რადგან რუსეთიდან დახმარების მიღების იმედმა ვერ გამართლდა, გონიოში მყოფმა თეიმურაზ I-მა განიზრახა თვითონ წასულიყო მოსკოვში. მაგრამ ქართლსა და კახეთში მომხდარმა ამბებმა მის განხორციელებაზე ხელი ააღებინა.
1625 წლის 25 მარტს (ახ. სტ. 7 აპრილი) ქართველმა აჯანყებულებმა მარტყოფის ველზე ყიზილბაშთა ლაშქარს მუსრი გაავლო. საინტერესოა, მარტყოფის აჯანყების მიზეზების როსტომ მეფისეული შეფასება: 1619 წელს კახეთის გამგებელი ბაგრატი გარდაიცვალა. შაჰ აბასმა დიდად განიცადა ბაგრატის სიკვდილი, რადგან მისი სახით ერთგული და მორჩილი მსახური დაკარგა. როგორც როსტომ მეფე გადმოგვცემს, `რა ჟამს მიესმა სიკუდილი ბაგრატისა შააბაზს ყეენსა, და ასრე დაუმძიმდა, ვითა ძმა ყოფილიყო~.
წლისთავზე, შაჰმა ბაგრატის ვაჟს სვიმონს ყარჩიღახან სარდლის ასული ცოლად გამოუგზავნა და კახეთის კახელებისაგან დაცლის გეგმის განხორციელება მის სიმამრს და მასთან ერთად მოსულ თორმეტ ხანს დაავალა. `რა ქორწილობა გადაიხადეს ბრძანება იყო ყაენისა, რომე კახი კაცი გაეწყÂიდა და კახეთში ყიზიბაში დაესახლა; და კახეთს პატრონობდა ბარდის ხანი ფეიქარხან~.
კახელთა ლაშქარი ქართლში დაიბარეს. ბრძანების შესაბამისად, ისინი მუხრანში, აღაიანის მინდორზე დადგნენ, მაგრამ ღალატით დახოცეს. როსტომ ხანი, ჩემი გაგებით, ქართველების მიმართ თანაგრძნობით აღნიშნავდა (`შეიყარნეს ქართველნი. დაესხნეს მარტყოფში ყიზილბაშთა თავსა. ყარჩიხან სარდარი და უსუფხან შირვანის ხანი და სხუა ხანები და სულთნებიც მრავალი დახოცეს. აივსნეს საშოვრითა: ოქროÁთა, ვერცხლითა, თვალითა, მარგალიტითა, მრავალისა უცხოს ნაქსოვითა, ცხენ-აქლემითა და ჯორითა~),Eეს გახდა ქართლში ანტიირანული აჯანყების მთავარი მიზეზი, რომელიც გიორგი სააკაძის მეთაურობით დაგვირგვინდა მარტყოფის ბრწყინვალე გამარჯვებით. გიორგი სააკაძემ ქართლი და კახეთი (თბილისის გარდა) ყიზილბაშებისაგან გაწმინდა და განჯა ყარაბაღიც დალაშქრა. ამის შემდეგ თეიმურაზი მოიწვიეს და ქართლ-კახეთის მეფედ დასვეს.
ოსმალო ისტორიკოსი მუსტაფა ნაიმა, როდესაც ყიზილბაშთა დამსჯელი ექსპედიციის ტრაგიკულ დასასრულზე საუბრობს, ასეთი შინაარსის ცნობას გვაწვდის: `ქართლის მფლობელი მოურავ-ხანი, გურიელი, დადიანი, აჩიკ-ბაში (იმერეთის მეფე) და არაგვის ერისთავი გაერთიანდნენ, საქართველოს სხვა ერისთავებთან შეთანხმებულნი, საქართველოს დასაპყრობად მოსულ ყარჩიღაი-ხანისა და სრულიად ყიზილბაშთა ლაშქართან საბრძოლველად გამოვიდნენ~. თურქი ისტორიკოსის ეს ცნობა ფრიად საინტერესოა. იგი ყურადღებას იმსახურებს იმ გაგებით, რომ, ისევე როგორც ადრე, ირანის წინააღმდეგ მებრძოლ ქართლ-კახეთს მხარს უჭერდა მთელი დასავლეთ საქართველო. ნაიმა ძველად ქართველ მეფე-მთავრებს შორის არსებული ერთსულოვნების ანალოგიით მსჯელობს. სინამდვილეში კი ამ დროისათვის ერთობა უკვე დარღვეული იყო.
რუსი პოლიტიკოსები თვალყურს ადევნებდნენ საქართველოში მიმდინარე ამბებს და, როგორც ჩანს, მათ განსაკუთრებით აინტერესებდათ თეიმურაზ I-ს ჰქონდა თუ არა რაიმე ურთიერთობა ოსმალებთან. 1626 წლის 23 მარტს ასტრახანიდან მოსკოვში, გაგზავნილ მოხსენებაში ვოევოდა პ. გოლოვინი, სავარაუდოა, მარტყოფის აჯანყების შედეგებთან დაკავშირებით აღნიშნავდა, ქართველებმა შაჰს 7 ათასი (სხვა წყაროებით თითქმის ოთხჯერ მეტი) მეომარი ამოუწყვიტეს. ინფორმატორი საელჩო პრიკაზის ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ მართლმადიდებელი ქართველები შაჰს მარტონი ებრძვიან. მათ არც ერთი თურქი ეხმარება.
გასაგები იყო, რომ შაჰ აბასი აღნიშნულ სამხედრო წარუმატებლობას არ შეეგუებოდა და რევანშისთვის ემზადებოდა. Aჯანყების სულისჩამდგმელმა და სისრულეში მომყვანმა გიორგი სააკაძემ კარგად იცოდა, რომ აჯანყებულები ირანთან ხანგრძლივად ვერ იბრძოლებდნენ. მან ოსმალეთის დიდ ვაზირს ყიზილბაშ სარდალთა მოჭრილი თავები, ტყვეთა ერთი ნაწილი, საჩუქრები გაუგზავნა და დახმარება სთხოვა. 1625 წლის 3 ივლისს სააკაძის ელჩები დიდ ვაზირთან მივიდნენ და მისი წერილი მიუტანეს. დიდი მოურავი ჰაფიზ ფაშას შექმნილ მდგომარეობას უხსნიდა და ირანზე თავდასხმის პერსპექტივას უაღრესად ხელსაყრელად უსახავდა. ამას გადმოგვცემს იქ დამსწრე ცნობილი ოსმალო ისტორიკოსი იბრაჰიმ ფეჩევი1. ქართველებს იმდენად დამაჯერებლად ჩამოუყალიბებიათ თავიანთი მოსაზრებანი, რომ იბრაჰიმ ფეჩევმაც მათი გეგმა მოიწონა და სარდალსაც ეხვეწა მიეღო ქართველთა წინადადება.
შენიშვნა
1. ს. ჯიქიამ, ქართველი ელჩების ოსმალო სარდლის ბანაკში მისვლა, დაათარიღა 1624 წლის 3 ივლისით და თანაც აღნიშნა, რომ ისინი სააკაძემ მარტყოფთან ყიზილბაშების განადგურების შემდეგ გააგზავნა (ხონთქრის მიერ დიდი მოურავისადმი გაცემული სიგელი). ამ მომენტზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ სხვადასხვა თარიღი ფაქტის სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას ითხოვს. ვფიქრობ, ოსმალური წყაროს 1624 წლით დათარიღება იმ ქართული ქრონიკების გავლენით მოხდა, რომლებიც მარტყოფის აჯანყებას 1624 წელში ათავსებენ. ს. ჯიქიას მიერ დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ მ. სვანიძემ დააზუსტა მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლების თარიღები. უნდა იყოს 1625 წელი, რადგან იბრაჰიმ ფეჩევის მონათხრობის მიხედვით, მარტყოფის ბრძოლა უკვე მომხდარია. ოსმალო ისტორიკოსი ამბობს: გიორგი სააკაძემ `მოხერხებული შემთხვევა რომ მიეცა, კარჩიკაი (ყარჩიღა-ხანი) და მასთან მყოფი ხანები დახოცა და ერთი-ორი ათასი ყიზილბაშის ჯარს თავი მოჰკვეთა~.
* * *
1625 წლის ივნისის ბოლოს ყიზილბაშთა ჯარი ისა-ხან ყორჩიბაშის მეთაურობით საქართველოში შემოვიდა და მდ. ალგეთის ხეობაში მარაბდის ველზე დაბანაკდა. 1 ივნისს მომხდარ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. ყიზილბაშებმა ქართლი დროებით შეინარჩუნეს. მაგრამ მარაბდასთან მოპოვებული გამარჯვება ყიზილბაშებისათვის იმდენად მძიმე იყო, რომ შაჰ აბასმა ამის შემდეგ ხელი აიღო საქართველოს მოსპობის განზრახვაზე.
გიორგი სააკაძე სამცხეში გადავიდა, `საფარ ფაშას სთხოვა მოურავმან ჯარი და ათხოვა~. მან ადგილობრივი ფეოდალების შეწევნით ყიზილბაშებს შეუტია და წარმატებაც მოიპოვა. Aმის შემდეგ სააკაძემ სულთანს რამდენჯერმე სთხოვა დახმარება. სულთანთან მოციქულებისა და წერილების გაგზავნის შესახებ და იმაზეც თუ როგორ დახმარებას პირდებოდა სულთანი გიორგი სააკაძეს, ვიგებთ სულთნის მიერ მისთვის ნაბოძები ფირმანიდან: `ვინაიდან, როგორც შენ მომახსენებ, _ სწერს სულთანი გიორგი სააკაძეს, _ და მაუწყებ, ჩემი უდიდებულესობისათვის ცხადი შეიქნა, რომ სარწმუნოების მტერთა (შიიტი ირანელების) მიზანს უეჭველად საქართველო შეადგენს... ამიტომ შენს მეშველად დაინიშნონ... აწ ბათუმის ბეგლარბეგი... მისადმი რწმუნებული ვილაიეთის ჯარით, ჩალდირის-ხიდის ბეგი მურთაზა, არფალიკის წესით თავისი სანჯაყის მფლობელი საფარი (ახალციხის ფაშა, ყოფილი ბექა III)... და საქართველოს მხარეების [სხვა] მმართველები და ემირები მათ განკარგულებაში მყოფი ლაშქრითურთ... გამოიყო ჩემი იანიჩართა ნაწილები... შენთვის დახმარება ებრძანა ანატოლიის ვილაÁეთის ზაიმებსა და თიმარის პატრონებს და სრულიად არზრუმისა და ტრაპიზონის ვილაÁეთში მყოფ იანიჩრებს თავიანთი მეთაურებით... ბრძანებები გაეგზავნათ [აგრეთვე] დაღესტნის მმართველებს, რათა მათ სასწრაფოდ გამოიყვანონ [ჯარი] და გამოგზავნონ დანიშნულების ადგილას. დიდებული ბრძანება დაეგზავნა აგრეთვე გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის მეფეებს მასში, რომ, ჩემი სამარადისო ტახტისა და შეურყეველი ჩემი დინასტიისადმი მათი ერთგულებისა და მორჩილების შესაბამისად, თქვენთან ერთსულოვანნი იყვნენ და სამსახურის შესრულებას გულმოდგინებითა და ყურადღებით მოეკიდონ~.
სულთანი იმავე ფირმანით გიორგი სააკაძეს აცნობებდა, რომ ანატოლიაში გამოუყო `პატივცემული და სახელოვანი სანჯაყთაგანი... არფალიკის წესით და შენს მიერ დასაკავებლად მზადაა~. ღოგორც ჩანს, სულთანი ყიზილბაშების წინააღმდეგ ამბოხებულ ქართველებს სერიოზულ დახმარებას პირდებოდა, მაგრამ ამის განხორციელება ვერ მოხერხდა, შეიძლება ისევ ქართველებს შორის უთანხმოების გამო. თეიმურაზ I და გიორგი სააკაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რაც ბაზალეთის ტრაგედიით დასრულდა.
ფირმანიდან ყურადღებას იპყრობს ის, რომ სულთანმა სააკაძეს ანატოლიაში სანჯაყი გამოუყო. არ ჩანს, ეს საჩუქარი მან მოურავს თავისი სურვილით, ყიზილბაშების წინააღმდეგ საბრძოლველად გასააქტიურებლად, თუ სააკაძისავე თხოვნით უბოძა. მაგრამ, ცხადია, ამ სანჯაყით სულთანმა სააკაძეს ოსმალეთში დასაყრდენი შეუქმნა და თავის სამსახურშიც ჩაიყენა.
წერილობითი წყაროები არ იძლევა იმის გარკვევის საშუალებას, სააკაძის მიერ სულთანთან მოციქულებისა და წერილების გაგზავნა თეიმურაზთან შეთანხმებული იყო თუ არა? Iცოდნენ თუ არა საქართველოში სულთნის მიერ სააკაძისათვის სანჯაყის ბოძების შესახებ? შეიძლება, თეიმურაზსა და სააკაძეს შორის დაპირისპირების მიზეზები ესეც იყო?
თეიმურაზ მეფე, თუ გაითვალისწინებდა სააკაძის ამბიციებსა და მთელ მის განვლილ ცხოვრებას, სრული საფუძველი ჰქონდა სააკაძისადმი უნდობლობა გამოეცხადებინა. ვინ იქნებოდა გარანტი, რომ გიორგი სააკაძე, ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი სანჯაყის მფლობელი, სულთნის მიერ მიცემულ ჯარს მის წინააღმდეგ არ გამოიყენებდა.
თეიმურაზი დასავლეთ საქართველოში გადავიდა, სადაც იმერეთის მეფე და ოდიშის მთავარი დახმარებას დაპირდნენ. 1626 წელს გიორგი სააკაძე სამცხიდან, თეიმურაზ მეფე კი იმერეთიდან ქართლში დაბრუნდნენ და ციხეებიდან ყიზილბაშებს დევნიდნენ. გარედან თავდახმის საშიშროების მოხსნის შემდეგ, კვლავ გამოიღვიძა შინაგანმა დაპირისპირებამ და მტრობამ. თავადებმა მეფესა და სააკაძეს შორის განხეთქილება ჩამოაგდეს. ბაზალეთთან მომხდარ ბრძოლაში (1626 წ. შემოდგომა) თეიმურაზმა გაიმარჯვა. სააკაძე კვლავ სამშობლოდან გადაიხვეწა. მან ბედი ჯერ სამცხეში, შემდეგ იმერეთში სცადა და ბოლოს არზრუმში ოსმალეთის სულთნის დიდვაზირთან მივიდა და მორჩილება გამოუცხადა.
თურქი ისტორიკოსის ნაიმას მიხედვით, `არზრუმში გალაშქრების წელს მოურავმა სარდალს მორჩილება გამოუცხადა და არზრუმის დაპყრობასაც დაესწრო~. ნაიმას მონათხრობიდან არ ჩანს, ვინ იყო დიდვაზირი, მაგრამ ცნიბილია, რომ 1627 წელს, ოსმალთა სარდალმა, დიდვაზირმა ხალილ-ფაშამ (დიდვაზირად დაინიშნა 1626 წლის დეკემბერში) ამ ქალაქში გამაგრებულ აჯანყებულ აბაზა-ფაშაზე გაილაშქრა, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ ხალილ ფაშა გადააყენეს და 1628 წლის ივნისში დიდვაზირად ხუსრევ-ფაშა დაინიშნა. მან იმავე წლის ნოემბერში არზრუმი აიღო. ს. ჯიქია დაასკვნის, რომ `მოურავი ოსმალეთში გადასულა არზრუმში პირველი გალაშქრების წელს, ე. ი. 1627 წლის, დაახლოებით, ზაფხულში, ხალილ-ფაშას დიდ-ვაზირადა და სარდლად ყოფნის დროს~, ე. ი. 1627 წელს. ს. ჯიქიას ეს მოსაზრება უფრო მისაღები ხდება, როდესაც გავითვალისწინებთ, რომ 1627 წლის მარტში კონსტანტინოპოლში ჩასულ მისიონერებს საფრანგეთის ელჩმა სეზიმ რეკომენდაცია მისცა `თეიმურაზის ელჩის მაუროს წინაშე~. რა თქმა უნდა, მაურო _ გიორგი სააკაძეა, მაგრამ იგი თეიმურაზის ელჩი კი არა დევნილი იყო.
გვაქვს სხვა ცნობაც. ასტრახანის ვოევოდა პ. Gოლოვინის მოსკოვის საელჩო პრიკაზში გაგზავნილ მოხსენებაში ნათქვამია, რომ სპარსელებსა და ქართველებს შორის შეტაკება აღარ მომხდარა. მან ყიზილბაშებისაგან გაიგო, რომ თეიმურაზ მეფემ შაჰთან მშვიდობა დაამყარა. ისიც უთქვამთ, რომ ქართველი მოურავი (გიორგი სააკაძე) თეიმურაზ მეფეს გაშორდა და მცირე ამალით არზრუმში აბაზა ფაშასთან წავიდა.
ყურადღებას იპყრობს რუსული წყაროს თარიღი _ 1626 წლის 2 დეკემბერი, რომელიც ასახავს ვოევოდას მოხსენების საელჩო პრიკაზში ჩაბარაების დროს და არა იმას, როცა ვოევოდამ ამბავი მოისმინა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ წერილის ასტრახანიდან მოსკოვამდე ჩატანას და დანიშნულებისამებრ ჩაბარებას საკმაო დრო დასჭირდებოდა, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ რუსული წყარო კიდევ უფრო აზუსტებს გიორგი სააკაძის საქართველოდან ოსმალეთში გადასვლის დროს. აბაზა-ფაშა ამ დროს, მართლაც არზრუმში იმყოფებოდა, მაგრამ სააკაძე, ალბათ, სამცხეში შეყოვნდა და არზრუმთან მაშინ მივიდა, როცა ხალილ-ფაშას ეს ქალაქი ალყაში ჰყავდა. როგორც ჩანს სააკაძემ ქართლი ბაზალეთის ბრძოლისთანავე დატოვა.
გიორგი სააკაძე მცირე ხნის შემდეგ, ოსმალეთში დაიღუპა (1629 წ. 3 ოქტომბერი)1. არ არის გამორიცხული, რომ მის დაღუპვაში, პირდაპირ ან ირიბად, თეიმურაზ მეფის ხელიც ერია. გიორგი სააკაძის ოსმალეთში წასვლა, თეიმურაზმა იმდენად მნიშვნელოვნად ჩათვალა, რომ სრულიად მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა _ თავი გამოაცხადა შაჰ აბასის მორჩილად. Aმის შემდეგ, თეიმურაზ მეფესა და შაჰ აბასს შორის `მშვიდობა~ დამყარდა.
შენიშვნა
1. ნაიმამ გიორგი სააკაძის საინტერესო დახასიათება დაგვიტოვა: `მოურავი ჭეშმარიტად გულადი, ღონიერი, ტანით სპილოს მსგავსი, იშვიათი ვაჟკაცი და დევისღონე იყო, მაგრამ მართვა-გამგეობის საქმეებში უმეცარი და, ბუნებრივია, მიდრეკილებას იჩენდა მჩაგვრელობისა და ძალმომრეობისადმი~; `მოურავი სპეტაკ-წვერიანი საშუალო ტანისა იყო~.
* * *
თეიმურაზ მეფისა და შაჰ აბასის შერიგების საქმეში განსაკუთრებული როლი შეუსრულებია დაუდ-ხან უნდილაძეს (შემდეგში განჯის ბეგლარბეგი). ისქანდერ მუნშის გადმოცემით, `თეიმურაზმა თავისთვის უმჯობესად სცნო შეხვეწნოდა [შაჰის] კარს. ალავერდი-ხანის შვილს, რომელიც ყორჩიბაშის განკარგულების თანახმად, თავისი ხალხის ერთი რაზმით თბილისში იდგა, გაეცნო და დაუმეგობრდა და მისვლა-მოსვლა გაიმართა~. მისი რჩევით, თეიმურაზმა შაჰს მორჩილების წერილები გაუგზავნა. სპარსელი ისტორიკოსის თქმით, თეიმურაზის ამ ნაბიჯის გადადგმა ნაკარნახევი იყო გიორგი სააკაძის სულთნისათვის დახმარების სათხოვნელად ოსმალეთში წასვლით.
თეიმურაზის შაჰ აბასთან შერიგების საქმეში გარკვეული როლი შეუსრულებია იმამყული ხანსაც, დაუდ-ხანის უფროს ძმას. მაგრამ, თეიმურაზმა დაუდ-ხანის რჩევის მიუხედავად (თეიმურაზს `გამოეცვალა თურქული სამოსი, განდგომის ხანებში რომ ჩაეცვა და ყიზილბაშური ტანსაცმელი ჩააცვა~), ვერ გაბედა შაჰთან წასვლა, რასაც ეს უკანასკნელი მოითხოვდა. მაგრამ თერიმურაზი, შაჰ აბასის სიცოცხლეში, ირანში (შირაზში) მაინც ყოფილა და 1628 წ. 22 მარტს ორმუზის აღების აღსანიშნავ საზეიმო ბანკეტს დასწრებია. (ამის შესახებ იხილეთ სტატია - „თეიმურაზ მეფე და უნდილაძენი).
ერთ-ერთი რუსული ცნობის მიხედვით, ასტრახანის ვოევოდას ირანის შაჰის ელჩ მაჰმედ სალი ბეგთან საუბრისას გაუგია, რომ თეიმურაზ მეფესა და შაჰს შორის მშვიდობა დამყარდა, მაგრამ ელჩმა არ იცოდა რამდენი ხნით. თეიმურაზს ქ. აშრაფში (მაზანდერანში) ორი თურქი, ოთხი ქართველი და 100 მოკლული ადამიანის გვამი გაუგზავნია და შაჰისათვის შეუთვლია, რომ მან ეს ადამიანები დახოცა თავის ქვეყანაში, როცა ისინი შაჰის მოღალატე მოურავის მეთაურობით თეიმურაზ მეფის წინააღმდეგ მოვიდნენ თურქებთან და ქართველებთან ერთად. თუ რუსული წყარო სიმართლეს ასახავს, მაშინ გამოდის, რომ გიორგი სააკაძეს ბაზალეთის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ თავის ერთგულ ქართველებსა და ოსმალთა რაზმებზე დაყრდნობით საქართველოში დაბრუნება უცდია, მაგრამ კვლავ მარცხი განუცდია. მაჰმედ სალი ბეგის თქმით, თეიმურაზ მეფეს ეს სამხედრო წარმატება, რაც სააკაძეს დამარცხებაში გამოიხატა, ისპაანში უცნობებია, როგორც საერთო მტერსა და შაჰის მოღალატეზე გამარჯვება.
საინტერესოა, რომ შაჰის ელჩის ეს ცნობა, გიორგი სააკაძის ოსმალთა ჯარით თეიმურაზ მეფის სამფლობელოებში შეჭრის შესახებ, საქართველოში ნამყოფმა რუსებმა, ფედკა გრიგორიევმა და ივაცკო ივანოვმა დაადასტურეს1. მათი მონათხრობი, ამას გარდა, სხვა საინტერესო ცნობებსაც შეიცავდა და ასტრახანის ვოევოდამ ყველაფერი რუსეთის ხელმწიფე მიხეილ თედორეს ძეს 1629 წლის ივლისში შეატყობინა. მათ უთქვამთ: შაჰ აბასმა ისე გაანადგურა საქართველო, რომ თეიმურაზ მეფეს ქალაქები აღარ ჰქონდა და იძულებული იყო ერთი სოფლიდან მეორეში გადასულიყო.
შენიშვნა
1. წერილში ნათქვამია, რომ 1629 წლის 9 ივლისს თერგიდან ასტრახანში მივიდნენ საქართველოდან წამოსული მოგზაური ვაჭარი ფედკა გრიგორიევი და მეთემე გლეხის შვილი ივაცკო ივანოვი. 15 წლის წინათ ისინი ყირიმელმა თათრებმა დაატყვევეს და კაფაში მიყიდეს სამსუნის ფაშას, რომლისგან გაქცევა და დონის კაზაკებთან მისვლა სცადეს. თურქებმა ისინი ზღვაში დაიჭირეს და ბატონთან დააბრუნეს. ფაშამ რუსები სხვას მიყიდა, რომელთანაც ხუთი წელი იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ მათ გაქცევა შეძლეს და ერევანში, შემახაში, განჯასა და თბილისში იცხოვრეს ორი წელი. იმის გამო, რომ თბილისში ყიზილბაშები იყვნენ, მათ თბილისი მიატოვეს, მაგრამ საქართველოში დარჩნენ კიდევ ერთი წელი და ერთ ბერძენ მღვდელთან, ვინმე გიორგისთან ცხოვრობდნენ.
* * *
ერთი პირობა თეიმურაზი `თურქების ქალაქ გონიოში~ ცხოვრობდა. ამჟამად მას მშვიდობა აქვს ოსმალეთის სულთანთან და ირანის ახალ შაჰ სეფისთანაც ელჩები გაგზავნა, მაგრამ რისთვის, ცნობილი არ არისო. ირანის შაჰის ელჩები ქართველ მეფესთან არ მოსულან. გამოკითხულ რუსებს მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლებზეც უთქვამთ.
ფედკა გრიგორიევს და ივაცკო ივანოვს ქართველებისგან გაუგიათ, რომ თეიმურაზს განზრახული ჰქონდა რუსეთის ხელმწიფესთან მალე, მიმდინარე წელს, ქართველი პატრიარქი ელჩად გაეგზავნა, მაგრამ რა მიზნით მიდიოდა ელჩობა, ამის შესახებ არ იცოდნენ. მათ ქართველებისგან ისიც გაუგიათ, რომ საქართველოს მეფე თეიმურაზის ქალაქებში ოსმალთა ჯარით შეიჭრა მოურავ ფაშა (გიორგი სააკაძე), რომელიც წინათ, ადრინდელი ირანის შაჰის ხანი იყო. საქართველოს მეფე თეიმურაზის ხალხმა მოურავ ფაშა და მისი ოსმალეთის ჯარი დაამარცხეს და საქართველოს ადგილებიდან განდევნეს. ამის შემდეგ, ხელმწიფეო, არც ერთი მხრიდან საქართველოს მიწა-წყალს აღარავინ დასხმია~.
საინტერესოა რუსული წყაროების ცნობები სააკაძის შესახებ. აღინიშნა, რომ იგი 1627 წელს ოსმალეთში გადავიდა და სულთანს ჯარით დახმარება სთხოვა. იმ დროს ირან-ოსმალეთის ომი ჯერ კიდევ გრძელდებოდა და ოსმალეთისათვის სააკაძის საქართველოში დაბრუნებისა და მისი გეგმის განხორციელებისათვის სამხედრო დახმარების გაწევის დრო არ იყო. მან მონაწილეობა მიიღო აჯანყებული აბაზა ფაშას წინააღმდეგ ლაშქრობასა და არზრუმის აღებაში 1628 წელს. ამის შემდეგ ოსმალებმა სამცხის იმ ციხეებს შეუტიეს, სადაც ყიზილბაშები იდგნენ. გ. ჟამბურიამ გამოთქვა ვარაუდი, რომ სამცხის ციხეების დაპყრობაში შეიძლება გიორგი სააკეძეც მონაწილეობდა.
ზემოთ დამოწმებულ რუსულ წყაროებში გიორგი სააკაძესთან დაკავშირებული ამბავი, საქართველოში ოსმალეთის ჯარით შემოჭრის შესახებ, მისი სამცხეში ყოფნის გამოძახილი უნდა იყოს. Iსიც დასაშვებია, რომ მან ქართლში შემოჭრაც სცადა, მაგრამ ამის განხორციელება ვერ შესძლო. ოსმალეთის სარდლობამ მას მხარი არ დაუჭირა, რადგან თეიმურაზი თავის მოკავშირედ მიაჩდათ. Eესეც არ ყოფილიყო, ირანთან მეომარი ოსმალეთი აღმოსავლეთი საქართველოს რთულ საქმეებში ვერ ჩაერეოდა. შაჰის მიერ ქართლში განცდილი ზარალი სულთნისათვის სასიამოვნო და, იმავე დროს, ანგარიშგასაწევი მაგალითი იყო.
ბაზალეთის ომის შემდეგ თეიმურაზმა შიდა ქართლი დაიკავა. შაჰი იძულებული გახდა იგი ქართლ-კახეთის მეფედ (1625-1632) ეღიარებინა, სამაგიეროდ თეიმურაზმა ირანის შაჰის ვასალად ყოფნა სცნო. აღნიშნული პერიოდის წყაროების მიხედვით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ქართლ-კახეთის ირანთან ურთიერთობაში თითქოს მშვიდობიანობამ დაისადგურა.
ამგვარად, თეიმურაზსა და შაჰ აბასს შორის მიღწეული იქნა კომპრომისი, რომელიც ზ. ავალიშვილმა ასეთნაირად ახსნა: `კომპრომისის ძებნა თეიმურაზის მიერ აშკარად აიხსნება მისი შიშით _ ოსმალების დახმარებით დიდმა მოურავმა ქართლი, ვინ იცის, კახეთიც არ წამართვას და არ დაიჭიროსო! და უირანოდ, საკუთარი ძალით, ოსმალეთისაგან ზურგგამაგრებულ მეტოქესთან ბრძოლას ხომ ვერ შეძლებდა! შაჰ აბასისათვის, რომელიც მაშინ ბაღდადის მხარეს ოსმალებს ეომებოდა, თეიმურაზის ყმობა და მეგობრობა მის მტრობაზე უფრო ხელსაყრელი იქნებოდა~.
შაჰის კომპრომისი განპირობებული იყო არა იმდენად საგარეო ფაქტორით, რამდენადაც თეიმურაზისა და ქართველი ხალხის შეუპოვრეობითა და გაუტეხელობით. შაჰ აბასს უკვე ნაცადი სამხედრო მეთოდებით საქართველოში მოქმედება აღარ შეეძლო, იმაზე მეტ სისატიკეს და სადიზმს ვეღარ ჩაიდენდა რაც უკვე ჩადენილი ჰქონდა. ალბათ, ანგარიშს იმასაც გაუწევდა, რომ თეიმურაზს დამცველები შაჰის უახლოეს გარემოცვაში გამოუჩნდნენ ძმები უნდილაძეების სახით, რომლებსაც დიდი გავლენა ჰქონდათ შაჰის კარის დიდკაცობაზე.
შაჰ აბასის სიკვდილის შემდეგ ტახტი დაიკავა მისმა შვილიშვილმა შაჰ სეფიმ. თავდაპირველად თეიმურაზს ახალ შაჰთან მშვიდობიანი ურთიერთობის გაგრძელების მიზნით ელჩები გაუგზავნია1, მაგრამ ეს გარემოება სრულიადაც უხიფათოს არ ხდიდა ქართლ-კახეთის სამეფოს მდგომარეობას ირანის მხრივ. არც სპარსელები იყვნენ გულდამშვიდებულნი და ქართველობის მიერ მშვიდობისა და ერთგულების გამოცხადებას ეჭვის თვალით უცქეროდნენ. ასტრახანის ვოევოდა ი. ბუინოსოვ-როსტოვსკი 1629 წლის ოქტომბერში საელჩო პრიკაზს აცნობებდა: `შაჰის სახელმწიფო არავის ეომება, მხოლოდ ყიზილბაშებს სერიოზული შიში აქვთ ქართველებისა, რომ ქართველები აიკლებენ, იმის გამო, რომ ადრინდელმა აბას შაჰმა საქართველოს მიწა-წყალი დაიპყრო და აიკლო...~ თეიმურაზ მეფე რომ ყიზილბაშებს მოსვენებით ცხოვრების საშუალებას არ მისცემდა, ყიზილბაშებმა წარსულის მაგალითებით უკვე იცოდნენ. იგი ყველა საშუალებით, როგორც იარაღით, ისე დიპლომატიით, შეეცდებოდა თავისი სამეფოს დამოუკიდებლობის დაცვას და ყიზილბაშებისაგან მუდმივი მუქარის განეიტრალებას. ამიტომ საჭირო იყო ირანის შემაკავებელი მოკავშირე ძალა. თეიმურაზმა უკვე იცოდა, რომ ასეთ ძალად, მოცემულ ეტაპზე, ვერც ოსმალეთი და ვერც რუსეთი გამოდგებოდა. ამიტომ ქართლ-კახეთის მეფემ ყურადღება დასავლეთ ევროპაზე გადაიტანა. Mისი ვარაუდით, ირანს, ევროპის სახელმწიფოებიდან, უპირველეს ყოვლისა, ესპანეთი დაუპირისპირდებოდა. თეიმურაზ მეფის ვარაუდი არასწორ პოლიტიკურ გათვლას ემყარებოდა.
შენიშვნა
1.
ელჩობის ისპაანში ჩასვლის დროს ზუსტად დადგენა ჭირს: «Да тому де государь ныне месяца с полтретя,
грузинской Темиряз цар прислал к шаху Суфию послов своих».
Тивадзе Т.
Г.
Комментариев нет:
Отправить комментарий