суббота, 23 июня 2018 г.

კ.ა. ტრეზელისა და კ.მ. გარდანის ცნობები XIX ს-ის საქართველოს შესახებ (ი. ნაჭყებია)

კამილ ალფონს ტრეზელის (1780–1860) მოხსენება
საქართველოს მთავარმართებელი ალექსანდრე ტორმასოვი (18091811)
რუსეთ-ირანის პირველი, 18041813 წლების ომის დროს, ნაპოლეონის მიერ 18051807 წლებში თეირანის კარზე მივლინებული ემისრები ირანში იმჟამად საფრანგეთის მოკავშირე ოსმალეთის იმპერიის გავლით ჩავიდნენ და ევროპაშიც ამავე გზით დაბრუნდნენ. 18071809 წლებში ირანში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი მინისტრის, გენერალ კლოდ-მატიე გარდანის მისიამ 1807 წელს აგრეთვე ამ გზით იმგზავრა ირანამდე, მაგრამ 1809 წლის აპრილში მისიის ძირითადი ნაწილი ევროპაში უკვე საქართველოს გავლით დაბრუნდა. აქ გამოიკვეთა თბილისის, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ქალაქის მნიშვნელობა, რაც საფრანგეთსა და რუსეთს შორის 1807 წლის 7 ივლისს დადებული ტილზიტის ზავით იყო განპირობებული. თბილისში საფრანგეთის მისია მიიღო და მას ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინა კავკასიის მთავარმართებელმა 18091811 წლებში, გენერალმა ალექსანდრე ტორმასოვმა.
ამგვარად, XIX საუკუნის პირველ წლებში საქართველოს შესახებ პირველი ცნობები მოცემულია გენერალ გარდანისა და მისი ადიუტანტის, ლეიტენანტ ტრეზელის მოხსენებით ბარათებში, რომლებიც დაცულია საფრანგეთში, ვენსენის სამხედრო არქივში.
***
დიპლომატიურ-სამხედრო მისია
ლეიტენანტ კამილ ალფონს ტრეზელი 1809 წელს ირანიდან თვითნებურად დაბრუნების შემდეგ ნაპოლეონმა აღნიშნული მისიის სხვა ოფიცრებთან ერთად შერისხა, მაგრამ სამხედრო სამსახურიდან არ დაუთხოვია და 18091811 წლებში საფრანგეთის წინააღმდეგ აჯანყებულ ესპანეთში გაგზავნა საბრძოლველად. 1812 წელს კაპიტანი ტრეზელი მონაწილეობდა რუსეთის კამპანიაში, 1813 წელს საპატიო ლეგიონის ოფიცერია, 1814 წელსპოლკოვნიკი.
1815 წელს ასი დღის განმავლობაში იგი ნაპოლეონის გვერდით დადგა და ბრიგადის გენერლის წოდება მიიღო, მაგრამ მეორე რესტავრაციის შემდგომ შექმნილმა მთავრობამ მისი გენერლობა არ სცნო. მიუხედავად ამისა, როგორც საუკეთესო სპეციალისტს, 18161817 წლებში სწორედ მას დაავალეს საფრანგეთის აღმოსავლეთი საზღვრების დელიმიტაციის ჩატარება. 1833 წელს მისი მეთაურობით საფრანგეთის ჯარებმა ალჟირის ქალაქი ბუჟი (დღეს . ბეჯაია) აიღეს. 1837 წელს ტრეზელმა დივიზიის გენერლის წოდება მიიღო, 1839 წელს იგი თავდაცვის სამინისტროში სამხედრო ოპერაციების მეთაურად დანიშნეს, 1846 წელსსაფრანგეთის პერი გახდა, 18471848 წლებშისაფრანგეთის სამხედრო მინისტრი, 1853-1856 წლებში იგი ლუი-ფილიპეს შვილიშვილების, ტახტის მემკვიდრისპარიზის გრაფის ორლეანის პრინცის და მისი ძმისშარტრის ჰერცოგის, სამხედრო აღზრდას ხელმძღვანელობდა.
მარშრუტი საქართველოს ტერიტორიაზე: თბილისი, საქართველოს სამხედრო გზათბილისი, მცხეთა, სოფელი არაგვისპირი, დუშეთი, ანანური, ფასანაური, კაიშაური, სტეფანწმინდა, დარიალის ხეობა, ყაზბეგი. მოგზაურობის შედეგი: ლეიტენანტ კამილ-ალფონს ტრეზელის ვრცელი მოხსენებითი ბარათიცნობები საქართველოს შესახებ“ (Notice sur la Géorgie), დათარიღებულია 1809 წლის 31 მაისით და მოიცავს ხელნაწერ 76 გვერდს. მასში დეტალურადაა აღწერილი საფრანგეთის მისიის წევრების მიერ გავლილი მარშრუტი ერევნიდან აღმოსავლეთ საქართველოს გავლით მოზდოკამდე. მოცემულია ინფორმაცია ამ მხარეების ფიზიკური გეოგრაფიის, ჰავის, მდინარეთა ქსელის, გზებისა და ხიდების მდგომარეობის, დასახლებული პუნქტების, მოსახლეობის ადათ-წესებისა და საქმიანობის შესახებ. საგანგებო ყურადღება ეთმობა ამ ტერიტორიებზე განლაგებული რუსეთის სამხედრო ძალების შეფასებას, ქართველებთან და მთის ხალხებთან რუსების ურთიერთობებს. ცნობებსერთვის 1. მარშრუტები ერევნიდან თბილისამდე, თბილისიდან არზრუმამდე, თბილისიდან ახალციხემდე; 2. დასახლებულ პუნქტებში არსებული სახლების რაოდენობა. მოხსენებით ბარათში მოცემულია ცნობები აღმოსავლეთ საქართველოში რუსეთის ჯარის განლაგების ადგილები და შეადგენლობა; ეს ნაწილები იდგა მთელი სამხედრო გზის გაყოლებაზეთბილისში, მცხეთაში, ანანურში, სოფელ არაგვისპირში, ფასანაურში, კაიშაურში, კობში, სტეფანწმინდასა და ლარსში. ლეიტენანტ ტრეზელის შეფასებით, გზაზე შემხვედრი დრაგუნების ასეულს კარგი მხედრული გამართულობა ჰქონდა. სტეფანწმინდაში საფრანგეთის მისია რუსეთის ჯარის პოლკოვნიკმა, ქართველმა თავადმა, ყაზბეგმა1, მიიღო; მეტად ცოცხალი ფერებით არის აღწერილი თბილისი; საგანგებო თავი ეთმობა რუსების მდგომარეობას საქართველოში.
1. ცნობა თავადი ყაზბეგის შესახებ, შემდეგ გვხვდება ფრედერიკა ფონ ფრეიგანგისა და შარლ ბელანჟეს თხზულებებშიც. ფრედერიკა ფრეიგანგის მოგზაურობის დროს, 1811 წლის ნოემბერში, ყაზბეგი პოლკოვნიკი იყო, შარლ ბელანჟეს მოგზაურობის დროს, 1825 წლის მარტში, იგი გარდაცვლილი იყო და ფრანგი მოგზაური გენერალი ყაზბეგის ქვრივმა მიიღო. სამწუხაროდ, თავად ყაზბეგის სახელს არც ერთი ავტორი არ გვაწოდებს.
ოსმალეთში მყოფი ფრანგი კონსულებისა და ნაპოლეონის ემისრების (ჟან-ფრანსუა ქსავიე რუსო, პასკალ ფურკადი, გიიომ ოლივიე, ჟოზეფ რუსო, ალექსანდრ რომიე, ამედე ჟობერი) ცნობებისაგან განსხვავებით, ლეიტენანტ ტრეზელის მოხსენებითი ბარათიდან ნათლად ჩანს საქართველოსა და კავკასიის მიმართ რუსეთის იმპერიის მიერ გატარებული პოლიტიკისადმი დადებითი დამოკიდებულება.
***
ტიფლისი
მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ბორცვის ძირში, ხით, ქვითა და მიწით ნაგები ეს ქალაქი საკმაოდ სასიამოვნო ამფითეატრს ქმნის. იქ დაახლოებით 2,000 სახლი, 10,000 მოსახლე და თლილი ქვით ნაგები საკმაო რაოდენობის საჯარო შენობაა, ძირითადად ეკლესიები ან მონასტრები. ძველი სუვერენები მდინარის მარცხენა ნაპირზე, კლდეზე მდებარე ციხესიმაგრეში ცხოვრობდნენ და ქალაქს ხის ძველი ხიდით უკავშირდებოდნენ. როგორც ყველა ის ციხესიმაგრე, რომელიც მე აზიაში ვნახე, ესეც მრავალ საცხოვრებელ სახლს მოიცავს და თავდაცვის სხვა საშუალება, გარდა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში არსებული დაკბილული კედლისა, არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია ზედა მხარეების წარმატებით დაცვა.
ბორცვებზე, რომლებიც ქალაქს მარჯვენა ნაპირიდან დაჰყურებს, დაინახავ ძველ ნაგებობებს, რომლებიც ტიფლისის აჯანყებული მოსახლეობისაგან თავდასაცავად შესანიშნავ თავშესაფარს წარმოადგენს. მტკვარი აქ სწრაფია და ვიწროვდება დაახლოებით ორ პატარა დაბალ კლდეს შორის, ოდნავ ქვევით კი ფართოვდება.
სწორედ ამ მარცხენა ნაპირთანაა თბილი გოგირდიანი წყლები... (...) ორი წლის განმავლობაში აზიის მდუმარე ქალაქებში ცხოვრებით გაბეზრებულნი, რომელთა ვიწრო და უკაცრიელ ქუჩებში მხოლოდ შიშველი კედლების რიგია, ტიფლისი ის პირველი ქალაქია, სადაც ხელახლა სიამოვნებით ვიხილეთ ევროპულ წესებთან მსგავსება, დიდად გავიხარეთ ქრისტიანული ქალაქის ცხოვრებით და იმ ათასი რაღაცით, რაც ადრე ჩვენი ყურადღების მიღმა რჩებოდა ან მომაბეზრებელი გვეჩვენებოდა: საკვებით თუ იარაღით და საომარი აღჭურვილობით დატვირთული ურმების ხმაური, რამდენიმე ძვირფასი ეტლის სწრაფი მოძრაობა, ეკლესიების ზარების არათანაბარი ხმა, ხმაურიანი ბაზრები, სადაც ერთმანეთში არეულან ქართველები, სომხები, სპარსელები და უამრავი რუსი ჯარისკაცი, სიმღერები, ჯარის ნაწილების მუსიკასიახლის ეს უწესრიგო ნარევი სამშობლოს გვაგონებდა და ჩვენში უცნაურ ემოციას იწვევდა“.
ტიფლისში სახლები საერთოდ არ არის შეღობილი კედლით, რომელიც მას მთლიანად დაფარავს. ყოველი ოჯახი საღამოს სიგრილეს ღია და ოდნავ ამაღლებულ ტერასაზე ეგებება; ისინი ერთმანეთს უყურებენ და ესაუბრებიან.
რუსებს მეტად გაუადვილდათ ამ წესების გავრცელება, რომლებიც უკვე ცნობილი იყო ტიფლისის კარზე და მოსახლეობაში. ხალხი ხშირად იკრიბება რელიგიურ დღესასწაულებზე, რაც ამ ქვეყანაში მეტად ხშირია. ეკლესიიდან გამოსული ქალები შედიან ბაღში, სეირნობენ და ეს სასეირნო ადგილები ალამაზებენ ერევნის კარის მიდამოებს. ზაფხულის მშვენიერ საღამოს მტკვრის ნაპირები ჯადოსნურ სანახაობას გთავაზობენ. ორი ათასი ქართველი ქალი ბუნებრივი სილამაზითა და იმ ყოველივეთია შემკული, რასაც კეკლუცობა იგონებს მათი სიკაშკაშის გასაძლიერებლად; მათი სპილოსძვლისებრი შუბლი შემორკალულია პატარა თეთრი დიადემით, რომელზეც დამაგრებული სელის გრძელი ვუალი ტუნიკას უკანა მხარეს მიწამდე ეცემა და მათ სხეულს დიდ სინატიფესა და დიდებულებას ანიჭებს, ხოლო ხელოვნური ფერები, რომლებსაც სახეზე ისვამენ, იქ ძლიერ ეფექტურად ჩანს. ამ საზეიმო შეკრებებზე ქალები მამაკაცში არ არიან შერეულები და მხოლოდ ამ ბრწყინვალე კრებულის ცქერით შეიძლება დატკბობა.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია რაც ამ ქალაქში კავკასიის არმიის მთავარი შტაბი დამკვიდრდა, ოფიცრები ჩივიან, რომ მათ ჯერ კიდევ არ იწვევენ საოჯახო შეკრებებზე.
ტიფლისში მიგვიღო -ნმა მთავარსარდალმა გრაფმა ტორმასოვმა2, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა რიგიდან, სადაც იგი გუბერნატორი იყო. მან შეცვალა ფელდმარშალი გრაფი გუდოვიჩი3. მისი შტაბის შემადგენლობაშია სამი უფროსი გენერალი, ქერჩისა და კავკასიის გრენადერების, ყაბარდოელი მეთოფეების, შტაბის, აგრეთვე საინჟინრო საქმეთა და არტილერიის ასიოდე პოლკოვნიკი და უფროსი ოფიცერი. მთავრსარდლის სახლი ქალაქის ჩრდილოეთით 10 წუთის სავალზეა. ამ პატარა სახლის მახლობლად განლაგებული პარკი შედგება 45 ერთეული სხვადასხვა კალიბრის დანადგარისგან, მათ შორის 3 უკვე აღჭურვილია თავისივე გადასატანი ეტლით. ტიფლისის ოლქს მეთაურობს გენერალი ახვერდოვი4, სომეხი, დაბადებული ყიზლარში. მთავარსარდლის მიერ გამართულ საზეიმო ვახშამზე, ჩვენთან ერთად სტუმრად იყვნენ იმერეთის ყოფილი დედოფალი, რომელსაც მალე თავისი ვაჟი პეტერბურგის კოლეჯში უნდა წაეყვანა5; კათოლიკოსად დანიშნული პრინცი ანტონი6 და პრინცესა მისი და7; ორივე საქართველოს უკანასკნელი ვალის8, ერეკლეს შვილია; სომეხ მიმდევართა პატრიარქი9 და ერთი ქართველი სენიორი, გენერალ პრინც ბაგრატიონის10 ძმა. სტუმართაგან არც ერთმა არ იცოდა არც ფრანგული და არც რუსული, მაგრამ ჩანდა, რომ ყველა შესანიშნავად ეწყობოდა ჩვენს ევროპულ სუფრას“.
2. ალექსანდრე ტორმასოვი (17521819) – რუსეთის იმპერიის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს მთავარმართებელი 18081811 წლებში. მეთაურობდა საბრძოლო ოპეტაციებს რუსეთ-ირანისა (18041813) და რუსეთ-თურქეთის (18061812) ომებში.

3. ივანე გუდოვიჩი (17411820) – გრაფი, რუსეთის იმპერიის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი, საქართველოს მთავარმართებელი 1806–1809 წლებში. დაიპყრო ბაქო, შაქისა და დარუბანდის სახანოები. 1807 წელს არფაჩაისთან დაამარცხა ოსმალთა ჯარი, მაგრამ ვერ აიღო ახალქალაქი (1807) და ერევანი (1808). 1809-1812 წლებში იყო მოსკოვის მთავარსარდალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი და სენატორი.
4. თედორე ესაიას ძე ახვერდოვი, თევდორე ახვერდაშვილი (17731820) – რუსეთის იმპერიის გენერალ-მაიორი. წარმოშობით ქართველი. დაიბადა ქართველი აზნაურის, სეკუნდ-მაიორის, ესაია ვასილის ძე ახვერდაშვილის ოჯახში. 1807 წელს თედორე ახვერდოვი დაინიშნა საქართველოს მმართველად.
5. იგულისხმება იმერეთის მეფის, დავით II- მეუღლე ანა, მამუკა ორბელიანის ქალიშვილი. იგი თავის ვაჟთან, კონსტანტინესთან ერთად, 1810 წელს ჩავიდა რუსეთში (გონიკიშვილი, 1986: 135136). კონსტანტინე ბატონიშვილი მონაწილეობდა 1812 წლის რუსეთის სამამულო ომში. დააჯილდოვეს ვლადიმირის ორდენით. მისი ვაჟები რუსეთშიიმერეტინსკებადანბაგრატიდ-იმერეტინსკებად იწოდებოდნენ.
6. ანტონ II (17641827) – ერეკლე I-ის ძე, ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონი, აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი. 1811 წელს იგი რუსეთში გაიწვიეს, ცხოვრობდა ნიჟნი-ნოვგოროდში, დაკრძალულია იქვე, ხარების ტაძარში.
7. ვფიქრობთ, რომ გენერალ გარდანისა და ლეიტენანტ ტრეზელის მიერ საქართველოს უწარჩინებულეს ოჯახებად სწორედ ბაგრატიონებისა და ორბელიანების დასახელება დაკავშირებული იყო ამ საზეიმო ვახშმის დროს მიღებული ინფორმაციაზე. გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ ამ საღამოზე დამსწრე ერეკლე II- შვილიპრინცესა, რომლის სახელიც არ არის მოხსენიებული, რუსეთის არმიის პოლკოვნიკის, ვახტანგ ორბელიანის მეუღლე, თეკლე ბატონიშვილი (17761846), უნდა ყოფილიყო.
8. ვალიირანის შაჰის მოადგილე, გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. ასე იხსენიებოდა ერეკლე II.
9. იგულისხმება სომეხთა კათალიკოსი ნერსესი (17601857).
10. იგულისხმება რუსეთის არმიის გენერალი პეტრე ბაგრატიონის (17651812) უმცროსი ძმა, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი რომან (რევაზ) ბაგრატიონი (17781834).
რუსების მდგომარეობა საქართველოში
საქართველოს უკანასკნელი ვალის, ერეკლე ხანის მიერ 1783 წელს ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, რუსები გამუდმებით ინარჩუნებდნენ თავიანთ თავს ამ პროვინციაში11, სპარსეთის ამჟამინდელი იმპერატორის12 ბიძის, საჭურისი აღა-მაჰმა-ხანის13, ძალისხმევის მიუხედავად. 1795 წელს იგი მივიდა იქ ამ ღალატისთვის ვალის ოჯახის დასასჯელად და საქართველოს ასაოხრებლად. მან სამ ნაწილად გაჰყო თავისი ჯარი, ერთი გაგზავნა შირვანში, მეორეერევნის ციხისკენ, რომელიც მაშინ რუსებს ალყაში ჰქონდათ მოქცეული, თვითონ კი მარჯვენა ცენტრით ტიფლისზე წავიდა, გაძარცვა და ორივე სქესის მთელი ახალგაზრდობა, ვინც კი მოიხელთა, სპარსეთში მონებად წაასხა14. ამჟამად ამ ტყვეების უმრავლესობა დაბალ თანამდებობებზეა მთავრობასა და ჯარში. ამ ლაშქრობის ყველა მონაწილეც სასტიკად იქცეოდა და ეს დაუცხრომელი პრინცი 1797 წელს შუშაში, თავისივე კარავში რომ არ მოეკლათ15, რუსები კავკასიის გადაღმა იქნებოდნენ განდევნილები.
მისი მემკვიდრე ფათჰ-ალი შაჰი, რამდენიმე წლის განმავლობაში მეტად დაკავებული იყო თავისი ტახტის განმტკიცებით და სხვადასხვა პროვინციების თავის დაქვემდებარებაში მოქცევით საიმისოდ, რომ ხელი შეეშალა რუსებისთვის საქართველოს, შირვანისა და ირგვლივ მყოფი სხვა პროვინციების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების წამოწყებაში16.
11. იგულისხმება აღმოსავლეთ საქართველო.
12. იგულისხმება ირანის შაჰი ყაჯართა დინასტიიდან, ფათჰ-ალი (1796-1834).
13. აღა-მაჰმად-ხანი (17421797), ყაჯართა დინასტიის დამაარსებელი, სპარსეთის გამგებელი 17961797 წლებში.
14. ირანელი ისტორიკოსი საიდ მულიანი რეზა-ყული ხან ჰედაიათის ცნობაზე დაყრდნობით, წერს: „(...) ცხრა დღე იქ [საქართველოში] დაყო და 15,000 ტყვე გამოიყვანეს“ (Mulyani, 1379/: 193).
15. ამიეკავკასიაში მეორედ ლაშქრობის დროს, აღა-მაჰმად-ხანი 1797 წლის 17 ივნისს მისმა სამმა მსახურმა შუშაში, თავისივე კარავში, მოკლა.
16. რუსეთ-ირანის პირველი ომი 1804 წლის ივნისში დაიწყო, როდესაც რუსეთის ჯარმა განჯა დაიკავა და ეს სახანო რუსეთის სამფლობელოს შეუერთა (შარაშენიძე, 1984: 75). სპარსეთის ჯარს მეთაურობდა ფათჰ-ალი შაჰის მემკვიდრე, აბას-მირზა (17881833). 1805 წლის ზაფხულში რუსეთის ჯარმა დაამარცხა აბას-მირზა, შექის, შირვანისა და ყარაბაღის ხანები რუსეთის მხარეს გადავიდნენ, ხოლო მომდევნო წელს რუსეთის ჯარმა ერევნისა და ნახჭევანის სახანოების გარდა თითქმის მთელი ამიერკავკასია დაიკავა. ომი ჭიანურდებოდა, რადგან რუსეთი ანტიფრანგულ კოალიციაში შევიდა და კავკასიაში მნიშვნელოვან სამხედრო კონტინგენტს ვეღარ გზავნიდა (Дубровин, 1866: 418), ირანს კი რუსეთის ჯარის განდევნის ძალა არ შესწევდა.
ამ ქვეყანაში17 მრავალი გენერალი და მმართველი შეიცვალა. უკანასკნელის წინა, წარმოშობით ქართველი, ყველასგან გამოირჩეოდა ბრწყინვალე სიმამაცით და მეტად მტკიცე ხასიათით. მისი სამხედრო მოქმედებები, ხშირად გაბედული, ყოველთვის ისეთი ძალით ტარდებოდა, რომ მის განკარგულებაში არსებული მცირე ძალების მიუხედავად, თითქმის ყოველთვის წარმატებით დაგვირგვინებულა. თავად ციციანოვს ის-ის იყო ბაქო უნდა დაეკავებინა, როდესაც იგი გამცემლურად მოკლა ამავე ქალაქის გუბერნატორმა, რომელმაც იგი რუსეთის ბანაკის გარეთ შეხვედრაზე დაითანხმა მისთვის ბაქოს ჩაბარების მიზეზით18.
ჯარის მთავარსარდლის პოსტზე ეს ქართველი თავადი შეცვალა მარშალმა გრაფმა გუდოვიჩმა და ამას გარდა იგი შავ და კასპიის ზღვებს შორის მდებარე ყველა პროვინციის სრულუფლებიან სამოქალაქო და სამხედრო გუბერნატორად დაინიშნა, რომელიც კავკასიის სამ გუბერნიას, ყუბანსა და ასტრახანსაც მოიცავს.
მარშალი გუდოვიჩი მთელი სიცოცხლე თურქების და სპარსელების წინააღმდეგ მეთაურობდა ჯარს. მისი გონიერი, მაგრამ გამოცდილი გამბედაობა, ანაპის აღება19 და ზოგი სხვა წარმატება რუსეთის მთავრობას იმის იმედს აძლევდა, რომ ამ თითქმის ოთხმოცწლოვან მოხუცს კვლავ ეყოფოდა ენერგია შეტევითი ომის საწარმოებლად, ხოლო მისი კეთილგონიერება და პატიოსნება წესრიგს დაამყარებდა იმ ახლად დაპყრობილი ქვეყნის ადმინისტრაციაში, რომლის საბოლოოდ მიერთებაც სურდათ იმპერიისათვის. მათი იმედები არ გაცრუებულა.
მაღალმა ღირსებებმა გენერალ-გუბერნატორს ქართველების პატივსცემა და კავკასიის მრავალი ტომის ბელადის ნდობაც კი მოაპოვებინა. მან შეინარჩუნა მანამდე დაპყრობილი ტერიტორია და გაზარდა კიდეც ის, მაგრამ ერევნის უკანასკნელ ალყას წარმატება არ მოჰყოლია20; მარშალმა თავისი გაწვევა ითხოვა და ის ისე მიიღო, რომ არ დაუკარგავს ნდობა თავისი სუვერენისა, რომელმაც იგი მოსკოვის სამოქალაქო და სამხედრო გუბერნატორად დანიშნა.
1789 წელს21 იგი მთავარსარდალმა გრაფმა ტორმასოვმა შეცვალა, რომელიც ჯერ თავისი მშობლიური ქალაქის, კიევის, შემდეგ კი რიგის სამოქალაქო და სამხედრო გუბერნატორი იყო. იგი დაახლოებით 55 წლისაა და ქვაში გამოკვეთილი ბრგე მამაკაცის გარეგნობა აქვს. ისე ჩანს, რომ ჯარი მას მეტ ნდობას უცხადებს, ვიდრე მის წინამორბედს. გენერალს სასიამოვნო მანერები აქვს და თავი ღირსეულად უჭირავს. ცოტა ხნის წინ იგი თურქების წინააღმდეგ იბრძოდა, 1794 წელს კი პოლონეთის უკანასკნელი თავისუფალი ხალხის წინააღმდეგ. ეს ბოლო ომი მისთვის წარუმატებული იყო22.
17. ყოფილი ქართლ-კახეთის სამეფო.
18. პავლე ციციანოვი 200 კაცის თანხლებით გაემართა დანიშნული ადგილისაკენ, სადაც ოფიციალურად უნდა მიეღო ბაქო. ბაქოს მმართველმა ციციანოვს გადასცა ქალაქის გასაღები და მას ყალიონი შესთავაზა. სწორედ ამ დროს ხანის ნათესავმა, იბრაჰიმმა, ციციანოვს კეფაში ესროლა. მეორე გასროლით კი მისი თანმხლები ელიზბარ ქსნის ერისთავი მოკლა. იბრაჰიმმა ციციანოვს თავი მოკვეთა (შარაშენიძე, 1984: 95-96).
19. რუსეთ-თურქეთის ომების პერიოდში ანაპა რამდენჯერმე იყო დაკავებული რუსების ჯარის მიერ. 1791 წლის 22 ივნისს ის დაიკავა კავკასიის კორპუსის ჯარების გენერალ-ან-შეფის, გუდოვიჩის მეთაურობით.
20. 1808 წლის შემოდგომაზე გენერალმა გუდოვიჩმა ერევნის ციხე ვერ აიღო, რაც დიდწილად სწორედ გენერალ გარდანის მისიის ოფიცრების მიერ 10 თვის განმავლობაში აბას მირზას მოლაშქრეთა წვრთნისა და ერევნის მიდამოებში ჩატარებული საფორტიფიკაციო სამუშაოების შედეგი იყო.
21. შეცდომაა, უნდა იყოს 1809 წელს.
22. ტრეზელი უზუსტობას უშვებს, რადგან ტორმასოვი მოსკოვში დაიბადა, ხოლო კიევის გუბერნატორად იგი 1803 წლის იანვარში დანიშნეს. 1792 წელს ტორმასოვმა ჩაახშო პოლონეთის აჯანყება, მაგრამ ძლიერი მარცხი განიცადა 1794 წლის 24 მარტს გენერალ ტადეუშ კოსტიუშკოს მეთურობით აჯანყებულ პოლონელებთან ბრძოლაში.
საქართველოს ჯარი ამჟამად შედგება ხაზის ინფანტერიის დაახლოებით 35 ბატალიონის, დრაგუნების სამი ასეულისა და დონის კაზაკების ხუთი ასეულისგან. პირადი შემადგენლობა 30,000 კაცია. ჯარი დგას იმერეთში, დაღესტანში, შირვანში, მთელი საქართველოსა და ბამბაკის ოლქში, რომელიც წინათ ერევნის მთავრობას ექვემდებარებოდა, მაგრამ მტკვრის აუზში მდებარეობს. რამდენიმე სამხედრო ნაწილი იცავს ასტარას და ლენქორანის ხანს23, რომელიც რუსეთის მთავრობის მფარველობის ქვეშ გადავიდა და რომლის ტერიტორიაც კასპიის ზღვით ესაზღვრება გილანს.
მე ვნახე სარატოვსკის, ტიფლისის, კავკასიის, ხერსონისა და ყაბარდოს პოლკები, თითოეული სამ ბატალიონად, რომლებიც ნარვის24 და ბორისოგლების25 დრაგუნთა პოლკებთან ერთად შეადგენს ამ ჯარის რეგულარულ ნაწილს. ინფანტერიის პოლკში სამხედრო სამსახურში 1800 კაცზე ნაკლებია. დრაგუნების პოლკს მხოლოდ 350 ცხენით მეტი ჰყავს, კაზაკებს კი, რომელთა პოლკში 500 ცხენია, დრაგუნებზე მეტი ცხენი არ ჰყავთ. ტიფლისის მთავარი შტაბის არტილერიის სარეზერვო პარკში არის 12, 8, 4 და 2 კალიბრის 45 დანადგარი.
გარნიზონებს კამპანიაში მხოლოდ 17 ბატალიონის, დრაგუნების ორი პოლკის და კაზაკების ნაწილის, სულ დახლოებით 12 ათასი კაცის გაყვანა შეუძლია. ეს ძალები აქამდე საკმარისი იყო პოზიციების შესანარჩუნებლად და სპარსელთა წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ დაინტერესების იმ ხარისხის გათვალისწინებით, რაც რუსეთისა და სპარსეთის მთავრობებს უნდა ჰქონდეთ ამ ომის მიმართ. სავარაუდოა, რომ პეტერბურგის კარი არასოდეს არ გაგზავნის იქ დიდ ძალებს, ფათჰ-ალი შაჰი კი პირიქით, ბოლოს მთელ ძალებს იქით გადაისვრის. ეს ჯერ არ ყოფილა საშიში რუსებისათვის, თუკი ისინი კარგად გაძლიერდებიან საქართველოში და მშვიდად დაეპატრონებიან კავკასიას. კარგი იქნებოდა, ასე რომ იყოს. მთის ყველა ხალხი რუსებს ცალკ-ცალკე ებრძვის, რაც მოითხოვს მრავალ პატარა გამაგრებული გარნიზონის დაყენებას, რათა ისინი ჯერ კიდევ გაუვალ გზებზე ბადრაგად გაჰყვნენ მოზდოკიდან ტიფლისისაკენ მიმავალ ეტლებს.
არანაკლებ საშიშია მთავარი შტაბის კავშირი სხვადასხვა ადგილებში განლაგებულ საჯარისო ნაწილებთან, რადგან ეს კაზაკების ყოველდღიურ გაგზავნას საჭიროებს. ისინი ვერ სცილდებიან თავიანთ პოსტებს, რადგან მათ ლეკების, ჰუზების26 ან თურქების მიერ თავის მოკვეთა ემუქრებათ. სწორედ ჩვენი ჩასვლის წინ, ტიფლისში, ლეკებმა ქალაქიდან 1 ლიეს (4,4კმ)27 დაცილებით ხერსონის ინფანტერიის პოლკს ყველა ცხენი წაართვეს.
23. იგულისხმება თალიშის ხანი, მირ მუსტაფა, რომელიც რუსეთის მფარველობაში შევიდა; 1803 წელს ალექსანდრე I-მა მას გენერალ-ლეიტენანტის ჩინი უბოძა.
24. ნარვა  ესტონეთის მესამე უდიდესი ქალაქი, მდებარეობს რუსეთთან საზღვარზე.
25. ბორისოგლებსკი – 1779 წელს დაარსებული ქალაქი ვორონეჟის ოლქში.
26. ჰუზები ანუ ოსები.
27. ლიესიგრძის ძველებური ფრანგული საზომი, უდრის დაახლოებით 4,5 კმ-.
ბამბაკისა და გუმრის პოლკები (რომლებიც ყარსის გზაზე მდებარეობენ ..), საკვებს და აღჭურვილობას ტიფლისიდან იღებენ, ჯარის დანარჩენი ნაწილისაგან მოწყვეტილები არიან და მეტად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, თუკი სპარსელები და ახალციხელი თურქები მათ მდ. ლორის ორივე ნაპირიდან ერთდროულად დაესხმებიან თავს აღალის წასართმევად და სადევნად. უეჭველია, რომ ამ ორი ხალხის საერთო ძალისხმევა საქართველოში რუსებისთვის მეტად დამანგრეველ ომს გააჩაღებს. თავიანთი პოზიციების განსამტკიცებლად მათ აკლიათ ქალაქები ახალციხე, ყარსი და ბაიაზეთი, ერევანი და ნახჭევანი. ამ ორი უკანასკნელი ქალაქის და არაქსის მთელი დინების გადაცემა რუსებმა ფათჰ-ალი შაჰს შესთავაზეს როგორც sine qua non (ზავის აუცილებელი პირობა. .) (1809 წლის ივნისი)28.
კავკასიაში გაგზავნილ თავის გენერლებს მთავრობამ რბილად და თავშეკავებით მოქცევა უბრძანა, რაც სულმოკლეობას ჰგავს. უეჭველია, ისინი უნდა ეცადონ ახალად დაპყრობილი ქვეყნის მოსახლეობის ნდობის მოპოვებას, თუმცა უნდა გაფრთხილდნენ, რომ არ მოტყუვდნენ და ეს დამპყრობლის სისუსტეს არ მიეწეროს. მეჩვენება, რომ ამგვარია ახსნა, რომლებსაც ქართველები და მეტადრე მთის ხალხი ანიჭებს ამ სისტემას. გაოცებულთ, რომ ასე დიდი ერის ყურადღების სუბიექტებად იქცნენ, მათ რუსებთან ლაღად უჭირავთ თავი, რაც რუსების აბუჩად აგდებას ჰგავს. აღმაშფოთებელია იმის ხილვა, რომ ღირსეული კაცები, ორდენოსანი ვეტერანი ოფიცრები, ყოველგვარ სამხედრო პატივს მიაგებენ საცოდავი ტომის ბელადს, რომელიც ჯარში მაიორის თუ პოლკოვნიკის ჩინის დათანხმებას ინებებს; ყოველთვის, როდესაც სამხედრო აღალმა უნდა გადაიაროს მის საცოდავ სამფლობელოზე, მას დაცვა უნდა სთხოვო, რადგან რა დიდიც არ უნდა იყოს ესკორტი, განადგურდება, თუ მას არ გააძლიერებს ჰუზების ბელადი თავისი ან თავისი ერთ-ერთი ყაჩაღის თანხლებით; ამგვარ შემთხვებში მათ მუდამ უხვად უხდიან. ქართველებიც მსგავსს მდგომარეობაში არიან. მთავარი ოჯახებისათვის გაზრდილია საგანგებო უფლებები და თანამდებობები. უამრავი .. თავადი მიიჩნიეს ამგვარად და ისინი მთავრობისაგან პენსიას იღებენ.
ტიფლისში დაარსებულია სემინარია და სამხედრო სასწავლებელი. რუსეთის იმპერატორმა დიდი ხარჯი გასწია ამ ქალაქიდან მოზდოკამდე ეტლების სავალი გზის გასაყვანად. ყველაფერში უზარმაზარ ფასს იხდის ჯარიც. თავისი სურსათი რუსეთიდან ჩამოაქვს და ამასობაში მთელ ფულად სახსრებს ამ ქვეყანაში ტოვებს. დაბოლოს, მთავრობა გაწეული ხარჯის მეათედსაც კი ვერ იღებს, რასაც ამ დაპყრობის შენარჩუნება მოითხოვს.
28. 1808 წლის 21 მაისს გუდოვიჩმა თეირანში მისიით გაგზავნა რუსეთის არმიის არტილერიის ვიცე-პოლკოვნიკი ბარონი ვრედე. მან სპარსელებს ერთწლიანი ზავი შესთავაზა და გუდოვიჩის მუქარა გადასცა, რომლის თანახმად იგი განაახლებდა საომარ მოქმედებებს, თუ სპარსეთი არ სცნობდა რუსების მიერ დაპყრობილი ტერიტორიების საზღვარს მტკვართან, არაქსთან და არფაჩაისთან, რაზეც უარი მიიღო.
ქართველებისათვის მინიჭებული ყველა ამ უპირატესობის მიუხედავად, მათ მცირე ენთუზიაზმი გამოიჩინეს თავიანთი ახალი სამშობლოსათვის. ორბელიანები, ციციანოვები და ბაგრატიონები ერთადერთი დიდი ოჯახებია, რომლებიც მთლიანად რუსეთის მხარეს დადგნენ, სხვები გრძნობენ, რომ სახელმწიფოს ჩამოყალიბების ნაცვლად, საქართველო ხდება რუსეთის იმპერიის პატარა პროვინციად და ეს დამცირება ლახავს მათ თავმოყვარეობას. რუსების სასარგებლოდ მათი ძალისხმევა იმდენად მცირე იყო, რომ ამ უკანასკნელებმა დღემდე მხოლოდ 400-დან 500-მდე კაციანი ბატალიონის შექმნა შესძლეს და როგორც ჩანს, მეტის შეიარაღებას ვერ ბედავენ. მათ იციან, რომ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან პიროვნებებს არ შეუწყვეტიათ ურთიერთობა სპარსელებთან, რომლებთანაც კვლავ იმყოფებიან ერეკლეს შვილიშვილი და მისი შვილთაშვილები29. იმ პოლკებში, რომლებიც ტიფლისის, ყაბარდოს, კავკასიის და სხვ. სახელს ატარებენ, ძლივს ნახავ რამდენიმე ადგილობრივ კაცს. ისინი ჯარის ყველა ნაწილიდან შეკრებილი ჯარისკაცები არიან. აღსანიშნავია, რომ ყველა რუსი ოფიცერი, რომელიც დატყვევებული იყო საფრანგეთთან ომის დროს, მოლდავეთის და საქართველოს ჯარში გაგზავნეს. ამ უკანასკნელთა შორის, როგორც ჩანს, შეარჩიეს ის ოფიცრები, რომლებიც საფრანგეთამდე ჩავიდნენ და იქ ყველაზე მეტ ხანს იყვნენ30.
იმის მიხედვით, რაც ვნახე, მეჩვენება, რომ სპარსელებს ჯერ კიდევ შეუძლიათ რუსებისთვის საქართველოს გამოგლეჯა, თუკი ისინი ქართველებისათვის ძველი მთავრობის და უკეთ აწყობილი შიდა მმართველობის აღდგენის დაპირებას მოისურვებენ, ქართველები კი სიამოვნებით აღადგენენ იმ სუსტ კავშირებს, რომლებიც მათ სპარსეთის იმპერიასთან აკავშირებდათ“.
29. იგულისხმებიან ერეკლე II- ვაჟი, ბატონიშვილი ალექსანდრე და ერეკლე II- შვილიშვილები გიორგი XII-ის ვაჟი ბატონიშვილი თეიმურაზი, მათთან ერთად იყო ბატონიშვილი ლევან იულონის ძეც.
30. ლეიტენანტი ტრეზელი აქ იმ ოფიცრებს გულისხმობს, რომლებიც ნაპოლეონისა და ევროპული კოალიციებისაუსტერლიცის (2.12.1805), დანციგის (26.05.1807), ეილაუს (11.06.1807) და ფრიდლანდის (14.06.1807) – ბრძოლების შემდეგ იმყოფებოდნენ საფრანგეთში ტყვედ.
კლოდ მატიე გარდანის (1766–1818) მოხსენება
გარდანი გრაფი კლოდ მატიე – ნაპოლეონის ადიუტანტი, ბრიგადის გენერალი იყო. 1807–1809 წლებში ირანში საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი. მონაწილეობდა აუსტერლიცის, იენისა და ეილაუს ბრძოლებში ირანიდან თვითნებურად დაბრუნების შემდეგ ნაპოლეონმა გენერალი გარდანი შერისხა მაგრამ სამხედრო სამსახურიდან არ დაითხოვა და 1809–1811 წლებში საფრანგეთის წინააღმდეგ აჯანყებულ ესპანეთში გაგზავნეს საბრძოლველად. 1814 წელს, პირველი რესტავრაციის დროს, გარდანი ბურბონებს მიემხრო, მაგრამ 1815 წელს ასი დღის განმავლობაში კვლავ ნაპოლეონის გვერდით დადგა, ხოლო იმავე წლის სექტემბერში, ბურბონთა დინასტიის მეორე რესტავრაციის შემდეგ, სამხრეთ საფრანგეთში გადასახლდა.
მარშრუტი საქართველოში: თბილისი, საქართველოს სამხედრო გზა თბილისი, მცხეთა, არაგვისპირი, დუშეთი, ანანური, ფასანაური, კაიშაური, სტეფანწმინდა, დარიალის ხეობა.
მოგზაურობის შედეგი: გენერალ გარდანის მოხსენებითი ბარათი დათარიღებულია 1809 წლის 11 აგვისტოთი; მასში მოკლედ არის დეტალურადაა აღწერილი მის მიერ გავლილი მარშრუტი ერევნიდან საქართველოს გავლით მოსკოვამდე. ბარათში აღნიშნულია, რომ ალექსანდრე ბატონიშვილმა მას ერევანში გადასცა ნაპოლეონისადმი თავისი წერილი. თუმცა გენერლის ცნობები საქართველოს შესახებ მეტად ლაკონურია, ეს არის ფრანგი თვითმხილველის ერთ-ერთი პირველი ცნობაა XIX საუკუნის პირველი წლების თბილისის შესახებ. ამავე მოხსენებით ბარათში დაცულია გენერალ გარდანის ცნობა ერევნის ალყის დროს რუსების სამხედრო ოპერაციებისა და რუსი ჯარისკაცების მძიმე პირობების შესახებ.
ტიფლისი. ტიფლისში არის 28%-დან 40%-მდე გოგირდის შემცველი ცხელი წყლები. ბატონი მთავარსარდალი ტორმასოვი რუსეთის ჯარს მეთაურობს. იგი უყვარს ჯარს და ქართველებს. საქართველოს უწარჩინებულესი გვარებია ბაგრატიონი (Bagration) და ორბელიანოვი (Erbellianoff); თავიანთი შვილები საქრთველოდან პეტერბურგში რომ აღარ გაგზავნონ სასწავლებლად, მათთვის ტიფლისში ახლახანს დააარსეს კადეტთა სკოლა და სემინარია, გახსნეს სკოლაც 200 ქართველისათვის, რომლებიც რუსულს სწავლობენ. გეგმაშია მაუდის ფაბრიკისა და ტყავის ქარხნის დაარსებაც; შალი კარგია, მისი გამოტანა სპარსეთიდანაც შეიძლება. 1801 წელს საქართველო რუსეთის სახელმწიფოდ გამოცხადდა; ქართველები მამაცები არიან და შეიძლება მათგან სარგებლობის ნახვა, მაგრამ ეს ცვალებადი ბუნების ხალხი, ისევე როგორც აზიის ყველა ხალხი და ის ხედავს, რომ რუსებთან ერთად ვერასოდეს ვერ იქნება დამოუკიდებელი“.
მე რამდენიმე დღე გავატარე ერევანში. მხარე კარგია და კარგად დასახლებული. რუსების ოპერაცია წარუმატებელი იყო, რადგან მეტად თავდაჯერებულები იყვნენ, მეტად ჩქარობდნენ, არ დაწვეს საკმაო რაოდენობის დენთი და არც ზარბაზანი იდგა ციხესთან საკმარისად ახლოს, მეტად მაღლა ისროდა და მხოლოდ კედელი გაანგრია რამდენიმე ადგილზე. განანგრევში კიდევ რჩებოდა შტურმით ასაღები 7–8 ფუტამდე (დაახლოებით 2–2.4 ) სიმაღლე. (...) რაც შეეხება რუს ჯარისკაცს, ის მუდამ მორჩილია, ამ ბოლო კამპანიაში ის 4 ფუტის (1,2192 ) სიმაღლის თოვლში იბრძოდა... 1200 კაცს მოეყინა ფეხები, ამპუტაცია კი მხოლოდ სამს გაუკეთეს. პურის ნაცვლად მათ მისცეს ხორბალი, ისინი მას ფქვავენ ორ ქვას შორის, მიწაში აზიური წესისამებრ ხვრელს აკეთებენ და პურს მასში აცხობენ“.

Комментариев нет:

Отправить комментарий