1582 წლის სექტემბერში სამცხეში მყოფმა ოსმალო სარდალმა ჰადიმ მეჰმედ ფაშამ სამხედრო თათბირი მოიწვია. სხვებთან ერთად ახალციხის, იგივე ჩილდირის საფაშოს გამგებელი მუსტაფაც დაიბარეს. თათბირის ოფიციალური მიზეზი სტამბულიდან მიღებული ახალი ბრძანების გაცნობა იყო. სინამდვილეში ოსმალო სარდლებს მუსტაფას მოკვლა ქონდათ განზრახული. ჰადიმ ფაშამ ცოტა ხნის წინ, მუხრანთან ქართლს მეფე სვიმონ I-თან, განცდილი მარცხი სწორედ მუსტაფას დააბრალა და შურისძიება ჰქონდა გადაწყვეტილი.
მუსტაფა გამაჰმადიანებული მანუჩარ ჯაყელი იყო. ფრთხილმა და წინდახედულმა ჯაყელმა, რომელიც ოსმალო სარდლებს არ ენდობოდა, თან 50 ერთგული მეომარი წაიყვანა და თათბირზე გამოცხადდა. კარავში შესულმა მუსტაფამ იკითხა, „რას მიბრძანებთო“. მას რაღაც განკარგულება წაუკითხეს. მანუჩარმა შესრულება აღუთქვა და გამოსვლა დააპირა. ამ დროს ერთმა თურქმა სახელოთი მოსწია და დაკავებას უპირებდა. მანუჩარმა ხმამაღლა დაიყვირა, თავდამსხმელს ხმალი გამოსტაცა და მის წინ მდგომ ფაშას თანაშემწეს ისეთი სიძლიერით დაარტყა, რომ თავიდან მუცლამდე გააპო. გააფთრებულ მანუჩარს ხუთი ჭრილობა მიუყენებია თვით მეჰმედ ფაშასთვის. სწორედ ამ დროს შემოვარდნილან მანუჩარის კაცები, რომლებსაც ის გადაურჩენიათ“ (მ. სვანიძე, საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII სკ-ში).
მანუჩარმა ისლამი უარყო, კვლავ გაქრისტიანდა, სვიმონ I-ს დაუკავშირდა და საათაბაგოში ოსმალთა წინააღმდეგ აჯანყებას ჩაუდგა სათავეში.
მანუჩარი 1550 წელს დაიბადა. მამამისი მესხეთის მთავარი, ათაბაგი ქაიხოსრო II იყო. დედა, დედისიმედი კი მუხრანელ ბაგრატიონთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. ოცდასამი წლის იყო მანუჩარი, როდესაც 1573 წელს ქაიხოსრო ყაზვინში გარდაიცვალა. ვახუშტი ბატონიშვილი წერს, „ყაზმინს ყოფასა შინა მოკვდა ათაბაგი ქაიხოსრო ... და დაუტევა ძენი ყვარყვარე, მანუჩარ და ბექა“. ამ დროს მძიმე პერიოდი ედგა საათაბაგოს. მესხეთის სამხრეთ-დასავლეთი მხარეები ოსმალებს ქონდათ დაპყრობილი და სულთნის ხელისუფლება მთელი საათაბაგოს დაუფლებას ლამობდა. ოსმალთა აგრესიის შესაჩერებლად ქაიხოსრო II ირანის გამოყენებას აპირებდა და სწორედ ამიტომ იმყოფებოდა შაჰის კარზე ყაზვინში.
ქაიხოსროს გარდაცვალების შემდეგ ათაბაგი უფროსი ვაჟი ყვარყვარე IV გახდა. ქვეყნის ფაქტიური მმართველი დედამისი, ქაიხოსროს ქვრივი ენერგიული პოლიტიკური მოღვაწე და ძალაუფლების მოყვარული ქალი – დედისიმედი იყო. აქტიურად აღმოჩნდა ჩართული საათაბაგოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მანუჩარიც.
1576 წელს საათაბაგოში ჯაყელთა წინააღმდეგ დიდი აჯანყება დაიწყო, რომელსაც სათავეში შალიკაშვილები ედგნენ. ქართული წყაროების ერთი ნაწილის მიხედვით, კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის სახლთუხუცესმა ჩოლოყაშვილმა კარს მომდგარი ყიზილბაშების შემოსევის თავიდან აცილების მიზნით მეფეს შემდეგი რჩევა მისცა - დედისიმედს ვაცნობოთ ვითომ „ვარაზას (შალიკაშვილს) შაჰ‐თამაზ ყაენი მანდ მოჰყავსო, ნებავს ამოწყვეტა სამცხისაო და ძისა შენისაო მანუჩარის სიკვდილიო, და მრავალგზის მოგაყენა ქვეყანასა ზედაო და თვითონ უნდა ეგ ქვეყანა დაიჭიროსო და მანდ გაბატონდესო. და დაიჭირე ვარაზა, მოჰკალ და მერე შაჰ‐თამაზ ყაენი ვეღარ მოვა და გაბრუნდება და წავა და გადარჩება ქვეყანაო“. დედისიმედმა დაიჯერა, „შეიპყრა ვარაზა შალიკაშვილი ღალატითა და მოკლა. ესე ვარაზა იყო შვილი ოთარ შალიკაშვილისა და ცოლის‐ძმა შაჰ‐თამაზ ყაენისა. და რა ესმა შაჰ‐თამაზს სიკვდილი მისი, განწყრა შაჰ‐თამაზ და წავიდა სამცხეს და დაუტევა კახეთი. და შევიდა სამცხეს, და მოაოხრა და ამოწყვიტა სამცხე და მრავალი ბოროტი შეამთხვია სამცხესა, და შემდგომად ამისსა შემოიქცა და წამოვიდა კახეთზე“ (ახ. ქართლის ცხოვრება; ვახუშტი).
ვარაზა შალიკაშვილი მამასავით ამაყი და პატივმოყვარე იყო. ჯაყელებს არაფერში ტოლს არ უდებდა და მის გარეშე სამთავროში ბევრი ვერაფერი წყდებოდა. შალიკაშვილის მოკვლის რეალური მიზეზი, სავარაუდოდ, მისი გავლენა და ძალა იყო და არა კახეთიდან ჩოლოყაშვილის მიერ შემოთვლილი ამბავი. შალიკაშვილებს სხვებიც მიემხრნენ: ამატაკიშვილები, დიასამიძეები, თუხარელები და სხვ. მალე მესხეთი სამოქალაქო ომის ხანძარში გაეხვია.
მესხეთში განვითარებული მოვლენების შესახებ უპირველეს წყაროს „მესხური მატიანე“ იგივე „მესხური დავითნის ქრონიკა“ წარმოადგენს. მასში დაცული ინფორმაციის თანახმად, „ივნისსა, ათაბაგი პატრონი ყვარყვარე და ძმა მათი პატრონი მანუჩარი და ბიძაშვილი მათი მეფისშვილი პატრონი ჰერაკლე (საუბარია დედისიმედის ძმის არჩილი ბაგრატიონის მუხრანელის ვაჟზე ერეკლეზე) მგელციხეს წავიდენ ყაენთან ელჩის გასაგზავნელად. ავკარგად სამოცამდე კაცი იახლა. სამწუბთ ღელეში დავდეგით. აცნობა ოლადის ქუაბიდამა ბედანისშვილმა იასონ ვარაზაშვილს კოკოლასა და მის ძმასა ლაშქარასა და მის ბიძას გურგაქს. იახლეს თანა დიასამისძის ელიას შვილი ავთანდილ და მისი ძმა შერმაზან, ამატკისშვილის როსტომის შვილი ამატაკ და აბდუყაფარ და მათი ძმისწული როსტომ და ამატკის ვაჟი სეხნია. შეიკაზმნენ ხუთასამდი კაცი და წამოვიდნენ და ორთვალთხიდს გამოვიდენ, ბორგს მივიდენ. იქ ფანასკერტელი იობის შვილი ჯირასონ გვერც იახლა, საუბარს შეესწრა კაცსა, თუ – გულმართლა ბატონებზე თავს დასასხმელად და დასახოცლად მიდიანო. იარა და აცნობა უგუბოს დოლენჯიშვილს ყანდურალის, თუ – გულმართლა ბატონიშვილებს დაჰხოცენ! ფიცხლა აცნობა! წამოვიდა ყანდურალი, აცნობა ბატონებსა. ქათამს ეყივლა. ადგენ ბატონები და ვინც იყო, შეიკაზმნენ. ოცამდე შეკაზმული კაცი იყო“. ჩვენი აზრით, ჯაყელები აჯანყებას არ ელოდნენ, მაგრამ მცდარია მოსაზრება, თითქოს თავიდან ისინი მოულოდნელობისგან კარგა ხანს დაბნეული ყოფილან. უბრალოდ თავისი მომხრეების შესაკრებად ჯაყელებს გარკვეული დრო დასჭირდებოდათ.
„ივნის ლ (30), შაბათს დღის განთიად დაესხნენ ნასადგომევსა. სხვა აღარა დახვდა რა: თუხარლიანთ კარავი და ბარგი დახვდა და ის დაიფორაქეს; ჯორები კიდევ მოსცეს. ჩვენი და მათი კაცი გარდაიკიდნენ; ერთი მოკლეს და ერთი ხელ დაიჭირეს ჩვენთა. წავიდენ გაწბილებულნი. ეკუეხა – არ გაგვსწრობოდეს, თავებს დავსჭრიდით და მკვდარს ასო-ასო ავიქმოდით. და ეს გვექნა, მარტვილებსაც არ გაუშვებდით ცოცხალსა.
დავარდა ხმა. დაიწყო ჩვენმა ლაშქარმა მოდენა. გაემართნენ პატრონი ყვარყვარე და პატრონი მანუჩარი და ჰერაკლე სახელსა ზედა ღთისასა და მივედით ზედა-თმოგვს. და თმოგვის ქალაქი მოვარბიეთ და იქივე ზედა-თმოგვს ამოვედით და პატრონი დედა მათი, დედისიმედ ყოფილი დებორა იქ მოვიდა. და ორშაბათს ვანის-ქვაბს მოვადეგით და ოთხშაბათს იერიშით ავიღეთ და პარასკევს დღეს ავიყარეთ, ჩაუდეგით, რჩეულიანი შემოვიწყვენით“.
აღსანიშნავია, რომ ამ შინა ომიში ძალიან აქტიურად მონაწილეობს მანუჩარი. ის ხან დამოუკიდებლად მოქმედებს, ხანაც უფროს ძმასთან ერთად. ყვარყვარე კი ცალკე არაფერს აკეთებს და მხოლოდ მანუჩართან ერთად იბრძვის. ყოველივე ეს გვავარაუდებინებს, რომ მანუჩარი თავისი პირადი თვისებებით (ვაჟკაცობა, ენერგიულობა, გამჭრიახობა და სხვ) აღემატებოდა ძმას. ფაქტობრივად ის არის ჯაყელთა საგვარეულოს რეალური ლიდერი ამ ბრძოლების დროს.
„ამავე ქორონიკონსა სჲდ (1576), აგვისტოს ოცდათერთმეტსა ვარნეთის ციხეს
უღალატეს მგელციხიდამა და ენკეთისთვეს ოთხსა პატრონი მანუჩარ და პატრონი ერეკლე, მათი ბიძაშვილი, მგელციხეს იყვნენ და შალიკაანთ აზნაურიშვილებს თავს დაესხნენ. აზნაურიშვილები
გარდაეხვეწნენ...
ქორონიკონსა სჲე (1577) მარტში, მოგვიხდა კოკოლა და ახჩიის ქვაბი
წაგვართვა.
წავიდა ბატონი მანუჩარ და იმავ წამს წაართვა. ერეკლე თან ახლდა. მერე გურგაქ
განუდგა კოკოლას, თავის ძმისწულსა და ბატონს მანუჩარს შემოჰფიცა, ქაჯისციხე უკმოუჭირა. მერე
ფიცი გაუტეხა და კიდევ განუდგა ბატონს მანუჩარს. უკმობრუნდა ბატონი მანუჩარ; ჩავდეგით კიდევ
გაზაფხულზე,
ვეუბნეთ. არ შემოგავეწყვენ. დაურბიეთ ფოსო“.
„ბოსტოღანაშვილმან მატამა უხუცესი მისი ძმა მოკლა, ათამირძა ერქვა. წამოვიდა ბატონი მანუჩარ, დაიჭირა მატაი და თვალები დაწვა მას და მისთან მყოფთა ყმათა. მობრუნდა ბატონი მანუჩარ, მგელციხეს მოვიდა, ბატონი ყვარყვარე და ბატონი მანუჩარ იქ დადგენ და ბატონი დედისიმედი წამოვიდა, ახალციხეს მოვიდენ... ქრისტიშობისათვეს ოცდათერთმეტს ბატონი ყვარყვარე და ბატონი მანუჩარ თმოგვს მოადგენ, სამშაბათს დღესა. იანვარსა ე (5) კვირას დღესა, ქორონიკონსა სჲვ (1578) პატრონი დედისიმედი და ბატონი ბექა ყველს მოადგენ. ამასვე იანვარს ჱ (8) ოთხშაბათს თმოგვი წაართვეს და აქეთ იმავ დღეს წავართვით... შეყარა კოკოლამ ყარახან, წამოვიდა თმოგვზე მაოსაშველებლად, ვეღარ მოესწრა. ციხე ორივ წაერთმევინა. ყველიდან თმოგვს წავიდა ბატონი დედისიმედი. იქიდამა ბატონი მანუჩარ ჯავახეთს წავიდა. ფოსო და ჯავახეთი დაარბია და გურგაქს ქაჯისციხე გაუბარაქიანა. ბატონი ყვარყვარე და ბატონი მანუჩარ ახალციხეს წამოვიდნენ და ბატონი დედისიმედი თმოგვს დადგა“.
ამასობაში შეიცვალა ვითარება საქართველოს სამხრეთ საზღვრებთან. 1578 წელს ოსმალთა სულთანმა მურად III-მ ირანის წინააღმდეგ ახალი ომი დაიწყო. „მესხური მატიანეს“ მიხედვით, შეტაკებები ოსმალებსა და ყიზილბაშებს შორის ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო. „პატრონი მანუჩარ და პატრონი ერეკლე – ლაშქარი შეიყარეს – წავიდენ, ურუმთ პირს მიუდგენ“. მაგრამ ბრძოლაში არ ჩარეულან. „მობრუნდა ბატრონი მანუჩარ და აწყვერს ჩამოვიდა“.
სულთანმა სარდლად ლალა მუსტაფა ფაშა დაინიშნა. ფაშამ საბრძოლო მოქმედებების დაწყების წინ ქართველ მეფე-მთავრებს წერილები დაუგზავნა, მორჩილება და ირანის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მიღება მოსთხოვა. 5 აგვისტოს ლალა მუსტაფა ფაშა არტაანში ჩავიდა და ფაქტობრივად ჯაყელთა საგამგებლოს საზღვარს მიადგა.
საათაბაგოს მმართველი ამ დროს ყვარყვარე IV იყო, თუმცა ოსმალთა სარდალმა მის ძმას, მანუჩარს გაუგზავნა წერილი. მ. სვანიძის აზრით „თურქეთის სარდალმა, ცხადია, კარგად იცოდა რა დიდი მნიშვნელობა ექნებოდა მისი ლაშქრობის წარმატებისათვის საათაბაგოს მმართველ წრეებში არევ-დარევის შეტანას, მათს ზნეობრივად მოშლას. აი რატომ მიმართა მან ზემოთ აღნიშნულ წერილებით მანუჩარს. ეს დამპყრობლების ჩვეულებრივი ხერხი იყო. მაგრამ საყურადღებოა, რომ ადრესატად მან აირჩია არა ათაბაგი ყვარყვარე IV და არც მისი დედა პოლიტიკური ამბების მხურვალე მონაწილე დედისიმედი, არამედ მანუჩარი. ეტყობა მას წინასწარვე ჰქონდა ცნობები ამ პიროვნების ზნეობრივი ავლადიდებისა და მისი უზომო მთავრობისმოყვარეობის შესახებ. ყვარყვარესა და მანუჩარს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო და მანუჩარი ძმას „ხელისუფლებას ეცილებოდა“.
სანამ ჯაყელთა საგვარეულოში არსებულ თუ არ არსებულ დაპირისპირებაზე ვისაუბრებთ უნდა გავიხსენოთ თუ რა ვითარება იყო მესხეთში ლალა მუსტაფა ფაშას შემოსევის წინ. ცოტა ხნის დამთავრებული იყო სასტიკი და სისხლისმღვრელი ომი ჯაყელებსა და მათ მოწინააღმდეგე ფეოდალებს შორის. ერთიანობის გარეშე ამ ომში ჯაყელები ვერ გაიმარჯვებდნენ. ამ შინაომის დროს ძმები ერთად იბრძვიან და მათ შორის არანაირი წინააღმდეგობა არ ჩანს.
ქრისტინე შარაშიძე მართებულად აღნიშნავს ლალა ფაშას სურვილს, ჯაყელთა შორის უთანხმოების ჩამოგდების შესახებ. ამის გაკეთება კი მართლაც მხოლოდ ერთი გზით შეიძლებოდა – მანუჩართან დაკავშირებით. წერილის მიწერა ყვარყვარესადმი სრულიად გასაგები იქნებოდა და საგვარეულოში ურთიერთდაპირისპირებას არ გამოიწვევდა. არ არის აუცილებელი, რომ ძმებს შორის წინააღმდეგობა და ცილობა ყოფილიყო. ოსმალო სარდალს უბრალოდ სხვანაირად ჯაყელთა შორის დაპირისპირების გამოწვევა არც შეეძლო.
გასათვალისწინებელია კიდევ ერთი რეალობა. სავარაუდოა, რომ მანუჩარი თავისი პიროვნული თვისებებით ძმას აღემატებოდა კიდეც და ფაშამ ამიტომაც მიმართა მას, როგორც სამხედრო საქმეში უფრო გამოცდილსა და გამოსადეგს. ამას ჯოვანი თომაზო მინადოიც ადასტურებს – „მანუჩარმა მუსტაფას ლაშქრობის ცხოვრება გაიზიარა და მეომრის აშკარად გამოსახული თვისებები გამოავლინა“. შემდგომში განვითარებული მოვლენები მართლაც დაადასტურებენ მანუჩარის ვაჟკაცობას, ენერგიულობას, გამჭრიახობას.
მანუჩარსა და ლალა ფაშას შორის აქტიური მიწერ-მოწერა გაიმართა. ფაშა „მოითხოვს მანუჩარისაგან მორჩილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჰპირდება ქვეყნის სრულ განადგურებას. შემდეგ მოდის კონკრეტული წინადადება, თუ რაში უნდა გამოიხატოს ეს მორჩილება: ოსმალეთის ჯარი მოამარაგოს საომარი იარაღით, სურსათ-სანოვაგით და ოსმალებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ლაშქრობაში და მეგზურობა გაუწიოს მას. ყოველივე ამის საფასურად, ლალა მუსტაფა ფაშა მანუჩარს პირდება, რომ მისი ქვეყანა დაცული და გაშენებული იქნება“ (მ. სვანიძე).
ჯაყელის ამ მუქარით შეშინება ძნელი იქნებოდა. თანაც, მანუჩარი ალბათ კარგად ხვდებოდა რომ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ოსმალებთან „ვაჭრობა“ და უკეთესი პირობების მიღება სავსებით რეალური იყო. მანუჩარი საპასუხო წერილში „მოითხოვდა არა მარტო მის მფლობელობაში მყოფი მამულების შენარჩუნებას, არამედ კიდევ უფრო მეტი, მას სურდა დაებრუნებინა ის ადგილები და ციხეები რომლებსაც ადრე მისი წინაპრები ფლობდნენ“. მუსტაფა ფაშა მანუჩარის მოთხოვნებს დათანხმდა. თუმცა აღნიშნა, რომ ყველაფერი ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდებოდა, რაც მანუჩარი საქმით დაამტკიცებდა თავის ერთგულებას. მოლაპარაკება კვლავ გაგრძელდა. ჯაყელი ამჯერად „მოითხოვდა, რომ ოსმალებს ხელი არ ეხლოთ ადგილობრივი მოსახლეობისა და რელიგიისთვის. საპასუხოდ ლალა ფაშა წერდა, „თქვენ თვითონ, თქვენს ქვეშევრდომებს, ციხეებს, ნაჰიებსა და თქვენს ჯარისკაცთაგან არავითარი გზით არავინ არ გაეკარება და წინააღმდეგობას არ გაუწევს. თქვენ თვითონ ბედნიერად იქნებით და თქვენი ქვეშევრდომები კეთილდღეობაში იქნებიან. თქვენს მფლობელობაში მყოფი ადგილები, ისევე როგორც უწინ, თქვენს განკარგულებაში იგულეთ“ (მ. სვანიძე).
ამაზე უკეთესი პირობების მიღება ოსმალთაგან შეუძლებელი იყო. სხვა საკითხია, ჯეროდა თუ არა მანუჩარს, რომ ოსმალები პირობას ბოლომდე შეასრულებდნენ.
არსებობდა მეორე გზაც, ომის გზა – ოსმალებთან ბრძოლის დაწყება. მანუჩარი სავარაუდოდ კარგად ხვდებოდა, რომ მარტო საათაბაგოს (თანაც თითქმის ორწლიანი შიდა ომის შემდეგ) ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლა არ შეეძლო. საერთო ქართული კოალიციის შექმნა თითქმის შეუძლებელი იყო. ომის გზა საათაბაგოს აოხრებასა და მოსახლეობის გაწყვეტას ნიშნავდა, უეჭველ დამარცხებასთან ერთად. ასე რომ რეალურად ასარჩევიც არაფერი იყო.
ამასობაში ოსმალთა ჯარი საქართველოს საზღვრებში შემოვიდა. „მარიამობისთვეს ზ (7) ხუთშაბათს დღესა ხვანთქრის ლაშქარი და ლალაფაშა მგელციხის ციხეს მოადგა, შეიბნენ. სამშაბათამდის ყოველთ დღეთ ომში იყვნენ ციხოანი. გოგორიშვილი როინ და მისი ძმა ბერი ერუშნელი და მისი ძმისწული ზურაბ იყვნენ, მათის ყმითა და ღვთის შეწევნით უკუყარნენ და ციხე ჩვენვე დაგვრჩა, ჩვენთ გაემარჯვა. პარასკევს დღესა, ჱ (8) მარიამობისთვესა ქაჯის ციხე, ველი და თეთრციხე წაგვართვეს ურუმთა და ქაჯის ციხის მეციხოვნენი სრულად შემოეხოცნენ“ (მესხური მატიანე).
ოსმალო ისტორიკოსისი იბრაჰიმ ფეჩევის მიხედვით, ლალა ფაშა „(9 აგვისტოს) არტაანიდან დაიძრა და ველე-ს ციხის მახლობლად დაბანაკდა. შესაძლებელი გახდა ამ ციხის ადვილად დაპყრობა. მეორე დღეს ჯარი იენი-ყალას უსწორმასწორო ადგილებში დაბანაკდა. ეს ციხე მდებარეობს ორ მთას შუა, მაღალი გორაკის მწვერვალზე. მაღალი ალაჰის შემწეობით სასტიკი ბრძოლის შემდეგ ციხე აღებულ იქნა შუადღემდე“. ჩვენი აზრით ქართველი მემატიანე უფრო ზუსტ ცნობებს იძლევა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ 9 აგვისტოს ჩილდირის ბრძოლა გაიმართა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ 9 აგვისტოს არტაანიდან გამოსულ ოსმალთა სარდალს, იმავე დღეს გადამწყვეტი ბრძოლა გაემართა მოწინააღმდეგესთან.
1578 წლის 9 აგვისტოს ჩილდირთან, ირან-ოსმალეთის მეორე ომის გადამწყვეტ ბრძოლაში ოსმალებმა ყიზილბაშთა და ქართველთა გაერთიანებული ჯარი დაამარცხეს. მანუჩარი ექვსი ათასი შეიარაღებული აზნაურით მთის ფერდობიდან გამარჯვებულებს და დამარცხებულებს თვალყურს ადევნებდა. იდგა იქ და იმედი ქონდა, რომ გამარჯვებული მხარე მას შეიწყნარებდა.
მ. სვანიძე აღნიშნავს, რომ ოსმალთა სარდალი „დიდი მნიშვნელობას ანიჭებდა მანუჩარის მხარდაჭერას ირანელების წინააღმდეგ ბრძოლაში. დონ ხუან სპარსელის ცნობით „ლალა მუსტაფა ფაშამ მანუჩარი დიდი ალერსით მიიღო და ამის შესახებ სულტანს აცნობა, როგორც უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა, მომავალი დიდი ამბების დასწყისის კარგი მომასწევებელი“.
რა მნიშვნელობა ჰქონდა მუსტაფა ფაშასთვის მანუჩარის მხარდაჭერას? ჯაყელი კარგი სარდალი და უბადლო მეომარი იყო. მისი 6000 მებრძოლიც ხელწამოსაკრავი ძალა არ იყო. თუმცა ჩილდირის ბრძოლაში მოპოვებული დიდი გამარჯვების შემდეგ ოსმალები მანუჩარის გარეშეც შეძლებდნენ დასახული ამოცანის შესრულებას. ეგებ მუსტაფა ფაშას მანუჩართან ურთიერთობა ჭირდებოდა როგორც მაგალითი სხვა ქართველი მეფე-მთავრებისთვის, რომ თუ ისინიც ჯაყელივით მოიქცეოდნენ არაფერი დაემუქრებოდათ. გარდა ამისა, ცხადია ოსმალთა სარდალი მანუჩარის დახმარებით საათაბაგოს უბრძოლველად დაკავებას ცდილობდა.
„მანუჩარის მოსვლამ ოსმალთა ბანაკში გააორკეცა მუსტაფას სიხარული. მან ბრძანა, რომ ყველა ფაშა და ჯარის ნაწილების სხვა მეთაურები სრული წესრიგით, დიდი ზეიმით, საყვირების დაკვრით, ზარბაზნების სროლით და სიხარულით მიგებებოდნენ მანუჩარს და მას წინ გაძღოლოდნენ მანამ, სანამ მანუჩარი მივიდოდა ლალა ფაშას კარავში. როცა მანუჩარი გამოცხადდა მუსტაფასთან, ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, გაამეორებინა ზარბაზნებისა და თოფების სროლა და საყვირებისა და დაფდაფების ხმაური. მართალია, ლალა ფაშამ მანუჩარი დიდი სიხარულითა და პატივით მიიღო და საზეიმო შეხვედრა გაუმართა, მაგრამ იქვე უსაყვედურა და დასძინა, რომ მისთვის კიდევ უფრო სასიამოვნო იქნებოდა, თუ იგი მის მოწოდებას დროზე გამოეხმაურებოდა და მასთან დაუყოვნებლივ გამოცხადდებოდა“ (მ. სვანიძე).
მართებულია მ. სვანიძის მოსაზრება, რომ ჯაყელებსა და ოსმალთა სარდალს სხვადასხვანაირად ესმოდათ თუ რას ნიშნავდა საათაბაგოს მორჩილება „ბრწყინვალე პორტასადმი“. თითოეული მხარე „მორჩილების“ გაგებაში იმ შინაარსს დებდა რაც თვითონ აწყობდა. მანუჩარი – მაქსიმალურ დამოუკიდებლობასა და მინიმალურ დაქვემდებარებას, ხოლო სულთნის კარი პირიქით – მინიმალურ დამოუკიდებლობასა და მაქსიმალურ დაქვემდებარებას.
ამასობაში ოსმალები მესხეთის ციხეების დაკავებას განაგრძობდნენ. „იმავ კვირას, ი (10) მარიამობისთვესა, პატრონი მანუჩარ ქაჯის ციხეს შეეყარა. ვერც ლაშქრის ომსა და ვერც ციხების აღებას ვერ მიესწრა. ამილახორიშვილი ქოიარ მიეგება არტანს და ორი ციხე მან შესძღვნა ლალაფაშასა მარიამობისთვესა ორსა. აგრეთვე არფაქსად ჰპირდებოდა ექვსით ციხეთა მას წინათ და ხერთვისი და ხუთი ციხე მას შეეძღვნა და პატრონს მანუჩარს თან მიჰყვა, იმწამს გამოჰგვარეს, ციხეები გამოართვეს და ხახული სასანჯახოდ მისცეს. პატრონმა მანუჩარ იზ (17) ამავე თვესა თმოგვის ციხე მისცა ლალაფაშასა“ (მესხური მატიანე). თმოგვი შალიკაშვილთა ერთ-ერთი მთავარი ციხე-სიმაგრე იყო. სავარაუდოდ იქ კოკოლა შალიკაშვილის მეციხოვნეები იდგნენ და საინტერესოა როგორ „გადასცა“ მანუჩარმა ოსმალებს შალიკაშვილების ციხე? აქ ალბათ იგულისხმება ფორმალური გადაცემა.
ქ. შარაშიძე წერს, „სად იმყოფება მანუჩარ 1578 წლის მარტიდან მარიამობის თვის 10 რიცხვამდი, არ ჩანს. „მატიანე“, საერთოდ სდუმს ამ საბედისწერო ხუთი თვის ამბების შესახებ“. მკვლევარის აზრით, მანუჩარი ლალა ფაშასთან 2 აგვისტოზე ადრე მიდის, არფაქსად ამატაკიშვილთან ერთად და ოსმალებს ექვს ციხეს, მათ შორის ხერთვისს, უძღვნის. საბოლოოდ მეცნიერი აკეთებს დასკვნას, რომ „მანუჩარის ყოველი ნაბიჯი 1578 წლის მარტიდან მოყოლებული, როდესაც იგი ბრძოლის ველიდან მობრუნდა და აწყურს ჩამოვიდა, ამავე წლის მარიამობისთვის (აგვისტოს) 17-დის, როცა მან თმოგვის ციხე მისცა ლალა-ფაშას, გამცემლობით არის აღბეჭდილი“. მძიმე ბრალდებაა. ჩვენ შევეცდებით დაწვრილებით გავერკვეთ მოვლენათა თანმიმდევრობაში, რადგან ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ქ. შარაშიძე ეყრდნობა ჰამერის (Hammer) ცნობას, რომ მანუჩარი ჩილდირის ბრძოლამდე ორი კვირით ადრე მივიდა ლალა ფაშასთან. სავარაუდოდ ჰამერის ცნობა მცდარია. მას არ ადასტურებენ სხვა წყაროები. იბრაჰიმ ფეჩევის თანახმად, „ხსენებული ბეგი ექვსი ათასი შეიარაღებული აზნაურით მოვიდა და მთის ფერდობიდან გამარჯვებულებს და დამარცხებულებს თვალყურს ადევნებდა. იდგა აქ და იმედი ჰქონდა, რომ გამარჯვებული მხარე მას შეიწყნარებდა. და როგორც კი გაიგო, თუ რა ბედი ეწია თოქმაქ-ხანს, წამოვიდა მანუჩარი დილას და ღირსეული სარდლის კარავში შეაღწია“. თუ მანუჩარი ჩილდირის ბრძოლამდე გამოცხადდა ოსმალებთან, გადასცა მათ ციხეები ანუ თავი მათ ვასალად აღიარა, განა გასაკვირია არაა, რომ ჩილდირის ბრძოლაში ოსმალებს არ ეხმარება? ჩილდირის ბრძოლის დროს მისი საქციელი იმაზე მიუთითებს, რომ მას კავშირი ჯერ არც ერთ მხარესთან არ აქვს და მოვლენათა განვითარებას ელოდება.
„მესხური მატიანეს“ მიხედვით 2 აგვისტოს ქოიარ ამილახორიშვილი არტაანში შეხვდა ოსმალებს და ორი ციხე გადასცა. 7 აგვისტოს ოსმალები მგელციხეს შემოადგნენ მაგრამ ვერ აიღეს. 8 აგვისტოს კი მათ ქაჯის ციხე, ველის ციხე და თეთრციხე აიღეს. 9 აგვისტოს გაიმართა ჩილდირის ბრძოლა. 10 აგვისტოს მანუჩარი ქაჯის ციხეს „შეეყარა“, მაგრამ ცხადია იქ მას ოსმალთა გარნიზონი დახვდებოდა (ქაჯის ციხის დამცველები ყველანი ბრძოლაში დაიღუპნენ). 17 აგვისტოს მანუჩარი ოსმალებს თმოგვის ციხეს გადასცემს. უცნობია როდის მივიდნენ არფაქსადი და მანუჩარი ოსმალებთან. მემატიანის სიტყვებიდან გამომდინარე – „პატრონს მანუჩარს თან მიჰყვა“ – ქ. შარაშიძე ვარაუდობს რომ მისვლისა და ექვსი ციხის გადაცემის ინიციატორი მანუჩარი იყო და არა არფაქსადი. მატიანეში ჯერ წერია, რომ 2 აგვისტოს ქოიარ ამილახორიშვილი მივიდა ოსმალებთან და მერეა აღნიშნული არფაქსადისა და მანუჩარის მისვლა „ურუმებთან“. აქ გასათვალისწინებელია, რომ ქოიარის მისვლის ამბავი 10 აგვისტოს განვითარებული მოვლების აღწერას მოსდევს, ანუ დარღვეულია თხრობის ქრონოლოგია. ამიტომ ძნელი სათქმელია არფაქსადის და მანუჩარის მისვლა ოსმალებთან ზუსტად როდის მოხდა.
ჩვენი აზრით, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: 2 აგვისტოს ქოიარ ამილახორიშვილმა ოსმალებს ორი ციხე გადასცა. 7 აგვისტოს ოსმალებმა მგელციხის წარუმატებელი იერიში დაიწყეს, ხოლო 8 აგვისტოს ქაჯის ციხე, ველის ციხე და თეთრციხე აიღეს. 9 აგვისტოს გაიმართა ჩილდირის ცნობილი ბრძოლა. 10 აგვისტოს მანუჩარი ქაჯის ციხეს ოსმალთა გარნიზონს „შეეყარა“. ამის შემდეგ ის და არფაქსადი მიდიან ოსმალებთან. 17 აგვისტოს კი მანუჩარი ოსმალებს თმოგვის ციხეს გადასცემს. მართებულია ქ.შარაშიძის შენიშვნა, რომ 7-8 აგვისტოს ბრძოლების დროს მანუჩარი არ ჩანს. მაგრამ ამ ბრძოლებში არც სხვა ვინმე ჩანს. არც ჯაყელთაგან და არც მათ მოწინააღმდეგეთაგან. ბრძოლას მხოლოდ ციხის გარნიზონები აწარმოებენ.
ლალა-ფაშა არტაანში 5 აგვისტოს ჩავიდა. ჩვენ არ ვიცით სად იყო ამ დროს მანუჩარი. დავუშვათ ახალციხეში. როდის შეიტყობდნენ ამ ამბავს ჯაყელები? ყველაზე კარგ შემთხვევაში მეორე დღეს 6 აგვისტოს. ცხადია მანუჩარს არ ეცოდინებოდა ლალა-ფაშას გეგმები. ამიტომ ის წინასწარ (პრევენციის სახით) ვერაფერს დაგეგმავდა. მას მხოლოდ რეაგირების გაკეთება შეეძლო ოსმალთა სარდლის ქმედებებზე. თუნდაც ვივარაუდოთ, რომ მან მოწინააღმდეგის გეგმა მგელციხეზე შეტევა გამოიცნო, ის ახალციხიდან დაიძრებოდა 7 აგვისტოს. ანუ იმ დღეს როდესაც ოსმალებმა მგელციხეს შეუტიეს. რეალურად კი მანუჩარს მგელციხისკენ მოძრაობა შეიძლება დაეწყო მხოლოდ მას შემდეგ რაც ამ ციხესთან დაწყებული ბრძოლის ამბავს გაიგებდა.
ლალა-ფაშა არტაანიდან ჩილდირის მიმართულებით დაიძრა. ველის ციხე, ქაჯის ციხე და თეთრციხე ოსმალთა ჯარის მოძრაობის არეალში მოექცნენ. მგელციხე ოსმალთა მარშრუტში არ ხვდებოდა, ის უფრო ჩრდილოეთითაა მტკვრის ხეობაში. სავარაუდოდ მის ასაღებად ლალა-ფაშა საგანგებო რაზმს გაგზავნიდა, მაშინ როცა გზაზე მყოფი ველის ციხის, ქაჯის ციხისა და თეთრციხის აღება ძირითად ლაშქარს მოუწევდა (მანძილი არტაანიდან ჩილდირამდე ოსმალებს თავისუფლად შეეძლოთ ერთ დღეში გაევლოთ. სავარაუდოდ, ციხეების ასაღებად ლალა-ფაშა გარკვეულ ძალას ტოვებდა და დანარჩენი ლაშქარი გზას აგრძელებდა). მგელციხე ჯაყელთა ერთ-ერთი უმთავრესი დასაყრდენი იყო. მისი აღების მცდელობა, ოსმალთა მხრიდან ჯაყელებთან დადებული შეთანხმების დარღვევად შეიძლება ჩავთვალოთ. ამიტომ თავის მხრივ მანუჩარსაც შეეძლო შეთანხმება გაუქმებულად ჩაეთვალა და ბრძოლა დაეწყო, მაგრამ ასე არ გააკეთა.
მგელციხისათვის ბრძოლა ხუთშაბათს 7 აგვისტოს დაიწყო და სამშაბათამდე ანუ 12 აგვისტომდე გაგრძელდა. ცხდაია მანუჩარს თავისუფლად შეეძლო ამ ბრძოლისთვის მიესწრო, მაგრამ არ მივიდა. რაც შეეხება ოსმალთა მიერ 8 აგვისტოს დაკავებულ ციხეებს, თუ მანუჩარი ახალციხიდან 7 აგვისტოს დაიძრა, შეიძლება ამ ციხეებისათვის წარმოებული ბრძოლისთვის ვერც მიესწრო.
შეიძლებოდა გვეფიქრა, მანუჩარ ჯაყელი იმიტომ არ ჩანს 7-8 აგვისტოს ბრძოლებში, რომ უბრალოდ ვერ მოასწრო ბრძოლების ადგილზე მისვლა. თუმცა მგელციხესთან მისი მიუსვლელობა უფრო სხვა რამეს გვავარაუდებინებს. მანუჩარი ოსმალებთან პირდაპირ შეტაკებას გაურბოდა (არ სურდა თავიდანვე დაპირისპირება და ომის დაწყება) და დროს „ჭიმავდა“. ელოდებოდა რა მოხდებოდა. სურვილის შემთხვევაში შეიძლება მისი ეს გადწყვეტილება გარკვეულწილად ღალატად ჩავთვალოთ. ოსმალებთან ბრძოლის გამართვა ძალიან პატრიოტული და თავდადებული საქციელი იქნებოდა, მაგრამ რამდენად რაციონალური? მანუჩარის პოზიცია ციხე-სიმაგრეების დამცველთა გაწირვას ნიშნავდა, ეს ცხადია. მართალია ზოგი ციხე მის მოწინააღმდეგეებს ეკუთვნოდა და ჯაყელს შესაძლოა მისი გარნიზონის ბედი არც აღელვებდა. პირიქით, მოხარულიც კი იქნებოდა თუ ვთქვათ შალიკაშვილების კუთვნილი ქაჯის ციხე დაეცემოდა. თუმცა ნაწილი ციხეებისა ჯაყელების კუთვნილებას წარმოადგენდა (მგელციხე ჯაყელების ერთ-ერთი მთავარი ციტადელი იყო). მანუჩარის პოზიცია ალბათ მცირეს გაწირვით უფრო მნიშვნელოვანის გადარჩენა იყო.
ჩილდირის ბრძოლის შემდეგ კი ყველაფერი გაირკვა და მანუჩარიც ლალა-ფაშასთან გამოცხადდა.
რთულია პასუხის გაცემა კითხვაზე, რა უნდოდა მანუჩარს 10 აგვისტოს ქაჯის ციხესთან? ძნელი დასაშვებია, რომ ოსმალთა მიერ ამ ციხის დაკავების ამბავი არ ცოდნოდა.
სწორედ ამის შემდეგ მიდიან არფაქსადი და მანუჩარი ოსმალებთან. ქ. შარაშიძე აქცენტს აკეთებს სიტყვებზე - „არფაქსად ... პატრონს მანუჩარს თან მიჰყვა“ და თვლის, რომ მისვლის ინიციატორი ჯაყელი იყო. მატიანეში პირდაპირ წერია, „არფაქსად ჰბირებოდა ექვსით ციხითა მას წინათ და ხერთვისი და ხუთი ციხე მას შეეძღვნა.“ მემატიანეს სიტყვები შეიძლება ასეც გავიგოთ, რომ მანუჩარს თავისი საქმე ქონდა ოსმალებთან, არფაქსადმა კი გამოიყენა მანუჩარის კავშირი ლალა-ფაშასთან და მას გაყვა.
ლალა მუსტფა ფაშასა და ჯაყელებს შორის მოლაპარაკების შედეგად ამ უკანასკნელებს ებოძათ: „ქაიხოსროს შვილთაგან ზემოხსენებულ მელიქ მანუჩარს – აწყურის სანჯაყი, მის ძმას მელიქ ყვარყვარეს ძველთაგანვე მისი დაბადების ადგილი – ოლთისის სანჯაყი და სხვა მის ძმებს - დიდი ზეამეთები და მათ დედას ზემოაღნიშნულ დედისიმედს – სამი სოფელი სახასო მამული“ (მ. სვანიძე). აღსანიშნავია, რომ „ოსმალეთის მთავრობა საერთოდ მიღებულ წესს არღვევდა, როდესაც ათაბაგის სახლის წევრებს ქრისტიანობით და არა მაჰმადიანობით უმტკიცებდა მიწის ნაკვეთს, რაც მეტად იშვიათი მოვლენა იყო ოსმალეთში“ (მ. სვანიძე).
ლალა მუსტაფა ფაშასა და ჯაყელების ურთიერთობის შესახებ საინტერესო ცნობაა დაცული ოსმალო ისტორიკოსისი მუნეჯიმ-ბაშის თხზულებაში. „საქართველოს მეფე ქალმა, დედისიმედად წოდებულმა, თავისი შვილი მანუჩარი ექვსათასიანი ქართველთა ჯარით და რამდენიმე აზნაურით გაგზავნა და უბრძანა – რომელი მხარეც გამარჯვებული გამოვა, იმ მხარეს დამორჩილდითო. როდესაც მანუჩარმა დაინახა, რომ ისლამის ჯარია გამარჯვებული, მივიდა და მათ მორჩილება მოახსენა. სარდალმა მას პატივი სცა, საპატიო ხალათი ჩააცვა, ყიზილბაშთაგან აღებული დოლი და დროშები უბოძა. შემდეგ არტაანის ბეგი აბდარ-რაჰმანი გაგზავნა და აიღო და დაიპყრო ჩილდირის, თმოგვის, ხერთვისისა და ახალქალაქის ციხეები. ზემოხსენებული მანუჩარი საქართველოს მეფეების დიდებულთა ჩამომავალი იყო. მამამისი ქაიხოსრო რომ გარდაიცვალა, ის და მისი ძმა ყვარყვარე პატარები დარჩნენ. მათმა დედამ დედისიმედმა ქვეყნის საქმეების მოწესრიგება დაიწყო. იგი ალთუნ ყალას (ოქროს ციხე) ფადიშაჰის სახელწოდებით იყო ცნობილი. მანუჩარი თავის ძმა ყვარყვარესთან ერთად სარდლის უდიდებულესობის წინაშე მივიდა. როდესაც დიდებული ისლამის მიღებით იქნენ გაპატიოსნებული, დიდი გულკეთილობითა და უდიდესი პატივისცემით მიიღეს. მანუჩარს მუსტაფა ეწოდა და მის ძმას ყვარყვარეს კი ისლამის სახელებიდან ერთ-ერთი სახელი დაერქვა. მუსტაფას აწყურის სანჯაყი და მის ძმას ოლთის სანჯაყი ებოძა. მათ დედას სამი ციხე ხასად დაენიშნა. სხვა ტერიტორიები დაპყრობილ იქნა“. მუნეჯიმ-ბაშის უზუსტობა მოსდის. მანუჩარი ცოტა გვიან, სტამბულში გამაჰმადიანდა. ყვარყვარეს კი ისლამი არ მიუღია, ეგებ ამიტომაცაა, რომ ოსმალო მემეატიანემ მის გამუსლიმების შემდგომ სახელს არ ასახელებს.
ისტორიკოსის ცნობა თავისთავად საინტერესოა, მაგრამ ჩვენ გვინდა ყურადღება ერთ დეტალზე გავამახვილოთ. დედისიმედი მანუჩარს ავალებს ჩილდირის ბრძოლისათვის თვალყურის დევნებას და შემდეგ სათანადო გადაწყვეტილების მიღებას და არა ყვარყვარეს. მიუხედავად იმისა, რომ ყვარყვარე უფროსი ძმაა და ათაბაგის წოდებაც მას ქონდა. ჩვენი აზრით, ეს კიდევ ერთი არაპირდაპირი მინიშნებაა, რომ მანუჩარია რეალურად მთავარი პოლიტიკური ფიგურა და არა მისი უფროსი ძმა.
ისკანდერ მუნშის თანახმად, „ლალა ფაშა ...ახალციხის ველაიეთში მოვიდა, რომელიც საქართველოს ეკუთვნოდა, სიმონ-ხანის სიძის მანუჩარ-ხანის საგამგეო ოლქი იყო და ამ მხარის (ირანის) საზღვრებში შემოდიოდა. მან (მანუჩარმა) ოსმალთა მორჩილებისაგან თავი შორს დაიჭირა და წინააღმდეგობის გზას დაადგა. თავისი ციხე გაამაგრა და თვითონ კი სიმონ-ხანთან მივიდა. ლალა ფაშამ მისი ციხე გარემოიცვა, ზარბაზნები მიუმარჯვა და ბრძოლა-ჭიდილით დაიმორჩილა. მერე შიგ მცველები და იანიჩრები დასტოვა და სიმონ-ხანის ქვეყნისკენ გამოემართა... ჩილდირის ომში ყიზილბაშთა დამარცხების შემდეგ ლალა ფაშამ ახალციხის ციხე იმავ ორ-სამ დღეში დაიპყრო, შიგ სანოვაგე და ლაშქარი დასტოვა და ამ გზით სიმონ-ხანის ქვეყნისკენ გაემართა“. ირანელი ისტორიკოსი რამდენიმე შეცდომას უშვებს ამ პატარა ფრაგმენტში. სავარაუდოდ მას სხვადასხვა დროს მომხდარი ფაქტები მექანიკურად აქვს გაერთიანებული. საინტერესოა ლალა ფაშას მიერ ახალციხის დაკავების ფაქტი. ქართული წყაროები ამის შესახებ დუმან.
საათაბაგოს საკითხის გადაწყვეტის შემდეგ ოსმალთა ჯარი თბილისისკენ დაიძრა და 24 აგვისტოს ქალაქი აიღო. ამის შემდეგ კი შაქი-შირვანისკენ გაემართა. სართიჭალასთან ლალა მუსტაფა ფაშას ალექსანდრე კახთა მეფე მიეგება და მორჩილება გამოუცხადა. მალე ოსმალთა ჯარმა შირვანიც დაიკავა.
1578 წელს შირვანის დამორჩილების შემდეგ უკან გამობრუნებულმა ოსმალთა სარდალმა ლალა მისტაფა ფაშამ კვლავ სამცხეზე გაიარა და ყვარყვარესა და მანუჩარს სტამბულში წასვლა „შესთავაზა“ (მ. სვანიძე).
„პატრონი ყვარყვარე წინ მიეგება თვითან ლალა-ფაშაც მოვიდა და გაღმა ლეკზე დადგა. ხუთშაბათს პატრონი დედისიმედი გავიდა ციხიდამა და ლალაფაშა ნახა. ანგარიში არ იქნებოდა, რაც ლაშქრისა და აქლემების ჯარი იყო. შაბათს, ცისკრისა აიყარა და წავიდა. პატრონი ყვარყვარე თან გაჰყვა მოტყუებით და აღარ დაბრუნდა. პატრონი მანუჩარიც თან წაჰყვა. სამშაბათს დღეს ამბავი მოვიდა პატრონი ყვარყვარე აღარ დაბრუნდაო... პატრონი მანუჩარი მოვიდა, აწყურს მობრუნდა“ (მესხური მატიანე). ქ. შარაშიძე თვლის, რომ „ყვარყვარე ათაბაგს სხვა პოლიტიკური გეზი აქვს და მის მომდევნო ძმას – მანუჩარს სხვა. მანუჩარი თავისი ნებით მისდევს ლალა-ფაშას, ყვარყვარე კი თვითონ ლალა-ფაშამ გაიტყუა“. ჩვენი აზრით, განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაცია მთავარი არაა. მანუჩარია ლალა ფაშას რეალური მოკავშირე და ამიტომ ექცევა მას განსხვავებულად ოსმალო სარდალი. მანუჩარი ოსმალთა სამხედრო ოპერაციებშიც იღებს მონაწილეობას. „ლალაფაშას ლაშქარი და მირზა-ალი გამოეგზავნა პატრონს მანუჩართანა, ქართლს გაეძახა. ქართლს ვერ ჩაუვიდეს, სადგერს დადგენ და ამოწყვიდეს სადგერი. წმიდის გიორგის განძი წახდა. მეორედ კიდევ სანჯახები გამოეგზავნა. შეიყარა პატრონი მანუჩარ და ზემო ქართლი დაარბია“ (მესხური მატიანე).
რა თქმა უნდა ეს საერთო ქართული საქმის საწინააღმდეგო ნაბიჯი იყო, მაგრამ იმ დროს ყველა მეფე-მთავარი ძირითადად საკუთარი სამფლობელოს კეთილდღეობაზე ზრუნავდა. ოსმალთა მოკავშირეობით მანუჩარი მესხეთის ნაწილის გადარჩენას ცდილობდა.
საბოლოოდ მანუჩარსაც მოუწია სტამბულში წასვლა. „ქორონიკონსა სჲზ (1579) მარტს კგ (23) პატრონი მანუჩარ არზრუმს წავიდა. პატრონი ყვარყვარე და პატრონი მანუჩარ კონსტანტინოპოლის წავიდეს აზრუმიდამა. აპრილის კ (20) გადგეს“ (მესხური მატიანე).
სტამბულში მყოფი ევროპელი დიპლომატების ცნობების თანახმად, „1579 წლის 3 ივნისს კონსტანტინოპოლში ჩამოვიდა ორი ქართველი თავადი, დაახლოებით 150 კაცის თანხლებით... მათ შესახვედრად სკუტარში (სტამბოლის აზიური ნაწილი) ორი გალერა გაგზავნეს, რაც საგანგებო პატივისცემის ნიშანი იყო. ასეთი პატივი ამ ქვეყნიდან ჩამოსული არცერთი ელჩისთვის არ უციათო. მანუჩარისა და ყვარყვარეს შესახვედრად მოსულან საბერძნეთის (რუმელიის ბეგლარბეგი), რაგუზის, ვალახეთისა და მოლდავეთის ელჩები“ (მ. სვანიძე).
9 ივნისს ჯაყელები სულთანმა მიიღო. „ორივე ძმამ, საკმაო დრო დაჰყვეს სასახლეში, მაგრამ მათი სურვილი შეუწყნარებლად იყო დატოვებული და მათ გამოუცხადეს, რომ სულთანს გადაწყვეტილი აქვს, საბოლოოდ ჩამოაყალიბოს სანჯაყი მათ ქვეყანაში, ან დანიშნოს იქ ქვეყნის მმართველი“ (მ. სვანიძე).
თომაზო მინადოის თუ ვენდობით, უფროსი ძმა (რომელსაც მინადოი შეცდომით ალექსანდრეს უწოდებს) მშვიდად ელოდა მისთვის სათანადო პატივის ბოძებას. მაგრამ მანუჩარი ყოველნაირად ცდილობდა პირველობის მოპოვებას. მან „გადაწყვიტა მიემართა ყველაფრისთვის, ოღონდ უბრალო ჯარისკაცად არ დარჩენილიყო, ნურც მიხედავს ძმის პირმშოობას, გამოსტაცოს მემკვიდრეობა. მშობლიური სარწმუნოების დაკარგვის ფასად მიაღწიოს ხრწნად და ამაო სიმდიდრეს, მაგრამ არამც და არამც არ დაუთმოს ძმას ღირსებაში ... შეიძლება სწორად ფიქრობენ ზოგიერთნი, რომ მას მუსტაფასთან საიდუმლო შეგონება ჰქონდა ძმის საზიანოდ და დასაღუპად“. ძმებს შორის არსებულ შესაძლო დაპირისპირებაზე უკვე ვისაუბრეთ. არა გვგონია, რომ მას შემდეგ რაც მუსტაფა ლალა ფაშამ მანუჩართან დაამყარა ურთიერთობა და ის გაიხადა მოკავშირედ, ყვარყვარეს რეალურად ქონოდა პირველობის იმედი.
სულთანმა ძმებს ისლამის მიღება მოსთხოვა. ყვარყვარემ უარი განაცხადა, მანუჩარი კი დათანხმდა. უნდა დავეთანხმოთ მოსაზრებას, რომ მანუჩარი „როგორც ჩანს, უფრო შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი იყო. ის დარწმუნდა, რომ ამ ვითარებაში წინააღმდეგობის გაწევა უაზრობა იყო. მანუჩარმა დროებით უკან დაიხია, მიიღო სულთნის წინადადება, გამაჰმადიანდა და სულთანმა იგი ბეგლარბეგად დანიშნა“ (მ. სვანიძე).
„მანუჩარს შეუსრულეს წინადაცვეთა, მიიღო სახელი მუსტაფა ფაშის ტიტული და ალთუნყალის გუბერნატორობა და ყველა მამული დედისა და ძმისა“ (თ. მინადოი).
1579 წლის 25 ივნისს სულთან მურად III-ის ბრძანებით მესხეთის დაპყრობილ ტერიტორიაზე ჩილდირის ანუ ახალციხის საფაშო შეიქმნა. ფაშად მუსტაფა (გამაჰმადიანებული მანუჩარი) დაინიშნა.
სულთნის მიერ ფაშად დანიშნული მუსტაფა (მანუჩარი) მალევე დაბრუნდა სამცხეში. „პატრონი მანუჩარ მოვიდა კოსტანტინოპოლიდან. ფაშობა ებოძა ხვანთქარსა და სრულად მისი მამული... ქორონიკონსა სჲთ (1581 წელი) პატრონმან მანუჩარ გვირგვინი იკურთხა თებერვალს“ (მესხური მატიანე). ამ ცნობასთან დაკავშირებით ქ. შარაშიძე შენიშნავს, „გასარკვევია, რა მნიშვნელობით არის ნახმარი აქ გვირგვინის კურთხევა. ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით – ათაბაგად. თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის, რომ მანუჩარი უფროსი ძმის ყვარყვარე ათაბაგის სიცოცხლეში კურთხეულა ათაბაგად, რაც ძნელი წარმოსადგენია. გვირგვინის კურთხევა აქ დაქორწინებად უნდა გავიგოთ“.
შესაძლოა გვირგვინის კურთხევის ქვეშ მანუჩარის დაქორწინება გვეგულისხმა, მაგრამ ამ დროს მას ისლამი აქვს მიღებული. მანუჩარი ხელახლა მხოლოდ 1582 წელს გაქრისტიანდა. ჩვენი აზრით საეჭვოა, რომ ამ შემთხვევაში ქორწინება იგულისხმებოდეს.
ყვარყვარე ჯაყელი 1581 წელს გარდაიცვლა. „ქორონიკონსა სჲთ გიორგობისთვესა კე (25) პატრონის ყვარყვარეს და პატრონის არჩილისგან ღმერთი გარისხდა“. (მესხური მატიანე). ქ. შარაშიძე შენიშნავს, რომ ყვარყვარესა და არჩილის გარდაცვალების მიზეზად ან „მსვრელი სენი უნდა ვიგულისხმოთ, ან ბრძლის ველზე დაღუპვა“. ჩვენს ხელთ არსებული წყაროების მიხედვით, ამ დროს, ანუ 1581 წელს სამცხეში ბრძოლები არ მიმდინარეობს. თანაც როგორც აღვნიშნეთ ყვარყვარე, განსხვავებით მანუჩარისგან, ნაკლებად მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში. ჩვენი აზრით, გარდაცვალების მიზეზი ავადმყოფობა უნდა ყოფილიყო.
„მესხური მატიანეს“ მიხედვით 1581 წლის თებერვალში მანუჩარმა „გვირგვინი იკურთხა“, ხოლო ნოემბერში ყვარყვარე გარდაიცვალა. ეგებ ზამთარში ყვარყვარე შეუძლოდ შეიქმნა და ათაბაგობა მის ძმას გადაეცა. ცალკე საკითხია რა ბედი ეწია ათაბაგის ტიტულს მას შემდეგ რაც ჩილდირის საფაშო შეიქმნა. ათაბაგობის ბოძება თუ ჩამორთმევა სავარაუდოდ სულთნის ხელში არ იყო და ალბათ არც აინტერესებდა. მანუჩარის ფაშად დანიშვნის შემდეგ ყვარყვარე კვლავ შეინარჩუნებდა ათაბაგის ტიტულს. ათაბაგობა რეალურად ალბათ უკვე მხოლოდ გვარის უფროსობასღა ნიშნავდა. ასეთ შემთხევეაში სრულიად დასაშვები ჩვენს მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ 1581 წლის თებერვალში უფროსი ძმის ავადმყოფობის გამო ათაბაგობა და გვარის მეთაურობა მანუჩარს გადაეცა.
ქართლის მეფე სვიმონის დამორჩილების მიზნით, 1582 წელს ჰადიმ მეჰმედ ფაშა ოციათასიანი ლაშქრით არზრუმიდან საქართველოსკენ გამოემართა. ოსმალები ჯერ ახალციხეში მივიდნენ, სადაც მათ მანუჩარ (მუსტაფა) ჯაყელი შეუერთდათ. „მუსტაფამ განაცხადა, რომ მისი აზრით მის სამფლობელოზე გზა ყველაზე ადვილი, უმოკლესი და უშიშარია. მაჰმადმა (იგულსხმება ჰადიმ მეჰმედ ფაშა) მისი რჩევა მიიღო და მეგზურად ის აირჩია. ყველაფერში მის რჩევას მიენდო“ (თ. მინადოი). მანუჩარის რჩევით ოსმალები ბორჯომის ხეობის გავლით თბილისისკენ დაიძრნენ. მუხრანთან სვიმონ I-მა ოსმალები სასტიკად დაამარცხა და მეჰმედ ფაშა უკან სამცხეში დაბრუნდა. სწორედ აქ სცადა მან მანუჩარის მოკვლა, მაგრამ როგორც ზევით აღვნიშნეთ არაფერი გამოუვიდა. „პატრონს მანუჩარს უღალატეს ურუმთა. პატრონი მორჩა. ორნივ ფაშა მძიმედ დაიკოდნენ და გაიქცენ და თემი ჩვენვე დაგვრჩა“ (მესხური მატიანე).
1582 წელს სამცხეში მანუჩარ ჯაყელმა ოსმალების წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო და სვიმონ მეფესაც დაუკავშირდა. საინტერესოოა თომაზო მინადოის მონათხრობი, რომ ჰადიმ ფაშას კარავში მომხდარი ამბის შემდეგ „მუსტაფამ გაუგზავნა სულთანს პატაკი მის თავზე მომხდარი ყველა ამბის შესახებ, ჩიოდა რა უსაფუძვლო ეჭვებზე რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა მას და იმდენი წერა ისე ფარავდა თავის გრძნობებს, ისე შტრიხავდა სიმართლეს მონაგონებითა და მონაჭორებით, რომ დაკმაყოფილებულმა სულთანმა საჩუქრად ფარი და ტანისამოსიც კი გამოუგზავნა“. გამორიცხული არ არის, რომ დროის მოგების და მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანის მიზნით მანუჩარმა მართლაც მისწერა რამდენიმე წერილი სულტანს.
მ. სვანიძის აზრით 1582 წელს, აჯანყების შემდეგ მანუჩარმა სამცხეში ათაბაგობა აღადგინა, ხოლო თავად ისლამი უარყო და კვლავ გაქრისტიანდა. მანუჩარის გაქრისტიანებას ადასტურებს ოსმალური წყაროც, „მუსტაფა ფაშა – მანუჩეჰარ ქართველი, როცა ლალა მუსტაფა ფაშა ირანთან ომის დროს ლაშქრის სარდალი იყო, მანუჩარი მის წინაშე გამაჰმადიანდა და მას ებოძა ბეგლარბეგის თანამდებობა. 990 წელს (1582 წელი) დაგვიფაროს ალაჰმა, ისევ ქრისტიანობაში მოექცა. სურსათ-სანოვაგის აღალის ხელმძღვანელები ხადიმ მეჰმედი და ბოსნიელი მეჰმედ ფაშები კარავში დაჭრა და გაიქცა. ტყუილ-უბრალოდ დაკარგა სააქაოც და საიქიოც და დაიღუპა“ (იბრაჰიმ ფეჩევი). სწორედ ამის შემდეგ მოიყვანა მანუჩარმა ცოლად სვიმონ მეფის ქალიშვილი.
რაც შეეხება ცოლის შერთვას, ქართველი მემატიანის მიხედვით, „ქორონიკონსა ს სამოცდათერთმეტსა (1583), მარტს კდ (24) ბზობასა პატრონი მანუჩარ მეფეთ-მეფის პატრონის სვიმეონის ქალი, პატრონი ელენე მოიყვანა“ (მესხური მატიანე). ათაბაგობა კი მანუჩარს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1581 წელს უნდა მიეღო.
აჯანყებული ჯაყელის წინააღმდეგ ბრძოლა პირველ ეტაპზე ჩილდირის ახალ გამგებელს, იუსუფ ფაშას (გამაჰმადიანებული იმერელი ბაგრატიონი) დაევალა. მას დამხმარე ძალები არზრუმიდანაც გაეგზავნა (მ. სვანიძე). თუმცა მანუჩარმა ახალციხის გათავისუფლება მაინც მოახერხა. მიუხედავად ამ წარმატებისა, ჯაყელი ხვდებოდა რომ საბოლოო გამარჯვება ძნელი იქნებოდა და სულთნის კართან მოლაპარაკებები დაიწყო. ირანთან მიმდინარე ომის პირობებში სულთნისთვის დამატებითი პრობლემა, მანუჩარის აჯანყების სახით, ცხადია სასურველი არ იყო. ამიტომ ჯაყელის შემორიგება სულთანსაც აწყობდა.
„1583 წელს მუსტაფა ფაშამ გაგზავნა სტამბულში თავისი კაცი ბოდიშის მოსახდელად, იმის გამო, რომ მან არ იცოდა არაფერი მისადმი მიმართული ცილისწამების შესახებ. ეს მისი კაცი აღნიშნულ თვეს უკან დაბრუნდა გამამხნევებელი და ნუგეშის მომცემი ბრძანებით. ჩილდირი მას ებოძა, ხოლო იუსუფ ფაშამ მიიღო ყარსის ბეგლარბეგობა“ (მ. სვანიძე).
მანუჩარის ჩილდირის საფაშოს მმართველად დანიშვნა სულთნის მხრიდან დათმობა იყო. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ მანამდე ჩადენილის გამო პასუხი არ მოთხოვეს. რაღაცა სახის დათმობაზე წასვლა მანუჩარსაც მოუწევდა. თუმცა ჩვენთვის უცნობია კონკრეტულად რაში გამოიხატა ეს.
„ოსმალური წყაროებიდან ირკვევა, რომ მანუჩარი, ჩილდირის ბეგლარბეგად დანიშვნის შემდეგაც, სიმონ მეფესთან ერთად კვლავ თავს დაესხა თბილისში მიმავალ ოსმალთა ლაშქარს და მას დიდი ზარალი მიაყენა“ (მ. სვანიძე). საინტერესოა, რამდენად შესაძლებელი იყო 1583 წელს ქრისტიანი მანუჩარის ბეგლარბეგად დანიშვნა. ჩვენი აზრით, ეს ნაკლებად სავარაუდოა. შესაძლოა მანუჩარი, ოსმალთა ვასალობის პირობით, ათაბაგის ტიტულით დაინიშნა სამცხის მმართველად. სულთნის კარი კი რეალურად მას თავის მოხელედ განიხილავდა და ოსმალურ წყაროებშიც მათივე სამოხელეო ტიტულით - ბეგლარბეგი – ამიტომ მოიხსენიება.
სავარაუდოდ მანუჩარი მალევე დარწმუნდა, რომ ოსმალები თავის რეალურ პოლიტიკას არ ცვლიდნენ. მიხვდა, მისი დანიშვნა დროებითი იყო, ასეთი გზით ვერაფერს მიაღწევდა და ბრძოლის გარდა სხვა გამოსავალი აღარ იყო.
მესხების ბრძოლა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ ირანელების ინტერესებშიც შედიოდა. ამიტომ მანუჩარი მართებულად მოიქცა როდესაც შაჰს დაუკავშირდა. საპასუხო ნაბიჯი – „პატრონს მანუჩარს ჩალაბუთი მოსცა და პატრონს დედისიმედს ხუთი დიდი სოფელი“ (მესხური მატიანე) – მხოლოდ მორალურ მხარდაჭერად შეგვიძლია განვიხილოთ. ირანიდან რეალური დახმარება არ ჩანდა. მიუხედავად ამისა მანუჩარის ანტიოსმალური აჯანყება სულთანს მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნიდა. ამ მხრივ საინტერესოა თომაზო მინადოის ცნობა, რომ „მთავარსარდალმა ფერჰად ფაშამ მიიღო მითითება იმის შესახებ, რომ თუ მან აშკარა წინააღმდეგობების გაწევა არ დაიწყო, უყურადღებოდ დატოვოს მისი უკანასკნელი მოქმედება“. სწორია თვალასზრისი, რომ „უკანასკნელი მოქმედება“ აჯანყებას გულისხმობს.
1584 წელს ფერჰად ფაშამ მაინც სცადა მანუჩარის დამარცხება. „ფერადმა დაიფიცა, რომ არზრუმში არ დაბრუნდებოდა, სანამ არ გაივლის ცეცხლითა და მახვილით მანუჩარის ყველა სამფლობელოს“ (თ. მინადოი). ოსმალები ჯერ ჯავახეთში მივიდნენ. ახალქალაქის მოსახლეობა მთაში გაიხიზნა. ფაშამ ქალაქი დაიკავა, იქ ოთხი დღე დარჩა და შემდეგ ახალციხისკენ დაიძრა. მოსახლეობა აქედანაც გახიზნული იყო და ოსმალებს ცარიელი ქალაქი დახვდათ. ფერჰად ფაშას სურვილი ჰქონდა ახალქალაქი გაემაგრებინა და იქ გარნიზონი დაეტოვებინა, მაგრამ მესხების მუდმივი თავდასხმებისა და საკუთარ ჯარში დაწყებული უკმაყოფილების გამო განზრახვა ვერ აღასრულა. (თ. მინადოი). „ქორონიკონსა სიობ (1584) სარდარი ფარად-ფაშა მოვიდა ახალციხეს საშენებლად. ვეღარ დადგა, წავიდა და თემი ჩვენვე დაგურჩა“ (მესხური მატიანე). „ურჯულო ქართველები, რომლებიც მანუჩარს ემორჩილებოდნენ, გზაზე დახვდნენ და მუსლიმანთა ქონებას დიდი ზარალი მიაყენეს. ქართველებმა თვით ფერჰად ფაშას კუთვნილი პირადი ურემი გაძარცვეს და მის პირად ნივთებთან: მურასა ხმალთან, მუზარადთან, ფართან, სიასამურთან და ფოცხვერის ტყავებთან ერთად, რომელიც ურემზე ეწყო, ფერჰად ფაშას საყვარელი მხევალი ქალიც მოიტაცეს“ (მ. სვანიძე).
1585 წელს თავრიზის აღების შემდეგ, ოზდემირ ოღლუ ოსმან ფაშამ მანუჩარის წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა. „ოსმალური წყაროების მიხედვით, მანუჩარი ოსმალებთან ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ, საფიქრებელია, რომ ეს ცნობა გაზვიადებული უნდა იყოს, რადგან ამ ბრძოლას არავითარი რეალური შედეგი არ მოჰყოლია“ (მ. სვანიძე). შესაძლოა მანუჩარმა ერთი ბრძოლა მართლაც წააგო, მაგრამ მისი სრული დამარცხებისათვის ოსმალო სარდალს ძალა აღარ ეყო.
მანუჩარ ჯაყელი ცხადია ხვდებოდა, რომ ხანგრძლივ ბრძოლაში გამარჯვების შანსი არ ქონდა. მანუჩარმა სტამბულში ელჩი გაგზავნა. „მაწყუერელი გაგზავნეს კოსტანტიპოლეს და საპატიონი მძევალად: შალიკაშვილი ედიშერ, შალიკაშვილი ელია და ამილახორიშვილი ქოიარ. და მძევლები დაიჭირეს. პატრონი მანუჩარ ვეღარ ენდო“ (მესხური მატიანე).
სულთანი მანუჩარს აღარც ენდობოდა და რა რაც მთავარია ჯაყელი აღარაფერში ჭირდებოდა.
1587 წელს „ბრწყინვალე პორტამ“ სვიმონ მეფისა და მანუჩარ ჯაყელის წინააღმდეგ ახალი დიდი ჯარი გამოგზავნა. ჩილდირის ახალ ფაშას მანუჩარის დამარცხება დაევალა. ჯაყელის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობა ყარსისა და ბათუმის ბეგლარბეგებს და გურიის მთავარსაც დაევალათ. მანუჩარმა შემწეობა სვიმონ მეფეს სთხოვა. ქართლის მეფე სიძის დასახმარებლად სამცხისკენ დაიძრა. ოსმალები მოვლენათა ასეთ განვითარებას ელოდნენ და ფერჰად ფაშამ საპასუხო დარტყმა განახორციელა. ოსმალთა ჯარის ნაწილი თბილისის გავლით გორისკენ დაიძრა და ეს ქალაქი დაიკავა. ამან სვიმონ მეფე აიძულა უკან, ქართლში, დაბრუნებულიყო. მანუჩარი მარტო აღმოჩნდა ოსმალთა პირისპირ. ამ უკანასკნელებმა ახალციხეს შუტიეს და აიღეს კიდეც. მდგომარეობას ისიც ართულებდა რომ ოსმალთა მხარეს ჯაყელთა მოწინააღმდგე ფეოდალები იბრძოდნენ. მათ შორის ყველაზე მეტად კოკოლა შალიკაშვილი აქტიურობდა. (მ. სვანიძე) მანუჩარი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა და იძულებული გახდა სამცხე დაეტოვებინა. „მეფე სვიმეონ საშველად მოვიდა აღარ შეაბეს მესხთა. თემი დაარბიეს და წავიდენ. ბევრი მოღალატე შემოადგენ პატრონს მანუჩარს. ვეღარ დაუდგა და ახალდაბას ცოლი წაიყვანა და წავიდა“ (მესხური მატიანე).
მანუჩარ ჯაყელის თავდადებულმა ბრძოლამ შედეგი ვეღარ მოიტანა. მესხეთის დასაპყრობად ოსმალთა მიერ თითქმის ერთი საუკუნის მანძილზე წარმოებული ბრძოლა დამთავრდა. ეს მხარე ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა.
1603 წელს შაჰმა აბას I-მა ოსმალეთის წინააღმდეგ ახალი ომი დაიწყო. მანუჩარ ჯაყელისთვის ეს სამცხის გათავისუფლებისათვის ბრძოლის განახლების შესაძლებლობას ქმნიდა. მანუჩარი ჭკვიანი კაცი იყო, დიდი გამოცდილების მქონე და ცხადია შაჰაბასის ზრახვებთან დაკავშირებით ილუზიები არ ექნებოდა. უბრალოდ სხვა გამოსავალი არ არსებობდა. პირველ ეტაპზე, „ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია“ პრინციპიდან გამომდინარე, მანუჩარს ყიზილბაშები ოსმალთა წინააღმდგ უნდა გამოეყენებინა, სამცხე გაეთავისუფლებინა. შემდეგ რა მოხდებოდა ეს უკვე მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული და ზუსტად არავინ უწყოდა. ცხადია ერთი რამ, ირან-ოსმალეთის მორიგი ომის საწყის ეტაპზე შაჰისა და მანუჩარის ინტერესები დროებით ერთმანეთს დაემთხვა. სათანადო მოლაპარაკებების წარმოების გამო მანუჩარი ისპაჰანში იმყოფებოდა, სადაც ის პორტუგალიის ელჩმა ანტონიო გოვემ იხილა. მათი შეხვედრა 1603-1604 წლებში უნდა მომხდარიყო (მ. სვანიძე).
1607 წლის 23 ივლისს ქართველებისა და სპარსელების გაერთიანებულმა ჯარმა ახალციხე აიღო. ირანის შაჰმა მანუჩარ II-ის მეუღლის ელენეს თხოვნით სამცხის მმართველად მისი ვაჟი მანუჩარ III დანიშნა. მართებულია მოსაზრება, რომ ამ დროისთვის მანუჩარ II უკვე გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში აბას I სამცხეს მას ჩააბარებდა. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, მანუჩარ II ჯაყელი 1605-1607 წლებში უნდა გარდაცვლილიყო. სამწუხაროდ უცნობია მისი დაკრძალვის ადგილი.
საინტერესოა ისკანდერ მუნშის ცნობა მანუჩარის ოჯახის შემდგომ შესახებ: „არზრუმის მოსაზღვრე ახალციხის ველაიეთი და ყარაჯა არდაჰანი მესხეთს ექვემდებარებიან. ალექსანდრე მაკედონელის სადარი შაჰის მოჰამედ-ხოდაბანდეს დროს, როცა ლალა ფაშა ირანზე ლაშქრობისას მასზე გამოვლით მოვიდა შირვანში, პირველად ახალციხის ვილაიეთი და მისი მიმდგომი ადგილები დაიპყრო და ციხეები გაამაგრა. სანამ მანუჩარ-ხანი ცოცხალი იყო, ის ცდილობდა დახმარებოდა სიმონ-ხანს. მის შემდეგ ოსმალები იმ ქვეყანაში გაბატონდნენ და სიმონ ხანის ქალიშვილი, რომელიც მანუჩარ-ხანის მეუღლე და ენერგიული მანდილოსანი იყო, თავისი პატარა ვაჟიშვილით და მათი ოჯახის ერთგული მსახურების მცირე რიცხვით იმ ქვეყნის ტყეებსა და მთებში აფარებდა თავს. იმ ოცდახუთი წლის განამავლობაში, როცა მთელი საქართველო ოსმალების ქვეშევრდომი და მოხარკე იყო, ხსენებული მანდილოსანი ბევრს ეცადა, რომ როგორც საქართველოს სხვა მხარეებში ოსმალები ქართველ მმართველებს უთმობდნენ ქვეყანას და ხარკის აღებით კმაყოფილდებოდნენ, ისე მისი ვაჟისთვისაც, რომელიც ათაბეგად იწოდებოდა, დაეთმოთ ქვეყანა და ხარკი აეღოთ. ოსმალები არ დათანხმდნენ ამაზე. მხოლოდ ერთი ნაკვეთი მისცეს იმ ველაიეთში მას და დედამისს ცხოვრების სახსრად და ისიც გაჭირვებით ატარებდა ცხოვრებას“.
რთული სათქმელია რა პერიოდის ვითარებას აღწერს ირანელი ისტორიკოსი როდესაც ამბობს, რომ ოსმალებმა „მხოლოდ ერთი ნაკვეთი მისცეს იმ ველაიეთში მას და დედამისს ცხოვრების სახსრად და ისიც გაჭირვებით ატარებდა ცხოვრებას“. ხდება ეს 1607 წლამდე, როცა მანუჩარი შაჰთან იმყოფება და მისი ოჯახი სამცხეშია, თუ 1613 წლის შემდგომ, როდესაც სამცხე კვლავ ოსმალეთის შემადგენლობაში შევიდა. ალბათ უფრო 1613 წლის მერე. ნაკლებად სარწმუნოა, რომ ოსმალებს რამე დათმოთ მანუჩარის მეუღლისთვის მაშინ როცა მისი ქმარი შაჰთან იმყოფებოდა.
მძიმე პერიოდში მოუწია მოღვაწეობა მანუჩარ ჯაყელს. ხშირად არჩევანიც არ ჰქონდა. საკუთარი სამფლობელოს გადარჩენისა და შენარჩუნების მიზნით ოსმალთა ვასალობაც იკისრა, ერთი პერიოდი ისლამიც მიიღო, მათ ლაშქრობებშიც მონაწილეობდა. თუმცა ყოველივე ამაო აღმოჩნდა. ოსმალები მხოლოდ დროებით დათმობებზე მიდიოდნენ. სხვა გამოსავალი აღარ არსებობდა და მანუჩარ ჯაყელმა ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, თუმცა შექმნილი ვითარების გამო ეს ბრძოლა თავიდანვე განწირული იყო.
Комментариев нет:
Отправить комментарий