხსა დღესა შინა ოთხნი შვილნი ხარბანდასნი დაიხოცნენ, სახელით ბასტამ და მას ზედანი. და ესეთ წარდგომილმან მეფემან დაიხსნა შური და შფოთი მომავალი საქართველოსა ზედა.
ხოლო წამოვიდა ვახტანგ პატივცემული, და მოვიდა იქვე ნახჭევანს, შეედვა სალმობა მუცლისა და მოკვდა შემკული გვირგვინითა მეფობისათა. და წამოიყვანეს და დამარხეს დმანისს. და დარჩას შვილნი ორნი: დიმიტრი და გიორგი. დიმიტრის დმანისი ქონდა და გიორგის სამშვილდე.
და როცა ხელთ-უდვეს მხედართმთავრობა თვით ხუტლუშასი ჩოფანს, წარმოემართა ჩოფან ლაშქრითა ურიცხვითა. პირველად მოვიდა კოლა-არტანს ვიდრე არსიანამდე და აცნობა ბექას, რათა ნახოს ყაენი ან ჩოფან, რომელიც არა თავს-იდვა ბექამან, არამედ შვილი მისი უმრწემესი თანა-წარატანა, სახელით შალვა. წავიდა და ჩავლო სომხითი, და დარჩა ქვეყანა ბექასი მშვიდობით.
50. ხოლო აქა დაიწყო აღმოცისკრებად ძემან მეფისამან გიორგი, რომელიც აღეზარდა პაპასა მისსა დიდსა ბექასა, რომელიც წარავლინა ბექამან ჩოფანს თანა, და მან მიიყვანა ყაენის წინაშე. ხოლო მან პატივითა შეიწყალა და წინათვე დაუსახვიდა ნიშთა მეფობისათა. ამან ყაენმან წარმოავლინა მოციქული და სთხოვა დავითს შვილი, რათა მეფედ ყოს. მაშინ მცირე იყო გიორგი, იგიცა მოსცეს და წარმოგზავნეს ურდოსა, და ყაენმან მოსცა მეფობა და ტფილისი და უჩინა მოძღვრად და საქმისა მოურავად დიდი გიორგი, და მივიდნენ ტფილისს.
და ამავ წელსა მიიცვალა მთავარი სამცხისა ბექა, კაცი წარმატებული ყოველსა შინა, სიკეთეაღმატებული საღმრთო-საკაცობოთა საქმეთა და უმეტეს სამართლის მოქმედებითა, ეკლესიათა და მონასტერთა მაშენებლობითა, სოფლისა კეთილად მორწმუნეობითა, გლახაკთა უზომოთა მიცემითა. ხოლო საყვარელი მეუღლე მისი იყო გამცემელ ეპისკოპოზთა და მონაზონთა და ყოვლისა სამღვდელოსა და საეკლესიოსა სოფლისა ესოდენ, რომ სადმე ესმის კეთილი მოღვაწე და მეცნიერი ეპისკოპოზი, გინა მონაზონი, მის წინაშე მოუწოდებდა და მოიყვანდა და მრავლითა ნიჭითა და პატივითა ამყოფებდა. და სავსე იყო სახლი მისი მონაზონითა და ხუცითა. ამას თანა ქონდა შეწყნარებულობა ობოლ-ქვრივთა, ხოლო სახლსა მისსა არა დააკლდებოდა სამ-სამი ლოცვა. ამისთვის წარუმართა ღმერთმან დღენი ცხოვრებისა მისისანი. მტერთა ძლევასა, მშვიდობასა და დაწყნარებასა მიიცვალა სამეოცდაექვსისა წლისა და დატოვა გლოვა და მწუხარება უზომო მკვიდრთა სამცხისათა. და დაიპყრეს სამცხე სამთავე ძეთა მისთა: უხუცესმან სარგის, და შედეგმან ყვარყვარე და უმრწემესმან შალვა.
ხოლო აღესრულა მესამესა წელსა მეფე დავით, გარჯილი სენთა მწარეთა მიერ, და დაფლეს სამარხოთა მეფეთასა მცხეთას, და დაუტევეს ნაცვლად მისად ძე მისი მცირე გიორგი, ორ წელს მეფექმნილი.
