1. ოდიშის სამთავროს გენუის რესპუბლიკასთან ურთიერთობის ისტორიიდან
XIV ს. დამდეგისათვის მონღოლთა ბატონობამ საქართველო ეკონომიკურად დააქვეითა და პოლიტიკურად დაშალა. გიორგი ბრწყინვალემ (1318-1346) უმნიშვნელოვანესი ღონისძიებები გაატარა ქვეყნის ერთიანობისა და ეკონომიკური გაძლიერებისათვის. 1329 წ. გარდაიცვალა იმერეთის მეფე მიქელ ნარინ დავითის ძე. ამით ისარგებლა მეფე გიორგიმ, იმერეთში გადავიდა, ქუთაისს დაეუფლა და ბაგრატ მიქელის ძეს შორაპნის ერისთავობა მისცა. გიორგის სიძლიერის მნახველმა მამია დადიანმა, გურიელმა, სვანთა ერისთავმა და აფხაზეთის ერისთავმა შერვაშიძემ მორჩილება გამოაცხადეს 1330 წელს. მეფემ შემდეგ გაიარა ოდიში, აფხაზეთში გადავიდა, „განაგნა იქაურნი და დაიპყრა ციხენი თვისად და მისცა ცხომის საერისთო ბედიელს“1. ვახუშტი ბატონიშვილის ეს ფრაზა ბუნდოვანი და, ამდენად, გაუგებარია. რამ აიძულა მეფე გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ერისთავი მას დაემორჩილა, მაინც ჯარით შესულიყო აფხაზეთში და, ფაქტობრივად, დაეპყრო იგი. ალბათ, საეჭვო არაა, რომ ბედიელი (ბედიანი), იგივე დადიანი2, როგორც ჩანს, გიორგი ბრწყინვალის მეფობის პირველ პერიოდში ერთმანეთის ტოლფასი ეს ორი ტიტული პარალელურად არსებობდა3. გიორგის მეფობის შემდეგ იგი აღარ გვხვდება4.
1. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 258.
2. ვახუშტისთან ვხვდებით ორმაგ ტიტულს - დადიან-ბედიელი, ბედიელ-დადიანი.
3. ზ. ანჩაბაძე ბედიელს და დადიანს სხვადსხვა ერისთავებად მიიჩნევდა. Анчабадзе З. В., Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв), Сухуми, 1959, c.
237.
4. Тамже, с. 177, 197.
დადიან-ბედიანი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ფეოდალი იყო და, სავარაუდოა, თვალი ეჭირა ცხუმის საერისთავოზე. მან ისარგებლა მეფის კარგი განწყობილებით და ცხუმის საერისთავო გამოსთხოვა. მეფემ მისი თხოვნა დააკმაყოფილა. ამავე დროს, ისე ჩანს, რომ ბედიანს რაღაც უფლებაც კი ჰქონდა მასზე. ვახუშტი გადმოგვცემს: „მისცა (მეფემ - ე.მ.) ცხომის საერისთავო ბედიელს, ვითარცა პირველ ცხომისა იყო“. იგულისხმება, რომ ბედიანი ადრე ცხომის ერისთავი იყო? შეიძლება ისტორიკოსს იმის თქმა უნდოდა, რომ ადრე ცხომის საერისთავო ცალკე იყო აფხაზეთის საერისთავოსაგან? თამარ მეფის დროს ცხუმის საერისთავო ხომ ცალკე იყო1. ასე იყო თუ ისე, გიორგი მეფე რატომღაც გაუწყრა შერვაშიძეს და დაიპყრო აფხაზეთის ციხეები, ადგილობრივი საქმეებიც თვითონ მოაგვარა („განაგნა იქაურნი“), ციხეებს თვითონ დაეპატრონა („დაიპყრნა ციხენი თვისად“) და ბედიანს გადასცა ცხუმის საერისთავო, რომელიც, როგორც ვახუშტის თხზულებიდან შეიძლება გა ვიგოთ, გიორგი V-ის მიერ დასავლეთ საქართველოს შემოერთების წინ აფხაზეთის საერისთავოს შემადგენლობაში იყო. ცხუმის მაშინდელი კათოლიკე ეპისკოპოსის პეტრე გერალდის ნათქვამიდან ჩანს, რომ გიორგი V-მ ბედიანს საქართველოს ამირსპასალარობაც უბოძა. პეტრე გერალდი ინგლისში კენტერბერიის არქიეპისკოპოსს სწერდა: „ამ ქვეყნის (ოდიშის სამთავრო - ე.მ.) მბრძანებელი მთელი საქართველოს ჯარის მხედართმთავარიც არის“2.
იმავე ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ცხუმის საერისთავო დადიანს დაუმტკიცა, აგრეთვე, გიორგი VII-მ, მაგრამ დადიანები მთელი აფხაზეთის დაპყრობას ლამობდნენ. XIV ს. დამლევს ვამეყ დადიანმა ილაშქრა შერვაშიძის წი ნააღმდეგ, აფხაზეთი აიკლო და ორი ერთმანეთის სიახლოვეს არსებული სიმაგრეები - უღაღნო და გაგრა დაანგრია3. 1412 წელს მამია დადიანმა „ინება და მორჩილება აფხაზთა„. მაგრამ აფხაზები მტკიცედ დახვდნენ დადიანს, მოკლეს, მისი ჯარი კი უკუაქციეს4.
1. Тамже, с. 172.
2. კიკნაძე ვ. საქართველოს საგარეო ურთიერთობის ისტორიიდან, „მნათობი“, 1982, #9, გვ. 157.
3. თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური მოგზაურობა სამეგრელოში. ძველი საქართველო, III, 1912-1913, გვ. 133, 154.
4. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 278.
ალექსანდრე I-მა (1412-1442) შეჰყარა ჯარი და ოდიშში მივიდა. მეფეს დაღუპული მამიას ვაჟი ლიპარიტი მიეგება და მამის ცოდვების მიტევება ითხოვა. ალექსანდრემ მას ერისთავობა დაუმტკიცა და აფხაზეთში წაიყვანა, სადაც შერ ვაშიძემ მაშინვე მორჩილება გამოაცხადა „და დაემორჩილა ბრძანებასა მისსა ვითარცა პირველთა მეფეთასა“. ალექსანდრემ ადგილობრივი საქმეები მოაწესრიგა, ხალხი დაამშვიდა და ქუთაისს წავიდა1.
საინტერესოა, აფხაზეთში მიმავალმა მეფე ალექსანდრემ თან რატომ წაიყვანა ლიპარიტ დადიანი? ან რა უნდა ვიგულისხმოთ მეფის ბრძანებაში შერვაშიძის მიმართ? ვფიქრობ, მეფემ შერვაშიძეს დადიანისადმი მორჩილება უბრძანა, მაგრამ როგორც ბერი ეგნატაშვილი სხვა პერიოდთან დაკავშირებით შენიშნავდა „ესე შერვაშიძე მორჩილებდა არა ყოველსავე ბრძანებასა დადიანისასა“2.
შერვაშიძეები დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ზოგჯერ გარკვეულ წარმატებასაც აღწევდნენ, საბოლოოდ მაინც იძულებულნი იყვნენ ბედიან-დადიანის ხელისუფლებას დამორჩილებოდნენ. ამ უმსხვილეს ფეოდალს ხშირად მეფე უჭერდა მხარს, რომელსაც, როგორც შემდეგში დავრწმუნდებით, თავისი ინტერესები ჰქონდა აფხაზეთში.
ამგვარად, ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, XIV-XV საუკუნეებში არსებობდა დამოუკიდებელი აფხაზეთის საერისთავო, ხოლო ცხუმის საერისთავო ოდიშის საერისთავოში შედიოდა. ამ მოსაზრებას განსაკუთრებით ავითარებდა ზ. ანჩაბაძე, მაგრამ იმავე პერიოდის უცხოურ წყაროებს თუ მოვიხმობთ, სხვაგვარი სურათი წარმოგვიდგება.
XV ს. პირველი მეოთხედიდან გვაქვს გერმანელი ჰანს შილტბერგერის ერთი ცნობა აფხაზეთის შესახებ. ის საქართველოს „ქვეყნებს“ შორის ასახელებს აფხაზეთის ქვეყანას3, რომლის დედაქალაქი იყო ცხუმი (Zuchum). შილტბერგერის ნათქვამი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მთელი აფხაზეთის დედაქალაქად სოხუმს - ცხუმს ასახელებს4 და აფხაზეთი გააზრებული აქვს ერთ მთლიანობაში.
1. იქვე.
2. ქართლის ცხოვრება, II, გვ. 349.
3. „Es ist ein Land und heist Abkas“. მამისთვალიშვილი ე. საქართველო ჰანს შილტბერგერის მოგზაურობის წიგნში, „მაცნე“, ისტორიის სერია, 1980, #2, გვ. 108.
4. იქვე.
საინტერესოა ჯოსაფატ ბარბაროს ნათქვამი სამეგრელოს შესახებ: „ეს სამეგრელო ესაზღვრება კაიტაკებს, რომლებიც კასპიის მთის მახლობლად ცხოვრობენ, შავ ზღვას და მთაგრეხილს, რომელიც ჩერქეზეთამდეა გადაჭიმული. იგი ნაწილია საქართველოსი1.
მაშასადამე, ბარბაროს დროს ოდიშის სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა მთელი აფხაზეთი ჩერქეზეთამდე. ბარბაროს ცნობის სინამდვილეს აზუსტებს გენუელი ჯორჯო ინტერიანო (XV ს.), რომელიც კარგად იცნობდა ჩერქეზეთს და საფუძვლიანადაც აღწერა.
ინტერიანოს მიხედვით, საქართველოს საზღვარი ჩერქეზეთთან გადიოდა ანგაქსიასთან. ეს უნდა იყოს XIV-XV საუკუნეთა იტალიურ რუკებზე გაგრის მახლობლად ჩრდილოეთით აღნიშნული გეოგრაფიული პუნქტი: ავობახია – პიეტრო ვესკონტეს (1318 წ.), ანოგასია – გრაციოზო ბენიკაზას (1480 წ.), ავოგასსია – ფრედუჩეს (1497 წ.) რუკებზე, ანოგასი – XVI საუკუნის უკანასკნელი მეოთხედის რუკაზე, რომელიც დართული აქვს ჯოვანი ტომაზო მინადოის თხზულებას2. ანგაქსია ინტერიანოს თქმით, კოლხეთის ნაწილს შეადგენდა3. ამბროჯო კონტარინის გადმოცემით ავოგაზიასთან გაძარცვეს პაპის ელჩი ლუდოვიკო ბოლონიელი და უზუნ-ჰასანის ელჩი4. უნდა აღინიშნოს ერთი საინტერესო დე ტალი: ფრედუჩეს რუკაზე მცირე მონაკვეთი მონიშნულია, როგორც ავოგაზიის სანაპირო (costa Avogassia), ხმელეთის შიგნით კი, იქ სადაც კავკასიონის ქედი უნდა ვიგულისხმოთ, კიდევ მეორდება იგივე სახელწოდება - უფრო მსხვილი შრიფტით. ავოგასის სამხრეთით და გაგრის (Caccarj) ჩრდილოეთით, ე.ი. ამ ორ პუნქტს შორის დატანილია კიდევ ერთი გეოგრაფიული პუნქტი (ასეა სხვა რუკებზეც) - ლაიაცო-აიაცო (Laiazo, Lenazo, Aiazo), რომელიც პ. ინგოროყვამ ქ. ტუაფსეს ძველ სახელთან გააიგივა5.
1. XV საუკუნის იტალიელი მოგზაურების ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 55.
2. Minadoi G. T. Historia della guerra fra Turchi et
persiani, Venezia, 1588.
3. «qvivi confi nano con Angaxia, cioe
parte di Colchide» (Interiano G., La vita et sito de Zichi, chiamati
Circass. His toria nobile, Venezia, Aldus, 1502, p. 4)
4. Ramusio G. B., Op.
cit., p. 119v.
5. ინგოროყვა პ. გიორგი მერჩულე. ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა, ნაწ. I, თბ., 1954, გვ. 123.
პ. ინგოროყვას მოსაზრებას თუ გავიზიარებთ, მაშინ აფხაზეთის ლოკალიზება მოგვიხდება არა იქ, სადაც დღევანდელი აფხაზეთია, არამედ ბევრად ჩრდილო-დასავლეთით, მაგრამ ზემოთდასახელებული რუკების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ უფრო სწორი იქნება ლაიაცო დღევანდელი ადლერის მიდა მოებში გვევარაუდა, ხოლო რაც შეეხება ავოგაზიას, თუ ასეთი სახელწოდების ქალაქი არსებობდა1, მაშინ იგი მდაბარეობდა დღევანდელი ადლერის სიახლოვეს, სადაც ინტერიანოს მიხედვით საქართველოს ჯიქეთთან საზღვარი გადიოდა. დაბოლოს, უნდა გავიხსენოთ XIV ს. არაბი ისტორიკოსი ალ-მუჰიბი (გარდ. 1384 წ.), რომელიც წერდა: „დადიანი განაგებს სუხუმსა და აბხაზს„2. ამასვე აღნიშნავდა მეორე არაბი ისტორიკოსი ალ-კალკაშანდი3.
განხილულ წყაროებზე დაყრდნობით შეიძლება კორექტივი შევიტანოთ ვახუშტი ბატონიშვილის ცნობებსა და ქართულ ისტორიოგრაფიაში გაბატონებულ მოსაზრებაში (აფხაზეთის საერისთავოზე თითქოს არ ვრცელდებოდა დადიან-ბედიანის ხელისუფლება) და ვთქვათ, რომ XIV-XV საუკუნეებში აფხაზეთის ორივე საერისთავო ოდიშის საერისთავოში შედიოდა. ამგვარად, ოდიშის საერისთავოს საზღვრები XIV-XV საუკუნეებში მდინარე ბზიფამდე კი არ ვრცელდებოდა, როგორც ზ. ანჩაბაძე ფიქრობდა4, არამედ უფრო ჩრდილოეთით, მდინარე ფსოუმდე (მძიმთა) და მთელი აფხაზეთი ოდიშის სამთავროში შედიოდა.
1. ვესკონტეს, ბენიკაზას და ფრედუჩეს რუკებზე ავოგაზია ისეთივე პირობითი ნიშნით არის აღნიშნული, როგორც შავი ზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ქალაქები.
2. XIV-XV სს. არაბი ისტორიკოსების ცნობები საქართველოს შესახებ. არაბულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო დ. გოჩოლეიშვილმა, თბ., 1981, გვ. 53.
3. იქვე, გვ. 54
4. Анчабадзе З. В., Из
истории средневековой Абхазии, c. 240.
ოდიშის მთავრის ამგვარი გაძლიერების მიუხედავად (მას ემორჩილებოდა გურიის სამთავრო), როგორც იმდროინდელი წყაროებიდან ირკვევა, ის მაინც მეფის უზენაეს ხელისუფლებას ცნობდა და ემორჩილებოდა. მეფე განსაკუთრებულ შემთხვევაში სამთავროს საქმეებში ერეოდა. ეს გარემოება საკმაოდ ნათლად აისახა ქართულ (ვახუშტი ბატონიშვილი, ბერი ეგნატაშვილი) და უცხოურ წყაროებში. ივ. ჯავახიშვილი კონტარინისა და ბარბაროს ცნობებზე დამყარებით აღნიშნავდა: „ბედიანის სამთავრო ამ დროს შეადგენდა ცალკე პოლიტიკურ ერთეულს, რომელსაც თავისი საზღვრები და მართვა-გამგეობა ჰქონდა და საკუთარი ჯარი ჰყავდა, მაინც საქართველოს მეფეს უზენაესი უფლება ამ სამთავროზე შენარჩუნებული ჰქონდა და განსაკუთრებულ შემთხვევაში ის ამ სამთავროს საქმეებშიც ერეოდა ხოლმე“1. მართლაც კონტარინი, როგორც თვითმხილველი, გადმოგვცემს, რომ საქართველოში ყოფნისას, 1475 წ. ივლისში, სამეგრელოს საზღვრებთან იგი შეხვდა ბაგრატ მეფის ჯარს, რომელიც სამეგრელოში იყო ბედიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მომხდარი რაღაც უთანხმოების გამო2.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბედიანს, მსგავსად ათაბაგისა, ანტიოსმალური კოალიციის შესაქმნელად ევროპაში საკუთარი ელჩი არ გაუგზავნია. როგორც ჩანს, მას XV საუკუნის 50-იანი წლების დასასრულისათვის ჯერ კიდევ არ მოუპოვებია პოლიტიკური უფლებები იმდენად, რომ მეფისაგან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა ეწარმოებინა.
1. ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, IV, თბ., 1967, gv. 104.
2. Ramusio
G. B., Op. cit., p.
119r.
ბედიანის ავტორიტეტის ზრდაზე მეტყველებს გიორგი VIII-ისა და ყვარყვარე ათაბაგის 1459 წ. რომსა და ბურგონში გაგზავნილ წერილები, რომლებშიც ჩამოთვლილია ვინ გამოთქვა კოალიციაში შესვლის სურვილი. მათში სამეგრელოს მთავარი მეფედ მოხსენიება. ესენი იყვნენ: ყვარყვარე II, გიორგი სპარსეთის მეფე, დავით ტრაპეზუნტის იმპერატორი, ბენდია სამეგრელოს მეფემან, რაბია ანაკოსიის (აფხაზეთის) მთავარმა, და ბერდებეგ მცირე სომხეთის ბატონმა1. როგორც ზ. ანჩაბაძე აღნიშნავდა, „ეს
გარემოება, ერთი მხრივ, შეიძლება შეფასებული იქნეს, როგორც გიორგი VIII-ის მისწრაფება განედიდებინა კოალიციის წევრები, რათა დასავლეთ ევროპის მბრძანებლებზე, რომელთაგანაც დახმარების მიღებას ცდილობდა, მნიშვნელოვანი შთა ბეჭდილება მოეხდინა, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ფაქტი უეჭველად იმაზე მიუთითებს, რომ ბედიანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი და გავლენიანი მთავარი იყო“2.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, კერძოდ ის რომ წერილის ლათინურ ტექსტში აფხაზეთი არ წერია. იგი მ. თამარაშვილმა ჩაამატა და ფრჩხილებში მოათავსა ანაკოსიის განმარტების მიზნით - აფხაზეთს ნიშნავსო. ეს ვარიანტი, როგორც შეიძლება ვიფიქროთ, მისაღებად ჩათვალა ზ. ანჩაბაძემ3 და მან, თავის მხრივ, ლათინურ ტექსტში მცირე შესწორება შეიტანა, რომლითაც ანოკაზია (ანოცასია) აპოკასიად (აპოცასია) მოგვევ ლინა და მან მკვლევრისათვის სასურველი ჟღერადობა (აპოკაზია/აფხაზეთი) შეიძინა. მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ არც მ თამარაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ლათინურ წერილში და არც მის ფონდში დაცულ მასალებში არსად არ წერია აპოცასია. ყველგან არის ანოცასია ან ანგოსია4.
1. თამარაშვილი მ. გვ. 595-596.
2. Анчабадзе
З. В., Из истории средневековой Абхазии (VI-XVII
вв), Сухуми, 1959, c. 239; Анча бадзе З. В., Очерк
истории Абхазской АССР, ч. I, Сухуми, 1960, с. 90-91.
3. Анчабадзе З. В., Из
истории средневековой Абхазии, с. 253.
4. მ. თამარაშვილის ფონდი, #1053.
ივ. ჯავახიშვილის მიხედვით ანაკოზიის მთავარი იგივე ანაკოფიის მთავარი იყო. ადრე, როდესაც ამ საკითხს ვეხებოდი, გავიზიარე ივ. ჯავახიშვილის მოსაზრება და მხოლოდ მისი დაზუსტების მიზნით მოვიშველიე ზ. ანჩაბაძის ნაშრომი და ვთქვი, რომ რაბია აფხაზებით დასახლებული მთელი ტერიტორიის ერისთავი კი არ იყო, არამედ მხოლოდ იმ ნაწილისა, რომელიც საბედიანოს შემადგენლო ბაში არ შედიოდა, მას აფხაზეთის საერისთავო ერქვა და XV ს. მეორე ნახევარში დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა. იგი ანაკოფიიდან ნიკოფსიამდე იყო გადაჭიმული. ეს საიონტერესო საკითხი მაშინ კვლევის საგნად არ გამიხდია და მხოლოდ არსებულ გამოკვლევებს ვეყრდნობოდი. რა თქმა უნდა, არც ის იყო მართალი, როდესაც ანოცაცია და ანგოსია
ანაკოფიასთან გავაიგივე. ვფიქრობ, რაბია დუქს ანოცასიაე იყო ჯიქეთის (აფხაზთა მონათესავე) მთავარი და არა აფხაზეთისა. ერთი შეხედვით, ამგვარი მოსაზრება თითქოს საეჭვოა მაშინ, როცა გიორგი მეფის მიერ ბურგონის დუკასათვის გაგზავნილ წერილში ცალ-ცალკე ვხედავთ „სამეგრელოს მეფე ბენდიას“ და „ანიკასიის
მთავარ რაბიას“. ამ წერილში აფხაზეთი ნახსენებიც კი არ არის. მაგრამ როცა ვეცნობით 1460 წელს საქართველოს ელჩების მიერ პაპისათვის წარდგენილ მოკავშირეების სიას, სადაც ბედიანი მოიხსენიება სამეგრელოს და აფხაზეთის მეფედ (ბენდას მეგრელიაე
ეტ აბასიაე რექს) და იქვე მაინც დასახელებულია ფაბია (იგივე რაბია დუქს ანოგასიაე), არავითარი საფუძველი არ რჩება იმისათვის, რომ ანგოზიაში აფხაზეთი ვიგულისხმოთ. ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან, როგორც ზემოთ ვნახეთ და შემდეგში კიდევ უფრო დავრწმუნდებით, აღნიშნულ პერიოდში აფხაზეთის ტერიტორიაზე და დიანისაგან დამოუკიდებელი სხვა რომელიმე პოლიტიკური ერთეული არ არსებობდა.
ქართული სამეფო კარი დაინტერესებული იყო ოდიშის სამთავროს სამფლობელოებში მოქცეული სოხუმის, იგივე სევასტოპოლისის საშუალებით მონაწილეობა მიეღო საერთაშორისო ვაჭრობაში, რომელსაც ძირითადად გენუელები ახორციელებდნენ ყირიმის მთავარი სავაჭრო ფაქტორიის კაფას მეთაურობით. გენუის რესპუბლიკა ადრევე დაინტერესდა აღმოსავლეთთან ვაჭრობით. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჯვაროსნულ ლაშქრობებში და სავაჭრო პრივილეგიები მოიპოვა ახლო აღმოსავლეთში.
ვენეციის მიერ ინსპირირებული მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის (1204 წ.) შედეგად ბიზანტიის იმპერიის მოსპობით და მის ტერიტორიაზე ე.წ. ლათინთა იმპერიის წარმოშობით, გაძლიერდა ვენეცია. მის ხელში გადავიდა აღმოსავლეთ თან ვაჭრობა. მაგრამ გენუა არ ურიგდებოდა შეცვლილ ვითარებას და ბიზანტიის იმპერიის აღდგენას ცდიოლობდა, რაც განახორციელა კიდეც 1261 წელს. გენუელებმა შავ ზღვაში უბაჟო ვაჭრობის უფლება მიიღეს, მაშინ, როდესაც ვენეციელებს საერთოდ აეკრძალათ იქ შესვლა. მცირე ხნის შემდეგ (1266 წ.), გენუელებმა ოქროს ურდოს ყაენთან შეთანხმებით, ყირიმის ნახევარკუნძულზე მიიღეს ქალაქი ფეოდოსია, რომელსაც კაფა ეწოდა. ეს ქალაქი გადიქცა გენუელების მთავარ დასაყრდრნად შავ ზღვაში. მოკლე დროში გენუელებმა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, ტანადან სევასტოპოლისამდე (ცხუმი) დაარსეს 39 კოლონია და დასახლება. აქედან შვიდი კოლონია იყო საქართველოს შავიზღვისპირეთში, რომლებიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ როლს თამაშობდნენ მიმდებარე ქვეყნებისა და ხალხების ცხოვრებაში XIV-XV საუკუნეებში.
ცხუმის ვაჭრობა ძირითადად გენუელების ხელში იყო. ეს ქალაქი, როგორც ბარბარო აღნიშნავდა, ბედიანის სამფლობელოებში შედიოდა. ცხუმი, გერმანელი მეცნიერის ვ. ჰეიდის თქმით, ერთ-ერთი მტკიცედ ნაგები ციხე-სიმაგრე იყო და ამავე დროს კავკასიის შავი ზღვისპირა ქვეყნებისათვის უმნიშვნელოვანეს „საქონლის საწყობს“ წარმოადგენდა1.
1. Heyd W., Geschichte des Lenantehandels im Mittelalter, S. 695.
ბედიანს ეკუთვნოდა, აგრეთვე, ზღვისპირას მდებარე დიდი თუ მცირე დასახლებული ადგილები. საინტერესოა, რომ გრაციოზო ბენიკაზას მიერ 1400 წელს შედგენილ რუკაზე, ფრედუჩეს 1497 წ. რუკაზე და XV საუკუნის უცნობი კარტოგრაფის რუკაზე ცხუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მცირე დაშორებით, იქ სადაც მდ. კელასური ზღვას ერთვის, აღნიშნულია შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი პუნქტი „მეგრელების ნავსადგური“ (Porto Megrello). ამ ნავსადგურის აღმოცენებას X საუკუნეში (ადრინდელ რუკებზე იგი არ ჩანს) ზ. ანჩაბაძე შავ ზღვაში გენუელთა კოლონიური სისტემის ლიკვიდაციას და მას თან ერთად ცხუმის დასუსტებას მიაწერდა1.
XIV საუკუნიდან ცხუმში უკვე იყვნენ გენუის რესპუბლიკის კონსულები2. ცხუმის პირველი კონსული ჩანს 1354 წლიდან. იგი იყო ამბროჯო დე პიეტრო3. ცხუმში კონსულის ყოფნა, გენუელთა სავაჭრო ფაქტორიის არსებობაზე მიუთითებს. გენუის ანალებიდან (1424 წ.) ვიგებთ, რომ ამ ქალაქში, ისევე, როგორც შავი ზღვის სხვა ფაქტორიებში, გენუის მთავრობა ადგილობრივ მფლობელ თან, ე.ი. ბედიანთან შეთანხმებით ნიშნავდა კონსულს, გადამწერებს და სხვა მოხელეებს4. აქვე იყო რომის კათოლიკე ეპისკოპოსის რეზიდენცია. ცხუმში პირველი კათოლიკე ეპისკოპოსი დაინიშნა 1318 წელს.
მოღწეული ცნობები ამ ქალაქის სამი კათოლიკე ეპისკოპოსის ვინაობას აღნიშნავს. ზემოთ დასახელებული პეტრე გერალდის წერილიდან ირკვევა, რომ ცხუმში იყო ქართველი მართლმადიდებელი ეპისკოპოსის რეზიდენციაც. იმავე წერილიდან გამომდინარე ვერ გავიზიარებ თითქოს ცხუმში და არა ბიჭვინთაში იყო დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის სამყოფელი. წერილში ნათქვამია: „ზემოთ ნათქვამი სასაფლაოს მიცემით ძალიან განაწყენებული დარჩა სქიზმატიკოსი (ქართველი მართლმადიდებელი – ე.მ.) ეპისკოპოსი და სამღვდელოება“. ცოტა ქვემოთ აღნიშნულია: „მესამედ აღმართული (ჯვრები, ქვები) სქიზმატიკოს ეპისკოპოსთა ეპისკოპოსთან წაიღეს“5. ამონარიდიდან ჩანს, რომ ეპისკოპოსთაეპისკოპოსის, ე.ი. დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის რეზიდენცია, სადღაც სხვაგან, ალბათ, ბიჭვინთაში იყო.
1. Анчабадзе З. В., Из истории средневековой Абхазии, c. 243.
2. Donaver , La storia della republica di Genova, 1913, p. 160.
3. Heyd W., Geschichte des Levantehandels im Mittelalter, S. 192.
4. Annali della repubvlica di Genova, 1854, p. 304.
5. კიკნაძე ვ., საქართველოს საგარეო ურთიერთობის ისტორიიდან, „მნათობი“, 1982, #9, გვ. 157.
მიუხედავად იმისა, რომ 1318 წ. ცხუმში უკვე იმყოფებოდა კათოლიკე ეპისკოპოსი, 1330 წ., როგორც ეპისკოპოსი გერალდის წერილიდან ირკვევა, კათოლიკებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ თავიანთი ეკლესია, ეპისკოპოსიც უსახლკაროდ იმყოფებოდა და თავს ირჩენდა ქართველებისაგან შეწირულობებით1. ასეთ ვითარებაში საეჭვოდ მეჩვენება იმის თქმა, რომ კათოლიკური საეკლესიო კათედრა თბილისის გარდა ცხუმშიც არსებობდა2.
ცხუმი თავისი კარგი მდებარეობის გამო დიდი ხნის განმავლობაში კავკასიის შავიზღვისპირეთის ვაჭრობის ცენტრად ითვლებოდა. ცხუმში გაცხოველებულ სავაჭრო ურთიერთობებზე მიუთითებს 1449 წელს გენუაში მიღე ბული დადგენილება შავი ზღვის ფაქტორიებისათვის. მასში ჩანს ცხუმის კონსულის უფლებები ექსპორტ-იმპორტზე ღირებულების ერთი პროცენტის გადახდევინების შესახებ, რაც თავისთავად ამ ქალაქის სავაჭრო მნიშვნელობაზე მეტყველებს3.
ცხუმზე ბედიანის ხელისუფლება ვრცელდებოდა და, რა თქმა უნდა, მას ვაჭრობიდან მიღებულ ქალაქის შემოსავალზე პრეტენზია ექნებოდა. სავარაუდოა, ამის გამო ხდებოდა ბედიანსა და კოლონისტ ხელისუფალთ შორის კონფლიქტი4, რომლის თავიანთ სასარგებლოდ მოგვარებით გენუელები დიდად დაინტერესებულნი იყვნენ.
გენუელი ვაჭრები ცხუმში იძენდნენ ადგილობრივი წარმოების საგნებსა და პროდუქტებს: ხე-ტყეს5, ცვილს, ბეწვეულს, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს. გენუელებს შემოჰქონდათ მარილი, ფუფუნების საგნები, იარაღი და დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ნაწარმი. ცხუმი ითვლებოდა, აგრეთვე, მონებით ვაჭრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად. მონათვაჭრობა უძველესი და მტკივნეული პრობლემა იყო მთელი შავი ზღვისპირეთის მოსახლეობისათვის.
1. იქვე.
2. იქვე, გვ. 158.
3. Записки Одесского Общества Истории и Древностей, X, c. 809.
4. Nuovo Archivio Veneto. Nuovo serie – anno XIV, t. XXVIII, parte I, Venezia, 1914, p. 392.
5. აფხაზეთის ტერიტორიაზე ხე-ტყით ვაჭრობის ცენტრი იყო ბიჭვინთის მახლობლად მდებარე კავო ბუქსო. Ibidem.
დიდი მწუხარებით წერდა ცხუმის კათოლიკე ეპისკოპოსი პეტრე გერალდი 1330 წელს ცხუმში და სხვა ადგილებში ადგილობრივი დიდკაცობის მიერ ქრისტიანთა მუსლიმებზე გაყიდვის გამო. ეპისკოპოსს მოჰყავს ერთი ასეთი მაგალითი: „ამგვარად, აქ არის პატივმოყვარე ქალაქი (ცხუმი – ე.მ.), სადაც დაუმსახურებლად დანიშნული ვარ უმაღლესი მღვდელმთავრის (პაპის – ე.მ.) ნებასურვილით. როგორც ხმა დადის, ერთ დროს აქ ასი ქრისტიანი მიჰყიდეს სარკინოზებს. მათ ეს ქრისტიანები სარკინოზთა ქვეყანაში წაიყვანეს და იქ სარკინოზებად აქციეს... მიუხედავად იმისა, რომ აქ მბრძანებლები ქრისტიანები არიან, არც ამ საკითხსა და არც სხვაში არ მიგონებენ“1.
მონებით ვაჭრობა გენუელებთან სრული თავისუფლებით სარგებლობდა და ამ საქმის ინიციატორნი დასავლეთ საქართველოში თვითონვე იყვნენ. როგორც ზ. ანჩაბაძე აღნიშნავდა: ისინი „შემდეგი დროის თურქ მონათვაჭრე ბის ღირსეული წინაპრები იყვნენ„2.
შავი ზღვისპირეთში არსებული გენუის კოლონიების 1449 წლის წესდებაში დაკანონებული ფორმა აქვს მონებით ვაჭრობას. მასში ვკითხულობთ: „თითოეულს რა წოდებისაც არ უნდა იყოს იგი, უფლება აქვს სრულიად თავისუფლად, კონსულის მხრივ რაიმე შეზღუდვის გარეშე, პირადად ან სხვების შუამავლობით შეიძინოს მამული, საქონელი და ადამიანები. თუ კონსული მყიდველს ან გამყიდველს შეუშლის ხელს, ყველა შემთხვევაში დაჯარიმდება 5 სომნით“3. მონებით ვაჭრობაში გენუელებს არც ვენეციელები ჩამორჩებოდნენ, როგორც ყირიმის სავაჭრო კოლონიების ისტორიის ცნობილი იტალიელი მკვლევარი ჯ. კანალე შენიშნავდა, ვენეციელებს ყველაზე მეტად იზიდავდა ვაჭრობა ქართველი ბავშვებით, „რომლებიც ეგვიპტეში მიჰყავდათ, სადაც შიშის ზარის დამცემ მამლუქთა ბრბოებს ქმნიდნენ“4.
1. კიკნაძე ვ., საქართველოს საგარეო ურთიერთობის ისტორიიდან, გვ. 157.
2. Анчабадзе З. В., Из истории средневековой Абхазии, c. 246.
3. Записки Одесского Общества Истории и Древностей, V, c. 396.
4. Canale G., Della Crimea, p. 65.
XV ს. მეორე ნახევარი, ისევე, როგორც იტალიელების შავი ზღვისპირეთის სხვა კოლონიებისათვის, ცხუმისთვისაც საბედისწერო აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ გენუის კოლონიებზე შტევა ოსმალებმა ცხუმის აკლებით დაიწყეს. იტალიური წყაროების მიხედვით, 1454 წ. ივლისში1 ოსმალეთის ფლოტი (52 გალერა) შავ ზღვაში შევიდა და გენუის კოლონიებზე თავდასხმა მონკასტროთი (დღევანდელი აკერმანი) დაიწყო, მაგრამ იგი ვერ აიღეს. ამის შემდეგ ცხუმს დაეცნენ და გაძარცვეს2. აქედან კაფასკენ გაეშურნენ და ყირიმის ხანის დახმარებით სცადეს ამ ქალაქის აღება, მაგრამ ვერ შეძლეს. ოსმალები იმით დაკმაყოფილდნენ კაფას კონსულმა ყოველწლიური ხარკის გადახდა რომ იკისრა3.
ოსმალების სამხედრო მოქმედებაზე ჩრდილო-დასავლეთ შავი ზღვისპირეთში ზოგიერთ დამატებით ცნობას გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი, თუმცა ეს ამბავი დათარიღებული აქვს 1451 წლით. სულთნის ფლოტი 50 კატარღით (როგორც ზემოთ ითქვა, სხვა ცნობით ოსმალებს 52 გალერა ჰყავდათ) და საკმაოდ დიდი ჯარით მიადგა აფხაზეთის სანაპიროს და აღაოხრნეს და მოსწყვიდნეს ცხომი და აფხაზეთი და ზღვის პირნი. უკუნ იქცნენ და წარვიდნენ“. მეფე გიორგი VIII სასწრაფოდ გაეშურა აფხაზეთში შეჭრილი მტრის მოსაგერიე ბლად, მაგრამ დაიგვიანა. ოსმალები უკან გაბრუნებულიყვნენ. მეფემ გახიზნული ხალხი უკან დააბრუნა, მხარე გაამაგრა, საქმეები მოაწესრიგა და გეგუთში დაბრუნდა4.
1. მ. სვანიძის გამოკვლევით ოსმალებმა ცხუმი აიღეს 1454 წ. ივნისის დასარულს ან ივლისის დასაწყისში. სვანიძე მ. საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები, თბ., 1990, გვ.112.
2. Записки Одесского Общества Истории и Древностей,, VIII, c. 114.
3. Тамже.
4. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 284.
ამგვარად, ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ოსმალებმა მხოლოდ ცხუმი კი არ გაძარცვეს, არამედ აფხაზეთის სანაპიროხე არსებული გენუის სხვა კოლონიებიც. ოსმალთაგან აკლების შედეგებს ჯერ კიდევ არ გაევლო, როდესაც 1455 წლის 28 ივლისს ცხუმმა ახალი თავდასხმა განიცადა. ამასთან დაკავშირებით გვაქვს ერთადერთი ლათინური წყარო - წერილი ცხუმის მაშინდელი კონსულის გერარდო პინელისა. წერილში ნათქვამია: „მე ჩავიბარე სევასტო პოლისის კონსულობა... დავყავი იქ მცირე ხანი... მოულოდნელად მას თავს დაესხნენ ავოგაზები და მოსახლეობა ერთიანად გაიქცა თავის გადასარჩენად. მეც მათსავით მოვიქეცი. [ავოგაზებს] სურდათ [მოსახლეობის] დიდი ნაწილის დატყვევება. ამის შემდეგ მე, დავკარგე რა ყველაფერი, დავბრუნდი კაფაში“1. გამომცემელმა ა. ვინიამ ამ წერილს დაურთო მცირე ანოტაცია, რომელშიც ავოგაზები აფხაზებად ჩათვალა. ანოტაციაში წერია, შემდეგი: „გერარდო პინელი, სევასტოპოლისის კონსული პროტექტორებს მოახსენებს აფხაზების მიერ კოლონიის გაძარცვაზე და ითხოვს მფარველობას“2. ავოგაზებში ჯიქები რომ უნდა იგულისხმებოდნენ, ამაზე უკვე ითქვა.
ზ. ანჩაბაძე, ეყრდნობოდა რა ფ. ბრუნის გამოკვლევას, ცხუმზე თავდამსხმელებად აფხაზები მიაჩნდა და ამ ფაქტს გაიაზრებდა, როგორც აფხაზების აჯანყებას გენუელების წინააღმდეგ. იმის დასამტკიცებლად, რომ აფხაზები ცხუმში ადრეც იბრძოდნენ ექსპლოატატორთა წინააღმდეგ, ზ. ანჩაბაძე იმოწმებს უკვე რამდენჯერმე ხსენებულ კათოლიკე ეპისკოპოსს პეტრე გერალდს, რომელიც თითქოს ამბობს, რომ ცხუმში გენუელები სისტემატურ შევიწროებას და საშიშროებას განიცდიან ამ ქალაქში მცხოვრები „აღმოსავლეთის ქრისტიანებისგან“3. განსვენებული მეცნიერი „აღმოსავლეთის ქრისტიანებში“ აფხაზებს ხედავდა. ძნელია ამგვარი მოსაზრების გაზიარება, რადგან პეტრე გერალდი აფხაზებს საერთოდ არ ახსენებს, ალბათ, იმიტომ, რომ ისინი მაშინ ცხუმში საერთოდ არ ცხოვრობდნენ. იგი თავის წერილში მხოლოდ ერთხელ მიუთითებს „აღმოსავლეთის ქრისტიანებზე“, როცა დასავლეთის ქრისტიანულ სამყაროს მიმართავს: „შეიბრალეთ აღმოსავლეთის ქრისტიანები, რომლებიც იჩაგრებიან და თავიანთ გაჭირვებაზე ტირიან“4.
რაც შეეხება ჯიქების (თუნდაც აფხაზები ვიგულისხმოთ), როგორც თვითმხილველის ნათქვამიდან ჩანს, ცხუმზე თავდასხმა, აჯანყებულთა შურისძიების გამოხატულება კი არ იყო, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისაგან განსხვავებულ უცხოტომელთა მიერ ნადავლისა და ტყვეების ხელში ჩაგდების მიზნით ქალაქის აკლება.
1. „Aqua inrecognitionem laborum susceperam consulatum Savastopolis. In quo loco dum me repo suis... lattu ilo fun...paucissimo spatio ibidem commorano inopinate locum Auogasij. Cuntispue fugientibus ut saltem saluas facerant per sonas. Ego ceteros sum secutius. Qvo actum est ut perdiderimus oppidum et plures duxerint in captiulatem. Sic puod expilianus omni facultate Caffam redij~ (Atti della societa Ligurie, v. VI, p. I, Genova, 1868, doc. 129, p.318).
2. „Gerardo Pinelli console di Savastopolli notifi ca al protettori il sacco dato alla colonia dagli Abasii e loro si raccomanda~ (Ibidem, p. 317).
3. Анчабадзе З. В., Из истории средневековой Абхазии, c. 247.
4. კიკნაძე ვ., საქართველოს საგარეო ურთიერთობის ისტორიიდან, გვ. 157.
ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილო იყო გენუელების კოლონიზატორული მოქმედებით. გენუელები თავიანთ ფაქტორიებს ქალაქის ტერიტორიაზე ქმნიდნენ და ზოგჯერ მათ ხელში ქალაქის მთელი კვარტალები აღმოჩნდებოდა ხოლმე. ისინი თავიანთი ადათებითა და კანონებით ცხოვრობდნენ და ანგარიშს არ უწევდნენ მოსახლეობის ძირითადი მასის ინტერესებს. მკვიდრი მოსახლეობისთვის უცხო იყო კათოლიციზმიც, რომელსაც ძალით ახვევდნენ მართლმადიდებელ ქართველებს. მრავლის მთქმელია ცხუმის კათოლიკე ეპისკოპოსის პეტრე გერალდის წერილი, საიდანაც ჩანს, რომ მის დროს ცხუმში ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ მუსლიმანები1 და ებრაელები. როცა დადიანმა კათოლიკებს ცალკე სასაფლაო გამოუყო, ამან ცხუმელების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. აღშფოთებულმა ხალხმა ლათინთა სასაფლაოს შუაგულში ამართული ჯვარი ამოგლიჯა და 15 სასაფლაოს ქვაც დაამტვრია. „ლათინებმა ხელახლა აღმართეს ისინი, აქაურმა სქიზმატიკოსებმა, მღვდლებმა და ხალხმა, სარკინოზთა და იუდეველთა ხელის შეწყობით, მესამედ აღმართული (ჯვრები, ქვები) სქიზმატიკოს ეპისკოპოსთა ეპისკოპოსთან წაიღეს“2.
ადგილობრივი მართლმადიდებელი ქართველობა უკმაყოფილო იყო დადიანის კეთილგანწყობით ლათინების მიმართ. „ამ ქვეყნის მბრძანებელი, - წერს ეპისკოპოსი გერალდი, - რომელიც საქართველოს ჯარის მხედართმთავარიც არის, მზად არის მთელი თავისი ლაშქრით, დასავლეთის ქრისტიანებთან ერთად (მუსლიმანების წინააღმდეგ – ე.მ.) გასალაშქრებლად. იგი ასე იქცევა: რომაული ეკლესიისადმი მორჩილებასა, კათოლიკობის მიღებაზე და სარწმუნოების ერთიანობაზე თანახმაა. აქაურ კათოლიკებს სასაფლაოც მისცა“3.
1. ცხუმში მცხოვრები მუსლიმანები, ძირითადად რუმის სასულთნოდან მოსული თურქ-სელჯუკები იყვნენ. ისინი დიდ როლს ასრულებდნენ საერთაშორისო ვაჭრობაში. ამ მოსაზრების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ზღვისპირეთში აღმოჩენილი რუმის სასულთნოში მოჭრილი მონეტები. ბერაძე თ. ზღვაოსნობა და საზღვაო ვაჭრობა შუა საუკუნეების საქართველოში, თბ., 1985, გვ. 110.
2. კიკნაძე ვ. საქართველოს საგარეო ურთიერთობის ისტორიიდან, გვ. 157
3. იქვე.
ლათინებისა და ქართველების დაპირისპირებაში გარკვეულ როლს ასრულებდა გენუელთა ქედმაღლობა. პეტრე გერალდი დაუფარავად წერს ქართველთა შემწყნარებლობაზე, ისინი არ ასხვავებდნენ მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს, წინააღმდეგნი არ იყვნენ ქონოდათ საერთო სასაფლაო. მაგრამ გენუელები უკადრისობდნენ და თავიანთ მიცვალებულებს ქართველთა სასაფლაოს გარეთ მარხავდნენ.
გენუელთა საწინააღმდეგო განწყობილებას აღვივებდნენ ცხუმში მცხოვრები მუსლიმანები და იუდეველნი, რომლებიც, ალბათ, ძირითადად, სავაჭრო საქმიანობას ეწეოდნენ და, ბუნებრივია, ცხუმში გენუელი ვაჭრების მოკალათება მათს ინტერესს ლახავდა. ამიტომ ისინი მართლმადიდებელი ქართველების მოკავშირეებად გამოდიოდნენ გენუელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ცხუმის ზედიზედ ორჯერ აკლების შემდეგ გენუელთა მდგომარეობა უაღრესად არასტაბილური შეიქმნა: 1454 წლის 23 ოქტომბერს გენუაში აირჩიეს შემდეგი, 1455 წლის, კონსულები შავი და აზოვის ზღვების კოლონიებისათვის. ცხუმის კონსულად აირჩიეს ფილიპო კლავერენცა. კონსულები არჩეული იყვნენ, ჩვეულებრივ, გენუაში გაბატონებული პატრიციების რიგებიდან, მაგრამ მათ უარი სთქვეს ფიცის დადებაზე, რადგან არ სურდათ ზემოთდასახელებულ ადგილებში წასვლა საშიში მდგომარეობის გამო. ამ დროს გენუასა და ოსმალეთს შორის იმდენად დაძაბული მდგომარეობა იყო, რომ გენუის ფლოტი შავ ზღვაში ვეღარ შედიოდა და კოლონიებთან კავშირს ხმელეთით ახორციელებდა. პროტექტორები იძულებულნი გახდნენ კონსულებად დაბალი წარმოშობის ადამიანები აერჩიათ. ცხუმის კონსული გახდა ხსენებული გერარდო პინელი.
1456 წ. 6 თებერვალს გენუაში კვლავ ჩატარდა შავი ზღვის ფაქტორიების კონსულებისა და სხვა მოხელეების არჩევა. ცხუმის კონსულად აირჩიეს ფრანჩესკო ლომელინო1, მაგრამ მან ისევე, როგორც შავი ზღვის სხვა კოლონიების ახლად არჩეულმა კონსულებმა, უარი განაცხადა ამ თანამდებობის დაკავებაზე. იმავე წლის 23 თებერვალს ხელახლა მოეწყო არჩევნები. ამჯერად კონსულად აირჩიეს კასპარე დე კოლუნუს ალბერტი2. მე არ ვიცი დაიკავა თუ არა მან თანამდებობა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, შემდგომი დროის დოკუმენტებში (რომელთა ნახვაც შევძელი), მთელი 17 წლის განმავლობაში არავითარი ცნობა არ არის ცხუმის კონსულის არჩევაზე.
მიუხედავად იმისა, რომ გენუელებმა შემდეგში მაინც შეძლეს აფხაზეთსა და დასავლეთ საქართველოს სხვა ადგილებში დაბრუნება3, ძველი პოზიციები ვეღარ აღიდგინეს. ამ დროიდან იწყება ცხუმის დაცემა და შემთხვევითი არ არის, რომ ერთ დროს აყვავებული სავაჭრო და ადმინისტრაციული ცენტრი, იმავე საუკუნის 70-იან წლებში ბარბაროს მიერ მხოლოდ ციხე-სიმაგრედღა იხსენიება4.
1. Atti della societa Ligurie, v. VI, p. 529.
2. Ibidem, p. 532. მ. ვოლკოვის მიხედვით, 1456 წ. ცხუმის კონსულად აირჩიეს ოლივერ კალვი, მაგრამ წყაროს არ უთითებს. იხ. Записки Одесского Общества Истории и Древностей,, VIII, 1882, c. 137.
3. Atti della societa Ligurie, v. VI, №№ 129, 658, 670, 790, 1032.
4. XV საუკუნის იტალიელთა ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 55.
XV ს. 70-იანი წლების პირველ ნახევარში საბედიანოს გავლენის ქვეშ არსებული ტერიტორიები იმდენად შემცირებულა, რომ კონტარინის თქმით, მისი გავლა სამ დღეში შეიძლებოდა1. იმავე კონტარინის ცნობიდან ირკვევა, რომ ბედიანს დაუკარგავს ბათუმი და მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ათაბაგის ხელში გადასულა. მაგრამ კონტარინს არ ავიწყდება აღნიშნოს, რომ ბათუმი „მეგრელების ქვეყანას ეკუთვნის“2.
XV ს. 70-იანი წლების დასაწყისში, მსგავსად სამცხე-საათაბაგოსი, არც საბედიანო ჩანს ანტიოსმალური კოალიციისადმი კეთილგანწყობილი. თუმცა ამ მოსაზრების დამამტკიცებელი რაიმე პირდაპირი საბუთი არ ჩანს. მაგრამ ის მასალები, რომლებიც მაშინდელ ვითარებას ასახავს, ასეთი ვარაუდის დაშვების საფუძველს ნამდვილად იძლევა.
XV ს. 70-იანი წლების პირველ ნახევარში შავი ზღვის სანაპიროების მთელ რიგ პუნქტებში ჯერ კიდევ გენუელები ბატონობენ. ასევე ითქმის სევასტოპოლისზეც (ცხუმი), რომელიც, როგორც ბარბარო აღნიშნავდა, ბედიანის სამფლობელოებში შედიოდა. ასევე ეკუთვნოდა ბედიანს საქართველოს შავი ზღვისპირას მდებარე დიდი თუ მცირე დასახლებული ადგილები3, რომლებთანაც გენუელები მეტ-ნაკლებად დაკავშირებული იყვნენ და სავაჭრო ურთიერთობაც ჰქონდათ.
საქართველოსთან ვაჭრობას კაფას გენუელი ხელისუფალნი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ და უფრთხილდებოდნენ. კანონმდებლობა იბრძოდა კაფასა და საქართველოს შორის ვაჭრობის საქმეში ცალკეული პირების რაიმე მონოპოლიური უფლების წინააღმდეგ. ჯუზეპე კანალე აღნიშნავდა, რომ ამ პრინციპული მიზნის განხორციელებას ემსახურებოდა გენუის რესპუბლიკის დადგენილებები 1382-1434 წლებში4. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა იმასაც, რომ ვაჭრობა შეუფერხებლად წარმართულიყო. კაფას ხელისუფლება ცდილობდა დაეცვა, როგორც საქართველოში კომერციით დაკავებული გენუელების ინტერესები, ისევე იმ ქართველი ვაჭრების ინ ტერესებიც, რომლებიც კაფაში დაიარებოდნენ ან მუდმივად იქ ცხოვრობდნენ.
1. Ramusio G. B., Op. cit., p. 118r.
2. Ibidem, p. 114v.
3. Ibidem, p. 96v.
4. Canale G., Della Crimea, del suo commercio e dei suoi dominatori dall origini fi no al di nostri, v. II, Genova, 1856, p. 352, 374.
საქართველო აფხაზეთში და, საერთოდ, ჩრდილო და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის გენუის სავაჭრო კოლონიებს უკავშირდებოდა სახმელეთო გზით, რომლითაც, იმავე დროს, ჩრდილო კავკასიასთან და რუსეთთან ურთიერთობა ხორციელდებოდა. ამ საქარავნო გზას, რომლითაც ქართველებს გარდა სარგებლობდნენ მეზობლებიც, მისი ავ-კარგიანობა აღწერა ბარბარომ1.
საქართველო გენუის რესპუბლიკასთან კავშირს ახორციელებდა კაფას საშუალებით. ამ ურთიერთობას ასახავს XIV ს. ბოლოს კაფას საბჭოს მიერ მიღებული დადგენილებები, რომლებშიც სხვა ქვეყნებთან ერთად (ტრაპიზონის იმპერია, ოქროს ურდო და სხვ.) მოხსენიებულია საქართველო2.
1398 წლის ერთი საბუთიდან ვიგებთ, რომ გიორგი VII-სა ტრაპიზონის იმპერატორს საჩივარი აღუძრავთ მათი ქვეშევრდომების კაფაში შევიწროვების გამო. რათა გამოერკვიათ სამართლიანი იყო თუ არა კაფას კონსულისა და საბჭოს მოქმედება, გენუაში დაადგინეს, შექმნილიყო კომისია ოთხი კაცის შემადგენლობით (ორი ვაჭარი, ორი იურისტი). იმ შემთხვევაში, თუ კონსულისა და საბჭოს მიერ ქართველებისა და ტრაპეზუნელების შემზღუდველი კანონები უსამართლოდ იქნებოდა მიჩნეული, მაშინ ისინი უნდა გაუქმებულიყო3.
1. XV საუკუნის იტალიელთა ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 60.
2. Canale G., Op. cit., p. 352, 374.
3. Ibidem, p. 352.
კაფასა და საქართველოს შორის რომ გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობა არსებობდა, ამაზე მეტყველებს ჩვენამდე მოღწეული რამდენიმე საბუთი. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს 1468 წ. 15 მაისის ერთი წერილი, რომელიც გენუიდან კაფაშია გაგზავნილი. მასში ლაპარაკია იმ დავის შესახებ, რომელიც წამოიჭრა, ერთის მხრივ, კაფას მოქალაქეებსა - ავრამ ბეისა. ხოჯა კოტულსასა, ამირბეის ვაჟებსა და, მეორეს მხრივ, საქართველოს მეფეს შორის. ეს დავა იმდენად სერიოზული იყო, რომ გენუის პროტექტორები მისი შესწავლით დაკავებულნი იყვნენ მთელი ზაფხულის განმავლობაში. საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველოს მეფის ერთ-ერთმა ქვეშევრდომმა, ქუთაისელმა გიორგი კეცაძემ (გვარის ზუსტად დადგენა ძნელია), ზემოთ დასახელებულ კაფელებს ზარალი მიაყენა, რომლის საერთო ღირებულება თანხებში გადაყვანილი შეადგენდა 83.191 კაფას ვერცხლის ასპერს. წერილიდან არ ჩანს, რა ფორმით განიცადეს კაფელებმა ზარალი (ვალის არ დაბრუნება, ქონების მითვისება თუ სხვ.), მაგრამ ფაქტია, რომ იმ დროისათვის ეს უზარმაზარი თანხა იყო. წერილიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ის გადაწყვეტილება, რომელიც კაფას კონსულს მიუღია: კაფაში მცხოვრები ქართველების ქონების კონფისკაციით მოეხდინათ ზარალის კომპენსაცია. კაფას კონსულმა თავისი ეს გადაწყვეტილება გენუის პროტექტორებს აცნობა და იმედი ჰქონდა, რომ იქიდან თანხმობას მიიღებდა ცხოვრებაში მისი გატარებისათვის. მაგრამ გენუის საგარეო მდგომარეობის სერიოზულად განხილვის შემდეგ, პროტექტორებმა დაადგინეს: არ დაეშვათ კაფაში ქართველების შევიწროება, რადგან ეს გამოიწვევდა ურთიერთობის გამწვავებას საქართველოს მეფესთან. გენუაში აუცილებლად ჩათ ვალეს მასთან მშვიდობის შენარჩუნება. „უმჯობესია ფულის დაკარგვა,- წერდნენ პროტექტორები, - ვიდრე ომი მეზობელ სინიორთან“. ისინი დაზარალებულებს იმით ამშვიდებდნენ, რომ დადგებოდა ხელსაყრელი დრო და მაშინ შეეცდებოდნენ მათი ქონების დაბრუნებას. იმავე დროს მასარიებს1 უბრძანეს, რომ ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით 26.393 ასპრი წაერთმიათ გიორგი კეცაძეს კრედიტორი სომხებისათვის2.
საქართველოში გენუელებისათვის მიყენებულ ზარალზე ლაპარაკია, აგრეთვე, შემდგომი პერიოდის (1472 წ. 18 ივნისი) წერილში, მაგრამ, ამჯერად, საქმე ისე მოგვარებულა, რომ გენუელები კმაყოფილნი დარჩენილან3.
1. მასარიები - საზოგადოებრივი შემოსავლის ზედამხედველი მოხელეები.
2. Canale, v. I, Genova, 1855, p. 352, 374; Atti della societa Ligurie, v. VI, p. 534-535.
3. Atti della societa Ligurie, v. VI, p. 875.
კაფაში რომ მრავლად იყვნენ ქართველი ვაჭრები, ამაზე მიუთითებს ერთი ცნობა, რომელიც კაფას დაცემისა და მისი მოსახლეობისადმი ოსმალების მოპყ რობის ამბავს ასახავს. „1475 წლის 6 ივნისს ქალაქი მტერს დანებდა, ხოლო 7 და 8 რიცხვებში ყველა ქრისტიანი - ვალახები, პოლონელები, რუსები, ქართველები, ჩერქეზები და სხვანი დაატყვევეს, ქონება წაართვეს, მათი ნაწილი მონებად გაყიდეს, ნაწილსაც ბორკილები გაუყარეს“1. მიუხედავად იმისა, რომ გენუელებს სევასტოპოლისში კონსული და სხვა მოხელეები ჰყავდათ, როგორც ჩანს, ამ ქალაქის სრული ბატონპატრონი მაინც ბედიანი იყო. ამაზე პირდაპირ მიუთითებს ბარბარო2. თავისი ამგვარი მდგომარეობის გამო სევასტოპოლისი საგრძნობლად განსხვავდებოდა შავი ზღვისპირა სხვა სავაჭრო ფაქტორიებისაგან, რომლებშიც გენუელები სრულიად დამოუკიდებლად გრძნობდნენ თავს. სევასტოპოლისში და ბედიანის სხვა სამფლობელოებში ისინი იძულებულნი იყვნენ ანგარიში გაეწიათ ბედიანის პრეტენზიებისათვის. მიუხედავად ამისა, გენუელებს მაინც ხშირად უხდებოდათ მასთან კონფლიქტი, რაც უარყოფით გავლენას ახდენდა მათს სავაჭრო საქმიანობაზე3.
გენუელები ბედიანთან კარგი ურთიერთობით დაინტერესებულნი იყვნენ, რადგან სევასტოპოლისი კავკასიასთან ვაჭრობის უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო. გენუელ ვაჭრებს აქ დიდი მოგება ჰქონდათ, ხოლო თვით გენუა მნიშვნელოვან გადასახადებს იღებდა4. გენუა თავისი უმთავრესი კონკურენტის, ვენეციის დასუსტებით იმდენად დაინტერესებული იყო, რომ საქრისტიანოს დაუძინებელ მტერთან, მეჰმედ II-სთან, კავშირსაც კი არ ერიდებოდა.
1. Canale G., Della Crimea, p. 350
2. XV საუკუნის იტალიელთა ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 55.
3. Heyd W. Geschichte des Lenantehandels im Mittelalter, II B., Stuttgart, 1879, S. 392.
4. Зевакин Е.С. и Пенчко Н.А. Очерки по истории генуэзских колоний на Западном Кавказе. «Исторические записки», #3, Л., 1936, с. 85.
გენუელებისათვის კარგად ცნობილი იყო ვენეციელების ანტიოსმალური საქმიანობა და ყოველნაირად უშლიდნენ ხელს. გენუელებმა, ალბათ, ისიც კარგად იცოდნენ, როგორი ურთიერთობა არსებობდა ვენეციასა და ანტიომალურად განწყობილ ქვეყნებს შორის და ისინი ყველაფერს აკეთებდნენ ანტიოსმალური კოალიციის საზიანოდ. ვიმეორებ, ამგვარი ვარაუდის დამადასტურებელი რაიმე პირდაპირი ცნობა არ გაგვაჩნია, მაგრამ აქ არ შეიძლება არ გავიხსენოთ ის მომენტი, როდესაც XV ს. 60-იანი წლების შუა ხანებში გენუის რესპუბლიკა ბედიანთან კავშირს ამყარებდა კაფას კონსულის მეშვეობით.
ბედიანსა და გენუელებს შორის ურთიერთობის გამწვავება XV ს. შუა ხანებიდან იწყება. ყოველ შემთხვევაში საბუთები ამ პერიოდიდან გვაქვს, რომლებსაც ქვემოთ გავეცნობით. კაფის კონსულის რაფაელე მონტეროსის 1464 წ. 14 და 17 სექტემბრის წერილიდან ვიგებთ, რომ ბედიანმა ძალადობა გამოიჩინა კაფელ ვაჭრებზე, რითაც კაფას ხელისუფალთა და, რა თქმა უნდა, თვით დაზარალებულთა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. კაფას კონსულმა დაუყოვნებლივ საჩივრით მიმართა გენუის სან-ჯორჯოს ბანკის პროტექტორებს და დახმარება სთხოვა „სამართლიანობის“ აღსადგენად1.
გენუის პროტექტორები კარგად გრძნობდნენ შეცვლილ ვითარებას, მათ არ შესწევდათ უნარი იარაღით დაეცვათ თავიანთი მოქალაქეების სიცოცხლე და ქონება და კაფას მესვეურებსა და დაზარალებულ ქვეშევრდომებს უბრძანეს: შურისძიებისათვის ნუ აჩქარდებიან, ხელსაყრელ დროს დაელოდნონ, მანამდე კი ბედიანს თავი მოაჩვენონ მეგობრად.
ვაჭრობის გარდა, გენუელები ბედიანთან კარგი ურთიერთობის შესანარჩუნებლად სამხედრო თვალსაზრისითაც დაინტერესებულნი იყვნენ2.
1. Atti della societa Ligurie, p. 321.
2. Ibidem, p. 335, 338-339. წერილი შედგენილია 1465 წ. 15, 18 და 25 მაისს. როგორც წერილიდან ჩანს, იგი სხვადასხვა დროს იწერებოდა, იმისდა მიხედვით, როგორი თანმიმდევრობით განიხილავდნენ გენუაში კაფასთან დაკავშირებულ საკითხებს. წერილი საკმაოდ ვრცელი და შინაარსით მრავალფეროვანია.
გენუიდან გაგზავნილი რჩევა-დარიგება კაფელებს ჭკუაში დაუჯდათ და შურისძიების ნაცვლად ბედიანს მეგობრობა შესთავაზეს. მაგრამ ბედიანის გულის მოგება კაფელებისათვის იოლი არ უნდა ყოფილიყო. 1465 წ. 1 დეკემბერს გენუადან კაფას კონსულისათვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ „ჩვენ კმაყოფილნი ვართ მენგრელიის ბატონ ბენდიანოსთან საქმეების კარგად შეთანხმებით. მაგრამ უკეთუ რაიმე ხარჯები იქნება გაწეული, გიბრძანებთ, მთლიანად ან ნაწილნაწილ დააკისროთ იმ გენუელებს, ვინც მის ტერიტორიზე ვაჭრობენ ან დროებით ცხოვრობენ“1.
ზემოთ მოყვანილი წერილიდან, მართალია, არ ჩანს, მაგრამ, საეჭვოა, რომ გენუისათვის ისეთი რთული საგარეო ვითარების, დროს ბედიანთან დადებულ ხელშეკრულებაში მხოლოდ ვაჭრობასთან დაკავშირებული სა კითხები ყოფილიყო გათვალისწინებული. როგორც შემდგომი დროის წერილიდან ჩანს, გენუას არ აკმაყოფილებდა ბედიანთან არსებული ურთიერთობის დონე. იგი უფრო მჭიდრო კავშირისაკენ მიისწრაფოდა.
1472 წ. 15 დეკემბერს კაფას კონსულისათვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში გენუის პროტექტორები დიდ კმაყოფილებას გამოსთქვამდნენ იმის გამო, რომ კონსული ცდილობდა მშვიდობიანი ურთიერთობა დაემყარებინა ყველა იმ ხალხთან და მთავართან, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობდა რესპუბლიკის ფაქტორიები: „ასევე კმაყოფილნი ვართ იმით, - წერდნენ ისინი, - რასაც თქვენ გვწერდით სევასტოპოლისის მთავარ ბენდიანთან მტკიცე მშვიდობის დამყარების იმედებზე“2.
როგორც იმავე წლის 18 ივლისის ერთ-ერთი ვრცელი წერილიდან ჩანს, კაფას კონსულს გოფრედო ლერკარის პროტექტორების იმედები გაუმართლე ბია და ბედიანთან საქმე ისე მოუგვარებია, რომ თავიდან აუცილებია შეიარაღებული კონფლიქტი3.
უნდა ვიფიქროთ, რომ ბედიანთან „მტკიცე მშვიდობა“, რომელზეც პროტექტორები ასე დიდ იმედს ამყარებდნენ, ანტიოსმალური კოალიციის წევრებთან სამეგრელოს მთავრის კავშირს გამორიცხავდა.
1. Ibidem, p. 357. Sdr. Зевакин Е.С. и Пенчко Н.А., Очерки по истории генуэзских колоний на Запад ном Кавказе, c. 114; Анчабадзе З. В., Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв), c. 246.
2. Зевакин Е.С. и Пенчко Н.А., Ук. труд, c. 112-113; Анчабадзе З. В., Из истории средневековой Абхазии УК. труд, c. 246.
3. Atti della societa Ligurie, v. II, parte I, p. 875.
ცხუმის დაცემა, ძირითადად, დაკავშირებული იყო შავ ზღვაში ოსმალების მოქმედებასთან. ოსმალებისაგან შევიწროებულმა გენუელებმა თანდათან მიატოვეს თავიანთი კოლონიები. ზ. ანჩაბაზე ვარაუდობდა, რომ გენუელებს ცხუმი უნდა მიეტოვებინათ კაფას დაცემამდე (1475 წ.) ორი წლით ადრე, ე.ი. 1473 წელს1. მაგრამ გენუელების ცხუმიდან წასვლის თარიღის უფრო დაზუსტება შეიძლება, რადგან აღნიშნულ წელს ცხუმის კონსულია ქრისტოფორო დე კანევალე2. ამდენად, უფრო სწორი იქნება თქმა იმისა, რომ კაფას დაცემასთან ერ თად გენუელთა კოლონიამ ცხუმში არსებობა შეწყვიტა.
1474 წლის გაზაფხულზე, როდესაც ვენეციის ელჩი კატერინო ძენო უზუნ ჰასანის დავალებით ევროპაში ბრუნდებოდა, მან, როგორც ითქვა, პოლონეთიდან წერილი გაუგზავნა „სამეგრელოს მეფე მელიკოს“3. ამ დროს ოდიშის მთავარი იყო შამადავლე დადიანი (1470-1475), ლიპარიტ დადიანის ძე. ძენომ მას ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდა. მაგრამ გენუელთა ზემოქმედებითა და და თავისი ინტერესების გათვალისწინებით, ასევე 50-60-იან წლების მიჯნაზე და 70-იანი წლების პირველ ნახევარში არსებული ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ვითარებების შეფასების შემდეგ, ის მხარს აღარ უჭერდა ანტიოსმალური კოალიციის შექმნის იდეას, რომლის განხორციელება ახლო აღმოსავლეთსა და ამიერკავკასიაში მხოლოდ აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს პოზიციებისა და გავლენის გაძლიერებას გამოიწვევდა. განსხვავებული პოლიტიკის გატარება მით უფრო გამართლებული ჩანდა, რომ გენუის პოზიციები შავი ზღვისპირეთში სუსტდებოდა, ოსმალეთი კი ჯერჯერობით ოდიშის სამთავროს რაიმე სერიოზულ საფრთხეს არ უქმნიდა. ოსმალების მიერ შავი ზღვისპირეთის აკლებას ბედიანი, ალბათ ნაკლებად ანგარიშგასაწევ ეპიზოდად თვლიდა, მაშინ, როდესაც ყველა ქართველისათვის ზედმიწევნით კარგად ცნობილი იყო უზუნ ჰასანთან „მეგობრობის“ შედეგები.
1. Анчабадзе З. В., Из истории средневековой Абхазии, c. 248.
2. Canale G., Della Crimea, II, p. 338.
3. XV საუკუნის იტალიელთა ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 35. „მელიქი“ არაბულად ნიშნავს მფლობელს, გამგებელს, მეფეს.
2. ოდიშის სამთავროს ოსმალეთთან ურთიერთობის ისტორიიდან (1550-იანი წლები)
ოსმალეთის გავლენა დასავლეთ საქართველოში ისე მყარი არ იყო, როგორც ირანისა აღმოსავლეთ საქართველოში. იმერეთის სამეფოსა და სამთავროების შინაურ საქმეებში ჩარევის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა მათი სწრაფვა განკერძოებისაკენ. ოდიშისა და გურიის მთავრები ჯერ კიდევ ამასიის ზავამდე (1555 წ.) ატარებდნენ ისეთ პოლიტიკას, რომლითაც ისინი სულთნის მორჩილებაში აღმოჩნდნენ.
საინტერესოა ერთი ანონიმი ვენეციელის ცნობა, საიდანაც ვიგებთ, რომ ოდიშის მთავარი ოსმალეთს ხარკს არ უხდიდა. როგორც სულთნის ვასალი, იგი ვალდებული იყო, 30 (!) ათასი მხედრით ემსახურა სულთნის ჯარში, ყოველთვის როცა სპარსელების წინააღმდეგ საომრად წავიდოდა. „ქართველები ბერძნული რწმენისანი, თავისუფალნი და დაუხარკავნი არიან, მათ მთავარს დადიანი ჰქვია. ყოველთვის, როცა სულთანი სპარსელების წინააღმდეგ საომრად მიდის, დადიანი 30 ათასი მხედრით ემსახურება სულთანს“1.
საეჭვოა, რომ მაშინ ამხელა სამხედრო ძალა ჰყოლებოდა სამეგრელოს სამთავროს. მაგრამ, ამ შემთხვევაში იმას კი არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა რამდენი ჯარი ჰყავდა დადიანს, არამედ დადიანის სულთნისადმი ვალდებულების ფაქტს. დადიანისათვის ამგვარი ვალდებულების დაკისრება, ვფიქრობ, ამასიის ზავის შემდეგ უნდა მომხდარიყო.
1. Archivio storico italiano, ossia raccolta di opera e documenti fi nora inediti e divenuti. La storia d’Italia, t. VIII, parte I, Firenze, 1843, p. 314.
ამასიის ზავამდე, რომ ოდიშის სამთავროსა და ოსმალეთის სახელმწიფოს შორის ურთიერთობა წინააღმდეგობრივი იყო, კარგად ჩანს უნგრელი დიპლომატის ანთალ ვერანჩიჩის მიერ კონსტანტინოპოლიდან მეფე ფერდიან დისათვის გაგ ზავნილი მოხსენებითი ბარათიდან. ვერანჩიჩის ცნობა ეხმაურება ე. ალბერის იმ ცნობასაც, რომელშიც გადმოცემული იყო ქართველ-სპარსელთა ჯარის მიერ ოსმალებისათვის მიყენებულ ზიანზე კაპადოკიაში. ანთალ ვერანჩიჩის 1554 წ. 3 მაისს კონსტანტინოპოლიდან მეფე ფერდინანდისთვის გაგზავნილ მოხსენებით ბარათში ნათქვამია, რომ „სულთანი გაგზავნის 10 გალერას შავ ზღვაში, რათა მათი საშუალებით გადაიყვანოს ყირიმელი თათრები კაპადოკიაში ქართველთა წინააღმდეგ, რომელთა რიცხვი, როგორც ამბობენ, 50.000-ს ძლივს ადგენს“1. იმავე წლის აგვისტოსთვის გაირკვა, რომ „ის სამნიჩბიან გალერებს, რომლებიც შავ ზღვაში თათრების გადასაყვანად იქნენ გაგზავნილნი, კოლხეთის ჩრდილოეთით მცხოვრებმა მეგრელებმა... მდინარეში მოძრაობის საშუალება არ მისცეს და ახლა ამ გალერებს არც წინ და არც უკან არ შეუძლიათ სვლა. ახლა კიდევ სამ ხომალდს ამზადებენ ამ გალერების გამოსახსნელად, თუმცა შთაბეჭდილება ისეთია, რომ მათი გაგზავნა შედარებით უფრო ნელა იქნება განხორციელებული“ - აღნიშნავს ა. ვერანჩიჩი2. როგორც ა. ვერანჩიჩმა 1454 წლის სექტემბერში გაარკ ვია, „გასულ ზაფხულს სულთნის ბრძანებით შავ ზღვაში გავიდნენ სამნიჩბიანი (ტრირემი) გალერები, - პირველად ხუთი, ხოლო მოგვიანებით კი სამი, მაგრამ არა იმ დანიშნულებით, რაც ზღვაში გასვლისას იყო გამოცხადებული. საქმე იმაშია, რომ თურქები არაფერს არ აკეთებენ დეზორიენტაციის და დეზინფორმაციის გარეშე. პირველი ხუთი გალერა იმისთვის კი არ იყო გაგზავნილი, ყირიმის თათართა აზიაში გადაყვანა დაეცვათ და დანარჩენი სამი გალერაც იმისათვის რომ საჩქაროდ დახმარება გაეწიათ მდ. რიონზე სახიფათო მდგომარეობაში მოხვედრილ წინამორბედ გალერებისათვის, არა, სულაც არა, რადგანაც ისინი ხომ მთელი ამ ხნის განმავლობაში სრულებითაც არ იმყოფებოდნენ საშიშ მდგომარეობაში. მთავარი მიზეზი მდგომარეობდა, რომ გადასახადი აეღოთ მე გრელებისგან და კოლხეთის მიწაზე მცხოვრებ სხვა ქართველებისაგან, თან ყურადღება მიექციათ იქაური სანაპირო წყლებისათვის, რათა ევროპელებს არ მისცემოდათ შესაძლებლობა რომ სპარსელთათვის ზარბაზნები გადაეცათ. საქმე იმაშია, რომ თურქებმა მართლაც მიიღეს ამგვარი სახის ცნობა, რომ მზადდება ასეთი აქცია ქ. კაფაში მცხოვრები კომერსანტების მეშვეობით. სწორედ ეს იყო პირველი ხუთი გალერის გაგზავნის მთავარი მიზეზი. მომდევნო სამი გალერა გაგზავნილი იყო აზოვის ზღვაში კაზაკებისა და რუსების წინააღმდეგ, რათა ყირიმის თათრებს დახმარებოდნენ“3.
1. ტარდი ლ., ანთალ ვერანჩიჩის მოხსენებითი ბარათები, გვ. 139.
2. იქვე, გვ. 137-138.
3. იქვე გვ. 139.
როგორც მოყვანილი ვრცელი ამონარიდიდან ჩანს, მეგრელებს მდ. რიონში მართლაც მოუმწყვდევიათ ოსმალეთის გალერები და გადასახადების გადახდაზეც უარს ამბობდნენ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაგებია, შაჰ თამაზის დაინტერესება ოდიშის სამთავროს დასუსტებით და მეზობლებთან მისი ცუდი ურთიერთობით. ამიტომ იყო, რომ შაჰი იმერეთის მეფეს აქეზებდა ოდიშის სამთავროს დასაპყრობად1. როგორც ჩანს ირანის დიპლომატების ამგვარმა აგიტაციამ თავისი შედეგი გამოიღო და დადიანსა და მეფეს შორის ურთიერთობა უაღრესად დაიძაბა.
1. Magyar diplomáczial emlekek Mátyas király korából 1458-1490, p. 249.
1557 წელს ოდიშის მთავარმა ლევან I-მა (1532-1572) დადიანმა სულთანს ხარკის გადახდა აღუთქვა და ძღვნად ძვირფასი ქვები გაუგზავნა. სამაგიეროდ მთავარს ოსმალეთის ფლოტით იმერეთის („კოლხეთის“) მეფე ბაგრატ III-ისათვის ანგარიშის გასწორება სურდა (Ibidem). დადიანი ამგვარად ცდილობდა თავისი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. აი როგორ აგვიწერს მარინო კავალი დადიანის ოსმალეთთან ურთიერთობას 1560 წელს: „მეგრელები, მიუხედავად იმისა, რომ ეს მართლმადიდებელი ქრისტიანები, ოსმალებთან დაახლოებულნი და მათი ქვეშევრდომნი არიან, ცდილობენ ყველაფერი მათ გარეშე გააკეთონ. ოთხი თუ ხუთი წლის წინ1 მათი მეფე თუ მთავარი დადიანი, რომელსაც სისხლისმღვრელი ომი ჰქონდა ჩერქეზებთან, პირადად წავიდა კონსტანტინოპოლში სულთანთან დახმარების სათხოვნელად2 და ექვსი გალერა მიიღო. მაგრამ ოსმალები ისე დაეხმარნენ, რომ მისთვის ნათელი შეიქმნა, სულთნის მონა და მასზე უფრო დამოკიდებული ხდებოდა, ვიდრე დახმარებას იღებდა. ეს მტერთან ბრძოლაზე მძიმე იყო. ამიტომ შემდეგ წელს, მან მადლობა მოახსენა სულთანს გაწეული დახმარებისათვის, ჩერქეზებს მოურიგდა, რომლებთანაც მეტი სამართლიანობა ნახა, ვიდრე თურქებთან“3.
ქართულმა წყაროებმა იციან ლევან I დადიანის სტამბოლში მოგზაურობის ამბავი, მაგრამ ზოგიერთი დეტალი მაინც დაზუსტებას მოითხოვს.
დადიანის ვიზიტი სულთანთან, ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, უნდა მომხდარიყო 1568-1572 წლებს შორის4. მართალია, არც მარინო კავალი იძლევა ზუსტ თარიღს, მაგრამ ნათელია, ლევანი 1560 წლამდე (უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა XVI საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევარი) ყოფილა სტამბოლში. დადიანის სტამბოლში ყოფნის დროს დაზუსტება და ზოგიერთი სხვა ინფორმაციის მოპოვება შეიძლება უნგრეთის მეფის სტამბოლელი ელჩის ანთალ ვერანჩიჩის5 „ანგარიშებიდან“. 1557 წ. 16 თებერვალს ვერანჩიჩი წერდა, რომ სტამბოლში სამეგრელოს მთავარს ელიანო. ვერანჩიჩის იმავე წლის 1 მარტის მოხსენებაში ნათქვამია, რომ დადიანი უკვე სტამბოლშია. „უკვე გვაქვს ზუსტი ცნობები სამეგრელოს მთავრის ჩამოსვლაზე, - სწერს ვერანჩიჩი, - იგი ჩამობრძანდა ზღვით, ჩვენი 16 თებერვლის ანგარიშის გამოგზავნის მეორე დღეს. მის ჩამოსვლასა და მდგომარეობაზე იმიტომ გატყობინებთ, რომ ჩვენმა ხლხმა მთავრის ავტორიტეტულობაზე იმაზე მეტი წარმოდგენა არ იქონიოს, ვიდრე სინამდვილეში თავად არის. იგი ჩამოვიდა, როგორც „მეფე სრულიად სამეგრელოსი“. მან ეს ტიტული სულ ახლახან მიიღო, მაგრამ ამის მიუხედავად ამ ჩვენს მტერს დიდ მნიშვნელობას ნურავინ ნუ მიანიჭებს. დაე, თქვენმა უდიდებულესობამ იცოდეს, რომ ამ პირზე ვერ იტყვით ეგვიპტის რომელიმე ნებისმიერ პატარა მეფეზე მეტს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ვრცელ მამულებს ფლობს და სათავეში უდგას საკმაოდ მრავალრიცხოვან ხალხს, დიდი სიმდიდრის პატრონი მაინც არ არის. ისე იქცევა, როგორც ჩვეულებრივი ხალხის წრიდან გამოსული უბრალო ადამიანი. ტიტული რომ არ ჰქონდეს, არავინ იფიქრებს მის მეფობას. არ იცავს სასახლის ცერემონიალებს და წესებს. თავისი ქცევით იფუჭებს ავტორიტეტს, არავითარ ყურადღებას არ აქცევს საკუთარი ღირსების წარმოჩენას. შევეცადეთ მოეყვანათ ჩვენთან მისი ამალის რომელიმე წევრი, რათა შეგვეტყო რაიმე სამეგრელოს შესახებ. როდესაც ამის შესახებ აცნობეს, მან განაცხადა, რომ მზად იყო არამცთუ სხვა ვინმე, არამედ თავათ მოსულიყო, თუკი ქალაქის გუბერნატორის ნებართვა იქნებოდა. საქმე ისაა, რომ იგი ჩვენსავით მკაცრი დაცვის ქვეშ იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ სამეგრელოს მთავარი თვითონ ჩამოვიდა ელჩის სახით, თუმცა მან ეს გააკეთა მეზობელ ჩერქეზებზე შურისძიების მიზნით6, რადგანაც მათ მოუკლავთ მამამისი7. ამ მიზნით მეფეს მათ წინააღმდეგ გაუგზავნია ჯარი, მაგრამ მან მიგვახვედრა, რომ მისი სახმელეთო სამხედრო ნაწილები ვერ გაუძლებდნენ ჩერქეზების ძლიერ ლაშქარს. იგი დარწმუნებულა, რომ საზღვაო ფლოტის გარეშე ვერაფერს გახდებოდა მტრის წინააღმდეგ. მან სულთანს საჩუქრად ჩამოუტანა ძვირფასი ქვებით მოჭედილი თასი, რათა სთხოვოს მას ნიჩბიანი გალერები. ამ თხოვნის შესრულების შემთხვევაში მეფემ გადასახადებიც კი იკისრა, რომლისგანაც იგი აქამდე თავისუფალი იყო“8.
1. ალბათ, 1557 წელს.
2. ჰაბსბურგების ელჩის კონსტანტინოპოლში ბუსბეკის მიხედვით, დადიანი 1560 წელს ჩასულა ოსმალეთის სატახტოში. The turkish letters of Ogier Chiselin de Busbecq imperial ambasciador at Constantinople 1554-1564. Newly translated from the latin of the elzevir edition of 1633 by S. Foster, Oxford, 1937, p. 223.
3. Alberi E., p. 279.
4. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 816.
5. ანთალ ვერანჩიჩი (1504-1573) - უნგრეთის ჰუმანიტარული ისტორიოგრაფიის გამოჩენილი წარმომადგენელი, ცნობილი დიპლომატი და პოეტი. ორჯერ (1553-1557 და 1567-1568) იყო უნგრეთის მეფის ელჩად კონსტანტინოპოლში.
6. ბერი ეგნატაშვილის მიხედვით, ლევან I დადიანი სულთანს ჯარით დახმარება სთხოვა იმერეთის მეფე გიორგი II-ისა და გიორგი გურიელისაგან თავდაცვისათვის (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 361; ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 816).
7. ლევან I დადიანის მამა გიორგი დადიანი მართლაც ჯიქებთან ბრძოლაში დაიღუპა 1533 წელს (იქვე). ამასვე გადმოგვცემს ვახუშტი ბატონიშვილი (ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 811.
8. ტარდი ლ. უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობა XVI საუკუნეში, გვ. 77.
რაც შეეხება დადიანის მოგზაურობის მიზანს, ვის წინააღმდეგ სჭირდებოდა მას ოსმალთა დახმარება, მარინო კავალიც ჩერქეზებს ასახელებს. დადიანის სტამბოლში ჩასვლის მიზეზსა და მიზანში ვერ გარკვეულა ბუსბეკიც1, როცა ამბობს: „ერთნი ამტკიცებენ, რომ სამეგრელოს მთავარი კონსტანტინოპოლში სულეიმანის მოპატიჟებით ჩამოვიდა თურქეთთან სამხედრო კავშირის დასადებად. ეს აწყობთ ამ უკანასკნელთ სპარსეთის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად. მეორენი ირწმუნებიან, რომ იგი აქ ჩამოვიდა სულეიმანისათვის რამდენიმე ხომალდის სათხოვნელად, მეზობლებთან ომის დაწყების შემთხვევაში გამოსყენებლად. იმასაც ამბობენ, რომ მან სულეიმანს ხარკის გადახდაც კი აღუთქვა, თუკი თხოვნას შეუსრულებდა“2.
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, დადიანი იმერეთის მეფე გიორგი II-ს (1564-1585) და გიორგი გურიელს (1564-1583) ებრძოდა. ქართული წყაროებით, სულთანი დადიანს ხომალდებით კი არ დაეხმარა, როგორც კავალი ამბობს, „არამედ მწე ეყო დადიანს ხონთქარი, მოსცა აზრუმ-ტრაპიზონის სპანი“3. კავალის ცნობას უნდა მიესადაგებოდეს ე. თაყაიშვილის მიერ გამოქვეყნებული სიგელი, რომელიც, მართალია, ლევან II დადიანის (1611-1657) ხანას განეკუთვნება (ე. თაყაიშვილი საბუთს ათარიღებს 1639-1657 წლებით), მაგრამ ლევან I-ის მმართველობის ერთ ეპიზოდს ასახავს. „პაპა ჩუენი ლიონ დადიანი სტამბოლს წასულა, - წერს ლევან II, - ... და ქრისტეკოჩი4 სტამბოლს წარუტანია, და იქ პაპა ჩუენს გამარჯვებია, და იმათი ძალით გამარჯვებული მოსულა, და ცხრა ხომალდი5 ბედნიერს ხვანთქარს წყალობად მიეცა, და მათს აქეთ წამობრძანებულა, ქრისტეკოჩი იქ სტამბოლს დაუგდია ხომალდების წინამძღუარად, და მდივნობაც უბოძებია, და უფროსობაი ხომალდის“6.
1. აუჰერიუს ბუსბეკი ელჩობის წევრი იყო ანთალ ვერანჩიჩთან ერთად.
2. ტარდი ლ., დასახ. ნაშრომი, გვ. 85.
3. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 816; ქართლის ცხოვრება II, გვ. 361; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, გვ. 124.
4. წაჩხურის მთავარანგელოზისათვის შეწირული ყმა.
5. მარინო კავალის მიხედვით, სულთანს დადიანისათვის 6 ხომალდი მიუცია.
6. საქართველოს სიძველენი, ტ. II, ე. თაყაიშვილის რედაქტორობით, ტფ., 1909, გვ. 79.
ქართულ წყაროში გადმოცემულ ამბავს, მართალია, თარიღი არ უზის და არც იმაზეა მითითებული, რა მიზნით სჭირდებოდა ლევან I-ს სულთნის ხომალდები და არც ამ ხომალდებით მიღწეულ შედეგზეა რაიმე ნათქვამი, მაგრამ ვფიქრობ, ლევან II და მარინო კავალი ლევან I-ის სტამბოლში ერთსა და იგივე მოგზაურობაზე გადმოგვცემენ. ლევან II-ს სიგელის შედგენის დროს არ სჭირდებოდა ვრცლად შეჩერებულიყო ამჯერად საინტერესო საკითხზე. მას სურდა წაჩხურულის ოჯახისა და მისი ძმის, ქრისტეკოჩის, ეკლესიისათვის შეწირულობის დადგენა, რათა კვლავ გაეახლებინა მათზე ეკლესიის უფლება. ამისათვის „ეს ძველი წიგნები ვნახეთ ლიონ დადიანის, მამიას და მანუჩარის და მამის ჩვენის (მანუჩარ I დადიანი - ე.მ.), და მოკითხული ვქენით და წიგნებიცაი ვნახეთ, ასრე შეწირული გამოვიდა“1.
შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ლევან I დადიანი მხოლოდ ერთხელ არ ეახლა სულთანს სამხედრო დახმარების სათხოვნელად. ლევან II და მარინო კავალი გადმოგვცემენ ლევან I-ის ჩასვლაზე დაახლოებით 1557 წელს. ბუსბეკის მიხედვით, იგი სტამბოლში ყოფილა 1560 წელსაც2, ხოლო ვახუშტი ბატონიშვილი, როგორც უკვე ითქვა, მის მოგზაურობას აღნიშნავს 1568-1572 წლებს შორის პერიოდში.
1. იქვე.
2. The turkish letters of Ogier Chiselin de Busbecq imperial ambasciador at Constantinople 1554-1564, p. 223.
როდესაც მარინო კავალის ცნობას ვადარებთ მასზე ადრე მოყვანილ უნგრეთის ისტორიული წყაროებიდან ამოღებულ ცნობას, ისე ჩანს, რომ 1557 წელს დადიანმა ლევან I-მა ჯერ დესპანი გაგზავნა სულთანთან, ხარკის გადახდა აღუთქვა და ძვირფასი საჩუქრებიც მიართვა იმერეთის მეფის წინააღმდეგ დახმარების სანაცვლოდ. მაგრამ საფიქრელია, რომ დადიანის დესპანი სტამბოლიდან უარით გამოისტუმრეს. ამიტომ იძულებული დადიანი პირადად წავიდა სტამბოლს და სულთანს აზრი შეაცვლევინა. ლევან II ამიტომ ამბობს: „იქ პაპა ჩუენს გამარჯუებია, და იმათი ძალით გამარჯვებული მოსულა“, ე.ი. ხომალდები მოიყვანა. მაგრამ იმის გარკვევა, ლევან I-ს იმერეთის მეფე ბაგრატთან თუ ჩერქეზებთან საბრძოლველად სჭირდებოდა ოსმალთა ხომალდები, ამის დადგენა დამატებითი წყაროების მოპოვების გარეშე ვერ ხერხდება. შეიძლება მხოლოდ ვარაუდი, რომ სტამბოლში, სადაც ლევან I-ის აგენტები, ალბათ, იმყოფებოდნენ, შეგნებულად ავრცელებდნენ ხმას, თითქოს ლევან I დადიანს ხომალდები ჩერქეზების წინააღმდეგ სჭირდებოდა. ამ გზით უნდა გაჩენილიყო მარინო კავალის ინფორმაციაში ცნობა სამეგრელოს მთავრის ჩერქეზების წინააღმდეგ ომისათვის მზადების შესახებ.
Комментариев нет:
Отправить комментарий