пятница, 8 декабря 2017 г.

მეჰმედ რაშიდის (XVII-XVIII) ცნობები საქართველოს შესახებ

თურქი ისტორიკოსი მეჰმედ რაშიდი XVII საუკუნის ბოლო მეოთხედში დაბადებულა. მამამისი ყადი იყო. 1692 წელს სტამბულში დაამთავრა მედრესე და 1704 წელს დაინიშნა მუდერისად (ლექტორად) ცნობილ მედრესესი. სულთან აჰმედ III-ის გამეფებიდან დაევალა სულთნის ოფიციალური ჟამთააღმწერლობა. ამის გამო მონაწილეობდა მის ლაშქრობებსი და აღწერდა როგორც თვითმხილველი. 1718 წელს დიდვეზირმა იბრაჰიმ ფაშამ დაავალა მუსტაფა ნაიმას დაწერილი ოსმალეთის ისტორიის (1591-1660 წლების) გაგრძელება, რომელიც მიიყვანა 1722 წლამდე. შემდეგ ეკავა სხვადასხვა თანამდებობები. 1723 წელს დაინიშნა ალეპოს ყადად. იყო რუმელიის ბელგლარბეგიც. გარდაიცვალა 1735 წელს ანატოლიის სამხედრო მოსამართლედ (ყაზიასქერი) ყოფნის დროს.
ისტორიის შედგენის დროს რაშიდი აქტიურად სარგებლობდა როგორც XVII საუკუნის მოღვაწეებით, ისე სამეფო კარის ოფიციალური დოკუმენტებით. ამიტომ ეს შრომა უნიკალურია. საქართველოსთან დაკავსირებით რაშიდი ძირითად იმერეთის სამეფოსა და ახალციხის საფაშოს ამბებს მოგვითხრობს.
ნაშრომის ჩვენთვის საინტერესო ადგილები თარგმნა და სენიშვნები დაურთო ვიტალი ჩოჩიევმა.
რაშიდის თარიხ-ის ქართული თარგმანი
1065 წელი (11.XI.1654-31.X.1655)
დიდი მიწისძვრის შედეგად ვანის ციხის ზოგი ადგილის დანგრევა
ვანის ეიალეთის1 მირმირანის2, სეიდ იუსუფ ფაშას არზა მოვიდა. მასში ნათქვამი იყო, რომ ალლაჰის ნებით მომხდარი დიდი მიწისძვრისაგან დაინგრა ვანის ციხის ერთი კოშკი და ზოგი ადგილი. რადგანაც ხსენებული ციხე რაფიზთა3 ტომებსა და ქურთებს შორის მდებარეობს, ხოლო ადგილობრივმა მოსახლეობამ სიმშვიდე დაკარგა, ამიტომ მაღალი სასახლის ერთ-ერთი კაფუჯი-ბაში4, კარაკაშ ალი აღა დაინიშნა და გაიგზავნა დანგრეული ადგილების შესაკეთებლად და გასამაგრებლად ისე, როგორც ადრე იყო.
1091 წელი (2.II.1680-21.I.1681)
ახალციხის მირმირანის, ასლან ფაშას5, მოკვლა
ვინაიდან ახალციხის ბეგლარბეგი6, ასლან ფაშა, ქონების შეძენის სურვილით საქართველოს ქვეყანაში მღელვარებას იწვევდა და ამბოხებისა და არეულობის მოთავე იყო, არზრუმის ვალიმ7, იბრაჰიმ ფაშამ, მისდამი გაგზავნილი სამეუფეო წერილის შესაბამისად, არ დააყოვნა (ასლან ფაშას) მოკვლა. მისი მოჭრილი თავი სამეფო კარის წინ მიწაზე გაგორებით დაამცირეს.
1103 წელი (24.IX.1691-12.IX.1692)
ირანის შაჰის ელჩის ჩამოსვლა
ტახტზე ბედნიერების მომასწავებელ ასვლასთან დაკავშირებით, ირანის შაჰის მიერ ელჩად გამოგზავნილ იქნა განჯის მმართველი, ქელბ ალი. როცა სატახტომდე მიაღწია, გაიცა (მისი სატახტოში შესვლის) ნებართვის მინიჭების სამეუფეო ფირმანი, რომლის შესაბამისდ [ხსენებული ელჩი] ღვთივდაცულ ედირნეში8 შევიდა. დროულად იქნა მიღებული ზომები, რათა, სამეუფეო კანონის შესაბამისად, [იგი] უზრუნველეყოთ აუცილებელი სახსრით და ბინით. მას შემდეგ რაც რამდენჯერმე დანაყრდა და ნაირ-ნაირი სიკეთით გაბედნიერდა, მეორე ჯუმადის მერვე დღეს (26.II.1692 .) მსოფლიოს ტახტის საფეხურის [წინაშე] ძირს დაემხო, ფადიშაჰს თავისი წერილი გადასცა და მიართვა ირანის ქვეყანაში განთქმული ხუთი ჩორთიანი ცხენი, ორმოცდახუთი ირანული ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ფარი, მურასა ხმალი და სხვა საჩუქრები.
სამეუფეო წერილის გადაცემა ირანის ელჩისათვის უავგუსტოესი (მიღების დროს)
ამას წინათ ბედკეთილ გამეფებასთან დაკავშირებით ჩამოსულ ირანელ ელჩს, ქელბ ალი ხანს მიწცა ირანის ქვეყანაში კვლავ დაბრუნების ნებართვა. რადგანაც შაჰისათვის გასაგზავნად გამზადებული სამეუფეო წერილის გადაცემა [ირანელი ელჩებისათვის] ძველი ჩვეულების მიხედვით, სამეუფეო დარბაზობის დროს ხდება, ამიტომ [მდინარე] დუნაის ნაპირზე კასრად წოდებულ ადგილზე, [სადაც მაშინ სულთანი იმყოფებოდა], ედირნის სასახლის მსგავსი კარავი გამართეს და დიდებული რამაზანის მეცამეტე დღეს (30.V.1692 .) [ირანის ელჩი ქელბ ალი ხანი] საპატიო რაზმის თანხლებით კონაღიდან9 (იქ) გადაიყვანეს.
როდესაც [შაჰის ელჩმა] დიდი ვეზირის თანდასწრებით თავი დაუკრა სამეფო უზანგს10 და მას შემდეგ, რაც საპატიო ხალათის ჩაცმით ჯერ დიდი ვეზირის აღმატებულება იქნა გაპატიოსნებული, ხსენებული ელჩიც დაუყოვნებლივ [ფადიშაჰმა] სიასამურის ქურქით შეიწყალა. (ამის შემდეგ) გაიცა ფირმანი იმის შესახებ, რომ მაღალი სამეუფეო წყალობიდან საჩუქრის სახით [ელჩისათვისსამგზავრო ხარჯების ანგარიშში მიეცათ თორმეტი ათას ხუთასი ყურუში11, ხოლო მისი თანმხლებლებისათვის აგრეთვე ხუთი ათას ხუთასი ყურუში, [ელჩის] სულ უფროსი ხაზინადარისათვის ხუთი ათასი ყურუში, ხოლო მისი თანმხლებლისათვის ორი ათასი, რაც ერთად აღებული შეადგენს ოცდა ხუთი ათას ყურუშს, და რომ ნება მიეცათ [ელჩისათვის] დაბრუნებულიყო თავის ქვეყანაში.
1108 (1696 . 31.VII-1697 . 19.VII)
მოსკოვის თავდასხმა აზოვის ციხეზე
მოსკოველი ურჯულოები აზოვის ციხეზე თავდასხმის ოცნებამ შეიპყრო. ამაზე ადრე, 1106 წელს (1694 . 22 აგვისტო - 1695 . 11 აგვისტო), [აზოვის ციხეს] შემოეწყვნენ და 86 დღიანი გარემოცვის შემდეგ ბოროტებასა და სიავეს სჩადიოდნენ. შემდეგ ხელახლა მათი ჯოჯოხეთში წასასვლელი ურიცხვი ლაშქარი ხსენებულ ციხეს თავს დაესხა და 1107 წლის ზულ ყადის თვის მეორე დღეს (1695 წლის ივნისში) გარემოცვა დაიწყეს. (ამ) უკანასკნელი გარემოცვისას ხსენებული [ციხე] ზარბაზნების ყუმბარების დაშენით დაზიანებული იქნა. ამასთან ისინი, ვინც ბრძოლის მსვლელობაში მოწამებრივ სიკვდილს გადაუერჩნენ, შეცოტავებული და უნარდაკარგული იყვნენ. როცა აშკარა და ცხადი გახდა. რომ გარემოცვას ვერ გაუძლებდნენ, საომარი სიმაგრეების და დაზიანებული კედლები სასწრაფოდ შესაკეთებლად და ციხის შიგნით მყოფი მცველების საომარი იარაღის, ზარბაზნების საწყობის შენახვის მდგომარეობის და მოვლის საჭიროებათა გადაგებად [სტამბოლიდან] გაიგზავნა მუბაშირი12, რომელმაც უდარდელობა და უთაურობა გამოიჩინა. გარდა ამისა, მაღალი სახელმწიფოს13 მხრიდანაც, სისწრაფე არ გამოიჩინეს. ციხისათვის გარედან დახმარების აღმოსაჩენად რომ იყვნენ დანიშნული ვეზირი ალი ფაშა, არზრუმის ვეზირი ბაკი ფაშა და ვეზირი, ხაზინადარი ჰასან ფაშა, აგრეთვე, ციხეში შესვლის მიზნით (მისი მცველების დასახმარებლად) გამოყოფილი ტრაპიზონის ვალი, ვეზირ კულაილი კავუზ აჰმედ ფაშას გაქცევის შემდეგ მის [მაგიერ ამ დავალების შესასრულებლად] დანიშნული ქეთხუდა14 ჰასან ფაშა თავისი კარის ხალხით და, განსაკუთრებით, მისი აღმატებულება, მაღალღირსეული ხანი15, არ მისულან გარემოცვის ადგიულამდე. [იგი] საჯაროდ დამარცხებული მოულოდნელად უკან დაბრუნდა. ურჯულოებმა ისარგებლეს მათი წასვლით და ხელთ იგდეს [ციხის მახლობლად მდებარე] მნიშვნელოვანი თავისუფალი ადგილები. ამის შემდეგ იფიქრეს, შესაძლებელია საიდანმე მაშველი ლაშქარი მოვიდეს [ჩვენს მიერ] უკუგდებული ან ციხის შიგნის განწირულ მდგომარეობაში მყოფ ნაწილთან შესაღწევადო, რის გამოც ოცდარვა დღე მოანდომეს თხრილების და სიმაგრეების მომზადებას და წესრიგში მოყვანას. მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგნენ [ციხის] გარემოცვას. როგორც [ზემოთ] განმარტებული იყო გარემოცული ციხის დასახმარებლად დანიშნული იქნენ არზრუმის ვალი ბაკი ფაშა, [აგრეთვე] ალი ფაშა და კილაული აჰმედ ფაშას ქეთხუდა, ჰასან ფაშა. როცა მათ სხვა მოლაშქრეებთან ერთად ხსენებული ციხის მახლობლად მდებარე, ქვიშად წოდებულ ადგილამდე მიაღწიეს, დიდი ღონე და ძალა დახარჯეს, რათა ლაშქრის ერთ ნაწილს [მაინც] შეეღწია ციხის შიგნით. მაგრამ სარწმუნოების მტრის მიერ წინასწარ მომზადებული თხრილების გადალახვა ამ საშუალებით შეუძლებელი აღმოჩნდა. ვინაიდან ციხის კოშკები გარემოცვის დაწყების შემდეგ დანგრეული იყო, ხოლო შიგნით მყოფ მეომრებ, რომლებმაც ისლამისათვის ბრძოლას და მტრებისგან თავის დაცვას გულმოდგინება და უნარი შეალიეს, წინააღმდეგობის ძალა დაკარგული ჰქონდათ, წარმართების16 ბრბომ იფიქრა, წარმატებას მივაღწევთ ციხის წინააღმდეგ ზარბაზნების, თოფებისა და საომარ საშუალებათა გამოყენების გზითო. ამ მიზნით მათ დაიწყეს მიწის მოთხრა-მოხვეტა და გააკეთეს ყრილი, რომელიც სიმაღლით ციხის კედელს გაუსწორდა. რაკი ციხეში მყოფ ოთხას თუ ხუთას მუსლიმ მეომარს [გარედან] დახმარების იმედი გადაუწყდათ, მათმა გამძლეობამ და სიმედგრემ იკლო და ძალაუნებურად სული დაელიათ. ასე 1108 წლის დიდებული მუჰარემის მეშვიდე დღეს (1696 წლის 6 აგვისტო) შენდობის აღთქმის გზით ციხე თავდამსხმელი ურჯულოების ხელში გადავიდა.
როცა ამ გულშემზარავი ამბის ანარეკლმა მაღალ სახელმწიფომდე მიაღწია, გაიცა ფირმანი იმის შესახებ, რომ მოეკლათ კილაულის ქეთხუდა, ჰასან ფაშა, და გონიოს ბეგი, რომლებსაც [აზოვის] ციხისათვის დახმარების აღმოჩენა ჰქონდათ დავალებული, მაგრამ დროზე გამოუცხადებლობით ბრძანება დაარღვიეს, აგრეთვე, ჯანიკის სანჯაყის17 მფლობელი, ჰასან ფაშა, რომელმაც აზოვის ციხეს დროზე არ გაუგზავნა ხე-ტყის სამშენებლო მასალა.
გაიქცა ბრძანება აგრეთვე იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ხაზინას დაესაკუთრებინა კილაური აჰმედ ფაშას მთელი ქონება, ვინაიდან იგი დანიშნული იყო ხსენებული ციხის დასაცავად, მაგრამ ზემოთხსენებულ პირებთან ერთად, თუ უფრო ადრე, [თავი აარიდა ამ დავალების შესრულებას და] გაიქცა.
ამას გარდა, ვინაიდან ბაზიერთუხუცესის შუამდგომლობით აზოვის ციხის დასაცავად დანიშნულმა ჯანიკელმა იენიჩრებმა18 ბრძანების შესრულებას გული არ დაუდეს და უდარდელობა გამოიჩინეს, ამიტომ მათი [იენიჩრების] კერის უმცროსი ჩაუში19 მუბაშირად შეარჩიეს და გაგზავნეს, რათა სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ დაუფლებოდა მათ მიერ დაკავებული ციხის დროშას, ქონებას და ნივთიერ სახსარს.
1114 წელი (28.V.1702-16.V.1703)
ახალი ციხის [მშენებლობის] დაწყება აკინდიდში
         აზოვის მხრიდან მტრის გემებს [შავი ზღვის მიმართულებით] მოძრაობის ხელსაყრელი პირობები რომ არ ჰქონოდათ, გადაწყდა ახალი ციხე აეგოთ ყირიმის მხარეში, ქერჩის ყურის მახლობლად აკინდის კონცხის სახელით ცნობილ ადგილზე. [ხსენებულ ადგილას] წყლის დაბრკოლებასთან ერთად სათოფურები გაკეთდა, რომლებშიც დაიდგა 44 ოყის და კიდევ უფრო მეტი წონის ყუმბარების მსროლელი, გემებიდან მოხსნილი ზარბაზნები. [გარდა ამისა, ქერჩის ყურეში აზოვის მხრიდან] ნავის შესვლის აღკვეთის მიზნით დროზე დაიჭირეს თადარიგი [ციხის] ნაკლოვანებათა მოსაწერიგებლად, რათა ხსენებული ციხე უზრუნველეყოთ აუცილებელი რკინით სამაკოს მხრიდან, მეცულეებით ვალახეთიდან და მოლდავეთიდან, მუშა-ხელით ახლომახლო დაბებიდან, ტყის მასალით ჩერქეზეთის მთებიდან, ზოგიერთი ხის მასალის საგნების სინოპის მხრიდან და სხვა საჭირო მასალით თვით სატახტოდან. ყოფილი ბოსტანჯი ბაში20, სკუტარელი მუსტაფა აღა საზღვაო ნაგებობათა გამგებლად დანიშნეს. ციხის ასაგებად, მის ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად და [აგრეთვე] ციხის გარემომცველ [ზღვის] ადგილებში [მტრის] გემის გავლისათვის ხელის შეშლის მიზნით დიდი ყუთებით ზღვაში ვეებერთელა ქვები ჩაყარეს. სამეფო ფლოტი, აგრეთვე, დასახმარებლად ხსენებული ადგილისკენ [წასასვლელად] დაინიშნა.
გურიელის ელჩის დაპატიმრება
ვინაიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ქვეყნის, გურიის, მთავრის ხელქვეითი თავკაცები შეთანხმების და პირობის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, ამიტომ მისი მხრიდან ელჩობის სახით მოსული რამდენიმე ქართველი სადალჯინის ციხეში გაგზავნესა და პატიმარჰყვეს, ხოლო საჩუქრის სახელწოდებით ჩაყვანილი რვა ვაჟი და ოთხი ქალწული საჯარო ვაჭრობით დაჰყიდეს. ხსენებული ჯგუფის [გაყიდვის გზით მიღებული] ჯიზია21 ხაზინას გადაეცა სარწმუნოების მიზნებისათვის.
ამბავი საქართველოზე ლაშქრობისა და ისლამის ლაშქრის დანიშვნის შესახებ
ვინაიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ქვეყნების მოსახლეობიდან დადიანის, გურიელის და აფხაზი აჯანყებულები რამდენიმე წლის განმავლობაში უარს ამბობდნენ ჯიზიას გადახდაზე, ამას გარდა, თავს ესხმოდნენ და ძალას იყენებდნენ ისლამის ქვეყნების ზოგიერთი საზღვრის მიმართ, [ამიტომ] მოწონწბული იქნა გადაწყვეტილება ამას წინათ ბაბა დაღისკენ დანიშნული ვეზირის ქუსჯი ხალილ ფაშასთვის არზრუმის ეიალეთის ბოძებისა და საქართველოზე სალაშქროდ შერჩეული ისლამის ლაშქრის სარდლად დანიშვნის შესახებ.
გაიცა ბრძანება, რომ მთავარსარდალ, ზემოხსენებულ ვეზირ ქუსჯი ხალილ ფაშასთან შეიკრიბონ და მის სიტყვასა და ბრძანებას დაემორჩილონ: ტრაპიზონის ბეგლარბეგი სალიჰ ფაშა ხსენებული ეიალეთის ლაშქრით, (აგრეთვე) ალაი ბეგები22, ზაიმები23 და თიმარის24 მფლობელები და ადგილობრივი მეომრები; აღმოსავლეთ ყარა ჰისარის სანჯაყის განმგებელი მუსტაფა ფაშა მთელი თავისი კარის ხალხით, სამასი შეიარაღებული მოხალისით და ხსენებული ლივის25 ზაიმები და თიმარის მფლობელები; გონიოს სანჯაყის ბეგი26 და მეორე ბაზიერთუხუცესი მეჰმედ აღა მაღალი კარის იენიჩარების ყველა მებრძოლის შემადგენლობით ხუთი ოდა27; ორასი კაცი ჯებეჯი28, ასი მეზარბაზნე, ორმოცდაათი ზარბაზნების ლაფეტების მზიდავი.
ტრაპიზონის ეიალეთში განლაგებული იენიჩარების სარდლები თავიანთი მებრძოლებით, გონიოს დასაცავად ჩაყენებული მაღალი კარის იენიჩრები, სამეფო ფლოტის ორი ნიჩბიანი და ორმოცი იალქნიანი გემი და გონიოს შორის მდებარე (ზღვის) ნაპირზე მყოფ მოლაშქრეთა ნაწილები და სხვა ხალხი, ყველა ვისაც კი გააჩნია საომარი თოფი;
ჩილდირის მხრიდან აგრეთვე, ჩილდირის ბეგლარბეგი ისჰაკ ფაშა29 მთელი თავისი კარის ხალხით, ჩილდირის ეიალეთის ზაიმები და თიმარის მფლობელები და ალაი ბეგები, ახალციხეში განლაგებული [სამეფო] კარის მეომრებიდან სამასი კაცი დაექვემდებაროს ერთ ჩაუშს; აწყურის და ხერთვისის ციხეების აღები30 მათს გვერდში მყოფი, [დაქვემდებარებული] მოხალისეებით, ჩილდირის ეიალეთის ქვეითი მეთოფეები და მხედრები, ასევე [იმ] თოთხმეტი სანჯაყის ბეგებით, რომლებიც იურთლუკად და ოჯაკლიკად ითვლებიან მთელი მათი კარის ხალხით;
ყარსის ბეგლარბეგი მუსტაფა ფაშა მთელი მისი, წესრიგში მოყვანილი კარის ხალხით და მისი ეიალეთის ყველა ზაიმი და თიმარის მფლობელი, ყარსის, მაღაზბერდის, გეჩვანის და კაღიზმანის მეციხოვნეები და მათს ირგვლივ მყოფი მოხალისეების აღები, და ხსენებულ ეიალეთში მდებარე თხუთმეტი სანჯაყის ბეგი;
არზრუმის ეიალეთში მდებარე ცხრა სანჯაყის ბეგი და ალაი ბეგი, [აგრეთვე] ზაიმები და თიმარის მფლობელები და ქიღის, კაღიზმანის (აქ შეცდომა უნდა იყოს. კაღიზმანი იხსენიება ზემოთაც, ყარსის საბეგლარბეგოს შემადგენლობაში), ბაიაზეთის და ალაშკერტის სანჯაყების ბეგები.
1115 (1703 წლის 17.V-1704 წლის 5.V) წელი ჯებეჯიების თავყრილობა ნარჩენი ჯამაგირის მოპოვების მიზნით
როდესაც იენიჩრების ოთხი ოდა და ორასი, ცხენებზე შესაჯდომად გამზადებული ჯებეჯი, რომლებსაც ბედნიერების სატახტოდან (ე.ი. სტამბულიდან) ნაბრძანები ჰქონდათ საქართველოზე ლაშქრობა რაზეც ზემოთ იყო საუბარი, [მათ წასაყვანად სტამბულის ნავსადგურში ჩამომდგარ] გემებზე ნაწილდებოდნენ, ხსენებული ორასი ჯებეჯი, ერთ ჯგუფად შეკრებილნი, ჯებეჯი ბაშისთან31 და მათი კერის ქეთხუდასთან მივიდნენ და განაცხადეს: ვინაიდან ლაშქრობას გვავალებთ, ავანსად უნდა მოგცეთ ჩვენი ულუფის მეოათედიო და აურზაური ატეხეს. როცა [ჯებეჯი ბაშიმ და ქეთხუდამ] მათ მიუგეს, რომ ჯამაგირს დაუყონებლივ გამოგიგზავნით დანიშნულებისამებრ, როგორც კი (სალაშქროდ) გაემართებითო, ჯებირებმა ყურად არ იღეს [ასეთი პასუხი] და ამის შემდეგ, ათ მეიდანზე32, ფაზლი ფაშას სასახლის წინ, ამბოხების და შფოთის დროშა აღმართეს. ვიდრე ჩვენი ჯამაგირის მეათედი წინასწარ არ მოგვეცემა, ამ ადგილიდან ფეხს არ მოვიცვლითო. [ჯებეეჯიებმა] თავი აიშვეს და გაჯიუტდნენ.
(ადრე), როდესაც ჯამაგირი დარიგდა, თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა, რის გამოც დივანიდან33 მხოლოდ იენიჩრების რაზმს გაუსწორდნენ, ხოლო სიფაჰიების34 რაზმისათვის დიდი ვეზირის [სახლიდან გამოიტანეს] მოფენილობა და თვითოეულ [საფაჰს] დაურიგეს. რაც შეეხება ჯებიჯიებს, მეზარბაზნეებს, ზარბაზნების მზიდველებს, ბოსტანჯიებსა და სხვა ოჯაღებს, მათ სულ ცოტა ახჩა შეხვდათ, რაც მხოლოდ მეთაურებს შორის გაანაწილეს. ხაზინას ყოველი მხრიდან საფრთხე უდგა, თანაც მისი შემცირებული სახით განაწილება შეუძლებელი გახდა. ამიტომ მეომრებამდე ჯამაგირმა არ მიაღწია და ზოგიერთს ოთხი თუ ხუთი, ხოლო ზოგიერთს ათი ქისა35 დააკლდა. მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა დიდი ბრძანება ორასი ჯებეჯისათვის მათ მიერ მოთხოვნილი ჯამაგირის ნარჩენის მიცემის შესახებ, მაინც სექბან ბაში36, მურთეზა აღა, ჯებეჯი ბაღი და ჯებეჯიების ქეთხუდა თავიანთი მიზნების მიღწევაში დახმარების მიღწევის განზრახვით ერთად წარდგნენ კაიმაკამ37 ფაშასთან და თქვეს: თუ საძაგელი მდაბიოები დარწმუნდებიან, რომ ამ საბაბით მათ განზრახვას წარმატება მოჰყვება, მაშინ სხვებიც დაიჩემებენ ამის თაობაზე [სულთნის] ბრძანება უკვე არსებობსო, და ყველა საგონებელში ჩავარდა. დიდი ფიქრისა და განსჯის შემდეგ დაასკვნეს, რომ ამჟამად მათგან [ამბოხებული ჯებეჯიებისაგან] თავის დაცვის მიზნით შესაფერი, შედარებით ნაკლები საშიშროების გამომწვევი განკარგულების გაცემაა საჭირო იმიტომ, რომ ჩვენი საკუთარი ძალის [გადაჭარბებით შეფასება], ასევე მათი მისწრაფებისადმი გულგრილობის [გამოჩენა] ან ძალის გამოყენება და სასტიკად მოპყრობა, ალლაჰიც დაგვიფარავს, გახდებოდა ამბოხების ალის აგიზგიზების მიზეზი.
[ამის შემდეგ ხსენებული პირები] დაუყონებლივ შეუდგნენ მათი გაუცემელი ჯამაგირის სრულად შოვნა-მომზადებას და დაფაცურდნენ, რათა [ჯებეჯიები] სასწრაფოდ გაეგზავნათ დანიშნულებისამებრ გამზადებული გემით.
ეს ამბები კაიმაკამ ფაშამ სახელმწიფოს ცენტრს წერილობითაც დაწვრილებით მოახსენა. და როდესაც ამ გამაოგნებელი ამბის კვალმა მთავრობის ყურამდე მიაღწია, ეს შეაფასეს როგორც ჯებეჯი ბაშის უთაურობა და მისი თხოვნის შეწყნარება შეუძლებლად მიიჩნიეს. დიდი ვეზირის გონივრული რჩევით ჯებეჯი ბაშიდ დაინიშნამეორე სურემინი38, ბოსნიელი იბრაჰიმ აღა. რადგანაც ბედნიერების სატახტოში მის ჩასვლამდე საქმის რიგიანი მცოდნე არავინ ეგულებოდათ [ამიტომ სურემინი იბრაჰიმ აღა], სინანულით გაისტუმრეს ედირნედან.
დამამშვიდებელი ცნობის მიღება ამირებისაგან საქართველოზე ლაშქრობიდან რიზეში დაბრუნების შემდეგ
ამას წინათ საქართველოზე სალაშქროდ დანიშნულმა ბეგებმა, მოლოდინის წინააღმდეგ, რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს. ვინაიდან ზამთარი ახლოვდებოდა და [ზღვაზე] ქარიშხლის [ამოვარდნისა] ეშინოდათ, გემები რიზედ წოდებული ადგილის ნავსადგურში შევიდნენ. [სატახტოში] ცნობა მოვიდა, რომ ისინი გაზაფხულის დადგომამდა ხსენებულ [ნავსადგურში] დარჩებოდნენ.
საქართველოზე ლაშქრობა
საქართველოს მხარეებში მდებარე იმერეთის, სამეგრელოს და გურიელის ქვეყნების მოსახლეობის ზოგიერთმა ჯგუფმა აჯანყების დროშა ააფრიალა. როცა მის უდიდებულესობას, მრისხანე ფადიშაჰს [ამის შესახებ] მოახსენეს, ხსენებული თვის მეთორმეტე დღეს (31.I.1703 .) მაღალი ფირმანი გაიცა ტრაპიზონის ვალის და სხვა მხარეების ვალიებზე მთავარსარდლად განწესებული ხალილ ფაშას სახელზე იმის შესახებ, რომ აჯანყებულთა ხელში ჩავარდნილი ციხეები განთავისუფლების შემდეგ ძირფესვიანად მოეთხარათ, ხოლო ბაღდადჯიკად (დღევ. დაბა ბაღდათი) და ბათუმად წოდებულ ადგილებში, საჭიროებისდა-მიხედვით, რამოდენიმე ციხის საძირკველი ჩაეყარათ და ყველა ადგილზე საკმაო რაოდენობით მცველები ჩაეყენებინათ.
შენიშვნები
1. ეიალეთი - იგივე ვილაიეთი, ბეიელერბეილიი (საბეგლარბეგო) ყველაზე მსხვილი ადმინისტრაციული ერთეული ოსმალეთში.
2. მირმირანი - იგივე ამირთა ამირა, ბეგლარბეგი, ვალი.
3. რაფიზები - მწვალებლები. ასე ეძახდნენ თურქები შიიტ ირანელებს.
4. კაფუჯი ბაში - სულთნის სასახლის მოხელე. ხელმძღვანელობდნენ უცხო ელჩების მიღების ცერემონიალს და თვალყურს ადევნებდნენ სასახლის საშინაო წესების დაცვას. ზოგჯერ მათ ავალებდნენ სულთნის ბრძანებების შესრულებას პროვინციელი მოხელეების მიმართ.
5. ასლან ფაშა. ახალციხის მეოთხე ფაშა. ვახუშტით 1659-77 წლებში ფაშობდა, თუმცა რაშიდის ცნობით 1680/81 წელს დასაჯეს სიკვდილით.
6. ბეგლარბეგი - ეიალეთის განმგებელი. ინიშნებოდა სულთნის მიერ. მეთაურებდა სამხედრო და სამოქალაქო საქმეებს ეიალეთში.
7. ვალი - ეიალეთის განმგებელი მოხელე დანიშნული სუთნის მიერ. თურქულ წყაროებში ხშირად იხსენიება ბეგლარბეგის სინონიმად.
8. ედირნე - ადრიანოპოლი.
9. კონაღი - 1) მთავრობის სასახლე; 2) სახელმწიფო დაწესებულება; 3) დროებით სადგომად გამოყენებული რეზიდენცია.
10. სამეფო უზანგი - 1) სულთნის ამალა; სულთნის მიერ დარბაზობაზე დაშვებული პირები.
11. ყურუში - ფულის ერთეული, იგივე პიასტრი, თურქულის ლირას 1/3.
12. მუბაშირი - სასამართლოს მოხელე, აღმასრულებელი; ხელისუფლების წარმომადგენელი.
13. მაღალი სახელმწიფო - ოსმალეთი.
14. ქეთხუდა - სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებების, მათ შორის ჯარების სამეურნეო საქმეების განმგებელი მოხელე.
15. მაღალღირსეული ხანი - ყირიმის ხანების მოხსენიების ფორმა.
16. წარმართები - არამუსლიმები.
17. სანჯაყი - 1) დროშა; 2) სადროშო, ოსმალეთის ერთ-ერთი ძირითადი ადმინისტრაციული ერთეული.
18. იენიჩარი - „ახალი ჯარი“. რეგულარული არმიის ძირითადი ბირთვი. შეიქმნა XIV საუკუნეში და თავდაპირველად მასში ბალკანელი (სლავი, ბერძენი) ქრისტიანი 7-12 წლის ბიჭუნებს აერთიანებდნენ. გაუქმდა 1826 წელს.
19. ჩაუში - სულთნის სასახლის მოხელე. ძირითადად ელჩებად იგზავნებოდნენ უცხოეთში. ზოგჯერ შიდა პროვინციებში საგანგებო დავალებით იგზავნებოდნენ.
20. ბოსტანჯი-ბაში - სულთნის სასახლის, ბაღებისა და მიმდებარე რაიონის მცველების უფროსი.
21. ჯიზია - ერთ-ერთი გადასახადი ყურანით გათვალისწინებული ოთხი ძირითადი გადასახადიდან. ურწმუნოები უხდიდნენ გამარჯვებულს. ასე ერქვა დაპყრობილი ქვეყნებიდან მოსულ ხარკსაც.
22. ალაი ბეგი - სანჯაყბეგის ხელქვეითი. ევალებოდა სანჯაყის ლაშქრის შეკრება.
23. ზაიმი - მიწით შეწყალებული ფეოდალი (ზეამეთის მფლობელი), რომლის მოვალეობას სულთნის ლაშქარში მონაწილეობა შეადგენდა. მას საკუთარი ხარჯით უნდა გამოეყვანა რამდენიმე მხედარი - ჯებელი. ზაიმების მიწების შემოსავალი ოცი ათასიდან ასი ათას ახჩამდე იყო განსაზღვრული.
24. თიმარი - საკარგავი, ანუ მიწა, რომელიც სულთნისგან სამხედრო სამსახურისთვის ეძლეოდა. მისი წლიური შემოსავალი 5-20000 ახჩა იყო. მინიმუმად ზოგჯერ დაწესებული იყო 3000 ან 1000 ახჩა.
25. ლივა, იგივე სანჯაყი - დროშა, სადროშო.
26. სანჯაყ ბეგი - იგივე მირლივა და მუთასარიფი. სანჯაყის სამხედრო და სამოქალაქო მმართველი. მნიშვნელოვანი სანჯაყების ბეგებს ერთთუღიანი ფაშას ტიტული ჰქონდათ.
27. ოდა - ოთახი; იენიჩრების ყაზარმა; იენიჩრების ნაწილი.
28. ჯებეჯი - მეიარაღე, მეაბჯრე. ჯებეჯიები შეადგენდნენ დამხმარე ნაწილს, რომელიც რეგულარულ ჯარს ემსახურებოდა. ამზადებდნენ იარაღს და ამარაგებდნენ.
29. ისჰაკ-ფაშა, ისაყ ფაშა - ახალციხის ფაშა 1701-37 წლებსი. ორჯერ დაკარგა ფაშომა, მაგრამ ორივეჯერ გაიმართა სულთანთან თავი და დაიბრუნა ტახტი. ოსმალობის დროს დაინიშნა ქართლის მმართველად და ებოძა სამთუხიანი ფაშობა და ვეზირის წოდება, თუმცა ოსმალობის შემდეგ ჩამოერთვა უკანასკნელი წოდებები.
30. აღა - მრავალი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ შემთხვევაში ციხის უფროსი.
31. ჯებეჯი ბაში - ჯებეჯიების უფროსი.
32. ათმეიდანი - ცხენის მოედანი, ყოფილი კონსტანტინეპოლის იპოდრომი. აქ ოსმალეთის ჯარი ხშირად აწყობდა გამოსვლას სულთნის წინააღმდეგ.
33. დივანი - ცენტრალური ხელისულება, სახელმწიფო საბჭო სულთნის და დიდი ვეზირის მეთაურობით, რომელშიც შედიოდნენ სხვა ვეზირები და ზოგიერთი დიდი მოხელე. ეწოდებოდა აგრეთვე ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებას. რაშიდის კონტექსტში დივანი სახელმწიფო ხაზინას ნისნავს.
34. სიფაჰი - 1) მხედარი; 2) მიწით შეწყალებული ფეოდალი, ზეამეთის ან თიმარის მფლობელი; 3) რეგულარული ცხენოსანი ჯარის მეომარი. აქ რაშიდი გულისხმობს რეფულარული ჯარის სიფაჰიებს, რომლებიც იენიჩრების მსგავსად ჯამაგირს იღებდნენ.
35. ქისა - ფულის კრებითი ერთეული. 1687 წლამდე ერთი ქისა 500 ახჩას უდრიდა, შემდეგ კი 500 ყურუშს.
36. სეკბან ბაში - სეკბანების უფროსი. სეკბანები - მწევრებით მონადირენი, შეადგენდნენ იენიჩრების კორპუსის ერთ-ერთ ნაწილს.
37. კაიმაკამი - მოადგილე. ასე ეწოდებოდა მოხელეს, რომელიც ცვლიდა დიდ ვეზირს მისი სტამბულში არყოფნის დროს.
38. სურემინი - საჩუქრების წამღები, შედგენა 2 სიტყვისგან: 1) სურე - საჩუქრები, რომლებსაც ოსმალეთის სულთნები ყოველწლიურად უგზავნიდნენ წმინდა ქალაქ მექას. 2) ემინი - მოხელე, რომელსაც ევალებოდა სულთნის საჩუქრების ჩატანა მექაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий