XV ს. 90-იან წლებში საქართველოს ფეოდალური სახელმწიფო საბოლოოდ დაიშალა. მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა ორი ძლიერი სახელმწიფოს - ოსმალეთისა და ყიზილბაშური ირანის მეზობლობით.
ოსმალებმა უკვე XV საუკენეში მრავალრიცხოვანი და ძლევამოსილი ომების წყალობით შექმნეს სამხედრო ფეოდალური სახელმწიფო, რომლის არსებობისა და ძლიერების მთავარ წყაროს მეზობელი ქვეყნების დაპყრობა და მათი ძარცვა შეადგენდა. ისე ჩანდა, რომ ოსმალეთის მტაცებლური მადის ამლაგმველი ძალა არ არსებობდა და მისი ყველა მეზობელი დასაღუპავად განწირული იყო. ოსმალების მიერ განხორციელებულ დაპყრობით ომებს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებისათვის მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის გართულებები არ ახლდა, გაუარესდა მათი ეკონომიკური მდგომარეობაც. აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ გზებზე ოსმალების გაბატონებამ, ევროპის სახელმწიფოები აიძულა დაეწყოთ ახალი და უხიფათო გზების ძიება, რასაც შედეგად მოჰყვა ე.წ. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები. ამ პროცესმა ძირფესვიანად შეცვალა მსოფლიო კავშირ-ურთიერთობის მთელი სისტემა. ახალმა საერთაშორისო სავაჭრო გზებმა და კავშირურთიერთობამ დიდი გავლენა მოახდინა მრავალი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე1.
აღმოსავლეთ საქართველოს ერთ დროს მისადმი ვასალურ დამოკიდებულებაში მყოფი, ახლა უკვე გამუსლიმანებული ორი სახელმწიფო - შაქი და შირვანი ემეზობლებოდა. ორივეში განვითარებული იყო აბრეშუმის წარმოება, რომლის პროდუქტებიც საერთაშორისო ვაჭრობის საგანს წარ მოადგენდა. XV ს. დასასრულსა და XVI ს. დასაწყისში აღმოსავლეთ საქართ ველოს სამეფოებს - ქართლსა და კახეთს, კეთილმეზობლური ურთიერთობა აღარ ჰქონდათ დასახელებულ სახელმწიფოებთან.
1. ჟორდანია გ., უცხოელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს შესახებ XVII
საუკუნეში, „მნათობი“, #2, 1962 , გვ. 174.
მოკლედ ასეთი იყო საქართველოს მდგომარეობა, როდესაც სამხრეთ აზერბაიჯანში, არდებილში, ასპარეზზე პირველობის პრეტენზიით გამოვიდა სეფიანების დინასტია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სეფიანების, ანუ ყიზილბაშების ძლიერ სახელმწიფოს. ამ დინასტიის პირველი წარმომადგენელი იყო შაჰ ისმაილ I. მან გაითვალისწინა ირანისა და აზერბაიჯანის მოსახლეობის სხვადასხვა ფენების ინტერესები და მალე მოიპოვა მათი მხარდაჭერა. იგი ცდილობდა შეექმნა ისეთი ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო, რომელიც წინ აღუდგებოდა ოსმალთა აგრესიას. მეზობელთა მიწების დაპყრობით დაინტერესებულმა სამხრეთ აზერბაიჯანის დიდკაცობამ, ისმაილს მაშინვე მხარი დაუჭირა და მისი ძირითადი დასაყრდენი გახდა. ხალხის ფართო მასების გულის მოგების მიზნით ისმაილმა შიიტობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ამ ღონისძიებით მან თავის ქვეშევრდომები დაარწმუნა, რომ სუნიტური ოსმალეთის მტერი იქნებოდა. ისმაილს მხარი დაუჭირეს, აგრეთვე, ვაჭარ-ხელოსნებმა. მათი სავაჭრო საქმიანობა და გასაღების ბაზარი ფეოდა ლური აშლილობის და ოსმალების მიერ სავაჭრო-საქარავნო გზების გადაკეტვით უაღრესად შეიკვეცა. ამიტომ ისინიც გამოსავალს მხოლოდ ძლიერი ხელისუფლების დამყარებაში ხედავდნენ.
ისმაილმა, ვიდრე ოსმალეთთან ომს დაიწყებდა, იარაღი ჯერ თავისი უახლოესი მეზობლების წინააღმდეგ მიმართა. 1499 წელს ძლიერი და მდიდარი შირვანის წინააღმდეგ დაწყებული ომი, 1501 წელს გამარჯვებით დაასრულა. ისმაილის შირვანის სატახტო შამახიაში ყოფნის დროიდან ჩნდება იტალიელთა პირველი ცნობები საქართველოსა და ყიზილბაშებს შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ.
გარკვეულ წარმატებას მიაღწია თუ არა, შაჰ ისმაილმა, პაოლო ჯოვიოს გადმოცემით, მაშინვე „დაიწყო ომი ალბანების1, იბერებისა და შითების2 წინააღმდეგ, რომლებიც ბაქოს ზღვის3 ნაპირას ცხოვრობენ. ისინი წინათ სპარსეთის მეფის მოხაკენი იყვნენ... უკვე ოთხი წელი გავიდა, რაც ხარკი არ გადაუხდიათ, ელჩობაც კი არ გაუგზავნიათ გამარჯვებათა მისალოცად“4.
ჯოვიოს ცნობის მიხედვით, ისმაილი საქართველოზე ლაშქრობისას მიზნად ისახავდა საქართველოს (ქართლის, კახეთის და სამცხე-საათაბაგოს) ირანისადმი ვასალურ მდგომარეობაში ჩაყენებას, კერძოდ: მათ მიერ ისმაილის ხელისუფლების ცნობას, ყოველწლიური გადასახადის გადახდას და ჯარის გარკვეული კონტიგენტის მიწოდებას მისი ფართო დაპყრობითი გეგმების განსახორციელებლად.
მაშასადამე, ისმაილის პირველი კონტაქტი საქართველოსთან მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ინტერესებით განპირობებული იყო და არა სტიქიური, მხოლოდ ნადავლის ხელში ჩაგდებით ნა კარნახევი. ჰასან რუმლუ გადმოგვცემს: „ალექსანდრეს სადარმა ხაყანმა (ისმაილ I – ე.მ.) ზოგიერთი დიდებული მოიხმო და უბრძანა, ერთმანეთში მოეთათბირათ, რომელ მხარეს უფრო შესაფერისი იქნებოდა, რომ გავემართოთ. ზოგმა თქვა, საჭიროა ერზინჯანში გავატაროთ ზამთარი... ზოგმა კი მოახსენა, ყვარყვარეს საქართველოს ურწმუნოებზე გავილაშქროთო. სხვა ჯგუფმა კიდევ ჩოხურ-საადი (ერევნის ოლქი – ე.მ.) სცნო შესაფერისად... დადგენილ იქნა, რომ დროშების შირვანისაკენ მიმართვა სწორი იქნებაო. როცა ბასიანს მიაღწიეს, მიზანშეწონილი მოქმედებისათვის საჭირო შეიქმნა, რომ ხოლეფაბეგი საქართველოსკენ გაეგზავნათ. ბრძანების თანახმად, ხოლეფაბეგმა მამაცების რაზმით საქართ ველოზე გაილაშქრა, უზომო ნადავლი აიღო და უავგუსტოეს ურდოში დაბრუნდა“5.
1. ჯოვიო ალბანებში კახელებს უნდა გულისხმობდეს. ამის მაჩვენებელია ის, რომ იგი თავისი თხზულების მეორე ნაწილში ერთგან ამბობს: „იბერები და ალბანები დღეს იბერებად წოდებულნი“. Giovio P ., La seconda parte dell’Historie del suo tempo, Firenze, 1553, p. 478.
2. ალბათ, შირვანელები.
3. კასპიის ზღვა.
4. Giovio P ., La prima parte dell’Historie del suo tempo, Firenze, 1551, p. 483; Spandugino T., La vita di Sach Ismael et de Tamas re di Persia chiamati Sofi. „Historia universale del origine et imperio de Turchi, raccolta da M. Francesco Sansovino“, Venezia, 1568, p. 374r.
5. ჰასან-რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ. სპარსული ტექსტი ქართული თარგმანითა და შესავლით გამოსცა ვ. ფუთურიძემ. შენიშვნები დაურთო რ. კიკნაძემ, თბ., 1965, გვ. 19.
საქართველოში შემოჭრილმა ხოლეფა-ბეგმა, ისმაილის მითითების თანახ მად, გარკვეული მოთხოვნები წაუყენა ქართლის, კახეთისა და სამცხე-საათბაგოს მბრძანებლებს. როგორც ქვემოთ გამოჩნდება, ისმაილის მოთხოვნებიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ქართველების მიერ ჯარის გაყვანას მის დასახმარებლად1. ყოველ მოთხოვნაზე დასახელებულ ქართულ პოლიტიკურ ერთეულებს 3-3 ათასი მხედარი გაჰყავდათ. ანონიმი ვენეციელისა და კატერინო ძენოს „მოგზაურობის კომენტარების“ გადმოცემის თანახმად, 1501 წელს ისმაილმა შამახიიდან ელჩი გაუგზავნა ქართ ველ მეფე-მთავრებს და აყ-ყოიუნლუს სულთნის ალვენდის წინააღმდეგ დახმარება სთხოვა. რადგან „საკუთარი ძალებით ომში წარმატება ეეჭვებოდა, ამიტომ [ისმაილმა] ელჩი გაგზავნა იბერიაში, რომელიც შამახიიდან სამი, ან უფრო ზუსტად, ოთხი დღის სავალზეა. ეს იბერია დიდი პროვინციაა, მთელი მოსახლეობა მართლმორწმუნე ქრისტიანია და მბრძანებლობს შვიდი სინიორი. მათ შორის არ იან ორნი, ან უფრო ზუსტად სამნი, რომლებიც სპარსეთის, ე.ი. თავრიზის ქვეყ ანას ესაზღვრებიან. ერთს ჰქვია ალექსანდროს ბეკი, მეორეს გურგურამბეკი, მესამეს მირზა ბეკი“2.
თითქმის იგივეს გვეუბნება ძენოც, მაგრამ მოკლედ, „სინიორების“ სახელებიც მცირედ შეცვლილია (ალექსანდრო ბეკი, გურგურამბეკი, მირაბეტი), თანაც მათ „ჯორჯანებს“ უწოდებს3.
1. საინტერესოა, რომ არც თურქული და არც სპარსული წყაროები არ აღნიშნავენ სეფიანთა სახელმწიფოს ან ოსმალეთის მიერ ქართული სამეფოებიდან დამხმარე ჯარის გაყვანას.
2. Ramusio G. B., Op. cit., p. 87 r.
3. XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა, გვ. 37. ევროპაში გაგზავნილ წერილებსა და იტალიურ დოკუმენტურ თუ ნარატიულ წყაროებში ყვარყვარე II ყოველთვის „გურგურას“, „გორგორას“ სახელით მოიხსენიება.
როგორც ჩანს, ორივე ავტორისათვის ცნობილი იყო საქართველოს სხვადასხვა სამეფო-სამთავროებად დანაწილება, მაგრამ მას მაინც ერთი საერთო სახელით „იბერიად“ და „ჯორჯანიად“ მოიხსენიებდნენ. ზემოთ დასახელებული ქართველი „სინიორების“ ვინაობის დადგენა, გარდა პირველისა (ალექსანდროს ბეკი), ადვილად ვერ ხერხდება. ეჭვი არ არის რომ პირველი კახეთის მეფე ალექსანდრე პირველია (1476-1511). „გურგურამბეკი“ სამცხის ათბაგ ყვარყვარე მეორეზე (1451-1498) მიგვანიშნებს1. მაგრამ, ცნობილია, რომ 1500-1515 წლებში ათაბაგობდა ყვარყვარე II-ის შვილი მზეჭაბუკი. მაშ ანონიმი ვენეციელი და ძენოს მოგზაურობის კომენტატორი რატომ უნდა ასახელებდნენ ყვარყვარეს. სავარაუდოა, რომ ყვარყვარე II-ის დიდხანს ათაბაგობამ და პოპულარობამ მისი სახელი ყვარყვარე (გურგურა, გორგორა) სამცხის მმართველი ათაბაგის ზოგად სახელად აქცია. ამიტომ შეიძლება დავუშვათ, რომ „გურგურა“-ში დასახელებული ავტორები ათაბაგ მზეჭაბუკს გულისხმობენ.
ვინ არის „მირაბეტი“? ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ვარაუდის დაშვება შეიძლება. რადგან „მირზა„ უფლისწულს ნიშნავს, შეიძლება მასში ქართლის მეფე კონსტანტინე II-ის რომელიმე ვაჟი ან ძმა ვივარაუდოთ. კატერინო ძენოს „მოგზაურობის კომენტარებში“ ნათქვამია, რომ ზემოაღნიშნულ „სინიორებს“ „ძველი მტრობა ჰქონდათ ალამურთან და სურდათ მისი ძლიერების დამხობა, ისარგებლეს ისმაილის მიერ მიცემული შემთხვევით და გადწყვიტეს დახმარებოდნენ მას ალამურის წინააღმდეგ“2.
1. ევროპაში გაგზავნილ წერილებსა და იტალიურ დოკუმენტურ თუ ნარატიულ წყაროებში ყვარყვარე II ყოველთვის „გურგურას“, „გორგორას“ სახელით მოიხსენიება.
2. XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები, გვ. 37-38.
ისმაილი ქართველებს ჰპირდებოდა, „თუ ისინი დაეხმარებოდნენ [ალვენდის წინააღმდეგ], დარჩებოდნენ კმაყოფილი და მდიდრები“. ისმაილი მო კავშირეებს აცნობებდა თავის განზრახვის შესახებაც: ალვენდის დამარცხების შემდეგ თავრიზს სატახტო ქალაქად გადააქცევდა და, როდესაც ძლიერი, ცენტრალიზებული სახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველი გახდებოდა, მაშინ ქართველები განთავისუფლდებოდნენ იმ ხარკისაგან, რომელსაც ისინი „სპარსეთის მეფეს“, ე.ი. ალვენდის უხდიდნენ1. მოცემულ ეტაპზე ისმაილისათვის დახმარება ქართველებს პოლიტიკურად და ეკონომიკურადაც ხელსაყრელად მიუჩნევიათ. მართლაც, მათ, თითოეულმა სამ-სამი ათასი (სულ 9 ათასი) მხედარი გაგზავნეს2. ანონიმი ვე ნეციელი იქვე დასძენს, რომ „ეს იბერები უმამაცესი მხედრები და ბრძოლაში მრისხანენი არიან“3. ქართველები იმითაც სახელგანთქმულნი ყოფილან, რომ ტრაპიზონის საზღვრებთან მოსვენებას არ აძლევდნენ ოსმალებს4. ისმაილს ქართველი მხედრები დიდი სიხარულითა და პატივით მიუღია. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ისმაილისათვის ქართველების მიერ გაწეული დახმარება, იქიდან ჩანს, რომ მათ მისვლამდე ისმაილს მხოლოდ 7 ათასი მებრძოლი ჰყავდა, ამის შემდეგ კი, მისი ლაშქარი 16 ათას კაცამდე გაიზარდა. ქართველების მისვლით ნასიამოვნებმა ისმაილმა დაპირება შეასრულა და ისინი შამახიაში მოხვეჭილი დიდძალი განძით დაასაჩუქრა5.
1501 წელს ნახჭევანის მახლობლად, სოფ. შარურთან, გამართულ ბრძოლაში ისმაილის ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა ალვენდის 30 ათასიანი კავალერია. როგორც ანონიმი ვენეციელის ცნობიდან ირკვევა, ბრძოლის დროს გადამწყვეტი როლი ქართველთა რაზმებს შეუსრულებიათ. ისინი ალვენდის ბანაკში შეჭრილან და მოუსპიათ. სულთანმა გაქცევით უშველა თავს. გამარჯვებულები დიდი ზეიმით შევიდნენ თავრიზში. მართალია ალვენდმა შეძლო ძალების მოკრება და მცირე ხნით თავრიზიც დაიბრუნა, მაგრამ 1502 წ. იგი საბოლოოდ განდევნეს. ისმაილი ირანის შაჰინ-შაჰად (მეფეთ-მეფე, 1502-1524) გამოცხადდა. 1502 წელი ყიზილბაშთა სახელმწიფოს დაარსების წელად ითვლება6.
1. Ramusio G. B., Op. cit., p. 87 r.
2. XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები, გვ. 38; Ramusio, Op. cit., p. 87r.
3. „Et questi Hiberi sono huomini valentissimi a cavallo, et terribili in bataglia“. Ramusio, p., Op. cit., 87r.
4. XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები, გვ. 38.
5. Ramusio, Op. cit., p. 87r-v. სრულიად საწინააღმდეგო ცნობა აქვს სეფიანთა ხანის (XVI ს.) ისტორიკოსს ჰასან-ბეგ რუმლუს. შირვანზე გალაშქრებამდე ისმაილს ქართველებისათვის დახმარება კი არ უთხოვია, არამედ საქართველო დაულაშქრია. სპარსელი და იტალიელი ავტორები ერთმანეთს ერთში ეთანხმებიან: შირვანზე ლაშქრობის წინ ისმაილს 7 ათასი მებრძოლი ჰყავდა. ჰასან-ბეგ რუმლუ, გვ. 19.
6. Петрушевский И.П., Ук. труд, с. 233.
ისმაილ I-ის საგარეო პოლიტიკა დაპყრობით ომებს ითვალისწინებდა. უკვე 1502 წელს ის სამხედრო მოქმედებას იწყებს აყ-ყოიუნლუს უკანასკნელი სულთნის, უზუნ ჰასანის შვილიშვილის მურადის წინააღმდეგ. მურადს აზერბაიჯანში აყ-ყოიუნლუს ძალაუფლების აღდგენა სურდა და ყიზილბაშთა დაუძინებელი მტერი იყო. ანონიმი ვენეციელის გადმოცემის თანახმად, ისმაილ I თავრიზში იმყოფებოდა, როცა მურადის 30 ათასიანი ჯარით თავრიზზე წამოსვლის ამბავი აცნობეს. ისმაილმა დიდებულები თავიანთი ჯარებით შეკრიბა და მურადის შესახვედრად თავრიზიდან გავიდა. მურადი სწრაფად მიდიოდა რათა მოულოდნელი თავდასხმა განეხორციელებინა. ისმაილის მდგომარეობა კრიტიკული იყო. ამიტომ მან „ყველა თავის დიდებულსა და მეომარს მიმართა, რომ თითოეულმა მათგანმა იბრძოლოს ვაჟკაცურად. იბერთა სინიორებსაც სთხოვა, რომ წააქეზონ თავიანთი მეომრები, გაახსენონ, როგორ მოიქცნენ იმ შემთხვევაში, როცა ალუმუტის (ალვენდი) მთელი ბანაკი გაანადგურეს. ამგვარად შეპირდა თითოეული იბერიელი მას და მათ ერთი საათი ას წელად მოეჩვენათ, სანამ ხელჩართულ ბრძოლაში ჩაებმებოდნენ“1.
1. Ramusio, Op. cit., p. 88r
მურადი თავისი ჯარით მივიდა თავრიზის დაბლობზე და ისმაილის ბანაკიდან მცირე მანძილზე, ერთ პატარა მდინარესთან გაჩერდა. ისმაილის ჯარიც, რომლის დიდ ნაწილს ქართველები შეადგენდნენ, მდინარის მეორე ნაპირთან მივიდა და იქვე დაბანაკდა. პირისპირ მდგომი მოწინაღმდეგეები ბრძოლაში იწვევდნენ და უხეში სიტყვებით უმასპინძლდებოდნენ ერთმანეთს. შუადღისას (1503 წ. 19 ივნისი) ისმაილი და მურადი ჯარების გამხნევებას შეუდგნენ. საღამოს კი მურადმა თავისი ჯარი სამ ნაწილად გაჰყო. მისი მიბაძვით, ისმაილმაც ჯარი ორ ნაწილად გაჰყო: ერთში 9 ათასი ქართველი იყო, მეორეში - ყიზილბაშები. 20 ივნისს გაიმართა ბრძოლა, რომელიც შაჰ ისმაილის გამარჯვებით დამთავრდა. სულთან მურადი ბრძოლის ველიდან გაიქცა1. მან შირაზს შეაფარა თავი, მაგრამ ისმაილი დაედევნა და შირაზსაც დაეუფლა.
აზერბაიჯანში განმტკიცების შემდეგ სეფიანებმა აყ-ყოიუნლუ გაანადგურეს და ირანის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიმორჩილეს. 1507-1508 წლებში ყიზილბაშებმა დაიპყრეს ერაყის დიდი ნაწილი ბაღდადითურთ. ამის შემდეგ მათი სახ ელმწიფო აღმოსავლეთით გაუმეზობლდა უზბეკების სახელმწიფოს, დასავლეთით კი – ოსმალებისას. იწყება ბრძოლა ხორასნისათვის ისმაილ I-სა და უზბეკების მბრძანებელ შეიბან-ხანს შორის. ხორასანზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები. შეი ბან-ხანმა იდროვა შაჰ ისმაილის მცირე აზიაში საომარი მოქმედებით და ხორასანი დაიპყრო. ისმაილი დიდი ჯარით დაიძრა ხორასნისაკენ. ბრძოლა მოხდა ქ. მერვის მახლობლად, სოფ. მაჰმუდთან 1510 წლის 1 დეკემბერს. არავითარი ცნობა გვაქვს ამ ბრძოლაში ქართველების მონაწილეობის შესახებ, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ისმაილმა ქართული ფაქტორი შესანიშნავად გამოიყენა ბრძოლის წარმატებით დასასრულებლად. აი რას გვამცნობს თეოდორო სპანდუჯინო: „მერვიდან ერთი დღის სავალზე არის მდ. საკიჯანი, რომელზეც გადებულია მერქიოპეს ხიდი. აქედან სურდა [შეიბან-ხანს] გადასულიყო მდინარეზე. შაჰმა მდინარეზე გადასასვლელები დაიკავა. ბრძოლა გაგრძელდა შუადღემდე. მაშინ შაჰმა [ის მაილმა] ხმა გაავრცელა, ვითომ ერთიმეორეზე მი ყოლებით ექვსი შიკრიკი მოუ ვიდა, რომლებმაც აცნობეს, რომ ქართველები ერთმანეთთან შეთანხმებით თავრიზის დასალაშქრად წამოვიდნენ“2. ამის შემდეგ შაჰ ისმაილმა ხიდის დაცვა მიატოვა და უკან დაიხია. სამაგიეროდ შეიბან-ხანმა მთელი თავისი ჯარით, რომელიც 30 ათასი მეომრისაგან შედგებოდა, ხიდზე გადასვლა დაიწყო. შაჰ ისმაილი კი, ნახევარი დღის სავალზე გაჩერდა და ხელსაყრელ მომენტს ელოდა. როცა მოსაღამოვდა, იგი მოულოდნელად თავსდაესხა მტერს და სასტიკად გაანადგურა. შეიბან-ხანი ბრძოლაში დაიღუპა3.
1. Ibidem. ისმაილ I-ისა და მურადს შორის ბრძოლის სრულიად განსხვავებული, ისტორიულ სინამდვილეს დაშორებული ვერსია იხ. გიორგაძე ბ., ვენეციელი ავტორის მარინო სანუტოს ცნობები საქართველოზე (XV-XVI სს. მიჯნა). კრებულში: ევროპის ისტორიის პრობლემები, II, თბ., 1978, გვ. 188-189.
2. Spandugino T., Op. cit., p. 106v.
3. Ibidem.
ამგვარად, თუ შევაჯამებთ ჩვენს ხელთ არსებული წყაროების მონაცემებს, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ქართველებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს სეფიანების ყიზილბაშური სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და განმტკიცების საქმეში. მაგრამ ქართველების წვლილი შაჰ ისმაილის საგარეო პოლიტიკაში ამით არ დასრულებულა. ისინი კვლავაც აქტიურად მონაწილეობდნენ შაჰის მთელ რიგ სამხედრო ღონისძიებებში.
საფიქრებელია, რომ ქართველების ისმაილისადმი დახმარება, პირველ რიგში განპირობებული უნდა ყოფილიყო, იმით, რომ ქართველი პოლიტიკოსები სეფიანთა სახელმწიფოს გაძლიერებაში ხედავდნენ ოსმალეთის საპირისპირო ძალას. ყიზილბაშთა ძლიერი სახელმწიფო ძალთა წონასწორო ბას შექმნიდა ახლო აღმოსავლეთში. ქართველი პოლიტიკოსებისათვის, რა თქმა უნდა, ძნელი მისახვედრი არ იქნებოდა, რომ ძლიერი მეზობელი მათი ქვეყნის არსებობას ხი ფათს შეუქმნიდა. მაგრამ ისტორიული გამოცდილება იმასაც უკარნახებდათ, რომ ერთ ძლიერ მეზობელთან პირისპირ დარჩენა უფრო სახიფათო იყო ვიდრე, ორ თან, რომლებიც მუდმივად დაპირისპირებულნი იქნებოდნენ თუნდაც საქართველოზე ბატონობისათვის. მათ შორის წინააღმდე გობის გამოყენება გადარჩენის მნიშვნელოვანი საშუალება იქნებოდა.
* * *
შაჰ ისმაილ I-ის კარზე კარგად იცოდნენ, ევროპელების დაინტერესება აღმოსავლეთში ოსმალეთის საპირისპირო ძალის მოძებნის შესახებ. ამიტომ მან ვენეციის რესპუბლიკას მაშინვე შესთავაზა უზუნ ჰასანის დროინდელი კავშირის განახლება და ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად არტილერია და არტილერისტები სთხოვა1. ვენეციელებმა არ დააყოვნეს და უკვე 1502 წელს სცადეს შაჰ ისმაილთან კონტაქტის დამყარება. ირანში ელჩად გაიგზავნა კონსტანტინე ლასკარისი. 1502 წლის 15 ოქტომბერს ლასკარისი ყარამანიიდან ვენეციაში გაგ ზავნილ მოხსენებაში აღნიშნავს შაჰ ისმაილის ოსმალეთთან მომავალ ბრძოლაში, კერძოდ, ტრაპიზონის იმპერიის გან თავისუფლების საქმეში, საქართველოს დიდ მნიშვნელობაზე2.
სეფიანთა სახელმწიფომ, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში, თავისებური ურთიერთობა დაამყარა სამცხე-საათაბაგოსთან. ისმაილ I საათაბაგოს სამფლობელოებს, ათაბაგისავე ნებართვით, პლაცდარმად იყენებდა ოსმალეთის ტერიტორიაზე შესაჭრელად. ხშირად, როცა წყაროებში ლაპარაკია საქართ ველოზე, მითითებულიცაა, რომ იგი ესაზღვრება ტრაპიზონს. ამით სურთ ხაზი გაუსვან საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას ოსმალეთთან ომის შემთხვევაში. სპანდუჯინოს ერთი დაუთარიღებელი ცნობიდან ვიგებთ, რომ ისმაილმა „გაგზავნა სატოფბეი 14 ათასი კაცით ტრაპიზონის მხარეს. საქართველოს მთავარმა გუაგურა ბეიმ, რომელიც შაჰ-იაკუბის ბებიის ძმის (შაჰ-იაკუბის ბიძის) სიმამრი იყო, გზა მისცა. იგი შეიჭრა ტრაპიზონის სამეფოში, მრავალი ადგილი გადაწვა, გაძარცვა და მისიანები, ნადავლით დატვირთულნი, უკან დაბრუნდნენ“3.
ძნელია იმის დადგენა, როდის მოხდა სპანდუჯინოს მიერ გადმოცემული ამბავი, მაგრამ, რადგან მასში ნათქვამია, რომ ისმაილის სამხედრო ექსპედიცია ბაიაზიდ II-ის (1481-1512) წინააღმდეგ იყო გაგზავნილი, ამიტომ მიახლოებით შეიძლება თქმა, რომ ეს მოხდა 1512 წლამდე, სელიმ პირველის გამეფებამდე. სელიმ I-ის გამეფების შემდეგ ათაბაგის დამოკიდებულება შაჰ ისმაილისადმი შეიცვალა.
1. Epistolarum Turcicarum variarum et diversarum authorum, Francfurt am Main, 1598, S. 59.
2. Sanuto M. I diarri, t. IV, Venezia, 1880, p. 357.
3. Spandugino T., Op. cit., p. 110.
ყვარყვარე II-ის გარდაცვალების შემდეგ სამცხე-საათაბაგოში დაიწყო ბრძოლა ტახტის პრეტენდენტებს შორის, საბოლოოდ გაიმარჯვა მზეჭაბუკმა (1500-1515). ამ დროს იწყება ოსმალების შეტევა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოზე. ათაბაგმა შექმნილი მდგომარეობით ისარგებლა, ჯერ ქართლის მეფე კონსტანტინე II-სთან დაამყარა მშვიდობა და მისადმი მორჩილება იკისრა, შემდეგ თავისი სამფლობელოების გაფართოების მიზნით, ოსმალეთთან კავშირი გააბა. როცა გურიელი ოსმალებს ებრძოდა, მზეჭაბუკი მტრის მხარეს დადგა და აჭარა და ჭანეთი დაიპყრო1. ოსმალური წყაროების თანახმად, მზეჭაბუკმა დაიკავა არტაანი, კოლა (პატარა არტაანი), ოლთისი, თორთუმი და ისპირი2. ოსმალეთის მმართველი წრეები ჯეროვნად აფასებდნენ საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას აღმოსავლეთზე შეტევისათვის, მაგრამ ვიდრე მშვიდობიანი ბაიზიდ II ქვეყანას მართავდა, საქმე ომამდე არ მივიდა.
ბაიაზიდ II-ის მშვიდობიანი აღმოსავლური პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა უფლისწული სელიმი. იგი ტრაპიზონის ვალად ყოფნისას თვითნებურად, სულთნის სურვილის წინააღმდეგ ებრძოდა ყიზილბაშებს. სელიმმა გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია: 1510 წ. მან ხელთ იგდო ყიზილბაშების მიერ დაკავებული ერზინჯანი და ბაიბურთი, რითაც სეფიანთა სახელმწიფოსთან ომის დაწყების საშიშროება შექმნა. შვილის ასეთი მოქმედების გამო ბაიაზიდი იძულებული გახდა ისმაილთან ელჩი და საჩუქრები გაეგზავნა და ბოდიშიც მოეხადა3.
სელიმის მოქმედება ყიზილბაშების დასავლეთისაკენ წინსვლის შეჩერებას ისახავდა მიზნად. პაოლო ჯოვიოს გადმოცემით, სელიმმა აიძულა ბაიაზიდი, რომ იბერებთან და მეგრელებთან საქმის მოგვარება მისთვის მიენდო4, რადგან სამხრეთი და დასავლეთი საქართველო სელიმს ოსმალეთის გავლენის სფეროდ მიაჩნდა.
1. ქართლის ცხოვრება, IV, გვ, 710-711.
2. ჟან-ლუი ბაკე გრამონი, ოსმალები და საქართველო XVI საუკუნის პირველ მეოთხედში. „მაცნე“, ისტორიის სერია, #3,, 1978, გვ. 99.
3. Fisher S., The foreign relaTions of Turkey 1481-1512, Urbana, 1948.
4. Giovio P ., Op. cit., I, p. 509.
XVII საუკუნის თურქი ისტორიკოსის სოლაქ-ზადეს თქმით: „ცნობილია და გულებში ხსოვნადაა დარჩენილი, რომ, როდესაც მისი უდიდებულესობა შაჰ-ზადე სელიმ-ხანი ტრაპიზონის ვილაიეთში მივიდა, დიდ დროს ანდომებდა იმ მხარეში საქართველოს მტრებთან ბრძოლასა და საღვთო ომს“1. იმავე პერიოდის სხვა თურქი ისტორიკოსის მუნეჯიმ-ბაშის გადმოცემით, ტრაპიზონის ვალად ყოფნის პერიოდში „სელიმი დროის დიდ ნაწილს საქართველოს რბევა-აოხრებასა და ყიზილბაშებთან ომებს ანდომებდა. ერზინჯანი და ბაიბურთი მან (ყიზილბაშებს) ხელიდან გამოსტაცა... (სამეფო კარის) მორჩილებიდან სელიმის გამოსვლის, დავისა და დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით ჩადენილ დანაშაულად და პრეტენ ზიად იმოწმებდნენ (მამის) ნებადაურთველად საქართველოზე ჩატარებულ ლაშქრობებს2 და მაღალ სახელმწიფოსთან მშვიდობიან ურთიერთობაში მყოფ ყიზილბაშებთან გამართულ ომებს“3. ეს მოხდა 1510 წელს4.
1512 წელს უფლისწულმა სელიმმა, ოსმალეთის ფეოდალთა ყველაზე აგრე სიული წრეების მხარდაჭერით, ბაიაზიდ II ტახტიდან ჩამოაგდო და თვითონ დაიკავა სელიმ I-ის სახელით (1512-1520). ის მაშინვე შეუდგა თავისი ძირითადი გეგ მის განხორციელებას - სეფიანების მოსპობას და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს დამორჩილებას.
1. შენგელია ნ. სოლაქ-ზადე საქართველოს შესახებ. „ქართული წყაროთმცოდნეობა“, IV, თბ., 1873, გვ. 58.
2. ამავე პერიოდის სხვა თურქი ისტორიკოსის კოჯა ჰუსეინის თქმით, 1509 წ. სელიმმა ჯერ სომხეთში ერზინჯანი დაიპყრო, შემდეგ საქართველო აიკლო, საიდანაც დიდძალი ნადავლითა და ტყვეებით დაბრუნდა. Новосельцев А., П. Освободительная борьба народов Закавказья в XVI-XVII веках. «Вопросы истории», М., 1969, №9, с. 115; შენგელია ნ. XV-XIX საუ კუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები, თბ., 1974 , გვ. 31.
3. ჩოჩიევი ვ., მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ურთიერთობა XVIXVII საუკუნეებში (ირან-ოსმალეთის საზავო ხელშეკრულებების მიხედვით), თბ., 1972, გვ. 54-55.
4. მ. სვანიძემ თურქულ წყაროებზე დაყრდნობით გამოიკვლია, რომ სელიმის საქართველოზე თავდასხმა 1510 წელს უნდა მომხდარიყო. სვანიძე მ., საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან, XVI-XVII სს., თბ., 1971, გვ. 44.
მეზობლების - ყიზილბაშების და ოსმალების - მიერ საქართველოს მიმართ აგრესიული პოლიტიკის გატარებას ხელს უწყობდა სამცხე-საათაბაგოში შექმნილი ვითარება. ჯერ ყვარყვარე II-მ, შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა, ვიწრო ფეოდალური ინტერესებიდან გამომდინარე, მერყევი, უპრინციპო პოლიტიკის გატარებით, მრავალჯერ მისცეს საბაბი დასახელებულ მეზობლებს მათ საშინაო საქმეებში ჩარეულიყვნენ, ზოგჯერ კი, მათი მხარდაჭერით დანარჩენ საქართ ველოს იკლებდნენ ან დაპყრობას ლამობდნენ.
ისმაილ II-ის დაპყრობითმა ომებმა, მისმა წარმატებებმა დიდი საერთაშორისო გამოხმაურება ჰპოვა. ოსმალებისაგან შევიწროებული და შეშინებული ევროპელები ყიზილბაშთა სახელმწიფოში ხედავდნენ ძალას, რომლის დაპირისპირება შეიძლებოდა ოსმალების იმპერიისათვის. შაჰ ისმაილის პიროვნების, როგორც საქრისტიანოს მეგობრის განდიდება ხდებოდა ისევე, როგორც ერთ დროს თემურლენგისა და უზუნ ჰასანის.
სელიმ I-ს ფართო დაპყრობითი გეგმები ჰქონდა, მაგრამ მათი განხორციელება ყიზილბაშთა სახელმწიფოს განადგურების გარეშე შეუძლებელი იყო. შაჰსა და სულთანს შორის ურთიერთობა სულ უფრო იძაბებოდა და ორივე მხარე გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადებოდა.
1514 წლის გაზაფხულზე სელიმ I-მა ქ. ედირნეში მოიწვია დივანი, რომელზეც გამოცხადდა, რომ შიიტი ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლა ყველა მუსლიმის წმინდა მოვალეობა იყო. ამის შემდეგ სელიმმა სამხედრო მოქმედებაც დაიწყო და ირანის სამფლობელოებში შეიჭრა. შაჰის ბრძანებით ყიზილბაშთა რაზმებმა უკან დაიხიეს ქვეყნის სიღრმეში, თანაც სპობდნენ ხიდებს, გზებს, სურსათ-სანოვაგის მარაგს. ეს ღონისძიება მტრისათვის სწრაფი წინსვლის საშუალების მოსპობას ისახავდა მიზნად. ოსმალთა ლაშქარი, მართლაც დიდ გასაჭირში აღმოჩნდა. ჯარის მომარაგება გაძნელდა. ოსმალებს ქარავნებით უხდებოდათ სურსათისა და იარაღის გადაზიდავა. გზის სიშორის გარდა, მომარაგებას ისიც ართულებდა, რომ ქარავნებს თავს ესხმოდნენ შაჰ ისმაილთან დაკავშირებული ქართველთა რაზმები და თურქთა ტომები1.
1. Эфендиев О. А., Образование Азербайджанского государства Сефевидов в начале XVI века, Баку, 1961 , с. 114.
რაც დრო გადიოდა ოსმალთა მდგომარეობა მით უფრო რთულდებოდა, მაგრამ, როგორც დონადო და ლეძეს 1514 წლის 14 სექტემბრის წერილიდან ვიგებთ (დონადო და ლეძეს, ცნობები მიაწოდა ჯოვანი მარია ანჯოლელომ) გაჭირვებაში ჩავარდნილ ოსმალებს სერიოზულად დაეხმარნენ ქართველები. სელიმის ბანაკში 14 ათასი ქართველი მხედარი მისულა და სურსათიც მიუტანია1. სხვა ცნობით, რომელიც კონსტანტინოპოლის ვენეციელ ბაილოს ნიკოლო ჯუსტინიანს ეკუთვნის, სულთნის ლაშქარში 13 ათასი ქართველი მხედარი ყოფილა2.
საინტერესოა, ვინ იყვნენ იტალიურ წყაროებში დასახელებული ქართველები, რომლებიც სელიმ I-ს შაჰ ისმაილის წინააღმდეგ ეხმარებოდნენ? ვფიქრობ, ისინი სამცხე-საათაბაგოდან უნდა ყოფილიყვნენ.
მ. სვანიძე არ იზიარებს ჩემს მიერ მოხმობილ იტალიური წყაროების ცნობებს და აღნიშნავს, რომ „ამ დროს სამცხის ათაბაგს, როგორც ოს მალეთის მოხარკეს, არ ევალებოდა ლაშქრის გამოყვანა“3. ვფიქრობ, მოყვა ნილი ცნობები ათაბაგის ოსმალებთან მოკავშირეობაზე და არა მოხარკეობაზე მიუთითებს. ამგვარი ვარაუდს საფუძველს უმაგრებს ი. ჰამერის წიგნში მოყვანილი ერთი თურქული ცნობაც, რომლის მიხედვითაც, ყიზილბაშებზე მიმავალი სელიმი სოგმენში გაჩერდა და ელჩი გაუგზავნა ათაბაგ მზეჭაბუკს (ქართველი პრინცი ჯანიკი). ათაბაგმა არ დააყოვნა და თავისი ელჩის ხელით სულთანს სურსათ-სანოვაგე და შაჰ ისმაილის ძმის, ჰადირ ოღლუს, ორი ვაჟიც მიჰგვარა. ისინი შაჰს გაექცნენ და მზეჭაბუკის (ჯანიკი) კარზე შეაფარეს თავი. დიდად ნასიამოვნებმა სულთანმა ათაბაგს მეორე ელჩი გაუგზავნა, რომელმაც სულთნის მადლობა და საპატიო ხალათი გადასცა4. სოგმენში მზეჭაბუკის ელჩის მიერ სურსათ-სანოვაგის მიტანა, მომხდარა 1514 წ. 10 აგვისტოს5.
1. Berchet G., Op. cit., p. 269; Sanuto M. I diarri, t. XIX, Venezia, 1887 , p. 57.
2. Sanuto M., I diarri, t. XIX, p. 24.
3. სვანიძე მ., საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები, გვ. 159.
4. Hammer J., Geschichte des osmaniSchen Reiches, II B., Pest, 1834, S. 715; სვანიძე მ., დასახ. ნაშრ., გვ. 48-49.
5. სვანიძე მ., საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები, გვ. 48.
იმის თქმა, რომელი ცნობა - იტალიური თუ თურქული - უფრო ზუს ასახავს სინამდვილეს, ძნელია. ის კი ნათლად ჩანს, რომ ათაბაგი მზეჭაბუკი ოსმალებს უმნიშვნელო დახმარებას არ უწევდა. სელიმმა დახმარება გადამწყვეტი ბრძოლის წინ რამდენიმე დღით ადრე მიიღო. 1514 წლის 23 აგვისტოს ჩალდირანის ველზე ოსმალებმა შაჰ ისმაილის ლაშქარი დაამარცხეს. შაჰმა გაქცევით უშველა თავს.
მზეჭაბუკისა და სელიმის ურთიერთობაზე საუბრისას ყურადღება უნდა მიექცეს ერთ მნიშვნელოვან მომენტს. როგორც ჩანს, ათაბაგი ოსმალებს საკუთარი ინიციატივით კი არ დაეხმარა, არამად სულთნისაგან „შეხსენებით“, უფრო სწორად, ძალდატანებით. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთდასახელე ბულ ბაილო ნიკოლო ჯუსტინიანსაც არ გამოჰპარვია მხედველობიდან ის გარემოებამ რომ ქართველები, თუ კი შესაძლებელი იქნებოდა, სულთანთან არავითარ შეთანხმებაზე არ წავიდოდნენ1. ვიმეორებ ათაბაგი მზეჭაბუკი, მიუხედავად იმისა, როგორი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, მისი დახმარება ოსმალებისადმი შინაარსით მოკავშირეობის ელფერს ატარებდა.
ყიზილბაშებთან ომის დაწყების წინ, როგორც ჯაკომო ჯულიანის მიერ რაგუზადან გაგზავნილი ერთი წერილიდან ჩანს, სულთან სელიმს ქართ ველებისაგან (ალბათ საათაბაგოელები იგულისხმებიან) დამხმარე ჯარისა და სურსათ-სანოვავაგის მიღების იმედი ჰქონდა, მაგრამ მათ დაპირება არ შეუსრულებიათ2. მგონია ეს ცნობა ასახავს ოსმალებისა და ყიზილბაშების ბრძოლის მეორე ეტაპს, რაზეც ქვემოთ ითქმევა.
1. Sanuto M. I diarri, t. XIX, p. 24.
2. Ibidem, p. 386.
1514 წ. 6 სექტემბერს გამარჯვებული სელიმ I ყიზილბაშთა სატახტო თავრიზში შევიდა და 15 სექტემბრამდე დარჩა. თავრიზის სწრაფად დატოვების მიზეზი ჯარის შიმშილობისაგან გადარჩენა იყო. ოსმალებს, ყიზილბაშების მიერ გადაბუგულ ადგილებზე უნდა გაევლოთ და ზამთრის დასაწყისში სურსათის შოვნის არავითარი პერსპექტივა არ არსებობდა. სულთნის გადაწყვეტილებას თავრიზის სწრაფად დატოვების შესახებ, ისმაილის შემდგომი ბრძოლისათვის მზადებაც აჩქარებდა. ისმაილის ჯარს ქართველ მხედართა დიდი რაზმიც შეუერთდა1. ოსმალები ამასიისაკენ გაეშურნენ. მათი ვარაუდი, რომ სურსათის ნაკლებობას თავიდან ვერ აიცილებდნენ, გამართლდა. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებდა ისიც, რომ თავრიზიდან გასულ ოსმალებს მოსვენებას არ აძლევდნენ ქართველთა რაზმები. ქართველების ამგვარი მოქმედება ვრცლად არის აღწერილი კატერინო ძენოს „მოგზაურობის კომენტარებში“2.
1515 წ. 25 მარტს ჰანიბალ მალიპიეროს მიერ ნიქოზიიდან ვენეციაში გაგზავნილ წერილში მოთხრობილია ოსმალთა მიერ თავრიზის აღებისა და გაძარცვის შესახებ. შემდეგ ვიგებთ, რომ სულთანმა თავრიზი დატოვა, ამასიისაკენ წავიდა და მდ. ევფრატს მიადგა. მისი ჯარის ორი მესამედი მდინარის მეორე ნაპირზე გადასული იყო, როცა ზურგიდან თავს დაესხნენ ქართველები, რომლებმაც ამოწყვიტეს 15 ათასამდე კაცი და ხელთ იგდეს 11 ქვემეხი3.
თავრიზიდან წასული ოსმალების ქართველებისაგან (იბერები) შევიწროებასა და დიდი ზარალის მიყენებას აღნიშნავს ანჯოლელოც4. სურათის უფრო ნათლად წარმოდგენის მიზნით, ზემოაღნიშნულს უნდა დავუმატოთ, სპანდუჯინოს ორიოდე ცნობაც: მიუხედავად მთელი იმ სისწრაფისა, რაც სელიმმა გამოიჩინა, ქართველი ცხენოსნების მოსვლამ მდ. ევფრატთან ისეთი შიში და არეულობა გამოიწვია, რომ 2 ათასი თურქი, რომლებიც მდინარეზე გადსვლას ლამობდა, დაიხრჩო. ქართველმა მყვინთავებმა დაახროვეს ტალახში ჩაფლული საჭურველი და მდინარის მიერ წაღებული ავლა-დიდება. ნადავლით კმაყოფილმა ქართველებმა შორს აღარ გასდიეს თურქებს. ისმაილი განსაკუთრებით იმით დარჩა კმაყოფილი, რომ ხელთ იგდო მტრის არტილერია, რომლის ნაკლებობა მისი დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი იყო.
1. Spandugino T., Op. cit., p. 400r.
2. XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები, გვ. 42; Spandugino T., Op. cit., p. 400r-v.
3. Sanuto M., I diarri, t. XX, Venezia, 1887, p. 244; Jovii P., Warhaftige Beschreibunge chronik-wirdi ger Historien, Frankfurt, 1570 , S. 303
4. XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები, გვ.. 81.
ისევ დგება კითხვა: ვინ იყვნენ ის ქართველები, რომელი სამეფო-სამთავროს წარმომადგენლები, რომლებმაც ამგვარ საშინელ მდგომარეობაში ჩააყენეს ოსმალები? დღეისათვის ცნობილი ნარატიული და დოკუმენტური წყაროები ამ კითხვაზე ამომწურავ პასუხს არ იძლევა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართლისა და კახეთის სამეფოები ამ დროს შაჰ ისმაილის სიუზერენობას აღიარებდნენ და მზად იყვნენ შეიარაღებული ძალით და სხვა საშუალებებითაც დახმარებოდნენ მას. ამგვარი მხარდაჭერით ისმაილი ჯერ-ჯერობით კმაყოფილი იქნებოდა. მას საბოლოოდ არ ჰყავდა ჩამოშორებული ტახტის პრეტენდენტები და ოსმალების სახით გარეშე მტერიც ემუქრებოდა.
რაც შეეხება სამცხე-საათაბაგოს, მისი სელიმის წინააღმდეგ გამოსვლა გამორიცხულია. როგორც ითქვა, ჩალდირანის ველზე ოსმალებისა და ყიზილბაშების შერკინებამდე სამცხის ათაბაგი სულთანთან კავშირში იყო (ვიმეორებ, შეიძლება თავისი სურვილის წინააღმდეგაც) და გარკვეული მოვალეობაც შეასრულა მის წინაშე. როგორც ითქვა, ათაბაგ მზეჭაბუკის ოსმალებისადმი დამოკიდებულება სელიმ I-ის გამეფების შემდეგ მკვეთრად შეიცვალა. სელიმი მაშინვე ყიზილბაშებთან ბრძოლის სამზადისს შეუდგა და მთელი რიგი ღონისძიებებიც გაატარა, რომლებიც, ალბათ, საათაბაგოსაც შეეხო. მზეჭაბუკის ორიენტაციის შეცვლა მხოლოდ ოსმალების წინაშე შიშით არ უნდა ყოფილიყო გამოწვეული. ამ საქმეში დიდი როლი ითამაშა საქართველოში შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ. მზეჭაბუკს ოსმალებზე დაყრდნობით სამცხის სრული დამოუკიდებლობის მოპოვება (მის საეკლესიო პოლიტიკაზე ცალკე ითქმევა) და მეზობელი ქართული ტერიტორიების დამორჩილება სურდა, რაც ნაწილობრივ შეძლო კიდეც1.
1. ჯავახიშვილი ივ., დასხ. ნაშრ., გვ. 167.
თურქული და იტალიური ცნობების თანახმად, როგორც ითქვა, მზეჭაბუკის ელჩმა სულთანს სოგმენში სურსათი მიართვა, ისმაილის ძმისწულები მიჰგვარა და 14 ათასი მებრძოლიც დაახმარა. ამგვარად, ნათლად ჩანს ათაბაგის პოზიცია: იგი დაუფარავად გამოდიოდა ისმაილის წინააღმდეგ, რაც ირანში მანამდეც ცნობილი იყო (თუ არა ისმაილის მიერ შერისხული ძმისწულები რატომ გაიქცეოდნენ ათაბაგთან?) და სულთანს ერთგულებას უიმტკიცებდა (შაჰის მოწინააღმდეგენი, შაჰის ძმისწულები, შაჰის მტერს, სულთანს მიჰგვარა, რითაც სელიმი დიდად კმაყოფილი დარჩა).
თუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ზემოთ ითქვა, მაშინ რით ავხსნათ თავრიზიდან წამოსული სელიმ I-ის მოქმედება საათაბაგოს წინააღმდეგ 1514 წლის სექტემბრის ბოლოს. ოსმალები თავრიზიდან გამოვიდნენ 15 სექტემბერს. როცა სულთანი ყარსში მოვიდა, გაურკვეველი მიზეზების გამო, თავის ჯარს მზეჭაბუკის (ჯანიკი) დასასჯელად საქართველოს, ე.ი. სამცხის საზღვრებისკენ წასვლა უბრძანა. ათაბაგი სულთანს დაპირდა, რომ მის ბანაკში მივიდოდა, მაგრამ შეეშინდა და დაპირება აღარ შეასრულა.
ამ ამბავთან დაკავშირებით საინტერესო ცნობებია დაცული ლეუნკლავიუსის „მუსლიმ თურქთა ისტორიაში“. მასში კერძოდ ნათქვამია, რომ გამძვინვარებულ სულთანს მთელი საქართველოს აკლება სურდა, მაგრამ ხანგრძლივი და რთული ლაშქრობით გაწამებულმა ჯარმა უარი სთქვა ბრძანების შესრულებაზე. როგორც მეომრები აცხადებდნენ, ქართველებისა და მკაცრი ზამთრის შიში ჰქონდათ. სულთანი ჯიუტად მოითხოვდა ქართველების დასჯას, მაგრამ იძულებული გახდა შურისძიება შემდგომი წლის მარტისათვის გადაედო. ის თავის ჯარს სურსათით, იარაღითა და სხვა მრავალი სიკეთით ავსებას დაპირდა1.
შემდეგ წელს სელიმ I-მა მუქარა შეასრულა2. მან, თავდაპირველად, წინ გაგზავნა ყაფიჯები და იანიჩრების უფროსები სამი ათასი მეომრით, რომლებსაც გზის გაკაფვა დაევალათ. მათ უკან მიჰყვებოდა ჯარის ძირითადი ნაწილები.
1. Leunclavius I., Op. cit., p. 702.
2. ზოგიერთი ქართველი და თურქი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ოსმა ლებს საქართველოზე ლაშქრობა აღარ განუხორციელებიათ, „რომ საქართველოს დალაშქვრაზე ბრძანების გაცემა მხოლოდ დიპლომატიური ნაბიჯი იყო სულთნისა“ (თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის. თურქული დოკუმენტები ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და შენიშვნებით გამოსცა ც. აბულაძემ, თბ., 1983 , გვ. 8).
ოსმალები სასტიკად იკლებდნენ და ანადგურებდნენ დასახლებულ ადგილებს, მოსახლეობას ჟლეტდნენ. მტრის თარეშს საზღვარი დაუდო ქართველი დიდებულების ლაშქარმა1. მათ მტრის წინსვლა შეაჩერეს. ამის შემდეგ სელიმი იძულებული გახდა მოლაპარაკება დაეწყო საქართველოს მთავართან, რომლის ელჩებმა სულთანს მოახსენეს: „საქართველოს მთავარს არავითარი ბრალი არ მიუძღვოდა ამ ომში და ამის შეტყობინება ინება სულთნისათვის. ამისათვის გაგზავნა მასთან თავისი ელჩები, რომელთაც შეეძლოთ მისი სახელით გადაწყვეტილების მიღება. რასაკვირველია, ელჩებმა სულთანს გადასცეს საქართველოს მთავრის დანაბარები: თურქთა ხელმწიფეს, უმაღლეს სულთანს ოსმალეთის სამეფოსი! მთავარი მზადაა აღიაროს, რომ არ ახსოვს, თუ ოდესმე მასა და სელიმს შორის რაიმე მტრობა ან წინააღმდეგობა ყოფილიყოს. ჩემი კაცებისაგან გამოვიკვლიე და სწორად დავადგინე, რომ მომხდარი ბრძოლა ჩვენებს არ წამოუწყიათ. სულთან სელიმის გამარჯვებულ ჯარს ჩემი ძალიან მცირე ჯარი გზაზე მიმავალს ხომ არ შეებრძოლებოდა2. არავისთვის საეჭვო არ არის, რომ დიდი, უძლიერესი და ბედნიერი იმპერატორი ბრძანდები, სელიმო! სრულიადაც ადვილი არ არის გინდ ქართველისათ ვის და გინდ სხვისთვის, რომ საომარი პროვოკაცია გამოიწვიოს. ამიტომ შეიძლებოდა თავდაპირველად შეგეტყობინებინა ჩვენთვის, რა გსურს, რომ გა ვაკეთოთ, რას გვიბრძანებ, რას მოითხოვ. უმცირესი მომავალი სამსახურის მოვალეობის შემსრულებელმა ქართველმა მთავარმა სულთან სელიმის სურვილი ახლახან გავიგე, შენს მოთხოვნას ყველაფერში ვემორ ჩილები“3.
1. Leunclavius I., Op. cit., p. 703.
2. იგულისხმება ქართველთა თავდასხმა ოსმალეთის ლაშქარზე მდ, ევფრატთან.
3. Leunclavius I., Op. cit., p. 703
როგორც წერილის დასასრულიდან ჩანს, სულთანი უფრო მეტს მოითხოვდა. მას ათაბაგის ზომიერი მორჩილება არ აკმაყოფილებდა. არც იმის იმედი გაუმართლდა, რომ ათაბაგი პირადად ეახლებოდა. მაგრამ სელიმი იძულებული გახდა იმით დაკმაყოფილებულიყო, რასაც ქართველები თვითონ სთავაზობდნენ: ათაბაგის კაცებმა სულთნის ბანაკში 800 ძროხა და 4 ათასი ცხვარი მირეკეს, ფქვილი და ქერი მიიტანეს. ამ დროს ოსმალები სურსათის ისეთ ნაკლებობას განიცდიდნენ, რომ ხორბლის ფქვილი 1500 ასპერად ფასობდა1.
ათაბაგის მიერ გაგზავნილი პირუტყვითა და სანოვაგით კმაყოფილ სულთანს უბრძანებია: „საკუთრების უფლებით ისარგებლოს ქართველების მთავარმა, მისმა ოჯახმა, მისმა მეგობრების მეგობრებმა და მტრის მტრებმა“. ეს მან წერი ლობითაც დაადასტურა, რის შემდეგ საათაბაგოს გაეცალა და ამასიისაკენ წავიდა2.
ამგვარად, სულთნის ცდამ, თავისი პოლიტიკური გავლენა გაევრცელებინა სამცხე-საათაბაგოში, ჯერჯერობით, შედეგი არ გამოიღო. ათაბაგისათვის მიცემული სიგელით სულთანმა ათაბაგის განუყოფელი უფლება აღიარა სამცხეში.
* * *
დატოვეს თუ არა ოსმალებმა ყიზილბაშთა სამფლობელოები, ისმაილი თავრიზში დაბრუნდა და შემდგომი ბრძოლისათვის სამზადისს შეუდგა. მაგრამ ოსმალების დასაძლევად აუცილებელი იყო კოლიციის შექმნა. ისმაილ I-მა დახმარების თხოვნით მიმართა ოსმალეთის აღმოსავლელ მეზობლებს. მან 1514 წლის ოქტომბერში3 თავრიზიდან ეგვიპტის სულთანთან და საქართველოში4 თავისი ელჩები გაგზავნა.
დანიშნულების ადგილზე მისულ ელჩებს, როგორც ნათქვამია „ძენოს მოგზაურობის კომენტარებში“, მოუხსენებიათ იმ საშიშროებაზე, რომელიც ქართველებსა და ეგვიპტელებს ემუქრებოდათ, თუ ისინი სელიმის წინააღმდეგ საომრად იარაღს ხელს არ მოჰკიდებდნენ. ოსმალების მიერ სპარსეთის დაპყრობის შემდეგ, თქვენც იგივე ბედი გელითო5.
1. Hammer J., Op. cit., S. 721-722.
2. Leunclavius I., Op. cit., p. 704.
3. XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები, გვ. 81.
4. „ძენოს მოგზაურობის კომენტარების“ მიხედვით „მეფე გორგორასთან“ ანუ სამცხის ათაბაგთან. ანჯოლელოს თქმით კი - იბერებთან. იქვე, გვ. 42, 81
5. იქვე, გვ. 42.
ოსმალეთის გაძლიერებით შექმნილი საშიშროება ნათილი იყო მისი ყველა მეზობლისათვის. ამიტომ ისმაილის ელჩებს დასახელებულ ქვეყნებთან სამოკავშირეო ხელშეკრულებების გასაფორმებლად დიდი სიძნელეების გადალახვა არ დასჭირდათ. მოკავშირეები პირობას სდებდნენ, რომ ერთად იბრ ძოლებდნენ ოსმალეთის წინააღმდეგ. ხელშეკრულებაში, შაჰის სურვილით, ხაზგასმული იყო, რომ მოკავშირეები არ შეეცდებოდნენ სულთანთან რაიმე კონტაქტის დამყარებას, არც საჯაროდ და არც საიდუმლოდ არ მიიღერბდნენ მის ელჩებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება ძალას დაკარგავდა და მოკავშირეებს შორის ურთიერთობა გაწყდებოდა. მხარეებმა პირობა დადეს, რომ შაჰის ამ მოთხოვნას განსაკუთრებით დაიცავდნენ. ანჯოლელოს მიხედვით, „იბერებმა დამატებით იკისრეს იმდენი ჯარის მიცემა, რამდენიც შესაძლებელი იქნებოდა, ყოველთვის, როცა კი შაჰი მოისურვებდა [სულთან] სელიმის წანააღმდეგ გალაშქრებას“1. როგორც ჩანს, ქართველები ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლის სურვილით აღვსილნი იყვნენ და ძალ-ღონეს არ ზოგავდნენ ამ მნიშვნელოვანი საქმის წარმატებით დასასრულებლად. მათ მიერ დამატებით ნაკისრი ვალდებულება სამაგალითო უნდა გამხდარიყო და კოალიციის სხვა წევრებსაც მთელი თავიანთი შესაძლებლობებით უნდა ებრძოლათ საერთო მტრის წინააღმდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობა გრძელდებოდა, მანამდე ვიდრე ოსმალეთი ბოლოს არ მოუღებდა ამ უკანასკნელის და მოუ კიდებლობას. საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობა, ჩემთვის ცნობილი წყაროების მიხედვით, ძირითადად, იერუსალიმის ქართული მონასტრების საკითხის დარეგულირებით შემოიფარგლებოდა.
1. იქვე, გვ. 82.
წარმოშობით ჩერქეზმა სულთანმა ალ-ადილ საიფ ად-დინ ტუმან-ბაიმ (1500-1501) 1501 წლის 19 დეკემბერს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ბერების დასა ცავად გამოსცა ბრძანებულება. სულთანი უბრძანებს ნაცვლებს, მოსამართლეებს და გამგებლებს: „ჩვენს სამეფო კარავში, ღვთისაგან დაცულ ღაზაში, შემოვიდა პეტიცია წმინდა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ბერების ჯგუფის სახელით, რომელშიც იტყობინებიან: წმინდა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მცხოვრებ [ბერების] ჯგუფს აკისრია ყოველდღიურად გამოკვება ხუთი ღარიბი მუსლიმისა და სხვებისა, რომლებიც მოდიან მათთან. მათი წესია, ძველი დროიდან ბოლო ხანებამდე, [მიართვან] ძღვენი აღდგომას და ხუთშაბათის დღესასწაულზე წმინდა იერუსალიმის ნაცვალს, ზედამხედველს, მო სამართლეს და წმინდა იერუსალიმის სხვა მცხოვრებთ“1. სულთანი კრძალავს ჯვრის მონასტრის ბერების შევიწროებას ძღვენის დაგვიანების გამო და მონასტერში მისული ქართველი პილიგრიმებისათვის წესით გაუთვალისწინებელი გადასახადის მოთხოვნას და სხვ.2
რაც უფრო ძლიერდებოდა საქართველოსა და ეგვიპტის მიმართ ოსმალების გამო საშიშროება, მით უფრო ინტენსიური ხდებოდა მათი ურთიერთობა. 1504 წლის დასასრულს შეიქმნა ოსმალეთის წინააღმდეგ მიმართული სამთა კავშირი: ქართლის სამეფო – სეფიანთა ირანი – მამლუქთა ეგვიპტე3. ევროპის სახელმწიფოების მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს უჭერდა ან უთანაგრძნობდა კოალიციას. საფრანგეთი თავს იკავებდა ანტიოსმალური პოლიტიკის გატარებაზე. ოსმალეთი ევროპის ამ უმსხვილეს სახელმწიფოს თავის მოკავშირედ ვარაუდობდა. მართლაც, იმავე საუკუნის 20-იან წლებში მათ შორის მოკავშირეობა ოფიციალურად გაფორმდა4. ასეთ ვითარებაში, ეგვიპტელ მამლუქთა მორჩილებაში მყოფ იერუსალიმში ანტიფრანგული განწყობილების გაღვივება და ამ განწყობილების გარკვეული მიზნით გამოყენება ძნელი არ უნდა ყოფილიყო.
ვფიქრობ, ქართლის სამეფო – ეგვიპტის ურთიერთობის ფონზე უნდა განვიხილოთ ბეენა ჩოლოყაშვილის მიერ გოლგოთიდან ფრანცისკანელების გაძევება XVI ს. 10-იანი წლების დასაწყისში (ზუსტად დათარიღება ჭირს).
1. ჯაფარიძე გ., ბუაჩიძე გ., მამლუქი სულთნების ორი ბრძანებულება იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებლური საატრიარქოს კოლექციიდან. „ქართული დიპლომატია“, წელიწდეული, 8 , თბ., 2001, გვ. 235.
2. იქვე, გვ. 235-236.
3. მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი XV საუკუნის მეორე ნახევარსა და XVI საუკუნეში, გვ. 121-122.
4. იქვე, გვ. 135, 304.
ქართული ცნობებით ბეენა იერუსალიმს მივიდა 15111 ან 15122 წელს. ჯვრის მონასტრის ერთ-ერთ ხელნაწერში ბეენა გვამცნობს: „ნებითა ღმრთი სათა აქა ფრანგთა გოლგოთა დავაგდებინე და მათი ყველა გარეთ გამოუყარე – კანდელი და რაცა მათი იყო მე ცოდვილმა ბეენ. ამინ“3.
ფრანცისკანელების წინააღმდეგ ქართველთა, კერძოდ, ბეენა ჩოლოყაშვილის მოქმედება, რომ მაშინ ეგვიპტესა და პალესტინაში შექმნილ ანტიფრანგული განწყობილების კონტექსტში ჯდება, ამას ფრანგებიც აღნიშნავდნენ: „1510 წელს ქართველებმა ისარგებლეს რა იმ გარემოებით, რომ ჩვენი მორწმუნენი (ფრანცისკანელები - ე.მ.) კაიროს ციხეებში იყვნენ გამომწყვდეულნი, ჩვენ წაგვართვეს ჯვარცმის ეკლესია (კაპელა), დაამსხვრიეს საკურთხეველი და ლამპები და იერუსალიმში დარჩენილ იმ მცირე (ფრანცისკანელ - ე.მ.) მორწმუნეთაც არ აკარებდნენ ახლოს. მაგრამ 4 წლის შემდეგ, 1514 წელს (ეკლესია) გა მოისყიდა სიონის მთის დამცველმა ფრანცისკო სურიანომ, როგორც თვითონ ლაპარაკობს ამაზე“4.
ახლადჩამოყალიბებული ანტიოსმალური ლიგა სიცოცხლისუნარიანი ვერ აღმოჩნდა. განხეთქილების მიზეზი ეგვიპტის სულთნის წინდაუხედავი მოქმედება გამხდარა. მას ხელშეკრულების უმთავრესი პირობა, რომ მოკავშირეებს საქმიანი ურთიერთობა არ უნდა დაემყარებინათ სულთანთან, დაურღვევია და მისი ელჩები მიუღია. ამის საპასუხოდ შაჰ ისმაილმა კავშირი გაწყვიტა ეგვიპტის სულთანთან და როცა ამ უკანასკნელს, 1516 წელს, ოსმალები თავს დაესხნენ, დახმარება აღარ გაუწია5.
1. მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI-XVII სს.), თბ., 1962, გვ. 37.
2. Цагарели А. А., Сведения о памятниках грузинской письменности, I,
3, СПб., 1894, с. 40; მარი ნ., იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქო წიგნსაცავის ქართული ხელნაწერების მოკლე აღწერილობა. დასაბეჭდად მოამზადა ე. მეტრეველმა, თბ., 1955, გვ. 86; ქრონიკები, I, გვ. 362; მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები II, გვ, 113; შარაშიძე ქ., საქართველოს ისტო რიის მა სალები, XV-XVIII სს., მსკი, ნაკვ, 30, თბ., 1954, 24.
3. Цагарели А. А., Ук. труд, c. 49.
4. Suriano Franc, Il tratato di Terra Sancta, Milano, 1900, 34, nota 1216.
5. XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 43.
დიდად საეჭვოა, რომ ათაბაგს მხარი დაეჭირა ანტიოსმალური ძალებისათვის. ქართლ-კახეთის გაერთიანებული სამეფო კი, როგორც თანამედროვე დოკუმენტური წყაროებიდან ჩანს, შეთანხმების ერთგული იყო. ალბათ, ეს უნდა იგულისხმებოდეს 1517 წლის ერთ დოკუმენტში, რომელშიც ნათქვამია: „ქართველებსა და სინიორ შაჰს შორის შეთანხმება არსებობსო“1.
* * *
ოსმალეთი სულ უფრო ძლიერდებოდა. მისი გავლენის ქვეშ მოექცა ქურთისტანი, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსა და სეფიანთა სახელმწიფოსათვის. ქურთები სელიმს ეხმარებოდნენ ჩალდირანის ბრძოლაში. მათივე მხარდაჭერით 1516 წელს ოსმალებმა მეორედ დაამარცხეს ისმაილ I ქოჩჰისართან და ყიზილბაშები თითქმის მთელი ქურთისტანიდან განდევნეს. ოსმალებმა ქურთისტანი სანჯაყებად დაანაწილეს და ადგილობრივ ფეოდალებს ჩააბარეს2.
ისმაილ I ცდილობდა ოსმალების შეჭრის შეჩერებას სირიაში, რაშიც მხარს უჭერდნენ ქართველები. მაგრამ, ამჯერად, მოწინააღმდეგეებს შორის სერიოზული შეჯახება არ მომხდარა. სირიაში მოქმედ ოსმალეთის ჯარის სიახლოვეს შაჰის ჯარის მანევრები უფრო პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ზეგავლენისათვის ხდებოდა.
1518 წლის იანვარში ტრიპოლიდან და დამასკოდან ვენეციაში გაგზავნილი წერილებიდან ირკვევა, რომ შაჰმა დიდი ჯარი შეიყვანა სირიაში და ალეპოდან ორი დღის სავალზე დაბანაკდა. შაჰის ჯარში იყვნენ ქართველთა რაზმებიც3. კონსტანტინოპოლის ბაილო ლეონარდო ბემბო იმავე წლის 24 თებერვლის წერილით ვენეციაში აცნობებდა, რომ შაჰ ისმაილი „40 ათასი მხედრით და 15 ათასი ქართ ველით“ ალეპოს მისადგომებთან იდგა4. შაჰის წინსვლის შეჩერების მიზეზად ვენეციის კვიპროსელი ელჩი ბარტოლო კონტარინი დიდ თოვლს ასახელებს. ამავე წერილიდან იმასაც ვიგებთ, რომ სულთანმაც დიდი ჯარი შეჰყარა და მისი მზადყოფნა ბრძანა გაზაფხულზე შაჰის წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყებისათვის. შაჰთან დაკავშირებულნი ყოფილან მწვანედოლბანდიანები, ე.ი. ავღანელები და ქართველები5. შაჰის ლაშქარში ქართველების ყოფნაზე მიუთითებს 1518 წელს კონსტანტინოპოლიდან ვენეციაში გაგზავნილი ცნობები, რომლებშიც ნათქვამია: „ამჟამად კონსტანტინოპოლში უკვე სახალხოდ ლაპარაკობენ, რომ შაჰმა თავის ლაშქარი გაზარდა 15 ათასი უმამაცესი ქართველით“6.
ასევე საყურადღებოა ფრანჩესკო ზაქარიას ნიქოზიიდან გაგზავნილი წერილიც, რომელიც დაწრილია სირიიდან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით. მასში უფრო დაწვრილებითაა მოთხრობილი შაჰ ისმაილის ჯარის შესახებ: „[ფრანჩესკო ზაქარიას მიერ] სირიიდან გამოგზავნილ 18 მაისის წერ ილში, ნათქვამია, როგორ მოამზადეს თურქეთის მთელი ჯარი, რომელიც ამანზე თავდასასხმელად წავიდა. რაც შე ეხება შაჰის ჯარს, ისიც უძლიერესია, შედგება 50 ათასი საუკეთესოდ გაწვრთნილი მხედრისაგან, 2 ათასი თოფოსანისა, ურემზე დადგმული 100 ქვე მეხისაგან... ხსენებულ სინიორ შაჰს ბაღდადის მხარეს ჰყავს სხვა უძლიერესი ჯარიც და ზავი აქვს დადებული მწვანე დოლბანდიანებთან, რომლებმაც 15 ათასი მხედარი დაახმარეს. გარდა ამისა, მას ეხმარება ქართველების 10 ათასი მხედარი“7.
1. Sanuto M. I diarii, t. XXV, Venezia, 1892 , p. 13.
2. Шараф-хан Шамсаддин Бидлиси., Шараф-наме, II. Перевод, предисловие, примечания и приложе ния У. И. Васильевой, М., 1976 , с. 53.
3. Sanuto M. I diarii, t. XXV, p. 272.
4. Ibidem.
5. ფ. ბაბინგერის თქმით, სანუტოს „დღიურებში“ შავდოლაბანდიანებად იწოდებიან ქართველები. Babinger Fr. Die Früh osmanische Jahrbücher der Urudsch nach des Hand schriften zu Oqsford und Cambridge. Erstmal herausgegeben und eingeleitet von Franz Babinger, Hannover, 1925 , S. 46
6. Sanuto M. I diarii, t. XXV, p. 365.
7. Sanuto M. I diarii, t. XXV, p. 385.
ისმაილ I ახლო აღმოსავლეთში ოსმალების წინსვლას რეალურ წინააღმდეგობას არ უწევდა, არც მაშინ, როდესც ისინი მამლუქებს ებრძოდნენ. ირანი, ფაქტობრივად, ნეიტრალიტეტს იცავდა. მაგრამ რადიკალურად განსხვავებული იყო შაჰის პოზიცია კავკასიის და, კერძოდ, საქართველოს მიმართ. შაჰ ისმაილი არც ერთ ხელსაყრელ შემთხვევას გაუშვებდა ამ რეგიონში ირანის პოზიციის განმტკიცებისათვის.
განსაკუთრებით რთული პოლიტიკური სიტუაცია შეიქმნა სამცხე-საათაბაგოში გაჩაღებული დინასტიური ბრძოლის გამო. თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, კონფლიქტში მეტ-ნაკლებად ჩართული აღმოჩნდა ირანი და ოსმალეთი. სამცხეში ერთმანეთს ებრძოდნენ ახლად გაათაბაგებული ყვარყვარე III (მზეჭაბუკის ძმისწული) და ყვარყვარე II დიდის ვაჟი მანუჩარი (ყვარყვარე III-ის ბიძა). მეტოქეებმა, თავდაპირველად, სხვების ჩარევის გარეშე სცადეს ურთიერთობის გარკვევა. პირველივე ბრძოლაში ყვარყვარე III დამარცხდა. დასაშვებია, ამ დროს ოსმალეთის ხელისუფლებას განზრახული ჰქონდა სამცხის საქმეებში შეიარაღებული ჩარევა, რაზეც უნდა მიუთითებდაეს სელიმ I-ის 1515 წლის 21-30 აგვისტოს ბრძანება, რომელიც გაეგზავნა ზულ-ყადრიეს ბეგს შეჰსუვარ-ოჯლის. სულთანმა მას უბრძანა თავის საგამგებლოში ჯარი შეეკრიბა და დიდვაზირ სინან-ფაშასთან გაეგზავნა, რომელსაც დავალებული ჰქონდა საქართველოზე თავდასხმა1. მაგრამ ეს ბრძანება არ შესრულდა. უნდა ვიფიქროთ, რომ სულთნის მიერ განზრახვაზე ხელის აღება გამოწვეული იყო სირიაში ფართო მასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების დაწყებით. იმის ვარაუდიც შეიძლება, რომ სულთანს თავიდანვე არ ჰქონდა განზრახული თავისივე ბრძანების განხორციელება და იგი (ბრძანება) მხოლოდ იმიტომ გამოიცა, რომ მანუჩარის მოწინააღმდეგეებს მუქარად აღექვათ. მანუჩარმა ყვარყვარეს სძლია. 1515 წლის 18 დეკემბერს სტამბოლში აცნობეს, რომ „სერასქერი მანუჩარი გახდა საქართველოს დამოუკიდებელი ფადიშაჰი“2.
1. ჟან-ლუი ბაკე გრამონი, დასახ. ნაშრ., გვ. 103.
2. თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის, გვ. 11.
1516 წლის დასაწყისში ყვარყვარე ირანში გაიქცა, შაჰ ისმაილს ეახლა და დახმარება სთხოვა. შაჰმა ყვარყვარესათვის დახარება ხელსაყრელად ჩათვალა, დივ-სულთან რუმლუსა და სხვა სარდლებს უბრძანა, სასწრაფოდ სამცხეში წასულიყვნენ და ყვარყვარეს დახმარებოდნენ. ყიზილბაშთა ჯარი სამცხეში შევიდა და მანუჩარისა და მისი მომხრეების მამულების აკლება დაიწყო. მანუჩარმა ჯერ დივ-სულთანთან მორიგება სცადა, კაცებიც მიუგზავნა, მაგრამ ყიზილბაშებმა ისინი ამოხოცეს და მანუჩარის შეპყრობაც სცადეს. მანუჩარი იძ ულებული გახდა ოსმალეთში გაქცეულიყო1.
ყვარყვარემ ათაბაგობა აღიდგინა. მანუჩარი ჯერ ბაიბურთში მივიდა და ადგილობრივ ბეგს ყიზილ-აჰმედ ოღლი მირზას სულთანთან შუამდგომლობა სთხოვა. მისი დახმარებით 1516 წლის 16 მარტს მანუჩარის თხოვნა სტამბოლში მიიღეს. მა გრამ ოსმალეთის მაშინდელი საგარეო მდგომარეობა სულთანს საშუალებას არ აძლევდა დაუყოვნებლივ ჩარეულიყო სამცხე-საათაბაგოს საქმეებში. სელიმ I მამლუქების წინააღმდეგ საომრად მიდიოდა. მას არც ირანთან მდგომარეობის გართულება სურდა და არც ჯარის მნიშვნელოვანი კონტიგენტის გამოყოფა შეეძლო.
მანუჩარს სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ სულთანის ჯარს გაჰყოლოდა მამლუქების წინააღმდეგ ომში2. სირიის მამლუქთა განადგურებისა და მათი სატახტო დამასკოს აღების შემდეგ, სელიმ I-მა ყურადღება მიაქცია სამცხე-საათაბაგოში მიმდინარე ამბებს. მან ახლადდაპყრობილ დამასკოში, 1516 წლის 23 ნოემბერს, „მიიღო საქართველოს ბეგი მანუჩარი და საქართველოს სხვა წარჩინებულები“. მანუჩარმა სრული მორჩილება აღუთქვა, სულთანს თუ იგი სამცხის დაპყრობაში დაეხმარებოდა. ოსმალეთის მთავრობამ მანუჩარი კანონიერ ათაბაგად სცნო. თურქული „ანონიმური ქრონიკის“ მიხედვით, იმავე წლის 10 დეკემბერს ოსმალეთის დივანმა მანუჩარ ბეგს საქართველოს ბეგობა უბოძა3.
1. ჰასან-რუმლუ, გვ. 20.
2. ჩოჩიევი ვ., დასახ. ნაშრ., გვ. 75.
3. თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის. გვ. 12; ჟან-ლუი ბაკე გრამონი, დასახ. ნაშრ., გვ. 101
სულთანი ჯერ ისევ მამლუქებთან ბრძოლით იყო დაკავებული. მან მანუჩარისათვის დახმარება დაავალა სამცხე-საათაბაგოს მეზობელი ბაიბურთის გამგებელს ყიზილ-აჰმედ ოღლის (= მეჰმედ მირზა ბეგი1). რათა დავალების შესრულება გაადვილებოდა, სულთანმა მას ბეგლარბეგობა უბოძა, მასვე დაუქვემდებარა თერჯანისა და ერზინჯანის მხარეები. ყიზილ-აჰმედ ოღლის ადგილობრივ ჯარზე დაყრდნობით უნდა ებრძოლა ყვარყვარე III-ის წინააღმდეგ. ყიზილ-აჰმედ ოღლის თავისი გაფართოებული საგამგებლოს საქმეების მოგვარებისათვის, ალბათ, გარკვეული დრო დასჭირდა. მან მანუჩარისათვის მხოლოდ 1518 წელს მოიცალა. მანამდე კი, მოწინააღმდეგენი საომრად ემზადებოდნენ და დამხმარეებს საქართველოშივე პოულობდნენ. ერთ-ერთ უთარიღო თურქულ მოხსენებაში, რომელიც ამ პერიოდში უნდა იყოს დაწერილი, ნათქვამია:
„თუ ყვარყვარეს ამბავს იკითხავენ, მანუჩართან ბრძოლაშია. საქართველოში ზოგიერთი, მაგალითად მეფე დავითი მანუჩარის მხარეზეა, ზოგიერთი კი - იმერთის მეფითურთ ყვარყვარეს მხარეზეა. ერთმანეთთან ბრძოლაში და ერთიმეორის ხოცვა-ჟლეტაში არიან გამუდმებით. ამგვარად ერთსაც მტკიცედ შეკავშირებული ჯამაათი ჰყავს და მეორესაც. თი თოელი თადარიგს იჭერს უახლოესი ბრძოლისათვის“2.
ორი დაპირისპირებული ძალის გაჩენისთანავე, როგორც ჩვეულებრივ ფეოდალურ ქვეყანაში (და არა მხოლოდ ფეოდალურში) ხდება, შედარებით დაბალი რანგის მიწათმფლობელები ხან ერთის ხან მეორის მხარეს დგებიან, იმისდა მიხედვით ვისგან რა სარგებელს მოელიან. ამგვარი სურათი ჩანს სამცხეში, რომელიც დანაწილებული იყო 25 დიდი ფეოდალური სახლის მრავალრიცხოვან ფეოდალებს შორის, რომლებიც ზოგჯერ დამოუკიდებლად ცდილობდნენ ოსმალეთთან ან ირანთან საერთო ენის გამონახვას. ასეთი „მოღვაწენი“ სამცხეში იშვითობას არ წარმოადგენდნენ ამ სამთავროს არსებობის არც ერთ პერიოდში.
1. თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის. გვ. 12
2. იქვე, გვ. 48.
შაჰი და სულთანი თვალყურს ადევნებდნენ სამცხეში დაპირისპირებული ძალების სამზადისს და იმასაც, როგორ ვითარდებოდა იქ მოვლენები. ის ზამთარი შაჰმა ნახჭევანში გაატარა. საათაბაგოში შესულ მანუჩარსა და ოსმალებს ყვარყვარე მომზადებული დახვდა. ბრძოლა მოხდა ყარაჯა-არდაჰანში. მანუჩარი და ოსმალები დამარცხდნენ. ყიზილ-აჰმედ ოღლუ დაიღუპა1.
ყურადღებას იპყრობს ჰასან-რუმლუს ერთი ცნობა, რომელიც ზემოთ გადმოცემულ ამბავს მოსდევს. მასში ნათქვამია, რომ „დივსულთანმა, რომელიც ჩოხურ-საადის2 მმართველი იყო, დად-ელი დაარბია და უკან დაბრუნდა“3. აქედან ჩანს, რომ ყვარყვარეს ყიზილბაშები ეხმარებოდნენ და მის მხარდასჭერად ჯარიც შემოუყვანიათ საქართველოში. უნდა ვიფიქროთ, რომ „დად-ელის“ ანუ ტაოს4 მფლობელი ყვარყვარეს წინააღმდეგ გამოდიოდა და დივსულთნის მიერ დად-ელის დალაშქვრის მიზეზი ეს უნდა ყოფილიყო.
ჰასან-რუმლუს თქმით, იმავე 1518 წელს ყვარყვარე III ისევ შაჰს ეახლა და დახმარება სთხოვა. შაჰმა მას კვლავ საქართველოს საქმეებში კარგად გარკვეული დივ-სულთან რუმლუ გამოაყოლა, რომელმაც ქართლის უმთავრესი სტრატეგიული ციხექალაქები - გორი და სურამი დაიპყრო5. ძნელია ამ ცნობიდან რაიმე კონკრეტლის გარკვევა. გაუგებარია რით იყო გამოწვეული ყვარყვარეს კვლავ შაჰთან მისვლა და ყიზილბაშების ძალით ქართლის აკლება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გაძლიერებული ქართლის მეფე დავით X ცდილობდა სამცხე-საათაბაგოზე თავისი გავლენის გავრცელებას და ამის გამო დინასტიურ ბრძოლაში ჩაერია. ის მანუჩარს უჭერდა მხარს და ერთი პირობა, როგორც ჰასან-რუმლუს სიტყვებიდან ჩანს, ყვარყვარე გაუდევნიათ. ყვარყვარე, უკვე ითქვა, შაჰს ეახლა და ხელისუფლება მისი ჯარით აღიდგინა.
1. ჰასან-რუმლუ, გვ. 20-21.
2. ერევნის ოლქი.
3. ჰასან-რუმლუ, გვ. 21.
4. დად-ელის ახსნა-განმარტება იხ. თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის, გვ. 34-40.
5. ჰასან-რუმლუ, გვ. 21.
მეფე დავითმა როცა ყიზილბაშების ქართლში შემოჭრის ამბავი გაიგო, წინააღმდეგობის გაწევა უაზრობად ჩათვალა, თავისი ვაჟი რამაზი დიდი ძღვნით შაჰს გაუგზავნა და მორჩილება აღუთქვა1. მანუჩარი კი, გარკვეული დროის განმავ ლობაში კიდევ აგრძელებდა ბრძოლას ათაბაგის ტახტისათვის, მაგრამ, როდესაც ბრძოლის უპერსპექტივობაში დარწმუნდა, ბერად შედგა2. ყვარყვარე III-ის მიერ ყიზილბაშების ქართლში შემოყვანას ის განსაკუთრებული შედეგი მოჰყვა, რომ გაერთიანებული ქართლ-კახეთის სამეფო კვლავ გაითიშა. კახელმა თავადებმა ისარგებლეს დავით მეფის გაჭირვებული მდგომარეობით და კახეთში ლევან ავგიორგის ძე გაამეფეს. დავით X-ისათვის ეს დიდი დარტყმა იყო, მაგრამ ის თავს იკავებდა კახეთში სამხედრო მოქმედებაზე, ვიდრე რამაზი არ დაბრუნდებოდა და შაჰთან მისი ურთიერთობა არ გაირკვეოდა.
შაჰ ისმაილმა რამაზი კარგად მიიღო და დიდად დაასაჩუქრა. შაჰი დავითის მორჩილებით დაკმაყოფილდა და ზავიც დასდო მასთან. სეფიანთა ირანი ამ დროს ოსმალეთთან საომარ მდგომარეობაში იყო და „ასე ჰყო ყეენმან, რამეთუ ბრძოლად მივიდოდა ხონთქარისა, რათა არა ქართველნი მიერთუნენ მას“3.
1. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 395.
2. თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის, გვ. 14, 56. ბაკე-გრამონის გამოკვლევით მანუჩარის ბერად შედგომა უნდა მომხდარიყო 1515-1517 წლებში, რაც მანუჩართან დაკავშირებული ზემოთ გადმოცემული ამბების შემდეგ ნაკლებად დასაჯერებელია. იმავე მკვლევრის მიერ მოხმობილი ერთი სპარსული ქრონიკის მიხედვით, მანუ ჩარს შიიტური ისლამი მიუღია 1521 წელს. ამ წყაროს სისწორეში ეჭვი თვით ბაკე-გრამონს ეპარება. ჟან-ლუი ბაკე-გრამონ, ოსმალები და საქართველო, გვ. 102, შენ. 22.
3. იქვე.
ირანთან ურთიერთობა მტკიცედ მოგვარებული რომ ყოფილიყო, ქართლის მეფე დავით X-ს, კახეთის მეფე ლევანს და ყვარყვარე III-ს უმჯობესად ჩაუთვლიათ შაჰთან წასულიყვნენ. დასახელებული მეფეების და ათაბაგის შახთან ყოფნის შესახებ XVI საუკუნის სამი სპარსელი ისტორიკოსის ერთმანეთისაგან განსხვავებული ცნობები და წლები გვაქვს: 1518 (ხონდემირი), 1519 (შარაფ-ხან ბითლისი) და 1520/1521 (ბუდაყ ყაზვინი). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის განსხვავება რაც გამოიხატება ქართველების მიერ ნაკისრი მოვალეობის სახეობაში. შარაფ-ხან ბითლისით შაჰთან მისულ ქართველებს დიდი საჩუქრები და მისართმევი მიუტანიათ და მიწაზე დაწესებული გადას ახადის (ხარაჯა) და არა მუსლიმანებზე გაწერილი გადასახადის (ჯიზია) გადახდა უკისრიათ1. ხონდემირით საქართველოს მეფე მთავრებმა ირანის სამეფო კარის წინაშე „ბაჯ ო ხარაჯი“ იკისრეს. კ. ტაბატაძე დარწმუნებული იყო, რომ მაშინ ქართველებს არ შეიძლებოდა ხარაჯის და ჯიზიას გადახდა ეკისრათ, რადგან ისინი უპირობო პოლიტიკურ დამოკიდებულებას გულისხ მობდა. „ასეთი დამოკიდებულება კი ირანსა და საქართველოს შორის XVI ს. დამდეგს არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო“2. „ბაჯ ო ხარაჯა“ (როგორც ვაჭრობა-ხელოსნობაზე, ისე სოფლის მეურნეობაზე დაწესებული გადასახადი) კი, ირანის კართან ვასალური დამოკიდებულების მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო, რაც რეალობას ასახავდა3.
1. Шараф-хан Шамсаддин Бидлиси, с. 168.
2. ტაბატაძე კ. შერეფ-ხან ბითლისის ცნობები საქართველოს შესახებ. „კავკასიურახლოაღმოსავლური კრებული“, II, თბ., 1962 , გვ. 164.
3. იქვე, გვ. 163-166. ყიზილბაშების ამ ლაშქრობის ამსახველი სპარსული წყაროების ანალიზი იხ. გელაშვილი ნ. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, თ., 1995 , გვ. 66-71.
ყიზილბაშთა ჯარით საათაბაგოში დაბრუნებული ყვარყვარე III-ს არც ოსმალებთან ურთიერთობის დარეგულირების აუცილებლობა ავიწყდება. იგი მათი დახმარებით ათაბაგის ურჩი თავადაზნაურების დამორჩილებას ცდილობს. ყვარყ ვარეს მოციქულმა (როგორც ჩანს, მოციქულს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ოსმალებთან და ათაბაგმა მას დაავალა სულთანთან მისი შერიგება), სულთნის კარს აცნობა: „ყვარყვარე სრულიად შემობრუნდა ჩვენსკენ. შეცოდებისათვის პატიებას გვევედრება და ხონთქარს თხოვს, რომ იგი თავის გულწრფელ მონად მიიჩნიოს და დანაშაულის შენდობა სურს. მთელი არსებით შეიძულა ყიზილბაშები... ამასთანავე მისი სურვილი ის არის, რომ იყოს იგი შეწყნარებული და შენდობილი, ხოლო მოწინააღმდეგე აზნაურები დამორჩილებული და დაქვემდებარებული. აზნაურების კუთვნილი ციხეები და მამულები დაიპყრონ (ოსმალებმა – ე.მ.), რათა ყველაფერი ხონთქრის საგამგებლო გახდეს. თუ ციხეების გარდა, მათი საგამგებლოებიც გადაეცემა, დაე ასე იყოს, ისიც ხონთქარმა დაიცვას და მართოს! ყვარყვარეს ერთადერთი სურვილია, რომ მისი მტრები იყვნენ დამარცხებული...“ წერილში ნათქვამია, აგრეთვე, რომ გამორიცხული არ იყო ყვარყვარე სულთანსაც ხლებოდა. ყვარყვარეს სულთნისადმი გაერთგულებით მთელი საქართველოს დამორჩილების პერსპექტივა ჩნდებოდა. „შესაძლოა თვითონ ყვარყვარეც ეახლოს სამეფო კარს. ერთი სიტყვით, როცა ყვარყვარეს დაიქვემდებარებთ, მთელი საქართველო იქნება დაპყრობილი, რადგან მისი ბეგების შთამომავალია. როცა დამორჩილდება, წინააღმდეგობის გაწევას ვერავინ გაბედავს. ქვეყნის შემამკობელი ნათელი აზრი ის არის, რომ მხოლოდ მისი დაქვემდე ბარება უფრო მეტს ნიშნავს ვიდრე 100 აზნაურის დამორჩილება“ - ასე ამბობდა მოციქული (სავარაუდოა, ყვარყვარესთან შეთანხმებით) და იქვე ერთ რჩევასაც აძლევდა მოხსენების ადრესატს: „თუ ხსენებული ყვარყვარეს დამორჩილების სურვილი გაჩნდება, მის მოსამხრობად უნდა გაიგზავნოს უავგუსტოესი ბრძანება. ბრძანება, რასაც არ უნდა ეხებოდეს, ყველა შემთხვევაში გამოცდა იქნება და [შემდეგ] იმის მიხედვით იმოქმედებთ მის ერთგულებაში დარწმუნდებით თუ ორპირობაში“1.
1. თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის, გვ. 52-53.
XVI საუკუნის 20-იან წლებში ოსმალეთს ამასიის ზავით მიკუთვნებულ თავის „საქართველოებთან“ ურთიერთობა „რბილად“ მოწესრიგებული ჰქონდა. ოსმალეთი მათ შინაურ საქმეებში არ ერეოდა, თავის წილ სამცხიდან საურ-ხარაჯას იღებდა. გურიიდან და ოდიშიდან კი, ოსმალეთი ხარაჯას მიღებით კმაყოფილდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ატარებდნენ და აღარ ითვლებოდნენ იმერეთის მეფის ვასალებად. რაც შეეხება იმერეთის სამეფოს, იგი ჯერ კიდევ 1510 წლის თავდასხმის შემდეგ „ოჯაქლიქ ჰუ ქუმეთად“ ე.ი. ისეთ პოლიტიკურ ერთეულად სცნო, რომელსაც იმერეთის მეფენი განაგებდნენ და ხარაჯა არ მოეთხოვებოდათ1.
ისმაილთან დაზავების შემდეგ, დავით X კახეთის შემოერთებას კვლავ შეეცადა. მან ალყა შემოარტყა მაღრანის ციხეში ჩაკეტილ ლევანს. გამარჯვება თითქმის მიღწეული იყო, მაგრამ ოსმალების ქართლში შემოჭრისა და ამილახორისა და მთავარეპისკოპოსის გამცემლობის შედეგად მეფე იძულებული გახდა ქართლში დაბრუნებულიყო და შემოსეული მტერი განედევნა. დავითი კვლავ კახეთში გადავიდა, მაგრამ პირველსავე ბრძოლაში დამარცხდა და უკან გაბრუნდა2.
დავით მეფის მარცხით ისარგებლა საქართველოს დეცენტრალიზაციის მოსურნე ყველა ძალამ. ლევანის დასახმარებლად წამოვიდა გურიის მთავარი „მწეობითა ათაბაგისათა... რათა შემწე ეყოს ლევანს დავითსა ზედა ანუ ბრძოლითა“3. როგორც ჩანს, დავით მეფეს ლევანისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი არ დაუჭირეს არც ქართლის კათალიკოსმა, ეპისკოპოსებმა, საერო ფეოდალებმა და იგი აიძულეს ზავი დაედო საქართველოს ერთიანობის მოწინააღმდეგეებთან. ვახუშტის თქმით, „ამისათვის სათნო იყო მეფემანცა და ჰყვეს ზავი და განაჩინეს საზღვარი“4. ამგვარად საქართველოს გაერთიანების კიდევ ერთი ცდა მარცხით დამთავრდა.
1. იქვე, გვ. 15, 50.
2. ქართლის ცხოვრება, II, გვ. 352, 490-491; IV, გვ. 395-396.
3. ქართლის ცხოვრება , IV, გვ. 396.
4. იქვე, გვ, 397.
ყიზილბაშების პოზიციების განმტკიცებას კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში, ხელი შეუწყო ახლად გამეფებული სულთან სულეიმან I-ის (1520-1565) მიერ ოსმალეთის აგრესიის მიმართულების შეცვლამ. როცა ყიზილბაშმა დიდ კაცობამ დაინახა, რომ „სოლეიმანმა გამეფების პირველ ხანებში რუსისა და ფრანგის ქვეყნებისაკენ გაილაშქრა და ამ ომით იყო და კავებული... ამიტომ იმ სოლომონის სადარმა ხაყანმა (შაჰ ისმაილ I - ე.მ.) ძლევამოსილი მეომრები საქართველოზე საღვთო ლაშქრობისათვის დანიშნა...„1 ეს ლაშქრობა ისმაილ I-ს 1520 წლის სექტემბერში მოუწყია2.
შაჰ ისმაილის ეს უკანასკნელი შემოსევა საკმაოდ დაწვრილებითაა შესწავლილი. მის შედეგებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მთელი აღმოსავლეთი საქართველოსათვის. ქართლის და კახეთის სამეფოებმა და სამცხე-საათაბაგომ შაჰის სიუზერენობა სცნეს. მართალია, თანამედროვე წყაროებიდან არ ჩანს, რომ საქართველოს პოლიტიკური ერთეულებსა და სეფიანთა სახელმწიფოს შორის შეთანხმება ოს მალეთის წინააღმდეგ მოხდა, მაგრამ იგი ოსმალეთში შეფასებული იქნა სწორედ ამგვარად. სულთნის კარზე შექმნილი განწყობილების შესახებ იტალიელი დიპლომატი რომში აცნობებდა. იგი 1520 წ. 24 მარტს წერდა: „სულთანი აპირებს გაილაშქროს შაჰის წინააღმდეგ, რადგან ქართველები შაჰს ემხრობიან“3.
როგორც ჩანს, ოსმალეთის დასუსტების მოსურნე დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები აღმოსავლეთში ანტიოსმალური ძალების შეკავშირებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ამ ამბით აღფრთოვანებული ბარტოლომიო და მოსტო კვიპროსიდან 1520 წლის 20 სექტემბერს წერდა: „როგორც ამბობენ, შაჰი კავშირ შია ქართველებთან და შავიზღვისპირას მოსახლე სხვა ხალხებთან“4.
1. ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ. სპარსული ტექსტი ქართული თარგმანითა და შესავლითურთ გამოსცა ვ. ფუთურიძემ, თბ., 1969 , გვ. 11.
2. A Cronicle of The carmelites in Persia and the Papal Mission of the XVII the and XVIII the centuries, I, London, 1939. ყიზილბაშთა საქართველოში ამ შემოსევის თარიღი საბოლოოდ დადგენილი არ არის. დ. კაციტაძის გამოკვლევით ეს მოხდა 1520-1521 წლებში (კაციტაძე დ., ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან. თსუ შრომები, 108, 1964, გვ. 108), 1521 წელი მიაჩნია რ. კიკნაძეს (ჰასან-რუმლუ, გვ. 55), ვ. ჩოჩიევის ვარაუდით, ეს ლაშქრობა 1521 წლის გაზაფხულზე ან უფრო გვიან უნდა ჩატარებულიყო (ჩოჩიევი ვ., მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ურთიერთობა XVI-XVII საუკუნეებში, გვ. 83-84), ვ. გუჩუას მიხედვით კი 1518 წელს (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, გვ. 98).
3. Sanuto M. I diarii, t. XXVIII, Venezia, 1889 , p. 481.
4. Ibidem, t. XXIX, Venezia, 1890, p. 368.
1521 წლის 26 მარტს კი, ალვიზე ფილარეტო ალეპოდან კვიპროსზე გაგზავნილ წერილში წერდა, რომ თავრიზის მახლობლად ჩარატაში თავისი ლაშქრით იდგა შაჰი, რომელთანაც „მოვიდა ქართველების, ანუ იბერების მრავალრიცხოვანი დამხმარე ჯარი“1.
1521 წლის 16 მარტს კონსტანტინოპოლის ბაილო სიერ ტომა კონტარინი, ქართველების მიერ ოსმალებისათვის მიყენებული დიდი ზარალის შესახებ აცნობებდა2. ხოლო უცნობი ავტორის 1521 წლის 26 მარტის წერილში, რომელიც ასევე კონსტანტინოპოლიდან არის გაგზავნილი, ლაპარაკია ქართველების მიერ ოსმალებისათვის მიყენებულ ზიანზე და იქვე დამატებულია ცნობა, რომ ოსმალეთის სატახტოში ქართველთა რაზმების წინააღმდეგ ჯარის გაგზავნა გადაუწყვეტიათ3. იგივე ავტორი 9 აპრილს წერდა, რომ „შაჰმა ქართველებთან ერთად აიკლო ოსმალეთის საზღვრები სირიაში“4. იმავე წლის მაისში კონსტანტინოპოლში ხმა გავრცელებულა სულთნის გადაწყვეტილებაზე საქართველოში ლაშქრობის მოწყობის შესახებ5.
1. Ibidem, t. XXX, Venezia, 1891, p. 286
2. Ibidem, p. 281.
3. Ibidem, p. 397.
4. Ibidem, t. XXX, Venezia, 1893, p. 220.
5. Ibidem, p. 446.
როგორც ევროპული წყაროებიდან ჩანს, ქართლის სამეფო სეფიანთა ირანის მხარდამხარ ებრძვის ოსმალებს, რაც, სულთნის რისხვას იწვევდა. ბუნებრივია, დავით X-ის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან პრობლემას ოსმალეთთან ურთიერთობის დარეგულირებაც შეადგენდა. მას დიპლომატიური საშუალებებით სულთნისთვის უნდა აეხსნა, რომ ქართლელების მონაწილეობა ყიზილბაშთა ანტიოსმალურ სამხედრო აქციებში შაჰისაგან ზეწოლით ხდებოდა. ქართლის მეფემ, იმისათვის რათა ოსმალეთის და ირანის სახელმწიფოს მიმართ თავისი ლოიალობა დაემტკიცებინა, მათდამი თავისი ამგვარი დამოკიდებულების გამოხატულებად მან ქართლში დატყვევებული ოსმალეთის ჯაშუშის საკითხი გადააქცია.
სავარაუდოა, რომ ოსმალეთის მთავრობამ დავით მეფეს შირვანში მიმავალი თავისი ჯაშუშის, ვინმე აჰმედის საქართ ველოს ტერიტორიაზე უხიფათოდ გატარება სთხოვა, რაც 1520 წელს უნდა მომხდარიყო. ჯაშუში ჯერ ისევ თბილისში იმყოფებოდა, როცა ამის შესახებ შეიტყო ათაბაგმა ყვარყვარე III-მ და მაშინვე შაჰ ისმაილს აცნობა. შაჰი დავით მეფეს ქართლის განადგურებით დაემუქრა თუ ჯაშუშს არ გადასცემდა. ქართველმა მეფემ ასეთი გამოსავალი მონახა: მან საქართველო–ირანის საზღვარზე აჰმედის მსგავსი ყიზილბაში შეაპყრობინა, თავი მოაკვეთინა და იგი ტანსაცმელთან ერთად შაჰს გაუგზავნა, ხოლო აჰმედი ოსმალეთში დააბრუნა. ქართლის სამეფო კარის მოქმედება ოსმალო ჯაშუშის საკითხთან დაკავშირებით, გადმოცემულია დავით მეფის მიერ ოსმალეთის ხელისუფლებისათვის გაგზავნილ წერილში1.
1. ჟან-ლუი ბაკე გრამონი, დასახ. ნაშრ., გვ. 105.
თუ გავაანალიზებთ XVI საუკუნის პირველი მეოთხედის ქართული და უცხოური წყაროების მონაცემებს დავინახავთ შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვან მომენტებს: 1. ქართველი მთავრები და დიდკაცობა (ათაბაგი, გუ რიელი, კახეთის თავადები გარსევან ჩოლოყაშვილის მეთაურობით, ქართლის კათალიკოსი და ამირახორი) ვერ ითმენდა ქართლ-კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანებას, რადგან იგი მთელი საქართველოს გაერთიანების პერსპექტივას ქმნიდა; 2. სეფიანთა სახელმწიფოსთვის მიუღებელი იყო ქართლ-კახეთის გაერთიანება და ყველაფერს აკეთებდა აღმოსავლეთ საქართველოს კვლავ დასანაწილებლად; 3. ოსმალეთთან ბრძოლის დროს შაჰს მოკავშირედ გაერთიანებული საქართველო კი არ უნდოდა, არამედ დაქუცმაცებული, რომლის მეფე-მთავრები მხოლოდ შაჰის მხარდაჭერით შეძლებდნენ ძალაუფლების შენარჩუნებას.
საქართველოს დიდკაცობისა და შაჰის ჩარევით, მეფე დავით X იძულებული გახდა ზავი დაედო კახეთში გამეფებულ ლევანთან. შაჰმა მაშინვე სცნო იგი კახეთის მეფედ და დავითისა და ათაბაგის თანაბრად მისგან მორჩილების პირობა მიიღო. ნ. ბერძენიშვილის შეფასებით, დავითსა და ლევანს შორის დადებული ზავის პირობები მოასწავებდა ფეოდალური საქართველოს განვითარების ახალ ეტაპს: საქართველო გაიყო სამ თანასწორუფლებიან სამეფოდ, რომლებიც გარესამყაროსათვის ერთ კულტურულ მთლიანობას წარმოადგენდნენ. განსაკუთრებული პოლიტიკური არსებობა წარმოშობდა სხვადასხვა საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს1. საგარეო პოლიტიკაში აზრთა სხვადასხვაობა უკვე ნათლად გამოჩდა XVI საუკუნეში ირანთან და ოსმალეთთან დამოკიდე ბულების საკითხში.
დავით X ქედს არ უხრიდა ყიზილბაშებს. 1522 წელს ისმაილ I დიდი ჯარით წამოვიდა საქართველოზე. როგორც ქართული წყაროებიდან ჩანს, შაჰს ქართლის სამეფოს დამორჩილება სურდა. შემოსულ მტერს დავითმა მშვიდობა შესთავაზა. ისმაილი ზავზე იმ პირობით დათანახმდებოდა, თუ დავითი პირადად მივიდოდა მასთან და ისლამს მიიღებდა. სამაგიეროდ „მოგცე ნიჭი დიდი, ქვეყანა და გაგიტეო მშვიდობით“, - უთვლიდა ისმაილი დავითს2. ქართლის მეფე არ დამორჩილდა შაჰის მოთხოვნას და ომისათვის მზადებას შეუდგა. მან დახმარება სთხოვა ათაბაგსა და ლევან კახთა მეფეს. ამათ გარდა „კვლავ გამოიყვანა კავკასნი და მთიულნი, განამტკიცა თფილისი და ყოველნი ციხენი და სიმაგრენი ქართლისანი“3.
პირველი ბრძოლა მოხდა თელეთთან, სადაც ქართველებმა გაიმარჯვეს. ისინი დაედევნენ გაქცეულ მტერს, მაგრამ იაღლუჯის მთის ერთ ღელეში ჩასაფრებულ ისმაილს და მის ჯარს წააწყდნენ და დამარცხდნენ. ყიზილბაშებმა მოღალატე ციხისთავის მეშვეობით თბილისი აიღეს და გადაწვეს. შაჰმა თბილისიდან მარბიელი შეუსია სამცხეს და აიკლო. ამის შემდეგ ყიზილბაშები აიყარნენ და წავიდნენ, თბილისსა და ქვემო ქართლის სიმაგრეებში მეციხოვნე ჯარი დატოვეს4. ერთ-ერთი სპარსული წყაროს მიხედვით, ისმაილ I-ს, გარდაცვალებამდე მცირე ხნის წინ, კახეთი დაულაშქრავს, რაც ლევან მეფის ირანისადმი დაუმორჩილებლობით ყოფილა გამოწვეული5.
1. Бердзенишвили Н. Очерк из истории развития феодальных отношений в Грузии (XIII-XVI вв.). საქართველოს ისტორიის საკითხები, II, თბ., 1965 , გვ. 101.
2. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 397.
3. იქვე, გვ. 398; II, გვ. 355-356, 494-496.
4. იქვე, IV, გვ. 398. ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ ისმაილი არასოდეს ყოფილა საქართველოში. ამ საკითხთან დაკავშირებით იხ. კაციტაძე დ., დასახ. ნაშრომი, გვ. 389-391; ჰასან-რუმლუ, გვ. 54-55.
5. გელაშვილი ნ., დასახ. ნაშრ., გვ. 73.
1524 წელს გარდაიცვალა ისმაილ I და ტახტზე ავიდა მისი 10 წლის ვაჟი შაჰ თამაზ I (1524-1576). შაჰის მცირეწლოვანებით ისარგებლეს ყიზილ ბაშმა ამირებმა და შინაფეოდალური ომი გააჩაღეს. ყიზილბაშთა თავდასხმები საქართველოზე 40-იანი წლების დასაწყისამდე შეწყდა1.
ირანში შექმნილი ვითარებით ისარგებლა დავით მეფემ, თბილისი დაიბრუნა და შაჰის ვასალობიდანაც განთავისუფლდა. საქართველოს კარგა ხანს არც ოსმალეთი აწუხებდა, რადგან 20-ან წლებში სულთან სულეიმან II კანუნის (1520-1566) აგრესია ევროპისაკენ, კერძოდ, უნგრეთისაკენ იყო მიმართული. 1521 წელს ოსმალებმა უნგრეთს წაართვეს ბელგრადი, 1529 წელს მათ ალყა შემოარტყეს ავსტრიის დედაქალაქ ვენას, 1536 წელს კი აიღეს უნგრეთის დედაქალაქი ბუდა.
საღვთო რომის იმპერიის ამგვარი შეჭირვების ჟამს კარლ V-მ (1519-1556) სეფიანთა სახელმწიფოში გაგზავნა თავისი ელჩი ჟან დე ბალბი და შაჰ ისმაილთან წერილიც გაატანა2. წერილს დართული აქვს „ინსტრუქციები“, რომლებშიც ნათქვამია, რომ იმპერატორს სხვა არავითარი ცნობა არ გააჩნდა შაჰ ისმაილისა და მისი მოღვაწეობის შესახებ, გარდა მისგან 1525 წელს მიღებული წერილისა.
1. ზემოთ განხილული წყაროები და დამოწმებული ლიტერატურა არ იძლევა საშუალებას იმის თქმისა, რომ „1520-იან წლებში უნდა მომხდარიყო სპარსეთის მიერ იერუსალიმის დაპყრობა“ (ღვაბერიძე ც., 1527 წელს იერუსალიმში ქართველთა ლაშქრობის შესახებ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, VIII, თბ., 2008, გვ. 122) და ამის შემდეგ უნდა ეთხოვა სულთანს ქართველი მეფეებისათვის ოსმალებთან ერთად გაელაშქრათ იერუსალიმის გასანთავისუფლებად, რაზეც გადმოგვცემს ტიმოთე გაბაშვილი თავის „მიმოსლვაში“. ეს ლაშქრობა ც. ღვაბერიძის აზრით, უნდა განხორციელებულიყო 1527 წელს (იქვე). ის „წყაროები“, რომელსაც მკვლევარი ეყრდ ნობა, არ იძლევა ამგვარი დასკვნის გამოტანის საფუძველს. მის მიერ დამოწმებული წყაროები (გვ. 122-123), გამოხატავენ მხოლოდ ქართველი მეფეების დამსახურებას იერუსალიმის მონასტრების მშვიდობიანად აღდგენა-გა ნახლების საქმეში. აღნიშნულ პერიოდში იერუსალიმელი ქართველების ადგილობრივ თურქულ ადმინისტრაციასთან ურთიერთობაზე იხ. მამისთვალიშვილი ე., საქართველო-იერუსალიმის ურთიერთობის ისტორიიდან, გვ. 16-17.
2. Lanz K. Correspodenz des Kaisers Karl V, Bd. I, Leipzig, 1844, S. 292-293. წერილის გაგზავნის თარიღთან დაკავშირებით იხ. Чочиев В. Г., Относительно письма иранского шаха Ис маила I импера тору Карлу V. აღმოსავლური ფილოლოგია, V, თბ., გვ. 187-188.
აღნიშნულ წელს იმპერატორმა ტოლედოში მიიღო შაჰ ისმაილის ელჩი ბერი პეტრე მარონიტი, რომელმაც მას შაჰიის წერილი გადასცა. ისმაილი იმპერ ატორს ანტიოსმალური ლიგის შექმნას სთავაზობდა. ელჩმა ასეთივე შინაარსის წერილი გადასცა იმპერატორის უმცროს ძმას, უნგრეთის მეფე ფერდინანდს I-ს1 (შემდეგში საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი 1526-1564). ელჩმა და წერილებმა ადრესატებამდე დაგვიანებით მიაღწია. ისმაილი 1524 წ. გარდაიცვალა. ირკვევა, რომ, როდესაც იმპერატორი და უნგრეთის მეფე ისმაილს წერილებს უგზავნიან, 1529 წელს, მათ ისმაილი ისევ ცოცხალი ჰგონიათ. იმპერატორი შაჰს აცნობებდა, რომ 1525 წელს დაამარცხა და დაატყვევა საფრანგეთის მეფე ფრანსუა I (1515-1547), მაგრამ როცა ის ტყვეობიდან განთავისუფლდა (1526 წ.), ვენეციელებთან ერთად კავშირი დაამყარა ოს მალეთთან, ამიტომ იმპერატორი იძულებული გახდა, მთელი თავისი ჯარი იტალიაში შეეყვანა, რათა თავისი სამფლობელოებიდან ოსმალები განედევნა. ახლა მას შესაძლებლობა აქვს უნგრეთის მეფესთან ერთად დაიწყოს შეტევა ოსმალეთზე, რაც სეფიანებს საშუალებას მისცემს შეუტიოს საერთო მტერს2.
კარლ V-ის წერილიდან ისიც ჩანს, რომ მისი მიზანი იყო შაჰს ოსმალეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედება დაეწყო და ამით ჰაბსბურგების იმპერიას მდგომარეობა შემსუბუქებოდა. სულთანი იძულებული გახდებოდა იმ პერიისა და უნ გრეთის საზღვრებიდან ჯარის ნაწილი მაინც აღმოსავლეთში გადაეყვანა.
რადგან იმპერატორის ცდამ შედეგი არ გამოიღო, უნგრეთის მეფე ფერდინანდმა იმავე წელს სეფიანთა სახელმწიფოში გაგზავნა თავისი ელჩები - პეტრო დე ნეგრო და სვიმონ დე ლილი. მათ დაევალათ მოლაპარაკება ეწარმოებინათ შაჰ თამაზთან და „საქართველოს მეფე“ ლევანთან.
1. Lanz K., Op. cit., S. 52, 168.
2. Charrière E., Op. cit., t. I, Paris, 1848, p. 173-174.
შაჰ თამაზს მაშინ ოსმალეთთან ომის განზრახვა არ ჰქონდა, რადგან ოსმალები ევროპაში იბრძოდნენ და ის არავითარ შემთხვევაში არ განაახლებდა ბრძოლას ოსმალეთთან. შაჰის მიზანი იყო ხელის შეწყობა ოსმალეთის აგრესიისათვის ევროპაში. შაჰი უნგრეთის მეფის ელჩებს მაინც დაპირდა, რომ თავისი მამის, შაჰ ისმაილის მსგავსად, მზად იყო საქმიანი დახმარება გაეწია ოსმალეთის წინააღმდეგ მებრძოლი უნგრეთისათვის1.
ფერდინანდ I-ის ელჩები კახეთის მეფე ლევანსაც ეწვივნენ. მეფემ კარ გად მიიღო ისინი და როცა შეიტყო უნგრელების ოსმალეთთან ომისათვის მზადყოფნის შესახებ, იმანაც „თავის მხრივ აღუთქვა მთელი ტრაპიზონის ფეხზე დაყენება“2. სავარაუდოა ლევან მეფე „ტრაპიზონში“ დასავლეთ საქართველოს გულისხმობდა. ამას მაფიქრებინებს ის ფაქტი, რომ დოკუმენტში ლევანი „გეორგიის მეფედ“, ე.ი. ქართლ-კახეთის მეფედ იწოდება. მაშასადამე, ლევან მეფის ნათქვამი უნგრეთის მეფის ელჩებს უნდა გაეგოთ ასე: არა მხოლოდ ქართლი და კახეთი, არამედ ოსმალეთის გავლენის ქვეშმყოფი დასავლეთი საქართველოც მის წინააღმდეგ იბრძოლებსო.
იმავე პერიოდში ევროპაში კვლავ, თანდათანობით, შემუშავდა აზრი აღმოსავლეთის ორი ქრისტიანული ქვეყნის - მოსკოვის სახელმწიფოსა და საქართველოს სამეფო-სამთავროების - ანტიოსმალურ კოალიციაში ჩაბმის შეს ახებ, რადგან მათ ინტერესებსაც შეესაბამებოდა ასეთი კოალიციის შქმნა. მაგრამ ის, რაც ოსმალეთის აგრესიის სფეროში მყოფ სახელმწიფოებს თავიანთთვის სასურველად მიაჩნდათ, სხვები (ინგლისი, ესპანეთი, პორტუგალია) ამის გამო თავს არ იწუხებდნენ. ავსტრიის იმპერიასა და საფრანგეთს შორის იმდენად სერიოზული წინააღმდეგობები არსებობდა, რომ ისინი გარკვეულ გავლენას ახდენდა ოსმალეთის აგრესიის მიმართულების განსაზღვრაზე.
1. Neck R., Diplomatische Beziehungen zum Vordern Orients unter Karl V. „Mit teilungen des Ős terreichischen Staatsarchivs“, 1952, S. 83-86; Tardy L., Beyond the Ot toman Empire 14th-16th centuri. Hun garian diplomacy in the East. „Studia Uralo-Al taica“, 13, Szeged, 1978 , p. 135-136; ტარდი ი., უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობა XVI საუკუნეში, გვ. 45.
2. Neck R., Op. cit., S. 86; ტარდი ი., უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობა XVI საუკუნეში, გვ. 45-46.
XVI საუკუნის 20-იანი წლებიდან საფრანგეთი ოსმალეთთან თანამშრომლობდა. იგი ოსმალეთთან პოლიტიკურ ურთიერთობას ლევანტში თავისი ვაჭრობის გასაფართოებლად იყენებდა. საფრანგეთის სამეფო კარი ცდილობდა აღმოსავლეთ ევროპაში შენარჩუნებული ყოფილიყო პატარ-პატარა პოლიტიკური ერთეულები, რომლებიც საფრანგეთის მონარქიის გავლენის ქვეშ იქნებოდნენ, ჰაბსბურგების იმპერია კი მათ დაპყრობას ლამობდა. 1526 წლის მაისში შეიქმნა კონიაკის ლიგა, რომელშიც შევიდა საფრანგეთი, რომის პაპი და ვენეცია. ლიგა მიმართული იყო ჰაბსბურგების წინააღმდეგ.
ოსმალებისათვის ცნობილი იყო, რომ ჰაბსბურგებს არ შეეძლოთ თავისი მოკავშირე უნგრეთის სამეფოს დაცვა. უნგრეთის მეფე ლაიოშ II-მ დახმარება სთხოვა ინგლისის მეფეს, პაპს, ვენეციის რე სპუბლიკას, მაგრამ ამაოდ. 1526 წლის 29 აგვისტოს ოსმალებმა სასტიკად გაანადგურეს უნგრეთის ჯარი მოხაჩთან ბრძოლაში. ამის შემდეგ იწყება უნგრეთის სახელმწიფოს დაცემა, რაც საფრანგეთ-ჰაბსბურგთა შორის წინააღმდეგობის შედეგი იყო.
XVI ს. 20-იანი წლებიდან სეფიანთა ირანი იარაღით აღარ ებრძოდა ოსმალეთს და ამით ხელს უწყობდა ოსმალეთის აგრესიის დასავლეთისაკენ წარ მართვას. აღმოსავლეთის საქმეებისგან ოსმალეთის ყურადღების ჩამოშორება ირანს აწყობდა.
1532 წელს ოსმალეთსა და ავსტრიას შორის დაიდო ზავი. ოსმალეთის წინსვლა ევროპაში შეჩერდა და ახლა მისი მთელი ყურადღება აღმოსავლეთი სკენ გადმოვიდა. ოსმალეთი ირანის წინააღმდეგ საომრად ემზადებოდა. 1534 წლის ზაფხულში ოსმალებმა დაიპყრეს საქართველოს მეზობელი ვანი, ავნიკი, აჰლათი, არზრუმი, ყარსი, მთელი აზერბაიჯანი და ბაღდადი.
როდესაც თვალს გადავავლებთ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ოსმალების წარმატებას, ნათელია, რომ საქართველოს მთელ სამხრეთ საზღვარზე გამეზობლებული ოსმალეთის სახელმწიფო, შედარებით პატარა და სუსტი საქართველოს დაპყრობასაც შეეცდებოდა. ამიტომ სავსებით ლოგიკური იქნებოდა მომხდარიყო ქვყნის მთელი ძალების კონსოლიდაცია. მოხდა კი პირიქით. 1535 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ და ქართლის მეფე ლუარსაბ I-მა, დადიანისა და გურიელის დახმარებით, საათაბაგოს ტერიტორიები დაიპყრეს. როცა ყვარყვარე III იმერეთში ტყვეობაში გარდაიცვალა, ბაგრატმა აჭარა და ჭანეთი გურიელს გადასცა, რითაც ლევან დადიანის გულიწყრომა გამოიწვია. ამით დაიწყო ოდიშის მთავრის იმერეთის მეფისადმი მტრობა. საათაბაგოს უმსხვილესმა ფეოდალმა ოთარ შალიკაშვილმა ყვარყვარეს მცირეწლოვანი მემკვიდრე ქაიხოსრო სულთან სულეიმან II-სთან წაიყვანა და მისი გაათაბაგება სთხოვა1. შემთხვევით ისარგებლა ოსმალეთმა და არზრუმის ბეგლარბეგმა მეჰმედ-ხანმა 1536 წელს ტაოსა და კლარჯეთის ტერიტორიები დაიპყრო. ოსმალებმა აქ ოთხი სანჯაყი დააარსეს. ამით დაიწყო ოსმალეთის მიერ სამცხის დაპყრობა და ოსმალური მმართველობისა და წესების დანერგვა.
ამის შემდეგ ირანი და ოსმალეთი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ უფრო მეტს წაჰგლეჯდა საქართველოს. ირანმა მიიღო თუ არა მცირეოდენი შესვენება ოსმალეთთან ომში, მაშინვე დაიწყო სამხედრო აქციები საქართველოს წინააღმდეგ. 1540 წელს შაჰ თამაზი ქართლის სამეფოს დამორჩილებისათვის მზადებას შეუდგა (კახეთის მეფე ლევანმა შაჰს მორჩილება გამოუცხადა). ქართლის მეფე ლუარსაბ I (1534-1556) ფხიზლად ადევნებდა თვალს შაჰის საქმიანობას და საჭიროების შემთხვევისათვის ცდილობდა საპირისპირო ძალის გამონახვას. მაშინ ასეთი სერიოზული ძალა შეიძლებოდა ოსმალეთი ყოფილიყო. ალბათ ქართლის მეფე ლუარსაბი იგულისხმება უნგრეთის მეფე ფერდინანდის ელჩის იერონიმ ლასკის 1540 წლის 5 დეკემბრის წერილში, რომელშიც ნათქვამია: კონსტანტინოპოლში „ჩამოვიდა სარწმუნოებით ქრისტიანი ქართველი მეფე, რათა დახმარება სთხოვოს თურქეთს ირანის შაჰის წინააღმდეგ საბრძოლველად. მაგრამ მისი ერთგულებისა აქ არ სჯერათ“2.
1. სამცხიდან კონსტანტინოპოლში ჩასულ ათაბაგობის კანდიდატს და შალიკაშვილებს უნდა გულისხმობდეს მ. სანუტო, როდესაც ამბობს, თურქებთან კავშირის დასამყარებლად ქართველი დიდებულები ჩამოვიდნენო. Sanuto M., I diarii, v. 57, p. 633.
2. ვენის არქივში მოძიებული საბუთის ფრაგმენტი გამოაქვეყნა ლ. ტარდიმ. იხ. მისი უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობა XVI საუკუნეში, გვ. 51.
ქართულმა ისტორიოგრაფიამ იცის ლუარსაბ I-ის მეფობის ძირითადი მომენტები, მაგრამ არსად მითითებული არ არის, რომ იგი როდესმე წასული ყოს სულთნის კარზე. სავარაუდოა, სულთანს ქართლის მეფე კი არ ეახლა, არამედ მისი რომელიმე დიდებული და თავისი მეფის სახელით ყიზილბაშების წინააღმდეგ დახმარება ითხოვა. სულთანმა უარი სთქვა ქართლის სამეფოს დახ მარებაზე, რაც მოტივირებული უნდა ყოფილიყო ირანთან ხელახლა შეჯახების თავიდან აცილებით.
ქართლის სამეფოს იმავე ელჩობაზე უნდა იყოს საუბარი საფრანგეთის ვენეციელი ელჩის მონპელიეს მიერ მეფე ფრანსუა პირველისათვის გაგზავნილ 1541 წლის 31 მარტით დათარიღებულ წერილში. მასში ნათქვამია, რომ შაჰს განუზრახავს საქართველოს ერთ-ერთი მბრძანებლის სამფლობელოზე თავდასხმა. ამიტომ ქართველმა მბრძანებელმა თავისი ელჩი გაგზავნა სულთანთან დახმარების სათხოვნელად1. არ გასულა დიდი დრო და აპრილის წერილი უკვე ქართველთა და ყიზილბაშთა შორის მომხდარ ომსა და შაჰის მიერ განცდილ დიდ ზარალზე გვამცნობს2. ძნელია თქმა იმისა, ქრთველ-სპარსელთა შეტაკების ეს ეპიზოდი შაჰ თამაზის საქართველოში პირველ ლაშქრობას ასახავს თუ ამ ლაშქრობის რომელიმე ეპიზოდია ქართველების ყიზილბაშებთან გამართული ბრძოლისა.
იმავე წლის 4 ივლისის წერილში მონპელიე საფრანგეთის მეფეს აცნო ბებდა, რომ დიდვაზირი სულეიმან ფაშა ირანის წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა. მონპელიეს ისე გამოჰყავს, თითქოს ოსმალები შაჰისაგან აწიოკებული ქართველების შურის საძიებლად წავიდნენ3.
1. Charrière E., Op. cit., I, p. 473. ამ ცნობის ანალიზი იხ. ჩოჩიევი ვ., მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ურთიერთობანი XVI საუკუნის პირველი ნახევრის ფრანგული დიპლომატიური კორესპონდეციის მიხედვით. თსუ შრომები, ტ. 186, აღმოსავლეთმცოდნეობა, თბ., 1978, გვ. 122.
2. Charrière E., Op. cit., I, p. 473.
3. Ibidem, p. 499.
31 მარტისა და 4 ივლისის წერილები საშუალებას გვაძლევს დავადგი ნოთ, რომ შაჰ თამაზის საქართველოში პირველი ლაშქრობა მოხდა დასახელებულ რიცხვებს შორის. 31 მარტის წერილში ჯერ მხოლოდ შაჰის საქართველოს მი მართ მუქარაზეა საუბარი, მაშინ როდესაც 4 ივლისს მასში ლაპარაკია, როგორც აპრილში მომხდარი ფაქტზე. ამდენად, სხვა ქართულ წყაროებთან შედარებით, შაჰ თამაზის საქართველოში პირველი ლაშქრობის შესახებ რომ გადმოგვცემს, ყველაზე ზუსტ თარიღს (1541 წ.) გვაძლევს „იკორთის ჟამნგულანი“ და „ერისთავიანთ დაუჯდომელი“1. ყიზილბაშებისათვის დიდი ზარალი კი შეუპოვარ ლუარსაბ I-ს უნდა მიეყენებინა.
1. ჯავახიშვილი ივ., დასახ. ნაშრ., გვ. 243.
ქართველთა ბრძოლამ დამპყრობლებისაგან თავის დასაცავად, საკმაოდ სერიოზულად მიიპყრო ევროპის მეთაურთა ყურადღება. ზოგს (მაგ. სა ფრანგეთის სამეფო კარს) ირანის წინააღმდეგ მებრძოლი საქართველოს მდგომარეობა აინტერესებდა, რადგან მასთან ბრძოლაში ჩაბმული ირანი ოს მალეთს სერიოზულად ვეღარ უშლიდა ხელს თავისი აგრესია სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპისკენ და საფრანგეთის მეტოქე ჰაბსბურგების იმპერიისკენ წარემართა.
ჰაბსბურგების სახელმწიფო, უნგრეთი და ოსმალებისაგან ჯერ კიდევ დაუპყრობელ ბალკანეთის ხალხები დაინტერესებული იყვნენენ იმ საქართველოთი, რომელიც ირანთან ერთად ებრძოდა ოსმალეთს და გარკ ვეული გაგებით მდგომარეობას უმსუმუქებდა დასახელებულ ქვეყნებსა და ხალხებს.
ამგვარი დაინტერესების გამოხატულება იყო რომის პაპ პავლე III-ის მიერ 1545 წლის 17 ივლისს ქართლის მეფე ლუარსაბისათვის ნახჭევანში მოღვაწე წმ. დომინიკეს წესის მღვდლების - დომინიკესა და ბატისტის ხელით გამოგზავნილი ეპისტოლე. ბატისტი ქართლის მეფესთან დაახლოებული ყოფილა. მეფე იცნობდა წმ. დომინიკეს ორდენის იმ წევრებსაც, რომლებიც ქართლის სამეფოში იმყოფებოდნენ.
ეპისტოლეს ადრესატი, მართალია ქართლის მეფეა, მაგრამ მასში გამოსჭვივის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის დამოკიდებულება და განწყობილება მთელი საქართველოს მიმართ. პაპის უმთავრესი მიზანი და მოწოდება არის კა თოლიციზმის გავრცელება და პაპის უზენაესობის აღიარება საქართ ველოში. რომის აგენტებისა და ქართველი პოლიტიკოსების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პაპი დარწმუნებული იყო, რომ ლუარსაბ I „ღვთისმოსაობის ერთგულებითა და აღფრთოვანებით“ თაყვანს სცემდა რომის წმინდა ეკლესიას და ყველა ეკლესიის მეთაურად მას აღიარებდა. თურმე ლუარსაბის კათოლიკობისადმი განწყობილებას იზიარებდნენ დასავლეთ საქართველოს (კოკატის/ქუთაისის) პატრიარქი, კახეთის (ზაგესის/ზაგემის) მეფე ლევანი, სამცხის (კელსე კის/ახალციხის) მთავარი ყვარყვარე1 და „საქართველოს ქალაქებისა და სამეფოების წარჩინებული მეფეები. პაპს, სავარაუდოა, თითოეული მათგანისთ ვისაც ანალოგიური შინაარსის წერილები გამოუგზავნია.
პაპი ქართველ მბრძანებლებთან დაკავშირების სურვილს აყალიბებს შემდეგნაირად: „ქრისტეს ამ ერთადერთ სამწყსოში გვსურს შენი და სხვა ქართველი მეფეების შემოსვლა, ყველა მათი და მთელი ხალხის სულის საცხონებლად. ამიტომ, რამდენადაც ჩვენ ეს შეგვიძლია, უფლის მიერ მოგი წოდებთ, რათა, როგორც ერთია ღმერთი და ერთია ნათლისღება, ასევე ყველა ჩვენთვის ერთი იყოს სარწმუნოება ქრისტეს სამწყსოსი და ვიყოთ წმ. დედა კათოლიკე ეკლესიის ერთობაში, რათა თქვენც, ჩვენთან ერთად და ჩვენი შემ წეობით, ადვილად ეწიოთ ამ ბედნიერებას“2.
პაპი ლუარსაბ მეფეს სთხოვს რომში გაგზავნოს თავისი დესპანები, რათა მათი საშუალებით მეფის ქვეშევრდომნი რომის ეკლესიისა და მისი მეთაურის რომის პაპის შვილებად გამოცხადდნენ. პაპი ლუარსაბს მოუწოდებს: „ასევე შეაგულიანე ზემოხსენებული შენი მეზობელი სამი ქართველი მეფეც3, რათა შენს დესპანებთან ერთად გამოგზავნონ თავიანთი დესპანებიც და მათი საშუალებით მორჩილება აღუთქვან რომის წმ. მსოფლიო ეკლესიას და ჩვენ, რომელიც მას განვაგებთ. თუ შენ საჭიროდ დაინახავ, სხვა მეფეებსაც გაუგზავნე ამ წერილების თითო პირი“4.
1. იგულისხმება ყვარყვარე III (1516-1535), მაგრამ ამ დროს ათაბაგია ქაიხოსრო II.
2. ტაბაღუა, დასახ. ნაშრ., I, გვ. 232.
3. პაპი ათაბაგსაც მეფეს უწოდებს.
4. ტაბაღუა, დასახ. ნაშრ., I, გვ. 233.
დარწმუნებული ვარ, ქართველ პოლიტიკოსები ითვალისწინებდნენ რომის დაინტერესებას საქართველოში კათოლიციზმის გავრცელების შესახებ. ამიტომ მათ მიერ რომში გაგზავნილ წერილებში (არ გამოვრიცხავ კათოლიკე პატრები სამეფო კარის კარნახითაც წერდნენ) იყო თხოვნა, მეზობელი მუსლიმი მეზობლებისაგან თავდაცვაში დახმარების შესახებ და იქვე აღნიშნული იყო ქართველთა სიმპათიებზე კათოლიკური ეკლესიისა და პაპის მიმართ. მაგრამ პაპები, თავიანთი შესაძლებლობებიდან და ინტერესიდან გამომდინარე, ქართველებს ეხმიანებოდნენ მხოლოდ თავიანთვის საინტერესო ერთ საკითხზე - კათოლიციზმის გავრცელებაში დახმარებაზე.
1547 წელს ოსმალეთმა ზავი დასდო ჰაბსბურგების სახელმწიფოსთან და უნგრეთთან და მაშინვე განაახლა ომი ირანთან. 1548 წლის 27 ივლისს ოსმალები თავრიზში შევიდნენ, სადაც მხოლოდ ხუთი დღე დაჰყვეს, რადგან ქალაქი მთლიანად დაცლილი იყო. ჯარი სურსათ-სანოვაგის ნაკლებობას განიცდიდა. კონტრშეტევაზე გადასულმა შაჰის ლაშქარმა იმავე წლის სექტემბერში მარცხი განიცადა სომხეთში.
1549 წლის გაზაფხულზე ოსმალებმა იარაღი სამცხისაკენ წარმართეს, რომლის ათაბაგ ქაიხოსროს ირანის მხარე ეჭირა. იბრაჰიმ ფეჩევის გადმოცე მით ამ დროს სამცხეში სახალხო აჯანყება მიმდინარეობდა1. ოსმალებმა ამ აჯანყების ჩახშობასთან ერთად საათაბაგოს მნიშვნელოვანი ნაწილიც დაიპყრეს და ოსმალეთის იმპერიას შეუერთეს23.
1. იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ. ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ს. ჯიქიამ, თბ., 1964 , გვ. 27-28.
2. სვანიძე მ. დასახ. ნაშრ., გვ. 63-67.
1551 წელს შაქში შაჰ თამაზთან მივიდნენ ათაბაგ ქაიხოსროს ელჩები და მოახსენეს, რომ ქართლის მეფე ლუარსაბი და თავადები სამცხეში შემოიჭრნენ და მავიწროებენო, „ჩემი ვილაიეთის დაპყრობას ლამობენ, ზოგი ოლქიც წამართვეს. ისქანდერ ფაშაც არზრუმიდან მოვიდა ამ მხარეში და არტანუჯის ციხე დაიკავაო“1.
შაჰ თამაზი დიდი ჯარით შევიდა სამცხეში და საშინლად აიკლო ქაიხოსროს მოწინააღმდეგეთა სამფლობელოები. სპარსელთა ჯარის მიერ სამ ცხეში ჩა დენილ საშინელებათა შესახებ დაწვრილებით მოგვითხრობენ ჰასან რუმლუ და ისქანდერ მუნში. მათივე გადმოცემით, ყიზილბაშები სამცხიდან ქართლში (ჰასან რუმლუს მიხედვით, მხოლოდ საბარათიანოში) შეიჭრნენ, აიკლეს და გამოსაზამთრებლად ყარაბაღისაკენ გაეშურნენ. ათაბაგი ახლა სპარსელთა ჯარით ცდილობდა თავისი სამფლობელოების აღდგენას2. საქართველოში შაჰის წარმატებამ ოსმალეთი შეაშფოთა. სულთანი ვერ ურიგდებოდა საათაბაგოს ირანის გავლენის ქვეშ მოქცევას.
1. ისქანდერ მუნში გვ. 18; ჰასან-რუმლუ, გვ. 29.
2. ჰასან-რუმლუ, გვ. 32.
1553 წელს სულთანი კვლავ წავიდა შაჰის წინააღმდეგ საომრად. ვიდრე იგი ირანის სამ ფლობელოებში შეიჭრებოდა, მანამდე შეეცადა მშვიდობიანი ზურგის უზრუნ ველყოფის მიზნით საათაბაგოსთან ურთიერთობა გაერკვია. როგორც თანამედროვე ანონიმი ვენეციელის ცნობებიდან ირკვევა, სულთანმა განიზრახა ათაბაგის იძულება, რათა ამ ომის დროს ნეიტრალიტეტი დაეცვა, არ დაებრკოლებინა ოსმალეთის ჯარის მოსამარაგებლად ანატოლიიდან წამოსული აღალი. ანონიმი წერს: „[სულთანს] სურდა, რომ ბანაკში გაგზავნილ სურსათ-სანოვაგეს დაბრკოლება არ შეხვედროდა ქართველებისა და ქურთების მხრივ, რომლებსაც, როცა ჯარი არზრუმიდან ირანისკენ წავიდოდა, ყოველთვის ადვილად შეეძლოთ დაებრკოლებინათ სურსათ-სანოვაგის გადაზიდვა, რითაც შეიქმნე ბოდა ჯარის დამარცხების დიდი ხიფათი, ან [ჯარი] სწრაფად უნდა დაბრუნებულიყო უკან. ამიტომ [სულთანს] ერთადერთ საშუალებად მიაჩნდა იმ მხარეში ჯარის ნაწილის დატოვება. იქ უნდა დაეტოვებინათ რამდენიმე სანჯაყ-ბეგი დიდი ესკადრონით. ამას გარდა, მისი აზრით, უკეთესი იქნებოდა, მშვიდობა დაემყარებინა ქურთებთან. [ქურთებთან] გაგზავნილმა მისიანებმა ერთგულება და ფიცი მიიღეს. ასეთივე მიზნით გააგზავნეს ქართველებთან ერთი ცნობილი პიროვნება საკმაოდ მრავალრიცხოვანი მხედრობით, რათა შთაბეჭდილება მოეხდინა [ქართველებზე]“1.
იმავე წყაროდან ვიგებთ, რომ სულთანს ქურთებთან საკითხი სასურველად მოუგვარებია და იმედი ჰქონდა, რომ ასევე მოხდებოდა ქართველებთანაც. ის „ცნობილი პიროვნების“ დაბრუნებას არც კი დაელოდა, ისე გააგრძელა გზა ირანის საზღვრებისაკენ. შაჰ თამაზმა ახლაც ოსმალებთან ბრძოლის ძველი ნაცადი მეთოდი გამოიყენა. ირანის სააზღვრებში შეჭრილ ოსმალებს „გადაბუგული მიწების“ გავლა უხდებოდათ და რამდენიმე დღის შემდეგ საგრძნობი გახდა სურსათის ნაკლებობა. ცხენის ერთი ჯერი საკვები 20 ასპრი, ხოლო ერთი პატარა პური ერთი მარკეტი ღირდა. ფასების სულ უფრო ზრდის გამო მეომრები ღელავდნენ. ზოგს იმის იმედი ჰქონდა, რომ მალე მოვიდოდა სურსათი ანატოლიიდან და, მიუხედავად ბრძანებისა, სურსათის მომჭირნეობით ხარჯვის შესახებ, მარაგს არ უფრთხილდებოდნენ. ურჩნი, შემდეგში, სულთნის ბრძანებით, სიკვდილით დასაჯეს2.
რაც შეეხება სულთნის მიერ საქართველოში გაგზავნილ „ცნობილ პიროვნებას“, მის შესახებ იმავე წყაროდან ვიგებთ შემდეგს: „კაცმა, რომელიც ქართველებთან გაგზავნილი იყო, რათა ისინი ერთგული გაეხადა, სულთნის სახელით, როგორც ზემოთ ითქვა, მიაღწია კიდეც ამას. მაგრამ უკან დაბრუნებისას საზღვართან მისულს, ტყეში თავს დაესხა ორმოცი უცნობი და მოკლეს. მისი თანამგზავრებისათვის სხვა ზიანი არ მიუყენებიათ, მხოლოდ ის წერილები წაართვეს, რომლებიც ქართველმა მთავარმა სულთანს მისწერა“3.
1. Alberi E., Op. cit., I, p. 256.
2. Ibidem, p. 257.
3. Ibidem, p. 259.
სავარაუდოა, სულთნის წარმომადგენელს ისინი მოკლავდნენ, ვინც დაინტერესებულნი იყვნენ ათაბაგსა და სულთანს შორის ურთიერთობის გაუარესებით. ანტიოსმალური განწყობილების მქონე მნიშვნელოვანი ძალა რომ არსე ბობდა საათაბაგოში, ეს კარგად გამომჟღავნდა თუნდაც 1549 წლის აჯანყების დროს. იმის თქმაც შეიძლება, რომ თავდამსხმელების ზურგს უკან ქართლისა და იმერეთის მეფეებიც იდგნენ. ათაბაგის ავტორიტეტის შელახვით (ის ხომ ოსმალეთის ჯარზე დაყრდნობით სოხოისტას ბრძოლის შემდეგ, 1545 წელს, გაათაბაგდა) ისინიც დაინტერესებულნი იყვნენ. ამგვარ მოსაზრებას, ჩემი აზრით, ადასტურებს, სულთნის შემდგომი მოქმედება სამცხის მიმართ. ალბათ, სულთნისთვისაც გასაგები იყო თავდამსხმელთა მიზანი და ამის გამო თავი შეიკავა სამცხეში მტრული აქციებისაგან. რა თქმა უნდა, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ირანთან გაჭიანურებული ომის დროს სულთანი საათაბაგოსთან ურთიერთობის კიდევ უფრო გართულებას მოერიდა და მხოლოდ თავდაცვითი ღონისძიება გაატარა: „როცა სულთანმა ეს ახალი ამ ბავი გაიგო, ეჭვი დაებადა, რომ კაპადოკიიდან მომავალ აღალს ქართველები დაბრკოლებას შეუქმნიდნენ, ამიტომ მან სხვა ბეგლარბეგი გაგზავნა ქართველების ქვეყანაში რამდენიმე სან ჯაყ-ბეგითა და მრავალრიცხოვანი მხედრობით და დაავალა, რომ რაიმე ზიანი კი არ მიაყენონ ქართველებს, არამედ ისინი მხოლოდ შეაჩერონ თავიანთ საზღვრებში. ქართველები იმის შიშით, რომ ის ჯარი გაანადგურებს მათ ქვეყანას ვერ გაბედავენ რაიმე ახალი აქციის მოწყობას“1.
1. Ibidem. სვანიძე მ., დასახ. ნაშრ., გვ. 74.
სურსათის ნაკლებობა კატასტროფას უქადდა ოსმალეთის ჯარს. ამიტომ სულთანმა გადაწყვიტა, ხელი აეღო შაჰის ჯარების დევნაზე, რათა შემდეგში ისინი გენერალურ ბრძოლაში გაენადგურებინა და ანატოლიაში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ მას კვლავ ახალი სამწუხარო ამბავი აცნობეს: „შაჰის ვაჟი ისმაილი ქართველთა მრავალრიცხოვანი ჯარით თავს დაესხა კაპადოკიიდან მომავალ სურსათით დატვირთულ სამ ათას აქლემს. წაიღეს ყველაფერი, მცველნი დაატყვევს. ეს ახალი ცნობა ყველაზე მწარე იყო თურქებისათვის, რომლებიც ამ სურ სათით ფიქრობდნენ სულის მოთქმას. სულთანი ამ სიახლის გამო განრისხდა და საქართველოს წინააღმდეგ შებრუნება ბრძანა, რადგან ზარალის მიმყენებელი ისმაილის1 ჯარი მთლიანად ან უმეტეს წილად ქართველებისაგან შედგებოდა. მაგრამ მან ამ განზრახვაზე ხელი აიღო, რადგან მალე ზამთარი დადგებოდა, რომელიც ამ მხარეში ძალიან ცივია. მან უკეთესად მიიჩნია გამოსაზამთრებლად კაპადოკიაში დაბრუნებულიყო, ხოლო ქართველების დასჯა გაზაფხულამდე, ომის განახლების დრომდე, გადადო“2.
ქართველები და სპარსელები რომ ერთობლივად ებრძოდნენ სპარსელებს, ჩანს სხვა წერილობითი ცნობებიდანაც3. ხანგრძლივმა ომმა ირანი და ოსმალეთი მოქანცა. ორივე მხარეს ომის დამთავრება სურდა. ზავის დადების ინიციატივა შაჰ თამაზმა გამოიჩინა. მაგრამ, ვიდრე საზავო მოლაპარაკება დაიწყებოდა, მანამდე შაჰმა საქართ ველოში თავისი პოზიციების განმტკიცება განიზრახა და ამ მიზნით 1554 წლის ზაფხულში საქართველოს მეოთხედ შემოესია. როგორი სერიოზული ზიანი მოუტანა ქვეყანას სპარსელთა ამ ლაშქრობამ, თუნდაც იქიდან ჩანს, რომ წაყვანილი იქნა 30 ათასი ტყვე, სხვა უბედურება, რომ აღარ გავიხსენოთ. ყიზილბაშთა ეს უკანასკნელი შემოსევა ასახული უნდა იყოს სპარსულ დოკუმენტში, რომელიც წარმოადგენს ორი სპარსელი დიდებულის სევინდუქ ბეგისა და უსტაჯლუ შაჰ ყულუ ბინ ჰამზა მირზას მიერ არზრუმის გამგებლის აიას ფაშასადმი გაგზავნილ წერილს4. იგი დაწერილი უნდა იყოს 1554 წლის აგვისტოს5 ან 30 ოქტომბრის შემდეგ6. წერილიდან ვიგებთ, რომ ყიზილბაშებთან ომში დამარცხებული ლუარსაბი იმერეთში გადასულა. იმერეთის მეფე ბაგრატ III-ს არა მხოლოდ შეუფარებია დევნილი ქართლის მეფე, არამედ მისთვის დასახმარებლად ოსმალეთშიც კი წასულა. სპარსელი დიდებულების მიზანს (საფიქრებელია, ისინი შაჰ თამაზის მითითებით მოქმედებდნენ) წარმოადგენს, დაუმტკიცონ ოსმალეთის სულთანს, რომ მისი ჩარევა ქართლის საქმეებში კიდევ უფრო დაძა ბავს ირან-ოსმალეთის ურთიერთობას. ეს რომ არ მოხდეს, ოსმალეთმა თავისი გავლენა უნდა გამოიყენოს იმერეთის მეფეზე, რათა მან ყიზილბაშებს გადასცეს ლუარსაბ მეფე. იმავე წერილიდან ვიგებთ, რომ ლუარსაბის მიერ იმერეთში თავშეფარება პირველი შემთხვევა არ ყოფილა. იგი ყოველთვის ასე იქცეოდა, როცა ყიზილბაშები დაჯაბნიდნენ ხოლმე. ყიზილბაშები იმერეთის მიმართ სამხედრო აქციებიდან თავს იკავებდნენ, რადგან იმერეთის მეფე სულთნის ქვეშევრდომი იყო. ამით სპარსელი დიდებულები ოსმალებს აგრძნობინებდნენ, რომ მათაც თავი უნდა შეეკავებინათ ყიზილბაშების ხელდებული ქართლის სამეფოს საქმეებში ჩარევაზე.
1. ისმაილ-მირზა ცნობილი იყო ოსმალებისადმი შეურიგებელი მტრობით. იგი შემდეგში დადებულ ამასიის ზავსაც არ სცნობდა და ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში თავს ესხმოდა ოს მალეთის სამფლობელოებს, რაც ზავის დარღვევის საშიშროებას ქმნიდა. ამის გამო ისე გამწვავდა ურთიერთობა შაჰ თამაზსა და ისმაილ-მირზას შორის, რომ შაჰის ბრძანებით ის ალამუთის ციხეში ჩასვეს, სადაც თითქმის ოცი წელი გაატარა. ამის შესახებ დაწვრილებით ითქმევა სხვაგან.
2. Alberi E., Op. cit., I, p. 262-263; სვანიძე მ., დასახ. ნაშრ., გვ. 72-73.
3. ტარდი ლ., ანთალ ვერანჩიჩის მოხსენებითი ბარათები. თარგმანი უნგრულიდან ვ. იმერლიშვილისა, „კლდეკარი“, გორის სალიტერატურო ჟურნალი, „ლომისი“, თბ., 1997, გვ. 137-138. იხ. აქვე, „ოდიშის სამთავროს საგარეო ურთიერთობის ისტორიიდან“.
4. Fekete L., Zur Geschixte der Grusiner des 16 Jahrhunderts. „Acta Orient. Hung“., t. I, fasc. I, 1950, S. 93-137; კაციტაძე დ., XVI-XVII საუკუნეთა სპარსული დოკუმენტური წყაროები საქართველოს ისტორიისათვის. „კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული“, II, თბ., 1962, გვ. 214-213.
5. კაციტაძე დ., დასახ. ნაშრ., გვ.132
6. სვანიძე მ., დასახ. ნაშრ., გვ. 77.
წერილის ავტორები ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებენ იმ გარმოებაზე, რომ იმერეთისა და ქართლის მეფეები სარგებლობენ ირან-ოსმალეთის მეტოქეობითა და ომით და ცდილობენ კიდევ უფრო გააღვივონ მათ შორის წი ნააღმდეგობა, რათა ერთმანეთი ამოწყვიტონ. წერილის ავტორების აზრით, იმისათვის რათა გადწყდეს „გურჯისტანის საკითხი“, აუცილებელია ორ მუსლიმან სახელმწიფოს შორის ომი შეწყდეს.
წერილი ნათელს ხდის, როგორ დაინტერესებული იყო ირანი ომის დამთავრებით და ზავის დადებით. ამავე დროს შაჰის კარი ცდილობდა გაერკვია ოსმალეთის პოზიცია საქართველოს მიმართ.
იმავე წელს დაიწყო საზავო მოლაპარაკება, რომლის დროსაც შაჰის წარმომადგენელი განსაკუთრებით გამოჰყოფდა საქართველოს საკითხს. ანონიმი ვენეციელის თქმით, „შე თანხმდნენ იმ პირობით, რომ ერთის ყველა ქვეშევრდომი და მოხარკე პატივცემული იქნებოდა მეორეს მიერ. სულთანმა სულეიმანმა სიტყვა მისცა შაჰ თამაზს, რომ არც ეხლა და არც ზავის დადების შემდეგ არავითარ ზიანს არ მიაყენებდა საქართველოს“1. მაშასადამე, შაჰს საქართველო თავის ქვეშევრდომ და მოხარკე ქვეყნად მიაჩნდა და სულთნისგანაც მოითხოვდა ამ თავისი უფლების აღიარებას.
უნგრელ დიპლომატს ანთალ ვერანჩიჩს მხედველობიდან არ გამორჩა ქართველი პოლიტიკოსების საქმიანობა ირან-ოსმალეთს შორის საზავო მოლაპარაკების ჩასაშლელად. 1554 წლის 19 დეკემბრის ანგარიშში იგი წერდა: „ქართველი მმართველნი სპარსელთა მხარეზე გადავიდნენ და ყოველმხრივ იღწვიან რომ ჩაშალონ ზავის დადების საქმე. ამიტომაც სულთანმა მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს ომი ქართველთ წინააღმდეგ, თუკი ქართველები ხელს არ აიღებენ თავიანთ თავხედურ განზრახვაზე და მათ მხარეს არ გადავლენ“2.
1555 წ. 29 მაისს ამასიაში დაიდო საზავო ხელშეკრულება, რომლითაც დასრულდა ირან-ოსმალეთის ხანგრძლივი ომი. მაგრამ ზავმა ბოლო არ მოუღო „შერიგებულ“ სახელმწიფოებს შორის წინააღმდეგობას და მათ აგრესიას კავკასიას ქვეყნებში. ამასიის ზავი გადაიქცა ამ ორი აგრესორის დაპყრობითი პოლიტიკის ახალი ეტაპის ამოსავალ პუნქტად3. ირან-ოსმალეთის აგრესიის მორიგი ეტაპი გამოიხატებოდა აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობის ცდებში. „ოსმალები და ირანის ჯარები დროდადრო თავს ესხმოდნენ ქართულ მიწებს, რათა „შეეხსენებინათ“ 1555 წლის ხელშეკრულების პირობები“4. ირანი ამის განხორციელებას ცდილობდა ამასიის ზავის პირობების დაცვით, ოსმალეთი - მისი გაუქმების გზით.
1. Alberi E., Op. cit., I, p. 265.
2. ტარდი ლ., ანთალ ვერანჩიჩის მოხსენებითი ბარათები, გვ. 139.
3. ჩოჩიევი ვ., კახეთის სამეფოს საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან XVI ს. 60- იან წლებში. თსუ შრომები, ტ. 118, 1967, გვ. 243.
4. Новосельцев А. П., Ук. труд, c. 118.
ამასიის საზავო ხელშეკრულებამ კარგა ხნით განსაზღვრა საქართველოს ბედი. ამასიის ზავის შემდეგ ამიერკავკასიაში და, კერძოდ, საქართ ველოში შექმ ნილი ვითარების ამსახველი წერილობითი წყაროები საკმაოდ მრავლადაა მოღ წეული. მაგრამ მათი ავტორებისათვის ყოველთვის გასაგები არ არის საქართველოში მიმდინარე მოვლენები. წყაროებში უმეტესად „საქართველოა“ ნახსენები, რაც აძნელებს იმის გარკვევას, მასში რომელი სამეფო ან სამთავროა ნაგულისხმევი. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა და მოუკიდებლობის შენარჩუნების ან აღდგენის მიზნით უცხოელ დამკვირვებლებს ხშირად სწორად არ ესმით: თუ ქართველები შაჰს ებრძვიან, მაშინ მათ მიიჩნევენ ოსმალეთის სულთნის ქვეშევრდომებად ან მოკავშირეებად, ხოლო თუ პირიქით ხდება, მაშინ შაჰის მომხრეები ჰგონიათ. წყაროების ამგვარი ტენდენცია ართულებს სინამდვილის დადგენას. აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოებისა და სათავადოების დამოკიდებულება ამასიის ზავისადმი ერთნაირი არ იყო. სათავადოების დიდი ნაწილი, სავარაუდოა, ზავის მომხრენი იყვნენ, რადგან ზავის შედეგად ქართლისა და კახეთის სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ირან-ოსმალეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ. რაც შეეხება ქართლისა და კახეთის მეფეებს, მათთვის ამასიის ზავი მიუღებელი იყო, რადგან ამიერიდან მათ ნაკლებად შეეძლოთ ირან-ოსმალეთის წინააღმდეგობების გამოყენება თავიანთი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. როცა ირან-ოსმალეთი ერთმანეთთან ბრძოლას შეწყვეტდნენ, მაშინ ქართველების საშინაო საქმეებში უფრო ენერგიულად ჩაერეოდნენ.
ქართველი პოლიტიკოსებისათვის კარგად იყო ცნობილი, რომ სპარსეთი და ოსმალეთი ერთმანეთს საქართველოში გაბატონებისთვისაც ებრძოდნენ. ამიტომ ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ორი დამპყრობელი ერთმანეთს არ მორიგებოდა საქართველოს ხარჯზე, შენარჩუნებული ყოფილიყო მათ შორის დაპირისპირება. ოსმალეთთან ბრძოლაში დამარცხებული და დასუსტებული სპარსეთი მყარად ვერ გრძნობდა თავის პოზიციებს აღმოსავლეთ საქართველოში, ამიტომ მისი საგარეო პოლიტიკის მთავარ უბნად აქ არსებული ორი ქართული სახელმწიფო რჩებოდა. რადგან სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, შაჰს ხშირად უხდებოდა შეიარაღებული ძალის გამოყენება ყიზილბაშების წინააღმდეგ ამხედრებულ ქართლის სამეფოს დასამორჩილებლად. აღმოსავლეთ საქართველოზე ირანის შეტევის საქმეში განსაკუთრერბით აქტიურობდა ყარაბახის გამგებელი შაჰვერდი-სულთანი.
ოსმალეთი ფხიზლად ადევნებდა თვალს მოვლენების განვითარებას აღმოსავლეთ საქართველოში და ყოველ ხელსაყრელ ვითარებაში ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს ამ რეგიონზე დროებით ამბობდა უარს და მისთვის სულ ერთი არ იყო, თუ რა ხდებოდა იქ.
1556 წ. 18 სექტემბერს სულთან სულეიმან II კანუნის აცნობეს, რომ შაჰ თამაზმა თავრიზში გაამზადა 70 ათასი მეომარი და განზრახული ჰქონდა საქართველოზე თავდასხმა1. ამასთან დაკავშირებით „რომის საღმრთო იმპერიის“ იმ პერატორს ფერდინანდს, მისი აგენტი კონსტანტინოპოლიდან წერდა, რომ შაჰის საქართველოზე გალაშქრების მიზეზი ქართველების მიერ სულთნისათვის მხარდაჭერააო. იქვე ნათქვამია, როცა ქართველებმა შაჰის სამზადისის შესახებ შეიტყვეს, მაშინვე სულთანს დახმარება სთხოვეს. ისინი მოითხოვდნენ, რომ სულთანს საქართველოს მეზობელი სანჯაყები დაეხმარე ბინა მათთვის.
იმავე წლის 21 სექტემბერს სულეიმან II-მ წერილები გაუგზავნა ირანის მოსაზღვრე ყველა სანჯაყს და ქართველებისათვის დაუყოვნებლივ დახმარება უბრძანა. სულთნის ამ განკარგულებამ მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ყველას ეგონა, რომ კვლავ ომი დაიწყებოდა2. იტალიურ წყაროში აღნიშნულ საპარსეთ-ოსმალეთის დაძაბული ვითარების და სულთნის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ უნდა იყოს იაბრაჰიმ ფეჩევის ცნობაშიც: „ფადიშაჰს მოხსენდა, რომ გზადაბნეული შაჰი საქართველოში რამდენიმე ფადიშაჰისეულ ციხეს შეესია. ოთხი ათასი იანიჩრის და სრულიად რუმელიის, ანატოლიისა და ყარამანიის ლაშქრისა და ყველა ბოლუქის ჯარის სარდალ-სპასალარად დაინიშნა სახელოვანი დიდი ვეზირი და გაიგზავნა [საქართველოში]... როდესაც ყიზილბაშებმა [შეიტყვეს], რომ დიდი ვეზირი ისლამის ლაშქრით მოვიდა და ძლევამოსილი ჯარით [საქართველოს] მფარველობას უწევსო, ორი დღის სავალი ერთ დღეს გაირბინეს და შინ მო კურცხლეს - დიდი ვეზირი კი მისდამი რწმუნებული ლაშქრით უავგუსტოეს ჯარს შეუერთდა“3.
1. Tardy L., Rapports diplomatiques sur la Gèorgie entres les annèe 1550 et 1570. „Bedi Kartlisa“, v. 34, Paris, 1976 , p.102.
2. Ibidem.
3. იბრაჰიმ ფეჩევი, გვ. 31.
საქართველოს, კერძოდ, სამცხის საკითხთან დაკავშირებით ირან-ოსმალეთს შორის დაძაბულობა, სავარაუდოა, აისახა ვახუშტის თხზულებაში იქ, სადაც ნათქვამია სულთან სულეიმანის და შაჰ თამაზის საქართველოს სამხრეთ საზღვართან მისვლაზე და დათარიღებულია 1556 წლით. `შემდგომად მოვიდა სულთანი სულეიმან, აღაშენა კარი, მოსრნა ურჩნი, უკუნიქცა და დადგა ბასიანს ქ~სა ჩფნვ ქარ. სმდ. მას მოუდგა შაჰთამაზ და დადგა არტანს. ხოლო სულთანი სულეიმან წავიდა სტამბოლს“ (ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 717).
1556 წლის 25 ნოემბერს სტამბოლში ჩავიდა ორი ქართველი დიდებული, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ, სულთნისთვის გადაეცათ საჩივარი შაჰის მო ქმედების გამო. მათ განაცხადეს, რომ ყოველდღიურად შაჰისაგან შევიწროე ბას განიცდიან და მას მზად ჰყავს დიდი არმია საქართველოზე თავდასასხმელად. სავარაუდოა, ზემოთ დასახელებული დესპანები სვიმონ I-ის მიერ იყვნენ გაგზავნილნი.
სვიმონ I საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეულ მეფეთაგანია. მის სახელთან დაკავშირებულია XVI საუკუნის მეორე ნახევარში ქართველი ხალხის დამპყრობლების წინააღმდეგ გმირული ბრძოლის არაერთი საინტერესო ეპი ზოდი. იგი უაღრესად პოპულარული იყო დასავლეთ ევროპაში და მის შესახებ ბევრიც დაიწერა. სვიმონ I, ქართლის გმირი მეფე ლუარსაბ I-ის (1534-1556) ვაჟი იყო. ქართველი ისტორიკოსის მიხედვით, „ლუარსაბ მეფე მამაცობაზედ ნაქებია ყოველს საქართველოს მეფეთა და თავადთა ზედან ძველით ახლებამდისინ. თავათ კარგი სარდარი იყო და მერე გულოვანი, უხვი და უშურველი, მსმეველ-მჭმეველი, სამართლიანი, ყმა-მორჩილი. ომში კოხტა და უშიშარი, თანაც მაგარი ქრისტიანი“. ასეთი მამა ზრდიდა უფლისწულ სვიმონს1.
სვიმონ I -მა მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. ყიზილბაშებთან ბრძოლაში დაიღუპა მამამისი ლუარსაბ I. შაჰ თამაზმა განიზრახა, შეუპოვარი ლუარსაბის სიკვდილის შემდეგ მაინც, დაემორჩილებინა ქართლის სამეფო, რომელიც კავკასიაში ყიზილბაშების ყველა მოწინააღმდეგის დასაყრდენს წარმოადგენდა. ახალგაზრდა ქართლის მეფემ, როგორც ჩანს, სწორად შეაფასა არსებული მდგომარეობა და თავისი სამეფოს გადარჩენის მიზნით ოსმალებთან დაკავშირება სცადა2. ქართველ ელჩებს სტამბოლში პასუხი ვერ გასცეს3 და, ალბათ, იქვე ურჩიეს ასეთ სერიზულ საკითხზე მოსალაპარაკებლად ადრიანოპოლში წასულიყვნენ. ქართველ პოლიტიკოსებს გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ როდესაც ოსმალეთი ყურადღებას დასავლეთისკენ გადაიტანდა, მაშინვე იწყებოდა ირანის გააქტიურება ამიერკავკასიაში. ოსმალეთის ზრახვების ცოდნა მათ საშუალებას მისცემდა სწორად და მოხერხებულად წარემართათ თავიანთი ურთიერთობა ირანთან.
1. მეფის დაბადების ორი განსხვავებული თარიღი გვაქვს: 1531/1532 (1531/1532 წელი გამოანგარიშებულია ის ელჩის ტერ-იაკობის მიერ ვენეციის სახელმწიფო საბჭოში 1597 წელს ნათქვამიდან, რომ მეფე 65 წლისა არისო. დაწვრ. იხ. ქვემოთ) და 1537 წელი (ჯავახიშვილი ივ., დასახ. ნაშრ., გვ. 256). რადგან გამეფებისას (1556 წ.) სვიმონი 19 წლისა და ჯერაც უცოლშვილო იყო, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ 1537 წელს, რადგან საქართველოში ვაჟის ქორწინების ასაკად, როგორც წესი, 18 წელი იყო მიჩნეული და უფლისწულს უცოლოდ დიდხანს არ დასტოვებდნენ. ამიტომ მისი დაბადების წლად უნდა ჩაითვალოს 1537. სვიმონი 1559 წელს დაქორწინდა კახთა მეფე ლევანის ასულზე, ნესტან დარეჯანზე.
2. Documents privitoare la istoria Romanilor, v. II , par. II, Bucuresti, 1891, p. 353
3. Ibidem.
1556 წლის 6 დეკემბერს ერთი ქართველი ელჩი დიდვაზირს როსთემ ფაშას შეხვდა. როგორც მოლაპარაკებიდან ირკვევა, ელჩმა იცოდა ოსმალეთის ჯარის მარცხი უნგრეთში იმავე წლის გაზფხულზე. ამიტომ დიდვაზირთან შეხვედრისას მან კატეგორიულად მოითხოვა ეცნობებინათ მისთვის, აპირებდა თუ არა სულთანი მომავალ წელს უნგრეთში წასვლას. გაკვირვებულმა ვაზირმა იკითხა: რატომ აინტერესებდა ქართველ ელჩს ეს საკითხი? ელჩმა უპასუხა: ოსმალეთთან დაკავშირებულ ყველა ქართველს აფიქრებს სულთნის მოსალოდნელი გამგზავრება უნგრეთში და იქ ომის გაჩაღება. ამით ისარგებლებს შაჰი და ბრძოლას დაუწყებს ქართველებს1. დიდვაზირმა სცადა დაერწმუნებინა ქართველი ელჩი, რომ ოსმალეთის მთავრობა ცდილობდა მშვიდობიანად მოეგვარებინა ურთიერთობა უნგრეთთან, მაგრამ მეფე ფერდინანდი თუ მაინც სამხედრო მოქმედებას დაიწყებს და სულთანი უნგრეთში წავა, ასეთ შემთხვევაში ის ყოველ ღონეს იხმარდა, რომ ქართველებმა და ოსმალეთის სხვა მოკავშირეებმა ზარალი არ განიცადონ2.
1557 წლის დასასრულს ირანის ელჩი სულთნის კარს ეწვია და ოსმალეთის უმაღლეს მოხელეებთან მოლაპარაკება გამართა. ირანში დაბრუნების წინ ელჩი სულთანმა და დიდვაზირმა მიიღეს. მათ, სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს საქართველოს საკითხიც. ელჩმა უკმაყოფილება გამოსთქვა იმის გამო, რომ სულთანი კეთილგანწყობილებას იჩენს იმ ქართველების მიმართ, რომლებიც ირანს ესაზღვრებიან, ე.ი. საქართველოს იმ ნაწილების (ქართლი, კახეთი, აღმოსავლეთი საათაბაგო) მიმართ, რომლებიც ამასიის საზავო ხელშეკრულებით ირანის ხელდებულად გამოცხადდა. მან მოითხოვა, რომ მათ შაჰს ძველებურად ხარკი გადაუხადონ. ელჩის ამგვარ მოთხოვნაზე სულთანმა უპასუხა: რადგან ქართველები სულთნის მოხარკენი გახდნენ, ამიტომ სულთანი ვალდებულია, დაიცვას ისინი. ამასთანავე სულთანმა ელჩს იმის გარანტია მისცა, რომ „არ დაუშვებდა შაჰის სამფლობელოებზე ქართველების თავდასხმებს“3. სულთანმა დაუფარავად დაადასტურა თავისი მიზნები აღმოსავლეთ საქართველოს მიმართ. ამგვარად, მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა და შაჰმა გადაწყვიტა თავისი ინტერესები იარაღით დაეცვა. უკვე 1557 წლის დეკემბერში სპარსელები საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებენ. იტალიურ წყაროში, არ ჩანს, კონკრეტულად, სად შეიჭრნენ ყიზილბაშები. ამის გარკვევაში დაგვეხმარება ჰასან რუმლუს ერთი ცნობა, საიდანაც ვიგებთ, რომ შაჰვერდი სულთან ზიად ოღლი და სულეიმან-ბეგ ბაიათი ქართლში შეიჭრნენ. მტრის სიმრავლისა თუ მოულოდნელი თავდასხმის გამო მეფემ მთებს შეაფარა თავი. „ღაზიებმა გორის, სურამისა და საბარათიანოს ველაიეთი დაარბიეს, სოფლები და მხარეები ააოხრეს. ყანები და ხეებიმწიფე ხილით ძირიანად ამოგლიჯეს [მიწიდან] და გამარჯვებულნი უამრავი ნადავლით განჯაში დაბრუნდნენ“ (ჰასან რუმლუ, გვ. 35).
1. Tardy L., Op. cit., p.103.
2. Ibidem, p.104.
3. Ibidem.
ქართლისა და კახეთის მესვეურებს კარგად ესმოდათ, რომ საკუთარი ძალით ყიზილბაშების მოგერიებას ვერ შესძლებდნენ. ოსმალეთი მხოლოდ ბუნდოვან დაპირებას იძლეოდა. რეალური დახმარება არსაიდან ჩანდა. ამიტომ მათ განიზრახეს, ირანის საპირისპიროდ ისეთი ძალა გამოეძებნათ, რომელიც შაჰს აიძულებდა, შეეჩერებინა ან, უკიდურეს შემთხვევაში, შეესუსტებინა აგრესია ქართული სამეფოების მიმართ. ქართველმა დიპლომატებმა ასეთ ძალად რუსეთი მიიჩნიეს და კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში მისი ჩაბმა სცადეს.
XVI ს. 50-იან წლებში რუსეთის მეფე ივანე IV-მ დიდ წარმატებას მიაღწია. მან დაიპყრო ჯერ ყაზანის (1552 წ.), შემდეგ ასტრახანის (1556 წ.) სახანოები. ფაქტობრივად, მთელი ვოლგისპირეთი კასპიის ზღვამდე მოსკოვის სამეფოს ხელში აღმოჩნდა. მან ჩრდილო კავკასიაშიც მოიკიდა ფეხი. ქართველები ცდილობდნენ კონტაქტი დაემყარებინათ გაძლიერებულ მოსკოვის სახელმწიფოსთან. 1557 წელს მოსკოვში ჩავიდა ყაბარდოს გავლენიანი მთავრების ელჩობა და ივანე IV-ს ყირიმის სახანოსა და ოსმალეთისაგან დასაცავად მფარველობა სთხოვეს. ჩანს, ქართველები თვალს ადევნებდნენ ჩრდილო კავკასიელი მთავრების მოსკოვთან ურთიერთობის დაწყებას და ამ საქმეში ხელსაც უწყობდნენ. კავკასიაში და მახლობელ აღმოსავლეთში მესამე ძალის, თანაც მართლმადიდებელი ქრისტიანულის, გამოჩენა, მათი ვარაუდით, გაადვილებდა ყიზილბაშებთან და ოსმალებთან ბრძოლას. ალბათ, ქართლის მეფისაგან უფლებამოსილნი იყვნენ ყაბარდოს მთავართა ელჩები, როდესაც ივანე IV-ს განუცხადეს, რომ ჩვენთან ერთად არის საქართველოს მთავარი და მთელი საქართველო და მოსკოვის მთავარმა მის მიმართაც მოწყალება გამოიჩინოსო1.
რუსეთის პოზიციების კავკასიაში განტკიცებისათვის ფართე ასპარეზი იშლებოდა. ამიტომ იყო, რომ, როგორც წყაროებიდან ჩანს, ყაბარდოს მთავრები საქართველოს მბრძანებლებთან, თავიანთ სამხრეთ მეზობლებთან ერთად წყვეტდნენ ასეთ საპასუხისმგებლო საკითხს. „ყაბარდოელთა და ქართველთა ეს მოქმედება, - აღნიშნავდა თ. ბოცვაძე, - რასაკვირველია, საშამხლო-დაღესტნის ყურადღებას არ შეიძლებოდა გამოპარვოდა, რამდენადაც იგი მის წინააღმდეგ რუსეთ-ყაბარდო-საქართველოს ბლოკს გულისხმობდა, რაც რასაკვირველია, მისთვის არ იყო ხელსაყრელი. ჯერ ერთი, აღნიშნული ბლოკი ბარიერად იმართებოდა ამხანად დაახლოებულ თურქ-ყირიმხანსა და საშამხლო-დაღესტანს შორის, მეორე, აშკარად აძლიერებდა მის მეტოქეებს და მეზობლებს საქართველო-ყაბარდოსა და, მესამე, ამ ბლოკს არ შეიძლებოდა არ ემოქმედა საშამხლოს ეკონომიკურ ინტერესებზე, მის ვაჭრობაზე ვოლგაასტრახანის დიდ მაგისტრალზე“2. საინტერესოა, რატომ ცდილობდნენ ქართველი პოლიტიკოსები თა ვიანთი სურვილი მოსკოვის მეფისათვის სხვათა პირით ეცნობებინათ და რატომ არ აგზავნიდნენ საკუთარ წარმომადგენლებს?
1. Сношения России с Кавказом. Материалы, извлеченные из Московского Главного Архива Министерства иностранных дел Сергеем А. Белокуровым, вып. I (1578-1613), М., 1889, с. 4; Полное со б рание русских летописей, т. XIII, I-я половина, СПб., 1904, с. 284.
2. ბოცვაძე თ., ჩრდილო კავკასიის ხალხები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში (XVI-XVII სს.). „საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები„, II, თბ., 1972, გვ. 32-33.
ქართველი პოლიტიკოსები ფრთხილობდნენ. ისინი დარწმუნებული არ იყვნენ შესწევდა თუ არა რუსეთს ძალა, აქტიურად ჩარეულიყო კავკასიის საქმეებში. ვაი თუ მოსკოვთან ურთიერთობა უნაყოფო აღმოჩენილიყო, დახმარება ვერ შესძლებოდა და ყიზილბაშები კიდევ უფრო გაღიზიანებული იყვნენ. ამ საკითხის აწონდაწონისას მხედველობაში იმასაც მიიღებდნენ, რომ ქართლ-კახეთის ასეთი მოქმედებით უკმაყოფილო დარჩებოდა ოსმალეთიც (ოსმალეთი ხომ მტრულად შეხვდა მოსკოვის სახელმწიფოს წარმატებებს ვოლგისპირეთში), რომელიც, როგორც ზემოთ ითქვა, ქართლსა და კახეთს თავს მფარველად აჩვენებდა და ყიზილბაშების წინააღმდეგ საბრძოლველად აქეზებდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო იყო, რომ საქართველოს მეფეები ჯერჯერობით ნიადაგის მოსინჯვით კმაყოფილდებოდნენ.
შაჰ თამაზი I დარწმუნდა, რომ ოსმალეთი საქართველოში ირანის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ სულთანი ზავის დარღვევას არ ფიქრობდა. ოს მალეთის ამგვარი ორჭოფული მდგომარეობით ისარგებლა შაჰ თამაზმა და დაიწყო ბრძოლა საქართველოზე უცილობელი ბატონობისათვის.
თანამედროვეთა მიხედვით, 1558 წლის მარტში ქართველები უთანასწორო ბრძოლას აწარმოებდნენ ყიზილბაშებთან. ამის გამო მათ თავიანთი ელჩები გაუგზავნეს სულთანს და დახმარება სთხოვეს. შაჰ თამაზის ვარაუდი გამართლდა: სულთანმა ქართველებს უარი უთხრა ჯარით დახმარებაზე1, რამაც ქართლის სამეფოსა და ოსმალეთს შორის ურთიერთობის გამწვავება გამოიწვია.
1. Tardy L., Op. cit., p. 104-105.
1559 წ. ოსმალეთში დაიწყო დინასტიური ბრძოლა: სულთანი სულეიმანი და უფლისწული სელიმი (შემდეგში სელიმ II, 1566-1574) უფლისწულ ბაიაზიდს ებრძოდნენ. ამ ბრძოლაში აქტიურობდნენ ქართველებიც, სავარუდოა, ქართლის სამეფოდან, რადგან მეფე სვიმონი სულეიმანის პოლიტიკით უკმაყოფილო იყო. მან, მრავალგზის თხოვნის მიუხედავად, ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრ- ძოლაში სულთნისგან დახმარება ვერ მიიღო. უფლისწული ბაიაზიდი კი ცნობილი იყო თავისი დაუდეგარი ხასითით და, სავარაუდო იყო, რომ გამეფების შემდეგ იგი ამასიის ზავს დაარღვევდა. მეფემ, მაშინდელი მრავალი დამკვირვებლის მსგავსად, ბაიაზიდის შესაძლებლობები სწორად ვერ შეაფასა და მას დაუჭირა მხარი. ერთი წყაროს მიხედვით, ბაიაზიდს ქართველების მხრიდან დახმარების იმედი ჰქონდა. იქიდანვე ვიგებთ, რომ სულთანმა ბაიაზიდის დასაშინებლად და მისთვის დახმარების გაწევის მოსასპობად, ჯარი მზადყოფნაში მოიყვანა და საქართველოზე გალაშქრება ბრძანა1.
1559 წ. 1 მარტს კონსტანტინოპოლიდან ვენაში გაგზავნილ მოხსენებაში ნათქვამია ბაიაზიდსა და ქართველებს შორის ურთიერთობაზე. სულთანს უფლისწულ ბაიაზიდზე თავდასხმა გაუნაზრახავს, მაგრამ ხმა გაუვრცელებიათ, რომ ქართველებზე სალაშქროდ მიდისო2. ამგვარი ხმების გავრცელება უსაფუძვლო არ იყო და დაიჯერებდნენ კიდეც, რადგან ყველამ იცოდა, რომ ბაიაზიდის დასახმარებლად მიდიოდნენ ქართველებისა და ქურთების რაზმები, რომლებიც სურსათ-სანოვაგითაც ამარაგებდნენ ტახტის პრეტენდენტის ჯარს3.
ვიდრე ბაიაზიდი ძალებს მოიკრებდა, მას უფლისწული სელიმი უზარმაზარი ჯარით თავს დაესხა და დაამარცხა. ბაიაზიდმა აღმოსავლეთისაკენ, ყიზილბაშთა სახელმწიფოს საზღვრებისაკენ დაიხია4. იგი ბასიანში მივიდა და შაჰს მოციქული გაუგზავნა, რომელმაც განაცხადა: „სულთან-ბაიაზიდი ბასიანს მოვიდა და გამომგზავნა იმის გასაგებად, შაჰთან რომ მივიდე შემინახავს თუ არაო“5. შაჰმა ეს მომენტი სულთანზე პოლიტიკური ზეწოლის კარგ საშუალებად ჩათვალა. შაჰ თამაზის ამგვარი განზრახვის შესახებ სულთნის კარს აცნობა „ერთმა ქართველმა ბატონმა, სულთნის მეგობარმა“, რომელსაც მიუ წერია, რომ შაჰმა ბაი აზიდი მხოლოდ მზაკვრული მიზნით შეიფარაო6.
1. Ibidem, p. 105.
2. Ibidem, p. 105.
3. Ibidem, p. 106.
4. Шараф-хан Шамсаддин Бидлиси, с. 204.
5. შაჰ თამაზის საუბარი ოსმალეთის ელჩებთან. სპარსული ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, თარგმნა, შენიშვნები და წინასიტყვაობა დაურთო კ. ტაბატაძემ, თბ., 1976, გვ.54.
6. Tardy L., Op. cit., p. 106.
შაჰ თამაზმა ბაიაზიდს ყაზვინში მისვლის ნება მისცა. იგი დიდი ზეიმითა და საჩუქრებით მიიღეს. მალე დევნილი უფლისწული და მისი მხლებლები მიხვდნენ, რომ შაჰს მხოლოდ თავისი ინტერესები ჰქონდა და ხელსაყრელ მომენტში „სტუმრებს“ სულთან სულეიმანს გადასცემდა. მათ განიზრახეს შაჰზე თავდასხმა მოეწყოთ და ბაღდადში, შირვანში ან საქართ ველოში გაქცეულიყვნენ1. მაგრამ შეთქმულება გამჟღავნდა და ყველა, დაახლოებით 10 ათასი კაცი შეიპყრეს, მათი ნაწილი გაწყვიტეს, ნაწილი შეიწყალეს და შაჰის სამსახურში შეიყვანეს, ხოლო ბაიაზიდი და მისი ოთხი ვაჟი დაატუსაღეს.
1560 წ. შაჰ თამაზს სულთნის მოციქულები ეხლნენ, რომლებმაც დიდძალი საჩუქრების სანაცვლოდ ბაიაზიდი და მისი შვილები მოითხოვეს. შაჰი ამაზე არ დასთანხმდა. მან უფლისწული ჰეიდარისათვის საგამგებლოდ ბაღდადის გადა ცემა მოითხოვა. სულთანი ამ მოთხოვნას არ დასთანხმდა. შაჰს არ სურდა ოსმალეთთან ურთიერთობა გაერთულებინა და 30 ათასი ერაყული თუმნის ღირებულების საჩუქრების სანაცვლოდ ოსმალეთიდან ჩამოსულ ჯალათებს უფლისწული ბაიაზიდი და მისი ვაჟები გადასცა2. 1562 წლის 21 სექტემბერს ისინი ყაზვინში სიკვდილით დასაჯეს.
1. შაჰ თამაზის საუბარი ოსმალეთის ელჩებთან, გვ. 205.
2. Шараф-хан Шамсаддин Бидлиси, с. 206-208.
მოღწეული ცნობები უფლებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ქართველები ბაიაზიდთან იყვნენ შაჰის საწინააღმდეგო შეთქმულებაში. შარაფ-ხან ბიდლისის მიხედვით, ბაიაზიდი ხომ საქართველოში აპირებდა გაქცევას. კიდევ უფრო საყურადღებოა 1561 წლის 4 ნოემბრის მოხსენება, რომელიც ვანიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობითაა დაწერილი, საიდანაც ვიგებთ, რომ შაჰმა დიდ ჯარს მოუყარა თავი და განზრახული ჰქონდა საქართველოში (ალ ბათ, ქართლში) შეჭრა, რადგან ქართველებმა ბაიაზიდს მხარი დაუჭირეს1.
სვიმონ I და მისი თანამებრძოლები მოსვენებას არ აძლევდნენ ყიზილბაშებს არც ქართლში და არც მის გარეთ. როგორც თანამედროვე ევროპული წყაროებიდან ჩანს, ქართლის სამეფოს ბრძოლას გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა მაშინდელი ახლო აღმოსავლეთის დიდ პოლიტიკაში.
სვიმონ მეფის მთავარი ამოცანა იყო განთავისუფლება თბილისისა, სადაც ყიზილბაშთა გარნიზონი იდგა. მაგრამ ამ მიზნის განხორციელება სხვა ქართული სამეფო-სამთავროების დახმარების გარეშე შეუძლებელი იყო. ქართლის სამეფოს მდგომარეობა გაუმჯობესდა 1559 წელს, როცა სვიმონ I კახთა მეფე ლევანის ასულზე დაქორწინდა. ეს ფაქტი მიანიშნებდა აღმოსავლეთ საქართველოში ორი ქართული სამეფოს ანტიირანული კოალიციის შექმნაზე.
სვიმონ I იარაღით ხელში ებრძოდა ყიზილბაშებს, მეფე ლევანი კი, ოფიციალურად შაჰის ვასალად ითვლებოდა. ალბათ კახეთის მეფე ლევანს გულისხმობდა რომის პაპისა და ვენეციის რესპუბლიკის ელჩი შაჰ თამაზის კარზე, ვინჩენცო დელი ალესანდრი, როცა ამბობდა, რომ შაჰზე „დამოკიდებულია ერთი ქრისტიანი მეფე, ქართველების ბატონი, მას ყოველწლიურად უხდის ოციათას დუკატს. მისი სახელმწიფო კასპიის ზღვის მახლობლადაა. ეს მეფე ოსმალეთთან ომის შემთხვევავში შაჰს უნდა ემსახუროს ათი ათასი ახალგაზრდა და მამაცი ცხენოსნით“2.
როგორ მძიმე ტვირთად აწვა კახეთის სამეფოს სეფიანთა სახელმწიფოსადმი მორჩილება, კარგად ჩანს ისქანდერ მუნშის თხზულებიდან3. მართალია, ისქანდერი XVI ს. 80-იანი წლების დასაწყისისათვის არსებულ მდგომარეობაზე ლაპარაკობს, მაგრამ მაშინ კახეთის ყიზილბაშებისადმი დამოკიდებულებაში იმავე საუკუნის 50-იანი წლებიდან ბევრი არაფერი შეიცვლებოდა.
1. Charrière, II, Op. cit., p. 679.
2. Alberi, II, Op. cit., p. 126.
3. ისქანდერ მუნში, გვ. 37.
მეფე ლევანს შაჰისადმი უკმაყოფილების საფუძველი ჰქონდა. გარდა ზემოაღნისნული მძიმე გადასახადისა და ვალდებულებისა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას აქვეითებდა, შაჰ თამაზი თავისი პოლიტიკური ზეგავლენითაც აშფოთებდა კახეთის სამეფო კარს. აი, როგორაა ჩამოყალიბე ბული სულთნის მიერ ლევან I-სათვის გაგზავნილ საპასუხო წერილში (1564 წ.) კახეთის მეფის შაჰისადმი წაყენებული ბრალდებები: „შევიტყვეთ, რომ შენი შვილებიდან ერთ-ერთი ღვიძლი შვილი, მოუკლავს უდანაშაულოდ1, ხოლო მეორე ვაჟი, სახე ლად იესე, რომელმაც ისლამი მიიღო, დაპატიმრებულია2 და ძველი დროიდან მომდინარე ჩვეულებისა და აზრის საწინააღმდეგოდ შემოღებული გადასახადების გადახდის ღონე დაჰკარგეთ, ხოლო ტანჯვის მოთმენა აუტანელი გახდა. ამბობ, რომ მათი განზრახვაა საქართველოს მოსპობა, შემდეგ კი ისლამის ქვეყნებში შეჭრა და თავდასხმა, რის გამოც სამყაროს ღირსებამოსილი ჩვენი ზღურბლისაგან დახმარებას და შემწეობას ითხოვთ“3.
1. 1554 წ. ოსმალების აზერბაიჯანში შეჭრისას ლევან მეფის ერთი ვაჟი, რომელიც შაჰს ახლდა, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა (შაჰ თამაზის საუბარი ოსმალეთის ელჩებთან, გვ. 50). კახთა მეფეს, ალბათ საფუძველი ჰქონდა, რომ თავისი შვილი შაჰ თამაზის მიერ „უდანაშაულოდ მოკლულად“ ჩაეთვალა.
2. ლევან მეფემ, ქართლში ყიზილბაშების უკანასკნელი შემოსევის დროს (1556 წ.) შაჰს დახმარება არ გაუწია და შიშობდა, რომ შაჰი ამის გამო შურს იძიებდა. შურისძიების თავიდან ასაცილებლად მან, 1558 წელს, თავისი ვაჟი იესე დიდი საჩუქრებით ყაზვინს გაგზავნა (ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 575). იგი შაჰმა გაამაჰმადიანა 1559 წელს და ლევან მეფის ტახტის მოცილედ ამზადებდა. მაგრამ იესემ შაჰს იმედი ვერ გაუმართლა. მან 1562 წელს ისლამი უარყო და გაქცევა სცადა, მაგრამ შეიპყრეს და იმავე წლის 23 დეკემბერს ალამუტის ციხეში ჩასვეს (ჰასან რუმლუ, გვ. 35).
3. ჩოჩიევი ვ., კახეთის სამეფოს საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან XVI ს. 60-იან წლებში, გვ. 257-258.
სულთნის წერილში გადმოცემულს ისიც უნდა დავუმატოთ, რომ კახეთის სამეფომ XVI ს. 60-იან წლებში შაჰის „წყალობით“ ტერიტორიული დანაკლისიც განიცადა. ყიზილბაშებმა კახეთის სამეფოს ჩამოაცილეს მდ. სამურის ზემო წელზე წახურის ქრისტიანული ქვეყანა, რომლის მფლობელი შაჰის მფარველობის ქვეშ გამოცხადდა. შაჰ თამაზმა კარგად იცოდა თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კახეთისათვის დასახელებულ ოლქს. ალბათ, ამიტომ აფრთხილებდა შაჰი 1562 წელს კახეთის მეფეს, რომ წახურის ბატონი არავინ შეაწუხოსო1.
ამგვარად, ზემოაღნიშნულ მიზეზთა გამო, კახეთის სამეფოც ისევე უკმაყოფილო იყო ირანისა, როგორც ქართლის სამეფო. ამ ორი ქართული სამეფოს ერთმანეთთან დაკავშირება განპირობებული იყო გართულებული სა გარეო ვითარებით. ივ. ჯავახიშვილმა ლევან I-სა და სვიმონ I-ის დამოყვრება დადებითად შეაფასა: „კახთ ბატონის ლეონ მეფის სიძობამ სვიმონ მეფეს საშუალება მისცა, არამც თუ მტრის შემოსევისაგან კახეთის მხრით უზრუნველყო ფილიყო, არამედ თავისი განზრახვის (თბილისის განთვისუფლება – ე.მ.) განსახორციელებლად მეშველი ჯარიც მიეღო“2. სვიმონ მეფე დიდი ომისათვის ემზადებოდა. ისქანდერ მუნშისა და ჰასან რუმლუს გადმოცემით, მეფეს მრავალი დამხმარე რაზმი მიუვიდა3.
კახთა მეფემ, მისთვის ჩვეული სიფრთხილით, პირადად კი არ მიიღო მონაწილეობა ყიზილბაშთა წინააღმდეგ ქართლის ომში, არამედ თავისი უფროსი ვაჟი გიორგი გაგზავნა კახელთა რაზმით. ამით მას საშუალება ექნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, შაჰთან თავი ემართლებინა. ნიშნდობლივია, რომ ისქანდერ მუნშის ვერ გაურკვევია გიორგი „მამის ნებართვით თუ თვითნებურად“ მივიდა მეფის დასახმარებლად4.
როგორც ისქანდერ მუნში წერდა სვიმონი „მამისწესისამებრ, ურჩობისა და წინააღმდეგობის გზას დაადგა და ცხრაას სამოცდა რვა (1560/1561) წელს თბილისის დასაპყრობად თავისი სამყოფელი ადგილიდან (გორიდან) დაიძრა5. მაგრამ ქართველთა ბრძოლა თბილისის განთავისუფლებისათვის მარცხით დამთავრდა. 1561 წ. 6 აპრილს მუხათგვერდთან მრავალ ქართველთან ერთად დაიღუპა გიორგი უფლისწულიც. განცდილ მარცხს ისიც დაემატა, რომ სვიმონ მეფეს თავისი ძმა დავითი (შემდგომში დაუთ-ხანი) განუდგა და ქართლის ტახტის დაპყრობა ისურვა. იგი 1562 წელს ყაზვინში ჩავიდა, გამაჰმადიანდა და შაჰ თამაზის „შვილის“ წოდებულება მიიღო. ისქანდერ მუნშის მიხედვით, „სამოთხეში დამკვიდრებულმა შაჰმა (შაჰ თამაზი - ე.მ.) მას (დაუთ-ხანს - ე.მ.) მიუალერსა, წვრთნა, შვილობის წოდების პატივით გამოარჩია და თბილისის ველაიეთი და ის ადგილები, რომლებიც მაღალი დივანის მფლობელობაში იყო, მას უწყალობეს. და თუმცა ერთხანს სასახლის ერთი ამირი თბილისის ციხის ქუთვალი და დაუთ-ხანის ლალა და სახელმწიფო საქმეების გამგე იყო“6.
1. დუმბაძე მ., აღმოსავლეთ კახეთის (საინგილო) ისტორიიდან, თბ., 1953 , გვ. 8.
2. ჯავახიშვილი ივ., დასახ. ნაშრ., გვ. 257.
3. ისქანდერ მუნში, გვ. 23; ჰასან რუმლუ, გვ. 36.
4. ისქანდერ მუნში, გვ. 23.
5. იქვე
6. იქვე
ძველმა ქართველმა ისტორიკოსებმა მკაცრი შეფასება მისცეს დაუთ-ხანის ღალატს: „და რა იხილა ძმამან მეფის სვიმონისამან დავით საქმე ესე (მარცხი მეფისა - ე.მ.) ... და ამან განსცა ძმა და ქვეყანა თვისი და წარვიდა ყაენთან, და მივიდა შაჰ-თამასთან ყაზმინს, და გაჰყვნეს რამდენიმე თავადნი, აზნაურნი და მსახურნი, გათათრდა და უწოდეს დაუთხან. და იქ დიდად პატივსცა შაჰ თამაზ და უწოდა ძმად თვისად და ასწავლა რჯული მაჰმადისა, და გაგზავნა თფილისსა და რაოდენი ადგილი ეპყრა საქართველოსანი, და მოუმცნო სულთანსა განძისასა შემწეობა მისი, და მოვიდა დაუთხან ტფილისსა, და დაიპყრა ტფილისი“1.
1. ქართლის ცხოვრება, II , გვ. 367.
დაუთ-ხანის მოქმედება და მისი შედეგები, უფრო ვრცლად და ისქანდერ მუნშის ნათქვამთან უფრო მიახლოებული, მოცემულია ახალი ქართლის ცხოვრების მესამე ტექსტში: „ხოლო იყო ურწმესი ძმა მეფისა სვიმონისი, სახელით დავით, და შემოსწყრა ძმასა თვისსა სვიმონს, და წავიდა შაჰ თამაზ ყაენის კარსა, ყაენი ყაზმინს იყო... დიდად პატივ-ცეს და შვილობის რაყამი უბოძეს... და ცოტა ხანს უკან ჰგმო ღმერთი და გათათრდა, და უწოდეს სახელად დაუთხან... და ქალაქისა და სომხით-საბარათიანოს მეფობა მისცეს, და რაყამში შვილობით ჩაწერეს, და მესტუმრე თან გაატანეს, და დიდის პატივითა და მორჭმით გაისტუმრეს. და წელიწადში თვითოს ნაპირის ხანს მეფის დავითის მცველად თავისის ლაშქრით მოუყენებდნენ ქალაქის ციხეში“1.
ფარსადან გორგიჯანიძე რამდენიმე დამატებით ცნობას გვაწვდის, როგორც დავითის ისე მისი თანმხლებებისადმი შაჰის კარზე მოპყრობის შესახებ: ყაენი ყაზვინს იყო როცა ბატონიშვილი დავითის მოსვლა მოახსენეს. ამ ამბავმა ყაენი დიდად გაახარა და კარის დიდებულები მიაგება. დავითის ამალაში ბარათაშვილები ჭარბობდნენ. „ვითამზ [დავითი] მეფის სვიმონისაგან შემამწყრალი იყო, ამისთვის უფრო დიდი პატივნი დასდვეს და შვილობის რაყამი უბოძეს. მეჯლისშიგან ყაენმან ახლოს მოისვა და ვითაც ხემწიფეს ქვეშ მოუფინეს და სასთაული დაუდვეს და მისი თავადნი მეჯლისშიგ მსხდომთ ალაგ ალაგ შვა და შვა ჩაუსხეს. ცოტას ხანს უკან დაათათრეს და სახემწიფო იარაღი ყოვლია რისიმეთგან უბოძეს სამეფოს და მისს თავადებთა და აზნაურთა ცხენი, იარაღი, ხალათი და სახარჯო უბოძეს, ბატონყმიანათ რაც მიეცათ ცხრა ათასის თუმნისა ყოფილიყო. ქალაქი [თბილისი] და სომხით საბარათიანოს მეფობაც მისცეს და რაყამში შვილობა ჩაუწერეს და მესტუმრე გაატანეს და დიდის მორჭმითა და პატივით გაისტუმრეს“2.
საინტერესოა, რომ ისქანდერ მუნშის მიხედვით, შაჰმა დავითი „შვილობის წოდების პატივით გამოარჩია“. „შვილის“ წოდების მინიჭება ნიშნავდა, რომ დავითი შაჰის მოხელე გახდა „ხანის“ (დაუთ-ხანი) სახელწოდებით, ე.ი. დავითი შაჰის მოხელე და არა ქართლის მეფე გახდა. ქართულ წყაროებში, კერძოდ, ქართლის ცხოვრების პირველ ტექსტში სწერია, რომ შაჰ თამაზმა დავითს თავისი ძმა უწოდა. ამასვე აღნიშნავს ისქანდერ მუნში3, რომლის ცნობასაც უნდა ემყარებოდეს ბერი ეგნატაშვილი. თავისი შინაარესით „ძმობა“ „შვილობისაგან“ მნიშვნელოვნად განსხვავდება სამოხელეო აპარატის იერარქიაში. „ძმობა“ „შვილობაზე“ მაღლა იდგა. ჩვენს ისტორიოგრაფიაში კარგად შესწავლილია სვიმონ I-სა და დაუთ-ხანის ერთმანეთთან ბრძოლა. სვიმონი არ სცნობდა შაჰის მარიონეტის უფლებას ქვემო ქართლსა და თბილისზე და ყიზილბაშებს ებრძოდა ყველგან. დაუთ-ხანის ყიზილბაშებთან მიმხრობა არც სულთნის კარისათვის იყო მისაღები. დაუთ-ხანის გამარჯვების შემთხვევაში შაჰის პოზიციები აღმოსავლეთ საქართველოში განმტკიცდებოდა. სულთანი შაჰის „კუთვნილი“ საქართველოს საქმეებში აქტიურად არ ერეოდა, მაგრამ, როგორც წყაროებიდან იკვეთება, სულთნის აგენტურა ყველაფერს აკეთებდა, რათა ქართლის მეფეს ყიზილბაშებისა და მათი მომხრე თავადების წინააღმდეგ ბრძოლა არ შეენელებინა. 1562 წლის 5 ნოემბერს კონსტანტინოპოლში მივიდა შაჰ თამაზის ელჩი, რომელიც სულთანმა 9 ნოემბერს მიიღო. ელჩის ვიზიტის ოფიციალური მიზანი ყაზვინში დასჯილი უფლისწულ ბაიაზიდის პირადი ნივთებისა და იარაღის სულთნისათვის გადაცემა იყო. იმავე დროს, ელჩს სამდურავი უნდა ეთქვა, რადგან მისი წაქეზებით ქართველები თავს დაესხნენ შაჰის ქვეშევრდომებს და ბრძოლის დროს დიდი ზარალი მიაყენეს4.
1. იქვე, გვ. 512. იხ, აგრეთვე, ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 407.
2. ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია. ს. კაკაბაძის გამოცემა. „საისტორიო მოამბე“, ნაკვ. II, 1925, გვ 218. ჰასან რუმლუს ცნობნებზე დაყრდნობით დადგენილია, რომ დავითი ყაზვინში მივიდა 1561 წლის 25 დეკემბერს, თბილისში დაბრუნდა 1562 წლის 30 აგვისტომდე. ჰასან რუმლუ, გვ. 64, შენ. 92.
3. ისქანდერ მუნში, გვ. 28.
4. Tardy L., Op. cit., p. 106.
ასეთივე უკმაყოფილება გამოსთქვა ყიზილბაშთა ახალმა ელჩობამ ქართველების მოქმედების გამო 1563 წლის აპრილშიც. წერილის მიხედვით, „ბაბილონის [ბაღდადის] სანჯაყმა იჩივლა ქართველებისა და თურქმანების მიერ სპარსელებისადმი ჩადენილი უსამართლობის შესახებ და იმ ზარალის ანაზღაურება მოითხოვა, რომელიც მათ სპარსეთის სამეფოს მიაყენეს“ (Ibidem).
ამავე პერიოდში ქართველი პოლიტიკოსები კვლავ შეეცადნენ ურთიერთობა დაემყარებინათ მოსკოვის სახელმწიფოსთან და ამ საქმეში, სავარაუდოა აქტიურად ჩაება სვიმონ მეფეც. მათ მოსკოვთან დაკავშირება მოინდომეს ინგლისის „მოსკოვის კომპანიის“ აგენტის ენტონი ჯენკინსონის საშუალებით. საქართველოსთან ურთიერთობის დამყარების ინიციატივა ჯენკინსონისგან წამოვიდა, რასაც ბიძგი მისცა შემდგომმა გარემოებამ. ჯენკინსონის ყაზვინში ყოფნის დროს შაჰის კარზე იმყოფებოდა ქართველი უფლისწული, რომლის სახელს ინგლისელი ნეგოციანტი არ გვამცნობს. მასთან გაცნობის შემდეგ ჯენკინსონი საქართველოსთან კავშირის დამყარებით დაინტერესდა. იგი არც იმას აღნიშნავს, ქართველი უფლისწული რომელი სამეფოდან იყო. მკვლევართა ერთ ნაწილს იგი სვიმონ I-ის ძმა დავითი ჰგონია, მე კი უეჭველად მიმაჩნია, რომ იგი ალექსანდერე II კახთა მეფის ვაჟი იესე იყო. ამ ისტორიულ პიროვნებაზე შეიძლება უფრო ვრცლად ითქვას.
* * *
ივ. ჯავახიშვილმა 1548 წლის მცხეთის სიგელზე დაყრდნობით დაადგინა, რომ, კახთა მეფეს და მამია გურილის ასულს თინათინს ყოლიათ (ჩამოთვლილია უფროს-უმცროსობის მიხედვით): გიორგი, იესე, ალექსანდრე, ელიმირზა1. გიორგის ციხედიდთან ბრძოლაში (1561 წ.) დაღუპვის შემდეგ, იესე, ლევანის შვილებს შორის „უხუცესად“ შეიქმნა.
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, იესე შაჰს პირველად მამასთან ერთად შირვანში ეწვია. შაჰმა ლევან მეფე მალე უკან გაისტუმრა, იესე კი სამცხეს წაიყ ვანა. სამცხის დალაშქვრის შემდეგ, შაჰმა „წარმოუვლინა იესეც ლევანს ნიჭითა“2. ლევან მეფის და იესეს შაჰთან სტუმრობა უნდა მომხდარიყო 1554 წელს3.
1. ჯავახიშვილი ივ., დასახ. ნაშრ., გვ. 231. ლევან მეფის სახლობის შესახებ დაწვრ. იხ. იქვე, გვ. 226-235. ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით, ლევანის პირველი ვაჟი იყო ალექსანდრე (შემდეგში კახთა მეფე ალექსანდრე II ). მეფისა და დედოფალ თინათინის გაყრის შემდეგ ძმები დედასთან იზრდებოდნენ. ქართლის ცხოვრება, IV, გვ, 570, 572.
2. იქვე, გვ. 575.
3 ტაბატაძე კ., დასახ. ნაშრ., გვ. 172.
ქართლში ყიზილბაშების უკანასკნელი შემოსევის დროს (1556 წ.) ლევან კახთა მეფე შაჰს არ დაეხმარა და შიშობდა, რომ შაჰი ამის გამო შურს იძიებდა. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ლევან მეფემ „წარავლინა ძე თვისი იესე წინაშე ყეენისა ძღვნითა და ტყვითა ქალ-ყრმითა და აუწყა თვისი არა რისა შეცოდება“. ლევან მეფემ იესე ყაზვინს გაგზავნა 1558 წელს1. სპარსელი ისტორიკოსის ჰასან რუმლუს მიხედვით, შაჰ თამაზმა იესე გაამაჰმადიანა 1559 წელს: „ამავე წელს ისა-ხანი, საქართველოს მმართველის ლევანის შვილი, ისლამის მიღებით გაბედნიერდა და ქვეყნის საფარველმა შაჰმა მას წყალობის თვალით დაუწყო ცქერა“2. ყაზი აჰმედ ღაფარის და ბუდა ყაზვინის ცნობით, იესეს ისლამი მიუღია 1560 წელს.3 შარაფ-ხან ბიდლისი უფრო კონკრეტულია და ამბობს, რომ გამუსლიმანების შემდეგ შაჰის დივანმა საგამგებლოდ გადასცა შაქის ვილაიეთი და მას ეწოდა ისა-ხანი4.
XVI ს. სხვა სპარსელი ისტორიკოსის ბუდა ყაზვინის ცნობით, იესე მამას გადაუდგა, შაჰის კარზე მივიდა და ისლამი მიიღო, რაც ასევე 1560 წელს მომხდარა5.
ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, 1561 წელს მოსალოდნელი იყო, რომ ლევან მეფეს ციხედიდის ბრძოლისა და გიორგი უფლისწულის დაღუპვის შემდეგ, იესე ყაზვინში გაეგზავნა. ლევანის მიერ გაგზავნილ მძევალსა და საჩუქრებს შაჰის გულისწყრომა უნდა დაეცხრო. ივ. ჯავახიშვილს საეჭვოდ მიაჩნდა იესეს გამუსლიმანება შაჰ თამაზის დროს6.
1. ქართლის ცხოვრება, IV, გვ, 575.
2. ჰასან რუმლუ, გვ. 35.
3. გელაშვილი ნ., დასახ. ნაშრ., გვ. 102-103.
4. Шараф-хан Бидлиси, с. 205.
5. ჰასან რუმლუ, გვ. 64, შენ. 88.
6. ჯავახიშვილი ივ., დასახ. ნაშრ., 233.
ციხედიდის ბრძოლაში ყიზილბაშების ტყვეობაში ჩავარდა მსხვილი თავადი ზაზა-ბეგი („საქართველოს ერთი პატივცემულ ამირათაგანი“), რამდენიმე აზნაურთან ერთად და შაჰის კარზე გაგზავნეს (ჰასან რუმლუ, გვ. 36). ბრძოლაში დატყვევებულ ქართველ დიდებულს ისქანდერ მუნშიმ ჯაჯანა-ბეგად მოიხსენიებს (ისქანდერ მუნში, გვ 23 ). ეჭვს გარეშეა, რომ ჯაჯანა-ბეგი იგივე ზაზა-ბეგია. ვ. ფუთურიძის ვარაუდით, ეს უნდა იყოს სახლთუხუცესი ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი (იქვე, გვ. 151, შენ. 34.).
შაჰი ცდილობდა ლევან მეფისათვის ტახტის მოცილე შეემზადებინა და იესეს დიდ პატივში ამყოფებდა. დონ ხუან დე პერსიას მიხედვით, შაჰ თამაზმა გადაწყვიტა ალექსანდრეს ნაცვლად კახეთის ტახტზე აეყვანა ალექსანდრეს ძმა, გამუსლიმანებული იესე, „მაგრამ ეს აქტი სპარსეთის მეფის მხრიდან თავიდანვე განწირული გამოდგა“1. ჰასან რუმლუს მიხედვით, იესე სახელმწიფოს ყველა ამირასა და დიდებულთა შორის უწარჩინებულესი გახდა. ყოველწლიურ სახარჯოდ 6 ათასი თუმანი, სამართავად ოლქი და სხვა მრავალი წყალობა დაუმტკიცეს. შარაფ-ხან ბიდლისი უფრო ვრცლად გადმოგვცემს იესეს აღზევებასა და შაჰის მიმართ გამოჩენილ მის „უმადურებაზე“. მისი თქმით, ეშმაკისაგან ცდუნებულმა, ქართველი აზნაურების შთაგონებით, იესემ განიზრახა ყაზვინიდან საქართველოში გაქცეულიყო, მაშინ, როცა ის განდიდდა ყიზილბაშ ამირებსა და დიდებულებზე მეტად მეჯლისსა და საკრებულოებში, როცა ხელმ წიფე მას შვილობით მოიხსენიებდა, როცა ის ჩარიცხეს დიდ შახზადეებში, ყოველწლიურად შაქის ოლქიდან, სხვა ადგილებიდან და სახელმწიფო ხაზინიდან ფულისა და ნატურის სახით იღებდა 7 ათას თუმანს. მაგრამ იესემ შაჰს ვერ გაუ მართლა. მისი განზრახვის შესახებ შაჰის კარს აცნობა მისმა ახლო მეგო ბარმა ალაჰ-თაყ ჩერქეზმა2. ჰასან რუმლუს თქმითაც, „ზოგიერთი მატყუარა და ურწმუნო შფოთის ამტეხის მიერ მოტყუებულმა და შეცდომაში შეყვანილმა, მან მოულოდნელად უარყო ისლამის რჯული და გაქცევა დააპირა“3.
1. Relaciones Don Juan de Persia. Dirigidas a la Magestad Catholica de Don Philippe III. Rey de las Espaňas, y seňor nuestro. Divididas en tres libros, donde se tratan las cosas notables de persia, la genealogia de sus Reys, guerras de persianos, Turcas, y Tartaros, y las que vido en el viaje qve hizo àEspaňy su conuersion, y la otros dos Cavalleros Per sianos. Aňo 1604. Con privilegio. En Valladolid por Juan de Bestillo: en la calle de Samano, p. 68 r. ულუღ ბეგ ბაიათი, სპარსელი დიდებული, შაჰ აბასმა 1599 წელს დანიშნა ესპანეთში გაგზავნილი ელჩობის მდივნად. მან ქრისტიანობა მიიღო, დაირქვა დონ ხუან დე პერსია (მისი ნათლია იყო დედოფალი მარგარიტა ავსტრიელი) და ესპანეთში დარჩა. დონ ხუანის დღიურების საფუძველზე დაიწერა მისი „რელაციონი“, რომელშიც საყურადღებო ცნობებია საქართველოზეც.
2. Шараф-хан Бидлиси, с. 208-209.
3. ჰასან რუმლუ, გვ. 37.
იესე უფლისწულის ასეთი მოქმედება უარყოფს ბუდაყ’ ყაზვინის ნათქვამს, თითქოს იესე ნებაყოფლობით მივიდა შაჰის კარზე და თავისი სურვილით გამუსლი მანდა. იმავე დროს ისტორიკოსს იმის ჩვენებაც უნდა, რომ იესე შაჰსაც ატყუებდა: მართალია ისლამს ეზიარა, მაგრამ გულით მაინც ქრისტიანი დარჩა. ამის გამო იგი დაასმინეს. შაჰმა მისი გაჩხრეკა ბრძანა. იესეს უბეში ჯვარი და ხატი უპოვნეს, რისთვისაც შაჰის ბრძანებით ის შეიპყრეს და ალამუთის ციხეში ჩასვეს1. ის ალამუთის ციხეში ჩაუსვამთ 1562 წლის 26 დეკემბერს2.
1562 წლის 20 ნოემბერს ჯენკინსონი შაჰ თამაზთან აუდიენციის დროს გაეცნო ქართველ უფლისწულს, „რომელის ვინაობის დადგენა - როგორც ვ. გაბაშვილი ფიქრობდა - ძნელი არაა. ესაა იესე უფლისწული, ლევან კახთა მეფის ძე“3. საწინააღმდეგო მოსაზრება გამოსთქვა ჯ. სტეფნაძემ. მისი აზრით, უფლისწული იესე შაჰ თამაზთან ჯენკინსონის აუდიენციას 1562 წლის 20 ნოემბერს ვერ დაესწრებოდა, რადგან იესე 1562 წელს ალამუთის ციხეში დაამწყვდიეს4. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, ჯ. სტეფნაძე ცდილობს დაამტკიცოს, რომ შაჰისა და ჯენკინსონის შეხვედრას სვიმონ I -ის ძმა დავითი (შემდგომში ქართლის გამგებელი დაუთხანი) უნდა დასწრებოდა5. ასე ფიქრობს ი. ტაბაღუაც.
საკითხის დავით XI-ის სასარგებლოდ გადასაწყვეტად ეს არგუმენტი, იესე რომ მაშინ ალამუთის ციხეში იყო გამომწყვდეული, ვერ გამოდგება. საკითხავია, იესე 20 ნოემბრამდე (შაჰ თამაზისა და ჯენკინსონის შეხვედრის დღე) დააპატიმრეს თუ მის შემდეგ? ჩემი აზრით, გათვალისწინებული უნდა იქნეს ჰასან რუმლუს ერთი ცნობა, რომელიდანაც ვიგებთ: „ამ წელს (1561/62), რაბი ოს-სანის თვის ჩვიდმეტს დავით-ბეგი (ქართლის მეფე – ე.მ.) ლუარსაბის შვილი, რამდენიმე აზნაურით საქართველოდან ყაზვინს მოვიდა [და] მუსლიმანი გახდა. რჯულის საფარველმა შაჰმა თბილისის გამგებლობა მას უწყალობა“6. ჰასან რუმლუს ამ ცნობაზე დაყრდნობით რ. კიკნაძემ გამოიკვლია, რომ დავითი 1561 წლის 25 დეკემბერს მივიდა ყაზვინს და თბილისში დაბრუნდა 1562 წლის 30 აგვისტოს7. ამგვარად დავითი, რომელიც 30 აგვისტოს თბილისში იყო, 20 ნოემბერს შაჰის სასახლეში ვერ იქნებოდა. იესე კი დაპატიმრებმდე (26 დეკემბერი) სასახლეში იყო და ქართველ უფლისწულთაგან მხოლოდ მას შეეძლო ჯენკინსონს შეხვედროდა. სწორედ იესეს უნდა ეცნობებინა საქართველოში ჯენკისონის და მისი კომპანიის ინტერესებისა და მისი მოგზაურობის მიმართულების შესახებ8.
1. შაჰ თამაზის საუბარი ოსმალეთის ელჩთან, გვ 85.
2. ჰასან რუმლუ, გვ. 37.
3. გაბაშვილი ვ., ქართული დიპლომატიის ისტორიიდან (საქართველო და ანტიოსმალური კოალიციები XV-XVII სს.). „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათღვის“, ნაკვ. 31, თბ. 1964 , გვ. 71.
4. სტეფნაძე ჯ., ანტონ ჯენკინსონის მიერ მოხსენიებული ქართველი უფლისწულის ვინაობისათვის. „საქართველოს, კავკასიის და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები“, თბ., 1968 , გვ. 207.
5. იქვე, გვ. 211.
6. ჰასან რუმლუ, გვ. 37.
7. იქვე, გვ. 64-65, შენ. 92-93.
8. ამ ბოლო დროს გამოქვეყნდა ლ. ურუშაძის სტატია, რომელშიც „ქართველ უფლისწულში“ კვლავ დავით ლუარსაბის ძეა დანახული. უნდა აღინიშნოს, რომ მკვლევარი არ გასცნობია ზემოთ დასახელებულ არც ერთ წყაროს და გამოკვლევას და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ის პირველი დაინტერესდა ჯენკინსონის ცნობით. იხ. ურუშაძე ლ., ენტონი ჯენკინსონის „სპარსეთში მოგზაურობის“ ცნობები საქართველოს შესახებ. „ქართული წყაროთმცოდნეობა“, XI, თბ., 2006 , გვ. 155-157.
დავუბრუნდეთ იესეს დაპატიმრების საკითხს. საინტერესოა შაჰის კარზე აღზევებული იესე რატომ ცდილობდა სამშობლოში დაბრუნებას და ის კვლავ, მართალია ფარულად, მაინც ქრისტიანად რჩებოდა, რა თქმა უნდა, ასეთ რამეს თუ მართლა ჰქონდა ადგილი? იესეს ამგვარი მოქმედების ახსნა სცადა ზოგიერთმამ მკვლევარმა.
კ. ტაბატაძის აზრით, იესემ სამშობლოში გაქცევა მას შემდეგ განიზრახა, როცა შეიტყო, რომ ყიზილბაშებთან ბრძოლაში დაიღუპა მისი ძმა გიორგი. მას შაჰის შურისძიებისა შეეშინდა და ყაზვინიდან გაქცევა სცადა (დასახ. ნაშრ., გვ. 171).
ნ. გელაშვილი იზიარებს კ. ტაბატაძის მოსაზრებას და თავის მხრივ დამატებით ვარაუდობს, რომ შეიძლება მას სურდა „საქართველოში თავის მოძმეთა მხარდამხარ ებრძოლა ყიზილბაშების წინააღმდეგ“1. მე კი მგონია, რომ იესეს საქართველოში გაქცევის სურვილი განპირობებული უნდა ყოფილიყო უფროსი ძმის - გიორგის დაღუპვის ამბის გაგაგებით. ამის შემდეგ ტახტის მემკვიდრე, წესით, ის უნდა ყოფილიყო. მაგრამ, სავარაუდოა, შაჰი სულ სხვაგვარად ფიქრობდა: იესე მანამდე ჰყოლოდა ირანში, ვიდრე უფრო ხელსაყრელი დრო არ იქნებოდა მისი კახეთში გასამეფებლად. ისიც სავარაუდოა, რომ ირანში, შაჰის კართან ახლოს მყოფი იესეთი ყოველთვის შეიძლებოდა კახეთის სამეფო კარზე ზემოქმედება.
იესემ თითქმის 15 წელი ტყვეობაში გაატარა. ის 1576 წელს სვიმონ I -თან ერთად გაათავისუფლა შაჰ ისმაილ II -მ და დიდი პატივიც მიაგო, რაც კარგად გა მოჩნდა ისმაილის ხელდასხმის ზეიმზე მათთვის მიჩენილი საპატიო ადგილების მიხედვით2. ისქანდერ მუნშის ცნობით, „სამოთხეში დამკვიდრებული შაჰის ძმის საამ-მირზას ასული სულთან-მოჰამედ-ხუდაბენდემ ისა-ხანს (იესე ბატონიშვილი – ე.მ.) მისცა და შაქის მმართველად განაწესა“3. ამგვარად, ხუდაბენდე ალექსანდრეს საწინააღმდეგო ტრადიციულ პოლიტიკას ატარებს. შაქში, კახეთის საზღვართან მყოფ იესეს ყოველთვის შეეძლო ალექსანდრე II-ის საწინააღმდეგო საქმიანობის გაჩაღება.
1. გელაშვილი ნ., დასახ. ნაშრ., გვ. 104-105.
2. Morley W. H., A descriptive Catalogue of the Historial Manuscripts… preserved in the library of the Royal Asiatic Society, London, 1854, #136 , p. 335; Alves P . Fr. M., Catalogo des Manuscritos de Simancas re speitantes a Histori Portuguesa. In: O Instituto, v. 82, serie 4, Coimbra, 1931 . Fr. M., Catalogo des Manuscritos de Simancas respeitantes a Histori Portuguesa. In: O Instituto, v. 82, serie 4, Coimbra, 1931“ , p. 479; Hinz W ., Schah Esmail II. Ein Beitrage zur Gescichte der Safaviden, Berlin, 1933, S. 62.
3. ისქანდერ მუნში, გვ. 28.
თომაზო მინადოი ირანსა და კახეთის სამეფოს შორის ურთიერთობის გაფუჭების უმთავრეს მიზეზად, შაჰის მიერ ალექსანდრე მეფის წინააღმდეგ იესეს გამოყენების მცდელობას მიიჩნევდა: ალექსანდრე „ოდესღაც სპარსეთის გვირგვინის ძალიან თავდადებული მსახური იყო, მაგრამ იმ დროიდან, როდესაც თამაზი არასწორი გზებით შეეცადა მისი სამფლობელოების ჩამორთმევას და მის ადგილას მისი ძმის იესეს დაყენებას, რომელიც შეუერთდა რა სპარსელებს, თამაზსა და სატანას, გაძლიერებული უსინდისობით ცდილობდა ამის მიღწევას. [ალექსანდრემ] სპარსეთის იმედზე ყოფნას თავი მიანება, გახდა ორპირი და ნეი ტრალური, გამარჯვებული იარაღისადმი დათმობა და ძლიერი სულის წინაშე მოდრეკა დაიწყო“1.
ირან-ოსმალეთის მეორე ომის დაწყებისთანავე ალექსანდრე II-მ საერთო ენა გამონახა ოსმალეთის ჯარების სარდალ ლალა მუსტაფა ფაშასთან და მას ცხენოსანთა რაზმი სთხოვა თავისი მტრის, შაქის გამგებლისათვის ანგარიშის გასასწორებლად. ოსმალო მხედართმთავარმა დააკმაყოფილა ალექსანდრეს თხოვნა და 1200 მხედარი მისცა. იესემ გაქცევით უშველა თავს2.
1. Minadoi T., Historia della guerra fra Turchi et Persiani. Descritto in qvatro libro da Gio. Tomaso Minadoi: Caminciando dall’anno MDLXXVII, nel qvale furo li primi muomenti di lei, freqvendo per tutto l’anno MDLXXXV. Alla San tita di N. S. Sisto V. Pontifi ce Ottimo Massimo. Con privilegio. In Roma. Nella Stamperia di Jacomo Tornerio, et Bernardino Donangeli. MDLXXXVII, p. 53. ჯოვანი ტომაზო მინადოი, ვენეციის საელჩოს ექიმი კონსტანტინოპოლში XVI ს. მეორე ნახევარში. მან დაგვიტოვა უძვირფას ესი ცნობები 1578-1590 წლებში სპარსეთ-ოსმალეთს შორის მიმდინარე ომისა და საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ბრძოლების შესახებ. ომის მსვლელობის დროს ის ალეპოში ცხოვ რობდა და მას თავისი პროფესია საშუალებას აძლევდა, გასცნობოდა მრავალ ისეთ პიროვნებას, მათ შორის ქართველებსაც (ერთგან ის აღნიშნავს, რომ საქართველოში მომხდარი ერთ-ერთი ამბის სისწორე „არა ერთმა, არამედ ჩემთან ახლოს მყოფმა და სამკურნალოდ მოსულმა რამდენიმე ქართველმა დამიმოწმა“. პ. 100), რომლებიც კარგად ერკვეოდნენ მიმდინარე ომის ამბებში. ტ. მინადოის ნაშრომში დიდი ადგილი დაეთმო საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას, ქართველი ხალხის ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლას.
2. Alberi E., Op. cit.,. p. 444.
1582 წელს, მოჰამედ ხუდაბენდესთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, როდესაც ქართლისა და კახეთის მეფეებმა შაჰის ყველა მოთხოვნა დააკმაყო ფილეს, „თვითონაც მოითხოვეს შაჰის მფარველობის ქვეშ მყოფი თავიანთი ძმების (ალექსანდრემ იესეს, სვიმონმა კი - დაუთ-ხანის) საქართველოში და ტოვება და პირობა დადეს, რომ „ძმებს ჩინებულად მოეპყრობოდნენ, ვერაგობას არ ჩაიდენდნენ და ორივე თავიანთი სამფლობელოებიდან თავიანთ ძმებს გარკვეულ ადგილს მიუჩენდა, რათა მოსვენებით ეცხოვრათ და არსებობა არ გაძნელებოდათ“1. შემდეგში ისქანდერ მუნში აღნიშნავს, რომ ძმების თაობაზე ნაკისრი ვალ დებულება არც სვიმონ I-მა და არც ალექსანდრე II -მ არ შეასრულეს „ორივე მათი დაღუპვის საქმეს შეუდგა და ჩქარა მათი სიკვდილის ამ ბავი მთელ ქვეყანას გააგებინეს. რაკი შესაფერისი დრო არ იყო, ამიტომ ასეთი მოქმედებისათვის ის ინი არავინ გაკიცხა“2.
იესეს (ისა-ხანი) შესახებ ამის შემდეგ არაფერია ცნობილი. ის, სავარაუდოა, მოკლული იქნა, მაგრამ ოსმალეთთან ომის პირობებში, როდესაც ირანისათვის მნიშვნელობა ჰქონდა თუ ვის მხარეს იქნებოდა კახეთის სამეფო, შაჰის კარმა ალექსანდრე მეფის მოქმედების შეფასებისაგან თავი შეიკავა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ვითარებით ისარგებლა ალექსანდრე II -მ და თავიდან მოიშორა შაჰის კარის „მუდმივი“ კანდიდატი კახეთის ტახტზე - იესე, რომელსაც მორალურად და ადათ-წესებითაც უფლება ჰქონდა პრეტენზია გამოეთქვა კახეთის ტახტზე. ის ხომ უფროსი ძმის გიორგის დაღუპვის შემდეგ უფროსი გახდა თავის ძმებს შორის. იესე, რომ დიდი ხნის განმავლობაში ტყ ვეობაში არ ყოფილიყო ტახტი მასზე გადავიდოდა. ალექსანდრეზე ზემოქმედე ბის ამ მნიშვნელოვან საშუალებას შაჰის კარი მოხერხებულად იყენებდა. ასე რომ, შეიძლება მართალი იყოს ალექსანდრეს მიერ იესეს მოკვდინება.
1. ისქანდერ მუნში, გვ. 37.
2. იქვე. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, იესე კახეთში დაბრუნდა 1580 წელს. ის ქრისტიანად გამოუშვია მოჰამედ ხუდაბენდეს, მაგრამ მცირე ხნის შემდეგ გარდაცვლილა. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 579.
* * *
დავუბრუნდეთ ენტონი ჯენკისონის ცნობების განხილვას. 1563 წლის 10-16 აპრილს ჯენკინსონი შამახიაში იმყოფებოდა, როცა მასთან მივიდა „საქართველოს მეფის“ წარმომადგენელი. „შამახიაში მეწვია საქართველოს მეფის წარმომადგენელი ერთი სომეხი, რომელმაც აღმიწერა [ქართველი] მეფის საშინელი მდგომარეობა, რომ იგი მოქცეულია ორ მრისხანე ტირანსა და ძლიერ ხელმწიფეს შორის, სულთანსა და შაჰს შორის, რომლებსაც განუწყვეტლივ ებრძვის“1.
საინტერესოა, რომელი სამეფოდან იყო სომეხი ვაჭარი. ამ საკითხით თავის დროზე დაინტერესდნენ ი. ცინცაძე და ვ. გაბაშვილი და ივარაუდეს, რომ ჯენკინ სონის მიერ დასახელებული „საქართველოს მეფე“ კახეთის მეფე ლევანი იყო2. ჯენკინსონის ცნობებს როდესაც ვუკვირდები, ვრწმუნდები, რომ „საქართველოს მეფე“ უნდა იყოს სვიმონ I3. იმ დროს მხოლოდ სვიმონი აწარმოებდა განუწყვეტელ ბრძოლებს ყიზილბაშების წინააღმდეგ, რაც არ ითქმის ლევანზე, რომელიც თანამედროვეებში ცნობილი იყო როგორც მშვიდობისმოყვარე (ძნელია მის მიერ გადახდილი ბრძოლის დასახელება 50-60-იან წლებში) და ფრთხილი დიპლომატი. ამ საკითხზე საუბრისას უნდა გავიხსენოთ ი. ცინცაძის მოსაზრება: „არ შეიძლება დავუშვათ, რომ ქართლის პოლიტიკოსებს რუსეთთან კახეთის ურთიერთობა გამოეპარათ, ისინი, უდავოდ, საქმის კურსში იყვნენ, მაგრამ უფრო ლოდინის ტაქტიკას ადგნენ. შესაძლებელია, რუსეთის ძლიერებას, როგორც თურქეთ-ირანის დამთრგუნავ ძალას, სკეპტიკურად უცქეროდნენ იმ პერიოდში. ასეთ ძალაზე დაყრდნობას არსებული მდგომარეობის გაუარესება რომ მოჰყვებოდა, მათთვის აშკარა უნდა ყოფილიყო“1.
1. Hacluyt R., Voiages. In eigth volumes, v, II. Introduction by John Masefeld, New York, 1962 , p. 24-25; Английские путешественники в Мoсковском государстве. Перевод с анг лийского Ю. В. Готье, Л., 1937, с. 211.
2. გაბაშვილი ვ., დასახ. ნაშრ., გვ. 71-72; ცინცაძე ი., დასახ. ნაშრ., გვ. 278-282;
3. ჯენკინსონის „მოგზაურობის“ რუსულ ენაზე მთარგმნელს ი. ვ. გოტიეს მიაჩნდა, რომ ჯენკინსონი „საქართველოს მეფე სოლომონს“ გულისხმობდა. თუ გოტიე ქართლის მეფე სვიმონ ვარაუდობს, მაშინ მისი მოსაზრება მისაღებია.
მოყვანილ მოსაზრებას ვერ გავიზიარებ. ქართლის პოლიტიკოსებს, როგორც უკვე გაცნობილი წყაროებიდან კარგად ჩანს, ამასიის ზავის შემდეგ არც დრო და არც საშუალება ჰქონდათ „ლოდინის ტაქტიკას“ დასდგომოდნენ. ამგვარი პოლიტიკა კახეთის სამეფოსაგან უფრო მოსალოდნელი იყო. კახეთის მეფეს, რომ ირანისადმი უკმაყოფილების მიზეზი ჰქონდა, ამის შესახებ უკვე ითქვა, მაგრამ მტრობას ჯერ ახდილად ვერ ამჟღავნებდა. ასე რომ, კახეთის პოლიტიკოსებს უფრო უნდა ეზრუნათ, რომ მოუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმით მდგომარეობა არ გაერთულებინათ, რისი შედეგი ლევან კახთა მეფეს შეეძლო იოლად წარმოედგინა. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ კახეთის მეფე არ მონაწილეობდა ამგვარ დიპლომატიურ დაზვერვაში. ჩემი აზ რით, სვიმონი და ლევანი შეთანხმებულად მოქმედებდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ისინი დამოყვრდნენ. ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ მოპოვებულ ინფორმაციას (ამ შემთხვევაში იესე ბატონიშვილის მიერ გამოგზავნილს ჯენ კინსონისა და მისი ინტერესების შესახებ). სად ჰქონდა ლევან მეფეს იმის გარანტია, რომ შაჰი ვერ გაიგებდა ქართველი მეფის მოციქულის ჯენკინსონთან დაკავშირების შესახებ? ამ ინგლისელის ცნობებიდანვე ვიცით, როგორი ეჭვით უცქეროდნენ შაჰი და აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სახანოების მბრძანებლები ევროპელი ქრისტიანების საქართველოსთან ურთიერთობას. ეს გარემოება, რა თქმა უნდა, იცოდა „საქართველოს მეფემაც“, რომელიც ბოდიშს უხდიდა ჯენკინსონს იმის გამო, რომ წერილობით და სპეციალური წარმომადგენლის ხელით არ აცნობა თავისი სურვილის შესახებ, რადგან საეჭვო იყო, რომ მის მიერ გაგზავნილი კაცი მშვიდობიანად მიაღწევდა დანიშნულების ადგილამდე. სიფრთხილის მიზნით და გართულებების თავიდან აცილებისათვის, ჯენკინ სონმაც თავისი მოსაზრებები „საქართველოს მეფეს“ ზეპირად შეუთვალა2.
1. ცინცაძე ი., დასახ. ნაშრ., გვ. 325.
2. Hacluyt R., Voiages. In eigth volumes, v, II, p. 25.
ქართველები უსაფუძვლოდ რომ არ ფრთხილობდნენ, ამაში ჯენკინსონი თვითონაც მალე დარწმუნდა, როცა „საქართველოს მეფისათვის“ საჭირო რჩევის მისაცემად საქართველოში ედუარდ კლარკი გააგზავნა. მაგრამ საქართველოს საზღვართან მისული კლარკის ქრისტიანობა როცა გაირკვა, იგი იძ ულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო1.
სავარაუდოა, რომ საქართველოში კახეთის უფლისწულის იესეს მეშვეობით დაწვრილებით ინფორმირებულნი იყვნენ ენტონი ჯენკინსონის შესახებ, რომელიც კარგად ერკვეოდა რუსეთის მდგომარეობასა და იტერესებში. ასე რომ, ქართველებმა მას შემთხვევით არ მიმართეს.
ქართველ მეფეს, უპირველეს ყოვლისა, აინტერესებდა ჯენკინსონის აზრი: შეეძლო თუ არა რუსეთის მეფეს საქართველოსათვის დახმარება გაეწია გარეშე მტრებთან ბრძოლაში და არსებობდა თუ არა ამგვარი მხარდაჭერის იმედი. თუ დახმარების იმედი არსებობდა, მაშინ რომელი გზით შეიძლებოდა ელჩის გაგზავნა მოსკოვში. ჯენკინსონმა მოციქული დაარწმუნა, რომ მოსკოვის ხელმწიფე საქართველოს აუცილებლად დაეხმარებოდა და ელჩი ჩერქეზების ქვეყანაზე გავლით გაეგზავნათ, რადგან ივანე IV მათი მეფის ასულზე დაქორწინდა2.
1. Ibidem.
2. Ibidem.
3. Смирнов Н. А., Политика России на Кавказе в XVI-XIX, М., 1958, с 13.
ჯენკინსონის ნათქვამში უზუსტობაა. 1561 წელს ივანე IV-მ ცოლად შეირთო ყაბარდოს მბრძანებლის (ჯენკინსონის თქმით, ჩერქეზეთის მეფის) ტემრიუკ იდაროვიჩის ასული კუჩენა, რომელსაც მოსკოვში მარია დაარქვეს3. ეს ქორწინება დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის აქტი იყო. ყაბარდოს მნიშვნელობა რუსეთის კავკასიურ პოლიტიკაში გაიზარდა. რა თქმა უნდა, ყაბარდოს მბრძანებელი დაინტერესებული იყო საქართველოს რუსეთთან და კავშირებით. საქართველოს რუსეთთან დაკავშირება „მოსკოვის კომპანიის“ ინტერესებშიც შედიოდა. კომპანია კახური ნედლი აბრეშუმის ბაზრის დაუფლებას ცდილობდა. აღნიშნული კომპანიის აგენტის არტურ ედუარდსის მიერ 1566 წლის 26 აპრილს შემახიიდან გაგზავნილ მოხსენებაში ნათქვამია, რომ გაზაფხულზე შემახიაში ნედლი აბრერეშუმის შოვნა მხოლოდ მცირე რაოდენობით შეიძლებოდა. „მისი შოვნა შეიძლება საქართველოში, მაგრამ მის შესასყიდად ხალხის გაგზავნა ვერ შევძელით, - სწერს ედუარდსი, - რადგან თავიდანვე დავკარგეთ დრო. როცა ჩვენ გვეყოლება წარმომადგენლები, რომლებიც შეძლებენ მთელი გაზაფხულის განმავლობაში აქ დარჩენას, მაშინ შესაძლებლობა გვექნება შევისყიდოთ პირველი ხელიდან, უშუალოდ სოფლელებისგან, რომლებსაც მოაქვთ გასაყიდი აქაც და სხვა ადგილებშიც“1.
ჯენკინსონს, თავისი კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზნად ჰქონდა უშუალოდ დაემყარებინა კავშირი საქართველოს აბრეშუმით მდიდარ რაიონებთან. მას ამის განხორციელება განზრახული ჰქონდა მაშინ, როცა ედუარდ კლარკი გაგზავნა „საქართველოს მეფის დასახმარებლად“. ჯენკინსონმა მას პირდაპირ დაავალა, რომ მეფესთან მოლაპარაკებისას მიეღწია, რომ მის სამფლობელოებში ინგლისელ ვაჭრებს თავისუფალი საქმიანობის უფლება ჰქონებოდათ2. მაგრამ, როგორც ითქვა, კლარკმა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზე ბის გამო, საქართველოში ვერ შეაღწია. ქართული ნედლი აბრეშუმის დაუფლების ერთ ყველაზე საიმედო საშუალებად ჩანდა საქართველოს რუსეთის მფარველობაში შესვლა. თუ ეს ასე მოხდებოდა, მაშინ „მოსკოვის კომპანიის“ აგენტებს, რომლებიც მოსკოვის სახელმწიფოში ვაჭრობის მონოპოლიური უფლებით სარგებლობდნენ, წინ ვერაფერი დაუდგებოდათ. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, ჯენკინსონმა საქართველოს მეფის წარმომადგენელს რუსეთისაგან სერიოზული დახმარების იმედი მისცა და იქვე არ შეიძლებოდა გადაკვრით მაინც არ ეთქვა „მოსკოვის კომპანიის“ ინტერესებზეც. იმის ვარაუდიც შეიძლება, რომ ჯენკინსონმა მოსკოვში დაბრუნების შემდეგ „მოსკოვის კომპანიის“ მესვეურებმა ზეგავლენა მოახდინეს რუსთა მეფეზე და საქართველოსთან კავშირის საჭიროებაში დაარწმუნეს.
1. Hacluyt R. Voiages. In eigth volumes, v, II, p. 38.
2. Ibidem, p. 25.
ჯენკინსონთან გაგზავნილი მოციქული მეფესთან დაბრუნდა და მოახსენა ინგლისელების ქართული აბრეშუმით დაინტერესებისა და მათი აზრის მნიშვნელობაზე ივანე IV-ის კავკასიურ პოლიტიკაში. ისიც ცხადი გახდა, რომ ინგლისელები მზად იყვნენ ქართველებისათვის გარკვეული მხარდჭერა გაეწიათ მოსკოვის კარზე. ამის შემდეგ სვიმონ და ლევან მეფეები უნდა შეთანხმდებულიყვნენ, მოსკოვში კახეთის მეფის ელჩი წასულიყო. კახეთი ხომ აბრეშუმით ყველაზე მდიდარი სამეფო იყო საქართველოში.
1563 წელს მოსკოვში გაიგზავნა კახეთის სამეფოს ელჩობა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ იაკობი, დიონისე და ვიღაც სომეხი. ელჩობა მოსკოვში დარჩა 1564 წლის ნოემბერამდე1. ელჩებს მოსკოვში კმაყოფილებით შეხვდნენ და კახეთს მფარველობა აღუთქვეს. მფარველობის გამოხატულების ნიშნად კახეთში გამოგზვნეს დამხმარე რაზმი, რომლის ნაწილები კახეთის ციხეებში იდგა 1565-1572 წლებში და დაღესტნელთა თავდასხმებისაგან იცავდა. ამაზე მეტის გაკეთება მაშინ მოსკოვის მთავრობას არ შეეძლო, რადგან თვით რუსეთს უაღრესად გარ თულებული საშინაო და საგარეო მდგომარეობა ჰქონდა. ამით ისარგებლეს ირანმა და ოსმალეთმა და რუსეთს შეუტიეს. ოსმალებმა რუსების გარნიზონი ჩერქეზეთიდან განდევნეს, ხოლო ირანისაგან თავდასხმის მუქარამ აიძულა ლევან მეფე რუსთა რაზმი კახეთიდან დაეთხოვა. სვიმონ მეფე ებრძოდა ქართლში ირანის დასაყრდენს დაუთხანს. მან 1567-1568 წლებში დიღომთან და სამადლოსთან ბრძოლებში დაუთ-ხანი დაამარცხა, მაგრამ თბილისის განთავისუფლება მაინც ვერ შესძლო, რადაგან დაუთ-ხანს მეზობელი ყიზილბაშური სახანოები ეხმარებოდნენ.
1. Тивадзе Т. Г., Ук. труд, с. 243.
ქართლის სამეფოს ბრძოლა სვიმონის მეთაურობით მოსვენებას არ აძლევდა ირანის შაჰს. მან ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაწყ ვეტა განიზრახა. 1569 წელს შაჰმა შაქისა და ყარაბაღის ლაშქარს თავი მოუყარა განჯაში, საშამხლოს რაზმები დაიქირავა და ქართლს შეუსია. ქართლის მეფეს უღალატა აზნაურმა კახაბერ ყორღანაშვილმა და მტერს მეგ ზურობა გაუწია. ალგეთის ხეობაში ფარცხისთან ქართველთა ლაშქარმა შეუტია ათჯერ მეტ მტერს და გააქცია. მეფე დაედევნა გაქცეულთ, მცირე რაზმით საკმაოდ გაშორდა ძირითად ლაშქარს და მტრის გარემოცვაში აღმოჩნდა. მოღალატე ყორღანაშვილმა, რომელიც პირადად იცნობდა მეფეს, ყიზილბაშებს მასზე მიუთითა. ამ დროს ერთ-ერთმა მოღალატემ მეფეს შუბი ჰკრა და ცხენიდან ჩამოაგდო. მტერი მიესია თავგანწირულთა მცირე გუნდს და სვიმონის თანამებრძოლები ამოწყვიტა, მეფე კი დაატყვევა. მეფე ყაზვინში გაგზავნეს. 10 წლის განმავლობაში ქართლის გამგებელი დაუთ-ხანი იყო. ოსმალეთი ირანის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადებოდა და მთელი ამიერკავკასიის დაპყრობას ფიქრობდა. ოსმალეთს ამის მიღწევა ხელსაყრელი კომუნიკაციების გარეშე არ შეეძლო. მას საკმაო გამოცდილება ჰქონდა იმისა, ირანთან ომის დროს, როგორ გასაჭირში აღმოჩნდებოდა ხოლმე ოსმალთა ჯარი. ძნელდებოდა მისი გადაყვანა და სურსათ-სანოვაგითა და იარაღით მომარაგება.
ამგვარი მდგომარეობის მოწესრიგებას სულთანი სელიმ II ირანთან მეორე ომის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე, 1567 წლის დასასრულიდან შეუდგა. სულ თანმა თავისთან მოსალაპარაკებლად მიიწვია დადიანის ვაჟი, რათა მას შეთანხმებოდა ოსმალეთის ჯარის სამეგრელოს ტერიტორიაზე გატარების შესახებ ირანთან ომის დროს. ამ გეგმის განხორციელება სულთანს ესახებოდა შემდეგნაირად: ჯარს ოსმალეთიდან სამეგრელოს შავი ზღვის სანაპირომდე ხომალდებით გადაიყვანდნენ, შემდეგ ოდიშის სამთავროს ტერიტორიაზე გავლით ჩრდილო-დასავლეთიდან დაარტყამდა ყიზილბაშებს1. სინამდვილეში, აღნიშნული გეგმის განხორციელებისას პირველ დარტყმა ოდიშის სამთავროსა და იმერეთის სამეფოს უნდა განეცადა. ამიტომ დადიანმა, ალბათ, ყველაფერი იღონა, რათა თავი დაეღწია ამ სახიფათო წამოწყებიდან. ჩანს ოსმალეთმა გარკვეულ დრომდე მოთმინება არჩია და ამ გეგმის განხორციელება შემდეგი სათვის გადასდო.
1. Tardy L., Op. cit., p. 110.
ამგვარად, ამასიის ზავის შემდეგ ირანი და ოსმალეთი ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რათა პოზიციები განემტკიცებინათ თავიანთ წილხვედრილ საქართველოში. მაგრამ ირანის მდგომარეობა სრულიად სხვაგვარი იყო, ვიდრე ოსმალეთისა. ირანს შეუპოვარ წინააღმდეგობას უწევდა ქართლის სამეფო. ირანს არც კახეთის სამეფო უერთგულებდა.
ოსმალეთს დასავლეთ საქართველოში რაიმე სერიოზული დაბრკოლების გადალახვა არ უხდებოდა. ირანთან ზავს ოსმალეთი დასავლეთის საქმეების მოსაგვარებლად იყენებდა. იგი ხელდებული ქართული სამეფო-სამთავროებისაგან ხარკისა და ჯარის გარკვეული კონტიგენტების მიღებით კმაყოფილდებოდა. ზავის პერიოდში ირანთან დიპლომატიური ურთიერთობისას, ოსმალეთი ყოველთვის ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ მისთვის ახლობელი იყო აღმოსავლეთ საქართველოს საკითხი და ზოგჯერ იქ თავისი გავლენის გავრცელების მიზნით მის დამცველდაც კი გამოდიოდა.
ქართლ-კახეთის პოლიტიკოსები კარგად ხედავდნენ, როგორი წინააღმდეგობები დარჩა ირანსა და ოსმალეთს შორი დაზავების შემდეგაც იმავე საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, ითვალისწინებდნენ საერთაშორისო ვითარებას (სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ოსმალეთი ავსტრიასა და უნგრეთს ებრძოდა) და ჩრდილო კავკასიაში (რუსეთის გასვლა კასპიის ზღვაზე და მისი კავკასიისაკენ წაწევა) და საკუთარი პოლიტიკური კურსი შეიმუშავეს. ამ ეტაპზე ორივე დამპყრობელი (ირან-ოსმალეთი) ერთნაირად მიუღებელი იყო. თუმცა ისიც ნათელია, რომ ირანოსმალეთის მეორე ომის დაწყებამდე ქართველი პოლიტიკოსები ოსმალეთისაკენ უფრო იხრებოდნენ, ოსმალეთის ირანთან დაპირისპირებას ლამობდნენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий