1463 წელს დაიწყო ვენეცია-ოსმალეთის ომი. როგორც უკვე ითქვა, ამ ომისათვის საკმაოდ ღრმა ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზები არსებობდა. ომის პირველი წელი ცვალებადი წარმატებებით მიმდინარეობდა. იმავე დროს რესპუბლიკა ჩრდილო იტალიის ქალაქ-სახელმწიფოებთან კონფლიქტსაც არ ერიდებოდა, რითაც იგი საგრძნობლად დასუსტდა. ვენეციელები მალე დარწმუნდნენ, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით ოსმალეთს ვერ დასძლევდნენ და განიზრახეს ამ ომისათვის ჯვაროსნული ხასიათი მიეცათ, რომლის განხორციელებას ერთ დროს თვითონვე უშლიდნენ ხელს. მაგრამ როდესაც ვითარება მათთვის არახელსაყრელი შეიქმნა, ჯვაროსნული ომის დაწყება, უკვე სასურველი იყო.
ვენეციის რესპუბლიკამ ისევე, როგორც ერთ დროს რომის პაპმა, ოსმალეთის მეზობლების ანტიოსმალურ ლიგაში ჩაბმას განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია. მან კარგად იცოდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ პოზიციას, რასაც ომის დროს დაიკავებდნენ ოსმალეთის აღმოსავლელი მეზობლები, ისინი, რომლებიც ცოტა ხნის წინათ თვითონვე სთხოვდნენ ვენეციელებს და ევროპის სახელმწიფოებს ანტიოსმალური ლიგის შექმნას.
1463 წლის 2 დეკემბერს ვენეციის სენატმა მიიღო გადაწყვეტილება დაკავშირებოდა უზუნ ჰასანს და ყარამანიის მთავარ ფირ ახმედს, რომელთანაც 1453 წლიდან სავაჭრო ხელშეკრულება ჰქონდა დადებული. სენატმა ვენეციელ დიდებულს ანდრეა კორნაროს დაავალა დასახელებულ მბრძანებლებთან გამგზავრებულიყო. იმ შემთხვევაში თუ კორნარო უზუნ ჰასანის კარზე მისვლას ვერ შეძლებდა, მაშინ იქ ლაზარო კვირინო უნდა გაეგზავნა1. სენატის იმავე სხდომაზე გადაწყდა, გაეგზავნათ ელჩები ბურგონის ჰერცოგთან, საფრანგეთის, სიცილიისა და პორტუგალიის მეფეებთან. დაადგინეს გაეგზავნათ წერილები უნგრეთისა და ჩეხეთის მეფეებთან ოსმალეთის წინააღმდეგ „ომში მოსაპატიჟებლად“. ანდრეა კორნარომ თავისი მისია ყარამანიაში წარმატებით შეასრულა2, ხოლო, ვენეციის სენატის დავალების თანახმად, ლაზარო კვირინო უზუნ ჰასანთან გაგზავნა. ლაზარო კვირინო პირველი ოფიციალური წარმომადგენელი იყო ვენეციის რესპუბლიკისა უზუნ ჰასანის კარზე3.
1. Berchet G. La Republica di Venezia e la Persia, Torino, 1865, p. 103-104.
2. Ibidem, p. 104
3. Marin. Storia civile e politica del comercio de’Veneziani di Carlo
Antonio Marin Patrizio Veneto, v. IV,
in Vinegia,
1800 , p. 186.
ზ. ავალიშვილი, რუმინელი ისტორიკოსის იორგას ნაშრომზე დაყრდნობით, ფიქრობდა, რომ
ვენეცია-აყ-ყოიუნლუს ურთიერთობა დაიწყო 1471 წელს.
ლაზარო კვირინოს შესახებ იხ. Berchet G., Op.
cit., p. 104; Foscarini
M. Della Letteratura veneziana, libro otto,
v. I, Padova, 1752, p. 409.
ვიდრე კვირინო დანიშნულების ადგილს მიაღწევდა, მანმადე უზუნ ჰასანმა, შეიტყო თუ არა ვენეცია-ოსმალეთის ომის დაწყება, საჭიროდ ჩათვალა ვენეციასთან კავშირის დამყარება და თავისი ელჩი მამეტანაცაბი (Mametanazab) გააგზავნა. ელჩი ალეპოსა და როდოსზე გავლით 1464 წლის 13 მარტს ვენეციაში ჩავიდა1. მოლაპარაკება წარმატებით დამთავრდა. გადაწყდა, ორივე სახელმწიფოს ერთდროულად, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან, დაეწყო საომარი მოქმედება. უზუნ ჰასანის ლაშქარს 1465 წლის მარტში დარდანელამდე უნდა მიეღწია და ამგვარად ხელი შეეწყო ვენეციის ფლოტის კონსტანტინოპოლზე თავდასხმისათვის. ის ტერიტორიები, რომლებსაც უზუნ ჰასანი დაიპყრობდა, მის სამფლობელოებს შეუერთდებოდა, ხოლო ვენეციის ფლოტის დახმარებით დაპყრობილი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები ვენეციის რესპუბლიკის საკუთრებაში გადავიდოდა. რათა ომი საბოლოო გამარჯვებამდე მიეყვანათ, მოკავშირეებს ეკრძალებოდათ ოსმალეთთან სეპარატიული ზავის დადება.
მეჰმედ II პასიური დამკვირვებელი არ იყო. იგი ჯეროვნად აფასებდა ვენეციის ძალას და ცდილობდა მოეძებნა მოკავშირეები მის წინააღმდეგ. 1464 წელს მილანში მივიდა ოსმალეთის ელჩი, რომელიც ღირსეულად მიიღეს, მა გრამ ვენეციის წინააღმდეგ დახმარებაზე უარი მოახსენეს2.
ვენეცია-ოსმალეთის ომის დაწყება პაპმა პიუს II-მ ხელსაყრელ მომენტად ჩათვალა და თვითონაც დაიწყო ჯვაროსნული ომის იდეის განხორციელებისათვის მოქმედება. მისი მოღვაწეობა მიმართული იყო ისეთი ანტიოსმალური ლიგის შექმნისაკენ, რომელშიც გაერთიანებული იქნებოდა მთელი ქრისტიანული სამყარო3, მაგრამ პაპმა ვერაფერს მიაღწია.
1465 წელს ვენეციაში მივიდა უზუნ ჰასანის მეორე ელჩი. მას ევალებოდა 1464 წლის ხელშეკრულების განმტკიცება4. აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს იმ დროს ჯერ კიდევ არ შეეძლო ომში ჩაბმა.
1. Berchet G., Op. cit.,
p. 104.
2. Leo
H. Geschichte von Italien, Hamburg,
1829 , S. 163.
3. Julien
F., Papes et Sultan, Paris, 1879, p. 104-106
4. Mахмудов Я. Взаимоотношения государства
Ак-коюнлу с Венецией (60- 70 гг. XV века). Автореферат, Баку, 1966, с. 11.
იგი ყარა-ყოინლუს (შავბატკნიანები) ებრძოდა. ვენეციისა და აყყოიუნლუს კავშირს რესპუბლიკისათვის მაინც გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა. მეჰმედ II იძულებული იყო ყურადღება აღმოსავლეთის საზღვრებისთვისაც მიექცია.
ამრიგად, აღმოჩნდა, რომ ოსმალებთან ომის პირველ პერიოდში (1463-1471) ვენეცია ვერც აღმოსავლეთიდან და ვერც დასავლეთიდან რეალურ დახმარებას ვერ მიიღებდა, მას ომის წარმოება მხოლოდ საკუთარი ძალებით მოუხდებოდა. ოსმალეთთან ომი დიდძალი ფულადი სახსრების მობილიზებას მოითხოვდა. ვენეციის ხაზინა კი თანდათან ცარიელდებოდა, რასაც აღმოსავლეთთან ვაჭრობის შეკვეცამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი. ვენეციის ხელისუფლებამ სცადა სხვა სახ ელმწიფოებისაგან ფულადი დახმარება მაინც მიეღო, მაგრამ ამის მიღწევა მაშინ დელ ევროპაში იოლი საქმე არ იყო.
1468 წელს იტალიაში შეიქმნა ლიგა, რომლის წევრებსაც სხვადასხვა ვალდებულებებთან ერთად ანტიოსმალური ომის საწარმოებლად ყოველწლი ურად 100 ათასი დუკატი უნდა შეეგროვებინათ. ლიგის შექმნის ინიციატორი იყო პაპი პავლე II (პიეტრო ბარბო, 1464-1471), რომელმაც დებულებაში მუხლი ფულადი გადასახადის შესახებ ვენეციელების წაქეზებით შეიტანა და ხელშეკრულებასაც პირველებმა მათ მოაწერეს ხელი. მაგრამ ნეაპოლიტანიის მეფე ფერდინანდმა, მილანის ჰერცოგმა და ფლორენციის რესპუბლიკამ განცვიფრება გამოხატეს პაპის ამ ღონისძიების გამო. პაპს ვენეციისადმი მიკერძოება დააბრალეს და განაცხადეს, რომ იგი როგორც ვენეციის ყოფილი მოქალაქე, რესპუბლიკისათვის დახმარებას ცდილობდა. ამავე დროს ისინი პაპს იტალიაში მშვიდობის დამრღვევსა და ყაჩაღს უწოდებდნენ. ამ აზრს სხვა სახელმწიფოთა მეთაურებიც იზიარებდნენ1. ვენეციისათვის მისი მეზობლების ამგვარი განწყობილება უაღრესად არასასურველი იყო. უფრო მეტიც: მისი მეტოქეები - ფლორენცია და
გენუა, სულთანთან
შეთანხმებით ვენეციელებს
თანდათან დევნიდნენ აღმოსავლეთის
ვაჭრობიდან და
მათ პრივილეგიებს
ეპატრონებოდნენ.
ისინი ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რათა ოსმალეთსა და ვენეციას შორის შეთანხმება არ მომხდარიყო და სულთანს მის წინააღმდეგ აქეზებდნენ. ფლორენციისა და გენუის ჯაშუშები ხელთ იგდებდნენ თუ არა ვენეციელების სხვადასხვა ქვეყნებთან გაფორმებულ ანტიოსმალური ხასიათის დოკუმენტებს, მაშინვე სულთანს გადასცემდნენ2. ისინი სულთანს სხვა ქვეყნებთან შუამავლობდნენ ვენეციის წინააღმდეგ. მათივე დახ მარებით იქმნებოდა ოსმალეთის საომარი გეგმები.
1. Muratori L. A ., Geschichte
von Italien von Anfange der christliche Zeit-Rechnung bis auf des Jahre 1500. Aus dem
italienischen übersetzt, Theil IX,
Leipzig, 1750, S.
417
2. Zinkeisen I., W.
Geschichte des osmanischen Reiches in Europa, II, Gotha, 1854, S.
435.
როგორც ითქვა, ვენეცია-ოსმალეთის ომის პირველი პერიოდი ცვალებადი წარმატებებით მიმდინარეობდა. ვენეციელები თუ ზღვაზე გასაქანს არ აძლევდნენ ოსმალების ფლოტს, სამაგიეროდ ოსმალები ხმელეთზე მძლავრობდნენ. მაგრამ, რაც დრო გადიოდა, ძალთა თანაფარდობა ოსმალების სა სარგებლოდ იცვლებოდა. ოსმალეთის ფლოტი იმდენად გაძლიერდა, რომ ვე ნეცია მარცხს მარცხზე განიცდიდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია 1470 წ. 12 ივნისს ოსმალების მიერ კ. ნეგროპონტეს (ევბეა) დაპყრობა. რესპუბლიკისათვის ეს იმდენად დიდი დატყმა იყო, რომ იგი იძულებული გახდა ზავი ეთხოვა იმ პირობით, რომ კუნძულს უკან დაუბრუნებდნენ. სულთანმა ამის გაგონებაც კი არ ისურვა.
ნეგროპონტეს დაცემამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მთელ იტალიაზე. თითქოს ისეთი ვითარება შეიქმნა, როცა იტალიის სახელმწიფოების ერთ მანეთთან შეკავშირება შეიძლებოდა. მართლაც 1471 წლის იანვარში ჩამოყალიბდა ახალი ლიგა, რომელშიც შევიდნენ: ფლორენციის რესპუბლიკა, არაგონის სამეფო, ფერარისა და მოდენის საჰერცოგოები, მანტუისა და მონფერატის სამარკიზოები, სავოის საჰერცოგო და სიენისა და ლუკას რესპუბლიკები1.
1. Galibert L., Histore de la Rèpublique de Venise, Paris, 1847, p. 156
ლიგაში განხეთქილების შეტანის მიზნით, ოსმალებმა ვენეციელებს საზავო მოლაპარაკების დაწყება შესთავაზეს1. ვენეციელებისათვის გასაგები იყო სულთნის მანევრი და გადაწყვიტეს დრო არ დაეკარგათ და შემდგომი ბრძოლისათვის მომზადებულიყვნენ. ვითარება იცვლება აღმოსავლეთშიც. იქაური მეფე-მთავრები ხელახლა იწყებენ მოკავშირეების ძებნას დასავლეთში.
XV ს. 70-იანი წლების დასაწყისში აყ-ყოიუნლუს სახელმწიფომ თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია. მისი სამფლობელოები, კატერინო ძენოს მიხედვით, „შემოსაზღვრული იყო აღმოსავლეთიდან მდინარე ინდით და სათათრეთით2, დასავლეთით - სამცხით, ტრაპიზონით, ყარამანიით, სირიით, მცირე სომხეთითა და მდინარე ევფრატით. სამხრეთიდან არაბეთითა და ინდოეთის ზღვით, ჩრდილოეთიდან კასპიის ზღვით3.
1. Leo H., Op. cit., S. 173.
2. XV საუკუნის მოგზაურები სათათრეთში გულისხმობდნენ ოქროს ურდოს, ყივჩაღეთს.
3. Zeno, Dei commentarii del
viaggio in Persia e del guerra persiane, Venezia, 1558, p. 8. XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს შესახებ. იტალიური დან
თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ე. მამისთვალიშვილმა,
თბ., 1981, გვ. 20.
ევროპაში უზუნ ჰასანსა და მის ლაშქარზე დიდ იმედს ამყარებდნენ. უზუნ ჰასანს იმედის თვალით შეჰყურებდნენ როგორც ცოტა ხნის წინათ ტრაპიზონიდან განდევნილი კომნენოსები, ასევე ოსმალების მიერ დამარცხებული ყარამანიელები. ვენეცია ცდილობდა დაკარგული სამფლობელოების დაბრუნებას და ვენეციის სავაჭრო კაპიტალის მნიშვნელობის აღდგენას აღმოსავლეთში. კათოლიკური ევროპის მეთაურს, პაპს, უზუნ ჰასანის ხელით სურდა ქრისტიანთა კეთილდღეობის მოგვარება.
ამავე პერიოდში, კოალიციის შექმნის მიზნით, მყარდება კავშირი საქართ ველოს სამეფო-სამთავროებსა და აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს შორის. დოკუმენტებში აისახა ის ინტენსიური დიპლომატიური ურთიერთობა, რასაც ისინი ერთობლივად აწარმოებდნენ ევროპის სახელმწიფოებთან ანტიოსმალური ძალების გაერთიანების მიზნით. უზუნ ჰასანისათვის ოსმალეთთან ომის პირობებში საქართველოს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ჯერ ერთი, სამხედრო თვალსაზრისით, უზუნ ჰასანისათვის მნიშვნელობა ჰქონდა ქართველი მეფე-მთავრებისაგან დახმარების მიღებას იმ სახით, როგორითაც ისინი 60-იანი წლების დასაწყისში სავარაუდო მოკავშირეებს ჰპირდებოდნენ. საქართველოსთან კავშირს პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. მაშინ აღმოსავლეთში საქართველოს გარდა სხვა ქრისტიანული სახელმწიფო აღარ არსებობდა. ევროპასთან ურთიერთობის დროს კი, როდესაც რელიგიური მოტივები დიდ როლს ასრულებდა, ამ გარემოებას ისეთი მოქნილი პოლიტიკოსი სათვის, როგორიც უზუნ ჰასანი იყო, გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა. გარდა აღნიშნულისა, საქართველო უზუნ ჰასანისათვის ოსმალეთთან მოსალოდნელი ომის დროს არა მარტო მოკავშირე შეიძლებოდა ყოფილიყო, არამედ შუამავალიც ევროპის სახელმწიფოებთან მოლაპარაკებისას.
უზუნ ჰასანს კარგად ესმოდა, როგორი მნიშვნელობა ჰქონდა ევროპაში ისეთი აზრის შექმნას, თითქოს აყ-ყოიუნლუს მბრძანებელი ქრისტიანების მეგობარი იყო და ამის დასტურად ქართველებთან მოჩვენებითი მეგობრობის დემონსტრირებაც საკმარისი იქნებოდა. მართლაც, ერთ-ერთი ლათინური ქრონიკის მიხედვით, XV ს. 70-იანი წლების დასაწყისში უზუნ ჰასანი ევროპაში ცნობილი იყო, როგორც „ქრისტიანების ერთგული მეგობარი“ და, თითქოს იგი ჯვარსაც კი ატარებდა მარჯვენა მხარეზე (Hinz W., Op. cit., S. 122). ეს ლეგენდა ოსმალებისაგან შეშინებული ევროპელების ფანტაზიის ნაყოფი იყო. მათ სურდათ უზუნ ჰასანი ისეთივე უნებლიე მხსნელად წარმოედგინათ, როგორიც თემურლენგი იყო იმავე საუკუნის დასაწყისში. მან ხომ ოსმალეთზე თავდასხმით, მართალია დროებით, მაგრამ მაინც, გარდაუვალი ხიფათი ააცილა არა მხოლოდ ბიზანტიას, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მთელ რიგ სახელმწიფოებსაც. ევროპაში უზუნ ჰასანის პოპულარიზაციის საქმეში ქართველებსაც გარკვეული ღვაწლი მიუძღვოდათ. გავიხსენოთ მათი წერილები გაგზავნილი ევროპაში, რომლებშიც უზუნ ჰასანი ქრისტიანობის საქმის დამცველად არის წარმოდგენილი. მაგრამ, თუ რას ნიშნავდა მისი „სიყვარული“ და „მეგობრობა“ საქრისტიანოსადმი, ამის თვალსაჩინო მაგალითი ისევ საქართველო იყო, რომელიც მან 1458, 1463, 1466, 1472, 1477 წლებში ძირითადად გაძარცვის მიზნით დალაშქრა1. უზუნ ჰასანისაგან გამუდმებული მუქარისა და ევროპასთან ურთიერთობის დიდი სურვილის გამო ქართული სამეფო-სამთავროები იძულებული იყო უზუნ ჰასანთან თანამშრომლობა გაეგრძელებინა.
უნგრეთის ელჩის მიერ 1471 წლის 12 აპრილს ვენეციიდან გაგზვნილ წერილში, ლაპარაკია საქართველოს მეფე კონსტანტინეს2 ელჩების ვენეციაში ჩასვლაზე. მათ განუცხადებიათ, რომ საქართველოს მეფე კონსტანტინე უზუნ ჰასანის ნათესავი და მოკავშირე იყო. კონსტანტინე აპირებდა იმავე წლის გაზაფხულზე 30 ათასი მხედრით ოსმალების წინააღმდეგ გამოსვლას. ელჩებს უთქვამთ აგრეთვე, რომ მათთან ერთად გამოვიდოდა უზუნ ჰასანი უზარმაზარი ჯარით3.
საფიქრებელია, საქართველოს წარმომადგენლებს ნიადაგი უნდა შეემზადე ბინათ შემდგომი მოლაპარაკების დასაწყებად. ვენეციის მთავრობას მაშინვე განუცხადებია თანხმობა ოსმალეთის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ4. წყაროები არ ადასტურებს ზ. ავალიშვილის მოსაზრებას, თითქოს ქართველი ელჩის ვენეციაში ჩასვლა გახდა მიზეზი სენატის მიერ უზუნ ჰასანთან გასაგზავნ ელჩად კატერინო ძენოს არჩევისა5. იმავე წლის აპრილში ვენეციაში იმყოფება ახალი ელჩობა, რომელშიც საქართველოს და აყ-ყოიუნლუს წარმომადგენლები შედიოდნენ. ამ ელჩობის ვენეციაში ყოფნის და მათი ვენეციის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება აისახა ჩვენამდ მოღწეულ რამდენიმე წერილში. მართალია, ისინი არ გამოირჩევა ინფორმაციის სიუხვით, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ჩვენი ისტორიოგრაფიისათვის გარკვეულ სიახლეს შეიცავენ, მოვიყვან მათ მთლიანად.
1. Ibidem, S. 137-139.
2. ეს არის ქართლის მეფე კონსტანტინე II, რომელიც, მართალია 1478-1505 წლებში მეფობდა, მაგრამ მანამდე, 1466 წლიდან ბაგრატ VI-სთან ტახტისათვის ბროლის პერიოდში თავის თავს მეფეს უწოდებდა და გარკვეულ ტერიტორიაზე ძალაუფლებაც ჰქონდა. საგულისხმოა, რომ კონსტანტინე ტახტისათვის ბრძოლისას უზუნ ჰასანის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა.
3. Magyar diplomáczial emlekek Mátyas király korából 1458-1490. „Monumenta Hungaria Historia“, t. I, Budapest, 1877 , p. 212.
4. Авалов З., Забитая вариация об одной исторической теме (из истории Восточного вопроса XV столетия), Прага, 1925, c. 245.
5. Тамже, с. 246.
1471 წ. 22 აპრილის წერილიდან, რომელიც გაგზავნილია სიცილიის მე ფის კარზე ვენეციის წარმომადგენლის ვეტორე სორანცოსთვის1, ვიგებთ, რომ ელჩებს საიდუმლოდ უმოგზაურიათ ჯერ ტრაპიზონიდან მონკასტრომდე, შემდეგ პოლონეთის მეფე კაზიმეჟ IV-სთან მისულან. ვენეციისკენ მიმავალ თათვის კაზიმეჟს, ალბათ, გარკვეული მოლაპარაკების შემდეგ, თავისი ელჩიც გაუყოლებია2. ვენეციაში ელჩებს განუცხადებიათ, რომ მათი მეფეები მზად არ იან გაილაშქრონ სულთნის წინააღმდეგ და თუ ევროპელი ქრისტიანებიც ასე იმოქმედებენ, მაშინ წარმატება მიღწეული იქნება.
„1471 წლის 22 აპრილი.
ჩვენი მრჩეველი ელჩი სირ ვიქტორი სიცილიის უბრწყინვალეს მეფესთან.
ჩვენი თანდასწრებით ამ დღეს იყო უბრწყინვალესი პოლონეთის მეფის ელჩი. მან ზემოაღნიშნული მეფის სახელით, რაზედაც ზოგადად ვილაპარაკეთ რომში, სულთნის განზრახვის ირგვლივ ძალიან ფართედ ილაპარაკა, მიგვი პატიჟა და დიდი პატივი გვცა. გავიხსენეთ ამ საკითხის ირგვლივ რაც შეიძლება თქმულიყო და თითოეულმა საქებარი ქრისტიანული სიტყვებით გაიგო და ამგვარად ერთმანეთს შევეპასუხეთ. მასთან ერთად მოვიდა ორი ელჩი, ერთი უზუნ ჰასანისაგან (Osson Cassan) და მეორე საქართველოს მეფისაგან (del re de Zorzania). ამ მხრიდან წამოვიდნენ, როგორც პირველი ისე მეორეც. უზუნ ჰასანის ელჩმა გაიარა შავი ზღვა ტრაპიზონიდან და მონკასტროდან. ინ კოგნიტოდ ჩავიდა პოლონეთში და მას თან ახლდა, როგორც ზემოთ აღვწერეთ, [საქართველოს] მეფის ელჩი, ჩამოვიდნენ აქ [ვენეციაში] და თითოეულმა სთქვა: მათი მეფეები მზად არიან სულთნის წინააღმდეგ გაილაშქრონ და სასიმოვნო ის არის, რომ ასევე იმოქმედებენ [ევროპელი] ქრისტიანებიცო. ჩვენც დროულად ვუპასუხეთ სიამოვნებაზე სიამოვნებით და წინადადებაზე-წინადადებით.
1. Cornet E., Le guerre dei Veneti nell’Asia 1470-1474. Documenti cavati dal Archivio al Frari in Venezia e publicati per Enrico Cornet, Vienna, 1856, p. 25.
2. ნ. იორგას მიხედვით, ვენეციაში მხოლოდ უზუნ ჰასანისა და და პოლონეთის ელჩები მისულან. იგი იმავე წყაროს იმოწმებს, რომელიც ზემოთ დავასახელე. Jorga N., Geschichte des os manischen Reiches. Nach den Quelen dargestelt. II, Gotha, 1910, S. 163.
ყველა ეს ცნობა ჩვენ მივაწოდეთ ანჯოლ დატრის (Anzol Datri), მეფის ელჩს. მან, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, უსათუოდ აცნობა ზემოხსენებულ მის უმაღლესობას მეფეს, რომელსაც ჩვენი მხრიდანაც შევატყობინებთ, როცა მივწერთ სამეგობრო სამსახურისა, მოვალეობისა და ჩვენი კავშირის შესახებ“1.
უზუნ ჰასანი ვენეციას ადრინდელი გეგმის განხორციელებას სთავაზობდა: თუ ვენეციიის სამხედრო ფლოტი ხმელთაშუა ზღვიდან დაიწყებდა ოსმალების შევიწროებას, თვითონ კი თავისი ცხენოსანი ჯარით შეუტევდა, ასეთი შეთანხმებული მოქმედებით სულთანს ადვილად წაართმევდნენ ევროპასა და აზიაში დაპყრობილ ტერიტორიებს. ცნობები ამ ელჩობის შესახებ მოცემულია კატერინო ძენოს „მოგზაურობის კომენტარებში“, მაგრამ მისი წევრები წარმოდგენელნი არიან როგორც უზუნ ჰასანის ელჩები. ძენოს მიხედვით, ელჩობა ოთხი წევრისაგან შესდგებოდა. ესენი იყვნენ: „აზიმამეტი2, მორატი3, ნიკოლო და კეფარსა4 - სერიოზული ადამიანები, რომლესაც დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ.
1. Cornet E., Op. cit., p. 25.
2. ლ. ტარდის მიხედვით ეს არის ხაჯი-მოჰამედი. ტარდი ლ., უზუნ ჰასანის (1453-1478) ელჩი კატერინო ზენო საქართველოს გავლით უნგრეთის მეფე მატიაშთან (1458-1490). „ქართული დიპლომატია“, წელიწდეული, 11, თბ., 2004, გვ. 95.
3. ეს, ალბათ ის სომეხი ელჩი მორაკია, რომელიც უზუნ ჰასანის დავალებით რომში დიპლო მატიური მისიით იმყოფებოდა 1469-1470 წლებში. ის ამბროჯო კონტარინის ყირიმში შეხვდა (Ramusio, II, Op. cit., p. 114r). როგორც ვარაუდობენ მორატი (იგივე მირატი ან მუ რატი) ცნობილი ჯულფელი ვაჭარი ხოჯა მირაკი უნდა ყოფილიყო, რომელიც 1477 წელს მოკლეს (Тер-Аветисян С. И., Город Джуга, матерялы по истории торговых отношении джульфинских купцов XV-XVII вв., Тб., 1937, с. 20, 22).
4. კეფარსა, იგივე „ბეი ისაკი“, „უზუნ ჰასანის ელჩი, ეროვნებით ესპანელი და სარწმუნოებით ებრაელი“, „უზუნ ჰასანის მთავარი ექიმი“ ყოფილა. Cornet E., Op. cit., p. 39.
მათ დაავალა მეფემ მისი სახელით შეეკრათ კავშირი [თურქეთის] სულთნის და [ეგვიპტის] სულთნის წინააღმდეგ, ოღონდ ვენეციელების საზღვაო ფლოტს მოსვენება არ უნდა მიეცა არც ერთისა და არც მეორისათვის“1. ამ ელჩობის შემდეგ აირჩია ვენეციის სენატმა კატერინო ძენო ელ ჩად უზუნ ჰასანის კარზე2.
ძნელია გარკვევა დასახელებულ ელჩებს შორის რომელი იყო (ან იყვნენ) საქართველოს წარმომადგენელი. ჩემთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ პირველი, ე.ი. აზიმამეტი ვენეციაში დარჩა, დანარჩენი სამი კი პაპთან და ნეაპოლის მეფესთან მოსალაპარაკებლად გაემგზავრნენ3, რათა ისინი ანტიოსმალურლიგაში ჩაებათ4.
აზიმამეტის ვენეციაში დარჩენა ზ. ავალიშვილმა იმის საბუთად მიიჩნია, რომ ელჩობის სხვა სამი წევრი ქართველებად გამოეცხადებინა. ვითომც აზიმამეტი, როგორც მაჰმადიანი, რელიგიური მოსაზრებით დატოვეს ვენეციაში, რომ მაჰმადიანთან საქმის დაჭერით პაპი უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნილიყო5. მაგრამ დასადგენია, მაჰმადიანი იყო თუ არა აზიმამეტი. ცნობილია, რომ უზუნ ჰასანი ევროპაში გასაგზავნ დიპლომატებს შორის უპირატესობას ქრისტიან ვაჭრებს ანიჭებდა6, რადგან მათ ქრისტიან ხელმწიფეებთან ურთიერთობის მეტი საშუალება ჰქონდათ.
1. XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 21
2. ცნობილია ძენოს პოლონეთიდან თავრიზამდე მოგზაურობის მარშრუტი: პოლონეთიდან მეფის მიერ გატანებული მცველთა რაზმით, ძენო კაფამდე მივიდა, კაფიდან სებასტოლისამდე (სოხუმი) გემით იმგზავრა. აქედან ძენო საქართველოს მეფის მიერ გამოყოფილი გამყოლების თანხლებით გაივლის საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს და უზუნ ჰასანის კარამდე მიაღწევს. ტარდი ლ., უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობა, გვ. 23-24.
3. ლ. ტარდი, ძენოსავე ცნობაზე დაყრდნობით ამბობს, რომ „ებრაელი ექიმი ისააკი პაპს ეწვია, შემდეგ – უნგრელ და ნეაპოლიტანელ მეფეებს“, რაც სიმართლეს არ შეეფერება. ძენოს მიხედვით აზიმამეტი ვენეციაში დარჩა, ხოლო სამი ელჩი კი დასახელებულ ქვეყნებს ეწვია.
4. იქვე.
5. Авалов З., Забитая вариация об одной исторической теме, c. 246-247.
6. Петрушевский И.П., Aзербайджан в XVI-XVII веках. «Сборник статей по истории Азербайджана», вып. I, Баку, 1949, с. 173.
ისიც ცნობილია, რომ 1460 წ. აღმოსავლეთიდან გაგზავნილ იმ ელჩებს შორის, რომლებიც პაპს ეახლნენ, უზუნ ჰასანის ელჩი „თურქმენი მაჰუმუტიც“ იმყოფებოდა1. დაბოლოს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დასახელებული ოთხი ელჩი დან ერთი, ნიკოლო, ის ნიკოლოზ თბილელი ხომ არ იყო იყო, რომელმაც 1460-1461 წლებში ევროპა მოიარა, როგორც გიორგი VIII-ის ელჩმა? ასეთი ვარაუდის დაშვება სრულიად სამართლიანია, რადგან უზუნ ჰასანს ევროპაში ქრისტიან ქართველებთან კარგი ურთიერთობის დემონსტრირება სჭირდებოდა.
1471 წლის აპრილში ჩასული ელჩები, როგორც იმავე წლის 25 ოქტომბრის წერილიდან ჩანს (იგი ნეაპოლიტანიის მეფის კარზე ვენეციის რე სპუბლიკის ელ ჩისთვისაა გაგზვნილი), სექტემბრის დასაწყისამდე იქ დარჩენილან2. წერილიდან ყურადღებას განსაკუთრებით იქცევს ერთი გარემოება: პაპს თავისი კაცი გაუგზავნია აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოსა და საქართველოში. საერთოდ, პაპი, როგორც სხვა წერილებიდანაც ჩანს, კარგად იყო ინფორმირებული საქართველოს შესახებ. ისიც ჩანს, როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ევროპელები ანტიოსმალურ კოალიციაში საქართველოს მონაწილეობის საკითხს.
1471 წ. 10 სექტემბერს პაპ სიქსტუს IV-ისათვის გაგზავნილი ანონიმური წერილით (მისი ავტორი ვენეციელი უნდა იყოს) დასტურდება, რომ საქართველოს მეფე ალექსანდრე3 და უზუნ ჰასანი ოსმალეთს ებრძოდნენ. მათი ბრძოლა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ, როგორც წერილშია ნათქვამი, ქრისტიანებისათვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნა ოსმალების წინააღმდეგ საერთო ლაშქრობის დასაწყებად. პაპს საქართველოსა და აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოში თავისი ელჩიც გაუგზავნია ერთობლივი მოქმედების შესათანხმებლად.
1. მ. თამარაშვილის ფონდი, # 1053, გვ. 30
2. Cornet E., Op. cit., p. 31
3. უნდა იყოს კონსტანტინე II, ალექსანდრე I დიდის შვილიშვილი.
„1471 წლის 10 სექტემბერი.
პაპ სისტო IV-ს.
დიდად სახელოვანი და უბრწყინვალესი საქართველოს მეფის ალექსანდრეს (Alexsandri regis) უზუნ ჰასანთან მოლაპარაკების შესახებ, ჩვენ გავიგეთ თქვენი უწმინდესობის მოწერილობიდან. ცნობა მოგვაწოდა საპატიო კეთილშო ბილმა ჩვენმა მორჩილმა ძმამ, უფროსმა ბეტრუჩიო კონტარინიმ (Betrucius Con tarenum pri orem) და სხვ. ყველაფერი ეს ჩვენ ძალიან გვესიამოვნა. ასეთი ცნობის გამო საუკუნო მადლობას მოგიძღვნით თქვენს უნეტარესობას, თქვენ, რომელმაც ელჩი გააგზავნეთ წინადადებით მათ მეფეებთან. ჩვენ გვგონია, რომ ეს ძალიან ჭკვი ანური და მეტად სასარგებლო საკითხია ქრისტიანებისათვის. დიდ საქმეს გააკეთებდით მეფეებისადმი მოწოდებით, იმედისა და დაპირებების გაზრდით და ურჯულო სულთნის წინააღმდეგ ძალიან გამამხნევებელი სიტყვებით. თუმცა ისინი ძლიერნი არიან და ხალხიც იარაღასხმულია, ძალიან მამაცი ცხენოსნები არიან, იბრძვიან თურქული ცბიერებით, მაგრამ დიდ საქმეს გააკეთებს ყმების შინაგანი სიძულვილი თურქების იმპერატორის ცბიერი ნიჭის მიმართ. ეჭვი არაა, რომ იმ მხრიდან მათ ართობენ და თავს არიდებენ, როგორც ეს შეუძლია ბარბაროსების ძალიან მრისხანე ხალხს, ისე, რომ დიდად შემწყნარებელი ქრისტიანებისათვის გაადვილებულია საერთო ლაშქრობა მტერზე თავდასხმისა და დასამორ ჩილებლად. უზუნ ჰასანის მიერ ჩვენთან წარმოგზავნილი კაცი1, რომელიც ჩვენ თან მოვიდა, ამ [სექტემბრის] თვეს გავისტუმრეთ და მას მის ხელმწიფე [უზუნ ჰასანთან] გავაყოლეთ ერთი ჩვენი კეთილშობილი ელჩი სრული დავალებით, რომ მან ამ საკითხზე ურჩიოს და გაამხნევოს იგი და სხვ. რაც თქვენს უწმინდესობის წარგზავნილს ადვილად შეეძლება მის შესაფერისად იმოქმედოს და საერთო საქმეზეც იზრუნოს თქვენი უწმინდესობის უმაღლესი ავტორიტეტის სახელით, რომელიც იმ მე ფეებში მეტად ღირსეულ პატივისცემას იწვევს...“2
მოყვანილი წერილის ზოგიერთი ბუნდოვანი ადგილის გახსნასა და განმარტებაში გვეხმარება იმავე წლის 25 ოქტომბრით დათარიღებული წერილი, რომელიც გაგზავნილია ნეაპოლის მეფე ფერდინანდის კარზე ვენეციის ელჩისათვის. მასში გადმოცემულია აყ-ყოიუნლუს, პოლონეთის, საქართველოს ელ ჩების ვენეციაში ყოფნისა და დასახელებულ ქვეყნებში ვენეციის ელჩის - კატერინო ძენოს და პაპის ელჩის გაგზავნის შესახებ.
1. იგულისხმება უზუნ ჰასანის ელჩი ბეი ისაკი.
2. Cornet E., Op. cit., p. 30.
„1471 წლის 25 ოქტომბერი.
ჩვენს ელჩს მეფე ფერდინანდთან.
თქვენი მეოხებით, ბატონო ვიქტორ, მეორედ ვაცნობეთ მის მეფურ უმაღლესობას, რომ ჩვენთან მოვიდა ხელმწიფე უზუნ ჰასანის ელჩი სირ ლაძარო კვირინოსთან ერთად. ეს უკანასკნელი ჩვენი ჯარის მთავარსარდალია და იგი ზემოხსენებულ უზუნ ჰასანთან გავაგზვნეთ. მერე მონკასტროს გზით პოლონეთზე და გერმანიაზე გავლით მოდიან ორნი: ერთი ზემოხსენებული ხელმწიფე [უზუნ ჰასანის] სახელით და მეორე საქართველოს მეფის სახელით და ეს ორიც რომში მიდიან. რომის უმაღლესმა მღვდელმთავარმა მათ ჩააცვა, ძალიან კარგად მიიღო, აქედან ხელახლა გააგზავნა და თავისი ელჩი მორჩილი ძმა სან ფრანჩესკო, ძალიან ჭკვიანი კაცი, ზემოაღნიშნული სინიორებს გააყოლა. ასევე ჩვენ ავირჩიეთ ელჩად ზემოხსენებულ სინიორ უზუნ ჰასანთან გასაგზავნათ სირ კატერინო ძენო. აღნიშნული ელჩები წავიდნენ ჩვენი კატარღებით ალექსანდრიი დან კვიპროსის გავლით და აქედან ყარამანიის ქვეყანაზე, რომლის გასავლელად დროზე გავეცით ბრძანება. იქ გაგზავნილი წინადადების ფორმაში ფართედაა განხილული საკითხი, რომლის მიზანია დაარწმუნონ, გაამხნევონ და დაითანხმონ ზემოხსენებული სინიორები სულთნის საწინააღმდეგოდ. ეს ასე მოხდება კიდეც, როგორც ამას გაიგებთ თქვენ და ჩვენც. დროდადრო შეატყობინეთ ხოლმე მის სამეფო უმაღლესობას და სხვ“1.
1471 წ. 10 სექტემბრისა და 25 ოქტომბრის წერილებში ხსენებული ელჩი, რომელიც პაპს საქართველოსა და ირანში გაუგზავნია და, რომელიც 25 ოქტომბრის წერილში მოხსენიებულია „ძალიან ჭკვიან“ ფრანცისკანელ ბერად, ვფიქრობ, ლუდოვიკო ბოლონიელი იყო. იგი დაუღალავად მიმოდიოდა აღმოსავლეთის მეფე-მთავრებისა და საქართველოს მესვეურთა ანტიოსმალურ კოალიციაში გაერთიანებისათვის.
1. Ibidem, p. 31.
10 სექტემბრის წერილიდან ისიც ჩანს, რომ უზუნ ჰასანსა და ქართველ მეფეს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა, რომელიც ოსმალეთის წინააღმდეგ მებრძოლი იტალიელებისათვის სასურველი შედეგით დამთავრებულა. სამწუხაროდ, ცნობილი არ არის კონკრეტულად რაზე მოილაპარაკეს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ოსმალეთის წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებაზე შეთანხმდნენ. ისინი, როგორც წერილშია ნათქვამი, მანამდეც ებრძოდნენ ოსმალებს. მათი ბრძოლა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ევროპელების მხარდაჭერის შემთხვევაში, როგორც იმავე ევროპაში ფიქრობდნენ, წარმატების მოპოვება გაად ვილდებოდა. მაგრამ ვენეციის დიპლომატები ცდილობდნენ რაც შეიძლებოდა მაქსიმალურად გამოეყენებინათ აღმოსავლეთის ანტიოსმალური ძალები და მათი საშუალებით განეხორციელებინათ თავიანთი სახელმწიფოს ინტერესები. ვენეცია ასეთ ტაქტიკას იყენებდა ოსმალეთთან მთელი ომის (1463-1479) დროს, ამ ომის გადამწყვეტ მომენტებშიც კი.
ვენეციის რესპუბლიკის ამგვარი პოლიტიკის განხორციელებას ემსახურებოდა კატერინო ძენოს დიპლომატიური საქმიანობაც1. მას ევალებოდა ყოველი ღონე ეხმარა, რათა საქართველოს და აყ-ყოიუნლუს მეთაურებს მალე დაეწყოთ შეიარაღებული ბრძოლა ოსმალების წინააღმდეგ. ძენოს საშუალებით ვენეციის რესპუბლიკა უზუნ ჰასანს აცნობებდა, რომ „სინიორია მას საჩუქრად უგზავნიდა 100 გალერას და სხვა მრავალ დიდ და მცირე ხომალდს, რომლითაც ზღვიდან უნდა ეწარმოებინა ბრძოლა სულთნის სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხოლო უზუნ ჰასანი მთელი თავისი ძალებით აღმოსავლეთიდან შეუტევდა მას“2. უზუნ ჰასანს საომარი მოქმედება კიდევ უფრო გაუადვილდებოდა, თუ საქართველოც დაეხმარებოდა.
1. კატერინო ძენო ვენეციის სავაჭრო არისტოკრატიის ცნობილი ოჯახიდან იყო. მას ცოლად ჰყავდა არქიპელაგის ჰერცოგის ნიკოლო კრესპოს ქალიშვილი ვიოლანტე, რომელიც ტრაპიზონის იმპერატორის დავითის შვილიშვილი იყო. დავითის მეორე ქალიშვილი, კირა კატერინა, ცოლად ჰყავდა უზუნ ჰასანს. ამგვარად კატერინო ძენო და უზუნ ჰასანი მოყვრები იყვნენ. კატერინო ძენოს შესახებ დაწვრ. იხ. XV საუკუნის იტალიელთა ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 17-19.
2. იქვე, გვ. 22.
ვენეციის სენატის 1471 წ. 10 სექტემბრის ინსტრუქციაში დოჟი ქრისტეფორე მორო პირდაპირ მიუთითებდა ძენოს, რომ იგი ვალდებული იყო პირადად ხლებოდა საქართველოს მეფეს, გადაეცა მისთვის წერილები და საერთო მტრის, ოს მალეთის წინააღმდეგ საომრად წაექეზებინა1.
ძენოს რომ ნამდვილად თან ჰქონდა სინიორიის მიერ საქართველოს მეფისათვის გაგზავნილი წერილები, ამაზე ნათქვამია მის მიერ 1472 წ. 9 ოქტომბერს კვიპროსის ბაილო ანდრეა კორერისადმი გაგზავნილ წერილში. მასში სხვადასხვა ამბებთან ერთად აღნიშნულია, რომ ძენომ უზუნ ჰასანის მეუღლეს თეოდორას (კირა კატერინა) საქართველოს მეფისათვის განკუთვნილი წერილი აჩვენა2.
უცნობია, გარდა ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მოწოდებისა, ვენეციის ხელისუფლება ქართველებისაგან კიდევ რას ითხოვდა ან რას პირდებოდა სანაცვლოდ მათ. არც ის არის ცნობილი წერილმა ადრესატამდე მიაღწია თუ არა.
ძენომ საქართველოს მეფისათვის გადასაცემი წერილი კირა კატერინას უჩვენა გარკვეული მოსაზრებით: მას სურდა მეუღლის ჩაგონებით უზუნ ჰასანს გავლენა მოეხდინა საქართველოზე და ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება. სხვათაშორის, პირველი შეხვედრისთანავე „[დედოფალმა] განსაკუთრებული ყურადღებით მოისმინა მისი მისვლის მიზეზის შესახებ და დაჰპირდა ყოველგვარ შეწევნასა და კეთილგანწყობას... დედოფალი მშვენიერი საშუალება იყო, რომლითაც ბატონმა კატერინომ შეძლო აემხედრებინა უზუნ ჰასანი სულთნის წინააღმდეგ საომრად“3. ასევე კირა კატერინას ჩაგონებით, უზუნ ჰასანმა საკუთარი ხელით მისწერა წერილი ყვარყვარე ათაბაგს, „რათა მას იმ მხრიდან დაეწყო ომი ოსმალეთის წინააღმდეგ“4.
1. Berchet G., Op. cit., p. 114.
2. Archivio storico Italiano, p. 82-83.
3. XV საუკუნის იტალიელთა ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 23. შდრ. Anarrative of italian travels in Persia in the fi fteend and sixteend centuries. Translated and edited by Charles Grey, London, 1873, p. 14.
4. იქვე. ძენოს ჩანაწერების მიხედვით, ლ. ტარდი დაასკვნიდა, რომ ოსმალეთის წინააღმდეგ „ომი სპარსელებმა კი არ დაიწყეს, არამედ ყვარყვარე ათაბაგმა გააჩაღა“ (ტარდი ლ., უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობა, გ. 24). ასეთი რამ ძენოს კომენტარებში არსად წერია და, როგორც ვნახავთ ათაბაგი ყვარყვარე ამ დროს უზუნ ჰასანს მხარს აღარ უჭერდა.
XV ს. 70-იანი წლების დასაწყისში სამცხე-საათაბაგო ორი დიდი დამპყრობლის - ოსამლეთისა და აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოებს შორის მოექცა, რო მელთა დაპყრობითი ინტერესები ერთნაირად საშიში იყო სამცხე-საათაბაგოსათვის და მისგან ფრთხილი საგარეო პოლიტიკის წარმოებას მოითხოვდა.
საფიქრებელია, გაერთიანებული ძალებით ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლის იდეისადმი ყვარყვარე ათაბაგის დამოკიდებულება შეიცვალა. 70-იანი წლების დასაწყისში აყ-ყოიუნლუს სახელმწიფო ის აღარ იყო, რასაც იგი 50-იანი წლების დასასრულს წარმოადგენდა. იგი ერთ-ერთ ძლიერ სახელმწიფოდ გადაიქცა. ის მეტოქეობას უწევდა ოსმალეთს და სავაჭრო-საქარავნო გზების ხელში ჩაგდებისათვის ებრძოდა. ასეთი გზები გადიოდა ათაბაგის სამფლობელოებზეც, რომლებზეც კონტროლის დაწესება, ან მისი მფლობელის საკუთარი ინტერესებისათვის დამორჩილება დიდად მაცდუნებელი იყო როგორც მეჰმედ II-ის, ისე უზუნ ჰასანისათვის. ოსმალეთზე გამარჯვების შემთხვევაში უზუნ ჰასანი, რომლის მტაცებლური მადა ცნობილი იყო ყველა ქართველისათვის, უფრო მკაცრი დამპყრობელი იქნებოდა, ვიდრე სულთანი. ოსმალებს ამ დროისათვის მთელი თავისი ყურადღება ევროპის კონტინენტზე ჰქონდა გადატანილი და აღმოსავლეთში, ჯერჯერობით, ყოველი სადავო საკითხის მოგვარებას მშვიდობიანი გზით ცდილობდა. ეს გასაგებიც არის: მას სურდა ერთდროულად ორ ფრონტზე - აღმოსავლეთით და დასავლეთით - საომარი მოქმედება არ ჰქონოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, ათაბაგის დამოკიდებულება უზუნ ჰასანისადმი იცვლებოდა. მაგრამ, ვიდრე ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლა სერიოზულ სახეს მიიღებდა, ათაბაგი, როგორც ჩანს, უზუნ ჰასანს დახმარების თაობაზე დაპირებას არ აკლებდა. როცა 1472 წელს ბრძოლის საკითხი მთელი სიმწვავით დაისვა, უზუნ ჰასანის მიერ „საკუთარი ხელით“ მიწერილმა წერილებმაც კი ვეღარ აღუძრა ათაბაგს მისადმი დახმარების სურვილი, რისთვისაც იგი „შემდეგში დასჯილი იქნა ჰასანის მიერ“1.
კატერინო ძენომ შემთხვევით არ გაამახვილა ყურადღება უზუნ ჰასანის მიერ ყვარყვარესათვის წერილების გაგზავნაზე. სავარაუდოა, რომ თვითონ ძენოც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ „მერყევი“ მთავრის ოსმალეთის წინააღმდეგ გადაბირებას. უზუნ ჰასანს სამცხის დარბევა და მისი ათაბაგისათ ვის ჭკუის სწავლება ადრევე განუზრახავს, მაგრამ სხვადასხვა შიდაპოლიტიკურმა გართულებებმა ხელი შეუშალა. მას ამ განზრახვის განხორციელების შესაძლებლობა მხოლოდ 1472 წელს მიეცა2.
ოსმალო ისტორიკოსის მუნეჯიმ-ბაშის მიხედვით, უზუნ ჰასანის ლაშქარი საქართველოს თავდასხმია 1472 წლის გაზაფხულზე (?)3. სავარაუდოა, „საქართველოში“ საათაბაგო იგულისხმებოდეს, რომლისთვისაც აყ-ყოიუნლუს მბრძანებელს ხარკი შეუწერია4. უზუნ ჰასანის სამცხე-საათაბაგოში შეჭრისა და მოქმედების შესახებ მოთხრობილია ახალი ქართლის ცხოვრების მესამე ტექსტში. მომხდარი ამბავი 1476 წლით არის დათარიღებული. მასში ვკითხულობთ:
„ქორონიკონსა რჲდ (164=1476 წ.): კვლავ შეიკრიბა ერი ურიცხვი და წარმოემართა უზუნ-ასან ძალითა დიდითა სამცხესა ზედა. ესმა ესე ყუარყუარეს და ორთა ძეთა მისთა, რამეთუ პირისპირ განწყობა ვერ ძალ-ედვათ სიმრავლისაგან ურიცხვობისა სპათა მათ თასა, და ჰქმნეს განზრახვა, რათა სამთაგან ერთი წარსულ იყო და დაეცხრო გულისწყრომა მძლავრისა მის, რათა არღარა მოსრულ იყვნეს ქვეყანასა სამცხისასა. მოვიდა სამცხეს და მერმე მოიწივნეს აწყუერს და მოსრნეს მრავალნი ქრისტეანენი, მღვდელნი და მონაზონნი და ერისკაცნი, და წარტყვევნეს სრულიად სამცხე.
1. Fallmereyer Jac. PH., Geschichte des Kaiserthums von Trapezunt, München, 1827, S. 247.
2. Minorsky V. Tiflis, Uzun Hassan. „Enziklopedie des Islam“, IV, 1934 , S. 280.
3. Ibidem, S. 1159
4. კიკნაძე რ., დასახ. ნაშრ., გვ. 122. მუნეჯიმ-ბაშის მიხედვით, უზუნ ჰასანი საქართველოს სამჯერ შემოესია - 1466, 1472 და ოსმალეთთან დამარცხების, ე.ი. 1473 წლის შემდეგ. სხვა ისტორიკოსის ჯაჰან-არას გადმოცემით, უზუნ ჰასანის უკანასკნელი ლაშქრობა საქართველოში მოეწყო 1476-1477 წელს (Minorsky V. Tiflis, Uzun Hassan, S. 1159).
აიყარა ყაენი და წავიდა საყაენოსა თვესსა და ტყვე ჰყვეს ხატი აწყუერისა ღმრთისმშობელი, და წაიყვანეს ქვეყანასა მათსა. და იქმნა დიდი გლოვა და მწუხარება მიუთხრობელი სრულიად მესხთა ზედა. აღდგეს ყოველი და შთავიდეს ქართლს ვიდრემდის მწირობდენ იქ შვიდ წელ“1. მ. ბროსე სავსებით სწორად ფიქრობდა, რომ ქართული წყაროს ცნობა 1472 წლის შემოსევას ასახავდა.
ამონარიდი, რომ 1477 წლის ამბებს არ უნდა გადმოგვცემდეს, ამაზე, პირველ რიგში, ლაშქრობის გავრცელების არე მიუთითებს. როგორც მემატიანე გადმოგვცემს, უზუნ ჰასანი სამცხეს არ გასცილებია და მისი დარბევის შემდეგ უკან გაბრუნებულა. საქართველოს სხვა ადგილებსაც, კერძოდ ქართლს რომ შეხებოდა იგი (ქართლსა და იმერეთში თურქმანების შეჭრის შესახებ საკმაოდ სანდო ცნობები დაგვიტოვეს ჯოსაფატ ბარბარომ და ჯოვანი მარია ან ჯოლელომ), არ შეიძლებოდა ქართველ მემატიანეს მხედველობიდან გამორჩენოდა და ორიოდე სიტყვით მაინც არ მოეხსენებინა, რომ სამცხეში შეჭრის ან იქიდან უზუნ ჰასანის წასვლის შემდეგ საქართველოს რომელ ნაწილს ეწია უბედურება. დავუშვათ, უზუნ ჰასანი სამცხიდან ქართლში გადასულიყო, ან პირიქით, ქართლიდან სამცხეში შეჭრილიყო, მაშინ ხომ უაზრობა იქნებოდა მესხებს ქართლში ეძებნათ თავშესაფარი, რასაც ისტორიკოსი გვამცნობს. იგი გარკვევით გვეუბნება, უზუნ ჰასანი თავისი სამფლობელოებიდან პირდაპირ სამცხეში მოვიდა და აქედანვე „წავიდა საყაენოსა თვისსა“.
შეიძლება ითქვას, რომ ოსმალეთთან გადამწყვეტი ბრძოლის დაწყების წინ (1472 წ.), უზუნ ჰასანმა ათაბაგის დასჯა განიზრახა. მაგრამ მისი ღონისძიებანი საქმეს ვერ შველოდა. როგორც ჩანს, საათაბაგოსა და ოს მალეთს შორის ურთიერთობა ჯერჯერობით მოგვარებული იყო. კონტარინის მიხედვით, ათაბაგი სულთანს ხარკს უხდიდა2. ვფიქრობ, კონტარინის ეს ცნობა ჰქონდა მხედველობაში ნ. ბერძენიშვილს, როდესაც იგი სამცხის შესახებ აღნიშნავდა: „ამ ქვეყნის ათაბაგი უკვე თურქ-ოსმალების სუვერინეტეტს ცნობდა“-ო3. მაგრამ უცნობია რა ვითარებაში და როგორ მოხდა სამცხის მოხვედრა ოსმალეთის გავლენის ქვეშ. სამცხე-საათაბაგოში ანტიოსმალური კოალიციის საზიანოდ იმდენად შეცვლილა მდგომარეობა, რომ 1474 წელს მის ტერიტორიაზე გავლა აყ-ყოიუნლუში მიმავალ ვენეციის ელჩს, კონტარინს, სახიფათოდაც კი მიუჩნევია4.
1. ქართლის ცხოვრება, II, გვ. 478-479.
2. Ramusio G. B., Op. cit., p. 119r-119v.
3. ბერძენიშვილი ნ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე. „საქართველოს ისტორიის საკითხები“, IV, თბ., 1967, gv. 90.
4. Ramusio., Op. cit., p. 119v.
შეიძლება ითქვას, რომ XV ს. 70-იანი წლების დასაწყისში ანტიოსმალურ კოალიციაში მონაწილეობის სურვილს, სიტყვიერად მაინც, გამოხატავდა ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოები. ყოველ შემთხვევაში, იმდროინდელ ევროპულ წყაროებში, რომლებსაც უკვე გავეცანით, ქართული სამეფოების მეფეები ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლით დაინტერესებულნი ჩანან. ამგვარად, საქართველოს ის ნაწილი, რომელსაც, ევროპელი დიპლომატების მიხედვით Zorzania, Iberia ან Giorgiania ერქვა და რომელშიც ისინი იმერეთს და მთელ აღმოსავლეთ საქართველოს მოიაზრებდნენ, ოსმალეთის წინააღმდეგ იბრძოდა და ამის გამო ვენეციასთან და აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოსთან ურთიერთობაც ჰქონდა. მაგრამ ღრმა კვლევას მოითხოვს იმის დადგენა, ამ დროისათვის ქართული სამეფოებისათვის ოსმალეთი უკვე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა თუ ისინი იძულებულნი იყვნენ სხვისი (ამ შემთხვევაში აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს) ინტერესების შესაბამისად ოსმალეთი თავიანთ დაუძინებელ მტრად გამოეცხადებინათ, მაშინ, როდესაც უფრო საშიში მტერი უფრო ახლოს ჰყავდათ. მოვლენების შემდგომი განვითარება სარწმუნოს ხდის, რომ უზუნ ჰასანი და მისი სახელმწიფო ამ დროისათვის უფრო საშიში იყო საქართველოსათვის ვიდრე ოსმალეთი. უზუნ ჰასანი ქართველებს აიძულებდა მისი „თანამებრძოლები“ ყოფილიყვნენ.
1472 წ. გაზაფხულზე კოალიციის აღმოსავლელმა წევრებმა ოსმალთის წინააღმდეგ ომი დაიწყეს. მაისში საბრძოლო მოქმედება დაიწყო ტრაპიზონის იმ პერატორის დავითის ძმისწულმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უზუნ ჰასანის კარზე აფარებდა თავს. ის ქართველების დახმარებით შეიჭრა კომნენოსების ყოფილ სამფლობელოებში და ტრაპიზონისაკენ წავიდა. ოს მალებს ქალაქი საკმაოდ გაუმაგრებიათ. დამცველები ზღვიდანაც იღებდნენ დახმარებას და იმპერატორის ძმისწული და მასთან ერთად ქართველთა რაზმები იძულებული შეიქმნა უკან დაეხია1. მალე ომში ჩაება აყ-ყოიუნლუს სახელმწიფო. იმავე წლის აგვისტოში უზუნ ჰასანმა აიღო თუყათი და დაიკავა ყარამანიაც, რომლის სანაპიროზე ვენეციელებს იარაღი უნდა გადაეცათ, მაგრამ ვენეციელებმა დაპირება არ შესრულეს. ოსმალებმა ისარგებლეს შექმნილი ვითარებით, დაიწყეს კონტრშეტევა და ყარამანია დაიბრუნეს.
უზუნ ჰასანისათვის, ისევე, როგორც მისი აღმოსავლელი მოკავშირეებისათვის იარაღს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. სხვანაირად ის ვერ გაუმკლავდებოდა არტილერიით აღჭურვილ სულთნის ჯარს. ბოლოს და ბოლოს, ვენეციაში მყოფმა ელჩებმა, რომლებიც აქ 1472 წ. აგვისტოში მოვიდნენ, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, მიაღწიეს იმას, რომ 1473 წლის 11 იანვარს ვენეციის სენატმა მიიღო დადგენოლება, დახმარება გაეწიათ უზუნ ჰასანისათვის2.
დადგენილების მიხედვით უზუნ ჰასანის კარზე ვენეციის ელჩად დაინიშნა ჯოსაფატ ბარბარო, რომელსაც იარაღი უნდა მიეტანა ვენეციის გემებით ყარამანიის სანაპიროზე და უზუნ ჰასანისათვის გადაეცა. ბარბარო უზუნ ჰასანს უნდა შეთანხმებოდა, აგრეთვე, რომ გამარჯვების შემთხვევაში ოსმალეთის აღმოსავლეთი პროვინციები, დარდანელის ჩათვლით, აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს შეუერთდებოდა, სამაგიეროდ ვენეციას აღნიშნულ ტერიტორიებზე თავისუფალი მოქმედების უფლება ექნებოდა.
1. Magyar diplomáczial emlekek Mátyas király korából 1458-1490. „Monumenta Hungaria Historia“, t. II, Budapest, 1877 , p. 239.
2. Berchet G. Op. cit., p. 9.
1473 წლის 29 მარტს ბარბარო კვიპროსზე მივიდა, სადაც შეიტყო, რომ ყარამანია უკვე ოსმალების ხელში იყო. მან წერილი გაუგზავნა უზუნ ჰასანს და აცნობა, რომ იგი ვენეციის ფლოტითა და იარაღით ყარამანიის სანაპირო სთან იდგა და საჭირო იყო მისი მისვლა იარაღის ჩასაბარებლად. ბარბარომ იცოდა, რომ უზუნ ჰასანი ყარამანიის სანაპიროსთან ოსმალებთან შეჯახების გარეშე ვერ მივიდოდა, ხოლო მათ შორის ომის დაწყებით განსაკუთრებით დაინტერესებული ვენეცია იყო.
უზუნ ჰასანს ბარბაროს წერილის მიღებამდე ვენეციიდან დახმარების იმედი უკვე დაკარგული ჰქონდა. ძენოს გადმოცემით, ბარბაროს შენათვალმა იგი გაამხიარულა და იმედი მისცა1. იგი მაშინვე ჯარით დაიძრა ყარა მანიისაკენ, „რომელიც პართელების, სპარსელების, ქართველების, ქურთებისა და თათრებისაგან შედგებოდა“2.
უზუნ ჰასანისა და მეჰმედ II-ის ჯარები ერთმანეთის პირისპირ დადგნენ მდ. ევფრატის ნაპირას მალათიასთან. ბრძოლა მოხდა 1 აგვისტოს. აყ-ყოიუნლუს ლაშქარმა თავდაპირველად, იმდენად სერიოზულ წარმატებას მიაღწია, რომ სულთანი იძულებული გახდა ზავი ეთხოვა. მაგრამ უზუნ ჰასანმა ბრძოლის გაგრძელება არჩია, რათა წარმატება საბოლოო გამარჯვებამდე მიეყვანა. მან გადალახა ევფრატი და დიდი სისწრაფით დაედევნა უკანდახეულ მტერს, „თავისი უფროსი ვაჟი კალული ყველა ქართველით, თათრითა და სხვა მრავალი მებრძოლით აღალის დასაცავად დატოვა მდინარის მეორე ნაპირზე“3.
ძენოს მიხედვით, განმეორებითი ბრძოლა მოხდა 10 აგვისტოს მდ. თერჯანასთან, სადაც აყ-ყოიუნლუს ლაშქარმა სრული მარცხი განიცადა.
უზუნ ჰასანი ევროპიდან დახმარების მიღების და ოსმალების დაჯაბნის იმედს მაინც არ კარგავდა. როგორც იგი ვენეციის ხელისუფლებას აცნობებდა, მაშინვე სურდა ხელახალი ბრძოლისათვის მზადებას შესდგომოდა4. მან დახმარების თხოვნით მიმართა ევროპის სახელმწიფოებს და კატერინო ძენო გაგზავნა ევროპაში, როგორც თავისი ნდობით აღჭურვილი პირი.
1. XV საუკუნის იტალიელთა ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 27-28; Berchet G., Op. cit., p. 132.
2. XV საუკუნის იტალიელთა ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 29.
3. იქვე, გვ. 31; Berchet G., Op. cit., p. 137.
4. XV საუკუნის იტალიელთა ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 33.
1474 წლის გაზაფხულზე ძენომ დატოვა თავრიზი. ამჯერად მას საქართველოზე მოუხდა გავლა. მას თან ახლდნენ პოლონეთისა და უნგრეთის ელჩები. მან ჯერ სამცხეში გაიარა და, სავარაუდოა, უზუნ ჰასანის „ხელით დაწერილი“ წერილი გადასცა. ძენოს აუცილებლად ექნებოდა ათაბაგთან მოლაპარაკება აყ-ყოიუნლუს მბრძანებლისადმი დახმარების თაობაზე. კატერინოს იქვე დაუტოვია უნგრეთისა და პოლონეთის ელჩები, რაც მან, ალბათ, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებით გააკეთა, თვითონ კი სევასტოპოლისისაკენ აიღო გეზი. შეიძლება ითქვას, რომ ძენოს ბედიანთანაც ჰქონდა მოლაპარაკება. ამ მოსაზრების დამა დასტურებლად ის ფაქტი გამოდგება, რომ პოლონეთში ჩასულმა ძენომ უზუნ ჰასანის კარზე თავის შემცვლელ ელჩს, პაოლო ონიბენეს ყვარყვარესა და ბედიანთან წერილები გაატანა1. საფიქრებელია, წერილები ვენეციასა და ქართველ მთავრებს შორის მიმდინარე მოლაპარაკების გაგრძელებას წარმოადგენდა. მაგრამ ცნობილი არ არის, შეძლო თუ არა ონიბენემ წერილების მიტანა დანიშნულების ადგილამდე ან რა გავლენა მოახდინა ამ წერილებმა საქართველოს მთავრებზე2. აღინიშნა, რომ 1474 წ. ყვარყვარე ხარკს აძლევდა ოსმალებს. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, სრულებითაც არ ნიშნავდა, თითქოს სამცხე-საათაბაგოს საბოლოოდ შეწყვიტა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა.
თერჯანასთან დამარცხების შემდეგ, ოსმალეთის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის საფუძველი აღარ არსებობდა. მაგრამ უზუნ ჰასანი და ბაგრატ VI მაინც არ კარგავდნენ ევროპის ქვეყნების ანტიოსმალურ ლიგაში ჩაბმის იმედს. 1474 წელს მათ ახალი ელჩობა გაგზავნეს ევროპაში. ელჩები კაფაზე გავლით,
1. იქვე, გვ. 34-35.
2. ონიბენე სხვა დროსაც, კერძოდ 1480 წელს, ყოფილა საქართველოში (ტარდი ლ., დასახ.ნაშრ., გვ. 25), მაგრამ მისი ამ მოგზაურობის შესახებ არაფერია ცნობილი.
იმავე წლის 19 ივლისს ვენეციაში მივიდნენ, სადაც ისინი დიდი ზეიმით მიიღეს1. ვენეციაში მოლაპარაკების შინაარსი ცნობილი არ არის.
1474 წ. აგვისტოში ვენეციაში მივიდა კატერინო ძენოც, რომელსაც მშობლიურ ქალაქში დაბრუნებამდე მოლაპარაკება ჰქონდა პოლონეთის მეფე კაზიმეჟ IV-სთან და უნგრეთის მბრძანებელ მატიაშ კორვინთან2.
ქართველი და თურქმენი ელჩები ძენოსთან ერთად რომსა და ნეაპოლს ესტუმრნენ3. ელჩების არც ამ ქალაქებში მოლაპარაკებებზე არის რაიმე ცნობა. მათი მოგზაურობის საერთო შედეგი ის იყო, რომ ევროპაში რაიმე რეალური დახმარების მიღება ვერ მოხერხდა. ძენომ მიატოვა თუ არა თავრიზი, ვენეციის რესპუბლიკამ მაშინვე გაგზავნა მისი შემცვლელი პაოლო ონიბენე, რომლის მოღვაწეობამ ის შედეგი გამოიღო, რომ საქართველომ და აყ-ყოიუნლუს სახელმწიფომ ხელახლა სცადეს ბედი და ევროპაში თავიანთი ელჩები გააგზავნეს, რომელთა შესახებ უკვე ითქვა.
1474 წელს თავრიზში მივიდა რესპუბლიკის კიდევ ერთი ელჩი ჯოსაფატ ბარბარო, რომელიც შექმნილი სიტუაციის შესწავლას და ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად უზუნ ჰასანის აჩქარებას ფიქრობდა4. პაოლო ონიბენემ თავისი მისია დაასრულა შეთანხმებით, რომლის ძალითაც უზუნ ჰასანი ოსმალეთთან ომს 1475 წელს დაიწყებდა. ონიბენე ვენეციაში დაბრუნდა 1475 წ. 17 თებერვალს5.
1. Jorga N., Geschichte des osmanischen Reiches. Nach den Quelen dargestelt. II, Gotha, 1909, S. 168; Авалов З. Забитая вариация об одной исторической теме, с. 248.
2. XV საუკუნის იტალიელთა ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 34-35.
3. Jorga N., Op. cit., S. 168; Авалов З., Забитая вариация об одной исторической теме, с. 248.
4. Lettre al senato di Giosafat Barbaro ambasciatore ad Ussuncassan di Persia. Tratte da un codice original del J.R. Bibliotheka di vienna. É anottate per Enrico Cornet, Vienna, 1852, 81.
5. Махмудов Я., Ук. труд, с. 22.
იმავე წლის ივნისში უზუნ ჰასანის კარზე იმყოფებოდა ანტიოსმალური კოალიციის შექმნის ერთ-ერთი თავგამოდებული მქადაგებელი, დაუღალავი ლუდოვიკო ბოლონიელი. კონტარინის გადმოცემით, იგი, ამჯერად, მოლა პარაკებას ბურგონის ჰერცოგის სახელით აწარმოებდა1. ის თავრიზში დიდხანს არ დარჩენილა. გამოთხოვებისას უზუნ ჰასანს დაუბარებია, რომ მას თავისი ბატონისათვის მოეხსენებინა აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლისათვის მზადყოფნის შესახებ. საუბარს კონტარინი ესწრებოდა. ევროპაში გაბრუნებულ ლუდოვიკოს, კონტარინის მიხედვით, საქართ ველოში გაუვლია. მას თან მიჰყავდა უზუნ ჰასანის ელჩი. იმავე დროს საქართველოში გავლით იმყოფებოდა რუსეთის ელჩი მარკო როსი. ისიც უზუნ ჰასანისაგან ბრუნდებოდა სამშობლოში და თან მიჰყავდა საპასუხო ელჩიც2.
როგორც ჩანს, აყ-ყოიუნლუს და საქართველოს ურთიერთობა ევროპის ქვეყნებთან, განსაკუთრებით ვენეციასთან, თერჯანას მარცხის შემდეგაც ინ ტენ სიური იყო. ისინი დღითიდღე რწმუნდებოდნენ, რომ ოსმალეთის დაძლევას დასავლეთიდან დახმარების გარეშე ვერ შეძლებდნენ. აფასებდა რა შექმნილ ვი თარებას, ვენეციის სენატიც თვალნათლივ ხედავდა ოსმალეთის აშკარა უპირატესობას. ამიტომ იგი დაჟინებით ცდილობდა თავისი ინტერესებისათვის გამოეყენებინა აყ-ყოიუნლუს სამხედრო პოტენციალი. 1474 წლის 11 თებერვალს ვენეციის სენატი თავისი ინსტრუქციით ჯოსაფატ ბარბაროს პირდაპირ ავალებდა: „ჩვენი ერთადერთი სურვილია ბრწყინვალე უზუნ ჰასანმა ან ამ წელიწადს, ან რაც შეიძლება მალე, დაიწყოს ომი ოსმალეთის სულთნის წინააღმდეგ, ეს არის შენი, სხვა ელჩების და წერილების გაგზავნის მიზეზი“3. ამბროჯო კონტარინი ვენეციის რესპუბლიკის სახელით ყოველგვარ დახმარებას აღუთქვამდა უზუნ ჰასანს ზღვასა და ხმელეთზე4. მაგრამ უზუნ ჰასანმა კარგად იცოდა ვენეციის დახმარების ფასი, რაც უმთავრესად დაპირებებში გამოიხატებოდა. ის ახლა ფრთხილობდა. მან კონტარინის განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ დახმარება რეალური იქნებოდა, ომს დაიწყებდა 1475 წლის გაზაფხულზე. უზუნ ჰასანმა შემდგომი მოლაპარაკების დროს ეს ვადა 1476 წლის გაზფხულამდე გადასწია5.
1. Ramusio, p. 118r
2. Berchet G., Op. cit., p. 141.
3. Ibidem.
4. Mахмудов Я. Взаимоотношения государства Ак-коюнлу с Венецией, c. 23.
5. იხ. XV საუკუნის იტალიელთა ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 83-84, შენ. 6.
უზუნ ჰასანის ამ დაპირებას ასრულება აღარ ეწერა. მისი სიცოცხლის ბოლო პერიოდში ქვეყნის შიგნით დაწყებული ფეოდალური აშლილობა და, რაც მთავარია, ოსმალების მიერ მიყენებული დარტყმის შედეგად აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს ომის განახლების უნარი აღარ შესწევდა.
ახლა დავუბრუნდეთ უზუნ ჰასანის თავდასხმას საქართველოზე 1477 წელს, როდესაც მან ისედაც დასუსტებულ საქართველოს კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენა. უზუნ ჰასანის ამგვარი მოქმედება ყოფილი „მოკავშირის“ მიმართ, დღესაც გამოცანად რჩება. ერთხელ მეც ვცადე, იტალიელთა ცნობების ანალიზით გამერკვია უზუნ ჰასანის საქართველოში შემოსევის მიზეზი და ლაშქრობის გავრცელების არე2.
საინტერესოა, როგორ აისახა ქართულ წყაროებში უზუნ ჰასანის 1477 წლის შემოსევა. წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ქართული წერილობითი წყაროები უზუნ ჰასანის ლაშქრის საქართველოში მოქმედების შესახებ მეტად ძუნწია და დათარიღებაც მცდარია.
„ძილისპირი იკორთისა“ გვამცნობს: „ქორონიკონსა რჲდ (1476): აქა უზუნ ჰასან საქართველო ამოსწყვიდა“2. ვახუშტის „საქართველოს ქრონიკაში“ ვკითხულობთ: „1478. რჲვ. უზუნასან ყეენი მოვიდა, ქართლი და ერწო-თიანეთი მოსწყვიტა“3. საქმის მთელი ვითარების წარმოდგენის საშუალებას არც ეს ქრონიკა გვაძლევს, ქრონოლოგია აქაც მცდარია.
1. იხ. XV საუკუნის იტალიელთა ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 83-84, შენ. 6.
2. ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თ. ჟორდანიას მიერ, II, ტფ., 1897, გვ. 365.
3. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 897.
„ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი ტექსტი მოგვითხრობს უზუნ ჰასანის, საქართველოში შემოსევის შესახებ, მაგრამ თარიღის გარეშე: „შეიყარა ყაენი უზუნ ასან მოვიდა სომხითს, და მეფე ლიხთ იქით იყო, ქართველნი თან იახლნენ. მოადგეს ბარათიანთა და ორბეთის ძირსა. დიდად კარგად დახუდეს ბარათიანნი. დამადგრდენ და ვერა უყვეს რა. მოვიდეს ტფილისსა აღიღეს. და თვით ყაენი მუხრანს დადგა. აივსო ქართლი ლაშქრითა, მოაოხრეს სრულიად ქართლის ადგილი. იხმო ყაენმან ბარათიანნი, მიინდვნა, ნახა და შეიწყალა, მოსცა მრავალნი და აღავსა პირთამდე. ამას ზედან ღმერთმან იპრიანა, იწყინა ამოწყვეტა საქრისტიანოსა, შეედვა ყაენსა სენი სასიკუდენე, აიყარა და წავიდა“. შემდეგ მოთხრობილია კონსტანტინეს წასვლა უზუნ ჰასანის კარზე, ბარათაშვილების თანხლება და უზუნ ჰასანის სიკვდილი1. იგივე ამბავი „ახალი ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტში დათარიღებულია 1456 წლით, მაგრამ მასში რომ 1477 წლის შემოსევაზეა გადმოცემული, ამაზე შემდეგ ითქმევა.
უზუნ ჰასანის 1477 წლის საქართველოში შემოჭრაზე მნიშვნელოვანი ცნობები დაგვიტოვეს ბარბარომ და ანჯოლელომ, თუმცა არც ესენი იძლევიან ლაშქრობის დაწვრილმანებით გაგების საშუალებას. იმ შემთხვევაში თუ მათს მონათხრობს ვახუშტი ბატონიშვილის ცნობებს მივაშველებთ, სურათი თითქმის ნათელი გახდება. ლაშქრობის დაწყების წინ, როგორც ბარბარო გადმოგვცემს, უზუნ ჰასანს ხმის გავრცელება უბრძანებია, ვითომ ის ოსმალეთის წინააღმდეგ საომრად წასვლას აპირებდა. როცა ბარბარო ლაშქრის სამზადისს დააკვირდა, გავრცელებული ხმა საეჭვოდ ჩათვალა. ლაშქარი 20-24 ათასი მხედრისა, 4-5 ათასი (ანჯოლელოს მიხედვით 11 ათასი) ქვეითი ჯარისკაცისაგან შედგებოდა. გარდა მებრძოლებისა, კიდევ იყო 6 ათასი დამხმარე (მოლაშქრეთა ცოლები, ბავშვები, მსახურები და სხვ.)2. ანჯოლელოს თქმით, უზუნ ჰასანს ცბიერება უხმარია და ლაშქარი ჯერ დასავლეთისაკენ წაუყვანია, ვითომდა მართლა ოსმალეთზე მიდიოდა, შემდეგ კი საქართველოსაკენ შემობრუნებულა. თავისი ლაშქრობის საიდუმლოება რომ არ გაემხილა, მას არც ახლა წაუყვანია ლაშქარი წესიერი გზით - მთებზე და ტყეებში უტარებია, სადაც განსაკუთრებით გამოყოფილი 5 ათასი კაცი ლაშქარს ცეცხლით უკაფავდა გზას.
1. იქვე, გვ. 478.
2. XV საუკუნის იტალიელთა ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 60-61, 77-78.
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, თურქმენები ჯერ სომხეთს შესევიან, შემდეგ „ქართლის სომხითში“ გადმოსულან, ორბეთთან მათ მეფე კონსტანტინე დახვდა და დიდი წინააღმდეგობა გაუწია. როცა უზუნ ჰასანმა კონსტანტინეს სწრაფად დამარცხება ვერ შეძლო, თავი მიანება და თბილისისაკენ წავიდა.
როგორც ლაშქრობის მთელი მსვლელობიდან ჩანს, უზუნ ჰასანის მიზანი იყო მოულოდნელად დასხმოდა თბილისს. კონსტანტინესთან ბრძოლის გაგრძელების შემთხვევაში მოულოდნელად წამოწყებული ომის ყველა სავარაუდო შედეგს დაკარგავდა, ქართველები თბილისისა და მისი მისადგომების გამაგრებას მოასწრებდნენ და ჰასანის მცირერიცხოვან ლაშქარს თბილისის აღება გაუძნელდებოდა. უზუნ ჰასანის ტაქტიკა სწორი აღმოჩნდა: მტრის მოულოდნელი გამოჩენის გამო, ქართველებს ისღა დარჩენოდათ, ქალაქი მიეტოვებინათ და, როგორც ბარბარო და ანჯოლელო გადმოგვცემენ, უზუნ ჰასანი თბილისს უბრძოლველად დაეუფლა1.
მეფე კონსტანტინე მოსვენებას არ აძლევდა „მარბიელთა ყეენისათა“. ამიტომ უზუნ ჰასანს არ შეეძლო ზურგში მისი ყოფნა დაეშვა და მასთან ისევ მორიგება არჩია. იმავე დროს მან განიზრახა მეფე კონსტანტინე და მეფე ბაგრატი ერთმანეთისათვის დაეპირისპირებინა: „მაშინ ყეენი ეზრახა კონსტანტინე მეფესა, - წერს ვახუშტი, - რათა მივიდეს მასთან და მიანიჭოს ყოველი ქვეყანა მისი და დაიცვას უვნებლად“. კონსტანტინემ მიიღო ეს წინადადება. იგი ყაენთან გამოცხადდა. ყაენმა ის დიდი პატივით მიიღო2 და თბილისი ჩააბარა, რითაც მეფე ბაგრატს იქ დაბრუნების საშუალება მოუსპო3. როგორც მოსალოდნელი იყო, უზუნ ჰასანი ბოლომდე არც კონსტანტინეს მიენდო და თბილისის ციხეში თავისი გარნიზონი ჩააყენა, თვითონ კი მუხრანში დაბანაკდა. იქიდან აგზავნიდა თავის რაზმებს ქართლისა და კახეთის დასარბევად. მეფე ბაგრატს წინააღმდეგობის ძალა არ შესწევდა და რაჭას შეაფარა თავი4.
1. იქვე, გვ. 61, 78.
2. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 385; Hinz W., Op. cit., S. 139.
3. Minorsky V. Tifl is, Uzun Hassan. „Enziklopedie des Islam“, IV, 1934 , S. 802.
4. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 385.
ქართლის დაკავების შემდეგ უზუნ ჰასანს მეფე ბაგრატთან, სამცხის ათაბაგთან1 და სხვა შვიდ დიდებულთან2 მოლაპარაკება გაუმართავს დაზავების თაო ბაზე და თბილისის გამოკლებით ქართლის დაცლა აღუთქვამს, თუ ისინი ხარკის სახით 16 ათას დუკატს გადაიხდიდნენ3.
სპარსულენოვანი წყაროებიდან ირკვევა, რომ ქართველები უზუნ ჰასანს ყოველწლიურად ხარკს უხდიდნენ და ხარკის დაგვიანება გამხდარა აყ-ყოიუნლუს მბრძანებლის საქართველოში რამდენჯერმე ლაშქრობის მიზეზი4.
დამატებითი ცნობები უზუნ ჰასანის საქართველოში შემდგომი მოქმედების შესახებ დაგვიტოვა ბარბარომ. ეს ცნობები საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ როცა ქართველ მეფე-მთავრებს 16 ათასი დუკატი გადაუხდიათ და თურქმენებს 4-5 ათასამდე ტყვეც ხელთ უგდიათ, ამის შემდეგ იმერეთი დაურბევიათ5. ბარბარო, როგორც თვითმხილველი გადმოგვცემს, რომ ქუთაისის აკლების შემდეგ ისინი უკან გაბრუნდნენ, მივიდნენ სკანდაში და შემდეგ გორში გადავიდნენ. გორიდან თურქმენები თბილისისკენ კი არ წავიდნენ (მათ მისი საკითხი უკვე მოგვარებულად მიაჩნდათ), არამედ მთებზე გადავიდნენ და სამი დღის შემდეგ ლორეში, ე.ი. უზუნ ჰასანის სამფლობელოში მივიდნენ.
1. XV საუკუნის იტალიელთა ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 61.
2. იქვე, გვ. 78.
3. ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, IV, გვ. 118-122; კიკნაძე რ. საქართველო-ირანის ურთიერთობის ისტორიიდან XV საუკუნის მეორე ნახევარში. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, VI, თბ., 1964, გვ. 119-120, 122.
4. კიკნაძე რ., დასახ. ნაშრ., გვ. 122.
5. XV საუკუნის იტალიელთა ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 61.
ამგვარად, ბარბაროს ცნობების მიხედვით, უზუნ ჰასანმა აღმოსავლეთი საქართველო და იმერეთი აიკლო. სამცხე-საათაბაგოს და საბედიანოს იგი არ შეხებია. ყოველ შემთხვევაში, ის ამის შესახებ არაფერს გვამცნობს. მაგრამ იმის გამო, რომ ათაბაგი და დადიანი საზავო მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ, ეს მაფიქრებინებს, რომ ისინი კონფლიქტის სერიოზული მონაწილენი იყვნენ. ისინი უარს ამბობდნენ უზუნ ჰასანთან ერთად ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაზე. იმავე ბარბაროს ცნობებზე დაყრდნობით, ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავდა: „იმიტომ, რომ ქართველებმა უზუნ ჰასანის ეს მოთხოვნა (16 ათასი დუკატის გადახდის შესახებ - ე.მ.) ვერ აასრულეს თუ სხვა რაიმე მიზეზის გამო მხოლოდ იოს. ბარ ბაროს სიტყვით ამის შემდგომ სპარსეთის ბატონის ჯარი სწრაფად დაძრულა და მხარმარცხნივ წასულა ყუარყუარე ათაბაგის ქვეყნის წინააღმდეგ. როგორ მიმდი ნარეობდა აქ სამხედრო მოქმედება, ამაზე იტალიელ მოგზაურს არაფერი აქვს ნათქვამი“1. მაგრამ, როგორც ვნახეთ, ბარბარო სულ სხვა რამეს გვეუბნება. უზუნ ჰასანი სამცხეში არ შეჭრილა.
უზუნ ჰასანის ჯარის მოძრაობის მიმართულება ასევე აქვს გაგებული ს. ფილიპოს. იგი ჯ. ბარბაროს ბიოგრაფიაში აღნიშნავს: „შაჰს საქართ ველოში შეჭრის დროს, როდესაც სპარსელებმა საშინლად ააოხრეს იგი, (ბარბარო – ე.მ.) მუდამ თან ახლდა. იყო თბილისში, გორში, ქუთაისში, სკანდაში და სხვა ქალაქებში საქართველოს მეფისა, რომელმაც ბოლოს მშვიდობა 16 ათასი დუკატის გადახდით მოიპოვა“2. ს. ფილიპოსთან უზუსტობა მხოლოდ იმაშია, რომ უზუნ ჰასანმა იმერეთი ხარკის აღებამდე კი არ დაარბია, არამედ მის შემდეგ3.
ასე ტრაგიკულად დასრულდა საქართველოს მონაწილეობა ანტიოსმალური კოალიციის შექმნისათვის მოძრაობაში XV ს. 50-70-იან წლებში.
1. ჯავახიშვილი ივ., დასახ. ნაშრ., გვ. 110
2. Filippo S., Biographia dei viaggiatori italiani, v. I, Roma, 1882, p. 43
3. იხ. აგრეთვე, მამისთვალიშვილი ე., გორის ისტორია, I (1801 წლამდე), თბ., 1994, გვ. 40.
ანტიოსმალური კოალიციის შექმნა ვერ მოხერხდა, იგი იდეის დონეზე დარჩა. კათოლიკური ქვეყნების დიდი უმრავლესობის მიერ ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოწოდებები, როგორც ჩანს, უფრო ამ პოპულარული თემის წინაშე სიტყვიერი ხარკის მოხდა იყო. ევროპის ლიდერებს წინა პლანზე თავიანთი სახელმწიფოების ინტერესები ჰქონდათ დაყენებული, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის მოგვარება მათთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო. როგორც მათი წერილებიდან ჩანს ისინი აღმოსავლეთის ქვეყნებთან, განსაკუთრებით, ქართულ სახელმწიფოებთან ურთიერთობის დროს, ქართველების მიერ კათოლიკობის აღიარებით უფრო იყვნენ დაინტერესებულნი. მათი ეს ინტერესი წითელ ხაზად გასდევს საქართველო-დასავლეთ ევროპის ურთიერთობას XV-XVIII საუკუნეებში.
Комментариев нет:
Отправить комментарий