შემდგომად ამისა ინება ყაენმან ამხედრება ქვეყანასა შამისასა, ციხესა, რომელსაც ეწოდება რაბაშამი, რომელიც ქონდა სულტანსა მისრელსა. წავიდა ძალითა თვისითა და თანა წარიტანა ლაშქარი დიდი, და გარე-მოადგა რაბაშამს ხუთი თვე და ვერა ავნო, აიყარა და წავიდა. და ჰყავდა ექვსი არწივი, დამართული სხვათა თანა ფრინველთა და ავაზათა. აქათ ესოდენ დიდი იყო ძალი მისი. მოვიდა ყაენი შინა და ამიერიდან აღარსად გაილაშქრა დღეთა მისთა, იმყოფებოდა მშვიდობით და ნებიერად ცამეტ წელს დამპყრობელი ყაენობისა.
ამან ოლჯათ სულტანმან წარმოავლინა მცირე გიორგი მეფედ, და ზაალ მელიქი, ვინმე სპარსი ხორასნელი, და ახრუჩი, მამისძმა ჩოფანისა, თანა წარმოიტანა, რათა ყოველი საქართველო ერთად შეკრიბონ მეფობასა შინა გიორგისსა. და აჩინეს ამათ შანშე მხარგრძელი და ზაქარია, ავაგის ასულის, ხუაშაქის, ნაშობი. მივიდნენ ჯავახეთს, კოხტასთავს და იწვევდნენ სარგისს და ყვარყვარეს გამოსლვად, და მათ არა ინებეს.
ამათ ჟამთა შინა იქმნა განდგომილება საბერძნეთს, და განუდგნენ ოლჯათ სულტანსა ფარვანას შვილნი და ქალაქი დიდი კონიისა. მაშინ წარავლინა ყაენმან ჩოფან სპითა მისითა საბერძნეთს და თანა წარატანა ქართველნიცა. და წაჰყვა გიორგი ჩოფანს, ხოლო გიორგი მცირე, ზაალ მელიქ, შანშე და ზაქარია არა წაჰყვნენ თანა, წავიდნენ და აიყარნენ და ტფილისს შევიდნენ. და წაიყვანეს თანა მეფე გიორგი99 საბერძნეთს, და ვერ წინა-აღუდგნენ ფარვანიანნი ლაშქართა მათ ერთი წელი. და ყოველნი მას შინა მყოფი ქართველნი მოსცა მეფესა გიორგის. იახლნენ ჯავახნი და თორელნი ჰყავდა მხოლოდ, და სადაც ილაშქრენ და შეიბნენ ციხესა, მხნედ მებრძოლად გამოჩნდა მეფე გიორგი და ყოველნი ქართველნი. ესეთ დაიმორჩილა ყოველნი განდგომილნი და ურჩნი, და მოქცევასა წელიწადისასა მივიდა შინა. და სთულისა ჟამსა, როცა მივიდა ჩოფან ყაენის წინაშე, და მცირედღა დაყო, თვეცა ერთი, მოკვდა ოლჯათ სულტანი100 და დატოვა ძე მცირე, შვიდისა წლისა, სახელით აბუსაიდ.101 ხოლო იგი მიასვენეს და დაფლეს ქალაქსა, რომელსაც ეწოდება ყორღოილანგი, რომელიც მან ააშენა და განავრცო უმეტეს თავრეჟისა და უწოდა სახელად სულთანია.
ესმა გიორგი მეფესა სიკვდილი ყაენისა და მის წილ დადგინება აბუსაიდისა და წავიდა ურდოსა. შეიწყნარეს, და გაიხარა ჩოფან და შეიტკბო როგორც შვილი, და მოსცა ყოველი საქართველო და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი და შვილნი დავით მეფისანი და მესხნი, შვილნი ბექასნი.
ვახუშტის ჩანართი:
„და წარმოგზავნა ტფილისს. ესე გიორგი მოვიდა და შემოიკრიბნენ კათალიკოზი, ეპისკოპოსნი და დიდებულნი წარჩინებულნი და ძენი ბექასნი სამცხე-ტაო-კლარჯ-შავშეთითურთ და აკურთხეს ტფილისს მეფედ ქრისტესა ჩტიჱ (1318)“.102
და იწყო მთებმან ამობრწყინებად, ხოლო მე ენა ვერ მიძრავს საკვირველისა და საშინელისა თქმად.
შენიშვნები
1. ჩინ = ცენტრ. ჩინეთი, მაჩინ/მანზი – სამხ. ჩინეთი. სპარსულ და არაბულ წყაროებში ასე ჩრდ. ჩინეთს უძახიან, იგივე ხატაეთს. ხოლო ჟამთააღმ. ამ შემთხვევაში მონღოლეთს ეძახის ასე.
2. მონღოლთა ამბავი ჟამთააღმწერელს ჯუვეინისგან გადმოუწერია.
3. ონ-ხან, ვან-ხან ნესტორიანელი ქერაითების მონღოლური ტომის მეთაური იყო, სახელად თოღორილი. ვანის ანუ მეფის ჩინური წოდება მან ჯურჯენთა ცინის იმპერატორისგან მიიღო. ჩინგიზამდე იგი ყველაზე გავლენიანი მმართველი იყო მონღოლეთში.
4. ალთუხანს ანუ ოქროს ხანს მონღოლები ცინის დინასტიის იმპერატორებს ეძახდნენ.
5. გურ-ხან ყარა-ხითაის სახელმწიფოს მბრძანებელთა ტიტული იყო. ამავე სახელს ატარებდა ონ-ხანის ბიძა.
6. ალბათ იგულისხმება ყარა-ხითაების სახელმწიფო ცენტრ აზიაში. არსებობდა 1140-1213 წლებში.
7. მონღოლურად ჩრდ. ჩინეთი.
8. თურქული მოდგმის ყალუღთა სახელმწიფოს მუსლიმი მეთაური იყო, რომელიც ჩინგიზს 1211 წელს დაემორჩილა.
9. დეი-სეჩენის ასული ბურთე-ფუჯინი. ჯუვეინი უწოდებს იესუნჯინს.
10. ალა ად-დინ მუჰამედ II, 1200-1220.
11. 50 წლის იყო.
12. 1220 წ.
13. იამა ჯებეს თურქული ფორმაა.
14. სანპიანი /სანპაიანი, სალპიანი/ სუბუდაის დამახინჯებული ფორმაა.
15. 1225 წ.
16. ხოი და სალმასი ირანის აზერბაიჯანის ქალაქებია.
17. რუქნადინის ძმის, არზრუმის ამირა მუღის ად-დინ ტუღრილ შაჰის ძე ღიას ად-დინი. დაბ 1206 წ.
18. რუქნ ად-დინ სულეიმან შაჰი, რუმის სულთანი 1196-1204 წლებში.
19. ღიას ად-დინ ქაიხუსრო II, რუმის სულთანი 1237-1246 წლებში. იგი რუქნადინის ძმის ქაიხუსრო I-ის შვილიშვილი იყო და არა ძე. მამამისი ქაიყუბად I იყო.
20. 1227 წ.
21. უღედე, 1229-1241
22. გუიუქ, 1246-1248.
23. მუნქე, 1251-1259.
24. ბათუ, ჯუჩის ულუსის ყაენი 1227-1255, ოქროს ურდოს დამაარსებელი. იგი ჩინგიზის უფროსი ვაჟის ჯუჩის ძე იყო.
25. სინამდვილეში, როგორც ქვემოთ თხრობიდან ჩანს პაპა ერქვა არა ივანეს, არამედ მის უმცროს ძმას სარგისს.
26. სინამდვილეში უმცროსი ძმები.
27. ყუბილაი დიდი ყაენი 1260-1271; ჩინეთის იმპერატორი 1271-1294.
28. ჰულაგუ, ჰულაგუს ანუ ილხანთა ულუსის დამაარსებელი ყაენი 1261-1265.
29. ჰულაგუ ირანის დასაპყრობად მონღოლეთიდან წამოვიდა 1253 წელს, თუმცა ბათოს მუქარის გამო, რომელიც მოითხოვდა ამურდარია არავის გამოეკვეთა, 1255-56 წლის მიჯნამდე ანუ ბათოს სიკვდილამდე ჰულაგუ უქმად იჯდა ჩაღატას ულუსში და მხოლოდ 1256 წლის იანვარში დაიწყო სამხედრო კამპანია ალამუთისა და ხორასანის წინააღმდეგ). როდესაც მოიწიეს ბრძოლად ალმუთისა, მოკვდა მანგუ ყაენი და დასვეს ტახტსა მამისა მისისისა ყუბილ ყაენ რომელიც, მამასა მისსა დაედგინა ყაენად და დარჩენ ყარაყურუმს ზემოხსენებულნი ესე ხელმწიფენი, უცალოებისაგან თათართასა (ჰულაგუმ ალამუთი აიღო 1256 წლის 15 დეკმებერს. მუნქე/მანგუ გარდაიცვალა 1259 წლის 11 აგვისტოს, ხოლო ყუბილაი ყაენად აირჩიეს 1260 წლის მაისში.
30. ჩაღათაის შვილიშვილის ყარა-ჰულაგუს ცოლი ურყინე-ხათუნი, ოირათის ტომიდან, ქმრის სიკვდილის შემდეგ განაგებდა ჩაღათაის ულუსს 1252-1261 წლ-ში.
31. დასავლეთში წამოსულ ჰულაგუს თან ახლდნენ ჩინგიზის შვილის ჯუჩის შვილიშვილები – ყული, ბოლღა /ბალაღა, ბალაყან/ და თუთარ /ხუთარ.
32. გუიუქი ყაენობდა 1246 წლის 24 აგვისტოდან 1248 წლის 20 აპრილამდე.
33. ჟამთააღმწერელი აქაც ცდება. სწორედ გუიუქის მიერ დაამტკიცეს ძმები მეფეებად და ლაშას ძე უფროსობის გამო მართლაც მიანიჭეს უპირატესობა, რაც არ მოსწონდა რუსუდანის ძეს.
34. სინამდვილეში ამ დროს ყაენობდა მისი ძმა ბერქა, 1257-1266.
35. ბაღდადის ალყა მიმდინარეობდა 1258 წლის 29 იანვარი-10 თებერვალი.
36. აღწერა დაიწყო მანგუ ყაენის ბრძანებით 1254 წელს.
37. აღნიშნული აღწერა დაიწყო 1254 წ. ამ დროს აქ ჰულაგუ არ იყო.
38. ჰულაგუ დაიძრა 1259 წ. სექტემბერში.
39. ევფრატზე გადავიდა დეკემბერში.
40. ჰულაგუს უფროსი ცოლი დოღუზ-ხათუნი მას, მამამისის, თულის გარდაცვალების შემდეგ ერგო. იგი ქეირათების ტომს ეკუთვნოდა, რომლებიც ქრისტიანობას აღიარებდნენ.
41. სინამდვილეში ძმა.
42. უნდა იგულისხმებოდეს გორი.
43. 1265 წ. 8 თებერვალი.
44. ჩაღატას ულუსის ყაენი 1266-1271.
45. ჟამთააღმწერლის შემორჩენილ ხელნაწერებში თეგუდარის ქვეყანა ზემოთ არ არის ნახსენები.
46. ირანში მოსულ (1256 წ.) ჰულაგუს მონღოლთა სხვადასხვა ულუსების წარმომადგენელი უფლისწულები ახლდნენ თან. მათ შორის ჩრდილოეთი (ჯუჩის) ულუსიდან იყვნენ ყული, ბოლღა (ბალარა, ბალაყან), და თუთარ – ჯუჩის შვილიშვილები. განძაკეციც ცნობით ისინი ჰულაგუს ხელისუფლებაში ერეოდნენ, რის გამოც ჰულაგუმ სამივე დაახოცინა. მაშინ მათმა მხლებლებმა (გ. აკნეცის ცნობით 12000 კაცი, ფარსადანის ცნობით 3000 კაცი) ალათემურის მეთაურობით ბრძოლით გადაიარეს საქართველო და გადავიდნენ ჯუჩის ულუსში. სწორეთ ამათ გამოეყო ერთი რაზმი ღალღურის მეთაურობით, რომელიც დარცა დავით ნარინთან, შემდეგ კი კახაბერ ერისთავთან ერთად მეფის მოკვლა მოინდომა.
