(ენ-პი-ეი) კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) , საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის ტრანსფორმაციის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. ქსელის მუშაობის შედეგებს კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის დასკვნის შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ სასაზღვრო ზოლის ალაზნის მონაკვეთზე, ტერიტორიული ცვლილების 69 ადგილია გამოვლენილი.
მათგან ორმოცდაორ შემთხვევაში, საზღვარი გადმონაცვლებულია საქართველოს მხარეს და მხოლოდ 27 აზერბაიჯანის საზიანოდ. საქართველოს ტერიტორიულმა დანაკარგებმა დაახლოებით 293 ჰექტარი შეადგინა.
CENN-ის ცნობით, აზერბაიჯანის მხარეზე, ეს მონაცემი 224 ჰექტარს არ აღემატება.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ რომ საფუძვლიანი საველე კვლევების ჩატარების შემდეგ, ეს სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის პერიმეტრის 19,6% (415,15 კმ) 23 დასახელების დიდ და პატარა მდინარეზე გადის. აქედან, ყველაზე გრძელი მონაკვეთი (190,25 კმ) მდინარე ალაზანზე მოდიოდა. მდინარის ეს მონაკვეთი ჩვენი ქვეყნის აზერბაიჯანთან თანამედროვე საზღვრის (478,42 კმ) 40,2% შეადგენდა და, ისე როგორც საქართველოს აღმოსავლეთ საზღვრის დანარჩენი უბნები, ხშირი ცვლილებებით ხასიათდებოდა.
საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, ზაქათალის ოკრუგი თბილისის გუბერნიაში შემოდიოდა. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დამოუკიდებლობა აღდგა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ადერბეიჯანის (აზერბაიჯანის) სოციალისტურ რესპუბლიკას შორის დადებული (12.06.1920) საზავო ხელშეკრულებით ამ ტერიტორიაზე კონდომინიუმი (ერთობლივი მფლობელობა) გამოცხადდა.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ამ უბანზე საქართველო - აზერბაიჯანის ადმინისტრაციულმა საზღვარმა, მდინარე ალაზანზე გადმოინაცვლა და იგი უბრალო გამიჯვნის პრინციპით იქნა გატარებული.
საზღვრების სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია 17 წელია მუშაობს, თუმცა ორ ქვეყანას შორის საზღვარი დადგენილი მაინც არ არის.
ამ დრომდე, ოფიციალურად სადაო ტერიტორიებად რჩება დავით გარეჯი და სოფელი ერისიმედი, თუმცა კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ მეზობელ ქვეყანასთან ტერიტორიებთან დაკავშირებით, სადაო გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით არსებული ტერიტორიები.
აქედან გამომდინარე, ასოციაცია CENN საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის სამთავრობოთაშორისო კომისიას და საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს:
„საქართველო - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ალაზნის მონაკვეთზე, ტერიტორიული ცვლილებებისა და მასთან დაკავშირებული სასაზღვრო ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, პირველ რიგში ჩასატარებელია შემდეგი სამუშაოები: ორივე ქვეყნის შეთანხმებით, 1938 წლის სადელიმიტაციო რუკის საფუძველზე, ამ თარიღთან ახლო პერიოდის აეროგადაღებიდან დამზადებულ, სასაზღვრო ზოლის მსხვილმასშტაბიან (1:10000 ან 1:25000) ტოპოგრაფიულ რუკაზე საზღვრის ხაზის გადმოტანა.
რედელიმიტირებული სამდინარო საზღვრის მახასიათებელი წერტილების (დასაწყისი, მოხვევის ადგილები, მეანდრის ყელი, კომუნიკაციების გადაკვეთა, შენაკადების შეერთების ადგილი და სხვა) კოორდინატების მაღალი სიზუსტით განსაზღვრა; დადგენილი კოორდინატებით სახელმწიფო მიჯნის ამ მონაკვეთის მოწესრიგება თანამედროვე მსხვილმასშტაბიან (1:25000) რუკაზე და სადემარკაციო სამუშაოების საზღვრისპირა ზოლის გეოსაინფორმაციო სისტემის შექმნა.
ამ პროცესების წამოწყება კი, შესაძლოა ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტის მიზეზი გახდეს. ამისთვის საჭიროა, ეფექტურად იქნეს გამოძიებული საზღვართან დაკავშირებით მკვლელობისა და სხვა დანაშაულების ფაქტები, რაც არსებული პრობლემის შედარებით მშვიდობიანად მოგვარების წინაპირობა გახდება.
Комментариев нет:
Отправить комментарий