четверг, 28 декабря 2017 г.

თეიმურაზ I-ის დიპლომატია რუსეთთან 1619-1625 წლებში. თეოდოსე რევიშვილი

სულთან ოსმან II-ის თეიმურაზისათვის დახმარება, მისთვის კიდევ ერთი ქალაქის გადაცემით გამოიხატა. ოსმალეთს საქართველოსთვის მეტის გაკეთება აღარ შეეძლო. ირანი მისთვის დაუძლეველ წინააღმდეგობად გადაიქცა. ქართველმა პოლიტიკოსებმა, თეიმურაზ მეფის მეთაურობით, გადაწყვიტეს დახმარება რუსეთისთვის ეთხოვათ. მოხდა ის, რაც საუკუნენახევარზე მეტი ხნის განმავლობაში არ მომხდარა: სახეზეა ყველა ქართული პოლიტიკური ერთეულის ერთიანი საგარეო პოლიტიკური კურსის გამოვლენა. კახეთის სამეფო, იმერეთის სამეფო, გურიის სამთავრო და ოდიშის სამთავრო (საეჭვოა ოდიშის სამთავროს მონაწილეობა თეიმურაზ მეფის მიერ წამოწყებულ დიპლომატიურ ურთიერთობაში რუსეთთან) ერთობლივად აგზავნიან ელჩს მოსკოვში. მართალია, ისინი ცალ-ცალკე სწერენ რუსეთის ხელმწიფეს, მაგრამ თხოვნა ყველასი ერთია: დახმარება ირანის წინააღმდეგ საბრძოლველად.
აუცილებელია განმარტება მიეცეს მ. პოლიევქტოვის იმ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ქართული დიპლომატიის მიერ ოსმალეთის იმედათ ყოფნაზე უარის თქმა, რუსეთის დიპლომატიის წარმატებული მოქმედების შედეგი იყო. მ. პოლიევქტოვი წერდა: `ამ დროინდელი თეიმურაზის ყველა ელჩი მოსკოვში განეკუთვნებოდა გარკვეულ საზოგადოებრივ ფენას. იღუმენი ხარიტონი, იერუსალიმში გოლგოთის ქართული მონასტრის არქიეპისკოპოსი თეოდოსე, მიტროპოლიტი ნიკიფორე, ყველა ესენი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან დაახლოებული საქართველოს უმაღლესი სასულიერო წრეების წარმომადგენლები იყვნენ. ყველა ისინი მოსკოვში გამოჩენამდე, და ზოგიერთი მათგანი ზუსტად იმ დროს, როცა მოსკოვი (თეიმურაზთან) აგზავნიდა ვერიოვკინს, თეიმურაზის დავალებით, `ურწმუნოებთან~ ეძებდნენ მის დამცველს. მათ თავიანთი სასულიერო წოდება, მოცემულ შემთხვევაში, ხელს არ უშლიდათ თავიანთ დიპლომატიურ მისიაში. ყველა მათ კონსტანტინოპოლში უხდებოდათ შეხება ბერძნულ ეკლესიასთან, რომელიც ამ დროს მოსკოვის მოწყალებით ცხოვრობდა. მოსკოვისათვის მორჩილი ამ ფენის მეშვეობით შეიძლებოდა საქართველოში იმ გავლენის გავრცელება, რომელმაც ბოლოს და ბოლოს გაიმარჯვა თეიმურაზის თურქეთისაკენ მიდრეკილებაზე~.
მ. პოლიევქტოვი მართალია, როდესაც ბერძნულ ეკლესიაში რუსულ გავლენაზე აღნიშნავს, მაგრამ, ჩემთვის ცნობილი წყაროებიდან და ლიტერატურიდან ჩანს, რომ ოსმალეთის ხელისუფლებას რუსეთთან და საქართველოსთან სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა. სულთნის კარი ამ დროს რუსეთს განიხილავდა როგორც პოტენციურ მოკავშირეს ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში ირანის წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც იმავე ირანს ებრძოდა საქართველოს გამო. `გურჯისტანი~ მას თავისად მიაჩნდა. რუსეთი საქართველოს საქმეებში ჯერ ისე არ ერეოდა, რომ მასში მეტოქე დაენახა. ოსმალეთის ხელისუფლება ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა და შეძლებისდაგვარად აფერხებდა საქართველოს ურთიერთობას სხვა ქრისტიანულ ქვეყნებთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, სულთნის მოხელეთა შიშით, თავს არიდებდა მართლმადიდებელი საქართველოს წარმომადგენლებთან კონტაქტს. ისიც უნდა ითქვას, რომ საერთოდ ქართული ეკლესია, კერძოდ კი, დასახელებული სასულიერო პირები, მჭიდრო კავშირში იყვნენ იერუსალიმის საპატრიარქოსთან და არა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან. სულ სხვაგვარი ურთიერთობა არსებობდა საქართველოს ეკლესიასა და იერუსალიმის საპატრიარქოს შორის. ეს იყო იერუსალიმის ბერძენთა პატრიარქებისა და საპატრიარქოს მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირი საქართველოს ეკლესიასთან და სამეფო-სამთავროებთან. ასე, რომ საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის რუსეთზე გადატანა თეიმურაზ მეფისა და ქართული პოლიტიკური წრეების მიერ ვითარების ანალიზის შედეგი იყო და არა გარედან თავსმოხვეული პოლიტიკა.
აღნიშნულის გამყარებისათვის გამოგვადგება თუნდაც ახლა რომ გვაინტერესებს კუმურდოს იღუმენის ხარიტონის მაგალითიც. იგი ორჯერ იყო იერუსალიმში და დიდი ხნის ნაცნობობა ჰქონდა პატრიარქ თეოფანის III-სთან (1608-1644). იერუსალიმის პატრიარქთან ამგვარი სიახლოვის შესახებ ხარიტონმა მოსკოვში განაცხადა, მაშინ, როდესაც იმავე ქალაქში, იმავე დროს, მყოფი პატრიარქის ნახვის უფლება მოითხოვა. ხარიტონის თქმით, მას პატრიარქისაგან დალოცვა უნდოდა. როგორც ხელმწიფეს მოახსენეს, `პატრიარქი მას დიდი ხანია იცნობს და (ხარიტონი) მასთან იერუსალიმში ორჯერ იყო. მას პატრიარქი ორი წელია არ უნახავს~.
აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ მოსკოვში მიმავალმა პატრიარქმა თეოფანისმა საქართველოში გამოიარა. ხარიტონის მიერ თეოფანისის ნახვის მოთხოვნა, სავარაუდოა, მისგან მხოლოდ დალოცვის მიღების სურვილით არ იყო გამოწვეული. თეიმურაზ მეფეს თეოფანისისთან და იერუსალიმის საპატრიარქოსთან რომ ინტესიური პოლიტიკური კონტაქტები ჰქონდა, უფრო დავრწმუნდებით მაშინ, როდესაც ნიკიფორე ირბახზე ვისაუბრებთ. ისიც საგულისხმოა, რომ ხარიტონის და სხვა მოგზაურთა და მომლოცველთა საშუალებით, თეიმურაზ მეფეს ურთიერთობა ჰქონდა ნიკიფორე ირბახთანაც, რომლის სიახლოვე იერუსალიმის პატრიარქთან ცნობილი იყო.
თავისი სამეფოდან დევნილ თეიმურაზ მეფეს იმდენად სერიოზული ავტორიტეტი ჰქონდა და პატივს სცემდნენ, რომ შეძლო ანტიირანული კოალიციის შექმნაზე ეფიქრა. ამ გზაზე ყველაზე სერიოზული დაბრკოლება შეიძლებოდა შეხვედროდა ქართულ პოლიტიკური ერთეულების მხრიდან. მაგრამ მოხდა, ერთი შეხედვით, მოულოდნელი ფაქტი: ყველა ქართველმა მეფე-მთავარმა მზდაყოფნა გამოაცხადა ირანის აგრესიის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ. ეს თეიმურაზის საგარეო პოლიტიკური კურსის აღიარება და გამარჯვება იყო. არც თუ წარმატებულად მეჩვენება თემურაზ I-ისა და მისი პაპის ალექსანდრე II-ის საგარეო პოლიტიკური კურსის შედარება, რომ მეორე პირველისაგან განსხვავებით საგარეო პოლიტიკას, კერძოდ, მოსკოვთან ურთიერთობას სხვა ქართველი მმართველებისაგან იზოლირებულად აწარმოებდა. პირველ რიგში გასათვალისწინებელია ალექსანდრეს და თეიმურაზის დროინდელი კახეთის სამეფოს ეკონომიკური მდგომარეობა და პოლიტიკური ვითარება. კახეთის სამეფო იმდენად ძლიერი და ანგარიშგასაწევი სამეფო იყო, რომ მის მეფეს - ალექსანდრეს შეეძლო დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა ეწარმოებინა. სხვა ქართული პოლიტიკური ერთეულები ალექსანდრეს მხარს არ დაუჭერდნენ თუნდაც იმიტომ, რომ მას ქვეყანაში პირველობის და გამაერთიანებლის პრეტენზია ჰქონდა, რაც მან განსაკუთრებით ნათლად სწორედ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობაში გამოამჟღავნა.
იგი რუსეთის ხელმწიფესთან გაგზავნილ წერილებსა და მის ელჩებთან მოლაპარაკებების დროს სხვა ქართველი მეფე-მთავრების იგნორირებას ახდენდა. არც ირანი იყო იმ დროს ისე ძლიერი, როგორიც თეიმურაზ I-ის დროს. თეიმურაზი, თავდაპირველად, ირანთან ურთიერთობაში თავისი დიდებული პაპის საგარეო პოლიტიკის გაგრძელებას ცდილობდა. ეს იყო არც მტრობის და არც მოყვრობის პოლიტიკა, რასაც შაჰ აბასი უკვე აღარ შეეგუებოდა და არც შეეგუა. ვიდრე შაჰ აბასი ცოცხალი იყო, თეიმურაზმა თავისი მეფობის მნიშვნელოვანი პერიოდი ლტოლვილობაში გაატარა. თეიმურაზი, რომელიც ამ დროს არც ერთი ქართული პოლიტიკური ერთეულის მიმართ პრეტენზიას არ ამჟღავნებდა, ბუნებრივია, საგარეო ურთიერთობის საკითხებზე მათთან საერთო ენის გამოძებნა უადვილდებოდა.
თეიმურაზი და დასავლეთ საქართველოს მმართველები ირან-ოსმალეთის ომის დასრულებამდე დარწმუნდნენ, რომ ოსმალეთი სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწევდა და მისგან სამხედრო დახმარების მიღება ნაკლებად საიმედო იყო. ისინი ომის დამთავრებას აღარ დაელოდნენ და გადაწყვიტეს დახმარება რუსეთისთვის ეთხოვათ. Aამ პოლიტიკური ნაბიჯის ინიციატორი თეიმურაზ მეფე იყო. საერთოდ უნდა ითქვას, რომ თეიმურაზის დიპლომატიისათვის დამახასიათებელი იყო ალტერნატიული მოკავშირეების ძიება ირანთან საბრძოლველად. მას საგულისხმო მოკავშირეებად მიაჩნდა ოსმალეთი და რუსეთი, რომლებიც იმავდროულად ერთმანეთთან დაპირისპირებულნი იყვნენ.
თეიმურაზ I-ის დიპლომატი ხარიტონი
თეიმურაზ მეფემ, იმერეთის მეფე გიორგიმ, გურიის მთავარმა მამიამ და ოდიშის მთავარმა ლევანმა 1618 წლის გაზაფხულზე კუმურდოს ღვთისმშობლის მონასტრის იღუმენი ხარიტონი მოსკოვში გაგზავნეს. იგი მოსკოვში მიიღეს, როგორც თეიმურაზის ელჩი. მოსკოვის კარი სხვანაირად ვერც მოიქცეოდა, რადგან თეიმურაზი ხელმწიფისათვის გაგზავნილ თავის სიგელში ხარიტონს წარადგენს, როგორც მხოლოდ თავის ელჩს. ქართველ ელჩს თერგიდან გაჰყვნენ თერგის სტრელეცების ასისთავი და თარჯიმანი. ელჩის მოგზაურობის მარშრუტი იყო: ყაბარდო_თერგი_ასტრახანი_ ყაზანი_ნიჟნი ნოვგოროდი_მოსკოვი. ხარიტონი მოსკოვში მივიდა 1619 წ. აპრილში.
ქართველი ელჩის მიმართ, მთელი მისი მოგზაურობის დროს, რუსი მოხელეები უნდობლობას იჩენდნენ. არსებობდა სპეციალური ბრძანება, რომ მოგზაურობის დროს ელჩს არავინ დალაპარაკებოდა და გამყოლსაც კი აუკრძალეს ელჩთან საქმიანი საუბარი. საქმე იქამდის მივიდა, რომ ხარიტონს ხელმწიფისათვის განკუთვნილი წერილები მოპარეს და მოსკოვში ჩაიტანეს. ამის შემდეგ ელჩი სპეციალური ნებართვით შეუშვეს მოსკოვში.
16 აპრილს ხარიტონს ეწვია საელჩო პრიკაზის მოხელე ალ. შახოვი და მოსკოვში ჩამოსვლის მიზნის შესახებ გამოჰკითხა. ელჩმა ჯერ თავის მგზავრობაზე მოახსენა, სად და რამდენ ხანს მოუხდა გაჩერება, როგორ ეპყრობოდნენ და ნიჟნი ნოვგოროდში თერგის პრისტავმა წერილები რომ მოჰპარა.
ხარიტონმა შახოვს უთხრა, რომ რუსეთის ხელმწიფისათვის წერილებთან ერთად საიდუმლო დანაბარებიც უნდა გადაეცა. თეიმურაზ მეფის ბრძანებით მას ხელმწიფისათვის უნდა მოეხსენებინა, რომ როგორც მისი პაპა და მამა ემსახურებოდნენ რუს ხელმწიფეებს, ასევე თეიმურაზს განზრახული აქვს ამჟამინდელ ხელმწიფე მიხეილ თედორეს ძეს ემსახუროს და მისი ხელდებული იყოს. ხარიტონი იმ უბედურებაზეც მოუყვა, რაც შაჰმა მის სამშობლოს დააწია. ამჟამად მეფე თეიმურაზი, ოსმალეთის სულთნის მფარველობის ქვეშ, იმერეთის სამეფოში ცხოვრობს. თეიმურაზს შაჰის წინააღმდეგ მხარს უჭერენ იმერეთის მეფე, გურიელი და დადიანი. თეიმურაზ მეფემ იღუმენი ხარიტონი დახმარების სათხოვნელად გაგზავნა სულთანთან და ყირიმის ხანთან.
სულთანი თეიმურაზს ჯარის მიცემას დაჰპირდა და წერილიც გაუგზავნა. ამის შემდეგ მეფემ ხარიტონი ყირიმის ხანთან ჯარის სათხოვნელად გაგზავნა. იქაც დაპირება მიიღეს. როცა ხარიტონი ყირიმიდან თავის მეფესთან დაბრუნდა, ოსმალეთის ჯარი ჯერ კიდევ მისული არ იყო, ამიტომ მეფემ იგი კვლავ სულთანთან გაგზავნა. ხარიტონმა თავისი თვალით ნახა არზრუმში შეკრებილი თურქებისა და ყირიმელების ჯარი. რადგან თეიმურაზმა ხარიტონი მოსკოვში დიდ ხელმწიფესთან გამოაგზავნა, მან არ იცის ოსმალეთისა და ყირიმის ჯარებმა რა მოიმოქმედეს. ხარიტონმა ისიც განაცხადა, რომ მის მეფეს თურქებისა და ყირიმელების იმედი არა აქვს, რადგან ისინი მუსლიმები არიან. მაშინ, როდესაც რუსეთის `დიდი ხელმწიფე, მისი მეფური დიდებულება, მზისქვეშეთში უდიდესი ქრისტიანი ხელმწიფეა და როგორც მისი წინაპრები იცავდნენ საქართველოს, მანაც ასევე უნდა დაიცვას. თუ ხელმწიფეს ახლა არ შეუძლია ჯარით დახმარება, მაშინ თავისი კაცი საქართველოში გაგზავნოს, რათა დარწმუნდეს როგორ განადგურდა მისი სამეფო. როცა მისი წარგზავნილი თეიმურაზს მის (ხელმწიფის) წერილს მიუტანს, მისი მტრები გაიგებენ და შეშინდებიან~.
ხარიტონმა ჩრდილო კავკასიელი მთიელების სახელით განაცხადა: ყუმუხებსა და მთიელ თავადებს უნდათ ხელმწიფის ხელდებულები იყვნენ. მხოლოდ ორი ყუმუხელი თავადი, ალიბეკი და, მეორის სახელი არ ახსოვდა, შაჰს ემხრობა. თავადი გირეი ცოცხალი აღარ არის და მისი ადგილი სულთან-მაჰმუდმა დაიკავა და ახლა ჩერქეზებში ყველაზე ძლიერი ის არის. ყუმუხელ თავადებს თერგზე მძევლები არა ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველანი მზად არიან ხელმწიფის ხელდებულები გახდნენ, მათი შემომტკიცებისათვის ხელმწიფემ მძევლების აყვანა ბრძანოს.
თეიმურაზ მეფესა და მის ელჩს განზრახული აქვთ რუსეთის ხელისუფლებას ჩააგონონ, რომ მისი ხელქვეითი კავკასიელი მთავრების ტერიტორიაზე გზის გაჭრით საქართველოსთან დაკავშირება გაიოლდება. ხარიტონის ნათქვამი კიდევ უფრო კონკრეტულადაა გადმოცემული თეიმურაზ მეფის წერილში: `...ღმერთს შევთხოვ და მინდა ვიყვე თქვენი ყმა და გემსახუროთ, რადგან თქვენ ქრისტიანული რწმენის დიდი ხელმწიფე ცასა და დედამიწას შორის ყველა ქრისტიან ხელმწიფეზე მაღლა იმყოფებით. და თქვენ დიდ ხელმწიფეს ცრემლითა და უბედურებით გაცნობებთ, რომ ჩვენთვის სინათლე გადაიქცა სიბნელეთ, მზე აღარ გვათბობს, მთვარე აღარ გვინათებს, ნათელი დღე ღამედ გადაგვექცა. ისეთ მდგომარეობაში ვარ, ჯობდა დედაჩემის საშო გამხმარიყო და არ დავბადებულიყავი, ოღონდ ქრისტიანული რწმენის ივერიის მიწა-წყალი ჩემს თვალწინ არ განადგურებულიყო... ამჟამად ჩვენი მართლმადიდებლური ქრისტიანული ივერიის მიწა-წყალი განადგურებულია, ეკლესიებში არ ადიდებენ ღვთის სახელს, ისინი სრულიად დაცარიელებულია. წინათ პაპაჩემი ალექსანდრე თქვენი ხელდებული ყმა გახდა და მაშინ ვცხოვრობდით სიმშვიდესა და სიწყნარეში, ყველა მტრისაგან დაცული, ვინც თქვენს ძლიერ სამეფო და მრისხანე სახელს გაიგონებდა, ჩვენს ხელის ხლებას ვერავინ ბედავდა~. შემდეგ მოთხრობილია შაჰმა როგორ წაიყვანა ჯერ მისი და, შემდეგ მისი ახლობლების და ქართველი დიდებულების შვილები. შაჰი ამას არ დასჯერდა, უჩუმრათ წამოვიდა ჯარით და საქართველოს საზღვართან მოახლოებულმა თეიმურაზს ელჩი გაუგზავნა და მძევლად შვილი მოსთხოვა. თეიმურაზმა მას ჯერ უმცროსი ალექსანდრე გაუგზავნა. როცა შაჰმა დაინახა, რომ მისი წინააღმდეგობის გამწევი არავინ იყო, კიდევ გაუგზავნა ელჩი და ახლა უფროსი შვილი მოსთხოვა. `თუ მასთან მშვიდობა მინდოდა მაშინ მისთვის ღვიძლი დედა ჩემს ვაჟ ლევანთან ერთად უნდა გამეგზავნა. იგი მოელაპარაკებოდა დედაჩემს და ჩემს შვილებთან ერთად უკან დამიბრუნებდა. მე დავუჯერე და იმისათვის რათა ქრისტიანული რწმენა არ განადგურებულიყო, ჩემი ღვიძლი დედა ჩემ შვილთან, უფროს უფლისწულ ლევანთან ერთად, მასთან გავაგზავნე. როცა (შაჰმა) ისინი მოიხელთა, მაცნობა, რომ ჩემი უფროსი შვილი გამოუშვა და უნდა მასთან მშვიდობიანად ვიყო. მე და ჩემმა ჯარმა დიდად გავიხარეთ, რომ ჩემს შვილს ჩემთან უშვებდა და მშვიდობა მყარდებოდა და მთელი შეკრებილი [ჯარი] სახლებში გავუშვი. მან ამით დაგვასუსტა, სწრაფად მოვიდა მთელი ჯარით ჩვენს ქვეყანაში. მე მცირე წინააღმდეგობის შემდეგ, დავინახე რა ჩემი უმწეობა წავედი ბაშიაჩუკის ქვეყანაში. ის ქვეყანა მართლმადიდებლური ქრისტიანულია, ქვეყანას იმერელი ჰქვია და იქ დაკრძალულია დედოფალი დინარა1. ჩემი (წასვლის) შემდეგ ჩვენი ქვეყანა მთლიანად გაანადგურა, ღვთის ეკლესიები შეაგინა და ტრაპეზები დაამტვრია, ქრისტიანების მფარველი ღვთისმშობლის უწმინდესი სასწაულმოქმედი ხატები ტალახში ჩაწიხლა...~ თეიმურაზ მეფე, როგორც მისი წერილიდან ჩანს, ითვალისწინებდა რა რუსეთის სახელმწიფოს საშინაო და საგარეო მდგომარეობას, მოსკოვიდან რეალური დახმარების იმედი არ ჰქონდა. ამიტომ იგი თავის თხოვნას შემდეგნაირად აყალიბებს: `დიდო ხელმწიფევ, ჯარს არ გთხოვ, მხოლოდ მოწყალება მოიღე, ბრძანე შაჰს მისწერონ მაინც, რომ ჩვენს მიწა-წყალს ნუ დაიპყრობს და მეტად ნუღარ გაანადგურებს. დიდო ხელმწიფე, მოწყალება მოიღე ჩემზე, მეფე თეიმურაზზე, ბრაძანე შაჰს მისწერონ, რომ დედაჩემი და ჩემი შვილები დამიბრუნოს. თუ მე არ მომცემს..., დედაჩემი შენ წაიყვანე, რათა იგი ბილწ მუსულმანურ რწმენაში არ მოკვდეს~.
თეიმურაზ მეფე მიხეილ თედორეს ძეს იმასაც აცნობებს, რომ როცა მოსკოვში ელჩის გაგზავნა გადაწყვიტა, ამის შესახებ გაიგეს იმერეთის მეფემ, გურიის მეფემ და დადიანის ქვეყნის მმართველმა, ისინი ჩემთან ბაშიაჩუკში (იმერეთში) მოვიდნენ და მითხრეს, რომ მათზეც მომეწერა, რომ ისინი თქვენს მფარველობაში მიიღოთ და თქვენი საუკუნო მონები იყვნენ. თეიმურაზ მეფე ცდილობს რუსეთის ხელმწიფე დააინტერესოს საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მოწესრიგებასა და უშიშროების უზრუნველყოფაში. თეიმურაზი ამ პრობლემის გადაწყვეტის წინადადების დაყენებისას მხოლოდ მოწოდებით კი არ შემოიფარგლება. მას საკითხი შესწავლილი აქვს და ხელმწიფეს რჩევასაც სთავაზობს. როგორც ჩანს, მისი დავალებით, აღნიშნულ საკითხზე, ხარიტონი ჩერქეზების მთავარს მურდარსაც შეხვდა და მოელაპარაკა. სავარაუდოა მურდართან ურთიერთობა თეიმურაზ მეფეს ხარიტონის მოსკოვში წასვლამდე დაწყებული ჰქონდა და გარკვეულ დადებით შედეგსაც მიაღწია. ამის თქმის საფუძველს იძლევა ხარიტონის ნათქვამი მოსკოვში. იგი ხელმწიფეს საკუთარი წერილითაც ურჩევს თავისი გავლენა გააძლიეროს წოვა-თუშეთზეც, რომელიც უბატონოა, მაგრამ ჩერქეზეთს უხდის ხარკს. ჩერქეზეთი კი რუსეთს ემორჩილება. წოვა-თუშეთზე გავლენის მოპოვების შემთხვევაში, როგორც თეიმურაზი და მისი ელჩი ვარაუდობენ, გაიხსნება გზა რუსეთიდან საქართველოსკენ. ჩერქეზეთიდან თეიმურაზის მამულამდე, წოვა-თუშეთამდე სულ ერთი, ხოლო ბაშიაჩუკამდე ორი დღის სახმელეთო გზაა. მოგზაურობა მით უფრო გაადვილდება, რომ ჩერქეზების მთავარი მურდარი, მზად არის რუსეთის მეფისადმი თავისი ერთგულების დასამტკიცებლად ქართველ და რუს ელჩებს მგზავრობაში ხელი შეუწყოს, რაც მისი ხალხის მიერ რუსეთის ელჩების საქართველომდე გაცილებაში გამოიხატება.
რუსეთის ხელმწიფე მიხეილ თედორეს ძემ ქართველ მეფეებსა და გურიელს ცალცალკე გაუგზავნა წერილები. ყველაზე ვრცელია თეიმურაზ მეფისათვის განკუთვნილი წერილი. ხელმწიფე მწუხარებას გამოხატავს შაჰ აბასის მიერ კახეთის სამეფოს აკლება-განადგურების გამო, იწონებს თეიმურაზის თხოვნას, გაგზავნოს თავისი კაცი საქართველოში, რათა მან საკუთარი თვალით ნახოს გაუბედურებული ქვეყანა და ამის შემდეგ ხელმწიფემ თეიმურაზს მისივე ქვეყანა უწყალობოს. ხელმწიფე იქვე აღნიშნავს, რომ ყველაფერს იღონებს საქართველოს დიპლომატიური საშუალებით დასაცავად. მან შაჰს უკვე მისწერა და გააგებინა, რომ ივერიელი მეფეები და ივერიის მთელი მიწა-წყალი თავიდანვე რუსეთის დიდი ხელმწიფე მეფეების ხელისუფლების ქვეშ იყვნენ. ამიერიდან ხელმწიფის მეგობრობის გამო შაჰი ივერიის მიწაწყალს აღარ დაესხმის და აღარ შეავიწროებს. შაჰსა და თეიმურაზს შორის მტრობის შემთხვევაში შაჰმა ჩვენს მეფურ დიდებულებას უნდა მიმართოს. `ჩვენ დიდი ხელმწიფე მომავალშიც ვისურვებდით შენ, თეიმურაზ მეფე, ჩვენს მეფურ მოწყალებაში გვყავდე ისევე, როგორ მოწყალებაშიც ჰყავდა შენი პაპა და მეფე ალექსანდრე შვილებითურთ ჩვენს პაპას, ივანე ვასილის ძეს და ჩვენს ბიძას, თედორე ივანეს ძეს~.
ხელმწიფის წერილის ბოლოში ნათქვამის მიხედვით, თ. ტივაძე დაასკვნის, რომ ეს არის რუსეთის მთავრობის ოფიციალური განცხადება იმის თაობაზე, რომ `კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს ურთიერთობა ჰქონდა დამყარებული რუსეთის მეფე ივანე მრისხანესთან 1584 წლის გაზაფხულამდე (ივანე IV გარდაიცვალა 1584 წლის მარტში), რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა დაწყება კახეთში რუსინ დანილოვის 1586 წელს ჩამოსვლით, არ არის მართებული~.
იმერეთის მეფე გიორგისათვის გაგზავნილ, შედარებით მოკლე წერილიში მიხეილ თედორეს ძე იმეორებს იმას რაც იმერეთიდან მისწერეს: როგორ მივიდა შაჰი ივერიელების ქვეყანაში და დაიპყრო იგი, ეკლესია-მონასტრები დაანგრია და სხვ. როდესაც თეიმურაზ მეფემ თავი შეაფარა იმერეთის სამეფოში, როგორ იმუქრებოდა შაჰი ამ სამეფოს განადგურებით. იმერეთის მეფემ, თავის გადარჩენის მიზნით, როგორ მიმართა რუსეთს დახმარების თხოვნით, რაზეც ხელმწიფემ უპასუხა, რომ `თქვენ სამუდამოდ იქნებით ჩვენი მაღალი ხელის ქვეშ მთელი თქვენი მიწა-წყლით~.
მამია გურიელისათვის გაგზავნილ კიდევ უფრო მოკლე წერილში, გამოკვეთილად იყო ნათქვამი, რომ `ჩვენ, დიდი ხელმწიფე გაქებთ შენ მეფე მანუილს იმის გამო, რომ ჩვენს მოწყალებას ეძებ და გვინდა შემდეგშიც ჩვენი მეფური მოწყალების ქვეშ გვყავდე~.
ამგვარი შინაარსის წერილებით გამოუშვეს ხარიტონი მოსკოვიდან. რა შეიძლება ითქვას ხარიტონის მოსკოვში ელჩობის შედეგზე? როგორ შევაფასოთ იგი?
მკვლევრების მიერ ხარიტონის ელჩობა რუსეთში შეფასებულია როგორც წარმატებული. ნ. ნაკაშიძის თქმით: `ამრიგად, თეიმურაზის 1618 წლის ელჩობამ მიზანს მიაღწია და დასახული ამოცანა შეასრულა: რუსეთი, რომელიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო და დიდად უფრთხილდებოდა ირანთან კარგი ურთიერობის შენარჩუნებას, მიესალმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის აღდგენას ძველ საწყისებზე _ გამოვიდა მის მფარველად და დამცველად ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობაში~.
ხარიტონის ელჩობის ნ. ნაკაშიძისეულ შაფასებას იზიარებს თ. ტივაძე, მხოლოდ ერთს კი შენიშნავს, რომ იგი არ ეთანხმება მას იმაში, თითქოს ამის შემდეგ რუსეთის მთავრობამ თავის ელჩებს ირანში, ი. კორობინსა და ო. კუვშინოვს, დაავალა, რომ მათ დაჟინებით მოეთხოვათ, შაჰს ამის შემდეგ თავი შეეკავაბინა საქართველოს მიმართ მტრულ მოქმედებაზე, თეიმურაზისთვის დაებრუნებინა მისი სამეფო, გაეთავისუფლებინა მისი ოჯახის წევრები და თავის თავზე აიღებდა შუამავლობას იარან-საქართველოს ურთიერთობაში. თ. ტივაძე მართალია, როცა შენიშნავს, რომ `ირანისაგან საქართველოს მიმართ ლოიალური დამოკიდებულების გამოჩენის `დაჟინებითი~ მოთხოვნა საარქივო საბუთებში არ მტკიცდება~.
ჩემთვის გაუგებარია რატომ იყო ხარიტონის ელჩობა წარმატებული. რა მიიღო ამ ელჩობით საქართველომ? გაუწია რაიმე ანგარიში შაჰ აბასმა მიხეილ თედორეს ძის თხოვნას და შეცვალა საქართველოს მიმართ პოლიტიკა? ირანის მბრძანებელს თავისი აზრი და პოზიცია არ შეუცვლია და, როგორც ჩვენთვის ცნობილი საბუთებიდან ჩანს, რუსეთის მიერ საქართველოს დიპლომატიურმა `დაცვამ~ კიდევ უფრო გააუარესა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა. სწორედ ქართველი ხარიტონის მოსკოვში და რუსი ი. კორობინისა და ო. კუვშინოვის ისპაანში ელჩობების შემდეგ, რუსეთისაგან დახმარების მიღებაზე გულაცრუებული თეიმურაზ მეფე ისევ სულთანს მიეკედლა, ამის შემდეგ მოუკლა შაჰ აბასმა კახეთის მეფეს დედა და შვილები და საქართველოს საკითხის იგნორირებას ახდენდა დიპლომატიური საშუალებებით რუსეთთან და ოსმალეთთან ურთიერთობის დროს, რაზეც შემდეგში უფრო ვრცლად ითქმევა.
ხარიტონი ჯერ ისევ მოსკოვში იმყოფებოდა, როდესაც 1621 წლის გაზაფხულზე ირანიდან დაბრუნებულმა ბარიატინსკიმ თან მიიყვანა შაჰ აბასის ელჩი ბულატ-ბეგი. მასთან მოლაპარაკებისას რუსმა დიპლომატებმა კვლავ დააყენეს საქართველოს საკითხი და ყიზილბაშების მიერ ხელმწიფის ხელდებული საქართველოს აოხრება უსაყვედურეს. ბულატ-ბეგმა გაოცება გამოხატა რუსეთის ხელმწიფის მიერ საქართველოს თავის ხელდებულად გამოცხადების გამო. Mმან განაცხადა, რომ ყველაფერს შაჰს აცნობებდა. Mმალე, ამის შემდეგ, ხარიტონი საქართველოში გამოუშვეს და ქართველ მეფე-მთავრებთან წერილებიც გამოატანეს.
* * *
ქართველები რომ მნიშვნელოვან დახმარებას ვერ მიიღებდნენ რუსეთიდან და საქართველოს საკითხი რუსეთ-ირანთან ურთიერთობაში უკანა პლანზე გადაწეული იყო, ნათლად გამოჩნდა მოსკოვიდან ირანში გაგზავნილი ელჩობისათვის მიცემულ `დარიგებაში~. რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა ირანში გაეგზვნა ელჩობა მ. პ. ბარიატინსკის, ი. ჩიჩერინისა და ტიხონოვის შემადგენლობით და ირანის მთავრობისათვის სუფსიდიები ეთხოვა. მათ დაავალეს, როგორ უნდა ეწარმოებინათ შაჰთან მოლაპარაკება საქართველოს საკითხზე. 1618 წ. 23 მაისს მიცემული `დარიგების~ მიხედვით, შაჰთან მოლაპარაკების დროს სიფრთხილე უნდა გამოეჩინათ და მდგომარეობა არ უნდა გაემწვავებინათ. ამისათვის მათ პირველ რიგში უნდა დაადგინონ:
1. როგორია შაჰის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, იმყოფება თუ არა თეიმურაზ მეფე საქართველოში, განიცდის თუ არა იგი შაჰისგან შევიწროებას, ხომ არ დაამყარა ირანის საწინააღმდეგო კავშირი ქართლმა და კახეთმა ოსმალეთთან ან სხვა რომელიმე სახელმწიფოსთან და მათთან ერთად ხომ არ ებრძვიან ირანს.
2. ელჩები თუ გაიგებენ, რომ ქართველი მეფე თავის ქვეყანაშია, მას შაჰი არ ავიწროებს, ოსმალეთთან ანტიირანული კავშირი არ დაუმყარებია და ოსმალთა ჯართან ერთად არ არის მისი ჯარი, მაშინ შაჰთან ან მის ახლობლებთან საუბრისას უნდა თქვან: როგორც რუსეთის მეფემ თავისი ელჩის ფ. ლეონტიევის პირით სთხოვა და შაჰმაც მასვე დააბარა, შაჰი რუსეთის ხელმწიფისადმი სიყვარულისა და მეგობრობის გამო თავს აღარ დაესხმოდა და აღარ აიკლებდა საქართველოს. შაჰმა დანაპირები შეასრულა. ამიტომ ელჩებმა თავიანთი მეფის სახელით მას მადლობა უნდა გადაუხადონ.
3. ელჩები თუ დანამდვილებით გაიგებენ, რომ ქართლი და კახეთი ოსმალეთსა და სხვა სახელმწიფოებს დაუკავშირდნენ და შაჰის სახელმწიფოს ებრძვიან, შაჰთან ან მის ახლობლებთან საუბრისას ქართველ მეფესა და ქართლ-კახეთზე არაფერი თქვან.
4. იმ შემთხვევაში თუ შაჰი ან მისი ახლობლები საუბრის დროს იკითხავენ, ახლა როცა ქართველი მეფე შაჰის მტერს სულთანს დაუკავშირდა და მის წინააღმდეგ იბრძვის, იცის თუ არა ხელმწიფემ ამის შესახებ და რას გვიბრძანებს იგი, როგორ მოვეპყროთ ქართველ მეფესა და მის მიწა-წყალს? ამ არასასიამოვნო კითხვაზე მ. პ. ბარიატინსკის უნდა ეპასუხა, რომ ხელმწიფემ არ იცოდა და თეიმურაზისაგან არ მოელოდა, რომ ხელმწიფისა და შაჰის მტერს მიემხრობოდა. როცა გავიგეთ მეფე თეიმურაზის უსამართლობა და უხეშობა ხელმწიფისა და შაჰის მიმართ, მასზე ლაპარაკიც კი აღარ გვინდაო. მაგრამ თუ ასეთ კითხვას არ დასვამდნენ, მაშინ ელჩებს კრინტი არ უნდა დაეძრათ ივერიის მიწა-წყალზე.
1621 წლის გაზაფხულზე მოსკოვის მთავრობამ ირანში გაგზავნილ ვ. კორობინსა და ო. კუვშინოვს საქართველოს საკითხზე თითქმის იგივე `დარიგება~ მისცა, რაც მათ წინამორბედ ელჩებს. ვფიქრობ, რუსეთში ვარაუდობდნენ, რომ შაჰი ეჭვობდა: თეიმურაზის ოსმალეთთან მოლაპარაკებებში ხომ არ მონაწილეობდნენ რუსი დიპლომატებიც. ამგვარი ეჭვების გაფანტვას ემსახურებოდა, ალბათ, დასახელებული ელჩებისათვის მიცემული ერთ-ერთი დავალება, რომ შაჰი და მისი კარისკაცები ელჩებისაგან თუ მოითხოვდნენ პასუხს თეიმურაზის ოსმალებთან ურთიერთობაზე როგორი პოზიცია ჰქონდა მოსკოვს, მაშინ ელჩებს უნდა ეპასუხათ: რუსეთი თეიმურაზ მეფის გამო შაჰ აბასთან ძმურ მეგობრობასა და სიყვარულს არ გაწყვეტდა. მაგრამ ირანის მხარე თუ პირდაპირ იტყოდა, რომ ქართველი მეფე და საქართველოს და ივერიის მიწა-წყალი ირანის წინააღმდეგ ოსმალეთსა და სხვა სახელმწიფოებს შეუერთდა და მისი ჯარი სულთნის ჯართან ერთად შაჰის მიწა-წყალზე შეიჭრა, მაშინ შაჰთან მყოფ რუსეთის ელჩები არაფერს იტყოდნენ.
როგორც ჩანს, თეიმურაზ მეფე თავისი დიპლომატიური და სამხედრო საქმიანობით შაჰ აბასს მოსვენებას არ აძლევდა და მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში ამყოფებდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ შაჰი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას ყოველთვის აგრძნობინებდა, რომ აღმოსავლეთი საქართველო მისი გავლენის ქვეშ უნდა იყოს, ახლა უკან იხევს და ცდილობს რუსეთი დაიხმაროს თეიმურაზთან ურთიერთობის გარკვევაში და შუამავლობას თხოვს.
1623 წელს ვ. კორობინის დავალებით ირანიდან მოსკოვში დაბრუნდა ელჩობის ერთ-ერთი წევრი, თარჯიმანი ი. ბურნაშოვი. მან საელჩო პრიკაზს მოახსენა, რომ ელჩი მივიდა თუ არა შაჰთან, მაშინვე მიართვა რუსეთის ხელმწიფის წერილი საქართველოს შესახებ და სიტყვიერადაც მოითხოვა, რომ შაჰი საქართველოს მიწაწყალზე არ შეჭრილიყო და მის წინააღმდეგ არ ეომა. შაჰმა ხელმწიფის შემონათვალი მოისმინა და ელჩს განუცხადა, რომ მან თვითონაც კარგად იცის, რომ საქართველო ირანის კუთვნილებაა, მაგრამ ახლა ქართველმა მეფემ უღალატა, მისი და რუსეთის ხელმწიფის მტერს, თურქეთს მიემხრო. შაჰმა არ იცის ვის გადასცეს საქართველოს მიწა-წყალი. რუსეთის ხელმწიფემ მისწეროს თეიმურაზს, რომ ის შაჰთან წავიდეს და იგი მას მის მიწა-წყალსა და ხალხს დაუბრუნებს.
ზემოთ განხილული დოკუმენტები ნათელს ხდის, რომ XVII ს. პირველ მეოთხედში რუსეთისა და ირანის დიპლომატიური ურთიერთობისას, განსჯის მნიშვნელოვან საგანს საქართველოს საკითხიც წარმოადგენდა. ბოლოს, მოხმობილი დოკუმენტიდან განსაკუთრებით რელიეფურად გამოჩდა, რომ საქართველო რუსეთისათვის არ წარმოადგენდა იმ პრობლემას, რომლისთვისაც ირანს სერიოზულად დაუპირისპირდებოდა. მაგრამ რუსეთი ერთმორწმუნე საქართველოს მფარველად და დამცველად გამოდიოდა, რითაც შაჰ აბასის შეშფოთებას იწვევდა. რუსეთის მიერ საქართველოს საკითხის საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, გარკვეული გაგებით, აფერხებდა ამ ორო ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას, მათს ერთობლივ გამოსვლას საერთო მტრის, ოსმალეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ.
თეიმურაზ მეფე პრაქტიკულად დარწმუნდა, რომ თავის ურთიერთობას მეზობელ სახელმწიფოებთან, რუსეთის ინტერესებთან შესაბამისობაში ვერ განახორციელებდა. ამიტომ იყო, რომ იგი და მისი დიპლომატები რუსეთთან კონტაქტების პარალელურად ისეთ ანტიირანულად განწყობილ მოკავშირეს ეძებდნენ, ვისი ინტერესებიც ირანის წინააღმდგ იქნებოდა მიმართული და, აუცილებლობის შემთხვევაში, იარაღსაც გამოიყენებდა. ასეთი კი, საქართველოს მეზობლობაში მხოლოდ ოსმალეთი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველებისათვის კარგად იყო ცნობილი ოსმალეთის `სიყვარული~ საქართველოს მიმართ, შეიძლება ითქვას, რომ XVI საუკუნეში, განსაკუთრებით მის ბოლო მეოთხედში სულთნის ნამოქმედარი, XVII ს. პირველ მეოთხედში აღმოსავლეთ საქართველოში შაჰ აბასის პოლიტიკურმა და სამხედრო ზეწოლამ, სისასტიკემ და დაუნდობლობამ გადაფარა. ამას გარდა, როგორც ჩანს, თეიმურაზ მეფე ითვალისწინებდა სამივე დიდი ქვეყნის, ოსმალეთის, ირანისა და რუსეთის ინტერესების შეუთავსებლობას კავკასიაში და მათი ერთმანეთთან დაპირისპერება მოინდომა. ის ირანისაგან დაცვას ჯერ რუსეთს სთხოვდა, შემდეგ ამ საქმეში ოსმალეთის ჩართვა სცადა. ისიც ხდებოდა, როცა იგი ერთდროულად ორივეს სთხოვდა მფარველობას, რითაც `მფარველების~ გაღიზიანებას და უნდობლობას იწვევდა.
1612 წლის სტამბოლის ზავი ირანს საქართველოში გარკვეულ უპირატესობას უქმნიდა, რითაც უკმაყოფილო იყო ოსმალეთი. ამის გამო მ. სვანიძე სავსებით მართებულად აღნიშნავს: `ოსმალეთში ესმოდათ, რომ ირანის შესაძლო წარმატება ქართლ-კახეთში ოსმალეთის აგრესიული გეგმის ჩაშლას უდრიდა. თუ შაჰ აბასი თავის მიზნებს განახორციელებდა, მაშინ აღმოსავლეთ საქართველოს მხრიდან ოსმალეთს უშუალოდ გაუმეზობლდებოდა ირანის ადმინისტრაციულ ერთეულად გადაქცეული `გურჯისტანის~ სახანო და სეფიანთა სახელმწიფოს პოლიტიკური საზღვრები დასავლეთ საქართველომდე გადაიწევდა და, თუ ეს ასე მოხდებოდა, ირანსა და ოსმალეთს შორის გაქრებოდა ისეთი ქვეყანა, რომელიც, მართალია, არც ოსმალეთის ბატონობას ითმენდა, მაგრამ (თუ საქართველოს ინტერესები ამას მოითხოვდა) შეიძლებოდა მისი `მოკავშირე~ გამხდარიყო ირანის წინააღმდეგ ომში. ოსმალეთი, თუ თვითონ ვერ შეძლებდა საქართველოს დაპყრობას, იმის მომხრე იყო, რომ ის ვერც ირანს დაეპყრო. `გურჯისტანის~ სახანოს ნაცვლად მისთვის გაცილებით ხელსაყრელი იყო ფეოდალური საქართველოს მეზობლობა~.
ზავის დადების შემდეგ, საერთაშორისო ვითარებაში მომხდარმა სერიოზულმა ცვლილებებმა, ოსმალეთის ხელისუფლება აიძულა მწვავე რეაქცია არ გამოემჟღავნებინა საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური კონტაქტების გააქტიურების გამო და ისე ჩანდა, რომ ირანთან ომის შემთხვევაში იგი ქართველებს დაეხმარებოდა. ოსმალეთმა ამგვარი ნაბიჯის გადადგმისაკენ მზადყოფნა მაშინ გამოაცხადა, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოდან დევნილმა მეფეებმა იმერეთის სამეფოს შეაფარეს თავი. მაგრამ ოსმალეთი ასეთი მოქმედების დაწყებას უანგაროდ არ აპირებდა. ამაზე ქვემოთ...
ხარიტონის რუსეთში წარუმატებელი ელჩობის შემდეგ, თეიურაზ მეფე, რომელსაც სამხედრო დახმარების მოპოვება პირველი რიგის ამოცანად ჰქონდა დასახული, იძულებული გახდა პირადად წასულიყო ოსმალეთში.
მ. სვანიძის გამოკვლევით, თეიმურაზი სტამბოლში წავიდა საკმაოდ მომზადებული, 500 კაციანი ამალით და სტამბოლში ჩავიდა 1622 წლის გაზაფხულზე. იქ ქართველებს არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა დახვდათ: აჯანყებულმა იანიჩრებმა სულთანი ოსმან II ტახტიდან ჩამოაგდეს, მოკლეს და მის ნაცვლად მუსტაფა I (1622-1623) გაამეფეს. `ამ დროს ოსმალეთის საშინაო და საგარეო მდგომარეობა მეტად მძიმე იყო: რეჩ პოსპოლიტასთან ომში დამარცხება, კაზაკთა გამუდმებული თავდასხმები შავი ზღვის მცირე აზიის სანაპიროზე, იანიჩართა თარეში, პროვინციის ფაშების ამბოხებანი და სხვ. ასეთ ვითარებაში ოსმალეთისაგან რაიმე დახმარების მიღება გამორიცხული იყო. პირიქით, ამ დროს ოსმალეთი დაინტერესებული იყო ირანთან ზავის შენარჩუნებით. თეიმურაზი იმედგაცრუებული დაბრუნდა სტამბოლიდან~. მან ისევ რუსეთს მიმართა და თავის ელჩად გაგზავნა ცნობილი საეკლესიო მოღვაწე თეოდოსე მანგლელი.
თეიმურაზ I-ის დიპლომატი თეოდოსე მანგლელი რევიშვილი
თეოდოსე მანგლელის ცხოვრებისა და მღვაწეობის შესახებ მხოლოდ ფრაგმენტული ცნობები გაგვაჩნია. მოსკოვში ელჩად გამგზავრებამდე Mმის საქმიანობაზე თითქმის არაფერი ვიცით. თეოდოსეს, როგორც დიპლომატის მოსკოვში ყოფნა დაემთხვა საეკლესიო და პოლიტიკური ხასიათის მნიშვნელოვან მოვლენას _ ვითომდაც, ყიზილბაშების მიერ საქართველოდან წაღებული `ქრისტეს კვართის~ შაჰ აბას I-ის ელჩების მიერ რუსეთის სატახტოში ჩატანას. ამ მოვლენამ უკანა პლანზე გადასწია თეიმურაზის ელჩის მოსკოვის მთავრობასთან პოლიტიკური ხასიათის მოლაპარაკებები. რუსეთის ხელმწიფის კარისა და ეკლესიის იერარქების მთელი ყურადღება მაშინდელი საქართველოს მიმართ, კონცენტრირებული იყო შაჰის მიერ გაგზავნილი საჩუქრის რაობის გარკვევაზე.
XVII ს. 20-იანი წლების შუა ხანებში შაჰ აბასმა რუსეთის საქართველოს ურთიერთობის სხვა მიმართულებით წარმართვის პროვოცირება მოახდინა, რითაც საქართველო-რუსეთის დიპლომატიურმა ურთიერთობამ ახალი ელფერი შეიძინა.
შაჰ აბასი რუსეთის ქრისტიანი ხელმწიფის ელჩებზე ზემოქმედებისათვის, აუდიენციის დროს, ვითომც სხვათა შორის ამბობდა ხოლმე, რომ ივერიაში ხელთ იგდო ქრისტეს კვართი, რომლის გაგზავნა სურდა დიდი ხელმწიფისა და პატრიარქისათვის. იქვე შაჰი აღნიშნავდა, რომ ამ სიწმინდის დაუფლებას ცდილობდა მრავალი ქრისტიანი ხელმწიფე და სთხოვდა კიდეც მას, მაგრამ არავის მისცა.
უნდა ითქვას, რომ `კვართის~ საკითხმა, გარკვეული მიმართულება მისცა, ჯერ რუსეთ-ირანის, შემდეგ კი საქართველო-რუსეთის დიპლომატიურ ურთიერთობას.
ჩვენს ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია სხვადასხვა მოსაზრება იმის თაობაზე თუ როდის შეიძლებოდა ყიზილბაშებს საქართველოდან კვართი გაეტანათ. აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ის, რომ წყაროებში საერთოდ არ არის მითითებული თარიღი და ვარაუდობენ, რომ შეიძლებოდა კვართი გაეტანათ ერთ-ერთი ლაშქრობის დროს. ჩემთვის ცნობილი მასალებიდან მხოლოდ ერთში ჩანს, რომ რუსი ელჩებისათვის თვით შაჰ აბასს უთქვამს კვართის მოპოვების შესახებ, მაგრამ დროის მითითების გარეშე.
1625 წელს ირანიდან მოსკოვს დაბრუნებული ელჩები იხსენებდნენ: 1622 წლის 21 იანვარს შაჰს რუსი ელჩების პირველი მიღებისას უთქვამს, რომ მას აქვს ქრისტეს პერანგი და იმ პერანგს უგზავნის დიდ ხელმწიფეს და ხელმწიფის მამას, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქს ფილარეტ ნიკიტას ძეს. ამგვარად, შაჰ აბასმა გადაწყვიტა რუსეთის ხელმწიფის გულიც მოეგო და, გარკვეული დროის განმავლობაში, საქართველორუსეთის ურთიერთობაც შეეფერხებინა.
შაჰ აბასმა სწორად გათვალა. მან კარგად იცოდა რუსეთის ეკლესიისა და სამეფო კარის დაინტერესება ქრისტიანული სიწმინდეებით. ჯერ კიდევ XV ს. დასაწყისში რუსეთში ჩამოყალიბებული სახე მიიღო რელიგიურ-პოლიტიკურმა თეორიამ _ `მოსკოვი _ მესამე რომია~. ამ თეორიის პოლიტიკური მიზანი იყო რუსეთში ეროვნული თვითშეგნების ამაღლება, ხოლო მართლმადიდებლურ, განსაკუთრებით სლავიანურ ქვეყნებში, კათოლიციზმის წინააღმდეგ ბრძოლა და რუსეთის გავლენის დამკვიდრება. ამიტომ, რელიგიურ-პროპაგანდისტული მიზნებიდან გამომდინარე, რუსეთის ხელისუფლებას სურდა `მესამე რომში~ _ მოსკოვში შემოეკრიბა ქრისტიანთათვის უძვირფასესი სიწმინდეები. რუსი ელჩებისათვის, კიდევ უფრო კარგად იყო ცნობილი თავიანთი მეფისა და ეკლესიის განწყობილება. ამიტომ მათ მოსკოვის დაუკითხავად (აღნიშვნის ღირსია, რომ რუსი დიპლომატები არავითარ ინიციატივას არ იჩენდნენ იმ საკითხების მიმართ, რომელთა შესახებ მოსკოვში დავალებული არ ჰქონდათ) შაჰ აბასს ურჩიეს, რომ ხელმწიფისა და პატრიარქისათვის ეცნობებინა, რომ ასეთ ძვირფას საჩუქარს უგზავნიდა და ისინი ამით გახარებული და კმაყოფილი დარჩებოდნენ.
როგორც ითქვა, 1623 წელს რუსეთის ელჩობის ერთ-ერთი წევრი, თარჯიმანი ი. ბურნაშოვი ვ. კორობინის დავალებით, ირანიდან მოსკოვში დაბრუნდა. ბურნაშოვმა საელჩო პრიკაზს მოახსენა, რომ ხელმწიფესთან მოდიოდა შაჰის დიდი ელჩი რუსან ბეგი, წარმოშობით ქართველი, ელჩი ბულატ ბეგი და ვაჭარი მამესელემი, დიდი ელჩი ცოლთან და ვაჟიშვილთან ერთად მოდისო. სწორედ ამ ელჩობას დაევალა დიპლომატიური მოლაპარაკების წარმოებასთან ერთად, კვართის მოსკოვში წაღება.
`დიდი~ ელჩი რუსან ბეგი, რუსული წყაროების მიხედვით, წარმოშობით ქართველი იყო. როგორც რუსან ბეგს უთქვამს, შაჰმა კვართი ჩააბარა ელჩობის ერთ-ერთ წევრს, ვაჭარ მამესალემს, რომ მას ოქროს ზარდახშაში ჩადებული კვართი მოსკოვამდე მიეტანა, რუსან ბეგისათვის გადაეცა და ეს უკანასკნელი პატრიარქს მიართმევდა.
1623 წ. 4 ნოემბერს ჯერ კიდევ შამახიდან მოსკოვში აცნობეს, რომ მეფესთან და პატრიარქთან მიდიოდნენ შაჰის ელჩები, რომლებსაც მიჰქონდათ შემდეგი საჩუქრები: ქრისტეს პერანგი, იაგუნდის ოქროს ჯვრები, ორი ოქროს გეჯა თვლებით, ოქროთი და თვლებით მოჭედილი უნაგირი, აღვირი და სხვ.
საელჩო პრიკაზში მოლაპარაკებების დროს (23 მარტი_25 მაისი) რუსან ბეგმა განაცხადა, რომ იგი წარმოშობით ქართველია და ოდესღაც საქართველოში პირველი კაცი იყო. შაჰმა მას გამოატანა წერილი და ზოგი რამ სიტყვიერადაც დააბარა.
საქართველოსთან დაკავშირებით რუსან ბეგმა აღნიშნა, რომ რუსეთის ხელმწიფის ელჩებმა შაჰ აბასს სთხოვეს, რომ მათ შორის მეგობრობასა და სიყვარულის განსამტკიცებლად, მეფე თეიმურაზის მიმართ მოწყალება გამოეჩინა. ქართველი მეფისათვის სამეფო და ხალხი დაებრუნებინა, აღარ შეევიწრობინა, საქართველოში აღარ შეჭრილიყო, რადგან იგი მართლმადიდებლური ქვეყანა იყო. ამასთან დაკავშირებით შაჰმა რუსან ბეგს უბრძანა მოსკოვში ეთქვა, რომ თეიმურაზ მეფემ შაჰის წინაშე მრავალი უსამართლობა ჩაიდინა, ამიტომ შაჰს მისი განადგურება კი არა მორჯულება უნდოდა. თეიმურაზ მეფემ შაჰის მოწყალება არ ისურვა და შაჰის მტერთან თურქეთის სულთანთან გაიქცა. შაჰი ამიტომ განურისხდა და მისი სახელმწიფოც გაანადგურა. ახლა მოსკოვის ხელმწიფეს სურს, რომ შაჰმა თეიმურაზს დაუბრუნოს მისი სახელმწიფო და ხალხი. შაჰ აბასი ხელმწიფეს საქართვლოსათვის კი არა, უარს არ ეტყვის სხვა რაიმესთვისაც.
რუსმა ბოიარებმა, როდესაც რუსან ბეგს იმის ახსნა დაუწყეს, რატომ იყო დაინტერესებული მოსკოვის ხელმწიფე თეიმურაზისა და მისი ქვეყნის დახმარებით (რომ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა, თეიმურაზის წინაპრებმა დიდი ხნის წინათ დაიფიცეს რუსეთის ერთგულებასა და ქვეშევრდომობაზე...), გაღიზიანებულმა შაჰის ელჩმა ბოიარებს განუცხადა: `ბოიარებმა საქართველოს მეფესა და საქართველოს მიწა-წყალზე მასთან ასე არ უნდა ილაპარაკონ, სირცხვილია მასთან ასე ლაპარაკი, ის თვითონ ქართველია და ზუსტად იცის, რომ ქართველი მეფეები და საქართველოს მიწა-წყალი მოსკოვის დიდი ხელმწიფე მეფეების ქვეშევრდომობაში არასოდეს ყოფილან, საქართველოს მიწა-წყალი ყოველთვის დამოუკიდებელი იყო~.
შაჰის ელჩის ამ ნათქვამით რომ უკმაყოფილო დარჩნენ რუსეთის დიპლლომატები, ცხადია, მაგრამ კიდევ უფრო უკმაყოფილო დარჩებოდა შაჰ აბასი, რომელსაც ელჩობის წევრები აუცილებლად მოახსენებდნენ რუსან ბეგის ნათქვამს. რუსან ბეგის ელჩობის მიზანი ხომ ზედმიწევნით ნათელი იყო: რუსეთის სამეფო კარისათვის დაემტკიცებინა ირანის განუყოფელი უფლება საქართველოზე, ყოველ შემთხვევაში მის აღმოსავლეთ ნაწილზე მაინც და გაემართლებინა შაჰის მიერ აღმოსავლეთ საქართველოს განადგურება. რუსან ბეგმა კი სრულიად საწინააღმდეგოს დამტკიცება სცადა, რაც ალბათ, სხვა მიზეზები რომ არ გაეხსენებინათ, ეს ერთიც საკმარისი იქნებოდა მის დასასჯელად. როგორც ქვემოთ დავინახავთ, რუსან ბეგმა შემდეგში შეცვალა საქართველოს მიმართ თავისი ნათქვამი.
ბოიარებმა მაშინვე გააპროტესტეს შაჰის ელჩის სიტყვები, საქართველოს მეფეების რუსთ ხელმწიფის ქვეშევრდომად ყოფნის უარყოფის შესახებ. ბოიარებს, არა მხოლოდ შაჰის ელჩის წინაშე, არამედ საქვეყნოდ შეუძლიათ განაცხადონ, რომ სიმართლეს ამბობენ და, რომ ამის დამადასტურებელი ბეჭედდასმული დოკუმენტი სამეფო ხაზინაში ინახება. მათი თქმით, მოსკოვში არც კი იცოდნენ რაზე ჰქონდა თეიმურაზ მეფეს შაჰთან უთანხმოება და რატომ გაანადგურა შაჰმა მისი მიწა-წყალი. ახლა, როდესაც ელჩი ამბობს შაჰის ბრძანებაზე, რომ თეიმურაზ მეფე მასთან მივიდეს და იგი მას თავის მიწა-წყალს დაუბრუნებსო, რუსები ამის შესახებ ქართველ მეფეს გააგებინებენ. თეიმურაზი რომ რუსი ხელმწიფეების ქვეშევრდომი არ იყვეს, მაშინ მიხეილ თედორეს ძე შაჰის წინაშე არ გამოესარჩლებოდა. ხომ ცნობილია, რომ მეფე ბორის თედორეს ძემ ყუმუხებში თავისი ჯარი გაგზავნა ოსმალთაგან ქართველი მეფეების დასაცავად. წინათ, რუს დიპლომატებთან საუბარში, რუსან ბეგმა თქვა, რომ საქართველო ყოველთვის დამოუკიდებელი ქვეყანა იყო. ახლა, რუსების მიერ მოხმობილი არგუმენტის საწინააღმდეგო რომ ვერაფერი მოიფიქრა, საქართველო ირანის ქვეშევრდომად გამოაცხადა: `მართალია, რომ ხელმწიფის ჯარი იმყოფებოდა ყუმუხების ქვეყანაში, მაგრამ საქართველოს მიწა-წყალი შაჰს ემორჩილებოდაო~.
ბოიარები და შაჰის ელჩი მტკიცედ იდგნენ თავიანთ პოზიციებზე და დათმობას არც ერთი მხარე არ აპირებდა. ბოიარების აზრით, შაჰს რაც უნდოდა უკვე გააკეთა, საქართველო გაანადგურა, ახლა თავი დაანებოს და ღვთის ანაბარად დატოვოს. რუსან ბეგმა ამაზე უპასუხა: `ის თვითონ ქართველია და საქართველოს მიწა-წყლისათვის ცუდს არ მოინდომებს, მაგრამ შაჰის სიტყვებს გაიმეორებს: ქართველი მეფე თეიმურაზი შაჰის წინაშე დამნაშავე რომ არ ყოფილიყო, მაშინ მას არ დაემართებოდა ის, რაც დაემართა. რადგანაც მოსახდენი უკვე მოხდა, [თეიმურაზი] შაჰთან უნდა წასულიყო და არა სულთანთან. შაჰის დიდებულება დიდ ხელმწიფეს წნააღმდეგობას არ გაუწევს და ყველაფერს ისე გააკეთებს როგორც მეფის დიდებულებას სურს~. რუსან ბეგს არ მოსწონს თეიმურაზ I-ის საგარეო პოლიტიკა. ის ბრალს სდებს კახეთის მეფეს შაჰ აბასის მიერ მისი სამეფოს განადგურებაში.
შაჰ აბასის მიერ რუსან ბეგის მოსკოვში `დიდ~ ელჩად გაგზავნა, განპირობებული იყო ელჩის ეთნიური ქართველობით. შაჰ აბასს სურდა რუსებისათვის ეჩვენებინა თავისი კარგი განწყობილება ქართველებისადმი. ქართველი დიპლომატის მიერ მირთმეული საჩუქრის მიმართაც მოსკოვის მთავრობას მეტი ნდობა ექნებოდა. სხვაგვარად ვერ აიხსნება რუსან ბეგის ელჩად შერჩევა, რადგან იგი არ გამოირჩეოდა არც ადამიანური და არც დიპლომატისათვის აუცილებელი თვისებებით. მან ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე.
ირანისა და რუსეთის დიპლომატები ქრისტეს `კვართის~ მოსკოვში ჩატანის ფაქტის თავისებურ ინტერპრეტაციას ახდენდნენ და მასში თავიანთთვის სასურველ შინაარსს დებდნენ. კვართის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟი როგორც შაჰს, ისე ხელმწიფეს თავიანთი პოლიტიკური და საეკლესიო ინტერესების განსახორციელებლად ესაჭირეობოდათ.
შაჰ აბასს `კვართის~ საქართველოდან წაღებით და მისი მოსკოვში გაგზავნით სურდა: 1. რუსეთი დაერწმუნებინა, რომ საქართველოზე მისი განუყოფელი უფლება ვრცელდებოდა; 2. ქრისტეს `კვართის ~ საქართველოდან გატანის შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა ამ ქვეყნის ქრისტიანულად დარჩენა; 3. რუსეთს ხელიდან გამოეცლებოდა ერთმორწმუნეობის საბაბით საქართველოსათვის გამოსარჩლების შესაძლებლობა, რომელიც ირანის ხელისუფლებას გარკვეულ სირთულეებს უქმნიდა.
რუსეთის ხელისუფალთა გაგებით: 1. `კვართის~ საქართველოდან რუსეთში გადატანა, სიმბოლურად, საქართველოს რუსეთის ძალაუფლების ქვეშ მოქცევას მოასწავებდა. 2. რადგან ეს აქცია ირანის შაჰის სურვილითა და ინიციატივით განხორციელდა, ისე გამოდიოდა, რომ ირანი რუსეთს საქართველოზე გავლენის გავრცელებაში აღარ უნდა შეცილებოდა.
ძნელია იმის თქმა, `კვართის~ მოსკოვში გაგზავნის შემდეგ როგორ წარიმართებოდა რუსეთ-ირანის ურთიერთობა, შაჰ აბასს დიდხანს რომ ეცოცხლა. მოვლენების შემდგომი განვითარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სავარაუდოა, შაჰ აბასის მემკვიდრეებს მისი ამ მოქმედების გახსენება უსიამოვნებას ჰგვრიდათ.
`კვართთან~ დაკავშირებული ამბები გვარწმუნებს, რომ შაჰისაგან გაგზვნილი საჩუქრის მიერ მოსკოვში `გამოცდის~ წარმარმატებით ჩაბარების მიუხედავად, მაინც რჩებოდა ეჭვი: ნამდვილად იყო თუ არა იგი ის, რომელიც ქრისტეს ემოსა ჯვარცმის წინ.
საინტერესოა, ჯერ მოსკოვში და შემდეგ რუსეთში გავრცელებული ერთი ანტიქართული სულისკვეთების თქმულება (`ამბავი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს პერანგისა~), რომელიც, სავარაუდოა, შეთხზულია XVII საუკუნის მეორე მეოთხედში. მასში უაღრესად თავისებურად და ტენდეციურად არის გადმოცემული საქართველოში კვართის მოტანის ისტორია, კვართის მიერ სასწაულების მოხდენა, როგორ ამოიზარდა ზეთისხილის ხე ელიოზის დისა და კვართის დაკრძალვის ადგილას, ხედან მოედინებოდა მირონი და სხვ. `მაგრამ ქართველებს სიხარბე მოერიათ და დაიწყეს მირონის გაყიდვა, დიდძალ შემოსავალს კი ითვისებდნენ. ღმერთი განრისხდა მათზე და ის ხე გაახმო.… ხელმწიფე მიხეილ თეოდორეს ძის დროს გაიგზავნენ ელჩები ყიზილბაშთა მეფესთან. ყიზილბაშთა მეფეს მტრობა ჰქონდა ქართველ მეფესთან. ყიზილბაშთა მეფე წავიდა საომრად საქართველოზე და დადო ფიცი, რომ თუ ღმეთი შემეწევა, ყველაფერს საბედნიეროდ გავუგზავნი ჩემს ძმას, მოსკოვის ხელმწიფეს. დაეხმარა ღმერთი (შაჰ აბასს) საქართველოს დაპყრობაში და ღირსეულად დაეუფლა პერანგს. მან უფლის პერანგი მოსკოვში გაგზავნა. მეფე-ხელმწიფე მიხეილ თეოდორეს ძემ და უწმინდესმა პატრიარქმა ფილარეტმა უფლის პერანგი მოათავსე მიძინების საკრებულო ეკლესიაში~.
შაჰ აბასის მიერ მოსკოვში პატრიარქისა და ხელმწიფისათვის გაგზავნილი საჩუქრის მიმართ ეჭვის წარმოშობაში, იყო თუ არა იგი ნამდვილად ქრისტეს კვართი, დიდი როლი შეასრულა ორმა ქართველმა ერთმანეთის მოწინააღმდეგე ბანაკებიდან _ თეიმურაზ მეფის ელჩმა, არქიეპისკოპოსმა თეოდოსემ და შაჰ აბასის ელჩმა _ რუსან ბეგმა. რუსეთის ეკლესია და პოლიტიკური მოღვაწენი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ დაედგინათ რას წარმოადგენდა სინამდვილეში შაჰ აბასის მიერ მოსკოვში გაგზავნილი ქსოვილი და რა იყო ის ხელთუქმნელი და თვალით უხილავი, რომელიც სვეტიცხოვლის ტაძარში განისვენებდა.
რუსან ბეგის მოსკოვში ყოფნის დროს, იქ იმყოფებოდა თეიმურაზ მეფის ელჩი თეოდოსე მანგლელი რევიშვილი. რუსულ საბუთებში ქართველი ელჩი შესახებ პირველი ცნობა ჩდება 1624 წ. ზაფხულში. იმავე წლის 27 ივლისს მოსკოვში მიიღეს რუსი ელჩების მიერ თერგიდან გაგზავნილი წერილი, რომლითაც აცნობებდნენ შაჰ აბასის მიერ საქართველოდან წაღებული ქრისტეს კვართის რუსეთის ხელმწიფისა და პატრიარქისათვის გაგზავნას. იმავე დღეს, აღნიშნულ წერილზე, გაჩნდა წარწერა: `მოელაპარაკეთ ქართველ ელჩს და ჰკითხეთ მას ქრისტეს კვართის შესახებ~.
რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების მასალების მიხედვით, ქართველ ელჩს თეოდოსე ერქვა და ეპისკოპოსი იყო. იგი მოსკოვში ჩავიდა 1624 წლის 14 მარტს. იმავე თვის 16 მარტს, ხელმწიფის ბრძანებით, თეოდოსეს გამოსაკითხად გაიგზავნენ ო. შახოვი და ბერძნულის მცოდნე ს. კამენევი. მისგან უნდა გაეგოთ ვისგან და რა მიზნით ჩავიდა თეოდოსე მოსკოვში. მან განაცხადა, რომ საქართველოს მეფე თეიმურაზის დავალებით ჩამოვიდა, მანამდე კი, ოსმალეთში იმყოფებოდა, ირანის აგრესიისაგან თავისი მეფის დაცვის სათხოვნელად. ოსმალეთიდან მობრუნებულ თეოდოსეს, თეიმურაზმა რუსეთის ხელმწიფესთან წასვლა უბრძანა.
მისი მოგზაურობა დაიწყო ჩილდირიდან, საქართველოს მოსაზღვრე ქალაქიდან, რომელიც წინათ საქართველოს მეფეს ეკუთვნოდა, ახლა კი სულთნისააო.
მოსკოვამდე მგზავრობა თითქმის ერთი წელი გაგრძელდა. თეოდოსე ჩილდირიდან გავიდა 1623 წლის მარტში, ტრაპიზონამდე ხმელეთით იმოგზაურა, აპრილის 20-ში მივიდა კონსტანტინოპოლში, საიდანაც რუს ელჩებთან _ ივანე კონდირევთან და ტიხონ ბორმასოვთან ერთად მგზავრობა გააგრძელა, მათთან ერთად გაიარა კაფა, აზოვი, ვორონეჟამდე რუს ელჩებთან ერთად მდ. დონით იმოგზაურა, 1624 წ. მარტში მოსკოვში მივიდა1.
ელჩობაში სამი სასულიერო პირი იმყოფებოდა: თვით თეოდოსე (ელჩობის ხელმძღვანელი), ათონის სიმონ-პეტრას მონასტრის არქიმანდრიტი არსენი, რომელიც დამწვარი მონასტრის აღსადგენად მოწყალებას ითხოვდა. მას თან ჰქონდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის კირლე ლუკარისის სიგელი. ელჩობის მესამე წევრი იყო ქართველი არქიდიაკონი კირილე4.
შენიშვნა
1. ნ. ნაკაშიძე ნ. ა. სმირნოვის ნაშრომზე დაყრდნობით აღნიშნავდა, რომ თეოდოსე 1623 წ. დეკემბერში რუს ელჩებთან ერთად მივიდა მოსკოვში, რაც სიმართლეს არ შეეფერება.

არქიმანდრიტი არსენი, კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ გაგზავნილი, ალბათ, პატრიარქის სახელით რუსეთის ხელმწიფეს თეიმურაზის შეწევნასაც ითხოვდა. რაც შეეხება ქართველ არქიდიაკონ კირილეს, მისი უფლება-მოვალეობანი მასალებში არ ჩანს, მაშინ როდესაც ის ოფიციალური ვიზიტების დროს ყოველთვის თეოდოსეს და არსენის გვერდით იყო. ელჩობას ახლდა 4 კაცი: 2 ქართველი - მიხეილი და და ვასილი და 2 ბერძენი - კირილე და თომა.
თეოდოსემ მოსკოვში საჩუქრად ჩაიტანა ძვირფასი თვლებითა და მარგალიტებით გაწყობილი ოქროს ჯვარი, რომელშიც შერეული იყო ცხოველმყოფელი უფლის ჯვრის ნაწილი. ჯვრის სანაწილეში ეწყო: ღვთისმშობლის კვართის ნაწილი, იოანე ღვთისმეტყველის თმა, იოანე ოქროპირის ნაწილები, წმ. პლაკიდოს ნაწილები, წმ. გიორგის ნაწილები, წმ. თეოდორე სტრატილატის ნაწილები, წმ. პირველწოდებული სტეფანე არქიდიაკვნის ნაწილები, ქვა იმ მთიდან, სადაც 40 დღე მარხულობდა უფალი, უფლის საფლავიდან ჩამოტეხილი ქვა და სხვ. აგრეთვე ოქროთი და თვლებით გაწყობილი ფარი, ვერცხლის აღვირი მოოქროვილი სამკერდეთი.
ზემოხსენებულ ო. შახოვსა და ს. კამენევს დაევალათ რუსეთში დასახლებულ ბერძენ ნექტარიუსთან, რომელიც ვოლოგდისა და ველიკოპერმის არქიეპისკოპოსი იყო, გაერკვიათ ვინ იყო ქართველი არქიეპისკოპოსი თეოდოსე. ნექტარიუსმა თქვა, რომ ნამდვილად იცნობდა ქართველ ელჩს, როგორც პატიოსან, კეთილ და მტკიცე მართლმადიდებელს. მან ისიც იცოდა, რომ თეოდოსე ეპისკოპოსად აკურთხა იმ კათალიკოსმა, რომლის დანიშნულიცაა ყველა მაღალი თანამდებობის პირი საქართველოში. ნექტარიუსის თქმით, თეოდოსეს უკეთ, 15 წლის განმავლობაში, იცნობდა მონაზონი იოანიკეი3, რომელიც იერუსალიმის პატრიარქებს სოფრონიუსსა (1579-1608) და თეოფანისს (1608-1644) ორჯერ გაუგზავნიათ საქართველოში მოწყალების შესაგროვებლად. მაშასადამე, იოანი-კეი საქართველოში უნდა ყოფილიყო 1600-1608/9 წლებს შორის.
მას საშუალება ჰქონდა პირადად გასცნობოდა თანამედროვე მრავალ ქართველ მოღვაწეს და საქართველოს ამბებშიც კარგად გარკვეულიყო. თეოდოსეს მოსკოვში ყოფნის დროს იოანიკეი ამ ქალაქის მკვიდრი იყო და არქიეპისკოპოს ნექტარიუსთან ერთად, როგორც რუსული მასალებიდან ირკვევა, მოსკოვის ხელისუფალთ საქართველოს საქმეების კვალიფიციურ ექსპერტებად მიაჩნდათ.
მართლაც, იოანიკეიმ ფრიად საინტერესო ცნობები წარმოაჩინა თეოდოსეს შესახებ. კერძოდ, თქვა, რომ თეოდოსე ქართველი, არქიეპისკოპოსი კი არა ეპისკოპოსი იყო, 20 წელზე მეტ ხანს იერუსალიმის უფლის საფლავის ეკლესიაში პატრიარქ სოფრონიუსთან გაატარა, ამჟამად ის თავის მამულში - ქიზიყში (Кизиках) ცხოვრობს და მას ემორჩილება 25-ზე მეტი არქიეპისკოპოსი და ეპისკოპოსი. იოანი-კეის მონათხრობიდან ჩანს, მან არ იცოდა, რომ როცა რუს მოხელეებს აღნიშნულ ინფორმაციას აწვდიდდა, თეოდოსე იმ დროს მოსკოვში იმყოფებოდა.
თეოდოსე, როგორც თვითონ უთქვამს, მოსკოვში ადრეც, მეფე თედორეს დროსაც ყოფილა. ის იერუსალიმიდან გოლგოთის ეპისკოპოს ეპიფანეს, იერუსალიმის პატრიარქის სოფრომის მიერ რუსეთში გაგზავნილ არქიმანდრიტს, იერუსალიმის წმ. საბას მონასტრის მონაზონს და რამდენიმე ბერს, რუსთ ხელმწიფესთან მოწყალების სათხოვნელად წაჰყოლია. მათი მოსკოვში ყოფნისას გარდაიცვალა მეფე თედორე და ისინი მეფე ბორის გოდუნოვმა გაისტუმრა. რადგან თეოდოსე მოსკოვიიდან საქართველოში დაბრუნდა და კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს ბორის გოდუნოვის საპასუხო წერილი მოუტანა, 1599 ან მახლობელ წელს. ნათელი ხდება, რომ იგი მოსკოვში ამ მეფის მიერ გაგზავნილი იყო.
თეოდოსე, საფიქრებელია, გაწაფული დიპლომატი იყო და, რადგან მას რუსებთან ურთიერთობის გამოცდილებაც ჰქონდა, თეიმურაზ I-მა 1623 წელს ელჩად გაგზავნა მოსკოვში. იოანი-კეიმ თეოდოსეს ცხოვრებისა და საქმიანობის ბოლო პერიოდზე, რა თქმა უნდა, აღარ იცოდა, რადგან, როგორც ის 1624 წელს თვითონ ამბობდა, საქართველოში 16 წლის წინათ, ე. ი. 1608-1609 წლებში იყო. საბოლოოდ მოსკოვში დასახლდა და ამის შემდეგ მან აღარაფერი იცოდა თეოდოსეს შესახებ. როგორც მისი მონათხრობიდან ჩანს, მას თეოდოსეზე კი არა 1609 წლის შემდგომი პერიოდის საქართველოში მომხდარ ამბებზე წარმოდგენა არ ჰქონდა.
საინტერესოა, რომ სათათბიროში მისული თეოდოსე მდივანმა ივანე გრამოტინმა წარადგინა, როგორც `იერუსალიმის წმინდა გოლგოთის მთისა და ცხოველმყოფელი ჯვრის მონასტრის~ არქიეპისკოპოსი, რომელიც მოსკოვში მოწყალების სათხოვნელად მივიდა და მეფესა და პატრიარქს თეიმურაზ მეფის სიგელები მიუტანა. ეს ცნობა დაგვეხმარება შედარებით სრულყოფილად აღვადგინოთ თეოდოსეს ბიოგრაფიის ზოგიერთი მომენტი მაინც.
როგორც ითქვა, თეიმურაზ I თავისი პოლიტიკური და დიპლომატიური მიზნებისათვის ხშირად იყენებდა იერუსალიმში მოღვაწე ქართველ და ბერძენ განათლებულ, ენების მცოდნე სასულიერო პირებს, რაზედაც შემდეგში დაწვრილებით ითქმევა. დავუბრუნდეთ თეოდოსეს. XVII ს. პირველ ნახევარში იერუსალიმში მოღვაწეობდა ეპისკოპოსი თეოდოსე მანგლელი რევიშვილი, იერუსალიმის ჯვარის მონასტრის წინამძღვარი. ის უახლოესი თანაშემწე იყო ნიკიფორე ირბახის (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი). თეოდოსე, ქართული და რუსული წყაროების მიხედვით, იყო მანგლელი, ჯვრის მონასტრისა და გოლგოთის (აღდგომის ეკლესიის) ეპისკოპოსი. ამ უკანასკნელი თანამდებობის შესახებ ვიგებთ მისი ნათქვამიდან ი. გრამოტინთან. რადგან თეოდოსე (თევდოსე) საქართველოსა და იერუსალიმში ზოგიერთ ქართულ და არაქართულ მონასტერს განაგებდა, ეს თეიმურაზ მეფეს უფლებას აძლევდა თავისი ელჩი არქიეპისკოპოსად გამოეცხადებინა. უფრო სწორედ, თეოდოსე მოსკოვში გამგზავრების წინ ამ რანგში აამაღლა, მაგრამ ელჩობის წარუმატებლად დასრულების შემდეგ ისევ ჩამოაქვეითა. ეს მხოლოდ ვარაუდია, უცილობელი კი ის არის, რომ სიცოცხლის ბოლომდე თეოდოსე ეპისკოპოსი იყო. ისიც შეიძლება ითქვას, რომ თეოდოსე გოლგოთაზე, კერძოდ, აღდგომის ეკლესიაში მოღვაწე უკანასკნელ ქართველებს განეკუთვნებოდა.
თეოდოსე 1619 წელს საქართველოში ჩამოვიდა და იერუსალიმის ეკლესია-მონასტრების ეკონიმიკურ პრობლემებს აგვარებდა. მაგრამ, სავარაუდოა, ის თეიმურაზ მეფემ სხვა მიზნითაც დაიბარა. ამ დროს თეიმურაზი ოსმალეთში იმყოფებოდა და ირანის აგრესიისაგან თავდასაცავად დახმარების მიღების მოლოდინში, 1618 წელს სულთნის მიერ ირანის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაშიც კი მონაწილეობდა. პიეტრო დელა ვალეს თქმით, რომელიც შაჰს ახლდა და ამდენად თვითმხილველი იყო საომარი მოქმედებებისა, ოსმალეთმა და ყირიმის სახანომ ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედება თეიმურაზ მეფის დაჟინებული მოთხოვნით დაიწყეს. ოსმალეთის ჯარმა, თავდაპიეველად სერიოზულ წარმატებას მიაღწია, ირანის სამფლობელოების სიღრმეში შეიჭრა და არდებილს მიადგა. რადგან ეს ქალაქი სპარსელების წმინდა ადგილია, თეიმურაზს განსაკუთრებით მისი გადაწვა უნდოდა, რათა შური ეძია სპარსელების მიერ განადგურებული ქართული ტაძრებისათვის. მაგრამ ოსმალებმა საბოლოო წარმატება ვერ მოიპოვეს. თეიმურაზი სულთნის მიერ ნაბოძებ მამულში დაბრუნდა.
ოსმალთა წარუმატებელი ლაშქრობის შედეგი განსაკუთრებით მძიმე და ტრაგიკული თეიმურაზისათვის იყო. რუსული წყაროს მიხედვით, ბრძოლის დროს თეიმურაზი ცხენიდან ჩამოუგდიათ. ინფორმატორი, ამიტომ ამბობს: `ცნობილი არ არის (თეიმურაზმა) ბრძოლიდან გააღწია თუ მოკლეს~1. შაჰმა თეიმურაზზე შური იმით იძია, რომ მისი ორი ვაჟი დაასაჭურისებინა, რის გამოც ლევანი გარდაიცვალა, ხოლო ალექსანდრე კი ჭკუიდან შეიშალა2.
შენიშვნები
1. რუსული წყაროს ცნობა თეიმურაზის კინაღამ დაღუპვის შესახებ სხვა წყაროებით არ დასტურდება.
2. ჯოვანი ტადეო დე სან ელიზეო შაჰ აბასის დახასიათებისას აღნიშნავს მისი გარეგნობის, ჩაცმულობის, ხასიათის, გამჭრიახობის შესახებ. შაჰს ძლიერ ყვარებია ხელოსნობა და სხვადასხვა საგნებს თავის ხელით ამ ზადებდა. `იგი სრულყოფილად ფლობდა იმ დროის ყველა ხელოსნობას და თუ რამეს ვერ აკეთებდა, იმის ფასი მაინც იცოდა. სხვა ხელოსნობათა შორის, რასაც შაჰი ასევე ფლობს, ეს არის კასტრირება, რასაც იგი დიდი სიამოვნებით აკეთებდა საკუთარი ხელით და იმდენად მოხდენილად, რომ იშვიათად თუ ვინმე მომკვდარა მის ხელში ამ ოპერაციის დროს~.
*   *   *
შაჰ აბასი როგორ ატყუებდა რუს ელჩებს და საქართველოს შესახებ დეზინფორმაციას აწვდიდა, ამის საილუსტრაციოდ შემდეგი მაგალითი გამოგვადგება: 1622 წლის თებერვალში შაჰ აბასმა მაზანდერანის ქ. აშრაფში რუს ელჩებს კორობინსა და კუვშინოვს მეორედ მიღებისას, თითქოს თეიმურაზის ვაჟები აჩვენა1 და ისიც კი აღუთქვა, რომ თუ კახეთის მეფე კახეთს ჩამოშორდებოდა, მას სამეფოს, დედას და შვილებს დაუბრუნებდა. ამ დროს რომ თეიმურაზის ვაჟები ცოცხლები აღარ იყვნენ, ამას ადასტურებს პიეტრო დელა ვალე, როდესაც შირაზში მყოფი ქეთევან დედოფლის შესახებ გადმოგვცემს. 1622 წელს ქეთევანმა ჯერ კიდევ არ იცოდა თავისი შვილიშვილების ტრაგიკული აღსასრული. პიეტრო დელა ვალე წერს: `ჩემი იქ (შირაზში) ყოფნის დროს მათმა ბებიამ (ქეთევანმა) ამის შესახებ არ იცოდა; რათა იგი განსაკუთრებით არ დაემწუხრებინათ, ამის შესახებ არ უთხრეს და როცა მე შირაზში ვიყავი და შემთხვევა მქონდა მის მსახურებს შევხვედროდი, პირველი რის შესახებაც გამაფრთხილეს, ის იყო, რომ მისთვის არ მეთქვა ეს ცუდი სიახლე~.
შენიშვნა
1. საქართველოდან `უკუ იქცა რა… და თვით მისულმან აშრაფს წარავლინნა დედა და ძენი თეიმურაზისანი შირაზს პატიმრად, რომელნიც განჯიდამვე წარავლინნა აშრაფს~ (ვახუშტი).
*   *   *
შაჰი, რა თქმა უნდა, რუს ელჩებს ატყუებდა. ვინ გაარკვევს მათ ვისი შვილები აჩვენა. როგორც ის ყმაწვილები იყვნენ ნამდვილი კახთ ბატონის შვილები, ისე ნამდვილი იყო მის მიერ რუსთ ხელმწიფისა და პატრიარქისათვის გაგზავნილ ქრისტეს `კვართი~.
სხვათა შორის, ზოგიერთი დამკვირვებელი თვლიდა, რომ შაჰ აბას I-ის მიერ ქეთევან დედოფლის დასჯის გადაწყვეტილების მიღება, დააჩქარა რუსეთის ხელმწიფის ჩარევამ. როგორც ჩანს, ამგვარი მოსაზრება ფართოდ იყო გავრცელებული. პიეტრო დელა ვალე წერდა: `თეიმურაზი ბევრი ეცადა, მაგრამ ამაოდ, გამოეხსნა თავისი დედა ამ (მოსკოვის) მთავრის შემწეობით, რომელიც იყო მეგობარი ირანის ხელმწიფისა და რომელიც ხშირად უგზავნიდა ამ უკანასკნელს დესპანებს. ზოგიერთები ფიქრობენ, იქნება არც უსაფუძვლოდ, რომ ამ გარემოებამ მოაკვლევინაო ირანის ხელმწიფეს ქეთევან დედოფალი, რადგანაც მისი გაშვება არ უნდოდაო, და არ გაეშვა არ იქნებოდაო; ამისათვის მას დედოფალი ან უნდა ძალით გაეხადა მაჰმადიანად და მაშინ შეეძლო მისი გაშვება თავიდამ აეცილებინა და ბოდიშის მოსახდელი მიზეზიც ექნებოდა, ანდა, როგორც მართლადაც ჰქმნა, უნდა მოეკლა~.
ქეთევან დედოფლის მოწამებრივი საკვდილის ამსახველ ანონიმურ მოთხრობაშიც ნათქვამია: `რამდენიმე ხნის შემდეგ, გაერკვა რა საქმეში, მოსკოვის დიდმა მთავარმა დიმიტრიმ, თეიმურაზ ხანის მეგობარმა, შაჰთან ელჩობა გაგზავნა და თხოვა მას მოწყალება, მიეცა თავისუფლება ქეთევან დედოფლისათვის და ამ ელჩთან ერთად გაეგზავნა იგი მასთან. მიხვდა შაჰი, რომ ამაში თეიმურაზ ხანის ხელი ერია და დააყოვნა რა თავისთან მოსკოვის ელჩი საერთო და გაუგებარი საუბრებით, თვითონ დიდი საიდუმლოებით და სასწრაფოდ გაგზავნა სამი ლაშქარი ზუსტი ბრძანებით, რათა მათ, შირაზში ჩასვლისთანავე ენახათ დედოფალი და მიეცათ მისთვის წინადადება: გამხდარიყო მავრი [გამაჰმადიანებულიყო] ან უარის შემთხვევაში, მას მოკლავენ გავარვარებული რკინის მაშებით. შაჰის განზრახვა იყო შემდეგი: თუ ქეთევან დედოფალი მიიღებდა მაჰმადიანობას, შაჰი მოსკოვიტებს უპასუხებდა, რომ არ შეუძლია გასცეს ის, რამდენადაც მისი კანონი ამას კრძალავს, ხოლო თუ მას მოკლავენ, შაჰი უპასუხებდა, რომ დედოფალი უკვე გარდაიცვალა. აი ეს მეორე პასუხი მისცა შაჰმა მოსკოველ ელჩს საბოლოოდ, აიძულა რა იგი დაეჯერა, რომ დედოფალი ნამდვილად გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით~.
ნასროლა ფალსაფის შაჰ აბასზე დაწერილი ნაშრომის მეორე ტომში მოყვანილი აქვს მოგონება პიეტრო დელა ვალესი, რომელსაც 1618 წელს შაჰის სპეციალური ნებართვით დაუთვალიერებია შაჰის სასახლე, სადაც იმ დროს დარბაზებისა და ოთახების შემკობა-მოხატვა მიმდინარეობდა. ერთ-ერთ დარბაზში, ერთ მხარეს, მას უნახავს შაჰის ფეხებთან გართხმული ქეთევან დედოფლის სურათი, რომელიც შაჰს ევედრებოდა ხელი აეღო მისი სამშობლოს გავერანება დარბევაზე.
*   *   *
დავუბრუნდეთ თეოდოსეს. როგორც ითქვა, იგი 1619 წელს საქართველოში იმყოფებოდა და აქვე უნდა დარჩენილიყო 1623 წლის მარტამდე, ვიდრე მოსკოვს გაემგზავრებოდა. 1624 წლის 14 მარტს ის მოსკოვში ჩავიდა, სადაც დაახლოებით ოთხი თვე დარჩა, 7 ივლისს ხელმწიფეს დაემშვიდობა და, ალბათ, რამდენიმე დღის შემდეგ სამშობლოსკენ გამოეშურა. ყოველ შემთხვევაში, თეოდოსე მოსკოვში `კვართის~ მიტანას არ დასწრებია.
თეოდოსეს მოგზაურობა (მოსკოვში ყოფნის დროს ჩათვლით) გაგრძელდა ოთხი წელი რაიმე დადებითი შედეგის გარეშე, რის გამო მას თეიმურაზ მეფე განურისხდა. თეოდოსე იერუსალიმში გაიქცა. თეოდოსეს ეს თავგადასავალი ნიკიფორე ბერძენის, თეიმურაზის სხვა ელჩის მიერ მოსკოვში ხელმწიფისათვის წარდგენილ თხოვნაში იყო გადმოცემული.
ნიკიფორე ბერძენი, რა თქმა უნდა, ვითარების კიდევ უფრო დრამატიზირებას ცდილობდა. თეიმურაზისათვის, მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისათვის, მით უმეტეს მეფისათვის, თითოეულ წელს კი არა, ერთ დღესაც გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა და სრულებითაც არ არის გასაკვირველი, რომ ის თავისი ელჩისაგან მოქმედებაში სისწრაფეს და მოქნილობას მოითხოვდა. მაგრამ მოსკოვში წარმატების მოპოვება მხოლოდ ელჩებზე რომ არ იყო დამოკიდებული, ამაში დაგვარწმუნებს ნიკიფორე არქიმანდრიტის საქმიანობის გადახედვა.
თეოდოსეს ვინაობაზე მსჯელობის დაწყების წინ ითქვა, რომ მოსკოვის საგარეო საქმეთა უწყებაში ირანიდან წამოსული რუსი ელჩების მოხსენების მიღებისთანავე გადაწყდა კვართთან დაკავშირებით მოლაპარაკებოდნენ ქართველ ელჩს თეოდოსეს. მაგრამ მასალებში არ ჩანს, როდის მოხდა მასთან შეხვედრა. ვიცით, რომ 1624 წლის 4 ივნისს თეოდოსე და ელჩობის სხვა წევრები ხელმწიფესთან მიღებაზე იყვნენ. იმავე დღეს თეოდოსე მიიწვიეს სათათბიროში და მდივან ი. გრამოტინს ზოგადად ესაუბრა სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხზე, კერძოდ, რუსეთ-საქართველოსა და საქართველო-ირანის ურთიერთობაზე. ამის შემდეგ ისინი გადავიდნენ კონკრეტულ საკითხებზე, მაგრამ რაზე, არ ჩანს. მხოლოდ შენიშვნაა: `საელჩოს მდივანს გრამოტინს ნაბრძანები ჰქონდა ამის შემდეგ არქიეპისკოპოსთან ელაპარაკა საიდუმლო საქმეზე. ჩანაწერები... ივანე გრამოტინთანაა~. ალბათ, აქ შეწყდა საგარეო უწყებაში 4 ივნისის შეხვედრა, ხოლო 27 ივნისს რუსი ელჩების მიერ თერგიდან გამოგზვნილი წერილის მიღებისთანავე გადაწყდა თეოდოსესთან მოლაპარაკება კვართის შესახებ. თეოდოსეს განმარტებებს მოსდევს იმ საჩუქრებისა და მათი ფასების ჩამონათვალი, რომლებითაც დააჯილდოვეს ელჩობის წევრები და, ბოლოს მოყვანილია თეიმურაზ მეფისათვის გასაგზავნი წერილის ტექსტი, დათარიღებული 1624 წ. 4 ივნისით.
ამგვარად, საგარეო საქმეთა უწყების არქივის `საქართველოს საქმეებში~ გაერთიანებულია ერთი თვის (4.VI_4.VII) განმავლობაში წარმოებული მოლაპარაკებები. ბუნებრივია, არქიეპისკოპოს თეოდოსესთან საუბარი კვართის შესახებ, რუსი ელჩების მოხსენებაზე გაკეთებულ 27 ივნისის წარწერაზე ადრე ვერ შედგებოდა. ეს უნდა მომხდარიყო ერთი კვირის განმავლობაში, 27 ივნისიდან 4 ივლისამდე განვლილ დროში, მაგრამ კონკრეტულად როდის, ამის თქმა ვერ ხერხდება.
ი. გრამოტინის მიერ ქრისტეს კვართის შესახებ დასმულ კითხვებზე, თეოდოსემ ისეთი პასუხები გასცა, რომ არა მხოლოდ რუსი დიპლომატი, არამედ რუსეთის ხელისუფლებაც კიდევ უფრო გაურკვევლობაში ჩააყენა. თეოდოსეს პასუხებს ახლა აღარ შევეხები, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, როგორი რეაქცია მოჰყვა მის ნათქვამს.
თეოდოსეს მონათხრობი პირველ რიგში გვარწმუნებს, რომ იგი შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი არ იყო. მან, რა თქმა უნდა, მშვენივრად იცოდა სვეტიცხოვლის ტაძრისა და კვართის ისტორია, მაგრამ შეგნებულად ცდილობდა დაემახინჯებინა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები. მან რუსეთის ხელისუფლებას შესთავაზა ახალი ვერსია კვართის საქართველოში მოტანისა და მის შემდგომ ბედზე.
როგორ შეიძლება ავხსნათ თეოდოსეს მიერ უარყოფა იმ ისტორიული ტრადიციისა, რომელიც ცნობილი იყო როგორც საქართველოში ისე მისი საზღვრებს გარეთ. საფიქრებელია, როდესაც თეოდოსემ შენიშნა ის აჟიოტაჟი, რომელიც შაჰის მიერ `კვართის~ მოსკოვში გაგზავნით შეიქმნა, ვითარების ღრმა ანალიზის გარეშე, თეიმურაზთან შეუთანხმებლად, წამოიწყო დიპლომატიური თამაში, რომლის მიზანი მოსკოვის მთავრობის საერთო, საქართველოს პოლიტიკისა და რელიგიის საკითხებისადმი ყურადღების მხოლოდ კახეთის სამეფოსა და თეიმურაზზე გადატანა იყო. თეოდოსის ამგვარმა მაქსიმალისტურმა პოზიციამ სასურველი შედეგი არ გამოიღო. როგორც ქვემოთ დავინახავთ, მოსკოვში მიხვდნენ, რომ ქართველი ელჩი კვართზე საუბრისას ტყუოდა, რაც სერიოზულ გავლენას მოახდენდა მოლაპარაკების მსვლელობასა და შედეგზე.
თეოდოსმა საჭიროდ ჩათვალა უარეყო შაჰ აბასის მიერ საქართველოდან `კვართის~ გატანა. ამ დროს (1623-1625 წწ.) რადგან თეიმურაზ I მხოლოდ კახეთის მეფე იყო, ქართლზე, კერძოდ, მცხეთაზე მისი ხელისუფლება არ ვრცელდებოდა, ამიტომ საჭირო იყო ისეთი ვერსიის შექმნა, რომელიც კახეთში კვართის არსებობას სარწმუნოს გახდიდა და ამით მოსკოვის კახეთით დაინტერესებას გამოიწვევდა. თეოდოსეს ნათქვამში, ლოგიკურად, თითქოს ყველაფერი სწორად იყო, მაგრამ მან ვერ გაითვალისწინა, რომ მოსკოვში ბევრი რამ იცოდნენ საქართველოს ეკლესიისა და სიწმინდეების შესახებ.
თეოდოსეს ისიც უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოსკოვში, სხვა ქართული სამეფოებთან შედარებით, სრული ინფორმაცია სწორედ კახეთზე ჰქონდათ. თეოდოსემ რუსეთის ხელმწიფეს მიხეილ თედორეს ძეს და მის მამას, პატრიარქ ფილარეტ ნიკიტას ძეს, თეიმურაზ მეფის ბერძნულად დაწერილი წერილები მიუტანა. თეოდოსე ბერძნულად თვითონაც ლაპარაკობდა და მან მწერალ ა. შახოვსა და თარჯიმან ს. კამენევს (ეს ის ს. კამენევია, რომელმაც 1605 წლის 12 მარტს კონსტანტინესგან მოკლული ალექსანდრე II კახთა მეფე და უფლისწული გიორგი იხილა) ამ ენაზე მოკლედ მოუთხრო თეიმურაზის ცხოვრების ბოლო პერიოდზე, შაჰ აბასის საქართველოში ლაშქრობების დასაწყისიდან თავის მოსკოვში გამგზავრებამდე. კერძოდ, მან თქვა, რომ როდესაც შაჰმა საქართველო გაანადგურა და თეიმურაზ მეფე გააძევა, მან ოსმალეთის სულთან აჰმედ I-თან (1603-1617) თეოდოსე გაგზავნა, რათა სულთანს კახეთის მეფე დაეცვა და მის დასახმარებლად ჯარი გაგზავნა. თეოდოსეს ისიც უთქვამს, რომ თეიმურაზ მეფე ამჟამად საქართველოს საზღვრის მახლობლად ოლთისში, ნამურდანში (ნამურაკიანი?), არტაანში და მათს მიმდებარე დაბებსა და სოფლებში ცხოვრობს. მასთან იმყოფება და ემსახურება საქართველოდან წაყოლილი მრავალი ქვეშევრდომი და 12 ათასი მეომარი. ქართველი მეფის სამსახურშუ ყოფილან დასახელებულ ქალაქებში მცხოვრები თურქებიც.
ხელმწიფის ბრძანებით, ვიდრე არქიეპისკოპოსი თეოდოსე მასთან აუდიენციაზე მივიდოდა, მანამდე სათათბიროს დიაკს ივანე გრამოტინს უნდა შეხვედროდა და თეიმურაზ მეფის იმ საიდუმლო დანაბარებზე ესაუბრა, რომელიც ხელმწიფისა და პატრირქისათვის იყო განკუთვნილი. თეოდოსეს, რომ საიდუმლო დანაბარებიც ჰქონდა, ამის შესახებ თეიმურაზი თავის სიგელშიც სწერდა: გთხოვთ ჩემი ელჩი მიიღოთ `ჩემს მაგიერ იმ საიდუმლო საუბრისათვის, რომლის ჩაწერა ამ წერილში არ შეიძლებოდა~.
თეიმურაზ მეფე, ელჩის მიერ მოსკოვში ჩატანილ სიგელშიც აღნიშნავდა, რომ არქიეპისკოპოს თეოდოსეს რუსეთის ხელმწიფესთან აგზავნიდა იმ სიგელის საპასუხოდ, რომელიც მან თეიმურაზს გამოუგზავნა მისივე ელჩის, ხარიტონის ხელით.
თეიმურაზმა იცოდა, რომ რუსეთს არ სიამოვნებდა კახეთის მეფის ოსმალეთთან ურთიერთობა და, როგორც ზემოთ აღინიშნა, რუსი დიპლომატები და ინფორმატორები თვალს ადევნებდნენ ამ ურთიერთობის განვითარებას. როცა თეიმურაზი დარწმუნდა, რომ ოსმალეთს ირანის წინააღმდეგ ბრძოლის და ქართველი მეფის ინტერესების დაცვის უნარი აღარ შესწევდა, პოლიტიკური ორიენტაცია რუსეთზე გადაიტანა. თეიმურაზმა, როგორც პრაგმატიკოსმა პოლიტიკოსმა რუსეთის ხელმწიფეს არ დაუმალა რატომ შეაქცია ზურგი ოსმალეთს: `აღარ გვინდა აგარიანი სულთნის დახმარება და აღარც იმედი გვაქვს, [დახმარებას] შენი მეუფებისაგან მოველით~. თეიმურაზის ამ ფრაზიდან მთავარია ის, რომ მას ოსმალეთისაგან რომელი დახმარების მიღების იმედი აღარ აქვს, იმის მიღებას რუსეთისგან ელოდება.
თეიმურაზ მეფე უაღრესად ლაკონურად განმარტავს ოსმალეთთან ურთიერთობის მოტივს, რამ უბიძგა ოსმალეთს დაკავშირებოდა ირანის წინააღმდეგ. დიპლომატიურ ენაზე ეს ნიშნავდა, რომ სტამბოლის ზავი იმდენად წამგებიანი იყო ოსმალეთისათვის, რომ იგი მალე დაარღვევდა ამ ხელშეკრულებას, ომს გაანახლებდა ირანთან, რაც ქართველებს აწყობდა. საქართველოსთან კავშირით დაინტერესებული იყო ოსმალეთიც, რომლისთვისაც შაჰის მიერ აკლებული ქვეყანა დასაყრდენი იქნებოდა ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში. თეიმურაზის ნათქვამი რუს დიპლომატებს იმაზეც მიანიშნებდა, XVII ს. 10-იან წლებში მან რატომ მიანიჭა უპირატესობა ოსმალეთს და არა რუსეთს. ამჟამად კი, ოსმალეთის შესახებ, თითქოს ყველაფერი ნათელი იყო (ოსმალეთმა წარუმატებელი ომი აწარმოა ირანთან და რეჩ პოსპოლიტასთან, მოიშალა სახელმწიფო მართვის სისტემა, იანიჩრები თვითნებობდნენ, კაზაკები არბევდნენ მის სამფლობელოებს, აჯანყდა არზრუმის ბეგლარბეგი, სასახლის გადატრიალებები).
ჩანდა როგორ Lძლიერდებოდა ირანი, მაგრამ თეიმურაზის აზრით, არც შაჰ აბასის საქმე მიდიოდა მთლად კარგად. თ. ტივაძემ თეიმურაზ მეფის წერილის იმ ადგილს მიაქცია ყურადღება,
სადაც ნათქვამია: `...გვესმა და წერილებითაც შევიტყვეთ, რომ უწმინდური შაჰ აბასი ძალზე შეზღუდული და დასუსტებულია ომებისაგან, რომლებიც მან გადაიტანა. ამბობენ, რომ იგი ინდოელებმა დაამარცხეს და ამის გამო მე ვემზადები, მოახლოვდა ჟამი, რათა ღვთის ნებითა და დახმარებით მასზე (გავილაშქრო)~.
იმას, რომ შაჰის ირანს, სამხრეთიდან საშიშროება ემუქრება და მისმა მოწინააღმდეგეებმა ამ მომენტით უნდა ისარგებლონ, თეიმურაზ მეფის დიპლომატიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, რაც განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა ესპანეთის სამეფო კართან ურთიერთობის დროს.
ამ დროს არც რუსეთს ჰქონდა დალაგებული საშინაო და საგარეო მდგომარეობა, მას სერიოზული მოწინააღმდეგე ჰყავდა დასავლეთიდან ლიტვა-რეჩ პოსპოლიტის სახით და არც ქვეყნის შიგნით იყო მშვიდობა. მიუხედავად ამისა, რუსეთი ირანთან დიპლომატიური მოლაპარაკებების დროს ფორმალურად იცავდავა თეიმურაზსა და მის ქვეყანას, რაც სინამდვილეში სიტყვიერი და წერილობითი განცხადებებით საქართველოზე თავისი უფლების დაცვა იყო.
თეიმურაზის აზრით, ახლა ოსმალეთი იმდენად დასუსტდა, რომ მას საკუთარი თავის დაცვა უჭირს და ამაოა მისგან საქართველოს დახმარების იმედის ქონა. აქედან გამომდინარე, რუს პოლიტიკოსებს უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ ქართველ მეფეს მათთან კავშირის განახლება და ტრადიციული კარგი ურთიერთობის აღდგენა, რაზეც ხშირად აპელირებდნენ რუსი დიპლომატები, თეიმურაზ მეფეს ნამდვილი დახმარების მიღებისათვის სჭირდებოდა. იგი არ მალავდა, რომ ეს იყო რუსეთისაკენ მისი შემობრუნების მიზეზი. თეიმურაზი, თავისი წერილის დასასრულს მიხეილ თედორეს ძეს პირდაპირ უსვამს კითხვას: რითი დაგვეხმარები _ ჯარით თუ ფულითო?1
31 მაისს პატრიარქმა ფილარეტ ნიკიტას ძემ თეოდოსე მანგლელი მიიღო, რომელმაც თეიმურაზ მეფის 1623 წლის 16 მარტის სიგელი გადასცა. ეს სიგელი თითქმის იდენტური იყო იმისა, რომელიც თეიმურაზმა მის შვილს _ ხელმწიფე მიხეილ თედორეს ძეს გაუგზავნა. რადგან მეფე თეიმურაზი ითხოვდა, რომ ხელმწიფეს მისი ელჩისაგან საიდუმლო დანაბარები პირადად მოესმინა, ამიტომ ივანე გრამოტინი სპეციალურად შეხვდა თეოდოსეს და ესაუბრა. გაირკვა, რომ შაჰისაგან დევნილი მეფე თეიმურაზი ოსმალეთში წავიდა და ახლა რუსეთის ხელმწიფისაგან ჯარით ან ფულით დახმარებას ითხოვს. იგი სულთანს აღარ დაუკავშირდება ხელმწიფის გვერდის ავლით. თეიმურაზს უნდა ამიერიდან ისიც და მისი სამეფოც ხელმწიფის ხელდებული იყოს. ხელმწიფემ და პატრიარქმა თეიმურაზის ამ თხოვნაზე თეოდოსეს უპასუხეს, რომ როდესაც მან იღუმენი ხარიტონი გამოგზავნა და შაჰის მოქმედებითა და უსამართლობით შეწუხებული აცნობებდა, ხელმწიფემ არაერთხელ მისწერა შაჰს, რომ საქართველოს მეფის მიმართ უსამართლობას ნუ ჩაიდენო. სულ ბოლოს, ხელმწიფის ელჩებმა ვასილი კორობინმა და დიაკმა ოსტაფეი კუვშინოვმა შაჰს თეიმურაზ მეფის შესახებ სპეციალური წერილი მიართვეს. შაჰმა მოუსმინა ელჩებს და სთქვა, რომ თეიმურაზმა მას მძევლად მისცა თავისი დედა და ორი ვაჟი, იმისათვის, რომ მის მტერს სულთანს არ მიემხრობოდა. თეიმურაზმა სიტყვა დაარღვია, თავისი დედა და შვილები მიატოვა, სულთანთან წავიდა და ახლაც მასთან არის. თეიმურაზის მიწა-წყალი, ქალაქები, მოსახლეობა, დედა და ორი ვაჟი მის ხელშია. შაჰმა თეიმურაზის შვილები ალექსანდრე და ლევანი ელჩებს აჩვენა (ამ დროს თეიმურაზის შვილები ცოცხლები აღარ იყვნენ). შაჰს სურდა, რუს ელჩებს თეიმურაზისათვის გაეგებინებინათ, რომ იგი უშიშრად მივიდეს მასთან და დედასა და შვილებს და სხვასაც ყველაფერს დაუბრუნებს. ელჩებმა შაჰ აბასს უპასუხეს, რომ თავიანთი მეფის ნებართვის გარეშე თეიმურაზთან დაკავშირებას ვერ გაბედავდნენ. შაჰმა ელჩებს დავალა, რომ მათ თავიანთი ხელმწიფისათვის ეცნობებინათ ის, რაც თეიმურაზის შესახებ სთქვა. მაგრამ რის გამო ჩამოვარდა თეიმურაზსა და შაჰს შორის მტრობა, რუსეთის ხელმწიფემ არაფერი იცოდაო, განაცხადა ი. გრამოტინმა.
ი. გრამოტინმა თეოდოსეს დაავალა თავისი მეფისათვის მოეთხრო როგორ მოეპყრა ხელმწიფე მის ელჩს. თეიმურაზს, ხელმწიფის აზრით, თვითონ უნდა მოეფიქრებინა, როგორი ურთიერთობა ჰქონებოდა შაჰ აბასთან და თავისი ახლობლები როგორ დაეხსნა მისი ხელიდან, ენდოს შაჰის სიტყვებს და მივიდეს მასთან თუ არა. რაც შეეხება თეიმურაზისათვის ფინანსური დახმარების გაწევას, ელჩს უპასუხეს: ამჟამად ხელმწიფეს ფინანსურ დახმარება არ შეუძლია, რადგან ადრინდელი ხაზინა პოლონელმა და ლიტველმა მტრებმა წაიღეს, მათგან განადგურებული ქალაქები ჯერ კიდევ ვერ აღსდგა.
არქიეპისკოპოსმა თეოდოსემ ი. გრამოტინს მოუსმინა, ხელმწიფეს დიდი მადლობა გადაუხადა, იმისათვის, რომ იგი თეიმურაზ მეფისა და მისი სამეფოს შაჰის ხელყოფისაგან დაცვას ცდილობდა. მაგრამ შაჰის ნდობა არ შეიძლება, იგი ცბიერი და მატყუარაა. ვიდრე საქართველოს გაანადგურებდა, მანამდე თეიმურაზს შვილს ეძახდა, მისადამი კეთილი იყო, ხოსრო მეფის გვირგვინს და თავისი სიკვდილის შემდეგ ირანში გამეფებას ჰპირდებოდა. თეიმურაზი ამიტომ ენდო შაჰ აბასს და მასთან მივიდა დედით, ცოლით და შვილებით. ამის შემდეგ შაჰმა განიზრახა თეიმურაზის მოკვლა და მისი სამეფოს დაუფლება. თეიმურაზმა შაჰის განზრახვის შესახებ ერთი ქართველისაგან გაიგო. ის სულთანთან გაიქცა, თავისიანები კი ღვთის განგებას მიანდო. ისინი მზად არიან მართლმადიდებლობისათვის წამებულის სიკვდილი მიიღონ. მათი შემწე შეიძლება ღმერთი და მოსკოვის ხელმწიფე იყვნენ.
ამის შემდეგ დაიწყო საიდუმლო მოლაპარაკება, რომლის შინაარსი უცნობია, თუმცა საუბრის ჩაწერა ხდებოდა და ჩანაწერი ი. გრამოტინთან ინახებოდა. თეოდოსეს და გრამოტინის შემდგომი შეხვედრებისა და საუბრების თემა ქრისტეს კვართი იყო, რაზეც ზემოთ უკვე გაკვრით ითქვა.
საინტერესოა, საქართველოში როდის გაიგეს შაჰ აბასის საჩუქრით მოსკოვში გამოწვეული მითქმა-მოთქმის შესახებ? როგორც ცნობილია, `ქრისტეს კვართი~ მოსკოვში მიიტანეს თეოდოსეს წამოსვლის შემდეგ. მას შეიძლებოდა ეფიქრა, რომ რასაც რუსები ყიზილბაშების მიერ საქართველოდან გატანილი სიწმინდეებისა და საგანძურის შესახებ ეკითხებოდნენ, ცნობისმოყვარეობითა და მომხდარის მიმართ სინანულის გრძნობით იყო გამოწვეული. თეოდოსემ არ იცოდა რუსეთის ხელისუფლებას კონკრეტულად რა აინტერესებდა. დღეისათვის ცნობილი რუსული საბუთები გვიჩვენებს, რომ XVII ს. 30-იანი წლებიდან ჯერ თეიმურაზ I, შემდეგ კი სხვა მეფეები და პოლიტიკური მოღვაწეები ყოველთვის აცხადებდნენ, ქრისტეს კვართი საქართველოში არისო. მაშასადამე, შაჰ აბასის მიერ რუსეთში გაგაზავნილ რელიკვიაზე, საქართველოში გაიგეს აღნიშნული დროიდან.
შაჰ აბასის მიერ კახეთში დატრიალებული უბედურების შესახებ, თეიმურაზ I რუსეთის ხელმწიფეს ყოველთვის აცნობებდა. დაუჯერებელია, მას არ სცოდნოდა ყიზილბაშების მიერ მცხეთიდან კვართის წაღების შესახებ და არაფერი თქმულიყო ქართველი მეფე-მთავრების მიერ მოსკოვში გაგზავნილ სიგელებში. ქრისტეს კვართი ხომ ყველა ქართველისათვის საერთო სიწმინდე იყო.
შაჰ აბასის მიერ განადგურებული საქართველოს ელჩი ხარიტონი, 1618 წელს მოსკოვში რომ ჩავიდა, მაშინ დაწყებული არ იყო ის რელიგიურ-პოლიტიკური ვნებათღელვა, რომელმაც თავი იჩინა 1624-1625 წლებიდან. თეიმურაზს და არც სხვა ქართველებს, სრულებითაც არ სჭირდებოდათ 1618 წელს რუსებისათვის დაემალათ შაჰის მიერ საქართველოდან კვართის წაღება. პირიქით, მაშინ ამის გამხელა კიდევ ერთი დამატებითი საბუთი იქნებოდა ქვეყნის უკიდურესად დამძიმებული მდგომარეობის წარმოსაჩენად, რაც იმ დროს ქართველი პოლიტიკოსების ინტერესებში შედიოდა.
უეჭველია, რომ შაჰისათვის ცნობილი იყო ხარიტონის მოსკოვში საქმიანობა და ჩატანილი სიგელების შინაარსი. სწორედ თეიმურაზის და, საერთოდ, ქართველი მეფეების წარმომადგენლების მოხსენებებისა და წერილების მიხედვით აწარმოებდნენ რუსეთის დიპლომატები შაჰთან მოლაპარაკებას საქართველოს საკითხზე. ამიტომაც ვერც შაჰ აბასი და ვერც მისი ელჩი ვერ დაასახელებდნენ კვართის წაღების დროდ საქართველოში ლაშქრობის წლებს. ამიტომ გასაგები ხდება შაჰმა რატომ `იპოვა~ `ქრისტეს კვართი~ რუსი ელჩების ისპაანში მისვლამდე, რამდენიმე თვით ადრე, როგორც მან მათ 1622 წლის 21 იანვარს უთხრა.

Комментариев нет:

Отправить комментарий