воскресенье, 17 декабря 2017 г.

ლაშა გიორგის მემკვიდრის საკითხი (ა. აბდალაძე)

ჟამთააღმწერლის ცნობით, გიორგი IV სიკვდილის წინ დაუბარებია, რომ მის შემდეგ გაემეფებინათ მისი და რუსუდანი, რომელსაც უნდა აღეზარდა ძმისწული დავითი, ხოლო როდესაც დავითს შეეძლებოდა მეფობა და მხედრობა, ის უნდა დაედგინათ მეფედ და ლაშას მემკვიდრედ.1 მაშასადამე, ამ ანდერძის მიხედვით, რუსუდანს მხოლოდ მცირეწლოვანი მემკვიდრის2 მეურვეობა და ქვეყნის დროებითი გამგებლობა ეკისრებოდა. მართალია, ქართული სახელმწიფო სამართლით მეფის უკანონო შვილს ტახტის დაკავების უფლება არ ჰქონდა3, მაგრამ ლაშა გიორგისა და მის თანამოასაკეთა შეხედულებებსა და აზროვნებაში, საზოგადოდ, ტრადიციული მსოფლმხედველობისათვის შეუფერებელი ახალი ნიშნები შეიმჩნევა4 და ამის გამო, არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ ლაშა გიორგის თავის უკანონო შვილის გამეფება მოეწადინებინა.
აღსანიშნავია, რომ XIII -ის სომეხი ისტორიკოსი კირაკოს განძაკეცი ტახტის კანონიერ მემკვიდრედ თვლის ლაშას ძეს და არა რუსუდანს5. მაგრამ რადგან კირაკოსი არას ამბობს იმაზე, რომ დავითი ლაშას უკანონო შვილი იყო და თანაც დავით ლაშას ძის აღმოსავლეთ საქართველოსა და სომხეთში მეფობისას მოღვაწეობდა, იგი ამ შემთხვევაში შეიძლება ტენდენციური იყოს.
აკად. ივ. ჯავახიშვილს ლაშას ანდერძი მისი აზროვნებისათვის მეტად დამახასიათებლად ესახებოდა, მაგრამ სხვა წყაროების ჩვენებათა საფუძველზე ასკვნიდა, რომ ცნობა ამ ანდერძის შესახებ საეჭვო ჩანს და ლაშას ძის ზღაპრულ თავგადასავალთან ერთად მერმინდელი შენათხზი უნდა იყოს დავით ულუს მომხრეთა წრეებში, რომელთაც ამით უნდოდათ გაეტეხათ „რუსუდანისა და მისი შვილის სახელი და მეფობის კანონიერება“. ივ. ჯავახიშვილის აზრით, ჟამთააღმწერელს „როგორც ეტყობა, ამის შესახებ ლაშა-გიორგის ძის დავითის მომხრე წრის აზრთა გამომხატველი ისტორიკოსის ცნობებით უსარგებლია და მისივე შეხედულება აქვს შეთვისებული6.
ცნობა ლაშას ანდერძის შესახებ გვიანდელი შენათხზი რომ უნდა იყოს, ამას ივ. ჯავახიშვილს აფიქრებინებდა შემდეგი:
. „ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანე, ჭაბუკი მეფის თანამოაზრე და მაქებელი, მის მცირეწლოვან ძეს არ იხსენიებს, დავითის ტახტის მემკვიდრედ დატოვების შესახებაც არაფერს ამბობს და მხოლოდ რუსუდანზე ამყარებს საქართველოს სახელმწიფოს მთელ იმედებს“:
. ჯერ კიდევ 1246–47 . დავით ლაშას ძისა და დავით რუსუდანის ძის მომხრე, ერთმანეთისადმი დაპირისპირებული წრეებისაგან პლანო კარპინის მხოლოდ ის შეუტყვია, რომ ლაშას თავისი უკანონო შვილისათვის სამეფოს ერთი ნაწილი დაუტოვებია7.
უნდა აღინიშნოს, რომ პლანო კარპინის ცნობებში, საქართველოს სამეფო ტახტის ორ მაძიებელს შორის დავას რომ შეეხება, ივ. ჯავახიშვილს მრავალი უზუსტობა და ბუნდოვანება აქვს შენიშნული8. ჩვენ ამ უზუსტობებს აღარ ჩამოვთვლით, აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ თუ ერთ შემთხვევაში სამეფოს მხოლოდ ნაწილის მფლობელად თვლის დავით ლაშას ძეს „დაუმორჩილეს, როგორც უფროსს, რომელსაც უბრძანეს წყნარად და მშვიდობიანად დაუფლებოდა მამის მიერ დატოვებულ სამკვიდროსო9, ლაშას ძეს უნდა გულისხმობდეს მამამისის, ვითარცა „ყოველი საქართველოსმეფის მემკვიდრედ. თუ ეს ასეა, მაშინ ლაშას ანდერძის უარსაყოფად პლანო კარპინის ცნობის გამოყენება გაძნელდება.
ივ. ჯავახიშვილის მიერ მოტანილი პირველი არგუმენტი კი მეტად დამაფიქრებელია. ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანე, როგორც ჩანს, სამეფო ტახტის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრედ, მართლაც, რუსუდანს და მის შთამომავლობას მიიჩნევს და მათ კეთილდღეობას უკავშირებს ქვეყნის ბედს: „ღმერთმან ყოვლისა სახიერებისამან, რომელი არა განსწირავს მოშიშთა მისთა, დაიცავნ სამეფო ესე და მეფე ჩუენი ღმრთივგვირგვინოსანი რუსუდან, და ყავნ ნაყოფი მისი ჩუენდა სალხინებლად თესლითი თესლადმდე, და მიეცინ სიმრავლე წელიწადთა10.
ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანის ცნობათა ხასიათის შესახებ ჩვენ ქვემოთ აღვნიშნავთ, აქ კი მოვიტანთ 1232 . გადაწერილი ერთი სომხური სახარების ანდერძ-მინაწერის ცნობას, რომელშიც, ჩვენი აზრით, რუსუდანი მეფედ არაა მიჩნეული: დაიწერა ეს სახარება სომეხთა წელთაღრიცხვის „ოძა-ს (1232 .) კაიენის მხარეში, სახელგანთქმულ გეტიკის წმინდა მონასტერში, წმინდა ღვთისმშობლის და წმინდა გრიგორ განმანათლებლის შეწევნით, ცოდვილი სტეფანოსის ხელით, ერისთავთერისთავის ათაბაგ ივანესა11 და მისი ძის ავაგის მთავრობის ჟამს და რადგან ქართველებს მეფე არ ჰყავდათ, მეფის მაგივრობას თამარის ასული ასრულებდა12“…
სომხური – „անէր զաթոռակալութիւն դուստր թամարին“– ჩვენ ვთარგმნეთ ასე: „მეფის მაგივრობას თამარის ასული ასრულებდა“. ამგვარად თარგმნის უფლებას გვაძლევდა ისიც, რომ ანდერძის ავტორი სტეფანოსი მკაფიოდ ამბობს, ქართველებს მეფე არ ჰყავდათო (Վրաց թագաւոր ոչ գոյր). შესაძლოა ვიფიქროთ, სტეფანოსი გულისხმობს, რომ ქართველებს იმ დროს არ ჰყავდათ კაცი მეფე (թագաւոր) და ეს ცნობა არ გამორიცხავს, რომ მათ ჰყავთ ქალი მეფე, დედოფალი (թագուհի). მაგრამ არა ერთი და ორი მაგალითი გვაქვს ისეთი, როდესაც სომხურ წყაროებში ჩვენი მეფე ქალები, თამარი და თვით რუსუდანიც იხსენებიან, როგორც „թագաւոր (მეფე) და არა როგორცթագուհի” (დედოფალი)13. ამის გამო, ვფიქრობთ. ანდერძ-მინაწერის ავტორი არ იტყოდა: Վրաց թագաւոր ոչ գոյր(,,ქართველებს მეფე არ ჰყავდათ“). სომხურ მწერლობაში ჩვენ არ გვეგულება არც ერთი ისეთი მაგალითი, სადაც თამარი ან რუსუდანი მეფედ ითვლებოდეს და თან იქვე ეწეროს Վրաց թագաւոր ոչ գոյր“ საზოგადოდ, სომხურ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერების ავტორები, ამ ხანისა მაინც, თანადროული პოლიტიკური ვითარების აღწერისას, კერძოდ, საქართველოს მეფეთა მოხსენიებისას, მეტად სიტყვაძუნწნი არიან და, ამის გამოც, ჩვენი ანდერძ-მინაწერის ავტორი სტეფანოსი რუსუდანს მეფედ რომ თვლიდეს, მაშინ მოსალოდნელი იყო მას უბრალოდ ეთქვა, სახარება დაიწერა თამარის ასულის მეფობის ჟამსო, როგორც ეს 1224 . ანდერძშია14.
„მწერალისტეფანოსი რუსუდანის შესახებ ამბობს, რომ მას ეპყრა „աթոռակալութիւն („ათორაკალუთიუნ“). ლექსიკონებში არაა აღნიშნული, რომ ეს სიტყვა სამეფო ხელისუფლების ფლობის გამოსახატავად გვხვდებოდეს. ვერც ჩვენ დავძებნეთ ასეთი მაგალითი წყაროებში. არც աթոռակալ („ათორაკალ“), საიდანაც ნაწარმოებიაաթոռակալութիւն”, იხმარება թագաւոր” “արքայ(„მეფე“)-ის, ან թագուհի“ („დედოფალი“)-ის სინონიმად. ჩვეულებრივ „աթոռակալ“, ისევე როგორც ,,տեղապահან տեղակալეწოდებოდა საკათალიკოსო ტახტის დროებით მპყრობელებს, რომლებიც კათალიკოსის მაგივრობას სწევდნენ მაშინ, როდესაც კათალიკოსი არ იმყოფებოდა ადგილზე, ანდა ერთი კათალიკოსის გარდაცვალების შემდეგ სხვა ჯერ არ აერჩიათ. თვით კათალიკოსებსაც ეძახდნენ გრიგოლ განმანათლებლის „ათორაკალებს“, როგორც მის მოადგილეებს15. ზოგიერთ ლექსიკონში აღნიშნულია, რომ „ათორაკალ ზოგჯერ, საზოგადოდაც ნიშნავს „მოადგილეს“, „შემცვლელს“, ხოლო „ათორაკალუთიუნ“– „მოადგილეობას16.
როგორც ჩანს, არ უნდა დაგვაფიქროს იმან, რომ աթոռակալութւն („ათორაკალუთიუნ“) სიტყვასიტყვით ,,ტახტის ქონას“, „ტახტის პყრობას ნიშნავს. ტახტი მეფის გარდა, დროებით, შეიძლებოდა სხვასაც დაეჭირა. ასე მაგ., მათეოს ურჰაეცის მიხედვით, როდესაც 1067 . გარდაიცვალა ბიზანტიის იმპერატორი დუკა, მისი შვილის მცირეწლოვანების გამო „სამეფო ტახტი ერთი წელიწადი მეფის გარეშე დარჩა, ეპყრა სამეფო ტახტი დედოფალს, რომელსაც ევდოკიას ეძახდნენ17. მიუხედავად იმისა, რომ დედოფალ ევდოკიას ტახტი უჭირავს, მათეოსი მას ქვეყნის მხოლოდ დროებით გამგებლად თვლის18. საზოგადოდაც ცნობილია, რომ ევდოკია ერთი წლის მანძილზე მართავდა ქვეყანას, ვითარცა რეგენტი19.
საყურადრებო უნდა იყოს ის ფაქტიც, რომ ,,տեղապահ“, რომელიც ხშირად იხმარება աթոռակալ“ („ათორაკალ“)-ის სინონიმად, ხანდახან აღნიშნავს „მეფის შემცვლელს“, „მეფის მოვალეობათა დროებით აღმასრულებელს“, ხოლო „տեղապահութիւն „მეფის ეცვლას“, დროებით მეფის მოვალეობების შესრულებას20.
აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ზაქარია მხარგრძელის შესახებ ისტორიათა და აზმათაავტორის სიტყვები მჯდომსა სომეხთა მეფისა ადგილსა“, აკად. . ჰოვანისიანს ასე უთარგმნია: …հայոց թագաւորի աթոռակալ“ (სომეხთა მეფისათორაკალი“)21. ალბათ, . ჰოვანისიანმა ამ სიტყვის ძველი მნიშვნელობა იგულისხმა, თორემ თანამედროვე სომხურ ენაში იგი ასეთი მნიშვნელობით არ უნდა იხმარებოდეს22. მაშასადამე, სომეხთა მეფის ადგილზე მჯდომი ამ მეფისათორაკალიყოფილა.
ყოველივე ზემოთქმულის გამო ვასკვნით, რომ ანდერძმინაწერის ავტორი სტეფანოსი რუსუდანს მეფედ არ თვლის. იგი მას მეფის შემცვლელად მიაჩნია. ამრიგად, აზრი რუსუდანის მეფობის უკანონობის შესახებ წარმოქმნილი ჩანს უკვე 1232 წლისათვის და არა 1246–47 წლის შემდგომ.
საზოგადოდ, გიორგი IV-ის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტის მემკვიდრის საკითხი არსებული მასალების საფუძველზე ჩვენ ასე წარმოგვიდგება: ლაშა გიორგის მეფობის ჟამს და შემდგომაც საქართველოს წარჩინებულთა შორის არსებობდა ორი, ერთმანეთისადმი დაპირისპირებული დაჯგუფება. ერთ მათგანში ძირითადად იყვნენ მეფის თანამოაზრენი, „თანამოასაკენი“, ხოლო მეორეში მის დროს შევიწროებული, თამარის ჟამინდელი დიდებულები. მეორე დაჯგუფების მეთაური ივანე ათაბაგი ჩანს. ლაშას დროს შევიწროებულმა ივანე ათაბაგმა არნახული გავლენა მოიპოვა სახელმწიფოში რუსუდანის მეფობის პირველსავე წლებში; როგორც ჩანს, მას დიდი წვლილი მიუძღოდა რუსუდანის გამეფებაში. ამის გამო, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ლაშას თანამოაზრეთა დაჯგუფება წინააღმდეგი უნდა ყოფილიყო რუსუდანის გამეფებისა, მიუხედავად იმისა, მართლაც დატოვა თუ არა ლაშამ ჟამთააღმწერელთან შემონახული ანდერძი. ეტყობა, რუსუდანის მომხრეთა წრეებმა თავისი გაიტანეს, ტახტის ერთადერთ, კანონიერ მემკვიდრედ რუსუდანი და მისი შთამომავლობა გამოაცხადეს. ეს ვითარება უნდა იყოს ასახული ლაშა გიორგის დროინდელ მემატიანესთან. როდესაც მემატიანე წერს, მაშინ ქვეყნის საგარეო მდგომარეობა უკვე რამდენადმე აწეწილია და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, სამეფო ტახტზე მეფის უკანონო შვილის აყვანის მოთხოვნა ისტორიკოსს დიდ მკრეხელობად მოეჩვენებოდა. შემდგომ, ეტყობა, საპირისპირო დაჯგუფება გაძლიერბულა23, როგორც ჩანს, რუსუდანის მმართველობის დროს სამეფოს მთელი რიგი წარუმატებლობის გამოც; ეს გარემოება გამოიწვევდა ამ დაჯგუფების შეხედულებათა, კერძოდ, ტახტის მემკვიდრის საკითხის შესახებ, ფართოდ გავრცელებას და ამის გამო არ უნდა თვლიდეს 1232 . ანდერძ-მინაწერის ავტორი რუსუდანს მეფედ.

შენიშვნები
1. ჟამთააღმწერელი შემდგომაც რამდენჯერმე ახსენებს ლაშას ანდერძს და აღნიშნავს, რომ რუსუდანმა არ შეასრულა ძმის დანაბარები.
2. თუ არ ვცდებით, ლაშას ძის დაბადების თარიღის შესახებ მოგვეპოვება მხოლოდ ერთადერთი ცნობა, რომლის მიხედვით დავითი დაბადებულა 1216 . , .. მამის გარდაცვალების დროისათვის იგი 6–7 წლის ყმაწვილი უნდა ყოფილიყო.
3. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, III, 1966, გვ. 130.
4. . გაბაშვილი, ქალაქ თბილისის სოციალური ისტორიიდან (ჟამთააღმწერლის ერთი ცნობის განმარტება), კრებული: ,,ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ქალაქების ისტორიიდან“, I, 1966, გვ. 161; ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 30, 33.
5. Կիրակոս Գանձակեցի, Պատմութին Հայոց, Թիֆլիս, 1909. გვ. 273
6. ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 38, 132.
7. ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 38;
8. იქვე, გვ. 109, 113, 132–33;
9. პლანო კარპინი, ისტორია მონღოლებისა, რომელთაც ჩვენ თათრებს ვუწოდებთ, ,,მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის“. ნაკვ. II, 1942, გვ.37;
10. ქართლის ცხოვრება, I, 1955, გვ. 371 (ხაზი ჩვენია.–. .).
11. მართალია, ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაში ივანე ათაბაგის გარდაცვალების თარიღად ვხვდებით 1227 (იხ. ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ.56) და 1225 წელსაც (იხ. გრიგოლ აკანელი, მოისართა ტომის ისტორია, სომხური ტექსტი ქართული თარგმანით და კომენტარით გამოსცა . შოშიაშვილმა, 1961, გვ. 173), მაგრამ თანამედროვე სომხურ ისტორიოგრაფიაში მიღებულია, რომ ივანე მხარგძელი გარდაიცვალა არა უადრეს 1233 წლისა (Գ. Հովսեփյան, Խաղբակյանք կամ Պոռջյանք հայոց պատնության մէջ, Վաղարշապատ 1928, გვ.99-101; Հ. Մանանդյան, Քննական տեսություն Հայ ժողովրդի պատմուլյան, Գ, երևան 1952, გვ. 159).
12. Գարեգին Ա Կաթողիկռս, Յիշատակարանք ձեռազիաց, Ա, 1951, გვ.881-84
13. იხ. მაგ. Կիրակոս Գանձակեցի, Հայոց պատմություն, երևան. 1961, გვ.215, 224. 315: Հաւաքումն պաամութեան Վարդանայ Վարդապետի, Վենետիկ. 1862, გვ. 139; Ստեփանոս Օրբելեան, Պատմութիւն նահանգիՆ Սիսական, թիֆլիս, 1910, გვ, 1910, გვ. 342; Կ. Կոստանեանց. Վիմական տարեգիր, Պետերբուրգ, 1914, გვ. 50, 64; გვ 6, ,,ეპისტოლე მხითარ ვარდაპეტისა, რომელსაც გოში ეწოდებოდა“, იხ. . მელიქსეთბეგი, ჩრდილო მხარეთა სომეხთა მოძღვარნიდა მათი ვინაობა, 1928, გვ. 240, 242.
14. Յիշատակարանք ձեռագրաց გვ. 837–39.
15. Ս. Մալխասեանց, Հայերէն բացատրական բառառան, 1.
16. Նորբարգիրք, Լ. Գ. Փէշտըմալնեան, Բառգիրք հայկազեան լեզուի, Լ. 1844
17. Մատթէոս ՈԻ ռհայեցի, Ժամանակագրութիւն. Վաղարշապատ, 1898, გვ.189- “Կացաեալ աթոռ թագաւորութեանն անթագաւոր զամ մի թտգուհին ունելով զաթոռ թագաւորութեանն
18. იქვე.
19. S. Runciman, Byzantine civilization, London, 1945, გვ. 304;
20. Մատթէոս ՈԻ ռհայեցի, Ժամանակագրութիւն, გვ.340;
21. Ա. Հովհաննիսյան, Դրվագները հայ ազատագրական մտքի պաամության. երևան, 1, 1957, გვ.156-157; შდრ. Լ. Մելիքսէթ- Բէկ, Վրաց տղբյուրները Հայաստանի յեվ հայերի մասին, հատ. Բ, Յերեվան, 1936. გვ. 14.
22. Ժամանակակից հայոց լեզվի բացատրական, բարարան, լ, եվեվան, 1969.
23. ალბათ, ძირითადად ამ დაჯგუფების წევრები არიან, დავით ლაშას ძის გამეფებისათვის რომ იბრძვიან მონღოლთა ხანის კარზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий