IV საუკუნის დასაწყისში ალექსანდრიაში მოღვაწეობდა ერთი ცრუმასწავლებელი, სახელად არიოზი, რომელიც კადნიერად უარყოფდა ქრისტეს ღმერთობასა და დაუსაბამობას. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მელეტიოსმა არეულობა მოაწყო ეკლესიაში, დიაკონი არიოზი მას მიემხრო და დაუპირისპირდა ალექსანდრიის ეპისკოპოსს, როგორც მეტისმეტად მიმტევებელს დაცემულთა მიმართ.
პეტრე ალექსანდრიელის მოწამებრივად აღსრულების შემდეგ, მისმა მემკვიდრე აქილემ არიოზი პრესვიტერის ხარისხში აიყვანა და ალექსანდრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტაძარი ჩააბარა. განსწავლულმა და მკაცრი ცხოვრების მიმდევარმა არიოზმა სახელი გაითქვა. მისი გავლენა იმდენად ძლიერი იყო, რომ ეპისკოპოსად არჩევის იმედი ჰქონდა. მაგრამ მოხდა ისე, რომ აქილეს მემკვიდრედ აირჩიეს ალექსანდრე და არა არიოზი; ამ უკანასკნელმა არ გაამჟღავნა თავისი უკმაყოფილება და ეპისკოპოსს დაუახლოვდა.
ერთხელ, როდესაც მათი საუბარი შეეხო ყოვლადწმიდა სამებას, არიოზმა დაიწყო ალექსანდრეს მხილება და ერესისკენ მიდრეკაში დაადანაშაულა. ამასთან გამოთქვა აზრი, რომ იესო ქრისტე არ არის მარადიული და დაუსაბამო, რომ იყო ჟამი, როდესაც ის არ არსებობდა; რომ ის ღმერთია მხოლოდ სახელით და არა არსით, რადგან ქმნილებაა მამა ღმერთისა. ამ მკრეხელობამ შეაძრწუნა ალექსანდრე. სცადა, არიოზისთვის ასეთი შეხედულებების მცდარობა დაემტკიცებინა და სასაუბროდ ხშირად უხმობდა თავისთან; გარდა ამისა, სხვა სასულიერო პირებთან ერთად მსჯელობდა და გმობდა მის თვალსაზრისს. ამ ყოველივეს ალექსანდრე თავშეკავებით აკეთებდა, რადგან კეთილი და მშვიდობისმოყვარე ადამიანი იყო. არიოზი კი ალექსანდრეს ყველგან ერეტიკოსს ეძახდა; ამასთან ჯიუტად ავრცელებდა თავის სწავლებას, ქადაგებდა ეკლესიაშიც და საზოგადოებაშიც. ის მჭევრმეტყველი და მიმზიდველი მოსაუბრე იყო, რითაც მოხიბლა ძალიან ბევრი, რომელთაც გაიზიარეს მისი შეხედულებები.
როდესაც ალექსანდრემ დაინახა, თუ როგორ ვრცელდებოდა ბოროტება, 318 წელს მოიწვია კრება ასზე მეტი ეპისკოპოსის მონაწილეობით. კრებამ ერთსულოვნად დაგმო ცრუსწავლება და განკვეთა არიოზი. მაგრამ იგი არ დაემორჩილა ამ განჩინებას, საჯაროდ გამოთქვამდა უკმაყოფილებას, თითქოს უკანონოდ დასაჯეს, ამან კი ალექსანდრიაში დიდი მღელვარება გამოიწვია. არიოზი მრავალ ეპისკოპოსს სწერდა წერილებს, რომლებშიც თავს უდანაშაულო მსხვერპლად წარმოაჩენდა და რამდენიმე გავლენიანი მფარველის შეძენაც მოახერხა.
თავის მხრივ, ალექსანდრესაც ჰქონდა მიმოწერა და წმინდა წერილზე დაყრდნობით ამხელდა ცრუსწავლებას, ენციკლურ ეპისტოლეებში აღმოსავლეთის ყველა ეპისკოპოსს სთხოვდა თანადგომას საშიში ერესის დასამხობად.
არიოზმა ალექსანდრია დატოვა და თავისი ერესი პალესტინას, მთელ ეგვიპტესა და ლიბიას მოჰფინა. ზოგ ეპისკოპოსს თავისი სწავლების ბუნდოვანებით უხვევდა თვალებს, ზოგი მჭევრმეტყველებით მოხიბლა; ამასთან ყველას აცოდებდა თავს – თითქოს უსამართლოდ დევნიდნენ. ექვსი წლის განმავლობაში იმდენს მიაღწია, რომ მთელი აღმოსავლეთის მხარე ააღელვა. კამათში მარტო სასულიერო პირები არ მონაწილეობდნენ; ხალხი ჯგუფებად დაიყო, დედაკაცების უმრავლესობამ არიოზს დაუჭირა მხარი. თებაიდის უდაბნოში, განდეგილთა მდუმარე სავანეებში თუ ქალაქების ხალხმრავალ მოედნებზე გაისმოდა ცხარე კამათი ქრისტეს ღმერთობასა და დაუსაბამობაზე, თავს იჩენდა შეურიგებელი დაპირისპირებანი. წარმართები ზეიმობდნენ, როდესაც ხედავდნენ ქრისტიანთა უთანხმოებებს და დასცინოდნენ კიდეც. არიოზს მფარველობდა აღმოსავლეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეპისკოპოსი ევსები ნიკომიდიელი, რომელმაც მცირე კრება მოიწვია ბითვინიაში და, მიუხედავად ალექსანდრიის კრების გადაწყვეტილებისა, ისევ მიიღო ეკლესიის ერთობაში არიოზი, რომელიც თავის მიმდევრებთან ერთად დაბრუნდა ალექსანდრიაში და განაახლა მოღვაწეობა. შეუნელებლად ძლიერდებოდა ბოროტება, ერესი სულ უფრო ვრცელდებოდა...
ლიცინიუსზე გამარჯვებიდან (324 წ.) მალევე კონსტანტინე ნიკომიდიაში ჩავიდა აღმოსავლეთის ოლქების მოსანახულებლად და რაოდენ გაოცდა და შეწუხდა, როდესაც დაპირისპირების ამბავი შეიტყო, რომლის შესახებაც დასავლეთში თითქმის არაფერი იცოდნენ. მან თავდაპირველად არ მოისურვა საქმეში ჩარევა, ბოლოს გადაწყვიტა ალექსანდრესა და არიოზის შერიგება და ერთი საერთო წერილი მისწერა, რომლითაც ბრალს სდებდა ორივეს, სთხოვდა, მშვიდობიანად დაესრულებინათ დავა და მისთვის „დაებრუნებინათ სასიხარულო დღენი და უშფოთველი ღამეები“.
ჩანს, კონსტანტინე, მიუხედავად ქრისტიანობისადმი ერთგულებისა, კარგად არ იცნობდა ამ სწავლებას, ამიტომაც ბოლომდე ვერ ჩასწვდა მთელს სერიოზულობას საქმისა, რაც თავის წერილში უმნიშვნელო უთანხმოებად და ფუჭ კამათად მოიხსენია. ეკლესია კი ასე იოლად ვერ შეხედავდა საკითხს, რომელიც ქრისტიანის რწმენის არსსა და სასოებას ეხებოდა. შეუძლებელია ქრისტიანებისთვის მაცხოვრის დაუსაბამობა და ღმერთობა ეჭვქვეშ დამდგარიყო. თუ ერთხელ ვიღაცამ გაბედა, სადავო გაეხადა ეს თემა, ეკლესია გულგრილი ვეღარ დარჩებოდა – მას აუცილებლად უნდა გადმოეცა თავისი სწავლება. კონსტანტინეს წერილი ალექსანდრიაში ჩაიტანა დასავლეთში ერთ-ერთმა ყველაზე სახელოვანმა მწყემსმა ოსია კორდუბელმა. ამან მოსალოდნელი შედეგი არ მოიტანა: ოსიამ არიოზს მოუსმინა ალექსანდრიაში მოწვეულ ახალ კრებაზე და სხვა ეპისკოპოსებთან ერთად დაგმო მისი ცრუსწავლება, მაგრამ არიოზი უწინდებურად ჯიუტობდა. ერთ რამეს შეეძლო მღელვარების ჩაცხრობა – მთელ ეკლესიას, თავისი წინამძღოლების პირით, უნდა გადმოეცა ქრისტესა და მოციქულების მიერ ნაანდერძევი სარწმუნოება და გადაეწყვიტა, ეთანხმებოდა თუ არა მას ახალი მოძღვრება, რომელიც ცხარე პაექრობის საგანი გახდა. კონსტანტინეს გადაწყვეტილებით ქრისტიანული სამყაროს ყველა ეპისკოპოსს გაეგზავნა მოსაწვევი სიგელები ბითვინიის ოლქის დედაქალაქ ნიკეაში გამართულ I მსოფლიო კრებაზე დასასწრებად.
უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო კრების მოწვევა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მაშინ, როცა რომის მთელი უზარმაზარი იმპერია მოექცა გამგებლობაში ერთი მმართველისა, რომელიც ქრისტიანობას ჭეშმარიტ სარწმუნოებად აღიარებდა. ასეთ ვითარებაში ეპისკოპოსებს მსოფლიოს ყველა მხრიდან შეეძლოთ, დაუბრკოლებლად შეკრებილიყვნენ და ეკლესიის საქმეებზე ემსჯელათ.
და დადგა დრო, ეკლესიას განეხილა თავისი ყველა საჭირბოროტო საკითხი. სამასი წლის განმავლობაში იბრძოდა და იტანჯებოდა ეკლესია თავისი ღვთაებრივი დამაარსებლის – ქრისტესთვის. მქადაგებლებმა ეს სახელი შორეულ ქვეყნებს გააცნეს, მარტვილნი სიხარულით იხოცებოდნენ მისთვის – ქრისტე იყო მათი სიმტკიცე და სასოება. და აი, ახლა, როდესაც, ერთი შეხედვით, ქრისტიანობის ზეიმის ჟამმა დაჰკრა, იგი შორს განეფინა და ჭეშმარიტ სარწმუნოებად იქნა აღიარებული, გაბედეს მისი არსის უარყოფა და განაცხადეს, რომ ქრისტე მაცხოვარი არ არის დაუსაბამო ღმერთი! ასეთ მოვლენას ეკლესია ყოველგვარ დევნაზე უფრო მეტად უნდა აეფორიაქებინა.
ეპისკოპოსების მოგზაურობისა და ნიკეაში ყოფნის ყველა ხარჯი კონსტანტინემ იკისრა. გზებზე მათთვის სამარქაფო ცხენებიც კი გამზადებული იყო. დანიშნულ ადგილზე ჩავიდნენ ეპისკოპოსები ეგვიპტიდან და პალესტინიდან, სირიიდან და მესოპოტამიიდან, აფრიკიდან, მცირე აზიის ოლქებიდან, საბერძნეთიდან, სპარსეთიდან, სომხეთიდან, მიდიიდან და დაკიიდან – სულ სამასზე მეტი კაცი, რომელთაც ახლდნენ სხვა სასულიერო პირებიც: პრესვიტერები და დიაკვნები. მათ შეემატნენ დასავლეთის ქვეყნებიდან ჩასული რამდენიმე ეპისკოპოსი, აგრეთვე დუნაის იქითა ნაპირზე მცხოვრები, ახალმოქცეული გოთების წარგზავნილები. რომის ეპისკოპოსმა სილვესტერ
I-მა ჩამოსვლა სიბერისა და სისუსტის გამო ვერ შეძლო და თავის მაგიერ ორი პრესვიტერი გამოგზავნა. გალიის ეპისკოპოსი, როგორც ვარაუდობენ, წარმოადგენდა ბრიტანეთის ეკლესიასაც, ოსია კორდუბელი – ესპანეთისას. ეს უკანასკნელი ცნობილი მოღვაწე იყო და ხელისუფლის ნდობითაც სარგებლობდა.
ჩამოსულ ეპისკოპოსთაგან ქრისტიანული სამყაროსთვის ბევრი ცნობილი იყო უმწიკვლო ცხოვრებითა და დიდი სიბრძნით, ზოგს ღმერთმა მიჰმადლა სასწაულმოქმედების ნიჭი და ამით განადიდა. ბევრმა სულ ცოტა ხნის წინ, დევნის დროს, გადაიტანა მძიმე ტანჯვა და ჯერ კიდევ ეტყობოდა ქრისტესთვის მარტვილობის კვალი. ქრისტეს ეს მტკიცე და ერთგული მსახურნი სიხარულით ემზადებოდნენ, ისევ ეღიარებინათ მაცხოვარი და ღმერთი, რომელსაც არ განუდგნენ მდევნელთა წინაშე. დავასახელებთ კრების ზოგიერთ მნიშვნელოვან მონაწილეს.
ნიკეაში ერთ-ერთი პირველი ჩავიდა მხცოვანი ალექსანდრე, ალექსანდრიის ეპისკოპოსი, არიოზის პირველი მამხილებელი, მოციქულთა სწავლების შეუპოვარი დამცველი. მას ჩამოჰყვა ჭაბუკი დიაკონი სახელად ათანასე, რომელსაც შემდგომში უნდა გაეთქვა სახელი არიანელებთან გაბედული და თანმიმდევრული ბრძოლით.
მეორე გახლდათ ნიკოლოზი, ლიკიის ოლქის ქალაქ მირონის ეპისკოპოსი. იგი განთქმული იყო სათნოებით, ყველა გაჭირვებულისადმი გულმოწყალებით და სასწაულქმედების ნიჭით. გადმოცემა გვაუწყებს, რომ მან ვეღარ მოითმინა არიოზის მკრეხელური სიტყვების მოსმენა და მთელი კრების თვალწინ გაარტყა, რისთვისაც მას ეპისკოპოსის ხარისხი ჩამოართვეს, მაგრამ ზეციური ხილვის შემდეგ ისევ აღუდგინეს.
იაკობ ნიზიბიელი სომხეთის მეფის ნათესავი იყო. მან ადრეული ასაკიდან ყველა საერო პატივსა და დიდებაზე მეტად შეიყვარა ღმერთი და თავი მისდამი მსახურებას მიუძღვნა. დიდხანს ცხოვრობდა უდაბნოში, იტანჯა მაქსიმიანესგან დევნის დროს, ღვთის სიტყვის საქადაგებლად იყო სპარსეთში. ქალაქ ნიზიბიის (მესოპოტამია) ეპისკოპოსად არჩევის შემდგომ თავგანწირვით იბრძოდა სარწმუნოების სიწმინდისთვის. მასთან ერთად კრებაზე ჩავიდა მისი ჭაბუკი მოწაფე, რომელიც შემდგომ ეფრემ ასურის სახელით გახდა ცნობილი.
ევსტათი ანტიოქიელმა, პაფნუტი თებაიდელმა, პავლე ნეოკესარიელმა, ლეონტი კაპადოკიელმა სახელი გაითქვეს, როგორც სარწმუნოების მტკიცე აღმსარებლებმა; მათ მრავალი ტანჯვა დაითმინეს დევნის დროს. პაფნუტიმ მარჯვენა თვალი დაკარგა და კოჭლობდა; პავლეს ხელები ჰქონდა დასახიჩრებული – ისინი, ლიცინიუსის ბრძანებით, გავარვარებული შანთებით დაუწვეს.
სპირიდონი, კვიპროსის მდებარე ქალაქ ტრიმიფუნტის თავმდაბალი მღვდელთმთავარი, წმინდა ცხოვრებით იყო განთქმული. ის ეპისკოპოსად არჩევის შემდგომაც თანასოფლელებთან ერთად მუშაობდა მინდორში, მწყემსავდა ნახირს... ეხმარებოდა ყველას, ვისაც შემწეობა ესაჭიროებოდა, ღვთისგან მონიჭებული ძალით კურნავდა სნეულებს და ახდენდა უდიდეს სასწაულებს.
კრების საზეიმოდ გახსნამდე ეპისკოპოსები ხშირად იკრიბებოდნენ წინასწარ მოსათათბირებლად, უხმობდნენ არიოზს და ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ საკუთარი შეხედულებების მცდარობაში. ასეთ თათბირებზე დასწრება უცხო პირებსაც შეეძლოთ. ერთხელ ერთმა წარმართმა ფილოსოფოსმა დაიწყო ქრისტიანული სწავლების განქიქება. სპირიდონი საპასუხოდ წამოდგა, რამაც ბევრი შეაშფოთა, რადგან იცოდნენ, რომ ის უწიგნური ადამიანი იყო. სამაგიეროდ, თავმდაბალ მღვდელთმთავარს რწმენა ძლიერი ჰქონდა და მასთან თანამყოფობდა ჭეშმარიტებაში დამმოძღვრავი სულიწმიდა. მან მტკიცე ხმით მიმართა ფილოსოფოსს: „სახელითა უფლისა იესო ქრისტესითა, მისმინე. ერთ არს ღმერთი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა და არახილულთა, რომელმაც ყოველივე შექმნა სიტყვით... სიტყვას სხვაგვარად ძე ღვთისა და ღმერთი ეწოდება. მან ლმობიერება გამოიჩინა ადამიანებისადმი, კეთილ-ინება დედაკაცისაგან შობა, კაცთა შორის ცხოვრება, ვნება და სიკვდილი ჩვენს გადასარჩენად. იგი აღდგა და აღდგომა უბოძა მთელ კაცობრიობას და კვლავაც მოვა, რათა მართლად განსაჯოს ყველა და თითოეულს საკადრისი მიაგოს. ეს გვწამს გამომეძიებლობის გარეშე. ამრიგად, ნუ შეიწუხებ ამაოდ თავს და ნუ ეცდები სარწმუნოების ჭეშმარიტებათა დარღვევას, ნუ გამოიძიებ, იყო ასე ეს თუ არა – ეს ყოველივე კაცობრივ გონებას აღემატება. უბრალოდ მიპასუხე, გწამს თუ არა?“ ფილოსოფოსი დუმდა. „გწამს თუ არა?“ – ჩაეკითხა სპირიდონი. „მწამს!“ – სრულიად მოულოდნელად მიუგო ფილოსოფოსმა. მოგვიანებით ის ამბობდა, რომ სპირიდონის სიტყვებში მან რაღაც მისთვის უცნობი და უძლეველი ძალა შეიგრძნო, რომელმაც ქრისტიანობის ჭეშმარიტება შეაცნობინა.
კონსტანტინე ნიკეაში დროულად ჩავიდა. არიოზის ზოგიერთმა მიმდევარმა მასთან დაასმინა მართლმადიდებელი ეპისკოპოსები, მაგრამ კონსტანტინემ საჩივართა ქაღალდები ისე დახია, არც წაუკითხავს. მათ კი უთხრა: საჭიროა, ყველა ეს პირადი შუღლი დავიწყებული იქნეს და მთელი ყურადღება სარწმუნოების საკითხზე გამახვილდესო.
კრება მიმდინარეობდა ორნახევარ თვეს, 325 წლის 20 მაისიდან 19 ივნისამდე, საიმპერატორო სასახლის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პალატაში; ზოგიერთის ვარაუდით, მას თავმჯდომარეობდა ოსია კორდუბელი (სხვათა ვარაუდით, ევსტათი ანტიოქიელი), ხოლო დამსწრეთა რაოდენობა, პრესვიტერებსა და დიაკვნებთან ერთად, ორი ათასს აღემატებოდა. კრებას 318 ეპისკოპოსი ესწრებოდა. ოთახში მათთვის სკამები კედლების გასწვრივ განალაგეს, ხოლო შუაში, მაგიდაზე ესვენა წმინდა წერილი, როგორც უტყუარი მოწმობა ჭეშმარიტებისა და რომლის თანახმადაც უნდა ყოფილიყო მიღებული კრების გადაწყვეტილებანი. როდესაც ყველა შეიკრიბა, გამოცხადდა ავგუსტი, თავის რამდენიმე ქრისტიან კარისკაცთან ერთად. საზეიმო შემთხვევისთვის მას მდიდრული, სამეფო სამოსი ეცვა. დიდებული კრებულის დანახვისას იგი დაიბნა და მდუმარედ, თავდახრილი მიუახლოვდა მისთვის მომზადებულ ოქროს ტახტს. ეპისკოპოსებმა ავგუსტს ანიშნეს დამჯდარიყო, შემდეგ თავადაც დასხდნენ.
უპირველესად ევსტათი ანტიოქიელმა და შემდეგ ისტორიკოსმა ევსებიმ, კესარიის მაშინდელმა ეპისკოპოსმა, ღმერთს აღუვლინეს დიდება და სამადლობელი ავგუსტის მფარველობის ქვეშ მყოფი ეკლესიის კეთილდღეობისთვის. შემდეგ კონსტანტინემ წარმოთქვა სიტყვა ლათინურ ენაზე, რაც კრებას ბერძენმა თარჯიმანმა გააცნო. იმპერატორი გამოხატავდა სიხარულს, რომ ხედავდა ეპისკოპოსთა ასეთ დიდებულ თავყრილობას და სთხოვდა, მშვიდობიანად გადაეჭრათ სადავო საკითხები.
დაიწყო პაექრობა: არიოზი ჯიუტად იცავდა თავის სწავლებას, რასაც აშკარად მხარს უჭერდა ჩვიდმეტამდე ეპისკოპოსი, რომელთა შორისაც იყვნენ ევსები ნიკომიდიელი,
ევსები კესარიელი, თეგნოსტი ნიკიელი და მარისი ქალკედონელი. აქ ყველას განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ალექსანდრიის ეპისკოპოსთან ერთად ჩასულმა ახალგაზრდა დიაკონმა ათანასემ. მას მჭევრმეტყველებაში ტოლი არ ჰყავდა. მისმა მახვილგონივრულმა და ზუსტმა პასუხებმა გააცამტვერა არიანელთა არგუმენტები. არიოზის მოძღვრების უარყოფაში დიდი როლი ითამაშეს აგრეთვე წმ. ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსმა, წმ. სპირიდონ ტრიმითუნიელმა და სხვებმა.
პაექრობა ცხარე და შეუვალი იყო. კონსტანტინე ცდილობდა მთელი თავისი გავლენის გამოყენებას მხარეთა დასაშოშმინებლად და მშვიდობიანი გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ ამაოდ. დავის გაგრძელებასთან ერთად თანდათან ცხადი ხდებოდა, თუ რაოდენ დაშორდნენ არიანელები ჭეშმარიტებას. წაიკითხეს რამდენიმე ნაწყვეტი არიოზის თხზულებიდან და სარწმუნოების არიანული აღიარება, რამაც უდიდესი გულისწყრომა გამოიწვია. კრებამ ეს ნაწერები დახია.
როდესაც არიანელებმა დაინახეს, რომ საკუთარი სწავლების დაუფარავად გადმოცემა საყოველთაო მრისხანებას იწვევდა, ცბიერებას მიმართეს – შეეცადნენ, მოწინააღმდეგენი გამონათქვამთა ბუნდოვანებით ჩაეგდოთ ცდომილებაში – ხან თითქოს ეთანხმებოდნენ მართლმადიდებლების აზრს, შემდეგ აღმოჩნდებოდა, რომ გამოთქმულს სულ სხვა, საიდუმლო მნიშვნელობას ანიჭებდნენ და ა.შ. ამ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მართლმადიდებლებმა გადაწყვიტეს, წერილობით გადმოეცათ სარწმუნოების აღსარება. ეს იქნებოდა ეკლესიის სწავლების არსი მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეზე. შეადგინეს სარწმუნოების სიმბოლო და ყველას შესთავაზეს მასზე ხელმოწერა თანხმობის ნიშნად.
ცხარე დავა გამოიწვია გამოთქმამ – ერთარსი მამისა, რასაც დიდხანს არ თანხმდებოდნენ არიოზის მიმდევრები. მას მცდარ ტერმინად მიიჩევდნენ და ამბობდნენ, რომ იგი არსად გვხვდება წმინდა წერილში. ბოლოს ჩვიდმეტ არიანელ ეპისკოპოსთაგან დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა სიმბოლოს.
არიოზი მაინც არ იხევდა უკან. მისი სწავლება საჯაროდ დაგმეს, თავად არიოზი კი დაამხეს და ილირიაში განდევნეს თავის რამდენიმე თანამზრახველთან ერთად.
მთავარი სადავო თემის მოგვარების შემდგომ კრება სხვა საკითხების განხილვასაც შეუდგა. აღდგომის დღესასწაულის აღნიშნვის დრო ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი. იგი ზოგიერთ ეკლესიაში იუდეურ პასექთან ერთად აღინიშნებოდა. ამ საკითხზე მოთათბირებისას კრებამ ხმათა უმრავლესობით დაადგინა: აღდგომა უნდა იზეიმონ ყველგან ერთდროულად, სახელდობრ გაზაფხულის ბუნიობის შემდგომი მთვარის აღვსებიდან პირველ კვირადღეს.
შემდეგ კრებამ დაგმო მელეტი თებელი ძალაუფლების უკანონოდ მითვისებისა და საეკლესიო დადგენილებათა დარღვევისთვის. ჩამოაყალიბა ოცი წესი, ანუ კანონი, ეკლესიის მოწყობის შესახებ. ამ კანონებით უწინდელთან შედარებით უფრო ცხადად განისაზღვრა ეკლესიის მსახურთა უფლებანი და მოვალეობანი, ამასთან ეკლესიის დამოკიდებულება დაცემულთა, განკვეთილთა და ერეტიკოსთა მიმართ. კრების ყველა დადგენილების სიმკაცრეს არბილებდა ადამიანური სისუსტეების მიმტევებელი ქრისტიანული სიყვარულის სული. ზოგიერთმა ეპისკოპოსმა დააყენა საკითხი სასულიერო პირების უქორწინებლობის შესახებ, მაგრამ ამას გადაჭრით წინ აღუდგა აღმსარებელი და მეუდაბნოე პაფნუტი თებაიდელი. იგი თავად უქორწინებელი იყო, მაგრამ არ თვლიდა საჭიროდ კლერიკოსებზე ამ ვალდებულების აუცილებელ დაკისრებას და იშველიებდა პავლე მოციქულის სიტყვებს ქორწინების წესიერების თაობაზე. მისმა აზრმა გაიმარჯვა.
კრების კანონებში პირველად ჩნდება წოდება მიტროპოლიტი – დედაქალაქის ეპისკოპოსი, რომელსაც ქვეყნის დანარჩენ ეპისკოპოსებთან შედარებით პირველობა ეკუთვნოდა. ასევე განისაზღვრა მთავარი მიტროპოლიები – რომის, ალექსანდრიისა და ანტიოქიისა, რომლებიც თანასწორნი იყვნენ. მათ უთანაბრდებოდა იერუსალიმის კათედრა.
საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ნიკეის კრების თითქმის ყველა კანონი არ წარმოადგენდა ახალ დადგენილებას. ისინი უფრო ძველთაგანვე არსებული ტრადიციების აღიარებასა და დაკანონებას ემსახურებოდნენ. მაგალითად, დედაქალაქის ეპისკოპოსებს თავიდანვე ჰქონდათ ოლქების ეპისკოპოსებსა და ქორეპისკოპოსებზე (სოფლის ეპისკოპოსი) ზედამხედველობის უფლება. ბევრ ეკლესიაში არსებობდა საეკლესიო საქმეთა განსახილველად წელიწადში კრების ორჯერ მოწვევის ტრადიცია, რაც დააკანონა მსოფლიო კრებამ. ოდითგან იყო მიღებული ფეხზე დგომით ლოცვის წესი; კვირაობით, სულთმოფენობისას, განსაკუთრებით სასიხარულო და საზეიმო დღეებში არ შეიძლებოდა მუხლმოდრეკა. კრებამ ეს ტრადიციაც ჩართო თავის კანონებში.
ამრიგად, ნიკეის მსოფლიო კრებას ახალი კანონები არ დაუდგენია, მან უფრო გარკვევით ჩამოაყალიბა ის, რაც უკვე მიღებული იყო მთელ ეკლესიაში. კრების მთავარი, უდიდესი საქმე – სარწმუნოების სიმბოლო, წარმოადგენდა მთელი ეკლესიის სარწმუნოების ცხად და გარკვეულ გადმოცემას. ჩვენ დავინახეთ, რომ იმთავითვე თითქმის ყველა ერეტიკული სწავლება ეხებოდა უფალ იესო ქრისტეს პიროვნებას და მის დამოკიდებულებას მამა ღმერთისადმი. სამი საუკუნის განმავლობაში ებრძოდა ეკლესია ყველა ცრუსწავლებას, განაქიქებდა მათ უფლისა და მისი მოციქულების მიერ ნაბოძები ჭეშმარიტი სწავლებით. ახლა მთელი ეკლესიის სარწმუნოება ერთსულოვნად იქნა გამოხატული ნიკეის სიმბოლოში. აი, ისიც: „გვწამს ერთი ღმერთი მამა, ყოვლისამპყრობელი, შემოქმედი ხილულთა და არახილულთა. და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა მხოლოდშობილი, შობილი მამისაგან, ესე იგი მამის არსებისგან, ღმერთი ღვთისგან, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არაქმნილი, ერთარსი მამისა, რომლის მიერ შეიქმნა ყოველი ცასა და ქვეყანაზე. ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩვენისა ცხონებისათვის გარდამომხდარი, განხორციელებული და განკაცებული, ვნებული, დაფლული და მესამე დღეს აღმდგარი მსგავსად წერილისა; და ამაღლებული ზეცად და მჯდომარე მარჯვენით მამისა; და კვალად მომავალი დიდებით განსჯად ცოცხალთა და მკვდართა; და მის მეუფებას არ ექნება დასასრული; და სულიწმიდა“.
კრებამ, ასევე დაამტკიცა ამა თუ იმ ეკლესიის მთავარ წარმომადგენელთა იერარქიული და ადმინისტრაციული ნორმები, ურთიერთშორის პატივისა და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. კრებამ გამოსცა სულ 20 კანონი. კრების დასასრულს, მისი ყველა მონაწილე იმპერატორის მიერ მიწვეულ იქმნა საგანგებოდ გამართულ გამოსათხოვარ სადილზე.
კრების დადგენილების 20-ვე მუხლი კრების მონაწილე ეპისკოპოსების მიერ მათ ეპარქიებში, თავთავიანთი ქვეყნების მიხედვით ეცნობა ყველა ეკლესიას.
პირველი საეკლესიო კრების პროტოკოლი არ შემორჩენილა. აღნიშნული კრების გადაწყვეტილებების შესახებ ცნობილი ხდება სხვა წყაროებიდან, მათ შორის მომდევნო საეკლესიო კრებების ოქმებიდანაც. საყურადღებოა, რომ კრების მონაწილეთა სიაში, რომელიც ჩვენამდე მოღწეულია ექვს ენაზე და შედგენილია ეპპარქიებისა და საეპისკოპოსო კათედრების მიხედვით, — იხსენიება პიტიუნტის ეპისკოპოსი ვინმე სტრატოფილე.
ნიკეას კრების კანონები
კანონი 1. საჭურისის მღვდლად კურთხევა
თუ ვინმე ავადმყოფობის გამო ექიმის ხელით ან ბარბაროსთა მიერ იქნა დასაჭურისებული, ასეთი შეიძლება იყოს სამღვდელო დასში. თუ ჯანმრთელმა დაისაჭურისოს თავი, მათ შესახებ სხვა სასულიერო პირებმა დაწვრილებით უნდა გამოიძიონ, უნდა ამორიცხონ სამღვდელო დასიდან და არასდროს არ უნდა დაუბრუნდეთ მათ მღვდლობის პატივი. ეს ნათქვამია მათზე, ვინც თვითონ გაბედავს დასაჭურისებას. თუ ვინმე, სხვა მხრივ ღირსეული, დაასაჭურისეს ბარბაროსებმა ან მისმა ბატონმა, მისი მღვდლად კურთხევის ნებას იძლევა კანონი.
კანონი 2. ახალმოქცეული წარმართის მღვდლად კურთხევა
მრავალჯერ ყოფილა, რომ გაჭირვების გამო ან კაცთა მიერ ძალდატანების შედეგად მომხდარა საეკლესიო კანონთა საწინააღმდეგო საქმე: წარმართობიდან მართლმადიდებლად მოქცეული კაცები ცოტა ხანს არიან კათაკმევლები, სწრაფად მოყჰავთ ისინი სულიერ საბანელთან, დანათლისღებისთანავე აკურთხებენ მღვდლად ან ეპისკოპოსად. საჭიროდ მიგვაჩნია, რომ ამიერიდან აღარ მოხდეს ასეთი რამ, რადგან აუცილებელია, რომ მათ გარკვეული ხანი დაჰყონ კათაკმევლობაში და ნათლისღების შემდეგ უმეტესად გამოიცადონ, რადგან სამოციქულო წიგნში ცხადად არის ნათქვამი: „ნუ ახალმონათლული, რომ არ გათამამდეს და არ ჩავარდეს სასჯელში და ეშმაკის მახეში“. თუ დროთა განმავლობაში მის პიროვნებაში აღმოჩნდეს რაიმე სულიერი ცოდვა და მხილებულ იქნეს ორი ან სამი მოწმის, ასეთი მღვდლად ნუ იკურთხება. ვინც ამ კანონის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს, როგორც დიდი კრების მოწინააღმდეგე და ურიაც, თვითონ დაემხოს მღვდელობიდან.
კანონი 3. სამღვდელოთა მიერ სახლში ქალის ყოლის უფლების აკრძალვა
დიდი კრება სრულიად უკრძალავს ეპისკოპოსს, მღვდელს, დიაკონს და სამღვდელო დასის ყველა წარმომადგენელს ქალის ყოლას სახლში თანასახლეულად, გარდა დედისა, დისა ან მამის და დედის დისა, ან ისეთი პირისა, რომელიც სრულიად არასაეჭვოა.
კანონი 4. ეპისკოპოსის კურთხევის წესი
ეპისკოპოსი უნდა დაადგინოს სამთავროს ყველა ეპისკოპოსმა. თუ ყველას შეკრება შეუძლებელი იყოს რაიმე გაჭირვების ან გზის სიგრძის გამო, სამი მაინც უეჭველად შეიკრიბოს ერთად, სხვებისაგან მიიღონ წერილობითი თანხმობა და ამის შემდეგ აღასრულონ ხელდასხმა. ამ ქმედებას საბოლოოდ ამტკიცებს სამთავროს მიტროპოლიტი.
კანონი 5. უზიარებლობის სასჯელის საყოველთაოობა. კრებაზე გასაჩივრებისუფლება და კრების გამართვის წესი
მათზე, ვინც თითოეული სამთავროს ეპისკოპოსის მიერ დასჯილია უზიარებლობით, გინდ სამღვდელო, გინდ საერო პირი იყოს, დაცულ იქნეს განწესებული კანონით, რომელიც ამბობს, რომ ერთი ეპისკოპოსის მიერგანდევნილი არ უნდა შეიწყნაროს სხვა ეპისკოპოსმა. მხოლოდ გამოძიებულ უნდა იქნეს, ხომ არ მოხდა ამ სასჯელის დადება ეპისკოპოსის სულმოკლეობის, მღელვარე ბუნების ან რაიმე მსგავსი უსახურობის გამო. ამ საქმის ჯეროვნად შესასწავლად, კრებას სათანადოდ მიაჩნია, რომ თითოეულ სამთავროში წელიწადში ორჯერ ჩატარდეს ეპისკოპოსთა კრება, რომ მთელი სამთავროს ეპისკოპოსთა საერთო შეკრებაზე ასეთი სადავო საქმე განხილულ იქნეს. ამგვარად, საჯაროდ და სამართლიანად, ყველას მხარდაჭერით დამტკიცდეს თავისი ეპისკოპოსის დაუმორჩილებელთა უზიარებლობით დასჯა მანამ, სანამ ჯეროვნად მიიჩნევს ეპისკოპოსთა ერთობა მათთვის რაიმე უფრო კაცთმოყვარული განაჩენის დამკტიცებას. ხოლო კრებები იყოს ერთი მარხვამდე, რომ ყოველგვარი სულმოკლეობის აღკვეთით განწმენდილი მსხვერპლი შეეწიროს ღმერთს, ხოლო მეორე - რთველის დროს.
კანონი 6. ალექსანდრიის ეკლესიის ძალაუფლება აფრიკაზე. ეპისკოპოსობაზე მიტროპოლიტის თანხმობის აუცილებლობა. კრებაზე გადაწყვეტილების მიღების წესი
ძველი წესი იყოს დაცული ეგვიპტეში, ლიბიასა და ხუთქალაქში, რომ ყველა ამათზე ვრცელდებოდეს ალექსანდრიის ეპისკოპოსის ხელისუფლება. ასეთივე ჩვეულება არის რომის ეკლესიაშიც, ანტიოქიაშიც და სხვა სამთავროებშიც - დაცულია რომელიმე ეკლესიის უპირატესი ძალაუფლება. ეს საყოველთაოდ მთელ მსოფლიოში ცხადი იყოს, რომ თუ ვინმე მიტროპოლიტის ცნობის გარეშე ეპისკოპოსი გახდება, ასეთის შესახებ ადგენს დიდი კრება, რომ არ არის ჯეროვანი მისი ეპისკოპოსობა. თუ ყველა ეპისკოპოსის საერთო ბჭობა მართალი იქნება და საეკლესიო კანონთან შეთანხმებული, ხოლო ორი ან სამი ბრძოლისმოყვარე ეპისკოპოსი ეწინააღმდეგება უმრავლესს, უნდა დამტკიცდეს უმრავლესის განჩინება.
კანონი 7. იერუსალიმის ეკლესიის მეთაურის პატივის შესახებ
რადგან ჩვეულებით დამტკიცებულია და ზეციდან მოცემული, რომ პატივი მიეგოს ელიის ეპისკოპოსს, ამიტომ ამ ქალაქს შეურყეველად ჰქონდეს მიტროპოლიტის პატივი.
კანონი 8. „წმინდად“ წოდებულთა მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება
ისინი, ვინც თავიანთ თავს წმინდას უწოდებენ, თუ მოიქცევიან და დაუბრუნდებიან სამოციქულო ეკლესიას, მათ შესახებ წმინდა და დიდი კრება ადგენს, რომ თუ რომელიმე მათგანი ხელდასხმული იყოს, დარჩეს თავისი სამღვდელო პატივის ხარისხში. უპირველესად, მათ წერილობით უნდა აღიარონ, რომ შეუერთდებიან და შეუდგებიან კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სჯულს, ესე იგი, ისინი საზიარებლად შეიწყნარებენ მეორედ ქორწინებულებს, დევნილებსა და გაჭირვების გამო ცოდვაში ჩავარდნილებს, რომელთათვის სინანულის დროც დადგენილია და დღეებიც განსაზღვრულია. საჭიროა, რომ ისინი მიჰყვნენ კათოლიკე ეკლესიის ყველა წესს. ამრიგად, იმ დაბაში ან ქალაქში, სადაც მხოლოდ ისინი არიან ხელდასხმული და სამღვდელო დასის წევრები, დარჩნენ იმავე ხარისხში და იმავე სახით. ხოლო თუ იქ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ან მღვდელი იქნება, ცხადია, რომ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსს ექნება ეპისკოპოსის პატივი, ხოლო წმინდად წოდებულთა ეპისკოპოსს მღვდლის პატივი უნდა ჰქონდეს. თუ ის მიიჩნევს, რომ მას აქვს ეპისკოპოსის პატივი და ადგილობრივი ეპისკოპოსი ჩათვლის საჭიროდ, მოსძებნოს მან ან ქორეპისკოპოსის, ან მღვდლის ადგილი, რომ არ იყოს ერთ ქალაქში ორი ეპისკოპოსი.
კანონი 9. კანონის დარღვევით ხელდასხმის შედეგები
თუ ვინმემ შეუსწავლელ-გამოუძიებლად მიიღოს მღვდლობის პატივი და გამოკითხვა-გამოძიების შემდეგ აღიაროს თავისი ცოდვები და აღიაროს, რომ კანონთა დარღვევით მოხდა მისი ხელდასხმა, ასეთებს კანონი არ შეიწყნარებს, რადგან კათოლიკე ეკლესია უნაკლოს ეძებს.
კანონი 10. ცოდვილის ხელდამსხმელის შესახებ
ცოდვით დაცემულთაგანი, თუ ვინმე ხელდასხმული იქნება, იცის თუ არ იცის ეს მისმა ხელდამსხმელმა, ამას არ ითვალისწინებს საეკლესიო კანონი. თუ ეს ცნობილი გახდება, ასეთები განიკვეთებიან.
კანონი 11. სარწმუნოების უარმყოფელთა მიღების წესი
გაჭირვების, მონაგებთა მიტაცების, ტყვეობის ან სხვა რაიმე ამგვარის გარეშე, რაც მოხდა ლიკინიოზის ძალადობის დროს, თუ ვინმე გადაუდგა და უარყო სარწმუნოება, კრებას მიაჩნია, რომ საჭიროა გამოვიჩინოთ მათ მიმართ მოწყალება, თუმცა, ღირსნი არ არიან კაცთმოყვარეობისა. თუ მოინანიებენ გულმოდგინედ, სამი წელი მსმენელებთან ერთად დაჰყონ, შვიდი წელი შევრდომით ილოცონ, ხოლო ორი წელი შესაწირავის გარეშე ეზიარონ ერის ლოცვას.
კანონი 12. სამხედრო სამსახურიდან მოქცეულ სამღვდელოთა ისევ სამხედრო სამსახურში დაბრუნების შემთხვევაში შეწყნარების წესი
იმათ, ვინც სარწმუნოების აღსარებად მადლის მიერ იქნენ მოწოდებულნი და თავიდან გულმოდგინება და მოქცევის დიდი სურვილი გამოიჩინეს, გვერდზე გადადეს სამხედრო აღჭურვილობა, ხოლოამის შემდეგ, როგორც ძაღლები თავიანთ ნათხევარს მიუბრუნდნენ და ზოგიერთმა ფული და საუნჯეც გაიღო, რომ ისევ მხედართა დასს დაბრუნებოდა, სამი წლის მსმენელობის ვადის შესრულების შემდეგ ათი წელი შევდრომით ილოცონ. ყოველივე ამასთან საჭიროა დაწვრილებით გამოიძიონ მათი მისწრაფება და სინანულის სახე, თუ როგორი შიშით, ცრემლით, მოთმინებით და კეთილმოქმედებით, საქმით და არა მხოლოდ გარეგნულად გამოაჩენენ თავის მოქცევას. როდესაც შეასრულებენ მსმენელობის დადგენილ ვადას, ეპისკოპოსის კაცთმოყვარული გადაწყვეტილებითა და მხარდაჭერით სამართლიანად ეზიარონ ისინი ერის ლოცვას. ხოლო ვინც ასე არ იმოქმედოს და თავისი მოქცევისათვის საკმაოდ ჩათვალოს მხოლოდ ეკლესიაში შესვლა, აუცილებლად უნდა შეასრულოს ზემოთქმული კანონის მთელი დრო.
კანონი 13. უზიარებლის სიკვდილის წინ ზიარების უფლება. შედეგები ცოცხლად გადარჩენის შემთხვევაში
მომაკვდავთა შესახებ მომავალშიც დაცული იყოს ძველი და კანონიერი სჯული, რომლის მიხედვითაც, თუ ვინმე კვდებოდეს, ბოლო საჭირო საგზლის გარეშე არ უნდა დარჩეს. ხოლო განწირულად ჩათვლისა და ზიარების მიღების შემდეგ თუ ისევ მობრუნდეს და აღარ მოკვდეს, მიეცეს მხოლოდ ლოცვაში მონაწილეობის მიღების ნება. საზოგადოდ და ყველასთან ასე იყოს ეს. თუ ვინმე სნეული ითხოვდეს ევქარისტიის ზიარებას, ეპისკოპოსმა უნდა იცოდეს, განსაჯოს ეს და მისცეს სიწმინდის ზიარება.
კანონი 14. ცოდვისაგან მოქცეული კათაკმევლის შეწყნარების წესი
ცოდვით დაცემული კათაკმევლების შესახებ წმინდა და დიდ კრებას საჭიროდ მიაჩნია, რომ სამი წელი ისინი მსმენელები იყვნენ და მხოლოდ ამის შემდეგ ილოცონ კათაკმევლებთან ერთად.
კანონი 15. სამღვდელოთა ეპარქიიდან თვითნებური გასვლის აკრძალვა
მრავალი შფოთიანი საქმისა და არეულობათა გამო, რომელიც არის ხოლმე, წმინდა კრებას მიაჩნია, სრულიად მოისპოს ზოგ მხარეში დამკვიდრებული უკანონო ჩვეულება და ქალაქიდან ქალაქში არ გადადიოდეს არც ეპისკოპოსი, არც მღვდელი, არც დიაკონი. თუ ვინმემ ამ დიდი კრების დადგენილების შემდეგ ხელი მიჰყოს ამ საქმეს, სრულიად დაუმტკიცებელი იყოს მის მიერ მოპოვებული და გადაყენებულ იქნეს, გინდ ეპისკოპოსად იყოს ხელდასხმული და გინდ მღვდლად.
კანონი 16. სხვის ეპარქიაში გადაადგილების და ხელდასხმის აკრძალვა
თუ მღვდელს, დიაკონს ან სამღვდელო დასის სხვა წევრს თავის გონების სიბრმავის გამო ღვთის შიში თვალწინ არა აქვთ, საეკლესიო კანონთა არმცოდნენი არიან და განშორდებიან თავიანთ ეკლესიას, ესენი ნურსად იქნებიან სხვა ეკლესიაში შეწყნარებულნი, არამედ ყოველნაირად უნდა აიძულონ ისინი, რომ თავიანთ ეკლესიას დაუბრუნდნენ. თუ მაინც ურჩობდნენ, უზიარებლობით დაისაჯონ. ხოლო თუ ვინმემ სხვისი მოყვასის გადმობირება და თავის ეკლესიაში ხელდასხმა გაბედოს იმ ეპისკოპოსის თანხმობის გარეშე, რომლისგანაც კანონის მიერ განჩინებული პირი წამოსულია, დაუმტკიცებელი იყოს მისი ხელდასხმა.
კანონი 17. ვახშის აკრძალვა სამღვდელოთათვის
მრავალნი, კანონის მიერ სამღვდელოდ განჩინებულნი, ანგარებისა და მომხვეჭელობის სურვილით ივიწყებენ საღვთო წერილის შემდეგ სიტყვებს: „ვეცხლი მისი არა მისცა აღნადგინებად“ და თავიანთ მოვალეებს ართმევენ ვახშს. წმინდა კრებამ ჯეროვნად მიიჩნია, რომ თუ ამ დადგენილების მერე აღმოჩნდება ვინმე გასესხებულ თანხაზე ვახშის ამღები ერთის მაგიერ ერთნახევრისა ან სხვა რაიმეს ჩამდენი მიხვეჭის მიზნით, მღვდელობისაგან განიკვეთოს და კანონის მიერ განდევნილ იქნეს.
კანონი 18. დიაკვნების მიერ ზიარების აკრძალვა
წმინდა კრებამდე მოვიდა ამბავი, რომ ზოგიერთ ადგილსა და ქალაქში დიაკვნები აზიარებენ მღვდლებს, რაც არც კანონს მოუცია და არც ჩვეულებას, რომ ვისაც შეწირვის უფლება არ აქვს, შემწირველს მისცეს ქრისტეს ხორცი. ამასთან ერთად ესეც გავიგეთ, რომ ზოგიერთი დიაკონი ეპისკოპოსზე ადრეც ეხება ზიარებას. ეს ყოველივე უნდა მოისპოს და დიაკონთა დასი დადგეს თავის საზომზე. მათ უნდა იცოდნენ, რომ ეპისკოპოსთა მსახურნი არიან და მღვდლებზე უმცროსნი. ხოლო უნდა ეზიარონ ისინი წესისამებრ, მღვდელთა შემდეგ, გინდ ეპისკოპოსი აზიარებდეს მათ, გინდ ხუცესი. არც ხუცესთა შორის უნდა დასხდნენ დიაკვნები, რადგან ასეთი საქციელი უწესოა და უკანონო. ხოლო ვისაც არ უნდა დაჯერება ამ დადგენილების შემდეგაც, ჩამოერთვას დიაკვნობა.
კანონი 19. პავლიანიტთა შეწყნარების წესი
პავლიანიტების შესახებ, რომლებიც დაუბრუნდებიან წმინდა კათოლიკე ეკლესიას, მიღებულია დადგენილება, რომ ისინი ხელახლა უნდა მოინათლონ. თუ რომელიმე მათგანი სამღვდელო დასს ეკუთვნოდა ადრე, ხელდასხმული იყო მათი წინამძღვრებისაგან და უბრალო და უბიწო აღმოჩნდება, ნათლისღების შემდეგ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა მას ხელახლა უნდა დაასხას ხელი. თუ გამოძიების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ისინი სამღვდელო წესიერების ღირსნი არ არიან, სათანადოა მათი განკვეთა. ასევე დედათ-დიაკონთა შესახებაც და ყველა კანონის მიერ დაწესებულისთვის დაცულ იქნეს ეს წესი. ვახსენეთ დედათ-დიაკვნებიც, რომლებიც მხოლოდ პირობითად იწოდებიან კანონის მიერ დაწესებულად, რადგან მათ ხელდასხმა არ აქვთ. ამიტომ ერსიკაცებთან უნდა დაეწესონ ისინი.
კანონი 20. კვირა დღეს მეტანიის დაუშვებლობის შესახებ
ზოგიერთნი კვირასაც და სულიწმიდის მოფენის დღეებშიც მოიდრეკენ მუხლს. დაცულ იქნეს ყველა ეკლესიაში, როგორც წმინდა კრების დადგენილება, რომ ამ დღეებში ფეხზე მდგომელნი უნდა მისცემდნენ თავის ლოცვას ღმერთს.
კანონი 20. კვირა დღეს მეტანიის დაუშვებლობის შესახებ
ზოგიერთნი კვირასაც და სულიწმიდის მოფენის დღეებშიც მოიდრეკენ მუხლს. დაცულ იქნეს ყველა ეკლესიაში, როგორც წმინდა კრების დადგენილება, რომ ამ დღეებში ფეხზე მდგომელნი უნდა მისცემდნენ თავის ლოცვას ღმერთს.
Комментариев нет:
Отправить комментарий