V საუკუნის ოციან წლებში აღმოსავლეთში დაიწყო და მეტისმეტად დიდხანს გასტანა ნესტორის ცრუსწავლებით აღძრულმა მღელვარებამ.
ანტიოქიელი პრესვიტერი ნესტორი 428 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქად აირჩიეს. მას პატივს სცემდნენ მკაცრი ცხოვრების, განსწავლულობისა და მჭევრმეტყველებისთვის. ნესტორი გასაქანს არ აძლევდა არიანელებსა და სხვა ცრუმასწავლებლებს, დაუნდობლად ამხელდა საეკლესიო წესებიდან უმცირეს გადახვევასაც კი.
ერთხელ პატრიარქის კლიროსის პრესვიტერმა ტაძარში ქადაგების დროს გამოთქვა აზრი, რომ, არ არის მართებული, ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს ეწოდებოდეს ღვთისმშობელი. გაოცებული მსმენელები ელოდნენ, რომ პატრიარქი უმალ უარყოფდა ამ შეხედულებას, მაგრამ პირიქით მოხდა – მან რამდენიმე ხნის შემდეგ დაადასტურა პრესვიტერის სიტყვები და განმარტა, რომ ყოვლადწმიდა ქალწულს უნდა ეწოდოს ქრისტეს მშობელი და არა ღვთისმშობელი, რადგან მან შვა არა ღმერთი, არამედ უბრალო ადამიანი, რომელსაც მხოლოდ მოგვიანებით, მისი წმინდა ცხოვრების გამო შეუერთდა ღმერთი.
ამ მკრეხელურმა აზრმა, რაც უკვე დაგმო ეკლესიამ პირველ საუკუნეებში, საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. პრესვიტერმა პროკლემ მაშინვე ამხილა ნესტორის შეხედულებათა მცდარობა, მაგრამ ეს უკანასკნელი მათ დაცვას განაგრძობდა. მისი მომხრე ერთი ეპისკოპოსი იმდენად გაკადნიერდა, რომ სახალხოდ დაწყევლა ყველა, ვინც ყოვლადწმიდა ქალწულს ღვთისმშობლად მოიხსენიებდა. ხალხის აღშფოთება სულ უფრო იზრდებოდა, მაგრამ ნესტორი იმპერატორისა და კარისკაცთა კეთილგანწყობით სარგებლობდა და დაუბრკოლებლად ავრცელებდა თავის სწავლებას კონსტანტინოპოლში, ხოლო შორეულ ეკლესია-მონასტრებში წერილობით აწვდიდა ამ მოძღვრებას.
აღნიშნულმა საუბრებმა ეგვიპტემდეც მიაღწია, რამაც მონაზონთა ისეთი გულისწყრომა გამოიწვია, რომ ალექსანდრიის პატრიარქმა, წმინდა კირილემ, საჭიროდ ჩათვალა, ზომები მიეღო თავისი სამწყსოს დასაცავად ცრუსწავლების გავლენისგან. სასულიერო პირებისა და მონაზვნებისადმი გაგზავნილ ეპისტოლეში მან ცხადად ამხილა ახალი შეხედულების მცდარობა, თუმცა ნესტორის სახელის ხსენებას მოერიდა, სამაგიეროდ ამ უკანასკნელს მისწერა წერილი, სადაც გმობდა მის მწვალებლურ აზრებს.
წმინდა კირილე, რომელმაც გარკვეული ხანი ნიტრიის უდაბნოში დაჰყო, 412 წლიდან ალექსანდრიის პატრიარქი იყო. მან შეცვალა თავისი ბიძა, ეპისკოპოსი თეოფილე ალექსანდრიელი, რომელიც ემტერებოდა წმ. იოანე ოქროპირს.
კირილეს მღვდელთმთავრობა რთულად დაიწყო. ალექსანდრიაში ისედაც დიდი გავლენა ჰქონდათ და შემდგომ უფრო ბევრი მომხრეც შეიძინეს ნოვაციანელებმა. კირილემ ისინი გააძევა ქალაქიდან, დაუხურა ტაძრები და ჩამოართვა საეკლესიო ნივთები. შემდეგ იუდეველებმა წამოიწყეს მღელვარებანი ქალაქში და ბევრი ქრისტიანიც შეიწირეს. კირილემ დამნაშავეები განდევნა, მისმა ამგვარმა ქმედებამ კი სამოქალაქო ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია. ყველა სირთულესთან ერთად, ალექსანდრიაში გამოცხადდნენ ნიტრიის მონაზვნები, რათა დაეცვათ, მათი აზრით, საფრთხეში მყოფი პატრიარქი. მათ შეუერთდნენ პარაბოლანები – ასე ეწოდებოდა მეტად მცირერიცხოვან ძმობას, რომელიც ძველთაგანვე არსებობდა ალექსანდრიაში და რომელთა მოვალეობაც იყო სნეულთა მოვლა და მიცვალებულთა დამარხვა.
კირილე ვერ ახერხებდა თავისი მომხრეების მოთოკვას და მათსა და ხელისუფლებას შორის ზოგჯერ სისხლიანი შეტაკებები ხდებოდა. ერთ-ერთი ასეთი შფოთის დროს ნიტრიელმა მონაზონმა პრეფექტ ორესტეს ქვა ესროლა და დააშავა, რისთვისაც ეს მონაზონი წამებით მოკლეს. შემდეგ ქუჩაში სასიკვდილოდ გაუსწორდნენ ერთ ქალწულს, იპატიას, რომელიც ფილოსოფიას ასწავლიდა ალექსანდრიაში. ამ ყველაფერში სამოქალაქო მმართველობა ხედავდა კირილეს გავლენას, რომელსაც ძალაუფლებისმოყვარე ადამიანად მიიჩნევდა. მას მტრებიც ჰყავდა, რომლებიც ცდილობდნენ იმპერატორის ამხედრებას მის წინააღმდეგ.
და აი, ეს ადამიანი აღუდგა წინ ნესტორს, რომელსაც იმპერატორი მფარველობდა და აღმოსავლეთის ბევრ ეპისკოპოსთან მეგობრობა აკავშირებდა. ნესტორი და მისი ეს მეგობრები დიდად გაანაწყენა კირილეს წერილმა და მას ეკლესიაში უთანხმოების ჩამოგდებაში დასდეს ბრალი. ბრალდებას კირილემ ასე უპასუხა: მშვიდობისა და სიყვარულისთვის მზად ვარ, ყველაფერზე ვთქვა უარი, ჭეშმარიტების გარდა! იგი სწერდა ნესტორს: „დავა ჩემი წერილის გამო კი არ დაიწყო, არამედ მავნე თხზულებათა მიზეზით, რომლებიც შენი ან სხვათა წყალობით ყველგან არის მიმოფანტული. ამ თხზულებებმა ისე შეძრა ეგვიპტე, რომ იძულებული შევიქენი, ასეთი საშუალებისთვის მიმემართა. ამრიგად, მიზეზი არა გაქვს, მე მადანაშაულებდე. გამოასწორე შენი შეხედულებები, გაანადგურე საცდური, უწოდე წმინდა ქალწულს ღვთისმშობელი. არადა, დარწმუნებული იყავი, ქრისტეს რწმენისთვის მზად ვარ, დავითმინო ყოველივე, სიკვდილიც კი!“
ამასობაში კონსტანტინოპოლში მღელვარება გამძაფრდა. ხალხზე გავლენის შესანარჩუნებლად პატრიარქმა ძალას მიმართა: თავის მოწინააღმდეგეებს ქადაგება აუკრძალა, ბევრი პრესვიტერი ერესში დაადანაშაულა და განკვეთა.
კირილემ იმპერატორის, მისი დისა და დედოფლისადმი მიწერილ წერილებში ჩამოაყალიბა ეკლესიის სწავლება ძე ღვთისას განხორციელების შესახებ. იმავდროულად დაუკავშირდა პაპ ცელესტინს და მოუწოდა, ჭეშმარიტების დასაცავად ემოქმედა.
430 წელს რომში მოწვეულმა კრებამ დაგმო ნესტორი და განაჩინა მისი დამხობა, თუ ცრუსწავლებას არ განუდგებოდა. იგივე გადაწყვეტილება დაადასტურა კირილეს მიერ ალექსანდრიაში მოწვეულმა კრებამ. კირილემ ისევ მისწერა ნესტორს და კრების სახელით გაუგზავნა ეკლესიის დოგმატის ზედმიწევნითი გადმოცემა, რომელსაც დაურთო თორმეტი „ანათემატიზმი“, ანუ ცრუსწავლების თორმეტპუნქტიანი დაგმობა.
ნესტორმა და მისმა მიმდევრებმა უარყვეს ანათემატიზმები და თავიანთი მხრიდან კირილე ერესში დაადანაშაულეს. უთანხმოება გამძაფრდა... რომსა და ალექსანდრიაში მოწვეულ კრებებს საქმის საბოლოოდ გადაწყვეტის უფლება არ ჰქონდათ, რადგან ეკლესიაში უპირატეს ხმას არც რომის ეპისკოპოსი ფლობდა და არც ალექსანდრიისა. მაშინ თეოდოსიმ გადაწყვიტა ქალაქ ეფესოში III მსოფლიო კრების მოწვევა. ის უნდა გახსნილიყო 431 წლის 7 ივნისს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში.
კირილე და რამდენიმე ეპისკოპოსი დათქმულ დრომდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდნენ ეფესოში. ჩავიდა ნესტორიც და საკუთარი უსაფრთხოების მიზნით იმპერატორს შეიარაღებული დაცვა სთხოვა. იმპერატორმა თხოვნა შეუსრულა, თანაც გამოგზავნა სამოქალაქო პირი – დიდებული, რომელსაც უბრძანა, კრების სხდომებს დასწრებოდა, ოღონდ საღვთისმეტყველო პაექრობაში არ ჩაბმულიყო და მხოლოდ წესრიგის დაცვისთვის ედევნებინა თვალყური. ეს დიდებული და ბევრი ეპისკოპოსი ნესტორს ემხრობოდნენ. მთელი აღმოსავლეთი ღელავდა, თუ როგორ გადაწყდებოდა წამოჭრილი საკითხი.
დათქმული დროც მოვიდა... მაგრამ ეფესოში ჯერ კიდევ არ იყვნენ ჩასულნი პაპის წარმომადგენლები, ანტიოქიის პატრიარქი იოანე და სირიის ეპისკოპოსები. ცნობილი იყო, რომ ანტიოქიის პატრიარქიც და ეპისკოპოსებიც ნესტორს ემხრობოდნენ, ამიტომ ყველა ეჭვობდა, განგებ ხომ არ იგვიანებდნენ, რათა ნესტორის მხილებაში არ მიეღოთ მონაწილეობა ან ჰქონოდათ მიზეზი, წინ აღდგომოდნენ დაგმობას, თუკი ის გამოცხადდებოდა. თექვსმეტდღიანი ლოდინის შემდეგ ეპისკოპოსთა უმრავლესობამ გადაწყვიტა, მათ გარეშე გაეხსნათ კრება კირილეს თავმჯდომარეობით. სამჯერ მიიწვიეს ნესტორი, მაგრამ მან უკანონოდ მიიჩნია კრება ზოგიერთი ეპისკოპოსის დაუსწრებლობის გამო და მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იმავე აზრს მიემხრნენ იმპერატორის გამოგზავნილი დიდებული და ნესტორის სხვა მიმდევრები. მიუხედავად ამისა, რადგანაც უმრავლესობა კრების გახსნას უჭერდა მხარს, სხდომები დაიწყო...
უპირველესად ხმამაღლა წაიკითხეს სარწმუნოების ნიკეის სიმბოლო, როგორც ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლების გადმოცემა, შემდეგ კირილეს მხილება ნესტორის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელის თხზულებები. ყველამ ერთსულოვნად აღიარა, რომ კირილეს შეხედულებანი ნიკეის მრწამსს ეთანხმებოდა, ხოლო ნესტორის განმარტებანი მიუღებელი იყო. შემდეგ წაიკითხეს გამონათქვამები ეკლესიის დიდი მამების ნაწერებიდან იესო ქრისტეს განხორციელების შესახებ. ნესტორი ერთსულოვნად დაგმეს მწვალებლური სწავლებისთვის და ჩამოართვეს ეპისკოპოსის ხარისხი. ეს განჩინება გამოცხადდა საჯაროდ და ეცნობა იმპერატორს.
რამდენიმე დღის შემდეგ ეფესოში ჩავიდნენ ანტიოქიის პატრიარქი და სირიის ეპისკოპოსები, მათ პაპის რწმუნებულებიც მიჰყვნენ. ამ უკანასკნელეთ აღიარეს კრების გადაწყვეტილების კანონიერება, მაგრამ ანტიოქიის პატრიარქმა და სირიის ეპისკოპოსებმა იგი უკანონოდ მიიჩნიეს. შემდეგ ნესტორთან და მის მიმდევრებთან ერთად მოიწვიეს ახალი კრება, რომელზეც კირილე გამოაცხადეს ერეტიკოსად და განაჩინეს მისი და ეფესოს ეპისკოპოსის დამხობა. არაფერი თქმულა ნესტორის სწავლების შესახებ. ეს განჩინება გაუგზავნეს იმპერატორს, როგორც ნამდვილი მსოფლიო კრების გადაწყვეტილება. ურთიერთსაწინააღმდეგო ამბებით დაბნეულმა იმპერატორმა აღარ იცოდა, რა ექნა, ბოლოს დაადასტურა განჩინებანი ორივე მხარის დამხობის შესახებ და ნესტორისა და კირილეს ტყვედ აყვანა ბრძანა.
კონსტანტინოპოლის მოსახლეობა აღაშფოთა საქმის ასეთმა დასასრულმა. სასახლისკენ გაემართა მონაზონთა დასი, რათა იმპერატორისთვის საქმის გადახედვა ეთხოვა; მას სათავეში ედგა ცნობილი მოღვაწე დალმაციუსი, რომელიც ორმოცდაოთხი წლის განმავლობაში სრულიად განმარტოებით ცხოვრობდა. მონაზვნებს უამრავი ხალხი გაჰყვა. მათ იმპერატორი დაჰპირდა, რომ მოუსმენდა ორივე მხარის წარმომადგენლებს. ხალხი ამ პასუხმა დააკმაყოფილა და სიხარულის ყიჟინით გაემართა ეკლესიისკენ. გზად 150-ე ფსალმუნს გალობდნენ: „აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა!“. დალმაციუსმა შეკრებილ ხალხს წაუკითხა კირილესგან მიღებული წერილი, სადაც გადმოცემული იყო საქმის არსი. კითხვის დამთავრებისას ხალხში გაისმა შეძახილები: „ნესტორს ანათემა!“
იმპერატორმა, მართლაც, მოიწვია ორივე მხრიდან რვა-რვა ეპისკოპოსი და საქმის მსვლელობის ყურადღებით შესწავლის შემდეგ ჭეშმარიტებამ იზეიმა – დაიგმო ნესტორის ცრუსწავლება.
ეფესოს მსოფლიო კრებაზე მიღებულ იქნა რვა კანონი, რასაც ორასზე მეტმა ეპისკოპოსმა მოაწერა ხელი. ამ კანონთაგან ერთ-ერთი კრძალავდა სარწმუნოების ახალი სიმბოლოს შედგენას ან რაიმეს შეცვლას ნიკეის სიმბოლოში. ხოლო ეკლესიის დოგმატი ძე ღვთისას განხორციელების შესახებ შემდეგი სიტყვებით ჩამოყალიბდა:
„ვაღიარებთ, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის ძე ღვთისა, ღმერთი სრულყოფილი და კაცი სრულყოფილი, სხეულითა და გონიერი სულით; რომ იგი უწინარეს საუკუნეთა იშვა მამისგან ღვთაებრივად და უკანასკნელ ჟამს ჩვენთვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის იშვა ქალწულ მარიამისგან კაცობრივად. ამრიგად, აღსრულდა შეერთება ორი ბუნებისა, რისთვისაც ვაღიარებთ ერთ ქრისტესა და ერთ უფალს“.
წმინდა კირილე ალექსანდრიაში დაბრუნდა და სიკვდილამდე, 444 წლამდე, უძღვებოდა ეკლესიას; ზრუნავდა ევიპტეში წარმართობის ნაშთების აღმოსაფხვრელად; დაწერა რამდენიმე მნიშვნელოვანი თხზულება. მასვე მიაწერენ ლოცვას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი: „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ...“. ითვლება, რომ მანვე შეადგინა დიდი პარასკევის ჟამნების წესი. მისი ხსენების დღეა 9 ივნისი.
ნესტორმა რამდენიმე წელი დაჰყო მონასტერში ანტიოქიის მახლობლად. რადგანაც არ განუდგა თავის ცრუსწავლებას, იგი მოგვიანებით გადაასახლეს ეგვიპტის ერთ-ერთ უდაბურ ადგილას, სადაც გარდაიცვალა (ზოგიერთი გადმოცემით მისი ენა მატლებისგან იყო დაჭმული).
ნესტორის შემდეგ კონტანტინოპოლის პატრიარქის ტახტი დაიკავა მოხუცმა მაქსიმიანემ, რომელიც მალევე შეცვალა წმინდა პროკლემ, იოანე ოქროპირის მოწაფემ, რომელიც თავიდანვე წინ აღუდგა ნესტორს. მისი მღვდელთმთავრობის დროს იოანე ოქროპირის ნაწილები კონსტანტინოპოლში გადმოასვენეს. ამავე პერიოდს უკავშირდება 439 წელს მომხდარი საოცარი ამბავი: საშინელმა მიწისძვრამ თავზარი დასცა ხალხს. ქრისტიანებმა ჯვრით მსვლელობა მოაწყეს ქალაქში და ღმერთს ევედრებოდნენ, ეს უბედურება შეეჩერებინა. თან ცრემლმომდგარნი გაიძახოდნენ: უფალო, შეგვიწყალენ! უცებ, ლოცვა-ვედრების დროს, ერთი ყმაწვილი ჰაერში აიტაცა უხილავმა ძალამ. როდესაც მიწაზე დაეშვა, მან ხალხს უამბო, რომ იხილა ანგელოზთა დასები, რომლებიც გალობდნენ: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო, შეგვიწყალენ ჩუენ“. როგორც კი ერმა გალობა გაიმეორა, მიწისძვრა შეწყდა. მაშინვე დადგინდა, ეს საგალობელი ღვთისმსახურებაში ჩაერთოთ.
კრების გადაწყვეტილების შემდგომაც არ შეწყვეტილა ნესტორის მიერ წამოწყებული დავა. მრავალი მომხრე ცდილობდა გაევრცელებინა ნესტორის შეხედულებები. სიმართლის დასადასტურებლად ისინი მიმართავდნენ ახლახანს გარდაცვლილი თეოდორე მოპსუესტიელის, მისი მოწაფე თეოდორიტე კვირელისა და ივა ედესელის თხზულებებს.
ამ ეპისკოპოსების ნაწერებში ნამდვილად გვხვდება ნესტორის ცრუსწავლებასთან მიმსგავსებული ზოგიერთი შეხედულება. თეოდორიტე, სირიის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ეპისკოპოსი, დიდხანს უჭერდა მხარს ნესტორს და წერილობით გმობდა კირილეს ანათემატიზმებს, მაგრამ შემდგომ შეიგნო თავისი ცდომილებანი. ასევე მოიქცა ივა ედესელიც. ნესტორის მომხრეებმა ამ მღვდელთმთავართა თხზულებებიდან ამოწერეს ყველაფერი, რაც მათ შეხედულებებს ადასტურებდა, სხვადასხვა ენაზე გადათარგმნეს და ეკლესიის ჭეშმარიტ სწავლებად წარმოაჩინეს. როდესაც დაინახეს, როგორი წარმატებით ვრცელდებოდა ცდომილებები, მართლმადიდებელმა ეპისკოპოსებმა, მათ შორის პროკლე კონსტანტინოპოლელმა, ამხილეს ისინი, მაგრამ მშვიდობის შესანარჩუნებლად არ დაასახელეს მათი ავტორები.
მღელვარება მაინც არ ცხრებოდა. ამან სირიის ხელისუფლება აიძულა, მკაცრი ზომები მიეღო – მან უკანონო ქმედებებისთვის განდევნა ზოგიერთი ნესტორიანელი, რომელთაც თავშესაფარი სპარსეთის მეფემ მისცა. მალე დევნილებმა მისი ისეთი კეთილგანწყობა მოიპოვეს, რომ ედესაში დიდი სასწავლებელი გახსნეს, სადაც მქადაგებლებს ზრდიდნენ თავიანთი მოძღვრების გასავრცელებლად.
მათი მცდელობით ნესტორიანელობა გავრცელდა ეგვიპტეში, სირიაში, ინდოეთში, ჩინეთშიც კი შეაღწია. ერთ-ერთი ყველაზე თავგამოდებული ნესტორიანელი, ნიზიბიის ეპისკოპოსი თომა ბარსუმა, სასტიკად დევნიდა მართლმადიდებლებს სპარსეთში: სჯიდა, ართმევდა ტაძრებს, უდგენდა ნესტორიანელ ეპისკოპოსებს. მოგვიანებით, როდესაც ძალები მოიკრიბეს, ნესტორიანელებმა ქტესიფონში (ქალაქი ასურეთში, ტიგროსის ნაპირას) დაადგინეს მღვდელმთავარი, რომელსაც კათოლიკოსი უწოდეს.
ეფესოს კრების კანონები:
კანონი 1
ჩვენი კრების გადაწყვეტილების შესახებ არც ისინი უნდა დარჩნენ უმეცრებაში, რომლებიც ამ წმინდა კრებას არ ესწრებიან და თავიანთ სოფელში ან ქალაქში რჩებიან რაიმე საეკლესიო ან პირადი მიზეზის გამო. ამიტომ, თქვენს სიწმინდესა და სიყვარულს ვაცნობებთ: სამთავროს მიტროპოლიტს, რომელიც განუდგა წმინდა მსოფლიო კრებას, მიემხრო განდგომილთა თავყრილობას ან შემდგომში მიემხრობა, ან კელესტის სწავლება გაიზიარა, ან შემდგომში გაიზიარებს, ეკრძალება რაიმე მოიმოქმედოს თავისი სამთავროს ეპისკოპოსების წინააღმდეგ, რადგან ამიერიდან კრების მიერ ყოველგვარი საეკლესიო ერთობიდან განკვეთილია და მსახურებაც აკრძალული აქვს. მაგრამ, ამასთან, საეპისკოპოსო ხარისხიდან დამხობა ერთობლივად უნდა დაგადწყვიტონ რწმუნებული სამთავროს იმ ეპისკოპოსებმა და ახლომდებარე სამთავროების იმ მიტროპოლიტებმა, რომლებიც მართლმადიდებლურად აზროვნებენ.
კანონი 2
იმ ეპარქიულ ეპისკოპოსებს, რომლებიც წმინდა კრებას არ ესწრებოდნენ და განდგომილებს მიემხრნენ, ან აპირებენ მათთან შეერთებას, ანდა ხელი მოაწერეს ნესტორის განკვეთას, შემდეგ კი განდგომილთა თავყრილობას შეუერთდნენ, წმინდა კრების განჩინებით უნდა აეკრძალოთ ღვთისმსახურება და აეყაროთ სასულიერო ხარისხი.
კანონი 3
ქალაქის ან სოფლის სამღვდელო დასის წევრებს, რომლებსაც მართლმადიდებლური განსწავლულობის გამო, ნესტორისა და მისი თანამზრახველების მიერ მღვდელმსახურება ჰქონდათ აკრძალული, თავის ხარისხში აღვადგენთ. ამასთან, ვბრძანებთ, რომ მართლმადიდებელთა მსოფლიო კრების თანამოაზრე სასულიერო პირები არ დაემორჩილონ განდგომილ და მართლმადიდებლობის უარმყოფელ ეპისკოპოსებს.
კანონი 4
წმინდა კრება სამართლიანად მიიჩნევს იმ პირის სასულიერო ხარისხიდან განკვეთას, რომელიც სასულიერო დასიდან განდგება და ცალკე ან საჯაროდ, ნესტორის ან კელესტის მოძღვრების გაზიარებას გაბედავს.
კანონი 5
ნესტორმა, თავის თანამზრახველებთან ერთად გაბედა კანონსაწინააღმდეგოდ შეეწყნარებინა, თვითნებურად ეკლესიაში დაებრუნებინა და სასულიერო ხარისხში აღედგინა ზოგიერთი სასულიერო პირი, რომლებიც უკეთური საქციელის გამო განკვეთილები არიან წმინდა კრების, ან თავისი ეპისკოპოსების მიერ; მაგრამ ეს მათთვის ყოვლად უსარგებლოა, რადგან ჩვენი სამართლიანი განაჩენით ისინი მაინც განკვეთილებად რჩებიან.
კანონი 6
თუ ზოგიერთები მოინდომებენ რაიმე სახით შეარყიონ ის განჩინება, რომელიც თითოეული მათგანის მიმართ წმინდა კრებამ ეფესოში გამოიტანა, ასეთ შემთხვევაში წმინდა კრება ადგენს: აღნიშნული ქმედების ჩამდენ პირებს, თუ ისინი ეპისკოპოსები ან სასულიერო დასის სხვა წევრები არიან, პატივი სრულიად აეყაროთ, ხოლო თუ ერისკაცები - უზიარებლობით დაისაჯონ.
კანონი 7
წარმოდგენილი წერილის წაკითხვის შემდეგ წმინდა კრებამ განაჩინა: არავის მიეცეს უფლება, წარმოთქვას, დაწეროს ან ჩამოაყალიბოს სხვა მრწამსი, გარდა იმისა, რაც ნიკეაში სულიწმიდით შეკრებილმა მამებმა დადგინეს; ხოლო ვინც გაბედავს სხვა მრწამსის შედგენას, წარმოდგენას ან შეთავაზებას ჭეშმარიტების შემეცნების მსურველთათვის, ანდა წარმართობის, იუდეველობისა ან სხვა რომელიმე მწვალებლობისაგან მოქცეულთათვის, ასეთ პირთა მიმართ განვაჩინებთ: თუ ეპისკოპოსები არიან ან სასულიერო დასის სხვა წევრები, შეირაცხონ უცხოებად: ეპისკოპოსები - ეპისკოპოსობისაგან, კლერიკოსები - დასის წევრობისაგან; ხოლო თუ ერისკაცები: შეჩვენებულ იქნენ. ზუსტად ასევე, თუ ეპისკოპოსები, კლერიკოსები ან ერისკაცები იმხილებიან ღვთის მხოლოდშობილი ძის შესახებ ისეთი ბილწი და გამხრწნელი სწავლების ქადაგებასა და გამზიარებლობაში, როგორიც ეს ნესტორის დოგმატებშია გადმოცემული და ხარსი ხუცესის მიერ კრებისადმი წარმოდგენილი, მაშინ ამ წმინდა და მსოფლიო კრების განჩინებით ისინი შემდეგ სასჯელს დაექვემდებარონ: ეპისკოპოსები ეპისკოპოსობისაგან უცხოებად უნდა შეირაცხონ და ხარისხი აეყაროთ, კლერიკოსები კი დასიდან განიკვეთონ; ხოლო ერისკაცები, როგორც ნათქვამი იყო, შეჩვენებულ იქნენ.
კანონი 8
საეკლესიო წესებისა და წმინდა მოციქულთა კანონების საწინააღმდეგო, სიახლე და თავისუფლების ხელმყოფია ქმედება, რომლის შესახებაც გვაცნობეს ღვთისსათნომყოფელმა თანაეპისკოპოსმა რიგინოსმა და მასთან ერთად კვიპროსის სამთავროს კეთილკრძალულმა ეპისკოპოსებმა - ზენონმა და ევაგრემ. ვინაიდან იგი საზოგადო ვნების მატარებელია, ამიტომ ძლიერ მკურნალობას საჭიროებს, როგორც დიდი ზიანის მომტანი; მით უფრო, რომ არასდროს ყოფილა ჩვეულება, ანტიოქიის ეპისკოპოსს კვიპროსში ხელთდასხმა მოეხდინოს, როგორც ეს წერილობით და სიტყვიერად გვაცნობეს წმინდა კრებაზე მობრძანებულმა კეთილკრძალულმა კაცებმა. ამიტომ კვიპროსის ეკლესიის მღვდელმთავრებს, ყოველგვარი შევიწროების გარეშე უნდა შეუნარჩუნდეს წმინდა მამათაკანონებისამებრ და ძველი ჩვეულების თანახმად იმის უფლება, რომ თავად აწარმოონ კეთილკრძალულ ეპისკოპოსთა ხელთდასხმა. იგივე წესი უნდა იყოს დაცული ყველა სხვა სამთავროსა და ეპარქიაში. ამდენად, ღვთისსათნომყოფელ ეპისკოპოსთაგან არავინ გაავრცელოს თავისი ხელისუფლება იმ ეპარქიაზე, რომელიც მანამდე არც მას და არც მის წინამორბედ ეპისკოპოსს არ ექვემდებარებოდა; ვინც გაავრცელა თავისი ძალაუფლება უკანონოდ და ძალად დაიმორჩილა რომელიმე ეპარქია, ხელი უნდა აიღოს მასზე; ნურავინ გადავა მამათა მიერ დაწესებულ კანონებს, რათა არ შემოიპაროს თითქოსდა ღვთისმოსაობის სახით, საერო ქედმაღლობის ქედმაღლობა; ნუ დავკარგავთ ნელ-ნელა და შეუმჩნევლად იმ თავისუფლებას, რომელიც თავისი სისხლით ყოველი კაცის მხსნელმა უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ მოგვმადლა. ამგვარად, წმინდა და მსოფლიო კრებამ სათნოდ მიიჩნია, რომ თითოეულმა ეპარქიამ, ყოველგვარი შევიწროების გარეშე, წმინდად შეინარჩუნოს თავიდანვე მისთვის მინიჭებული და ძველთაგანვე დამტკიცებული უფლება. ჩვეულებისამებრ, თითოეულ მიტროპოლიტს, თავისი უფლებამოსილების დასადასტურებლად, შეუძლია ამ დადგენილების ასლი გადაიღოს. აქვე ვადგენთ: ამ წმინდა და მსოფლიო კრების განჩინების საწინააღმდეგოს თუ ვინმე შემოიღებს, უკანონოდ იქნეს შერაცხული.
* * *
ნესტორიანელობის
მთავარი
საღვთისმეტყველო
პრინციპი
იმაში
მდგომარეობს,
რომ
ის
ქრისტეს
ღმერთკაცური
ბუნების
სრულ
სიმეტრიას
აღიარებს:
ერთიან
ღმერთკაცურ
პირში
შეურწყმელად
შეერთებულია
ორი
ჰიპოსტასი
(ორი
ბუნება)
ღვთაებრივი
და
ადამიანური.
ქრისტეს
ნება
ნესტორიანობაში
ახასიათებს
პირს,
და
არა
ბუნებას
(მართლმადიდებლობა
და
კათოლიციზმი)
და
არც
ჰიპოსტასს
(მიაფიზიტობა).
ამიტომ
ნესტორიანელები
აღიარებენ
ერთ
ღმერთკაცურ
ნებას,
რთულს,
რომელიც
შედგება
ორი
ერთმანეთთან
შეთანხმებული
ნებისგან
(ღვთაებრივი
და
ადამიანური).
და
ისევე
როგორც
მართლმადიდებლობაშია, განასხვავებენ ქრისტეს ორი
სახის
მოქმედებებს:
ადამიანურს
(შობა,
ტანჯვა,
სიკვდილი)
და
ღვთაებრივს
(სასწაულები).
ვინაიდან
ნესტორიანელობის
მიხედვით,
მარიამისგან
შობა
უკავშირდება
ქრისტეს
მხოლოდ
ადამიანურ
ჰიპოსტასს,
და
არა
ღვთაებრივ
ჰიპოსტასს,
ტერმინი
„ღვთისმშობელი“
ითვლება
არაკორექტულად.
ნესტორიანელობის
მიხედვით
მდინარე
იორდანეში
ნათლობამდე,
ქრისტე
იყო
მხოლოდ
ადამიანი,
რომელიც
სრულყოფილად
ასრულებდა
ებრაულ
კანონებს,
ხოლო
ნათლობის
შემდეგ
მასში
შესახლდა
სიტყვა-ღმერთი
(ლოგოსი).
მხოლოდ
ამის
შემდეგ
ქრისტე
იძენს
ღვთაებრივ
ბუნებას
და
შეუძლია
სასწაულმოქმედება
და
ასრულებს
განსხვავებულ
მორჩილებას
უფლისადმი
(ტანჯვა
ჯვარზე,
სიკვდილი
და
აღდგომა,
სიკვდილზე
გამარჯვება).
ნესტორიანელები დღევანდლამდე არსებობენ სპარსეთში სახელით „ქალდეველი ქრისტიანები“. ეს სახელი მათ იმიტომ ეწოდა, რომ ძველი ქალდეას ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ქალდეურ დიალექტზე ლაპარაკობენ. ნესტორიანელები ოსტინდოეთში ცნობილნი არიან, როგორც „თომისტი ქრისტიანები“, თომა ბარსუმას სახელის მიხედვით. თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსის ვარაუდით, ისინი ამ სახელს ატარებენ თომა მოციქულის, ინდოეთის პირველი მქადაგებლის, ხსოვნის პატივსაცემად.
Комментариев нет:
Отправить комментарий