დიონ კასიუს კოქცეიანუსი, (დაახლ. 153-235)
რომაელი ისტორიკოსი იყო, წარმოშობით ბითინიის ქალაქ ნიკეიდან. ეკავა მაღალი სამოხელეო თანამდებობები, ეკუთვნოდა სენატორთა უმაღლეს წოდებას. ავტორია რამდენიმე ისტორიული თხზულებისა. ჩვენამდე (ნაწილობრივ დაზიანებულმა) მოაღწია „რომის ისტორიამ“ 80 წიგნად, რომელიც მოიცავს ხანას რომის დაფუძნებიდან 229 წლამდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ თხზულების ის ნაწილი, სადაც ავტორი თავის თანამედროვე მოვლენებს აღწერს და იყენებს ოფიციალურ დოკუმენტებს. მაგრამ დიონ კასიუსის თხზულება რომის ისტორიის სხვა პერიოდებისთვისაც ძვირფას წყაროს წარმოადგენს, რამდენადაც აქ ძველ ისტორიკოსთა ნაშრომების გვერდით გამოყენებულია მხედართმთავართა, მოხელეთა ანგარიშები, მოგზაურთა აღწერილობები, დოკუმენტური მასალა. „რომის ისტორია“ უპირატესად პოლიტიკურ ისტორიულ ფაქტებს განიხილავს.
ნაშრომში მოიპოვება უაღრესად მნიშვნელოვანი ცნობები საქართველო-რომის ურთიერთობის შესახებ : პომპეუსის ლაშქრობა,
ფარსმან II-ისა
და ფარსმან III-ის შესახებ და სხვა. ზოგი ამ ცნობათაგან სრული ან უნიკალურია.
წიგნი XXXVII
ლუციუს კოტას და ლუციუს ტორკვატუსის კონსულობაში (ე.ი. ძვ.წ. 66 წ.) მას (პომპეუსს) ომი მოუხდა იბერებთანაც. მათთან ყოველგვარი მოლოდინის გარეშე მოუხდა შებმა. იბერიელები ცხოვრობენ კირნოსის (მტკვარი) ორივე ნაპირზე და ემეზობლებიან ერთის მხრივ არმენიელებს და მეორეს მხრივ ალბანელებს. მათ მეფე არტოკეს ეშინოდა, რომ პომპეუსი მის წინააღმდეგ წავიდოდა; ამიტომ მან გაუგზავნა ელჩები მეგობრობის წინადადებით, თვითონ კი ემზადებოდა რათა მშვიდობაში დარწმუნებულს მოულოდნელად თავს დასხმოდა. მაგრამ პომპეუსმა გაიგო ამის შესახებ და პირველი შეიჭრა მის ქვეყანაში, მანამ ის შეძლებდა მომზადებას და მეტად ძნელგასავალი ვიწრობების დაკავებას. პომპეუსმა მოასწრო მისვლა ქალაქამდე, რომელსაც აკროპოლისი (იგულისხმება არმაზი) ეწოდებოდა, სანამ არტოკე გაიგებდა მის მიახლოებას. ეს ქალაქი მდებარეობდა სწორედ ხეობის პირას, - ერთი მხრიდან... გადაჭიმული იყო კავკასიონი; აქ ქალაქი სიმაგრით იყო დაცული შემოჭრისაგან. შეშინებულ არტოკეს სრულიად არ ჰქონდა დრო მომზადებულიყო ბრძოლისათვის; იგი გავიდა მდინარეზე და დაწვა ხიდი (ეს ხიდი მდებარეობდა დღევ. მცხეთის სადგურთან); ხოლო სიმაგრის დამცველები მისი გაქცევისა და ბრძოლაში დამარცხების გამო, დანებდნენ. პომპეუსმა ამგვარად იგდო ხელთ ვიწრობები, ჩააყენა შიგ დარაჯები, დაიძრა იქიდან და დაიპყრო მდინარის გამოღმა მთელი მხარე.
როდესაც პომპეუსი უკვე კირნოსზე გადასვლას აპირებდა, არტოკემ გაგზავნა მასთან ელჩები ზავის თხოვნით და დაპირდა ნებაყოფლობით ხიდის აგებას და სურსათის მიწოდებას. მან შეასრულა ორივე, რადგან სურდა დამორჩილებოდა, მაგრამ, როდესაც დაინახა, რომ პომპეუსი მდინარეზე გადმოდიოდა, შეშინებული გაიქცა მდინარე პელორისაკენ (არაგვი), სხვა მდინარეზე, რომელიც აგრეთვე მიედინება მის სამფლობელოებზე; ვისთვისაც შეძლო გადმოსვლაში ხელი შეეშალა, იმას თვითვე შეუწყო ხელი და გაიქცა. როდესაც პომპეუსმა ეს დაინახა, გაეკიდა მას, დაეწია და დაამარცხა: ვიდრე მისი მშვილდოსნები თავის ოსტატობას აჩვენებდნენ, პომპეუსი ეცა მათ და უმალვე უკუაქცია. ამის მერე არტოკე გადავიდა პელორზე, დაწვა ხიდი (აქ მდებარეობდა ზადენციხე ანუ სევსამორა) და გაქიცა, ხოლო მის მეომართაგან ზოგი ბრძოლაში დაიღუპა, ზოგი მდინარეზე გადასვლისას დაიხრჩო. მაგრამ მრავალნი გაიფანტნენ ტყეებში და რამდენიმე დღე თავს იცავდნენ, ისრებს ისროდნენ რა ხეებიდან, რომლებიც იქ ძალიან მაღალია. მაგრამ შემდეგ, როდესაც ხეები გაკაფულ იქნა, ისინიც დაიღუპნენ. მაშინ არტოკემ კვლავ მოლაპარაკება დაიწყო პომპეუსთან და ძღვენიც გამოგზავნა. პომპეუსმა მიიღო ძღვენი, რათა ის (არტოკე) ზავზე დაიმედებული არ წასულიყო სადმე უფრო შორს, მაგრამ დაზავებაზე უარს ეუბნებოდა, სანამ ის წინასწარ არ გამოუგზავნიდა თავის შვილებს მძევლად. არტოკე გარკვეულ ხანს აყოვნებდა, სანამ რომაელებმა არ ისარგებლეს ამით, რომ პელორი ზაფხულის გამო ამ ადგილას გადასასვლელი გახდა და ადვილად გადავიდნენ მასზე, მით უფრო რომ არავინ უშლიდა ხელს. აქ კი მან (არტოკემ) გამოუგზავნა თავისი შვილები და ამის მერე დასდეს ზავიც.
ამის შემდეგ, როდესაც პომპეუსმა გაიგო, რომ ფასისი ახლოს იყო, გადაწყვიტა მისი გაყოლებით კოლხიდასი ჩასულიყო და აქედან დაძრულიყო ბოსფორისკენ მითრიდატეს წინააღმდეგ სალაშქროდ. იგი დაიძრა განზრახული მიმართულებით და გაიარა კოლხებისა და მათი მეზობლების მიწაზე, თან მოქმედებდა ხან დარწმუნებით, ხან დაშინებით. აქ მან გაიგო, რომ გზა ხმელეთით გადის მრავალ უცნობ და მეომარ ტომების მიწაწყალზე, ხოლო ზღვით გზა კიდევ უფრო გრძელია სანაპიროს უნავსადგურობისა და მცხოვრებთა სისასტიკის გამო. მან უბრძანა ფლოტს ედარაჯა მითრიდატესათვის, რათა არ მიეცა საშუალება სადმე წასულიყო და მოესპო მისთვის სურსათის მიწოდება, თვითონ კი დაიძრა ალბანელების წინააღმდეგ...
წიგნი XLIX
ზამთრის დასასრულს, გელიუსის და ნერვას კონსულობის დროს (ძვ.წ. 36 წელი), გაილაშქრა პუბლიუს კანიდიუს კრასუსმა აქაურ იბერების წინააღმდეგ, დაამარცხა ბრძოლაში მათი მეფე ფარნაბაზე (ე.ი. ფარსმან ფარნავაზიანი), გაიხადა იგი მოკავშირედ დაამარცხა ალბანელები და მათი მეფე ზობერი და მასაც მსგავსადვე მოექცა.
წიგნი
LVIII
არტაბანემ არტაშესის სიკვდილის შემდეგ მისცა არმენია თავის ვაჟს არშაკეს და ამ საქციელის გამო ტიბერიუსისგან არ მიიღო სასჯელი, სცადა დაეპყრო კაპადოკია და თვით პართელებსაც უფრო მედიდურად ექცეოდა. ამიტომ ზოგიერთი მათგანი განუდგა, გაუგზავნეს ელჩები ტიბერიუსს და სთხოვეს მოეცა მათთვის მეფე მძევალთა წრიდან. ტიბერიუსმა გაუგზავნა მათ ჯერ ფრაატე ფრაატეს ძე, ხოლო როცა ის გზაში გარდაიცვალა – ტირიდატე, რომელიც აგრეთვე სამეფო გვარიდან იყო. იმისთვის, რომ მას უფრო ადვილად დაეპყრო ძალაუფლება, ტიბერიუსმა მისწერა მითრიდატე იბერიელს, შეჭრილიყო არმენიაში, რათა არტაბანეს, რომელიც შვილის დასახმარებლად წამოვიდოდა, მიატოვებდა თავის ქვეყანას. ასეც მოხდა, მაგრამ დიდხანს ვერ იმეფა ტირიდატემ: არტაბანემ სკვითები გამოიყვანა და ადვილად გააძევა იგი. ასეთი იყო საქმეები პართიაში; ხოლო არმენია მიიღო მითრიდატემ, როგორც ჩანს მითრიდატე იბერიელის ვაჟმა და ძმამ იბერიის მომდევნო მეფისა ფარასმანესი.
წიგნი LX
ამის მერე გადასცა კლავდიუსმა ანტიოქეს კომაგენე, რომელიც გაიუსმა (კალიგულამ) მას მისცა და მერე წაართვა, ხოლო მითრიდატე იბერიელი, რომელიც გაიუსმა რომში გამოიძახა და ბორკილებში ჩასვა, სამშობლოში გამოგზავნა ტახტის დასაკავებლად...
წიგნი LXIX
(ძვ.წ. 134 წ.) „იუდეის ომი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, ხოლო მეორე ომი ალანების ქვეყნიდან, რომლებიც მასაგეტები არიან, ატეხილ იქნა ფარასმანეს მიერ. ომმა ძალიან შეაწუხა ალბანია და მიდია (ატროპატენა), შეეხო აგრეთვე არმენიასა და კაპადოკიას, ხოლო მას შემდეგ რაც ალანები ერთი მხრით ვოლოგეზეს (III, პართიის მეფე) საჩუქრებით იქნენ მოსყიდულნი და მეორე მხრით კი კაპადოკიის მმართველის ფლავიუს არიანეს მიერ შეშინებულნი, ომი შეწყდა. როდესაც ვოლოგეზემ და იაზოგებმა ელჩები გამოგზავნეს, პირველი რაღაცაში ადანაშაულებდა ფარასმანეს, ხოლო მეორენი ზავს მოითხოვდნენ; მან (ადრიანემ) ელჩები სენატში შეიყვანა და მისთვის (ფარასმანესთვის) პასუხის მოთხოვნა ბრძანა. ჩააწერინა ჩვენება და ელჩებს წაუკითხა.
წიგნი LXXX
...როცა
ფარასმანე იბერიელი მეუღლესთან ერთად რომში ჩავიდა, ანტონიუს პიუსმა გაუდიდა მას სამფლობელო (ე. ი. ცნო იბერიის შორს გაწეული საზღვრები),
ნება დართო კაპიტოლიუმში მსხვერპლი შეეწირა, მისი ცხენოსანი ქანდაკება ენიალიონზე (ენიალიონი –
ღმერთ მარსის ბერძნული სახელწოდებიდან „ენიალიოს“; აქ იგულისხმება ომის ღმერთის
მარსის ტაძარი. დღეს მისი ნანგრევებია.)
დაადგმევინა
და უყურებდა ფარასმანეს, მისი ვაჟის სხვა წარჩინებულ იბერთა სამხედრო
ვარჯიშობისას.
Комментариев нет:
Отправить комментарий