„იბერია ისაზღვრება ჩრდ-დან სარმატიის დასახლებული ნაწილით, დასვლეთიდან – კოლხეთით; სამხრეთიდან დიდი არმენიის ნაწილით, რომლის მდებარეობა არის 76°10′–44°40′, ხოლო აღმოსავლეთიდან ალბანიით, რომელიც აერთებს ამ ზღვარს 77°–47° ქვეშ მდებარე წერტილთან.
ქალაქები და სოფლები (იბერიაში) შემდეგია: სოფელი ლუბიონი 75°40′–46°50′; აგინნა 75°–46°30′; უასაიდა 76°–46°20′; უარიკა 75°20′–46°; სურა 75°–45°20′; არტანისსა 75°40′–46°; მესტლესტა 75°40′–45°; ზალისსა 76°–44°40′; ჰარმაკტიკა 75°–44°50′.
მესლესტა, იგივე აგათიას მეხსისდა – მცხეთის არქაული სახელის ფორმები უნდა იყოს. ქართლის დედაქალაქი მცხეთა დიდი სავაჭრო და სტრატეგიული გზების გადაკვეთაზე მდებარეობდა. აქ იყრიდა თავს სომხეთიდან, ალბანეთიდან, კოლხეთიდან და ჩრდილო კავკასიიდან მომავალი გზები. ერთი ასეთი გზა სომხეთის დედაქალაქ არტაშატიდან სებასტოპოლისში მიდიოდა, გადიოდა ჯავახეთსა და სამცხეზე – წუნდასა და ოძრხეს მახლობლად. წუნდაში ამ გზის ერთი ტოტი ქართლის შიდა რაიონებისკენ უხვევდა. მეორე მხრივ, დას. საქართველოში მიმავალი გზა როდოპოლისთან (დღევ. ვარციხე) უხვევდა როგორც დასავლეთით (რიონის გასწვრივ ფაზისისაკენ), ასევე აღმოსავლეთით (რიონ-ყვირილით სვირისა და შორაპნის გავლით აღმ. საქართველოში). მეორე გზა არტაშატიდან ქართლში მოდიოდა, დღევ. ერევან-აქსტაფის გზით (სევანის ტბის და დილიჯანის ტბის გადასასვლელის გამოვლით) რუსთავს გაივლიდა და მცხეთამდე აღწევდა. აქედან გზის ერთი ტოტი უჯარმის გავლით ალბანეთისკენ მიემართებოდა. ამათ გარდა სამცხესა და ჯავახეთზე, აგრეთვე ტაოსა და კლარჯეთზე გადიოდა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის მცირე აზიასთან დამაკავშირებელი სავაჭრო გზები. ამდენად ქართლის სამეფო მსოფლიო ვაჭრობის ფერხულში იყო ჩაბმული, რაც მისი ეკონომიკის გაძლიერებას უწყობდა ხელს.
არქეოლოგიური მასალებიდან ჩანს უცხოეთიდან შემოტანილი მრავალფეროვანი ნაწარმი, მათ შორის ფუფუნების საგნები (ვერცხლისა და მინის ჭურჭელი, სხვადასხვა ლითონისა და თვლების სამკაული), რომელთა მომხმარებელი ძირითადად საზოგადოების ზედა ფენა (სეფე) იყო. აღნიშნული მასალები აჩვენებს, რომ იბერიაში საქონელი შემოდიოდა ეგვიპტიდან, შუა აზიიდან, ინდოეთიდან, არაბეთიდან, რომის იმპერიის იტალიური, ბერძნული, მცირე აზიური და სირია-პალესტინის მხარეებიდან.
„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით არმაზის შენობები და იქ აღმართული კერპები ეკუთვნიან ფარნავაზს და მის მომდევნო მეფეებს – საურმაგს, მირვანს, არშაკს და არტაგს, ხოლო ახალი მცხეთის შენება დაიწყო ბარტომ მეფემ, განაგრძო მირვან II-მ და დაამთავრა არშაკ II-მ. ამდენად არმაზის მშენებლობა მიმდინარეობდა დაახლ. 300–150 წლებში, ხოლო მცხეთის შენება დაახლ. 150–65 წლებში.
ს. ჯანაშიას მიერ ჩატარებული კვლევებით ძვ.წ. VI–V საუკუნისთვის მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესაყართან, უკვე უნდა არსებულიყო იმ დროისათვის ვრცელი და საკმაოდ დაწინაურებული ქალაქი, რომელსაც პირობითად, სამეცნიერო ლიტერატურაში ჩვენ ვიცნობთ „დიდი მცხეთა“-ს სახელით. მას სავარაუდოდ უნდა მოეცვა ახლანდელი მცხეთისა და კოდმანის მოსახლეობა (რომელსაც სამაროვანი სამთავროს ველზე უნდა ჰქონოდა). ს. ჯანაშიას დაკვირვებით (მცხეთის არქეოლოგიური მასალის შესწავლის საფუძველზე) ძვ. წ. I ათასწ-ის შუა ხანებში მოსახლეობის ცხოვრებაში უნდა მომხდარიყო ისეთი სახის ცვლილება, როგორიცაა სამიწათმოქმედო ტიპის დასახელებული ადგილის თანდათანობით გადაქცევა ქალაქის ტიპის დასახლებულ ადგილად. წერილობითი წყაროებისა და არქეოლოგიური მასალების ანალიზის საფუძველზე, მკვლევარმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველოს უძველესი ქალაქები ორი ძირითადი ელემენტისაგან უნდა ყოფილიყო შემდგარი: ერთი – საკუთრივ ქალაქი ანუ „დაბანი“, ხოლო მეორე – ციხე. ანალოგიური სურათი წარმოედგინა მტკვრისა და არაგვის შესართავთან ლოკალიზებულ ქალაქ მცხეთაშიც. ქართულ წყაროებზე დაყრდნობით „...ფარნავაზმა დაიწყო მშენებლობა მთაზე, ახლანდელი მცხეთის პირდაპირ, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. ააშენა ზღუდე და დადგა არმაზის კერპი მთის მწვერვალზე... შემდეგმა მეფეებმა კი გააფართოვეს მშენებლობა: სატახტო ქალაქის მთელ ტერიტორიას შემოავლეს ზღუდე, ააშენეს შიდაციხე არმაზში, დაასრულეს ქალაქი მცხეთა, გაამაგრეს მთა ზედაზენი... მცხეთა გახდა „დიდი ქალაქი, დიდ მეფეთა საჯდომელი“, რომელიც ოთხივე მხრით დაცული იყო ოთხი ციხით; ამათგან არმაზის „შიდაციხე“, „თავადი“, მთავარი ციხის სახით იქნებოდა წარმოდგენილი“. აქვე ავტორი განმარტავს, რომ ძვ.წ. 65 წელს საქართველოში მოვიდნენ რომაელები, მათ მდ. კიროსისა (მტკვარი) და მდ. არაგის (არაგვი) შესართავთან აღმართულ მაღლობზე ნახეს ორი ქალაქი – არმოზიკე, მდ. კირთან, და სევსამორა, მდ. არაგვთან. ეს ორი ქალაქი ერთმანეთზე დაშორებული ყოფილა 16 სტადიონით... საფიქრებელია, რომ ამ ცნობაში მოხსენიებულია ერთი და იმავე ქალაქის ორი ნაწილი, ვინაიდან ასე ახლო მანძილზე ორი დამოუკიდებელი ქალაქის არსებობა დამაჯერებელი არ არის.
პროფ. მელიქსეთ-ბეგი მოვსეს ხორენაცის ტექსტზე დაყრდნობით თვლიდა, რომ ძველი მცხეთა მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ე. წ. პომპეუსის ხიდთან მდებარე და კოდმანის სახელით ცნობილ შემაღლებაზე უნდა ყოფილიყო ლოკალიზებული, არმაზის ქანდაკების პირდაპირ, მდინარის მეორე ნაპირზე.
ს. კაკაბაძის მოსაზრებით „მცხეთა იწოდებოდა „დიდ ქალაქად“, მას ჰქონდა რაბატი ანუ ცენტრალური სავაჭრო ადგილი და ქალაქში იყო „ფოლორცნი“ ანუ მოედნები. საფიქრებელია, რომ ქალაქი, საერთოდ, დაყოფილი ყოფილიყო პატარა მოედნებად, რომლებიც თავის მხრივ ერთმანეთთან პატარა შუკებით იქნებოდნენ დაკავშირებული. მცხეთის ქალაქს ჰქონდა 3 კარი; ქალაქი მდებარეობდა მტკვრის პირას, ხოლო ციხე – არაგვის ნაპირას; ქალაქს ჰქონდა უბნები: „მცირე ბაგინი“, მეფის ბაღი; მეფის „პალატ-ბანაკი“ და ქალაქის ზღუდე. რაც შეეხება არმაზის მდებარეობას, მას შემდეგნაირად განსაზღვრავს: „ცხადია, რომ ქალაქი არმაზიც, რომელიც კერპის ქვევით დაბლობზე იყო გაშენებული, მდებარეობდა მტკვრის ხეობაში მცხეთის ძველი ხიდის დასავლეთით, ვიდრე არმაზის ხევამდის. აქ ორ ადგილას, მცხეთის ხიდთან და მეორე მხრივ არმაზის ხევიდან 300–400 მეტრზე აღმოსავლეთით, არმაზის მთის კალთა ძლიერ უახლოვდება მტკვარს და მდინარეს ებჯინება. ასე რომ, ეს ადგილები ქმნიან მათ შორის მდებარე ველს ბუნებრივად ადვილად ჩასაკეტ არედ. ამ ველზე, ვიწროდ გაშლილ იმ ადგილას, სადაც ახლა არის მცხეთის რკინიგზის სადგური და ამ სადგურის დასავლეთით დაახლოებით 1 კმ-ის სიგრძეზე უნდა იყოს ის არე, სადაც მდებარეობდა ძველი ქალაქი არმაზი“. „კერპი არმაზი დადგმული უნდა ყოფილიყო არმაზის მთის „ცხვირსა ზედა“ და აქვე უნდა „მოქნილი“ ყოფილიყო „ზღუდე წყლით კერძო“, სავარაუდოდ არმაზის ქალაქის დასავლეთით (ქალაქის დასაცავად დასავლეთიდან). ამ ზღუდის აღმოსავლეთით, მტკვრის მარჯვენა ნაპირას, ვიწრო ხაზზე მდებარეობდა ქალაქი და ციხე, რომელიც უნდა ყოფილიყო არტაგ მეფის მიერ აშენებული „შიდა ციხე“. ავტორის აზრით, ეს ქალაქი და შიდა ციხე IV საუკუნეში უკვე დაცარიელებულია, ხოლო რაც შეეხება არმაზის „წყლით კერძო მოქნილ“ ზღუდეს, თვით არმაზის კერპს და მის ზღუდეს (ციხეს) ყველაფერი ეს, როგორც ჩანს, ნიადაგის გეოლოგიური თვისების გამო ჩაქცეულა IV ს-ის I ნახევარში“. ს. კაკაბაძეს ეს ცნობა ისე აქვს განმარტებული, თითქოს ქალაქის ცენტრალურ ნაწილად სტრაბონი ციხეს გულისხმობდეს.
ა. აფაქიძე, არქეოლოგიური მასალებსა და წერილობით წყაროებზე დაყრდნობით, გამოთქვამს საფუძვლიან მოსაზრებას, რომ ანტიკური ხანის ქართლის სამეფო განვითარებული საქალაქო ცხოვრებით ხასიათდებოდა, რომელთა შორისაც დიდი უპირატესობით გამოირჩეოდა ქალაქი მცხეთა. ამის აშკარა დადასტურებაა თუნდაც მცხეთასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირებული, ყველაზე მეტი ინფორმაციის შემცველი არქეოლოგიური მასალაც. მცხეთის მაგალითზე აშკარად გამოიკვეთა, რომ: 1. ანტიკური ხანის ქართლის სამეფოს ქალაქები სავაჭრო-სახელოსნო, სამეურნეო, ადმინისტრაციულ და სამხედრო-სტრატეგიულ ცენტრებს წარმოადგენენ. გარკვეული ნაწილი ქალაქებისა (მაგ. მცხეთა) დედაქალაქობის გამო სამეფოს პოლიტიკური ცენტრიც ყოფილა. 2. ქალაქი სამი უმთვრესი ნაწილისაგან უნდა ყოფილიყო შემდგარი: ა) საკუთრივ ქალაქი (შესაბამისი სახისა და დანიშნულების ნაგებობებით დასახლებული ტერიტორია); ბ) ციხე-სიმაგრეთა სისტემა და გ) გარე-უბანი (ქალაქის სასოფლო რაიონი). 3. ყოველ ქალაქს მისთვის დამახასიათებელი განლაგება ემჩნევა. მაგ. მცხეთა ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა. ძველი დედაქალაქის ამ ორი ნაწილის გამყოფ ხაზად მდ. მტკვარია წარმოდგენილი. შესაბამისად, როგორც ქართული საისტორიო წყაროები მიუთითებენ მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე იყო „არმაზით კერძი ქალაქი“, ხოლო მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე – „მუხნარით კერძი ქალაქი“. 4. ანტიკური ქალაქები წარმოშობილია უძველეს მოსახლეობათა განვითარების საფუძველზე, ამიტომ ერთ ქალაქად გაერთიანების შემდეგაც კი გრძელდება ცხოვრება, მაგრამ საქალაქო ვითარებაში ისინი ქალაქის უბნებად ან კარებად ყალიბდებიან. 5. ქალაქის უბანი სათანადო ზღუდით ან ციხით არის დაცული. უბნის ციხე-სიმაგრე ქალაქის გამაგრების სისტემის ნაწილია, ამიტომ მათ გამაგრებაზე ქალაქის ხელისუფლება ზრუნავს. მცხეთაში ასეთ მზრუნველობას, როგორც წყაროებიდან ჩანს, სამეფო ხელისუფლება ახორციელებს. 6. მცხეთის ყოველ უბანს დამახასიათებელი „ხუროთმოძღვრული სახე“ და ნაგებობანი გააჩნია. ყოველი უბნის მეურნეობა, ხელოსნობა და სხვა სპეციფიური საქმიანობა განსაზღვრავს უბნის სახეს. ქალაქის უბნებს გააჩნია საერთო დამახასიათებელი ნიშნებიც: საცხოვრებელი ნაგებობები გაშენებულია ზეგნებზე; სამაროვნები მოწყობილია დაბლობზე; საკულტო ადგილები გამართულია მაღალ ბორცვებზე; მეურნეობები და სახელოსნოები – დაბლობზე; უბნები ერთიმეორესთან დაკავშირებულია ხიდებით; თითქმის ყველა უბანს აქვს თავისი წყალსადენი, აბანოები, ციხე-სიმაგრეები და ა.შ. უბნების მოსახლეობა შიგნითაც არის დიფერენცირებული.
ლათინური ჰარმოზიკე და პტოლემაიოსის არმაკტიკას არმაზციხეს უდრის. არმაზციხის მდებარეობისა და იმის განსაზღვრისათვის რა ტერიტორიას მოიაზრებდა იგი თავის თავში, კიდევ ერთხელ უნდა მოვიშველიოთ ლეონტი მროველის ის ცნობა, სადაც ის მცხეთა ქალაქის გეოგრაფიულ დაყოფაზე საუბრობს. ლეონტი მროველი ყვება, რომ არტაგ მეფემ (ძვ.წ. II ს-ის I ნახევარი) თავის შვილებს გაუყო ყოველი ქართლი: „ბარტომს მისცა ქალაქი მცხეთა და ქვეყანა მუხრანით კერძი და ყოველი ქართლი მტკვრის ჩრდილოეთით, ხოლო ქართამს მისცა არმაზით კერძი ქალაქი, მტკვარსა სამხრეთით ქალაქი“. ამ განმარტებით ჩანს, რომ მდინარე მტკვრის მარცხენა მხარე მუხრანიდან წიწამურამდე მუხრანის კერძ ქალაქად გაიგებოდა, ხოლო არმაზის კერძი ქალაქი მტკვრის მარჯვენა მხარეს მდებარე დიდი მცხეთის უძველეს ნაწილს უნდა წოდებოდა, რომელსაც მემატიანეები ასევე უწოდებენ ძველ მცხეთას. მისგან განსხვავებით ახალი მცხეთა სწორედ მტკვრისა და არაგვის შესართავში წარმოშობილ დასახლებას უნდა გულისხმობდეს.
ამავე ადგილას ასახელებენ ციხე ჰარმოზიკეს, აკროპოლისს რომაული წყაროებიც. ამდენად, ქართული წყაროებით არმაზციხე, უცხოური წყაროებით კი ჰარმოზიკე, არმაქტიკა და აკროპოლისი, ქართლის მთის ცხვირზე, ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე გაშენებულ მცხეთის უბანს და ძველ მცხეთას გულისმობდა. XI ს-ის ისტორიკოსის, ლეონტი მროველის მონათხრობით ქართლის მთის ამ ცხვირზე პირველი სათავდაცვო ნაგებობის მშენებლობა ქართველთა ლეგენდარულ ეთნარქს ქართლოსს უკავშირდება, რომელმაც „აიშენა იქ სახლი. და უწოდა მას სახელი თვისისა ქართლი“. სწორედ ეს სახელი – ქართლის მთა შერჩა ამ ქედს იქამდე, ვიდრე ფარნავაზმა აქ არმაზის კერპი არ აღმართა. ქართლოსის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ამავე მთის წვერზე დაკრძალეს, მისმა ცოლმა დედაციხე ე.ი. აკროპოლისი ააშენა. ამავე ადგილას მკვიდრდება, უფრო სწორედ საცხოვრებლად რჩება ქართლოსის მემკვიდრე – მცხეთოსი. არმაზციხის ახალი სამშენებლო პერიოდი უკვე ქართლის პირველ მეფეს – ფარნავაზს უკავშირდება. მეორე ქართული წყაროს „მოქცევა ქართლისა“-ს ცნობით, ქართლის მეფედ კურთხეულმა „ფარნავაზმა აღმართა კერპი დიდი ცხვირსა ზედა და დასდვა სახელი მისი არმაზი და მოქმნა ზღუდე წყლით კერძი და ჰქვია არმაზ“. ამდენად, ძვ.წ. III ს-იდან ტოპონიმი ქართლის მთა შეცვალა არმაზის მთამ. როგორც დღეს ისტორიოგრაფიაშია მიღებული, არმაზი ხეთურ ღვთაება არმასთანაა გაიგივებული, რომელიც მთვარის ღვთაებას წარმოადგენდა და მეომარ მამაკაცს გამოსახავდა. არმაზციხეზე გამოვლენილი გვიანანტიკური ხანის ნაგებობები მოწმობენ, რომ არმაზციხე თავის მნიშვნელობას ინარჩუნებს ახ.წ-ის V ს-მდე მაინც. მას შემდეგ კი რაც ქართლის სამეფოს დედაქალაქი თბილისი გახდა მცხეთა თანდათან ათხელდა და დაკარგა თავისი მნიშვნელობა. VIII ს. მურვან ყრუს შემოსევის შემდეგ კი იგი ქალაქად აღარ დარჩენილა.
თუ კი წყაროთა გადმოცემა სწორია და არმაზციხე სამეფო რეზიდენცია გახლდათ, სადაც მეფეები გაზაფხულსა და შემოდგომას ცხოვრობდნენ, მაშინ ბუნებრივია, რომ იგი თავის თავში მოიაზრებდა, როგორც სათავდაცვო ნაგებობას, ისე შიდაციხეს, სამეფო სასახლეს, სანიტარულ ქსელს, საკულტო ნაგებობას (თუ ნაგებობებს არა), სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს და კიდევ სხვა დანიშნულების შენობებს. ამდენად, ქართლის მთის ეს თხემი, მთლიანად უნდა ყოფილიყო დაფარული სხვადასხვა ტიპის ნაგებობებით. წერილობითი წყაროებით მოთხრობილი ინფორმაცია თითქმის არაფრის მთქმელია ამ კუთხით ისტორიის დასაწერად. ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად სად, როგორ ცხოვრობდნენ ქართლის მეფეები, როგორ გამოიყურებოდა მათი სასახლეები, სამეურნეო თუ საკულტო დანიშნულების ნაგებობები. ერთადერთი, რაც წყაროებიდანაა ცნობილი, გახლავთ სტრაბონის ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ქალაქი მცხეთა (და ამათში უპირველესად იგულისხმება სამეფო უბანი) კრამიტით დახურული სახლებისგან შედგებოდა. ამდენად, არმაზციხის იერსახის აღსადგენად ერთადერთ წყაროდ არქეოლოგია და მისი მონაპოვარი რჩება. არმაზციხის არქეოლოგიური კვლევა და შესაბამისად მისი მეცნიერებით დაინტერესება XIX ს-ის ბოლოს იწყება და დაკავშირებულია ილია ჭავჭავაძის სახელთან. არმაზციხეზე ნანახი ლიგატურის ნატეხი ერთ ბერძენ ხელოსანს ილიასთვის უნახებია, რომელიც მაშინვე დაინტერესებულა ფრაგმენტით, მეცენატი მოუნახავს და დიმიტრი ბაქრაძისთვის უთხოვია არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება. ამ უკანასკნელს მოუცლელობის გამო ეს საქმე ექვთიმე თაყაიშვილისთვის მიუნდვია, რომელმაც ორკვირიანი კამპანია აწარმოვა ციხის იმ ტერიტორიის გამოვლენისთვის, რომლის ნანგრევები მიწის ზედაპირზე ჩანდა. ამ გათხრების დროს აღმოჩნდა კედლის მოხატულობის ფრაგმენტი, რომელზეც ქალღმერთის გამოსახულება იყო შერჩენილი. ილიას ისე მოსწონებია ეს ნატეხი, რომ ისიც კი უთქვამს, მხოლოდ ამ ქალღვთაების ხილვისთვის ღირდა 100 მანეთის გადახდაო. სტაციონარული გათხრები არმაზციხეზე გაცილებით გვიან, 1943–1948 წლებში ჩატარდა სიმონ ჯანაშიასა და ანდრია აფაქიძის ხელმძღვანელობით. ამ დროს ციხეზე გაითხარა სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები და გამოვლინდა ციხის არსებობის სხვადასხვა პერიოდები.
1993–1998 წლებში არმაზციხეზე არქეოლოგიური გათხრების მესამე, ხოლო 2011 წლიდან დღემდე მეოთხე ეტაპით აღინიშნა. უმეტესობა ქალაქის სხვადასხვა ნაგებობებისა სწორედ ამ ბოლო ორ პერიოდში გამოვლინდა. XX ს-ის ბოლომდე წარმოებული არქეოლოგიური და სამეცნიერო კვლევების შედეგად არმაზციხეზე გამოიყო სამი სამშენებლო პერიოდი, რომელიც შესაბამისაც ცხოვრების ეტაპებსაც ასახავს. უძველესი მათგან დათარიღდა ძვ.წ. IV–III საუკუნეებით და ფარნავაზის სამშენებლო საქმიანობასთან იქნა დაკავშირებული. ამ პერიოდის ნაგებობებად მიჩნეულ იქნა მხოლოდ სათავდაცვო სისტემის ნაშთები. მეორე სამშენებლო პერიოდად გამოიყო ძვ.წ. III–I საუკუნეები, რომელშიც აგებულადაც ჩაითვალა ე.წ. სვეტებიანი სასახლე და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები; მესამე სამშენებლო პერიოდი კი ახ.წ. I–VII საუკუნეებით განისაზღვრა. არმაზციხეზე მშენებლობისთვის გამოყენებულია ქვიშაქვის კარგად ან ნაკლებად დამუშავებული კვადრები, ალიზის აგური და კირხსნარი. ქალაქის არსებობის ბოლო ეტაპზე კი ჩნდება გამომწვარი აგურიც. შენობების გადახურვისთვის გამოყენებულია მცხეთური კრამიტი. აქვე აღვნიშნავთ, რომ არმაზციხის სამშენებლო ტექნოლოგია მთლიანად ეხმიანება და ჯდება იმდროინდელი ბერძნული ტექნიკის მოთხოვნებში, ამდენად მისი შენობები მაღალი ოსტატობითაა ნაგები.
დღეისთვის არმაზციხე მოიცავს ორ ნაწილს: 1. კარსნისხევსა და არმაზის მთას შორის მტკვრის ტერასულ ბაქანზე განლაგებულ სამეფო რეზიდენციას და 2. მთის წვერზე მდებარე შიდაციხეს. წერილობითი წყაროს მიხედვით ფარნავაზმა შექმნა ზღუდე წყლით კერძო, ანუ მტკვრის პარალელურად, რაც დღეს არქეოლოგიურად დადასტურებული არ არის. სამაგიეროდ აღმოჩენილია გარე სასიმაგრო კედელი, რომელიც შემდგომმა მეფეებმა ააგეს და შიდა სასიმაგრო კედელი, რომელიც კიდევ უფრო გვიან იქნა აგებული. გარე კედელი მთლიანად ბასტიონს წარმოადგენდა, ანუ სათავდაცვო ნაგებობას, რომელიც მთლიანად ჯდებოდა ბერძნულ საფორტიფიკაციო სისტემის ტიპში. სამაგიეროდ შიდა სასიმაგრო კედელი, სადაც კოშკები შიგნითკენ იყო განზიდული, რომაული კასტელუმის სისტემისაა, როცა აქცენტია გადატანილი არა გარე, არამედ შიდა დაცულობაზე. აქვე უნდა დავამატოთ, რომ შიდა ციხე არ გულისხმობს აკროპოლისს. ამდენად, ქალაქი შემოსაზღვრული იყო ქვის გალავნით, რომელიც მთლიანად შემოუყვებოდა ქართლის ქედის ამ ნაწილს და მდინარე მტკვრამდე ჩადიოდა. გალავანში მეტი სიმტკიცისა და თავდაცვისათვის ჩართული იყო ოთხკუთხა კოშკები. ზღუდე-გალავანი საგანგებოდ ქედის თხემზე, ოდნავ გარეთ იყო ამოყვანილი ისე, რომ ქედი შიდაციხის შიგნით ექცეოდა. რაც განაპირობებდა იმას, რომ მტრისთვის გალავნის საძირკვლის გამოთხრა და ციხეში შეღწევა მინიმუმამდე იყო დაყვანილი.
ძველი წყაროების გადმოცემით ქალაქი მცხეთა, რომელიც მესხთა მიერ დაარსებულ ქალაქად მოიაზრება, წარმოადგენდა დიდ ქალაქს, რომელსაც ჰქონდა უბანნი მისნი. ანტიკურ სამყაროში დიდი არ გულისხმობდა მხოლოდ ტერიტორიულად დიდ ქალაქს. დიდში უპირველესად მოიაზრებოდა რანგით და მნიშვნელობით უპირველესი ქალაქი, რომელსაც ჰქონდა საკუთარი სათავდაცვო გალავანი რამოდენიმე კარით, შიდა ციხე, აკროპოლისი და საქალაქო დასახლებები, ყველა თავისი ატრიბუტით. სწორედ ასეთად წარმოდგება ქალაქი მცხეთა ქართულ და უცხოურ წყაროებში. XI ს-ის ქართველ ისტორიკოსთან ლეონტი მროველთან მცხეთა სწორედ ასე მოიხსენიება – „მცხეთა და უბანნი მისნი“. უკლებლივ ყველა წყარო, რომელშიც ქალაქი მცხეთაა მოხსენიებული, აკონკრეტებს, რომ ქალაქი მდებარეობდა ორი მდინარის – მტკვრისა და არაგვის შესართავის შემოგარენში. მას ქონია ზღუდე – გალავანი და რამოდენიმე კარი. წყაროების თანახმად მცხეთა ორია – ძველი მცხეთა და მცხეთაი ყოველი. ასეთი მითითება ისტორიკოსთა მოსაზრებით უნდა გულისხმობდეს მცხეთის თავდაპირველ სახესა და შემდგომ გაფართოებას. შემდეგ კი მცხეთა იქცევა დიდ ქალაქად, რომელსაც აქვს უბანნი მისნი. ასეთ უბნებს წარმოადგენდა სარკინე, მოგვთა უბანი, ციხედიდი, ზანავი და სხვ.
გარდა ამ უბნებისა, მცხეთას ქონია გამაგრებული უბნებიც. ასეთებს წარმოადგენდა სევსამორა, იგივე წიწამური და ჰარმოზიკე, იგივე არმაზციხე. იმავე დროს, მცხეთა გეოგრაფიული თვალსაზრისითაც დაყოფილია: მტკვრის ჩრდილოეთით, ანუ მარცხენა მხარეს მდებარე მცხეთა და მტკვრის სამხრეთით, შესაბამისად, მარჯვნივ მდებარე მცხეთა, რომელიც წარმოადგენს კიდეც ძველ მცხეთას. უცხოური წყაროების მონათხრობით თუ ვიმსჯელებთ, არმაზციხე, დიდი მცხეთის ე.წ. სამეფო უბნად უნდა მოიაზრებოდეს, რადგან იგი ისეთივე ნაწილია მისი, როგორც სევსამორა, რომელიც მდინარე არაგვის მარცხენა მხარეს მდებარეობდა და თავად მცხეთა – მდინარე არაგვისა და მტკვრის ხერთვისში მდებარე დასახლება, ამასთან ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, უფრო დაცული და გამაგრებულიც. რაც შეეხება ქართული წყაროებს, „მოქცევა ქართლისა“-სა და ლეონტი მროველის მიხედვით არმაზციხე უპირველესად ქართლის წინამძღოლთა და სამეფოს მეფეთა რეზიდენციაა, სადაც მეფე ცხოვრობდა და აქედან განაგებდა ქართლის ქვეყანას. არმაზციხე, იგივე ბაგინეთი (რა სახელითაც დღეს ამ ციხეს მოიხსენიებენ, და რომელიც სამეცნიერო საფუძველსაა მოკლებული. ბაგინეთი გვიან გავრცელებული სახელია და ის დაკავშირებული უნდა იყოს ღვთაებასთან – ბაგა ძველ სპარსულში ღვთაებას აღნიშნავდა), ლოკალიზდება ქართლის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარეების მტკვრისა და არაგვის ხერთვისის მოპირდაპირე მხარეს, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე და როგორც ჩანს, მაშინ მტკვარი უშუალოდ ქართლის ქედის ძირში უნდა მიდენილიყო, რაც ამ მთის ცხვირის მეტ დაცულობას უზრუნველყოფდა.
ქალაქს ერთი შესასვლელი ჩრდილოეთიდან ჰქონდა. იგი გაკეთებული იყო ბუნებრივ კლდეკარში, რომლის სიგანე 3 მეტრამდე აღწევს. შესასვლელში გამართული ყოფილა სადარაჯო სახლი მცველებისათვის. საჭიროების შემთხვევაში იგი წარმოადგენდა მოხერხებულ შესასვლელს მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარე მცხეთა-ქალაქიდან. სწორედ აქ, კლდეკარის ბაქანზე აღმოჩნდა ქვის სარკოფაგი, რომელიც II–III ს-ით თარიღდება. სარკოფაგი ორი ნაწილისგან იყო შედგენილი: მთლიან ქვაში ამოკვეთილი ოთხკუთხა მოყვანილობის როფი, ანუ ქვედა ნაწილი, რომელშიც მიცვალებული ესვენა და ასევე მთლიანი ქვისგან ნაკვეთი ორფერდა სახურავი, რომელიც როფზე გადაბმული იყო რკინის საგანგებო გამირებით. სამარხში 7–8 წლის ბავშვის მხოლოდ კბილები აღმოჩნდა. სამაგიეროდ მდიდრული გახლდათ ჩატანებული მასალა: ვერცხლის პინაკი ავგუსტ მარკუს ავრელიუსის ბიუსტით, ვერცხლის გარსაკრავები სარეცლის ფეხებისა, ვერცხლისავე სარიტუალო სხვადასხვა ჭურჭელი, ოქროს ყელსაბამი, სამაჯურები, კილიტები და სხვა, რომლებიც ზედმიწევნით იმეორებენ მცხეთაშივე მდებარე არმაზისხევის პიტიახშთა სამარხებში აღმოჩენილ ნივთებს. არმაზციხის დღეისთვის გამოვლენილი ნაგებობებიდან ერთ-ერთი მთავარია ე.წ. სვეტებიანი დარბაზი, რომელიც ძვ.წ. III–I ს-ით არის დათარიღებული. იგი მართკუთხა ფორმის ნაგებობაა, რომელსაც წინა საფასადო მხარეს ღია გალერეა ჰქონდა. დარბაზის კედლები გარკვეულ დონემდე ნაგებია კარგად დამუშავებული ქვიშაქვის კვადრებით, შემდეგ კი ალიზის აგურით იყო ამოყვანილი. დარბაზში შესასვლელი აღმოსავლეთის კედელში იყო გაჭრილი. კარის ორივე მხარეს ანტისებრი შვერილია, რაც კვარცხლბეკის შთაბეჭდილებას ტოვებს. არაა გამორიცხული მათზე ქანდაკებები მდგარიყო. დარბაზში ოთხსაფეხურიანი კიბის საშუალებით ჩადიოდნენ. ინტერიერის კედლებში გარკვეული ინტერვალით ამოჭრილი გახლავთ ფოსოები, რომლებიც, როგორც ჩანს, თაროების კონსოლებისთვის (კონსოლი ნიშნავს კედლის გამონაშვერს) იყო განკუთვნილი. შიდაპირი კედლებისა შელესილი და შეღებილი გახლდათ, ხოლო იატაკი ქვიშაქვის ფხვნილით მოტკეპნილი. დარბაზის შუაში სიგრძეზე ყოველი სამი მეტრის დაშორებით აღმართული იყო ქვის ბაზისებსა და კაპიტელებში (კაპიტელი ნიშნავს სვეტისთავს, ბოძის დამაგვირგვინებელ ნაწილს) მოქცეული ხის 6 სვეტი. დარბაზის გარეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გამართული უნდა ყოფილიყო ან სამსხვერპლო, ანდა მუდმივი ცეცხლის ადგილი.
აღმოსავლეთის ფასადზე დარბაზს ქონდა ხუთ სვეტზე დაყრდნობილი ღია გალერეა. მთლიანად ნაგებობას კრამიტის ორფერდა სახურავი გააჩნდა.
თუ რას წარმოადგენდა აღნიშნული ნაგებობა, ამაზე მეცნიერთა აზრები იყოფა: აზრთა სხვადასხვაობა კი უპურველეს ყოვლისა გამოიწვია დარბაზის ინტერიერის კედლებში გაკეთებულმა ოთხკუთხა ფოსოებმა, რომლებიც, როგორც აღვნიშნეთ, როგორც ჩანს თაროთა კონსოლებისთვის იყო განკუთვნილი. ამ დეტალის გათვალისწინებით მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევდა რომ ეს უნდა ყოფილიყო განძის საცავი, ანდა არსენალი, მეორე ნაწილი კი მას სამეფო სასახლედ მიიჩნევს. როგორც აღვნიშნეთ, სვეტებიანი დარბაზი ძვ.წ. III–I საუკუნეებით დათარიღდა. ამის მიხედვით ის ჯერჯერობით ერთადერთი არქიტექტურული ნაგებობაა, რომელიც ქალაქის ცხოვრების ამ პერიოდს წარმოაჩენს. მართალია, ამავე პერიოდის ნაგებობად იქნა მიჩნეული მის აღმოსავლეთით მდებარე ე.წ. ორსენაკიანი ნაგებობის ქვედა ფენაც, მაგრამ რა დანიშნულება ქონდა ამ ნაგებობას თავდაპირველად, უცნობია. რამდენჯერმე სპეციალურად ვიხმარეთ ტერმინი განსაზღვრულ იქნა და დათარიღდა, რადგან XX ს-ის II ნახევარში ჩამოყალიბებული დათარიღება, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ – ძვ.წ. IV–III ს-ბი, ძვ.წ. III–I ს-ბი, და ახ.წ. I–VIII ს-ბი, დღეს არქეოლოგთა შორის უკვე კითხვის ნიშნებს ბადებს. საქმე ისაა, რომ დღემდე გათხრილ ნაგებობებს შორის, ასევე არმაზციხეზე აღმოჩენილ არტეფაქტებში არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ არმაზციხის არსებობა აქ ძვ.წ. I საუკუნეზე ადრე ვივარაუდოთ. ეს ვრცელი საკითხია და შემდგომ დასაბუთებას, ასევე ფართო მსჯელობას მოითხოვს, ამიტომ ამჯერად აქ სიტყვას არ გავაგრძელებთ, მხოლოდ შევნიშნავთ, რომ თუ კი არმაზციხის ქრონოლოგიური საზღვრები გადაიხედა და არქეოლოგიური საფუძვლით ძვ.წ. I–ახ.წ. VIII ს-ით განისაზღვრა, მაშინ ლოგიკურად დაისმება კითხვა – სად უნდა ყოფილიყო ფარნავაზის და მისი მემკვიდრეების სამეფო რეზიდენცია? ამ შემთხვევაში უკვე ყველა ის მონაცემი, მონათხრობი და გადმოცემა, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. არმაზციხეზე გამოვლენილი ნაგებობებიდან უმეტესობა ახ.წ. II–III საუკენეების საცხოვრებელ პერიოდს განეკუთვნება. ამათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ექვსაფსიდიანი წარმართული ტაძარი. იგი ქვიშაქვის კარგად დამუშავებულ ქვათლილებზე ალიზის აგურით ამოყვანილი კედლებით ყოფილა ნაგები და წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარიანი კრამიტით დახურული. ტაძარს ექვსი აბსიდა ჰქონდა, რომელთა შორის შექმნილია ხის კარკასები. ტაძრის ცენტრალური დარბაზის შუაში ექვსწახნაგა ქვის ბაზისზე აღმართული იყო 8.5 მ სიმაღლის ხის სვეტი, რომელიც ქვის ასეთივე კაპიტელით სრულდებოდა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ტაძრის ქვედამხობილი ვოლუტებიანი ექვსკუთხა ბაზისი, ჯერ-ჯერობით მსოფლიოში ერთადერთია და მას ანალოგები არ მოეძებნება. ტაძარში მდგარა ანთროპომორფული ქანდაკება, რომლის სიმაღლე 1,82 მ იყო. იგი არაჩვეულებრივ მარმარილოს ანტიკურ-აღმოსავლური ორდენით მორთულ კვარცხლბეკზე ყოფილა აღმართული. მასზე ადამიანის ფეხის ტერფისა და ქუსლის ბუდეებია ამოკვეთილი. ტაძრის ცენტრალური დარბაზი დერეფნებით უკავშირდებოდა დასავლეთით არსებულ მინაშენსა და მის პარალელურად განლაგებულ მარანს, რომელიც როგორც ყველა წარმართულ ტაძარს ამასაც ჰქონდა. ამ მარანში საკულტო მსახურებისთვის განკუთვნილი ღვინო ინახებოდა. მარანში აღმოჩნდა ორ რიგად ჩალაგებული 16 ქვევრი, რომელთა საერთო ტევადობა 20 ტონაზე მეტია. ქვევრებში საფერავის ჯიშის ღვინის კრისტალები აღმოჩნდა, როგორც ჩანს მაშინაც უპირატესობას წითელ ღვინოს ანიჭებდნენ (არაა გამორიცხული სისხლის ფერთან ასოციაციის გამო).
ექვსაბსიდიანი ტაძარი IV ს-ის I მეოთხედში, ქრისტიანობის შემოსვლასთან ერთად უნდა იყოს განადგურებული არა შემოსევის დროს განადგურებული არამედ სწორედ გამიზნულად, ახალი რელიგიის შემოსვლის შედეგად დანგრეული. ამავე II–III ს-ის სამოსახლოს ნაწილია არმაზციხეზე გათხრილი აბანოები. სულ ნაქალაქარზე სამი აბანოა გამოვლენილი, მათგან ერთი მიჩნეულია დედოფლის აბანოდ. იგი აგებული ყოფილა ქვატეხილებით, შემტკიცებული კირით და დახურული კრამიტით. აბანოს შესასვლელი სამხრეთიდან ქონია, რომელიც შემდეგ გაუუქმებიათ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან გაუჭრიათ. აბანოს სამი განყოფილება ქონდა: ცივი, თბილი და ცხელი განყოფილებები. ჯერ ცივ აბანოში შედიოდნენ, სადაც გასახდელიც იყო მოწყობილი და საბანაო აუზიც, შემდეგ აქედან თბილ აბანოში ხვდებოდნენ, საიდანაც ცხელ აბანოში იყო გასასვლელი. ცხელ განყოფილებაში ორი ნახევარწრიული და ერთი ოთხკუთხა აბაზანა იყო მოწყობილი. ყველა აგურფილითაა ნაგები და შელესილია ჰიდრავლიკური ხსნარით იმისთვის რომ აბაზანიდან წყალი არ გაჟონილიყო. თბილ და ცხელ განყოფილებების კედლებზე მოწყობილი იყო თბოიზოლატორი, რომელიც I სართულზე განლაგებულ გასათბობი განყოფილებებიდან სითბოს ამოსასვლელად იყო გაწყობილი. ცხელი აბანოს გარეთ, I სართულად გამართული იყო საცეცხლე განყოფილება, რომელში ანთებული ცეცხლით აბანო ცხელდებოდა. ცხელ აბანოს დასავლეთ მხარეს მიდგმული ჰქონდა ჭა, რომელსაც უერთდებოდა წყალსადენი. აბანო მარაგდებოდა მისგან რამდენიმე მეტრით დაშორებული რეზერვუარიდან გამოსული არხით. აქ დავამატებთ, რომ მთლიანად არმაზციხე სასმელი წყლით მარაგდებოდა იქვე, ქართლის მთის მეორე კალთაზე მდებარე კარსნისხევიდან გამოყვანილი წყლით. ამ აბანოსთანაა დაკავშირებული მასთან ახლოს აღმოჩენილი სამი ბერძნული წარწერა, რომლებიც 90-იან წლებში გამოვლინდა. წარწერები ქვიშაქვის ფილებზეა შესრულებული და ქართლის სამეფო კარზე მიმდინარე მშენებლობებზე ყვებიან. ერთ-ერთ მათგანზე, რომელიც დაუზიანებლადაა მოღწეული, მოხსენიებულია იბერიის მეფე ამაზასპი და მისი ეზოსმოძღვარი და მრჩეველი ანაგრანესი, რომელმაც მეფის მეუღლეს, არმენიის მეფის, ვოლოგეზის, ასულს, აბანო აუშენა და შესწირა. მეორე წარწერაში მოხსენიებულია დედოფალი დრაკონტისი, რომელსაც მსახურთუხუცესმა ანიონმა გაუკეთა და შესწირა აბანოს წყალგაყვანილობა. რაც შეეხება მესამე წარწერას, იგი ფრაგმენტულია და ასევე ქართლის რომელიღაც მეფეს იხსენიებს. ამ წარწერებში მოხსენიებული ისტორიული პირებიდან წერილობითი წყაროების მიხედვით მხოლოდ ქართლის მეფე ამაზასპი იყო ცნობილი, რომელიც II–III ს-თა მიჯნაზე მართავდა ქვეყანას. ამდენად ის, რომ ამაზასპს სომეხი ქალი ჰყოლია ცოლად, რომ შესაძლოა მას დრაკონტისი რქმეოდა, რომ ამაზასპის თანამედროვე არმენიის იგივე სომხეთის მეფე ვოლოგეზია და მის დროს ქართლის მეფის ეზოსმოძღვარი ანაგრანესია, საქართველოს ისტორიისთვის სიახლეს წარმოადგენს და გარკვეულწილად ავსებს აღნიშნული პერიოდის ამბებს.
მეორე უფრო დიდი აბანო, რომელიც სამეფო აბანოდაა მიჩნეული, ექვსაბსიდიანი ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით აღმოჩნდა. იგი ქვატეხილითაა ნაგები და კირხსნარით შემტკიცებული, გადახურული გახლდათ კრამიტით. აბანო შიგნიდან შელესილი იყო ჰიდრავლიკური ხსნარით. აბანო ხუთგანყოფილებიანია: გასახდელი, ცივი, თბილი, ცხელი და საცეცხლე განყოფილება. ისევე როგორც ე.წ. დედოფლის აბანო, ესეც ისეა აგებული, რომ ჯერ გასახდელში შედიოდი, შემდეგ აქედან ცივ აბანოში გადიოდი, აქედან თბილ ბოლოს კი ცხელ განყოფილებაში ხვდებოდი. თბილი და ცხელი აბანო ორსართულიანი იყო, პირველ სართულზე გაკეთებული გახლდათ გასათბობი და საცეცხლე, გასათბობი შედგებოდა აგურის სვეტებისაგან რომლებსაც თიხის ფილები – აბანოს იატაკი ეყრდნობოდა. სწორედ საცეცხლურში ანთებული ცეცხლი ათბობდა გასათბობ განყოფილებას, რომელში დატრიალებული სითბური ენერგია შემდეგ ხვდებოდა და ათბობდა ცხელი და თბილი აბანოს კედლებსა და მასზე მიკრულ თიხის ფილებს შორის დარჩენილ სივრცეს. აბანოში მოწყობილი იყო ხუთი აბაზანა, საიდანაც ნაბანი წყალი შემკრებ ჭაში ჩაედინებოდა, შემდეგ კი აბანოს აღმ-ით მოწყობილ კოლექტორს უერთდებოდა. აბანო წყლით დასავლეთიდან წყალსადენით მარაგდებოდა. გასახდელის დასავლეთით მოწყობილი იყო სავარჯიშო ოთახი. აბანოს აბაზანები მორთული იყო ქანდაკებებით, კანელურებით და მცენარეული ორნამენტით. არმაზისხევის აბანოები რომაული აბანოების მოთხოვნებს სრულად შეესაბამებოდა და მიუთითებდა ერთი მხრივ ქართლის კავშირზე მაშინდელ ცივილიზებულ სამყაროსთან და მეორე მხრივ გვიანანტიკური ხანის ქართლის ჰიგიენურ სამშენებლო კულტურაზე. ამავე პერიოდში ქალაქს ჰქონია ფანჩატურისებრი აუზი, რომელიც სამეფო აბანოს აღმოსავლეთით იყო მოწყობილი. აუზი ქვათლილებით იყო ნაგები, ერთ კუთხეში მოწყობილი იყო შემაღლება – პოდიუმი, საიდანაც აუზში ჩადიოდნენ. აუზს ქონდა თავისი წყალსადენიც. დარბაზის აღმოსავლეთით დგას ე.წ. ორსენაკიანი ნაგებობა, რომლის ქვედა ფენა, როგორც აღინიშნა, ძვ.წ. II–I ს-ით თარიღდება, ზედა, ქვატეხილით ნაგები და კირხსნარით შემტკიცებული კედლები კი ადრეშუასაუკუნეებს განეკუთვნება. სწორედ აღნიშნული ნაგებობიდან დაიწყო XIX ს. არმაზციხის კვლევა, აქვე აღმოჩნდა მოხატული ფრაგმენტიც ქალღმერთის გამოსახულებით. ნაგებობამ დღევანდელი პირობითი სახელი თავისი ორი სენაკიდან გამომდინარე მიიღო. ამ სენაკებიდან ჩრდილოეთით მდებარე, როგორც ჩანს, ერთგვარ რეზერვუარის როლს ასრულებდა. მის დასავლეთ კედელში დატანებულია წყალსადენი, რომელიც კირხსანრით მოკირწყლულ იატაკზე ეშვებოდა. საჭიროების შემთხვევაში აქ დაგროვილი წყალი კედელში დატანებული სადინარით ფლატეზე იღვრებოდა. არმაზციხის არსებობის ბოლო ეტაპის ძეგლს წარმოადგენს, სვეტებიანი დარბაზის სამხრეთ-აღმოსავლეთით გათხრილი ბაზილიკური ტაძარი ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც VIII ს-ის აშენებულად მიიჩნევა და ამდენად, მხოლოდ რამოდენიმე წელი უარსებია, რადგან როგორც აღვნიშნეთ, არმაზციხე 735 წელს მურმან ყრუს ლაშქრობის შედეგად განადგურდა.
გარდა აღნიშნული შენობებისა 2011–2012 წლებში არმაზციხეზე გაითხარა რამდენიმე მცირე ზომის სახლი და სამეურნეო დანიშნულების სათავსო. ყველა ის ჩვეულად ნაგები იყო ქვის წყობის საძირკველზე ალიზით ამოყვანილი კედლებით და დახურული იყო კრამიტით. ნაგებობები ასევე III ს-ით თარიღდება და აბანოებისა და წარმართული ტაძრის თანამედროვე ნაგებობები უნდა იყოს. ამ სახლებისა და სათავსოების ინტერიერში გამოვლენილი მასალიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს რკინის ქვის დასამუშავებელი სხვადასხვა ხელსაწყოები: ცულ-წერაქვები, სატეხები, შვეულები, პალოები. ეს იარაღები, რომელთა რიცხვი 50 ერთეულს აჭარბებს, მიუთითებს, რომ ახ.წ. III საუკუნეში არმაზციხეზე ფართოდ იყო გაშლილი ქვითხუროობა, ქვის მოპოვების და დამუშავების საქმე. ქვის მოჭრა კი იმ პერიოდში არმაზციხიდან შორს არ უნდა მომხდარიყო. საინტერესოა, რომ XX საუკუნის დასაწყისშიც კი არმაზისხევის გვერდით მდებარე კარსნისხევში ისევ იყო შემორჩენილი ქვის იმ იარაღით დამუშავების კარიერული წესი, რომლებიც არმაზციხეზე აღმოჩნდა. არქეოლოგთა მოსაზრებით, არაა გამორიცხული, რომ არმაზციხის იარაღები, სწორედ კარსნისხევის ქვის დამუშავებისთვის ყოფილიყო გამოყენებული. ბოლოსთვის აღვნიშნავთ, რომ არმაზციხეზე შესწავლილი ტერიტორია მხოლოდ მცირე ნაწილია ძველი ნაქალაქარისა და კიდევ არაერთი წელია საჭირო იმისთვის, რომ ნაქალაქარი სრულად იქნეს შესწავლილი.
ლუბიონის ლოკალიზაციისათვის, კოორდინატთა ბადეზე, მყარ წერტილებად მესტლეტასა (მცხეთა) და ჰარმაკტიკას (არმაზციხე) მონაცემების გამოყენებით, გეოგრაფოსის ნიშნული კონკრეტულად თანხვდება შატილის გზაზე, პირიქითა ხევსურეთში არსებულ სოფელ ლებაისკარს. აღნიშნული პუნქტი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით დიდ ინტერესს იწვევს. დათვისჯვრის უღელტეხილიდან (5 კმ-ში) პირიქითა ხევსურეთში ის პირველი სოფელია. ისტორიულად, სწორედ მდინარე იორისა და ფშავ-ხევსურეთის არაგვების სათავეებიდან არღუნის ხეობის გავლით გადიოდა მეტად მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული მაგისტრალი, რომელიც კახეთს ჩრდილო კავკასიასთან აკავშირებდა. საყურადღებოა ისიც, რომ კისტან-ლებაისკარით გზა წუბროვანის მთით გადის ხახაბოში, საიდანაც შესაძლებელი ხდება როგორც უკანა ფშავში, ისე კახეთში გადასვლა.
ტოპონიმი ლებაისკარი ორნაწილად უნდა გავყოთ „ლებაი“ და „კარი“. „კარი“ მისი მდებაროების გამო უნდა დამატებოდა. რაც შეეხევა „ლებაის“: „ლაბან“ = სპეტაკი, ბრწყინვალე; „ლობნი“ = სპეტაკობა; „ლები“ = მოთეთრო ფერის კლდის მიწა, რომელსაც საღებავად იყენებენ; „ლები“ ხევსურეთში უწოდებენ ქსოვილისა და ძაფის შესაღებ ბუნებრივ საღებავს.
1813 წელს, ასევე ლებაისკარი ყოფილა კავკასიის მთავარმართებელ რტიშევის მიერ გამოგზავნილი გენერალ სიმონოვიჩის სამხედრო ბანაკის ადგილი. გენერალს აქედანვე გაუგზავნია ალექსანდრე ბატონიშვილისათვის დამორჩილების მოთხოვნის წერილიც, თუმცა ელჩი ხევსურებს მოუკლავთ და სიმონოვიჩს თავის მოთხოვნაზე პასუხი ვეღარ მიუღია, მოგვიანებით კი შატილზე შეტევა განუხორციელებიათ (სიმონოვიჩის, სტალისა და ორბელიანის მეთაურობით). სოფ. ლებაისკარში, 1873 წლის აღწერით 15 მოსახლე ცხოვრობდა. ამ დროისათვის სოფ. ლებაისკარში დგას მხოლოდ ერთი, შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, თუშეთ-ხევსურეთში გავრცელებული სტრატეგიული დანიშნულების, ხუთსართულიანი, სიპედიანი კოშკი, (ხევსურეთში „სიპედს“ უწოდებენ ქვის თხელი ფილებით გამოყვანილ საფეხურებიან, პირამიდისებურ გადახურვას, რომელიც ამავდროულად აღნიშნავს ქვის სახურავსაც და ქოხსაც. სახელწოდება – „სიპედი“ მიიღება ჩვეულებრივი სამშენებლო მასალის – კოშკი კვადრატული გეგმისაა (4,25/4,25მ.), სიმაღლით – 15,55 მ. კოშკზე, შესასვლელი მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელშია გაკეთებული, მიწის დონიდან 2,2 მ-ის სიმაღლეზე.
„არტანისა“ სავარაუდოდ თანხვდება მცხეთის ჩრდილოეთით, იორის ხეობის ზედა წელში, იორის მარჯვენა სანაპიროზე, თიანეთის რაიონში მდებარე სოფელ არტანს (თიანეთიდან 12–13 კმ-ზე. დღეისთვის იყოფა ზემო და ქვემო არტანად.). 1954 წ. და 1966 წ. ჩატარებული საველე სამუშაოების დროს ივრის შენაკად ქუშხეურას ზედა წელზე (მარცხენა მხარეს. ესაზღვრება მარცხენა მხრიდან ს. ზემო არტაანს) გამოვლინდა შთამბეჭდავი ზომების, თლილი ქვებით ნაგები კედელ-ბურჯებიანი ციხე, რომელსაც ლ. ჭილაშვილი ანტიკურ პერიოდს განაკუთვნებს.
დაკვირვებითაც კარგად ჩანს, რომ ბუნებრივად იქ სწორედ ისეთი სივრცეა, რომელიც მისაღები უნდა ყოფილიყო ურბანული განაშენიანებისთვის. სოფელი ორ ხევს შორისაა მოქცეული, მარცხენა მხრიდან ჩამოუყვება მდ. არტანულა, რომელიც შემდეგ იორს უერთდება. პუნქტის ლოკალიზება ბუნებრივ წინაღობებს შორის მოქცეულ არეალში, გარკვეულწილად პასუხობს მის დომინანტის როლზე გარემოში. თუ დავაკვირდებით, დავინახავთ კიდევაც, რომ მხოლოდ არტანისას შეეძლო იორს დაყოლილი გზის კონტროლი, თანაც საკმაოდ დიდ მანძილზე. მის ირგვლივ სავსებით დასაშვებია გარკვეული სახის ქალაქური ტიპის დასახლებები ყოფილიყო. ამ მოსაზრებას ამყარებს თიანეთის რაიონის დაბა სიონში ჩატარებული ის საველე სამუშაოებიც, რომელიც 70-იანი წლებიდან დაიწყო. ძირითადად ის მიზნად ისახავდა ერწო-თიანეთის მოსახლეობის აქ მოპოვებულმა ზედაპირულმა არქეოლოგიურმა მასალამ ნათლად მიუთითა, რომ აღნიშნული ტერიტორიები ენეოლითის ხანიდან – გვიანფეოდალურ ხანამდე ინტენსიურად ყოფილა დასახლებული. სამწუხაროდ არტანისას ტერიტორია არქეოლოგიურად პტრაქტიკულად შეუსწავლელია, რის გამოც ამ საკითხზე დღეისთვის მეტის თქმა არ შეგვიძლია.
დასახლებული პუნქტი „სურა“ როგორც ირკვევა უნდა იყოს სოფელი არადეთი (შედის ბრეთის თემში), რომელიც ქარელის რაიონში, ქარელიდან ჩრდილოეთით, 7 კმ-ის დაშორებით, მდ. აღმოსავლეთ ფრონეს მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს.
სოფ. არადეთი, შემადგენელია იმ „სამკუთხედისა“, რომელსაც დასავლეთისა და აღმოსავლეთის ფრონეები ქმნიან მტკვართან. ხერთვისში, სამკუთხედის ორი ქედი მაღალი ფლატეებით ისაზღვრება და ეს სამკუთხედი სწორედ ის მინდორია, რომელიც „დედოფლის მინდვრისა“ და „დედოფლის გორის“ (ორგორის) გათხრებითაა ცნობილი. ჩრდილოეთიდან სამკუთხედს მდ. ფცას ერთ-ერთი განტოტებაც საზღვრავს.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მდ. ფრონესა და მის შენაკადებთან არსებულ თითქმის ყველა სოფელს შემონახული აქვს ადრინდელი (ძველი) სახელწოდება. თვითონ არადეთს დვანის ფრონის სოფლებს შორის მოიხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილიც. ამ სოფლის სახელწოდებას გადმოცემის მიხედვით უკავშირებენ არაბთა ბატონობას. აქ მდგარა არაბთა ლაშქარი და თითქოს ამის გამო შერქმევია ამ ტერიტორიას არადეთი (არაბეთი?).
არადეთი ისტორიული სოფელია და წყაროებში XI საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ეს ტერიტორია ანტიკურ ხანაში იბერიის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტ-რელიგიური ცენტრი ყოფილა.
სოფ. არადეთის მიმდებარე ტერიტორია – „დედოფლის მინდორი“, რომელიც მდებარეობს აღმ. და დას. ფრონეებს შორის, გამორჩეულია არქეოლოგიური ძეგლებით. ჩრდილოეთიდან მინდორს საზღვრავს სერი-კვერნაქი, რომელსაც სისხლის ჯვარი ჰქვია, ვახუშტი ბატონიშვილთან კი მოხსენებულია, როგორც ცეცხლის ჯვარი (სწორედ მის ძირას აღმოჩნდა წარმართული ტაძარი). 1926 წ. დედოფლის მინდვრის სამხრეთით, სოფ. დოღლაურთან აღმართულ არადეთის ორგორის მახლობლად აღმოჩნდა ბრინჯაოს ორი ბატილუმი – საკულტო-სარიტუალო დანიშნულების ნივთები და ოქროს ფირფიტისაგან დამზადებული ქალღმერთის გამოსახულება.
დედოფლის მინდორზე არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის, ხოლო 1973 წ. ქართული ხელოვნების ინსტიტუტის ექსპედიციებმა. მათ შეისწავლეს ანტიკური ხანის სატაძრო კომპლექსი. 1979 წ. არადეთის ორგორაზე (დედოფლის გორაზე) გათხრებს აწარმოებდა ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის შიდა ქართლის არქეოლოგიური ექსპედიცია.
ბორცვის შესწავლა XX 80-იან წლებში დაიწყო ექსპედიციამ ი. გაგოშიძის ხელმძღვანელობით. აღმოჩნდა ადრეშუასაუკუნეების (IV–VI ს-ბი) ფენა და ანტიკური ხანის (ძვ.წ. I–ახ.წ. II ს-ბი) დიდი კომპლექსის „სასახლის“ ნაშთები.
სოფ. არადეთის სამხრეთით, 4 კმ-ის დაშორებით, სოფ. დოღლაურის მახლობლად, მდ. მტკვრის მარცხენა შენაკადის, მდ. დასავლეთ ფრონეს შესართავთან, მდებარეობს არადეთის ორგორა. ყველაზე მაღალია დასავლეთის გორა, ე.წ. დედოფლის გორა (ზედაპირის ფართობი 70X50 მ). ის მრავალფენიანი ნამოსახლარია. დედოფლის გორაზე დადასტურდა ენეოლითის, ადრებრინჯაოს, გვიანბრინჯაოს, ადრერკინის, ანტიკური და ადრეული შუა საუკუნეების ფენები. ანტიკური ხანის ფენა წარმოქმნილია სასახლისა და სამეურნეო ნაგებობების ნანგრევებით. გათხრების შედეგად გამოვლინდა პილონებით შემოსაზღვრული შიდა ეზოს ნაწილი. ეზოს გარშემო განლაგებულია 6 ოთახი და მცირე კარიბჭე. ოთახები თითო კარით უკავშირდება შიდა ეზოს. კედლებისა და პილონების ქვედა ნაწილი 1,5 მ სიმაღლეზე აგებულია რიყის ქვითა და ბზენარევი თიხის ხსნარით. შემდეგ კედლები ამოყვანილია ალიზის აგურით (52X52X12 მ). ალიზის წყობა გამაგრებულია კედლების გასწვრივ და გარდიგარდმო დალაგებული ხის ძელებით, შელესილია ალიზის ხსნარით. გარედან სასახლის კედლები მოპირკეთებული ყოფილა თლილი ქვიშაქვის ბლოკებით, რომლებიც ერთმანეთზე გადაბმული იყო ისრისებური ფორმის გამირებით.
სასახლის ეზოში მოწყობილია სახაბაზო ოთხი თონითა და ხელსაფქვავებით. ეზოს ირგვლივ განლაგებულ ოთახებში ინახებოდა ჭირნახული (ხორბალი, ქერი, ისლი), რკინის სახნისები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ირმის რქისაგან დამზადებული გრავირებული ფირფიტები (25 ც), რომლებზეც ამოკვეთილია არამეული წარწერები. ვარაუდობენ, რომ ეს ფირფიტები სამკითხაო-სათამაშო დანიშნულებისაა (ყველაზე დიდი ფირფიტის ზომაა 49X48 მმ; ყველაზე მცირესი 40X36 მმ). ფირფიტებზე გამოსახულია ერთი ან ორი, იშვიათად სამი ფიგურა: დათვის, ტახის, ირმის, ჯიხვის, სხვადასხვა ფანტასტიკური ცხოველის, მხედრების გამოსახულება. სამი ფირფიტა დატოვებულია გამოსახულების გარეშე. ფირფიტებთან ერთად აღმოჩნდა ღორის ფალანგები, რომლებზეც დატანილია ერთი ან ორი ჭდე, ნახვრეტი. დედოფლის გორის სასახლე თარიღდება ძვ.წ. I–ახ.წ. I ს-ის პირველი ნახევრით (გაგოშიძე, წოწელია 1991 წ.).
„დედოფლის გორას“ დიდი ნაწილი ჯერ კიდევ შეუსწავლელია და წინ ბევრი დიდი აღმოჩენა გველოდება.
სოფელ არადეთის დასავლეთით 3 კმ-ის დაშორებით, დედოფლის მინდორზე, გაითხარა სატაძრო კომპლექსი (ძვ.წ. II–I ს-ბი), რომელსაც 6 ჰა ფართობი უჭირავს. მასში შედის: მთავარი ტაძარი, მცირე ტაძარი, ორი კარიბჭე, მცირე ტაძრის მსახურ-ქურუმთა 6 საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, ნასოფლარები და სამაროვნები.
მართკუთხედის ფორმის (255X150 მ) ყველა ნაგებობა გრძივი ღერძით დამხობილია სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ და ოდნავ (6 გრადუსით) გადახრილია დასავლეთისაკენ. მისი ცენტრალური ნაწილი უკავია შიდა ეზოს (105X105 მ), რომელსაც სამხრეთიდან ესაზღვრება მთავარი ტაძრის ჩრდილო კარიბჭე, ჩრდილოეთიდან – მცირე ტაძარი, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან – კარიბჭეები.
ა) მთავარი ტაძარი სწორკუთხა გეგმისაა (46X30 მ). მისი კედლები ნაგებია ალიზით რიყის ქვის საფუძველზე. კედლები ორი მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. შელესილია ბზენარევი თიხის ხსნარით და თითქოს შეღებილიც ყოფილა (აღმოჩენილია წითლად, თეთრად და ლურჯად შეღებილი ბათქაშის ნატეხები). ტაძრის ბირთვს შეადგენს ცელა – ოთხსვეტიანი კვადრატული დარბაზი აღჭურვილი ისევე ოთხსვეტიანი ფართო კარიბჭით. მას სამი მხრიდან გარს უვლის გარშემოსავლელი, რომელიც ტიხრებითაა დანაწევრებული. ცელას ცენტრში დაბალი კვადრატული ბაქანია (1,6X1,6 მ) საკურთხევლისათვის. იატაკი თიხითაა მოსწორებილი. ჩრდილოეთის მხრიდან ტაძარს ეკვრის ორსვეტიანი ლოჯია. მისი სვეტები იატაკში ამოღებულ კვადრატულ ფოსოებში იდგა. სვეტები ხისა ყოფილა – ლოჯიაში მრგვალი, ხოლო მთავარ ტაძარში და კარიბჭეში ორმაგი, შეწყვილებული მრგვალი სვეტები. ცელას ცენტრში, საკურთხევლის თავზე აღმართული ყოფილა თავისუფლად მდგომ სვეტზე დაყედნობილი ორსაფეხურიანი გვირგვინი ღიობით ცენტრში (ერდო). გარშემოსავლელს ცალფერდა კრამიტის სახურავი ჰქონია. კარიბჭის სვეტები დასრულებული იყო მოყვითალო ფერის ქვიშაქვის ზარისებრი კაპიტელებით, რომლებზეც ლოტოსის გაშლილი ყვავილის რელიეფური ფურცლებია ამოკვეთილი. მისი აბაკა კი შემკულია წნულში მოქცეული ვარდულებით. ცელა, კარიბჭე და ლოჯია ბანური გადახურვისაა, სვეტებზე დაყრდნობილი და ლურსმებით გადაბმული ხის კოჭებით.
ბ) შიდა ეზოს ჩრდილოეთის მხარეს, ცენტრში დგას მცირე ტაძარი. ტაძარში შესასვლელი სამხრეთიდან, ორსვეტიანი კარიბჭიდანაა. ცელას ცენტრში იდგა ქვის კაპიტელით დაგვირგვინებული ერთი სვეტი. ცელას აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ეკვრის გარშემოსავლელი. მასში მოხვედრა პორტიკიდან შეიძლება. საკურთხეველი მოწყობილი იყო ცელას სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან. შემორჩენილია თიხატკეპნილი ბაქანი, ისეთივე, როგორც მთავარ ტაძარშია, მაგრამ უფრო მომცრო. ტაძარი გადახურული იყო კრამიტის ორფერდა სახურავით. კეხზე ნახმარია სპეციალური კეხის კრამიტი.
გ) მცირე ტაძრის აღმოსავლეთით და დასავლეთით კედლებით ყოველმხრივ შემოზღუდული და ერთმანეთისაგან გამოყოფილი სამ-სამი ეზოა. ტემენოსის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სიმეტრიულად სამ-სამი კედლით გამოყოფილი სამი ნაგებობაა (ტაძარი) მოთავსებული (13X20 მ), თითოეული მათგანი შედგება კვადრატული ოთახის, ოთახის დასავლეთით მდებარე დერეფნის და სამხრეთის მხარეს ღია პორტიკისაგან. ტაძრებს სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აკრავს ეზოები. ყოველი მეზობელი ტაძრის ეზო ერთმანეთთან გასასვლელითაა დაკავშირებული. ეს სატაძრო კომპლექსები მცირე ტაძრის აღმოსავლეთით მდებარე ეზოებისაგან გამოყოფილია ფართო ქუჩა-გასასვლელით. ტემენოსის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის სიმეტრიულია და იქაც სამი სატაძრო კომპლექსი გამოვლინდა.
დ) კარიბჭე (20X22 მ) ორია, ისინი მდებარეობენ შიდა ეზოს აღმოსავლეთითა და დასავლეთით. თითოეული შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული ორ-ორი დიდი და მცირე პორტიკისაგან. დიდი პორტიკები ოთხსვეტიანია და გახსნილია გარეთ. მცირე პორტიკები კი ორსვეტიანია და ეზოში გადის. მცირე პორტიკების ჩრდილოეთით და სამხრეთით სწორკუთხა სათავსებია, რომლებიც კარით უკავშირდებიან პორტიკს. შიდა პორტიკების სვეტისთავები მცირე ტაძრისა და მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ აივნის სვეტისთავების მსგავსია. გარეთა პორტიკების კაპიტელები კი მათგან აბაკას ორნამენტით განსხვავდება. აქ ამოკვეთილია ნახევარწრიული ღეროებით ერთმანეთთან დაკავშირებული ლოტოსის სამფურცლიანი პალმეტები და მათ შორის ჩასმულია ექვსფურცლიანი ვარდულები.
ე) სატაძრო კომპლექსის აღმოსავლეთით, 70 მ მანძილზე, გაითხარა 3 მ სიგანის კედლის (გალავანი ?) მონაკვეთი. აქვე აღმოჩნდა ქვის ორი კაპიტელის ნატეხები, ანალოგიური ნაშთები მიკვლეულია ტემენოსის დასავლეთით და აღმოსავლეთით.
II. სატაძრო კომპლექსის აღმოსავლეთით, უშუალოდ მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოვლინდა რიყის ქვით ნაგები კედლების ნაშთები, ძვ.წ.II–I საუკუნეების კერამიკული ნაწარმი და სხვა. სავარაუდოა, აქ მდებარეობდა ტაძრის ქურუმთა სამოსახლო და სამეურნეო ნაგებობები. ამავე მიმართულებით ტემენოსიდან 1 კმ მანძილზე დაბალ ბორცვზე აღმოჩნდა ელინისტური ხანის დასასრულის სასახლის ტიპის კაპიტალური შენობის ნაშთები და ამავე ხანის სამაროვანი. ნაგებობა გადახურული იყო დამახასიათებელი წითლად შეღებილი კრამიტით.
III. სასახლის ბორცვის დასავლეთ ფერდობზე მდებარეობდა ვრცელი სოფელი. ანტიკური და გვიანდელი ფეოდალური ხანის ნასოფლარზე დიდი რაოდენობით ყრია თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ხელსაფქვავები და სხვა.
ა) კომპლექის ჩრდილო-აღმოსავლეთით 400 მ მანძილზე გამოვლინდა ძვ.წ. II–I ს-ის ტაძრის კუთვნილი სახელოსნოები და მონა-ხელოსანთა სამოსახლო. აქ გაითხარა ორი ქურა: ერთი თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი კამაროვანი ქურა, რომელშიც აღმოჩნდა კერამიკული სადგარები და ჭურჭლის ნამტვრევები; მეორე კერამიკული სწორკუთხა ქურა, რომელსაც სავარაუდოდ კრამიტის გამოსაწვავად იყენებდნენ. ქურების სიახლოვეს მიკვლეულია თიხის კარიერი, რომელიც შევსებული იყო საკერამიკე ნედლეულიდან გამორჩეული კიროვანი კონკრეციებით (კონკრეცია ნიშნავს შეზრდას, შედედებას) და წუნდებული ან ტრანსპორტირების დროს დალეწილი კერამიკული ნაწარმით. კარიერში მოპოვებული კრამიტი სხვადასხვა ტიპისაა. მათგან მხოლოდ ერთი ტიპი გამოყენებული იყო სატაძრო კომპლექსის შენობათა გადახურვაზე, დანარჩენი ორი ტიპის კრამიტი, როგორც ჩანს, გამოყენებული იყო ტაძრებით დაკავშირებული სხვა ნაგებობებისათვის, რომლებიც ჯერჯერობით არაა მიკვლეული.
ბ) სატაძრო კომპლექსის ირგვლივ მიკვლეულია რამდენიმე გვიანდელი ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის ნასოფლარი და სამაროვანი. გაითხარა რიყის ქვის ნაგები ნახევრად მიწურ შენობათა ნაშთები, ნაპოვნია მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მასალა. ნაპოვნია წითლად და შავად გამომწვარი კერამიკა (მათ შორის კოლხური ქვევრები და დასავლეთ საქართველოდან შემოტანილი თიხის სხვა ნაწარმი), ხელსაფქვავები, კირქვის ბონომის ფრაგმენტი, წისქვილის დოლაბი, ფერადი ქვისა და მინის მძივები, ბრინჯაოს სამაჯურები და სხვა სამკაული. ნაპოვნია აგრეთვე ბრინჯაოს კოლხური ცული და ძვ.წ. VII–V საუკუნეების რამდენიმე სხვა არქეოლოგიური ნივთი.
გ) ე.წ. დამპალას წყაროსთან, სატაძრო კომპლექსის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 600 მეტრზე მდებარეობს გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ყორღანული სამაროვანი. ორ დაზიანებულ სამარხში აღმოჩნდა ძვ.წ. II ათასწლეულის მიწურულის ლეგად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.
დედოფლის მინდორზე ზედაპირულად აიკრიფა და გათხრების დროს გამოვლინდა ძვ. ქვის ხანის (უპირატესად გვიანდელი აშელური და მუსტიერ) კაჟის, არგილისთისა და ბაზალტის აირაღები და ანატკეჩები, მათ შორის ორი აშელური ხელნაჯახი.
დედოფლის მინდორზე სატაძრო კომპლექსი მიეკუთვნება ძველ-აღმოსავლური ტაძრების ტიპს, რომელმაც დასრულებული სახე აქემენიდთა ხანაში მიიღო. ტაძრისა და ტემენოსის სხვა ნაგებობათა გეგმას, სამშენებლო ხერხებსა და ცალკეულ ხუროთმოძღვრულ დეტალებს ანალოგები მოეძებნება წინა აზიისა და შუა აზიის ელინისტური ხანის ძეგლებშიც (პერსეპოლისის ე.წ. ფრატადარას ტაძარი, სირიის ნაბატეველთა ტაძრები, პართული ნისას ოთხსვეტიანი კვადრატული დარბაზი და სხვა). ამავე დროს დედოფლის მინდვრის ნაგებობებს ახასიათებს რიგი თავისებურებებისა, რომელთაც არ მოეძებნებათ ანალოგები აღმოსავლეთში (მაგალითად: მთავარი ტაძრის ჩრდილოეთის პორტიკი, სრულიად თავისაბურია კაპიტელებიც).
აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე წინაქრიასტიანური ხანის კაპიტალურ საკულტო ნაგებობათა მთელი სისტემის აღმოცენა ადასტურებს მაღალორგანიზებული წარმართული კულტის, რთული საკულტო რიტუალისა და განვითარებული სატაძრო მეურნეობის არსებობას ანტიკური ხანის იბერიაში.
ი. გაგოშიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ მთავარი ტაძარი შესაძლოა ზოროასტრული ტრიადის ერთ-ერთ წევრს, ნაყოფიერების ქალღმერთ არდვი სურა ანაჰიტას ეძღვნებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მკვლევართა ნაწილი სპარსული ცეცხლის ტაძრების უმრავლესობას, თვით სუზის „აიადანასაც“ კი, სწორედ ანაჰიტას კულტს უკავშირებენ. ი. გაგოშიძის მოსაზრებას იზიარებს გ. ყიფიანიც. ტოპონიმის მნიშვნელობის განსაზღვრისას, მკვლევარი ყურადღებას ამახვილებს „სურ“ ფუძის ავესტურ წარმოშობაზე, რომელიც – „მტკიცე, შეურყეველი, ნოტიო, უბიწო“-ს აღნიშნავს და ამავდროულად შედის ქალღვთაება ანაჰიტას ორმაგი ტიტულის შემადგენლობაში – „არდვი-სურა ანაჰიტა“. მკვლევარს დასაშვებად მიაჩნია, რომ ქალაქს ანაჰიტას ორმაგი ტიტული მინიჭებოდა, მაგრამ მოხსენიებული ყოფილიყო ერთ-ერთით. „სურა“ აისახა გეოგრაფიულ სახელმძღვანელოში, ხოლო „არედვი“ – არადეთის ფორმით ტოპონიმად ჩამოყალიბდა და დაფიქსირდა.
ამდენად კ. პტოლემაიოსის კოორდინატებისა და ტოპონიმის, ზემოთ აღნიშნული მნიშვნელობის გათვალისწინებით, იბერიის ქალაქი „სურა“ შეიძლება გავაიგივოთ სოფ. არადეთთან. სოფელი არადეთი, ისევე როგორც სხვა მრავალი და მსგავსი პუნქტის დასახელება, თავისი არსით თეოფორიულია (ისევე, როგორც ამ ფუძის მიერ ფორმირებული საქართველოს სხვა ტოპონიმები: ერეთა, ერედა, ერედვი და მრ. სხვ.), რომლებშიც სავარაუდოდ ნაგულისხმევია ანაჰიტას მეორე ზედტიტული – „სურა“.
კლავდიოს პტოლემაიოსის ძალისა – იბერიისა და ალბანიის საზღვარზე მდებარე პუნქტი, გაიგივებულია სოფ. ძალისასთან. ნაქალაქარი მდებარეობს დღევანდელ სოფელ ძალისში, მუხრანის ველზე, მცხეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 18 კმ-ის დაშორებით, მდინარე ნარეკვავის ორივე ნაპირზე.
ძალისის ნაქალაქარი თარიღდება ძვ.წ. II–ახ.წ. VIII საუკუნეებით. მოსახლეობა პირველად მდინარე ნარეკვავის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ძალისის გორაზე (ფართ. 5–6 ჰა) დასახლებულა. ანტიკურ ხანაში, ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე, გაზრდილი მოსახლეობის ნაწილი მდინარე ნარეკვავის მარცხენა ნაპირზე გადასულა საცხოვრებლად და, აქ, ვაკეზე დიდი დასახლება წარმოქმნილა, რომელიც, როგორც ჩანს არისტოკრატთა უბანს წარმოადგენდა. ნაქალაქარი 1971–82 წლებში გათხარა იაე ინსტიტუტის ნასტაკისის მცხეთის რაიონის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ბოხოჩაძე). 80-იანი წლების I ნახევარში სპეც. სამეცნ.-სარესტ. საწ. გაერთიანებამ ტაძარს გაუკეთა მინის პავილიონი (ავტორები: ა. სოლომნიშვილი, დ. დათუნაშვილი), გამაგრდა მოზაიკა. გათხრებით მოპოვებული მასალების მიხედვით შეიძლება დავასკვნათ: ქალაქმა ძვ.წ. II საუკუნიდან ახ.წ. VIII საუკუნის 30-იან წლებამდე იარსება. განვითარების უმაღლეს დონეს ახ.წ. I–III საუკუნეებში მიაღწია. IV საუკუნეში განადგურდა და მის ტერიტოტრიაზე ცხოვრება დროებით შეწყდა. VI–VII საუკუნეებში აქ უღიმღამო ცხოვრება კვლავ გაგრძელდა, ხოლო VIII 30-იან წლებში ქალაქი საბოლოოდ განადგურდა მურვან ყრუს ლაშქრობის დროს.
ნაქალაქარზე გაითხარა ტაძარ-სასახლის (ტაძარი, სასახლე, აბანო) და აბანოს კომპლექსები. აბანოები ნაშენია რიყის ქვითა და დუღაბით, ყველა სხვა ნაგებობა – ალიზის აგურით. ტაძარ-სასახლეების კედლები შიგნიდან გაჯით, ზოგჯერ კი სუფთა კირხსნარითაა შელესილი. ყველა ნაგებობა გადახურული ყოფილა კრამიტით, დიდი რაოდენობით აღმოჩნდა კერამიკული მასალა, სარკმლის მინის და მინის ჭურჭლის ნატეხები, ლითონის ნივთები და ა.შ. მოპოვებული მასალა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, მცხეთის მუზეუმსა და ნასტაკისის ექსპედიციის ბაზაზე.
ა) ტაძარი გეგმით სწორკუთხაა. შედგება დარბაზისა და რამდენიმე დიდი სენაკისაგან. დარბაზს საზეიმო შესასვლელი სამხრეთით ჰქონდა. ზღურბლის წინ ეზოს მხარეს ტუფისა და ქვიშაქვის გათლილი ქვებით მოგებული მოედანია (4,9X2,75 მ). დარბაზის (ფართი 48,6 მ2) იატაკის მოზაიკა (თარიღდება ახ.წ. II საუკუნით) თორმეტი ფერის კენჭებისაგან არის შედგენილი. კედლების გასწვრივ იატაკს შემოვლებული აქვს შედარებით მსხვილი კენჭების მოზაიკური არშია (სიგ. 0,45–0,7 მ). მოზაიკის შუა ნაწილი, რომელსაც შემოვლებული აქვს არშია, ფართო ტოლფერდიან ჯვარს წააგავს. ჰორიზონტალური მკლავის ცენტრალურ ნაწილში სიუჟეტური კომპოზიციაა: გამოსახულია დიონისე და არიადნე. მოზაიკა კიდევ მრავალი გამოსახულებისაგან შედგება და მთელ დარაბაზის იატაკს იკავებს. მოზაიკაზე წარმოდგენილი გამოსახულებებისა და თვით ნაგებობის ხასიათით შეიძლება ვივარაუდოდ, რომ საქმე გვაქვს ანტიკურ სამყაროში გავრცელებულ ე.წ. „დიონისეს სახლთან“. მოზაიკის ნაკვთების იკონოგრაფია, ორნამენტაციის რეპერტუარი და სტილი თარიღდება მას ახ.წ. III საუკუნის პირველი ნახევრით და აკავშირებენ მოზაიკური ხელოვნების ანტიოქიის სკოლასთან.
ბ) სასახლე ყველაზე დიდ ნაგებობას წარმოადგენს. მისი ფართობი 2500 მ2-ს აღწევს და შედგება ოცდაათამდე სხვადასხვა სიდიდის ოთახისა და დარბაზისაგან, რომელთა ცენტრში გამოიყოფა ღია ეზო – ატრიუმი. ატრიუმის ცენტრში მოთავსებული იყო ბორდიურით შემოვლებული შადრევნის ოთხკუთხა აუზი, რომლის კუთხეებში მდგარა სვეტები. ატრიუმის დასავლეთით, თითქოს, ვლინდება ასევე გათლილი ქვებით ნაგები ტაძარი, სადაც აღმართული უნდა ყოფილიყო ღვთაება. ოთხივე მხრიდან კედლებით შემოზღუდული ატრიუმის ფართობია 8,35X8,35 მ. სასახლის ჩრდილო-დასავლეთის მხარეს განლაგებული ყოფილა საძილე ოთახები, ორგანყოფილებიანი საკუთარი საპირფარეშოთი, საკუთარი წყალსადენითა და კანალიზაციით. ღია ეზოს ჩრდილოეთის ნაწილში დარბაზებია განლაგებული, სამხრეთის მხარეს კი სხვადასხვა სიდიდის ოთახები და წინკარია. სასახლის საძირკველი რიყის ქვისაა, მასზე ერთ წყებად დაწყობილია ქვის თლილი ფილები, შემდეგ კი კედლები ამოყვანილია ალიზის აგურით. ინტერიერში კედლები შელესილი ყოფილა და მოხატულიც. აუცილებლად განსაკუთრებული ყურადღების ღირსია სასახლის ცენტრალური გათბობის სისტემა. იგი ღია ეზოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, თითქმის ცენტრშია განლაგებული. ცენტრალური გათბობა ჰიპოკაუსტის სისტემისაა. იგი წარმოადგენს კედლებით შემოზღუდულ ოთახს, რომელშიც განლაგებული იყო კალორიფერები, აქედან ცხელი ჰაერი მოედინებოდა კედლებში სიცარიელეში – არხებში.
გ) აფსიდიანი ნაგებობა – მოთავსებული სასახლის სამხრეთით და, როგორც ჩანს, უფრო მოგვიანებითაა აშენებული. შენობის ფართობია 703 მ2. მისი კედლების სისქე სხვადასხვაა. შენობაში ანფილადურადაა განლაგებული სამი დარბაზი და ოთახები მათ შორის. სამივე დარბაზი სამხრეთის მხარეს აფსიდით ბოლოვდება, მათგან ორი ნახევარწრიულია. ცენტრალური მთავარი დარბაზის აფსიდი სამწახნაგოვანია. აფსიდიანი დარბაზების კედლებში შექმნილია ვიწრო გამჭოლი თაღები, საფიქრებელია ცენტრალური გათბობის არხებისათვის. ყველა მონაცემით აქ გვაქვს ადმინისტრაციული შენობა, სადაც დარბაზები წარმოადგენენ კურიებს – სხდომათა დარბაზებს, ხოლო მცირე ოთახები აღრიცხვისა და საქმის წარმოებისათვის იყო განკუთვნილი. სამშენებლო მასალად აქაც გამოყენებულია რიყის ქვა, ალიზის აგური, კირის დუღაბი, სახურავ მასალად – კრამიტი.
დ) ძალისის სასახლის აბანო სასახლის გვერდით მდებარეობს, რომაული ტიპისაა და სამი – ცივი, თბილი და ცხელი განყოფილებებისაგან შედგება. სამივე განყოფილება ერთნაირი სიდიდისაა და ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხარეს აქვთ ნახევარწრიული აფსიდები. თითოეული აბანოს სიგრძეა 5 მ, ხოლო სიგანე – 2,5 მ. აბანოს ქვის კედლები შიგნიდან და გარედან შელესილია. ცხელი და თბილი აბანოების ქვეშ მოწყობილია ჰიპოკაუსტების სისტემის გათბობა, რომლის სვეტებისათვის გამოყენებულია ბრტყელი, კვადრატული და მრგვალი აგური. ცივ აბანოში დაგებული ყოფილა მოზაიკური იატაკი. მოზაიკას შემოვლებული აქვს არშია მცენარეული ორნამენტით, ხოლო არშიის შიგნით გამოსახულია ზღვის ფაუნა. მოზაიკა თბილ აბანოშიც ყოფილა, რაც იშვიათია. აბანოებს ემიჯნება გასახდელი – იპოდიტერიუმი, რომელიც გეგმაში სწორკუთხაა (4,9X4,7 მ). აქ უკვე მთელი იატაკი დაფარულია სიმეტრიული გეომეტრიული ნაკვთებით.
ე) ძალისის საცურაო აუზი არის საქართველოსათვის სრულიად უნიკალური ნაგებობა. იგი გეგმაში სწორკუთხაა და ოთხივე მხარეს, კედლების ცენტრში აქვს ნახევარწრიული აფსიდები. აუზის სიგრძეა 33,4 მ, აფსიდებითურთ კი 39,6 მ, სიგანე – 11,5 მ. აუზის კედლები (სისქით 0,7–1,0 მ) ამოშენებულია მიწაში რიყის ქვით კირხსნარზე და მოპირკეთებულია მშვენივრად გათლილი ქვის ფილებით. მოპირკეთებისა და რიყის ქვით აგებულ კედლებს შორის 10 სმ. სისქის ჰიდრავლიკური ხსნარის იზოლაციაა გაკეთებული. აუზის ჩრდილოეთ ნაწილში, რომლითაც იგი უკავშირდება აბანოს, მოწყობილია ცხრასაფეხურიანი კიბე. აუზში აგებულია ქვის მერხები – დასასვენებლად, მოწყობილია ტრაპი, რომელიც უერთდება გათლილი ქვით ნაგებ კანალიზაციის კოლექტორს. ტრაპისაკენ დამრეც იატაკს ჰქონდა ჰიდრავლიკური ხსნარის საფენი. საცურაო აუზი წყლით ივსებოდა დასავლეთის მხრიდან ორი მილსადენის საშუალებით. საცურაო აუზი დაკავშირებულია აბანოსთან და აგებული უნდა იყოს ახ.წ. II საუკუნეში ან III საუკუნის დასაწყისში.
ვ) ძალისის საზოგადოებრივი აბანო. კომპლექსის ცენტრში მოთავსებულია ღია ეზო – ატრიუმი (7,75X6,95 მ). აქ შემორჩენილია ერთმანეთთან დაკავშირებული, ტუფის დიდი ფილებით დაგებული იატაკი, რომლის ცენტრში მოთავსებულია აუზი შადრევნით. ატრიუმს დასავლეთიდან ეკვრის მცირე აფსიდიანი სენაკი. მისი იატაკიც შესანიშნავად გათლილი და მორგებული ტუფის დიდი ფილებისაგანაა. ამ სენაკს ატრიუმთან აკავშირებს ორ სვეტს შორის მოთავსებული კარი. დასავლეთით იწყება აბანოს ცივი, თბილი და ცხელი განყოფილებები. მათ სამხრეთის მხრიდან ახლავს კარგად გამოხაზული აფსიდები. თბილი და ცხელი აბანოს ქვეშ მოწყობილია ჰიპოკაუსტების სისტემა. ატრიუმის აღმოსავლეთით მოთავსებული იყო გასახდელი, რომლის ქვეშ მთლიანად არის შემონახული ჰიპოკაუსტის სვეტები. აბანოს კედლებში ვერტიკალურად ჩაყოლებულია კერამიკული მილები, რომლებიც დაფარულია კერამიკული ფილებით. ამ ფილებსა და კედელს შორის რჩება 3–4 მმ მანძილი სივრცე, რომელშიც მოედინებოდა ცხელი ჰაერი ოთახების გასათბობად. აღსანიშნავია, რომ კერამიკულ მილსადენთან ერთად ძალისში დამოწმებულია ტყვიის მილებისაგან შედგენილი წყალსადენიც. აბანო თარიღდება II–IV საუკუნეებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий