მსოფლიო ქრისტიანული ეკლესია ძლიერ შეაშფოთა ახალი მწვალებლობის – მონოფიზიტობის გამოჩენამ, რომელიც სწრაფად გავრცელდა V ს. პირველი ნახევრიდან და რომლის იდეოლოგი იყო ფრიგიის ქალაქ დორილეის მონასტრის არქიმანდრიტი ევტიქი.
ევტიქი ნესტორის გააფთრებულ მოწინააღმდეგედ ითვლებოდა. მაგრამ თავად ჩავარდა საპირისპირო უკიდურესობაში და დაიწყო მტკიცება, რომ უფალ იესო ქრისტეში კაცობრივი ბუნება სრულად შთანთქა ღვთაებრივმა, ამიტომაც მაცხოვარში მხოლოდ ეს ერთი – ღვთაებრივი ბუნება უნდა იქნეს აღიარებული.
ზოგიერთმა ეპისკოპოსმა კონსტანტინოპოლის პატრიარქის, პროკლეს მემკვიდრე ფლაბიანეს, წინაშე მოითხოვა, რომ ევტიქის ერეტიკული შეხედულებანი განეხილა ადგილობრივ კრებას, რომელიც ზუსტად მაშინ, 448 წლის ნოემბერში, მიმდინარეობდა კონსტანტინოპოლში. მშვიდობისმოყვარე ფლაბიანეს არ უნდოდა დავის დაწყება; ეშინოდა, არ დაერღვია ახლახანს დამკვიდრებული სიმშვიდე და ცდილობდა, პირადად შეეგონებინა ევტიქისთვის მის შეხედულებათა მცდარობა, მაგრამ ამაოდ.
კრება იძულებული გახდა, ამ ბრალდების საფუძველზე საპასუხოდ ეხმო ევტიქი, რომელმაც რამდენჯერმე უარი განაცხადა მისვლაზე. პირველად კრებას ეწვია აბრამ არქიმანდრიტი, რომელიც შეეცადა ევტიქის იდეების დაცვას. ხოლო მესამედ მოხმობის შემდეგ, იგი შეიარაღებულ მცველებთან ერთად გამოცხადდა და თანაც მანამდე იზრუნა ავგუსტთან დაახლოებული პირების მფარველობის მოეპოვებაზე.. ეპისკოპოსების შეკითხვებს იგი ორაზროვნად პასუხობდა და ფლაბიანეს არად აგდებდა. იგი ერესში ამხილეს და კრების განჩინებით საეკლესიო ხარისხი ჩამოართვეს. მაგრამ ევტიქი ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა და მისი ხელახალი განხილვა მოითხოვა; დააგზავნა წერილები ეპისკოპოსებთან, მათ შორის რომის პაპ ლეონ დიდთანაც, და ფლაბიანე ნესტორიანელობისკენ მიდრეკაში დაადანაშაულა. პაპმა ფლაბიანესგან შეიტყო საქმის ნამდვილი ვითარება, ამხილა ევტიქის ნააზრევი და წერილობით ჩამოაყალიბა ეკლესიის სწავლება ქრისტეში ორი ბუნების: ღვთაებრივისა და კაცობრივის შეერთების შესახებ.
მაგრამ ევტიქის ძლიერი მფარველები ჰყავდა – დედოფალი ევდოკია და ავგუსტ თეოდოს II-ის უახლოესი საჭურისი ქრისათე, რომელიც დიდი ძალაუფლებით სარგებლობდა. მას სძულდა ფლაბიანე, რადგან როცა ფული სთხოვა, მისგან უარი მიიღო ასეთი პასუხით – ეკლესიის სახსრები მხოლოდ ეკლესიის საჭიროებას ან ღარიბებს უნდა მოხმარდესო. გარდა ამისა, ევტიქიმ ერთგულ მოკავშირეს მიაგნო დიოსკორე ალექსანდრიელის (ამაყი და ძალაუფლების მოყვარე ადამიანი, რომელსაც არ სიამოვნებდა კონსტანტინოპოლის კათედრის პირველობა) სახით, რომელმაც ხელიდან არ გაუშვა შემთხვევა, წინ აღდგომოდა კონსტანტინოპოლის პატრიარქს.
ამ უღირსმა თანამზრახველებმა ფლაბიანეს ერესში დასდეს ბრალი და იმპერატორი დაარწმუნეს, ეფესოში მოეწვია საეკლესიო კრება.
იგი შედგა 449 წელს დიოსკორეს თავმჯდომარეობით. ფლაბიანეს ხვედრი თავიდანვე იყო გადაწყვეტილი. დიოსკორეს განკარგულებაში იყო შეიარაღებული მეომრების რაზმები, მანვე მოიყვანა ათასამდე თავისი ერთგული მონაზონი; ხალხში ხმა დაყარა, თითქოს ფლაბიანე და მისი მომხრეები უფალ იესო ქრისტეს ერთ პიროვნებას ორად ხლეჩენ. მანვე გაამართლა კრებაზე ევტიქის სწავლება. როდესაც რამდენიმე ეპისკოპოსმა გამოთქვა სურვილი პაპის წერილის წაკითხვისა, დიოსკორემ ეს არ დაუშვა და გამოაცხადა ფლაბიანეს, თეოდორიტე კვირელისა და დომნა ანტიოქიელის, როგორც ერეტიკოსების, დამხობა. ეპისკოპოსები მუქარით აიძულა, დათანხმებოდნენ მის გადაწყვეტილებას; ზოგიერთს იძულებით მოაწერინეს ხელი სუფთა ფურცელზე.
დიოსკორეს ყოველ სიტყვას მისი მომხრეები შეძახილებით ხვდებოდნენ და აქტებში შეჰქონდათ, როგორც კრების განჩინება. საწინააღმდეგო აზრებს არავინ უსმენდა, მათ ხმაურითა და ყვირილით ახშობდნენ. როგორც კი ფლაბიანემ ხმა აღიმაღლა უკანონო ქმედებათა წინააღმდეგ, დიოსკორემ მეომრებს უხმო. ისინიც იარაღით შეიჭრნენ და მონაზვნებთან ერთად პატრიარქს ეცნენ, თან გაჰყვიროდნენ, რომ უნდა დაეწვათ ან შუაზე გაეჭრათ ერეტიკოსები, რომლებიც ქრისტეს ორად განყოფას ქადაგებდნენ. პატრიარქ ფლაბიანეს მრავალი მძიმე ჭრილობა მიაყენეს, რისგანაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მისი ხსენების დღეა 16 თებერვალი.
დიოსკორემ ეკლესიიდან პაპის განკვეთაც გამოაცხადა. ასეთი აურზაურით დასრულდა ეს უკანონო კრება, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ „ავაზაკთა კრებას ეფესოში“.
იმპერატორმა, რომელიც შეცდომაში შეიყვანეს, დაადასტურა უკანონო კრების განჩინებები. კრებიდან რომში დაბრუნებულმა რწმუნებულებმა შეატყობინეს პაპს დიოსკორეს უკანონო ქმედებათა შესახებ. პაპი ლეონი და ბევრი ეპისკოპოსი მოუწოდებდა თეოდოსის, მოეწვია ახალი მსოფლიო კრება, მაგრამ მას ეს არ დასცალდა. იმპერატორი მოულოდნელად გარდაიცვალა და უკვე მისმა დამ, პულხერიამ, და სიძემ – ახალმა იმპერატორმა მარკიანემ 451 წლის 8 ოქტომბერს ქალკედონში მოიწვიეს IV მსოფლიო კრება.
კრების სხდომა მიმდინარეობდა წმინდა მოწამე ეფემიას ტაძარში. მონაწილეობდა 630 ეპისკოპოსი, პაპის წარმომადგენლები, იმპერატორი და დედოფალი. თავმჯდომარეობდა ფლაბიანეს მემკვიდრე, პატრიარქი ანატოლი. კრებამ დაგმო ევტიქის ერესი, ის და დიოსკორე დაამხეს და განდევნეს. კიდევ ერთხელ დაგმეს ნესტორის ერესიც. შემდეგ წაიკითხეს პაპი ლეონის წერილი და ჩამოაყალიბეს დოგმატი, რომლის თანახმად, იესო ქრისტე არის სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი კაცი, ყველაფრით ჩვენი მსგავსი, ცოდვის გარდა. იესო ქრისტეს ერთ ჰიპოსტასში ორი ბუნება (ღვთაებრივი და კაცობრივი) შეერთებულია შეურწყმელად, შეუცვლელად, განუყოფლად, განუყრელად.
ქალკედონის კრებამ დაადასტურა ადრინდელი სამი მსოფლიო და შვიდი ადგილობრივი კრებების განჩინებები და მრავალი კერძო და საორგანიზაციო საკითხი გადაჭრა, რაც ამ კრების აქტებშია აღწერილი. ამ საკითხებს შორის უმნიშვნელოვანესი იყო 27 საეკლესიო დისციპლინარული კანონი. კრების მე-15 სხდომა სპეციალურად საეკლესიო კანონმდებლობას მიეძღვნა. ანტიოქიის კრების ეს 27 კანონი შეტანილია იოანე სქოლასტიკოსის მიერ VI ს-ში შედგენილ 50-ტიტლოვან ნომოკანონში. 14-ტიტლოვანი კრებულის I რედაქციაში კრების აქტებიდან 28-ე კანონი დაემატა, რომელიც აღრმავებს II მსოფლიო კრების მესამე კანონს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კათედრის რომის ეკლესიასთან გათანაბრებული უფლებების შესახებ. 14-ტიტლოვანი ნომოკანონის საბოლოო რედაქციაში კი ამ კრების კანონებს კიდევ ორი ამონაწერი დაუმატა (ნუმერაციის გარეშე) კრების მეოთხე სხდომის აქტებიდან. ზოგ ნუსხებში (მათ შორის „დიდ სჯულისკანონში“) ეს ორი დანამატი 29-ე და 30-ე კანონებად არის დანომრილი.
სამწუხაროდ, ვერც ქალკედონის მსოფლიო კრებამ შეძლო უთანხმოებების მოგვარება. ევტიქის მიმდევრებმა – მონოფიზიტებმა (ეს სიტყვა ნიშნავს
„ერთბუნებოვანს“) ყველგან გაავრცელეს ცილისწამება, თითქოს ქალკედონის კრებას მიეღოს ნესტორის სწავლება,
რითაც კვლავ აურზაური და განხეთქილება ჩამოაგდეს. დიოსკორეს მრავალრიცხოვანი მომხრეები მტრულად შეხვდნენ ალექსანდრიის ახალ პატრიარქს, პროტერიოსს, და ცოტა ხანში მოკლეს კიდეც.
პალესტინასა და სირიაში ამბოხებულმა ევტიქიანელებმა ბევრი მომხრე შეიძინეს.
უდაბნოს სავანეებში მღელვარება არ ცხრებოდა; დაპირისპირება ზოგჯერ სისხლისღვრითაც მთავრდებოდა. იერუსალიმში მცხოვრები თეოდოსის ქვრივი,
დედოფალი ევდოკია, ევტიქის ერესს მფარველობდა. ერეტიკოსებმა განდევნეს იერუსალიმის პატრიარქი იუბენალი და მის მაგიერ დაადგინეს მონაზონი თეოდოსი,
რომელიც სდევნიდა დიოფიზიტებს და მონოფიზიტობის დამკვიდრებას ცდილობდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий