შაჰ თამაზის გარდაცვალების შემდეგ (1576 წ.) სეფიანთა სახელმწიფოში დაიწყო ბრძოლა სხვადასხვა ფეოდალურ დაჯგუფებებს შორის ხელისუფლების ხელში ჩაგდებისათვის. თითოეული დაჯგუფება თავისი მიზნის მიღწევის საშუალებას სასურველი კანდიდატის (უფლისწულის) გამეფებაში ხედავდა1. ირანის საშინაო გართულებანი ხელსაყრელად ჩათვალა ოსმალეთის კარმა.
1577 წლის ბოლოს სულთანმა მურად III-მ გადაწყვიტა დაეწყო ომი ირანის წინააღმდეგ. 1578 წლის 2 იანვარს მან ჯარის სარდლობა მიანდო ლალა მუსტაფა ფაშას და არზრუმის გზით გალაშქრება უბრძანა. ანონიმი ვე ნეციელის თქმით, სარდალს დაევალა „შირვანის სამეფო და სპარსეთის მეგობარი ქართველების პროვინციები დაეპყრო“2. ოსმალეთის ლაშქრის შემადგენლობასა და რაოდენობაზე განსხვავებული ცნობებია. სინამდვილესთან ახლოს უნდა იყვეს ზემოხსენებული ანონიმი ვენეციელის ცნობები. იგი, მართალია, პირდაპირ არ ას ახელებს ოსმალთა ჯარის რაოდენობას, მაგრამ იმდენად დაწვრილებით ჩამოთვლის ჯარის ნაწილებს, რომ ადვილად ხერხდება მიახლოებითი რაოდენობის (110 ათასი) დადგენა3.
1. იხ.
წინა თავი.
2. თურქეთ-სპარსეთის ომი
და ქრისტიანი ქართველები. 1577-1581. იტალიურიდან
თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ე. მამისთვალიშვილმა,
თბ. 1987, გვ. 18.
3. იქვე.
იტალიური წყაროდან ირკვევა, რომ ლალა მუსტაფა ფაშის უმთავრეს ამოცანას ამიერკავკასიის დაპყრობა შეადგენდა და იგი არ მოერიდებოდა 1555 წლის ამასიის დარღვევას. ოსმალთა ჯარი ჯერ ისევ არზრუმში იდგა, როცა ირანის ელჩები ოსმალო სარდალთან მივიდნენ და მოლაპარაკება გამართეს ზავის პირობების დაცვისა და მშვიდობის შენარჩუნების შესახებ. მაგრამ ამასიის ზავის პირობები ოსმალებს აღარ აკმაყოფილებდა, რადგან ამ ზავით ორად გაყოფილი საქართველოს დასავლეთ ნაწილზე ირანი ფორმალურად სცნობდა ოსმალეთის უფლებას, ოსმალეთი კი ირანის უფლებას აღმოსავლეთ საქართველოზე. მათ სამცხე-საათაბაგო გავლენის სფეროებად გაინაწილეს. ახლა ოსმალეთს მთელი საქართველოს დაპყრობა სურდა. თავისი მოქმედების გასამართლებლად სულთნის კარი სხვადასხვა მიზეზს ასახელებდა. იბრაჰიმ ფეჩავის თქმით, „ჯერ კიდევ დაზავებასა და მშვიდობაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ - ამბობდნენ ისინი (ოსმალები), - საქართველოს ბეგთაგან ზოგიერთები ურჩობენ; ამიტომ ჩვენ მათ დასამორჩილებლად მივდივართო“. როგორც ჩანს, ოსმალების საქართველოში შემოჭრა აღნიშნული მიზეზით ყიზილბაშებს ზავის დარღვევად მიაჩნდათ. ოსმალებმა მაშინვე კონტრბრალდება წაუყენეს: ყიზილბაშები თურქმენთა ტომების ცხვარსა და აქლემებს იტაცებენო1.
იმავე იბრაჰიმ ფეჩევით, როცა საზავო მოლაპარაკებიდან არაფერი გამოვიდა, ყიზილბაშებმა გადაწყვიტეს იარაღით დაეცვათ თავიანთი გავლენის სფეროში არსებული ქართული ოლქები. ოსმალებმა ეს მიიჩნიეს „ზავისა და მშვიდობის“ დარღვევად. ფრანგი დიპლომატი ჟუიე თავის მეფე ანრი III-სათვის გაგზავნილ მოხსენებაში შენიშნავდა, მიუხედავად იმისა რით დასრულდება ეს მოლაპარაკება, „მუსტაფა ფაშა მაინც წავა ქართველების დასამონებლად“2. ანონიმი ვენეციელის თქმით კი, თუ ირანი არ მიიღებს ოსმალების მიერ წაყენებულ პირობებს, მაშინ საქართველო დაპყრობილი იქნება3.
ომის დაწყების წინ სულთნის კარმა წერილები დაუგზავნა ყიზილბაშთა სახელმწიფოს ყველა, დიდსა თუ პატარა მბრძანებლებს, ოსმალეთისადმი მორჩილება გამოეცხადებინათ. მათ შორის ვისაც წერილები დაეგზავნათ, იყვნენ ქართველი მეფე-მთავრებიც: იმერეთის მეფე გიორგი II, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს გამგებელი - გურიელი, სამეგრელოს მთავარი - დადიანი, კახეთის მეფე - ალექსანდრე II და ლიპარტიანი4.
1. იბრაჰიმ ფეჩევი, გვ. 38.
2. Charrière, III, p. 740.
3. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, გვ. 22.
4. Фарзалиев А. М. оглы, Труды Мустафи Али-Эфенди как источник по истории Азербайджана конца XVI века. Диссертация на сойсканиу ученной степени кандидата ист. наук, Тб., 1985, с. 51-52. ამ სადისერტაციო ნაშრომზე მიმითითა ცნობილმა თურქოლოგმა, ქალბატონმა ცისანა აბულაძემ, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ.
საომარი მოქმედების დაწყების წინ, ლალა ფაშას მიერ ქართველი მეფე-მთავრებისათვის გაგზავნილი წერილებიდან განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს იმერეთის მეფისათვის გაგზავნილი წერილი. ლალა ფაშა იმერეთის მეფეს მოუწოდებს შეასრულოს პატრონყმური ვალდებულება და სულთ ნისადმი ერთგულება შირვანის, აზერბაიჯანისა და აღმოსავლეთ საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში მონაწილეობით დაამტკიცოს1.
ლალა მუსტაფა-ფაშა ალექსანდრე კახთა მეფეს სწერდა: „... ჩვენმა ფადიშაჰმა უმაღლესი ბრძანებით დაამტკიცა ლაშქრობა შირვანზე, გურჯისტანსა2 და აზერბაიჯანზე და მე, არარაობას, უძლეველი არმიით მაგზავნის ამ ქვეყნებში. რამდენადაც თქვენ ხართ ჩვენი ფადიშაჰის მორჩილი მსახური, საჭიროა ხელი შეუწყოთ გურჯისტანის ბე გებს, ვარაზას შვილებს3 (ვარაზა ოგულლარი), ლევანს, განსაკუთრებით ქაიხოსროს ძე ყვარყვარეს დამჯერებლობას და მორჩილებას... როცა მათგან მივიღებთ მორჩილების წერილებს, ჩვენც ჩვენის მხრივ ვთხოვთ ფადიშაჰს მათს შეწყალებასა და მფარველობას... სარდალმა ასეთივე წერილი გაუგზავნა ალექსანდრეს სიძეს, არზრუმის ვილაიეთის შავშეთის სანჯაყბეგს ათაბაგ აჰმედ-ბეგს“ ნათქვამია ალი-ეფენდის „ნუსრეთნამეში“4.
1. იქვე, გვ, 176.
2. როგორც წერილის შინაარსიდან ჩანს, გურჯისტანში სამცხე-საათაბაგო იგულისხმება.
3. უნდა იგულისხმებოდეს ვარაზა შალიკაშვილის ვაჟი კოკოლა, რომელიც ათაბაგის წინააღმდეგ გამოდის, რადგან მისი მამა ვარაზა დედისიმედმა მოაკვლევინა. დაწვრ. იხ. აქვე, გვ. 390-392.
4. Фарзалиев А. М. оглы, Ук. труд, с. 52-53.
ლალა მუსტაფა-ფაშა რომ სერიოზულად იყო დაინტერესებული საქართველოთი და აქ სერიოზული სამხედრო ოპერაციების წარმოებას აპირებდა, ჩანს პასინის (?) ბეგის, მირზა ალი-ბეის ვაჟისათვის გაგზავნილი წერილიდან. ოსმალეთის ჯარების მთავარსარდალი ადრესატს სთხოვდა, რომ თუ ის ოსმალთა ჯართან შესაერთებლად საქართველოს გზით წავიდოდა, მა შინ მას დაწვრილებით აეწერა ყველა პუნქტი სადაც მას გავლა მოუხდებოდა და წერილობით ეცნობებინა მთავარსარდლისათვის1.
ოსმალებმა განიზრახეს კავკასიაში ომის წარმოების პლაცდარმად ყარსი გადაექციათ. მაგრამ ეს სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი წინა ომის დროს ნანგრევებად იქცა. ამასიის ზავის მიხედვით, მისი აღდგენა ორივე მხარეს ეკრძალებოდა. ახლა კი ოსმალებმა დიდი სისწრაფით დაიწყეს ყარსის აღდგენა. როგორც სავარაუდოა, ოსმალეთის სარდლის მოწოდებებს ზოგიერთი ქართველი მმართველი მაშინვე გამოეხმაურა და კარს მომდგარ მტერს გარკვეული დახმარებაც აღმოუჩინა. ამას აღნიშნავდა 1578 წლის 20 მაისის წერილში სა ფრანგეთის მეფე ანრი III-სათვის გაგზავნილ წერილში ჟუიე. ლალა ფაშას ქართ ველი ელჩები ეწვივნენ და თან მიიყვანეს 5 ათასი კაცი ყარსის სიმაგრის აღდგენისას ოსმალების დასახმარებლად2. სავარაუდოა, ისინი შავშეთის და ბასიანის გამაჰმადიანებული ქართველი ფეოდალების3 ან იმერეთის მეფის მიერ გაგზავნილი ხალხი იყო. დონ ხუან დე პერსიას თქმით, გურიის მთავარი და მისი ვაჟი ოსმალების ჯარში იმყოფებოდნენ4.
მუსტაფა-ფაშამ სივასში მიიღო დადიანისა და გურიელის მორჩილების სიგელები და აქედანვე უპასუხა მათ5. 1578 წლის 2 ივლისს კი, როცა მუსტაფა-ფაშა ჩერმიკის სადგომს (არზრუმიდან 17 კმ-ზე) უახლოვდებოდა, მიიღო თორმეტი მორჩილების სიგელი, მათ შორის იყო სიგელები დაღესტნიდან და საქართველოდან6.
1. Тамже, с. 54.
2. Charrière, III, p. 753.
3. ჩოჩიევი ვ. მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ურთიერთობა XVI-XVII საუკუნეებში, გვ. 174.
4. Don Juan de Persia, p. 67.
5. Фарзалиев А. М. оглы, Ук. труд, с. 58.
6. Тамже, с. 60.
იმავე დღეებში სარდალმა მიიღო კიდევ ერთი სასიამოვნო შეტყობინება ყარსის სანჯაყ-ბეგის ქურთი იუსუფ-ბეგისაგან. იუსუფბეგი თავის რაზმით თავს დაესხა სოფელ ჯანბაზ ჩუკურის1, დაამარცხა ამ მხარის ბრძანებელი მაჰმუდ-ხანი ვარაზას ძე, გაანადგურა მისი ჯარის დიდი ნაწილი, ათასზე მეტი კი დაატყვევა. მან ქართველი ტყვეები გააგზავნა ჩერმიკში, სადაც იმ დროს იმყოფებოდა ლალა მუსტაფა-ფაშა2. არზრუმის ბეგლარბეგი ბეხრემ-ფაშამ, ერევნისა და ნახჭევნის გამგებლის თოქმაკ-ხანის ბრალდებაზე, რომ ოსმალებმა ჯანბაზ ჩუკურზე თავდასხმით დაარღვიეს ამასიის საზავო ხელშეკრულება, ასეთი განმარტება მისცა: ჯანბაზ ჩუკურზე თავდასხმა მოხდა მას შემდეგ რაც ქართველებმა ულუს-თურქმენთა ცხვრის ფარა გაიტაცეს. ამას გარდა სხვა მსგავსი ინციდენტებიც ხდებოდა ამ მხრიდან, ამიტომ სარდალი მუსტაფა-ფაშა გურჯისტანის ვილაიეთის დასაპყრობად მოვიდა3.
ბახრამ-ფაშა იმ ქართველების დასჯას მოითხოვდა, რომლებმაც მეჰმედ-აღა და მისი ამხანაგები აიძულეს ეჭამათ ღორის ხორცი. დამნაშავეების დასჯისა და გატაცებული ცხვრის ფარის დაბრუნების შემთხვევაში ფაშა თანახმა იყო შუამავლობა ეკისრა სამშვიდობო მოლაპარაკების დასაწყებად4. როგორც ჩანს, ოსმალები მზად იყვნენ ლოკალური ხასიათის ინციდენტი მოლაპარაკებით მოეგვარებინათ, მაშინ როდესაც საქართველოზე თავდასხმა სრულიად კანონიერად მიაჩნდათ, რადგან „ისინი (ქართველები) ურწმუნონი არიან და უარი სთქვეს სულთნის მფარველობაზე. თავიდან ისინი ფადიშაჰს ემორჩილებოდნენ, შემდეგ კი, სხვადასხვა არეულობის შემდეგ, საწინააღმდეგო (სეფევიდების) მხარეს გადავიდნენ. ამიტომ ისინი განეკუთვნებიან იმათ რიცხვს ვინც უნდა მოაქციონ და მათი განადგურება და გაძარცვა დაშვებულია შარიათით“5.
1. იგივე ჩილდირ ჩუკურუ, მდებარეობს ჩილდირის ტბის ჩრდილოეთით.
2. ოსმალო სარდლის სიხარული გამოწვეული იყო იმით, რომ მაჰმუდ-ბეგ ვარაზას ძეს ბრალად ედებოდა გასულ ზამთარს ოსმალეთის სოფელზე თავდასხმა, რომლის დროსაც რამდენიმე მუსლიმანი დაატყვევა და აიძულა ისინი ეჭამათ ღორის ხორცი. Тамже.
3. Фарзалиев А. М. оглы, Ук. труд, с. 62-63.
4. Тамже, с. 63
5. Тамже, с. 64.
31 ივლისს ლალა ფაშამ არზრუმში სამხედრო აღლუმი გამართა, რომელსაც ერთი ყიზილბაში ტყვე დაასწრო, რათა მას საკუთარი თვალით ეხილა ოსმალეთის ჯარის სიძლიერე. ანონიმი ვენეციელის თანახმად, აღლუმის დამ თავრე ბის შემდეგ ლალა ფაშამ ტყვე დიდად დაასაჩუქრა, გაათავისუფლა და თან გაატანა ის წერილი, რომელშიც საქართველოზე თავდასხმის აუცილებლობაზე იყო ნათქვამი1.
მეორე დღეს (1 აგვისტო) ოსმალეთის ჯარმა არზრუმი დატოვა2 და საქართველოსკენ გაემართა. საქართველოს საზღვარი გადალახეს ორიოდე დღის შემდეგ. 2 ან 3 აგვისტოს ისინი მნიშვნელოვან სიმაგრესთან მივიდნენ, რომელიც ირანისა და საქართველოს საზღვარზე მდებარეობდა3. აქვე მიიღო სარდალმა იმერეთის (ბაშიაჩუკი) მეფის გიორგი II-ის ელჩი საჩუქრებითა და მორჩილების წერილით. მან აქედანვე გაუგზავნა ქართველ მეფეს საპასუხო წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო: „ყოველ დღე ვუახლოვდებით არტაანს. ამიტომ მიიღებ თუ არა ჩემს წერილს მაშინვე გამოეშურე ჩვენს მხარეს შენი კარგად აღჭურვილი ქვეშევრდომებითა და თანამზრახველებით... თუ დედისიმედი და დაუდ-ხანი, რომელთა მიწები ჩვენს შორის მდებარეობენ, ჩვენს წინააღმდეგ იმოქმედებენ, მაშინ ჩვენც ჩვენი მხრიდან შევუტევთ და მათ მიწებს უდაბნოდ გადავაქცევთ...“4
ოსმალთა ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა. ქართული წყაროებიდან ცნობილია, რომ პირველი ციხე, რომელიც ოსმალებს სამცხის ტერიტორიაზე შეხვდათ, იყო მგელციხე. იგი ოსმალებმა ორი დღის ბრძოლის შემდეგ 1578 წ. 7 აგვისტოს აიღეს. 8 აგვისტოს დაიპყრეს კოკოლა შალიკაშვილის5 მამულები, რომლებიც „ოსმალეთის არმიის გზაზე მდებარეობდა“6. სინამდვილეში, ოსმალების მიერ კოკოლას და, საერთოდ, შალიკაშვილების მამულებისადმი ინტერესი, განპირობებული უნდა ყოფილიყო შაჰის კართან მათი სიახლოვით, რაზეც შემდგომში დაწვრილებით ითქმევა. იმავე დღეს მათ დაიპყრეს და გაძარცვეს ვალე. მეორე დღეს (9 აგვისტო) ოსმალებმის ხელში აღმოჩნდა ახჩის ქვაბის, თმოგვის, ხერთვისის, ჩილდირის, ახალქალაქის7 და ენი-კალეს(?) ციხეები8. სამცხის ათაბაგის და ყველა დიდებულის მიერ ოსმალებისადმი მორ ჩილების გამოცხადების შემდეგ, ლალა მუსტაფა ფაშა ქართლის სამეფოს დასამორჩილებლად წავიდა.
1. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, გვ. 22.
2. სხვა ცნობით, ოსმალებმა არზრუმი დატოვეს 23 აგვისტოს იხ. სვანიძე მ., დასახ. ნაშრ., გვ. 103.
3. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, გვ. 22.
4. Фарзалиев А. М. оглы, Ук. труд, с. 62.
5. თურქული წყაროს მიხედვით, ვარაზა ოღლუ კაიკუდ-ხანი.
6. Фарзалиев А. М. оглы, Ук. труд, с. 68
7. მანუჩარმა, ქართული წყაროს ცნობით, ლალა ფაშას თმოგვის ციხე და კოკოლა შალიკაშვილისათვის ჩამორთმეული ახალქალაქი გადასცა 17 აგვისტოს. „მესხური მატიანე“, გვ. 49.
8. იქვე.
მანმადე მან წერილი გაუგზავნა დაუდ-ხანს და და მორჩილება მოსთხოვა, მაგრამ ქართლის გამგებელმა ოსმალო სარდალს არ უპასუხა1. თბილისისაკენ მიმავალ ოსმალეთის ჯარს დიდი დახმარება გაუწია ათაბაგის ძმამ მანუ ჩარმა, რომელმაც თავის თავზე აიღო მეგზურობა2. ოსმალები მოსახლეობას იკლებდნენ, რითაც დიდ უკმაყოფილებას იწვევდნენ. ქართველი ხალხი მაშინვე აღსდგა შემოჭრილი მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. მტრის სიმრავლე პირდაპირ შებმის საშუალებას არ იძლეოდა, ამიტომ პარტიზანული ბრძოლა გაჩაღდა. ოსმალთა ჯარს ფეხდაფეხ მისდევდა ქართველთა რაზმები და დიდ ზიანს აყენებდა. მინადოის და დონ ხუან სპარსელის მიხედვით, პარტიზანულ ბრძოლის მეთაურები იყვნენ იუსუფი3, დაუთ-ხანი და ალექსანდრე4. მათ თავიანთ მამულებში შეკრიბეს ჯარი და სა დაც მოიხელთებდნენ მტერს მუსრს ავლებდნენ.
1. Фарзалиев А. М. оглы, Ук. труд, с. 74
2. Don Juan de Persia, p. 68v.
3. მ. სვანიძის გამოკვლევით, იუსუფი იმერეთის მეფე გიორგის (1564-1585) ვაჟი იყო. სვნიძე მ., საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან, გვ, 141-142.
4. მინადოის თქმით, ეს იყო კახეთის მეფე ალექსანდერე II, ხოლო დონ ხუან სპარსელის მიხედვით კი – მანუჩარის ძმა ყვარყვარე IV, რომელიც ევროპულ წყაროებში ალექსანდრედ მოიხსენიება.
1578 წელს კი, ირანთან ომის დაწყების შემდეგ, როცა ნათელი შეიქმნა ამიერკავკასიაში სამხედრო ოპერაციების სირთულე, სულთანმა ანგარიში აღარ გაუწია თუ როგორ შეხედავდა დადიანი ოსმალების დაუფარავ აგრესიას. არქან ჯელო ლამბერტის მიხედვით, სულთანმა ფოთი დაიპყრო და მდინარე რიონის ზღვასთან შესართავთან კუნძულზე ციხე ააშენა. საინტერესოა, რომ ლამბერტის მშვენივრად ესმოდა ოსმალების მოქმედების მიზანი: „ამის მიზეზი ის იყო - ამბობს ლამბერტი - რომ იმ ხანებში თურქების სულთანი ამურატი ომობდა ირანელებთან. მან აიღო თბილისი და აპირებდა მთელი ირანის დაპყრობას. ამ საქმის შესასრულებლად მას უნდოდა საქართველოს გზა გაეხსნა თავისთვის და დაეჭირა ამ გზის გასაღები - ქალაქი ქუთაისი, რათა ჯერ ზღვით და მერე ფაზისით ჩქარა და ნაკლები ზარალით გაეგზავნა თავისი ჯარები ირანისაკენ“. ოსმალები თავიანთი გალერებით აჰყვნენ მდ. რიონს და ქუთაისისკენ წავიდნენ. მაგრამ ქალაქის მახლობლად, მდინარის შევიწროვების ადგილას თოფებით შეიარაღებულმა ქართველებმა ისეთი ცეცხლი გაუხსნეს მომხვდურთ, რომ ისინი იძულებული გახდნენ უკან გაბრუნებულიყვნენ და ამის შემდეგ ფოთში ის ციხე ააშენეს რომელზეც ლამბერტი აღნიშნავდა1. ირანის მორჩილი დაუთ-ხანი ხედავდა, რომ თბილისის დაცვას ვერ შეძლებდა, მიუხედავად იმისა, რომ ის კარგად გამაგრებული იყო2. შემდგომი ბრძოლის გაგრძელებისა და თავისი ჯარის გადარჩენის მიზნით მან მთელი შეიარაღება წაიღო და ქალაქი დატოვა3.
1. ოსმალების მიერ აშენებული ფოთის ციხე შემდეგში ოდიშის მთავარ ლევან II დადიანს დაუნგრევია და იქიდან 25 ზარბაზანი წაუღია. არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა, თარგმანი იტალიურიდან ალ. ჭყონიასი. მეორე გამოცემა ლ. ასათიანის წინასიტყვაობით, რე დაქციით და შენიშვნებით, თბ., 1938, გვ, 172.
2. ევლია ჩელების აღწერით, თბილისში „ციცაბო კლდეზე ერთმანეთის პირდაპირ ორი ციხეა... მათ შორის მდინარე მტკვარი მიედინება. რადგანაც ერთი კლდიდან მეორე კლდეზე დიდი ხიდია [გადებული], ერთი ციხიდან მეორემდე ადვილად გადაისვლება. დიდი ციხე მდინარე მტკვრის სამხრეთითაა და პატარა ციხე - ჩრდილოეთით... დიდი ციხის გარშემოწერილობა ექვსი ათასი ნაბიჯია, მაგრამ ძველი ნაშენია. კედლის სიმაღლე სამოცი წყრთაა. სამოცდაათი ბურჯი და სამი ათასი ქონგური აქვს. ერთი ხიდიანი კარი აქვს. თხრილი არა აქვს. მდინარე მტკვარს ერთი წყლისთვის განკუთვნილი, ხვრელიანი კოშკი გადაჰყურებს; ალყის დროს იქიდან იკლავენ წყურვილს... პატარა ციხე... ერთ ციცაბო გორაკზე დგას. ოთხკუთხა, პატარა ციხეა. ხიდის თავში პატარა კარია... პატარა ციხე დიდ ზღუდეზე მტკიცეა. ციხის კოშკებს სამი ათასი მეციხოვნე იცავს“. (ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“. თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გა მოკვლევა დაურთო გ. ფუთურიძემ. ნაკვ. I, ქართული თარგმანი, თბ., 1971, გვ. 295).
3. Don Juan de Persia, p. 69r.
ლალა ფაშას კი იმედი ჰქონდა, რომ დავითსა და მის ჯარს თბილისში მოიმწყვდევდა და მოსპობდა. ამიტომ, მთავარსარდალმა თბილისის ალყაში მოქცევის მიზნით, წინ გაუშვა ოსმან ფაშა 5 ათასი მხედრით. ოსმან ფაშას თბილისი დაცარიელებული დახვდა, მაგრამ დიდძალი ქონება და სურსათ-სანოვაგე მოიპოვა. 24 აგვისტოს თვით სარდალიც მივიდა და თბილისიდან 3 მილის დაშორებით დაბანაკდა, რათა ჯარს ქალაქი არ დაეზიანებინა. რადგან თბილისის მოქალაქეებს მტკვარზე ხიდი დაენგრიათ, ოსმალებმა ქალაქთან უზარმაზარი ხეები დაჭრეს და ხიდი აღადგინეს. ლალა ფაშამ შირვანში წასვლის წინ თბილისისა და მთელი ქართლის („მანუჩარის სამფლობელოებამდე“) გამგებლად დანიშნა ვინმე მეჰმედ ბეი, რომელიც ფაშას რანგში აიყვანა. მას ჩააბარეს 10 ათასი მხედარი და ქვეითი ჯარისკაცი, სამასი იანიჩარი, 36 ქვემეხი, საბრძოლო მასალა და ერთი წლის სამყოფი სურსათ-სანოვაგე1. 29 აგვისტოს, პარასკევს, სულთნის ბრძანებით, თბილისში ორ ადგილას საფუძველი ჩაეყარა ორ მეჩეთს, ხოლო სარდლის ბრძანებითა და სურვილით, მდ. მტკვრის მეორე ნაპირზე საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ მეჩეთს2.
შაჰის კარზე გასაგები იყო, რომ დაუთ-ხანს ოსმალებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ შესწევდა და შაჰ მუჰამედ ხუდაბენდემ ქართლის ტახტზე სვიმონ მეფის დაბრუნება განიზრახა. იგი შაჰ თამაზს ალამუთის ციხეში გამომწყვდეული ჰყავდა 1569-1576 წლებში.
1. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, გვ. 24-25. ალის გადმოცემით თბილისის ბეგლარბეგად დანიშნული მეჰმედ ბეგი იყო კასტომანის სანჯაყბეგი, რომელსაც 20 ათასი მებრძოლი დაუტოვეს და 150 ათასი ახჩა. Фарзалиев А. М. оглы, Ук. труд, с. 74-75.
2. ი. ჰამერი „ნუსრეთ-ნამეზე“ მითითებით ამბობს, რომ ოსმალებმა თბილისში 2 ეკლესია მეჩეთად გადააკეთესო, რაც სიმართლეს არ შეეფერება. Фарзалиев А. М. оглы, Ук. труд, с. 75.
* * *
XVI საუკუნის, განსაკუთრებით სვიმონ I -ის მეფობის დროინდელ საქართველოსა და პირადად მეფეზე, საკმაოდ ბევრი იწერებოდა დასავლეთ ვროპაში. ტყვეობიდან დაბრუნებული მეფე, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, გადაიქცა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლის მეთაურად. ამიტომ დიდი იყო მის მიმართ ინტერესი ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის მოსურნე ევროპაში. იმ მასალებიდან, რომელშიც აისახა სვიმონ I-ის პიროვნება და მისი საქმიანობა, განსაკუთრებით გამოირჩევა ჯოვანი თომაზო მინადოის თხზულებაში შემონახული ცნობები, რომლებშიც საკმაოდ დაწვრილებით, თუმცა ქართული და სპარსული წყაროებისაგან განსხვავებულად და სრულიად ახალი ცნობების დამატებით, გადმოცემული აქვს სვიმონ მეფის ცხოვრების საინტრესო მომენტები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია.
აი როგორ აგვიწერს მინადოი სვიმონსა და დავითს შორის ჩამოვარდნილ უთანხმოებას, დავითის გამაჰმადიანებას, ყიზილბაშების მიერ სვიმონის დატყვევებას, მის ურთიერთობას ისმაილ მირზასთან... მინადოი, როდესაც ლაპარაკობს ყარსისა და თბილისის დამაკავშირებელი გზის შესახებ, აღნიშნავს: „აქედან თუ გავყვებით აღმოსავლეთის მიმართულებით, მოვხვდებით უფრო სომხეთში, ვიდრე ივერიაში, განსვენებული ლუარსაბის მიწებზე, ახლა რომ ეკუთვნით ორ ძმას - დავითსა და სვიმონს, ფიზიკურად და სულიერად ღირსეულ მემკვიდრეებს მამის სახელის და სამფლობელოებისა, თუმცა შემდეგ მათ უხეში ლაქა მიიცხეს სარწმუნოების გამოცვლით და შეიბღალეს ქების ღირსი სახელი. განსაკუთრებით ეს ეხება სვიმონს, რომელმაც სამხედრო საქმის ცოდნით, პოეზიაში გაცნობილმა1 და თავისი ფილოსოფიური განათლებით თამაზის შვილის [ისმაილის] წყალობა და მასთან სიახლოვე დაიმსახურა ირანში ტყვედ ყოფნის დროს, რომლის შესახებაც ვილაპარაკებთ. მაგრამ როგორი გმირი უნდა იყოს ადამიანი, რომ შესძლოს შეინარჩუნოს ბრწყინვალება და არ ჩაქრეს იმ ცოდვებით დაცემის შემდეგ, ორივემ რომ ჩაიდინეს, რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ თითოეული მათგანი დარჩა ქონებას, სამფლობელოს და პატივს მოკლებული. მათ დაკარგეს ქრისტეს უწმინდეს სახელთან ურთიერთობის უფლება.
1. მინადოის ნათქვამი, რომ სვიმონი პოეზიას იცნობდა, დასტურდება ოსმალო ისტორიკოსის მუსტაფა ნა’იმა-ს (1655-1715) ერთი ცნობით. უფრო მეტიც, ნა’იმას მიხედვით, სვიმონი საკმაოდ კარგი პოეტი ყოფილა (ჯიქია ს., ეპიზოდი XVI საუკუნის ერთი ცნობის განმარტება (ნა’იმა-ს ერთი ცნობის განმარტება). მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 31, თბ., 1954 , გვ. 56, 58). ის დახელოვნებულა რობაიების თხზვაში. რობაი სპარსულ კლასიკურ სალექსო ფორმათა შორის ერთ-ერთი უძველესი და საინტერესო სახეობაა. ეს არის ოთხსტრიქონიანი მინიატურული ლექსი, მტკიცედ განსაზღვრული სალექსო საზომითა და გარითმვის ნორმებით (კოტეტიშვილი ვ., რობაის სტრუქტურა. თსუ შრომები, ტ. 250, აღმოსავლეთმცოდნეობა, თბ., 1985, გვ. 5). ნა’იმა-ს მოყვანილი აქვს მეფის მიერ იედიკულეში პატიმრობისას გამოთქმული ერთი რო ბაი, რომელშიც მეფე თავის უიღბლო განვლილ ცხოვრებაზე მოსთქვამს:
„გამანადგურა ბედმა, რომელსაც ვემდური; ამისათვის დამცირება განმვიცადე ხალხის თვალში, თუმცა [საქმე] წამივიდა ძლიერ ცუდად (მძიმედ), მადლობა გამჩენს, [რომ ახლა მდგომარეობა] შემიმსუბუქდა“ მეფის ამ რობაიზე მის თანამედროვე ჰექიმ ჩელების ასეთნაირად უპასუხია: „ერთი გორის ციხის აღებისათვის შენ, ახლა, უყურე, მეციხოვნე გახდი იედიკულეში“. ჯიქია ს., დასახ. ნაშრ., გვ. 56, 58.
ლუარსაბმა, ანდერძით, სამეფოში თავის მემკვიდრედ სვიმონი დანიშნა მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ის წლოვანებით უფროსი იყო, არამედ იმის გამოც, რომ უფრო ღირსეული იყო თავის ამ ძმა დავითზე. ეს უკანასკნელი ვერ ურიგდებოდა ასეთ გადაწყვეტილებას, სწყუროდა დიდება და ბატონობა, არ მიაჩნდა სვიმონი მემკვიდრედ და ცდილობდა იგი ქვეყნიდან განედევნა, იარაღით მიეღწია იმისთვის, რაც მამის სურვილმა არ არგუნა... როცა სვიმონი დარწმუნდა ძმის ბოროტ განზრახვაში, რაკი ვერ ხედავდა წინააღმდეგობის დაძლევის სხვა საშუალებას, [შაჰ] თამაზს მოუთხრო საქმის ვითარება და შეწევნა და დაცვა სთხოვა. თამაზმა უყურადღებოდ არ დასტოვა [ის თხოვნა] და გადაწყვიტა სვიმონისათვის ესიამოვნებინა. მან 4 ათასი ცხენოსანი გაგზავნა და მათს მეთაურს უბრძანა, დავითი ცოცხალი შეეპყრო და ირანში მოეყვანა. თუ ის სარწმუნეობის შეცვლაზე არ დათანხმდა, მაშინ მას სცნობენ თავისი სამფლობელოების უფლებებში, როგორც აღიარებულ ქვეშევრდომს და არა როგორც თავისუფალ მოხარკეს. თუ იგი ამაზე დათანხმდა, მაშინ სვიმონი გადააყენეთ, სარწმუნოების გამოცვლას ნუ დააძალებთ და მის ადგილას დავით დასვითო. ხოლო თუ კი სვიმონიც მზადყოფნას გამოსთქვამს თავის ძმასავით, მაშინ ის თავის უფლებაში დატოვეთ, დავითი კი ყაზვინს წამოიყვანეთო. მეთაური საქართველოში წავიდა, დავითი სწრაფად შეიპყრო, იარაღიც კი არ გამოუყენებია, მოთხოვნა წაუყენა თამაზის სახელით. ის მაშინვე დათანხმდა: სარწმუნოება გამოიცვალა, წმინდა ნათლობა წინდაცვეთით შეცვალა, თავისი თავი ცრუ წინასწარმეტყველ მუჰამედს უსინდისოდ მიართვა ნებაყოფლობით საჩუქრად და უარყო (სათქმელადაც კი შემაძრწუნებელია) ქვეყნის მხსნელი. შემდეგ სპარსელი მეთაური სვიმონთან მივიდა, უთხრა, რომ მის დასახმარებლად მოვიდა და დაპატიმრებული ჰყავს მისი მტერი, მაგრამ სვიმონს ქვეყნის მფარველი თამაზის იმედი ნუ ექნება, თუ სარწმუნეობას არ გამოიცვლის. ასე რომ იგი უნდა გახდეს იმავე წინასწარმეტყველისა და კანონის მსახური, რომელსაც ემსახურება და ემორჩილება შაჰ თამაზი. თუ იგი ასე არ მოიქცევა, მაშინ მის ადგილს მისი ძმა დაიკავებს, რომელმაც მაშინვე მიიღო ეს წინადადება. სვიმონი მწარედ ატირდა ძმის დაცემაზე და ძველებური დიდი სიმტკიცით ქრისტეს უწმინდესი სახელისადმი ერთგული დარჩა. მან დათმო ამქვეყნიური სამეფო, რომ არ დაეკარგა ციური სამეფო და გახდა შაჰის პატიმარი... საბრალო სვიმონი წაიყვანეს თამაზთან, რომელიც დიდხანს უჩიჩინებდა მას, მიეღო სპარსული წესები. მან არ უარყო მშობლიური სარწმუნოება და გაგზავნეს კაჰკაჰეს ციხეში, სადაც გადასახლებაში ცხოვრობდა თამაზის შვილი ისმაილი, რომელიც, როგორც ითქვა, [შემდეგში] შაჰი გახდა. [სვიმონმა] ირჩია დროებით ციხეში ცხოვრება, ვიდრე გამოეცვალა თავისი ოდინდელი ქრისტეს სარწმუნოება (თუმცა ცხოვრობდა მასში როგორც სქიზმატიკოსი1) და თავისთვის მოემზადებინა მარადიული ბორკილები, უსასრულოდ და შავბნელად ჩაკეტილიყო ცეცხლოვან ჯოჯოხეთში. სვიმონის ეს თავგადასავალი ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს იმისათვის, თუ რა სახიფათოა დასახმარებლად ან დასაცავად მოსული უცხოელის ჩარევა საკუთარ საქმეში“2.
1. სქიზმატიკოსი – ბერძნ. განხეთქილების შემომტანი კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობას შორის. ამ შემთხვევაში ბერძნული მართლმადიდებლობის მიმდევარი.
2. Minadoi, p. 54-57. საინტრესოა, რომ მინადოის თხზულება გახდა მთავარი წყარო საქართველოთი დაინტრესებული მრავალი ევროპელი ავტორისათვის. მაგ. მინადოის მონათხრობს სიტყვა-სიტყვით იმეორებს პეტრო ბიძარო თავის 1601 წელს გამოქვეყნებულ წიგნში (Rerum Persi carum Historia, initia, Gentis, Mores, Instituta, resque gestas ad hoc usque tempora complectens. Auctore Petro Bizaro Santinate, Francofurti, 1601 , p. 534). მინადოის თხზულების იმ ადგილს, სადაც სვიმონისა და დავი თის დაპირისპირების, შაჰ თამზის მიერ მათი დატყვევების ამბავია მოთხრობილი, დონ ხუან დე პერსია, მინადოის თხზულებაზე დაყრდნობით, მოკლედ გადმოგვცემს შემდეგნაირად: „მთავარმა ლუარსაბმა თავისი [სამთავრო] უფროს შვილს სვიმონს დაუტოვა, ხოლო უმცროსი ძმა დავითი შაჰ თამაზის დახმარებით, რომელმაც 4 ათასი კაცი მიაშველა, სამთავროს დაუყოვნებლივ დაეუფლა. მან სპარსეთის ხელმწიფის ყმადნაფიცად გამოაცხადა თავი, ქრისტიანობა უარყო, გამაჰმადიანდა და დაირქვა დაუდხანი. შაჰ თამაზმა იგი მაშინვე თბილისის ბატონად დანიშნა, მისი უფროსი ძმა სვიმონი კი, რომელმაც იმ პერიოდში ქრისტიანობა არ მიატოვა, ყოველი შემთხვევისათვის დაატყვევა და კაჰკაჰაჰის ციხეში ჩაამწყვდია“ (Don Juan de Persia, p. 67v). მინადოის თხზულების სერიოზული გავლენა ემჩნევა ჟან შარდენის თხზულების შესაბამის პასაჟსაც. ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში (ცნობები საქართველოს შესახებ). ფრანგულიდან თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო მ. მგალობლიშვილმა, თბ., 1975 , გვ. 301.
„კაჰკაჰაში ტუსაღად ყოფნის დროს სვიმონს ახლო ურთიერთობა ჰქონდა თამაზის შვილ ისმაილთან, რომელიც მისმა ხსენებულმა მამამ იქ გადაასახლა და მათი [სვიმონისა და ისმაილის] მეგობრობა ნელ-ნელა მტკიცე სავალდებულო სიყვარულში განმტკიცდა. ასე რომ რამდენადაც ისმაილს უყვარდა სვიმონის ცხოვრების წესები, იმდენად სვიმონი ისმაილის სულის სიდიადის აღტაცებული პატივისმცემელი ხდებოდა და ამ არაჩვეულებრივმა ურთიერთსიყვარულმა [სვიმონი] ბოლოს მიიყვანა იქამდე, რომ სვიმონი (არ ვიცი რომელიღაც სოფიზმით მოტყუებული თუ რაღაც ალერსით მოხიბლული) თავის სარწმუნოებაში ვერ გამაგრდა და თავისი მეგობრის ბარბაროსულ ცრურწმენაში გადავიდა1. რომელმა მიზეზებმა წარმოშვეს სვიმონის სულში ეს მოსაბრუნი, რელიგიურად ძალიან განათლებულის და ძალიან მტკიცესი, რომელსაც უკვე შეწირული ჰქონდა ქონება და თავისუფლება, რათა შეენარჩუნებინა ბერძნული რჯული, ეს ძნელი ასახსნელია. მაგრამ სამმა მძლავრმა ბიძგმა განსაზღვრა ეს გარდატეხა: გამუდმებულმა პატიმრობამ, რომლიდანაც თავის დაღწევა ალბათ არ შეიძლებოდა თუ ქრისტიანად დარჩებოდა; მეგობრობა ისმაილთან, მეგობრობა, ვიტყვი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ადამიანის ბუნებაც, არამცთუ მოკვდავის რწმენა; უმაღლესი პატივი, რომელსაც მას ყოველდღე ჰპირდებოდა ისმაილი მისი ტახტზე ასვლისას. ასეთნაირ განწყობილებაში იყვნენ, როცა შაჰ თამაზი გარდაიცვალა და ისმაილი დიდი ზეიმით მიიყვანეს ყაზვინში, სადაც ასევე საზეიმოდ გამოაცხადეს თავისი მამის მთელი სამფლობელოების მეფედ. იმათ შორის ვინც ძვირფასნი დარჩნენ ხსენებული მეფის მეხსიერებაში, თავისი ღირსებებით დარჩა სვიმონი, რომელიც მისი ხათრით უკვე წინდაცვეთილი და მაჰმადიანი გახდა. ასე ჩარჩა [ისმაილს] სვიმონი მეხსიერებაში, რომ სურდა მისი ავსება პატივითა და საჩუქრებით, ბევრად გადამეტებული იმაზე, რამდენადაც [სვიმონს] შეეძლო ევარაუდა. ხოლო ისმაილის ნაადრევმა და მოულოდნელმა სიკვდილმა ის მოიტანა, რომ სვიმონი დარჩა ყოველგვარი წარჩინების გარეშე და მხოლოდ იმითი იყო კმაყოფილი, რომ დიდად სასიხარულო თავისუფლება მოიპოვა. ისმაილის სიკვდილით სვიმონი საგონებელში ჩავარდა და თავისთვის ფიქრობდა: რა იქნებოდა მისთვის უკეთესი, ყაზვინში დარჩენილიყო და მოეცადა ახალი მეფის ტახტზე ასვლისათვის, თუ გამგზავრებულიყო და დაბრუნებოდა მიტოვებულ სარწმუნოებას და ქვეყანას. ბოლოს, ბევრი ფიქრის შემდეგ მან გადაწყვიტა და უმჯობესად მიიჩნია, ხელსაყრელი და უკეთესი უშიშროებისათვის დალოდებოდა ახალ ხელმწიფეს და მისი დაცვისა და მფარველობის ქვეშ გამოენახა საშუალება თავისი წართმეული ღირსების დასაბრუნებლად, ვიდრე გაქცეულიყო ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე, შეჯახებოდა მტრულად განწყობილი ძმის წინააღმდეგობას და ნაადრევად დაღუპულიყო. ამგვარად, მან არჩია დარჩენილიყო ყაზვინში, იმედს ამყარებდა იმაზე, რომ სარწმუნოების გამოცვლა, სწორად რომ ვთქვათ, [მაჰმადიანური] რწმენის აღიარება, გამოვლილი პატიმრობა და თავისუფლების დაბრუნება, მამაცი [კაცის] სახელი, თანამედროვე მდგომარეობა, ახალი მეფის წინაშე ერთგულებისა და მორჩილების გამოჩენით ის პატივსა და ღირსებას დაიმსახურებდა, თუ კი მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერით საქართველოში [ოსმალების წინააღმდეგ] ომის გაძღოლას მას მიანდობდნენ.
1. გამუსლიმანებულ სვიმონს სულთან-მაჰმუდ-ხანი დაარქვეს (ისქანდერ მუნში, გვ. 28).
ამგვარად, როდესაც მაჰმადი (შაჰი მოჰამედ ხუდაბენდე) გამეფდა და დარწმუნდა თბილისის დაკარგვაში, [სვიმონმა] სთხოვა ნება მიეცა შაჰის მფარველობის ქვეშ დაბრუნებულიყო თავის ცუდად დაცულ ქვეყანაში. ჰპირდებოდა ყოველგვარი რისკისა და განსაცდელის მიუხედავად არ შეშინდებოდა და არ ითაკილებდა წვრილმან [საქმეებს], თუ კი ამით სარგებელს მოუტანდა მაჰმადს. ახალი ხელმწიფე უდიდესი სიამოვნებით დათანხმდა სვიმონის თხოვნაზე და იგი დანიშნა ხანად მთელი იმ სამეფოსი, რომელსაც ქრისტიანად ყოფნისას ფლობდა. [სვიმონი] სასწრაფოდ გაიგზავნა საქართველოში, ალიყული-ხანთან ერთად, თურქების ჯარის წინააღმდეგ საბრძოლველად...“ (მინადოი) სვიმონ მეფის დაუთ-ხანთან დაპირისპირების, სპარსელთაგან მისი დატყვევების და საქართველოში დაბრუნების ამბავს დონ ხუან დე პერსია მოკლედ, მაგრამ ძირითადად ისევე გადმოგვცემს, როგორც თომაზო მინადოი. მისი თქმით, სპარსელებში დიდი შეშფოთება გამოიწვია ოსმალეთის მიერ წამოწყებულმა ომმა. „ასეთი მდგომარეობა რომ იყო, კიდევ ერთი რამ მოხდა, რამაც ყველა სპარსელს იმედი გაუცრუა. დაუთ-ხანი, მას შემდეგ რაც გამაჰმადიანდა სპარსეთის მომხრე იყო, ეხლა მას გადაუდგა და შემთხვევა მიეცა თუარა მაშინვე [სულთან] მურადთან გაიქცა. მეორეც: დავითის ძმა სვიმონიც, რომელიც დატყვევებული იყო და დიდი ხნის განმავლობაში ქრისტიანად ითვლებოდა, ცუდი საზოგადოების ზემოქმედებით და სხვა ბოროტმოქმედ ტუსაღთა გავლენით, ისეთ გარემოებაში ჩააყენეს, რომ იძულებული გახდა უარეყო და ეღალატა ქრისტიანობისათვის, და უღალატა კიდეც. შაჰმა მას თავისუფლება უბოძა და ხანის ტიტულით თავის სამფლობელოს დაუბრუნდა. სვიმონს თავისი სამსახურით სპარსელებისათვის ერთგულება რომ დაემტკიცებინა, ალიყული-ხანს შეუერთდა და თურქების მიერ წაღებული რამდენიმე ქვემეხი უკან დაიბრუნა. [სვიმონი] 3 ათასი მხედრით მთელ საქართველოში დანავარდობდა“1.
განსხვავებული ცნობები გაგვაჩნია სვიმონ მეფის ტყვეობიდან განთავისუფლებისა და სამშობლოში დაბრუნების შესახებ. დოროთეოზ კათალიკოსის იტრიის ეკლესიისადმი შეწირულობის სიგელში სვიმონ მეფის დამატყვევებელიც და გამანთავისუფლებელიც შაჰ თამაზია. ამის შემდეგ „მოხედა მოწყალებამან ღმრთისამან და მოვიდა მეფეთ-მეფე ბატონი სუიმიონ ტყუებიდაღმან“2. ფარსადან გორგიჯანიძე სრულიად გარკვევით ამბობს, რომ „სიდამდისინ შაჰ თამაზ ყაენი ცოცხალ იყო, მეფე [სვიმონი] ალამუდის ციხეში იყო და რა ყაენი მიცვალა და მისი შვილი შაჰ ისმეილ გახემწიფდა, მაშინ მეფე ალამუდით ყაზმინს მოაყვანინა და კარგის პატივით ინახავდა... შაჰ ხუდაბანდამ... მეფე გაათათრა და რაც მასთან დაჭირულნი თავადნი და აზნაურნი იყვნენ, მოუსხმევინა და ყველას ცხენი იარაღი გაუკეთეს და ხალათი და სახარჯო მისცეს და მეფეს სვიმონს... საქართველოს მეფობა მისცეს და რაყამი ძმობით მისწერეს და მეჰმანდარი გაატანეს...“3 ბერი ეგნატაშვილის მიხედვით, „ისმაილმა გამოიყვანა მეფე სვიმონ ალამუთის ციხიდამე და მიიყვანა მისთანა“. „პარიზის ქრონიკის“ მიხედვითაც, „დასვეს ყაენათ შაჰ ისმაილ და მეფე სვიუმონ ალამუტის ციხითგან გამოიყვანა, ყაზმინს მიაყვანინა და საქართველოს ბატონობა მისცა“4. ისმაილ II -ის მიერ სვიმონ მეფისა და უფლისწულ იესეს ალამუთის ციხიდან განთავისუფლებას აღნიშნავს მაჰმუდ ნათანზი5.
1. Don Juan de Persia, p. 75 r-v.
2. ქართული სამართლის ძეგლები, III. საეკლესიო საკანონმდებლო ძეგლები (XI-XIX სს.) ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ, თბ., 1970 . საეკლესიო საკანონმდებლო ძეგლები (XI-XIX სს.) ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ, თბ., 1970, გვ 354.
3. ფარსადან გორგიჯანიძე , გვ. 219
4. პარიზის ქრონიკა , გვ. 45.
5. გელაშვილი ნ., დასახ. ნაშრ., გვ 139.
ისქანდერ მუნშის მიხედვით, „ისა-ხან ქართველი, ლევან-ხანის შვილი და სვიმონ-ხანი, ლუარსაბის ძე, ორივენი ალამუთის ციხეში რომ იყვნენ დაპატიმრებულები, ისმაილ-მირზამ გამოუშვა“. ხოლო სულთან-მოჰამედ-ხუდაბანდემ სვიმონს „ძმის“ ბედნიერი წოდებულება მიანიჭა და საქართველოში დააბრუნა1.
შაჰ ისმაილ II -ის მეფობის ისტორიის მკვლევარის ვ. ჰინცის მიხედვით, ისმაილმა 1578 წლის შემოდგომაზე სვიმონი საქართველოში გამოისტუმრა2. გერმანელი ისტორიკოსი ამჯერად მ. ბროსეს ეყრდნობა, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობოდა ვახუშტი ბატონიშვილის ზემოთმოყვანილ ცნობას3, რომელიც სიმართლეს არ ასახავს. უფრო სანდოა ბერი ეგნატაშვილის თხზულების ის ადგილი, სადაც ნათქვამია, რომ მეფე სვიმონ შაჰ-მოჰამედ ხუდაბენდემ დააბრუნა საქართველოში და ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლა დაავალა4. ჯ. თ. მინადოის მიხედვითაც, სვიმონ მეფე ისევ ირანში იმყოფებოდა, როდესაც ისმაილ II მოკვდა. მინადოის საკმაოდ დაწვრილებით აქვს აღწერილი ისმაილის სიკვდილით გამოწვეული სვიმონის განცდა, ბერი ეგნატაშვილის თხზულების ცნობას კიდევ უფრო ამაგრებს „კარმელიტების არქივის“ ის წერილი ოსმალეთის ჯარების სარდალმა ლალა მუსტაფა ფაშამ შაჰ მოჰამედ ხუდაბენდეს რომ გაუგზავნა და დათარიღებულია 1578 წლის ივლისით. ამ წერილის მიხედვით, 1578 წლის ივლისში ისმაილ II ცოცხალი აღარ იყო. გამოდის, რომ მან იმეფა 1576 წლის მაისიდან 1578 წლის ივლისამდე. მაშინ რა ვუყოთ შარაფხან ბითლისის ცნობას, რომლის მიხედვით ისმაილი გარდაიცვალა სექტემბერში5, ხოლო ისლამის ენციკლოპედიას თუ დავუჯერებთ, - ნოემბერში6.
1. ისქანდერ მუნში, გვ, 28.
2. Hinz W., Op. cit., S. 61
3. Brosset M., Collections d’Historiens, v. I , St. Petersbourg, 1874 , St. Pewtersborg, 1874 , p. 555.
4. ქართლის ცხოვრება, II , გვ. 372.
5. Шараф-хан Бидлиси, c. 233.
6. Enziklpädie des Islam, II , Leiden-Leipzig, 1927 , Leiden-Leipzig, 1927, S. 582-583.
შარაფ-ხან ბიდლისი მოჰამედ ხუდაბენდას მიაწერს სვიმონის ტყვეობიდან განთავისუფლებას, მისთვის თბილისის ოლქის და მისი მიმდებარე მხარეების მმართველობის ბოძებას და საქართველოში გაგზავნას1. ასეთივე ცნობა დაცულია „მესხურ მატიანეში“: ოსმალთა სარდალი ლალა მუსტაფა ფაშა ქართლშია (1578 წ.), როდესაც სპარსეთიდან ბრუნდება სვიმონ I . „ქართლის მეფე პატრონი სვიმონ ტყვე იყო; ყაენმა [მოჰამედ ხუდაბენდემ] გამოუშუა“2. შედარებით ვრცელია ვახუშტი ბატონიშვილის ნათქვამი სვიმონ მეფის სამშობლოში დაბრუნების შესახებ. ისიც აღნიშნავს შალიკაშვილების ქალის და სვიმონის შეხვედრას და შემდეგ ამატებს: ის ყველაფერი ხომ მისცეს, რაც დაუდხანისათვის გადაცემული ჰქონდათ, „მის ზედა დაურთეს ცხრა ათასი თუმანი და ტყვენი ყოველნი საქართ ველოსანი, იქ დატყვევებულნი“3 მინადოი, როგორც ითქვა, სვიმონ მეფის პატიმრობიდან განთავისუფლებას ისმაილს, სამშობლოში გამოშვებას კი მოჰამედ ხუდაბენდეს მიაწერდა. დონ ხუან დე პერსიასთან სრულიად გაურკვეველია, რომელი შაჰი როგორ მოეპყრო მეფეს. ჟან შარდენი გვამცნობს, რომ სვიმონი მოჰამედ ხუდაბენდემ გაანთავისუფლა ციხიდან და სამშობლოშიც მან დააბრუნა, მაგრამ თარიღს (1582 წ.) არასწორად გადმოგვცემს4.
განხილულ წყაროთა ცნობების და ზოგიერთი დოკუმენტის5 მონაცემების შეჯერება სარწმუნოს ხდის, რომ სვიმონ მეფის პატიმრობიდან განთავისუფლება ისმაილ II-ის, ხოლო სამშობლოში დაბრუნება შაჰ-მოჰამედ ხუდაბენდეს წყალობა იყო. ზოგიერთი წყაროს მიხედვით სვიმონ მეფე ირანის ტყვეობაში ნარკოტიკს მიეჩვია. მას ასეთი მიდრეკილება ისმაილ-მირზასთან ურთიერთო ბისას უნდა გასჩენოდა, რასაც საცნაურს ხდის თომაზო მინადოის მიერ საკმაოდ მაღალფარდოვნად გადმოცემული ალამუთის ორი ტუსაღის ურთიერთობა.
1. Шараф-хан Бидлиси, c. 236.
2. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 50.
3. ქართლის ცხოვრება, IV, გვ 411.
4. შარდენის მგზაურობა, გვ. 302.
5. Morley W.H., A descriptive Catalogue of the Historial Manuscropts… # 136, p. 335; Francesco Manuel Alves, Catalogo des Manuscritos… p. 479; Hinz W,Op. cit., S. 62.
სვიმონ I რომ ნარკოტიკის მომხმარებელი იყო, ამას აღნიშნავდნენ, ქართული და რუსული წყაროები. ბერი ეგნატაშვილის თქმით, „რაჟამს დაეტყუევებინა ყაენსა სვიმონ მეფე ციხესა ალამუტისასა, მაშინ გასწყობოდა თრიაქის ჭამასა და ღვინის სმასა და ამიერიდან ეწყობოდა თრიაქსა. და მაშინცა, გორისჯვარს რომ მივიდა, ჭამა თრიაქი და გამხიარულდა. გაიხედა გორისაკენ და ნახა, რომე ახალი მწვანილი ამოსულიყო და გაზაფხულის პირიც იყო. ოდეს გამხიარულდა, მოუნდა აფიონი, ვითარცა წესია აფიონისდ მჭამელთაგან მოჰნდომება საჭმლისა რისამე“1. ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემითაც სვიმონ მეფე თრიაქს „დაჩუეულ იყო პატიმრობასა შინა“2.
კახთა მეფე ალექსანდრეს, იმისათვის რათა ხელი შეეშალა რუსეთის მიერ ქართლის სამეფოსთან კავშირის დამყარებისათვის, ყოველთვის ცდილობდა სვიმონ მეფე რუსეთის ელჩების თვალში დაემცირებინა, მას მეფის ტიტულით არასოდეს მოიხსენიებდა, ცდილობდა დაესაბუთებინა, რომ სვიმონი ბეცი პოლიტიკოსია, ოსმალებთან გამუდმებული ომების შედეგად ქვეყანა დაღუპვამდე მიიყვანა და, ამასთან ერთად, აფიონსაც ეწევა და ასეთ კაცთან ურთიერთობას აზრი არა აქვსო3.
1. ქართლის ცხოვრება, II, გვ. 378. აფიონი და თრიაქი - ორივე ოპიუმია. ბერძნულად ოპიუმი ნიშნავს ყაყაჩოს წვენს.
2. ქართლის ცხოვრება, IV , გვ. 417.
3. Cношения России с Кавказом. Матерялы, извлеченные из Московского Главного Архива Министерства иностранных дел Сергеем Белокуровым, вып. I , M., 1889 , c. 221-222.
კაჰკაჰეს თუ ალამუთის ციხეში ხანგრძლივმა პატიმრობამ სვიმონ მეფისათვის უკვალოდ არც სხვა მხრივ ჩაიარა. ისქანდერ მუნშის მიხედვით, როდესაც სვიმონ მეფე საქართველოდან ყაზვინში მიიყვანეს, „რამდენიმე ხანს უავგუსტოეს სასახლეში ჰყავდათ, რომ იქნებ ისლამის დიდებით შეიმოსოსო“. მაგრამ სვიმონმა შაჰის იმედი ვერ გაამართლა, ქრისტიანობას არ თმობდა და ამის გამო ალამუთის ციხეში გამოკეტეს, სადაც იმყოფებოდა შაჰ თამაზის სიკვდილამდე. ისმაილ-მირზამ ის ციხიდან გამოიყვანა. მხოლოდ მოჰამედ ხუდაბენდეს დროს „ისლამის ბედნიერება მოიპოვა... სურვილებშესრულებული საქართველოში წავიდა“ (გვ. 25). ფარსადან გორგიჯანიძე თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს ისქანდერ მუნშის ნათქვამს და სვიმონის გამუსლიმანებას მოჰამედ-ხუდაბენდეს დამსახურებად თვლის (გვ. 219).
თომაზო მინადოი სვიმონ მეფის გამუსლიმანებას, როგორც ითქვა, კაჰკაჰეს ციხეში ისმაილთან სიახლოვით ხსნის (Minadoi გვ. 128). ეს რომ მართლა ასე ყოფილიყო, მაშინ შაჰ თამაზი მას ციხეში რატომ დატოვებდა. შაჰი ხომ მისგან მხოლოდ სარწმუნოების შეცვლას მოითხოვდა. ამდენად მართალი უნდა იყოს ისქანდერ მუნში, რომელიც სვიმონ მეფის გამუსლიმანება შაჰ-მოჰამედ ხუდაბენდეს მიაწერს, რომელმაც მხოლოდ ამის შემდეგ გამოუშვა მეფე საქართველოში (გვ 28).
საფუძვლიანი არ მეჩვენება ეჭვი იმის შესახებ, რომ შეიძლება სვიმონი ისლამის მიღების გარეშე დააბრუნეს თავის სამეფოში და ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლის მეთაურობაც მას მიანდეს. ძალზე საინტერესოა ვ. ჰინცის ნაშრომში დაცული რამდენიმე ცნობა, რომლებიც სვიმონ მეფის სამშობლოში დაბრუნებას და მისი რწმენის საკითხს ასახავს. ვ. ჰინცის მიხევით ისმაილ II-ის საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შემოიფარგლა სვიმონისა და უფლისწული იესეს განთავისუფლებით, რომლებსაც ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლა დაავალა. მათი განთავისუფლება და სამშობლოში დაბრუნება მოხდა იმ პირობით, რომ ისინი შეინარჩუნებდნენ შიიტურ რწმენას, რომელიც შაჰ-თამზის დროს მიიღეს. მოგვიანებით, იესემ ცოლად შეირთო „სეფევიდი პრინცესა“ (შაჰის ძმის საამ-მირზას ასული), რაც მისი შემდგომი წარმატების საწინდარი გახდა. სვიმონ მეფეს, რომელსაც, ვ. ჰინცის თქმით, ისლამის მიღების შემდეგ მაჰმუდს ეძახდნენ, 9 ათასი თუმანი და ირანში მყოფი ყველა ქართველი ტყვე გამოტანეს და 1578 წლის შემოდგომაზე სამშობლოში გამოუშვეს. თავის სამეფოში დაბრუნებულ სვიმონს სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა სამღვდელოებისა და კარისკაცების მხრიდან. მათ მეფეს მოსთხოვეს დაბრუნებოდა ქრისტიანობას. სვიმონმა დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა. როცა მეფის მიერ ისლამის უარყოფის ამბავი ირანში შეიტყვეს, მის ამ მოქმედებაზე რეაგირება არ მოახდინეს იმ პირობით, რომ ქართლის მეფე კვლავ შაჰის ვასალად დარჩებოდა1.
ვ. ჰინცის ნათქვამიდან ეჭვს იწვევს ისმაილ II-ის მიერ სვიმონ მეფის საქართველოში გამოშვება. სვიმონის უფლებებში აღდგენა დაკავშირებული იყო ოსმალების მიერ ამიერკავკასიაში დიდი ომის გაჩაღებასთან. ეს კი შაჰ მოჰამედ ხუდაბენდეს მეფობის დასაწყისში მოხდა.
საფიქრალია, რომ სვიმონ მეფემ მუსლიმანობა მოჩვენებით მიიღო, სამშობლოში დაბრუნებისთანავე უარყო და კვლავ ქრისტიანობა აღიარა. მან კარგად იცოდა, რომ ოსმალეთთან ომის გამო ირანს სერიოზული პრობლემები ჰქონდა ამიერკავკასიაში და, განსაკუთრებით კი, ქართლის სამეფოში, სადაც ქართველები ოსმალებს ხშირად ყიზილბაშებთან ერთად ებრძოდნენ. მეფეს ისიც კარგად ეს მოდა, შაჰის კარი მის მიმართ პრეტენზიების და უკმაყოფილების გამომჟღავნებას მოერიდებოდა, რადგან იგი საქართველოში მის შემცვლელს ვერ მოძებნიდა. ახლად დაბრუნებული სვიმონის მიმართ არსებული ოპოზიციის შესახებ ხმები კი, უფრო სპარსელთა გასაგონად გავრცელებული უნდა ყოფილიყო. იტრიის ეკლესიის გუჯარში, რომელიც ე. თაყაიშვილმა 1578- 1600 წლებით დაათარიღა, ნათქვამია: „შაჰ თამაზის სიკვდილის შემდეგ „მოხედა მოწყალებამან ღვთისამან და მოვიდა მეფეთ-მეფე ბატონი სვიმიონ ტყვეობიდაღმან. ცოტაოდენი საფასე მანც გაუჩინა მონასტერსა. მრავალ-მცა არიან წელნი ცხოვრებისა მისისანი. მოვიდენ კიდევ ურუმნი და რაც ძალა ჰქონდა, განწირულის ლაშქრით წინა აღუდგა“2.
1. Hinz W., ., Op. cit., S. 66.
2. თაყაიშვილი ე., საქართველოს სიძველენი, III, ტფ., 1910, გვ. 124, -155.
* * *
ვიდრე შირვანის გზას დაადგებოდა, ლალა ფაშამ განიზრახა კახეთის სამეფოსთან ურთიერთობა გაერკვია. მიღებულია, რომ საქართველოში შემოჭრის წინ ოსმალო სარდალს ალექსანდრე II-ისათვის წერილი გაუგზავნია და დამორჩილება და ისლამის მიღება მოუთხოვია. მეფემ ოსმალებს ხარკის გადახდა აღუთქვა, მაგრამ მორჩილების სანაცვლოდ კახეთის სამეფოს მიერ წინათ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და ქრისტიანად დარჩენა ისურვა. საბოლოოდ შეთანხმებისთვის მიუღწევიათ. ოსმალეთსა და კახეთის სამეფოს შორის დამოკიდებულების პოლიტიკური ფორმა მოხარკეობის საფუძველზე დამყარებულა: ალექსანდრე II-ს ყოველწლიური ხარკი უნდა ეხადა და სულთნის მოწოდებისთანავე მონაწილეობა მიეღო ოსმალთა ლაშქრობებში (სვანიძე, დასახ. ნაშრ., გვ. 116-119).
მე კი მგონია, რომ ოსმალეთსა და კახეთის სამეფოს შორის ამგვარი შეთანხმება, მოხდა მაშინ, როცა ოსმალთა ჯარი კახეთის საზღვარს მიადგა, როცა ლალა ფაშამ მთელი სიმწვავით იგრძნო ქართველებთან ომის წარმოების სირთულე და იგი იძულებული გახდა დათანხმებოდა კახეთის მეფის პირობებს. ერთი გარემოებაც: ოსმალეთსა და კახეთის სამეფოს შორის მართლაც რომ ყოფილიყო შეთანხმება ირან-ოსმალეთის მეორე ომის დაწყების წინ, მაშინ ხომ ალექსანდრე ვალდებული იქნებოდა თავისი ჯარით მონაწილეობა მიეღო ოსმალების მიერ სამცხის ან ქართლის დაპყრობაში. ამგვარი მოქმედება მაშინ მოსთხოვა ლალა ფაშამ ალექსანდრე მეფეს, როცა კახეთის საზღვართან შეუთანხმდა და მისი მოთხოვნისთანავე თავისი ჯარით წაჰყვა შირვანის ლაშქრობაში. კახეთის მეფესა და ლალა მუსტაფა ფაშას შორის შეთანხმება, რომ ნამდვილად იმ დროსა და კახეთი სამეფოს საზღვართან მოხდა ამას ადასტურებს ალის „ნუსრეთ-ნამეც“. კერძოდ, მასში ნათქვამია, რომ 30 აგვისტოს ოსმალეთის ჯარმა თბილისი დასტოვა და მდ. იორთან გაჩერდა. იქ მივიდა კახეთის მეფე ალექსანდრე II-ის ვეზირი იორამ ბეგი და მეფის მორჩილების წერილი მიი ტანა. ორი დღის შემდეგ, 1 სექტემბერს, ორშაბათს თვით მეფეც მივიდა თავისი ჯარით. მოლაპარაკების შემდეგ მან მიიღო თავისი მამის სამფლობელოებზე უფლება იმ პირობით, რომ გადაიხდიდა ჯიზიას და მონაწილეობას მიიღებდა სამხედრო ლაშქრობაში1.
კახეთის სამეფოსთან ურთიერთობის მოგვარებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ოსმალეთის სახელმწიფოსათვის, რადგან ლალა ფაშა შიშობდა, რომ წინააღმდეგობას წააწყდებოდა. აი რას გადმოგვცემს ანონიმი ვენეციელი: „გენერალ [ლალა ფაშას] შირვანში წასვლა ჰქონდა განზრახული, მაგრამ ერთი მეფის2 ქვეყანა უნდა გაევლო, რომელიც დაბრკოლებას უქმნიდა. ამიტომ გადაწყვიტა სანჯაყ-ბეგი კაიტასი3 გაეგზავნა ელჩად. მას [მეფე] უნდა დაერწმუნებინა, რომ გენერლისათვის მორჩილება გამოეცხადებინა. სანაცვლოდ მეფობის შენარჩუნებას ჰპირდებოდა, თუ კი ყოველი ოჯახი თითო ცეხინს გადაიხდიდა, ხოლო მეფე [გენერალს] სცნობდა თავის სინიორად. სამაგიეროდ მას ნურაფრის შიში ექნებოდა“4. მინადოის და დონ ხუან დე პერსიას მიხედვით, თბილისიდან გასულ ლალა ფაშას კახეთის მეფის მოციქულები შეეგებნენ და თავიანთი მეფის სახელით მორჩილება გამოუცხადეს. ოსმალო სარდალმა ელჩები კარგად მიიღო. ის დიდად ნა სიამოვნები დარჩა ასეთი მორჩილებით, ელჩები უკან გაისტუმრა და ალექსანდრე მეფე თავისთან მიიწვია5. დონ ხუან დე პერსია დამატებით გვაცნობებს, რომ ალექსანდრე მეფე ოსმალებს გამყოლების მიცემასაც დაჰპირდა. ისინი მეგზურობას გაუწევდნენ ოსმალთა ჯარს კახეთის მეფის სამფლობელოებზე გავლისას. მუსტაფა ფაშამ ალექსანდრე მეფეს საპატიო ხალათი გაუგზავნა დამყარებული კავშირის ნიშნად6.
1. Фарзалиев А. М. оглы, Ук. труд, с. 75
2. ალაქსანდრე II.
3. კაიტას ფაშა სასახლის სამსახურში დაწინაურდა და იყო სხვადასხვა თანამდებობაზე. დაიღუპა ყიზილბაშებთან ბრძოლაში.
4. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, გვ. 25.
5. Minadoi, p. 85.
6. Don Juan de Persia, p. 69v.
ჯოვანი მიქელი, მართალია, აღნიშნავს, რომ შირვანისკენ მიმავალ ლალა მუსტაფა ფაშასთან კახეთის მეფის ელჩები მივიდნენ და უძვირფასესი საჩუქრები მიართვესო1, მაგრამ მოლაპარაკების თაობაზე არაფერს ამბობს. პეტრო ბიძაროს გადმოცემით, ლალა ფაშასთან მისულ ალექსანდრე მეფის მოციქულებს დიდძალი საჩუქრები მიუტანიათ და მაშინვე მორჩილება გამოუცხადებიათ2. იბრაჰიმ ფეჩევი აღნიშნავს, რომ მეფე ალექსანდრესთან „სარდლისაგან გაგზავნილი რწმუნებულები მივიდნენ და გულის მოსანადირებლად [თან მოიტანეს] წერილები“. იბრაჰიმ ფეჩევი იქვე იმასაც ამბობს, კახთა მეფემ რა ვალდებულებები იკისრა: „ის იღებს თავის თავზე იხადოს წელიწადში ხარაჯა: ოცდაათი იუქი აბრეშუმი, 10 ლამაზი ჭაბუკი და 10 ბროლტანიანი ქალწული, 10 ფრთა ისპირის მიმინო და [აგრეთვე მასში], რომ ის იქნება თავისი ქვეყნის მმართველი ბეგლარბეგის სახელწოდებით“3. ვფიქრობ, იბრაჰიმ ფეჩევი სწორად არ გადმოსცემს ოსმალეთსა და კახეთის სამეფოს შორის დამყარებული ურთიერთობის პირობებს. თუ ამ ოსმალო ისტორიკოსს დავუჯერებთ, გამოდის, რომ 1578 წელს ალექსანდრე მეფე სულთნის მოხელე (ბეგლარბეგი) გახდა, რაც არ დასტურდება ოსმალეთ-კახეთის შემდგომ ურთიერთობაში. კახეთის მეფე, ყველაფრიდან ჩანს, მხოლოდ მოხარკე გახდა და არა მოხელე. ისიც საეჭვოა, ოსმალეთის ჯარის სარდალს, რომელიც ამიერკავკასიაში ხანგრძლივი ომისათვის ემზადებოდა, მოხარკე ქვეყნისაგან მიმინოები და შევარდნები მოეთხოვა. მას ფული და სურსათი სჭირდებოდა. სინამდვილესთან ახლოს უნდა იყოს ანონიმი ვენეციელისა და ალის მიერ გადმოცემული სახელშეკრულებო პირობები.
1. Alberi, Op. cit., II, p. 264.
2. Bizarus P ., Persicarum rerum historia in XII libres, Antverpiae, 1583, p. 634
3. იბრაჰიმ ფეჩევი, გვ. 42.
ანონიმი ვენეციელის მიხედვით, ოსმალთა ბანაკში კახეთის მეფის მოციქულები კი არ მივიდნენ, არამედ ლალა ფაშამ გაგზავნა კაიტას-ბეგი, რომელსაც ალექსანდრე მეფე უნდა დაერწმუნებინა, რომ სხვების მსგავსად მასაც მოეხარა ქედი. ლალა ფაშა სამაგიეროდ ალექსანდრეს ჰპირდებოდა ყოველივე იმას, რაც ზემოთ ითქვა.
ანონიმის გადმოცემით, ლალა ფაშამ კახთა მეფის მოციქული გაისტუმრა და თვითონაც მთელი ჯარით უკან მიჰყვა. მესამე დღეს იგი მიადგა მდინარე კაპრს1, სადაც კარვების დადგმა ბრძანა, რათა მეფე ალექსანდრესთან გაგზავნილი ელჩს დაბრუნებას დალოდებოდა. იმავე დღეს დაბრუნდა ელჩი მეფე ალექსანდრესთან ერთად, რომელმაც მდიდრული საჩუქრები მიიტანა და მშვიდობა ითხოვა2. როგორც ჩანს, მეფე თანახმა იყო ოსმალების მიერ წამოყენებულ პირობებზე და შეთანხმება გაფორმდა. „ზავი დაიდო. მეორე დღეს გენერალი ჯარ თან და ზემოხსენებულ მეფესთან ერთად გაემგზავრა და გზად შირვანში ლაშქრობის შესახებ ეთათბირებოდა“3. ოსმალეთ-კახეთის ურთიერთობის ამ მომენტს უფრო ნათელს ხდის ალის გადმოცემა, რომლის მიხედვით, მდ. იორთან ალექსანდრე მეფე4 თავისი 3 ათასი მეომრით მივიდა და ორ სანჯაყბეგთან ერთად ადიდებულ მდინარეზე გადავიდა შაქისა და მისი ოლქის დასაპყრობად, მთავარსარდალი და მთელი ჯარით ადიდებულ მდინარეს მოერიდა და შირაქის ველზე დაბანაკდა5. არასწორია მინადოის ნათქვამი, თითქოს: 1. ალექსანდრე მეფემ სხვადასხვა მიზეზით თავიდან აიცილა შირვანში ლაშქრობაში მონაწილეობა და ლალა ფაშას დაჰპირდა რომ სხვაგან ყველგან ეახლებოდა. 2. თითქოს კახეთის მეფემ ლალა ფაშას სთხოვა, როცა ოსმალთა ლაშქრი შირვანიდან მობრუნდებოდა და კახეთის სამეფოს ტერიტორიაზე გაივლიდა, მეფეს უნდოდა მათთვის ჯეროვანი პატივი ეცა6.
1. ალბათ, მდ. იორი. ქართლის ცხოვრების მესამე ტექსტიდან (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 523) და ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებიდან (ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 578) ვიცით, რომ მეფე ალექსანდრე II ლალა ფაშას სართიჭალასთან მიეგება, რომელიც მდ. იორის ნაპირას მდებარეობს. იბრაჰიმ ფეჩევი ლალა ფაშას დაბანაკების ადგილად მდ. კაფურის ნაპირს ასახ ელებს. ს. ჯიქიას გამოკვლევით მდ. კაფური იგივე მდ. იორია. იბრაჰიმ ფეჩევი, გვ. 44, 122.
2. ყურადღებას იმსახურებს მუსტაფა სელიანიქის ცნობაც კახეთის მეფისა და დიდებულების ოსმალთა ბანაკში მისვლის შესახებ. „გზაში საქართველოს შეძლებული და სახელოვანი აზნაურები და ქრისტიანთა ხალხის ალექსანდრე ლევანის ძედ წოდებული ხანი თავისი ქვეშევრ დომებით მოვიდა. ღირსეული სარდლის ცხენის ჩლიქების მტვერს ემთხვივნენ და მის კეთილგანწყობას მიაღწიეს. შემდეგ მათ ისლამის ლაშქრისათვის უხვი სურსათი მოზიდეს და სრული სამსახური გასწიეს“. ფუთურიძე გ. მუსტაფა სელიანიქი საქართველოს შესახებ. თსუ შრომები, ტ. 91, თბ., 1960 , გვ. 263-264.
3. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, გვ. 25.
4. „ზაგემისა და გერემის (ჭერემი-ე. მ.) გამგებელი ლევენდ-ხანი“, რა თქმა უნდა, კახთა მეფე ალექსანდრე II ლევანისძეა. როგორც გ. ფუთურიძე აღნიშნავდა, ოსმალო ავტორები კახეთის მეფეებს ლევან-ხანის ძეს ან ალექსანდრე-ხანის ძეს უწოდებენ. ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“. თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გ. ფუთურიძემ. ნაკვ. II, გა მოკვლევა, კომენტარები, თბ., 1973, გვ. 103, შენ. 16.
5. Фарзалиев А. М. оглы, Ук. труд, с. 75-76
6. Minadoi, p. 86.
მინადოის თქმით, ალექსანდრე მეფისათვის დამახასიათებელი იყო სისხლის ღვრის მაგიერ საქმის მოგვარება დიპლომატიის გზით1. ასე გვიხ ასიათებს ალექსან დრეს ისქანდერ მუნშიც: „ალექსანდრე ხანი კი, რომელიც ცბიერი და წინდახედული კაცი იყო, თავისი საქმის სიკეთეს ჩაუკვირდა და ოსმალებისათვის მეგობრულად თავის მოჩვენება ამჯობინა, ლალა ფაშას ბანაკში ნუზლი და სავერი გაგზავნა და მორჩილება გამოუცხადა. ეს გარემოება ლალა ფაშას გულდაჯერების მიზეზი შეიქმნა“2.
1. Ibidem, p. 47.
2. ისქანდერ მუნში, გვ. 30.
ანონიმი ვენეციელის ცნობებს ლალა მუსტაფა ფაშას მიერ ალექსანდრე მეფესთან ელჩის გაგზვნის შესახებ ეთანხმებიან იბრაჰიმ ფეჩევი და ვახუშტი ბატონიშვილი, მაშინ როდესაც ევროპული წერილობითი წყაროები, გარდა ზემოთ დასახელებული იტალიურისა, დუმან. ეს პრინციპული მნიშვნელობის საკითხია: ურთიერთობის დამყარების ინიციატივა ალექსანდრე მეფისგან კი არ მოდიოდა, არამედ ოსმალეთის ჯარების მთავარსარდლისაგან, რომელიც იმავე დროს სულთნის მეორე ვეზირიც იყო, იმაზე მიგვანიშნებს, რომ ოსმალები ანგარიშს უწევდნენ ალექსანდრეს პოზიციას ამიერკავკასიაში გაჩაღებული ომის დროს. იბრაჰიმ ფეჩევი წერს: „ალექსანდრესთან ამას წინათ სარდლისაგან გაგზავნილი რწმუნებულები მივიდნენ და გულის მოსანადირებლად [თან მოიტანეს] წერილები. მოვიდა ამბავი, [ალექსანდრე მეფემ] ამასთან დაკავშირებით თავისი ქვეყნის წარჩინებულები მოიხმო, სახელოვანი აზნაურე ბისაგან შეადგინა ამალა და სამეფო ბანაკში წასასვლელად მოემზადაო. თანახმად საფადიშაჰო წესისა, მთელი ისლამის ჯარი თავისი ძლიერებითა და დიდებით შემოეგება მათ“1.
ვახუშტი ბატონიშვილი კიდევ უფრო ახლოს მიდის ანონიმი ვენეციელის ნათქვამთან: „შემდგომად გამოვიდა რა ლალა-ფაშა... ტფილისიდამ ეზრახა ალექსანდრეს, ხოლო მან აღუთქვა მისვლა მის თანა და წაჰყვესცა სპითა შირვანს, უკეთუ დაუტოეს კახეთი უვნოდ. ამან მოსცა პირი მტკიცე და მიეგება სათისჭალას ალექსანდრე სპითა ლალა-ფაშას და წარუძღუა შირვანს, ხოლო ლალაფაშამ აიღო შირვანი, შაქი, ურჩნი მოსრა და აღაშენა ციხე შირვანს, შეაყენა მცველნი თვისნი და დასუა ფაშა...“2
კახეთის მეფე ალექსანდრეს მიერ ოსმალებისათვის გამოცხადებული მორჩილება მხოლოდ ქვეყნის აოხრების შიშით არ იყო ნაკარნახები. მას ირან-ოსმალეთის ომის დაწყებამდე ირანთან უკვე ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. ყიზილბაშებს არ მოსწონდათ ალექსანდრეს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. მინადოის და დონ ხუან დე პერსიას მიხედვით, შაჰ თამაზმა გადაწყვიტა ალექსანდრეს ნაცვლად კახეთის ტახტზე მისი ძმა, გამაჰმადიანებული იესე აეყვანა3. კახეთის მეფემ იცოდა შაჰის განზრახვის შესახებ და რადიკალურად შეცვალა ირანთან ურთიერთობა. ალექსანდრეს ოსმალებთან მორიგებაზე გავლენა მოახდინა შაჰ ხუდაბენდეს მიერ იესეს აღზევებამ. იგი შაქის ხანად დანიშნეს და ცოლად შერთეს შაჰ აბასის ძმის საამ-მირზას ასული4. შაქში, კახეთის საზღვართან მჯდომ იესეს ყოველთვის შეეძლო ალექსანდრეს საწინააღმდეგო საქმიანობის გაჩაღება.
1. იბრაჰიმ ფეჩევი, გვ. 42.
2. ქართლის ცხოვრება. IV, გვ. 578.
3. Minadoi, p. 86; Don Juan de Persia, p. 68r.
4. ისქანდერ მუნში იესეს შეცდომით ალი-ხანს ეძახის. ისქანდერ მუნში, გვ. 28; Dorn B., Erster Beitrag zur Geschichte der Georgien, St.-Peterburg, 1845, S .20.
ალექსანდრე მეფეს არც ოსმალები ეპრიანებოდა. იგი თავისი სამეფოს სრული დამოუკიდებლობისათვის იღწვოდა. ლალა ფაშამ იცოდა კახთა მეფის ამგვარი განწყობილება. მინადოის თქმით, ლალა ფაშამ სულთანს მისწერა, რომ ალექსანდრემ სულთნის ჯარი კარგად მიიღო თავის სამფლობელოებში და ისიც აცნობა, ხმა დადის თურქ მეფურაჟეებსა და ჯარზე თავდასხმებში მისი ხელი უნდა ერიოსო1.
ალექსანდრემ, როგორც გამჭრიახმა პოლიტიკოსმა და დიპლომატმა, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და შირვანში ლაშქრობიდან სარგებლის მიღება განიზრახა. ამის შესახებ აღნიშნავს ანონიმი ვენეციელი: მეფე ალექსანდრემ ოთხი დღის მგზავრობის შემდეგ ლალა ფაშას სთხოვა მისთვის მიეცა ცხენოსანთა რაზმი, რათა ანგარიში გაესწორებინა თავისი მტრისათვის, შაქის გამგებლისათვის.
ლალა ფაშამ დააკმაყოფილა ალექსანდრეს თხოვნა და 1200 მხედარი მისცა2. რა თქმა უნდა, ლალა ფაშას ეცოდინებოდა, რომ შაქის გამგე ბელი კახთა მეფის უფროსი ძმა, ყიზილბაშების მიერ აღზევებული იესე - ისა-ხანი იყო. იბრაჰიმ ფეჩევი ისე წარმოგვიდგენს ალექსანდრეს შაქზე გალაშქრებას, როგორც ლალა ფაშას დავალების შესრულებას, თუმცა მოკლედ, მაგრამ ისევე აგვიწერს ოსმალთა ლაშქრობას შაქზე (წყალდიდობა, გზის სირთულე), როგორც ანონიმი ვენეციელი3. ანონიმი დამატებით გვამცნობს, რომ შაქის გამგე ბელმა გაქცე ვით უშველა თავს, გარნიზონი და ქალაქი კი ბედის ანაბარა მიატოვა4.
1. Minadoi, p. 105
2. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, გვ. 25.
3. იბრაჰიმ ფეჩევი, გვ. 44.
4. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, გვ. 25. საყურადღებოა, რომ ჯოვანი მიქელი არაფერს ამბობს ალექსანდრეს შაქში ლაშქრობაზე.
იგივე ამბავს საკმაოდ განსხვავებულად გადმოგვცემს ალი: ალექსანდრე მეფე და მასთან ერთად გაგზავნილი სანჯაყბეგები (მირზა ალი-ბეი და ახმედ-ბეი), როცა შაქის მისადგომებთან მივიდნენ, ქალაქის გამგებელი აჰმედ ხანი (სხვა წყაროებით - იესე, იგივე ისა-ხანი) აზერბაიჯანში გაიქცა. ქართველ-ოსმალთა ჯარმა ქალაქი უბრძოლველად დაიკავა. ქალაქის დაპყრობისთანავე მისი გამგე ბლობა მუსტაფა ფაშამ ალექსანდრეს ვაჟს ერეკლეს უბოძა. ლალა ფაშამ შირვანი და არეში დაიპყრო. აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში დაპყრობილი ოლქების გამგებლობა ოსმან ფაშას ჩააბარა და შაქში წავიდა შესახვედრად მეფე ალექსანდრესთან, რომელმაც ეს ქალაქი აიღო. მაგრამ ლალა ფაშას მეფე იქ აღარ დახვდა. სარდალს მოახსენეს, რომ მეფე კახეთში (ზაგემში) დაბრუნდა1. სამაგიეროდ შაქში იმყოფებოდა ალექსანდრეს ვაჟი ერეკლე (Iმრესე). ლალა ფაშამ „ერეკლე დანიშნა ამ ქალაქის სანჯაყად და წელიწადში 10 ათასი ცეხინი დაუნიშნა ჯამაგირად“2. ანონიმი ვენეციელის ეს ცნობა ოსმალური დოკუმენტური წყაროებითაც დასტურდება3. იბრაჰიმ ფეჩევიც აღნიშნავს ერეკლეს შაქში მისვლას ლალა მუსტაფა ფაშასთან და ამ ფაქტის შემდეგნაირ ახსნას იძლევა: „მამის (ალექსანდრეს - ე.მ.) მიერ გაწეული სამსახურის სანუქფოდ ეს ეალეთი ებოძა და დაენიშნა ლევანის ძეს ერეკლე მირზას. მას შემდეგ რაც ყადი და ციხისთავი დანიშნა და სხვა საჭირო მასალა მოამზადა, იგი (ეიალეთი) საფადიშაჰო სახელმწიფოს შეუერთეს“4.
ოსმალეთის დივანის გადაწყვეტილებით, დაპყრობილ ტერიტორიებზე ჩამოყალიბდა 4 საბეგლარბეგო: 1. შირვანის ეიალეთი 2 მილიონი ახჩით გადაეცა ოზდემირ-ოღლუ ოსმან-ფაშას. 2. თბილისი 1 მილიონი ახჩის წლიური შემოსავლით მის ბეგლარბეგს ფერჰჯად-ფაშას. 3. გურჯისტანის საბეგლარბეგო ოჯაკლიკის სახით გადაეცა ლევან-ხანის ძეს ალექსანდრე-ხანს (ალექსანდრე II). 4. სოხუმის საბეგლარბეგო 800 ათასი ახჩით გადაეცა ჰაიდერ-ფაშას5.
1. იქვე, გვ. 32. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ალექსანდრე მეფე ლალა ფაშას ახლდა შირვანში ლაშქრობაში. ლალა ფაშა „მერე უკუმოიქცა, შემოვლო მტკვრის პირი და მიჰყვა ალექსანდრე არაგუამდე, მერემე გამოუტევა ალექსანდრე და მივიდა კახეთს მშვიდობით“ (ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 578). ვახუშტის მონათხრობი სინამდვილეს არ ასახავს.
2. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, გვ. 32.
3. სვანიძე მ., დასახ. ნაშრ., გვ. 116.
4. იბრაჰიმ ფეჩევი. გვ. 44. ოსმალო ისტორიკოსს ერეკლე ლევან მეფის ვაჟი ჰგონია. ოსმალების მიერ შაქში გატარებულ ღონისძიებებზე გადმოგვცემს ალიც. იხ. Фарзалиев А. М. оглы, Ук. труд, с. 81.
5. Фарзалиев А. М. оглы, Ук. труд, с. 86.
შირვანის საბეგლარბეგო, თავის მხრივ ადმინისტრაციულად დაიყო 13 სანჯაყად. მეთერთმეტე იყო შაქის სანჯაყი, რომელიც გადაეცა ერეკლე ალექსანდრე II-ის ძეს1.
ქართული ნარატიული ლიტერატურიდან ჩანს, რომ ერეკლე უფლისწული თავიდანვე ოსმალური ორიენტაციისა იყო2 და შემთხვევით არ უნდა მისულიყო შაქში ლალა ფაშასთან. ის ხომ ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით 1574 წელს გაქცეულა სტამბოლში3. თუ მოვლენების შემდგომ განვითარებას გავითვალისწინებთ, საფიქრებელია, რომ ერეკლე მამის სურვილის წინააღმდეგ მოქმედებდა, მაგრამ ალექსანდრე ამას ხმამაღლა ვერ იტყოდა, შვილს იმის გამო ვერ დასძრახავდა, რომ ის ოსმალებთან კარგ ურთიერთობაში იყო. ლალა ფაშას ეცოდინებოდა მამა-შვილის ასეთი ურთიერთდამოკიდებულება და, ალბათ, ამიტომაც არ გაჰკვირვებია ალექსანდრეს მიერ შაქის მიტოვება და კახეთში დაბრუნება. ალექსანდრეს არც ის ესიამოვნებოდა, რომ მის მიერ დაპყრობილი შაქის სანჯაყბეგად ლალა ფაშამ ერეკლე დანიშნა, ხოლო თვით შაქი კი ოს მალეთის სამფლობელოებს შეუერთა. ლალა მუსტაფა ფაშას, როგორც ჩანს აფიქრებდა კახეთის სამეფოს რეაქცია შაქის სანჯაყბეგად ერეკლეს დანიშვნის გამო.
ლალა ფაშამ ერეკლეს სახით ოსმალეთის მოხელე დანიშნა, რომელიც ჯამაგირს ოსმალეთის ხაზინიდან იღებდა. ერეკლე მამისაგან დამოუკიდებელი ხდებოდა იმის გამოც, რომ ლალა ფაშამ შაქი კახეთს კი არ დაუმორჩილა, არამედ შირვანის საბეგლარბეგოს4. ამით უნდა ყოფილიყო განპირობებული მისი ბრძანება, რომ ქართველებს ეკრაძალებოდათ შირვანის ტერიტორიაზე თავდასხმა, მოსახლეობის ძარცვა-ხოცვა5. შაქის სანჯაყი ხომ შირვანის საბეგლარბეგოში შედიოდა. მაგრამ არ გაუვლია დიდ ხანს, რომ ერეკლეს ეს თანამდებობა ჩამოართვეს. ოფიციალურად ერეკლეს გადაყენება მოხდა იმის გამო, რომ ოსმალებს მიემხრო შექის ერთ-ერთი მმართველის შვილი მირზა ომარი, რომელიც დანიშნეს შექის სანჯაყბეგად6. სავარაუდოა, ერეკლეს შაქიდან მოცილება მოხდა ალექსანდრეს კახთა მეფის მოთხოვნით, ან მოთხოვნის გარეშე, მაგრამ მისი სურვილის გათვალისწინებით. თუმცა ალექსანდრეს ოსმალებისადმი დამოკიდებულებაში უკვე აღარაფერი შეიცვალა, რაზეც მიგვანიშნებს შემდგომი პერიოდის მოვლენები.
1. Тамже, с. 86-87.
2. „ხოლო ძე მისი ერეკლე გაუარშივდა ალექსანდრეს და წარვიდა სტამბოლს“. ქართლის ცხოვრება, II, გვ. 370; ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 576.
3. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. .576.
4. სვანიძე, დასახ. ნაშრ., გვ. 120.
5. Фарзалиев А. М. оглы, Ук. труд, с. 91.
6. Тамже, с. 92.
შირვან-აზერბაიჯანის დაპყრობის შემდეგ (1578 წლის 8 ოქტომბერი), ლალა ფაშამ საქართველოზე გავლით არზრუმში დაბრუნება გადაწყვიტა და კახეთისაკენ გამობრუნდა. მან რამდენიმე შიკრიკი გაგზავნა ალექსანდრე მეფესთან, რათა მას სურსათსანოვაგე მოემზადებინა ოსმალეთის ჯარის საჭიროებისათვის1.
კახეთის საზღვართან მიახლოებულ ოსმალთა ჯარს ალექსანდრემ თავისი ხალხი შეაგება პირუტყვით, პურით, ხილითა და სხვა პროდუქტებით. კახელებმა თავიანთი მეფის სახელით ბოდიში მოიხადეს, რომ იგი ავადმყოფობის გამო პირადად ვერ მიეგება ლალა ფაშას2. ალბათ, ალექსანდრეს ასე სურდა გამოეხატა თავისი უკმაყოფილება ლალა ფაშას მიერ შაქში გატარებული ღონისძიებების გამო. სარდალს სხვა გზა არ ჰქონდა, ალექსანდრეს ძღვნითა და ბოდიშით უნდა დაკმაყოფილებულიყო. რათა კახეთის სამეფოსთან ურთიერთობა კიდევ მეტად არ გამწვავებულიყო, იგი სიკვდილით დასჯით დაემუქრა თავის მეომრებს: „ეკრძალებათ ალექსანდრეს ქვეყანაში ვისიმე სიმშვიდის დარღვევა, რომ ყოველი თქვენთაგანი თავაზიანი და ზრდილობიანი უნდა იყოს“3. ლალა ფაშამ ალექსანდრეს ხალხიდან გამცილებლები აიყვანა, ზაგემს სამხრეთით გაუარა და თბილისისაკენ პირდაპირი გზით გაეშურა4. მიუხედავად მკაცრი გაფრთხილებისა, ოსმალო ჯარისკაცებმა კახეთის სოფლებზე გავლისას, მაინც „გენერლის უნებართვოდ ხელთ იგდეს მონები, პირუტყვი და გადაწვეს ასამდე სოფელი“. ლალა ფაშამ მოგვიანებით გაიგო ამის შესახებ და ბრძანა მთავარი დამნაშავეები მოეძებნათ და ჩამოეხრჩოთ. ალექსანდრემ ლალა ფაშას მისწერა, მომხდარის გამო ნუ შეწუხდებოდა, რადგან ომს ახლავს ამგვარი არასასიამოვნო მოვლენები. შემდგომში აღსდგება გადამწვარი სოფლები. „გენერალმა უპასუხა, რომ მას არავისთვის მიუცია ამის ნება. მან მრავალი საჩუქარი გაუგზავნა მეფეს, მის ცოლსა და შვილებს - ვაჟებსა და ქალებს“5. როცა კახელმა მეგზურებმა ოს მალთა ჯარი მოკლე და მშვიდობიანი გზით თბილისთან მიიყ ვანეს, ლალა ფაშამ ისინიც დიდად დაასაჩუქრა და უკან გაისტუმრა6.
1. Alberi, Op. cit., II, p. 454.
2. Minadoi, p. 99.
3. Alberi, Op. cit., II, p. 455; Minadoi, p. 99.
4. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, გვ. 33.
5. Minadoi, p. 99.
6. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, გვ. 33.
* * *
1578 წლის 26 ნოემბერს ლალა ფაშა თბილისში დაბრუნდა1. ოსმალთა გარნიზონი შიმშილისაგან იმდენად უკიდურესობამდე იყო მისული, რომ ძაღლისა და კატის ხორცით იკვებებოდა. ავადმყოფობას ბევრისათვის მუსრი გაევლო. როგორც მინადოის შეუტყვია, ოსმალთა გარნიზონი ასეთ მდგომარეობაში იმიტომ აღმოჩნდა, რომ ჯარისკაცები ქართველების შიშით ვერ ბედავდნენ ქალაქიდან გასვლას და სურსათ-სანოვაგის მოპოვებას2. ლალა ფაშა თბილისში ოთხი დღე დარჩა. მან ჯარი გაუსია თბილისის ახლომდებარე სოფლებს და საშინლად აიკლო, გარნიზონი სურსათით და ფუ ლით მოამარაგა3. 24 ოქტომბერს დაიწყო ძლიერი გრიგალი, რომელმაც ოსმალების მგზავრობა შეაფერხა. დიდი თოვლის მოსვლის მიუხედავად, ჯარმა გზა გააგრძელა. შიმშილისა და სიცივის გამო თბილისიდან გორამდე მრავალი ჯარისკაცი დაიღუპა4. გორის სანჯაყბეგმა ლალა ფაშას შესჩივლა, რომ ქართლის მეფე, თბილისის ადრინდელი მფლობელი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სპარსეთში ტყვეობაში იყო, ეხლა შაჰმა გაანთავისუფლა, თავი შეფარებული აქვს მაღალ მთებში, საიდანაც დიდ ზიანს აყენებს თურქებსა და მათ მოკავშირეებს5.
1. Minadoi, p. 99-100.
2. Ibidem, p. 100.
3. Фарзалиев А. М. оглы, Ук. труд, с. 93; Minadoi, p. 100.
4. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, გვ. 33.
5. იქვე.
ლალა ფაშა იძულებული გახდა მთელი თავისი ჯარით სამი დღე გორთან გაჩერებულიყო და სვიმონ მეფის წინააღმდეგ ცხენოსანი რაზმები გაეგ ზავნა, მაგრამ ოსმალებმა ვერც მეფეს და ვერც მის რაზმებს ვერ მიაგნეს.
ალი-ეფენდის თქმით, გორში მოვიდა იმერეთის მეფე გიორგი II-ის ძმა მამია და მორ ჩილება გამოაცხადა1. აქვე მოვიდა კახეთის მეფის კაცი სახელად ემინ-აღა2, მაგრამ ალი-ეფენდი არაფერს ამბობს ამ უკანასკნელის ლალა ფაშასთან ვიზიტის მიზანზე. სავარაუდოა, ალექსანდრე მეფეს რაღაც პრეტენზიები ჰქონდა ოსმალების მიმართ და ამიტომ უნდა გაეგზავნა სარდალს მისთვის „საამური“ წერილი. ლალა მუსტაფა ფაშა კახეთის მეფეს მისწერა, თბილისის ბეგლარბე გის აჰმედ-ფაშის რაზმების და სიფახიების, ზიამების და თბილისის დასაცავად და ტოვებული სხვა ჯარისკაცების რაზმების გაერთიანების აუცილებლობაზე. მან ალექსანდრეს სთხოვა, აგრეთვე, ყოველი ღონე ეხმარა დაუდხანის ოსმალებისადმი მორჩილებაზე დასაყოლიებლად. სარდალმა გორის სანჯაყბეგად დანიშნა ჰუსეინ-ბეგი და არზრუმისკენ განაგრძო გზა3. ოსმალთა ჯარის არიერგარდი თითქმის მუდმივად განიცდიდა სვიმონ მეფის რაზმების თავდასხმას. ოსმალებმა ქართლში დიდი ზარალი განიცადეს. სვიმონ მეფემ ლალა ფაშას 5 ათასზე მეტი მებრძოლი მოუკლა, მოსტაცა არკებუზებით დატვირთული მრავალი აქლემი, ფული, სურსათ-სანოვაგე და სხვ.4 მინადოის გადმოცემითაც, თბილისიდან გასული ოსმალთა ლაშქარი ქართველთა რაზმების მუდმივ თავდასხმებს განიცდიდა. მინადოის, ნათქვამის საილუსტრაციოდ, ორიოდე მაგალითიც მოჰყავს. მისი მონათხრობიდანაც ჩანს, რომ ყველა ამ რაზმების მოქმედების კოორდინაციას სვიმონ მეფე ახდენდა. მეფის მიერ ოსმალებისათვის მიყენებულ დიდ ზარალზე გადმოგვცემს ალიც. მისი თქმით ოსმალების არზრუმში დაბრუნება, სინამდვილეში უწესრიგო უკანდახევაში გადაიზარდა. ოსმალეთის ჯარის სარდალი აწყურში გაჩერდა.
1. მ. სვანიძის გამოკვლევით მამია გიორგი მეფის შვილი იყო და არა ძმა. სვანიძე მ., საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან, გვ. 142.
2. Фарзалиев А. М. оглы, Ук. труд, с. 93.
3. Тамже.
4. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, გვ. 33-34.
აქ მუსტაფა ფაშასთან შესახვედრად მოვიდა ყვარყვარე ათაბაგისა და მანუჩარის დედა დედისიმედი1. სარდალმა აქვე მიიღო სვიმონ მეფის წერილი, რომელიც აცნობებდა, რომ თუ გორის (ე.ი. შიდა ქართლის) მმართველად დანიშნავდა, მაშინ ოსმალების მხარეს გადავიდოდა. სარდალმა უარით უპასუხა, იმ მოტივით, რომ გორის გამგებელი უკვე დანიშნული იყო2.
ოქტომბრის დამდეგს3 ლალა ფაშა მანუჩარის სამფლობელოში შევიდა, ჯაყელთა ოჯახის წევრებთან მოლაპარაკების შემდეგ, ყვარყვარე IV და მანუჩარი, სტამბოლში გააგზავნა და იმავე წლის 21 დეკემბერს უკვე არზრუმში იყო4. არ ვიცი რამდენად შეეფერება ალი-ეფენდის ეს ცნობა (სვიმონ მეფის წერილის შესახებ) სინამდვილეს, მაგრამ თუ ეს მართლა ასე იყო, მაშინ ლალა ფაშას სერიოზულ პოლიტიკურ შეცდომასთან გვაქვს საქმე. მან ჯეროვნად ვერ შეაფასა ირანის ტყვეობიდან ახლად დაბრუნებული სვიმონ მეფის პიროვნება და მისი შესაძლებლობები და უპირატესობა მის ძმა დაუდ-ხანთან ურთიერთობის მოგვვარებას მიანიჭა, რომლის პარტიზანული ბრძოლა ოსმალების წინააღმდეგ სახეზე იყო.
1578-1579 წლების მიჯნაზე ყიზილბაშებმა ისარგებლეს ოსმალთა ძირითადი შეიარაღებული ძალების ამიერკავკასიიდან გასვლით და დაიწყეს უმნიშვნელოვანეს ქალაქებსა და ციხე-სიმაგრეებში ჩაყენებულ ოსმალთა გარნიზონებზე თავდასხმები. მათ აიღეს არეში და შირვანის გამგებელ ოსმან ფაშას შეუტიეს. 25 ათასმა ყიზილბაშმა წარმატებას მიაღწია5.
1. დაწვრ. იხ. ქვემოთ.
2. Фарзалиев А. М. оглы, Ук. труд, с. 94.
3. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 50.
4. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, გვ. 34 შენგელია ნ., ოსმალო ისტორიკიოსის მუნეჯიმ-ბაშის ცნობები ლალა მუსტაფა ფაშას ამიერკავკასიის ქვეყნებში ლაშქრობის შესახებ. „ქართული წყაროთმცოდნეობა“, II, 1968, გვ. 139.
საფრანგეთის მეფეს, როგორც თავისი აგენტი 1579 წლის 16 იანვარს აცნობებდა, ოსმან ფაშამ დახმარება სთხოვა კახეთის მეფე ალექსანდრეს, რომელსაც ევალებოდა, საჭიროების შემთხვევაში ჯეროვანი დახმარება აღმოეჩინა შირვანში მყოფი ოსმალებისათვის. ალექსანდრეს მეთაურობით მისულმა კახელთა რაზმებმა საქმეს ვერ უშველეს1. მხოლოდ ყირიმის ხანის მეჰმედ გირეის 40 ათასიანი ჯარის მისვლამ იხსნა ოსმან-ფაშა. ყიზილბაშები დამარცხდნენ და სერიოზული დანაკლისით უკან დაიხიეს2. გამარჯვებულებმა დიდი ნადავლი იგდეს ხელთ. ამის შემდეგ ყირიმის ხანის ჯარის ერთი ნაწილი უკან გაბრუნდა, ხოლო მეორე ნაწილი კი - 15 ათასი კაცი, ხანის ძმების - ღაზი გირეისა და ადილ გირეის მეთაურობით, ოსმან ფაშასთან დარჩა, მაგრამ ყიზილბაშებთან ბრძოლაში დამარცხდნენ3.
1. Charrière, III, p. 775.
2. Ibidem, p. 775; შენგელია ნ. ოსმალო ისტორიკიოსის მუნეჯიმ-ბაშის ცნობები, გვ. 139.
3. შენგელია ნ., დასახ. ნაშრ., გვ. 140.
ლალა მუსტაფა ფაშა შემდეგი წლის კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით სხვადასხვა გეგმებს სახავდა. მართალია, მან სულთან მურად III-ს გასულ წელს ამიერკავკასიაში წარმოებული სამხედრო ოპერაციები ისე დაუსახა, თითქოს იქ ადგილობრივი მოსახლეობა საბოლოოდ დამორჩილებული იყო, სინამდვილეში, საქართველოსა და შირვანში ჩაყენებულ გარნიზონებს ქართველები და ყიზილბაშები ძლიერ ავიწროებდნენ. ვითარება ოსმალებისათვის სულ უფრო იძაბებოდა. ალი-ეფენდის თქმით თბილისის ციხეში მხოლოდ 500 კაცი დარჩა. დამცველებმა დახმარებისათვის ლალა მუსტაფა ფაშას მიმართეს, მაგრამ მან ამის გაკეთება ვერ შესძლო, ქართველები მოლაპარაკების წინააღმდეგნი იყვნენ. მათ გადაკეტეს თბილისის ციხესთან მისასვლელი ყველა გზა. სარდლის ყველა ცდა მირზა ალი-ბეგის საშუალებით შეეტანათ სურსათ-სა ნოვაგე, წარუმატებლად დამთავრდა. იმავე დროს იმამყული-ხანის 10 ათასიანი არმია მოვიდა ქართველთა დასახმარებლად და ოთხი თვის განმავლობაში ალყაში ჰყავდათ თბილისი. ოსმალებს დაუმთავრდათ პროდუქტი. მათ დაიწყეს ცხენის, აქლემის, ჯორის ხორცის ჭამა. გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც ქალაქის ჩაბარებას მოითხოვდნენ, მაგრამ ისინი მტკვარში გადაყარეს. ოთხი თვის ბოლოს თბილისში სურსათი თითქმის აღარ იყო. 1 ქილა ხორბალი ღირდა 1000 ახჩა, 1 ქილა ქერი – 500, აქლემი – 20 ათასი, საფორანე ცხენი – 10 ათასი, ვირი – 7 ათასი დირხემი, ძაღლი – 2 ათასი ახჩა1.
კრიტიკულ მდგომარეობაში ჩავარდნილი თბილისის დასახმარებლად მუსტაფა ფაშამ 12 ათასიანი ლაშქრითა და დიდძალი სურსათით ზულყადრის ბეგლარბეგი მუსტაფა ფაშა გაგზავნა. მან იმდენი შესძლო, რომ თბილისი ალყისაგან გაანთავისუფლა და გარდაუვალ დაღუპვას გადაარჩინა თბილისის გამგებელი მეჰმედ ფაშა და თბილისის ციხის 500 დამცველი. მან ციტადელის მეთაურად დანიშნა ჩერქეზი კასიმ ბეი. მისი მეთაურობის ქვეშ გადავიდა სემენდერ ბეგის, არაბკერის მმართველის სინან ბეგის, ჩორუმის ბეგის დივანე ბეკირ ბეგის რაზმები და სიფაჰთა 500 კაცი. მაგრამ მალე ქართველ-ყიზილბაშთა თავდასხმის შიშით სემენდერ ბეგმა თავისი ჯარით დატოვა ციხე და მცირე ხანში ჩერქეზი კასიმ ბეგის განკარგულებაში მხოლოდ 50 კაცი დარჩა, როცა ლალა მუსტაფა ფაშამ ამის შესახებ შეიტყო, სასწრაფოდ გაგზავნა აჰმედ ფაშა სურსათ-სანოვაგით. როცა აჰმედ ფაშამ დმანისის ვიწრობებს მიაღწია, მის ჯარს თავს დაესხნენ სვიმონ მეფისა და იმამ ყული-ხანის რაზმები. დაჭრილმა აჰმედ ფაშამ გაქცევით უშველა თავს. მისი მეომრების დიდი ნაწილი დაიღუპა, ხოლო სურსათი ქართველებსა და ყიზილბაშებს ჩაუვარდათ ხელში2.
1. Фарзалиев А. М. оглы, Ук. труд, с. 120.
2. Тамже, с. 121.
ლალა მუსტაფა ფაშამ განიზრახა თბილისის დამცველთა შევსება და სურსათი გაეგზავნა. ამგვარი დავალების შესრულებაზე უარი სთქვეს დიარბექრის ბეგლარბეგმა ბეჰრემ ფაშამ და სხვა ფაშებმა. ბოლოს საექსპედიციო ჯარის მეთაურად დაინიშნა დამასკოს ბეგლარბეგი ჰუსეინ ფაშა. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალებს ეეჭვებოდათ ალყაშემორტყმული თბილისის შენარჩუნება, მაინც გამგებლად დაინიშნა აჰმედ ფაშა. იგი ცნობილი იყო როგორც ჰაჯი ბინ-ზადე. ბაჰრამ ფაშა, რომელმაც უარი თქვა თბილისის დამცველთა დასახ მარე ბლად წასვლაზე, თანამდებობიდან გადააყენეს და დიარბექირის ბეგლარ ბეგად დაინიშნა რიზვან ფაშა. იგი ჰუსეინ ფაშასთან და ქურთთა რაზმებთან ერთად წავიდა საქართველოში.
ქართველთ განუწყვეტელი თავდასხმების მიუხედავად, ოსმალთა ჯარი მეათე დღეს თბილისის კედლებთან მივიდა, დატოვა სურსათი და დროის იმავე მონაკვეთში ყარსში დაბრუნდა. იქვე მიიღეს ცნობა, რომ მუსტაფა ფაშას ჯარი, რომელიც ადრე გაიგზავნა თბილისის დასახმარებლად და სვიმონ მეფისა და იმამ ყული-ხანის წინააღმდეგ საბრძოლველად, განადგურდა. როცა იგი თბილისთან მივიდა და იქვე დაბანაკდა, ჯარმა ქართული სოფლების ძარცვას მიჰყო ხელი. მუსტაფა ფაშამ ვერ გაბედა ქართველებთან და ყიზილბაშებთან შებმა და ყარსის მიმართულებით გაბრუნდა. ოსმალებს თავს დაესხნენ ქართველები და გაანადგურეს1.
სულთანმა ყირიმის ხანს მეჰმედ გირეის დაავალა თავისი ჯარით წასულიყო ამიერ კავკასიაში და ოსმალთა ჯარს დახმარებოდა. არსებობდა ომის განახლების მეორე გეგმაც, რომელიც თავრიზზე შეტევას ითვალისწინებდა. მა გრამ ეს გეგმა ანგარიშგასაწევ დაბრკოლებებთან იყო დაკავშირებული. გზის სირთულესთან ერთად სავარაუდო იყო ჯარის ხიფათში ჩავარდნის საშიშროება. ამ მხრივ სულთნის კარს განსაკუთრებით აფიქრებდა საქართველოს საკითხი. მინადოის თანახმად, სულთანი „შორს იყო იმ აზრისაგან, რომ საქართველოზე დაყრდნობა შეიძლებოდა, განსაკუთრებით დაუდის მზაკვრეობისა და სვიმონის მოსვლისა ეშინოდა, რადგან ხომ შეიძლება, როდესაც ლაშქარი თავრიზისაკენ გაეშურება, მა შინ მას ორივე მხრიდან დაარტყან ქართველებმა და სპარსელებმა?“2 სულთანმა ლალა ფაშას წერილობით დაავალა, რომ არზრუმიდან საქართველოსკენ მიმავალ გზაზე ციხე-სიმაგრეების ასაშენებლად ყველაფერი მოემარაგებინა, რათა გაზაფხულზე დაეწყო ფართო შეტევა საქართველოზე3. ლალა ფაშამ მთელი მონდომებით მოჰკიდა ხელი სამზადისს და ოსმალთა ყველა სამფლობელოში განკარგულებები გაგზავნა მშენებლობის ოსტატების შესაკრებად, დიდძალი თანხების შეგროვებაც დაიწყეს4. არზრუმში თავს იყრიდა ახალ-ახალი ძალები. ყველაფრიდან ჩანდა, რომ ლალა ფაშა გადამწყვეტი ლაშქრობისათვის ემზადებოდა.
1. Фарзалиев А. М. оглы, Ук. труд, с. 122.
2. Minadoi, p. 123.
3. Ibidem, p. 123-124.
4. Ibidem, p. 124.
1579 წლის დასაწყისში, ანონიმი ვენეციელის რელაციის მიხედვით, მთავარსარდალმა არზრუმში შემაშფოთებელი წერილი მიიღო. თბილისის ბეგლარბეგი მეჰმედ ფაშა აცნობებდა, რომ 40 ათასმა ყიზილბაშმა ყარახანის მეთაურობით, ალყა შემოარტყეს ქალაქს და თუ დროზე არ დაეხმარებოდნენ, გარნიზონი შიმშილით დაიღუპებოდა1. წერილში ნათქვამი იყო, რომ ასეთივე მდგომარეობა იყო გორშიც, რომელიც სვიმონმა ალყაში მოაქცია2.
1. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, გვ. 36. იბრაჰიმ ფეჩევის მიხედვით, ყიზილბაშთა სარდალი იმამყული-ხანი იყო და 10 ათასი მეომარი ჰყავდა (გვ. 54). პეტრო ბიძაროს თქმით, ამ დროს სვიმონი დაბრუნდა ირანიდან, მასთან ერთად მოვიდა 6-7 ათასიანი ჯარი ალიყული-ხანის მეთაურობით. მათ დაევალათ საქრთველოში შემავალი ხეობის ჩაკეტვა, რათა ოსმალები იქ არ შესულიყვნენ (Bizarus P., Op. cit., p. 635).
2. ფარსადან გორგიჯანიძით, თბილისსა და გორს სვიმონ მეფემ შემოარტყა ალყა (ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 223). თურქი ავტორების მიხედვით, სვიმონმა ყიზილბაშებთან ერთად შემოარტყა ალყა თბილისს 1579 წლის 30 მარტს (სვანიძე მ.. დასახ. ნაშრ., გვ.137).
ლალა ფაშამ სასწრაფოდ გაგზავნა ორი ათასი მხედარი თბილისისა და გორის დასახმარებლად, მაგრამ დიდი თოვლის გამო მათ ვერ შესძლეს დანიშნულების ადგილამდე მისვლა და იძულებულნი გახდნენ უკან დაბრუნებულიყვნენ. ლალა ფაშამ მხოლოდ წერილის გაგზავნა შეძლო, რომლითაც გან საცდელში ჩავარდნილებს ამხნევებდა და სიმტკიცისაკენ მოუწოდებდა. ბოლოს და ბოლოს შიმშილმა და ქართველების სისტემატურმა თავდასხმებმა თავისი გაიტანა და გორის ოსმალთა გარნიზონი დანებდა. სვიმონ მეფის ბრძანებით, ციხისთავის გარდა ყველა დახოცეს, ციხისთავი შიკრიკივით შემოსეს, უყურებო და უკუდო ჯორზე შესვეს და ლალა ფაშასთან გაგზავნეს მომხდარი ამბის მისატანად. სვიმონმა ციხე მიწასთან გაასწორა. შიდა ქართლის საქმეების მოგვარების შემდეგ, მეფე ყიზილბაშთა დასახმარებლად გაეშურა. მას თბილისთან გაუტარებია მთელი ივნისის თვე1.
ლალა ფაშა საგონებელში ჩავარდა. მდგომარეობა ქართლში უაღრესად გართულდა. თბილისი სასწრაფო დახმარებას ითხოვდა. პირველ რიგში საჭირო იყო იმის გადაწყვეტა, როგორი სახით დახმარებოდნენ თბილისს. ლალა ფაშა პირადად რომ გაძღოლოდა ჯარს, მაშინ აღმოჩნდებოდა, რომ მან მოატყუა სულთანი მურად III, მთელი საქართველო თქვენი ერთგული და მორჩილიაო2. ამიტომ მან 1579 წ. 1 ივლისს საკმაოდ დიდი ჯარი3 გაგზავნა თბილისის დასახმარებლად. ჯარს მიჰქონდა დიდძალი სურსათ-სანოვაგე.
3 ივლისს ლალა ფაშამ გაიარა ჰასან-ყალა და 10-ში ყარსში მივიდა, იქვე დაბანაკდა და ამ ქალაქის გა მაგრებას შეუდგა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა ყარსი საქართ ველოსკენ მიმავალი გზის გასაღებად გადაექცია. ყარსი-თბილისის გზის დაცვას, ირან-ოსმალეთის მთელი ომის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, ოსმალებისათ ვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და ისინი არაფერს ზოგავდნენ, რათა ამ გზით ჯარის გადაყვანა და სურსათის გადატანა შეუფერხებლად განხორციელე ბულიყო. მაგრამ ოსმალებმა ეს ვერ შეძლეს. ქართლელები მოსვენებას არ აძლევდნენ გზად მიმავალ და ციხეებში შეკეტილ ოსმალებს, განუწყვეტლივ ესხმოდნენ მტრის აღალს (ამის ამსხველი ცნობები უხვადაა ევროპულ და აღმოსავლურ წერილობით წყაროებში). იშვიათი არ იყო შიმშილით სიკვდილის შემთხვევები ოსმალთა ჯარში.
1. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, გვ. 36-37.
2. Minadoi, p. 133-134.
3. ოსმალური წყაროებით, ლალა ფაშამ 12 ათასიანი საექსპედიციო კორპუსს სათავეში ზულყადრის ბეგლარბეგი მუსტაფა ფაშა ჩაუყენა (სვანიძე მ., დასახ. ნაშრ., გვ. 137). ოსმალო ისტორიკოსის მუნეჯიმ ბაშის მიხედვითაც, ლალა ფაშას 12 ათასიანი კორპუსი გაუგზავნია, მაგრამ სათავეში ედგა მარაშის ბეგლარბეგი მუსტაფა. (შენგელია ნ., დასახ. ნაშრ., გვ. 141). ანონიმი ვენეციელის თქმითაც, ჯარის მეთაური ყოფილა მარაშის ბეგლარბეგი, მაგრამ ჯარის რაოდენობა 20 ათასი მხედრითა და 1500 იანიჩრით განისაზღვრებოდა (თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, გვ. 37). 18-20 ათასი მეომარია მინადოისთანაც (Minadoi, p. 134).
მუსტაფა ფაშამ თბილისის გარნიზონი დიდ გაჭირვებაში იხილა: მხოლოდ 700 მეციხოვნე დარჩენილიყო1. მან გარნიზონი შეავსო, ჩერქეზ კასიმ ბეის მეთაურობით 500 კაცი დატოვა და 17 სექტემბერს ყარსისაკენ გაეშურა2.
მცირე ხნის შემდეგ ლალა ფაშამ თბილისიდან კვლავ შემაშფოთებელი ცნობა მიიღო. გარნიზონი უარს ამბობდა იქ დარჩენაზე3. გაირკვა, რომ მუსტაფა ფაშას წასვლისთანავე ქართველებმა თბილისს კვლავ ალყა შემოარტყეს, რამაც ქალაქის დამცველებში პანიკა გამოიწვია. ლალა მუსტაფა ფაშას ისიც აშფოთებდა რომ არაფერი ისმოდა აჰმედ ფაშას შესახებ და გადაწყვიტა თბილისში სურსათი კიდევ გაეგზავნა. მან მოამზადა 2 ათასი იუქი სანოვაგე და მისი წაღება დაავალა დიარბექირის ვალის და ქურთების ბეგებს. მაგრამ დასახელებულმა მოხელეებმა უარი სთქვეს დავალების შესრულებაზე4. რა თქმა უნდა, მათი უარი გამოწვეული იყო საქართველოში მოსალოდნელი ხიფათით. ამის შემდეგ ამ ამოცანის შესრულება ლალა ფაშამ დიარბექირის ბეგლარბეგს - ბეჰრემ ფაშას და დიდი ვეზირის მეჰმედ სოკოლუს ვაჟს, მარაშის ბეგლარბეგს - ჰასან ფაშას დაავალა5. ყარსიდან წამოსული დიდი ჯარის შესახებ ქართ ველებმა და ყიზილბაშებმა 18 სექტემბერს შეიტყვეს. ქართველებს სვიმონ მეფე მეთაურობდა, ყიზილბაშებს - ალი ყული-ხანი. მათი 8 ათასამდე მებრძოლი თბილისსა და დმანისს შორის გზას იცავდა, რათა ოს მალებისათვის თბილისის დახმარების საშუალება არ მიეცათ. ისინი ასევე თვალყურს ადევნებდნენ შიმშილით შეწუხებული ოსმალების ქალაქიდან გამოსვლას, რათა მაშინვე გაენადგურებინათ6.
1. იბრაჰიმ ფეჩევი, გვ 57.
2. სვანიძე მ., დასახ. ნაშრ., გვ. 138.
3. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, გვ. 38.
4. შენგელია ნ., სოლაქ-ზადე საქართველოს შესახებ. „წყაროთმცოდნეობა“, IV, თბ., 1973, გვ. 114.
5. სვანიძე მ., დასახ. ნაშრ., გვ. 138
6. Minadoi, p.
მზვერავებმა სვიმონ მეფეს და ალი ყული-ხანს აცნობეს, რომ ოსმალეთის ჯარი დმანისისაკენ მიემართებოდა და მაშინვე მტერს დმანისის ხეობაში ჩაუსაფრდნენ. მოკავშირეებმა, თავდაპირველად, სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს, მრავალი მტერი გაანადგურეს და დიდი ნადავლიც ხელთ იგდეს. მაგრამ მესამე დღეს, როცა ისინი ხელახლა თავს დაესხნენ მტერს, გარემოცვაში აღმოჩნდნენ და სერიოზული ზარალი განიცადეს. ოსმალებმა ალი ყული-ხანი დაატყვევეს და სექტემბრის ბოლოს დაუბრკოლებლად თბილისს მიაღწიეს, სადაც საშინელი მდგომარეობა დახვდათ: „ბევრი მომკვდარიყო. შიმშილმა ისინი იმ ზომამდე მიიყვანა, რომ სჭამდნენ არა მხოლოდ მდარე ხარისხის ცხენის ხორცს, არამედ ცხენებისა და ცხვრების ტყავებსა და ძაღლებს“1.
ჰასან ფაშამ თბილისში მდგომარეობა მოაწესრიგა, გარნიზონის მოთხოვნით თბილისის ბეგლარბეგი მეჰმედ ფაშა გადააყენა და მის ადგილას დანიშნა ჰაჯი ბეგი ზიად აჰმად ფაშა. ამის შემდეგ იგი იმავე დმანისის გზით ყარსისაკენ წავიდა. როცა დმანისის ხეობას მიუახლოვდა, მოწინავე რაზმებმა აცნობეს, რომ სვიმონ მეფეს ძლიერი არტილერიითა და საკმაოდ დიდი ჯარით ხეობის ყელი გადაუკეტია. ჰასან ფაშამ შებრძოლება ვერ გაბედა და ალი ყული-ხანს თავისუ ფლების მინიჭებას დაჰპირდა თუ ის უხიფათო გზას ასწავლიდა. ყიზილბაში სარდლის გამცემლობის წყალობით ოსმალთა ჯარის ძირითადმა ნაწილმა მშვიდობიანად დააღწია თავი. სვიმონ მეფე მაინც დაეწია მტრის არიერ გარდს და გაანადგურა. მან ხელთ იგდო მრავალი ტყვე, ცხენები და თბილისიდან წამოღებული მთელი ხაზინა2.
1. Ibidem, p. 137.
2. Ibidem, p. 138-140.
თვალს რომ გადავავლებთ 1579 წელს კავკასიაში ოსმალების საომარ ოპერაციებს, შეიძლება დავასკვნათ, რომ მათ გაჭირვებით შეძლეს პოზიციების შენარჩუნება. დაიწყო ზამთარი და სულთნის კარზე დარწმუნებით არავინ იცოდა, საქართველოსა და აღმოსავლეთ ამირკავკასიაში ოსმალთა გარნიზონები შეძლებდნენ თუ არა თავის გატანას. როგორც 1578 წლის შემოდგომაზე, ისე ახლაც, სულთნის ბრძანების თანახმად, 1579 წლის ოქტომბერში ყირიმის ხანის მეჰმედ გირეის ჯარი შირვანში შეიჭრა და დაეხმარა შირვანისა და ნახჭევნის გამგე ბელს - ოსმან ფაშას. აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ყირიმის ხანის ჯარის შეს ვლა მაშინვე აცნობეს ლალა ფაშას. მაცნეს უთქვამს, რომ ყირიმის ხანი თავისი ოთხი ძმით, ვაჟიშვილითა და 200 ათასი ცხენოსნით შირვანის სამეფოში მივიდა. იმათგან 50 ათასი გაგზვნა კახეთის მეფე ალექსანდრეს სამფლობელოებში ქალაქ ზაგემის გასაძარცვად. ყირიმის ხანის ამგვარი მოქმედების მიზეზი ის ყოფილა, რომ როცა, სპარსელებისაგან გარემოცულმა ოსმან ფაშამ კახთა მეფეს დახმარება სთხოვა, მან უარი შეუთვალა და განუცხადა: „აღარ სურდა თურქების მოკავშირეობა, სპარსელები უკეთესნი არიანო“1.
1579 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყირიმის ხანის, დარუბანდის გზით, შირვანში შესვლა, სხვა ავტორებთანაც დასტურდება. ისინი ყირიმის ხანის ჯარის რაოდენობას 10 ათასი კაცით განსზღვრავენ2. მაგრამ იმის მსგავსი ცნობა, რომელიც ანონიმმა ვენეციელმა კახეთის სამეფოსთან დაკავშირებით დაგვიტოვა, სხვა წყაროებში არ გვხვდება. მიუხედავად ამისა, ანონიმის ცნობა მაინც სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს. ჩემი აზრით, იგი შეიცავს სინამდვილის ელემენტს. არ ვიცი სხვა შემთხვევა, გარდა ერთისა (1579 წ. დასაწყისი), როდესაც ოსმან ფაშამ ალექსანდრე კახთა მეფეს სთხოვა და კიდეც მიიღო დახმარება3. შეიძლება ვარაუდი, ოსმან ფაშამ შემდეგშიც მიმართა ალექსანდრე კახთა მეფეს, მაგრამ ის ისე უხალისოდ და მცირედ დაეხმარა, რომ მას დახმარებაზე უარის თქმად ჩაუთვალეს. როგორც ზემომოყვანილი ამონარიდიდან ჩანს, ყირიმის ხანი კახეთის წინააღმდეგ ოსმან ფაშას წაუქეზებია. ოსმან ფაშა შირვანში იყო ფეხმოუცვლელად და, ალბათ, მას გარკვეული ცნობები ექნებოდა ალექსანდრე მეფის ანტიოსმალურ განწყობილებაზე. ახლა, როცა მას საშუალება მიეცა, თათართა ხანის ხელით შური ეძია, გამოიყენა კიდეც ეს მომენტი. თავისი მთელი რიგი წარუმატებლობის მიზეზად კახელებისგან დახმარების არ გაწევაც დასახელდებოდა.
1. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, გვ. 39.
2. იბრაჰიმ ფეჩევი, გვ. 57-58; შენგელია ნ., დასახ. ნაშრ., გვ. 142.
3. Charrière, Op. cit., III, p. 775.
ლალა მუსტაფა ფაშამ ისე დაასრულა 1579 წლის საომარი ოპერაციები, რომ ძლივს შეძლო ქართლსა და შირვანში ძველი პოზიციების შენარჩუნება. ქართლის სამე ფოსა და აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში განმათავისუფლებელი ბრძოლის ცეცხლი გიზგიზებდა. ამავე პერიოდში საბოლოოდ გამოიკვეთა სვიმონ მეფის სახე, როგორც განმათავისუფლებელი ბრძოლის მეთაურისა. ყოველივე ამის გამო და მესამე ვეზირის ხოჯა სინან ფაშას მცდელობით, სულთან მურად მესამემ 1580 წლის თებერვალში ლალა მუსტაფა ფაშა გადააყენა და მესამე ვეზირი სინან ფაშა აღმოსავლეთის ჯარების მთავარსარდლად დანიშნა. მალე ის დიდვაზირიც გახდა.
ოსმალებს ესმოდათ, რომ სვიმონ მეფეს საქართველოსა და, საერთოდ, ამ იერკავკასიაში მტკიცე დასაყრდენი ჰქონდა. ოსმალეთის მთავრობამ გადაწყვიტა ქართლში წინააღმდეგობის შესასუსტებლად და მეფის ირანელებისაგან ჩამოცილების მიზნით, მის მიმართ დათმობაზე წასულიყო. ნიადაგის მოსინჯვა დაევალა მთავარსარდლის მოვალეობის შემსრულებელს (სინან ფაშა ჯერ კიდევ არ შესდგომოდა თავისი მოვალეობის შესრულებას) ხუსრევ ფაშას. მან ქართლის მეფეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც, საკუთარი მთავრობის სახ ელით, ბოდიშს იხდიდა ქართლის სამეფოს ჩამორთმევის გამო. სვიმონ მეფე თუ მოითხოვდა „წყალობის ხელშეკრულებას“ და დახმარებას აღმოუჩენდა თბილისში მდგომ ოსმალეთის ჯარს, მაშინ მას ქართლი „საფადიშაჰო ლივას“ სახით გადაეცემოდა.
მეფე შეთავაზებულ პირობებზე თუ დათანხმდებოდა, მაშინ ის იქნებოდა არა ქართლის მეფე, არამედ ოსმალური პროვინციის - ლივის მოხელე, ფაშა. უფრო მეტიც, თბილისში დარჩებოდა ოსმალთა გარნიზონი. მაშასადამე, ოსმალები ქართლში 1578 წელს გაუქმებული ხელისუფლების აღდგენას არ აპირებდნენ, მაგრამ მზად იყვნენ სვიმონი ეცნოთ მის გამგებლად „ოსმალური წესისამებრ“ (სვანიძე მ., დასახ. ნაშრ., გვ. 206). რა თქმა უნდა, სვიმონ მეფე ამგვარი პირობებით ოსმალებს ვერ შეურიგდებოდა და მოლაპარაკების დაწყებას აზრი არ ჰქონდა.
1580 წლის 17 თებერვალს სინან ფაშა სტამბოლიდან გავიდა1 და 8 მაისს არზრუმში მივიდა2. ირანში ფიქრობდნენ, რომ ოსმალთა ჯარის ახალი მთავარსარდალი შეტევის მიმართულებას შეცვლიდა და თავრიზზე წავიდოდა. მოვლენების ამგვარად განვითარებისათვის ყიზილბაშებმა მზადება დაიწყეს და სვიმონ მეფის დასახმარებლად ქართლში რაზმები გაგზავნეს, რათა თავრიზისკენ მიმავალი მტრისათვის ქართველებსა და ყიზილბაშებს ერთობლივად დაერტყათ. მოკავშირეთა ლაშქარი 13 ათას კაცს შეადგენდა3.
შაჰის კარზე გაიგეს თუარა სინან ფაშას არზრუმში მისვლის შესახებ, მაშინვე სვიმონ მეფეს დაუკავშირდნენ და სთხოვეს, რომ როცა ოსმალების ყარსში მისვლას გაიგებდა (ეს ნიშნავდა, რომ ოსმალები საქართველოზე მიდიოდნენ), მაშინვე განჯაში მდგომი ყიზილბაშებისათვის ეცნობებინა და ისინი მის დასახმარებლად გრემზე გავლით წავიდოდნენ4.
15 ივნისს სინან ფაშა ყარსში მივიდა, სადაც შაჰ ხუდაბენდეს ელჩი დახვდა. მას თან ჰქონდათ ყოფილი მთავარსარდლისათვის გადასაცემი წერილი. ელჩი უფლებამოსილი იყო შაჰის სახელით სულთანთან ზავი დაედო5. შაჰის ელჩს მაკ სუდ-ხანს დავალებული ჰქონდა „მშვიდობის ჩამოგდება სულეიმან-ხანის დროს დაწესებული საზღვრებით“6. სინან ფაშამ ელჩს მოუსმინა და სტამბოლში გაისტუმრა7. გამგზავრების დღეს სინან ფაშამ ელჩის „პატივსაცემად“ აღლუმი მოაწყო, რომელმაც ყიზილბაშებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა8. აღლუმის შემ დეგ სინან ფაშა ქართველთა ალყაში მოქცეული თბილისის დასახ მარებლად წავიდა9.
1. იბრაჰიმ ფეჩევი, გვ. 60.
2. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, გვ. 40.
3. Minadoi, p. 158-160.
4. Ibidem.
5. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, გვ. 41. იბრაჰიმ ფეჩევის მიხედვით, სინან ფაშამ ყიზილბაშთა ელჩი მაკსუდ-ხანი დიარბექირის ვილაიეთში, ჩემრიქში მიიღო (იბრაჰიმ ფეჩევი, გვ. 60).
6. იბრაჰიმ ფეჩევი, გვ. 60.
7. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, გვ. 41.
8. იბრაჰიმ ფეჩევი, გვ. 63.
9. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, გვ. 41
1580 წლის 4 აგვისტოს ირანის ელჩი სტამბოლში მივიდა, სადაც დიდი ზეიმით მიიღეს. როგორც იბრაჰიმ ფეჩევი ამბობს, შაჰს უნდოდა ოსმალები დაეყოლიებინა აღდგენილიყო 1555 წლის ამასიის ზავის პირობები, ე.ი. მოწი ნააღმდეგეები დაუბრუნებოდნენ იმ საზღვრებს, რომელიც ზავის დადებისას ჰქონდათ. ოსმალეთი, რომელმაც დიდი სახსრები და ადამიანთა რესურსები შესწირა ამიერკავკასიის დაპყრობას, რა თქმა უნდა, იოლად არ დათმობდა წლების განმავლობაში დიდი გაჭირვებით მოპოვებულ ტერიტორიებს. სტამბოლში მაკსუდ-ხანს განუცხადეს, რომ „მიწა, რომელსაც სულთნის ცხენის ფლოქვები შეეხო, მას ეკუთვნის“1. მაკსუდ-ხანი ირანში ხელცარიელი დაბრუნდა.
სვიმონ მეფემ, შეთანხმების თანახმად, ყიზილბაშებს აცნობა, რომ ოსმალები თბილისისაკენ მიემართებოდნენ. ყიზილბაშები, მართლაც, მოვიდნენ და მის ჯარს შეუერთდნენ. ქართლის მეფემ ოსმალებთან პირდაპირ შეტაკებას თავი აარიდა და მუსრს ავლებდა მოალაფე რაზმებს. 1580 წლის ივლისში სინან ფაშამ დმანისი გაიარა და იმავე თვის ბოლოს თბილისში მივიდა. თბილისის გარნიზონი ქალაქგარეთ გავიდა და ახალ სარდალს მიეგება. იმავე დროს მას საჩივარი წარუდგინეს თბილისის გამგებელ აჰმედ ფაშაზე, რო მელიც მეომართა ხელფასებს ითვისებდა. სინან ფაშამ იგი გადააყენა და მის ადგილას დანიშნა სიმონ I-ის ძმა გიორგი, რომელმაც ისლამი მიიღო და მუსლიმანური სახელი იუსუფი დაირქვა2. ამის შემდეგ სინან ფაშამ თბილისის მიდამოებში მოთარეშე ქართველთა რაზმების წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა საფეტის სანჯაყბეგისა და დამასკოს იანიჩრების აღას მეთაურობით. სვიმონ მეფე მათ მოულოდნელად თავს დაესხა და ორი ათასამდე ოსმალო გაწყვიტა3.
1. Hammer J., Op. cit., S. 492.
2. Фарзалиев А. М. оглы, Ук. труд, с. 123. გიორგი (იუსუფი) მ. სვანიძის ვარაუდით, იმერეთის მეფე გიორგის შვილია. სვანიძე მ., საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან, გვ. 141-142.
3. Don Juan de Persia, p. 72; Hammer J., Op. cit.,S. 492.
სინან ფაშა თბილისში თავს მშვიდად ვერ გრძნობდა. მას აცნობეს ყიზილბაშთა ჯარის თბილისისკენ წამოსვლის შესახებ. იგი იმ ფაქტმაც შეაშ ფოთა, რომ ალექსანდრე კახთა მეფე, რომელიც ოსმალებს თავიანთ მორჩილ მსახურად მიაჩნდათ, სარდალთან არ გამოცხადდა1. სამაგიეროდ თბილისში სინან ფაშასთან მივიდნენ კახეთის მეფის ელჩები. სინან ფაშამ ისინი კარგად მიიღო, რადგან მას აცნობეს, რომ ალექსანდრე მეფე გარნიზონს დაეხმარა: ფული და სურსათი გაუგზვნა. ელჩებმა თავიანთი მეფის სახელით ბოდიში მოიხადეს, რომ იგი ავადმყოფობის გამო სარდალს პირადად ვერ ეახლა ერთგულების დასამტკიცებლად. ნასიამოვნებმა სინან ფაშამ ალექსანდრეს ოქროქსოვილი ტანისამოსი, კვერთხი და ძვირფასი ქვებით მოჭედილი ხმალი გაუგზავნა. აქვე იყო მეგობრობისა და სიყვარულის განცხადებით აღსავსე წერილიც2.
სინან ფაშას წერილი მრავალმხრივ საინტერესოა. იგი ალექსანდრე მეფეს, ვითომდა სხვათა შორის, სიტყვას ჩამოუგდებს ირანოსმალეთს შორის დაზავებაზე. აქვე გამოჩნდა სინან ფაშას ნამდვილი დამოკიდებულება ალექსანდრე სადმი, როგორც ოსმალეთის ორგულისადმი: რადგან შენ ორივეს, ირანსა და ოსმალეთს მეგობრობ, ნათქვამი იყო წერილში, შეგიძლია გაუგე ბრობის მოწესრიგება და ორივე ხელმწიფის მორიგებაო3.
სინან ფაშასათვის სრულიად ნათელი გახდა კახეთის მეფის პოზიცია ირან-ოსმალეთის ომის ამ ეტაპზე. ფაშას თბილისში ყოფნის დროს ოსმალებმა შეიპყრეს ირანის შაჰის ჯაშუში, რომელსაც ალექსანდრესა და სვიმონისათვის გადასაცემი წერილები აღმოაჩნდა. შაჰი ალექსანდრეს უთვლიდა, რომ ის თავისი ჯარით წასულიყო სინან ფაშას ბანაკისაკენ, სადაც თვითონაც მივიდოდა მთელი თავისი ჯარით, ოსმალებს ალყაში მოაქცევდნენ და გაანადგურებდნენ.
შაჰი მეფეს ავალებდა დაეკავებინა დარუბანდის ვიწრო გასასვლელი, რათა გაქცეულ მტერს იქ ვერ გაევლო4.
1. Фарзалиев А. М. оглы, Ук. труд, с. 125.
2. Minadoi, p. 171-172.
3. Ibidem, p. 172.
4. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, გვ. 41.
სინან ფაშამ როდესაც წერილები გახსნა, მოულოდნელი თავდასხმის შიშმა შეიპყრო. რა თქმა უნდა, ძნელია იმის დადგენა, წერილებში ნათქვამი სი ნამდვილეს შეეფერებოდა თუ საბრძოლო ეშმაკობა იყო. ის კი ცნობილია, რომ სინან ფაშამ მაშინვე, შუაღამისას, ბანაკის აშლა და ყარსისაკენ წასვლა ბრძანა. ოსმალებმა ისე იჩქარეს, რომ თითქმის მთელი არტილერია, დაახლოებით 90 ქვემეხი, ხელთ იგდეს ქართველებმა, რომლებიც უეცრად თავს დაესხნენ აფორიაქებულ მტერს1.
სინან ფაშა დმანისზე გავლით მცირე ხანში ყარსში მივიდა. თუმცა ოსმალებს ეს გზა ძალზე ძვირად დაუჯდათ. ადგილობრივი ქართველი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა ნამდვილ პარტიზანულ ომს აწარმოებდა2
ანონიმი ვენეციელის გადმოცემას შაჰის მიერ ალექსანდრე მეფისათვის წერილის გაგზავნის შესახებ ადასტურებს XVI საუკუნის თურქი ისტორიკოსი მუსტაფა ალი3. ამ საინტერესო საკითხის გარკვევაში კიდევ მეტი სინათლე შეაქვს იბრაჰიმ ფეჩევის. „სწორედ ამ ხანებში გავარდა ხმა, - ამბობს ფეჩევი, - გზადაბნეული შაჰი თავისი სამოციათასიანი4 ბოროტი ლაშქრით ემზადება თავს დაეცეს [ჩვენს] ჯარს და ისლამის ჯარის ძლიერება შეანელოსო... შაჰს ერთი ორი წერილი ჰქონდა ალექსანდრე მეფისათვის გაგზავნილი. გაიძვერა რეაÁთაგანს წერილი რომ მიჰქონდა, რამდენიმე [ჩვენი] ასქერი შემოხვდა წინ და [წერილი] სამეფო ბანაკში წაიკითხეს. [წერილი] დაკავშირებული იყო ისლამის ლაშქრი სათვის ოინების მოწყობასთან“5.
ქართლიდან გაქცეული ოსმალები დმანისთან დაბანაკდნენ. ბუნებრივია, სურსათი აკლდათ და მარაგის შევსებას ადგილობრივი მოსახლეობის გაძარც ვით ფიქრობდნენ. მაგრამ ამის გაკეთება ახლა იოლი არ იყო. პატარ-პატარა რზმების გაგზავნა მათ სრულ განადგურებას ნიშნავდა. ქართველთა ჯარს ტერორიზირებული ჰყავდა ოსმალები. გაჭირვებამ მაინც თავისი გაიტანა და 10 ათასი ცხენო სანი ბანაკიდან საალაფოდ გავიდა, მაგრამ თითქმის არც ერთი მათგანი აღარ დაბრუნდა6.
1. იქვე.
2. Фарзалиев А. М. оглы, Ук. труд, с. 125.
3. Hammer J., Op. cit., S. 492.
4. ანონიმი ვენეციელი აზვიადებს ყიზილბაშთა ლაშქრის რაოდენობას. მისი თქმით, შაჰს გამზადებული ჰყავდა 150 ათასი მხედარი.
5. იბრაჰიმ ფეჩევი, გვ. 61-62.
6. Minadoi, p. 174. ი. ჰამერი განადგურებულ ჯარის მეთაურად მუსტაფას ანუ სამცხის ათაბაგ მანუჩარს თვლის და იმავე მინადოის ცნობას იმოწმებს (Hammer J., Op. cit., S. 492). სინამდვილეში მინადოი ჰალაბის ფაშა მუყაფის ასახელებს.
ოსმალები დმანისიდან ყარსში მივიდნენ 8 სექტემბერს. სინან ფაშამ ამ ქალაქში დიდი გარნიზონი და საჭურველი დატოვა. ყარსში მცირე ხნით შეს ვე ნების შემდეგ, 1580 წლის ოქტომბერს, იგი არზრუმში მივიდა1.
არზრუმში ჯარი დიდ უკმაყოფილებას გამოსთქვამდა გაჭიანურებული ომის, მუდმივი ხიფათისა და სურსათ-სანოვაგის ნაკლებობის გამო. ომს დასასრული არ უჩანდა. სინან ფაშას აზრით, ომის დამთავრება აუცილებელი იყო. ამიტომ მან შაჰსა და ქართლის მეფეს აცნობა, თუ ისინი თავიანთ ელჩებს სტამბოლში გაგზავნიდნენ, ზავის დადების შესაძლებლობა არსებობდა.
სინან ფაშას წამოწყებამ შედეგი გამოიღო და 1581 წლის 7 თებერვალს არზრუმში მივიდნენ შაჰისა და ქართლის მეფის ელჩები. შაჰის ელჩი ნაბუთ-აღა გამოცდილი დიპლომატი და სტამბოლში ადრე ნამყოფიც იყო. სინან ფაშამ იგი პატივით მიიღო. ირანის ელჩმა სინან ფაშასთან საუბარში განაცხადა, რომ „მშვიდობიანობის დასამყარებლად ძალაში უნდა დარჩეს სულეიმან-ხანის [დრო ინდელი] ხელშეკრულებაში დათქმული ზავი და მშვიდობა. იგივე იყო ნათქვამი სულთნისათვის გადასაცემ წერილებშიც2.
1. იბრაჰიმ ფეჩევი, გვ. 63-64.
2. იქვე, გვ. 64-65
ამგვარად, შაჰი არავითარ დათმობაზე არ მიდიოდა. მან იცოდა, რომ ომი მძიმე ტვირთად აწვა ოსმალეთსაც. მისი ვარაუდით, სულთანი დათმობაზე წავი დოდა და ომამდელი მდგომარეობის აღდგენა მოხერხდებოდა. რაც შეეხება ქართლის მეფის ელჩს, იგი სვიმონ I-სათვის თავის სამფლობელოების მემკვიდრეობით გამგებლობაში გადაცემას მოითხოვდა, სამაგიეროდ ქართლის მეფე ყოველწლიური ხარკის სახით 100 ათასი დუკატის გადახდას ჰპირდებოდა და თავის ვაჟსაც მძევლად აძლევდა1. არ ვიცი ჩავიდა თუ არა სვიმონ მეფის ელჩი სტამბოლში. რადგან ამის შემდეგ ქართველი ელჩი აღარ ჩანს, სავარაუდოა, სინან ფაშამ იგი უარით გაისტუმრა. ქართველ ელჩს სტამბოლში ვხედავთ 1582 წლის ზაფხულში უფლისწულ მეჰ მედის (შემდეგში მეჰმედ III, 1595-1603) წინ დაცვეთის ზეიმის მისალოცად. ზეიმში მონაწილეობა მიიღეს მრავალი ქვეყნის წარგზავნილებმა. მათ შორის იყვნენ კახეთის და სამეგრელოს წარმომადგენლებიც2. მაგრამ ქართლის მეფის ელჩის ამ ზეიმში მონაწილეობა სრულებითაც არ ნიშნავდა ქართლსა და ოსმალეთს შორის საზავო მოლაპარაკების გაგრძელებას3. მეფის ელჩის წასვლა სტამბოლში სულთნისათვის მისალოცად და საჩუქრების მისართმევად, მხოლოდ ფეოდალური ეთიკის გარკვეული ნორმების დაცვა იყო. შაჰის ელჩმა ნაბუთაღამ სტამბოლში თითქმის მთელი წელი დაჰყო.
სინან ფაშამ ირანის ელჩის სტამბოლში გასტუმრების შემდეგ თვითონაც იქ დაბრუნების უფლება ითხოვა. იგი იმდენად დაინტერესებული იყო ირანთან ზავის დადებით, რომ საჭიროდ ჩათვალა თვალყური ედევნებინა მო ლაპარაკების მსვლელობისათვის და, ალბათ, შეძლებისდაგვარად, ზეგავლენის მოხდენასაც შეეცდებოდა. მაგრამ მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. სულთანი შაჰის ელჩთან შეხვედრას არ ჩქარობდა, რადგან მისთვის ცნობილი იყო შაჰის მოთხოვნები.
სინან ფაშა ფრონტის ხაზზე წასვლას აღარ ფიქრობდა. მთავარსარდ ლის უფლებამოსილება მას ნომინალურად ჰქონდა. აღმოსავლეთის ჯარის სარდლად მეჰმედ ფაშა დაინიშნა, რომელსაც არზრუმის ფაშის ტიტული მიანიჭეს და მასვე დაუქვემდებარეს ყარამანიის ფაშა, ათაბაგი მანუჩარი, არზრუმის მთელი ლაშქარი და ყველა სანჯახი. სულ შეიკრიბა 25 ათასი მეომარი.
1. Фарзалиев А. М. оглы, Ук. труд, с 126; Hammer J., Op. cit., S. 493.
2. ფუთურიძე გ., მუსტაფა სელიანიქი საქართველოს შესახებ, გვ. 266.
3. სვანიძე მ., დასახ. ნაშრომი, გვ. 145-146.
სვიმონ I, მართალია, მთელი მონდომებითა და თავდადებით ებრძოდა ოსმალებს, მაგრამ შაჰმა იცოდა, რომ ქართველთა თავდადება შაჰის ტახტის ამაღლებისათვის კი არ ხდებოდა, არამედ თავიანთი ქვეყნისა და სამეფოს გადარჩენისათვის. შაჰის კარზე, ალბათ, იმასაც ფიქრობდნენ, რომ ვითარების შეცვლის შემთხვევაში, სვიმონ მეფის პოზიცია სრულიად სხვანაირი, ირანისათვის არასასურველი გახდებოდა. ამიტომ, ვიდრე გვიან არ იყო, საჭიროდ ჩათვალეს, სვიმონ მეფე მტკიცედ მიეჯაჭვათ შაჰის ტახტზე. შაჰის კარზე გადაწყვიტეს მისი ასული ცოლად შეერთო შაჰ ხუდაბენდეს, „რომ მის (სვიმონის – ე.მ.) მეგობრობაზე გული სავსებით მშვიდად ჰქონოდათ“1. სვიმონ მეფემ შაჰის წინადადება გარეგნულად დიდ ბედნიერებად მიიჩნია, მაგრამ ყველაფერს აკეთებდა, რათა ეს ქორწინება არ შემდგარიყო. მეფის ამგვარ მოქმედებას ისქანდერ მუნში მხოლოდ რელიგიური მოტივით ხსნის. ივ. ჯავახიშვილი სავსე ბით სამართლიანად აღნიშნავდა, რომ მეფეს შაჰის მოთხოვნა მძევლის წართ მევად მიაჩნდა, რითაც შაჰს სურდა მისთვის მომავალში პოლიტიკური მოქმედების თავისუფლება შეეზღუდა2. ამიტომ იგი შაჰის მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ ჩქარობდა. ერთხანს ყიზილბაშები მომხდარმა ამბებმა დააკავეს და განზრახული ქორწინებისათვის არ ეცალათ. შირვანში ყირიმელი თათრები შეიჭრნენ, მაგრამ ყიზილბაშებმა მათი დამარ ცხება შეძლეს, თუმცა ოსმალების განდვნა კი ვერ მოახერხეს. შირვანი კვლავ ოსმალებს დარჩათ3.
1. „სვიმონ-ხანის ქალიშვილი მისი უდიდებულესობა ქვეყნიერების გამგებელისათვის ცოლად მოეყვანათ“ (ისქანდერ მუნში, გვ. 34). სხვა ცნობითი სვიმონ მეფეს ქალიშვილი მოსთხოვეს ჰამზა მირზაზე დასაქორწინებლად (ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, IV, გვ. 271; სვანიძე მ., დასახ. ნაშრ., გვ. 157).
2. ჯავახიშვილი ივ., დასახ. ნაშრ., გვ. 271.
3. ისქანდერ მუნში, გვ. 34-35.
შირვანში სამხედრო ოპერაციების დასრულების შემდეგ, შაჰი დარწმუნდა, რომ სვიმონ მეფე მოთხოვნას ნებით არ ასრულებდა. ამიტომ, როცა საქართველოში პირველი ვეზირი მირზა სალმანი 20 ათასი კაცით გაიგზავნა. მას კახეთის სამეფოს საკითხის მოგვარებაც დაევალა. ალექსანდრე II იძულებული შეიქმნა, ყოველწლიური ხარკის გადახდა განეახლებინა და თავისი ასულის უფლისწულ ჰამზა მირზასათვის მითხოვებაზე დათანხმდა1.
ისქანდერ მუნშის მიხედვით, შაჰის ყველა მოთხოვნა სვიმონ მეფესაც დაუკმაყოფილებია. ყიზილბაშებმა ქართლისა და კახეთის მეფეები ერთმანეთთან შეარიგეს და ჯვარზე დააფიცეს, რომ შაჰის ერთგულნი იქნებოდნენ და ერთო ბლივად იბრძოლებდნენ ოსმალეთის წინააღმდეგ. ამის შემდეგ ქართველ მეფეებს მძევლები გამოართვეს, ალექსანდრეს - უფლისწული კონსტანტინე, სვიმონს - უფლისწული ლუარსაბი2.
როცა ქართველმა მეფეებმა ყიზილბაშების ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს, ახლა თვითონ მოითხოვეს შაჰის მფარველობაში მყოფი თავიანთი ძმების, ალექსანდრემ - იესეს (ისა-ხანი), სვიმონმა - დავითის (დაუთ-ხანი) საქართ ველოში დაბრუნება და პირობა დასდეს, რომ „ძმებს ჩინებულად მოეპყრობოდნენ, ვერაგობას არ ჩაიდენდნენ და ორივე თავიანთი სამფლობელოებიდან თავიანთ ძმებს გარკვეულ ადგილს მიუჩენდნენ, რათა მოსვენებით ეცხოვრათ და არსებობა არ გაძნელებოდათ“3. გასაგებია ალექსანდრეს და სვიმონის სურვილი შაჰის ხელიდან დაეხსნათ მათ საწინააღმდეგოდ გამიზნული თავიანთი ძმები. ისქანდერ მუნში შემდეგ ქართველ მეფეებს უსაყვედურებს, რომ არც ერთმა პირობა არ შეასრულა, „ორივე მათი დაღუპვის საქმეს შეუდგა და ჩქარა მათი სიკვდილის ამბავი მთელ ქვეყანას გააგებინეს“4.
1. იქვე, გვ. 36.
2. იქვე.
3. იქვე, გვ. 37.
4. იქვე.
მართალი არ არის ისქანდერ მუნში, თითქოს ამ დროს (1582 წ.) შაჰ მოჰამედ ხუდაბენდეს კონსტანტინე უფლისწული მძევლად წაეყვანოს, რადგან ქარ თული და რუსული წყაროები სავსებით დამაჯერებლად გვამცნობენ, რომ კონ სტანტინე უფლისწული მძევლად შაჰ თამაზმა წაიყვანა. არც ის ცნობაა მართალი, სადაც დაუთ-ხანის სიკვდილის შესახებ ლაპარაკობს (ისა-ხანზე, ამის შემდეგ, მართლაც არაფერი ვიცით). დაუთ-ხანი კიდევ კარგა ხანს ასპარეზზე ჩანს. იგი ოსმალებს მიემხრო.
1581 წლის აგვისტოს ბოლოს არზრუმიდან წასული მეჰმედ ფაშა ახალქალაქში მუსტაფა (მანუჩარ) ფაშას შეხვდა და სთხოვა, რომ ოსმალთა ლაშქარი თბილისისკენ წაეყვანა. ოსმალთა ჯარს გორთან სვიმონ მეფე ელოდე ბოდა. მის ჯარში მრავლად იყვნენ ქართულად ჩაცმული ირანელები. როგორც ითქვა, ირანის ელჩი ნაბუთ-აღა ამ დროს სტამბოლში იყო და სულთანთან აუდიენციას ელოდა. ამიტომ ყიზილბაშები ოსმალებთან პირისპირ ბრძოლას ერიდებოდნენ და სვიმონ მეფეს ქართულად ჩაცმულები ეხმარებოდნენ1. მეფის ოსმალებთან ბრძოლის ეს მომენტი ერთხელ კიდევ ადასტურებს ჩემს მიერ ზემოთ გამოთქმულ აზრს, რომ ოსმალეთსა და ქართლის სამეფოს შორის საზავო მოლაპარაკება ჩაშლილი იყო და საომარი მდგომარეობა გრძელდებოდა. ამავე დროს, როგორც ჩანს, ყიზილბაშებს სულთანთან მოლაპარაკებით დროის მოგება სურდათ და, შეძლებისდაგვარად, აღმოსავლეთ საქართველოში მტკიცედ ფეხის მოკიდებას ცდილობდნენ. მეჰმედ ფაშას ქართველებთან ბრძოლის გამართვა არ უნდოდა. მას გორთან მდინარე მტკვარი უნდა გადაელახა და მანუჩარს რჩევა სთხოვა. მანუჩარმა ფაშას დილამდე დაცდა ურჩია. მაგრამ სარდალმა ბრძანა, სასწრაფოდ გადასულიყვნენ მდინარეზე, რის გამოც ოსმალებმა სასტიკი მარცხი განი ცადეს. სვიმონ მეფის ხელში აღმოჩნდა მტრის მთელი აღალი და ხაზინა. გადარჩენილი ჯარის ნაწილმა თბილისამდე მიაღწია. თბილისში, როგორც ყოველთვის, დიდი გაჭირვება იყო და ხელცარიელ მეჰმედ ფაშას სხვა არაფერი დარჩენოდა რომ ჯარისკაცებში 30 ათასი დუკატი შეეგროვებინა და კახეთის მეფესთან გარნიზონისათვის პურის, ცხვრების და სხვა სანოვაგის შესასყიდად ხალხი გაეგზვნა2. ოსმალთა იმედები ვერც თბილისის ფაშამ, გა მაჰმადიანებულმა ქართველმა იუსუფმა, გაამართლა. მეჰმედ ფაშამ იგი გადააყენა და მის ადგილზე ომარ ფაშა დანიშნა3.
1. Minadoi, p. 184 -185.
2. Ibidem, p. 193.
3. Ibidem. სვანიძე მ., დასახ. ნასრ., გვ. 151
სვიმონ მეფემ და ათაბაგმა მანუჩარმა გადაწყვიტეს ოსმალებისათვის თბილისის დახმარების საშუალება არ მიეცათ1. მათ დაახლოებას შაჰის კარზე დიდი კმაყოფილებით შეხვდნენ. ყიზილბაშების აზრით, ამის შემდეგ ირანის მდგომარეობა ამიერკავკასიაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა2. შემდგომმა მოვლენებმა ნათელყო, რომ ოსმალებთან „შერიგება“ მანუჩარის ხრიკი იყო3. მართალია, სულთანმა მანუჩარს ჩილდირის ბეგლარბეგობა აღუდგინა, მაგრამ მანუჩარისათვის ამას რალური მნიშვნელობა არ ჰქონდა. მას კარგად ესმოდა სულთნის ზრახვები სამცხის მიმართ. სულთანს საათაბაგოს ნაცვლად საფაშოს დაარსება უნდოდა. ამიტომ ოსმალეთსა და სამცხეს შორის „მეგობრობა“ ხან გრძლივი ვერ იქნებოდა.
ოსმალეთის აგრესია სამცხეში მხოლოდ ქართველების და შირვანელების დამოუკიდებლობას არ ემუქრებოდა. იგი კავკასიის სხვა ხალხებისთვისაც საშიში იყო. როგორც იბრაჰიმ ფეჩევი გადმოგვცემს, საშამხლოსა და დაღესტნის გამგებლებმა კავშირი დაამყარეს ქართველებთან, რათა ერთობლივად ებრძოლათ ოსმალების წინააღმდეგ. კავკასიაში ანტიოსმალურ კავშირს სათავეში ჩაუდგა ირანის შაჰი, რომელმაც სამოკავშირეო ჯარის სარდლად იმამყულიხანი დანიშნა4. სტამბოლში ჯეროვნად შეაფასეს ამიერკავკასიაში შექმნილი მდგომარეობა და გადაწყვიტეს ჩრდილო კავკასიაზე გავლით გაეგზავნათ ლაშქარი, რომელიც დარუბანდსა და ბაქოში მდგომ ოს მალთა გარნიზონებს დაეხმარებოდა5. იმავე დროს თბილისის დასახმარებლად გაგზავნილი ჯარი სვიმონ მეფემ მუხრანის ველზე დაამარცხა6.
1. Minadoi, p. 204
2. Ibidem, p. 226.
3. მანუჩარ ათაბაგის ოსმალებთან ურთიერ თობაზე დაწვრ. იხ. ქვემოთ გვ. 399-437.
4. იბრაჰიმ ფეჩევი, გვ. 69.
5. Смирнов И. А. Рoссия и Турция в XVI-XVII вв., в двух томах. «Ученные записки МГУ им. М. В. Ломоносова», вып. 94, М., 1946, т. I, XVI в., с. 126-127.
6. სვანიძე მ., დასახ. ნაშრ., გვ. 150-151.
ოსმალეთის ჯარის დარუბანდში მისვლამ 1583 წლის გაზაფხულზე, შაჰის კარზე დიდი შეშფოთება გამოიწვია. შაჰმა იმა მყული-ხანის მეთაურობით 50 ათასიანი ჯარი გაგზავნა. ყიზილბაშმა სარდალმა მაშინვე ქართლისა და კახეთის მეფეებს წერილები გაუგზავნა და ისინი ლაშქრობაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. იბრაჰიმ ფეჩევთან არ ჩანს, მივიდნენ თუარა ქართლელები ყიზილბაშთა დასახმარებლად. კახეთის მეფეს კი მცირე რაზმი გაუგზავნია. მათ მთებში სიარულისას გზა დაბნევიათ, გაფანტულან და ადგილობრივ მოსახლეობას ოსმალთა შიშით ამოუწყვეტია, მათი მოკვეთილი თავები კი ოსმალო სარდლისათვის გაუგზავნია. ფერჰად ფაშამ, თავის მხრივ, კახეთის მეფე ალექსანდრეს მისი ქვეშევრდომების თავები გაუგზავნა და თანაც შეუთვალა: „ბედნიერი ფადიშაჰის მოხარაკეები რომ ხართ, ეს რას ნიშნავსო?“1
ამგვარად, ოსმალების აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ყოფნა მხოლოდ იარაღზე იყო დამყარებული, რაც, როგორც ჩანს, ადგილობრივ მოსახლეობაზე ყოველთვის ქმედით გავლენას არ ახდენდა. მალე ოსმალებმა მანუჩარის „შემორიგების“ ფასიც იწვნიეს. სულთნის ბრაძანებით, მანუჩარს დაევალა თბილისში 30 ათასი დუკატის მიტანა. როცა მანუჩარი თბილისს მიუახლოვდა, მინადოის თქმით, ის სვიმონ მეფეს შეხვდა და ხანმოკლე თათბირის შემდეგ, მანუჩარის თანმხლები ოსმალთა რაზმი ამოწყვიტეს, ხაზინა კი მიითვისეს2.
ფერჰად ფაშამ განიზრახა მანუჩარის სამფლობელოებზე ეყარა ჯავრი. მაგრამ მანამდე აუცილებელი იყო თბილისის დახმარება. მან ამ რთული ამოცანის შესრულება ქართველებთან და ყიზილბაშებთან ბრძოლებში გამოცდილ ჰასან ფაშას (ეს ის ჰასან ფაშაა, რომელმაც ყიზილბაშთა სარდალი ყული-ხანი დაატყვევა) დაავალა, მას ჩააბარა 40 ათასი დუკატი და 15 ათასი რჩეული მებრძოლი გააყოლა3. მათ რიგებში იყვნენ ქურთისტანისა და რუმელიის ამირები. დმანისის ხეობაში მიმავალ ოსმალებს თავსდაესხა ქართველთა 500 კაციანი რაზმი, რომელთა შორის რამდენიმე ყიზილბაში ამირაც იყო. ქართველებმა არა მხოლოდ შეაჩერეს ოსმალთა წინსვლა, არამედ, როგორც შარაფ-ხან ბიდლისი გადმოგვცემს (ის პირადად მონაწილეობდა ამ ბრძოლაში და გამოჩენილი სიმამაცისა და ერთგულებისათვის სულთანმა დააჯილდოვა4), დაამარცხეს კიდეც. ჯარის ნარჩენები, მისივე თქმით, მხოლოდ ჰასან ფაშას სიმტკიცემ იხსნა. გადარჩენილ ჯარს, მეორე დღეს მხოლოდ ყიზილბაშები დაესხნენ, მაგრამ ჰასან ფაშამ მათ წინააღმდეგ შარაფ-ხან ბიდლისი გაგზავნა მცირე რაზმით, რომელმაც მოწი ნააღმდეგეთა მეთაური ალი-ყული ბეგი დაატყვევა. ყიზილბაშები გაიქცნენ5. მართალია, პირდაპირ არ არის ნათქვამი, ვინ მეთაურობდა ქართველთა იმ რაზმს, რომელმაც ოსმალები დაამარცხა, მაგრამ სავარაუდოა, რომ ეს იყო მანუჩარი. ამის დამადასტურებელი უნდა იყოს ოსმალების მიერ მანუჩარის სამფლობელოების სასტიკად აოხრება, რასაც საკმაოდ დაწვრილებით აგვიწერს მინადოი6.
1. იბრაჰიმ ფეჩევი, გვ. 73. შდრ. სვანიძე მ., დასახ. ნაშრ., გვ. 158
2. Minadoi, p. 223-224.
3. Ibidem, p. 224-225.
4. Шараф-хан Шамсаддин Бидлиси, Шараф-наме, I. Перевод, предисловие, примечания и приложе ния Е. И. Васильевой, М., 1967 , с. 490.
5. Шараф-хан Шамсаддин Бидлиси. Шараф-наме, II. Перевод, предисловие, примечания и приложе ния У. И. Васильевой, М., 1976 , с. 245.
6. Minadoi, p. 225.
1584 წლის გაზაფხულზე ფერჰად ფაშამ მიიღო სულთნის ბრძანება ნახჭევანსა და თავრიზზე შეტევისათვის მომზადების შესახებ. იმავე დროს, სულთნის მითითების თანახმად, საჭირო იყო ქართველებისაგან შევიწროებული თბილისის დახმარება1. შაჰის კარს მხედველობიდან არ გამორჩენია ოსმალების სამხედრო სამზადისი და ნახჭევანის დასაცავად თავრიზის მახლობლად თავი მოუყარა 30 ათასამდე მებრძოლს. ყიზილბაშების სამზადისი ფერჰად ფაშას გეგმას არღვევდა. მან, ამის შესახებ, სასწრაფოდ აცნობა სულთანს და შემდგომ ბრძანებას დაელოდა. სულთანმა უკვე იცოდა, რომ სვიმონ მეფე და ათაბაგი მანუჩარი კვლავ ოსმალების წინააღმდეგ აღსდგნენ, სასტიკად ავიწროებდნენ თბილისის გარნიზონს და შაჰის დახმარებასაც აპირებდნენ2. გაითვალისწინა რა ქართლისა და სამცხის პოზიცია, სულთანმა ფერჰად ფაშას უბრძანა, „გადასდოს ყველა საქმე და შეუდგეს დმანისზე და ლორეზე გამავალი გზების მოწესრიგებას“3. ასეთ ვითარებაში, ოსმალების შემდგომ მოქმედებისათვის თბილისს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა.
1. Alberi, II, p. 285.
2. Ibidem.
3. Minadoi, p. 226.
ფერჰად ფაშამ, ყიზილბაშთა ყურადღების მოდუნების მიზნით, ხმები გაავრცელა, რომ ნახჭევანზე ლაშქრობა ენერგიულად დაიწყო და საქართველოზე თავდსხმისათვისაც ემზადება. მან ჯერ ლორეს ციხე აღადგინა, შიგ 7-8 ათასიანი გარნიზონი 200 ქვემეხით ჩააყენა1, ციხისთავად კი დანიშნა ბერძენი ალი ფაშა2. სარდალმა მას დაავალა, ხელსაყრელ შემთხვევაში ლორედან 10 მილით დაშორებული შაითანყალა (ქაჯთაციხე) გაემაგრებინა3. თვითონ ფერჰად ფაშა მთელი ჯარით წავიდა დმანისისაკენ, რომელიც ქართველებმა ნანგრევებად აქციეს, რათა ეს უმნიშვნელოვანესი ციხე-სიმაგრე ოსმალებს აღარ გამოეყენებინათ. ფერჰად ფაშამ როცა ამ ციხის და დმანისის მიდამოები დაათვალიერა, გონივრულად არ ჩათვალა მისი აღდგენა და მის მახლობლად, ძველი ნაციხარის ადგილას, ახალი ააგებინა4. მის კედლებზე 200 მცირე ზომის ქვემეხი დაადგმევინა, ბეგლარბეგად კი ჰასან ფაშა დანიშნა5.
1. Minadoi, p. 229. ჯოვანი მიქელის მიხედვით - 100 ქვემეხი. Alberi, II, p. 286.
2. „მორეას მირლივა ალი-ბეგ ბუნავი დანიშნა ლორეს ბეგლარბეგად“. Шараф-хан Шамсад дин Бидлиси, II, c. 246
3. Minadoi, p. 230.
4. შარაფ-ხან ბიდლისის მიხედვით, ფერჰად ფაშა დმანისის ციხის აგებას 40 დღე მოანდომა. Шараф-хан Шамсаддин Бидлиси, II, c. 246
5. არზრუმის ამირ ალ-უმარა ჰასან ფაშა. Тамже.
დმანისის მიდამოებში ფერჰად ფაშამ კიდევ ერთი ციხე დაიკავა, სადაც 10 ქვემეხი დადგა, ხოლო ციხისთავად რუსტემ ფაშა დანიშნა1. ფერჰად ფაშამ თბილისის დასახმარებლად დმანისიდან რიდვან ფაშა 20 ათასი2 რჩეული და საუკეთესოდ შეიარაღებული მებრძოლით გაგზავნა. იგი ერთი დღეში თბილისში მივიდა და გარნიზონს საჭირო დახმარება აღმოუჩინა. მაშინ, როცა რიდვან ფაშა თბილისთან იდგა, მის ბანაკში სვიმონ მეფის დამტერებული ძმა დაუთ-ხანი მივიდა და ოსმალებს სამსახური შესთავაზა3. თბილისის საქმეების მოგვარე ბის შემდეგ რიდვან ფაშა დმანისში გაბრუნდა და დაუთ-ხანი თან წაიყვანა. სვიმონ მეფე, მსტოვრების საშუალებით, თვალყურს ადევნებდა ოსმალთა ჯარის მოძრაობას. დონ ხუან დე პერსიას თქმით, რიდვან ფაშას ბანაკში შეპარული მეფის მსტოვრები დაუდ-ხანს დაურწმუნებია, რომ ოსმალთა ჯარი მცირე იყო. იმავე ავტორის მიხედვით, სვიმონ მეფეს დაუთ-ხანის მოტაცება განუზრახავს4. მსტოვრების მიერ მეფესთან მიტანილი ცნობა რიდვან ფაშას ჯარის რაოდენობის შესახებ, სწორი არ იყო.
1. Alberi, II, p. 286
2. Minadoi, p. 232. sxva cnobiT 12 aTasi. Alberi, II, p. 286.
3. Minadoi, p. 232
4. Don Juan de Persia, p. 85v.
სინამდვილეში მას ბევრად მეტი ჯარი ჰყავდა. მიუხედავად ამისა, რიდვან ფაშას ქართველების შიში ჰქონდა და ფერჰად ფაშას დამატებით კიდევ 10 ათასი კაცი სთხოვა1. ყალბი ინფორმაციით წაქეზებული სვიმონ მეფე მანუჩართან და სხვა ოთხ ქართველ დიდებულთან ერთად2, 4 ათასი მებრძოლით3 ოსმალებს დაუხვდა. თავდაპირველად ქართ ველების წინააღმდეგ 6 ათასი ოსმალო იდგა, მაგრამ ბრძოლა გაჩაღდა თუ არა, ბორცვის უკან ჩასაფრებული ოსმალთა მთავარი ძალა თავს დაატყდა ქართველებს. მეფეს ცხენი მოუკლეს, მაგრამ იგი საკუთარმა სი მამაცემ გადაარჩინა. ქართველები სრული განადგურებიდან ფერჰად ფაშას მიერ რიდვან ფაშას დასახმარებლად გაგზავნილი 10 ათასიანი ჯარის გამოჩენამ იხსნა. ოსმალებმა ისინი ქართველთა დამხმარე ჯარად მიიჩნიეს და დაიბნენ. ამით ისარგებლეს ქართველებმა და ბრძოლის ველს გაეცალნენ. რიდვან ფაშამ ფერჰად ფაშას ბანაკში საკმაოდ დიდი ნადავლი მიიტანა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მის მიერ მიყვანილი დაუთ-ხანი. დაუთ-ხანის ოსმალთა ბანაკში მისვლაზე საინტერესოდ ცნობა დაგვიტოვა მუსტაფა სელიანიქმა. იგი ამბობს: დაუთ-ხანი „ეხლა თავისი ხუთი ბეგისა და მისი ერთი მამაცი შვილის თანხლებით მის აღ მატებულება სარდალ ფერჰად ფაშასთან მოვიდა. აქ მას სთხოვა, რომ მომეცით საშუალება მივაღწიო ბედნიერების ზღურბლს (სტამბოლს), რადგანაც საქართველოს გასაღები მე ვარ და მაღალი ღმერთის წყალობით აღება და დაპყრობა ჩემით შეიძლებაო“1.
1. Minadoi, p. 233.
2. Alberi, II, p. 286.
3. Minadoi, p. 233.
4. ფუთურიძე გ. მუსტაფა სელიანიქი საქართველოს შესახებ, გვ. 268.
ზამთრის მოახლოების გამო, ფერჰად ფაშა იძულებული გახდა ყარსში ან არზრუმში დაბრუნებულიყო. მანამდე კი მანუჩარის სამფლობელოების აკლება უნდოდა და ჯავახეთისკენ გაეშურა. მაგრამ ახალქალაქისა და ალთუნ ყალას (ოქროსციხე) მოსახლეობა გახიზნულიყო და სურსათიც ვერ იშოვა, რის გამოც ჯარი დიდ გასაჭირში აღმოჩნდა1. დონ ხუან დე პერსიას და მინადოის მიხედვით, ამის შემდეგ ოსმალები ახალციხისკენ წავიდნენ, მაგრამ ისიც დაცარიელებული დახვდათ. მინადოის თქმით, ოსმალებმა ახალციხეში ადამიანებისა და პირუტყვისათვის საკვები ბლომად იშოვეს2. დონ ხუანი კი სრულიად საწინააღმდეგოს ამბობს: იქ იგივე მდგომარეობა დახვდათ, როგორიც ახალქალაქსა და ალთუნყალაში3.
ფერჰად ფაშამ ახალციხეში ციხის აგება განიზრახა, მაგრამ განაწამებ ჯარს ამის გაგონებაც კი არ სურდა და საქმე ამბოხებამდე მივიდა. ფერჰად ფაშას მოკვლით დაემუქრნენ. ის იძულებული გახდა არტაანს წასულიყო4.
დონ ხუან დე პერსიას და მინადოის თქმით, მანუჩარ ათაბაგის რაზმებმა გზად მიმავალ ოსმალებს დიდი ზარალი მიაყენეს. ქართველებმა ფერჰად ფაშას ოთხთვალა გაძარცვეს. მის პირად ნივთებთან (ძვირფასი ქვებით მოჭედილი ხმლები, ფარი, კაპარჭი და ბეწვეული) ერთად, გაიტაცეს მისი საყვარელი მხევალი ქალი5. მინადოი კი ფიქრობდა, რომ ეს ჩაიდინეს უკმაყოფილო იანიჩრებმა, რათა ფერჰად ფაშასთვის სახელი გაეტეხათ6. მანუჩარის პარტიზანული რაზმები მუსრს ავლებდნენ ოსმალთა ჯარს, ყველას ხოცავდნენ, ვინც ჯარს მცირეოდენი მანძილით ჩამორჩებოდა. ჯოვანი მიქელის თქმით, ასე დაემართა 3 ათას თურქს, რომლებიც დიდი თოვლის გამო ძირითად ძალას ჩამორჩნენ და ქართველებმა ამოწყვიტეს7.
1. Don Juan de Persia, p. 86r.
2. Minadoi, p. 236.
3. Don Juan de Persia, p. 86r.
4. Minadoi, p. 240; Don Juan de Persia, p. 86v; Шараф-хан Шамсаддин Бидлиси, II, c. 246
5. Don Juan de Persia, p. 86v.
6. Minadoi, p. 243.
7. Alberi, II, p. 286.
ფერჰად ფაშამ გაითვალისწინა საქართველოში შექმნილი მდგომარეობა და მიზანშეწონილად ჩათვალა დაუთ-ხანი სწრაფად გაეგზვნა სულთნის კარზე. დაუთ-ხანის სტამბოლში მისვლის ორი განსხვავებული თარიღი გვაქვს. მუსტაფა სელიანიქის მიხედვით, დაუთ-ხანი 1584 წლის ნოემბერში დიდი ზეიმით მიიღეს სტამბოლში3, ხოლო ფუგერის გაზეთის „კორესპონდენტის“ ინფორმაციით - 1585 წლის 20 იანვარს4. ფუგერის გაზეთმა ინფორმაცია დაუთ-ხანის სტამბოლში მისვლის შესახებ მიიღო 28 იანვარს. მასში ნათქვამია: დაუთ-ხანი 20 კაციანი ამალით სტამბოლში მივიდა და სულთანს თბილისის ბეგლარბეგობა სთხოვა. სამაგიეროდ იგი სულთანს დაჰპირდა, რომ დარწმუნების, მოტყუების ან ძალის გამოყენების გზით ქართველებს სულთნის ქვეშევრდომებად გახდიდა. დაუთხანმა ერთგულების დამტკიცების მიზნით, სტამბოლში თავისი ვაჟი დასტოვა. მან სულ თანს გააცნო, აგრეთვე სეფიანთა სახელმწიფოს სავალალო მდგომარეობა და თავრიზზე შეტევა ურჩია.
1. ფუთურიძე გ., მუსტაფა სელიანიქი საქართველოს შესახებ, გვ. 268.
2. Tardy L., Le Roi Svimon Ier á la lumére des sources d’ Europe Centrale contem poraines de son époque, I partie. „Bedi Kartlisa. Revue de Kartvélolodie“, vol. XXXI, Paris, 1973 , p. 188-189. ლ. ტარდის ქარ თულ ენაზე გამოცემულ წიგნში 2 იანვარია. იხ. მისი, უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობა XVI საუკუნეში, გვ. 144.
სულთანს აწყობდა დაუთ-ხანის სვიმონ მეფესთან დაპირისპირება, ამიტომ მისი ყველა თხოვნა შეიწყნარა. „მის შვილსა და ამალას საპატიო ხალათები უბოძა, თვით დაუთ-ხანს მარაშის ბეგლარბეგობა ებოძა და 992 წლის ზულ-კადას პირველ რიცხვებში1 სარდალთან გაგზავნილ იქნა მაღალი ბრძანება, რომ [დაუთხანი] ეახლოს მის აღმატებულებას სარდალს და ოჯაკლიკის წესით ებოძოს საქართველოს და მისი ძმის [სვიმონის] ის მიწები, რომლებიც სარდალმა დაიპყრო“2.
დაუთ-ხანის სვიმონთან დაპირისპირებით სულთანი საქართველოში ანტიოსმალური ძალების გათიშვას ფიქრობდა. მისი ვარაუდით მომხრეები დაუდ-ხანსაც გამოუჩნდებოდნენ, მაგრამ განმეორდა ადრინდელი მდგომარეობა: დაუთხ ანმა ვერც შაჰს გაუმართლა თავისი პროირანული და ვერც სულთანს თავისი პროოსმალური პოლიტიკით. მან დასაყრდენი ვერ ჰპოვა ქართლის თავადაზნაურობაში. ოსმალეთის მხარეს მისმა გადასვლამ ქართლში სახალხო მოძ რაობა კი არ გახრწნა, არამედ მოხდა თვით დაუთ-ხანის იზოლაცია ქართლის პატრიოტულ ძალებში3.
ძნელია იმის თქმა, გაიზიარა თუ არა სულთანმა დაუთ-ხანის რჩევა, ოს მალებს თავრიზისთვის შეეტიათ. მანამდისაც რომ ჰქონდათ მათ ასეთი განზრახვა, ამაზე რამდენჯერმე ითქვა კიდეც. ერთი რამ ცხადია, რომ ოსმალებმა ლაშქრობის მიმართულება შეცვალეს. 10 აპრილს ოსმალთა ლაშქარი დიდვაზირის, ოსმან ფაშას მეთაურობით, არზრუმისა და ერევნის გავლით თავრიზისკენ წავიდა4. იმავე დროს, საქართველოს სამხრეთ საზღვრებთან მდგომ ჯარს ებრძანა, დაეწყო შეტევა საქართველოზე. მეთაურობი იყვნენ ლორეს ბე გლარბეგი ჰასან ფაშა და არზრუმის ბეგლარბეგი ალი ფაშა. მათთან ერთად იყო დაუდ-ხანი, რომელიც უმაღლესი მრჩევლის მოვალეობას ასრულებდა5.
1. 1584 წლის ნოემბრის პირველი ნახევარი.
2. ფუთურიძე გ., მუსტაფა სელიანიქი საქართველოს შესახებ, გვ. 268.
3. იბრაჰიმ ფეჩევი, გვ. 77.
4. Tardy L., Le Roi Svimon Ier, 31, p. 189; Шараф-хан Шамсаддин Бидлиси, II, c. 247.
5. Tardy L., Op. cit, p. 189.
საერთო შეტევისათვის სამზადისისას, ოსმალებმა დაიწყეს უმთავრესი სტრატეგიული პუნქტების გამაგრება, მათი სურსათსანოვაგითა და სამხედრო საჭურვლით მომარაგება. ოსმალები გორის ციხის გამაგრებას განსაკუთრებით ცდილობდნენ1. მთავარსარდალმა ფერეჰად ფაშამ „იმ მხარეს, ე.ი. საქართ ველოს საზღვარზე რაც ციხეები იყო, საჭიროებისდა მიხედვით, ზოგს (ციხეს) ჯარი დაუმატა, ზოგში კი შესაკეთებელი ადგილები შეაკეთა და არავითარი ნაკლი (ციხეებში) არ დაუტოვებია“2.
1584 წლის ადრეულ გაზაფხულზე საქართველოში, განსაკუთრებით გორში შექმნილი გამწვავებული მდგომარეობის გამო, ფერჰად ფაშამ ციხის აღდგენისათვის სპეციალურად გაგზავნა თავდაპირველად 884 ჯარისკაცი. როგორც ალი-ეფენდი წერს, ადრე ლალა მუსტაფა ფაშას დროს დატოვებულმა დამცველებმა, ქართველთა და სეფევიდებისაგან შეწუხებულებმა, დახმარება სთხოვეს სარდალს. გაითვალისწინა რა გორის დამცველთა გაჭირვება, სარდალმა იქ დამატებით კიდევ გააგზავნა 200 ჯარისკაცი. ამგვარი გადაწყვეტილების მიღება ის აიძულა მანუჩარის ყიზილბაშების მხარეს გადასვლამ. ციხე აღადგინეს 27 დღეში. ჩანს ამბოხებულ მანუჩარს ოსმალთა მიერ დაპყრო ბილი რამდენიმე ციხე გაუთავისუფლებია კიდეც, რომლებსაც ოსმალები კვლავ იარაღით დაეუფლნენ3. ოსმალებმა ლორეს აღდგენის შემდეგ აღადგინეს დმანისი და ამის შემდეგ ფერჰად ფაშა გორთან მივიდა. მან ამ ვილაიეთის დაცვა ჩააბარა ჰეიდარ ფაშას4.
გორის ციხეში მოიყარა თავი ოსმალეთის კავკასიის ჯარის ძირითადმა ძალებმა. აქედან ღამით თავს ესხმოდნენ და იკლებდნენ შიდა ქართლის მოსახლეობას. ოსმალები „შემოესივნენ საქართველოს გორიდან სამი-ოთხი მანძილის სიშორეზე. უამრავი და უსაზღვრო ნადავლი იშოვეს და ტყვეები წამოასხეს, ისე, რომ ხუთი ათასი კომლი, - მთელი ტომის მოსახლეობა, გამოირეკეს და თან წამოყვანეს, სხვა ძვირფას ნივთებს კი დასასრული არ უჩანდა“5.
1. მ. სვანიძე ფიქრობს, რომ გორის ციხის გამაგრება-აშენება ფერჰად ფაშას მეორედ სარდლობის დროს (1587 წ.) მოხდა. სვანიძე მ. დასახ. ნაშრ., გვ. 160.
2. იბრაჰიმ ფეჩევი, გვ. 77.
3. Фарзалиев А. М. оглы, Ук. труд, с. 133.
4. Тамже, с. 134.
5. იბრაჰიმ ფეჩევი, გვ. 77.
ოსმალეთის ჯარის გორის მიდამოებში სასტიკ მოქმედებაზე გადმოგვცემს აგრეთვე ალი-ეფენდიც. ვიდრე სარდალი გორში იმყოფებოდა, მისმა ჯარმა 5 ათასი ადამიანის სახლი გაძარცვა, მრავალი დაატყვევა, მრავალს თავი მოჰკვეთა, დაუნგრია საცხოვრებელი და ძალიან ბევრი ნაძარცვი წაიღო1.
მეჰმედ ფაშა გორიდან თბილისში წავიდა, სადაც სამი დღე დარჩა. მას თბილისში მიუტანეს კახეთის მეფე ალექსანდრეს ხარკი, რომელიც შედგებოდა 30 იუქი აბრეშუმის, რამდენიმე მონა კაცისა და ქალისა და სხვა საგნებისაგან. სარდლის ბრძანებით თბილისის ციხე შეაკეთეს, ამის შემდეგ წაიღო კახელების მიერ გადახდილი ხარკი და არზრუმში წავიდა გამოსაზამთრებლად2.
1585 წლის აპრილის დასასრულს ოსმან ფაშამ არზრუმიდან შიკრიკი გაგ ზავნა სულთანთან და დამატებითი შეიარაღებული ძალა ითხოვა3. როგორც ჩანს, მას ქართველთა მოსალოდნელი თავდასხმა ძლიერ აფიქრებდა. ოსმან ფაშა ირანის საზღვარს უახლოვდებოდა და საომარი ოპერაციებისათვის ემზადებოდა, როდესაც მას აცნობეს, რომ ალეპოს ბეგლარბეგმა ჰასან ფაშამ და კლისას სანჯაყბეგმა ალი ბეგმა გასულ ზამთარს ბრძოლა გაუმართეს ქართველებს ლორესა და დმანისის მახლობლად. ამ ბრძოლაში დაიღუპა ოსმალთა ჯარის დიდი ნაწილი, მათ შორის ლორეს ბეგრლარბეგი ალი ფაშა, ხოლო ალეპოს ბეგლარბეგმა ჰასან ფაშამ ბრძოლის ველიდან ერთი მუჭა ჯარისკაცებით გაქცევა შეძლო. ამ ბრძოლაში დიდი დანაკლისი ქართველებ მაც განიცადეს4.
1584 წლის ზამთარში, ოსმალებმა ქართველებთან ბრძოლაში სხვაგანაც განიცადეს მარცხი. ვენეციის კონსულის პიეტრო მიქელეს მიერ სირიიდან გაგზავნილი რელაციიდან5 ვიგებთ, რომ ჰასან ფაშას თან ახლდა 7 სანჯაყ ბეგი თავი ანთი ჯარებით. ხუთი სანჯაყბეგი ქართველებმა მოკლეს, ორი კი, დაატყვევეს. ჰასან ფაშა მხოლოდ რვა კაცით გაიქცა6.
1. Фарзалиев А. М. оглы, Ук. труд, с. 135
2. Тамже. იბრაჰიმ ფეჩევის გადმოცემით: „ლევან ხანის შვილის - ალექსანდრე ხანის შვილზე დადებული იყო [ხარაჯა] ოცდაათი იუქი აბრეშუმი და რამდენიმე ყმაწვილი და უბადლო [სილამაზის] მხევალი; აიღეს და წაიტანეს. კიდევ რამდენიმე ისპირის მიმინო და რამდენიმე ბალა ბანი წაიყვანეს“. იბრაჰიმ ფეჩევი, გვ. 77-78.
3. Tardy L., Le Roi Svimon Ier, 31, p 190.
4. Ibidem.
5. რელაცია ვენეციის სენატში წაიკითხეს 1584 წ. 8 დეკემბერს.
6. Berchet, p. 70.
ქართველთა წარმატებულმა მოქმედებამ სერიოზული დაბრკოლება შეუქმნა ერევანთან დაბანაკებულ ოსმან ფაშას დიდ არმიას. იგი სუსრსათის სე რიოზულ ნაკლებობას განიცდიდა და იმედოვნებდა, რომ მომარაგების გაუმჯობესების შემ დეგ სამხედრო ოპერაციების გაგრძელებას კვლავ შეძლებდა. მან სტამბოლში რამდენიმე კაცი გაგზავნა და სულთანს აცნობა, რომ სურსათის ნაკლებობა ჯარს გახრწნის საშიშროებას უქმნიდა. არსებული სიძნელეების გამო დაიწყო დეზერტირობა, ჯარისკაცები ადგილობრივ მოსახლეობას იკლებდნენ1. ასეთმა მდგომარეობამ ოსმან ფაშა აიძულა არზრუმიდან ყარსის მიმართულებით წასულიყო და ამ ქალაქის ჩრდილო აღმოსავლეთით ჰასან-კალაში დაბანაკებულიყო. ოსმალთა ჯარის გადაადგილება ჩვენთვის იმდენად საინტერესოა, რამდენადაც აქ მთავარსარდალმა მიიღო ირანის შაჰისა და ქართლის მეფის ელჩები, რომ ლებსაც სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვა ევალებოდათ2.
1. Tardy L, Le Roi Svimon Ier, 31, p 190
2. Ibidem, p. 191.
მოლაპარაკების დროს თავს იჩენს ერთი განსაკუთრებით საინტერესო მომენტი: ირანისა და საქართველოს დელეგაციები მოლაპარაკებას ცალ-ცალკე, მაგრამ ერთმანეთთან შეთანხმებულად აწარმოებდნენ. ქართლის სამეფოს ელჩობას სათავეში ედგა „მაღალი თანამდებობის საეკლესიო პირი“, რომელმაც ოსმან ფაშას აცნობა ქართველი მეფე-მთავრების სურვილი „მშვიდობისა და კეთილმეზობლობის“ შესახებ. სულთნის კარი გაჭიანურებული ომის დასრულების მომხრე იყო და ოსმან ფაშას თვითონაც გამოუთქვამს სურვილი საომარი მოქმედების შეწყვეტის შესახებ. იგი არა მარტო ქართველების მოთხოვნათა დაკმაყოფილების, არამედ მათი ყველა მტრისაგან დაცვის იმედსაც იძლეოდა. სარდლის ამგვარ ენთუზიაზმს, ვფიქრობ, ქართ ველთა წარმომადგენლები დიდი სიხარულით არ შეხვდებოდნენ, რადგან ოსმან ფაშამ იმის გარანტიად, რომ ქართველები ოსმალებთან ურთიერთობაში მშვიდობასა და კეთილმეზობლობას დაიცავდნენ, სვიმონ მეფეს ორი ვაჟის სულთნის კარზე მძევლად გაგზავნა მოსთხოვა1. ოსმალებს მეფის ვაჟების სტამბოლში წაყვანით, მისი გაუვნებელყოფა უნდოდათ.
მოვლენების შემდგომი განვითარებიდან ირკვევა, რომ საზავო მოლაპარაკება, როგორც ირანელებთან ისე ქართველებთან უშედეგოდ დამთავრდა და საომარი მოქმედება განახლდა. ოსმალებმა თავრიზის მიმართულებით დაიწყეს შეტევა, მაგრამ ყიზილბაშების და ქართველთა წინააღმდეგობას წააწყდნენ და დიდი დანაკლისი განიცადეს2. მიუხედავად ამისა, 1585 წლის სექტემბერში ოსმალებმა თავრიზი მაინც აიღეს. ამის შემდეგ ყიზილბაშები, მართალია, ბრძოლას განაგრძობდნენ, მაგრამ მათი როლი კავკასიის ფრონტზე უაღრესად შესუსტდა. ამ გარემოებამ ოსმალეების ქართლ-კახეთის წინააღმდეგ გააქტიურება გამოიწვია.
ოსმალეთის მოძალება ხიფათს უქმნიდა კახეთის სამეფოს, რომლის მესვეურებმა ოსმალთა შემოსევები აქამდე სხვადასხვა ხერხით აიცილეს. ოსმალები თვალს ხუჭავდნენ ალექსანდრე II-ის მოჩვენებით მორჩილებაზე. იგი სარგე ბლობდა ოსმალების ქართლისა და შირვანის საქმეებში ჩაფლობით და მათ ხარკსაც კი აღარ უხდიდა. ახლა, როდესაც ოსმალებმა შედარებით მყარად იგრძნეს თავი, იბრაჰიმ ფეჩევის მიხედვით, კახეთის სამეფო აიძულეს 1578 წელს დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ხარაჯა გადაეხადა. „ალექსანდრე ხანზე დადებული იყო ხარაჯა: ოცდაათი იუქი აბრეშუმი და რამდენიმე ყმაწვილი და უბადლო [სილამაზის] მხევალი, [აიღეს და] წაიყვანეს. კიდევ რამდენიმე ისპირის მიმინო და რამდენიმე კიდევ ბალაბანი წაიყვანეს“3.
1. Ibidem.
2. Ibidem.
3. იბრაჰიმ ფეჩევი, გვ. 78.
კახეთის მეფემ დროულად შეაფასა შექმნილი ვითარება. ვიდრე ოსმალები რადიკალურ ღონისძიებას გაატარებდნენ, მათ მანამდე მიართვა ხარკი. მა გრამ საქართველოს სხვა მხარეებში ოსმალებს იარაღით უხდებოდათ თავიანთი პრე ტენზიების დაკმაყოფილება. იმავე იბრაჰიმ ფეჩევის თხზულე ბიდან ირკვევა, როგორ შეიცვალა ოსმალეთის დამოკიდებულება დაუმორჩილებელი საქართველოს მიმართ. ოსმალებმა, ფაქტობრივად, ხელი აიღეს ქართლის მიმართ ინკორპორაციის პოლიტიკაზე. მემკვიდრეობითი სამფლობელოების გამგებლებად ისინი ტოვებდნენ ადგილობრივ თვადებს, რომლებსაც ვასალური დამოკიდებულება უნდა ეღიარებინათ და ხარკის გადახდა ეკისრათ.
1586 წელს ოსმან ფაშა მოკვდა და აღმოსავლეთის ჯარების მთავარსარდლად ფერჰად ფაშა მეორედ დაინიშნა. მან „საქართველოსაკენ ზედიზედ ჯარი გაგზავნა და ადრე დამორჩილებულთაგან ხარაჯა და ბაჟი ააღებინა. დასტური მიეცათ მმართველობისა“. არასწორია ამ ოსმალო ისტორიკოსის შემდეგი განცხადება: „აგრეთვე მოვიდა სიმონ ცბიერის გადასახადი და ბაჟი. მათი (სვიმონ I და ალექსანდრე II - ე.მ.) მორჩილება და დაქვემდებარება დადგინდა“1. სვიმონ მეფე ოსმალებს გადასახადს რომ არ მიართმევდა და არც მორჩილებას აღიარებდა, ეს კარგად ჩანს იმდროინდელი სხვა სანდო წყაროებიდან. სვიმონ მეფე ერთადერთი იყო, ოსმალების წინაშე ქედი რომ არ მოიხარა. ოსმალების მიერ თავრიზის აღების მიუხედავად, სვიმონ მეფე 1585 წ. თავს დაესხა ლორეს და ეს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტი დაიპყრო2.
1586 წლის 14 მარტს ფუგერის გაზეთი თავის მკითხველს აცნობებდა, რომ ფერჰად ფაშამ მარცხი განიცადა არზრუმსა და ვანს შორის. ამავე დროს ქართველები თავს დაესხნენ თბილისს, გორს, ყარსს და ოსმალების მიერ დაპყრობილ სხვა მნიშვნელოვან ციხე-ქალაქებს და ისე შეავიწროვეს ისინი, რომ ოსმალო ჯარისკაცებმა დეზერტირობა დაიწყეს და ვინც ახერხებდა, არზრუმში გარბოდა3. დამოწმებული ეს ორიოდე ცნობა ერთხელ კიდევ ადასტურებს სვიმონ მეფისა და ქართლელების ქედმოუხრელობას ოსმალების მიერ ირანზე წარმატებული შეტევის შემდეგაც.
1. იქვე.
2. ქრონიკები, II, გვ. 423.
3.Tardy L., Le Roi Svimon Ier, 31, p. 192.
ამავე დროს სამცხის ათაბაგმა მანუჩარმა სცადა ოსმალებთან მშვიდობის დამყარება, მაგრამ წარუმატებლად1. მისი დიპლომატიური კონტაქტი სულთნის კართან, ევროპაში გაიგეს ქართველებსა და ოსმალებს შორის სეპარატული ზავის დადებად. ამგვარი აზრის წარმოშობას, ალბათ, ხელს უწყობდა ქართველების საქმიანობაც. საფიქრებელია, მანუჩარი და სვიმონი დაინტერესებულნი იმით თუ როგორი პასუხი მოვიდოდა სატამბოლიდან და ვიდრე ვითარებაში არ გაერკვეოდნენ, ოსმალებთან ბრძოლაზე თავს იკავებდნენ. როცა თავრიზის დასახ მარებლად მიმავალი ოსმალეთის ჯარი ყიზილბაშთა და ქართველთა ლაშქარს წააწყდა, ქართველებმა ბრძოლას თავი აარიდეს და უკან დაიხიეს2. ქართველთა ამგვარი მოქმედება კი სხვადასხვა მოსაზრებას და ვარაუდსს წარმოშობდა საქართველო- ირანის ურთიერთობაზე.
ითქვა, რომ სვიმონ მეფე, მანუჩარ ათაბაგი და შაჰი დაინტერესებულნი იყვნენ ოსმალეთთან ზავის დადებით. მაგრამ ქართველები და სპარსელები საზავო მოლაპარაკების მიმართ სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას იჩენდნენ.
ირანთან საზავო მოლაპარაკების დაწყების ინიციატივა ფერჰად ფაშამ გამოამჟღავნა. ის ირანის ტახტის მემკვიდრე ჰამზა მირზას დაუკავშირდა. ზავის დადებაზე ირანი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა, თუ ოსმალეთი თავრიზზე უარს იტყოდა. სამაგიეროდ ირანი სცნობდა ირანის ყველა დაპყრობას3. ჩანს, როგორ შეიცვალა ირანის პოზიცია ოსმალეთთან ზავის საკითხში. აქამდე ირანი ყოველთვის ამასიის ზავის მიხედვით განსაზღვრული მდგომარეობის აღდგენას მოითხოვდა, ახლა იგი მზადაა უარი სთქვას თითქმის მთელ ამიერკავკასიაზე და იმითაც კმაყოფილი დარჩება, ოსმალები თავრიზს თუ მაინც დაუთმობდნენ.
1. იხ. აქვე, „სამცხე-საათაბაგო და იარან-ოსმალეთი“.
2. Ibidem, p. 193.
3. Рахмани А.А. «Тарих-и Алам арай-и Аббаси» как источник по истории Азербайджана, Баку, 1960, с. 75.
მაგრამ სულთანი არც იმაზე იყო თანახმა, რასაც შაჰის კარი მოითხოვდა. ფერჰად ფაშამ ჰამზა მირზას მოსთხოვა მას თავისი ვაჟი ჰეიდარ-მირზა სტამბოლში გაეგზავნა, რათა სულთანს მისთვის თავრიზი გადაეცა1. ეს კი გულისხმობდა, რომ მართალია, სულთანი ირანს დაუ ბრუნებდა თავრიზს, მაგრამ მისი გამგებელი სულთნის ვასალი უნდა ყო ფილიყო. ჰამზა მირზა ყიზილბაში ამირების შეთქმულების მსხვერპლი გახდა 1585 წელს. საზავო მოლაპარაკება შეწყდა.
ქართველები უკმაყოფილო უნდა ყოფილიყვნენ ირანის მიერ წარმოებული საზავო მოლაპარაკების დროს წამოყენებული პირობებით. ირანი ტოვებდა ქართლის სამეფოსა და სამცხე-საათაბაგოს ბედის ანაბარა. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ქართველები დამოუკიდებლად შეეცდებოდნენ ოსმალეთთან საზავო მოლაპარაკების დაწყებას. ირანი თუ სეპარატულ ზავს დადებდა ოსმალეთთან, ეს კიდევ უფრო გაართულებდა აღმოსავლეთ საქართ ველოს ისედაც გართულებულ მდგომარეობას. იარანის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შემდეგ, ფერჰად ფაშამ სულთანს საკუთარი ხელით წაუღო შაჰისა და ჰამზა მირზას წერილები, რომლებითაც ისინი ზავის დადებას მოითხოვდნენ2.
1. Тамже.
2. Tardy L., Le Roi Svimon Ier, 31, p. 193.
როგორც ითქვა, ირანი და ოსმალეთი მოლაპარაკების დროს საქართველოს საკითხის იგნორირებას ახდენდა. ამიტომ ქართველებმა ისარგებლეს დროებითი სიმშვიდით და სვიმონ მეფემ მტერს ახალი დარტყმა მიაყენა. 1586 წლის დასასრულს, როგორც ევროპული წყაროები გვამცნობენ, მეფემ თბილისი აიღო. სვიმონ მეფის მიერ თბილისის აღების შესახებ არსებული ევროპული წყაროები, ერთი შეხედვით ძლიერ საეჭვოდ ჩანს, რადგან ირან-ოსმალეთის ომის ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი აღმოსავლურ წყაროებში არ აისახა. მაგრამ ევროპული წყაროების სან დოობას ადასტურებს ერთადერთი ქართული წერილობითი ძეგლი - „წიგნი ქრონიკონი ძველისა და ახლისა“, რომელშიც ვკითხულობთ: „1586 ქ. ქ~კს სოდ სვიმონ მეფე და ქალაქის ფაშა ასან ფაშა შეიბნენ ტაბახმელას. მეფეს გაემარჯვა, და მოკლა ხუთასი ურუმი და აიღო გალავანი თბილისის ქალაქის უკანა ციხე“1. სვიმონმა ხელთ იგდო მრავალი ზარბაზანი, დაანგრევინა ოსმალების მიერ თბილისში დაარსებული ზარბაზნების ჩამოსასხმელი ქარხანა, ოსტატები კი შაჰს გაუგზავნა. მეფის მიერ თბილისის აღება სწრაფად შეიტყვეს ევროპაში. შარიერის კრებულის IV ტომში ეს ცნობა დათარიღებულია 1587 წლის 27 იანვრით2, მაგრამ უფრო ზუსტია ლ. ტარდის მიერ მოპოვებული ცნობა, რომელიც 1586 წლის 26 ნოემბრით თარიღდება3.
როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ევროპაში სვიმონ მეფის მიერ თბილისის აღებას, ამაზე მეტყველებს ის უწყვეტი ინფორმაციის ნაკადი, რომელსაც ფუგერის გაზეთი ბეჭდავდა. 1586 წლის 7 დეკემბერს გაზეთი იტყობინებოდა, რომ თბილისი და მის მიდამოები დაკავებული ჰქონდათ ქართველებს და რომ ფერჰად ფაშამ თბილისის ხელახლა დასაპყრობად ჰასან ფაშა 15 ათასიანი ჯარით და ორი ბეგლარბეგით გაგზავნა. იმავე წლის 24 დეკემბრის ცნობა დამატებით სიახლეს შეიცავდა. თბილისის აღებისას სვიმონ მეფეს ბეგლარბეგი დაუტყვევებია4.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს 1587 წლის 22 იანვრის ინფორმაცია სტამბოლიდან. მასში, სვიმონ მეფის მიერ თბილისთან მოპოვებული გამარჯვების აღნიშვნასთან ერთად ნათქვამია, რომ სტამბოლში „მივიდნენ თბილისიდან გაქცეულნი, რომლებიც ჰყვებოდნენ, თუ რა დღე აყარა თურქებს ქართველების მეფე სვიმონმა. სვიმონთან მოსკოვიდან მოსულა 6 ათასი კარაბინერი. მას გადაუკეტია უღელტეხილები და ციხე-სიმაგრეში გამოკეტილი ომარ ფაშა ძნელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ყველა გზა დახშული ჰქონდა“5.
1. საქართველოს ისტორიის ქრონიკები XVII-XIX სს. ტექსტების განოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები და განმარტებები დაურთო ავთ. იოსელიანმა, თბ., 1980, გვ. 341.
2. Charriére E., Negociations de la France dans le Levant et correspodences, memoires et actes diplo matiques, IV, Paris, 1853, p. 578.
3. Tardy L., Le Roi Svimon Ier, 31, p. 193.
4. Ibidem.
5. Ibidem, p. 194.
ქართლის სამეფოსა და ოსმალეთს შორის ომის დამთავრეების წინ კავკასიაში ფრიად ანგარიშგასაწევი მოვლენა მოხდა. 1587 წელს კახეთის სამეფომ მოსკოვის მეფის მფარველობა მიიღო. ოსმალებს ეს ფაქტი სერიოზულ გართულებებს უქადდა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში. ამიტომ ოსმალეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა ქართლის სამეფოს და სამცხე-საათაბაგოს წინააღმდეგობა გაეტეხა.
იმავე დროს ოსმალეთს ირანისთვისაც უნდა შეეტია. სტამბოლში შემუშავებული გეგმის მიხედვით, შეტევა წარიმართებოდა სამი მიმართულებით: ჩიკალი ფაშა გაილაშქრებდა ყაზვინზე, ჯაფარ ფაშა - თავრიზიდან არდებილზე, ფერჰად ფაშა - საქართველოზე1. ფერჰად ფაშას შედარებით მცირე ჯარი გამოუყვეს, რაც მაშინდელ დამკვირვებლებში ეჭვს იწვევდა, რომ იგი საქართველოში რაიმე წარმატებას მიაღწევდა. ოსმალური წყაროების მიხედვით, ფერჰად ფაშამ თავისი ჯარის ნაკლებობა ყარსისა და ბათუმის საბეგლარბეგოებიდან გამოწვეული ჯარით შეავსო. ოსმალებს გურიის მთავარიც ეხმარებოდა2. იმავე ოსმალური წყაროებიდან ირკვევა, რომ ფერჰად ფაშამ ჯერ აჭარა დაიპყრო და მთელი ძალით დაიწყო ბრძოლა ათაბაგ მანუჩარის წინააღმდეგ. მანუჩარმა დახმარება თავის სიმამრს, სვიმონ მეფეს სთხოვა. იგი მაშინვე გაეშურა, მაგრამ ოსმალების გორის დასაპყრობად წასვლა გაიგო და იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო. ამის შემდეგ ოსმალებმა ადვილად აიღეს ახალციხე, რომელიც კვლავ ჩილდირის საბეგლარბეგოს შეუერთეს.
სამცხეში ოსმალების წარმატებამ ათაბაგის მოწინააღმდეგე ფეოდალების გააქტიურება გამოიწვია. ოსმალები მათი დახმარებით მანუჩარისა და მისი მომხრეების სამცხიდან განდევნას ცდილობდნენ3.
1. Ibidem.
2. სვანიძე მ., დასახ. ნაშრ., გვ. 165.
3. იხ. ქვემოთ. გვ. 435-436.
ოსმალური წყაროების საწინააღმდეგო ცნობები შემოგვინახა ვენის ნაციონალურმა ბიბლიოთეკამ. ერთ-ერთ მოხსენებაში ნათქვამია: „დიდი ხანი არ არის, რაც ფერჰად ფაშამ განიზრახა საქართველოში, დმანისში, ციხე-სიმაგრის აშენება, რომელიც გამიზნული იყო ქართველების მიერ მომზადებული შემოტევის მოსაგერიებლად. ოსმალებმა დაიწყეს თუ არა დამხმარე ჯარების მოყვანა, ქართველებმა ალყა შემოარტყეს მათ და მთლიანად ამოწყვიტეს. რამდენიმე ათასი თურქი ბრძოლის ველზე დარჩა“1.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ, მიუხედავად მარცხისა, ოსმალეთის დიპლომატები ტრანსილვანიაში, მოლდავეთსა და ვლახეთში ხმას ავრ ცელებდნენ - საქართველო დამორჩილებულიაო. ოსმალების ასეთ მტკიცებას სრულიად ეწინააღმდეგებოდა აღმოსავლეთიდან მოსული ცნობები. როგორც ფუგერის გაზეთიდან ვიგებთ, ოსმალეთის დივანს განუხილავს ქართველების მიერ მიყენებული ზარალის რაოდენობის შესახებ. დადგენილებაში ნათქვამი იყო, რომ ოსმალებს ზემოაღნიშნული მარცხის დროს დაუკარგავთ 15 ათასი მებრძოლი, მათ შორის დაღუპულან სინან ფაშას ვაჟი ხუსრევ ფაშა და არზრუმის ბეგლარბეგი2.
მოყვანილი ევროპული წყაროების ცნობები ქართველების ოსმალებთან ბრძოლის ეპიზოდებს უნდა ასახვდეს და არა ომის საერთო მსვლელობას. ერთ რამ ფაქტია, ფერჰად ფაშამ დიდ წარმატებას მიაღწია. ოსმალეთმა დაიპყრო განჯა, დაიმორჩილა ყარაბახი. ქართლში და სამცხეში ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ციხე-სიმაგრე მათ ხელში იყო.
1. Tardy L., Le Roi Svimon Ier, p. 195.
2. Ibidem.
ოსმალეთის წარმატებებმა აიძულა ქართლისა და კახეთის მეფეები გადაესინჯათ თავიანთი პოლიტიკა ოსმალეთის მიმართ. კახეთის სამეფოს მდგო მარეობა ძველებურად მყარი აღარ იყო. რუსეთის იმედით ყოფნა აღარ შეიძლებოდა. რუსეთს ამ დროს უაღრესად გართულებული საგარეო და საშინაო მდგომარეობა ჰქონდა. განსაკუთრებით დაძაბული იყო მისი ურთიერთობა პოლონეთთან. მართალია მოსკოვის მთავრობა კახეთის მეფეს არწმუნებდა, რომ მოლაპარაკებისა და სხვა საშუალებით ოსმალებს კახეთს არ დააჩაგვრინებდა, მაგრამ იმავე დროს (1587 წ.), მოსკოვიდან ალექსანდრე მეფეს მაინც ურჩევდნენ გამოენახა ოსმალეთთან საერთო ენა. ალექსანდრე მეფემ ოსმალეთს ხარკის გადახდა განუახლა წელიწადში 30 საპალნე აბრეშუმის სახით1. მუსტაფა სელიანიქის მიხედვით: „კახთა მბრძანებელმა ალექსანდრე ხან მაც იკისრა ყოველწლიურად ათი ათასი ოქროს ღირებულების საუკეთესო აბრეშუმის გადახდა გადაკვეთილი ფასით. მორჩილად შეგვატყობინა, რომ არსებულ ციხე-სიმაგრეებს სიძნელეებში დაეხმარებოდა და საკმარის სურსათს მიაწვდიდა“2.
ამ დროს მოხდა ერთი საინტერესო ფაქტი, კერძოდ, კახეთის მეფე ალექსანდრეს ვაჟი ერეკლე, ცნობილი წყაროების მიხედვით, ოსამალეთში გაიქცა. გამოთქმულია ეჭვი, ერეკლე კი არ გაიქცა, არამედ კახთა მეფემ, ოს მალეთთან ურთიერთობის განმტკიცების მიზნით, ერეკლე სულთანთან გაგზავნა და მას ირან-ოსმალეთს შორის ზავის დადების საქმეში შუამავლის როლი უნდა შეესრულებინა3.
* * *
კახი უფლისწულის პროოსმალური ორიენტაცია ცნობილი იყო მისი ოსმალეთში გაქცევამდე და მისი ამგვარი მოქმედება საქართველოში, ალბათ, არავის გაუკვირდებოდა. ჯერ კიდავ 1574 წ., ალექსანდრე II-ის გამეფებისთანავე, ერეკლე „გაპარვით წავიდა წინაშე სულტნისა სტამბოლს (იტყვიან სიამაყითა ძმისა თვისისა დავითისაგან)“4. როცა შაჰ თამაზმა გაიგო ერეკლეს ამგვარი მოქმედების შესახებ, იეჭვა, შეიძლება იგი ალექსანდრე მეფემ გაგზავნა ოსმალეთში. შაჰი კახეთის დასალაშქრად წამოვიდა, მაგრამ მეფემ შეძლო მისი რისხვის აცილება5. ალექსანდრემ შაჰს უფლისწული კონ სტანტინე მდიდრული ძღვენით გაუგზავნა და ერეკლეს შესახებ აცნობა, რომ „ურჩებითა ჩემითა წარვიდა ხვანთქართანა“ - იბოდიშებდა კახთა მეფე. შაჰ თამაზი დაკმაყოფილდა ალექსანდრე მეფის შენათ ვალით „და წავიდა სამყოფსა თვისსა, და თან წარიყვანა კონსტანტინე ყრმა მცირე მძევლისა მსგავსად“6.
1. ბერძენიშვილი ნ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე. საქართველოს ისტორიის საკითხები, IV, თბ. 1967, გვ. 31.
2. ფუთურიძე გ., დასახ. ნაშრ., გვ. 270.
3. ბერძენიშვილი ნ., დასახ. ნაშრომი, გვ. 31; სვანიძე მ., დასახ. ნაშრ., გვ. 178.
4. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 576-577.
5. ქართლის ცხოვრება, II, გვ. 370; ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 576-577.
6. ქართლის ცხოვრება, II, გვ. 517.
ახალი ქართლის ცხოვრების მესამე ტექსტით, შაჰ თამაზის მიერ კონსტანტინე უფლისწულის მძევლად წაყვანა უნდა მომხდარიყო 1575 წლის ბოლოს ან 1576 წლის დასაწყისში, რადაგან ისტორიკოსი შენიშნავს, რომ მცირე ხნის შემდეგ შაჰ თამაზი გარდაიცვალაო და იძლევა თამაზის გარადაცვალების თარიღს - 1576 წლის 15 მაისი, სამშაბათი დღე.
კონსტანტინეს მძევლად წაყვანას სრულიად განსხვავებულად გადმოგვცემს ისქანდერ მუნში. ივ. ჯავახიშვილის ვარაუდით, ისქანდერ მუნშის მიერ გადმოცემული ამბავი, კონსტანტინე უფლისწულის ირანში მძევლად წაყვანის შესახებ უნდა მომხდარიყო 1582 წელს1. ქართული ნარატიული წყაროს ცნობას (კონსტანტინე რომ 1575 ან 1576 წელს წაიყვანეს ირანში) მხარს უჭერს ირანში მოსკოვის ელჩის გრიგორი ვასილჩიკოვის ნათქვამი. იგი მოსკოვს აცნობებდა, რომ კონსტანტინე ჯერ კიდევ შაჰ თამაზის დროს წაიყვანეს მძევლად, რათა ალექსანდრე მეფე ირანის ერთგული ყოფილიყო ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში2.
კონსტანტინე უფლისწულის მძევლად წაყვანაზე ყურადღება იმიტომ გავამახვილე, რომ დამაჯერებელი გავხადო ერეკლეს ღალატი ჯერ კიდევ ირან-ოსმალეთის მეორე ომის დაწყების წინ. როგორც ჩანს, ერეკლე უპრინციპო პიროვნება იყო და მაშინდელ საერთაშორისო ან კახეთის სამეფოს საშინაო პოლიტიკაში მისგან რაიმე სერიოზული საქმეს არავინ ელოდა.
1. ჯავახიშვილი ივ., დასახ. ნაშრ., გვ. 271.
2. Сношения России с Кавказом, с. 564.
ერეკლე უფლისწული, როგორც უკვე ითქვა, შემდეგ (1578 წ.) მოულოდნელად ჩნდება ალექსანდრე მეფის მიერ დაპყრობილ შაქში. ერეკლე მამასთან ერთად რომ არ მონაწილეობდა ამ სამხედრო ექსპედიციაში, აშკარაა. როგორც ანონიმი ვენეციელი გადმოგვცემს, ერეკლეს მისვლისთანავე ალექსანდრეს შაქი მიუტოვებია და კახეთში დაბრუნებულა. ლალა მუსტაფა ფაშამ ერეკლეს შაქის სანჯაყბეგობა და ათი ათასი ცეხინი ჯამაგირად დაუნიშნა1.
საფიქრებელია, ერეკლე ოსმალებთან ერთად მოვიდა საქართველოში, რასაც უსიამოვნო შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა ალექსანდრე მეფეზე (ჯერ ყიზილბაშებმა ალექსანდრეს ტახტის მოცილედ იესე შაქში დაუსვეს, ახლა ოსმალები კახთ მე ფეზე ზეწოლისათვის ერეკლეს გამოყენებას ცდილობენ). ნიშანდობლივია, რომ ალექსანდრე II ამის შემდეგ მოვალეობას კი იხდიდა ოსმალო სარდლების წინაშე, მაგრამ პირადად მათ აღარასოდეს შეხვედრია.
ამგვარად, ალექსანდრეს ერეკლეს მძევლად ან შუამავლად გაგზავნა თუ სურდა, ვისთან რა ჰქონდა დასამალი. ირანის შაჰი თვითონ აგზავნიდა მძევალს ოსმალეთში და კახეთის მეფეს ჯერჯერობით რა უფლებით აუკრძალავდა, ან ერეკლეს შუამავლობა რაში სჭირდებოდა, როცა არც სულთანი იყო ირანთან ზავის წინააღმდეგი, რის შესახებაც უკვე რამდენჯერმე ითქვა.
ალექსანდრე მეფეს რუსეთის მთავრობასთანაც დასამალი ან მოსაბოდიშებელი არაფერი ჰქონდა. მოსკოვის ხელმწიფე თვითონ ურჩევდა ალექსანდრეს, რომ ოსმალებთან საერთო ენა გამოენახა. იმ დროს ვინ არ იცოდა, რომ ოსმალეთთან საერთო ენას მძევლისა და ხარკის მიცემის გარეშე ვერავინ გამონახავდა. როცა რუსეთის ელჩებმა ალექსანდრე მეფის კარზე ერეკლეს შესახებ იკითხეს, კარის კაცებმა აუხსნეს, რომ თრიაქის სმამ უფლისწულს გონება აურია და თავისი მომხრე აზნაურებით სულთანთან გაიქცა. შემდეგში ერეკლეს ერთ-ერთი ახლობელი უკან დაბრუნებულა და მეფისათვის მოუხსენებია, რომ უფლისწული ბევრს ცდილობდა სულთნის კარზე, მაგრამ ვერაფერს მიაღწიაო2. მოსკოვის ელჩები მოწმენი გახდნენ, ალექსანდრე მეფესთან როგორ მოვიდნენ ყაბარდოს მთავრის ხოტოვის მოციქულები და თავიანთი მთავრის ასული, ერეკლეს მეუღლე, უკან ყაბარდოში წაიყვანეს3.
1. თურქეთ-სპარსეთის ომი, გვ. 32.
2. Сношения России с Кавказом, с. 155-156. შდრ. ჯავახიშვილი ივ., დასახ. ნაშრ., გვ. 336.
3. Сношения России с Кавказом, с. 168.
სავარუდოა, ერეკლე სულთნის კარზე ისეთ პიროვნებად არ მიიჩნიეს, რომელზეც დაყრდნობა შეიძლებოდა. იგი უცხოობაში გადახვეწილი მოკვდა და ალექსან დრე მეფეს ამის დასტურად 1590 წლის იანვრის დასაწყისში ერეკლეს ტანსაცმელი მიუტანეს. ერეკლესთან ერთად გაქცეულმა მისმა თანამზრახ ველებმა სამშობლოში დაბრუნების უფლება და ხელშეუხებლობის სიგელები ითხოვეს1.
* * *
არც ალექსანდრე მეფეს და არც შაჰ აბასს არ სჭირდებოდა ერეკლეს შუამავლობა და არც მისი ოსმალებთან „გაქცევის“ ინსცენირება იყო საჭირო. ყველა მეომარი მხარე ომის დასრულებისა და საზავო ხელშეკრულების დადებას უჭერდა მხარს, მაგრამ თითოეული მათგანი ცდილობდა ზავის პირობები ფორმულირებული ყოფილიყო თითოეული მათგანისათვის მისაღები შინაარსით. 1588 წელს ოსმალეთის იმპერიასა და ქართლის სამეფოს შორის დაიდო ზავი2. ზავი ყველაზე მეტად ქართლის სამეფოს სჭირდებოდა. იგი მთელი ათი წლის განმავლობაში ომის ასპარეზად იყო ქცეული, რამაც ქვეყანა განად გურების პირას მიიყვანა. სვიმონ მეფის ბრძოლას უშედეგოდ არ ჩაუვლია. შეიძლება ითქვას, მან აიძულა ოსმალეთის იმპერია ხელი აეღო ქართლის გაოსმალებისა და მისი სრული ინკორპორაციის განზრახვაზე. სვიმონი ოსმალეთთან ზავს სდებდა არა საბოლოოდ, არამედ დროებით, შესვენების, ძალების ხელახლა მოკრებისა და საერთაშორისო ვითარებაში მომხდარი ცვლილებების ახლებურად შეფასებისათ ვის. მეფე რომ არსებულ მდგომარეობასთან შეგუებას არ აპირებდა, კარგად ჩანს „უავგუსტოეს ხელშეკრულებიდან“ და სელიანიქის თხზულებიდანაც.
1. Тамже, с. 186.
2. ზავის დადების თარიღი კიდევ უფრო დააზუსტა ვ. ჩოჩიევმა. მან ისქანდერ მუნშის ცნობებზე დაყრდნობით დაამტკიცა, რომ ზავი უნდა დადებულიყო 1588 წლის 1 სექტემბრამდე. ჩოჩიევი ვ. მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ურთიერთობა XVI-XVII საუკუნეებში, გვ. 194.
საზავო ხელშეკრულებას საფუძვლად ის პრინციპები დაედო, რომლებზეც, როგორც ისკანდერ მუნში აღნიშნავს, ერთ დროს (1585 წ.) ჰამზა მირზა და ფერჰად ფაშა შეთანხმდნენ1. მაშინ საზავო მოლაპარაკება ვერ დასრულდა ჰამზა მირზას მოკვლის გამო. თუმცა, იმ მოლაპარაკების დროს საქართველოს საკითხით ოსამალეთი და ირანი ნაკლებად დაინტერესდნენ. სვიმონ მეფისათვის გასაგები იყო, რომ მას სამეფოს და თავისი ბედიც თვითონ უნდა გადაეწყვიტა. ძალიან საინტერესოდ გადმოგვცემს ისქანდრ მუნში მეფის მდგომარეობას ზავის დადების წინ: სვიმონ მეფე მუდამ შეუპოვრად ებრძოდა ოს მალებს, მაგრამ საბოლოოდ შეაფასა თავისი მოკავშირე ირანის მდგომარეობა და დარწმუნდა, რომ მისგან დახმარების იმედი აღარ უნდა ჰქონებოდა. დამოუკიდებლად ბრძოლა უკვე მის ძალებს აღემატებოდა2. სულთანმა სვიმონ მეფეს უსაყვედურა, რომ მას ხელშეკრულება ჯერ არ დაემტკიცებინა და ქართლის მეფე ფერჰად ფაშასთვის მიცემულ პირობას უკვე არღვევდა. ამის შესახებ საქართველოს მესაზღვრე ბეგლარბეგები წერილობით აცნობებდნენ სულთანს3.
სვიმონ მეფის მიერ ისლამის ჯარის შევიწროებას 1588 წლის ივნისში აღნიშნავს მუსტაფა სელიანიქი4. სულთანი მეფეს მოუწოდებდა თავი შეეკავებინა ამგვარი მოქმედებისაგან, თუ არა სამხედრო მოქმედების განახლებით ემუქრებოდა. თუ ოსმალეთის ჯარი შეაწუხებდა სვიმონ მეფის ქვეშევრდომებს, სულთანი დამნაშავეების სასტიკად დასჯას ჰპირდებოდა5.
სვიმონ მეფემ საზავო პირობები ჯერ ფერჰად ფაშასთან შეათანხმა, რაც ფაქტობრივად, ზავის დადებას ნიშნავდა. შემდეგ ელჩები სტამბოლში გაგზავნა. ელჩობას მეთაურობდნენ: მეფის ძმა ვახტანგი, მისი ერთი ნათესავი და სიაუშ სააკაძე, გიორგი სააკაძის მამა6. ელჩები სტამბოლში ღირსეულად მიიღეს. როგორც „ქართლის მბრძანებლისადმი გაცემული უავგუსტოესი ხელშეკრულებიდან“ ჩანს, სულთანი მურად III (1574-1595) ფრიად უწონებდა სვიმონ მეფეს ოსმალეთთან ზავის დადებას: „ჩემს საბედნიერო სამეფო ტახტს ყოველმხრივი მორჩილება და გამგონობა გამოუცხადე, მისი მოხარჯეობა ბედ ნიერების წყაროდ მიიჩნიე და ზემოხსენებულ სარდალს შენი წლიური ხარაჯა გამოუგზავნე და ამრიგად ერთგულად და გულწრფელად მიენდვე და შემოაფარე თავი ჩემს უზენაეს კარს“1.
1. ისქანდერ მუნში, გვ. 38.
2. იქვე, გვ. 39.
3. სვანიძე მ., ჯიქია ს., საქართველო თურქეთის ურთიერთობის ისტორიიდან 1588-1590 წწ., „მაცნე“, ისტორიის სერია, #6, თბ., 1966, გვ. 234.
4. ფუთურიძე გ., დასახ. ნაშრ., გვ. 271-272.
5. სვანიძე მ., ჯიქია ს., დასახ. ნაშრ., გვ. 234-235.
6. იქვე, გვ. 227-228.
საზავო ხელშეკრულების თანახმად, ოსმალეთი ქრისტიანობით სცნობდა სვიმონს ქართლის მეფედ, აღიარებდა მის მემკვიდრეობით უფლებას. იგი დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო შინაგან მმართველობაში.
ქართლის სამეფოსა და ოსმალეთის იმპერიას შორის საზავო ხელშეკრულება არსებული მდგომარეობის მიხედვით დაიდო. ქართლის სამეფო ორად გაიყო. ის ციხე-ქალაქები, რომლებიც ოსმალებს დაპყრობილი ჰქონდათ, მათ ხელში დარჩა, დანარჩენ ტერიტორიაზე მეფის ხელისუფლება ვრცელდებოდა. ხელისმომწერი მხარეები საზავო ხელშეკრულების სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას ახდენდნენ. ტერიტორიული ზონები ხელშეკრულებაში მტკიცედ დადგენილი არ იყო. ძნელი იყო იმის გარკვევა, ვის ეკუთვნოდა ოსმალების მიერ დაკავებული ციხე-სიმაგრეების ირგვლივ მდებარე სოფლები და სახნავ-სათესი მიწები. მეფეს ეს უკანასკნელნი თავის საკუთრებად მიაჩნდა და იქიდან გარკ ვეულ გადასახადს - „უშურს“2 იღებდა, რითაც ოსმალებს ადგილობრივი სურსათით გამოკვების საშუალებას უსპობდა და მძიმე მდგომარეობაში აყენებდა. მურად III შეშფოთებას გამოსთქვამდა იმის გამოც, რომ ქართველები თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ „ციხეებში მიმავალ-მომავალ მის ჯარისკაცებს, სურსათისა და ხაზინის დამტარებლებსა და გამვლელ-გამომვლელებს“3. ქართველების გაგებით, თუ ციხეები ოსმალებს ეკუთვნოდათ, გზები ქართველებისა იყო. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, მშვიდობა დიდი ხნით ვერ დამყარდებოდა. მართალია, „უავგუსტოეს ხელშეკრულებაში“ მურად III სვიმონ მეფეს დაბეჯითებით სთხოვდა, რომ ოსმალეთის ადმინისტრაციასთან რაიმე გაუგებრობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობებინა სტამბოლში და დამნაშავენი დაისჯებოდნენ. სინამდვილეში ფარული და ზოგჯერ დაუფარავი ომი მაინც მიმდინარეობდა.
1. იქვე, გვ. 234.
2. „უშური“ გაიღებოდა ბაღებზე, ვენახებზე, ბოსტნებზე, მარცვლეულის კულტურებზე, თაფლზე, თევზის ჭერაზე და სხვ. შენგელია ნ., ოსმალური გადასახადები და ვალდებულებანი „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით. თსუ შრომები, #91, აღმოსავლეთმცოდნეობის სერია, II, თბ., 1960, გვ. 298.
3. სვანიძე მ., ჯიქია ს., დასახ. ნაშრ., გვ. 235.
ქართლის სამეფოს ოსმალეთთან არაპირდაპირი ომის გაგრძელების მნიშვნელოვან მაგალითს წარმოადგენს სვიმონ მეფის რამდენიმე ლაშქრობა დასაპყრობად იმერეთის სამეფოსი, რომლის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ოსმალეთს ჰქონდა.
XVI ს. 80-იან წლებში იმერეთის სამეფოში სრული ანარქია სუფევდა. ერთმანეთზე წაკიდებული დადიანისა და გურიელის ბრძოლაში იმერელი თავადების ერთი ნაწილი მონაწილეობდა, მაგრამ მეორე ნაწილი, ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარებით და კარსმომდგარი ოსმალებისაგან დაპყრობით შეშფოთებულნი, სვიმონ I-ში ხედავდნენ იმ ლიდერს, რომელსაც ქვეყნის გადარჩენა შეეძლო. რა თქმა უნდა, სვიმონ მეფე ცდილობდა იმერეთის სამეფოში არსებული ვითარების საქმის კურსში ყოფილიყო. სვიმონს იმერეთზე თავისი გავლენის გავრცელების შემთხვევაში, ოსმალებთან ბრძოლის დროს, რომელიც, ზავის მიუხედავად, მას დამთავრებულად არ მიაჩნდა, თავდაცვა და ოსმალებისაგან დაპყრობილი ქართული მიწების განთავისუფლებაც გაუადვილდებოდა. ერთი შეხედვით, ქართლისა და იმერეთის პოლიტიკური ძალების ინტერესთა თანხვედრა ჩანს.
სვიმონ მეფე იმერეთის სამეფოში მიმდინარე მოვლენების პასიური დამკვირვებელი არ იყო. ის დაუკავშირდა იქაურ გავლენიან თავადებს და ზოგიერთისგან თანადგომის მტკიცე პირობა მიიღო. ამის შემდეგ ის თავისი ჯარით იმერეთში გადავიდა. ლევან მეფემ (1583-1590) დახმარებისათვის დადიანსა და გურიელს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო, სვიმონ მეფეს კი ზოგიერთი „ზემოური“ მიუვიდა. გოფანთოსთან (ახლანდელი თერჯოლის მახლობლად) ბრძოლაში 1588 წელს სვიმონ I-მა ლევან მეფე დაამარცხა, „დაიპყრა იმერეთი, გამოუხუნა მძევალნი იმერთა, წაიყვანნა იგინი და წავიდა“, ლევანმა ისევ დაიბრუნა სამეფო ტახტი, მაგრამ თავის სიმამრ მამია დადიანთან ბრძოლაში დამარცხდა, ტყვედ ჩავარდა და შხეთის ციხეში ტყვეობაში გარდაიცვალა. გამეფდა როსტომი (1590-1605), რომელსაც დადიანი უჭერდა მხარს და მისი გამეფებით, შესაბამისად, ოდიშის მთავარი ძლიერდებოდა. როგორც ჩანს როსტომის გამეფება ოსმალებისა და მათი მომხრე გურიის მთავარ გიორგისათვის მიუღებელი იყო. გურიის მთავარი თავს დაესხა მეფეს, განდევნა და გაამეფა მისთვის და სულთნის კარისთვის სასურველი კანდიდატი ბაგრატი, რომელსაც ქვეყანა უნდა ემართა გურიელის ვაჟის მამიას ზედამხედველობით. ვახუშტი ბატონიშვილის თქმით: „იხილა გურიელმან გიორგიმ საქმე როსტომისა, შეიკრიბნა სპანი, მოვიდა და მოიყვანა ბაგრატ ძე თეიმურაზისა ვახტანგის ძისა; ვერ წინაღუდგა როსტომ, წარუხუნა ქუთათისი და მისცა ბაგრატს და თვით მივიდა საჩინოს; მოიყვანნა ოსმალთა სპანი“1. ბაგრატი ოს მალებისთვის მისაღები კანდიდატი იყო და ამიტომ მის გამეფებაში ჩილდირის ბეგლარბეგი აბდულაჰიც ჩაერია. ერთ თურქულ საბუთში ნათქვამია: „ბაკაკის (ბაგრატის - ე.მ.) სახელწოდების მეფე იმთავითვე თავისი საქმიანობის შესრულებას შეუდგა. იგი ბედნიერების დედაქალაქს (სტამბოლს - ე.მ.) ემორ ჩილებოდა და მის დაქვემდებარებაში იყო“2. სვიმონ მეფე, ბუნებრივია, არ დაუშვებდა ოს მალთა მარიონეტი ბაგრატის გამეფებას, ისევ გადავიდა იმერეთში და ქუთაიასი ალყაში მოაქცია.
1. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 821.
2. შენგელია ნ., ხუთი დოკუმენტი „მუჰიმე დავთრებიდან“ სვიმონ ქართლის მეფის შესახებ. საიუბილეო კრებული მიძღვნილი შოთა მესხიას დაბადების 90 წლისთავისადმი, თბ., 2006, გვ. 379.
ბერი ეგნატაშვილთან სვიმონის იმერეთში გადასვლა 1593 წლით თარიღდება, მაშინ როდესაც თურქულ წყაროები სვიმონის იმერეთში გადასვლას, ქუთაისის ალყას და სხვ. 1591-1592 წლების ქვეშ ათავსებს. აღნიშნული საბუთი ინფორმაციული ხასიათიისაა და 1591 წლის 10 აგვისტოთი თარიღდება და ამ წლის პირველი ნახევრის მოვლენებს ასახავს. საბუთიდინ ირკვევა, რომ სვიმონ მეფეს ქუთაისის ალყა გაუხანგრძლივდა. იმერეთში მყოფ ოსმალეთის წარმო მადგენლებს საკმაოდ ინტენსიური მიწერმოწერა ჰქონდათ ხელისუფლების სხვადასხვა დონის მოხელეებთან ქუთაისის ციხის სვიმონისათვის დანებება-არ დანებების შესახებ. „ჩილდირის ბეგლარბეგს ჰუქმი გაეგზავნა, წერილობით ეცნობა. ბაკაკის (ბაგრატი - ე.მ.) სახელწოდების მელიქმა ქუთაისის ციხე წყეულ სვიმონს არ მისცეს. ამ მხარეში მორჩილების არზა გამოიგზავნა. ჩაბარების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, სასწრაფოდ გულითადი ერთგულება იყო საჭირო. ხსენებული ციხის ბეგლარბეგმა... ჩაბარება ითხოვა. გურიის მეფეს პატიოსანი ჰუქმი გაეგზავნა. ამასთან დაკავშირებით ვბრძანებ, რომ როდესაც იგი მოაღწევს, შენც ამასობაში უწინდებურად დაინიშნე. გურიის მეფემ წერილების გაგზავნა სასარგებლოდ მიიჩნია. ამ საკითხზე სასიამოვნო თადარიგი დაიკავეს. ამასთანავე იგი ინფორმირებულ იქნა... აღნიშნული ბაკაკის (ბაგრატის) სახელწოდების მეფემ ყველაფერი გამოიყენა, ყველაფერი გააკეთა თუ თავდასხმებისას მნიშვნელოვანი დახმარება იქნებოდა, აღნიშნული ციხე იარებს მოიშუშებდა. ხსენებული ფერჰადისათვის... დამატებით ლაშქრობაში მონაწილეობა, დიდი სანაქებო საქმე იქნებოდა. ამგვარად, თადარიგი დაჭერილ იქნა, მდგომარეობა კვლავ უცვლელი დარჩა. დაწვრილებით ყველაფერი ცნობილი გახდება“1.
მეფე ბაგრატის, გურიელისა და ოსმალო მოხელეების საქმიანობა, ქუთაისის ციხის სვიმონის მიერ დაპრობისაგან გადასარჩენად, აისახა სხვა თურქულ საბუთებშიც, ჩანს, რომ სვიმონმა 1591 წელს ვერ შეძლო დასახული მიზნის მიღწევა2, შემდგომ წელს კი, მან, როგორც ქართული წყაროს მიხედვით შეიძლება ვარაუდი, ქუთაისის ციხე აიღო, ბაგრატი შეიპყრო, „დამძევლა იმერეთი“ და ქართლში გაბრუნდა3. ამის შემდეგ როსტომმა, მანუჩარ დადიანის დახმარებით აიღო ქუთაისი და კვლავ იმერეთის მეფედ შეიქმნა. ეს ამბავი უნდა იყოს ასახული ჩილდირის ბეგლარბეგისათვის გაგზავნილ ჰუქმში, რომელშიც აღ ნიშნულია, რომ იმერეთის მეფემ და დადიანმა ქუთაისის ციხე აიღეს და მისი შეკეთება-შერემონტება მოახდინეს: „სარემონტო საქმიანობა გასწიეს და ადგილებზე მივიდნენ. ქუთაისის ციხეში დაბანაკდნენ. ციხეში მცველებისა და მეთვალყურეების ჩაყენების თაობაზე ბრძანება გაიცა... კარები მოიტანეს, თავის ადგილებზე ჩამოკიდეს... შიგ წარჩინებულები და დიდებულები ჩააყენეს“4. ამ წარმატების შემდეგ უნდა ყოფილიყო, რომ „ქურთ ემირთაგან უწარჩინებულესი ემირი ილჰაჯი 300 კაცით ქუთაისის ციხეში დარჩა. ეს ციხე მას ებოძა, თუმცა ამჯერად ქუთაისის ციხის დაცვაზე უარი თქვესო~. როგორც ჩანს, ილჰაჯი და მისი რაზმი გორიდან გადმოიყვანეს ქუთაისის ცნობილი მოვლენების გამო და მათ ისევ გორში დაბრუნება უნდოდათ. მათ ჰპირდებიან, რომ „წყეული“ სვიმონის წინააღმდეგ გალაშქრების დრო დადგება, გორში დაგაბრუნებთო. ილ ჰაჯი უკვე დანიშნული იყო გორის დამცველად5.
1. იქვე, გვ. 379-380.
2. იქვე, გვ. 384, 390.
3. ქართლის ცხოვრება, II, გვ. 376.
4. შენგელია ნ., დასახ. ნაშრ., გვ. 387,
5. იქვე, გვ. 384.
ბერი ეგნატაშვილის მიხედვით, სვიმონ მეფე ისევ იმერეთში შეიჭრა როსტომი დაამარცხა, ქუთაისი აიღო, მძევლები წამოიყვანა და ქართლში დაბრუნდა. როსტომმა დადიანის დახმარებით ქუთაისი და ტახტიც დაიბრუნა. სვი მონი ისევ გადავიდა იმერეთში, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ქალაქი აიღო ქუთაისის ჩათვლით, მაგრამ საბოლოოდ ოფშკვითის ბრძოლაში1 მან როსტომ მეფისა და დადიანის გაერთიანებულ ძალებთან მარცხი განიცადა და როსტომთან მორიგება არჩია2. ამგვარად, მეფის ცდამ, საიმედო ზურგი ჰქონებოდა დასავლეთ საქართველოს მხრიდან, მარცხი განიცადა.
1. ჩვენს ისტორიოგრაფიაში მიღებულია ობშკვითის ბრძოლის თარიღად 1590 წელი, რაც განხილული თურქული წყაროების შემდეგ საუთუოდ მეჩვენება.
Комментариев нет:
Отправить комментарий