среда, 15 ноября 2017 г.

დავით და კონსტანტინეს წამება

დავითისა და კონსტანტინეს მარტვილობის ამბავი ძველადვე ყოფილა აღწერილი. ამძველითხზულებისა და სხვა წყაროების საფუძველზე შეიქმნა არგვეთის მთავართა მარტვილობის ახალი, მეტაფრასული რედაქცია, რომელიც, სავარაუდოდ, დაწერილია არაუადრეს XII საუკუნის I ნახევრისა (. კეკელიძე, . ყუბანეიშვილი). ამ ტექსტის შემცველი უძველესი ხელნაწერი XIII საუკუნეშია შექმნილი. გარდა ამ თხზულებისა, ჩვენამდე მოღწეულიადავით და კონსტანტინეს წამებისანტონ კათალიკოსისეული რედაქცია (1768-69) და 5 სხვადასხვა სვინაქსარული რედაქცია (XIII-XVIII სს.).
*      *      *
მურვანი პირველად სამცხეში შეიჭრა და მივიდა ოძრხეს ქვეყანაში, სადაც ძველად მდებარეობდა შესანიშნავი ქალაქი. არ დაკმაყოფილდა სამცხეს დაპყრობით და მიადგა არგვეთის მხარეს რომელსაც ძმები  დავით და კონსტანტინე მხეიძეები მართავდნენ. სანახებისაგან არგვეთისა, დიდნი და დიდებულნი ტომებით და მთავარნი ამის ქვეყანისანი. ხოლო იყვნენ ესე ქალწულ ხორცითა და მცოდნე ძველისა და ახლისა რჯულისა, ჭეშმარიტნი მორწმუნენი და გამოცდილნი და ახოვანნი წყობათა შინა და ბრძოლათა. რამეთუ იყო დავით უხუცეს დღითა, ოცდათვრამეტი წლისა, ჰაეროვან და სპეტაკ ხორცითა, მოწაბლე თმითა, შვენიერ გვამითა და ხშირ წვერითა. ხოლო კოსტანტი ჩვიდმეტი წლისა, შვენიერ გვამითა და მოწაბლე თმითა და წვერ გამო, და ორნივე სავსე სულითა წმიდითა.
ხოლო როდესაც ესმათ ამათ მოსლვა წარმართთა ქვეყანასა ამას სამცხიდან, შეიმოსეს ძალი ღმრთისა, როგორცა ჯაჭვ-ჭური, და შეკრიბეს ლაშქარი ამის ქვეყანისა და ხადოდეს სახელსა ღმრთისასა და განაძლიერებდენ ერსა მორწმუნეთასა ლოცვითა და ღამის თევითა. ხოლო აიძრნენ რა წარმართნი სამცხიდან და წარმოემართნენ ქვეყანად არგვეთად და წინამსრბოლნი და რჩეულნი წამოვიდნენ, მაშინ ძმანი ესე იყვნენ შეკრებილ და ფრთხილ და გალობდნენ გალობასა დავითისასა, რომელიც თქვა რაჟამს-იგი ეწრძოლებოდა გოლიათს. ხოლო იხილეს რა წარმართთა არგვეთელნი, შემოძახეს როგორცა მხეცთა და მოემართნენ. მაშინ დავითმა შემოძახა, როგორცა ლომმან, და აოტნენ და განაბნიეს იგინი და ურიცხვი მოსრეს.
სიკვდილს გადარჩენილი არაბი მეწინავენი კი სირბილით უკან მიაწყდნენ, მურვან-ყრუს წარუდგნენ და შეატყობინეს თავს დამტყდარი უბედურება. როდესაც მურვან-ყრუმ შეიტყო, განრისხდა, თავში ხელი შემოირტყა და თქვა: ვინ იკადრა და ვინ გაბედა წინ აღდგომოდა მუჰამედ მოციქულის მიმდევრებსო და და შეუძახა ყოველსავე სიმრავლესა წარმართთასა და წარმოემართნენ, როგორც ქვიშა სიმრავლითა, და მოვიდნენ ქვეყანად. არგვეთისა და მოიცვეს ტყე და ველი და მთანი და ბორცვნი.
 არგვეთელნი დამარცხდნენ. თავი. არგვეთის დიდებული მთავრები მცირე ლაშქრით ვიწრო ხევში მოიმწყვდიეს და რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად ტყვედ აიყვანეს. როცა მურვანმა მათი შეპყრობის ამბავი შეიტყო, დიდად გაიხარა, ხელები ზეცად აღაპყრო და განადიდა მუჰამედი და მისი რჯული. ხოლო როდესაც ხელშეკრული ძმები ქუთაისში დაბანაკებულ მურვან-ყრუს მიჰგვარეს, გესლიანად გაიცინა და თქვა: „ვინ ხართ თქვენ, ქვისა და შეშის მსახურებო, და როგორ გაბედეთ ჩემთვის წინააღმდეგობის გაწევა, განა არ იცით, რომ დიდი მოციქულის, მუჰამედის შთამომავალი ვარ და მთელი ქვეყანა მე მემორჩილება დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე “.
ძმებმა მშვიდად უპასუხეს: „სიცილი და ქადილი შენი ცუდ და ამაო არის ჩვენ ზედა, რამეთუ წუთ ჟამი არის დიდება შენი და ადრე გაქარდება, რამეთუ არა ღირსებისა შენისათვის იქმნა ძლევა შენი ჩვენ ზედა, არამედ ცოდვათა ჩვენთათვის, რადგან გადავედით მცნებათა ღმრთისათა, იქმნა მრავლობა  თქვენი ჩვენ ზედა, რათა გვწვრთნის ღმერთი ხელითა თქვენ ურჯულოთა და უღმთოთა. მუჰამედით კი ტყუილად ამაყობ, რადგანაც მან წარწყმიდა და აცდუნა თქვენი ერი.
მურვან-ყრუ განრისხდა და იქვე მდგომ მტარვალებს ძმების ხელკეტებით ცემა უბრძანა. მათაც ხალისით აღასრულეს მისი ბრძანება და ვიდრე შეეძლოთ სახეში ურტყამდნენ, შემდეგ კი ძირს დაანარცხეს და დიდხანს, გახელებით სცემდნენ ვიდრეღა დაიღალნენ.
კეთილმორწმუნე მთავრები უფალს მადლობდნენ და მისი სახელით ყველაფერს მოთმინებით იტანდნენ. მაშინ რისხვითა და გულისწყრომით აღსავსე მძვინვარე მტარვალმა უთხრა მათ: „თქვენ გაბედეთ და ჩემი რჩეული ლაშქარი გაანადგურეთ, ახლა კი დიდებულ და სახელგანთქმულ მოციქულ მუჰამედსაც გვიგინებთ, რომელსაც ყოველი არაბეთი და სპარსეთი ადიდებს“. და რადგანაც საწადელს ვერ მიაღწია, მათი მხნეობით განცვიფრებულმა მოინდომა ძმების ლიქნითა და ტკბილი სიტყვით მოდრეკა: „ჩემი მხედართმთავრებისაგან მსმენია, რომ გონიერი, ბრძოლაში გამოცდილი კაცი ხარ, - მიმართა მან დავითს, - ამიტომ გირჩევ, შენს კეთილისმყოფელს დამიჯერო, განაგდე თქვენი ამაო რჯული და დაემორჩილე მუჰამედის რჯულს“. თანხმობის შემთხვევაში კი ორივე ძმას დიდ პატივსა და სპასალარის წოდებას დაჰპირდა.
