суббота, 9 июня 2018 г.

ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო ურთიერთობანი და დიპლომატია 1580-იან წლებში (ე. მამისთვალიშვილი)

XVI . 80-იანი წლების ევროპულ წყაროებში პირველ ცნობებს საქართველოს საგარეო ურთიერთობების შესახებ რეჩპოსპოლიტის მეფე იშტვან ბატორის (1576-1586) ანტიოსმალურ გეგმებში ვნახულობთ. იშტვან ბატორის აზრით, ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებამდე აუცილებელი იყო რუსეთის დაპყრობა. ამ გეგმის განხორციელებისათვის იგი მხარდაჭერას ეძებდა რომში, ვენეციის რესპუბლიკაში, ავსტრიაში, ესპანეთსა და ირანში. რომის პაპის აზრით, ესპანეთი და პოლონეთი, რომლებიც რუსეთზე გავლით უნდა დაკავშირებოდნენ ჩინეთსა და ინდოეთს, კათოლიკური ევროპის დასაყრდენი იყვნენ. პაპ გრიგოლ XIII- (1572-1585) გრანდიოზული პერ სპექტივები ესახებოდა პოლონეთის, ლიტვის და შვეციის ერთობლივი ფრონტით რუსეთზე და ოსმალეთის იმპერიაზე შეტევისათვის1.
იშტვან ბატორი გამეფებისთანავე რუსეთის წინააღმდეგ ომისათვის სამზადისს შეუდგა. რომის პაპი თვისი სპეციალური ელჩის, ცნობილი დიპლომატის, იეზუიტ პოსევინოს საშუალებით ყოველნაირ მხარდაჭერას უცხადებდა ბატორის თეზისს: მოსკოვი თურქ-თათრების ან პოლონეთის გავლენის ქვეშ მოექცევა. მაგრამ პაპის კურიაში, ვენეციასა და ბატორის კარზე იცოდნენ, რომ რუსეთი ადვილი ნადავლი არ იქნებოდა. საჭირო იყო რუსეთისა და ოსმალეთის ერთმანეთთან დაჯახება და ასეთი საშუალებით ორივეს დასუსტება. ამის შემდეგ რუსეთის დაპყრობა მის დასავლელ მეზობლებს სრულიად გაუადვილდებოდათ2.
1. Винтер Э. Натиск контрреформации на Россию и польские королевские выборы 1575 и 1587 гг. Сб. «Международные связи России до XVII в.», М., 1961 , с. 407.
2. Тамже, с. 408.
პოლონეთ-რომის მოლაპარაკება პოსევინოს საშუალებით მიმდინარეობდა. 1583 წლის 26 იანვარს პოსევინო კომოს კარდინალს აცნობებდა კავკასიის ფრონტზე მომხდარ ახალ ამბებს და ოსმალების მიერ განცდილი მარცხის მნიშვნელობაზე. იგი იქვე მიუთითებდა, რომ სასურველია, პაპმა ირანის შაჰი ქრისტიანი ხელმწიფეების სახელით წააქეზოს, რათა მტკიცედ იდგეს ოსმალეთის წინააღმდეგ. პოსევინო იმასაც აღნიშნავდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთზე გამავალ გზებს ირანთან და კავკასიასთან დასაკავშირებლად1.
იშტვან ბატორს იმავე წელს კახეთთან, ქართლთან და ყაბარდოსთნ სამხედრო კავშირის შეკვრაც კი განუზრახავს. ეს ის ქვეყნები იყო, რომლე ბიც იმისათვის რათა თავი დაეცვათ ოსმალეთის იმპერიის აგრესიისაგან, რუსეთთან დაახლოებას ცდილობდნენ2.
1583 წელს კავკასიაში ანტიოსმალური კოალიცია მართლაც რომ შეიქმნა, ამაზე მიუთითებს იბრაჰიმ ფეჩევი. მისი თქმით, შამხალი და დაღესტნის სხვა მელიქები და საქართველოს თავადები ერთმანეთს დაუკავშირდნენ. ესენი ამ ბობდნენ: ეს ხალხი (ოსმალები. .) თანდათან მრავლდება; ვიდრე ესენი შირვანის ქვეყნის შემდეგ ჩვენს სამემკვიდრეო სამფლობელომდე მოვიდოდნენ, თუ ჩვენ დროულად თადრიგი არ დავიჭირეთ, ეჭვი არ არის, რომ მათგან აოხრება ჩვენც არ აგვცდება3. რადგან ირანი ოსმალეთს ებრძოდა, შაჰმა, იმავე ფეჩევის გად მოცემით, მიზანშეწონილად ჩათვალა, თავის ხელში აეღო კავკასიის ხალხების ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლის ხელმძღვანელობა4.
1. Pierling H., Le S. Siege, la Pologne et Moscau 1582-1587, Paris, 1885, p. 123- 124.
2. Kuntze E., Les rapports de la Pologne avec le Saint Siège à l’à d’Ètienne Batori (Ètienne Batory, Roi de Pologne, Prince de Transilvanie), Cracovie, 1935, p. 204.
3. იბრაჰიმ ფეჩევი, გვ, 69.
4. იქვე. სვანიძე ., დასახ. ნაშრ., გვ. 148.
1584 წლის 29 აგვისტოს პოსევინო კომოს კარდინალს კვლავ აცნობდა ბატორის გეგმას: ბატორი ზოგიერთი რუსი მთავრის დახმარებით სამი წლის გან მავლობაში დაიპყრობდა მთელ რუსეთს და ასტრახანსაც დაეუფლებოდა. ამის შემდეგ ოსმალეთი ვეღარ გაბედავდა კათოლიკურ ევროპაზე თავდასხმას. გარდა ამისა, ბატორი დაუკავშირდებოდა ჩერქეზეთს, საქართველოსა და ირანს. ისინი მაშინ ამოქმედდებოდნენ, როცა პოლონეთის მეფე ხელსაყრელად მიიჩნევდა1.
1586 წელს იშტვან ბატორი, თავის მხრივ, ბრწყინვალე პერსპექტივას უსახავდა რომის პაპს იმ დიდი სარგებლობის თაობაზე, რასაც პაპის კურია რუსეთში და კავკასიის ხალხებში, კერძოდ, საქართველოში კათოლიკობის გავრცელებით მიიღებდა2. პოსევინო პაპ სიქსტ V- (1585-1590) და კარდინალ აცოლინოს არწმუნებდა, რომ რუსები მზად არიან უარყონ თავიანთი მეფე და ბატორი სცნონ. პაპმა პოლონეთის მეფეს დაავალა პოსევინო მოლაპარაკებისათ ვის მოსკოვში გაეგზავნა. იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უარს იტყოდა ოსმალეთის წინააღმდეგ საომრად მიმავალი პოლონეთის ჯარის მის ტერიტორიაზე გატარებაზე, მაშინ პაპი იშტვან ბატორს დათანხმდებოდა დაეწყო ომი მოსკოვის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ბატორმა პაპისაგან ავანსად 25 ათასი სკუდი მიიღო ოსმალეთის წინააღმდეგ ომისათვის. ეს, ფაქტობრივად, რომის პაპის მიერ ბატორისათვის მოსკოვის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომის დაწყების ნებართვის მიცემას ნიშნავდა, რადგან ეჭვი არ იყო, რომ მეფე თევდორე პაპის კომპრომისულ წინადადებას ვერ დაეთანხმებოდა.
რუსეთ-რეჩპოსპოლიტის ამ დაძაბული ურთიერთობის დროს, რუსეთის ტერიტორიაზე პოლონეთის ჯარის შეშვება, რათა მას კასპიის ზღვის სანაპიროდან დაერტყა ოსმალეთისათვის, მოსკოვის მთავრობისათვის მიუღებელი იყო. მოსკოვში ისე დაც იცოდნენ, რომ 1586 წლის დამდეგს შლიახტურმა სეიმებმა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყების შესახებ. მაგრამ ბატორის გეგმებს განხორციელება არ ეწერა. ბატორი მოულოდნელად, 1586 წლის დეკემბერში, გარდაიცვალა. რეჩპოსპოლიტაში არეულობა დაიწყო, რუსეთთან ომის დაწყებამ მეორე რიგში გადაიწია.
1. Pierling, Op. cit., p. 133-134.
2. Ibidem, 161-162.
ევროპაში გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს ირან-ოსმალეთის ომის მსვლელობას. ოსმალეთის წარმატებამ, კერძოდ, მის მიერ ირანის უმნიშვნელოვანესი ქალაქის - თავრიზის აღებამ, უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ვენეციის რესპუბლიკის აგენტი, ამ ამბით შეშფოთებული, ირანიდან გაგზავნილ საიდუმლო მოხსენებაში თავის მთავრობას აცნობებდა, რომ ოსმალეთის წინააღმდეგ ომის დროს საქართველო სერიზულ ძალას წარმოადგენდა1.
საინტერესოა, როცა ავსტრიის ელჩი მოსკოვში ვარკაჩი 1589 წლის 11 ივნისს დაინტერესდა აღმოსავლეთში ანტიოსმალურად განწყობილი ქვეყნების სამხედრო შესაძლებლობით, საელჩო პრიკაზში ჩამოუთვალეს, რომელი ქვეყანა რამდენ ჯარს გამოიყვანდა. იქვე ნათქვამი იყო, რომ საქართველო თავისი 50 ათასიანი ჯარით ყიზილბაშებთან ერთად ოსმალეთის წინააღმდეგ იბრძოლებდა2.
ისეთი შთაბეჭდილება არ უნდა შეიქმნეს, თითქოს საქართველოს სამეფო-სამთავროები მხოლოდ თავიანთ მეზობლებთან ურთიერთობით იზღუდებოდნენ. მათი პოლიტიკური მესვეურებიც დაინტერესებულნი იყვნენ ევროპისა და აღმოსავლეთის ამბებით და მათ შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ. ბუნებრივია, ქართველ პოლიტიკოსებს აინტერესებდათ რა ხდე ბოდა ოსმალეთის მოწინააღმდეგე ქვეყნებში, როგორი იყო ანტიოსმალური ძალები.
ალექსანდრე კახთა მეფისათვის ინფორმაციის მთავარ წყაროს, ძირითადად, უცხოელი და ქართველი ვაჭრები წარმოადგენდნენ. როგორც ჩანს, იგი ხშირად ევროპაში ვაჭრების სახით თავის შენიღბულ აგენტებს აგზავნიდა3.
1. Berchet, Op. cit., p. 291.
2. Памятники дипломатических сношений Дреней России с державами иностранными, ч. I. Сноше ния России с государствами европейскими, т. I, с 1488 по 1594 г., СПб., 1852 , с. 186.
3. მრავლისმეტყველია ალექსანდრე II-ის მიერ რუსეთის ელჩისათვის შენათვალი: «Царягорода и изо Фрянок торговые люди ко мне ездят, а мои люди торговые во Царьгород и во Фрянки ездят; а иное и яз посылаю для вестей будто с торгом на Гиляне да на Казбин и во Фрянки» (Сношения России с Кавказом, с.205).
ოსმალეთისა და ყირიმის სახანოს მოძალებამ კავკასიის ხალხებზე, ისინი დამპყრობლების საპირისპირო ძალის გამოძებნის აუცილებლობაში დაარწმუნა. ნათელი იყო, ირანი ასეთ ძალად ვეღარ გამოდგებოდა. ის თავისი თავსაც ვეღარ იცავდა. ამიტომ ყურადღება გადატანილი იქნა მოსკოვის სახელმწიფოზე, რომელიც კავკასიისა და კასპიის ზღვის სანაპიროებისაკენ მიიწევდა. რუსებმა ასტრახანი დაიპყრეს და ირანთან პირდაპირი სავაჭრო კავშირი დაამყარეს. ასეთ ვითარებაში ოსმალეთის გაბატონება ჩრდილო კავკასიაში, ამიერკავკასიის დაპყრობა და ირანის განადგურება ან დასუსტება რუსეთის სახელმწიფოსათვის მიუღებელი იყო. სულთნის კარი მშვენივრად ხვდებოდა მოსკოვის სახელმწიფოს მიზანს და დიპლომატიური მანევრით ცდილობდა ჩაეშალა მისი ურთიერთობა ირანთან და რუსეთს ირანის საწინაათმდეგო კავშირი შესთავაზა. 1586 წლის ოქტომბერში ოსმალო ვაჭარმა მეჰმედმა რუს ელჩებს - როდიონ ბირკინსა და პეტრე პივოვს განუცხადა, რომ სულთანი მზად იყო რუსეთისათვის დაეთმო ასტრახანი (უფრო სწორად, ოსმალეთი სცნობდა რუსეთის მიერ ასტრახანის დაპყრობას), თუ რუსეთსა და ოსმალეთის იმპერიას შორის ანტიირანული შეთანხმება დაიდებოდა (Тамже, с. 42).
მოსკოვის სახელმწიფო ამიერკავკასიაში მოკავშირეების ძიებას იწყებს. მოსკოვში, საქართველოს სხვა სამეფოებთან შედარებით, ყველაზე მეტი ინფორმაცია კახეთზე ჰქონდათ. კახეთი ფართოდ იყო ჩაბმული აბრეშიმით საერთაშორისო ვაჭრობაში. კახეთს მოსკოვთან დაკავშირება ასტრახანის გზით შეეძლო. ეს გზა გადიოდა დაღესტან საშამხლოზე, რომლის მთავარი სულთნის ვასალი იყო. ოსმალეთის მითითებით, შამხლის რაზმები იკლებდნენ კახეთის სასაზღვრო რაიონებს. ამიტომ რუსეთის შემოსვლას ჩრდილო კავკასიაში კახეთისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ჩრდილო კავკასიაში რუსეთის ჯარის ჩაყენება გამოიწვევდა საშამხლოს ოსმალეთის სახელმწი ფოსაგან მოწყვეტას და მის მოქცევას ორ ქრისტიანულ სახელმწიფოს შორის. ამის შემდეგ მისი ალაგმვა ადვილად მოხერხდებოდა.
კახეთთან ურთიერთობის განახლება რუსეთმა მოიწადინა. მეფე თევდორე ივანეს ძის ბრძანებით, ასტრახანის მეთოფეთა ასისთავმა, ტოლმაჩმა რუსინ-დანილოვმა, კავკასიაში იმოგზაურა და კახეთსაც ეწვია. ელჩს, ვითომ, მხოლოდ რუსეთთან ვაჭრობის სარგებლიანობის პროპაგანდა ევალებოდა, მაგრამ იმავე დროს იგი ზვერავდა ასტრახანიდან საქართველოსაკენ მიმავალ გზებს, ცდილობდა გამოეკვლია კახეთს როგორი ეკონომიკური შესაძლებლობები გააჩნდა და .. დანილოვმა კახეთის მეფეს თავისი მეფის წერილი გადასცა. წერილში მოსკოვის სახელმწიფო კახეთის სამეფოს პოლიტიკურ კავშირსა და მფარველობას სთავაზობდა1.
კახეთის მეფე ალექსანდრე II დიდი კმაყოფილებით შეხვდა თევდორე ივანეს ძის წინადადებას. კახეთ-რუსეთის ურთიერთობის განახლებისათვის დროც მარჯვე იყო. ირანი ოსმალეთს დაეძალა და შაჰს კახეთის პატრონობის თავი არა ჰქონდა. ოსმალეთი კი მოძალადე იყო და კახეთის მეფეც საშუალებას სწორედ ამ მოძალადისაგან თავის დასაცავად ეძებდა2. ალექსანდრე II- როცა დანილოვი გაისტუმრა, თან თავისი ელჩებიც გააყოლა, რომლებმაც 1586 წლის 9 ოქტომბერს თევდორე მეფეს კახეთის სამეფოს მფარველობა სთხოვეს.
მოსკოვის ხელმწიფეს კახეთის სამეფო უნდა დაეცვა ყველა მტრისაგან, აეგო თერგზე ციხე და შიგ დიდი ჯარი ჩაეყენებინა. იმავე დროს თერგიდან კახეთისაკენ საშამხლოზე გამავალი გზა რუსებს უნდა გაეკონტროლებინათ, რათა მასზე მოგზაურობა უხიფათო ყოფილიყო3.
1. Тамже, с. 12; ბერძენიშვილი ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე, გვ. 11-12.
2. ბერძენიშვილი . დასახ. ნაშრ., გვ. 18.
3. თერგიდან კახეთისაკენ მიდიოდა სამი გზა: 1. ჩერქეზეთი-ხევი-მთიულეთი-კახეთი, 2. სუნჯა-საჩაჩანო-ხუნძახი, 3. კახეთი-წახური-ყაზი-ყუმუხი-ყაზანიჩი-ქიაფირ-ყუმუხი-ტარკი-ტიუმენი-თერგის ციხე. Полиевктов М. А., Экономичеслие разведки Московского государства в XVII в. на Кав казе, Тифлис, 1935, с. 28-31; ბერძენიშვილი ., დასახ. ნაშრ., გვ. 18-19).
კახელები რუსეთის მთავრობას საშამხლოზე გამავალი გზას გარკვეული გეგმით სთავაზობდნენ. მართალია ელჩები მოსკოვში ამტკიცებდნენ, რომ ეს გზა ყველაზე მოხერხებული და მოკლე იყო (რაც შეიძლება არც იყო სიმართლეს მოკლებული), მაგრამ მათ სხვა რამე ჰქონდათ ჩაფიქრებული: რუსეთს ჯარი შეეყვანა საშამხლოში, რაც, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად არ მოხდებოდა.
. ბოცვაძე ფიქრობდა, რომ 1586 წელს კახეთის სამეფო კარი რუსეთს არ სთხოვდა შამხალის წინააღმდეგ შეწევნას, რადგან საშამხლო, კახეთთან ერთად, ანტიოსმალურ კოალიციაში იყო. იგი ნათქვამის საბუთად იშველიებდა იმავე წელს შამხალის მიერ მოსკოვში თავისი ელჩის გაგზავნას. ელჩმა შამხალის სახელით მფარველობა და თერგზე ციხის ჩადგმა ითხოვა, რათა ოსმალებს არ დაესწროთ და იქ ციხე არ ჩაედგათ. შემდეგ მკვლევარმა ის არგუმენტი მოიყვანა, რომ 1586 წელს გაგზავნილ წერილში ალექსანდრე მეფე არაფერს ამბობს თერგის ციხის აშენებისა და საშამხლოზე გამავალი გზის რუსების მიერ დაკავებაზე (ბოცვაძე გვ. 39). მისივე თქმით, კახეთ-საშამხლოს ურთიერთობა გაფუჭებულა 1587 წელს კახეთის მიერ ხელდებულების ფიცის მიღების შემდეგ.
ჩემი აზრით, შამხალის მიერ ელჩის გაგზავნა მოსკოვში სრულებითაც არ ნიშნავდა კახეთ-საშამხლოს ყოფნას ანტიოსმალურ კოალიციაში. სავარაუდოა, საშამხლო ცდილობდა კახეთ-რუსეთის ურთიერთობის ჩაშლას და უნდოდა მოსკოვის მთავრობისათვის ეჩვენებინა, რომ კახეთთან კავშირის გარეშე, საშამხლოს მხარდაჭერით, თერგზე ციხის ჩადგმაც შეიძლებოდა და ოსმალეთის შეჩერებაც თუ ის ასტრახანზე გაილაშქრებდა. იმის ვარაუდიც შეიძლება, რომ შამხალი სულთნის მითითებით მოქმედებდა. შამხალს დროის მოგება უნდოდა, ვიდრე ამიერკავკასიაში ოსმალეთს უჭირდა, მანამდე რუსეთს მოქმედება არ დაეწყო. რუსეთის შესვლა ამიერკავკასიაში ნიშნავდა ოსმალეთის მიზნების კატასტროფას ამ რეგიონში.
კახეთის პოზიცია საშამხლოს მიმართ თავიდანვე გარკვეულია. კახეთის მიზანია საშამხლოს წინააღმდეგ აამოქმედოს რუსეთი. მართალია, 1586 წელს გაგზავნილ წერილში (მისი შინაარსი გადმოცემულია „სტატეინი სპისოკში“ და მის სიზუსტეზე ლპარაკი არ შეიძლება) ალექსნდრე მეფე არაფერს ამბობს შამხალის შესახებ და მხოლოდ ოსმალებისაგან დაცვას ითხოვს. წერილში ალექსანდრე მეფე უაღრესად სქემატურად, სულ ბოლოს (წერილი ხომ ძირითადად, თევდორე ივანეს ძის ხოტბის შესხმაა) ასახელებს ოსმალებს. ისინი ქრისტიანობის მტრები არიან და სხვებთან ერთად ჩვენც ვიტანჯებითო1. „სტატეინი სპისოკში“ შემდეგ აღნიშნულია მოსკოვის მთავრობას, მეფის ბრძანებით, ქართველთ ელჩობის რომელი წევრისათვის რამდენი ხარჯი უნდა გაეღო.
1587 წლის 3 აპრილს თევდორე ივანეს ძემ ქართველი ელჩების საქართველოში გაშვება და თან თავისი ელჩების გაყოლება ბრძანა. ვიდრე ქართველი ელჩები მოსკოვს დატოვებდნენ, მანამდე ისინი, თავიანთი მეფის ბრძანების თანახმად, საელჩო პრიკაზში უნდა მისულიყვნენ და განეცხადებინათ, რომ მოსკოვის მეფე თევდორე ივანეს ძემ კახეთის მეფე ალექსანდრე მფარველობაში უნდა აიყვანოს და კახეთში მათთან ერთად თავის ელჩებსაც აგზავნის.
მართლაც, მეორე დღეს (4 აპრილი) ქართველი ელჩები საელჩო პრიკაზში მივიდნენ, სადაც ზოგად ფრაზებში გაიმეორეს თევდორე მეფის დანაბარები. იქ მხოლოდ ის დაუმატეს, რომ რუსეთის ხელმწიფე საქართველოს და მეფე ალექსანდრეს ქრისტიანული რწმენისადმი ერთგულების გამო თავის მფარველობაში მიიღებდა2.
1. Сношения России с Кавказом, c. 11-12.
2. Тамже, с. 11-13.
როცა ლაპარაკია ზემოხსენებულ წერილზე, მასში უნდა ვიგულისხმოთ მთელი რიგი საკითხებისა, რომლებიც მაშინ კახეთის სამეფოს აწუხებდა. ყოვლად დაუჯერებელია, რომ ქართველ ელჩებს ხიფათით აღსავსე და ხანგრძლივი მოგზაურობა მხოლოდ იმისათვის მოეწყოთ, რომ ხელმწიფისათ ვის საქებარი სიტყვები ეთქვათ. საფიქრებელია, ელჩებმა ხელმწიფესაც და „საელჩო პრიკაზსაც“ მოახსენეს ოსმალეთთან, ირანთან და საშამხლოსთან თავიანთი ურთიერთობის შესახებ და ამის თაობაზე მოსკოვის სამეფო კარის მოსაზრებებიც მოისმინეს. მოსკოვში ამის შემდეგ შეადგინეს „ფიცის წიგნი“. ამ ფრიად მნიშვნელოვან დოკუმენტზე ალექსანდრე კახთა მეფე მხოლოდ რა ღაც გაურკვეველი დაპირებებით ხომ არ მოაწერდა ხელს? და თუ ასე არ იყო, მაშ რატომ გამოთქვამდა შემდეგში ქართველი ელჩი ყაფლან ვაჩნაძე (1588 წ.) საყვედურს იმავე „საელჩო პრიკაზში“, რომ მისმა მეფე ალექსანდრე II-მ იმიტომ ითხოვა მფარველობა, რომ იგი ხელმწიფეს დაეცვა მისი მტრისაგან, შამხლისაგან. მხოლოდ ამიტომ შევეფარეთ რუსეთის მეფეს და არა თურქეთს ან ირანსო1. ელჩმა კატეგორიულად მოითხოვა საშამხლოში ჯარის გაგ ზავნა „ალექსანდრეს მტრობისა და ქრისტიანთა სისხლისათვის შურის საძიებლად“2. მოხელეებმა და ბოიარებმა მეფეს მოახსენეს ქართველი ელჩების გან წყობილებისა და მათი მოთხოვნის თაობაზე. თევდორე ივანესძემ ელჩები თავისთან მიიწვია, სადაც დუმის, ანუ საბჭოს მდივანმა დიაკმა ანდრეი შჩელკალოვმა მსმენელებს თითქმის მთლიანად გაახსენა საქართველო-რუსეთის ურთიერთობა მოყოლებული 1586 წლიდან: ქართველებს რუსთა ხელმწიფისათვის ყოველწლიურად უნდა ეძლიათ 50 ოქროქსოვილი და ასეთივე ძვირფასი 10 ხალიჩა. სამაგიეროდ მოსკოვის სახელმწიფოს კახეთის სამეფო უნდა დაეცვა ყველა მტრისაგან, შამხლის წინააღმდეგ უნდა გაეგზავნა ჯარი და გაეწმინდა საშამხლოზე გამავალი გზა3.
საშამხლოში ცნობილი იყო კახეთის მეფის ანტისაშამხლო დიპლომატია და, ბუნებრივია, შამხალი შეეცდებოდა მისთვის ხელი შეეშალა. როცა ცნობილი გახდა კახეთ-რუსეთის ხელშეკრულების შესახებ, შამხალმა კახეთის წინააღმდეგ მოქმედება გააქტიურა. ამის შემდეგ რუსთა ჯარის საშამხლოში შეყვანა კახეთის დიპლომატიის გადაუდებელ ამოცანად გადაიქცა.
1. «И посли говорили, что государь их Александрь царь для того государю бил челом в подан ные, чтоб государь оборонил его от недруга его от Шевкальского, а толко ныне государевы рати на Шевкала не будет, -ино и вперед от Шевкала Грузинской земле не будет без войны. А Грузинская земля потому государю и била челом, в поданстве учиналася; а ни х Турскому, ни х Кизылвашскому не при стали за то, что б им быти от своих недругов оборонену государевою мило стью». Тамже, с. 61; ჯავახიშვილი ივ., დასახ, ნაშრ., გვ. 296; ბოცვაძე თ., დასახ. ნაშრ., გვ. 42.
2. Сношения России с Кавказом, c. 61
3 Тамже, с. 62.
მოსკოვის კარზე კარგად ესმოდათ კახელების მიზანი. როგორც რუსეთის ელჩების სემიონ ზვენიგოროდსკის და დიაკ ტორხის მოხსენებიდან ჩანს, მოსკოვის მთავრობას ალექსანდრეს მოთხოვნა დაუკმაყოფილებია. ელჩები ამის შეს ახებ კახეთის მეფეს და მის კარისკაცებს შეახსენებდნენ, რომ მეფე თევდორე „... во обороне держати хочет ото всех недругов и город на Терке для тебя и твоей земль для обереганья поставити государь велель и на недруга твоего, а на своего непослушника, на Шефкала князя государь наш по твоему челобитью рат свою хочет послати, чтоб впередь тебе, Александру царю, и твоей земле от Шевкала тесноты и убытков не било и дорога б от твоей земли ко государя нашего отчине к Терскому го роду очистити“1.
1587 წელს მოსკოვის ელჩები კახეთში ჩამოვიდნენ და 26 აგვისტოს მეფე ალექსანდრეს წარუდგნენ. მოლაპარაკება ერთ თვეს გაგრძელდა. 28 სექტემ ბერს ხელშეკრულება გაფორმდა. ალექსანდრე II-მ თავის შვილებთან და დიდე ბულებთან ერთად რუსეთის მეფის ხელდებულების ფიცი მიიღო. კახეთის მეფემ პირობა დადო სამუდამოდ რუსეთის ერთგული იქნებოდა და მფარველის მიმართ მტრულ მოქმედებას არასოდეს ჩაიდენდა. უფრო მეტიც, ალექსანდრე მეფეს თავის მემკვიდრეებთან ერთად მოსკოვის სახელმწიფოს ყველა მტრის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა. ასეთ შემთხვევაში იგი თავისი ჯარით ასტრახანისა და თერგის ვოევოდებს შეუერთდებოდა. კახეთის სამეფოს ყოველწლიური გადასახადის გადახდა დაეკისრა. თავის მხრივ, მეფე თევდორე კახეთის სამეფოს ყველა მტრისაგან დაიცავდა. თერგისა და ასტრახანის ვოევოდებს დაევალათ კახეთის სამეფოს დაცვა. „ხოლო შამხალის წინააღმდეგ გავაგზავნო ჩემი ლაშქარი და ჩვენი სახელმწიფოდან შენს ქვეყნამდე მიმავალი გზა გავწმინდო“ - წერდა რუსთა მეფე2.
1. Тамже, с. 96.
2. Тамже, с. XXXVII-XCIV.
საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ საშამხლოს გზაზე, ქართველი პოლიტიკოსების აზრით, გარკვეული წესრიგი დამყარდებოდა მაშინ, როცა იქ რუსეთის ჯარი ჩადგებოდა. დონელი კაზაკები, რომლებიც ქართველ და რუს ელჩებს აცილებდნენ ხოლმე, თერგზე შედიოდნენ და საშამხლოს, ყირიმის სახანოს, ოსმალეთის იმპერიას და ამ უკანასკნელის ყველა მოკავშირეს დიდ საზრუნავს უჩენდნენ. კაზაკების თარეშით განსაკუთრებით შეშფოთებული იყო ოსმალეთი, რადგან ჩრდილო კავკასიის გზით (ყირიმი-დარუბანდი) სარგებლობა, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა. დაზარალებულნი ჩიოდნენ მოსკოვის მეფესთან, რათა მას კაზაკების „თვითნებობა“ აღეკვეთა. მაგრამ ოსმალეთი, ყირიმის სახანო და სა შამხლო ყოველთვის ერთსა და იგივე პასუხს იღებდნენ: „Живут на Терке воры беглые казаки безъ государева Ведома“1.
ცნობილი არ არის, ჰქონდათ თუ არა გარკვეული გეგმა კაზაკებს ან მათ მოქმედებას ვისი საიდუმლო ხელი წარმართავდა, როცა ისინი ოსმალეთსა და მის მოკავშირეებს ებრძოდნენ. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არსებული წყაროების საფუძველზე შეუძლებელია. ცხადია, მათი მოქმედება სტიქიური, მხოლოდ ნადავლის მოპოვების სურვილით განპირობებული არ იყო. სავარაუდოა, რომ კაზაკებსა და სვიმონ მეფეს შორის კავშირი თუ არა, გარკვეული კონტაქტები მაინც არსებობდა. კაზაკები ჩრდილო კავკასიის გზებს უკეტავდნენ ამიერ კავკასიისაკენ მიმავალ ოსმალებს. ამდენად, ისინი საქართველოს დაცვასაც ხელს უწყობდნენ და, ერთხანს, მეფის დახმარებაც სცადეს (გავიხსენოთ თბილისიდან ლტოლვილი ოსმალების მიერ სტამბოლში ჩატანილი ამბავი, მეფეს რუსთა 6 ათასიანი ჯარი ეხმარებაო). ამაზე მიუთითებს, აგრეთვე, რუსი ელჩის სემიონ ზვენიგოროდსკის ერთი ცნობა, რომელიც 1586 წელს განეკუთვნება. მასში ნათქვამია, რომ თერგის თავისუფალი კაზაკები მცირე ხნით სვიმონ მეფესთან მივიდნენ, მაგრამ ქართლის მეფემ ისინი სამ წელიწად-ნახევარს2 თავისთან გააჩერა და უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევდა.
1. Тамже, с. XXXVII.
2. გაუგებარია, რატომ ფიქრობდა ი. ცინცაძე, თითქოს კაზაკები ქართლში ცხრა თვეს დარჩნენ (ცინცაძე ი., ძიებანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (X-XVI სს.), თბ., 1956 , გვ. 318), მაშინ როდესაც წყაროში ნათქვამია: „Волние казаки, сшед с Терки реки, жили у зятя его (Александр II – Э. М.) у Семена, а Семен их держал у себя полчетверта года по неволе, а назад не отпустил“ (Сношения России с Кавказом, c. 125).
მაშასადამე, კაზაკები სვიმონ მეფესთან მივიდნენ 1586 წელს და თბილისიდან გაქცეულ ოსმალებს სტამბოლში ეს ამბავი უნდა ჩაეტანათ. რა თქმა უნდა, სტამბოლში ჩატანილ ცნობაში უზუსტობებია: ჯერ ერთი, დაუჯერებელია, რომ საქართველოში 6 ათასი კაზაკი გადმოსულიყო. იმ პირობებში 600 კაცის გადმოსვლაც კი დიდი ამბავი იქნებოდა; და, მეორეც, - საეჭვოა, კაზაკები საქართველოში მეფე თევდორეს გამოეგზვნა. როგორც რუსი ელჩების ცნობებიდან ირკვევა, მოსკოვში, საერთოდ, არაფერი იცოდნენ ქართლის სამეფოში კაზაკების ყოფნაზე და რუსმა ელჩებმა მხოლოდ კახეთში შეიტყვეს. სვიმონ მეფისათვის კაზაკთა რაზმს იმდენად პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენადაც პოლიტიკური. მას კაზაკთა რაზმი პროპაგანდისათვის სჭირდებოდა: ქვეყანა გაიგებს (და ასეც გაიგეს) მეფეს რუსთ ხელმ წიფე ეხმარებაო. ამავე მიზნით სთხოვდა ალექსანდრე კახთა მეფე მოსკოველ ელჩებს კაზაკები კახეთში დაეტოვებინათ: „Толко б была cлава, что государевы руские люди у государия их, Олександра царя“ (Тамже). ამ მომენტს მაშინდელ კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკურ ამბებში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. რუსეთთან ურთიერთობის გართულებას ოსმალები და მისი მოკავშირეები ერიდებოდნენ.
ქართლიდან კახეთში გადასული კაზაკები ალექსანდრე მეფემ საშამხლოს საზღვარზე ციხეებში ჩააყენა. ალბათ, ამ ღონისძიებას გარკვეული ეფექტი ჰქონდა, რადგან შემდეგ ზაფხულში კახეთის მეფეს კაზაკების ისევ იმ ციხეებში დაბრუნება სურდა. მაგრამ, როგორც მაშინდელი დიპლომატიური ურთიერთობიდან ჩანს, მოსკოვის მთავრობა ხალისით არ ეკიდებოდა კახეთის მეფის ამგვარ მოთხოვნებს.
კახეთის სამეფოს მიერ რუსეთთან ურთიერთობის დამყარება უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტი იყო მთელი კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით. გასაგები უნდა გამხდარიყო, რომ ამიერიდან ის, ვისაც მოსკოვის სახელმწიფოსთან ურთიერთობის გართულება არ სურდა, კახეთის სამეფოს მი მართ მტრულ აქციებს უნდა მორიდებოდა. ოსმალეთის პოლიტი კური მესვეურები, ალბათ, ბევრს სწუხდნენ იმ შეცდომაზე, რაც მათი კახეთისადმი პოზიციაში გამოხატა და იქ რუსეთის გავლენის დანერგვა მოხდა. სულთნის კარისათვის გასაგები იყო, რომ თუ იგი დროულად არ გადაწყვეყდა ქართლის საკითხს, შეიძლებოდა იქაც ანალოგიური მდგომარეობა გამეორებულიყო. საგულისხმოა, რომ მოსკოველ ელჩებს - როდიონ ბირკინს, პეტრე პივოვს და სტეფანე პოლუხანოვს პირდაპირი მითითება ჰქონდათ, რომ თუ ალექსანდრე მეფის სიძე ან ძმა ხელმწიფისაგან მფარველობის მიღების სურვილს გამოსთქვამდა, ელჩებს ისინი უნდა წაეხალისებინათ, რომ მათ მოსკოვში თავიანთი ელჩები გაეგზავნათ, მფარველობა ეთხოვათ და ხელმწიფე მათ თხოვნას შეიწყნარებდა (Тамже).
ჩემი აზრით, მოსკოვის მთავრობას მხედველობაში ჰყავდა, ალექსანდრე II-ის სიძე სვიმონ I ან ალექსანდრე მეფის ძმა უფლისწული იესე. ხელმწიფე მხოლოდ იმ პირობით დააკმაყოფილებდა ერთის ან მეორის სურვილს, თუ მფარველობის თხოვნის პერიოდისათვის ისინი ალექსანდრე მეფესთან კარგ ურთიერთობაში იქნებოდნენ.
სვიმონ მეფე, როგორც მაშინდელი წერილობითი წყაროებიდან ჩანს უფრო ორიენტირებული იყო დასავლეთ ევროპაზე და ირანზე. მან იცოდა, რომ არსებული მდგო მარეობის მიხედვით, ქართლის სამეფოსა და მოსკოვის სახელმწიფოს შორის ხელშეკრულება ვერ დაიდებოდა. სვიმონი მიესალმებოდა რუსთა ჯარის ქართლში შემოსავლას, მაგრამ საღი აზრი უკარნახებდა, რომ რუსეთიდან ამგვარი დახმარების მიღება ვერ მოხერხდებოდა. ქართლის სამეფო საომარ მდგომარეობაში იყო ოს მალეთის იმპერიასთან და სვიმონს კარგად ეს მოდა, რომ რუსეთის მიერ მფარველობის სიტყვიერად გამოცხადებას რა ფასი ექნე ბოდა: ეს გამოიწვევდა ოსმალეთის მხრიდან ომის კიდევ უფრო გააქტიურებას. დადებითად არც შაჰის კარი შეხვდებოდა სვიმონ მეფის ასეთ ნაბიჯს. ალბათ, რუსეთის მთავრობაც ითვალის წინებდა ამ მდგომარეობას, მაგრამ იგი ისეთნაირად აწყობდა საქმეს, ვითომც მოსკოვში სვიმონთან დაახლოებაზე არც ფიქრობდნენ და ქართლიდან ელჩები თუ ჩავიდოდნენ და რაიმე გარიგება მაინც მოხდებოდა, მას თავის გამართლების საშუალება ყოველთვის ექნებოდა: ქართველებმა თვითონ გვთხოვეს და ჩვენც „ქრისტიანობის სიყვარულის გამო“ ვცდილობთ რითიმე დავეხმაროთო. მაგრამ ეს „დახმარება“ სვიმონ მეფეს თავისი ქვეყნის დაცვის საქმეს ვერ გაუადვილებდა. რუსეთი ოსმალეთის წინააღმდეგ ომს არ დაიწყებდა. ევროპის ზოგიერთი სახელმწიფო კი ოსმალეთს იარაღით ებრძოდა.
მეფე ითვალისწინებდა რა საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებას და იმასაც ვის როგორი ურთიერთობა ჰქონდა ოსმალეთთან და შესაბამისად, დახმარების მიღება საიდან უფრო მოსალოდნელი იყო, უმჯობესად ჩათვალა დასავლეთი ევროპისათვის მიემართა. მან 1587 წელს რომის პაპთან და ესპანეთის მეფესთან დახმარების სათხოვნელად დესპანები გაგზავნა. სვიმონის ერთ-ერთი დიდებული იერუსალიმზე გავლით რომის პაპთან უნდა წასულიყო, ხოლო ესპანეთის მეფესთან კი ვინმე სომეხი ვაჭარი ალექსანდრე კონსტანტინოპოლის გზით, რომელსაც „ექვსი შეკვრა ქართული აბრეშუმი“ მიჰქონდა მეფისათვის მის ართმევად. ქართველმა დიდებულმა ადრესატამდე ვერ მიაღწია. ის ოსმალებმა შეიპყრეს პაპისათვის განკუთვნილი წერილებითა და საჩუქრებით. მეორე ელჩი - ალექსანდრე რომში მივიდა. რადგან მას რომიდან უკან, საქართველოში დაბრუნება ჰქონდა განზრახული, იგი ესპანეთის მეფის ელჩს გრაფ დე ოლივარესს შეხვდა და მას გაანდო სვიმონის წინადადებები. კერძოდ, ქართლის მეფე მზად იყო პაპისა და ესპანეთის მეფის ვასალი გამხდარიყო და ყოველთვის ირანის ერთგული მოკავშირე იქნებოდა. სვიმონ მეფის აზრით, ესპანეთს კავშირი უნდა დაემყარებინა სამივე ქართულ სამეფოსთან1.
1. ლუის ხილი ფერნანდესი და ხოსე მანუელ ფლორისტანი, ქართველი მეფეების წერილები: სვიმონ I-ის ქართლიდან ფილიპე II-ს და თეიმურაზ I-ის კახეთიდან ფილიპე IV-ს (თარგმანი ესპანურიდან). კრებულში: საქართველოს ურთიერთობა ევროპისა და ამერიკის ქვეყნებთან, II, თბ., 1995, გვ, 197-198.
ძნელია იმის დადგენა სვიმონ I იმერეთისა და კახეთის მეფეებთან შეთანხმებით გამოდიოდა ასეთი ინიციატივით, თუ ქართველ მეფეთა შორის მისი პირველობის დემონსტრირება იყო. სვიმონ მეფეს რომ პირველობის პრეტენზია მართლაც ჰქონდა, კარგად გამოჩნდა 1588 წელს მის მიერ იმერეთის სამეფოს დაპყრობის წარუმატებელ მცდელობაში.
სვიმონ მეფის წერილში ჩამოყალიბებულმა წინადადებებმა გამოცდილი ესპანელი დიპლომატი გრაფი დე ოლივარესი (დონ ენრიკე დე გუსმანი) აღმოსავლეთში მოკავშირის შეძენის შესაძლებობით დააინტერესა. ოსმალეთის იმპერია ხიფათს უქმნიდა პორტუგალიელთა (პორტუგალია ამ დროს ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა) დასახლებებს აღმოსავლეთ აფრიკასა და ჰორმუზზე. გრაფმა დე ოლივარესმა 1588 წლის 5 თებერვალს თავის მეფეს, ფილიპე II-ს მისწერა: „მე მგონია დავარწმუნო პაპი, რაც შეიძლება მალე და დოს კავშირი ქრისტიანულ (ქართველ – ე.მ.) მეფეებთან, რათა ისინი გაერთიანდნენ თურქეთის წინააღმდეგ იმ მხრიდან; რომ აქედან გამოდის ასევე კავშირი სპარსეთთანაც, რომელსაც მხარს ვუჭერდით აქამდეც; რომ ყოველივე ეს უკეთ რომ გაკეთდეს, საჭიროა გაიგზავნოს კაცი იმ დესპანთან ერთად ან მისი წასვლის შემდეგ, რათა დამყარდეს კავშირი სვიმონთან, ალექსანდრესთან და ბაშიაჩუკთან1 თურქების წინააღმდეგ და ასევე, რათა თქვენმა უდიდებულესო ბამ გაგზავნოს კაცი ამავე მიზნით თავის დისშვილთან, პოლონეთის მეფესთან და მოსკოვის მეფესთან, რათა ისინი შეუერთდნენ მათ და შექმნან დიდი ძალა თურქეთის წინააღმდეგ; ასევე გაიგზავნოს მისიონ ერები, როგორც სვიმონი ითხოვს, რათა მათ ხალხს ასწავლონ ქრისტიანული სულისკვეთებით“.
1. იგულისხმება იმერეთის მეფე ლევანი (1583-1590). ბაშიაჩუკი ოსმალებისა და სპარსელებისათვის იმერელთა განზოგადოებული სახელია და ნიშნავს „თავშიშველას“. ეს სახელი იმერლებს შეარქვეს ფაფანაკის ტარების გამო. დაწვრ. იხ. მამისთვალიშვილი ე., საქართველო ჰანს შილტბერგერის „მოგზაურობის წიგნში“, გვ. 115, შენ. 25.
გრაფმა დე ოლივარესმა თავისი მოსაზრება აღმოსავლეთში მოკავშირის შეძენის შესაძლებლობაზე გააცნო კარდინალ სანკტა სევერინას და ისინი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ კარგი იქნებოდა სვიმონ მეფესთან ორი დესპანი გაეგ ზავნათ _ ერთი კონსტანტინოპოლზე გავლით, მეორე პოლონეთისა და მოსკოვის გავლით, რომელიც იქაურ მეფეებსაც მოელაპარაკებოდა. ოლი ვარესმა აუდიენციის დროს პაპი მართლაც დაარწმუნა, რომ სასარგებლო იქნებოდა სვიმონ მეფისათვის მხარდაჭერა. ამის შემდეგ, მან თავისი მოსაზრებანი წერილობით ჩამოაყალიბა და თავის მეფეს გაუგზავნა1. მაგრამ პაპსა და ესპანეთის სამეფო კარს საქართველოს დასახმარებლად ან მასთან დიპლომატიური ურთიერთობის დასამყარებლად ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგიათ.
სვიმონ მეფე კვლავ ოსმალეთის უზარმაზარი იმპერიის პირისპირ რჩებოდა. ოსმალებმა საუკეთესოდ იცოდნენ ქართლის სამეფო როგორ სერიოზულ როლს ასრულებდა ირან-ოსმალეთის ომში, ამიტომ მასთან მორიგება გადაწყვიტეს. 1588 წელს ქართლის სამეფოსა და ოსმალეთის იმპერიას შორის დაიდო ზავი.
ქართლის სამეფოს ომიდან გამოსვლამ ირანის დამარცხება დააჩქარა. ირანი ოსმალეთთან ომში რუსეთის გამოყენებას შეეცადა. ჯერ კიდევ 1587 წელს მოსკოვში ირანის შაჰის მოჰამედ ჰოდაბანდას ელჩი ანდი-ბეგი ჩავიდა, რომელიც დახმარების სანაცვლოდ ოსმალების მიერ დაპყრობილ ბაქოსა და დარუბანდს სთავაზობდა. რუსეთი ასეთი ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობის პუნქტების ხელში ჩაგდების პერსპექტივის მიმართ გულგრილი ვერ დარჩებოდა. 1588 წელს მოსკოვის მთავრობამ გადაწყვიტა თერგისა და ასტრახანის ჯარები ირანის დასახმარებლად გაეგზავნა, სამაგიეროდ ყიზილბაშები ბაქოსა და დარუბანდს, განთავისუფლებისთანავე, რუსეთს გადასცემდნენ. მოსკოვის მთავრობამ თავისი ელჩი ასეთი პირობით გააგზავნა ირანში2. მაგრამ ირანში მომხდარმა სასახლის კარის გადატრიალებამ და შაჰ აბაზ I-ის (1587-1529) გამეფებამ, მოლაპარაკება ჩაშალა.
1. ლუის ხილი ფერნანდესი და ხოსე მანუელ ფლორისტანი, დასახ. ნაშრ., გვ. 198.
2. Веселовский Н., Памятники дипломатических и торговых сношений Московской Руси с Персией, I, СПб., 1890, с. 60-61.
მოსკოვის მეფის მფარველობაში კახეთის სამეფოს შესვლამ და საშამხლო-დაღესტნის ხელყოფისაგან მის დასაცავად ჩრდილო კავკასიაში სიმაგრეების ჩადგმის ცდამ ირანი შეაშფოთა. აღმოსავლეთ სქართველოს სამეფოები შაჰს თავის ვასალებად მიაჩნდა. შაჰის კარისათვის განსაკუთრებით მიუღებელი იყო კახეთ-რუსეთის კავშირის შეკვრა და მათი ერთობლივი ბრძოლა შამხლის წინააღმდეგ. საშამხლოს თუ რუსეთი დაიპყრობდა, მაშინ ის უშუალოდ დაამყარებდა კავშირს აღმოსავლეთ საქართველოსთან. მაგრამ ირანი, ჯერ-ჯერობით ამას ვერ გააპროტესტებდა, ვიდრე მისი ყველაზე საშიში მტერი ოსმალეთი იყო.
ოსმალეთი ავსტრიასთან ომისათვის ემზადებოდა და ირანს ზავი შესთავაზა. შაჰ აბაზი ზავის დადებას არ ჩქარობდა და ცდილობდა ოსმალეთთან მოლაპარაკება ორივე მათგანზე (რუსეთსა და ოსმალეთზე) ზეწოლისათვის გამოეყენებინა. რუსეთი ირან-ოსმალეთის დაზავების წინააღმდეგი იყო. ირან-ოსმალეთს შორის არსებული წინააღმდეგობა რუსეთს კავკასიაში წინსვლაში ხელს უწყობდა. ოსმალეთი, თავის მხრივ, ცდილობდა არ დადებულიყო ხელშეკრულება ირანსა და რუსეთს შორის, რადგან მათი შეთანხმება, თავისი არსით ანტიოსმალური იქნებოდა. ოსმალეთის დიპლომატია ამას ვერ დაუშვებდა და შაჰს ზოგიერთი დაპყრობილი ტერიტორიის დაბრუნებას შეპირდა. შაჰ აბასმა, სხვადასხვა საგარეო ფაქტორის გათვალის წინებით, გადაწყვიტა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაეგრძელებინა. მან თვისი მამის მიერ რუსეთი სათვის შეთავაზებული პროექტი შეცვალა და თავის ელჩებს - ბუტაკ-ბეგს და ანდი-ბეგს 1589 წელს სულ სხვა პროექტი გაატანა მოსკოვში. პროექტის მიხედვით, რუსეთის ჯარები ბაქოსა და დარუბანდს უნდა შემოდგომოდნენ, ხოლო ირანი, თავის მხრივ, შირვანში შეიჭრებოდა. მოკავშირეების გამარჯვების შემთხვევაში რუსეთი კასპიის ზღვის ჩრდილო სანაპიროზე გაბატონდებოდა, ირანი კი, სამხრეთ-დასავლეთზე. ამგვარად, შაჰ აბასის ახალი პროექტით, რუსეთს ოსმალეთთან ომი უნდა დაეწყო და ბაქო და დარუბანდი თვისი ძალებით დაეპყრო1.
1. ტივაძე თ., ირანთან პოლიტიკური ურთიერთობის საკითხი რუსეთის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაში XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე. თსუ შრომები, 113, ისტორიულ მეცნიერებათა სერია, თბ., 1965, გვ. 185.
1589 წელს მოსკოვში უკვე ცნობილი იყო ირან-ოსმალეთის საზავო მოლაპარაკება. 3 ივლისის ოფიციალურ მოხსენებაში, ავსტრიის იმპერატორისა და უნგრეთის მეფის ელჩი თევდორე ივანეს ძის კარზე, მიკლოშ ვარკაჩი წერდა, რომ ირანსა და ოსმალეთს შორის საზავო მოლაპარაკება მიმდინერეობსო1. ეს კი, რუსეთის მხრივ, უფრო ფრთხილი პოლიტიკის გატარებას მოითხოვდა. მით უმეტეს, როცა ცნობილი გახდა ისიც, რომ საზავო მოლაპარაკების დროს ოსმალეთი მთელი ამიერკავკასიის შენარჩუნებას მოითხოვდა. ზავი თუ ამგვარი პირობებით დაიდებოდა, მაშინ რუსეთ-ირანის მოლაპარაკება აზრს ჰკარგავდა2.
რუსეთ-ირანის ურთიერთობაზე დაკვირვებისას, ყურადღებას იქცევს ერთი გარემოება: რუსეთი და ირანი არ ეხებიან, უფრო სწორად გვერდს უვლიან კახეთი საკითხს, ვითომ ასეთი რამ არც არსებობს. მოსკოვში კარგად იცოდნენ, რომ კახეთი ირანის მოხარკე ქავეყანა იყო და ამის დავიწყებას არც ირანში ფიქრობდნენ. კახეთის მეფის წარმომადგენლებმა, 1589 წლის 20 ნოემბერს თავიანთი მეფის სახელით, მოსკოვის ელჩებს მოახსენეს, რომ წინათ კახეთის სამეფო ყიზილბაშთა მოკავშირე იყო, როგორც ოსმალეთის ისე სხვა სახელმწიფოებთან ომის დროს. „ახლა ყიზილბაშების შაჰი განუწყვეტლივ მიგზავნის ელჩებს, რათა მასთან ერთად ვიყო ოსმალების წინააღმდეგ; ხოლო სულთანი მოციქულებს მიგზავნის დიდი მუქარით, მიმდინარე წელს თავისი ჯარის გამოგზავნა სურს ჩემს წინააღმდეგ და ციხეები უნდა ჩადგას ჩემს ქვეყანაში, რადგან მე მას ჩამოვშორდი და (რუსეთის - ე.მ.) დიდი ხელმწიფის მფარველობაში შევედი. ამჟამად სულთნის მოციქულები ჩემთან არიან და მიმდინარე წლის ხარკს მთხოვენ... ასევე თავდასხმითა და ჩემი მიწე ბის დაპყრობით მემუქრება შამხალი“3.
1. Tardy L., Le Roi Svimon Ier á la lumére des sources d’ Europe Cen trale contemporaines de son époque, I partie. „Bedi Kartlisa. Revue de Kartvé lolodie“, vol. XXXII, Paris, 1974 32, p. 151.
2. ტივაძე თ., დასახ. ნაშრ., გვ. 185.
3. Сношения России с Кавказом, c. 173-174.
მოსკოვის ხელმწიფის ელჩებს ისე უნდა გაეგოთ ალექსანდრე მეფის შენათვალი, რომ კახელები რუსეთის მფარველობაში შესვლით მრავალ უსიამოვნებას გადაეყარა, მაგრამ რა გამოვიდა, ხელმწიფე ასეთ საბედისწერო მდგომარეობაში ჩავარდნილ კახეთის სამეფოს მხოლოდ დაპირებებს აძლევს.
მოსკოვში ჯეროვნად აფასებდნენ კახეთის მნიშვნელობას შემდგომი პერიოდის რუსეთის კავკასიურ პოლიტიკაში. ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის დროს კახეთზე დუმილით, რუსეთი ირანს აგრძნობინებდა, რომ შაჰის საქმე არ იყო, სუვერენულ კახეთთან მისი თანამშრომლობა როგორ წარიმართებოდა. ირანი, თავის მხრივ, გარკვეულ დრომდე, თვალს ხუჭავდა კახეთრუსეთის ურთიერთობაზე. ან რა უნდა ეთქვა ირანის მთავრობას მოსკოვის საწინააღმდეგო. მის მიზანს, ამჯერად ხომ კავკასიაში რუსეთის, როგორც ოსმალეთის მეტოქის, შემოყვანა შეადგენდა. კახეთზე სიტყვის ჩამოგდება ირანს მხოლოდ უსიამოვნო მდგომარეობაში ჩააყენებდა. ჭკვიანი პოლიტიკოსი შაჰ აბაზი იმასაც ითვალისწინებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, კახეთს ირანრუსეთს შორის შუამვლობა შეეძლო. რაც შეეხება ოსმალეთს, მართალია, იგი კახეთს ემუქრებოდა მოსკ ოვთან მისი ურთიერთობის გამო, მაგრამ რეალურად იგი კახეთის სამეფოს წინააღმდეგ ვერ გამოვიდოდა. კახეთზე თავდასხმა რუსეთთან მის ურთიერთობას კიდევ უფრო დაძაბავდა. არსებულ სიტუაციაში ოსმალეთის მთავრობა ასეთ ნაბიჯს ვერ გადადგამდა.
კახეთის კავშირს რუსეთთან თუ იმგვარი გართულებები მოჰყვა, როგორც უკვე ითქვა, მაშინ კახელები რატომ არ წყვეტდნენ მოსკოვთან ურთიერთობას? სინამდვილეში კახეთის მდგომარეობა ირან-ოსმალეთის ომის დასასრულს არ გაუარესებულა. კახეთის მნიშვნელობა მისი რუსეთთან დაახლოების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. ისე ჩანდა, რომ კავკასიაში რუსეთის შემომყვანი კახეთი იყო და მის ორ მძლავრ მუსლიმანურ მეზობელს ამ გარემოებისათვის ანგარიში უნდა გაეწია. კახეთის სამეფო კარი კარგად აფასებდა თავისი როლის ამაღლებას კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში და ყოველი ღონით ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობის გაგრძელებას. საშამხლოს საკითხიც კახეთს თავის სასარგებლოდ მხოლოდ რუსეთთან კავშირში შეეძლო გადაეწყვიტა. თუმცა კახეთ-რუსეთის ურთიერთობა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ელჩების მისვლამოსვლაში გამოიხატებოდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა კახეთს რუსეთ-ირანის ურთიერთო ბაში. როგორც ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავდა: „ასეთ პირობებში შემუშავდა კახეთის მეფის კარზე ის დიპლომატიური ფორმულა, რომელიც მთელი ორი საუკუნის განმავლობაში არაერთხელ წამოუყენებიათ საქართველოსა და ირან-რუსეთის ურთიერთობაში ქართველებსა და რუს მოღვაწეებს (პეტრე I, ვახტანგ VI, თეიმურაზ II, ერეკლე II): საქართველო (მოსკოვის ხელდებული) რუსეთ-ირანის მოსაშუალე“1.
მოსკოვში ითვალისწინებდნენ კახეთის სამეფოს ანტიოსმალური კოალიციის შექმნით დაინტერესებას და 1589 წელს საქართველოში გამოგზვნილ ზვენიგოროდსკისა და ანტონოვის ელჩობას დაევალა ალექსანდრე კახთა მე ფისათვის მოეხსენებინა რუსეთის პოზიციაზე, როგორც ოსმალეთთან ისე სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში. კერძოდ, ელჩებმა განაცხადეს რუსეთსა და ირანს შორის მიმდინარე სამეგობრო მოლაპარაკების შესახებ, რაც ოსმალეთის წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებასაც ითვალისწინებდა, რომ იმავე ოსამლეთის წინააღმდეგ ერთობლივი ომის წარმოებისათვის რუსეთის მეფეს პოლონეთ-ლიტვის სამეფო გვირგვინს სთავაზობენ2. იმის თქმაც არ დავიწყებიათ, რომ ანტიოსმალური კავშირის შეკვრის მიზნით მოსკოვში თავიანთ ელჩებს აგზავნიდნენ „რომის საღვთო იმპერიის იმპერატორი“, რომის პაპი, ესპანეთის მეფე და ვენეციის რესპუბლიკა3.
1. ბერძენიშვილი ნ., დასახ. ნაშრ., გვ. 35.
2. ლიტვისა და პოლონეთის ფეოდალები პოლონეთ-ლიტვა-რუსეთის უნიით ცდილობდნენ გაეხსნათ გზა აღმოსავლეთში ექსპანსიისათვის. თევდორე ივანეს ძის კარზე ხვდებოდნენ პოლონეთ-ლიტვის ფეოდალების ზრახვებს და მოლაპარაკება ჩაიშალა.
3. Сношения России с Кавказом, c. 97-98.
რუსი ელჩები ასეთი ზოგადი განცხადებით უნდა შემოფარგლულიყვნენ და მოლაპარაკების დროს აქცენტი კახეთის სამეფოსათვის განსაკუთრებით მტკივნეულ საკითხზე - საშამხლო-დაღესტანზე უნდა გადაეტანათ. რა თქმა უნდა საშამხლო-დაღესტნის საკითხის გადაჭრით ქართველები დიდად დაინტერესებულნი იყვნენ, მაგრამ მათ ისიც კარგად ესმოდათ, რომ იგი ოსმალეთის საკითხთან მტკიცედ დაკავშირებული იყო და მთელი მოლაპარაკების დროს ამ პრობლემის ერთობლიობაში გადაწყვეტას ცდილობდნენ.
მეფე თევდორეს კარზე რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და ამას ანტიოსმალურ მოღვაწეობაში მიითვლიდნენ, კარგად ჩანს მიკლოშ ვარკაჩის ერთი ჩანაწერიდან. იგი ამბობს, რომ საქართველოს მეფის ელჩები მოსკოვში ჩავიდნენ და დაბეჯითებით მოითხოვეს ოსმალეთის წინააღმდეგ დახმარება. მათ დაპირდნენ, რომ განუსაზღვრელი ვადით მისცემდნენ 18 ათას ჯარისკაცსა და არტილერიას, მაგრამ იმ პირობით, რომ ქართველები მოსკოვის მეფის უზენაესობას აღიარებდნენ და ხარკსაც გადაუხდიდნენ. მეორე დღეს (1589 წლის 4 ივლისი) მეფემ ქართველი ელჩები პირადად მიიღო, მოწყალება გამოიჩინა და საქართველოს მეფეს 10 წლის ხარკი აპატია1. ვარკაჩი ქართველი ელჩების მოსკოველ დიპლომატებთან მოლაპარაკებას და მეფესთან აუდიენციას პირადად არ დასწრებია. ამის შესახებ ყველაფერი საელჩო პრიკაზში აცნობეს, ვარკაჩის მხედველობაში აქვს 1588-1589 წლებში კახეთის მეფის ელჩების - ყაფლანის, კირილეს და ყურშიტას მოსკოვში საქმიანობა. მათ შამხალის წინააღმდეგ 20 ათასიანი ჯარის გაგზავნა მოითხოვეს. რუსთა ჯარს კახელთა ჯარიც შეუერთდებოდა და ერთობლივად იმოქმედებდნენ. ელჩებმა ამ მოთხოვნაზე თანხმობა მიიღეს2. სავარაუდოა, რომ შამხალის წინააღმდეგ ჯარის გაგზავნას, მოსკოვის კარზე, მიიჩნევდნენ როგორც ანტიოსმალურ მოქმედებას და, გარკვეული გაგებით, ეს ასეც იყო. ამის შესახებ ამიტომაც აცნობეს ანტიოსმალური კოალიციის შექმნით დაინტერესებულ ვარკაჩს. რაც შეეხება ამ უკანასკნელის ნათქვამს რუსეთის ხელმწიფის მიერ კახეთისათვის ხარკის პატიების შესახებ, რაზეც საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ამსახველი სხვა მასალები არაფერს ამბობს, ალბათ, მოსკოვის მთავრობას სურდა უცხოელი დიპლომატები დაერწმუნებინათ, რომ ანტიოსმალურად განწყობილ ერთ მორწმუნე კახეთის სამეფოს ეკონომიკურ შეღავათებსაც ვუწევთო.
1. Tardy L., Le Roi Svimon Ier, 32, p. 151.
2. Сношения России с Кавказом, c. 58-59.
1589 წლის 16 ოქტომბერს ზვენიგოროდსკი და ანტონოვი ქართველებს მოახსენებდნენ (უკვე მერამდენედ), როგორ იღწვის რუსეთის ხელმწიფე საშამხლოს დასამორ ჩილებლად. მეფე ალექსანდრეს დიპლომატები, თავიანთი მეფის მითითებით, ვითომ სხვათა შორის გაიხსენებენ, რომ წინათ მრავალ ქვეყანაში ქრისტიანული რწმენა იყო, მაგრამ ყველა ის ქვეყნები ოსმალებმა დაიპყრეს და გაამაჰმადიანეს და ქრისტიანებად მხოლოდ ჩვენღა დავრჩითო. ეს მცირე ისტორიული ექსკურსი მათ იმიტომ დასჭირდათ, რომ ელჩები დაერწმუნებინათ რუსეთის მიერ საშამხლოს დაპყრობის აუცილებლობაში. როცა რუსები საშამხლოს დაიპყრობენ, საქართველო ზურგს მოიდგამს და მთელი ძალით ოსმალეთს შეებრძოლება. განვიზრახავთ თუ არა ოსმალეთთან ომის დაწყებას, ეუბნებოდნენ კახეთის მეფის კარისკაცები რუსეთის ელჩებს, შამხალი მაშინვე ქურდულად, მოულოდნელად თავს დაესხმის კახეთის განაპირა სოფლებს და იძულებული ვხდებით განზრახვაზე ხელი ავიღოთ1.
რუსი ელჩები თითქოს ვერ ხვდებოდნენ საით უმიზნებდნენ ქართველი პოლიტიკოსები. მაშინ მეფე ალექსანდრემ ზვენიგოროდსკი და ანტონოვი თავის თან დაიბარა და განუცხადა: „ამჟამად ოსმალეთის სულათანი ჩემზეა განრისხებული, რადგან (რუსეთის – ე.მ.) დიდ ხელმწიფეს მფარველობა ვთხოვე; სულთანი მწერს, რომ ამ ზაფხულს თავისი ჯარი უნდა გამოგზავნოს ჩემს წინააღმდეგ“.
ელჩები ეხლა იძულებულნი გახდნენ, მართალია ისევ ზოგადად, მაგრამ საიმედოდ ეთქვათ: რადგან ჩვენმა ხელმწიფემ თავის მფარველობაში აგიყვანა, იგი ყველა მტრისაგან დაგიცავს. გარდა ამისა, მოსკოვში ყველა ქრისტიანული სახელმწიფოს ელჩები ჩავიდნენ, რათა ხელმწიფეს სთხოვონ, მონაწილეობა მიიღოს ოსმალეთის წინააღმდეგ ომში. ისინი გაერთიანდებიან და ოსმალეთს გაანადგურებენ. ამიტომ ჩვენი ხელმწი ფის ხელდებულ ქართველ მეფეს არაფრის შიში უნდა ჰქონდეს2.
1. Тамже, с. 163.
2. Тамже, с. 169.
მეფე ალექსანდრეს წარმომადგენლებმა - სოლომონმა და ტარსამ რუს ელჩებს სხვა მხრიდან შეუტიეს: სტამბოლიდან ერთი ჩვენი მოციქული დაბრუნდა და ამბავი მოიტანა, რომ ოსმალების ფლოტი ესპანელებმა და ფრანკებმა გაანადგურეს, ამიტომ ჩვენს მეფეს სურს, თავისი ელჩები რომის პაპთან, ესპანეთის მეფესთან და იმპერატორთან გაგზავნოს და მათ აცნობოს, რომ ჩვენ რუსეთის მფარველობაში შევედით. მათ ელჩებს ისიც სთხოვეს, თავიანთ მეფეს მოახსენონ ამის თაობაზე, რათა მან ალექსანდრეს ელჩები თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გაატაროს1. ამ დიპლომატიურმა სვლამ სასურველი ეფექტი მოახდინა. მოსკოვის ელჩები შეშფოთდნენ. მათ არ ესიამოვნათ ალექსანდრე მეფის სურვილი თავისი ელჩები ევროპაში გაეგზავნა. ვინ იცის რა დავალებით წავიდოდნენ თავიანთი მფარველით უკმაყოფილო ელ ჩები. მათ საჩქაროდ განცხადეს: ჩვენი მეფის თხოვნით აღსდგნენ ქრისტიანული სახელმწიფოები ოსმალეთის წინააღმდეგ. ჩვენმა ხელმწიფემ ყველა იმ ქვეყანაში აცნობა, რომ ალექსანდრე მეფე თავის ხელდებულად გამოაცხადა. განცვიფრებულებმა ელჩებმა იკითხეს: სხვა რაღა უნდა თქვენ მეფესო?2
ქართველები მიხვდნენ, რომ მიზანში გაარტყეს და ელჩების ეჭვის კიდევ უფრო გაძლიერებას შეეცადნენ. მათ კითხვაზე პასუხის გაცემის მაგიერ გააგრძელეს: ჩვენი მეფე სულ ღმერთს ევედრება, რომ რუსეთის ხელმწიფე და ყველა ქრისტიანი მეფე ოსმალეთზე ერთად აღდგნენ. სხვათა შორის ისიც დაუმატეს: ჩვენ წიგნებში გვიწერია, რომ ოსმალეთის დაღუპვა ახლო მომავალში უნდა მოხდეს და თანაც დარუბანდის მხრიდანო. მათ კითხვის სახით ისიც დაუმატეს: ოსმალეთის წინააღმდეგ მებრძოლნი (ესპანეთის მეფე, იმპერატორი, რომის პაპი და სხვ.) დარუბანდის გზით მოსვლას თუ შეძლებენო3.
1. Тамже, с. 205.
2. Тамже, с. 205-206.
3. Тамже, с. 206.
ამგვარად, ქართველმა დიპლომატებმა რუსეთის მეფის ელჩებს მოაგონეს რეჩპოსპოლიტის მეფე ბატორის გეგმა, რომელიც კათოლიკური სახელმწიფოების მხარდაჭერით, სწორედ და რუბანდის გზით, რუსეთის დაპყრობის შემდეგ, მიზნად ისახავდა ოსმალეთთან ომს. ნ. ბერძენიშვილი წერდა: „კახეთში, მას შემდეგ რაც კონსტანტინოპოლში თურქები გაბატონდნენ და დასავლეთის საქართველოსთან ურთიერთობა გაწყ ვიტეს, შემუშავებულია აზრი-იმედი (შეიძლება ვიფიქროთ, როცა ასტრახანს მოსული მოსკოვი იმიერკავკასიაში ფეხის შემოდგმით ოსმალეთს დაუპირისპირდა), რომ საქრისტიანოს ხსნა დასავლეთიდან კი არა, დარუბანდის კარზე გამოსვლით მოვაო“1 (ბერძენიშვილი ნ., დასახ. ნაშრ., გვ. 41-42). მე კი მგონია, რომ კახეთში კარგად იცოდნენ (წიგნებში ამოკითხული ჰქონდათ) ბატორის გეგმა. ისიც საფიქრებელია, რომ ბატორს საქართველოსთან უფრო მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა, ვიდრე ცნობილია დღეისათვის. ასე. რომ აღნიშნული გეგმა კახეთში არ შეუმუშავებიათ, მაგრამ იგი კახელებისათვის მისაღები იყო.
ამგვარად, ქართველი პოლიტიკური მოღვაწენი რუსეთის წარმომადგენლებს აფრთხილებდნენ, რომ რუსეთი ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლის სადავეებს თა ვის ხელში თუ არ აიღებს, მაშინ ოსმალეთის შეტევამ ევროპაზე, შეიძლება ძალების ისეთი დაჯგუფება წარმოშვას, რომელიც რუსეთის საერთაშორისო მგომარეობას გაართულებს. ახლა კი, როგორც იქნა, მოსკოველი ელჩები საქმიანად ალაპარაკდნენ: იმ სახელმწიფოებს, რომლებიც თქვენ ახსენეთ, დარუბანდის შეს ახებ გაგონილიც კი არა აქვთ, ჩვენ კი იქ ვდგევართ და, საჭიროების შემთხვევაში, მდინარე ვოლგისა და კასპიის ზღვის საშუალებით და რუბანდის კედლებთან სწრაფად მისვლა შეგვიძლია. გარდა ამისა, ტიუმენიდან 5-6 დღეში ქვეითი ჯარის მოყვანასაც შევძლებთო. ქართ ველებსაც ეს უნდოდათ. მათ მაშინვე შეაგებეს: ჩვენ კარგად ვიცით, რომ რუსეთი დარუბანდთან ყველაზე ახ ლოსაა და მისი ჯარი მოვა თუ არა ამ უმნიშვნელოვანეს ციხე-ქალაქთან, ალექსანდრე მეფის და შაჰ აბასის ჯარი ერთმანეთს მდინარე ალაზანზე შეუერთდება, დასცხებენ და სულ ადვილად გაანთავისუფლებენ ოსმალეთის მიერ დაპყრობილ ქალაქებს. რუსმა ელჩებმა კახელების აღტკინებას ზომიერების ლაგამი ამოსდეს. მათ საუა ბარი შემდეგი აზრით დაასრულეს: რუსეთი იმდენად ძლიერია, რომ მისი ყველას ეშინია. იმედი არ დაკარგოთ და, როცა დრო მოვა, ყველაფერს გავაკეთებთო1.
მოსკოვის სახელმწიფოს და კახეთის სამეფოს პოლიტიკა ოსმალეთის საკითხში თანხმობაში ვერ მოდიოდა. რუსეთის ფიქრით, ოსმალეთი კახეთს ხელს ვერ ახლებს, რადგან იგი მოსკოვის ხელმწიფის ხელდებულია. რუსეთი ვერ გაიზიარებს კახელი პოლიტიკური მოღვაწეების გეგმას ოს მალეთთან ომის დაწყების შესახებ. რუსი დიპლომატები ქართველებს აგრძნობინებდნენ, რომ ოსმალეთთან ომის დაწყების დრო ჯერ არ დამდგარა. კახეთმა უნდა მოიცადოს და თავისი მოქმედებით ოსმალეთი არ უნდა გააგულისოს, რასაც შეიძლება ოსმალეთის მხრივ სამხედრო აქციები მოჰყვეს, ამას რუსეთის ხელმწიფე ვერ დაუშვებს, მოხდება რუსეთ-ოსმალეთის კონფლიქტი, რაც თანამედროვე ეტაპზე რუსეთისათვის სასურველი არ არის.
კახეთის სამეფოსათვის დახმარება რომ რუსეთის ინტერესებში იყო, ამის საილუსტრაციოდ ალექსანდრე მეფემ, საქართველოს წარსული გაიხსენა: საქართველო წინათ ერთიანი სამეფო იყო, მაგრამ ჩვენმა პაპისპაპამ იგი სამ ნაწილად გაყო. ერთი ნაწილი ჩემს სიძე სვიმონს ეკუთვნის. მაგრამ მან თავისი სამეფო ოსმალებთან ომში დაღუპა. ოსმალებმა მის სამფლობელოებში ციხე-სიმაგრეები ჩადგეს და თითქმის მთლიანად დაეპატრონენ. კაცმა არ იცის მომავალში რა მოხდება2. რუსმა ელჩებმა მაშინვე უპასუხეს: შენი სიძე მაგ დღეში იმიტომ არის, რომ ჩვენს ხელმწიფეს მფარველობა არ სთხოვა. მაგრამ შენი სიძე თუ ინებებს, მაშინ ხელმწიფე შენი ხათრით შეიფარებსო3.
1. Сношения России с Кавказом, c. 206; ბერძენიშვილი ნ., დასახ. ნაშრ. გვ. 42.
2. Сношения России с Кавказом, с. 169-170.
3. გავიხსენოთ, რომ როდიონ ბირკინს, პეტრე პივოვს და სტეფანე პოლუხანოვს ჯერ კიდევ 1587 წელს დავალებული ჰქონდათ, სვიმონ მეფესთან ურთიერთობის დასამყარებლად ნიადაგი მოესინჯათ (Тамже, с. 170).
როგორც ჩანს, საუბრის ამ მიმათულებით წარმართვა ალექსანდრეს გეგმაში არ შედიოდა. მას არ სურდა, რომ სვიმონ მეფე რუსეთს დაკავშირებოდა. ალექსანდრე მეფე რუსებთან საუბრისას ყოველთვის ცდილობდა თავისი სიძე დაემცირებინა და მას მეფობითაც კი არ მოიხსენიებდა. ალექსანდრეს მხოლოდ თავისი თავი მიაჩნდა საქართველოს ერთადერთ და კანონიერ მეფედ. კახთა მეფის ნათქვამი სვიმონ მეფეზე რუს ელჩებს ასე უნდა გაეგოთ: სვიმონი ბეცი პოლიტიკოსია, ოსმალებთან მუდმივი ომების შედეგად ქვეყანა დაღუპვამდე მიიყვანა. ამას გარდა, აფიანსაც ეწევა და ასეთ კაცთან ურთიერთობას აზრი არა აქვსო.
ალექსანდრეს კაცები მერეც, ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში, ცდილობდნენ რუსი ელჩები სვიმონ მეფის კახეთისადმი მტრულ დამოკიდებულებაში დაერწმუნებინათ1. ალექსანდრეს სურდა რუსი ელჩებისათვის ჩაეგონებინა, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაშიც რუსეთი მხოლოდ მას უნდა დაეყრდნოს, მაგრამ მან როცა მოისმინა რუსი ელჩების პასუხი სვიმონ მეფის მი მართ რუსეთის სამეფო კარის აზრი, ამ საკითხზე საუბარი მაშინვე შეწყვიტა. მხოლოდ ელჩებთან ბოლო შეხვედრისას, ვიდრე ალექსანდრე მეფე ამ საკითხზე საუბარს განაახლებდა თავისი სათათბიროს წევრებიც კი დაითხოვა. როგორც ჩანს, მათაც არ ანდობდა თავისი ოცნების საგანს. ალექსანდრემ წინათ ხომ ელჩებს ქართლის სამეფოს მდგომარეობა გააცნო, ახლა საუბარი დასავლეთ საქართველოზე წამოიწყო, რომლის მდგომარეობა უაღრესად მუქ ფერებში დახატა (საინტერესოა, რომ კახეთის მეფე, ამჯერადაც გაურბის იმერეთის, როგორც სამეფოს ხსენებას. იგი მხოლოდ სამეგრელოს ახსენებს). მისი თქმით, წინათ იქაც ქრისტიანები ცხოვრობდნენ, დიდი ხანი არ არის, რაც ოსმალებმა დაიპყრეს და ძალით გაამაჰმადიანეს. როცა ისინი დაინახავენ, რომ მე რუსეთის ხელმწიფე მიცავს, ისინიც მაშინვე დახმარებისათვის მას მიმართავენ და ქრისტიანობას დაუბრუნდებიან, სამაგიერო სიკეთეს უფალი დიდ ხელმწიფეს მიუზღავს2.
1. Тамже, с. 221-222.
2. Тамже, с. 220; ჯავახიშვილი ივ., დასახ. ნაშრ., გვ. 300-301.
ამგვარად, ალექსანდრე II რუსეთის ხელმწიფეს ამიერკავკასიაში წარმატების საფუძვლად კახეთის სამეფოსადმი დახმარებას უსახავს. კახეთის მაგალითზე სხვებმაც უნდა დაინახონ, რუსეთს ერთმორწმუნე ქრისტიანებისადმი როგორი დახმარება შეუძლია. ოსმალეთის გავლენისაგან განთავისუფლებული ქართლისა და დასავლეთ საქართველოს რუსეთთან დაკავშირების საშუალება კახეთის სამეფო იქნება, რომელიც სხვა ქართულ სამეფოებთან შედარებით, მდიდარიც არის და მრავალრიცხოვანი ჯარიც ჰყავს. იგი, რუსეთის დახმარებით, მთელ საქართველოს ერთ სამეფოდ გააერთიანებს1 (ალექსანდრე II მოსკოვის მეფეებისადმი გაგზავნილ წერილებში თავის თავს ხშირად მთელი საქართველოს მეფედ მოიხსენიებდა) და რუსეთის ეს მოკავშირე კიდევ უფრო გაძლიერდება. სამაგიეროდ ოსმალეთი დასუსტდება. მაგრამ მოსკოვის სამეფო კარი ყოველთვის არ იზიარებდა ალექსანდრე მეფის საგარეო პოლიტიკურ მიზნებს.
1. ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ როდესაც ალექსანდრე II რუსეთის მფარველობას მიმართავდა, მას საქართველოს გაერთიანების იმედიც ექნებოდა (ჯავახიშვილი ივ., დასახ. ნაშრ., გვ. 301).


Комментариев нет:

Отправить комментарий