47. (დაახლ. 1268/9 წელს).
48. 1270/1 წ.
49. 1271/2 წ. მიჯნა.
50. ალ-ზაჰირ ბაიბარს ალ-ბუნდუქდარი, 1260-1277.
51. მოინ ად-დინ ფარვანა მცირე აზიის სელჩუკიან სულთანთა ვაზირი იყო. იგი მონღოლებს მიემხრო და ჰულაგუსაგან საგანმგებლოდ მიიღო რუმის მხარე. ფ. გორგიჯანიძის ცნობით „ქართველის შვილი“ იყო.
52. რუსუდანის სიძის ქეი ხუსრო II-ის გარდაცვალების შემდეგ მონღოლებმა ძალაუფლება მის 3 ძეს გაუნაწილეს. 1257 წლიდან ყილიჩ არსლან IV-მ (1246/1257-1265) მოახერხა ძმების მოშორება, თუმცა მისი ძალაუფლება მცირე იყო, რადგან იგი შეზღუდული იყო ერთის მხრივ მონღოლთა ნოინებით, მეორეს მხრივ პირველ მინისტრ სულეიმან ფერვან მუინ ად-დინით. ფერვანმა მოკლა სულთანი და ტახტზე აიყვანა მცირეწლოვანი უფლისწული ქეი ხუსრო III 1265-1283), რის შემდეგაც სრული ძალაუფლება მოიპოვა და მონღოლთა მცირე აზიიდან განსადევნად კავშირი გააბა ეგვიპტის სულთან ბაიბარსთან.
53. ეს ბრძოლა მოხდა 1277 წ.
54. იმავ 1277 წ.
55. უფროსი ამირი ირინჯინი ქერაითების ტომიდან იყო და ჰულაგუს ცოლის დოღუზის ძმისწული იყო.
56. 1272 წ.
57. 1272 წ. შემოდგომა.
58. 1273 წ. გაზაფხული.
59. იმავ 1273 წ.
60. აღწერა ჩაატარა არღუნ ემირმა 1273 წელს.
61. 1274 წ.
62. 1275 წ.
63. 1275 წლის გაზაფხულზე.
64. 1275 წლის 10 აპრილი.
65. ბეიბარსის შემდეგ სულთანად დაჯდა უფროსი ძე ალ-საიდ ბარაქა 1277-1279, შემდეგ კი უმცროსი, 7 წლის ძე ბადრ ად-დინ სოლამიში, რომელიც 3 თვეში, 1279 წლის ნოემბერში ჩამოაგდო მისმა მეურვემ და პირველმა ემირმა ალ-მანსურ კალავუნმა – 1279-1290.
66. იგულისხმება სირიის ქალაქები ჰემსი და ჰამა.
67. ბრძოლა მოხდა 1281 წლის 29 ოქტომბერს.
68. 1282 წ. 26 აპრილი.
69. რაშიდ ად-დინის ცნობით მცირედით ადრე 1282 წ. 1 აპრილს.
70. აჰმედ თეკუდერი ეკურთხა 21 ივნისს 1282 წლისა.
71. იესუ ბუღა, ურუყთუ ნოინის შვილი, დურბანის ტომს ეკუთვნოდა.
72. 10 აგვისტო 1284 წ.
73. რაშინ ად დინის ცნობით ბუღა ნოინი 1289 წლის იანვარში დასაჯეს სიკვდილით.
74. იელ ხუტლუ დედის ძმა იყო ხუტლუ ბუღასი.
75. ფ. გორგიჯანიძის ცნობით მეფე სიკვდილით დასაჯეს ბარდავს.
76. არღუნ ყაენის გავლენიანი ემირი.
77. სადრ ად-დინ ზენჯანი, შემდგომში ილხანთა სახელმწიფოს საჰიმ-დივანი, თოღაჩარის ნაიბი იყო.
78. რაშინ ად-დინის ცნობით არღუნი დიდხანს ავადმყოფობდა და გარდაიცვალა დამბლის დაცემით 1291 წლის 10 მარტს არანში. დაასაფლავეს 12 მარტს.
79. გაიღათუ, 23 ივლისი 1291-24 მარტი 1295.
80. ანტიკური ლაოდიკეა, თანამ. დენიზლი.
81. უხუცესი ნოინი შიქთური, ჯერ კიდევ ჰულაგუს ემსახურებოდა და ირანში ყაენმა მის მოადგილედ დანიშნა, თუმცა კი მოხუცი იყო.
82. 1292 წლის გაზაფხულზე.
83. ეს ამბები მოხდა 1293 წელს.
84. 1294 წელს.
85. ე.ი. კონსტანტინე ნარინის ძემ გამოილაშქრა და ამან აღმ. საქართველო მონღოლთა ახალ აღწერას გადაარჩინა.
86. რეალურად შვილიშვილი, თარაღაის ძე.
87. თუქალი ნოინი იყო და ცოლად ჰყავდა არღუნ ყაენის ასული ოლჯეი-თემური. იგი მხარს უჭერდა ტახტზე ქეღათუს ნაცვლად ბაიდუს დასმას.
88. ჟამთააღმწერლის ტექსტში ეს ამბავი სავსეა შეცდომებით.
89. ტარაღას ძე, ჰულაგუს შვილიშვილი. ყაენი ქეიღათუს მკვლელობიდან 1295 წლის 4 ოქტომბრამდე.
90. ყუთლუღშაჰ ნოინი, ყაზან ყაენის ერთ-ერთი გავლენიანი პირი.
91. მაჰმუდ ყაზანი არღუნის ძე, ყაენი 1295 წლის 3 ნოემბრიდან 1304 წლის 11 მაისამდე.
92. პიროსი, აქილევსის ვაჟის, ნეოპტოლემეოსის მეორე სახელი.
93. ყაენი მენგუ თიმურის ძე, ტუკანის შვილიშვილი, ბათოს შვილთაშვილი, ოქროს ურდოს ყაენი 1291-1312 წლებში.
94. ტრაპიზონის იმპერატორი ალექსი II-მ, მეფობდა 1297-1330 წლებში.
95. ანუ ყველაზე ადრე იყო ვახტანგის მეფობის მდომელი.
96. ან-ნასირ მუჰამად I, სულთანი 1293-1294, 1299-1309, 1309-1341 წლებში.
97. 1304 წ. 17 მაისი
97. 1304 წ. 17 მაისი
98. ოლჯაითუ ხუდაბენდა 19 ივლისი 1304-17 დეკემბერი 1316.
99. გიორგი მეხუთე დემეტრეს ძე.
100. 1316 წლის 16 დეკემბერს.
101. აბუ საიდ ბაჰადური 1316-1335, გაყაენდა 11 წლის 1317 წლის გაზაფხულ-ზაფხულში.
102. ბორჯომის ხეობაში სოფელ დაბის მახლობლად მდებარე ქვით ნაგებ ტაძრის მახლობლად კლდეში ნაკვეთ ქვაბულში არის ასომთავრული წარწერა: „ინდიქტიონსა მეფეთ-მეფისა გიორგისა, ძისა დიმიტრისა, მეცხრამეტესა. სიტყვისა ღვთისა ხორც-შესხმისა მიზეზო! აღვაშენე ტაძარი ესე ჟამსა მეფეთ-მეფისა გიორგისა მე მათმან მოლარეთ უხუცესმან ------ ----------- ქორონიკონსა კა (21 = 1333 წელს).“ ე.ი. ტაძარი აგებულ იქნა გიორგის მეფობის მეცხრამეტე წელს, რომელიც უდრიდა 1333 წელს. ამ წარწერით გამოდის რომ გიორგი ბრწყინვალე გამეფდა 1314 წელს.
რამდენიმე მონღოლური ტერმინის განმარტება
არქუანი – ქრისტიანების მონღოლური სახელწოდება.
ბადური, ბაჰადური, ბაღადური – მამაცი, გულადი, გაბედული, გმირი. მონღოლ დიდებულთა საპატიო წოდება.
ეჯანი – მონღოლური წესებით უმცროს ვაჟი მამის ქონების ძირითადი მემკვიდრე იყო, მას ოჯახის კერის დაცვა ევალებოდა და ამის გამო ეწოდებოდა „ოდჩიგინ“ - ცეცხლის მცველი, ან „ეჯენ“ – პატრონი, მეფე.
თამაჩი – უღედეის მიერ დასავლეთსი სალაშქროდ გამოგზავნილ რაზმებს წყაროებში „თამა“ ეწოდებოდათ. ბარტოლდის აზრით „თამა“ იხმარებოდა იმ რაზმების მიმართ, რომლებიც ადრევე გაგზავნს დასავლეთში ქვეყნების დასაპყრობად და დასაცავად, ხოლო „თამაჩი“ აღნიშნავდა იმ მეომრებს, ვისაც თამას სამსახური, ე.ი. დაცვა ევალებოდა. იგივე სახელწოდება ვრცელდებოდა მაღალი რანგის მოხელეებზეც.
თებ-თენგრი – (უმაღლესი ღვთაება) წოდება იყო შამანისა, რომელსაც სახელად ქოქეჩუ ერქვა.
მულიდი – არაბულად მულჰიდ – ურწმუნო, ერეტიკოსი. ძირითადად ეძახდნენ ისმაილიტებს, რომელთაც სახელმწიფო ჰქონდათ ალამუთის ირგვლივ 1090-1256 წლებში.
ნასრანი – არაბულად ქრისტიანი.
რინდი – სპარსულად – მოქეიფე, ლოთი, თაღლითი. შუა საუკუნეებში რინდებს უწოდებდნენ თავის თავს ქალაქის ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობდნენ დაპირისპირებოდნენ ოფიციალური სუფიზმის დოგმებს. ივ. ჯავახიშვილისა და ვ. გაბაშვილის აზრით რინდები სუფიური მოძღვრების მიმდევრები იყვნენ.
საჰიბ-დივანი – ფინანსთა მინისტრი.
ტამღა, თამღა, (დაღი, დამღა, ბეჭედი) – მონღოლთა მიერ ვაჭრობაზე დაწესებული გადასახადი.
ყურულთა, ყურულთაი, ხურულთაი – მონღოლთა მომთაბარე არისტოკრატიის საკრებულო საბჭო, რომელშიც მონაწილეობდნენ გვარების მეთაურები და წარჩინებული პირები.
შანა, შაჰნე – მონღოლთა მიერ დაპყრობილი ქალაქებსა და ოლქებში დანიშნული სამხედრო გამგებელი, რომელსაც მცირერიცხოვანი რაზმი ახლდა თან. ეს ინსტიტუტი ირანსა და აღმოსავლეთში მონღოლებამდეც არსებობდა.
ჩალიში, ჩალიბი, ჩალისი, ჩალიბობა, – თურქულად „ჩალიშ“ ნიშნავს ხელჩართულ ბრძოლას, ხმალდახმალ შეტაკებას.
ჩინქიშანი – იგულისხმება „ჩინგსანგის“ ტიტული, რომელიც უმაღლესი სამოხელეო წოდება იყო მონღოლურ სახელმწიფოში. ეს ტიტული ბუღა ნოინს 1286 წელს მიანიჭა ყუბილაი ყაენმა.
ჯიმრი (მრავლ. რიცხვ. აჯამირე) – ნიშნავს მდაბიოს, დაბალი წრის ადამიანს. 1277 წელს მცირე აზიაში მოხდა მომთაბარეთა და გლეხების აჯანყება ჯიმრის მეთაურობით. როგორც ჩანს, ჟამთააღმწერლის მხედველობაში აქვს აჯანყებულთა რაზმი, რომელიც მოქმედებდა ხორასანში და მიუვალ ადგილებში აფარებდა თავს.
Комментариев нет:
Отправить комментарий