დავითმა უპასუხა: „ჰოი მძლავრო ბოროტო, რათამცა დაუტევეთ ნათელი და შეუდეგით ბნელსა! რამეთუ ღმერთმა ჩვენმა მოგვიწოდა ჩვენ ნათელსა მისსა, რაჟამს ძე თვისი სიტყუა და თანასწორი მისი მოავლინა ქვეყანად და კაც იქმნა ჩვენთვის და ყოველივე განგებულება თავს იდვა: ჯვარცმა, დაფლვა და აღდგომა, და კვლავ ამაღლდა მამისა, და იგივე მოსლვად არის განსჯად ცხოველთა და მკვდართა. ხოლო წარავლინა მოწაფენი თვისნი ყოველსა ქვეყანასა ქადაგებად სახელისა მისისა და მოქცევად კერპთა მონებისაგან. ხოლო მოიწივნენ ორნი თავთა მოწაფეთა მისთაგანნი ქვეყანასა ჩვენსა და უქადაგეს მოსლვა ქრისტესი ქვეყანად და მოაქციეს კერპთა მონებისაგან. და ჩვენ მათ მიერ განსწავლულ და განათლებულ ვართ და არა ვჰმონებთ სხვასა რჯულსა ცუდსა და მოპოვებულსა, არამედ მზა ვართ სახელისათვის ქრისტესისა ყოველსავე გვემასა და ტანჯვასა, ცეცხლსა, წყალსა და მახვილსა და სიკვდილსა. ესე არის სარწმუნოება ჩვენი, ჭეშმარიტი ქრისტეანობა, ისმინეთ ყოველმან გუნდმან სპარსთა და არაბთამან“.
მურვან-ყრუს გაუკვირდა მათი სიმტკიცე და მიუგო: „კეთილი განზრახვისა და სწავლისათვის ბოროტი და უგუნური პასუხი მოგვიგეთ, ხოლო მუჰამედზე კი უგუნურებას ამბობთ, რადგან სპარსელები და არაბები მან მოაქცია ცეცხლთაყვანისმცემლობისაგან და ერთი ღმერთის თაყვანისცემაც მან ასწავლა“.
დავითმა უთხრა მურვანს: „წიგნი თქვენი, რომელიც არის კურანი, არა სარწმუნოდ გიპყრიათ თქვენ, რამეთუ წერილ არის კურანსა თქვენსა თქვენთვის, რომ, რაჟამს სცთეთ ქრისტეს სახარებასა ისეს წიგნსა, რომელიც მისცა თვისთა მოწაფეთა, მის წიგნისაგან ისწავლეთ. ესე ალი მუჰმადის გულითადმან მოწაფემან დაგიწერა თქვენ, მაგრამ თქვენ უგულისხმონი ხართ და არა იცით წიგნისა და არცა ძალი ღმრთისა, რამეთუ მუჰმადმა დაღაცათუ ცეცხლის-მსახურებისაგან მოგაქციათ, მაგრამ ღმერთსა ვერ შეგამეცნიერათ, მსგავსად ნავ-დანთქმულისა მის, რომელიც დაღაცათუ გულსა ზღვისასა არა დაინთქას, არამედ ზღვის პირსა მიწევნილი დაინთქას, არად სარგებელ არის, ვინაიდან ხმელეთად ვერ მიიწია. ეგრეთვე თქვენ, ვინაიდან ქრისტე ძე ღმრთისა, რომელსაც წინასწარმეტყველნი ადრიდანვე იტყოდნენ მოსლვასა მისსა, და მამათ-მთავარნი ქადაგებდნენ, იგი ვერ იცნა მუჰმადმა და არცა თქვენ შეგამეცნიერათ, წარსწყმდით და ცდომილებასა შინა ხართ დიდსა უგულისხმოებითა თქვენითა.
დავითის მხნე პასუხით განრისხებულმა მურვანმა კონსტანტინეს გადაბირება სცადა და ჰკითხა მას: „შენ რას იტყვი, ყრმაო, გვემორჩილები თუ არა?“
მაგრამ კონსტანტინემ მტკიცედ მიუგო: „ვერ ეღირსები, უკეთურო, რომ შენს ბრძანებას დავემორჩილო, რაც სწამს ჩემს ძმას, მეც იგივე მწამს და ვაღიარებ, რადგანაც ერთი რჯულითა და ერთი სარწმუნოებითა ვართ განსწავლულნი, და გვწამს მამა, ძე და სული წმინდა და მისთვის მოვკვდებით“.
მაშინ განრისხდა უსჯულო მურვანი და ჯალათებს უბრძანა, ძმები ათი დღე ეშიმშილებინათ და შეუსვენებლად ეწამებინათ, ვიდრე მუჰამედის სჯულს არ აღიარებდნენ. დავითმა და კონსტანტინემ ლოცვითა და ღვთის წინაშე ვედრებით დაითმინეს შიმშილი, წყურვილი, ცემა და მრავალგვარი ტანჯვა-წამება. ათი დღის შემდეგ უღმერთო მურვანმა კეთილმორწმუნე ძმებს მოგვები და მისნები მიუგზავნა, რათა მათ ტკბილი სიტყვითა და მოფერებით დაეყოლიებინათ არგვეთელი მთავრები სარწმუნოების შეცვლაზე. როცა წარგზავნილები საპატიმროში მივიდნენ და იხილეს ტანჯვითა და შიმშილით ჩამომხმარი წმინდანები, ვითომ განრისხდნენ მათი მტარვალების მიმართ და აღშფოთებულებმა იყვირეს:
ეს რა გიკადრებიათ ესოდენ დიდებული ადამიანებისა და ბრძოლაში გამოცდილი, ქველი ვაჟკაცებისთვის. ნუთუ არ იცით, რომ დიდ ამირა მურვანს ამათი შვება, სიკეთე და ფუფუნება ნებავს?“.
 შემდეგ კი ერთ-ერთმა მოგვმა ძმებს ტკბილად  მიმართა: „არაბეთისა და სპარსეთის დიდმა მთავარმა მურვანმა მოგვავლინა თქვენთან და შემოგითვალათ: ტყუილად ნუ გექნებათ დასჯილი და მოკლული კაცის იმედი და ნუ დაღუპავთ თქვენს სიჭაბუკეს უდროო, მწარე და საშინელი სიკვდილით, არამედ უმჯობესი აირჩიეთ, შეიწყალეთ თქვენი თავი და მოიქეცით მუჰამედის რჯულზე, რათა ჩვენთან ერთად გაიხაროთ, და რადგანაც მეცოდება თქვენი სიჭაბუკე და მხნეობა, უმჯობესს გირჩევთ. თუ დაემორჩილებით დიდი მთავრის, მურვანის ბრძანებას, აჰა, განმზადებულია თქვენთვის მოსაცემი ძვირფასი შესამოსლები“. მტარვალებმა იმწამსვე წინ გაუშალეს ძმებს ძვირფასი ტანსაცმელი, ოქრო-ვერცხლი, სამკაულები, მრავალი საბოძვარი და ყოველი ღონით ცდილობდნენ ძმების გადაბირებას.
დავითმა უპასუხა: „ვინაიდან უგუნურები ხართ და მზაკვარისა და ყრუს მოგზავნილები, აღარ გავაგრძელებთ ჩვენ სიტყვას, არამედ, როგორც პირველად ვაღიარეთ და დავამოწმეთ ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოება, ასევე ახლაც მტკიცენი და შეურყეველნი ვართ და ვერანაირი ჭირი და ამქვეყნიური დიდება ვერ განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულსა, ვინაიდან მზადა ვართ მისი სახელისთვის დავითმინოთ ყოველგვარი ჭირი და თვით სიკვდილიც. თქვენ მიერ მონიჭებული საბოძვარი და დიდება კი საძულველი და საძაგელია ჩვენთვის, რადგანაც ჩვენი სასოება და დიდება იესო ქრისტეა და მისი სახელისთვის სიკვდილი - საწადელი. წადით და უთხარით ეს ყველაფერი თქვენს მომავლინებელ მაცდურსა და მზაკვარს“.
მოგვებმა ყველაფერი მურვან-ყრუს მოახსენეს და უთხრეს: „აღარა გვაქვს მათი მოქცევის იმედი. არც ტანჯვისა ეშინიათ და არც სიკვდილისა, არამედ მტკიცედ სდგანან თავიანთ სარწმუნოებაზე“.
მათი სიტყვების შემდეგ არგვეთელი მთავრების სიმტკიცითა და ვაჟკაცობით გაშმაგებულმა მურვან-ყრუმ მათი წამებით სიკვდილი ბრძანა. ისინი მდინარე რიონის პირას გაიყვანეს, (შემდგომდროინდელიჯაჭვის ხიდისქვემოთ), სადაც მდინარე ხელმარცხნივ ღრმა ყურედ იჭრებოდა, გააშიშვლეს, თავდაღმა დაკიდეს და არგნებით უმოწყალოდ სცემეს, შემდეგ კი ხელ-ფეხი შეუკრეს, კისერზე უზარმაზარი, მძიმე ლოდები ჩამოჰკიდეს და განიზრახეს მდინარე რიონში ჩაყრა.
სიკვდილის წინ მართლმორწმუნე ძმებმა თვალები ზეცად აღაპყრეს, ვინაიდან ლოდების სიმძიმისაგან ვერ შეძლეს თავის აწევა და მუხლის მოდრეკა, და მხურვალედ უფალს შეჰღაღადეს: „ჰოი, უფალო იესო ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღმრთისა მამისაო, რომელმაც შეისმინე ჩვენი თხოვნა და ღირსნი გაგვხადე შენი სახელისათვის წამებისა, ახლაც შეისმინე ჩვენი ვედრება და როგორც დავიცავით ჩვენი ხორცი შეუგინებლად, ეგრეთვე ჩვენი წამებისა და სიკვდილის შემგომ დაიცავი ჩვენი გვამები განუხრწნელად და დაურღვევლად. სწრაფი შეწევნა მოუვლინე ყველას, ვინც კი ჩვენი სახელით გიხმობს, ხოლო ჩვენი სხეულის ნაწილებს მიანიჭე მადლი უძლურებისა და სნეულების კურნებისა, რათა ყოველმა კაცმა, რომელიც სარწმუნოებით შეეხება მათ, მიიღოს მადლი, კურთხევა და ცოდვათა შენდობა“.
ამის შემდეგ ძმებმა ცხოველსმყოფელი ჯვარი გადაისახეს და თქვეს: „უფალო ღმერთო, იესო ქრისტე, ხელთა შენთა შევვედრებთ სულთა ჩვენთა, ამინ“.
ამ დროს ჭექა-ქუხილი დაიწყო. მაშინ ჯალათებმა მოწამეთა სხეულები სასწრაფოდ რიონში გადაყარეს და იქაურობას გაეცალნენ.
მთავართა მსახურებმა ცხედრები ნაპირზე გამოასვენეს, მთელი ღამე ატარეს და ბოლოს წყალწითელას ხეობაში აღმართული კლდის თხემს მიატანეს. იმ ადგილას ადრე ხარების სახელობის ეკლესია მდგარა, რომელიც მურვან-ყრუს დაექცია. ნაეკლესიარის ქვემოთ, კლდეში ცარიელი აკლდამა იხილეს და მოწამენი სწორედ იმ აკლდამაში დაასვენეს. ამიერიდან გმირთა საფლავს და მის შემოგარენს მოწამეთა ეწოდა.
მალე ეწიათ ურჯულოებს ღვთის რისხვა. გაწვიმდა და სეტყვა დაატყდათ თავს არაბების ლაშქარს. ადიდებულმა მდინარე აბაშამ წაიღო და დაახრჩო აბას-არაბთა უამრავი მებრძოლი. ხოლო მდინარე ცხენისწყალმა კი ოთხი ათასამდე ცხენი მოსტაცა დამპყრობლებს და დაუხრჩო. იმ ამბების მერე ეწოდა ამ მდინარეებს აბაშა და ცხენისწყალი, როგორც გვამცნობს უცნობი ქართველი მწერალი, ავტორიდავით და კონსტანტინეს წამებისა“.
ამით არ დასრულებული რისხვა უფლისა. რამდენიმე წელიწადში, 744 წელს, მურვან ყრუ ჯორმა ხალიფას ტახტი დაიკავა. მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა მისი მბრძანებლობა. ჯერ ირანში შიიტები აუჯანყდნენ. მერე მესოპოტამიაში, ტიგროსის შენაკადის, მდინარე ზაბის ნაპირებთან მისი არმია სასტიკად დაამარცხეს მუჰამედის ბიძაშვილის, აბდალა იბნ აბასის შთამომავალის აბუ-ალ-აბასის მეომრებმა. ამ ომში პრაქტიკულად გაწყდა მთელი საგვარეულო ომაიანებისა (ომაიდების). სამასი ომაიდი დახოცეს აბასიდების მეომრებმა. მალე მურვან ყრუს გაქცეული ვაჟიც მოკლეს.






Комментариев нет:

Отправить комментарий