четверг, 9 ноября 2017 г.

საქართველოს სამეფოს სამოხელეო თანამდებობები I ნაწილი

   აბრამადი - (შდრ. ეზოსმოძღვარი, მოურავი, ნაზირი). სულხან-საბას განმარტებით, ა. იგივე ეზოსმოძღვარი, ნაზირია, ხოლო ნაზირთან (იხ.) დაკავშირებით აღნიშნულია, რომ „ქართულად სალაროს ნაზირს აბრამადი და ქარხნის ნაზირს ეზოსმოძღვარი ჰქვიან“. დავით და ნიკო ჩუბინაშვილების ლექსიკონებშიც ა. იგივე ნაზირი და სალაროს ნაზირია (რუს. дворецкий, управитель). ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით, აბრამადის, ანუ სახლთუხუცესის განსაგებელი იყო სამეფო (სახასო) შემოსავალ-გასავალი; მას ეკითხებოდა სამეფო კარის წესების დაცვა, სხდომების ორგანიზება. მის უშუალო ხელქვეითებად ეჯიბის ქვემორე მოხელენი ითვლებოდნენ. იქვე განმარტავს ეზოსმოძღვარის ფუნქციებს, რომლებიც შინაარსობრივად სრულიად ფარავს -ისას, მხოლოდ ემატება მეფის „ტაბლისა და სანოვაგისა, ანუ სხუათა“ განმგებლობაც. როსტომის (1632-1658) დროს შემოტანილი ყიზილბაშური სამოხელეო ტერმინების ძველი შესატყვისების ჩამოთვლისას ვახუშტი ეზოსმოძღვარს ნაზირს უფარდებს. ტერმინი ა. წყაროებში XI ს-დან გვხვდება. ნიშანდობლივია, რომ დასავლეთის დიდი დომესტიკოსის გრიგოლ ბაკურიანის-ძის მიერ 1083 წ. პეტრიწონის ქართული მონატრისათვის დადებულ ტიპიკონში ა. მონასტრის ერთ-ერთი ხელისუფალთაგანია. იგი ტიპიკონის ქართულ ტექსტში იკონომისთან და განმგესთან ერთად იხსენიება, ხოლო ბერძნულში ა-ს შეესიტყვება ეპიტროპოსი ან იკონომისი. XII-XIII სს-ის სეტის გაბრიელ მთავარანგელოზის ხატის წარწერის თანახმად, ხსენებული ხატი მოუჭედავთ „იონას აბარმადობის და მიქელა ჭურას ნაცვალობის დროს“. ამ მასალების მიხედვით, ა-ის ქართული შესატყვისი მონასტრის მოურავი („გამგე“, „ეკონომისი“) უნდა იყოს. ამ შესატყვისობითაა ჩანაცვლებული ა. XII ს-ით დათარიღებულ ერთ-ერთ ლიტურგიკულ ხელნაწერზე დართულ კოლოფონშიც, სადაც ნათქვამია, რომ კლარჯეთში მდებარე სვეტის უდაბნოს ჰყოლია საკუთარი მოურავი ანტონი, რომელსაც მონასტრის საფასით ხანცთის სკრიპტორიუმში გადაუწერინებია ხსენებული ხელნაწერი. ამავე შინაარსიით დასტურდება ა. XII-XIII სს-ის ქართულ დოკუმენტურ წყაროებში. თამარ მეფის მიერ გელათისათვის ბოძებულ სიგელში (1187) მოხელეთა შორის იხსენიება „აჯამეთის აბრამადი“, რაც მიანიშნებს, რომ აჯამეთის სამეფო ნაკრძალებს ა-ები (იგივე იკონომისები ანუ მოურავები) და მათი ხელქვეითი ტყისმცველები განაგებდნენ.
   ათაბაგი - (თურქ. ata-მამა, beg-ბატონი), სელჯუკთა სულტნის აღმზრდელისა და მეურვის ტიტული. სულთნის კარზე უდიდესი გავლენის მქონე პირი. სელჯუკთა სახელმწიფოს დაშლის შემდგომ ა. დამოუკიდებელი სამთავროს მეთაურის წოდებაა ან მხოლოდ საპატიო ტიტული; ეგვიპტის მამლუქთა სახელმწიფოში - მხედარმთავარი. ა. უფლისწულს ასწავლიდა სამხედრო საქმეს და პასუხისმგებელი იყო სამართავად მიცემული ოლქის მართვაზე; მის ერთ-ერთ მოვალეობას შეადგენდა სელჯუკთა უფლისწულის კონტროლი და მისგან შესაძლო სეპარატიზმის აღკვეთა. ამდენად, ა-ს ეკუთვნოდა პასუხისმგებლობა დინასტიისა და სახელმწიფოს დაცვაზე. ტრადიციულად მიჩნეულია, რომ პირველი ა. იყო დიდი სელჯუკი სულტნების ალფ-არსლანის (1063-1072) და მალიქ-შაჰის (1072-1092) ვაზირი და აღმზრდელი სპარსელი ნიზამ ალ-მულქი. მის შემდეგ ა-ობა ეძლეოდა მხოლოდ თურქ სამხედროებს და ამირებს სულტნის უახლოესი გარემოცვიდან. XII ს-ის დასაწყისის შემდგომი ხანებიდან დიდ სელჯუკთა სახელმწიფოს დასუსტებასთან ერთად ა-ები მათ მეურვეობაში მყოფი სელჯუკი უფლისწულების კონტროლის გზით უკვე ცდილობდნენ სულტნებზე დამოკიდებულებისაგან განთავისუფლებას და თავიანთი სამფლობელოების სრული დამოუკიდებლობის მიღწევას, რამაც თავის დროზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დიდ სელჯუკთა სახელმწიფოს დაშლაში.
საქართველოში ა-ის სახელოს შემოღების, ფუნქციების, განვითარებისა და დაცემა-გადაგვარების საკითხები არაერთხელ გამხდარა მსჯელობის საგანი ქართულ ისტორიოგრაფიაში (ივ. ჯავახიშვილი, ნ. ბერძენიშვილი, ი. სურგულაძე, შ. მესხია, ბ. ლომონაძე, ი. ანთელავა და სხვ.).
-ის სახელო საქართველოში წარმოიშვა XIII ს-ის დამდეგს სამეფო კარზე გავლენის მოპოვებისათვის ბრძოლის პროცესში, რაც, უპირველეს ყოვლისა, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის (იხ.) ფუნქციის შეკვეცას გულისხმობდა. ა-ს მიენიჭა მემკვიდრის აღზრდის ფუნქცია, იგი გახდა ცენტრალური აპარატის უმთავრესი ფიგურა - ვაზირი (დარბაზის კარს მყოფი ხელისუფალი და სამთა ვაზირთა შორის პირველთაგანი) და იმავდროულად ადგილობრივი მოხელე-მთავარი. ეს სახელო, უმეტეს შემთხვევაში, შეთავსებული იყო ამირსპასალარის (იხ.) სახელოსთან. საქართველოს პოლიტიკური დანაწილების შემდგომ ა-ობა, როგორც ვაზირობა, მოისპო და სამცხის მთავართა ტიტულად იქცა.
-ის ინსტიტუტის შემოღება საქართველოში თამარ მეფის ზეობის ბოლო პერიოდს უკავშირდება. ზაქარია ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის გარდაცვალების (1212) შემდგომ „მოუწოდა მეფემან ძმასა ზაქარიაჲსასა ივანე მსახურთუხუცესსა და ინება პატივსა ძმასა მისისასა აღყვანებაჲ და უბოძა ამირსპასალარობისა პატივი“, მაგრამ ივანემ მისთვის ა-ის ახალი თანამდებობის შემოღება მოითხოვა, რაც მანამდე არ ყოფილა მიღებული „საქართველოსა შინა... წესად და ჴელად... რამეთუ მამად და გამზრდელად მეფეთა და სულტანთა იწოდების ათაბაგი“ (ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი). ამ სვლით ივანე მეფის კიდევ ერთი „მამის“ სახელოს ამკვიდრებდა და უპირისპირდებოდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის, როგორც სამეფოს უპირველესი ვაზირის სახელოს, იმავდროულად კი, თავის სახლს უტოვებდა უდიდეს სამემკვიდრეო თანამდებობას. სავარაუდოდ, -ობის შემოღებით და მისი ამირსპასალარობასთან ფაქტობრივი შეერთებით „აღდგა უძველესი ტრადიცია „სპასპეტ-მამამძუძისა“. ამჯერად საქართველოს მეფეს ერთდროულად „ორი მამა“ გაუჩნდა მწიგნობართუხუცესისა და -ამირსპასალარის სახით. დროთა განმავლობაში სასწორი იმ „მამის“ მხარეს გადაიხრებოდა, რომელსაც ძლიერი რეალური დასაყრდენი ექნებოდა. სამეფო ხელისუფლების დასუსტების პირობებში ასეთს უკვე ა-ამირსპასალარი წარმოადგენდა. მის ხელში არა მხოლოდ სამხედრო საქმე, არამედ სამეფო მონასტერთა საურავიც გადავიდა, რაც ადრე ჭყონდიდელის სფეროს წარმოადგენდა. მიუხედავად პოლიტიკურ მოვლენათა ამგვარი განვითარებისა, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელმა იერარქიულად და სიმბოლურად მაინც კარგა ხანს შეინარჩუნა უპირატესობა, რაც წყაროებში მისი საპატიო პოზიციების ხაზგასმით ვლინდება („მეფის კურთხევის წესი“, „ხელმწიფის კარის გარიგება“). მეფის კურთხევის წესის თანახმად, მეფის ტახტზე აბრძანებისას ა. მხოლოდ დედოფლის, კათალიკოსის და ჭყონდიდელის შემდგომ ულოცავდა მეფეს, ხოლო ვაზირობის დროს ა. და ამირსპასალარი „ჭყონდიდელს ქვემოთ ნოხთა ზედა“ ისხდნენ; ა., ამირსპასალართან და მანდატურთუხუცესთან ერთად შედიოდა სამთა ვაზირთა „საბატიო დარბაისელთა“ შემადგენლობაში. დარბაზობაზე მათი „წვევა“ საწოლის მწიგნობარს (იხ.) ან ამირეჯიბს (იხ.) ევალებოდა და მათ ოთხი მწდე ემსახურებოდა; პურობის შემდგომ „ორი მაშხალა ჭყონდიდელს წარუძღვების წინ, თვითო - სამთა ვაზირთა“.
სამეფო ხელისუფლების დასუსტებისა და საგარეო ძალის გააქტიურების პირობებში სახელმწიფოში ა-ამირსპასალარის უპირატესობა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სახელოსთან შედარებით უეჭველი ხდება. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ა-ამირსპასალარმა მწიგნობართუხუცესს პირველობა ჩამოართვა მხოლოდ XIII ს-ის 60-იანი წლებიდან უცხო ძალის გავლენით, რაც ნაკლებ სარწმუნოა, რადგან ეს ცვლილება უფრო ადრე ჩანს მომხდარი. რუსუდან მეფის თანადროული სომხური წყაროს ცნობით, „რუსუდანს ეპყრა სამეფო ივანეს ზედამდგომელობით, რომელსაც ათაბაგი ეწოდებოდა“ (გრიგოლ აკანელი). ეს ცვლილება კიდევ უფრო აშკარა ყოფილა ხორეზმელების დამრბევი ლაშქრობების დროს და მონღოლთა ბატონობის დასაწყისში. ამ მხრივ ნიშანდობლივია ჟამთააღმწერელთან დაცული ცნობა, რომლის თანახმადაც, ჯალალედინმა ბიჯნისს მყოფ ავაგ ა-ს შეუთვალა: „შენ ხარ ვაზირთუხუცესი მეფისა და ითუალავ საქართველოს“.
-ის ძლიერი ფიგურა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა სახელმწიფო ცხოვრებაზე, რის გამოც ილხანთა ხანები ცდილობდნენ თავიანთი კანდიდატურა თავზე მოეხვიათ ქართველი მეფეებისათვის. ასეთები მონღოლთა პოლიტიკის საიმედო საყრდენს წარმოადგენდნენ საქართველოში (მანკაბერდელთა სახლი). სამეფო სახლი სხვადასხვა სვლებს მიმართავდა ამ პოლიტიკის და ა-თა ძლიერებისა გასანეიტრალებლად. მაგ., ავაგ ა-ის გარდაცვალების შემდეგ დავით ულუმ ერთხანს ა. საერთოდ არ დანიშნა (ამიტომ დროებით მწიგნობართუხუცეს-უჯარმელი ხდება ძლიერი ფიგურა). სადუნ მანკაბერდელის გარდაცვალების შემდეგ დემეტრე II ასევე შეეცადა ერთმანეთისაგან დაეცილებინა ა-ობა და ამირსპასალარობა.
პოლიტიკურ მოვლენათა განვითარებამ XIII ს-ის დამლევისათვის ა-ამირსპასალარის ძლიერი ინსტიტუტის დაკნინება გამოიწვია, რაც გამოიხატა სამცხისა და სომხეთის ა-ების გაჩენაში. ამდენად, XIII ს-ის დამლევისათვის „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ დაცული ცნობა - „გასულა ათაბაგი დიდი და საბატიო და ძვირად ოდესმე იქმნების“ - რეალური მდგომარეობის ამსახველია.
XIV-XV სს-ის განმავლობაში სამცხის მმართველი ჯაყელები ა-ამირსპასალარებად იწოდებიან. XIV ს-დან მოყოლებული მათი ა-ობა მხოლოდ სამხრეთ საქართველოთი შემოიფარგლებოდა და იგი ამ მხარის მმართველი საგვარეულოს მხოლოდ საპატიო ტიტულს წარმოადგენდა. სწორედ ამის გამო იწოდებოდნენ ჯაყელები „ათაბაგებად“, ხოლო მათი სამთავრო - „სამცხე-საათაბაგოდ“.
   ივანე მხარგძელი - მსახურთუხუცესი 1191-1205 წწ. (იხ). ა. 1205-1227 წწ., ამირსპასალარი 1212-1227 წწ., მხარგრძელთა ძლიერი საგვარეულოს ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელსაც XII ს-ის ბოლო ათწლეულიდან XIII ს-ის 20-იანი წლების დასასრულამდე ყველა უმაღლესი თანამდებობა ეპყრა საქართველოს სამეფო კარზე. სარწმუნოებრივი აღზრდით მონოფიზიტი ივანე მხარგრძელი ქალკედონიტი
მეუღლის გავლენით ჯერ კიდევ მსახურთუხუცესობის პერიოდში მოქცეულა ქალკედონურ მრწამსზე. ამირსპასალარ ზაქარია მხარგრძელის გარდაცვალების შემდეგ, დაახლოებით 1205-1207 წწ-ში, თამარ მეფემ მსახურთუხუცეს ივანე მხარგრძელს მისივე თხოვნის საფუძველზე -ობა უბოძა, რითაც ივანემ უფლისწულის აღმზრდელის სტატუსი მოიპოვა და მეფის უახლოესი მრჩეველი შეიქნა. არსებობს მოსაზრება, რომ ა-ობა ივანემ მიიღო უფრო ადრე, დავით სოსლანის გარდაცვალების (1205) შემდეგ. როდესაც ზაქარია მხარგრძელი მიიცვალა, ივანეს გადაეცა მეურვეობის უფლება ზაქარიას მცირეწლოვან ძეზე - შანშე მხარგრძელზე. მანვე მიიღო ზაქარიას ნაქონი თანამდებობები - ამირსპასალარობა და მანდატურთუხუცესობა მათთან დაკავშირებული სამფლობელოებითურთ. მანდატურთუხუცესად იხსენიება ივანე კოშის (სომხეთი) თანადროულ ქართულ წარწერაში. ამრიგად, ივანე ა-ის ხელში ფაქტობრივად სამი უმაღლესი თანამდებობა აღმოჩნდა, რომელთაგან მანდატურთუხუცესობა დაახლ. 1215 წ. მან თავის ძმისწულ შანშეს გადასცა. ამირსპასალარობა ივანემ შეინარჩუნა, შემდგომში ეს ხელი მისმა ძემ, ავაგ-სარგისმა მიიღო. შანშესათვის დაუთმია ივანეს ანისიც, რასაც ადასტურებს ჟამთააღმწერლის ცნობა 1225 წ. ხვარაზმელთა საქართველოში შემოჭრის შესახებ. ამ დროს ივანე ა-ის ხელთ ყოფილა დვინი, ხოლო ანისი უკვე ძმისწულისთვის ჰქონია გადაცემული.
ივანე ა. და ამირსპასალარი ხელმძღვანელობდა ყველა სამხედრო ოპერაციას ქვეყნის შიგნით და გარეთ. მან ჩაახშო დიდოელთა და „ყოველთა მთეულთა“ ამბოხი. როდესაც ლაშა გიორგიმ განჯაში ილაშქრა, საალყო ოპერაცია ივანე ათაბაგის დაუკითხავად დაგეგმა და ჩაატარა, რამაც ივანე ძლიერ გაანაწყენა და მეფეს საყვედური უთხრა. აღსანიშნავია, რომ მეფემ მოიბოდიშა ა-ის წინაშე, ცხენიდან ჩამოხტა და შენდობა სთხოვა, მაგრამ, როგორც ჩანს, ლაშა გიორგი შემდგომშიც ცდილობდა შეეკვეცა ყოვლისშემძლე -ის უფლებები და მისგან დამოუკიდებლად გადაეწყვიტა სახელმწიფო საქმეები. საბოლოოდ, ლაშასაგან განაწყენებული ივანე ა. და მასთან ერთად მსახურთუხუცესი ვარამ გაგელი სამეფო დარბაზს ჩამოშორდნენ. ივანე ა-მა თავის რეზიდენციაში, ბიჯნისში, შეიტყო გაგის საზღვრებთან მონღოლების მოახლოვების ამბავი და ლაშა-გიორგის აცნობა. ლაშა 80 ათასიანი ჯარით შეეგება მონღოლებს გაგის ბოლოს. ამ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ, ივანე ათაბაგი ძლივს გადაურჩა სიკვდილს.
სამეფო ხელისუფლების დასუსტებამ და საგარეო ძალის გააქტიურებამ უეჭველი გახადა ა-ამირსპასალარის თანამდებობის მეტი ქმედითობა და იერარქიული უპირატესობა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელზე. სომეხი ავტორის გრიგოლ აკანელის ცნობით, „რუსუდანს ეპყრა სამეფო ივანეს ზედამდგომელობით, რომელსაც ათაბაგი ეწოდებოდა“. ათაბაგის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება ხორეზმელების დამრბევი ლაშქრობებისა და მონღოლთა გაბატონების შემდეგ. ივანე სარდლობდა ქართველთა ჯარს ხვარაზმელთა წინააღმდეგ გარნისის ბრძოლაში. ამ ბრძოლისას დაიღუპა შალვა ახლციხელი, რომელიც თორელთა ლაშქრით პირველი მიეგება მტერს. ჟამთააღმწერლის ცნობით, ივანე ათაბაგი შორიდან უჭვრეტდა თორელთა უთანასწორო ბრძოლას და ჯარი შეგნებულად არ მიუშველებია მათთვის, რის გამოც მემატიანე ამბობს: „შურითა იტყვიან ამას ყოფად და არ თუ შიშითაო“. ამ ეპიზოდში მჟღავნდება დაპირისპირება ივანე ათაბაგისა თორელ-ახალციხელთა სახლთან. შ. მესხიას ვარაუდით, ამ დაპირისპირების მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო შალვა ახალციხელის, როგორც ამირსპასალარობის ყველაზე რეალური კანდიდატის პრეტენზიები, რის დათმობას ივანე ათაბაგი არ აპირებდა.
გარნისის ბრძოლის შემდეგ ივანე ათაბაგი ისევ თავის რეზიდენციაში - ბიჯნისში - გაბრუნდა. ბიჯნისის სიახლოვეს შეხვდა იგი ჯალალედინს, რომელმაც მას წამოუყენა თავისი პირობები - ქორწინება რუსუდან მეფეზე, რათა მოახლოვებულ მონღოლებს ერთად აღდგომოდნენ წინ. ივანემ რუსუდანს კაცი გაუგზავნა და სულთნის დანაბარები შეატყობინა. რუსუდანმა ეს შეთავაზება, რასაკვირველია, განხილვის ღირსადაც არ ჩააგდო და უარი შეუთვალა, რის შემდეგაც ჯალალედინი თბილისზე წამოვიდა.
ივანეს ა-ობის დროს მის უფლებამოსილებაში გადასულა მანამდე მწიგნობართუხუცესის საურავი სამეფო მონასტრები. ამ დასკვნის საფუძველს იძლევა სტეფანოზ ორბელიანთან დაცული ცნობა, რომლის თანახმად, 1216 წ. ნორავანქსა და ტათევის ანტიქალკედონიტურ სომხურ მონასტრებს შორის საკვირველმოქმედი ჯვრის გამო წარმოებული დავა ა. ივანე მხარგრძელის მეთაურობით გაურჩევიათ დვინში. ამ შემთხვევაში ივანე მოქმედებდა, როგორც საქართველოს სამეფო კარის უმაღლესი მოხელე - ა. და ამირსპასალარი. ანტიქალკედონურ სომხურ სავანეებს შორის დავის გარჩევა ივანეს რამდენიმე სომეხ საერო წარჩინებულთან ერთად მიუნდვია ქართველი დიდებულებისათვის და საქართველოს ეკლესიის ქალკედონიტი მესვეურებისათვის, მათ შორის დიდი ჭყონდიდელისათვის, „რომელიც მოსულიყო სამეფოდან“, ვარძიისა და ახტალის (პღნძაჰანქის) წინამძღვრებისა და გარეჯის დიდი მამამთავრისათვის. ივანე ათაბაგი გარდაიცვალა 1227 წ.
   ავაგ მხარგრძელი - ივანე ათაბაგის ძე, ა. და ამირსპასალარი 1227-1250 წწ-ში. ა. ივანეს გარდაცვალების შემდეგ, 1227 წ. რუსუდან დედოფალმა ამირსპასალარობა დაუმტკიცა ავაგს, თუმცა, ჯალლალედინის შემოსევის დროს იგი უკვე ათაბაგ-ამირსპასალარად მოიხსენიება. ჟამთააღმწერლის ტექსტიდან ჩანს, რომ ავაგმა რუსუდანისაგან ჯერ ამირსპასალარობა მიიღო, შემდეგ - ა-ობა: „ამირსპასალარობისაგან ათაბაგ იქმნა მეფის რუსუდანის მიერ...“ მოგვიანებით, ბათო ყაენთან მივლინებისას ა-ობა მისთვის ჩაღატა ნოინსაც დაუმტკიცებია: „ამირსპასალარობისაგან ათაბაგ“ იქმნა. ა-ობისა და ამირსპასალარობის მფლობელი ავაგი წყაროებში საქართველოს უპირველეს მოხელედ და „ვაზირთუხუცესად“ არის მიჩნეული (ჟამთააღმწერელი). მისი სარდლობით ქართველთა ჯარი შეება თბილისისაკენ ხელმეორედ დაძრულ ჯალალედინს, მაგრამ ბოლნისის ხევში მარცხი განიცადა.
ურდოში საქართველოს ა-ამირსპასალარის ხანგძლივი ყოფნის პერიოდში ავაგს ამირსპასალარის მოვალეობის შესრულება თავისი ბიძაშვილის, ამ სახელოს კანონიერი მემკვიდრის, ზაქარია (II) მხარგრძელის ძისათვის, მანდატურთუხუცეს შანშესათვის გადაუცია. ამას ადასტურებს ორომოსის 1246 წ-ის და ანისის სომხურ წარწერებში შანშეს მოხსენიება „სპასალარად“ და „სპარაპეტად“. ავაგის უმემკვიდროდ გარდაცვალების შედეგად ამირსპასალარის სახელო შანშეს სახლს დარჩა.
მონღოლთა შემოსევების დროს ავაგ ა. კაენის ციხეში იყო გამაგრებული, სადაც მას მონღოლმა ნოინებმა „ოქროს საფიცარი“ - უვნებლობის პირობა გაუგზავნეს. როდესაც რუსუდანმა მონღოლებთან დაზავება გადაწყვიტა, სწორედ ავაგ ა. გაგზავნა ბარდავში საზავო მოლაპარაკებების საწარმოებლად. აქიდან იგი ხლათის სულტანთან ერთად ჩაღათა ნოინმა ბათუ ყაენთან გაგზავნა, შემდეგ ყარაყორუმს მანგუ ყაენთან მოუწია ჩასვლა, სადაც იგი დავით რუსუდანის ძესთან ერთად ხუთ წელიწადს იმყოფებოდა. აქ დახვდა იგი დავით ლაშას ძეს და მის თანმხლებ დიდებულებს. ავაგ ა. პირველი იყო ქართველ დიდებულთაგან, ვინც მონღოლთა უზარმაზარ იმპერიაში იმოგზაურა. სანამ ყარაყორუმში ჩასულ ქართველთ დიდებულთა შორის სამეფო კანდიდატურაზე ცილობა გრძელდებოდა, ა. ავაგი საქართველოში გამოუშვეს. მას შესაფერი პატივით შეეგებნენ ქართველი დიდებულები. მათ შორის იყო ეგარსლან ბაკურციხელი, მონღოლთაგან დიდად აღზევებული პირი. მეტისმეტად „განლაღებულმა“ ეგარსლანმა დაარღვია ეტიკეტი - ცხენიდან არ ჩამოქვეითებულა ათაბაგის წინაშე. განრისხებულმა ავაგმა გათავხედებულ „ყმას“ თავზე მათრახი გადაუჭირა და მისთვის პატივის აყრა ბრძანა. ეგარსლანი ცხენიდან ჩამოაგდეს და საპატიო სამოსი გახადეს. მონღოლთა მიერ ტახტზე ორი დავითის ერთდროულად დამტკიცებამ ქართველი დიდებულები ორ ბანაკად გაყო. ავაგ ა. დავით ნარინის მომხრეთა შორის დარჩა.
ავაგი დაქორწინებული იყო რაჭის ერისთავ კახაბერისძის ასულ გვანცაზე, რომელზედაც ავაგის გარდაცვალების შემდეგ დავით ულუმ იქორწინა, ხოლო ავაგის მამული მეფემ მის ასულ ხვაშაქს დაუმტკიცა. ავაგის გარდაცვალების (1245) შემდეგ ა-ის სახელო კარგა ხანს არავისზე არ გაცემულა, რადგან სამეფო ხელისუფლება, როგორც ჩანს, ცდილობდა ა-ამირსპასალარის თანამდებობათა ერთმანეთისაგან განცალკევებას.
ივანე (III) აბულეთისძე - ა-ამირსპასალარი 1260-იან-1272 წწ-ში. შვილიშვილი კახეთის ერისთავ ივანე (II) აბულეთისძისა, შვილი ძაგან აბულეთისძისა. ავაგ ათაბაგის გარდაცვალების შემდეგ ა-ის სახელოსა და ავაგის საგამგებლო სამფლობელოებისათვის („ავაგის სახლი“) ხანგძლივი ბრძოლა, რომელიც, ერთი მხრივ, კახეთის დიდგვაროვან აბულეთისძეებს და რეაბიტირებულ ორბელებს, ხოლო მეორე მხრივ, მონღოლთა კარზე აღზევებულ „უგვარო“ მედროვე სადუნ მანკაბერდელს შორის მიმდინარეობდა, დროებით ივანე აბულეთისძის გამარჯვებით დასრულებულა. ივანე აბულეთისძის სახელი პირველად ჩნდება ძაგან აბულეთისძის მიერ 1259 წ. მღვიმის მონასტრისადმი ბოძებულ შეწირულების დაწერილში (ხეც, Ad-5), სადაც იგი მოიხსენიება თავისი მამის (ძაგანის) საბუთის დამამტკიცებელთა შორის. ივანე აბულეთისძე ათაბაგ-ამირსპასალარად იხსენიება დემეტრეს მეფობის დროს შესრულებულ ბარანის ციხის ასომთავრულ წარწერაში, რომელშიც ჩანს მინიშნება აბულეთისძეთა საგვარეულოს დამსახურებაზე სამეფო ხელისუფლების წინაშე: „მე, ივანე აბულეთისძემან, ათაბაქმან და ამირსპასალარმან, დმანისი წავიღე და ციხე ავიღე და კირი თან ჩამოვიტანე. ესე ქუეყანაჲ დიდთა ჟამთა ოჴერი და საშიში იყო. ოთხსა თუესა ესე ციხე ავაგე მეფობასა დიმიტრი მეფეთ მეფისასა. და შემდგომდ ჩუენსა ღმერთმან თქუენ ესეთი ჟამი მოგეცინ, რომელ სადგომი თქუენი ბაღდადი იყოს ერთგულებასა შინა დიმიტრისასა. ამინ.“ ბოლოდროინდელი გამოკვლევებით (ნ. თორთლაძე, გ. ოთხმეზური) ეჭვქვეშ არის დაყენებული ბარანის ციხის წარწერის XIII ს-ით დათარიღება და იგი, სავარაუდოდ, დემეტრე I-ის ზეობის დროს შესრულებულად იქნა მიჩნეული. ამ მოსაზრების თანახმად, წარწერაში მოხსენიებული უნდა იყოს ივანე (I) აბულეთისძე, რომელიც ივანე (I) ორბელის გარდაცვალების (1128) შემდგომ დაინიშნა ამირსპასალარად, ხოლო დმანისის აღების შემდეგ ამ მხარის - დმანის-ლორე-ტაშირის ათაბაგად ანუ გამგებლად (გ. ოთხმეზური). მაგრამ ამ მოსაზრების გაზიარებას აძნელებს ბარანის წარწერაში ბაღდადის მოხსენიება, რომელიც უნდა გულისხმობდეს 1258 წ. მონღოლთა ლაშქრობას ბაღდადზე. ივანე (III) აბულეთისძე ა-ამირსპასალარი უნდა ყოფილიყო 1260-იან წწ-დან ვიდრე დემეტრე II-ის გამეფების პირველ წლებში (1272 წ. ჩათვლით). XIII ს-ის 70-იან წწ. დასაწყისში ბრძოლა ავაგის სახლისა და ა-ის თანამდებობასათვის სადუნის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო მისგან ლტოლვილი ორი ძმა აბულეთისძეები, როგორც ჩანს, ივანეს შვილები, აჰმადა ყაენის ძმამ ყონღარდამ საბერძნეთში დაახოცინა.
   სადუნ მანკაბერდელი - ა. და ამირსპასალარი 1272-1281/1282 წწ-ში; გასომხებულიქურთი, მონღოლთა სამსახურში დაწინაურებული და მათივე რკომენდაციით ა-ის თანამდებობამდე აღზევებული. თავდაპირველად სადუნი ავაგ მხარგრძელის სახლში ავაგის ასულ ხვაშაქის ეჯიბად მსახურობდა. პატრონის სამსახურში სადუნმა თავი გამოიჩინა და მრავალი წყალობა მიიღო ხვაშაქის მეუღლის, მონღოლთა დიდმოხელის საჰიბ-დივნისაგან. მისი მხარდაჭერით სადუნი მალე დაწინაურდა ილხანთა კარზე. ჟამთააღმწერლის ცნობით, სადუნი თარჯიმნის რანგში ესწრებოდა ულო ყაენთან დავით ულუსა და სარგის ჯაყელის გასამართლებას და „კეთილად უთარგმნიდა“ ყაენს სარგის ჯაყელის სიტყვას. ამით სადუნმა ყაენის რისხვაც დააცხრო და დავით მეფის ნდობაც დაიმსახურა. შემდგომში, როდესაც ილხანთა კარზე ჩასულ დემეტრე II-ს აბაღა ყაენმა მეფობა დაუმტკიცა, უკან დაბრუნებულს სადუნი გამოაყოლა, რომელსაც დემეტრემ ა-ობა და, როგორც ჩანს, ამირსპასალარობაც უბოძა. იგი ა-ად და ამირსპასალარად იხსენიება ქობაირის 1279 წ-ის ქართულ სააღმშენებლო წარწერაში, საიდანაც ჩანს, რომ სადუნის ასული ვანენი შანშე (I) მანდატურთუხუცესის ძის, მხარგძელის თანამეცხედრე ყოფილა. სულ მალე სადუნმა ქართველ მთავრებს გადააჭარბა ძალითა და გავლენით. მისი მმართველობის დროს საქართველოს ტერიტორიაზე მონღოლთა სადამსჯელო ექსპედიციები შეწყდა, რითაც ხალხს შედარებით ათაბაგი მშვიდობიანი ცხოვრების პირობები შეექმნა და ქვეყანამ მოშენება დაიწყო. მემატიანე სადუნს ბრძენ და გონიერ მმართველად მოიხსენიებს. მის განსაკუთრებულ დამსახურებად მიიჩნევს გარეჯის უდაბნოებისათვის მონღოლური ყალანისა და მალის ამოკვეთას. ამავე პერიოდში სადუნმა დიდი ქონება დააგროვა და პირად განდიდებასაც მიაღწია. მან მეფეს გამოსთხოვა თელავი, ბელაქანი და სხვა მრავალი მიწა-წყალი. ეს არ იკმარა და დმანისის მიღებაც მოინდომა. რადგან მეფე დმანისზე თავს იკავებდა, სადუნმა გამოიყენა თავისი გავლენა მონღოლთა კარზე და ურდოში ჩასული მეფისათვის მონღოლებს უზომოდ დიდი გადასახადი მოათხოვინა. ამის შემდეგ სადუნმა მეფეს თვითონ შესთავაზა გადასახადის დაფარვა, თუკი დმანისს უბოძებდა. დემეტრე იძულებული გახდა დათანხმებულიყო დმანისის გაცემაზე. სადუნმა მეფისაგან კარიც მიიღო, სადაც რეზიდენცია ჰქონდა. ამრიგად, სადუნის ხელში უზარმაზარმა სიმდიდრემ მოიყარა თავი. ქონებას და გავლენას სადუნი ქორწინებებითაც ზრდიდა. მას სამი ცოლი ჰყავდა, მათგან ერთ-ერთი იყო ახალციხელთა ასული, რომლის წყალობით მოიხვეჭა ახალციხელთაგან კარის მიმდებარე მიწა-წყალი. შემდეგ აბაღა ყაენისაგან იყიდა დემეტრეს და თამარი, რომელიც მანამდე მონღოლი მოხელის ცოლი იყო. ცნობილია სადუნის ორი ძე, ხუტლუბუღა და მანგასარი. ათაბაგი სადუნ მანკაბერდელი გარდაიცვალა 1282 წ.
   ტარსაიჭ ორბელი - ა. 1284-1289 წწ-ში. ტარსაიჭ ორბელი იყო შთამომავალი გიორგის III-ის წინააღმდეგ ამბოხებული ორბელებისა, რომლებიც მონღოლთა ბატონობის პერიოდში საქართველოში დაბრუნდნენ და რეაბილიტაცია მიიღეს. მათი უმთავრესი მიზანი იყო ორბელთა ძველი სამფლობელობის დაბრუნება, რომლებიც იმჟამად მხარგრძელ ა-თა სახლის („ავაგის სახლი“) საკუთრება იყო. ამიტომ იბრძოდნენ ორბელები ა-ის სახელოს მოსაპოვებლად. ყველაზე ახლო ამ მიზანთან იყო ტარსაიჭის მამა სუმბატ ორბელი (გარდ. 1273 წ.), მაგრამ მთელ რიგ გარემოებათა გამო მას სადუნ მანკაბერდელმა სძლია. სადუნ მანკაბერდელის ნების საწინააღმდეგოდ ტარსაიჭ ორბელისა და შანშე (I) მხარგრძელის ძის, მანდატურთუხუცეს ივანე (II) მხარგრძელის მეცადინეობით ილხანებმა მეფობა 12 წლის დემეტრე II-ს დაუმტკიცეს. სადუნ მანკარბერდელის გარდაცვალების შემდეგ (1281 წ.) დემეტრე II შეეცადა ერთმანეთისაგან დაეცილებინა ა-ობა და ამირსპასალარობა. ა-ობა მიანიჭა თავის გამზრდელსა და დიდ მოამგეს, ტარსაიჭ ორბელს, ხოლო სადუნ მანკარბერდელის ძეს, ხულუბუღას - მხოლოდ ამირსპასალარობა. ტარსაიჭ ორბელი 1284 წ-დან ჩანს ა-ად. სტეფანოზ ორბელიანის თანახმად, დემეტრე II-ს იგი თითქოს მხოლოდ საკუთარი სამფლობელოების ა-ად დაუნიშნავს თბილისიდან ანისამდე და კარამდე, რისთვისაც მას სომხეთის ა-ს უწოდებს. ამ ცნობამ მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია - იყო ტარსაიჭ ორბელი საქართველოს ა. (ბერძენიშვილი), თუ მხოლოდ ჩრდილო სომხეთის მიწებისა (ივ. სურგულაძე, რ. კიკნაძე). სტეფანოზ ორბელიანთან დაცულია ცნობა, რომ ტარსაიჭს ჩრდილო სომხეთის მიწებთან ერთად აღსაზრდელად მიაბარეს მეფის შვილები: დავითი და მანოელი, რაც მიანიშნებს, რომ სამეფო კარის ა-ობასა და სომხური მიწების ა-ობას შორის ამ დროს არავითარი წინააღმდეგობა არ იგულისხმება (ი. ანთელავა).
   ხუტლუბუღა - სადუნ მანკაბერდელის ძე, ამირსპასალარი 1282-1289 წწ-ში; ა-ამირსპასალარი 1289-1293 წწ-ში. მონღოლთა მხარდაჭერით დემეტრე II-ის ამირსპასალარი; ა-ობა მიიღო მხოლოდ დემეტრეს სიკვდილით დასჯის შემდეგ. 1293 წ-ის მოვლენების შემდეგ წყაროებში მისი სახელი აღარ ჩანს (სრულად იხ. ამირსპასალარი ხუტლუბუღა).
   მხარგრძელი - შანშე (I)-ის შვილიშვილი, ა. და ამირსპასალარი 1285 წ. ახლო (იხ. ამირსპასალარი მხარგრძელი).
   შანშე (II) მხარგძელი - ა. 1290-იან-1310 წწ-ში. დიდი შანშეს (I) შვილიშვილი, მანდატურთუხუცეს ივანე (II) მხარგრძელის ძე; მონღოლთა სამსახურში ჩამდგარი მოხელე. „ათაბაგ-ამირსპასალარი შაჰანშა“ იხსენიება 1310 წ-ის ერთ-ერთ სომხურ წარწერაში, ხოლო მხოლოდ ა-ად, მისი ძმის, ათაბაგ ვაჰრამის საფლავის ქვის ეპიტაფიაში (სრულად იხ. ამირსპასალარი შანშე (II) მხარგძელი).
   ვარამ მხარგძელი - ა. 1336 წ. მანდატურთუხუცეს ივანეს (II) მხარგრძელის ძე, ა. და ამირსპასალარ შანშე (II) მხარგძელის ძმა. ა-ობა ვარამს უნდა მიეღო შანშეს გარდაცვალების შემდეგ. იგი, როგორც ათაბაგი, ძმებთან ერთად იხსენიება 1336 წ. ჰორომოსის სომხურ წარწერაში ა. შანშე აქ გარდაცვლილად იხსენიება), აგრთვე ქობაირის მხარგრძელთა საგვარეულო მონასტრის საფლავის ქართულენოვან ეპიტაფიაში
   სარგის (I) ჯაყელი - სამცხის სპასალარი, მეჭურჭლრთუხუცესი 1270-1282 წწ-ში, სამცხის პირველი ა. 1282-1284 წწ-ში. მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა XIII ს-ის 60-80-იანი წწ-ის საქართველოში. მეჭურჭლეთუხუცესადაა მოხსენიებული იგი ჟამთააღმწერელთან, ნიკოლოზ კათალიკოსის დაწერილში არვანბეგ საბაისძისადმი, საფარის ფრესკულ წარწერასა და ჯვრის მონასტრის აღაპებში. საქართველოს ა-ობა მან მიიღო სიცოცხლის ბოლო 1282-1284 წწ-ში. სარგისს (I) გამოირჩეოდა დავით ულუსადმი თავდადებული ერთგულებით, რის გამოც მეფისაგან მიიღო სამცხეში ერთი თემი და ტბეთის საყდარი, შემდგომ - კარნუ ქალაქი მიმდგომი „ქვეყნებითურთ“. სარგისი ეხმარებოდა მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებულ დავით ულუს რჩევებითა და სამხედრო ძალით. 1264 წ. ილხანთა კარზე მონღოლებთან შესარიგებლად ჩასული დავით ულუ მან იხსნა მოსალოდნელი სასჯელისაგან. როცა დავით ულუ იძულებული გახდა ჰულაგუ ყაენის წინაშე თავი ემართლებინა, მეფის ნაცვლად სამსჯავროზე „კეთილმეტყველი“ სარგის ჯაყელი წარდგა და მეფის „დანაშაული“ საკუთარ თავზე აიღო. სარგისმა მონაწილეობა მიიღო ჩრდილოეთის ურდოს წინააღმდეგ ილხანთა ომში და თავისი სამხედრო ხელოვნებით ჰულაგუ ყაენის გული მოინადირა. ამ ბრძოლაში დამსახურებისათვის დაუმტკიცა მას ყაენმა კარნუ ქალაქი და მისი „მიმდგამი ქვეყანა“. სარგისის მიმართ ყაენის გამოჩენილმა სიუხვემ დავით ულუ დააეჭვა ყმის ერთგულებაში და, თბილისში მოწვეული, ერთხანს დააპატიმრა კიდეც. სარგისმა თავის გადასარჩენად მონღოლთა ყაენს უშუალო ქვეშევრდომობაში აყვანა სთხოვა. 1266 წ. სარგისმა მონღოლთა „ხასობა“ მიიღო, რის შედეგადაც სამცხე „ხას-ინჯუდ“, მონღოლთა უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ სამთავროდ გამოცხადდა. მოგვიანებით საქართველოს სამეფო კარმა ამ აქტს სარგისათვის ა-ობის მინიჭება დაუპირისპირა. განდგომილი სამთავროს მმართველისათვის ცენტრალური სამოხელეო თანამდებობის უფლებამოსილების გადაცემით სამეფო კარი შეეცადა კავშირი არ გაეწყვიტა სამცხესთან (ბ. ლომინაძე). ა. ხდება სარგის ჯაყელი სადუნ მანკაბერდელის გარდაცვალების შემდეგ, 1282-1284 წწ-ში. სიცოცხლის ბოლოს ა. სარგის (I) ბერად აღიკვეცა საბას სახელით. იგი გარდიცვალა 1285 წ. ამდენად, მისი ა-ობა 1284 წ-მდე ივარაუდება. მკვლევართა ნაწილის მოსაზრებით, დიმიტრი II-ის მიერ დანიშნული სომხითის ა-ის მსგავსად, სარგის (I) მხოლოდ სამცხის ა. (მთავარი) იყო.
   აღბუღა (I) ჯაყელი - ა-ამირსპასალარი 1361-1391 წწ-ში. XIV ს-ის პირველ ნახევარში სამცხის სამთავროში მემკვიდრეობის წესის დარღვევისა და ბექა I-ის ძეების ერთობლივი მმართველობის დამყარების შედეგად ა-ამირსპასალარის თანამდებობა და სამცხის მმართველობა გადავიდა არა ბექა (I) ჯაყელის უფროსი ვაჟის, სარგის (II) ჯაყელის (გარდ. 1334 წ.) მემკვიდრეებზე, არამედ მისი მეორე ვაჟის, ყვარყვარე (I) ჯაყელის (1334-1361) ძე აღბუღაზე. იგი ა-ამირსპასალარად იხსენიება ბექა-აღბუღას სამართლის შესავალში და ზესხევის (ხოვლეს) ეკლესიის წარწერაში. XIV ს-ის 90-იანი წწ-ის დოკუმენტებსა და ხელნაწერთა მინაწერებში, ასევე ა-ამირსპასალარად იწოდებოდა აღბუღას ძე ივანეც.
ამდენად, მთელი XIV ს-ის განმავლობაში სამცხის მმართველი ჯაყელები ა-ამირსპასალარებად და სამცხის სპასალარებად იწოდებიან. XV ს-დან მოყოლებული, მათი ა-ობა თუ ა-ამირსპასალარობა, ისევე, როგორც სამცხის სპასალარობა, მხოლოდ სამხრეთ საქართველოთი შემოიფარგლება და ამ მხარის მმართველი საგვარეულოს საპატიო ტიტულს წარმოადგენს.
   ამიდი - (არაბ. mīd) აღმოსავლური ქალაქების მოხელე; სახალიფოს ქალაქების ა-ებს ევალებოდა საბუთების შედგენა და ბაღდადის მთავრობასთან მიმოწერის წარმოება. ქართულ სამოხელეო ტერმინოლოგიაში ტერმინი გავრცელდა თბილისის საამიროდან. დავით აღმაშენებლის ანდერძში (1123/1124) და გიორგი III-ის შიომღვიმისადმი ბოძებულ სიგელში (1170) მოხსენიებულია თბილისის „საამიდო“ გადასახადი, როგორც ამირა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსაღები, რაც მიუთითებს საქართველოს ქალაქებში შესაბამისი თანამდებობის არსებობაზე. ქართულ წყაროებში ხელშესახები ცნობები ამ მოხელის უფლება-მოვალეობების შესახებ არ მოგვეპოვება. მუსლიმური აღმოსავლეთის ქალაქების ანალოგით, საქართველოს ქალაქებში ა-ს, სავარაუდოდ, ქალაქის მწერლის მოვალეობის შესრულება და, ამასთანავე, ცენტრალური ხელისუფლებისათვის საქმიანი ქაღალდების წარდგენა ევალებოდა.
   ამირა/ამირათ-ამირა - (არაბ. amīr - მეთაური, მმართველი) მთავრის შესატყვისი ტიტული აღმოსავლეთის მუსლიმურ ქვეყნებში. VII ს-მდე, ისლამამდელ პერიოდში და, ასევე, პირველი ოთხი ხალიფას მმართველობის დროს ა-ები ეწოდებოდა სარდლებს და ლაშქრის საბრძოლო ქვედანაყოფების მეთაურებს, რომლებიც შემდგომ არაბთა მიერ დაპყრობილი ტერიტორიების მმართველები გახდნენ. ომაიანთა ეპოქაში (661-750) პროვინციის გამგებელ ა-ების ხელში თავმოყრილი იყო სრული ადმინისტრაციული, საფინანსო და სასულიერო ხელისუფლება. ისინი პასუხისმგებლები იყვნენ ლაშქრის ორგანიზებაზე, ხელმძღვანელობდნენ სამხედრო ექპედიციებს, დებდნენ ხელშეკრულებებს, უძღვებოდნენ ლოცვებს, აშენებდნენ მეჩეთებს და თავიანთ საგამგებლო ტერიტორიაზე ზრუნავდნენ ისლამის გავრცელებისათვის. ა. ზედამხედველობდა ზარაფხანას, სადაც ხალიფას სახელზე იჭრებოდა ფული, იგი პასუხისმგებელი იყო გადასახადების აკრეფასა და სახალიფოს ცენტრში გაგზავნაზე. ა-ს ხელში იყო სასამართლო სისტემა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ა. ნიშნავდა ყადის (მუსლიმთა მოსამართლეს), იცავდა წესრიგს. მისი მითითებით მოქმედებდა პოლიციის უფროსი. თავის საგამგებლო ოლქში ა. ნიშნავდა ფოსტის უფროსს, რომლისგანაც იღებდა დაწვრილებით ინფორმაციას ქვეყნის შიდა მოვლენებზე. ა-ს ემსახურებოდა ცერემონმეისტერი და დაცვა. აბასიანთა მმართველობის ხანაში (749-1258) ა-ებს თანდათან ჩამოსცილდა გადასახადის აკრეფის, ყადის დანიშვნისა და ზოგიერთი სხვა ფუნქცია.
არაბთა სახალიფოს დაშლის შემდეგ (IX-X სს.) ა-ს ტიტული შეინარჩუნეს ადგილობრივმა დამოუკიდებელმა მმართველებმა, რომლებიც ერთდროულად საერო და სასულიერო ხელისუფლებას ფლობდნენ. მოგვიანებით ა-ს საპატიო ტიტული ისლამის მქადაგებლის, მუჰამადის ჩამომავლებს ენიჭებოდათ.
ასეთივე უფლებებით სარგებლობდა თბილისის ა-ც, რომლის მმართველობა აღმოსავლეთ საქართველოში VIII ს-ის 70-იანი წლების დასაწყისში დამყარდა. მას ნიშნავდა ხალიფა ან ამიერკავკასიის ვალი. ა. იყო ქართლის უზენაესი მმართველი - ქართლში მდგომი არაბული გარნიზონის სარდალი, უზენაესი სამოქალაქო ხელისუფალი და მოსამართლე. ქართული წყაროები ა-ს მოიხსენიებდნენ, როგორც „ხელმწიფეს ქვეყანისა“ და „მსაჯულს“. ქართულ ისტორიულ წყაროებში თბილისის ა-ს ზოგჯერ ქართლის ა-საც უწოდებენ. ა-ს სასარგებლოდ ქართლის მოსახლეობა იხდიდა „საამირო“ გადასახადს.
გარდა თბილისისა, არაბი ა-ები ისხდნენ რუსთავში, ხუნანსა და დმანისში. ისინი თბილისის ა-ს ხელქვეითებად ითვლებოდნენ. IX ს-ის დასაწყისიდან, არაბთა სახალიფოს რღვევის კვალდაკვალ, თბილისის საამირო დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად, ხოლო თბილისის ა. დამოუკიდებელ მმართველად იქცა. არაბთა ბატონობის დასრულების შემდეგ ტერმინი ა. ქართულ სამოხელეო ტერმინოლოგიაში დამკვიდრდა. ზოგჯერ იგი საზოგადოდ გამგებელს აღნიშნავს. მაგ., კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში ქართლის ა-ს (აქ: ქართლის ერისთავი) ტიტულსაც ატარებს, მაგრამ ა., როგორც სპეციალური ტერმინი, თბილისის საამიროს გაუქმების (1122) შემდეგაც თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში ქალაქის გამგებლის სახელწოდებად დარჩა, თუმცა, იგი ადგილობრივ პოლიტიკურ და სოციალურ სისტემაზე მორგებულ თანამდებობას წარმოადგენდა. თანდათანობით ა-ს ჩაენაცვლა ქართული სამოხელეო ტერმინი მოურავი (იხ.). ქართული მონარქიის ზრდასთან ერთად განსაკუთრებული სამხედრო-სტრატეგიული, პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა შეიძინეს დიდმა ქალაქებმა, რომელთა მმართველებს გაორმაგებული ტერმინი, „ამირათ-ამირა“ ეწოდებოდა. თამარის დროს ასეთი ტიტულით იხსენიებოდნენ თბილისის გამგებელი (აბულასანი), კარის (ყარსი) მმართველი (ივანე ახალციხელი). ასეთივე სამოხელეო ტიტულს ატარებდნენ საქართველოს სამეფოს ფარგლებში ანისის მმართველები, თუმცა იმავე კარის 1237 წ-ის ციხის კარიბჭის წარწერაში მოხსენიებული კარის ა. რაჲრაზა გაორმაგებული სამოხელეო ტიტულის გარეშეც იხსენიება. თბილისის გამგებლის ტიტულად ა. ტრადიციის ძალით, დიდხანს, XVII ს-ის დასაწისამდე შემორჩა (ზოგჯერ ასე უწოდებდნენ თბილისის მოურავ გიორგი სააკაძეს). XIII ს-დან ა-ები ჰყავდათ უფრო მცირე ქალაქებსაც - ქუთაისი, გორი, ჟინვანი. ქალაქის ა. დიდი და ანგარიშგასაწევი ხელისუფალი იყო. ა-ს უპირველესი მოვალეობა იყო უშუალოდ ქალაქისა და მისი შემოგარენის დაცვა, საქალაქო წესრიგის, მართლმსაჯულების, ვაჭრობისა და სამეურნეო-ეკონომიკური ცხოვრების მართვა-ზედამხედველობა, ქალაქისათვის აუცილებელი სამშენებლო სამუშაოების (გზების, ხიდების, სასტუმროების, სამეურნეო, და სხვ. ნაგებობების) შესრულება, ქალაქის კეთილმოწყობა. ა-ს განკარგულებაში იყო სამოხელეო აპარატი, რომლის სტრუქტურაზე საკმაოდ ბუნდოვანი ცნობებია შემონახული. XII-XIII სს-ში ა-ს ხელქვეით მოხელეთა აღმნიშვნელი ტერმინოლოგიაც არაბული იყო. მათ შორის გვხვდება ამიდი (იხ.), რაისი, მუჰთასიბი, შურტა (იხ.). ა. ანგარიშვალდებული იყო მეჭურჭლეთუხუცესის წინაშე. ქალაქის ა-ს სასამსახურო სარგო მრავალი წყაროდან იკრიბებოდა. მისი წილი გადაკვეთილი იყო ყოველი სახეობის საქალაქო შემოსავალში (იხ. მოურავი). XVII ს-ის 40-იან წწ-ში ქართულ ისტორიულ საბუთებში ვხვდებით ა-ქეთხოდას, რაც სპარსული ენის ტერმინოლოგიურ გავლენას ასახავს და შინაარსობრივად იგივეა, რაც ქეთხოდა (იხ.), რომელიც ქართულ სინამდვილეში XVI ს-დან დამკვიდრდა.
საქართველოს ქალაქების ამირები:
   ვასაკ არწრუნი - თბილისის ა. XII ს-ის 40-50-იანი წწ.; გიორგი III-ის თანამედროვე, კაინისა და მაჰკანაბერდის ოლქების მფლობელი. ვასაკი და მისი ძმა ქურდ არწრუნი ეკუთვნოდნენ არწრუნი ნახარარების იმ შტოს, რომელიც დავით აღმაშენებელმა ჩრდილო სომხეთში გადმოასახლა და მანკაბერდი და ახპატი უწყალობა. ამ საგვარეულოს ძლიერი კავშირები ჰქონდა იმდროინდელი სომხური ქალაქების ფინანსურ წრეებთან, რის გამოც სამეფო კარი დაინტერესებული ყოფილა ამ საგვარეულოს წარმომადგენელთა დანიშვნით თბილისის ა-ს თანამდებობაზე. დემეტრე I-ის მეფობის დასასრულს თბილისის ა-ად ჩანს ვასაკ არწრუნი. მხითრ გოშის მიხედვით, იგი დავით დემეტრეს ძის მომხრეთა და გიორგი მეფის მიერ შერისხულთა შორის ჩანს. სამეფო კარზე მისი გავლენის შესუსტება, როგორც ირკვევა, ორბელთა ძლიერი საგვარეულოს „დამსახურება“ იყო. ვასაკი თავის ძმასთან ერთდ თეოდოსიოპოლში (კარნუ ქალაქი) გაქცეულა. აქ იგი კარგად მიუღია კარნუ ქალაქის გამგებელ ამირა სალდუხს. რამდენიმე ხანში ვასაკი იქვე გარდაცვლილა. მისი დროშა, საყვირი და გამგებლობა მიუციათ მისივე ძმის ქურდისათვის.
   ქურდ არწრუნი - ვასაკ არწრუნის ძმა, თბილისის ა. XII ს-ის 70-80-იანი წწ-ში. იგი ძმასთან ერთად გაქცევია გიორგი III-ის რისხვას კარნუ ქალაქში. ქურდის და საგდუხტი ცოლად ჰყავდა სარგის მხარგრძელს, რომელიც ორბელებთან ძლიერ დაახლოებული პირი იყო. სწორედ ამ ნათესაობას უნდა ეთამაშა გადამწყვეტი როლი ქურდ არწრუნის ორბელებთან შერიგებისა და სამეფო კარზე მისი დაბრუნების საქმეში. გიორგი მეფეს იგი შეუწყალებია და, როგორც ირკვევა, მიუცია თბილისის ა-ობა. ამ თანამდებობაზეა იგი ორბელთა ამბოხის დროსაც. დავით ქობაირელის ცნობით, 1177 წ. ორბელთ ამბოხის დროს გიორგი მეფემ მანკაბერდის მხარეში გაქცეულ აჯანყებულებს ა. ქურდი დაადევნა. 1187-1188 წწ-ში ქურდ არწრუნი აღარ უნდა ყოფილიყო თბილისის ა., მაგრამ მას უნდა სჭეროდა მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვალის თანამდებობა. სწორედ მას მიიჩნევენ მკვლევარნი მეჭურჭლეთუხუცეს აბულასანის იმ „სჯულით ბარბაროზ“ ნაცვლად, რომელიც თამარმა აჯანყებული გიორგი რუსის შესაჩერებლად კარნუ ქალაქში გაგზავნა. შემდგომში მოვლენები ისე განვითარდა, რომ ქურდ არწრუნი აჯანყებულთა მხარეზე აღმოჩნდა. აჯანყების მარცხის შემდეგ ქურდ არწრუნი მანკაბერდში, საკუთარ მამულში დარჩა, საიდანაც იგი მხითარ გოშს დახმარებია ნორ-გეტიკის მონასტრის მშენებლობაში. ამის შემდეგ წყაროებში მისი კვალი იკარგება. აჯანყებაში მონაწილეობამ, როგორც ჩანს, ქურდის სახლის დამცრობა გამოიწვია. სამაგიეროდ, აღზევდა ქურდის დისწულთა შტო მხარგრძელთა სახით. საუკუნის შემდგომ კი, მისი შვილთაშვილი სადუნ მანკაბერდელი მონღოლთა თანადგომით საქართველოს მეფეთა კარზე უმაღლეს თანამდებობებს დაიკავებს.
   აბულასანი - ქართლის ერისთავი 1185-1188 წწ.; თბილისის ა. და მეჭურჭლეთუხუხცესი 1187-1188 წწ. თამარის პირველი ქორწინების დროს აღზევებული დიდებული, რამდენიმე მაღალი თანამდებობის მფლობელი. გიორგი რუსის დამარცხების შემდეგ წყაროებიდან მისი სახელი იშლება (სრულად იხ. მეჭურჭლეთუხუცესი აბულასანი).
   აბრაჰამ - ქალაქ კარის ა. (იხსენიება 1237 წ. კარის კარიბჭის წარწერაში).
   ლომი სუნღულისძე - თბილისის ა.1398 წ. (ქისკ 2013: 65, 67).
   გიორგი სააკაძე - თბილისის ა. იხ. მოურავი გიორგი სააკაძე.

ბაინდურაშვილი
   ამირახორი - ამილახორი/ამილახვარი (არაბ. amīr-axur - საჯინიბოს უფროსი). ცენტრალური სახელმწიფო აპარატის სამხედრო უწყების მაღალი მოხელე ერთიანი ფეოდალური მონარქიის პერიოდში. ა. ამირსპასალარის თანაშემწედ ითვლებოდა და განაგებდა მეფის ცხენოსან ჯართან დაკავშირებულ დაწესებულებებს: საჯინიბოს (სამეფო კარის ცხენების თავლა) და ზარადხანას (სამხედრო საჭურველის საცავი). მას ექვემდებარებოდნენ მეჯინიბეთუხუცესი (იხ.) და მეაბჯრეთუხუცესი (იხ), ამ უკანასკნელს - ზარადხანისუხუცესი (იხ.) თავ-თავიანთი საგამგეო დაწესებულებებითა და მოხელეებით. დიდი ალბათობით, ა-ის ხელისა უნდა ყოფილიყო გასახედნი ცხენებიც - სამეფო რემა (ცხენების ჯოგი), რომლის მოვლა-პატრონობა მერემაეთუხუცესს (იხ.) ებარა. წყაროებში ა-ისა და მეჯინიბეთუხუცესის ერთმანეთისაგან მკვეთრად გამიჯნვა ყოველთვის ადვილი არ არის, რის გამოც ი. ანთელავა მათ აიგივებს, თუმცა სხვა მკვლევრები (ივ. ჯავახიშვილი, პ. ინგოროყვა, მესხია, ნ. შოშიაშვილი) მეჯინიბეთუხუცესს ამირახორის თანაშემწე მოხელედ მიიჩნევენ. მიუხედავად ტერმინთა სემანტიკური სიახლოვისა, მათი ფუნქციური და იერარქიული საფეხურების იდენტურობა მაინც ეჭვს იწვევს. ა. გვიანდელ შუა საუკუნეებში თავადურ გვარად გარდაიქმნა ქართულ სამოხელეო სისტემაში ორივე სამოხელეო ტერმინი იყო შენარჩუნებული და იერარქიულ დონეზე ურთიერთისაგან განსხვავებდებოდნენ.
ერთიანი მონარქიის დროს ა., სავარაუდოდ, სასახლის ცხენოსან ჯარსაც ხელმძღვანელობდა და მასთან დაკავშირებულ საკითხებსაც განაგებდა. მგზავრობის დროს მეფეს თან უნდა ხლებოდა. ა-ის საპატიო მდგომარეობაზე ის გარემოებაც მიუთითებს, რომ მეფესთან საქმეზე მისული პირების მიღება, მეფის წინაშე მათი წარდგინება და ძღვენის ჩამორთმევა მის მოვალეობას შეადგენდა. წელიწადში ერთხელ ა. მეაბჯრეთუხუცესთან, ზარადხანისუხუცესთან და ზარადხანის მწიგნობართან ერთად სამეფო ზარადხანის აღწერას ატარებდა.
-ს უფლება ჰქონდა დარბაზობაზე ხმალშემორტყმული და მეაბჯრეთა თანხლებით გამოცხადებულიყო, სადაც მას „ორთა ვაზირთა“ - მეჭურჭლეთუხუცესისა და მსახურთუხუცესის - ტოლი პატივით იღებდნენ. როდესაც ა-ს სუფრასთან იწვევდნენ, იგი ხმალს მეაბჯრეს უტოვებდა, რომელიც ა-ს დარბაზობის დასასრულამდე ელოდებოდა. ა. სავაზიროს სხდომასაც ესწრებოდა, სადაც მას მეჭურჭლეთუხუცესისა და მსახურთუხუცესის უკან ჰქონდა ადგილი მიჩენილი და სიჩუმე მხოლოდ მაშინ უნდა დაერღვია, როდესაც შეკითხვით მიმართავდნენ: „იგი არას იტყვის, რასაც არა ჰკითხავენ; და რაჲ ჰკითხონ, მაშინღა პასუხს იტყვის“. ა. მონაწილეობას იღებდა მეფედ კურთხევის ცერემონიალშიც - ხმალშემორტყმული ა. მეაბჯრეთუხუცესისის თანხლებით ამირსპასალარის რიგში მიუყვებოდა საზეიმო პროცესიას.
პირველი ცნობები საქართველოს სამეფო კარის ა-თა შესახებ XII ს-ის 60-ანი წწ-დან შემოგვრჩა. ამ დროს ა-ობა ეკუთვნოდა ორბელთა სახლს, თამარის მეფობის დასაწყისში - გამრეკელ თორელს. საქართველოს სამეფოებად დაშლის შემდეგ XV-XVI სს-ში ა-ობას გორის მოურავობასთან ერთად ზევდგინისძეები ფლობდნენ და, ფაქტობრივად, ადგილობრივი მოხელის მოვალეობებს ასრულებდნენ. ამ დროს ა. უკვე საპატიო წოდებად ითვლებოდა, ვიდრე ფუნქციურ თანამდებობად. XVI ს-იდან სამოხელეო ტერმინი ა. საბოლოოდ გარდაიქმნა ქართლის ამ დიდებული თავადების (ზედგინისძე-ამილახვრების) გვარად.
ამირახორები. XII-XV სს.
   ლიპარიტ ორბელი - ა. 1160-იან წწ-ში; ქართლის ერისთავი 1170-იან - 1177/1178 წწ-ში. მანდატურთუხუცეს და ამირსპასალარ სუმბატ ორბელის ძე, ძმა მანდატურთუხუცეს და ამირსპასალარ ივანე (II) ორბელისა. გიორგი III-ის თანამებრძოლი. სამეფო კარზე მას ჯერ ამირახორის სახელო მიუღია, შემდგომ - ქართლის ერისთავის. სწორედ ამ თანამდებობით იხსენიება იგი ორბელთა აჯანყების დროს (1177/1178). აჯანყებულთათვის დამხმარე ძალის მოსაძიებლად ლიპარიტ ორბელი მეჯინიბეთუხუცეს ქავთარ ორბელთან ერთად „სპარსეთს“ გაქცეულა, მაგრამ ორბელთა ამბოხის სასტიკად ჩახშობის გამო უკან აღარ დაბრუნებულა. სტეფანოზ ორბელიანი მას სპარსეთში გადახვეწილთა შორის იხსენიებს (შდრ. ქართლის ერისთავი ლიპარიტ ორბელი).
   გამრეკელ თორელი - ა. 1185-1187 წწ-ში. თამარმა ეს თანამდებობა უბოძა ყუთლუ არსლანის ამბოხის შემდეგ. მალევე, 1187 წ. ამირსპასალარ სარგის მხარგძელის გარდაცვალების შემდეგ იგი გახდა საქართველოს ამირსპასალარი. გარდაიცვალა 1190/1191 წ. (სრულად იხ. ამირსპასალარი გამრეკელ თორელი).
   ჟან ჩიასძე - ამირსპასალარის ა. [1266-1280] წწ. (სილოგვა 1989: 31).
აბაზასძე ნავროზ - ამირეჯიბი და ა. 1297/1298 წ. (ქისკ 1984: 184).
აბაზასძე-აბულეთისძე ხიმშიამარილელი - ა. 1405 წ. (ქისკ 2013: 89).
ზევდგინისძე ავთანდილ - ა. 1450-ანი წწ. წწ. (ქისკ 2013: 121, 238).
ზევდგინისძე [თაყა] - ა. 1450-ანი წწ. წწ. (ქისკ 2013: 121, 238).
სანასარ - ა. (იმერეთის სამეფო), 1488 წ. (ქისკ 2014: 277).
ზევდგინიძე სულმამა - ა.1504 წ. (ქისკ 2014: 232, 233, 237).
ზევდგინისძე თაყა - ა. და მოლარეთუხუცესი XV ს-ის მიწურული (ქისკ 2013: 231).
კეკელია
ამირეჯიბი - (არაბ. amir al-hājib - მეკარეთა უფროსი). საქართველოს ერთიან მონარქიაში მმართველობის ცენტრალური აპარატის მაღალი რანგის მოხელე, მანდატურთუხუცესის თანაშემწე და ეჯიბთა უფროსი. „ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, ა-ს ჰქონდა გამორჩეული უფლება მეფისათვის მოეხსენებინა „სააჯო კარში“ შემოსულ უმნიშვნელოვანეს საჩივართა და სათხოვართა („საურავთა“) შესახებ. ამ მოვალეობის შესრულების დროს მისთვის ნებადართული იყო მეფესთან შესვლა ყველგან - სალაროში, საჭურჭლეში, საწოლში, მაშინაც კი, როცა მეფე „უკაზმავი იყო“, საიდანაც მსახურთუხუცესსაც კი არ შეეძლო მისი დათხოვნა. საკარო ეტიკეტის მიხედვით, მეფესთან პირადი აუდიენციების დროსაც კი, ა. იყო მეფის ძირითადი მომხსენებელი (ივ. ჯავახიშვილი, ა. კიკვიძე). ასეთივე ფუნქცია შეეძლო შეესრულებინა ეჯიბსაც. ა-ისათვის ასეთი დიდი უფლებების მინიჭება თავისთავად მოწმობს, რომ ა-ის ხელში იყრიდა თავს სახელმწიფო მმართველობისათვის დიდმნიშვნელოვანი ინფორმაცია (ივ. ჯავახიშვილი). ამასთანავე, „ხელმწიფის კარის გარიგებიდან“ ცნობილია, რომ ზედამდგომელი ეჯიბი ჰყავდა მწიგნობართუხუცესჭყონდიდელსაც, რომელიც ორშაბათობით სააჯო კარში სამართალს აღასრულებდა. ამრიგად, ადგილი, საიდანაც ა. მეფისათვის მოსახსენებელ ინფორმაციას კრებდა, „სააჯო კარი“ უნდა ყოფილიყო. როგორც ირკვევა, ა. და მისი ხელქვეითი ეჯიბები აქ ახდენდნენ შემოსული სათხოვარ-საჩივრებისა და სხვადასხვა ხასიათის მოხსენებების დახარისხებას იმის მიხედვით, თუ რომლის განხილვა მართებდა უშუალოდ მეფეს ან რომელიმე სხვა მოხელეს (ი. ანთელავა). ა. იყო ერთ-ერთი იმ სამ მოხელეთაგან (საწოლის მწიგნობარი, ამირახორი, ა.), რომელსაც შეეძლო სავაზირო სხდომაზე დასწრება (ცხადია, როგორც მომხსენებელს, სათათბირო ხმის უფლების გარეშე). ა., როგორც მანდატურთუხუცესის თანაშემწე და ცერემონმეისტერი, მონაწილეობას იღებდა სასახლეში დარბაზობისა და პურობისათვის დადგენილი განაწესის შესრულებაში, რასაც ზუსტად უნდა აესახა არსებული სამოხელეო იერარქია. ა-ს მუდამ თან ახლდა პირადი მხლებელი - „ზედამდგომელი მანდატური“, რომელიც პურობის დროსაც თავს ადგა. აღვსების (აღდგომის) დღეს ა-ს უნდა მოეკითხა (მიელოცა) თავისი უშუალო უფროსის, მანდატურთუხუცესისათვის, თავად ა-ს კი, მესტუმრე (იხ.) და მერიგე მოიკითხავდა.
დარბაზობისა და პურობის ცერემონიალის გამართვაში ა. დიდ დახმარებას უწევდა მანდატურთუხუცესს. მისი საპატიო მოვალეობა იყო „ოთხთა მონაზონთა“ და „სამთა ვაზირთა“ მოწვევა. მეფის წინაშე საპატიო სტუმართა წარდგომის დროს ა-ის ხელქვეითი ეჯიბი მეფის უკან დგებოდა. როდესაც მეფე მანდატურთუხუცესს მიიხმობდა პურობის დაწყების თაობაზე ბრძანების გასაცემად, ამ უკანასკნელს ა-ისათვის უნდა გადაეცა თავისი არგანი, რის შემდეგაც მანდატურთუხუცესი მას განმგეთუხუცესთან ერთად გააგზავნიდა სეფე (სამეფო) ტაბაკის შემოსატანად. ა. პირადად უდგამდა ტაბაკს უმაღლეს სამღვდელოებას.
ეჯიბები ჰყავდათ დედოფლებსა და დიდ ხელისუფლებსაც, მაგ., ამირსპასალარ და მანდატურთუხუცეს ივანე ორბელის თანამეცხედრის, პატრონ რუსუდანის „გაზრდილი“ ეჯიბი წურილაჲსძე (ბეთანიის ეკლესიის წარწერა); ათაბაგ-ამირსპასალარ ავაგის ეჯიბი დავითი, ძე ივანე ახალციხელისა; მონღოლთა დიდი საჰიბ-დივანის, ხოჯა შამშადინის თანამეცხედრის, ხუაშაქის ეჯიბი სადუნ მანკაბერდელი და სხვ.
XIII-XIV სს-ში შემორჩენილი მასალების მიხედვით, სამეფო ა-თა თანამდებობაზე რამდენიმე თავადური საგვარეულოს (აბაზასძე, ქაჯაფაჲსძე, ქვენიფნეველი, ჩიჟავასძე) წარმომადგენლები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. XV-XVI სს-ში ამ თანამდებობას ფლობდნენ გაბელისძეეები. ა-ის თანამდებობის მემკვიდრეობითმა გადაცემამ გაბელისძეთა საგვარეულოში საფუძველი დაუდო ამირეჯიბთა ახალი გვარის წარმოქმნას.
ამირეჯიბების ქრონოლოგიური რიგი. XIII-XV სს.
ბეშქენ გურკლელი მახუჯაგის ძე - ა. XIII ს-ის მეორე ნახევარში. იმყოფებოდა მონღოლთა კარზე (ყარაყორუმში) მეფობის დასამტკიცებლად გაგზავნილ დავით რუსუდანის ძის ამალაში. რუსუდანმა უფლისწულს თან გააყოლა „მცირედ თანაზრდილნი მისნი“ - ქართლის ერისთავ გრიგოლ სურამელის შვილი ბეგაი და ა. ბეშქენ გურკლელი მახუჯაგის ძე. ბეგა სურამელთან ერთად იგი თან ახლდა ჰულაგუ ყაენისაგან (1256-1265) „უპატიოდ ქმნილ“ და დასავლეთ საქართველოში გადასულ ნარინ დავითს. მის შთამომავალს, სულა გურკნელს ცოლად ჰყოლია შანშე (I)-ის შვილიშვილი, მანდატურთუხუცეს ივანე (II) მხარგძელის ასული თამარი.
ქობულისძე ბეღე - ა. XIII ს-ის 60-იანი წწ. (ქისკ 1984: 161-164).
აბაზასძე ნავროზ - ა. და ამირახორი XIII ს-ის დამლევს. სავარაუდოდ, ჭილა აბაზასძის შვილი ან ძმა. ამ თანამდებობით მოიხსენიება იგი 1297 წ. დავით VIII-ის მიერ ჭარმაულ გრიგოლ ჭაჭნიაშვილისათვის მიცემულ წყალობის დაწერილში. მონღოლების მხარდაჭერით გამეფებულმა ვახტანგ III-მ იგი დაამცრო და მისი მამული შალვა ქვენიფნეველს უბოძა, რის შემდეგაც ნავროზი სპარსეთში წასულა.
ქაჯაფაჲსძე ქავთარ - ა. XIV ს-ის პირველი ნახევარი. გიორგი ბრწყინვალის (1318-1346) მეფობაში მას საკუთარი „ჴრმლითა მოგებული“ თანხით აუგია ფიტარეთის ტაძარი.
ქვენიფნეველი იოანე - ა. და ცხრაზმის ერისთავი. XIV ს-ის 70-იანი წწ. ამ თანამდებობის მფლობელად იხსენიება იგი ნიკოლოზ კატარაწისძის მიერ გადაწერილი ლარგვისის სახარების მინაწერებში. ა. იოანე დაქორწინებული იყო დავით IX-ის ასულ გულშარზე.
ჩიჟავასძე კახაბერ - ა. XIV ს-ის 80-იანი წწ. ამ პერიოდში სამეფო კარზე დიდად დაწინაურებული ჩანს ჩიჟავაძეთა საგვარეულო. ნათესაური კავშირები ჰქონდათ მათ სამეფო ოჯახთანაც. დაახლ. XIV ს-ის ბოლო მეოთხედში ა. კახაბერ ჩიჟავასძეს ცოლად ჰყოლია ულუმპია, ბაგრატ V-ის (1360-1393) ასული, რაზედაც იუწყება ულუმპიას შეწირულების საბუთი სვეტიცხოველისადმი. იგივე ფაქტი დადასტურებულია სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის სულთა მატიანეში ულუმპიას სახელზე დაწესებულ მოსახსენებელში.
გაბელისძე ქუცნა (I) - ა. XIV-XV სს-ის მიჯნა. მეფე ალექსანდრე I-ის (1412-1442) პაპა, დედის, კონსტანტინე I-ის თანამეცხედრის, ნათია დედოფლის მხრიდან. ქუცნას მეუღლე რუსა იყო ალექსანდრე მეფის აღმზრდელი და თემურ ლენგის ერთ-ერთი შემოსევის შედეგად დანგრეულ სვეტიცხოვლის ტაძარში სააღმშენებლო სამუშაოების დამწყები. ამასთანავე, ა. ქუცნა გაბელისძე იყო ულუმბისა და ნაბახტევის ეკლესიათა აღმშენებელი. მისი საქტიტორო პორტრეტი ოჯახთან ერთად შემონახულია ნაბახტევის ფრესკის ფრაგმენტში.
გაბელისძე რამინ - ა. 1451 წ. (ქისკ 2016: 475).
გაბელისძე შანშე - ა. 1451 წ. (ქისკ 2016: 475).
ავჯაშერ - იმერეთის სამეფო კარის ა. [1484-1510] წწ. (ქისკ 2014: 263).
გაბელისძე რამინ - იმერეთის სამეფო კარის ა. და ხაზინადარი 1497-1503 წწ. (პალ 1991: 578; ქისკ 2014: 318).
გაბელისძე ქუცნა (II) - ა. 1537/1538 წ., ქუცნა (I)-ის [შვილიშვილის შვილი] (ქისკ 2016: 144).
კლდიაშვილი
ამირსპასალარი (შდრ. სპასპეტი, სპასალარი) - (არაბ.amīr, საშ. სპარს. Spāhsālār - სპასალართა ამირა, უფროსი, მთავარსარდალი სელჯუკთა სახელმწიფოში). ამ სახელწოდების თანამდებობა საქართველოში XII ს-დან ჩნდება. იგი დაკავშირებული ჩანს ცენტრალიზებული სამხედრო უწყების შექმნის აუცილებლობასთან. ივ. ჯავახიშვილი ტერმინს თამარის მეფობაში შემოღებულად თლიდა, შ. მესხიამ იგი სელჯუკთა სამოხელეო ტერმინოლოგიიდან შეთვისებულად მიიჩნია და დავით აღმაშენებლის ეპოქას დაუკავშირა. საქართველოში ა-ის სახელო გენეტიკურად უკავშირდებოდა მანამდე არსებულ უაღრესად ხანგძლივი ტრადიციის მქონე, «სპასპეტის“ ადგილობრივ ინსტიტუტს და, შესაბამისად, არსობრივად განსხვავდებოდა სელჯუკური ინსტიტუტისაგან (შ. მესხია). XI ს-ში, დავითის მეფობამდე, უმაღლესი სამხედრო ხელისუფალი იყო „სპასალარი“, რომელსაც, სპასპეტის მსგავსად, შენარჩუნებული ჰქონდა ერისთავთა „უხუცესობა“, „მთავრობა“. „სპასალარად“ იწოდებოდა ლიპარიტ (IV) ბაღვაში და მისი ძე ივანე ბაღვაში, რომლებიც თავიანთი სპასალარობით სამეფოს „თავადთა“ შორის პირველ მოხელეებს წარმოადგენდნენ (ი. ანთელავა).
ქვეყნის გაერთიანების კვალად, რამდენიმე სასპასალაროს თავმოყრამ ერთიან სამხედრო ორგანიზაციაში გამოიწვია სპასალართა „უხუცესის“ - ამირსპასალარის სახელოს შემოღების აუცილებლობა. დავით აღმაშენებელმა გაითვალისწინა რა უახლოესი წარსულის გამოცდილება სპასპეტ-სპასალართა მწვავე დაპირისპირებისა სამეფო ხელისუფლებასთან, ცენტრალური აპარატის ორგანიზაციაში პირველი ადგილი არა ა-ს., არამედ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს (იხ.) მიაკუთვნა; მასვე მიაკუთვნა სპასპეტ-სპასალარების ტრადიციული პრეროგატივა „მეფის მამობისა“. ამ გზით მან შეძლო სპასპეტ-მამამძუძის ინსტიტუტის ლიკვიდაცია და მის საპირისპიროდ მწიგნობართუხუცესის, „მეფის მამის“ სახელოს შექმნა (ნ. ბერძენიშვილი, ი. ანთელავა).
„ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, ა. იყო „თავადი ლაშქართა“, რომლის თანხმობის გარეშეც მიწის „გაცემა“ და „სამამულო“ შეწყალება არ ხდებოდა; ლაშქრობის „თათბირიც“ ა-ის პრეროგატივა იყო: „ლაშქრობაჲ და ლაშქრობის ვაზირობა ამირსპასლარის ჴელთ არს. მას წინათ არავინ იტყვის, რაჲ ვეზირობა იყოს“. ამგვარად, „ვეზირობაზე“, ანუ სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე მამულის გაცემასთან და ლაშქრობებთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას გადამწყვეტი სიტყვა ა-ს ეკუთვნოდა.
სასახლის უწყებრივ სტრუქტურაში ა-ს ექვემდებარებოდა „საჯინიბოს“ და „ზარადხანის“ შიდასაუწყებო დაწესებულებანი, რომლებსაც იგი ხელმძღვანელობდა ამილახორის (იხ.) მეშვეობით. ა-ს, როგორც უმაღლეს სამხედრო ხელისუფალს, ემორჩილებოდნენ ერისთავები და „საქვეყნოდ გამრიგე“ ის მოხელეები, რომლებიც საერისთავოებში სამხედრო საქმეს განაგებდნენ. სამხედრო ბირთვს, „სამეფოს სპას“ სწორედ საერისთავოებიდან გამოსული ლაშქარი შეადგენდა. მას ა. სარდლობდა, როგორც ერისთავთა „უხუცესი“ და მთავარი ერისთავი. ა-ის სახელოში შედიოდა აგრეთვე ფულად სარგოზე დამყარებული „როქის სპა“ და დავით ამაშენებლის დროს ჩამოყვანილი ყივჩაღთა ლაშქარი; რაც შეეხება „ტაძრეულ სპას“ (დომენის ლაშქარს) და ციხე-ქალაქთა გარნიზონებს, სავარაუდოდ, ისინი მსახურთუხუცესს ექვემდებარებოდნენ (ი. ანთელავა). ა. როგორც მთავარსარდალი, ემორჩილებოდა მხოლოდ მეფეს და (თამარის მეფობაში მეფე-ქმარსაც). მას დამოუკიდებლად უფლება არ ჰქონდა შეეყარა ლაშქარი, ან გაეტარებინა რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება (შ. მესხია).
დავით აღმაშენებლის დროიდანვე ა-ს, სავარაუდოდ, ეპყრა მეორე ძალოვანი უწყების, მანდატურთუხუცესის თანამდებობაც. ორივე ხელი XII ს-ის დასაწყისიდან ვიდრე 1177 წ-მდე ორბელთა საგვარეულოს ხელში იყო. „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, „პატივი მისი (ა-ის) და მანდატურთუხუცესისა სწორი“ იყო. XIII ს-ის დამდეგს, როდესაც თამარმა შემოიღო ათაბაგის სახელო და ივანე ათაბაგის ხელში ფაქტობრივად შეაერთა ა-ობასთან, თავიდან „აღდგა უძველესი ტრადიცია „სპასპეტმამამძუძისა“. საქართველოს მეფეს ერთდროულად „ორი მამა“ გაუჩნდა მწიგნობართუხუცესისა და ათაბაგ-ამირსპასალარის სახით“ (შ. მესხია). მონღოლთა ბატონობის ხანაში ათაბაგ-ა-ის ინსტიტუტმა უკიდურესად შეავიწროვა და საბოლოოდ გაუქმებამდე მიიყვანა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის ინსტიტუტი.
სამეფო კარის სამოხელეო ეტიკეტი საუკეთესოდ გამოხატავს ა-ის მაღალ მდგომარეობას სახელმწიფოში. „ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, ა. ათაბაგთან და მანდატურთუხუცესთან ერთად შედიოდა სამთა ვაზირთა - „საბატიო დარბაისელთა“ შემადგენლობაში. მისი სასახლეში მიწვევა ვაზირთა სათათბირო სხდომებსა თუ საზეიმო დარბაზობებზე, მომსახურება და გაცილება სასახლის საპატიო მოხელეების მოვალეობას შეადგენდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ა-ის სახელოსთან ხშირად შეერთებული იყო მანდატურთუხუცესის (XII ს.) ან ათაბაგის (XIII ს.) სახელოები, გამოდის, რომ ა. უაღრესად ფართო უფლებამოსილებებით იყო აღჭურვილი სახელმწიფო მოხელე იყო. ა-ის ინსტიტუტმა არსებობა შეწყვიტა საქართველოს სამეფოს პოლიტიკური დაშლის შედეგად.
საქართველოს ამირსპასალარები. XII-XIV სს.
ივანე (I) ორბელი - ა. და მანდატურთუხუცესი XII ს-ის პირველ მეოთხედში; დავით აღმაშენებლის თანამებრძოლი. ისტორიკოსი სტეფანოს ორბელიანი მას „დიდ სპასალარს“ უწოდებს: „დიდმან სპასალარმან იოანე ორბელიანმან ფრიად განავრცელა საზღვარი ქართლისა. ებრძოდა თურქთა და წაართვა ტფილისი, ლორე და ანი რიცხუსა ფო~ბ“ (1123 წ.). დავითის ისტორიკოსი იუწყება, რომ გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესმა ივანე ორბელის თანდგომით „მოიპარა“ თურქთაგან სამშვილდე და საქართველოს საზღვრებში დააბრუნა. ამ ცნობაში ისტორიკოსი ივანეს მხოლოდ სახელით მოიხსენიებს, მაგრამ მკვლევართა დასაბუთებული ვარაუდით, შეუძლებელია იგი ამ დროს ა. არ ყოფილიყო. ჰნევანქის სომხური მონასტრის მთავარი ტაძრის 1154/6 წ-ის დაზიანებულ სააღმშენებლო წარწერაში ივანე ერთდროულად [მანდატურთუხუცესად] და ა-ად იხსენიება. იგი ამ თანამდებობებს ფლობს გარდაცვალებამდე (1128). წყაროთა ჩვენებით, ივანე ორბელმა, როგორც მთავარსარდალმა, გაწეული სამსახურისათვის მეფისაგან მიიღო ლორე (სადაც მას შემდგომში რეზიდენცია ჰქონდა) და სამშვილდე გარეშემო მდებარე დაბებით.
სუმბატ (სვიმონ-ქმნილი) ორბელი - ივანე ორბელის ძე, ა. და მანდატურთუხუცესი, ამ თანამდებობებით იხსენიება იგი სანაინის სომხურ, ჰნევაქისა და ბეთანიის ქართულ წარწერებში. 1155 წ-ის სამეფო გადატრიალების შედეგად, დავით დემეტრეს ძის ექვსთვიანი მეფობისას მას ჩამოერთვა ეს თანამდებობები და დემეტრე I-ის მსგავსად, სვიმონის სახელით, ბერად იქნა აღკვეცილი. მანდატურთუხუცესი და ა. დიდი სუმბატი გამოსახულია ბეთანიის საგვარეულო მონასტერში ბერმონაზვნის ჩოხით, თავის შვილ ივანე ორბელთან ერთად.
ქირქაშ აბულეთის ძე - ა. 1155 წ. 1155 წ-ის გადატრიალების შემდეგ, დავით V დემეტრეს ძის ხანმოკლე მეფობაში ა-ობა ქირქაშ აბულეთისძეს მიუღია. ამ პირის შესახებ მცირეოდენი ცნობები შემონახულია სომეხ ისტორიკოს ვარდანთან. ქირქაშის მამა ივანე აბულეთისძე მამისაგან (აქ: დემეტრე I) განდგომილი დავით უფლისწულის თანამზრახველი ყოფილა, რის გამოც იგი დემეტრეს ბრძანებით მოუკლავთ. ივანეს შვილი ქირქაში გაქცეულა, მაგრამ შეუპყრიათ და საპატიმროში დაუმწყვდევიათ. დავითმა ტახტზე ასვლისას გაათავისუფლა ქირქაში და ა-ობა უბოძა. 1156 წ., დავითის გარდაცვალების შემდეგ, ქირქაში სუმბატ და ივანე (II) ორბელებს მოუკლავთ.
ივანე (II) ორბელი - ა. და მანდატურთუხუცესი; გიორგი III-ის კარის წარჩინებული, სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე 1160-იანი წ-იდან 1177/1778 წ-მდე. ამ სამოხელეო თანამდებობებით მოიხსენიება იგი ქართულ და სომხურ ეპიგრაფიკულ ძეგლებში და ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერებში. ივანე ორბელმა, როგორც მხედართმთავარმა, დიდი როლი შეასრულა მაჰმადიანთა შემოტევების მოგერიებისა და საქართველოს სამხრეთი საზღვრების შემომტკიცების საქმეში; იგი მონაწილეობდა ანისისათვის გადახდილ არა ერთ ბრძოლაში. 1174 წ., როცა გიორგი III-მ შადადიანებს წაართვა ანისი, იგი სამართავად ივანე ორბელს გადასცა. გარდა ანისისა, ივანეს დიდი წვლილი შეჰქონდა საქართველოს შემადგენლობაში შემოსული სხვა სომხური სამფლობელოების (დვინის ოლქი) დაცვის საქმეში.
ივანე (II) დანათესავებული იყო ორ სამეფო ოჯახთან: ერთი მხრივ, ლორე-ტაშირის კვირიკიან მეფეთა სახლთან - მისი მეუღლე რუსუდანი იყო კვირიკე III-ის ასული; მეორე მხრივ, საქართველოს სამეფო სახლთან - ივანეს ასული იყო დავით V-ის ძის, უფლისწულ დემნას მეუღლე (სტეფანოს ორბელიანი). ამ ნათესაურმა კავშირებმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მის მიერ 1177/1178 წ-ის დემნა უფლისწულის ამბოხად ცნობილი დიდი აჯანყების მოთავეობა, რომელიც მიზნად დემნა უფლისწულის გამეფებას ისახავდა. აჯანყებულები დამარცხდნენ, გიორგი III-მ ივანე ორბელი სასტიკად დასაჯა (დააბრმავა) და ჩამოართვა მის ხელთ არსებული თანამდებობები.
ყუბასარი - ა. 1177/78 - 1185 წწ-ში. ორბელთა აჯანყების დამარცხების შემდგომ გიორგი III-მ ა-ის და მანდატურთუხუცესის სახელოები გადასცა ნაყივჩაღარ ყუბასარს, რომელმაც დიდად უერთგულა მეფეს აჯანყების მიმდინარეობისას. სავარაუდოდ, მანამდე იგი საქართველოში ჩამოსახლებულ ყივჩაღთა ჯარის უფროსი იყო. სტეფანოს ორბელანის ცნობით, გიორგი III-მ „მისცა ყივჩაღსა მას ყუბასარს ... ალაგი მთავრობისა მათისა (ორბელთა) და ამყოფა სპასალარად, გინა სპასპეტად ყოვლისა საქართველოისა“. თამარის პირველი ისტორიკოსი ა-ად მოიხსენიებს მას თამარ მეფის დედის, ბურდუხან დედოფლის გარდაცვალების ეპიზოდში. ისტორიკოსი მას ახასიათებს „კარგ მოყმედ და ჭაბუკად“, „პატრონთაგან გაზრდილად“. თამარის გამეფების დროს იგი უკვე დასნეულებული ყოფილა „ფილენჯად წოდებული“ სენით და წართმეული ჰქონია მეტყველბა და ხელ-ფეხი. დიდგვაროვანმა აზნაურებმა თამარისაგან „განიდებულ უგვაროთა“ (ყუბასარი, აფრიდონი) გადაყენება მოითხოვეს. თამარმა ყუბასარს მხოლოდ სამოხელეო თანამდებობები და მასთან დაკავშირებული ლორე ჩამოართვა, დანარჩენი ქონება კი გარდაცვალებამდე ხელუხლებლად დაუტოვა.
სარგის (I) მხარგძელი - ზაქარია (I) მხარგრძელის ძე, ა. 1185-1187 წწ. მხარგრძელთა საგვარეულომ რამდენიმე ნიჭიერი სახელმწიფო მოღვაწე მისცა საქართველოს სამეფოს, რომელთა შორის გამოირჩეოდნენ სარგის (I) მხარგრძელი, მისი ძეები - ზაქარია და ივანე მხარგძელები. მხარგრძელთა წინაპრები ყოფილან ქურთები, რომლებსაც დაახლოებით, XI ს-ის შუა ხანებში დაუტოვებიათ თავიანთი პირველსაცხოვრისი - „ბაბილონის ქვეყანა“ და დასახლებულან ქვემო ქართლში, იმჟამად ტაშირ-ძორაგეტის სომხურ სამეფოში. მალე ამ სამეფოს მიწა-წყალი (XI ს-ის 60-იანი წწ.) ქართულმა სახელმწიფომ დაიბრუნა. მხარგძელთა რეზიდენცია ხოჟორნი (ჩრდილოეთ სომხეთი) XII ს-ში ორბელთა საგანმგებლოში შედიოდა, რის გამოც მხარგრძელები ორბელთა ვასალები გამხდარან. პირველი ცნობები სარგის (I)-ის შესახებ ქართულ წყაროებში გიორგი III-ის დროიდან ჩნდება. 1161 წ. შადადიანებისათვის ანისის წართმევის შემდეგ, ა-მა ივანე ორბელმა, სავარაუდოდ, სარგისი დანიშნა ანისში თავის „თანაშემწედ“. 1174-1178 წწ-ში ანისის ხელმეორედ შემოერთებისას ივანე ორბელს ქალაქის მმართველობაში სარგისისათვის კვლავ უნდა გადაებარებინა მაღალი თანამდებობა. აღარწინის წარწერაში სარგისი ანტონ ჭყონდიდელთან ერთად „დიდ იშხანთა“ შორისაა მოხსენიებული და „ამირად“ იწოდება. გამოთქმულია მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში „მისი ამირობა“ ძორაგეტის მთავრობას გულისხმობდა. ანისის ფლობა-გამგებლობასთან ჩანს დაკავშირებული სარგისის მიერ „შაჰანშაჰის“ (სპარს. შაჰან-შაჰან, მეფეთ-მეფე) ტიტულის ფლობა, რითაც იგი მოხსენიება თანადროულ წყაროებში (შ. მესხია).
1177/1178 წ. ორბელთა ამბოხების დროს სარგის მხარგძელი ორბელთა ვასალობიდან გამოდის და უშუალოდ მეფის მფარველობაში შედის. არ არის გამორიცხული, რომ ამ ნაბიჯს და მხარგძელთა შემდგომ აღზევებას გარკვეულწილად ხელი შეუწყო მისმა ნათესაურმა კავშირებმა და თბილისის მმართველ ოჯახთან მოყვრობამ (მას ცოლად ჰყავდა არწრუნთა შთამომავალი, ვაჰრამის ქალიშვილი საგდუხტი, თბილისის ამირა ვასაკის და ქურდის და; მისი ასული ვანენი კი დაქორწინებული იყო აბასზე, სომეხ კვირიკიანთა შთამომავალზე. სარგის მხარგძელი ა-ად დაინიშნა 1185 ყუთლუ არსლანის ამბოხის შემდეგ. თამარის პირველი ისტორიკოსის დახასიათებით, იგი იყო „კაცი გუარიანი და აღზრდილი ლაშქრობათა შინა და ჭაბუკობათა“, მას თამარმა „უბოძა ლორე სათავადო და სამთავრო სომხითსა შინა, და წყალობა ყო ძისაცა მისისა ზაქარიას დალოცვითა, და ითაყუანა დარბაზის ყმად უმცროსი შვილი მისი ივანე“. დვინის ლაშქრობის შემდგომ ახლო ხანებში, 1187 წ. სარგისი გარდაიცვალა.
გამრეკელ თორელი - ამირახორი 1185-1187 წწ-ში; ა. 1187-1191 წწ-ში. ამირახორობა თამარმა გამრეკელ თორელს უბოძა ყუთლუ არსლანის დასის გამოსვლის შემდეგ, ხოლო 1187 წ., ხოლო ა. სარგის მხარგრძელის გარდაცვალების შემდეგ გამრეკელ თორელი „ამირსპასალარიცა იქმნა“ (ისტორიანი და აზმანი). გამრეკელის სარდლობით განდევნა ქართველთა ჯარმა გელაქუნის თურქები, მისი წინამძღოლობით თამარმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა ჯავახეთში თავმოყრილ აჯანყებული გიორგი რუსის მომხრეებზე. იგი გარდაიცვალა 1190/1191 წ. თამარ მეფისა და დავით სოსლანის ქორწინების ახლო ხანებში (ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი). თამარის პირველი ისტორიკოსის დახასიათებით, მის შვილებს თამარმა ყველა წყალობა შეუნაჩუნა გარდა თმოგვისა, რომელსაც იგი, სავარაუდოდ, ა-ობით ფლობდა.
ჭიაბერი - მანდატურთუხუცესი და ა. 1190-1191 წწ-ში გამრეკელ თორელის გარდაცვალების შემდეგ მცირე ხნით (1190-1191) ჭიაბერი მანდატურუხუცესის სახელოსთან ერთად ა-ის ხელის მფლობელიც უნდა ყოფილიყო (შ. მესხია). ამ თანამდებობებით იხსენიება იგი მის მიერ მღვიმისადმი მიცემული „დაწერილის“ თავში, ხოლო დამტკიცებებში - მხოლოდ მანდატურთუხუცესად (სრულად იხ. მანდატურთუხუცესი ჭიაბერი).
ზაქარია (II) მხარგძელი - ა. სარგის მხარგძელის ძე, „დიდი იშხანი“, ა. 1190/1191-1207/1210/1212 წწ.; მანდატურთუხუცესი 1206 წ-დან გარდაცვალებამდე. გამრეკელ თორელის გარდაცვალების შემდეგ, თამარის ისტორიკოსების ცნობით, თამარ მეფემ ა-ობა უბოძა ზაქარიას, „მჯდომსა სომეხთა მეფის ადგილსა, პატრონსა ლორისასა“. მასვე, „მოყმესა ღირსსა სპასპეტობისასა“, დამატებით მისცეს ქალაქი რუსთავიც, ხოლო ა. გამრეკელ თორელის საგანმგეო თმოგვი სარგის ვარამის ძეს უბოძეს. 1199 წ. ანისის ხელახალი შემომტკიცების შემდგომ თამარმა იგიც ზაქარიას გადასცა. ანისის ფლობამ ზაქარიას შემატა „შაჰინშაჰის“ ტიტულიც (შ. მესხია). სომხურ ისტორიოგარაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ანი-შირაკის მფლობელ მხარგძელთა ეს ტიტული იმის მიმანიშნებელია, რომ „ზაქარიანებმა“, როგორც სომეხი ბაგრატუნების მემკვიდრეებმა, ფაქტობრივად აღადგინეს სომხური სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ ფორმალურად ცნობდა საქართველოს სამეფოს უზენაესობას. ამ მოსაზრების საპირისპიროდ ქართულ ისტორიოგრაფიაში მიჩნეულია, რომ ამგვარი დასკვნების საფუძველს ზაქარია მხარგძელისა და მისი ვაჟის ტიტული „შაჰინშაჰი“ არ იძლევა, რამდენადაც ის ჯერ კიდევ XII ს-ის შუა ხანებში საკუთარ სახელადაა დადასტურებული, ასევე საკუთარი სახელია იგი ზაქარიას შთამომავლებში (ა. აბდალაძე).
1206 წ. ჭიაბერის გარდაცვალების შემდეგ, ზაქარია ა-მა მანდატურთუხუცესის სახელოც მიიღო. ამის შემდეგ ეს თანამდებობაც გარკვეული ხნის განმავლობაში მხარგძელთა სახლის სამემკვიდრეო თანამდებობად იქცა (შ. მესხია).
ზაქარია, მიუხედავად იმისა, რომ „გარნა ყოვლითურთ მართლმადიდებლობისა მოსავი“ იყო, მისი ძმის, მსახურთუხუცეს ივანესაგან განსხვავებით, ბოლომდე სომხური (ანტიქლკედონური) სარწმუნოების ერთგული დარჩა. თამარის ისტორიკოსთა თანახმად, მისი წინადადებით მოეწყო ქართველ-სომეხი სამღვდელოების პაექრობა სარწმუნოების შესახებ, რომელიც სომეხთა დამარცხებით დამთავრდა. მიუხედავად ანტიქალკედონური რწმენისა, ზაქარია, როგორც მთავარსარდალი, რათა ჯარში შესაძლო დაპირისპირებები თავიდან აეცდინა, რწმენის საკითხებში კომპრომისული გადაწყვეტილებების მოძებნას ცდილობდა. მაგ., მოლაშქრეთათვის მოწყობილ საველე ეკლესიებში მას უცდია სომხური და ქართული საეკლესიო კალენდრების დაახლოება (შ. მესხია). სპარსეთის ლაშქრობიდან გამარჯვებული და დიდი ალაფით დაბრუნებული ა. და მანდატურთუხუცესი ზაქარია მალევე გარდაიცვალა, ცოტა ხნით ადრე თამარის გარდაცვალებამდე. ამიტომ მისი გარდაცვალების თარიღი სამეცნიერო ლიტერატურაში ისევე საკამათოა, როგორც თავად თამარის გარდაცვალების თარიღი - 1207, 1210 ან 1212 წწ.
ივანე (I) მხარგძელი - სარგის მხარგძელის ძე, ზაქარია ამირსპასალარის ძმა. თამარის კარის გამოჩენილი სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე. მსახურთუხუცესი და ათაბაგ-ამირსპასალარი 1205 წ-დან. (სრულად იხ. ათაბაგი ივანე ივანე (I) მხარგძელი).
შანშე/შაჰანშა (I) მხარგძელი - ზაქარია მხარგძელის ძე, მანდატურთუხუცესი 1123-1262 წწ-ში; ა. 1240-იან-1262 წწ-ში. ისტორიკოს ვარდანის ცნობით, ზაქარიას მისთვის საგანგებოდ დაურქმევია შაჰანშაჰი (შანშე), რითაც სურდა ხაზი გაესვა ანისის მიმართ მის მემკვიდრეობით უფლებებზე. მამის გარდაცვალების შემდეგ შანშე ივანე ათაბაგის მეურვეობით აღიზარდა. ა-ად იწოდება მცირეწლოვანი შანშე ანისის 1215 წ-ის წარწერაში, მაგრამ ფაქტობრივ ამ სახელოს ფლობდა მისი ბიძა და მეურვე ათაბაგი ივანე მხარგრძელი. შანშე ა-ის მოვალეობას ასრულებდა დროებით, 1240-იანი წწ-ში ავაგ ათაბაგის ურდოში ყოფნის დროსაც (სრულად იხ. მანდატურთუხუცესი შანშე (I) მხარგძელი).
ავაგ მხარგძელი - ივანეს ათაბაგის ძე, ა. და ათაბაგი 1227-1250 წწ-ში; „ვაზირთუხუცესი“, საქართველოს უპირველესი მოხელე. ხანგრძლივად (ხუთი წელი) იმყოფებოდა ურდოში რუსუდან მეფის დავალებით. ამ დროის განმავლობაში ა-ის მოვალეობას ასრულებდა ავაგის ბიძაშვილი, ზაქარია ამირსპასალარის ძე და ამ სახელოს მემკვიდრე შანშე (I), რასაც ადასტურებს 1246 წ-ის ორომოსის და ანისის სომხურ წარწერებში მისი მოხსენიება „სპასალარად“ და „სპარაპეტად“. ავაგის უმემკვიდრეოდ გარდაცვალების შემდგომ ა-ის სახელო შანშე (I)-ის სახლში გადავიდა და იგი შანშეს ძემ ზაქარიამ დაიკავა (სრულად იხ. ათაბაგი ავაგ მხარგრძელი).
ზაქარია (III) შანშე (I)-ის ძე - ა. 1250-1262 წწ-ში. ავაგის გარდაცვალების შემდეგ 1250 წ. ა-ის სახელო შანშეს სახლში დაბრუნდა და იგი ულუ დავითის დროს შანშე (I)-ის უფროსმა ძემ, ზაქარია (III)-მ დაიკავა (ჟამთააღმწერელი). ზაქარია ა-ად მოიხსენიება ჯერ კიდევ ავაგ ათაბაგისა და მანდატურთუხუცეს შანშე (I)-ის სიცოცხლეში. როგორც ა., ჟამთააღმწერელთან იგი დასახელებულია იმ ქართველ დიდებულთა შორის, რომლებმაც ლაშა გიორგის ძეს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. შანშეს და ავაგის სახლებს შორის ა-ის სახელოს დასასაკუთრებლად ფარული ურთიერთქიშპი და დაპირისპირება განსაკუთრებით აშკარა გახდა, როცა შანშე მხარგძელმა ლაშას ძე დავითს დაუჭირა მხარი, ხოლო ავაგ ათაბაგი დავით რუსუდანის ძის ბანაკში აღმოჩნდა (ჟამთააღმწერელი), თუმცა ორივე დავითის გამეფებამ ამ ურთიერთდაპირისპირებას საფუძველი გამოაცალა. დავით ულუსადმი ა. ზაქარიას ერთგულება განპირობებული იყო მისი ქორწინებითაც „უხტიაცის“ (ოლთისის) მფლობელ მეჭურჭლეთუხუცეს და სამცხის სპასალარ სარგის (I) ჯაყელის ასულზე (კირაკოს განძაკეცი). რამდენადაც სარგისი მონღოლების წინააღმდეგ ამბოხებულ დავით ულუს ედგა მხარში, ზაქარიაც მონღოლებს განუდგა და დავით ულუსთან ერთად დავით ნარინთან გადავიდა ქუთაისში. მცირე ხნის შემდეგ, 1261/1262 წ. იგი ულო ყაენის კარზე ფიცით მიიტყუეს და მოკლეს. მალევე მწუხარებით აღესრულა ზაქარიას მამა, მანდატურთუხუცესი შანშეც (ჟამთააღმწერელი).
ივანე აბულეთის ძე - ათაბაგ-ა. 1262-1272 წწ-ში. 1260-იან წლებში დემეტრე II-ის მეფობის პირველ წლებში ათაბაგისა და ა-ობის სახელოები მცირე ხნით კვლავ ერთი პირის ხელში გაერთიანებულა. ეს პირი იყო დემეტრე II-ის თანამებრძოლი ივანე აბულეთისძე (სრულად იხ. ათაბაგი ივანე აბულეთისძე).
სადუნ მანკაბერდელი - ათაბაგი და ა. 1272-1281/1282 წწ., გასომხებული ქურთი, მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო ავაგ მხარგრძელის ასულის ეჯიბობით (1272 წ-დე). მონღოლთა სამსახურში დაწინაურებული და საქართველოს ათაბაგის თანამდებობამდე აღზევებული, ჭკვიანი მედროვე, დიდი სიმდიდრისა და გავლენის პატრონი. გარდაიცვალა 1782 წ. (სრულად იხ. ათაბაგი სადუნ მანკაბერდელი).
ხუტლუბუღა - სადუნ მანკაბერდელის ძე, ა. 1282-1289 წწ-ში; ათაბაგი და ა. 1289/1290-1293 წწ-ში. სადუნის გარდაცვალების (1282) შემდეგ, დემეტრე II-მ მის ძეს, ხუტლუბუღას მხოლოდ ა-ობა უბოძა - „სპასპეტობისა პატივსა აღიყვანა“, რითაც ცდილა ა-ის და ათაბაგის სახელოების კვლავ გათიშვას. ამით მეფეს ხუტლუბუღას დიდი უკმაყოფილება გამოუწვევია. ხუტლუბუღამ, როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, უაღრესად დაამძიმა დემეტრე მეფის მდგომარეობა მისი საქმის განხილვის დროს მონღოლთა წინაშე. დემეტრეს სიკვდილით დასჯის (1289) შემდეგ ხუტლუბუღას რეკომენდაციით გაამეფეს მონღოლებმა აღმოსავლეთ საქართველოში დავით ნარინის ძე ვახტანგ II (1289-1293). ვახტანგ II-ისაგან ხუტლუბუღამ ათაბაგისა და ა-ის სახელოები კვლავ ერთად მიიღო და რამდენიმე წლით მოახერხა დიდი ძალაუფლების ხელში ჩაგდება. 1293 წ-ის შემდეგ მისი სახელი წყაროებიდან ქრება.
მხარგძელი - შანშე (I)-ის ძე, ა. 1285 წ., ათაბაგი და ა. დემეტრე II-ის მეფობის მიწურულს. ამ თანამდებობებით იხსენიება იგი 1285 წ-ის არუჭის, აგრეთვე სანაინისა და უთრილის სომხურ წარწერებში.
შანშე (II) მხარგძელი - დიდი შანშეს (I) შვილიშვილი, მანდატურთუხუცეს ივანე (II) მხარგრძელის ძე, ათაბაგ-ა. XIII ს-ის 90-იანი წწ-ის მეორე ნახევარში 1310 წ-მდე; მონღოლთა სამსახურში ჩამდგარი მოხელე; იმდროინდელი პოლიტიკური მოვლენების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. იგი მოციქულობდა ყაზან ყაენს ბექა ჯაყელთან, რათა მასთან აღსაზრდელად გამოეგზავნა ყრმა გიორგი (მომავალი გიორგი V). ჟამთააღმწერელი შანშეს დავით VIII-ის წინააღმდეგ მონღოლთა სადამსჯელო ექსპედიციის წევრად მოიხსენიებს. „ათაბაგ-ამირსპასალარი შაჰანშა“ იხსენიება 1310 წ-ის ერთ-ერთ სომხურ წარწერაში, ხოლო მხოლოდ ათაბაგად მისი ძმის, ათაბაგ ვაჰრამის, საფლავის ქვის ქართულენოვან ეპიტაფიაში.
ყვარყვარე (I) ჯაყელი - მანდატურთუხუცეს ბექა (I)-ის ძე, ა. და სამცხის სპასალარი 1334-1361 წწ-ში. XIV ს-ის შუახანებიდან ა-ის სახელო სამცხის მმართველ ჯაყელთა ხელში გადავიდა. ამ პერიოდში ა-ობის მფლობელია მანდატურთუხუცეს ბექა (I)-ის (1285-1308) მეორე ვაჟი ყვარყვარე (I). იგი ა-ად იწოდება ზარზმის ფრესკულ წარწერაში, ხოლო ანჩის ომფორზე მოთავსებულ წარწერაში იგი გარდაცვლილად („სულკურთხეული“) და „ამირსპასალარად და სამცხის სპასალარად“ იწოდება.
აღბუღა (I) ჯაყელი - ძე სამცხის სპასალარ ყვარყვარე I-ისა, ა. და სამცხის სპასალარი 1361-1391 წწ-ში., სჯულმდებელი. აღბუღა ა-ად იხსენიება ბექა-აღბუღას სამართლის შესავალში, ზესხევის (ხოვლეს) ეკლესიის წარწერებსა და ხელნაწერთა მინაწერებში (სრულად იხ. ათაბაგი აღბუღა ჯაყელი).
ასასი - (არაბ.`sas - დარაჯი, მოთვალთვალე). ქალაქის საპოლიციო აპარატის დაბალი რანგის მოხელე, მოურავის იასაული. აღმოსავლეთის დიდი ქალაქების ხელისუფლები (ამირები, ტარუღები) ა-ებისა და მათი მეთაურის - ასასბაშის - საშუალებით ახერხებდნენ წესრიგის დაცვას. საქართველოს ქალაქებშიც ა-ები, ე.წ. „მოურავის ხალხი“, ორი-სამი კაცის შემადგენლობით, მუდმივად თან ახლდნენ მოურავს (იხ.). ისინი უშუალოდ მოურავს მოახსენებდნენ მოსალოდნელ ან ჩადენილ დანაშაულებათა შესახებ და აღასრულებდნენ მის განკარგულებებს. ა-ის მოვალეობათა შესახებ დეტალურადაა საუბარი იოანე ბატონიშვილის პროექტში სახელმწიფო წყობილების რეფორმის შესახებ (1799). ა-ებს ღამით ქურდებისაგან უნდა დაეცვათ სავაჭრო ადგილები, სახლები და სხვ.; უნდა შეეპყროთ სამართალდამრღვევები და წარედგინათ მოურავისთვის; დახმარება უნდა გაეწიათ მოსახლეობისათვის ხანძრის დროს. ა-ების შენახვა ქალაქის მოსახლეობას ევალებოდა, ისევე, როგორც სხვა მოხელეებისა. არსებობდა სპეციალური გადასახადი - „ა-ების ფული“, რომელსაც იხდიდნენ ვაჭრები და ქალაქის ხელოსნები.
ბაზიერთუხუცესი - მმართველობის ცენტრალური აპარატის მოხელე XVII-XVIII სს-ის საქართველოში. მას ებარა ნადირობასთან დაკავშირებული ყოველგვარი საორგანიზაციო და სამეურნეო საქმიანობა. ერთიანი ფეოდალური მონარქიის პერიოდში ამ საქმეებს მონადირეთუხუცესი (იხ.) განაგებდა, ხოლო საქართველოს დაშლის შემდეგ - ბ. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „ბაზი“ შევარდენია, ხოლო „ბაზიერი“ - მეშევარდნე, შევარდენთა მწვრთნელი. ბ. თავის საქმიანობას უძღვებოდა ბაზიერებისა და მეძაღლეთუხუცესის დახმარებით, რომლებიც იყოფოდნენ სხვადასხვა სახეობის მონადირე ფრინველთა და ძაღლთა მწვრთნელებად. ბაზიერები სანადირო ფრინველთა გამოზრდა-გაწვრთნასთან ერთად პასუხისმგებელნი იყვნენ „საშევარდნო გადასახადის“ აკრეფაზეც. ბ-ის უფლება-მოვალეობებს ეხება იოანე ბატონიშვილი თავის „კალმასობაში“: „ბაზიერთუხუცესი ყოველთა მონადირეთა უფროსია და ყოველი სანადირო ადგილნი, მინდვრისა თუ ტყისა, თუ ჭალისა, და ფრინველი მის ხელქვეშ უნდა იყოს, რომ უიმისოდ ვერავინ ინადირებდეს, მეტადრე ყარაიაზედ და იორშია“. ბ-ს ჰქონდა ჩაბარებული „სანადირო ფრინველნი, სანადირო ძაღლნი ... მეძაღლეები და ბაზიერები“. ამრიგად, გარდა მონადირე ფრინველთა და ძაღლთა მოშენება-მოვლისა, ბ-ის მოვალეობა ყოფილა მეფის სანადირო ადგილ-ნაკრძალების დაცვა, რასაც მის უწყებაში შემავალი ტყისმცველები და „ჯელგის კაცნი“ ემსახურებოდნენ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოეჩინა ბ-ს სამეფო სანადირო ზონების - ივრის ხეობისა და ყარაიის - დაცვის საქმეში. აქ მას მუდამ მზად უნდა ჰქონოდა სამეფოდ „შემოღობილნი ადგილნი და ნადირნი დამწყვდეულნი...“ (ოანე ბატონიშვილი). გარეშე პირებს, ბ-ისაგან ნებართვის მიღების შემთხვევაში, მხოლოდ მთიან ზოლში შეეძლოთ ნადირობა. ბ-ს წილი ჰქონდა მეფის სანადირო და სათევზაო ადგილებიდან მიღებულ შემოსავლებში, სანადირო წესების დამრღვევთა ჯარიმებში, ქალაქის საბაჟო გადასახდებში და, აგრეთვე, რიგითი ბაზიერებისა და ტყისმცველების შემოსავლებში.
ბაზიერთუხუცესები. XVI-XVIII სს.
აბაზაძე ზაალ - ბ. 1610-იანი წწ.
პაპუა მუხრანისბატონიშვილი - ბ. 1627 წ.
ბაირამყული - ბ. 1649-1652 წწ.
შიოშ - ბ. XVII ს-ის პირველი ნახ.
დავით/დათუნა - ბ. 1643-1669 წწ.
ბეჟან - ბ. 1699-1725 წწ.
ორბელიშვილი ოთარ - ბ. 1693-1699 წწ.
ერისთვიშვილი ავთანდილ - ბ. 1693-1699 წწ.
ზაზა - ბ. 1739 წ.
გივი - ბ. 1739-1741 წწ.
ზაალ - ბ. 1741 წ.
აბაშიძე პაატა - ბ. 1741 წ.
ავთანდილ - ბ. 1741-1742 წწ.
დავით - ბ. 1743 წ.
გივი - ბ. 1739-1740 წწ.
სურგულაძე
ბოქაულთუხუცესი - ცენტრალური მმართველობის საპოლიციო აპარატის მოხელე, ე.წ. „ხელჯოხიანთა“ რიგისა. მას, როგორც აღმასრულებელი აპარატის მოხელეს, ევალებოდა სხვადასხვა სახის ბრძანებებისა და განკარგულებების შესრულება, აგრეთვე სასამართლო განაჩენის აღსრულება. როსტომის დროიდან (XVII ს.) საპოლიციო აპარატში ბ-ს ეშიკაღასბაშის (იხ.) შემდგომ მეორე ადგილი ეკავა და, საფიქრებელია, მასვე ემორჩილებოდა. ბ. ქართულ წყაროებში პირველად იხსენიება 1565 წ-ით დათარიღებულ საბუთში და, როგორც ჩანს, ამ დროს იგი უკვე იყო „ხელჯოხიანთა“ უფროსი, მაგრამ ეშიკაღასბაშის სახელოს შემოღების შემდეგ ბ-ები სამოხელეო იერარქიაში ერთი საფეხურით ჩამოქვეითდნენ. სწორედ ამიტომ შუა საუკუნეების საქართველოში მიღებული წესი - ერთი სამსახურის მოხელეთა უფროსის აღნიშვნა იმავე სამოხელეო ტერმინზე „უხუცესის“ დამატებით (როგორიცაა, მაგ., მოლარე - მოლარეთუხუცესი და სხვ.), ამ შემთხვევაში დარღვეულია. ბოქაულების, იმავე იასაულების უშუალო უფროსი ეშიკაღასბაში იყო და არა ბ., მიუხედავად იმისა, რომ ბ-ს იგივე ფუნქცია ჰქონდა, რაც ეშიკაღასბაშს. ამ ფუნქციური იდენტობის გამო ქართულ-სპარსულ ისტორიულ საბუთებში ქართული ტექსტის „ბოქაულის“ სპარსულ შესატყვისად რეგულარულად გამოიყენება „ეშიკაღასი“. ბ-ს საპოლიციო ფუნქციები უნდა შეესრულებინა სამეფო მეჯლისის დროსაც. „დასტურლამალის“ მიხედვით, მას ევალებოდა სასახლეში წესრიგზე ზრუნვა, სტუმრების შეგებება, მათთვის შესაფერისი ადგილის მიჩენა და მუდმივად თვალყურის დევნება. ბ-ობა საპატიო თანამდებობა იყო, მას მხოლოდ დიდი ფეოდალური საგვარეულოების წამომადგენლები ფლობდნენ - ორბელიშვილები, ციციშვილები, ერისთვისშვილები და სხვ. ამავე დროს ბ-ებს ერთდროულად რამდენიმე სხვა თანამდებობაც შეიძლებოდა ჰქონოდათ წყალობად მიღებული. ბ-ს შემოსავალი „საბოქაულთუხუცესო“ თავლიდარისაგან ეძლეოდა.
ბოქაულთუხუცესები. XVII-XVIII სსქართლი
დავითიშვილი დავით - ბ. 1608-1637 წწ., ახალდაბის მოურავი 1634 წ.; დირბის მოურავი 1635 წ. (პალ 1993: 26-28; ქსის 1955: 90).
ჯაზდან - ბ. 1623-1632 წწ. (პალ 2015: 469).
ბარათაშვილი ყაფარბეგ - ბ. 1627 წ. (ქსის 1955: 60, 62).
ბარათაშვილი ქაიხოსრო - ბ. 1619-1626 წწ. საბარათაშვილოს სარდალი, მეკობრისმძებნელი 1623 წ. ქალაქის მოურავი 1626 წ., დედოფლის სახლთუხუცესი 1627-1642 წწ. (პალ 1991: 446).
ბარათაშვილი ფალვანხოსრო - ბ. 1628-1646 წწ. (პალ 1991: 444).
დავითიშვილი ელიზბარ - ბ. 1634-1666 წწ. (პალ 1993: 28-29).
დიასამიძე ლუარსაბ - ბ. 1634 წ. (პალ 1993: 79).
ჯავახიშვილი როინ - ბ. 1634-1638 წწ.; მდივანბეგი 1638-1669 წწ. (პალ 2015: 406, 457-459; ქსის 1955: 126).
[ბარათაშვილიხოხონა - ბ. 1638 წ. (პალ 2015: 406).
სოლაღაშვილი ელიზბარ - ოხიაყორჩი 1637-1657 წწ.; ბ. 1639 წ., ყეენის მუსაიბი 1661 წ. (პალ 2007: 183).
ენდრონიკეშვილი დემეტრე - ბ. 1640 წ. (პალ 1991: 151).
ბარათაშვილი ოთარ - ბ. 1642 წ. ((ქსოის 1984: 20; პალ 1991: 430-431).
საგინაშვილი ანდერმან - ბ. 1643-1657 წწ. ეშიკაღასბაში 1651 წ. (პალ 2007: 113).
ედიშერ - ბ. [1648]-1659 წწ. (პალ 1993: 110).
გურგენ - ბ. 1651 წ. (პალ 1991: 746).
ბარათაშვილი ზაალ - ბ. 1656-1676 წწ. (პალ 1991: 415-416).
ჯავახიშვილი ქაიხოსრო - ბ. 1656 წ. (პალ 2015: 465).
სოლაღაშვილი ზურაბ - ბ. 1657-1658 წწ. სამეფო კარის სახლთუხუცესი 1661-1675 წწ. (პალ 2007: 184; ქსის 1955: 270, 273).
იესე მუხრანის ბატონიშვილი - ბ. 1658-1688 წწ. დიღმის მოურავი 1687-1697 წწ.
შალიკაშვილი როჭიკა - ბ. 1660 წ. (პალ 2015: 112-113).
ამილახორი რევაზ - ბ. 1669 წ. (პალ 1991: 125).
ფალავანდიშვილი ზაალ - ბ. 1670 წ. (პალ 2007: 282).
ბარათაშვილი საამ - ფარეშთუხუცესი 1671 წ.; ბ. 1670-1690 წწ. სახლთუხუცესი 1690 წ. (პალ 1991: 441-443).
ციციშვილი ვახტანგ - ბ. 1672 წ-ის ახლო; მოლარეთუხუცესი 1684-1695 წწ. (პალ 2015: 255).
ბარათაშვილი პაპუა - ბ. 1676 წ. (პალ 1991: 434-435).
როჭიკაშვილი პაპუნა - ბ. 1676 წ. (პალ 2007: 82).
საგინაშვილი ზაალ - ბ. 1677 წ. (პალ 2007: 116).
ბარათაშვილი შიოშ - ბ. 1679-1698 წწ. (პალ 1991: 455; პალ 2015: 171).
შალიკაშვილი იბაშერ - ბ. 1682-1699 წწ. (პალ 2012: 111).
ციციშვილი ფარსადან - ბ. 1684-1700 წწ. (პალ 2015: 273-75).
ამილახორი იოთამ - ბ. 16861692 წწ., ზემო ქართლის სარდალი, გორისა და ქრცხილვანის მოურავი 1692-1698 წწ., (პალ 1991: 124-125).
მოურავიშვილი ზაალ - ბ. 1688-1692 წწ. (პალ 2007: 97-98).
სოლაღაშვილი ბეჟან - ბ. 1689 წ. (პალ 2007: 180).
ერისთავი ბაინდურ - ბ. XVII ს-ის მიწურული. (პალ 1993: 139).
ერისთვისშვილი ზურაბ - ბ. 1693-1699 წწ. (პალ 1993: 148).
ორბელ - ბ. 1695-1697 წწ. (პალ 331: 331).
ორბელიშვილი გორჯასპ - ბ. 1696-1699 წწ. (პალ 2007: 332).
როჭიკაშვილი ზაალ - ბ. 1699 წ. (პალ 2007: 82).
რუსი - ბ. 1725 წ. (დსსი 1940: 216-217).
საგინაშვილი ზურაბ - ბ. 1759 წ. (გიდ 2008: 400).
კახეთი:
ჯორჯაძე ]აპუა - ბ. [ენისელთ] მოურავი 1630-1636 წწ. (ქსოის 1984: 11; პალ 2015: 514).
ავალიშვილი ავალ - ბ. 1646-1655 წწ., კისისხევის მოურავი (პალ 1991: 73-74).
მამუკა - ბ. 1670 წ. (პალ 2004: 34).
ზაალიშვილი გორჯასპ - ბ. ფაგაბაში, სარქართუფროსი, გომბორის მოურავი (პალ 1993: 197).
ენდრონიკაშვილი რევაზ - ბ. 1693-1695 წწ. ქიზიყის მოურავი 1696-1700 წწ. (პალ 1991: 155; ქსის 1955: 370).
გურამიშვილი გურამ - ბ. 1694 წ. იგი თან ახლდა ერეკლე ბატონიშვილს რუსეთსა და ისპაჰანში და დიდ დახმარებას უწევდა ტახტზე ასვლაში. გაწეული სამსახურისათვის ნაზარალი-ხანმა მას დაუმტკიცა მისი განაყოფის მამულები და ბ-ობა (პალ 1991: 742-743).
ჩოლაყაშვილი დემეტრე - ბ. 1694 წ. (პალ 2015: 220; გიდ 2008: 480)
მაყაშვილი გურგენ - ბ. 1703 წ. (ქსის 1955: 404).
ბადურ - ბ. 1711 წ. (გიდ 2008: 230).
[მაყაშვილიმაყა - ბ. 1711-1721 წწ. (გიდ 2008: 231, 238, 239, 517).
იმერეთი:
ზაალ - ბ. 1565-1583 წწ. (პალ 1993: 195).
ჭილაძე ჯავახ - ბ. 1628-1639 წწ. (პალ 2015: 345).
ელიზბარა - ბ. 1658-1675 წწ. (პალ 1993: 122).
კეკელია
განმგეთუხუცესი - იგივეა, რაც ეზოსმოძღვარი, ეპიტროპოსთა (იკონომისთა, აბრამადთა, მოურნეთა) უხუცესი, მეთაური; შედიოდა მანდატურთუხუცესის უწყებაში. ტერმინი გ. გამოხატავს იმ ცვლილებას, რაც მოხელეთა ფუნქციურ დანაწევრებას უნდა მოჰყოლოდა საქართველოს ერთიან სამეფოში. „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ გ-ს ჩამოცილებული აქვს ძველი ეზოსმოძღვრის სამხედრო ფუნქციები და დატოვებული აქვს მხოლოდ სამეურნეო-ორგანიზაციული. მეფის გ. სათავეში ედგა საგანმგეოს, მისი ხელქვეითი მოხელეები იყვნენ საგანმგეოს მუქიფი და მეჯამეთუხუცესი (სრულად იხ. ეზოსმოძღვარი).
კლდიაშვილი
გზირი - მმართველობის ადგილობრივი აპარატის ქვედა რგოლის წარმომადგენელი. ტერმინი გ. საქართველოში ჩნდება გვიანდელ შუა საუკუნეებში. გ-ის ძირითადი ფუნქცია იყო სოფლებში ხელისუფალთა ბრძანების/განკარგულების ადგილზე მიტანა, აღსრულება, ვინმეს გამოძახება. არსებობს მოსაზრება, რომ გ-ის ინსტიტუტი თავდაპირველად ქართლში მხოლოდ მომთაბარე თათრებისთვის შეიქმნა, ვინაიდან „დასტურამალში“ გ. მხოლოდ იმ პარაგრაფშია ნახსენები, რომელიც ელს ეძღვნება. გ-ის სასარგებლოდ დაწესებული იყო გადასახადი - საგზირო. სოციალური წარმომავლობით გ-ები გლეხები იყვნენ. შემონახულია მხოლოდ XVIII ს-ის რამდენიმე გ-ის სახელი გვარის გარეშე.
ვ. კეკელია
ეზოსმოძღვარი - (შდრ. აბრამადი, განმგეთუხუცესი, ნაზირი). სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით, ე.მ. „საგანგიოთა განმგებელია“, „სხვათა ენით“ (თათართა) იგივე ნაზირია: „ქართულად სალაროს ნაზირს აბრამადი და ქარხანის ნაზირს ეზოსმოძღვარი ჰქიან“. მისივე განმარტებით, „გამგე“ იგივე გამრიგებელია, ხოლო „გამგებელი“ - მოურნე. ნ. ჩუბინაშვლის მიერ ე.მ. განმარტებულია როგორც მნე, სახლის გამგებელი, ნაზირი, იგივე რაც „приставник, домоправитель, дворецкий“. II ს-ის არმაზის ბილინგვის არამეულ ტექსტში ამ თანამდებობის აღმნიშნელი არამეული სიტყვა ბიბლიური წიგნების უძველესი ქართული რედაქციების გათვალისწინებით გადმოიცა, როგორც „ეზოჲს მოძღვარი“ (გ. წერეთელი). ბილინგვისავე ბერძნულ ტექსტში მას შეესატყვისება ტერმინი „ეპიტროპოსი“ (იგივე იკონომისი); სომხურში მისი შესატყვისია „ჰაზარაპეტი“.როგორც ვარაუდობენ, ე.მ. ქართლის სამეფოში განაგებდა სახელმწიფო შემოსავალს და სათავეში ედგა სამეფო მეურნეობას. ე.მ-ს უშუალო კავშირი უნდა ჰქონოდა სამხედრო საქმესთანაც და, სავარაუდოდ, მის ერთ-ერთ ფუნქციას ასევე წარმოადგენდა სამეფო დაცვის რაზმების, ანდა სამეფო მიწებზე მსხდომი ერიდან („ტაძრეულთაგან“) გამოყვანილი ჯარის ხელმძღვანელობა (გ. მელიქიშვილი). ე.მ. ასევე შეესაბამება ლათინურ-ბერძნულ-ტერმინი: ცუბიცულარიუს (მეფის კარის განმგებელი, კარის წინ მორიგედ მდგომი), რომელსაც ქართულში შეესატყვისებოდა „მესაწოლე“ (მ. მაისურაძე).
XI-XIII სს-ში სასახლის აპარატის დანაწევრების შედეგად სამეფო კარზე ე.მ-მესაწოლეს აღარ ვხვდებით და მეფისა და საწოლის დაცვა ცალკე უწყების, მესაწოლეთუხუცესის ხელში გადადის. მიუხედავდ ამისა, ე.მ-განმგეთუხუცესს სასახლის ცერემონიალების დროს მაინც შემორჩა მეფის უშიშროების დაცვის ზოგიერთი ფუნქცია (ი. ანთელავა). მეფეთ კურთხევის ცერემონიალის დროს „ეზოთ-უხუცესსა ჩუხჩარეხსა, მეაბჯრეთ-უხუცესსა სამეფო ფარი და ლახტი ჰქონდეს და ქარქაში; უკან უდგეს მეფესა“ (წესი და განგება მეფეთ კურთხევისა). გამოთქმულია ვარაუდი, რომ ციტირებულ ადგილას იგულისხმება არა სამი სხვადასხვა მოხელე, არამედ, ერთი - ეზოთუხუცესი-ჩუხჩარეხი, რომლისთვისაც ცერემონიალების დროს მეფის პირადი მეაბჯრეთუხუცესობა საპატიო მოვალეობა იყო და არა თანამდებობა (ი. ანთელავა). XI ს-ში გრიგოლ ბაკურიანის-ძის მიერ პეტრიწონისთვის დადებული ტიპიკონის მიხედვთ, „განმგე“ იგივე იყო, რაც ეპიტროპოსი, იკონომისი, აბრამადი (პეტრიწონის ტიპიკონი).
„ხელმწიფის კარის გარიგებაში“ ე. მ-ს შეესაბამება ტერმინი „განმგეთა უხუცესი“, რომელსაც ექვემდებარებოდნენ საგანმგეოს მუქიფი (იხ.) და მეჯამეთუხუცესი (იხ.). ე. მ. იგივე უნდა ყოფილიყო, რაც „ეპიტროპოსთა (რესპ. იკონომოსთა, აბარმადთა, მოურნეთა, მოღუაწეთა) უხუცესი, მათი მეთაური.“ ამდენად, განმგეთუხუცესი იგივე მეფის იკონომოსთა ხელმძღვანელი, იგივე ეზოსმოძღვარი ყოფილა (ი. ანთელავა).
ხანგძლივი დროის განმავლობაში ე. მ. სხვადასხვა რანგის სამოხელეო თანამდებობას აღნიშნავდა და ფუნქციურ ცვლილებებს განიცდიდა, ფუნქციების გადანაწილების კვალად მას ემატებოდა ან ჩამოსცილდებოდა ესა თუ ის განსაგებელი. ბატონიშვილი ვახუშტი ე.მ-ის ფუნქციებს შემდეგნაირად განმარტავდა: „ეზოსმოძღუარი, ამის ხელისა იყო: ყოველნი საგანგიონი, მეფისა ხარჯნი და წარსაგებელნი, წესნი და რიგი დარბაზისა, მეფის ტაბლისა და სანოვაგისა, ანუ სხუათა“, ხოლო თავში, „აწინდელთა ხელისუფალთა შეცვლილთა სახელთათვის“, ქართლის მეფის როსტომის (1632-1658) მიერ ადრინდელი სამოხელეო სახელების ყიზილბაშური ტერმინებით შეცვლასთან დაკავშირებით აღნიშნავს: „ხოლო როსტომ ხელისუფალთა უწოდა ... ეზოს მოძღუარსა - ნაზირი“. ამდენად, ე. მ. იგივეა, რაც გამგე, გამგეთუხუცესი და აბრამადი (ეპიტროპოსი, იკონომისი), იგივე გვიანი ხანის ნაზირი.
კლდიაშვილი
ერისთავი - ადგილობრივი მმართველობის უპირველესი მოხელე ძველ საქართველოში. ე-ის ინსტიტუტის შექმნა უკავშირდება ქართული სახელმწიფოებრივობის ჩამოყალიბების პროცესს (ძვ. წ. IV-III სს-თა მიჯნა). საუკუნეთა განმავლობაში ე-ის ინსტიტუტმა არაერთგზის განიცადა ტრანსფორმაცია. ადრეულ შუა საუკუნეებში, ე.წ. უმეფობის პერიოდში, ძველი ერისთავები გამთავრდნენ და სამოხელეო ფუნქცია დაკარგეს, მაგრამ ეს ინსტიტუტი ამავე ფუნქციით აღდგა ადრეფეოდალური პერიოდის ეგრის-აფხაზეთის სამეფოში. X-XI სს-თა მიჯნაზე ე-ის ინსტიტუტი, როგორც ტრადიციული და ამავე დროს ახალ სოციალურ და პოლიტიკურ რეალობებს მორგებული მმართველობის ფორმა, საფუძვლად დაედო საქართველოს ერთიანი მონარქიის ადგილობრივ მმართველობას. XII-XIII სს-ში, ქართული სახელმწიფოს ძლიერების ხანაში, სამეფო კარის გამიზნული პოლიტიკის შედეგად ე-ებს ხშირად ეკავათ სამეფო კარის უმაღლესი თანამდებობები, რითაც, გარკვეულ შემთხვევებში, ე-ობას მხოლოდ ტიტულატურული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ასეთ შემთხვევბში ე-ების საგამგებლო „ქვეყნებს“ ე-ის ნაცვალი გამგებლები მართავდნენ. ოფიციალური სამართალი იცავდა ე-ს და მის უშუალო მოადგილე გამგებელს, მკაცრად სჯიდა მათ მიმართ დანაშაულის ჩამდენთ („ძეგლის დადება“). საუკუნეთა მანძილზე ცვლილებებს ექვემდებარებოდა საერისთავოთა რაოდენობაც. სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში საერისთავო „ქვეყნების“ საზღვრები განსხვავებულ პოლიტიკურ და ისტორიულ-გეოგრაფიულ წანამძღვრებზე იყო აღმოცენებული. საისტორიო ტრადიციის თანახმად, ანტიკურ ქართლში რვა დიდი საერისთავო იყო, შუა საუკუნეების ქართულ მონარქიაში კი, მათი რიცხვი ოცამდე აღწევს. სამეფო კარი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სანაპირო ოლქების მცველ ე.წ. მონაპირე ე-ებს, რომელთა შორის ეპარქიათა მესაჭე ეპისკოპოსებიც კი ერივნენ (მაგ., მტბევარი ეპისკოპოსი). საგამგებლო პროვინციებში ე-ები მეფის საჯარო უფლებების განმახორციელებელ პოლიტიკურ ფიგურებს წარმოადგენდნენ და დიდხანს ინარჩუნებდნენ ამ მნიშვნელობას ვიდრე მის (ინსტიტუტის) სრულ გადაგვარებამდე (სხვადასხვა რეგიონში XIV ს-დან XVI ს-მდე). ჯარის ორგანიზაცია, მართლმსაჯულება და საგადასახადო წესრიგი - ეს იყო ის სამი საჯარო სფერო, რომლებსაც ე-ები უძღვებოდნენ ადგილობრივი სამოხელეო აპარატის დახმარებით: „წესი ერისთავთა იყო მეფისა მიერ განწესება ქუეყანათა მიმართ და მის მიერ მოურნეობა. სამართალი და ლაშქარნი მის ქუეყანისანი მის ქუეშე იყვნენ და იგინი მოჰკრეფდნენ ხარკთა სამეფოთა“ (ვახუშტი ბატონიშვილი).
ე-ის ინსიგნიებს შეადგენდა მეფისაგან ბოძებული საერისთავო ბეჭედი და სარტყელი, საბრძოლოდ აღჭურვილი ცხენი („ცხენი თოროსანი“), დროშა და შუბი. ე-ს ლეგიტიმაცია ენიჭებოდა საეკლესიო კურთხევით, რომელსაც ატარებდა კათალიკოსი ან მიტროპოლიტი. კურთხევასთნ დაკავშირებული რიტუალი: ე-ის განბანვვა, შემოსვა „ვითარცა შუენის მეფეთა“ სამოსით, ეკლესიაში შესვლა ზარების რეკვის თანხლებით, ანთებული კეროვნები და სხვ. მოქმედებები სიმბოლურად გამოხატავდნენ ღვთის ნების მონაწილეობას ე-ის დადგინებაში, ხოლო დალოცვის ტექსტში ხაზგასმული იყო ყველა ის უფლებამოსილებება და პასუხისმგებლობა, რომლებიც ე-ს, როგორც მეფის საჯარო მოხელეს, უნდა აღესრულებინა თავის საგამგებლო ტერიტორიაზე.
საერისთავოები X-XIV სს-ში
არაგვის ერისთავი. ა-ის საერისთავო დაახლოებით XIV ს-ის შუა ხანებში წარმოიქმნა „ძეგლი ერისთავთას“ ცნობით, ა-ის საერისთავოს ფარგლებში მოქცეული იყო ტერიტორია „ზედაზნიდან. დარიალამდე“, იგი მოიცავდა არაგვის ხეობისა და ხევის არაგვის (მერმინდელი თერგის) ხეობებს, რომელთა შორის იგულისხმება ჭართალი, ხანდო, გუდამაყარი, მთიულეთი, ხევი, თრუსო, ხადა-ცხავატი (მთიულეთი). დასავლეთით არაგვის საერისთვოს ესაზღვრებოდა ქსნის საერისთვო, სამხრეთით - სამუხრანბატონო, აღმოსავლეთით საზღვარი მდ. არაგვზე გადიოდა. XVI ს-დან, როცა არაგვის საერითავო სათავდოდ იქცა, მისი ტერიტორია ქსნის ხევთან და მუხრანთან ერთად შედიოდა მესამე (მუხრანბატონის) სადროშოში. საერისთავოს ცენტრს ბაზალეთ-არაგვისპირის პლატო წარმოადგენდა, რომელიც სტრატეგიულად მოხერხებული ადგილი იყო თავდაცვითი სისტემის მოწყობისათვის.
დოკუმენტური წყაროების მიხედვით, ა-ის პირველი ე-ები შაბურისძეები ყოფილან. XIII ს-ის მიწურულს ეს საგვარეულო იმდენად ანაგარიშგასაწევი ძალა გამხდარა, რომ ვახტანგ III-ის (1298-1308) დაქორწინება შაბურისძის ასულზე მისი ძმის, არაგვის ხეობაში მონღოლთაგან განრიდებული დავით VIII-ის შეშფოთების მიზეზი გამხდარა (ჟამთააღმწერელი). ცხადია, ეს ცნობა მიანიშნებს შაბურისძეთა მნიშვნელოვან სამხედრო პოტენციალზე. წყაროებში ნათელი არ არის ა. ე-ის მიმართება ქართლის ერისთავებთან, იყო იგი ქართლის ერისთავის ქვემდებარე მოხელე, თუ მისგან დამოუკიდებელი სამხარეო მმართველი. ბუნდოვანება ამ საკითხში გამოიწვია ქართლის ერისთავთა საგვარეულო სახელის, „სურამელის“ მოხსენიებამ ა. ე-ად გიორგი VII-ის 1403 წ-ის საბრძოლო მოქმედებების დროს დვალთა წინააღმდეგ (ძეგლი ერისთავთა). სხვა მოსაზრებით, პირის სახელი „სურამელი“ ამ პერიოდისათვის უკვე გავრცელებული იყო სხვა ფეოდალურ საგვარეულოთა ოჯახებშიც და, ამდენად, არ გამოდგება ამ ორ საერისთავოს (ქართლი, არაგვი) შორის შიდა ადმინისტრაციული დაქვემდებარების დასაბუთებისათვის (მ. ბახტაძე).
ე. შაბურისძეთა რეზიდენცია მდებარეობდა ბაზალეთ-დუშეთში, რომლის ნაკვალევი შენახულია გვიანდელ საშაბუროში. შაბურისძეთა საგვარეულო მონასტერი და საძვალე ყოფილა ბოდორნა, რომელსაც1494 წ. ა. ე-მა ვამიყ შაბურისძემ შესწირა სოფელი ხანდაკი. ა. ე. შაბურისძეთა ფეოდალური სახლის შესახებ საინტერესო გენეალოგიური ცნობებია შემონახული XIV-XV სს-ების ძეგლებში - „გერგეტის სულთა მატიანესა“ და შაბურისძეთა შეწირულების საბუთებში. „გერგეტის სულთა მატიანიდან“ ისიც ირკვევა, რომ XV ს-ში შაბურისძეებს მჭიდრო ნათესაური და პოლიტიკური კავშირი ჰქონდათ სამცხის მმართველ ჯაყელთა სახლთან და ადგილობრივ დიდებულებთან. ამავე კავშირის არსებობაზე მეტყველებს სამცხეში მდებარე პატარა სმადას ეკლესიის 1467 წ. წარწერაც, რომელიც ადასტურებს ამ მხარეში ა. ე. შაბურისძის ქტიტორულ საქმიანობას. როგორც ჩანს, შაბურისძეები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ XV ს-ის საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში. ირკვევა, რომ სამცხის ათაბაგი ყვარყვარე II (1451-1498) შაბურისძეთა დახმარებით შეეცადა თავისი შვილიშვილისა და გიორგი VIII-ის უმცროსი ძის, ვახტანგის აყვანას სამეფო ტახტზე (ქ. შარაშიძე). XVI ს-ის 20-იანი წლებიდან მკვეთრად იცვლება შაბურისძეთა ფეოდალური სახლის დინასტიური სახელები. ამ დროს ა. ე-ია ბაინდური, ხოლო მისი ძმები: ზურაბ, გოდერძი, ბარძიმ, გოსტასაბ და როსტომ. საფიქრებელია, რომ ა. ე-ებს ამ დროისათვის უკვე ჰქონდათ გადატანილი პირველი დინასტიური ცვლილება. არსებობს ვარაუდი, რომ ა. ე. შაბურისძეთა სახლი სამცხის ათაბაგებთან პოლიტიკურ ალიანსს უნდა შეწირვოდა (მ. ბახტაძე). ა. ე-თა დინასტიურ ცვლილებებზე მიანიშნებენ უფრო გვიანდელი წყაროებიც (ბერი ეგნატაშვილი, ვახუშტი, იოანე ბატონიშვილი), მაგრამ მათი ვერსიები ერთმანეთთისაგან საკმაოდ სხვაობს. ვახუშტი ბატონიშვილი ა. ე-თა წინაპრად ასახელებს ვანათელ აზნაურს, რომელსაც სვიმონ მეფის ტყვეობის დროს ამოუწყვეტია ძველ ერისთავთა ოჯახი და ხელთ უგდია ბაზალეთი. იოანე ბატონიშვილის მიხედვით კი, ვანათელი აზნაურები სიდამონიძეები ყოფილან, რომელთაც დაუპყრიათ ბაზალეთი. ამათგან სრულიად განსხვავდება ბერი ეგნატაშვილის ვერსია - XVI ს-ში არაგვის ერისთავთა წინაპრებს ხევის მფლობელი თექთურმანიძეები გაუნადგურებიათ, რის შემდეგაც მეფისაგან მიუღიათ მთიულეთი, ხადა, ანანური და დუშეთი. მაგრამ XVI ს-ის ა. ე-ები უკვე ძალზე დაშორებულნი იყვნენ თავიანთ პოლიტიკურ წინაპრებს - ისინი უკვე დიდი და გავლენიანი თავადები იყვნენ, რომელთაც მეფის წინაშე სამოხელეო ვალდებულებები მოხსნილი ჰქონდათ.
ერისთავი შაბურისძენი. XIII-XV სს.
შანშე - ა. ე. დაახლ. XIII ს-ის შუა ხანები.
ჭუჭაჲ - ა. ე. დაახლ. XIII-XIV ს-თა მიჯნა.
ვარამ - ა. ე. დაახლ. XIV ს-ის პირველი ნახევარი.
ვახტანგ - ა. ე. დაახლ. XIV ს-ის შუა ხანებში.
მიქაჲ - ა. ე. დაახლ. XIV ს-ის მეორე ნახ. - 1398 წ. (ქისკ 2013: 66).
[სურამელ ?] - 1403 წ. (ძეგლი ერისთავთა 1965: 117).
ნუგზარ - ა. ე. დაახლ. 1419-1465 წწ. (ქისკ 2013: 81; ქისკ 2014: 146).
ვამიყ - ა. ე. დაახლ. 1465-1494 წწ. (ქისკ 2014: 146, 303).
ლიტერატურა: ჟორდანია 1897: 531; შარაშიძე 226-229, 267-269; ხოშტარია-ბროსე 1980: 78-79; არახამია 1988: 134; ბახტაძე 2003: 213.
არგვეთის ერისთავი. ა-ის (მარგვი) საერისთავო „ქართლის ცხოვრებაში“ ფარნავაზის დროიდან იხსენიება. მისი საზღვრები ამ დროს ლიხიდან „ეგრისის ზღვამდე“ უწევდა. ფარნავაზსავე მიაწერს წყარო ა-ის უძველესი ციხეების, შორაპნისა და დიმის აგებას. ვახტანგ გორგასლის მეფობაში ა-ის საერისთავო მოიცავდა საკუთრივ არგვეთს. ა-ის მთავრები, დავით და კონსტანტინე, მურვან ყრუს ლაშქრობისას მოწამეობრივად აღესრულნენ. VIII საუკუნის დასასრულს, როდესაც მთელი დასავლეთ საქართველო ეგრის-აფხაზეთის სამეფოში გაერთიანდა, ა. კვლავ საერისთავო ქვეყანაა. ამ დროს ა. ე-ის განკარგულებაში შედიოდა ტერიტორია რიონისა და ხანისწყლის აღმოსავლეთით, ვიდრე ლიხამდე. საერისთავოს ცენტრი იყო შორაპანი, რის გამოც ვახუშტი მას შორაპნის საერისთავოდ მოიხსენიებს. ამავე ფარგლებში შევიდა ა-ის საერისთავო ერთიან ქართულ მონარქიაში. იოანე ბატონიშვილის გადმოცემით, ა. ე-ები ყოფილან მხეიძეები, რომელთაც ბაღვაშთა ფეოდალური სახლის განაყოფ საგვარეულოდ მიიჩნევს. ამ გადმოცემას სანდოობას ჰმატებს „მატიანე ქართლისაჲს“ ცნობა თრიალეთში ბაღვაშთა არგვეთიდან გადმოსვლის შესახებ. ა. ე-თა და ბაღვაშთა ნათესაობის სასარგებლოდ მეტყველებს 1021 წ. შირიმნის ბრძოლაში დაღუპული დიდებული ერისთავების, რატი კლდეკარის ერისთავისა (ბაღვაში) და ხურსი ერისთავის ერთად მოხსენიების ფაქტიც. ხურსი ერისთავი რომ მართლაც ა. ე. იყო, ამას ადასტურებს არგვეთის ტერიტორიაზე (ქორეთი, სავანე, ეხვევი, დარკვეთი) მიკვლეული წარწერები, რომლებზეც ა. ე-ების საგვარეულო სახლის რამდენიმე თაობის წარმომადგენელთა სახელებია შემონახული, მათ შორისაა სავანის 1046 წ-ის საქტიტორო წარწერა, რომელიც ხურსი ერისთავს გარდაცვლილდ მოიხსენიებს: „მე, გიორგი ერისთავთ ერისთავმან, ავაშენე ესე წმიდაჲ ეკლესიაჲ სავანისაჲ, სალოცველად სულისა ცოდვილისა ჩემისა და ძმისა ჩემისა ხურსი ერისთავისა“. ხურსის ძმა გიორგი ერისთავთ-ერისთავი სავანის კიდევ ორ სხვა წარწერაში იხსენიება. ა. ე-ად მიიჩნევენ რგანის ეკლესიის მემორიალურ წარწერაში მოხსენიებულ აბუნასრ ერისთავსაც: „ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალ)ე აბუნასარ ერისთავი და შვილნი მისნი და ყ(ოველ)ი ერი მისი“ (მ. ბახტაძე). დროთა განმავლობაში ცვლილებები განიცდიდა ა. ე-თა სამკვიდრო და სამოხელეო მიწების მოცულობამაც და მასთან დაკავშირებულმა სამოხელეო სარგომაც. მაგ., 1103 წ., როდესაც დავით აღმაშენებელმა დაამხო ბაღვაშები, მათი სამკვიდრო „მამული ლიპარიტეთი“ (კაცხი) გელათს შესწირა, მაგრამ, მკვლევართა აზრით, ამ აქტით ა-ის საერისთავო არ გაუქმებულა. როგორც ჩანს, საერისთავო სამართავად სხვა საგვარეულოს გადაეცა, თუმცა წყაროებს მისი სახელი არ შემოუნახავს. ა-ის საერისთავოს საგამგებლო ტერიტორიიდან 1187 წ. თამარმა „გამოიღო“ სოფელი ჭორვილა და შესწირა გელათის მონასტერს. ა. ე. უნდა იყოს ის დავით ერისთავიც, რომლის ხელრთულობაც ერთვის თამარის სიგელს (მ. ბახტაძე). ა. ე-თა საგამგებლო ტერიტორიას ეკუთვნოდა ქართლის საზღვარზე მდებარე სოფლები - ხეფინისხევი და წაქვი, რომლებსაც დავით ნარინმა 1261/1262 წ. საგადასახადო იმუნიტეტი მიანიჭა და საერისთავო გამოსაღებისაგან გაათავისუფლა. მას შემდეგ, რაც გიორგი ბრწყინვალემ დასავლეთ საქართველო კვლავ დააბრუნა ერთიანი საქართველოს საზღვრებში (1330), XIV ს-ის გასულამდე ა. ე-ები (იგივე შორაპნის ერისთავები) ხდებიან დავით ნარინის შთამომავლები. ასეთი ცვლილება სამოხელეო პირთა წარმომავლობაში თავისთავად მიანიშნებს ცვლილებაზე ა. ე-თა სტატუსშიც. სამეფო წარმომავლობის ერისთავები, მართალია, ერისთავებად იწოდებოდნენ, მაგრამ ისინი ადგილებზე არა მეფის მოხელეებს, არამედ მცირე ხელისუფალთ, ე.წ. პროვინციის მეფეებს წარმოადგენდნენ, რომლებიც, როგორც ჩანს, მხოლოდ ნომინალურად აღიარებდნენ ცენტრალურ სამეფო ხელისუფლებას.
არტანუჯის (კლარჯეთისერისთავი. ა-ის საერისთავო დააარსა ვახტანგ გორგასალმა V ს-ის მეორე ნახევარში და საგამგებლოდ თავის ძუძუმტეს, არტავაზდს ჩააბარა. VIII ს-ში არტანუჯის ციხე მურვან ყრუმ დაანგრია, შემდგომ იგი აშოტ კურაპალატმა აღადგინა და მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქი ააშენა. IX-X სს-ში არტანუჯი და მისი გარეშემონი კლარჯ ბაგრატიონთა საგამგეო ქვეყანა გახდა. საქართველოს გაერთიანების შედეგად, დაახლოებით 1008-1011 წწ-ში, ბაგრატ III-მ შეიპყრო „კლარჯნი ხელმწიფენი“ და ფანასკერტის ციხეში დაამწყვდია, ხოლო არტანუჯი და კლარჯეთის სხვა ციხეები სამეფოდ დაიჭირა. სწორედ ამ ამბავს მოჰყვა ა-ის (კლარჯეთის) საერისთავოს შექმნა, რომლის რეზიდენცია მდებარეობდა ციხექალაქ არტანუჯში. ა-ის საერისთავოში იგულიხმება შავშეთის ტერიტორიაც, რომელიც აჭარასა (აბუსერისძეთ სამკვიდრო) და კლარჯეთს შორის მდებარეობდა. ა. ე-ობა მეფემ თავის ერთგულ აბუსერიძეთა საგვარეულოს გადასცა, რომლებიც, „მატიანე ქართლისაჲს“ თანახმად, ძლიერი და გავლენიანი ფეოდალები ყოფილან. ცნობები ა. ე-ების შესახებ შემონახულია XI-XIV სს-ის წყაროებში. ამათგან მეტი კონკრეტულობით გამოირჩევა XI ს-ის პირველი ნახევრის მასალა. აბუსერისძეები ბაგრატ IV-ს ეხმარებოდნენ ლიპარიტ ბაღვაშის წინააღმდეგ ბრძოლაში. რაც შეეხება დანარჩენ აბუსერიძე-ერისთავებს, მათზე მსჯელობა მხოლოდ იმ მცირე გენეალოგიური ცნობებით შეიძლება, რომლებიც შემორჩენილია XIII ს-ის პირველი ნახევრის ჰიმნოგრაფისა და მეცნიერის, აბუსერიძე ტბელის თხზულებაში. „აბუსერეთ საერისთავო“ მოიხსენიება ნიკოლოზ კათალიკოსის 1281/1282 წ-ის საბუთში აზნაურ არვანბეგ საბაისძისადმი. ა-ის საერისთავო არსებობას განაგრძობს XIV ს-ის პირველ ნახევარშიც. ამ პერიოდში, ვახუშტის თნახმად, გიორგი ბრწყინვალემ კლარჯეთში, სპერში, კალმახსა და არტანუჯში თავისი ერისთავები დასვა. გიორგი ბრწყინვალის დროს დასმული ა. ე-ები ჯაყელთა სახლის უმცროსი შტოს წარმომადგენლები ჩანან, მაგრამ ამ საუკუნის მეორე ნახევრიდან მაინც მათი მოხელეობა უკვე საეჭვოა. ჯვრის მონასტრის აღაპებში ა-ის მფლობელები ე-ად აღარ იწოდებიან. ამ დროიდან ა-ის საერისთავო ტერიტორია მათ კერძო სამამულო მფლობელობაში ჩანს გადასული.
არტანუჯის ერისთავები:
იოვანე აბუსერი - ა.ე. დაახლოებით 1011-1030-იანი წწ. 1028 წ., როდესაც ბაგრატ IV საქართველოში ჩამოიყვანეს, ა. ე-ად მოიხსენიება იოანე აბუსერი. მკვლევარებს იგი მიჩნიათ პირველ ერისთავად აბუსერისძეთა საგვარეულოდან.
აბუსერ (I) აბუსერიძე - ა.ე. 1046/1047 წ. იოვანე აბუსერის შემდგომ; ბაგრატ IV-ის ერთგული თანამებრძოლი, დიდი ალბათობით, იოვანე აბუსერის ძე. მისი სამფლობელოები საკმაოდ ვრცელი ჩანს - იგი ყოფილა პატრონი „ხიხათა და ციხისჯუარისა და აწყურის ციხისა“. აბუსერი მონაწილეობდა ანისის დაცვაში, მას შემდეგ, რაც 1045 წ-ის სიხლოვეს ანელმა ბერებმა ქალაქი მარიამ დედოფალს ჩააბარეს. ლიპარიტ (IV) ბაღვაშმა ბაგრატ IV-სთან მისი ცნობილი დაპირისპირების დროს აბუსერი სხვა დიდებულებთან ერთად მოტყუებით გამოიყვანა ანისიდან და დაატყვევა. ამ დროს ბაგრატი თბილელ ბერთა მოწვევით თბილისში იყო შესული და იქაურ საქმეებს განაგებდა. მეფე იძულებული გახდა თბილისი დაეტოვებინა და თავისი ერთგული მოხელე-დიდებულების გასათავისუფლებლად ჯავახეთს ჩასულიყო, თუმცა, აქ იგი იძულებული გახდა უკან დაეხია, მაგრამ აბუსერის გათავსუფლება მაინც მოახერხა - მასში გაუცვალა ლიპარიტს მისივე ძე, ივანე ბაღვაში. შემდგომ აბუსერი კვლავ ბაგრატის მხარეზე იბრძვის სასირეთის ჭალასთნ, სადაც იგი ისევ ლიპარიტის ტყვე ხდება. ამ ამბის შემდეგ წყაროებში მისი სახელი იკარგება.
გრიგოლ აბუსერის ძე - ა.ე. 1047-1070 წწ. აბუსერ აბუსერიძის შემდგომ. გრიგოლ აბუსერისძის შესახებ ცნობილია, რომ იგი, დაახლ. 1046/1047 წ., სულა კალმახის ერისთავისა და მესხი აზნაურების თანადგომით, ცდილობდა ბაგრატ IV-ის დახმარებას, მაგრამ არყის ციხესთან მეფის მომხრეებმმა ლიპარიტ ბაღვაშისაგან მორიგი მარცხი იწვნიეს. ამ ბრძოლისას გრიგოლ ა. ე. შეიპყრეს და ძელზე გასმის მუქარით აიძულეს არტანუჯი დაეთმო. არტანუჯი ლიპარიტის ხელში დარჩა მის დატყვევებამდე (1057), ხოლო გრიგოლი, როგორც ჩანს, ბაგრატ ბაგრატ IV-ს ახლდა კონსტანტინოპოლში, სადაც იგი იმყოფებოდა 1051-1054 წწ-ში. ამ პერიოდში უნდა გაეღო მას უხვი შეწირულება ათონის მონასტრისათვის, რის გამოც მის სახელზე 29 იანვარს მონასტერს „მაშენებელთა სწორი“ აღაპი დაუწესებია.
აბუსერ (II) აბუსერიძე - ა.ე. XI ს-ის ბოლო მესამედი. არტანუჯის ციხის დაკარგვის შედეგად აბუსერისძეთა სამფლობელო შემცირებულა. ლიპარიტ ბაღვაშის შეპყრობის შემდეგ კი, არტანუჯი ბაგრატ IV-მ დაიჭირა, ხოლო აბუსერიძეთა კუთვნილი ციხისჯვარი სულა კალმახელს უწყალობა. როგორც ჩანს, ა.ე. აბუსერისძეებს დარჩენიათ მხოლოდ ხიხანი. ისინი იგულისხმებიან ვერნების ეკლესიის XI ს-ით დათარიღებულ წარწერაში: „ქრისტე, ადიდენ ერისთვთ-ერისთავნი გრიგოლ და აბუსერი და გიორგი და შვილნი მათნი: გიორგი, ზაქარია“. წარწერაში მოხსენიებულ გრიგოლ ერისთავს აიგივებენ გრიგოლ (I)-თან, რომლის მომდევნოდ ა.ე. უნდა ყოფილიყო აბუსერ (II). ა. ე-თა კიდევ რამდენიმე თაობის სახელია შემორჩენილი 1233 წ-ის აბუსერისძე-ტბელთა საგვარეულო მატიანეში. მათ შორის რამდენიმე (ივანე (II), აბუსერ (III), ვარდანი) ერისთავთ-ერისთავის წოდებით მოიხსენიებიან.
აფხაზთა ერისთავი. ა-თა საერისთავო, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, VIII ს-ის დასასრულს ახლად წარმოქმნილი ეგრის-აფხაზეთის სამეფოს ფარგლებში ჩამოყალიბდა. ვახუშტის თანახმად, მის საზღვრებში მოქცეული იყო საკუთრივ აფხაზეთი და ჯიქეთი ვიდრე ზღვამდე და „ხაზართა მდინარემდე“ (მდ. ყუბანი). სამხრეთით ა-თა საერისთავოს აფშილეთი ესაზღვრებოდა, რომელიც ცალკე საერისთავოს წარმოადგენდა ეგრის-აფხაზეთის სამეფოში. ა-თა საერისთავოს რეზიდენცია იყო ანაკოფია, რომლის კედლებთან VIII ს-ის 30-იან წლებში მურვან ყრუმ სასტიკი მარცხი განიცადა. რომელ საგვარეულოს ეპყრა ა. ე-ობა ეგრის-აფხაზეთის სამეფოში, უცნობია. XI ს-ის შუა ხანებში ა. ე. უნდა ყოფილიყო ოთაღო ჭაჭას ძე ქუაბულელი, ბაგრატ IV-ის თანამედროვე. იგი „აფხაზეთისა ლაშქრითა“ ბაგრატ IV-ს ეხმარებოდა ანაკოფიის ციხის აღებაში. მართალია, „მატიანე ქართლისაჲ“ მას ერისთავის წოდების გარეშე მოიხსენიებს, მაგრამ, მკვლევართა საერთო აზრით, ამ ეპიზოდში აფხაზთა ლაშქრის ხელმძღვანელი ოთაღო სხვა არავინ შეიძლება იყოს, თუ არა ა. ე. ამ ცნობაზე დაყრდნობით ნ. ბერძენიშვილმა ყურადღება გაამახვილა ლაშქრის ორგანიზაციის თემობრივ პრინციპზე, რომელსაც, როგორც ჩანს, ეგრის-აფხაზეთის სამეფო ეფუძნებოდა. კამათის საგანია, რა სახით არსებობდა ა-თა საერისთავო თმარის ეპოქაში - იყო იგი ცალკე ადმინისტრაციული ერთეული, თუ შედიოდა ცხუმის (სოხუმი) საერისთავოში. კამათის საფუძველს იძლევა თამარის ისტორიკოსთან ცხუმის ერისთავად ოთაღო შარვაშესძის მოხსენიება. ამიტომ ფიქრობდნენ, რომ ა-თა საერისთავო ამ დროისათვის ცხუმის საერისთავოსთან იყო გაერთიანებული (ზ. ანჩაბაძე). თამარის გამეფების დროს (1284) ოთაღო შარვაშეს-ძე ცხუმის ერისთავადაა მოხსენიებული, ხოლო ა. ე. საერთოდ აღარ იხსენიება. მიუხედავად წყაროს ამგვარი ჩვენებისა, ვახუშტი ბაგრატიონი დაჟინებით ამტკიცებს, რომ თამარის დროს (რუსუდანამდე) „ცხუმის ერისთავი სხუა, აფხაზთა სხუა“. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ წყაროში ტექსტის ეს მონაკვეთი ხელნაწერში ნაკლულია და აღდგენისას გარკვეული კუნიუნქტურა განიცადა. ამიტომ მკვლევართა ნაწილი, ვახუშტიზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ ერთიან მონარქიაში XIV ს-ის დასაწყისამდე ა-თა საერისთავო არსებობდა. ვახუშტის ცნობით, XIV ს-ის დასაწყისში დავით ნარინის შვილებს შორის წრმოქმნილი უთანხმოებით ისარგებლეს დადიანმა და შერვაშიძემ და საერისთავოდ ჩაბარებული მიწები სამთავროდ დაიჭირეს.
ახალქალაქის ერისთავი იხ. ჯავახეთის ერისთავი
თუხარისის ერისთავი. თუხარისი საქართველოს უძველეს ანტიკურ ქალაქთა რიცხვში მოიხსენიება. იგი მდებარეობდა მდ. ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე, ამიერ-ტაოსა და კლარჯეთის საზღვარზე. დიდი ხნის განმავლობაში ციხექალაქი თუხარისი და მისი მიმდებარე მიწა-წყალი სამეფო დომენის კუთვნილება იყო. IV ს-ში მეფე მირდატმა აქ ააშენა პირველი ეკლესია, რომელიც იმთავითვე მცხეთის სამწყსოში შედიოდა. თუხარისი, როგორც სასაზღვრო ტერიტორიის ცენტრი, განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებდა - ადრეულ შუა საუკუნეებში იგი რამდენჯერმე მიიტაცა ბიზანტიამ. IX ს-დან ქალაქი ტაო-კლარჯეთის სამთავროში შედიოდა და კლარჯი ბაგრატიონების სამფლობელო იყო. თ-ის საერისთავო დაფუძნდა XI ს-ში, საქართველოს გაერთიანების კვალდაკვალ. საერისთვოს რეზიდენციას წარმოადგენდა თუხარისის ციხე. პირველად თ. ე. მოიხსენიება „მატიანე ქართლისაჲში“ ბაგრატ IV-ისა და ლიპარიტ ბაღვაშის დაპირისპირების ერთ-ერთ ეპიზოდში (1045-1047), საიდანაც ჩანს, რომ ფარსმან თმოგველი და თ. ე. ბეშქენ ჯაყელი ბაგრატს განდგომიან და ლიპარიტს მიმხრობიან. თ. ე. ბეშქენ ჯაყელი იხსენიება აგარის სამშენებლო წარწერაში: „ერისთავთ-ერისთავთა ბეშქენ და მურვანის მლოცველმან, მე, ეფრემ, ხელვყავ შენებად ტრაპეზისა ამისა“. შეინარჩუნა თუ არა ბეშქენ ჯაყელმა თ. ე-ობა ლიპარიტის დამხობის შემდეგ, უცნობია. ვარაუდობენ, რომ მისი შთამომავალი უნდა იყოს დავით აღმაშენებლის თანამედროვე ბეშქენ ჯაყელიც, რომელიც 1118 წ-ის სიახლოვეს თურქთაგან ჯავახეთში დაიღუპა, რის გამოც მეფემ სასტიკად იძია შური. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი მას ერისთავობით არ მოიხსენიებს, მაგრამ ასეთი „უზუსტობა“ ხშირია დავითის ისტორიკოსთან. ამიტომ მიიჩნევს ნ. ბერძენიშვილი მას ერისთავად. უცნობია თ-ის საერისთავოს გაუქმების თარიღიც. ვახუშტი ბაგრატიონი გიორგი ბრწყინვალის მიერ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ახლად დასმულ ერისთავთა შორის თ. ე-ს არ ახსენებს. სავარაუდოდ, ამ დროიდან თუხარისის „ქვეყანა“ მცხეთის ეკლესიის იურისდიქციაშია, ხოლო თუხარლები - მცხეთის საყდრისშვილები. გვიანდელ საბუთებში (XVI ს.) თუხარელთა მამული ყოველთვიის ქართლის კათალიკოსის მესხეთის ძველ სამწყსოთა შორის იხსენიება.
კალმახის ერისთავი. კ-ის საერისთავო, სავარაუდოდ, დაარსდა XI ს-ში გაერთიანებული საქართველოს ახლებური ადმინისტრირების შედეგად. „მატიანე ქართლისაჲ“ გვაცნობს სულა კ. ე-ს, ბაგრატ IV-ისა და ლიპარიტ ბაღვაშის მწვავე დაპირისპირების მომსწრეს და მეფის უერთგულეს პირს. სულა კ. ე-მა გადამწყვეტი როლი შეასრულა ბაგრატსა და ლიპარიტს შორის თითქმის ოცწლიანი კონფლიქტის მეფის სასარგებლოდ დასრულების საქმეში. 1047/1048 წ. სანამ თურქები ლიპარიტს დაატყვევებდნენ, სულა კ. ე-მა გრიგოლ არტანუჯის ერისთავთან ერთად შეჰყარა მესხთა ლაშქარი და უხმო ბაგრატს. მათი დახმარების იმედით ბაგრატი არყისციხეში კვლავ შეებრძოლა ლიპარიტს, მაგრამ დამარცხდა. ამ ბრძოლისას სულა კ. ე. ტყვედ ჩავარდა. ლიპარიტის ხალხი მას ძელზე გასმის მუქარით აიძულებდა კალმახის ციხის დათმობას, მაგრამ სულა ვერ გატეხეს. 1048 წ. ბასიანში ლიპარიტი თურქებმა დაატყვევეს. როგორც ჩანს, ლიპარიტის შვილებმა, რომლებიც ბაგრატთან მშვიდობას ეძებდნენ, სულა გაათავისუფლეს. ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ ლიპარიტი კიდევ უფრო გაძლიერდა და მეფე იძულებული გახადა კონსტანტინოპოლში ჩასულიყო სამართლის საძიებლად. ბაგრატი კომპრომისული წინადადებებით დაბრუნდა კონსტანტინოპოლიდან, და, ფაქტობრივ, გაუყო ძალაუფლება ლიპარიტს. 1057 წ. სულა კ. ე-ის ხელმძღვანელობით მესხმა აზნაურებმა ლიპარიტი და ივანე დლივში შეიპყრეს დ ბაგრატს ჩააბარეს. ამ დამსახურების სანაცვლოდ ბაგრატმა სულას მამულობით უბოძა „ციხისჯვარი და ოძრხე ბოდო-კლდითა“. არსებობს მოსაზრება, რომ ამ დროს სულამ კალმახის საერის თავო მიწა-წყალიც მამულობით მიიღო, რაც კ-ის საერისთავოს გაუქმებას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება „ქართლის ცხოვრების“ ძველ სომხურ თარგმანში სულას მოხსენიება „იშხანად“ (მთავრად). თამარის დროს კალმახელები, მართლაც ერისთავის წოდების გარეშე მოიხსენიებიან, როგორც კალმახის მემამულე ფეოდალები. ისინი ზაქარია ფანასკერტელთან ერთად ამარცხებენ გუზან ტაოსკარელის დამხმარე თურქთა ლაშქარს. ამრიგად, თამარის დროს და, უეჭველია, მთელი XIII ს-ის განმავლობაში კალმახის საერისთავო გაუქმებული ჩანს. XIV ს-ის პირველ ნახევარში, ვახუშტის ცნობით, გიორგი ბრწყინვალემ კალმახი, როგორც საზღვრისპირა რეგიონი, კვლავ საერისთავოდ აქცია. შემდგომში კ-ის საერისთავო კვლავ გაუქმებულა - XVI ს-ის დასაწყისში შედგენილ მცხეთის სამწყსოს მამულების ნუსხაში კ. ე-თა ყოფილი მიწები სხვა მესხურ მიწებთან ერთად სამცხეთო მამულებს შორის მოიხსენიება.
კახეთის ერისთავი. კ-ის საერისთვოს დაარსებას ქართული საისტორიო ტრადიცია ფარნავაზ მეფეს მიაწერს. მის ფარგლებში იგულისხმება ვრცელი ტერიტორია „არაგვიდან ჰერეთამდე რომელ არს კახეთი და კუხეთი“. საუკუნეების განმავლობაში ფარნავაზის დროინდელი საერისთავო ტერიტორიის სტატუსი არაერთხელ ჩანს შეცვლილი. მაგ., მირიან მეფის დროს კახეთი და კუხეთი საუფლისწულო დომენი გახდა, ხოლო მისი მემკვიდრეების დროს კუხეთი, ცენტრით რუსთავში, გამოეყო დომენს და ისევ საერისთავო ქვეყნად იქცა. შემდეგი ცნობა ეკუთვნის ვახტანგ გორგასლის ხანას. ვახტანგმა, მემატიანის სიტყვით, კახეთი და კუხეთი თითქოს კვლავ ერთ საერისთავოდ შეაერთა. შემდგომ საუკუნეებში, ვიდრე ქართლის სამეფო ტერიტორია ახალ სამეფო-სამთავროებად დაიშლებოდა, კ. ე., როგორც მოხელე, წყაროებიდან ქრება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბაგრატ III-მ კახეთი და ჰერეთი შემოიერთა (1010), ამ ვრცელი რეგიონების სამართავად თავისი ერისთავები დასვა. ივარაუდება, რომ ბაგრატი მოერიდებოდა ვიწრო თემობრივ პრინციპზე ტერიტორიულ დაყოფას და საერისთავოების სახით აქ ორი მსხვილი ადმინისტრაციული ერთეული - კახეთისა და ჰერეთის - უნდა დაეარსებინა. ამაზე მიანიშნებს „მატიანე ქართლისაჲს“ თხრობა ამირა ფადლონის მიერ ჰერეთისა და კ. ე-თა შევიწროების შესახებ. გიორგი I-ის ტახტზე ასვლისას ბაგრატ III-ის მიერ დასმული ერისთავები უკვე კახელებს შეუპყრიათ. ვახუშტი ბატონიშვილის მოწმობით, კახეთის მეფე კვირიკე დიდმა (1010-1037) კახეთ-ჰერეთის ტერიტორია შვიდ საერისთავოდ დაანაწილა. ამათგან სამი: რუსთვი, კვეტერა, პანკისი ანუ მარილისი საკუთრივ კახეთში იყო, ოთხი - ხორნაბუჯი, ვეჯინი, მაჭი, შტორი ჰერეთში. როგორი იყო კახეთის ადმინისტრაციული დაყოფა ერთი საუკუნის შემდეგ, როდესაც დავით აღმაშენებელმა კახეთი ხელახლა შემოიერთა, წყაროებიდან არ ჩანს. არსებობს მოსაზრება, რომ კვირიკე დიდის დროინდელი დაყოფა ერთიან საქართველოშიც შენარჩუნდა, რის მოწმობასაც ხედავენ გვიანდელი კახეთის მეფეების სიგელთა გამონათქვამებში: „საპანკისო“, „ვეჟინის პირთა“ და სხვ., რომლებშიც ტერიტორიული ერთეულების ძველი ცენტრები უნდა იყოს მინიშნებული (ნ. ასათიანი). საპირისპირო მოსაზრებით, კახეთის ხელახალი შემოერთების შემდეგ დავით აღმაშენებელი ადმინისტრირების კვლავ ბაგრატ III-ის დროიდელ პრინციპს უნდა მიბრუნებოდა (მ. ბახტაძე). კ. ე-ების შესახებ წყაროებში მეტისმეტად მწირი ცნობებია შემონახული, თუმცა მათი შეჯერება საფუძველს იძლევა ერთიან ქართულ მონარქიაში კ. ე-ებად აბულეთისძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები იქნას მიჩნეული. სახელი აბულეთი წყაროებში X ს-დან ჩნდება. პირველად იგი მოიხსენიება ზედა-ლისას (შიდა ქართლი) ეკლესიის სამშენებლო წარწერაში, რომელშიც ეკლესიის მაშენებელი ფებრონია მოიხსენიებს თავის ძე აბულეთს. აბულეთისძეთა საგვარეულოს არსებობა არაბი ისტორიკოსის, ალ-ფარიკის ცნობაზე დაყრდნობით XI ს-დან დასტურდება (გ. ჯაფარიძე). ნიშანდობლივია, რომ კახეთის შემოერთების წინ დავით აღმაშენებელს სწორედ აბულეთისძეთა წინააღმდეგობის დაძლევა მოუხდა. ამ საგვარეულოს სხვა განშტოება - აბულეთისძე-ძაგანისძენი დიდი გავლენით სარგებლობდნენ XII-XIII სს-ის საქართველოში და მაღალ თანამდებობებსაც ფლობდნენ. თამარის დროს კ. ე. იყო ბაკურ-ყმა ძაგანისძე. მოგვიანებით, 1259 წ. გაცემული ძაგან აბულეთისძის სიგელის თანახმად, XIII ს-ის შუა ხანებში კ. ე. ყოფილა ივანე აბულეთისძე. აბულეთისძე-ძაგანისძეთა სახლის შთამომავლად მიიჩნევს ნ. შოშიაშვილი ეგასლან ბაკურციხელსაც, რომელიც, „ჟამთააღმწერლის“ ცნობით, მონღოლებმა კახეთ-ჰერეთის დუმნისთავად დანიშნეს. ამ ვარაუდზე დაყრდნობით მიაჩნიათ ეგარსლანი კ. ე-ად (მ. ბახტაძე). ეგარსლანის წარმომავლობა კ. ე-თა საგვარეულოდან სავსებით დასაშვებია, მაგრამ მის კ. ე-ობას ერთგვარად აბრკოლებს ეგარსლანის მემატიანისეული დახასიათება - „ჟამთააღმწერელი“ ხაზს უსვამს ეგარსლანის ჭკუასა და გამჭრიახობას, მაგრამ, ამასთანავე, საგანგებოდ აღნიშნავს მის უმეცრებას სამხედრო საქმეში, მაშინ, როდესაც ერისთავის უპირველესი მოვალეობა სამხედრო სამსახურია. ეგარსლანი კოხტასთავის შეთქმულებაშიც მონაწილეობს და მონღოლთა სამსახურშიც ახერხებს დაწინაურებას, იმდენად, „რომელ კნინღადა სახელისდებაცა მეფისა იკადრა“. მაგრამ განდიდებული მოხელე დიდების მწვერვალიდან ეშვება მაშინ, როდესაც არისტოკრატულ სამოხელეო ეტიკეტს დაარღვევს - იგი ხაზგასმით ქედმაღლურად დახვდა ურდოდან დაბრუნებულ ავაგ ათაბაგს, რის გამოც ავაგმა მას იქვე, საჯაროდ, გადაუჭირა მათრახი და ბრძანა, ცხენიდან ჩამოეგდოთ. ამის შემდეგ წყაროებში ეგარსლანის ხსენება წყდება. კ. ე-ად მიიჩნევენ თორღვა პანკელსაც, რომელსაც, „ჟამთააღმწერელის“ თანახმად, დავით ლაშას ძემ ბათო ყაენთან გამგზავრების წინ კახეთის საქმეები ჩააბარა (მ. ბახტაძე). თორღვა პანკელს მეფის იმედები არ გაუმართლებია, დიდად „გაამაყებულა“ და კახეთი თვითნებურად თავისად დაუჭერია. მეფემ საქართველოში დაბრუნების შემდგომ იგი სიკვდილით დასაჯა. მეტი ცნობა კ. ე-ების შესახებ არ მოგვეპოვება. ერისთავის ინსტიტუტი XIV ს-დან მთელ საქართველოში გადაგვარების გზას დაადგა. XV ს-ის მეორე ნახევარში, როდესაც გიორგი VIII-მ (ერთიანი საქართველოს მეფე 1446-1476; კახეთის მეფე 1466-1476) კახეთის სამეფო დააფუძნა, მას ერისთავის ინსტიტუტი აღარ აღუდგენია და ქვეყნის ადმინისტრაციული მოწყობა მოურავობის ინსტიტუტზე დააფუძნა.
კლდეკარის ერისთავი. კ-ის საერისთავოს დაარსება უკავშირდება ბაღვაშთა ძლიერ საგვარეულოს, რომლის ერთი განშტოება IX ს-ის 70-იანი წლების დასასრულს ეგრისაფხაზეთის სამეფოდან (არგვეთიდან) თრიალეთში გადმოსულა. აქ, კლდეკარში, ლიპარიტ (I) ბაღვაშს ციხე აუგია და დავით კურაპალატს (876-881) ყმობია. ამიერიდან ბაღვაშები მნიშვნელოვან ფიგურებს წარმოადგენენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. მათი საგამგებლო მხარე - „ქუეყანანი თრიალეთისანი“ მოიცავადა მთელ რიგ მიკროქვეყნებს, როგორებიცაა: ფარავანი, ტაბისყური, ნარიანი, საპიტიახშო, რეხაცხვარეთი-საპონაური, თეზი, ბარეთი, ნარდევნისა და სანთის საციხისთავოები. „მატიანე ქართლისაჲს“ და ეპიგრაფიკული მასალის მოწმობით, ბაღვაშები თრიალეთით აღარ იფარგლებიან - დროდადრო მათ ხელშია მანგლისის ხევი, სკვირეთი, ატენი, თეძმის, ვერეს, სამშვილდის ხეობები და ვარძიაც. ბაღვაშების საააღმშენებლო მოღვაწეობის კვალი დადასტურებულია ქვემო ქართლშიც, ყარაბულახის მარცხენა სანაპიროზე, მაშინ როცა მარჯვენა მხარე სომეხ კვირიკიანებს ეპყრათ. საერისთავოს რეზიდენცია იყო კლდეკარის ციხე, რომელიც ჯავახეთიდან ქართლისაკენ მომავალ სტრატეგიული მნიშვნელობის გზას აკონტროლებდა, რაც მის მფლობელ ბაღვაშებს საკუთარი ძალისა და მნიშვნელობის დემონსტრირების საშუალებას აძლევდა. ბაღვაშები, მართალია, ერისთავებად იწოდებოდნენ, მაგრამ სხვა ერისთავთა მსგავსად, ტაოს ბაგრატიონთა ფორმალური ვასალები უფრო იყვნენ, ვიდრე მოხელეეები. მდგომარეობა შეიცვალა X-XI ს-თა მიჯნაზე, როდესაც დამოუკიდებლობას შეჩვეული კ. ე-ები იძულებული გახდნენ ადგილი ეპოვათ საქართველოს ერთიან მონარქიაში - ისინი თავიდან მტრულად შეხვდნენ ბაგრატ III-ის ქართლში გამეფებას, მაგრამ შემდგომ მეფის მოხელეობას ჯერდებიან. სამეფო ხელისუფლებასთან ბაღვაშთა ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა ლიპარიტ (IV) ბაღვაშის დროს და XI ს-ის გასულამდე ისინი სამეფო ხელისუფლების მთავარ ოპოზიციურ ძალად რჩებიან.
რატი (I) ბაღვაში - კ. ე. X ს-ის 80-იანი წწ. რატი (I) ბაღვაშს მოიხსენიებენ „მატიანე ქართლისაჲ“, ატენის, შეპიაკისა და დაშბამის ეკლესიათა წარწერები. კ. ე. რატი თავიდანვე „არა მორჩილებდა კეთილად ბაგრატ მეფესა“. 988 წ., როდესაც ბაგრატ III-მ ტბელები დაამარცხა და შიდა ქართლში პოზიციები განიმტკიცა, რატი შეეცადა მეფისათვის წინაააღმდეობის გაწევას, მაგრამ, მისთვის მოულოდნელად, ბაგრატ III კლკდეკარის ციხეს შემოადგა. რატიმ წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია, გამოვიდა ციხიდან, ბაგრატს თავისი შვილი ლიპარიტი შეავედრა და თვითონ არგვეთის მამულში წავიდა. როგორც ჩანს, გიორგი I-მა (1014-1027) რატი ბაღვაში მალე შემოირიგა - 1021 წ. იგი გიორგი მეფესთან ერთად იბრძვის შირიმნის ბრძოლაში და ბრძოლის ველზე ეცემა. როგორც ჩანს, ამ ამბიდან მალე იბრუნებენ ბაღვაშები კ. ე-ობას.
ზვიად მარუშიანი - კ. ე. დაახლ. 988-1021 წწ. ვინ ჩაანაცვლა კ. ე-ად რატი (I) ბაღვაში, „მატიანე ქართლისაი“ არაფერს იუწყება, სამაგიეროდ, ამ ხარვეზს ავსებს ეპიგრაფიკული მასალა. ლივადის (თრილეთი) წარწერაში კ. ე-ად ჩანს ბაგრატ III-ის ერთგული თანამებრძოლი ზვიად მარუშიანი. სამოხელეო ტიტულის გარეშე იხსენიებს ამავე პირს დიდი გომარეთის (თრიალეთი) 1023 წ-ის წარწერა, საიდანაც ირკვვა, რომ ეკლესიის ბალავარი ჩადებულა იმ დროს, როცა ზვიად მარუშიანი მეფე გიორგის I-ს შეურისხავს. ამ წარწერათა მონაცემების თანახმად, ზვიად მარუშიანს კ. ე-ობა უნდა ჰქონოდა რატი ბაღვაშის შემდგომ, 988-1023 წწ-ებში (ა. ბაქრაძე). სხვაგვარი დათარიღებით, ზვიად მარუშიანი კ. ე. უნდა ყოფილიყო 988 წ-იდან დაახლ. 1016 წ-მდე (მ. ბახტაძე). მკვლევართა მიერ იგივე ზვიად მარუშიანი ჩანს ჯავახეთის ერისთავად, მხოლოდ ქრონოლოგიური ჩარჩოების დადგენა ძნელდება (შდრ. ჯავახეთის ერისთავი ზვიად (II) ერისთავი).
ლიპარიტ (III) ბაღვაში -კ. ე. დაახლოებით 1021-1028 წწ. შეპიაკის წარწერის თანახმად, იგი იყო რატი (I)-ის ძე, რომელსაც მამის სიცოცხლეშივე მიუღია კ. ე-ობა: „სახელითა ღ(მრ)თისითა აღვაშენე წმიდაი ესე ეკლესიაი ზეობასა, ადიდენ ღმერთმან, რატ ერისთავისა სალოცველად, მზეგრძელობისა და სულისა მათისათუის და სალოცავად ძისა მათისა ლიპარიტ ერისთავისა“.
ლიპარიტ (IV) ბაღვაში - ლიპარიტ (III)-ის ძე, კ. ე. 1028-1057 წწ., ქართლის ერისთავი 1040-იან-1057 წწ.; ბაგრატ IV-ის თანამედროვე, გამჭრიახი, გაბედული და ძლიერი პიროვნება, რომლის დაპირისპირებამ ბაგრატ IV-სთან ღრმა კვალი დააჩნია XI ს-ის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას. ლიპარიტს დიდ ანგარიშს უწევდნენ მისი თანამედროვე ბიზანტიისა და თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოს მმართველნი. ლიპარიტ IV-ის შემდგომ კ. ე-თა დამორჩილება საქართველოს მეფეების საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ამაოცანად დარჩა. ლიპარიტი მოიხსენიება იმერას, დიდი გომარეთისა და ამბარლოს წარწერებში. მან უაღრესად რთული გზა განვლო ბაგრატ IV-ის ვასალობიდან ბიზანტიის იმპერატორის მოკავშირეობამდე. თავდაპირველად ლიპარიტი ერთგულად ემსახურებოდა ახლად გამეფებულ მცირეწლოვან ბაგრატ IV-ს და ქვეყნის ინტერესების დასაცავად არა ერთი ბრძოლა გადაიტანა. „მატიანე ქართლისაჲ“ იუწყება, რომ ბაგრატ IV-ის საქართველოში დაბრუნებიდან ერთი წლის შემდეგ (1028) იმპერატორმა კონსტანტინემ ბიზანტიელთა სადამსჯელო ჯარი გამოგზავნა, რომელმაც მოაოხრა ტაოს ქვეყანა და მოვიდა თრიალეთს. აქ ბიზანტიელთა ჯარს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია კლდეკარში გამაგრებულმა ლიპარიტმა და აიძულა იგი უკან გაბრუნებულიყო. მომდევნო წლებში ლიპარიტი კვირიკე კახთა მეფესთან და თბილისის ამირასთან ერთად იბრძვის განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ. ლიპარიტისა და ბაგრატის განხეთქილების მიზეზი გახდა თბილისის საამიროს საკითხი. „მატიანე ქართლისაჲს“ ცნობით, ლიპარიტი დამოუკიდებლად უწევს ორგანიზებას თბილისის შემოერთებას - მან ქართლის ერისთავ ივანე აბაზასძესთან ერთად ტფილელი ამირა ჯაფარი მუხათგუერდში შეიტყუა და შეიპყრო, შემდეგ ბირთვისის ციხეც წაართვა. ამ ფაქტს ადასტურებს ამბარლოს წარწერაც: „მას ჟამსა მიწყია, ოდეს შეიპყრა ლიპარიტ ერისთავთ ერისთავმან ამირაჲ“. დატყვევებული ამირა ბაგრატ IV-მ შეიწყალა და კვლავ თბილისში დააბრუნა. ცოტა ხნის შემდეგ ბაგრატმა კახელთა და ჰერთა ლაშქრის მონაწილეობით თავად ითავა თბილისზე ლაშქრობა. თბილისის ალყა ორ წელს გაგრძელდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ თბილისის ამირა ჯაფარ იბნ-ალი ტივით აპირებდა თბილისიდან განძაში გაპარვას, მაგრამ ბაგრატმა თავისი დიდებულების კარნახით, კვლავ დაინდო ამირა და, ლიპარიტისაგან ფარულად, ზავი შეკრა მასთან. ამ ამბის შემდეგ ლიპარიტი საბოლოოდ განუდგა ბაგრატს. ეს განდგომა ბაგრატ IV-ს და ქვეყანას მეტისმეტად ძვირი დაუჯდა, განსაკუთრებით 1040-იანი წლების შემდგომ, როდესაც მათ პოლიტიკურ უთანხმოებას პირადი მოტივებიც შეემატა.
ბიზანტიამ, რომლის დამპყრობლურ გეგმებს კავკასიაში ძლიერ აფერხებდა ბაგრატ IV, ოპოზიციონერი კ. ე-ის სახით ძლიერი მოკავშირე იპოვა. ამიერიდან ლიპარიტ კ. ე. საქართველოში ბიზანტიური პოლიტიკის ყველაზე თანმიმდევრული გამტარებელი გახდა. ბიზანტიამ განიზრახა ბაგრატისათვოს დაეპირისპირებინა დემეტრე, კონსტანტინოპოლში მცხოვრები მისი ნახევარძმა, დემეტრე (1032 წ. ამ დემეტრემ გადასცა ანაკოფიის ციხე ბიზანტიას). ლიპარიტი ორჯერ შემოუძღვა დემეტრეს საქართველოში ბიზანტიის ფულითა და სამხედრო ძალით. ატენის ბრძოლის შემდეგ მოწინააღმდეგენი დაზავდნენ, რის შედეგადაც მეფემ შემოსარიგებლად ლიპარიტს ქართლის ერისთავობაც უბოძა, თუმცა ამით ბიზანტიის ხელისუფალთა მხარდაჭერით ძალამიცემული ლიპარიტის გული მეფემ მაინც ვერ მოიგო.
1045 წ. ბიზანტიამ ანისის სამეფო გააუქმა. ანელმა ბერებმა, ბიზანტიელთაგან თავდაცვის მიზნით, ქალაქი ბაგრატის დედას, არწრუნთა შთამომავალ დედოფალ მარიამს, ფაქტობრივად კი, ბაგრატს გადასცეს. ბაგრატმა ისარგებლა ამ ვითარებით და მნიშვნელოვნად შეავიწროვა ბიზანტიის პოზიციები ანისსა და შავიზღვისპირეთში. ამავე ხანებში თბილელი ბერების მიწვევით ბაგრატი კახთა მხარდაჭერით თბილისში შევიდა. ბაგრატის წარმატებების საპირისპიროდ ბიზანტიამ ლიპარიტი აამოქმედა. ამჯერად ლიპარიტმა მოტყუებით გამოიყვანა ანისიდან ქალაქის მცველები - ბაგრატის უერთგულესი ერისთავები და ყველა დაატყვევა. ბაგრატი იძულებული გახდა თბილისი მიეტოვებინა და ჯავახეთში ჩასულიყო. ლიპარიტმა, რომელსაც ბიზანტიის ჯარი უმაგრებდა ზურგს, სძლია მეფეს. ამ ამბის შემდეგ ბაგრატმა ზედიზედ კიდევ რამდენიმე დამარცხება იწვნია ლიპარიტისაგან. განდგომილ მოხელეს მეფემ დაზავება შესთავაზა, მაგრამ ლიპარიტი მოლაპარაკებაზე არც კი გამოცხადდა. ამ მარცხის შემდეგ ბაგრატი აფხაზეთს გადავიდა. ლიპარიტმა ხელთ იგდო მესხეთის მრავალი ციხე და გამაგრდა „ზემო ქუეყანასა ზედა“. 1046-1047 წწ-ში ლიპარიტი, ბიზანტიელთა დავალებით, დვინში ლაშქრობს და სამშობლოში 1047 წ. ბრუნდება. ამასობაში მცირე აზიასა კავკასიის სამხრეთით თურქ-სელჩუკთა შემოსევები ძლიერდება. ლიპარიტ IV ბიზანტიელთა მხარეს იბრძვის და 1048 წ. ბასიანის სიახლოვეს, კაპუტრუს ციხესთან, ტყვედ ვარდება (ამ თარიღს ადასტურებენ ბერძნული, სომხური და არაბული წყაროები). ლიპარიტის შვილებმა და მისმა ვასალებმა ბაგრატთან შერიგება არჩიეს. ქვეყანაში დროებით მშვიდობამ დაისადგურა.
არაბი ავტორის, იბნ ალ-ასირის (XII-XIII სს.) თანახმად, ბასიანთან მავერანნაჰრის თურქებმა დაამარცხეს ბიზანტიელთა და აბხაზთა (აქ: საქართველოს) 50-ათასიანი ლაშქარი, დაატყვევეს დიდი ჯგუფი პატრიკიოსებისა, რომელთა შორის იყო ალ-კარიტ (ლიპარიტი) აფხაზთა მალიქი. თავის დასახსნელად მას თურქთა მეთაურის იბრაჰიმ ინალისათვის 300 ათასი დინარი და 100 ათასი დინარის საჩუქარი შეუთავაზებია, მაგრამ იბრაჰიმი არ დათანხმებია და საპატიო ტყვე ხორასნის მმართველ თოღრულ-ბეგისათვის მიუგვრია. ლიპარიტის ტყვეობიდან გამოხსნაზე ზრუნვა იმპერატორმა კონსტანტინე მონომახოსმა აიღო თავის თავზე. სკილიცეს თანახმად, ლიპარიტის გამოსასყიდად იმპერატორმა თოღრულ-ბეგს დიდძალი თანხა და საჩუქრები გაუგზავნა, მაგრამ თოღრულ-ბეგს იმპერატორის საჩუქრებზე უარი უთქვამს და ლიპარიტი გამოსასყიდის გარეშე გაუთავისუფლებია, თანაც მისთვის იმპერატორისაგან მოძღვნილი ძვირფასი საჩუქრები გაუტანებია. ლიპარიტის გამოხსნასთან დაკავშირებული ბერძნულ-არაბული წყაროები ადასტურებენ, რომ ლიპარიტ ბაღვაში უაღრესად მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს ასრულებდა ბიზანტიის აღმოსავლურ პოლიტიკაში, რის გამოც ბიზანტიამ თურქ-სელჩუკებთან დიპლომატიური არხები პირველად ლიპარიტის გამოხსნის მიზნით აამოქმედა. უცხოურ წყაროებს ეთანხმება „მატიანე ქართლისაჲ“ ლაკონური განცხადებაც: „და იყო მოყუარედ მისა ხუარასანს დოღლუბეგ სულტანი და საბერძნეთს - ბერძენთა მეფე“. არსებობს მოსაზრება, რომ კონსტანტინე მონომახოსის განსაკუთრებულ მფარველობას ლიპარიტ ბაღვაშისადმი, გარდა პოლიტიკური მოტივებისა, ასევე, ასაზრდოებდა მისი „მოყვრობა“ ლიპარიტთან. იგულისხმება მიქელ ფსელოსის ცნობა კონსტანტინე მონომახოსის გატაცების შესახებ ფავორიტი ალანი ქალით, რომლის მამას იმპერატორი დიდძალ ქონებას უგავნიდა ყოველწლიურად. სამეცნიერო ლიტერატურაში, იმის გათვალიწინებით, რომ ბიზანტიური წყაროები „ალანს“ ხშირად ქართველებს უწოდებდნენ, იმპერატორის ფავორიტი ქალი გაიგივებულია ლიპარიტის ასულთან (ლ. თავაძე). ლიპარიტ ბაღვაში ტყვეობიდან გათავისუფლებულა 1049 წ. (მ. კარანაძე). ტყვეობიდან დაბრუნებულმა ლიპარიტმა ბიზანტიელთა სამხედრო ძალით და ადგილობრივ მომხრეთა დახმარებით კვლავ უკიდურესად შეავიწროვა ბაგრატ IV. მან დაიკავა ანისი და აიძულა ბაგრატი მიეტოვებინა თბილისი, სადაც თითქმის განმტკიცებული ჰქონდა პოზიციები. მოწინააღმდეგენი ერთმანეთს ჯავახეთში შეხვდნენ. მეფე კვლავ დამარცხდა და 1051 წ. იძულებული გახდა კონსტანტინოპოლში ჩასულიყო. აქ იგი სამი წელი იმყოფებოდა საპატიო ტყვეობაში. ამ ხნის განმავლობაში საქართველოში, ლიპარიტის მოთხოვნით, გიორგი უფლისწული რუისში მეფედ აკურთხეს. ახალგაზრდა მეფის მეურვეობაც თავად ლიპარიტმა ჩაიბარა. 1054 წ. იმპერატორმა კონსტანტინე მონომახოსმა ბაგრატ IV ლიპარიტთან ისე „შეარიგა“, რომ შერიგების პირობები თავად განსაზღვრა: ბაგრატს მთელი ქართლი და დასავლეთი საქართველო დაუტოვა, ხოლო ლიპარიტს, რომელიც ფორმალურად ცნობდა ბაგრატის სუზერენობას, მთელი მესხეთი მიაკუთვნა. როგორც ირკვევა, მესხეთთან ერთად ლიპარიტმა ჯავახეთის ნაწილიც მიიღო, რასაც ადასტურებს ზედა ვარძიის სამშენებლო წარწერა, რომელშიც მეფე საერთოდ აღარ არის მოხსენიებული. ამრიგად, ლიპარიტმა მესხეთის მთავრობა ოფიციალურად მიიღო და დიდი უფლებები მოიპოვა მთელ ქვეყანაში.
1055 წ. გარდაიცვალა ლიპარიტ ბაღვაშის მფარველი იმპერატორი კონსტანტინე მონომახოსი, რომლის შემდეგ საიმპერიო კარზე ზედიზედ ენაცვლება ერთმანეთს სხვადასხვა დინასტიის რამდენიმე იმპერატორი (თეოდორა, მიხეილ VI, ისაკ I კომნენოსი). ცხადია, ბიზანტიისათვის ამ რთულ პერიოდში ლიპარიტმა მხარდაჭერა დაკარგა. როგორც ჩანს, ამ წლებში საქართველოშიც დაიმსხვრა მითი ლიპარიტის ყოვლისშემძლეობის შესახებ. 1057 წ. ბაგრატის ერთგულმა ვასალმა სულა კალმახელმა მესხი აზნაურების დახმარებით დლივს მყოფი ლიპარიტი მის ძესთან, ივანესთან ერთად შეიპყრო და კალმახის ციხეში დაამწყვდია. ახლა უკვე ბაგრატმა „განაგო“ დაპატიმრებული ლიპარიტის საქმეები, - მისგან ჩაიბარა ციხეები: არტანუჯი, ყველი, უფლისციხე და ბირთვისი. ლიპარიტის უმთავრესი ციხე კლდეკარი კი, რომელსაც მედგრად იცავდა ლიპარიტის მწიგნობართუხუცესი ანამორი, დიდი წინააღმდეგობის შემდეგ ძლივს დაიმორჩილა მეფის ლაშქარმა - მეციხოვნეები დაეზავნენ მეფეს და კლდეკარის სანაცვლოდ ლიპარიტისა და ივანეს ცოცხლად გაშვება მოითხოვეს. ამის შემდეგ ლიპარიტმა „ჩაიცვა ჩოხანი“ და თავისი ძე ივანე მეფეს შეავედრა. ივანეს მეფემ კლდეკარი ჩამოართვა და მხოლოდ არგვეთის მამული დაუტოვა. შემონაზვნებულმა ლიპარიტმა კი, „შეუცოდებლობის ფიცი“ დადო და საბერძნეთში წავიდა, სადაც იგი მალე გარდაიცვალა. მისმა ერთგულმა ყმებმა ლიპარიტის ცხედარი ჩამოასვენეს და მის სამკვიდრო მამულში, კაცხში დაკრძალეს.
ალავერდის ოთხთავის მინაწერის ცნობით, ლიპარიტ (IV) ბაღვაში ატარებდა პროედროსის, პროტოარხონტის და მაგისტროსის ბიზანტიურ ტიტულებს. „ქართლის ცხოვრების“ სომხურ თარგმანში კი, 1051-1057 წწ-ში იგი კურაპალატადაც მოიხსენიება. კ. ე. ლიპარიტ (IV) ბაღვაში, ძლიერი და წინააღმდეგობრივი პიროვნება, როგორც ჩანს, ღრმა შთაბეჭდილებას ახდენდა თანამედროვეებზე. მიუხედავად იმ დიდი პოლიტიკური ზიანისა, რაც, გარემოებათა წყალობით, მოჰყვა მის კონფლიქტს ბაგრატთან, ქართველი მემატიანეც აღიარებს ლიპარიტის მნიშვნელობას: „და ლიპარიტ მოირჭუნა ზემოსა კერძსა დაუკლებელად, და იყო მოყუარედ მისა ხუარასანს დოღლუბეგ სულტანი და საბერძნეთს ბერძენთა მეფე, და ზრდიდა ბაგრატის ძესა გიორგის მცირესა სახელითა მეფობისათა“. სხვა ქართველ არისტოკრატთა მსგავსად, ლიპარიტი ზრუნავდა ხელნაწერთა შექმნა-გამრავლებაზე და მათ სულის საოხად ეკლესიას სწირავდა. მისი დაკვეთით 1048-1051 წწ-ში მანგლისში გადაუწერიათ იოანე ოქროპირის განმარტებები („თარგმანებანი“) მათესა და მარკოზის სახარებებისა. ასევე მის სახელს უკავშირდება ალავერდის ოთხთვის სახელით ცნობილი უძვირფასესი ხელნაწერი, რომელიც ივანე ლიპარიტის ძემ საქართველოში ჩამოიტანა და კაცხის მონასტერს შესწირა.
რატი (II) ბაღვაში ლიპარიტის ძე - კ. ე. 1048-1049 წწ.; ლიპარიტ IV-ს სამი ვაჟი ჰყავდა: რატი, ივანე, ნიანია და, სავარაუდოდ, ორი ასული. 1057 წ. ლიპარიტის შეპყრობის დროს, წყარო ასახელებს მხოლოდ ივანესა და ნიანიას, ხოლო რატის შესახებ არაფერს იუწყება. მამის შეპყრობის შემდეგ ივანე ბიზანტიაში გაიპარა, ნიანია კი ანისში გარდაიცვალა. რატი, როგორც ჩანს, ამ დროისათვის კარგა ხნის გარდაცვლილი იყო, მაგრამ უფრო ადრე შესრულებულ გოხნარის წარწერაში იგი ერისთავთერისთავად არის მოხსენიებული თავის ძმასთან, ივანესთან ერთად. ვარაუდობენ, რომ ლიპარიტის ტყვეობის წლებში (1048-1049) კ. ე-ობა რატი (II) ბაღვაშს ეპყრა.
მირიან თარხუნის-ძე - კ. ე. 1058-1073 წწ.; ლიპარიტ (IV) ბაღვაშის შემდეგ კ. ე-ობა ეპყრა მირიან თარხუნის-ძეს, რაზედაც იუწყება ატენის, ვერეს და ბარმაქსიზის წარწერები. წარწერებიდან კარგად ჩანს, რომ მირიან თარხუნის-ძეს ყველა ის საგამგებლო ქვეყანა დაუკავებია, რომლებიც ადრე ლიპარიტს ჰქონდა. მირიანი კ. ე. უნდა ყოფილიყო 1073 წ-მდე, სანამ გიორგი II (1072-1089) კ-ის საერისთავოს უბოძებდა სპასალარ ივანე ბაღვაშს.
ივანე ბაღვაში - ლიპარიტ (IV) ბაღვაშის ძე, ბგრატ IV-ისა და გიორგი II-ის თანამედროვე; ქართლის სპასალარი 1059-1073 წწ-ში. კ. ე. 1073-1078 წწ-ში (სრულად იხ. სპასალარი ივანე ბაღვაში).
წყაროები და ლიტერატურა: მატიანე ქართლისაჲ 1955: .305, 309, 316, 317; ბაქრძე 1959: 62; .ქისკ 1984: 38; ხელნაწერთა აღწერილობა 1986: 214.
ლიპარიტ (V) ბაღვაში - ივანეს ძე, კ. ე. 1078-1089 წწ.; ივანე ბაღვაშის შემდეგ კლდეკარის ერისთავობა გიორგი მეფეს უბოძებია ივანეს შვილის, ლიპარიტისათვის. მის შესახებ ამბობს დავითის ისტორიკოსი, რომ დავითის გამეფების ჟამს „ჰქონდეს თრიალეთი და კლდეკარნი და მიმდგომი ქუეყანაჲ ლიპარიტს, და მეფისა დავითის წინაშე იყვის რეცა ერთგულად“. შემდგომ აღნიშნავს, რომ „მოკუდა სულტანი მალიქშა და ამა ლიპარიტ ამირამან იწყო მათვე მამულ-პაპეულთა უგზოთა კუალთა სლვაჲ“. მემატიანე კონკრეტულს არაფერს ამბობს ლიპარიტის შეცოდებათა შესახებ, მაგრამ ორგულობის გამო მას მეფის მრისხანება არაერთგზის დაუმსახურებია. რამდენიმე ხანს ლიპრიტი „განსაწუერთნელად“ დავითს დაუპატიმრებია, შემდგომ შეუნდვია და ყველა ძველი „დიდება“ ხელახლა უბოძებია. როდესაც ლიპარიტის საქციელით მეფე დარწმუნებულა რომ „კუდი ძაღლისაჲ არა გასწორდების“, 1094 წ. დაუპატიმრებია. საპატიმროში ლიპარიტს ორი წელი გაუტარებია, შემდეგ მეფეს იგი საბერძნეთში გაუგზავნია, სადაც გარდაცვლილა. ვინ გახდა ლიპარიტ (V)-ის დაპატიმრების (1094) შემდეგ კ. ე., წყაროდან არ ჩანს. მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ კ. ე-ობა ეპყრა მის ძეს რატის, რომელსაც დავითის ისტორიკოსი ორგულს და „იქედნეს ნაშობს“ უწოდებს. რამდენიმე წელიწადში რატიც გარდაცვლილა.
თევდორე - გიორგი ჭყონდიდლის დისწული, კ. ე. 1094 წ.; როგორც ჩანს, თევდორემ კ. ე-ობა მიიღო ლიპარიტ (V)-ის შემდგომ, რაზედაც იუწყება დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი: „თრიალეთი და კლდეკარნი ჰქონდეს თევდორეს“. ცხადია, ეს მხარე თევდორეს ერისთავობის უფლებით უნდა მიეღო. შესაძლებელია, კ-ის საერისთავოს ნაწილი მართლაც სამეფო დომენს შეუერთდა, როგორც ამას ფიქრობს ზოგიერთი მკვლევარი.
ვახტანგ - კ. ე. XII ს. მეორე ნახევარი. ეპიგრაფიკული მასალის მიხედვით, XII ს-ის 80-იან წწ-მდე კ-ის საერისთავო კვლავ განაგრძობდა არსებობას. დაახლოებით XII ს-ის შუა ხანებში კ. ე. იყო ვინმე ვახტანგი, რაზედაც იუწყება ბეშთაშენის წარწერა: „გურგენის ძეთა ავაგეთ, ერისთავისა ვახტანგის ბრძანებით“. მეტი ცნობა ვახტანგ კ. ე.-ის შესახებ არ მოგვეპოვება.
აფრიდონ - [კ. ე.] 1178-1185 წწ. აფრიდონის კ. ე-ობას ადასტურებს 1178-1185 წწ-ში შესრულებული ზედა ვარძიისა და ქვემო ჯინისის ეკლესიების წარწერები, რომლებშიც აფრიდონი მსახურთუხუცესად და ერისთავთ-ერისთავად მოიხსენიება (სრული ტექსტისათვის იხ. მსახურთუხუცესი აფრიდონი). 1185 წ-ის შემდგომ კ-ის საერისთავო უქმდება და მისი ტერიტორია სამეფო დომენს უერთდება.
ოდიშის ერისთავი. ო-ის საერისთავო ჯერ კიდევ ეგრის-აფხაზეთის სამეფოში წარმოიქმნა. ვახუშტის გადმოცემით, სამეფოს დამფუძნებელმა მეფე ლეონმა დასვა ერისთვი ბედიას და დაუდგინა საზღვრები - „ეგრისის აღმოსავლეთი ცხენის წყლამდე“. ბედიასთნ არის დაკავშირებული ო. ე-თა საგვარეულო სახელი ბედან/ბედიანი. ო. ე. დადიანთა წარმომავლობა გვარსახელ „დადიანს“ (დად-ის შთამომავალნი) უკავშირდება, რომელმაც თანადათანობით, ისევე როგორც გურიელმა და შერვაშიძემ, მთავრის პოლიტიკური შინაარსი შეიძინა. არსებობს გადმოცემა, რომ შორეულ წარსულში დადიანები საღირისძეთაგან იყვნენ განშტოებულნი, ხოლო მათ საერთო წინაპრად მოიაზრებენ ვახტანგ გორგასლის თანამედროვე სამნაღირ ერისთავს. მკვლევართა ნაწილი (თ. ბერაძე, ი. ანთელავა) სავსებით სარწმუნოდ მიიჩნევს დადიანთა დაკავშიებას საღირისძეთა ფეოდალურ საგვარეულოსთან.
საქართველოს ერთიანობის დროინდელი ო-ის საერისთავოს საზღვრები აღმოსავლეთით მდ. ცხენისწყალზე გადოდა, სამხრეთით - რიონის ქვემო წელზე, ჩრდილოეთით მას სვანეთის მთები აკრავდა, ხოლო დასავლეთით - ცხუმის საერისთავო. XIV ს-ის დასაწყისში ო-ის საერისთავოს ფარგლებში ცხუმის საერისთავოც შედიოდა. XIV-XV სს-ში კი, მისი აღმოსავლეთი საზღვრები ცხენისწყლის ნაპირებამდე უწევდა. XI-XIII სს-ში დადიანები სამეფო კარზე დაწინაურებული საგვარეულოა და მათ წარმომადგენლებს, გარდა ო. ე-ობისა, სამეფო კარზე სხვა მაღალი თანამდებობებიც ეპყრათ. ამ საგვარეულოს ჩვენთვის ცნობილი პირველი წარმომადგენელი - ივანე დადიანი - იხსენიება ბაგრატ IV-ის თანამებრძოლთა შორის. XII ს-ის მეორე ნახევარში, გარდა ო. ე-ობისა, სამეფო კარზე დადიანებს უკავიათ ჩუხჩარხისა და მსახურთუხუცესის თანამდებობები. თამარის პირველი ისტორიკოსი ადასტურებს ამ თანამდებობის პირებს შორის ახლო ნათესაობას. თამარის დროს დადიანის ხელში უნდა ყოფილიყო აგრეთვე დასავლეთ საქართველოს ჯარების სარდლობაც (სპასალარობა). XIII ს-ის 30-იანი წლებიდან ო. ე. დადიანები დასავლეთ საქართველოს მანდატურთუხუცესები ხდებიან. მას შემდეგ მანდატურთუხუცესობა დადიანების ტრადიციულ თანამდებობრივ ტიტულად იქცა. ასე იხსენიებიან ისინი XIV-XV სს-ის დოკუმეტებშიც, თუმცა, ამ სამოხელეო ფუნქციებს ისინი დიდი ხანია, აღარ ასრულებდნენ და თავიანთ საგამგებლო ტერიტორიას ნახევრად დამოუკიდებელი მთავრის უფლებამოსილებით მართავდნენ. ო. ე-თა გამთავრება XIV ს-ის 20-იან წლებში დააჩქარა დავით ნარინის მემკვიდრეებს შორის ქიშპობამ. ამ დროს შეიერთეს ო. ე-ებმა ცხუმის საერისთავო და ჩრდილო დასავლეთით ანაკოფიამდე გასწიეს ოდიშის ადმინისტრაციული საზღვრები. ამასთანავე, დადიანებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს ხელახალი გაერთიანების საქმეს და დიდი დახმარება გაუწიეს გიორგი ბრწყინვალეს ამ საქმის აღსრულებაში, რისთვისაც მეფეს ო. ე-ობასთან ერთად დადიანებისათვის ძველი პრივილეგია - დასავლეთ საქართველოს მხედართმთავრობა მიუნიჭებია. ზღვაზე გასვლამ ო. ე-ს საერთაშორისო პოლიტიკური და სავაჭრო ფუნქციაც დააკისრა, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა მათი პოლიტიკური ამბიციები. XIII-XIV სს-ში ეგვიპტისა და ოქროს ურდოს შორის კავშირი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის გავლით ხორციელდებოდა, სადაც დადიანების ხელში ორი საზღვაო პორტი - ფოთი და ცხუმი (სებასტოპოლი) იყო მოქცეული. იმდროინდელ დიპლომატიურ დოკუმენტებში დადიანებს ქართველთა მეფესაც კი უწოდებენ (მაგ., ასე იწოდება ო. ე. დადიანი 1330 წ-ით დათარიღებულ სებასტოპოლის არქიეპისკოპოს პეტრე ჯერალდის ეპისტოლეში კენტერბერის არქიეპისკოპოსისადმი). მიუხედავად მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტისა, XIV ს-ის დადიანები ჯერ კიდევ ერთიანი საქართველოს მეფეების ქვეშევრდომობას აღიარებდნენ და მათგან იღებდნენ თანამდებობრივ მტკიცებულებებს, უხდიდნენ ხარკს და მათ დასახმარებლად გამოჰყავდათ ლაშქარი. ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ (XV ს-ის 60-იანი წწ.) ო. ე-ები ფორმალურადაც აღარ ემორჩილებოდნენ იმერეთის მეფეს.
ოდიშის ერისთავები. XI-XV სს.
ივანე (I) დადიანი - ო. ე. XI ს-ის შუა ხანებში. ცნობა ივანე დადიანის შესახებ შემონახულია „მატიანე ქართლისაჲს“ მონათხრობში 1045 წ. ანისთან დაკავშირებულ მოვლენათა შესახებ. როდესაც ბაგრატ IV-მ ივანე დადიანს თავის ერთგულ თანამებრძოლებთან ერთად ანისის დაცვა დაავალა, ლიპარიტ (IV) ბაღვაშმა იგი სხვებთან ერთად მოხერხებულად გამოიტყუა ანისიდან და დაატყვევა. რა ბედი ეწია შემდგომ ივანე დადიანს, უცნობია. შ. მესხიამ ეს ივანე გააიგივა ო. ე ივანე დადიანთან, რომელიც ერისთავ-ერისთავის სამოხელეო ტიტულით იხსენიება ე. თაყაიშვილის მიერ მიკვლეული ერთ-ერთი ხელნაწერის მინაწერში: „მეოხ ეყავ წინაშე ღმრთისა... ერისთავთ-ერისთავსა იოვანე დადიანსა“.
გიორგიიოანეიოანე - XII ს-ის უცნობი ო. ე-ები. ცნობათა უკიდურესი სიმცირის გამო ო. ე-თა უწყვეტი ქრონოლოგიის დადგენა შეუძლებელია. ზოგი მათგანის მხოლოდ სახელია ცნობილი. ივანე (I) ერისთავის შემდეგ XII ს-ის მიწურულამდე რაიმე ხელშესახები ცნობა ო. ე-თა შესახებ არ მოგვეპოვება. ამ ხანგრძლივი პერიოდის შესავსებად მკვლევარნი ემყარებიან ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულ ერისთავთა მემორიალურ წარწერას, რომელშიც რამდენიმე თაობის ო. ე-თა სახელებია მოხსენიებული: „ქ. სამებაო სამთჳთებაო და ერთარსებაო, შემწე ეყავ ორსა[ვ]ე ცხორებასა შინა ე(რისთავთ)-ე(რისთავ)თა გ(იორგ)ი, ი(ოვან)ე, ი(ოვან) ე, შვ[ი]ლნი მათნი, რ(ომე)ლთა ესე ეკლეს[ი]აჲ სიმცირისაჲ...“ ამ პირთა კუთვნილება ოდიშის ერისთავთა საგვარეულოსადმი მკვლევართა შორის ეჭვს არ იწვევს, თუმცა, წარწერას სხვადასხვა საუკუნეს აკუთვნებენ. ვ. სილოგავამ წარწერა პალეოგრაფიული ნიშნების საფუძვეელზე XII ს-ით დაათარიღა, რაც გაზიარებულია წინამდებარე გამოცემაში.
ბედან (I) დადიანი - ო. ე. XIII ს-ის პირველი მესამედში. თამარის პირველი ისტორიკოსის თანახმად, დადიანთა საგვარეულოს წარმომადგენლები გიორგი III-ისა და თამარის კარზე მაღალ თანამდებობებს ფლობდნენ. ბედან (I) ო. ე. ყოფილა, იმავდროულად ვარდან დადიანს ჩუხჩარეხის თანამდებობა ეპყრა. ი. ანთელავა მათ ძმებად და შემდგომში დადიანთა ორი განშტოების მამამთავრებად მიიჩნევს. ბედან დადიანი გიორგი რუსის აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, მაგრამ ო. ე-ობა აჯანყების ჩახშობის შემდეგაც შეინარჩუნა. იგი მონაწილეობდა ლაშა-გიორგის ლშქარობაშიც განჯის წინააღმდეგ. ბედან (I)-ის ძედ ივარაუდება ჯუანშერ დადიანი, რომელიც XIII ს-ის 20-30-იანი წწ-ში ბედან (II) ერისთავის მამად იხსენიება.
ბედიან/ბედან (II) დადიანი - ჯუანშერის ძე, რუსუდან მეფისა და დავით ნარინის თანამედროვე; ო. ე. და მანდატურთუხუცესი. დაახლ. 1240-1260-იანი წწ. 1242 წ., როდესაც რუსუდანი მონღოლებთან დაზავების მიზნით ქუთაისიდან თბილისსში გადმოვიდა, დასავლეთ საქართველოს სხვა დიდებულებთან ერთად იგი რუსუდან მეფის ამალაში იყო. ჟამთააღმწერელი მას ახასიათებს, როგორც ზნითა და გონებით წარმატებულ კაცს, რომელსაც წესრიგი დაუმყარებია ოდიშში, „რომელ მპარავი და ძვირის მოქმედი არა იპოვებოდა». ბედიანი იხსენიება კოხტასთავის შეთქმულების მონაწილეთა შორისაც, თუმცა დაპატიმრებას გადაურჩა. 1260/1261 წ. მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყების შემდეგ დავით ლაშას ძემ დასავლეთ საქართველოში დავით ნარინთან შეაფარა თავი. დაახლოებით ერთის წლის შემდეგ დავით ულუს მომხრეებმა განიზრახეს ნარინის ტახტიდან ჩამოგდება და ამ გზით ერთმეფობის აღდგენა. შეთქმულთა გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალეს დავით ნარინის მომხრეებმა, რომელთა შორის ყველაზე ძლიერი ფიგურა იყო ბედიან (II) ო. ე. და მანდატურთუხუცესი. დავით ნარინმა ტახტი შეინარჩუნა, ხოლო დავით ლაშას ძე აღმოსავლეთ საქართველოში დაბრუნდა. როგორც ჩანს, ამ მხარდაჭერის სანაცვლოდ დაასაჩუქრა დავით ნარინმა ბედან დადიანი უძვირფასესი ქრისტიანული რელიქვიებით, რომელთა შორის ყოფილა თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი. ეს ჯვარი შემდგომში შერგილ დადიანის კუთვნილება გამხდარა, ხოლო სხვა რელიქვიები, უპირატესად მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები, მოგვიანებით ხობის, მარტვილისა და წალენჯიხის ტაძრებში მოხვედრილა. ამ ხატების მფლობელთა მიერ სხვადასხვა დროს შესრულებულ მემორიალურ წარწერებს შემოუნახავთ ბედან ო. ე-ისა და მანდატურთუხუცესის ოჯახის წევრთა სახელები. ბედანი დაქორწინებული ყოფილა ქართლის ერისთავ ბეგა სურამელის ასულ ხვაშაქზე, მათ ჰყოლიათ შვილები: ერაშაჰრი, გიორგი და ივანე. ბედანი აღარ იხსენიება XIII ს-ის 60-იანი წლების შემდგომ. მისი გარდაცვალების დროისათვის როგორც ჩანს, გარდაცვლილი ყოფილა მისი უფროსი ვაჟი ერაშაჰრიც, რის გამოც ო. ე. და მანდატურთუხუცესი ხდება ბედანის მომდევნო ვაჟი გიორგი.
გიორგი (I) დადიანი - ძე ბედან (II)-ისა; ო. ე. და მანდატურთუხუცესი დაახლ. XIII ს-ის 70-90-იან წწ-ში მამის გარდაცვალების შემდგომ. იგი ბედან (II)-ის სიცოცხლეში შერგილ დადიანთან ერთად იხსენიება წალენჯიხის ხატის წარწერაში: „მინდობილნი შენნი, მანდატურთუხუცესი დადიანი ბედან და მე, ძე მათი, მეორედ მამკობი დადიანი გიორგი, და მე, დადიანი შერგილ და მეუღლე ჩემი ნათელ, მესამედ მამკობნი ხატისა“. ო. ე. და მანდატურთუხუცეს გიორგი (I)-ს აუშენებია ხობის ტაძარი, რაზედაც იუწყება ჩრდილოეთ კედელზე საქტიტორო გამოსახულების თანმხლები ფრესკული წარწერა: „ერისთავთ-ერისთავი და მანდატურთუხუცესი დადიანი გიორგი, შეუნდვენ ღმერთმან“. ვახუშტის ქრონოლოგიით, გიორგი დადიანი გარდაიცვალა 1323 წ. მას მიაწერს ისტორიკოსი ცხუმის საერისთვოს მიტაცებას და ოდიშის საზღვრების ანაკოფიამდე გაფართოებას, მაგრამ ვახუშტის ცნობას არ ეთანხმება სხვა წყაროთა მონაცემები (ხობის მაცხოვრის ხატის წარწერა, ხობის ფრესკული წარწერა, ჯვრის მონასტრის აღაპები), რომლებიც ადასტურებენ, რომ გიორგი (I) დადიანი შეუძლებელია ო. ე. ყოფილიყო 1323 წ-მდე და რომ მის შემდეგ ო. ე-ობა მიუღიათ ჯერ შერგილ დადიანს და შემდგომ მის ძეს ცოტნეს.
შერგირ დადიანი - ო. ე. დაახლ. XIII ს-ის 90-იანი-1310-იანი წწ-ის შუა ხანები. გიორგი დადიანის შემდეგ ო. ე-ობა, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, გადადის დადიანთა მეორე შტოს ხელში. ამ შტოს პირველი ერისთავია შერგირი, როგორც ჩანს, ძე კოხტასთავის გმირის, ცოტნე დადიანისა. იგი ერისთავთ-ერისთავად დედოფალთ-დედოფალ ნათელთან და ძესთან, ცოტნესთან ერთდ მოიხსენიება ჯვრის მონასტრის აღაპში და ხობის ეკლესიის ფრესკულ წარწერაში. შერგირ დადიანის ოჯახში მოხვედრილა თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი, რომლის ჩასასვენებლადაც მას დაუმზადებინებია ოქროთი შეჭედილი ხატი წარწერით: „ხატო არსებისაო უცვალებელო, მეოხ და მფარველ ექმენით აქა და საუკუნოსა, ერისთავთ-ერისთავი დადიანი შერგირ და მეუღლე ჩემით დედოფალ-დედოფალი ნათელით, ძითურთ ჩემით ცოტნეთურთ“.
ცოტნე დადიანი - შერგირ დადიანის ძე; ო. ე. და მანდატურთუხუცესი დაახლ. 1310-იანი წწ-ის მიწურულში. მის შესახებ ძალზე მწირი ცნობებია შემონახული. როგორც ჩანს, ერისთავობდა ძალზე მცირე ხანს. მის ერისთავობას ადასტურებს ჯვრის მონასტრის აღაპი: „მანდატურთუხუცესისა და ერისთავთ-ერისთავისა ცოტნე დადიანისა“. ცოტნეს მიუღია მანდატურთუხუცესობასაც, ისევე, როგორც ბედანის შტოს სხვა წარმომადგენლებს. სავარაუდოდ, მისი ძეა ო. ე. გიორგი (II), რომელიც, ვახუშტის ცნობით, გარდაცვლილა 1323 წ.
გიორგი (II) დადიანი - ო. ე. დაახლ. 1310-იანი წწ-ის მიწურულიდან 1323 წ-მდე. ვახუშტის თანახმად, გიორგი (II) ო. ე-მა ისარგებლა დავით ნარინის შვილებს შორის უთანხმოებით, მიიტაცა ცხუმის საერისთვო და ოდიშის საზღვრები ანაკოფიამდე გააფართოვა. მისი ძე იყო მამია დადიანი. გარდაიცვალა 1323 წ.
მამია (I) დადიანი - გიორგი (II) დადიანის ძე; ო. ე. და დასავლეთ საქართველოს მხედართმთავარი 1323-1345 წწ-ში. ვახუშტის შეფასებით, მან „უმეტესად დაიპყრო ოდიში“. მამია დადიანი მთავრის თითქმის ყველა ატრიბუტით სარგებლობდა, მაგრამ იძულებული გამხდარა დამორჩილებოდა მიქელს, ნარინის ძეს „ხარკის მიცემითა და მოლაშქრედ თვისად“ (სოსელია). 1327 წ. დავით ნარინის ძე მეფე კონსტანტინე გარდაიცვალა, რის შემდეგაც დასავლეთ საქართველოში შფოთი და არეულობა დაიწყო. ამ ვითარებით სარგებლობს გიორგი ბრწინვალე და დასავლეთ საქართველოში გადადის. ვახუშტის ცნობით, მას მორჩილება გამოუცხადეს ო. ე-მა მამია დადიანმა, გიორგი გურიელმა, სვანთა ერისთავმა და აფხაზთა ერისთავმა შერვაშიძემ. გიორგი ბრწყივალემ დასავლეთ საქართველოს დიდებულები ერთგულებისათვის დიდად დაასაჩუქრა. მამია დადიანს მეფემ დადიანთა ძველი პრივილეგია აღუდგინა - მას დასავლეთ საქართველოს ჯარის ერთიანი სარდლობა ჩააბარა.
გიორგი (III) დადიანი - მამია (I) დადიანის ძე; ო-ისა და სვანეთის ე., მანდატურთუხუცესი, დასავლეთ საქართველოს მხედართმთავარი 1345-1384 წწ. გიორგი (III) დადიანის მმართველობის დროს განსაკუთრებით გაფართოვებულა ო-ის საერისთავოს საზღვრები და გაზრდილა ო. ე-ის პოლიტიკური წონა. საკუთრივ ო-ის გარდა, მის დაქვემდებარებაში იყო მოქცეული გურიის საერისთავო (უეჭველია, საქართველოს მეფის ნებართვით, მისი ვაჟი კახაბერი გურიის ერისთავი გამხდარა) და, ნაწილობრივ, სვანეთი. გიორგი (III) დადიანთან პირდაპირი დიპლომატიური კავშირი ჰქონდა დამყარებული ეგვიპტის სულთანს, რომელიც უაღრესად იყო დაინტერესებული ეგვიპტე-კონსტანტინოპოლი-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის საზღვაო მარშრუტით ოქროს ურდოსთან დასაკავშირებლად. გიორგი (III)-ს დაუსრულებია დავით ნარინის ძის, კონსტანტინე მეფის მიერ დაწყებული განახლებითი სამუშაოები ბედიის ტაძარში, სადაც იგი გამოსახულია თავის თანამეცხედრესთან მარიხთან ერთად. ჯუმათის მთავარანგელოზის ხატის წარწერის მიხედვით, რომელშიც ო. ე. გიორგი (III) დადიანი ოჯახის წევრებთან ერთად იხსენიება, ჩანს, რომ მის ძეს ვამიყს გიორგის სიცოცხლეშივე მიუღია მანდატურთუხუცესობა, ხოლო კახაბერს - გურიის ერისთავობა.
ვამიყ (I) დადიანი - ძე გიორგი (III) დადიანისა; ო. ე. და მანდატურთუხუცესი 1384-1396 წწ-ში. ერისთვთ-ერისთვად და მანდატურთუხუცესად იწოდება იგი ხობის მონასტრის კედლის წარწერაში და, ასევე, წალენჯიხისა და ჯუმათის მთავარანგელოზის ამჟამად დაკარგული ხატების წარწერებში. მანდატურთუხუცესის სახელო და ო-ის საერისთავო მას მიუღია მისივე მამის, გიორგი (III) დადიანის სიცოცხლეში. აღმოსავლეთ საქართველოში თემურ-ლენგის პირველი ლაშქრობის დროს მიქელ მეფის შვილიშვილი გიორგი ცდილა დასავლურქართული სამეფოს აღდგენას. ამ მიზნით „უმეტესად დაიპყრო იმერეთი“ და ვამიყ დადიანის დამორჩილებაც განუზრახავს. ვამიყ დადიანმა საქართველოს მეფეს უერთგულა და 1392 წ. გიორგი უფლისწული სასტიკად დაამარცხა. ვამიყ დადიანს, როგორც ჩანს, დასავლეთ საქართველოს ლაშქრით, დაულაშქრავს „წარმართობაში გადასული“ ჯიქეთი, დაუნგრევია ციხენი, წამოუსხამს იქიდან მრავალი „მძევალნი“ და გამარჯვების ნიშნად წამოუღია „სვეტი და ფიქალი“. ამ ლაშქრობის შესახებ იუწყება ხობის ტაძრის სამხრეთ მინაშენზე ამოკვეთილი წარწერა. ვამიყ დადიანს დიდი წვლილი მიუძღვის წალენჯიხის ტაძრის შემკობაში შესანიშნავი ფრესკული მხატვრობით. ამ მიზნით მას საგანგებოდ მოუწვევია კონსტანტინოპოლიდან ბერძენი მხატვარი. ვამიყ დადიანი თავის უფლებამოსილებას იყენებდა ოდიშის სავაჭრო ცენტრების გაძლიერებისათვის და ქვეყნის ეკონომიკური აღორძინებისათვის, რისთვისაც მას, საკუთარი სახელით (სავარაუდოდ, მეფის ნებართვით) ფულიც მოუჭრია. ვამიყ დადიანი 1396 წ. გარდაიცვალა. დაკრძალულია ხობის სგვარეულო აკლდამაში.
მამია (II) დადიანი - ძე ვამიყ (I) დადიანისა; ო. ე. 1396-1414 წწ-ში. ოდიშში მისი ე-ობის დასაწყის წლებში აღმოსავლეთ საქართველოს თემურ-ლენგის შემოსევები არყევდა. ამ მდგომარეობით კვლავ უსარგებლიათ დასავლურქართული სამეფოს აღმდგენის მსურველთ. ვახუშტის ცნობით, ამჯერად დასავლეთ საქართველოში გამეფება უცდია დიმიტრი ერისთავს, კონსტანტინეს (შემდგომში კონსტანტინე I (1407-1412) ძმისწულს. თავისი მამა-პაპის მსგავსად, მამია (II)-მ საქართველოს იმჟამინდელ მეფეს, გიორგი VII-ს (1393-1407) დაუჭირა მხარი და დაეხმარა მას ტახტისმაძიებელი დიმიტრის დამარცხებაში. 1414 წ. ალექსანდრე I-ის (1412-1442) მეფობის დამდეგს მამია (II)-ს თვითნებურად, ალექსანდრე მეფის დაუკითხავად გაულაშქრია აფხაზთა საერისთავოში, რასაც მოჰყვა დიდი შფოთი და მტრობა ოდიშის მკვიდრთა და აფხაზებს შორის. თვად მამია დადიანი ამ ბრძოლაში დაიღუპა. მღელვარების ჩასახშობად ალექსანდრე I იძულებული გახდა ჯარით ჩასულიყო ოდიშში, სადაც მას მამიას ძე ლიპარიტი მორჩილებით შეეგება და შენდობა ითხოვა. მეფემ ითაყვანა ლიპარიტი - „მამის პატივი მიაგო“, ანუ, ო. ე-ობა დაუმტკიცა, თან იახლა აფხაზეთში და შერვაშიძესთან შეარიგა.
ლიპარიტ (I) დადიანი - ო. ე. 1414-1470 წწ-ში. ლიპარიტ I-ის მმართველობის პერიოდი დაემთხვა ოსმალთა მიერ კონტანტინოპოლის აღებას და შავ ზღვაზე მათ საბოლოოდ გაბატონებას. ამავე პერიოდში ერთიანი ქართული მონარქია სამ სამეფოდ დაიშალა - 1466 წ. იმერთა მეფე ბაგრატ II-მ ყვარყვარე ათაბაგის თანადგომით ხელთ იგდო ქართლ-იმერეთის ტახტი, რის შემდეგაც ერთიანი საქართველოს ყოფილი მეფე გიორგი VIII (1446-1474) მხოლოდ კახეთის მეფედ რჩება. დასავლეთ საქართველოს ერისთავებს, რომელთაც ჯერ კიდევ ჰქონდათ შენარჩუნებული მოხელეობის მცირე ნიშნები, ბაგრატმა მხარდაჭერისათვის სრული თავისუფლება მიანიჭა „თვინიერ ლაშქრობისა და ქუეგანწესებისა მეფისა“. ამიერიდან ო. ე-ბი, მართალია, ყველა ძველ სამოხელეო ტიტულს ინარჩუნებენ, მაგრამ ფაქტობრივად იმერეთის მეფის ფორმალურ ქვეშევრდომობას ჯერდებოდნენ და დამოუკიდებლად მართავდნენ ო-ის სამთავროს.
რაჭის ერისთავი. ძველი საისტორიო ტრადიციით, ვახტანგ გორგასლის დროს რაჭა, თაკვერი (ლეჩხუმი) და არგვეთი ერთ ადმინისტარციულ ერთეულს წარმოადგენდა და შედიოდა მარგვის საერისთავოში. VIII ს-ის ბოლოს ახლად შექმნილ ეგრის-აფხაზეთის სამეფოში რაჭა და ლეჩხუმი არგვეთის გარეშე შეადგენდნენ ერთ საერისთავოს. ასეთი ადმინისტრაციული დაყოფა ჩანს შენარჩუნებული ერთიან ქართულ მონარქიაშიც XI-XV სს-ში. რ. ე-თა შესახებ არსებული წერილობითი წყაროები ადასტურებენ, რომ ეს სახელო ბაღვაშთა საგვარეულოს კახაბერისძეთა განშტოებას ეკუთვნოდა. სამეცნიერო ლიტერატურაში დადგენილია რ-ის ერისთავ-ბაღვაშთა და კლდეკარის ერისთავ-ბაღვაშთა გენეალოგიური კავშირები. დავით ნარინის მიერ კახაბერ რ. ე-ის დასჯის ეპიზოდში ჟამთააღმწერელი პირდაპირ აცხადებს: „მოისპო ყოველი ნათესავი მისი ბაღუაშთა კახაბერისძეთა“. კამათის საგანია, თუ როდის მიიღეს ბაღვაშებმა რ. ე-ობა. ო. სოელიას აზრით, ეს უნდა მომხდარიყო სულ ცოტა, X ს-ის მიწურულს მაინც. ს. კაკაბაძემ კახაბერისძეერისთვთა ფუძემდებლად მიიჩნია ნიკორწმინდის ხატის წარწერაში მოხსენიებული კახაბერ-ყოფილი კირილე, რომელიც, მისი აზრით, ბაგრატ III-ის თანამედროვე რატი (I) კლდეკარის ერისთავის შვილი შეიძლებოდა ყოფილიყო, ამიტომ კახაბერისძეთა გაერისმთავრება XI ს-ით განსაზღვრა. ზოგ მკვლევარს კახაბერ-კირილე ლიპარიტ (IV) ბაღვაშის ძმად მიაჩნია (მ. ბახტაძე). აზრთა ასეთი სხვადასხვაობის მიუხედავად, კახაბერისძე-ბაღვაშთა რ. ე-ობა XI ს-ის პირველი ათეული წლებიდან უცილობელი ფაქტია. კახაბერისძეთა ე-ობა დასრულდა XIII ს-ის ბოლოს, როცა დავით ნარინმა კახაბერ რ. ე. ღალატის გამო დასაჯა, ხოლო რ-ის საერისთავო გააუქმა. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, რ. ე-ობა თითქოს აღდგენილა 1534 წელს, როცა ბაგრატ იმერთა მეფემ (1510-1565) რ. ე-ობა უბოძა შოშიტა ჩხეიძეს (ჩხეტისძეს), მაგრამ ცნობა არაზუსტია, რამდენადაც სასისხლო სიგელთა მოწმობით, რაჭის საერისთავო ბევრად უფრო ადრე, XIV ს-ის მეორე ნახევარში ან საუკუნის მიწურულს ჩანს აღდგენილი. XIV ს-ის ბოლოს რ. ე-ები არიან ჭარელისძეები, ხოლო ჩხეტიძეთა გაერისთავება XV ს-ის ბოლოს მომხდარა - XVI ს-ის 30-იან წლებში იმერთა მეფე ბაგრატ III-მ ჩხეტისძეთა სახლს მინდას ციხედარბაზი გადასცა და რაჭის სადროშოს მეთაურობა უწყალობა. რ-ის აღდგენილი საერისთავო ამ დროს ძველთან შედარებით უფრო მცირე იყო, რადგან მასში თაკვერი აღარ შედიოდა და არც მთელი რაჭა. რ-ის ძველი ერისთავების საძვალე იყო ნიკორწმინდა, ახლებისა - ბარაკონი. ახალი საერისთავო მოიცავდა სოფლებს: ონჭევი, სორღითი, ჭურისთავი, წესი, მინდა, ბარაკონი. XVII ს-იდან რაჭის ერისთავები მამულებს იმატებენ. მათი იყო ნინიას (ნიანიას?) ციხე, ონი, უწერა, გლოლა ჯაფარიძითურთ. რ. ე-თა ახალი რეზიდენცია წესში მდებარეობდა. XVII ს-ის შუახანებამდე რაჭის ერისთავები ჯერ კიდევ იმერთა მეფეების დარბაზის წევრები იყვნენ და მოხელეებად ითვლებოდნენ. ამ საუკუნის მეორე ნახევრიდან ისინი მეფის მოხელეებად აღარ ცნობენ თავს და ადგილობრივი მთავრების სტატუსს იძენენ.
რაჭის ერისთავები. XI-XVII სს.
ნიანია [ბაღვაში] - რ. ე. და ნოველისიმოსი XI ს-ის დასაწისში. ნიკორწმინდის ტაძარში, ჩრდილოეთის მკლავის იატაკზე მოთავსებულია ფილა, რომელზედაც ნიანია ერისთავთ-ერისთავის და ნოველისიმოსის მოსახსენებელია წარწერილი. გ. ბოჭორიძის შეფასებით, წარწერა ტაძრის თანადროულია, ანუ 1010-1014 წწ-ისაა. ვ. სილოგავა წარწერას უფრო ფართოდ, XI ს-ით ათარიღებს. მ. ბახტაძე, გ. ბოჭორიძეზე დაყრდნობით, ნიანიას XI ს-ის დასაწყისის მოღვაწედ მიიჩნევს, რომელიც რატი (I)-ზე უწინარეს უნდა ყოფილიყო რ. ე.
რატი (I) [ბაღვაში] - რ. ე. XI ს-ის 30-იანი წწ. მამა კახაბერ-ყოფილი კირილესი. ნიკორწმინდის ხატის წარწერაში, რომელიც XI ს-ით არის დათარიღებული, მოხსენიებული არიან ორი თაობის რაჭის ერისთვები: „მე, კახაბერ-ყოფილმან კირილე, ძემან სულკურთხეულისა ერისთავთ-ერისთავის რატისამან, მოვჭედე ხატი ესე ჯუარცმის, ნუგეშის-მცემელად და ცოდვილისა და სადღეგრძელებლად ძისა ჩემისა ერისთავთ ერისთავის, რაჭის ერისთავისა რატისად“. რატი (I) უნდა იგულისხმებოდეს სხვავას ჯვრის წარწერაშიც, რომელიც მოიხსენიებს მამა-შვილ რატის და კახაბერს: -მამკობსა შენსა რატის. რაჭის ერისთავსა და ძესა მისსა კახაბერს...-.
კახაბერ (I) [ბაღვაში] - რატის (I) [ბაღვაშის] ძე, ბერობაში კირილე (ნიკორწმინდის ხატის წარწერა). რ. ე. XI ს-ის 40-იანი წწ-ში. კახაბერ ერისთავს აუშენებია პატარა ონის ეკლესიის კარიბჭე: „...აღჴოცენ ყოველნი ბრალნი მათნი ერისთავსა კახასა“. შემონაზვნების შემდეგ კი, გიორგი I-ის (1014-1027) მეფობის ჟამს - ნიკორწმინდის სამხრეთის ეკვდერი.
რატი (II) [კახაბერისძე-ბაღვაში] - რ. ე. 1047-1060-იან წწ-ში; შვილიშვილი რატი (I)-ისა. ნიკორწმინდის ხატის წარწერის მიხედვით, რ. ე. რატი (II) ცოცხალია ხატის მოჭედვის დროს, მაგრამ სხვა ცნობები მის შესახებ არ მოგვეპოვება.
მიქელ - რ. ე. 1070-1080-იანი წწ. მიქელ ერისთავი ორჯერ არის მოხსენიებული ნიკორწმინდელის დაწერილში - მას შეუწირავს ნიკორწმინდისათვის მიწა და სვინაქსარი. სახელი მიქელი კახაბერისძეთა საგვარეულოში მანამდე არ გვხვდება, რის გამოც ზოგიერთი მკვლევარი მის რ. ე-ობას საეჭვოდ ხდის (მ. ბახტაძე). მაგრამ „ნიკოლაოსწმიდელის დაწერილში“ მოცემული მიქელის ოჯახის სახელები - იოანე ლიპარიტის ძე, კახაბერი - ამ ეჭვს საფუძველს აცლის. ისინი ადასტურებენ, რომ მიქელი რ. ე-თა სგვარეულოს წევრია და ამ დროისათვის საგვარეულოს დინასტიური ცვლილება არ განუცდია.
კახაბერ (II) კახაბერისძე - რ. ე. XII ს-ის მიწურულში. XI ს-ის გასულიდან XII ს-ის მიწურულამდე ცნობები რ. ე-თა შესახებ წყდება. თამარის პირველი ისტორიკოსი ასახელებს რაჭისა და თაკვერის ე. კახაბერ კახაბერისძეს, რომელიც მონაწილეობს თამარის მეფედ კურთხევის ცერემონიალში. მეორედ მოხსენიებულია იგი თამარის ერისთავთა ჩამონათვალში. სავარაუდოდ, იგივე კახაბერი უნდა იგულისხმებოდეს ნიკორწმინდის ტაძრის დასავლეთის კედლის წარწერაში: „წმიდაო ნიკოლოზ, მეოხ ეყავ წინაშე ღმრთისა კახაბერსა და რატის, ამინ“.
რატი (III) კახაბერისძე - რ. ე. XIII ს-ის პირველ ნახევარში. რატი (III) ივარაუდება ნიკორწმინდის ტაძრის წარწერაში: „წმიდაო ნიკოლოზ მღდელთმოძღუარო, მეოხ-ექმენ წინაშე ღმრთისა დედოფალთ-დედოფალსა ევფემიას, ასულსა სულკურთხეულისა ერისთვთ-ერისთავისა რატისსა, ამინ“. რ. ე. კახაბერიძე რატი, მისი მეუღლე რუსუდანი და შვილი ნიანია იხსენიებიან მღვიმევის ეკლესიის მაშენებლებად. წარწერის დათარიღება სპეციალურ ლიტერატურაში მერყეობს XI-XIII ს-თა შორის. რატი (III)-ის შვილი უნდა იყოს კახაბერი, რუსუდან მეფის თანამოღვაწე, რომლის შვილსაც აგრეთვე კახაბერი რქმევია.
კახაბერ (III) [კახაბერისძე] - რ. ე. XIII ს-ის შუა ხანებში. XIII ს-ის 40-იანი წლების დასაწყისში რუსუდან მეფე მონღოლებს დაეზავა და თბილისში გადმოვიდა. ამ დროს თან ახლდნენ ლიხთ-იმერეთის დიდებულები: ცოტნე დადიანი, ბედიანი, რ. ე. კახაბერისძე, გურიელი და ყოველნი წარჩინებულნი. როდესაც მონღოლებმა ქვეყანა დუმნებად დაყვეს, დადიანს და რ. ე-ს იმერეთი ჩააბარეს. რ. ე. მონაწილეობს კოხტასთავის შეთქმულებაში; იგივე პირი ჩანს ურდოდან დაბრუნებული დავით ნარინის საზეიმოდ დამხვედრთა შორის. მაგრამ არც ერთ ამ ეპიზოდში ჟამთააღმწერელი რ. ე-ს სახელით არ იხსენიებს. მხოლოდ 1261 წ., დავით ლაშას ძის სტუმრობის დროს დავით ნარინთან ახსენებს რ. ე კახაბერ კახაბერისძეს, საიდანაც ირკვევა, რომ რუსუდანისა და დავით ნარინის თანამედროვე რ. ე-ს სახელად კახაბერი რქმევია. 1259 წ. მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებული ნარინ დავითი დასავლეთ საქართველოში გადავიდა, რ. ე. კახაბერი და სხვა დიდებულები მას მეფედ იღებენ და ერთგულად ემსახურებიან. კახაბერს (III) ნათესაური კავშირი ჰქონდა დამყარებული საქართველოს უმაღლეს არისტოკრატიულ სახლებთან - მისი ასული გვანცა ავაგ ათაბაგის ცოლ-ყოფილი, ავაგის გარდაცვალების შემდეგ დავით ულუს თანამეცხედრე გამხდარა. ამ ქორწინებამ საბედისწერო როლი შეასრულა კახაბერის პოლიტიკურ არჩევანში. დავით ნარინის დასავლეთ საქართველოში გამეფებიდან მოკლე ხანში მონღოლებს აუჯანყდა დავით ლაშას ძეც (ულუ), მაგრამ მონღოლთაგან დამარცხებული, იძულებული გახდა დავით ნარინს შეკედლებოდა. მოკლე ხანში დავით ულუმ, დიდებულთა წაქეზებით (სავარაუდიოდ, იმ მიზნით, რომ ტახტი კვლავ გაეერთიანებინა), შეთქმულება მოაწყო ნარინის წინააღმდეგ. მის მხარეს აღმოჩნდა ნაწილი დასავლეთ საქართველოს გავლენიანი დიდებულებისა, მათ შორის რ. ე. კახაბერ (III). კახაბერი აბაღა ყაენს დაუკავშირდა და იმერეთში მონღოლთა ჯარი შემოიყვანა. ნარინმა მტერი მოიგერია, მოღალატე ერისთავს კი, რ-ის საერისთავო ჩამოართვა და იმერეთიდან გააძევა. კახაბერი დავით ულუსთან ერთად აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა. აქ მას მეფემ ატენის ქვეყანა უბოძა. დავით ულუს გარდაცვალების შემდეგ კახაბერი ცდილა რაჭის დაბრუნებას და, როგორც ჩანს, დავით ნარინს სთხოვა შეწყალება. დავით ნარინმა იგი შეიწყალა და დაუბრუნა „მამული მისი ყოველი“. ამ პასაჟში ბუნდოვანია, საგვარეულო მამულს იბრუნებს კახაბერი, თუ საერისთავო ქვეყანას. 1280-იანი წწ-ის დასაწყისში კახაბერს კვლავ ორგულობა გამოუჩენია მეფისადმი - ისევ გაუბამს კავშირი მონღოთა ნოინთან. მეფემ შეიპყრო, ჯერ თვალები აღმოხადა, შემდეგ ხელ-ფეხი მოკვეთა, მისი შვილები კი, კონსტანტინოპოლში წარგზავნა. მემატინის სიტყვით, ასე დასრულდა ბაღვაშ-კახაბერისძეთა სახლი. კახაბერისძეთა დამხობის შემდეგ, ვახუშტის ცნობით, მეფემ რაჭა სამეფოდ დაიჭირა, მაგრამ, საუკუნის შემდეგ, როგორც ე.წ. სასისხლო სიგელები იუწყებიან, რ-ის საერისთავო აღდგენილა.
ჭარელისძეებიაღბუღაციციქველმირიანი - რ. ე-ები XIV ს-ის მიწურული - XV ს.; XIV-XV სს-თა მიჯნაზე რ-ის საერისთავო აღდგენილია. ამ დროს რ. ე-ად ზის ვინმე აღბუღა. სასისხლო სიგელთა მონაცემებზე დაყრდნობით, ო. სოსელია მას ჭარელისძედ მიიჩნევს. კოტრიძეთა სასისხლო სიგელის ცნობით, 1432 წ. რ. ე. ციცი ჭარელისძეა. რ. ე-ს ქველ ჭარელისძეს აუშენებია სორის ეკლესია, თუმცა არსებულ წარწერაში ქველი ე-ად არ იხსენიება. XV ს-ის 80-იანი წწ-ის დასაწყისში რ. ე. მირიან ჭარელისძე მოწმედ გამოდის სასისხლო განჩინებებში.
ჩხეტისძე ივანე - რ. ე. XV ს-ის 80-იან წწ-ში. XV ს-ის ბოლო ათწლეული წლებიდან რ. ე-ობა ჩხეტისძეთა საგვარეულოს სამემკვიდრეო სახელოდ ქცეულა. 1488 წ-ის სასისხლო განჩინებაში მოწმეთა შორის რ. ე-ია ჩხეტისძეთა საგვარეულოს წარმომადგენელი ივანე.
ჩხეტისძე კახაბერ - რ. ე. XV ს-ის 90-იანი წწ-დან 1510-იან წწ-მდე. 1498 წ-ის სასისხლო სიგელში რ. ე-ად იხსენიება ივანეს ძმა კახაბერ ჩხეტისძე. ამავე პირს ასახელებს 1503 წ-ის ჯაფარიძეთა სასისხლო სიგელი.
ჩხეტისძე ბედან - რ. ე. დაახლ. XVI ს-ის 20-იან წწ-ში. იხსენიება მარკოზის სახარების მინაწერში. მის სახელზე ე-მა ლომინ {ჩხეტისძემ] აღაპი განაახლა სორის მონასტერში.
ჩხეტისძე შოშიტა (I) - რ. ე. დაახლ. 1534-1550 წწ-ში. ვახუშტი შეცდომით მას მიიჩნევს პირველ რ. ე-ად საერისთავოს აღდგენის შემდეგ, რასაც დოკუმენტური წყაროები არ ადასტურებენ. ამ თანამდებობაზე იგი 1534 წ. დაუსვამს იმერთა მეფის ბაგრატ III-ს.
ჩხეტისძე ლომინ - რ. ე. დაახლ. 1566-1580-იან წწ-ში. რ. ე. ლომინ ჩხეტისძე ცნობილია მხოლოდ სორის მონასტრის ხელნაწერზე დართული ჩანაწერით ძველი სააღაპე შეწირულების განახლების შესახებ.
პაპუნა (I) ჩხეტისძე - ლომინის ძე, რ. ე. დაახლ. 1651-1660 წწ-ში. 1651 წ. 16 ოქტომბერს პაპუნა (I) იმერეთიდან რუსეთში მიმავალ ელჩებს თავისი აზნაურებითურთ შეეგება და ბარაკონის რეზიდენციაში სადილზე მიიწვია. ელჩებმა მას ხელმოსაწერად მიართვეს ალექსანდრე III იმერთა მეფის (1639-1660) ფიცის წიგნი, რომელსაც მან ხელი მოაწერა მისთვის საგანგებოდ დატოვებულ პირველ ადგილზე.
სამცხის ერისთავი. ს-ის საერისთავო სამხრეთ საქართველოს იმ საერისთავოთა რიცხვს განეკუთვნება, რომელთა შექმნა საქართველოს პოლიტიკურმა გაერთიანებამ განაპირობა, მაგრამ XI ს-ის წყაროებში მისი არსებობა ჯერ კიდევ არ დასტურდება. აშკარაა, რომ ს-ის საერისთავო არ არსებობდა ლიპარიტ (IV) ბაღვაშისა და ბაგრატ IV-ის დაპირისპირების დროს, როცა მთელი სამცხე ლიპარიტის განკარგულებაში აღმოჩნდა. მოსალოდნელია, რომ ს-ის საერისთავო წარმოქმნილიყო დავით აღმაშენებლის დროინდელი ახალი სამხედრო-ადმინისტრაციული ოლქების გამოყოფის შედეგად, რასთანაც უნდა იყოს დაკავშირებული ს. ე-ობასთან განუყრელად დაკავშირებული მეორე თანამდებობა - სამცხის სპასალარობა. ამგვარი დაკავშირების შესაძლებლობა პირველად ნ. ბერძენიშვილმა დაუშვა, თუმცა წყაროთა პირდაპირი მოწმობის გარეშე მისი მოსაზრება ვარაუდის დონეზე დარჩა. ზოგიერთი მოსაზრებით, სპასალარი იგივე „დიდი“ ერისთავი იყო, მაგრამ წყაროთა ჩვენებები მისი გაზიარების საფუძველს ნაკლებად იძლევა. პირველად სახელდებით ს. ე. მოიხსენიება თამარის პირველ ისტორიკოსთან ყუთლუ არსლანის გამოსვლის შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებით: „სამცხის ერისთავად და სპასალარად აჩინეს ბოცო ჯაყელი“. ამ ცნობიდან ჩანს, რომ ს-ის საერისთავო თამარის მეფობამდე გაცილებით ადრე არსებობდა და იმთავითვე ჯაყელთა საგვარეულოს ხელში იყო. თამარის ისტორიკოსებთან და ჟამთააღმწერელთან ჯაყელები, მართალია, უმეტესწილად მხოლოდ სპასალარობით მოიხსენიებიან, მაგრამ, ზოგიერთი ავტორის მოსაზრებით, ასეთი შემთხვევები აიხსნება მემატინეთა თხრობის მანერით - რომელიმე უფრო დაბალი მოხელის თანამდებობა გადაეფარათ უფრო მაღალი თანამდებობით. რადგან მემატიანის თვალში ს-ის სპასალარობა გულისხმობდა ს. ე-ობასაც, ამიტომ იგი ამა თუ იმ პირს უსათუოდ უფრო მაღალი პატივით - სპასალარობით მოიხსენიებდა (მ. ბახტაძე). მაგრამ ჟამთააღმწერელთან გვაქვს ისეთი შემთხვევაც, როცა ჯაყელთა წარმომადგენელი (ყუარყუარე) ორივე თანამდებობით იხსენიება: „ამანვე ერისთავმან სამცხისა, სპასალარმან ყუარყუარე...“ ჯაყელთა მიერ ამ ორი სხვადასხვა თანამდებობის ფლობას ადასტურებს ვახუშტი ბატონიშვილიც: «ბოცო ჯაყელი სამცხი- სა და სპასალარნი მუნებურთა სხვათა ერისთავთა“. მაშასადამე, ს-ის სპასალარობისა და ს. ე-ობის შეერთება ცენტრალური ხელისუფლების საგანგებო ღონისძიების შედეგი იყო. რამდენადაც ამ სასაზღვრო ოლქში სპასალარი ამირსპასალარის უშუალო წარმომადგენელი და შუალედური რგოლი უნდა ყოფილიყო უმაღლეს სარდლობასა და ადგილობრივ ერისთავებს შორის (გვიანდელი სადროშოს მსგავსი). სამხარეო სპასალარებს მკაფიოდ განასხვავებს ერისთავებისაგან თამარის მეორე ისტორიკოსიც: „აღივსებოდა რა კრება, შემოვიდეს ყოველნი სპასალარნი და ერისთავნი სამეფოსანი“. ჟამთააღმწერელთან მოთხრობილია ეპიზოდი, რომელშიც ყვარყვარე ჯაყელი (სპასალარის რანგში) მოუწოდებს „ყოველთა მესხთა ერისთვთა და ტაძრეულთა“, შეკრებილიყვნენ თურქმანთა წინააღმდეგ საბრძოლველად. ამრიგად, ს. ე. და ს-ის სპასალარი ორი სხვადასხვა თანამდებობა ჩანს, რომლებიც, რიგ შემთხვევებში, ერთსა და იმავე პირს - სამცხის ყველაზე დაწინაურებული საგვარეულოს წარმომადგენლებს ეძლეოდა ხოლმე.
ბოცო ჯაყელი - ს. ე. და სპასალარი 1189-1191 წწ. ბოცო ჯაყელი თამარმა გამეფებისას ს. ე-ად და სპასალარად ითაყვანა. იგი გუზან აბულასანის ძე ტაოელთან ერთად ამარცხებს შავშეთსა და კლარჯეთში შემოსულ კარნუქალაქელებს, შამელებსა და გარმიანელ თურქებს. შემდეგ, 1191 წ., მას ვხედავთ გიორგი რუსის მომხრეთა ბანაკში. გიორგი რუსის დამარცხების შემდეგ ბოცო ჯაყელმა თანამდებობები დაკარგა, მაგრამ მისი შვილი ბოცო ბოცოს-ძე თამარის მიერ შეწყალებულთა შორის მოხვდა და შემდგომში იგი ლაშა გიორგისა და რუსუდანის ერთგული თანამებრძოლთა შორის გვხვდება. ს. ე. ბოცო ჯაყელი 1191 წ-ის შემდგომ პოლიტიკური ასპარეზიდან ქრება, მაგრამ მისი სახელი შემოინახა ალის მონასტრის აღაპ-მოსახსენებლებმა.
ყუარყუარე ჯაყელი - ს. ე. და სპასალარი, მეჭურჭლეთუხუცესი [1191-1247] წწ. ბოცო ჯაყელის შემდეგ ს. ე-ობა და სპასალარობა გადაეცა ჯაყელ-ციხისჯვარელთა შტოს წარმომადგენელს, ყუარყუარე (იმავე ივანე) ჯაყელს, რომელიც ერთი იმათგანი იყო, ვინც თამარის ერთგულება შეინარჩუნა გიორგი რუსის აჯანყების დროს. 1240-იანი წლების დასაწყისში ყვარყვარე მეჭურჭლეთუხუცესადაც მოიხსენიება. მან ურჩია რუსუდან მეფეს დაზავებოდა მონღოლებს. როდესაც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს თურქმანები (საბერძნეთს მყოფნი) შემოესივნენ, შავშებმა, კლარჯებმა, კოლა-არტაან-კარნიფორელებმა ყუარყუარე ციხისჯვარელ-ჯაყელს, როგორც ს-ის სპასალარს, კაცი გაუგზავნეს და შველა სთხოვეს. ყუარყუარემ შეკრიბა მესხ ერისთავთა სამხედრო ძალები და მტერი მოიგერია. ყვარყვარე ჯაყელი იხსენიება კოხტასთავის შეთქმულთა შორის. სხვა დიდებულებთან ერთად იგი შეგებებია რუმიდან საქართველოში ჩამოყვანილ დავით ლაშას ძეს. მისი ხსენება წყდება 1245/1247 წწ-ის მოვლენების შემდეგ.
სვანთა ერისთავი. ერთიან ქართულ მონარქიაში ს-თა საერისთავოს შექმნის ზუსტი დრო უცნობია, მაგრამ მისი არსებობა ირიბი მონაცემებით X ს-ის მიწურულიდან მაინც ივარაუდება. ს. ე-ები მოხსენიებულნი არიან X-XI სს-ის ეპიგრაფიკულ ძეგლებში - ეკლესიებისა და ხატების წარწერებში (ჩვაბიანის ეკლესია, ლაბეჭინის, ფაყის ხატების წარწერები). მოსაზრება, რომელიც ემყარება ს. ე-თა და მათ ახლო ნათესავთა მიერ გურიის ეკლესიებისათვის შეწირული ხატების წარწერებს, ს. ე. ვარდანისძეები მარუშიანთა საგვარეულოდან მომდინარეობდნენ (ვ. ცისკარიშვილი). ს. ე-ებისა და მათი საგვარეულოს წევრების მჭიდრო კონტაქტს გურიასთან, ვახუშტის ცნობით, 1361 წ-იდან ეყრება საფუძველი, როდესაც ბაგრატ V-მ ამბოხებულ ვარდანისძეებს ჩამოართვა ს. ე-ობა, მაგრამ შემდეგ შეიწყალა და გურია მისცა. შემდგომმა კვლევებმა უჩვენა, რომ ვარდანისძეების დაკავშირება გურიასთან გაცილებით ადრე - XI ს-ის მეორე ნახევარში მომხდარა. „მატიანე ქართლისაჲში“ მოხსენიებული ს. ე. ვარდან ვარდანისძე, რომელმაც 1073 წ. „აუშალა ქვეყანა“ გიორგი II-ს, მკვლევართა მიერ გაიგივებულია ჯუმათის ხატის წარწერაში მოხსენიებულ ვარდან ვარდანისძესთან. საინტერესოა იმავე წყაროს ცნობა, რომ გიორგი II-მ აჯანყებულ ს. ე-ს დასაშოშმინებლად უბოძა მამული ასკალანა, რომელსაც მკვლევრები გურიის ასკანასთან აიგივებენ (ქ. ჩხატარაიშვილი). ამ ცნობაზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ვარდან ს. ე-ის შტო გურიაში 1073 წ-ის შემდგომ დაფუძნდა. უფრო გვიან მათი შთამომავლები გურიის ერისთავები (გურიელები) გახდნენ, მაგრამ შეინარჩუნეს ს. ე-ის ძველი ტიტულიც. საკუთრივ სვანეთში დარჩენილ ვარდანისძეთა შთამომავლობა სამეფო კარზე განსაკუთრებულად დაწინაურებული ჩანს თამარის დროს. ისინი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე წარჩინებულ საგვარეულოსთან ერთად მონაწილეობენ თამარის კურთხევის ცერემონიალში: „მოხელენი სვიანნი და დიდებულნი ვარდანისძენი, საღირისძენი და ამანელისძენი - ამათ მოაქვთ ერთად ხმალი მეფისა“. გარდა ს. ე-ობისა, ვარდანისძეები სხვადასხვა დროს ფლობდნენ ჩუხჩარეხის, მეჭურჭლეთუხუცესის, მანდატურთუხუცესისა და მსახურთუხუცესის სახელოებს, თუმცა, წყაროთა სიმწირისა და ერთგვაროვნების გამო ყოველთვის ვერ ხერხდება მკაფიოდ გამიჯვნა სვანეთისა და გურიის მოხელე ვარდანისძეებისა. ამ საგვარეულოს წარმომადგენელი ე. და მსახურთუხუცესი ვარდანისძე არიშიანი, რომელიც მოხსენიებულია 1273-1305 წწ-ის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპში, სინამდვილეში დასავლეთ საქართველოს მოხელე გურიის ერისთავი და მსახურთუხუცესი ჩანს, რომლის შთამომავლები ასევე ე-ად და მსახურთუხუცესად იწოდებოდნენ. რაც შეეხება ს. ე-თა სამოხელეო ტიტულებს, ისინი ყოველთვის ე-ად და მანდატურთუხუცესად იწოდებოდნენ. XIV ს-ის დამდეგს ს. ე-ობა გადადის დადიანთა უმცროსი შტოს ხელში, რასაც ადასტურებს ერთი სვანური ხატის წარწერა: „წმიდაო მთავარანგელოზო მუხერისო, ხელთუქმარო, ადიდენ მეფენი ბაგრატუნიანნი და დადიანნი და დიდებულნი და ერთობილი საქართველო და ერთობილნი სუანნი და ხევი ლატალისა და აღაშენე მაშენებელი შენი სოფელი ლაილისა“ (თაყაიშვილი). პირველი ს. ე დადიანების შესახებ ცნობები არა გვაქვს. დროთა განმავლობაში მათ დადიანთა დინასტიური სახელები სხვა „ახალი“ სახელებით (ხაჟიგ, ოზბეგ) შეუცვლიათ. ს. ე. დადიანები ცნობდნენ ძირითადი შტოს (ოდიშის ერისთავების) უზენაესობას, ამასთანავე, ატარებდნენ მათ სამემკვიდრეო მანდატურთუხუცესის ტიტულს, ინარჩუნებდნენ ძველ სამკვიდრო ადგილებში სალოცავებსა და საფლავებს. XV ს-ის 70-იან წწ-ში შამანდავლა დადიანი ერთდროულად ოდიშის, გურიის და სვანთა ერისთავს უწოდებს თავს, რაც უკვე მის უზომოდ გაზრდილ პოლიტიკურ ამბიციებს (და, შესაძლოა, ნაწილობრივ მაინც, ფაქტობრივ მდგომარეობასაც) ასახავს. XV ს-ის მიწურულს ს. ე-თა დადიანების დინასტია გელოვნებმა შეცვალეს, მაგრამ ამ საუკუნის ს. ე-ები უკვე კარგა ხანი იყო, რაც მთავრებად იქცნენ და მეფის წინაშე სამოხელეო მოვალეობებს აღარ ასრულებდნენ.
სვანთა ერისთავები. XI-XV სს.
იოვანე (I) და ვახდანგ [ვარდანისძეები] - ს. ე-ები X ს-ის მეორე ნახევარში. მოხსენიებულნი არიან ჩვაბიანის ეკლესიის ორ ნაკაწრ წარწერაში: „წმიდაო მაცხოვარო, შეიწყალე ვახდაგ ერისთავი“. „წმიდაო მაცხოვარო, შეიწყალე ვახდანგ ერისთავი. მაშინ დავწერეთ, ოდეს იოვანე ერისთავი სულკურთხეული გარდაიცვალა“. წარწერები დათარიღებულია X ს-ის მეორე ნახევრით. აშკარაა, რომ ვახდანგ ერისთავი იოვანე ერისთავის შემდეგ გამხდარა ერისთავი. შესაძლოა, ისინი მამა-შვილი არიან.
წყარო: სილოგავა 1988: 179-180, 400-401;
ბაკურ - ს. ე. X ს-ის მიწურულში. იხსენიება ფაყის ხატის წარწერაში: „ვინებე მე, მონამან მათმან ვარდან, სულკეთილისა ერისთავთ-ერისთავისა ბაკურის ძემან, შექმნად ამის ხატისად“. გ. ჩუბინაშვილი ფაყის ხატს გამორჩეულად არქაული ნიშნებით ათარიღებს X ს-ით. მისი ვარაუდით, ერისთავ ბაკურის ძე ვარდანი, შესაძლოა, იყოს ის პირი, რომელმაც სათავე დაუდო ს. ე ვარდანისძეების დინასტიას.
ვარდან (I) - ს. ე. XI ს-ის პირველი ნახევარში. ლაბეჭინის ღვთისმშობლის ხატის (გ. ჩუბინაშვილის დათარიღებით XI ს-ის პირველი ნახევარი) წარწერაში მოხსენიებულია ვარდან ერისთავთ-ერისთავი, რომელიც, შ. მესხიას დაკვირვებით, იმავე ფაყის ხატის წარწერაში მოხსენიებული ვარდანი უნდა იყოს.
წყაროები და ლიტერატურა: Чубинашвили 1959: 236; ახალაშვილი 1987: 15; მესხია1979: 124.
ჯინჯიხ - ს. ე. XI ს-ის პირველი ნახევარში. იხსენიება ლაბეჭინის ღმრთისმშობლის ხატის წარწერაში ვარდან ერისთავთან ერთად: „წმიდაო ღმრთისმშობელო, შეიწყალე ერისთავი ჯინჯიხი“. ორი თანადროული ერისთავის ერთად მოხსენიება ხატის წარწერაში მიუთითებს, რომ ისინი ერთი საგვარეულოს უახლოესი ნათესავები (ძმები ან მამა-შვილი) იქნებოდნენ.
ივანე (II) [ვარდანისძე] - ს. ე. XI ს-ის შუა ხანებში. ივანე (II) ს. ე. უნდა იყოს „მატიანე ქართლისაიში“ მოხსენიებული ივანე ერისთავი, რომელიც XI ს-ის 40-იან წლებში ლიპარიტ (IV) ბაღვაშის მიერ ანისიდან მოტყუებით იქნა გამოყვანილი და დაპატიმრებული სხვა ქართველ დიდებულებთან ერთად.
ვარდან (II) ვარდანისძე - ს. ე. XI ს-ის ბოლო მესამედი. ს. ე. ვარდან ვარდანისძე არის გიორგი II-ის წინააღმდეგ ამბოხებული ერისთავი, რომელსაც გიორგი მეფემ ასკალანა (გურიაში) უბოძა და წყალობით შემოირიგა. მისი შთამომავლები დროთა განმავლობაში, როგორც ჩანს, გურიის ერისთავები ხდებიან. სწორედ ამ გარემოებებს უნდა გამოეწვია სვანთა ერისთავების სახელებისა და ტიტულების გაჩენა მათ მიერ გურიის ეკლესიებისათვის შეწირული ხატების წარწერებზე. საკუთრივ ს. ე. ვარდან ვარდანისძე იხსენიება ჯუმათის წმ. გიორგის ხატის წარწერაში.
ივანე/იოვანე (III) ვარდანისძე - ს. ე., მეჭურჭლეთუხუცესი, პროტოსტრატორი, მანდატურთუხუცესი XI-XII სს-თა მიჯნაზე. იგი უნდა იყოს შვილი გიორგი II-ის თანამედროვე ს. ე ვარდან (II) ვარდანისძისა. იხსენიება მესტიისა და ლაბეჭინის ხატების წარწერებში, რომლებსაც გ. ჩუბინაშვილი XI-XII სს-თა მიჯნის ქართული ჭედურობის ნიმუშებად მიიჩნევს. ლაბეჭინის ხატის წარწერაში იოვანე, გარდა ს. ე-ობისა, ფლობს მეჭურჭლეთუხუცესის თანამდებობას: „მე, იოვანე ვარდანის ძემან, სუანთა ერისთავმან და მეჭურჭლეთა უხუცესმან მოვჭედე ხატი ესე...“. ლაბეჭინის ხატის წარწერაში იოვანე ს. ე-ის სამოხელეო ტიტულებს პროტოსტრატორიც შეემატა: „მე, იოვანე ვარდანისძემან, სუანთა ერისთავმან და მეჭურჭლეთუხუცესმან და პროტოსტრატორმან, მოვჭედე ხატი ესე წმიდისა გიორგისა და დავასუენე საყდარსა შინა ოჩამისასა“. პროტოსტრატორი მიჩნეულია ამირახორის ფარდ ბიზანტიურ სამხედრო-სამოხელეო ტერმინად. ამ წარწერათა მიხედვით, ს. ე. ვარდან ვარდანისძე სამეფო კარზე ერთობ დაწინაურებული პირია - მას უპყრია მაღალი საკარო თანამდებობები. ჯუმათის მთვარანგელოზის ხატის წარწერაში იგი უკვე მანდატურთუხუცესად იხსენიება. შ. მესხიას დაკვირვებით, ივანე ს. ე. უნდა ყოფილიყო დავით აღმაშენებლის პირველი მანდატურთუხუცესი და ამირახორი.
ბარამ ვარდანისძე - ს. ე. 1177-1180-იან წწ-ში. შ. მესხიას კვლევის თანახმად, ორბელთა ამბოხების შემდეგ გიორგი III ისევ ვარდანისძეებს სწყალობს. ამ პერიოდში უნდა დაენიშნა მეფეს ს. ე-ად ბარამ ვარდანისძე, რომელიც ამ თანამდებობას, თამარის პირველი ისტორიკოსის თანახმად, თამარის მეფობის დასაწყისში ფლობდა: „ბარამ ვარდანისძე, სუანთა ერისთავი“.
ვარდანისძე არიშიანი - ს. ე. და მსახურთუხუცესი 1273-1305 წწ-ში. ამ ორი თანამდებობით იხსენიება იგი 1270-1305 წწ-ით დათარიღებულ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპში: „სუანთ ერისთავისა ვარდანის ძისა მსახურთუხუცესისა არიშიანისა“. მას „სპარსთაგან“ დაკავებული ჯვრის მონასტრისათვის, იმ დროს, როცა მონასტრის ძმები მეტოქში იყვნენ გადასულნი, შეუწირავს ათასხუთასი თეთრი. არიშიანის შემდგომ ვარდანისძე ერისთავთა შესახებ ცნობები აღარ გვაქვს.
ხაჟიგ დადიანი - ს. ე. და მანდატურთუხუცესი. XIV ს-ის მეორე ნახევარში. ს. ე-ად და მანდატურთუხუცესად იხსენიება იგი ქურაშისა და სეტის ეკლესიებისადმი ბოძებულ დაწერილებში.
ოზბეგ დადიანი - ს. ე. XV ს-ის შუა ხანებში. ოზბეგ ე-ს მოიხსენიებს მთავარეპისკოპოსი დანიელ ცაიშელი ლაბსყელდაშის ეკლესიისათვის საპატიჟოს დაწესების სიგელში: „ვაკურთხე მთავარანგელოზი დემეტრე მეფისა მეფობასა შიგა ერისთავთ ერისთავისა დადიანისა ოზბეგისა ბრძანებითა და მოწმებითა“. საბუთი გაცემულია 1445-1452 წწ-ში დემეტრე მეფის (ალექსანდრე დიდის ძის) მეფობის დროს. იგივე ოზბეგ დადიანი ს. ე-ისა და მანდატურთუხუცესის სამოხელეო ტიტულებით მოიხსენიება მისივე საფლავის ქვის ეპიტაფიაში, რომელიც აღმოჩენილია ოჩამჩირის რ-ნ სოფელ ჭლოუში (ჭალა).
შამადავლა დადიანი - დადიან-გურიელი, ს. ე. და მანდატურთუხუცესი 1470-1474 წწ-ში. ამ სამოხელეო ტიტულებით იხსენიება იგი ლაფსყალდის ხატის წარწერაში: „მეოხ და მფარველ ექმენ დადიან-გურიელს, სვანთა ერისთავს, მანდატურთუხუცესსა სამადავლეს“. მისი უდიდესი მხარდაჭერით ქართლ-იმერეთის მეფე ბაგრატ VI-მ (1466-1678) მოიწვია ანტიოქიის პატრიარქი მიხაელი, (1474-1484), რომელმაც დასავლეთ საქართველოს კათალიკოსად აკურთხა ცაიშელ-ბედიელი იოაკიმე და შეადგინა დოკუმენტი „მცნებაჲ სასჯულოჲ“, რომელიც საფუძვლად დაედო დასავლეთ საქართველოს ეკლესიის მცხეთის ტახტისაგან კანონიკურ დამოუკიდებლობას.
აბესალომ გელოვანი - ს. ე. 1470-იან წწ-ში. ქართლ-იმერეთის მეფე ბაგრატ VI-მ სასისხლო სიგელი უბოძა ს. ე აბესალომ გელოვანს, რაც ფორმალურად ნიშნავდა მის აღიარებას ს. ე-ის უფლებებში. სინამდვილეში გელოვნები სვანეთის მთავრები იყვნენ და არა მეფის მოხელეები. ბაგრატის შემდეგ გელოვნებს იმავე სიგელს ხელახლა უმტკიცებს ბაგრატის ძე იმერთა მეფე ალექსანდრე II (1484-1510).
ტაოს ერისთავი. XI ს-ის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ბაგრატ III-მ (975-1014) ფანასკერტის ციხეში მიიწვია და პატიმარჰყო „კლარჯნი ჴელმწიფენი“, ტაო სამეფო დომენი ჩანს. დ. ბერძენიშვილის აზრით, ბაგრატ IV-ის (1027-1072) თანამედროვე ვაჩე კარიჭის-ძე, შესაძლოა, ტ. ე. ყოფილიყო, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ იგი მხოლოდ ადგილობრივი მემამულე აზნაური იყო (მ. ბახტაძე). სამეცნიერო ლიტერატურაში ასევე კამათის საგანია, იყო თუ არა ტ. ე. თამარის თანამედროვე გუზან ტაოსკარელი, რადგან არც ერთ ეპიზოდში არ იხსენიება იგი ე-ად. გიორგი რუსის აჯანყების დროს გუზანი ჯერ მეფეს განუდგა, შემდეგ კი შაჰ არმენისათვის დააპირა ტაოს ქვეყნის „გატანა“. გუზანის წინააღმდეგ ბრძოლაში თავი გამოიჩინა ზაქარია ასპანისძე ფანასკერტელმა, რომლის თავდადებას „პატრონმა“ (თამარმა) წყალობით უპასუხა და ერისთავად განაჩინა (ამ ტიტულით მოიხსენიება იგი 1210 წ.) სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს, XII ს-ის 90-იან წლებში, წარმოიქმნა ტ-ს საერისთავო ცენტრით ფანასკერტში. თავდაპირველად იგი მოიცავდა ტაო-შავშეთ-კლარჯეთის მიწა-წყალს სპერამდე. თამარის დროსვე ტ-ს სერისთავოს შემატებია ჭოროხის ხეობის სასაზღვრო კანტონებიც. ტ. ე. თაყა ფანასკერტელი, შთამომავალი ზაქარია ასპანისძისა, იხსენიება ჟამთააღმწერელთან. იგია თანამედროვე ბექა მანდატურთუხუცესისა (XIII-XIV სს-ის მიჯნა), რომლის ხელში მოექცა მიწა-წყალი „ტასისკარითგან ვიდრე სპერამდე და ზღვამდე, და უმრავლესი ტაო“. თანდათანობით, ჯაყელთა გაძლიერების კვალობაზე, ტ. ე ფანასკერტელების საგამგეო მამული მცირდება - ისინი შავშეთ-სპერს კარგავენ. ნიშანდობლივია, რომ 1306 წ. აზატ მოსეს შემოსევის დროს ტ. ე. თაყა ფანასკერტელი თავისი შემცირებული ლაშქრით მარტო შეება მტერს თორთუმის ციხესთნ, რადგან იგი ჯერ კიდევ საქართველოს მეფის საერისთავო ციხედ ითვლებოდა. როგორც ჩანს, ამ თაყას შვილიშვილი იყო ის თაყაც, რომლის მეომრებმა, თორთუმის ციხეში გამაგრებულებმა, მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს თემურ-ლენგის ლაშქარს (1401), მაშინ, როდესაც სამცხის ათაბაგი თემურ ლენგს გაურიგდა. მტერმა ციხე აიღო და ძირფესვიანად დაანგრია. თემურ ლენგის ისტორიკოსის სიტყვით, ამის შემდეგ იმ ადგილების მბრძანებელი თაყა „მისი უდიდებულესობის ფეხზე საკოცნელად მოვიდა“. ცხადია, ეს თაყა ფანასკერტელი ტ. ე. იყო, რომელმაც საქართველოს მეფის ერთგულება ბოლომდე შეინაჩუნა.
ფანასკერტელი ზაზა - ტ. ე. და მეჭურჭლეთუხუცესი XV ს-ის პირველ ნახევარში. 1907 წ. ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე, ვაჩიძორის მონატრის მახლობლად, ე. თაყაიშვილმა მიაკვლია რამდენიმე ისტორიულ დოკუმენტს, რომელთაგან ერთ-ერთი წარმოადგენს ვაჩეძორის კრებულის პირობის წიგნს, მიცემულს ერისთავთ-ერისთავისა და მეჭურჭლუთუხუცესის ზაზა ფანასკერტელისადმი. საბუთი დათარღებლია XV ს-ის პირველი ნახევრით. იგი ამტკიცებს, რომ ტ. ე-ები XV ს-შიც უმკლავდებოდნენ ათაბაგთა სახლის შემოტევას. ამ ბრძოლაში ფანასკერტელ ერისთვებს ზურგს უმაგრებდა საქართველოს სამეფო სახლი - ალექსანდრე I-ის ძე მეფე ვახტანგ IV ცოლად ირთავს თაყა ფანასკერტელის დას, სითიხათუნს, ხოლო მეფე დემეტრეს ასული რუსუდანი თაყა ფანასკერტელის მეუღლე ყოფილა. ტ-ს საერისთავო ფანასკერტელ ერისთავთა ხელქვეით არსებობდა XV ს-ის 60-იან წლებამდე, ვიდრე ზაზა ფანასკერტელი საბოლოოდ გადმოსახლდებოდა ქართლში. 1535-1545 წწ-ში ტ-ს საერისთავოს აღდგენის მცდელობა ჰქონია იმერთა მეფე ბაგრატ III-ს (1510-1565), როდესაც მან სამცხე-საათაბაგოს დასავლეთი ნაწილი იმერეთის სამეფოს შეუერთა. ვარაუდობენ, რომ ტ. ე-ად მეფეს ამ წლებში დაუნიშნავს გიორგი კავკასიძე, ადგილობრივი არისტოკრატიის წარმომადგენელი (თ. ჯოჯუა). ამ მცდელობის სასარგებლოდ ლაპარაკობს XV საუკუნის ხელნაწერის (H-375, მარხვანი) მინაწერის ცნობები.
ქართლის ერისთავი. შიდა ქართლი, ადრინდელი „ზენა სოფელი“, ძველი ქართლის სამეფოს დაარსების დროიდან ვიდრე სამეფოს გაუქმებამდე სპასპეტის საგამგებლო ტერიტორია იყო. VII-VIII სს-ში, როდესაც ძველი ერისთავები „გამთავრდნენ“, შიდა ქართლის ტერიტორია სამეფო საგვარეულოს იმდროინდელ განშტოებათა შორის გადანაწილდა. ამ გადანაწილებას გულისხმობს არჩილის დროინდელი ცნობა, რომ არჩილმა „ნერსიანს და ადარნასიანს განუყო ზენა სოფელი, რომელ არს ქართლი“. IX-X სს-ში ეს ტერიტორია ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის ბრძოლის უმთავრესი ობიექტი გახდა, რამდენადაც მისი ფლობა სიმბოლურად და ფაქტობრივად ძველი ქართლის მეფეთა მემკვიდრეობის დაუფლებას ნიშნავდა. ამავე დროს შიდა ქართლის ფლობა კავკასიის რეგიონისათვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი სამხედრო და სავაჭრო გზების გაკონტროლების საშუალებას იძლეოდა. IX ს-ის მიწურულს ძველი სამეფო დინასტიის წარმომადგენლები (ფარნავაზიან-ხოსროიანები) არაბებმა ამოწყვიტეს, ხოლო მათი სამართლებრივი და პოლიტიკური მემეკვიდრეების - ბაგრატიონების არაერთგზისი მცდელობა დაპატრონებოდნენ შიდა ქართლს, მარცხით დამთავრდა. ასეთ ვითარებაში გამოდიან პოლიტიკურ ასპარეზზე შიდა ქართლის მკვიდრი ფეოდალები: ტბელები, აბაზასძეები, ძამელები, კორინთლები, საზვერელნი და სხვ. X ს-ის დასაწყისში შიდა ქართლი დაიმორჩილა ეგრის-აფხაზეთის სამეფომ, რომელიც ყველაზე ცენტრალიზებული პოლიტიკური ძალა აღმოჩნდა იმჟამინდელ ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის. პირველად სწორედ ეგრის-აფხაზეთის მეფეებმა აქციეს შიდა ქართლი საერისთავო ქვეყნად. ქ. ე-ის რეზიდენცია იყო უფლისციხე. ეპიგრაფიკული მასალის თანახმად, თავდაპირველად ქ. ე-ები ადგილობრივი დიდაზნაურების, ტბელების წარმომადგენლები იყვნენ. როგორც ჩანს, ტბელები დიდხანს ვერ ინარჩუნებენ აფხაზთა მეფეების ნდობას და ერთხანს ერისთავობას კარგავენ. ამის შემდეგ, დაახლოებით 923/924 წ. გიორგი ეგრის-აფხაზეთის მეფემ (922-957) ქართლი სამართავად თავის უფროს ძეს, კოსტანტის გადასცა. მაგრამ კოსტანტი არა ერისთავად, არამედ ქართლის გამგებლად იწოდებოდა. „გამგებელი“ გიორგი ბრწყინვალის „ძეგლისდების“ თანახმად, ე-ის მოადგილე იყო და იერარქიულადაც ე-ზე დაბლა იდგა. კოსტანტი გამგებლობით არ დაკმაყოფილდა - სამი წლის შემდეგ იგი ტბელების მხარდაჭერით გიორგი მეფეს აუჯანყდა „ძებნად მეფობისა“. გიორგიმ მეამბოხე შვილი შეიპყრო და სასტიკად გაუსწორდა. კოსტანტის შემდეგ გიორგი ეგრის-აფხაზეთის მეფემ ქ. ე-ად უმცროსი ძე ლეონი განამწესა. ლეონი ქ. ე-ობის დროს დიდ დახმარებას უწევდა გიორგი მეფეს კახეთის შემოერთებისათვის ბრძოლაში. 957 წ., როდესაც გიორგი აფხაზთა მეფე გარდაიცვალა, ლეონ ქ. ე. კვირიკე ქორეპისკოპოსს დაეზავა და ეგრის-აფხაზეთის ტახტზე ავიდა, ხოლო ქ. ე-ობა, როგორც ჩანს, ისევ ტბელებს დაუბრუნა. ეგრის-აფხაზეთის მომდევნო მეფის დემეტრეს (967-975) დროს ქ. ე. დასავლეთ საქართველოს დიდგვაროვანი, საქართველოს ისტორიაში კარგად ცნობილი იოანე მარუშისძე იყო, რომელმაც აფხაზთა სამეფოში დაწყებული ქაოსის შესაჩერებლად შეიმუშავა ეგრის-აფხაზეთისა და ქართველთა საკურაპალატოს მშვიდობიანი გაერთიანების გეგმა. ეს გეგმა განხორციელდა დავით კურაპალატის მხარდაჭერით, რომელიც 975 წ. ბაგრატ უფლისწულს (მომავალ ბაგრატ III-ს) ჯარით შეუძღვა შიდა ქართლში. აქ მათ იოანე მარუშისძე შეეგება და უფლისციხე ჩააბარა, რაც მისგან ქ. ე-ობის დასრულებასაც ნიშნავდა. შემდგომ, 980 წ-მდე, შიდა ქართლს განაგებდა ბაგრატის დედა გურანდუხტ დედოფალი, ასული გიორგი აფხაზთა მეფისა. ქ-ის საერისთავოს დაუფლებისათვის 980 წ. ტბელები ბრძოლას უმართავენ ბაგრატ III-ს. ბაგრატმა ტბელები სასტიკად დაამარცხა, რის შემდეგაც მათი ნაწილი ქართლიდან გადაიხვეწა. დანიშნა თუ არა ვინმე ბაგრატმა ქ. ე-ის თანამდებობაზე, უცნობია. ქართლის საერისთავომ იარსება X-XIV სს-ებში. წყაროებში უკანასკნელ ქ. ე-ად იხსენიება ამადა სურამელი, მაგრამ „ძეგლი ერისთავთას“ ერთ-ერთ ეპიზოდში, რომელშიც მოთხრობილია გიორგი VII-ის დვალებთან შებრძოლების ამბავი (1403), ნახსენებია ვინმე ერისთავი სურამელი, რომელიც წინამძღოლობდა არაგვის ხეობის მთიულებს „დარიალამდის“. რადგან „სურამელი“ ქ. ე-თა ტრადიციული საგვარეულო სახელია, ამ ცნობაზე დაყრდნობით, მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს ქ-ის საერისთავოს არსებობას XV ს-მდე, თუმცა, „სურამელი“ ამ დროისათვის უკვე სხვა საგვარეულოებშიც ჩნდება საკუთარ სახელად და მისი მოხსენიება წყაროში ქ. ე-თა არსებობის მტკიცე საბუთად ვერ გამოდგება (ბახტაძე). ქ. ე., მხოლოდ როგორც თანამადებობა, XV ს-ის მეორე ნახევარში ორიოდ საბუთის მოხელეთა ჩამონათვალში ისევ მოიხსენიება.
ქართლის ერისთავები. XI-XIV -ის დასაწყისი
ივანე აბაზასძე - ქ. ე. XI ს-ის 20-იან-40-იან წწ-ში. ვინ იყო ქ. ე. ბაგრატ III-ის გარდაცვალების შემდეგ, უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, ეს თანამდებობა გიორგი I-ისაგან მიიღო ტბელების განაყოფმა აბაზასძეთა საგვარეულომ, რომლის ერთი წარმომადგენელი, ივანე აბაზასძე, ქ. ე. იყო 1032 წ. ბაგრატ IV-ის მეფობის (1027-1072) დასაწყისში იგი მეტად აქტიური პოლიტიკური მოღვაწე ჩანს. მისი და ლიპარიტ (IV) ბაღვაშის წინამძღოლობით ქართლის, კახეთის, თბილისის ამირასა და სომეხთა მეფის კოალიციური ლაშქარი ერთად შეებრძოლა განძის ამირა ფადლონს. ივანე აბაზასძე ლიპარიტ (IV) ბაღვაშთან ერთად მონაწილეობს ტფილელი ამირას შეპყრობაში. იგი ლიპარიტ ბაღვაშთან ერთად ჩაუდგა ოპოზიციაში ბაგრატ IV-ს, რაზედაც მიანიშნებს „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრების» ცნობა ბაგრატ მეფის მიერ აბაზაისძეთა შეპყრობის შესახებ. როგორც ჩანს, ივანე აბაზასძე გარდაიცვალა დაახლ. 1043/1044 წ.
ლიპარიტ (IV) ბაღვაში - ქ. ე. 1043/1044, 1049-1057 წწ. (სრულად იხ. კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ IV ბაღვაში).
ლიპარიტ ორბელი - ამირახორი და ქ. ე. დაახლ. 1160-1177/1178 წწ-ში. ლიპარიტ (IV) ბაღვაშის შემდგომ საუკუნეზე მეტ ხანს ქ. ე-ების ვინაობა უცნობია. ამ ხნის განმავლობაში ასპარეზზე გამოდიან ახალი საგვარეულოები, რომლებიც წამყვან თანამდებობებს ეუფლებიან, როგორც სამეფო კარზე, ისე ადგილობრივი მმართველობის სისტემაში. XII ს-ის საქართველოში ასეთ საგვარეულოებს განეკუთვნებოდა ორბელთა საგვარეულო. სანამ ქ. ე. გახდებოდა, ლიპარიტ ორბელს გიორგი III-ის კარზე ამირახორის თანამდებობა ეპყრა (სრულად იხ. ამირახორი ლიპარიტ ორბელი).
რატი (I) სურამელი - ქ. ე. 1177-1185, 1187-1210-იან წწ-ში. ორბელთა ამბოხის შემდგომ ქ. ე-ობა გადადის სურამელთა სახლში. „ისტორიანი და აზმანი“ ყუთლუ არსლანის განდგომის (1184) ეპიზოდში მოიხსენიებს ერისთავთ-ერისთავ რატის, ხუაშაქ ცოქალის შვილს. ვარაუდობენ, რომ რატი სურამელი ქ. ე-ის თანამდებობას კარგავს თამარისა და გიორგი რუსის ქორწინების წლებში, როდესაც რუსის მომხრე აბულასანმა სამეფო კარზე მოწინავე პოზიციები დაიკავა.
აბულასანი - ქ. ე. 1185-1188 წწ. თბილისის ამირათ-ამირა (იხ.) და მეჭურჭლეთუხუცესი 1187-1188 წწ-ში; დასავლეთ საქართველოს დიდებული; დაწინაურებული საქართველოს სამეფო კარზე თამარის პირველი ქორწინების წლებში. ლურჯი მონასტრის ცნობილ წარწერაში აბულასანი რამდენიმე მაღალი თანამდებობით, მათ შორის ქ. ე-ად მოიხსენიება. მკვლევართა ნაწილს აეჭვებს მისი ქ. ე-ობა, რაც ამ დროს რატი სურამელს უნდა ჰქონოდა, მაგრამ წარწერის მონაცემებში ეჭვის შეტანა ძნელია. აბულასანის აღზევება დაკავშირებული ჩანს თამარის პირველ ქორწინებასთან, რამდენადაც იგი გიორგი რუსის ჩამოყვანის ერთ-ერთი ინიციატორი და მასთან დაახლოვებული პირი იყო. ვარაუდობენ, რომ ქ. ე-ობა რატი სურამელს უნდა დაეკარგა აბულასანის გამო. ამ უკანასკნელის კარიერის დასასრული გიორგი რუსის საბოლოო განდევნას (1188) უკავშირდება. ამის შემდეგ, როგორც ჩანს, სურამელები იბრუნებენ ქ. ე-ობას (სრულად იხ. მეჭურჭლეთუხუცესი აბულასანი).
სულა სურამელი - ქ. ე. XIII ს-ის 20-იან წწ-ში. ერისთავ რატი (I) სურამელის ძე, ქ. ე-ობას ფლობდა ლაშა-გიორგის მეფობის დროს, XIII ს-ის 20-იან წლებში. მისი თხოვნით, გიორგი ლაშამ საერისთავო მამული სველნეთი ქვათახევის მონასტერს შესწირა.
გრიგოლ სურამელი - სულა სურამელის ძე, ქ. ე. 1125-1260-იან წწ-ში; მსახურთუხუცესი დაახლ. 1240-იან-1260-იან წწ-ში. მისი ძმაა მეაბჯრეთუხუცესი ივანე სურამელი, შვილი - ბეგა. გრიგოლის ასული ხათუთა ცოლად ჰყავდა კახა თორელს. 1342 წ., როდესაც რუსუდან მეფე მონღოლებთან დასაზავებლად აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა, მას სხვა დიდებულებთან ერთად შეეგება ქ. ე. გრიგოლ სურამელი. 1247/1250 წწ-ში შედგენილ შიომღვიმის საბუთში გრიგოლ ერისთავი მსახურთუხუცესად იწოდება. ამ თანამდებობით მოიხსენიება იგი კახა თორელის შეწირულების საბუთშიც რკონის მონასტრისადმი. ჟამთააღმწერელი ქ. ე გრიგოლ სურამელს რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდში მოიხსენიებს: როდესაც მონღოლებმა საქართველო დუმნებად დაყვეს (1245-1247), გრიგოლ სურამელს სამართავად ქართლი ჩააბარეს. სხვა დიდებულებთან ერთად იგი იყო ერთ-ერთი ინიციატორი რუმის სასულთნოდან ულუ დავითის ჩამოყვანისა. 1260 წ. გრიგოლმა უარი თქვა შეერთებოდა დავით ულუს აჯანყებას მონღოლთა წინააღმდეგ და მონაწილეობა მიიღო ეგვიპტის წინააღმდეგ მონღოლთა ლაშქრობაში.
ბეგა სურამელი (იგივე სალინ ბეგი“) - ძე გრიგოლ სურამელისა; ქ. ე. და მსახურთუხუცესი 1260-1280/90-იან წწ-ში. რატი (II) სურამელისა და ჰამადა სურამელის მამა. ბეგა ყოფილა დავით ნარინის „თანშეზრდილი“, რის გამოც რუსუდანმა თავის ძეს ურდოში თან გააყოლა. პატრონთან ერთად ბეგა მონაწილეობდა ულო ყაენის ყველა ბრძოლაში და შემდგომ, ნახჭევანს მყოფი, დავით ნარინთან ერთადვე გაეპარა ულო ყაენს დასავლეთ საქართველოში. ბეგა „კეთილმოყვრობით“ იყო დაკავშირებული დასავლეთ საქართველოს წარჩინებულ გვარებთან - მისი ასული ხუაშაქი ცოლად ჰყავდა ოდიშის ერისთავ ბედიან დადიანს.

ამადა სურამელი - ბეგა სურამელის ძე, ქ. ე. და მსახურთუხუცესი 1280/90-იან წწ-ში XIV ს-ის დასაწყისადმდე; დავით VIII-ის ერთგული თანამებრძოლი; მონღოლთა ხელშეწყობით გორში ჩასახლებული ოსების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზატორი; XIII-XIV სს-თა მიჯნაზე მიმდინარე მღელვარე პოლიტიკური მოვლენების აქტიური მონაწილე. ამადა სურამელის შუამდგომლობით დავით VIII-მ შეიწყალა მის წინააღმდეგ მონღოლებთან გარიგებული შალვა ქვენიფნეველი და მამული აღარ დაურბია. 1302 წ., როდესაც მონღოლებმა დავით VIII-ს მონღოლი ცოლი წაჰგვარეს, აჯანყებულმა მეფემ ამადა სურამელის ასულზე იქორწინა. ამ ქორწინებიდან იშვა გიორგი VI მცირე, რომელსაც ამადა სურამელი პაპად ერგებოდა და, ცხადია, მის გამეფებას ცდილობდა. ამადას სახელი 1314 წ-ის შემდგომ წყაროებში აღარ მოიხსენიება. სავარაუდოდ, იგი შეეწირა გიორგი მცირის ბრძოლას ტახტისათვის (მ. ბახტაძე). ამადა სურამელი, როგორც მსახურთუხუცესი და ქ. ე, ამტკიცებს დავით VIII-ის სიგელს ჭარმაულ გრიგოლ ჭაჭნიასშვლისადმი.
ყველის ერისთავი. ყ-ის საერისთავოს შესახებ ძალზე მწირი ცნობებია შემონახული. მისი არსებობა დასტურდება ყველის ციხეში ნაპოვნი ქვის სვეტის წარწერით: „საყდარი იოვანე ერისთავისა“. წარწერის დათარიღების ქრონოლოგიური ჩარჩო IX-XI საუკუნეებს შორის თავსდება. „მატიანე ქართლისაჲ“ XI ს. 60-იანი წლების მოვლენებთან დაკავშირებით ივანე ლიპარიტის ძესთან და ნიანია ქუაბულის ძესთან ერთად ასახელებს ყ. ე მურვან ჯაყელს, რომლებიც გაუგზავნია ბაგრატ IV-ს (1027-1072) ქართლში ჩამომდგარი ამირა ფადლონის წინააღმდეგ. XI ს-ის შემდეგ წყაროებში ყ-ის საერისთავოს ხსენება ქრება.
ცხრაზმისხევის (ქსნისერისთავი. ც-ის საერისთავო მდებარეობდა პატარა ლიახვსა და არაგვს შორის. საერისთავოს ბირთვს წარმოადგენდა ცხრაზმისხევი, რეზიდენციას - ქვენიფნევი, საიდანაც მომდინარეობს ც. ე-თა გვარსახელი - ქვენიფნეველი. ქვენიფნეველთა საგვარეულო ეკლესია და სამარხი მდებარებოდა ქვენიფნევის ოდნავ ჩრდილოეთით, ლარგვისში. თანდათანობით ც. ე-ები აფართოებდნენ თავიანთ საგამგებლო ტერიტორიას. სამეფო ხელისუფლების სახელით ც. ე-ები იბრძვიან ჩამოსახლებული ოსებისა და ადგილობრივ ურჩ მთიელთა (დვალთა) წინააღმდეგ. ერთ-ერთი ასეთი წარმატებული ბრძოლის შემდეგ ვახტანგ III-მ (1302-1308) თავის ერთგულ ერისთავს შალვა ქვენიფნეველს უწყალობა თრუსო, ღუდა, გაგასძენი, მლეთე, არახვეთი, ყანჩაეთი, აბაზასძეთა მამული, ძაგნაკორანი, დუღუამი, აწერისხევი, ბეხუშე. ც. ე-ის საგამგებლოში შედიოდა არაგვის ხეობის ნაწილი, მთიულეთი, ქსნის შუა წელი ლიახვამდე. XVII ს-ის შუა ხანებში ქვენიფნეველებმა თავიანთი რეზიდენცია ქსნის ქვემო წელზე, ახალგორში გადმოიტანეს, რის შემდეგაც ეწოდათ მათ ქსნის ერისთავები. ძირითად წყაროს ც-ის საერისთავოს ისტორიის შესახებ წარმოადგენს XV ს-ის დასაწყისში შექმნილი საგვარეულო მატიანე „ძეგლი ერისთავთა“, რომლშიც საგვარეულოს ლეგენდარული ისტორია VI ს-იდან იწყება, მაგრამ ისტორიულად სანდო ცნობები XIII-XIV სს-ს განეკუთვნება. ვახუშტი ბატონიშვილი ც-ის საერისთავო ტერიტორიას წარსულში ქართლის საერისთავოს ნაწილად განიხილავს და მის წარმოქმნას ქართლის საერისთავოსაგან გამოყოფას უკავშირებს: „შემდგომად თამარ მეფისა ქართლის ერისთავი სხვაა, ქსნისა სხვაა“. მართლაც, X ს-ის ჭალისუბნის წარწერა დოკუმენტურად ადასტურებს, რომ ცხრაზმისხევი შედიოდა ქართლის ერისთავის დაქვემდებარებაში, ჯერ როგორც სახევისუფლო, შემდგომ, როგორც საციხისთავო ტერიტორია. ნაწილი მეცნიერებისა ც-ის საერისთავოს წარმოშობას ქართლის საერისთავოსაგან დამოუკიდებელ პროცესებს მიაწერს. არსებული წყაროების თანახმად, ცხრაზმისხევის, როგორც ადმინისტრაციული ერთეულის, პოლიტიკური მნიშვნელობა იზრდება XIII ს-ის მეორე ნახევარში, მონღოლთა ბატონობის პირობებში, როდესაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვეღარ ახერხებდა მთის რეგიონების სრულფასოვან მართვას. ამ დროს წინაურდებიან ადგილობრივი ფეოდალები, რომლებიც კონტრლს ამყარებენ მიმდებარე ტერიტორიებზე. დროთა ვითარებაში სამეფო ხელისუფლება ისევ ახერხებს თავისი გავლენის აღდგენას ასეთ მხარეებზე - აღიარებს ახლად დაწინაურებულ სოციალურ ჯგუფებს და ცდილობს ისინი სახელმწიფო სამსახურში ჩააყენოს. ამგვარი პროცესი ივარაუდება ცხრაზმისხევშიც, სადაც ძველ ხევისუფლებზე (სხვადასხვა მონაცემებით 1235 ან XIII ს-ის 60-იანი წწ.) ც. ე-თა წინაპრები გაბატონებულან. ც. ე-თა სამეფო ხელისუფლებისადმი ლოიალურობას ასახავს „ძეგლი ერისთავთას“ ცნობა, რომ სამი წლის შალვა, ვირშელ (I)-ის ძე, მეფის კარზე აღიზარდა. XIV ს-ში ც. ე-ები სამეფო კარზე ამირეჯიბის და ამირახორის თანმდებობებსაც ფლობენ. XVI ს-იდან ისინი სამეფო მოხელეებად აღარ მოიაზრებიან.
ცხრაზმის ერისთავები. XIII-XV სს.
ვირშელ (I) ქვენიფნეველი - ც. ე. XIII ს. 50-60-იანი წწ-ების მიწურული.
შალვა (I) ქვენიფნეველი - ც. ე. XIII ს. 80-იანი - წწ-დან XIV ს-ის 10-იან წწ-მდე. დემეტრე მეფის უმცროსი თანამედროვე და დემეტრეს უმცროს ძის, ვახტანგის (მომავალი ვახტანგ III (1302-1308) თანშეზრდილი ყმა. როდესაც გარემოებათა წყალობით ძმები დავით VIII (1293-1311) და ვახტანგი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ც. ე. შალვა ქვენიფნეველი ვახტანგის ბანაკში დარჩა და მონღოლთაგან შერისხული დავით VIII-ის წინააღმდეგ დაიწყო მოქმედება. ცხრაზმისხევში იგი მონღოლთა ჯარსაც უწინამძღვრებს დავითის შესაპყრობად, მაგრამ მეფე იხსნა მიუვალმა ციხესიმაგრემ - ციკარემ, რომელსაც მონღოლებმა ვერაფერი დააკლეს. როგორც კი საშუალება მიეცა, დავითი თავად ჩავიდა ცხრაზმისხევში და შალვა ქვენიფნეველის (მისი მონღოლთა ლაშქრობაში ყოფნის დროს) მამული დაარბია. საქართველოში დაბრუნების შემდეგ შალვა იძულებული გახდა შევედრებოდა ქართლის ერისთავ ამადა სურამელს, ეშუამდგომლა დავით მეფესთან, რომ მისთვის მამული არ ჩამოერთმია. მეფეს იგი მართლაც შეუწყალებია და აღარ წაურთმევია მამული.
ლარგველ (I) ქვენიფნეველი - ც. ე. 1308-1316 წწ. მისი ძმაა პიპა, გიორგი ბრწყინვალის ელჩი ეგვიპტის სულტანთნ.
ვირშელ (II) ქვენიფნეველი - ც. ე. 1316-1320-იანი წწ. დასასრული. მონაწილეობდა გიორგი ბრწყინვალის (1318-1346) ბრძოლაში ოვსთა წინააღმდეგ. დარჩა სამი მცირეწლოვანი ძე. მისი ც. ე-ობის დროს გაგზავნა გიორგი ბრწყინვალემ შალვა ც. ე-ის ძე პიპა ეგვიპტეში. მისი მმართველობის დროს ცხრაზმისხევი სამთვნელის სამწყსოში შევიდა.
ქვენიფნეველ (I) ქვენიფნეველი - ც. ე. და ამირახორი. დაახლ. 1340-იანი წწ-დან 1373 წ-მდე. დაიღუპა 1373 წ. გიორგი ალასტანელთან ერთად თურქებთან ბრძოლაში.
წყაროძეგლი ერისთავთა 1965: 109-110; ხელნაწერთა აღწერილობა 1973: 89; მეტრეველი 1962: 175, N291.
იოვანე ქვენიფნეველი - ც. ე. და ამირეჯიბი. 1373-1380-იანი წწ. მისი თნამეცხედრე იყო დავით IX-ის (1346-1360) ასული გულშარი.
ვირშელ (III) - ც. ე. 1390-იანი წწ-დან 1420-იანი წწ-ის დასაწყისამდე. გიორგი VII-თან (1393-1407) ერთად იგი მონაწილეობს ალინჯის ბრძოლაში, რის შემდეგაც თემურ-ლენგმა მორიგი ლაშქრობა მოაწყო საქართველოს წინააღმდეგ. ვირშელი ბეხუშისა და ქნოღოს ციხეებში გამაგრდა. მისმა თავდაცვითმა ტაქტიკამ მტერი აიძულა დიდი დანაკარგით გაბრუნებულიყო უკან.
ქვენიფნეველ (II) ქვენიფნეველი - ც. ე. დაახლ. 1403-1446 წწ-ში.
შალვა (II) ქვენიფნეველი - ც. ე. 1450-იან-1470-იან წწ-ში. მეჯუდისხევში რამდენიმე სოფელი ააშენა და შესწირა ქვენიფნეველთა საგვარეულო მონასტერს ლარგვისში. მისი ბრძანებით შეუდგენიათ (1459) საკანონო განჩინება სამთავისის საეპარქიო ტაძრისათვის, აგრეთვე - სასისხლო განჩინება ლარგვისის მონასტრისათვის.
ქვენიფნეველ III ქვენიფნეველი - ც. ე. XV-XVI სს-თა მიჯნა.
ცხუმის ერისთავი. ც. ე. პირველად იხსენიება თამარის ისტორიკოსთან თამარის ერისთავების ჩამონათვალში. ც. ე-ად აქ დასახელებულია ოთაღო შარვაშიძე, ხოლო არგვეთის ერისთვად - ამანელისძე. ტექსტის ამ ადგილას ფრაზა „არგვეთის ერისთავი“ ავთენტური არ არის და იგი კ. კეკელიძის მიერ არის აღდგენილი. ი. ანთელავა უფრო სარწმუნოდ მიიჩნევს ვახუშტი ბატონიშვილის ანალოგიურ ცნობას, სადაც ც. ე-ად ამანელისძე არის გამოცხადებული, ხოლო ოთაღო შარვაშიძე - აფხაზეთის ერისთვად. ც-ის საერისთავო შექმნილა ეგრის-აფხაზეთის სამეფოში ისტორიული აფშილეთის ტერიტორიაზე. ვახუშტის ცნობით, საერისთვოს ფარგლებში შედიოდა მიწა-წყალი „ეგრის-იქით ანაკოფია ალანითურთ“. თამარის მეფობის პერიოდში ც. ე-ები ამანელისძეები იყვნენ. ამ საგვარეულოს აღმატებულ მნიშვნელობას ცხადყოფს მისი წარმომადგენლების მონაწილეობა მეფედ კურთხევის ცერემონიალში. მეტი ცნობა ც. ე-თა შესახებ „ქართლის ცხოვრებას“ არ შემოუნახავს. ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც, როგორც ჩანს, უფრო ძველ და სარწმუნო წყაროს ემყარებოდა, მოგვითხრობს, რომ ც-ის საერისთვოს არსებობას საფუძველი შეერყა XIV ს-ის დასაწყისში, როცა ოდიშის სამთავრომ იწყო გაძლიერება. გიორგი (II) დადიანმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა დავით ნარინის შვილებს შორის ქიშპობა და მიიტაცა ცხუმი - „დაიპყრა სრულიად ოდიში ანაკოფიამდე“. ამის შემდგომ საქართველოს მეფეებმა ცხუმის საერისთავოს დადიანების სამფლობელოდ აღიარებდნენ.
ჯავახეთის (ახალქალაქისერისთავი. ჯ-ის, იმავე ახალქალაქის, საერისთავო წრმოიქმნა X ს-ის 60-იან წლებში, როდესაც ეგრის-აფხაზეთის მეფე ლეონმა (957-967) ეს მხარე შეიერთა და იქ თავისი ერისთავი დასვა. მის არსებობას ადასტურებს კუმურდოს ტაძრის წარწერები, რომლებიც ორ სხვადასხვა ერისთავს ასახელებენ. ჯ. ე-ები ამ დროიდან 1023 წ-მდე მარუშიანები უნდა ყოფილიყვნენ. XI-XIII სს-თა მთელ სიგრძეზე ჯ. ე-ები იყვნენ ჯერ თმოგველები, შემდგომ - თორელები. XII-XIII სს-ში თორელებს მამულები ჰქონდათ საკუთრივ თორში, ჯავახეთში, ქვემო და შიდა ქართლში. XIV ს-დან თორელებს ჯაყელები ავიწროებენ, ისინი ტოვებენ თორს და შიდა ქართლში სახლდებიან. მათი საგამგებლო მხარეები ჯაყელთა მიწებში ექცევა. დაახლოებით XIV ს-ის მეორე ნახევარში ჯ-ის საერისთავომ არსებობა შეწყვიტა. საერისთავო ტერიტორია ჯაყელთა ხელში გადავიდა.
ჯავახეთის ერისთავები. X-XIII სს.
ზუიაი (I) - ჯ. ე. 964 წ. მოხსენიებულია კუმურდოს ტაძრის ხუროთმოძღვარ საკოცარის 964 წ-ის სამშენებლო წარწერაში, რომლის თანახმად, ტაძრის ბალავარის ჩადება მომხდარა „ლეონ მეფისა ზეჲ ქრონიკონს ზუიაა რპდ... ერისთავობასა ზუიაჲსა“. წარწერიდან ცხადი ხდება, რომ ზუიაი [ზვიად] აფხაზთა მეფე ლეონ III-ის ერისთავია.
ვაჩე - ჯ. ე. X ს-ის 60-70--იანი წწ. ვაჩე ჯ. ე. მოიხსენიება ასევე კუმურდოს ტაძრის წარწერაში: „სახელითა ღმრთისაითა, მე, იოვანე ეპისკოპოსმან დავდევ დღე აღვსებისაჲ აღაპად ვაჩე ერისთავისა“. მკვლევართა მოსაზრებით, ვაჩე ზვიად ერისთავის ვაჟი უნდა ყოფილიყო.
ზვიად (II) - ჯ. ე. დაახლ. X-XI სს-თა მიჯნაზე. ვაჩე ერისთავის ვაჟად მიიჩნევენ მკვლევარნი ბაგრატ III-ის და გიორგი I-ის თანამებრძოლ ქართლის ერისთავ ზვიად მარუშიანს, რომელმაც, „მატიანე ქართლისაის“ ცნობით, ბაგრატ III ბედიაში გადაასვენა. იგივე ზვიადი გიორგი მეფემ 1021 წ. სამცხეში შემოჭრილ ბასილი კეისართან გაგზავნა, რათა მასთან ზავის პირობებზე მოლაპარაკებებში დრო გაეყვანა. როგორც ჩანს, ზვიად ერისთავმა დავალება სათანადოდ ვერ შეასრულა, რის გამოც, დიდი გომრეთის 1023 წ-ის წარწერის თანახმად, გიორგი I-ს იგი შეუპყრია (შდრ. კლდეკარის ერისთავი ზვიად ერისთავი).
ფარსმან თმოგველი - ჯ. ე. 1023-1065 წწ-ში. ფარსმან თმოგველი ერისთავთერისთავად იხსენიება ზედა თმოგვის, სათხის და მირაშხანის წარწერებში. „მატიანე ქართლისაჲს“ თანახმად, 1045-1047 წწ-ში იგი თუხარისის ერისთავ ბეშქენ ჯაყელთან ერთად ლიპარიტ ბაღვაშის ბანაკში იმყოფებოდა. არსებობს მოსაზრება, რომ ფარსმან თმოგველს ღალატისათვის ბაგრატ IV-მ ჯ. ე-ობა ჩამოართვა და ეს მხარე სამეფოდ აქცია, თუმცა, შემდგომი მოვლენები ცხადყოფენ, რომ ჯავახეთში სამეფო დომენის გვერდით საერისთავო ქვეყანა დიდხანს არსებობდა. ჯ. ე-ად დარჩენილა თვით ფარსმან თმოგველიც, რომელიც ბრძოლის ველზე დაეცა 1065 წ. ალფ-არსლანის მიერ ახალქალაქის აღების დროს.
ვარაზბაკურ თორელი - ჯ. ე. 1065 წ-ის შემდეგ. ფარსმან თმოგველის შემდეგ ჯ. ე-ობა გადასულა თორელთა საგვარეულოში. ამ საგვარეულოდან პირველი ჯ. ე-ია ვარაზბაკური. ბაგრატ IV-ის (1027-1072) დავალებით იგი მოციქულად მიდის ალფ-არსლანთან, შემდეგ, მეფისავე გადაწყვეტილებით, შეიპყრობს სამშვილდის მეფე კვირიკეს, რის შედეგადაც სრულდება სომეხ კვირიკიანთა ბატონობა ქვემო ქართლში. იგივე ვარაზბაკური იგულისხმება აძიკვის წარწერაში. მის შემდეგ ჯ. ე-თა შესახებ ცნობები თითქმის საუკუნის განმავლობაში წყდება.
კახა (I) თორელი - ჯ. ე. 1152 წ. XII ს-ში ჯ. ე-ობა თორელთა საგვარეულოს კუთვნილება ჩანს. ერისთავთ-ერისთავი კახა ჯ. ე-ად იხსენიება 1152 წ-ის საორბისის წარწერაში: „ქ. წმიდაო გიორგი, შეიწყალე ერისთავთ-ერისთავი კახა და შვილნი მათნი“. ნ. შოშიაშვილის მოსაზრებით, სწორედ იგი უნდა ყოფილიყო ის ანონიმი თორელი, რომელიც, თამარის პირველი ისტორიკოსის მონათხრობით, დიდ და სახელგანთქმულ მოლაშქრედ იყო ცნობილი და გიორგი III-ს ეხმარებოდა ანისის შემომტკიცებაში. კახა 1177 წ-ის ამბოხის შემდეგ წყაროებში აღარ იხსენიება.
გამრეკელ (I) თორელი - კახა (I)-ის შვილი, ჯ. ე. დაახლ. XII ს-ის 70-იან წწ-დან 1191 წ-მდე; 1177 წ-ის ამბოხის მონაწილე; გიორგი III-ის და თამარის დიდმოხელე, ამირახორი და შემდეგ ამირსპასალარი. ნ. შოშიაშვილის ვარაუდით, გამრეკელს მამის (კახა I-ის) შემდეგ ჯ. ე-ობაც უნდა მიეღო, თუმცა, წყარო მას მხოლოდ ამირსპასალარის თანამდებობებით მოიხსენიებს (სრულად იხ. ამირსპასალარი გამრეკელ თორელი).
წყაროები და ლიტერატურა: შოშიაშვილი 1966: 26; ბახტაძე 2003: 257.
კახა (II) თორელიძე ამირსპასალარ გამრეკელისა - ჯ. ე. 1191 - XIII ს. დასაწყისი. თამართნ ერთად მოიხსენიება იგი ჰამამლუს წარწერაში: „ადიდენ ღმერთმან მეფეთამეფე თამარ, ერისთავი კახა“. კახა II-ის გარდაცვალების შემდეგ ჯავახეთის ერისთავობა დროებით გადადის თორელთა სხვა შტოს - ახალციხელთა ხელში, რომელსაც მიეკუთვნოდნენ შალვა და ივანე ახლციხელები.
შალვა თორელ-ახალციხელი - ჯ. ე. XIII ს-ის დასაწყისიდან 1226 წ-მდე. ნ. ბერძენიშვილმა პირველმა გამოთქვა ვარაუდი კიმოთისმანის წარწერაში მოხსენიებული ერისთავთ-ერისთავ შალვა თორელ-ახალციხელისა და თამარის დროინდელი ცნობილი სამხედრო მოღვაწის, შალვა ახალციხელის იგივეობის შესახებ. ეს მოსაზრება არგუმენტებით გაამყარა ნ. შოშიაშვილმა, რომელმაც გამოიკვლია თორელთა ახალციხური შტოს აღზევების გარემოებები XII-XIII სს-თა მიჯნაზე. სამეფო კარზე შალვა ახალციხელ-თორელს ეპყრა მეჭურჭლეთუხუცესის და მანდატურთუხუცესის თანამდებობები. ჯალალედინის მებრძოლებმა იგი დაატყვევეს გარნისის ბრძოლაში (1226), ერთი წლის შემდეგ შალვა ტყვეობაში გარდაიცვალა. შალვას ახალციხელის შემდეგ ჯავახეთის ერისთავობა კვლავ ახალაქალქელმა თორელებმა დაიბრუნეს (სრულად იხ. მანდატურთუხუცესი შალვა თორელ-ახალციხელი).
გამრეკელ (III) თორელი - ჯ. ე. 1225 წ. - XIII ს-ის შუა ხანები. შალვა ახალციხელის შემდგომ ჯ. ე-ობა დაიბრუნა თორელთა ძირითადმა შტომ, რომლის წარმომადგენელი იყო კახა (II) თორელის ძე, გამრეკელ (II) თორელი, ამ დროისათვის მეჭურჭლეთუხუცესი. მონღოლთა ბატონობის წლებში მან მიიღო დუმნისთავობა.
კახა (III) თორელი - ჯ. ე. და მეჭურჭლეთუხუცესი. XIII ს-ის 50-70-იანი წწ. კახა თორელი კარგად ცნობილი ისტორიული პირია XIII ს-ის მეორე ნახევარში. ჟამთააღმწერლის თანახმად, იგი ჯ. ე-ია, ხოლო 1260 წ. მის მიერ შედგენილი „რკონის დაწერილის“ მიხედვით, მეჭურჭლეთუხუცესიც. მონღოლთა ლაშქრობის დროს ბაღდადზე (1258) დავით ულუს იგი გაუგზავნია ჰულაგუ ყაენთან. საქართველოში დაბრუნების შემდეგ (1260), ჟამთააღმწერელის ცნობით, კახა არ მიემხრო ულუ დავითის ამბოხს და სხვა ქართველ დიდებულებთან ერთად მონაწილეობა მიიღო მონღოლთა ლაშქრობაში ეგვიპტის წინააღმდეგ. შემდეგ, როდესაც აჯანყებული მეფის დასასჯელად მონღოლებმა ჯარი გამოგზავნეს, კახა თორელი მტრის ბანაკში იმყოფებოდა და მონღოლებს რჩევას აძლევდა, როგორ ემოქმედათ ქართველთა წინააღმდეგ. XIII ს-ის მიწურულს კახა თორელი მანდატურთუხუცეს ბექა ჯაყელს უმოყვრდება და მასთან კეთილმოყვრობის პირობას აფორმებს.
გამრეკელ ღობიარი - ჯ. ე. XIII ს-ის ბოლო მეოთხედში. კახა (III) თორელის შემდეგ ჯ. ე-ობა გადასულა თორელთა განაყოფ ღობიართა საგვარეულოში. ჯვრის მონასტრის აღაპებში შეტანილია ერისთავთ-ერისთავ ღობიარ გამრეკელის მოსახსენებელი. ნ. შოშიაშვილის დაკვირვებით, ღობიარები XIV ს. მეორე ნახევრამდე უნდა ყოფილიყვნენ ჯ. ე-ები.
ჰერეთის ერისთავი. ჰ-ის საერისთავოს დაარსება დაკავშირებულია ბაგრატ III-ის (975-1014 წწ.) სახელთან. 1008 წ., როდესაც ბაგრატმა ჰერეთი აიღო, მმართველად აბულალი დასვა. წყაროს ტერმინოლოგია მიუთითებს, რომ აბულალი ბაგრატისადმი ლოიალურად განწყობილი „მთავარი“ იყო და არა მეფის მოხელე-ერისთავი. მაგრამ აბულალის მთავრობა მაშინვე შეწყვეტილა, როგორც კი კახეთის მთავარმა დავითმა ჰერეთი ისევ დაიბრუნა. ბაგრატ III 1010 წ. ხელახლა იპყრობს კახეთ-ჰერეთს და, როგორც ჩანს, აქ საერისთავოებს აარსებს. 1014 წ. გიორგი I-ის (1014-1027) ტახტზე ასვლისთანავე, კვირიკე დიდი (1010-1037) განუდგა ერთიანი საქართველოს მეფეს და თავი კახეთის მეფედ გამოაცხადა. ვახუშტის ცნობით, კვირიკე დიდმა სამეფო შვიდ საერისთავოდ დაყო. აქიდან სამი იყო კახეთში (შდრ. კახეთის ერისთავი), ხოლო ოთხი ჰერეთში: ხორნაბუჯის (ხონანთა), ვეჟინის, მაჭის, შტორის (დ. მუსხელიშვილი „ქართლის ცხოვრების“ უძველეს ნუსხებზე დაყრდნობით, „შტორის“ უფრო სწორ ფორმად მიიჩნევს „ტურს“). „მატიანე ქართლისაჲ“ სახელდებით გვაცნობს ბაგრატ IV-ის თანამედროვე ჰ. ე-ებს: პანკისის ერისთვ სტეფანოზ ვარჯანის-ძეს, ხორნაბუჯის ერისთავ ვაჩე გურგენის ძეს, შტორისა და მაჭელის ერისთავ ჯედის, გოდერძის დისწულს და ვეჟინის ერისთავ წირქუალელს (დ. მუსხელიშვილი უპირატესობას ანიჭებს ანასეული „ქართლის ცხოვრების“ წაკითხვას, სადაც მაჭის ერისთავად მოხსენიებულია გოდერძი და არა ჯედი). „მატიანის“ იმ ეპიზოდში, სადაც ლაპარაკია კახელი დიდებულების თანადგომით თბილისში შესვლაზე, ერისთავად მოხსენიებულია გოდერძი. ამავე გოდერძი ერისთავთან აიგივებენ ალავერდის წარწერაში მოხსენიებულ გოდერძის: „წმიდაო გიორგი, მწე-მფარველ ეყავ წინაშე ღმრთისა მონასა შენსა გიორგი აბაის, დისწულსა გოდერძი ერისთავთ-ერისთავისა“. XI ს-ის შემდგომ ჰ-ის საერისთავოები წყაროებში აღარ მოიხსენიება. როგორც ჩანს, კახეთ-ჰერეთში დავით აღმაშენებელმა გააუქმა პატარ-პატარა საერისთავოები და დატოვა მხოლოდ ორი - კახეთისა და ჰერეთის. XI-XIII სს-ში ჰერეთში შედიოდა ალაზნის აღმოსავლეთი სანაპირო, ე.წ. „გაღმამხარი“ - კახეთსა და შაქს შუა მდებარე ტერიტორია. ჰერეთის საზღვრებში შემოდიოდა მერმინდელი საინგილო და დაღესტან-ხუნძეთის ნაწილი. ცნობები ჰ. ე-თა შესახებ ძალზე მცირეა. გიორგი III-ის (1156-1184) დროს ჰ. ე. იყო ვარდან კოლონკელისძე, რომელიც მეფის მტრობაში ყოფილა შემჩნეული. 1177 წ. ვარდან კოლონკელისძემ და მისმა ძემ, ივანემ, დიდი დახმარება გაუწიეს აჯანყებულ ორბელებს (შ. მესხია). მიუხედავად ამისა, მათ ფეოდალურ სახლს ჰ. ე-ობა ორბელთა მარცხის შემდგომაც კარგა ხანს ეპყრა. თამარის მეფობის დასაწყისში ჰ. ე-ია საღირ კოლონკელისძე, რომელსაც ეს თანამდებობა ჩამოართვეს გრიგოლისძეებმა, იმავე გიშელებმა. XIII ს-ის შუა ხანების შემდეგ ჰ. ე-თა შესახებ ცნობები აღარ მოიპოვება.
ჰერეთის ერისთავები XII-XIII სს.
ვარდან კოლონკელისძე - ჰ. ე. 1150-1160-იან წწ-ში. მემატიანე მას გიორგი III-ის მტრობაში ადანაშაულებს. გაგის გასათავისუფლებლად ელდიგუზ ათაბაგთან ბრძოლაში (1163) გიორგი III-ს ხელი შეუშალა დიდებულთა ერთმა ჯგუფმა, რომელთა შორის გამოირჩეოდა ვარდან კოლონკელისძე - მტრის დასადევნებლად ამხედრებული მეფისათვის მას ცხენის სადავეები ხელით დაუჭერია.
ივანე ვარდანის-ძე [კოლონკელისძე] - ჰ. ე. და მეჭურჭლეთუხუცესი. XII ს-ის 60-იანი წწ. - 1177/1178 წ. გიორგი III-ის (1156-1184) მეჭურჭლეთუხუცესი, ორბელთა ამბოხის აქტიური მონაწილე. მას უნდა გულისხმობდეს ვახუშტი, როცა მოგვითხრობს ორბელთა აჯანყების დასახმარებლად მეჭურჭლეთუხუცესის მიერ ჰერ-კახთა და აღმოსავლეთ კავკასიელთა შეკრების შესახებ. ეს ცნობა აძლევს საფუძველს შ. მესხიას იგი ჰ. ე კოლონკელისძეთა საგვარეულოს მიაკუთვნოს. ორბელთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ ივანე ვარდანის-ძე [კოლონკელიძე] შეიპყრეს. ამ ამბის შემდეგ კოლონკელიძეებს ჰ. ე-ობა მცირე ხანს ისევ ეპყრათ.
საღირ კოლონკელისძე - ჰ. ე. 1177-1184 წწ-ში. გიორგი III-ის მტრობაში შემჩნეულ და ორბელთა ამბოხის მონაწილე კოლონკელისძეთა სახლის წარმომადგენელი. ჰ. ე საღირ კოლონკელისძეს მეტოქეობას უწევდა ადგილობრივ ჰერ დიდებულთა ნაწილი, მათ შორის გრიგოლისძეთა საგვარეულო სახლი. მაგრამ თამარის მეფობის დასაწყისში ჰ. ე-ობა ისევ კოლონკეისძეთა სახლს დარჩენია. თამარის პირველი ისტორიკოსის თანახმად, როგორც ჩანს, მეფის მხარდაჭერით, ასათ გრიგოლისძემ საღირ კოლონკელისძეს ჰ. ე-ობა წაართვა.
ასათ გრიგოლის ძე - . 1184/1185 - დაახლ. 1191 წწ. ყუთლუ არსლანის გამოსვლის დროს ჰ. ე. ასათ გრიგოლისძე თამარის მომხრეთა ბანაკში იმყოფებოდა. მისი ინიციატივით თამარის ჯარმა „დიდი და სასახელო“ ლაშქრობა მოაწყო განძის სამხრეთით რახსის ნაპირებამდე. შემდგომში ასათმა მეფისაგან ერისთავობა თავის ძის, გრიგოლისათვის გამოითხოვა, თვითონ კი სააარიშიანოს მონაპირეობა მიიღო.
გრიგოლ ასათისძე - ასათ გრიგოლისძის შვილი, ჰ. ე. დაახლ. 1191 წ-დან XIII ს-ის პირველ მესამედამდე. იგი ჩანს საზეიმო შეხვედრის მონაწილედ შარვანშა ამირ მირმანის სტუმრობის დროს. მისი ერისთავობა ივარაუდება XIII ს-ის პირველი მესამედის ჩათვლით.
შოთა კუპრი - ჰ. ე. XIII ს-ის შუა ხანები. შოთა კუპრი, სავარაუდოდ, გრიგოლ ასათის-ძის მემკვიდრე იყო. ჟამთააღმწერელი XIII ს-ის 40-50-იან წწ-ებში მას მიიჩნევს ჰ. ე-ად. შოთა კუპრი ჰერეთ-კახეთის დიდებულებთან ერთად შეხვდება აღმოსავლეთ საქართველოში დაბრუნებულ რუსუდან მეფეს, იგი მონაწილეობს კოხტასთავის შეთქმულებაში, სხვა დიდებულებთან ერთად საზეიმოდ ეგებება საქართველოში დაბრუნებულ დავით ლაშას ძეს. სხვა ცნობები შოთა კუპრის შესახებ არ მოგვეპოვება. რ. კიკნაძის აზრით, სწორედ იგი უნდა იყოს მონღოლთა მიერ დანიშნული ჰერეთის დუმნისთავი.
სამადავლა - ჰ. ე. XIII ს-ის მიწურულში. შოთა კუპრის შემდგომ ჰ. ე-თა შესახებ ცნობებში წყვეტილია. მხოლოდ XIII ს-ის მიწურულს, დავით VIII-ის თანამედროვედ იხსენიება ერისთავი სამადავლა. ის ერთი იმათაგანია, ვინც მეფეს ურჩევს ყაზან ყაენთან გამოცხადებას. ფარსადან გორგიჯანიძე მას შაქისის ერისთავად მოიხსენიებს. ეს აძლევს საფუძველს მკვლევართ, სამადავლა ჰ. ე-ად მიიჩნიონ. XIV ს-იდან ჰერეთის ერისთავებზე ცნობები აღარ მოგვეპოვება.
სურგულაძე
ეშიკაღასბაში - (სპარს.-თურქ. ešīk - ზღურბლი, āqā - ბატონი, bāshi - თავი, უფროსი), ცენტრალური აპარატის საპოლიციო უწყების ხელმძღვანელი XVII-XVIII სს-ის საქართველოში. სეფიანთა ირანის ადმინისტრაციაში ორი მოხელის აღმნიშვნელად გამოიყენებოდა - დივანის ე. და ჰარემის ე. დივანის ე-ის თანამდებობა შემოღებული იყო შაჰ-თამაზის (1524-1576) სიკვდილის შემდეგ სეფიანთა დინასტიის მმართველობის დროს ამ მოხელის იურისდიქცია მოიცავდა როგორც სასახლის გარე, ისე შიდა ფუნქციებს. მას ექვემდებარებოდნენ ადიუტანტები (yasāvolān-e ṣ oḥ bat), ცერემონმეისტერები (ešīk-āqāsīs), სასახლის კარის დაცვის წევრები (qāpūčīān) და სხვ. იგი სრულად განაგებდა სასახლის პროტოკოლს. ამასთანავე, ვეზირს წარუდგენდა მის მიერ განხილულ და ნებადართულ რაყამს ხელფასის, სარგოს, მიწის ბოძების, ჰონო- რარის შესახებ. შაჰ სულთან-ჰუსეინის (1694-1722) ადმინისტრაციაში იგი ამ ტიპის დოკუმენტებს ბეჭდითაც ამოწმებდა. ყაჯართა დინასტიის მმართველობის აპარატში ეს სახელო დამცრობილია და მხოლოდ ცერემონიებისა და პროტოკოლის უფროსის ფუნქციით შემოისაზღვრება.
ვახუშტი ბატონიშვილი საქართველოში -ის სახელოს შემოღებას როსტომ მეფის (1632-1658) სამოხელეო რეფორმას უკავშირებს, თუმცა, ქართულ-სპარსულ ისტორიულ საბუთებში ე-ისა და მისი ქვემდგომი ეშიკაღასის სახელოები სვიმონ I-ის (1556-1600 წწ.) ირანის ტყვეობიდან დაბრუნების შემდგომ ჩანს. ვახუშტის განმარტებით, ე-მა შეცვალა ადრინდელი მანდატურთუხუცესი (იხ.), მაგრამ რამდენადაც მანტატურთუხუცესის ფუნქციები ბევრად ფართო და მრავალფეროვანი იყო, მათ შორის მხოლოდ ნაწილობრივ მსგავსებაზე შეიძლება ლაპარაკი. ე-ის უწყებაში შედიოდნენ, უპირველესად, ე-სები, ბოქაულთუხუცესი (იხ.) და ბოქაულები, სოჰბათიასაული (იხ.), ყორიასაული (იხ.), მეჰმანდარი, ყაფიჩი და თალიში. ამ მოხელეთა საშუალებით მოჰყავდა ე-ს სისრულეში სამეფო ბრძანება-განკარგულებები, საგამოძიებო გადაწყვეტილებები, სასამართლო განჩინებები და დადგენილებები. ე. მონაწილეობდა სხვადასხვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხის განხილვაში. გარდა საპოლიციო საქმანობისა, ე-ები ზოგჯერ გადასახადების აკრეფითაც იყვნენ დაკავებულნი. ვახტანგ VI-ის „დასტურლამალის“ თანახმად, ქართლში ერთდროულად ორი ე. არსებობდა. სამეფო მეჯლისზე ორივე ე. ერთად იღებდა სტუმრებს, ორივე ხელმძღვანელობდა ცერემონიალს და თვალყურს ადევნებდა წესრიგის დაცვას. ე-ის სახელოს მნიშვნელობას ხაზს უსვამს დიდი სამეჯლისო ცერემონიალის დროს ე-ის გატოლება სახლთუხუცესთან (იხ.) - ისინი ერთად ისხდნენ სუფრასთან მეფის პირდაპირ.
XVII-XVIII სს. წყაროებში იხსენიება დედოფლის ე., XVIII ს. მეორე ნახევრიდან - ბატონიშვილების ე-ები, სასახლის ე.წ. „არმის“ (haram) ე., რომლის ფუნქცია იყო ზრუნვა სასახლის წესრიგზე, სასახლის იასაულების გაწრთვნა, ხელმძღვანელობა და მგზავრობისას მეფის ოჯახის ხლება. ამავე პერიოდში იხსენიება ხალვათხანის ე., რომლის კონკრეტული ფუნქციები გარკვეული არ არის, მაგრამ, ჩანს, რომ ლოკალური დანიშნულებისა უნდა იყოს. კომპეტენციების სისრულითა და მოვალეობებით ამათ ყველას აღემატებოდა ქართლის ე., რომლის უფლებები მთლიანად სამეფოს მასშტაბით ვრცელდებოდა (ქართლსა და კახეთში). მისი საქმიანობის მასშტაბების შესაბამისი იყო ქართლის ე-ის მაღალი ანაზღაურებაც - გიორგი XII-ის მეფობის პერიოდში ქართლის ე-ის შემოსავალი ჯამაგირისა და ულუფის სახით 300 თუმანს აღემატებოდა, მაშინ როდესაც ე.წ. არმის ე-ის ჯამაგირი 300 მანეთს შეადგენდა.
-ის თანამდებობაზე ინიშნებოდნენ ქართლისა და კახეთის უმაღლესი არისტოკრატიის - ორბელიანების, ციციშვილების, ბარათაშვილების, ვაჩნაძეების, მაყაშვილების, ხერხეულიძეების, საგინაშვილების, ჭავჭავაძეების და სხვ. სახლების წარმომადგენლები.
ეშიკაღასბაშები. XVI-XVIII სს.
ბარათაშვილი იოვანე (ალლაჰ-ყული-ბეგ) - ე. 1583 წ. ქისკ 2016: 349.
ბარათაშვილი ყაფლან - ე. 1627-1637 წწ. მდივანბეგი 1636 წ. ქსის 1955: 64, 131.
ხოსრო - ე. 1627 წ. ქსის 1955: 72.
ჯავახიშვილი როინ - ე. 1636 წ. (პალ 2015: 456).
საგინაშვილი ანდერმან - ე. 1651 წ. ბოქაულთუხუცესი 1643-1657 წწ.
ამირეჯიბი ქაიხოსრო - ე. მეღვინეთუხუცესი, სუფრაჩი, ატენის მოურავი, 1684-1725 წწ.
ამილახორი ბეჟან - ე. 1688-1700 წწ.
ამილახორი ავთანდილ - ე. 1692-1698 წწ.
ერისთვისშვილი ზურაბ - ე.1693-1710-იანი წწ. ბოქაულთუხუცესი 1693-1699 წწ.
ორბელიშვილი/ასლანისშვილი რევაზ - ე. 1698-1700 წწ., მეჯინიბეთუხუცესი 1693-1699 წწ.
ამილახვრისშვილი რევაზ - ე. 1710-იანი წწ.
ავალისშვილი ზაზა - ე. 1700-1713 წწ.
ციციშვილი პაატა - ე. XVII-XVIII სს. მიჯნა.
დურმიშხან - ე. 1721 წ.
დიმიტრი/დემეტრე-ბეგ - ე. 1721-1738 წწ.
იოთამ - ე. 1725 წ.
სოლომონ - ე. 1727 წ.
ორბელიანი ელისბარ - ე. 1732-1742 წწ. თბილისის მხარეთა ჯარის სარქარი 1742 წ. ქავთარისშვილისულხან - ქართლის ე. 1736-1643 წწ. წ. მილახორი 1639 წ.
ციციშვილი მანუჩარ - ე.1736-1738 წწ.
დავით - ე. 1738 წ.
ზურაბისშვილი - ე. 1738 წ.
რევაზ - ე. 1738 წ.
ბეჟან - ე. 1739 წ.
გერმანოზაშვილი პაპუა - ე. 1743 წ.
გუგუნა - ე. 1743 წ.
იარალიშვილი იარალი - ე. 1764 წ.
ამირეჯიბი რევაზ - ე. 1764 წ.
დიმიტრი - ე. 1767 წ.
მაყასშვილი სვიმონ - გიორგი ბატონიშვილის ე. 1768 წ.
ჭავჭავაძე ალექსანდრე - ე. 1800 წ.
მაყაშვილი ალექსანდრე - არმის ე. XVIII ს-ის მიწურული.
გარსევან - ე. XVIII ს-ის მიწურული.
ორბელიანი ასლან - ე. 1765 წ.
ციციშვილი გიორგი - ხალვათხანის ე. XVIII ს-ის მიწურული.
ხერხეულიძე გიორგი - ქართლის ე. XVIII ს-ის მიწურული.
თ. აბულაძე
ვაზირთუხუცესი - (შდრ. ვაზირი, სავაზირო), საქართველოს ერთიან სამეფოში სახელმწიფო მმართველობის ცალკეულ უწყებათა (სამხედრო, საპოლიციო, ფინანსურ და სხვ.) ხელმძღვანელი იყო. დავით IV აღმაშენებლის დროს (1089-1125), ფაქტობრივად, საფუძველჩაყრილი ცენტრალიზებული სამეფო ხელისუფლების აპარატი XIII ს-ის დასაწყისისათვის „სავაზიროს“ (იხ.) სახით ჩამოყალიბდა. უმაღლესი საერო და საეკლესიო მოხელის, „ვაზირთა უპირველეს“ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის მეთაურობით მასში შემავალი „დარბაზის რიგის“ მაღალი თანამდებობის პირები მთავრობის ფუნქციას ასრულებდნენ. მიჩნეულია, რომ XII-XIII ს-ის პირველ ათწლეულში საქართველოს სამეფო კარზე მხოლოდ მწიგნობართუხუცესი იწოდებოდა ვაზირად, ხოლო სავაზიროს ჩამოყალიბება „ვაზირთა უპირველესის“, იგივე ვ-ით სათავეში თამარის მეფობის შემდგომ ხანებში მოხდა (შ. მესხია). კარნუ ქალაქიდან ალაფად წამოღებული „წიგნი სააქიმოს“ თარგმანის ანდერძში (ხეც, S-1274) „ვაზირთა ყოველთა უპირველესად“ იწოდება ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი და პროტოუპერტიმოსი თეოდორე. ვ-ის ოფიციალური ტიტულითაა მოხსენიებული ივრისპირა გარეჯის ერთ-ერთი გამოქვაბული მონასტრის (ქოლაგირის მთავარი ტაძარი XII-XIII სს. მიჯნა) მოხატულობის ქტიტორთა რიგის სათავეში გამოსახული მეფის მიერ ახლად დადგინებული ვ., რომელსაც ახლავს ფრაგმენტულად მოღწეული ფრესკული წარწერა: „...ვაზირთუხუცეს და მწიგნობართა თვისთა უხუცეს ჰყო...“
XIII ს-ის დამდეგს თამარ მეფის მიერ ათაბაგის სახელოს შემოღებით და მისი ამირსპასალარობასთან და მანდატურთუხუცესობასთან ფაქტობრივი შეერთებით, საქართველოს მეფეს მწიგნობართუხუცესისა და ათაბაგ-ამირსპასალარის სახით ერთდროულად „ორი მამა“ გაუჩნდა. დროთა განმავლობაში ამ ორიდან ის პირი იწოდებოდა ვ-ად, რომელსაც ძლიერი რეალური დასაყრდენი ჰქონდა. სამეფო ხელისუფლების დასუსტების პირობებში ასეთს ათაბაგ-ამირსპასალარი წარმოადგენდა, მაგ. ივანე (†1227) და ავაგ (1227-1250) მხარგძელები (იხ. ათაბაგი).
მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს (იხ.), როგორც ვ-ს, ყველა მნიშვნელოვან საქმეზე მიუწვდებოდა ხელი, მათ შორის სამხედრო, საფინანსო და საეკლესიო საქმეებზე. თამარის მეფობის შემდგომ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი სავაზიროში შემავალ „სამთა ვაზირთა“ (ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი) და „ორთა ვაზირთა“ (მეჭურჭლეთუხუცესი, მსახურთუხუცესი) ჯგუფიდან არც ერთში არ შედიოდა, მაგრამ გარკვეულწილად (ფორმალურად) ინარჩუნებდა ვაზირთა შორის პირველობას და „ვაზირთა შორის უპირველესად“ იწოდებოდა. რუსუდანის (1223-1245 წწ.) ზეობისას, ხორეზმელების დამრბევი ლაშქრობების და მონღოლთა ბატონობის პირობებში, მწიგნობართუხუცესის სახელოს აშკარა დაკნინების ფონზე, სამეფო საქმეთა განგება და ვ-ობა რეალურად ათაბაგის ხელში აღმოჩნდა. თანადროული ქართული და სომხური წყაროების ჩვენებით, „რუსუდანს ეპყრა სამეფო ივანეს ზედამდგომელობით, რომელსაც ათაბაგი ეწოდებოდა“ (გრიგოლ აკანელი), ხოლო ჯალალ ად-დინი ბიჯნისს მყოფ ავაგ ათაბაგს მიმართავდა: „შენ ხარ ვაზირთუხუცესი მეფისა და ითუალავ საქართველოს“ (ჟამთააღმწერელი). ამდენად, ვ-ის სახელოს არსებობის სხვადასხვა პერიოდში, მისი, როგორც მთავრობის (ანუ მინისტრთა კაბინეტის) მეთაურის ძლიერება და კომპეტენცია ყოველთვის ერთნაირი არ ყოფილა.
კლდიაშვილი
ვაზირი/ვეზირი - (არაბ. Vāzir - მრჩეველი), უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის დიდმოხელეთა ტიტული შუა საუკუნეების საქართველოში. ტერმინი შემოსულია მუსლიმური სამყაროდან, მაგრამ თავად ვ-ის სამოხელეო ინსტიტუტი ძველისძველ ქართულ „უხუცესთა“ ინსტიტუტს უკავშირდება. ვ-ის თანამდებობის შემოღება გიორგი III-ის დროიდანაა სავარაუდებელი (ივ. ჯავახიშვილი), თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ამ სამოხელეო ინსტიტუტის დამკვიდრება ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის დროს მოხდა, რომლის პირველი ვ. იყო გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი (ნ. ბერძენიშვილი, შ. მესხია, ი. ანთელავა). XII-XIII სს-ებიდან საქართველოს ერთიან სამეფოში ვ-ები სახელმწიფო მმართველობის ცალკეულ უწყებას (სამხედრო, საპოლიციო, ფინანსურ და სხვ.) ხელმძღვანელობდნენ. უფროს ვ-ად მიჩნეული მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი (იხ.) მეფის შემდგომ პირველი პირი და ვაზირთუხუცესი იყო, დანარჩენი ვ-ები: ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი, მსახურთუხუცესი, XIII ს-ის დასაწყისიდან ათაბაგი., ფუნქციების და მნიშვნელობის მიხედით იყოფოდნენ „სამთა ვაზირთა“ (ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი) და „ორთა ვაზირთა“ (მეჭურჭლეთუხუცესი, მსახურთუხუცესი) ჯგუფებად. „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, პირველი ჯგუფი უპირატესობით სარგებლობდა დარბაზობის, ვაზირობის და პურობის დროს. ვ-თა ინსტიტუტის არსებობა დადასტურებულია გიორგი V ბრწყინვალის „ძეგლის დადების“ შესავალშიც.
XVI ს-იდან ვ. ეწოდებოდა როგორც მმართველობის ცენტრალური აპარატის მოხელეებს, ისე მეფისა და მთავრის კარის პირველ მოხელეს. ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, რომ ქართლის მეფე როსტომმა (1632-1658) ადრინდელი სამოხელეო სახელების ყიზილბაშურით შეცვლასთან დაკავშირებით „კუალად ყიზილბაშთა რიგის შესძინა ვეზირი, მუსტოფი (იხ.) და მუნში (იხ.).
XVII-XVIII სს-ეების მიჯნაზე, ვახტანგ მეფის „დასტურლამალის“ მიხედვით, ქართლის სამეფო კარზე ვ. ირანის საოკუპაციო ხელისუფლების მოხელეა, ხოლო ქართლკახეთის სამეფოების გაერთიანების შემდგომ ვ-ის სახელომ თანდათანობით დაკარგა მნიშვნელობა და ცენტრალური აპარატის ცალკეულ მოხელეთა სახელადღა შემორჩა.
კლდიაშვილი
ზარადხანის მწიგნობარი - ცენტრალური აპარატის მოხელე საქართველოს ერთიან მონარქიაში. ზ. მ. სასახლის კარზე ერთ-ერთი წარჩინებული მოხელე იყო საწოლის მწიგნობრის შემდგომ. იგი დამაკავშირებელი რგოლი იყო ზარადხანისა (ამირსპასალარის სახელო) მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის უწყებასთან. იგი მონაწილეობდა „სააჯო კარის“ სხდომებში, სადაც ევალებოდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის სასამართლო განჩინებათა და გადაწყვეტილებათა ადრესატებამდე მიტანა. საწოლის მწიგნობართან ერთად ზ. მ. მონაწილეობდა სასახლის ცერემონიალებში. „პურობის“ დროს ისინი ერთად იდგნენ და გამოირჩეოდნენ სხვა 24 მწიგნობრისაგან, რომლებიც, საწერელით ხელში, ჭყონდიდლის მხარეს იყვნენ ჩამწკრივებულნი. ვაზირობას ზ. მ. არ ესწრებოდა, იგი მეაბჯრეთუხუცესთან, განმგეთუხუცესთან, საჭურჭლის ნაცვალთან და მესტუმრესთან ერთად კარს გარეთ იდგა ჭყონდიდლის ბრძანების მოლოდინში. წელიწადში ერთხელ, როდესაც ტარდებოდა მეაბჯრეთუხუცესის დაქვემდებარებაში არსებული ზარადხანის აღწერა, ზ. მ. სხვა მოხელეებთან (ამირახორი, მეაბჯრეთუხუცესი, ზარადახნისუხუცესი) ერთად ზარადხანაში შედიოდა და იქ დაცულ დიდ დროშას, იარაღს, ცხენის აღკაზმულობას (ჯაჭვი, მუზარადი, ხმალი, ქაფა, საბარკული, მშვილდ-კაპარჭი, ლახტი, შუბი, უნაგირი, საცხენე ჯავშანი და სხვ.) აღწერდა, ხოლო შედგენილ ანგარიშს გოდორში ინახავდა. „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, ამ სამუშაოს შესრულებაში მას ყოველ აღდგომას ეძლეოდა ცხენის ერთი უნაგირი და ერთი აღკაზმულობა. ზ. მ-ები არაიშვიათად სამეფო სიგელებსაც წერდნენ.
ზარადხანის მწიგნობრები. XIII .
თევდორე ჩორაყისძე - ზ. მ. 1241/1242 ქისკ 1984: 119
დაბნედილი - ზ. მ. 1260/1267 წ. ქისკ 1984: 162.
მიქაელ ეზეკიელის-ძე - ზ. მ. 1261/1262 წ. ქისკ 1984: 168
გიორგი სოფრომისძე - ზ. მ. 1287/88 წ. ქისკ 1984: 182.
კლდიაშვილი
ზარადხანისუხუცესი - სამეფო კარის საშუალო რგოლის მოხელე ერთიანობის ხანის ქართულ მონარქიაში. სამეფო სასახლის სამხედრო იარაღის საწყობის გამგე. ზ. შედიოდა ამირსპასალარის (იხ.) უწყებაში, უშუალოდ კი, ამირახორს (იხ.) ექვმდებარებოდა. ზ-ის საგამგეო დაწესებულებას წარმოადგენდა ზარადხანა (არაბ.-სპარს. zarad-xāna სამხედრო იარაღის საჭურვლის საცავი, საწყობი), რომელშიც ინახებოდა სამხედრო საჭურველი: ჯავშანი, მუზარადი, ჯაჭვი, საბარკულები, ლახტი, შუბი, მშვილდ-კაპარჭი და სხვ. აქვე იყო ცხენის აღკაზმულობა: ლაგამ-აბჯარ-უნაგირი, დიდი დროშა, ალმები და სხვ. ზ-ს მეფის საბრძოლო იარაღის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული მრავალი მოხელე ემსახურებოდა: მისრატულთუხუცესი და მისრატულნი, ზარადხანის მოლარე და მეჯინიბე, ზარადხანის მუშრიბი. „ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, ყოველი მათგანი გარკვეულ მონაწილეობას იღებდა მეფის ცხენის შეკაზმვაში: ზარდახნის მოლარე ცხენს აღვირს შეაბამდა, მისრატული ლაგამს ამოსდებდა („პირსა აუსხამს“) და ცალ ყურთან გაუტარებდა, ზარადხანის მეჯინიბე საყბეურს გაუკეთებდა და ლაგამს მეორე ყურთან გაუტარებდა, სულ ბოლოს ზარადხანის მოლარეს უნდა დაედგა უნაგირი, მეჯინიბეს კი დაესრულებინა ცხენის შეკაზმვა და ისევ მისრატულთუხუცესისათვის მიეყვანა. საბოლოოდ ზ. მიგვრიდა შეკაზმულ ცხენს მეფეს, ხოლო როცა მეფე ცხენზე შეჯდებოდა, ზ-ს მეფისათვის მათრახი უნდა მიეწოდებინა. ზ. ამირჩუხთან ერთად მეფის ამალაში მეფესა და ჯვარისმტვირთველს შორის დგებოდა. ზ-ის თანამდებობაზე მეფეები იწყალებდნენ ფეოდალური წოდების საშუალო რანგის წარმომადგენლებს - ასეთთაგანი ჩანს ვინმე ვახტანგ თულაისძე („ჩამომავლად“ მეთემე აზნაური), რომელიც 1287/1288 წ-ის სიგელის მიხედვით, მეფის აზნაური გამხდარა და ზ-ობა მიუღია.
კეკელია
თავლიდარი - (არაბ-სპარს. tahvildār - მოლარე, ხაზინადარი.); იგივე გამგეთუხუცესი, მმართველობის ცენტრალური აპარატის მოხელე გვიანფეოდალურ საქართველოში. თ. სასახლეში ასრულებდა სამეურნეო ფუნქციებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფუნქციები ვიწრო სამეურნეო დანიშნულებით ამოიწურებოდა, თ-ის თანამდებობა აუცილებელი იყო მმართველობის ყველა სამეურნეო/საფინანსო განშტოებაში. „დასტურამალის“ მიხდვით, თ-ის თანამდებობა გათვალისწინებული იყო ქარხანაში, სალაროში, საღვინეში, სამზარეულოში, საჯინიბოში, საფარეშოში, საშარბათოში და ა.შ.; სალაროს თ. მოლარეთუხუცესს (იხ.) ექვემდებარებოდა. მას ებარა სალაროში დაცული ნივთები, გასცემდა მათ და აწარმოებდა ანგარიშს. სალაროს თ-ს საბუთებში ზოგჯერ მეფის სასახლის ხარჯების თ-იც ეწოდება. როცა მეფეს სალაროდან რაიმე დასჭირდებოდა, თ. მოლარეთუხუცესის (იხ.) წინამძღოლობით მეფეს საჭირო ნივთს მიართმევდა. საჯინიბოს თ-ს ცხენების საქმე ეკითხებოდა. სალაროს თ-ს საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდა. მისი წლიური სარგო ოთხი თუმანი იყო, მაგრამ, ამავე დროს, მას წილი ეკუთვნოდა სალაროში შესული საჩუქრებიდან. თ-ის თანამდებობაზე დანიშნული პირები სამეფო აზნაურულ წრეს მიეკუთვნებოდნენ. XVII-XVIII სს-დან ცნობილია მხოლოდ რამდენიმე თ-ის სახელი: თ. და ქილიფდარი ყაიბულა; თ. მანუჩარი; თ. ქაიხოსრო ყორღანაშვილი.
კეკელია
თუშმალი - (სპარს. tušmāl - „მეკარე“) სასახლის სამზარეულოს მოხელე, ქარხნის ნაზირის ქვემდებარე. სულხან-საბას განმარტებით, მზარეულთა უხუცესი. „დასტურლამალის“ მიხედვით, სასახლეში ოთხი თ. იყო. თ-ის დაქვემდებარებაში იყვნენ მზარეულები, მეხორცე, აბდარი (აბდარი - მეფის სასმელი წყლის მცველი), შეშის მზიდავი, მეთეფშე. თ-ის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენდა სასახლის პროდუქტებით მომარაგება, დანახარჯის ზუსტი ანგარიში და ზედამხედველობა მეჯლისის დროს, სტუმრებისათვის საჭმლის მირთმევა. სამეფო კარის თ-ები იყვნენ სამეფო აზნაურული სახლების წარმომადგენლები, რომლებიც ამ თანამდებობას მემკვიდრეობით ფლობდნენ. მაგ., XVII ს-ის 50-60-იან წწ-ში როსტომისა და ვახტანგ V-ის (1658-1675) კარზე თ-ობა მესტუმრეობასთან ერთად ჰქონია დონდარა ეჯუბაშვილს. მის შემდგომ თ-ის თანამდებობაზე ჩანან დონდარას ძმა ზურაბი და ძმისწულები: ზაალ და შავერდა.
წყაროები და ლიტერატურა: დასტურლამალი 1965: 252; პალ 1991: 595-596; პალ 1993: 164-165; ივ.სურგულაძე 1952: 196; ქსოის 1984: 32.
ბაინდურაშვილი
ლაშქრნავისი - (სპარს. laškar navis - ჯარის „მწერალი“) სახელმწიფო მოხელე ირანში სეფიანების დროიდან. თანამდებობა დაფუძნებული იყო შუა საუკუნეების ისლამური მოხელის „არეზის“ უფლება-მოვალეობებზე, რომელიც გულისხმობდა სამხედრო ძალების ადმინისტრირებას - მათი ჯამაგირის, დაქირავების, სწავლებისა და ინსპექციის საკითხების კონტროლს. ყაჯართა დინასტიის მმართველობის დროს, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლება დაიყო ადმინისტრაციულ და სამხედრო უწყებებად, არმიის მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფი ლ-ის პასუხისმგებლობა მოიცავდა ჯარის დაქირავების, მომზადების და ლოჯისტიკის ფუნქციებს.
საქართველოში ლ-ის თანამდებობა ქართლ-კახეთის გაერთიანებულ სამეფოში ერეკლე II-ის მეფობის (1762-1798) მიწურულს ჩნდება. მმართველობის აპარატის გაუმჯობესების მიზნით ერეკლემ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სამოხელეო წყობაში, მათ შორის სამხედრო საქმის ორგანიზების სფეროში. მის მიერ გატარებული რეფორმის შედეგად შეიცვალა ჯარის სტრუქტურა და შეიარაღება, გარდა ჩვეულებრივი მოლაშქრეობისა, შეიქმნა დაქირავებული ჯარი, გაჩნდა ახალი ტაქტიკური შენაერთები (ნოქარი, თოფჩი), გაიზარდა სამხედრო დანაყოფებისა და, შესაბამისად, სამხედრო მეთაურების რიცხვი. ყოველივე ამან მოითხოვა სამხედრო კანცელარიის ჩამოყალიბება, სადაც ხდებოდა საჯარისო ნაწილებისა და საწვრთნელი ბაზების აღნუსხვა, სამხედრო მზადების სრული ციკლის ორგანიზება და კოორდინირებული მართვა, სამხედრო მოსამსახურეთათვის ჯამაგირ-ულუფების გაწერა. ამ სამუშაოთა მომეტებულ ნაწილს ასრულებდა ლ., სამხედრო კანცელარიის მოხელე. ქართლსა და კახეთში ექვსი ლ. ყოფილა. მათი უფლება-მოვალეობები, საქმიანობის ხასიათი და ანაზღაურების წესები დეტალურადაა განმარტებული ქართლ-კახეთის ყოფილ სამეფო მოხელეთა მოხსენებებში მთავარმართებელ პავლე ციციანოვისადმი. ლ-ს უნდა აღენუსხა სამხედრო ნაწილების მიმაგრების ადგილები და მათზე გაწეული ხარჯები, შესრულებული სამუშაოს მიხედვით განესაზღვრა სამხედრო მეთაურების (მინბაში (იხ.), უზბაში (იხ.), თოფჩიბაში, დაჰბაში და სხვ.) წლიური ჯამაგირი და ულუფა. ლ-ს განსაზღვრული ჰქონდა ჯამაგირი, ულუფა და სარგო. ჯამაგირი, არსებული მასალების მიხედვით, მერყეობდა წელიწადში თორმეტიდან თვრამეტ თუმნამდე. ულუფას შეადგენდა პური, ქერი, ღვინო, ხორცი და სამარხო - სულ ოცადასამი თუმნისა. სხვა მოხელეების ჯამაგირიდან სარგოდ ეკუთვნოდა თუმანზე თითო აბაზი. ლ-ის თანამდებობაზე განწესებული ზოგიერთი პირი ითავსებდა სხვა თანამდებობებსაც, მაგალითად, გიორგი XII-ის ძე დავით ბატონიშვილი სომხითის მელიქის შვილს, იოსებს უბოძებს ლ-ის სახელოს და სალაროს მუშრიბობას. ომან ხერხეულიძე იყო ლ. და ერეკლეს მდივანი. თათრების ლ. აფრიამ ენიკოლოფოვი ამავე დროს იყო არახლოს ელის მოურავი. იოანე ქობულოვი/ქობულაშვილი ერთდროულად რამდენიმე სახელოს ფლობდა - არტილერიის პოლკოვნიკის, ლ-ის, მდივნისა და მდივანბეგისას.
ქართლ-კახეთის სამეფოს ლაშქარნავისები:
მირზა მაჰმუდ - ლ. 1751 წ. (დუნდუა 1984: 55, 58).
ქაიხოსრო სუმბათაშვილი - ლ. XVIII ს-ის მიწ. (მესხია 1948: 027).
მელიქიშვილი იოსებ - ლ. XVIII ს-ის მიწ. (მესხია 1948: 027).
ქობულოვი/ქობულაშვილი იოანე - ლ. XVIII ს-ის მიწ. (მესხია 1948: 027).
ქობულაშვილი სოლომონ - ლ. XVIII ს-ის მიწ. (მესხია 1948: 027).
მირზა აფრიამ ენიკოლოფოვი - თათრების ლ. XVIII ს-ის მიწ. (მესხია 1948: 027).
თუმანიშვილი მანუჩარ - ლ. XVIII ს-ის მიწ. (მესხია 1948: 027).
ხერხეულიძე ომან - ლ. XVIII ს-ის მიწ. (მესხია 1948: 027).
გურგენიძე სვიმონ - ლ. XVIII ს-ის მიწ. (მესხია 1948: 027).
ვაჩნაძე ასლან - ლ. XVIII ს-ის მიწ. (მესხია 1948: 027).

მამასახლისი - მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელე ქალაქსა და სოფლებში. მ-ის ინსტიტუტს არსებობის დიდი ხნის ისტორია აქვს. გვაროვნულ საზოგადოებაში მ. სახლის უხუცეს წევრს, სახლის უფროსს ეწოდებოდა, რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა სახლის (თემის, გვარის) მმართველობა. მაგ., ანტიკურ ქართლში (მეფობის შემოღებამდე) მცხეთის მ-ს ეპყრა ქვეყნის (ქართლოსიანთა) უზენაესი გამგებლობა. ამავე დროს ამ ტერმინით აღინიშნებოდნენ დაბებისა და ცალკეული თემების გამგებლები. შუა საუკუნეებში უკვე შეცვლილ სოციალურ გარემოში მ-მა ნაწილობრივ მაინც შეინარჩუნა ძველი სოციალური შინაარსი (მაგ., მცხეთის მ. “ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“ „სამამასახლისო სამსახურებელი“ ბაგრატ IV-ის სიგელში), მაგრამ, ამასთანავე, შეიძინა ახალი მნიშვნელობები (მაგ., მონასტრის ძმობის მეთაური). სამოხელეო სისტემაში მან მყარად დაიმკვიდრა ადგილი, როგორც ადგილობრივი მმართველობის დაბალი რგოლის აღმნიშვნელმა ტერმინმა. მ-ის ფუნქციებში შედიოდა სამეფო ბრძანება-განკარგულებების ადგილამდე მიტანა, მონაწილეობის მიღება წვრილ-წვრილი სამართალდარღვევების გარჩევაში, დახმარების გაწევა გადასახადების გაწერა-აკრეფაში. ქალაქისა და საკუთარი დომენის მ-ებს, ჩვეულებრივ, მეფე ნიშნავდა. ქალაქში მისი მოვალეობები დაკავშირებული იყო ბაზართან და სავაჭრო საქმიანობის ზედამხედველობასთან, რაშიც იგი დახმარებას უწევდა მოურავსა (იხ.) და ნაცვალს. ამ მხრივ მ-ის ფუნქციები, ძირითადად, ემთხვეოდა მელიქისას (იხ.), თუმცა, მ-ის სახელო უფრო ძველი იყო და ქართული სინამდვილიდან ამოდიოდა. ქალაქის მ-ები ვაჭარ-ხელოსანთა წრიდან ინიშნებოდნენ, ხოლო სოფლად - ძირითადად გლეხობიდან, თუმცა, გვხვდება თითო-ოროლა აზნაურული წოდებიდანაც (მაგ., 1680-იან წწ-ებში ქვემო ბოლნისის მ. სალმახანაშვილი პაპუა მეფის აზნაურიშვილად იწოდება). მ-ები თავისუფლდებოდნენ გადასახადებისაგან. სოფლის მ-ის ფუნცქიაში შედიოდა გლეხებთან სხვა მოხელეების დამოკიდებულების კონტროლი. თუ მოურავი ან სხვა მოხელე გლეხების მიმართ უკანონობას ჩაიდენდა, მ. ვალდებული იყო აღნიშნული მეფისათვის ეცნობებინა. მ. მონაწილეობას იღებდა სოფლის მართვა-გამგეობაში, მასვე ადგილზე ჰქონდა მომრიგებელმოსამართლის ფუნქცია, თუმცა სისხლის სამართლის საქმეები არ ეხებოდა. მ-ს ეკუთვნოდა სარგო გლეხების გაყრის დროს, საჩექმე (გასათხოვარი ქალისათვის დაწესებული გადასახადი გათხოვების შემთხვევაში) და საქვრივო (ქვრივის გათხოვებისათვის დაწესებული გადასახადი) გადასახადებიდან. გლეხის მიერ მიწის გაყიდვისას დაწესებული გადასახდელიც (თუმანზე ერი შაური) მ-სს გადაეცემოდა.
ქალაქის (თბილისისმამასახლისები. XVII-XVIII სს.
ამირა - ქალაქის მ. 1620-იანი წწ.
ასლამაზა - ქალაქის მელიქი და მ. 1634-1673 წწ.
ხოჯა ბეჰბუდა - ზარაფთუხუცესი, ქალაქის მ. 1646-1661 წწ., ქალაქის მელიქი 1661 წ.
ანტონა - ქალაქის მელიქი და მ. 1667 წ.
გიორგი - ქალაქის მ. 1672-1696 წწ.
ზალია - ქალაქის მ. 1700 წ.
ფარსადან - ქალაქის მ. 1711 წ.
აშხარბეგ - ქალაქის მ. 1712 წ. მელიქი 1712-1735 წწ..
ზურაბმელიქ გიორგის ძე - ქალაქის მ. 1713-1728 წწ.
გორის მამასახლისები. XVII-XVIII სს.
დავით - გორის მ. 1636 წ.
ალიბეგ - გორის მ. 1636-1640-იანი წწ. დასასრ. გორის მელიქი 1646 წ.
დავით - გორის მ. დაახლ. 1665-1688 წწ.
გოდერძი - გორის მ. 1669 წ.
ზალინა ალიბეგისშვილი - გორის მ. 1672 წ.
ზალია ანდრონიკასშვილი - გორის მ. 1675 წ.
დავით ანდრონიკასშვილი - გორის მ. 1677-1681 წწ.
გოზალა - ნაზირის მ., გორის მ. 1678 წ.
ზურაბა ხითარაშვილი - გორის მ. 1689-1699 წწ.
დავით - გორის მ. XVII ს. ბოლო მეოთხ.
ზალია - გორის მ. 1732 წ.
ზურაბ ამირაღაშვილი - გორის მ. 1738 წ.
კეკელია
მანდატურთუხუცესი - ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა საქართველოს სამეფო კარზე - სასახლეში ვაზირობისა და დარბაზობის ორგანიზატორი (ობერცერემონმაისტერი), სახელმწიფო ფოსტისა და მიმოსვლის უფროსი; „საპოლიციო-ზედამხედველობითი“ სამსახურის ხელმძღვანელი, სასახლისა და დომენის სამეურნეო ზედამხედველი. მ-ს ექვემდებარებოდა ცენტრალური აპარატის ორი დიდი უწყება - სააჯო კარი და საგანმგეო, რომელთა საქმიანობას მ. უძღვებოდა ამირეჯიბისა (იხ.) და განმგეთუხუცესის (ეზოსმოძღვრის, (იხ.) მეშვეობით.
-ის სამოხელეო ნიშანი იყო სამანდატურო ოქროს არგანი და „სკარამანგი“- ოქრომკედით ნაკერი ქსოვილისაგან დამზადებული ძვირფასი სამოსი. ტერმინი „მანდატური“ (ლათ. მანდატორ - დავალების, ბრძანების გამცემი), წყაროებში უკვე ბაგრატ IV-ისა და გიორგი II-ის დროიდან გვხვდება. ეპიგრაფიკული მასალის საფუძველზე გამოთქმულია ვარაუდი, რომ მ-ის თანამდებობა შემოღებულ იქნა XII ს-ის დამდეგს დავით IV აღმაშენებლის დროს (შ. მესხია). „ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, მ-ს ამირსპასალარის (იხ.) სწორი პატივი ჰქონდა, თუმცა, XII-XIII სს-ის ქართულ-სომხურ ნარატიულ და ეპიგრაფიკულ წყაროებში მ. ყოველთვის ამირსპასალარის წინ მოიხსენიება (ეს ტრადიცია მკაფიოდ ჩანს ისეთ შემთხვევებში, როცა ორივე სამოხელეო წოდება ერთ პირს, კერძოდ, „შანშეთ სახლის“ წარმომადგენლებს მიეკუთვნებოდა). მ-ის და ამირსპასალარის თანასწორ ღირსებას ხაზს უსვამს გასამრჯელოს („ქრთამის“) თანაბარი ოდენობაც, რომელიც მათ ერგებოდათ გაცემულ სიგელებში გადახდილი საფასურიდან. სავაზიროს ჩამოყალიბების შემდგომ მ., ამირსპასალარი და ათაბაგი (იხ.) შედიოდნენ „სამთა ვაზირთა“ და „საპატიო დარბაისელთა“ შემადგენლობაში. სასახლეში გამართული საზეიმო დარბაზობებისა და პურობის დროს ამ სამეულს თანაბარი პატივით ემსახურებდნენ ეჯიბები და განმგეთუხუცესი. თუ პურობა ღამით დასრულდებოდა, მას, როგორც ერთ-ერთს „სამთა ვაზირთაგან“, გზაზე მემაშხლე მიაცილებდა.
„ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, მ-ის განკარგულებების უშუალო შემსრულებელნი იყვნენ: მანდატურები (სამასი სახლი), რომლებიც ადგილებზე აღასრულებდნენ მ-ის ბრძანებებს; ამირეჯიბი (იხ.) მისი მოხელე ეჯიბებითურთ, რომელსაც ჰქონდა ვალდებულება ნებისმიერ დროსა და ადგილას მოეხსენებინა მეფისათვის „სააჯო კარში“ შემოსული „საურავების“ შესახებ; გამგეთუხუცესი (იხ.) და მისი მოხელეები: მესტუმრე (იხ.), მერიგე, მუქიფი (იხ.), მეჯამეთუხუცესი (იხ.), რომელთაც უნდა უზრუნველეყოთ სტუმრების მიღება-გამასპინძლება, ძღვენის ჩაბარება-გაცემა, სასახლის სამზარეულოს პროდუქტებით მომარაგება და მისი უსაფრთხოების დაცვა. მ-ის უწყების განსაგებელი იყო სამეფო დომენის ზვრებიც. რთველის („ღვინისმკრეფელობის“) სამუშაოების ჩასატარებლად მ-ის ბრძანების შესაბამისად, დადგენილი რიგითობით მანდატურებს უნდა გამოეყვანათ საჭირო მუშახელი („ქვეყანა“) და მეღვინეებთან ერთად მათთვის ზედამხედველობა გაეწიათ.
XII-XIII სს-ში მ-ის თანამდებობა ეპყრათ იმდროინდელი საქართველოს უძლიერესი საგვარეულოების - ვარდანისძეების, ორბელების, მხარგრძელების, დადიანების და სხვ. წამომადგენლებს.
მანდატურთუხუცესები. XII-XV -ის პირველი ნახევარი
ივანე (III) ვარდანისძე - სვანთა ერისთავი და მ., მეჭურჭლეთუხუცესი, XI-XII სს-ის მიჯნა. მ-ად მოიხსენიება ჯუმათის მთვარანგელოზის ხატის წარწერაში. შ. მესხიას დაკვირვებით, ივანე ს. ე. იმავდროულად იყო დავით აღმაშენებლის პირველი მანდატურთუხუცესი და ამირახორი (სრულად იხ. სვანთა ერისთავი ივანე (III) ვარდანისძე).
ივანე (I) ორბელი - მ. და ამირსპასალარი გარდ. 1128 წ. დავით აღმაშენებლის თანამედროვე, მ. და ამირსპასალარი. ისტორიკოსი სტეფანოს ორბელიანი მას „დიდ სპასალარს“ უწოდებს. ჰნევანქის სომხური მონასტრის მთავარი ტაძრის 1154/6 წ-ის დაზიანებულ სააღმშენებლო წარწერაში ივანე [მანდატურთუხუცესად] და ამირსპასალარად მოიხსენიება. გარდაიცვალა 1128 წ. (სრულად იხ. ამირსპასალარი ივანე (I) ორბელი).
სუმბატ (I) ორბელი (სუმბატ სვიმონ-ქმნილი) - მ. და ამირსპასალარი 1128-1155 წწ. ერისთავთ-ერისთავ ივანე (I) ორბელის ძე; დემეტრე I-ის თანამედროვე ამირსპასალარი, მ. და ერისთავთ-ერისთავი. ამ სამი თანამდებობით იხსენიება იგი სანაინის სომხურ და ჰნევაქისა და ბეთანიის ქართულ წარწერებში. გამოსახულია ბეთანიის საგვარეულო მონასტერში ბერმონაზვნის ჩოხით (სრულად იხ. ამირსპასალარი სუმბატ ორბელი).
ივანე (II) ორბელი - ერისთავთ-ერისთავი, მ. და ამირსპასალარი გიორგი III-ის მეფედ კურთხევის შემდგომ 1177/1778 წ-მდე. 1177/1178 წ-ის ცნობილი ამბოხის მეთაური. სამივე თანამდებობით იწოდება იგი ქართულ და სომხურ ეპიგრაფიკულ ძეგლებში, ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერებში (სრულად იხ. ამირსპასალარი ივანე (II) ორბელი).
ყუბასარი - მ. და ამირსპასალარი 1178/1179-1190/1191 წწ. წარმომავლობით ყივჩაყი („ნაყივჩაყარი“), ინტეგრირებული ქართულ ფეოდალურ საზოგადოებაში. 1177/1178 წ-ის ორბელთა ამბოხის დამარცხების შემდგომ გიორგი III-მ ერთგულების საფასურად მას უწყალობა მ-ის და ამირსპასალარის სახელოები. თამარის დროს იგი უკვე დასნეულებული ყოფილა. კარის დიდებულების დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავდ, თამარმა მას პატივი შეუნარჩუნა, მხოლოდ სამოხელეო თანამდებობები და ამ თანამდებობასთან დაკავშირებული მიწები ჩამოართვა (სრულად იხ. ამირსპასალარი ყუბასარი).
ჭიაბერი - მ. და ამირსპასალარი 1190/1191-1206 წწ. გიორგი III-ის „გაზრდილი“ და მისი მეჯინიბეთუხუცესი. უცნობია ჭიაბერის საგვარეულო კუთვნილება. ს. კაკაბაძე მას თორელთა საგვარეულოს წევრად მიიჩნევს, პ. ინგოროყვა - ჰერ დიდებულად. თამარმა თავისი მეფობის პირველ წელს ჭიაბერს მ-ობა უბოძა და გადასცა სამოხელეო ნიშნები: ოქროს არგანი და „სკარამანგი“. ჭიაბერს მეფისაგან ნაწყალობევი ჰქონდა ციხექალაქი ჟინვანი. მისი სახელით გაცემული ჩვენამდე მოღწეული საბუთის მოწმობით, ამ ქალაქის მკვიდრ ორ ვაჭარს სწირავს ჭიაბერი შიომღვიმის მონასტერს. საბუთის დასაწყისში ჭიაბერი „მანდატურთუხუცესად და ამირსპასალარად“ იხსენიება, ხოლო დამტკიცებებში - მხოლოდ მანდატურთუხუცესად. ვარაუდობენ, რომ გამრეკელ თორელის გარდაცვალების შემდეგ (1190/1191) ჭიაბერი მცირე ხნით ამირსპასალარობასაც ფლობდა. თამარის ისტორიკოსი ჭიაბერს ყველგან მ-ად მოიხსენიებს, რაც მკვლევართ საფუძველს აძლევს დაასკვნან, რომ თამარის მეფობის დასაწყის წლებში ეს ორი თანამდებობა გაყოფილი იყო. ივ. ჯავახიშვილის დაკვირვებით, საომარი მოქმედებებისას მ-ები სამეფო კარზე უნდა დარჩენილიყვნენ, თუმცა, საგანგებო შემთხვევებში ეს წესი ირღვეოდა. ჭიაბერი მონაწილეობდა შამქორისა და ბასიანის ბრძოლებში. ბასიანის შმდეგ მისი სახელი წყაროებში აღარ იხსენიება.

ზაქარია (II) მხარგძელი - სარგისის ძე, „დიდი იშხანი“, ამირსპასალარი 1190/1191-1207/1210/1212 წწ., მ. 1206 წ-დან გარდაცვალებამდე. თამარის დროინდელი საქართველოს სამხედრო მოღვაწე, ლორესა და რუსთავის „პატრონი“, 1199 წ-დან ანისის მფლობელი, რის გამოც სომეხ მეფეთა ადგილზე „მჯდომად“ და „შაჰინშაჰის“ ტიტულით იხსენიება. ზაქარია თავისი ძმის, მსახურთუხუცეს ივანესაგან განსხვავებით, სიცოცხლის ბოლომდე სომხური (ანტიქალკედონური) სარწმუნოების ერთგული დარჩა (სრულად იხ. ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი).
შალვა თორელ-ახალციხელი - მ. 1212-1222 წწ. და მეჭურჭლეთუხუცესი. ჯავახეთის მონაპირე ერისთვი; თამარის ეპოქის გამოჩენილი სამხედრო მოღვაწე. თამარის მეფობაში ფლობდა მეჭურჭლეთუხუცესის სახელოს, ხოლო მოგვიანებით, შანშე ზაქარიას ძე მხარგრძელის მცირეწლოვანების პერიოდში, ლაშა გიორგისგან მ-ის თანამდებობა უნდა მიეღო. იგი ამ სახელოების მფლობელად იხსენიება განძანის წარწერებში და ბასიანის ომის ეპიზოდში. ქართულ ისტორიოგრაფიაში მისი მ-ობა განსაზღვრულია: 1206-1208 წწ. (ლ. მუსხელიშვილი), 1201/07-1226 წწ (ნ. შოშიაშვილი), 1202/03-1215 წწ. (გ. ოთხმეზური), 1205-1210 წწ. (პ. ინგოროყვა), 1212-1225 წწ. (ს. კაკაბაძე), 1212-1222 წწ. (დ. კლდიაშვილი). თამარის მეორე ისტორიკოსის თანახმად, იგი სარგის თმოგველთან ჯავახეთის საზღვრებს იცავდა (მონაპირეობდა). 1225 წ. ჯალალედინის წინააღმდეგ გარნისის ბრძოლაში ივანე ახალციხელი მოკლეს, ხოლო შალვა ტყვედ ჩავარდა და ერთი წლის შემდეგ ისიც მოკლულ იქნა. ქართველების დამარცხების მიზეზად მემატიანე ასახელებს ივანე ათაბაგის შურს ახალციხელებისადმი. ამ „შურის“ მიზეზი კი, შესაძლოა, ყოფილიყო გიორგი-ლაშას მიერ მხარგძელთა კუთვნილი მ-ის სახელოს გადაცემა შალვა ახალციხელისადმი (იხ. მეჭურჭლეთუხუცესი შალვა თორელ-ახალციხელი).
შანშე/შაჰანშა (I) მხარგძელი - ზაქარია მხარგძელის ძე, მ. 1223-1262 წწ., ამირსპასალარი 1240-იანი წწ. ისტორიკოს ვარდანის ცნობით, ზაქარიას მისთვის საგანგებოდ დაურქმევია შაჰანშაჰი (შანშე), რითაც სურდა ხაზი გაესვა მის მემკვიდრეობით უფლებაზე ანისის მიმართ. შანშე მამის გარდაცვალების შემდეგ მცირეწლოვანი დარჩენილა, რის გამოც მასზე მეურვეობა უკისრია ათაბაგ ივანე მხარგრძელს. -ად და ამირსპასალარად იწოდება შანშე ანისის 1215 წ-ის ქართულ წარწერაში, ხოლო უფრო მოგვიანო წყაროებში მხოლოდ მ-ად, რაც, შ. მესხიას შეხედულებით, ადასტურებს, რომ მხარგრძელთა საგვარეულოში ეს ორი თანამდებობა ამ დროს გაყოფილი იყო. მართლაც, 1223 წ-ის შირაკავანის სომხურ წარწერაში მ. შანშე ათაბაგ ივანესთან და ამირსპასალარ ავაგთან ერთადაა მოხსენიებული. ასევე მ-ად იხსენიება იგი 1241/1242 წ-ის მიქაელ ქართლის კათალიკოსისა და არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის საბუთების მტკიცებულებით ნაწილებში. მ. შანშე ამ საბუთებს ამტკიცებს ათაბაგ-ამირსპასალარ ავაგის შემდეგ; მ-ად იხსენიება იგი აგრეთვე ქობაირის მხარგძელთა საგვარეულო მონასტრის სასაფლაოს ქართულ ეპიტაფიებში. შანშეს ჰყავდა შვილები: ზაქარია, ავაგ-სარგისი, არტაშირი, ივანე, გიორგი (ქობაირის წარწერა). ივანე ათაბაგის მიერ მონღოლებთან ზავის დადების შემდეგ შანშე მ., ისევე, როგორც საქართველოს სხვა დიდებულები, დაეზავა მონღოლებს. რუსუდან მეფემ მონღოლებთან დაზავების მიზნით ავაგ ათაბაგთან, ვარამ გაგელთან და შოთა კუპრთან ერთად შანშე მ-ც გაგზავნა მოსალაპარაკებლად. უმეფობის პერიოდში მონღოლებმა იგი დუმნის თავად დააყენეს. მის საგამგებლოში შედიოდა საკუთარი და ავაგის მამულები. შანშეს მ-ობა უფრო ნომინალური იყო, ვიდრე რეალური, რადგან მას ნაკლებად ემორჩილებოდნენ მონღოლთაგან გადიდკაცებული პირები (მაგ., ეგარსლან ბაკურციხელი). შემდგომში შანშე მ-ს ვხედავთ დავით ულუს მომხრეთა ბანაკში. მისი სამფლობელოები მდებარეობდა ჩრდილო სომხეთში, რომლის საზღვრებიც შანშეს არაქსის იქით, სურმანამდე გადაუწევია. შანშეს რეზიდენციები ჰქონდა ანისსა და ლორეში. მისი სახლის საგვარეულო საკუთრება იყო სანაინისა და ქობაირის მონასტრები. ამათგან ქობაირი, კირაკოს განძაკელის ცნობით, სომეხთაგან უყიდია და ქალკედონურად უქცევია მის მეუღლეს, სამცხის წარჩინებულ ლაკლაკთა სახლის ასულ ხუაშაქს. მონღოლთაგან შანშეს უფროსი ძის, ამირსპასალარ ზაქარიას სიკვდილით დასჯის (1261/62) შემდეგ, იგიც მოკლე ხანში გარდაცვლილა. შანშე დაკრძალულია ქობაირის საგვარეულო მონასტერში, სადაც შემონახულია მისი საფლავის ქართული ეპიტაფია. შანშეს გარდაცვალების შემდეგ მ-ისა და ამირსპასალარის სახელო გადავიდა მისი მეორე ვაჟის, ავაგ-სარგისის ხელში.

ავაგ-სარგის მხარგძელი - შანშე (I) მხარგძელის ძე, მ. და ამირსპასალარი.1262-1268 წწ. იგი, როგორც მ., ამტკიცებს კახა თორელის „დაწერილს“ რკონის მონასტრისადმი.
ივანე (II) მხარგძელი - შანშე მხარგძელის ძე, მ. 1270-იანი წლებიდან. ივანე მ-ად იწოდება ქობაირის მონასტრის საფლავის ქართულ ეპიტაფიებში. მისი ასული თამარი ყოფილა სამხრეთ საქართველოს წარჩინებულის, სულა გურკნელის (სავარაუდოდ, ამირეჯიბ ბეშქენ მახუნჯაგის ძის, გურკელელის შთამომავალი) თანამეცხედრე. ულუ დავითის აჯანყების (1260) ეპიზოდის გადმოცემისას ჟამთააღმწერელი ივანეს გრიგოლ სურამელთან და კახა თორელთან ერთად ასახელებს, მაგრამ მ-ად მოიხსენიებს 1260-იანი წლების ბოლოს. 1271-1272 წწ-ში იგი მონღოლებმა დემეტრე II-ს თან გააყოლეს ურდოში, 1284 წ-ის ახლო ხანებში კი თან ახლდა დემეტრეს არღუნ ყაენის წინააღმდეგ ლაშქრობაში.
ბექა (I) ჯაყელი - სამცხის ათაბაგ სარგის ჯაყელის ძე; პირველი მ. ჯაყელთა საგვარეულოდან 1285-1308 წწ-ში. ბექა მ-ად იხსენიება ჟამთააღმწერელთან აზატ მოსეს მეთაურობით თურქების შემოსევის ეპიზოდში 1302 წ-ის სიახლოვეს; ანჩის კარედი ხატის წარწერაში და აღბუღას სამართლის წიგნის წინასიტყვაობაში. ბექასათვის მ-ის სახელოს ბოძება, სავარაუდოდ, განაპირობა ჯაყელთა ნათესაურმა კავშირმა საქართველოს სამეფო სახლთან - ბექას ასული ნათელი იყო დიმიტრი II-ის თანამეცხედრე, ხოლო დიმიტრის სიკვდილით დასჯის შემდეგ ბექამ თავის თავზე აიღო საკუთარი შვილიშვილის, მომავალი გიორგი V ბრწყინვალის აღზრდა. შემდგომში ბექამ დიდი წვლილი შეიტანა გიორგის გამეფებაში. XIII ს-ის მიწურულს ბექა ნათესაურ კავშირს ამყარებს კახა თორელის სახლთან, რის საფუძველზეც შეუდგენიათ ე.წ. „კეთილმოყვრობის დაწერილი“. იგი, როგორც საბუთის ერთ-ერთი მხარე, ამტკიცებს დაწერილს. ჟამთააღმწერელის თანახმად, ბექა განსაკუთრებით განდიდდა ვახტანგ III დიმიტრის ძის (1302-1308) მეფობის დროს. ბექა გამოსახულია ზარზმის ტაძარში თანმხლები წარწერით: „მანდატურთუხუცესი ბექაჲ“.
სარგის (II) ჯაყელი - ბექა მ-ის უფროსი ძე; სამცხის სპასალარი და მ. 1308-1334 წწ. მ-ის თანამდებობით იხსენიება იგი ანჩის კარედი ხატის წარწერაში. სარგისი გამოსახულია ზარზმის ტაძარში თანმხლები წარწერით: „სამცხის სპასალ|არი სარგიზ და მხატუართუხუცეს“ (ვ. ბერიძე). მიჩნეულია, რომ წარწერაში, სავარაუდოდ, შეცდომაა და „მხტრთუხუცეს“-ის ნაცვლად უნდა ეწეროს „მ{ნდ}ტრთუხცეს“. რამდენადაც წარწერა განთავსებულია სარგისის გამოსახულების თავთან, მარჯვენა მხარეს, ის არ შეიძლება ეკუთვნოდეს ყვარყვარე ამირსპასალარის გამოსახულებას, როგორც ამას მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს. ამდენად, ბექა (I)-ის შვილებიდან მ-ის ხელის მფლობელი მხოლოდ სარგის (I) უნდა ყოფილიყო.
დასავლეთ საქართველოს მანდატურთუხუცესები:
ბედან/ბედიან (II) დადიანი - ოდიშის ერისთავი და მ. დაახლ. 1240-1260-იან წწ-ში. რუსუდან მეფისა და დავით ნარინის თანამედროვე, ჰყავდა თანამეცხედრე ქართლის ერისთავ ბეგას ასული, დიოფალთ-დიოფალი ხუაშაქი. მ-ის სავაზირო ხელი მიიღო მონღოლთა ბატონობისას, დასავლეთ საქართველოს ტახტის შენარჩუნებისას დავით ნარინისათვის გაწეული სამსახურის საფასურად (სრულად იხ. ოდიშის ერისთავი და მანდატურთუხუცესი ბედან (II) დადიანი).
გიორგი (I) დადიანი - ძე ბედან (II) ერისთავისა; ოდიშის ერისთავი და მ. დაახლ. XIII ს-ის 70-90-იან წწ-ში. ხობის ტაძრის მაშენებელი (სრულად იხ. ოდიშის ერისთავი და მანდატურთუხუცესი გიორგი (I) დადიანი).
ცოტნე დადიანი - შერგირ დადიანის ძე; ოდიშის ერისთავი და მ. დაახლ. 1310-იანი წწ-ის მიწურულში (სრულად იხ. ოდიშის ერისთავი და მანდატურთუხუცესი ცოტნე დადიანი).
გიორგი (II) დადიანი - ოდიშის ერისთავი და მ. დაახლ. 1310-იანი წწ-ის მიწურული, გარდ. 1323 წ. (სრულად იხ. ოდიშის ერისთავი და მანდატურთუხუცესი გიორგი (II) დადიანი).
გიორგი (III) დადიანი - ოდიშისა და სვანეთის ერისთავი, მ. დასავლეთ საქართველოს მხედართმთავარი, 1345-1384 წწ. (სრულად იხ. ოდიშისა და სვანეთის ერისთავი და მანდატურთუხუცესი გიორგი (III) დადიანი).
ვამიყ (I) დადიანი - გიორგი (III) დადიანის ძე; ოდიშის ერისთავი და მ. 1384-1396 წწ-ში. მ-ად იხსენიება იგი ხობის ეკლესიის კედლის წარწერაში, ასევე ყოფილა მოხსენიებული წალენჯიხისა და ჯუმათის ამჟამად დაკარგული ხატების წარწერებში (სრულად იხ. ოდიშის ერისთავი და მანდატურთუხუცესი ვამიყ (I) დადიანი).
ხაჟიგ დადიანი - სვანთა ერისთავი და მ. XIV ს-ის შუა ხანებში. ამგვარად იწოდება იგი მის მიერ ქურაშისა და სეტის მთვარმოწამის ბოძებულ „დაწერილში“ (იხ. სვანთა ერისთავი და მ. ხაჟიგ დადიანი).
ოზბეგ დადიანი - სვანთა ერისთავი და მ. XV ს-ის შუა ხანები. მ-ად იხსენიება იგი დანიელ ცაიშელის მიერ ლაბსყელდაშის ეკლესიისათვის ბოძებულ „დაწერილში“ (იხ. სვანთა ერისთავი და მ. ოზბეგ დადიანი).
შამადავლა დადიან-გურიელი - სვანთა ერისთავი და მ. 1470-1474 წწ-ში, ბაგრატ VI ქართლ-იმერეთის მეფის თანამზრახველი, დასავლეთ საქართველოს ეკლესიის მცხეთის ტახტისაგან განდგომის ერთ-ერთი ინიციატორი (სრულად იხ. სვანთა ერისთავი შამადავლა დადიანი).
კლდიაშვილი
მდივანბეგი - (არაბ-სპარს. dīvānbegī - მსაჯულთუხუცესი) სეფიანთა ირანში მსაჯულთუხუცესი, სახელმწიფო საბჭოს ერთ-ერთი უმაღლესი მოხელე. ირანში მ-ის თანამდებობას არაიშვიათად ქართველებიც იკავებდნენ. მაგ., სრულიად ერანის მდივანბეგი შაჰყულ-ხანი (იგივე ლევან ბატონიშვილი, შაჰნავაზის ძე, ქართლის ჯანიშინი) ამ თანამდებობით მოიხსენიება 1703-1710 წწ-ში შედგენილ რამდენიმე საბუთში. 1720-იანი წწ-ის საბუთებში ასევე სრულიად ერანის გამგებლად და მ-ად იხსენიება ნაზარალი-ხანის ძე, კახეთის ბატონიშვილი კონსტანტინე (მაჰმადყული). საქართველოში მ-ობის შემოღების დრო ზუსტად გარკვეული არ არის. მკვლევართა ნაწილი ასეთ დროდ XV ს-ის მეორე ნახევარს მიიჩნევს, სხვები - XVI ს-ს, ზოგი მკვლევარი - სვიმონ I-ის ირანის ტყვეობიდან დაბრუნების წელს (1578).
ქართულ სამეფოებში მ. წარმოადგენდა მეფის სასამართლოს. სამართალწარმოების დროს იგი ემყარებოდა სამეფო ხელისუფლებას და სამოხელეო შტატს. მ-ს ექვემდებარებოდნენ აღმასრულებელი და საგამოძიებო უფლებების მქონე მოხელეები და წესადათების მცოდნე პირები: მსაჯულები (ბჭეები), იასაულები, ბოქაულები, მდივნები, ხევისთავები, მეთემეები. მ-ის თანამდებობაში, ივ. სურგულაძის შეფასებით, ყველაზე მეტად იყო გამოხატული მეფის ხელისუფლების საჯარო-უფლებრივი საწყისი. მ-ის სასამართლოს ემორჩილებოდა სახელმწიფოს ყველა ქვეშევრმდომი, მიუხედავად მათი სოციალური რანგისა და სტატუსისა.
-ს ხელი მიუწვდებოდა როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო სამართლის საქმეებზე. ვახტანგ VI-ის „დასტურლამალის“ მიხედვით, მ-ის კომპეტენციაში შედიოდა განსაკუთრებული სიმძიმის სასამართლო საქმეები: მკვლელობა, დაჭრა, ღალატი, სალაროსა და ეკლესიის ძარცვა; მ. განიხილავდა აგრეთვე სამოქალაქო საქმეებს - სამამულო დავებსა და საოჯახო გაყრებს. „დასტურლამალში“ ხაზგასმულია, რომ მ-ის უშუალო მონაწილეობით უნდა გაერჩიათ ელის ტომთა სასისხლო საქმეები. ადგილობრივ მოურავს მათი განხილვის უფლება ეძლეოდა მხოლოდ მ-ის არყოფნის შემთხვევაში.
XVII ს-ის ქართლში როსტომისა და გიორგი XI-ის დროს არსებობდა ორ-ორი მ., რომლებიც ქართლის უმაღლეს ფეოდალურ არისტოკრატიას ეკუთნოდნენ (ორბელიშვილები, ჯავახიშვილები, არაგვის ერისთავები). XVIII ს-ის მეორე ნახევარში ქართლ-კახეთის გაერთიანების შემდეგ სახელმწიფო მმართველობაში გატარებული ცვლილებების შედეგად, გაიზარდა მ-თა რაოდენობა. თეიმურაზისა და ერეკლეს დროს ქართლსა და კახეთში ჩანს შვიდი მ., ხოლო XVIII ს-ის 60-იანი წლებიდან - ოცდარვა. ამასთან, ქართლში მ-თა რაოდენობა მეტი იყო, ვიდრე კახეთში.
სამეფო ხელისუფლებამ განსაზღვრა მ-თა სამართალმოქმედების არეალებიც. მ-ები „სამართლობდნენ“ თბილისში, გორში, თელავში, სიღნაღში, ხოლო „თათრების“ მ-ები - ყაზახში, შამშადილსა და ბორჩალოში. თბილისში ორი მ. აღასრულებდა სამართალს. „ქალაქის“ (თბილისის) მ. ჯერ კიდევ შაჰნავაზის დროს არის მოხსენიებული - 1676 წ-ის საბუთის მიხედვით, მეფემ ვახტანგ ორბელიშვილს ქალაქის მ-ობასთან ერთად უბოძა მართლმსაჯულების განხორციელების უფლება „ქართლისა, საბარათაშვილოსა, სომხითისა და თათრისა“. თბილისის მ., სხვა მ-ისაგან განსხვავებით, სახელმწიფო საბჭოს წევრიც იყო. დავით ბატონიშვილის მოწმობითაც, „თბილისის მ-ობა უმფროსი იყო“, თუმცა, ზოგადად, მ. არ იყო შეზღუდული ტერიტორიულად. საჭიროების შემთხვევაში, ყოველ მ-ს მიუწვდებოდა ხელი სხვა უბნების საქმეებზეც. ორი მ. განაგებდა სამართალს დედაქალაქში გიორგი XII-ის დროსაც, რასაც ადასტურებს ი. ჩოლოყაშვილისა და ნ. ციციშვილის მოხსენებები მთავარმართებელ ციციანოვისადმი.
1778 წ. ერეკლე II-ის ინიციატივით, ჩამოყალიბდა ერთგვარი სასამართლო კოლეგია - „მსაჯულთ (მდივანბეგთა) შეკრებულობა“, სადაც ყოველი არზა და საჩივარი შედიოდა. ამასთან, თავად მეფეს კავშირი არ გაუწყვეტია სამართალწარმოებასთან. სეხნია ჩხეიძის მოწმობით, სეფიანთა ირანში დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მსგავსად, ქართლ-კახეთის სამეფოს მ-ები დივანში/სამდივნო სახლში კვირის ოთხ დღეს „სამართლობდნენ“, დანარჩენ ორ დღეს კი (ოთხშაბათსა და პარასკევს) მეფე (ერეკლე) „დაჯდის სამდივნოსა სახლსა, განაგებდა სამართალსა“. სხვა სასამართლო ინსტანცია, გარდა „მსაჯულთ შეკრებილობისა“, არ არსებობდა. მიღებული განაჩენი, როგორც გამონაკლისი, შეეძლო განეხილა მხოლოდ მეფეს, როგორც უმაღლეს მსაჯულს.
იმერეთის სამეფოს სასამართლო ორგანიზაციაშიც ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუტს, ასევე, მეფის მ-თა სასამართლო წარმოადგენდა. მ-ები აქ XVII ს-ის 60-იანი წლებიდან, იმერთა მეფის ბაგრატ IV-ის დროიდან ჩნდებიან. 1669 წ. ბაგრატ IV-ის მიერ რუსეთის მეფე ალექსანდრე მიხეილის ძისადმი მიწერილ თხოვნაში სამი მ. (ბეჟანი, ხუცია და პაატა) მოიხსენიება. XVIII ს-ის მეორე ნახევარში, საბუთების მიხედვით, მ-ად ჩანან სხვადასხვა სათავადო სახლების წარმომადგენლები (იაშვილი, რაჭის ერისთავი, ჩიჯავაძე, ჩხეიძე). მათ შორის გვხვდებიან მეფის წინაშე პირადი დამსახურების საფუძველზე დაწინაურებული პირებიც შედარებით დაბალი სოციალური (აზნაურული) წრიდან (კვინიხაძე, გუნცაძე, XVIII ს-ის 90-იან წლებში ერეკლე II-ის მსაჯული სოლომონ ლიონიძე).
-ობა მაღალშემოსავლიანი და საპატიო თანამდებობა იყო. მ-ის სარგოს შესახებ დეტალური ცნობებია დაცული თავად ბეჟან არაგვის ერისთავის მიერ მთავარმართებელ პავლე ციციანოვისადმი წარდგენილ მოხსენებაში. მ-ს სარგო, ულუფა და ჯამაგირი მეფისაგან ჰქონდა დამტკიცებული. ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის დროს მ-ებს წლიურად დაწესებული ჰქონიათ: ოცდაათი თუმანი თეთრი, თორმეტი ხარვარი პური (ანუ ცხრა თუმანი და ექვსი მინალთუნი), ექვსი საპალნე ღვინო, სამოცი ცხვარი; გარდა ამისა, ჰქონიათ სხვა შემოსავლებიც მეფისაგან და სხვა წყაროებიდან.
მდივანბეგები. XVII-XVIII სსქართლი
ხერხეულიძე ბეჟან - მ. 1620-1624 წწ. (პალ 2015: 378; ენუქიძე 1971: 303).
ბარათაშვილ-ორბელიშვილი ყაფლან - მ. 1634-1643 წწ., სახლთუხუცესი 1646-1658 წწ. (ენუქიძე 1971: 303; ქსოის 1984: 30).
ჯავახიშვილი როინ - ბოქაულთუხუცესი 1638-1656 წწ.; მ. 1638-1669 წწ. (ქსის 1955: 242; ქსოის 1984: 30; პალ 2015: 457-59).
ერისთვისშვილი ედიშერ - მ. 1661-1682 წწ. (პალ 1991: 145-146).
ჯამასპ - მ. დაახლ.1670-იანი წწ. (პალ 2015: 471).
ორბელიშვილი ვახტანგ/ორბელ - მდივანბეგ ყაფლან ორბელიშვილის ძე, მ. 1676-1685 წწ. (პალ 1991: 413-415; ქსის 1955: 322, 323, 327, 330).
ერისთვისშვილი ბარძიმ - მ. 1688-1692 წწ. (პალ 1991: 140-141, 152-153; ქსის 1955: 340; ვახუშტი 1973: 465).
ერისთვისშვილი პაატა - მ. 1695-1697 წწ. (ენუქიძე 1971: 306).
ავთანდილ - მ. 1690-იანი წწ-ის მიწურული - 1717 წწ. (ხეც, Ad-240; ენუქიძე 1971: 308).
ორბელიშვილი ერასტი - მ. 1704-1731 წწ., სომხით-საბარათიანოს სარდალი 1724-1730 წწ., ოსმალთა ბატონობის დროს ამავე ტერიტორიის გამგებელი და ქალაქის მოურავი 1724-1731 წწ. (ხეც, Ad-476; სეა, 1450-22/94; ენუქიძე 1971: 307).
ერისთვისშვილი სარიდან - მ. 1765 წ. (ხეც: Hd-8574, Hd-8586; მსეი 1953: 15).
ორბელიანი ქაიხოსრო - სომხით-საბარათიანოს სარდალი და მ. 1735-1742 წწ. (ხეც, Hd-3816; სეა: 1448, -3908; 1448-2924; დსსი 1940: 266-267; სმსფჰ 1949: 68; ქსძ 1970: 742-746).
ორბელიანი პაპუა - მ. 1743-1749 წწ. (ენუქიძე 1971: 309).
ორბელიანი იოანე - მ. 1749-1752, 1765-1782 წწ. (ენუქიძე 1971: 309-310).
ორბელიანი რევაზ - ქაიხოსროს ძე, მ. 1757 წ. (ენუქიძე 1971: 311).
თუმანიშვილი გორჯასპ - მ. 1762 წ. (ხეც, .Hd-148).
ციციშვილი ფარსადან - მ. 1763-1771 წწ. (ხეც, Hd-148; Qd-8586, Qd-531).
ერისთვისშვილი სარიდან - მ. 1765-1671 წწ. (ხეც, Hd-18).
ერისთვისშვილი ბეჟან - მ. 1765-1800 წწ. (ხეც. Qd-8586; ენუქიძე 1971: 318).
ამილახვრიშვილი იესე - მ. 1767-1786 წწ. (ენუქიძე 1971: 315-316).
ციციშვილი თეიმურაზ - მ. 1771-1793 წწ. (ენუქიძე 1971: 314).
ბარათაშვილი იესე - მ. 1777-1786 წწ. (ენუქიძე 1971: 316).
ორბელიანი მზეჭაბუკ - მ. 1777-1791 წწ. (ენუქიძე 1971: 317).
ბარათაშვილ-საამისშვილი ზაალ - 1780-იანი წწ. მ., ყორიასაულბაში; არტილერიის პოლკოვნიკი; ლაშქარნავისი; მდივანი (მესხია 1948: 53-54).
აბაშიძე ნიკოლოზ - მ., დიღმის მოურავი 1782-1793 წწ. (ენუქიძე 1971: 317).
ხერხეულიძე ომან - მ. XVIII ს-ის მიწურული. ერეკლე II-მ ქაიხოსრო ანდრონიკაშვილთან ერთად წარგზავნა ქერიმ-ხან ზენდთან (მესხია 1948: 20-24; ომან ხერხეულიძე 1989: 65).
კახეთი. XVIII .
ჯანდიერიშვილი პაატა - მ. 1703-1724 წწ. (ენუქიძე 1971: 306; ქსის 1955: 386; ქსოის 1984: 36.
დიმიტრი - მ. 1705 წ. (ენუქიძე 1971: 308).
ენდრონიკაშვილი რევაზ - მ. 1763-1773 წწ. (ხეც. Qd-8586; ენუქიძე 1971: 312).
ენდრონიკაშვილი ქაიხოსრო - მ. 1765-1697 წწ. (ხეც, Hd-8574, 8586; ენუქიძე 1971: 313).
ჯანდიერიშვილი ზაალ - მ. 1766-1771 წწ. (ენუქიძე 1971: 314).
ვარჯან - მ. 1785-1796 წწ. (ენუქიძე 1971: 320).
ჩოლოყაშვილი დავით - მ. 1795-1800 წწ. (ენუქიძე 1971: 322).
ბარათაშვილი ზაალ - მ. 1796-1803 წწ. (ენუქიძე 1971: 322).
ჩოლოყაშვილი იოანე - მ. 1797-1800 წწ. (ენუქიძე 1971: 322).
ენდრონიკაშვილი ადამ - მ. 1798-1801 წწ. (ენუქიძე 1971: 323).
ციციშვილი ნიკოლაოზ - მ. 1798-1803 წწ. (მესხია 1948: 49, 56).
იმერეთი. XVIII-XIX -ის დასაწყისი
იაშვილი ლევან - მეღვინეთუხუცესი 1720 წ., მ. 1749 წ. (სოსელია 1973: 127).
მიქელაძე დავით - მ. 1798 წ. (სოსელია 1973: 66).
ჩიჯავაძე ვახუშტი - მ. 1798-1801 წ. (სოსელია 1981: 24).
წულუკიძე ბეჟან - მოურავი 1782-1798 წწ., მ. 1799 წ. (სოსელია 1973: 73).
ლიონიძე სოლომონ - მ. 1802-1810 წწ. (ენუქიძე 1971: 321).

მდივანთუხუცესი - საგარეო საქმეთა უწყების მეთაური ერეკლე II-ის დროს; ევალებოდა უცხო სახელმწიფოებთან მიმოწერა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. დავით ბატონიშვილის ცნობით, მ. ორი იყო - ერთი ქრისტიანი, მეორე მუსლიმი. მათ შორის ფუნქციები განაწილებული იყო ისლამური და ქრისტიანული სახელმწიფოების მიხედვით. მ-ებს დახმარებას უწევდა მათ დაქვემდებარებაში მყოფი თითო-თითო მდივანი (იხ.). მ-ები აწარმოებდნენ უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან დიპლომატიურ მიმოწერას, იღებდნენ ელჩებს, ეცნობოდნენ უცხოურ კორეს- პოდენციას და მოახსენებდნენ ამის შესახებ მეფეს. საჭიროების მიხედვით, იწვევდნენ საბჭოს, ადგენდნენ დიპლომატიურ წერილებს.
აბულაძე
მდივანი - (არაბ. dīvān - კანცელარია, უმაღლესი სახელისუფლო ორგანო; სამეფო კანცელარია, სახელმწიფო საბჭო, სასამართლო დაწესებულება). სამოხელეო ტერმინი მ. ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში XV ს-დან ჩნდება. ამავე ფუძიდანაა ნაწარმოები მდივანბეგი (იხ.) და მ., რომელმაც XV-XVIII სს-ის ქართული ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, თანდათანობით დაიკავა უფრო ადრინდელი მწიგნობრის (იხ.) ადგილი, თუმცა, მწიგნობარიც არ გამოსულა ხმარებიდან. საბუთებში ხშირია დაწყვილებული ფორმაც - მდივან-მწიგნობარი. სულხან-საბა ორბელიანი მ-ს „უსტართა მწერალს“ უწოდებს; უფრო საფუძვლიანად განმარტავს მ-თა საქმიანობას ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც მათ სხვადასხვა დანიშნულებისა და, შესაბამისად, განსხვავებული ფორმის სახელმწიფო და სასამართლო დოკუმენტების შემდგენლებად მიიჩნევს. მ-ობა კანონმდებლობისა და საკანცელარიო საქმის კარგ ცოდნას მოითხოვდა, რის გამოც იგი მთელ რიგ საგვარეულოთა მემკვიდრეობით პროფესიად იყო ქცეული. სხვადასხვა დანიშნულების დოკუმენტების შედგენის წესის გარდა, მ-ს მოეთხოვებოდა კარგი ხელწერა, რამაც ხელი შეუწყო მდივანმწიგნობრული კალიგრაფიული სკოლების ჩამოყალიბებას.
მ. სამდივნოს ცენტრალური ფიგურა იყო და იგი სახლთუხუცესის (იხ.) უწყებას ეკუთვნოდა. XV-XVII სს-ის ქართველ მეფეთა სამდივნოებში ერთდროულად რამდენიმე მ. საქმიანობდა. XVIII ს-ში, ქართლ-კახეთის გაერთიანებულ სამეფოში, გიულდენშტედტის მოწმობით, ერთდროულად ექვსი მ. ყოფილა. მათი რიცხვი თითქმის გაორმაგებულა ერეკლე II-ის მიერ მმართველობის დარგობრივი დაყოფის შედეგად, რამდენადაც მ-თა საჭიროებას ყველა უწყება განიცდიდა.
-ები მმართველობის ყველა სფეროს ემსახურებოდნენ, მათი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყო ყმა-მამულის ბოძება, ბრძანება-განკარგულებათა გაცემა, სასამართლო ოქმებისა და განჩინებების ჩაწერა, ფისკალური დოკუმენტების, ხალხის აღწერის დავთრებისა თუ დიპლომატიური წერილების შედგენა. „დასტურლამალის“ მიხედვით, მ. სარგოს ყველა იმ წყაროებიდან იღებდა, საიდანაც სახლთუხუცესი.*
თ. აბულაძე
* მდივნების ნუსხა იხ. სტატიასთან - მწიგნობარი.

მეაბჯრეთუხუცესი - ამირსპასალარის (იხ.) უწყების მოხელე, ამირახორის (იხ.) თანაშემწე. მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო ზარადხანასთან, სადაც ინახებოდა მეფის სამხედრო აღჭურვილობა: ჯაჭვი, მუზარადი, ხმალი, აბჯარი, მშვილდ-კაპარჭი, ლახტი, ცხენის აღკაზმულობა და ა.შ. მ-ის ხელქვეითი იყო ზარადხანისუხუცესი (იხ.), რომელიც უშუალოდ უძღვებოდა ზარადხანის მოვლა-პატრონობას. მ-ს ექვემდებარებოდნენ სამეფო კარის მეაბჯრეები, რომელთა შორის მეფისა და სამეფო ოჯახის წევრების აბჯართმტვირთველებიც იგულისხმებოდნენ. მ. რომ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო სამეფო კარზე, კარგად ჩანს „ხელმწიფის კარის გარიგებიდან“ - ამირსპასალარი ამირახორსა და მ-ს ყოველთვის ეთათბირებოდა სამხედრო (სალაშქრო) საკითხებთან დაკავშირებით. მ. ვაზირთა სხდომას არ ესწრებოდა, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, იგი შეიძლებოდა მოეხმოთ და სადმე მოციქულად გაეგზავნათ. მ. მონაწილეობას იღებდა ზარადხანის შემოწმება-აღნუსხვაში, რაც წელიწადში ერთხელ ტარდებოდა. მ-ს, როგორც სამხედრო მოხელეს, მეფის კურთხევის ცერემონიალზე ფრიად საპატიო
მოვალეობა ჰქონია დაკისრებული იგი, ხმალშემორტყმული, ამირახორთან ერთად მეფის მარჯვნივ, ამირსპასალარის გასწვრივ მიუყვებოდა საზეიმო პროცესიას. მეფედ კურთხევის ტექსტში არის ერთი ბუნდოვანი ადგილი, რომლის მიხედვით, საზეიმო მსვლელობის დროს მ. მეფის უკან დგას: „.. ეზოთუხუცესსა, ჩუხჩარეხსა, მეაბჯრეთუხუცესსა, სამეფო ფარი და ლახტი ჰქონდეს და ქარქაში, უკანა უდგეს მეფესა“. გაუგებრობას იწვევს, სად იდგა მ. კურთხევის ცერემონიალის დროს: ამირსპასალარის მხარეს, თუ მეფის უკან. პ. ინგოროყვამ მ -ის მოხსენიება ტექსტის მოცემულ ადგილას გადამწერის შეცდომად ჩათვალა და იგი მეჯინიბეთუხუცესად ჩაასწორა. სხვა შეხედულებით, მოცემულ ადგილას არა სამი განსხვავებული მოხელე, არმედ ერთი - ეზოსუხუცესი, იგივე ჩუხჩარეხი (იხ.) იგულისხმება, რომელიც მეფედ კურთხევის ცერემონიალის დროს ასრულებდა მისთვის ძველ და საპატიო მოვალეობას - მოჰქონდა მეფის საბრძოლო იარაღი: ფარი, ლახტი და ქარქაში, ანუ ასრულებდა მეფის პირადი აბჯრისმტვირთველის ფუნქციას. ამრიგად, მოცემულ პასაჟში სიტყვა „მეაბჯრეთუხუცესი“ ჩუხჩარეხ-ეზოსმოძღვრის განსაზღვრებად შეიძლება იქნას მიჩნეული და არა დამოუკიდებელ მოხელედ (ანთელავა).
მეაბჯრეთუხუცესები. XIII-XIV სს.
ივანე სურამელი - მ. 1247/1250 წწ. ქართლის ერისთავ გრიგოლ სურამელის ძმა (ქისკ 1984: 124).
აბაზასძე ჭილა - მ. XIII ს-ის დამლევი. ჟამთააღმწერლის ცნობით, ა. ჭილა აბაზასძე ამადა სურამელთან ერთად იმ მცირერიცხოვან დიდებულებს ეკუთვნოდა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებულ დავით VIIIს. მეაბჯრეთუხუცესად იხსენიება იგი 1297 წ. დავით VIII-ის (1293-1311) მიერ ჭარმაულ გრიგოლ ჭაჭნიაშვილისათვის ბოძებულ წყალობის დაწერილში. მონღოლთა მხარდაჭერით გამეფებულმა ვახტანგ III-მ (1302-1208) აბაზასძეთა მამული შალვა ქვენიფნეველს უბოძა.
ჩხეტიძე გოგატი - მ. 1325 წ. (პალ 2015: 236).
მაყაშვილი ბოსტოღანა - მ. 1387 წ. (ქისკ 2013: 56).
ქვენიფნეველი შალვა - მ. 1339 წ. (ქისკ 2013: 39).
მ. სურგულაძე
მეგოდრეთუხუცესი - მსახურთუხუცესის უწყების მოხელე, მეფეთა და დედოფალთა სიგელების, სამეფო კარის უწყებათა ადმისტრაციული და სამეურნეო-საფინანსო ანგარიშების შემნახველი და მცველი. მ. განაგებდა მეგოდრეთა საქმიანობას, რომლებიც სასახლის სხვადასხვა დაწესებულებას ემსახურებოდნენ: საწოლსა და სალაროს, საჭურჭლეს, ზარადხანას, საღვინეს - ყველას, სადაც კი ხდებოდა დოკუმენტების შედგენა, განძეულისა და სხვა ტიპის საქონლის აღნუსხვა-ანგარიში. „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ მ-ის როლი განსაკუთრებით გამოკვეთილია რეთუხუცესთან (იხ.) და მეჭურჭლეებთან მიმართებით. აღწერილია მთელი პროცედურა, რის შემდეგაც აღწევდა დოკუმენტი მ-მდე: ჯერ მწიგნობარი გაამზადებდა სიგელებს, შემდეგ მეჭურჭლე თოფრაში ჩაალაგებდა და მოლარეთუხუცესს მიართმევდა, რომელსაც სიგელებზე „დიდი სასიგელე ბეჭედი“ უნდა დაესვა. სიგლის დედნები პატრონს ჩაბარდებოდა, ხოლო სიგლის ასლები - მ-ს, რომელიც მათ გოდორში ათავსებდა და კუთვნილ ადგილს უჩენდა საჭურჭლეში, სადაც თავს იყრიდა სასახლის დოკუმენტაცია (მეფის სიგელები, ზარადხანისა და საღვინის აღწერა-ანგარიშები) და, როგორც ჩანს, სამეფო არქივის დანიშნულებას ასრულებდა. ამ პროცედურებში მონაწილე ყველა მოხელეს, მათ შორის მ-ს, გადაკვეთილი წილი ერგებოდათ იმ საფასურიდან, რომელსაც სიგელის მიმღები მხარე იხდიდა. „ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, სალაროს მოლარეს სიგელის ადრესატისაგან ორი დუკატი ერგებოდა, მ-ს - ერთი. ივ. სურგულაძის დაკვირვებით, მ-ს ბეჭდის შენახვაზეც ეკისრებოდა პასუხისმგებლობა - გოდორში შეიძლებოდა შეენახათ საბეჭდედ გამზადებული, ზონარგაყრილი ლითონის ნაჭრებიც, მაგრამ თავად ბეჭედი მ-ებს მკაცრად უნდა დაეცვათ. XVII ს-იდან შემორჩენილი მცირეოდენი ცნობები ქართლის სამეფო კარის მეგოდრეთუხუცესთა შესახებ უჩვენებს, რომ ისინი სამეფო აზნაურულ წრეს (ყორღანაშვილები) ეკუთვნოდნენ.
კლდიაშვილი
მედამღე - ხელოსნებსა და ვაჭრებზე დაწესებული გადასახადის - დამღის ამკრეფი მოხელე, ეს გადასახადი საქართველოში მონღოლთა დროიდან დაწესდა. იგი გულისხმობდა სავაჭრო საქონლის გადასახდს 3%25-ის ოდენობით. მ-ის ფუნქცია კონკრეტულად დამღის გადასახადის ზუსტად და დროულად აკრეფა იყო. მ. ისევე, როგორც სხვა გადასახადის ამკრეფი მოხელეები, ადგილობრივი ადმინისტრაციის მოხელეთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, თუმცა, ამა თუ იმ ადგილზე მას ცენტრალური ხელისუფლება აგზავნიდა. ისეთ ქართულ დოკუმენტებში, რომლებიც ვაჭართა გადასახადებისაგან გათავისუფლებას ეხება, მ. ადგილობრივ მოხელესთან (მოურავის) შემდგომ მოიხსენიება. ასეა, მაგ., კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის (1574-1605) ბრძანებაში აბრეშუმით მოვაჭრეთა დამღისგან გათავისუფლების შესახებ.
თ. აბულაძე
მეითარი - (სპარს. mehtar - სარიქიფოს, მეფის გარდერობის მოხელე) მეფის პირადი მსახური. ასრულებდა დასავლეთ ევროპული მეფის კამერდინერის მსგავს ფუნქციას. „მეითარი ბატონს თავს დაადგებოდეს, ხელსახოცს მიართმევდეს, მერიქიფეს ამსახურებდეს, [ბატონის] ტანისამოსი მის ხელთ არის. დუშალიკის ნახევარი მეითარისა არის, შიგნით და გარეთ ბატონთან გაუყრელობა და შინაყმობა დიდი აქუს“. მ. მეფესთან დაახლოებული პირი იყო და მისი დიდი ნდობით სარგებლობდა. ამდენად, მ-ობა საპატიო თანამდებობად ითვლებოდა. მ., როგორც მეფის პირადი მსახური, ფორმალურად სახლთუხუცესს (იხ.) უნდა დაქვემდებარებოდა, მაგრამ რამდენადაც უშუალოდ იყო დაკავშირებული მეფესთან, მისი დაქვემდებარება ფორმალურ ხასიათს ატარებდა.
მეითრები. XVII-XVIII სს.
მანუჩარ - რექაბხანის მ. 1628-1665 წწ., ქალაქის მოურავი 1634-1679 წწ. მერიქიფეთუხუცესი 1638-1658 წწ.
ფარსადან ჩოლაყაშვილი - მ. და მურდარი 1689-1700 წწ.
პაატა ციციშვილი - მ. და მერიქიფეთუხუცესი 1690-99 წწ. 1693 წ.
ქაიხოსრო [ციციშვილი] - მ. 1727-1740 წწ.
კეკელია
მელიქი - (არაბ. mãlik - მეფე, ხელმწიფე, მმართველი) მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელე გვიანფეოდალურ საქართველოში. კავკასიაში მ-ის ინსტიტუტმა თავდაპირველად ფეხი მოიკიდა დღევანდელი აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე სამელიქო ოლქი არსებობდა. ამ ოლქებში მ-თა ძალაუფლება ირანის შაჰის მიერ მათთვის მინიჭებულ უფლებებს ემყარებოდა. საქართველოში სამელიქო ოლქად იქცა ქვემო ქართლის ნაწილი - ლორე და დებედას ხეობა, რომელიც შაჰ-აბასმა ქართლს ჩამოაჭრა (1601), ხოლო მის მმართველად ადგილობრივი გამაჰმადიანებული აზნაურთაგანი დანიშნა, რომელთა შთამომავლებმა შემდგომში მელიქიშვილების სათავადო სახლს დაუდეს საფუძველი. რაც შეეხება მ-ს, როგორც ქალაქების სამოხელეო სისტემის რგოლს, იგი ქართლის ქალაქებში XVI ს-ის შუა ხანებში ჩნდება (პირველად იხსენიება 1552 წ-ის საბუთში) იმ პერიოდში, როდესაც თბილისი ყიზილბაშებს ეპყრათ. თავდაპირველად მ-ები ირანის შაჰის რეზიდენტის ფუნქციას ასრულებდნენ ეკონომიკის საკითხებში. მ-ის უმთავრესი ფუნქცია იყო სავაჭრო საქონელზე ნიხრის დაწესებაში მონაწილეობა (რაც მას ქართლის სამეფოს ეკონომიკურ სიტუაციაში ჩარევის საშუალებას აძლევდა) და, ზოგადად, ფასების რეგულაცია, ქალაქის მკვიდრთა შორის დადებული გარიგებების დამოწმება, მონაწილეობის მიღება მსუბუქი სამოქალაქო დავების გარჩევაში და ა.შ. საჭიროების შემთხვევაში კი, ევალებოდა ინფორმაციის მიწოდება ირანის შაჰისათვის. მ-ის სამოხელეო ფუნქციები არსებითად ემთხვეოდა თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების მამასახლისების (იხ.) ფუნქციებს. როგორც ჩანს, მ-ის შემთხვევაშიც ისეთივე პროცესი განვითარდა, როგორიც სხვა ინსტიტუტების შემთხვევაში - ირანიდან შემოსული სამოხელეო ინსტიტუტები მანამდე არსებული ქართული ინსტიტუტის პარალელურად მკვიდრდებოდა და თანდათან მას ერწყმოდა. სხვადასხვა სახელწოდების, მაგრამ, ფაქტობრივ, ერთი და იმავე დანიშნულების ეს ორი სამოხელეო ინსტიტუტი (მამასახლისისა (იხ.) და მ-ის) ერთი და იმავე პირების, უპირატესად მ-ის ხელში ერთიანდებოდა, რამაც გამოიწვია გაორმაგებული ტერმინის, მ-მამასახლისის წარმოქმნა. თბილისის უკანასკნელი მ-ის დარჩია ბებუთაშვილის გადმოცემით, „მამასახლისობა ქართველთ მეფეთაგან არის დაწესებული... და რაც სარგებლობა ტფილისის მელიქსა აქვს, აგრეთვე, ეგოდენი სარგებლობა ტფილისის მამასახლისსა აქვს, დ აგრეთვე, თანამდებობაცა. როდესაც უწინ მელიქი სხვა ყოფილა და მამასახლისი სხვა“. ქალაქის მ. მეფის მიერ დანიშნულ ქალაქის თავს, ანუ მოურავს (იხ.) ექვემდებარებოდა. მ-ებდ ინიშნებოდნენ ვაჭარ-ხელოსანთა წრეებიდან გამოსული პირები, რომლებიც კონფესიურად, რიგ შემთხვევებში, გრიგორიანულ სარწმუნოებას მიეკუთვნებოდნენ, თუმცა, მათ თანაბრად ეკითხებოდა სხვადასხვა ეროვნების, სარწმუნოებისა და კონფესიის წარმომადგენელთა საქმეები. მ-ის თანამდებობაზე ერთდროულად შეიძლებოდა ორი და ზოგჯერ სამი პირი ყოფილიყო დანიშნული. გარდა მამასახლისისა, მ-ის სახელო შეიძლებოდა მიეღო ქალაქის ნაცვალს, ზარაფთუხუცესს და ა.შ.; მ-ის თანამდებობაზე თბილისში რამდენიმე საგვარეულო ენაცვლებოდა ერთმანეთს: მირიმანიძე|მირიმანაშვილები, ივანგულაშვილები, შერგილაშვილები, ბეჰბუთაშვილები. ეს უკანასკნელები დიდ მემამულეებად გადაიქცნენ და 1783 წ. თვადობაც მიიღეს. თბილისის გარდა, მ-ები იყვნენ გორშიც, სადაც XVI ს-ის მეორე ნახევარში სამეფო რეზიდენცია იყო გადატანილი; ამასთანავე, გორის მ-ის მნიშვნელობას ზრდიდა ქალაქის სახელოსნო და სავაჭრო-სატრანზიტო ფუნქციები. გორის მ-ის თანამდებობა XVIII ს-ის 80-იანი წლებში გაუქმდა, მისი ადგილი კვლავ მამასახლისმა დაიბრუნა.
ქალაქის (თბილისისმელიქები და მელიქ-მამასახლისები. XVI-XVIII სს.
მირიმან (I) - მ. 1573 წ.
ასლან [მირიმანაშვილი] - მირიმან (I)-ის შვილიშვილი; მ. და მამასახლისი 1590-იანი წწ.
მირიმანა (II) მირიმანაშვილი - ქალაქის მ. 1630-იანი წწ.
ენალა მირიმანაშვილი - ძმა მირიმან (II)-ისა; ქალაქის მ. 1640-1670-იანი წწ.
ასლამაზ (I) - ქალაქის მ-მამასახლისი 1646 წ.
შერმაზან (I) ივანგულაშვილი - ქალაქის მ. 1660-იანი წწ.
ბეჰბუთა - მ. 1661 წ.
ყარახანა შერმაზანის ძე ივანგულაშვილი - ქალაქის მ. 1672-1679 წწ.
შერმაზან (II) ივანგულაშვილი - ყარახანის ძე, ქალაქის მ. 1680-იანი წწ.
ავთანდილ [მირიმანაშვილი] - ქალაქის მ. 1679-1696 წწ.
ქაიხოსრო მირიმანაშვილი - ენალას ძე, ქალაქის მ. 1683-1693 წწ.
მანდენაანთ ლომუა - ქალაქის მ-მამასახლისი 1682-1692 წწ.
პაპუა - ქალაქის მ-მამასახლისი 1689-1700 წწ.
მანუჩარ - ქალაქის მ. 1699 წ.
გიორგი - ქალაქის მ. 1699-1711 წწ.
ზურაბ - მ. გიორგის ძე. ქალაქის მ. 1712-1713 წწ.; მამასახლისი 1713-1728 წწ.
ასლამაზ (II) - ქალაქის მ. 1719-1721 წწ.
ოსეფა - ქალაქის მ. 1725 წ.
აშხარბეგ ბებუთაშვილი - ასლანის ძე, ქალაქის მ-მამასახლისი 1712-1735 წწ.; მისი მ-ობის დროს განსაკუთრებულად გაიზარდა ბებუთაშვილების საგვარეულო ქონება.
აღა ბებუთაშვილი - აშხარბეგის ძე, ქალაქის მ-მამასახლისი 1735-1747 წწ.; 1748 წ. ერეკლე II-მ შერისხა და მ-ობა ჩამოართვა. რამდენიმე წლის შემდეგ აღა მეფემ შეიწყალა და მიშქარბაშობა უბოძა. 1760 წ. დაიბრუნა მ-მამასახლისობა და ქალაქის ნაცვლობა.
ანტონ - ქალაქის მ. 1746-1751 წწ.
საჰაკ შერგილაშვილი - ქალაქის მ. 1751-1760 წწ.
ავეტიქა აღას ძე ბებუთაშვილი - ქალაქის მ-მამასახლისი 1768-1795 წწ.
დარჩია ავეტიქას ძე ბებუთაშვილი - ქალაქის მ-მამასახლისი 1795-1801 წწ.
ალიბეგ - გორის მამასახლისი 1634-1640-იანი წწ.; გორის მ. 1646 წ.
კეკელია
მერემაეთუხუცესი/მეჯოგეთუხუცესი - მმართველობის ცენტრალური აპარატის მოხელე, სავარაუდოდ, ამირახორის ხელქვეითი. მ. იყო სამეფო ცხენსაშენის მოურნე. ევალებოდა რემის (ცხენების ჯოგის) გამრავლება, გამოკვება, მოვლა და გახედვნა. ცხენებთან ერთად მ-ს უნდა მოემარაგებინა სამეფო კარი ჯორებით, ვინაიდან სამეფო კარის გადაადგილებისას სწორედ ამ პირუტყვს იყენებდნენ ტვირთის გადამზიდავ ძალად. მ-ის განკარგულებაში იყვნენ მერემაენი და მეჯორენი, რომლებიც სამეფო საძოვრებზე უვლიდნენ სამეფო ჯოგებს. მერემაეები ნახსენები არიან გიორგი III-ის სიგელში შიომღვიმის მონასტრისადმი, სადაც მეფე მონასტრის ერთ სოფელს (აგარას) თორმეტი რემის შენახვას (გამოკვებას) და დაცვას სთხოვს. ამავე სიგელიდან ჩანს, რომ მერემაეთა შენახვა („ჩადგომა“) სამეფო სოფლებს ჰქონდათ შეწერილი. უფრო გვიანდელ საუკუნეებში მ. შეცვალა მეჯოგეთუხუცესმა. მას და მისდამი დაქვემდებარებულ მეჯოგეებს ევალებოდათ სამეფო ცხენების ჯოგზე ზრუნვა. მ-ის და მეჯოგეების მოვალეობას შეადგენდა ცხენების მეთვალყურეობა, კვიცების მოვლა, სენისაგან და ნადირისაგან დაცვა. მ-ს და მასზე დაქვემდებარებულ მეჯოგეებს შეეძლოთ მხოლოდ მათთვის განკუთვნილ ცხენებზე შეჯდომა. მეჯოგის თანამდებობა, გარდა ცხენების ჯოგისა, დაკვშირებული ჩანს საჯინიბოსთანაც. როგორც ჩანს, მეჯოგეები, გარდა მ-ისა, გარკვეულწილად მეჯინიბეთუხუცესის წინაშეც ანგარიშვალდებული იყვნენ.
კეკელია
მესაწოლეთუხუცესი - მსახურთუხუცესის (იხ.) უწყების მოხელე; უზრუნველყოფდა მეფის პერსონისა და „საწოლის“ (მეფის კაბინეტისა და აპარტამენტების) დაცვას. „ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, მ-ს ექვემდებარებოდნენ „მესაწოლენი“ და „წინამწოლები“. ისინი მეფის სხეულის მცველები იყვნენ და „საწოლის“ შიგნით იმყოფებოდნენ, ხოლო „საწოლის მეკრე“ და „კარის დარაჯა“ გარედან უზრუნველყოფდნენ „საწოლის“ დაცვას. სულხან-საბას განმარტებით, შეიარაღებული „სხულის მცველი“ მუდამ მეფესთან და პატრონთან იმყოფებოდა. „წინმწოლი“ და „საწოლის მეკარე“ ამავე ფუნქციებით დადასტურებულია „ვეფხისტყაოსანში“. ამდენად, მ. მეფის სხეულის და „საწოლის“ მცველთა მეთაური უნდა ყოფილიყო და არა „საწოლის“ გამგებელი. მესაწოლეთა მოვალეობები და რაოდენობა ნორმირებული იყო: მესაწოლეთა რაოდენობა შეადგენდა 700 სახლს. მათი ძირითადი ნაწილი აზნაური იყო, ხოლო რვა - გლეხი. 700 შუბოსანი მესაწოლე მუდმივად კარზე იმყოფებოდა და თან ახლდა მეფეს მგზავრობის დროს.
კლდიაშვილი
მესტუმრე - (შდრ. გვიანდელი მეჰმანდარი); სამეფო კარის მოხელე, შედიოდა მანდატურთუხუცესის (იხ.) უწყებაში, უშუალოდ ექვემდებარებოდა ამირეჯიბს (იხ.). მ-ს ევალებოდა მეფეთა საგანგებო შეტყობინებების დაგზავნა, სტუმრების მიღება-გაცილება, უცხოელი ელჩებისა და დიპლომატიური მისიების მიღება, მათზე ზრუნვა და ა.შ. „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, მ-ს ყოველ კვირა ეძლეოდა ფქვილი და საკლავი „ქვეითად“ მოსული სტუმრების (მეძღვნე და მწიგნობარი) გამასპინძლებისათვის. მ-ს წილი ედო „სიგლის ქრთამშიც“, მაგრამ მისი წილი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე მანდატურთუხუცესისა (იხ.) და ამირსპასალარისა (იხ.). აღვსების დღესასწაულისათვის დაწესებული სამოხელეო ცერემონიალის მიხედვით, მ-ს ევალებოდა იერარქიულად მასზე უფროსი მოხელის, ამირეჯიბის მოკითხვა. მ. მოხსენიებულია თამარ მეფის ისტორიკოსის და ჟამთააღმწერლის თხზულებებში. მაგ., გიორგი რუსის აჯანყების დროს თამარმა მ. გაგზავნა დასავლეთ საქართველოს ეპისკოპოსებთან, რათა მათი პოზიციები შეეტყო. მ., მართალია, არ განეკუთვნებოდა უმაღლესი რანგის მოხელეთა კატეგორიას, მაგრამ, მეფესთან სიახლოვის წყალობით, შეეძლო სამეფო კარზე დიდი გავლენის მოპოვება. ტერმინი მ. ხშირად იხსენიება XIV-XVI სს-ის საბუთებში. XVII ს-ში, როსტომ მეფის (1633-1658) დროს, მ. ტერმინოლოგიურად სპარსული მეჰმანდარით (იხ.) შეიცვალა, თუმცა, ფუნქციურად იგი, ძირითადად, უცვლელი დარჩა. დედოფლის „დასტურლამალში“, რომელიც XVII ს-ის დასასრულს ეკუთვნის, ეს თანამდებობა ისევ ძველი სახელით იხსენიება, ხოლო მეფის „დასტურლამალში“, რომელიც შედგენილია XVIII ს-ის დასაწყისში, მისი სპარსული შესატყვისი - მეჰმანდარი გვხვდება. მეჰმანდარმა საბოლოოდ ვერ ჩაანაცვლა მ. XVII-XVIII სს-ის აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ საბუთებში ორივე ტერმინი ერთდროულად გვხვდება. დასავლეთ საქართველოში კი, მ-ის თანამდებობას ტერმინოლოგიური ცვლილება არ განუცდია.
მესტუმრეები. XIII-XVII სს.
ჯიქური - სამეფო კარის მ. XIII ს-ის 50-60-იანი წწ-ის მიჯნა. ჟამთააღმწერელი გვაცნობს დავით ულუს (1246-1270 წწ.) მ. ჯიქურს, რომელიც მეფის დიდი ნდობით სარგებლობდა. როდესაც დავით ულუ ბათო-ყაენმა ურდოში დაიბარა, მან ქვეყნის მართვა, არსებული წესისამებრ არა მწიგნობართუხუცესს, არამედ დედოფალ ჯიგდა-ხათუნსა და მ. ჯიქურს დაავალა. ქართველ დიდებულთა შორის ჯიქურს ბევრი მტერი ჰყავდა, რომელთა გავლენით დავით ულუს ჯიქურის ერთგულებაში ეჭვი შეეპარა. მას ილხანებთან მეფის საწინააღმდეგოდ საიდუმლო ურთიერთობა დასწამეს. ჯიქურის მდგომარეობა განსაკუთრებით დედოფალ ჯიგდა-ხათუნის გარდაცვალების შემდეგ გაუარესდა. დავით ულუს ბრძანებით, მ. ჯიქური შეიპყრეს და ისნის ციხეში გამოკეტეს, საიდანაც მოგვიანებით მტკვარში გადააგდეს. მისი მამულები და ქონება დაიტაცეს.
თავხელისძე გოგნია - მ. 1399-1419 წწ.
კაკლაჩასძე კლიმი - მ. და მწიგნობარი 1425-1448 წწ.
წერეთელი დავით - სამეფო კარის მ. 1432 წ.
ზვიადისშვილი ირშელ - სამეფო კარის მ. 1460 წ.
თავაქალასშვილი სადათიერ - იმერეთი. სამეფო კარის მ. და მწიგნობარ-მუშრიბი 1491 წ.
ლომინაძე - იმერეთი. სამეფო კარის მ. XVI ს.
ლაზარე - კახეთი. მწიგნობართუხუცესი და მ. 1537 წ.
ეჯუბა - ქართლი. სამეფო კარის მ. 1623 წ.
ეჯუბისშვილი დონდარა - ქართლი. სამეფო კარის მ. 1651-1662 წწ.
აფხაზი იოვანე - მ. 1654-1659 წწ. მარიამ დედოფლის ნამზითვი.
სურგულაძე
მეღვინეთუხუცესი - სამეფო კარის საღვინის უწყების ხელმძღვანელი შუა საუკუნეების საქართველოში. ქართულ წყაროებში მ-ის შესახებ პირველი ცნობა XII საუკუნიდან ჩნდება, თუმცა ცხადია, რომ ეს სამოხელეო თანამდებობა საქართველოში ბევრად ადრიდან არსებობდა. მ-ის სახელოს მნიშვნელობასა და ფართო გავრცელებაზე მიუთითებს ამ სამოხელეო სახელიდან ნაწარმოები გვარები: მეღვინეთუხუცესი, მეღვინეთხუცისშვილი, მემარნიშვილი. მ. სათავეში ედგა სასახლის ერთ-ერთ უწყებრივ სტრუქტურას „საღვინეს“, რომელშიც, XIII ს-ში, „ხელმწიფის კარიგების“ თანახმად, შედიოდნენ: მეღვინეთუხუცესი//პირის მეღვინე, საღვინის მუქიფი, საღვინის მოლარე და მეღვინენი. პურობის დროს საჭურჭლის ნაცვალი და მ. მეფის „პირის მწდის“, ანუ „პირის მეღვინის“ მოვალეობას ასრულედნენ. პირის მწდეს საღამოობით მეფისათვის ოქროს მაშრაპით ღვინო უნდა მიერთმია. ვახუშტი ბატონიშვილის განსაზღვრებით, მ-ს ექვემდებარებოდნენ „მწდენი და მესასმისენი მეფისა და ღვინის მნენი“. „ხელმწიფის კარის გარიგებიდან“ ირკვევა, რომ სასახლეში საღვინეს თავისი ნაგებობა ჰქონდა, სადაც ახალწლის დღესასწაულზე მეფის მონაწილეობით რიტუალური მნიშვნელობის წესი სრულდებოდა: („საღვინეთ ქვე დასმენ [მეფესა] მაღლა სკამითა, ტაბლას წინ დაუდგმენ და ველურისა ტახის თავს მოხარშულს წინ დაუდგმენ“). მ-ის ძირითადი საქმიანობა სამეფო ზვრების მოვლა-პატრონობაზე ზრუნვა იყო. „ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, ამ საქმეს მ. უძღვებოდა მანდატურთუხუცესთან (იხ.) და მუქიფთან (იხ.) ერთად. მ. ადგილებზე ანაწილებდა „ღვინის მკრეფელებს“, რომლებიც მანდატურთა ზედამხედველობით თვალყურს ადევნებდნენ ვენახში მუშაობას, ყურძნის მოსავლის აღება-დაბინავებას. მ-ის შემდეგ საღვინის უწყების უმთავრეს მოხელედ ითვლებოდა ღვინის მუქიფი (იხ.), რომელიც ღვინის ძღვენსა და საღვინის შემოსავალ-გასავალს განაგებდა. მანდატურთუხუცესის მოხელესთან ერთად იგი მ-ის ბრძანებით „იურვოდა“ (ზედამხედველობდა) ზვრის სამუშაოებს და მის ანგარიშსაც აწარმოებდა. საღვინის მოლარე ითვლებოდა საღვინის ქონების მცველად. მეღვინეებთან ერთად მას ევალებოდა მეფის მომსახურება საწოლში და ნადიმის დროს; მასვე ებარა ყოველდღიური სახმარი საღვინის ჭურჭელი, აგრეთვე სამეჯლისო ჭურჭელი, რომელიც ცალკე ინახებოდა. საღვინის შესავალ-გასავლის ანგარიშები „საანგარიშოთა გოდორთა შინა“ ეწყო და მეჭურჭლეთუხუცესის ბეჭდით იყო დაბეჭდილი (ტექსტში „მეღვინეთ“ გადახაზულია და წერია „მეჭურჭლეთუხუცესი“). რიგითი მეღვინეების ფუნქციაში შედიოდა საღვინის იარაღისა და მანდილის სისუფთავეზე ზრუნვა: „მანდილი... რა დამტვერიანდეს, გარეცხვა უნდა. საფარეშოს მიიღებს მეღვინე და ერთს მაშრაპას ღვინოს მიართომს, გარეცხენ და საღვინესვე მიიღებენ“.
-სა და საღვინის უწყებაში შემავალ ყველა დიდსა და პატარა მოხელეს თავისი განსაზღვრული სარგო ერგებოდა. ღვინის ულუფა ნაწილდებოდა მათი რანგის შესაბამისად. „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ ღვინის ულუფის, ანუ სარგოს შესახებ აღნიშნულია, რომ ყოველი ზვრიდან მ-ს თითო ჭური ეკუთვნოდა, უფრო მომცრო - მუქიფს. საღვინის მოლარე მეზვრეთაგან ღვინოს იმისდა მიხედვით იღებდა, თუ როგორი იყო ზვარი და მოსავალი. მეღვინეები სარგოს იღებდნენ იმ ერთდროული ულუფიდან, რომელსაც მეფის ჩადგომისას ამა თუ იმ სოფელში „წერდნენ“ (იღებდნენ) მეფისა და მისი თანმხლები პირების გამოსაკვებად.
მ., მართალია, არ მიეკუთვნებოდა სასახლის მოხელეთა უმაღლეს წრეს, მაგრამ საკმაოდ საპატიო ხელის მფლობელი იყო. ამ თანამდებობის პირები საშუალო რანგის აზნაურულ წოდებას ეკუთვნოდნენ და მეფესთან „აღზრდილ-შეზრდილობით“ იყვნენ დაკავშირებულნი. მ-ს მეფის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებებიც შეიძლებოდა ჰქონოდა, მათ შორის სამხედრო ან დიპლომატიური ხასიათისა. მაგ., 1191 წ. შავშეთ-კლარჯეთის ციხეების მიმტაცებელი გუზან ტაოსკარელის წინააღმდეგ საბრძოლველად სარგის თმოგველთან და კახა სამძივართან ერთად თამარ მეფემ მეღვინეთუხუცესიც მიავლინა.
საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდგომ ქართლ-კახეთისა და იმერეთის მეფეებს (ისევე, როგორც მთავრებსა და დიდ თავადებს, ქართლისა და აფხაზეთის კათალიკოსებს), საკუთარი მ-ები ჰყავდათ. XVI ს-ის დასავლეთ საქართველოს მეფეების მიერ გაცემული საბუთების ბრძანებულებით ნაწილებში სხვა, დიდ თუ მცირე მოხელეთა გრძელ ჩამონათვალებში მ. და მეღვინენიც იხსენიებიან. ამ პერიოდში შენარჩუნებულია მ -ისა და საღვინის მოხელეთა საპატიო ადგილი და მნიშვნელობა, თუმცა საახალწლო რიტუალის ადრინდელი წესი წყაროებში აღარ დასტურდება. ვახტანგ VI-ის (1703-1724) „დასტურლამალის“ თანახმმად, მ-ის ხელქვეითი მოხელეები იყვნენ მეღვინე, შიგამდეგი და თავლიდარი, ასევე, პირის მეღვინე (პირის მწდე) და მეტიკისპირე, რომელთა შორის ფუნქციები მკაფიოდ იყო განაწილებული. მეტიკისპრეს სასახლემდე ღვინო უნდა მოეტანა და „კართან დაედო“, მაგრამ სასახლის შიგნით შესვლა არ შეეძლო. რაც შეეხება მ-ს და საღვინის ცხრა მეღვინეს, მათი პირდაპირი მოვალეობა იყო საღვინის მოვლა და ჯეროვნად შენახვა. დიდი მეჯლისის დროს მ. მეღვინეთა თანხლებით დარბაზში შედიოდა და დადგენილი რიგითობით (ოთხი მეღვინე მარჯვნივ და ოთხი მარცხნივ) სტუმრებს ღვინოს მიართმევდა. პირის მეღვინეს (პირის მწდე) მეფისათვის უნდა მიერთმია ღვინო. ასეთივე წესით, მაგრამ უკვე ექვსი მეღვინის თანხლებით ემსახურებოდა მეფეს მ. სხვა, უფრო მცირე მეჯლისების დროს. უფრო გამარტივებული იყო მათი მომსახურების წესი, როცა მეფე სხვა სასახლეებსა და სადგომებში გადადიოდა, მაგრამ მ. მეღვინეებთან ერთად მუდამ თან ახლდა მას.
ვახტანგ VI-ის „დასტურლამალში“ ცალკე პარაგრაფი აქვს დათმობილი რთველთან დაკავშირებულ მოხელეთა საქმიანობის აღწერას. აქ ზუსტადაა განსაზღვრული „ღვინის მოსავლის რიგი“ - მემარნისა და მესთვლის მოვალეობები, თუ რომელი ზვრიდან რომელ მარანში (კოჯორი, ატენი, ბოლნისი) უნდა გაეგზავნათ დაწურული ღვინო; გაწერილია, ვის და როგორ უნდა გაერეცხა ქვევრები, მითითებულია სოფლები, რომელს რა რაოდენობით უნდა გადაეხადა კულუხი და ტკბილი, რომელი იყო გათარხნებული და სხვ. „დასტურლამალში“ მკაფიოდაა გამიჯნული საღვინის მოხელენი და მესთვლენი. ძეგლის შედგენის დროს სამეფო მ-ის განკარგულებაში ყოფილა 15 „მესთვლე“. მ-ის ხელქვით მოხელეებს უნდა ჩაებარებინათ ღვინისა და არყის შემოსავალი მეფის სახასო მამულებიდან, აეკრიფათ კულუხის გადასახადი და ჩაებარებინათ მ-სათვის. ამ უკანასკნელს კი ზემდგომი მოხელეებისათვის უნდა წარედგინა ანგარიში.
მეღვინეთუხუცესები. XV-XVII სს.
ვაჩნასძე ასათ - მ. 1455 წ. გიორგი VIII-ის „აღზრდილ-შეზრდილი“ (ქისკ 2014: 85).
ფალავანდაშვილი ფალავანდ - მ. 1504 წ. (პალ 2007: 284).
თულაშვილი ბეჟან - მ. 1641-1642 წწ. (ქსის 1955: 163, 172).
სოლაღაშვილი ბიძინა - მ. 1658 წ. (პალ 2007: 181).
თულაშვილი ოთარ - მ. 1681-1687 წწ. (პალ 1993: 321).
სულხან - მ. 1700 წ. (პალ 2007: 207).
გაბელ - მ. 1700-იანი წწ. (დასტურლამალი 1970: 249).
კლდიაშვილი
მეძაღლეთუხუცესი - სამონადირეო უწყების მოხელე. ევალებოდა სანადირო ძაღლების მოშენება-გაწვრთნა და ნადირობის დროს მეფისათვის მათი მიყვანა. მ-ს ექვსი მეძაღლე ექვემდებარებოდა. ერთიანი ფეოდალური მონარქიის პერიოდში ძაღლების მწვრთნელები მონადირეთუხუცესს ექვემდებარებოდნენ, მაგრამ, საქართველოს დაშლის შემდეგ, როგორც „დასტურლამალი“ იუწყება, ძაღლების გაწვრთნა ცალკე სამსახურს ებარა და მონადირეთუხუცესის დაქვემდებარებიდან გამოსული ყოდილა. იოანე ბატონიშვილის თანახმად, მონადირეთუხუცესის (იხ.) ფუნქციები ამ დროს უკვე ბაზიერთუხუცესის ხელში ყოფილა გადასული. მ. იღებდა ერთ თუმან სარგოს. მის დამხმარე ექვს ხლქვეითს („ბიჭი“) აძლევდნენ: ტანსაცმელს, თვეში ერთხელ ძროხის ტყავს და გადაკვეთილ ულუფას (პურსა და მცირედ ღვინოს) უფროს-უმცროსობისა და ჩაბარებული ძაღლების რაოდენობის მიხედვით.
კეკელია
მეჭურჭლეთუხუცესი - სამეფო კარის მაღალი რანგის მოხელე; ათაბაგობის შემოღებამდე ეჭირა მეოთხე ადგილი დარბაზის რიგის მოხელეთა შორის; მსახურთუხუცესთან ერთად ეკუთვნოდა „ორთა ვაზირთა“ კატეგორიას. მ. განაგებდა სამეფო საჭურჭლეს, რომელიც ერთიან ქრთულ მონარქიაში არ იყო უწყებრივად გამოყოფილი სახელმწიფო ხაზინისაგან. „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, საჭურჭლეში ინახებოდა სამეფო არქივი, „არასანიადაგოდ“ მოსახმარი ძვირფასეულობა (ძვირფასი ჭურჭელი, თვალ-მარგალიტი, ფული) და ზოგიერთი სამეურნეო საქონელი). საჭურჭლის ქონება არ იყო ფიზიკურად ერთად თავმოყრილი - იგი გადანაწილებული იყო სასახლის სხვადასხვა დაწესებულებაში: სალაროში (სამეფო არქივი და შეკრული განძეულობა), საღვინეში (სამეჯლისო ღვინის ჭურჭელი) და საგანმგეოში (საალყე ქონი, ზეთი). გარდა ცენტრალური სასახლის საგანძურისა, მეჭურჭლეთუხუცესის განსაგებელი იყო ქვეყნის სხვადასხვა ადგილას შენახულ-დაცული სამეფო საჭურჭლეები (მაგ., ქუთაისი, ატენი, უჯარმა). ამგვარად ურთიერთდაშორებულ საჭურჭლეთა მოვლისათვის მ. იყენებდა, როგორც ცენტრალური აპარატის სამსახურებს (საჭურჭლის ნაცვალი, მუქიფი, მუშრიბი, სასახლის მეჭურჭლეები), ასევე, ადგილობრივი მმართველობის მოხელებს (სამეფო ქალაქების ამირები მათი ქვემდებარე მოხელეებით). ერთიანი ქართული მონარქიის მ-თა შესახებ შემორჩენილი არც თუ ისე მრავალრიცხოვნანი ცნობები უჩვენებენ, რომ ამ თანამდებობას პერიოდულად სხვადასხვა წარჩინებული საგვარეულოს წარმომადგენლები ეუფლებოდნენ და ხშირად მ-ობასთან ერთად ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლების სხვა მაღალ (ერისთავი, სპასალარი, მანდატურთუხუცესი) თანამდებობას ითავსებენ.
მეჭურჭლეთუხუცესები. XI-XIII საუკუნეები.
ივანე (III) ვარდანისძე - მ. XI-XII სს. მიჯნა, სვანთა ერისთავი, პროტოსტრატორი (სამხედრო მოხელე, სავარაუდოდ, ამირახორი) და მანდატურთუხუცესი. იგი უნდა იყოს შვილი გიორგი II-ის წინააღმდეგ ამბოხებული სვანთა ერისთავ ვარდან (II) ვარდანისძისა, რომელიც გიორგი მეფემ წყალობით შემოირიგა. ამ თანამდებობებით მოიხსენიება იგი მესტიის, ლაბეჭინის და ჯუმათის ხატების წარწერებში (სრულად იხ. სვანთა ერისთავი ივანე ვარდანისძე).
ივანე ვარდანის-ძე [კოლონკელისძე] - [XII ს. შუა წლები - 1178 წ.]. ჰერეთის ერისთავი და გიორგი III-ის კარის მ. ორბელთა აჯანყების აქტიური მხარდამჭერი, ჰერ-კახთა და კავკასიის მთიელთა სამხედრო ძალით. შ. მესხია მას ჰერეთის ერისთავ კოლონკელისძეთა საგვარეულოს აკუთვნებს. ორბელთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ ჰერეთის ერისთავებს მ-ობა ჩამოერთვათ (სრულად იხ. ჰერეთის ერისთავი ივანე ვარდანის-ძე [კოლონკელისძე]).
ყუთლუ არსლანი - მ., სავარაუდოდ, ორბელთა გამოსვლის 1177 წ-ის შემდგომ 1185 წ-მდე. მისი საგვარეულო კუთვნილება უცნობია, რამაც მისი სოციალური წარმომავლობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი ავტორებისა ყუთლუ არსლანს მიიჩნევს „უგვაროთაგან“ აღზევებულად (ივ. ჯავახიშვილი, ა. კიკვიძე, ვ. აბაშმაძე და სხვ.); შ. მესხია - საქალაქო წრეების ზედაფენის წარმომადგენლად; სხვები - დიდებულ აზნაურად (პ. ინგოროყვა, ნ. ბერძენიშვილი, შ.ბადრიძე, ი. ანთელავა). მისი გავლენა სამეფო კარზე იმდენად ძლიერი ყოფილა, რომ თამარი მისთვის ამირსპასალარობის ბოძებას აპირებდა. ყუთლუ-არსლანის სახელთანაა დაკავშირებული თანამოაზრეებთან ერთად პოლიტიკური გამოსვლა სამეფო უფლებამოსილებების ნაწილის ახალი სათათბირო დაწესებულებისათვის („კარავი“) დელეგირების მოთხოვნით, რასაც შედეგად მისი კარიერის დასასრული მოჰყვა. თამარმა იგი ჯერ დააპატიმრა, მაგრამ „ლაშქართა“ მოთხოვნის შემდეგ მალე გაათავისუფლა. ყუთლუ-არსლანის შემდგომი ბედი უცნობია.
კახაბერ ვარდანისძე - მ. 1185 წ. შ. მესხიას ვარაუდით, იგი უნდა ყოფილიყო სვანთა ერისთავის, მ-ის და პროტოსტრატორ იოვანე/ივანე ვარდანისძის შთამომავალი.
აბულასანი - ქართლის ერისთავი 1185/1186-1188 წწ. თბილისის ამირათ-ამირა, რუსთავისა და შვიდთა მთეულთა პატრონი და მ. 1177-1188 წწ. დასავლეთ საქართველოს დიდებული; ცნობები მისი თანამდებობების შესახებ დაცულია ლურჯი მონასტრის წარწერაში. აბულასანის აღზევება უნდა მომხდარიყო თამარის პირველი ქორწინების წლებში, გიორგი რუსის მფარველობით, რომლის საქართველოში ჩამოყვანის საქმეში აბულასანმა დიდი წვლილი შეიტანა. გიორგი რუსის მფარველობით უნდა მიეღო მას სამეფო კარის მეჭურჭლეთუხუცესობა (1187/1188) და ამ თანამდებობასთან უშუალოდ დაკავშირებული თბილისის ამირათ-ამირობა. აბულასანის კარიერის დასასრული გიორგი რუსის საბოლოო განდევნას (1188) უკავშირდება. გიორგი რუსის დამარცხების შემდეგ აბულასანი ემცრობა და ყველა თანამდებობას კარგავს (შდრ. ქართლის ერისთავი აბულასანი).
შალვა თორელ-ახალციხელი - [ჯავახეთის] ერისთავი (კიმოთისმანის წარწერა); მ. 1191 წ-ის ახლო ხანებში; მანდატურთუხუცესი 1210-იან წწ-ში. მ-ად იხსენიება იგი განძანის ზედა ეკლესიის წარწერებში, სადაც დახასიათებულია, როგორც სახელოვანი სარდალი, რომელმაც „შეაძრწუნვა ყოელი სოფელი სპარსეთისა“. განძანისავე ქვედა ეკლესიის წარწერაში (1210-1222 წწ.) იგი უკვე მანდატურთუხუცესად მოიხსენიება (სრულად იხ. მანდატურთუხუცესი შალვა თორელ-ახალციხელი).
შოთა რუსთველი - მ. XII ს-ის დამლევსა და XIII ს-ის დასაწყისში. მ-ად იხსენიება ჯვრის მონასტრის სააღაპე წიგნში, სადაც მის სახელზე მონასტრის კრებულისათვის გაწეული დიდი დამსახურების გამო მის სახელზე სიცოცხლეშივე დაუწესებიათ აღაპი სული წმიდის მოსვლის ორშაბათს (ამაღლების შემდგომ ორშაბათს). იგი ასევე გამოუსახავთ ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის ერთ-ერთ სვეტზე, რომელსაც ახლავს წარწერა: „ამის დამხატავისაჲ შოთაჲს შეუნდვნეს ღმერთმან, ამინ. რუსთველი.“
ყვარყვარე (ივანეჯაყელ-ციხისჯვარელი - სამცხის ერისთავი და სპასალარი 1191 წ-დან, მ. 1220-1240 წწ.; მან, როგორც თამარის მომხრეთა ბანაკში დარჩენილმა ერთადერთმა მესხმა დიდებულმა, გიორგი რუსის დამარცხების შემდეგ მიიღო სამცხის ერისთავობა და სპასალარობა, რომელიც ადრე აჯანყების აქტიურ მონაწილეს ბოცო ჯაყელს ეკავა. ჟამთააღმწერელთან იგი მ-ად იხსენიება მონღოლთა წინააღმდეგ საგიმის (ბერდუჯი) ბრძოლის დროს, უფრო მოგვიანებით კი მის შესახებ აღნიშნულია: „პატივით იყო მეჭურჭლეთუხუცესი და მთავარი ქუეყანასა სამცხისასა“ (სრულად იხ. ყვარყვარე ჯაყელი, სამცხის ერისთავი და სპასალარი).
გამრეკელ [თორელი] - მ. ცნობილია 1241 წ-ის საბუთიდან - იგი ამტკიცებს მიქაელ კათალიკოსის წყალობის საბუთს ვაჩე გუარამაისძისადმი.

მამურჩა - მ. ცნობილია 1241/1242 წ-ის საბუთიდან - ამტკიცებს არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის წყალობის საბუთს მგელა აბულახტარისძისადმი.
კახა (III) თორელი - ჯავახეთის ერისთავი და მ. XIII ს-ის 60-70-იანი წწ-ში. ამ თანამდებობებით მოიხსენიება იგი ჟამთააღმწერლთან და „რკონის დაწერილში“. მონაწილეობდა მონღოლთა ლაშქრობაში ეგვიპტის წინააღმდეგ. ნათესაური კავშირები ჰქონდა ქართლის ერისთავ გრიგოლ სურამელის და მანდატურთუხუცეს ბექა ჯაყელის სახლებთან (სრულად იხ. ჯავახეთის ერისთავი კახა თორელი).
კეკელია
მეჯამეთუხუცესი - სასახლის საგამგეოს დაბალი მოხელე. „ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, შედიოდა მანდატურთუხუცესის უწყებაში, უშუალოდ ექვემდებარებოდა გამგეთუხუცესს. დარბაზის რიგის მოხელეთა შორის დადასტურებულია იგი შიომღვიმის საბუთის XIII ს-ის ფრაგმენტში. მ-ის ხელქვეითები იყვნენ სასახლის მეჯამეები, რომელთა მონაწილეობით მ. უძღვებოდა როგორც სასახლის, ასევე მოძრავი სამზარეულოს („კარავი სამზარეულოსა“) სხვადასხვა სურსათით მომარაგების საქმეს. მარაგების შესავსებად მ-ს კავშირი ჰქონდა მეფის სახასო სოფლების მეურნეობებთან, საიდანაც იღებდა ნიგოზსა და ზეთს, მარცვლეულს, ხორცს, ყველსა და ერბოს („მეკამბეჩე დიასახლისთაგან“), ხმელ თევზსა და საწებლებს. მასვე ებარა სამზარეულოში სანიადაგოდ სახმარი ხისა და სპილენძის ჭურჭელი. მ., როგორც განმგეთუხუცესის მოხელე, რომელიც სხვა მაღალ მოხელეებთან ერთად ინაწილებდა პასუხისმგებლობას მეფის პერსონის უსაფრთხოებაზე, ასევე პასუხისმგებელი იყო სამეფო სამზარეულოს პროდუქტის სიჯანსაღესა და ხარისხზე.
მ. სურგულაძე
მეჯინიბეთუხუცესი - მმართველობის ცენტრალური აპარტის მოხელე. სამეფო საჯინიბოს გამგე. მ. შედიოდა ამირსპასალარის უწყებაში და უშუალოდ ამირახორს (იხ.) ექვემდებარებოდა. თავის მხრივ, მ-ის გამგებლობაში იყვნენ მეჯინიბეები, რომელთა მთავარი ფუნქცია იყო მეფის საჯინიბოს მოვლა-პატრონობა. მართალია, „გარიგება“ უშუალოდ მ-ის თანამდებობას არ ახსენებს, მაგრამ სხვა საისტორიო წყაროები კარგად იცნობენ მ-ის თანამდებობას. „ხელმწიფის კარის გარიგება“ ხაზგასმით გამოყოფს ზარადხანის მეჯინიბეებს. როგორც წყარო იუწყება, ზარადხანის მეჯინიბეს მართებდა მეფისათვის ცხენის შეკაზმვა. სავარაუდოდ, სამეფო საჯინიბოს გარდა, სადაც ცხენებს სამეფო კარის სხვადასხვა საჭიროებისათვის (მეფისა და მისი ოჯახის წევრების გადაადგილება, სანადიროდ მომზადება და სხვ.) ინახავდნენ, ცალკე ჰყავდათ საბრძოლო ოპერაციებისათვის განკუთვნილი ცხენები, რომლებზედაც ზარადხანის მეჯინიბეები ზრუნავდნენ. საფიქრებელია, რომ ეს უკანასკნელნი ზარადხანისუხუცესს ექვემდებარებოდნენ. მეჯინიბეები სამეფო პურობასაც ესწრებოდნენ - სუფრაზე მათ ბოლო ადგილი ჰქონდათ განკუთვნილი. XVII-XVIII საუკუნეების საქართველოში მ-ს სამეფო საჯინობის გამგეც ეწოდება. მას ექვემდებარებოდნენ მეჯინიბეები (იგივე ზინდარები). ამ პერიოდში მეჯინიბეობა უკვე საბეგრო ვალდებულებად იყო ქცეული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მეჯინიბეების სახელოს მნიშვნელობა და პრესტიჟი დაქვეითებულა. „დასტურლამალი“ ხუთ მ-ს ასახელებს. მართალია, მ. საჯინიბოს ხელმძღვანელი იყო, მაგრამ იგი მკაცრ კონტროლს ექვემდებარებოდა: ეკრძალებოდა უნებართვოდ ცხენის გაცემა ან გაბარება, მოედნის ან სასახლის ტერიტორიის გარეთ ცხენების გახედნვა. მ-ს წლიურ სარგოდ ეკუთვნოდა ცხენის სრული აღჭურვილობა და ერთი ცხენის გამოსაკვები ქერი, გარკვეული წილი ეკუთვნოდა სამეფო საჯინიბოს საჩუქრებიდანაც.
მეჯინიბეთუხუცესები. XII-XVII სს.
ქავთარ ორბელი - ერთადერთი პირი, ვინც მ-ის თანამდებობით მოიხსენიება საქართველოს ერთიანობის დროინდელ წყაროებში. გიორგი III-ის კარის მოხელე და თანამებრძოლი. მ-ის თანმდებობაზე ჩანს 1170-1177/1178 წწ-ში. იყო ამირახორ ლიპარიტ ორბელის ძმისწული, უმცროსი ძე მანდატურთუხუცეს და ამირსპასალარ ივანე (II) ორბელისა. თანამდებობა დაკარგა ორბელთა ამბოხის ჩახშობის შემდეგ. სტეფანოს ორბელიანი მას სპარსეთში გადახვეწილთა შორის იხსენიებს.
რამაზ - მ. XVII ს. II ნახ.
ლუარსაბ მაყაშვილი - მ. უზუქანთის მოურავი 1610-იანი წწ. (კახეთი).
პაატა ბარათაშვილი - მ. 1653-1689 წწ.
ავთანდილ თარხნიშვილი - მ. და კავთისხევის მოურავი 1643-1660-იანი წწ-ის დასაწყისი.
შიოშ ბარათაშვილი - მ. 1663-1685 წწ.
ბეჟან - მ. 1655 წ.
იარალი ბარათაშვილი - მ. 1656 წ.
პაპუა რატიშვილი - მ. 1659-1670 წწ.
ლევან ავალიშვილი - მ. 1685-1694 წწ.
რევაზ ორბელიშვილი - მ. 1693-1699 წწ. ეშიკაღასი 1698-1700 წწ.
შერმადინ ბარათაშვილი - მ. 1689-1696 წწ. მდივანი 1696-1700 წწ.
პაატა გერმანოზისშვილი - მ. 1689 წ.
გუგუნა ბარათაშვილი - მ. 1692-1698 წწ.
როსებ იარალიშვილი - მ. 1699 წ.
ზურაბ რატისშვილი - მ. 1722 წ.
დემეტრე - მ. 1723 წ.
როსებ იარალიშვილი - მ. 1736 წ.
კეკელია
მეჰმანდარი (სპარს. mehmāndār - მესტუმრე). როსტომ მეფის (1632-1658) დროს ასე ეწოდა მესტუმრეთუხუცესს, რომელსაც სამეფო კარზე ევალებოდა საპატიო სტუმრების, უცხოელი ელჩებისა და დიპლომატიური მისიების მიღება-გაცილება. დედოფლის დასტურლამალში, რომელიც XVII ს-ის დასასრულის ძეგლია, ეს თანამდებობა ისევ ძველი სახელით - მესტუმრე - იხსენიება, ხოლო ვახტანგ VI-ის „დასტურლამალში“ მისი გასპარსულებული ფორმა - მეჰმანდარი. მ. XVII ს-ის 80-იანი წლებიდან ჩნდება საბუთებში, რომელიც მ-თა უფროსი უნდა ყოფილიყო. ვახუშტი ამ ფორმას არ იცნობს, ისევე, როგორც „დასტურლამალი“, მაგრამ ამ უკანასკნელ ძეგლში რამდენიმე მ-ის ერთდროულად მოხსენიება ამტკიცებს ამ თანამდებობის საჭიროებას. უწყებრივად მ. ეშიკაღასბაშს (იხ.) ექვემდებარებოდა. მ-ს სამეფო ხაზინიდან განსაზღვრული ჯამაგირი ეძლეოდა. გარკვეული წილი ერგებოდა უცხოელი სტუმრების მიერ მორთმეული საჩუქრებიდანაც. სამემანდარო გადასახადი იკრიფებოდა მოსახლეობაშიც. ისტორიულ საბუთებსა და „დასტურლამალში“ დამოწმებულ მ-თა სახელების მიხედვით ჩანს, რომ ისინი სამეფო აზნაურებს და, რიგ შემთხვევებში, ქალაქის ვაჭართა წრეს ეკუთვნოდნენ.
მეჰმანდრები. XVII-XVIII სს.
პაპუა - მ. 1665 წ.
ქაიხოსრო - მ. XVII ს-ის მეორე ნახ.
ბახუტა - მ. 1681 წ.
ალავერდა იაგულაშვილი - მ. 1681-1695 წწ.
იასე თუმანიშვილი - მ. 1690-1698 წწ.
მამუკა - მ. 1732-1736 წწ.
როსტომ - მ. 1736 წ.
ჰაჯი მაჰმადა - მ. 1740 წ.
ბაინდურაშვილი
მილახვარი/მილახვარბაში - მმართველობის ცენტრალური აპარატის მოხელე, სახელდობრ, სამეფო და სადედოფლო მამულების გამგე ქართლსა და კახეთში. საისტორიო დოკუმენტებში მ-ის თანამდებობა იშვიათად XVII ს-ის ბოლო მეოთხედიდან ჩნდება, მაგრამ XVIII ს-ის მეორე ნახევრიდან იგი უკვე გავლენიან და საპატიო თანამდებობას წარმოადგენს. მ-ის ფუნქციები, ძირითადად, სამეფო დომენის სამშენებლო-სამეურნეო-საფინასო საქმეების მოგვარება იყო, თუმცა მისი რეალური ძალაუფლება გაცილებით დიდი ჩანს. მეფე და ბატონიშვილები მას იწვევენ რჩევის საკითხავად მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების დროს. საფიქრებელია, რომ ამ თანამდებობის მფლობელ პირთა სიახლოვემ სამეფო კართან გაზარდა მეფისა და მეფის ოჯახის წევრთა მათდამი ნდობა. ქართლ-კახეთის სამეფოში ორი სამეფო მ. არსებობდა - ქართლისა და კახეთის. ცალკე მ. ჰყავდა დედოფალს. ქართლის მ-ს წელიწადში 20 თუმანი ჯამაგირად და 30 თუმანი ულუფის სახით ეძლეოდა. სავარაუდოდ, მიმსგავსებული შემოსავალი ექნებოდა კახეთის მ-ც. მ-ის პარალელურად XVIII ს-ში იხმარება ტერმინი მილახვარბაში, მაგრამ იგი გამოიყენებოდა, როგორც საპატიო ტიტული და მ-ის თანამდებობის უწყებრივ გაფართოებაზე არ მიანიშნებს.
ქართლისა და კახეთის მილახვრები. XVII-XVIII სს.
ავალიშვილი გიორგი - მ. [1685-1694] წწ. ახალდაბის მოურავი1688 წ.
დემეტრე-ბეგი - მ. 1696 წ.
გურგენ - მ. 1698 წ.
ასლან - მ. 1737 წ.
ქაიხოსრო ციციშვილი - მ. 1737-1741 წწ.
სულხან - მ. და ეშიკაღასი. 1739 წ.
თაყა - მ. 1739 წ.
რევაზ - მ. 1743 წ.
ქაიხოსრო - მ. 1768 წ.
მერალი-ბეგ - მ. 1736-1742 წწ.
კეკელია
მინბაში - (თურქ. minbāşi - ათასითავი, ათასეულის მეთაური). ადგილობრივი, „საქვეყნოდ გამრიგე“ სამხედრო მოხელე, მეციხოვნე, მნიშვნელოვანი ფიგურა აღმოსავლეთის ქვეყნებისა და ქართულ სამოხელეო აპარტში. ირანსა და თურქეთში მ. „ათასისთავის მეთაური“ იყო, სამხედრო რაზმის უფროსი, ასევე, მომთაბარე ტომებისა და არარეგულარული ჯარის მეთაური. მის ხელქვეითად უზბაშები (იხ.) ითვლებოდნენ, რომელთა დახმარებით მ. სამხედრო ნაწილს ხელმძღვანელობას უწევდა. მ-ის ვალდებულებებში შედიოდა, საჭიროების შემთხვევაში< გარკვეული რაოდენობის ჯარის გამოყვანა, საბაჟო გადასახადების აკრეფა და მართლმსაჯულების აღსრულება.
ტერმინი მ. საქართველოში XVII ს-დან ჩნდება, როსტომის მეფობის პერიოდში, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერდება ირანის გავლენა. მ-ის შესახებ მასალა დაცულია ქართულ, საპრსულ და ქართულ-სპარსულ ისტორიულ დოკუმენტებში. ვახტანგ VI-ის „დასტურლამალში“ მოხსენებულია მ-ის სახელო და ჩამოთვლილია საბაჟო გადასახდელები, რომლებიც უნდა აეკრიფა თბილისის (ქალაქის) მ-ს სახვადასხვა ტიპის საქონელზე (ქსოვილები, კვების პროდუქტები, რკინის ნაწარმი და სხვ.). მ., როგორც საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენელი, ვეზირსა (იხ.) და მუსტოფთან (იხ.) ერთად, ჩაენაცვალა ქართულ „ციხისთავს“. იგი თბილისის გარნიზონის უფროსად და, ამავე დროს, ირანის მოხელედ ითვლებოდა ერეკლე II-ის დროსაც, მაგრამ, როცა ვითარება შეიცვალა და აღმოსავლეთ საქართველოში აღარ იდგა სოაკუპაციო ჯარი, მ., როგორც ციხისთავის აღმნიშვნელი სახელწოდება, დარჩა. მ-ები იყვნენ გორში, სურამში, თბილისში, ცხინვალში, რომელთაც, უმრავლეს შემთხვევაში, სამხედრო ფუნქციის გარდა, მმართველობის საერთო ფუნქციაც ეკისრებიდათ ერეკლეს დროს, სამხედრო რეორგანიზაციის შედეგად, მ-ებსა და უზბაშებს ექვემდებარებოდა დაქირავებული ჯარი. ციხისთავობის გარდა, მ. იყო ათასისთავი, ხოლო უზბაში - ასისთავი. მათ ევალებოდათ ჯარის გაწვრთნა და წესრიგის უზრუნველყოფა, ასევე, თვალყურის მიდევნება ჯარისკაცებისათვის, რომ მათ შეკრების ადგილებში არ დაეზარალებინათ სოფლები.
მთავარმართებელ ციციანოვისადმი ზაზა ამირეჯიბის მიერ წარდგენილ მოხსენებაში მითითებულია ერეკლეს დროს მ-ის ჯამაგირი და სარგო: „მქონდა წელიწადში ოცდაათი თუმანი ჯამაგირი... დღეში ორი ლიტრა პური, კვირაში სამი ლიტრა ხორცი ცხვრისა, დღეში ერთის შაურის სანთელი, კვირაში ერთი ლიტრა მარილი, კვირაში სამი თუნგი ღვინო; აგრეთვე სამარხოში - სამარხო და თევზი და ხიზილალა.“
მინბაშები. XVII-XVIII სს.
შაჰმირ - ციხის მ. 1639 წ.
ხალილ-ბეგი - თბილისის ციხის მ. 1693 წ.
მირზა/ხოჯა ეფთეხარი - თბილისის ციხის მ. 1693 - 1697 წწ.
ჰასან/ხასან-ბეგი - თბილისის ციხის მ. 1697 წ.
გოგია - ცხინვალის მ. 1766 წ.
ენდრონიკაშვილი აბელ - მ. [გიორგი XII-ისა].
ციციშვილი გიორგი - გორის ციხის მ. და რუისის ციხის მოურავი, 1803 წ.
ამილახვრის შვილი ბეჟან - მ. 1803 წ.
ამირეჯიბი ზაზა - მ. 1803 წ.
თ. აბულაძე
მისრატულთუხუცესი - ამირსპასალარის უწყების დაწესებულების, ზარადხანის მოხელე. უშუალოდ ექვემდებარებოდა ზარადხანისუხუცესს (იხ.). ტერმინ მ-ის მნიშვნელობა მთლად ნათელი არ არის, მაგრამ აშკარაა მისი კავშირი ცხენის აღკაზმვასთან. ი. სურგულაძის აზრით, მ.. იგივეა, რაც მეუზანგე ან მეავჟანდე. „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, მ-ს ევალებოდა მეფისათვის შეკაზმული ცხენის მიგვრა, რაშიც ზარდახნისუხუცესის (იხ.) უწყების ყველა მოხელე იღებდა სიმბოლურ მონაწილეობას. უკვე ამხედრებული მეფის ამალაში მ. ზარადხანის მეჯინიბესთან ერთად ზარდახნისუხუცესისა და ამირჩუხჩის უკან უნდა ჩამდგარიყო.
კლდიაშვილი
მიშკარაბში/მირშექარბაში - (არაბ-სპარს-თურქ. miršeqarbāşi - მონადირეთა მეთაური, მონადირეთუხუცესი). სეფიანთა კარზე აღნიშნული თანამდებობა მირაკორ ბაშისთან (miraxor bāşi - თავლების მთავარი მოხელე) ერთად იშიკ-აღას ბაშის (ešīk-āqāsī bāşi - მთავარი მცველის) რიგით მომდევნო მოხელეა. საქართველოში სამოხელეო ტერმინი მ. XVII ს-ის მიწურულს გვხვდება - იგი შემოუღია თეიმურაზ II-ის მამას, ერეკლე I ნაზარალი-ხანს, მაგრამ ამ დროს მან გავრცელება ვერ ჰპოვა. XVIII ს-ის მეორე ნახევარში, როდესაც ქართლ-კახეთის სახელმწიფოებრივ წყობილებაში მნიშვნელოვნი ცვლილებები გატარდა - დაიწყო მმართველობის დარგებად დაყოფა, შეიქმნა ახალი თანამდებობები, ზოგიერთ თანამდებობას კი შეეცვალა სახელწოდება და, ნაწილობრივ, შინაარსიც. მ-მა (ობერგერმეისტერი), ჩაანაცვლა ბაზიერთუხუცესის (იხ.) სახელო. თავადი იოსებ ბეჰბუდოვი მთავარმართებელ პავლე ციციანოვისადმი წარდგენილ მოხსენებაში ჩამოთვლის საკუთარი სახლის იმ წევრებს, რომლებიც ფლობდნენ აღნიშნულ სახელოს: მისი მამის, ბასილისთვის თეიმურაზ II-ის (1744-1762) დროს მ-ობა უბოძებია იბრეიმ/იბრაჰიმ შაჰს (ავშრთა დინასტიის წარმომადგენელი, ირანის შაჰი 1748 წ.), შემდეგ ეს სახელო იოსების უფროს ძმას, იოანეს მიუღია. აქვე მითითებულია ის სარგო, რომელსაც გულისხმობდა ეს სამოხელეო თანამდებობა: ეს იყო ბორჩალოსა და ყარაიის შემოსავლების წილი - წელიწადში ასი თუმანი. თავად იოსებ ბეჰბუდოვი, მისი სიტყვების თანახმად, სხვა ფუნქციებსაც (დესპანობა და სხვ.) ასრულებდა (რაშიც დამატებითი შემოსავლები ჰქონია).
მიშკარბაშები. XVII -ის მიწურული - XVIII .
ოთარბეგ ორბელიშვილი - მ. 1695 წ.
გივი - მ. 1735-1742 წწ.
ვასილიოსებ ბეჰბუდოვის მამა - მ. 1744-1762 წწ.
აღა - მ. 1757 წ.
იოანე ბეჰბუდოვი - მ. XVIII ს. ბოლო ათწლეული.
იოსებ ბეჰბუდოვი - მ. XVIII ს. ბოლო ათწლეული.
აბულაძე
მოლარეთუხუცესი - მმართველობის ცენტრალური აპარატის მოხელე შუა საუკუნეების საქართველოში. მესაწოლეთუხუცესთან ერთად ექვემდებარებოდა მსახურთუხუცესს (იხ.).მ. მსახურთუხუცესის უწყების მოხელე იყო და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა მეფის სამდივნოს მომსახურება. მ-ს ებარა სახელმწიფო ბეჭედი, იგივე „დიდი სასიგლე ბეჭედი“, რომელიც სალაროში საგანგებოდ დაბეჭდილი ინახებოდა. მ-ის სამოხელო ნიშანი იყო დიდი თვალედი ბეჭედი, იგივე „საგახსნითე ბეჭედი“, რომელიც მას მეფისაგან ჰქონდა ბოძებული. ამ ბეჭედს მ. მუდამ ხელზე ატარებდა და მას შესანახად მოთავსებული „დიდი სასიგელე ბეჭდის“ დასალუქად იყენებდა. უკვე დაწერილი სიგელი მწიგნობარს „სალაროში“ მიჰქონდა, აქ მ. „საგახსნითე ბეჭდით“ დალუქულ „დიდ სასიგელე ბეჭედს“ იღებდა და სიგელს სათანადო ადგილას დაასვამდა. რადგან სამეფო კარი ხშირად მოძრაობდა, მ., როგორც სახელმწიფო ბეჭდის მცველი, მეფის კორტეჟს თან მიჰყვებოდა და თან მიჰქონდა მოძრავი სალარო, რომელშიც ინახებოდა „დიდი სასიგლე ბეჭედი“ (ეს უნდა ყოფილიყო ე.წ. სამდივნო, ანუ „სიკისტროსან ჯორზე“ აკიდებული ბარგი). სიგლის დაბეჭდვის პროცედურებში მონაწილეობას იღებდნენ: მ-ს დაქვემდებარებული სალაროს მოლარე, რომლის სარგო სიგელზე ორი დუკატი იყო და, მეგოდრე (იხ.), რომელსაც უნდა შეენახა დაბეჭდილი სიგელები. მოლარე, ამასთანავე, ასრულებდა მომხსენებლის, ამბის მიმტან-მომტანის ფუნქციას.
გვიანდელი შუასაუკუნეების საქართველოში სალაროს მთავარი გამგე ნაზირი (იხ.) იყო. მ-ს, როგორც სახელმწიფო ბეჭდის მცველს, ებარა სამეფო სალაროს ერთი განყოფილება, საიდანაც, მეფის მოთხოვნის შესაბამისად, მისი კონტროლის ქვეშ შეიძლებოდა ძვირფასი სამოსის, ქსოვილების ან სხვა ძვირფასეულობის გამოტანა. „ბატონმა (მეფემ) რომ ფარჩა, ან სხვა სალაროდამ ითხოვოს, მოლარეთუხუცესი წინ წაუძღვებოდეს თავლიდარს (იხ.) და ბატონს მიართმევდეს. ხალათებსა ან ბატონის ტანისამოსს გამოაჭრევინებდეს, რაც ნაჭერი მორჩებოდეს, ერთს ქისაში ჩასდებდეს, მოლარეთუხუცესი დაბეჭდავდეს და თავლიდარს მიაბარებდეს“. მ-ს ევალებოდა მიეღო სალაროს შემოსავალი, მეფის ბრძანებით გაეცა ხელფასი, საჩუქრები, მოემარაგებინა სასახლე პურით, ყველით, საპნით. მ-ს ჰყავდა ხელქვეითი მოლარეები. მას ემორჩილებოდა თავლიდარიც. სალაროში შემოსული და სალაროდან გაცემული საჩუქრებიდან მ-ს წილი ერგებოდა, ეკუთვნოდა აგრეთვე ყოველი გაცემული ჯამაგირიდან თუმანზე ორი შაური და სხვ. საკუთარი მ. ჰყავდა დედოფალსაც, რომელიც მეფის მ-ზე დაბალი რანგის მოხელედ ითვლებოდა. მ-ის ფუნქციები სალაროს ნაზირის ფუნქციების მსგავსი ჩანს, მაგრამ სალაროს ნაზირის თანამდებობის შემოღების შემდეგ (შემოიღო როსტომ მეფემ) მ. ერთი საფეხურით დაქვეითდა.
მოლარეთუხუცესები. XIV-XVII სს.
შატრავაძე ბევროზ - მ. 1398 წ.
თავხელისძე ხელი - მ. [1399-1419] წწ.
გარაყანიძე გიორგი - მ. 1432 წ.
ვირშელ - მ. 1442 წ.
მხეციძე სარგის - მ. 1448 წ.
ჭილასძე ქველი - მ. XV ს-ის
რევაზ - მ. XVI ს.
ხმალაძე შიოშ - როსტომ მეფის მ.
ჭავჭავაძე მამუკა - მ. 1639-51 წწ.
სოლაღაშვილი შიოშ - მ. 1619-1624 წწ.
რუსიშვილი რუსი - მ. 1664 წ.
რუსიშვილი პატი - მ. [1678-1688] წწ.
ბარათაშვილი ასლან - მ. 1677-1697 წწ.; სომხითის მოურავი 1692-1697 წწ.
ციციშვილი ვახტანგ - ბოქაულთუხუცესი 1672 წ-ის ახლო; მ. 1684-1695 წწ.
ორბელიშვილი მანუჩარ - მ. 1695 წ.
სეხნია - მ. 1722-1743 წწ.
კეკელია
მონადირეთუხუცესი - ერთიან ქართულ მონარქიაში მ. განაგებდა სამეფო ნადირობის საქმეს, რომელიც ფეოდალურ სახელმწიფოში სამხედრო წრთვნას წარმოადგენდა და სავალდებულო საჯარო სამსახურის რანგში იყო აყვანილი. ნადირობის სამხედრო დანიშნულება აისახა ტერმინში „ლაშქარ-ნადირობა“, რომელიც არამწარმოებელ მოსახლეობაზე შეწერილ სამხედრო ბეგარას ეწოდებოდა. ამავე დროს ნადირობა იყო ფეოდალური არისტოკრატიის დროსტარების ფორმა, რომელიც მეფის წინაშე თავის გამოჩენის და დაწინაურების საშუალებას იძლეოდა. მ-ად ინიშნებოდნენ მსახურები - ფეოდალური წოდების დაბალი საფეხურის (შდრ. დას. ევროპ. მინისტერიალები) წარმომადგენლები, რომლებსაც თანამდებობა საგვარეულო პრივილეგიად ჰქონდათ ქცეული. მ-ის საგამგებლოს წარმოადგენდა სამეფო ნაკრძალები და სანადირო სადგომები, რომლებსაც თავ-თავისი მეურნეობა ჰქონდათ დომენის სხვადასხვა ადგილას. მ-ის მოვალებებს შეადგენდა ნადირობის სამეფო რეგალიის მკაცრი დაცვა და კონტროლი, ნადირობის ორგანიზება - საჭირო დროსა და ადგილას მონადირეების მობილიზება, ნადირობის პროცესზე თვალყურის დევნება და მისი უსაფრთხოდ წარმართვა, მონადირეთა თვითნებობის ალაგმვა ახლომდებარე სოფლების მცხოვრებთა მიმართ. ამ მრავალგვარ ფუნქციას მ. ასრულებდა ტყისმცველთუხუცესებისა და ტყისმცველების, მეძაღლეებისა და ბაზიერების დახმარებით. -ის უწყებას ჰყოლია აბრამადიც (იხ.), რომელიც თამარის გელათისადმი ბოძებულ სიგელში ტყისმცველთუხუცესის უწინარეს იხსენიება. მისი ფუნქცია, სავარაუდოდ, სანადირო სადგომების მეურნეობის გაძღოლა და ნანადირევის მოვლა-პატრონობა იქნებოდა.
-ის გასამრჯელოს შეადგენდა: ბენეფიციუმი, რომელსაც იგი სამემკვიდრეოდ ფლობდა, ნატურალური ან ფულადი ჯამაგირი და ე.წ. „ჩადგომა“, რომელიც ძალზე მძიმე ტვირთად აწვა გლეხობას. ამიტომ მეფეები მკაცრად განსაზღვრავდნენ, სად, რომელ სოფელში და რამდენი ხნით შეიძლებოდა ჩამდგარიყვნენ მონადირენი. მაგ., მეფე დემეტრე I-ს სოფელი ქანდა შიომღვიმის მონასტრისათვის გაუცვლია სხვა სოფელში, რათა იგი მხოლოდ მონადირეთა სადგომად გამოეყენებინა. გიორგი III შიომღვიმის მონასტრისათვის ბოძებულ რამდენიმე სოფელს მხოლოდ ერთი დღე-ღამის განმავლობაში სთხოვს ბაზიერების შენახვას. დავით ნარინი ხეფინისხეველებსა და წაქველებს ათავისუფლებს მონადირეთა „ჩადგომისაგან“, მეფე საგანგებოდ აფრთხილებს ტყისმცველთუხუცესებს და ტყისმცველთ, რომ თუ რამ დარღვევას შეამჩნევდნენ შეწყალებულ სოფლებში, „შიგა ნუ ჩაუდგებიან“, „გარედან“ გადაახდევინონ დამნაშავეს საურავი.
„ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, კახეთსა და იმერეთში მ-ის განკარგულებაში ერთად ყოფილა მონადირეთა 260 სახლი, რომლებიც, როგორც ჩანს, ამავე მხარეებში არსებულ მეფეთა სანადირო სადგომებზე იქნებოდნენ მიწერილნი. ზამთრის თვეებში, გიორგობიდან თევდორობამდე, მონადირენი მ-ის მეთაურობით სამეფო კარზე იმყოფებოდნენ და გადაკვეთილ ულუფას იღებდნენ.
„ხელმწიფის კარის გარიგებაში“ აღწერილია სამეფო კარზე მონადირეთა გაცილების რიტუალი, რომელიც თევდორობის დასასრულს იმართებოდა და ძალზე არქაულ შრეებს მოიცავს. ამ დროს მონადირეებს აძლევდნენ გასამრჯელოს - 3-3 თეთრს, ხოლო ხორციელის კვირას - ექვს-ექვს ტყავს. ამის შემდეგ მწიგნობარი აღრიცხავდა მონადირე ძაღლებს, გადაარჩევდა სამეფოდ რამდენიმეს, ხოლო დანარჩენ ექვს მონადირეს გადაუნაწილებდა გამოსაკვებად და გასაზრდელად. ამის შემდეგ მონადირენი ლამპრებით ხელში მეფის, მისი სახლეულისა და ვაზირთა წინაშე წარდგებოდნენ, აქ მათ მეფე-დედოფალი და ვაზირები პურ-ღვინოს და საკლავს უბოძებდნენ. როგორც კი მონადირენი საგამგეოდან მიიღებდნენ კუთვნილ საქონელს, ანთებული ლამპრებით ხელში ფერხულს ჩააბამდნენ, შემდეგ კი თავ-თავის გზაზე წავიდოდნენ. როგორც ჩანს, ამ რიტუალის გაგრძელება ყოველთვის მშვიდობიანი არ იყო, რადგან, შეიძლებოდა, სასახლის მნეებს მონადირეებისათვის ყოველთვის სრულად ვერ მიეცათ კუთვნილი საქონელი. ასეთ შემთხვევაში მონადირეები მათ უდიერად ექცეოდნენ - „აგინებდნენ და რაც უარესია“.
„ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, მ. მისი ზოგიერთი პრივილეგიით სამეფო კარის დიდებულ მოხელეებსაც აღემატებოდა. მაგ., საახალწლო რიტუალში, რომელშიც მრავალი არქაული ელემენტია შემორჩენილი, მ. მთავარ ფიგურას წარმოადგენდა. მას ევალებოდა მეფის შემოსვა ყვითელი ფერის სამოსით, რის შემდეგაც იგი მეფეს საღვინეში უნდა გაჰყოლოდა, სადაც ტაბლასთან სვამდნენ და ველური ტახის თავს მიართმევდნენ. მეფისგან მოშორებით მ-ის ხელქვეითი ტყისმცველი და მონადირენი სხდებოდნენ. მ-ს მეფისათვის მწვადი უნდა მიერთმია და ეკითხა: „ხვალ საით ჰკვლენ“? (სად იქნება ნადირობა?). მეფე დაუსახელებდა ადგილს, რის შემდეგაც მ-ს ღვინით შევსებულ ჭიქას უბოძებდა. მ. მეფის წინაშე შესვამდა ღვინოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაჯდებოდა კუთვნილ ადგილას.
საქართველოს სამეფოებად დაშლის შემდეგ მ-ის თანამდებობა ქრება და მის ადგილს ბაზიერთუხუცესი (იხ.) იკავებს. ეს ცვლილება სამეფო ნადირობის საჯარო ფუნქციის შესუსტების ტენდენციას ამჟღავნებს, თუმცა ლაშქარ-ნადირობა, როგორც სამხედრო ბეგარა, XVIII საუკუნის გასულამდე დარჩა საქართველოში. ქართლ-კახეთში მას ნიადაგი გამოეცალა 1770-იანი წლების ბოლოს, როცა ერეკლე II-მ მორიგე ჯარი შემოიღო.
სურგულაძე
მორდარი - (სპარს. mohrdār - ბეჭდის მცველი); სეფიანთა ირანის ადმინისტრაციის სხვადასხვა სახის ბეჭდის მცველი, რომელიც სხვა მოხელეებთან - მდივანბეგთან (dīvānbegī), სახელმწიფო მდივანთან (monše' al-mamālek), სამეფო ექიმთან (ḥakīm-bāšī), სამეფო ასტროლოგთან (monajjem-bāšī) და სხვ. ერთად შედიოდა სასახლის შიდა ადმინისტრაციული აპარატში (moqarrab al-ḵāqāns). ქართულ წერილობით წყაროებში ეს ტერმინი სხვადასხვა გახმოვანებით გვხვდება: მოჰრდარი / მურდარი / მორდალი. მ. მეფის სამდივნოს მოხელე იყო და სახლთუხუცესს ექვემდებარებოდა. მას ეკავა უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობა - ჩაბარებული ჰქონდა მეფის დიდი და პატარა საბეჭდავები, რომლებიც, უპირველესად, უნდა დაეცვა და შემდგომ დანიშნულებისამებრ გამოეყენებინა. ამიტომ მ-ის თანამდებობაზე მეფეები ნიშნავდნენ ერთგულებით გამორჩეულ „მისანდო“ პირებს.
მ. იხსენიება როსტომ მეფის მიერ 1638 წ. მანუჩარ თუმანიშვილისადმი ბოძებულ ქართულ-სპარსულ დოკუმენტში, რომელშიც ამ სახელოს სარგოსა და ფუნქციებზეა საუბარი. აღნიშნული საბუთის მიხედვით, ყველა სახეობის სიგელი და სხვა დოკუმენტები მ-ს უნდა დაებეჭდა, მაგრამ, მოგვიანებით, ქართლის მეფე ერეკლე I (ნაზარალი-ხანის) დროს (1688-1703) მ-ის როლი დაკნინებულა და მეფის საბუთების დაბეჭდვის პრივილეგია ვეზირსა (იხ.) და მუსტოფს (იხ.) გადასცემიათ, რომლებიც უშუალოდ შაჰის მოხელეები იყვნენ ქართლის მეფის კარზე. „დასტურლამალში“ შეტანილი მ-ის განწესება უჩვენებს, რომ ერეკლე I-ის შემდგომ მას თავისი ძველი ფუნქციები დაბრუნებია.
ქართულ წყროებში „სამურდროს“ სამი დებულებაა ცნობილი: ერთი „დასტურლამალშია“ შეტანილი, მეორე, 1703-1724 წლებში შედგენილი, ხოლო მესამე - „სამორდალოს განწესება“ მთავარმართებელ ციციანოვს წარუდგინეს ზაალ ბარათაშვილმა და იროდიონ გურგენიძემ. ამ განწესებათა მიხედვით, ქართლ-კახეთის მ-ებს ეკუთნოდათ სარგო სამეფოს ყოველი იჯარიდან, იასაულებისგან აღებული თამასუქებიდან, მეფის მიერ გაცემული დოკუმენტების, სიგელების, ოქმების, განაჩენთა დაბეჭდვისათვის და სხვ.; XVIII ს-ის მეორე ნახევარში ქართლ-კახეთის გაერთიანებულ სამეფოში ორი სამეფო მ. იყო - ქართლისა და კახეთის. „რაც მეფისგან წყალობა ებოძებოდათ ქართლსა და კახეთსა, თავადთა, აზნაურთა თუ გლეხთა თუ თათართა, ჩვენ, მორდლებისაგან უნდა მისცემოდათ წყალობის სიგელი“ - წერს გიორგი XII-ის ყოფილი მ. იროდიონ გურგენიძე აღნიშნულ მოხსენებაში.
მ-ის თანამდებობაზე, ძირითადად, ვხვდებით სამეფო აზნაურებს: ქართლში - თუმანიშვილებს, შანშეან-მარტიროზიშვილებს, კახეთში ხერხეულიძეებს, თავადთაგან ჩოლაყაშვილებს და სხვ.
აბულაძე
მოურავი - ადგილობრივი ადმინისტრაციული აპარატის მთავარი მოხელე შუა საუკუნეების საქართველოში. თავდაპირველად, მისი ფუნქციები სამეურნეო სფეროს შეეხებოდა (მამულისა და მეურნეობის გამგებლობა), გვიანფეოდალურ საქართველოში კი, ადმინისტრაციული, სამხედრო და სასამართლო ფუნქციებიც შეითავსა. მ-ის თანამდებობა საქართველოს ერთიანობის ხანის წყაროებშიც („ხელმწიფის კარის გარიგება“) მოიხსენიება, მაგრამ აქ იგი ცენტრალური აპარატის მოხელე ჩანს. მოგვიანოდ, XV ს-ში, მ., როგორც ქალაქის მმართველის აღმნიშვნელი ტერმინი, ენაცვლება ამირას (იხ.) და ამირთ-ამირას. აღმოსავლეთ საქართველოში მ-ის პარალელურად XVI-XVIII სს-ში იხმარება ირანის გზით შემოსული მონღოლური ტერმინი „ტარუღა“ (იხ.), რომელიც ირანში მ-ის შესაბამის სამოხელეო ინსტიტუტს ეწოდებოდა. მ-ის სახელო სამემკვიდრეო მფლობელობის ისეთივე წყალობის ობიექტი იყო, როგორიც მამული და ყმები.
მ. ერქვა, უპირველესად, ქალაქების გამგებლებს, ამასთანავე, ქალაქის მ-თა უფლებები იმ ქალაქის მნიშვნელობით განისაზღვრებოდა, რომელსაც იგი განაგებდა. მაგრამ, გარდა ქალაქებისა, მ. ეწოდებოდა ვრცელი სამეფო მამულების, ცალკეული სოფლების, XVII ს-დან კი ელებით დასახლებული ტერიტორიების (ისტორიული სომხითი - ქვემო ქართლი, ალგეთისა და დმანისის ხეობები, თრიალეთი, ტაშირი; ყარაიის ველი) სამეურნეო-ადმინისტრაციულ გამგებლებსაც. ამ უკანასკნელთა ვალდებულებებს და სამართლებრივ ჩარჩოებს XVIII ს-ში არეგულირებდა ე.წ. „ელის დებულება“ (დასტურლამა), რომლის დაცვა-შესრულებას ელების მ-ები ხელმძღვანელობდნენ.
მ-თა შორის განსაკუთრებული პოლიტიკური წონა ჰქონდა თბილისის („ქალაქის“) მ-ს. XVII ს-დან თბილისის მ. ქართლის მეფის (ირანის ვალის) მიერ ინიშნებოდა და დიდი გავლენა ჰქონდა სასახლის კარზე. XVII ს-ის დასაწყისში თბილისის მ. იყო ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე გიორგი სააკაძე; მის შემდგომ ამ თანამდებობაზე ერთმანეთს ენაცვლებიან ბარათაშვილები, მუხრანბატონები, ციციშვილები, ყაფლანიშვილ-ორბელიშვილები, გიორგი სააკაძის შთამომავალი თარხნიშვილები და სხვ. ქართლში ერეკლე I-ის მეფობის დროს თბილისის მ-ის თანამდებობაზე კახელი თავადებიც ჩანან (ჩოლაყაშვილები). „ქალაქის“ მ-ები ერთდროულად შეიძლებოდა ყოფილიყვნენ სარდლები, ბოქაულთუხუცესები, მერიქიფეები და სხვ.
მნიშვნელოვანი თანამდებობა იყო გორის მ-ობა (დაარსდა XII ს-ის დასაწყისში), რომელიც XV ს-იდან მემკვიდრეობით ეკავათ ზევდგინისძე-ამილახვრებს. XVII ს-ში როსტომ მეფის მიერ შედგენილი გორის მ-ის განაწესი - „დასტურლამა“- შემდგომში ერეკლე I-მა განაახლა. გორის მ. ამილახვრები, ტრადიციულად, შიდა ქართლის სადროშოს სარდლები იყვნენ.
მ-ის ვალდებულებების, სარგოსა და შემოსავლების შესახებ დეტალურადაა საუბარი ვახტანგ VI-ის „დასტურლამალში“. ქალაქების მოურავთა ახალი წეს-განგებები შემუშავდა XVIII ს-ის 90-იან წლებშიც, ერეკლე II-ის დროს.
-ობა უაღრესად ფართო უფლებების მომცველი და, ამავე დროს, დიდად შემოსავლიანი თანამდებობა იყო. მ. იყო ქალაქის ადმინისტრაციული უწყების ხელმძღვანელიც, საქალაქო მეურნეობის მმართველიცა და ზედამხედველიც. ქალაქის მ-ს ემორჩილებოდნენ მელიქი, მამასახლისი (იხ.), ნაცვალი და ასასი (იხ.).
-ის კომპეტენციაში შედიოდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, მეფისა და ცენტრალური ორგანოების განკარგულებების აღსრულება, ასევე, სამოქალაქო სამართლის (ძირითადად, ვალდებულებითი და სანივთო სამართლის) საქმეების გარჩევა, როგორიც იყო დავები მიწის საზღვრებზე, მამულზე, ვალზე, უთანხმოებაზე, ზარალის ანაზღაურებაზე და სხვ.; მასვე ევალებოდა მეთვალყურეობა პროდუქტების ფასებზე, წონისა და სხვა საზომების სიზუსტეზე. მ-ის სასამართლო იურისდიქციის ფარგლები ტერიტორიულობის პრინციპით იყო შემოსაზღვრული. ამ ფუნქციას, ძირითადად, მეფის სახასო მამულებისა და თბილისის მ-ები ასრულებდნენ. ამ უკანასკნელის ფუნქციები განსაკუთრებით გაფართოვდა 1784 წ-დან და გავრცელდა ქალაქის ყველა მცხოვრებზე. მ-ის შემოსავლის ძირითადი წყარო გადასახადები იყო. „დასტურლამალში“ ჩამოთვლილია 15 გადასახადი, რომლებიც მოსახლეობას მ-ის სასარგებლოდ უნდა გადაეხადა: ნატურით გადასახადი (ხორბალი, ქერი, ღვინო/კულუხი/, ცხვრისა და ბატკნის გადასახადი); სადღესასწაულო გადასახადები (სააღდგომო, საშობაო, საყველიერო), სამასპინძლო; ბეგარა - ფიზიკური მუშაობა, გამწევი ძალა; ფულადი გადასახადი; დაწესებული იყო ზოგიერთი ადგილობრივი გადასახადიც (თივა, სანთელი, ნესვი და სხვ.).
განსხვავებული შინაარსი და მნიშვნელობა ჰქონდა -ის თანამდებობას კახეთში. კახეთის დამოუკიდებელი სამეფოს პირველმა მეფემ გიორგი VIII-მ (1446-1476) საერისთავოების სანაცვლოდ შექმნა ახალი სამხედრო-ადმინისტრაციული ოლქები (ელისენი, ქიზიყი, თუშეთი, ერწო-თიანეთი), რომლებსაც სათავეში მ-ები ჩაუყენა. XV ს-დან მოყოლებული, მ-ის ინსტიტუტმა განსაკუთრებული როლი შეასრულა კახეთის სამეფოს სახელმწიფოებრივი წყობილების განმტკიცების საქმეში. კახეთში .შეიძლებოდა რქმეოდა ქალაქის ბაზრის გამგებელსაც, მაგ., თელავის ბაზრისას და არა მთლიანად თელავისას, რადგან თვითონ ქალაქი ქიზიყის სამოურავოს ექვემდებარებოდა. XVIII ს-ის მეორე ნახევარში ქართლ-კახეთის გაერთიანებულ სამეფოში ერეკლე II შეეცადა მმართველობის ადგილობრივი ორგანოები სამოურავოების ერთიან სისტემაზე გადაეყვანა. დავით ბატონიშვილის ცნობით, მ. სახელმწიფოს „შინაგანი“ მმართველობის მოხელე იყო, რომელსაც მეფე ნიშნავდა ქართველი თავადებისა და აზნაურებისაგან. ამ პერიოდში ადგილობრივი მმართველობის ძირითადი მოხელე მ. გახდა და მათი რაოდენობა ქართლსა და კახეთში ოცდათვრამეტმდე ავიდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий