воскресенье, 2 июля 2017 г.

II მსოფლიო საეკლესიო კრება (კონსტანტინეპოლის 381 წ.)

381 წელს კონსტანტინეპოლში აღმოსავლეთ რომის ავგუსტმა თეოდოსი დიდმა მოიწვია II მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელზეც მხოლოდ აღმოსავლეთის ორთოდოქსი ეპისკოპოსები. კრებას ესწრებოდა 150 ეპისკოპოსი. მოწვევა გაეგზავნა 36 მაკედონიელ ეპისკოპოსს რომელთაც მეთაურობდა ელევსიუს კიზიკუსელი, იმედოვნებდა რა ორთოდოქსალურ რწმენაზე გადმოყვანას. თუმცა მაკედონიისა და ეგვიპტის მაკედონიელმა ეპისკოპოსმა კატეგორიული უარი თქვეს დათანხმებოდნენ კრების მთავარ თეზისებს და დატოვეს იგი.
კრების წევრთაგან გამოირჩეოდნენ: გრიგოლ ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნოსელი, მელეტი ანტიოქიელი, ამფილოქე იკონიელი, კირილე იერუსალიმელი, ტიმოთე I ალექსანდრიელი, გელასი კესარიელი (პალესტინის), ასქოლიუს თესალონიკელი, გრიგორი ნისკიელი, ოპტიმუს ანტიოქიელ პისიდიელი, დიოდორ ტარსიელი, პელაგიუს ლაოდიკიელი და სხვები.
იგი გაიხსნა წმინდა მელეტი ანტიოქიელის თავჯდომარეობით, რომლის გარდაცვალების შემდეგ კრების თავჯდომარეობა დაევალა გრიგოლ ღვთისმეტყველს და ბოლოს კონსტანტინეპოლელ ეპისკოპოს ნექტარიოსს. კრებამ განიხილა და დაგმო მაკედონიუსის ერესი და დაამტკიცა მოციქულთა სწავლება სულიწმიდის შესახებ. ამ სწავლების მიხედვით სულიწმინდა არის ცხოველსმყოფელი ღმერთი, რომელიც მამისაგან გამოდის და მამასთან და ძესთან ერთად თაყვანისიცემების და იდიდების. სარწმუნოების სიმბოლოს, გრიგოლი ღვთისმეტყველის მითითებით წმინდა მამებმა დაამატეს ზოგიერთი გამოთქმა ძე ღმრთისაზე, მოძღვრება წმიდა სულზე („და სული წმინდა უფალი და ცხოველსმყოფელი“...), ეკლესიის ერთიანობაზე („ერთი წმინდა კათოლიკე“...), ნათლობის საიდუმლოებაზე („აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა“...) და მკვდრეთით აღდგომაზე („მოველი აღდგომასა“...).
კრებამ შეიმუშავა და დაამტკიცა 7 კანონი, ხოლო მაკედონიუსი და მისი თანამოაზრენი განიკვეთა.
სხვა ერესთა უარყოფის მიზნით, წმიდა მამებმა დაამტკიცეს ორქთოდოქსალური სარწმუნოების ნიკეის სიმბოლო. I მსოფლიო კრების მიერ მიღებულ სიმბოლოში არაფერი იყო ნათქვამი სულიწმიდის თანასწორობაზე და თანაარსებობაზე მამა ღმერთთან, რადგან მაშინ არ იყო ერესი, რომელიც სულიწმიდას გმობდა. ამიტომ წმიდა მამებმა ნიკეის სიმბოლოს დაუმატეს 8, 9, 10, 11 და 12 წევრები, სადაც გადმოცემულია სწავლება სულიწმიდაზე, ეკლესიაზე, საიდუმლოებებზე, მიცვალებულთა აღდგომაზე და მომავალ ცხოვრებაზე, .. საბოლოოდ დაამტკიცეს ნიკეა-კონსტანტინეპოლის რწმენის სიმბოლო, რომლითაც დღემდე ხელმძღვანელობს მართლმადიდებელი ეკლესია.
381 წლის 3 სექტემბერს, აკვილეიში ამბროს მედიოლანელის თავჯდომარეობით მიმდინარეობდა სამი მიტროპოლიტის (მილანის, აკვილეის და სირმიის ეპისკოპოსთა) კრება, არიოზელთა მოძღვრების დასაგმობად. კრებამ დაადასტურა ნიკეის კრების დადგენილებანი და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ძე ღმერთის მარადიულობის, მისი ღვთაებრივი ბუნებისა და მამაღმერთთან თანატოლობის მოძღვრებას.
მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა იბერიის ეკლესიის წარმომადგენელი ეპისკოპოსი პანტოფილე.
წმინდა კრების მიმართვა კეთილმსახური მეფის თეოდოსი დიდისადმი:
შენდამი მოწერილი წერილის (მიმართვის) დასაწყისში მადლობას ვწირავთ ღმერთს, რომელმაც თქვენი კეთილმსახურების მეფობით მოავლინა ეკლესიათა ერთიანი მშვიდობა და უბიწო სარწმუნოების სიმტკიცე, შევიკრიბენით კონსტანტინოპოლში შენი კეთილმსახურების მოწვევით, განვაახლეთ ერთობა ერთმანეთს შორის და ამის შემდეგ დავადგინეთ შემოკლებული დადგენილებები, დავამტკიცეთ ნიკეაში შეკრებილ მამათა სარწმუნოება და შევაჩვენეთ მისი წინააღმდეგი მწვალებლობანი. ამასთან ერთად განვსაზღვრეთ და დავადგინეთ კანონები.
ახლა კი გევედრებით, შენი წერილით დაამტკიცო კრების განჩინება, რათა ისევე, როგორც პატივი ეცი ეკლესიას შენი მოსაწვევი წერილებით, ასევე კრებაზე ქმნილსაც ბეჭედი დაუსვა. უფალმა დაამტკიცოს შენი მეფობა მშვიდობითა და ჯანმრთელობით შენი შთამომავლობისათვის და ქვეყნიერ მპყრობელობასთან ერთად შეგძინოს ცათა სასუფეველიც, და ჯანმრთელობით დაცულსა და ყოველი კეთილის მიერ განბრწყინვებულს ღმერთმა მოგმადლოს სასუფეველი თავისი წმინდანების ლოცვით, როგორც ჭეშმარიტად კეთილმსახურ და ღვთისმოყვარე მეფეს.“
ეს კანონები განსაზღვრეს კონსტანტინოპოლში სხვადასხვა ეპარქიებიდან ღვთის მადლითა და კეთილმსახური მეფის თეოდოსის მოწვევით შეკრებილმა ეპისკოპოსებმა.
კანონი 1. ნიკეის კრების კანონთა დამტკიცება. მწვალებელთა შეჩვენება
ნუ უგულებელვყოფთ ბითვინიის ნიკეაში შეკრებილ 318 მამათა სარწმუნოებას, არამედ იყოს იგი თავისი სახით და შეჩვენებულ იქნეს ყველა მწვალებლობა: ევნომიანოსთა, ანუ უმსგავსოთა, ანუ არიანელთა მწვალებლობა, მათ ეწოდებათ აგრეთვე ევდოქსიანები; სულის მბრძოლთა ანუ ნახევრად არიანელთა ერესი; საბელიანოზთა ერესი; მარკელიანოზთა ერესი; ფოტინელთა ერესი; აპოლინარელთა ერესი.
კანონი 2. ეკლესიის იერარქთა საქმიანობა მხოლოდ ეკლესიის დადგენილ საზღვრებში
ეკლესიათა კეთილად განგებისა და მშვიდობისათვის არც ერთ ეპისკოპოსს არ აქვს უფლება გასცდეს თავისი ეკლესიის საზღვრებს და შეიჭრას სხვა ეკლესიის საზღვრებში, რათა არ მოახდინოს ეკლესიების აღრევა. კანონთა თანახმად ალექსანდრიის ეპისკოპოსი უნდა განაგებდეს მხოლოდ ეგვიპტის ეკლესიებს, აღმოსავლეთის ეპისკოპოსნი უნდა განაგებდნენ მხოლოდ აღმოსავლეთის ეკლესიებს. დაცული უნდა იყოს ნიკეის კანონებით დაწესებული პატივი ანტიოქიის ეკლესიისა. აზიის სოფლების ეპისკოპოსნი განაგებდნენ მხოლოდ აზიის ეკლესიებს, პონტოელი ეპისკოპოსნი უნდა მართავდნენ მხოლოდ პონტოს ეკლესიებს, ხოლო თრაკიის ეპისკოპოსნი - მხოლოდ თრაკიის ეკლესიებს.
ეპისკოპოსი არ უნდა გავიდეს თავისი სამრევლო ეკლესიის ფარგლებიდან ხელდასხმისათვის, ან სხვა რაიმე საეკლესიო განგებისათვის მოწოდების, ანუ მიწვევის გარეშე. თითოეულ სამთავროს (ეპარქიას) განაგებს ამავე სამთავროს კრება ნიკეაში განსაზღვრებული კანონის თანახმად, ხოლო წარმართთა შორის არსებული უცხო ტომთა ეკლესიები უნდა განაგონ მამათა მიერ დაწესებული ძველი კანონების მიხედვით.
კანონი 3. კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის თანასწორობა რომის ეპისკოპოსთან
კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს აქვს უპირატესობა, ანუ წარჩინებულობა პატივისა, რომელიც რომის ეპისკოპოსის პატივის ტოლია, ვინაიდან კონსტანტინოპოლი არის ახალი რომი. შესაბამისად ახალი იერარქია დაწესდა: 1. რომი, 2. კონსტანტინეპოლი, 3. ალექსანდრია, 4. ანტიოქია, 5. იერუსალიმი.
კანონი 4. ვინმე მაქსიმე კინიკელისა და მის მიერ ჩადენილ მოქმედებათა შესახებ
მაქსიმე კინიკელისა და მის მიერ კონსტანტინოპოლში ჩადენილი უწესობის შესახებ ვამბობთ, რომ მაქსიმე არც ყოფილა ეპისკოპოსი და არც არის, ხოლო მის მიერ ხელდასხმულნი არ ითვლებიან სამღვდელოებად, ანუ კლერიკოსებად. ყოველივე მის მიერ ქმნილი უქმია და დაუმტკიცებელი.
კანონი 5. ცნობა სარდიკიის და ანტიოქიის ადგილობრივ კრებებზე ნიკეისმრწამსისდამტკიცების შესახებ
მივიღეთ წერილი დასავლელთა და ანტიოქიელთა, რომელთაც დაამტკიცეს ნიკეის კრების სიმბოლო და აღიარებენ მამის, ძის და სულიწმიდის ერთღმრთეებას.
კანონი 6. ეპისკოპოსის ბრალდების წარდგენის და განხილვის წესი
კონსტანტიონოპოლის წმინდა კრების ეპისკოპოსებმა დაადგინეს, რომ ის, ვინც ბრალს დასდებს ეპისკოპოსს, არ უნდა იქნეს შეწყნარებული გამოძიების გარეშე, არც ეპისკოპოსის ყველა ბრალმდებლის მიღება შეიძლება, არც ყველა ბრალმდებლის უკან გაბრუნება, ვინაიდან ბევრს აქვს სურვილი არევ-დარევა შეიტანოს საეკლესიო წესიერებაში, ააღელვოს მრევლი და ცილი დასწამოს ეპისკოპოსებს მტრობით, რათა შეარყიოს სასულიერო პირთა ავტორიტეტი.
თუ ეპისკოპოსს ბრალი ედება კერძო საერო ან ფულად (ქონებრივ) საქმეში, ასეთი საჩივარი მიღებულ უნდა იქნეს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის და რა სარწმუნოებისაა ბრალმდებელი, და ეპისკოპოსის სინდისიც თავისუფალი უნდა იყოს და მომჩივანსაც მიეზღოს თავისი, რა სჯულისა და სარწმუნოებისაც არ უნდა იყოს იგი.
საეკლესიო დანაშაულის დაბრალების შემთხვევაში გამოძიებულ უნდა იქნეს, ხომ არ არის ბრალმდებელი მწვალებელი. მწვალებელს არ აქვს უფლება ბრალი დასდოს მართლმადიდებელ ეპისკოპოსს საეკლესიო საქმეების გამო. მისი ბრალდება არ იქნება მიღებული. მწვალებლებს ვუწოდებთ ძველად ეკლესიიდან გაძევებულ და შემდეგ ჩვენს მიერ შეჩვენებულ განკანონებულ კლერიკოსებს. ბრალმდებლად არ მიიღებიან, აგრეთვე, განხეთქილების მომწყობნი, .. ისინი, ვინც გამოეყო თავის ეპისკოპოსს და ცალკე იწვევს კრებებს კანონიერი ეპისკოპოსების წინააღმდეგ. არ მიიღება ბრალმდებლად არც ეკლესიისაგან ბრალდებული, განკანონებული, გაძევებული და უზიარებლობით დასჯილი, სამღვდელო პირი იქნება იგი, თუ საერო. არ მიიღება არც ის ბრალმდებელი, რომელიც თვით არის ბრალდებული ვინმესგან, სანამ არ დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას.
იმ შემთხვევაში, თუ ბრალმდებელი არც მწვალებელია, არც უზიარებელი და გაძევებული, არც ბრალდებული ვინმესგან და ამბობს, რომ აქვს საეკლესიო ბრალდება ეპისკოპოსის მიმართ, წმინდა კრება უბრძანებს მათ, სამთავროს (ეპარქიის) ეპისკოპოსთა წინაშე წარმოთქვან ეს ბრალდება და ამხილონ ეპისკოპოსი.
ხოლო თუ სამთავროს (ეპარქიის) ეპისკოპოსები ვერ გადაწყვეტენ ეპისკოპოსის ბრალდების საქმეს, ვერ გაასწორებენ ბრალდებულს, მაშინ მათ უნდა მიმართონ დიდ კრებას, ეპისკოპოსთა განსაგებელის (ოლქის) კრებას, რომელიც ამ მიზეზით იქნება მოწვეული. ამ დიდ კრებაზე საქმის დამწყებმა, ანუ ეპისკოპოსის ბრალმდებელმა, ბრალდების წარდგენამდე უნდა დადოს წერილობითი პირობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დაამტკიცებს თავის წაყენებულ ბრალდებას, თვით დაისჯება იმ სასჯელით, რომლითაც დაისჯებოდა ბრალდებული ეპისკოპოსი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში. ხოლო თუ ვინმე დაარღვევს, არ შეასრულებს ამ კანონს და მიმართავს სამეფო სასამართლოს, ან საერო მთავრის სამსჯავროს, ან მსოფლიო კრებას, ის არ იქნება მიღებული ბრალმდებლად, როგორც კრების კანონის შეურაცხმყოფელი და საეკლესიო კეთილწესიერების გამრყვნელი.
კანონი 7. მწვალებელთა შეწყნარების წესი
მწვალებლებს, რომელთაც სურთ გახდნენ მართლმადიდებელნი, ეკლესია შეიწყნარებს სხვადასხვა წესით:
არიანელნი, მაკედონიანელნი, სავატიანელნი, ნავატიანელნი, მეთოთხმეტიანელნი, აპოლინარელნი შეიწყნარებიან წერილობითი მოწმობით, ლიველონით (ქარტა სიმტკიცისა). ამ მოწმობაში ანუ ქარტაში ისინი შეაჩვენებენ თავის შეხედულებებს და ყოველნაირ მწვალებლობას. შემდეგ მათ სცხებენ მირონს შუბლზე, თვალებზე, ცხვირზე, პირსა და ყურებზე. მათ ეკლესია არ ნათლავს ხელახლა, რადგანაც ნათლისცემით ისინი არ განსხვავდებიან მართლმადიდებლებისაგან.
რაც შეეხებათ სხვა მწვალებლებს, როგორიც არიან ევნომიანელნი, წყალში ერთხელ ჩაყოფით ნათელღებულნი, მონტანელნი, ანუ ფრიგიელნი, საბელიანელნი, რომელნიც ძე-მამობას ასწავლიან და სხვა ბევრ სისაძაგლეს ჩადიან, და სხვა მწვალებელნი, რომელთა უმრავლესობა გალატელთა სოფლიდან მომდინარეობს, თუ მოისურვებენ მართლმადიდებლობის აღსარებას, ისინი მიიღებიან როგორც წარმართნი, .. მათ ნათლავენ კიდეც და მირონსაც სცხებენ. პირველ დღეს ისინი ქრისტიანები ხდებიან, ხოლო მეორე დღეს - კათაკმეველნი, მესამე დღეს დააფიცებენ სამჯერ შებერვით პირსა და ყურებში. ისინი წიგნის კითხვის მსმენელები არიან ეკლესიაში მრავალი დღის განმავლობაში და მხოლოდ შემდეგ ხდება მათი ნათლისცემა.


Комментариев нет:

Отправить комментарий